1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

100
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ ,,მმმმმმმ მმმმმმმ – მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ'' რრრრრრ რრრრ, რრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრ, რრრრრრ რრრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრრ, რრრრ რრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრ. რრრრ რრრრ რრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრ, რრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრ, რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ, რრრრრრ რრრრრრრრრ რრ რრრრრრრრ... რრრრრრრრ. რრ რრრრრრრრ. რრრრრრრრრ რრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრ. რრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრ, რრრრ რრრრრრრ რრ რრრრრრრრრ რრრრრრრრ. - რრრრრრრ რრრრრრრრრრ, რრრრრრრრ. - რრრრრრ. - რრრ რრრრრრ? - რრრრრრრრრრრრ. - რრრრრრ რრრრრრ რრრრრრრრრრ, რრრრრ რრრრ რრრრრრრრრრრრრ... - რრრ, რრრრრრ! - რრრრრ რრრრრრრ. რრრრრრრ, რრ, რრრ, რრრრრრ, რრრრრრ, რრრრ, რრრრრ რრრრრრრ რრრრრ, რრრრრ რრრრ... რრრ... რრრრ რრრრრრრრ? - რრ რრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრ, რრრ რრ რრრრ რრრრ რრრრრრრრრ რრრრრრ. რრრრრრრ, რრრრ, `რრრ-რრრრ რრრრრ რრრრრრრ~ რრრრრრ? - რრრ, `რრრრრრრრრ რრრრ~. - რრრრრრრრრ, რრრ? - რრრრ, რრრრ... `რრრ რრრრრ რრრრრრ, რრ რრრრრ რრრრ..~ რრრრრრრრრ, რრრრრ! რრრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრ, რრრრრრრრ რრრრრრრ! რრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ, რრრრრრრრრ რრრრ რრრრრრრრ `რრრრ რრრრრ~ რრრ რრრრრრრრ რრრრ რრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრ. რრრრრ, რრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრ რრრრ რრრ, რრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ. რრრრრრ რრრრ რრრრრრრრრრრრ: რრ რრრრრრრრ, რრრრრრრ, რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ, რრრრრრ რრრრრრრრრრრრრ, რრრრრრრ რრრ რრრრრრრრრრ რრრრრრ. `რრრრრრრრრ რრრრრ~ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრ რრრრრ რრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრ. - რრრ რრრრრრრ? - რრრრრრრრრრ რრრრრრ.

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „სისხლიანი ვახშამი“. სერიიდან „იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი“

Transcript of 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

Page 1: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

სისხლიანი ვახშამი

პირველი დეტექტიური რომანი ციკლიდან ,,იათამზე მდივანი – თვითმარქვია დეტექტივი''

როგორც იქნა, მოვიდა ნანატრი ზაფხული, მაგრამ ქუჩაში ისეთი პაპანაქებაა, თავი გოგირდის აბანოში მგონია. ერთი სული მაქვს სახლამდე მივაღწიო, ტერფებზე შეხორცებული ფეხსაცმელები მოვისროლო, ტანსაცმელი შემოვიძარცო, ტახტზე დავეხეთქო და ვიოცნებო... ზამთარზე.

არ დამცალდა. ტელეფონის ზარმა კარის გაღებისთანავე მომისწრო. რეკავდა სუსიკო რატიანი, ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი.

- წყნეთში გეპატიჟები, ვახშამზე. - მახარა.

- ვინ იქნება? - დავინტერესდი.

- უელსის პრინცი მეუღლითურთ, ელტონ ჯონი პარტნიორითურთ...

- არა, მართლა!

- ძველი სასტავი. წკრიალა, მე, შენ, ლალიკო, ჭუტალა, სოფო, თაზოს ძმაკაცი ცოლით, თავად თაზო... მმმ... ირას დავუძახო?

- ეგ საკითხი წკრიალას შეუთანხმე, რაც არ უნდა იყოს კანონიერი ქმარია. მისმინე, სუსი, `სმა-ჭამა დიდად შესარგი~ იქნება?

- არა, `სისხლიანი მერი~.

- სისხლიანი, ვინ?

- მერი, მერი... `შენ ჯვარს იწერდი, იმ ღამეს მერი..~ კოქტეილია, გოიმო! ამერიკელები ტონობით სვამენ, გაუსკდათ მუცლები!

სუსიკო აცრიალია ამერიკელებზე, რომლებმაც ერთი საცოდავი `გრინ ქარდი~ ვერ გაიმეტეს მისი ჭკუით დატენილი ქმრისთვის. არადა, რა ენთუზიაზმით გაემგზავრენ ამ რამდენიმე წლის წინ, მთელი სამეგობრო გვაღრიალეს აეროპორტში. სუსიკო აქეთ გვამშვიდებდა: ნუ გეშინიათ, გოგოებო, შმოტკებს გამოგიგზავნით, ვიზებს გამოგიგზავნით, ფოტოები ხომ თავისთავად ცხადია. `სისხლიანი მერის~ რეცეპტის ჩამოსატანად ნამდვილად არ ღირდა ოკეანის გადაღმა გაფრენა.

- რას გაყუჩდი? - მეხმიანება სუსიკო.

- ცხელა.

- ჰოდა, გასაგრილებლად გეპატიჟები, თუ გინდა შაბათამდე დარჩი ჩემთან, ვიჭორაოთ. ჭორები ვიცი, ცოცხალი ვერ გადარჩები.

- მართლა? - გამოვცოცხლდი მე, - მაინც?

Page 2: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- ტელეფონში სალაპარაკო არაა. - ცხვირში დუდუნებს სუსიკო.

ნათლად წარმოვიდგინე მისი დავიწროებული ტუჩები და აცქვეტილი ნესტოები. საერთოდ, სუსიკოს უყვარს გაბუქება - ბუზისგან სპილოს გამოიყვანს და ისე მოგართმევს ლანგრით. ვინაიდან მის გაფორმებულ ჭორში დევს გულწრფელი განცდები და უსაზღვრო ფანტაზია, პირდაღებულები ვუსმენს ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, თავად ჭორის შინაარსი არ არის არსებითი, არამედ ემოცია, რომლისაც იმუხტება მსმენელიც და მთხრობელიც.

- რომელ საათზე?

- შვიდზე აქ ერჭვე.

- ვნახოთ.

- რას ჰქვია ვნახოთ! - ხმას უწევს სუსიკო. - რამეს ხომ არ მიმალავ, ბზიკოოო... მოიხედე აქეთ. პაემანზე მიძვრები? შენ თუ კიდევ მორიგე ქმარი გამოთხრე, ორდენს გადმოგცემ მამაკაცების დაბოლებაში შეტანილი წვლილისთვის!

- დავუშვას ამოვთხარე, მერე შენ რა?

- მიმასწავლე ის უძირო ორმო, სადაც პოტენციური ქმრები ბუდობენ!

- ეხ, აცების მეტი რა არის, ვედრო ორ ლარად.

- ორლარიანი ჩემიც მეყოფა.

- რაღას ჩამოეკიდე, ავგოროზივით?

- მაშინ ორმილიონიანი მეგონა.

- არცა გცხვენია!

ჩემგან განსხვავებით, სუსიკოს ქმარში გაუმართლა. თაზო პრაქტიკულად იდეალური მამაკაცია. ის, რომ ამერიკაში ფეხი ვერ მოიკიდეს, სუსიკოს ბრალია, ეს მან აიტეხა ემიგრაციაში წასვლა, ეგონა აეროპორტშივე დაახევდნენ კალთებს. როგორც აღმოჩნდა, თაზოსნაირი პროგრამისტები ამერიკაში მართლაც ვედრო ორ ლარად ყრია, სუსიკოსთანა მეოცნებე ნიამორები კი ყოველი მეორე.

- მრცხვენია. - სწრაფად მეთანხმება სუსიკო და მისთვის საინტერესო თემას უბრუნდება. - ჯანდაბას შენი თავი, შეგიძლია ისიც ამოიყოლო. შევხედავ მაინც, რისი ჯობია წინამორბედებს.

- არავინ მყავს, ადამიანო, რა დროის ქმარია ამ სიცხეში?!

- სიცივეში მოსულა? ჰმ, მომინდომა აქ სეზონური ქმარი!

- კარგი, შვიდზე შენთან ვარ! - ვყვირი და ყურმილს ვახეთქებ.

სუსიკო მომენტს არ უშვებს ხელიდან ქმრების რაოდენობა არ შემახსნოს. არადა, სულ ორი მყავდა. ჵპირველი - არც არის სათვალავში ჩასაგდები. ჩვიდმეტი წლისა გავთხოვდი. ცოლად გავყევი ოცდაერთი წლის მუტრუკს ბატიბუტა ბიცეპსებითა და ტვინში სამი ხვეულით. მკითხავთ - თუ იმთავითვე იცოდი ხვეულების რაოდენობა, რაღას თხოვდებოდი, დალოცვილოო? გიპასუხებთ: იმ მომენტისთვის მხოლოდ წელს ქვევის არსებულ ხვეულებს ვხედავდი, გრძნობად-ენერგეტიკულმა ჰორმონებმა თუ დამაბრმავა! თანაც, ის ხვეულები, ისე ლამაზად იყო შეფუთული, მე კი არა, გამოცდილი მანდილოსანი შეცდებოდა. როცა დალევდა ხოლმე, იმ სამ ხვეულსაც ალკოჰოლი ისრუტავდა და ჩემზე მოიწევდა ამოყირავებულ პირამიდად. მოკლედ, ტიპური მოძალადე.

Page 3: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ერთ წელიწადში დავიშალეთ. მეორედ ოცდახუთი წლისა გავთხოვდი. რატომ დავიშალეთ, ვერ მოგიყვებით, დღესაც მტკივა და იმიტომ.

ამასობაში, წარდგენა დამავიწყდა. იათამზე მდივანი გახლავარ. პროფესიით გერმანული ენის მასწავლებელი, მოწოდებით ჩახლართული ისტორიების მოყვარული და მკვლევარი. ძირძველი ქართული სახელით მშობლებმა დამაჯილდოვეს, რომ გითხრათ აღფრთოვანებული ვარ მათი პატრიოტული სულისკვეთებით, ტყუილი იქნება. იათამზეს, მხოლოდ მამაჩემი და კლასის დამრიგებელი მეძახდა. დღეს არც ერთია ცოცხალი, არც მეორე. მე კი ხან იამზე ვარ, ხან ია, ხან იკო, ხანაც ბზიკო. თუ ოდესმე მესამე წრეზე წავალ და შვილები მეღირსება, სულ დავითებსა და თამარებს დავარქმევ.

- - -

შაბათს, შვიდის ნახევარზე გამოპრანჭული ვდგავარ ვაკის სასაფლაოსთან და წყნეთისკენ მიმავალ მიკროავტობუსს ხელს ვუქნევ. შენც არ მომიკვდე, არავინ აჩერებს - სავსეა ხალხით. სამაგიეროდ, დაბინდულშუშიანი `მერსედესი~ მოსისინდა. დგას და მელოდება. არ ვიმჩნევ. იქნებ მანიაკი იმალება დაბინდული შუშების მიღმა? წყნეთის ნაცვლად უღრან ტყეში გამაქანებს, ყელზე დანას მომადებს, გაუპატიურებას დამიპირებს... ფანჯარა მაინც ჩამოეწია, შევათვალიერებდი.

დრო გადის, დრო ჩემს ჯიბეზე არ ასხამს წყალს. თანდათან ვმწიფდები ტაქსის გასაჩერებლად. ის იყო ნაბიჯი გადავდგი, რომ ნანატრი მიკროავტობუსიც გამოჩნდა. კიბეზე ფეხის შედგმისთანავე კუდუსუნში მუჯლუგუნი მკრეს, წავიფორთხილე და მრისხანედ მოვიხედე უკან. რიგებს შორის გზას მიიკვლევდა მდედრობითი სქესის სუმოს მოჭიდავე, რომელმაც ხალისიანად გამკრა თავისი ცენტნერიანი საჯდომი და ხვნეშით ჩაეკვეხა ჩემთვის განკუთვნილ ერთადერთ ადგილზე.

გავმწარდი.

- მოდი, აქ დაჯექი. - ვეცოდები მძღოლს და განსაკუთრებული კლიენტისთვის გადანახულ ციცქნა ტაბურეტს მთავაზობს.

ვჯდები, სხვა რა გზა მაქვს?! კეფაში სულმოუთქმელად მასუნქავენ წყნეთში გაჯეჯილების მსურველები, ან სად იმალებოდნენ აქამდე, თითქოს მარტო ვიდექი გაჩერებაზე.

მძღოლმა მიკროავტობუსი ბოლომდე გაძეძგა და ბღუილით მოწყდა ადგილს. უბილეთო მგზავრები ფეხზე დგანან და სინქრონულად ირწევიან, მოცეკვავე პაპუასებივით. სადღაც ახლომახლო ყარს გუდის ყველი... თუ ჩემს წინ ასვეტილი ბერიკაცის ოფლიანი ლაჯები...

წყნეთში დაბუჟებული საჯდომითა და შელახული ვარცხნილობით გადმოვდივარ. როგორია, ბალზაკის ასაკის ქალმა ნახევარი საათი ერთი ხელის დადება ტაბურეტზე იჯაყჯაყო? რასაკვირველია, დამაგვიანდა. ჩემი მეგობრები ალბათ შუა ქეიფში არიან, არ მგონია, სუსიკო მხოლოდ `სისხლიან მერის~ დაჯერდეს. გზადაგზა ვისწორებ მკლავზე ჩამოსრიალებულ ბრეტელს, ვიახლებ მაკიაჟს და გაღიმებული ვაღებ ნაცნობ ჭიშკარს.

ეზოში მეტყველი სიჩუმე დგას, როგორც აკლდამაში.

- სუსიკო! - ვყვირი მთელ ხმაზე.

არავინ მეპასუხება.

Page 4: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

კიდევ ერთხელ ვაკვირდები ეზოს, იმ იმედით, რომ მისამართი შემეშალა. აგერ, თუთის ხე, აგერ კაფელით მოპირკეთებული ონკანი, ცოტა ზევით - ვერანდაზე ამავალი რკინის კიბეები... მაგრამ რატომ არ მესმის სტუმრების ყაყანი, რატომ არ მეგებება მეგრული ქათამივით მკვირცხლი და ენამოსწრებული სუსიკო?

ფრთხილი ნაბიჯის მივიწევ ეზოს სიღრმისკენ, სიმძიმის ქვეშ ზრიალი გაუდის რკინის კიბეს. რაც თავი მახსოვს, სულ ასე ზრიალებს - სკოლის პერიოდში, სტუდენტობის დროს, მერეც...

ვერანდაზე ფეხის შედგომისთანვე თავი საშინელებათა ფილმში ამოვყავი. სუფრთან არაბუნებრივ პოზებში სხედან ჩემი მეგობრები - ზოგი თავჩაქინდრული, ზოგიც - უკან გადავარდნილი თავით. ჰამაკში ნება-ნება ირწევა ჩემთვის უცნობი წყვილი. ისინი მკვდრები არიან, ყველანი! მაგიდაზე წითლად კვასკვასებს კოქტეილის სანახევროდ დაცლილი ჭიქები, ფერად-ფერადი საწრუპელებით შიგნით. ალბათ ეს თუა `სისხლიანი მერი~, ვფიქრობ გულისგარეთ და საკუთარი კივილი მესმის.

- - -

ტრანკვილიზატორებზე შევჯექი. ძილს ვაფარებ თავს, როგორც ლოკოკინა ნიჟარას. ძილი მოდის, მაგრამ ისეთი არა, რომ შვება მომგვაროს, ჩემს ძილს კოშმარული სიზმრის შლეიფი ახლავს. მესიზმრება, ვითომ მეც ვსვამ მოწამლულ კოქტეილს, ვითომ მეც ვკვდები, ვითომ ჩემი სული ჭერს ეკვრის და იქიდან აკვირდება ჩემსავე სხეულს. სიზმარს სპეციფიკური სუნიც ახლავს - გოგირდისა და დამწვარი საბურავის, ალბათ ასე ყარს ჯოჯოხეთი.

- ადექი, იათო, პანაშვიდზე გვაგვიანდება, - დროგამოშვებით ყურთან ჩემი უფროსი დის, ლელას ხმა მესმის.

თვალს ვახელ და ერთის მაგივრად სამ ლელას ვხედავ, როგორც ბალერინებს `გედების ტბაში~... სიყმაწვილეში ბალეტზე დავდიოდი, სიმაღლემ შემიშალა ხელი, თორემ ვიქნებოდი ახლა პრიმა ბალერინა, და არა გერმანულის მასწავლებელი. არ გამოვიდა. ლიუდმილა მარკოვნამ, ქორეოგრაფიის პედაგოგმა, დედაჩემს ჩემს აქსელერატობაზე მიანიშნა და კალათბურთზე შეყვანა უჩია. დედამ იუკადრისა: `ჩემი ქალიშვილი~, `ჩვენი ოჯახი~, `მაკნატუნა~, `გრიგი~, `მეცხრე სიმფონია~... მოკლედ, მთელი თავისი სნობური ლექსიკონი გადმოალაგა.

- იათამზე! - ლელა ცდილობს რეალობაში დამაბრუნოს და მხარზე მეჯაჯგურება.

მსიამოვნებს მისი შეხება. რა ბედნიერებაა, რომ და მყავს, უფროსი და. მერე რა, ხანდახან ნერვებს ვუშლი, ვაღიზიანებ... ჩემს თავს მაინც ვერსად გაექცევა. ვერასოდეს! ლელა პატიოსანი ადამიანია, ცდილობს წესებით იცხოვროს, მაგრამ ცხოვრებას თავისი წესები აქვს და ხშირად წინააღმდეგობაში მოდიან ლელას წარმოდგენებთან. ასეთ დროს ლელა იბნევა და დამნაშავეს ეძებს.

- თავს ძალა დაატანე და ადექი. ვალდებული ხარ.

და ჩვენ მივდივართ პანაშვიდზე. ერთზე, მეორეზე, მესამეზე... მერე ლელა თავის სახლში მიდის, უფრო სწორედ, ძალით ვაგდებ. ჩემს სიძეს გადაღეჭილი საჭმელი თუ არ მიართვი, დედალი არწივივით, იჯდება ცარიელი კუჭით სავსე მაცივართან. შვილებზე აღარაფერს ვამბობ.ლლელაზე დგას მთელი ოჯახი.

Page 5: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

პანაშვიდები ჩათავდა, დაჭკნა და გამოიფიტა საფლავებზე მიტანილი ყვავილები, მკვლელობა კი ჯერაც გაუხსნელია. მხოლოდ ის ვიცი, რომ კოქტეილი `სისხლიანი მერი~ დიდი დოზით შეიცავდა წნევის დამწევ პრეპარატს.

იმ დღეს გაბრუებულმა გავიღვიძე და მივხვდი - საკმარისია. არ მაქვს დეპრესიაში ჩავარდნის ფუფუნება, რადგან გადავრჩი, უნდა ვიპოვო ჩემი მეგობრების მკვლელი... თუ მკვლელები...

დარჩენილ წამლებს ნაგავში ვყრი, შემართებით ვჯდები საწერ მაგიდასთან და სიას ვადგენ.

გარდაცვლილები:

1. სუსიკო რატიანი

2. თაზო რატიანი

3. გიგუტა სესიაშვილი - `ჭუტალა~

4. სოფო კანკავა

5. მამუკა ფილფანი

6. ნინო ფილფანი

გადარჩენილები (ანუ ისინი, ვინც იცოდა ვახშმის შესახებ და დროზე მისვლა ვერ მოახერხა):

1. იათამზე მდივანი

2. ლალიკო ბუაძე

3. მერაბ წკრიალაშვილი - `წკრიალა~

მერაბსა და ლალიკოს საპატიო მიზეზი და მყარი ალიბი აქვთ. მერაბი თათბირზე იმყოფებოდა, ლალი კი ნაღვლის ბუშტის შეტევით სახლში იწვა. ვრჩები მე. მაგრამ მე არავინ მომიკლავს! თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მოწმედ გამოვიძახებ მიკროავტობუსის მძღოლს და სუნიან ბერიკაცს, რომლის ფეხებთან ჩაცუცქულმა ვილაყლაყე თბილისიდან ვიდრე წყნეთამდე.

6 კაცი იქით, 3 - აქეთ. სად მივდივარ მერე? ჩემი დედუქციური მატარებელი გვირაბში გაიჭედა, სინათლე კი არსაიდან ჩანს. ფურცელზე გვირაბიდან გამომავალ მატარებელს ვჯღაპნი, გასამხნევებლად მზეს ვურთავ და ფსიქოთერაპიულ შედევრს ჭიკარტით კედელზე ვამაგრებ. ყოველ წუთს უნდა მომხვდეს თვალში, რამდენჯერ გავივლი და გამოვივლი.

ნაშუადღევს დასაკითხად ინსპექტორ გამომძიებელი მეწვია - გოლიათური აღნაგობის მამაკაცი წითლად აღაჟღაჟებული ლოყებით.

- მაიორი სერგო ოქრუაშვილი. - დასჭექა ხმამაღლა.

სახლში შევიპატიჟე, სხვა რა გზა მქონდა.

- შემთხვევის ადგილზევე მინდოდა თქვენთან დალაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. შოკში იყავით.

ბუნდოვნად მახსენდება მაშინდელი აჟიოტაჟი - პოლიცია, კრიმინალისტები, მეზობელები, ბრეზენტგადაფარებული საკაცეები... ვიღაც მსუქანი მაიორიც დაძუნძულებდა, ეს თუ იყო. მაგრამ ეს მსუქანი არაა, ეს ჯანმრთელია, როგორც სავანის მარტორქა.

Page 6: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- როდის ელაპარაკეთ უკანასკნელად ალექსანდრა რატიანს?

- ვიის? - მიკვირს.

- ვის ოჯახშიც ტრაგედია დატრიალდა... – იბნევა.

- ააა, სუსიკო? - მახსენდება სუსიკოს ოფიციალური სახელი. ხო, ალექსანდრა. რას ვაშაყირებდით თავის დროზე?! არადა, ახლა მოდაშია.

- ჰო, სუსიკო. იყოს სუსიკო.

- ხუთშაბათს ველაპარაკე. შაბათს წყნეთში დამპატიჟა. ვახშამზე.

- მარტო წახვედით?

- დიახ.

- სოფიო კანკავა არ დაგკავშირებიათ?

- სოფო? და რატომ უნდა დამკავშირებოდა?

- რა ვიცი, კლასელები ხართ, ბავშვობის მეგობრები. უპრიანია, ერთად ასულიყავით წყნეთში.

- შეიძლება. - უხალისოდ ვეთანხმები. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ-ვისთან და როდის ავიდა, ფაქტია, ორივე მკვდარია.

- სუსიკო რატიანი ვისთან უფრო მეგობრობდა, თქვენთან თუ სოფო კანკავასთან?

- ჩემთან, ალბათ...

- მაშინ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ თქვენ გარეშე.

მეწყინა. რატომ უნდა ვიგებდე სხვისგან ჩემი უახლოესი მეგობრების შეკრების ამბავს?! თანაც ჩემ გარეშე! სუსიკო ისედაც ყველაფერს ჩამიკაკლავდა, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია... გამოდის, სოფო სუსიკოს უფრო ენდობოდა, ვიდრე მე. პრინციპში, ჩვენ შორის სუსიკო ყველაზე გულისხმიერია. იყო.

- არ მაქვს ახსნა. მგონი არც არაფერია ასახსენელი. შეხვდნენ და შეხვდნენ. – ვამბობ ხმამაღლა, შეიძლება ითქვას, გამომწვევად.

მაიორი ოქრუაშვილი ხვდება ჩემი გაბრაზების მიზეზს და თანაგრძნობით მიყურებს.

- იათამზე, მომიყევით თქვენი მეგობრების შესახებ... გთხოვთ.

- ცოცხლებზე თუ გარდაცვლილებზე?

- გარდაცვლილებიდან დავიწყოთ.

ის სრულ მზადყოფნას განასახიერებს. საქაღალდეც კი მოიმარჯვა... ვირივით ლამაზი თვალები და ალალი გამოხედვა აქვს. არ გამოვა გაწბილება. ჩემდა გასაკვირად პირს ვაღებ და ვიხსენებ...

სუსიკო რატიანს იათამზე მდივანი სკოლის მერხიდან იცნობდა, სუსიკოსთვის რომ გეკითხა, სამშობიაროდან, რადგან მათმა დედებმა ერთსა და იმავე წელს, ერთსა და იმავე სამშობიაროში იმშობიარეს. ერთი დღის სხვაობით. დაბადების დღეებსაც მიყოლებით აღნიშნავდნენ - ჯერ იასას, მერე სუსიკოსას. ია ზედმეტად მორცხვი ბავშვი იყო, სუსიკო - ზეაქტიური. იას ჰუმანიტარული საგნები ეხერხებოდა, სუსიკოს - მათემატიკური.

Page 7: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

საკონტროლოების დროს ერთმანეთის რვეულებში იჭყიტებოდნენ, იყო ერთი გადმოწერა და შპარგალკების სრიალი.

სოფოს და თაზოს დარჩათ შვილი - 5 წლის თამრო, რომელიც ამჯერად ბორჯომში, თაზოს მშობლებთან იმყოფება. ასევე დარჩათ საზიარო აგარაკი წყნეთში და სამოთახიანი ბინა თბილისში, რომელსაც თაზოს მშობლები სავარაუდოდ გააქირავებენ, თანხას კი ობლად დარჩენილი შვილიშვილის გაზრდას მოახმარონ.

გიგუტა სესიაშვილი, მეტსახელად ჭუტალა 14 წლის იყო, როდესაც სკოლა გამოიცვალა და იმ კლასში მოხვდა, სადაც სწავლობდნენ იათამზე, სუსიკო, სოფო და მერაბი. იქამდე ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა. ჭუტალა - ახლომხედველი თვალების გამო შეარქვეს, არც მისი აჭარული აქცენტი დარჩენიათ ყურადღების გარეშე – დასცინოდნენ. გიგუტას არ წყინდა, როდესაც კარგად სწავლობ და გარეგნობაც ხელს გიწყობს, ისღა დაგრჩენია სხვებთან ერთად იცინო საკუთარ ნაკლზე. სტრატეგიამ გაამართლა, კლასმა გიგუტა მიიღო. დამამთარვებელ კლასში, როდესაც ლამის ნახევარი საქართველო დედაქალაქში ჩამოვიდა უმაღლესი განათლების მისაღებად, გიგუტამ მშობლიურ ქალაქს მიაშურა და საზღვაო სასწავლებელში, ე. წ. მარიხოდკაში ჩააბარა.

სიკვდილამდე თევზსაჭერ სეინერზე მუშაობდა კაპიტანის თანაშემწედ. ოჯახური მდგომარეობა - გაყრილი. უყვარდა ვისკის წრუპვა ქრომირებული ფლიაგიდან, რომელიც მუდმივად ედო კიტელის შიდა ჯიბეში და რომლის გამოც ქრონიკულად იმყოფებოდა მსუბუქ კაიფში.

სოფო კანკავა - კლასის მშვენება, ბიჭების აშკარა და ფარული დაპირისპირების საგანი. პირადად სოფოს არჩევანი მერაბ წკრიალაშვილსა და გიგუტა სესიაშვილს შორის მერყეობდა, რის გამოც ამ ორს არაერთხელ დაუმტვრევიათ ერთმანეთისთვის თავ-პირი. სოფო ხან გამარჯვებულს წყალობდა, ხანაც დამარცხებულს, გააჩნია, რა ხასიათზე იყო. მყიფე სამკუთხედი მაშინ დაიშალა, როდესაც მოულოდნელად მერაბმა ცოლი მოიყვანა. ეს მოხდა მისაღების გამოცდების დამთავრებისთანავე. იმავე ზაფხულს გათხოვდა სოფოც. ცოლად გაჰყვა ლადოს, მასზე გაცილებით უფროსს მამაკაცს.

ფილფანების წყვილს მე არ ვიცნობდი, რაზეც მოვახსენე კიდეც ყურადღებად ქცეულ მაიორს.

- შეიძლება ჩაგეკითხოთ?

თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ.

- გიგუტა სესიაშვილი რატომ გაშორდა ცოლს?

- მოარულ ხმებს თუ დაეჯერება, ცოლი თვითონ გაშორდა.

- კიდევ რას ამბობენ მოარული ხმები?

- ქმრის მუდმივად რეისში ყოფნა ვერ აიტანაო.

- ვითომ?

- არა?

- მე თქვენ გეკითხებით.

- რაც ვიცოდი, გითხარით. - მკვახედ ვპასუხობ. მეჩვენება, რომ ვირისთვალება მაიორმაც კი მეტი იცის ჩემს მეგობრებზე, ვიდრე მე. ეს გიგუტას ცოლი კი მართლა დარტყმულია, თუკი რეისის გამო ქმარს გაშორდა, ნახევარი წელი კაცის ჭუჭყიან ნასკებს რომ არ გარეცხავ, მარტო ის რად ღირს!

Page 8: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- სოფო კანკავას და მის ქმარს შორის რა ხდება? – დაკითხვას განაგრძობს მაიორი.

- რა ხდება?

- პრაქტიკულად გაყრილები არიან, თუმცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. - გამომცდელად მიყურებს, ჰგონია სპეციალურად დავუმალე.

- პირველად მესმის.

- სოფოს რომ ქმარი არ უყვარდა, ესეც პირველად გესმით?

- ჩემთვის არაფერი უთქვამს.

- მაშინ მე გეტყვით - სოფო კანკავა ქმარს ვერ იტანდა.

- დაუშვათ, ასეა. რა კავშირი აქვს ამას წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან?

- არ ვიცი, არ ვიცი... - მაიორმა ოქრუაივილი პირზე ხელს იფარებს და მორიდებულად ახველებს. - ერთი უხერხული კითხვაც მაქვს... თქვენ... თქვენ არ იყავის კლასის `მშვენება?~

- დამცინით?

- არა, პირიქით, ისეთი აღმაფრენით ილაპარაკეთ სოფო კანკავას გარეგნულ მონაცემებზე, თითქოს მის გარდა კლასში ლამაზი გოგო არ იყო. მე რომ იმ ჭუტალას თუ წკრიალას ადგილზე ვყოფილიყავი...

- ჩემზე გააკეთებდით არჩევანს? - დამცინავად ვაწყვეტინებ.

ის მრავალმნიშვნელოვნად მიკრავს ბომბორა თავს. უეჭველი მეარშიყება ამ მგლოვიარე ქალს! ალბათ დაყნოსა რამდენი შტამპი მაქვს პასპორტში და ნიადაგს სინჯავს. ღირსი არაა, დავიფრინო?

- ამხანაგო მაიორო, 14 წლამდე კლასში ყველაზე მაღალი მოწაფე ვიყავი. მადლობა ღმერთს, მოგვიანებით ბიჭები წამომეწიენ, თორემ დღემდე ვერ დავაღწევდი თავს კომპლექსებს.

- საწყენად კი არ მითქვამს?!

- არც მე.

- მაშ, ამხანაგი რატომ მიწოდეთ?

- რა გინდა, გიწოდოთ?

- სერგო.

- სერგო, კიდევ გაქვთ კითხვები?

- დაგვრჩა ცოცხლები, წკრიალაშვილი და... - მაიორმა საქაღალდეს ჩახედა. - და ბუაძე ლალი.

მერაბ წკრიალაშვილი, წკრიალა. ყოფილი რაგბისტი. ყოფილი ეკონომისტი, დღეის მდგომარეობით ძალოვან სტრუქტურის წარმომადგენელი. უყვარს მეგობრებში მოლხენა, ქალაქური სიმღერები, ფრანგული პარფიუმი, პოლიტიკური ანეკდოტები. ჰყავს პათოლოგიურად ეჭვიანი ცოლი და სამი ანგელოზივით შვილი. მეორე და მესამე ანგელოზი ირამ, წკრიალას ცოლმა, ქმრის შესანარჩუნებლად გააჩინა, თუმცა წკრიალა არც არასოდეს აპირებდა ოჯახის მიტოვებას. როცა გყავს ირასნაირი ცოლი, გარშემო კი ამდენი ლამაზი ქალი დადის, ღალატისკენ სწრაფვა ჩვეულებრივი ამბავია.

Page 9: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ლალიკო ბუაძე – სუსიკოს და იამზეს ბავშვობის მეგობარი. გაუთხოვარი. ცხოვრობს თექვსმეტსართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე, იმავე კორპუსის პირველ სართულზე ფლობს საყვავილე მაღაზიას. ჰყავს შავი პუდელი ადამი და მსუქანი კატა ბაბილინა. ოცნებობს თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მოადგება მის საყვავილე მაღაზიას და ლალიკოს დანახვაზე მუხლს მოიდრეკს.

სერგო საქაღალდეს ხურავს და კედელზე გაკრულ ფურცელს ამჩნევს.

- ეს რა არის?

- მატარებელი.

- სიაზე გეკითხებით.

- ეს დამნაშავის გამოვლენის უნიჭო მცდელობაა.

- ვინმეზე გაქვს ეჭვი?

- ნწუ.

- ხოოო... მაშინ წავალ.

- მეც მოვდივარ.

- სად? – გაოგნებული მიყურებს, ალბათ ფიქრობს, პოლიციაში მივყვები. ან პირდაპირ ციხეში, აღიარებითი ჩვენებით.

- ლალიკოსთან გავივლი.

- აჰაა... მანქანით მიგიყვანთ!

- ფეხით მირჩევნია. აქვეა, ორი გაჩერების სავალზე.

- - -

მოვტყუვდი. როცა ქუჩაში ისეთი გაუსაძლისი სიცხეა, ორი გაჩერება სჯობდა მანქანით დამეფარა.

ლლალიკოს გრილ სადარბაზოში სული მოვითქვი. ის იყო, ლიფტის გამოსაძახებლად ხელი გავიშვირე, რომ სადარბაზოში წითური მამაკაცი შემოხტა, ლიფტი გამოიძახა და რაღაცნაირი ნიშნისმოგებით შემომცინა – ვითომ, ხომ დაგასწარიო. ან ჭკუანაკლულია ან უცხოელი, ვასკვნი და თვალით კიბის მარშს ვზომავ. არა, ბატონებო, სულ რომ მამალი გიჟი იყოს, ფეხით ვერ დავაწვები მერვე სართულზე.

- ბითე! – ლიფტის გაღებისთანავე შესძახა და ხელით მისაპატიჟებელი ჟესტი გააკეთა.

აჰა, უცხოელია! თანაც გერმანელი, რაც ორმაგად სასიამოვნია. ისეთ გულიან მადლობას ვუხდი გერმანულ ენაზე, ტიპი ღიმილად დნება და უსაგნოდ აკანტურებს წითურ თავს.

გამოგიტყდებით, აღფრთოვანებული ვარ უცხოელების დამოკიდებულებით ზოგადად ცხოვრებასთან და კონკრეტულად ადამიანებთან. ისინი ბუნებრივი კატაკლიზმების დროსაც კი არ კარგავენ სახეს. ამასწინათ, ტელევიზორში ვნახე წყალდიდობა ინგლისის ერთ-ერთ პროვინციაში და წელამდე წყალში ჩამდგარი მაშველები, რომლებსაც დატბორილი სახლიდან მოხუცი ქალბატონი გამოჰყავდათ. ავეჯი წყალს მიაქვს, საქონელი წყალს მიაქვს, ქალი კი იღიმება. ბედნიერი.

Page 10: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

წითური გერმანელი მეშვიდე სარსულზე ჩამოდის, მე - მერვეზე. გავიხედე და ლალიკოს კართან არ რეკავს ზარს? დაბნეული ვიტკეპნები ლიფტის ბაქანზე – ჩავიდე, არ ჩავიდე... ამასობაში კარი იღება, მესმის ორმხრივი `დეარ~ და კარის გაჯახუნება.

ლალიკოს შეყვარებული ჰყავს! მე კი ისევ ჭურში ვზივარ! ეს ყველაფერი შეთქმულებას ჰგავს – ნეტა მაინც ვიცოდე, რას მერჩიან?!

ჯანდაბას, ჰყავს და ჰყავდეს, კეთილი ინებოს და გამაცნოს. გერმანულში მაინც წავივარჯიშებ.

კიბეებზე ჩავრბივარ და კართან ვჩერდები. ისევ გავიშვირე ხელი (ამჯერად ზარის დასარეკად) და ისევ მომენტალურად დავუშვი. იქ, ლალიკოს ერთი ხელის დადება დერეფანში, საეჭვო შრიალი ისმის. ხოლო როდესაც რკინის კარი ზანზარს იწყებს, ვხვდები - აქედან ფეხები უნდა წავიღო.

ვარაუდით მივდივარ ქუჩაში. გგახურებული ასფალტი ცხვირში მირტყამს და აზოვნებას მიბლოკავს. სუსი, სუსიკო, ლალიკოს შეყვარებული ჰყავს! არა, საყვარელი! ტემპერამენტიანი უცხოელი, რომელმაც პირდაპირ კარზე ააყუდა ჩვენი კლდემამოსილი მეგობარი. ადამისა და ბაბილინას თანდასწრებით! გესმის სუსიკო, რა ხდება ქვეყანაზე? თუ შენც იცოდი და მიმალავდი?!

როდის-როდის ვაცნობიერებ, რომ შუა ქუჩაში ვტირი. სირცხვილია. მოახლოებულ ტაქსს ხელს ვუქნევ და სასაფლაოზე მიყვანას ვთხოვ.

- - -

მზე ჩადიოდა, როცა სასაფლაოს მივადექი.ააგრილდა. მთიდან მონაბერი ნიავი გახურებულ სხეულსა და აწეწილ ნერვებს მიმშვიდებს. გზას უჩვეულო სიჩუმეში მივიკვლევ. აქ ბევრი მისახვევ-მოსახვევია. მგონი იმ ბილიკს ვადგავარ, რომელმაც წესით სუსიკოს და თაზოს საფლავზე უნდა გამიყვანოს.

მაპატიე, სუსიკო, რომ ყვავილების გარეშე მოვდივარ, მაგრამ დღეს რომ არ დაგელაპარაკო, გული გამისკდება და ყვავილების ამომტანიც აღარ გვეყოლება. ლალიკოს არ სცალია, ერთბაშად ინაზღაურებს უსიყვარულოდ გატარებულ წლებს. პირდაპირ იმ ვიწრო დერეფანში, სადაც ჩვენ ფეხსაცმლის გახდას გვთხოვდა – აქაოდა, იატაკი არ დაესვაროსო. რას იზამ, ცხოვრება გრძელდება, საფლავში ამხანაგი კი არა, საკუთარი დედა არ ჩამოგყვება. ღმერთო, დედა რომ შვილის სიკვდილს მოესწრება...

შევდექი. მარჯვნივ საფლავები, მარცხნივ საფლავები, წინაც საფლავები. მინდა გითხრათ, საერთოდ არ მეცნობა ეს ადგილი. უკან ვბრუნდები. შორიახლოს ქალების ყაყანი მესმის. დდამლაგებლები იქნებიან. წეღან თვალი მოვკარი, როგორ ინაწილებდნენ თონის პურს. თან ჭორაობდნენ. პრინციპში, მეც საჭორაოდ ამოვედი.

ჩხაკუნის ხმაზე შევცბი. თავს ვაბრუნებ და ოროდე ნაბიჯში მდგარ მამაკაცს ვხედავ. არხეინად უკიდებს სიგარეტს. ხელში სანთებელა უჭირავს.

რამ დამზაფრა, ეს ხომ ჩვეულებრივი ჭირისუფალია, ახლობლის საფლავზე მოსული და ფიქრებში წასული. ჩამავალი მზის ფონზე მკაფიოდ იკვეთება მისი რომაული პროფილი. მამაკაცი ასეთი პროფილის ნეაპოლის ნაციონალურ მუზეუმში მინახავს და ის რომის იმპერატორს, გაიუს ავგუსტუსს ეკუთვნოდა.

გზას ვაგრძელებ. ვარაუდით მივდივარ, წარმოდგენა არ

Page 11: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

მაქვს სად შეიძლება იყოს ჩემი მეგობრების საფლავი. მეტის ღირსი ვარ, მარტო რომ ამოასკდები სასფლაოს, ის მაინც უნდა იცოდე, სად მიდიხარ, ან ხე დაიმახსოვრო, ან ბუჩქი, ან ვიღაცის ბიუსტი...

უცებ თვალწინ დამიდგა მარმარილოს სტელა კენწეროში მოქცეული თაბაშირის ანგელოზით. როცა სუსიკოს და თაზოს უკანასკნელ გზაზე ვაცილებდი, ვიფიქრე, რომ იმ სტელის ძირში ბავშვი არის დამარხული.

