5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

100
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ _ ,,მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ'' იიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიიიიიი _ იიიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიი _ იიიიიიი იიიიიი იიიიიიიი, იიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიი იიი იიიიიიიიი, იიიიი. იიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიი იიიიიი იიიიიიიი იიიიიიიი იი იიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიი-იიიიიიი, იიიიიი იი იიიიიიიიიიი _ იი იიიი იიიი იიიიიი, იიიიიიი იიიიიიი? იიიიი იიი იიიიიიიი, იიიიიიი იიიი იიიი იიიიიიი იიიიიიიი იი იიიიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიი. იიიი იი იიიიიიიიიიიი, იიიიი იი იიიიიიიიი იიიიიიი! იიიიიიიი იიიიიიიიიიი იი იიიიიიიი, იიიიიიი იიიიი იი იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიი _ იიიი იიი იიიიიიიი. იიი, იი იიი იიიიი, იიიი იიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიიიი. იიი? იიიიი იი იიიიიი იიიიიიიი იიიიიიიი? იიიიიიი იი იიიი! იიიიი იიიიი იიიიიი იიიიიიიი, იიიიიი იიიიიი იიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიი იიიი იიიიიიიი! იიიიი იიიიი იიიიიიიიიიიიიიი იი იიიიიიიი იიიიიი იიიიიიიიიი იი იიიიი-იიიიიიი იიიიიიიიი იიიი. _ იიიიი იიიიიიიი. _ იიიი იიიიი. იიიიიიი იიიიიიი! იიიი იიიიი, იიიიიიიიიი იიიიი, იიი იიიიი... იიიიიიიიიი. იიიიიიიი იიიიიიიიიი იი იიიიიიიი. იიიი-იიიიიიი იიიიიიი იიიიიიი, იიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიი იიიი იიიიიიიიი. იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიი იი იიი იიიიიიიიიი, იიიიიიიი იიიი იიი იიიიიიი, იი იიიიიიიიიიიი. იიიიიი იიიიი, იი იიიიიიი იიიიი იიიიიიიიიიი

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „როტვეილერის ღიმილი“. ციკლიდან „იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი“. წიგნი მეხუთე

Transcript of 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

Page 1: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

როტვეილერის ღიმილი

მეხუთე დეტექტიური რომანი ციკლიდან _ ,,იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი''

იანვარში მიღებულ გადაწყვეტილებას _ გამეპრიალებინა მეტრეველების საგვარეულო ვერცხლეული _ საშველი მაისში დავაყენე, ტელევიზორში სარეკლამო რგოლს რომ ვუყურებდი, მაშინ. ყოჩაღი დიასახლისი ჭურჭლის სარეცხ სითხეს უკეთებდა რეკლამას და ისეთი მონდომებით აჩხაკუნებდა დანა-ჩანგალს, თითქოს მე მანამუსებდა _ ეს არის შენი პირობა, იათამზე მდივანო? ახლაც რომ იზარმაცო, მომავალ ახალ წელს კარადას გამოაღებ და საგვარეულო ვერცხლეულის ნაცვლად ობმოკიდებული შავეული დაგხვდება. მერე ნუ გაგიკვირდება, ქმარი თუ საყვედურს გეტყვის!

რეკლამის დამთავრებას არ დაველოდე, ყურმილი ავიღე და დიასახლისების პრიმადონას _ ჩემს დას დავურეკე. ვინ, თუ არა ლელამ, იცის ვერცხლის გაწმენდის საუკეთესო მეთოდოლოგია.

რაო? ცარცი ან კბილის საწმენდი ფხვნილიო? გაგიჟდა ეს ქალი! ცარცს კიდევ იშოვის ადამიანი, მაგრამ კბილის გასაწმენდ ფხვნილს ბებიაჩემიც აღარ ხმარობდა! ბარემ ქვიშა შემოეთავაზებინა და თბილისის ზღვაზე გავეგზავნე ეს ხეხვა-გლეჯაზე მომართული ქალი.

_ სოდაც შეიძლება. _ თქვა ბოლოს.

აგაშენა ღმერთმა! სოდა მაქვს, ენთუზიაზმი მაქვს, დრო მაქვს... ჯერჯერობით.

მკლავები დავიკაპიწე და შევუდექი. დანა-ჩანგალს ადვილად მოვერიე, მაგრამ მინიატურულმა ჩაიდანმა ცოტა გამაწვალა. ინკუსტრირებულ ხვეულებში ჩამკვდარ სიშავეს ფრჩხილიც მივახმარე და ისე გავაპრიალე, მადლობის თქმა რომ შეეძლოს, არ დამზარდებოდა. სხვათა შორის, ეს ჩაიდანი დათას გარდაცვლილი ცოლის მზითვია და სამართლიანობა მოითხოვს ჩემმა გერმა, დეამ წაიღოს მზითევში. მაგრამ დეას გათხოვებისთვის არ სცალია, გერმანიაში ეუფლება იურისპრუდენციას და ყველაზე ნაკლებად ფიქრობს ისეთ არქაულ გადმონაშთზე, როგორიც მზითვია.

ის იყო, კონიაკის჻ჭიქას მივადექი, რომ ტელეფონმა დარეკა. ლალი იყო, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელმაც ბალზაკის ასაკამდე შემონახული ქალწულობა გერმანელ კლაუსს შესწირა და ახლა მასთან ერთად ცხოვრობს ავსტრიაში, ქალაქ ტიროლში.

Page 2: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

სიხარულით შევკივლე, იმანაც ბანი მომცა და მაშინვე საქმეზე გადავიდა.

_ იათო, თვის ბოლოს ჩამოვდივარ, ლუკა უნდა მოგანათლინო.

ლუკა, ლალიკოს და კლაუსის 2 წლის შვილია, მამასავით წითურთმიანი და დედასავით მაყვალთვალება.

_ მე-ე?!

_ ჰო, შენ. უარის თქმას ხომ არ აპირებ?

_ არა, მაგრამ...

_ მაგრამ, რა?

_ დავიჯერო, კარგი ნათლია ვიქნები ავსტრიაში მცხოვრები ბავშვისთვის?

_ ჩვენ წელიწადში ერთხელ ჩამოვალთ. არც შენ არ მოგტყდება ფეხი, რომ ჩამოხვიდე.

ფეხი ნამდვილად არ მომტყდება, მაგრამ ფინანსებს რა ვუყო? ვიდრე დეა გერმანიაში სწავლობს, ტიროლი კი არა, ქობულეთში თუ წავედით ამ ზაფხულს, დიდი შეღავათია. მაგრამ ლალისთან ხომ არ დავიწყებ წუწუნს ეს პედაგოგი ქალი?! ხო, ვინც არ იცის, გერმანულს ვასწავლი კოლეჯში და პარალელურად მუსიე პუაროს ვეზომები.

_ ერთი სათხოვარიც მაქვს, _ განაგრძო ლალიკომ. _ თუ არ დამზარდები, ჩემი ბინა მოაწესრიგე _ საბნები გაამზეურე, მტვერი გადაწმინდე, მოკლედ, გაანიავე...

_ ჶს გიბტ კეინ ჵრობლემ.

_ გაიხარე, დაო იათამზე.

_ მოიცა, მოიცა, სანამ გავიხარებ, ერთ კითხვაზე მიპასუხე: შენს ბინაში ნიავთან ერთად შევფრინდე თუ როგორ მიბრძანებ?

_ გასაღები ლიას აქვს.

_ აბა, ლია?

_ ლია მორჩილაძე, ჩემი მეზობელი, რომელზეც სალონი მაქვს მიქირავებული. მოკლედ, სალონში მიაკითხე და გასაღები გამოართვი, არ მინდა ჩემს ბინაში უცხო ადამიანმა იქექოს.

გათხოვებამდე ლალიკო პეკინის ქუჩაზე ცხოვრობდა _ მყუდრო ოროთახიან ბინაში ადამთან და ბაბილინასთან ერთად (ქმარი და დედამთილი არ გეგონოთ, ძაღლი და კატაა), იმავე სახლის პირველ სართულზე კი ყვავილების მაღაზია-სალონი ჰქონდა გახსნილი.

დავალების შესრულებას დავპირდი და სოდიან წყალს გავუღიმე. ბავშვობის მეგობრებიდან ლალიკოღა შემრჩა, დანარჩენები სუსიკო რატიანის საბედისწერო ვახშამს შეეწირა (იხ. `სისხლიანი ვახშამი~). მას შემდეგ თითქმის ორი წელიწადი გავიდა, ლალიკო კლაუს კოლს გაჰყვა ცოლად და ლუკა გააჩინა. მე დათა მეტრეველს გავყევი, მაგრამ არავინ არ გამიჩენია. წლების წინ დაუფიქრებლად გაკეთებულმა აბორტმა თუ დამბერწა _ ვატოს ჯიბრზე გაკეთებულმა აბორტმა. დათა (პროფესიით მეან-გინეკოლოგი) მაიმედებს _ ისეთი არაფერი გჭირსო. მეც ვცდილობ დავუჯერო, თუმცა ეჭვი მღრღნის. საქმე გინეკოლოგიაში არ არის, ეს ამბავი სადღაც ზევით წყდება. ის, რაც სხვისთვის რიგითი მანიპულაციაა, ღმერთმა მე ცოდვად ჩამითვალა და დამსაჯა. ეტყობა ბოლომდე ვერ გამიმეტა და დათას თავი მაჩუქა, კომპენსაციის სახით.

Page 3: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ვერცხლის ჭიქას სოდა მოვაპნიე და შევეცადე სასიამოვნო რამეზე მეფიქრა. მაგალითად, როგორი გახდა ლალიკო _ გახდა თუ გასუქდა, რამდენად კმაყოფილია პროვინციაში ცხოვრების, როგორ შეეგუა იქაურ ტრადიციებს, ჩამომიტანს თუ არა დაპირებულ ვარდის მურაბას...

_ _ _

ლალიკოს მაღაზია-სალონი დაპატარავებული და ცოტა არ იყოს, გავერანებული მეჩვენა. ალბათ ყვავილების ნაკლებობის გამო, ან თავად ლალიკო აფრქვევდა რაღაც განსაკუთრებულ აურას, რის გამოც კლიენტი არასოდეს მოკლებია. ვიტრინაში გამოდგმელი იყო ორქიდეა, გერანია, ბიგონია და მეგრული გვარის სხვა მცენარეები. ჭერიდან უხვად დაფოთლილი გვიმრა ეშვებოდა, ვარდისფრად ყვაოდა თიხის ქოთნებში ჩამწკივებილი კალანჰოა.

ჩემი შესვლა არავის გაუგია, სამაგიეროდ, მე გავიგე ჩინური იეროგლიფებით აჭრელებული შირმის მიღმა გამართული დიალოგი.

_ პოლიციას ხომ არ შევატყობინოთ? _ შეშფოთებული ხმა მგონი ლიას უკუთვნოდა.

_ აბა, რას ამბობ, ადამიანი თან გვყვება, ჩვენ კი პოლიცია მივუქსიოთ? სადაური წესია?!

_ რომელ წესებზე მელაპარაკები, არ ვიცი რა ვიფიქრო... დეტექტივი ხომ არ აგვეყვანა?

`დეტექტივზე~ ყურები დამიგრძელდა, ცხვირში კი ინტრიგის მოტკბო-მომწარო სუნი მეცა. სიამოვნებით მოვისმენდი დიალოგის ფინალს, მაგრამ აღზრდას მოუკვდა პატრონი! თანაც მასპინძლის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება მომერიდა და ჩავახველე.

შირმიდან პუტკუნა, სათვალიანი ქალი გამოხტა.

_ გამარჯობას ლია, მიცანით?

_ იამზე არ ხარ, ლალიკოს მეგობარი? _ გულღიად გამიღიმა და ვიდრე მე დავუდასტურებდი, ლაპარაკი გააგრძელა. _ წუხელ დამირეკა ლალიკომ _ იათამზე გამოივლის და გასაღები მიეციო. ეტყობა მოენატრა აქაურობა... კარგია, რომ ჩამოდის, მიიხედ-მოიხედავს, თვალს წყალს დაალევინებს, ახლობლებს მოინახულებს და უკან გაბრუნდება. ბედნიერია, წასასვლელი მაინც აქვს, ჩვენ ვიკითხოთ, აქ დარჩენილებმა... _ დააყოლა უკვე ღიმილის გარეშე და მთელი გულით ამოიოხრა.

_ ცუდად მიდის მუშაობა? _ თანაგრძნობით დავეკითხე.

_ ეჰ, ეს თუ მუშაობაა... აღარაა მუშტარი. მხოლოდ სარიტუალო გვირგვინებზეა მოთხოვნა. კვდება ხალხი. განა შიმშილით?! არა. დარდი კლავთ... უმუშევრება, დაუცველობისა და ფუჭად ჩავლილი ცხოვრების შეგრძნება. განსაკუთრებით, კაცებს გაუჭირდათ, ვერ უძლებენ. ამასწინათ, მეზობელი გარდაიცვალა, უპატიოსნესი კაცი, ინჟინერ-მექანიკოსი...

_ დედა! _ გაისმა გამაფრთხილებელი შეძახილი და შირმით გადაღობილი სივრციდან ხვეულთმიანი ქალიშვილი გამოვიდა. _ რაში აინტერესებს ლალიკოს მეგობარს უპატიოსნესი ინჟინერ_მექანიკოსის სიკვდილის დეტალები? გამარჯობათ. _

Page 4: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

საკმაოდ ქედმაღლურად მესროლა და დაძენძილ ჯინსში გამოკვართული კოხტა საჯდომი სალონის სიღრმისკენ წაიღო.

ეშხიანი გოგო ჰყოლია ლიას, ავღნიშნე ჩემთვის. ეშხიანი და უკმეხი. პრინციპში, მის ასაკში მეც მაღიზიანებდა დედაჩემის გამოსვლები. ეს ლია დიდი ქაქანა ვინმე ჩანს. მართლაც, რაში მაინტერესებს სიკვდილიანობის სტატისტიკა სახლის გასანიავებლად მომართულ ქალს?!

_ ეს ფიქრია გახლავს, ჩემი ქალიშვილი. ჩვევად ექცა უფროსების ლაპარაკში ჩარევა. სხვათა შორის, მავნე ჩვევად. _ ლიანამ რაც შეიძლება მკაცრი გამომეტყველება მიიღო. სავარაუდოდ, ჩემს დასანახად, რადგან ქალიშვილი სახელად ფიქრია გრაციოზულად მიუჯდა სალაროს მაგიდასთან და ბაცი მწვანე თვალები ვიტრინას მიაპყრო.

არ ვიცი, როგორი იქნება ფიქრია დედამისის ასაკში, მასავით მოსუქდება თუ ფორმას შეინარჩუნებს, დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ გოგონას ადგილი პოდიუმზეა და არა ამ უბადრუკ სალონში.

_ მოკლედ, სიტყვა ვერ დამისველებია ამის სანქციის გარეშე. _ შემომწუწუნა ლიამ. _ იცით, ამასწინათ, გაგვქურდეს... თეთრი სანდალოზები წაიღეს, გვირილები, კაქტუსების კოლექცია, ჩინური ვარდის თესლი, სამი ცალი ინკუსტრირებული ქოთანი...

_ დედა!

_ რომ არა ინკოგნიტო კეთილისმყოფელი, საერთოდ დავხურავდით სალონს!

_ დედა, სირცხვილია! _ ვერ მოითმინა ფიქრიამ.

_ არ უნდა მაგას `დედა~! ჩემი საქმისა მე ვიცი, იათამზეს დედუქციური ნიჭის შესახებ ლალიკოსგან მსმენია და იმიტომაც ვლაპარაკობ. იქნებ დაგვეხმაროს რამეში, რჩევა მოგვცეს...

_ ღმერთო, რა დავაშავე? _ ყასიდად ამოიკვნესა ფიქრიამ და ისე შემომხედა, თავი ზედმეტად ვიგრძენი.

რას აკეთებს ასეთ დროს თავმოყვარე ადამიანი? მართალი ბრძანდებით, თავზე ქუდს იხურავს და მიდის თავის საქმეზე. და რა გავაკეთე მე? მე ცნობისმოყვარეობის ჟინს ავყევი და საკუთარი ხმა გავიგონე:

_ რამდენადაც ვხვდები, მატერიალურად გეხმარებათ ადამიანი, რომლის ვინაობაც არ იცით.

_ სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა!

_ ჩვენი არა, შენი! _ გააწყვეტინა ფიქრიამ.

_ ნუ მიაქცევ ყურადღებას, რომ დედა-შვილი განუყოფელი ნაწილია, _ შემთხოვა ლიამ და გვიმრის ქვეშ, პატარა ძელსკამისკენ მიბიძგა. _ საქმე იმაშია, რომ ახლახანს ინსტიტუტიდან დაგვირეკეს: თურმე ფიქრიას სწავლის ფული ვიღაცას გადაუხდია! ანუ ჩემს შვილს ინსტიტუტში აღდგენა შეუძლია. წარმოგიდგენიათ?

_ ფასიანზე სწავლობს?

_ თავიდან მინიმალური თანხა იყო, მესამე კურსზე კი გაასამმაგეს. მე რომ ასეთი თანხა მქონოდა, ყვავილების გამყიდველად კი არ ვიჯდებოდი, უფრო სარფიან ბიზნესს წამოვიწყებდი.

Page 5: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ კარგი რა, დედა, რისი წამომწყები ხარ, ორ მეტრში ვერაფერს ხედავ!

_ ახლა ვერ ვხედავ, მაგრამ ოპერაციამდე მიმინოს თვალი მქონდა, ისე ვინ გამაჩერებდა სამსახურში, პროფესიით ბიოლოგი ვარ და მიკროსკოპთან მიწევდა მუშაობა. _ ლიამ სათვალე მოიხსნა და მე მისი მწვანე თვალები დავინახე, ზუსტად ისეთი, როგორც ქალიშვილს, იმ განსხვავებით, რომ მარცხენა თვალი გაურბოდა. _ ხედავთ, რა დამემართა? შარშან ამ დროს ჩიყვი ამოვიჭერი და აი, შედეგი: თვალი დამიზიანეს. ფულიც ჩაიბიჯეს და ლამის დამაბრმავეს საღსალამათი ქალი. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს წაეწყო _ ვალები, ჯანმრთელობა... ფიქრიამ ინსტიტუტს თავი მიანება და კრუპიედ დაიწყო მუშაობა.

_ კაზინოში? _ გაკვირვებულმა შევხედე ფიქრიას.

_ დიახ, კაზინოში. _ ნიშნისმოგებით დამიდასტურა ფიქრიამ. _ ვიცი რაც იფიქრეთ, მაგრამ ჩემთვის სულერთია.

_ რა ვიფიქრე?

_ რომ კარგ ოჯახში გაზრდილი გოგოები კაზინოში არ მუშაობენ. ასე არაა?

_ პრინციპში, კი. _ ალალად ვუპასუხე. გოგონას, რომელსაც მარტოდმარტოს მოუწია ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება, ვერ მოატყუებ.

ფიქრიამ თვალებით გამზომა. მომეჩვენა, რომ გამომეტყველება შეეცვალა, მზერა კეთილგანწყობილი გაუხდა, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე.

_ კარგი, რადგან დედაჩემი არ იშლის, მოგიყვებით ყველაფერს. _ მითხრა ყოყმანით. _ მეც მაინტერესებს ინკოგნიტო კეთილისმყოფელის ვინაობა. ავიდეთ სახლში, ლალიკოს ბინის გასაღებსაც მოგცემთ და დავილაპარაკოთ.

სამივენი წამოვდექით. ლიასაც უნდოდა აკიდება, მაგრამ ფიქრიამ წარბის მოძრაობით შეაჩერა და ისიც არ გასძალიანებია _ მაღაზიაში დაეტია.

ფიქრიას მონაყოლიდან:

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფიქრია კაზინოში მოეწყო სამუშაოდ. უპირველეს ყოვლისა, ლიას მევალემ დაურეკა და ვალის გასტუმრების შესახებ აცნობა. ვინ დაფარა ან რატომ, მევალემ არ იცოდა _ თანხაც და ხელწერილიც კურიერმა მოიტანა. დიდი ფულიც არ იყო, სულ 2000 დოლარი, მაგრამ ლია პროცენტების გადახდას ძლივს აუდიოდა და უკვე ბინის დახურდავებაზეც ფიქრობდა. ის აზრი, რომ შეიძლება პერიფერიაზე გადასულიყო, სრულიად უცხო უბანში, წინასწარ აგდებდა დეპრესიაში და უცებ, ასეთი სიურპრიზი.

ამას მოჰყვა პატარ-პატარა სიურპრიზები: ორჯერ _ 1000-1000 დოლარი, ერთხელ _ პერსონალური კომპიუტერი. ესეც კურიერის ხელით. ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი მაინც ყვავილების დიდი პარტიის ჩუქება იყო. უცნობმა კეთილისმყოფელმა რაღაც გზით შეიტყო სალონის გაქურდვის შესახებ და მცენარეებით დატვირთული მანქანა მოაყენა. დღეს კი სამხატვრო აკადემიიდან დარეკეს და ფიქრიას სწავლის საფასურის დაფარვის შესახებ შეატყობინეს.

