6 შემოდგომა მშრალ ხიდზე - მაია...

117
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ _ ,,მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ'' ეე ეეეეეე ეეეეეეე ეეე ეეეეე... ეეეე, ეეე ეეეეეეე: ეე ეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეეე, ეეეე ეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეე. ეეე ეეეე ეეე, ეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეე. ეეეე, ეეეე ეეეეე, ეეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეე ეეეე- ეეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეე, ეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეე ეე ეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეე, ეე ეეეეეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეე, ეეეეეეეეე `ეეეეე ეეეეეე, ეეეეეე!~-ეე ეეეეეეეე ეე `ეეეეეეეეე, ეეეეეე -ეე ეეეეეეეეეეე. ეე, ეეეეე ეეეე ეეეეეეეე, ეეეეეეე ეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეე ეე ეეეე ეეეეეეეეე ეეე ეეეეეეეეეეე ეეეე `ეეეეეეე~. ეეეეეე ეე ეეეე, ეეეე ეეეეეეეეე, ეეეეეე ეეეეეეეე ეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეე, ეეეეეეეეე ეეეეეე. ეეეეეეე ეეეეეეეეე, ეეეეეეეე ეეეე `ეეე~-ე ეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეე ეე ეეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეე: ეეეეე, ეეეე ეეეეეეე, ეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეეეეეეე `ეეე~-ე ეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეე. _ `ეეეე...ეეეეე?~ _ ეეეეეეეეე ეეეეეეეეე. _ ეეეე. _ ეე-ე? _ ეეეე. _ ეეეეეე? _ ეე ეეეე. ეეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე, ეეეეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეე. _ ეეე ეეეეეე.

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი ციკლიდან „იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი“. წიგნი მეექვსე

Transcript of 6 შემოდგომა მშრალ ხიდზე - მაია...

მაია ბურჭულაძე

შემოდგომა მშრალ ხიდზე

მეექვსე დეტექტიური რომანი ციკლიდან _ ,,იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი''

ეს ამბავი თორმეტი წინ მოხდა...

ვიცი, რაც იფიქრეთ: რა დროს წარსულის გახსენებაა, ახალ თავგადასავლებს ჩამოდიო. მეც მანდ ვარ, მაგრამ ოქტომბერმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. დათა, ჩემი ქმარი, ჩვეულებრისამებრ განაგრძობდა თავის მეან-გინეკოლოგიურ საქმიანობას, სახლში მგელივით მშიერი და გლეხივით დაღლილი მოდიოდა, მე ჩვეულებრისამებრ დავდიოდი კოლეჯში, გაკვეთილს `გუტენ მორგენ, კინდერ!~-ით ვიწყებდი და `ფერსჰტეინ, კინდერ -ით ვამთავრებდი. ჰო, კიდევ თმას ვიზრდიდი, რომელიც ჩემს დეტექტიურ ვნებებს შეეწირა და ახლა იძულებული ვარ გადახოტრილი თავი `მოვირგო~.

სწორედ იმ დღეს, როცა გავიფიქრე, მშვიდი ცხოვრება რაღაც საეჭვოდ გამიგრძელდა მეთქი, ტელეფონმა დარეკა. უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც თავი `ბმჭ~-ს ცენტრის მენეჯერად გამაცნო და სენსაციური ამბავი მაუწყა: თურმე, ჩემს სახელზე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილია `ბმჭ~-ს უახლესი მოდელის ავტომობილი.

_ `ბეეე...ემვეე?~ _ ცხვარივით ავბღავლდი.

_ დიახ.

_ მე-ე?

_ დიახ.

_ ვისგან?

_ არ ვიცი. საბუთებში მხოლოდ ფირმის დასახელებაა მითითებული, გამომგზავნი ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. _ იყო პასუხი.

`ინკოგნიტოს~ გაგონებაზე ჩემმა მოდუნებულმა ტვინმა წამიერად იფეთქა და იქვე დაშოშმინდა. არავითარ შემთხვევაში! ვიდრე თმა არ გამეზრდება, ტაიმ-აუტი მაქვს აღებული. როდემდე შეიძლება კლდემამოსილმა პედაგოგმა ქალმა თავზეხელაღებული პოლიციელევით სდიოს დამნაშავეებს, ცოტა სამართალდამცავებიც გაინძრნენ, რა?!

გონების თვალი გადავავლე ჩემს ამერიკელ ნაცნობებს. ოკეანის გადაღმა ერთი ცალი საბურავის გამომგზავნიც არ მეგულება, არათუ გასრიალებული ავტომობილის ოთხი საბურავითა და ჯერაც მაზუთიანი მოტორით. დას ისტ ფანტასტისცჰ!

_ ქალბატონო, `ბეემვეს~ ცენტრში მობრძანდით და ადგილზე გავარკვევთ ყველაფერს. მანქანის სალონში რაღაც ამანათია...

`ამანათზე~, ხომ საერთოდაც დავკარგე მეტყველების უნარი. ეს უსაფრთხო სიტყვა სახიფათო რეაქციაში შევიდა ზემოხსენებულ `ინკოგნიტოსთან~ და ჩემს ისედაც დაზარალებულ თავის ქალას აფეთქებით დაემუქრა.

_ იქნებ ვიღაცაში ვეშლები? _ როგორც იქნა, ამოვღერღე.

_ შეუძლებელია. მართალია, საბუთებში თქვენი ძველი მისამართი წერია _ ფალიაშვილის ქუჩა #, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გადავამოწმეთ და როგორც იქნა, მოგაგენით.

წარმოუდგენელია, ერთ ქალაქში ცხოვრობდეს ორი იათამზე მდივანი, ერთსა და იმავე დროს დაბადებული, ერთსა და იმავე მისამართზე მცხოვრები...

გამახსენდა ქართული ფილმი `ჭრიჭინა~, სადაც ორ სოფლელ ქალს ერთნაირი სივი აქვთ და სულ რაღაც გაუგებრობაში ხვდებიან. აბა, დელი, დელი, დელი, დელაააა... აა...ააა...

ცოტას დამაკლდა ტელეფონში წავიღიღინე და ვიდრე აჟიტაციის ნიადაგზე რამე სისულელეს ჩავიდენდი, მენეჯერს დავემშვიდობე და მოსვლას დავპირდი.

საკუთარი მანქანა _ ჩემი ბავშვობის თუ არა, მთელი შეგნებული ახალგაზრდობის ოცნებაა, მაგრამ როგორ მივიღო ძვირადღირებული საჩუქარი ინკოგნიტო ქველმოქმედისგან? ჯანი გავარდეს, მე მივიღებ, აი, დათა კი ფაფარს აიშლის _ ვინ არის, რატომ, როდის...

`იქნებ ავანსია?~ გულში ანბიციურმა ფიქრმა გამკრა. დავუშვათ, ვიღაცას ჩემი დახმარება და წინასწარ მომთაფლა. სარკესთან შევდექი, შევიფერესავით. აბა, დელი, დელი, დელი, დელაააა... აა...ააა...

არა, სისულელეა. თავის მოტყუების უბადრუკი მცდელობა.

რომელი პედრო ალმადოვარი მე ვარ, წინასწარ ჩამიჯიბონ ავანსი.

ამანათი!

აი, რამ შეიძლება მოჰფინოს ნათელი ამ საქმეს!

ნახევარ საათში `ბეემვეს~ ცენტრში ვიყავი და ნეფესავით გამოწკეპილ მენეჯერს ვემუსაიფებოდი. ის დროა, ჩემი `პატარძალი~ მაჩვენოს, ის სადღაც აქ არის, გამომწვევად ალაპლაპებული ავტომობილების რიგში და მე მელოდება. მე! მართალია ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ კანის რეცეპტორებით ვგრძნობ მის სიახლოვეს. ვგრძნობ და ვიზაფრები. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, საჩუქარი თუ დამზაფრავდა.

_ ესეც თქვენი მერანი! _ წკიპინა მენეჯერი ღია მელნისფერ `ბეემვე~- სთან შედგა.

სუნთქვაშეკრული მივუახლოვდი. ასეთ `მერანზე~ არც მიოცნებია (როგორ გავბედავდი?!) ასეთები მხოლოდ სარეკლამო რგოლები მინახავს.

მენეჯერმა კარი გამოაღო, საჭესთან მიმიპატიჟა, მაგრამ მე უკანა სალონში შევყვინთე, სადაც იდო ამანათი _ მართკუთხედის ფორმის მუყაოს ბრტყელი კოლოფი _ ასე, 50-70 სანტიმეტრზე.

_ შეიძლება გავხსნა?

_ რა თქმა უნდა. _ მენეჯერი ტაქტიანად გაჩოჩდა დარბაზის სიღრმეში, მე ამანათს დავეძგერე.

ხუთიოდე წუთი სკოჩის აძრობას მოვანდომე. თითებით რომ ვერ მოვახერხე, საქმეში კბილებიც გავუშვი. პირველად სპეციფიკური სუნი მომხვდა ცხვირში _ თუ არ ვცდები, ზეთის საღებავის, მერე ჩარჩო დავინახე, ბოლოს ნახატიც ამოვაძვრინე.

გაოგნებული მივაშტერდი. ღმერთო ჩემო, ეს მე ვარ... _ გრძელი თმა, მოკლე ჩოლკა, მომწვანი თვალებში ჩაქსოვილი რომანტიკა, ბალახისფერი საწვიმარი... დღეს, არც გრძელი თმა მაქვს, არც ჩოლკას ვატარებ, რომანტიული მზერა კი გაცვდა და გახუნდა იმ საწვიმართან ერთად, რომელითაც ერთ დროს ძალიანაც მომქონდა თავი. ასეთ იათამზეს ათი-თორმეტი წლის წინ დავემშვიდობე. მე კი დავემშვიდობე, მაგრამ ვიღაცას ეტყობა არ დავიწყებია. მეტიც, ტილოზე გადაუტანია (ან სხვას გადაატანინა), და მე, ოცდაცამეტი წლის გათხოვილ ბანოვანს მანქანასთან ერთად გამომიგზავნა.

და უცებ თოლია დავინახე, საწვიმრის მხარზე დასკუპული თეთრი თოლია და გამახსნდა... მე გამახსენდა ის დღე, ეს თოლია და ის ადამიანი, ვისაც შესაძლოა ამდენი წლის შემდეგ ასე ორიგინალურად გავხსენებოდი...

_ გაგახსენდათ? _ მოგონებებში გადავარდნილს თავზე მენეჯერი დამაგდა. ალბათ იფიქრა აღარასოდეს გადმოვალ მანქანიდან, ჩემი ამანათიანა ოფისში ჩავუსახლდები.

_ დიახ.

_ ძალიან კარგი. _ გულღიად გამიღიმა.

_ შეიძლება გარკვეული პერიოდი აქ დავტოვო მანქანა?

_ გარკვეული თანხის საფასურად, კი.

_ ძალიან დამავალებთ.

ხელები გაშალა, ვითომ, რა პრობლემააო.

არის პრობლემა. ფულში არა, სულ სხვა რამეში, სულ სხვა...

გარეთ გამოვედი. ტაქსის დაჭერა არც მიცდია, ფეხებმა თავისით მიმიყვანეს მშრალ ხიდთან, იქ, სადაც დაიწყო ეს უცნაური ისტორია.

თორმეტი წლის წინ

უცხო ენების ინსტიტუტის მესამე კურსზე ვსწავლობდი, როცა გელამ, ჩემმა კურსელმა დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. მახსოვს, ჯგუფელებმა ათ-ათი მანეთი შევკრიბეთ და საჩუქრის გარშემო დისკუსიები გავმართეთ. გელა შეძლებული ოჯახიდან იყო, ისეთი რა უნდა გვეყიდა თბილისის მაღაზიებში, რომ იუბილარს მოსწონებოდა?! ყველა წინადადება ჩავარდა.

_ იქნებ მშრალ ხიდზე გვეცადა ბედი. _ თქვა მერი კორინთელმა.

მისი იდეა ყველამ აიტაცა, თუმცა გაკვირვებულები მივაჩერდით. მერი არასოდეს ერეოდა ლაპარაკში, მაინცადმაინც არც დაბადების დღეებს სწყალობდა. უცნაური გოგო იყო, მარტოსული, ბეჯითად სწავლობდა და ჯგუფელებთან დისტანცია ეჭირა. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით, მხოლოდ ის, რომ ძველმოდური სახელი ერქვა, მშობლები არ ჰყავდა და თემქაზე ცხოვრობდა. ეს მაშინ, როცა ჩემი გამოთხოვება კარგა ხანს იდგა დღის წესრიგში. თანაც, მალხაზი, ჩემი პირველი ქმარი, დაბარებულივით მაკითხავდა ხოლმე ინსტიტუტში, ხან მემუქრებოდა, ხან შერიგებას მთხოვდა, ხან სახლამდე მაცილებდა საპატიო ყარაულივით.

`ვახ, გელას ხომ არ ყვარობს ჩუმჩუმელა მერიკო?~, გამიელვა თავში. ისე, არ იყო ცუდი შესახედი გოგო, თმას თუ გაიშლიდა და შინაბერულ სამოსს შეელეოდა, ეგებ ვინმეს აღექვა კიდეც ქალად, მაგრამ მერი სულ ერთნაირი იყო _ ნაცრისფერი.

_ მაშინ ნუღარ ვაჭიანურებთ, ახლავე წავიდეთ. _ ვთქვი ხმამაღლა და ჯგუფელებს გადავხედე.

გაირკვა, რომ `ახლავე~ ზოგს არ სცალია, ზოგს _ ეზარება, ზოგმაც ხვალისთვის გადავდოთო. მოკლედ, დაიწყო ჩვენებური იწილო-ბიწილო.

`მოცლილები~ მარტო მე და მერი აღმოვჩნდით. მართალი გითხრათ, სულაც არ მეხატებოდა გულზე უღიმღამო მერისთან ერთად საჩუქარზე სირბილი, მაგრამ სიტყვას უკან ვერ წავიღებდი – მომერიდა.

მშრალ ხიდთან ავტობუსიდან ჩამოვხტით, ნახატების გამოფენას გვერდი ვაქციეთ და პატარა აღმართს შევუდექით.

შემოდგომა იდგა. ბილიკზე ჭადრის გამხმარი ფოთლები ეყარა. მერიმ ერთი ფოთოლი აიღო, ხარბად დაყნოსა და ალექსანდროვის ბაღის მხარეს გაიხედა.

_ მიყვარს აქაურობა! _ შესძახა მისთვის უჩვეულო გულახდილობით.

საოცარია, პირდაპირ, ამ გოგოს ღიმილიც სცოდნია... ოდნავ მოშიშვლებული ღრძილები აქვს, სამაგიეროდ თეთრი, ჯანმრთელი კბილები, თვალებში კი თითქოს ორი უჩინარი ნათურა უნთია. რა იქნება ეს აფთიაქის რეზინში მიქცეული ვირის კუდი გაიშალოს და დარჩეს ასე _ გულახდილი, გაღიმებული და თმაგაშლილი.

_ ხო, მშვენიერი ხედია. _ მეც მხარი ავუბი.

_ აქ გავატარე მთელი ბავშვობა.

_ მართლა?

_ აი, იმ სახლში ვცხოვრობდი. _ თითი ძველი სარესტავრაციოდ გამზადებული შენობისკენ გაიშვირა.

_ გრძელი აივნით?

_ ხო.

_ აივნის მარჯვენა კუთხეში ზაზუნების გალია გვქონდა გამარსული. ბალახს აქედან ვეზიდებოდი ხოლმე.. ისე სასაცილოდ ციცქნიდნენ, საათობით შემეძლო ცქერა.

_ თემქაზე რა ქარმა გადაგაგდო?

_ მარტივად. ეს სახლები წითელ ზოლშია მოხვედრილი. _ თქვა დაღმავალი ენთუზიაზმით, მკვეთრად მიტრიალდა და გზა განაგრძო.

უსიტყვოდ გავყევი. მივხვდი, არ სურს ამ თემის გაგრძელება. პრინციპში, რაში მაინტერესებს მერის გარეუბანში გადასვლის მიზეზი... არც მღრღნელების კვების პროცესი მაინტერესებს. რა არის ამაში რომანტიული... რომ, მომისაჯონ, ვერ ვუყურებ.

ესეც მშრალი ხიდი. ეს კი გასაყიდი საქონელი, ზოგი პირდაპირ ასფალტზე დევს, აირჩიე რაც გენებოს... _ ლამფები, სარკეები, სამკაულები, აქსესუარები, ჭურჭელი საგვარეულო მონოგრამებით, სასანთლე... ვაი, რა ლამაზი სასანთლეა?! საჩუქრისთვის ცოტა პატარაა, მაგრამ მგონი წავა.

_ კარგია. _ მერიმ ჩემი მზერა დაიჭირა, სასანთლეს დასწვდა და ყურადღებით შეათვალიერა. _ მაგრამ არა მგონია გავქაჩოთ.

_ ასი მანეთი გვაქვს. _ ხმადაბლა შევახსენე.

_ ანტიკვარია. რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილების მეტი ეღირება. რამდენს აფასებთ? _ ჰკითხა ძელსკამზე ჩამომჯდარ ბიძას.

_ ოთხასი.

პასუხად დავუსტვინე.

_ თუ ნაღდი მუშტარი ხარ, ორმოცდაათს დავაკლებ.

სასანთლე ცივად დავაბრუნეთ ადგილზე და რიგებს გავყევით.

ჩემი ყურადება ჩინ-მედლების დახუნძლულმა დახლმა მიიპყრო. ბაბუაჩემის საალღუმო კიტელი გამახსენდა _ უხვად მოფენილი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ჯილდოებით.

_ ნეტავ, ესენი ვის მოაქვთ გასაყიდად? _ დავინტერესდი.

_ ვეტერანების შთამომავლებს. _ მიპასუხა დახლის მეპატრონემ _ ასაკოვანმა ქალმა წელზე შემოხვეული თბილი შარფით.

_ კი მაგრამ, ვინ ყიდულობს?

_ ახალგაზრდა ბიჭები ყიდულობენ _ როკერები, მხატვრები. პიჯაკზე დაიბნევენ და უხარიათ.

რა უნდა გამიჭირდეს, რომ ოდესმე ბაბუაჩემის ჯილდოები გასაყიდად გამოვიტანო?! ბებიაჩემს, თავადის ქალსა და რეპრესირებული ოჯახის შთამომავალს სპეციალური კოლოფი აქვს გამოყოფილი ქმრის მედლებისთვის, თითოეული მედალი ხავერდის ყურთბალიშზეა დამაგრებული. ისეთი რუდუნებით დაჰფოფინებს ხოლმე, თითქოს ის მედლები ბაბუას დიდგორის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ჰქონდეს მიღებული. ერთხელ, როცა ბაბუა ცოცხალი იყო, ნაციონალური იდეების მოწამლულმა

ცოტა არ იყოს აგდებულად მოვიხსენიე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები. ბაბუამ გაზეთი მესროლა, ქეთუსია ბებიამ თითი დამიქნია.

_ ია, ნახე რა ლამაზი ჩილიმია, ეს ხომ არ ვუყიდოთ გელას? _ დამიძახა მერიმ.

თვალები გამიბრწყინდა. ნამდვილი ჩილიმი არასოდეს მენახა. ორ ნახტომში გვერდითა დახლთან გავჩნდი და ფასი ვიკითხე.

_ ას მანეთს კაპიკი არ დააკლდება. _ კატეგორიულად გვიპასუხა მზეზე გარუჯულმა მამაკაცმა კოტიტა თითებით. _ შიშასაც თუ აიღებთ, ოციც დაამატეთ.

_ შიშა რაღაა? _ გაუკვირდა მერის.

გამყიდველმა მინიატურული კოლოფი დაგვანახა, მწვანე ვაშლით ეთიკეტზე.

_ ესა, არომატიზირებული შიშაა, ვაშლის გარდა, მაქვს ატმის და პიტნის არონატით. არჩევანი თქვენზეა. ამ ფასად, ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერ მოიფიქრებთ.

_ რა ვქნათ? _ მხარი გავკარი მერის.

_ ვივაჭროთ. _ მშვიდად მომიგო და გამყიდველს თვალი თვალში გაუყარა. _ ოთხმოცდაათად სამივე მიგვაქვს.

_ ოჰო, როგორც შენ იტყვი!

_ ამ ჩილიმის მყიდველი ან გამოჩნდება, ან არა. _ აგდებულად უთხრა მერიმ. _ სულ ტყუილუბრალოდ მოგიწევს ყურყუტი, თანაც აცივდა. ჩვენ კი აქ ვართ. სიფთაზე გაძლევთ ოთხმოცდაათ ლარს და ვიშლებით.

_ ასი.

_ ოთხმოცდათხუთმეტი.

_ ასი.

_ კარგი, გაახვიეთ.

_ ჩათვალეთ, ნაჩუქარია. _ კაცმა ჩილიმი პარკში ჩადო და მერის გააწოდა. მე ფული დავაძრე. _ გოგო, ვერ მიცანი?

თავი ავწიე. გარუჯული მერის უყურებდა.

_ შენ არ იყავი ამ ზაფხულს თალმუდი რომ მოიტანე გასაყიდად?

მერი აშკარად შეცბა.

_ თალმუდი? _ იკითხა ყალბად გაკვირვებულმა.

_ ჰო, თალმუდი, ებრაელების წიგნი როა... კანონებზე.

_ გეშლებათ, მე არ ვყოფილვარ. _ მერიმ ჩილიმიანი პარკი ჩაბღუჯა და დახლებს შორის დაწინაურდა.

_ მაგარი ვაჭრობა გცოდნია. _ დავეწიე მე.

_ გაჭირვება მაჩვენეო, ხომ გაგიგია...

ენაზე მომდგარი კითხვა უკან დავაბრუნე. არ მინდოდა მერი ხელმეორედ დამეფრთხო. სულაც არ არის სათაკილო ობლად დარჩენილ გოგოს საგვარეულო ნივთები გასაყიდად გაჰქონდეს. თუ შიმშილით სული გამძვრება, არ გამოვრიცხავ მეც

მივარბენინო გადაყიდად ბაბუაჩემის ჯილდოები. ფაშიზმზე გამარჯვების ორდენი მაღალი ხარისხის ოქროსგან არის ჩამოსხმული, ძოწითა და ბრილიანტებით, წამში გაიყიდება.

დროდადრო რომელიმე ექსპონატთან ვჩერდებოდით. ზოგიერთ ნივთს გაცილებით საინტერესო ბიოგრაფია აქვს, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს, ოჯახიდან ოჯახში მოგზაურობა რაღაც თავისებური, იდუმალი ენერგეტიკით ავსებს. მერის არ ვიცი, მაგრამ მე კანის რეცეპტორებით ვგრძნობ ამ ენერგეტიკას. ხან მსიამოვნებს, ხან _ არა. დიდხანს ვუყურებ ფარდაგზე დაყრილ ჭადრაკის ხის ფიგურებს, ერთმანეთში არეული მეფე, პაიკი, დედოფალი, ტურა... ვცდილობ, წარმოვიდგინო მათი პატრონი, შლაპიანი პენსიონერი, რომელიც რუდუნებით აწყობს ფიგურებს შავ-თეთრ კვადრატებში.

უცებ მერი დაიძაბა. თვალი მის მზერას გავაყოლე. დახლზე რამდენიმე ანტიკვარული ფოტოსურათები ელაგა. მერიმ ერთ-ერთი, მუყაოზე მიწეპებული, გახუნებულ-გაყვითლებული ფოტო აიღო და თვალებით დააკვდა. სურათზე მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდაზე ჩაცმელი ქალი იყო გადაღებული _ მაღალი ვარცხნილობა, კეთილშობილური ნაკვთები. ნამდვილი იმპერატრიცა!

_ საიდან გაქვს ეს ფოტო? _ მკაცრად ჰკითხა მერიმ გამყიდველს, კეპიან მამაკაცს წამახული ნესტოებით.

_ გასაყიდად მომიტანეს. _ უპასუხა კეპიანმა.

_ ვინ?

_ ვინც.

_ ეს ფოტო მოპარულია.

_ მიდი, რა, გაიარე, გოგო...

_ ეს ფოტო მოპარულია, მეთქი.

_ ვა, ეს ვინ ყოფილა?! _ ხელები აასავსავა კაცმა. _ მომიტანეს, ჩავიბარე, გასაყიდად დავდე. დანარჩენი მე არ მეხება.

_ ვინ? _ მერის ხმა ჩაეხლიჩა. _ ვინ მოგიტანათ?

_ ერთმა.

_ იმ ერთს, სახელი და გვარი არა აქვს?

_ ე, რატომ უნდა გითხრა?

_ იმიტომ, რომ ეს ფოტო ჩემი სახლიდან არის მოპარული. თუ არ მეტყვით, იძულებული ვიქნები მილიციას შევატყობინო.

_ მე რა შუაშია ვარ, გოგო? მომიტანეს, ჩავიბარე, გასაყიდად გამო...

_ ნაქურდალი საქონლის ვაჭრობა კანონით დასჯადია. _ შეაწყვეტინა მერიმ.

_ ხო, კაი, კაი, წაიღე ეგ ფოტო და თავი დამანებე. მიდი, მიდი, გაიარე...

_ ცხადია, წავიღებ, აქ ჩემი წინაპარია გადაღებული, მაგრამ სანამ ჩამბარებლის ვინაობას არ გავიგებ, ფეხს არ მოვიცვლი აქედან. გასაგებია? _ ბოლო სიტყვა მერიმ ისეთი შემართებით წარმოთქვა, ლამის მეც სმენაზე დავდექი. რა სჭირს ამ გოგოს ჩემი შესაცოდი, რამე რომ იყოს, აქეთ დამიცავს.

_ ციკლოპა. _ ჩაიბურტყუნა გამყიდველმა.

_ რა?

_ კლიჩკა აქვს ეგეთი. ოპერის უკან ცხოვრობს, აი, საცა ადრე ტუალეტები იყო. ბირჟაზე იკითხე და ეცოდინებათ.

_ გასაგებია. კიდევ?

_ მეტი რა ჩემი ფეხები გინდა?!

_ ძველი ბიჭია ეგ ციკლოპა? _ მერიმ კისერი წაიგრძელა და დაკითხვა განაგრძო.

_ რა ვი, ძველია თუ ახალი... უსაქმურია.

_ ხშირად მოაქვს ხოლმე ნაქურდალი საქონელი?

გამყიდველს წამახული ნესტოები შეუხტა და ქუდის წინაფრის ჩრდილიდან მტრულად გახედა მერის:

_ არ ვიცი ამ სურათზე ვინ არის _ ბებიაშენის მამიდა თუ ციკლოპას ბიცოლა, მე ერთი ვიცი: ციკლოპას ალალი ბიძა კოლექციონერი იყო. რაც ის მოკვდა, ეგა დგას და ანიავებს მთელ კოლექციას. ადრე კარგი რამეები მოჰქონდა, ახლა ნაყარ-ნუყარზე გადავიდა. ახლა კი ააცვით აქედან!

_ ვისთვის ნაყარ-ნუყარია, ვისთვის ოჯახური რელიქვია. _ მერიმ ფოტო ხელჩანთაში შეინახა და უკანმოუხედავად განაგრძო გზა. გამყიდველისთვის არც მადლობა უთქვამს, არც ნახვამდის. მგონი ჩემი არსებობაც დაავიწყდა.

ცოტა არ იყოს მეწყინა. ფეხებზე დავიკიდებდი და წავიდოდი ჩემს გზაზე, მაგრამ მერის გელასთვის მისართმევი ჩილიმი ეჭირა ხელში, ხომ უნდა დაგვეთქვა შეხვედრის დრო და ადგილი, ჯგუფი ჩვენს იმედზე იყო.

მივდივარ, მივყვები. ვფიქრობ, იქნებ სინდისი შეაწუხებს და გავახსენდები. შენც არ მომიკვდე, პირიქით, ნაბიჯს აუჩქარა. თან ვბრაზობ, თან მეცოდება. ვიღას აცვია ეს მოდიდან გამოსული ტვიდის პალტო, ან ეს წვრილცხვირა, გაცვეთილქუსლიანი ფეხსაცმელები... უხერხულად ჩავაცურე ხელები ჩემი ახალთახალი ქურთუკის ჯიბეებში. თითებზე საღეჭი რეზინის კოლოფი მომხვდა. ერთი `ბალიში~ ამოვაგდე და აგრესიულად გავღეჭე.

უცებ შევნიშნე, რომ მერის მხრები უცახცახებს, ფეხებს კი ახალდაბადებული კოზაკივით მიათრევს. თავის დაფასება გადავიფიქრე _ დავეწიე, გავუსწარი, წინ გადავუდექი. ლოყები ცრემლით ჰქონდა დანამული, ტუჩები მოღრეცოდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავდა.

_ მერი...

მერიმ ამოისლუკუნა, პალტოს საყელოთი მოიწმინდა სველი ლოყები და მზერა ამარიდა. პროფილში ფრინველს ჰგავდა. ალბათ ნიკაპის გამო, რომელიც პრაქტიკულად ჩაღრმავებების გარეშე გადადიოდა ყელში.

_ მერი, რა მოხდა, გაწყენინა ვინმემ?

_ ეს შენ წაიღე. _ პარკში გახვეული ჩილიმი გადმომაწოდა. _ ვეჭვობ გელას დაბადების დღეზე მოვიდე. შენ წადი ია, მე... მე საქმე მაქვს.

_ არსადაც არ წავალ. ასეთ მდგომარეობაში არ დაგტოვებ. მითხარი, რა მოხდა?

_ შენთვის მნიშვნელოვანი არაფერი.

_ რატომ ფიქრობ, რომ ამქვეყანაზე შენამდე საქმე არავის აქვს? ბრმა არ ვარ, დავინახე, რა დღეში ჩაგაგდო იმ ფოტოს დანახვამ... იმასაც ვხვდები, რას აპირებ. მე შენ მარტო არ გაგიშვებ იმ ციკლოპთან თუ კენტავრთან.

_ რა იცი, რომ მის სანახავად მივდივარ?

_ ინტუიცია მკარნახობს.

_ კიდევ რას გკარნახობს ინტუიცია?

_ კაცი გვჭირდება. თუ რამეა, ვინმემ ხომ უნდა ამოუნაყოს ცხვირ-პირი იმ ციკლოპას. იცი, კლასელი მყავს, რაგბისტი...

_ არა! _ შემაწყვეტინა მერიმ და უკან დაიხია. _ ჩემს საქმეს მე მივხედავ, არც შენი რაგბისტი მჭირდება, არც შენ, იათამზე მდივანო. თავი დამანებე, რა?!

_ არ დაგანებებ. _ ნაბიჯი წინ გადავდგი. _ შენ ეტყობა ცუდად მიცნობ. სანამ სახლამდე არ მიგაცილებ, თავს არ დაგანებებ.

_ მოიხედე აქეთ, ვაკელო... საერთოდ, წარმოდგენა გაქვს, სად არის თემქის დასახლება? _ დამცინავად მკითხა მერიმ.

_ ნუ მაშინებ, რა?! შენ თუ ვაკელობა პრივილეგია გგონია, ცდები. თემქაც ვიცი და ფონიჭალაც.

_ ფონიჭალა რა შუაშია?

_ ფონიჭალა თუ არ გაიარე, როგორ მოხვდები თემქაზე?

_ შენ ეტყობა, სანზონა და ფონიჭალა აგერია. _ მერის ღიმილისმაგვარმა მიმიკამ გადაურბინა გაცრეცილ სახეზე.

_ ჰოდა, რომ არ ამერიოს, ჩამიტარე პატარა ექსკურსია, მაჩვენე სად ცხოვრობ, თორემ მეც ვიფიქრებ, რომ სახლში მოშინაურებული ტახი გყავს. _ დავაყრანტალე მე და იქვე ვინანე. მერი ყველაფერს მიხვდა.

_ ვინ ფიქრობს ასე? _ სიტყვაზე გამომეკიდა.

_ არავინ. _ კატეგორიულად ვიუარე. _ ისე ვთქვი,

ფიგურალურად.

ცხადია, მოვატყუე. ერთხელ გელამ იხუმრა: ეს მერი

კორინთელი ისეთი ტყიურია, სახლში გარეული ღორებს ამრავლებსო. მაგრამ იუბილარს ხომ არ ჩავუშვებდი?

მერის მწარედ ჩაეცინა, მაგრამ ძალიანაც არ გაბრაზებულა. პალტოს საყელო ყურებამდე აიწია და თავით მანიშნა, გამომყევიო. ჩემი პროგნოზი გამართლდა _ მან სახაჭაპურისკენ აიღო გეზი, იქ, სადაც ცხოვრობდა `უსაქმური~ ციკლოპა.

_ რად გინდა ციკლოპას ნახვა?

_ ყვერები უნდა დავაჭრა. _ სერიოზულად მომიგო მერიმ.

გაკვირვებულმა შევხედე. კლდემამოსილი მერისგან პირველად მესმოდა უწმაწური სიტყვა. სულ სხვაა სუსიკო, ჩემი კლასელი და უახლოესი მეგობარი, იცოცხლე, იმას უყვარს `სიტყვაკაზმულობები~.

_ მარტო გაგვიჭირდება. _ ვუთხარი გახალისებულმა. _ დავურეკავ, რა?

_ ვის, რაგბისტს?

_ ხო. თბილისში თუკი ვინმეს რამე აქვს დასაჭრელი, ყველა წკ-ს ეძახის.

_ ქურდია?

_ არა, ჩემი ბავშვობის მეგობარია, მერაბ წკრიალაშვილი. იურიდიულზე სწავლობს, მაგრამ ქურდულ სამყაროსაც იცნობს.

მერიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. არ უნდა, ნუ უნდა.

სიმართლე გითხრათ, მეც მომბეზრდა მისი დევნა, მაგრამ რაღაი ავიტეხე, სხვა რა გზა მაქვს, გრძელი ნაბიჯებით მივდევ. უკვე მოსაღამოვდა. მშია, სახლში მინდა... კაცმა რომ თქვას, სად მივყვები, რომ მივყვები?! ან რაში მაინტერესებს ვიღაც ციკლოპას აღიარებითი ჩვენება. არა, ეს მერი უეჭველი ვერ არის თავის მოტორზე. ხომ დაიბრუნა ბებიამისის ფოტო, მეტი რა ბებიამისისა უნდა? წავიდეს თავის თემქაზე და ჩამოიკიდოს კედელზე. ეს ჩილიმიც მემძიმება, შიგნითა რაღაც წკრიალებს, ნაწილი ხომ არ მოძვრა ნეტავ?

წარმოვიდგინე გელას სახე, როცა პარკიდან ჩილიმს ამოაძრობს. დარწმუნებული ვარ, იქვე გამართავს და თითო ნაფაზს დაგვარტყმევინებს. შეიძლება ორსაც. ჩემი პროფესორი დედიკო თუ ეწეოდა ეგვიპტეში, ვითომ მე რა დამიშავდება? იატაკზე მოვირთხმებით, ნამდვილი არაბებივით და გავაბოლებთ. გოგოები აკივლდებიან, ბიჭები მრავლისმნახველი შეიხებივით გაიბღინძებიან. მაგარია!

სუბიექტი, მეტსახელად ციკლოპა, გვარად კარანაძე აღმოჩნდა. ეს ღირსშესანიშნავი ამბავი არკასთან მობირჟავე უბნის ბიჭებმა გვამცნეს და ბაროკული ეკლექტიზმის სტილში აშენებული სახლის სადარბაზოზე მიგვითითეს.

_ კიბეზე ახვალთ, მეორე სართულზე მარჯვნივ შეუხვევთ და მუხის კარს დაინახავთ. გვარი აწერია. _ მოგვაძახეს და იქვე, საქმიანად ჩაიცუცქნენ.

ერთ დროს პომპეზურ სადარბაზოში შარდოვანას მკვეთრი სუნი იდგა. ცხვირზე თითები წავიჭირე და კისერმოღრეცილი მივაჩერდი კედელზე ამოჩორკნილ უხამსობებს. აი, მუხის კარი; აი ზარი, მაგრამ ბუდიდან ამოვარდნილი.

დავაკაკუნეთ. მივაყურადეთ. სრული სიჩუმე.

_ არ არის სახლში. _ ვთქვი მე.

მერი არ დანებდა. უფრო აგრესიულად დააკაკუნა. კარი თითქოს შელაყლაყდა და ოდნავ გაიღო.

დაძაბულები მივაჩერდით პატრონის გამოჩენას. უშედეგოდ. როდის-როდის მივხვდით _ კარი იმთავითვე ღია იყო, ერთი მიწოლაღა სჭირდებოდა და ჩვენც მივაწექით.

სახლში სრული ქაოსი დაგვხვდა და ისეთი ამაზრზენი სუნი, სადარბაზოში გამეფებული შარდოვანა ფრანგულ სუნამოდ მომეჩვენა. ჰოლში აცა-ბაცად ეყარა ტალახშემხმარი ბოტასები, ღვინის ცარიელი ბოთლები და სტუდენტების უნიფორმა _ ბეწვის საყელოიანი ჯინსის ქურთუკი.

_ რაღაც ყარს, _ ჩავჩურჩულე მერის.

ის დამეთანხმა და ჰოლოდან სასტუმრო ოთახში შეაბიჯა.

კედელთან მოკუნტული იწვა ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი. პირველად ვერც აღვიქვი, რომ არ სუნთქავდა, მაგრამ როცა კედელზე მისხმულ შხეფებში სისხლში

ამოვიცანი, ცხადი გახდა: ჩვენს წინ აყროლების ფაზაში შესული გვამია. სახლში მკვლელობა მოხდა და ჩვენ ვიყავით ამ უბედურების გზამკვლევები.

თვალწინ დედაჩემის მკაცრი სახე და მამაჩემის საყვედურით აღსავსე მზერა დამიდგა. უნდა ავიწიოთ აქედან.

_ მერი... _ წავეპოტინე ჩემს ჯგუფელს, მაგრამ ის ხელიდან გამისხლტდა, თვალებანთებული მიუახლოვდა მოკლულს და სახეში ჩახედა.

_ ის არის... _ ამოიხრიალა გათეთრებული ტუჩებით.

_ ვინ?

_ ტუალეტი სად არის?

_ რა ტუალეტი, მერი, გაგიჟდი?! თავს ვუშველოთ, სანამ მილიცია დაგვდგომია!

მერის სახე დაემანჭა, რაღაცნაირად შეიკუმშა, მერე მუხლებზე დაეშვა და იქვე, გვამის შორიახლოს აღებინა. გასაქცევად მომართული ფეხები უკან დავაბრუნე და შუბლი დამეჭირა. ვიდრე მერი არწყევდა, ოთახს მზერა მოვავლე. მუქი კედლები სხვადასხვა ზომის შედარებით ბაცი ოთხკუთხედებით იყო დაფარული. სავარაუდოდ, იქ ოდესღაც სურათები ეკიდა. ალბათ ეს მკვდარი ციკლოპაა, კოლექციონერი ბიძის ქონებს გამნიავებელი. მაგრამ მერიმ ის იცნო, გამოდის, იმთავითვე იცოდა ვისთან მოდიოდა.

მგონი შარში გავები. ვაი, დედა!

_ წამიყვანე აქედან... _ მომესმა მერის კვნესა.

წელზე ხელი მოვხვიე და გასასვლელისკენ წავაჩანჩალე. ბედად სადარბაზოსთან არავინ დაგვხვდა _ ჩაცუცქული ბიჭები სადღაც აორთქლებულიყვნენ. ტაქსი დავიჭირე და თემქაზე გაყვანა ვთხოვე.

_ _ _

მერი სომნამბულასავით შევიდა სახლში, გაუხდელად მიეგდო ტახტზე და კედლისკენ მიტრიალდა. ოთახი გადაჭედილი იყო მასიური ავეჯით. სამიარუსიანი ბროლის ჭაღი და ადამიანის სიმაღლე ანტიკვარული სარკე მოვარაყებული კარნიზით კი ციკლოპას მაღალჭერიან ბინას უფრო მოუხდებოდა, ვიდრე მერის სამოთახიან `ხრუშჩოვკას~. წაგრძელებულ დესაუზე იდო აკვარიუმი ოქროსფერი თევზებითა და ლამაზი კენჭებით.

_ წადი ია, დაღამდა უკვე... მერე ტრანსპორტიც აღარ ივლის. _ ხმა მომაწვდინა მერიმ, მაგრამ პოზა არ შეუცვლია.

_ წავალ, აქ კი არ დავრჩები... ჩაის დაგალევინებ და წავალ. _ ოთხად დაკეცილი პლედი გავშალე, მერის დავაფარე და სამზარეულოში გავედი.

თავი არ გაუგიჟებია, ეტყობა მართლა ცუდად იყო. ჩაიდანი გაზქურაზე შემოვდგი და პირველ რიგში სახლში დავრეკე.

_ დედა, ცოტა შემაგვიანდება.

_ სად ხარ? _ დედაჩემი ლამის ყურმილში გამოძვრა.

_ ამხანაგთან.

_ სად? რომეელ ამხანაგთან? როდის მოხვალ? _ დამაყარა.

_ ჩემი ჯგუფელია, მერი. შენ არ იცნობ. _ ხმას დავუწიე მე.

_ მამაშენმა უკვე გიკითხა.

_ ვეცდები მალე მოვიდე.

_ ნამდვილად ჯგუფელთან ხარ?

_ დედა! _ დავანამუსე ეჭვის შეპყრობილი მშობელი.

ქმართან გაშორების შემდეგ დედაჩემი, მარიკა ქორიძე გაათმაგებულად მაკონტროლებს. გული უსკდება, საყვარელი არ გავიჩინო. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მამაჩემის მაშინებს. ამ დროს მამაჩემისთანა ტოლერანტული ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს, შენიშვნის მოცემას სიკვდილი ურჩევნია.

ჩაი დავაყენე და ფანჯარაში გავიხედე. გვარიანად ჩამობნელდა. ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობდნენ მანქანები, მაგრამ იმდენად გრძელი ინტერვალებით, ტანში უსიამოვნოდ დამბურძგლა. ჩემს უბანში შუაღამეზეც შემიძლია გარეთ გასვლა, აქ კი, ერთნაირად უსახური კორპუსებით გარშემორტყმულ ბეტონის ქალაქში, თავს დაუცველად ვგრძნობდი. `რა გააღწევს აქედან,~ _ გავიფიქრე და ფანჯარას შუბლი მოვწყვიტე.

ჩემი ყურადღება წიგნების თარომ მიიპყრო. წიგნების მიხედვით თავისუფლად შეიძლება ადამიანის ინტელექტის დადგენა. მერი ფრიადოსანი იყო, მაგრამ კარგად სწავლა სულაც არ ნიშნავს ინტელექტს. ვერ მოვასწარი მერის .ჳ჻ _ ს დადგენა _ თვალი ფოტოსურათმა მომჭრა, რომელზეც მოკრივის ამუნიციაში გამოწყობილი ახალგაზრდა ვაჟი იყო გადაღებული. ვაჟს მეტყველი თვალები და ოდნავ მოღუბული ცხვირი ჰქონდა. ვინ არის ის მერისთვის _ მეგობარი, ძმა, საყვარელი...

ფოტო გამოვაცოცე. უკან კიდევ ორი აღმოჩნდა და მე მივხვდი _ მოკრივე მერის ძმა უნდა ყოფილიყო, რადგან მომდევნო ფოტოზე, სადაც მერი სულ პატარა გოგო იყო, ხოლო ძმა მასზე ათიოდე წლით უფროსი, ერთად იყვნენ გადაღებულები. პატარა მერი იცინოდა, მაგრამ როგორ?! ასე მხოლოდ უზრუნველი ბავშვობით ზურგგამაგრებული ადამიანები იცინიან,... რა მოხდა მერის ცხოვრებაში ისეთი, რამაც სიცილს გადააჩვია, ან სად არის ძმა? იქნებ ცოლ-შვილი ჰყავს და ცალკე ცხოვრობს, სულაც სხვა ქალაქში...

უცებ სიგარეტის კოლოფი შევნიშნე. ეს რაღაც ახალია. ნუთუ მერი სიგარეტს ეწევა და მალავს? ჯგუფის გოგოები ჩუმჩუმად ვაბოლებთ ხოლმე ინსტიტუტის ტუალეტში, მერი არასოდეს გამოუთქვამს ერთობლივი გაბოლების სურვილი. იქნებ საყვარელი ჰყავს... მაგრამ რომ არ ჰგავს ნაფერებ ქალს?!

ფოტოსურათები თავის ადგილზე დავაბრუნე და მერის ჩაი გავუტანე. არც გაუგია ჩემი შემოსვლა _ ეძინა. არ მიკვირს. ორგანიზმმა ვერ გაუძლო ემოციურ შტურმს და დროებით გაითიშა. ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა ხოლმე, როცა მთვრალი მალხაზი გააპათოლოგებდა. ჯერ ისტერიული მთქნარება მეწყებოდა, მერე ზეზეულად ვიძინებდი. ეს სულ აგიჟებდა: `სპეციალურად ამთქნარებ, თავი დამცირებულად რომ ვიგრძნოო.~ ღმერთი-რჯული, მისი დამცირება თავშიც არ მომსვლია. პირიქით, შიშისგან ხელისგულები მიოფლიანდებოდა და კუჭი მეშლებოდა. ძილი იყო ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც ჩემი სტრესით გათანგული ფსიქიკა მთავაზობდა. იმ პერიოდის გახსენებაც არ მინდა, ან ერთი წელი როგორ გავუძელი?! დედაჩემს კი ეშინია საყვარელი არ გავიჩინო _ კიდევ ერთი ჩრდილი არ მივაყენო ოჯახს... თითქოს განათხოვარმა ქალმა თავზე ნაცარი უნდა წაიყაროს, თეძოებზე კი უმანკოების სარტყელი შემოირტყას.

