6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია...

66
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ ,,მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ'' მმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმ ეეეეეე ეეეეე ეეეეეეე ეეეე. ეეეეეეე ეეეეეეე ეეე ეეეეეეეეე ეეეეე ეეეე ეეეეეეეეე ეეეე ეეეეეე ეეეეეეეეეეეე. ეეეე, ეეეე ეე ეეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეე, ეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეეეეეე, ეეეეეეეეეეეე ეეეეე- ეეეეეეეეე, ეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეე, ეეეეეეეეეეეეეეე... ეეეეე, 11 ეეეე ეეეეეეე, ეეეეეეეეეეეეე ეე ეეეეეეეე, ეეე ეეეე, ეეე ეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეეე. ეეეეე ეე ეეეე ეეეეეეეეეე. ეეეეე ეეეეე ეეეეე ეეეეეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეე, ეეეეეე ეეეეეეეეეეე, ეეეე ეეეეეეე ეეეეეეეე ეეე ეეეეეე ეეეე ეეეეეეეე. ეეეეეეეეეე. ეეეეეე ეეეეეეე ეე ეეეეეეე ეეეეეე ეეეეეე _ ეეეეეეე, ეეეეეეეე, ეეეეეეე... ეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეე, ეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეეე ეე ეეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეე... ეეეე, ეეეეეეეეეეე-ეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეე. ეეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეე ეეეეეეე ეეეეეეე, ეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეე ეეეეე. ეეეეეეე ეეეეეე ეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეე. ეეეეეე. ეეეე ეეეეეეე, ეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეეეე. ეეეეეეეე ეეეეეე. ეეეეეეე ეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეეეეე ეე ეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეე. ეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეე ეეე, ეეეეე ეეეეეე ეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეე _ ეეეეეეეეეე ეეეე ეეეეეეე ეეეეეეე ეეეეე. _ ეეეე, ეეეეეეე! ეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეე ეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეე, ეეეეეე ეეეეეე ეეე ეეეეეეე, ეეეეეე, ეეეეეეეეეეე ეეეეეეე ეე ეეეეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეე ეეეეეე ეეეე ეეეეეეე. _ ეეეეეეეე? _ ეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეეე. _ ეე ეეეეე ეეე, ეეეე, ეეეეე ეეეეე ეე ეეეეე ეეეეე? _ ეეეეეეეეეე ეეეეეეეე. ეეეეე ეეე ეეეეე, ეე ეეეე ეეეეეეეეე? ეეეეეე ეეეე ეეეეეე ეეეეეეეეეეე. ეე ეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ეეეეე, ეეეეეე

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „ბოთლში გამომწყვდეული ისტორია“. წიგნი მეექვსე

Transcript of 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია...

Page 1: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

მეექვსე დეტექტიური რომანი ციკლიდან ,,დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში''

ბოთლში გამომწყვდეული ისტორია

ეფემია მესხს უყვარდა ზღვა. მისთვის სულერთი იყო წელიწადის რომელ დროს მიეცემოდა მისი ნახვის შესაძლებლობა. ჰოდა, ადგა და საახალწლოდ ურეკში ჩამოვიდა, შორს თბილისური აჟიოტაჟისგან, გამაყრუებელი ბათქა-ბუთქისგან, მობეზრებული სახეებისგან, სტუმრიანობისგან... შვილს, 11 წლის გიორგის, წინააღმდეგობა არ გაუწევია, მით უფრო, რომ დედა მეგობრის წაყვანაზე დაითანხმა. ძაღლი და კატა თავისთავად. ისინი კარგა ხანია სარგებლობდნენ ოჯახის წევრების სტატუსით, აქედან გამომდინარე, მათი ქალაქში დატოვება არც მდგარა დღის წესრიგში.

ბინდდებოდა. ნიავმა დაუბერა და ზღვამაც ელფერი იცვალა _ ჩამუქდა, დამძიმდა, აიქოჩრა... ტალღები შხუილით ეხეთქებოდნენ ქვიშიან სანაპიროს, კუზიან ნაკვალევს ტოვებდნენ და ჩასუნთქულებივით იხევდნენ უკან... შორს, მონაცრისფრო-იისფერ ჰორიზონტზე გაშეშებული თევზსაჭერი სეინერი ჩინურ მინიატურას ჰგავდა. ეფემიას ჰქონდა აბრეშუმის მარაო მსგავსი ნახატით, სადაც სეინერის ნაცვლად ჭილოფის იალქნიანი ნავი ეხატა. ყოფილმა ქმარმა აჩუქა ქორწინების წლისთავზე.

ყოფილი. ცუდი სიტყვაა, უარყოფითი მუხტის მატარებელი. ვერაფრით შეეგუა.

ეფემიამ ტანსაცმლიდან სიგარეტის ფერფლი ჩამოიფერთხა და თავი სახლისკენ მიაბრუნა. სანაპიროზე გამავალი ჭიშკრის წინ, ბებერ ნაძვის ძირში ტრიალებდა მესხების ოთხფეხა მეგობარი _ ახალგაზრდა ფოქს ტერიერი სახელად რაული.

_ რაულ, წავედით!

ძაღლმა სამკუთხედად ჩამოპარტყუნებული ყურები ცქვიტა და პატრონისკენ მიმართა ქილვაშიანი ფაზი, მაგრამ წასვლა არც უფიქრია, მოკლედ, უმისამართოდ შეჰყეფა და გაშმაგებულმა დაიწყო მიწის ჩიჩქნა წინა თათებით.

_ დაყრუვდი? _ ეფემია მოსეირნე ნაბიჯით წავიდა ნაძვისკენ. _ რა დღეში ხარ, რაულ, განძი იპოვე თუ რაშია საქმე? _ ანამუსებდა გზადაგზა.

კაცმა რომ თქვას, რა არის გასაკვირი? ურეკის მიწა სავსეა არტეფაგებით. ეს ამბავი ეფემიამ სახელმძღვანელოებიდან იცოდა, მაგრამ ცოდნა ერთია, დანახვა _ სხვა. საოცარი რეაქცია ჰქონდა, როცა სტუდენტობისას ლენინგრადის ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის სახელმწიფო მუზეუმში ურეკის მიწიდან ამოღებული (და ისტორიის ბედულუღმართობით ცხრა მთას იქით დავანებული) უნიკალური ნივთები აღმოაჩინა. ისეთი ამაყი იყო, ლამის მთელ მუზეუმზე იყვირა, რომ მთელი ეს სიმდიდრე საქართველდანაა, რომ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, როცა ნევის სანაპიროზე თოლიების გარდა კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, მის მშობლიურ მხარეში ცხოვრება დუღდა,

Page 2: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

მიმოქცევაში იყო რომაული მონეტები, თიხისგან ჭურჭელს ძერწავდნენ, ძვირფას ლითონებს ამუშავებდნენ...

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... საბჭოთა კავშირი დაიშალა, ლენინგრადს ისევ პეტერბურგი დაერქვა, ეფემია გათხოვდა და გამოთხოვდა, პირველი შვილი დაკარგა, დედა გარდაეცვალა, მამა წყნეთში გადაბარგდა საცხოვრებლად... აღარც ურეკის სახლი გამოიყურებოდა უწინდებურად: კედლებს ნესტის სოკო მოედო და რაღაცნაირად შეიკუმშა, შაგრენის ტყავივით. დასეტყვილი სახურავიდან წყალი წვეთავს, აშმორებულ ლეიბებს ვერც გამზევება შველის, ვერც გაბერტყვა; ხის ღობე მოირყა და ალაგ-ალაგ ისეა გადაქანებული, თავისუფლად გადმოდის მეზობლის საქონელი. არა უშავს, ფული და ენთუზიაზმი იყოს და ყველაფერს მოევლება. ეფემია ყირაზე დადგება, რომ ბავშვობის საყვარელ სახლს უწინდელი სული ჩაჰბეროს.

_ რაულ, გავითოშე, იცი?... წამო, ბუხარი დავანთოთ, ბიჭებს ვაჭამოთ... შენთვისაც გადასარევი ძვალი მაქვს!

ძაღლი უკანა ტანი აბზიკა, მოკლე, ღონიერი კუდი გაასწორა და მიწის თხრა განაგრძო.

`ძაღლი რომ ძაღლად არაფრად გაგდებს, შვილისგან რა უნდა გაგიკვირდეს!~ ეფემიას თავისი გარდატეხის ასაკში მყოფი შვილი, გაახსენდა, რომელმაც ამ ბოლო დროს არანაკლებ სიყრუეს იჩენს დედის მიმართ.

`უყურე შენ, კაი მოზრდილი ორმო ამოუთხრია! ამან თუ ასე გააგრძელა, არტეფაგი კი არა, შეიძლება ნაძვის ფესვებში გახლართული ნეანდერტალელის თავის ქალა ამოაგდოს. საწყალ ნაძვი, ისედაც ძლივს უდგას სული.~

_ სინდისი გაქვს? _ შესწუწუნა ორმოში ჩაყუდებულ ძაღლს და შემცივნული ხელები თივთიკის ქურთუკი ჩაიწყო. _ ჰე, ახლა, მოდიხარ თუ რჩები? იცოდე, წავალ და მერე არ დამიწყო კარზე ფხაჭუნი. არ გაგიღებ...

ეფემიას წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, რომ რაულმა ბრჭყალი რაღაც მინის საგანს გამოსდო. ნეანდერტალელი არა, მაგრამ ბინდბუნდში მიწაში მყარად ჩაჭედილი ბოთლის მომწვანო გვერდი გამოჩნდა.

_ ჰო, რა გიხარია, შენ გგონია ძვალია?... არა, ჩერჩეტო, ჩვეულებრივი ბოთლია.

_ ჰამ! _ გააპროტესტა რაულმა.

ეფემია ახლოდან დააკვირდა. ბოთლი არც ისეთი ჩვეულებრივი აღმოჩნდა. პირიც განიერი ჰქონდა და გარშემოწერილობაც. წლების წინ ასეთი ბოთლებით რძე და კეფირი იყიდებოდა ხოლმე. რაც მთავარია, შიგ რაღაც გაბრწყინდა.

_ დე, სად ხარ? _ ბინდბუნდიდან გამოსძახა გიორგიმ.

_ აქ!

_ გვშია მე და ალეკოს! სიმბაც კნავის: მაიუუ, მშიაოოო...

_ ჰო, მოვდივარ, აი, რაული ვერ მოვწყვიტე რაღაცას.

ჩვენში დარჩეს, ამ `რაღაცამ~ ეფემიაც დააინტერესა, ორმოსთან ჩაიმუხლა და შიშველი ხელებით დაიწყო ბოთლის გარშემო მიწის ამოჩიჩქნა. მეოცე საუკუნის რძის ბოთლში რომ ანტიკვარიატი არ დახვდებიდა, თავისთავად ცხადია, მაგრამ საკუთარი ხელით თუ საკუთარ ბედისწერას ჩიჩქნიდა, ამას კი ვეღარ წარმოიდგენდა.

Page 3: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ _ _

ბოთლში მაჯის საათი აღმოჩნდა. დიდი ვერაფერი ნადავლი, თუ არ ჩავთვლით მოოქროვილ ციფერბლატს და უკანა მხარეს დატანილ მიძღვნას: `საყვარელ დათუნას რუსუდანისგან. 1962წ~.

_ დე, 1962-ში დაბადებული იყავი? _ დაინტერესდა გიორგი.

_ ყოველ შემთხვევაში, მკვდარი არ ვყოფილვარ.

_ ეგ როგორ?

_ თუკი ადამიანი არ დაბადებულა, ის არც მკვდრებში წერია, არც ცოცხლებში.

_ აბა, სად არის?

_ გზაში.

გიორგიმ ალეკოს მხარი გაჰკრა და სიცილით გადაწვა სკამზე. ალეკო ვერ ჩასწვდა დედა-შვილის იუმორს, მაგრამ მეგობარს ხათრი ვერ გაუტეხა და აჰყვა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ალეკო გიორგის გულის მოგებას ცდილობდა, რაც ეფემიაში მზარდ პროტესტს იწვევდა. მეგობრობა, უპირველეს ყოვლისა, თანასწორობას გულისხმობს და არა უაზრო მხარდაჭერას ნებისმიერ წამოწყებაში. არ შეიძლება ხათრით ცხოვრება. მით უფრო, სიცილი. ამით ორივე მხარე ზარალდება. გიორგი ეჩვევა უპირობო მბრძანებლობას, ალეკო _ უპირობო მონობას. ნუთუ მართლა დაბადებამდეა ყველაფერი განსაზღვრული, როცა არც მკვდრებში წერიხარ, არც ცოცხლებში. გზაში ხარ, მაგრამ შენი ამქვეყნად მოვლინება არ უხარიათ, როგორც ალეკოს შემთხვევაში...

საქმე იმაშია, რომ მზიას, ალეკოს დედას, დაცოლშვილებული ვაჟები ჰყავდა, როცა ალეკოზე დაფეხმძიმდა. თავიდან მენოპაუზა ეგონა, მაგრამ როცა ნაყოფი გაინძრა, იცოცხლე, მერე მოცოცხა ექიმთან. გვიანღა იყო _ აბორტზე უარი უთხრეს. დარცხვენილი ქალი სახლში დაბრუნდა და ოჯახი საქმის კურსში ჩააყენა. ქმარმა ისე დაიჭირა თავი, თითქოს თვითონ არაფერ შუაშია ცოლის ფეხმძიმობასთან, შვილებმა ჯაგარი აიშალეს: `თავი სად გამოვყოთ სირცხვილითო!~ არც რძლებმა დააკლეს: `ისედაც თავზე ვაზივართ ერთმანეთს, მეწილეღა გვაკლიაო!~

ასეთ ვითარებაში გაჩნდა ნაბოლარა ალეკო. დედის მუცელშივე უარყოფილი, არასასურველი, ზედმეტი...

ცხადია, ეფემიამ არაფერი იცოდა ამის შესახებ. რა საქმე ჰქონდა გამოჩენილი მწერლის მურზაყან მესხის ქალიშვილს პირველ სართულზე ბუნკერის სიახლოვეს მცხოვრებ მზიას ოჯახთან?! მაგრამ მოხდა ისე, რომ ეფემია გადაცემის გაკეთებას აპირებდა გვაინმშობიარე ქალებზე და ინტერვიუს ასაღებად მზიას მიადგა, იმ იმედით, რომ ნაბოლარა შვილის გაჩენით გაბედნიერებულ დედას ჩაწერდა. თურმე ცდებოდა. თურმე პატარა ალეკო საკმაოდ არაჯანსაღ გარემოში იზრდება. ერთი შეხედვით, მშობლები ჰყავს, ძმებიც, ძმისშვილებიც, სინამდვილეში კი საკუთარ სახლში სტუმარივით გრძნობს თავს. ლაპარაკია 7 წლის ბავშვზე!

ეფემია შოკში იყო. სულ სხვა თვალით დაუწყო ყურება გიორგისთან ერთად ეზოში მოთამაშე ბიჭუნას, ხშირად ეპატიჟებოდა ხოლმე სახლში, სათამაშოებს ჩუქნიდა, სადილად ტოვებდა, რამდენჯერმე ცირკშიც წაიყოლა... ერთსაც მიხვდა. ქმართან გაყრა არც ისეთი დიდი კატასტროფაა, როგორც თავიდან მიაჩნდა. ალეკოს მშობლები რომ

Page 4: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ერთად ცხოვრობდნენ, რა შეღავათი ალეკოს?! მაშინ, როცა გიორგის, ცალკე მამა დაჰფოფინებდა თავზე, ცალკე დედა, ცალკე ბებია-ბაბუები.

_ დე, ნახე, უკან რაღაც აწერია! _ წამოიძახა გიორგიმ.

_ საათის ფირმა ეწერება: `заря~, ან რამე ასეთი... მაშინ საბჭოთა კავშირი აწარმოებდა საათებს. _ ეფემია ფიქრიდან გამოერკვა და იქვე გადაწყვიტა შვილის ცოდნა შეემოწმებინა. _ საერთოდ, იცი რა იყო საბჭოთა კავშირი?

_ რა `ზარია~, დედა... ქართულად წერია! კი არ წერია, ამოკაწრულია. `მაპ... მაპატიე, დათ... დათუნა~. ვაა, რა მაგარიააა... აი, შენი თვალით ნახე!

ეფემიამ სათვალე გაიკეთა და ხმამაღლა წაიკითხა აჩხა-ბაჩხად ამოკაწრული ასოები:

_ `მაპატიე, დათუნა~. უყურე შენ, რა რომანტიკული საათი ყოფილა?!

_ აუ, ნაღდად შეყვარებულის დაწერილია! _ ტაში შემოჰკრა გიორგიმ. და ალეკოს გახედა. ის ენერგიული თავკანტურით დაეთანხმა.

_ ჰო, სასიყვარულო ისტორიას ჰგავს, _ არ ჩამორჩა ეფემიაც. _ უბრალოდ ვერ ამიხსნია სხვაობა კალიგრაფიას შორის. პირველ წარწერაში ლამაზი ასოებია, სპეციალურ საოქრომჭედლო სალონში გაკეთებულს ჰგავს. მეორე ნაჩქარევად არის ამოკაწრული.

_ რა დიდი გაგება უნდა, სხვადასხვა დროს იქნება დაწერილი. _ გიორგიმ ჩაფიქრებულმა მოიფხანა კინკრიხო. _ მოიცა, ვერ გავიგე... თუკი საათი დათუნას აჩუქეს, ეს დათუნა საკუთარ თავს თხოვს პატიებას?

_ მართლაც, გაუგებარია.

_ რა უნდა იყოს, დე?

_ მაგაზე თქვენ იფიქრეთ. _ ეფემიამ სათვალე მოიხსნა და სუფრის გაშლას შეუდგა: ხაჭაპური, შემწვარი წიწილა, ფხალეული, ტკბილეული... ყველაფერი თბილისიდან წამოიღო. იმედია ორ-სამ დღეში არ გაფუჭდება.

_ შენ რას ფიქრობ, ალეკო? _ გიორგი დაინტრიგებული სახით მიუბრუნდა მეგობარს.

_ მე ვფიქრობ, რომ რაღაც ცუდი მოხდა.

ეფემიას გააჟრჟოლა. ალეკომ ისე თავდაჯერებულად წარმოთქვა ეს სიტყვები, თითქოს ნათლად დაინახა, უცნაური საათის პრეისტორია. არ არის საჭირო საახალწლო განწყობის დამძიმება 40 წლის წინანდელი ამბებით. ეფემიამ საათი პარკში ჩააგდო და კარადა გამოაღო. ფელამუშით სავსე თეფშისა და მოხარშული გოგრის დანახვაზე სახტად დარჩა.

_ ეს საიდან? _ შესძახა გაკვირვებულმა.

_ უი, სულ დამავიწყდა! თებრო დეიდამ შემოიტანა, შენ რომ სასეირნოდ იყავი გასული. _ უპასუხა გიორგიმ.

_ მერე, სად ხარ აქამდე, ვგიჟდები აქაურ გოგრაზე!

_ მიაუ! _ დაიკნავლა კატამ და კარადასთან ჩაცუცქულ პატრონს გრილი ცხვირი მიუხახუნა.

Page 5: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ სიმბა, შენც გინდა გოგრა? _ მიუფერა ეფემიამ. _ მოგცემ, მაგრამ არ მოგეწონება. აქაური გოგრა მახრჩობელაა, რომ დაიხრჩო, მერე რა გვეშველება? დამაცადე, შენთვის თევზი მაქვს...

_ აკი არ გინდოდა სიმბას სახლში შემოშვება? _ შეახსენა გოირგიმ და მადიანად ჩაკბიჩა შემთბარი ხაჭაპური.

ჰო, არ მინდოდა, გულში გაეპასუხა ეფემია, მაგრამ ბედობის დღეს, კატის კნუტი კი არა, დინოზავრის ბარტყი რომ მოგადგეს, წესით უნდა შემოუშვა სახლში. აქეთ გიორგიმ შეუფითილა: აკი ცხოველები უნდა გვიყვარდესო, აკი გაჭირვებულს უნდა დავეხმაროთო?... აკი, აკი, აკი... მოკლედ, სინდისზე შეაგდო. კნუტი კი მართლა გაჭირვებული ჩანდა _ სუსტი, გამხდარი, წირპლიანი... დღეს რომ დაიპრიხება ბოლისფერ გრაციად ეფემიას დამსახურებაა. მარტო რაულის მოთოკვა რა ნერვების ფასად დაუჯდა! გიჟს ჰგავდა ძაღლი: გენეტიკურ მტერს არ გააკარეს, არადა, ერთი სული ჰქონდა შუაში გაეგლიჯა საძაგლად მოშიშინე თვალებდაჭყეტილი არსება. მერე და მერე შეეჩვია, შეუყვარდა კიდეც, თუმცა სიმბას ამპარტავნული დამოკიდებულება პატრონის მიმართ ვერაფრით აეხსნა. მაშინ, როცა რაულს ლამის კუდი მოძვრეს ქიცინით, ოღონდ კი ვინმეს ასიამოვნოს.

ვახშმის შემდეგ ბიჭები ტელევიზორს მიუსხდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეფემიამ დელიკატურად მიანიშნა წიგნების სიმძიმისგან ჩაზნექილ თაროებზე. ყურიც არ გაიპარტყუნეს. ეფემია დაიღალა იმის ახსნით, რომ ბავშვობაში წაკითხულ წიგნებს სულ სხვა ეშხი აქვს, რომ კითხვის პროცესში მიღებული ემოცია მთელი ცხოვრება გაგყვება, რომ `უთავო მხედარი” არაფრით ჩამოუვარდება იმ თავიან კიბორგებს, რომლის ყურებაში ათენ-აღამებენ...

ეფემიამ ბუხარის წინ ფეხები გაჭიმა, საქსოვი მოიმარჯვა და ბედნიერების მომენტის დაჭერას შეეცადა. ადრე ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ საყვარელი მამაკაცის გარეშე შეიძლება იყოს ბედნიერი. თურმე შეიძლება. თუკი წარმოიდგენ, რომ ზამთრის ცივ ღამეს ბუხართან ჯდომა ზღვის შრიალის აკომპანიმენტით არანაკლებ სიხარულს განიჭებს, ვიდრე... თუნდაც სექსი, რომელსაც მხოლოდ დასაწყისში აქვს ცუმანის ეფექტი.

ეფემიას თვლემა მოერია, საქსოვი კალთიდან გაუცურდა და ძირს გაგორდა. კატასაც მეტი არ უნდოდა, გორგალს ეცა და თამაში დაუწყო.

_ სიმბა, ციც! _ დაუცაცხანა ეფემია, საქსოვი თაროზე შემოდო და მთქნარებით აუყვა მეორე სართულზე ამავალ კიბეებს. _ შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ. _ მიაძახა ბიჭებს.

სიმბა და რაული დაბარებულებივით გაჰყვნენ. ვითომ რითია ოთხფეხა მეგობრები ქმარზე ნაკლები? დაგიწვებიან ფეხებში და იქნებიან წყნარად, ნამთვრალევზე ალერსს არ მოგთხოვენ, ნაბახუსევზე _ ბორჯომს...

რკინის ზამბარებიანი საწოლი ალუმინის ბურთულებით აქ სხვანაირად იძინებდა. პატარა ოთახი მხოლოდ საწოლი და ძველი ბიურო ნაძვის გაბურძგნული ტოტი მის ფანჯარასთან კედლის გვერდს მსუბუქას ურტყამდა თითქოს ამხნევებდა ეს ბაძვი მამამ დარგო ეფემიასთან ერთად გაიზარდა. ღობის გადაღმა უფრო ბებერი ნაძვები იყო აქ დახვდნენ ზოგი ხმება00

საძინებლი პატარა იყო, ერთი ძველისძველი, ზამბარებიანი საწოლი ეტეოდა და ერთიც ფსევდო ანტიკვარული ბიურო. სამაგიეროდ, აქედან ყველაზე კარგად ჩანდა ზღვა: უდაბური პლიაჟით, ნაპირზე გამორიყული გალოკილი ფესვებით, ნიჟარებით, დაუღალავი თოლიებით...

Page 6: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

თბილისში ეფემია მჭიდროდ ხურავდა ხოლმე ფარდებს, ურეკში პირიქით. ფანჯარაზე აკრული ღამე ადრეულ წლებში აბრუნებდა და საძილედ განაწყობდა. ნაძვის გაბურძგნული ტოტი, რომელიც ბავშვობაში შავი ხელის ასოციაციას იწვევდა, ახლა მეგობრულად უქნევდა წიწვიან ხელს, თითქოს ამხნევებდა: აქ ვარ, ნურაფრის გეშინიაო.

დედა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ზღვის ნაპირზე სახლის აშენების _ სასტიკად ეშინოდა შტორმის. `ზღვა თუ ღამე აღელდა, დედიან-ბუდიანად წაგვიღებსო~. მამა სასაცილოდ არ ყოფნიდა მისი წუხილი: `ეს ადგილი სპეცილურად შევარჩიე, რომ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს პირდაპირ ეზოდან გავიდე პლიაჟზეო.~

როცა ეფემიამ პირველი შვილი დაკარგა, გონებაში მაშინვე დედისეული შიშები ამოუტივტივდა და ურეკში გამოიქცა, იმის იმედით, რომ განგება მისთვის ერთ დიდ ტალღას გამოიმეტებდა და დედიან-ბუდიან-დეპრესიანა გადაყლაპავდა. პირიქით მოხდა. ორთვიანმა იზოლაციამ დეპრესია დააძლევინა, ემოციების მართვა ასწავლა, თუმცაღა ქმარი დააკარგვინა. უცებ არ გაშორებულან, მეორე შვილის ჩასახვაც კი მოასწრეს, მაგრამ გაბზარული ურთიერთობის გამთელება ვერ მოახერხეს. რაც მოხდა, მოხდა. სამაგიეროდ, გიორგი ჰყავს, ბესოც არ არის ცუდი მამა. ამანათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც ისე ცუდად ააწყო საქმე უკრაინის დედაქალაქში.

იმ ღამეს ეფემიას კოშმარი დაესიზმრა. უცნობი მამაკაცი ზვიგენივით მკვდარი თვალებით მისკენ იშვერდა მიწიან ხელებს და ბუტბუტით უახლოვდებოდა: `ნუ გეშინია, მე დათუნა ვარ, არაფერს დაგიშავებ... შენ შეგიძლია ჩემი შველა, გთხოვ, დამეხმარე, დამეხმარე, დამეხმარე...~

_ _ _

სიზმარს ხედავდა თვითმფრინავში მჯდარი დიმიტრი ძნელაძეც, მაგრამ მისი სიზმარი შორს იყო ეფემიას ღამეული კოშმარისგან. დიმიტრის სიზმარი მისივე ერთკვირიანი დასვენების გაგრძელებას ჰგავდა...

კურშეველი. სამთო-სათხილამურო კურორტი საფრანგეთის ალპებში. 1750 მეტრი ზღვის დონიდან. თოვლიანი ტრასა, მწველი მზე... და ცხვირი, ცხვირი, რომელიც მზის მცხუნვარებას და პატრონის უყურადღებობას შეეწირა და ახლა გადაყვლეფილ ხორცმეტად წამოწოლილიყო სახეზე. არადა, ისეთ კარგ ფერზე იყო. ოქროსფერი რუჯი გახუნებულ წარბებსა და თაფლისფერ თვალებს უხდებოდა ძალიან. და უხეში ძაფით ნაქსოვ თეთრ ჯემპრს, რომელიც იქვე შეიძინა.