Page 6: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

სასიამოვნოდ გაკვირვებული ვუსმენდი ფიქრიას მონაყოლს, რაღაც მომენტში ოცნებაშიც კი გადავეშვი _ რა იქნება, ჩემს ბარობაზეც გამოჩნდეს ერთი ინკოგნიტო ქველმოქმედი და მანქანა მაჩუქოს _ მაგრამ დროზე მოვეგე გონს _ ფიქრია ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს იდუმალ ფიქრს მიმიხვდა.

_ ეჭვის დონეზეც არ გაქვს წარმოდგენა ვინ შეიძლება იყოს?

_ არა. _ თავი გააქნია ფიქრიამ. _ სიმართლე გითხრათ, დიდად არც მაინტერესებს... უფრო სწორედ მაინტერესებს, მაგრამ იმ დონეზე არა, რომ დეტექტივი ჩავრთო. დედაჩემი კი მართლა ღელავს. ეჩვენება, რომ საყვარელი მყავს და ის გვასპონსორებს. _ ფიქრიამ გამომწვევად შემომხედა _ რეაქციას ამოწმებდა.

_ ასეც რომ იყოს, რა არის ამაში სამარცხვინო? _ არ გავაწბილე მე.

_ ეგ დედაჩემს ჰკითხეთ.

_ ისე გყავს... საყვარელი? _ ვკითხე ყოყმანით.

_ მეგობარი მამაკაცი მყავს, მაგრამ ის არაა ჩემი სპონსორი.

_ დედამ იცის?

_ რაღაცას ხვდება. ყოველ შემთხვევაში, კრიტიკულ დღეებს მიმოწმებს.

_ რატომ?

_ ფეხმძიმობა რომ არ გამოეპაროს. გული უსკდება ნაბიჭვარი ამ მივუყვანო კალთით. ყავას დალევთ?

თავი დავუქნიე. ყავა და ფიქრი რამ გაყო? დედუქციურ ტრანსში მისტერ ჰოლმსი თავის გამოჩენილ ჩიბუხს ეწეოდა. მე ყავას დავლევ და სიგარეტსაც ვაბოლებ, თუ მომეპოვება.

ხელჩანთაში ჩავიხედე _ სიგარეტი სახლში დამრჩენია. მომიწევს ყავით დაკმაყოფილება.

_ შენი აზრით, არ უნდა გაუსკდეს? _ დავეკითხე გაზქურასთან მდგარ ფიქრიას, რომელსაც ისე გრაციოზულად ეჭიარა ჯეზვე გრძელ თითებში, სურათის გადაღება მოგინდებოდა.

_ არ უნდა გაუსკდეს. ოცდაორი წლის ასაკში საკუთარ თავს ვინახავ... და დედაჩემსაც სხვათა შორის. კი არ ვამადლი, უბრალოდ ავღნიშნავ. თანაც, სულ არ მეჩქარება გათხოვება.

_ ალბათ, არ ხარ ძალიან შეყვარებული...

_ არასოდეს მივცემ თავს უფლებას ვიყო ყურებამდე შეყვარებული. აღმოსავლეთში თვლიან: თუ გინდა მთელი ცხოვრება გიყვარდეს, შეიყვარე გონებით.

_ გამოცდილი ქალივით მსჯელობ.

ფიქრიამ ყავა პატარა ჭიქებში ჩამოსხა და ჩემს პირისპირ ჩამოჯდა:

_ მე ვიტყოდი, ანალიტიკურად...

_ სად სიყვარული, სად ანალიტიკა...

_ დედაჩემს რომ თავის დროზე გონებაც ჩაერთო, მამაჩემისთანა კაცს არ შეიყვარებდა.

_ სამაგიეროდ, არც შენნაირი შვილი ეყოლებოდა.

Page 7: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ფიქრიამ თავი ასწია და სწრაფად შემომხედა _ ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობ.

_ ლამაზი, თამამი, გულისხმიერი... _ ჩამოვთვალე.

გაეღიმა და ყავა მოსვა. ამ გოგოს უარყოფილი შვილის კომპლექსი აწუხებს. ეს ის წყენაა, რომელიც დიდხანს მიგყვება. შეიძლება, მთელი ცხოვრება.

_ ექვსი წლის ვიყავი, როცა მამამ მიგვატოვა, მას მერე თვალით აღარ მინახავს. არ მინდა ისტორია განმეორდეს. ჩემს შვილებს ან ექნებათ ბედნიერი ბავშვობა, ან საერთოდ არ ვიფიქრებ ოჯახის შექმნაზე.

_ გარანტირებული ბედნიერება არ არსებობს.

_ სამაგიეროდ არსებობს მატერიალური ბაზა, რომელიც ბედნიერებას ვერ შეგიცვლის, მაგრამ არც სულიერად დაცემის საშუალებას მოგცემს. ადამიანი, რომელიც 24 საათი იმაზე ფიქრობს: რა ჭამოს ხვალ _ სულიერად დეგრადირდება.

_ სულიერად დეგრადირდება უსაქმური. ბრძოლა არსებობისთვის პირიქით, აწრთობს ფსიქიკას.

ფიქრიამ ყავა მოსვა და გამიღიმა. ის დროა საქმეზე გადავიდე, ვიდრე ისევ არ გამოუშვია ეკლები. ხასიათის გოგოა, მაინც...

_ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ... თუ საჭიროდ ჩათვლი _ მიპასუხე, თუ არა _ დახმარება გამიჭირდება.

_ მკითხეთ.

_ რას წარმოადგენს შენი მეგობარი მამაკაცი?

_ ეჭვი გაქვთ, რომ ისაა ინკოგნიტო დამფინანსებელი?

_ დავუშვათ.

_ გამორიცხულია. არ გვაქვს ასეთი ურთიერთობა. მას არა აქვს საკუთარი შემოსავალი, მშობლების კმაყოფაზე ზის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. კაფეში თუ დამპატიჟებს ხანდახან, იმაზეც ყაბულსა ვარ.

_ მამაშენი?

ფიქრიამ თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა გადაიკისკისა.

_ მამაჩემი... გამორიცხულია კვადრატში. მამაჩემისნაირ კაცებზე ამბობენ: შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილიო.

_ იქნებ აჭარბებ?

_ ერთ მაგალითს გავიხსენებ და თვითონ განსაჯეთ. შვიდი-რვა წლის ვიქნებოდი, მე და დედა ბათუმში ვისვენებდით... და უცებ, ბულვარში მამაჩემი მოსეირნობს, გვერდს მეორე ოჯახი უმშვენებს. მახსოვს, ლოყაზე მიჩქმიტა და პაემანი დაგვითქვა _ გერმანულ თოჯინას გაჩუქებო. მთელი ღამე არ მძინებია _ მიხაროდა, ვღელავდი... თქვენ წარმოიდგინეთ, არ მოვიდა. მახსოვს წვიმდა, მთელი საათი ვყურყუტებდით მე და დედა ბელვარში, ქოლგის ქვეშ. მერე დედამ კაპიკები შეაკოწიწა და სხვა თოჯინა მიყიდა, გული რომ არ მტკენოდა. თოჯინები არ მაკლდა, მაგრამ მე მამის ნაჩუქარი მინდოდა, მეგობრებთან ვაპირებდი თავის მოწონებას... ის თოჯინა დღესაც შენახული მაქვს, სიმბოლურად. რამდენსაც შევხედავ, ის არაკაცი მახსენდება, მამად რომ მეკუთვნის.

_ იქნებ სინდისმა შეაწუხა...

Page 8: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ არა! _ გამაწყვეტინა ფიქრიამ. _ როდესაც ინსტიტუტიდან მრიცხავდნენ, დედამ ნავსი გატეხა და დაურეკა. მამამ _ `ხვალ დამიკავშირდი, რამეს მოვიფიწრებო~. ეს `ხვალ~ მთელი ორი კვირა გაიწელა, მერე ყურმილს აღარ იღებდა. ელემენტალურად დაგვემალა.

_ იქნებ არ ჰქონდა ფული?

_ და უცებ გამდიდრდა და გაკეთილშობილდა, არა?

_ გაასაგებიაა... და შეფი? კაზინოს მეპატრონე. მშვენიერ კრუპიეზე გამიჯნურებული ასაკოვანი ხრონწი. _ ვიდევ ერთი კანდიდატი შევაგდე.

ფიქრიამ ხელმეორედ გადაიკისკისა.

_ იყო მცდელობა. _ გამომიტყდა სიცილით. _ მსუბუქი, მაგრამ იყო. ყველაფერი ცივილურად დამთავრდა _ უარი მოვახსენე, მაგრამ არ სწყენია. ვალი მოიხადა თავისი ჭკუით _ `მშვენიერ კრუპიეს~ გული და ფული შესთავაზა. სხვათა შორის, სულაც არ ყოფილა ისეთი `ხრონწი~, სხვა, ჩემს ადგილზე, ალბათ გარისკავდა.

_ დარწმუნებული ხარ?

_ კი.

_ კარგი, შეფიც გადავხაზოთ. სხვა?

_ სხვა, სხვა, სხვა... _ ფიქრიამ ცხვირი მოიფხანა და თვალები ჭერში მიმართა. _ იქნებ... იქნებ დედაჩემის ყოფილი თაყვანისმცემელია? ლიას ახლა რომ უყურებთ, განა ყოველთვის ასეთი იყო? ოპერაციის შემდეგ ჰორმონალური ბალანსი დაერღვა _ გასუქდა, თვალი დაელამდა... გინდათ, სურათებს გაჩვენებთ?

პასუხს არ დალოდებია და ძველი, გაქექილი ალბომი მოაცუნცულა, ასეთივე ძველი ფოტოსურათებით შიგნით. პრინციპში, არაა ცუდი იდეა. იქნებ აქ, ამ ალბომში იმალება ქველმოქმედებაში ეჭვმიტანილი?

_ ასი წელი არ დამითვალიერებია... _ ფიქრიამ ყავის ჭიქები გასწია და ალბომი გადაშალა. _ შეხედეთ, აქ ლია ოცი წლისაა.

ხესთან შველივით გოგო იდგა _ წელწვრილა და ვიწროკანჭება. ცხადია, ასეთ გოგოზე ნადირობა იქნებოდა გამოცხადებული, მაგრამ დღეის მდგომარეობით რომ არავინ დაეფეთება, ისიც ფაქტია. ახლა ლიას ტემპერამენტიან საყვარელზე მეტად ჯიბესქელი სპონსორი სჭირდება, ეს ფიქრიას ასაკშია სირცხილი ანგარებით მიეცე სიყვარულს... მაგრამ იმ სპონსორებსაც რომ ქორფა გოგოებზე უჭირავთ თვალი?

_ აქ კი თორმეტის...

_ ეს ვიღაა? _ ვკითხე ლიას ხელმარცხნივ მდგარ ახალგაზრდა ბიჭზე. მარჯვნივ მდგარი სუბიექტი ვიღაცას მაკრატლით აკურატულად ამოეჭრა.

_ ეს დედაჩემის ძმაა. აჩიკო.

_ ანუ ბიძაშენი.

_ ბიძად მეკუთვნის, კი... სამწუხაროდ, არ შევსწრებივარ. ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. ამ სურათში თხუთმეტი წლის იქნება. თექვსმეტი წლისა კი გარდაიცვალა.

_ რითი?

_ თავი მოიკლა.

Page 9: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

სულ სხვა კუთხით შევხედე ფოტოს. თვითმკვლელები განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებლები არიან. ექსტრასენსები მათ ერთი შეხედვით ცნობენ. მე არ ვარ ექსტრასენსი, მაგრამ ამ დიდშუბლა, სევდიანად მომღიმარე ბიჭის დანახვაზე რატომღაც შინაგანად ავფორიაქდი.

_ რატომ მოიკლა თავი?

_ არ ვიცი. დედაჩემს არ უყვარს ამაზე ლაპარაკი. _ მომიჭრა ფიქრიამ და სხვა სურათებს ჩაუღრმავდა. _ ეს ბორჯომშია გადაღებული. ნახეთ, აქაც როგორი თხელია...

მაგრამ მე ლიას ზომა-წონაზე არ ვფიქრობდი. ისევ თვალში მომხვდა აკურატულად შემოჭრილი ფოტო. ამ ოჯახში აშკარად ვიღაცას ერჩიან, იმდენად, რომ სურათზეც არ გააჭაჭანეს. ლიას ქმარი არ უნდა იყოს, რადგან მან ოჯახი გაცილებით ადრე მიატოვა, აქ კი ლიას შვილები საკმაოდ მოზრდილები არიან.

_ რას ნიშნავს ეს მოჭრილი ფოტოები? წეღანაც შევნიშნე. ვინ ამოჭერით?

_ ბებიაჩემი. _ უხალისოდ მიპასუხა ფიქრიამ.

გაკვირვებულმა შევხედე.

_ ლიას ნამოქმედარია, მე არაფერ შუაში ვარ.

_ რატომ?

_ არ უყვარდა დედამისი.

_ რატომ? _ გავუმეორე.

_ რაღაცაზე გაუნაწყენდა. დიდი ხნის ამბავია, დღევანდელ სიტუაციასთან არაფერ შუაშია. _ ფიქრიამ ალბომი დახურა და როგორც მომეჩვენა, ნაძალადევად გაიღიმა.

უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და ალბომი გამოვართვი. ამოჭრილი სურათები ცალკე გადავაწყვე, პასიანსივით გავშალე და დავაკვირდი. შედარებით გვიან გადაღებულ ფოტოებში ლიას დედა არსად ფიგურურებდა.

_ ბებიაშენი ცოცხალია?

_ არა.

_ მომიყევი, როგორი ქალი იყო?

_ არ ვიცი, სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი.

_ როგორ ამიხსნი იმ ფაქტს, რომ ბებიაშენი გვიანდელ ფოტოებში არ ჩანს.

_ სადღა უნდა გამოჩენილიყო, დედაჩემი საკმაოდ ადრე გათხოვდა... სიძეს ხომ არ მიუსკუპდებოდა?

_ იქნებ ბიძაშენის თვითმკლელობა რაღაცნაირად უკავშირდება ბებიაშენის გაქრობას როგორც სურათებიდან, ისე ლიას ცხოვრებისეული ორბიტიდან?

_ სად ოცდაათი წლის წინ გარდაცვლილი ბიძაჩემი, სად ინკოგნიტო სპონსორი? _ ფიქრიას ინტონაციაში გაღიზიანება იგრძნობოდა. რატომ ნეტავ?

ხვეწნა-მედარა არ დამიწყია _ არ უნდა, ნუ უნდა _ გასაღები გამოვართვი და ლალის ბინის გასანიავებლად გავეშურე.

Page 10: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ _ _

ის იყო `ფრანგულ პუდინგად~ წოდებული კერძი აერღუმელში მოვათავსე, რომ ისე მძლავრად დაიქუხა, წამში ფანჯარასთან გავჩნდი და წარღვნის მოლოდინში გაფართოებული თვალებით მივაჩერდი აცახცახებულ ზეცას. გაიელვა, მერე ისევ დაიქუხა და წვიმამაც დასცხა. არა, ეს არ იყო წვიმა, ეს იყო თავსხმა, თითქოს იქ, ზევით, შორეულ ოლიმპზე ზევსმა მოუშვა უხილავი ონკანი და ახლა ჩვენი დაზაფრული ფიზოინომიებით ტკბება.

არ გავახარებ. ფანჯარას მოვშორდი და დათას დავურეკე. უკვე მერამდენედ. არ იღებს ყურმილს. ან სამშობიარო ბოქსშია, ან წვიმას ემალება, ან მე.

დავიჯერო, მოვბეზრდი?

თუ ასეა, თავზე დავამხობ `პუდინგიან~ ჩუდოს და მერე იხტუნავოს რამდენიც უნდა!

გავიდა ნახევარი საათი. სახლი მადისაღმძვრელი სურნელიც გაივსო. დათა არ ჩანდა.

კიდევ ნახევარი საათი გავიდა. `პუდინგი~ გამოცხვა. დათა კიდევ არ ჩანდა.

ბოლოს წვიმამაც გადაიღო. `პუდინგი~ შეგრილდა და დათაც მობძანდა. დოინჯშემოყრილი შევეგებე, მაგრამ ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა, მივხვდი _ ახლა რომ ისტრიკა მოვაწყო, საკითხავია, ვინ-ვის-რას დაამხობს თავზე. ეგოიზმი მოვთოკე და უსიტყვოდ წავედი სუფრის გასაშლელად. სამაგიეროდ, დათა აღმოჩნდა სიტყვაუხვი. როგორც კი სული მოითქვა, დაგვიანების მიზეზი მომახსენა. თურმე, სუროგატ დედას ბიოლოგიური მშობლისთვის შვილის მიცემა გადაუფიქრებია და იყო მთელი გაწევ-გამოწევა. იურისტების გამოძახება დასჭირდათ.

წყენამ საბოლოოდ გადამიარა.

_ ხელშეკრულება არ ჰქონდათ? _ ვკითხე დაინტერესებულმა.

_ ხელშეკრულებაც ჰქონდათ და ზეპირი შეთანხმებაც, მაგრამ მაინც

თავი გაიგიჟა _ ცხრა თვე ვატარე და ვერავის მივცემო. აქეთ ბიოლოგიური მშობლები კივიან, იქით _ სუროგატი. თავი გამისკდა.

_ რაში სჭირდება სუროგატს სხვისი გენეტიკის მატარებელი შვილი, თავისას ვერ გააჩენს?

_ ქალებს რას გაუგებ... ეტყობა ფული დახარჯა, ბავშვის მიცემა კი გადაიფიქრა.

_ წმინდა წყლის შანტაჟია.

_ მეც ასე მგონია. კანონი მშობლების მხარეზეა. იძულებულები გავხდით ჩვილი გადაგვემალა, სუროგატის პალატასთან კი დაცვა დაგვეყენებინა. ფსიქოპათია. არ არის გამორიცხული, სხვის ბავშვს სტაცოს ხელი. თუ არ დაშოშმინდა სამშობიაროდან პირდაპირ ფსიქიატრიულში გავაქანებთ. _ დათამ პირი მოიწმინდა და კმაყოფილმა შემომხედა. _ გემრიელი იყო. ჩაის დამალევინებ?

ვიდრე დათა ჩაის სვამდა, ლალიკოს მეზობლების იდუმალი სპონსორის შესახებ ვუამბე. არც საეჭვოდ ამოჩორკნილი ფოტოსურათები დამვიწყებია, არც თექვსმეტი წლის ბიჭის თვითმკვლელობა.

Page 11: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ვინ თქვა, რომ კაცებს არ უყვართ ქაქანა ქალები, მითუმეტეს, დათასნაირ ჩუმ კაცებს. სხვა თუ არაფერი, ვიღაცის ხმა ხომ უნდა ისმოდეს ოჯახში? დათა ისეთი ინტერესით მისმენს, მგონი სუროგატული სკანდალიც კი დაავიწყდა.

_ ჰა, რას იტყვი? _ ვკითხე დასასრულს.

დათამ჻ჭიქა გასწია და სკამის საზურგეზე გადაწვა:

_ თუ ვულკანს სძინავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის სიღრეში არ მიმდინარეობს სახიფათო პროცესები.

_ კალამბურია თუ გეოგრაფიის გაკვეთილს მაბარებ? _ გამიკვირდა.

_ ეგ შენი გადასაწყვეტია. სერგოს უკვე აცნობე?

_ სერგო რა შუაშია?! _ საერთოდაც დავიბენი. მაიორი სერგო ოქრუაშვილი ჩემი მეგობარი და შეიძლება ითქვას, თანამებრძოლია საგამოძიებო საქმეში, მაგრამ დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით მასთან შეხება არ მქონია. თუ საქმეში ცხელ-ცხელი გვამი არ ფიგურირებს, სერგო არც მომისმენს. სად სცალია სამარჩიელოდ, კაცი მამალ კრიმინალებს დასდევს.

_ დარწმუნებული ვარ, ვიდრე იმ ინკოგნიტო სპონსორის ვინაობას არ გაიგებ, არ მოისვენებ. _ მამხილა დათამ, რომელსაც სასტიკად აღიზიანებს ჩემი დედუქციური წიაღსვლები და არც მალავს.

_ ფეხებზე არ მკიდია?! _ ვუთხარი აგდებულად და უსირცხვილოდ გავუსწორე თვალი. არადა, ხვალ ნამდვილად ვგეგმავ კაზინოში ვიზიტს ფიქრიას საქმესთან დაკავშირებით.

_ ვითომ? _ არ დამიჯერა დათამ და სახე ახლოს მომიტანა.

თავი დავუქნიე, თუმცა მზერა ავარიდე _ სინდისმა შემაწუხა.