მერისთვის განკუთვნილი ჩაი დავლიე, ჩილიმი ამოვიღლიავე და ფრთხილად გავიხურე კარი.

ჩაბნელებული სადარბაზოდან არანაკლებ ჩაბნელებულ ქუჩაში აღმოვჩნდი. კაციშვილი არ ჭაჭანებდა, თითქოს ჩემს ჯიბრზე ყველა სახლებში გახვეტილიყო. სუსხიანი ნიავი სახეზე შემომეფეთა და თმა ამიწეწა. არადა, რა კარგი დარი იდგა.

სადღაც ძაღლი ჰყეფს. მეშინია. ყეფა ყმუილში გადაიზარდა. ძალიან მეშინია. აი, უკიდურესად. ღმერთო მიშველე, ეს რა დღე გამითენდა, იქით გვამი, აქეთ ძაღლი, ზევით _ ცოცხალმკვდარი მერი. მერი კი არა, შარი უნდა ერქვას!

როგორც იქნა, ცენტრალურ ქუჩას მივაღწიე. რად გინდა, წამლად ერთი ავტობუსიც არ ჩანს. `ჭიჭიკოების~ ესკორტმა ჩაიქროლა და დაღმართზე გაუჩინარდა. სამაგიეროდ გამოჩნდა ძაღლი _ საშუალო ზომის, მოყვითალო ბეწვით, გიენასებრი კომპლექციის. არ ვიცი, წეღან ეს ყეფდა თუ სხვა, მაგრამ შიშმა მუხლები მომკვეთა. ვინ იცის, ცოფიანია...

ძაღლი ნაგვის ბაკთან შედგა. მზად ვარ ნებისმიერი ჭიჭიკო გავაჩერო, მაგრამ უკაცრიელი ტრასა თითქოს სამუდამოდ ჩამკვდარიყო. გზისკენ გავჩოჩდი, თუ არ შევიმჩნევ, იქნებ არაფერი დამიშავოს, თუ არადა, ვრეკავ ამ ჩილიმს თავში.

_ გოგონი, ვის ელოდებით? _ მომესმა ზურგსუკან.

მერჩივნა ძაღლების ხროვა დამსხმოდა თავს, ვიდრე ეს გამომწვევი, ხითხითა ხმა გამეგო.

მივიხედე.

ბაკთან, იქ, სადაც წეღან ძაღლი ეყუდა, სამი ცუდად მომღიმარი ლაწირაკი ირწეოდა.

_ არ უნდა პასუხის გაცემა, თავს იფასებს. _ თქვა ერთმა და ჩემსკენ წამოვიდა.

_ რა უბნელი ხარ, ლამაზო? _ სიტყვა ჩამოართვა მეორემ.

_ ვისთან იყავი? _ ახლა მესამეც გამოტყვრა.

სამივე ჩემს გარშემო შექუჩდნენ. ცხვირში იაფფასიანი სიგარეტისა და ლუდის სუნი მეცა. ხუხეს და გამოვიდნენ სანადიროდ. უდღეურები!

_ ნაღდი `ნაიკის~ კურტკა აცვია, ტო...

_ მაგ კურტკის პატრონს, ჩანთაში მაყუთი ექნება.

_ ბიჭო, ისე რა ნაშაა... ჩემზე მაღალია, ტო!

_ ჰე ახლა, შენით გაიხდი თუ მოგეხმაროთ?

_ მამენტ, რამე რო იყოს, სიამოვნებით გავხდი...

მზად ვარ მივცე ყველაფერი, რასაც მომთხოვენ, მაგრამ შიშმა მეტყველების უნარი წამართვა. ვიტრინაში გამოდგმული მანეკენევით ვიდექი და ვგრძნობდი, როგორ მეყინებოდა ძარღვებში სისხლი.

პირველი ხულიგანი ქურთუკის ელვაზე წამეპოტინა და გახსნას შეეცადა, მეორე _ გაშეშებული იდაყვიდან ჩილიმის გამოძრობას, მესამემ კისერზე მომიფათურა გათოშილი თითები.

უცებ, კორპუსების სიღრმიდან ფარებანთებულმა `აუდიმ~ ამოყვინთა და წამიერად ყველანი დაგვაბრმავა. ხულიგნებმა ხელები მოიჩრდილეს. მანქანა საბურავების ღრჭიალით წამოვიდა ჩვენკენ, განაპირას მდგარ ყაჩაღს მსუბუქად გაჰკრა და ადგილზე დაამუხრუჭა.

_ ბოზიშვილი ვიყო დამარტყა! _ იყვირა დაზარალებულმა.

_ ამის დედა მ.....ნ! _ ლაწირაკმა, რომელიც ქურთუკზე მეჩალიჩებოდა, ხელი გამიშვა და დანა დააძრო.

აქ მეც გამოვედი მდუმარე ანაბიოზიდან, ფილტვებში ჰაერი ჩავიგუბე და მთელი თემქის გასაგონად ავკივლდი. მანქანიდან საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. მეტის აღქმა ვერ მოვასწარი. მხოლოდ ის დავინახე, როგორ აფრინდა ჰაერში ჯერ ერთი ხულიგანი, მერე მეორე. მესამემ _ ნაგვის ბაკის უკან გაუჩინარდა.

ვიდრე ელდანაცენი ლაწირაკები მიწაზე იგრიხებოდნენ, უცნობმა ჩემი ნივთები აკრიფა, მაჯაში ხელი ჩამავლო და `აუდისკენ~ წამაცანცალა.

ორ წამში სამშვიდობოს ვიყავით.

_ საით? _ ხრინწნარევი ბასით მკითხა უცნობმა.

_ ვაკეში.

_ ვაკეში ცხოვრობ?

_ დიახ.

_ რა გინდოდა ამ ღამიანად თემქაზე?

_ ამხანაგი მოვაცილე, შეუძლოდ გახდა და...

თავი დააქნია, არც ისეთი ახალგაზრდა იყო. ასე 30 წლის. აღნაგობაც ხმის შესაფერისი ჰქონდა _ ჩამოყალიბებული. განიერი ბეჭები, ჩაჭყლეტილი ცხვირი, მასიური ყბები, გაპარსული კეფა _ ყველა ნაკვთი ძლიერ ნებისყოფასა და უხეშ ძალაზე მეტყველებდა.

_ მადლობა. _ ვუთხარი ხმადაბლა.

_ არაფრის.

_ რაინდულად მოიქეცით.

_ რა დროს რაინდებია... _ ჩაილაპარაკა თავისთვის.

გზა სიჩუმეში განვაგრძეთ. ტრასა თანდათან გამოცოცხლდა. ჯერ ერთ ავტობუსს დავეწიეთ, მერე მეორეს. აქა-იქ მოქალაქეებიც გამოჩნდნენ, სახლებში სინათლე ბჟუტავდა.

_ რა გქვია?

_ იათამზე.

_ პასპორტის სახელს არ გეკითხები. ისე რას გეძახიან?

_ იას, იათოს, იკას...

_ მე იას დაგიძახებ, მაგრამ რომ არ გავხარ შენს სახელს?

_ აბა?

_ მაღალი ხარ და უფრო გრძელი სახელი მოგიხდებოდა. რუსუდანი, ქეთევანი...

_ ნესტან-დარეჯანი. _ შევაშველე მე.

ჩაეცინა და გვერდულად შემომხედა. რაღაცნაირი გამოხედვა ჰქონდა _ პირდაპირი და გამჭოლი. მისგან ისეთი ველური ენერგეტიკა მოდიოდა, ძალაუნებურად შევცბი. ვინ იცის, მანიაკს ჩავუჯექი მანქანაში, ვაკის ნაცვლად სადმე ხევ-ხუვებში გამინაპიროს და გაუპატიურება დამიპიროს. იქნებ ის ხულიგნები ამის მოქსეულები არიან, რაღაც ძალიან ადვილად გაუსწორდა...

_ რას საქმიანობ, ია?

_ სტუდენტი ვარ.

_ კარგია სტუდენტობა.

უსიტყვოდ დავეთანხმე.

_ რატომ დაიძაბე? _ თავი არ მოუბრუნებია, ისე მკითხა.

_ აარაა...

_ დაიძაბე, დაიძაბე...

ფანჯარაში გავიხედე. მტკვარი აქ საიდან გაჩნდა? მერი როცა მომყავდა, არ შემინიშნავს. გლახადაა ჩემი საქმე, არ მერჩივნა იმ ჯიბგირებს გავეძარცვე?!

_ ია!

პასუხად ტუჩი მოვიკვნიტე. ძალიან მინდა მაგარი გოგო ვიყო, მაგრამ ვატყობ _ ნერვები მღალატობს. სულ ცოტაც და ხმამაღლა ავღრიალდები. გაუპატიურებას არ დავეძებ _ მტკვარში არ გადამიძახოს!

მანქანამ სვლა შეანელა და სანაპიროზე გაჩერდა.

_ დაწყნარდი! _ დამიღრიალა უცნობმა, საკეტიდან გასაღები ამოაძრო და მანქანიდან გადავიდა.

სხვათა შორის, დავუჯერე. ცრემლები მოვიწმინდე და სიბნელეში გამკრთალ სილუეტს თვალი გავაყოლე. ის მოაჯირთან დადგა, პირით მდინარისკენ და სიგარეტს მოუკიდა. რა თქმა უნდა, შემეძლო გაქცევა, მაგრამ რაღაც ძალამ ადგილზე მიმაჯაჭვა. მონუსხულივით შევცქეროდი მის განიერ მხრებს და ჩემდა გასაკვირად, თანდათან ვწყნარდებოდი.

გზა ისევ სიჩუმეში განვაგრძეთ. უცნობი მოღუშული მართავდა საჭეს. მესმის მისი. კაცს რომ რაინდობას შეუქებ და მეორე წუთში მანიაკობას დასწამებ (თუნდაც გულში), რთული მოსანელებელია.

როგორც იქნა, გამოჩნდა ჩემი უბანი. მანქანა სახლთან გავაჩერებინე და შემრიგებლურად მივუბრუნდი:

_ დიდი მადლობა.

_ არაფრის. რამდენჯერ უნდა გითხრა?! _ მიპასუხა განაწყენებულმა.

და აქ, მე გავაკეთე ის, რაც ალბათ არ უნდა გამეკეთებინა. გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. მერე მანქანიდან გადმოვხტი და უკანმოუხედავად გავიქეცი სადარბაზოსკენ.

_ _ _

დილით ბებიაჩემის ჩუსტის ფრატუნმა გამომაღვიძა. როცა გვიანობამდე მძინავს, ქეთუსია ბებიას აქვს ჩვევა _ შემოვიდეს ჩემს ოთახში და უსაგნო ხმაური ატეხოს. ამჯერად წყლიანი ბოთლი დაეთრია, ვითომ ყვავილების მოსარწყავად. სინამდვილეში ჩემი გაღვიძება სურს, მაგრამ ეშინია არ მივცოცხო და მიზეზი მოიგონა: ყვავილები.

ჩვენში დარჩეს, ამ ბოლო დროს ავი დედამთილივით ვიქცევი, ვინაიდან და რადგანაც თვალში სულ ქეთუსია მხვდება, იძულებული ვარ მისკენ მივმართო აგრესიის ვექტორი, `დაბალი ღობის~ ამბავში. ეჰ, სიბერეს რა ვუთხარი, თორემ დრო იყო, ქეთუსიას წინაშე ყველანი ფეხის წვერებზე დავდიოდით, მამაჩემის ჩათვლით.

_ ბე, რა გინდა?

_ რაღა რა მინდა, ცხრაჯერ გავაცხელე საუზმე.

_ რომელი საათია?

_ თორმეტი დაიწყო. _ ქეთუსიამ ფარდები გადაწია და ოთახში მზის სხივები შემოუშვა, მე გემრიელად გავიზმორე.

გაისმა წყლის ჩუხჩუხი. ჯერ კაქტუსი მორწყა, მერე სურო, ბოლოს _ სიდედრის ენა. ეს უკანასკნელი მამაჩემის სარვამარტო საჩუქარია. რისი თქმა უნდოდა სიდედრისთვის, ჩემთვის დღესაც გაუგებარია. ვერ ვიტყვი, რომ ქეთუსია ცუდი სიდედრია. ერთადერთი ნაკლი აქვს: მამაჩემს ბაბუაჩემს ადარებს. ცოცხალი მამაჩემის ფონზე გარდაცვლილი ბაბუაჩემი ერთობ მომგებიანად გამოიყურება.

_ ბე, ჩემთან არავის დაურეკავს?

_ სუსიკომ ამიკლო. ცხრაჯერ დარეკა მგონი...

_ რაო, რა მინდაო?

_ ჩემთან საჭორაოდ არ დაურეკავს... თუმცა მე არ დამვიწყებია მომეკითხა, როგორც წესი და რიგი მოითხოვს, იმან კი ყურს უკან გაატარა. `იკაკო მინდოდა.~ _ გამოაჯავრა ჩემი დაქალი.

_ ბაკში წყალი არის?

_ სულ წყალში როგორ უნდა ფართხალებდე, გოგო, ადამიანი ხარ თუ ამფიბია?

_ ნიმფა ვარ, ნიმფა! _ პერანგისამარა წამოვხტი და ქეთუსია დავაბზრიალე. _ `ის თავით იდგა შლამიან ფსკერზე, ცას დაეძებდა თითქოს ფეხებით...~

_ გაჩერდი, გოგო, თავბუ დამესხა... გაჩერდი, თორემ ამიწევს წნევა და მოვკვდები.

სიკვდილზე ციკლოპა გამახსენდა და ხასიათი წამიხდა. სანამ ხრწნის სუნი მთელ უბანს არ წაბილწავს, ნეტავ არავინ მოიკითხავს იმ უბედურს?! ქუთუსიას ხელი გავუშვი და ტელეფონს ვეცი/ ყურმილი სუსიკომ აიღო:

_ სად დაიკარგე. ადამიანო? _ მისაყვედურა მაშინვე.

_ მაგარ შარში გავები.

_ მიდი, მომიყევი, სწრაფად! _ სულმოუთქმელად შესძახა სუსიკომ. გიჟდება `შარიან~ ამბებზე, განსაკუთრებით, თუკი სხვას ეხება.

_ ახლა ვერა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ბებიაჩემი სულთამხუთავივით მადგას თავზე.

_ Паршивая девчонка! _ ეწყინა ქეთუსიას და ბოთლის ქნევით გავარდა ოთახიდან.

_ ეგ რეპლიკა ჩემი მისამართით ისროლა თუ შენი? _ გაწიწმატდა სუსიკო.

_ ცხადია, ჩემი. შენ რა შუაში ხარ?

_ ამასწინათ საკმაოდ მკვახედ მიპასუხა. იცი, იათო, მე ბებიაშინის თავადიშვილობა და შლაპები სულ ცალ ფეხზე მკიდია, გადაეცი წესიერად მელაპარაკოს.

_ ცხრაჯერ დაგირეკავს, გაბრაზდა ქალი!

_ ცხრაჯერ არა, ოთხჯერ დავრეკე. _ დააზუსტა სუსიკომ. _ კარგი, ქეთუსიას თავი დავანებოთ, მიმიყევი, რა ხდება.

_ ტელეფონით არ მინდა.

_ მაშინ მოვალ.

_ არ მეცლება.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ გელას დაბადების დღეზე მივდივარ, უნდა მოვემზადო.

_ აბა, გელა?

_ ჩემი ჯგუფელი.

_ მოხარშულ კიბორჩხალას რომ ჰგავს?

_ შენ რომ ვინმეს არ უკბინო, ავად გახდები, თითქოს ენით აუწერელი მზეთუნახავი მყავდე! _ დავიცავი ჩემი წითური ჯგუფელი.

_ არც მაქვს პრეტენზია, მე ჭკვიანი ვარ. ჭკვიანი ქალი კი აპრიორი ლამაზია. ყოველ შემთხვევაში, თაზო ასე თვლის.

_ რომელი თაზო, შენი კურსელი?... ის მექანიკური თოჯინა...

_ თოჯინა თავი გაბია.

_ კაი, რა, ტვინის მაგივრად კომპიუტერი აქვს თავში ჩამონტაჟებული. _ ეშხში შევედი მე.

თაზო სუსიკოს ახალი თაყვანისმცემელია, წესიერად არც ვიცნობ, მაგრამ ვინაიდან სუსიკო უსამართლოდ შეეხო გელას, მინდა სამაგიერო გადავუხადო.

_ სულ არაფერს კომპიუტერი სჯობს. _ სუსიკო ჩემს პირველ ქმარზე მიმანიშნებს.

საინტერესოა, როდემდე უნდა მაშანტაჟონ ყველამ, ვისაც არ ეზარება, მალხაზის ფაქტორით? ვაღიარებ, შევცდი. მაგრამ ხომ გამოვასწორე? გავშორდი, ბატონო, მეტი რა გავაკეთო?!

_ გეწყინა, ბზიკო? _ სუსიკომ უტაქტო გამოხდომის გამოსწორება ცადა.

_ არა. _ ცივად ვუპასუხე.

_ ეგეთ `არას,~ კაი პანღური მირჩევნია.

_ როცა გნახავ, ამოგარტყავ. _ დავპირდი აქედან.

_ ჰო, მორჩი, მორჩი, ნუ აიცრები ხოლმე სისულელეზე. მოკლედ, დაბადების დღეზე მიდიხარ ვიღაც გელასთან, როცა ჩვენი კლასელი და ბავშვობის მეგობარი რესტორანში გვეპატიჟება.

_ წკ?

_ გამოიცანი. ფული მარტო წკრიალაშვილს უჩხრიალებს.

გულდაწყვეტილი ჩავფიქრდი.

_ გეყოფა ქაქანი, გაცივდა ჩაი! _ სამზარეულოდან დამიცაცხანა ქეთუსიამ.

_ მოვდივააარ... _ გავძახე ბებიაჩემს, მაგრამ ყურმილის დაკიდება არც მიფიქრია. _ სუსი, მთელი გულით მინდა წამოსვლა, მაგრამ ვერ წამოვალ: გელასთვის ნაყიდი საჩუქარი მე მაქვს... _ და უცებ გამახსენდა, რომ ჩილიმი წუხელ უცნობი რაინდის მანქანაში დამრჩა. _ ვაიმე! _ შუბლზე ხელი შემოვირტყი და წამებულივით ავეკარი კედელს.

_ რა მოხდა?... ეი, იათო... ია?... იათამზე! _ შეშფოთდა სუსიკო.

_ გელას საჩუქარი ვიღაცის მანქანაში დამრჩა.

_ ვიღაცის მანქანაში რა გინდოდა?

_ რა მეშველება?! მთელმა ჯგუფმა შეკრიბა ფული, მე კი მანქანაში დამრჩა. არ ვარ მოსაკლავი?

_ ხარ. _ დამიდასტურა სუსიკომ. _ სხვის მანქანაში რა ჯანდაბა გინდოდა?

_ შენი ნოტაციებიღა მაკლდა! ასი მანეთი მაქვს საშოვნელი.

_ ოცი მანეთი შემიძლია გასესხო.

_ ახლა მოვალ და მაგ დაწყევლილ ტელეფონს გაგითიშავ! _ ქეთუსია აღარ ხუმრობდა _ ხმაში მეტალი ჩააქსოვა და მგონი ვარიკოზიანი ფეხიც დააბაკუნა.

_ ოცი არ მაწყობს. კარგი, წავედი, თორემ ქეთუსია გამწეწავს.

_ არ მომიყვები?

_ სხვა დროს. პაკა.

ყურმილი დავკიდე და სამზარეულოში შევედი. იქ მელოდა მაკარონი `по флотски,~ ჩაი, პური, ყველი და ბობოქარი ქეთუსია, რომელიც შემრიგებლური კოცნის დავაჯილდოვე და საუზმის ათვისებას შევუდექი.

ქეთუსია ჩაცხრა, ბეჭდიან თითებს ნიკაპი ჩამოაყრდნო და დიდი სიამოვნებით მომაჩერდა. ასე მხოლოდ ისინი გვიყურებენ, ვისაც ვუყვარვართ. ქუთუსიას ვუყვარვარ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გლეხური იათამზე დამარქვეს და არა ქეთევანი _ მის პატივსაცემად. ის არ არის ბებია კლასიკური გაგებით, არც დიასახლისობა ეხერხება, არც გოგლიმოგლის ლოგინში მორთმევა. არც არავინ ავალდებულებს. საკუთარი ქმარი არ ავალდებულებდა, სიძე და ქალიშვილი რას გაუბედავენ?!

სამაგიეროდ, დედაჩემის გაკეთებული მაკარონის შეცხელება შეუძლია, ასევე ყვავილების მოვლა, ჭკუის დარიგება, ხელოვნებაზე საუბარი, სახელოვანი წინაპრების გახსენება, საჩუქრების კეთება... ყოველ დაბადების დღეზე ქეთუსია მე და ჩემს დას სამკაულებს გვჩუქნის. ოცი წლისთავზე იაკუტიის ალმასით დამშვენებული ბეჭედი მაჩუქა. მადლობა მოვახსენე, ძვირფასი საჩუქარი ზარდახშაში შევინახე და მისი არსებობა დამავიწყდა. ამაოდ ელოდა ქუთუსია იმ დღეს, როცა თითზე დავიკოფსებდი მის სახსოვარს და სადმე

კულტურულ ღონისძიებაზე წავგოგმანდებოდი. მაგალითად, ოპერისა და ბელეტის თეატრში, სადაც სპექტაკლი არ გაშრიალდებოდა ქეთუსიას გარეშე. ახლაც წავიდოდა, მაგრამ პარტნიორი არ ჰყავდა _ მეგობრები წყვილ-წყვილად გაიკრიფენ იმ ქვეყანას. ბოლოს ვერ მოითმინა, მისაყვედურა: რატომ უკადრისობ ჩემს ბეჭედსო. მე ავუხსენი, რომ ალმასი და ბრილიანტი ჯინსებს და ბოტასებს არ უხდება, მის საჩუქარს კი მაშინ გამოვამზეურებ, როცა ჭაღაროსანი ბანოვანი ვიქნები.

_ ქუთუს, ფული შეგიძლია მასესხო?

უცებ გამახსენდა, რომ ბებიაჩემი არცთუ ღარიბი ქალბატონია. ფული ბანკშიც აქვს და დეიდაჩემიც რეგულარულად უგზავნის. დეიდაჩემი, ეთერ ქორიძე უბრალო ვინმე არ გეგონოთ, რუსი დიპლომატის ცოლია. ვინაიდან მოსკოვში ცხოვრობს და ფიზიკურ მონაწილეობას არ იღებს დედის მოვლა-პატრონობაში, ფულით ანებივრებს ხოლმე.

_ რას ნიშნავს `გასესხო!~ რისი ჩამსესხებელი ხარ?

_ შენ რა გინდა, გზის ფულიდან გამოვიზოგავ. დედას რომ ვუთხრა რაში მზირდება, გამლანძღავს და გამთათხავს.

_ რაში გზირდება? _ ქეთუსიამ მეხხერი წამწამები აახამხამა.

_ დღეს ჩემი ჯგუფელის დაბადების დღეა. ფული შევრიბეთ და საჩუქარი ვუყიდეთ. უფრო სწორედ, მე მომანდეს ყიდვის პატივი. ჰოდა, ის საჩუქარი ტაქსში დამრჩა.

_ Какой ужас!

_ წარმოგიდგენია, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩავიგდე თავი? ძლივს შეაკოწიწებული ფული ჰაერს გავატანე. ყველა მე მელოდება, მე კი ხელცარიელი უნდა გამოვცხადდე.

_ ცანცარა ხარ და იმიტომ. თავი რომ გძვრებოდეს, სადმე დაგრჩებოდა.

_ საყვედური ჩილიმს ვერ დამიბრუნებს.

_ Калиан что-ли?

_ ჰო. კალიან!

_ რამ გაყიდვინა ეგ ნარკომანების ინსტრუმენტი?

_ კარგი რა, ქეთუს, რა ნარკომანების... ჩილიმი დედასაც აქვს მოწეული.

_ შენსავით ცანცარაა და იმიტომ. ჩემსვის რომ კალიანი ეჩუქებინათ,დშეურაცხყოფილი დავრჩებოდი.

_ იუბილარი _ ბიჭია, რომლის მშობლები წელიწადიი ცხრა თვეს უცხოეთში ატარებენ. ბროლის ვაზას ხომ არ მივართმევდი? ჩილიმი ეკზოტიკური საჩუქარია...

_ ანაკონდა უფრო ეკზოტიკურია.

_ ქეთუს, თუ მასესხებ, მასესხე, თუ არა _ რამეს მოვიფიქრებ.

_ რამდენი გინდა? _ ამოიოხრა ქეთუსიამ.

_ ასი მანეთი.

_ Ничего себе!

_ ამდენი ღირდა.

ბებია უსიტყვოდ გავიდა სამზარეულოდან და ფულით დაბრუნდა.

ერთი დიდი საქმე გადავაგორე, მაგრამ მერის სახება მოსვენებას მიკარგავს. მაკარონის ჭამის დროდაც კი მისი მოკუნტული ზურგი მელანდებოდა. ტელეფონი მაინც ვიცოდე, მოვიკითხავდი.

. . .

სახლიდან ხუთ საათზე გამოვედი. მშრალი ხიდის გაგონებაც არ მინდა, გელას საჩუქარს სადმე სალონში ვუყიდი და პირდაპირ დაბდღეზე შევუბერავ. ხუთი ნაბიჯიც არ მექნებოდა გავლილი, როცა გვერდით ატორღიალებული ჩრდილი შევნიშნე.

_ ჩილიმის საძებნელად ხომ არ მიიჩქარით? _ მომესმა ნაცნობი ბასი.

მივიხედე და წუხანდელი გადამრჩენელი დავინახე.

_ თქვენ? _ შევძახე გახარებულმა.

_ მე. _ დამიდასტურა იმან.

_ როგორ მომაგენით?

_ მოგნება არ იყო ძნელი, წუხელ ამ სადარბაზოსთან დაგტოვე, უფრო ძნელი ლოდინი აღმოჩნდა. ორი საათია მანქანაში ვყურყუტებ.

_ ჩილიმის დაბრუნება გინდოდათ?

_ ჩილიმის დაბრუნებაც და შენი ნახვაც. დღეს გაცილებით ლამაზი ხარ, ვიდრე გუშინ.

ერთი საათია სარკესთან ვტრიალები, ერთი იმდენი შესაფერისი სამოსის არჩევას მოვანდომე, ვინმემ რომ მითხრას ცუდად გამოვიყურებიო, თვალებს ამოვჩიჩქნი.

_ დაბადების დღეზე ვაპირებ წასვლას და... სახლიდან ადრე გამოვედი, ვიფიქრე, ჩილიმის ნაცვლად რამეს ვიყიდი.

_ ჩილიმი საჩუქრად მიგქონდა?

_ ჰო, მთელი ჯგუფის სახელით. თქვენ მე მეორედ გადამარჩინეთ. ამჯერად ზედმეტ ხარჯებს. დიდი მადლობა.

_ რომელ საათზე უნდა იყო დაბადების დღეზე?

_ შვიდზე მარჯანიშვილის თეატრთან ვიკრიბებით.

_ ორი საათი და ათი წუთი ჩვენს განკარგულებაშია.

_ `ჩვენს~ რას ნიშნავს?

_ დამითმე თავისუფალი დრო. შვიდისთვის ადგილზე მიგიყვან.

ჩავფიქრდი. ეს ტიპი აშკარად მეპრანჭება. უარის თქმა მომერიდა _ ადამიანი ორი საათი მყარაულობდა, თანაც მზის სინათლეზე არც ისე სახიფათოდ გამოიყურება, როგორც ღამე. დრო მაქვს, სახლში ხომ არ მივბრუნდები მორთულ-მოკაზმული ქალი?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

ჩილიმი მანქანის უკანა სალონში იდო. კიდევ ერთხელ გამიხარდა.

_ შემიძლია სადმე დაგპატიჟო. _ მითხრა უცნობმა.

_ არა. დაბადების დღეზე მშიერი უნდა მივიდე. სჯობს გავისეირნოთ.

_ როგორც შენ იტყვი. შენობით რომ მოგმართავ, არ გწყინს?

_ არა, მაგრამ...

_ მაგრამ?

_ პირველად ვზივარ მანქანაში კაცთან, ვისი სახელიც არ ვიცი.

_ გუშინდელი არ ითვლება?

ორივეს გაგვეღიმა.

_ ჯაბა მქვია. _ გამეცნო.

`ჯაბა-ჯაბა-ჯაბა~, შევეცადე სახელი ენაზე მომერგო. არ გამომივიდა, მეუცხოვა.

_ თემქაზე ცხოვრობთ?

_ არა, ნაცნობი მივაცილე. _ კაცმა, სახელად ჯაბამ მანქანა დაძრა.

_ მეც ნაცნობი მივაცილე.

_ მახსოვს. იმედია, უკეთ არის შენი ნაცნობი.

_ საქმეც იმაშია, რომ არ ვიცი. არც ტელეფონის ნომერი მაქვს, არც ის ვიცი, რატომ გახდა ცუდად. ძალიან უცნაური გოგოა, სიტყვა ვერ ამოვგლიჯე პირიდან, არადა...

_ არადა...

გავჩუმდი. ვუამბო თუ არა გუშინდელი ინციდენტის შესახებ? სანამ იმ ციკლოპას ადამიანურად არ დამარხავენ, მაინც ვერ მოვისვენებ.

_ მითხარი, ნუ გერიდება. _ შემაგულიანა ჯაბამ.

ყველაფერი მოვუყევი, მშრალი ხიდიდან დაწყებული, გვამით დამთავრებული.

_ ციკლოპა, არა? _ ჯაბამ შუბლი შეჭმუხნა და გზას მიაჩერა.

_ გსმენიათ ასეთის შესახებ? _ დავეკითხე იმედის.

_ საკმაოდ გავრცელებული კლიჩკაა... _ მანქანა ვარაზისხევზე დაეშვა და ჩელუსკინელების ხიდისკენ აიღო გეზი.

_ საის მივდივართ? _ გამიკვირდა.

_ ციკლოპას სახლთან. შევეცდები დავაკმაყოფილო შენი ცნობისმოყვარეობა.

წინააღმდეგობა არ გამიწევია. მართლა მაწუხებს დაუმარხავი გვამი.

ათიოდე წუთში ადგილზე ვიყავით.

_ აი, ეს სახლია. მეორე სართული. მე გაჩვენებთ. _ მანქანის კარი გამოვაღე და ფეხი გადავყავი.

_ შენ აქ იჯდები. _ კი არ მითხრა, მიბრძანა. მეტიც, მკლავზე წამეპოტინა და სალონის სიღრმისკენ გადმომქაჩა.

გაკვირვებული მივაჩერდი.

_ შენ აქ იჯდები. _ გაიმეორა უაპელაციო ხმით. _ გასაგებია?

_ არ არის გასაგები. რატომ უნდა წახვიდეთ უჩემოდ?

_ ვერ ხვდები?

_ ნწუ.

_ შენ და შენი ჯგუფელი გუშინ აქ იყავით, რამდენადაც ვიცი მეზობლებმა დაგინახეს. შენ არ მითხარი, ციკლოპას სახლთან ბიზები აბირჟავებდნენო?! რა გინდა, მკვლელობა შეგტენონ?

_ როგორ შემტენიან, როცა არ მომიკლავს?!

_ ნებისმიერ ვარიანტში, ეჭვმიტანილის სტატუსს აგკიდებენ.

_ რატომ, რატომ?

_ იმიტომ, რომ არ გააგებინეთ მილიციას, დაუკითხავად შეხვედით სხვის სახლში, იპოვეთ გვამი, გამოიხურეთ კარი და ვითომც არაფერი, დაიშალეთ. სად არის აქ ლოგიკა?

ვაღიარებ _ ლოგიკა მოიკოჭლებს. გარდა იმისა, რომ უკანმოუხედავად მოვცოცხეთ, მერი რაღაცას მალავს. რა ვიცი, იქნებ ნათესავად ეკუთვნის ის ციკლოპა, იმიტომაც შეყარა ქვეყანა.

ჯაბამ შავი სათვალე გაიკეთა და მანქანიდან გადავიდა. მძლეოსანივით მიაბიჯებდა, განზე გაწეული ხელებით და გაშლილი მხრებით. ნეტავ ვინ არის, რას წარმოადგენს, ცოლიანია თუ უცოლო...

დაახლოების ოც წუთში გამოჩნდა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.

_ გია კარანაძე, იგივე ციკლოპა, გუშინ ღამე მეზობლებმა აღმოაჩინეს საკუთარ სახლში. გვამი პროზექტურაშია გადატანილი. მიმდინარეობს ძიება. _ ჯაბამ ერთი ამოსუნთქვით ჩამაბარა ანგარიში.

_ მკვლელობის ვერსიები არ სახელდება?

_ არ არის გამორიცხული ვალების გამო მოეკლათ. ბოლო ერთი წელი ქრონიკულ ვალებში იჯდა. ეს სახლი ბიძამისს, ცნობილ კოლექციონერ დიტო კარანაძეს ეკუთვნოდა. სიკვდილის შემდეგ მთელი ქონება ძმისშვილს უანდერძა.

_ რისი კოლექციონერი იყო?

_ ანტიკვარული ფოტოსურათების.

_ მაშინ გასაგებია, საიდან მოხვდა მერის წინაპრის ფოტო მშრალ ხიდზე.

_ გაუგებარი სხვა რამეა _ საიდან მოხვდა ფოტო დიტო კარანაძის კოლექციაში. რამდენადაც მახსოვს, შენმა ჯგუფელმა გამყიდველს ნაქურდალის შენახვაში დასდო ბრალი. გამოდის, ფოტო მოპარულია მერის ოჯახური ალბომიდან.

_ დავიჯერო, ცნობილი კოლექციონერი ქურდია? არა, აქ სხვა ამბავია: მერიმ გვამი იცნო. ის ფოტო რაღაც კავშირშია ციკლოპას სიკვდილთან.

_ თვითონ მერი რას ამბობს?

_ არაფერსაც არ ამბობს. წუხელ ისეთ შოკში იყო, ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. ვეჭვობ, დღეს დაბადების დღეზე მოვიდეს.

ჯაბამ მანქანა გააჩერა და სიგარეტს დასწვდა:

_ გინდა, აგიყვანო თემქაზე?

_ არა, ისედაც შეგაწუხეთ. თანაც დაბადების დღეზე ვარ წასასვლელი.

_ თუ მერი არ მოვიდა დაბადების დღეზე, შემიძლია მოგვიანების წაგიყვანო. _ კიდევ ერთი ვარიანტი შემომთავაზა.

_ არა, არ მინდა.

_ არ გინდა, ნუ გინდა. _ ჯაბა მთელი ტანით მოტრიალდა და კრიტიკულად შემათვალიერა. _ რამდენი წლის ხარ, ია?

_ ოცდაერთის. _ ვუპასუხე პატიოსნად.

_ მე რამდენი წლის გგონივარ?

_ არ ვიცი. არ მიფიქრია.

_ მაინც? შემომხედე, ნუ გერიდება.

შევხედე, მაგრამ თვალი ვერ გავუსწორე. არასოდეს მხიბლავდა ასაკოვან მამაკაცებთან არშიყი. სოფო კანკავა, ჩემი და სუსიკოს კლასელი, თხუთმეტი წლის უფროს კაცს გაჰყვა. არ მესმის, რით მოხიბლა მზეთუნახავი სოფო იმ ბებერმა გორილამ.

_ მაინც? _ არ მომეშვა ჯაბა.

_ ალბათ ოცდათოთხმეტი-ოცდათხუთმეტის. არა?

_ იმიტომ მელაპარაკები თქვენობით?

_ რამდენი წლის ხართ?... მართლა.

_ ოცდაათის.

_ მე მეტის მეგონეთ.

_ Не от хорошей жизни. _ ქეთუსია ბებიასი არ იყოს, ჩაარუსულა.

_ Хорошо живут только дураки. _ არც მე ჩამოვრჩი.

_ მართლა ასე ფიქრობ?

_ მე ვფიქრობ, რომ ცხოვრება არც კარგია, არც ცუდი. უფრო სწორედ, ხან კარგია, ხან ცუდი. სამყაროში ყველაფერი თანაბრადაა გადანაწილებული. ბოროტება არ არსებობს სიკეთის გარეშე, დღე _ ღამის, სატანა _ ქრისტეს, სიბნელე _ სინათლის...

_ შენ, არა მარტო ლამაზი, ჭკვიანიც ყოფილხარ. _ ჯაბა გადმოიხარა და სახე ახლოს მომიტანა. _ თანაც მწვანე თვალები გაქვს.

კომპლიმენტი მესიამოვნა, მისი დაჟინებული მზერა _ არა. ფარულად გავხედე ტორპედოში ჩამონტაჟებულ საათს.

_ ნუ გეშინია, არ დაგაგვიანდება. _ ჯაბა წელში გასწორდა და მანქანა დაძრა. _ ნურც ჩემი გეშინია. _ დაამატა პაუზის შემდეგ.

რატომღაც დამბურძგლა. ვითომ შიშია?!

_ _ _

გელას დაბადების დღე არაფრის გამოირჩეოდა დანარჩენი დაბადების დღეებისგან. მხოლოდ სუფრა იყო გამორჩეული _ ტრადიციული ქართული კერძები ფურშეტმა ჩაანაცვლა. ვეთანხმები მსგავს გადაწყვეტილებას. მე, მაგალითად, უხერხულობას მიქმნის საზოგადოებაში გოჭის ნეკნის ძიძგნა ან ბაჟეში ამოვლებული ბარკლის წუწნა. არსებობს კერძები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სამზარეულოში უნდა მიირთვა, ტელევიზორში მოციმციმე დიქტორის მეთვალყურეობის ქვეშ.

ფართეპირიან ლანგრებზე იდო ბუტერბროდების ასორტი: ყველიანი, ხიზილალიანი, ფხალიანი, ბეკონიანი, ძეხვიანი, თევზიანი... ჭამის დროს არც ხელები გესვრება, არც პირის დაბჩენა გიწევს, ნილოსის ალიგატორივით.

ნაცნობი კურსელების გარდა დაბადების დღეზე გელას მეგობრები იყვნენ. თამადად ერთხმად აირჩიეს ჩაკურატებული ახალგაზრდა საცერივით დიდი თვალებითა და მოკლე ცხვირით. კარგად ნასვამ-ნაჭამ უცხოპლანეტელს ჰგავდა, თუმცა თამადობა ეხერხებოდა. ყოველთვის მიკვირდა, როგორ იმახსოვრებენ კაცები სადღეგრძელოების თანმიმდევრობას. დავიჯერო, სპეციალურ კურსებს გადიან? თუ მამები შპარგალკებს უწერენ?

მერი არ მოსულა. შევეცადე არ მეფიქრა მისი არმოსვლის მიზეზზე, მაგრამ რამდენჯერაც ვუკბიჩე ბუტერბროდს, იმდენჯერ ტვიდის პალტოში ჩაკარგული სილუეტი გამახსენდა. ხასიათის გამოსაკეთებლად ცოტა შამპანურიც დავლიე და თამადის ბჟუტურს მივაყურადე. მალე ესეც მომწყინდა და მისაღებ ოთახში გადავინაცვლე, სადაც უკვე გროვდებოდნენ ძიგძიგის მოყვარულები.

გელამ მაგნიტოფონი ჩართო და `ქვინის~ მუსიკის ფონზე გაკუნტრუშდა უახლოესი მდედრობითი სქესის წარმომადგენლისკენ. `წარმომადგენლი~ აღმოჩნდა ჰიპერსექსუალური თეონა, რომელმაც უმალ გამობზიკა თავისი ბორცვები და გელას გაეცეკვა. რიტმში ვერ ჯდებოდნენ, მაგრამ შეზარხოშებული თამადის გულდამწვარი სადღეგრძელოების მოსმენას ამათი ყურება მერჩივნა.

_ მერის ტელეფონი არ იცი? _ ვკითხე ქეთის, ყველაზე ჩვენს ჯგუფხელს, რომელმაც ზეპირად იცოდა ვინ-რითი სუნთქავს ჩვენს ჯგუფში.

_ აბა, მერი?

_ მერი კორინთელი.

_ ააა... არ ვიცი. _ ამიქშია ქეთიმ და მოცეკვავეებზე გადაერთო.

შამპანურის ჭიქას ხელი დავალე და სხვებთან გადავინაცვლე. მერის ტელეფონის ნომერი არავინ იცოდა, არც იმით დაინტერესებულან, რამ გამახსენა გახურებულ ქეიფში მერისთანა უღიმღამო არსება.

გული დამეთუთქა. ვინ იცის, მერი გადაბრუნდა კედლისკენ და მოკვდა, მე კი აქ შამპანურს ვწრუპავ.

წრეში უკვე სამი წყვილი იგრიხებოდა, არ ცხრებოდა ტემპერამენტიანი ფრედი მერკური, ბასები პირდაპირ დიაფრაგმაში მირტყამდა და უკან ამოყრით ემუქრებოდა წეღან მირთმეულ ტორტილიებს.

_ ვიცეკვოთ? _ გვერდზე აფორაჯებული თამადა ამომიდგა. ისეთი დაბალი იყო, მხრებამდე ძლივს მწვდებოდა. ერთი პირობა ვიფიქრე წკიპურტს გავკრავ, მაგრამ მისი გულღია ფიზიონომიის შემხედვარე, გადავწყვიტე ჩამოვიდე დიდების ოლიმპოდან და საცეკვაოდ გავყვე.

ჩემდა გადაკვირად, მშვენივრად ცეკვავდა, რაც მთავარია დისტანცია ეჭირა, ტკიპასავით არ მეკროდა. მერე გელასთან ვიცეკვე, მერე ვინმე სანდროსთან, მერე კოტიკასთან, მერე კიდევ დავლიე, ისევ ვიცეკვე, ისევ დავლიე... მერე გელას დედამ ტორტი შემოიტანა და ისეთი წივილ-კივილი ატყდა, ფრედი მერკური გახუნდა.

გელამ ლოყები დაბერა და ტორტიდან გამოჩრილ ოცდაორ სანთელს სული შეუბერა. დადგა ტორტის გაჭრის საზეიმო წამი, დაიქუხა აპლოდისმენტებმა, სტუმრებმა სტვენით გამოხატეს აღფრთოვანება. სხვებთან ერთად მეც დავუსტვინე, მგონი ტაშიც დავცხე, თუმცა ცრემლი მახრჩობდა.

მერი! მე აქ ვარ, დაბადების დღეზე, ჩემთვის განკუთვნილ ტორტის ნაჭერს ველოდები, ის კი მარტოა თავის ტკივილიან საიდუმლოსთან ერთად.

_ იაკო, რა გჭირს? _ მხარი გამკრა ქეთიმ.

_ რა მჭირს?

_ ცრემლი მოიწმინდე, პანაშვიდზე კი არ ხარ!

ლოყები შევამოწმე, თითებზე სისველე ამყვა. გამოდის, მიტირია და ვერ გამიგია. თითები კაბას შევაწმინდე და ორგანიზმს მივაყურადე.

_ იაკო, ხომ არ დათვერი? _ ქეთიმ დაკვირვებით შემათვალიერა.

_ საიდან მოიტანე?! _ რატომღაც აღვშფოთდი, არადა,

ნამდვილად ზედმეტი მომივიდა.

სულ მერის ბრალია, მოსულიყო და მეც არ დავთვრებოდი. ქეთი ისეთი თანაგრძნობით მიყურებს, მზად ვარ ყველაფერში გამოვუტყდე და მის წვეტიან ძუძუ-მკერდზე ამოვიღრიალო ჩემი დარდები. გულის გადახსნა _ თრობის პირველი და უტყუარი სიმპტომია.

შეუმჩნევლად გავიძურწე ოთახიდან და სააბაზანოში შევიკეტე. სარკემ ჩემი ავარდისფერებული ფიზიო აირეკლა. საკუთარ თავს გავუღიმე. დედა, რა კარგი კბილები მაქვს?! მე რომ კაცი ვიყო, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებდი. `უკაცრავად, თქვენი სახელი?... იათამზე?... ოოო, რა ორიგინალური სახელია _ ია და მზე. ორივეს გავხართ... რას აკეთებთ ამ საღამოს?... არ გცალიათ?... ოოო, უარს მეუბნებით? მე ამას ვერ გადავიტან...~

ხფთუი, რა მარაზმია! უეჭველი მთვრალი ვარ. მთვრალი და ბედნიერი. თან რაღაც მიხარია. ისე მიხარია, შემიძლია გავფრინდე, უბრალოდ შეზღუდული მაქვს ფრენის არეალი. ნახევარი მეტრითაც რომ ავიწიო, ჭერს ვაკოცებ. მიყვარს ყველა და ყველაფერი. ახლა გავალ და გელას დედას სიყვარულს ავუხსნი. არაჩვეულებრივი ქალია, რა ელეგანტურად მორთო ბუტერბროდები...

ამ ეიფორიაში ვიყავი, როცა უცნაური ჭრიალი შემომესმა. პირველად მიწისძვრა მეგონა და გული დამწყდა _ რაღა ტუალეტში მიწევს სიკვდილი, მაგრამ არა _ კარის სახელური ჭრიალებს. მაინცამაინც ახლა მოუნდათ შარდის ბუშტის დაცლა! სარკეს მივუბრუბდი. ამჯერად მომეჩვენა, რომ ელამი ვარ. იქნებ მართალია სუსიკო, როცა ბარბრა სტრეიზანდს

მამსგავსებს? რა სისულელეა, მისის ბარბრას ცხვირი შუბლიდან ეწყება, მე კი სრულიად შესანიშნავი ღრმული მაქვს.

_ რომელი ხარ მანდ, კუჭი აგეშალა თუ რა გჭირს? _ მომესმა კართან მოჩალიჩე იუბილარის ბუზღუნი.