ვერ ვიხსენებ, ამ სტელას უკვე ჩავუარე თუ წინ მელოდება? თუ ჩავუარე, რაღა აზრი აქვს გზის გაგრძელებას?

უკან ვბრუნდები და ისევ ავგუსტუსის პროფილიან კაცს ვაწყდები.

- უკაცრავად, ხომ არ იცის სად არის სტელა ანგელოზით?

ის მრავლმნიშვნელოვნად დუმს, მგონი შეშლილი ვგონივარ. არცაა გასაკვირი, ვინ იცის, რამდენჯერ ავუარ-ჩამოვუარე.

- საფლავი დამეკარგა, უფრო სწორედ ვერ მივაგენი, სტელას მახლობლად იყო, ასეთი მარმარილოს სტელაა... - ხელით გაურკვეველ მოძრაობას ვაკეთებ, - კენწეროში ანგელოზით. ფრთიანი ანგ...

- ვიცი. - მაწყვეტინებს ის და თავს დასავლეთისკენ აბრუნებს, იქ, სადაც ზანტად ჩადის ბროწეულისფერი მზე. - რამდენიმე მეტრს გაივლით და პირდაპირ მიადგებით თქვენს სტელას.

- მადლობა.

ვითომ რატომაა ის სტელა ჩემი? ჩემი აქ არაფერია, ჰაერის გარდა. ამდენი თუ ვიბორიალე, ჰაერიც არ მეყოფა და დავიხრჩობი. სუსი, მე შენი საფლავის ძებნაში ამომხდება სული, ვირისთვალება მაიორი კი თავის დავთარში ჩაწერს: ალექსანდრა რატიანის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა მოქალაქე იათამზე მდივანის ცხედარი...

აი, სტელა! აი, საფლავიც!

სტოპ!

საფლავის პარაპეტზე ნაცნობ სილუეტებს ვხედავ, ზურგით სხედან და ხმადაბლა ბჭობენ, შეთქმულებივით. სუსიკოს და თაზოს საფლავზე მისულ ნებისმიერ ადამიანს წარმოვიდგენდი, ირას და ლადოს გარდა. რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან მოკლული სოფოს ქმარსა და ცოცხალი წკრიალას ცოლს?

ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნეს თუ რა იყო, მოულოდნელად ირამ მოიხედა.

- იამზე, შენ?! - შესძახა გაკვირვებულმა და ხელი ჩანთისკენ გააცოცა.

თავს ვერ დავდებ, რომ ჩანთაში იარაღს ინახავდა, მაგრამ იმ მომენტში ყველაზე უარესი ვიფიქრე. ფიქრი და გაქცევა ერთი იყო.

გავრბივარ, ვიღაცის საფლავებს ვახტები, ისინი კი ერთ ხმაში მეძახიან:

- იათამზეეე... იააა...

მეტეორივით ჩავუქროლე გარინდულ იმპერატორს, რომელსაც სიგარეტის მოწევა მოესწრო და ახლა ჩემკენ მოეღრიცა ამაყად ჩამოსხმული კისერი.

შევდექი.

Page 12: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- დახმარება გინდათ? - მეკითხება და ნაბიჯს დგამს.

- მინდა, მომდევენ! - აქოშინებული ვღრიალებ და ლამის ფეხებში ვუვარდები პირველსავე შემხვედრს.

- ნუ გეშინიას. მე აქ ვარ.

და მე ვხვდები... არა, მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ეს არ არის პირველი შემხვედრი, ეს კაცი ღმერთმა გამომიგზავნა.

- მიშველეთ, იმას იარაღი აქვს!

- ვის?

- იმას! - ხელს უკან ვიშვერ, სტელის მიმართულებით.

უცნობი მაჯაში მკიდებს ხელს და იმ ადგილისკენ მიბიძგებს, სადაც წეღან იდგა. ეს იყო შავი ლაბრადორის ფილებით მოპირკეთებული საფლავი საკმაოდ მაღალი პარაპეტისთ.

- დაწექით! - მისი ხავერდოვანი ბარიტონი ბრძანებასავით ჟღერს.

შევხედე. აშკარად არ ხუმრობს. მკაცრი და შეუვალი გამომეტყველება აქვს, ორი ასკეტური ნაოჭი ღაწვების გაყოლებაზე. 37 წლის იქნება, შეიძლება მეტის.

მორჩილად ვწვები ვიღაცის საფლავის ძირში და ვცდილობ არ ვისუნთქო. ცხვირში ვარდისფერი აზალიები მიღიტინებენ, შუბლი ცივ ფილაზე მაქვს მიბჯენილი. ოდნავ ვაბრუნებ თავს, მზერა ეპიტაფიაზე გადამაქვს. `მარინა~ - ვკითხულობ ქვაზე ამოტვიფრულ სახელს. ღმერთო ჩემო, რა ახალგაზრდა მომკვდარა საბრალო. ეს კაცი ალბათ მისი ქმარია... მაპატიე, უცნობო მარინა, რომ შენს საფლავზე გავიშოტე და რუდუნების დარგული აზალიები წავბილწე. რას იზამ, ცოცხალი ადამიანი ყველა არსებული და არარსებული უჯრედით ებღაუჭება სიცოცხლეს. მეც ცოცხალი ვარ. ჯერჯერობით...

- იათამზეე!... ია!... ჯანდაბას მაგის თავი! - მესმის ირას სირენასავის ხმა.

- უკაცრავად, აქ ახალგაზრდა ქალს არ ჩაუვლია?

უეჭველი ჩემს მხსენელ ავგუსტუსს მიმართავს.

- ეს წუთია ვიღაცამ ჩაიქროლა, მგონი ქალი იყო. - პასუხობს ის.

ვაფასებ მის იუმორს. ისე გავრბოდი, სირაქლემა გახუნდებოდა.

- ქალი კი არა, ნამდვილი ქაჯია! - ქოშინით ამბობს ლადო, ახალგამომცხვარი ქვრივი.

აღშფოთებისგან ლამის მიწა შევჭამო. რამდენს ბედავს ეს მოკლეხელება, ბებერი დინოზავრი?!

- ყოველთვისაც დარეხვილი იყო. - არც ირას ასვენებს ეშმაკი, მაინცადამაინც უნდა გამაფარჩაკონ უცნობი ადამიანის წინაშე.

- რა ვქნათ? – კითხულობს ლადო.

- რა უნდა ვქნათ და, წავიდეთ, ისედაც ამოვარდნაზე მაქვს გული.

ახლა მე მკითხეთ, რა დღეში ვარ! გული ხელით მიჭირავს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

- ადექით. - მეძახის უცნობი.

Page 13: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

და მე მის გამოწვდილ მარჯვნას ვხედავ: ძლიერს, ვაჟკაცურს, სანდოს (იმპერატორის შესაფერისს)... ვეჭიდები, ვქაჩავ, მიწაზე ვდგები და უპირველეს ყოვლისა, ჩემს შიშველ ტერფს ვამჩნევ. მეორეზე ფეხზე თხელძირიანი, შავი ფეხსაცმელი მაცვია, `ბალეტებს~ რომ ეძახიან, ისეთი.

- დაკარგეთ? - მეკითხება.

- ჰო, სირბილისას თუ გამძვრა... - ცალ ფეხს წეროსავით ვკეცავ და სუსიკოს საფლავისკენ ვიცქირები.

ის ჩემს მზერას თვალს აყოლებს და უსიტყვოდ იძვრის ადგილიდან.

- ეი, საით? - დავადევნე ხმადაბდა.

- ფეხსაცმლის საპოვნელად.

- რას იპოვით, დაბინდდა უკვე.

- ვცდი.

- რომ დაბრუნდნენ?

- სტვენა იცი?

- მგონი.

- აბა, დაუსტვინეთ.

`დაწექით~, `დაუსტვინეთ~... მე ამას ძაღლი ხომ არ ვგონივარ?! და მაინც, გაჭირვებით ვუყრი თავს ტუჩებს და მონდომებით ვუსტვენ.

- ნორმალურია, თუ გამოჩნდებიან, დაუსტვინეთ.

ის წავიდა, მე კი ვრჩები გაღიმებული. ვიცოდე მაინც, რა მიხარია.

ოციოდე წუთში ჩემი გმირი ხელცარიელი ბრუნდება. ვერ იპოვა დაკარგული ფეხსაცმელი.

- ეგ არაფერი, მთავარია ცოცხალი გადავრჩი. - ვცდილობ დავამშვიდო.

ის მხრებს იჩეჩავს და ეჭვით მომჩერებია:

- ხომ არ აჭარბებთ?

- არა.

- შეიძლება ვიცოდე ვის საფლავზე მიდიოდით?

- ჩემი მეგობრების. ორიოდე კვირის წინ წყნეთში ტრაგედია დატრიალდა, ექვსი ადამიანი მოწამლეს. მმე... მე ნახევარი საათით დამაგავიანდა. - თვალს ვარიდებ და ყელზე მომდგარი ცრემლიანი გორგალის გადაყლაპვას ვცდილობ.

- მაშინ სხვა საკითხია. დაჯექით. - მხრებიი ხელს მკიდებს და საფლავის პარაპეტზე მსვამს. ჯიბიდან ლურჯი ცხვირსახოცი ამოაქვს, მიწაზე აფენს და ფეხზე მანიშნებს - დადეო.

ფეხის ზომასთან დაკავშირებით პატარა კომპლექსი მაქვს, თუმცა, ჩემი სიმაღლის ქალს დიუმოვაჩკასავით მინიატურული ტერფი რომ არ ექნება, ცხადზე ცხადია. ამიტომ აღარ ვიპრანჭები, მორიდებულად ვდებ ტერფს ცხვირსახოცზე და საშუალებას ვაძლევ ქალამანის მსგავსი კონსტუქცია მომიხლაფორთოს. მართალია, მთელი ამ მანიპულაციის შემდეგ მისი ძვირფასი ცხვირსახოცი გადასაგდები იქნება, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ზედმეტად თავის გამოდება და ბოდიშების ძახილი უბრალოდ გოიმობაა.

Page 14: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- ახლა კი მომიყევის. - ბოლო ნასკვს აკეთებს და გვერდით მიჯდება.

- რა მოგიყვეთ?

- ყველაფერი.

- - -

დათა მეტრეველი - ასე ერქვა საფლავზე გაცნობილ მამაკაცს, რომელმაც სახლამდე თავისი მანქანით მიმაბრძანა, ლიფტი გამომიძახა და წავიდა. არც სახელი უკითხავს, არც გვარი, არც ტელეფონის ნომერი. არადა, სიამოვნების ჩავურაკრაკებდი.

სახლში მისვლისთანვე აბაზანაში ვხტები და დიდხანს და მონდომების ვიხეხები. უფრო დიდხანს ვდგავარ გამოღებულ მაცივართან და ვმჯელობ - რისი გაკეთება შეიძლება გაყინული ქათმის ფილესგან? ცხელი ვახშამი მირჩევნია თუ ცივი სალათა? პომიდორი მაქვს, არაჟანი მაქვს, ოხრახუშიც კი მაქვს, მაგრამ ვიდრე ფილე დადნება, ვიდრე ჩავშუშავ, შევაზავებ, გავაცივებ, ღამის თორმეტი საათი გახდება. ღამის თორმეტ საათზე რომ ხორცით გამოვსკდე, სჯობს დავივიწყო ის შესანიშნავი, ზომიერად პროვოკაციული ფრანგული კაბა, რომელიც ამასწინათ დედაჩემმა გამომიგზავნა და რომელიც ისეთი ვიწროა, ორი ადამიანის დახმარება მჭირდება, რომ ჩავეკვეხო. არადა, გავიდა სეზონი, გამარიაჟება მაინც მოვასწრო.

ამ ფიქრებში ზარმა მომისწრო. ან მკვლელია, ან მხსნელი – ვასკვნი ჩემთვის და გულის ფანცქალით მივიწევ კარისკენ. ცხადია, ჯერ ჭურჭუტანას ვაკვდები ცალი თვალით.

ირა რომ მარტო ყოფილიყო, გამორიცხულია სახლში შემომეშვა, მაგრამ მერაბ წკრიალაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია და მას ძმასავით ვენდობი.

- დარწმუნებული ვარ გლაზოკიდან გვთირავს. - ქმარს ეჩურჩულება ირა.

- თუ გვთირავს, ე. ი. გააღებს. – ცივად პასუხობს ის.

ჰოდა, მეც ვაღებ. ბავშვობის მეგობარს ხომ არ გავაწბილებ?! ვაღებ და თვალი ტორტის კოლოფზე მრჩება, რომელიც მერაბს გაშლილ ხელისგულზე უდევს. გულის კუნჭულში მიხარია, რომ ქათმის გაკეთებას გადავრჩი. თუმცა ტორტში გაცილებით მეტი კალორიებია, ვიდრე გამოფშიკინებულ ქათმის ფილეში.

ირა კისერზე მეკიდება, ბიბლიური გველივით. ცხვირში `ემპირიო არმანის~ სურნელი მირტყამს, ქალი კი არა, მოარული პარფიუმერიის სალონია, სუნამოს საშუალების ცდილობს შენიღბოს თავისი ბნელი არსი.

- არ გრცხვენია, იამზე, ჩემი შეგეშინდა?! რომ არ ვიცოდე რა სტრესი გადაიტანე, ვიფიქრებდი, რომ დაირეხვე.

`იფიქრე კიდეც და ხმამაღლაც თქვი~, ვპასუხობ გულში და მერაბს ვესალმები.

იცოცხლე, ამასაც მიუღია ოდეკოლონის აბაზანები, მაგრამ მე არ მაღიზიანებს წკრიალას სუნი. მისგან დადებითი ენერგეტიკა მოდის.

- იკო, როგორ ხარ? – მეკითხება.

ხმამაღალი ოხვრით ვპასუხობ, ირამაც რომ გაიგოს და გულზე გასკდეს.

- ჩაის დაგვალევინებ?

Page 15: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- რა თქმა უნდა.

ტორტის კოლოფიანა სამზარეულოიი გავდივარ. ირა ფეხდაფეხ მომყვება.

- არა, მაინც რატომ დაგაზე, რა დაინახე ასეთი? თუ სუსიკოს და თაზოს საფლავზე სიარული მხოლოდ შენი ექსკლუზიური უფლებაა? თუ ფიქრობ, მარტო შენ გიყვარდა ისინი, ძალიან ცდები. რამ გაყო ჩემი და ჩემი ქმრის მეგობრები?! დაგავიწყდა, რამდენი დრო გვაქვს ერთად გატარებული?-

არ დამვიწყებია. პირველი ხუთი-ექვსი წელი ირა ინტენსიურად გვეპატიჟებოდა დაბადების დღეებზე. სუსიკო გიჟდებოდა ირას გაკეთებულ ნამცხვრებზე, ცომეულის დედოფალს ეძახდა. თან ჭორავდა, თან ხეთქავდა, თან თვალს მიკრავდა და ირას შესრულებულ რომანსებს უსმენდა. უნდა ვაღიარო, ირას არ ჰქონდა ცუდი ხმა, მაგრამ სიმღერის აღსაქმელად ხმა არ არის საკმარისი, სული უნდა ჩადო, თუ გაგაჩნია.

მვიდრე მე მაგიდაზე თეფშებს ვალაგებ, ირა თავისმართლებას განაგრძობს.

- რა ჩემი ბრალია, ლადო თუ დამხვდა... არ უნდა დავლაპარაკებოდი?! თუ კეთროვანია? უსათუოდ ვინმესთან უნდა შემეთახმებინა სასაფლაოზე წასვლა თუ რაშია საქმე? სხვათა შორის, იქ შენც არავინ გელოდა, მაგრამ მიხვედი. ხომ ასეა, იათამზე, რატომ დუმხარ, ენა გადაყლაპე?

ენა არ გადამიყლაპავს, უბრალოდ ვხვდები, ეს ქალი სადღაც მართალია და ისღა დამრჩენია დავდუმდე. თვითონაც არ ვიცი, რა ბზიკმა მიკბინა როცა ისინი ერთად დავინახე! ეტყობა, ეს ბზიკი ჩემს ქვეცნობიერში იჯდა და გაქცევა მიკარნახა. ქვეცნობიერი კი, მოგეხსენებათ, უძირო ორმოა, მე კი არა, ფროიდმა ვერაფერი გაუგო.

- სახლში ეწევი? - სამზარეულოში მერაბმა შემოიხედა.

თაროდან საფერფლე ჩამომაქვს, ერთი ღერს მერაბის კოლოფიდან ვიღებ და სტუმარივით ვჯდები მაგიდასთან.

- თქვენ მოწიეთ, მე იქამდე ტორტს დავჭრი და ჩაის ჩამოვასხამ. - დაფაცურდა ირა. - მინდა გითხრათ, ზღაპრული ტორტია, ყველგან კი არ იყიდება ასეთი....

`ზღაპრული~ - ირას საყვარელი ფრაზაა. მის მიერ ნაყიდი მარტივი ქინძისთავიც კი ზღაპრულია, ამით ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულ გემოვნებას. ვინ იცის, წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასაც ზურგსუკან ზღაპრულს ეძახის. კაცმა რომ თქვას, ეს ყველაფერი მართლა ჩამოჰგავს ბოროტი მეზღაპრის დაწერილ ზღაპარს.

მერაბი კვნესით ჯდება ჩემ პირისპირ.

- ისევ გტკივა? - ვეკითხები.

თავს მიკრავს და ანთებულ სანსებელას მახვედრებს. მერაბს ქრონიკულად აწუხებს წელის ტკივილი - სპორტული წარსულიდან გამოყოლილი ტრამვა. ტკივილი მატულობს წონის მატების პროპორციულად. მერაბზე ვერავინ იტყვის მსუქანიაო, მაგრამ სისტემატიურმა ქეიფებმა საგრძნობლად შეუცვალა წელის გარშემოწერილობა. ვაბოლებთ, ერთმანეთს ვუყურებთ და ვგრძნობთ - ჩვენს წუხილს სიტყვები ვერ გამოხატავს.

- შენს ადგილზე დროებით მოსკოვში წავიდოდი. - ამბობს მერაბი.

- რა დამრჩენია, რო?

- დედაშენს ნახავ, გულს გადააყოლებ.

Page 16: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

უკვე ოთხი წელი იქნება, რაც დედაჩემი მოსკოვში, თავის დასთან გადავიდა საცხოვრებლად. ეჭვი მაქვს, მე გამექცა, უფრო სწორედ, ჩემი ვერშემდგარი ქორწინება ვერ მოინელა და უარესის მოლოდინში რუსეთში გადაიხვეწა. შეთავაზება `გულის გადაყოლებაზე~ მშობელი დედისგან უკვე მივიღე და უარის თქმაც მოვასწარი. ვიდრე ბოროტმოქმედი თავისუფლად დანავარდობს, ფეხს არ დავძრავ თბილისიდან. იგივეს ვუმეორებ მერაბსაც.

- საქმე აღძრულია, ძიება მიმდინარეობს, შენ რა შუაში ხარ? - მეკითხება მერაბი.

- მე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რადგან ინტუიცია მკარნახობს - ამ მკვლელობაში შინაურის ხელი ურევია.

- ვინმეზე გაქვს ეჭვი?

- არა.

- აბა, მარტო ინტუიციით შორს ვერ გაფრინდები. მიანდე ეგ საქმე გამოძიებას.

- გამოძიებას ორი კვირის მანძილზე მაინც უნდა გამოევლინა ეჭვმიტანილი. ლადოზე რას იტყვი? - ვეკითხები მოულოდნელად.

მერაბი იბნევა, ირას ჭიქაზე დამიზნებული ჩაიდანი ავიწყდება და თვალებდაჭყეტილი მიყურებს. მდუღარე მაგიდაზე იქცევა. უსიტყვოდ ვაწვდი ტილოს. ირა ფართხაფურთხის წმენდს მაგიდას.

- მე რომ ლადო არ მევასება, არ ახალია. - ამრეზით ამბობს მერაბი. – მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ერთია, ეჭვმიტანილის სტატუსი - მეორე.

მზერა ირაზე გადამაქვს. მექანიკურად ჭმუჭნის ტილოს. თითები უცახცახებს. ირა ყოველთვის ეჭვიანობდა მერაბის პირველ სიყვარულზე. სოფო აღარ არის ცოცხალი, ირა კი მის ქმარს ხვდება. შეიძლება არც არაფერი, მაგრამ მერაბის დაწუნებული ინტუიცია სულ სხვა რამეს მკარნახობს - ეს იყო დაგეგმილი შეხვედრა.

- რამ შეგაშფოთა, ირა? – რაც შეიძლება შინაურულად ვეკითხები.

- რამდენიმე დღის წინ ჩვენი სახლიდან ოქროს ბეჭედი მოიპარეს, უცებ გამახსენდა და...

- რა შუაშია შენი ბეჭედი წყნეთის ამბებთან! შენც იტყვი, რა? - ხელს იქნევს მერაბი. ამ ჟესტში იკითხება გულგრილობა, გაღიზიანება, საყვედური... ბევრი რამ. - ბეჭედს უეჭველი ნუციკო დაკარგავდა.

13 წლის ნუციკო ირას და მერაბის უფროსი ქალიშვილია - ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი და უბრალოდ კარგი გოგო, თუმცა დედამისივით წიკვინა ხმა აქვს.

- იცი რას ვფიქრობ? ვინმეს ხომ არ აჩუქა მაგ მამაძაღლმა ბავშვმა, მე კი გიორგუნას ძიძას დავაბრალე. - ირას ცბიერად ეჭუტება თვალები.

- მორჩი ახლა ფანტაზიორობას, გვაღირსე ნაქები ტორტი და ცხელი ჩაი, ნახა რა სალაპარაკო თემა! - ცოლს უღრენს მერაბი.

მე რომ ქმარი ასე აგდებულად მელაპარაკოს, თანაც სხვისი თანდასწრებით, ცხელ ჩაის ფეხებს შუა დავასხამდი, ტორტს კი ზედ ფიზიოზე დავაკრავდი. ირა კი ვითომც არაფერი, ისეთი გამომეტყველებით ჭრის ტორტს, აშკარად აკრძალულ ფიქრს აგრძელებს. წაყრუებაც თავისებური სტრატეგიაა, `ც~ კი არა, ოჯახის შენარჩუნების ერთ-ერთი წინაპირობა. მე ეს არასოდეს შემეძლო, იმიტომაც ვარ მარტო.

Page 17: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- - -

ღამით კოღოს წუილმა გამომაღვიძა. შუქს ვანთებ და გაალმასებულ მზერას კედლებზე დავასრიალებ. კოღო მიიმალა. რომც ვიპოვო, ვერ მოვკლავ, შპალიერს წითელ ლაქად დარჩება სისხლის ანაბეჭდი, სხვათა შორის, ჩემი სისხლის...

შუქს ვაქრობ და ვაყურადებ. წუილი მეორდება. თავზე ზეწარს ვიფარებ. არ მშველის. კოღო აქტიურია, როგორც ერთად აღებული ასი მესერშმიტი. საინტერესოა, უკვე მიკბინა თუ მხოლოდ აპირებს? შეიძლება მიკბინა და არ ეყო ჩემი ანემიური, ჰემოგლობინით ნაკლული სისხლი. ამბობენ, იმ ადგილას, სადაც ახლა ვცხოვრობ, ადრე ჭაობი იყო, ალბათ იმიტომაც ეტანებიან კოღოები, გენეტიკური მეხსიერება მოაქანებთ. ჯანდაბას მაგის თავი, ოღონდ გაჩუმდეს და გაუშვი, მიკბინოს, მიჩუქნია ორიოდე მილიგრამი.

კოღოს წუილს უცნაური ხმა ერთვის. ჭრიჭინის კუთვას ჰგავს. ჩემს სახლში მწერების პარადია!

უი, მგონი ხელჩანთაში დატოვებული მობილური კუთავს! უნდა ავდგე, სხვა რა გზა მაქვს. ხელების ცეცებით მივიწევ დერეფნისკენ, სადაც ჩანთა მეგულება. ჩემი `ნოკია~ წითლად მიკრავს თვალს – მესიჯი მოგსვლიაო. `ღამე მშვიდობისა, ბზიკო~ - ვკითხულობ გაოგნებული. გამომგზავნი დაბლოკილია. ვიღაცას ძალიან უნდა ფსიქოლოგიურ ტერორში მამყოფოს. მე არ მივეკუთვნები იმ ქალებს, ვისაც ჩიტუნიებს, ფისუნიებს და ამუნიებს ეძახიან. `ბზიკოს~ მხოლოდ სუსიკო მეძახდა, მაგრამ სუსიკო მკვდარია! თუ მაინცდამაინც ჩემთან ურთიერთობა სურს, ფანტომის სახით გამომეცხადებოდა, სულაც სიზმარში... აი, მესიჯი მეტისმეტია, თუმცა... თუმცა გამორიცხული არაფერია.

მობილური გამოვრთე და ისევ ლოგინში შევყვინთე.

რომის იმპერატორი გაიუს ავგუსტუსი დამესიზმრა, ვითომ ჩემი ფანჯრების ქვეშ გრუხუნით დააბიჯებდა მისი მარმარილოს ორეული.

- - -

რატომღაც მეგონა ლალიკოზე ნაწყენი ვიყავი, მაგრამ როცა ტელეფონში მისი კლდემამოსილი მისალმება გავიგე, წყენამ მომენტალურად გადამიარა.

- ისაუზმე? - მეკითხება ლალიკო.

- ჯერ არა.

- მაშინ გელოდები.

გუშინდელი ტორტის ნარჩენი, თავის კოლოფიანად, მოვიმარჯვე და ლალიკოსთან გავწიე. თუ გასუქებაა, ლალიკოც გასუქდეს ჩემთან ერთად. ფერი და ხორცი ისედაც არ აკლია, თმას თუ გაიშლის და მეწამურისფერ ქსოვილზე წამოწვება, იფიქრებ, რუბენსის ვენერამ განიცადა რეინკარნაცია. მიკვირს, აქამდე როგორ ვერ გასაღდა! ან კაცები დაბრმავდნენ, ან ლალიკო ვერ აწოდებს შესაფერისად თავის ღირსებებს. ჰჰმ, რაღა ვერ აწოდებს, აგერ, გოჭივით გერმანელი დაუთრევია. აბა, თუ გამომიტყდება?!

- რა კარგია, რომ მოხვედი! - გულში მიხუტებს ლალიკო, - უი, ტორტი! რატომ შეწუხდი?

- არ შევწუხებულვარ, ერთმა წითურმა უცხოელმა გამომატანა შენთან.

Page 18: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ლლალიკო ყაყაჩოსავით წითლდება, ლამის ხელიდან გაუვარდეს ტორტიანი კოლოფი. ძაღლი ადამი გრძნობს პატრონის შეცბუნებას და გამაფრთხილებლად მიღრენს. კატა ბაბილინა აპრეხილი კუდით მიემართება მყუდრო სამზარეულოსკენ, იცის, გოგომ, ადრე თუ გვიან ჩვენც შევუერთდებით.

- იაკო, რას ამბობ, რომელი უცხოელი?... - დაბნეული ბუტბუტებს ლალიკო.

- რომელმაც გუშინ ფეხდაფეხ შემომასწრო და პირდაპირ კარზე აგაკრა. - აგდებულად ვპასუხობ.

ვატყობ, ზედმეტი მომდის. ორიდან ერთია. ან ბოროტი ვარ, ან შურიანი. ლალიკოს კაცი ჰყავს, მე - არა. რაღაც რეაქციას ველოდებოდი, მაგრამ ტირილს - არამც და არამც. აი, სულელი!

- რა გატირებს, გოგო, სიხარულით უნდა ბზრიალებდე, ძლივს კაცი გეღირსა! – ვამშვიდებ ცრემლმორეულ მეგობარს და სამზარეულოსკენ ვუბიძგებ, სადაც უკვე გველოდება სფინქის პოზაში მჯდარი ბაბილინა.

- არავის უთხრა, იაკო, დედა დაიფიცე, რომ არავის ეტყვი! თუ უკვე უთხარი? - შეშინებული მაცქერდება, ოქროსფერ წამწამებზე ცრემლი უბრწყინავს და ნესტოები უცახცახებს.

- ხო, ბრიფინგი გავმართე გერმანიის საელჩოსთან, სამსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში იქნება. - მხრებზე ხელს ვხვევ და ყურსუკან სისხლჩაქცევას ვამჩნევ. რაღა ჩემი წუხანდელი კოღო, რაღა წითური გერმანელი!

- ნუ მაშაყირებ!

- მაშინ ნუ მოთქვამ!

- შენთვის ადვილი სათქმელია, ორჯერ ხარ გათხოვილი, არ გამიკვირდება მესამედაც გარისკო, მე რა მექნა, როდემდე ვყოფილიყავი ქალიშვილი?!

მართლაც, როდემდე შეიძლება შეინახოს სიქალწულე ჯანმრთელმა ახალგაზრდა ქალმა? ოცდაათ წლამდე, ორმოცამდე თუ სიკვდილამდე? თუ როგორც ბებიაჩემი იტყოდა: `მანამ, სანამ არ ჩაბარდები პატრონსო.~ მაგრამ თუ არ გამოჩნდა ის უპატრონო პატრონი?

- არ უნდა ყოფილიყავი, აქამდეც უნდაც უნდა გაგესინჯა.

ლალიკო ცრემლებს იწმენდს და შეურაცხყოფილი მიყურებს:

- ნუ იცი ეგეთი ლაპარაკი, იაკო, ტორტი ხომ არ არის, გამესინჯა!

- მგონი ტორტზე უკეთესია.აარა? ჰო, კარგი, კარგი, მორჩი მაიმუნობას და მომიყევი ვინ არის, საიდან გაჩნდა...

წითური გერმანელი აღმოჩნდა ავსტრიის მოქალაქე კლაუს კოლი, რომელიც გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩამოჰყვა რომელიღაც საერთაშორისო მისიას და ერთ მშვენიერ დღეს ლალიკოს მაღაზია-სალონს მიადგა საყვავილე მიწის შესაძენად. რამდენიმე წინადადების შემდეგ ავსტრიის მოქალაქეს მიწაც დაავიწყდა და ყველა საერთაშორისო მისია ერთად. ოთხი თვის განმავლობაში მისივე სალონშივე ნაყიდი ყვავილებით ბომბავდა უკარება ქალიშვილს. ბოლოს და ბოლოს, ლალიკო გატყდა და დანებდა. თუმცა წინასწარ იცოდა - ერთ მშვენიერ დღეს უცხოელი ხელს დაუქნევს და თავის ავსტრიაში გაქუსლავს. ასეთი დღე მართლაც დადგა, მაგრამ კლაუსი არსად აპირებდა გამგზავრებას შეყვარებელის გარეშე. მისი სურვილია ლალიკო გახდეს მისი `დიდი სახლის პატარა დიასახლისი.~ დიდი სახლი ტიროლში ჰქონია, რამდენიმე აკრი ნოყიერი მიწითა და მამა-პაპური სათბურით, სადაც კოლების წინაპრები საუკუნეზე მეტია ვარდებს აშენებენ.

Page 19: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- მერე, რას ელოდები? - ვეკითხები სულმოუთქმელად.

- არ ვიცი. – მხრებს იჩეჩავს ლალიკო.

- წადი, სანამ გეპატიჟებიან.

- ტიროლში მეპატიჟებიან, ვენაში კი არა! იცი, რა არის ეს ტიროლი? პროვინცია.

უყურე შენ, ცხვირსაც რომ იბზუებს?! ვენა მომინდომა, თითქოს ვენის ყოველწლიურ საოპერო მეჯლისზე ეპატიჟებოდეს ვინმე.

- მაშინ იჯექი იმ შენს მაღაზიაში და თვალე შენი ყვავილები – ერთი პიონი ერთ ლარად.ავარდი უფრო ძვირი ღირს, შავი განსაკუთრებით. მაგრამ თუ თაიგულს ინებებთ, ლარს დაგიკლებთ...

- მორჩი ღადაობას, ისედაც ჩიხში ვარ.

- ბედი კარს მოადგა, ამას ჩიხიო – დაუჩემებია. დღესვე უთხარი თანხმობა, აი, ჩემი რჩევა.

ლალიკო მზერას მარიდებს და სევდანარევი ღიმილით ეფერება ფანჯრის რაფაზე დასკუპებულ ბაბილინას. ბაბილინა ხარბად ყნოსავს ჰაერს და კრუტუნით გვანიშნებს ტორტზე. მეტი რა ქნას კატამ, ხვეწნას ხომ დაგვიწყებს - ტორტი გამასიჯეთო?

- შენ არ იცი მთავარი... – ძლივს გასაგონად ამბობს ლალიკო.

- რა?! – გულგახეთქილი ვეკითხები. იმპოტენტი რომ არ არის, მივხვდი, მაგრამ იქნებ სხვა ნაკლი აქვს? ორი სასქესო ორგანო, მაგალითად, ან ცალი სათესლე ჯირკვალი.

- არავის ეტყვი?

- ნუ გამიხურე. მიდი, ამოღერღე.

- კლაუსი ჩემზე უმცროსია. მთელი ექვსი წლით.

შვებით ამოვისუნთქე და იმ საბედისწერო ვახშმის შემდეგ პირველად ვიცინი გულიანად, უკან გადაგდებული თავითა და 32 გადმოყრილი კბილით.

- სულაც არ არის სასაცილო, სად გამოვყო თავი სირცხვილით! მე, რომელმაც საკუთარ ძმას სამი წლის უფროსი გოგო დავუწუნე! არადა უყვარდა ის გოგო... ახლა სხვა ცოლი ჰყავს, ახალგაზრდა და ენაგატლეკილი. სულ ჩხუბობენ.

- სულელი!

- ვინ?

- შენი ძმა.

- რატომ?

- შენ რომ დაგიჯერა.

- ეგ კი, - სევდიანად მეთანხმება ლალიკო, - შენ ფიქრობ, დავიკიდო?

- კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ. არც კლაუსია პამპერსიანი ჩვილი, არც შენ მყავხარ სკოლის ასაკში, რომ ასაკობრივი სხვაობა თვალშისაცემი იყოს. და საერთოდ, ჯერ უნდა იცხოვრო და მერე იფიქრო. უფრო სწორედ ისე უნდა იცხოვრო, რომ საფიქრალი დრო არ დაგრჩეს.

Page 20: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- შეიძლება ასეცაა, უჰ, არ ვიცი, არ ვიცი... – თავს აქნევს ლალიკო და უცებ სერიოზულდება, - მთავარი არ მითქვამს, იაკო!

- ახლა არ მითხრა, სექსუალური გადახრა აქვსო?

- ოო, ნუ გადააგყავს ყველაფერი ინტიმურ ჭრილში. კლაუსი საერთოდ არაფერ შუაშია. ბინა გამიტეხეს. იმიტომაც დაგირეკე დილაუთენია.

- ვაი! წაიღეს რამე?

- საქმეც იმაშია, რომ არაფერი.

- როგორ თუ არაფერი, მაშინ რაღას შემოდიოდნენ?

- მგონი რაღაცას ეძებდნენ, მთელი სახლი გადაქოთებული დამხვდა.

ჴწკრიალაშვილებთან იყვნენ, ლალისთან იყვნენ, ვინ არის შემდეგი?

- - -

სოფო კანკავა და მისი ქმარი, ლადო ბაგებში ცხოვრობდნენ, კერძო სახლში ინგლისური ფანჯრებითა და პირქუში, ნაცრისფერი ფასადით. ეზოში ხეივანია გაშენებული, ხეივნის ქვეშ - მყუდრო ფანჩატური. აღარც მახსოვს, როდის შევიკრიბეს უკანასკნელად ამ ფანჩატურში. სუსიკოს ამერიკაში ყოფნის პერიოდში კლასელები პრაქტიკულად დავიშალეთ, პანაშვიდებზე თუ გადავეყრებოდით ერთმანეთს. მე და სოფო არც არასოდეს ვყოფილვარს თავგადაკლული დაქალები, სკოლის დამთავრების შემდეგ ინერციით ვურთიერთობდით, შეხვედრებს შორის მზარდი ინტერვალებით.

ერთადერთი, ვისაც არასოდეს დავვიწყებივარ, არის წკრიალა. გარკვეულწილად, მერკანტილური მოსაზრებით – პერიოდულად ბინის გასაღებს მემათხოვრება. მაგალითად, წინა თვეში ოთხჯერ მაინც გამომართვა, რაც უკვე თავხედობად მიმაჩნია და რაზეც უკვე გვარიანად შევჯორე. რასაკვირველია, წკრიალას შეეძლო სასტუმროში წაეყვანა თავისი მორიგი ვნების ობიექტი, მაგრამ სასტუმროში გაშიფვრის ალბათობა გაცილების მეტია, ვიდრე ჩემს ერთოთახიან ბანაში. ირას მთელი თბილისის მასშტაბით ჰყავს მსტოვრები. სხვა, ვერც შემომბედავდა ქალის გასაჟიმად გასაღების თხოვნას, მაგრამ მერაბს უარს ვერ ვეუბნები. ისიც ბოროტად სარგებლობს.

სასაფლაოს ინციდენტის შემდეგ ლადოსთან სტუმრობა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები მოსვენებას მიკარგავს და სარისკო ნაბიჯის გადასადგმელად მიბიძგებს. თანაც, არასოდეს მესიმპათიურებოდა ეს ლადო. ჩემთვის დღესაც გაუგებარია, რამ გააჩერა სოფო ამდენი წელი კაცთან, რომელიც არც გარეგნული მონაცემებით გამოირჩევა, არც იუმორით. ერთხელ სუსიკომ ანეკდოტი მოჰყვა, სიცილით დავიხოცეთ ყველანი, ლადოს კი წარბიც არ შეუხრია, მხოლოდ აღნიშნა: `რაც მეტია ანეკდოტი, მის ცუდ დღეშია ქვეყანა~. მიდი და იცხოვრე ასეთ სნობთან! სოფო კი ცხოვრობდა. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი იყო, მაგრამ ეტყობა რაღაც აკავებდა. ვითომ, სექსი? არ მგონია. თხუთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ რბილტანიანი ლადო კი არა, ბრედ პიტი მოგბეზრდება. რჩება ფული. რასაკვირველია, ფსიქოლოგის ხელფასით სოფო ვერც ბოლო მოდელის ` ბეემვე~-ს მოახტებოდა, ვერც პარიზში იშოპინგებდა. ლადო ფლობდა სამ ინტერნეტ-კაფეს და ერთ ღამის კლუბს, ასე რომ ფინანსურად არ უჭირდათ.ჱშვილი არ ჰყავდათ და ამას ორივე განიცდიდა. ერთი პერიოდი ბავშვის აყვანაც უნდოდათ, რაღა ბავშვის, 12 წლის გოგონა იყო, რომელიც სოფომ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გაიცნო და სახლში მოიყვანა. სამწუხაროდ, გოგონა ქურდი

Page 21: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

აღმოჩნდა. თუმცა, სოფო ირწმუნებოდა, კლეპტომანიო, მაგრამ ბოლოს თვითონაც ვერ გაუძლო სახლიდან ნივთების გაქრობას და მოზარდი ისევ თავშესაფარში დააბრუნა.

ზარს ვრეკავ და თვალით ბეტონის გალავანს ვზომავ. ლადოს მტაცებელი ცხოველივით მოუნიშნავს კუთვნილი ტერიტორია, თითქოს ვინმე რამეს ედავება.

კარს რუსი ვერა მიღებს, სოფოს გამზრდელი ძიძა. ის მზითევში გამოჰყვა თავის გაზრდილს `ლუდოვიკოს~ თეთრ საძინებელთან და `მეისენის~ ვარდისფერ ფაიფურთან ერთად. სოფო დიდი ხანია გამოვიდა ფაფების ასაკიდან, მაგრამ ვერას მაინც ვერ შეელია. ბავშვობიდან იყო მიჩვეული მიმსახურებას. ვერასაც მზე და მთვარე თავის `სოფოჩკაზე~ ამოსდიოდა, მეტი არც არავინ ჰყავდა. როგორც ხანს, ვერც ლადო შეელია ვერას. ამოდენა სახლს დალაგება სჭირდებოდა, დაქვრივებულ ლადოს - კარგი მზარეული.