უცნაური ბიძგი დიმიტრიმ ძილშივე იგრძნო და წამში გაიღვიძა. მგზავრები მშვიდი სახეებით ისხდნენ თავიანთ სავარძელებში. გვერდით, ვითომც არაფერი, თვლემდა ვარდისფრად აფუებული, ჭაღარაკულულებიანი მანდილოსანი, რიგებს შორის მოხდენილი ბორტგამცილებელი მოაგორებდა მინერალური წყლებით სავსე ურიკას... არაფერი საგანგაშო. ბიძგი ჩვეულებრივი საჰაერო ორმოთი უნდა ყოფილიყო გამოწვეული, დიმიტრიმ კი სიკვდილის შესახვედრად მოემზადა... სიკვდილი ღრუბლებში (თანაც 35 წლის ასაკში) სულაც არ შედიოდა მის უახლოეს გეგმებში, თუმცა დეტექტივის სათაურად გამოდგება.

_ ინებებთ? _ თავაზიანად გაუღიმა ბორტგამცილებელმა და როგორც დიმიტრის მოეჩვენა, ცხვირზე დააკვირდა.

Page 7: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ ვინებებ. _ ცივად უპასუხა.

რა წესია ასე უაპელაციოდ მიშტერება?! ისედაც იცის, რომ არ გამოიყურება მაინცდამაინც პრეზენტაბელურად. თეთრმა ჯემპრმაც კი ვერ უშველა!

_ მეც, მეც ვინებებ. _ გამოცოცხლდა გვერდით მჯდომი მანდილოსანი და მსუქანი ხელი ჭიქისკენ გაიშვირა.

დიმიტრის ქალი ეცნო, მაგრამ გამოცნაურება არ უფიქრია. მანდილოსანს სახეზე ეწერა ენის ფხანის დიდი სურვილი. ასეთი თუ ჩაირთო, არასოდეს გაჩერდება.

_ გაიხარე, ჩემო კარგო! _ ამოიბუბუნა ქალმა, თავი გადააგდო და ხმაურიანი ყლუპებით დაცალა ჭიქა.

და აქ დიმიტრი მიხვდა რატომაც ეცნი. ქალი ზედმიწევნით ჰგავდა ჯორჯ ვაშინგტონს. მაღალი შუბლი, მსხვილი ცხვირი, მობოშებული ღაბაბი, გაფშეკილი ჭაღარა...

როგორც კი ურიკიანი სტიუარდესა თვალს მიეფარა, ქალი შინაურულად გადმოიხარა დიმიტრისკენ:

_ რამდენ ხანში ჩავფრინდებით, ჩემო კარგო?

_ ერთ საათში.

_ ცხვირზე რა გჭირს, შვილო... პიგმენტაციის ამბავია?

_ არა, დავიწვი.

_ უიმე! _ შეიცხადა `ვაშინგტონმა~. _ მდუღარე დაგესხა?

_ არა, ცხვირი ჩავყავი. მდუღარეში. _ დააზუსტა დიმიტრიმ.

_ დამცინი, ხომ?

_ Шутка.

_ შუტკა იძახე და... იმისთანა ჯადოსნური მალამო მაქვს, ერთი წასმა და გადაგიტკიცინდებათ კანი თოთო ბავშვის უკანალივით.

დიმიტრიმ თავშეკავებულად ჩაიფხუკუნა. რა სანახავი იქნება თოთო ბავშვის უკანალით ცხვირის მაგივრად?!

_ უნიკალური მალამოა, შვილო, ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული...

_ უეჭველი, მაჩვის ქონი ურევია, არა?

_ არ გჯერათ, არა? დამაცადეთ! _ ქალმა გამაფრთხილებლად გააქნია სარდელივით თითი და მთელი თავისი სოლიდური კილოგრამებით წამოიმართა, რომ თაროდან არანაკლებ სოლიდური ხელჩანთა ჩამოეხსნა.

ჩამოხსნა, გახსნა, გაზეთი ამოაფრიალა:

_ თუ არ გჯერათ, წაიკითხეთ: აგერ, ბატონო... ვარჩენ დამწვრობას, ბუასილს, ფსორეზს, ქერტლს... მკურნალი კლარა. ცვიჟბა. აბა, გამოიცანით, ვინ არის კლარა?

_ თქვენ.

Page 8: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ სწორედაც. ასპროცენტიანი გარანტიით. თუ არა, ფულს უკან ვაბრუნებ. 50 ათასი კაცი მყავს დარეგისტრირებული დადებითი შედეგით. დიდი მიღწევაა, დიდი... ახლაც არ გჯერათ?

დიმიტრიმ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. ასეც იცოდა, რომ ტვინის ბურღვა გამოწერილი აქვს. ადამიანს სახეზე აწერია ინფორმაციის გაცემის დაუოკებელი სურვილი. ექიმბაშები ხომ პიარის დიდოსტატები არიან!

_ ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ. ისეთი კოსმეტიკური საშუალებები გამაჩნია, ანალოგი არა აქვს მსოფლიოში. ადამიანს მინიმუმ 10-15 წლით შემიძლია ჩამოვაკლო წლოვანობა.

_ მაქსიმუმ?

_ ისევ `შუტკა,~ არა? _ კლარამ ხელი ჩაიქნია და გაზეთი დაკეცა.

_ რატომ `შუტკა?~ აგერ, დემი მურს მილიონი დაუჯდა გაახალგაზრდავება. თქვენი კოსმეტიკური საშუალებების შესახებ რომ სმენოდა...

_ სულელია ეგ შენი დემი მური. რომ ვნახო, პირში ვეტყვი, არ მომერიდება. სულელს გინდ 10 წელი ჩამოაკელი, გინდ 20.

_ რ-რატომ არის სულელი? _ დიმიტრის ენაც კი დაება გამოჩენილი მსახიობის ასე გაბაიბურებისთვის.

_ ქალი რომ ბრუსისთანა ვაჟკაცს ცხვირმოუხოცავი ლაწირაკის გულისთვის მიატოვებს, გრამი ტვინი არა აქვს თავში! არ მეთანხმები?...

დიმიტრიმ მხრები აიჩეჩა. რას გაუგებ ქალებს, ერთი უყვართ, მეორეს მიჰყვებიან, მესამისგან შვილებს აჩენენ...

_ შენ რა გქვია, ჩემო კარგო?

_ დიმიტრი.

_ მე მაინც მოგცემ დამწვრობის მალამოს, დიმიტრი, შედეგს რომ ნახავ, მერე დამლოცავ. _ ამ სიტყვებით კლარამ ხელჩანთიდან ციცქნა ფლაკონი ამოიღო. _ აჰა, გამომართვი. დღეში ორჯერ წაიმევ... გამომართვი და უკან წაიღე ეგ შენი საფულე. ფეშქაში იყოს!

_ გმადლობთ, გმადლობთ...

_ ეს ვიზიტკა კი ცოლს მიეცი. ცელულიტმა თუ შეაწუხა, დამიკავშირდეს.

_ არ მყავს ცოლი, მითუმეტეს, ცელულიტიანი.

_ მართლა? _ კლარას ცნობისმოყვარეობით აენთო თვალები. _ აბა, პარიზში ვისთან იყავი?

_ პაემანი მქონდა. დემი მურთან.

კლარამ პირზე ხელი მიიფარა და ხმადაბლა ახითხითდა, დიმიტრი კი თავის ფიქრებს მიუბრუნდა.

ხვალ სამსახურში გამოცხადდება, თათბირს მოიწვევს და ახალ პოლიტიკურ ტოკ შოუს გაუკეთებს პრეზენტაციას. წამყვანი შერჩეული ჰყავს. კარგი რეპუტაციის მქონე პრესის ჟურნალისტი. ვიზუალურად დიდი არაფერი, სამაგიეროდ განათლებულია, ენამოსწრებული (და არა ღვარძლიანი პათოსით აღვსილი), ობიექტური, ერკვევა

Page 9: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ეკონომიკაში და იურისპრუდენციაში, რაც ჟურნალისტურ საძმოში დიდი იშვიათობაა. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით სატელევიზიო ბადეში ცვლილები იქნება შესატანი. რეკლამა წამოვა, მაგრამ პოლიტიკურ დებატებს რა გაუძლებს... არა უშავს, ერი ჭინთვებით, მაგრამ გარდუვალად ადგას დემოკრატიის გზას. დიმიტრის, როგორც ტელეკომპანიის დირექტორის, პატარა წვლილიც თუ იქნება ამ მამულიშვილურ საქმეში, მაგას რა ჯობია...

_ მე კი ქალიშვილთან ვიყავი სტუმრად, _ კლარა თავის გაჭირვებას ყვებოდა. _ ლიონში ცხოვრობს ქმართან ერთად. ლტოლვილის სტატუსით. როდის ეგენი მოქალაქეობას მიიღებენ, როდის სახლს იყიდიან... ძალიან გულაცრუებული ვბრუნდები, ძალიან... არადა, რა ფრთაშესხმული მივემგზავრებოდი... რას წარმოვიდგენდი, თუ საერთო საცხოვრებელის ერთი ხელის დადება ოთახში არიან შეყუჟულები?! ირგვლივ საეჭვო ხალხი ტრიალებს: ზანგები, არაბები, აზიელები... ვერც სიძის საქმიანობა გავარკვიე... სასმელ-საჭმელი თითქოს არ აკლიათ, ფულიც კი გამომატანეს _ აფთიაქი გახსენიო. მაინც ფორიაქში ვარ. არ მომეწონა იქაური სიტუაცია. ვეხვეწე, დაბრუნდით, რა დაგრჩენიათ ამ შავ ხალხში მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეს, ხომ იცით ახალგაზრდების ამბავი... ვითომ დახმარებას აძლევენ, მაგრამ როდემდე...

_ _ _

ეფემია პროფესიით ფილოლოგი იყო, უფრო ზუსტად, ბიზანტოლოგი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ასპირანტურაში ჩააბარა, პარალელურად ჟურნალში ბეჭდავდა სტატიებს. საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას მიხვდა: მისი კვლევები მკვდარი ცივილიზაციის გარშემო რამდენიმე კაცს აინტერესებს, მათ შორის მის თავმომწონე მამიკოს. იმასაც იმიტომ, რომ დესეტრაციაზე მთელი თავისი სამეგობრო მოყაროს და ქალიშვილს სადოქტოროსკენ მიმავალი გზა დაულოცოს. პლიუს, საკუთარი მისამართით მოისმინოს დითირამბები. შემოქმედებითი სტიმულის ასამაღლებლად ხელოვან კაცს დროგამოშვებით სჭირდება გამხნევება. საერთოდ, მამას გართულება ჰქონდა რეგალიებზე. ისე იტყოდა ხოლმე მავანზე: პროფესორიაო, თითქოს პროფესორობა წარმატებული ცხოვრების გარანტია იყოს.

უწინ შეიძლება ასეც იყო, მაგრამ საბაზრო ეკონომიკამ ქარბორბალსავით გადაუარა პოსტსაბჭოთა წარმოდგენებს და გუშინდელი პროფესორები საარსებო წყაროს გარეშე დატოვა. ვიღაცამ მიაფურთხა ამბიციებს და სხვა პროფესიაზე გადაერთო, ვიღაცამ სამათხოვროდ გაიშვირა ხელი, ვიღაც დღესაც დგას კათედრაზე და სიცივისგან აკნკალებული ხმით კითხულობს ლექციებს გაყინულ აუდიტორიაში.

დისერტაციაზე მუშაობა ეფემიამ დიდი აღმაფრენის გარეშე მაინც დაიწყო, და როცა ახლობელმა ტელევიზიაში რედაქტორად მუშაობის დაწყებაზე გადაუკრა სიტყვა, ყოველგვარი სინანულის გარეშე შემოდო თაროზე დაწყებული შრომა და ბედი ახალ ამპლუაში სცადა.

დღეის მდგომარეობით ვერშემდგარი ბიზანტოლოგი ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემის _ სახელწოდებით `მეოთხე ხელისუფლება~ _ პროდიუსერად მუშაობდა. გადაცემა ზოგს მოსწონდა, ზოგსაც შიშის ზარს სცემდა. განსაკუთრებით, ძლიერთა ამა ქვეყნისათა _ ჟურნალისტური გამოძიების პოტენციურ საკბილოებს. ეფემიას დაკვირვებით, ძალაუფლებისთვის ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოში არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე არქაულ ბიზანტიაში. უბრალოდ, მეთოდები გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა. სად, მოსმენა-მიყურადებით მოგროვილი ჭორების მოწოდება სადაც ჯერ არს,

Page 10: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

სად ამავე მოსმენა-მიყურადების აუდიო-ვიზუალური მასალის მიცუნცულება (სადაც ჯერ არს). ნებისმიერ შემთხვევაში, გადაცემას მაყურებელი არ აკლდა. რაც არა მხოლოდ პროდიუსერის, არამედ გენერალური დირექტორის დამსახურებაცაა, რომელსაც თავში არ მოსვლია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.

ასეთ სერიოზულ გადაცემაში ურეკში ნაპოვნი საათის ადგილი რომ არ იყო, ეფემიამ ზუსტად იცოდა, მაგრამ პოეტის არ იყოს `სურვილის მახრა~ შეუჩნდა და იქამდე არ მოასვენა, ვიდრე დიმიტრის კაბინეტში არ ამოაყოფინა თავი.

_ დეტექტივის ჭრილში საინტერესო ისტორიაა, მაგრამ გადაცემის ფორმატში მაინცდამაინც არ ჯდება. _ აზრი გამოთქვა დიმიტრიმ.

_ სამაგიეროდ, ყველა რეიტინგს მოვხსნით. _ შეახარბა ეფემიამ.

_ როგორ?

_ ისეთ ანონს გავუშვებთ, მგონი მთელი საქართველო ჩამოჯდეს ეკრანებთან. `ბოთლში გამომწყვდეული ისტორია~. ჰა, როგორია?...

დიმიტრი გაკვირვებული უსმენდა. ეფემია ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც თავისიანად მოიაზრებდა პირანიებით გადავსებულ ტელევიზიაში. მომხიბვლელი, ტაქტიანი, ნაკითხი... ბიჭურად შეჭრილი თმა უფრო თვალსაჩინოს ხდიდა გრძელ კისერსა და კატისებურ პროფილს. დღეს კი ისეთი აჟიტირებული ჩანდა, აშკარად რაღაცას ჩქმალავდა ამ ყვითლად შეღებილი ისტორიის უკან.

_ საათს და ბოთლს ნაეზდით ვაჩვენებთ, _ წარმუსახულ ანონს ხატავდა ეფემია. _ ტექსტი უკვე მოფიქრებული მაქვს, ისეთი დამაინტიგებელი, ქვას გახეთქავს. ხომ შეიძლება ვიღაც გამოგვეხმაუროს, ჰა?

_ იმ ქვეყნიდან თუ გამოგვეხმაურება, არ ვიცი. შენი აზრით საათის პატრონი ცოცხალია? 41 წელი გავიდა უკვე.

_ 41 წელი გავიდა ჩუქების დღიდან, ჩვენ ხომ არ ვიცით, როდის ჩაფლა? 10, 20 თუ 30 წლის წინ?

_ როდესაც არ უნდა ჩაეფლა, ცოცხალი რომ იყოს ცხრაჯერ ამოთხრიდა. ოქროს ნივთს ასე ადვილად ვერ შეელეოდა.

_ დავუშვათ, მკვდარია. _ ფარ-ხმალს არ ყრიდა ეფემია. _ იქნებ რუსუდანია ცოცხალი, ქალი, ვინც დათუნას საათი უსახსოვრა.

_ წარმოგიდგენია რამდენი ცრუ რუსუდანი გამოგვეხმაურება?

_ ჩვენც ნუ გამოვაცხადებთ საათის ფირმას და ჩუქების თარიღს! შევხვდებით, დავკითხავთ, გავარკვევთ და მერე გადავწყვეტთ, გავატანოთ თუ არა... ეს ყველაფერი შეგვიძლია გადავიღოთ და მომდევნო გადაცემაში გავუშვათ, მინი-სერიალივით გამოვა, რეალითი შოუ მაყურებლის თვალწინ...

_ შემდეგი გადაცემის მთავარი თემა შემახსენე, გეთაყვა... _ გააწყვეტინა დიმიტრიმ.

_ პანკისის ხეობაში გატაცებულ მამა-შვილზე. მეზობლების დაკითხვის საფუძველზე გავედით ეჭვმიტანილებზე, სამწუხაროდ, გაქცეულები არიან.

_ და გატაცებული ადამიანების ფონზე რაღაც ზღაპრები მოვყვეს რძის ბოთლში შეჩურთულ საათზე?

ეფემია ნირწამხდარი დადუმდა.

Page 11: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ მოძრავი სტრიქონი არ გაწყობს? _ შეეცოდა დიმიტრის.

_ თუ სხვა გზა არაა, იყოს მოძრავი სტრიქონი... მაგრამ ეს არ იქნება სენსაცია, ეს იქნება ჩვეულებრივი ამბავი, რომელსაც ას კაცზე მეტი არ წაიკითხავს. შეიძლება ნაკლებიც.

_ ეფო, სიმართლე მითხარი.

_ რაზე?

_ მართლა გადაცემის რეიტინგი გაწუხებს თუ რაღაც პირადულია?

ეფემია ქურდობაზე წასწრებულივით გაწითლდა. ერთხანს იყოყმანა, მერე სწრაფი მზერა ესროლა დიმიტრის:

_ დამპირდი, რომ არ გაგეცინება.

_ ვეცდები.

_ მესიზმრება. ყოველდღე. აღარ შემიძლია.

_ ?

_ ვინ და სვებედნიერი დათუნა! საათის პატრონი. _ შეწუხებული სახით დაამატა ეფემიამ.

_ რაო, რა მინდაო?

_ დამეხმარეო, შენი იმედი მაქვსო... რა უნდა, არ ვიცი... გავგიჟდები, დიმიტრი! არ ვარ მშიშარა ადამიანი, მაგრამ ამ ბოლო დროს დაძინების მეშინია. მიყურებს თავისი ზვიგენის თვალებით და დისტანციურ მესიჯებს მიგზავნის. რომ ვიცოდე, შემეშვება, იმ დაწყევლილ საათს უკან წავიღებდი და ისევ მიწაში ჩავფლავდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გაჭრის. პანდორას ყუთი გახსნილია!

_ მაჩვენე! _ დიმიტრიმ ხელი გაიშვირა.

_ რა... რა გაჩვენო?

_ საათი, პანდორას ყუთი ხომ არა?!

_ _ _

ეფემია სახლში კი არ მიდიოდა, მიფრინავდა. ცოტა ფეხებმა დააღალატა, უფრო სწორედ, ახალმა ჩექმებმა. არა უშავს, მთავარია მის მცდელობას უქმად არ ჩაუვლია _ დიმიტრი დათანხმდა ხუთწუთიან სიუჟეტზე. ბრავო! ამ კაცი იმედი ყოველთვის ჰქონდა. სამსახურში ზოგიერთები ჭორაობენ _ დისტანციურიაო. გააჩნია, ვისთან არის დისტანციური. მაგალითად, მაკასთან, იმ სილიკონით დაბერილ თოჯინასთან ეფემიაც დისტანციურია. ერთი მხრივ 24 საათი დირექტორის კრიტიკაშია, მეორე მხრივ, ერთი სული აქვს კალთაში ჩაუხტეს. ღორის ტილივითაა, ფეხზე დაისვამ, თავზე აგაცოცდება. და რამდენი ასეთი მაკაა მთელ ტელევიზიაში? ნახევარზე მეტი. მოდი და ნუ იქნები დისტანციური!

რა მიიტანს სახლამდე გადატყავებულ ქუსლებს?... მაღაზიაშიც უნდა შეიაროს, მაცივარი ცარიელია, გიორგი მშიერი... კიდევ კარგი სიმბასთვის და რაულისთვის ადრევე მოიმარაგა კორმა. მაგრამ ისეთი გატუტუცებულები არიან, ჩანგალი თუ გაწკარუნდა

Page 12: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

სამზარეულოში სმენაზეა ორივე. რაღა დასამალია, ეფემიასაც მოშივდა. ამოდენა ნიგვზიანის შემდეგ წვნიანს შეჭამდა ადამიანი. ჩიხირთმას, მაგალითად. საყინულეში უნდა ეგდოს კარგა მოზრდილი ვარია, მაგრამ გიორგის არ უყვარს ჩიხირთმა, ეფემია კი ელემენტალურად ვერ მოერევა ერთ ქვაბ ჩიხირთმას. ცხადია, თუ მთელი კვირა არ ხეთქა. ისევ სოსისი და მისი ჯანი! ჩაყარე, მოხარშე, მიირთვი.

ფეხის ტკივილმა კულმინაციას მიაღწია. ეფემია გაალმასებული შედგა გასტრონომთან. რომ არ რცხვენოდეს, ქუჩაშივე გაიხდიდა დაწყევლილ ჩექმას და აქვე, ნაგვის ბუნკერში მოისროდა. არადა, როგორი მოსასროლია?... ფული აქვს მიცემული! სხვისთვის შეიძლება დიდი არაფერი, მაგრამ მისი ბიუჯეტისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა. წავიდა, ის დრო, როცა მამიკოს ჰონორარებს აფრიალებდა თავის გემოზე. დაწერა ამ კაცმა თავისი ცხოვრების მთავარი წიგნი და გავიდა დამსახურებულ პენსიაზე. სხვებზე უკეთ მხოლოდ იმიტომ არის, რომ დღესაც ის წიგნი აჭმევს პურს. უკვე მერამდენედ გამოიცა... ფილმიც გადაიღეს, საავტორო უფლების დაცვით. ეს ყველაფერი ადრე იყო, 70-იან წლებში, დღეს ხელოვნების სფეროში ტოტალური სტაგნაციაა. და არა მხოლოდ იქ.

რაულმა მოკლე ყეფითა და გაბმული წკმუტუნით გამოხატა პატრონის ნახვით გამოწვეული სიხარული, ზრდილობის გამო კატამაც დაიკნავლა. მხოლოდ გიორგი არ შეჰგებებია სამსახურიდან მობრუნებულ და პარკებით დახუნძლულ მშობელს.

_ გიორგი! _ დაუძახა ეფემიამ.

_ მმმ...

_ სად ყმუიხარ?

ოთახის სიღრმიდან მაუსის წკაპუნი გაისმა. რასაკვირველია, კომპიუტერს უზის. აბა, რაიმე სასარგებლო საქმეს თუ გააკეთებს?... იდეაში, რა უნდა მოსთხოვო 12 წლის ბიჭს, გოგო რომ იყოს, სახლს დაალაგებდა, კარტოფილს შეწვავდა... თუ ისიც კომპიუტერზე იქნებოდა მიერთებული?...

არა, რა, უნდა გაგზავნოს წყნეთში, ბაბუამისთან, თორემ დარჩენილ არდადეგებს ეკრანს მიფიჩინებული გაატარებს და სკოლაში დასვენებული კი არა, გამოთაყვანებული წავა. მურზაყანმა შეიძლება წიგნის წაკითხვაც კი აიძულოს! ვასიკო, ეფემიას უფროსი ძმა, კაი დიდი ჯორი იყო, როცა მამამ ოთახში გამოკეტა და იქამდე არ გამოუშვა, ვიდრე `ვეფხისტყაოსნიდან~ ავთანდილის ანდერძი ზეპირად არ ჩააბარა. მამა ყველას მიმართაც მკაცრი და მომთხოვნია. ცოლს რომ ვახშმად სოსისი დაეხვედრებინა (როგორც ახლა მისი ქალიშვილი აპირებდა), ძალიან შეურაცხყოფილი დარჩებოდა. სოსისს, სარდელს, ძეხვს და მისთანებს, კერძად არ აღიარებდა. მარიკაც (ეფემიას დედა) ყველანაირად ცდილობდა ქმრის გულის მოგებას. სხვა რა საქმე ჰქონდა, მუშაობით არასოდეს უმუშავია. სამზარეულოში ტრიალი უყვარდა კიდეც და ეხერხებოდა კიდეც. ჰო, კიდევ ქმარი უყვარდა. აღმერთებდა. ყველაფერს პატიობდა, საყვარლებსაც კი. ბატონი მურზაყანი ახალგაზრდობაში დიდი მუსუსი ბრძანდებოდა, კაბას არ უშვებდა ხელიდან. ქალებს მოსწონდათ _ მაღალი, წარმოსადეგი, ცელქად აპრეხილი ულვაშითა და ქორისებრი თვალებით. ჩვენში რომ დარჩეს, არც ახლა აკლებდა. ეფემიას დიდი ეჭვი აქვს, რომ მზარეულად აყვანილი თეძოგანიერი ციალა დროგამოშვებით გვერდებს უთბობდა ჭარმაგ მწერალს. იმიტომაც განმარტოვდნენ წყნეთში. შეიძლება ცდება. ციალას პატიოსანი ქვრივის ამპლუას აწვებოდა, დაოჯახებული ვაჟი ჰყავდა, მცირეწლოვანი შვილიშვილები...

_ სხვა საქმე არ გაქვს? _ ეფემია ფეხშიშველა შეტანტალდა შვილის ოთახში.

_ მმმ...

Page 13: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ რომ მცოდნოდა, საერთოდ არ გიყიდდი!

_ შენ არ გიყიდია, მამამ მიყიდა.

_ გიორგი!

_ რა გინდა, დე, არდადეგებზე მაინც მომასვენე!

_ ადექი ახლავე! _ ეფემია ფეხი დააბაკუნა და სიმწრის ოფლმა დაასხა. სულ დაავიწყდა გადატყავებული ქუსლები!

_ ამ ტიპს გავტრუპავ და ავდგები.

_ რას... რას იზამ?... ეს რა სიტყვები მესმის?@

_ `რა სიტყვები ესმით ჩემთა ყურთა...~ _ გამოიჯავრა გიორგიმ და ზანტად დატრიალდა სკამზე.

დავარტყა-არ დავარტყა, თავში გაუელვა ეფემიას. არა, რეაქცია მივცე, თორემ სულ თავზე დამაჯდება. იქნებ ვუჩქმიტო, თმა გამოვწიწკნო, წკიპურტი გავკრა... ღმერთო, რა უმწეო ვარ! ძნელია ბიჭის გაზრდა მამის გარეშე. არ უყიდი კომპიუტერს შარია, უყიდი _ უარესი. წავა და ეზოში დაბანაკდება. სიგარეტს მოსწევს, ასფალტზე წიტვას ისწავლის, ქუჩურ სლენგს აიტაცებს... `ჰუბერტატულ პერიოდში მოზარდები არაადექვატურად იქცევიან~, უთხრა ფსიქოლოგმა. სიტყვაც როგორია? ჰუბერტატული. ენას იღრძობს კაცი. იდეაში, ეზოში მობირჟავე წიტიანს ისევ კომპიუტერთან დაქლიავებული ბოტანა ურჩევნია.

_ დე, კაი რა...

_ ადექი ახლავე და ძაღლი გაასეირნე! _ გამოსავალი იპოვა ეფემიამ. _ ვერ ხედავ როგორ მეზილება ფეხზე, გაუსკდა ალბათ შარდის ბუშტი!

_ გეფსია, რაულ? _ გიორგიმ კომპიუტერი გამორთო და ძაღლს მიუბრუნდა. _ კაი, წავიდეთ, სად არის შენი საყელური?

რაულმა მადლობის ნიშნად წელვადი დორბლი გადმოუშვა და უთავმოყვარეო ქიცინით გავარდა ოთახიდან. გიორგიც გაჰყვა.

_ ქუდი დაიხურე! _ მიაძახა ეფემიამ.

მაცივარში სოკოს მარინადის გაუხსნელი ქილა აღმოაჩინა. გარნირად წავა, სოსისებთან. ხახვთან ჩახრაკული. ქათამიც რომ გაალღოს, არაფერი დაშავდება. ერთი ნახევრისგან ჩიხირთმას გააკეთებს, მეორეს შებრაწავს, გიორგისთვის.

ხახვის გამოსატანად ეფემია აივანზე გავიდა. გარეთ სათოვლე ამინდი იდგა, ცივი და გარინდული.