სარკეს თვალი მოვწყვიტე, ყოველ შემთხვევაში, წყალი ჩავრეცხე და კარი გავაღე.

გაღებისთანავე უკან დავიხიე და ლამის უნიტაზში ჩავყირავდი. ჩემზე უცნაურად დაგრეხილი, ორთავიანი მონსტრი წამოვიდა. თავები გელას და თეონას ეკუთვნოდათ. ისე იყვნენ დაკავებულები ერთმანეთის შთანთქმით, კარის გაღებაც კი ვერ იგრძნეს. ეს თეონა მაგარი ახურუშებული ვინმეა, დარწმუნებული ვარ მან გამოიწვია სექსუალურ დუელში პატიოსანი გელა. ხედავდეს დედამისი _ ფურშეტის უბადლო დიზაინერი! ისე, გელა მართლა ჰგავს მოხარშულ კიბორჩხალას, განსაკუთრებით ახლა, როცა ბუნებრივ სიწითლეს აღგზნება დაერთო. სუსიკო, როგორც ყოველთვის, მართალია.

_ მობრძანდით ბატონო, თქვენია ბურთი და მოედანი. _ აგდებულად ვთქვი და ხელით მისაპატიჟებელი ჟესტი გავაკეთე. შევარცხვინე, ჩემი ჭკუით.

შენც არ მომიკვდე, ზედაც არ შემომხედეს, სიამის ტყუპებივით გადაბმულები შეცვივდნენ სააბაზანოში და კარი გადარაზეს.

დიდ ოთახში შუქი ჩაექროთ და ექსტაზში ძიგძიგებდნენ. ის დროა ავიწიო, სანამ ვინმეს გავხსენებივარ. ჰაერზე ცოტა გავნიავდები და სახლში წავალ.

ასეც მოვიქეცი, მაგრამ `კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო~.

გელას სადარბაზოსთან ნაცნობი `აუდი~ შევნიშნე.

_ ჯაბა! _ ვიკივლე მთელი ქუჩის გასაგონად და ოცდათორმეტივე კბილი გადმოვყარე.

ის მანქანიდან გადმოვიდა. ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ. მომიახლოვდა. თვალებში ჩამხედა და თქვა.

_ მთვრალი ხარ.

_ ნასვამი. _ შევეპასუხე.

_ ჩაჯექი მანქანაში, სახლში მიგიყვან.

_ არ მინდა სახლში.

_ აბა, სად გინდა?

_ მერისთან.

_ მერისთან. _ გაიმეორა ჩაფიქრებულმა.

_ `შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი, მერი იმ ღამეს...~ არა, რა, ეს ჩემი მერი ცოტა ვერ არის... არც დაბადების დღეზე მოვიდა, არც დამირეკა, არც დავურეკე... ჯაბა, შენ აქ საიდან გაჩნდი?

_ შენ გელოდი.

_ მე.

_ ჰო. არ შეიძლება?

_ შენ მე მეპრანჭები, ჯაბა.

_ შენ კი შენობით მელაპარკები. _ ჯაბამ ხელმკლავი გამომდო და მანქანისკენ მიბიძგა.

არ გავყევი, სადარბაზოსთან გავჯორდი. თითქოს რაღაც უნდა მეთქვა.

_ მაგარი ბანძი დაბადების დღე იყო. ვიფიქრე, ჩილიმს მაინც მოვწევდი, მაგრამ ვის ეცალა ჩილიმისთვის?! ტუალეტიდან გამომაგდეს, წარმოგიდგენია?

_ ვერა.

_ შენ ახლა რაღაც ცუდები იფიქრე. _ თითი დავუქნიე ჯაბას. _ ტუალეტში სულ სხვა საქმეზე ვიყავი შესული. სულ სხვა. მედიტაციის შესახებ გსმენია?

_ გამოადგი ფეხი, მანქანაში ვილაპარაკოთ.

_ არა, შენ მე მისხარი, მედიტაციაში ყოფილხარ?

_ კი.

_ ჰოდა, მაგ დროს გიკაკუკუკუკ... ფუი! კიგაკუნ... არა. გიკუნ... ვაიმე, დამენძრა.

_ შენ ცუდი სიტყვებიც გცოდნია, ია.

_ ჯერ სად ხარ! მე გინებაც ვიცი. მაგრამ შენ არ შეგაგინებ. შენ რაინდი ხარ. _ ლოყაზე ხელი მოვუთათუნე, მგონი ენაც გამოვუყავი, არ მახსოვს.

მინდა რაღაც ისეთი მოვიმოქმედო, ყველა გავაოცო. ალბათ ცხონებულ ბაბუაჩემს ვგავარ. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ჩემი ჩუმი, მორიდებული ბაბუა თურმე ათასგვარ სისულელეს ჩადიოდა. ერთხელ მტრედის ხუნდის ჩამოსახსნელად სახურავზე ამძვრალა და სკლინტითა და ბუნდღით შემოსილი გამოცხადებულა სახლში. რატომღაც მოეჩვენა, რომ ცოლს გაუხარდებოდა შლაპაში აფართხალებული პაწია ხუნდის ხილვა. გაბრაზებულ ქეთუსუას ბაბუა, თავისი ტანსაცმლიანად აბაზანაში ჩაუყუდებია და დილამდე ხეხავდა თურმე. მტრედის ხუნდი კი მომკვდარა.

_ კარგი, მჯერა რომ გინებაც იცი, ოღონდ დემონსტრირება არ გინდა. შენსავით ნაზ ქალიშვილს არ უხდება გინება.

_ ქალიშვილს?! _ სარკასტულად გადავიხარხარე და ჯაბას თვალი გავუსწორე. _ მე არ ვარ ქალიშვილი. მე განათხოვარი ვარ. აი, ასე.

_ მართლა? _ გაუკვირდასავით.

_ დიახაც. მალხაზს იცნობ, ჩემს ყოფილ ქმარს?

_ არა.

_ ბიცებსების გროვა, პლიუს სამი ხვეული.

_ კულტურისტია?

_ რაგბისტი. კულტურასთან ახლოს არ ჩაუვლია.

როგორც იქნა, მანქანამდე მივაღწიეთ. დრო ღამის ათ საათს უჩვენებდა.

_ ხომ არ გადაიფიქრე? _ მკითხა ჯაბამ.

_ რა?

_ მერისთან წასვლა.

_ არა. უნდა გავიგო, რატომ არ მოვიდა დაბადების დღეზე.

_ ალბათ ვერ იყო ხასიათზე.

_ ეგ ძველი ამბავია, შენ რამე ახალი თქვი... მერი უხასიათო ტიპია, იმიტომაც არის ქრონიკულ იზოლაციაში. წარმოიდგინე, არც ერთმა ჯგუფელმა არ იცოდა მისი ტელეფონის ნომერი. ერთი ქვეყანაზე გულშემატკივარი არ ჰყავს მთელს დუნიაზე.

_ შენ ხომ ჰყავხარ. _ ჯაბამ თმაზე ხელი გადამისვა. ჩვეულებრივად, ყოველგვარი ქვენა გრძნობების გარეშე, თითქოს ძაღლს მიუფერა.

_ ჩილიმი რომ არა, არც მე ვეყოლებოდი. _ ვთქვი და რაც შეიძლება ტაქტიანად მოვიშორე ჯაბას ხელი.

მართალია ნასვამი ვარ, მაგრამ კონტროლი არ დამიკარგავს. ყოფილი ქმრის გაჭორვაც ვერაფერი საქციელია. ბოლოს და ბოლოს, სიყვარულით გავთხოვდი და ცუდად თუ კარგად ერთი წელი გავქაჩეთ. თანაც მალხაზი ლამაზია. პოპულარობის ზენიტში მყოფ ელვის პრესლის ჰგავს. იქნებ მისი სილამაზე მთრგუნავდა და ამიტომ ვპედალირებ უტვინობაზე?

ჯაბამ მანქანა დაქოქა და სანაპიროს მიმართულებით აიღო გეზი.

_ ია, რა გინდა მერისთან?

_ მაინტერესებს, ცოცხალია თუ მოკვდა.

_ მეტი არაფერი?

_ ნწუ.

_ მაშინ მიგიყვან და დაგელოდები.

_ თუ გინდა შენც ამოდი. შეყვარებულად გაგასაღებ.

_ იდიოტივით გადავიხარხარე. მომეჩვენა, კარგად ვიხუმრე.

_ რატომ `გაგასაღებ?~ ჩათვალე, შეყვარებული ვარ.

_ ვისზე, ჩემზე?

_ ჰო. არ შეიძლება?

_ არა. ჩემთან არაფერი გამოგივა.

_ რატომ?

_ დავიწყოთ იმით, რომ არ მომწონხარ. ვაააბშე არ მომწონს შენნაირი ტიპაჟები.

ჯაბამ ცალყბად ჩაიცინა. რატომღაც ციკლოპა გამახსენდა. ინტუიცია მკარნახიბს _ ჯაბა და ციკლოპა ერთი სუბკულტურის წარმომადგენელია.

_ ციკლოპა რატომ ერქვა? _ დავინტერესდი.

_ წარბებშუა კიდევ ერთი სვალი ჰქონია.

_ ახურებ.

_ ჰო.

_ მუსიკა არ გაქვს? ჩართე რამე... რამე ისეთი...

ჯაბამ ოდნავ გადაიხარა და მაგნიტოფონი ჩართო. ამას ჰქვია ძაღლი ახსენეო. ელვის პრესლი ამღერდა. მიყვარს როკენროლი, ვგიჟდები. პრესლი მღეროდა, მე სიამოვნებისგან ვცქმუტავდი, ვზმუოდი, თავს ვაქნევდი, თვალებს ვლულავდი...

ჯაბას ეღიმება. ფეხებზე მკიდია. მთვრალი ვარ. მინდა ვიზმუვლებ, მინდა ვიკივლებ. გელას დაბდღეზე არავინ ცეკვავდა როკენროლს, ჩემმა ჯგუფელებმა მხოლოდ ძიგძიგი იციან. და ტუალეტში დღნაური. ფუი!

_ ისეთია, შენ რომ გინდა? _ მკითხა ჯაბამ.

_ კი. ამას რომ ვუსმენ, ცეკვა მინდება.

ჯაბამ მანქანა გააჩერა. გადმოვიდა, მანქანას წინიდან შემოუარა, ჩემი კარი გამოაღო და ბარდიურზე მიმიპატიჟა.

ისევ სანაპიროზე ვართ. ქვევით _ მტკვარი, ზევით _ ვარსკვლავებით დაჩრჩილული ცა. რას მიპირებს? გაუპატიურება თუ უნდა, მანქანაში გამექაჩებოდა.

_ გადმოდი, ნუ გეშინია.

ვყოყმანობ.

ჯაბამ წელზე ხელი მომხვია და სავარძლიდან ამომტყორცნა.

_ ხომ მითხარი, ცეკვა მინდაო? _ მკითხა ჩურჩულით.

_ ჰო, მაგრამ... _ შემცბარმა გავხედე ტრასას. მსუბუქმა მანქანამ ჩაიქროლა, მერე ტრაილერმა.

_ მაესტრო, გთხოვთ! _ ჯაბამ უჩინარ დირიჟორს მიმართა და იქვე დამაბზრიალა.

მეც ავყევი. ჯერ გაუბედავად, მერე თამამად. მერე და მერე სულ დავკარგე რეალობის შეგრძნობა. ასეთი თავდავიწყებით არასოდეს მიცეკვია. სამყარო, სადაც მიმოქროდნენ მანქანები კისერმოღრეცილი მძღოლებითურთ, ჩემი აღქმის მიღმა დარჩა. იყო როკენროლი და მე. და კიდევ ჯაბას ღონიერი ხელები, რომლებიც ხან შორს გამასრიალებდნენ, ხან თავისკენ მიხმობდნენ.

არ ვიცი, რამდენ ხანს ვცეკვავდით. ალბათ, ვიდრე კასეტა ჩათავდა. როცა გონს მოვეგე, ერთმანეთს ვკოცნიდით. შუაგულ სანაპიროზე ვიდექით და ვკოცნიდით, ისეთივე თავდავიწყებით, როგორც ვცეკვავდით. ყველაფერი შამპანურის ბრალია... და მერის, და გალაქტიონის, და შემოდგომის, და ელვის პრესლის, და სიყვარულის მონატრების, და საერთოდ _ ორი წელი არავისთვის მიკოცნია!

_ _ _

დილით დედაჩემის სუნთქვამ გამომაღვიძა. თავთით მეჯდა და უკმაყოფილოდ სუნთქავდა. ალკოჰოლის ოხშივარი თუ იყნოსა.

_ თვალი გაახილე, ქალბატონო. ვიცი, არ გძინავს.

თვალი გავახილე და ვიგრძენი, სისხლის ნაცვლად ძარღვებში ანტიფრიზი მიედინება, თავის ქალა კი გავარვარებული ლავით მაქვს სავსე. ლავაში კოდალა ცხოვრობს და მონოტონურად მიკაკუნებს კეფაში.

_ რას გავხარ?

_ რას? _ დავინტერესდი.

_ საკუთარ ნეგატივს.

_ რა გინდა, დედა?

_ მინდა შეგახსენო: დღეს ლექციები გაქვს. ეს ერთი. მეორე _ წუხელ ნასვამი ბრძანდებოდი.

_ დაბადების დღეზე ვიყავი. _ თავი ვიმართლე მე.

_ რამდენი ჭიქა დალიე?

_ არ დამითვლია.

_ გრცხვენოდეს, იათამზე!

როცა დედა იათამზეს მეძახის, საქმე ცუდადაა. რამდენადაც მახსოვს წუხელ დებოში არ ამიტეხავს, ჩუმად შევძვერი ლოგინში, თუმცა, იქამდე ტუალეტში ვიჩანჩქერე. მუხლებზე ვიდექი და უნიტაზს ვაშინებდი. ვიდრე არ დავიცალე ემოციური შლაკებისგან.

_ მეტს არ ვიზამ, დედა.

_ სასმელიღა აკლდა შენს ისედაც შერყეულ რეპუტაციას.

_ ვითომ რატომ მაქვს `შერყეული რეპუტაცია?~

_ დაგავიწყდა სად ცხოვრობ? განათხოვარს ქალს კი არა, ქალიშვილებს უჭირთ გათხოვება.

_ რაც უფრო დიდხანს შეინახავენ ქალიშვილობას, მით უფრო გაუჭირდებათ.

_ თამამი განცხადებაა.

_ კარგი, რა, დედა, თავი ლექციაზე ხომ არ გგონია?!

_ სამწუხაროდ, არა.

_ თუ ასე გაწუხებს ჩემი რეპუტაცია, დღესვე შემიძლია გავთხოვდე.

_ მალხაზი #2 თუ გყავს სადმე შეგულებული, მადლობ, არ მინდა. _ `მიკბინა~ დედაჩემმა.

ამოვიოხრე. სხვებისგან რა მიკვირს, აგერ, დედაჩემიც არ მაზავს _ წამდაუწუმ მიტყაპუნებს თავში მალხაზის სახელს. პროფესორ ქალს მეტი ტოლერანტობა მართებს, ბოლოს და ბოლოს, მისი უახლოესი მეგობარი შარშან მესამედ გათხოვდა და ბედს არ უჩივის (მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ იმ მეგობრის ბედს გავიზიარებდი).

_ დე, ბორჯომი არ გვაქვს?

_ მოგიტან, მაგრამ მეორედ ნასვამი რომ დაგინახო, მამაშენთან დაგასმენ.

ნახა, რა, ვისით დამაშინოს! წავიდა, ეგ დრო, დედიკო... დიდი გოგო ვარ. თუმცა, თავი დავუქნიე, ბორჯომს მაღირსებდეს ვინმე და ყველაფერზე თანახმა ვარ.

დედამ ბორჯომთან ერთად ტელეფონის ყურმილი შემომიტანა:

_ შენ გთხოვენ.

_ სუსიკოა?

უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ოთახიდან გავიდა. პირველ რიგში ბორჯომს დავეწაფე, მერე ყურმილი მოვიმარჯვე:

_ გისმენთ.

_ იამზე, მერი ვარ.

_ მერი... ჰო, მერი, გისმენ!

_ რაღაც... რაღაც მინდოდა მეკითხა.

_ მკითხე.

_ მართალია რაც წუხელ მითხარი?

გული ამიჩქარდა. წუხელ სულ ორი წუთით ავედი მერის სახლში. დავრწმუნდი, რომ ცოცხალია და უკანმოუხედავად მოვკურცხლე. როდის მოვასწარი `რაღაცის~ თქმა?

_ რასთან დაკავშირებით?

_ რომ შეიძლება შენი იმედი მქონდეს.

_ ჰო, რა თქმა უნდა.

_ საქმე მაქვს. უნდა გნახო.

_ სად ხარ?

_ კათედრაზე. რატომ არ მოხვედი ლექციებზე?

_ ცოტა შეუძლოდ ვარ, ახლა გავახილე თვალი.

იქიდან დუმილი ჩამოწვა.

_ მერი, შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე?

_ სად, სახლში?

_ ჰო, სახლში. აქვეა, ვაკეში. ფეხითაც შეგიძლია გამოისეირნო.

მერიმ ერთხანს იყოყმანა და დამთანხმდა.

_ _ _

_ რჩევა მჭირდება. _ მითხრა მერიმ, როგორც კი ჩემს ოთახში განვმარტოვდით.

მზადყოფნით დავუქნიე თავი. რჩევა არ მენანება, ოღონდ სადმე გაყოლა არ მთხოვოს.

_ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა.

_ მკვლელობა?

მერიმ თავი დამიქნია. მე ზურგი გამიცივდა.

_ ვინ მოკლეს?

_ ერთი ცუდი ადამიანი. ჯერ ციკლოპა მოკლეს, მერე ის. თუ ეს უბრალო დამთხვევა არ არის, ამ დღეებში სხვებსაც მოკლავენ. _ პროკურორის შემართებით წარმოთქვა მერიმ,

ისე, რომ ნაკვთი არ შეტოკებია სახეზე, მაშინ, როცა მე ზურგთან ერთად ყველაფერი გამიცივდა.

_ მერი, რა კავშირი აქვს ციკლოპას შენთან, ვიღაც მოკლულთან და უახლოეს მომავალში მოსაკლავებთან?

მერი წინ გადმოიხარა, დაკვირვებით შემომხედა და ხმადაბლა თქვა:

_ მოგიყვები, ოღონდ არ შემაწყვეტინო...

მერის მონაყოლიდან:

მერის უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა _ დიდი სახლი, ნათელი ოთახები, ლამაზი ხედი აივნიდან... მშობლები, ძმა, მონადირე ძაღლი ჯესი, თევზები, ზაზუნები... ძმას ბეჟანი ერქვა. შინაური ცხოველები ბეჟანის სისუსტე იყო. ერთხანს ბიოლოგობაზე ოცნებობდა, მოგვიანებით კი კრივმა გაიტაცა და უმაღლესში ჩაბარება გადაიფიქრა _ გადაწყვიტა პროფესიონალი სპორტსმენი გამხდარიყო.

ეს ყველაფერი გაზაფხულის ერთ დღეს დასრულდა.

მერი 12 წლის იყო, როცა მშობლებმა ყაზბეგში წასვლა აიტეხეს _ ნათესავის ქორწილში. მერის არასოდეს დაავიწყდება ის საბედისწერო დღე _ უკანასკნელი ბედნიერი დღე მის ცხოვრებაში. დედა საჩუქარს ფუთავდა _ ჩაის სერვიზს თორმეტ კაცზე, მამამ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები გამოათრია _ ვინიცობაა, გზაში თოვლი მოვიდეს, საბურავებს შემოვახვევო. ერთი პირობა თოფიც ჩამოიღო _ იქნებ ჯიხვზე სანადიროდ წავიდეო, მაგრამ დედამ გადააფიქრებინა: სანადიროდ ჲუჩემოდ წადი და ჯესიც თან წაიყვანეო. მერი უფროს ძმას ჩააბარეს და გაემგზავრნენ.

მერის მშობლებმა ყაზბეგამდე ვერ ჩააღწიეს. ზვავში მოყვნენ, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე და მანქანაშივე გაიგუდნენ.

მერე ვიღაც ადამიანები მოდიოდნენ. ბეჟანს ხელს ართმევდნენ, მერის კი ლოყაზე კოცნიდნენ. მისაღებში ორი კუბო გაჩნდა, კედელზე _ ორი ფოტოსურათი. მერის თავი კოშმარულ სიზმარში ეგონა. მაგრამ სიზმარი იმისაა, გაქრეს, ადამიანმა კი გაიღვიძოს და ჩვეულ ყოფას დაუბრუნდეს. `მერი, ხელი დაიბანე, საჭმელი მზად არის,~ _ სამზარეულოდან გამოსძახებს დედა. სამსახურიდან მობრუნებული მამა პირველ რიგში ჯესის მოიკითხავს, ძაღლი კუდის ქიცინით შეეგებება. მერე სუფრას მიუსხდებიან, დედა კატლეტებს მოხსნის ტაფიდან, ალუჩის ტყემალს გახსნის...

_ მერიკო, იტირე, გულზე მოგეშვება. _ ურჩევდნენ ვიღაც ქალები. მათი არც სახეები ახსოვს, არც სახელები. არ უნდოდა დამახსოვრება. იჯდა, ცვილის თოჯინასავით უძრავი და სიზმრიდან გამოსვლას ელოდა.

გავიდა ერთი თვე. კოშმარული სიზმარი გრძელდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მერი მიხვდა: მშობლები აღარასოდეს შემოაღებდნენ სახლის კარს. მაშინ, პირველად ატირდა...

ძმა თავს ევლებოდა, ცდილობდა მარტო არ დაეტოვებინა, რაღაც პერიოდი სკოლაშიც აკითხავდა, მერე კი მუშაობა დაიწყო _ ოჯახს რჩენა სჭირდებოდა, ნიჭიერ დას _ სწავლის გაგრძელება.

ერთ კვირადღეს ბეჟანი მერის ლოგინზე ჩამოუჯდა, უხერხულად ჩაახველა და ახალი ამბავი ამცნო: დედამისის დეიდაშვილი, ვინმე დიანა, მერის ისრაელში ეპატიჟება საცხოვრებლად.

_ დედას დეიდაშვილი ჰყავდა? _ გაუკვირდა მერის.

_ დეიდაშვილიც ჰყავს, დეიდაც და შენ წარმოიდგინე, მშობლებიც.

_ იმის თქმა გინდა, რომ ბებია და ბაბუა გვყავს?

_ ბაბუა მგონი გარდაიცვალა, ბებია ამერიკაში ცხოვრობს.

_ პირველად მესმის.

_ დედას არ უყვარდა ამ თემაზე ლაპარაკი.

_ რატომ?

_ დედა ებრაელი იყო.

_ ებრაელი?

_ ჰო. ებრაელი გოგო, რომელსაც შეუყვარდა ქართველი ბიჭი, ანუ მამაჩვენი. დედას ოჯახს თავი გაუგიჟებია, თან ისრაელში აპირებდნენ გადასახლებას. ქალიშვილს პირობა წაუყენეს _ ან ისინი _ მშობლები, ან შეყვარებული. დედამ შეყვარებული აირჩია, რის გამოც მშობლებმა და ნათესავებმა სამუდამოდ მოიკვეთეს. დედა მამას გაჰყვა ცოლად. მერე მე გავჩნდი, ათი წლის შემდეგ _ შენ. არ ვიცი რა გზით, მაგრამ მათ გაიგეს ჩვენი ტრაგედიის ამბავი. ამასწინათ ეს დიანა დამიკავშირდა: მერის შვილად აყვანა მინდაო. მარტოხელა ქალია, საკმაოდ შეძლებული, თელ-ავივში ცხოვრობს.

_ შენ რა უთხარი?

_ შენ გარეშე რას ვეტყოდი... _ ბეჟანმა მხრები აიჩეჩა.

_ მე უარს ვამბობ.

_ დარწმუნებული ხარ?

_ ბეჟან...

_ ჰო.

_ შენ გინდა დავშორდეთ? _ მერიმ ხელი გაითავისუფლა და გაუბედავად შეხედა ძმას.

_ მე მინდა შენ ბედნიერი იყო.

_ მე მხოლოდ შენს გვერდით ვიქნები ბედნიერი. შენ დედიკოს თვალები გაქვს.

_ ასეც ვიცოდი. _ გაუღიმა ბეჟანმა და შუბლზე აკოცა.

_ გაგიხარდა თუ გეწყინა?

_ როგორ გითხრა... სულ მეჩვენება, რომ ისე ვერ გივლი, მთელი დღე მარტო ხარ, უპატრონოდ, წესიერად ვერ იკვებები...

_ მე კი პირიქით მგონია.

ბეჟანი თვალებით დაეკითხა _ ვერ გაიგო.

_ ეს მე ვერ გივლი, ვერ გირეცხავ, საჭმელს ვერ გიკეთებ...

_ რა დროის შენი სარეცხია?... შენ უნდა ისწავლო, მერი, უმაღლესი განათლება მიიღო, სპეციალობა გქონდეს. იცი, როგორ ვნანობ, რომ არ ვისწავლე? ნორმალურ სამსახურში მოსაწყობად დიპლომია საჭირო, საიდან დავუხატო დიპლომი?

_ კრივი?

_ კრივი... _ ბეჟანმა მწარედ ამოიოხრა. _ ჩემგან ჩემპიონი ვერ დადგება. ვერ ვუძლებ რეჟიმს. დილით ძილი მიყვარს, ღამით _ გართობა. ალბათ მალე წამოვალ დიდი სპორტიდან.

_ და რას გააკეთებ?

_ არის რაღაც შემოთავაზება. საქმიანი ხალხი გავიცანი, ვნახოთ.

_ სამუშაოს დაგპირდნენ?

_ ჰო.

_ ის დიანა, მარტო მე მპატიჟებს?

_ აბა, რაღა დროს ჩემი შვილად აყვანაა, დიდი ბიჭი ვარ უკვე. _ გაეცინა ბეჟანს.

_ მე შენ გარეშე არსად წავალ!

_ ნუ ბრაზობ, ვალდებული ვიყავი მეკითხა.

_ მეორედ აღარ მკითხო. კარგი?

ბეჟანმა თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა.

ცხოვრება თანდათან ჩადგა კალაპოტში. მერი სკოლაში დადიოდა, ბეჟანმა მუშაობა დაიწყო, სახლში ფული გაჩნდა. ბეჟანი ხშირად მიდიოდა მივლინებებში, ზოგჯერ ორი დღით, ზოგჯერ _ ორი კვირით. მისი არყოფნის პერიოდში სახლში უცნობი კაცები რეკავდნენ. მერის არ მოსწონდა მათი ხმა, მათი ლაპარაკის მანერა. ერთიც იყო: ვერაფრით დასტყუა ძმას სამსახურის დასახელება. უფრო სწორედ, ბეჟანს ამ კითხვაზე უცვლელი პასუხი ჰქონდა: შპს. სად იყო ეს იდუმალების მოსილი შპს, რა პროდუქტს აწარმოებდა, რა ხალხი მუშაობდა იქ, ვერაფრით დაადგინა.

ერთხელაც, როცა ბეჟანი მორიგ მივლინებაში იმყოფებოდა, კარზე ზარი გაისმა. უცნობმა მამაკაცმა შავად გადაბმული წარბებით ბეჟანი იკითხა. მერის პასუხზე, რომ ძმა მივლინებაშია, მან ცალყბად ჩაიცინა, უხეშად გასწია მერი და დაუკითხავად შემოაბიჯა სახლში. ოთხნი შემოჰყვნენ _ ოთხი აგრესიულად უკმაყოფილო სუბიექტი. ერთმა, ყველაზე მაღალმა და ღონიერმა, მერის პირზე სკოჩი ააკრა და ტახტზე დასვა. დანარჩენები ბინის ჩხრეკით დაკავდნენ. ყველაფერი ყირაზე დააყენეს _ ტანსაცმელი, ჭურჭელი, თეთრეული... შაქარიც კი გადმოაპნიეს ქილიდან, მაგრამ რასაც ეძებდნენ, ვერ იპოვეს.

_ ამან ხომ არ იცის? _ მერიზე მიუთითა ერთ-ერთმა, ახალგაზრდა კაცმა ოვალური ფორმის ნაიარევით შუბლზე, რომელსაც ციკლოპას ეძახდნენ.

_ მოიხედე, გოგო, _ შავწარბამ მერის ნიკაპი დაუჭირა და ზევიდან ჩამოხედა. _ `ბომბეიზე~ შენს ძმას არაფერი უთქვამს?

მერიმ თავი გააქნია. ბომბეზე არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ ქალაქია ინდოეთში.

_ ეგრე ვერ მიხვდება, შეჩემა, _ თქვა ლურჯთვალა ახალგაზრდამ, რომელიც ხუთეულს შორის უხეში სილამაზით გამოირჩეოდა.

მან მერის სკოჩი აახია და გვერდით მიუჯდა:

_ ბრილიანტზე გეკითხებით. ბრილიანტს ჰქვია `ბომბეი~. მოტვინე? ძალიან კარგი. ბეჟანას არაფერი მოუბარებია შენთვის?

მერიმ ისევ გააქნია თავი.

_ თუ იტყვი, არაფერს დაგიშავებთ, თუ არა... _ ლურჯთვალამ მუხლზე ხელი დაადო და მაგრად მოუჭირა.

_ არ ვიცი. _ კბილების კაწკაწით მიუგო მერიმ.

_ აზრზე მოდი, რა?! გვაყირავა ახვარმა ბეჟანამ, ობშიაკის ტავარი შეიტყაპუნა, მაგის ბოზი დედა... _ დაიყვირა ტანმორჩილმა ყაჩაღმა და ისეთი ძალით დაცხო მაგიდას მუშტი, რომ თევზებიანი აკვარიუმი შექანდა. წყლის შხეფებმა ტანმორჩილს სახე დაუსველა, რასაც მოჰყვა გინების კასკადი.

_ დასაბრედია! _ დაბეჭდა ციკლოპამ.

_ დაბრედვას ყოველთვის მოვასწრებთ. ჯერ უნდა გამწარდეს. ჰა, ვასკა, რას იტყვი? _ შავწარბამ ლურჯთვალას მერიზე ანიშნა.

_ ბაზარი არაა. _ ლურჯთვალა ვასკამ მერის მუხლები ხელებში მოიქცია და თავისკენ მიიზიდა.

_ არა! _ იკივლა მერიმ.

_ სკოჩი მაიტათ, ბიჭებო, თორემ მთელ უბანს შეყრის ეს გველის წიწილი.

გასკოჩილი მერი ტახტზე წამოაქციეს, ვასკამ შარვლის გახდა დაიწყო.

_ ცელკა იქნება. _ აღნიშნა ერთ-ერთმა.

_ მაგას ახლავე შევამოწმებთ. _ ვასკამ ლაჯებშუა მოიქცია მერის ვიწრო თეძოები და საცვალი გამოქაჩა.

_ დაიწყე შეჩემა, დაგველია სული...

იმ დღეს, ხუთმა არაკაცმა თექვსმეტი წლის მერი გააუპატიურა. ბეჟანი გვიან დაბრუნდა სახლში. ტახტზე მიგდებული, თვალებამოღამებული დის დანახვაზე ყველაფერს მიხვდა. შეკითხვა არ დაუსვამს, საბანი მიაფარა და კარი გაიჯახუნა.

ბეჟანი გამთენიისას გამოჩნდა _ თავ-პირ დასისხლიანებული, ჩალურჯებული თვალით, დაგლეჯილი ტანსაცმლით... მერი ხელში აიყვანა და ცხელი წყალით სავსე აბაზანაში ჩააწვინა. ფრთხილად, გამოზომილად ბანდა, როგორც ჩვილს ახალბედა დედა. საპნით გაჟღენთილი ღრუბელი რბილად დასრიალებდა მერის მომჩვარულ სხეულზე, დახუჭული თვალებიდან ცრემლი მოგორავდა და აქაფებულ წყალში უჩინარდებოდა.

ბეჟანმა უმცროსი და საგულდაგულოდ გაამშრალა, ღამის პერანგი ჩააცვა და ლოგინში ჩააწვინა. მერე თვითონაც იბანავა, ტანსაცმელი გამოიცვალა და გვერდით მიუწვა.

დილაუთენია კარზე ზარი გაისმა. მერი ძილბურანიდან გამოერკვა და ძმას ახედა.

_ ჩემ წასაყვანად მოვიდნენ. _ ბეჟანმა გაღიმება ცადა.

მერი წამოიწია და ძმის ფოკუსდაკარგული მზერის დაჭერას შეეცადა, მაგრამ ბეჟანი სადღაც იყურებოდა, თითქოს ჰაერში კითხულობდა საკუთარ განაჩენს.

_ ბეჯან!

_ მილიციასთან არაფერი თქვა. გაწამდები სასამართლოში სირბილით.

ზარი განმეორდა.

_ სასაფლაოზე მარტო ნუ ახვალ, ვინმე გაიყოლე.

კარზე ბრაგაბრუგი ატყდა.

_ თეთრეულის ქვეშ ფული დევს. გამოიზოგე. _ ბეჟანი მერის ჩაეხუტა, მერე მკვეთრად წამოდგა და კარისკენ წავიდა.

_ ბეჟო! _ სასოწარკვეთილმა შესძახა მერიმ. _ არ დამტოვო, გთხოვ, შენს გარდა არავინ მყავს!

ბეჟანი შედგა. დაძაბულობისგან ნაკვთები გაურბოდა, გაჭირვებით დაძრა კრიჭაშეკრული ტუჩები:

_ მერი, თევზებს მოუფრთხილდი.

_ რა?

_ აკვარიუმში რომ თევზებია, მოუფრთხილდი. ჩემი ნებართვის გარეშე წყალი არ გამოუცვალო. _ დაჟინების გაუმეორა და ოთახიდან გავარდა.

ბეჟანი დაიჭირეს. მოგვიანებით გაირკვა: ოცდაექვსი წლის ბეჟან კორინთელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ოცდასამი წლის ლეო ლომაშვილი და ოცდაშვიდი წლის მამუკა ფაჩულია, მეტსახელად მალჩუნი. ეს უკანასკნელი ადრე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. დაჭრილები მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრის მიზეზად ჩვეულებრივი შელაპარაკება დასახელდა. ბეჟანს რვა წელი მიუსაჯეს, ისიც იმიტომ, რომ დაზარალებულები ცოცხლები გადარჩნენ, თუმცა მამუკა ფაჩულიამ სამი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა.

ძმის დაჭერამ მერის მშობლების სიკვდილით გამოწვეული დარდი მეტ-ნაკლებად გაუნელა. მისი გონება მხოლოდ ბეჯანზე ფოკუსირდა. არავითარი დეპრესია, მან უნდა იცოცხლოს, ძმის გათავისუფლებამდე მაინც.

სამართალდამცავებმა, როგორც ჩანს, არ დაიჯერეს ბრალდებულის ვერსია შელაპარაკების თაობაზე და კორინთელების ბინაში სანქცირებული ჩხრეკა მოაწყვეს. იმ დროისთვის მერიმ უკვე იცოდა: ე.წ. შპს ბუნებაში არ არსებობს, `საქმიანი ხალხი~ კი ჩვეულებრივი კრიმინალებია, რომლებმაც თავიანთ ბინძურ თამაშებში ჩაითრიეს გულუბრყვილო ბეჟანი.

_ ჩემი ძმა ქურდი არ არის. _ უთხრა მერიმ ბინის ჩხრეკით დაკავებელ პოლიციელებს.

_ ვითომ? _ ერთი თავხოტორა პოლიციელი აკვარიუმთან შედგა და შუშაზე მიაკაკუნა.

მერი რატომღაც დაიძაბა. `თევზებს მოუფრთხილდი.~ _ გამომშვიდობებისას უთხრა ძმამ. რას უნდა ნიშნავდეს ბეჟანის სიტყვები? ან რატომ გაახსენდა პოლიციაში ჩასაბარებლად მომართულ კაცს თევზები, რომლებიც ნებისმიერ ზოომაღაზიაში იყიდება? ეს აკვარიუმი რაღაც საიდუმლოს ინახავს, დაასკვნა მერიმ და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა მშვიდად, როცა ხოტორა პოლიციელმა სხვაგან გადაინაცვლა.

ჩხრეკა უშედეგოდ დასრულდა. მარტო დარჩენილმა მერიმ კარი გადარაზა, მჭიდროდ მიხურა ფარდები, მამამისის ნაქონი ფანარი მოიძია და აკვარიუმს ჩაანათა. თევზები ჩვეულ ტრაექტორიაზე მოძრაობდნენ _ მშვიდად, უხმაუროდ, სამუდამოდ... ფსკერზე პატარ-პატარა კენჭები იყო მიმობნეული _ ჯერ კიდევ მშობლების სიცოცხლეში შეგროვილი გაგრის პლაჟზე, ცენტრში _ ნიჟარებითა და დეკორატიული მინით

მოპირკეთებული მინიატურული კოშკი. კაშკაშა შუქზე აბრჭყვიალებული კენჭები ზღაპრულ განძს ჰგავდა. კოშკის ღია ფანჯრიდან ლიფსიტა გამოცურდა, კოშკის დამრეც ფერდს აჰყვა, თაღოვან კარიბჭეში შეყვინთა და ისევ ფანჯრიდან გამოსრიალდა. `ხალისობს... ბედნიერი...~ _ გულისგარეთ გაიფიქრა მერიმ..

უცებ თვალი რაღაცამ მოჭრა _ ფსკერზე ერთი წერტილი სპექტრის ყველა ფერის აინთო და მომენტალურად ჩაქრა. მერი იმ წერტილს მიაჩერდა. კენჭებს შორის გამჭვირვალე კრისტალი შენიშნა. მექანიკურად ჩააცურა აკვარიუმში ხელი, კრისტალი ორი თითით დაითრია და ხელისგულზე დააგდო.

აი, თურმე რას ეძებდნენ მის ბინაში მოძალადეები! სავარაუდოდ, ეს ბრილიანტი მოპარულია, მორიგ `მივლინებაში~ წასულმა ბეჟანმა მოახერხა ცნობილი (ის რომ თვალი ცნობილი იყო, სახელწოდება _ `ბომბეი~ _ მოწმობდა) თვალის გადამალვა, მაგრამ ბანდის წევრებმა გაშიფრეს.

მერიმ ბრილიანტი უკან დააბრუნა და ძმასთან პაემანს დაელოდა.

განაჩენის გამოტანიდან ოთხი თვის შემდეგ პაემანი შედგა.

_ თევზები ცოცხალია? _ ჰკითხა ბეჟანმა.

_ თევზებიც ცოცხალია და `ბომბეიც~ ადგილზეა.

ბეჟანი გაშრა.

_ შენ რა იცი? _ ჰკითხა დადარაჯებული ხმით.

_ ვიცი. ნეტავ ადრეც მცოდნოდა. მივაშავებდი ნაქურდალს იმ ნაძირალებს და გაუპატიურებას გადავრჩებოდი.

_ რა იცი, რომ ნაქურადალია?

_ ბეჟო, არ გინდა. პატარა გოგო აღარ ვარ.

_ თუ რამე მივქარე, ისევ შენი გულისთვის, მერი... არ მინდოდა უმამობა გეგრძნო.

_ მერჩივნა შავი პური მეჭამა და ძმა გვერდით მყოლოდა.

_ მე არ დავუშვებ ჩემმა დამ შავი პური ჭამოს. გაყიდე ბრილიანტი.

_ და ნაქურდალის გაყიდვით ხიზილალა ვჭამო? დაფიქრდი, რას მთავაზობ, ბეჟან! ეს გვასწავლეს მშობლებმა?

_ ნოტაციების წასაკითხად მოხვედი?

_ არა, უბრალოდ მინდა მიხვდე...

_ რას?

_ იმას, რომ ჩემი უბედურება, შენი საქციელის ლოგიკური შედეგია.

_ ვერც ერთი ვერ გადამირჩება ცოცხალი, ციხეს შესასვლელიც აქვს და გამოსასვლელიც. _ ბეჟანმა გულზე მჯიღი დაირტყა და ისეთი თვალებით შეხედა, მერის ჟრუანტელმა დაუარა _ ასეთ ძმას ის არ იცნობდა.

_ იმათ ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს.

_ მე ვერ დაველოდები ღმერთის განაჩენს.

_ ბეჟან, რას ამბობ!

_ თუ რამე მაძლებინებს ამ ჯურღმულში, მხოლოდ და მხოლოდ სამაგიეროს გადახდის სურვილია. დარდი ნუ გაქვს, დაიკო, შენს გაუბედურებას არავის შევარჩენ. მაგათ სისხლს დავლევ, აგერ, ნახე თუ არა!

_ ვერ გცნობ, ბეჟან... გიყურებ და მეშინია.

_ გაყიდე ბრილიანტი და წადი ისრაელში. იმედია, დიანა მიგიღებს.

_ ნაქურდალი პატრონს უნდა დავუბრუნოთ. ვისი ბინიდან მოიპარე?

ბეჟანმა ხმამაღლა გადაიხარხარა, მერის კი ცრემლი მოერია. ნუთუ ეს ცინიკურად მოხითხითე მამაკაცი მისი საყვარელი ძმაა _ ერთადერთი გულშემატკივარი დედამიწის ზურგზე. კიდევ კარგი მშობლები არ მოესწრნენ ამ დღეს, უფალმა ისინი თავისთან წაიყვანა, გაარიდა, შესარცხვენად ვერ გაიმეტა... კარგები რომ იყვნენ, იმიტომ. მაგრამ მერიმ რა ჰქნას, ვის კალთაში ამოიღრიალოს გაუსაძლისი აწმყო და გაურკვეველი მომავალი?

_ მოკლედ ასე. _ ბეჟანმა სიცილი შეწყვიტა და დისკენ გადაიხარა. _ ქვას ხელი არ ახლო. სადაც იყო, დატოვე. აკვარიუმი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. სახლიდან რამე წაიღეს?

_ დიდედას მამიდის ფოტოსურათი.

_ პიანინოს თავზე რომ ეკიდა?

_ ჰო.

_ რა ჯანდაბად უნდოდათ?

_ არ ვიცი.

მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა. მერიმ მშობლების დიდი ბინა გაყიდა და თემქაზე აღმოჩნდა. დარჩენილი ფული ისე გადაანაწილა, რომ დღემდე მოჰყვა. ეკონომიურად ცხოვრობდა, არც ჰქონდა დიდი პრეტენზია. უკანასკნელად ძმა ერთი წლის წინ ნახა და მართლა ძლივს იცნო. ერთ დროს კუნთმაგარი სპორტსმენი საკონცენტრაციო ბანაკის ბინადარს ჰგავდა _ გამხდარი, მოტეხილი, თვალებჩამქრალი, სიტყვაძუნწი... `აღარ მოხვიდე ჩემ სანახავად, თუ რამეა, თვითონ დაგიკავშირდებიო~ _ თხოვა ბეჟანმა.

ეს იყო და ეს.

მერიმ თხრობა დაასრულა და სავარაუდოდ, გულზე მოეშვა. მე კი დავმძიმდი. ნაბახუსევზე ასეთების მოსმენა გაშოლტვის ტოლფასია. აღსაქმელად დრო მჭირდება, მერი კი სიკვდილის ანგელოზოვით მადგას თავზე _ რჩევას ელოდება. თმაზე ვგრძნობ მის დაძაბულ ამონასუნთქს. არ ვიცი, რომელი თემა უფრო აქტუალურია _ გაუპატიურების თუ მკვლელობის. ალბათ მაინც მკვლელობის. ყოველ შემთხვევაში, ეს გოგო წარსულზე სალაპარაკოდ არ მოსულა. მას ძმის ბედი აღელვებს.

_ ციკლოპას გარდა ვინ მოკლეს? _ დავინტერესდი.

_ ლეო ლომაშვილი. ხუთეულის ერთ-ერთი წევრი. რომ არა ის საბედისწერო ფოტო, ჩავთვლიდი, რომ ციკლოპა უბრალოდ მოკლეს. ბოროტ ადამიანს მტერს რა გამოულევს! მაგრამ როცა დილის გაზეთი გადავშალე და ლეო ლომაშვილის მკვლელობის შესახებ წავიკითხე, ფაქტები შევაჯერე და ერთ დასკვნამდე მივედი: ამ საქმეში ჩემი ძმის ხელი ურევია.

_ ციკლოპას რამე აკავშირებდა შენს ოჯახთან?

_ არა. ბიძამისი ცნობილი კოლექციონერი იყო, საქართველოს ყველა კუთხეში აგროვებდა ძველ ნივთებს, განსაკუთრებით, ანტიკვარული ფოტოებს. ციკლოპამ ჩემს სახლში გამოფენილი ფოტო ხელს გააყოლა _ ბიძამისს საჩუქარი გაუკეთა.

_ შენ რაში გჭირდებოდა ციკლოპას ნახვა?

_ `ბომბეის~ ნამდვილი მფლობელის ვინაობა მაინტერესებდა.

_ `ბომბეი~ ისევ `ცოცხალია?~ _ გამიკვირდა.

_ მეტიც, ადგილმდებარეობაც არ შეუცვლია.

დესაუზე შესკუპებული აკვარიუმი გამახსენდა და ენა ჩამივარდა.

_ კი მაგრამ, ციკლოპა რომ ცოცხალი დაგხვედროდა, ყველაფერს დაუფრქვავდი?

მერიმ პასუხი დაახანა. ოთახში გაიარ_გამოიარა. გობელენთან შედგა, ტუმბოს ზედაპირს გადაუსვა საჩვენებელი თითი, თმა შეისწორა...

_ არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებდი. _ თქვა ბოლოს.

_ უცებ არ დაეჯერებინა.

