საქართველოს ისტორიის...

553
საქართველოს ისტორიის ნარკვევები I საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე ტომის რედაქტორი გიორგი მელიქიშვილი გამომცემლობა საბჭოთა საქართველო”. თბილისი, 1970

Transcript of საქართველოს ისტორიის...

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები

    ტ ო მ ი I

    საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე

    ტომის რედაქტორი გიორგი მელიქიშვილი

    გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”. თბილისი, 1970

  • წიგნი მოწონებულია და რეკომენდებულია გამოსაქვეყნებლად საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ.

    “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” პირველი ტომის ავტორები:

    საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გ. მელიქიშვილი (წინასიტყვაობა, შესავალი, § 2-4, თავები V-XIII და XIV, § 1-5, 7), ისტ. მეცნ. დოქტორი ა. კალანდაძე (შესავალი § 1 და თავი I), ისტ. მეცნ. კანდიდატი ტ. ჩუბინიშვილი (თავი II), ისტ. მეცნ. დოქტორი ო. ჯაფარიძე (თავი III), ისტ. მეცნ. დოქტორი გ. გობეჯიშვილი (თავი IV), ისტ. მეცნ. დოქტორი დ. ხახუტაიშვილი (თავი XIV, § 6), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ – კორესპონდენტი ა. აფაქიძე (თავი XV).

    წინასიტყვაობა

  • საქართველოს, ქართველ ხალხს, მდიდარი ისტორიული წარსული გააჩნია. ადამიანთა საზოგადოება საქართველოს მიწა–წყალზე უხსოვარ დროს ჩამოყალიბდა. საქართველო არის მსოფლიოში უძველესი მიწისმოქმედი და მესაქონლე ტომების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კერა. საქართველოს მოსახლეობა მოწინავეობდა ადრეული ლითონების ხანაშიაც. პირველი სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ამ ორი–სამი ათასეული წლის წინ შეიქმნა. ქართველმა ხალხმა ადრე შედგა ფეხი ცივილიზებული ცხოვრების გზაზე და გულმოდგინე შრომითა და დამპყრობელთა წინააღმდეგ თავდადებული ბრძოლით შექმნა და დაიცვა თავისი მაღალი და თავისთავადი კულტურა. “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” რვატომეულს მეტად მძიმე და საპატიო მოვალეობა აკისრია – საისტორიო მეცნიერების განვითარების დღევანდელი დონის შესაფერისად ასახოს ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის მიერ განვლილი ეს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მოვლენებით მდიდარი ისტორიული ცხოვრების გზა. საქართველოს ისტორიული წარსულის ფიქსირებას, მის შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს, ქართულ ისტორიოგრაფიას მრავალსაუკუნოვანი წარსული გააჩნია. საქართველოში უკვე ახ. წ. I საუკუნიდან მოყოლებული მოგვეპოვება საისტორიო ხასიათის წარწერები; ამავე შორეული ეპოქიდან ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე თქმულება–გადმოცემებმა სხვადასხვა ისტორიული პირისა და საისტორიო ამბის შესახებ. V საუკუნიდან ქართულ ენაზე ჩნდება რიგი თხზულებებისა, რომლებიც საისტორიო მწერლობის ძეგლებსაც წარმოადგენენ (შუშანიკის, ევსტათი მცხეთელის, აბო თბილელის, კონსტანტინე–კახას, გობრონის და სხვათა მარტვილობათა წიგნები) და უძვირფასეს მასალას იძლევიან იმ ეპოქის ქართული სინამდვილის შესასწავლად. საისტორიო მწერლობის ბრწყინვალე ძეგლებად ჩაითვლება აგრეთვე გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, ბასილ ზარზმელის – “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება” (X ს.) და სხვ. VII- VIII საუკუნეებს განეკუთვნება საისტორიო კრებულები, სადაც ქართლის მთელი წონა ისტორიაა მიმოხილული (“მოქცევაჲ ქართლისაჲ” და “ქართლის ცხოვრება”). შემდეგში ეს კრებულები, განსაკუთრებით “ქართლის ცხოვრება” სისტემატიურად ივსებოდა, რედაქციულ ცვლილებებს განიცდიდა და სხვ. დროთა ვითარებაში მას დაემატა ქართული ისტორიოგრაფიის არაერთი ბრწყინვალე ძეგლი, მათ შორის ე.წ. “მატიანე ქართლისაჲ”, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის და თამარის ისტორიკოსების თხზულებები, XVI ს. ანონიმი ავტორის – “ჟამთაღმწერლის” შესანიშნავი ნაწარმოებები და სხვ. გვიან შუა საუკუნეებშიც, როგორც ცნობილია, მრავალი ქართველი ავტორი აღწერდა მშობელი ქვეყნის ისტორიას. ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს ევროპულ განათლებას ნაზიარებ ავტორთა შემოქმედება, რომელთაგან ყველაზე უფრო გამოირჩევა XVIII ს. გამოჩენილი ისტორიკოსი და გეოგრაფოსი ვახუშტი ბაგრატიონი, რომელმაც შესანიშნავად აითვისა რა ქართული საისტორიო მწერლობის მდიდარი მემკვიდრეობა, ახალ სიმაღლეზე აიყვანა საქართველოს ისტორიის შესწავლა. მისი თხზულებანი საქართველოს შესახებ ნამდვილ ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ენციკლოპედიას წარმოადგენს. ქართულ ისტორიოგრაფიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს XVIII საუკუნიდან რუსეთში (მოსკოვში და სხვაგან) არსებული ქართული კოლონიის სხვა წარმომადგენლებმაც, კერძოდ, რუსეთთან შეერთების შემდეგ იქ დასახელებულმა