ჩემ დანახვაზე ვერას ნიკაპი უცახცახებს და თვალები ცრემლებით ევსება. გადახვეულები ვდგავართ გამოღებულ კარიბჭესთან, ცხვირთან ვერას ჭაღარა თმის ღერი მიღიტინებს, თივასავით გამომშრალი და მაინც რაღაცნაირი მშობლიური. ბავშვობაში ვერა ნერვებს გვიშლიდა, უკვე დიდი გოგოები ვიყავით - ბიჭებს ვეპრანჭებოდით - ის კი სოფოს გაკვეთილების შემდეგ ყარაულობდა – თითქის სკოლიდან სახლამდე ვინმე მოიტაცებდა მის `კრასავიცას~. სოფო ვერას ეჯუჯღუნებოდა; ვერა – ჩვენ; ჩვენ - სოფოს. რა კარგი დრო იყო...

ვერას დიდსა და ნათელ სამზარეულოში შევყავარ. კრიალი გაუდის ქრომირებულ მაცივარს, ჩაიდანს, ბლენდერს... არც ერთი ზედმეტი ნივთი, სამარილეც კი ვიტრინაში დევს. ფანჯრიდან მიჯრით მდგარი სამი საცხოვრებელი კორპუსი მოჩანს - საშინლად აუშნოვებს მწვანეში ჩაფლული დასახლების მყუდრო პეიზაჟს.

- გშია, იაჩკა? - რუსული აქცენტიც მეკითხება ვერა.

- არა.

- შჩი მაკვს, პო დონსკი.

- პოდონკი?

- არა გოგო, დონსკი, დონი არ იცი? მდინარე.

- არ მინდა ვერა, მადლობ.

- ვაშლის პიროგი?

- არა. დაჯექი, ვილაპარაკოთ.

ვერას უბრალო, გლეხურ სახეზე ღილივით მრგვალი, ცისფერი თვალები ცახცახებს. დაბერებულ თოჯინას ჰგავს.

- რაზე ვილაპარაკოტ, იაჩკა, მორჩა ცხოვრება! აღარ არის ჩემი სოფოჩკა, ჩემი დჟეირანი გოგო. დავდივარ მარტოკა ამხელა სახლში, კედლებს ვაწკდები... ყველგან მაგისი თავი მელანდება. ბავშვის გაჩენა მაინც მოეცრო, იმას გავზრდიდი, გული გადავაკოლებდი.

- როგორ ბავშვის? რომელი ბავშვის? - ყური ვცქვიტე.

- სოფოჩკა ორსულად იყო.

- ორსულად?

- არ იცოდი?

Page 22: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

თავს ვიქნევ უარყოფის ნიშნად. თან მიკვირს, თან მიხარია, თან გული მწყდება. სოფო, რომელიც ამდენი წელი ოცნებობდა შვილზე, ფეხმძიმობის დროს გამოასალმეს სიცოცხლეს. რა უსამართლობაა?!

- მერე რატომ არ იცოდი, რატომ? - მსაყვედურობს ვერა. - სოფო ისეთი მარტოსული იყო, ისე უნდოდა გვერდით ამხანაგი. არც შენ გამოჩნდი, არც ლალიკო, სუსიკო ამერიკაში დაიკარგა.

- რატომ იყო მარტოსული, ლადო გვერდის არ ჰყავდა?

- ნუ, არ ვიცი. კავდა ვითომ? - ოხრავს ვერა.

- რას გულისხმობ, ვერა?

გაირკვა, რომ ვიდრე ფეხმძიმობის ამბავს შეიტყობდა, სოფო დეპრესიაში იყო. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში და ძიძასაც კი არ უშვებდა. ვერა ეხვეწებოდა - კარი გამიღე, ოთახს მაინც გავანიავებო, მაგრამ გაზრდილი უხეშად იშორებდა თავიდან. იყო მომენტები, როცა ხასიათი ეცვლებოდა, აჟიტირებული გამოვარდებოდა ოთახიდან, მოიკაზმებოდა და სადღაც გარბოდა. ვერა კი სარგებლობდა შემთხვევით და მისი ოთახის დალაგებას იწყებდა. დასალაგებელი ბევრი იყო - აშლილი ლოგინი, უსაგნოდ მიმობნეული ტანსაცმელი, ჟურნალები, წიგნები, სიგარეტის ნამწვით გადავსებული საფერფლეები...

ერთხელაც სოფო კარგ ხასიათზე მოვიდა, ლამის კოცნით დაახრჩო ვერა. თურმე ორსულად დარჩა. გაიხარა ლადომაც, ვერას განსაკუთრებული კერძის მომზადება უბრძანა, შამპანიური გახსნა. სოფომ იმ დღესვე დაანება თავი სიგარეტის მოწევას, რეჟიმში ჩადგა, ვიტამინების მიღება დაიწყო...

ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთხელაც ცოლ-ქმარის საძინებლიდან ჩხუბის ხმა გამოვიდა. საერთოდ, ლადო შორს იყო ქუჩური ლექსიკისგან, არ უყვარდა ბილწსიტყვაობა, იმ საღამოს კი ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებოდა, ვერას ყურები დაუხუჭუჭდა. ღამით ლადომ ლოგინი თავის კაბინეტში გაიშალა. სოფოს საძინებლიდან კი თამბაქოს კვამლი გამოვიდა.

- რატომ იჩხუბეს? - დაინტრიგებული ვეკითხები ვერას.

- არ ვიცი.

- ვერა, გამიგე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის.

- მართლა არ ვიცი, იაჩკა, დიდი ამბავი ცოლი და კმარი თუ იხჩუბა! – ხელები აასავსავა ვერამ.

- ლადო მალე მოვა სამსახურიდან?

- არც წასულა და რანაირად მოვიდოდა?!

- სახლშია? - ჭერზე ვანიშნებ, იქ, სადაც საძინებლები მეგულება.

- არა, ბუნკერში. დილაუთენია გავიდა და ჯერაც არ მოსულა. გაცივდა მთელი სადილი. ტუალეტში მაინც არ უნდა?

- რა ბუნკერში, ვერა, სად არის ბუნკერი?

- კვევით, პადვალში. უცინ სადაც მარანი იკო. მთელი წელი თხრიდა მიწა.

ბუნკერმა ჰიტლერი და ჩვენი უახლესი ისტორია გამახსენა. გასაგებია, რომ სახელმწიფო მეთაურები ფორსმაჟორულ სიტუაციაში ბუნკერს აფარებენ თავს, მაგრამ

Page 23: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

საცხოვრებელ სახლში ვინმე პირად ბუნკერს აშენებდეს, პირველად მესმის. და ამის შემდეგ ლადო ქაჯს მე მეძახის!

- რა ჯანდაბად უნდა ბუნკერი?

- ვინიცობაა ომი დაიწყოს, თავი უნდა შევაფაროთო.

- მაშაყირებ, ვერა?

- საშაკიროდ არის ჩემი საკმე? - ვერას ხმაში წყენა დაეტყო.

არა, არ ხუმრობს. ლადოსი არ იყო, მაინცდამაინც არც ვერას აწუხებს იუმორის გრძნობა. ჩემი დაკვირვებით, მეტისმეტად მობილიზებული, პედანტიზმისკენ მიდრეკილი ადამიანები ქრონიკულ დაძაბულობაში იმყოფებიან, რაც ხელს უშლით მსუბუქად შეხედონ მოვლენებს, მოეშვან და გახალისდნენ. გგასაგებია, რომ დღეს არავინაა ხალისობის ხასიათზე, მაგრამ ვერა ყოველთვისაც ასეთი იყო – დადარაჯებული და უარყოფითზე ორიენტირებული. პრინციპში, აუხდა.

- კარგი, მაშინ მითხარი, რას აკეთებს ლადო ბუნკერში, ჯერჯერობით ომის საფრთხეს ვერ ვხედავ.

- ვერ გეტკვი, მე იკ არასდროს ვკოფილვარ, გასაღებით კეტავს ხოლმე, მარტო სოფოჩკას უშვებდა, ისიც, კოველთვის არა, როცა ხოში კონდა, მაშინ. სოფოჩკამ თკვა, ლადომ იქ ფოტოატელიე მოაწკო და სურათები ამჟღავნებსო.

ლადოს ფოტოგრაფიით გატაცება რაღაც ახალია, არასოდეს მომისმენია მისი მოსაზრება რაიმე კომპოზიციაზე - არც ცუდზე, არც კარგზე. დავიჯერო, ბუნკერის კედლებს აღბეჭდავს ფოტოფირზე ეს მგლოვიარე კაცი? აქ რაღაც სხვა ამბავია.

- ხშირად ჩადის ხოლმე?

- ახლა უფრო ხშირად, ვიდრე ადრე. უხასიათოდაა საწკალი, დანახვა არავისი უნდა. აი, გასკდა რეკვით მობილური, ეგ კი ჯერაც არ გამოჩენილა. ვინ იცის, სამსახურიდან ურეკავენ. – ვერა კარადის თაროზე შემოდებულ მობილურზე მანიშნებს. მობილური ვიბრირებს, პატრონს უხმობს.

- წყალს დავლევ. - ვამბობ ხმამაღლა და ვიდრე ვერა ადგომას დამასწრებს, ორ ნახტომში ვჩნდები ონკანთან, იმ იმედით, რომ მობილურზე დაფიქსირებულ ნომერს დავინახავ.

მერეც იტყვიან, ქალური ინტუიაცია არ არსებობსო! განათებულ ეკრანზე მკაფიოდ იწერება ნაცნობი სახელი - ირა. ასეც ვიცოდი, რომ შემთხვევით არ გადაყრიან ერთმანეთს სასაფლაოზე.

წყლის სავსე ჭიქას მაგიდაზე ვდებ და ვერას თვალებში ვუყურებ:

- ვერა, გინდა გაიგო ვინ მოკლა სოფო?

- დურაცკი ვაპროს. - ამბობს ვერა, რაშიც სრულიად ვეთანხმები.

- მისმენე, ვერა, მე აქ თქვენს მოსაკითხად არ მოვსულვარ, მკვლელის ვინაობის დადგენა მსურს. მაინტერესებს, ვინ მოკლა ჩემი მეგობრები.

- მე რომ არ ვიცი, ვინ მოკლა?! - თავს იმართლებს მიამიტი ვერა.

- გასაგებია, რომ არ იცი, მაგრამ რომ გავიგოთ, უნდა დამეხმარო.

- როგორ?

Page 24: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

უკანა ფლანგს ვამოწმებ, ყოჩაღი პარტიზანივით და ტუჩები ვერას ყურთან მიმაქვს:

- ბუნკერის გასაღები უნდა დაითრიო.

- მოვიპარო? შენ ანამიოკებ, რომ მე ლადოს გასაღები მოვპარო? – ვერა ხშირ-ხშირად ახამხამებს ღილივით თვალებს.

- კი არ ვანამიოკებ, პირდაპირ გეუბნები.

- არა, როგორ შეიძლება, ქურდი კი არა ვარ?

- და თუ ლადომ მოკლა სოფო?

- რას ამბობ, გოგო, ლადო როგორ მოკლავდა, გიჟდებოდა ცოლზე.

- თუ გიჟდებოდა, ცალკე რატომ იწვა, კაბინეტში?

- დიდი ამბავი! ცოლ-ქმარის ჩხუბი სულელი მართალი ეგონაო.

- ვერა, მე მეგონა, შენ გიყვარდა სოფო... - ახლა სხვა კუთხით ვცადე მიდგომა.

- გაიგე, ლადო გასაღები ჯიბით ატარებს, სხვის ჯიბეში ხელი როგორ ჩავყო?

- სოფოს სულის დასამშვიდებლად უნდა ჩაყო კიდეც და გასაღებიც თან ამოიყოლო. მე არ ვამტკიცებ, რომ ლადო დამნაშავეა, მაგრამ თუ მისი ხელი ურევია სოფოს მკვლელობაში, შენ ვინ გამოდიხარ?

- მე წესიერი კალი ვარ, ცხოვრებაში სხვისი კაპიკი არ ამიღია.

- არც მე ვარ უწესო ადამიანი, ჩემთვის კი არ მინდა ის გასაღები, საქმეს ჭირდება, საქმეს!

- ბოჟე მოი, ბოჟე მოი, არ ვიცი, ვერ დაგპირდები. - გატყდა ვერა, - ნა ვსიაკი სლუჩაი დამიტოვე შენი ტელეფორნი.

- მალადეც, ვერა, შენი იმედი მაქვს. ხმა, კრინტი არსად დაძრა. სულ ნუ ეტყვი ლადოს ჩემი ვიზიტის შესახებ.

ფურცელზე ჩემი მობილურის ნომერს ვწერ და ვერას წინსაფრის ჯიბეში ვუდებ. უცერემონიოდ ვიღებ ლადოს მობილურს, ვამოწმებ გასულ და შემოსულ ზარებს, საეჭვო ნომრები ჩემს მობილურში გადამაქვს და გამამხნევებლად ვუღიმი ვერას. ის არ მპასუხობს, ისეთი სახე აქვს, თითქოს ეს-ესაა კანონი დაარღია და ახლა პასუხი უნდა აგოს.

- - -

ბოლო `გაჩერება~ ჩემი დის სახლია. მშია. იმედია ლელა დამაპურებს. იმას ოღონდ ვინმე დააპურებინე, ყველა საქმეს გვერდზე გადადებს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და უფრო დაწვრილებით მოგიყვებით ჩემი ოჯახის შესახებ.

დედაჩემს, ისტორიის პროფესორს მარიკა ქორიძეს, შეიძლება ითქვას, შვილებში არ გაუმართლა. ჩვენგან არათუ პროფესორები, მეცნიერებათა კანდიდატებიც ვერ გამოდნა. განსაკუთრებით ლელას იმედი ჰქონდა, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ინსტიტუტში მოეწყო და... და პირველივე კურსზე გათხოვდა. `არა უშავს,~ თავს იმშვიდებდა დედა, `ყოჩაღი ქალები შვილების გაჩენასაც ახერხებენ და სწავლის გაგრძელებასაც. მთავარია, მონდომება~. ლელამაც მოინდომა... მაგრამ სულ სხვა

Page 25: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

კუთხით. ინსტიტუტი დაამთავრა, ზრდილობის გულისთვის დიპლომიც აიღო და... და სახლში ჩაჯდა, კრუხივით. ჲუნდა ავღნიშნო, ბედნიერი კრუხივით, რადგან მშვენივრად გრძნობდა თავს დიასახლისის ამპლუაში, ბავშვებს ზრდიდა, ქმარს ცხელ კერძს ახვედრებდა და საერთოდ, სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდა საკუთარ თავთან.

გულგატეხილი დედა ჩემზე გადმოერთო. როგორც უკვე მოგახსენეთ, პროექტი `პრიმა ბალერინა~ ჩაუვარდა. დარჩა სწავლა. დედა, რომელსაც სასტიკად ეზარებოდა მშობელთა კრებებზე სიარული, მოულოდნელად სკოლაში დამეხატა. ჩამოუარა მასწავლებელებს და მოსმენილით აღშფოთებულმა სახლში შავი დღე მაყარა. ისტორიის სამიანი ხომ საერთოდ, პირად შეურაცხყოფად აღიქვა. მართლაც, მყავდა ისტორიაში სრულიად დაუმსახურებელი სამიანი - გაკვეთილზე დაგვიანების გამო დავისაჯე. მაგრამ დედას გაკვეთილებზე დაგვიანების მიზეზს ვერ ვეტყოდი, თორემ დაიწყებდა გამოძიებას - სად ვიყავი, ვისთან... და მეც იძულებული ვიქნებოდი იმის სახელი გამემხილა, ვისი ხსენებაც დედაჩემის ორგანიზმში წნევის ცვალებადობას იწვევდა.

ჩემს პირველ ქმარზე მოგახსენებთ. ცხადია, მაშინ ქმარი არ იყო, მაგრამ სკოლის დამთავრებისთანავე `გავაბედნიერე~ საწყალი დედაჩემი. უკვე გითხარით, რით დამთავრდა ჩემი პირველი ცეცხლოვანი რომანი. მაგრამ როდესაც ჩემმა მეორე რომანმაც ფიასკო განიცადა, დედამ გადაწყვიტა საცხოვრებლად ცალკე გავეშვი და გინდ მესამე წრეზე წავსულიყავი, გინდ მეოთხეზე. მოკლედ, ხელები დაიბანა... და ჩვენი დიდი, ლამაზი ბინა გასაყიდად გაიმეტა. (მამა აღარ იყო ცოცხალი, თორემ არ დაანებებდა) აღებული ფული სამად გადანაწილდა - ჩემზე, დედაჩემზე და ლელაზე. მე ვიყიდე ერთოთახიანი ბინა საბურთალოზე, დედამ - ვაკეში, იმავე სახლში, სადაც ადრე ვცხოვრობდით, ჩემმა დამ კი თავისი წილი აგარაკში ჩადო.

ვიდრე ვაკის სახლში რემონტი მიმდინარეობდა, დედა მოსკოვში გათხოვილ დას სტუმრობდა. თან ნერვებს იწყნარებდა, თან თავის სნობურ ჭიას იხარებდა, რადგან დეიდაჩემი, ეთერ ქორიძე, რუსი დიპლომატის ცოლი გახლდათ და თავისთავად ცხადია, შესაფერის საზოგადოებაში ტრიალებდა. რემონტი გაჭიანურდა, დედა დროებით მოსკოვში დარჩა. ეს `დროებით~ უკვე ხუთი წელი გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება. წელიწადში ერთხელ დედა ჩამოდის, საჩუქრებით გვავსებს, დირექტივებს გვიტოვებს და ისევ მოსკოვს მიემგზავრება.

ახლა ლელას შვილებზეც გეტყვით ორ სიტყვას და ბარემ მოვრჩები სანათესაოს გაჭორვას. ლლელას ორი შვილი ჰყავს - 17 წლის ანანო და 14 წლის მიკა. ანანო წელს აბარებს სამხატვრო აკადემიაში. ყველა ღელავს, ჩემი და მიკას გარდა. მე არ ვღელავ, ისედაც ვიცი, ანანო ვერსად გაექცევა სტუდენტობას, წელს თუ არა, გაისად ჩააბარებს, ბიჭი ხომ არაა, ჯარში წაიყვანონ! აი, მიკას, არც ჯარი ადარდებს, არც ანანოს უმაღლესი, არც თავისი საშემოდგომო გამოცდა. მიკას უყვარს მძიმე როკი და კომპიუტერული თამაშები. დარჩა სიძე - ბატონი ზურაბი, კაცი ნიჭიერი, მშრომელი, უთქმელი. ერთი სიტყვით, დადებითი.

კარს ლელა მიღებს. აშკარად ვერ არის ხასიათზე, თუმცა ღიმილის გამოდნობას ცდილობს. ერთად შევდივართ სამზარეულოში. ლელა გამეტებით აცლის კანს მოხარშულ კარტოფილს.

- რა მოხდა? - ვეკითხები.

- მიკა ჩამოვიდა სოფლიდან.

- მერე?

- დაუკითხავად ჩამოვიდა, ჩაჯდა მარშრუტკაში და ამ დილით გამომეცხადა - მომბეზრდაო. წარმოგიდგენია?

Page 26: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- კი. - ვუდასტურებ.

- მერე?

- რა მერე, მობეზრდა ადამიანს...

- შენთან ხომ ლაპარაკი არ შეიძლება, - მაწყვეტინებს ლელა, - აბაიბურებ ყველაფერს... რა უნდა 14 წლის ლაწირაკს ამ გაგანია არდადეგების დროს თბილისში? სამასი ლარის მარტო პროდუქტი ვიყიდე, ჩავთრაქე ამ სიცხეში, მგონია შვილი სუფთა ჰაერზე გავუშვი, ეს კი ორ დღეში დამეხატა.

- სამას ლარს მისტირი თუ მიკას უსაქციელობას?

- ორივეს. ის მაინც ვიცოდე, რა დარჩენია ამ სიცხეში?

- კომპიუტერი.

- საქმეც მაგაშია! – ლელას მტაცებლური გამომეტყველება უხდება, რაც სულაც არ შვენის მის სათნო სახეს. - ერთხელაც მივეპარები იმ კომპიუტერს და ჩაქუჩით დავლეწავ.

- მამამისი კი ახალს უყიდის.

- ვიცი, და იმიტომაც ვზივარ ნერვებზე. მამამისი რომ თავის ადგილზე იყოს, მიკა ამდენს ვერ გაბედავდა.

- რა გაგიბედა ასეთი?

ლელას ცხვირის წვერი უწითლდება, დანიანი ხელი თვალებთან მიაქვს და მზერას მარიდებს. უსიტყვოდ ვდგები და დამნაშავის დასატუქსად მივდივარ.

მიკა თავის ოთახში, კომპიუტერს უზის და პიანისტის მონდომებით ათამაშებს თითებს კლავიშებზე. ეკრანზე ჩაჩქანიანი მონსტრები დაფრინავენ. მიკამ ერთი კი შემომხედა, მაგრამ თამაშის შეწყვეტა არც უფიქრია. თავხედი! დეიდა ვარ თუ ჯოხი?!

- არ გრცხვენია? – ხმას ვიმკაცრებ.

- მაცალე, იაკო, აი, ამ ჯიგარს მოვკლავ და მერე მეჩხუბე.

- რა იცი, რომ საჩხუბრად მოვედი?

- ვიცი, ვიცი... ხმაზე გატყობ, დაგქოქა დედაჩემმა. აუხ... გამექცა, ამისი! მაიცა, დავეწევი და... დავბრიდავ. აი, მოვკალი. - მიკა ოდნავ აბრუნებს თავს.

ვარცხნილობა მეომარ მამალს მიუგავს, ხმა - გაციებულ ყვინჩილას, საულვაშე - სააღდგომო ჯეჯილს. ისეთი სასაცილოა, ძლივს ვიკავებ ღიმილს.

- მიდი, დაიწყე, იაკო!

- რა დავიწყო?

- ჭკუის დარიგება.

- რატომ აბრაზებ დედაშენს?

- აუუ, ნუ ერევა ჩემს ცხოვრებაში და არ გავაბრაზებ.

- მიკაა...

- ჰო, ჰო, კაი, უთხარი მეტს აღარ ვიზამ.

- წახვალ სოფელში? – იმედმოცემული ვეკითხები.

Page 27: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- არა, აღარ ვეუზრდელები.

- ეუზრდელე? - ახლაღა ვხვდები ლელას გულისტკივილის ნამდვილ მიზეზს. - რა უთხარი ასეთი?

- თორე არ იცი?

- არ ვიცი.

- მაშინ მეც არ გეტყვი.

`კარგად შეინახეთ~ - განაწყენებული ვტოვებ მიკას ოთახს. კარი არ მაქვს მიხურული, რომ უკვე კლავიატურის კაკუნი მესმის. შეაყარე კედელს ცერცვი! მაინც რა ეუზრდელა? მინიმუმ - `ნუ გამიხურე.~ მაქსიმუმ - იგივე ვარიანტი `ხურეს~ ნაცვლად, ტრაკით.მმოსაკლავია!

სამზარეულოში სეზანის შესაშური ნატურმორტი დამხვდა - ჩხირებად დაჭრილი წითელი და მწვანე წიწაკა, მოხარშული კარტოფილები და მწვანე ხახვი.

- რას აკეთებ, ლელ?

- ტორტილას.

- ტორტილა, კუ გამიგია. `ბურატინოდან.~

- ახლა კერძი გეცოდინება. - ლელამ თასში კვერცხებს ხლის და ისეთი გაშმაგებით თქვეფს, თითქოს მიკას კომპიუტერს უხათქუნებს.

ერთ პატარა კარტოფილს ვუმიზნებ და სულმოუთქმელად მიმაქვს პირში. არ ველოდი სასას თუ დამიფუფქავდა, პირს ვაბჩენ, ჰაერს ვაქშიტინებ, თვალებიდან სიმწრის ცრემლი მცვივა.

- მეტის ღირსი ხარ! - მკიცხავს ლელა და პირში წკვნიტ მარილს მაყრის.

- ააღგბდ...

- მიკაზე უარესი ხარ.

- აააღჰ...

- აფხაზური არ ვიცი. - ლელა თითებს წინსაფარზე იწმენდს და აყურადებს.

ჩემს ხელჩანთაში მობილური რეკავს.

- ავიღო? - ჩანთაზე მანიშნებს.

თავს ვუქნევ. ლელას ჩემი ჩანთიდან საზეიმოდ განათებული მობილური ამოაქვს და ყურთან მიაქვს.

- გისმენთ. არა, იამზე არ ვარ, მისი და გახლავარ... ერთი წუთით. გარიკა ვინ არის? - მეკითხება გაკვირვებული.

არ ვიცი, ვინ არის გარიკა, მაგრამ რადგან მირეკავს და იამზეს კითხულობს, გამოდის, ნაცნობია. ინდაურივით ვყლაპავ კარტოფილს და ლელას მობილურს ვართმევ.

- დიახ.

- ია-ჯან, გარიკა ვარ, შენი მეზობელი...

უი, გარიკა! გარიკას როგორ არ ვიცნობ, ჩემს გვერდით, ოროთახიანში ცხოვრობს.

- ხო, გარიკ, გისმენ!

Page 28: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

მოსმენილმა გამაოგნა. ჩამწვარი ხორხიც მავიწყდება, ტორტილაც და ზედ დაყოლებული ბურატინოც. თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ გასასვლელიკენ.

- რა მოხდა? კიდევ რამე მოხდა? - სათქვეფით ხელში მომდევს ლელა.

- სახლის კარი დამრჩენია ღია. - ვუხსნი გზადაგზა.

- ხომ გითხარი, მიკაზე უარესი ხარ! თავი რომ გძვრებოდეს, სადმე დატოვებდი...

სიამოვნებით დავტოვებდი შენთან, ჩემო დაიკო, დააპურებდი მაინც, ვპასუხობ გულში და კიბეზე ვეშვები.

- - -

ბინაში შესვლისთანავე ვხვდები - ღიად დარჩენილი კარი მითია, ელემენტალური თავის მოტყუება. ჩემი სახლი გატეხეს! ქვეცნობიერად ყოველთვისაც ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც მომადგებოდნენ. წკრიალას და ლალიკოს თუ ესტუმრენ, ჩემთან რა დაუშლიდათ?! ჱყირაზე დამდგარი სახლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად მე დავზარალდი. ტანსაცმლის კარადებში ძრომიალი არ იკმარეს, მთელი პროდუქტები გადმომიქოთეს. სამზარეულოს მეტლახზე თოვლივით ბრწყინავს შაქრის ფხვნილის მოზრდილი ბორცვი, გვერდით - ბრინჯისა და ფქვილის შედარებით მომცრო გორაკები. საყოფაცხოვრებო ექსპოზიციას აგვირგვინებს მაგიდის ზედაპირზე ამოჩორკნილი ტექსტი: `საღამო მშვიდობისა, ბზიკო!~ ძახილის ნიშანზე ჩემი კუთვნილი პურის საჭრელი დანა არჭვია.

- ვაიმე, ია-ჯან, გაგქურდეს, ხო იცი! - თავში ხელს იშენს ემოციური გარიკა.

ორაზოვნად ვუქნევ თავს. ან გამქურდეს, ან არა. ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიურ ტერორს ჰგავს. ის მაინც ვიცოდე, ვის-რა დავუშავე!

- პოლიციაში უნდა დარეკო, ია-ჯან, ვინემ კვალი გაციებულა, მოვიდნენ, ნახონ...

ადგილიდან მოუცვლელად ვურეკავ მაიორ ოქრუაშვილს.

რამდენიმე წუთში ჩემი სახლი ექსპერტ კრიმინალისტებით გაივსო. მაიორმა ოქრუაშვილმა პირველ რიგში მეზობლები დაიფრინა გარიკას მეთაურობით და ექსპრომტად დაკითხვა მომიწყო.

- რატომ არაფერი მითხარით სასაფლაოზე მომხდარი თავდასხმის შესახებ? – მისაყვედურა მაშინვე.

- არ ყოფილა თავდასხმა. მე ემოციური ადამიანი ვარ, შეიძლება მომეჩვენა.

მიყურებს, თითქოს შუბლზე მაწერია ემოციის ხარისხი:

- მაინც უნდა დაგერეკათ.

- აი, დაგირეკეთ.

- პოსტ ფაქტუმ, კი. წაღებულია რამე?

გაფაციცებული მზერა ოთახზე გადამაქვს. მიდი და გაარჩიე ამ დომხალში რა არის წაღებული? ჩინურ ლარნაკში 500 დოლარი მეგულება, აგვისტოს ბოლოს ბათუმში ვაპირებდი განავარდებას. ზღვაზე წასვლა ისედაც ჩაიშალა, მაგრამ ფულის დაკარგვა მაინც მეწყინება.

Page 29: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

სერგოს თანდასწრებით ვამოწმებ. ფული ადგილზე მხვდება.

- კი მაგრამ, რას ეძებდნენ? - უკვირს მაიორს და ისევ შუბლის არეში მომჩერებია.

მხრებს ვიჩეჩავ და ჩინურ ლარნაკს წიგნს ვაფარებ – ვინმეს თვალში არ მოხვდეს და სულმა არ წაძლიოს.

- რა არის ისეთი, რაც შეიძლება ინახებოდეს თქვენთან, წკრიალაშვილთან ან ბუაძესთან? აბა, დაფიქრდით.

ვფიქრობ და ისევ ვიჩეჩავ მხრებს. ეგ რომ ვიცოდე, კი არ გამოვუძახებდი?!

შაქრის ფხვნილით გაწეპილ სამზარეულოში შევდივართ. ექსპერტებმა უკვე მოასწრეს დანის ამოძრობა და სათუთად შენახვა.

- `ბზიკი,~ სავარაუდოდ, თქვენ ხართ. – სერგო ცალყბა ღიმილით მანიშნებს მაგიდაზე ამოჩორკნილ გზავნილზე.

- ბზიკი ვარ თუ ფუტკარი, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. აი, საფრთხე რომ მემუქრება, დანამდვილებით ვიცი. წუხელ ინკოგნიტო ნომრიდან `ღამე მშვიდობისა~ მისურვეს, დღეს - `საღამო მშვიდობისა.~ დილით შეიძლება ყელი გამომჭრან.

- მაინც, ვინ გეძახით `ბზიკოს~, ბავშვობის მეგობრები, სტუდენტობის, თუ...

- სუსიკო. ზოგჯერ სხვებიც.

- მწარე ენის გამო?

- არა, სახელის გამო. იკო-ბზიკო. რატომ გეღიმებათ, მაიორო, არასოდეს გქონიათ მეტსახელი?

- კი, სკოლაში ოქროს მეძახდნენ. - იბღინძება მაიორი.

- რას ვიზამთ, ზოგს ბზიკს ეძახიან, ზოგს ოქროს, ზოგსაც...

არ დამცალდა წაკბენა, მაიორ ოქრუაშვილს მობილური ურეკავს. მე არ ვიცი, იქიდან რა უთხრეს, მაგრამ დაქაჩული წარბების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ - ცუდი ამბავი.

- არსად გაუშვათ. გამოვდივარ! - მობილურს ინახავს და კრიმინალისტებს მიმართავს: თუ მორჩით, დავახვიეთ, ბიჭებო, თავდასხმაა სასაფლაოზე.

- რომელ სასაფლაოზე? ვისზე? - მექანიკურად ვებღაუჭები მაიორის მსხვილ მაჯას.

- სუსიკო რატიანის დედაზე.

ღმერთო ჩემო, მეტის მოსმენა არ შემიძლია! მზად ვარ აქვე ჩავიკეცო, მაგრამ სამზარეულოიი თავისუფალი ადგილი არაა, ყველგან ბურღულეული ყრია.

- ნუ ღელავთ, იათამზე, სუსიკოს დედას არაფერი დაშავებია. ცოცხალია და სამმართველოში მელოდება.

მაიორი გამამხნევებლად მიცაცუნებს ხელზე თავის უზარმაზარ ტორს და თვალისდახამხამებაში ქრება.

მე სამზარეულოში ვრჩები. ვცდილობ დავამარცხო ფეხებში აღმოცენებული შიში, რომელმაც იატაკზე მიმაწეპა და ნაბიჯს არ მადგმევინებს. რომ არა მტრედი, ალბათ დიდხანს ვიდგებოდი ჩაბეტონებულივით. მტრედი ფანჯრის რაფაზე ზის და გვერდულად მიყურებს თავისი აგურისფერი თვალებით. იქნებ მტრედში სუსიკოს სული განსხეულდა და სწორედ ჩემს გასამხნევებლად მოფრინდა?

Page 30: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ნაბიჯს ვდგამ. მტრედი ფრთხება, უკან იხევს და მიფრინავს. ოღონდ ზევით არა, ქვევით.

დალაგებას სამზარეულოდან ვიწყებ. მეტლახზე მიმოფანტულ ბურღულეულს ნაგავში ვყრი. შაქარი მენანება ძალიან. ვიღაცამ გამაბრიყვა – გაძვირდებაო და ლამის ნახევარი ტომარა მოვათრიე ბაზრობიდან. ჵპლიუს ტაქსის ფული. ყოველმხრივ ზარალში ვარ – მატერიალურად, სულიერად...

მთელ ამ დავიდარაბას ერთი პლიუსი აღმოაჩნდა - ვიპოვე უამრავი უსარგებლო ნივთი, რომლებიც ჯერ კიდევ დედისეული სახლიდან გამომყვა და რომელთა არსებობა იმ უბრალო მიზეზით დამავიწყდა, რომ კარადის მიუვალ თაროზე იყო შემოდებული. ვინმემ ამიხსნას, რაში მჭირდება ორი ფილთაქვა, როცა ერთსაც არ ვხმარობ?! ანდა, მექანიკური ყავის საფქვავი, გულივერის შესაფერისი ლუდის კათხა...

უკვე გვარიანად ჩამოღამდა, როდესაც ნაგვით გატენილ პარკებს პირი მჭიდროდ მოვუკარი და სამზარეულოდან მისაღებ ოთახში გავათრიე. ამ გაწამაწიაში ვიყავი, რომ კარზე ზარი გაისმა. ფეხშიშველა, შაქრისგან გაწეპილი ტერფებით მივტანტალდი კართან და `გლაზოკი~ გავიჭყიტე.

ვაიმე! ზღურბლზე დათა მეტრეველი დგას, ჩემი მხსნელი, ჩემი ავგუსტუსი...

კარს ვაღებ და მერეღა ვიაზრებ, რომ პრაქტიკულად შიშველი ვარ, თუ არ ჩავსვლით წვრილბრეტელა მინი მაისურს.

- აი, ფეხსაცმელი მოგიტანეთ. - დათა გამჭვირვალე პარკს მაწვდის, სადაც გდია ჩემი დაკარგული ფეხსაცმლის ტყუპისცალი.

ჩალისძირიანი `ბალეტკა~ ბროლის ქოში არ არის, მეც დიდი ხანია გამოვედი კონკიას ასაკიდან, მაგრამ ეს ყველაფერი ისე ჰგავს ზღაპარს... ვითომ, რითი არის მეტრეველის კაცი პრინცზე ნაკლები? პრინცი კი არა, ნამდვილი იმპერატორია, თუმცა გახუნებულ ჯინსებსა და მაისურში მსახიობ გურამ ფირცხალავას მაგონებს.

- უკაცრავად, ერთი წუთით... – კარს ღიად ვტოვებ და ოთახში შევრბივარ.

მოკაზმვის დრო არ არის. თვალში მხვდება ჭრელი ზეწარი – ქურდების მიერ კარადიდან გამოღებული და საწოლზე უსაგნოდ დაგდებული. ინდური სარის მსგავსად ვიხვევ სხეულის გარშემო და დათას ვეპატიჟები.

- სახლს ალაგებთ? – გაკვირვებული მიკითხება. ვინ იცის, თავგადაკლული დიასახლისი ვგონივარ, ღამითაც რომ ბდღვნიან ყველაფერს, ისეთი.

- სამწუხაროდ, სხვის არეულს ვალაგებ. - ამოვიოხრე მწარედ, იმ იმედით, რომ ის დაინტერსდება `სხვისი~ ვინაობით და მეც საშუალებას მომცემს თავი შევაცოდო.

შენც არ მომიკვდე! ხმას არ იღებს. გულისყურით უყურებს კედლის გასწვრივ მიჯრით დალაგებულ ნაგვის პარკებს.

- ეს რა არის? - მეკითხება უცებ და პარკებთან მიმობნეულ შაქრის ფხვნილზე მანიშნებს.

ვხვდები მისი აზრების მიმართულებას.

- კოკაინი. - ვუცხადებ ცალყბა ღიმილითა და თვალების ტრიალით.

დათა ერთ-ერთ პარკთან იცუცქება და არც მეტი, არც ნაკლები, საჩვენებელ თითს იატაკზე უსმევს. ამოწმებს.

- ეს არ არის კოკაინი. - ამბობს სერიოზულად.

Page 31: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- რას ბრძანებთ, მე მითხრეს სუფთა კოკაინიაო, პირდაპირ ავღანეთის მდელოებიდან.

- შაქარია? - იუმორს ჩაწვდა დათა და ჩემთან ერთად იცინის.

ეჰ, არ გამოვიდა თავის შეცოდება. სამაგიეროდ, ხალისიანად მოვუყევი ჩემს თავს დატეხილი უბედურების შესახებ. ისე შევედი ეშხში, ვერც ვიგრძენი, როგორ მომიბოშდა ტანზე შემოხვეული სარის კვანძი. სულ ცოტაც და შიშველ ვენერად წარვდგები მისი უდიდებულესობის წინაშე. კვანძი გავამაგრე და რეაქციის მოლოდინში დავდუმდი.

- მე ვიცი, რასაც ეძებდნენ. – დაბეჯითებით ამბობს ამბობს დათა.

- რას?

- დიქტოფონს.

- რომელ დიქტოფონს?

- ალბათ ჩვეულებრივ დიქტოფონს, სადაც ჩაწერილია არაჩვეულებრივი ინფორმაცია.

დაეჭვეუბული შევცქერი. ეს კაცი ან ჯადოქარია, ან მოგზავნილი. ან ორივე ერთად.

ამჯერად დათა იწყებს მოყოლას...

თურმე, რამდენიმე საათის წინ დათა სასაფლაოზე მივიდა, ნაწილობრივ ცოლის საფლავის მოსანახულებლად, ნაწილობრივ ჩემი ფეხსაცმელის საპოვნელად (მე მაინც მეორე ვარიანტი მგონია, ყოველ ცისმარე დღეს რომელი ქვრივი დარბის ცოლს საფლავზე, მითუმეტეს, წლების შემდეგ). ფეხსაცმელს მარმარილოს სტელასთან მიაგნო, იასამნის ბუჩქში, სულ რამდენიმე ნაბიჯში სუსიკოს საფლავიდან. შეკივლების ხმამ ადგილზე გააშეშა. ხმა რატიანების საფლავზე მყოფ შაოსან ქალს ეკუთვნოდა. კივილის მიზეზი – თავზე დამდგარი ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც მოკვლით ემუქრებოდა, თუკი ქალი არ ეტყოდა დიქტოფონს ადგილსამყოფელს. დათამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა რომ გულადი პოლიციელი განესახიერებინა: `ხელები მაღლა, პოლიცია! ბიჭებო, მარჯვნიდან მოუარეთ!~ მოუხმო არარსებულ `ბიჭებს~ და პირველყოფილი ყიჟინით გამოვარდა ბუჩქებიდან. შეშინებულმა თავდამსხმელმა უკანმოუხედავად მოკურცხლა ხევის მიმართულებით, `სდექ, გესვრი!~ დაადევნა არანაკლებ შეშინებულმა დათამ და ჩემი ფეხსაცმელი მოუღერა, მერე კი შეღონებულ ქალბატონს მიუბრუნდა. ქალბატონი აღმოჩნდა სუსიკოს დედა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონია დიქტოფონზე, თუმცა თავდამსხმელი უმტკიცებდა, რომ დიქტოფონი მის გარდაცვლილ ქალიშვილს სოფო კანკავამ მიაბარა. დათამ პოლიციას გამოუძახა და შვილმკვდარი დედა მათ გადააბარა.

- დიქტოფონი... - ვმსჯელობ ხმამაღლა, - რა უნდა ეწეროს იმ დიქტოფონში? კომპრომატი? ვისზე? როგორ გამოიყურებოდა თავდამსხმელი? - მივაყარე დასას.

- საშუალო სიმაღლის, შავებში...

- მოკლე ხელებით?

- ამდენი არ ვიცი. პათოლოგია არ შემინშნავს.

- კარგი. განიერი სახე სუფთად გაპარსული ლოყებით...

- აკი ნიღაბი ეკეთა? – მაწყვეტინებს დათა.

- მაინც ის იყო.

Page 32: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- ვინ?

- სოფოს ქმარი, ლადო.

- რომელსაც ბუნკერი აქვს?

- ხო.

- და რომლის მობილურიდან საეჭვო ნომრები ამოიწერეთ?

- ჰო. - ვუდასტურებ.