_ რა მნიშვნელობა აქვს ახლა თავის მტვრევას იმაზე, რა შეიძლება მომხდარიყო. მოსახდენი მოხდა! ციკლოპა მოკლულია, ლეოც.

_ ვწუხვარ. რით შემიძლია დაგეხმარო?

_ სიკვდილის კანდიდატები მინდა გავაფრთხილო! _ მერის შთაგონებული სახე გაუხდა, როგორც მიტინგზე გამოსულ ახალბედა ორატორს.

_ იქნებ ჯერ შენი ძმა გაგეფრთხილებინა?

_ უარი შემომითვალა შეხვედრაზე.

_ ბრილიანტის გამო იჩხუბეთ?

_ ბოლოს კი. სანამ იმ დაწყევლილ ქვას პატრონს არ დავუბრუნებ, ვერ მოვისვენებ, იათამზე! ცოცხლად დარჩენილი სამი ნაძირალიდან ერთ-ერთი უნდა ვნახო და სიმართლის თქმა ვაიძულო.

_ პირველ რიგში, შენი ძმა უნდა ნახო.

_ ზონას ხომ არ გადავფრინდები?!

_ დავუშვათ, შენი ნახვა არ უნდა... ვინმე იათამზე მდივანის ნახვაზეც იტყვის უარს? ნუ მიყურებ ბუს თვალებით. მე დაველაპარაკები ბეჟანს. სად ზის, რომელ კოლონიაში?

_ ქსნის.

_ ქსანში მივდივართ.

სიტყვა და საქმე ერთი იყო _ კარადიდან ტანსაცმლის გამოლაგება დავიწყე: ყელიანი როლინგი, შუზები, შალის შარვალი...

_ კი მაგრამ, რითი წავალთ?

_ გორის მარშრუტკას გავყვებით.

ჩაცმას პირდაპირ მერის წინაშე შევუდექი. საერთოდ, არ მიყვარს სხვების თანდასწრების სხეულის დემონსტრირება, მაგრამ ახლა ეთიკეტის დაცვის დრო არ იყო. საფულეში

ჩავიჭყიტე. ქეთუსიას ვალს თუმნიანი ავაგლიჯე და უცებ გამახსენდა: კოლონიების შეფი მერაბ წკრიალაშვილს ბიძად ეკუთვნის! ლამაზი თვალების გამო ციხის კარს მე არავინ გამიღებს, მითუმეტეს, პატიმართან შეხვედრის უფლებას არ მომცემს.

სასწრაფოდ ავკრიფე მერაბის ნომერი. მთავარია, სახლში დამხვდეს. მოუთმენლობისგან ლამის სპირალისებრად დაგაგნილი სადენი შემომეჭამა.

ყურმილი წკ-ს ცოლმა, ირამ აიღო. არ მიყვარს ეს გოგო, ირანის შაჰივის ცბიერია და ეჭვიანი, თუმცა არაჩვეულებრივ ტორტებს აცხობს. პირადად მე, ყელზე მადგას მისი `არაჩვეულებრივი ტორტი~, იმდენად ხაზგასმულად იცის ხოლმე გამასპინძლება. რასაც ვერ ვიტყვი სუსიკოზე, რომელიც მადიანად ნთქვას ირას ნახელავს და ასევე მადიანად ზურგსუკან ჭორავს.

_ ირა, მერაბს დაუძახე, გეთაყვა. _ შეძლებისდაგვარად დავტკბი, მაგრამ საქმეიი ხარ?! ირას გულის მოგება არც ისე იოლია.

_ ვერ დავუძახებ. _ ცუდად დაფარული კმაყოფილებით მიპასუხა. კაცმა რომ თქვას, რა უხარია, მაგრამ ხასიათი აქვს ასეთი _ ყველას ოპოზიციაში უდგას, განსაკუთრებით ქმრის მეგობრები აღიზიანებს.

_ რატომ?

_ სძინავს.

_ გააღვიძე, აუცილებელი საქმე მაქვს.

_ თუ მოვახერხე, კი. _ მიპასუხა უგულოდ.

ხუთიოდე წუთში გაისმა მერაბის ნამძინარევი `ალო~.

_ წკ, ბიძაშენი `ძაღლი~ არ არის?

_ რაო?! გოგო, შენ თავი ხომ არ მიგირტყამს სადმე, მაგისთვის მირეკავ დილაუთენია?

_ არა, მე თავი წესრიგში მაქვს, აი, შენს თავს რა უნდა ამ დროს ბალიშზე?

_ აუ, ჩემი... კაი დრო გასულა, ტო... _ მერაბმა ეტყობა საათს

დახედა. _ რა გინდა, ბზიკო?

_ წკ, მისმინე, სასწრაფო საქმე მაქვს, ქსნის კოლონიაში მივდივარ პატიმრის სანახავად. ბიძაშენის დახმარება მჭირდება, შეგიძლია შეაწიო ორი სიტყვა?!

_ პატიმარო?... ვინ პატიმარი?

_ რა მნიშვნელობა აქვს `ვინ~... ჩემი ჯგუფელის ძმაა.

მერი დაიძაბა. ხელით ვანიშნე: დაწყნარდი მეთქი, და ისევ წკ-ს მივუბრუნდი:

_ პატიმართან პაემანის უფლება რომ მოგვცეს... არა?

_ ვცდი. _ ჩაიბურტყუნა მერაბმა. _ გვარი და სახელი.

_ ბეჟან კორინთელი.

_ ხუთ წუთში გადმოგირეკავ.

_ უკვე გავდივართ სახლიდან.

_ მანდ დაეტიე. ხუთ წუსიი გადმოგირეკავ.

იძულებული გავხდი დავმორჩილებოდი. ხუთი წუთი გინდ აქეთ ყოფილა, გინდ იქით. წკ-მ სამ წუთში დარეკა.

_ ხომ გისხარი, დაეტიე-თქო. _ კმაყოფილმა ჩაიცინა.

_ რა ხდება, უარი გითხრა?

_ გაათავისუფლეს ეგ შენი ბეჟანა, ოთხი თვის წინ დატოვა კოლონია.

_ ხუმრობ?

_ ვერ ვხედავ იუმორის საბაბს.

_ თუ გაათავისუფლეს, სად არის... ოჯახში არ მისულა.

მერის გავხედე. სახედაგრძელებული მისმენდა, გათეთრებული ფრჩხილებით ჩაფრენილი სკამის საზურგეს.

_ მაგდენი არ ვიცი. _ თქვა მერაბმა.

_ იქნებ ვიღაცაში ეშლება?

_ კორინთელი ბეჟან. ამნისტია შეეხო და დროზე ადრე გაუშვეს. ლიჩნად ბიძაჩემმა მოაწერა ხელი.

ყურმილი დავკიდე. ახლა გასაგებია, ვინ მოკლა ციკლოპა და ლეო. ერთია გაუგებარი _ სად წავიდა და რატომ არ მოინახულა ერთადერთი და.

_ ის არის. _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა მერიმ.

გულში დავეთანხე და შუზის გახდას შევუდექი. ქსანში წასვლას გადავრჩით, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს სად ჩამოდგება ჩვენი დედუქციური მატარებელი. თუმცა ბეჟანის მერისთან დისტანცირების მიზეზი სრულიად ნათელია _ და არ მისცემდა სამაგიეროს გადახდის უფლებას.

_ ოთხი თვის წინ გათავისუფლდაო?

_ ჰო. _ შუზებს როლინგიც მოვაყოლე. ვერ ვიტან ყელში წაჭერილ ტანსაცმელს, რამ მაყიდინა...

_ სახლში არ მოვიდა. გამოდის, სულ არ ვყვარებივარ.

_ რომ უყვარხარ, იმიტომაც არ მოვიდა.

_ სად არის აქ ლოგიკა?

_ შენს გავლენას გაექცა, მერი, სანამ დანარჩენებსაც არ გამოუყვანს წირვას, სახლში არ დაბრუნდება.

_ დაიჭერენ იმ უბედურს.

გაჩუმება ვამჯობინე, დაიჭერენ, აბა, რა?! ღირსიც იქნება.

_ უნდა დავასწრო. _ დაბეჭდა მერიმ.

_ დანარჩენების კოორდინატები იცი?

_ მისამართის გაგება არ არის პრობლემა. _ მერიმ მადლობა მომიხადა და წასასვლელად მოემზადა.

_ რას აპირებ, მიხვალ და ეტყვი: თქვენ უახლოეს მომავალში სიკვდილი გელით! ასე არ გამოვა, მერი, ძმასაც გაწირავ და თავსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებ.

მერიმ თავი ჩაქინდრა, ეტყობა ჭკუაში ჩაუჯდა ჩემი გაფრთხილება.

_ როგორ მოვიცქე?

_ იქნებ წერილი გავუგზავნოთ? გამაფრთხილებელი წერილი, ჰა?

_ არ არის ცუდი აზრი. მაშინ მისამარსები უნდა დავაზუსტო.

_ იმ ნაძირალა ლეოს როდის ასაფლავებენ?

_ ზუსტად არ ვიცი, რატომ მეკითხები?

_ დასაფლავებაზე უნდა მივიდეთ, კონსპირაციულად, რომ ვერავინ გვიცნოს. თუმცა მე ისედაც არ მიცნობენ, შენ კი შავ სათვალეს დაიკოფსებ. სავარუდოდ, მთელი ბანდა იქ იქნება. ჰოდა, წერილებსაც ადგილზე გადავცემთ. არ არის გამორიცხული ბეჟანიც ახლომახლო ტრიალებდეს, ისიც შავი სათვალით.

მერიმ სუსტად გაიღიმა. დიდი სიამოვნებით გავაცილე. გაწურული ლიმონივით ვარ. დავიღალე.

_ ეთერმა დარეკა მოსკოვიდან. _ სამზარეულოში შესვლისთანავე მახარა ქეთუსიამ. _ საშკას გრანდიოზულ დაბადების დღეს უხდიან და ჩვენც გვეპატიჟებიან.

საშკა ნაუმოვი ჩემი დეიდაშვილია. მომავალი დიპლომატი, როგორც მამამისი.

_ მერე? _ ვკითხე სულმოუთქმელად.

_ რა მერე... ახალგაზრდები უნდა წახვიდეთ, თორემ სულ დაკარგავთ ერთმანეთს... ეჰ, ბარემ მეც მინდა წამოსვლა, ერთი წელია ეთერი არ მინახავს, მაგრამ მგზავრობის მეშინია, არ მინდა ჰაერში სიკვდილი. _ თავი შემაცოდა ქეთუსიამ, მაგრამ მე ყურადღება არ მივაქციე მის სენტიმენტებს. მე ჩემი ჭია მრღრღნიდა.

_ `ახალგაზრდებში~ მე და ლელა გვიგულისხმე?

_ არა მარტო. შენ, ლელა და ზურა. ქალი ქმრის გარეშე არსად არ უნდა წავიდეს.

ზურა ლელას ქმარია, სიძე, ასე ვთქვას. მოსკოვში გაშრიალებისა კი არა, ბავშვების ზოოპარკში წაყვანის დრო არ აქვს. ზურა მუშაობის მანიაკია. უქმე დღეებშიც კი სამსახურში გარბის. ლელა, რომც დააფინანსო, ქმრის გარეშე ფეხს არ გაადგამს. ტიპური კრუხია. სულ სხვა ვარ მე. ოცდაერთი წლის, მაღალი, გასათხოვარი, მწვანეთვალება... ვითომ რატომ არ უნდა გამიშვან მოსკოვში?!

_ დედამ რას ამბობს?

_ თუ იათამზე ჩათვლებს წინსწრებით ჩააბარებს, შეიძლება გამოვუშვაო. _ გაინაზა ქეთუსია და ლოყა მომიშვირა.

მთელი გულით დავკოცნე ბებიაჩემის მოფაშფაშებული ლოყები და მოსკოვში გამგზავრების პერსპექტივას გავუღიმე.

ჩათვლები არ არის პრობლემა. დღესვე ჩავუჯდები წიგნებს. გერმანულს ისედაც ვსხლავ, ხელოვნების ისტორიის ლექტორი ისეთი გამოპრუტუნებულია, თავისუფლად დავაბოლებ.

ვიდრე მე ვოცნებობდი, ბებიამ ინსტრუქცია წამიკითხა მოსკოვურ ყინვებთან დაკავშირებით: რომ ქუსლიანი ჩექმით მოყინულ ქუჩებში სიარული დაუშვებელია; რომ უსათუოდ დამჭირდება ქუდი `უშანკა~ და ხელთათმანი `ვარეშკი~; რომ მატყლის წინდები

თბილისშივე უნდა შევიძინო... სანამ ქეთუსია თავისას უბერავდა, თავი პირველი კლასის რესტორანში წარმოვიდგინე, ევროპულად გაწყობილ სუფრასთან, პროვოკაციული საღამოს კაბით... ორკესტრი დაუკრავს შტრაუსის ვალსს, სმოკინგიანი მამაკაცი ყელბაფთას გაისწორებს და საცეკვაოდ გამიწვევს... ოჰ, ქეთუსია, რა დროს უშანკა ქუდი და მატყლის წინდებია, ქალი მეორე წრისთვის ვემზადები.

_ ჰოდა, რომ გაგიცივდება საკვერცხეები, ბავშვი არ აგყვება. _ ბოლო აკორდი აკრიფა ქეთუსიამ.

_ აბა, საკვეცხეები?

_ არ მისმენდი? _ დადარაჯებული სახით მკითხა ქეთუსიამ.

_ როგორ არა! _ ალალად ვიცრუე. ამან რომ თავიდან დაიწყოს, ჩათვლა კი არა, გამოცდაც უკან მომრჩება.

_ _ _

ლეო ლომაშვილის პანაშვიდზე წასასვლელად მერის პაემანი დავუნიშნე და თხუთმეტი წუთით ადრე მოვქანდი. გაჩერებაზე ვიდექი და ვფიქრობდი _ ახლა რომ ჯაბა დამეხატოს, ნეტავ რას მოვიმოქმედებ?

იმღამინდელი როკენროლის შემდეგ თავს უხერხულად ვგრძობ. ერთი მხრივ მრცხვენია, მეორე მხრივ მეშინია... მეშინია, მისი პირველყოფილი ენერგეტიკის, მისი მიმწოლი ხასიათის და ჩემი უნებისყოფობის. მოკლედ, დავიფრენე.

ყველა სიკეთესთან ერთად ფეხსაცმელი მიჭერს. ახია ჩემზე, არაკაცი ლეოს გამო არ ღირდა ახალ ფეხსაცმელში ჩაკვეხვა. ახალი ფეხსაცმელი ჯერ სახლში უნდა მოირგო, გაიარ-გამოიარო და პანაშვიდებზე მერე ირბინო.

მერიც გამოჩნდა. მზის სათვალე მოუხდა, რომ არა ძველი პალტო და თმაზე წაკრული აფთიაქის რეზინი, ქალს მოწყურებული კაცი თვალსაც კი გააყოლებდა.

_ რაღაც-რაღაცები გავარკვიე. _ მომახალა გამარჯობის ნაცვლად.

_ გზაში მომიყევი.

ვეძისის აღმართს ფეხით შევუდექით. ამ ქუჩაზე, რომელიღაც კერძო სახლში, ლეო განისვენებდა.

_ ციკლოპას ვინაობა ვიცით _ გია კარანაძე. _ დაიწყო მერიმ. _ ულვაშიანი, რომელიც ყველაზე მეტად ბილწსიტყვაობდა, თემო ფრუიძეა. ლურჯთვალა _ ვასილ კარაგანოვი _ ვასკა. ჩუმი ტიპი მამუკა ფაჩულიაა, მეტსახელად მალჩუნი. ლეო ლომაშვილი ყოფილი კალასბურთელია, სწორედ მაგან ამაკრა პირზე სკოჩი. ბოლო სამი წელი გაზის გამანაწილებელ კომპანიაში მუშაობდა, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ჰყავს ცოლი, შვილი და საყვარელი. მკვლელობის ვერსიად შურისძიება სახელდება.

_ ვისი მხრიდან: ცოლის თუ საყვარლის?

_ აგარაკზე მოკლეს, საკუთარ ლოგინში.

_ იქნებ შენი ძმა არაფერ შუაშია? იქნებ ცოლმა იქირავა ქილერი ან საყვარლის ქმარმა მოუსწრაფა სიცოცხლე?

_ ციკლოპა?

_ ჰოო...

ლეოს სახლს ადვილად მივაგენით. მსუბუქი მანქანებით გადაჭედილი ქუჩა, ხალხით სავსე ეზო, ჭიშკართან _ შავი კატაფალკა, სახურავზე დამაგრებული ჯვარით.

მე და მერი სამძიმარზე მოსულების ახალ პარტიას შევერიეთ და ტაატით ავუყევით მეორე სართულზე ამავალ კიბეებს. პროცესიას წინ მიუძღოდა მსუქანი მამაკაცი დაჭმუჭნილი პიჯაკით. გაშვერილ ხელებში გვირგვინი ეჭირა.

კუბოს გარშემო ჩამომჯდარმა შაოსანმა ქალებმა პროცესიას სამადლობელო სიტყვები მიაკივლეს, მსუქანი კაცი მრავალმნიშვნელოვნად შედგა კუბოსთან. რიგი შეყოვნდა. მე ვისარგებლე მომენტით და ჭირისუფლები შევათვალიერე. ემოციურად მოტირალი მანდილოსანი დედა უნდა ყოფილიყო, ახალგაზრდა ქალი შეუვალი სახით _ ქვრივი. თუკი ლეო საყვარელთან `დაასტუკეს~, ქვრივის გამომეტყველება სრულიად გამართლებულია.

მომცრო გვირგვინებით შემკულ კედელზე მიცვალებულის გადიდებული ფოტო ეკიდა. ხორციანი შუბლი, წინ გამოვარდნილი ქვედა ყბა, ღრმად ჩამჯდარი თვალები _ სუფთა წყლის ავსტრალოპითეკი. ძალიან მაღალ კაცებს ახასიათებს მსგავსება გამოქვაბულების ბინადრებთან. ყოფილი კალათბურთელი წარბშეკრული დაჰყურებდა საკუთარ პანაშვიდს.

შეყოვნებული მამაკაცი, როგორც იქნა, დაიძრა და თავის კანტურითა და მწუხარე სახით განაგრძო მსვლელობა. ჩვენც გავყევით, კუბოს შემოვუარეთ და აივანზე გამოვეფინეთ.

_ წამო, იქ დავჯდეთ, ეზოც ხელისგულივით ჩანს, ჩვენც არავინ დაგვინახავს. _ ჩავჩურჩულე მერის და აივნის კუთხეში, ხის ძელსკამისკენ ვუბიძგე.

მერი მთვარეულივით გამომყვა, სკამზე ჩამოჯდა და არაამქვეყნიური მზერა სივრცეში მიმართა. იძულებული გავხდი მე

ეზოს პერიმეტრი მე დამეზვერა. ხალხი ჯგუფებად იდგა. ხმადაბლა საუბრობდნენ, სიტუაციის შესაფერისად.

_ მერი, _ მხარი გავკარი ფიქრებში წასულ ჯგუფელს, _ სულ რომ მიმინოს თვალი გამოვიბა, ამ ხალხში ვერავის ვიცნობ. ასწიე თავი და გაიხედე გარეთ.

_ მეცოდება. _ ხმის კანკალით თქვა მერიმ.

_ ვინ?

_ დედამისი.

_ სახლში რომ მიხვალ, მერე იდარდე დედამისზე.

_ ბეჟანი რომ დამანახა სადმე, მუხლებში ჩავუვარდებოდი. ექვსი წელი გავიდა უკვე, ის ამბავი კოშმარული სიზმარივის მახსოვს, რატომ ამიფორიაქა სული...

_ კაცებს სხვანაირი მახსოვრობა აქვთ. _ ვესროლე მერის და

შეუმჩნევლად გავიხადე ფეხსაცმელი, ის, რომელიც უფრო

მიჭერდა.

ცოტა მომეშვა.

გასვენებამდე ნახევარი საათი რჩებოდა, როცა ხალხის ნაკადი ორად გაიყო და ეზოში ინვალიდის ეტლი შემოაგორეს. ეტლში იჯდა ხმელ-ხმელი, თეთრთმიანი კაცი

ყორნისფერი წარბებით. უკან და გვერდით კუნთმაგარი, შავებში ჩაცმული ტიპები მოჰყვებოდნენ. ორმა ეტლიანი კაცი მსუბუქად აიტანა კიბეებზე და სარიტუალო ოთახისკენ გააგორა. მერი გიტარის სიმივით დაიძაბა.

_ მამუკა, შენც მოხვედი, ბიჭო?! ვაი, ჩემო თავო, ეს რა დღე გაგვითენდა, მამუკააა.... _ ოთახიდან ქალის გოდება გაისმა.

მერი ხელზე შემეხო. ალბათ მკვდარს არ ექნებოდა ასეთი ცივი, უსიცოცხლო თითები:

_ ის არის.

_ ვინ?

_ მამუკა ფაჩულია. მალჩუნი. მისი დასტური რომ არა, დანარჩენები ამდენს ვერ გაბედავდნენ.

_ შენი მონაყოლიდან მომეჩვენა, თითქოს ვასკა იყო ლიდერი.

_ ვასკა უბრალოდ აქტიურობდა. მამუკა ადრეც იყო ნასამართლევი. ბეჟანს პირველ რიგში მასთან უნდოდა ანგარიშის გასწორება, რაც სანახევროდ შეძლო კიდეც.

_ სანახევროდ რას ნიშნავს, კაცი ცოცხალია...

_ ინვალიდი. _ მერი მოაჯირზე გადაიხარა და გამომწვევად მოიხსნა სათვალე.

უცებ ერთ რამეს მივხვდი: გულის სიღრმეში მერის ეამაყება მისი პერსონის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და ძმის შურისძიება. კი ამბობს: ექვსი წელი გავიდა, ყველაფერი დამავიწყდაო, მაგრამ მე არ მჯერა. დავიწყება გარკვეულწილად გათავისუფლებას ნიშნავს. თავისუფალი ადამიანი კი სულ სხვანაირად გამოიყურება. საქმე ძველ პალტოსა და ფეხსაცმელში არ არის, მერის დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საკუთარი წარსული და სწორედ ეს ბოჭავს, და არა თმაზე წაჭერილი აფთიაქის რეზინი.

ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდება, ამ ორ სარკალურ თარიღს შორის დარჩენილ მონაკვეთში კი სხვა ადამიანებთან ურთიერთობას სწავლობს. მერის არავინ სჭირდება, მას მოსწონს მარტოობა და საკუთარი თავი ამ მარტოობაში.

ქეთუსიას და ჰყავდა _ ლიზიკო, რომლის საქმრო მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა _ პირდაპირ რეიხსტაგის მისადგომებთან დაეწია ფაშისტის ტყვია. ლიზიკოს დარჩა სამკუთხა ბარათების მოზრდილი შეკვრა და საქმროს ნაჩუქარი ვერცხლის მედალიონი წარწერით: `Спаси и сохрани~. მშვენიერმა ლიზიკომ მოგონებებს მიუძღვნა დარჩენილი ცხოვრება, ისეთი ამაყი საკუთარი გადაწყვეტილებით, გათხოვებაზე სიტყვას ვერ გადაუკრავდი. ასეც დაბერდა, სრულ სიმარტოვეში. თუ ვინმეს გამოიჭერდა, თავის დროში გაწელილ ერთგულებაზე უყვებოდა, მაგრამ როგორც ქეთუსუამ ერთხელ აღნიშნა: მაგის მოსმენას ოცდამეოთხე ყრილობის მოსმენა მირჩევნიაო. გამოსავალი დედაჩემმა იპოვა _ ლიზიკოს პუდელის ლეკვი მოუყვანა. დაუვიწყარი საქმროს თემა ლოლამ (პუდელის სახელი) შეცვალა: `ლოლა ვეტერინართან მყავდა~, `ლოლასთან პარიკმახერი გამოვიძახე~, `ლოლას თვალი ეწირპლება~, `ლოლა ატეხილია~, `ლოლას ჭაღარა გაერია~... აღზრდილმა დაუფასა ამაგი _ როცა ლიზიკომ სული განუტევა, ლოლამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა _ მეოთხე სართულის ფანჯრიდან ისკუპა. ამას კაცი არ იზამდა, თუმცა ისტორიას ახსოვს გამონაკლისები.

_ ერთს მაინც უწია ჩემმა ცოდვამ. _ მერის ხმამ მოგონებას მომწყვიტა და გასვენებაში დამაბრუნა.

_ ერთს თუ ორს?

_ ციკლოპას და ლეოს გულისხმობ? მათ გააზრებაც ვერ მოასწრეს რისთვის კლავენ. მამუკამ კი დანამდვილებით იცის, რის გამო მიეჯაჭვა ინვალიდის სავარძელს.

_ დანარჩენებისთვის არ მოგიკრავს თვალი?

_ ვასკა და თემო ჯერ არ ჩანს. ვნახოთ, ვნახოთ...

მერიმ ეზოში გადაიხედა. ფართოდ გაღებულ ალაყაფში ამჯერად სკოლის მოწაფეები შემოდიოდნენ, წინ მასწავლებელი მოუძღოდათ _ ფერ-უმარილში ამოგანგლული მანდილოსანი ფუთიანი საყურეებით ჩამოწლაწულ ბიბილოებზე.

_ მოდი დაბლა ჩავიდეს, ხალხში გავერიოთ. _ მითხრა მერიმ.

_ ქელეხშიც ხომ არ აპირებ გაყოლას?

_ არ მგონია მამუკა სასაფლაოზე წავიდეს.

_ რა შუაშია, მამუკა?

_ მამუკას კუდზე უნდა დავაჯდეთ.

_ რატომ? _ შესივებულ ფეხებზე დავიხედე. ეს გოგო სანამ სულს არ ამომხდის, არ შემეშვება.

_ უნდა დაველაპარაკო.

_ აკი წერილის გადაცემას ვაპირებდით?

_ წერილი იმ შემთხვევაში გაამართლებდა, თუკი გვეცოდინებოდა დანარჩენების მისამართები.

_ მისამართების დადგენა არქივში შეიძლება...

_ ჩემი ინფორმაციით ვასკა და თემო საქართველოში არ არიან. _ გამაწყვეტინა მერიმ და დავიწროვებული მზერა ჩემკენ მომართა. _ მამუკას დაველაპარაკები, ვეტყვი გადასცეს.

_ გააფრინე? _ შევძახე ემოციურად, იმდენად ემოციურად, რომ გახდილ ფეხსაცმელზე ფეხი გამეკრა.

იმავე წამს ეზოს მხრიდან აღშფოთებული ქოთქოთი მომესმა, საშინელების მოლოდინში გადავიხედე აივნიდან _ ჩემი საწყალი ფეხსაცმელი ეზოში ეგდო, მიწიდან ამოზრდილი ბანოვანი კი გაავებული შემომცქეროდა ქვევიდან ზევით. მის თვალებში ჩემი ჩაქოლვის პერსპექტივა ამოვიკითხე.

_ უკაცრავად, ჩამომივარდა. _ წავილუღლუღე ნირწამხდარმა და ასკინკილით კიბისკენ გავემართე.

მერი მხარში ამომიდგა. სამი ნაბიჯიც არ გვექნებოდა გავლილი, რომ ოთახიდან ინვალიდის ეტლი გამოგორდა. მამუკა-მალჩუნს ფერმკრთალ თითებში ასანთებად გამზადებული სიგარეტი მოექცია, განყენებული მზერა კი სადღაც შორს მიემართა. ნეტავ რას ფიქრობს? ახსენდება თუ არა ექვსი წლის წინ გაუპატიურებული გოგო, აკავშირებს თუ არა მეგობრების მკვლელობას მაშინ ჩადენილ სისაძაგლესთან? მეგობრების... ბანდაში მეგობრობა არ არსებობს. ნაქურდალს რომ თანაბრად გადაინაწილებენ, ის ჰგონიათ მეგობრობა.

ეზოში ჩემი ფეხსაცმელი მოვიძიე და იმდენი ვებოდიშე დაზარალებულ ბანოვანს, სანამ მის თვალებში შეურაცხყოფის მოლეკულა არ აილაგმა.

_ ეგ არაფერი, ხდება ხოლმე, _ მითხრა შემრიგებლურად.

_ პირველად ჩიტი მეგონა, _ თემა გააგრძელა ბანოვანის მხლებელმა ბარბისებრმა ქალმა. _ უფრო სწორედ ყვავი. ვიფიქრე, რაღა ლეოს ეზოში შეუსრულდა სამასი წელი?!

_ და რაღა ჩემს თავზე დაეშვა, არა? _ მხარი აუბა დაზარალებულმა.

`ბარბიმ~ გაიცინა, დაზარალებულსაც შეუხტა პომადიანი ტუჩები, მე ავყვავდი, მხოლოდ მერი იდგა პირგამეხებული _ ვერ გაეგო, რას მივეწეპე ამ ქალებს. მე კი ჩემი გეგმა მქონდა. თუკი მერი მამუკასთან გამოლაპარაკებას არ დაიშლის, სჯობს წინასაწარ ვიცოდეთ: რას წარმოადგენს შავწარბა და თეთრთმიანი `მალჩუნი~.

_ ინვალიდის ეტლში რომ კაცი ზის, ძალიან მეცნობა. ხომ არ იცით: უშიშროების დეპარტამენტში მუშაობდა? _ ზოგადად ვიკითხე. ვინც მიპასუხებს, მიპასუხებს.

ქალებმა ორაზროვანი ღიმილით გადახედეს ერთმანეთს.

_ სისულელე წამოვროშე, არა? _ რაც შეიძლება მიამიტი გამომეტყველება მივიღე. ადამიანებს აბნევს დაუფარავად გამოხატული ემოციები, უფრო სწორედ, გულახდილობის ხასიათზე აყენებს.

_ ქურდს რა უნდა უშიშროებაში, გენაცვალე? _ ცალყბად გაეღიმა `ბარბის~.

_ კანონიერი ქურდია?

_ მაგდენი არ ვიცი, კურთხევას არ შევსწრებივარ.

გასაგებია. მეტს ვერაფერს დავტყუებ. მე და მერიმ სტრატეგიულად მომგებიან ადგილზე გადავინაცვლეთ.

_ ბეჟანს არავინ შეარჩენს ქურდის მკვლელობას. _ მერიმ ისევ გაიკეთა სათვალე და შეშინებულმა მიმოიხედა, ვინმე ხომ არ გვისმენსო.

დავეთანხმე. სად კანონიერი ქურდი, სად გალოთებული ციკლოპა?! არ შეარჩენენ.

ეტლი, პირქუში დაცვის თანხლებით, უკვე ტოვებდა ეზოს პერიმეტრს. რესპექტაბელური გარეგნობის კაცი აქტიური ჟესტიკულაციით რაღაცას უხსნიდა მამუკას. ის უსიტყვოდ უსმენდა.

ეტლი ალაყაფიდან გაგორდა და ბორდიურზე შემხტარ `ჯიპს~ გაუსწორდა. მამუკამ მოკლე წინადადება წარმოთქვა, რესპექტაბელურმა თავი დაუკრა და გაქრა. ჯიპის უკანა სალონიდან პანდუსი გამისრიალდა.

მოულოდნელად მერი ადგილს მოსწყდა და გრძელი ნახტომებით ჯიპისკენ გაქანდა.

_ მერი! _ ერთი კი დავუძახე, მაგრამ უშედეგოდ. იძულებული გავხდი ფეხდაფეხ დავდევნებოდი.

_ უკაცრავად, ერთი წუთით! _ აქოშინებული მერი პანდუსზე შესკუპულ ეტლს გადაეღობა. _ სათქმელი მაქვს.

დაცვის ბიჭები აჩოჩქოლდნენ. მამუკამ თვალებით ანიშნა _ გაჩერდითო და ისინიც სმენაზე გაიჭიმენ.

_ ვინ ხარ? _ მამუკამ თვალებით გაზომა მატროსოვის პოზაში მდგარი ქალიშვილი.

შავსათვალიანი ქალი-მატროსოვი ცოტა არ იყოს კომიკურად გამოიყურებოდა. მაგრამ მერის უცნაურობაც იმაში იყო, რომ საკუთარ თავს გვერდიდან ვერ ხედავდა. თვითკრიტიკის გრძნობა არ გააჩნდა, იუმორთანაც ცოტა მწყრალად იყო.

_ როცა დაგელაპარაკებით, მიხვდებით. _ გულადად უპასუხა მერიმ. _ როდის შეიძლება თქვენი ნახვა?

_ აგერ არ ვარ?!

_ ყველას გასაგონად ვერ გეტყვით.

_ ჩაჯექი. _ მამუკამ მანქანაზე ანიშნა.

_ მერი, არ წახვიდე! _ თავი გამოვიდე მე და მანქანისკენ დაძრულ მერის პალტოს კალთაზე დავეჯაჯგურე.

მერი ხელიდან გამისხლტდა, მანქანას წინიდან მოუარა და უკანა სალონში ჩაჯდა.

_ მერი! _ შევძახე განწირული ხმით.

_ რა ისტერიკებს მიწყობთ შუა გასვენებაში? _ მამუკამ ახლაღა შემამჩნია და წარბშეკრული მომაჩერდა.

დაცვამ უხეშად გამწია, მე მუჯლუგუნი ვუთავაზე. მამუკა ოლიმპიური სიმშვიდით უცქეროდა ჩვენს გაწამაწიას. მერე ტრიბუნივით ასწია ხელი და თქვა:

_ თუ ძმა ხარ, ეგ ჟანა დარკიც მიუსვი, მაინც არ შეგვეშვება.

კარის კნუტივით შემაგდეს უკანა სალონში, მერის გვერდით. მამუკა, თავისი ეტლიანა ჩვენს გვერდით განთავსდა. `მალჩუნი~, გონებაში მისი მეტსახელი ამომიტივტივდა. რატომ რუსულად? დავიჯერო, ქართული თარგმანი ვერ გამონახეს? თუ მეტსახელებზე არ ვრცელდება ენობრივი ბარიერი? ლაპარაკის მანერაც თავისებური ჰქონდა: ტუჩებს პრაქტიკულად არ ხსნიდა, ხმაც ისეთი ამოსდიოდა, თითქოს ცხვირზე სარჭი ჰქონდა წაჭერილი.

_ შეგიძლია დაიწყო. _ მამუკამ ოდნავ მოაბრუნა თავი ჩვენი მიმართულებით.

_ მოწმეების გარეშე. _ თქვა მერიმ.

_ ოჰო! სახლშიც ხომ არ დაგპატიჟო?

_ ჩემთვის სულერთია. _ კეკლუცობის გარეშე მიუგო მერიმ.

მძღოლმა სარკიდან შემოგვცინა, გვერდით მჯდომმა დაცვამ კისერი მოაბრუნა _ მამუკას რეაქცია შეამოწმა. მამუკამ რაღაც ღილაკს თითი მიაჭირა. უჩინარი სამალავიდან ამოზრდილმა ქრომირებულმა მინამ სალონი ორად გაჰყო.

_ შავი სათვალე რატომ გიკეთია? _ მამუკა მერის მიუბრუნდა.

_ მოვიხსნა?

_ უცებ არ გიცნო!

_ რომ მიცნო?

_ ვნახოთ. _ დაინტრიგებული ხმის მიუგო მამუკამ.

მერიმ სათვალე მოიხსნა და უტყვი საყვედურით შეხედა მამუკას.

_ ვერ მიცანი?

_ ვერა.

_ მე მერი მქვია.

_ გისმენ, მერი.

_ ბეჟან კორინთელის და ვარ.

მამუკა გაშეშდა. რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ აღარც

სუნთქავდა. მოძალადისგან ასეთ რეაქციას არ ველოდი. მანქანა საკმაოდ დაბალი სიჩქარით მოძრაობდა. კერძო სახლებით დასახლებულ უბანს გავცდით და ცენტრალურ ქუჩაზე გამოვედით.

უცებ, მამუკას ხელში პისტოლეტი დავინახე, არც ვიცი, როდის მოასწრო ამოღება, ან საიდან. ნათლად წარმოვიდგინე ჩემი და მერის შუბლგახვრეტილი თავები, ფანჯარაზე მისხმული ტვინი, დანაწევრებული გვამებით გატენილი ორი სისხლიანი ტომარა, რომლებსაც ალბათ მტკვარში მოისვრიან...

არადა, სულ ცოტა ხმის წინ ფეხსაცმელი მიჭერდა და თავი უბედური მეგონა. თურმე, სად ბანაობ...

დაძაბულ სიჩუმეში მამუკას მოგუდული ხმა გაისმა:

_ გამომართვი და მესროლე.

თვალები ავახამხამე და მერის შევხედე. ის დაბნეულად აქნევდა თავს:

_ მომაშორე იარაღი! ახლავე შეინახე... შენი მოკვლა არც მიფიქრია!

_ აბა, რისთვის მოხვედი?

_ შენს გადასარხენად.

მამუკამ იარაღი დაუშვა. აშკარად მერიზე დაბნეულად გამოიყურებოდა.

_ დიახ. შენი და კიდევ იმ ორი კაცის, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ჩემს... _ შესაფერისი სიტყვის ძებნაში მერიმ ტუჩი მოიკვნიტა, მაგრამ ვერ იპოვა და სათქმელი გააშიშვლა. _ ჩემს გაუპატიურებაში.

_ ბეჟანმა მოითავა სროკი?

_ კი, მაგრამ თვალის არ მინახავს.

_ რატომ?

_ სახლში არ მოსულა.

_ სად არის?

_ არ ვიცი. _ უპასუხა მერიმ. _ რომც ვიცოდე, არ გეტყოდი.

_ ჰოო... _ დაეთანხმა მამუკა. _ გამოდის, ციკლოპა და ლეო ბეჟანას დაბრედილებია?

_ შენც ასე არ ფიქრობ?

_ რიჟა ბაზარს არ დავიწყებ, გამკრა ეგეთმა ეჭვმა, მაგრამ ბეჟანა ზონაში მეგულებოდა.

_ შემთხვევით გავიგე, რომ ოთხი თვის წინ გამოუშვიათ.

_ და სახლში არ მოსულა?

_ ნწუ.

_ არც დაურეკავს?

_ რომ დაერეკა, ვთხოვდი: ხელი აეღო სამაგიეროს გადახდაზე. ჩემი ძმა ცოცხალი მჭირდება, მის გარდა არავინ მყავს!

მამუკამ პისტოლეტი შეინახა და მძიმედ ამოიოხრა:

_ ბეჟანა მართალია. მის ადგილზე მეც იგივეს გავაკეთებდი. ჩემი თექვსმეტი წლის დაზე ვინმეს რომ ძალა ეხმარა, ერთი გასროლას არ ვაკმარებდი, წამებით ამოვხდიდი სულს.

მე და მერი სკამებს შევეზარდეთ. კანონიერი ქურდისგან ყველაფერს ველოდით, მონანიების გარდა.

_ ვიცი, რასაც ფიქრობ, _ განაგრძო მამუკამ, _ თუ ასეთი წმინდანი იყავი, მაშინ რამ დაგამუნჯაო?... წმინდანი არც მაშინ ვიყავი, არც ახლა ვარ, უბრალოდ, ინვალიდის სავარძელში გატარებულმა ცხოვრებამ შემცვალა. მე დავიმსახურე ეს ეტლი. _ მამუკა ნაზად გადაუსვა ხელი ეტლის სახელურს. _ და არა მარტო იმის გულისთვის, რაც ექვსი წლის წინ მოხდა... იასნია ბეჟანმა იპროჭა _ ოფშიაკიდან ბრილიანტი ათესა, მაგრამ შენ არ უნდა დასჯილყავი ძმის გამო. ზაპრასტა შემეძლო ციხეშივე მიმესაღებინა, თავიდან ასეც ვგეგმავდი... მაგრამ როცა ფეხზე დადგომის ყველა შანსი ამომეწურა, დავიკიდე _ გაუშვი, იცოცხლოს, მე მაინც არაფერი მეშველება მეთქი.

_ ჩემი ძმის მიყენებულმა ჭრილობამ გაგხადა ინვალიდი?

_ არ იცოდი? _ წარბები მოყანწა მამუკამ.

_ ვიცოდი, რომ ორი თქვენგანი დაჭრა. ვის რა ბედი ეწია არ გამიგია. არც მქონდა ამის სურვილი.

_ რა შემიძლია გავაკეთო შენი გულისთვის?

_ დანარჩენები გააფრთხილოთ. ერთს მგონი ვასკა ერქვა, მეორეს _ თემო.

_ ხო, ასეა: ვასკა კარაგანოვი და თემო ფრუიძე. მეტი არაფერი გინდა მთხოვო?

_ იმ ოჯახის კოორდინატები მაინტერესებს, ვისაც ბრილიანტი მოპარეთ.

მამუკამ მკვეთრად მოაბრუნა თავი. არქეოლოგს ჰგავდა, რომელმაც ეს-ესაა აღმოაჩინა თამარ მეფის საფლავი და საკუთარ თვალებს არ უჯერებს.

_ იმის თქმა გინდა, რომ `ბომბეი~ არ გაგისუხარებია?

_ არა, ის თავის პატრონს დაუბრუნდება. _ მოუჭრა მერიმ. _ სულ ტყუილუბრალოდ მბურღავ თვალებით, ცოცხალი თავით არ გაგიმხელ სად მაქვს გადანახული. მე აღარაფერი მაქვს დასაკარგი.

მოულოდნელად მამუკამ გადაიხარხარა. უცნაურად იცინოდა, დაკრეჭილი კბილებით. ზვიგენს რომ სიცილი შეეძლოს, ალბათ ასე გაიცინებდა.

_ შენ ვინ ყოფილხარ, გოგო? _ შესძახა დაუფარავი აღტაცებით.

მერიმ მხრები აიჩეჩა, მე ძალაუნებურად გამეღიმა.

_ აი, შენი დაქალიც ჩემსავით ფიქრობს. ასე არაა? _ მე მომმართა მამუკამ.

მზერა ავარიდე. ცხადია, მერი ცოტა არ იყოს დარტყმულია, მაგრამ მოპარულ ნივთს მეც დავაბრუნებდი.

_ დავიჯერო მაშინაც იცოდი სიმართლე და ძმა არ გათქვი? დავიჯერო...

_ არა, რა სისულელეა! _ ხელები აასავსავა მერიმ. _ ექვსი წლის წინ წარმოდგენაც არ მქონია ბეჟანის საქმიანობაზე. ვფიქრობდი მუშაობს, მივლინებებში დადის... ჩემთვის მეორე დარტყმა იყო, როცა ბეჟანის შავ სამყაროსთან კავშირის შესახებ გავიგე!

_ თუ ასეთი `დარტყმა~ იყო, ბრილიანტის დაბრუნებას რა ედგა წინ?

_ ბეჟანს მისამართი ვერ დავტყუე. საერთოდ ამიკრძალა ამ თემაზე ლაპარაკი, მერე ციხეზე მისვლა ამიკრძალა...

_ უცნაური ოჯახი ხართ, ჩემმა მზემ. _ დაასკვნა მამუკამ.

გულში დავეთანხმე.

_ უბედური ოჯახი ვართ. _ ნაღვლიანად შეუსწორა მერიმ. _ თუკი შეიძლება ოჯახი დაერქვეს იმას, რასაც მშობლების დაღუპვის შემდეგ დავემსგავსეთ. მეტყვი მისამართს?

_ არა.

_ რატომ?

_ ბეჟანამ თუ არ გითხრა, მე რატომ გეტყვი? გაყიდე ის ქვა და ხეირი ნახე.

_ ნაქურდალის გაყიდვით ვერ ვიხეირებ.

_ ჰმ, მორწმუნე ხარ? _ დაინტერესდა მამუკა.

_ რატომ მეკითხებით? _ კითხვა შეუბრუნა მერიმ.

_ რა ვიცი, მონაზონს გავხარ. აი, შენი დაქალი მოდელს ჰგავს, შენ _ მონაზონს. მიკვირს, რა გაქვთ საერთო.

სირცხვილით დავიწვი. მამუკა შეიძლება არ ტყუის, მაგრამ რა უტაქტობაა ორი ქალის დაპირისპირება?! ასეთ სიმართლეს მამალი ტყუილი სჯობს. მონაზვნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ოცდაერთი ქალიშვილს უთხრა: მონაზონს გავხარო _ ვერაფერი კომპლიმენტია.

_ მონაზონს შეიძლება ვგავარ კიდეც, მაგრამ ჩემს საქციელს რწმენასთან საერთო არაფერი აქვს. მე აქ უფლის შიშმა არ მომიყვანა...

_ აბა?

_ უბრალოდ მსოფლმხედველობა მაქვს ასეთი.

_ მსოფლ-მხედველობა. _ დამარცვლა მამუკამ. ცოტა ხანს გაყუჩდა, მერე სიგარეტის კოლოფი ამოიღო _ დეფიციტური `მარლბორო~. _ დარწმუნებული ხარ, რომ მკვლელობა ბეჟანის ჩადენილია?

_ არ ვარ დარწმუნებული, უბრალოდ ლოგიკას მივყვები. ციხეში არ არის, სახლში არ მოსულა. სხვა რა უნდა ვიფიქრო?! _ მერის ხმა გაებზარა. ჩაახველა.

_ მისმინე, მერი...

_ დიახ.

_ შენი გაუპატიურების ამბავი ხუთი კაცის გარდა არავინ იცოდა. სანამ ბეჟანა მე და ლეოს დაგვჭრიდა, ხუთივემ ფიცი დავდეთ.

_ სინდისმა შეგაწუხათ?

_ ყოველ შემთხვევაში, მე შემაწუხა. ნუ მაწყვეტინებ. ბეჟანამ სასამართლოზეც არ გაამხილა ჩვენი დაჭრის ნამდვილი მიზეზი. გამოდის, ისიც მოერიდა გაბაზრებას. მიმიხვდი, საით მიმყავს?

მერიმ თავი დაუქნია.