  • ქართველმა ბატონიშვილმა. XIX საუკუნეში რუსეთის სამეცნიერო ცენტრებში იქმნება უკვე საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის კერები. დიდი ღვაწლი დასდო საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეს ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა მარი ბროსემ, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა. უეჭველად მნიშვნელოვან ტეხილს აქვს ადგილი ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში XIX ს. მეორე ნახევარში, რაც უკავშირდება რუსული რევოლუციურ – დემოკრატიული აზრის მძლავრ გავლენას, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურთა – თერგდალეულთა მოღვაწეობასა და საისტორიო ძიების მეცნიერული დონის საერთო ამაღლებას. თერგდალეულები დაუპირისპირდნენ ამ დროის ქართულ ისტორიოგრაფიაში მძლავრად ფეხმოკიდებულ კლერიკალურ-ფეოდალური ტენდენციების მიმდევრებს და ილაშქრებდნენ წარსულის რომანტიკული იდეალიზაციის, ბატონყმობის შელამაზებისა და სხვათა წინააღმდეგ, ხაზს უსვამდნენ მშრომელი ხალხის ისტორიის შესწავლის აუცილებლობას, ამასთანავე, სვამდნენ საკითხს საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობითი ბაზის გაფართოების საჭიროების, ე.ი. ახალი წყაროების მოპოვების, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კვლევა-ძიების გაშლის აუცილებლობის შესახებ. ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული წარსული ქმედითი იარაღი აღმოჩნდა XIX ს. მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურთა ხელში. ცარიზმისა და მისი დამქაშების შემოტევას, რაც თავს იჩენდა ეროვნული კულტურის აბუჩად აგდებაში, ილია ჭავჭავაძემ და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა მესვეურებმა დაუპირისპირეს ძველისძველი და ბრწყინვალე ქართული კულტურის, საქართველოს მდიდარი ისტორიის პროპაგანდა, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ეროვნული თვით შეგნების განმტკიცებაში და მშობლიური ისტორია ასიმილატორთა შემოტევისაგან ეროვნული თავისთავადობის დაცვის ქმედით იარაღად აქცია. ამ კეთილშობილურ საქმიანობაში თერგდალეულთა გვერდით ნაყოფიერად იღვწოდა XIX ს. ყველაზე თვალსაჩინო ქართველი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე. მისი ნაშრომები საქართველოს ისტორიაში გამოირჩევა მაღალი მეცნიერული დონით, რუსული და დასავლეთევროპული საისტორიო მეცნიერების ღრმა ცოდნითა და გამოყენებით. საჭიროა აღინიშნოს, რომ თუ ამ დროის ქართულ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული პუბლიცისტიკაში მძლავრად იგრძნობა რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების (გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის) გავლენა, ქართულ ისტორიოგრაფიაში უფრო მეტად იჩენს თავს რუსული საუნივერსიტეტო საისტორიო მეცნიერებისათვის დამახასიათებელი ლიბერალურ-ჰუმანისტური მიმართულება და იდეალისტური კონცეფციები. ამიტომაც, გასაგებია, თუ რატომ არ არსებობდა ძველი საქართველოს სოციალური განვითარების მწყობრი და ჭეშმარიტი სურათის აღდგენის შესაძლებლობა. ეს ითქმის დიმიტრი ბაქრაძის შემოქმედებაზეც, რომელმაც, მიუხედავად ამისა, წინ წასწია საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმე. დიდია დ. ბაქრაძის ღვაწლი აგრეთვე საქართველოს ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური შესწავლის საქმეში, არქეოგრაფიაში. ამ მხრივ მისი მოღვაწეობა წარმატებით განაგრძეს ექვთიმე თაყაიშვილმა, თედო ჟორდანიამ და საქართველოში მოღვაწე ზოგმა სხვა ისტორიკოსმა. საქართველოს ისტორიის წყაროების მოძიებაში და, საერთოდ, ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში რევოლუციამდელ ხანაში უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამაც.

  • რევოლუციამდელ საქართველოში მშობლიური ქვეყნის ისტორიის დარგში მეცნიერული მუშაობის საწარმოებლად ძალზე მძიმე პირობები არსებობდა. ამ საქმეს აქ მხოლოდ ცალკეული ენთუზიასტები ეწეოდნენ. არ იყო რაიმე სპეციალური სამეცნიერო დაწესებულება, სადაც საამისო მუშაობა გაიშლებოდა. ასეთ ვითარებაში, XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე, ქართველოლოგიის და, საერთოდ, კავკასიისმცოდნეობის მძლავრი კერა ჩამოყალიბდა საქართველოს გარეთ, პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოღვაწეობდა XX ს. პირველი ნახევრის უდიდესი ქართველი ისტორიკოსი ივ. ჯავახიშვილი. ამ უკანასკნელის მოღვაწეობით ქართული საისტორიო მეცნიერების განვითარებაში ფაქტიურად ახალი ეტაპი იწყება. დიდი ერუდიციის, მაღალი კულტურის, იშვიათი მეცნიერული კეთილსინდისიერებისა და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობის წყალობით ივ. ჯავახიშვილმა ქართული საისტორიო მეცნიერება და ქართველოლოგიის ზოგიერთი მომიჯნავე დარგი ერთბაშად ახალ, მისი დროის მსოფლიო მეცნიერების შესაფერ დონეზე აიყვანა. თავისი ქვეყნისა და ხალხის დიდი პატრიოტი ივ. ჯავახიშვილი ამავე დროს მეცნიერული სინდისის მტკიცე დამცველი იყო და ვერ ეგუებოდა ვერავითარ სიყალბეს, წარსულის განზრახ შელამაზებას თუ გაზვიადებას და მუდამ მკაცრ, მეცნიერულ მიდგომას იჩენდა წყაროებისადმი. მისთვის უცხო იყო როგორც დიდმპყრობელური, შოვინისტური წრეების ნიჰილისტური დამოკიდებულება საქართველოს ისტორიის წყაროებისადმი, ისე საქართველოს ისტორიის მოყვარულთა წრეში ხშირად გავრცელებული გულუბრყვილო მოწიწებითი, უკრიტიკო დამოკიდებულება მათდამი. ივ. ჯავახიშვილისათვის ძირითადს წარმოადგენდა, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ”კრიტიკულად განხილული საქართველოს ისტორია”. მეცნიერული ობიექტურობა და კეთილსინდისიერება მუდამ თან სდევდა მის კვლევა-ძიებას. იგი მკვეთრად ილაშქრებდა მათ წინააღმდეგ, ვინც უარყოფდა სოციალური ბრძოლის არსებობას საქართველოს ისტორიაში. ცნობილია, თუ რა კოლოსალური შრომა გასწია ივ. ჯავახიშვილმა საქართველოს ისტორიის შესწავლისათვის მტკიცე მეცნიერული საფუძვლის შესაქმნელად, ამ ისტორიის ძირითადი ფაქტების დასადგენად. მისი მეცნიერული ინტერესების სფერო უაღრესად ფართო იყო და მოიცავდა პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიურ ისტორიას, ეთნოგენეზს, მატერიალურ და სულიერ კულტურას. ძალიან ხშირად ივ. ჯავახიშვილის კვლევა-ძიება გადიოდა საკუთვრივ საქართველოს ფარგლებს გარეთ და საერთო-კავკასიურ მასშტაბს იღებდა. ამის საშუალებას აძლევდა მას მეზობელი ხალხების ენებისა და ისტორიის ბრწყინვალე ცოდნა. ფასდაუდებელია ივ. ჯავახიშვილის წვლილი საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობითი ბაზის გაფართოებისა და ისტორიის მთელი რიგი დამხმარე დისციპლინების ჩამოყალიბებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაწვრილებით ვერ შევჩერდებით ივ. ჯავახიშვილის მეცნიერულ მემკვიდრეობაზე. ძალიან ძნელია მოკლე საუბარი იმ უდიდეს მნიშვნელობაზე, რომელიც ივ. ჯავახიშვილის კაპიტალურ შრომებს “ქართველი ერის ისტორიას”, “ქართული სამართლის ისტორიას”, “საქართველოს ეკონომიკურ ისტორიას”, “ძველ ქართულ საისტორიო მწერლობას”, “ქართულ პალეოგრაფიას”, “ქართულ ნუმიზმატიკა-მეტროლოგიას”, “ქართულ- დიპლომატიკას” და მრავალ სხვას გააჩნია. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ დღეს ზოგი საკითხის (ძველი საქართველოს სოციალური წყობილება, ქართველთა ეთნოგენეზი და სხვ.) ივ. ჯავახიშვილისეული გადაწყვეტა ჩვენ ვეღარ დაგვაკმაყოფილებს, ბევრ რამეს ახლებური მიდგომა, ახლებური გადაწყვეტა სჭირდება, ზოგ რამეში თავს იჩენს