- საეჭვო ნომერს ეწერა - საეჭვო ვარო, თუ როგორ მოახდინეთ გრადაცია.

- საეჭვოდ ჩავთვალე ნომერი, რომელიც ყველაზე დიდი სიხშირით ფიქსირდებოდა ლადოს მობილურზე.

- ლოგიკურია.

- ყოველივეს თუ ჩემი ინკოგნიტო აბონენტის მესიჯებს დავუმატებთ, ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ამ ადამიანმა იცის ჩემი წარსული.

- ნომრები შეამოწმეთ?

- როდის უნდა შემემოწმებინა, სახლში ასეთი ამბავი დამხვდა. ნომრების შემოწმება კი არა, წყლის გადავლება ვერ მოვასწარი. - მორიდებულად ვამოძრავებ შიშველ ტერფებს. რას იტყვის ეს კაცი, ჯერ იყო და, სასაფლაოზე მაყურებინა თავისი მიწიანი ფეხიო, სახლში მოვაკითხე და აქაც ჭუჭყიანი დამხვდაო.

- მერე რა გიშლით, გადაივლეს. მე იქამდე ნომრებს გადავამოწმებ.

- მართლა?

დათა თავს მიკრავს და იღიმება. დედა, დედიკო, როგორ უხდება ამ კაცს ღიმილი. მის ადგილზე სულ გაკრეჭილი ვივლიდი. საეჭვო ნომრების სიას ვუტოვებ და აჟიტირებული შევრბივარ აბაზანაში. მაინც კარგია ცხოვრება... ეს ოხერი...

- - -

ცხელმა წყალმა გული ამიჩქარა. სასწრაფოდ ვკეტავ ონკანს და დაბურულ სარკეს პირსახოცით ვეხები. გაწმენდილ ფრაგმენტში ჩემი სახე კრთის. წითელი ვარ, როგორც მოხარშული კიბორჩხალა, მხოლოდ თვალები ანათებს მწვანედ. კოსმეტიკა აქვე მაქვს, მაგრამ ახლა რომ დამაკიაჟებული გამოვცხადდე, დათა იფიქრებს, მეპრანჭებაო... მითუმეტეს, მართლა ვეპრანჭები. ხომ შეიძლება ჩემი მაკიაჟი გამოწვევად აღიქვას და გამექაჩოს? ვინ იცის, შხაპის მიღებაც თავისებურად მოთარგმნა და საბრძოლო მდგომარებაში დამხვდეს.

პერსპექტის წარმოდგენამ პულსაციის მომატება გამოიწვია. დროზე უნდა გავასწრო ამ გაბუღული აბაზანიდან, თორემ გული შემიღონდება და მართლა შევრცხვები. თაროდან პირსახოცის ხალათი ჩამომაქვს – თეთრი და ფუმფულა. ზეწრისგან იმპროვიზირებულ ინდურ სარის კი ჯობია.

დათას ტახტის კუთხე ტანსაცმლისგან გაუთავისუფლებია და სიას ჩაჰკირკიტებს. თავშიც არ მოსვლია ამორალური აზრები, მე კი, რა აღარ წარმოვიდგინე. ლალიკოსი არ იყოს, აბ ბოლო დროს ყველაფერი ინტიმურ ჭრელში გადამყავს და სექსუალურად

Page 33: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

დაუკმაყოფილებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. რაც არც ისე შორსაა ჭეშმარიტებისგან (მეორე ქმართან გაყრის მერე არავინ მყოლია).

- ეს ირა რა ქალია? - საქმიანად მეკითხება.

- ირა?... ხარბი, ეჭვიანი, ჩასაფრებული. ნებისმიერ ქალში მეტოქეს ხედავს. ჩემზეც კი ეზვიანობდა, წარმოგიდგენიათ?

დათა უცერემონიოდ მათვალიერებს. ალბათ ღირდა მაკიაჟის გაკეთება, ბანაობის მერე ცხვირის წვეტი მიწითლდება ხოლმე. სველ თმას ვისწორებ და მზერას ვარიდებ. მეუხერხულება.

- მის ადგილზე მეც ვიეჭვიანებდი. - ამბობს პაუზის შემდეგ.

- ჩემზე?

- ხო, შენზე. - შენობით მომმართავს დათა. გამიშინაურდა, ასე ვთქვათ. ჩემი არ იყოს, ეტყობა ესეც ფანტაზიებში გადავარდა.

- გამორიცხულია. მე და წკრიალა ბავშვობის მეგობრები ვართ.

- მერე რა?

- თუ გაინტერესებთ, წკრიალა ჩემი პირველი ქმრის მეჯვარეა, თითქმის ძმა.

- მეორეც გყავდა? - დათას გამოცოცხლებულ სახეზე ირონია იკითხება.

- დიახ.

- ოჰო!

- თქვენ კი მესამე ქმარს მაგონებთ ძალიან. - ვამბობ ნიშნისმოგებით.

- ჩაგეთვალა. - იცინის დათა.

არა, რა, მომწონს ეს კაცი! მთავარია, არ შემეტყოს. საწოლის კიდეზე ვჯდები და გაშლილი თითებით სახეს ვინიავებ. მცხელა საშინლად. არადა, თითქოს აგრილდა.

- რატომ მეკითხებით ირაზე?

- ხმა არ მომეწონა. მჭახე ხმა აქვს, კაჭკაჭივით.

- ელაპარაკეთ?

- ჩემი მობილურიდან დავრეკე. მოვატყუე – ჩემს მობილზე თქვენი ნომერი დაფიქსირდა თქო. რეაქცია მაინტერესებდა.

- მერე?

- ნორმალური რეაქცია ჰქონდა - რაღაც გეშლებას, მე ამ ნომერზე არ დამირეკავსო. ამით მოვრჩით ლაპარაკს. რასაც ვერ ვიტყვი ვინმე თემოზე... აი, იმან, დამიწყო გამოკითხვა - როდის შემოვიდა ზარი, რომელ საათზე, ბოლოს ჩემი ვინაობით დაინტერესდა. ვინ არის თემო?

- არ ვიცი, არ ვიცი... - თავს ვაქნევ და ისეთ სისუსტეს ვგრძნობ, სადაცაა გული წამივა.

გლახად არის ჩემი საქმე, არ უნდა მებანავა. სახე მიხურს, გული ამოვარდნაზე მაქვს, შიგნიდან კი მაკანკალებს...

- წყალი მომიტანეთ, რა... იქ, სამზარეულოში... რაღაც ვერ ვარ კარგად.

Page 34: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

დათა სწრაფად გადის. მე კი არც განიავების თავი მაქვს, არც აზროვნების.

დათა ცალი ხელით წყალს მაწვდის, მეორეთი - პულსს მისიჯავს.

- წამოწექი. - მკაცრად მეუბნება და საწოლზე დაყრილი ზედახორიდან ბალიში ამოაქვს.

- რა მჭირს, თითქოს გული მეპარება...

- მშიერი ხარ?

- კი, მაგრამ ახლა ჭამის თავი არ მაქვს.

- შაქრიან წყალს მოგიტან.

- სადღა არის შაქარი...

- თაფლი?

- სადღაც უნდა იყოს. კარადაში ალბათ.

თავს ბალიშზე ვდებ და გვერდულად ვწვები. არ მომწონს ეს სიტუაცია. ჯანდაბას!

- მოდუნდი და ნურაფერზე იფიქრებ.

- რა მჭირს?

- სტრესული მდგომარეობა იწვევს გარკვეულ ბიოქიმიურ რეაქციას, რომელიც უკავშირდება ადრენალინის გაძლიერებულ სეკრეციას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

- რა იცით? - ვეკითხები კბილების კაწკაწის.

- მაგის მეტი რა ვიცი, ექიმი ვარ. ნუ გეშინია, თაფლიან წყალს მოგიტან და მოვალ.

`ექიმი~, ვიმეორებ გულში და თავისით მეხუჭება თვალები. ბუნდოვნად მესმის ნაბიჯის ხმა, მინდა გავახილო თვალები, მაგრამ ძილმა უკვე გამხვია თავის უხილავ საბანში, და მეც ვნებდები.

. . .

უჩვეულო სიჩუმეში მეღვიძება. კედელზე, მწვანე ციკლოპივით ფეთქავს ელექტრონული საათი. ღამის სამი საათია. ნუთუ ამდენ ხანს მეძინა? ოთახს ფრაგმენტულად ეცემა მთვარის შუქი, სიბნელეში აქა-იქ დაყრილი ნივთები იკვეთება. თავწაკრული ნაგვის პარკები უთავო, ჯუჯა მხედრებს ჰგვანან. შიში გაათმაგებული ძალით მიტევს - მგონი სახლში ვიღაცაა.

სამზარეულოსა და მისაღები ოთახის მომიჯნავე კარის ქვეშ სინათლის ვიწრო ზოლი მოიპარება. ერთი ნახტომით ვჩნდები კართან, ფეთიანივით ვაღებ და დათას ვხედავ.

ის მაგიდასთან ზის და მშვიდად ათვალიერებს საოჯახო ფოტოალბომს. საფერფლეში სიგარეტი ინავლება.

- შენ!... თქვენ... - ვლუღლუღებ მადლიერების სავსე.

არ ვიცი, დათას მშვიდობიანმა პოზამ იმოქმედა, თუ გულჩვილობა სტრესის თანმდევი მოვლენაა, ფაქტია, რომ ღაპაღუპით ჩამომდის ცრემლები. ვდგავარ შუა სამზარეულოში აქსელერატი ბავშვივით და ვღრიალებ.

დათა მიახლოვდება, მხრებზე ხელს მადებს და თმაზე მეფერება. მე მის მკერდზე ვაგრძელებ მოთქმას. თავის აწევა მერიდება, რადგან ვიცი, რა მოჰყვება ამას. უნდა

Page 35: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

გავრისკო, თორემ დავიხრჩობი. თავს ვწევ და მის თვალებში ვიძირები. ხდება ის, რასაც ქვეცნობიერად ველოდი, იმ მომენტიდან ველოდი, როგორც კი საფლავებსდშორის მდგარი მისი უავგუსტოესი ფიგურა დავინახე. ის მკოცნის. ჯერ შუბლზე, მერე ლოყაზე, მერე ტუჩებზე, მერე არ მახსოვს...

- - -

ვერამ დღის ორ საათზე დამიბარა. ამჯერად სახლში არ მეპატიჟება, ჭიშკართან მაწვდის ბუნკერის გასაღებს და მკაცრად მაფრთხილებს, რომ ჩემს განკარგულებაშია ერთი საათი. დაგვიანება გამორიცხულია.

თავს ვუკრავ და ეზოში შესვლას ვლამობ.

- საით, გოგო?! – უხეშად მაჩერებს ვერა. - მე დუბლიკატის გასაკეთებლად გიშვებ, ლადო ახალი წასულია და იმიტომ გავრისკე. უცებ რომ მოვიდეს, მერე რა ვკნა?

- აუუ..

- აუუ, არ უნდა. ზეგ რაიონში მიდის და შენ მოდი. როგორც კი ცავა, გირეკავ.

- შევიჭყიტები მაინც.

- С ума сошла! - შეიცხადა ვერამ და ლამის გამწიხლა ეზოდან.

ტაქსს ვაჩერებ და მძღოლს უახლოეს სახელოსნოში მიყვანას ვთხოვ. მძღოლმა ვაკეში, ვინმე სერჟ აზნაუროვი მირჩია - პატიოსანი ხელოსანია, არ მოგატყუებსო.

პატიოსანი სერჟი არაპატიოსანი პლაკატების ფონზე იჯდა ერთ გაზინთლულ ოთახში. პამელა ანდერსონი, მადონა, მაშა რასპუტინა, იოსებ სტალინი. დიდი ბელადის პლაკატი იმდენად არის შელახული, ცალი ულვაში ჭიაყელას მიუგავს. სერჟმა, ასაკოვანმა მამაკაცმა სანთლისფერი თმის ყურადღების მოუმინა ჩემს ზღაპარს გასაღების დაკარგვასთან დაკავშირებით, ყალიბი აიღო და ხვალისთვის დამიბარა.

ვაკიდან ისევ ბაგებში მივქრივარ, გასაღებს ვერას ვუტოვებ და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში მივემართები, იქ, სადაც ბოლოს მუშაობდა სოფო კანკავა. ცენტრის დირექტორი, ქალბატონი დოდო ერთხელ სოფომ გამაცნო, თუმცა იმის იმედი, რომ ვახსოვარ, მაინდამაინც არ მაქვს.

დოდო კაბინეტში დამხვდა და სათამაშო სარწყავით ფანჯრის რაფაზე შემოდგმულ ყვავილებს რწყავდა. ეს იყო ორმოციოდე წლის ქალი მოკლე თმითა და გამზრიახი მზერით. თავი შევახსენე და აუდიენცია ვთხოვე.

ის მაგიდაზე დადებულ საკვოიაჟს უყურებს, ვხვდები, რომ წასასვლელად ემზადებოდა და ახსნა-განმარტებას ვჩქარობ:

- ბევრ დროს არ წაგართმევთ, სულ რამდენიმე კითხვა...

- არა უშავს, დაჯექით.

- იმ გოგონას ბედი მაინტერესებს, ვისი შვილად აყვანაც სოფოს უნდოდა.

- გოგონა თავს ნორმალურად გრძნობს. - მშრალად მპასუხობს დოდო და სარწყავს ფანჯრის ქვეშ დებს.

- სად არის?

Page 36: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- ცენტრთან არსებულ თავშესაფარში, საკმარისია, რაც ქუჩაში იწანწალა.

- ქუჩიდან მოიყვანეთ?

- რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენთან რეაბილიტაციის კურსს გადიან როგორც ქუჩიდან მოყვანილი ბავივები, ისე ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი.

- შეიძლება ვიცოდე, რატომ თქვა უარი სოფომ მისი შვილად აყვანაზე?

- სოფოს არ უთქვამს უარი, ეს მე გავისტუმრე უარით თქვენი მეგობარი.

- რატომ?

დოდოს ბუთქუნა საკვოიაჟიდან სიგარეტი ამოაქვს, ღრმა ნაფაზს არტყამს და გამომცდელად მიყურებს.

- გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, მაგრამ მე დავარღვევ წესს და გეტყვის: სოფო ნარკომანი იყო.

ზამთარში ცივი შხაპი მიგიღიათ? თუ არა, ხომ წარმოგიდგენიათ. ხოდა, წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოვჩნდი?!

- ხუმრობთ, ქალბატონო დოდო? - ნირწამხდარი ვეკითხები.

- ასეთ საკითხზე არ ხუმრობენ, ჩემო კარგო. ისე, თქვენი მეგობრის პრობლემებს მე არ უნდა გიყვებოდეთ.

- არც ისეთი მჭიდრო მეგობრობა გვაკავშირებდა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, თუმცა ვიღებ შენიშვნას. უნდა მცოდნოდა. რასაკვირველია, უნდა მცოდნოდა. - ვიმეორებ დაბეჯისებით.

- რას გაძლევთ პოსტ ფაქტუმ იმის ცოდნა, რომ თქვენი კლასელი ნარკომანი იყო?

- მე არ ვიცი, ვინ მოკლა ჩემი მეგობრები, მაგრამ ფაქტებს თუ შევაჯერებთ, კვალი სოფოსთან მიდის. თუ შეგიძლიათ დაწვრილებით მომიყევით, საქმის გასახსნელად ზოგჯერ დეტალიც საკმარისია.

ქალბატონი დოდო თანაგრძნობით მიკრავს თავს და მოყოლას იწყებს...

ქეთი ბესალაშვილი, ასე ერქვა გოგონას, რომლის შვილად აყვანა თავის დროზე სოფომ განიზრახა. ქეთი 10 წლის ასაკში გაიქცა სახლიდან, პოლიციამ დეზერტირის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა და იძულების წესით მიიყვანა ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში. თავდაპირველად გაჯიუტებულ გოგონას არც ვინაობის გამხელა სურდა, არც საცხოვრებელი ადგილის, მაგრამ ფსიქოლოგების წყალობით, გამოტყდა.

აღმოჩნდა, რომ ქეთის დედაც ჰყოლია, მამინაცვალიც, სამი მცირეწლოვანი და-ძმაც და ლოგინად ჩავარდნილი ბებიაც. ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში გადიოდა. დედა, ერთი დაბეჩავებული, ქმრისგან დაბრიყვებული ქალი იყო, მამინაცვალი - ლოთი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ოჯახს აწიოკებდა, ცოლს ურტყამდა, გერს ნაბიჭვარს ეძახდა, სიდედრს ფანჯრიდან გადაგდებით ემუქრებოდა. ცენტრის კურატორებს აგრესიულად შეხვდა, მაგრამ როდესაც შვილების წართმევით დაემუქრენ, მოლბა და პატიება ითხოვა. კურატორებმა ხელწერილი დააწერინეს და ქეთი გულის კანკალით დააბრუნეს ოჯახში.

ორი წლის თავზე ქეთი ისევ ქუჩაში აღმოჩნდა. პოლიციამ ისევ ცენტრში მოიყვანა. ამჯერად ქეთის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ის უკვე იყო ძალადობის მსხვერპლი.

Page 37: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

რეაბილიტაციის კურსს მოზარდი ფსიქოლოგ სოფო კანკავასთან გადიოდა. სოფო პაციენტების ნაკლებობას არ განიცდიდა, მაგრამ ეს ნაადრევად გაზრდილი, უკარება მოზარდი მასში აღფრთოვანებას უფრო იწვევდა, ვიდრე სიბრალულს. ქეთი არ ჰგავდა სხვებს - ბალერინასავით სიფრიფანა, გრძელკისერა, პლასტიკური... კონტაქტში რთულად შემოდიოდა, თუმცა მოსმენა უყვარდა, განსაკუთრების სოფოს მოსმენა. მოგვიანებით, სოფომ წიგნებიც შეაპარა, ქეთიმ წაიკითხა ცხოვრებაში პირველი წიგნი - `პეპი გრძელი წინდა~. მერე სოფომ სახლში წაიყვანა და რამდენიმე დღით დატოვა. ის უკვე სერიოზულად ფიქრობდა გოგონას შვილად აყვანას.

ასეც მოხდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა...

სამუშაო დღე დამთავრებული იყო, ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში მხოლოდ დოდო შეყოვნდა. ყოველ შემთხვევაში, თავიდან ასე ეგონა. ის უკვე ტოვებდა კაბინეტს, როდესაც დერეფნის მხრიდან ლაპარაკის ხმა შემოესმა. დოდო დაინტერესებული წავიდა ხმის მიმართულებით და ერთ-ერთი ოთახში ფსიქოლოგი სოფო კანკავა დაინახა. სოფო ზურგშექცევის იდგა და ვიღაცას მობილურით ელაპარაკებოდა, უფრო სწორედ ულტიმატურს უყენებდა: `თუ არ დამახვედრებ, საერთოდ არ მოვალ სახლში~. ქმარია, დაასკვნა დოდომ და ჩუმად გაცლა ამჯობინა - რა წესია სხვისი ლაპარაკის მოსმენა - მაგრამ მეორე წინადადებამ დააეჭვა. `იცოდე, მე თვითონ ვიშოვი და მერე შენ მოგიწევს საპროცესოზე ჩალიჩი~. მერე იყო პაუზა, რომელსაც მოჰყვა უცნაური ფრაზა: `ჯანდაბას, თანახმა ვარ.~

იმ წუთში დოდო საქმის აფიშირებას მოერიდა, მაგრამ სოფო კონტროლზე აიყვანა. მისი ეჭვი დადასტურდა - სოფო ნარკომანია. დოდო დილემის წინაშე დადგა. როგორც დირექტორი, ვალდებუული იყო სამსახურიდან დაეთხოვა წამალზე დამოკიდებული თანამშრომელი, მაგრამ სოფო კანკავამ ქმრის შუამდგომლობით არაერთი გრანტი მოიპოვა ცენტრისთვის და მომავლშიც დიდი გეგმები ჰქონდა.

უხერხულობა თავისთავად მოიხსნა, როდესაც სოფო ქეთის შვილად აყვანის თაობაზე დაელაპარაკა. დოდოს ხელ-ფეხი გაეხსნა და უარის მიზეზიც მოახსენა. სოფოს არ უცდია თავის მართლება, უსიტყვოდ გავიდა კაბინეტიდან, მეორე დღეს კი ცენტრიდან წასვლაზე განცხადება დაწერა.

- როდის მოხდა ეს ამბავი? - ვეკითხები მოსმენილით გაოგნებული.

- დაახლოებით ერთი წლის წინ.

- ქეთის ნახვა მინდა.

ქალბატონი დოდო სიგარეტის ნამწვს ვედროში აგდებს და უნდობლად მიყურებს.

- გინდათ რჩევა?

მზადყოფნით ვუკრავ თავს.

- დაანებეთ ამ საქმეს თავი.

- ისინი არ მანებებენ, გუშინ სახლი გამიტეხეს, ხვალ ალბათ თავს გამიტეხავენ.

- ქეთის ნახვა რას გიშველით?

- იქნებ რამე ისეთი იცის სოფოს ოჯახის შესახებ?

- პირდაპირ მითხარით, ლადოზე გაქვთ ეჭვი?

ვჩუმდები. ბუნკერზე რომ დავუწყო ლაპარაკი, სულელი ვეგონები. შეიძლება ვარ კიდეც სულელი... არ ვიცი, არ ვიცი...

Page 38: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- სიჩუმე თანხმობის ნიშანია, - ოხრავს დოდო, - კეთილი, დაელაპარაკეთ ქეთის, თუმცა ვეჭვობ რამე იცოდეს.

- - -

ქეთის მოზარდთა განყოფილებაში ვპოულობ, ოთახში, ფანჯარასთან ზის და მრგვალად გადაჭიმულ ტილოზე ყვავილებს ქარგავს. მგონი გვირილებს. ოთახში სამი საწოლია, სამივეზე ხაკისფერი პლედია გადაფარებული, როგორც ჯარისკაცის კარავში. პირქუშ დიზაინს კედელზე გაკრული ნაქარგი ახალისებს - ლურჯი ცა, მწვანე მოლი, ყვითელი გვირილები. ეტყობა, ქეთის მოსწონს გვირილები.

ჩემს დანახვაზე გოგონა თავს აბრუნებს და დაჟინებით მიყურებს. უხერხულად ვიშმუშნები. 14 წლის მოზარდები ასე არ იყურებიან. ასე იყურებიან გამოცდილი ქალები ან ექსტრასენსები. ქეთის უცნაურად აცვია, მონაზონივით. ნაცრისფერი ქვედაკაბა, შავი მაისური, დახურული ფეხსაცმელი. ყელზე - გასანთლულ ძაფზე ჩამოკიდებული წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებიანი მედალიონი. და თითები - გრძელი, თლილი, პიანისტის შესაშური.

- გამარჯობა ქეთი, მე სოფოს კლასელი ვარ, იათამზე...

- ვიცი. - მპასუხობს წარბშეუხრელად. ხმაც ჩამოყალიბებული აქვს, დაბალი, ხრინწნარევი. ტელეფონში რომ მომესმინა, ვიფიქრებდი, მოწიფული ქალიშვილი მელაპარაკება.

- საიდან იცი?

- გიცანით. სოფომ დამათვალიერებინა კლასელების ფოტოსურათები. იქ ჩოლკა გქონდათ.

მახსენდება ის `ჩოლკიანი~ გოგო - ცანცარა, უდარდელი, ხალისიანი... `ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს...~

- სოფო იას გეძახდათ. - მახსენებს ქეთი.

- კი, ასე იყო. სოფომ გითხრა?

- მიყვებოდა ხოლმე რაღაცეებს.

- მართლა?

- კი.

- ააა...

- ბავშვობის ფოტოები ცალკე ალბომში ჰქონდა შენახული. უფრთხილდებოდა.

- ხო, ხშირად ვიღებდით ხოლმე სურათებს, სოფო ისეთი ფოტოგენური იყო...

- თქვენი ნაჩუქარი ბილეთიც მაჩვენა.

- რომელი ბილეთი? - ვეკითხები გაკვირვებული.

- არ გახსოვთ? - ქეთის ხმაში დაუფარავი საყვედური იკითხება. ვიღებ საყვედურს, დღის განმავლობაში უკვე მერამდენედ.

Page 39: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- თვითმფრინავის ბილეთი. სოფომ მითხრა, ეს განსაკუთრებული ბილეთიაო, ბედნიერი.

ღმერთო ჩემო, ეს ბილეთი სოფოს მგონი ათი წლის წინ ვაჩუქე. არ ვიცი, რამდენად ბედნიერი გამოდგა, უცნაური კი ნამდვილად იყო. რეისის, ადგილისა და გაფრენის დრო ერთმანეთს ემთხვეოდა და ეს რიცხვი იყო ცამეტი. უცნაური დამსხვევა თვითმფრინავში შესვლისას აღმოვაჩინე და ბილეთი შევინახე. აღარც მახსოვს, როდის და რატომ ვაჩუქე სოფოს, იმას კი სათუთად შეუნახავს.

ნაგვიანევი სინანული გულს მიკუმშავს. თურმე რამდენი რამ გვქონია სათქმელი, გასახსენებელი... მაპატიე, სოფო.

- ქეთი, რაღაც მინდა გკითხო...

- რა? - წარბშეკრული მიყურებს, თითქმის მტრულად.

- სოფოს შენი შვილად აყვანა უნდოდა...

- მერე?

- შენ გინდოდა სოფოსთან ცხოვრება?

- დიახ.

- რამ შეგიშალა ხელი?

ქეთი საქარგს ფანჯრის რაფაზე დებს და ნერვიულად ატყუპეპს მუხლისთავებს. ხელები მომუჭული აქვს, თითქოს თავდაცვისთვის ემზადება.

- ქურდობა დამაბრალეს.

- ვინ?

- ალბათ იმან, სოფოს ქმარმა.

- ლადო არ მოგწონს?

- მძულს. - კბილებში ცრის ქეთი.

- რატომ?

- ბინძურია.

ჩავფიქრდი. რა შეიძლება იგულისხმოს 14 წლის მოზარდმა `ბინძურში~? იქნებ ლადოს ქერტლიანი თმა აქვს, ან სუნიანი ფეხები...

- შეგიძლია დამიზუსტო?

- არ შემიძლია.

- რატომ?

- მრცხვენია.

- მენდე, არავის ვეტყვი.

ქეთი დუმს.

- სიმართლე სოფოს მკვლელის მოძებნაში დამეხმარება. – ვაქეზებ აქედან.

- მიკა დაიფიცეთ, რომ არავის ეტყვით.

Page 40: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- მიკა? - პირდაღებული მივჩერებივარ. ქეთიმ ჩემი დისშვილის არსებობაც კი იცის! საოცარია პირდაპირ, ოხ, სოფო, სოფო...

- დიახ, მიკა, მიკა. - მიდასტურებს ქეთი და ხმაში ბავშვური ინტონაციები უკრთის.

- ვფიცავარ. - გულზე ხელს ვიდებ და ქეთის თვალს ვადევნებ.

ის დგება, კარადიდან მოზრდილი ჩანთა გამოაქვს, ჩანთიდან - ნაჭრის კლოუნი, მოსასხამის ქვეშ ხელს უფათურებს და ფოტოსურათი ამოაქვს.

- აი, ნახეთ.

გამომწვევად დამაკიაჟებულ დედიშობილა მოზარდში ქეთის ვცნობ. ნახევრად მობრუნებული ზის უზურგო სკამზე და პომადიან ტუჩებს ყალბ ღიმილში ჭიმავს. თავში ერთადერთი ფრაზა ფეთქავს: არასრულწლოვანთა პორნოინდუსტრია.

- ვინ გადაგიღო?

- იმან.

- ვინ? - ვეკითხები უაზროდ, რადგან არ მინდა დავიჯერო, რომ ამ საზიზღრობის ავტორი ლადოა.

- სოფოს ქმარმა. - ქეთის არ შეუძლია ხმამაღლა გააჟღეროს მისი სახელი. ეს მის ძალას აღემატება.

- ლადომ? - ვაზუსტებ.

თანხმობის ნიშნად თავს მიკრავს.

- ეს... ეს სისხლის სამართლის სანაშაულია, ლადო დასაჭერია, ქეთი...

- ისინი ბევრნი არიან, ყველას ვერ დაიჭერ.

- როგორ თუ `ბევრნი~? აბა, რას ამბობ?

ქეთი ისე მიყურებს, როგორც მასწავლებელი გულუბრყვილო მოწაფეს. გახევებული თითებიდან სურათს მართმევს და უკანვე ინახავს.

- ქალბატონმა დოდომ იცის? – ვეკითხები ჩურჩულით.

- ნწუ.

- სოფომ იცოდა?

- ნწუ.

- მე რატომ მითხარი?

- თქვენ სოფოს ბავშვობის მეგობარი ხართ. სოფო კი მოკლეს.

- ეს კაცი, დასაჭერია, - ვიმეორებ საკუთარი უმწეობისა და ქეთის სიჯიუტით გაღიზიანებული.

- ეს ამბავი ჩვენ შორის დარჩება. თქვენ დაიფიცეთ.

- ქეთიი...

ის თავს აქნევს უარყოფის ნიშნად და ფანჯრის რაფიდან საქარგავს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუდიენცია დამთავრებულია. ოდნავ შესამჩნევად უძაგძაგებს ფერმკრთალი თითები. ნეტავ, სულ არ მენახა...

Page 41: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- - -

სახლში მისვლისთანავე კომპიუტერს ვრთავ. აი, ბატონო... `სისხლის სამართლის კოდექსის 255 მუხლი. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.~

ავღშფოთდი. ორი წელი ცოტაა, ჯარიმას კი ყველა სულელი გადაიხდის!

`...არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი მეთოდით დამზადებული ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია კონკრეტული არასრულწლოვანის მონაწილეობა ნამდვილ და სიმულირებულ სექსუალურ სცენებში, გამოყენებულია მისი ხმა ან ნაჩვენებია გენიტალური ორგანოები...~

ვერსად მივაგენი განმარებას, სადაც იქნებოდა მინიშნებული ზღვარი ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. იმდენად ბუნდოვნად ეწერა, საითაც გინდა იქით გამოაბამ ყურს. ზემოაღნიშნული ფოტო შეიძლება ჩაითვალოს ეროტიკულად, თუკი მასზე ჩემი ასაკის ქალი იქნებოდა გადაღებული. მაგრამ ქეთი ბესალაშვილი არასრულწლოვანია, აქედან გამომდინარე, ლადო, ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დამნაშავე გამოდის.

რა ვქნა, როგორ მივუდგე, თუკი ქეთი გასაქანს არ მაძლევს?! იქნებ მის სიჯიუტეს სულ სხვა რამ უდევს საფუძვლად, მაგალითად...

ფიქრს მობილურის ზარი მაწყვეტინებს. დათა რეკავს. ვუყურებ განათებულ ეკრანს და მეც ვანათებ. თუმცა, არ ვეპასუხები. ამისთვის ორი მიზეზი მაქვს: პირველი - დათრგუნული ვარ და არ მინდა საღამო ჩავუშხამო. მეორე - მომკალით და ვერ ვინელებ წუხანდელ ამჩატებას. შოკში მყოფის პირობაზე მეტისმეტად აქტიურად ვირჯებოდი. პრინციპში, ამერიკელმა მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სექსი დადებითად მოქმედებს სტრესზე - ნერვიულ უჯრედებს აღადგენს, განგაშის განცდას ხსნის... მაგრამ იქ ლაპარაკი იყო რეგულარულ სექსზე და არა ერთჯერად ხვანცალზე... არა, დათა ალბათ სიამოვნებით გადავიდოდა რეგულარულ რელსებზე, მაგრამ მე, მიუხედავად ხანმოკლე `ამჩატებისა~, მენტალურად დედაჩემის შვილად ვრჩები და ჩემს არეალში გაშრიალებულ ნებისმიერ მამაკაცს მომავალ ქმრად აღვიქვამ. და ამის მერე მყოფნის სითავხედე და ლალიკოს დავცინი...

მობილური ქრება და მე მსჯელობას ვაგრძელებ.

მაშ ასე. ქეთის სიჯიუტეს შეიძლება საფუძვლად ედოს ტყუილი. ლადომ ქურდობა დააბრალა, ამან კი სამაგიეროს გადახდის მიზნით ფოტოსესია მოუგონა. გამორიცხული არაა, სურათი სულ სხვა ბიძიას გადაეღო – აკი, საკუთარი პირით მითხრა, ასეთები ბევრიაო. არგუმენტი, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებს. სადაური შურისძიებაა, თუკი ლადო თავისუფლად დანავარდობს და ხვალ რაიონშიც აპირებს გამგზავრებას? სხვა საკითხია, ქეთის სარჩელი რომ შეეტანა, მაშინ იცოცხლე, გამოვაჭენებდით ლადო ბიძიას, მაგრამ 14 წლის მოზარდს ვერ მოთხოვ ინტიმური ცხოვრების დეტალებზე საჯაროდ ლაპარაკს. ქუჩაში გამოსული ქართველი გავროშები, ადრე თუ გვიან, სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, სავარაუდოდ, ქეთისთვის ლადო არ ყოფილა პირველი მოძალადე. მხოლოდ ფოტოსესიით თუ კმაყოფილდებოდა, პედოფილობასაც ვერ ქაჩავს...

Page 42: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ამჯერად კარზეა ზარი. საინტერესოა, ვის გავახსენდი?!

აჰა, ლალიკომ გადაწყვიტა სამაგიერო გადამიხადოს და გაუფრთხილებლად დამაგდეს სახლში. რაც მთავარია, თავისი ავსტრიელი ფრენდიც მოიყოლოს. ფრენდს სანდლები და ტილოს ბრიჯები აცვია, როგორც ყველა ნორმალურ მამრს ზაფხულის ხვატში. კიდევ კარგი, დათა არ მოვიპატიჟე, თორემ რა ამოვიდოდა ლალიკოს ყბიდან?!

- გუტენ აბენდ! - ვესალმები.

- საგამო მშიდობის! - მესალმება.

მეტი არც არაფერი იცის, ამიტომ გერმანულ ენაზე გადავდივართ. ლალიკოს კი ქართულად ვსაყვედურობ - ერთი ზარი მაინც გამოგეშვა მეთქი. ლალიკო თვალებს ნაბავს და პარკიდან ლიქიორის შოკოლადის კანფეტი ამოაქვს. იცის გოგომ, რისი მომთაფლოს.

- ცხელა! - ამბობს კლაუსი და მიხსნის, რომ მთებს შორის მოქცეული ქალაქი ცუდად ნიავდება. და ამას ჩემს საამაყო ქალაქზე ამბობს, უმადური! თურმე სულ სხვაა ტიროლი, კერძოდ კი კუფშსტიანი, სადაც მუდმივად ქრის გრილი ნიავი.

- კარგად გამოკითხე, კარგად, მე სად ვიცი მაგდენი გერმანული. - მუჯლუგუნს მკრავს ლალიკო.

- და ეს კუფშსტაინი მთაშია? - ვითომ დაინტერესებული ვეკისხები კლაუსს.

- დიახ, საკმაოდ მაღლა ზღვის დონიდან. არაჩვეულებრივი ჰავაა, თითქმის არასოდეს ცხელა.

- ხომ გითხარი, მთის წვერზე მეპატიჟება, მამალი არწივივით. - კუთავს ლალიკო.

- ჩვენთან შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეა, ტურისტები ხშირად ჩამოდიან. თქვენც ჩამოდით, მე და ლალიკო, გეპატიჟებით. - ჭიკჭიკებს კლაუსი და ლალიკოს უღიმის. ლალიკო წითლდება და მე მიღიმის.

ეჰაა, ამათი ამბავი გადაწყვეტილია, მთის წვერზე კი არა, ოკეანის ფსკერზე რომ დაუძახოს, ლალიკო წაყვება. უბრალოდ თავს იფასებს, ჩემი არ იყოს, მენტალობის ტყვეობაშია.

- შესანიშნავი ხალხური ორკესტრი გვაქვს, დღესასწაულებზე საგანგებოდ შეკერილ წითელ ჟილეტებს ვიცვამთ და კონცერტებს ვაწყობთ. - რეკლამას იკეთებს კლაუსი.

- მღერით?

- არა, საქსაფონზე ვუკრავ.

- რას ერჩი, მუსიკოსიც ყოფილა! - ვამხნევებ ლალიკოს.

- ჯა, ჯა, - ადასტურებს კლაუსი.

კარზე ისევ ზარია. ბოდიშის მოხდით მივდივარ კარის გასაღებად და ზღურბლზე დათას ვხედავ. ხელში ყვავილები უჭირავს, ცოცხივით - გვირგვინით დაბლა. ყველაფერზე ეტყობა, ერთი სული აქვს როდის გათავისუფლდება უჩვეულო აქსესუარისგან.

- რატომ არ იღებ მობილს? - შემოსვლისთანავე მსაყვედურობს და ყვავილებს მაჩეჩებს.

- ეტყობა ვერ გავიგე...

- ვინმე გყავს? - დაეჭვებული ჩერდება.

- მეგობარი და მისი საქმრო. შემოდი, გაგაცნო. ჶ

Page 43: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ლალიკოს სახე უნდა გენახათ. რომ იტყვიან, თვალები შუბლზე აუცოცდა. ხან მე მიყურებს, ხან დათას, ხან ყვავილებს.

ერთმანეთი გავაცანი. დათამ გერმანული არ იცოდა, სამაგიეროდ კლაუსმა იცოდა დამტვრეული რუსული და საუბარიც შესაბამისად მეზობელი ქვეყნის ენაზე წარიმართა.

ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გავრბივარ. ფეხდაფეხ მომდევს ლალიკოც.

- საძაგელო, საძაგელო, საძაგელო! - ლალიკო მუჯლუგუნებს მიშენს, ლამის ჯეზვე გამაგდებინოს ხელიდან.

- ჰმ, ჩემი შენ გითხარიო.

- კარგი, ბარი ბარში ვართ. მითხარი, ვინ არის?

- მგონი ექიმია. თუ არ მატყუებს...

- რამე სერიოზულია?

- მისი მხრივ არ ვიცი, მე მომწონს. - ჯეზვეში წყალი ვასხამ და გაზუქარზე ვდგამ.

- მოსწონხარ რომელია, ისეთი თვალებით გიყურებდა... მოიცა, იცის, რომ გათხოვილი იყავი?

- იცის, კი.

- მერე?

- რა მერე ლალიკო, არც ვიცნობ წესიერად. ამ რამდენიმე დღის წინ გავიცანი, სუსიკოს სასაფლაოდან რომ მოვრბოდი, მაშინ.

- რატომ მორბოდი? - უკვირს სუსიკოს.

ენა მოვიკვნიტე, ჩემი გრძელი, ჭარტალა ენა. რა საჭიროა ლალიკომ იცოდეს ირასთან და ლადოსთან დაკავშირებული ვარაუდების შესახებ? და საერთოდ, ამ საქმეში ყველანი ეჭვმიტანილები ვართ... ჩემ გარდა.

ვიდრე პასუხზე ვფიქრობდი, ყავამ დრო იხელთა, ქშუტუნით ამოასკდა და გაზქურა წამიბილწა.

- ვაი! - ვკივივართ ორ ხმაში.

- არა უშავს, ახალს გავაკეთებ, - ვამშვიდებ ლალიკოს, - შენ გადი სტუმრებთან, თორემ უხერხულია, ბავშვებივით სამზარეულოში შევიყუჟეთ. რას იტყვიან კაცები?

- თორემ არ იციან, რომ მაგათ ვჭორავთ! და რატომ გამორბოდი სასაფლაოდან? - არ ისვენებს ლალიკო.

- დამიღამდა და იმიტომ, ისეთი არაფერი, წადი, წადი...

გაზქურა მოვწმინდე და ხელმეორედ შევუდექი ყავის მოდუღებას. მისაღები ოთახიდან გაცხოველებული ლაპარაკი ისმის, კლაუსი ყვება, თუ როგორ არ გაატარეს რუსებმა ბელგიელების გამომშრალი ნაკელით სავსე ტრაილერი. ინციდენტი კალინინგრადის ოლქში მომხდარა, სადაც კლაუსის თანამემამულე მანფრედმა მიწები შეისყიდა და ფერმერობას მიყო ხელი. მანფრედს ხელშეკრულება გაუფორმებია ბელგიურ კომპანიასთან ნაკელის შემოტანის თაობაზე, რუსებს კი ტრაილერი დაუპატიმრებიათ - რატომ უნდა გავატაროთ უცხოური ნაკელი, როცა გაცილებით იაფი და პრაქტიკულად თბილ_თბილი ჩვენთანაც მოიპოვებაო. მანფრედს გაუპროტესტებია: რა ჯანდაბად მინდა ნოტიო ნაკელი, შესანახად გამომშრალი მჭირდებაო. ბელგიელებმა ნებართვა

Page 44: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ააფრიალეს, რუსებმა სამ ასოზე გაუშვეს. დავაში კლაუსის უწყება ჩარეულა და მეცნიერულად დაუსაბუთებია, რომ ჩაპრესილი ნაკელი არავითარ ეკოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს. მოკლედ, რუსები იქამდე ყვიროდნენ, ვიდრე ქრთამი არ შეაძლიეს.