სადარაზოდან გამოვარდნილმა რაულმა უახლოეს ხესთან ფეხი აფშიკა და შარდის ბუშტი დაცალა. გიორგი მოთმინებით ელოდა. ეფემიას გული გაუთბა. რას ერჩის? აბა, ვასიკო იყო, მისი ძმა?! ისე ეშინოდა მშობლების, სიტყვას არასოდეს შეუბრუნებდა. ახლაც იგივეს განაგრძობს, ოღონდ ცოლთან და სიდედრთან. შვილები როცა წამოეზრდება, მერე ისინი დააჯდებიან თავზე. ხანდახან ბავშვსაც უნდა მისცე ორთქლის გამოშვების საშუალება. და კაცსაც, კაცსაც...

ეფემიას რომ მეტი მოთმინება გამოეჩინა, ის და ბესო არ გაიყრებოდნენ. ზოგჯერ ისეთ წვრილმანზე შეჰყვებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, გასახსენებლადაც კი სირცხვილია. დიდი ამბავი თუ შეზარხოშებული ქმარი ეჭვიანობის სცენებს გიმართავს, ალბათ ჰქონდა მიზეზი. მაგრამ ბესო სხვაგან ეძებდა, სხვაგან... მიზეზი ეფემიას თავში იყო, მას პოეტური

Page 14: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

სახელი ერქვა _ მინდია. ეჰ, ბედის ირონიით, მათი სახელებიც ფონეტიკურად ემთხვეოდა ერთმანეთს: ეფემია-მინდია.

საქმე იმაშია, რომ ბესო არ ყოფილა ეფემიას პირველი სიყვარული, შეიძლება არც არასოდეს უყვარდა. მაშინ სანიმუშო გოგოს იმიჯს აწვებოდა და აქედან გამომდინარე არჩევანი მშობლების მოსაწონ კანდიდატურაზე შეაჩერა. სანიმუშო გოგოს არ შეიძლება ყვარებოდა პატიმრის შვილი (რაგინდ პატიოსანი და თმახუჭუჭა არ უნდა ყოფილიყო) _ ასეთი იყო მურზაყანის საბოლოო ვერდიქტი. მამამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მინდია გამქრალიყო ეფემიას ცხოვრებიდან და გარკვეულწილად მიაღწია კიდეც თავისას. ცხადია, ყველაფრის მშობლებზე გადაბრალება უსამართლობა იქნებოდა. ეფემიას თავისულფლად შეეძლო მინდიასთან ერთად გაპარულიყო (მაშინდელი მოდის შესაფერისად), მათ ხომ სკოლის მერხიდან უყვარდათ ერთმანეთი. მან ეს არ გააკეთა. უპერსპექტივო, მაგრამ საყვარელ მამაკაცს, პერსპექტიული, მაგრამ უცხო მამაკაცი არჩია. `პერსპექტიული~ მამამისის გაგებით, რაც უპირველეს ყოვლისა, ოჯახიშვილობას და სათანადო წრეს გულისხმობდა. მინდიას კი არაფერი გააჩნდა მისდამი დიდი სიყვარულის გარდა, მაშინ, როცა ბესო თავმომწონედ დააგრიალებდა აკადემიკოსი მამიკოს ნაყიდ პიპიას.

როცა ეფემიას დანიშვნის ამბავი შეიტყო, მინდიამ გუდა-ნაბადი აიყარა და უკიდეგანო საბჭოთა კავშირის რომელიღაც რეგიონს მიაშურა. ეფემიას კი დარჩა შტამპი პასპორტში და დაუკმაყოფილებელი ვნების უსიამოვნო განცდა. განა იმიტომ, რომ ბესო მამაკაცად არ ვარგოდა, იმიტომ, რომ ეფემიას ფანტაზიებში დახატული სექსი მხოლოდ მინდიასთან ასოცირდებოდა.

6 წლის თავზე მან ქმარს უღალატა. მინდიასთან. მაგრამ აქაც დიდი იმედგაცრუება ელოდა. არ აღმოჩნდა ადვილი ქმრის ღალატი. აღარც მინდია იყო ის თმახუჭუჭა, რომანტიკული ბიჭი, რომელსაც ამდენი წელი მისტიროდა. გაფულიანებული მამრი მკლავზე ამოსვირინგებული დრაკონითა და მასიური ოქროს ძეწკვით ნავარჯიშევ კისერზე ისეთივე უცხო გამხდარიყო მისთვის, როგორც კანონიერი ქმარი ქორწინების პირველ დღეებში. მიუხედავად ამისა, სინანულის განცდა არ ჰქონია. უნდა გაესინჯა აკრძალული სიყვარულის გემო, უნდა დარწმუნებულიყო, რომ ერთმანეთისთვის განკუთვნილი ვნება დიდი ხანია სხვებზე შემოეხარჯათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს დაივიწყებდა და ფუჭი სინანულით ცხოვრებას მოიწამლავდა. ჭეშმარიტების მომენტი არც წარსულშია, არც მომავალში, ის ერთ კონკრეტულ დღეშია, კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტული ვარსკვლავის ქვეშ... შენთვის განკუთვნილი ნაყოფი მაშინვე თუ არ მოგლიჯე, ხეზე დალპება, გახმება, ნეშომპალად გადაიქცევა...

როგორ, როდის, რა გზით გამდიდრდა `უპერსპექტივო ყმაწვილი~ ეფემიამ არ იცოდა და არც აინტერესებდა. ერთს კი მიხვდა: ეს იყო მათი პირველი (გათხოვების მერე) და უკანასკნელი შეხვედრა. სიყვარული მოკვდა, მიცვალებულის რეანიმაცია კი უტოპიაა.

_ _ _

გადაცემა დასასრულს უახლოვდებოდა. ეფემია სტუდიაში იჯდა და აპოკალიფსის მოლოდინში სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.

Page 15: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

აპოკალიფსი არ დამდგარა. უბრალოდ, გადაცემის დამთავრებისთანავე ტელევიზორში გამოცხადებულ ტელეფონის ნომერზე დარეკეს. ასაკოვანმა ქალი თავი რუსუდან ყანჩელად გააცნო.

_ დიახ, დიახ, გისმენთ! _ აფორიაქდა ეფემია.

_ ეს საათი მე ვაჩუქე დათუნას.

_ ანუ...

_ დათუნა ჩემი ძმაა.

_ გასაგებია... ხომ ვერ გაიხსენებთ, რომელ წელს აჩუქეთ?

_ მმმ...

_ პატარა ფორმალობაა, ხომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილ ადრესატზე გავედით. _ თავი იმართლა ეფემიამ.

_ მესმის, მესმის... უბრალოდ ვიხსენებ, ამდენი ხანი გავიდა უკვე. ალბათ ნახევარი საუკუნე.

_ დიახ. დაგელოდებით.

_ არა, ნახევარი არა... _ ხმამაღალი ფიქრი გააგრძელა რუსუდანმა. _ იქნებოდა ასე 1961-62 წელი. ჰო. დაბადების დღეზე ვაჩუქე.

_ გასაგებია... და რა ბედი ეწია მის პატრონს?

_ არ ვიცი...

_ როგორ?...

_ გრძელი ისტორიაა...

_ ქალბატონო რუსუდან, მე ეფემია მესხი ვარ, ამ სიუჟეტის ავტორი. როდის შეიძლება თქვენი ნახვა?

_ დღეს გვიანაა.

_ ხვალ?

_ ხვალ შეიძლება, მაგრამ წინასწარ დამირეკეთ, ისე ავღელდი, მეშინია წნევამ არ ამიწიოს. ჰიპერტონიკი ვარ და...

_ 12 საათისთვის რომ დაგირეკოთ?

_ უფრო ადრეც შეგიძლიათ. 10-ის მერე როცა გინდა და შევთანხმდეთ.

_ კოორდინატები მიკარნახეთ, თუ შეიძლება...

_ ჩაიწერეთ.

_ _ _

დიმიტრის დატვირთული დღე ჰქონდა, მაგრამ როცა ბაჩამ დაურეკა _ ჩემს ძმას პრობლემა აქვს და იქნებ მოუსმინოო, ერთი საათი გამონახა. ბაჩა ჭიჭინაძე დიმიტრის ბავშვობის მეგობარი იყო. შეიძლება ითქვას ერთადერთი ნამდვილი მეგობარი, რომელიც სამწუხაროდ ამერიკაში ცხოვრობდა. წესით, ზურას (ბაჩას უფროს ძმას) არაფერი სჭირდა

Page 16: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

უმცროსი ძმის სარეკომენდაციო, რადგან დიმიტრი მასაც ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ პრობლემა იმდენად დელიკატური იყო, ეტყობა ზურამ ძმის გარდა ვერავის გაუმხილა, იმან კი დიმიტრისთან დააკვალიანა, რომელიც გარემოების კარნახითა და პირადი ინიციტივით ხშირად ისხამდა ხოლმე დეტექტივის მანტიას.

დელიკატური პრობლემის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ზურას მობილურ ტელეფონზე დახურული ნომრიდან დროგამოშვებით უცნაური შინაარსის მესიჯები მოდიოდა. მაგალითად: `ნათქვამია, არ გამოსცადო უფალი შენი~, `აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას~, `მეთექვსმეტე საზვერე _ სიძვისაა~, `დაიცავი გონება შენი უწმინდური აზრებისგან, გული _ ბილწი სურვილებისგან, სხეული _ ბინძური საქმისგან~...

დიმიტრის ძალიან უნდოდა ბრძნული გამომეტყველების შენარჩუნება, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა ახარხარდა. ბედის ირონიაა, აბა რა?! მაინცდამაინც ზურას, პირწავარდნილ ათეისტსა და ყოფილ ბუნტისთავს, უნდა მოსვლოდა მსგავსი შინაარსის მესიჯები?! ახლა კი გამოიყურება პატიოსანი ბიურგერივით, მაგრამ იყო დრო, ლამის სკოლიდან გარიცხეს გრძელი თმებისა და როკ მუსიკოსების პლაკატების ფრიალის გამო. გადარჩა. ფიზკულტურის მასწავლებელი ჩაუდგა თავდებში. ზურა სპორტსმენი იყო. წყალბურთელი. საზღვარგარეთაც ჰქონდა ხოლმე ასპარეზობა, რაც მაშინ დიდი იშვიათობა გახლდათ. ბაჩას ძალიან ეამაყებოდა უფროსი ძმა, რაღაც დასამალია, დიმიტრიმაც ცურვაზე სიარული ზურას მიბაძვით დაიწყო. რეკორდები ვერ მოხსნა, მაგრამ იუნიორთა შორის 50 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში საუკეთესო შედეგები აჩვენა. უჯრაში დღესაც იმტვერება ზოლიან ლენტზე ჩამოკონწიალებული ბრინჯაოს მედალი. კარატისტის ყავისფერ ქამართან ერთად, სხვათა შორის.

ასე იყო თუ ისე, დიმიტრი სპორტს არ გაჰყოლია. რაც შეეხება ზურას, დღეს ის სპორტულ კომპლექსს განაგებდა და ბედს არ ემდუროდა, რომ არა ზემოხსენებული მესიჯები.

_ ჰო, თავიდან მეც ასე ვიცინოდი, მერე კი დავიზმენდი... რა ვიცი, ვინ ოხერია? სადმე არ დამხვდეს, ყელი არ გამომჭრას...

_ შეგიძლია მშვიდად იყო. ასეთი მესიჯის პატრონი ყელს არ გამოგჭრის.

_ რას მირჩევ, დიმიტრი, დავიკიდო?

_ ვერ დაიკიდებ, უნდა გავიგოთ ვინ არის და რა უნდა.

_ როგორ?

_ ვიფიქროთ. ვინმეზე გაქვს ეჭვი?

_ წარმოდგენაც არ მაქვს. საერთოდაც არ მყავს მსგავსი ფრაზეოლოგიით მოლაპარაკე ნაცნობები.

_ ცოლი გყავს?

ზურამ სახეზე ჩრდილმა გადაურბინა. ნაჩქარევად ამოიღო სიგარეტი და ნებართვის გარეშე მოუკიდა.

_ ნახევრად. _ თქვა პაუზის შემდეგ.

_ ეგ როგორ გავიგოთ?

_ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. მეტსაც გეტყვი, სხვადასხვა ქვეყანაში. 3 წლის წინ ჩემი ცოლი დეიდაშვილის სანახავად საფრანგეთში გაემგზავრა და აღარ ჩამოსულა. რომ ჩამოვიდეს, ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება, უკან აღარ გაუშვებენ. ჩვენც

Page 17: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

გვეპატიჟება, მაგრამ ამაოდ. არც ისეთი ხელმოცარული ვარ, უცხოეთში მომინდეს ცხოვრება. და არც ისეთი ახალგაზრდა. _ დაამატა ორაზროვანად.

დიმიტრიმ დაკვირვებით შეხედა. ზურას ხშირი შავი თმა, სწორი ნაკვთები და სპორტული სხეული ჰქონდა. 42 წლის პირობაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. რომელი ჭკუათმყოფელი ქალი ეტყოდა უარს? რამდენიმე წლის წინ ძმის არჩევანს ბაჩა აპროტესტებდა: რამ მოაყვანინა ასაკით უფროსი, თანაც შვილიანი ქალიო! იძახე შენ, უფროსი და შვილიანი. აგერ, აქეთ მიუტოვებია.

_ ვის გეპატიჟებათ?

_ მე და თავის შვილს. სანდროს.

_ სანდრო შენი გერია?

_ ჩათვალე, რომ შვილია. ფაქტობრივად, მე გავზარდე. _ ზურამ უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები. _ ჩემი ოჯახური პერიპეტიები რა შუაშია მესიჯებთან?

_ ფაქტია, რომ ვიღაც სინდისზე გაგდებს, თავისებურად, მაგრამ მაინც.

_ სინდისზე? ჩემი სინდისი სუფთაა.

_ ეს შენ ფიქრობ ასე, ვიღაც შეიძლება სხვანაირად ფიქრობს. ოჯახზე იმიტომ გეკითხები, რომ პირადულ მოტივებს ვხედავ და არა ვთქვათ, ფულთან ან ბიზნესთან დაკავშირებულ მუქარას. მოკლედ, მყავს ერთი ნაცნობი უშიშროებაში, თუ რამე შეუძლია, არ დამამადლის.

_ აგაშენა ღმერთმა! _ გაუხარდა ზურას. _ გავხევ ნაკერავზე ვინც არის. დამაწყვიტა ნერვები!

_ ვერ გახევ.

_ ვითომ რა დამიშლის?

_ ქალის გამოგზავნილს ჰგავს და...

_ უჰ, მაგათი ჯიში... _ ზურამ გაღიზიანებულმა მიაჭყლიტა სიგარეტი საფერფლეს. _ რა გაუგებ ამ ქალებს?

_ ქალს გაგება არ სჭირდება, ქალი უნდა გიყვარდეს.

_ რომ მიყვარდა, იმიტომაც გაიქცა ცხრა მთას იქით. კაი, თუ ძმა ხარ! ცხოვრებაში აღარ გავიხედავ ქალისკენ...

ზურას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კაბინეტში ისეთი ქალი შემოვიდა, თვალები ზედ დარჩა. ბიჭურად შეჭრილი თმითა, მაღალი ყელი, კატისებრი პროფილი, კოხტად გაბზეკილი საჯდომი...

_ გაიცანი, ეფემია მესხი. _ წარადგინა დიმიტრიმ. _ ზურა, ჩემი მეგობრის ძმა.

ეფემიას სტუმარს ზერელედ დაუქნია თავი და აფორიაქებული მიუბრუნდა დიმიტრის.

_ რუსუდან ყანჩელი ყურმილს არ იღებს. 10 საათიდან ვრეკავ, როგორც შევთანხმდით. უკვე 2 საათია, არ ვიცი, რა ვიფიქრო.

_ იფიქრე, რომ სკლეროზი აქვს მაგ შენს რუსუდანს. ხვალ დაუკერე, ზეგ...

Page 18: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ სკლეროზი კი არა წნევა აქვს, დიმიტრი, თანაც წუხელ ინერვიულა. არა, არა, _ ეფემიამ უარის ნიშნად თავი გააქნია. _ ხვალამდე გავგიჟდები! ინტუიცია მკარნახობს, რაღაცაშია საქმე...

_ გვერდზე გადადე შენი ყბადაღებული ინტუიცია და მუშაობა განაგრძე.

_ მუშაობაო! და სინდისს რა ვუყო?

_ გესმის, ზურა? _ დიმიტრიმ მრავალმნიშვნელოვანი მზერა დიმიტრიზე გადაიტანა. _ რას გეუბნებოდი წეღან... ყველა თავისებურად აღიქვამს სინდისს. აი, ეფემიას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სინდისი აწუხებს, მე _ არა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მონსტრი ვარ, ეფემია კი ანგელოზი. უბრალოდ, განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ასეა, შენს შემთხვევაშიც.

_ შეიძლება ვიცოდე, რა კონკრეტული საქმეა? _ დაინტერესდა ზურა.

_ კიდევ ერთი ეპიზოდი სერიიდან: მე მიყვარს დეტექტივები. _ ხელი ჩაიქნია დიმიტრიმ და მკვირცხლად წამოხტა. _ აბა, ვის უნდა ყავა?

ეფემიას ყავისთვის არ ცხელოდა. მუდარით შედგა დიმიტრის წინ:

_ წავიდეთ, რა, დავხედოთ... ვორონცოვზე ცხოვრობს, 20 წუთი იქით, 20 აქეთ. არც კი.

დიმიტრიმ მკაცრად შეხედა. ურეკიდან ჩამოსვლის შემდეგ ეფემიას ვერ ცნობდა. სად გაქრა გამორჩეული კოლეგის ჩვეული თავშეკავება? სერიოზული გადაცემის პროდიუსერია თუ გიმნაზისტი გოგო? სხვა თუ არაფერი, სტუმრის იგნორირება სადაური წესია?

_ საქმე მაქვს. _ მოკლედ მოუჭრა.

_ წაყევი, დიმიტრი, მე ისედაც ვაპირებდი წასვლას... _ ზურა უხერხულად წამოიმართა. სულაც არ უნდოდა ის გამხდარიყო უფროსისა და ხელქვეითის დაპირესპირების მიზეზი.

_ მართლა არ მცალია. ნახევარ საათში შეხვედრა მაქვს. უცხოელებთან. _ მეტი კომპეტენციისთვის დაამატა დიმიტრიმ და იქვე შერცხვა. სხვის სნობურ გამოხდომებს დასცინოდა, ახლა კი ისე ისროლა _ უცხოელებიო, თითქოს თანამემამულის გადაგდება მოსულა, უცხოელი კი წმინდა ძროხაა. არადა, მართლა ჰქონდა შეხვედრა. სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით. საღამოს კი სტუმრები ვახშამზე უნდა წაესხა.

_ რა გაეწყობა, მარტო წავალ. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ეფემიამ.

_ თუ ნებას დამრთავთ, მე მიგაცილებთ, _ მოულოდნელად ზურამ ინიციატივა გამოიჩინა. _ მანქანით ვარ, ვორონცოვზე ნებისმიერი სახლი ვიცი, იქ გავიზარდე.

ეფემიამ დიმიტრის შეხედა, მან ხელები გაშალა, ვითომ, პრობლემას ვერ ვხედავო.

_ ჩანთას ავიღებ და ქვევით დაგელოდებით. _ შეიფერა ეფემიამაც და ამაყად გავიდა კაბინეტიდან.

ზურამ თვალი გააყოლა.

_ აკი, მაგათი ჯიშიო! _ ირონიულად შეახსენა დიმიტრიმ.

_ მართლა, ვინ არის?

Page 19: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ თანამშრომელი.

_ ვიცი, რომ თანამშრომელია, თუმცა მონაზვნის სახელი ჰქვია. ვინ გაიმეტა?

_ მამამისმა. მურზაყან მესხმა. გაგიგია?

_ მწერალი როა?

_ ჰო. მწერალია, ფილმიც გადაიღეს მისი წიგნის მიხედვით `თოვლი აგვისტოში~. _ აუხსნა დიმიტრიმ.

_ ჩვენ ბოდიში! ანუ, არ ჩამივა ფეხი?

_ კაი, რა...

_ გათხოვილია?

_ გაცილებული.

_ ჰოდა, ძალიან კარგი.

_ ზურა, ეფო სხვანაირი ქალია...

_ სხვანაირი რომაა, იმიტომაც მომეწონა. _ გააწყვეტინა ზურამ, საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა და შურდულივით გავარდა კაბინეტიდან.

_ _ _

`რაში მჭირდება ეს უცხო კაცი?~, საკუთარ თავს კიცხავდა ზურაბ ჭიჭინაძის `ფოლცვაგენში~ გამოჭიმული ეფემია მესხი. `აშკარად მეპრანჭება. ალბათ ჰგონია, ტელევიზიაში ადვილად ხელმისაწვდომი ქალები მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, რუსუდანთან ვიზიტის მერე პაემანს დამინიშნავს... აბა, რაში სჭირდება ჩემი მწყემსვა? მოცლილია? არ უნდა დამელია ამდენი ყავა. უეჭველი ტუალეტში მომინდება. უკვე მინდა. არა, რა, ეს ყავა კი არა, შარდმდენია!~

_ შეიძლება, მეც ეფო დაგიძახოთ?

`აჰა, დაიწყო. ახლა რომ მითხრას, ვინ დაგარქვა ასეთი ორიგინალური სახელიო, თავში გავუქანებ.~

_ შეგიძლიათ. თქვენ რა იცით, რომ ეფოს მიძახიან?

_ დიმიტრიმ ასე მოგიხსენიათ და...

_ იჭორავეთ?

_ არც უმაგისობაა.

`ჰმ, ვინ თქვა, რომ კაცები არ ჭორაობენ? ქალებზე უარესები არიან. საინტერესოა, რა უთხრა? ბევრს ვერაფერს მოასწრებდა, 5 წუთში ქვევით ერჭო. რას ვერჩი? მშვენიერი სპორტული მამაკაცია, შავ თმაში თეთრ ფრთასავით გაჩხერილი ჭაღარით. ხარისხიანი სუნამო ასხია, ლამაზი ხელები აქვს, მოვლილი ფრჩხილები... ნეტავ, ცოლიანია? საქორწილო ბეჭედი არ უკეთია. რაში მაინტერესებს?!~

Page 20: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ ცოლი გყავთ? _ უცებ ეფემიამ საკუთარი ხმა გაიგო. ისე გაუკვირდა, პირზეც კი მიიფარა ხელი. თუმცა მაშინვე ჩამოიღო. რა გოიმობაა პირზე ხელის აფარება, მე შენ გეტყვი ცუდი ტუჩ-კბილი აქვს?!

ზურამ სწრაფად შეხედა და ფართედ გაუღიმა. `ჰმ, კბილები ამასაც კარგი ჰქონია, ნიკოტინდაკრული, მაგრამ მაინც...~

_ უტაქტო შეკითხვა დავსვი, არა? _ გაუღიმა ეფემიამაც.

_ მე ვიტყოდი, მოულოდნელი. თქვენგან გამიკვირდა, თორემ დიმიტრიმ უკვე მომიწყო დაკითხვა ცოლის თაობაზე და ბოლომდე მაინც ვერ გაიგო, ცოლიანი ვარ თუ არა.

_ ასეთი, რა უპასუხეთ?

_ სამი წელი არ მინახავს ცოლი. ახლა თქვენ განსაჯეთ, მყავს თუ არა.

_ ბოდიში. _ ეფემიას შერცხვა.

_ რატომ მიხდით ბოდიშს?

_ უტაქტო შეკითხვისთვის. რა ჩემი საქმეა?

_ არ არის?

_ არა.

_ კარგი, მოვრჩეთ ამაზე. მომიყევით, ვინ არის ეს რუსუდანი და რამ აგაფორიაქათ ასე?

ეფემიას თავი არ დაუფასებია, ადგილზე მისვლამდე მოკლედ მოუყვა თავისი ფოქს ტერიერის `დიდი აღმოჩენის~ შესახებ.

აგურის ძველ სახლს, სადაც რუსუდან ყანჩელი ცხოვრობდა, ევროპული ფასადი და აივნებით შემოჯარული შიდა ეზო ჰქონდა. კარიბჭესთან ბებერი ძაღლი წრიალებდა. შეიძლება არც იყო ბებერი, უბრალოდ ქუჩაში წანწალისგან გაიქუცა... უცნობების დანახვაზე ძაღლი განზე დადგა და დელიკატურად დაუთმო გზა. რაულივით კი არ აცანცარდა!

ეფემიამ აივანზე გამოსული თავშალიანი ქალი დალანდა:

_ უკაცრავად, რუსუდან ყანჩელი სად ცხოვრობს?

_ თქვენ ვინ იქნებით? _ ქალი დაინტერესებული გადმოიხარა მოაჯირზე.

_ ტელევიზიიდან ვართ.

_ ხომ მშვიდობაა?

_ დიახ.

_ პირველი სართულზე მარჯვენა კარი. ქუჩის მხრიდან უნდა შემოუაროთ. გვარები ზარის გასწვრივ წერია.

ზურა და ეფემია უკან გაბრუნდნენ. მათ დანახვაზე ბებერმა ძაღლმა სუსტად შეჰყეფა და საპატიო ყარაულივით გაჰყვა. ყანჩელების ზარს ადვილად მიაკვლიეს, მაგრამ რად გინდა? არავინ გამოხმაურებიათ.

_ იქნებ შინ არ არის? _ ვარაუდი გამოთქვა ზურამ.

Page 21: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ უნდა შევამოწმოთ. _ გადაჭრით თქვა ეფემიამ და ჟურნალისტური შემართებით დაიძრა ეზოსკენ.

_ როგორ?

_ მეზობლებს გამოვკითხავ. რუსუდანი თვითონ იყო დაინტერესებული ჩემთან შეხვედრით, გამორიცხულია, სადმე წასულიყო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება კარს არ გვიღებს, ინსულტია. ვიდრე არ გავიგებ, მკვდარია თთუ ცოცხალი, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. თქვენ თუ გეჩქარებათ, წადით, არ მეწყინება.

_ როგორ გეკადრებათ... _ ჩაილაპარაკა ზურამ, თუმცა ფეხები უკან რჩენოდა.

საქმე იმაშია, რომ ზურას პათოლოგიურად ეშინოდა მიცვალებულების. შიში შორეულ ბავშობაში იღებდა სათავეს...

ექვსი წლის იყო, როცა პატარა ზურიკო სოფელში, ბებიასთან დატოვეს. ბებო ყოჩაღი ქალი იყო, ძროხა ჰყავდა, ქათმები, ინდაურები... იმ ზაფხულს კურდღელიც კი მოიყვანა _ ბავშვი გაერთობაო. ძილის წინ ბებიას და შვილიშვილს რიტუალი ჰქონდათ. ბებო გვერდით მიუწვებოდა და ზღაპარს უკითხავდა. იმ დღესაც ჩვეულებისამებრ დაწვნენ. ზურას ერთი სული ჰქონდა, როდის გააგრძელებდნენ წუხანდელი ზღაპრის კითხვას, რადგან რომელიმე ეპიზოდზე მთელი დღის ნარბენსა და დაღლილ-დაქანცულს უსათუოდ ჩაეძინებოდა ხოლმე. იმღამინდელი ეპიზოდი სამუდამოდ დაამახსოვრდა...

ბებომ დაიწყო:

`...ბიჭმა უთხრა დევის დედას: რასა ხარშავო? იმან უპასუხა: შვილი მყავს ავად და ფაფას ვხარშავო. მე გასწავლი წამალსო, უთხრა ბიჭმა: აადუღე ერთი ქვაბი წურვილი ერბო და ნაისრალში ჩაასხიო. დედამ დაუჯერა. ჩაასხა ნაისრალში ერბო და დევს ფეხები გააფშეკინა.~

`გააფშეკინა~ რა არის?~

`მოკლა~.