  • მკვლევარის მეთოდოლოგიური პოზიციებისა და წყაროთმცოდნეობითი ბაზის შეზღუდულობა, რომელიც მის შემდეგ დიდად გაფართოვდა. საქართველოს ძველი ისტორიის კვლევა-ძიებისას უფრო მეტი ყურადღების ღირსია ძველი ქართული საისტორიო ქრონიკები, ვიდრე ისინი სარგებლობდნენ ივ. ჯავახიშვილის მხრით და ა.შ. მიუხედავად ყოველივე ამისა, დღესაც ივ. ჯავახიშვილის მემკვიდრეობას საპატიო ადგილი უკავია ქართული საისტორიო მეცნიერების საგანძურში.

    XIX ს. ბოლოდან ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში ახალი რიგის მოვლენებს აქვს ადგილი, რაც ბუნებრივია, უკვალოდ არ რჩება ქართული ისტორიოგრაფიისთვისაც. რეფორმისშემდგომ რუსეთში, კლასობრივი ბრძოლის მკვეთრი გამწვავების ვითარებაში სულ უფრო და უფრო იჩენენ თავს საზოგადოებრივი მიმდინარეობები, რომლებიც ყურადღების ცენტრში მშრომელი ხალხის სოციალური განთავისუფლების საკითხს აყენებენ. ისტორიის დარგში ამ კონცეფციებს თან სდევს ყურადღების გამახვილება სოციალურ უსამართლობაზე და ერთგვარად ნიჰილისტური დამოკიდებულება ეროვნული საკითხისადმი, ისტორიის ეროვნული ასპექტისადმი. ასეთი ნიჰილისტური დამოკიდებულება ისტორიული წარსულის მიმართ დამახასიათებელი იყო ზოგიერთი ქართველი ხალხოსნისათვის, რამაც თავის დროს ილია ჭავჭავაძის მძაფრი კრიტიკაც დაიმსახურა. სამაგიეროდ, ხალხოსანი მოღვაწეები გულმოდგინედ ამათრახებდნენ ფეოდალური წყობილების სიმახინჯეს და ააშკარავებდნენ ბატონყმურ ურთიერთობათა სიმძიმეს.

    XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ქართველ საზოგადოებაში საფუძველი ეყრება აგრეთვე ისტორიის პრობლემებისადმი მარქსისტულ მიდგომას. ქართველი მარქსისტები (იოსებ სტალინი, ალექსანდრე წულუკიძე, ფილიპე მახარაძე და სხვ.) დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის მომარჯვებით, მარქსის, ენგელსის, ლენინის შემოქმედებისა და იმ დროის უკვე საკმაოდ მდიდარი რუსული და დასავლეთევროპული მარქსისტული ლიტერატურის თვალთახედვით ცდილობენ გაერკვნენ საქართველოს ისტორიის ცალკეულ მოვლენებში. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების მარქსისტულ- ლენინური ეტაპისათვის მხოლოდ ნიადაგის შემზადება იყო. იმდროინდელი საკუთრივ პროფესიონალ-ისტორიკოსები თავიანთი მსოფლმხედველობით, როგორც წესი, შორს იდგნენ მარქსიზმისაგან. აღსანიშნავია ისიც, რომ თვით მარქსისტ მოღვაწეთაგან ზოგიერთი სოციალურ საკითხზე ყურადღების კონცენტრაციის გამო ისტორიის ეროვნული ასპექტის უგულებელყოფას, ქართველი ხალხის ისტორიული წარსულისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა.

    სოციალურ-ეკონომიურ საკითხებზე მთელი ყურადღების კონცენტრაცია და ეროვნული საკითხისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება მნიშვნელოვან ტენდენციად დარჩა მარქსისტულად განწყობილი ზოგიერთი ისტორიკოსისათვის საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პირველ პერიოდშიც. ეს ტენდენცია აღმოცენებული იყო ბუნებრივად, იმდროინდელი ვითარების, ქვეყნისა და კომუნისტური პარტიის წინაშე მდგომი პირველი რიგის ამოცანების ზეგავლენით. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიჰილისტური დამოკიდებულება ისტორიული წარსულისადმი იყო ნაწილი ამ დროს საკმაოდ გავრცელებული საერთო ნიჰილიზმისა წარსულის კულტურულ და სხვ. მემკვიდრეობისადმი და ისტორიული მოღვაწეობისა და სხვა მისთანათა შეფასებასთან ერთად წარსულის კულტურის მოღვაწეთა და მათი შემოქმედების შეფასებაზეც ვრცელდებოდა.