იმ საღამოს სამჯერ მომიწია ყავის მოდუღება, იმიტომ კი არა, რომ ისევ გადმომივიდა, უბრალოდ გვიანობამდე შევყევით.

სამივეს ერთდროულად ვაცილებ. დათა დაჭრილი მუსტანგის თვალებით მიყურებს, ვატყობ, დარჩენა უნდა და ჩემს შეთავაზებას ელოდება. მე პრინციპული ვარ, როგორც არასდროს. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ.

- - -

ჯუნას მარკეტში გადავეყარე, მიკასთვის წიწაკიან ჩიპსებს რომ ვყიდულობდი, მაშინ. შინაბერა ჯუნა წკრიალას ცოლისდა ბრძანდება – ირას უფროსი და და მარჯვენა ხელი. ჯუნას დისშვილებზე ამოსდის მზე, მთვარე და ვარსკვლავები. რასაკვირველია, მთავარი მანათობლის, ირას თამადობით. ახლაც ირასთან იჯდებოდა, კოჯრის აგარაკზე, მაგრამ კბილის გაუსაძლის ტკივილს თბილისში ჩამოუქანებია და ახლა ერთი სული აქვს, უკან როდის აქანდება. ეს ყველაფერი ჯუნამ სხაპასხუპით მომახსენა, არც მოვუკითხივარ, ისე.

- არა, საყვარელო, ეს სიბრძნის კბილი კი არა, რაღაც რუდიმენტია, - წუწუნებს ჯუნა და ყბაზე ხელს ისვამს, - ეშმაკმა უწყის რატომ ამოდის, და თუ ამოდის, რატომ არ ემსახურება ადამიანს სიკვდილის ბოლომდე?! დამტანჯა პირდაპირ, ორი დღე კედლებზე გავდიოდი, მერე დავურეკე ირას და კოჯორში ამოსვლა ვთხოვე. რა ვქნა გენაცვალე, ცოტა ხანს მიხედოს თავის შვილებს?!

- რას ზის ამ სიცხეში თბილისში, კოჯორში არ ურჩევნია?

- და მერაბი მარტო დატოვოს, არა?! - სასაცილოდ არ ყოფნის ჯუნას, - შენც იტყვი, რა, იათამზე, ვითომ არ იცი შენი ძმაკაცის ამბავი, მოადუნებ ყურადღებას და წამში ვიღაც ჩათლახის კაბის ქვეშ აღმოჩნდება.

პასუხად მხრებს ვიჩეჩავ. არ ღირს ჯუნასთან კამათი. მერაბი რომ ფრთიანი ანგელოზი არ არის, ისედაც ვიცი.

- გადასარევი სტომატოლოგი მყავს, ისე ამომიღო ეს დაწყევლილი კბილი, ვერც ვიგრძენი. მთავარია, არ გამირთულდეს. აბა, შემომხედე, ყბა ხომ არ მაქვს გასიებული? - კობრასავით მიყურებს, თვალის დაუხამხამებლად.

- მგონი არა.

- შიგნით რა მდგომარებაა, შიგნით... - ჯუნა მოკაუჭებულ თითის პირში მიაქანებს, ლოყას სწევს და შუაგულ მარკეტში პირის ღრუს დემონსტრირებას აკეთებს.

სირცხვილით არ ვიცი, სად წავიდე, იძულებული ვარ ჩავხედო და დავამშვიდო კიდეც, თუმცა დასამშვიდებელი არაფერი აქვს. მე რომ თხუთმეტი წლის შემდეგ კბილების მაგივრად მსგავსი შესახედაობის ჭიანი კენჭები მეყაროს, დღესვე დავიწყებ ფულის შეგროვებას ალმასის პროტეზისთვის. მაგრამ ჯუნას არ აწუხებს უკბილობა, ირას შვილების გაზრდას ჭიანი კბილებითაც კარგად ახერხებს.

- უხ, წამომახურა! - ჯუნა გაჩაჩხული თითებით ინივებს აჭარხლებულ სახეს.

Page 45: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- წნევა ხომ არ გაქვს? - ვეკითხები შეწუხებული. მართლაც, მოხარშულ კიბორჩხალას დაემსგავსა, შუბლიც კი უვარვარებს.

- კლიმაქსი მაქვს, საყვარელო, კლიმაქსი! ამათი გადამკიდე ნაადრევად დამეწყო. წამომახურებს-გამივლის, წამომახურებს-გამივლის. დავიტანჯე ქალი! ყველაფერთან ერთად წნევა მითამაშებს, ამიწევს-დამიწევს, ამიწევს-დამიწევს... წამლებს რომ არ ვსვამდე, დედა მეტირება.

მორჩილად ვუკრავ თავს, მაგრამ ეტყობა ისეთი გამომეტყველება მაქვს, ჯუნა თემის შეცვლას ამჯობინებს.

- შენ რა ქარმა გადმოგაგდო ამ უბანში?

- ჩემს დასთან მივდივარ.

- შე საწყალო, ჩემი არ იყოს, შენც არავინ გყავს დისა და დისშვილების გარდა... - ვეცოდები ჯუნას, უფრო სწორედ, მკბენს.

დალოცვილო, მე ორი ქმარი მაინც მყავდა, ეს კი ისე გადაბერდა, პაემანზეც არ ყოფილა. ან ვინ დახარბდებოდა ლავაშივით გაბრტყელებულ დედაკაცს? არც წელი, არც თეძო, არც საჯდომი. მხოლოდ ძუძუები, და გრძელი, მაკარონივით სწორი ფეხები. რა აზრი აქვს გრძელ ფეხს, რომელიც ყოველგვარი ღრმულების გარეშე გადადის ბალიშივით ზურგში. თანაც ბრიყვია, იმის მაგივრად მეგობრების სიკვდილი მომისამძიმროს, ჭიან კბილებს მაჩვენებს და მენოპაუზაზე მელაპარაკება.

ჯუნა სათამაშოების განყოფილებასთან ჩერდება. ის დროა, გამოვემშვიდობო, მაგრამ მომენტის ხელიდან გაშვება არ მინდა. იქნებ ირაზე გამოვცინცლო რამე, ისე, ვითომ სხვათა შორის.

- ბავშვები როგორ არიან?

- უი, მაგას შემოევლოს დეიდა! შენ გგონია, რა დამრჩენია სუპერმარკეტში ამ კბილამოღებულ ქალს?! გიორგუნას დავპირდი ბურთის ყიდვას. რაღაც განსაკუთრებული ბურთი დამაბარა, ჯარისკაცები ახატიაო.

- რამდენი წლისაა?

- სამის, საყვარელო, მაგრამ როგორი გატლეკილიააა... ნეტა იცოდე, რას მღერის, მომავალი პავაროტია!

- ნუცა როგორ არის? - მოვიკითხე მერაბის უფროსი ქალიშვილი, რომელსაც ორი წლის წინ ანა კურნიკოვას მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

- პირველ ადგილზე გავიდა იუნიორებში, მომავალი ჩემპიონია, აი, მე მითქვამს და დაიმახსოვრე: ნუცასთანა პერსპექტიული ჩოგბურთელი დღეს საქართველოში თითებზეა ჩამოსათვლელი. ბუქარესტის სპორტული სკოლიდან ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ მამამისმა გაიკლა თავი, არ გაუშვა.

- რატომ?

- ეშინია, ეს სულის ბერვით გაზრდილი ბავშვი როგორ გავუშვა მარტო საზღვარგარეთო! რაშიც ვეთანხმები. რაც არ უნდა იყოს გოგოა, მერე როგორი ემოციური, როგორი მგრძნობიარე... შეჯიბრების წინ ღამეები არ სძინავს. ტრანკვილიზატორსაც ვერ ვასმევთ, არ შეიძლება. მწვრთნელმა გაგვაფრთხილა, ფსიქიკა თუ არ გაიკაჟა, თამაშებს ჩააფლავებსო. აი, ლუკას კი ფეხებზე კიდია, ეგეც დამყავს ჩოგბურთზე, მაგრამ რად გინდა, მტრისას, ისეთი ზარმაცია! მაგისგან სპორტსმენი ვერ დადგება. სამაგიეროდ, ენები ეხერხება. რვა წლისაა და სამი ენა იცის, მომავალი დიპლომატია, ენაცვალოს დეიდა.

Page 46: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ჯუნამ ბურთებს იწუნებს და თავაღერილი მიემართება ასაწყობი სათამაშოებისკენ. მეც მივყვები.

- ჯუნა, მერაბი რას ამბობს, ხომ არაფერი გაუგია მკვლელობის შესახებ?

- აბა რა გითხრა, საყვარელო, მე კოჯორში ვარ, ესენი - თბილისში. უჰ, ნეტა იცოდე, რა დღეში ჩამივარდა ირა იმ საღამოს... კინაღამ თან მიყვა ქმრის ამხანაგებს. მოთქვამდა, ღრიალებდა, გამიგიჟა ბავშვები! ნუცას ტემპერატურამ აუწია, გიორგუნას კუჭი აეშალა...

- ამ დროს კოჯორში იყავით?

- ჩვენ მაისის თვიდან კოჯორში ვართ, რა უნდათ ბავშვებს ამ სმოგით მოწამლულ თბილისში?!

- ირამ საიდან გაიგო? - ამას თუ არ გავაწყვეტინე, კიდევ ერთხელ დამიხატავს დისშვილების ფსიქოტიპს. გავიგე, რომ გენიალურები არიან, ჩემპიონები... საკმარისია!

- ალბათ მერაბმა უთხრა.

- ირა როდის ავიდა კოჯორში? - ეშხში შევდივარ მე.

- კოჯორში ყველანი ერთად ავედით, მერაბის გარდა. მერაბი თბილისში დარჩა, ან წყნეთში წავიდა, არ ვიცი... ეს რობოტი არ წავა ბურთის მაგიერ? - ჯუნა ვერცხლისფერ ამუნიციაში გამოწყობილ მონსტრს მაჩვენებს. თავი კვადრატი, ფეხები - ორი უთო, ხელები - ორი ჩამჩა. სრული სიმახინჯე, მაგრამ ბავშვებს მოსწონთ.

- აკი კოჯორში ვიყავიო? – დაეჭვებული ვეკითხები.

- ცოტა ხნით ჩამოვედი თბილისში, ნუცა კორტებზე მყავდა მისაყვანი. გიორგუნა ძიძასთან დავტოვე, ლუკას რა მიხედვა უნდა, დამოუკიდებელი ბიჭია... სექტემბრის ბოლოს ნუცას ძალიან მნიშვნელოვანი თამაში აქვს, ფორმაში უნდა იყოს.

- ირა მარტო ამოვიდა კოჯორში?

- არა. მე, ირა და ნუცა ავედით.

უცებ ჯუნა მკვეთრად ტრიალდება და გაავებულ მზერას ჩემზე დაასრიალებს:

- მოიხედე აქეთ, იათამზე! შენ მე დაკითხვას ხომ არ მიწყობ შემთხვევით?

- არა. – ვპასუხობ ყოყმანით.

- არა კი არა, კი. აბა, ააცვი აქედან! - ჯუნა ყვირილზე გადადის. ლამის ორბიტიდან გადმოცვივდეს თვალები, ეს ქალი შეურაცხადია. რას იტყვის ხალხი?

ხალხი დადარაჯებული გვიყურებს. სეირის მოლოდინშია.

- ჯუნა, დაწყნარდი, სირცხვილია!

- სირცხვილი ისაა, რასაც შენ და შენი წაკლა დაქალები ჩადიოდით. თქვენ არასოდეს გიყვარდათ ჩემი ირა, არასოდეს! დასცინოდით, ზურგსუკან ჭორავდით...

ვაღიარებ, ვჭორავდით. განსაკუთრებით მე და სუსიკო. დიდი ამბავი! ვჭორავდით, ცილს ხომ არ ვწამებდით?!

ჯუნა ხმას უწევს, მე უკანმოუხედავად ვტოვებ სახიფათო ტერიტორიას. არ მივიხედავ, იყვიროს რამდენიც უნდა, ვითომ მე არ მეხება. სუსიკო, ხედავ რა დღეში ვარ? ეს რაქიტული ცხოველი, ჯუნა, საჯაროდ მაყრის ქოქოლას და მგონი საცემრად მოიწევს.

Page 47: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

კლიმაქსის ოხშივარი კეფაში მირტყამს და იძულებულს მხდის თანაბარი ჩორთიდან აჩქარებულ ჭენებაზე გადავიდე.

- ეს შენ მოკალი ისინი, შენ ხარ მკვლელი! ყველას ვეტყვი, რომ შენ მოწამლე შენი კლასელები. დაგინახეს, როგორ მიძვრებოდი სუსიკოს ორღობეში, გამოჩნდნენ მოწმეები...

ხალხი აქტიურ ჩურჩულზე გადადის, გამყიდველები კისრებს ღრეცენ. ლამისაა დავიჯერო, რომ მართლა მე მოვკალი, ხომ შეიძლება ვიღაცამ დამაპროგრამა და წეღანდელი რობოტივით გამიშვა სველ საქმეზე.

როგორც იქნა, გამოვაღწიე მარკეტიდან. ფეხებთან მანქანა ამუხრუჭებს, გაწიწმატებული მძღოლი მოკითხვას უთვლის დედაჩემს, ცხადია, მამა-პაპურ ბრუნვაში.

აი, ლელას სახლი, აი, სადარბაზო. მგონი სამშვიდობოს ვარ.

- - -

დაილოცოს დედმამიშვილი! მხოლოდ სისხლით ნათესავი აძლევს თავს უფლებას ჯერ გაგთათხოს, მერე დაგაპუროს, მერე კი თავისი პრობლემებით ტვინი გაგიბურღოს. და მხოლოდ სისხლით ნათესავს შეუძლია ეს ყველაფერი აიტანოს და გულში ბოღმა არ ჩაიდოს.

საათზე მეტია სავარძელში ვზივარ და ლელას ქაქანს ვუსმენ. ჩემს დას მსმენელი სზირდება, მე - განმუხტვა. ჰოდა, ვავსებთ ერთმანეთს.

- მე რა ვიცი ვინ არის, რას წარმოადგენს?! რაღა ამ გაგანია გამოცდების დროს გამოტყვრა... ჰა, რა იტყვი, იაკო?

- ვინ?

- არ მისმენ? - ბრაზობს ლელა.

ვუსმენ, მაგრამ ბუნდოვნად მესმის, მგონი ანანოს თაყვანისმცემელს ამუშავებს.

- ვინ და ის ყმაწვილი, ანანო ვისაც მოსწონს. თუ უყვარს, თუ რაც არის... მაგათი სიყვარული არ გაიშვა არსად! ლაწირაკები!

- მმმ...

- ოცდაოთხი საათი ტელეფონზე კიდია, დამაწყდა ნერვები.

- გავლს...

- ჰა, რას დუდუნებ ცხვირში, ამოიღე ხმა!

- გაუვლის.

- ერთი შენ გაგიარა, მეორე - მე. რომ გათხოვდეს, მერე სად მივდივარს?!

- არსად. ბებია გახდები.

- ბებია არა, კვატი. რა დროს ანანოს გათხოვებაა, რძე არ შეშრობია პირზე.

- ქეთუსია ბებიასავით ლაპარაკობ.

- თურმე რა სწორედ ლაპარაკობდა?! კარგი იყო, მოგვესმინა.

- მე უნდა მომესმინა, შენ - არა.

Page 48: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- ვითომ რატომ?

- მე ცუდი მაგალითი ვარ. შენ - კარგი.

- სულაც არ მინდა ანანო ადრე გათხოვდეს და ჩემსავით სახლში ჩამოჯდეს.

- მართლა? – გაკვირვებული ვუყურებ. ჩემს სამაგალითო დაიკოსაც ჰყოლია თავისი ოფოფები, ეტყობა, მეტისმეტი მოევიდა გოგლიმოგლის თქვეფა. - სამაგიეროდ, ამხელა შვილები მოგესწრო... – ვამშვიდებ, ჩემი ჭკუით.

- მომესწრო, თორემ... იცი, იათო, ახლა მეტი მაქვს სანერვიულო. აქეთ კომპიუტერზე მიერთებული მიკა თავისი საშემოდგომო გამოცდით, იქით ჯულიეტად ქცეული ანანო თავისი რომეოთი.

- რამდენი წლისაა... რომეო?

- ჩვიდმეტის. ჩვიდმეტი წლის სიძე მინდა მე?

- ანანო რას ამბობს?

- რას შემიწუხე გული, არ ვაპირებ გათხოვებასო.

- მაშინ რა განერვიულებს?

- ისე რომ დაუწვეს, არაოფიციალურად?

- დაუწვება და იქნება დაწოლილი. უფრო სწორედ...

- არ თქვა სისაძაგლე, თორემ შევიშლები! - ლელა პირზე ხელს მაფარებს. - არა, ბოი ფრენდი და ეგეთები მე არ მაწყობს. ზურაც მხოლოდ ენითაა დიდი ლიბერალი, როცა საქმე ქალიშვილს ეხება, მამალი აზიატი ხდება.

- უსასუოდ რუპორში უნდა გამოაცხადოთ?

- თბილისი პატარა ქალაქია, ყველა გაიგებს. არა, იათო, ეს საქმე ძირშივე უნდა ჩავშალო. იქნებ იმ ბიჭის მშობლებს დაველაპარაკო?

- რას ეტყვი, ნუ უყვარს თქვენს შვილს ჩემი შვილიო?

- ვეტყვი, რომ არ ვაპირებ შვილის გათხოვებას.

- უთხარი.

- მერე იმათ რომ მითხრან, ასი წელი არ გვჭირდება შენი ქალიშვილიო?!

- ეჭვი არ შეგეპაროს, გეტყვიან.

- მეტიც არაფერი მინდა! – გაწიწმატდა ლელა, - ერთი გაბედონ! თვითონ ბიჭს ხომ არ დაველაპარაკო, ანანოს გვერდის ავლით.

- ეგეც შესაძლებელია.

- იათო, შენ მე არ მისმენ.

- გისმენ.

- კი არ მისმენ, გძინავს. რა გჭირს ვერ გავიგე, ჩემთან მარტო საჭმელად მოდიხარ?

არც უმაგისობაა, ვპასუხობ გულში და გემრიელად ვიზმორები. რა ბედნიერებაა, რომ ჯუნა ირას და არის, და არა ჩემი.

Page 49: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- - -

აბა, გამოიცანით ვის უნდა შევხვდე? გიგუტა სესიაშვილის, იგივე ჭუტალას, ყოფილ ცოლს - მანანას. გუშინ დამირეკა - საქმე მაქვსო. მოუთმენლობისგან ლამის ფეხსაცმელიდან ამოვხტე. მანანას არასოდეს დაურეკავს ჩემთვის, არ გვქონდა ახლო-მეგობრული ურთიერთობა, რაც ერთმანეთს გაშორდნენ, საერთოდაც არ მინახავს.

მახსენდება მათი ბათუმური ქორწილი. რესტორანი, გრძელი სუფრა, აჭარული განდაგანა... მთელი კლასი ვიყავით დაპატიჟებული, ქმრებითა და ცოლებით. ნეფე რესპექტაბელურ პინგვინს ჰგავდა, დედოფალი - ნაძვის ხეს, ქორწილში მირთმეულ სამკაულებს პირდაპირ სუფრაზე იკოფსებდა და იყო ბედნიერი. ჩვენც ბედნიერები ვიყავით, თუმცა მაშინ არ ვიცოდით ბედნიერების ფასი. მაშინ გვეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა - ჭამა გასკდომამდე, სიცილი – ჩაფსმამდე, ცეკვა - თავდავიწყებამდე.

მანანამ კაფეში დამინიშნა შეხვედრა. ხუთი წუთით ადრე მივდივარ. ის უკვე ზის კუთხის მაგიდასთან და ფიალიდან ნაყინს მიირთმევს. გარუჯულია, თმა გაუღიავებია და გაუზრდია. უხდება. სამკაულები ახლაც უკეთია, მაგრამ ზომიერად.

ერთმანეთი გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ.

- არ არის ცუდი ნაყინი, გინდა შენთვისაც შევუკვეთავ? - მთავაზობს მანანა.

- არა, მე წვენს დავლევ.

გადის ხუთი წუთი, თხუთმეტი. წვენი დაილია, ნაყინი შეიჭამა, სალაპარაკო თემა ამოიწურა. ამინდს უკვე შევეხეთ, პოლიტიკის ნერვები არ მაქვს, მოკლულ მეგობრებზე ლაპარაკი არ მინდა. დროა, საქმეზე გადავიდეს!

- ალბათ გაგიკვირდა ჩემი ზარი. - როგორც იქნა, ამოღერღა მანანამ.

- გამიკვირდა, კი.

- ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, მინდა ორი სიტყვით გიამბო ჩემი და გიგუტას ურთიერთობის შესახებ. იმიტომ არა, რომ გული გადაგიშალო ან რჩევა მივიღო, არა... უბრალოდ წინასიტყვაობის გარეშე ვერ მიხვდები რა და როგორ...

- ყურადღებით გისმენ. – თავს ვუკრავ და სახეზე ცნობისმოყვარე გამომეტყველების ალაგმვას ვცდილობ.

ყურადღების მოსმენილიდან...

ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ასეთი რამ მანანას მხოლოდ წიგნებში წაეკითხა ან ფილმებში ენახა. შავი ზღვა, თეთრი გემი და გემბანზე მდგარი გიგუტა - კაპიტნის თეთრი კიტელით, წინაფრიანი ქუდით, ჰორიზონტისკენ მიპყრობილი რომანტიული მზერით. მათი დაქორწინება იმდენად სწრაფად მოხდა, მანანამ რჩეულის ხეირიანად გაცნობაც ვერ მოასწრო. მითუმეტეს, ქორწინებიდან ერთ თვეში გიგუტა ნახევარწლიან რეისში გაემგზავრა, დატოვა რა ბათუმში ფეხმძიმე ცოლი. მანანა დღეებს ითვლიდა, ერთი სული ჰქონდა, ქმარი დროზე ჩამოსულიყო, წამოზრდილ მუცელზე შეხებოდა და ნაყოფის გულისცემა ეგრძნო. და აი, ის ჩამოვიდა - დაძაბული, დისტანციური და შორეული, როგორც ის რომანტიული ჰორიზონტი. მუცელზე შეხებას ვინ დაეძებდა, ცოლთან დაწოლაც არ ინება! ძილის წინ შუბლზე აკოცა, ცალკე საბანში გაეხვია და... დაიძინა.

Page 50: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

მანანა მთელი ღამე ასველებდა ბალიშს, ჩუმად, უსიტყვოდ, ქმარი რომ არ გაეღვიძებინა. მეორე დღეს კი დედამისთან გაიქცა და მშობლიურ მკერდზე განაგრძო ქვითინი. `ამისთანა არაფერი გამიგია!~ - თქვა ქალბატონმა იზოლდამ, მედიდურმა ქალბატონმა თეატრის მსახიობის სტაჟით. `მოდი, დელიკატურად გამოკითხე უხასიათობის მიზეზი~ - ურჩია ქალიშვილს. იქნებ გიგუტას ორსული ქალები აღიზიანებს და თქმა ერიდება. მანანა ასეც მოიქცა, მაგრამ გულახდილობის ნაცვლად დუმილის ყრუ კედელს წააწყდა. გიგუტა ჰგავდა აუღებელ ციხე-სიმაგრეს, რომლის წიაღში შეღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. მანანამ დაცდა ამჯობინა, აი, გააჩენს ბავშვს და იქნებ მის ქუჩაზეც მოვიდეს გაზაფხული.

ჯანმრთელი, ლამაზი ბიჭი ეყოლათ. დაარქვეს ირაკლი. გიგუტა თითქოს გალღვა, მამობა შეიფერა, მანანასაც თბილად ეპყრობოდა, თუმცა თვალებში რაღაცნაირი, დატყვევებული ნადირის სევდა ედგა. მერე ისევ რეისმა მოუწია. ისევ ნახევარი წლით. მანანა კი ისევ ითვლიდა დღეებს და ისევ გაუცრუვდა იმედი. გიგუტა ჩამოვიდა, საჩუქრები დააყარა, ქმრის მოვალეობაც შეასრულა, მაგრამ ისე ნაჩქარევად და ფაციფუცით, თავმოყვარე მამალი არ იკადრებდა. მერე გადაბრუნდა და დაიძინა, როგორც უწინ.

გულგატეხილი მანანა ისევ დედასთან გაიქცა. ქალბატონი იზოლდა სერიოზულად შეფიქრიანდა. გაიხსენა ყველა შესრულებული როლი, ყველა წაკითხული პიესა, მაგრამ შვილის პრობლემას გასაღები ვერ მოუნახა. `იქნებ ჩემშია საქმე, იქნებ მე ვაკლებ რამეს ლოგინში!~ - ხელებს იმტვრევდა მანანა. `შეიძლება.~ - დაბეჭდა დედამ და ქალიშვილი სექსოპათოლოგთან მიარბენინა. მანანამ ერთი სიცოცხლე დაამთავრა ვიდრე უცხო, მეჭეჭიანი ქალის უხერხულ კითხებს პასუხობდა.

- ალიბიდემია დისჰარმონიის ფონზე. - დაასკვნა მეჭეჭმა.

- რას ნიშნავს? - დაიბნა მანანა.

- ალიბიდემია სქესობრივი ლტოლვის გაქრობა გახლავთ, დისჰარმონია - მოუწესრიგებელი ცოლ-ქმრული ცხოვრება. თქვენი მეუღლე ექვსი თვე რეისშია, სტატისტიკური მონაცემები კი ცხადყოფს - ჯანმრთელი წყვილისთვის სექსი კვირაში სამჯერ აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინც არის.

- გამოსავალი?

- მოიყვანეთ თქვენი მეუღლე ჩემთან, გავიცნობ, გავესაუბრები...

მანანას სასაცილოდ არ ეყო მეჭეჭიანის იდეა, გიგუტამ რომ ცოლის სექსოპათოლოგთან ვიზიტის შესახებ გაიგოს, შეიძლება მართლა მიატოვოს. მას ჯერ კიდევ უყვარდა ქმარი...

ქალბატონმა იზოლდამ ერთხანს უყურა ქალიშვილის ტანჯვას, მერე თავისთან მოიხმო და თამაშის სხვა წესები შესთავაზა:

- იცი, რას გეტყვი, ჩემო კარგო, შენს ქმარს წელს ქვევით კი არა, თავში სჭირს დისჰარმონია.

და ქალბატონმა იზოლდამ შვილს ქმრის კაბინეტის გაჩხრეკა შესთავაზა. მანანა აღშფოთდა: `სხვისი წერილების კითხვა რომ უღირსი საქციელია, შენ მასწავლე და ახლა საკუთარი ქმრის ნივთებში ქექვას მთავაზობო?~ ქმარი, `სხვა~ არ არის. - უპასუხა მშობელმა დედამ და დააყოლა: თუკი ის (მანანა), უწინდებურად აპირებს თავის მოტყუებას, მას (დედას), ხელიც დაუბანია.

მეორე დღეს მანანამ ხელის კანკალითა და აწრიალებული სინდისით ამოაცოცა გასაღებების ასხმა ქმრის პიჯაკიდან და ჩაკეტილი უჯრების გაღებას შეუდგა... სიმწიფის ატესტატი, დიპლომი, თანრიგის მოწმობა სპორტულ ტანვარჯიშში, ბრელოკები,

Page 51: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

რეისებიდან ჩამოტანილი სუვენირები... და უცებ ცხვირს სურნელი მისწვდა! ხარისხიანი სუნამოს ოდნავ შესამჩნევი სურნელი, ზღაპრული ჯინივით ამომხტარი უჯრის სიღრმიდან. მანანა დაიხარა და ყნოსვით მიაგნო სურნელის წყაროს. ეს იყო აბრეშუმის მარაო ბამბუკის ტარით. ნახმარი. რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს მისი ქმრისთვის ქალის ნახმარ მარაოს? იქნებ სახსოვარია?... სახსოვარი, რომელსაც ჯერ კიდევ ასდის პატრონის სურნელი.

მანანამ უჯრები დაკეტა და გასაღების აცმა ისევ პიჯაკის ჯიბეში ჩააცურა. უცებ, ხელზე რაღაც პრიალა ქაღალდი მოხვდა. ამოიღო და ფერადი ფოტოსურათი შერჩა. სურათზე სამი ადამიანი იყო გადაღებული, ამ ადამიანებს მანანა კარგად იცნობდა. ერთ-ერთი მისი ქმარი იყო, გიგუტა; დანარჩენები – გიგუტას კლასელები: სოფო კანკავა და მერაბ წკრიალაშვილი. ერთმანეთს გადახვეულები იდგნენ სანაპიროზე, და ეს სანაპირი ნამდვილად არ ჰგავდა ბათუმისას. ფოტო საზღვარგარეთ იყო გადაღებული, სავარაუდოდ, საკურორტო ქალაქ ვარნაში. გიგუტას საქორწილო ბეჭედი ეკეთა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კლასელებს რეისში ყოფნისას გადაეყარა. მართლაც, გემი სამი დღე იდგა ვარნაში და მეზღვაურებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება. ამ მხრივ, გიგუტას ვერაფერში მოედავები, მაგრამ რატომ დაბრუნდა ამ რეისიდან მისი ქმარი ასეთი შეცვლილი? ან რატომ არიან ერთად სოფო და მერაბი? სად არის ერთის ქმარი ან მეორის ცოლი?

და აქ მანანა მიხვდა - მისი ქმარი შეყვარებულია! ის შეყვარებულია სოფო კანკავაზე, ქალზე, რომელსაც ოფიციალური ქმრის პარალელურად საყვარელი ჰყავს - მერაბ წკრიალაშვილი. წკრიალა!

მანანა აღარ დაელოდა ემოციების გაციებას. იმავე საღამოს, როგორც კი ბავშვი დააძინა, ტახტზე არხეინად წამოწოლილ ქმარს ტელევიზორი გაუთიშა და ყოველგვარი შესავალის გარეშე მიახალა, რომ იცის მისი გაუცხოების მიზეზი და ეს მიზეზი სოფო კანკავაა.

ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ გიგუტას არც უცდია თავისმართლება. თავჩაქინდრული დუმდა.

მანანას არ გაუმართავს ისტერიკა. ტაქსი გამოიძახა, მძინარე ბავშვი პლედში გაახვია და ქმრის სახლი დატოვა. ორიოდე კვირაში გიგუტამ ცოლს მიაკითხა, მუხლებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა, მაგრამ მანანას აღარ უყვარდა ქმარი. გემბანზე მდგარი თეთრკიტელიანი კაპიტანი ბუნებაში არ არსებობდა, ის წიგნის გმირი იყო და წიგნშივე დარჩა.

მანანა თხრობას ასრულებს და ორაზროვნად მიყურებს.

- იცი იამზე, რა იყო გიგუტას უბედურება?

თვალებით ვეკითხები, ენა, შეიძლება ითქვას, მუცელში ჩამივარდა.

- მეტისმეტად პატიოსანი იყო. არ შეეძლო ერთდროულად ორ ქალთან წოლა... თანაც, ის პირველი სიყვარული იყო, აუხდენელი ოცნება, მისი ჟინი მთელი ცხოვრება კლავდა.

- იმის თქმა გინდა, რომ... - სიტყვა მიწყდება და ისევ თვალებით ვეკითხები.

- იმის თქმა მინდა, რომ ისინი საყვარლები იყვნენ.

- იქნებ... იქნებ პლატონურად უყვარდა.

- მეც მიფიქრია ამაზე, მაგრამ ფაქტი სახეზეა. - მანანა ხელჩანთას ხსნის და მაგიდაზე დიქტოფონს დებს.

- ეს რა არის? - ვეკითხები ხმის კანკალით.

Page 52: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- დიქტოფონი. - გულუბრყვილოდ მიხსნის, თითქოს მე ვერ ვხედავ.

ვხედავ, მაგრამ თვალებს ვერ ვუჯერებ. თავს დავდებ, სწორედ ამ დიქტოფონს ედავებოდნენ სუსიკოს დედას, სავარაუდოდ, ჩემთანაც დიქტოფონს ეძებდნენ, ლალიკოსთანაც, მერაბთანაც!

- გიგუტას ბინაში ვიპოვე, როცა ვალაგებდი. - ამბობს მანანა.

- ბინაში... რომელ ბინაში?

- გიგუტას ერთოთახიანი ჰქონდა თბილისში, რომელიც ანდერძით ირაკლის დაუტოვა. რეისიდან რეისამდე იქ ცხოვრობდა ხოლმე, ბათუმში იშვიათად ჩამოდიოდა, მხოლოდ ბავშვის სანახავად. მე არ ვუკრძალავდი, რა უფლება მქონდა მამისთვის შვილის ნახვა დამეშალა?! თანაც არ ყოფილა ცუდი მამა, საჩუქრებით ანებივრებდა. უბრალოდ ხშირად ვხედავდი ნასვამს და ამ საკითხთან დაკავშირებით, ვღელავდი... ხოდა იმას ვამბობდი, სახლის დალაგებისას აი, ამას წავაწყდი, - მანანა დიქტოფონზე მანიშნებს, - ფეხსაცმლის ცარიელ კოლოფში ეგდო, იმ ავადსახსენებელი აბრეშუმის მარაოს გვერდით. რომ არა მარაო, ალბათ არც მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ მარაო გიგუტას სიყვარულის ობიექტს დავუკავშირე და რაღა დაგიმალო, დიქტოფონითაც დავინტერესდი.

- მერე?

- მერე გაისმა სოფიო კანკავას შეუდარებელი ხმა... - არტისტულად წელავს მანანა.

ჩემი ხელი ავტომატურად მიცოცავს დიქტოფონისკენ, ერთი სული მაქვს ღილაკს გამოვკრა და მოვუსმინე.

- ციც! – მანანა გამაფრთხილებლად მიქნევს თითს და დიქტოფონს ხელისგულს აფარებს. - აქ არა, სახლშიც მოასწრებ. ამ ჩანაწერს შენ გჩუქნი იათამზე, თუ რამეში დაგეხმარება, ხომ კარგი, თუ არა და, შეგიძლია ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილო და გადააგდო. - მანანა ხელჩანთას კეტავს და წასასვლელად ემზადება. - ბათუმში თუ მოხვდები, გამომიარე, გიგუტას შვილს გაგაცნობ.

- - -

ნაწყვეტები სოფო კანკავას ჩანაწერიდან:

`ლაპარაკი მინდა, მსმენელი კი არ მყავს. მეგობრები დაიფანტნენ, მე და დიქტოფონი დავრჩით. ეს მინიატურული შავი კოლოფი არ დამაღატებს, მომისმენს და ერთგულების ნიშნად წითლად ჩამიპაჭუნებს თვალს. მეც ვუერთგულებ, ისეთ ადგილზე გადავმალავ, რომ ლადომ არასოდეს მიაგნოს. ზუსტად ვიცი, ლადო მითვალთვალებს, გრძნობს, რომ რაღაცას ვიწერ და კომპიუტერში კოდის გატეხვას ცდილობს. ვერ მოგართვი, ძვირფასო ქმარიკო, აწი ფხიზლად ვიქნები, კავკასიური ნაგაზივით...~

`...წუხელ წკრიალა დამესიზმრა, არათითზე ოქროს რგოლი ეკეთა და მახარბებდა. დაბოღმილს გამეღვიძა. ბედნიერი მაინც იყოს თავის პირანია ცოლთან. არ არის ბედნიერი, მშიერი თვალებით მიყურებს და ნერწყვებს ყლაპავს. ნერწყვებს ყლაპავს გიგუტაც, თუმცა კარგი ცოლი ჰყავს. გვიანაა თითზე კბენანი, ბიჭებო, თქვენ გზის დასაწყისში მიმატოვეთ, ლადომ კი მიპოვა და გალიაში ჩამსვა, თუთიყუშივით. სოფო, თქვი: ააა... და მე ვამბობ: ააა... ახლა: ბეე.... და მეც ვიმეორებ: ბეე... თუ არ გავიმეორებ, დოზას არ მომცემს. ლადო დოზას მაძლევს, მე – სხეულს. ბარი ბარში ვართ...~

Page 53: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

`...გუშინ ირამ დარეკა, თავისი ჭკუით უკანასკნელი გაფრთხილება მომცა. ირა ფიქრობს, ქმარს ავახევ. სულელი.~

`ქეთისთან დაკავშირებით სინდისი მქენჯნის. `ჩვენი შვილი რომ ყოფილიყო კლეპტომანი?~ - ვეკითხები ლადოს. `ჩვენი შვილი არ იქნებოდა კლეპტომანი.~ - მპასუხობს ის. კიდევ კარგი ამ პირუტყვისგან შვილი არ მყავს. ღმერთო, როგორ მძულს, როგორ მეზიზღება, მისი ოდეკოლონიც კი გულს მირევს. არადა, წკრიალასაც ზუსტად ეგეთი ასხია და სულაც არ მაღიზიანებს. პირიქით, მისი კანის სუნი აღმაგზნებს.~

`გარდაიცვალა ლიანა მასწავლებელი, ჩვენი კლასის დამრიგებელი. გუშინ პანაშვიდი იყო. ყველანი ვიყავით, სუსიკოს გარდა. საწყალი ლიანა მასწი, როგორ ვაბრაზებდით... ერთხელ მე და წკრიალას ფიზკულტურის დარბაზში შემოგვისწრო, გასახდელში ვიჯექით და ტუხებში კოცნას ვსწავლობდით. კალათბურთის ბურთი გამოგვიქანა, კიდევ კარგი წკრიალას მოხვდა და არა მე. ვიფიქრე, პანაშვიდის შემდეგ სადმე კაფეში დავჯდებოდით, მაგრამ წკრიალა ირამ აიკლო ზარებით, იამზემ კი ერთი წრე დაარტყა და დატყდა. მეორე ქმართან დაშორების შემდეგ იამზე შეიცვალა, ერთი შეხედვით უწინდებურად ხალისიანია, მაგრამ შინაგანად დათრგუნულია. სუსიკომ საიდუმლოდ გამიმხილა - ქმრის ჯიბრზე აბორტი გაიკეთა და საკუთარ თავს ვერ პატიობსო. რამ გააკეთებინა აბორტი, ვატო ისეთი ნორმალური ბიჭი იყო, თითქოს ერთმანეთიც უყვარდათ...~

`ირა დაუფარავ შანტაჟზე გადავიდა. მემუქრება - ქმართან ჩაგიშვებო. და რას მოიგებს? წკრიალა ცოლს მიატოვებს, მე - ქმარს, ირა კი მარტო დარჩება სამი შვილით მარტო. არ მინდა წკრიალამ გიგუტას ბედი გაიზიაროს. გიგუტას მიმართ ისეთივე სინდისის ქენჯნას ვგრძნობ, როგორც ქეთის მიმართ. არ მეგონა, ვარნაში გატარებული ერთი ღამე თავდაყირა თუ დააყენებდა მის ცხოვრებას. რომ მცოდნოდა, ცოცხალი თავით არ დავნებდებოდი, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა, როგორია გიგუტა ლოგინში. ის ერთადერთი ღამეც წკრიალას ეკუთვნოდა, უბრალოდ იმ საღამოს ისე დავცხეთ, გიგუტასთან კი არა, პირველ შემხვედრთან ვუღალატებდი. მთვრალები ვიყავით და მოვაწყვეთ ცოდვის ღამე. მე და წკრიალა მეორე დღეს შევრიგდით, გიგუტამ კი ისე გამოიდო თავი, თითქოს კანონიერი ცოლი გაექცა სხვასთან. `შენი გულისთვის თავს მოვიკლავო~, და ამას ეუბნება ადამიანს, ვისაც არაერთხელ ჰქონის თვითმკვლელობის მცდელობა.~

`...მე მეცვა `ჟან პოლ გოტიეს~ წითელი პიჯაკი და `კრიციას~ შავი ფეხსაცმელები. ვარცხნილობა `ისი პარიში~ გავიკეთე და წავედი პაემანზე. გავიპარე. წკრიალამ მითხრა - ძალიან ლამაზი ხარო, მე ვუპასუხე - მირჩევნია ბედნიერი ვიყო მეთქი. ზოგჯერ მეჩვენება, რომ წკრიალა მართლა მიყვარს, განსაკუთრებით, როცა ასეთი აღტაცებით მიყურებს. მომწონს ჩემით აღტაცებული კაცები, იმათი თვალით ვუყურებ საკუთარ თავს და ნარცისიზმში ვვარდები. `გინდა, ყველაფერს მივაფურთხოთ და სადმე გადავიკარგოთ?~ - მკითხა წკრიალამ. გამეცინა. ერთხელ უკვე გადავიკარგეთ. იმიტირებული თაფლობისთვე მოვიწყვეთ. და რა? როგორც კი ყურადღებას მოვადუნებდი, წკრიალა ტუალეტში იკეტებოდა და თბილისში რეკავდა - სახლში, ცოლთან, შვილებთან... ისინი ერთნი იყვნენ, განუყოფელნი, მე - მთელის უმნიშვნელო ნაწილი. რამდენჯერაც გამოვიჭირე, იმდენჯერ ისტერიკა დავიმართე. ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით, ისევ ვჩხუბობდით, ისევ ვრიგდებოდით. ვარნაში გიგუტას გადავეყარეთ... გვქონდა ყმაწვილობის დროინდელი სამკუთხედის აღდგენის უშედეგო მცდელობა - მე, წკრიალა და გიგუტა. ჩვენ ერთი უბედურება გვჭირს, ვერ გავთავისუფლდით წარსულისგან, ვერ შევეგუეთ აწმყოს, ვერ ავაწყვეთ მომავალი. არასოდეს დამავიწყდება გიგუტას სახე, როცა ვარნის პორტში ერთად დაგვინახა. არ იცოდა, რა მოიმოქმედოს – შეიმჩნიოს-არშეიმჩნიოს, ეწყინოს-გაუხარდეს. ვფიქრობ, ეწყინა. უფრო სწორედ, შეშურდა. არადა, მაშინ ახალი დაქორწინებული იყო. მე მომწონდა მისი ცოლი - სათნო პროვინციელი გოგონა. გიგუტა კი ჩემზე ჩაიციკლა, ალბათ გართულება ჰქონდა ზნედაცემულ ქალებზე... ~

Page 54: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

`...გიგუტა თვალსა და ხელს შუა ლოთდება, მე თვალსა და ხელს შუა ვყალიბდები ნარკომანად. ვერა რევიზიას უტარებს ჩემს ოთახს, ჰგონია სადღაც სასმელს ვმალავ და ჩუმ-ჩუმად ვწრუპავ. ვერ წარმოუდგენია, რომ კოკაინს ვყნოსავ. სამი წლის წინ ვერც მე წარმოვიდგენდი, მაგრამ დღეს... ჩემო უტყვო მეგობარო, გინდა გიამბო რა გავაკეთე დღეს?... არა, არ შემიძლია, მრცხვენია... შენთანაც კი მრცხვენია...~

`წკრიალამ დამირეკა - იამზეს სახლის გასაღები გამოვართვი, რვა საათამდე დრო გვაქვსო. მეფიცება, ჩვენ შესახებ არაფერი იცისო. მიჭირს დაჯერება, წკრიალა და იამზე იმდენად ახლოს არიან, ზოგჯერ ვეჭვიანობ კიდეც. წკრიალამ მითხრა: ~იამზემ რომ იცოდეს, ვინ ამყავს მაგის სახლში, იმ გასაღებით თავს გამიჩეჩქვავდაო.~ მეწყინა და გავბრაზდი. `შენ სხვანაირად გაიგე~ - დამამშვიდა წკრიალამ, - `იამზე ირას მხარეს არ არის, უბრალოდ ღალატის წინააღმდეგიაო.~ ვფიქრობ, ვატოც ღალატზე გამოიჭირა, იმიტომაც არის ასე აცრილი...~

`ეს დღეები სულ გული მერევა, სიგარეტსაც კი ვერ ვეწევი. გუშინ სეანსის დროს თავბრუ დამეხვა და გული წამივიდა. ვერამ, ორსულად ხომ არ ხარო. რა სისულელეა...~

- - -

სრულიად გაბრუებული მივდივარ ლადოს ბუნკერის გასაჩხრეკად. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, თავი გახეთქვაზე მაქვს, ყურში კი სოფოს დაბალი ხმა ჩამესმის. მინდა გავბრაზდე სუსიკოზე, რომელმაც დაფქვა ჩემი საიდუმლო, მაგრამ არ შემიძლია. ისე მენატრება, როგორც არასდროს! სოფოც მენატრება, გიგუტაც... ვინც ზუსტად არ მენატრება, ეს არის ჩემი ყოფილი ქმრები. მალხაზი არც არასოდეს მომნატრებია, მაგრამ ვატო... ვატოს არასოდეს ვაპატიებ.