_ _ _

რომ გითხრათ, კაზინოში ჩემი მოსაწონი პუბლიკა დადის, მოგატყუებთ. ვინაიდან ტყუილი არ მახასიათებს (იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა იძულებული ვარ დათას შეშფოთება მივაძინო), პირდაპირ გეტყვით _ ფეხები უკან მრჩებოდა.

არ ვიცი, რა გზებით მიუვიდა სერგოს ჩემი `უკან დარჩენილი ფეხების~ ამბავი, მაგრამ ფაქტია _ ის იყო, სახლიდან გასვლას ვაპირებდი, რომ დამირეკა _ მომიკითხა.

_ მოგენატრე თუ ინტრიგის სუნი იყნოსე? _ ვკითხე მაშინვე.

_ აბა, ინტრიგა?!

_ კაზინოში მივდივარ.

_ დღისით-მზისით კაზინოში რა დაგრჩენია?! კაზინოში ღამეა კარგი, როცა ჯიბეში ფული გიჭყავის, გვერდს კი...

_ დირექტორთან მაქვს საქმე. _ გავაწყვეტინე.

პასუხად სერგომ დაუსტვინა.

Page 12: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ კაზინო `იმპერიალი~. შემთხვევით, ვინმეს ხომ არ იცნობ?

_ თავად დირექტორს.

_ ვა?!

_ რომან!

_ რა, `რომან!~

_ რომანი ჰქვია, გოგო. შორიდან ვიცნობ. ჰო, დროზე გადაწყვიტე ახლა, ბევრი დრო არ მაქვს.

_ რა გადავწყვიტო?

_ წამოგყვე თუ არა?

_ სერგო! _ შევკივლე გახარებულმა.

_ ოც წუთში კაზინოსთან გელოდები. შავი სათვალით, შავი ვარდით, შავი ბაბოჩკით...

_ შავი გაზეთი არ დაგავიწყდეს, `ბაბოჩკა~!

ყურმილი დავკიდე და სარკეში საკუთარი გამომეტყველება შევათვალიერე. გადასარევ ფორმაში ვარ _ მაღალი, გამხდარი, ელეგანტური... კაბა მიხდება, ჯვალოს ჩექმა გველის ტყავის აპლიკაციებით ხომ პირდაპირ მხატავს. მადლობა, დედიკო, რომ არა შენი სნობისტური გამოსვლები ვინ მაღირსებდა ამისთანა ბრენდებს?! დათას ხელფასის ნაწილი დეას სწავლა-განათლებას ხმარდება, მეც მხარში ვუდგავარ, როგორც შემიძლია, ყოველ შემთხვევაში, პედაგოგობას რეპეტიტორობასაც ვუთავსებ და ვარ ასე გადებული, თოხარიკი ცხენივით. კლასიკურ სამოსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიცვამ, როცა შთაბეჭდილების მოხდენა მსურს. დღეს ასეთი დღეა.

მაიორის დანახვაზე რომანს ელეთ-მელეთი მოუვიდა, მაგრამ სერგომ უმალ დაამშვიდა _ ამ ქალბატონს აქვს თქვენთან ორიოდე შეკითხვაო _ ჩემზე მიუთითა და იმასაც გულზე მოეშვა. თუმცა საკმაოდ გულახდილად შემათვალიერა.

_ საქმე თქვენს თანამშრომელს, ფიქრია მორჩილაძეს ეხება. _ ვუთხარი და რეაქციას დავაკვირდი. თუ ეს ჩაკურატებული ტიპია ინკოგნიტო სპონსორი, ოდნავ მაინც უნდა აღელდეს. არ აღელვებულა, მზადყოფნით დამიქნია სიმელოტის მესამე ფაზაში მყოფი თავი.

_ როგორი გოგოა? _ ვკითხე.

_ შესანიშნავი. ნორმალურად მუშაობს. კორექტურია, ორგანიზებული, ოპერატიული... არ აგვიანებს. რამეშია ეჭვმიტანილი? _ რომანმა წარბი შეკრა და გამომცდელად შემომხედა.

_ არა, არა. მე ვეძებ ადამიანს, ვინც შესაძლოა იყოს ფიქრიას ოჯახის ნათესავი ან ახლობელი.

_ აქ ეძებს, ჩვენთან? _ გაკვირვება ვერ დამალა რომანმა.

_ ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება, მას შორის თქვენთან, მაგრამ ფიქრიამ არ უნდა იცოდეს ჩემი ვიზიტის შესახებ. მიმიხვდით?

_ კი, როგორ არა... _ რომანმა კეფა მოიფხანა და ჭკვიანური გამომეტყველება მიიღო, თუმცა იქვე გადაიფიქრა _ ცნობისმოყვარეობამ სძლია. _ ვერაფერსაც ვერ მივხვდი.

Page 13: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ აგიხსნით. ხომ არ გახსენდებათ შემთხვევა, როცა ვინმემ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ფიქრიას მიმართ, დაინტერესდა მისი პიროვნებით... დამეთანხმეთ, კაზინოში საკმაოდ შეძლებული მამაკაცები დადიან, არ არის გამორიცხული, რომელიმეს თვალში მოსვლოდა სიმპათიური კრუპიე.

_ მახსენდება. _ გაუხარდა რომანს. _ იყო ერთი. როდის მიიღეთ ეს გოგო სამსახურშიო, ჯამაგირით დაინტერესდა...

გამარჯვებული მზერა ვესროლე სერგოს და სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, თავზე დამაგრებული მზის სათვალე მოვიხსენი. სიამოვნებით დავცემდი ბოლთასაც, მაგრამ ემოციების ნიაღვარი მოვთოკე და დაკითხვა განვაგრძე.

_ როდის?

_ რამდენიმე თვის წინ. თუ არ ვცდები, თებერვლის თვეში.

_ როგორ გამოიყურებოდა?

_ სოლიდურად. _ მოკლედ მიპასუხა. მიდი და გაიგე, რას გულისხმობს `სოლიდურში~ _ წონას თუ ჩემი ჩექმების არ იყოს, ცნობილ ბრენდს?

_ იქნებ დამიკონკრეტოთ... ასაკი, გარეგნობა, ჩაცმულობა...

_ ასე ორმოცდაათი წლის იქნებოდა. არც შავგრემანი, არც ქერა. უფრო წაბლისფერი. ცისფერი თვალებით... არა, მწვანე... თუ ცისფერი? მოკლედ, ღია ფერის.

_ კიდევ?

_ `კარტიეს~ საათი ეკეთა. ნაღდი!

_ სახელი?

_ აუჰ, ეგ არ მახსოვს! შეიძლება გამეცნო კიდეც, მაგრამ მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება, იცით, რამდენი ხალხო მიმოდის კაზინოში?

_ ხშირად სტუმრობს აქაურობას?

_ კაი ხანია არ მინახავს. რამე დააშავა? _ რომანმა ხმას დაუწია და სერგოს გახედა.

_ არა, ბატონო რომან, ნუ ღელავთ. _ კიდევ ერთხელ დაამშვიდა სერგომ და თვალით მანიშნა _ წავედითო.

იმედგაცრუებულებმა დავტოვეთ კაზინო. ის, რომ ვიღაც სოლიდურ ტიპს ძვირადღირებული საათი ეკეთა, საქმეს არ შველის.

_ სამხატვრო აკადემიასთან დამტოვე. _ მანქანაში ჩაჯდომისთანავე ვუთხარი სერგოს. _ ფიქრიას სწავლის საფასური ხომ უნდა მიეტანა ვიღაცას, საბუთზე ხელი ხომ უნდა მოეწერა?!

_ რა მაზოხიზმია აუტკივარი თავის ატკივება?! _ გააპროტესტა სერგომ. _ ნეტავ ვინმე მასპონსორებდეს, ჩემდათავად ვინაობის გამრკვევის დედაც მოვხან!

_ მოჭრილი სურათები?

_ მერე რა?! ვის მამიდა გაუჟიმეს, ვის მამიდაშვილი, ყველაფერს შენ კი არ ჩაგიკაკლავენ?!

_ სერგო, არ დაძრა! სათვალე დამრჩა რომანის კაბინეტში.

Page 14: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

მანქანიდან გადმოვხტი და სულ სირბილ-სირბილით მივაღწიე რონამის კაბინეტამდე. კაზინოს შეფი ისევ იმ პოზაში იჯდა, როგორც დავტოვე, უბრალოდ მობილური ეჭირა ხელში და ცბიერი გამომეტყველებით ელაპარაკებოდა ვიღაცას. ჩემს დანახვაზე მექანიკურად ჩასწია ტელეფონი, თითქოს რაღაც სამარცხვინო დამალა მაგიდის ქვეშ.

_ სათვალე დამრჩა. _ ვესროლე საგრძნობლად დაპატარავებულ მასპინძელს, მაგიდაზე დატოვებული სათვალე დავითრე და გამოვედი.

_ რა სახე გაქვს?! _ მკითხა სერგომ.

_ რა სახე?

_ თითქოს მდუღარეში ჩაგაყოფინეს თავი.

_ პირიქის, ცივი წყალი გადამასხეს. რომანი ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას.

_ დიდი ამბავი!

_ ჩემს დანახვაზე შეცბა. რატომ?

_ დღეს ისეთ კარგ ფორმაში ხარ, რომ დაგინახე, მეც კი შევცბი.

ხასიათი გამომიკეთდა. ასე ადვილად თუ ცბებიან, ის დროა სხვებზეც გამოვცადო დღევანდელი `ფორმა~. ყოველთვის კი არ ვარ ქუსლებზე შეხტომისა და მაკიაჟის ხასიათზე?!

აკადემიასთან სერგოს დავემშვიდობე.

ეზოში სტუდენტები აბირჟავებდნენ, გალავანის გასწვრივ _ თაბაშირის დავითი და ძმანი მისნი. მოწიწებით ჩავუარე.

შეცბუნების ვარიანტი გადაიდო _ ადმინისტრატორი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი აღმოჩნდა _ სანდომიანი ქალი ფირუზის საყურეებით. არც უკითხავს, ვინ ვიყავი ან რაში მაინტერესებდა ნასტუდენტარი ფიქრია მორჩილაძე. ხომ არიან ბუნებით ტაქტიანი ადამიანები, მხოლოდ დასმულ შეკითხვაზე რომ იციან პასუხის გაცემა, ისეთი. მან უსიტყვოდ მომაწოდა ქვითარი, რომელიც ცხადყოფდა ფიქრიას სახელზე თანხის გადარიცხვას ვინმე მ.-ს მიერ

ხელმოწერას დავაკვირდი. მხოლოდ პირველი სამი ასო ჩანდა გარკვევით: ჯან. მერე რაღაც გაშლილი კლაკნილი მოსდევდა. ჯან... ჯანაშვილი? ჯანაშია? არ ვიცი, არ ვიცი...

არც ადმინისტრატორმა იცოდა. მადლობა მოვახსენე და გარეთ გამოვედი. მშვენიერი დარი იდგა. წუხანდელი წვიმით გადარეცხილი ქუჩები სასეირნოდ მიხმობდა, ჯიბეს წვავდა ხელფასის ნარჩენი... წეღან ერთ საინტერესო მაღაზიას მოვკარი თვალი, 50% -იანი სეილით...

_ იათო! _ მომესმა ზურგსუკან.

დაღმართზე ჩემი დისშვილი ანანო მოჰქროდა _ მოდელირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი და უბრალოდ კარგი გოგო. ჩემს დას რომ ჰკითხო, ანანო შეყვარებილს დაშორდა და საშინელ დეპრესიაშია. რა ეტყობა ახლა ამას დეპრესიის _ ოცდათორმეტივე კბილი გადმოუყრია. მინდა გითხრათ, სარეკლამო კბილები _ სწორი, კრიალა, ნიკოტინის სიყვითლით შეურყვნელი. აღარაფერს ვამბობ მგრძნობიარე ტუჩებსა და ციმციმა თვალებზე. სიამაყით შევათვალიერე.

_ რა ქარმა გადმოგაგდო აქ, დეიდაჩემო?

Page 15: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ რაღაც საქმე მქონდა. _ აღარ დავაკონკრეტე. ლელა, ჩემი და, დათაზე უარესი ტერორისტია _ ვერ იტანს ჩემს დედუქციურ წიაღსვლებს.

_ მაგარ ვიდზე ხარ!

_ ხო-ო? _ ავყვავდი.

_ აი, ძაან, რაა... საით გაგიწევია?

_ აი, მივსეირნობ...

_ გინდა, მაგარ ადგილზე გაგასეირნო, ბარემ ფორმაში ხარ!

_ მინდა. სად?

_ ძველ თბილისში საგაზაფხულო მოდების ჩვენებაა. უკრაინელი მოდელებიც იქნებიან, მაგარი ნაშები.

მოდების ჩვენებაზე წასვლას, მოდების ჟურნალის ნახვა მირჩევნია, სადაც ყოველდღიური ჩასაცმელია წარმოდგენილი, და არა დიზაინერის ავანგარდისტული ფანტაზია. `მაგარ ნაშებზე~ მაიორი ოქრუაშვილი მაგრად ავარდებოდა, მაგრამ ანანო სერგოსთანა პროვინციელთან კი არა, ჩემთან არ იკადრებს წასვლას, ფორმაში რომ არ ვიყო. ბებიას ჰგავს, ოხერი!

ვიდრე მე ვყოყმანობდი, ანანომ ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა.

ასე ავღმოჩნდი თბილისური ბომონდის ეპიცენტრში, ცნობადი და უცნობი სახეებით გადავსებულ აყაყანებულ დარბაზში, სადაც ყველა ერთმანეთს კოცნიდა, ულოცავდა, წიოდა, კიოდა, ფურშეტობდა... ერთმა წითელპომადიანმა გოგჩომ მეც დამდორბლა (როცა იმ ღირსშესანიშნავი ფაქტის შესახებ შეიტყო, რომ მე ანანოს დეიდა ვარ). ანანო აქ თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში, კოცნითა და ხმამაღალი ოვაციებით მიიწევდა წინ, თან მეც მიმათრევდა, ბუქსირზე მიბმული ნავივით.

პოდიუმთან შედარებით სიხალვათე შევნიშნე, ანანოს ხელიდან დავუსხლტდი და იქით გავემართე, რათა ფარულად მომეწმინდა ფამილარული გოგჩოს პომადიანი ტუჩების ანაბეზდი.

ვიგრძენი, ვიღაც მიყურებს. ყვითელი პრესის პრიმადონა აღმოჩნდა _ სკანდალებით ცნობილი ბისექსუალი გაფლაშული ტუჩებით, გეგონება პირში ყუმბარა აუფეთქეს. ვიღაც ნაწნავიან ტიპთან ერთად იდგა ღრანჭებში მოქცეული კევით და დაუფარავი ინტერესით მათვალიერებდა.

უნდა ავითესო, მაგრამ სად ვიპოვო ამ აყალმაყალში ჩემი ანანო?

ამასობაში მუსიკა გაისმა, დამსწრე საზოგადოება პოდიუმთან შექუჩდა და კედელს მიმაჭყლიტა. ვიღაცას `უნისექსის~ აბაზანა მიეღო და ისე გამოცხადებულიყო ჩვენებაზე. სული შემეხუთა. მეტისმეტი არც უნისექსი ვარგა, არც სუპერ სექსი.

პოდიუმზე ვერცხლისფერ სუდარებში გახვეული მოდელები

გამოეფინენ. აგრესიულად მოაბიჯებდნენ, გაქვავებული სახეებით, თითქოს სადაცაა სუდარის ქვეშ დამალულ კალაშნიკოვებს დააძრობენ და ყველას გადაგვცხრილავენ.

მგონი გადავრჩით. ვერცხლისფერებმა რამდენიმე წრე დაარტყეს და მწირი აპლოდისმენტების თანხლებით კულისებში გაუჩინარდნენ.

პოდიუმზე ყელბაფთიანი კონფერანსიე გამოკუნტრუშდა და საზეიმოდ გვამცნო მომდევნო ჩვენების თემა: `ფარშევანგების სამეფოში.~

Page 16: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ახლა კი სერიოზულად დავინტრიგდი, რას უნდა ნიშნავდეს ეს ორაზროვანი სათაური? კესერმოღრეცილი მივაჩერდი კულისებს, საიდანაც დიბა-ატლასით შემოსილი ქალიშვილები გამოშრიალდნენ. ქვევით თეთრი პანტალონების ქობები უჩანდათ, ხოლო კაბის შუაწელზე, სადღაც კუდუსუნის მიდამოებში, უკლებლივ ყველას ხასხასა ლენტებისგან შექმნილი კუდისმაგვარი იკებანა `ამშვენებდა~. ზოგი კუდი გაშლილი იყო, ზოგი _ მარაოსავით დაკეცილი. მომკალი და ვერ მივხვდი _ რისი თქმა სურდა დიზაინერს.

ეტყობა, ამ ჩვენებაზე მე ვიყავი გაუგებრობაში, რადგან `კუდიანების~ დეფილეს ისეთი მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა, გაოგნებული დავრჩი. განსაკუთრებით ერთი ჭარმაგი, ულვაშა ბიძა აქტიურობდა. თავდავიწყებით უკრავდა ტაშს _ წინ გაშვერილი ხელებით, თითქოს ეს-ესაა მსოფლიოს მერვე საოცრება იხილა. ტაშის გრიალში პოდიუმზე ამ შედევრების შემქმნელი გამოგოგმანდა _ მწერისთავიანი ქალიშვილი შავი პანტალონებით. ფერადი ლენტების კუდი თავზე ჰქონდა დამაგრებული და სიმძიმის გამო ოდნავ უკან გადაქანებული მოირხეოდა.

`მე მდიდარი ვარ იმიტომ, რომ მსოფლიო სავსეა კრეტინებით.~ მე არ მითქვამს, სალვადორ დალის სიტყვებია.

როგორც იქნა, უკრაინელებიც გამოჩნდნენ. მე ვიფიქრე პროვოკაციული სამოსით დაშოკავდნენ გახურებულ საზოგადოებას, მაგრამ არა, მილიტარისტული კოლექციით გამოჟღრიალდნენ _ ტყავი, მეტალი, ჯაჭვი, ძეწკვი...

_ როგორაა საქმეები? _ ჩამჩურჩულა ზურგსუკან აღმოცენებულმა ანანომ.

_ მე არა მიშავს, აი, ამათი რა მოგახსენო.

_ არ მოგწონს? _ გაუკვირდა ანანოს. _ ნახე, რა ზმანებია! ახალი სიტყვა მოდის ინდუსტრიაში.

_ რა ვიცი, შუა საუკუნეების ვიკინგებს კი გვანან...

_ რა ძველმოდური ხარ, იაკო! სულ დაგოიმდი იმ შენს კოლეჯში, კლიმაქსიან მასწავლებლებთან.

_ სვეტობა ჩვენებებზე წანწალი გგონია?

_ სუფთა დედაჩემი ხარ, რა! _ გაბრაზდა ანანო. _ თქვენს გულს ვერ მოიგებს ადამიანი.

_ ამ ვიკინგებს კიდევ რა უშავთ, მაგრამ დავიჯერო წეღანდელი ფარშევანგების დეფილე მოგეწონა?

_ ვაიმე, ამას ტასიკოზე ამბობს?! _ ანანომ პირზე ხელი მიირტყა და თვალები გადაატრიალა. _ იცი რა ნიჭიერია, პარიზში მაღაზია აქვს, პირდაპირ ბროდვეიზე.

_ ბროდვეი ამერიკაშია, შე მართლა გოიმო. _ შევარცხვინე ანანო. _ რაც შეეხება პარიზულ მაღაზიას... ეტყობა კარგი სპონსორი ჰყავს.

ანანო ჩაკვდა.

_ ჰყავს? _ შემრიგებლურად გავკარი მხარი.

_ ის ულვაშიანი კაცი მამამისია. _ ანანომ ჭარმაგ ბიძაზე მიმანიშნა, წეღან ტაშისცემით რომ გაიგიჟა თავი.

_ კიდევ კარგი! _ ამოვიოხრე. _ მე საყვარელი მეგონა.

_ მობილური გირეკავს. _ შენიშნა ანანომ.

Page 17: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ხელჩანთიდან ჩემი `ნოკია ამოვიღე~. ეკრანზე უცნობი ნომერი ეწერა. ჯიკავ-ჯიკავით გავაღწიე დარბაზიდან და ცარიელ ჰოლში გავინავარდე. უჰ, არ დაისვენა ყურებმა?!

_ გისმენთ.

_ იათამზე ბრძანდებით? _ ხავერდოვანი ბარიტონი მამაკაცს ეკუთვნოდა.

_ დიახ.

_ მერაბ ჯანდიერი გახლავართ.

_ არ ვიცნობ ასეთს...

_ მაშინ რატომ მეძებდით?

_ მე... მე გეძებდით? არა, ბატონო, რაღაც გეშლებათ...

_ ფიქრია მორჩილაძესთან დაკავშირებით...

`ჯან~ _ თვალწინ ქვითარზე მიწერილი ფაქსიმილია დამიდგა _ მ. ჯან. ის არის. მერაბ ჯანდიერი!

_ დიახ, დიახ, გისმენთ. _ შევძახე მოუთმენლად.