    ამ პერიოდში საქართველოს ისტორიის დარგში ჯერ კიდევ შედარებით მცირერიცხოვან მარქსისტულ ძიებათა ნაკლს წარმოადგენდა აგრეთვე ავტორების

  • სუსტი მეცნიერული შეიარაღება და საქართველოს ისტორიის წყაროების არასაკმაო ცოდნა. წყაროთმცოდნეობითი ბაზის გაფართოება და კადრების მომზადება შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა რევოლუციანდელ ვითარებასთან შედარებით ამ მხრივ ბევრი ახალი გაკეთდა.

    საქართველოს ისტორიის შესწავლის მძლავრ კერად იქცა 1918 წელს დაარსებული თბილისის ქართული უნივერსიტეტი, სადაც დიდი სამეცნიერო და ორგანიზაციული მუშაობა გააჩაღა საქართველოს ისტორიის კათედრამ ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

    საბჭოთა ხელისუფლების პირველი დღეებიდანვე დიდი ყურადღება მიექცა სამუზეუმო და საარქივო საქმის მოწესრიგებას. 1922 წელს საბჭოთა რუსეთმა დაუბრუნა საქართველოს მსოფლიო ომის დროს გატანილი მდიდარი ისტორიული არქივი. გატარდა აგრეთვე ადგილობრივი საარქივო მასალის კონცენტრაციის ღონისძიება – ეს მასალა ერთიანი სახელმწიფო საარქივო ფონდის კუთვნილებად გამოცხადდა. 1923 წელს მთავრობის დეკრეტით ჩატარდა სამუზეუმო საქმის რეორგანიზაციაც – თბილისში დაარსდა საბუნებისმეტყველო და საისტორიო–საეთნოგრაფიო მუზეუმები, რომელთა ფონდებიც შეივსო რუსეთიდან ჩამოტანილი და ადგილობრივ მოპოვებული ახალი კოლექციებით. როგორც ცნობილია, შემდეგში საქართველოში მუზეუმების ფართო ქსელი შეიქმნა. რევოლუციამდელ საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში არსებულ ერთადერთ მუზეუმს –“კავკასიის მუზეუმს” (ახლა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმად წოდებულმა, ამას წინათ თავისი არსებობის 100 წლისთავი იზეიმა) შეემატა მრავალი მხარეთმცოდნეობითი და ზოგი სხვა სპეციალური მუზეუმი. 30-იან წლებში შეიქმნა სპეციალური სამეცნიერო დაწესებულებები ისტორიის დარგში. 1933 წელს, ჯერ კიდევ 1922 წლიდან საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ პარტიის ისტორიის სექციის ბაზაზე, ჩამოყალიბდა ინსტიტუტი, რომლის მემკვიდრეცაა დღევანდელი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი. 1936 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის შემადგენლობაში შეიქმნა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი, რომელმაც ფართო კვლევა–ძიება გაშალა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის დარგში. დღეს ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი მემკვიდრეა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი – რესპუბლიკაში ამჟამად ამ დარგებში წარმოებული კვლევა–ძიების მთავარი სამეცნიერო კერა. ენიმკისა და შემდეგ ისტორიის (ამჟამად ისტორია–არქეოლოგია–ეთნოგრაფიის) ინსტიტუტის მიერ რესპუბლიკაში ჩატარებულ იქნა გრანდიოზული მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები, რომელთაც დიდად გააფართოეს საქართველოს ისტორიის, კერძოდ, მისი ძველი პერიოდების შესწავლის წყაროთმცოდნეობითი ბაზა. ამ ინსტიტუტმა წამოიწყო აგრეთვე ინტენსიური საველე–ეთნოგრაფიული მუშაობა. ამ ინსტიტუტის, მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, უნივერსიტეტისა და საქართველოს სახ. მუზეუმის კოლექტივების გარდა, ამჟამად საქართველოს ისტორიის დარგში კვლევა–ძიება წარმოებს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის, ბათუმისა და ცხინვალის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე რესპუბლიკის პედინსტიტუტების საისტორიო კათედრებზეც. 30-იანი წლებიდან საქართველოში მომზადდა მრავალი ათეული მეცნიერი მუშაკი – მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი, რომელნიც

  • ახლა ნაყოფიერად იკვლევენ საქართველოს და მის მეზობელი ქვეყნების ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის საკითხებს. ამ დიდ საქმეს საფუძველი ჩაუყარა აკადემიკოსმა ივ. ჯავახიშვილმა, რომლის ხელმძღვანელობით მიიღეს მეცნიერული წრთობა შემდეგში გამოჩენილმა მკვლევარებმა: აკადემიკოსებმა სიმონ ჯანაშიამ და ნიკოლოზ ბერძენიშვილმა. თავის მხრივ ამ უკანასკნელთა ხელმძღვანელობით შემდეგში მომზადდა საქართველოს ისტორიაში დღეს მომუშავე ათეულობით მეცნიერი მუშაკი. მეცნიერული კადრების მომზადებას არქეოლოგიის დარგში საფუძველი ჩაუყარეს გიორგი ნიორაძემ და ბორის კუფტინმა, ეთნოგრაფიის დარგში კი ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი დამსახურება მიუძღვის აკად. გიორგი ჩიტაიას.

    30–იანი წლების შუა ხანები მრავალი მხრით ქმნის მიჯნას ისტორიულ მეცნიერებათა განვითარებაში როგორც საქართველოში, ისე საერთოდ საბჭოთა კავშირში. ამ დროიდან ხელმძღვანელი ორგანოების დადგენილებით თავის უფლებებში აღსდგა ისტორიის სწავლება საშუალო სკოლაში, დაიწყო მუშაობა ისტორიის სახელმძღვანელოების შესაქმნელად საშუალო და უმაღლესი სკოლებისათვის. ამის შედეგად შეიქმნა, სხვათა შორის, ივ. ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას და ნ. ბერძენიშვილის ცნობილი სახელმძღვანელო საქართველოს ისტორიაში, რომელსაც სტალინური პრემია მიენიჭა. პარტიამ თავისი დადგენილებებით დაგმო აქამდე ფართოდ გავრცელებული გატაცება სოციოლოგიური სქემებით, ყურადღება გაამახვილა ისტორიის ეროვნული, პატრიოტული ასპექტით შესწავლის საჭიროებაზეც. ამ ტეხილს უნდა უმადლოდეს საბჭოთა ისტორიოგრაფია კვლევა–ძიებაში ახალი ეტაპის დაწყებას, როდესაც მკვლევართა ყურადღების ცენტრში მოექცა სოციალურ–ეკონომიური განვითარების, მშრომელი მასებისა და მათი კლასობრივი ბრძოლის ისტორიის პრობლემატიკასთან ერთად ეროვნული თავისთავადობისა და დამოუკიდებლობისათვის ხალხის ბრძოლის გმირული ისტორია.