ვერა ფარაონის პოზაში ზის ხის ჩრდილში. თავი მაღლა, ხელები მუხლებზე.

- ცუდი წინათგრძნობა მაკვს. - შემომჩივის.

მხრებს ვიჩეჩავ. არც მე გადამდის ოპტიმიზმი, მაგრამ `ქმნა მართლისა სიმართლისა~ სარიკსო ნაბიჯისკენ მიბიძგებს.

- დროზე, ვერა, არ არის წუწუნის დრო. - მოუთმენლად ვცქმუტავ.

ვერა დგება, მაგრამ სახლის უკან კი არ მიდის, სადაც მე ბუნკერი მეგულება, არამედ სახლში შედის. მეც მივყვები. ჰოლი, მისაღები ოთახი, კაბინეტი. აქ გრილა. ჩართულია კონდენციონერი. გარშემო წიგნებია, ჭერამდე. საწერ მაგიდაზე დევს მალაქიტის მასიური პრეს პაპიე და დინ კიხოტის ბრინჯაოს სკულპტურა.

ვერამ წიგნის კარადის ერთ-ერთ ფრთასან დგება, უხილავ ღრიჭოში ხელს აფათურებსა და ოდნავ იხევს უკან. კარადის ფრაგმენტი იძვრის, სისინით მისრიალებს მარჯვნივ, სპეციალურ ღიობში და მოულოდნელ პანორამას მიშლის – ვიწრო, ჩაბნელებული ტალანი ხორკლიანი კედლებით.

- ეს რა არის, ვერა? - ვეკითხები შეშინებული.

- ეგენი ბუნკერი ეძახიან, შიგნით არ ვკოფილვარ.

- არასოდეს დაინტერესებულხარ?

- თუ ლაპარაკი გინდა, გავიდეს კუხნაში და ვილაპარაკოთ. - მსაყვედურობს ვერა.

Page 55: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- კარგი, კარგი, მივდივარ.

- ბოლოში რკინის კარი არი. გასაღების დუბლიკატი გაქვს?

ხელში მომუჭულ დუბლიკატს ვაჩვენებ და დამრეც, ვიწრო ტალანში ვეშვები. ცემენტით შელესილ კედელზე თრთის ჩემი ბობღიალა ჩრდილი, თითქოს მაფრთხილებს - დაბრუნდი უკან, იათამზე, გავასწროთ აქედანო.

აი, რკინის კარიც... გასაღებს საკეტში ვატრიალებ და შევდივარ. ესეც ნანატრი ბუნკერი! ოცი კვადრატული მეტრი იქნება, მეტი არა. თვალს მჭრის უზარმაზარი პლაკატი, რომელზეც ეროტიკულ პოზაში დედიშობილა სოფოა გადაღებული. მაგარი პლაკატია, პროფესიოანლის გაკეთებული - ფერი, დიზაინი, შინაარსი... ყველაფერი. ასეთი „ჵლაყბოყ“ –ც დაამშვენებდა. ამ კატაკომბაში კი ისე გამოიყურება, როგორც პამელა ანდერსენის ფოტო ხელოსანი სერჟის გამურულ სახელოსნოში.

აი, თურმე რითი ერთობა პატივცემული ვლადიმერი. და არა მხოლოდ ჰობის დონეზე. ძვირადღირებული ტექნიკის გათვალისწინებით, მთელი ბიზნესი აქვს აწყობილი. მაშ რისთვის სჭირდება უმაღლესი კლასის კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ლაზერული პრენტერი, სოფიტები, საბეჭდი ქაღალდები...

პრინციპში, რა ჩემი საქმეა ქმარი ცოლს პორნოგრაფიულ სურათებს უღებს თუ ეროტიულს. მთავარია, ქეთის ვერსია არ დადასტურდეს.

სწრაფად ვრთავ კომპიუტერს და დესკტოპზე გამომხტარ ფაილებს ვუყურებ. რომელი ერთი გავხსნა, ბევრია...

`ლოლიტას~ ვცდი, ვნახოთ, რას ინახავს აქ ეს ცრუ გუმბერტი. ნანახი შოკში მაგდებს... არასრულწლოვან მოზარდთა მთელი გალერეა, მათ შორის თავშესაფრის ბინადარი ქეთი! ეს არ არის ეროტიკა, ეს ბინძური პორნოგრაფიაა!

`არასრულწლოვანთა გამოსახურების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-შენახვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთის ვადით სამ წლამდე.~ მიკაკუნებს თავში. სამი კი არა, სამასი წლით უნდა ჩასვა ციხეში, ვფიქრობ გააფრთებული და ისტერიულად ვაწკაპუნებს მაუსს. ჩემს თვალწინ ახალ-ახალი ფაილები ისხნება, გოგონებს ბიჭები ენაცვლება, ეროტიკას - პორნოგრაფია. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც სოფოს ფოტოგალერაა... სოფო-გეიშა, სოფო_კლოუნესა, სოფო_ამაზონელი, სოფო_ბალერინა... მომღიმარი, სევდიანი, აგრესიული, რომანტიული, შიშველი, ნახევარადშიშველი... ბევრნაირი!

ეს არაკაცი პორნოსაიტებს ამარაგებდა საკუთარ წარმოების პროდუქციით. პორნოინდუსტრია ნარკოტიკების შემდეგ რომ ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, ცნობილი ამბავია. ლადო სასიამოვნოს სასარგებლოსთან ათავსებდა. ცოლი წამალზე შეაჯინა, მორჩილებაში რომ ჰყოლოდა და მიდი-მოვდივარ!

გარდა ამისა, ის ბოროტად სარგებლობდა სოფოს რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობით. ერთ-ერთ ფაილში ვაწყდები სიას მოზარდების მონაცემებით - ვინაობა, წლოვანება, ოჯახური მდგომარეობა, ცენტრში მოსვლისა და წამოსვლის თარიღები... გასაგებია, რასაც ეძებდა ლადო სოფოს კომპიუტერში.

მაიორი ოქრუაშვილი – აი, ვინ მჭირდება. მობილურის ღილაკებს ვაწკაპუნებ, სამწუხაროდ, აქ არ იჭერს, არა უშავს, ზევით ხომ დაიჭერს...

და უცებ ვგრძნობ - მარტო არ ვარ. სიმწრის ოფლი მასხამს. ნელა, ძალიან ნელა ვწევ თავს... მთელი საუკუნე. ჯერ მამაკაცის ფეხსაცმელს ვხედავ, მერე შარვლის ტოტებს, მერე დემონური ხითხითი მესმის.

Page 56: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- - -

- გაები, ბზიკო, მახეში?

ხმა არ ვიღებ, ან რა უნდა ვუპასუხო, გაბმულიც ვარ და გაბითურებულიც. ლადო მიახლოვდება, უცერემონიოდ მართმევს მობილურს და ხელს მკრავს. მომჩვარული ვეხეთქები ძველ ტახტზე.

- პარდონ, ცოტა უხეშად მომივიდა. - მიბოდიშებს და კომპიუტერის სკამს მოასრიალებს.

ლაღად და თავისუფლად მოძრაობას, ორაზროვანი ღიმილით ხორციან სახეზე. უეჭველი ასეთი გამომეტყველებით მიგზავნიდა ღამეულ მესიჯებს. ვიცოდე მაინც, რას ისახავდა მიზნად. იქნებ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს? იქნებ შეიძლება თავის დაძვრენა, მოთაფვლა, მოტყუება, იუმორში გადატანა...

- აბა, მომიყევი, რას ეძებდი სხვის სახლში? გისმენ, გისმენ იათამზე! რატომ არ იღებ ხმას, ენა გადაყლაპე? სად არის შენი ცნობილი, გრძელი ენა? აბა, მაჩვენე, გამოყავი!

ახლა კი ნამდვილად გავგიჟდები, ამ კაცს არა მხოლოდ სექსუალური, ფსიქოლოგიური გადახრაც აქვს.

- ვერა სად არის? - მოძრაობაში მომყავს სასაზე მიკრული ენა.

- ვერა? – ლადო ტუჩებს ქაჩავს, თითქოს უკვირს, - ვერა სამზარეულოშია. როცა კარგად ჩამოღამდება, ბაღში გადავასვენებ, თორემ აყროლდება ამ სიცხეში. ლეღვის ძირში ფხვიერი მიწა მეგულება, ვერას სამყოფ ორმოს უცებ ამოვთხრი. გეცოდება? ნუ გეცოდება, რაღა აზრი აქვს მის სიცოცხლეს სოფოს გარეშე? რომ არ მოიწყინოს, შენც გვერდით მაგაწვენ. – კბილებით მიღიმის და საქმიანად განაგრძობს, - ნუუ, ცოტა ღრმა ორმოს ამოთხრა მომიწევს, მაგრამ არა უშავს, დრო თავზესაყრელი გვაქვს. მე არსად მეჩქარება, შენ?

- მე გამომძიებელი მომაკითხავს. - მესმის საკუთარი კნავილი.

- რა პრობლემაა, მოგაკითხოს. - ლადო გაზიზინებულ მუცელზე ხელს იტყაპუნებს. ერთი ზომით პატარა პერანგი აცვია, ლამის დააწყდეს ღილები. - ჩემი სახლის კარი ღიაა სტუმრებისთვის... დაიმახსოვრე, სახლის, და არა ბუნკერის.

- არ მომკლა.

- სამწუხაროდ, მომიწევს. აბა, მითხარი იათამზე, რომელი ჭკუათმყოფელი გაუშვებს ცოცხალ მოწმეს?!

- ლადო, გთხოვ...

- მთხოვე, რაც გინდა, შეწყალების გარდა. მაგალითად... მაგალითად, მზად ვარ გულახდილად ვუპასუხო შენს ნებისმიერ შეკითხვას, ყველაზე უხერხულსაც კი. აბა, დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობით ხომ არ გაგიშვებ ბავშვობის მეგობრებთან?! სხვა თუ არაფერი, სუსიკოს ეწყინება, უყვარდა ცხონებულს ჭორაობა.

საქმეს ამბობს ეს ვირიშვილი. თუ სიკვდილია, გულნაკლული მაინც არ წავალ ამ ქვეყნიდან. ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლესთან განშორება ერთნაირად უჭირს ოცდაცამეტი წლის ახალგაზრდასაც და ოთხმოცდაცამეტი წლის მოხუცსაც. მახსენდება

Page 57: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ბაბუაჩემი, რომელსაც ჰქონდა დაავადება სახელწოდებით - მიტრალური სარქველის პროლაფსი. სიკვდილამდე ერთი საათით ადრე საავადმყოფოში მოვინახულე. `ბაბუ, როგორ ხარ?~ ვეკითხები. ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, მხოლოდ ცერა თითის აწევა მოახერხა - ვითომ, გადასარევადო. ხოდა, ასეთი ბაბუის შვილიშვილი სიკვდილს ღირსეულად უნდა შეხვდეს.

- კარგი, თანახმა ვარ.

- დაიწყე. შენ ჟურნალისტი, მე რესპოდენტი. – ლადო მზადყოფნას განასახიერებს.

- რატომ მოწამლე ჩემი მეგობრები?

- მე არ მომიწამლავს.

- აკი, გულახდილი ვიქნებიო?

- მე არ მომიწამლავს. – მიმეორებს.

- რა აზრი აქვს მოტყუებას, თუკი მაინც უნდა მომკლა?

- შენ გგონია, ვიტყუები? სოფოს სულს ვფიცავარ, არა.

ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. თურმე ლადოს ლურჯი თვალები აქვს, იმდენად მუქი ლურჯი, რომ ყოველთვის შავი მეგონა. რომ არა ხორციანი სახე, ნაკვთებს ვერ დაუწუნებდი. ასეთ ნაკვთებს სულ ცოტა თხუთმეტი კილოგრამით ნაკლები წონა მოუხდება.

- ნუ მბურღავ თვალებით, იათამზე, მე არავინ მომიკლავს, ვერას გარდა. იმანაც მაიძულა მომეკლა, თორემ...

- მაშ ვინ?

- ირამ.

- რა ხეირი ირას?

- ის ხეირი, რომ შენ და შენი დაქალები ხელს უშლიდით მის ოჯახურ ბედნიერებას. სოფოს ფეხმძიმობის ამბავი რომ გაიგო, სულ გადადგა ჭკუიდან.

- რა შუაში იყო ირა სოფოს ფეხმძიმობასთან?

- ირა არაფერში, მერაბი კი პირდაპირ თავში ბრძანდებოდა. –

ლადო ალალად მიყურებს, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. გამოდის, სოფო მერაბისგან ელოდა შვილს. ეს სიახლეა, მაგრამ არც ისეთი, ჩემი გაჭირვება გადაფაროს.

- დიახ, სოფო მერაბისგან იყო ფეხმძიმედ, - ფიქრებს მიმიხვდა ლადო. უბრალოდ ამბობს, გაღიზიანების გარეშე, თითქოს ცოლის ღალატი ისეთივე ნორმაა, როგორც წვერის გაპარსვა ან კბილების გახეხვა.

- შენ... შენ ეს ყველაფერი იცოდი და მაინც... არ მესმის, მართლა არ მესმის...

- ეეეჰ, ეგ რომ გაიგო, ჩემნაირი ცხოვრება უნდა გამოიარო. - მძიმედ ოხრავს ლადო.

- რა ცხოვრება გქონდა ასეთი?

ლადო ჭერში იცქირება. ყოყმანობს. ე. ი. არ ეჩქარება ჩემი მოკვლა, ლაპარაკი უნდა, დაცლა. ისიც ადამიანია, ბოროტი, ნამუსგარეცხილი, მაგრამ ადამიანი! ადამიანი კი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ ურთიერთობას საჭიროებს. მე მაწყობს დროის გაწელვა, სანაც გულწრფელად მაინტერესებს ლადოს ეკალ-ბარდით მოსილი ცხოვრებისეული გზა.

Page 58: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- მომიყევი, ჩემს მოკვლას ყოველთვის მოასწრებ.

- ჰოო, შენს მოკვლას მოვასწრებ, აი, აღსარების თქმას ალბათ ვერა. კეთილი, შენმა აიღო...

ლადოს თავის სკამიანად კუთხისკენ გასრიალდა და არყის ბოთლთან ერთად უკანვე მოსრიალდა. სასმელი ერთჯერად ჭიქებში ჩამოასხა. ერთი მე მომაწოდა, მეორეს თვითონ მოსვა.

ლადოს აღსარებიდან:

ლადოს მამა არ ჰყავდა. ის ნაბიჭვარი იყო. დედამისი, თეძოგანიერი ქალი მეტსახელად წკენტა, სილამაზის სალონში მუშაობდა ფეხის ფრჩხილების მოწესრიგების განხრით, მარტივად რომ ვთქვათ, პედიკიურშად. წკენტა იმიტომ, რომ პასიანსის გაშლა უყვარდა და აგურს კარტს წკენტას ეძახდა. გაკვეთილების შემდეგ პატარა ლადო დედას შეუვლიდა ხოლმე, ფუნთუშის ფულს ართმევდა და ქუჩის გადაღმა, საკონდიტროში გარბოდა. გამხდარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ საკონდიტროში ყოველდღიურმა სირბილმა, თვითონაც ფუნთუშას დაამსგავსა. ერთხელაც კლასელმა წამოაძახა - `შე ტრაკგასიებულო ნაბიჭვაროო.~ ლადომ არც აცია, არც აცხელა და ისეთი გლიჯა, თვალი ჩაულურჯა. იმ ბიჭმა დედასთან იჩივლა, დედამ - დამრიგებელთან, დამრიგებელმა წკენტა დაიბარა. იმის ნაცვლად შვილი დაეცვა, დედამისმა მუხლი მოიდრიკა, პერეგიდროლით გაღიავებული თავი დახარა და ბოდიშები იხადა. რაც ყველაზე დამამცირებელია, დამრიგებლის ჩაწოდებით ლადოსაც მოთხოვა ბოდიშის მოხდა, რადგან ნაცემი ბიჭი პარტიული მუშაკის (მაშინ კომუნისტური პარტია იყო) შვილი იყო, ლადო კი პედიკიურშას ნაბიჭვარი.

ლადოს არც უფიქრია ბოდიშის მოხდა, სკოლა გამოიცვალა და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო - ბეჯითად ისწავლოს და გახდეს პარტიული მუშაკი. მაშინ პატარა იყო და არ იცოდა, რომ ბუნებაში არ არსებობს სასწავლებელი, რომელიც კონვეირის პრინციპით უშვებს რაიკომის მდივნებსა ან კომიტეტის თავჯდომარეებს.

აი, ცომეულის ჭამა კი აკრძალა. იმ დღის შემდეგ აღარც გაუხედია საყვარელი საკონდიტროსკენ. ის არ დაუშვებს ვიღაც გაგლესილმა ტიპებმა `სქელტრაკა~ დაუძახონ.

დამამთავრებელ კლასში მოულოდნელად მამამისი გამოცხადდა, ბატონი რევაზი. ლადოს ყბა ჩამოუვარდა - ნუთუ ეს თეთრთმიანი, იმპოზანტური მამაკაცი მისი ბიოლოგიური მამაა?! უნივერსიტეტის დეკანი, თითქმის რაიკომის მდივანი, თუ მეტი არა...

როგორც მოგვიანებით გაარკვია, ახალგაზრდობაში რევაზს ფეხის ფრჩხილებზე პრობლემა ჰქონია და დასახმარებლად წკენტასთვის მიუმართავს. იმას ფრხჩილებიც მოუწესრიგებია და არც ალერსზე უთქვამს უარი, ყოველდღე კი არ ჰყავდა ასეთი გამორჩეული კლიენტი! რევაზი ცნობილი კაზანოვა ბრძანდებოდა, უნივერსიტეტში ლეგენდები დადიოდა მრავლისმნახველ ტყავის დივანზე, რომელიც მის კაბინეტში იდგა და რომელზეც ბატონი მეცნიერი ეპატიჟებოდა ყველა მსურველს - დამლაგებლიდან დაწყებული, სტუდენტი გოგონებით დამთავრებული.

ერთდღიანი `ალერსი~ წკენტას ძვირად დაუჯდა - დაფეხმძიმდა საწყალი. პირველად შეეშინდა, მოგვიანებით კი გაანალიზა და ჭკუაში ჩაუჯდა. ვითომ რატომ არ უნდა გააჩინოს შვილი ლამაზი, განათლებული მამაკაცისგან? მერე რა, რომ იმ კაცს ცოლ-შვილი ჰყავდა, წკენტა არც ისეთი სულელი იყო თავისი ადგილი არ სცოდნოდა. ერთადერთი, გვარს თუ გამოიმეტებდა შვილისთვის, არ იქნებოდა ურიგო, მატერიალურადაც თუ წაეხმარება, კიდევ უკეთესი.

Page 59: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

`რა შვილი, რის გვარი, შენ თავი ხომ არ მიგირტყამსო?-~ - უყვირა რევაზმა კათედრაზე გამოცხადებულ წკენტას და რაფინირებული ინტელიგენტიდან უცებ გაუთლელ მუტრუკად იქცა. ასე იცის შიშმა. ფული მიაშავა, ოღონდ აბორტის გასაკეთებელი, თან მკაცრად გააფრთხილა, რომ მეორედ აღარ დაელანდოს. არასოდეს!

კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო...

გავიდა ხანი და რევაზს ზედიზედ ორი უბედურება დაატყდა თავს – ავარიაში დაიღუპა მისი ცოლი და უფროსი ვაჟი; ოთხი წლის შემდეგ მეორე ვაჟი მოკლეს - ვიღაც აუშარდა რესტორანში და დანა გაუყარა. `ღმერთო, რა დავაშავე, რატომ ამოწყვიტე ჩემი გვარი და ჯილაგი?~ - შუბლს ახლიდა კუბოს გამწარებული მამა. და აქ გაახსენდა წკენტა - მორჩილი პედიკიურშა, რომელიც თექვსმეტი წლის წინ გამობზეკილი მუცლის მოადგა და დახმარება სთხოვა.

ბატონმა რევაზმა შვილი დაასაფლავა, ორმოცი გადაიხადა და რადგან ამდენი უბედურების შემდეგ კიდევ ცოცხალი იყო, გადაწყვიტა პატარა მოკვლევა ჩაეტარებინა. წკენტა ისევ იმ სილამაზის სალონში მუშაობდა, ისევ ჭრიდა და ქლიბავდა მავანის სოკოიან ფრჩხილებს, მისი თექვსმეტი წლის ბიჭი კი სკოლაში სწავლობდა, თანაც წარჩინებულად. უბნის პოლიკლინიკაში რევაზმა გაარკვია, რომ ბიჭი ჯანმრთელია, გაკეთებული აქვს ყველა აცრა, არ აღენიშნება არც ერთი ქრონიკული დაავადება.

ლადომ სიამოვნების მიიღო ახალგამომცხვარი მშობელი, მის გვარზე გადავიდა და მისივე რჩევით ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. ფეშქაშად მანქანა მიიღო. მაშინ სხვა დრო იყო, ასე იოლად არ ყიდულობდნენ მანქანებს 17 წლის ლაწირაკებისთვის. კურსზე ლადოს გარდა საკუთარი მანქანა არავის ჰქონია. და დაიწყო სტუდენტობის ბედნიერი ხანა. მამის არ იყოს, ლადოსაც უყვარდა ქალები - განურჩევლად ასაკისა, გონებრივი შესაძლებლობისა, რასისა თუ რჯულისა. შედეგად ვენერიული დაავადება აიკიდა. მამამ ნაცნობ ექიმთან მიიყვანა.

`ცხოვრება პარადოქსებისაა სავსე~, ფიქრობდა ბატონი რევაზი, ჩანასახშივე უაყოფილი შვილი უფრო დაემსგავსა, ვიდრე საყვარელი ქალისგან გაჩენილი.

ლადომ ზედმწევნით შეასრულა ვენეროლოგის დანიშნულება – რაღაც პერიოდი არც სასმელს გაკარებია, არც ქალებს, მაგრამ სხვა პრობლემა გაუჩნდა - შიში სქესობრივი აქტის მიმართ, რაც ავტომატურად იწვევდა ერექციის დაქვეითებას. გულგახეთქილი დასცქეროდა მომჩვარულ პენისს, რომელიც არაფრით ემორჩილებოდა თავის ტვინიდან წამოსულ იმპულსებს. რაში სჭირდება ბინა, მანქანა, განათლება, დიპლომი, თუკი ეჭვქვეშ დადგება მისი მამაკაცური ღირსება?!

ვენეროლოგი სექსოპათოლოგმა შეცვალა, სექსოპათოლოგი - ხალხურმა მედიცინამ, ხალხური მედიცინა - ექიმბაშმა. რა არ სცადა საბრალო ლადომ - აბა ჟენშენიო, აბა ვიტამინებიო, აბა იოჰიმბუს ფესვებიო... ვიღაცამ არაჟანიც ურჩია. შედეგი - ნული. პლიუს ზედმეტი კილოგრამები.

ოცდაშვიდი წლის იყო, როცა მის ცხოვრებაში გაჩნდა სოფო

კანკავა - საოცრად სექსუალური ქალიშვილი ნეფერტიტის პროფილით. მისი ხმის გაგონებაზე ლადოს მიძინებული ლიბიდო ცოცხლდებოდა და ძარღვებს დახეთქვით ემუქრებოდა. რას არ ჩადიოდა სოფოს მოსახიბლად - ყვავილები, სუნამოები, რბილი სათამაშოები, სიურპრიზები... მაგრამ სოფოს შეყვარებული ჰყავდა, ერთის ნაცვლად - ორი. ხან ვიღაც წკრიალა უყვარდა, ხან ვიღაც ჭუტალა (ჯერ მარტო რა მეტსახელებია!). ბოლოს ორივესთან წაიჩხუბა და ლადოს გაჰყვა ცოლად. იმათ ჯიბრზე მოიქცა ასე, მაგრამ ლადოს ფეხებზე ეკიდა, პირველყოფილი აღტკინებით დააცხრა ლტოლვის ობიექტს და სქესობრივი აქტი ბოლომდე ჩაატარა. ის, რომ სოფო ქალიშვილი არ იყო, მერეღა

Page 60: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

გააცნობიერა. გული დაწყდა, მაგრამ აპატია, ნამუსი შეუნახა, მშობლებთან არ გათქვა. მეტიც, ის მამაძაღლი წკრიალა (სოფოს შემცდენელი) ახალშერთულ ცოლთან ერთად ოჯახში მიიღო, უმასპინძლა.

სოფომ მალე მოიწყინა, მისი უხასიათობა პირდაპირპროპორციულად აისახა ლადოს პოტენციაზე. ლადო ღელავდა, სოფო ბრაზობდა, ლადო სტიმულატორებს მიეძალა, სოფო - ტრანკვილიზატორებს.

ერთხელაც ლადომ მძინარე სოფოს სურათი გადაუღო, კომპიუტერში ატვირთა და ფოტოკონკურსზე გაგზავნა. ფოტომ საუკეთესო ასეულში მოხვდა, რაც გახდა ლადოს ახალი გატაცების წინაპირობა. თავდაპირველად სოფომ მხარი აუბა, ლამაზი ქალი იყო და მოსწონდა პოზირება, მაგრამ ლადო თვალსა და ხელს შუა გათამამდა, ყოველი მომდევნო ფოტოსესია წინაზე გულახდილი იყო და მკვეთრად ეროტიკული შინაარსის მატარებელი. სოფომ გააპროტესტა: `ეს უკვე მეტისმეტია, რომელი პორნოვარსკვლავი მე მნახეო~. თანაც მობეზრდა მიბნედილი მზერისა და გაბზკილი საჯდომის დემონსტრირება. საერთოდ, სოფოს მალე ბეზრდებოდა ყველაფერი და მაშინვე დეპრესიაში ვარდებოდა.

და მაშინ ლადომ ძვირადღირებული ნარკოტიკი - კოკაინი შეაპარა. `შეისუნთქე, სტრესს მოგიხსნის და ენერგიაზე მოგიყვანს,~ - ვითომ სხვათაშორის ურჩია და პაკეტი თეთრი ფხვნილით ტუმბოს უჯრაში ჩაუგდო. ორ კვირაში პაკეტი ცარიელი დახვდა.

ასე შეჯდა სოფო ნარკოტიკზე, ლადო კი ინტერნეტზე. მთელ თავისუფალ დროს ჩეთში იჯდა და უცხოელებთან ფოტოსურათების პიარით იყო დაკავებული. კოკით გაბრუებული სოფო სულ უფრო დამყოლი ხდებოდა, და რაც უფრო დამყოლი ხდებოდა, მის უფრო იწევდა ფოტოსურათების ფასი.

ლადო პრინციპულად არ გადიოდა ქართულ ბაზარზე, მაგრამ ერთმა გზავნილმა მოსვენება დაუკარგა. `ვიცი ვინც ხარ და რასაც საქმიანობ. მე უკეთეს რამეს შემოგთავაზებ.~ და ლოდოს ფოსტაში არასრულწლოვანთა ეროტიული ფოტოები გადმოიქახა, ძირითადად კავკასიური გარეგნობის მოზარდებით. ლადო მიხვდა - შეტოპა. რამდენიმე დღე კომპიუტერს არ გაკარებია, მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ფოსტა გახსნა. `მე შენ თანამშრომლობას გთავაზობ, უარის შემთხვევაში, შენი ცოლის ინტიმურ ადგილებს სრულიად საქართველო იხილავს~.

ეს იყო სუფთა წყლის შანტაჟი, და ლადო წამოეგო ამ შანტაჟზე. ასე გაიცნო თემური - ჰაკერი და სუტენიორი.

თემურმა გარიგება შესთავაზა - ლადო, სოფოს სამსახურის მეშვეობის მოიპოვებს მზრუნველობას მოკლებული და უპატრონო მოზარდების კოორდინატებს და სიას თემურს გადასცემს. მოზარდების გაცნობა, დამუშავება-დაბოლება და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ გადაყვანა უკვე თემურის პრეროგატივაა. რისკი მინიმალურია, სამაგიეროდ თანხა, რომელიც წარმატების ჩატარებული ოპერაციის პროპორციულად დაჯდება ლადოს ანგარიშზე - მაქსიმალური.

ასე აღმოჩნდა ლადო ჩართული ტრეფიკინგში. მართალია, სოფოს სამსახურიდან წამოსვლის ინფორმაციის მოპოვება შეფერხდა, მაგრამ თემურს არ გაუწყვეტია ლადოსთან ურთიერთობა. საზღვარგარეთ გასაგზავნ ობიექტს სურათის გადაღება სჭირდებოდა, სურათს - ფოტოშოფში დამუშავება... და საერთოდ, ისე არაფერი აკავშირებს ადამიანებს, როგორც ერთობლივი დანაშაული.

ამ სიტყვებით ლადომ თავისი `ეკალ-ბარდიანი~ ისტორიის მოყოლა დაასრულა და როგორც მომეჩვენა, შვებით ამოისუნთქა. სამაგიეროდ, მე შემეკრა სუნთქვა, რადგან მივხვდი - აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევ. ინფორმაციით სავსე დეტონატორზე ვარ შეერთებული, ერთი გაფართხალება და ლადოსაც წავიყოლებ.

Page 61: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- სასაფლაოზე რა გინდოდა ირასთან ერთად? – არ მასვენებს გამჩენი.

- სასაფლაო ყველაზე უსაფრთხო ადგილია კონფიდენციალური საუბრებისთვის. ეგღა გვაკლდა კაფეში დავესტუკებინეთ ვინმეს.

- რა საქმე გქონდა ირასთან?

- სოფოს დიქტოფონს ვეძებთ და ვერ გვიპოვია.

პულსი ამიჩქარდა. დიქტოფონი სახლში მაქვს, იქ არაფერია ნათქვამი ლადოს კრიმინალური ინდუსტრიის შესახებ, რომც გამოვუმხილო, შეიძლება დამიჯეროს, მაგრამ დიქტოფნის მოსატანად რომ არ გამიშვებს, ფაქტია. თვითონ წავა, მოუსმენს, მიხვდება, რომ ისეთი არაფერია, მობრუნდება და მომკლავს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

- რა არის იმ დიქტოფონში ასეთი? - ყოველ შემთხვევაში, ვეკითხები.

- სოფოს ნაბოდვარი. არ ვიცი, რამდენად შორს შეტოპა გულახდილ საუბრებში იმ დედააფეთქებულ კოლოფთან. დანამდვილებით ისიც არ ვიცი, რამდენად იყო საქმის კურსში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. მოკლედ, უნდა გადავამოწმო. ირასთვისაც შარია, არ უნდა ქმარმა გაიგოს, როგორ აშანტაჟებდა სოფოს. ირა საძაგელი ქალია, ბოღმიანი და შურიანი. რას უძლებს შენი ძვირფასი მეგობარი?!

`ძვირფასიო!~ ამ გადასახედიდან აღარც წკრიალა მეძვირფასება, არც ჭუტალა. ინტუიცია მკარნახობს, სუსიკო და თაზო შემთხვევით გახდნენ სისხლიანი ვახშმის გმირები, რომ არაფერი ვთქვა ფილფანების წყვილზე.

- სუსიკოს დედას რაღას ერჩოდი?

- ბოლო დროს სოფომ სუსიკოსთან სიარულს მოუხშირა, ვიფიქრე, მაგას მიაბარა დიქტოფონი. თემურმა დაუსატკავა, მაგრამ ვიღაც სირი გამოუხტა ბუჩქიდან და ვერ მოასწრო გამოტეხვა.

- ჩემს ბინაშიც თემური იყო შემომძვრალი?

- ხო, შენთანაც და ლალიკოსთანაც.

- ირასთანაც?

- არა. ირამ გაქურდვის სიმულაცია გააკეთა, კვალის ასარევად.

- ვისთვის უნდოდა კვალის არევა?

- ქმრისთვის, გამოძიებისთვის...

- დავიჯერო, სულ არ ნანობს?

- შენ წარმოიდგინე ყველაფერს უარყოფს, მე არ მომიკლავსო, იფიცება.

- აბა, ვინ მოკლაო?

- მე მაბრალებს. - ცალყბად იცინის ლადო და უცებ დგება. - რას მომჩერებიხარ, გოგო, ცოლს როგორ მოვკლავდი, სოფო ჩემთვის ყველაფერი იყო!

- მე მეგონა, შენ მოკალი.

- ეგრე, მეც ბევრი რამე მეგონა!

- შენი ეჭვების შესახებ გამომძიებელს უთხარი?

Page 62: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- არა, სამი შვილის დედას ვერ ჩავუშვებ.

- მკვლელმა რა შვილები უნდა გაზარდოს?!

- ნუ იტყვი, იათამზე, ირა გიჟი დედაა! შვილების გამო წავიდა მკვლელობაზე, ეტყობა, ის არაკაცი მერაბაც უყვარს, მაგის შუბა დავხიე მე, დამინგრია ცხოვრება... - ლადო კრიახით მიემართება გასასვლელისკენ.

- საით?

- ცოტა ხნით დაგტოვებ, შენ შეგიძლია ილოცო, დეზდემონა... – და გადის.

- დამპალო, კრეტინო, არაკაცო! - მივაძახე დაკეტილ კარს.

- სიტყვები შეარჩიე, აყლაყუდა! - ყრუდ მპასუხობს ლადო.

- ბინძურო იმპოტენტო! - ვყვირი ბოლო ხმაზე.

არ უნდა მეყვირა, ლადომ შუქი გამომირთო. სრულ უკუნში გავრბივარ კარისკენ, შუბლით რაღაცას ვასკდები და უღონოდ ვეშვები დაბლა.

ყვავილებით მოჩითულ მინდორში ვარ. გარშემო ულამაზესი პეპლები დაფარფატებენ, ასეთები მხოლოდ სქელტანიან ენციკლოპედიაში მინახავს.

- ნუ გეშინია, ბზიკო. - მესმის სუსიკოს ხმა.

თავა ვაბრუნებ, მაგრამ სუსიკო არ ჩანს.

- ცოცხალი ხარ? - გახარებული ვეკითხები სივრცეს.

- აბა, მკვდარი ხომ არ ვილაპარაკებ?! - ყასიდად ბრაზობს უჩინარი სუსიკო.

- დამენახე.

- დაგენახები, როცა დრო მოვა.

- როდის?

- ჯერ არა.

- მომენატრე, სუსი...

- თამროს რატომ არ ნახულობ?

თამრო სუსიკოს შვილია, რომელიც ამ გაწამაწიაში თითქოს მიმავიწყდა. მინდა მოვუბოდიშო სუსიკოს, მაგრამ მინდორი ისევე სწრაფად გაქრა, როგორც აღმოცენდა და მე ისევ ბუნკერში აღმოვჩნდი. ამჯერად განათებულში.

შუბლზე უზარმაზარი კოპით ვგდივარ იატაკზე. ცხადია, მიმართულება შემეშალა და კარის მაგივრად ბეტონის კონსოლს მივასკდი. რა მეგონა, სიბნელეში რომ გავცხენდი?

გაჭირვებით მივღოღავ ტახტისკენ, გვერდულად ვწვები და ვცდილობ ცალი ხელით შევიკრა პეტლიდამ ამომხტარი ღილები. მცოდნოდა რა მელის, ჯინსებს მაინც ჩავიცვამდი. თავისით მეხუჭება თვალები. ძილი არის თავდაცვითი რეაქცია სტრესზე. არ მინდა დამეძინოს, სამარადჟამო ძილი იქაც მეყოფა, სადაც ეს ნაძირალა მიპირებს გაშვებას. აი, ტირილს არ შევიკავებ, ვინ იცის, უკანასკნელად ვტირი... მხედავდეს ახლა ჩემი სახელოვანი ბაბუა, სამამულო ომის გმირი და მიტრალური სარქველის პატრონი!

ჩქამია. მგონი დამაჯდა სიკვდილის ბუზი!

- ლადო, შენ ხარ? - ვკითხულობ ხმამაღლა.

Page 63: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- მე ვარ, ჩემო წითელქუდა, რუხი მგელი. მოვედი, რომ შეგსანსლო! - ენას მიჩლექს კარს უკან ატუზული ლადო. თან ხითხითებს, გიენასავით.