_ ეს მე გისმენთ. რა გინდათ ჩემგან?

_ საქმე მაქვს.

_ ფიქრიასთან დაკავშირებით?

_ დიახ.

_ მკითხეთ.

_ არა, ტელეფონით არ გამოვა. იქნებ შევხვდეთ?

უცნობმა ხანგრძლივი პაუზით მიპასუხა, იმდენად ხანგრძლივი, იძულებული გავხდი გამოვხმაურებოდი:

_ ბატონო მერაბ... მერაბ! _ არ ვიცი, რა ხნის კაცთან მაქვს საქმე, იქნებ სულაც არ არის `ბატონი~?!

_ ხვალ გაგარინის მოედანზე გელოდებით, ჩინურ რესტორანში, შვიდ საათზე.

_ _ _

რესტორნის კართან შევყოვნდი. ახლაღა გამახსენდა, რომ წარმოდგენა არ მაქვს როგორ გამოიყურება კაცი, სახელად მერაბ ჯანდიერი. სავარაუდოდ, არც მან იცის იათამზე მდივანის გარეგნული მონაცემები. შემინული კარიდან მომსახურე პერსონალი გამოვიდა _ ახალგაზრდა ყმაწვილი შინდისფერი ლივრეით.

_ იათამზე ხართ?

_ დიახ.

_ დარბაზში გელოდებიან. _ კარი დამიჭირა და შენობაში გამატარა.

Page 18: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ჩემს დანახვაზე ფანჯარასთან მჯდარი კაცი წამოდგა და სკამი გამოსწია. საშუალოზე ოდნავ მაღალი, ხმელ-ხმელი, ცისფერთვალა, გულის ფორმის ღრმულით ნიკაპზე. ასე ორმოცდაათი წლის. შეიძლება უფრო ნაკლების. მაგიდაზე იდო არყის გახსნილი ბოთლი, მინერალური წყალი და ჩინური სუნელებით შეზავებული მიწის თხილი.

_ გამარჯობათ. _ საკმაოდ ცივად მივესალმე, რადგან იმთავითვე არ მომეწონა საქმიანი საუბრის დაწყება არაყის თანხლებით.

_ დაბრძანდით. _ სკამზე მიმითითა და თავისი ადგილი დაიკავა.

როგორც შევატყვე, სულაც არ აპირებდა გალანტური ჯენტლმენის განსახიერებას. ეტყობა, ვერ მოვახდინე სათანადო შთაბეჭდილება. ნამდვილად არ მქონდა გუშინდელივით ქუსლებზე შეხტომისა და მაკიაჟის ნერვები. ყოველდღიურ ფორმაში ვიყავი _ ჯინსი, პერანგი, რბილძირიანი ფეხსაცმელი, სპორტული ჩანთა...

_ რატომ დამითქვით რესტორანში შემხვედრა?

_ აქვე ახლოს ვმუშაობ. ამ დროს ვვახშმობ ხოლმე. თქვენს არ დამეწვევით?

_ არა.

_ შესანიშნავ ხამანწკებს ამზადებენ, `ჰონკონგურად~.

_ თქვენ მიირთვით, მე დაგელოდებით.

_ ყავასაც არ დალევთ?

_ ყავას გეახლებით. _ მოვლბი მე.

რას ვერჩი ამ კაცს, ჯერჯერობის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია, ფიქრიას ოჯახს ფინანსურად ეხმარება, მე ხამანწკებს მთავაზობს, ნუთუ მხოლოდ არაყშია საქმე?

_ ველი თქვენს კითხვებს. _ შემაგულიანა მერაბმა და არაყი დაისხა.

_ პირველ რიგში მაინტერესებს, ჩემზე როგორ გამოხვედით?

_ დამირეკეს და მითხრეს, რომ მეძებდით. ვინაიდან კრიმინალი არ ჩამიდენია, გავიგე თქვენი კოორდინატები და დაგიკავშირდით.

_ ვინ დაგირეკათ?

_ რა მნიშვნელობა აქვს? _ არაყი გადაჰკრა და მიწის თხილი მიაყოლა. _ მეორე რიგში რა გაინტერესებთ?

_ ფიქრია მორჩილაძესთან თქვენი დამოკიდებულება.

_ საერთოდ არ ვიცნობ.

_ ნუ მაბნევთ.

_ ზოგჯერ სიმართლეც დამაბნეველად მოქმედებს. გააჩნია სიმართლეს. არ დალევთ?

უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. მერაბმა ისევ ჩამოისხა არაყი, უსიტყვოდ გადაჰკრა და ვიტრინაში გაიხედა. მე კი ბოთლზე გავასრიალე მზერა. ნახევრამდე დაუცლია, სიმთვრალე კი არ ეტყობა. უცნაური კაცია, ღმერთმანი.

_ რატომ ეხმარებით მორჩილაძეების ოჯახს?

Page 19: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ვითომც არ გაუგია, გულგრილად აკვირდებოდა ქუჩაში მოძრავ მანქანებს. მერე უცებ მკვეთრად მოტრიალდა და თვალი თვალში გამიყარა. დავიძაბე. ასე სიკვდილმისჯილნი იყურებიან. ან აღსარებაზე მისულები.

_ იქნებ ცოდვების გამოსყიდვა მინდა? _ იკითხა ჩახლეჩილი ხმით.

_ მორჩილაძეების ოჯახთან მიმართებაში ჩადენილი ცოდვების?

_ დავუშვათ.

_ მაგრამ ისინი არც გიცნობენ!

_ მერე რა?! საქმე ჩემშია და არა იმათში.

ოფიციანტმა დაბრაწული ხამანწკებით სავსე კალათა მოიტანა. მერაბმა ერთი ცალი გადმოიღო, მაგრამ არ შეჭამა. რაღაც აწუხებდა, რაღაც გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი მისდამი ინტერესი.

_ დამისხით. _ ვანიშნე არყის ბოთლზე. დათრობის ფასადაც რომ დამიჯდეს, უნდა ავალაპარაკო ეს უცნაური კაცი. ერთობლივი სმა გულახდილი საუბრის დაწყების საწინდარია.

მერაბმა ერთ ჭიქაში არაყი ჩამომისხა, მეორეში _ წყალი და აგდებულად მომაჩერდა. არაყი გადავკარი, წყალი მივაყოლე და კინაღამ სული გავაფრთხე. მერაბმა ჩანგალზე ჩამოცმული ხამანწკა შემაშველა _ კინაღამ ჩანგლიანა გადავყლაპე. სხვათა შორის, უგემრიელესი გამოდგა _ ხრაშუნა, ზომიერად მარილიანი, პირდაპირ პირში დნებოდა.

_ რა გინდათ ჩემგან, იათამზე?

_ მე არაფერი.

_ აბა?

_ მორჩილაძეებს აინტერესებთ ინკოგნიტო სპონსორის ვინაობა.

_ ისე ვერ ირგებენ? _ ჩაეცინა მერაბს.

_ ირგებენ, მაგრამ ცნობისმოყვარეობა კლავთ... ელემენტალურად, მადლობის თქმა სურთ.

_ არ მჭირდება მათი მადლობა, თუ რამეს ვაკეთებ, ისევ და ისევ საკუთარ თავის გამო.

_ ეს როგორ გავიგოთ?

_ პირადად მსიამოვნებს. გასაგებია?

_ დაახლოებით.

_ ჰოდა, ძალიან კარგი.

_ ეს ამბავი კავშირშია ლიას ძმის თვითმკვლელობასთან? _ დავაყრანტალე აზარტში შესულმა და იქვე ვინანე. მერაბს მიტკლისფერი დაედო, გუგები გაუფართოვდა და სუნთქვა გაუხშირდა.

_ რამე ისე არ ვთქვი? _ წამოვიძახე შეწუხებულმა და პრაქტიკულად უცნობ მამაკაცს ხელზე წავეპოტინე _ მექანიკურად, ყოველგვარი განზრახვის გარეშე.

Page 20: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

გული გამალებით მიცემდა. ხომ შეიძლება ბოთლი გამომიქანოს, მაგიდა გადააყირავოს, უწმაწური სიტყვებით შემამკოს... და აქ მოხდა მოულოდნელი რამ: მერაბმა ჩემს ხელს თავისი დააფარა და შემრიგებლურად გამიღიმა.

_ მაპატიეთ, მერაბ... მაპატიეთ, თუ უნებურად გაწყენინეთ, მართლა არ მინდოდა.

_ გინდათ, მოგიყვეთ რა მოხდა? _ მკითხა და თავი გვერდზე გადახარა, ძაღლივით.

_ მე არაფერს გაძალებთ.

_ რომ არ მაძალებთ, სწორედ იმიტომ... თქვენ თვითონ განსაჯეთ ღირს თუ არა, მორჩილაძეების გათვითცნონიერება.

მერაბ ჯანდიერის მონაყოლიდან:

მერაბი სოლოლაკში გაიზარდა, ხმაურიან იტალიურ ეზოში თავისი სარდაფებით, მანსარდებით, ფარდულებით, შუშაბანდებით, სპირალისებრი კიბეებით, უბნის კოლორიტებით... მერაბს დღესაც ახსოვს ქურთი ალიხანის ზურნა-დუდუკიანი ქორწილი; შუშაბანდში გადმომდგარი აზალია ქუთათელაძე; ფელკერების ოჯახის გაცილების თვალცრემლიანი ცერემონიალი...

მორჩილაძეების ოთხსულიანი ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობდა. ცოლი, ქმარი და ორი შვილი: აჩიკო და ლია. ცოლს ჯული ერქვა, ქმარს _ არსენა. ქმარი მატარებლის მემანქანედ მუშაობდა და ოჯახში სტუმარივით შემოივლიდა ხოლმე. დალევდა ორ ჭიქას და ისე აწიოკებდა ცოლ-შვილს, ჯულის კივილი მთელ უბანში ისმოდა. მეორე დღეს არსენად წოდებული დილაუთენია გაიძურწებოდა ხოლმე სახლიდან და თვეობით აღარ ჩანდა.

ჯული მოლარედ მუშაობდა რკინიგზის სადგურში. მოტკეცილ კაბაში გამოკვართული ჩაუვლიდა მეზობლებს და თავაღერილი მიიჩქაროდა სამსახურში. ეშხიანი ქალი იყო _ მკერსავსე, წვრილწელა და თეძოგანიერი. სახეზე თეთრ ფერუმარილს ისვამდა, ტუჩებზე _ ძოწისფერ პომადას. `ეგა სარეცხის თოკზე გამოკიდებულ შარვლებსაც ეპრანჭებაო~ _ ჭორაობდნენ მეზობლის ქალები. ჯულის არ სწყინდა, გულწრფელად თვლიდა, რომ ქალებს შური ალაპარაკებდათ. შვილები დედას არ ჰგავდნენ, განსაკუთრებით აჩიკო _ უაღრესად განათლებული და მორიდებული ყმაწვილი. `ჩემს ბიჭს ცხოვრებაში ოთხიანი არ მიუღია~ _ სიამაყით აცხადებდა ჯული. _ `ნიძლავს ჩამოვალ, დიდი კაცი დადგებაო.~

ერთ ზაფხულს, საგამოცდო ციებ-ცხელების პერიოდში, თვრამეტი წლის აბიტურიენტს მერაბ ჯანდიერს მათემატიკის სახელმძღვანელო დასჭირდა და თექვსმეტი წლის აჩიკოს სახლში მიაკითხა. აჩიკო შინ არ დახვდა, სამაგიეროდ დედამისმა გამოიდო თავი _ მე მოგიძებნი სახელმძღვანელოსო.

შილიფად ჩაცმული ჯული ოთახში დაბორიალდა, ხან მაგიდას ეცა, ხან კარადას, ბოლოს კიბე გამოათრია და წიგნის თაროსთან დადგა _ მგონი ზევით შევაგდე აჩიკოს სასწავლო წიგნებიო.

_ ჯული დეიდა, არ ჩამოვარდეთ, მე ავალ. _ შესთავაზა მერაბმა.

_ შენ კიბე დამიკავე, გენაცვალე, არ გადამიყირავდეს. მე უფრო მალე ვიპოვი.

მერაბი სკამის სახელურს ჩაეჭიდა და შეეცადა გამოცდაზე ეფიქრა, მაგრამ ჯული დეიდა პირდაპირ აფრქვევდა ახურუშებული მდედრის თავბრუდამხვევ სურნელს და საბრალო ყმაწვილმაც თავი ვერ შეიკავა _ ზევით აიხედა. ატლასის ხალათიდან ბარძაყის გლუვმა

Page 21: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ზედაპირმა გაიელვა, უფრო ზევით... ზევით ჯულის არაფერი ეცვა. მერაბი კოჭზე შეეხო, თვალები დახუჭა და ნელ-ნელა ააცოცა ხელი, ვიდრე თითებზე სინოტივე არ იგრძნო. ერთი პირობა იფიქრა, ქალი ისტერიკაში ჩავარდება და რაც თაროზე წიგნებია, თავზე დამაშვავებსო. ნურას უკაცრავად. ჯული გაინაბა. მერაბმა უფრო ღრმად შეტოპა, რასაც ქალის გახშირებული სუნთქვა და ჩუმი კვნესა მოჰყვა. მერე ჯულიმ ნახტომი გააკეთა და გავეშებული ლოკვით დააცხრა თავზე. მერაბს აღარც აჩიკო ახსოვდა, აღარც გამოცდები, აღარც მათემატიკის სახელძღვანელო...

ამ მდგომარეობაში მოუსწროთ აჩიკომ. ერთი კი იყვირა: დედაო! და უკანმოუხედავად გავარდა ოთახიდან.

საღამო ხანს კი ქურთი ალიხანას მოთქმამ შეძრა ეზო. სხვენში ასულს თოკზე ჩამოკონწიალებული აჩიკო დახვედრია. რა გახდა თექვსმეტი წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი ვერავინ დაადგინა, თუმცა პანაშვიდებზე მჯდარი ჯული შიგადაშიგ გულში მჯიღს იცემდა: `ჩემი ბრალია, შვილო, შენი სიკვდილიო.~

ცხადია, მერაბმაც განიცადა აჩიკოს სიკვდილი, სხვა თუ არაფერი ერთად იზრდებოდნენ, მაგრამ ახალგაზრდა იყო და თავდაპირველმა ელდამ მალევე გაუნელდა. იმავე წელიწადს ინსტიტუტში ჩააბარა, მერე ზღვაზე წავიდა დასასვენებლად, თბილისში ჩამოსულს კი ახალი ამბავი დახვდა _ მამამისი, პროფესიით საგზაო ინჟინერი, ბინით დააკმაყოფილეს. ჯანდიერები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. მას შემდეგ მერაბს არც ჯული უნახავს, არც ლიაზე სმენია რამე. ძველ უბანზე კი სამუდამოდ აიცრუა გული.

გავიდა წლები. მერაბი ცოლ-შვილს მოეკიდა, ბიზნესი ააწყო. პროფესიაში გაუმართლა, პირად ცხოვრებაში _ არა. ადრე დაქვრივდა, შვილებიც რაღაცნაირი პრობლემურები გაიზარდნენ... რომ არა ერთი შემთხვევა, არც გაახსენდებოდა ძველი ისტორია, მაგრამ მოხდა ისე, რომ მშრალ ხიდზე სეირნობისას ნაცნობ შანდალს წააწყდა. ეს შანდალი, ადრეულ ბავშვობაში, მერაბმა აჩიკოს აჩუქა დაბადების დღეზე, რასაც მოწმობდა ფსკერზე ამოკაწრული წარწერა: `აჩიკოს მერაბისგან~.

მერაბი აღელდა. გამოდის, მორჩილაძეებს ისე გაუჭირდათ, რომ იაფფასიანი შანდალიც გამოიტანეს გასაყიდად. აჩიკო რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამ დღეში არ ჩაცვივდებოდნენ და ის, რომ აჩიკო აღარაა, მისი, მერაბის სინდისზეა. ჯულის ადრეც ჰყოლია კაცები და ამის შესახებ არათუ აჩიკომ, მთელმა უბანმა იცოდა, მაგრამ უფროსი მეგობრის ხილვა საყვარლის ამპლუაში ვერც დედამისს აპატია, ვერც მერაბს.

იმ დღიდან მერაბმა მოსვენება დაკარგა. ბავშობისდროინდელი მოგონებები რაღაც აკვიატებულ ფობიაში გადაეზარდა, რაც არ უნდა ეკეთებინა, გონებით იტალიურ ეზოში იყო... ხან ალიხანას გრძელტარიანი ცოცხი ამოუტივტივდებოდა, ხან სკოლაში მიმავალი ლია პიონერის ყელსახვევით, იქ სონა ფელკერის მორთმეული ხრატუნა მაცა, იქ ზოლიან პიჟამაში გამოწყობილი აზალია ქუთათელაძე და კაპიტანი სიმონ სამხარაული პაპიროსით ხელში... მოგონებებს თავისი სურნელი ჰქონდა _ თუთუნის, შემწვარი კატლეტის, შუშა კიტრის, თონის პურის...

ერთხელაც გარისკა და წავიდა. იტალიური ეზო დაპატარავებული ეჩვენა, სახლიც შეკუმშულ-შეკუნტრუშებული. საზიარო ონკანთან წინსაფრიანი ქალი სარეცხს ავლებდა. მერაბი გამოეცნაურა და მორჩილაძეები იკითხა.

_ მორჩილაძეებს არ შევსწრებივარ. _ უპასუხა ქალმა. _ ხუთი წელია რაც გადმოვედი... სიმონს ეცოდინება მაგათი ამბავი, უსინათლო მოხუცი ზის ეგერ, სკამზე. სტაჟიანი მაცხოვრებელია. ცოტა სკლეროზი აქვს, მაგრამ რაღაცეები მაინც ახსოვს.

მზეზე სახედანაოჭებული მოხუცი თბებოდა. ერთ დროს ყოჩაღი კაპიტანი ქარაშოტგამოვლილ ბაბუაწვერას ჰგავდა.

Page 22: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ გამარჯობათ, ძია სიმონ! _ მიესალმა მერაბი.

_ შენ ვინ იქნები? _ ჩიფჩიფით ჰკითხა მოხუცმა და ხელჯოხი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა. _ სინათლე დამაკლდა თვალში, ხმაზე კი ვერ გცნობ.

_ მე ლია მორჩილაძეს ვეძებ, ადრე აქ ცხოვრობდა...

_ ლია კაი ხანია რაც გადავიდა, ჯული კი ხუთი წლის წინ მოკვდა... თუ ათი? არ მახსოვს, ამერია სათვალავი. რა დღეა დღეს?

_ სამშაბათი.

_ თვე?

_ მაისი.

_ მერცხლები მოფრინდნენ?

_ ჯერ არა.

_ პირველი მერცხალი რომ მოფრინდება, მე მოვკვდები.

_ საიდან მოიტანეთ?

_ წუხელ დედაჩემი დამესიზმრა, ამ გაზაფხულზე ჩემთან უნდა დაგასვენოო.

_ ძია სიმონ, ჯული სიკვდილამდე აქ ცხოვრობდა?

_ ცხოვრობდა, თუკი მაგას ცხოვრება ჰქვია... ქვეშ გასდიოდა ყველაფერი, მაგის ფსიტიანი ლეიბების გაშრობას ვერ აუდიოდა ის საცოდავი კაცი.

_ ვინ კაცი?

_ რავი, ნათესავიაო და...

_ ლია არ აკითხავდა დედამისს?

_ ნწუ.

_ რატომ?

_ არ ვიცი, არ ვიცი... _ ხელი აიქნია სიმონმა. _ სხვის საქმეში ყველა ბრძენია. რა დღეა დღეს?

_ სამშაბათი.

_ მერცხლები არ მოფრენილან?

_ ჯერ არა, ძია სიმონ... ვერ მეტყვით ლია სად ცხოვრობს?

_ გიყვარდა, შვილო? ლია ლამაზი გოგო იყო, კოხტა.

_ არა, არა, უბრალოდ მაინტერესებს...

_ ისე შენ რა გითხარი... ეჰ, არ გაუმართლა მაგასაც, ქმარმა მიატოვა, მარტოკინამ გაზარდა შვილი, ახლა ყვავილებსა ჰყიდის სალონში. ესაა ცხოვრება?!

დიახ, ესაა ცხოვრება. _ ვფიქრობდი უკვე სახლისკენ მიმავალ გზაზე. ლია სარგებლობს ფულით, რომელსაც ურიცხავს მისი ძმის თვითმკვლელობაში დამნაშავე ადამიანი. `ზოგჯერ სიმართლეც დამაბნეველად მოქმედებს~ _ თქვა მერაბმა. სრულიად

Page 23: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ვეთანხმები, რადგან სრულიად დაბნეული ვარ, სრულიად... ლიას და ფიქრიას, ცხადია, ვერ ვეტყვი, რაღა აზრი აქვს. ისმის კითხვა: რა ჯანდაბად მინდოდა ეს ნაგვიანევი აღსარება?!

ეჰ, სერგოს მაინც დავურეკო...