    ქართული საბჭოთა საისტორიო მეცნიერების სწრაფ განვითარებას ამ პერიოდში ხელი შეუწყო მარქსისტულ–ლენინური მეთოდოლოგიის ფართო დანერგვამ კვლევა–ძიებაში, ისევე როგორც მარქსისტი ისტორიკოსების მიერ კონკრეტული საისტორიო მასალის ღრმად დაუფლებამ, რაც მათ ადრე ესოდენ ძლიერ აკლდათ.

    უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ხნის მანძილზე საბჭოთა საისტორიო მეცნიერების განვითარებას მნიშვნელოვნად აბრკოლებდა დოგმატიზმის ბატონობა. ისტორიკოსები ხშირად მხოლოდ სახელმძღვანელო გამონათქვამების ილუსტრირებას ცდილობდნენ, ციტატებს ყოვლისშემძლე ძალას ანიჭებდნენ და მასალისადმი შემოქმედებით მიდგომას არ იჩენდნენ. ადგილი ჰქონდა ისტორიის შეგნებულ შელამაზება–დამახინჯებას და ა.შ.

    * * *

    უკანასკნელი ათეული წლები ქართული საბჭოური საისტორიო მეცნიერებისათვის განსაკუთრებით ნაყოფიერ ხანას წარმოადგენს. ამ პერიოდის ერთ–ერთი არსებითი მიღწევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიის წყაროთმცოდნეობითი ბაზის განუზომელი გაფართოება. გამოვლინდა, შეიკრიბა და გამოქვეყნდა დიდძალი ახალი მასალა შუასაუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიის დარგშიც, მაგრამ ყველაზე მეტად წყაროდმცოდნეობითი ბაზის ეს გაფართოება შეეხო საქართველოს

  • ისტორიის უძველესსა და ძველ ხანას, სადაც ახლად მოპოვებულმა მდიდარმა არქეოლოგიურმა მასალამ ამოავსო მრავალი ხარვეზი, წარმოაჩინა ისტორიის მთელი პერიოდები, რომელთა შესახებაც არაფერი იცოდა რევოლუციამდელმა ისტორიოგრაფიამ. ამის პარალელურად დაწინაურდა საქართველოს ისტორიის თითქმის ყველა პერიოდის მეცნიერული, მარქსისტურ–ლენინურ მეთოდოლოგიაზე დამყარებული, შესწავლა. ეს პროცესი განსაკუთრებით საგრძნობი იყო საქართველოს ისტორიის ძველი და შუა საუკუნეების პერიოდების მიმართ, სადაც ბევრი რამ ახალი მეთოდოლოგიის საფუძველზე გადასინჯვასა და ახლებურად გაშუქებას მოითხოვდა.

    ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია აგრეთვე ადრე საკმაოდ უგულებელყოფილი საქართველოს ახალი და უახლესი (XIX-XXსს.) ისტორიის საკითხების ინტენსიური დამუშავება. დიდად დაწინაურდა ჩვენში უკანასკნელ დროს აგრეთვე მეზობელ ხალხებთან ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული ურთიერთობის საკითხების კვლევა–ძიება. საქართველოს მეზობელი სამყაროს ღრმა შესწავლამ, რომელიც აგრეთვე ფართოდ გაიშალა ჩვენში, საშუალება მოგვცა უკეთ გაგვეგო ქართული სინამდვილის მრავალი ფაქტი, შესაძლებელი გახადა აგვეცილებინა მსოფლიო–ისტორიული პროცესისგან ჩვენი ქვეყნის ისტორიის იზოლირებულად შესწავლის საფრთხე. “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” უპირველესი დანიშნულებაა ასახოს ეს პროგრესი ჩვენი საისტორიო მეცნიერების განვითარებაში, ერთგვარად შეაჯამოს ისტორიკოსთა – საქართველოს ისტორიის მკვლევართა – არაერთი თაობის ნამუშაკევი. “ნარკვევების” მომზადებას ხელი მოჰკიდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა. წინამდებარე წიგნით იწყება რვა ტომად განზრახული ამ ნაშრომის გამოქვეყნება. მისი პირველი ტომი მოიცავს საქართველოს უძველეს (წინასახელმწიფოებრივი ხანის) და ძველ (პირველი ქართული სახელმწიფოების არსებობის ხანის) ისტორიას. აბსოლუტური ქრონოლოგიით ესაა პერიოდი უძველესი დროიდან, ე.ი. საქართველოში ადამიანთა საზოგადოების ხანიდან დაწყებული, ვიდრე ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე. მეორე ტომში აისახება ადრეული შუასაუკუნეების (IV-Xსს.) საქართველოს ისტორია, მესამე და მეოთხე ტომები მიძღვნილია გაერთიანებული საქართველოს ჩამოყალიბებისა და მისი ძლიერების პერიოდისადმი (XI–XIIსს.), აგრეთვე ასახავს XIII–XVIII სს. ისტორიას. მეხუთე და მეექვსე ტომები ეძღვნება XIX ს. და XX საუკუნის პირველი ორი ათეული წლის ისტორიას, მეშვიდე – პერიოდს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან დიდი სამამულო ომის დაწყებამდე, ხოლო მერვე ომისა და ომის შემდგომი პერიოდის საქართველოს ისტორიას. გამოცემა საქართველოს ისტორიის ცალკეული პერიოდებისა და სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი მეცნიერული ნარკვევების სახითაა წარმოდგენილი. ნარკვევებში ასახულია საქართველოს მოსახლეობის ეკონომიური და სოციალური განვითარების, პოლიტიკური ისტორიის, ეთნოგენეზისა და კულტურის საკითხები. ყოველ ტომს წარემძღვარება წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ექსკურსები. ტექსტის სხვა ადგილებშიც წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე მითითება ფართოდ არის წარმოდგენილი. მკითხველს წიგნით სარგებლობას გაუადვილებს აგრეთვე პირთა, გეოგრაფიულ და ეთნიკურ სახელწოდებათა