- დამაცლევინე შარდის ბუშტი და მერე შემსანსლე, უფრო შეგერგება.

ლადო ხალისიანად აღებს კარს.

- ისე, კი ხარ ღირსი დაგიმტკიცო ჩემი მამაკაცური შესაძლებლობები.

- არ გინდა, მჯერა! - დაბეჯითებით ვამბობ და დამძიმებული თავით ვჯდები ტახტზე.

- კეთილი, დაგიჯერებ. არავინ აპირებს შენს გაუპატიურებას, თუმცა... თუმცა მომწონს ცხენივის ქალები.

ცხენივის ქალი, სავარაუდოდ, მე ვარ. კრეტინი, მოკლეხელება დინოზავრი, გიენა და ნაგავი ერთად. და ბინძური იმპოტენტი. ათასჯერ გავიმეორებ, ოღონდ გულში, გულში.

- შუბლზე რა მოგსვლია? - ლადო კისერწაგრძელებული მომჩერებია შუბლის არეში.

- სიბნელეში წავიქეცი.

- უჰ, უჰ, საწკალი იკაკუნა, შუბლზე ფუფუა აქვს და ფიში_ფიში უნდა. - მაიმუნობას განაგრძობს ლადო.

დავიჯერო, წეღანდელმა არაყმა გამოათაყვანა ასე? თუ კოკაინი შეისუნთქა. რა ენაზე მელაპარაკება ამ ეშაფოტზე გასაყვანად დარაზმულ ქალს?!

უცებ ხითხითს წყვეტს და ჯიბიდან ქრომირებული პისტოლეტი ამოაქვს.

- წინ შენ წახვალ. ერთი არასწორი მოძრაობა და ტრუპი ხარ. გასაგებია?

თავს ვუქნევ და იმედის შევყურებ მიხურულ კარს. რა მელოდება იქ, მხოლოდ საპირფარეშო თუ მაქვს გადარჩენის შანსი?

- - -

ნანატრ საპირფარეშოში ვზივარ, აბაზანის კიდეზე და დროის გასაყვანად ჭიქაში გარჭობილ ჯაგრისებს ვითვლი. სულ ორია. მალე მხოლოდ ერთი დარჩება - ლადოსი. ხელები უკვე დავიბანე, პირზეც შევისხი წყალი, სამჯერ ჩავრეცხე უნიტაზი, ლადომ რომ ეჭვი არ აიღოს, მაგრამ აქაურობის დატოვება მესიკვდილება.

ყურს წვდება სავენტილაციო მილიდან შემოსული მელოდია, მაღლივ კორპუსში უეჭველი რუსული ესტრადის ფანი ცხოვრობს. საოპერო ბარიტონი უმღერის ანდალუზიის ღამეს, შავთვალა ლამაზმანს და კარდინალის შერყეულ რწმენას. არ ვიცი, რა ხდება ანდალუზიაში, მაგრამ თბილისის დროით ღამის თერთმეტი საათი იქნება, თუ მეტი არა.

- რას შვები, ჩავარდი? - არ დაახანა ლადომაც, კართან აიტუზა.

- არა.

- რას აკესებ ამდენ ხანს?

- ბუზებს ვითვლი.

- მე კი ვინმე დათას ველაპარაკე.

Page 64: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

`დათა!~ განწირული მზერა ვესროლე სარკეს (ვინ იცის, ესეც უკანასკნელი) და სწრაფად გამოვედი.

- დათამ დარეკა?

- დარეკა სხვა სიტყვაა, ამიკლო. - ლადო ნიშნისმოგებით მაჩვენებს ჩემს მობილურს, - ვინ არის დათა?

- ახლობელი. - ვპასუხობ ბუნდოვნად.

- შეყვარებული?

- რა მნიშვნელობა აქვს... რა უთხარი?

- ზღვაზე გაგიშვი დასასვეებლად, ბათუმში. წყლიდან როგორც ამოვა, დაგირეკავს მეთქი. მგონი ეწყინა, ხო იცი...

თავჩაქინდრული ვდგავარ. ჩემს ავგუსტინეს გავახსენდი, ამან კი ბათუმიი გამიშვა. ბოროტი!

- იათამზე, შენ ალბათ მოგშივდა, არა? - მზრუნველად მეკითხება ლადო.

გაოცებული მივჩერებივარ. ნუთუ გადაიფიქრა ჩემი მოკვლა? თუ სიკვდილის წინ უნდა გამომაძღოს, სააღდგომო გოჭივით?

სირცხვილით როგორ გავამხილო, მაგრამ მართლა მომშივდა. ვერაგულადაა მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი, კრიტიკულ სიტუაციაშიც კი თავს ახსენებს მიწიერი პრობლემები. მავანს ერთ ოთახში მიცვალებული უსვენია, მეორეში კი ლობიოს ხეთქავს. თან ტირის, თან ჭამს. ბებიაჩემის სიკვდილი მახსენდება... პანაშვიდამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, დედა ლუკმის გასატეხად სამზარეულოში გავიდა, უცებ შეშლილი სახის შემორბის ანანო, ჩემი დისშვილი: `ბებიკო, ბებიკო, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მოვიდნენ, არიქა, გამოდიო!~ სიჩქარეში დედას ლუკმა გადაცდა, ხველებით გავიდა სამძიმრის მისაღებად, ისე ჩაბჟირდა საწყალი, ლამის დედამისს მიეწია. მე და ლელა სამზარეულოში ჩავბჟირდით, ოღონდ სიცილით.

- მომშივდა, კი. - გაუბედავად ვლუღლუღებ.

- მარწყვი და ნაყინი მაქვს. ხომ გიყვარს ნაყინიანი მარწყვი? და ცივი კატლეტი, ვერას გაკეთებული.

ვერას ხსენებაზე მადა მეკარგება, მაგრამ ლუკმა თუ არ გავღეჭე, გული წამივა. ჩემი ორგანიზმი შიმშილს ვერ იტანს.

- კატლეტი არ მინდა.

- მაშინ მოჰკიდე ამ ფიალას ხელი და მიბრძანდი. - ლადო მაგიდაზე დადებულ ფიალაზე მანიშნებს. ფიალაში მარწყვი და ნაყინია.

უკანა გზაზე უხმოდ მივდივართ. წინ მე, უკან - პისტოლეტიანი ლადო, გვერდზე - ჩვენი გაწელილი ჩრდილები.

ლადო მხოლოდ ბუნკერში ინახავს იარაღს. გორგოლაჭებიან სკამს მოაგორებს და ჩემ წინ ჯდება. მე უგემურად ვღეზავ საკმაოდ გემრიელ მარწყვს.

- მიპასუხე იამზე, რატომ არ მოგწონდით შენ და შენს მეგობრებს? მაგალითად, შენი მეორე ქმარი ყველას მოსწონდა, მათ შორის სოფოს. მე რით ვერ დავიმსახურე თქვენი სიმპათია? თქვი, თქვი, ნუ გერიდება, არ მეწყინება.

Page 65: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- კაცია და ბუნება. - ვამბობ ორაზროვნად.

- ეგ რა პასუხია?! ხომ გითხარი, არ გაგიბრაზდები მეთქი. გულახდილად ვილაპარაკოთ, პირადად შენი მოსაზრება მაინტერესებს.

მარწყვი ბოლომდე შევჭამე, ნაყინი ცოტა დავტოვე. მომჟავო გემო დაკრავს, არ მომეწონა. ფაილას კომპიუტერის მაგიდაზე ვდებ და ვცდილობ ვიყო ორიგინალური.

- წარმოიდგინე, მაგიდასთან ზის ორი კაცი, აი, ასე, ჩვენსავით. თეფშზე ორი ატამი დევს, ერთი - პატარა და შეუხედავი, მეორე - დიდი და დაბრაწული. შენ ის კაცი ხარ, რომელიც დაელოდება, რომელ ატამს აირჩევს მეორე კაცი.

- რა არის ამაში ცუდი?

- ღირსეული ადამიანი პატარა ატამს აიღებს, მეორეს რომ უკეთესი შეხვდეს.

- საიდან მოიტანე ეგ სისულელე?

- ფსიქოლოგიური ტესტია. სოფომ ჩაგვიტარა ერთხელ.

- მერაბ წკრიალაშვილი ღირსებული კაცია?

- შენთან შედარებით, კი.

- მე ცოლი არავისთვის დამიწერია.

- სჯობდა დაგეწერა, ვიდრე ნარკოტიკზე შეგესვა.

- ჩემს ნარკომან ცოლს არავინ მოუკლავს, მაგის ისტერიჩკა ცოლმა კი ექვს ადამიანს გამოუყვანა წირვა.

- წკრიალა საქმის კურსიია?

- რას გაიგებ... რომც იცოდეს, საკუთარ ცოლს ხომ არ ჩაუშვებს?! გინდა გაგასინჯო? - მეკითხება უცებ.

- რა უნდა გამასიჯო?

- კოქსი. კოკაინი. შენს სიტუაციაში მისწრებაა. დავაი, გარისკე, არ ინანებ.

- სიკვდილს მირჩევნია ნათელი გონებით შევხვდე. - პათეტიკურად ავღნიშნავ.

- ისე გაგინათდება, შეიძლება აქეს შემეხვეწო - დროზე დამბრიდე, რაღას უცდიო. ჰეროინი კი არაა, მოგადუნოს, მაგარ ხოდზე იქნები.

ლადოს ჯიბიდან პაკეტი ამოაქვს, თეთრ ფხვნილს ხელისგულზე იყრის და ცხვირით ისრუტავს.

- იიიფ... კარგია, წაიღო... სხვათა შორის, ნარკოტიკის მოხმარებაშიც საჭიროა ზომიერების დაცვა. რაც გრძელია ინტერვალი, მის ნაკლებია მიჩვევის საფრთხე. ისე გადის ორი, სამი თვე, არც მახსენდება... პერედოზიროვკა ორგანიზმს ფიტავს, ზოგს შიზოფრენია ეწყება, ასე რომ... - ლადო სახეს ისრისავს და გადიდებული გუგებით მომჩერებია. - აუ, მაგარი იდეა მომივიდა! გინდა, ერთად დავტყდეთ?

- რაა?

- ხომ იცი გერმანული?

- ვიცი.

Page 66: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- ჰოდა, დავტყდეს გერმანიაში. რა დაგვრჩენია აქ, პირადად მე - არაფერი. შენი მეგობრები კაპუტ... ქმარი არ გაწუხებს და შვილი. მესამედ გათხოვების შანსი პრაქტიკულად არ გაქვს. რაც არ უნდა იყოს, საქართველოა. პროვინცია!

ბრაზისგან მაცახცახებს. აქედან თუ ცოცხალი გავაღწიე, ლადოს ჯიბრზე მესამედ გავთხოვდები. დათა თუ არ მომიყვანს, ერთი სათადარიგო თაყვანისმცემელი მყავს – დედაჩემის ყოფილი ასპირანტი, რომელსაც თავის დროზე მგონი დედაჩემის მიმართ სჭირდა `შორით ბნედა, შორით კვდომა~, მოგვიანებით კი ჩემზე გადმოერთო.

- საყვარლის სტატუსით მეპატიჟები? – ყოველ შემთხვევაში, ვაზუსტებ.

- ეგ შენი გადასაწყვეტია, თუ გინდა სულ ნუ მომცემ! მე მეგობარი მჭირდება, თანამოაზრე, სიყვარულის ობიექტი. შენ საინტერესო ქალი ხარ, იუმორის გრძნობა გაქვს, შენთან ადვილია ცხოვრება.

- სამაგიეროდ, შენთან არის ძნელი! – წამომცდა. მაინც წამომცდა! ენა მაქვს მოსაძრობი, ჩემი გრძელი ენა.

ლადო დაძაბული მიყურებს. ახლა წამოიმართება და ჩამაფარებს. ის წამოიმართა და... და ჩემ წინ მუხლებზე დაემხო.

ეს კაცი ვერ არის სრულ ჭკუაზე. რა მიკვირს? ჯერ არაყი ხუხა, მერე კოკა ყნოსა. მე არც ერთი გამისინჯავს, არც მეორე, მაგრამ ისე მირატრატებს თავი, ლამის ტახტიდან გადმოვგორდე.

- ცდები, იაკო, ჩემთან ძალიან ადვილია ცხოვრება. – გრძნობით ღაღადებს ლადო და თავის გასიებულ გოგრას მუხლებზე მადებს. – არც ისეთი ცუდი ვარ, ერთი მოუფერებელი კაცი ვარ, იმიტომ არ მასვენებს ეშმაკი...

გაუნძრევლად ვზივარ. არ ვიცი რა რეაქცია მივცე. ალბათ მოთმინება მმართებს. ბრაზმა გამიარა, მაგრამ მაინც მაცახცახებს.

- მომეფერე, იაკო, თავზე გადამისვი ხელი, ვითომ დედაჩემი ხარ... უბედური ბავშვი ვიყავი, იცი?... დედა არასოდეს მეფერებოდა, განა არ ვუყვარდი, ვუყვარდი... ვინ ჰყავდა ჩემ გარდა, მაგრამ მე არასოდეს მაკმაყოფილებდა მისი სიყვარული. ყოველ ღამე ველოდი, რომ ის შემოვა ოთახში და ლოყაზე მაკოცებს, როგორც სხვა ბავშვებს კოცნიან ძილის წინ... ის შემოდიოდა, გადადებდა სკამზე დაუთოვებულ პერანგს და გადიოდა. სუფთა თეთრეული და ცხელი კერძი ბიჭისთვის - ეს იყო ის მაქსიმუმი, რისი მოცემაც შეეძლო. შვილს ხანდახან უნდა შეუძახო, იამზე, უთხრა, რომ ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე საყვარელია... დედაჩემმა ეს არ იცოდა, ისიც მოუფერებელი იყო და იმიტომ. მამა გვიან გავიცანი. ის უბედურება რომ არ დამართოდა, ასი წელი არ გაახსენდებოდა ვიღაც წკენტას ნაბიჭვარი. ვინ ვიყავი მისთვის, ხავსი, რომელსაც წყალწაღებული ჩაებღაუჭა. სოფოს ფეხმძიმობა რომ შევიტყვე, სიხარულით ჭკუაზე გადავდექი. ვიცოდი, რომ მერაბისგან დაორსულდა, მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე, ვიფიქრე, ოღონდ ბავშვი გააჩინოს და გავზრდი. როცა ქალი გიყვარს, მისი შვილიც გიყვარს. ასეა ეს. სოფოსაც უხაროდა, ჯანმრთელი ცხოვრების წესს მიყო ხელი, მეც თბილად მექცეოდა... არასოდეს ვყოფილვართ ასეთი ბედნიერები, ასეთი მშვიდები. ყოველ საღამოს დამყავდა სასეირნოდ, მომავლის გეგმებს ვაწყობდით. და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს განქორწინებაზე ალაპარაკდა! თურმე ნუ იტყვით, მერაბი ირას მიტოვებას და სოფოს ცოლად მოყვანას აპირებს, მაგრამ ერთი პირობით - თუკი სოფო ჯანმრთელ ბავშვს გაუჩენს. შენ ახლა იტყვი, მერაბი შვილების ნაკლებობას არ განიცდის, სამი თავისი ჰყავს შინ, ერთი შვილიც რაღაში ჭირდებაო? მე კი წეღან თქმულს გაგიმეორებ - საყვარელ ქალთან გაჩენილი შვილი სულ სხვაა, იათამზე... მამაჩემის მაგალითი აიღე: დაბარებულივით დარბოდა ყოველ უქმე დღეს სასაფლაოზე, საყვარელი ქალის

Page 67: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

გაჩენილი მკვდარი შვილები ერჩია ჩემნაირ ცოცხალს. როცა საგვარეულო, მონოგრამიან საათს მჩუქნიდა, ტირილი აუტყდა. ის საათი ტრადიციისამებრ უფროსი ვაჟისთვის უნდა გადაეცა, და არა ძუნძგლიან საპარიკმახეროში ჩასახული ნაბუშარისთვის. შემეცოდა. ისიც შემეცოდა და ჩემი თავიც. ყველამ დამაღალატა, ყველამ, მაგრამ სოფოს ღალატი ყველაზე მტკივნეული იყო. მიყვარდა და იმიტომ... გაბრაზებულ გულზე საძინებელში ვიდეოთვალი დავამონტაჟე და მივლინებაში წასვლა მოვიმიზეზე. იმ დღესვე ამოაგრიალა სახლში თავისი შეუდარებელი წკრიალა. ვუყურე ვიდეოკასეტას და მივხვდი - სოფო ჩემთვის სამუდამოდ დაკარგულია. კასეტა ირას გადავეცი. იმანაც იგივე დასკვნა გამოიტანა და სამოქმედო გეგმა დასახა. მე არ მქონდა სხვა არჩევანი, მე ის არასოდეს მქონია...

რაღაცის თქმა მინდა არჩევანთან დაკავშირებით, მაგრამ უცაბედად აღმოცენებული მთქნარება სახეს მიღრიცავს. ვეშვები, ვიღვენთები, ხელ-ფეხი მიბუჟდება. ქუთუთოებზე თითქოს ფუთიანი გირები ჩამომკიდეს. `რა მჭირს, რა მჭირს, რა მჭირს...~ ზარივით რეკს გონებაში.

ლადო თავს სწევს. ნამტირალევი თვალები აქვს, და ორაზროვანი, შეიძლება ითქვას, დარცხვენილი ღიმილი.

- ძილი მოგერია, იათამზე? ნუ კანკალებ, წამოწექი, დაიძინე... აგერ ბალიიი, მე ფეხსაცმელს გაგხდი...

ჩემი თვალთახედვის არეალში მარწყვის ფიალა ხვდება. `მოვიწამლე!~ მინდა ვიყვირო მთელ ხმაზე, მაგრამ ყვირილის ნაცვლად პირს ვაღებ და რაღაცნაირი მხეცური პირდაპირობით ვამთქნარებ.

- რა კარგი კბილები გაქვს, იათამზე, არც ერთი პლომბი შენს ასაკში...

`ქვედა ყბაზე მაქვს ერთი,~ მინდა ვუპასუხო, მაგრამ ლაპარაკის თავი არ მაქვს, და დღის განმავლობაში უკვე მეორედ, სიბნელეში მივექანები.

- - -

გულისრევის შეგრძნებით ვიღვიძებ. წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ ენის აუწერელი სისუსტე ისევ ბალიშისკენ მექაჩება. ნამუსგარეცხილმა ლადომ მარწყვიან ნაყინში დასაძინებელი შემაპარა, მე კი ლამის რევერანსში შევკუნტრუშდი.

მოიცა, მოიცა... რაში დაჭირდა ჩემი მიძინება?

ინსტიქტურად წავეპოტინე ჯინსის ქვედაკაბას. ზოგიერთი ღილი გახსნილია. ხელი ჩავაცურე სალტეში. ვაი! საცვალი უკუღმა მაცვია! დავიჯერო, გამაუპატიურა ამ იმპოტენტმა? იქნებ კოკაინის ნაცვლად ვიაგრას ყნოსავდა? დაფხვნილ ვიაგრას...

გაჭირვებით ვდგები. არა, არ ვგავარ გაუპატიურებულს. მაშინ რაღაში დასჭირდა ჩემს საცვლებში ფათური? მორღვეული ფეხებით მივლასლასებ კარისკენ. რასაკვირველია დაკეტილია. სადღაც უნდა იყოს ჰაერის გამწოვი. გაჩაჩხული თითებით ვეხები ხორკლიან კედლებს. იქნებ სოფოს პლაკატის უკან იმალება საჰაერო მილის მსგავსი რამ, სულაც საიდუმლო კარი ან გვირაბი... ვიცი, უაზრობაა, მაგრამ უმოქმედობას აბსურდული ქმედება სჯობს.

Page 68: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

პლაკატი კომპიუტერის მაგიდის თავზეა გაკრული. სკამს ვიდგამ და მაგიდაზე ვბობღდები. მაგიდის ზედაპირსა და ჭერს შორის იმდენად პატარა მანძილია, იძულებული ვარ მუხლებზე დავდგე და პლაკატამდე მივხოხდე.

სარკეტის ჩხაკუნმა პლაკატის ქვეშ ხელის ფათურისას მომისწრო. კარისკენ ვბრუნდები და გონებაში ვხატავ ასეთ მიზანსცენას: ლადო შემოდის და ტახტისკენ იცქირება, სადაც წესით მე უნდა ვიწვე. მე ვსარგებლობ მომენტით და თავზე ვახტები, თუ ვერაფერს გავხდები, შევაშინებ მაინც.

მაშ ასე, სტარტზე ვარ.

ახტუნგ! ახტუნგ!

ლადოს შემოსვლა და ჩემი კუნინძასავით ჰაერში აწევა ერთი იყო. მოულოდნელობის ეფექტმა იმუშავა. ლადო სახით ეხეთქება იატაკს. არც მე მადგას კარგი დღე, თუმცა ფეხზე ადგომას ვასწრებ და კარისკენ გავრბივარ. უნდა გამოვტყდე, ბიკინისამარა გავრბივარ, რადგან ლადომ მოასწრო ქვედაკაბაში ხელის ჩავლება, მე გავიწიე და დავრჩი პრაქტიკულად შიშველი.

რას დავეძებ, დაოთხილი გავრბივარ ნახევრადჩაბნელებულ ტალანში, უკან მომდევს გამძვინვარებული მოძალადე - ქშენით, გინებით, ბრაგაბრუგით. უკვე კაბინეტში ვარ, თითქმის სამშვიდობოს. თითქმის არ ითვლება, რადგან ლადო უკვე დამეწია და ყბაში ისეთი ჰუკი მგლიჯა, რომ ზურგით წიგნის კარადას მივეხეთქე. კარადა ლაყლაყებს, მძიმე ტომეულები ჩემს მრავალტანჯულ თავზე შვავდება.

დარეტიანებული ვეშვები დაბლა, ბუნდოვნად ვარჩევ ლადოს მარჯვენა ხელში ჩაბღუჯულ ბრინჯაოს დონ კიხოტს და ვხვდები: ეს ჩემი მიწიერი ცხოვრების დასასრულია! მაგრად ვხუჭავ თვალებს და დარტყმის მოლოდინში ვიკუმშები. ერთი, ორი, სამი, ოთხი... წესით უკვე მკვდარი უნდა ვიყო. თვალებს ვფხრეწ და მაიორ ოქრუაშვილის ტორებში აფართხალებულ ლადოს ვხედავ. უკანა ფლანგზე სპეცრაზმელები ირევიან, ვიღაც მზრუნველად მაფარებს პლედს, თავს ვაბრუნებ და საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ - ეს ხომ დათაა, ჩემი ავგუსტინე!

- - -

დათამ სახლამდე მიმაცილა, ჩემი თავი ლელას ჩააბარა და დროებით დამემშვიდობა.

ლელა გიჟს ჰგავს - მეხუტება, მეჩხუბება, ტირის...

- სულელო, სულელო, სულელო... - იმეორებს შიგადაშიგ.

- ხო, კარგი, ნუ დამდორბლე, - ყასიდად ვიგერიებ მის შემოტევებს.

- რამ წაგიყვანა მარტო მტრის ბუნაგში, ყველგან უნდა ჩაყო შენი გრძელი ცხვირი, ყველგან!

- ბუნაგში არა, ბუნკერში, მაგრამ იქ ისეთი ნადირი დამხვდა, მშიერი დათვი გახუნდება. უხ, გახსენებაც არ მინდა!

- რას ჰქვია არ გინდა, მე?!

- ვიბანავებ და მერე ყველაფერს მოგიყვები.

- მერე არა, ბანაობის პროცესში.

Page 69: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

სხვა რა გზა მაქვს, სააბაზანოში ვუშვებ და წყლის აკომპანიმენტის ქვეშ ყველაფერს ვუყვები. ლელა შეშლილ თვალებს იკეთებს, ლოყებზე ხელს იტყაპუნებს, მოკლედ, ემოციებს აფრქვევს.

- მაგარი გადარჩენილი ხარ, იაკო, მაგარი...

- იმაზე მეტად ვარ გადარჩენილი, შენ რომ გგონია. - ვაწყვეტინებ ქადაგად დაცემულ დაიკოს და ონკანს ვკეტავ. - გაიქეცი, ჩემი ხელჩანთა მოიტანე. კომპრა მოვტეხე სოფოს სახლიდან, გამომძიებელსაც კი არ ვუთხარი... სანთებელაც წამოიყოლე. - დავაწიე გზაში.

- სიგარეტს არ მოგაწევინებ! - ლელა ჩანთას მაწვდის და მკაცრად მიყურებს.

- არც ვაპირებდი, მაგრამ ეხლა შენს ჯიბრზე მოვწევ.

- აბა, სანთებელა რად გინდოდა?

- სურათები უნდა დავწვა.

- რა სურათები?

- დამპალმა ლადომ გადამიღო, როცა წამლით გაბრუებულს მეძინა. წინასწარ გამაშიშვლა, რომ არ გავტოკებულიყავი, მერე იცოცხლე, აჩხაკუნა ფოტოაპარატი. - ჩანთიდან სურათები ამომაქვს, სანთებელას ვანთებ და სათითაოდ ვწვავ. - ვფიქრობ, რაღაც მომენტში ჩემი მოკვლა გადაიფიქრა და დაშანტაჟების მიზნით კომპრა გამიჩალიჩა. ცხადია, თუ არ დავაკმაყოფილებდი მის მოთხოვნებს. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სოფოს საძინებელში, როცა ტანსაცმლის მოსაძებნად შევედი... აბა, ტრუსიკისამარა ხომ არ წამოვიდოდი სახლში?! ჩემი ქვედაბოლო ორთაბრძოლას შეეწირა, ვიფიქრე, სოფოს ვესესხები რამეს. გავიხედე და ტრიალიაჟზე ჩემი ფოტოები არ გდია?! თვალები ყველგან დახუჭული მაქვს, თითქოს საკუთარი სიშიშვლის მრცხვენია. ავდექი და მოვიპარე. არ მგონია, ჩემი შიშველი ნიუები, ძიებისთვის რაიმე მნიშვნელოვან ნივთმტკიცებას წარმოადგენდეს.

- ძიებისთვის არ ვიცი, მაგრამ ის ინსპექტორ გამომძიებელი ისეთი ზეაქტიური იყო, სიამოვნებით შეათვალიერებდა. - იღიმება ლელა.

- სერგო?

- ხო, სერგო. და ის, მეორეც, მოღუშული ტიპი ჩავარდნილი ლოყებით.

მივხვდი, დათაზე მიანიშნებს და გაჩუმება ვამჯობინე. ვითომ ჩავარდნილი ლოყები აქვს? მე მომწონს დათას ლოყები.

- ახლა შენ მომიყევი, საიდან გაჩნდი ჩემს ბინაში, ვინ მოგიპატიჟა...

ლელას მონაყოლიდან:

საღამოს ლელას დაურეკა მაიორმა სერგო ოქრუაშვილმა და იათამზეს ადგილსამყოფელი იკითხა, რადგან ეს უკანასკნელი (ანუ მე) არც სახლის ტელეფონს პასუხობს, არც მობილურს. ლელა შეშფოთდა, მაგრამ ისე არა, ქვეყანა შეეყარა. `დაღამებამდე დიდი დროა, ალბათ გამოჩნდებაო~ - აქეთ დაამშვიდა მაიორი. არ გასულა ორი საათი, მაიორი თავისი ფეხის მოადგა სახლში და იამზეს ბინაში შესვლის ნებართვა ითხოვა. ლელას შეშფოთება ჩუმ ისტერიკაში გადაიზარდა - რაღაც ხდება მისი დის თავს, თორემ მაიორი ასე არ შეუფითილებდა. ხელი დასტაცა გასაღებს (ქალბატონი მარიკას დაჟინებული თხოვნით ლელას ჰქონდა იას ბინის სარეზერვო გასაღები) და მაიორთან ერთად სახლიდან გამოვარდა, როგორც იყო, სარაფანში და შლოპანცებში. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მიხვდა, რომ მაიორი ოქრუაშვილი, თავის მხრივ, იმ მოღუშული ტიპის, დათას შეფითილებულია. ლელამ ახსნა- განმარტება ითხოვა.

Page 70: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

აღმოჩნდა, რომ დათას არაერთხელ დაურეკავს იათამზეს

მობილურზე. ბოლოს ვიღაც კაცი გაეპასუხა, რომელმაც უთხრა, რომ იათამზეს ლაპარაკი არ შეუძლია, ვინაიდან ბათუმში იმყოფება და ამ მომენტში ზღვაშია შესული. დათამ არ დაიჯერა და მაიორს დაურეკა, მაიორმა ლელას და ა. შ. ლელას ნერვებმა უმტყუნა და ღრიალი ამოუშვა. მისი უმცროსი და რასაკვირველია თავქარიანია, მაგრამ არც ისეთი უნამუსო, ზღვაზე გაუფრთხილებლად წასულიყო. მის თავს რაღაც უბედურებაა.

უბედურების მიზეზს იას ბინაში მიაკვლიეს. ეს იყო დიქტოფონი სოფოს ჩანაწერით. კაცები მაშინვე მიხვდნენ იას ფიქრთა დინებას და დაუყოვნებლივ გაემართენ ბაგებში, სავარაუდო ბოროტმოქმედის გასანეიტრალებლად. ოპერაცია კოდური სახელწოდებით `ქარიშხალი ბუნკერში~ წარმატებით დასრულდა.

- ვერა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მეც ეგრე ვიფიქრებდი. - ვამბობ გულდაწყვეტილი, ფერფლს უნიტაზში ვყრი და სააბაზანოს ვტოვებ.

ლელა პიტნის ჩაის მიმზადებს.

- ლიმონით გინდა თუ თაფლით?

- უშაქროდ.

- დიეტაზე ხარ?

- ისე რა... ორი-სამი კილოგრამის ჩამოყრა არ მაწყენს.

- მაშინ მე რა უნდა ვთქვა? - ლელა უკმაყოფილოდ დაჰყურებს თავის შევსებულ წელს.

- შენ ისეთი ქმარი გყავს, 50 კილოც რომ მოიმატო, ვერ შეამჩნევს.

- არ ვუყვარვარ? - დადარაჯებული მეკითხება.

- რომ უყვარხარ, იმიტომ.

ლელა ორაზროვანი გამომეტყველებით მისხამს ჩაის. ეტყობა, გონებაში ჩემს ნათქვამს ხარშავს.

- დალიე, მერე ჩაწექი ლოგინში და კარგად გამოიძინე. ნურაფრის გეშინია, ამაღამ შენთან დავრჩები.

- არა, ლელა, შენ ახლა თავზე ხელს გადაისვამ და სახლში წაბრძანდები.

- გაგიჟდი?!

- არა, სტუმარს ველოდები.

- რა დროს სტუმარია, ღამის პირველი საათია უკვე!

იდუმალი ღიმილით მიმაქვს პირთან ჩაის ჭიქა.

- იმ ვირისთვალება მაიორს ხომ არ ელოდები?

უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. მაინც, რას ნიშნავს სისხლით ნათესავი. ერთნაირი ხედვა გვაქვს, ერთნაირი მეტაფორები...

- იმ ბრაზიან სუბიექტს ჩავარდნილი ლოყებით?

ჩუმად ვარ. სიჩუმე თანხმობის ნიშანია.

- ფრანკენშტეინს ჰგავს. - ასკვნის ლელა.

Page 71: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- ფრანკენშტეინს შენი ზურა გავს. დათა რომის იმპერატორს ჰგავს, ავგუსტინეს. ფერშტეინ?

- არა, ზურა არ ჰგავს ფრანკენშტეინს, ზურა პუშკინს ჰგავს. – ჩაფიქრებული სახით ამბობს ლელა.

- მე რომ მკითხო, ფრანკენშტეინი უფრო კაცური კაცია, ვიდრე თმახუჭუჭა ეთიოპიელი.

ლელა დანანებით მიყურებს. სულ არ უხარია ჩემი ბედნიერება. არ მენდობა.

- სად იპოვე?

- სასაფლაოზე.

- დამცინი?

- არც მიფიქრია.

- ღმერთო ჩემო, სასაფლაოზე გაცნობილ კაცს ეპატიჟები ღამის პირველ საათზე? ეს რომ დედამ გაიგოს...

- აპაპაპა! ახლა მორალის კითხვა არ დამიწყო, მაინც არ მოგისმენ. - ხელის აწევით ვაწყვეტინებ. - სჯობს ფენი მომაწოდო და კაბის მოძებნაში მომეხმარო, აბანოს ხალათში ხომ არ დავხვდები ჩემი ოცნების მამაკაცს?

- მაგასაც ეგ უნდა, თუ გგონია პიტნის ჩაის დასალევად მობრძანდება, ცდები.

- ძალიანაც კარგი თუ `უნდა~, ცვედანმა ლადომ რეები ჩაიდინა, ვნახეთ აგერ. - ჩაის ჭიქიანა სასტუმრო ოთახში გავდივარ და კარადას ვაღებ.

- აბა შენ იცი, ვინც შემოგხედავს, ყველას ჩაუწექი ლოგინში! – ქოთქოთით მომყვება ჩემი მორალისტი დაიკო.

- დათა `ყველა~ არ არის. იმ ჩემი მხსნელია. სად არის ჩემი ყვავილებიანი სარაფანი? - ჭიქას ლელას ვაჩეჩებ და კარადაში ვიქექები.

- ამას ეძებ? - ლელას ზედა თაროდან ოთხად დაკეცილი სარაფანი ამოაქვს.

- ეგ არის, კი... აუუ, მაგარი დაჭმუჭნულია, არა?

- არა უშავს, ტანზე გასწორდება.

სარაფანში თავი კი გავუყარე, მაგრამ ქვევით არ მომყვება. ხელებაწეული ვდგავარ, დატყვევებული ჯარისკაცივით. ორი-სამი კილოგრამი კი არა, კაი ხუთი მაქვს დასაკლები.

- მომეხმარე, - ვუყვირი ლელას.

ერთობლივი ძალისხმევით ვქაჩავს სარაფანს. როგორც იქნა, ჩამოვწიეს, მაგრამ ისე ვარ გაკვეხილი, სუნთქვა მიჭირს. დათამ რომ რამე დამიპიროს, ას პროცენტში ვერ გამხდის. შემომახევს, როგორც ჰოლივუდის ფილმებში ხდება - ექსტრემალური სექსი ოთახის ყველა კუთხეში, მაგიდაზე, მაგიდასთან, კედელზე, კედელთან... ყველგან, გარდა მამაპაპური საწოლისა.

- მიხდება? - სარკის წინ ვტრიალებ.

- ფარშევანგს გავხარ. - `მამშვიდებს~ საყვარელი დაიკო.

- მაშინ სხვა კაბა მომაძებნინე! - სარკეში ვუღრენ ლელას.

ის დოინჯშემოყრილი დგას, კაპასი დედინაცვალივით.

- ვერ მოვასწრებთ, ლიფტის ხმა გესმის?

Page 72: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ორივენი ვაყურადებთ. ლიფტი ჩემს სართულზე ჩერდება. ლელა მზერით მანამუსებს და ფართხაფურთხით ტოვებს ჩემს ბინას.

სარაფანის გახდას ვცდლობ, მაგრამ ვერ ვასწრებ. კარზე ზარია. ოხ, არ ამცდება ამაღამ ექსტრიმი...

- - -

ლადოს დაკავების ამბავმა, რასაკვირველია, წკრიალაშვილების ყურამდეც მოაღწია. მერაბმა ზუსტად იმ დროს დამირეკა, როცა მაიორ ოქრუაშვილს ჩვენებას ვაძლევდი. მან გადარჩენა მომილოცა და ჩემი ჯანმრთელობით დაინტერესდა.

- მადლობ, მერაბ, არა მიშავს.

მერაბის ხსენებაზე სერგომ აპარატის ღილაკს თითი მიაჭირა და მიკროფონი ჩართო. მე მუშტი მოვუღერე (რა წესია სხვისი ლაპარაკის მოსმენა!) იმან პირზე თითი მიიდო და მანიშნა, განაგრძეო. დავემორჩილე. ბოლოს და ბოლოს, სერგო ინსპექტორ გამომძიებელია, მერაბი კი... მერაბი კი ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ქმარი.

- რატომ ასე ოფიციალურად? - უკვირს მერაბს.

- გეჩვენება.

- არ მეჩვენება, ადრე წკრიალას მეძახდი, შინაურულად, მოხდა რამე, იაკო?

- ცოცხალი ვარ. ჯერჯერობით. თქვენთან ხომ მშვიდობაა, ირა რას შვება, ბავშვები...

- ირა თბილისშია, ბავშვები კოჯორში, სიდედრთან.

- ჯუნა?

- თბილისში. საღამოს კოჯორში ავალთ, თუ გინდა შენც გამოგივლი. დავჯდეთ, ვილაპარაკოთ, ძველი დრო გავიხსენოთ.

სერგოს თვალებით ვეკითხები რჩევას, მაიორი ყოყმანობს - არ იცის, რა ჯობს ამ მომენტში.

- ვნახოს, მერაბ, თუ მოვიფიქრებ, შეგატყობინებ.

- მოიფიქრე, რა? - მთხოვს მერაბი და ვითომ სხვათა შორის მეკითხება: შემთხვევით჻ჭუტალას ცოლყოფილი ხომ არ გამოჩენილა ასპარეზზე?

- მანანა?

- ხო, მანანა.

სერგო უარყოფის ნიშნად მიქნევს თავს.

- არა. - ვატყუებ მერაბს და ნაჩქარევად ვემშვიდობები.

- მაგან რაღაც იცის დიქტოფონის შესახებ. - ასკვნის სერგო. – ირამ, ლადოსთან შეხვედრა არ დაუმალა ქმარს და დიქტოფონის ამბავს რატომ დაუმალავს? ქმარი ცოლს აფარებს ხელს, მაგაშია საქმე.

Page 73: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

შეიძლება, ვეთანხმები გულში, თან რაღაცის გახსენებას ვცდილობ. ეს რაღაც ჩემს ქვეცნობიერშია დალექილი და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ინფორმაცია ეპიზოდურია, პატარა ბიძგია საკმარისი, რომ უცებ ამოტივტივდეს.

- მერაბის სიდედრთან არ გვაწყენს გასაუბრება. - ხმამაღლა მსჯელობს სერგო. - შენ რას იტყვი?

- არ დაგველაპარაკება.

- ჩვენ არა, შენ დაგელაპარაკება. პირადად.

- ერთი ჯუნა დამელაპარაკა, მეორე - დედამისი...

- `გველსა ხვრელით ამოიყვანსო~, ხომ გაგიგია?! დაკითხვა კი არ მოუწყო, ისე, გამოკითხე, ლაითად...

მაიორის პირში გაჟღერებული `ლაით~ კომიკურად ჟღერს. ყველას არ უხდება ბარბარზმით მარიაჟი. მგონი არც არავის უხდება.

- არ გამოვა. ლალიკო ბუაძეს და მის ავსტრიელ მეგობარს პიკნიკზე წაყოლას დავპირდი. ნახევარ საათში ტაქსით გამომივლიან.

სერგო მასიური ტორით მასიურ ყბას იფხანს. ფიქრობს, ასე ვთქვათ:

- რაში გჭირდებათ ტაქსი, აგერ მყავს მანქანა, ხარჯიც ნაკლებია და რისკიც. შემიამხნაგეთ და ერთად წავიდეთ კოჯორში, ირას დედას ნახავ, ვიდრე მარტოა ბავშვებთან. ცდას რაღა უდგას წინ?... მიდი, მიდი, დაურეკე შენს ლალიკოს... - სერგო ყურმილს მაჩეჩებს და ვირის თვალს მიპაჭუნებს.

ბარბარიზმის არ იყოს, თვალის პაჭუნიც კომიკურად გამოსდის. არ უხდება ამჩატება.

. . .

ჯუნას და ირას დედას ჰქვია ზაირა. ის კოჯრის სახლის ეზოში ზის და წკრიალაშვილების უმცროსი ნაშიერის ძილს ყარაულობს. გიორგი ჰამაკში წევს, ფიჭვების ჩრდილში, მსუქანი ზაირა კი ლამაზად მოწნულ სავარძელში მოკალათებულა. შიშველი ტერფები ფურისულებით მოჩითულ ბალახზე დაუწყვია, მიწიდან თუ იღებს ენერგიას... ქალბატონ ზაირას აქვს ერთი შესანიშნავი თვისება - ნებისმიერ სტუმარს (სიმპატიისა და ანტიპატიის მოუხედავად) გულიანად ხვდება. არ ვიცი, ჯუნა და ირა ჩემზე რას ჭორაობენ, ფაქტია - ზაირა გაცისკროვნებული სახით მიყურებს.