`როგორ მოკლა, დედა არ იყო?~ გაუკვირდა ზურიკოს.

`დევის დედა იყო.~ არგუმენტი მოიშველია ბებომ, თუმცაღა ხმა გაებზარა.

`მერე დევის დედას თავისი შვილი არ უყვარდა?~

`ალბათ უყვარდა.~

`რაღაზე ჩაასხა თუ უყვარდა?~

`სულელი იყო და იმიტომ!~ გაბრაზდა ბებო. `დევიც სულელი იყო და ამის დამწერიც. დაიძინე, შვილო, ხვალ უკეთეს ზღაპარს მოგიყვები, სულ პეპლებზე და ყვავილებზე...~

`გოგო კი არ ვარ?!~

`მაშ, დევებზე გირჩევნია?~

`ჰო.~

არ დასცალდა ბებოს ზღაპრის მოყოლა. არ დევებზე, არც პეპლებზე. მოკვდა. ძილში გაიპარა. ახალგაღვიძებულზე ზურამ ვერც გააცნობიერა, რომ გვერდით მიცვალებული ეწვა, მაგრამ როცა გააცნობიერა, კინაღამ `ფეხები გაფშიკა,~ იმ საცოდავი დევივით.

Page 22: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

მას მერე წლები გავიდა, ის კი ვერაფრით გათავისუფლდა ბავშვობაში აკიდებული ფობიისგან. პანაშვიდებზე სიარული წამებად ექცა. გარდაცვლილის წარმოდგენაც კი ისტერიკაში აგდებდა, მაგრამ ახალგაცნობილ ქალთან ხომ არ დაიწყებდა შიშებზე ლაპარაკს?!

თავშალიანი ქალი ისევ აივანზე დახვდათ, იდუმალი გამომეტყველებით ელაპარაკებიდა ეზოში მდგარ წითელპერანგა ულვაშა მამაკაცს, რომელიც ზედმიწევნით ჩამოჰგავდა ფიროსმანის მეთევზეს. უეჭველად მათზე ჭორაობდნენ.

_ ვერ გავაგონეთ. _ ქალს შესწუწუნა ეფემიამ. _ ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება იყოს?

ქალი შეცბუნებული გასწორრდა წელში:

_ არ ვიცი, გენაცვალე, სულ სახლშია და... პროდუქტებზე თუ გავა ხოლმე... აქვე, უბანში. ფეხები სტკივა და შორს ვერ დადის, თრომბოზი აქვს. შენ ხომ არ იცი, სერგო ძია? _ მიუბრუნდა ფიროსმანის `მეთევზეს~.

_ მე საიდან უნდა ვიცოდე? _ სერგომ ხელები გაშალა და ეჭვიანი მზერა სტუმრებზე გადაიტანა.

_ კარის მეზობელი შენ ხარ და...

_ არ ვიცი, ნატო-ჯან, დღეს არც თვალი მომიკრავს, არც კარის გაბრახუნება გამიგია. წუხელ გვიანობამდე ენთო შუქი, იქნებ ჩაეძინა, ჰა? დარეკვა სცადეთ? ტელეფონზე...

_ არ იღებს ყურმილს. _ ჩაილაპარაკა ეფემიამ.

_ ვახ, რა მოუვიდა?! თითქო ყურთასმენას არ უჩივის... რა ვიცი, გენაცვალე, ტელევიზორისთვის ვერ ამიწევია შიშით, დაძინებაში ხელი მეშლებაო. მაიცა, ფანჯარაზე მივუკაკუნო... _ დაფაცურდა `მეთევზე~, სარეცხის გასაწევ ჯოხს დასწვდა და `რუსიკო, რუსიკოს~ ძახილით ფანჯრის მინაზე ბრახუნი ატეხა.

სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.

ეფემიამ ზურას შეხედა. ზურამ მიიღო დისტანციური მესიჯი, უსიტყვოდ გაიხადა ქურთუკი და ტანზე მომდგარი ლურჯი ბლეიზერის ამარა დარჩა. ეფემიამ დააფასა მისი ნავაჯიშები სხეული, ქურთუკი გამოართვა და გამამხნევებლად გაუღიმა.

ზურა მსუბუქად შეხტა ფანჯრის რაფაზე, ხელებით მეზობლის მოაჯირს დაეკიდა, ფეხი ჩარჩოს გაჰკრა და აშრიალებულ ფარდებთან ერთად ოთახში გაუჩინარდა.

ეზოში დარჩენილები სულგანაბულები ელოდნენ შედეგს, რომ

მოულოდნელად ეზოში შემოძურწული ბებერი ძაღლი აყმუვლდა.

_ ხმა ჩაიწყვიტე, შე ოხერო! _ დაუცაცხანა თავშალიანმა ქალმა და შეფარვით დახედა `მეთევზეს~, რომელმაც ნაჩქარევი პირჯვარი გადაიწერა.

ძაღლს არც უფიქრია ხმის ჩაწყვეტა. პირიქით, უფრო მაღალ რეგისტრში აყმუვლდა.

როცა ეფემიამ ფანჯარაში ზურას მიტკლისფერი სახე დაინახა, ყველაფერს მიხვდა.

_ მკვდარია? _ ჰკითხა კრიჭაშეკრულმა.

_ მოკლული. _ იყო პასუხი.

Page 23: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ _ _

რუსუდან ყანჩელის ბიოგრაფიის გასაცნობად დიმიტრიმ გვიან ღამით მოიცალა, შინ რომ დაბრუნდა, მაშინ. ეფემია ამაოდ ელოდა შეფის კომპეტენტურ აზრს ამ საკითხზე, ბოლოს ხელი ჩაიქნია და ისიც სახლში წავიდა. მართლა და მართლა, მას ხომ არ მოუკვდა ის ქალი?

დიმიტრიმაც რა ჰქნას, ცხრად ვერ გაიჭრება... ამ ოხერი პროგრამული პრიორიტეტების ჩამოყალიბებას ნახევარი დღე დასჭირდა. პროდიუსერებმა ლამის მისი თანდასწრებით დაკბინეს ერთმანეთი, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე საკუთარი გადაცემა მიაჩნდა პრიორიტეტულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კონკრეტული გადაცემის რეიტინგი ნულის ტოლია. მიდი და უმტკიცე, რომ კერძო ტელევიზია კომერციული სტრუქტურაა და საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომ რეკლამა მოყვითალო შეფერილობის ტოკ შოუებს მოაქვს და არა ლექციების კითხვას საჭირბოროტო საკითხებზე. ფული თუ არ შემოვიდა, დამფუძვნებელი არხს დახურავს და მერე იხტუნავონ ტანდემში. ერთადერთი გამოსავალი ტენდერების გამოცხადებაა. არც მწვადი დაიწვება, არც შამფური, თუმცა დიდ დროს წაიღებს. წაკითხვა არ უნდა გრაფომანიით შეპყრობილი `გენიოსების~ პროექტებს?

მაშ ასე:

რუსუდან ყანჩელი. 74 წლის. მარტოხელა პენსიონერი. მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით. ღამის 12-დან 2 საათამდე. დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს. საპარადო კარის საკეტი გატეხილი არ იყო. გამოდის, მკვლელი მსხვერპლს იცნობდა, თავისი ხელით გაუღო კარი და შინ მიიპატიჟა. სულაც მკვლელს თან ჰქონდა გასაღები, როგორც წარსულში ოჯახის ახლობელს. რატომ წარსულში? იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით რუსუდანი განდეგილივით ცხოვრობდა. ღამის კი არა, მეზობლების თქმით, დღის სტუმარიც არ დალანდულა მის კარზე. თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა მოწაფეს, რომლებსაც პროფესიით მუსკოსი რუსუდანი ფორტეპიანოს გაკვეთილებს უტარებდა.

დასკვნა: მკვლელმა ტელევიზორით ნახა სიუჟეტი ურეკში აღმოჩენილი საათის შესახებ (ესეც წარსულის გამოძახილი) და სასწრაფოდ მიიღო რუსუდანის, როგორც მოწმის, განეიტრალების გადაწყვეტილება.

კითხვა: რატომ მალავდა მოწმე რუსუდანი ამდენი წელი საიდუმლოს?

გასაღები ისევ და ისევ წარსულშია...

ყანჩელების ოჯახი მეორე მსოფლიო ომამდე:

მამა: ელიზბარ ყანჩელი _ ტექნიკუმის დირექტორი.

დედა: ზეინაბ ყანჩელი _ ოპერის მომღერალი.

შვილები: რუსუდანი, დათუნა _ სკოლის მოწაფეები.

ოჯახის უფროსი ფრონტზე მიდის. ცოლ-შვილი ტირილით აცილებს. მთელი ერთი წლის განმავლობაში ელიზბარი ოჯახს წერილებით ანებივრებს, მოგვიანებით წერილების მიღება გაურკვეველი მიზეზით წყდება. ზეინაბი უკვე მზად არის ყველაზე უარესისთვის, მაგრამ ცნობა ქმრის გმირულად სიკვდილის შესახებ არ მოდის. სამაგიეროდ ვრცელდება ჭორი _ ელიზბარი ტყვედ ჩაბარდა გერმანელებს. ზეინაბმა ერთი წუთითაც არ უშვებს მსგავს მოსაზრებას, ვიდრე დასაკითხად არ გამოძახებენ. უშიშროების კომიტეტში. საწყალი მომღერალი ორი დღე აწვალეს, მაგრამ რაც არ იცოდა, რა ეთქვა?! განაჩენმაც

Page 24: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

არ დააყოვნა: გადასახლება შუა აზიაში. 12 წლის რუსუდანი და 10 წლის დათუნა ობლად რჩებიან.

სტალინის სიკვდილის შემდეგ ამნისტირებული ზეინაბი სამშობლოში ბრუნდება _ დაბერებული, გატეხილი, სრულიად ქვეყნიერებაზე გამწყრალი... სადაც ხვდება უკვე სტუდენტი შვილები. დედას და შვილებს ხელმეორედ უწევთ ერთმანეთის გაცნობა, მაგრამ ვერც ერთი მხარე ვერ სძლევს გაუცხოებას. ზეინაბი მთელ დღეებს ოთახში გამოკეტილი ატარებს და თავაუღებლად წერს რაღაცას... შვილების აზრით, მემუარებს.

რუსუდანი, რომელსაც ერთი სული ჰქონდა საოჯახო საქმეები დედისთვის გადაებარებინა და ტოლ-ამხანაგებში გაენავარდა, იმედგაცრუებული დგას გაზქურასთან და საჭმელებს ათუხთუხებს. ის არ დაუშვებს მისი სულის ბერვით გაზრდილი ძმა ცხელი კერძის გარეშე დარჩეს, თორემ ზეინაბს საერთოდ არ ანაღვლებს გასტრონომიული პრობლემები, პურზე და წყალზეც იოლად გადის. მიჩვეულია. მთავარია, ფურცლები და სიგარეტი არ მოაკლდეს. ერთხელაც არ უკითხავს: საიდან ფული? თუმცაღა ალბათ ესმის მის ქალიშვილთან სამეცადინოდ მოსული მოწაფეების დაკვრა.

მყიფე მყუდროება ყანჩელების სახლში ერთადერთხელ ირღვევა. `ქურდებო, ყაჩაღებო, სადისტებო!~ _ ასეთი სიტყვებით ამკობს ნაპატიმრალი ზეინაბი ობლობაში გაზრდილ შვილებს. იმავე დღეს ირკვევა, რომ მას ინსულტმა დაარტყა. ორ დღეში მიიცვალა, წაიღო რა იმქვეყნად თავისი უეცარი გაცხარებისა და ნაადრევი სიკვდილის დიდი საიდუმლო.

უღიმღამოდ ჩაივლის პანაშვიდები, მხოლოდ `დაისის~ უვერტიურა დასტირის კუბოში გაჭიმულ მიცვალებულს. მეზობლები ლამის გასკდნენ ცნობისმოყვარეობისგან, მაგრამ რუსუდანი ისეთი შეუვალი გამომეტყველებით იღებს სამძიმარს, შეკითხვების დასმას ვერავინ უბედავს. არადა, იმღამინდელი ინციდენტის შესახებ ყველამ იცის. პატარა, იტალიურ ეზოში არაფერი იმალება. ყურებს ვერ დაიხშობდნენ, თუმცა დასკვნა ვერ გამოაქვთ. რა უნდა მოეპარათ თითივით გალოკილი ზეინაბისთვის ისეთი, რომ ამ უთქმელ ქალს ქოში ეყარა და შვილებისთვის ქურდობა დაებრალებინა! არც დათუნაა კარგ დღეში, მაღალი ძაბვის ანძასავით აყუდებულა და დის არ იყოს, მასაც სახეზე აწერია: `არ მომიახლოვდეთ, საშიშია.~

ზეინაბს მიწას მიაბარებენ. ცხოვრება ისევ დგება უწინდელ კალაპოტში. რუსუდანი კონსერვატორიას ამთავრებს და მუსიკალურ შვიდწლედში მასწავლებლად იწყებს მუშაობას. დის არყოფნაში დათუნას სახლში გამომწვევად ჩაცმული ქალები ამოჰყავს. ისე მიიპარება ხოლმე ხის ჭრაჭუნა კიბეებზე, თითქოს რაღაც წარმოუდგენელ ცოდვას ჩადის.

ერთ დღესაც დათუნა თვალსაწიერიდან ქრება. დგას 1964 წლის ივნისი. შოკირებული რუსუდანი მილიციას აყენებს საქმის კურსში, მაგრამ დათუნა თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ჩნდებიან ჭორის ამგორებელიც. ვიღაცამ თქვა: უნივერსიტეტის ბაღში ვნახე ვიღაც მამაკაცის გარემოცვაშიო, ვიღაცამ _ ვაგზლის მოედანზეო, ისიც კი ითქვა, თითქოს მამამისი გამოჩნდა და შვეიცარიაში გამოიძახა, სადაც ომის შემდეგ დასახლებულაო.

რუსუდანი ძმას დარდობს, თმაში ნაადრევი ჭაღარს უჩნდება და ტყუპისცალივით ემსგავსება გადასახლებიდან დაბრუნებულ დედამისს. არც ცდილობს თავის მოწესრიგებას, ინერციით განაგრძობს ცხოვრებას, სამსახურში დალასლასებს, ღამღამობით ტირის...

ამასობაში გადის 3-4 წელი. რუსუდანი კარგავს ოფიციალურ სამსახურს და გადაყიდად გააქვს ყანჩელების სამი თაობის მიერ რუდუნებით შეგროვილი ბიბლიოთეკა. თითოეულ წიგნს შვილივით მისტირის. ენანება. მაგრამ ცოცხალ ადამიანს ჭამა უნდა, გადასახადებსს _ დაფარვა, კანალიზაციის ჩაჟანგულ მილს _ გამოცვლა... ხარჯი ბევრია,

Page 25: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ის კი ერთი იყო. მარტო. ეტყობა სული ტკბილია. სულ რომ ცოცხლად ლპებოდე, მაინც გიხარია მზის ამოსვლა, კიდევ ერთი, თუნდაც უღიმღამო დღის გადაგორება.

რუსუდან ყანჩელს სიკვდილშიც არ გაუმართლა. დედის წყევლამ თუ უწია...

_ _ _

ეფემიას სახლში უჩვეულო სიჩუმე სუფევდა. არც ძაღლი, არც კატა, არც ბავშვი. ყველანი წყნეთში! მამა დაპირდა, გიორგის ჭადრაკის თამაშს ვასწავლიო. მერედა, როგორი ჭადრაკი აქვს მურზაყანს! ფიგურები _ სპილოს ძვალი; დაფა _ მარმარილო ქვაში; მაგიდა _ მე-18 საუკუნის მასიური ხე. მწერალთა კავშირმა უსახსოვრა 50 წლის იუბილეზე...

ხანდახან კარგია მარტო ყოფნა. განსაკუთრებით შაბათს, როცა არც სამსახურში გეჩქარება, არც ძაღლი აგეტუზება დილაუთენია _ `არიქა, მოსაშარდად წავიდითო,~ არც საუზმე გაქვს გასაკეთებელი მეწუნია შვილისთვის...

ეფემიამ გემრიელად გაიზმორა, კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს შეხედა და პოზიტიური ენერგიით აივსო. ეს ჰიპერ რალისტური დეტალიზაციით შესრულებული პეიზაჟი უკვე მრავალი წელი ეკიდა მის საძინებელში და გარდა სილამაზისა, შესანიშნავად ითავსებდა რელაქსაციის ფუნქციას. აკვარელში შესრულებელი ნახატი ავტორმა პირადად აჩუქა მამამისს და მიძღვნაც გაუკეთა: `დიდებულ მწერალს მურზაყან მესხს მარად მოსაგონებლად~. ამ სახლში ყველა ღირებული ნივთი მურზაყანის პიროვნებით სუნთქავდა. ლომს ჰგავდა, რომელიც შარდის ულუფებით მონიშნავს ხოლმე მისთვის განკუთვნილ ტერიტორიას. მამას ძალიან უნდოდა, რომ ამ ტერიტორიაზე სწორედ ეფემიას ოჯახს ეცხოვრა და არა მაგალითად, გვარის გამგრძელებელ ვასიკოს. თუმცა არც ვასიკო დაუტოვებია მემკვიდრეობის გარეშე. იმხელა ბინა აუშენა ვერაზე, რომ იტყვიან, ცხენი გაჭენდება. ახლა იმ ბინაში ვასიკოს ცოლეული დაჭენაობს და სანათესაო ჭორებს თუ დაეჯერება, კიდეც უკმაყოფილოა. თურმე გული უსკდებათ, მურზაყანმა წყნეთის აგარაკი ეფემიას ვაჟს არ დაუტოვოს, როცა ბუნებაში არიან ვასიკოს შვილები, რომლებიც გიორგისგან განსხვავებით, სახელოვანი ბაბუის გვარს ატარებენ. ღირსები კი არიან მურზაყანმა ერთი ბიჭი გააგოროს ამ სიბერეში! მაგრამ ციალა რისი გამჩენია, ქალს გაგანია კლიმაქსი ექნება დაწყებული.

დარეკა ტელეფონმა.

_ მე ვარ! _ დიდი ამბით ახარა ყოფილმა ქმარმა.

_ გიცანი. _ მშვიდად უპასუხა ეფემიამ.

_ მერე, რა მოწყენილი ხარ... არ გაგიხარდა ჩემი ხმის გაგონება?

_ ფეხზე ვერ ვდგავარ სიხარულით.

_ შენც დაჯექი.

_ ვწევარ, ბესო. ახლა გავიღვიძე.

_ კარგია, რომ წევხარ... ისეთი რაღაც უნდა გითხრა, მეშინია არ წაიქცე.

_ სულმოუთქმელად ველი.

_ ცოლი მოვიყვანე.

Page 26: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ ?!

_ ეფო?

_ ჰო.

_ ენა ჩაგივარდა?

_ ჰო.

_ სიხარულისგან თუ... თუ გეწყინა გულის კუნჭულში?

ეფემიამ ბესოს ვირეშმაკულად მოჭუტული თვალები და დადარაჯებული პოზა წარმოიდგინა. ყრუ სევდა კისელივით ჩაეღვარა ორგანიზმში. დასამუხტად ისევ ნახატს შეხედა. აკვარელი აღარ ასხივებდა უწინდელ პოზიტივს, თითქოს ჩრდილი დაეცა და ფერები ჩააქრო.

_ არა, რატომ, მომილოცავს. _ თქვა ხმამაღლა და თვითონაც არ მოეწონა საკუთარი ხმა. რა სჭირს? ნუთუ ისევ უყვარს ქმარყოფილი? თუ შურის ამბავია? იმან ცოლი მოიყვანა, ამას კი საყვარელიც ვერ გაუჩენია. ღირსეული საყვარელი, თორემ წვრილფეხობა რამდენიც გინდა, ვედრო ორ შაურად. თუ ლარად...

_ მადლობა, მადლობა... _ გაყოყოჩდა ბესო. _ შენ ის მითხარი, გიორგის ვინ ეტყვის, მე თუ შენ?

_ მე რატომ უნდა ვუთხრა, მიდი და უთხარი!

_ გეწყინა. _ კმაყოფილებით აღნიშნა ბესომ. _ კარგი, ძვირფასო, მე ვეტყვი, რა პრობლემაა?! დაუძახე.

_ წყნეთშია, მამაჩემთან. მობილურზე დაურეკე.

_ აუ, მურზაყანთან მიტყდება, ხომ იცი, პატივს ვცემ...

_ შენ ყოფილ სიმამრთან გაქვს საქმე თუ საკუთარ შვილთან?

_ ეფო, ისე მელაპარაკები, თითქოს შენ არ დამიქნიე, რა! ვერ გავიგე, ცოლი არ უნდა მომეყვანა?

`უნდა მოგეყვანა~, გულში გაეპასუხა ეფემია, `მე რომ გავთხოვდებოდი, მერე~.

_ ვინ არის? _ დაინტერესდა.

_ სერბი.

_ სერგი? _ ეფომ იგრძნო, როგორ ენძრევა თმის ღერები.

_ სერბი, სერ-ბი! _ დამარცვლა ბესომ. _ სერბია არ გაგიგია? სახელმწიფოა ასეთი.

_ სერბეთი.

_ ჰო, სერბეთი. ჩვენ ბოდიში! კარტული დაგვავიცკდა. _ ბესო გახალისდა, ეტყობა მოეწონა საკუთარი ხუმრობა.

_ უკრაინაში სერბი სად იშოვე, ბიჭო?

_ მოგიყვე, სად და როგორ?

_ არა.

_ ნუ გეშინია, ეფულიკო, კულტურული ქალია, ჭკვიანი, პროფესიით ექიმი...

Page 27: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ ჰმ, რისი უნდა მეშინოდეს?

_ ხომ უნდა იცოდე, ვისთან უშვებ შვილს?

_ შვილს?

_ ამ ზაფხულს ბელგრადში ვაპირებთ წავიყვანოთ. ხომ გამატან?

_ არ ვიცი, არ მიფიქრია... _ ეფო მოლბა. თუკი ბესოს ცოლი არ დააზარალებს მამა-შვილის ურთიერთობას, მაშინ არ ღირს დაბოღმვა. _ მოიცა, მშვიდობაა იმ თქვენ ბელგრადში? _ ეფემიას გონებაში იუგოსლავიის დაშლასთან დაკავშირებული არეულობები ამოუტივტივდა.

_ მშვიდობაა, კი.

_ არ ვიცი, ბესო, ზაფხულამდე დიდი დროა. ჯერ ვნახოთ, გიორგი როგორ მიიღებს სიახლეს.

_ როგორც შენ მიაწოდებ, ისე მიიღებს.

_ ე. ი. მაინც მე გინდა გამხადო ცუდი ამბის მახარებელი, არა?

_ რატომ `ცუდი?~ _ გაცხარდა ბესო. _ ცოლი მოვიყვანე, კაცი ხომ არ მომიკლავს?! შენ რომ გათხოვდე, ძალიანაც გამიხარდება, ცხადია, თუ ნორმალურ ადამიანს გაჰყევი...

_ ჰოდა, ავდგები და გავთხოვდები!

_ მაინცდამაინც ჩემს ჯიბრზე ნუ იზამ მაგ საქმეს!

_ ეგღა მაკლია!

_ ეფო, საჩხუბრად არ დამირეკავს...

_ არ გეჩხუბები. _ ეფემიამ ხმას დაუწია, თუმცა შინაგანად ჯერ ისევ თუხთუხებდა, ცეცხლეზე შემოდგმული სამოვარივით.

პაუზა ჩამოვარდა.

_ ვინმე გყავს? _ სიჩუმე ბესომ დაარღვია.

_ არ ვიცი. _ ორაზროვნად მიუგო ეფემიამ და აწკრიალებულ მობილურს დახედა.

`ზურა~ _ ეწერა ეკრანზე.

_ ბესო, მირეკავენ, გავიქეცი!

_ ანუ, ვერ შევთანხმდით?

მობილური რეკდა, არ ჩერდებოდა.

_ კარგი, მე დაველაპარაკები გიორგის. წყნეთიდან რომ ჩამოვიყვან, მერე.

_ შენ გაიხარე!

_ ბესო, წავედი...

_ ვინ გირეკავს?

_ შენი საქმე არ არის.

_ ე. ი. ვიღაც გყავს.

Page 28: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ დავუშვათ.

_ ეფო, მე უნდა ვიცოდე, ვისთან აპირებს ჩემი შვილის დედა...

_ კარგააად... _ ეფემიამ ყურმილი დაკიდა და მობილურს ეცა.

_ ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ? _ გაისმა ზურას ხავერდოვანი ბარიტონი.

_ არა, არა, სააბაზანოში ვიყავი და... _ ეფემიამ ტუჩი მოიკვნიტა. რა საჭიროა იმის დაკონკრეტება, სად იყო და რას აკეთებდა. სააბაზანოში შესულ ქალს კაცის გარყვნილი ფსიქიკა მაშინვე დედიშობილას წარმოიდგენს. ანდა უარესი, უნიტაზზე ამხედრებულს. გააჩნია, გარყვნილების ხარისხს.

_ დიმიტრისთან უნდა გავიდე, ტელევიზიაში... ვიფიქრე, შენც თუ აპირებ, გამოგივლი. _ თქვა ზურამ. თავშიც არ მოსვლია გაუკუღმართებული ფიქრები. იმედია.

_ ვაპირებ, მაგრამ მოგვიანებით. ჯერ რუსუდანის სახლში მივდივარ, გადაღებაზე.

_ რა უნდა გადაიღო? _ გაუკვირდა ზურას. _ რამდენადაც ვიცი, ბინა დალუქულია, გვამი _ პროზექტურაში...

_ კრიმინალისტებს შევუთანხმდი, გადაცემისთვის მჭირდება.

_ აბა... აბა, როდის გნახო?

_ საქმე გაქვს?

_ ჰო.

_ ტელეფონით არ შეიძლება?

_ ახლა ტელეფონით ამახსნევინე სიყვარული! _ ჩაიცინა ზურამ.

_ სიყვარული უნდა ამიხსნა?

_ გააჩნია სიტუაციას. თუ შენგანაც წამოვიდა სათანადო იმპულსები, წინასწარ დავამხეცებ ტექსტს.

_ კეთილი, როცა განვთავისუფლდები, დაგირეკავ, შენ კი ტექსტზე იფიქრე. ოღონდ შაბლონები არ გამაგონო, რამე ორიგინალური მოიფიქრე.

_ ცეცხლოვანი გული რომ დაგინთო ეზოში?

ეფემიამ ხმამაღლა გადაიხარხარა. აკვარელის პეიზაჟმა ბანი მისცა. წეღანდელი ღრუბელი სადღაც აორთქლდა, ფერად-ფერადი ბლიკები უჩინარი სინათლით გაივსნენ და აციმციმდნენ, ჰორიზონტზე განრთხმული მზე თითქოს შეირხა და თვალი ჩაუკრა.

_ _ _

კრიმინალისტები სამნი იყვნენ, მაგრამ ეფემიას ერთი მათგანი დაამახსოვრდა _ კომოდივით განიერი ტიპი სახელად ჯილბორტი, რომელიც იმთავითვე მტრულად შეხვდა ტელეკომპანიის ლოგოიანი ახალთახალი `ნისანიდან~ გადმომძვრალ პროდიუსერსა და ოპერატორს. მაშინ, როცა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები საკმაოდ შელახული `ოპელით~ მორახრახდნენ.

Page 29: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ყანჩელების ბინაში შესულმა კრიმინალისტებმა თავიანთი ინსტრუმენტები ამოალაგეს, ოპერატორმა კამერა მოიმარჯვა.

რუსუდანის საცხოვრებელი ფართი ორ დიდ ოთახსა და გრძელ, შუშაბანდიან გალერეას ითვლიდა. გალერეის ბოლოში ეფემიას ორი ტუალეტი და ერთი ამოქოლილი კარი დახვდა.