_ _ _

შაბათს დათას იპოდრომის დღე აქვს. ბოლო რამდენიმე კვირაა, მეც დავყვები. ვიდრე ის ცხენს დააჯირითებს, მე ბილიკზე დავრბივარ _ ვცდილობ ჩამოვიგდო ახალ წელს აკრეფილი ზედმეტი კილოგრამები.

ერთი-ორი, ერთი-ორი... რაც შეიძლება მაღლა ვტყორცნი მუხლისთავებს. ჩემს წინ ქალი მირბის, უფრო სწორედ, საიგაკივივით გაზიმული ფეხებით გადაადგილდება, ხელში რატომღაც გირები უჭირავს. გიჟია ოხერი! ამაყად ჩავუქროლე, თუმცა მეორე წრეზე გული ამომიჯდა. ასამდე დავითვლი და თანაბარ ჩორთზე გადავალ. იპოდრომის ცენტრში დათა დააგელვებდა თავის ბედაურს. წელგამართული იჯდა, ნამდვილი ჟოკეივით. აქა-იქ ძაღლებიც დარბოდნენ, ცხადია, პატრონების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. იყო ერთი სტვენა და გადაძახილი. აგერ ფრანგული ბულდოგი ჩასხავდა... ვის უყეფს ნეტავ? ბილიკზე კავკასიური ნაგაზი დაილანდა, ზედაც არ შეხედა კბილებდაკრეჭილ ბულდოგს და პატრონთან ერთად დინჯი მსვლელობა განაგრძო.

ოთხმოცი, ოთხმოცდაერთი, ოთხმოცდაორი... მივრბივარ, მივქოშინებ. ასამდე უნდა გავუძლო. იმ ბუჩქთან მივალ და შევისვენებ. ოთხმოცდაათი...

უცებ, `იმ ბუჩქთან~ პატარა ლეკვი შევნიშნე. უაზრო თვლა შევწყვიტე და სასწრაფოდ ჩავიმუხლე.

_ ვისი ხარ პატარა?

ლეკვმა წკმუტუნით მოპასუხა.

იმავე წუთს თავზე სპორტულებში გამოწყობილი მამაკაცი დამადგა:

_ მოგწონთ?

_ თქვენია?

_ ჰო, ერთი წამით მივიხედე და თვალთახედვიდან დამეკარგა. თურმე სად გამოპარულა... _ კაცმა ლეკვი აიყვანა და დრუნჩზე საჩვენებული თითი ჩამოუსვა.

_ რა ჯიშია?

_ როტვეილერი.

_ უი, სულ არ ჰგავს?!

_ როცა წამოიზრდება, დაემსგავსება. პატარები ერთმანეთს ჩამოგვანან. ამას ისეთი მშობლები ჰყავს, არაჩვეულებრივი ძაღლი დადგება, ნამდვილი ჩემპიონი. _ კაცი დაინტერესებული სახით მომიბრუნდა. _ ხომ არ იყიდით?

_ არა, მადლობთ.

Page 24: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ ძალიან კარგი ლეკვია, არ ინანებთ. წეღან მეძაღლეები შემოვიარე, მაგრამ როტვეილერის მუშტარი ვერ მოვნახე. არადა, ამათზე ერთგული ძაღლი ბუნებაში არ არსებობს, მისწრებაა მარტოხელა ადამიანისთვის.

_ საბედნიეროდ, არ ვარ მარტოხელა. _ ზრდილობიანად გავუღიმე და გზის გასაგრძელებლად მოვემზადე. ვინ მაცალა? კაცი ლეკვიანად წინ გადამიდგა _ დაგინებული თუ ჰქონდა ჩემთვის ლეკვის შემოსაღება.

_ იქნებ ნათესავი გყავთ, ან მეგობარი, ან ნაცნობი... არ მინდა იმ ვირეშმაკა კინოლოგებს მივყიდო.

_ რას ერჩის კინოლოგებს?

_ მაგათ ლეკვი ბაზარზე გასაყიდად უნდათ, მე კი ნაღდ პატრონს მინდა ჩავაბარო.

_ მერე საიდან მოტანეს, რომ სწორედ მე ვარ, `ნაღდი~ პატრონი?

_ თვალებზე გეტყობათ.

ეს ტიპი ხომ არ მეპრანჭება, ნეტავ? ხომ არ უნდა ჩემს ბედაურიან ქმარს მოვუხმო და ერთი ლაზათიანად მივაბერტყინო?!

შევათვალიერე. ორმოცი წლის იქნება, საკმაოდ ინტელიგენტური იერსახის, თუმცა ავადმყოფური კანის ფერი აქვს _ ნაცრისფერში გარდამავალი კომშისფერი, ჩუქჩასავით თვალები შესიებულ უპეებშია მოქცეული, მოგრძო თმა ყურებზე გადაუწევია. მის ადგილზე ამხელა ლოკატორებს დავმალავდი.

_ მიუხედავად ამისა, არ მინდა თქვენი ძაღლი.

_ ეს თუ არ მოგწონთ სხვაც მყავს მანქანაში, ის ამაზე უკეთესია, აგურისფერი ლაქებით... თუ ფული არ გაქვთ, გაჩუქებთ, ფეშქაში იყოს!

უცებ გონება გამინათდა. ამასწინათ, დათას მამიდა წუწუნებდა _ ეზოდან სამეურნეო იარაღები ამწაპნეს, კარგი ჭკვიანი ძაღლი დამამშვენებდაო. მამიდა ავჭალაში ცხოვრობს, კერძო სახლში, მიკვირს, აქამდეც როგორ გაძლო უძაღლოდ. ჯიშიან ძაღლზე რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის უარს?!

ლეკვების პატრონმა ორჭოფლობა შემნიშნა და იმედით მომაჩერდა.

_ ჰა, რას იტყვით?

_ კარგი, წავიდეთ, მაჩვენეთ მეორე ლეკვიც, მე თვითონ ავირჩევ.

_ უხ, აგაშენათ ღმერთმა! _ კაცმა პირჯვარი გადაიწერა და ცალ ფეხზე დატრიალდა. _ მანქანა შესასვლელთან მიყენია, ლეკვიც იქ დავტოვე. იცით, საქმე ფულში არ არის, მთავარია ესენი ჩავაბარო სანდო პატრონს.

_ არა, უფულოდ არ მინდა! _ გავაპროტესტე მე. _ თუ წავიყვან, მინიმალურ თანხას გადაგიხდით. ჩემი ქმარი აქვეა, იპოდრომზე, უიმისოდ ვერ გადავწყვიტავ.

_ ეგრე იყოს! _ ხალისიანად დამეთანხმა.

ბილიკიდან გადავედით და მეჩხერი ნაძვნარის გავლით იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელს მივადექით. ავტოსადგომზე რამდენიმე მანქანა იდგა. უცნობი მამაკაცი ლურჯ `ბეემვეს~ მიადგა და გასაღების აცმა მოიმარჯვა.

გამიკვირდა. ნუთუ ასეთი სოლიდური ავტოს პატრონი იპოდრომზე ლეკვებს ასაღებს?! მაინც ამისთანა რა სიკეთე დაინახა ჩემს თვალებში, ლეკვებს იმეტებს... სახლში

Page 25: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

მისვლისთანავე სარკეში ჩავიხედავ, თუ ვერაფერი აღმოვაჩინე, ვეტყვი, დათამაც ჩამხედოს.

_ მობრძანდით. _ მან მანქანის უკანა კარი გამოაღო და ხელით მისაპატიჟებელი ჟესტი გააკეთა. მე თავი შევყავი და მეორე ლეკვის ძებნაში თვალები გავაცეცე. არავითარი ლეკვი იქ არ ჩანდა.

კაცი მეორე კარიდან მოადგა მანქანას, ლეკვი სალონში შეაგდო და მე მისი თვალები დავინახე _ ცივი, დაძაბული, ჩემზე ფოკუსირებული... უკან დავიხიე, მაგრამ ვერ მოვასწარი _ სახეზე ღამურასავით შემომაფრინდა ქლოროფორმით გაჟღენთილი ტილოთი და წამში მომადუნა. `რა დროს სიკვდილია...~ _ გამიელვა და სხვა განზომილებაში შევცურდი.

_ _ _

ცოცხალი ვარ. მის გეგმაში არ შედიოდა ჩემი მოკვდინება. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ცნობიერში უცხო ხმები და სუნები შემოვიდა. ახლომახლო ჩიტი ჭიკჭიკებს და ნაძვი ხარობს. დავიჯერო, ტყეში დამაგდო?

ხელი მოვაფათურე. ლოგინში ვწევარ, თავი ბალიშზე მიდევს, ე. ი. სახლში ვარ. სახლი ტყეშია, ან ტყისპირას. ტანსაცმელი მაცვია _ ჯინსები, ბოტასები, სპორტული ქურთუკი. გაქურდული არ ვარ, იმედია, არც გაუპატიურებული. რა მინდა აქ, ან ის ინტელიგენტური ჰაბიტუსის მონსტრი ვინ არის?

უცებ ვიგრძენი, რომ ახლოს, ზედ ყურთან ვიღაც ენერგიულად სუნთქავდა. დიდი ძალისხმევის ფასად მოვახერხე თვალის გახელა. საწოლიდან უკანა თათებზე იჯდა გიგანტური ზომის შავი როტვეილერი. ვარდისფერი ენა გადმოეგდო და როგორც მომეჩვენა, მიღიმოდა.

`დედა, დედიკო!~ _ იკივლა ჩემმა გონებამ. ნეტავ სულ არ მოვსულიყავი გონს, ვგდებულიყავი ჩემთვის, გულწასული. ვიდრე მე თვალებს ვქაჩავდი, ძაღლმა ყბა გააკლაცუნა, ნერწყვი ჩაყლაპა და ისევ გადმოაგდო ენა.

ოდნავ წამოვიწიე თუ არა, ძაღლმა დაიყეფა. ერთხელ _ მოკლედ და რიხიანად. იმავე წამს ოთახის კარი გაიღო და გამტაცებელიც გამოჩნდა. საკმაოდ მშვიდობისმოყვარედ გამოიყურებიდა, ფეხსაცმელი გამოეცვალა და ახალი მაისური ჩაეცვა.

_ ვამეხ, გარეთ! _ ესროლა როტვეილერს.

ვამეხიო... სახელები დაილია, რომ ძაღლს ძველი ქართული სახელი არ დაარქვა?! ასე იყო თუ ისე, ვამეხად წოდებული დაემორჩილა. კაცი კი საწოლთან ჩამოჯდა.

_ მე ბაკურ სორდია ვარ. არაფერს გეუბნებათ ჩემი გვარი?

უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. ღმერთი-რჯული პირველად მესმის!

_ კარგად დაფიქრდით.

_ რად მინდა დაფიქრება, პირველად გხედავთ!

_ ფიზიკურად, კი. მე გვარზე მოგახსენებთ, გვარზე!

ჩავფიქრდი. რაღაც არ მახსოვს მერაბ ჯანდიერს ვინმე ბაკური ეხსენებინოს... სხვა, მეტ-ნაკლებად საეჭვო წარსულის სუბიექტთან ამ დღეებში კავშირი არ მქონია. კაზინოს მეპატრონეს რომანი ერქვა, ლია მორჩილაძის შვილს _ ფიქრია...

Page 26: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ მგონი რაღაც გეშლებათ. ჩემი სახელია იათამზე...

_ ვიცი, ვიცი... იათამზე მდივანი, ღრმადპატივცემული დათა მეტრეველის თანამეცხედრე. _ დამცინავად გამაწყვეტინა ბაკურმა.

თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი, თუმცა `თანამეცხედრე~ მეხამუშა.

_ როგორც ხედავთ არ შევმცდარვარ.

_ რა გნებავთ ჩემგან?

_ თქვენგან არაფერი. აი, თქვენი ქმრის გამწარება კი ისე `მნებავს~, ისე, რომ ღამით ძილი არ მაქვს და დღე მოსვენება. ისე გავამწარო, როგორც მე გამამწარა.

საკუთარ ყურებს არ დავუჯერე, როგორ შეიძლება დათამ, საყოველთაოდ ცნობილმა მშვიდობის მტრედმა, ვინმე `გაამწაროს?~ ეს ნონსენსია.

_ გიკვირთ, არა?! _ ბაკურმა ღიმილში გაჭიმა მოფლაშული ტუჩები და თავის ძაღლს დაემსგავსა. _ ცუდად იცნობთ საკუთარ მეუღლეს და იმიტომ. მე აგიხილავთ თვალს, მე გიჩვენებთ მის ნამდვილ სახეს, ნიღბის გარეშე. `არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა~. _ ციტატა მესროლა და ვიდეოკასეტა დანამახა.

გული გამიცივდა. კომპრომატი?! მაგრამ რა შინაარსის _ ყოფითი თუ სექსუალური? იქნებ დათამ ამ დაცურებული ჩუქჩას ცოლთან გააბა რომანი... ო, არა!

ბაკურმა კასეტა ვიდეომაგნიტოფონში შეაცურა და ჩემს რეაქციას დაელოდა. გულზე მომეშვა, როცა ეკრანზე უცნობი ქალიშვილი დავინახე და არა ვიღაცის კოზლაზე ამხედრებული დედიშობილა დათა. მინდა გითხრათ, საკმაოდ მიმზიდველი გოგო იყო, თუმცა ჩავარდნილი ლოყებისა და ფართოდ გახელილი თვალების გამო, ცოტა არ იყოს, ავადმყოფური იერი დაჰკრავდა. კადრი გაიშალა და სოფლის ეზო გამოჩნდა. ქალიშვილი ამ ეზოში სეირნობდა, თან კამერაში იჭყიტებოდა. აგერ, ნაცნობი როტვეილერიც... ღობესთან გაიშლიგინა და კადრს მიღმა გაუჩინარდა.

ვითომ რაზე მიმანიშნებს ეზოში მოხეტიალე მელანქოლიური ქალიშვილი?

`შენც მოდი, რას დამატარებ მარტო, სულელივით?!~ კამერას მიმართა ქალიშვილმა.

კამერამ რამდენიმე წრე დაარტყა და ადგილზე გაშეშდა. ობიექტივში კი ჩემი გამტაცებლის გაბადრული ფიზიონომია ამოყვავილდა. წყვილი ერთმანეთს ჩაეხუტა და ზასაობა დაიწყო. თავი უხერხულად ვიგრძენი _ იქნებ ეს ჟურნალია, წინ კი მთელი კამასუტრა მელოდება?! რაც მთავარია, რა შუაში ამ ყველაფერთან ჩემი დათა?

_ ეს ჩემი ცოლია, ირინე. _ ამიხსნა ბაკურმა.

_ მერე?

_ მერე ის, რომ თქვენმა ქმარმა ჩემს ცოლს საშვილოსნო ამოკვეთა! ირინეს აღარასოდეს ეყოლება შვილი! ჩვენ დავშორდით... ჩვენ, რომლებსაც ასე გვიყვარდა ერთმანეთი! _ ისტერიულად შესძახა ბაკურმა.

აი, თურმე რაშია საქმე... არ ვიცი, მეწყინოს თუ გამიხარდეს. ერთი მხრივ დამაიმედებელია, რომ დათა შესახებ ცუდი არაფერი გავიგე, მეორე მხრივ _ ვითარება გაცილებით სახიფათოა, რადგან ეს კაცი უეჭველი ფსიქოპათია. დათას კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, გამორიცხულია, საჭიროების გარეშე ამოეკვეთა საშვილოსნო.

_ სიმსივნე ჰქონდა? _ ვკითხე ხმადაბლა.

Page 27: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ არა, საშვილოსნოსგარე ორსულობა. _ შემომიბღვირა.

_ პირადად დალაპარაკებიხართ დათას?

_ დავლაპარაკებივარ კიდეც და მუშტებიც მიბრახუნებია მის მაგიდაზე. ის კი... ის კი რაღაც ჩირქოვან კერებზე მიყვებოდა ზღაპრებს. უნდა ამომეჭრაო, დაუჩემებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელიდან გვეცლებოდაო.

_ კი არ დაუჩემებია, ასეც იქნებოდა. თქვენი ცოლი გადარჩა, ბაკურ...

_ გადარჩა, მაგრამ მას არასოდეს ეყოლება შვილი. გესმით, ჩემი შვილი!@_ მხარში ხელი ჩამავლო და გვარიანად შემანჯღრია. _ ჩვენ ისე ველოდის ამ ბავშვს, ისეთი ბედნიერები ვიყავით...

_ რომელ ბავშვს... ის არც ყოფილა ფეხმძიმედ.

უხეშად გამერიდა და გაწიწმატებული მიაჩერდა ეკრანს, სადაც ყოფილი ცოლ-ქმარი ბედნიერებას განასახიერებდა. მინდა გითხრათ, საკმაოდ უხამსოდ. საერთოდაც, `სიყვარულისა მალვა უნდა~ და არა კამერის წინ ენების დემონსტრირება. ხფთუი!

_ ვთქვათ, არ ყოფილა, მაგრამ ოდესმე ხომ გახდებოდა?! ის ხომ სულ ნორჩია, ფაქტიურად გოგო. საშვილოსნოს გარეშე რაღას გააჩენს? _ თავის სატკივარს მიუბრუნდა ბაკური.

_ აკი დავშორდითო?

_ მერე, ვისი ბრალია?

_ არ მითხრათ, ჩემი ქმრის?

_ სწორედაც თქვენი ქმრის! რომ არა უშვილობა, ირინე არასოდეს მიმატოვებდა!

_ საერთოდ, პირიქით ხდება, უშვილოებს ტოვებენ...

_ თქვენ არ იცნობთ ჩემს ირინეს, ის... ის კეთილშობილების განსახიერებაა... არ მოისურვა, რომ თავისი უშვილობით ჩემთვის ცხოვრება გაერთულებინა და... და ეს საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო...

მის ინტონაციაში სასოწარკვეთა და ყალბი ნოტი დავიჭირე. თითქოს თავს იმართლებდა. თუ მომეჩვენა?

_ ადამიანები შორდებიან, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, კიდევ გეყოლებათ შვილი.

_ შეიგნეთ, მე არ მინდა შვილი სხვა ქალისგან. მხოლოდ მას ვხედავდი ჩემი შვილის დედად, სხვაზე ფიქრიც კი მზარავს. რა არის ოჯახი შვილის გარეშე?

_ მეც არ მყავს შვილი, თუ დამიჯერებთ, არ მაქვს ცუდი ოჯახი.

ბაკურმა ზიზღნარევი თანაგრძნობით შემომხედა:

_ ქმრის ბრალია?

_ მგონი ჩემი.

_ უშვილო ქალთან ცხოვრება თვითგვემის ტოლფასია. დავიჯერო, ასე უყვარხართ?

_ ალბათ.

_ ჰოდა, ძალიან კარგი. _ მოულოდნელად გახალისდა და წასასვლელად მოემზადა. _ რაც უფრო მეტად იდარდებს საყვარელი მეუღლის გაქრობას, მით უკეთესი.

Page 28: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ რას მიპირებთ? _ მივადევნე შეშინებულმა.

_ შურისძიებას.

_ უნდა მომკლათ?

_ ჯერ არა, მერე კი... მერე მომიწევს შეგახვედროთ...

_ ვის?

_ მიქელას. _ უდარდელად წამოისროლა, მაგრამ კართან არმისული შედგა და გამაფრთხილებლად დამიქნია თითი. _ გაპარვაზე არც იფიქროთ, ცოცხლად შეგჭამთ ჩემი ვამეხი.

_ _ _

მარტო დავრჩი. წარმომიდგენია, დათა რა დღეშია! ცოლი ყურისძირში აორთქლდა. ჯერ გაბრაზდება _ იფიქრებს, რომ ნაცნობს გადავაყარე და ლაპარაკში ისე გავერთე, სრულიად დამავიწყდა მისი არსებობა. მოგვიანებით შეშფოთდება, საღამოსკენ კი გააფრენს. რაც მთავარია, თავშიც არ მოუვა, რომ მე მის გამო გამიტაცეს. პირველ რიგში სერგოს დაურეკავს. სერგო იფიქრებს, მორჩილაძეების საქმესთან დაკავშირების გავები ხათაბალაში, კაზინოს მეპატრონეს მივარდება და მერაბ ჯანდიერის კოორდინატებს გამოართმევს. იმ მერაბს თავისი გასჭირვებია, ვიღაც იათამზე მდივანის გატაცება რომ არ შეტენენ. მერე ყველანი დაეწყობიან და წავლენ დაკარგული `გვრიტის~ საძებნელად, როგორც ცნობილ ზღაპარში, იმ განსხვავებით, რომ გვრიტის ქურდს ალბათ ვერასოდეს მიაგნებენ. არ არსებობს კვალი, რომელიც მათ ბაკურ სორდიაზე გაიყვანს, ჩემს ქმარს დავიწყებულიც ექნება მისი არსებობა, რაც მის ხელში პაციენტებს გაუვლია...