  • საძიებლები, რომლებიც ყოველ ტომს დაერთვის. გამოცემა ილუსტრირებული იქნება.1 საქართველოს ასეთი ვრცელი, მეცნიერული ისტორია პირველად ქვეყნდება. ამგვარი შრომის შექმნა დღეს შეუძლებელია ერთმა პიროვნებამ იტვირთოს, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ “ნარკვევების” შედგენაში მონაწილეობს მკვლევართა საკმაოდ ფართო წრე. ეს გარემოება ბევრ დადებითთან ერთად, ზოგ უარყოფით შედეგსაც მოგვცემს. ბუნებრივია, რომ “ნარკვევებში” ვერ იქნება მიღწეული ერთიანობის, ერთგვაროვნების ისეთი მაღალი ხარისხი, რაც ერთი პირის ნახელავს სდევს. “ნარკვევებს” უეჭველად დაემჩნევა ცალკეული ავტორების ინდივიდუალობა არა მარტო სტილსა და თხრობაში, არამედ საკითხების გაშუქების თვალსაზრისშიც. ავტორებს თავიანთ ნარკვევებში შემოტანილი აქვთ მნიშვნელოვანწილად საკუთარი კვლევა–ძიების შედეგებიც და ხშირად ამა თუ იმ საკითხზე საკუთარ თვალსაზრისს ავითარებენ. ბუნებრივია, რომ ზოგი რამ ამა თუ იმ საკითხზე ავტორთა მიერ გამოთქმულ თვალსაზრისში სხვა მკვლევართა მხრივ სადავოდ იქნება მიჩნეული. შემდგომი კვლევა–ძიება ამაზე თავის ავტორიტეტულ სიტყვას იტყვის, დააზუსტებს და შეასწორებს ჩვენს წარმოდგენებს. უეჭველია გამოცემას ბევრი სხვა ნაკლიც ექნება – სპეციალისტები, შესაძლებელია, ზოგი საკითხის სხვაგვარად ან უფრო უკეთ, უფრო ღრმად განხილვას ჩათვლიან საჭიროდ. იმედია, მომავალი პუბლიკაციები ამ მხრივაც შეავსებენ ამ გამოცემის ხარვეზებს. “ნარკვევების” გამოცემა გამართლებული იქნება, თუ ავტორები მის ფურცლებზე არ დაუშვებენ მეცნიერულად აშკარა შეუსაბამოს და დღევანდელი დონის შესაფერისად გააშუქებენ საქართველოს ისტორიის საკითხებს, ბევრ ახალსა და სწორს იტყვიან ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ. ამით ეს ნაშრომი შეასრულებს არა მარტო წარსული კვლევა–ძიების შეჯამების როლს, არამედ ამოსავალიც გახდება საქართველოს ისტორიის დარგში მეცნიერული კვლევა–ძიების შემდგომი გაშლისათვის, მისი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანისათვის. ზემოთქმული არ ნიშნავს, თითქოს წინამდებარე გამოცემა მხოლოდ და მხოლოდ წმინდა მეცნიერულ მიზნებს ისახავდეს. მას უდიდესი როლი აკისრია აგრეთვე საკუთარი ქვეყნის ისტორიით დაინტერესებულ მკითხელთა ფართო წრისათვის სანდო, ჩვენი ცოდნის დღევანდელი დონის შესაფერისი მასალის მიწოდების თვალსაზრისით. ეს გამოცემას დამატებით მოთხოვნილებებს უყენებს. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად შეძლებს ეს ნაშრომი ამ ამოცანის შესრულებას, გახდება თუ არა იგი საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის ცოდნის გაღრმავების, ინფორმაციის მიღების მდიდარი წყარო. ავტორებსა და სარედაქციო კოლეგიას, ყოველ შემთხვევაში, დიდი სურვილი აქვთ, რომ “ნარკვევებმა” თავისი როლი ამ მხრივაც შეასრულოს.

    1 . საილუსტრაციო მასალის მომზადებას ხელმძღვანელობდა მიხეილ კოზლოვსკი.

  • შ ე ს ა ვ ა ლ ი § 1. საქართველო. ფიზიკურ–გეოგრაფიული გარემო

    საქართველო მდებარეობს ჩრდილოეთის განედის 410 07’ და 430 35’ და აღმოსავლეთის გრძედის 400 05’ და 460 44’ შორის. მისი ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 70 000 კვ კილომეტრს და გავრცობილია კავკასიონის სამხრეთი კალთის შუა და დასავლეთ ნაწილში (ნაწილობრივ ჩრდილო კალთაზედაც), ანტიკავკასიონის ჩრდილო კალთაზე და ამ მთაგრეხილთ შორის მოქცეულ მტკვრისა და რიონის დაბლობზე. ტერიტორიის სიდიდით საქართველოს მოკავშირე რესპუბლიკებს შორის უჭირავს მეათე, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით (4 414 900 სული) მეექვსე ადგილი2. საქართველოს საზღვრებია: ჩრდილოეთით – კავკასიონის მთავარი ქედი, დასავლეთით - შავი ზღვა, სამხრეთით თურქეთი და სომხეთის სსრ, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანის სსრ. თავისი გეოგრაფიული მდებარეობით საქართველო წარმოადგენს ორი კონტინენტის – ევროპისა და აზიის - საზღვარზე მოთავსებული ძველი კულტურული სამყაროს შემადგენელ ნაწილს. ასეთი მდებარეობა ხელს უწყობდა საქართველოს სამეურნეო–კულტურულ დაწინაურებას, მაგრამ გარკვეულ ისტორიულ სიტუაციაში იგივე გარემოება ხშირად ამ ქვეყნის მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის მიზეზიც ხდებოდა, რის გამოც ქვეყნის ადმინისტრაციულ–პოლიტიკური საზღვრები არ იყო მუდმივი და იგი საუკუნეთა მანძილზე ხშირად იცვლებოდა სახელმწიფოს ეკონომიური კეთილდღეობის, პოლიტიკური ძლიერებისა თუ უძლურების შესაბამისად. როგორც აღნიშნული იყო, ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი კავკასიონის სამხრეთ კალთაზეა. ამ პატარა მოცულობის მიწა-წყლის ეს სამხრული ექსპოზიცია იმთავითვე უაღრესად ხელსაყრელ ვითარებას ქმნიდა მის ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოში სიცოცხლისათვის ოპტიმალური პირობების წარმოსაქმნელად. ფაქტიურად ესაა ზომიერი სარტყლის სამხრეთი და ნაწილობრივ ქვეტროპიკული სარტყლის ჩრდილო ნაწილი. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და წაგრძელებულია (სიგრძე 2,5–ჯერ აღემატება სიგანეს) დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ტერიტორიის ნახევარზე მეტი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე უფრო მაღლა მდებარეობს, ერთი მესამედი 200- 1000 მეტრის სიმაღლეთა შორის არის მოქცეული, ხოლო დაბლობ ადგილებს ქვეყნის მთელი ფართობის მხოლოდ 13% უჭირავს. ეს გეომორფოლოგიური სხვადასხვაობა, ცხადია, იწვევს განსაკუთრებულ სიჭრელეს ჰავისას და საერთოდ კლიმატური პირობებისას, დაწყებულს ქვეტროპიკულით და გათავებულს ყინულოვანი მთიანეთის მკაცრი ჰავით. საქართველოს რელიეფის ძირითადი გეომორფოლოგიური ერთეულებია: კავკასიონი, ანტიკავკასიონი და მათ შორის მოქცეული დაბალი ზონა, რომელიც