ეფემიამ მიიხედ-მოიხედა და გამომძიებელი დაინახა. ამ დაჭმუჭნულპიჯაკიანმა მამაკაცმა წუხელ ზედმიწევნით დაკითხა და `სატელევიზიო ავანტიუტის~ მთავარი შემოქმედი უწოდა. ვითომ ხუმრობით.

_ ბატონი ნოდარ, რატომ არის ეს კარი ამოქოლილი?

_ იმიტომ, რომ ახლა იქ ახლა სხვა ოჯახი ცხოვრობს.

_ როდიდან?

_ რევოლუციამდე სახლის მარჯვენა ფრთა მთლიანად ყანჩელებს ეკუთვნოდათ, ბოლშევიკების მოსვლის მერე გააკულაკეს და ეს ორი ოთახი მიაკუთვნეს.

_ ორი ოთახი და ორი ტუალეტი?

_ რა გიკვირთ, ზოგს სამიც აქვს. _ მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა და პიჯაკის ბორტიდან არარსებული მტვერი ჩამოიფერთხა.

`ტანსაცმლის გაცვეთამდე ტარებაც ერთგვარი გადახრაა~, გაიფიქრა ეფემიამ და ეჭვით შეათვალიერა რუსუდანის სახლის ღარიბული ინტერიერი, რომელსაც აქა-იქ შერჩენოდა წარსული დიდების კვალი: პიანინო ანტიკვარული შანდალებით, ურთხმელის ჩარჩოებში ჩასმული ძველებური გობელენები, გაყიდვას გადარჩენილი ტომეულები...

_ ნოდარ, მოდი აქ, მგონი მკვლელობის იარაღი ვიპოვეთ. _ გაისმა მომიჯნავე ოთახიდან.

ეფემიამ ოპერატორს ნიშანი მისცა და ორივე ფეხდაფეხ გაჰყვა დაწინაურებულ გამომძიებელს.

განიერ ჯოლბორტს ხელში მოკლეტარიანი ჩაქუჩი ეჭირა და ლუპით დასცქეროდა რკინის ზედაპირს. კამერის დანახვაზე ისე გაწიწმატდა, საწყალ ოპერატორს ლამის ნივთმტკიცება მოუქნია:

_ ნუ მიღებთ, ნუ მიღებთ! _ აყვირდა ჭირვეული პატარძალივით.

_ თქვენ არ გიღებთ, ჩაქუჩს გადავიღებთ. _ ჩაერია ეფემია.

_ დატოვეთ ტერიტორია, ნუ გვიშლით ხელს მუშაობაში.

_ რამ გაგამწარა, შე კაცო, _ დაუყვავა გამომძიებელმა. _ გადაიღონ, რა გენაღვლება?!

_ არ მევასებიან... ყველგან ცხვირს ყოფენ.

_ სხვათა შორის, რომ არა ეფემია მესხის ძალისხმევა, იმ ქალის გვამი დღესაც აქ იქნებოდა.

_ რომ არა ეფემია მესხის ძალისხმევა, ის ქალი დღესაც ცოცხალი იქნებოდა. _ არ დაიხია ჯილბორტმა.

_ ამაზე თუ წავიდა, რომ არა რუსუდანის ძალისმევა, მისი ძმა დღესაც ცოცხალი იქნებოდა. _ მოაკეტინა ეფემიამ.

Page 30: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ყველანი მას მიაჩერდნენ.

_ რას მიყურებთ? არ ვაპირებ ჩემი ვერსია მოგახვიოთ თავზე... იმუშავეთ, ბატონებო, ტელევიზია მაინც იტყვის თავის სიტყვას. წავიდეთ, თემო, _ ოპერატორს მიმართა ეფემიამ და ამაყად თავაწეულმა დატოვა ოთახი.

_ რა ბზიკმა გიკბინა? _ მოესმა ზურგსუკან გამომძიებლის ხმა. ჯილბორტს ტუქსავდა.

_ ვიცი მე მაგათი ამბავი, ოღონდ ექსკლუზივი დაითრიონ და დღესვე ჩაჩხირავენ ამ ჩაქუჩს საინფორმაციო გამოშვებაში. ვაიდა, სხვა რამით მოკლეს? მერე ამტკიცე, აქლემი არ ვარო!

ეფემიადშედგა. მიაყურადა.

_ ვითომ ჩაქუჩია? _ ჩაილაპარაკა გამომძიებელმა. _ ნამეტანი პატარაა თავის გასაჩეჩქვად...

_ გააჩნია თავს. ადამიანი აფრიკულ ხარი არ არის, ათსანტიმეტრიანი რქები იცავდეს, ერთს ტერცავ და უკვე ტრუპია.

_ გავუშვათ ექსპერტიზაზე. კიდევ რა გაქვთ?

_ აი, ვმუშაობთ...

ეფემია გალერეას გაუყვა. ტუალეტში შეიხედა. აქ თითქოს გაიყინა დრო. სპეციფიკური სუნიც კი არ იდგა. საღებავდამსკდარი კედლები, დაბინდული სარკე, ჩაყვითლებული აბაზანა, საბჭოთა წარმოების სარეხცი მანქანა `ока5~... უცებ ნაცბობი წიგნი დაინახა. ის გადაშლილი ეგდო უნიტაზის გვერდით, მონჯღრეულ ტაბურეტზე. ეს იყო მურზაყან მესხის გახმაურებული რომანი `თოვლი აგვისტოში~. ალაგ-ალაგ ამოგლეჯილი გვერდები ცხადყოფდა, რომ მოკლული წიგნის ფურცლებს ტუალეტის ქაღალდად იყენებდა. ღმერთო, რა უკულტურობაა? როგორც სულიერი, ისე ჰიგიენური თვალსაზრისით. არ შეშვენის პედაგოგ ქალს წიგნებთან ასე მოქცევა, ნუთუ ტუალეტის ქაღალდის საყიდელი ფული არ ჰქონდა საცოდავს?

_ ეფო, სურათების ალბომი ვიპოვე, არ გამოგვადგება? _ მოესმა ოპერატორის ხმა.

_ გამოგვადგება რომელია?! ორი აზრი არ არის!

როცა ხელში კამერა გიჭირავს, უნდა გადაიღო ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენება (და არ მოგეჩვენება). მონტაჟის დროს მასალა დახარისხდება და ეთერში გავა ის, რასაც რეჟისორი საჭიროდ მიიჩნევს.

ეფემიას გულმა ვერ მოუთმინა. ნახევრადგამოფატრული წიგნი ხელჩანთაში შეჩურთა და საპირფარეშოდან ისევ გალერეაში გადაინაცვლა, სადაც ოპერატორი ძველ, დერმატინგადაკრულ ალბომს უკირკიტებდა.

აი, თურმე როგორი ყოფილა დათუნა ყანჩელი... გამხდარი, ქალივით ნაზი, ბუთქუნა ტუჩებითა და დიდი სევდიანი თვალებით. და-ძმა ერთმანეთს ჰგავდა. განსაკუთრებით, ბავშვობაში. ასაკში შესულ რუსუდანის მხოლოდ ერთი ფოტო აღმოჩნდა, ისიც პასპორტის, სადაც ერთ დროს მომხიბვლელი ქალიშვილი საკუთარ აჩრდილს ჰგავდა. სასცენო, ბუმბულებიან კოსტიუმში გამოწყობილი მხრებმოშიშვლებული ქალი ალბათ ზეინაბია. ცხადია, გადასახლებამდე. ჯუზეპე ვერდი. აიდასა და ამნერისის დუეტი ოპერიდან `აიდა~. თეატრალურ გრიმში ნაკვთების გარჩევა ჭირს, მაგრამ უდავოდ გრაციოზულია.

_ ესეც გადაიღე... ესეც, ესეც... _ ოპერატორს აჩქარებდა ეფემია.

Page 31: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ის უკვე ხედავდა, როგორ გადაცემას გააკეთებს ამ მასალის საფუძველზე. მთავარი აქცენტი მხოლოდ რაულის ამოთხრილ საათზე არ იქნება გაკეთებული, ამ ოჯახს თავისი ბიოგრაფია აქვს. ტრაგიკული ბიოგრაფია, მაგრამ მაყურებელს არ აინტერესებს ტრივიალური ოჯახის მარტივი ყოველდღიურობანი. მას უნდა ექშენი და მიიღებს კიდეც.

ხელნაწერებიც თუ დაეთვება, ეკრანზე 40-იან წლებს გააცოცხლებს. გამორიცხულია, გადასახლებაში მყოფ ზეინაბს შვილებისთვის წერილები არ მოეწერა. ცენზურამოგავლილები, მაგრამ მაინც. ეს ქალი არ ყოფილა პოლიტპატიმარი, ის სრულიად უაზრო ბრალდებით გადაასახლეს, იმდენი ჭკუა კი იქნებოდა, წერილებში სტალინი არ ეგინებინა.

ეფემიამ უჯრები დაჩხრიკა, მაგრამ წერილის მსგავსს ვერაფერს მიაგნო. უცნაურია, ძალზე უცნაური. ნუთუ შვილებმა სამახსოვროდ ერთი ფარატინა ქაღალდიც არ დაიტოვეს? წერილები იქით იყოს, ხელნაწერები სადღა გაქრა? ყველამ იცოდა, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული ზეინაბი თავაუღებლად წერდა. იქნებ მან რაღაც იცოდა დაკარგული ქმრის შესახებ? რაღაც ისეთი, რაც შვილებს არ უნდა სცოდნოდათ. იქნებ ტყვედ ჩავარდნილი ელიზბარი არ მომკვდარა, საზღვრის გადალახვა მოახერხა და შეცვლილი გვარითა და სახელით საქართველოში დაბრუნდა. მაგალითად, ურეკში, სადაც ჩააკითხა დათუნამ და... და რა? მოკლა, მიწაში ჩამარხა და თავისი საათიც ზედ მიაყოლა?... მაშინ თვითონ სად გაქრა? ცოცხალი რომ ყოფილიყო, დას ხმას მიაწვდიდა, ვინ ჰყავდა მასზე ახლობელი?...

ვერსიებით გაბრუებული ეფემია ისევ გალერეაში დაბრუნდა.

_ ესეც გადავიღო? _ ოპერატორმა სიძველისგან ატკეჩილ, ჩაისფერ ფოტოსურათზე ანიშნა, რომელზეც ყანჩელების წინაპრები იყვნენ წარმოდგენილნი. დედა, მამა, ექვსი ღილ-კილო შეკრული ბავშვი... რუსუდანი კი უშვილძიროდ გადაეგო... საინტერესოა, ვის დარჩება ეს სახლი, ეს ალბომი, ფორტეპიანო...

ეფემია გამომძიებელთან მიიჭრა:

_ ბატონო ნოდარ, რუსუდანმა ანდერძი დატოვა?

_ ჯერჯერობით არავინ გამოგვხმაურებია.

_ ბინაზე არავის გამოუთქვამს პრეტენზია?

_ პრეტენზია არ გამოუთქვამს, მაგრამ დასაფლავების ხარჯებს ნათესავი კისრულობს, ბიძაშვილის შვილი თუ არ ვცდები. _ გამომძიებელმა გვერდულად შეხედა ჟურნალისტს და თანამზრახველივით გაუღიმა. _ ვმუშაობთ ამ კუთხით, ვმუშაობთ... ჯერჯერობით ალიბი აქვს. ვნახოთ, რა იქნება...

_ კიდევ რა მაინტერესებს... შემთხვევით, ხელნაწერებისთვის ხომ არ მოგგიკრავთ თვალი?

_ რაში გაინტერესებს?

_ როგორ თუ რაში? რუსუდანის მკვლელობის მოტივები მგონი წარსულში უნდა ვეძებოთ, ეს შეიძლება იყოს წერილი ან რამე ასეთი... მაშინ სად იყო მობილურები, ტელეფონებიც არ ჰქონდა ყველას.

_ მოდით, მკვლელობის ვერსიებზე ჩვენ ვიფიქრებთ, ჟურნალისტებმა თქვენი საქმე აკეთეთ. _ თავი დაიფასა გამომძიებელმა, მაგრამ როგორც კი გამჭრიახმა ჟურნალისტმა ბინა დატოვა, უჯრებს დაუარა.

Page 32: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ეფემია დაუკმაყოფილებელი განცდით გამოვიდა მოკლულის სახლიდან. ერთხანს საპარადო კართან იტკეპნებოდა, მაგრამ მერე გადაწყვეტილება მიიღო: ოპერატორს მანქანაში დაცდა თხოვა, თვითონ კი ეზოში შეუხვია.

ფიროსმანის `მეთევზემ~ სახელად სერგომ უპრობლემოდ შეიპატიჟა ნაცნობი ჟურნალისტი ნავთით აყროლებულ ბინაში და კრიახით დაფაცურდა. აშლილ ლოგინზე ნაცრისფრად მოელვარე საწოლს ჭრელი ქსოვილი გადააფარა, სკამიდან ნაირფერი ჭინჭები გადმოფერთხა... პირდაპირ იატაკზე.

_ დაჯექი, შვილო, დაჯე... ვახ, რას გვიშვებიან ამ დენზე, კაცოო?... დღე ერთია და ათჯერ თიშავენ ოხრები!

_ წეღან თითქოს იყო.

_ წეღან იყო, ახლა არ არის! ლამის ყინულის ასკოლკად გადავიქცე... აი, სულ კრაოტიი ვწევარ, ამეებში ცხელ წყალს ვასხამ და ვთბები. _ სერგომ საწოლის ქვეშ ჩამწრივებული წყლით სავსე ბოთლები დაანახა.

ეფემიას თვალები აეწვა. 21-ე საუკუნეში ადამიანები თუ ნავთქურაზე ათუხთუხებდნენ საჭმელს და ბოთლებით თბებოდნენ, ვერ წარმოედგინა. თუმცა რა... სამი წელია, რაც ახალ ათასწლეულში შევაბიჯეთ. მომავალში წინაა. იმედია, შუქიან-გაზიანი.

_ შეიძლება ოდნავ გამოაღოთ ფანჯარა? _ ნებართვა აიღო.

სერგო მზადყოფნით ეცა აცრემლებულ ფანჯარას. ოთახში შემოჭრილმა ჰაერის მასებმა ნავთით დარეტიანებულ ეფემია ცოტა მოასულიერა.

_ სულ რამდენიმე შეკითხა, ბევრს არ შეგაწუხებთ...

_ ვაიმე, შემაწუხე, გოგო-ჯან, თორემ გასივდა გული... საწყალი, საწყალი რუსიკო...

_ ბატონო სერგო...

_ იიი... რაის ბატონი მე ვარ... ბატონები განა ასე ცხოვრობენ? ძია სერგო დამიძახე, შვილო, ამ უბანში ყველა მიცნობს. სერგო ოქრომჭედლი არ გაგიგია?

_ არა.

_ სერგო ზალატიე რუკი?

_ არა. ძია სერგო, მე ის კარის ისტორია მაინტერესებს, რომელიც თქვენი და რუსუდანის ბინას აკავშირებდა. დღეს ეს კარი ამოქოლილია...

_ მეც ეგ არ ვუთხარი ცხონებულს?! გოგო, ვუთხარი, გამომყევი ცოლად და ბარემ ორ ბინას შევაერთებთ მეთქი. გავფართოვდებით, შვილები გვეყოლება... მაგრამ არ იკადრა: სომეხს ვერ გავყვებიო. პადუმაეშ!

_ როდის იყო ეს? _ ეფემია დაიბნა.

_ ვიდრე დედამისი ჩამოვიდოდა გადასახლებიდან. მერე, ტუალეტის გულისთვის დიდი სკანდალი აიწია და ერთმანეთს დავემდურეთ. ზიარი ტუალეტი გვქონდა და ეგ არ მოსწონდათ. არ გვკადრულობდნენ. რუსიკომ, ეს სახლი ჩემ დიდ პაპას ეკუთვნოდაო, თქვენო შემოგვეჭერითო... კაცო, როგორ შემოვეჭერით, როცა მამაჩემს მთავრობამ კანონიერად გამოუყო ფართი? სხვა გზა რო არ იყო, ადგნენ და თავისთვის გაიკეთეს ცალკე ტუალეტი. პატარა კაბინეტი გადააკეთეს და... მე და ჩემი ჯალაბი ძველში დავდიოდით ხოლმე გალერეის გავლით. მაინც ნერვები ეშლებოდათ, არ სიამოვნებდათ გალერეაში რომ დაგვინახავდნენ. მაშ სახლში ხომ არ მოვისაქმებდით, კაცო?

Page 33: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ეფემია ამოიოხრა. საწყალი ყანჩელები... ამას ჰქვია, წყალწაღებულს ქვა აღმართში დაეწევაო. კიდევ კარგი მის ოჯახს არ შეხებია მსგავსი პერიპეტიები.

_ მერე გვიჩივლეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ჩაწერილი ვარ ამ ბინაში და ფეხებს ვერ მომჭამდნენ! ცოლი რომ მოვიყვანე, ეზოში გავმართე უბორნია, გალერეაში გამავალი კარიც ამოვაქოლინე და რუსიკოც შევირიგე. მეზობლები ვართ მაინც, სირცხვილია.

_ როგორ გგონიათ, რატომ არ გათხოვდა რუსუდანი?

_ მე რომ გამომყოლოდა, დღესაც ცოცხალი იქნებოდა!

_ თქვენი ცოლი ცოცხალია?

_ 3 წლის წინ მოკვდა. _ სერგომ კინკრიხო მოიფხანა და რეტუშირებულ შავ-თეთრ ფოტოს შეხედა, სადაც საწყლად იღიმებოდა ქილვაშიანი დედაკაცი.

_ დავიჯერო, საყვარელიც არ ჰყოლია?

_ არა, ცოდვას ვერ ვიტყვი. ეგეთი არაფერი შემინიშნავს.

_ არც ახალგაზრდობაში? _ ჩააცივდა ეფემია. _ მშვენიერი გოგო იყო, სურათები ვნახე...

_ ერთი კაცი დადიოდა ხოლმე! _ გაახსენდა სერგოს. _ ერთხელ ღამეც კი დარჩა. ჩემი თვალით დავინახე, დილით რო გამოვიდა. ჰო, ეგრე იყო.

_ როდის?

_ როდის, როდის... ვახ, მაგდენი არ მახსოვს, მგონი კარინაც არ მყავდა... თუ მყავდა? _ სერგომ ისევ ფოტოს შეხედა.

_ გარეგნობით როგორი კაცი იყო?

_ მაღალ-მაღალი, ზდაროვი. პრი გალსტუკე. ინტილიგენტი, რაღა!

_ დათუნას გაქრობამდე თუ მერე?

_ მერე იქნებოდა... ძმის ხელში კაცს ვერ ამოიყვანდა, შანსი არ არის. დათუნას კი დაჰყავდა ხოლმე კაი შხვართი ქალები, კაცების ამბავი ხო იცი...

_ როგორი და-ძმობა ჰქონდათ?

_ გადასარევი.

_ ძია სერგო, დათუნას ოქროს საათი ჰქონდა, რუსუდანს მიურთმევია დაბადების დღეზე...

_ ვიცი ეგ საათი, ჩემი ხელით გავუკეთე მონოგრამა! _ სერგოს თვალები გაუბრწყინდა.

_ რომ გაჩვენოთ, იცნობთ?

_ კანეშნა! ჩემი ხელობა თუ ვერ ვიცანი, მა რის ოქრომჭედელი ვარ?!

_ დიდი მადლობა, აღარ შეგაწუხებთ...

ეფემია გარეთ გამოვიდა და ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერი. რას მისცემს საათის ჩვენება? დავუშვათ, სერგომ დაუდასტურა. მერე სად მიდის?

_ სად. _ ჩაილაპარაკა უკვე მანქანაში ჩაჯდომისას.

Page 34: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ ტელევიზიაში. _ არხეინად მიუგო ოპერატორმა.

_ _ _

უშიშროების პოლკოვნიკის მიხეილ ხვედელიძის ძალისხმევით დიმიტრიმ დაადგინა, რომ დახურული ზარები ზურა ჭიჭინაძის ტელეფონზე ვინმე ბადრი ფიჩხაიას ნომრიდან ხორციელდებოდა. ზურას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ არის ეს ადამიანი.

_ პირველად მესმის! _ შესძახა გაკვირვებულმა.

_ საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტო `ტერეზას~ მენეჯერი. 40 წლის.

_ აზრზე არ ვარ.

_ დაფიქრდი. _ ურჩია დიმიტრიმ. _ აი, მობილურის ნომერი. ხომ არ გეცნობა?

ზურამ ფურცელს დახედა და ენერგიულად გააქნია თავი.

_ წავალ და დედას მოვუხნავ. რა უნდა მაგ ჩემისას?

_ ეს საქმე მე მომანდე.

_ რატომ?

_ მე `მოვუხნავ.~ დელიკატურად. თორემ შენი სიფიცხის ამბავი რომ ვიცი, მიადგები მუშტებით.

_ როდის?

_ შაბათ-კვირას ალბათ არ იქნება სამსახურში. უფრო ორშაბათს.

_ გამოგივლი.

_ არ არის საჭირო შენი ციმციმი, ჯერ მე მოვსინჯავ ნიადაგს. _ დიმიტრიმ საათს დახედა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა, რითაც სტუმარს ტაქტიანად მიანიშნა, რომ აუდიენცია დამთავრებულია. მაგრამ ბაჩას ძმა არხეინად განაგრძობდა სავარძელში ქოთქოთს.

კარზე დააკაკუნეს. ეფემია იყო.

_ ძლივს! _ შესძახა ზურამ და მომენტალურად წამოფრინდა.

აი, თურმე ვის გამო ვერ დაძრა ადგილიდან. ეფემია მესხი!

_ სალამი, ბატონებო, ცუდ დროს ხომ არ შემოგეჭერით? _ მოიბოდიშა ეფემიამ.

_ არა, რას ამბობ, პირიქით... _ ზურამ დიმიტრის ნაცვლად უპასუხა.

_ რუსუდანის სახლიდან მოვდივარ. რაც საჭირო იყო გადავიღეთ, მეზობელი დავკითხე, კრიმინალისტს ვეკამათე, გამომძიებელი ეჭვში ჩავაგდე... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძაღლის თავი ურეკშია დამარხული.

_ ძაღლის თავი, პლიუს დათუნას გვამი. _ დაასკვნა დიმიტრიმ.

`გვამი!~ ეფემიას დაცეცხლა. ზოგადად, დედამიწა სავსეა გვამებით. ადამიანები კვდებიან და იმარხებიან, ცხადია, თუ კრემატორიუმში თუ არ ააგუგუნეს. საერთო ჯამში,

Page 35: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

მკვდარი გაცილებით ბევრია, ვიდრე ცოცხალი. ათასწლეულებზე თუ ვიანგარიშებთ, უთვალავი. მაგრამ მის აგარაკზე, მისი ნაძვის ძირში დამარხული, უფრო სწორედ ვერაგულად ჩაგდებული გვამი სულ სხვაა.

დაეჭვებულებმა გადახედეს ერთმანეთს.

_ როდის წავიდეთ? _ წინადადება წამოაყენა ზურამ.

_ წყნეთში პროდუქტები მაქვს ასატანი, ჩემები იქ არიან. წავალ, დავხედავ და თავისუფალი ვარ. _ თქვა ეფემიამ. _ შენ რას იტყვი, დიმიტრი?

_ ვისარგებლოთ უქმეებით და შევუბეროთ.

_ მაშინ, მე ახლავე შევუბერავ, თორემ ვიდრე ბაზარში გავივლი, ვიდრე ტაქსს დავიჭერ...

_ რატომ `ტაქსი?~ _ თავი გამოიდო ზურამ. _ მე წაგიყვან... ჱთუ თანახმა ხარ. _ დაამატა დადარაჯებული ტონით.

ეფემიამ დიმიტრის გახედა, თითქოს მისგან ელოდა დასტურს.

_ წადით, წადით, ნუღარ მაცდენთ. ისედაც... _ დიმიტრიმ ხელები აასავსავა და დემონსტრაციულად მიუჯდა კომპიუტერს. _ ხვალ დილით გელოდებით.

. . .

დეზერტირების ბაზარში ჩვეული ზუზუნი იდგა. ეფემია დახლიდან დახლზე გადაადგილდებოდა, არჩევდა, ვაჭრობდა, იწუნებდა, ყიდულობდა... მოკლედ, იქცეოდა ისე, როგორც ჩვეულებრივი დიასახლისი. თუმცა ამ ჩვეულებრივობაში იყო რაღაც არაჩვეულებრივი, რაც გამოარჩევდა ერთფეროვანი მასისგან. უფრო სწორედ, მოულოდნელი. ზურა რატომღაც თვლიდა, რომ ტელევიზიაში მომუშავე ქალები ქედმაღლობით გამოირჩევიან, ცნობილი მამის შვილები _ სნობიზმით. ეს კი ისეთი უბრალო იყო თავის მოკრემისფრო თივთიკის ქურთუკში, ისე შინაურულად უღიმოდა გაზინთლულწინსაფრიან ყასაბს, ისე მიყურადებულად სინჯავდა ბასრი დანით მოჭრილ ყველის ფთილას, ისე სასაცილოდ ყნოსავდა თევზს... ზურას სული შეეგუბა. სწორედ ასეთ ცოლზე ოცნებობდა, რატომღაც კი ლულუ შერჩა. დღესაც ვერ ხვდება, რამ შეაყვარა ეს უდავოდ ეფექტური, მაგრამ ინფანტილური ქალი? აბა, რომელი ჭკუათმყოფელი დედა გაუძლებს შვილთან დაშორებას? ლულუმ გაუძლო. სანდრო 13 წლის იყო, როცა მის დედიკოს კუნძულ ბრეაზე ემიგრირებულმა დეიდაშვილმა ვიზა გამოუგზავნა და 2 კვირით წასული ქალი აგერ უკვე 2 წელია არ გამოჩენილა. მოქალაქეობის მიღებას ელოდება ქალბატონი, თუმცა სისტემატიურად რეკავს და შვილს იქაური ლანდშაპტებით ახარბებს, თითქოს აქაურები რამით ჩამოუვარდება ფრანგულს. იდეაში, ლულუ ყოველთვის ასეთი იყო, ოღონდ ცნობილი ბრენდის ჭინჭით გაენავარდა, ერთი კვირა ცარიელ წყალსა და პურზე იჯდება. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, სანდრო არ ხარბდება. მოკალი და არ უნდა უცხოეთში ცხოვრება, მამობილს ჰგავს მამაძაღლი! ბაჩა უკვე რამდენი წელია უფროს ამერიკაში ეპატიჟება. ეს კი უარზეა. მაშინ, როცა ლულუს ეძინა და სიზმარში მანჰეტენს ხედავდა (თუმცა ბედისწერამ ევროპაში გადააგდო). სანდრო სხვანაირი ბიჭია... მისმა არჩევანმა (თუ სიჯიუტემ) ზურას პასუხიმგებლობა გაუათკეცა, თუმცა ჩააფიქრა კიდეც. განსაკუთრებით, ერთი შემთხვევის შემდეგ...

ამასწინათ ლულუმ თბილისში მომავალ ნაცნობს შვილისთვის ტანსაცმლითა და ბუკლეტებით სავსე სპორტული ჩანთა გამოატანა. ბუკლეტებზე მეტწილად ბრეას

Page 36: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ღირსშესანიშნაობები იყო აღბეჭდილი. მინაწერებით: `აქ უყვარდა დასვენება ანრი მატისს...~, `ეს მატისის სახლია...~, `ეს მატისის სკამი~, `ეს მატისის კაფე...~. მოკლედ იმდენი `იღვაწა~, ვიდრე შვილს უდანაშაულო იმპრესიონისტი არ შეაძულა და მთელი ბუკლეტები ნაგავში არ ჩააძახებინა. სხვათა შორის, არც დედის გამოგზავნილი `ფირმა შმოტკები~ ჩაუცვამს. ყველაფერი გააჩუქა.