ოთახს, სადაც ვიმყოფები, ერთი ფანჯარა აქვს და ისიც გისოსებიანი. გისოსებს იქით ტყეა, ახალგაზრდა ტყე. ფანჯარა გამოვაღე და ხარბად შევისუნთქე სიგრილის, წიწვის, ნაწვიმარზე ამოსული სოკოს სურნელი...

ნეტავ რა დროა? მზე ვერ ვხედავ, მიწაზე გაწოლილი ჩრდილების მიხედვით, საღამოს შვიდი საათი უნდა იყოს. მომშივდა. დილით ყავაც არ დამილევია, ვიფიქრე მშიერზე უფრო მსუბუქად ვირბენ.

როგორც ჩანს, ეს დაკომპლექსებური ბაკური კარგა ხანს გვითვალთვალებდა, ზედმიწევნით შეისწავლა ჩვენი გადაადგილების მარშრუტი და ლეკვითურთ გამომეცხადა იპოდრომზე. რას წარმოვიდგენდი, თუ უდანაშაულო ძაღლის მოფერება ასე ძვირად თუ დამიჯდებოდა?! თუმცა, სათადარიგო სცენარიც ექნებოდა, დამწყები ბოროტმოქმედები განსაკუთრებული სკურპულოზობით გამოირჩევიან.

გისოსები შევანჯღრიე.

_ ჰამ! ჰამ! ჰამ! _ ქვევიდან გამომენსო როტვეილერი ვამეხი.

უკან გავხტი. ეს ძაღლი არ ხუმრობს, კინაღამ თითები მომაკვნიტა.

_ რაშია საქმე, რატომ მინერვიულებთ ვამეხს? _ ოთახში, ლანგრით ხელში, ბაკური შემოვიდა.

_ თქვენი ვამეხი ნამდვილი კაციჭამიაა.

Page 29: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ მართალს ბრძანებთ, თუ ცუდად მოიქცევით, სიამოვნებით შეგახრამუნებთ. _ პოდნოსი მაგიდაზე დადგა და გლეხურ ვახშამზე მიმიპატიჟა _ ნახევარი შოთის პური და ერთი მათლაფა ლობიო.

_ ძაღლსაც თუ ისევე აშიმშილებთ, როგორც მძევალს, გასაგებია მისი აგრესიული გადახრები. _ პურის ყუა ლობიოში ჩავაწე და ყოველი შემთხვევისთვის დავინტერესდი: მოწამლული ხომ არაა?

_ როგორ გეკადრებით, ჯერჯერობით ცოცხალი მჭირდებით. ერთ დღეს თქვენი შარვლის ნაკუწს გავუგზავნი ბატონ მეტრეველს, მეორე დღეს _ თმის კულულს...

_ ფრჩხილი არ დაგავიწყდეთ. _ შევახსენე, მაგრამ ეტყობა ვერ გაიგო ჩემი იუმორი _ ნაკვთიც არ შეტოკებია. ფსიქოპათები მწყრალად არიან იუმორთან. _ სხვათაშორის, გემრიელი ლობიოა, თქვენ გააკეთეთ?

_ დიახ. ირინესაც მოსწონდა ჩემი ნახელავი. რატომ გამორთეთ ვოდეო?

_ ვუყურე, მეტი არ მინდა.

_ თქვენ ვერ გაიგეთ, მე სულ არ მაინტერესებს თქვენი სურვილები. უნდა უყუროთ, სანამ არ მიხვდებით: რა დავკარგე.

_ კი მაგრამ, რამდენჯერ შეიძლება ვუყურო ერთსა და იგივეს?

_ `ამოა ჭვრეტა, ტურფისა, სიახლე საყვარელისა~.

_ აფორიზმები გყვარებიათ, რა სპეციალობის ბრძანდებით?

_ ფილოლოგი ვარ.

ფილოლოგი. ყოველთვის მეგონა, რომ ჰუმანიტარული პროფესიის ადამიანი ნაკლებად აგრესიულია. თურმე ვცდებოდი, წაკითხული წიგნების რაოდენობა სულაც არ აისახება ბორორტმოქმედების ხარისხზე. მიუხედავად ყველაფრისა, აპრიორი იმის თქმა, რომ ბაკური ბოროტმოქმედია, არ შემიძლია. ან შურისძიების იდეით შეპყრობილი გიჟია ან სუპერ კომპლექსიანი. გიჟი უმართავია, კომპლექსიანთან _ დალაპარაკება შეიძლება. კომპლექსი სად უნდა ვეძებოთ? ბავშვობაში. ასე ბრძანა ფროიდმა _ ფსიქოანალიზის მამამ. რა არის ამისთვის საჭირო? ლაპარაკში გამოწვევა.

_ ბაკურ, სად გაატარეს ბავშვობა? _ ვკითხე რაც შეიძლება თავაზიანად.

რეაქციამ არ დააყოვნა. ბაკურმა ისეთი ძალით დაჰკრა მაგიდას მუშტი, ლობიოს შხეფები სახეზე ამეკრა.

_ ხმა გაკმინდე! სულელური კითხვის დასმას, სჯობს მონანიებაზე დაფიქრდე, ძრწოდე და კანკალებდე წარღვნის მოლოდინში! _ იყვირა ბაკურმა და დორბლი გადმოყარა. სხვისი დორბლიღა აკლდა ჩემს ლობიოთი მოთხუპნილ ღაწვებს. ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს, მათ შორის ამ უბედურს.

_ დიახ, წარღვნის! _ თვალების ბრიალით განაგრძო ბაკურმა. _ კაცობრიობა გასაწმენდია სულიერი ნაგვისგან, სადაც გაიხედავ ეგოიზმის, გაუგებრობის, ინფანტილიზმის ყრუ კედელს აწყდები. შედეგი სახეზეა _ წყალდიდობები, მიწისძვრები, ტაიფუნები, მეოთხე კატეგორიის ქარიშხლები...

ნწუ, ნწუ, ნწუ, მეოთხე კატეგორიის, ნამეტანია... მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებ, სამარე ვარ!

Page 30: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ბაკური ისევე მოულოდნელად ჩაცხრა, როგორც აყვირდა. მერე ვიდეომაგნიტოფონი ჩართო და ყურება მიბრძანა.

_ უყურეთ, კარგად დააკვირდით ამ წყვილს. _ რატომღაც მესამე პირში ალაპარაკდა. _ არავის გაგონებთ სისუფთავით, სისადავით, წრფელი გრძნობებით?... ეს ხომ თანამედროვე რომეო და ჯულიეტა?! გეღიმებათ, ალბათ ფიქრობთ, რა არის მათ სიყვარულზე ბანალური, დღეს, სექსუალური აღვირახსნილობისა და ერთსქესიანთა ქორწინების ეპოქაში. ცდებით. შექსპირის პიესა კი სიყვარულზე მეტია, ის გვამცნობს, რომ სიყვარულის გამო შეიძლება მოკვდე.

_ მაპატიეთ, მაგრამ თქვენ ცოცხალი ხართ, თუ ვინმეა სასიკვდილოდ განწირული, ისევ და ისევ მე. თავად განსაჯეთ, რომელია აქედან მსხვერპლი.

_ მე ცოცხალი ვარ იმდენად, რამდენადაც ვსუნთქავ, ვჭამ, სამსახურში დავდივარ, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებ... ჩემი სული ცარიელია, როგორც გველის გამოცვლილი პერანგი, როგორც არწივის ფიტული...

გველისა და არწივის რა მოგახსენოთ, მაგრამ დიაგნოზი მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა _ განდიდების მანია. საინტერესოა, სამსახურშიც ასე მჭერმეტყველებს, თუ ჩემთან გაეხსნა პოეტური ჩაკრები?

_ სად მუშაობთ?

_ საგამომცემლო სახლი `პინდარე~.

_ თუ `პანდორა?~

დამცინავად შემომხედა, ანუ თვალებით მითხრა: ვაი, შენს პატრონსო, და იქვე გამანათლა:

_ `როგორც მთის ფერდობზე ნაკადული, ისე მოჩხრიალებს სწორუპოვარი ბერძენი ჰიმნოგრაფის, პინდარეს სიტყვა~: ჰორაციუსი.

ჰორაციუსი ვიცი, პინდარეს შესახებ პირველად მესმის. მოიცა, მოიცა, რა დროს ჰორაციუსია... ის არ მალავს საკუთარ ვინაობას, სპეციალობას, სამსახურის ადგილს... რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი დღეები დათვლილია! მე კი, იმის ნაცვლად ტანზე შემოვიფხიწო, ფეხებში ჩავუვარდე, დათას მაგივრად პატიება ვთხოვო, პურის ყუას ვღეჭავ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა გავაღწიო აქედან, მთავარია არ ვიჩქარო, დრო უნდა გავწელო, ვუყურო სიბერეშეპარული რომეოსა და მელანქოლიური ჯულიეტას გულისამრევ ღლაბუცს და რაც შეიძლება ენერგიულად ავღფრთოვანდე.

ასეც მოვიქეცი: ლობიოიანი თეფში გავწიე და ეკრანს მივაჩერდი. ირინე ჭალაშია, შიფონის ფართხუნა ქვედაკაბა ეცვა, ფორთოხლისფერი ბლუზა. გამოგიტყდებით, ეს გოგო მესიმპათიურება. ტრაგიკომიკური გარეგნობა აქვს, როგორც მუნჯი კინოს მსახიობს. თუ მეცოდება?... არ მესმის, რამ შეაყვარა ეს ბებერი ნარცისი. აგერ, ისიც შემოხტა ობიექტივში, გოგრაზე გვირილების გვირგვინი დაუმხია. გამომიხტა აქ, დიონისე საგამომცემლო სახლიდან. უცებ მუხლებზე დაემხო და ხელების ქნევით ლექსის ციტირება დაიწყო. თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონი ომარ ხაიამია. `გადაიფურცლა, ვაგლახ, ჩემი ცხოვრების წიგნი...~

ნეტავ რა ხასიათზე დავდგები, დათა რომ გვირგვინით გამომეცხადოს და ლექსად ამიხსნას სიყვარული? მოვკვდები სიცილით. პრინციპში, ირინეც იცინის, მაგრამ აღტაცებისგან.

ვიდრე მე დამჯერე მძევალს ვთამაშობდი, გვარიანად ჩამობნელდა და ჩემმა რომანტიულმა გამტაცებელმაც დამტოვა. ის დროა, საპირფარეშოში განვმარტოვდე.

Page 31: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

შევედი, მივიხედ-მოვიხედე. არც სარკმელი, არც პირსაბანი, არ ნათურა, მხოლოდ გაჯით შელესილი კედლები, უნიტაზი და წყლით გალიცლიცებული რკინის კასრი, სადაც პლასტმასის წითელი კათხა ტივტივებდა.

პირზე წყალი შევისხი და დიდ ოთახში გამავალი კარი ფართედ გამოვაღე. ის იყო გამოსვლას ვაპირებდი, რომ შუქმა კედლის ერთი ფრაგმენტი გაანათა და მე კედელზე მქრქალად ამოჩორკნილი ასოები გავარჩიე. დაინტერესებული ჩავიცუცქე: `ბაკური მკვლელი და მოძალადეა. მე აქედან ცოცხალი ვერ გავალ. გელა~.

_ _ _

ღამით უცნაურმა ხმამ გამომაღვიძა. პირველად მიწისძვრა მეგონა, შეშინებული წამოვხტი ლოგინიდან და კარს დავეჯაჯგურე. რა თქმა უნდა, ჩარაზული დამხვდა. ფანჯარასთან მივერბინე, მაგრამ ანჯამის გასახსნელად გაწვდილი ხელი ჰაერში გამიშეშდა _ ჩემს პირდაპირ მთვარის შუქით განათებული მოჩვენება ლივლივებდა, თეთრთმიანი მოჩვენება-ალბინოსი! თავზარდაცემული გავხტი უკან, საწოლზე მოვიკუნტე და შევეცადე შიშით არ მომკვდარიყავი.

კაკუნი განმეორდა. ამჯერად უფრო ხმამაღალი და მომთხოვნი. ბალიში თავზე დავიმხე. ცოტა ხანში სიჩუმემ დაისადგურა, რაღაცნაირმა მრავლისმეტყველმა სიჩუმემ, თითქოს კედელი კედელს ესაუბრება, ჭერი იატაკს, ჩრდილი ჩრდილს... ბალიში მოვისროლე და დაძაბული მივაჩერდი ფანჯარას. იქ სრული უკუნი იდგა. აღარც მთვარე ჩანდა, აღარც გისოსები, აღარც მოჩვენება. ლოყაზე ვიჩქმიტე, იმის იმედით, რომ ამ სარკოფაგს სიზმარში ვხედავ. ამაოდ. ასეთი ფხიზელი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.

ხელების ცეცებით ვიპოვე ჩამრთველი და ჭრიალს მივაყურადე. ოდნავ, სულ ოდნავ ინძრეოდა კარის სახელური. ჩემმა შიშმა პიკს მიაღწია, ისეთი საზარელი ხავილი აღმომხდა, მოჩვენებასაც კი დააფრთხობდა. ადამიანი მგრძნობიარეა ირეალური მოვლენების მიმართ. მშიერი ლომის დანახვაზე ნამდვილად არ მექნებოდა მსგავსი რეაქცია, რადგან ლომი, მშიერი თუ მაძღარი, მეტნაკლებად, პროგნოზირებადია. ბოლოს და ბოლოს, მოგვარდება და დაგგლიჯავს, ახლა კი...

უცებ კარი გაიღო და ოთახში მოჩვენების მაგივრად ბაკურ სორდიამ შემოაბიჯა. უკან საპატიო ყარაულივით ვამეხად წოდებული როტვეილერი მოჰყვებოდა.

_ რა გაყვირებთ ამ შუაღამისას?

_ კაკუნი გაიგეთ? _ შევძახე სასოწარკვეთილმა.

_ როგორ არ გავიგე, როცა მე ვაკაკუნებდი. _ ხელები გაშალა ბაკურმა.

_ თ-თქვენ?

_ დიახ, ფანჯარა აგიჭედეთ.

ახლაღა გავაცნობიერე, რომ ფანჯარაზე ფიცრები იყო აჭედილი, რამაც თავისთავად გამოიწვია სარკოფაგის ასოციაცია.

_ თქვენ არ იყავით, იქ თეთრთმიანი მოჩვენება დავინახე.

_ თუ ღმერსი გწამთ, იათამზე, რა ფანტაზიებია?! ვამეხ, ლომონოსოვი, ჩქარა! _ უბრძანა ძაღლს.

Page 32: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ძაღლი მოკლე კუდის ქიცინით ოთახიდან გაშპა და მეორე წამს კბილებით პარიკი მოათრია. ბაკურმა პარიკი ჩამოართვა, თავზე დაიმხო და გულიანად ახითხითდა.

_ სასაცილო ქალი ხართ, ჩემმა მზემ... თქვენთან არ მოვიწყენ, ნამდვილად... მოჩვენებაო! ჰა, ჰა, ჰა... გასმის, ვამეხ, მე _ მოჩვენება, შენ _ ბასკერვილების ძაღლი.

ვამეხი ომახიანი ყეფით დაეთანხმა, მე კი ახალი სადარდებელი გამიჩნდა. ეს არაკაცი ყველა სიკეთესთან ერსად ჰომოსექსუალია. სხვა შემთხვევაში, რა დაარბენინებდა პარიკით შუაღამეზე? თანაც ატლასის ნაქარგებიანი ხალათი ჩაუცვამს, ვინ იცის, შიგნით ქალის საცვალს მალავს...

_ გიკვირთ, არა? _ ბაკურმა ჩემი ფიქრის ძაფი დაიჭირა და მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველება მიიღო. _ მსახიობობა ჩემი ჰობია, გატაცება, ფილოლოგიაში ისე ვერ გავშალე ფრთები, როგორც მსურდა, საკანდიდატო დისერტაციას ვერ გავცდი. სამაგიეროდ, სახლში მოვიწყვე მინი_თეატრი, სადაც მე ვარ დამდგმელი რეჟისორი, დრამატურგი, მთავარი გმირი...

_ და მაყურებელი?

_ მყავდა და თქვენი ქმრის გამოისობით დავკარგე! _ შესძახა გაღიზიანებულმა.

_ რატომ ამიჭედეთ ფანჯარა?

_ რა გარანტია მაქვს, რომ ჩემს არყოფნაში ვინმე არ გამოივლის და შველას არ სთხოვთ?

გავჩუმდი.

_ მეთახმებით?

თავი დავუკარი. რა აზრი აქვს მოტყუებას.

_ ჳბი ვიცტორია, უბი ცონცორდია. _ დაბეჭდა ბაკურმა.

_ რა?

_ სადაც გამარჯვებაა, იქ თანხმობაა.

_ ლათინური იცით?

_ მე ბევრი რამე ვიცი, ძვირფასო ტყვექალო... ვამეხ! _ თვალით ანიშნა ძაღლს და ხალათის კალთების ფრიალით გაუჩინარდა.

_ _ _

მანქანის ბღუილი ძილში ჩამესმა. წამოვხტი, მაგრამ სად წავალ... ფანჯარა, გარესამყაროსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება, აჭედილია. პატიმრებსაც კი უტოვებენ პატარა სარკმელს _ ცის ნაგლეჯის დასანახად. ეს ბაკური გამომცემლობაში კი არა, მგონი ციხეში მუშაობს, ზედამხედველად.

_ ის მაინც ვიცოდე სად ვარ! _ შევღაღადე ჭერს და ფეხი იატაკზე დავაბაკუნე.

Page 33: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ყრუ კაკუნმა ადგილზე გამაშეშა. ნუთუ სმენითი ჰალუცინაციები დამეწყო? ბაკური ახლახანს წავიდა, მართლა და მართლა, ძაღლი ხომ არ აკაკუნებს?

ფანჯარას ავეწეპე. ფიცრებს შორის, ვიწრო ღრიჭოებიდან ძლივს აღწევდა სინათლის სხივი. ვინ შეიძლება აკაკუნებდეს ტყეში? კოდალა. სულაც გლეხი, რომელიც ტყეში გავიდა შეშის მოსაჭრელად. ყრუ კაკუნი კი ნაჯახის ხმაა. დაგმანული ფანჯრიდან ვერავის-ვერაფერს გავაგონებ. ფანჯარა უნდა ჩაიმსხვრეს. კართაგენი უნდა დაინგრეს.

მივიხედ-მივიხედე და კარგა მოზრდილი წიგნი დავინახე _ ორთოგრაფიული ლექსიკონი აღმოჩნდა. მთელი ძალით მოვიქნიე და ფანჯარას ვტყორცნე. შუშის მსხვრევის ხმაზე ვამეხი მოასკდა ფანჯარას. ოთახში რას შემოაღწევდა, მაგრამ ქვევიდან ისე ჩასხავდა, ყურებზე აფარებული ხელებით დავიხიე უკან.

ბოლოს ხმა ჩაუწყდა და ხავილზე გადავიდა. სამაგიეროდ მე ამოვიღე ხმა, ფანჯარას მივუახლოვდი და მთელი მსოფლიოს გასაგონად ვიყვირე:

_ მიშველეეეთ!

ვამეხი ჩაკვდა. მე ყელი ჩავიწმინდე და ხელმეორედ ვამცნე ქვეყნიერებას ჩემი უბედურების ამბავი. თუ ტყეში ვინმე სულიერია, უნდა გაიგოს.

არავითარი დამამშვიდებული სიგნალი. სრული იგნორი. იმედგაცრუებული გავიბოტე შუა ოთახში. და უცებ კაკუნი განმეორდა. მობილიზება გავუკეთე მთელ ჩემს მგრძნობელობით ორგანოებს და მივხვდი _ ქვევიდან აკაკუნებენ. მუხლებზე დავეშვი და მოკეცილი თითები იატაკს დავკარი. იმავე წამს პასუხი მივიღე _ კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კაკ-კუკ...

ვაიმე! იქ, ქვევით, ვიღაც არის! ვიღაც კი არა, კიდევ ერთი მძევალი. ლეკიანობაა, მამაძაღლი?!

ტუალეტის კედელზე ამოჩორკნილი გზავნილი გამახსენდა.

სავარაუდოდ, ჩემამდე ამ ოთახში ვინმე გელა იმყოფებოდა, რომელიც გარემოებათა გამო სარდაფში იქნა გამწესებული.

_ ვინ ხარ? _ ჩავყვირე იატაკს.

იმან მუსიკალური სიგნალი გამომიგზავნა _ ერთი ძლიერი და სამი მოკლე დარტყმა. მძევალი #2 მორზეს ანბანის საშუალებით თუ ცდილობს ჩემთან დაკავშირებას, ვეჭვობ რაიმე გამოუვიდეს. ამ ღირსშესანიშნავი ანბანის შესახებ მხოლოდ ბავშვობაში წაკითხული წიგნებიდან ვიცი.

რამე უნდა მოვიფიქრო. ეს უბედური გელა ჩემზე უარეს დღეშია, ვინ იცის, რამდენ ხანს იმყოფება ტყვეობაში. შუშის მოზრდილ ნატეხს ხელი დავავლე და პარკეტის ამოყრას შევეცადე.