    2 საქართველოს სსრ ეკონომიური გეოგრაფია, თბ., გვ. 13 რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობის ახალი (1964წ,) შეფასება, იხ. Атлас Грузинской ССР, Тб., გვ.4.

  • საქართველოს ფარგლებში წარმოდგენილია კოლხეთის დაბლობით, სურამის ქედითა და ბორცვიანი წინა მთებით3 კავკასიონის მაღალმთიანი მხარე წარმოქმნილია დედამიწის დანაოჭებითი და ვერტიკალური რყევითი მოძრაობის შედეგად. ყველაზე ძველი დანაოჭებისა და აზევების შედეგად წარმოიშვა კავკასიონის მთავარი, ღერძული ქედი, რომელიც პალეოზოური გრანიტებით, კრისტალური ფიქლებითა და ძველი დანალექი ქანებისაგან არის აგებული. იგი ერთიანი მასაა, არსად იკვეთება მდინარეებით და წარმოადგენს ამიერ და იმიერკავკასიის მდინარეთა წყალგამყოფს4. მხარეთა ურთიერთობისათვის ქედზე საკმაოდ ბევრი საუღელტეხილო გზა და ბილიკია, რომელთაგან მნიშვნელოვანია: ჯვარის ანუ ხევისყელის (2 388 მ), როკის, მამისონის (2829 მ), ქლუხორის (2816 მ) და სხვ. მართალია, მთავარი ქედი ერთგვარი ბუნებრივი მიჯნის როლს ასრულებდა მის ორთავ მხარეზე მდებარე ქვეყნებს შორის (მეტადრე ფიზიკურ გეოგრაფიული გარემოს თვასაზრისით), მაგრამ, როგორც ჩანს, იგი არ წარმოადგენდა გადაულახავ ბარიერს და ხევ-ხევ ამყოლი გზა თუ საცალფეხო ბილიკი ოდითგანვე მჭიდროდ აკავშირებდა ურთიერთთან ქართველებსა და კავკასიონის ჩრდილო კალთებზე მოსახლე კავკასიელ ხალხებს. სიმაღლისდა შესაბამისად ქედზე მყინვარებიც საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით ცენტრალურ ნაწილში (იალბუზსა და მყინვარწვერს შორის). ჩრდილო კალთებზე ათასამდე ყინვარია, რომელთაც 1500 კვ. კილომეტრი უჭირავს, სამხრეთ კალთაზე კი 400 ყინვარი 500–მდე კვ. კილომეტრს მოიცავს.5 თოვლეთის ზღვარი დასავლეთ კავკასიონში ზღვის დონიდან 3000–3200მ–ზეა, აღმოსავლეთში კი – 3400მ-ია. ცალკეული მყინვარები ალაგ–ალაგ 900–1100მ სიმაღლემდე ეშვებიან და მორენული ქვიშა–თიხებით მთავრდებიან. ამ გარემოებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის მთიანეთში მეოთხეული პერიოდის ადამიანის გავრცელების საკითხის შესასწავლად. მცირე კავკასიონს ამიერკავკასიის სამხრეთი ზოლი უჭირავს და დიდ კავკასიონს სურამის (ლიხის) ქედით ებმის. იგი საქართველოს ფარგლებში არსიანის, შავშეთ–ერუშეთის, აჭარა-იმერეთისა და თრიალეთ–ჯავახეთის ქედებითა და წალკისა და ჯავახეთის ვულკანური ზეგნებით შემოდის. ამ უკანასკნელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 1500–2000მ–ში მერყეობს, ქედებისა კი – 2000–3000მ–ში. საერთოდ, ანტიკავკასიონი კავკასიონთან შედარებით უფრო ახალგაზრდა წარმონაქმნია. მისი ქედები უმთავრესად მეზოზოურის მასალისა და მესამეულის ტუფების, ქვიშაქვების, თიხების, თიხა-ფიქლებისა და კირქვებისაგან არის ნაგები; ზეგნების აგებულებაში კი უმთავრესად ვულკანური ნალექები (ობსიდიანი, ანდეზიტი, ბაზალტი და სხვ.) მონაწილეობს. ანდეზიტ–ბაზალტებისა და ვულკანოგენური ტუფების სამშენებლო ღირსებანი, ისევე როგორც ობსიდიანის ვარგისიანობა (იარაღისა და სამკაულის დასამზადებლად), ახლა ხომ საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ადრეც ყოფილა შენიშნული აქაურ უძველეს მოსახლეთა მიერ, რომელთაც ხსენებული რესურსები წარმატებით გამოუყენებიათ თავიანთ სამეურნეო საქმიანობაში.

    3 А. Н. Джавахишвили, Геоморфологические районы Грузинской ССР, М., 1947, გვ. 173-178. 4 იქვე. აგრეთვე, საქართველოს სსრ ეკონომიური გეოგრაფია, გვ. 15. 5 В. З. Гулисашвили, Природные зоны и естественно – исторические области Кавказа, М., 1964, გვ.243; საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია, გვ. 30.