ზურა ცოტა არ იყოს შეფუცხუნდა. იქნებ სანდრო ასეთი საქციელით სოლიდარობას უცხადებდა გამზრდელ მამინაცვალს? იქნებ ეგონა, რომ ზურას ღამეები არ სძინავს გაქცეულ ცოლზე ფიქრით? ცხადია, ასე არ ყოფილა. ზურას ცოლი იმ დღიდან არ უყვარდა, როცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მეორე შვილის გაჩენას არ აპირებს. ეს იყო დარტყმა წელს ქვევით, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ზურას კაი ხნით გაუქრა სექსუალური ლტოლვა ცოლის მიმართ. გაყრაზეც ფიქრობდა, მაგრამ ორი ფაქტორი უშლიდა ხელს. პირველი: არ უნდოდა სალაპარაკო მიეცა თავისიანებისთვის, რომლებიც იმთავითვე კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ამ ქორწინების და მეორე: სანდრო, რომელიც პირდაპირ თვალებში შესციცინებდა ახალგამომცხვარ მამიკოს. ასე რომ, ლულუს წასვლა ზურასთვის არ ყოფილა საყოველთაო კატასტროფის ტოლფასი, პირიქით, გულზეც კი მოეშვა, მაგრამ არც იმის დაშვება შეიძლება, რომ დედა-შვილმა ერთმანეთი დაკარგოს. ეფემიას ხომ არ ჰკითხოს რჩევა? რაღაც გამოცდელება ექნება ამ საკითხში.

_ ეფო, რამდენი წლისაა შენი ბიჭი?

_ 12-ის. _ ეფემიამ პარკები მიაჩეჩა და გასასვლელისკენ გაემართა. _ რატომ მეკითხები?

_ რაღაც მინდა ვუყიდო. ხელცარიელი ხომ არ მივალ პირველად ოჯახში... _ ზურამ შორიდან მოუარა.

_ რატომ ხელცარიელი... ერთ მანქანა პროდუქტს მივათრევ.

_ ეს შენ მიათრევ.

_ შენც ხომ მეხმარები?

_ მებარგულის ამბავში.

_ და მძღოლის.

_ მით უმეტეს. მითხარი, რა გაუხარდება?

_ ჩემი ნახვა გაუხარდება, რაც სრულიად საკმარისია. _ ეფემია ჩირებისა და ჩურჩხელების დახლთან შეჩერდა. _ გარგარის ჩირი სისხლს წმენდს და ჰოლესტერინის დონეს ამცირებს. ხომ არ გეწყინება მამაჩემს რომ ვუყიდო?

_ რატომ უნდა მეწყინოს? _ გაუკვირდა ზურას.

_ მერიდება. აგხუნძლე ნაძვის ხესავით, კბილებით თუ დაიჭერ მორიგ პარკს არ ვიცი...

_ შენ გამო კბილებშიც დავიჭერ და კუდსაც გავაქიცინებ.

_ კეთილი, დავიმახსოვრებ. _ ეფემია გამყიდველს მიუბრუნდა. _ ერთი კოლო ამიწონეთ, რა...

_ მითხარი, რა გაუხარდება შენს შვილს, მაინც არ მოგეშვები, იცოდე!

_ ხაბი და ლანი.

Page 37: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ წიგნია?

ეფემიამ თავი გადააგდო ხმამაღლა გადაიხარხარა. ზურას ძალიან მოუნდა თივთიკის საყელოდან გამომკრთალ კისერში ეკოცნა.

_ არა, არა, წიგნი არაა. _ აუხსნა ეფემიამ. _ წიგნი უეჭველი არ გაუხარდება, მაგრამ კომპიუტერში ჩასამონტაჟებელ სადენებზე შეიძლება გადაირიოს. თბილისში ყოფნისას მებზუილებოდა, მიყიდეო...

. . .

ბატონი მურზაყანი ქალიშვილის ახალ მეგობარს დადარაჯებული შეხვდა. გამოდის, ეფემია არ აპირებს ყოფილ ქმართან შერიგებას, მას კი რატომღაც იმედი ჰქონდა. არ იყო ბესო ხელწამოსაკრავი ბიჭი, ყველაფერი ჰქონდა: სახლი, კარი, სამსახური, გვარიშვილობა... პრინციპში, არც ჭიჭინაძეა ცუდი გვარი. გარეგნობით არა უშავს, ბესოსთანა მაღალი და მხარბეჭიანი ვერ არის, მაგრამ გამოხედვა ალალ-მართალი კაცისა აქვს. რას გაუგებ თანამედროვე ქალებს? აქაოდა, ჯამაგარი გვაქვსო, თავს იმაზე მეტის უფლებას აძლევენ, ვიდრე სინამდვილეში ეკუთვნით. ეფემია დიასახლისი რომ ყოფილიყო, როგორც მარიკა, ცხონებული დედამისი, თავშიც არ გაივლებდა გაყრას, მაგრამ მურზაყანმა პირადად გაიგიჟა თავი, რომ ქალიშვილს შესაფერისი განათლება მიეღო და აი, შედეგი! ისე უციმციმებს თვალები, აშკარად მეორე წრისთვის ემზადება. რას იზამ, ცხოვრება ასეთია. მურზაყანი მხოლოდ ბედნიერი იქნება, თუკი სათაყვანებელი ქალიშვილი მეორე ნახევარს იპოვის. მთავარია, ბავშვთანაც გამონახოს საერთო ენა, თუ უკვე არ გამონახა... ისეთი ენთუზიაზმით განიხილავენ რაღაც ოხრობა კაბელს, თითქოს მსოფლიოს მეცხრე საოცრება აღმოაჩინეს. მისი ქალიშვილიც რა გაცისკროვნებული მისჩერებია? ასეთი თვალებით ბესოს არასოდეს უყურებდა. ის ყავდა გულში ამოჭრილი _ მინდია. ამბობენ, მინდია ქურდულს აწვებაო... რა გასაკვირია? გენში უდევს კრიმინალისადმი მიდრეკილება. მამამისიც ყაჩაღობის მუხლით იჯდა, კიდევ კარგი გიორგი იმისი შვილი არაა...

_ ცეცხლი ქრება! _ შეიცხადა ეფემიამ. _ ვინ წავა შეშის მოსატანად?

_ მე! _ თავი გამოიდო ზურამ.

_ მეც. _ აჰყვა გიორგი. _ მე ვიცი, სადაც დევს, გაჩვენებთ.

_ ჰამ! _ შეჰყეფა რაულმაც და კუდის ქიცინით გაედევნა.

ერთი პირობა კატამაც აეკიდა, მაგრამ კართან არმისულმა გადაიფიქრა და მონატრებულ პატრონს აეტუზა.

_ სიმბულია, მოდი, ჩემთან, შე მეტიჩარა, მოდი... _ ეფემიამ კატა ხელში აიყვანა და ბუხართან, სარწეველა სავარძელში დაჯდა. _ აბა, მამა, მომიყევი, გიორგი ხომ არ გაბრაზებს?

_ გამაბრაზებს და კაი ტურას დაიჭერს! _ ჩაიცინა მურზაყანმა და თვითონაც კრიახით ჩაჯდა მაღალზურგა სავარძელში. _ ბიჭს კაცის ხელი სჭირდება, თორემ თავს გაუვა.

_ ჩემს მამიკოს ყველაზე კარგი ხელი აქვს! _ ეფემიამ მამას მუხლზე დადებულ ხელზე მიუალერსა. მურზაყანის ერთ დროს არისტოკრატულად წაგრძელებული თითები ფალანგებში გალეოდა და ახლა დაკორძილ ფესვებად ესვენა მუხლებზე. ხახვის

Page 38: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ფურცელივით გამომშრალი კანი ალაგ-ალაგ პიგმენტურ ლაქებს დაეფარა. მაინც ძალიან მშობლიური იყო, სანდო და საიმედო.

_ დავბერდი, არა?

_ ვითომ? _ ეფემიამ თვალი ჩაუკრა და სამზარეულოსკენ გაიხედა, სადაც სახაჭაპურე ცომს მუშტებს უშენდა ენერგიული ციალა.

_ რა სისულელეა?! _ ფიქრს მოუხვდა მურზაყანი. _ რა დროს მაიმუნობაა ჩემს ასაკში?

_ ჩინელებს რომ ჰკითხო, 70 წელი ყველაზე სასურველი ასაკიაო.

_ მაშ 50 რაღაა?

_ 50 შეცდომების აღქმისა და გაცნობიერების პერიოდი.

_ საინტერესოა... _ მურზაყანი ულვაშის ბოლო თითზე დაიხვია და ბუხრისკენ მიმართა ჯერაც შთამბეჭდავი პროფილი. _ კარგი, 40?

_ 30-დან 40-მდე კარიერა.

_ და 70 რითია სასურველიო?

_ ამ პერიოდში ადამიანი იმკის განვლილი ცხოვრების ნაყოფს. შენსავით ზის ბუხართან, წარსულს იხსენებს, საყვარელ წიგნებს კითხულობს...

_ უყურე შენ! _ მურზაყანმა ყასიდად შეკრა წარბები. _ სულ ჩამომწერა! იქნებ ჯერ ისევ მიჭრის კალამი?! გოეთემ `ფაუსტი~ 80 წლის ასაკში დაწერა, იქამდე 6 წელი მიკლია.

_ მართლა წერ რამეს? _ გაუკვირდა ეფემიას. გახმაურებული რომანის შემდეგ მამამისს ჰქონდა მორიგი წიგნის დაწერის მცდელობა, მაგრამ ის დონე არ არისო და მერე საერთოდ მიანება წერას თავი.

_ ჰო, ვცოდვილობ რაღაცას, არ ვიცი, რა გამოვა... თუ არ მომეწონა, აგერ ბუხარი და მისი ჯანი!

_ `Рукописи не горят~.

მურზაყანმა ორაზროვნად გააქნია თავი. აი, რა უნდა გადაიკითხოს: `ოსტატი და მარგარიტა~. ნეტავ სად არის ეს წიგნი? წყნეთის ბიბლიოთეკაში თუ თბილისში?

_ ვახშამი მზადაა, მობრძანდიიით... _ დაიძახა ციალამ.

_ იფ, სუნებია... რას ჯადოქრობ ციალა? _ გამოეხმაურა ეფემია და პირველი გაჩნდა სამზარეულოში.

სიმბა კუდი მორკალა, იანიჩარის ხმალივით, და გამოზომილი ნაბიჯით გაჰყვა.

_ კუპატია, გენაცვალე, კაი მეგრული კუპატი. ზევით ლტოლვილები ცხოვრობენ და იმათგან ვყიდულობთ ხოლმე. სუფთა ხალხია, წესიერი... ხუთ წუთში ხაჭაპურიც გამოცხვება. გიორგისთვის კარტოფილიც შევწვი. კუპატს არ მიირთმევს ვაჟბატონი, გოლიათურ ჭიაყელას ჰგავსო.

ვახშამმა შინაურულ ვითარებაში ჩაიარა. ზურა თავიდან მორცხვობდა _ ემანდ, გამოჩენილ მწერალთან რამე სისულელე არ წამომცდესო, მაგრამ ჯიხვის გაფიტულებულმა თავმა უშველა. ის დიდ ოთახში, ბუხრის თავზე ეკიდა და როგორც ლაპარაკში გაირკვა, თავად მურზაყანის მიერ იყო მოკლული ჯარიახის ხეობაში. ნადირობასთან არც ზურა იყო მწყრალად. ყოველ შემოდგომაზე ის და მისი მეგობრები

Page 39: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

მწყრებისა და გარეული იხვების შესამუსრად ირაზმებოდნენ. მანქანებით, ძაღლებით, თოფებით, მათარებით... ერთ-ორს გაისროდნენ და მერე ხის ჩეროში აგრძელებდნენ ვირტუალურ ნადირობას. გიორგი ნანადირევის გატყავება-გაფიტულების ტექნიკით დაინტერესდა. ზურა აქაც კომპეტენტური აღმოჩნდა, გაფიტულების იმდენი ხერხი ჩამოთვალა, თვით მურზაყანიც გააოცა.

სესილი წითელ ღვინოს წრუპავდა და გრძნობდა, როგორ მონატრებია ოჯახური გარემო. ასე ჯდომა ბუხართან, საყვარელი ადამიანების ცქერა... ზურაც ისე ბუნებრივად ეწერებოდა ოჯახურ ინტერიერში, რომ სესილს ნირვანასთან მიახლოებული თვლემა მოერია.

_ ურეკში რა დაგრჩენით ამ ზამთარში? _ მურზაყანის ბუბუნა ხმამ სესილს ძილისპირული დაუფრთხო.

_ არ უყურე ჩემს ბოლო გადაცემას? _ მთქნარებით ჰკითხა.

_ არა.

_ გიო, მოუყევი, რა?... _ შვილს თხოვა სესილმა.

გიორგიმ მოზარდისთვის დამახასიათებელი აღტკინებით გადმოსცა რაულის მიერ დათუმა ყანჩელის საათის აღმოჩენის ამბავი, რომელსაც რუსუდან ყანჩელის მკვლელობა მოჰყვა.

_ ცუდი ამბავია. _ თავი გააქნია მურზაყანმა. _ მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რატომ მიდიხართ?

_ მამა, ურეკში, ჩვენი ბებერი ნაძვის ძირში შეიძლება... _ სესილი შვილის გაფაციცებულ მზერას წააწყდა და წინადადება აღარ დაასრულა. არ ეგების 12 წლის ბავშვთან გვამებზე ლაპარაკი. შეიძლება ისე დაკომპლექსდეს, საერთოდ არ წავიდეს ურეკში. ამიტომ თემა შეცვალა. _ რა მაინტერესებს, იცი?... ჩვენ როდის ვიყიდეთ აგარაკი?

_ 1964 წელს ნამდვილად არ მქონდა ნაყიდი, უფრო გვიან, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ... _ უპასუხა მურზაყანმა.

_ ნეტავ მეზობლებს არაფერი ახსოვთ?

_ დარჩა ძველებიდან ვინმე ცოცხალი?

_ მაგას ადგილზე გავიგებთ.

_ ორნი მიდიხართ თუ... _ მურზაყანმა წანადადება არ დაასრულა, მრავალმნიშვნელოვანი მზერა ზურას ესროლა.

_ არა, მამა. სამნი. _ ხაზგასმით უთხრა სესილმა. _ დიმიტრი ძნელაძე მოგვყვება. გენერალური დირექტორი.

_ ადრე თუ ხართ ასადგომები, უნდა დაიძინოთ აწი.

_ ჰო, წასვლის დროა...

_ დარჩით, თუ გინდათ, ოთახების მეტი რა არის... ციალას ვეტყვი ზურას კაბინეტში გაუშალოს. _ არანაკლები ხაზგასმით წარმოთქვა მურზაყანმა. მესიჯი ნათელია. ის არ დაუშვებს ქალიშვილის მეგობარმა მამაკაცმა საყვარლის სტატუსით გაათიოს ღამე მის პატრიარქალურ ოჯახში.

_ არა, მამა, წავალთ, დიმიტრი დილის 7 საათზე გველოდება.

Page 40: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ თუკი არ იშლით... _ გამოასწორა მურზაყანმა და აუდიენციის დამთავრების ნიშნად ფეხზე წამოდგა. _ კეთილ მგზავრობას გისურვებთ. ამაღამ თოვლია გამოცხადებული, ფრთხილად იარეთ.

უკვე ეზოში ჩასულებს ციალამ საჭმელებით სავსე პარკი დააწია, გზაში წაიხემსებთო.

მანქანა ფრთხილად გასრიალდა გაბლიგვულ ტრასაზე.

_ მამაშენს საყვარლები ვგონივართ? _ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იკითხა ზურამ.

_ ალბათ. რატომ მეკითხები?

_ შენი აზრი მაინტერესებს.

_ რასთან დაკავშირებით?

_ ჩემს სტატუსთან.

_ ვერ ვხვდები, საით მიგყავს... _ სესილმა გვერდულად შეხედა საჭეს ჩაფრენილ ზურას.

ზურამ მანქანა მიწაყრილზე გააჩერა. ერთხანს მოღუშული უცქერდა ჩაბნელებულ ტრასას, მერე მთელი ტანით მოტრიალდა და სესილს აკოცა. გაპრანჭვას აზრი არ ჰქონდა. ეს მომენტი რომ დადგებოდა, სესილმა ზუსტად იცოდა და არაერთხელ დაატრიალა კიდეც გონებაში. და ყოველ დატრიალებაზე მუცელის მიდამოებში ხავერდოვანი პეპლები უფარფატებდა. უბრალოდ მის წარმოდგენებში მანქანის სალონი არ ფიგურირებდა. ის დროა, სახლში დაპატიჟოს, მაგრამ რომ ვერ წყდება? გარეთაც ისე რომანტიკულად ბარდნის, მალე ფანჯრები დაიბურება, გონების კვალდაკვალ...

_ _ _

ღამენათევი ეფემია მანქანის უკანა სალონში თვლემდა. თვლემდა ზურაც. მხოლოდ საჭესთან მჯდარი დიმიტრი იყო ფხიზლად.

_ გამეცით ხმა ვინმემ, თორემ მეც დამეძინება და მერე მეყოლეთ კარგად. მარჯვნივ ტყე, მარცხნივ _ ხრამი.

_ ჰა... ჰო... _ ზურამ მოშვებული სხეული აკრიფა, თვალები მოისრისა, სავარძელზე მორკალულ ეფემიას გახედა და დათოვლილ უღელტეხილს გაუღიმა.

რას წარმოიდგენდა, რომ მისი ვიზიტი ბაჩას ბავშვობის მეგობართან ასე ფეხბედნიერი აღმოჩნდებოდა. ეფემია რომ მისი ცხოვრების ქალია, ამაში ეჭვი აღარ ეპარებოდა. უბრალოდ გერის რეაქცია აშფოთებდა. სანდრო საკმაოდ ცივად შეხვდა ზურას `სხვაგან~ დარჩენის პერსპექტივას. გულმა უგრძნო, მათ შორის სხვა ჩადგა და ეს სხვა სულაც არ არის მისი ბიოლოგიური დედა. ჩვენში დარჩეს, 18 წლის ბიჭს მეტი უნდა ესმოდეს. რა ეგონა, ლულუს გამო ზურა ბერად აღიკვეცებოდა და ქალისკენ არ გაიხედავდა? ასე გაგრძელება არ შეიძლება, როგორმე უნდა შეარიგოს დედა-შვილი, თორემ სანდრო ჩამოყალიბებული ეგიოსტი გაიზრდება. პრინციპში, გაიზარდა და ეგ არის.

_ ისეთი სახე გაქვს, უეჭველად რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობ. _ დიმიტრიმ გვერდულად გახედა ზურას. _ საინტერესოა, რაზე?

Page 41: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ ბოთლში გამომწყვდეულ ისტორიაზე. _ იცრუა ზურამ.

_ საათი ვიპოვეთ. დარჩა ხელნაწერები.

_ რომელი ხელნაწერები?

_ რომლებსაც გადასახლებიდან ჩამოსული ზეინაბი თავაუღებლად წერდა და რომლებიც უკვალოდ გაქრა.

_ იქნებ შვილებმა გადააგდეს?

_ დავიჯერო, ერთი ფარატინა ქაღალდიც არ დაიტოვეს სამახსოვროდ? ხელნაწერებს თავი დავანებოთ, გადასახლებიდან მოწერილი არც ერთი წერილი არ ჩანს. არც ერთი! ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვიღაც მიზანმიმართულად ანადგურებდა ზეინაბის ხელწერას.

_ მე მაქვს ზეინაბის ხელწერა. _ მოისმა ეფემიას მძინარე ხმა. _ რუსუდანის ბინაში ყოფნისას ფოტოსურათზე შვილებისთვის დაწერილი ტექსტი გადავიღეთ. ვიფიქრე, გადაცემისთვის გამოგვადგება.

_ ზეინაბმა რაღაც იცოდა. _ დაასკვნა დიმიტრიმ.

_ არა მარტო. რაღაც იცოდნეე მისმა შვილებმაც. ეტყობა, დათუნამ რუსუდანზე მეტი იცოდა. იმიტომაც გააქრეს.

_ როგორ მოახერხა სასიკვდილოდ განწირეულმა კაცმა საათის მოხსნა, ბოთლში ჩატენვა, მინაწერის ამოჩორკნა, მიწაში ჩაფვლა... რაღაც ვერ არის ისე. _ ვარაუდი გამოთქვა ზურამ.

_ რომ ვერ არის, იმიტომაც დავირაზმეთ ამხელა გზაზე.

`ამხელა გზა~ როგორც იქნა, დასასრულს მიუახლოვდა და

მანქანა ხრიალით გაჩერდა მეხსების აგარაკთან.

_ შენ აქ სახლი კი არა, სასახლე გქონია! _ დიმიტრი გაკვირვებული შედგა ფოლადისფერი ზღვის ფონზე ამოზრდილ სახლთან. _ გასაგებია, რა მოგარბენინებდა ამ სიშორეზე საახალწლოდ.

_ შენ უფრო შორს იყავი, _ ფრანგული ალპები შეახსენა ეფემიამ.

_ იქ თოვლია. _ დიმიტრიმ ცხვირზე ჩამოისვა ხელი. შეამოწმა. უებარი გამოდგა მკურალი კლარას მიცემული მალამო. სწრაფად აღადგინა ეპითელიუმი.

_ აქ კი ზღვა. დღის მეორე ნახევარში თოვლია გამოცხადებული, ასე რომ დროზე დავიკაპიწოთ ხელები და შევუდგეთ.

ზურამ ცოტა არ იყოს დათრგუნულმა შეაბიჯა მესხების აგარაკზე. არავითარი მდაბიო დეკორი, ფუფუნების საგნები ან ძვირფასი ნივთები. აქ ყველაფერი ეპოქით სუნთქავდა, როგორც მუზეუმში. სუნიც შესაფერისი იდგა: ფიჭვის იატაკის, ძველისძველი ფოლიანტების, ბუხარში დატოვებული ნაკვერჩხლის... გაქაჩავს კი ასეთი ქალის გვერდით ყოფნას? მას, რომელსაც არაფერი აბადია ერთი სამოთხიანი ბინისა და ერთი ძველი მანქანის გარდა. სამსახური აქვს, მაგრამ არც ისეთი თავმოსაწონი, ცოცხალი კლასიკოსის ქალიშვილს თვალი დაუბრმავოს. ჯერ იყო და წყნეთის ფიტულოვანმა აგარაკმა დააკომპლექსა, ახლა კი ეს საიდუმლო აპლობით დაღდასმული სახლი, სადაც ჩარჩოში ჩასმული გალაკტიონის პორტრეტიც კი ჩვეულებრივი მოკვდავივით გამოიყურება. ვინ იცის, რამდენი საინტერესო ისტორიის მომსწრეა ეს გაყვითლებული სურათი, ეს

Page 42: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

გვერდებდამსკდარი ბუფეტი, დაბურულშუშიანი წიგნის კარადა... ალბათ ამ სახლში ცნობილი ადამიანები იყრიდნენ თავს, ნაციის ელიტა... ლექსებით, რომანსებით, რეგალიებით... ზურას კი მხოლოდ კუნთების თამაში შეუძლია. სკოლის დამთავრების შემდეგ მგონი წიგნიც არ წაუკითხავს... წიგნი იქით იყოს, მკვდრების ეშინია! სირცხვილი და თავისმოჭრა! უნდა სძლიოს ბავშვობაში აკიდებულ ფობიას, ბოლოს და ბოლოს, სავარაუდო სამარეში ძვლებიღა იქნება დარჩენილი...

_ ჰე, ახლა, გაიხადეთ და შეუდექით.

_ რა... რა გავიხადოთ? _ ზურა შეცბა.

_ ტანსაცმელი გამოიცალეთო. _ ხითხითით განუმარტა დიმიტრიმ. _ შენ რა იფიქრე?

ზურამ ახლაღა შენიშნა, რომ ეფემიაც და დიმიტრიც სამუშაოდ იყვნენ გამოწყობილები _ ჯინსებში, ბოტასებში, დათბილულ ჟილეტებში. მას კი ქაშმირის მოკლე პალტო ეცვა, იტალიური ფეხსაცმელი... პაემანისთვის მოიპრანჭა თავისი ჭკუით. კაცმა რომ თქვას, პაემანზე გაცილებით მეტი მიიღო, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.

_ მოიცა, მოვიფიქრებ რამეს... _ გაჭირვებას მიუხვდა ეფემია და მეორე სართულზე გაუჩინარდა.

ზურამ მადლიერი მზერა გააყოლა. ეფემია ისეთი უბრალო ამ მატყლისფერ სვიტრსა და მაღალყელიან ბოტასებში, ისეთი შინაური... სულ არ ჰგავდა პრეტენზიული აგარაკების მემკვიდრეს.

ეფემია მალევე დაბრუნდა. ხელში ეჭირა საკმაოდ შელახული სპორტული პიჟამა.

_ უკეთესი ვერაფერი ვიპოვე. _ მოიბოდიშასავით. _ გიორგისია. მამა დედაჩემის სიკვდილის შემდეგ აღარ ჩამოსულა ურეკში, მისი ტანსაცმელი გავაჩუქე, ასე რომ...

_ და შენ ფიქრობ 13 წლის მოზარდის სპორტულები მომივა?

_ იქნებ ჩაეკვეხო, სულ არაფერს ეს სჯობს. სამაგიეროდ გიგანტური კალოშები მაქვს. ერთადერთი, რაც დარჩა მამაჩემის გარდერობიდან.

ზურა ყოყმანით გავიდა ერთ-ერთ ოთახში. ათიოდე წუთში კი იმავე ოთახიდან მოტკეცილშარვლიანი გაურკვეველი ორიენტაციის მამაკაცი გამოვიდა.

_ ბალერონს გავხარ. _ შეამკო დიმიტრიმ.

_ მე მომწონს ბალერონები. _ დაამშვიდა ეფემიამ და კაცებს ნიჩბები მიაჩეჩა.

სანაპიროზე ისეთი დაძაბული სიჩუმე იდგა, დანა რომ მოგექნია, ჰაერს დაჭრიდა კაცი. მხოლოდ ზღვა მღეროდა თავის მარადიულ საუდრეკს. კუშტად შეკრული ცა კი უსმენდა, არ იღლებოდა.

ეფემიამ ბებერი ნაძვის გარშემო საპატიო წრე დაარტყა და ძაღლის ამოთხრილ ჩარღმავებასთან შედგა:

_ ბატონებო, აი, ეს ადგილია.

კაცებმა ერთდროულად დასცეს ნიჩბები. მუშაობა გახურდა. უხმოდ ირჯებოდნენ, რეპლიკების გარეშე. დაღამებამდე უნდა მოესწროთ. ეფემია ნესტიან კუნძზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდა მის ცხოვრებაში. ამასთანავე არ ტოვებდა შეგრძნება, რომ ეს ყველაფერ უკვე იყო. არა ბესოს, არამედ მინდიასთან მიმართებაში. შორეულ ახალგაზრდობაში, როცა თავში რომანტიკული ქარები უქროდა და სიყვარული და ფიზიოლოგია ორი ურთიერთგამომრიცხვი აქტი ეგონა.

Page 43: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

დასახლების მხრიდან ტაატით მომავალი ქალი გამოჩნდა. სიარულისას ისე ირწეოდა, თითქოს საზამთროს მოაგორებდა მოღუნული ფეხებით.

_ თებრო ბიცოლა მოდის დასაზვერად. არაფერი წამოგცდეთ, თორემ დაგვაყენებს თავზე მთელ ჯალაბს.

_ ნათესავია? _ ფრთხილად იკითხა ზურამ.

_ მეზობელი.

_ რა ვი, ბიცოლაო და...