თითი გამეჭრა. ვიფიქრე, დავიკიდებ, მაგრამ ჭრილობა ისე ამეწვა, რომ კეთილი ვინებე და საპირფარეშოში გავიქეცი. სისხლით გაწეპილი თითები მოვიბანე, შუშის ნატეხი გაზეთში გავახვიე და პარკეტის ჩიჩქნა განვაგრძე.

შუბლზე გამოსული ოფლი სახელოთი მოვიწმინდე და ქვევიდან წამოსულ ფხაკუნს მივაყურადე. ისიც რაღაცას ჩალიჩობს, რა ჰქნას...

არ მაქვს ჩაფიქრების ფუფუნება. მუშაობა განვაგრძე. და აი, როცა უკვე არაქათი გამომელია და მთელი ხელისგულები დამესერა, ერთი პარკეტი მოლაყლაყდა. შუშის ნამსხვრევი მოვისროლე და თითებით დავეძგერე.

Page 34: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

წკაპ, და ამოხტა. ვაშააა! პარკეტი გულზე მივიხუტე, საპატიო ბაირაღივით. ქვევით სამშენებლო ტოლი აღმოჩნდა.

_ ეი, გესმის ჩემი? _ ჩავძახე ჩაშავებულ ღრმულს.

კაკუნი სულ სხვა მხრიდან მომესმა. ისიც ერთხელ და სუსტად. ჩემი არ იყოს, ალბათ ისიც დაიღალა. ხუმრობა საქმეა, პირველყოფილი იარაღით მანიპულირება?!

პარკეტი თავის ადგილზე ჩავაკვეხე, ფეხსაცმლის ქუსლით დავტკეპნე და შუშის ნამსხვრევების აკრეფას შევუდექი.

სწორედ ამ საქმიანობისას მომისწრო ბაკურმა.

_ ეს რა არის? _ იკითხა მკაცრად.

_ ფანჯარა გამიტყდა. _ ვუპასუხე დარცხვენილმა.

ბაკურმა ფენოვანი ხაჭაპურებით სავსე პარკი ტომბოზე მიაგდო და პირველ რიგში გისოსების სიმყარე შეამოწმა, თითქოს ინტუიციით იგრძნო ჩემი მზაკვრული ჩანაფიქრი.

_ ვიფიქრე, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ... გამოღებისთანავე მინა ამოვარდა, ძალიან სუსტად იყო ჩასმული, ნახეთ, მეორე ფანჯარაც როგორ ზრიალებს.

ვამეხმა არ მაცალა თავის მართლება, ყეფით გამაწყვეტინა სიტყვა და დორბლის ფრქვევით დაბრზრიალდა პატრონის გარშემო.

_ რაო, ვამეხ, მიჰქარავს ჩვენი ტყვექალი?

ძაღლი კუდის ქიცინით დაეთანხმა.

_ სუფთა ჰაერს ჩემი თანდასწრებით ჩაყლაპავთ. _ გამაფრთხილა ბაკურმა. _ და საერთოდ, აწი ყველაფერს ჩემი თანდასწრებით გააკეთებთ.

_ `ყველაფერში~ რას გულისხმობთ? _ გული გადამიქანდა, ვიფიქრე, ტუალეტში არ შემომყვეს ეს შეჩვენებული.

_ თითქმის ყველაფერს. _ დააზუსტა ბაკურმა. _ შეგიძლიათ ჭამოთ, სანამ გაცივდება. მე ჩაის მოვადუღებ.

რაღა დაგიმალოთ, სიამოვნებით ჩავკბიჩე თბილ-თბილი ხაჭაპური. ჩვეულებრივი ფენოვანი იყო, ქუჩაში რომ ყიდიან, ისეთი. აქედან დასკვნა: ადგილი, სადაც ვიმყოფები, თბილისთან ახლოსაა. ამ არგუმენტს ამყარებს პატივცემული ფილოლოგის მიმოსვლა სამსახურში. ცხადია, რომ გამომცემლობა ტყეში არ იქნება.

ბაკურმა ორი ჭიქა ჩაი შემოაწკარუნა. მისმა ჟესტმა სითამამე შემმატა. ერთობლივი ჩაისსმა გულახდილი საუბრის წინაპირობაა. იქნებ სუსტი წერტილი მოვუძებნო და თავის დაძვრენა მოვახერხო?! გრანდიოზული იდეებით შეპყრობილები უცილობლად საჭიროებენ აუდიტორიას. შეიძლება მთელი ცხოვრება ჩაკეტილ გარემოში გაატარონ და ეს ფაქტი თავიანთი განსაკუთრებულობით გაამართლონ, მაგრამ როგორც კი ასპარეზზე მსმენელი გაიჭაჭანებს, პირში ენა არ უჩერდებათ. სიამოვნებით მივიღებ პირველ დარტყმას, ოღონდ აქედან გავაღწიო.

_ სად ვიმყოფებით? _ სხვათაშორის ვკითხე.

_ არ გეტყვით. _ მყისვე მიპასუხა. კარგი რეაქცია აქვს, ოხერს.

_ რატომ?

_ იმიტომ.

Page 35: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

აღარ ჩავაცივდი, ნებისყოფა მოვიკრიფე და თბილისური ამბებით დავინტერესდი.

_ გეძებენ, ქალბატონო იათამზე, ტელევიზიით ჯერ არ განუცხადებიას, მაგრამ თქვენი მეუღლეს მოვკარი თვალი ერთი მოზვერივით კაცის გარემოცვაში. გიჟებივით დააქროლებდნენ მანქანას. ქუჩაში გეძებენ, სულელები...

`მოზვერივით კაცი~ სერგო იქნება, ალბათ დათას ჰგონია მაიორმა ჩამითრია შავბნელ საქმეებში, იცოდეს მაინც, ვის გამო ვისჯები...

_ რას გაძლევთ ჩემი დასჯა, თუკი დათამ არაფერი იცის თავისი `დანაშაულის~ შესახებ? ამირან გულში მღეროდაო, ისე მოგდით.

_ `ამირანმა დევი დასცა, დააწყებინა ღრიალი, დასცა და ბეჭი _

მოსტეხა, ადგილიც დახვდა ქვიანი.~ _ არტისტულად მიპასუხა ბაკურმა. ცხადია, ამირანში თავის თავს გულისმობდა, ბოროტ დევში, რაღა თქმა უნდა _ დათას.

_ `მაცა, ამირან, ნუ მომკლავ, ქალი გასწავლო თმიანი, წადი იმისთვის იომე, თუ ომი შეგიძლიანი~. _ მეც ლექსად ვუპასუხე.

_ `რას მიცინი, დევის ქალო, რას მიელვებ თეთრსა კბილსა, გამივლი და გამომივლი, გამისინჯავ ბაგე-კბილსა~. _ ახლა იმან მიპასუხა და შთაგონებული მზერა მომაპყრო.

მიყურე რამდენიც გინდა, გავიფიქრე ჩემთვის, ჩემი მწირი ცოდნა ამირანზე ამით ამოიწურა. რამე უნდა შევუგდო, რამე უფრო სერიოზული, როგორმე თავი უნდა შევაცოდო ამ ფსევდო-ინტელექტუალურ არარაობას. მეათე კლასში `ჰამლეტი~ დავდგით, მე მეფის აჩრდილს ვთამაშობდი, როგორც ყველაზე მაღალი კლასში.

_ `მე სული ვარ მამაშენისა... და სასჯელად მდევს ხანსა რასმე ღამე ვიარო... ~ _ დავიწყე მეხუთე აქტიდან, სადაც მეფის ასტრალური სხეული პირველად წარსდგება პრინცის წინაშე.

უნდა გენახათ ბაკური რა დღეში ჩავარდა _ ხელისგულები მიატყუპა, თვალში ცრემლი ჩაიყენა, პირზე _ ნერწყვი... აღმაფრენისგან ლამის ეპილეფსიური შეტევა დაემართა.

_ `ოჰ, ზეცის ძალნო, დედამიწავ, რაღა ვთქვა კიდევ? თუნდ ჯოჯოხეთიც მასთან იყოს, ფუ, ამ სიცოცხლეს... გულო, დამშვიდდი, და ძარღვებო, ნუ დამიჩლუნგდით..~ _ სხაპასხუპით წამოიძახა და პასუხის მოლოდინში თვალებანთებული გაირინდა.

მე კი ისევ ჩავფიქრდი. რომ მცოდნობა ვისთან მექნებოდა საქმე, იპოდრომზე წასვლის წინ შექსპირს გადავიმეორებდი.

_ `მშვიდობით, ჰამლეტ, მიგონებდე, არ დამივიწყო!~ _ ბოლო აკორდი გამახსენდა.

_ `ჰოი, ავსულო დედაკაცო, ჰოი, ბოროტო, პირის მღიმარევ, დაწყევლილო, ბოროტო გულის.~

მომიახლოვდა. გამომცდელად მიყურებს, თითქოს მე ვიყო ის ავსული დედოფალი.

_ `არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!~ _ მეხსიერების ლაბირინთიდან კიდევ ერთი ციტატა ამოვტყორცნე.

_ კრეტინო! _ იწივლა ბაკურმა.

გაოგნებული მივაჩერდი. ვერ მივხვდი, ვისი მისამართით ისროლა რეპლიკა _ დედოფლის, ჰამლეტის თუ პატივცემული აჩრდილის?

Page 36: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ კრეტინო! ლენცოფის წვენით გაკეთებული! ამ ფრაზას ჰამლეტი ამბობს, აჩრდილი კი არა!

თურმე ჩემი მისამართით ამბობს, ეს მართლა აჩრდილის პროვოკაცია. მადლობის მაგივრად, აქეთ მიყვირის.

_ შეურაცხყოფა _ დამცირების ყველაზე პრიმიტიული ფორმაა. _ წარმოვთქვი დედოფლის შესაშური სიმშვიდით და ზურგი შევაქციე.

უკნიდან გახშირებული სუნთქვა მესმის. რამე არ ჩამაფაროს თავში ამ შეჩვანებულმა. ანდა უარესი _ პანჩური ამომკრას. სადაც შექსპირის ციტირებისას `კრეტინი~ იხმარა, არც ეს გაუჭირდება. ღმერთო, მიშველე!

_ მაპატიეთ, იათამზე! _ მავედრებელი ხმით შემომიარა ბაკურმა და წინ ამესვეტა. _ არ მინდოდა თქვენი წყენინება, უბრალოდ ემოციებს ავყევი... იცით, როცა როლში შევიჭრები, გამოსვლა მიჭირს...

_ თქვენ საკუთარი როლიდან გიჭირთ გამოსვლა.

ცივად ვუთხარი და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. გამომყვა, ჩემს წინ ჩაიცუცქა და ნამიანი თითებით შემეხო, თითქოს ხელზე გომბეშო დამაჯდა. უნდა მოვითმინო. ბაკურისთვის თეატრალური წარმოდგენები იგივეა, რაც ბავშვისთვის _ სახლობანას თამაში. ეს ამბავი ჩემს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენო, თუმცა მის ზეთიან თვალებში სურვილის მაგვარი ნაპერწკალი დაცახცახებს და აზრების მოკრებაში ხელს მიშლის. არ მგონია რამის თავი ჰქონდეს... მგრძნობიარე ტიპაჟები ლიბიდოს უკმარისობით გამოირჩევიან. კაცად რომ ვარგოდეს, ცოლი არ მიატოვებდა. ვინ იცის, საწყალ ირინეს ჯანმრთელი სექსის ნაცვლად ამაღლებული ციტატებით უმასპინძლდებოდა. იმიტომაც ვერ მოარტყა სადაც ჯერს არს, ქალს საშვილოსნოს გარე ორსულობა აჰკიდა და მერე ჩემს ქმარს დააბრალა.

_ მოდით, ნუ დავწვრილმანდებით, იათამზე... გინდათ, რაღაც გაჩვენოთ?

გული გადამიქანდა. ოღონდ იმას ნუ მაჩვენებს, რაზეც ახლა გავიფიქრე, დანარჩენზე თანახმა ვარ.

_ გაჩნია რა... _ ყოველ შემთხვევაში, დაზუსტება მოვითხოვე.

_ სიურპრიზი.

_ სიურპრიზი... ლეკვი?

_ რომელი ლეკვი?

_ რომლის საშუალებითაც მანქანაში შემიტყუეთ.

_ ააა... ეგ ჩვეულებრივი ნაგაზის ლეკვია, თავისი დანიშნულება შეასრულა და პატრონს დავუბრუნე. წამოდით. _ მაჯაში ხელი ჩამავლო და სხვა ოთახში გამიყვანა.

_ აი, ესაა ჩემი სამყარო! _ შესძახა აქოშინებულმა.

ოთახი სავსე იყო თეატრალური რეკვიზიტებით _ პარიკები, ძველებული ქუდების მთელი კოლექცია, მოსასხამები, მუშკეტერის ბოტფორდები... ერთი კუთხე ქართული ფოლკლორის ნიმუშებისთვის დაეთმო _ ნაბადზე გაკრული ხმალი, ხანჯალი და კაჟიანი რევოლვერი საპირესწამლე თაროთი... შავად ბზინავდა წინაისტორიული საკერავი მანქანა `ზინგერი~, ბრინჯაოს სადგამზე თავმომწონედ ყელყელაობდა უზარმაზარი ძველებური გლობუსი.

Page 37: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

არ ვიცი, რომელი სამედიცინო ტერმინი მივუსადაგო ბაკურისთანა გატაცების ადამიანს. ჰომოსუქსუალი არ ჩანს (რეკვიზიტებში კაცის ტანსაცმელი ჭარბობს), არც ტრანსსექსუალი (რაც არ უნდა იყოს, ნაცოლიარია). ნერონის სინდრომით შეპყრობილი ვერშემდგარი მსახიობი.

_ შთამბეჭდავია. გიყვართ თეატრი?

_ თეატრით გატაცება წარსულს ჩაბარდა. ჩემთვის დამამცირებელი აღმოჩნდა მუდმივად მაყურებლის ამპლუაში ყოფნა. ზიხარ და აღტკინებული გაჰყვირი: ბრავო, ბრავისიმო! ისინი კი ხელიხელხაკიდებულები გამოდიან, მსახიობები... თავს გიკრავენ, აბსოლუტურად დარწმუნებულები საკუთარ უნიკალურობაში. მერე მიდიან სახლებში და ლობიოს ხეთქავენ, ზედაც ნივრის წნილს აყოლებენ. _ დაამატა ზიზღნარევი სარკაზმით.

_ უკაცრავად, მაგრამ გუშინ თქვენც ლობიო გქონდათ სადილად. თუ მსახიობი სცენის მტვერის ყლაპვით უნდა დაკმაყოფილდეს?

_ რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ნურც განსაკუთრებულ ადამიანებად მოგვაჩვენებენ თავს. მსახიობობაც ისეთი პროფესიაა, როგორც ფილოლოგობა, ექიმობა, მეხანძრეობა... თქვენ რა სპეციალობის ბრძანდებით? _ მომიბრუნდა ინტერესით.

_ გერმანისტი.

_ დას ისტ ფანტასტიკ! _ ბაკურმა თაროდან ხავერდის ბუმბულიანი ქუდი დაითრია და სარკის წინ მოიზომა. _ ფანტასტიკ? _ სარკიდან დამეკითხა. _ ეს მუშკეტერების ბერეტია, ეს კი შპაგა. ორივე `მოსფილმში~ შევიძინე, იქაური ადმინისტრატორი მოვისყიდე და... _ მან რამდენიმე, საკმაოდ პროფესიონალური მოძრაობა გააკეთა: ფეხები მუხლებში მოხარა, მარცხენა ხელით დოინჯი შემოიყარა, მარჯვენაში ჩაბღუჯული შპაგით კი ჰაერი გაკვეთა.

_ რაში გჭირდებათ?

_ როცა ეს ქუდი მახურავს, თავი მუშკეტერი მგონია. ხოლო როცა ეს პარიკი _ კარდინალი გოუდლი. _ ბაკურმა ბერეტი და შპაგა მოისროლა და თავზე პარიკი მოირგო.

_ თუ მიხაილო ლომონოსოვი?

_ ლომონოსოვის პარიკი უფრო მოკლეა. _ მომიჭრა ბაკურმა და ხავერდის მბზინავი მოსასხამი ამიფრიალა: უხვნაკეციანი, ოქროსა და ვერცხლის ძაფებით დაქარგული, ბისერებითა და ფერადი ქვებით გაწყობილი. _ ეს კარდინალ რიშელიეს მოსასხამი გახლავს. ჩემი სიამაყე. მკითხეთ, რატომ?

_ რატომ?

_ ჩემი შეკერილია და იმიტომ. მთელი წელი თავდაუზოგავად ვმუშაობდი. კარდინალზე მქონდა საინტერესო ისტორიული ნარკვევი, იცით, მუშაობისას მის სიახლოვეს ვგრძნობდი, თითქოს მამხნევებდა... მოგწონთ?

_ დიდებულია. _ სრულიად სერიოზულად ვუთხარი. ამასწინანდელი დეფილე გამახსენდა _ მწერის თავებით, კუდებითა და სხვა ატავიზმებით. _ არასოდეს გიცდიათ გამოფენის მოწყობა?

_ არა. მე ხომ ახალს არაფერს ვქმნი. ეს სამოსი უკვე შექმნილის ასლია, სუროგატი... ისინი მხოლოდ პერსონაჟების გასაცოცხლებლად მჭირდება.

_ დასანანია, ეს სილამაზე ვინმემ უნდა ნახოს.

_ მართლა მოგწონთ?

Page 38: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ ძალიან.

_ მიტრიალდით. ფანჯარასთან დადექით და სანამ არ გეტყვით, არ მოიხედოთ.

პირველად ვერც გავაცნობიერე, რომ ფორტუნამ გამიღიმა, მაგრამ როცა შორს, მთის ძირში, წყლის ფირუზისფერი ზედაპირი დავინახე, მივხვდი, რომ ანანურში ვარ, ფირუზისფერი წყალი კი ჟინვალის წყალსაცავია. ბაკურის სახლი საკმაოდ შორს დგას დასახლებული პუნქტიდან. უკან ტყე ესაზღვრება, წინა მხარე, სადაც ამ წუთში ვიმყოფები, ეზოს გადაჰყურებს. ოთახიდან თუ გავაღწიე, ეზოდან გაქცევას წინ არაფერი უდგას. უკვე წარმოვიდგინე, როგორ ვახტები ჭიშკარს, როგორ ჩავრბივარ დაღმართზე, როგორ ვთხოვ შველას პირველ შემხვედრს...

_ ღრრრ... _ ვამეხი გვერდით ამომიდგა და გამაფრთხილებლად შემიღრინა. ნეტავ, ამ ძაღლთან დამეგობრება არ შეიძლება?

_ ვამეხ... _ მეგობრულად მივმართე.

პასუხად ვარდისფერი ენა გადმოგდო. რამე რომ იყოს, ნეტავ ძაღლის მოკვლა შემიძლია? ისე, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, ბაკურსაც მიასიკვდილებდა კაცი, მაგრამ როგორ? არც ცივი იარაღი მაქვს, არც ცხელი. ხმლის დათრევა შემიძლია, მაგრამ ხმლით ავკუწვის რა მოგახსენოთ... რაიმე ქალური უნდა მოვიფიქრო, მაგალითად, საწამლავი...

_ შეგიძლიათ მოიხედოთ. _ ნება დამრთო ბაკურმა.

არ მეგონა, ჩემს სიტუაციაში რამე თუ გამაკვირვებდა, მაგრამ ბაკურის ფანტაზიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემ წინ იდგა შუა საუკუნეების ესპანელი დიდგვაროვანი. კარკასზე დამაგრებული თეთრი საყელოთი, ალისფერი ტუნიკით, შავი პარიკით...

_ ვერასოდეს მიხვდებით ვინ ვარ... ფლორენციის მმართველი ჯულიანო მედიჩი. _ ბაკურმა ცალი ფეხი წინ გამოაგდო და რაღაც რევერანსის მსგავსი მოძრაობა გააკეთა.

_ ოჰო!

_ დიახ! პირველად, ვარშავის ნაციონალურ მუზეუმში ვნახე მისი პორტრეტი, ანტონიო ბრონზინის ნამუშევარი. ისეთი სულიერი სიახლოვე ვიგრძენი, ისე ავღელდი, რომ ტირილი წამსკდა.

_ რა სჭირდა ფლორემციის მმართველს თქვენი შესაცოდი?

_ ჯულიანოს შეყვარებული მოუკვდა, მშვენიერი სიმონეტა. სხვათა შორის, ამ ქალს სანდრო ბოტიჩელიც ყვარობდა და ხატავდა კიდეც. ეჰ, მე რომ იმ დროს მეცხოვრა...

_ ესეც თქვენ შეკერეთ? _ აღარ შემეძლო მისი ბოდვის მოსმენა და ტუნიკის ქსოვილზე ვანიშნე.