- მოდი, ჩემი გოგო, აგერ დაჯექი, ჩრდილში. რატომ დაგვივიწყე... აღარც ლუკას დაბადების დღეზე გამოჩენიხარ, აღარც მოსაკითხად გამოგივლია...

- აი, მოვედი, ახლობელს გამოვყევი საქმეზე და ვიფიქრე, შევივლი, დავხედავ წკრიალაშვილებს.

- კაი გიქნია, მაგრამ ჯუნა და ირა რომ თბილისშია?!

- არა უშავს, ზაირა დეიდა, ისედაც ცოტა დრო მაქვს...

- ნუ ჩურჩულებ, ჩემი გოგო, ხმამაღლა ილაპარაკე, ისედაც მაკლია სმენა. გიორგუნას ახალჩაძინებულზე ყუმბარა რომ აუფეთქო, არ გაიღვიძებს. კი მაქვს ყურის

Page 74: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

აპარატი, მაგრამ რაღაც ვერ ვხმარობ. გოგოები მსაყვედურობენ - რას გადაგვაყრევინე ფულიო! თვითონ რომ ერთ კაბაში იმოდენა ფულს მიათხლიშავენ, ეგ არაფერი! ირა, თორემ ჯუნა არ არის მხარჯველი.

ზაირა კეთილგანწყობილად მათვალიერებს. პარალელურად ტანსაცმელს მიფასებს, ხომ უნდა მოუყვეს ქალიშვილებს, რა მეცვა და მეხურა.

- ისე, კარგად გამოიყურები, ხომ იცი... უკან გადაწეული თმაც გიხდება. მომწონს, როცა ადამიანს შუბლი უჩანს. აბა, ბალონკა ძაღლებივით რომ დადიან, ის რა მოსაწონია?!

- თქვენ როგორ ბრძანდებით? – თავაზიანად ვეკითხები და ცოტა ხანში ვნანობ.

ენაწყლიანმა მასპინძელმა დაიწყო და აღარ დაამთავრა. ვენების გაგანიერება, ნაღვლის ბუშტის ანთება, პიკვიკის სინდრომი, ჩიყვი... ეს მცირე ნუსხაა იმ დაავადებებისა, რომელებიც მას აქვს და რომლებიც პერსპექტივაში ესახება.

- დამასკუპეს ამ სიმაღლეზე ეს წნევიანი ქალი, თვითონ კი თბილისში გაქუსლეს. ქობულეთში ვაპირებდი წასვლას, სანატორიუმში, მიხდება იქაური ჰავა, თვალიც ისვენებს და გულიც. ვითომ რა არის ორი კვირა, მაგრამ მთელი წელი მყოფნის ხოლმე. ეს სეზონი ჩამივარდა, ირამაც თითქოს ჩემს ჯინაზე გაუშვა ძიძა, ჯუნამაც რა ქნას მარტო, სამ-სამი ბავშვის მწყემსვა ადვილია?

`ძიძა!~ აი, ვინ იყო დალექილი ჩემი მეხსიერების ბუფერში. ჩემთან სტუმრობისას ირამ ახსენა ძიძა, რომელმაც თითქოსდა ბეჭედი მოიპარა. ლადოს თუ დაეჯერება, ირამ ქურდობის სიმულაცია მოახდინა. თუ მართლა მოიპარეს, რა შუაშია სიმულაცია, და საერთოდ, ძიძის ეპიზოდი დეტალურ შესწავლას მოითხოვს. უნდა ვისარგებლო მომენტით.

- თუ ბეჭედი მოიპარა, გაუშვებდა, აბა, რას იზამდა!

- ვინ, ძიძამ?

- დიახ.

- რა ბეჭედი, რას ამბობ, ჩემი გოგო?! - შეიცხადა ზაირამ, - ნანას ქურდობა ვინ დააბრალა? უწესიერესი ქალია, სუფსა, მოწესრიგებუდლი, პირადად მე ძალიან მომწონდა.

აჰა, ბეჭედი ბლეფია. ძიძა, სახელად ნანა, წკრიალაშვილებმა სულ სხვა მიზეზით დაითხოვეს.

- მაშინ, რატომ დაითხოვეს?

- კამათი მოუვიდათ. ირას ნერვებმა უმტყუნა და უხეშად მიუთითა რაღაც, ნანამაც იუკადრისა. თავმოყვარე ქალია, უმაღლესი განათლებით, რატომ მოუთმენდა?!

- დღეს რთულია კარგი ძიძის მონახვა, ჩემი ახლობელი უკვე ორი თვეა უშედეგოდ ეძებს. კანდიდატურები ბევრია, ღირსეული - არც ერთი. - მორიგ ტყუილს ვაბრახუნებ და ფიჭვის წიწვს ვაწვალებ.

- მეც მაგას არ ვჩივი? – მეთანხმება ზაირა.

- ხომ ვერ მეტყვის მაგ ნანას კოორდინატებს?

- ვიცი, რომ დიდუბეში ცხოვრობს, ავეჯის მაღაზიის თავზე რომ კორპუსია, იქ. ირას ეცოდინება ზუსტი მისამართი. დაურეკე და გეტყვის.

Page 75: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- ასე გავაკეთებ, - ვპირდები ზაირას და ძიძაზე რომ არ ჩაიციკლოს, შვილიშვილების ამბავს ვეკითხები.

- ლუკა ფეხბურთს თამაშობს მეზობლის ბავშვებში, ნუცა წიგნს კითხულობს... - ზაირა სახლისკენ იცქირება. - რა იქნება, ნუცამ ყავა მოგვიდუღოს, ჰა? ხომ გინდა, ყავა, ჩემი გოგო? - პასუხს არ ელოდება, ხელებს სავარძლის სახელურზე აბჯენს და წამოდგომას ცდილობს.

ჭრიალზე მძინარე ბავშვი გვერდს იცვლის, ზაირა კი შეშინებული უბრუნდება საწყის პოზიციას. - არ გაიღვიძოს ამ მამაძაღლმა! იათამზე, ჩემი გოგო, ნუ დამზარდები, გამეგზავნე სახლში, ნუცა იქნება მანდ სადმე და უთხარი: კაი მაგარი ყავა მოგვიდუღოს ორივეს.

- ნუ შეწუხდების, ზაირა დეიდა...

- ყავის გარეშე არ გაგიშვებ. შენ მაინც მომიყევი რა ხდება მკვლელობის გარშემო, თორემ ჩემებს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. კითხვა ვერ დამისვამს, უცებ ღიზიანდებიან ხოლმე.

ყავა არ მინდა, მაგრამ ამ კეთილშობილურ სითხეს აქვს ერთი უნიკალური თვისება - გულახდილ საუბარში გიწვევს. ვცდი, იქნებ რაიმე საინტერესო დავცინცლო.

ეზოს გავლით სახლში შევდივარ. სახლი პატარაა და საკმაოდ მოფახფახებული – წინ შუშაბანდი და სამზარეულო, უკან – ორი საძინებელი. მერაბი ყოველ წელს იმუქრება კაპიტალური რემონტით, მაგრამ ჩეჩმა ისევ გარეთაა, ირა ისევ უმაყოფილოა. იმიტომაც ზის თბილისში, კომფორტი მიართვი ქალბატონს! უზურგო ტახტზე პირქვე გდია გადაშლილი წიგნი. `სიკვდილი ღრუბლებში~. აგატა კრისტი. მინდა ნუცას ადგილზე ვიყო, პირველად ვკითხულობდე აგატა კრისტის და თავი ერკიულ პუაროზე მაგარი მეგონოს.

საძინებლის ფანჯრები უკანა ეზოში გადის. ერთ-ერთ ფანჯარასთან ბოლის პატარა ღრუბელი დაფუთფუთებს. ვუახლოვდები, ფანჯარაში ვიცქირები და სახტად ვრჩები. სახლის კედელთან ჩაცუცქული ნუცა სიგარეტს აბოლებს.

მე რომ ანანო 13 წლის ასაკში სიგარეტზე რომ გამომეჭირა, ჯერ თმას დავაწიწკნიდი, მერე ლექციას წავუკითხავდი თამბაქოს მავნებლობაზე. ან პირიქით – ჯერ წავუკითხავდი, მერე დავაწიწკნიდი. ნუცა ირას შვილია, აქეს არ მომდოს შარი – იათამზემ სიგარეტი გამასინჯაო.

ფრთხილი ნაბიჯებით ვიხევ უკან და ნუცას შუშაბანდიდან ვეძახი.

- მოვდივაააარ! - მაღალ რეესტრში ყვირის ფაქტზე გამოჭერილი გოგონა და ორიოდე წამში ფართხაფურთხით შემორბის, თან შემოაქვს სუნამოს მძაფრი სურნელი. სიგარეტის სუნის გასანეიტრალებლად ეტყობა მთელი ფლაკონი გადაისხა.

ნუცას სპორტულად აცვია. თეთრი მაისური, თეთრი კედები. თეთრი შორტებიდან გარუჯული, ნავარჯიიევი ფეხები მოუჩანს. დაძაბული მიღიმის, ვატყობ, გადაკოცნის ერიდება, ეშინია, თამბაქოს სუნი არ ვიყნოსო და მამამისს არ ჩავუკაკლო. ისე, კი არის ჩაშვების ღირსი, ჩოგბურთს თამაშობს და ჩუმ-ჩუმად აბოლებს. ხედავდეს გაბრტყელებული დეიდამისი!

- იამზე, თქვენ საიდან? - მეკითხება კანკალა ხმით.

დროზე უნდა გავქრე, თორემ წახდა გოგო.

- ბებიაშენმა ყავა მოგვიდუღოსო!

- კი, რა თქმა უნდა, ახლავე! - გულზე მოეშვა ნუცას და წამში დაფაცურდა.

Page 76: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

ამასობაში, ჰამაკის ბინადარს გაღვიძებოდა და ბებიამისს ჩემს ჩანთას თხოვდა. ზაირა უხსნიდა, რომ სხვის ჩანთაში ძრომიალი არ შეიძლება და რომ იათამზე დეიდა გაბრაზდება. `ბრაზიანი~ დეიდის დანახვაზე ბიჭი სახეზე ხელებს იფარებს და მორცხვად მიჭყიტინებს. ნაბოლარა გიორგუნა ზედგამოზრილი მამაა, ნუთუ წკრიალას სოფოს გაჩენილი შვილი ამაზე მეტად ეყვარებოდა? წარმოუდგენელია, აბსურდი... სადღაც მესმის ირასი, მაგრამ მკვლელობა - მეტისმეტია.

ნუცას პლასტიკატის მინიატურული მაგიდა გამოაქვს, აკურატულად აფენს ნაჭრის ხელსაწმენდებს და ყავის გამოსატანად მიდის.

- ამას ენაცვალოს ბებია, ისეთი უთქმელი ბავშვია, ისეთი დამჯერე, გაგიკვირდება პირდაპირ! - ზაირა დანანებით აქნევს თავს შვილიშვილის მიმართულებით. – გაწვალდა ამ ჩოგბურთზე სიარულით, ამდენი ვარჯიში ვის გაუგია, ზაფხულში მაინც დაასვენონ?! ჩამოიღე, ბიჭო, ხელი, რა პატარძალივით იპრანჭები? - ახლა გიორგის მიუბრუნდა. - ნუ გრცხვენია, ბებია, ეს იათამზეა, კარგი დეიდა. დედიკოს და მამიკოს ამხანაგი. აბა, უმღერე შენი ლამაზი ხმის! არ გინდა?... აბა, რა გინდა?

ბავშვი ბებიას მკლავზე ეპოტინება და პირი ყურთან მიაქვს, ზაირა სულგანაბული უსმენს.

- მერე, თუ გშია ვერ იტყვი ხმამაღლა?

ნუცას ყავა შემოაქვს და ხელსაწმენდებზე დებს. ერთ ჭიქას ბებიამისის მხარეს, მეორეს - ჩემ მხარეს.

- ნუცა, ამ გახსენებაზე, ლუკას დამიძახე, ჩემი გოგო... ვახოსთან იქნება გადასული ფეხბურთის სათამაშოდ, შეჭამოს ორი ლუკმა და მერე წავიდეს საცა უნდა.

ნუცა უსიტყოდ უკრავს თავს და ძმის მოსაძებნად მიდის. გიორგი ჰამაკიდან ამოძრომას ცდილობს, ჰამაკი ირწევა, ბავშვი წონასწორობას კარგავს და ბადეს ებღაუჭება.

- იჯექი მანდ, გაჭმევ და მერე ამოგიყვან. იამზე, გენაცვალე, გამირთე პატარა ხანს ეს ყაჩაღი, ფაფას გავუცხელებ და ხელად გავჩდები.

ზაირა სახლისკენ მიბაჯბაჯებს, მე მის სკამზე ვჯდები და გიორგის გართობას ვცდილობ:

- მართლა იცი სიმღერა თუ ბებო მატყუებს?

გპასუხად ენას მიყოფს. ვიბნევი. დიდი რომ ყოფილიყო, იგებ მეც გამომეყო, მაგრამ თითისხელა ბავშვს ხომ არ გავეჯიბრები?

- ეგ ვინ გასწავლა? - მკაცრად ვეკითხები.

- ლუკამ.

- სტუმარს რომ დაინახავ, ენა გამოუყავიო? არ მჯერა.

გიორგი მხრებს იჩეჩავს და დამრგვალებული თვალებით მომჩერებია. ჩემი არ იყოს, ისიც იბნევა, არ იცის, რა მოიმოქმედოს და ნიშნის მოგებით მიაქანებს პირში ცერა თითს.

- მეორედ აღარ გააკეთო, თორემ მერე შენც გამოგიყოფენ ენას და გეწყინება. თითი გემრიელია?

- ხო.

- მაშინ მეც მაჭამე.

Page 77: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- ნწუ. - ეღიმება. იცის მამაძაღლმა, რომ თითი არ იჭმევა.

- გიორგუნა, ნანა ძიძა გენატრება?

- ხო.

- კარგი იყო ნანა ძიძა?

- ხო.

დროა მოვკეტო, რადგან ზაირა დეიდა გვიახლოვდება ფაფიანი თეფშით.

- ერთი წუთი არ მაქვს მოსვენება, სად შემიძლია ამდენი... შენ მაინც მიირთვი ყავა, ჩემი გოგო, ცივი რად ვარგა?!

შეგრილებულ ყავას ვსვამ და ადგილს ზაირას ვუთმობ.

- უნდა წავიდე, ზაირა დეიდა. დიდი მადლობა.

- რა გეჩქარება, იყავი ცოტა ხანი, ხელათ ვაჭმევ ამას და შენც მოგხედავ.

- სხვა დროს, უკვე მომაკითხეს. – ნაჩქარევად ვემშვიდობები და ეზოდან გავდივარ.

ჩემ დანახვაზე მანქანაში გაცხოველებული ლაპარაკი წყდება. ლალიკო, სერგო და კლაუსი განსასჯელებივით მომჩერებიან, თავი მოსამართლე მგონია.

- დაძარი, სერგო.

- სად მივდივართ, რო?

- ჩვენ - თბილისში, ესენი შეგიძლია სადმე ბუნწიაღში დატოვო.

- რა მებუნწიაღება, ადამიანო, აქ თურმე ისეთი ამბები ტრიალებს, მე კი ჭურში ვზივარ! - მსაყვედურობს ლალიკო.

- ყველაფერი მოვუყევი. ორივეს. - მიხსნის სერგო და ნაფოტა კბილებს მიჩვენებს.

- შეიძლება ვიცოდე, უცხოელს რა ენაზე მოუყევი? - ვანიშნებ კლაუსზე.

- ესპერანტოზე.

- დიახ, დიახ, - ადასტურებს კლაუსი და მშობლიურ გერმანულზე პიკნიკის გადადებას ითხოვს.

- რუსულად ლაპარაკობდნენ, ვითომ პირველად გესმის კლაუსის რუსული! - ბობოქრობს ლალიკო.

- შენ რაღა მოგივიდა? - ვეკითხები გაკვირვებული.

- რა და, იდიოტის როლში გამოვდივარ. რატომ უნდა ვიგებდე სერგოსგან შენს ამბავს?

- დაგერეკა და გაიგებდი. - ამჯერად მე ვბრაზდები.

რატომ უნდა ჩამებარებინა ანგარიში, ისედაც არამკითხე მოამბის სახელი მაქვს გავარდნილი. თუ რაღაცას ვფაფხურობ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით. საკმარისია, რაც სიცოცხლეში დავაკელი ჩემს მეგობრებს.

- ნუ იკამათებთ, გოგოები, რას იტყვის უცხოელი? - გვანამუსებს სერგო.

- დიდუბეში მივდივართ, დანარჩენს გზაში მოგიყვებით. - ვამშვიდებ სამივეს და თბილისამდე არ ვჩერდები.

Page 78: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- - -

გადაწყდა. ძიძასთან დასალაპარაკებლად მე მივდივარ.

ცხელა. კოჯრის ნიავის შემდეგ თბილისის სადარბაზოც კი აბანოდ მეჩვენება. თურმე, ვიღაც დარეხვილი ფრანგი ბოთლებში გამომწყვდეულ მეოცე საუკუნის ჰაერს ყიდის. თან რეკლამას უკეთებს: ამ ჰაერის სუნთქავდა ჩარლი ჩაპლინი, შარლ დე გოლი, პაბლო პიკასო და მეოცე საუკუნის სხვა გამოჩენილი ტვინები. ყველაზე საინტერესოა, რომ იყიდება! მაშინ რატომ არის ფრანგი დარეხვილი? ფრანგი ბიზნესს აკეთებს. თუ ვინმეა დარეხვილი, პირველ რიგში მე. სად მივდივარ, ვისთან....

ზარს ვრეკავ.

- ვინ არის? - კარს მიღმა ქალის სასიამოვნო ხმა ისმის.

- ქალბატონი ნანა მინდოდა...

თვითონაც თუ ისეთივე სასიამოვნო ადამიანია, როგორიც ხმა აქვს, გამიმართლა და ეგ არის.

მართლაც, კარს სანდომიანი მანდილოსანი მიღებს. ასე ორმოცდაათი წლის. ცოტა ძველმოდურად აცვია - საკინძესთან გაბაფთული შავზოლიანი კოსტიუმი და მრგვალცხვირიანი ფეხმაცმელი. ხელზე ბეჭდები აუსხამს, თუ არ ვცდები, საკმაოდ ძვირფასი.

- ძიძის აყვანის თაობაზე ვარ. - დასაწყისისთვის ვიტყუები, პირდაპირ ხომ არ ვაჯახებ ვიზიტის მიზანს?!

- მობრძანდით, მაგრამ მგონი დაგაგვიანდათ. უკვე მივიღე შეთავაზება.

იმედგაცრუებულ გამომეტყველებას ვიღებ და ბინაში შევდივარ. აქაურობას ჯერ კიდევ ატყვია ყოფილი დიდების კვალი - ბროლის ჭაღი, სამფრთიანი გორკა, ხავერდის ბურთულებიანი ფარდები, შანდლიანი პიანინო...

- დავილაპარაკოთ. იქნებ მე უკეთეს ვარიანტს გთავაზობთ?

- ვნახოთ. - ქალბატონი ნანა ინტერესით მათვალიერებს.

ჩემი სოციალური სტატუსის გამორკვევას ცდილობს. ცდებით, ქალბატონო, დღეს სამოსით ვერავის შეაფასებ. მილიონერსაც შეიძლება ეცვას ჩემნაირი ჯინსი და უბრალო მაისური ბრალიანი ბირკით. სამკაულებიც მაქვს, მაგრამ თქვენსავით სახლში არ მიკეთია. არც სახლში, არც გარეთ.

სკამზე დაჯდომისთანავე ვხვდები - არ მაქვს თვალთმაქცობის თავი. ისეთი დაცლილი ვარ, სული რომ შემიბერონ ბაბუაწვერასავით ავიწევი ჰაერში.

- რა ასაკის არის თქვენი პატარა? – გულუბრყვილოდ მეკითხება.

- ქალბატონო ნანა, ერთი თხოვნა მაქვს...

- დიახ.

- რაღაც მინდა გითხრას და არ შემაწყვეტინოთ, კარგი?

Page 79: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- კარგი.

- თუ რამეა, მერე მკითხეთ.

ქალბატონი ნანა შეტყუპებულ ხელებს კალთაში იწყობს და აღარ მიღიმის სანდომიანი ღიმილით. ის დაძაბულია. მის ადგილზე მე უარესი დამემართებოდა.

- მე არ ვეძებ ძიძას... მე მკვლელს ვეძებ. ნუ გეშინიათ, ქალბატონო ნანა, თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ სიმართლის დადგენა მინდა. სულ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ და წავალ.

- არ მეშინია. მე ისეთი ძვირფასი ქმარი დავკარგე, სიკვდილისაც არ მეშინია. უბრალოდ, მაინტერესებს, რატომ მაკადრეთ ტყუილი?

- წკრიალაშვილების გვარი რომ მეხსენებინა, ვეჭვობ კარი გაგეღოთ.

ქალბატონი ნანა გაგებით აკანტურებს თავს. მგონი მართებული სვლა გავაკეთე.

- ალბათ გსმენიათ წყნეთში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, იქ ექვსი ადამიანი მოწამლეს, მათ შორის, ჩემი კლასელები...

- იათამზე მდივანი ხართ? - მაწყვეტინებს ქალბატონი ნანა.

- საიდან მიხვდით?

- გახსენებდნენ ხოლმე..

- ვინ?

- დები - ირა და ჯუნა.

- როგორ... რა კონტექსტში? - მოუთმენლად ავწრიალდი.

- არცთუ სასიამოვნო.

- ჩემგან რაღა უნდოდათ?

- თქვენ ასოცირებული იყავით სოფო კანკავასთან. და რაც უფრო ცუდებს ლაპარაკობდნენ, მის უფრო კარგი წარმოდგენა მექმნებოდა თქვენზე.

უსიტყვოდ ვიფერებ და დაკითხვის ეშხში შევდივარ.

- ქალბატონო ნანა, რატომ დაგითხოვეს წკრიალაშვილებმა, სხვათა შორის, ირას დედამ ძალიან გაქოთ.

- პრინციპში, არ იყვნენ უკმაყოფილოები. იცით, რას ვფიქრობ?... საქმე ჩემში არ იყო, არამედ იმაში, რომ მათ არ სჭირდებოდათ ოჯახური კონფლიქტის მოწმე.

- ვის, მერაბს და ირას?

- არა, მერაბს იშვიათად ვნახულობდი. როცა ის სახლში ბრუნდებოდა, მე უკვე წამოსული ვიყავი. ოჯახური კონფლიქტის შესახებ დების საუბრებიდან ვიცოდი, ყოველთვის ვერ ითვალისწინებდნენ ჩემ არსებობას, დააყრანტალებდნენ რაღაცას და მერეღა ბრაზობდნენ. განსაკუთრებით ირა: `ნანა, გაასეირნე ბავშვი~, `ნანა, გამეგზავნე მაღაზიაში~... – ნანამ ირა გამოაჯავრა და გაბრაზებულმა შეისწორა საკინძე. - კოჯორში ცოტა ამოვისუნთქე, ირა თბილისში დარჩა და აქედან გამომდინარე, ჯუნაც დაშოშმინდა. არც ვაპირებდი მათი ბინძური თეთრეულს გამომზეურებას, მაგრამ ჯერ ერთი ნაწყენი ვარ ირაზე - ნამდვილად არ ვიმსახურებდი ასეთ მოქცევას; მეორეც, აქ ისეთი ამბავია - ადამიანები დაიხოცენ. ასე რომ, არ მოგერიდოთ, როგორც შემიძლია დაგეხმარებით.

Page 80: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- მადლობა. მაშინ გადავდივარ საქმის არსზე: მე მაინტერესებს ირას გაბრაზების ხარისხი. შესაძლებელია მას სოფო მოეკლა?

- არ ვიცი, მაგრამ ჯუნა რომ მერაბს ემუქრებოდა, ჩემი ყურით მაქვს გაგონილი.

- როგორ? - სმენა დავძაბე. ეტყობა, ისეთი სახე მაქვს, რომ ქალბატონმა ნანამ საჭიროდ ჩათვალა ცივი წყალი გადამასხას.

- ნუ მიიღებს სერიოზულად, იათამზე... ადამიანმა გაბრაზებულ გულზე შეიძლება ისეთი სისულელე დააყრანტალოს, მერე თვითონაც გაუკვირდეს. ის, რომ მერაბს საყვარელი ჰყავდა, არათუ ირამ და ჯუნამ, ოჯახის ყველა წევრმა იცოდა, ზაირას და გიორგუნას გარდა. ზაირა ცალკე ცხოვრობს და შვილიშვილების გაზრდით მაინცდამაინც არ იწუხებს თავს. ერთხელ, ასეთ სცენას შევესწარი: ჯუნა მერაბს ტელეფონით ელაპარაკებოდა, უფრო სწორედ, უკიოდა: `ჩემმა დამ რომ თავს რამე აუტეხოს, იცოდე, არ გაცოცხლებ, სამსახურშიც გაგიფუჭებ საქმეს, მამობასაც ჩამოვართმევინებო...~ მოკლედ, უსიამოვნო ლაპარაკი ჰქონდათ.

- შეგიძლიათ, მკვლელობის დღე გაიხსენოთ?

- შემიძლია, რადგან სწორედ იმ საღამოს დამითხოვეს.

ღამის ცხრა საათი იქნებოდა, შეიძლება მეტიც... დები აღელვებულები დაბრუნდნენ თბილისიდან და ოთახში შეიკეტნენ. როგორც მივხვდი, მერაბის მოსვლასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები ჰქონდაღ. გიორგუნას კუჭი ჰქონდა აშლილი და ირას რჩევა ვკითხე. ისე გამოვიდა წყობიდან, სულ ცოფები ყარა... არც მე დავრჩი ვალში, მკვახედ ვუპასუხე. ეცა ტელეფონს და ტაქსი გამოიძახა, მერე გამომიტანა დარჩენილი ჰონორარი - სულ კარგად მეყოლეო, მითხრა და გამომისტუმრა.

- ბეჭდის მოპარვა ხომ არ დაგაბრალათ?

- რა ბეჭედი, რას ამბობთ? – ნანა თავის ბეჭდიან თითებს დაცქერის. - რაში მჭირდება სხვისი ბეჭდები, ჩემებიც ოხრად მრჩება. ვინ გითხრათ?

- ირამ.

- მოიგონა. იმაზე უნამუსო ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა.

- შეიძლება ქმრის დასაშოშმინებლად მოიგონა, რაღაცის ხომ უნდა გაემართლებინა ძიძის სახლიდან დათხოვნა.

- ლოგიკურია. – მეთანხმება ნანა, - მძიმე ქალია ირა, ნამდვილი ფსიქოპათი. გაგონილა, ქმრის ყოველ წუთში შემოწმება? მობილურშიც კი ძვრებოდა - ვინ მიწერა, რა მიწერა, რატომ, რომელ საათზე... ამოუყვანა ყელში და იმანაც საყვარელი გაიჩინა.

- ჩემზე რას ჭორაობდნენ?

- უჰ, ნუ მეტყვით! მაჭანკალიო, ქვეშქვეშაო... სუსიკოზე კიდევ უარესებს ამბობდნენ, სოფო კანკავაზე ხომ საერთოდ... - ბოროტების სიმბოლო, აღვირახსნილობის განსახიერება, ოჯახის დამანგრეველი...

ორმაგად დაეჭვებული გამოვდივარ ქალბატონი ნანას სახლიდან, სადარბაზოსთან მდგარი კლაუსის და ლალიკოს დანახვაზე ეჭვი მიათმაგდება. სერგოს მანქანა არ ჩანს.

- სერგო სად არის? – გაფაციცებული ვეკითხები.

- სასწრაფოდ გამოიძახეს. - ლალიკო იშმუშნება და მზერას მარიდებს.

- სად?

Page 81: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- კოჯორში.

- რა ხდება კოჯორში, მითხარი, ჩქარა!

- ზაირა დეიდა გარდაიცვალა. მოულოდნელად, შენი

წასვლიდან სულ რამდენიმე წუთში.

ზაირა გარდაიცვალაო... მოულოდნელად... ჩემი წასვლიდან... სტოპ!

ვცდილობ მეხსიერებაში აღვიდგინო ეპიზოდი - ზაირა სახლში

შედის ფაფის გასაცხელებლად, მე მის ადგილზე ვჯდები და წამოსვლის წინ მისთვის განკუთვნილ ყავას ვსვამ. ჩემთვის განკუთვნილი ყავა კი, სავარაუდოდ მან, ზაირამ მიირთვა. ვინ მოადუღა ყავა? ნუცამ.

ნუცა!

ნუცას ჩემი მოკვლა უნდოდა და შემთხვევით ბებიამისი შემოაკვდა. ეს მან მოკლა ჩემი მეგობრები! ღმერთო ჩემო, ნუცა... ექსპერტიზით დადგინდა, რომ სუსიკოს დამზადებული კოქტეილი `სისხლიანი მერი~ შეიცავდა მედიკამენტს, რომლის დიდი რაოდენობის მიღება იწვევს წნევის დაცემას და გულის გაჩერებას. ფაქიზი ფსიქიკის, ემოციური მოზარდის ტვინში შურისძიების გეგმა მომწიფდა...

კითხვა: ვის აქვს იმ ოჯახში წნევა?

პასუხი: ჯუნას.

კითხვა: ნუცას შეეძლო წამლების მოპარვა?

პასუხი: თავისუფლად შეეძლო.

კითხვა: ვინ ლაპარაკობდა საზიზღრობებს მერაბის კლასელებზე?

პასუხი: ნუცას დედა და დეიდა - ირა და ჯუნა.

კითხვა: ვინ აპირებდა ნუცასთვის მამის წართმევას?

პასუხი: სოფო კანკავა.

კითხვა: ვინ `უწყობდა~ ხელს სოფოს?

პასუხი: ბავშვობის მეგობრები - მე, სუსიკო, ლალიკო, გიგუტა...

ჩვენ, ყველანი, უნდა დავსჯილიყავით, თანაც ისე, ეჭვი არავის აეღო ნუცაზე ან მისი ოჯახის წევრებზე. ხომ იწამლებიან ადამიანები სასმელით, სოკოთი, კონსერვირებული პროდუქტებით?! კოჯრის აგარაკზე ნუცას გამოჩენა სუსიკოს არ გაუკვირდებოდა. სოფოს გამო შეიძლება არ გახარებოდა, მაგრამ მერაბის ქალიშვილს სახლიდან ვერ გაისტუმრებდა, მითუმეტეს, მოგვიანებით მერაბსაც ელოდა. ნუცას თავისუფლად შეეძლო წინასწარ დაფხვნილი აბების კოქტეილში ჩაყრა. მან შური იძია და ყოველგვარი ხმაურის გარეშე დატოვა აგარაკი. მერე კი მოსვლია ისტერიკა, მაგრამ ვის აინტერესებს, რა იყო მერე!

- რაო, რა თქვა ძიძამ? - ლალიკოს ხმა რეალობაში მაბრუნებს.

ლალიკოს მზერით ვაჩერებ და მაიორს ვურეკავ.

- ისევ კოჯორში ხარ?

- ხო.

Page 82: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- მერე?

- რა მერე... ოჯახის წევრები გვამის გაკვეთაზე უარს გვეუბნებიან. მერაბი ამბობს, ჩემი სიდედრი გულით ავადმყოფი ქალი იყო და გაკვეთის საჭიროებას ვერ ვხედავო.

- ირა რას ამბობს?

- ირა შვილს ადგას თავზე, ნუცას ნერვული სტრესი აქვს და გაარიდეს აქაურობას. მთელი ამ უბედურების ფონზე ჯუნა გამოტყვრა აღიარებითი ჩვენებით: მორჩით დედაჩემის გვამით სპეკულაციას, მე მოვკალი წყნეთში ამოსული სტუმრებიო.

- ჯუნას არ მოუკლავს! – ვყვირი მთელ ხმაზე.

- ვიცი, რომ არ მოუკლავს. – მშვიდად მპასუხობს სერგო, - ჯუნამ ირას დანაშაული აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ იძულებული ვარ დავუჯერო. დებმა უკეთესად იციან თავიანთი საქმე, ალბათ ასე გადაწყდა ოჯახურ თათბირზე.

`ჯუნამ ირასი კი არა, ნუცას დანაშაული აიღო სკუთარ თავზე.~ გულში ვეპასუხები მაიორს. მე რა უფლება მაქვს 13 წლის მოზარდი დავასმინო?!

მობილურს ვთიშავ და ვცდილობ დავემალო ლალიკოს მოლოდინის სავსე თვალებს. კლაუსი ხვდება სიტუაციის უხერხულობას და თავჩაღუნული დგას.

- არ მეტყვი, რა ხდება? - მკლავზე მეჯაჯგურება ლალიკო.

ვერ ვეტყვი. ვერც ლალიკოს, ვერ სერგოს, ვერავის. ვერასოდეს. დარცხვენილი ვემშვიდობები ორივეს და მივდივარ, სადაც ფეხებს მივყავარ...

ფეხებმა სანაპიროზე მიმიყვანეს. არა, თვითმკვლელობა თავშიც არ გამივლია, უბრალოდ წყალს მინდა გავატანო ჩემი წუხილი, მთელი დღევანდელი დღე და გუშინდელი ეჭვები.

გვიან ღამით მივაღწიე სახლამდე. სადარბაზოს მოპირდაპირე მხარეს, ორ ხეს შუა გაჩხერილ ფიცარზე მერაბის სილუეტს ვხედავ. სიბნელეში ქაოტურად მოძრაობს სიგარეტის წითელი ნაკვერჩხალი, მიწაზე ჭიაყელებივით ყრია გაფშეკილი ნამწვები. უსიტყვოდ ვჯდები მის გვერდით. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. მე ვხვდები - მან ყველაფერი იცის. იგივეს ხვდება ისიც.

- შენი იმედი მქონდეს? – ჩახლეწილი ხმით მეკითხება მერაბი.

- ხო.

- გმადლობ.

- როდის მიხვდი?

- როცა ვითომ მოპარულ ბეჭედს ირას ჩანთაში წავაწყდი. მერე კორტებზე მივედი, გადავამოწმე. ნუცა არ იყო იმ დღეს ვარჯიშზე. ტაქსი დაუჭერია და წყნესში ასულა. ვარჯიშის დამთავრებისთვის უკვე თბილისში იყო, ეჭვი რომ არავის აეღო.

- როდის გამოტყდა?

- დღეს, ბებიამისის სიკვდილის შემდეგ.

- მიკვირს, მე რომ არ დამაბრალა.

- აზრი არ ჰქონდა, ისედაც შორს შეტოპა.

- ირამ იცოდა?

Page 83: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- ხვდებოდა, მაგრამ არ უნდოდა დაჯერება. პირდაპირ დაკითხვასაც ვერიდებოდის, ბავშვი ისედაც დათრგუნული იყო. სირაქლემას პოზიცია მოვირგეთ და აი, შედეგი.

- ჯუნა არ გეცოდება?

- ნუცა უფრო მეცოდება. - მერაბი სიგარეტს მიწაზე აგდებს და ახალ კოლოფს ხსნის.

- რას აპირებს?

- ჩოგბურთის თამაშს. საზღვარგარეს წავიყვან, სპორტულ სკოლაში ჩააბარებს. ადრეც ჰქონდა შეთავაზება და უარი ვუთხარი. უნდა მოვაშორო აქაურობას, სხვა გზა არ მაქვს.

- ხოო...

- ირას ვეყრები.

- კაი დროსია....

ვჩუმდებით. ახლომახლო კუთავს უხილავი ჭრიჭინა. მაწანწალა ძაღლმა ჩაგვიარა საქმიანი ცუხცუხის. ზედაც არ შემოგვხედა.

- მართლა აპირებდი სოფოს ცოლად მოყვანას?

მერაბი უარყოფის ნიშნად აქნევს თავს. ჩვენ აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო. სათქმელი ისქვა, გასაკეთებელი გაკეთდა. ფენიტა ლა კომედია!

სადარბაზოსკენ მივდივარ ნელი ნაბიჯით. კეფაში ჩემი მეგობრის მზერას ვგრძნობ, ყოფილი მეგობრის...

- - -

ბორჯომში წასვლა მატარებლით გადავწყვიტე და დიდი შეცდომა დავუშვი. ვაგონი ქათმიანი ქალებით, ტომრიანი კაცებითა და ხმაურიანი ბავშვებით გაივსო. გასვლამდე ოცი წუთია დარჩენილი. შემიძლია ჩამოვიდე და მიკროავტობუსს დაველოდო, თუმცა იქვე მახსენდება წყნეთში ტაბურეტით მგზავრობა. არ ღირს, ცუდად მაქვს დაცდილი. ფულიც მენანება. იქაც რომ ვერ მივასწრო, სად წავიღო მატარებლის ბილეთი? და საერთოდ, დღესაც თუ გადავდებ სუსიკოს შვილის ნახვას, სუსიკო საფლავიდან ამოხტება და სახეში შემაფურთხებს.

ამიტომ კუთხეში ვიყუჟები და ვცდილობ ვიფიქრო რაიმე სასიამოვნოზე. მაგალითად, როგორ გაუხარდება თამროს ჩემი დანახვა, როგორ დაუძახებს ბებიას და ბაბუას, როგორ გამოვლენ ჩემ სანახავად თაზოს უბედური მშობლები, როგორ მოადგებათ თვალზე ცრემლი... იმიტომ კი არა, რომ ჩემი დანახვა ეწყინებათ, იმიტომ, რომ თავისი მკვდარი შვილები გაახსენდებათ.

`მორჩი თავის მართლებას, არც შენ გამოეკერები ცას. გამოიფხიკე ყურები და გაეპაუხე მობილურს, ცხოვრება გრძელდება, ბზიკო~, ჩამძახის უჩინარი სუსიკო.

ჩემს მობლურზე დათას ნომერი ინთება.

- გისმენ.

- რა ხმაურია მანდ? - კითხულობს დათა.

Page 84: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე

- მგზავრები ამოდიან მატარებელში.

- მატარებელში რა გინდა?

- ბორჯომში მივდივარ, სუსიკოს შვილის სანახავად.

- ააა... - უკვირს დათას.

- მალე ჩამოვალ. – ვამშვიდებ, ჩემი ჭკუით.

- აბა, შენ იცი! - მოკლედ მიჭრის და თიშავს.

სულ ეს იყო. პრინციპში, ისეთს არაფერს ველოდი, მაგრამ - `აბა, შენ იცი!~ - არაფერზე უარესია. შენ რას იტყვი სუსიკო? კაცი, რომელიც დაკარგულ ფეხსაცმელს მოგართმევს ზღაპრული პრინცივით, ტყვეობიდან დაგიხსნის, ღამეს შენთან გაათევს და დილით დაჭრილი მუსტანგის თვალების გიყურებს, უცებ გეუბნება: `აბა, შენ იციო!~...

ვიღაც ქოშინით ჯდება ჩემ გვერდით. ზედაც არ ვუყურებ. იმედგაცრუებული ვიცქირები ფანჯარაში. ბაქანზე ხალხი ირევა – ქათმებით, ტომრებით, ჩემოდნებით...

- რაზე გავჩერდით? - მესმის ნაცნობი ხმა.

დათა - ჩემი ავგუსტუსი, პრინცი, იმპერატორი, მუსტანგი... -გვერდით მიზის და იღიმება თავისი განუმეორებელი ღიმილით.

- აბა შენ იციო... - ვახსენებ.

- მერე, შენ რა მიპასუხე?

- მე შეურაცხყოფილი დავდუმდი.

- გულში რა იფიქრე?

- გულში ვიფიქრე: სულ ეს იყო?

`მატარებული თბილისი-ბორჯომი გადის მეორე ლიანდაგიდან~ - მიკროფონიდან ოპერატორის უფერული ხმა იღვრება.

- წავედით, თორემ დაიძრა მატარებული. – ხელს მკიდებს დათა.

- მე ბორჯომში მივდივარ. – ვამბობ, ცოტა არ იყოს, დაბნეული.

- ჩვენ მივდივართ ბორჯომში. ჩემი მანქანით.

დაოთხილები გავრბივართ გასასვლელისკენ, ვახტებით ფუთებს, ყუთებს, გალიებს და დაძრული მატარებლიდან ბაქანზე ვხტებით.

შენ, როგორც ყოველთვის, მართალი ხარ სუსიკო - ცხოვრება გრძელდება!

დასასრული

2002 წელი

Page 85: 1 სისხლიანი ვახშამი - მაია ბურჭულაძე