_ ვისაც დეიდას ეძახი, ყველა ნათესავია?! _ ესროლა ეფემიამ და მეზობლის შესახვედრად გაემართა.

კუნძიდან წამოსულმა სისველემ შარვალში შეაღწია და ეფემიას საცვალი დაუნესტიანა. ასე შეიძლება საკვერცხეების ანთებაც აიკიდოს. ის კი სულაც არ აპირებდა ერთ შვილზე გაჩერებას. ალბათ არც ზურა იტყვის უარს ერთ ბიოლოგიურ შვილზე. ყოველ შემთხვევაში, წუხელ თავი არც ერთს არ დაუცავს.

_ კაი გამარჯობათ, თქვენი! _ გურულად მოუქცია თებრომ და ჯერ ეფემია გაზომა თვალებით, მერე მისი სტუმრები.

_ ჩემი მეგობრები არიან, _ მიწასთან მეომარი კაცები წარუდგინა ეფემიამ. _ წინა ჩამოსვლაზე ოქროს ბეჭედი დამეკარგა, ეჭვი მაქვს ძაღლმა მომპარა და აქ ჩაფლო.

_ ერთი ბეწო ოქროს გულიზა ჩიჩქნი გაბლიგვულ მიწას? _ თებრომ დიდი გულისყურით ჩაიხედა მოზრდილ კრატერში. _ კაპიკია დღეს ოქროს ფასი. ლომბარდში ჩავაბარე ამას წინათ მთელი ოქროული, გაგეცინება რამდენი მომცეს...

_ ოქროში არაა საქმე, სახსოვარი იყო და... _ იცრუა ეფემიამ.

_ მაი სხვა ამბავია...

_ ცოტა ხანს შევისვენოთ. _ ბრძანა წინდახედულმა დიმიტრიმ და ნიჩაბი ხეზე მიაყუდა. _ ქალბატონო თებრო, რამდენი ხანია რაც ურეკში ცხოვრობთ?

_ რაც გავთხოვდი, მას მერე აქ ვარ, შვილო... _ ისე ამოიხვნეშა თებრომ, ასწლიან ყვავს შეშურდებოდა.

_ ხომ არ გახსოვთ, ვინ ცხოვრობდა ამ სახლში მანამ, ვიდრე ბატონი მურზაყანი იყიდდა?

_ სახლი კი არა, რაცხა ბეღელი იყიდა მურზაყანმა. ერთი კი არა, რამდენიმე ბეღელი რომ შეაერთო და სახლი დაარქვა. ბორის ცვიჟბა ცხოვრობდა აქ, აფხაზი. ცოლი ჩვენებური ჰყავდა, ნორა. სეზონზე ოთახებს აქირავებდნენ ხოლმე, თან ექიმბაშობდნენ. ჩემი ბიჭი და მაგათი კლარა კლასელები იყვნენ...

თებრო კიდევ ყვებოდა რაღაცას, მაგრამ დიმიტრის თავში გვარი `ცვიჟბა~ პულსირებდა. რაღაცას ეუბნებოდა ეს გვარი, მაგრამ რას, ვერაფრით იხსენებდა.

_ რომელ წელს გაყიდეს ცვიჟბებმა სახლი?

_ გეტყვი, თუ დამაცდი... _ თებრომ თითები მოიმარჯვა და მისანივით აბუტბუტდა. _ 64 წელი იყო. კი, ასეა. _ დააყოლა დაბეჯითებით.

_ ხომ არ იცით, სად გადავიდნენ?

Page 44: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ ბორისი სოხუმში მიიწევდა, ნორას თბილისში უნდოდა ცხოვრება, ბოლოს რა გადაწყვიტეს, არ ვიცი... ისე უცებ აიბარგნენ, გამოკითხვაც ვერ მოვასწარი.

_ მამაშენს არ ეცოდინება? _ დიმიტრი ეფემიას მიუბრუნდა.

_ მართალი ხარ. ახლავე დავურეკავ, რა პრობლემაა...

გაირკვა, რომ მურზაყანს წარმოდგენა არა აქვს, სად წავიდნენ ცვიჟბები. ის კი არა, ქალიშვილს უსაყვედურა _ ლიტერატურული ჟურნალისთვის ესეს ვწერდი და შენმა ზარმა მუზები დამიფრთხოო.

_ დიდი ბოდიში მომითხოვია და რა ჯანდაბად გინდათ ეს ცვიჟბები? _ თებრომ ვერ გაუძლო ცნობისმოყვარეობის შემოტევას.

_ ერთ კაცს ვეძებთ, რომელიც შესაძლებელია 64 წელს აქ ისვენებდა, ცვიჟბებთან...

_ დაიხრჩო თუ? _ შეიცხადა თებრომ.

ეფემიამ მხრები აიჩეჩა და ზღვას გახედა.

_ ეჰ, ზაფხული არ ჩაივლის, ზღვამ ადამიანი არ გაიტაცოს... განსაკუთრებით ახალგაზრდები. დალევენ ორ ჭიქას და მიძვრებიან წყალში... შარშან ექვსი წლის ბაღანა დაიხრჩო, დედამისი აგერ იჯდა, ნაპირზე. კარტს თამაშობდა და პაპიროსს აფუილებდა...

თებრო წავიდა. კაცებმა შენელებული ენთუზიაზმით განაგრძეს მუშაობა.

_ მგონი გიჟები ვართ. _ ჩაილაპარაკა ეფემიამ.

_ შეიძლება. _ დაეთანხმა ზურა.

_ შუადღემდე თუ ვერაფერს მივაკვლიეთ, დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ.

_ მე კი დარჩენის იმედი მქონდა...

_ როგორც უფროსი იტყვის. _ ეფემიამ დიმიტრის გახედა.

_ უფროსი ამბობს არას. ხვალ უეჭველად უნდა ვიყო თბილისში. შეხვედრები მაქვს დანიშნული... მათ შორის, შენთან გამოგზავნილი მესიჯების სავარაუდო ავტორთან. _ დიმიტრიმ ზურას ესროლა ირიბი მზერა. _ თუ აღარ გაინტერესებს?

_ როგორ არ მაინტერესებს, გუშინწინ კიდევ გამომიგზავნა.

_ რაო, რა მინდიო?

_ ისევ ანდაზებით მელაპარაკება: `ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს.~

_ ეს ანდაზა კი არა, იოანეს სახარებაა. _ შეუსწორა ეფემიამ.

_ ჩემი ვარაუდით საქმე რელიგიურ ფანატიზმთან გვაქვს.

_ მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან?! _ ზურამ სიგარეტს მოუკიდა და დაღლილი ჩამოჯდა ამოთხრილი მიწის გოროხთან. _ აფრენს ვიღაცაა...

`აფრენს. ფრენა. თვითმფრინავი. ცვიჟბა. კლარა ცვიჟბა!~ დატრიალდა დიმიტრის გონებაში. ამ სახელისა და გვარის ქალმა თვითმფრინავში დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო აჩუქა და სავიზიტო ბარათიც დაუტოვა _ მისამართით, ტელეფონით... ბარათი დიმიტრიმ მექანიკურად ჩაიდო ჟილეტის ჯიბეში. წესით ახლაც იქ უნდა ეგდოს. თუკი აქაური ცვიჟბები მართლა ექიმბაშობდნენ, სრულიად შესაძლებელია კლარა მათი

Page 45: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

შთამომავალი ყოფილიყო. შესაძლებელია კი არა, ის არის! აკი თებრო ბიცოლამაც ახსენა!

აი, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღესვე უნდა გაემგზავრონ თბილისში. ზურას და ეფემიას შეუძლიათ დარჩნენ და მატარებლით ჩამობრძანდნენ, დიმიტრისაც მობეზრდა მურმანის ეკლობა. სულელი არაა ვერ ხვდებოდეს _ ამ ორს ფლირტზე მეტი აკავშირებს.

ფიქრებში როდის-როდის შეამჩნია ორმოს ფსკერზე გამკრთალი მტევნის ძვლები. თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ დატოვა ხუთი თითის ანაბეზდი, თვითონ კი ქვესკნელში გაუჩინარდა. `ჩამოდგა მატარებელი. შემდეგი სადგური გვამური ექსპერტიზა~. დიმიტრიმ ნიჩაბი მოისროლა და დაღლილი ზურგი ნაძვის ხეს მიაყრდნო.

_ _ _

საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტოს `ტერეზას~ მენეჯერი ბადრი ფიჩხაია ტვ-21-ის გენერალური დირექტორის ვიზიტმა ცოტა არ იყოს შეაშფოთა. რა ხელი აქვს მის სააგენტოსთან ტელევიზიის შეფს? ბუღალტერია წესრიგში აქვს, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია, რეკლამა არსად მიუტანია...

დიმიტრის მხედველობიდან არ გამორჩენია ფერთა პალიტრა ბატონი ფიჩხაიას ხორციან ლოყებზე და ვიდრე საბრალო თმის ძირამდე გაწითლდებოდა, საქმის კურსში ჩააყენა.

_ ზურა ჭიჭინაძე? _ გაუკვირდა ბადრის. _ ორ შვილს ვფიცავარ პირველად მესმის!

_ დავუშვათ, მჯერა. მაშინ ვინ შეიძლება აგზავნიდეს თქვენი ნომრიდან რელიგიური შინაარსის მესიჯებს?

_ მოიცა, მოიცა, აკი ჩემი ნომერი გადაფარულია?

_ ვიცი.

_ აბა, საიდან გამომრიცხეთ? _ ბადრიმ ცბიერად მოჭუტა ცალი თვალი და კომპიუტერის სმაილს დაემსგავსა.

_ ნება მომეცით არ გითხრათ, საიდან. ასევე ნება მომეცით გაგაფრთხილოთ: სხვისი პირადი სივრცის ხელყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია.

_ მაშანტაჟებთ?

_ ჰმ, ჩემი შენ გითხარიო?!

_ მაშინ, არაფერი მესმის... ქალი რომ ყოფილიყო, კიდევ ჰა, მაგრამ კაცთან რა მესიჯობანა უნდა გამება? თანაც რელიგიური შინაარსის...

_ ე. ი. თქვენი ნომრიდან სხვა რეკავდა.

ბადრის ჭკუაში ჩაუჯდა დიმიტრის სიტყვები. ჩაფიქრებულმა ასწია ვიტრაჟზე გაკრული ჟალუზი, რომლის მიღმა გამოჩნდა კომპიუტერთან მიმჯდარი ოთხი ქალი.

_ თანამშრომლებზე გაქვთ ეჭვი? _ მიხვდა დიმიტრი.

_ არ გამოვრიცხავ. ხან სად მავიწყდება ეს ოხერი მობილური, ხან სად...

_ ოჯახის წევრები?

Page 46: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ არა. მობილური მხოლოდ სამსახურის საათებში მაქვს ჩართული. სახლში მისვლისთანავე ვრთავ. ჩვევა მაქვს ასეთი.

_ არის ვინმე საეჭვო?

_ `საეჭვოში~ რას გულისხმობთ? _ ბადრიმ თვალი ღრმა დეკოლტეში მჯდარ ბამბაქულა ქალზე შეაჩერა. ადამიანი რომ შუა ზამთარში ფუთიან ნესვებს დააწყობს სამუშაო მაგიდაზე, რაღაცის მანიშნებელია. სავარაუდოდ, ნესვები შეფის მისაზიდად იყო გადმოგდებული და მიზანსაც აღწევდა. დიმიტრიმ საკუთარი ყურით გაიგო, როგორ ჩაყლაპა ბადრიმ ნერწყვი. თუმცა თავად არ იტყოდა უარს სადმე მოფარებულში გაეჭენებინა გოგლიმოგლივით ათქვეფილი მანდილოსანი.

_ ჰა, რას გულისხმობთ? _ კითხვა გაუმეორა ბადრიმ.

დიმიტრი გამოერკვა. ძუძუბის ღარში გაბრწყინებულ ძეწკვს თვალი მოწყვიტა და ბადრის მიუბრუნდა:

_ ეგზატირებულ ნატურას.

_ ეგზალტირებულს...

_ ან მორალისტს.

_ მორალისტს? _ გაიმეორა ბადრიმ.

_ ჰო, მორალისტებს უყვართ კლიშეებით აზროვნება. ზურაბ ჭიჭინაძის ნომერზე შემოსული მესიჯები რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი ადამიანის მიერ დაწერილს ჰგავს.

_ მაშინ მერია.

_ აბა, მერი?

_ მერი ჩიბურდანიძე. აი, ის ფანჯარასთან.

ფანჯარასთან იჯდა ასე 35-37 წლის ფერმკრთალი ქალბატონი სიფრიფანა ყურებით, რომელზეც კარგა მოზრდილი საყურეები ჩამოეკონწიალებინა. ყავისფერ კაბაზე გადმოფენილი გიპიურის საყელო გადაბერებულ სკოლის მოწაფეს ამსგავსებდა. მერი გაციებული ჩანდა. წამდაუწუმ მიჰქონდა აწითლებულ ცხვირთან მომუჭული ცხვირსახოცი. მაგიდაზე ედო ოხშივარადენილი კოპლებიანი ჭიქა. ჩაის თუ სვამდა.

_ რატომ არის ეგზალტირებული? _ დაინტერესდა დიმიტრი.

_ კაცი უნდა. _ სრულიად სერიოზულად წარმოთქვა ბადრიმ და ჟალუზი ჩამოსწია.

_ ?

_ შინაბერაა ჩვენი მერი. გამორიცხული არაა გათხოვილი მანდილოსნების მიმართ ფარულ ბოღმას ატარებდეს. წეღან ქალი თუ შენიშნეთ... ხატია... აი, ისეთი ფორმებით... _ ბადრიმ ჰაერში ისეთი მადიანი კონტური შემოხაზა, უეჭველად გოგლიმოგლივით ქალს გულისხმობდა. _ ჰოდა, ხატიას რომანი ჰქონდა ჩვენს ერთ თანამშრომელ მამაკაცთან. ცოლიანთან. ერთ დღესაც ამ ცოლიანის ცოლი მოვარდა სამსახურში და ხატია გაწეწა. ისე გაწეწა, საცოდავი ხატიას ბუნდღები მთელს ოფისში ფრიალებდა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მორალისტი მერის ხელისშეწყოვით მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ვერ ვამტკიცებ. ცილისწამება კი, მოგეხსენაბათ, ყველაზე დიდი ცოდვაა... _ ბადრიმ თვალები ჭერში აღაპყრო და პირჯვარი გადაიწერა.

Page 47: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

დიმიტრის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ცოლიანი მამაკაცი თავად პირმრგვალი ბადრია. იმიტომაც აქვს მობილურის ნომერი გადაფარული. ეჭვიანი ცოლი თუ ჰყავს, ცხადია, სახლში ჩართულ მობილურს არ აჭაჭანებს. მაგრამ რა კავშირი აქვს `ტერეზას~ თანამშრომლებს შორის არსებულ პერიპეტიებს სპორტული სკოლის მთავარ მწვრთნელ ზურაბ ჭიჭინაძესთან?

_ ისე, მერი უნიჭიერესია ქალია. სამი უცხო ენა იცის. მუშაობაც არ ეზარება, დროც აქვს. ქმარი არ აწუხებს და შვილი... ერთი მოხუცი დედა ჰყავს, ჩვენში რომ დარჩეს, დიდი ეგოისტი დედაკაცი. დღეში რამდენჯერმე ურეკავს სამსახურში, ამოწმებს, პრეტენზიებს უყენებს... მეცოდება ხოლმე მერი, იცით?...

_ მოდით, ასე გავაკეთოთ: შედით ოთახში, ვითომ საქმეზე, მე აქედან გირეკავთ, თქვენ მეპასუხებით და ამბობთ: `ვინ ზურაბ ჭიჭინაძე, არ ვიცნობ ასეთს!~ მე ვაკვირდები თანამშრომლების რეაქციას და გამომაქვს სათანადო დასკვნები. მოსულა?

_ დაარტყი ხელი! _ ბადრიმ დიმიტრის ამობრუნებული ხელისგული ატაკა და ლამის კუნტრუშით გახტა კაბინეტიდან.

ხუთი წუთის შემდეგ დიმიტრიმ იცოდა, ვინ არის იდუმალი მესიჯების ავტორი.

_ _ _

_ გაიცანი. ეს მარგოა. _ ასე წარუდგინა თავისი შეყვარებული სანდრომ სამსახურიდან მობრუნებულ მამობილს.

ზურას ენა ჩაუვარდა. ვერ წარმოედგინა, რომ მის ჩუმჩუმელა გერს შეყვარებული ჰყავდა. თანაც ასეთი აყლაყუდა. ზევიდან დასცქეროდა ორივეს, როგორც გულივერი ლილიპუტებს. ოპტიკური სათვალე ნაწილობრივ უმალავდა მსხვილ ნაკვთებს, მაგრამ ცხენის კბილებზეც სათვალეს ხომ არ დაიკოფსებდა?! `ჯანდაბას, სულ არაფერს, ცხენქალა სჯობს~, გაიფიქრა ზურამ და ნაძალადევი ღიმილი გამოადნო.

_ ყავაზე დაგვეწვევი? _ ჰკითხა სანდრომ.

ზურამ მექანიკურად დაუქნია თავი და არც უნანია. ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ აყლაყუდა მარგო ლამის მერლინ მონროდ მოეჩვენა. მონრო აინშტაინის გონებით. იმდენად მოეწონა, თვალიც კი ჩაუკრა სანდროს _ არჩევანი მოუწონა. თეორიულად ყოველთვისაც იცოდა, რომ ნიჭიერება და სილამაზე დები არიან, მაგრამ პრაქტიკაში პირველად შეხვდა. რაც მთავარია, მარგო სანდროს სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში ექაჩება, სადაც უახლოეს მომავალში თვითონაც აპირებს გამგზავრებას. სანდროს შეიძლება ითქვას, ტუზი დაეცა, ის კი პატარძალივით იპრანჭება. მამობილის დატოვებას ღალატის ტოლფასად აღიქვამს. განსაკუთრებით, საფრანგეთში გადახვეწილი დედამისის ფონზე. რა სისულელეა! სანდრომ უნდა შეიგნოს, რომ არავისთან არ არის ანგარიშვალდებული, რომ ზრდასრულ მამაკაცს თავისი ცხოვრება აქვს და ეს ცხოვრება ქალთან არის დაკავშირებული და არა შვილთან, დედასთან, მეგობართან... ის დროა, ეფემიას არსებობის შესახებ გადაუკრას სიტყვა. სანდრო ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოს ოჯახის ახალი წევრის შესახვედრად. სხვა საკითხია, ეფემია რას იტყვის... იქნებ მარტო ლოგინისთვის მოიაზრებს ოჯახზე მეოცნებე კაცს?

Page 48: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ამ განსჯებში იყო, რომ დიმიტრიმ დარეკა _ შენი მობილურის ტერორისტი გავარკვიეო.

_ ვინ? _ იყვირა ზურამ.

_ მერი ჩიბურდანიძე.

_ !

_ იცნობ ასეთს?

_ ვიცნობდი. _ ჩაილაპარაკა ზურამ. _ ასი წლის წინ. _ დაამატა ყოყმანით.

_ რამე დაუშავე?

_ ისეთი არაფერი...

_ აბა, გიჟია?

_ არ ვიცი... მერე მოგიყვები...

ზურამ მობილური გათიშა, ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა და ოთახში განმარტოვდა.

მერი. ზურას სულ დაავიწყდა მისი არსებობა, მას კი არ დავიწყებია. თურმე შესაძლებელია წლების მანძილზე ადამიანი მუდმივად ფიქრობდეს შენზე, შენ კი ვერ იგრძნო. ისმის კითხვა: თუკი მერის რაღაც პრეტენზიები გააჩნდა, სად იყო ამდენ ხანს? რატომ ერთხელ არ გამოჩნდა? არ დაურეკა? არ შეხვდა? პასუხი: იმიტომ რომ ზურა ცოლიანი იყო. ეს ერთი. მეორე _ მაშინ არ იყო მობილურები, მერის კი არ სურდა გაშიფრულიყო. (სხვა შემთხვევაში, დაფარული ნომრიდან არ გამოაგზავნიდა თავის სუმბურულ მესიჯებს, რომლებიც დიდი ეჭვია ზურაში სინდისის გაღვიძებას ისახავდა მიზნად). დასკვნა: მერი შეურაცხადია. ზურას ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ მთელი ცხოვრება ვიღაცის ტერორის ობიექტი გამხდარიყო.

თუ მაინც დააშავა?...

მერი 25 წლის იქნებოდა, როცა ზურა შეუყვარდა. ზურას მხრივ ეს იყო უბრალო გატაცება, რომელმაც ორ თვეს გასტანა. ამ ხნის მანძილზე ისინი თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს. იღებდნენ კინოს ბილეთს, ჯდებოდნენ უკანა რიგში და თავდავიწყებით კოცნაობდნენ. უფრო ღრმა ურთიერთობაზე მერი წამსვლელი არ იყო და არც ზურას დაუძალებია, რადგან მერისთანა მორალისტი ან ცოლად უნდა მოიყვანო, ან განზე გადგე. ზურამ მეორე ვარიანტი აირჩია და დამშვიდებული გულით გაემგზავრა ტურნირზე, სადაც აღმოაჩინა, რომ ერთხელაც არ გახსენებია ე. წ. შეყვარებული. არც გაახსენდებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მასთან ვინმე ლულუ არ გამოცხადებულიყო _ მერის ფრანგულის მასწავლებელი და გულის მესაიდუმლე. სულ რაღაც 4-5 წლით უფროსი თავის მოწაფეზე. ლულუმ ვნებიანი ტუჩები გამობზიკა, თვალები ამოატრიალა და მთელი საათი იქაქანა უარყოფილი მერის საშინელი განცდების შესახებ. თურმე, ნუ იტყვით, მერი ძალზე განიცდის შეყვარებულის დაკარგვას, ღამეები არ სძინავს, დაშორების მიზეზებს ეძებს და ვერ უპოვნია. ლულუს აღარ შეეძლო საბრალო გოგოს ყურება და გადაწყვიტა პირადად გაეცნო ადამიანი, ვინც ასე მოუკლა გული მის მგრძნობიარე მოწაფეს და შესაბამისად მიზეზებიც გაერკვია.

ჰოდა, გაიცნო, მოეწონა, ცოლადაც მოაყვანინა თავი...

საწყალი მერი ამაოდ ელოდა გულისხმიერი მასწავლებლის თანადგომას. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ცოდვაში ფეხი ჩაედგა და კრძალვით შემონახული ქალწულობა

Page 49: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

საყვარელი ადამიანსთვის მიეძღვნა. არაოფიციალურად, პასპორტში ჩარტყმული შტამპისა და მენდელსონის მარშის გარეშე.

არ გამოვიდა. ზურას ბინაზე მისულ მერის კარი შილიფად ჩაცმულმა ლულუმ გაუღო.

ეს იყო და ეს. მერი ეტყობა ამ ამბავზე ჩაიციკლა და თავისი ვერშემდგარი ცხოვრება ზურას დააბრალა. რელიგიური შინაარსის მესიჯები კი უკვე სხვა თემაა. მას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ რწმენასთან. მერი აკვიატებული იდეები აწუხებს. ის სამკურნალოა.

აი, ლულუ კი უსინდისოა. მაშინ ზურა ახალგაზრდა იყო, ლულუს ლამაზი სხეულის გარდა ვერაფერს ხედავდა, მერის ვიზიტზე კი იმდენი იცინეს, მუცლის კუნთები ეტკინათ...

ახლაც იგრძნო ყრუ ტკივილი, მაგრამ სირცხვილით გამოწვეული. ეჰ, დროის დაბრუნება რომ შეეძლოს...

_ _ _

ეფემია გამწარებული სცემდა ბოლთას ტელეკომპანიის შენობის წინ, დიმიტრი კი არ ჩანდა. ანძაზე წავიდა სარელეო ხაზზე ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ჩამოსვლა არ ეღირსა. ეფემიას კი ერთი სული ჰქონდა დროზე წასულიყვნენ აგარაკის ყოფილი მფლობელის შთამომავლის, ვინმე კლარა ცვიჟბას სანახავად. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გახსნილიყო დროის ინტერვალში აცდენილი მკვლელობები. ტელეკომპანიაში ზარები არ წყდებოდა. ხალხს აინტერესებდა, რით დამთავრდა იდუმალებით მოსილი საათის ისტორია.

პლიუს დღეს ბესო ჩამოდის საცოლესთან ერთად. გიორგის წაყვანა გეგმავენ ბაკურიანში. წაიყვანონ, ეფემია არაა წინააღმდეგი. ბესო არაა ცუდი მამა. სავარაუდოდ, არც ზურა იქნება ცუდი ქმარი.

ქმარიო?! საიდან მოიტანა, რომ ზურას ცოლად მოჰყავს? თითქოს არაფერი უთქვამს ამ საკითხზე. ვითომ ყბადაღებული ქალური ინტუიციაა? ალბათ. არ უთქვამს და იტყვის. დღეს თუ არა, ხვალ. კი, ასეა. ეფემია სხეულის ყველა უჯრედით გრძნობს მოსალოდნელ ცვლილებას პირად ცხოვრებაში.

როგორც იქნა, დიმიტრი გამოჩნდა. შემცივნული ეფემია დაუყოვნებლივ შეხტა თბილ მანქანაში.

_ დიდხანს გალოდინე? _ მოიბოდიშა დიმიტრიმ და მანქანა დაძრა.

_ ვერ გავიგე, გენერალურმა დირექტორმა რატომ უნდა იძრომიალოს ანძაზე?

_ თავზე თუ არ დაადექი, იზოზინებდნენ საღამომდე... კლარას დავკითხავ და ისევ ანძაზე უნდა შევუბერო. დღესაც რომ ასინქრონი გავიდეს, ასიანი ვინმე შემომაკვდება.

_ მე რომ მკითხო, ტექნიკური დეპარტამენტის უფროსია გამოსაცვლელი. ასაკოვანი კაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გაგებაში არ არის...

_ სამაგიეროდ, დამფუძვნებლის პროტეჟეა.

_ შენს ადგილზე დავიკიდებდი და გამოვცვლიდი.

Page 50: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ უკვე დავიკიდე.

_ ?

_ ადგილობრივი არჩევნებისთვის მე აღარ ვიქნები გენერალური დირექტორი. _ მშვიდად აუწტყა დიმიტრიმ.

ეფემია მთელი ტანით მიტრიალდა:

_ ხუმრობ?

_ არა. გუშინ საკმაოდ მძიმე ლაპარაკი მქონდა დამფუძვნებელთან. საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა მთხოვა მისი ფავორიტი პარტიის სასარგებლოდ. რაზეც უარი მიიღო.

_ იჩხუბეთ? _ შეწუხდა ეფემია.

_ არა, უბრალოდ ჩემი აზრი მოვახსენე. ისიც გაგებით შეხვდა.

_ ვაიმე...

_ სანერვიულო არაფერია. დირექტორის პოსტიდან წასვლა არ ნიშნავს ტელევიზიიდან წასვლას. ახალ გადაცემას გავაკეთებ, სულაც `კრიმინალურ ქრონიკას~ დავუბრუნდები. ბოლო-ბოლო ისევ საფრანგეთში გადავბარგდები...

_ დიმიტრი... _ ეფემია ნაზად შეეხო ხელზე. _ შენ კარგი ხარ.

_ კაი ახლა, გული ნუ ამიჩუყე.

კლარას სახლამდე ხმა არ ამოუღიათ. ეფემია დიმიტრის გადაწყვეტილებაზე ფიქრობდა. დიმიტრი _ ზურას თხოვნაზე: რამდენიმე თვით პარიზის სახლი მისი გერისა და გერის მეგობარი გოგონასთვის დაეთმო. დიმიტრის არ ეთმობოდა თავისი კეთილმოწყობილი ბინა უცხო ადამიანებისთვის, მაგრამ ზურას უარიც ვერ უთხრა და ახლა საკუთარ თავზე ბრაზობდა.