_ ამ მხრივ, შენთან როგორ არის საქმეები?

_ იათამზემ იცის. მეტი არავინ. _ ჩემზე ანიშნა მერიმ.

_ იათამზეს გარდა მეგობარი არ გყავს? _ ყოველგვარი ირონიის გარეშე ჩაეკითხა მამუკა.

_ იათამზე ჩემი მეგობარი არ არის.

_ ასეც ვიცოდი. სხვა რამე გაკავშირებთ ერთმანეთთან?

მერიმ ჯერ მე შემომხედა, მერე მამუკას.

_ მსოფლმხედველობა. _ თქვა ბოლოს. _ აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ბრძანდებოდე, იამზე არავის ეტყვის. რომც უთხრას, არც ამით დაშავდება რამე. ჩემთვის სულერთია, რას იტყვიან სხვები, მთავარია: რას ვფიქრობ მე. მეგობრები კი არ მყავს. ალბათ ძნელია მონაზონთან მეგობრობა. _ დააყოლა სევდიანად.

გზა სიჩუმეში განვაგრძეთ. მამუკამ ღილაკს თითი დააჭირა. მინა, რომელიც სალონს ჰყოფდა, უკანვე ჩასრიალდა და ჩვენ წინ მსხდომების კეფები დავინახეთ.

_ ამათ მეტროსთან გაუჩერე. _ მძღოლს ესროლა მამუკამ და ისევ მერის მიუბრუნდა:

_ გინდა, გითხრა რას ვფიქრობ?

_ დიახ.

_ არ მჯერა, რომ ბეჟანას მოკლულები არიან. არ ჰქონდა ის სიხისტე, რომელიც კაცს სასხლეტზე ხელს გამოაკვრევინებს. მომკალი და არ ჰქონდა!

_ არ ვიცი, მე ჩემი გითხარით.

მანქანა `დელისის~ მეტროსთან გაჩერდა.

_ თუ ბეჟანი გამოჩნდა, ჩემი თხოვნა გადაეცით. _ ჩაილაპარაკა მერიმ.

_ თუ მოვასწარი, კი. _ გაეღიმა მამუკას.

_ _ _

სახლში სანათესავო თავყრილობა დამხვდა _ დედა, მამა, ქეთუსია ბებია, და _ ლელა, სიძე _ ზურა და დისშვილები _ ანანო და მიკა. ქალები სამი წლია მიკას დაპურებით იყვნენ დაკავებულები, რომელიც თითო ლუკმის ფასად თითო გასართობს ითხოვდა. მაგიდაზე ეყარა ბეჭდები, საყურეები, ბროშები... მიკას ქეთუსიას თმის სარჭი დაეთრია და ლელას თვალში უმიზნებდა. ჩემი და მთელი ტანის უკან იწევდა, წინ გაშვერილი კოვზით კი პირში მორიგი ლუკმის ჩატენვას ცდილობდა.

_ მიკა! _ ტერორისტ დისშვილთან და ფაფიან ლოყაზე ვეამბორე.

მიკამ ტკბილად გამიღიმა და `იარაღი~ ჩემკენ მომართა.

_ მშია! _ ვისროლე უმისამართოდ და სააბაზანოში შევხტი.

უნდა გენახათ ჩემი საწყალი ტერფები. დაწითლებული, დაკრუნჩხული, დამტვერილი... ტაშტი თბილი წყალით გავავსე და ფეხები ჩავყავი. გონებაში მამუკას ნაადრევი ჭაღარა და უღონო ფეხები დაეკიდა, იქვე ამოტივტივდა მკვლელობის ახალი ვერსია. იქნებ ციკლოპა და ლეო მამუკამ მოკლა? თუკი კანონიერ ქურდობას აწვება, არასრულწლოვანი გოგოს ჯგუფური გაუპატიურება სამარცხვინო ლაქად გაჰყვება მის ბიოგრაფიას. ასეთი `ლაქით~ ვერ გახდები კრიმინალური ავტორიტეტი. მართალია, ხუთეული ფიცით იყო შეკრული, მაგრამ არ არის გამორიცხული რომელიმეს, თუნდაც გამათხოვრებულ ციკლოპას, მამუკა დაეშანტაჟებინა.

_ ბებიკომ, ვახშამი მზადააო. _ აბაზანის კარზე ანანომ მომიფხაჭუნა.

_ მოვდივააარ. _ გავძახე დისშვილს.

სამზარეულოში შეცხელებული ტოლმა და საჭორაოდ მომართული სამეული დამხვდა. ჩემგან ელიან ექსკლუზივებს, რადგან გათხოვების შემდეგ ლელას ცხოვრებამ აქტუალობა დაკარგა. რა უნდა ხდებოდეს საინტერესო ოჯახზე გადაგებული ქალის ცხოვრებაში? ფაფები, ქვაბები, სარეცხი, ჭურჭელი, ალაგ-ალაგ ვიღაცის დაბადების დღე ან ნათლობა. ჩვეულებრივი რუტინა. მე რომ მკითხო, ამაშიც არის თავისებური რომანტიკა. რუტინის რომანტიკა. ლელა სულაც არ მისტირის მეგობრების წრეში გატარებულ დროებას, დიასახლისად თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. სულ სხვა ვარ მე. ჩემ გარშემო მუდმივად დამუხტული ატმოსფეროა.

_ რა ხდება ახალი? _ შემომაპარა დედაჩემმა.

_ მნიშვნელოვანი არაფერი. _ დანა-ჩანგალი მოვიმარჯვე და ჭამას შევუდექი.

_ სად იყავი მთელი დღე?

_ ინსტიტუტში.

_ საღამომდე ინსტიტუტში იყავი?

_ ჯგუფელს გავყევი პირად საქმეზე.

_ იმ უცნაურ გოგოს, ამასწინათ რომ გესტუმრა?

_ რატომ იყო უცნაური?

_ ასკეტური იერი ჰქონდა. _ გაახსენდა დედას. _ არ იღიმებოდა.

_ გათხოვილია? _ ქეთუსია მერის ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდა. მისი ღრმა რწმენით გათხოვება ბედნიერების უკანასკნელი ინსტანციაა. თუ პასპორტში შტამპი გაქვს, მორჩა, შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

_ არ არის გათხოვილი.

_ მაგას რა გაათხოვებს, ჯერ გაღიმება ისწავლოს. _ აღნიშნა დედაჩემმა.

_ გათხოვება რომ გაღიმებაზე იყოს დამოკიდებული, ჩვენი იაკო ცხრაჯერ გათხოვდებოდა, სულ გაკრეჭილი დადის. _ აყვა ლელა და ოთახიდან გამოსულ ხმებს მიაყურადა.

სამზარეულოში პრეტენზიული მიკა შემოიჭრა.

_ დახან-დუხუნი მინდა!

_ დახან-დუხუნი სახლში. _ დაუცაცხანა ლელამ.

_ მინდააა.... _ ბოლო ხმაზე დაიგუგუნა მიკამ. ქეთუსიამ ჱყურებზე მიიფარა ხელები.

_ რა უნდა? _ დაინტერესდა დედა.

_ ჩაქუჩი. _ განუმარტა ლელამ.

_ ჩაქუჩი არ შეიძლება. _ დედამ ხმაში ფოლადი გაურია, თითქოს თავის სტუდენტებს უყვავებდა და არა სამი წლის შვილიშვილს.

_ წადიიი... _ მიკამ მკაცრი ბებიკო გაურკვეველი მიმარსულებით გააგზავნა.

_ Избалованный мальчишка. _ ცხვირი აიბზუა ქეთუსიამ.

_ ანანო, გაართე ბავშვი. _ ქალიშვილს დაჰკივლა ლელამ და მე მომიბრუნდა. _ რა გადაწყვიტე, მიდიხარ მოსკოვში?

_ თუ გამიშვეს, კი. _ გავეპრანჭე დედაჩემს.

_ მე თანახმა ვარ, მაგრამ მამაშენი ფეხს ისრევს. გუშინ შევაპარე და ცივი უარი მტკიცა.

_ მაგან სულ ეგრე იცის. პირველად გაჭინჭყლდება, მერე მოლბება, მერე აქეთ შეგეხვეწება. _ აინუნშიც არ ჩააგდო ლელამ.

რაც მართალი, მართალია. მამა ასეთია. დედას არასოდეს წყინს მისი პირველი უარი, ზუსტად იცის, ადრე თუ გვიან მამა დაუთმობს. უბრალოდ დრო სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში მამაჩემს ძალიანაც უნდა ჩემი მოსკოვში გაშვება, მაგრამ რატომღაც თავს იფასებს. სულაც იზღვევს. რამე რომ იყოს, მერე ხომ უნდა თქვას: აი, მე რას ვამბობდიო?!

_ დახან-დუხუნი! _ აყვირდა მიკა.

_ ზურა, მიხედე, ბავშვს! _ სასტუმრო ოთახში მჯდარ ქმარს გასძახა ლელამ.

ზურამ არ შეიმჩნია, სიმამრის გარემოცვაში საინფორმაციო გამოშვებას ჩაუღრმავდა. დედა აწრიალდა, ეტყობა, მასაც აინტერესებდა ახალი ამბები, მაგრამ სტუმრად მოსული უფროსი ქალიშვილი არ ეთმობოდა.

_ ხალხო და ჯამაათნო, _ წარმოვთქვი მე. _ საშკას დაბადების დღე ერთ კვირაშია, ხვალვე თუ არ ვიზრუნეთ ბილეთზე, მერე ნამცეცობაზე მომიწევს წასვლა. ლელა, გაიქეცი, შეაბი მამიკო. შენ უარს არ გეტყვის.

_ ვითომ რატომ არ მეტყვის?

_ სიძის მოერიდება. მიდი, რა?! _ ყელი გამოვიწიწკნე.

_ ამდენი ქალი ვართ და ბავშვი ნაგვის ვედროში იქექება! _ წამოიძახა ლელამ და ვედროში ჩაყუდებული მიკა ქეჩოთი დაითრია, რომელსაც მოესწრო შოკოლადის ქაღალდის დათრევა და ინტერესით ათვალიერებდა მასზე დახატულ დათუნიას.

_ ბავშვს მე მივხედავ. _ ნიკას ხელები დავბანე, ლელა კი მოსალაპარაკებლად გავცოცხე.

_ ჰო, მართლა, დღეს ვიღაც კაცი გირეკავდა. _ გაახსენდა ქეთუსიას. _ მეგობარი ვარო.

_ ვინ მეგობარი? _ დავინტერესდი.

_ მეც ეგ ვკითხე, მაგრამ სახელის თქმა არ იკადრა.

_ წკ ხომ არ იყო?

_ წკრიალაშვილის ხმას მოხარშულს ვიცნობ. არც მერაბი იყო, არც ჭუტალა, არც მალხაზი. Такой солидный голос. Бас!

_ პაატა იქნებოდა, ბურჭულაძე. _ თვალი ჩავუკარი დედას.

_ ვაი შენს პატრონს! _ გულზე მოხვდა ქეთუსიას. ბებიაჩემისთვის ოპერის მომღერლები ზეადამიანთა კასტაში გადიოდა, ვინ იყო მათთან შედარებით დიდი პოლიტიკოსები, მწერალები, მხატვრები.

მამაკაცი `სოლოდნი ბასით~ უეჭველი ჯაბაა. `ასე ადვილად ვერ შეგელევიო,~ _ მოთხრა გამომშვიდობებისას და აი, ტელეფონის ნომერიც გაუგია. არ მინდა მისი ნახვა, მამუკა-მალჩუნს მაგონებს.

_ ეთერმა დღესაც დარეკა, იაკო უსიკვდილოდ ჩამოვიდეს, საშკას საცოლე უნდა შევაფასებინოო. _ ჩემგან რომ ვერაფერი ხეირი ნახა, ქეთუსიამ შემონახული კოზირი გადმოაგდო.

_ საცოლე ჰყავს? _ ერთხმად შევძახეთ მე და დედამ.

_ ხო, შეყვარებულა. რუსზე. ეთერს ქართველი რძალი უნდოდა, მაგრამ მაგას ვინ ეკისხება?! საშკა ჭკვიანი ბიჭია, ცუდი გოგო არ შეუყვარდება. მამამისს ჰგავს. _ ეს კენჭი ეშმაკმა ქეთუსიამ ერთდროულად ორ ბოსტანში ისროლა, ჩემსაში _ ცუდი ბიჭი რომ შემიყვარდა და დედაჩემის _ გეოლოგს რომ გაჰყვა ცოლად და არა დიპლომატს, როგორც დეიდაჩემი.

დედამ მე გადმომხედა, მე მიკას თმის ბულულს ჩავუღრმავდი, მაგრამ ბავშვს მობეზრდა კალთაში ჯდომა, ხელიდან დამისხლტდა და მისაღებისკენ გაქანდა. კარში კინაღამ საკუთარმა დედამ გაიტანა. ლელა ქარიშხალივით შემოიჭრა სამზარეულოში და საკოცნელად ლოყა მომიივირა.

_ დაითანხმე? _ ვკითხე გულის ფანცქალით, და სანამ ლელა პასუხს გამცემდა, კისერზე ჩამოვეკიდე.

მერე დედას ჩამოვეკიდე, მერე ქეთუსიას, მერე მამაჩემს დავდე პატივი, სიძეც მივაყოლე, მიკა დავაბზრიალე... მოკლედ, მე მოსკოვში მივდივარ!

_ _ _

აუდიტორიაში ჩემ გარდა კიდევ ორი სტუდენტი იჯდა. ისინიც წინსწრებით აბარებდნენ ჩათვლას. გერმანულის ლექტორს, ქალბატონ გურანდას ნამძინარევი სახე და ჩამქრალი თვალები ჰქონდა. მობუზული იჯდა და უგულისყუროდ გვისმენდა, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს.

კათედრაზე თითქმის ყველამ იცოდა _ გურანდას ქმარს ახალგაზრდა საყვარელი ჰყავს. იცოდა გურანდამაც, მაგრამ არ ეთმობოდა ლოველასი ქმარი და პატიობდა. არ მესმის მისი. არც იმ კაცის მესმის გარდამავალი დროშასავით ხან ერთ ქალთან რომ ათევს ღამეს, ხან მეორესთან.

გურანდამ რამდენიმე კითხვა დაგვისვა და ჩათვლა უპრობლემოდ დაგვიწერა. არ არის ის ადამიანი, ჯავრი სტუდენტებზე იყაროს. პირიქით, ამ ბოლო დროს ლმობიერი გახდა, არადა მკაცრი ლექტორის სახელი ჰქონდა გავარდნილი. შეიძლება აპათიის ამბავია.

გახარებული გამოვედი აუდიტორიიდან. დერეფანში მერი კორნთელი დამხვდა _ მე მყარაულობდა.

_ სახლში დაგირეკე. ბებიაშენმა მითხრა, რომ ჩათვლაზე ხარ.

_ ხო, მოსკოვში მივდივარ და...

_ ვიცი.

_ საიდან?

_ ბებიაშენმა მითხრა.

ქეთუსია ყველას აბარებს ანგარიშს, უნდა გავაფრთხილო ენას კბილი დააჭიროს. იქნებ არ მინდა, ზოგიერთებმა იცოდნენ სად მივდივარ და როდის.

დერეფანს გავუყევით. დღეს ლექციები არ გვაქვს, მერი სპეციალურად მოვიდა, ე. ი. რაღაც აქვს სათქმელი.

_ ბრილიანტი მომპარეს.

არა, არ მომესმა. ეს მერიმ თქვა, მაგრამ ისე უბრალოდ, თითქოს კალმისტარი მოპარეს. რაც მთავარია, დაადო თავი და მიდის, მაშინ, როცა მე ლამის ფეხსაცმელებიდან ამოვხტი.

_ როგორ თუ მოგპარეს, ვინ?! _ მკლავზე წავეპოტნე, გავაჩერე.

_ ალბათ, მამუკას ხალხმა. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?

_ შენი ძმა.

_ ბეჟანს თუ მოპარვა უნდოდა, ოთხი თვის განმავლობაშიც მოიპარავდა. არა, იათამზე, ეს ბეჟანი არ არის.

_ როდის აღმოაჩინე დანაკარგი?

_ წუხელის.

_ ანუ მას მერე, რაც დავიშალეთ.

_ ხო.

_ პირდაპირ სახლში წახვედი თუ სადმე გაუხვიე?

_ პირდაპირ სახლში.

_ მაშინ მამუკა გამორიცხე. ელემენტალურად ვერ მოასწრებდა ქურდების მოქსევას. მითუმეტეს, არც შენი ახალი მისამართი იცოდა, არც ორიგინალური სამალავი.

მერი გაჩუმდა.

_ იქნებ წუხელ არ მოუპარავთ... ბოლოს როდის შეამოწმე?

_ ოთხი დღის წინ იდო. _ მერიმ პალტოს საყელო აიწია და გარეთ გაიხედა.

ცრიდა. ასეთი მოსაწყენი, ზარმაცი წვიმა მხოლოდ შემოდგომაზე იცის. ფანჯარაში მოჩანდა სისველისგან ჩამუქებული ნაძვები, ქუჩის გადაღმა, ვაკის პარკი და ფერშეცვლილი ფერდობი. მიკროავტობუსმა შემცივნული სტუდენტები აკრიფა და გზა

განაგრძო. მოსკოვში მალე მოთოვს. მომენატრა ბარაქიანი თოვა, სახესთან აფარფატებული მსხვილი ფანტელები.

მერიმ ჩუმად ამოიოხრა. ჩემთვის გასაგებია მისი გრძნობები, უჭირს იმის დაჯერება, რომ საყვარელმა ძმამ კიდევ ერთხელ გააბითურა.

_ მერი, ჩახედე სიმართლეს თვალებში, ის ბრილიანტი შენი ძმის აღებული იქნება, მარტო მან იცოდა სამალავი.

_ სამმა კაცმა ვიცოდით. მე, ბეჟანმა და შენ.

პირველად ვიფიქრე, რომ მომესმა, მაგრამ როცა მერის დაძაბულ პროფილს შევხედე, მივხვდი: არ ხუმრობს. ჩემზე აქვს ეჭვი!

შეურაცხყოფის ტალღამ მმთელ სხეულში დამიარა და თვალებიდან ნაპერწკლები მაყრევინა. გამანადგურებელი მზერა ვესროლე მერის და უკანმოუხედავად დავტოვე დერეფანი.

_ _ _

უკვე თვითმფრინავში ვარ. ადგილი ილუმინატორთან არ შემხვდა, მაგრამ კიდეშიც კარგად ვგრძნობ თავს. ასეა თუ ისე, მოსკოვში ნებისმიერი ადგილი ჩამიყვანს. ჩემს გვერდის ასაკოვანი წყვილი ზის. კაცი უკმაყოფილოდ კუთავს, ქალი კრუხივით დაჰფოფინებს.

_ გამეყინა ფეხები. _ წუწუნებს კაცი. _ ჯერ არ ავფრენილვართ და უკვე გამეყინა... მოსკოვში რაღა მომივა?! რომ აიტეხავ ხოლმე რაღაცას, ცხრა უღელი ხარ-კამეხი ვერ გაგაჩერებს. რა ხართ, ეს ქალები...

_ კარგი, გაიოზ, დაწყნარდი, ჩავალთ და მაშინათვე ცხელ წყალში ჩაგაყრევინებ ფეხებს.

_ ან ჩავალთ, ან არა.

რაო? გულგახეთქილმა შევხედე. კაცი სახელად გაიოზი ჩვენი კათედრის გამგეს ჩამოჰგავს _ დაფანჩული წარბები, მსხვილი ცხვირი ენერგიული ნესტოების, პირის გასწვრივ _ ღრმა ნაოჭები. რამ გაუჩინა ნაოჭები, ალბათ ცხოვრებაში არ გაუცინია.

_ აბა, ეგ რა ლაპარაკია, გზაზე ვდგავართ უკვე. _ ტკბილად უსაყვედურა ცოლმა.

_ ცუდი სიზმარი ვნახე წუხელის.

_ წყალს უთხარი?

_ წყალს არა იმას...

_ უჰ, რა ურწმუნო თომა ხარ, რა გეშველება...

_ თომა არა ის...

_ კარგი, გაიოზ, სირცხვილია.

_ ფეხებზე მკიდია.

აი ახლა მეც ფეხებზე დავიკიდებ და თავში ჩავაფარებ. ვერ გავიგე, რას დაგვჩხავის ყვავივით? საოცარია: რატომ ხვდება ჯაჯღანა კაცებს ასეთი სათნო ცოლები? ალბათ ამაშიც არის გარკვეული კანონზომიერება. ცოლიც რომ ისეთივე აუტანელი იყოს,

როგორც ქმარი, ერთმანეთს დაჭამენ. მე თუ დათმობა ვერ ვისწავლე, გათხოვებაზე ხელი უნდა ავიღო.

თვითმფრინავმა სტარტი აიღო, მოკლე გარბენა გააკეთა და ცაში აიჭრა. მორჩა. უკან დარჩა კოშმარული დღეები თავისი ციკლოპებით და ბომბეებით. დამშვიდდი, იასამზე, `რაც გინახავს, ვეღარ ნახავ~! ბედნიერების ისეთი მოწოლა ვიგრძენი, კინაღამ ჯიჯღინა გაიოზს მივესიყვარულე. რას ვერჩი ამ წარბფანჩულა ბერიკაცს, ფეხები ვის არ გაყინვია... თვალები დავხუჭე და ორგანიზმში განავარდებულ `ბედნიერებას~ მივაყურადე.

ვინ მაცალა? გვერდიდან მომიკაკუნეს.

მივიხედე. ისევ მოვიხედე. არა, მხედველობა არ მატყუებს. ჩემს უკან, არც მეტი, არც ნაკლები, ჯაბა იჯდა.

_ არ მელოდი? _ მკითხა ირიბი ღიმილით.

დავმუნჯდი.

_ ია, არ გაგიხარდა?

თავი გავაქნიე.

_ მე კი გამიხარდა... შენი დანახვა.

_ საიდაც იცოდი ჩემი გამგზავრების ამბავი? _ როგორც იქნა, ენა ამოვიდგი.

_ საიდან მოიტანე, რომ ვიცოდი? ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო შენი ხილვა.

ტყუის! დარწმუნებული ვარ მე ამეკიდა, მაგრამ ძალით ხომ არ ამოვგლეჯ აღიარებით ჩვენებას?!

_ ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, თუმცა არც ისეთი სასიამოვნო. _ ვუკბინე თავაზიანად.

_ თუ ჩემი ხმა გაღიზიანებს, გავჩუმდები.

დიდებული აზრია. გაჩუმდეს. ზურგი ვაქციე.

კაცმა რომ თქვას, რას ვერჩი? სიკეთის გარდა ჩემთვის არაფერი გაუკეთებია... ნუთუ საკუთარი სისუსტე ვერ ვაპატიე, იქ, სანაპიროზე, როცა როკენროლოთ გაბრუებულები ერთმანეთს ვკოცნიდით. აი, ახლაც... მისგან წამოსული მამაკაცური იმპულსები შიგ დიაფრაგმაში მირტყამს და სურვილით მავსებს. ამას არაფერი აქვს საერთო სულიერებასთან. ამას ცოდვის სუნი ასდის.

_ ოჯალეში ჩადე? _ გაახსენდა გაიოზს.

_ ჩავდე, დარდი ნუ გაქვს. _ დაამშვიდა ცოლმა.

_ ჩურჩხელები?

_ ჩურჩხელებიც.

_ მძაღე ნიგოზი ხომ არ შეგაპარეს?

_ რა ვიცი, შიგ კი არ ვზივარ!

_ ვერ გასინჯე?

_ ჩემი კბილების პატრონი, ბაზარში ჩურჩხელის ლოღნას ხომ არ დავიწყებდი? _ თავი იმართლა ცოლმა.

_ სირცხვილი არ ვჭამოთ, შე ქალო, ამოდენა გზაზე უვარგისი ჩურჩხელის ჩატანა იქნება?

_ არ ჰგავდა აფერისტს ის გამყიდველი, შვილები ამოიწყვიტა: ძვირფასი ჩურჩხელა არისო.

_ ყველა შენ რავა უნდა გატყუებდეს...

_ ნუ იცი მასეთი ლაპარაკი, გაიოზ, ნუ წამიმწარებ ამ მგზავრობას, ისედაც მომატებული წნევა მაქვს.

_ კრისტეპინი ხომ დალიე გამოფრენის წინ? _ შეშფოთდა გაიოზი.

_ დავლიე, მაგრამ იმოქმედებს? _ თავი მოისაწყლა ცოლმა.

_ რავა არ იმოქმედებს?! შენ დაწყნარდი, ცუდზე არაფერზე იფიქრო. არ ივარგებს ის ჩურჩხელები და გადავყრი უჩუმრად.

ამ ბატონს პანიკურად ეშინია ჰიპერტონიკი ცოლის წნევის ცვალებადობის. მის ადგილზე მეც შემეშინდებოდა. ცოლი რომ მოუკვდეს, ვინ გაუძლებს გაიოზის ოფოფებს?

_ ფეხები დაგითბა? _ მზრუნველად დაეკითხა ცოლი.

_ დამითბა, კი. შენმა მოქსოვილმა წინდებმა მიშველა.

უყურე, შენ, როგორ განაზდა! რას გაუგებ სიყვარულს...

`სიყვარულზე~ ისევ ჯაბა გამახსენდა. უკან მივიხედე. ჯაბა სავარძელზე გადაწოლილიყო და წინ იცქირებოდა. ჩემს დანახვაზე წარბიც არ შეტოკებია. უბრალოდ მზერა რომელიღაც წერტილიდან ჩემს შუბლზე გადმოიტანა. რა ვქნა, სამი საათი ჩუმად ხომ არ ვიქნები? მოხუცების დიალოგის მოსმენას, ჯაბასთან გაკეკლუცება მირჩევნია.

_ მიბრაზდები?

ჯაბამ თავი გააქნია. შინნაქსოვი ყელიანი ჯემპრი ეცვა, ზოლიანი კაშნეთი. უკან გადაწეული თმა ასაკს მატებდა, მაგრამ უხდებოდა _ შუბლის ფორმას უსვამდა ხაზს. აშკარად არაფერი აქვს ჩემი დასაწუნი. სიმაღლის გარდა.

_ მოსკოვში საქმეზე მიდიხარ? _ ვკითხე.

_ არა, შენ გამოგეკიდე. _ აგდებულად მიპასუხა.

_ მართლა, მართლა...

_ სამსახურთან დაკავშირების მაქვს საქმე.

_ სად მუშაობ?

_ ბიზნესი მაქვს.

_ ბიზნესმენი ხარ?

_ ისე რა...

აღარ ჩვაცივდი. არ უნდა, ნუ უნდა. ჩვენში დარჩეს, ბიზნესმენზე მეტად მაფიოზის ჰგავს. იტალიელ მაფიოზის ქართული სოუსითა და შინნაქსოვი ჯემპრით.

სტიუარდესამ მინერალური წყალი ჩამოარიგა. არ მინდოდა, მაგრამ მაინც ავიღე ერთი ჭიქა _ ყურები დამიგუბდა. ჯაბა ხმადაბლა ემუსაიფებოდა თავის მეზობელს, მერე ჩემს ყურთან დაიხარა:

_ ია, ეს ახალგაზრდა მზადაა ადგილი გაგიცვალოს. არ გინდა ილუმინატორთან ჯდომა? იქით ღრუბლები, აქეთ _ მე.

სანამ პასუხისთვის მოვმწიფდებოდი, თავზე გაჩხინკული ბიჭი დამადგა. რომ გითხრათ, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, მოგატყუებთ, შეცბუნებული და დაბნეული ჩანდა. ეს ჯაბა ნამდვილი `ბეტეერია~, თუ რამე ჩაიფიქრა, უკან ვერ დაახევინებ. აღარ გავპრანჭულვარ, ადგილი გავუცვალე.

ჯაბამ შუაში მჯდომი მანდილოსანი კიდეში გადააჩოჩა და გვერდით მომისკუპდა. ილუმინატორის ფანჯარაში შესქელებული ღრუბელი კრთოდა, ღრუბლის ქვეშ _ თეთრად დაძარღვული კავკასიონი. პატრიოტიზმის შემოტევა ვიგრძენი. `ნაპირებიდან კავკასიონის მთებამდე მოსავს ბინდები შავი...~

_ შენ რა დაგრჩენია მოსკოვში? _ ჯაბას ხმამ პატრიოტული სულისკვეთება დამიფრთხო.

_ დეიდაშვილის დაბადების დღეზე მივდივარ.

_ თბილისიდან მოსკოვში დაბადების დღეზე? შენ არ ხუმრობ!

_ ხო. თან მისი საცოლე უნდა შევათვალიერო, დავიწუნო ან მოვიწონო, ჭორები კი თბილისში ჩავიტანო. სადაც სამი ცნობისმოყვარე ქალი მელოდება.

_ მერე, ჭორაობა კარგია?

_ გადასარევი. განსაკუთრებით შინაურებში, როცა არ გეშინია ჭორის ინტერპრეტაციის.

_ ჭორსაც გააჩნია ინტერპრეტაციის უნარი?

_ რა თქმა უნდა. ცუდი ადამიანის პირით ნათქვანი უმნიშვნელო ჭორი მუტაციას განიცდის და დამანგრეველ ინფორმაციად გადაიქცევა ხოლმე. აბა?!

_ გიფიქრია ამ თემაზე. _ გაეცინა ჯაბას.

_ მე ბევრ რამეზე მიფიქრია.

_ მაინც რაზე?

_ მაგალითად, ვინ ხარ შენ?

_ როცა გავიგებ, პირველ რიგში შენ გეტყვი. _ დამპირდა ჯაბა.

_ ფილოსოფიური პასუხი მარტივ კითხვაზე ადამიანის თავიდან მოშორების ყველაზე პრიმიტიული ხერხია.

_ მე შენ მომწონხარ.

ილუმინატორს ჩავუღრმავდი. თვითმფრინავში არ ვიყო, ვიცი რასაც მოვიმოქმედებდი. აქ რა შემიძლია, დიდი-დიდი ისევ გადავჯდე. არ იფიქროთ, მომხიბვლელ კაცთან ფლირტი არ მსიამოვნებდეს, მაგრამ ჯაბას მიმართ ქვეცნობიერი უნდობლობა სასიამოვნოდ მოღუტუნე ემოციას მიბლოკავს. გული მიგრძნობს, უნდა გავეცალო.

_ თუ არ გსიამოვნებს, მეტს აღარ გეტყვი.

_ არ მსიამოვნებს. _ ვუპასუხე მოუხედავად.

ჯაბას აღარაფერი უთქვამს. სავარძელზე გადაწვა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. შემორიგება აღარ მიცდია. თუკი ნებისმიერი დიალოგი ურთიერთობის გარკვევამდე მიგვიყვანს, მე გამოვდივარ თამაშიდან. `მე შენ მომწონხარ~. დიდი ამბავი! მე ბევრს მოვწონვარ, მათ შორის ყოფილ ქმარს. ტყუილია, მალხაზს აღარ მოვწონვარ. მიტოვებული კაცის კომპლექსი აწუხებს, ერთი სული აქვს შემომირიგოს და მერე მიმატოვოს. ისევ ვტყუი. ყოფილი ქმარი კარგა ხანია არ გამოჩერილა ჩემს ორიბიტაზე. სავარაუდოდ მომინელა.

ილუმინატორში ცქერამ კოსმიური ფიქრები ამიშალა. ამბობენ, დედამიწა ყველაზე ლამაზი პლანეტაა მზის სისტემაში, შეიძლება მთელს გალაქტიკაში. რაც უფრო შორიდან უყურებ, მით უფრო ლამაზია _ თექის ქსოვილში გახვეულ ბურთს ჰგავს. `ბურთი~ მზის ენერგიას ირეკლავს და ატმოსფეროში აბნევს. მუშაობს სასათბურე ეფექტი. მე შენ, შენ იმას, იმან სხვას. ცხოვრებაშიც ასეა: რამდენსაც გასცემ, იმდენი გიბრუნდება. თუმცა ზოგჯერ ადგილი აქვს გადაცდომას, როგორც მერის შემთხვევაში. მე გავეცი, იმან კი სამი თითის კომბინაცია მაჩვენა. როგორც გაბედა ეჭვის შეტანა ჩემს პატიოსნებაში?! ჩემი დაკარგვით მან დაკარგა ერთადერთი შანსი დაეძლია თავისი კომპლექსები და ჯანმრთელი ურთიერთობები დაემყარებინა თუნდაც ჯგუფელებთან. იჯდეს ახლა თავის თემქაზე და ელოდოს, როდის გაუწვდის დახმარების ხელს ჩემსავით სულელი.

ჰმ, ისევ თბილისში ვტრიალებ, ვერ განვავითარე კოსმიური თემა. თბილისური ამბები თევზის ძვალივით მაქვს ყელში გაჩხერილი.

_ უკაცრავად...

ჯაბას ხმა იყო, განაპირას მჯდარ მანდილოსანს გატარებას თხოვდა. მისი მხარბეჭიანი ფიგურა რიგებს შორის გაკრთა და ფარდის მიღმა გაუჩინარდა. სკამზე დარჩა ტყავის ქურთუკი, რომლის ჯიბიდან პასპორტის სამკუთხა წვერი მოჩანდა. ცდუნებას ვერ გავუძელი, პასპორტი ამოვაცურე და სწრაფად გადავშალე.

შოკი პირველსავე გვერდზე მივიღე. ბეჟან კორინთელი _ წავიკითხე ნაცნობი გვარი, ფოტოდან კი ჯაბა მიყურებდა.

პასპორტი უკან დავდე და თავი მოვიმძინარე. მოსკოვამდე ხმის ამომღები კი არა, თვალის გამხელი არ ვარ. მე მკვლელის გვერდით ვზივარ. უარესი, ამ მკვლელთან ერთად მიცეკვია, და ოი, საშინელებავ, მიკოცნია კიდეც! ახლა კი ცხადია, რატომ გამომენთო საშველად ჯაბად წოდებული. ყველაფერი ფარსი იყო _ თავდასხმაც, თავდაცვაც, დახვედრა-გაცილებაც... და-ძმა კორინთელები ჩემთვის გაუგებარ თამაშს თამაშობენ, ეტყობა, რაღაც როლი მეც მარგუნეს, უბრალოდ ვერ ვხვდები _ რაში დავჭირდი? დავიჯერო, მშრალ ხიდზე ნანახი ფოტოც ჩაწყობილი იყო? დავუშვათ იყო. მაგრამ ციკლოპას სიკვდილი ხომ არ იყო ჩაწყობილი?! იმ დასაწვავ სახლში ნატურალური გვამი დაგვხვდა. არც ლეო ლომაშვილის პანაშვიდები გაუმართავთ ჩემს გასაბაიბურებლად.

არაფერი მესმის. სჯობს ისევ კოსმოსზე ვიფიქრო. რაზე გავჩერდი? სასათბურე ეფექტზე... იქნებ ეს ის ბეჟან კორინთელი არაა? შევეცადე მერის სახლში ნანახი ფოტოსურათები აღმედგინა. არ გამომივიდა _ ბუნდოვნად მახსოვს იქ გამოსახული ჯეელი.

ამოვიოხრე. ეტყობა, ხმამაღლა მომივიდა. სკამის გამოტოვებით მჯდარმა ქალმა თანაგრძნობით შემომხედა და საწუწნი კანფეტი მომაწოდა. გამოვართვი.

რა მოხდება, ჯაბა აღარასოდეს გამოვიდეს თვითმფრინავის ტუალეტიდან, უნიტაზის ხვრელმა შეისრუტოს და კოსმოსში გატყორცნოს; ანდა ერთი ნახვით შეუყვარდეს სტიუარდესა და ჩემი არსებობა დაავიწყდეს, ანდა...

სალონის ბოლოში ფარდა შეირხა და ჯაბაც გამოჩნდა... თუ ბეჟანი?

_ _ _

ღამდებოდა, როცა თვითმფრინავი `ვნუკოვოს~ აეროდრომზე დაეშვა. სალონი გამოცოცხლდა, მეც შვებით ამოვისუნთქე. ჯაბამ გალანტურად გამატარა და უკვე ტრაპზე ჩასვლისას მკითხა:

_ დაგხვდება ვინმე?

_ დიახ.

მინდოდა დამეყოლებინა `ბეჟან~, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე. თუკი ბოროტმოქმედი მალავს ვინაობას, ე. ი. აქვს მიზეზი. არც მიზეზი მაინტერესებს, არც შედეგი. არც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. საერთოდ არაფერი მაინტერესებს კორინთელების ოჯახის გარშემო. ნეტავ ისიც არ ვიცოდე, რაც ვიცი.

ჯაბამ გამისწრო და ხალხის ნაკადს შეერწყა. შორიდანვე დავინახე საშკას მაღალი, წარმოსადეგი სილუეტი. იმანაც შემნიშნა და ხელი დამიქნია. ბოლო რამდენიმე მეტრი სირბილით დავფარე და დეიდაშვილს ჩავეხუტე.

_ როგორ ხარ, გენაცვალე? _ დამტვრეული ქართული შემაგება საიკამ.

_ ნუ წვალობ და მეც ნუ მაწვალებ, ქართულში სახლში, დედაშენთან ივარჯიშე. _ ჩიჩილაკივით ქოჩორი ავუწეწე და რუსულ მეტყველებაზე გადავედით.

ლაპარაკ-ლაპარაკით გავემართეთ ბარგის ასაღებად. გაიოზსა და მის სათნო მეორე ნახევარს ხმაურიანი სანათესავო დახვდა. ხმამაღალი შეძახილების თანხლებით ერთმანეთი დადორბლეს და ჩემს მეზობლად ბარგს ჩაუსაფრდნენ.

_ ახლა მთავარ საქმეზე გადავიდეთ: მართლა შეყვარებული ხარ თუ ისე, მორიგი ინტრიგაა? _ წავუჯიკავე საშკას.

_ მოკლედ, ეს დედაჩემი... დებს სხვა სალაპარაკო არაფერი აქვთ?!

_ შვილებთან შედარებით `სხვა~ მეორეხარისხოვანია. ჩემი გაყრის გარშემო მთელი წელი ჰქონდათ გამართული სატელეფონო დებატები.

_ მართლა, როგორ არის შენი საქმეები, მეორედ გათხოვებას ხომ არ აპირებ?

_ ახლო მომავალში არა. პერსპექტივაში _ კი.

_ დარჩი რუსეთში. აქ მოდაშია ქართველი ქალები.

_ ნაციონალობაზეც მოდაა?

_ შენ წარმოიდგინე, კი. მამაჩემი გამონაკლისი იყო იმ გაგებით, რომ ქართველი ქალი შეირთო და არა პირიქით. ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალა. ახლა მოდაშია ქართველი ქალები და მდიდარი კაცები.

_ ბოლო კატეგორია ყოველთვისაც მოდაშია.

_ გააჩნია სად. _ საშკა ჩემს ჩემოდანს დასწვდა და გასასვლელისკენ გამიძღვა. _ ჩუქჩა იურტაში ცხოვრობს და ბედნიერია.

_ ალბათ არა აქვს ტელევიზორი.

საშკას ვერცხლისფერი `სააბის~ დანახვაზე აღფრთოვანება ვერ დავმალე:

_ შენ არ ხუმრობ! _ მივუბრუნდი ქათინაურის ლოდინში გატრუნულ დეიდაშვილს.

საშკამ შეიფერა, კმაყოფილმა ჩადო საბარგულში ჩემი ჩემოდანი და მანქანა ადგილს მოწყვიტა. მაგარი ბიჭია საშკა. მომავალი დიპლომატი. ვინ იცის, უფრო შორს წავიდეს... მერე ნახეთ, ქეთუსიას ტრაბახი. ცხადია, თუ მოესწრო.

ჩემს პატივსაცემად ნაუმოვების ოჯახში საზეიმო სუფრა გაიშალა. ეთერი დეიდა გაბადრული სახით დარბოდა მისაღები ოთახიდან სამზარეულოში და პირიქით. ნიკიტა

ცოლს ნახელავს უქებდა და მე მანამუსებდა _ ხშირად ჩამოდი, დეიდაიენი განა ყოველთვის გვანებივრებს გემრიელი კერძებითო.

მე საშკას ყოფილ ოთახში გამამწესეს, ხედით ხმაურიან პროსპექტზე. არაბული ტახტისა და ფინური კედელის გარდა, ოთახში იდგა საწერი მაგიდა ტელეფონითურთ. ტელეფონმა თბილისი გამახსენა, თბილისმა _ მერი. დიდხანს არ მიფიქრია. დავურეკე.

ჩემი ხმის გაგონებაზე მერი შეცბა, დაიბნა, გაუხარდა...

_ რა კარგია რომ დარეკე!

_ მოსაკითხად არ დამირეკავს, საქმე მაქვს. _ საკმაოდ მშრალად გავაწყვეტინე.

_ ია, დამნაშავე ვარ შენ წინაშე.

პაუზა.

მივხვდი, რად უღირდა ბოდიშის მოხდა, მაგრამ არ დავუფასე. რაღაც გატყდა ჩემში.

_ ალო, იათამზე...

_ მისმინე, მერი... შენი ძმა გავიცანი.

მერი დადუმდა. მისი დახშული სუნთქვა ისმოდა მხოლოდ.

_ მერი, მოსკოვიდან გირეკავ. ამოიღე ხმა.

_ ეს შეუძლებელია.

_ რატომ არის შეუძლებელი, აკი ციხე დატოვა?!

_ თვითონ გაგეცნო ჩემს ძმად?

_ შენს ძმად _ არა, სხვა სახელით გამეცნო, თუმცა პასპორტში ბეჟან კორინთელი ეწერა.

_ გარეგნულად როგორ გამოიყურებოდა?

_ საშუალო სიმაღლის, შავთმიანი, მხარბეჭიანი...

_ ჩემი ძმა საფრთხობელას დაემსგავსა, ია, მხარბეჭი კი არა, სული რომ შეგებერა, გაფრინდებოდა.

_ ოთხ თვეში წონას თავისუფლად აკრეფდა. არ მესმის შენი კატეგორიულობა, მერი, მეგონა გაგიხარდებოდა.

_ გამიხარდებოდა, ეჭვი რომ არ მეპარებოდეს...

_ ეგ უკვე შენი საქმეა. მე ჩემი გითხარი. _ მოვუჭერი მერის და უცებ გამახსენდა: მოიცა, მოიცა, ბრილიანტი რომ ჩემი მოპარული არაა, როგორ მიხვდი?

ისევ დუმილი. არ უნდა ადამიანს კარტის გახსნა და რას ვერზობი? ტყუილის თქმაც რომ არ ეხერხება?!

_ გასაგებია. კარგად იყავი, მერი.

_ რა არის გასაგები?

_ რაღაცას მიმალავ. მინდა გითხრა, საკმაოდ უნიჭოდ.

_ არ არის ტელეფონში სალაპარაკო.

_ როგორც გინდა. კარგად მეყოლე.

_ ერთი წუთით... _ აღელდა მერი.

_ ჰო.

_ სად ნახე?

_ ვინ, შენი ძმა?

_ ჰო, თუ ისაა...

_ შენ ჰკითხე, ჩემზე კარგად მოგიყვება.

_ არ მომიყვება. მითხარი, სად გაიცანი?

_ შენს სახლთან... სწორედ იმ დღეს, როცა ციკლოპას სახლიდან მოგაცილე.

მოკლედ აღვწერე ჯაბა-ბეჟანის გაცნობის სიტუაცია, არც ის დამავიწყებია, რომ აქტიურად მეპრანჭებოდა.

_ გეპრანჭებოდა? _ მოულოდნელად მერი გამოცოცხლდა. ინტონაცია კი შეეცვალა _ მოწაფესავით აჟიტირდა.

_ ჰო.

_ შენ?

_ რა, `მე?~

_ შენ არ მოგწონს?

_ მე? არა, არ მომწონს. მერი, შენ შეგიძლია საკუთარ ძმას ყველაფერი აპატიო, მე...

_ რომ არ გცოდნოდა ვინ არის, მოგეწონებოდა? _ ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამაწყვეტინა მერიმ.

_ რაში გაინტერესებს?

_ მოგეწონებოდა? _ არ მომეშვა მერი.

_ როგორ გითხრა... მოწონებით ახლაც მომწონს, გარკვეულწილად მაღელვებს კიდეც... თუმცა, არის მასში რაღაც ისეთი... მე ვიტყოდი, დემონური, რაც ანტიპათიას იწვევს.

_ ანტიპათიას... _ ექოსავით გაიმეორა მერიმ.

_ ნახვამდის, მერი. _ მომბეზრდა მიკიბულ-მოკიბულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ერთი სული მაქვს წამოვწვე და პირველი შთაბეჭდილებები გადავხარშო.

_ რატომ იწვევს ანტიპათიას?

_ ქურდი და მკვლელი რომაა, იმიტომ! _ მოვუჭერი უხეშად. _ ტანი მიგრძნობდა, რომ ეს ადამიანი ბოროტმოქმედია. მაშინ არ ვიცოდი მიზეზი, ახლა კი დანამდვილებით ვიცი. მოკლედ, ბეჟანი თუ დაგირეკავს, გადაეცი _ ჩემგან შორს დაიჭიროს.

_ არ დამირეკავს. _ უფერული ხმით ჩაილაპარაკა მერიმ.

_ მერი, ყურმილს ვკიდებ, რამდენჯერ უნდა დაგემშვიდობო?!

_ მამუკა მოკლეს.

_ რა?

_ ჰო.

_ და შენ ამის შემდეგ... მოკლედ, კარგად იყავი, არაფრის გაგონება არ მინდა. კმარა! _ პასუხს აღარ დაველოდე, ყურმილი დავახეთქე.