  • საქართველოს ბარი შედგება კოლხეთის დაბლობისა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ბარის მესამედი ნაწილისაგან, რომელიც მესხეთსა და ქართლ – კახეთზე მოდის. მათ ერთიმეორისაგან ყოფს შავი და კასპიის ზღვების აუზების წყალგამყოფი სურამის ქედი (1500მ). კოლხეთის დაბლობი სამი მხრიდან შემორკალულია ბორცვიანი წინამთებით, რომელთა სიმაღლე 600მ–ს არ აღემატება. ზღვისპირა ზოლში გავრცელებულია 2-10მ სიმაღლის ქვიშრობიანი სერები (დიუნები), რომლებიც ქობულეთიდან გაგრამდე არის გადაჭიმული. ეს ნაზურგა სერები, გარდა იმისა, რომ ძველად საკმაოდ მოხერხებულ სამოსახლო ადგილებს წარმოადგენდნენ, შეიცავს მაგნეტიტიან ქვიშებს, რისგანაც ამ მხარეში მოსახლე ტომები მაღალხარისხოვან რკინის ნედლეულს ღებულობდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს ბარიდან აღსანიშნავია შიდა ქართლის ვაკე (ტირიფონისა და მუხრანის ველებით), რომელსაც სამხრეთ აღმოსავლეთით, მცხეთიდან ებმის ქვემო ქართლის ბარი და საქართველოს ბეღლად წოდებული ალაზნის ველი ანუ კახეთის ვაკე, გადაჭიმული 160 კილომეტრზე კავკასიონსა და ცივ – გომბორის მთას შორის. ალაზანსა და მტკვარს შორის ივრის უწყლო ზეგანია, რომლის ერთ ბოლოზე სამგორის, ხოლო მეორეზე – შირაქ–ელდარის ველებია გადაჭიმული. ამ ზოლში ბლომად არის წარმოდგენილი სერები, ბორცვ–გორაკები, დაბალი წყალ გამყოფი ქედები და პლატოები, მდინარეთა შესაყარში მოქცეულია კონცხები, რომლებიც ადამიანთა მიერ გამაგრებულ სამოსახლოთა მოსაწყობად ადრიდანვე ყოფილა გამოყენებული. ძირითადად ამავე ზოლსა და შუა მთიანეთშია გავრცელებული იურული და ცარცული ხნოვანების დანალექებში წარმოქმნილი ბუნებრივი კარსტული მღვიმეები, რომელთა გარკვეული ნაწილი ათვისებული ჩანს კავკასიაში დასახელებულ უძველეს ადამიანთა მიერ ჯერ კიდევ ქვედა პლეისტოცენის გასულიდან. ვაკე–დაბლობ ადგილებს მკაფიო თავისებურებას ანიჭებს მდინარეთა გაყოლებაზე და ზღვისპირა ზოლში კარგად გამოკვეთილი ტერასელი დონები. ძველი ქვის ხანის ადამიანის მუდმივი თუ დროებითი ნამოსახლარები უმეტესად ამ ტერასებზეა განლაგებული. საქართველოს რელიეფში ოთხი “სიმაღლის სარტყელს” გამოყოფენ: I სარტყელში შედის 500მ-ზე უფრო დაბალი რელიეფი, რომელიც მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის 23, 6%;–ს; II - 500 –1000მ-ს შორის მოქცეული – ტერიტორიის 22,6%-ს; III – 1000 –2000მ-ზე მდებარე – ტერიტორიის 34, 0% -ს; ხოლო IV- 2000მ-ზე უფრო მაღალი – ტერიტორიის 19,8% -ს. არსებითი სამეურნეო მნიშვნელობა, ცხადია, პირველი ორ სარტყელს აქვს, სადაც თავმოყრილია მოსახლეობის 80%-ზე მეტი– ქალაქებით, ნათესებითა და ბაღ–ვენახებით.6 უფრო ადრე კი, კერძოდ, ძველ მეოთხეულში ადამიანისა და, საზოგადოდ, ორგანული სამყაროს არსებობისათვის უფრო არსებითი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა II და III სარტყელს, ვინაიდან უდიდესი ფართობი ახლანდელი I სარტყლისა, სავარაუდოა, მაშინ პერიოდულად ლანქერით იფარებოდა. ჰავის სხვადასხვაობას საქართველოში განსაზღვრავს გეოგრაფიული განედი (როგორც ყველგან), ვერტიკალური ზონალობა, რელიეფის დასერილობა, შავი ზღვის მეზობლობა და შემოჭრილი ჰაერის მასების ზემოქმედება. 500მ–ზე დაბლა

    6 საქართველოს სსრ ეკონომიური გეოგრაფია, გვ. 18 –19.

  • სუბტროპიკული ჰავაა; სიმაღლის მატებასთან ერთად ჰავაც მკაცრი ხდება, ისე, რომ მთების მწვერვალებზე მთელი წლის განმავლობაში ცივი ამინდი დგას. განედური მიმართულების სურამისა და არსიანის მთები გზას უღობავენ შავი ზღვიდან მომდინარე ტენიანი ჰაერის ნაკადებს და ჰავის მიხედვით საქართველოს ორ ოლქად ყოფენ: დასავლეთ საქართველოს თბილი, ტენიანი ჰავისა და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი, კონტინენტური ჰავის ოლქებად. კლიმატოლოგები ამ ოლქებში გამოყოფენ თხუთმეტიოდე ზონასა და მათთვის დამახასიათებელი ჰავის ტიპს, რომელთაგან უმრავლესობა მაინც ზომიერებით ხასიათდება.7 ცხადია, ჰავის ტიპების ეს მრავალფეროვნება საარსებო პირობად იქცა ქვეყნის მრავალდარგიანი მეურნეობის ჩამოყალიბებისათვის: მესაქონლეობისა (უმთავრესად) მთაში, მარცვლეულის მეურნეობისა და მეხილეობა–მებოსტნეობისა დაბლობებსა და მთისწინეთში, სუპტროპიკული მეურნეობისა (უმთავრესად) ზღვისპირა ზოლში. ქვეყნის მდინარეთა საკმაოდ ფართო ქსელი განაწილებულია ორ აუზს შორის. დასავლეთ საქართველოს წყალუხვი მდინარეები: რიონი,