კლარას ბინის კარი მოფრიალებული დახვდათ. ოთახის სიღრმეში ვიღაც ქალი ქვითინებდა:

_ ჩემო საწყალო კლარაჩკა, ვინ გაგიმეტა მოსაკლავად, ჰა? ვინ დახარბდა შენს მამასისხლად შეკოწიწებულ კაპიკებს, ჰა?... იმან როგორ უნდა გაიხაროს ამ ქვეყნად, ჰა? როგორ უნდა ჩახედოს ადამიანებს თვალებში?... შენ ხომ ყველას გაჭირვების ტალკვესი იყავი, კლარაჩკაა....

დიმიტრი და ეფემია თავზარდაცემულები შედგნენ ტახტზე დასვენებულ ზეწარგადაფარებულ ცხედართან. კ

ლარა წუხელ მოუკლავთ. საკუთარ სახლში. თავში აგურის ჩარტყმით. ეტყობა წინააღმდეგობა გაუწია საბრალომ. დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია სისხლიანი დანა, რომლითაც მსხვერპლმა თავდამსხმელის დაჭრა მოახერხა.

_ რა ვქნა, რომ ჩემ გარდა დამტირებელიც არ ჰყავს ამ საცოდავს... _ ტირილს განაგრძობდა ქალი, უფრო მოსულების გასაგონად, კრიმინალისტები თუ ეგონა. _ ქალიშვილი საფრანგეთშია... ისიც არ ვიცი როგორ დავურეკო... თვითონ თუ ვერ ჩამოვა, ფული მაინც გამოაგზავნოს. მე რა შემიძლია, შვილო, კარის მეზობელი ვარ, ჩემი გამჭირვებია... ბალზამირებაში ფული მომთხოვეს, ახლა კუბოა შესაკვეთი...

_ მე ვიცი, რომ კლარა აფთიაქის გახსნას აპირებდა... _ გაახსენდა დიმიტრის. _ ანუ სახლში გარკვეული თანხა ჰქონდა.

Page 51: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

ქალმა ტირილი შეწყვიტა. ჩაფიქრებულმა დაიხედა დაშაშრულ თითებზე, რომელზეც ხშირი რეცხვისგან გალეული ოქროს რგოლი ეკეთა.

_ აპირებდა, კი. იმ ფულს თუ დახარბდნენ... ვინ იცის, რომელიმე კლიენტი იყო, მალამოს საყიდლად მოსული. კლარა ალალი ქალი იყო, როცა რამე უხაროდა, არ მალავდა, ყველასთან ყვებოდა.

_ წუხელ არაფერი გაგიგიათ? _ ჰკითხა დიმიტრიმ.

_ ფხაჭუნი გავიგე. ვიფიქრე კატაა და თავიდან არ მივაქციე ყურადღება. ძველი უბანია, შვილო, უპატრონო კატები მიდი-მოდიან. მერე თითქოს კვნესა შემომესმა. გამოვედი ბაქანზე და რას ვხედავ: კლარას კარი გამოღებულია. შევედი და უარესი დამხვდა: სისხლში ცურავს ჩემი კლარა! ჯერ ისევ ცოცხალი იყო საცოდავი. რაღაცის თქმა კი უნდოდა, მაგრამ არ დასცალდა, ჭერისკენ იშვერდა თითს. დაჟინებით იშვერდა. ასე თითგაშვერილმა დალია სული. სიკვდილის ანგელოზს თუ ხედავდა...

დიმიტრიმ ჭერს ახედა, სადაც ეკიდა კონუსის ფორმის იაფფასიანი ჭაღი. ტახტთან შედგა და ზეწარი გადასწია.

საწყალი, საწყალი `ვაშინგტონის კულული.” როგორ უხაროდა სიცოცხლე, როგორ რეკლამას უკეთებდა თავის მალამოს... კლარა რომ გაძარცვის მიზნით არ მოკლეს, ამაში დიმიტრი თითქმის დარწმუნებული იყო. დათუნა, რუსუდანი, ახლა კლარა... გამორიცხულია ასეთი დამთხვევა. რუსუდანის და კლარას მკვლელობის ხელწერა პრაქტიკულად იდენტურია. ორივე მსხვერპლი იცნობდა მკვლელს, წინააღმდეგ შემთხვევაში კარს არ გაუღებდა.ჱთუმცა ორივეგან ვიზიტი მოულოდნელი იყო. ბოროტმოქმედი რაღაცას ეძებს. რას, რას, რას? ამ სამს კავშირი აქვთ ერთმანეთთან და სამივეს ერთად ურეკთან. ჰაერში ჰკიდია ზეინაბის უეცარი გარდაცვალებაც, რომელსაც შვილებთან უსიამოვნება უძღოდა წინ.

მოიცა, მოიცა... კლარას არსებობის შესახებ მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა: დიმიტრიმ, ეფემიამ და ზურამ. ვისზე მიიტანოს ეჭვი? შეიძლება გაგიჟდეს კაცი! ერთადერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეუძლია, რომ მას არ მოუკლავს.

დიმიტრიმ ცერად გახედა დამწუხრებულ ეფემიას და საკუთარი ფიქრების შერცხვა.

_ უკაცრავად, თქვენი სახელი? _ მიუბრუნდა ქალს.

_ იზო მქვია, გენაცვალე. კარის მეზობელი ვარ...

_ ვიცი, ვიცი... _ შეაწყვეტინა დიმიტრიმ. _ მე შემიძლია საფრანგეთში დაგარეკინოთ, ცხადია, თუ კლარას ქალიშვილის ტელეფონის ნომერს მომაწვდით.

_ შენ გაიხარე, შვილო... სახლში მიწერია. კლარა რომ საზღვარგარეთ წავიდა, დამიტოვა, რა იცი, რა ხდებაო. დამელოდებით?

_ რა თქმა უნდა. _ დაამშვიდა დიმიტრიმ.

როგორც კი იზო თვალს მიეფარა, ის სკამზე შეხტა, ხელის სწრაფი მოძრაობის დაატრიალა ჭაღის ძირში მიმაგრებული კონუსი და საზეიმო ყიჟინა დასცა.

_ რა არის? _ სულმოუთქმელად შესძახა ეფემიამ, თან რიდით გახედა ზეწრის ქვეშ გაყუჩებულ მიცვალებულს.

_ ხელნაწერები!

დიმიტრი სკამიდან ჩამოხტა და მილივით დახვეული, გაყვითლებული ფურცლები ეფემიას ცხვირთან აუფრიალა:

Page 52: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ ის ძაღლის თავი, შენ რომ ურეკში გეგონა, აქ არის დამარხული, ამ ხელნაწერებში. სწრაფად გახსენი ჩანთა და დავაი აქედან, სანამ ვინმე მოსულა!

_ საფრანგეთში დარეკვა?

_ ა... ჰო. _ დიმიტრიმ ნიკაპი მოიფხანა. _ ტაქსის ფული გაქვს?

_ კი. რატომ მეკითხები?

_ დროში ვიწვები, ეფო, შენ სამსახურში წადი, მე მეზობელს დაველოდები და ანძაზე შევუბერავ. მერე დამშვიდებულ გულზე დავათვალიეროთ ჩვენი ნადავლი. კარგი?

ეფემიამ უსიტყვოთ დაუკრა თავი და იღლიაში ამოდებული ხელჩანთით გაქრა კლარა ცვიჟბას სახლიდან.

ხუთ წუთში ის ტაქსში იჯდა და ცნობისმოყვარეობის მოთოკვას ცდილობდა. ვერა, ვერ მოითმენს სამსახურამდე. ახლავე უნდა ნახოს რა გახდა ამდენი ადამიანის სიკვდილის მიზეზი. ფრთხილად შეჰყო ხელი ხელჩანთში, ერთი ფურცელი ამოაცურა და თვალებით დააკვდა.

_ ქალიშვილო, შეუძლოდ ხართ? _ მოესმა ტაქსისტის ხმა.

ეფემიამ სარკეში საკუთარი თავი დაინახა _ მიტკლისფერი, კრიჭაშეკრული, მოცახცახე ფურცლით ხელში...

_ იქნებ გავაჩერო?

ეფემიამ თავი დაუკრა. მანქანის გაჩერებისთანავე კარი გააღო და პირდაპირ გზისპირზე აღებინა.

_ _ _

სამსახურში მისულმა დიმიტრიმ მაშინვე ეფემია მესხი მოიკითხა, მაგრამ ვერსად იპოვა. არც მობილურს პასუხობდა, არც სახლის ტელეფონს. გადაწყვიტა ზურასთან გაერკვია ხელნაწერიანა გამქრალი თანამშრომლის ადგილსამყოფელი.

_ ზურა, ეფემიას ვეძებ.

_ შენს კოლეგას ჩემთან ეძებ?

_ ჩემი კოლეგის ინტერესების სფერო ამჟამად შენ ბრძანდები.

_ ამჟამადაც და იმჟამადაც. აწ და მარადის._ თავმომწონედ დააზუსტა ზურამ.

_ თქვენ არ ხუმრობთ...

_ მე ნამდვილად არ ვხუმრობ. მგონი არც ის.

_ არც მე ვხუმრობ, ზურა. _ დასერიოზულდა დიმიტრი. _ გადაუდებელი საქმე მაქვს ეფოსთან, სამსახურში უნდა მოსულიყო და არ გამოჩენილა. ვიფიქრე, იქნებ შენთან...

_ მოიცა, გადავრეკავ... (პაუზა) არ პასუხობს.

_ სად შეიძლება წასულიყო?

_ იქნებ სილამაზის სალონში? ხომ იცი ქალების ამბავი...

Page 53: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ ეფემიას მოკლე თმას სალონი არ სჭირდება.

_ იქნებ ფრჩხილები? მანიკური, რამე...

_ რა ფრჩხილები, ზურა?! კლარა ცვიჟბა მოკლეს დღეს, ნივთმტკიცება ეფემიას გავატანე და მას მერე გაქრა რადარიდან.

_ ის კლარა, ბიჭო? თვითმფრინავში რომ გაიცანი...

_ ჰო.

_ მერე, ასე არხეინად ხარ?

_ უკვე არ ვარ. ვღელავ, ვეძებ...

_ შენი არ ვიცი, მე კი ეფემიასთან მივდივარ, სახლშიც შევამოწმებ და იქაც თუ არ არის... _ ზურა საგანგაშოდ გაჩუმდა.

_ მეც მოვდივარ.

_ _ _

ეფემიას დაბინდულ გონებაში სუსტად იჭრებოდა ტელეფონის ზარების ხმა, მაგრამ მას არც გაპასუხების თავი ჰქონდა, არც ხალისი. ეფემია მთვრალი იყო. ერთი ბოთლი არაყის დალევას, ერთი კოლოფი ტრანკვილიზატორის დალევა სჯობდა, რადგან ძილი მაინც არ მოვიდა, არც ის დაავიწყდა, რისი დავიწყება ყველაზე მეტად სურდა. თუნდაც დროებით. ერთი დღით, ერთი საათით... მაგრამ მან უკვე იცოდა საშინელი სიმართლე და დღეიდან ამით უნდა ეცხოვრა. ეფემიას კი არ უნდოდა ამით ცხოვრება. უბრალოდ არ შეეძლო!

მამა, რომელიც მთელი ცხოვრება აღმერთებდა პლაგიატი და მკვლელი აღმოჩნდა! მან ზეინაბ ყანჩელი გაძარცვა, მისი განცდილი და გადატანილი მიითვისა. სტილის შეცვლაზეც კი არ შეუწუხებია თავი, მცირეოდენი რედაქტირება გაუკეთა და წიგნად გამოსცა. `თოვლი აგვისტოში~ _ სწორედ ეს წიგნი გახდა მურზაყან მესხის სავიზიტო ბარათი და არა იქამდე გამოსული დიეტური საჭმელივით უმარილო წიგნები. საზოგადოებას უკვირდა, საიდან იცის მურზაყან მეხსმა ასე ზედმიწევნით ყაზახეთის სტეპებში გადასახლებული პოლიტპატიმრების ცხოვრება? ის არასოდეს ყოფილა რეპრესირებული, მას არასოდეს გაუგია ყოვლისშემძე `ტროიკის~ ჩექმების ბრაგაბრუგი შუაღამისას; არ განუცდია სამარცხვინო შვება, როდესაც ზემოხსენებული `ტროიკა~ მეზობელს მიუკაკუბენდა კარზე და არა მას; ის არ ჩაუდგიათ დილეგში, არ დაუკითხავთ, არ უწამებიათ... თურმე საიდან იცოდა! თურმე ვის პარავდა! თურმე ამდენი ადამიანის სისხლი უნდა დაღვრილიყო, რომ ბატონ მურზაყანს პოპულარობისთვის მიეღწია, სახლები მოეწყო, აგარაკები ეშენებინა, ცოლ-შვილი მაძღარი ჰყოლოდა. არა, გამაძღარი! როგორ იყრის ერთ ადამიანში კეთილშობილება და სისასტიკე? და როგორ უნდა დაბრმავდე, რომ ეს ყველაფერი ვერ დაინახო?!

ეფემიამ მანქანაშივე იცნო ზეინაბის ხელწერა, თუმცა სახლში მოსვლისთანავე ხელწერა რუსუდანის სახლიდან წამოღებულ ფოტოსურათს შეადარა. რუსუდანმა ყველაფერი იცოდა და ამდენი წელი ჩუმად იყო. ერთადერთი მიზეზით: ეს ხელნაწერები მან მოპარა დედამისს და მურზაყანს გადასცა. როდის მიდის ქალი ასეთ ავანტუირაზე? როცა შეყვარებულია. მურზაყანი იმ პერიოდში ლიტერატურული ალმანახის რედაქტორად მუშაობდა. გულუბრყვილო რუსუდანმა დედისეული ხელნაწერის რამდენიმე ფურცელი

Page 54: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

მიუტანა შესაფასებლად, მურზაყანი აღფრთოვანდა და ავტორის ვინაობა იკითხა. რაოდენ დიდი იქნებოდა მისი გაოცება, როცა შეიტყო, რომ რეპრესირებული ქალბატონი არ აპირებს ნამუშევრის გამოქვეყნებას. ის თავისთვის წერდა. წერა იყო მისი ერთადერთი თავშესაფარი, დანარჩენი სამყარო თავისი მერკანტილური ყოველდღიურობით მისთვის არ არსებობდა. ალბათ მაშინ გაუჩნდა ნამუშევრის მითვისების იდეა დიდებაზე მეოცნებე მურზაყანს. დესერტად რუსუდანიც მიაყოლა. რა დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ერთი გამოუცდელი, ინტელიგენტი გოგოს შებმას მთავარი რედაქტორისა და უბრალოდ, მომხიბლავი მამაკაცის მიერ? მერე რა, რომ ხელნაწერების დაკარგვას ზეინაბი შეეწირა? სამაგიეროდ, მზის სინათლე იხილა. მეორეც იყო _ გადასახლებიდან ჩამოსულ პოლიტმატიმარს სურვილის შემთხვევაშიც არავინ-არაფერს დაუბეჭდავდა. სულ სხვაა ლიტერატურულ წრეებში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული პიროვნება, რომელიც შედარებით ადვილად შეძლებს ცენზურასთან გამკლავებას. წიგნი დიდი ტირაჟით გამოვიდა და გამორიცხულია თვალში არ მოხვედროდა დათუნას, რომელიც მაშინვე მიხვდა, საით უბერავს ქარი და სავარაუდოდ დაც გამოტეხა.

რეალობა ასეთია. ზეიბანი მკვდარია, მურზაყანი დიდების შარავანდედში ბანაობს, მისი ცოლი მეორე შვილზეა ფეხმძიმედ, რუსუდანი კი გაბითურებულია. და აქ ის ჩადის მეორე ქურდობას და უკვე საყვარელს ჰპარავს დედისეულ ხელნაწერს. ზაფხულია. დათუნა ურეკში მიემგზავრება, თან მიაქვს ხელნაწერი და უკვე გამოშვებული წიგნი, რომ მშვიდ ვითარებაში შეადაროს დედანი და რედაქტირებული ვარიანტი. თბილისში ბობოქრობს მურზაყანი. ცხადია, მან აღმოაჩინა დანაკარგი და პირველ რიგში რუსუდანს მიადგა. როგორც ჩანს, რუსუდანმა ძმა ჩაუშვა, რადგან დათუნას კვალდაკვალ ურეკში მურზაყანიც მიემგზავრება.

ურეკში ჩასული მურზაყანი გაიცნობს და დაუახლოვდება ბორის ცვიჟბას (რომლის სახლში ქირით იმყოფება დათუნა) და ხელნაწერის მოპარვას ავალებს. ცვიჟბა მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს სახელოვან მწერალს და გარკვეული საფასურიც აიღოს ამ საქმეში. შეთქმულებას დათუნას წინააღმდეგ ყურს მოკრავს ბორისის ქალიშვილი კლარა, რომელსაც თბილი გრძნობები გააჩნია სიმპათიური მდგმურის მიმართ და დაუყოვნებლივ ჩაუკაკლავს ყველაფერს. დათუნა ხვდება _ თამაში ფაქტობრივად წაგებულია. სად ის, ხალხის მტრების შვილი, სად საყოველთაოდ აღიარებული მწერალი?! ის ხელნაწერს შესანახად კლარას აბარებს და მისი სიკვდილის შემთხვევაში, რუსუდანისთვის მაჯის საათის გადაცემას თხოვს: იცოდეს ძვირფასმა დაიკომ, ვისთან ჰქონდა საქმე, და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.

როგორც კი დათუნას სახლის გარეთ დაიგულებს, ბორისი მის ოთახში იპარება, მაგრამ ხელნაწერს ვერ პოულობს. რის შესახებაც აცნობებს მურზაყანს. განრიხსებული მურზაყანი გამოდის ჩრდილიდან და სანაპიროზე, ნაძვის ძირში ჩამომჯდარ დათუნას თავზე დაადგება. მას ზურგს უმაგრებს ბორის ცვიჟბა. მურზაყანი დათუნას ხელნაწერების დაბრუნებას უბრძანებს. დათუნა პასუხობს, რომ ხელნაწერები უკვე გადაგზავნულია მწერალთა კავშირის თავჯდომარესთან და უახლოეს მომავალში თვითმარქვია ავტორს დიდი სიურპრიზები ელოდება. აცნობიერებდა თუ არა დათუნა რა მოჰყვებოდა ამ ტყუილს, არ არის ცნობილი. ფაქტია, რომ ის მოკლეს.

ნაძვის ძირში განვითარებულ მოვლენებს სახლის ფანჯრიდან თვალს ადევნებს კლარა და ხვდება, რომ მკვლელობის მოწმეა. იმ საშინელმა კაცმა და მამამისმა დათუნა მოკლეს და ახლა სახელდახელოდ უთხრიან სამარეს. შეშინებული კლარა გაჩუმებას ამჯობინებს, მას არ შეუძლია ეჭქვეშ დააყენოს მამამისის რეპუტაცია. მით უფრო, ბორისი აპირებს სარფიანად მიჰყიდოს აგარაკი მურზაყან მესხს და სამუდამოდ გაეცალოს ცოდვიან ადგილს.

Page 55: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

გამგზავრების წინ კლარამ დათუნას საათი ნაძვის ძირში ჩაფლა, იმ ადგილზე, სადაც მოკლული ბიჭის გვამი ეგულებოდა. ხელნაწერები კი დაიტოვა. რა იცი, რა ხდება ცხოვრებაში?

და მართლაც, გავიდა 40 წელი და კლარას ჩამარხული საათი ტელევიზორში ამოტივტივდა, გადაცემაში `კრიმინალური ქრონიკა~. კლარას მაშინვე მიხვდა, რომ ამ საქმიდან სარგებლის ნახვა შეიძლება. ხელნაწერები სახეზეა. რამდენჯერ დააპირა გადაგდება, იმდენჯერ რაღაცამ შეუშალა ხელი. ალბათ წინათგრძნობამ. ის უკავშირდება მურზაყან მესხს და გარიგებას სთავაზობს. 15 ათასი დოლარის საფასურად კლარა გადასცემს ხელნაწერის დედანს.

მურზაყანი შოკშია. ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ ისევ დაწყევლილი ხელნაწერებით თუ დააშანტაჟებდნენ, ვერა. თანაც ვინ? ბორია ცვიჟბას მარტაკვეცა გოგო, რომელიც დღეს ყველაფერზე წამსვლელი ხარბი დედაკაცია. რუსუდანს რა შეეძლო? დიდი-დიდი სკანდალური წიგნის ტუალეტის ქაღალდად გამოყენებით ეყარა ჯავრი, კლარა კი ფულის ხამია. მან მეტი იცის, ვიდრე რუსუდანმა, პლიუს პლაგიატობის დამადასტურებელი ნივთმტკიცება აქვს. აქედან გამომდინარე მისი მოშორება უფრო გაჭირდება, ვიდრე რუსუდანის. მურზაყანმა კლარას თანხმობა განუცხადა, თვითონ კი მისი მისამართის მოძებნით დაკავდა. გაირკვა, რომ კლარა მარტო ცხოვრობს, საკმაოდ შეჭირვებულად. არც დამცველი ჰყავს, არც მფარველი, რაც გაადვილებდა მორიგი შანტაჟის შემთხვევაში მის კედელთან მიყენებას.

ამასობაში კლარას ყურამდე მიდის რუსუდან ყანჩელის გაურკვეველ ვითარებაში მკვლელობის ამბავი. წინდახედული კლარა ხელნაწერებს ჭაღში ინახავს და მურზაყანის ზარს ელოდება. ზარი მის სახლში სრულიად მოულოდნელად გაისმა. ღამე. თანაც კარზე, და არა ტელეფონზე, როგორც პირველო კონტაქტისას იყვნენ შეთანხმებულები.

მურზაყანმა აუხსნა, რომ დრო არ ითმენს _ მისი ქალიშვილი უკვე გავიდა კვალზე და თუკი დაუყოვნებლივ არ მიიღებს ხელნაწერს, მერე გვიან იქნება. კლარა არ აპირებს სიტყვის გატეხვას, მაგრამ დაპირებულ გასამრჯელის 5 ათასი დოლარი აკლია. მურზაყანი ურჩევს, იმას დასჯერდეს, რასაც სთავაზობენ, მაგრამ კლარამ ქვას აგდებს და თავს უშვერს. ამაზე შეკამათდნენ. კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. კლარა ისე გათავხედდა, რომ დანაც კი მოუქნია ჩიხში მომწყვდეულ მწერალს. მოქნევა ასეთი უნდაო, და მურზაყანმა ქალს აგური ჩასცხო, რის მერეც ხელნაწერების ძებნას შეუდგა, თუმცა ვერაფერს მიაგნო.

როცა დიმიტრიმ და ზურამ კარი შეამტვრიეს, სასტუმრო ოთახში დახვდათ იატაკზე ჩანასახის პოზაში ჩაძინებული ეფემია. ისეთი უბედური სახე ჰქონდა, უეჭველად რაღაც კოშმარს ხედავდა. გარშემო ეყარა მურზაყან მესხის დახეული წიგნები და ზეინაბ ყანჩელის ხელნაწერები.

_ _ _

გიორგი რომ მურზაყანთან ყოფილიყო, ეფემია გადადებდა წყნეთში ვიზიტს. რა საჭიროა ბავშვმა იცოდეს ბაბუამისის კრიმინალური წარსული, ისიც საკმარისია, რომ დიმიტრიმ და ზურამ გაიგეს და როგორც ეფემიას მოეჩვენა, არც ერთი არ აპირებდა აღიარებითი ჩვენებით პროკურატურაში გაქცევას. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ზურა ნებისმიერ შემთხვევაში მის მხარე იქნება, აი, დიმიტრის კი ვერ დაავალდებულებს გაჩუმებას. ერთადერთი, რაც ეფემიას შეუძლია, განცხადების დაწერაა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მაგრამ ჯერ მამამისთან აქვს საქმე, იქნებ მისი წუხანდელი

Page 56: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

დასკვნები მთვრალი ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ, იქნებ მურზაყანიც მსხვერპლია და არა ჯალათი?

მამა ბუხრიან ოთახში დახვდა. თავის საყვარელ სავარძელში იჯდა, ფარჩის გრძელი ხალათით, საიდანაც შეხვეული მკლავი უჩანდა. ეფემია უხმოდ შედგა მის წინ და კალთაში ზეინაბ ყანჩელის ხელნაწერები ჩაუგდო. მურზაყანს არც დაუხედავს, ისედაც მიხვდა ყველაფერს. ხელი დაჭრილი მკლავისკენ გააცოცა და დამნაშავე მზერა თემიდასავით თავზე წამომდგარ ქალიშვილს მიაპყრო. უღირს საქციელში გამოჭერილ ბავშვს ჰგავდა, რომელიც ცდილობს `ფუფუას~ დემონსტრირებით შეაცოდოს მშობლებს თავი.

_ დღეიდან მე მამა არ მყავს. _ თქვა ეფემიამ და მკვეთრად წავიდა კარისკენ.

_ ეფო! _ გაუცხოებული ხმით დაუძახა მურზაყანმა.

ეფემიამ მოიხედა. ერთიორად დაპატარავებული მოეჩვენა სავარძელში ჩაფლული მოხუცი. სალვადორ დალის თავმომწონე ულვაშიც ბებერ ვირთხის კუდივით ჩამოეღვენთოდა ტუჩის კუთხეებში.

_ მშვიდობით, ჩემო გოგონი...

ეფემიამ პასუხის ღირსადაც არ გახადა. კარი გააღო და გავიდა. ამიერიდან მისი ფეხი არ იქნება ამ სისხლით გაპოხიერებულ სახლში. არც აქ, არც ურეკში, არც თბილისში... ზურასთან გადავა საცხოვრებლად და შეეცდება დაივიწყოს, რომ ოდესღაც სახელოვანი მამის შვილი იყო.

ეზოში ჩასულს სროლის ხმამ მიუსწრო. ეფემია ჯერ გახევდა, მერე ადგილს მოსწყდა, ველური ნახტომებით დაფარა კიბეები და ოთახში შევარდა.

მურზაყანი გახვრეტილი საფეთქლით ეგდო ბუხრის წინ. გაშლილ ხელისგულზე შავად ლაპლაპებდა მინიატურული პისტოლეტი. ხალათის კალთებიდან ტრიკოტაჟის პიჟამა და გამხდარი, ბალანგაცვენილი ტერფები მოუჩანდა.

თავი მოიკლა. გულისგარეთ გაიფიქრა ეფემიამ. თითქოს სხვა ცოდვები არ ეყოფოდა, რომ ესეც არ დაემატებინა. თუკი სიკვდილი საკუთარ სინდისთან პირისპირ დარჩენაა, მამა ალბათ უკვე იწვის სირცხვილის ცეცხლში. შეიძლება აქაც იწოდა, თუნდაც ის რამდენიმე წუთი, როცა ეფემიამ კალთაში ჩაუყარს მოპარული ხელნაწერები. რა არის რამდენიმე წუთი მარადიულ სასჯელთან შედარებით? ზღვაში წვეთი. საბრალო, საბრალო მამა...

ეპილოგი

_ გამარჯობა, მერი.

_ გაგიმარჯოს, ზურა.

_ მაპატიე, მერი.

_ უკვე გაპატიე.

_ აღარ გამომიგზავნი მესიჯებს?

_ არა.

Page 57: 6 ბოთლში გამომწყვდეული ისტორია - მაია ბურჭულაძე

_ ნახვამდის, მერი.

_ ლულუ მომიკითხე.

_ მე და ლულუ დავშორდით.

_ ?

_ ახლა სხვა ცოლი მყავს. ეფემია ჰქვია.

_ ეფემია. რა ლამაზი სახელია...

_ ისევე, როგორც მერი.

დასასრული 2003 წელი