_ _ _

გამთენიისას უცნაურმა სიზმარმა გამაღვიძა. ლოგინზე წამოვჯექი და ნანახის აღდგენას შევეცადე. შემრცხვა. საკმაოდ ინტიმური შინაარსის სიზმარი დამსიზმრებია. ვითომ მე ვიყავი ორი. ერთი რესტორანში იჯდა, ლამაზად საერვირებულ მაგიდასთან და შავ ღვინოს წრუპავდა, მეორე _ თავაწყვეტილი ცეკვავდა უცნობ მამაკაცთან ერთად. გამოდის, სამნი ვყოფილვართ. მესამეს, ანუ მე, ეძინა და ამ ყველაფერს სიზმარში ხედავდა.

უცებ სინათლე ჩაქრა და მუსიკაც შეწყდა. ხელის ცეცების დავუწყე ძებნა ჩემს პარტნიონს. იმან გულზე მიმიხუტა და ვნებიანი კოცნა დამიწყო. მეც ავყევი. `იათო, რას ჩადი!~ _ ჩამესმა ჩემი ორეულის პათეტიკური შეძახილი, რომელიც სავარაუდოდ მაგიდასთან იჯდა, მაგრამ სიბნელეში არ ჩანდა. მე ვერ ვჩერდებოდი, ალქაჯივით ვიგრიხებოდი უცნობი მამაკაცის მკლავებში. რაღაც მომენტში დარბაზს სინათლის ზოლმა გადაურბინა და ჩემი პარტნიორის სახე გაანათა _ ფოსფორისფერი თვალები ჩასისხლიანებული სკლერით, კეხიანი ცხვირი და მოყვითალო ეშვები, რომლებიც სადაცაა ჩაერჭობოდა ჩემს სექსუალურად მოღერილ კისერს. `იათო, რას ჩადი, ეს ხომ ვამპირია!~ ჩემი ორეულის ხმა ზედ ყურთან ჩამესმა, მაგრამ რეაქცია არ მქონია, მზად ვიყავი ვამპირს აქვე, დარბაზში დავნებებოდი. ორეულმა ბეწვზე მომისწრო, უფრო სწორედ, მე თვითონ მივუსწარი საკუთარ თავს, ვამპირს სახეში ღვინო შევასხი და მიბნედელი იათამზე-2 წინ გავიგდე.

სირბილის პროცესში გამომეღვიძა. გული ამოვარდნაზე მქონდა, დაჭიმულ სხეულს ძლივს ვიმორჩილებდი. `წმინდა ტერეზას ცდუნება~ _ არის ასეთი სახელწოდების ქანდაკება, რომელიც რომის ერთ-ერთმა პაპმა ზედმეტად ეროტიკულად ჩათვალა და ვატიკანიდან გააძევა. გადმოცემით, ტერეზას უხამსი სიზმარი უნახავს, ხოლო მოქანდაკემ მისი სახება სიზმრიდან გამოყოლილი გამომეტყველების მიხედვით ქვაში უკვდავყო. არ ვიცი, რა ხასიათზე გაეღვიძა ტერეზას, მე კი სირცხვილით ლოყები მეწვის. ვამპირი რაღამ დამასიზმრა?!

ძილი გამიტყდა. საბანი მოვაფრიალე და ფანჯარას მივადექი. მეგაპოლისი იღვიძებდა. ცამ ფერი იცვალა, მაგრამ ღამის ლამპიონები ჯერაც ენთო. დაკეტილ მაღაზიასთან ცოცხს იქნევდა უნიფორმიანი მეეზოვე.

მე ლოგინს დავუბრუნდი, იმ იმედით, რომ ვამპირი აღარ მესტუმრება.

როცა თვალი გავახილე, ოთახი მზის შუქში ბანაობდა, ეთერი დეიდა კი პოდნოსის ხელში იდგა საწოლთან.

_ ცხელი შოკოლადი. _ საზეიმოდ გამომიცხადა.

დეიდაჩემის მხრიდან, მსგავსი პატივისცემა გმირობის ტოლფასია _ აქეთ არის მიჩვეული მომსახურებას. ნაუმოვების დიდ სახლში უკვე რამდენი წელია ცხოვრობს დამხმარე ქალი ლუბა, რომელის კარიერა საშკას ძიძობით დაიწყო და მზარეულობით დამთავრდა. მართალია, ბოლო დროს ისე მოტყდა, აქეთ გახდა მისახედი, მაგრამ ეთერი მაინც ვერ შეელია. ახლა ჯანმრთელობაშერყეულ ლუბას მისი ჯანიანი ქალიშვილი, ლარისა ეხმარება.

_ ცხელი შოკოლადი! თავი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მგონია. _ ვუთხარი დეიდაჩემს და ხარბად დავყნოსე ფართეპირიანი ჭიქა.

_ ჯერ სად ხარ, საყვარელო, შენ საშკას დაბადების დღე უნდა ნახო... თუ ყველაფერი ისე ჩატარდა, როგორც მე მაქვს ჩაფიქრებული, არაჩვეულებრივ დროს გავატარებთ. იქნება ცეკვები, სიმღერები, ბოშათა ანსამბლი, ღვინო ლაურას მინდვრებიდან, ხიზილალა _ დაწურული, მარცვლოვანი, გამოყვანილი, მშრალი...

მგონი დეიდაჩემს კი არა, სარეკლამო რგოლს ვუსმენ. ამდენი სორტის ხიზილალა თუ არსებობდა, არც ვიცოდი. მე მხოლოდ წითელი და შავი გამისინჯავს.

_ საშკას საცოლეც იქნება?

_ იქნება კი. _ შეცვლილი ინტონაციით თქვა დეიდამ.

_ არ მოგწონს?

_ ძალიან ლამაზი გოგოა.

_ ლამაზი და უტვინო?

_ არ უნდა იყოს უტვინო. საშკას არ შეუყვარდებოდა უტვინო გოგო.

_ ავადმყოფია?

_ აბა, ეგ საიდან მოიტანე?

_ პირდაპირ მითხარი, რას უწუნებ?

_ საიდან მოიტანე, რომ ვუწუნებ?

_ როგორ საიდან?! წეღან თვალებში მიყურებდი და ენთუზიაზმით ლაპარაკობდი ლაურას მინდვრებზე. ახლა კარნიზს ათვალიერებ. მომიყევი რა ხდება, დამიჯერე, გულზე მოგეშვება. _ შოკოლადიანი ჭიქა ტუმბოზე დავდგი და ტუჩები ენით ავილოკე. დეიდაჩემმა პატივი კი მცა, მაგრამ ხელსახოცის მოტანა დაავიწყდა.

_ როგორ გითხრა... _ დაიწყო ეთერმა და კარნიზს თვალი მოწყვიტა. _ ძალიან უბრალო ოჯახიდანაა. დედა დისპეჩერი, მამა _ საათების ხელოსანი...

_ რა გინდა, მშრომელი ხალხი ყოფილა.

_ რა საერთო უნდა გამონახოს ნიკიტამ მომავალ მძახლებთან?

_ კარგი რა, დეიდა, ვიღამ იცის მძახალ-მძუხალი?! საშკამ უნდა იცხოვროს იმ გოგოსთან, ნიკიტამ ხომ არა?!

_ შენთვის ადვილია თქმა, ახალგაზრდა ხარ და სტატუსის პრობლემა არ გაღელვებს. ქვეყანა მეკითხება: როგორი ოჯახიდან არის სარძლოო, მე კი არ ვიცი რა ვუპასუხო, ბრინჯივით ვიბნევი.

_ უთხარი ობოლია. ზოლუშკა.

_ ზოლუშკა არა, ვასილისა. _ ხელი ჩაიქნია დეიდამ.

_ რა ჰქვია?

_ ვის?

_ საშკას რჩეულს.

_ ქსენია.

_ და რას წარმოადგენს თვითონ ქსენია?

_ ექთანია.

_ რას იზამ, ყველა პროფესორი ვერ იქნება.

_ მაინც არ არის ჩვენი ოჯახის შესაფერისი.

_ მთავარია საშკას შესაფერისი გამოდგეს.

_ რა ვიცი, ყურებამდე კია შეყვარებული...

_ რა იცი?

_ `სურდოს და სიყვარულის დამალვა შეუძლებელია.~ _ დაბეჭდა დეიდაჩემმა და ტრაგიკული სახით გავიდა ოთახიდან.

მდაა... ჩემი მტერი ჩავარდა დები ქორიძეების ყბაში. ისე, საინტერესოა, რა ამოძრავებს მზეთუნახავ ექთანს _ მერკანტილური ინტერესი თუ გულწრფელი გრძნობა? ისე, საშკას შეყვარებას არ სჭირდება დიდი ვაჟკაცობა. ჩემს დაქალებს დღესაც აბოდებთ მის ხსენებაზე. შარშან ზაფხულს გავაცანი, ბათუმში ყოფნისას. საშკამ რომ სამოსი შემოიძაცვა და საცურაო ტრუსში დარჩა, სუსიკოს კივილი აღმოხდა: `ეს პოსეიდონი მოსკოვიდან ჩამოვიდა თუ ზღვიდან ამოხტაო.

_ _ _

`Усадьба~ _ ასე ერქვა მოსკოვის მახლობლად, ცარიცინოში გაშენებულ რესტორნების ანსამბლს. აქ თითქოს გაჩერდა დრო... ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი კორპუსები, ინგლისური პარკი, მომშვილდური ხიდები, ხელოვნური ტბა, საუკუნოვანი ხეები, წითელი ქვიშა, თეთრი სკულპტურები... დარბაზში გამოფენილი გრავიურები შიშკინის გავლენითა და ნაციონალური ღირსებით სუნთქავდა.

დაპატიჟებულთა შორის ჭარბობდნენ საშკას მეგობრები, თუმცა რამდენიმე სოლიდურ გვამსაც მოვკარი თვალი _ საშკას მომავალ კარიერას საჭირო კავშირები მხოლოდ წაადგებოდა. ეს იცოდა იუბილარმაც და დიპლომატიური პროტოკოლის სრული დაცვით მოქმედებდა. ვიდრე მე სიტუაციას ვირგებდი, ის ხელზე ემთხვია ვიღაც ჩაკურატებულ მანდილოსანს, რომელსაც ხმელ-ხმელი, მკაცრი იერსახის მამაკაცი ახლდა. იქვე იტკეპნებოდა გაბადრული ნიკიტა.

_ ვის ლოშნის ჩვენი საშუნია? _ გადავუჩურჩულე არანაკლებ გასხივოსნებულ ეთერი დეიდას.

_ ბენელუქსის ქვეყნების ყოფილი ელჩის ცოლია, ამასწინათ გამოითხოვეს, მაგრამ მინისტრის სკამს სთავაზობენ. მგონი. _ დააყოლა თავმომწონედ.

_ ბარემ ტრაკი აულოკოს.

_ ფუ, რა უხეში ხარ, იათო, შენთვის არავის უკოცნია ხელზე? _ გაწიწმატდა დეიდაჩემი.

_ მე და ის ძროხა ერთი ვართ? ფუთიანი ძუძუს პატრონმა დიაფრაგმამდე ჩახსნილი კაბა თუ არ ჩაიცვა, ისე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს?

_ ვისაც რა აქვს გამოსაჩენი, იმით იწონებს თავს.

_ ვინ დახარბდება მაგის ჭკნობაშეპარულ ძუძუებს?

_ რა ვიცი, ჩემო კარგო. ნიკიტამ წეღან ლამის თავფეხიანად ჩაყვინთა. საშკაც თვალს არ აცილებს.

_ მერე ის გამომშრალი ვობლა ვერაფერს ეტყვის?

_ ვინ, იგორ ტიმოფეევიჩი?

_ ტიმოფეევიჩია თუ ფეიხტვანგეროვიჩი, მაგარი სლეა. _ გამოვლანძღე დიაფრაგმიანის მეორე ნახევარი.

_ იათამზე, ეს რა სიტყვაკაზმულობები მესმის?! _ დამტუქსა დეიდამ. _ ასეთი შეფასებებით შორს ვერ წახვალ.

_ არც ვაპირებ. შორს წასვლას.

ეთერს პასუხი არ დასცალდა _ ჩვენკენ ღიმილით წამოვიდა თეთრყირმიზა ქალი ბრჭყვილა ქლაჩით ხელში:

_ ოოო, მადამ ნაუმოვა!

_ ოოო, გალინა მაქსიმოვნა! _ აყვავდა დეიდაჩემიც.

ერთმანეთი ყასიდად გადაკოცნეს, ყასიდად მოიკითხეს, რის მერეც დეიდაჩემმა მე წარმადგინა:

_ ეს ჩემი დისშვილია, ია. თბილისიდან გვეწვია.

თბილისის ხსენებაზე ქლაჩიანს თვალები აენთო _ გოგირდის აბანო გაახსენდა, სადაც დაუვიწყარი დრო გაუტარებია. ამისთანა რა გახეხეს, რომ დღესაც ახსოვს?! ეტყობა სხვა კუთხითაც სცეს პატივი. ქართველი მამაკაცის ქალის მიმართ პატივისცემა რომ ლოგინზე გადის _ უტყუარი ფაქტია.

_ მაქსიმოვნა რა ჩიტია? _ დავინტერესდი თეთრყირმიზას ვინაობით, როცა ის თვალს მიეფარა.

_ მდიდარია, როგორც არაბი შეიხი. კაცები ბუზებივით ეხვევიან.

_ ქალს თუ ფულებს?

_ ორივეს. _ მომაძახა დეიდაჩემმა და მორიგი სტუმრის დასახვედრად გაიქცა.

გავიარ-გამოვიარე, მივიხედ-მოვიხედე და გარიყულად მდგარი გრძელთმიანი ქალიშვილი დავინახე. კისერი წაეგრძელებინა, თითქოს ვიღაცას ეძებდა დამფრთხალი თვალებით. სად იყო და სად არა, ქალიშვილთან საშკა აღმოცენდა, მხრებზე ხელი მოხვია და თმაზე დაყნოსა.

მივუახლოვდი.

_ ეს ქსენიაა. _ გამაცნო საშკამ.

_ მივხვდი. _ გავუღიმე მე.

_ საიდან?

_ ჩემი სულიერი და შევიცანი. მაშინვე გამოვარჩიე სხვებისგან.

საშკას ისე გაუხარდა, ლოყებიც კი შეეფაკლა, ქსენიამ მომხიბლავად გაიღიმა. საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს. ცოტათი ჰგავდნენ კიდეც. ორივე მაღალი, ცისფერსვალა, ქერათმიანი. ქსენიას სადად, მაგრამ გემოვნებით ეცვა. ტანზე მომდგარი ვარდისფერი

კაბა გვერდებში ჩადგმული მელნისფერი გიპიურებით. ა ლა მატისი. ყურები არ ჰქონდა გახვრეტილი, მხოლოდ შუათითზე ეკეთა მარგალიტისთვლიანი ბეჭედი.

_ სხვათა შორის, ქსიუშა ლექსებს წერს. _ მითხრა საშკამ.

_ საშ, არ გინდა. _ ქსენიამ პიჯაკის სახელო გამოქაჩა.

_ შესანიშნავ ლექსებს წერ და რატომ არ უნდა ვთქვა? იაჩკა ჩვენიანია, სნობისტური გადახრები არ ახასიათებს. მასთან ყველაფერი შეიძლება, დასლოკინებაც კი.

_ მეცოდინება. _ თქვა ქსენიამ.

_ სხვებთან არ შეიძლება დასლოკინება? _ ჩემი ჭკუით, ვიხუმრე.

_ ფიგურალურად ვამბობ, _ თავი იმართლა საშკამ. _ თორემ დასლოკინებაც შეიძლება და გაკუებაც.

ეს უკვე მეტისმეტია. ასეთ უზრდელობას საშკასგან არ ველოდი. ესეც შენი მომავალი დიპლომატი! დახე, რა სიტყვები ამოსდის პირიდან, დეიდაჩემი კი მე მკიცხავს. არ ვიცი, რა რეაქცია მივცე _ გავბრაზდე, გავიცინო, შეურაცხყოფილი ღირსება განვასახიერო... როცა ქსენიას შევხედე, მივხვდი _ ისიც იგივეს ფიქრობს.

უცებ ორივეს სიცილი წაგვსკდა. ქსენიას _ საშკას მხარზე ახითხითდა, მე მოხატულ ჭერს შევკისკისე.

_ მოკლედ, გოგოებო, ვატყობ, საერთო ენას გამონახავთ. მე ცოტა ხნით დაგტოვებთ, სტუმრებს დავხვდები და მერე შემოგიერთდებით. _ დაგვპირდა საშკა და აჩქარებული ნაბიჯით წავიდა ფოიეს მიმართულებით, საიდანაც ეს-ესაა ახალგაზრდა წყვილი შემოვიდა.

საშკამ ისინი გადაკოცნა და ელეგანტურად შეფუთული საჩუქარი გამოართვა.

_ საინტერესოა, რა დევს იმ ლამაზ კოლოფში? _ გადავუჩურჩულე ქსენიას.

_ ოდეკოლონი იქნება.

_ რა იცი?

_ კარგი ოდეკოლონი ყველაზე მარტივი და უპრეტენზიო საჩუქარია. შარშან ოცი სტუმრიდან ჩვიდმეტმა ოდეკოლონი მიართვა. საშა მთელი წელი ოდეკოლონის აბაზანებს იღებდა.

გელასთვის ნაყიდი ჩილიმი გამახსენდა, მშრალი ხიდი, მერის სევდიანი პროფილი... უფრო შორს წასვლა კარგს არაფერს მიქადდა, უსიამოვნო ფიქრებს აღვირი ამოვდე და ისევ დავბრუნდი გაბრდღვიალებულ დარბაზში.

_ დიდი ხანია იცნობ საშკს? _ ვკითხე ქსენიას.

_ წელიწადი და ხუთი თვე.

_ საშკა სხვანაირი გახდა.

_ უფრო კარგი თუ უფრო ცუდი?

მიხარია, რომ ქსენიას თბილისიდან ჩამოსული ლაწირაკის აზრი აინტერესებს. იმედიანად მიყურებს თვალებში, როგორ შემიძლია გავაწბილო? მითუმეტეს, ტყუილის გამოცხობა არ მომიწევს _ ადრე საშკა რაღაცნაირად გვამადლიდა თავს, ახლა კი მოდრეკილი მეჩვენა. სასიამოვნოდ მოდრეკილი. შეიძლება ასაკის ბრალია, შეიძლება შეყვარებულის გავლენაა.

_ რა თქმა უნდა, კარგი. _ დავამშვიდე ქსენია.

_ მიხარია. _ ქსენია ღიმილით მომაჩერდა.

ეს გოგო უფრო და უფრო მომწონს. მომწონს მისი ბუნებრიობა, თანდაყოლილი მოკრძალება, ცისფერი თვალები და თეთრი კბილები. მეტი რა უნდა ამ დეიდაჩემს?! ღრმადპატივცემულმა ნიკიტამ თუ არ გამართა მძახლებთან ინტელექტუალური საუბრები, ოჯახი დეპრესიაში ჩავარდება თუ რაშია საქმე?

სნობები!

გავიხედე და, ნიკიტა და ეთერი არ დაგვადგა?! ისე გულითადად იღიმოდნენ, ერთი პირობა ეჭვი შემეპარა: ამ დილით დეიდაჩემი წუწუნებდა ჩემს საწოლთან თუ ზორიკანა მეზობელი შემოიპარა.

_ როგორ ხართ, გოგოებო? _ დედაშვილურად მოგვიკითხა ქალბატონმა ეთერმა.

_ გთხოვთ, სუფრასთან. _ ნიკიტამ სარძლოს იდაყვში ხელი მოჰკიდა და მაგიდისკენ წაუძღვა, მე მოვასწარი და სადედამთილოს სარძლო შევუქე.

როგორც იქნა, სუფრაზე აღმოვჩნდი. ხელმარჯვნივ ისხდნენ საშკა და ქსენია, ხელმარცხნივ _ ნიკიტა და ეთერი, წინ _ ბენელუქსის ქვეყნების ყოფილი ელჩი მეუღლითურთ. დიდხანს არ მიფიქრია _ ზუთხისგან შექმნილი ნატურმორტი დავშალე და გემრიელად შევექეცი.

_ მიირთვი. `ხორცი ყაჩაღურად~. _ საშკამ ორიგინალურსახელიანი კერძი მომაწოდა.

ცოტა გადავიღე. რომ გითხრათ, სიამოვნებისგან ენა დამიგრძელდა, მოგატყუებთ. წვრილად გაწეწილი ხორცი იყო _ სოკოთი, კარტოფილით და ჩემთვის უცნობი სუნელებით. ჩვენებურ ქათმის ფხალს ჰგავდა, ოღონდ ბროწეულის გარეშე. დავიჯერო, ყაჩაღებს სხვა საქმე არ ჰქონდათ? ძნელი წარმოსადგენია ტყეს შეფარებული აბრაგი ცეცხლის პირას იჯდეს და ხორცს წიწკნიდეს.

_ ამას დააკვირდი. _ დეიდამ თეფშის გვერდით დაწყობილი კოვზებიდან ერთ-ერთი, ყველაზე პატარა აიღო.

დავაკვირდი. ჩვეულებრივი კოვზი იყო, დიდი არაფერი.

_ მეტალის რომ არ არის, ამხნევ?

_ მერე რა?

_ ხიზილალის ჭამა მიზანშეწონილია შუშის, სადაფის ან ძვლის კოვზით, ლითონი გემოს უკარგავს და იმიტომ. ეს ძვალი უნდა იყოს. მაშ! _ ეთერი დეიდამ ლაქწასმული ფრჩხილი კოვზს მიუკაკუნა.

_ შენ გარდა ვინმემ იცის ეს სენსაციური ამბავი?

ეთერმა საყვედურით შემომხედა.

_ `ბენელუქსი~ პირდაპირ ჩანგლით ჩალიჩობს. მიკროფონში ხომ არ გამოგვეცხადებინა?

_ კარგი ახლა, მორჩი შაყირს და აი, ის რულეტი მომაწოდე.

_ რომელი, მოხარშულ იგუანას რომ ჰგავს?

_ მოხარშულ იგუანას გიგავს თვალები. _ გამკენწლა დეიდამ.

ორივე თეფშებს ჩავუღრმავდით. როცა სული მოვითქვი, მხრებში გავიშალე და დარბაზს მოვავლე მაძღარი მზერა. მოშორებით კიდევ ერთი სუფრა იყო გაშლილი, შედარებით მომცრო, მაგრამ არანაკლებ ხმაურიანი. იქ უცხო ადამიანები ქეიფობდნენ.

ჩვენს სუფრაზე გარკვეული ინტერვალით ისმოდა

სადღეგრძელოები, მაგრამ მოკლე და ლაკონური, ეპილოგისა და პროლოგის გარეშე.

ღვინო დავაგემოვნე. არ ვიცი, მართლა ლაურას მინდვრებიდან იყო თუ დეპარდიეს მარნებიდან, ჩვენებური ადესის გემო კი დაჰკრავდა. ჩემს წინ მჯდარი `ვობლა~ მგონი შეთვრა. მკაცრი ნაკვთები დაურბილდა და ჩამოეღვენთა, სამაგიეროდ `დიაფრაგმიანი~ ცოლი გამკაცრდა და ერთი-ორჯერ წაუჯიკავა კიდეც. საშკა ქსენიას ეკურკურებოდა, ეთერი _ ნიკიტას. საშკას საძმაკაცო `ბითლების~ თემაზე შეკამათდა.

_ ოთხმა ბიჭმა შეცვლა სამყარო. _ ამტკიცებდა ერთი.

_ ოთხმა კი არა, ორმა. _ არ ეთანხმებოდა მეორე.

წამოვდექი.

_ სად მიდიხარ? _ ხელი მტაცა დეიდაჩემმა.

_ სადაც მეფეებიც კი მარტო დადიან.

ქუსლების პაკაპუკით გადავჭერი დარბაზი. ესტრადაზე მუსიკოსები ინსტრუმენტებს ამოწმებდნენ. `ერთი, ორი, სამი...~ _ ისმოდა მიკროფონში. სიამოვნებით მოვუსმენ ტემპერამენტიან მუსიკას, შეიძლება ვიცეკვო კიდეც... თუკი ვინმემ დამპატიჟა. ეს საშკას მეგობრები სულ წყვილ-წყვილად მოვიდნენ, რაღაც არ შემიმჩნევია ჩემკენ გამოპარული დაბინდული მზერა. სულ სხვაა ქართველი კაცი, სულ რმ კანონიერი ცოლი ეჯდეს კალთაში, ლამაზ ქალს თვალს მაინც გააყოლებს თვალს. მგონი სულ ტყუილუბრალოდ მოვიკაზმე `გუჩის~ ზმანებში, სილამაზის სალონშიც იმოდენა ფული მივაფშვნიტე! ზედაც არავინ მიყურებს, თუ არ ჩავთვლით დეიდაჩემს...

პარდონ... მიყურებს _ ჰოლში მდგარი ორი სიმპათიური მამაკაცი. ერთ-ერთი, ლუჯთვალა და ცისფერპერანგა, კი არ მიყურებს, თვალებით მჭამს. ამაყად თავაწეულმა შევუხვიე კლოზეტისკენ.

_ ვახ! _ მომესმა ზურგსუკან.

`ვახს~ ქართველი თუ იტყოდა. ის ქართველს არ ჰგავდა. ქართველიც რომ იყოს, `ვახ~ _ ორშაურიანი კომპლიმენტია. ჩვენში დარჩეს, გამომეტყველებაც ორშაურიანი აქვს, არ გამიკვირდება ტუალეტში შემომყვეს.

დარბაზში მობრუნებულს საზოგადოება გამოცოცხლებული დამხვდა. სცენაზე უკვე მღეროდა ბოშა ქალი, საცეკვაო ოვალში ახალგაზრდა წყვილი ცეკვავდა, თუ შეიძლება ცეკვა დაერქვას კიდურების ქნევას გაურკვეველი მიმართულებით. ჩქარი ნაბიჯით გავემართე ჩემი ადგილისკენ, მაგრამ გზაში ქუსლიანმა ფეხსაცმელმა მიმტყუნა _ ფეხი გადამიბრუნდა. მართალია არ წავქცეულვარ, მაგრამ კინაღამ პირაღმა დავემხე უცხო სუფრას.

_ ვაიმე! _ შევკივლე ინსტიქტურად, მშობლიურ ენაზე.

ვიღაცამ იდაყვში წამავლო ხელი, წამომაყენა. ლურჯთვალა მამაკაცი აღმოჩნდა, წეღან რომ თვალების მბურღავდა, ის.

_ ქართველი ხარ? _ მკითხა გამართული ქართულით.

ასეც ვიცოდი _ ჩვენებური ყოფილა.

_ დიახ. _ ვუპასუხე სახეალეწილმა.

_ თბილისელი?

_ დიახ. _ რაც შეიძლება თავაზიანად ვუპასუხე და ხელი გავითავისუფლე.

ღმერთმა ნუ ჰქნას, საშკამ რამე ისეთი იყნოსოს... ერთი წამით არ დაფიქრდება _ ორთაბრძოლაში გადაეშვება. მითუმეტეს, ნასვამია, ალკოჰოლით მოწამლული სისხლი კი `საგმირო~ საქმეებისთვის უხმობს.

_ ერთი ცეკვა უნდა მაჩუქო. _ ინტიმურად ჩამჩურჩულა ლურჯთვალამ და ცისფერპერანგამ.

_ ეს არ არის საცეკვაო მუსიკა.

_ მერე, როცა ვალსს დაუკრავენ.

_ ვნახოთ. _ მივტრიალდი, მაგრამ დამიჭირა, ხელზე მაკოცა და მეფური ჟესტის გამიშვა.

გაკვირვებულმა შევხედე. კაი დიდი ვირგლაა _ 35 წლის ამ მეტის. მეტი თავშეკავება მართებს.

_ Браво Васька! _ მომესმა ზურგსუკან. მგონი ტაშიც დაცხეს.

გახშირებული პუსლაციით დავბრუნდი ადგილზე.

_ რა გჭირს, იაკო, სიცხე ხომ არ გაქვს? _ დეიდამ შუბლზე ხელი დამადო.

_ არა, უბრალოდ მცხელა. ცხელა დეიდაჩემო, რას მიყურებ?

_ სხვათა შორის, კარგად გამოიყურები, გიხდება ვარდისფერი ლოყები... თვალები გიბრწყინავს, ტუჩები გიღიმის, პირდაპირ ანათებ.

ბრძენი ქალია დეიდაჩემი. რა უნდა ქალს სრული ბედნიერებისთვის? _ მამაკაცის მწველი მზერა. აი, მარტივი პასუხი რთულ კითხვაზე.

კარგ ხასიათზე დავდექი. ჭიქაში დარჩენილი ღვინო დავცალე და სუფრას გადავხედე. ვითომ კიდევ მშია? ფარშირებული პომიდორი სჯობს თუ ლოკოკინა `ბურგუნდიულად?~ ფარშირებული გადმოვიღე _ უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. შიგთავსი აღმოჩნდა მწვანილებით შეზავებული მდნარი ბრინზა. მომეწონა. კიდევ ერთი დავაგემოვნე. რომ არა ფეხსაცმელი, რომელმაც თბილისიდან გამოყოლილი ნაწიბური გამიხეხა, საწუწუნო არაფერი მაქვს.

სცენაზე სოლისტი შეიცვალა _ მიკროფონთან გალაჯულიყო თმახუჭუჭა ბოშა ატლასის წითელ პერანგსა და შავ მოკასინებში. მარცხენა ყურში ოქროს რგოლი უბრწყინავდა, ქამარზე _ ვერცლის ბალთა. უკანა ფლანგზე ჭრელა-ჭრულა ქვედაკაბებში გამოწყობილი ოთხი ქალიშვილი მისამღერს ასრულებდა და ამავდროულად ცეკვავდა.

საცეკვაო მოედანი წყვილებით გაივსო. `ვობლამ~ თავისი დიაფრაგმიანი ცოლი გამოიწვია, ნიკიტამაც გამოიდო სავი, მაგრამ ეთერმა უარი მოახსენა _ ასეთი ცეცხლოვანი მუსიკის ქვეშ რომ ვიცეკვო, აქვე გავფშიკავ ფეხებსო. ბიძაჩემმა მე მთხოვა კომპანიონობის გაწევა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.

ბრინზის სუნის გასაქრობად ერთი ჭიქაც გადავკარი და საცეკვაოდ გავრონინდი.

მგონი შესანიშნავად გამოგვივიდა, ყოველ შემთხვევაში, პირველი ცეკვის შემდეგ ჩემს გაწვევაზე რიგი დადგა. ჯერ მე და საშკამ ვიცეკვეთ როკენროლი. მერე, მე და მისმა მეგობარმა, მერე ვიღაც სათვალიანმა სუბიექტმა დამპატიჟა... არ მეგონა, გაციებული თუ

იყო, თორემ არ წავყვებოდი. ორჯერ დააცემინა კიდეც. თავი გავწიე, ვიფიქრე _ ვირუსი არ ამკიდოს, მაგრამ ალკოჰოლის ისეთი ოხშივარი ამოაფრქვია, ნებისმიერი ბაქტერიას მოერეოდა.

როგორც კი სუფრასთან დავბრუნდი, დეიდაჩემმა ჩამჩურჩულა: უბრალო ვინმე არ გეგონოს, სამხედრო ატაშე გახლავსო. კიდევ ერთი სნობისტური გადახვევა! ქეთუსია მაყაშვილის ქალიშვილი სხვანაირი ვერ იქნება...

ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ ბოხხმოანმა ბოშა ქალმა ალექსანდრე გალიჩის სიმღერა შეასრულა. სუფრა აჰყვა: `აიდაა, კანავეეელა...~ `ვობლა~ სულ გამოჩურჩუტდა _ ცრემლმორეული გადაეხვია `დიაფრაგმიან~ თანამეცხედრეს.

_ შეიძლება დაგპატიჟოთ? _ ზურგსუკან ნაცნობი ლურჯთვალა ამესვეტა.

ქართული სიტყვა მესიამოვნა, თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სულ ტყუილუბრალოდ.

გავყევი. ხელები მხრებზე შემოვაწყვე და დავტრიალდით. ჩვენს გარშემო ირწეოდნენ წყვილები, მათ შორის, საშკა და ქსენია. საშკას შეყვარებულის თმაში გაერინდა ცხვირი, ამქვეყანას არ იყო. როცა მხედველობის არეალში მოვხვდი, ნირვანიდან გამოერკვა და თვალებით დამეკითხა: ვინ არისო.

პასუხად მხრები ავიჩეჩე.

_ ვინ დაინტერესდა ჩემი ვინაობით? _ დამეკითხა უცნობმა.

_ ჩემი დეიდაშვილია, საშკა.

_ ააა... თბილისში სად ცხოვრობ?

_ ვაკეში.

_ ვაკელი ხარ? _ მკითხა ხაზგასმულად, მსუბუქი ირონიით.

_ ასე გამოდის.

_ უჰ, მომენატრა თბილისი. ორი წელი არ ვყოფილვარ. ჩემი უბანი მომენატრა, ძმაკაცები...

_ რა უბნელი ხარ?

_ მშრალ ხიდთან ვცხოვრობ. იცი, სად არის?

თავი დავექნიე. ვიცი რომელია, მაშინვე მერი გამახსენდა. მერი და კიდევ რაღაც უსიამოვნო ინფორმაცია, რომლის ქვეცნობიერიდან ამოტყორცნას ამაოდ შევეცადე.

_ აქ სტუმრად ხარ თუ სწავლობ?

_ სტუმრად ვარ. დეიდაშვილის დაბადების დღეზე ჩამოვედი.

_ ეტყობა ვიღაც შიშკას შვილია, სოლიდური სასტავი გაეძრო.

`შიშკა~ არ მომეწონა. ასეთი ჟარგონი ჩემს წრეში არ მოსულა. თვალი უცნობის სუფრისკენ გამექცა. იქ სულ სხვა კონტიგენტი იჯდა. კარგად ჩაცმული მოკრმინალი ტიპები, მათ შორს ერთი უზბეკი, რომელიც ამრეზით იცქირებოდა ჩვენკენ. უსიამოვნოდ დამბურძგლა.

_ მოსკოვში რას საქმიანობთ? _ ვკითხე გამოგონილი ინტერესით და შეუმჩნევლად გავზარდე ჩვენს შორის არსებული დისტანცია.

_ მეწარმე ვარ. _ მომეჩვენა, რომ გამომწვევად მიპასუხა.

_ კარგად მიგდის საქმეები?

_ ცუდად რომ მიმდიოდეს, აქ არ ვიგუგუნებდი.

_ მეწარმე ხართ და ძველი ბიჭივით ლაპარაკობთ.

_ ჰა, ჰა, ჰა! _ ხმამაღლა გადაიხარხარა. _ ჩემს უბანში ყველა ეგრე ლაპარაკობს.

_ არა. ჩემი ერთი ნაცნობი მშრალ ხიდთან ცხოვრობდა და ყოველგვარი სლენგის გარეშე მეტყველებდა.

_ რა ჰქვია შენს ნაცნობს?

_ მერი კორინთელი.

უცნობმა ცეკვა განაგრძო, მაგრამ მხრები დაეძაბა. `ბრავო, ვასკა!~ _ გამახსენდა წეღანდელი შეძახილი. ამას ვასკა ჰქვია. ვასკა კარაგანოვი, ლურჯთვალა მოძალადე, რომელმაც პირველმა გააუპატიურა მერი. აი, თურმე რა ინფორმაციის ამოტყორცნას ვცდილობდი ქვეცნობიერიდან.

ხელები ჩამოვიღე და მკაცრად გავუმეორე:

_ მერი კორინთელი.

_ არ ვიცნობ ასეთს.

_ იცნობ. შენ ვასკა ხარ, კარაგანოვი.

_ მერე, რომ ვარ?! _ ვასკამ თვალები მოჭუტა და ხელი გამიშვა.

მუსიკა შეწყდა. ჩვენ ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით, მეომარი მამლებივით.

_ ვასკა, საქმე მაქვს შენთან.

_ რა საქმე?

_ ისეთი მნიშვნელოვანი, მეტი რომ არ შეიძლება. სამკვდრო-სასიცოცხლო.

_ მიდი, რა?!

_ არ გჯერა?

_ არა.

_ გავიდეთ, დავილაპარაკოთ.

_ კარგი. ათ წუთში ტბასთან გელოდები. სიგარეტს ავიღებ და მოვალ.

თავი დავუკარი და ჩემი სკამისკენ გავემართე.

სუფრაზე კაციშვილი არ დამხვდა. დეიდაჩემი ვიღაც ქალიშვილს მიჯდომოდა და სულგანაბული უსმენდა. ქალიშვილი უაპელაციო გამომეტყველებით ღაღადებდა რაღაცას. ასეთი სახეები აქვთ პარტიულ აქრივესტებს და მისიონერებს.

მაშ ასე: ბეჟან კორინთელი, იგივე ჯაბა, ვასკას მოსაკლავად არის ჩამოსული მოსკოვში და არა ჩემს დასაბმელად, როგორც გულუბრყვილოდ წარმოვიდგინე.

პორტიეს პალტო გამოვართვი და გარეთ გავედი. ბნელოდა. რესტორნის წინამდებარე ტერიტორია სოფიტებით იყო განათებული. ხელოვნური ტბა ხელმარცხნივ უნდა ყოფილიყო, ვაშლის ხეივნის დასაწყისში. მეც იქით გავემართე. ტბის სარკისებურ

ზედაპირზე მთვარის დისკო ირეკლება. ლამაზია. მაგრამ მე არ მცალია იდილიისთვის. მე ბედისწერა ვასკასთან შესახვედრად მიმაქანებს.

აი, ისიც. ბაღის გრძელ სკამზე ზის და სიგარტს აბოლებს. გვერდით მივუჯექი.

_ პირდაპირ საქმეზე გადახვალ თუ ნოტაციების კითხვას დამიწყებ? _ მკითხა და ბოლქვებად გამოუშვა სიგარეტის ბოლი.

_ ბატონო ვასილ, თქვენ სიკვდილი გელით.

პასუხად გრძელად დაუსტვინა და ჩემკენ გადმოიხარა.

_ ლამაზი ქალისგან მზად ვარ აქვე მივიღო სიკვდილი.

_ მე რა შუაში ვარ?

_ აბა, ვინ უნდა მომკლას?

_ მერის ძმა, ბეჟან კორინთელი გამოვიდა ციხიდან.

_ ვა, მართლა?

_ მართლა, მართლა...

_ როდის გამოვიდა?

_ ოთხი თვის წინ, მაგრამ სახლში არ მისულა.

_ შენთან მოვიდა? _ ვასკამ სიგარეტი მიწაზე დააგდო და ფეხსაცმლის ქუსლით გასრისა.

_ არ გჯერა... შენი მეგობრები კი მიწაში არიან. მარტო შენ და თემო ფრუიძე დარჩით ცოცხლებში.

ვასკამ სწრაფად შემომხედა.

_ შაყირობ?

_ არა. ციკლოპა, ლეო, მამუკა _ მოკლეს.

ვასკა სკამის საზურგეზე გადაწვა და მზერა ტბაზე გადაიტანა.

_ მე ჩემი გითხარი. ბეჟანი მოსკოვშია. ფრთხილად იყავი. _ ვეთხარი და წამოვდექი, ჩავთვალე რა ამოწურულად ჩემი მისია.

_ დაჯექი. _ მკაცრად მითხრა ვასკამ.

_ შენთან ლაპარაკის არც დრო მაქვს, არც სურვილი, მე აქ დაბადების...

_ დაეგდე მეთქი!

ღირსი არაა წეპო სიფათში? მადლობის მაგიერია! მაგრამ მისმა თვალებმა გამაჩერა. ასე სანადიროდ გამოსული მგლები იყურებიან. ვასკა მგელზე უარესია.

შეურაცხყოფილი პატივმოყვარეობის განსახიერება არც მიფიქრია. აქედან ფეხები უნდა წავიღო. ტბამ ჩემი აწოწილი სილუეტი აირეკლა... და არა მხოლოდ ჩემი. ზურგსუკან ვიღაც იდგა. ვასკაც ზანტად წამოიმართა სკამიდან. ორნი არიან. გაქცევას ვერ მოვასწრებ _ კისერში ვგრძნობ უცნობის ნიორწყალში ჩადებული ლოქოს ამონასუნთქს. აქ მოსვლამდე თუ ჩახეთქა. ისღა დამრჩენია ხმამაღლა ვიკივლო. არ დამცალდა _ უკან ასვეტილმა პირზე ხელი ამაფარა, წინიდან კი ვასკა მომიახლოვდა და პალტოს საყელოთი დამითრა. პირველად ვიფიქრე, აქვე მიპირებენ გაუპატიურებას და სხეული მოვიქნიე, მაგრამ ვასკამ ყელი მომიღეღა და საძილე არტერიაზე თითი მიმაჭირა.

წამში გაქრა მიწაც, სკამიც, ფანარიც, ტბაში გაცურებული მთვარეც. ირგვლივ წყვდიადმა დაისადგურა.

_ _ _

პირველი შეგრძნება იყო სიცივე, რომელიც ძვალსა და რბილში ატანდა. სიბნელიდან თანდათან გამოიკვეთა ნაცრისფერი შუქ-ჩრდილები, ცხვირს მიწისა და წიწვის სურნელი მისწვდა, ყურს _ უცნაური ტკაცანი. მე მოკრუნჩხული ვეგდე მანქანის უკანა სალონში, მოფრიალებული კარიდან ჩანდა ცეცხლის გარშემო შემომსხდარი ადამიანები. სამნი იყვნენ.

ყველაფერი ნათელია: ვასკამ წინასწარ დაგეგმა ჩემი გატაცება. ათი წუთი თავისი ხალხის გასაფრთხილებლად დასჭირდა. ერთი არ მესმის _ რაში ვჭირდები. ადამიანს ორ შემთხვევაში იტაცებენ _ ცოლად მოყვანისა ან ფულის გამოძალვის მიზნით. ჩემგან რა ხეირია?!

სხეულზე ხელი მოვაფათურე. კაბა ადგილზეა, პალტოც, ბეჭედიც, მხოლოდ ფეხსაცმელი მაკლია.

_ მარატ, ერთი გახედე ჩვენს ნადავლს. შრიალი მომესმა. _ ვასკას ხმა ვიცანი და იმწუთშივე თავი მოვიმკვდარუნე.

ვიღაცამ დამხედა, სახე ახლოს მომიტანა და გაქრა.

_ გათიშულია. _ მომესმა შორიდან დამტვრეული რუსული.

მარატი ალბათ ის უზბეკია, ცეკვისას, სუფრაზე რომ შევნიშნე.

_ ხომ არ მოკვდა?

_ სუნთქავს.

_ მაინც ვერ გავიგე, რა ჯანდაბად გინდოდა ეს გოგო? _ მოსკოვური რუსულით იკითხა მესამემ.

სმენა დავძაბე. მეც ეგ არ მაინტერესებს?!

_ მოგზავნილი მგონია. _ უპასუხა ვასკამ. _ ვიღაცას ჩემი დაშანტაჟება უნდა. სანამ თბილისიდან პასუხს არ მივიღებ, გოგოს არ გავუშვებ. თუ დადასტურდა, რომ სიმართლეს ამბობს, ეგებ გავუშვა კიდეც.

_ თუ არ დადასტურდა?

_ მაშინ აქვე მივასიკვდილებ, ბარემ სასაფლაოზე ვართ.

`სასაფლაოზე ვართ?~ _ გამიშხულა ტვინში.

ამ გათახსირებულებმა სასაფლაოზე ამომაგრიალეს, თითქოს სხვაგან არ შეიძლებოდა საქმის გარჩევა. არ მგონია `Ново Девичий~-ის სასაფლაო იყოს, იქ ჩემი კი არა, საზოგადო მოღვაწის ადგილი აღარ არის. უეჭველი მოსკოვის გარეუბანია, სულაც სოფელი, სადაც ყვირილსაც არა აქვს აზრი.

`მშვიდად იათამზე, არ აჩქარდე, გონებას მოუხმე.~ შევუძახე თავს.

მაშ ასე: ვასკა თბილისიდან ელოდება პასუხს, გაიგებს, რომ მისი თანამზრახველები მოკლულები არიან და გამიშვებს. რა აუცილებლობას წარმოადგენს ჩემი მოკვლა... ბანდიტია, მანიაკი ხომ არა?

თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეხმაურაო, მარატმა თქვა:

_ ამ გოგოს გაშვება არ შეიძლება. ყველას ჩაგვიშვებს.

`ვაი!~

_ ვნახოოოთ... _ მთქნარებით გაეპასუხა ვასკა. _ თემო მოვიდეს და მერე გადავწყვიტოთ.

_ რაო, როდის მოვალო?

ვასკა რაციას დაწვდა, ანტენა ამოწია და ყური მიუგდო:

_ დაიჭირა, ხო იცი... ალო, ალო... ე, თემო, სადა ხარ, ძმა?... აბა, ჰე! _ თხუთმეტ წუთში იქნება. _ დაამშვიდა დანარჩენები.

_ თორმეტს ოცი აკლია. _ თქვა რუსმა.

_ თემომ ხატაც თუ გაჩითა, დაგლიჯავს. აქვე, ახლომახლო. ბრრრრ... შემცივდა, ხო იცი?! სიცივის ლომკა მაქვს, ჩემი კაი... _ ვასკამ პალტოს საყელო ყურებამდე აიწია და გაჩაჩხული თითები ცეცხლს მიუფიცხა.

წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდება დეიდაჩემი, როცა დარბაზში ვერ მოპოვის. ალბათ უკვე პანიკაა გამოცხადებული. მოსაკლავი ვარ! რა მრჯიდა, რომ ენა მივურბენინე? დავტეულიყავი ჩემს ტყავში, შემერგო მოსკოვური არდადეგები... ჯაბაც რა დღეში ჩავაგდე? უფრო სწორედ, ბეჟანი. ვასკას სიცოცხლეს მოვუფრსხილდი და ჩემი მხსნელი რაინდი გავიმეტე. აწი ჯაბა-ბეჟანი გამეფრთხილებინა! ახლა ვასკამ დანამდვილებით იცის, რომ მოსაკლავად დასდევენ და მზად დახვდება. გამოხენისთანავე მიაცხრილავს საწყალ ჯაბა-ბეჟანს. ვინ იცის, ჩემს სვალწინ... ყველანაირი სასჯელის ღირსი ვარ. უტვინო, ქარაფშუტა მდედრი!

_ არ დავბოლდეთ? _ წინადადება წამოაყენა მარატმა.

_ კარგი ბოლი გაქვს თუ მაშინდელივით ტრუხაა? _ დაცინვით ჰკითხა რუსმა.

_ მოკეტე, გოშა, როცა შენ ნიფხვისამარა ბაღში დარბოდი, მე სამხრეთ-აღმოსავლეთის ტრამალებს ვიპყრობდი. მარიხუანის ხარისხის გარჩევას ვერავინ მასწავლის.

_ ნუ აიცრები ხოლმე ყველაფერზე. _ შემრიგებლურად უთხრა გოიამ.

_ მე კი ინდოეთში წავიდოდი, _ წაიოცნება ვასკამ. _ მომბეზრდა რუსეთი, ხალხიც ცივია და ამინდებიც. აი, მივასუხარებ ორ-სამ პარტიას და სამოგზაუროდ წავალ. ვინ დამიშლის?! მარატ, მართალია, რომ ინდოელები პლანის მოსაწევად სპეციალურად ემზადებიან, რიტუალის პონტში სტუმრებს პატიჟებენ და რამე?

_ მართალია. _ ენა გააწკლაპუნა მარატმა. _ აი, თქვენ, ქართველები, ღვინოს რომ დაწურავთ, ხომ ეძახის ხოლმე მეზობლებს, ნათესავებს... ასეა ინდოეთშიც. მარიხუანას მოწევა იქ ტრადიციული რიტუალია. ყოველდღე კი არ ეწევიან, გარკვეული ინტერვალებით, რომ არ მიეჩვიონ. იციან კაიფის ფასი. ასაკის ფასიც იციან. ჩვიდმეტი წლის ლაწირაკმა რომ მოსწიოს, გაროზგავენ. მარტო დაკაცებულებს აქვს უფლება... ეზიარონ, ასე ვთქვათ. მაგრამ ყველგან არა. მთაში ერთი ტომი გავიცანი, მაგარი სტრანნი ნაროდი: თან აბოლებენ, თან ლოცულობენ _ ნამდვილი ნირვანა ეგ არისო... აჰა, მზად არის.

მარატმა პაპიროსი დაახვია, მოუკიდა, სამი ნაფაზი დაარტყა და გოშას გადააწოდა. გოშა არ მახსოვს. ალბათ ისიც იჯდა რესტორანში, აბა, საიდან გაჩნდა ასე სახელდახელოდ? თემოს ტელეფონით დაუკავშირდნენ. გზაშია ბიჭი. ნეტავ ვინ არის მათ შორის ლიდერი? გოშა _ არა. ან ვასკა, ან მარატი. იქნებ თემო?

_ ტრუხა კი არა, ბომბაა, ძმაო. ძლივს არ გავთბი ცოტა?! _ გოშამ შეკეთებული ანაშა ვასკას გადააწოდა, თვითონ კი ხის ტანს მიეყრდნო. სახეზე ისეთი ნეტარება დაეხატა, ლამის მეც გადმოვედი მანქანიდან და ერთი ნაფაზის დარტყმა ვთხოვე. მარიხუანას კი არა, კურდღლის ცურცლს მოვწევ, ოღონდ რამემ გამათბოს.

ტარიანი მეორე წრეზე წავიდა.

_ გამაბრუა. არაყივითაა. _ თავი გადაიქნია `ნეტარმა~ გოშამ.

_ არაყი თუ გინდოდა, ჩაგეცეცლა. მაგის მეტი რა იყო რესტორანში. _ ჩაიცინა მარატმა. _ რუსების გამოსწორება არ არის, სუპერ-ბოლს ვთავაზობ, ეს კი არაყს ადარებს.

_ მენტალიტეტის ამბავია. ამათი მარიხუანა არაყია.

უცებ გავიაზრე: სხვის მანქანაში ვწევარ და

მარიხუანას პროპაგანდაზე ვისმენ ლექციას, მაშინ, როცა მანქანის კარი ღიაა. ღვთის მადლით, ღამეა. შეძრწუნებული მთვარე მგონი სამუდამოდ დარჩა რესტორნის მახლობლად ხელოვნურ ტბაში.

უნდა გავიქცე.

კაბის კალთები რაც შეიძლება მაღლა ავიკეცე _ სიარულისას ფეხებში რომ არ გამებლანდოს. ფეხსაცმელებს კი უნდა შეველიო, მითუმეტეს, ცალი დავკარგე. პალტოს გახდა გადავიფიქრე. მართალია სწრაფად გადაადგილებაში ხელს შემიშლის, მაგრამ კაბისამარა გავიყინები.

რაც შეიძლება უხმაუროდ გადმოვძვერი ღია კარიდან, მანქანას შემოვუარე და უკანმოუხედავად მოვკურცხლე.

_ გოგო გაიქცა! _ იღრალა ვასკამ.

`ნამდვილად გაიქცა,~ დავეთანხმე გულში, მაგრამ საფლავები ისე მჭიდროდ არის განლაგებული, ლავირება მიჭირს.

_ გაჩერდი, თორემ გესვრი! დაგბრიდავ, ბოზიშვლი ვიყო! მარატ, წინიდან შემოუარე... გოშა, მომყევი. _ ვასკამ გზადაგზა გასცა ბრძანება. ის არის ლიდერი.

პალტოზე რაღაც ძეძვი გამომედო, ტყაპატყუპით მომყვება, ერთგული ძაღლივით. მოშორების დრო არ არის, პალტო გზადაგზა გავიხადე და კაბისამარამ განვაგრძე მარათონი. სიცივეს კი არა, საკუთარ ფეხებს ვერ ვგრძნობ.

გავრბივარ. ყურებში საკუთარი ქოშინი მესმის. სადღაც ახლოს უნდა იყოს დასახლებული პუნქტი, აბა, ტრამალში ხომ არ იქნება სასაფლაო?! ცხრა მთას იქით ვერ დამარხავენ თავიანთ მიცვალებულებს. სამწუხაროდ, საფლავების რიგი შემჭიდროვდა, ხეების რიცხვი კი პირიქით, შემცირდა. რვიანების ხაზვით მივიკვლევ გზას, ფეხდაფეხ მომდევს სამი გავეშებული მამაკაცი, სულ ახლოს მესმის მათი სტვენია სუნთქვა და ტოტების ლაწა-ლუწი. ხრაშ-ხრუშ, ხრაშ-ხრუშ, თითქოს დათვი დარბის დატეხილ შუშაზე.

ჰაერი არ მყოფნის. ვიხრჩობი, სადამდე მეყოფა ძალა... უცებ მივხვდი _ ფეხქვეშ მიწა შემომეცალა. სულ ერთი წამის გაფრენილი ისარივით დავეკიდე ჰაერში, შეკივლებაც ვერ მოვასწარი, რომ გაურკვევლ სიღრმეში გადავიჩეხე.

`გაურკვეველი სიღრმე~ ახალამოთხრილი სამარე აღმოჩნდა _ განკუთვნლი კონკრეტული მიცვალებულისთვის. ობობასავით მოვეჭიდე ნამიან მიწას. აღარც კი ვიცი, რა აზრი აქვს ბრძოლის გაგრძელებას, იქ, მიწის ზედაპირზე, უარესი მელის.

`უარესმა~ არ დააყოვნა _ დავაცემინე, ხმამაღლა, სულით, გულით და შხეფებით. როგორც იტყვიან, закон подлости.

ორიოდ წამში სამარის თავზე ვასკას აბურძგნული `გოგრა~

დაეკიდა. მთვარემაც იკადრა გამოძრომა ღრუბლებიდან და ვასკას შეუერთდა.

დანარჩენებიც მოცვივდნენ. ჩამუქებული ცის ფონზე, მთვარის გარდა, სამი სახე დამცქეროდა. მიწის უსაგნო ფხოჭნას შევეშვი და გულაღმა გადავწექი. მოხდეს რაც მოხდება. დავიღალე.

ვასკას სიცილმა გაფხრიწა ჩაგუბებული ჰაერი. იდაყვები მიწაზე დაეყრდნო და სიცილით კვდებოდა. სხვებიც აჰყვნენ, აცახცახებული მხრებით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს, პირიდან ორთქლი და დორბლი ცვიოდათ. ალბათ მართლა კომიკურად გამოვიყურებოდი _ ხაფანგში მოხვედრილი, თმაგაშლილი ალი. ზევით, ერთის მაგივრად, სამი ვამპირი. ესეც ჩემი სიზმარი!

_ ისე, სექსუალურ ვიდზე კი ხარ, ხო იცი?! _ ქართულად ჩამომძახა ვასკამ.

კაბის ნაფლეთებით მუხლების დაფარვას შევეცადე. ეს ვასკა ყველა სიკეთესთან ერთად ნეკროფილია. რა აღვირახსნილი ფანტაზიები უნდა გაწუხებდეს, რომ სამარეში ჩავარდნილი ცოცხალ-მკვდარი გოგო სექსუალურად მოგეჩვენოს.

_ მომეცი ხელი, ამოგიყვანო. _ შევეცოდე მარატს.

არ გავნძრეულვარ. სხეულზე ვასკას ხარბ მზერას ვგრძნობდი. ეტყობა მთვარემ ვერ გაუძლო ჩემს საცოდაობას, ისევ ღრუბლეს შეაფარა თავი. ჩამობნელდა.

_ ამოდი, ამოდი, რაღაც გაგიტკბა მანდ კოტრიალი, მიქელ-გაბრიელმა ხომ არ შეგიღუტუნა უკნიდან? _ ჩაიხითხითა ვასკამ. _ მორჩი მუმიის განსახიერებას! აეთრიე, თორემ მანდვე ჩაგცხრილავ. _ დაამატა აგრესუილად.

_ ჩამცხრილე. _ მშვიდად ვუთხარი.

_ ერთი ამას უყურე, რამდენს ბედავს?! გოგო, არ ჩამომიყვანო მანდ, თორემ ისეთ დღეს დაგაწევ, აქეთ შემეხვეწო. _ ვასკამ იარაღი მომიქნია.

თვალები დავხუჭე.

_ ვნახოთ, რას მოიგებ... შენ ეტყობა არ მიცნობ.

_ გიცნობ. შენ ის კაცი ხარ, თექვსმეტი წლის გოგო რომ გააუპატიურე ხუთ არაკაცთან ერთად. _ ვთქვი რუსულად, სხვებსაც რომ გაეგოთ.

გოშამ და მარატმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე ვასკას მიაჩერდნენ.

_ მართალს ამბობს? _ ჰკითხა მარატმა.

_ აქ კითხვებს ვსვამ მე. გასაგებია? _ შეუღრინა ვასკამ.

რამდენიმე წამს ვასკა გაყუჩებული იჯდა, მის ბოროტ ტვინში რაღაც გეგმა მწიფდებოდა. მერე იარაღი მიწაზე დადო. ლაბადა და პიჯაკი გაიხადა და თვალის დახამხამებაში სამარეში ჩამოხტა.

წამოხტომა ვიკადრე, მაგრამ ვასკამ ისე მომდო ყბაში, ჩემდა უნებურად მუხლებზე დავვარდი. ჩემი დალეწილი სახე პირდაპირ მის ფეხებთან აღმოჩნდა.

_ ეს გინდოდა?! _ დამკივლა მთელ ხმაზე და ქამრის შეხსნას შეუდგა. _ ბარემ პოზაში ხარ... ხომ დაგპირდი, დედას გიტირებ მეთქი, ახლა უარეს დაგმართებ... ცხოვრებაში არავინ გამიჟიმავს საფლავში, ესეც თავისებური რომანტიკაა... არა, მე შენ არც გაგჟიმავ, მე შენ გაზიარებ ფრანგული სიყვარულის ხელოვნებას... თუ უკვე ხარ ნაზიარები? მიპასუხე, ძუკნა, ნაზიარები ხარ?

_ ვასკა, იქნებ არ გინდა, ეს გოგო ცოცხალი გვჭირდება. _ ჩამოსძახა მარატმა.

_ მოკეტე, თემურ ლენგის შთამომავალო, ჩემს საქმეში ნუ ძვრები... გაჟიმვას ჯერ არავინ მოუკლავს.

_ აკი, ბიძამისი დიპლომატიაო? _ გაახსენდა გოშას.

_ ვიცი. _ საქმიანად უპასუხა ვასკამ. _ ამ საქმეზე შეიძლება ვიხეიროთ კიდეც. ეი, წაკლა, რამდენს მომცემს შენს ძვლებში დიპლომატი ბიძაშენი?

პასუხად შევაფურთხე. ვასკამ მხრებში ჩამავლო ხელი და ყელი ამილოკა. არაადამიანურად შევკივლე. ღრუბელი შეკრთა, მიწა შეინძრა, კუბოს ფიცრებმა ზრიალი დაიწყეს, იქ, თბილისში ცუდი წინათგრძნობით გაეღვიძა დედაჩემს...

_ იყვირე, ქვეყანა შეძარი, დამკაწრე, დამკბინე, დამდორბლე... _ ინტიმურად აჩურჩულდა ვასკა.

უკან გახოხება ვცადე, მაგრამ ვასკამ თმით დამითრა და ჩემი ფიზიოს თავის ლაჯებთან მიბჯენას შეეცადა. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ჩვენი ორთაბრძოლა, რომ არა გასროლის ხმა.

ორივე გავშეშდით. სიჩუმეში ჩვენი ერთობლივი ქოშინი ისმოდა მხოლოდ. ზევით მოვღრიცეთ კისრები.

ღმერთო, ძლიერო!

სამარის პირზე ჯაბა-ბეჟანი იდგა, პისტოლეტის ლულიდან ჯერ კიდევ მოიკლაკნებოდა თბილ-თბილი ბოლი.

_ ვინ ხარ? _ ვასკას ხმა შეუკრთა.

_ შენი სიკვდილი. _ იყო პასუხი.

ვასკა გაოგნებული შესცქეროდა ორმოს სიღრმიდან. აშკარად ვერ იცნო ყოფილი თანამზრახველი ბეჟან კორინთელი.

_ ბიჭები სად არიან? ეი, მარატ, გოშა!

_ როგორ ხარ, იამზე? _ აუღელვებლად მომიკითხა ჯაბა-ბეჟანმა.

_ შენ... შენ აქ საიდან გაჩნდი, ბეჟან?

_ ბეჟანა? _ ვასკამ კეფა მოიფხანა. _ ეგ ბეჟანა არ არის. უთხარი, რომ ბეჟანა არ ხარ. _ მიმართა ჩემს მხსნელს.

_ რომ ვუთხრა, შენთან დარჩება თუ რაშია საქმე? _ ჩაიცინა იმან. _ მომეცი ხელი, იამზე, დროზე ჩავაძაღლო ეგ ნაბიჭვარი. არ მინდა დაისვარო.

ვერაფერი გავიგე. მაგრამ ახლა გარჩევის დრო არ არის, მთავარია ამ კოშმარს თავი დავაღწიო. მერე გავარკვევ, ჯაბაა თუ ბეჟანი. ჭიჭიკოც რომ ერქვას, მთელი ცხოვრება მასზე ვილოცებ.

_ მაიცა, ბრატ, კაცურად მოვილაპარაკოთ. _ ვედრებით ამოსძახა ვასკამ.

ლაჩარი. ნამდვილი ლაჩარი. ვინ აღიარა ლიდერად ეს საცოდავი ფსიქოპათი. არ გამიკვირდება ნიანგის ცრემლები ჩამოჰყაროს.

_ ტყვია შუბლში _ აი, შენი ბრატი. _ მხსნელმა იარაღი მარჯვენა ხელში გადაიტანა, საფლავთან დაიხარა და მარცხენა გამომაწოდა. _ ერთი ზედმეტი მოძრაობა და, პირის მომუწვას ვერ მოასწრებ, ისე ჩაგაძაღლებ. _ გააფრთხილა ვასკა.

_ ვინ-ვის ჩააძაღლებს, მაგასაც ვნახავ. დადე იარაღი.

ეს არ იყო ვასკა. მხსნელის უკან ამოზრდილი ულვაშიანი მამაკაცი ქართულად მეტყველებდა, იარაღის ლულა კი პირდაპირ ჩემკენ მოეშვირა.

_ თემო, ჩემი დედა... _ იმედიანად ამოიხრიალა ვასკამ.

_ სამამდე ვითვლი. ვასკას თუ ესვერი, გავათავებ შენს გოგოს. _ ულვაშა არ ხუმრობდა.

ყბაჩამოვარდნილი ვასკა ხან ერთს შეჰყურებდა, ხან მეორეს. მობოშებული შარვლის აწევაც კი დაავიწყდა.

_ ერთი. _ დაიწყო ულვაშამ. _ ორი... სა...

ჩემმა მხსნელმა იარაღი დააგდო, ვასკამ პირჯვარი გადაიწერა, მე თვალთ დამიბნელდა. გაწვდილი ხელი მოცელილივის ჩამომივარდა, დამძიმებული სხეული ვეღარ დავიმორჩილე და გულწასული ჩავესვენე სხვის სამარეში.

_ _ _

გონს მანქანაში მოვედი. ხელფეხშეკრული ვლაყლაყებდი ფურგონში. გვერდით ასეთივე მდგომარეობაში ეგდო ჩემი მხსნელი. უტყვი თანაგრძნობით მიყურებდა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა. გახეთქილ ტუჩზე სისხლი შეხმობოდა, ერთ თვალზე _ უზარმაზარი, ბაღლინჯოსებრი გემატომა. უმოწყალოდ იყო ნაცემი.

მანქანა ოღრო-ჩოღრო გზებზე ხტოდა, წინა სალონიდან ისმოდა მოგუდული ხმები.

_ ვინ ხარ? _ გაჭირვების დავძარი გამომშრალი ტუჩები.

_ მერე აგიხსნი. _ მიპასუხა ნაწვალევი ღიმილით.

_ `მერე~ შეიძლება აღარც იყოს.

თავი დამიქნია.

_ როგორ გამოხვედი ჩემზე?

_ შენზე არ გამოსულვარ, ია... თემო ფრუიძის კვალს გამოვყევი. შენ სრულიად შემხვევით აღმოგაჩინე, უფრო სწორედ, შენი ხმა.

_ `ხმა სამარიდან.~

_ ეგრე გამოდის. _ შუბლზე ჩამოწეწილ თმას სული შეუბერა. _ საიდან მოიტანე, რომ ბეჟან კორინთელი ვარ?

_ შენი პასპორტი ვნახე... იქ, თვითმფრინავში.

_ ჰო-ო?...

_ ჰო.

_ ჯაბა მქვია. ჯაბა ჯაიანი.

_ ბეჟანი სად არის?

_ ბეჟანი მოკვდა.

_ მოკვდა?... მის დას კი ცოცხალი ჰგონია.

_ უკვე აღარ ჰგონია.

_ არაფერი მესმის.

_ გინდა იცოდე სიმართლე?

_ მინდა.

_ მაშინ მოიწიე, მიჭირს ხმამაღლა ლაპარაკი.

გაჭირვებით მივცოცდი. შეკრული ხელები ფეხებში მოვიქციე და ჯაბას მხარზე მივეყრდენი.

_ ცუდად ხარ? _ დაკვირვებით შემომხედა, როგორც ექიმმა უიმედო ავადმყოფს.

_ ყველაფერი მტკივა.

_ გინდა, თავი კალთაში ჩამიდე. შენ დაისვენე, მე მოგიყვები.

დავემორჩილე.

ჯაბას მონაყოლიდან:

ჯაბა ოთხი წლის იყო, როცა დედა მოუკვდა. ბებიამ გაზარდა

_ მამის დედამ. მამა სატყეო მეურნეობაში მუშაობდა, ასე რომ

ოჯახი უზრუნველად ცხოვრობდა. აბსოლუტური სმენა აღმოაჩნდა

და სკოლის პარალელურად მამამ სამუსიკო სასწავლებელში შეიყვანა, ვიოლინოს განხრით. მოგვიანების ჯაბა სპორტმა გაიტაცა, ვიოლინო გვერდზე გადადო და კრივის სექციაში გაწევრიანდა.

ერთი გარემოება არღვევდა ჯაიანების ოჯახურ სიმყუდროვეს _ დროგამოშვებით მამა სვამდა. აუტანელი სიმთვრალე ჰქონდა. სხვებს თუ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ სიყვარულის ბუშტი უსკდებოდათ, მამამისს პირიქით _ სიძულვილის ბუშტი ევსებოდა. როგორი მთვრალიც არ უნდა ყოფილიყო, ლოგინში არ წვებოდა, მოზღვავებული ენერგია არ აძლევდა დაძინების საშუალებას, ენერგია და ჩუმი აგრესია. ვისკენ იყო მიმართული აგრესიის ვექტორი, ჯაბამ არ იცოდა. მამა უხამსად იგინებოდა და თვალში ცუდად მოხვედრილ საგნებს კედლებს ესროდა. ბებია ფეხდაფეხ დასდევდა, `ბავშვი არ გამიღვიძოო~ _ ანამუსებდა შვილს და დამსხვრეული ჭურჭლის ნატეხებს აგროვებდა. ჯაბას კი არ ეძინა, სულგანაბული იწვა საწოლში და ერზე ოცნებობდა _ როდის

გაიკვლევდა მამა გზას საწოლისკენ. მამა მაინც ახერხებდა შვილის საძინებელში შეღწევას, შუქს ანთებდა და დიდხანს და დაჟინებით უცქერდა. თავის მომძინარებას აზრი არ ჰქონდა, მამა ადგილიდან არ იძროდა, სანამ ჯაბა თვალს არ გაახელდა. მერე იწყებოდა დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ბოდვა თემაზე _ როგორი კარგი ბიჭი უნდა იყოს ჯაბა, როგორ უნდა ასახელოს მამა, ბებიას დაუჯეროს, ცუდ ხალხს ყური არ უგდოს, ჭორებს არ აჰყვეს... ჯაბა ვერ აღიქვამდა მისი ფრაგმენტული ლაპარაკის შინაარს, მამა ერთი თემიდან მეორეზე ხტოდა და სისტემატურად ვიღაცას ემუქრებოდა.

მეორე დღეს, ვითომც არაფერი. მამა ჩვეულებრისამებრ მიდიოდა სამსახურში, ჯაბა _ სკოლაში.

მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა ბებიას ინსულტი დაემართა _ მარჯვენა მხარე წაერთვა. ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს, კვირის ბოლოს კი, როცა ოდნავ აღუდგა მეტყველების უნარი, ბებიამ შვილიშვილი იხმო:

_ საშინელი საიდუმლო უნდა გაგიმხილო, ჯაბა... არ მინდა გულდამძიმებული წავიდე ამ ქვეყნიდან. ეს დღეები სულ ვფიქრობდი _ მეთქვა-არ მეთქვა... გადავწყვიტე მეთქვა. უკვე დიდი ბიჭი ხარ, სიმართლე უნდა იცოდე.

ჯაბა გაკვირვებული უსმენდა. რომელ `საშინელ საიდუმლოზე~ მიანიშნებს ბებია?

_ დედაშენი თავისი სიკვდილით არ მომკვდარა. ის მამაშენმა მოკლა. _ ბებიამ ამოიოხრა და სანამ ჯაბა მოსმენილის გააზრებას მოასწრებდა, განაგრძო: ცემაში ამოხადა სული უბედურს. არადა, ხუთი სვის ფეხმძიმე იყო. განზრახ არ მოუკლავს, შვილო, ეგ არ იფიქრო. შემოაკვდა. იმ დროს მეც სახლში ვიყავი, შენ გეძინა... წივილ-კივილზე გაიღვიძე და ტირილი დაიწყე. სანამ შენ გაწყნარებდი, იქ, დიდ ოთახში უბედურება დატრიალდა. ეტყობა ძლიერად მოიქნია დედაშენი და თავის ბატარეას მიანარცხებინა. მამაშენი მთვრალი იყო, ხომ იცი მაგის ამბავი, როცა დალევს, ძალა ერჩის... ცხონებულმა დედაშენმაც იცოდა ენის შებრუნება, რამდენჯერ გავაფრთხილე: ნასვამ კაცს ნუ შეეკამათები მეთქი, მაგრამ ნერვებმა უმტყუნა. გინებას ვერ იტანდა, მამაშენმა კი, იცოცხლე, მკვდარი და ცოცხალი არ დაუტოვა. სასწრაფო დახმარების ექიმები მოვატყუეთ, ვუთხარით, რომ კიბეზე დაგორდა. დავასაფლავეთ, როგორც წესი და რიგია. ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ეს არის სიმართლე.

_ რატომ მომიყევი? _ ჯაბამ ერთადერთი კითხვა დასვა.

_ რატომ მოგიყევი?... _ ბებიამ საღი თვალი შვილიშვილის სახეზე გაასრიალა. _ მეშინია და იმიტომ. მეშინია, რომ იმ ქვეყანაზე არ მიმიღებენ... თუკი მიმიღებენ, პირდაპირ ჯოჯოხეთში მიკრავდნენ თავს. _ ბებრული ცრემლი გადმოყარა ბებიამ. _ ეს ერთი კვირა, რაც გათიშული ვიყავი, სულ დედაშენი მელანდებოდა... დედაშენი და ის არდაბადებული ბავშვი. ვითომ გოგო იყო, კიკინებიანი, ლამაზი. ღმერთო, შემინდე, შენც შემინდე, ჩემო ბიჭო...

ის ღამე ჯაბამ თეთრად გაათენა. როგორ უნდა იცხოვროს ამ სიმართლით?! და საერთოდ, სჭირდებოდა კი ასეთი სიმართლე? ბებია ეგოისტურად მოიქცა. მძიმე ჯვარი, რომელსაც მთელი ცხოვრება ატარებდა, სიკვდილის წინ მოიხსნა და შვილიშვილს გადაულოცა, როგორც საპატიო ესტაფეტა. ჯაბას უყვარდა მამა, მასზე მშობლიური ადამიანი არც ეგულებოდა დედამიწის ზურგზე. ახლა რა გამოდის? მამა მკვლელია. იქნებ ეს ყველაფერი ბებიას სიკვდილისწინა ფანტაზიებია? _ თავს იმშვიდებდა ჯაბა, მაგრამ როგორც კი მთვრალი მამის ამღვრეული მზერა ახსენდებოდა, რწმუნდებოდა _ თავის მოტყუებას აზრი არა აქვს. მოსახდენი უკვე მოხდა. მთვარია, როგორ იცხოვროს ამის მერე.

ორ დღეში ბებია გარდაიცვალა. იმ მომენტისთვის ჯაბას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სახლიდან წასვლა. მამასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ტანჯვად ექცა, მისი დანახვა, მისი ხმის გაგონებაც აღარ შეეძლო.

ქელეხიდან მობრუნებულმა ბარგის ჩალაგება დაიწყო.

ჩემოდნების ხელში გამოვიდა სასტუმრო ოთახში, სადაც იჯდა ნასვამი მამა. როგორც ყოველთვის, ცუდ ხასიათზე ბრძანდებოდა, მითუმეტეს, ჰქონდა მიზეზი _ დედა მიაბარა მიწას.

_ მივდივარ. _ უთხრა ჯაბამ.

_ საით გაგიწევია? _ გაუკვირდა მამას.

_ არ მინდა შენთან ცხოვრება.

_ რას მიედ-მოედები, ბიჭო?

_ მე ყველაფერი ვიცი.

_ რას გულისხმობ?

ჯაბამ ბებიის სიკვდილისწინა აღსარების შესახებ უამბო. მამას თავისებური რეაქცია ჰქონდა _ ბრაზისგან სახე მოეღრიცა, დორბლმორეულმა დაიწყო საკუთარი დედის გინება, როცა გარდაცვლილ ცოლსაც გადასწვდა, ჯაბამ გააფრთხილა:

_ დედაჩემზე ხმა არ ამოიღო.

მაგრამ მამის გაჩერება შეუძლებელი გახდა. უწმაწური სიტყვები და უშვერი გინება დორბლსა და ფურთხთან ერთად უცვიოდა პირიდან. ჯაბას მოთმინების ფიალა აევსო და გაარტყა. შვილის შემოლაწუნებამ სულ დააკარგვინა კონტროლი, ყველაფერს დაერია, რაც კი ხელში მოხვდა _ ლარნაკი, თეფში, საფერფლე, ჭიქა... როცა ჯერი გარდაცვლილი ცოლის ჩარჩოში მოთავსებულ ფოტოსურათზე მიდგა, ჯაბას გონება დაებინდა. მამას საყელოში ჩააფრინდა და იქამდე არტყმევინა კედელზე თავი, ვიდრე სული არ ამოხადა. გონება მაშინ დაეწმინდა, როცა მამის სხეული დამძიმდა, მოიჩვარა, კედელ-კედელ ჩაცურდა და სისხლის უსწორმასწორო ზოლი დატოვა.

სასწრაფოში დარეკვას აზრი არ ჰქონდა, მამა მკვდარი იყო. ჯაბამ მილიცია გამოიძახა.

_ ასე მგონია კინოსცენარს ვუსმენ. _ ვუსხარი გულწრფელად, როცა ჯაბამ მოყოლა დაასრულა.

_ ეს იყო ჟურნალი, კინო მერე დაიწყო.

_ ამ ტრაგედიას გაგრძელებაც აქვს? _ თავი მოვაბრუნე და ჯაბას სახეში მივაჩერდი.

_ შენ ფიქრობ, ჩემი სურვილით შევიცვალე გვარი და სახელი?

_ მომიყევი. _ ვთხოვე მზადყოფნით.

_ თუ მოვასწარი, მოგიყვები. მგონი მოგვიყვანეს დანიშნულების ადგილზე.

მივაყურადე. მართლაც, მანქანამ სვლა შეანელა და გაჩერდა. ახლომახლო ძაღლმა დაიყეფა. ვიღაც ფურგონის კარს დაეჯაჯგურა, თემო და ვასკა აღმოჩნდა.

_ გადმოძვერით. _ ბრძანა თემომ.

_ გადმოვფრინდეს? _ ჯაბამ შეკრული ხელ-ფეხი დაანახა.

_ გოგოს მე მოვიკიდებ, ამ ჯიგარს შენ მიხედე. _ ვასკამ ფეხებით დამითრია, ტომარასავით გამიგდო მხარზე და ხმამაღალი კუთვით გაკვეთა ღამის სიბნელე.

ჩვენს პირდაპირ, რამდენიმე მეტრში მარატის და გოშას სილუეტი დაილანდა. მარატის მკლავზე დაყრდნობილი გოშა კოჭლობის მიდიოდა. არც მარატს ადგა კარგი დღე, წამდაუწუმ ჩერდებოდა და კისერზე ხელს იდებდა. ორივეს ეტყობოდა ჯაბას ღონიერი მუშტის კვალი.

მარატმა ჭიშკარს ფეხი ჰკრა და ეზოში შევიდა. დანარჩენებიც შეჰყვნენ.

სახლი, სადაც ბედისწერამ შემაგდო, ერთ სართულსა და სამიოდე ოთახს ითვლიდა. გამურულ რუსულ ფეჩთან იდგა ორი ძველი სარწეველა სავარძელი. მაგიდაზე _ ხელნაკეთი, ნაქარგებიანი სუფრა ყაისნაღით გასწორებული ბოლოებით, გაქექილ დივანზე _ ტილოს შალითაში ჩადებული ბალიშები, ისინიც ნაქარგებიანი.

მე და ჯაბა დივანზე მიგვყარეს და ყარაულად თემო მოგვიჩინეს, დანარჩენები ხმამაღალი ხორხოცით შეესიენ ოთახებს. თემომ იარაღი მაგიდაზე დადო და აგდებულად მოგვაჩედა. ტიპური რუსეთის ფედერაციას შეფარებული კავკასიელი _ მოყვითალო პირისკანი, შავი თვალ-წარბი, კეხიანი ცხვირი. ულვაში ძაფივით წვრილი ტუჩების შესანიღბად თუ მოუშვა. შუბლს ნაქსოვი ქუდი უფარავდა.

_ ბიჭო, აქ ცხელი წყლის ვარიანტი არ არის? _ ვასკა ხელების ფშვნეტით შემობრუნდა ოთახში.

_ საუნა არ გინდა? _ ცალყბად მიუგო თემომ.

_ გავიყინე, სიმონ!

_ მადლობა თქვი, რაც გავჩითე. ამ ბაითის გულისთვის

სვეტკა ღამიანად ამოვაძრე ლოგინიდან. ხელი არაფერს ახლოთ,

ლოგინები ფეხებით არ გაჯეკნოთ, ჭურჭელი არ დაამსხვიროთ... გაიგე, ბიჭო? _ მიმართა გოშას, რომელსაც გიტარისთვის მიეგნო და ახლა სიმებს ეხალიხებოდა ჭუჭყიანი თითებით.

_ გიტარაა, ბლიად, კი არ შევჭამ. _ გოშამ გიტარა კედელზე მიაყუდა და მტკივანი ფეხი მოისრისა. _ არყის საშუალება არ არის?

_ არაყი რად გინდა, ისადაც ძლივს დადიხარ. _ ვასკამ სკამი გამოსწია და თემოს გვერდით, მაგიდასთან დაჯდა.

_ თქვენ რა შარზე ხართ, ე! კომპრესისთვის მინდა, ფეხი მომტეხა ამ კიბორგმა. _ გოშამ ჯაბას შეხედა და უხმოდ, ტუჩებით შეიგინა.

ადრესატი არ შერხეულა. მართალია ოთახში თავისი ფეხით შემოიყვანეს, მაგრამ ხელმეორედ გაკოჭვა არ დავიწყებიათ. მისი უმწეობა მთრგუნავს. რომ არა ჩემი ფაქტორი, ჯაბა ყველას ჩაცხრილავდა და ღირსებიც იქნებოდნენ. არასოდეს დამავიწყდება მისი თავგანწირვა. თუმცა არ ვიცი, რამდენად უპრიანია სიტყვა `არასოდეს~ ჩვენს სიტუაციაში. წარმოდგენა არ მაქვს რას გვიპირებენ. შეიძლება დღესვე წაგვაცალონ თავები.

_ მოდი, ასე გავაკეთოთ... _ ვასკამ ხელები მაგადაზე დაალაგა და მზერა მარატზე შეაჩერა. _ მე და თემოს ამ ორთან ჩვენი ბაზარი გვაქვს. შენ და გოშამ შეგიძლიათ დაისვენოთ. თუ რამეა, მერე დაგიძახებს. მოსულა?

მარატს არ გაუპროტესტებია, მაშინვე გავიდა. გოშამ გიტარა გაიყოლა და გაჰყვა.

_ კაროჩე, _ დაიწყო თემომ. _ ეს გოგო არ ტყუის, ვასკა. ციკლოპა, ლეო და მალჩუნი ტრუპები არიან. ეს ტიპი კი ჩვენს დასაბრედად ჩამოეთესლა თბილისიდან, მაგრამ, როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

_ ქილერი ხარ, იუზგარ? _ დამცინავად ჰკითხა ვასკამ.

ჯაბამ არაფერი უპასუხა.

_ დუმილის უფლებას იტოვებს. თავი სასამართლოში ჰგონია. _ თემომ გულზე ხელები გადაიჯვარედინა და სკამის საზურგეზე გადაწვა.

_ სასამართლოზე არ არის? _ იხტიბარი არ გაიტეხა ვასკამ. _ თუ ქურდულ სამართალს არ აღიარებ?

_ შენ ვინ გაღიარა ქურდად, ბიჭო. _ ზიზღით გამოცრა ჯაბამ.

_ მორჩი ტილაობას და კითხვაზე მიპასუხე: ვინ ხარ?

დუმილი.

_ სად არის ბეჟანა?

დუმილი.

_ ამ გოგოს საიდან იცნობ?

დუმილი.

ვასკამ კატასავით ისკუპა და ჯაბას სახეში ლეწა. ჯაბა გადაქანდა. გახეთქილი ტუხიდან ისევ წასკდა სისხლი. ვასკამ მუცელში დაუშინა წიხლები.

_ ხელფეხშეკრული, წაქცეული ადამიანის ცემა რომელ ქურდულ კოდექსში წერია?! _ ვერ მოვითმინე მე. _ ქურდები კი არა, გულნამცეცა ნარკომანები ხართ, ქეშები! ძალიან გინდა, ვაჟბატონო, მეწარმედ გაასაღო თავი, მაგრამ არ ჩაგივა ფეხი, ვერ გაიჩითები მაღალ საზოგადოებში. ჩემსავის გულუბრყვილო გოგო ეგებ შეაცდინო კიდეც, იმის იქით კი ვერ გაფრინდები. შენი ადგილი იმ ორმოშია, სადაც წეღან ხვანჯარჩახსნილი ფართხალებდი. ცოცხლად ჩამარხვას მხოლოდ შემთხვევამ გადაგარჩინა.

_ მოკეტე! მოკეტე, თორემ არ ვაგებ პასუხს. _ დამიღრიალა ვასკამ.

_ რად უნდა დიდი ბაზარი ამის ვინაობის დადგენას. _ თემო

ზანტად წამოიმართა, ფსიქოპატ ვასკას გვერდი აუარა და ჯაბას

ქურთუკის შიდა ჯიბიდან პასპორტი ამოაცალა.

_ ა, ბატონო... რაო? კორინთელი ბეჟანი. _ თვალებს არ დაუჯერა, კიდევ ერთხელ გაიმეორა. მერე ჯაბას შეხედა _ ფოტო შეადარა. _ სამაზვანეცი ხარ, ტო?

პასპორტით ვასკაც დაინტერესდა, უმალ გაჩნდა თემოსთან, მონაცემები გადაიკისხა და გესლიანად ახითხითდა.

_ ქილერია, სიმონ, ასპროცენტიანი ქილერია! იმ ჩემის ტრულაილა ბეჟანამ გამოაგზავდა. უჰ, ბოზიშვილი ვიყო ერთხელაც თუ არ გავუჟიმე ის და. ისეთ გრუპავუხას მოვუწყობ, ექვსი წლის წინანდელი ამბავი, ჟუჟუნა წვიმად მოეჩვენოს. მერი ჰქვია, არა? მიპასუხე, გოგო, მერი ჰქვია? _ მომმართა მე.

_ შენ ამას არ გააკეთებ. _ ვუთხარი ხმის კანკალით.

_ რა დამიშლის, რო? _ ვასკამ გამომწვევად შემოიყარა დოინჯი.

_ პრინციპში, არაფერი... _ დანანებით ამოვიოხრე. _ კაცს რომ შუბლის ძარღვი გაუწყდება, ყველაფერზეა ხელისმომწერი. მე, შენთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა, არ დავიზარე და გაგაფრთხილე: `საფრთხე გემუქრება მეთქი.~ როგორი გარეწარიც არ უნდა ყოფილიყავი, სასიკვდილოდ ვერ გაგიმეტე... შენ კი რით გადამიხადე სამაგიერო? გამიტაცე. პირდაპირ რესტორნიდან! ამიხსენი, რატომ? რა მიზნით? _ ვგრძნობდი, საცაა ტირილი წამსკდება, მაგრამ ისიც ვიგრძენი, რომ ჩემმა სიტყვამ ორივეზე იმოქმედა, განსაკუთრებით თემოზე. პასპორტი მაგიდაზე დააგდო და მოჭუტული მზერა ვასკაზე გაასრიალა.

_ შენ ერთადერსი ხარ, ვინც ბეჟანაზე გამიყვანდი. მაგრამ ეს ბეჟანა არ არის, _ ვასკამ საჩვენებელი თითი ჯაბას დაუმიზნა. _ ამას მოვკლავ და ბეჟანა დარჩება. რას მთავაზობ, ბეჟანას გამოჩენის შიშით მთელი ცხოვრება ტრაკის კანკალში გავატარო?

_ შეგიძლია ტრაკი დააყენო, ბეჟანა არ არის ცოცხალი. _ ხმა ამოიღო ჯაბამ.

_ რატომ უნდა დაგიჯერო? _ ვასკა დაეჭვდა.

_ იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობ.

_ ვინ ხარ?

_ იამზე გაუშვი და მერე დავილაპარაკოთ.

_ ბებიაშენისა, გავუშვა, რომ მერე ფარაონები დაგვაყენოს თავზე?

_ მე შენ გარეშე არსადაც არ წავალ. _ გავაპროტესტე მე. _ საკმარისია, რაც გავაფუჭე... ეს ნაძირალა გავაფრთხილე, შენ კი სულ დამავიწყდი. უტვინოდ მოვიქეცი, წინდაუხედავად. მაპატიე, ჯაბა.

_ ჯაბა! _ შესძახა კმაყოფილმა ვასკა. _ ე. ი. ჯაბა გქვია. რა გვარი ხარ, ჯაბა?

_ ჩემი გვარის გაგება არაფერს მოგცემთ. რომელ გვარსაც მინდა, იმას დაგისახელებ.

_ რატომ აიღე სხვისი გვარი?

_ იამზე გაუშვი, მერე თუ გინდა მომკალი.

_ გიყვარს, იამზე? _ ტუჩი აილოკა ვასკამ.

ჯაბამ შეკრულ ხელებზე დაიხედა. ვასკამ მაგიდას შემოუარა, ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუწყვეტია, სიგარეტს მოუკიდა და გვერდით მომიჯდა:

_ ეს ჯიგარი შენი შეყვარებულია?

უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. ვასკამ ნაფაზი დაარტყა და სახეში მომაბოლა. თვალები დავხუჭე. თუმცა მაშინვე გავახილე, რადგან მუხლზე მისი ნამიანი თითების შეხება ვიგრძენი. თვალწინ გაირბინა მერის მიერ მოყოლილმა გაუპატიურების სცენამ.

_ გასწი შენი ბინძური ხელები! _ დავისისინე სუნქვაშეკრულმა და შეძლებისდაგვარად შევიკუმშე. იქვე გამახსენდა, რომ ვასკასნაირ ავადმყოფებს წინააღმდეგობა ახელებს.

_ ქალიშვილი ხარ?

არ ვიცი, რა ვუპასუხო. არ ვარ ქალიშვილი, მაგრამ ქალიშვილობის ფაქტორმა შეიძლება უარესად აღაგზნოს. გაჩუმება ვამჯობინე.

ვასკამ ცალი ხელით ლოყაზე ჩამოშლილი თმა გამისწორა, მეორე _ ნიკაპში ჩამავლო და თავისკენ მომაბრუნა. ხელმარცხნივ სახიფათოდ ჩაისუნქა ჯაბამ. ვულკანს ჰგავდა, რომელიც ეს-ესაა გაიღვიძებს და ირგვლივ ყველაფერს წალეკავს.

_ უთხარი, შეეშვას. _ ჯაბამ რატომღაც თემოს მიმართა.

_ ვასკა, ახლა ამის დრო არ არის, უნდა დავილაპარაკოთ. _ თემომ რატომღაც დაუჯერა.

_ `ამის~ დრო ყოველთვის არის, უფალო თეიმურაზ. მე მიყვარს სექსი, განსაკუთრებით, სხვების თანდასწრებით. მე მიდი-მოვდვარ, `სხვა~ ნერწყვებს ყლაპავს. გამოტყდი, თემო, შენც ხომ გიყვარს?

_ არა. _ იყო პასუხი.

_ რა ვიცი, მაშინ კარგად მიახტი ბეჟანას დას.

_ შენს მერე.

_ ახლაც იგივეს გთავაზობ, იმ გაწუწნულ ცელკას ეს მწვანეთვალება ვენერა არ ჯობია?... ნახე რა კანი აქვს, ნამდვილი აბრეშუმი... ჯერ მე, მერე შენ, მერე მარატს და გოშას დავპატიჟებ. ჰა, რას იტყვი?

თემომ პასუხი ვერ მოასწრო, რადგან ჩემს წინ ტყვიასავით ჩაიქროლა ჯაბას სხეულმა. `ტკაც!~ _ გაისმა სახიფათო ჭახანი. ეს ჯაბამ მიარტყა შუბლი სექსუალურად მომართულ ვასკას. დარტყმა იმდენად ძლიერი და იმდენად მოულოდნელი გამოდგა, ვასკა პირველყოფილი ღრიალით გაგორდა იატაკზე. შუბლიდან შადრევანივით ასხამდა სისხლი. ჯაბა ინერციით წაბარბაცდა, თავი ვერ შეიკავა და იქვე, იატაკზე მოიკეცა, ჩემს ფეხებთან. თემო ვასკას მისაშველებლად გაიქცა.

_ ძვალი გამიტეხა ამ ცხოველმა! _ ხაოდა ვასკა და სისხლის შეჩერებას ხელის მიდებით ცდილობდა.

_ მაჩვენე, მაჩვენე, _ უყვიროდა თემო.

_ აუ, ჩემი, სისხლს ვერ ვიჩერებ... თემო, ბოზი ვიყო ვეღარაფერს ვხედავ, დავბრმავდი...

ხმაურზე მარატი და გოშა შემოცვივდნენ. გოშას ნამძინარევი სახე და აბურძგნული თმა ჰქონდა, მარატს პირიქით _ მშვიდი, აუღელვებელი, ასკეტური. ჯაბას გახედა და ვასკასთან დაიხარა:

_ რა მოგივიდა, რას შეყარე ქვეყანა?

_ მარატ, შენ ხომ ადრე სასწრაფოში მუშაობდი, ნახე რა მჭირს... შუბლში თითქოს ნემსები გამიყარეს, ვერაფერს ვხედავ...

_ სისხლი გაქვს თვალებში და იმიტომ ვერ ხედავ. _ მარატმა ვასკას თავი დაუჭირა და გახეთქილ შუბლზე დააკვირდა. _ არ გამოვრიცხავ, ძვალი იყოს გატეხილი, მაგას მერე ვნახავ, როცა სისხლს მოგწმინდავ. გაიყვანეთ საძინებელში, ლოგინზე დააწვინეთ და წყალი მოამზადეთ. თუ საქმე გართულდა, შეიძლება ნაკერები დასზირდეს.

გოშამ და თემომ ვასკა ხელში აიყვანეს. ვასკა ცოცხლად დამარხვას დაგვპირდა და უთავმოყვარეო კვნესით თვალს მიეფარა. მარატი მყისიერად შემობრუნდა ჩვენკენ და მე მის ხელში დანა დავინახე. ჯაბას ზურგი დაეძაბა, წამოიწია, შეეცადა საკუთარი სხეულის დავეფარე, ლამის მიმასრისა დივანს. მარატმა ერთი მიხედა საძინებელში გაუჩინარებულ

სამეულს, მერე კი ჯაბასთან დაიხარა. ალესილი დანა ჯერ მის ფეხებზე შემოხვეულ თოკს გადაუსვა, მერე _ ჩემსას.

_ თქვენს განკარგულებაშია ერთი წუთი. _ ნაჩქარევად გვესროლა და თვალს მიეფარა.

გაოგნების დრო არ იყო, მე და ჯაბა უნისონში წამოვხტით და კარისკენ გავიქეცით. ხელები ისევ შეკრული გვქონდა, მაგრამ ხელებს რას დავეძებდით, მთავარია ფეხებს გავეტანეთ ამ წყეული სახლიდან.

გასასველელი კარი იქვე იყო, რამდენიმე ნაბიჯში. ჯაბამ სახელურს თითი ჩამოკრა და ჩვენ გარეთ აღმოვჩნდით. წელში მოხრილებმა გადავჭერით ეზო, ჭიშკარში გავძვერით და სოფლის ორღობეს გავუყევით. იქვე იდგა თემოს ლურჯი პიკაპი, რომელმაც ამ `ძვირფას~ ადგილზე მოგვაბრძანა.

_ პირველ რიგში გზაზე დაგვიწყებენ ძებნას, ეზო-ეზო უნდა გავაღწიოთ აქედან. _ მესროლა ჯაბამ და პირველსავე შუკაში შეუხვია.

შუკის გასწვრივ, ერთმანეთისგან საკმაოდ დიდ მანძილზე, რუსული `ხატები~ იდგა. სადღაც ახლომახლო ქათამი აკრიახდა. ქათამს არა უშავს, მთავარია ძაღლებმა არ ატეხონ გნიასი. ძაღლი თუ აყეფდა, გავიშიფრებით.

რამდენიმე მეტრი თავქუდმოგლეჯილებმა ვირბინეთ. ვინმეს თუ შემოდგომის მიწურულს სოფლის შარაგზაზე ცარიელი კოლჰოტებით ურბენია, შეუძლია წარმოიდგინოს ჩემი მდგომარეობა. წყეულმა თოკმა კოჭთან კანი გადამიყვლიფა. ინფექცია თუ არ შემეჭრა, ღმერთს მადლობას შევწირავ. უკვე ვწირავ, უბრალოდ პირჯვარის გადაწერის საშუალება არა მაქვს.

მივქრივარ. ნიავი კაბის პროვოკაციულად ჩახეულ კალთებს მიფრიალებს. მიმიფურთხებია. ერთი, ორი, ერთი, ორი... სიცივეს ვერ ვგრძნობ, პირიქით, ლოყები გამიხურდა. აი, სუნთქვა კი მიჭირს, ღამის სუსხი შიგ ფილტვებში მიდგაფუნებს. ამოსუნთქვას ვერ ვასწრებ.

შუკა დამთავრდა და რკინის განიერი ჭიშკარი გამოჩნდა, რომლის სვეტებს ხისკან გამოჩორკნილი მტრედები ამშვენებდა. მტრედებმა თბილისი გამახსენა, თბილისმა _ თბილი ლოგინი. ოდესმე თუ ლოგინში ჩაწოლა მეღირსა, ვიწვები და ვიწვები. ქვეყნის დასარულამდე.

ჯაბა მკვეთრად შეჩერდა. მე უკნიდან მივასკდი.

_ ჰამ, ჰამ, ჰამ! _ გამოგვეხმაურა ჭიშკარს მიღმა მცხოვრები ნაგაზი.

_ შენი დედაც. _ შეაგინა ჯაბამ.

მეც შევუკურთხე. ცხოვრებაში პირველად ვარ აგრესიული ოთხფეხა მეგობრების მიმართ, თუმცა არც მსგავს სიტუაციაში ყოფნის `ბედნიერება~ მქონია.

ჯაბა ფეხის წვერებზე აიწია, გაკოჭილი ხელები კარნიზს ჩამოაცვა, რამდენიმე მკვერი მოძრაობა გააკეთა და თოკი გაწყვიტა. რის მერეც ჩემს გასათავისუფლებლად დაიხარა.

_ ღრრ... _ ნაგაზი უკვე ღობესთან ერჭო და გამაფრთხილებლად გვიღრენდა.

მოვცოცხეთ.

სოფელს ღრმა ძილით ეძინა, შეიძლება არც ეძინა, უბრალოდ მოსახლეობისგან იყო დაცლილი, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც. რაც მოვრბივართ, სხვა ძაღლს არ შევუწუხებივართ. ახალგაზრდები ქალაქში გაიკრიფენ, სოფელს მოხუცი ქალები და

გალოთებული ბერიკაცები შემორჩა. ისე, გადაკვრაზე არც რუსის ქალები ამბობენ უარს. ის სვეტა თუ ვიღაცაა, თემოს ნაცნობი, ალბათ აქაურია, ნეხვს გაექცა და ნეხვზე უარესს გადაეყარა _ კრიმინალ თემოს. მეტის ღირსია!

მიწას არ ვიყურებოდი, რომც დამეხედა, სიბნელეში რას გავარჩევდი. რაღაც შემერჭო ქუსლში _ ქვა, ან შუშა, ან სხვა წვეტიანი საგანი. ტკივილმა დამგრიხა და ადგილზე ჩამკეცა. ჯაბა მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდა.

_ ფეხსაცმელი არ გაცვია? _ მკითხა გაოგნებულმა.

_ როგორც ხედავ...

_ რატომ არ მითხარი?

_ მაგის დრო იყო? რომც მეთქვა, რა... შენსას მომცემდი?

_ რატომაც არა, სულ არაფერს კაცის ფეხსაცმელი სჯობს.

წამოჰკარი რამეს?

პასუხად ამოვიგმინე.

_ მაჩვენე. _ ჯაბამ მტკივანი ტერფი დამიჭირა და ახლოდან დააკვირდა.

_ ღრმა ჭრილობაა?

ჯაბამ მიწაზე ხელი მოაფათურა. ხელში გადაჭრილი არმატურა მიხვდა, სწორედ ამ რკინის ნაგლეჯმა დამაზარალა. წამოდგომა ვცადე, მაგრამ სულ ნაპერწკლები მაყრევინა. უღონოდ დავეშვი.

ჯაბას დიდხანს არ უფიქრია. ამწია, მხარზე გადამიდო, როგორც გლეხმა, ფქვილით სავსე ტომარა და გზა ძუნძულით განაგრძო. მეცოდება, ამსიმაღლე ქალის თრევა ხუმრობა საქმეა?! თუ შვარცნეგერი არ ხარ, მითუმეტეს. ნეტავ მართლა კინო იყოს ეს ყველაფერი...

მანქანის ბღუილზე ჯაბას ზურგში მუშტები დავუშინე.

_ მესმის, მესმის... _ ქოშინით გამეპასუხა, ორიოდე ნაბიჯი ინერციით გაიარა და თხრილთან ჩამომსვა.

გზის გაყოლებაზე სიძველისგან ჩამპალი ღობე მიიკლაკნებოდა. ჯაბა თხრილზე შეხტა და ეზოში ჩაიხედა. ბღუილი უფრო გარკვევით გაისმა. უეჭველი თემოს პიკაპია. ამ ღვთისგან მივიწყებულ სოფელში მგონი არავის ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა. ერთადერთი იმედი მასულდგმულებდა _ ჩვენს მდევრებს გზა აბნეოდათ.

ღობის ბოლოს თემომ ფარღალალა ჭიშკარს მიაკვლია, მავთულის კაუჭით დამაგრებული კარი შიგნიდან გახსნა და ჩემკენ გამოიქცა.

_ მგონი ამ სახლში არავინ ცხოვრობს. _ მითხრა ჩურჩულით. _ მოუვლელი ეზოა, არც ძაღლი ჩანს, არც ძროხა, არც ქათამი. გლეხი წამლად ერთი დედალს მაინც იყოლიებს.

პასუხს არ დალოდებია, კრიახით ამიყვანა და კარისკენ დაიძრა. პატარა, თეთრად შეფიფქული `ხატა~ სიბნელეში სათამაშო სახლს ჰგავდა. შიგ შესვლა ვერ გავრისკეთ. ეზოს სიღრმეში მორებზე შესკუპული ფიცრული იდგა და ჩვენც იქით გავემართეთ, უფრო სწორედ, ჯაბა _ მე მხარზე ვყავდი გადებული. ფიცრილში ჯერ მე შევეკვეხე, მერე ჯაბა შემოძვრა. ფიტულოვანი სკლინტი და ბუმბულის ნარჩენები თავისთავად ცხადყოფდა _ ადრე აქ საქათმე უნდა ყოფილიყო. სიმძიმის ქვეშ გამომშრალი ფიცრები აჭრიალდნენ.

`ოღონდ ახლა არ ჩატყდეს~ _ შევთხოვე მამაზეციერს. პასუხად კონსტრუქცია შელაყლაყდა, თუმცა ნგრევა არ მოჰყოლია.

მანქანის ბღუილი სულ ახლოს გაისმა, თითქმის ყურისძირში. საქათმის კედლებს მივაწყდით. ღრიჭოებს შორის გამოჩნდა სოფლის გზა, რომლისგანაც მხოლოდ ღობე გვაშორებდა. იმავე წამს თემოს პიკაპმა ჩაგვიქროლა.

თავისუფლად ამოვისუნთქეთ და ერთმანეთს შევხედეთ. ჯაბას ტყიურივით უელავდა თვალები, საქათმეში შემოპარულ გიგანტურ კატას ჰგავდა. სიხარული ნაადრევი გამოდგა, პიკაპმა უკან ჩამოიქროლა და ჩვენგან რამდენიმე მეტრში დაამუხრუჭა. მანქანიდან ორნი გამოვიდნენ _ გოშა და თემო.

ავკანკალდი სხვა სიტყვაა, დენზე შეერთებულივით ვხტოდი. ჯაბამ მხრებზე ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.

_ შორს ვერ წავიდოდნენ. _ თქვა გოშამ.

_ მე სხვა რამე მაინტერესებს, როგორ მოახერხეს გაქცევა შეკრული ფეხებით? _ ეჭვი შეეპარა თემოს.

_ გახოხდნენ.

_ ხოხვით ეზომდეც ვერ მოაღწევდნენ, აქ რაღაც სხვა

ამბავია. _ თემომ ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო და ღობის გასწვრივ გაიარ-გამოიარა.

_ რა სხვა ამბავი, საით მიგყავს ბაზარი?

_ ბოლოს მარატი იყო ოთახში.

_ მარატმა გაუხსნა, არა? _ აღშფოთდა გოია. _ დაფიქრდი, რას ამბობ!

_ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. არა, მითხარი, ორმა ხელფეხშეკრულმა, ნაცემ-ნაბეგვმა ადამიანმა, როგორ მოახერხა გაქცევა... ვასკას რა გადაურჩება, დაგვბრიდავს ყველას.

_ შენ მარატზე ნახალკის დადებას მოეშვი, მარატი ფეხდაფეხ შემოგვყვა ოთახში, თასის თბილი წყალი მოიტანა...

სიჩუმეში წკარუნი გაისმა. თემომ რაცია დააძრო.

_ ჰო, ვასკა... არ არიან, მაგათი მკვდარი და ცოცხალი...

სასაფლაოს მხარეს არ გვიძებნია, სოფლის გზაზე გავედით. ვერ გავიგე, ფიგარო ვარ, აქაც ვიყო, იქაც ვიყო?! ნუ იგინები, შეჩემა, მეც ვიცი რომ გვენძრევა. _ რაცია გამორთო და მიწაზე დააფურთხა. _ სად წავიდოდნენ ეს ჩემის გადანგრეულები, ჯიგარი მიგრძნობს, სადღაც აქ არიან.

სისხლი გამეყინა. თემო პირდაპირ ჩვენი საქათმისკენ იყურებოდა. ჯაბამ პირზე ხელი ამაფარა.

_ რაო, რა გითხრა? _ შიშნარევი მოწიწებით იკითხა გოშამ.

_ დროზე უნდა ავიწიოთო, ვიდრე ის ნაბიჭვრები სამშვიდობოს გასულან და მილიციისთვის უთქვამთო.

_ ავიწიოთ მერე, რა გვიშლის, ყველა ბუჩქს ხომ არ დავშმონავთ. ვასკაც თავგატეხილი წევს. შუბლის მაგივრად რკინა ჰქონია იმ ჟაბას თუ დჟაბას.

_ ერთი გამაგებინა ვინ არის... _ თემომ ზურგი მოგვიშვირა და მანქანისკენ წავიდა.

_ ცირკაჩი. _ დააყრანტალა გოშამ.

_ რა `ცირკაჩი,~ რას მიჰქარავ? _ შედგა თემო.

_ გარი გუდვინის შესახებ გსმენია?

_ ვინ ჩემი ფეხებია?

_ ამერიკელი ილუზიონისტი, ნებისმიერი კვანძის გახსნა შეეძლო. ეგ ჯაბა დიდი შებერტყილი ვინმე ჩანს, არ გამოვრიცხავ, სანამ თქვენ ებლატავებოდით, ის ხელებით ჩალიჩობდა. გახსნა კვანძი და გაიქცა!

_ ახურებ რაღაცას, გოშა... მარატის დაცვა გინდა.

_ თემო, შენ მე ცუდად მიცნობ, თუ კიდევ დაძრავ კრინტს მარატზე, დიდი სკანდალი აიწევა.

_ სამაგიეროდ მარატს ვიცნობ. ბოღმაა ეგ შენი მარატი, მაგის აზიატი შუბა დავხიე. დარწმუნებული ვარ, იმათ მხარეზეა. ჯაბას ადგილზე ეგეც იგივეს გააკეთებდა. არ გააკეთებდა?

_ შენ რას გააკეთებდი? შენი არასრულწლოვანი და რომ გაეუპატიურებინათ, შენ, ქართველი კაცი, რას მოიმოქმედებდი? გინდა გეტყვი რას? საკუთარ გენიტალიებს გაუთხრიდი პირში. თუ არა?

თემომ უმისამარსოდ შეიგინა, ქუდი გაისწორა და საჭეს მიუჯდა. გოშამ ძლივს შეასწრო მანქანაში.

ძრავის ხმა თანდათან მიწყდა. ირგვილივ სიჩუმემ დაისადგურა.

_ მორჩა, წავიდნენ, შეგიძლია დაწყნარდე. _ ჯაბამ თითები მოადუნა, მაგრამ ხელი არ გაუშვია.

თვალები მეწოდა, პირში კი ისეთ სიმწარეს ვგრძნობდი, თითქოს საპონი გავღეჭე.

_ კევი ხომ არ გაქვს?

_ კევი? _ ჯაბამ ჯიბეზე გაიკრა ხელი. _ შენ წარმოიდგინე, სადღაც უნდა მქონდეს.

საღეჭი რეზინის დაჭმუჭნული კოლოფი ჯინსის უკანა ჯიბეში აღმოაჩნდა. ორი ბალიშიღა იყო დარჩენილი. ერთი მე ჩამიდო პირში, მეორე თვითონ გაღეჭა.

ცოტა ხანს ვიცოხნებოდით. ჯაბამ ქურთუკი გაიხადა და ფეხებზე შემომახვია.

_ ვითომ წავიდნენ? _ ვიკითხე კბილების კაწკაწით.

_ თუ შერჩათ აზროვნების უნარი, წესით უნდა ათესილიყვნენ. სული მოვითქვას და ჩვენც დავიძრათ.

_ ამ შუაღამეზე სად უნდა დავიძრათ? მე შენ გეტყვი, მანქანას გაგვიჩერებს ვინმე. ის მაინც ვიცოდე სად ვართ.

_ მოსკოვიდან სადღაც ორი საათის სავალზე. ან ცოტა მეტის. _ იანგარიშა ჯაბამ.

_ სჯობს გათენებას დაველოდოთ. არა?

მორჩილად დამეთანხმა.

გული მადლიერებით ამევსო. ცოლობა რომ ეთხოვა, შეიძლება უარიც არ მეთქვა. მაგრამ ჯაბა არ ცდილა ესარგებლა გაჭირვებაში ჩავარდნილი ქალიშვილის უმწეო

მდგომარეობით. საქათმის კარი გამოაღო და გარეთ გაიჭყიტა. სიცივე შემომეფეთა და თვალები ამიწყლიანა, თავი ვერ შევიკავე და ჯაბას ზურგში მივაცხიკინე. საქათმე შელაყლაყდა.

_ ხეირი! _ მომაძახა და მიწაზე დახტა.

_ სად წახვედი?

_ სახლის დასაზვერად. საქათმეში ხომ არ გავათენებთ?

_ ფრთხილად იყავი, _ ამის თქმაღა მოვასწარი.

ჯაბა უკვე გარბოდა პატარა თეთრი სახლისკენ, წელში მოხრილი, გრძელი ნახტომებით, როგორც ომის დროს ტყვიების ზუზუნში.

ვზივარ, ველოდები, საკუთარ სხეულს ვერ ვგრძნობ. თვითგადარჩენის ინსტიქტმა ტკივილი დამიბლოკა. აი, თვალები კი მეწვის. იქნებ ეს ფიტულოვანი სკლინტი შეიცავს განსაკუთრებულ ფერმენტებს...

ჯაბა მალევე დაბრუნდა, შორიდანვე ვიგრძენი მისი დამამშვიდებელი ენერგეტიკა, რომლისაც ასე მეშინოდა თბილისში.

_ სახლი ცარიელია. _ მამცნო სასიხარულო ამბავი.

პირჯვარი გადავიწერე და ლოცვის გახსენებას შევეცადე: `მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცასა შინა, იყავნ ნება შენი...~ ფრაგმენტულად მახსოვდა, როგორც ბავშვობაში ნასწავლი ლექსი. თუ ცოცხალი გადავრხი, უსათუოდ დავიზეპირებ და ყოველ საღამოს აღვავლენ.

_ როგორ შევალთ? _ დავსვი სრულიად სულელური შეკითხვა, რაზეც ჯაბამ ჩაიცინა და თავისი ზურგი შემთავაზა.

მსვლელობა საქათმიდან სახლამდე აჩიკუდათი განვაგრძეთ. ჟანგიანი ბოქლომი იქვე, პარმაღზე ეგდო. ჯაბამ კარს ფეხი ჰკრა და სახლში შეაბიჯა.

სანთებელის შუქზე ოთახი მოვათვალიერეთ. ძველი, საბჭოური ფილმები გამახსენდა. სავარაუდოდ, აქ ცხოვრობდა დამკვრელი კოლმეურნე ზანაიდა კასატკინა ოჯახითურთ. ციცქნა ფანჯრებზე მოკლე თასმიანი ფარდებით, უზურგო ტახტი, წინაისტორიული რადიო, ტელევიზორი `რეკორდი.~ შუქი გადაჭრილი დაგვხვდა, ეტყობა, ვირტუალური ზინაიდა კარგა ხანია არ გამოჩენილა მშობლიურ მხარეში. ამას მოწმობდა სუნიც _ ძველი მასტიკის, ჩამკვდარი მტვრის, დროში გაყინული მოგონების...

ჯაბამ ტახტზე დამაწვინა, თვითონ კი ლამფის მოსაძებნად მომიჯნავე ოთახში გაუჩინარდა.

ლამფას ვერ მიაგნო, სამაგიეროდ მოიტანა ტილო და ბოთლით წყალი.

_ ფეხი მაჩვენე. _ მითხრა უაპელაციოდ, თითქოს ვინმე აპირებდა წინააღმდეგობის გაწევას.

სანთებელის შუქზე გაკრთა ჩემი დასისხლიანებული ტერფი. კოჭიდან ვიდრე ბარძაყამდე ხახვის ფურცლებივით მეკიდა კოლგოტკის ნაფლეთები. ჯაბამ ბოთლს თავსახური მოხსნა. ოთახში შმორის სუნი დაბორიალდა.

_ არა უშავს, დასალევად ხომ არ გვინდა... სპირტია კარგი, მაგრამ სპირტს ვინ გააჩერებს რუსეთში. _ ჯაბამ ტილო წყლის დაასველა და ფრთხილად ჩამომისვა ტერფზე.

მიუხედავად დიდი სურვილისა, ტკივილისთვის ვაჟკაცურად გამეძლო, ქალურმა სისუსტემ მძლია და ხმადაბლა ავკვნესდი. ჯაბას თავი არ აუწევია, მოთმინებით განაგრძო ჭრილობის დამუშავება.

მერე ადგა, სანთებელა გააჩხაკუნა. ოთახის კუთხეში ბუფეტის კონტურები აირეკლა. ჯაბამ ზედიზედ გახსნა უჯრები.

_ აი, ეს გამოგვადგება. _ აკურატულად დაკეცილი თეთრეულიდან ზეწარი ამოაძრო, შუაში გაფხრიწა და ორივე ფეხი შემიხვია.

ცოტა მომეშვა, მაგრამ კანკალმა ამიტანა. თავის ვერ ვიკავებდი, კბილს კბილზე მაცემინებდა. ჯაბას მძიმე ნაბიჯების ქვეშ კიდევ ერთხელ აჭრიალდა ძირმომპალი ფიცრები. უცებ გაქრა, თითქოს სიბნელემ შთანთქა. მალევე გამოჩნდა. ხელში ეჭირა ორი სიძველისგან დატკეპნილი საბანი და მატყლის თავსაფარი.

_ სად მოინადირე?

_ საძინებელში. კიდევ არის რაღაც ძველმანები, წასვლის წინ შეგიძლია შეათვალიერო. კაბის ნარჩენებთან კი გამოთხოვება მოგიწევს. ფორმაში თუ არ მოხვედი, მანქანას არავინ გაგვიჩერებს.

_ რას ვგავარ, არა? _ ჩემი თავი წარმოვიდგინე. ჭირიანი ქათამივით მობუზული და ლორივის ჭუჭყიანი.

_ ნაომარ ამორძალს. _ ჯაბამ თავსაფარი მომახვია, საბანში შემფუთა და დაწოლა მიბრძანა.

_ არც შენ გადგას კარგი დღე. წამოწექი, დაისვენე.

ტახტზე ორივენი მოვთავსდით. ჩვენ-ჩვენ საბნებში შევიყუჟეთ და ჩაბნელებულ ჭერს მივაჩერდით. ერთხანს ასე ვიწექით, როგორც ორი ბალზამირებული მუმია.

_ ჯაბა? _ დავუძახე, როცა ჭერის კონფიგურაციები ზეპირად დავისწავლე.

_ ჰო.

_ გძინავს?

_ რა დამაძინებს...

_ მაშინ `კინოს~ შესახებ მიამბე.

_ რომელი კინოს?

_ შენ არ მითხარი, რაც მანქანაში მოგიყევი, ჟურნალი იყოო. ველოდები კინოს. რაში დაგჭირდა სხვისი გვარითა და სახელით ცხოვრება?

_ `და როდესაც დადგა ღამე პირველი, შაჰზარადმა თქვა...~

_ `მეფევ სვიანო...~ დაიწყე, თორემ დაგვათენდება.

_ ნეტავ ეს ღამე უსასრულად გაგრძელდეს.

_ შაყირობ, ჯაბა?

_ არა. შეიძლება ეგოისტურად ვმსჯელობ, მაგრამ ეს ღამე მე არასოდეს დამავიწყდება.

_ არც მე.

_ არ მგონია ერთი და იგივე მიზეზით. _ ამოიოხრა ჯაბამ. _ შენთვის, მიუხედავად ექსტრიმისა, ეს იყო თავგადასავალი. ხვალიდან შენი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. მე კი ცარიელი მოგონებით მომიწევს ცხოვრების გაგრძელება. მე ვიქნები მიბმული ჩემს მოგონებასთან, როგორც ნაყოფი დედის ჭიპლართან.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ჯაბა ჯაიანი არ არსებობს ბუნებაში.

_ პესიმისტურად ლაპარაკობ, თითქოს ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ასი წლის ბერიკაცი ხარ.

_ ასედაც ვგრძნობ თავს.

_ მე ერთი ვიცი: თუ ამ ქვეყანად მზისა და ცის სანახავად მოხვედი, დაინახავ.

_ მე იმდენი ტალახი ვნახე, მიჭირს მზისთვის თვალის გასწორება.

ამჯერად მე ამოვიოხრე.

_ ვინ დაგარქვა იათამზე?

_ მამაჩემმა.

_ როგორ მოარტყა?!

_ მოარტყა კი არა... ვერ ვიტან ჩემს სახელს. ია და მზე. ბარემ თაიგული დაერქმიათ.

_ თუ ოდესმე შვილი მეყოლა, გოგონა... შენს სახელს დავარქმევ.

_ არ გირჩევ. მთელი ცხოვრება ძმრად ამოგადენს.

ერთხანს გავყუჩდით. მე ვფიქრობდი ჯაბას არდაბადებულ გოგონაზე, რომელსაც ალბათ სხვა ქალი გაუჩენს. ის შეხედავს მას და გავახსენდები მე _ `ნაომარი ამორძალი.~ იმედია, უფრო კარგ ფორმაში გავახსენდები. ჯაბას ცხოვრებისეულმა პერსპექტივამ სენტიმენტალურ განწყობაზე დამაყენა.

_ თოლია ხომ იცი? _ მკითხა უცებ.

_ რომელი თოლია, ფრინველი?

_ ჰო. იცი რა ჩვევა აქვს თოლიას? რაც არ უნდა მშიერი იყოს, ნებისმიერ თევზს არ ჩაყლაპავს. იმ ზომის თევზის გამოჩენას ელოდება, რომელსაც მოერევა... რომ არც დაიხრჩოს, არც მშიერი დარჩეს.

_ მერე?

_ შენ ის თევზი ხარ, რომელსაც მე ვერ მოვერევი.

_ სულ არ გავხარ თოლიას. _ შევეცადე ხუმრობაში გამეტარებინა მისი გულწრფელი შედარება.

_ აბა, რას ვგავარ?

_ მუხას.

_ მუხას?

_ სალი კლდის პირას ამოზრდილ მარტოხელა მუხას.

_ პოეტურად ჟღერს.

_ ნუ მიგდებ სიტყვას ბანზე, მომიყევი შენი ცხოვრების შესახებ.

ჯაბას მონაყოლიდან:

... ჯაბას ათწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. პირველად გაუჭირდა, მაგრამ როცა თავის დამკვიდრება მოახერხა, თანდათან შეეგუა. ზონაში გატარებული დღეები ტყუპისცალებივით ჰგავდნენ ერთმანეთს _ ერთი და იგივე ბალანდა, ერთი და იგივე ხუმრობა, ერთი და იგივე ხალხი... მხოლოდ წიგნები იყო სხვადასხვა. ჯაბა ბევრს და გატაცებით კისხულობდა. წიგნებით ზონაში მომუშავე ბიბლიოთეკარი, ტატიანა ამარაგებდა _ გულისხმიერი ქალი ენოტივის მრგვალი თვალებით. მომხდარის გამო სინანულს პრაქტიკულად არ განიცდიდა, საერთოდ, მამის თემას ქვეცნობიერი ტაბუ დაადო. სპორტს ნაზიარები კაცისთვის აკრძალვა არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას.

ზონაში დაუახლოვდა ბეჟან კორინთელს, რომელსაც ადრეც იცნობდა _ ერთად ვარჯიშობდნენ. ციხეში მოხვედრის ნამდვილ მიზეზს ორივე მალავდა, მაგრამ დადგა მომენტი და ბეჟანმა ჯაბას სიმართლე გაუმხილა. ისიც არ დაუმალავს, რომ სამაგიეროს გადახდის სურვილი იყო მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი. მერის გაუპატიურებაში მონაწილე ხუთი არამზადა უნდა მოკვდეს.

ციხე კატასტროფულად აისახა ბეჟანის ჯანმრთელობაზე _ გაიცრიცა, წონაში დაიკლო, ხველა დასჩემდა... ადმინისტრაცია აჭიანურებდა ავადმყოფი პატიმრის სტაციონარში გადაყვანას, რის გამოც ჯაბას ზედამხედველი შემოელახა. კარცერი არ აკმარეს, პატიმრობის ვადა ოთხი წლით გაუხანგრძლივეს.

ბეჟანს ტუბერკულოზის ჩხირები აღმოაჩნდა. მერე კი იკადრეს სტაციონარში გადაყვანა, მაგრამ მალევე დააბრუნეს _ სავადმყოფო გადაჭედილი იყო ავადმყოფებით. ბეჟანი კი დღითიდღე მძიმდებოდა. იმის ფიქრი, რომ ბოროტმოქმედების დასჯას ვერ მოასწრებს, დეპრესიაში აგდებდა. ერთხელაც მის აღგზნებულ ტვინში შემდეგი გეგმა მომწიფდა: მამ და ჯაბამ უნდა გაცვალონ ადგილები. ჯაბას, რომელსაც ბეჟანის გამო ოთხი წელიც დაუმატეს, კარგა ხანს მოუწევს ზონაში ყურყუტი, ბეჟანის დღეები კი დათვლილია. მართალია, სასჯელის მოხდამდე სულ რამდენიმე თვე რჩებოდა, მაგრამ რა თავში იხლის თავისუფლებას, თუკი მიზნის განხორციელებას ვერ შეძლებს? ჭლექმა ისეთი ტემპით შეუტია, რომ ბეჟანი არათუ ქილერად, ბოსტნის საფრთხობელადაც აღარ გამოდგება. თუკი ჯაბა ხუთ მოძალადეს სიცოცხლეს გამოასალმებს, ბეჟანი არა მხოლოდ თავისუფლებას, ფულსაც დაპირდა, უფრო სწორედ ძვირფას ქვას, რომლის გაყიდვის შემთხვევაში ჯაბა სოლიდური კაპიტალის მფლობელი გახდება.

თავდაპირველად ჯაბამ კატეგორიული უარით გაისტუმრა, მაგრამ მეგობარმა არ მოასვენა: `ბოღმას ნუ ჩამაყოლებ მიწაში, შენ თუ არ დათანხმდი, სხვას მოვძებნი და ჩემსას გავიტანო~. `სხვა~ ან შეასრულებდა დავალებას, ან არა, შეიძლება მხოლოდ ნივთის გაყიდვით დაკმაყოფილებულიყო. ამასობაში, ბეჟანს ამნისტია შეეხო, მაგრამ სიხარულის ნაცვლად, განგაშმა შეიპყრო _ ვერ მოასწრებს.

ჯაბა გატყდა. სულაც არ ეხალისებოდა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლების ზონაში გატარება. ვინ აძლევს გარანტიას, რომ ჭლექი მასაც არ დაემარსოს, ან უარესი _ კიდევ ერთხელ გადაეშვას ვიღაც გაჭირვებულის დასაცავად და წლები დაიმატოს.

ბეჟანი არ ტყუის _ ბოროტება უნდა დაისაჯოს. ჯაბას ხელი არ აუკანკალდება, ისე გამოასალმებს სიცოცხლეს ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილებს. იყო სხვა ფაქტორიც. კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები ჯაბაში პოტენციურ მეტოქეს ხედავდნენ. ურთიერთანტიპატია ჯერჯერობით პაექრობის დონეს არ ცდებოდა, მაგრამ აშკარად მწიფდებოდა და კაცმა არ იცის როდის იფეთქებდა.

ასეც შეთანხმდნენ. ახლა მთავარი ზონიდან შეუმჩნევლად გასვლა იყო. ჯაბა დიეტაზე დაჯდა, რომ მეტ-ნალკებად დამსგავსებოდა ჩამომდნარ ბეჟანს. ორივემ წვერი მოიშვა. თვალის ასახვევად ბეჟანმა სინათლის მიმართ ალერგია მოიმიზეზა და მუქი სათვალით შეინიღბა. დამშვიდოებების წინ ბეჟანმა ჯაბას `ბომბეის~ შენახვის ადგილი გაუმხილა და მერიზე შეფობა თხოვა.

როდესაც ბეჟან კორინთელის სახელს ამოფარებული ჯაბა ჯაიანი ციხეს ტოვებდა, ზონაში დარჩენილი ბეჟანი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.

ჯაბამ მოყოლა დაასრულა, სოფელში კი პირველმა მამალმა იყივლა.

_ წასვლის დროა. _ ჩაილაპარაკა ჯაბამ.

უხალისოდ დავტოვე გამთბარი ადგილი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რამდენიმე საათის განმავლობაში მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურე, მერე დარბაზში შუქი აინთო და მე ხალხის ნაკადთან ერთად ნელი სვლით მივჩოჩავ გასასვლელისკენ.

_ _ _

როცა დეიდაჩემმა კარის ზღურბლზე თავსაფრიანი `ბომჟიხა~ დაინახა, კარის მიხურვა დააპირა.

_ დეიდა, _ ამოვიკნავლე საცოდავად.

ეთერი ახლოდან დამაკვირდა და აქეთ გახდა მოსაბრუნებელი. ოთახიდან ლუბა გამოვარდა, ჩემს დანახვაზე ლოყებზე ხელი შემოირტყა, დეიდაჩემს კი ვალერიანი ახუხა.

_ ოღონდ ქვეყანას ნუ შეყრი და ყველაფერს მოგიყვები. მოგვიანებით. _ შევეხვეწე დეიდაჩემს და ლუბას აბაზანის მომზადება ვთხოვე.

ერთ საათში გახამებულ თეთრეულში ვიწექი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვყვებოდი განვლილი ღამის თავგადასავალს. ეთერს ფერი-ფური მისდიოდა, კრიტიკულ მომენტებში კი ცხვირთან ნიშადურის ამპულა მიჰქონდა. ასეთ დროს თხრობას ვწყვეტდი და მოთმინების ველოდი მის დამშვიდებას. ლუბამ ცხელი შოკოლადი შემოიტანა, დიდი სურვილი ჰქონდა თავისი ყურით მოესმინა თბილისელი სტუმრის იდუმალი გაქრობისა და არანაკლებ იდუმალი აღმოცენების მიზეზი, მაგრამ ეთერმა თვალები დაუბრიალა და ცნობისმოყვარე მოახლეც დაუყოვნებლივ გაშპა.

_ მილიციას უნდა შევატყობინოთ. _ დაბეჭდა დეიდაჩემმა, როცა ბოლოში გავედი.

_ გამორიცხულია. მე ვერ ჩავუშვებ კაცს, რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა. და საერთოდ, ეთერი დეიდა, ეს ამბავი ჩვენ შორის უნდა დარჩეს. რაში გვაწყობს ზედმეტი თავის ტკივილი?!

_ ნიკიტას რა ვუთხრა? გაგიჟდა კაცი!

_ უთხარი, რომ რესტორანში თბილისელი მეგობარი შემხვდა და იმას გავყევი.

_ მართალი გითხრა, ასეც იცის. როცა მოგიკითხეთ, საშკამ გაიხსენა სიმპათიური მამაკაცი... ერთად ცეკვავდნენო. მართალია, ის კაცი სუფრასთან აღარ დაგვხვდა, მაგრამ მისმა ნაცნობებმა გვითხრეს: ნაცნობი ქალიშვილი შეხვდა და ერთად წავიდნენო. მერე საშკა ისე გამოთვრა, აღარც შენ ახსოვდი, აღარც თავისი დაბადების დღე. ქსენიამ ძლივს

ჩატენა მანქანაში. აი, ნიკიტა კი ნერვიულობდა, იაჩკასგან არ ველოდი ასეთ უსაპუხისმგებლო საქციელსო. კინაღამ თბილისში დამარეკინა.

_ ვაიმე, დედასთან არაფერი წამოგცდეთ, თორემ თბილისში ჩასვლისთანავე თოკით დამაბავს.

_ მაინც ვის გავხარ ასეთი ფათერაკიანი... _ თავი გააქნია დეიდაჩემმა.

_ ქეთუსიას რომ ჰკითხო, ბებიამისის პაპა ფრანგი იყო.

_ რა შუაშია ქეთუსიას გენეტიკა?

_ იქნებ მუშკეტერების სისხლი მირევია. _ ვუპასუხე მთქნარების.

_ მუშკეტერებს დააბრალე შენი წინდაუხედავი საქციელი.

_ რატომ წინდაუხედავი?! ასეთი ლოგიკის შეიძლება ყველაფერზე დაიბანო ხელი. პილატესავით.

_ არ გინდა თვალებში ნაცრის შეყრა და ეს... ეს ფილოსოფიური გადახვევები. `პილატესავით...~ _ ნიშნისმოგებით მითხრა ეთერმა და ხელებზე დაიხედა.

ბეჭდების მოხსნა დავიწყებია, წუხანდელი მაკიაჟის მოცილებაც. ლაქით გახამებული თმა გვერდებში დატკეპნოდა, შუბლთან კი მამლის ბიბილოსავით აცქვეტოდა. პენსიაში გასულ პანკს ჰგავდა. გული დამეწვა.

_ ეთო... _ დავუძახე ალერსიანად.

_ რამე რომ მოგსვლოდა, დედაშენს რა პასუხს გავცემდი! ამაზე გიფიქრია?

_ სხვათა შორის, ნიკიტასთვის აპირებდნენ ფულის გამოძალვას.

ეთერმა თვალები დაჭყიტა და კიდევ ერთხელ `იპკურა~ ნიშადური.

_ რას ამბობ, გადავრჩენილვართ და ეგ არის! ამას ნიკიტას კარიერა შეეწირებოდა... წარმომიდგენია, რა ამბავი ატყდებოდა პრესაში. პრეზიდენტის ყურებამდეც მიაღწევდა... გაფიქრებაც არ მინდა! _ გრძნობით წამოიძახა დეიდაჩემმა.

უცებ სახე შეეცვალა. დარწმუნებული ვარ, უკვე წარმოიდგინა ბიძაჩემის დიპლომატიური სამსახურიდან გაძევების სურათი, საშკას ვერშემდგარი კარიერა, დასამთავრებელი აგარაკი ბალაშიხაში, ჩამორთმეული `მერსედესი~, უზრუნველი სიბერის პერსპექტივა...

_ იათამზე, შემომხედე თვალებში. _ მითხრა მკაცრად.

შევხედე. რა მაქვს დასამალი?!

_ შენ ის კაცი მოგწონს.

_ ვინ კაცი?

_ მხსნელს რომელსაც ეძახი, სინამდვილეში კი მკვლელია. ჯაბა.

მზერა ავარიდე. რა თქმა უნდა, მომწონს, მაგრამ კიდევ უფრო მომწონს ფიქრი იმაზე, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენ შორის... და რაც არ მოხდა. და არც არასოდეს მოხდება. ჩემს ფიქრებში დახატული ფანტაზიები სასიამოვნო, მაგრამ დროებითი მოვლენაა. აყვავებულ ნუშის რტოს ჰგავს, რომელიც სახლში მიტანამდე ხელში შემოგაჭკნება. სად მე, სად მკვლელი... თუნდაც არამზადების. სხვა დროს და სხვა სიტუაციაში, ჩვენი გზები ეგებ გადაკვეთილიყო კიდეც, მაგრამ როცა ყველაფერი ვიცი... არა, არ შემიძლია. ლტოლა მაქვს. ვაღიარებ. მაგრამ რა არის ლტოლვა? ბიოქიმიური რეაქცია, რომელიც

მოგვიანებით ყალიბდება სიყვარულად. ჩემსა და ჯაბას შორის `მოგვიანებით~ არ იქნება. მე არ ვარ მისი ზომის თევზი, ის კი ბრძენი თოლიაა.

_ იათამზე. _ თავი შემახსენა დეიდამ.

_ არა, დეიდა, მის მიმართ მადლიერებისა და შეცოდების გარდა, გრძნობა არ გამაჩნია.

_ შეცოდებიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია.

_ ერთი რამ შემიძლია გაგიმხილო: მე ის არ მძულს.

_ გავგიჟდები. _ ეთერმა ხელები აიქნია და ტუჩი მოიკვნიტა. _ ხვალვე აგიღებ ბილეთს და თბილისში გაგიშვებ.

_ დიდად მადლობელი დაგრჩები.

_ შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე?

_ იგივეს.

_ ჰო, კარგი, დაისვენე. ეცადე დაიძინო, მერე გადავწყვიტოთ.

დეიდაჩემმა მარტო დამტოვა. მე კედლიკენ გადავბრუნდი და უხმოდ ავტირდი.

_ _ _

თვითმფრინავმა შასი გამოუშვა, მსუბუქად დახტა ბილიკზე და შიშინით დაიწყო დამუხრუჭება. პირი გამიშრა, ყურები დამეხშო და საერთოდ, მელანქოლია მომეძალა. ბავშვობაში მელანქოლია პირბადიანი ქვრივი მეგონა, რომელიც ღამღამობით ქუჩაში დაძრწის და მსხვერპლს ეძებს. მახსოვს, ერთხელ დავხატე კიდეც. ნეტავ, დღესაც შემეძლოს ჩემი მდგომარეობის ფურცელზე გადატანა.

აეროპორტში ბედნიერი მშობლები დამხვდნენ, მგონი არაფერი იციან. ეთერს გრძელი ენა აქვს, მაგრამ საკუთარ დას დაინდობს, იცის მარიკას ფეთიანი ხასიათი. იცის და უფრთხილდება.

_ რაღაც ფერმკრთალი მეჩვენები. _ აღნიშნა დედამ.

_ დაიღალა, ბავშვი, ნამგზავრია. _ თქვა მამამ.

ბავშვი. ჩემო კეთილო მამიკო, ნეტავ იცოდე რას გადაურჩა შენი `ბავშვი~... წარმოვიდგინე, რომ მომკლეს, მშობლები კი ჩემს კუბოს ხვდებიან აეროპორტში. ისე ნათლად დავინახე, ცრემლი მომერია.

_ იაკო, რა მოგივიდა? _ გვერდიდან დედაჩემის გამჭოლი მზერა ვიგრძენი.

_ რა?

_ ცრემლი ჩამოგდის.

პასუხად ლოყაზე ვაკოცე. ჯერ ერთს, მერე მეორეს... და ჩავირთე. აეროპორტიდან ვიდრე სახლამდე ენა არ გამიჩერებია. განსაკუთრებით, ხიზილალის კოვზებზე იხალისეს.

ეპილოგი

ისევ მშრალ ხიდზე ვარ, იქ, სადაც თორმეტი წლის წინ მერის გამოვყევი.

მერი... ნეტავ სად არის ჩემი უცნაური ჯგუფელი _ ისრაელში თუ ამერიკაში, ჯაბასთან ერთად თუ მის გარეშე? აკი დამითმეო, მთხოვა, თითქოს ვინმე ეცილებოდა...

უცებ მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი.

`ჯაბა!~ _ იკივლა ჩემმა გონებამ.

ჩემ წინ ინტელიგენტური შესახედაობის ლოთი აწოწილიყო, გვერდზე მოქცეული ჰალსტუხითა და პიჯაკის დაბრეცილი ბორტებით.

_ ნივთი მაქვს გასაყიდი, ხომ არ ინებებთ?

_ არა.

_ ანტიკვარულია.

_ არა, არ მინდა.

_ იქნებ დაგეხედათ... არ იფიქროს სპეკულიანტი ვარ, გაჭირვებამ გამომიყვანა ამ ხიდზე. _ მომიბოდიშა.

_ არ მინდა, ბატონო...

_ საგვარეულო ნივთია, იაფად მოგცემთ...

_ რამდენჯერ უნდა გაგიმეო...

სიტყვა შუაზე გამიწყდა _ მის გაშლილ ხელისგულზე ფაიფურის თოლია იჯდა. თეთრი თოლია მოვარდისფრო ნისკარტით.

_ უბრალო არ გეგონოთ, მეისენის ფაიფურია. ჩემმა დიდმა პაპამ ჩამოიტანა გერმანიიდან... _ კაცმა თოლია ამოაყირავა და მონოგრამა დამანახა.

_ რას აფასებთ?

_ ამის ფასი გაცილების მეტია, მაგრამ შენ ას ორმოცდაათ ლარად მოგცემ.

_ არ მაქვს ამდენი.

_ ჯანი გავარდეს, ასი იყოს!

_ არც მაგდენი მაქვს.

_ რამდენი გაქვს?

ხელჩანთიდან საფულე ამოვიღე. ფული გადავითვალე.

_ სამოცდაათზე მეტი არ მაქვს.

_ მომეცი.

ლოთმა თოლია მომაჩეჩა და ისევე უცებ გაქრა, როგორც გამოჩნდა. მე კი გზის ფულის გარეშე დავრჩი. ფეხით გავუყევი სახლისკენ მიმავალ გზას, წინ სერიოზული ახსნა-განმარტება მელის, უკვე ვხედავ დათას რეაქციას საჩუქართან დაკავშირებით. ვხედავ და წინასწარ ვღელავ. ვღელავ და მიხარია, რადგან ჩემს ცხოვრებაში იყო `შემოდგომა მშრალ ხიდზე~.

2004 წელი დასასრული