_ ნაწილობრივ კი. რესტავრაცია გავუკეთე. ამასწინათ რუსთაველის თეატრმა რეკვიზიტი განაახლა, ძველი, გამოუსადეგარი სამოსი საწყობში მოაქუჩეს. ავდექი და მთელი ტომარა გამოვისყიდე. ეს საყელოებიც იქ აღმოვაჩინე, მეთექვსმეტე საუკუნის ესპანური მოდაა... ხომ ძალზე ელეგანტურია?... ქსოვილს სახამებელში ავლებდნენ, გოფრირებულ ფორმას აძლევდნენ და მავრთულის კარკასზე სვამდნენ. ირინეს ჰქონდა ამოჩემებული ერთი სადღესასწაულო კაბა საქსონური საყელოსი. პატარა მოგივათ, თორემ მოგაზომებდით.

_ არა, არ მინდა! _ ისე შევიცხადე, რომ ბაკურს მომენტალურად წაუხდა ხასიათი, ღიმილი ჩამოერეცხა და დაუფარავი საყვედურით შემომხედა.

Page 39: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

რაღაც უნდა მოვიმოქმედო... ბუმბულით გაწყობილ ფარჩის ბერეტს ხელი დავტაცე და სასწრაფოდ ავღფრთოვანდი.

არ გაჭრა.

_ დღეისათვის საკმარისია. _ ჩაიბურტუნა და ციმციმ მიმაბრძანა ჴოთახიდან.

_ სხვათა შორის, ორი დღეა არ დამიბანია. მალე ტილები დამეხვევა. _ კართან არმისული გავჯიუტდი.

_ მთავარია, მატლები არ დაგეხვეთ.

_ ვითომ რა მნიშვნელობა აქვს?

_ აქვს: მატლები მკვდარს ეხვევიან, ტილები _ ცოცხალს. გასაგებია? _ უხეშად მიბიძგა და კარი გარედან გადარაზა.

_ პირადი ჰიგიენის დაცვა პატივმოყვარეობის ამბავია, ისე იქცევით, თითქოს არასოდეს გყოლიას ქალი! _ მივაძახე გაგულისებულმა.

პატრონის ნაცვლად ძაღლი გამეპასუხა: გაავებულმა შეჰყეფა, უკანა თათებზე შეხტა და ბრჭყალებით კარი მოფხოჭნა.

ხელი ჩავიქნიე და საწოლზე მივეგდე. ეტყობა, რაღაც მომენტში ჩამთვლიმა, რადგან როცა თვალი გავახილე, უკვე ბინდდებოდა. პირველი, რაც დავინახე, იყო სინათლის უწვრილესი ზოლი, რომელიც ლაზერის სხივივით კვეთდა ოთახს და რომელიც აშკარად კარიდან იღებდა სათავეს.

თვალისდახამხამებაში გავჩნდი კართან და შუქის წყარო საჩვენებელი თითით დავგმანე. სხივი გაქრა. ამას ჰქვია, თაგვმა თხარაო... იმ სულელმა როტვეილერმა იმდენი უტყაპუნა თათები კარს, სანამ ხე არ გახვრიტა. ნახვრეტი პატარა იყო, ასანთისთავისხელა, მაგრამ ბაკურის არყოფნაში მისი გადიდება და ძაღლის მოშინაურება შემეძლო.

ნახვრეტი ფურცლის ნაგლეჯის დავგმანე და გათენებას დაველოდე.

_ _ _

ბაკურის სამსახურში წასვლისთანავე მონიშნული პარკეტი ამოვასკუპე, შუშის ნატეხი მოვიმარჯვე და შევუბერე. ტოლის ქვეშ ბეტონი აღმოჩნდა. ბეტონს შუშის ნატეხით ვერ მოჩიჩქნი, ამას დრელი უნდა.

_ ეი, ვინ ხარ მანდ, გესმის ჩემი? _ ჩავძახე რკინა-ბეტონის კონსტრუქციას.

დაგუბებული ბგერები გაისმა, თუმცა სიტყვები ვერ გავარჩიე.

_ ხმამაღლა! _ ვთხოვე სასოწარკვეთილმა.

_ ტუა... ...ადი _ ხმა მამაკაცს ეკუთვნოდა.

_ რა?

_ მი... მილია... საჰააო...

_ რა?

Page 40: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ საჰააოო...

ეს `საჰააო~ რაღაა, უდაბნო საჰარა? საათი, ჰაერი?...

_ არ მესმის!

ამჯერად კაკუნი შორიდან მომესმა, ხმაც თითქოს მიწყდა. დავიღალე. მაჯა მეტკინა, ხმა ჩამეხლიჩა, ხელისგული დამისისხლიანდა... ტუალეტამდე მივლასლასდი, კასრიდან წყალი ამოვიღე და გახურებულ სახეზე შევისხი.

_ მილი... საჰააო... _ გავიგე საკმაოდ გარკვევით.

ჩამჩა ხელიდან გამივარდა, გაოგნებული დავეშვი ტურტლიან მეტლახზე:

_ ეი, გესმის ჩემი?

კაკუნი უნიტაზის სიახლოვეს გაისმა, მზერა ავაყოლე და საჰაერო ბადე დავინახე. ელვის სისწრაფით შევხტი უნიტაზზე, აბლაბუდით დაფარულ საჰაეროს ტუჩები დავუმიზნე და სიხარულის ყიჟინა დავეცი.

_ ვინ ხარ? _ მკითხა უცნობმა.

_ იათამზე. შენ გელა ხარ?

_ საიდან იცი?

_ კედელზე ეწერა.

_ ააა... მე დავწერე.

_ მივხვდი.

_ იმ ნერონმა თუ მოგვისწრო, ორივეს მოგვკლავს.

_ ბაკურს გულისხმობ?

_ ხო. გაქცევის შანსი არის?

_ ძაღლი უნდა მოვისყიდოთ.

_ ფრთხილად იყავი, მე ორჯერ დამგლიჯა, ორივეჯერ გაქცევის მცდელობისას.

_ რას გერჩის?

_ ძაღლი?

_ არა, ბაკური.

_ ნათესავად მეკუთვნის ეგ არანორმალური. _ ამოიოხრა გელამ. ლაპარაკის მანერა სბილისური აქვს, ცოტა ძველბიზური, მაგრამ არაგამაღიზიანებელი. მსგავსი ტიპა;ი რა სქმა უნდა ვერ გამონახავდა საერსოს ციტატების მტყორცნელ სიძესსან.

_ რა-ა?

_ ჩემი და ჰყავს ცოლად.

_ ირინე?

_ იცნობ ირას?

_ პირადად არა, ბაკურისგან.

Page 41: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ მე კი ვიცოდი, რომ გიჟია, ვაფრთხილებდი კიდეც ჩემს სულელ დას, მაგრამ ვინ დამიჯერა... შენ რას გერჩის?

მოკლედ მოვუყევი ჩემი აქ ყოფნის ბაკურისეული ვერსიის შესახებ.

_ დარწმუნებული ხარ? _ გარკვეული პაუზის მერე გამეპასუხა გელა.

_ რაში?

_ რომ ოპერაცია გაუკეთდა.

_ რაც ვიცი, ბაკურისგან ვიცი, რაც შეეხება ჩემს ქმარს, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება.

_ ძაღლის ყეფა გესმით?

_ ყეფაც მესმის და მანქანის ხმაც, აბა, დროებით.

ფართხაფურთხით ჩამოვხტი უნიტაზიდან. ოთახში ამოჩიჩქნილი პარკეტი და შუშის ნატეხი დამრჩა, ბაკურის შემოსვლამდე უნდა მოვასწრო `დანაშაულის~ კვალის ალაგმვა.

კარი სწორედ იმ მომენტში გაიღო, როცა პარკეტს ბუდეში ვაკვეხებდი, ის კი არაფრით ჯდებოდა. დრო არ ითმენდა, ჭირვეულ პარკეტს ზევიდან დავაჯექი და თვალდახუჭული გავირინდე ბუდას პოზაში.

_ რას აკეთებთ? _ მკითხა შემოსვლისთანავე.

_ მედიტაციაში ვიმყოფები.

_ სისულელეა. მედიტაციაში ჯდომას, სჯობს ილოცოთ. რწმენა მთების დაძვრა შეუძლია. `უკეთუ გაქვნდეს სარწმუნოებანი, ჰრქვა მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქით, და მიიცვალოს.~

გაკვირვებულმა ვჭყიტე თვალი. კაცი, რომელსაც ორ-ორი მძევალი ჰყავს, რწმენაზე მელაპარაკება!

_ იათამზე, ნუ მიყურებთ პავლე მოციქულის თვალებით, ჩემი სინდისი სუფთაა.

თვალები დავხუჭე და მედიტაციის გათამაშება განვაგრძე. ვიგრძენი _ ვამეხი მომიახლოვდა და კისერში ჩამასუნთქა.

`წადი~ ძაღლს დისტანციური მესიჯი გავუგზავნე.

მგონი დამიჯერა. როცა თვალები გავახილე, ოთახში არც ძაღლი დამხვდა, არც პატრონი. მკვირცხლად წამოვხტი, პარკეტი ბუდეში ჩავსვი და აწრიალებული კუჭით კართან ავიტუზე, პავლოვის ძაღლივით.

ცოტა ხანში ბაკურმა სადილზე მიმიპატიჟა.

გრძელსა და ვიწრო სამზარეულოში უწესრიგობა სუფევდა. ჯამ-ჭურჭელი ძველი იყო, ალბათ ჯერ კიდევ ბაკურის მშობლების ნაქონი. ვერ ვიტყოდი, რომ ჭუჭყიანი, მაგრამ დიასახლისის ხელის შევლება ნამდვილად სჭირდებოდა. ჩაშავებულ ტაფაზე ქათმის ბარკალები შიშხინებდა, მაგიდაზე იდო ერთი თავი იმერული ყველი და ტყემლის ბოთლი.

_ დაბრძანდით. _ სკამზე მიმითითა ბაკურმა, ვამეხს კი კარში დგომა უბრძანა _ თუკი, რამეს დავაპირებდი, მზადყოფნაში ყოფილიყო.

_ რა ხდება თბილისში?

Page 42: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ `განა ქვიშაში არის სიმშვდე, გოგირდის ხრაკში _ ამბრის სურნელი?~ _ თვითმარქვია ციცერონმა პარკიდან თეთრი პური ამოიღო და კარგა მოზრდილი დანა მოიმარჯვა.

_ რა ხდება თბილისში?

_ `ამაოების გზებით ვიდოდით და ახლა ვხმებით, ვით ყვავილები...~

_ რა ხდება თბილისში?

_ წეღან მედიტაცია ახსენეთ, ერკვევით ინდურ ფილოსოფიაში?

_ არა.

_ სამწუხაროა. დჰამაპადას ლექსს ვციტირებდი... ვიფიქრე, ამყვებით.

ამ კაცს ცოცხალი ენციკლოპედია ვგონივარ. დჰამაპადას არათუ ლექსი, სახელიც პირველად მესმის. ღმერთო, ვის გადავეყარე?

ბაკურმა პური დაჭრა და ბარკლების გადანაწილებას შეუდგა. ორი ბარკალი ტაფაზე დატოვა, სავარაუდოდ, ცოლისძმისთვის. ბარკალთან დაკავშირებით მეც ჩემი გეგმა მაქვს, ამიტომ ერთით დავკმაყოფილდი და ყველიან ბუტერბროდს მივაწექი.

მიუხედავად ბაკურის მცდელობისა, სუფრაზე ლაპარაკი ვერ აეწყო. ჩემს სტრატეგიას ერთი სერიოზული ნაკლი აღმოაჩნდა _ გამტაცებლის მზარდი ინტერესი გატაცებულის მიმართ. ადრე მისთვის მხოლოდ ბოროტი ექიმის ცოლი ვიყავი, დღეს კი თავისი წრის ადამიანად აღმიქვავდა, სადილზე მპატიჟებდა, საუბრის გაბმა სურდა... არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში ირინეს ჩემით ჩანაცვლების იდეამ მოუაროს. ბოლო უნდა მოეღოს ჩემი მხრივ ხბოს აღტაცებას მისი ინტელექტით, ვინ იცის, ამაღამ რა კონცერტებს მიმზადებს...

_ თქვენის ნებართვით, გავალ და ამასაც გავიყოლებ. მოგვიანებით შევჭამ. _ ქათმის ბარკალი და ყველის ნაჭერი ხელსახოცში გავახვიე და წამოვდექი.

_ რატომ? _ იმედგაცრუებული ბავშვივით მკითხა ბაკურმა.

_ შაკიკი მაქვს. უნდა წამოვწვე, იქნებ დამეძინოს.

_ ჰოო... კეთილი, კეთილი... ერთი წუთით... თქვენთან პატარა პრეზენტი მაქვს.

ბაკურმა პირზე ხელსახოცი ჩამოისვა, თაროზე შემოდებული პარკი დაითრია და იდუმალი გამომეტყველების გამომიწოდა:

_ ოღონდ აქ არ გახსნათ.

_ ტროტილი ხომ არ არის?

_ როგორ გეკადრებათ! _ თქვა და მოულოდნელად გაწითლდა.

ოთახში შესვლისთანავე პარკს ვეცი. ერთი პირსახოცი და სამი ცალი ახალთახალი ტანგა _ სასირცხვოზე ამოდებული სამკუთხედითა და დუნდულებში შეზრდილი ზონრით. აი, რა იყო შიგნით.

ჩავიფხუკუნე. ამ კაცს ვინ ვგონივარ... ნუთუ მაღაზიებში დაილია ჩვეულებრივი მამაპაპური საცვალი, რამ აყიდინა ჰიპერსექსუალური ტანგა, თუკი გულში მამაძაღლობა არ უდევს?... რა ვქნა, იქნებ გავაპროტესტო, ღირსებაშელახული ბანოვანი გავითამაშო, ჰა?

არა. მგონი არ ღირს. ასეთი შინაარსის პროტესტი უფრო დაგვაახლოვებს. კაცს რომ ნაჩუქარ ნიფხავზე დაელაპარაკები, იმისგან აღარაფერია გასაკვირი. არ გამოვრიცხავ,

Page 43: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

რეკვიზიტებში კაზანოვას პარიკი ეგულებოდეს და ღამით ცნობილი მექალთანის როლში გამომეცხადოს.

_ _ _

ღამით შხაპუნა წვიმამ გამომაღვიძა. ისეთი ნოსტალგია შემომაწვა, კინაღამ ხმამაღლა ავბღავლდი. ჩემი ბავშვობის სახლი მომენატრა, გახამებული თეთრეული, წვიმაში გატყაპუნება... ახლაც გავტყაპუნდებოდი, მაგრამ მეშინია, ბაკურიც არ შემომიერთდეს, შპაგით ხელში.

კართან ჩავიცუცქე და ჭურჭუტანაში გავიჭყიტე. სიბნელეში ვერაფრი გავარჩიე, სამაგიეროდ ყურს ძაღლის ქშენა მისწვდა. კართან მყარაულობს, ეს ცერბერის ნათესავი!

საპირფარეშოში გადავინაცვლე და ფრთხილად დავაკაკუნე. გელა წამში გაეპასუხა:

_ იათამზე!

_ როგორ ხართ?

_ გაგიჟდი? ახლავე დაწექი, ბაკურმა არ გაიგოს.

_ არ მეძინება.

_ გათენებას დაელოდე, ხვალ ჩემს გეგმას გაგაცნობ.

_ რა გეგმას?

_ ხვალ.

დავუჯერე. ლოგინში შევწექი და ბავშვობაზე ჩავიციკლე.

უცნაური სიზმარი ვნახე, თითქოს წვიმაში ლიზგინკას ვცეკვავდი, გვერდში ნაბადში გამოწყობილი ბაკური მომყვებოდა. ვცეკვავდი და მიკვირდა _ რა კარგი ცეკვა მცოდნია, ნეტავ, სად და როდის ვისწავლე... უცებ გაიელვა _ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ვერ მივხვდი, სიზმარში ვარ თუ ცხადში ელავს. თვალები გავახილე და ბაკური არ დავინახე?! ხელში ფოტოაპარატი ეჭირა და სურათებს მიღებდა. მერეღა აღვიქვი, რომ ტანგისამარა ვგდივარ საწოლზე, საბანი კი იატაკზე გდია.

_ რას აკეთებთ? _ ვიბღავლე სასოწარკვეთილმა და მკერდზე დაგორგლილი მაისური ჩავიჩაჩე.

ბაკურმა ირიბად ჩაიცინა და ფოტოაპარტი ბუდეში შეინახა.

_ თქვენს ქმარს იმაზე დიდი სიურპრიზი ელის, ვიდრე მქონდა ჩაფიქრებული.

_ ვინ მოგცათ ამის უფლება? _ საბანს ხელი დავავლე და წინ ავიფარე.

_ ჻უოდ ლიცეტ ჟოვი, ნონ ლიცეტ ბოვი. რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, არაა ნებადართული ხარისთვის.

_ იუპიტერი კი არა, ნაძირალა ყოფილხართ!

_ მოვა დრო, მადლობას მეტყვით.

_ დათა არასოდეს დაიჯერებს ჩემს ღალატს. ასეთი რამ გამორიცხულია!

_ ამ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული. ვაე ვიცტის!

Page 44: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

მისმა მშვიდმა, ირონიულმა ტონმა წყობიდან გამომიყვანა, წამოვხტი და აპარატის წართმევას შევეცადე. საქმეში გავუშვი ფრჩხილები, კბილები, ფეხები...

ძაღლმა იფიქრა, პატრონი მეჩაგრებაო და ჰაერში აიწია. წამიც და ზედ დამახტება, შუაზე გამფატრავს, ნაწლავებს დამაყრევინებს...

_ ვამეხ, სტოპ! სტოპ! სტოპ! _ დაიღრიალა ბაკურმა, მაგრამ გაავებული ძაღლი არ აპირებდა პოზიციების დათმობას.

ბაკურმა გულზე მიმიკრა და ძაღლის მოგერიებას შეეცადა. თვითგადარჩენის ინსტიქტმა ერთობ უცნაური ტრიუკი გამაკეთებინა _ ბაკურს შევახტი, წელზე ფეხები შემოვხვიე და ღმერთს გადარჩენა შევთხოვე.

სამივენი ოთახში დავბორიალდით, უფრო სწორედ, ძაღლი და ბაკური. მე ბაკურის დანამატი ვიყავი, სიამის ტყუპის ვარიანტში. ძაღლი ყეფდა, დორბლებს ყრიდა, კბილებს აკრაჭუნებდა, ბაკური კი ციბრუტივით ტრიალებდა და გადარეულ ოთხფეხის დამშვიდებას ცდილობდა.

ბოლოს ორივენი საწოლზე დავეხეთქეთ. ბაკური ზევიდან გადამეფარა და ვამეხს წიხლი მოუქნია. ის, როგორც იქნა, ჩახვდა პატრონის ბრძანებას და უკან დაიხია.

_ გადმოდით. _ ვთხოვე ბაკურს, როცა თავი უსაფრთხოდ დავიგულე.

_ არ გსიამოვნებთ ჩემი სიახლოვე?

_ არა. _ თავი მივაბრუნე, რომ არ მერწყია.

_ ხომ არ გვეცადა...

_ თქვენ ამას არ იზამთ. _ ვუთხარი შეუვალი ხმით და შევეცადე ფეხები გამესწორებინა, მაგრამ ბაკურმა საშუალება არ მომცა, პირიქით, ლაჯებში ჩამეკვეხა.

_ რატომ გგონიათ?

_ ინტელიგენტი კაცი ამას არ გააკეთებს. _ ყოველ შემთხვევაში, დავანამუსე.

_ ქალებს რომ არ უყვარს ინტელიგენტი კაცები?! _ დაიხარა და თავისი ხორკლიანი ენა ყურზე მომისვა. _ ასე არაა, იათამზე?

_ გააჩნია ქალს. თუ გადახრა არ გაქვს, რატომ უნდა მოგწონდეს მოძალადე კაცები? ძალიან გთხოვთ, გადმოდით. სუნთქვა მიჭირს, პირდაპირ გულისფიცარზე მაწვებით.

_ მე კი არასოდეს მიგრძვნია თავი ასე კომფოტულად. იქნებ გვეცადა, ჰა? _ მან თეძოების ინტიმური მოძრაობა გააკეთა.

_ როგორ არ გრცხვენიათ? თქვენ ხომ ირინე გიყვართ, როგორ შეიძლება თავი კომფორტულად იგრძნოთ სხვა ქალთან?!

_ ირინე სხვაა... ის არამქვეყნიური არსებაა. შროშანი. ყვავილთან ინტიმური კავშირის დამყარება უხერხულიც კია. თქვენი სუნი მომწონს, მათრობს, აღმაგზნებს...

რას ჩმახავს ეს სექსუალური მანიაკი, ორი დღე არ დამიბანია, თავმოყვარე კაცი არც მომეკარება.

_ ბაკურ, თქვენ განათლებული კაცი ხართ, ნაკითხი, ლათინური იცით, ბოლოს და ბოლოს! თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ, მაგრამ ამის საფასურად სიყვარულს მთხოვთ. არაკაცური საქციელია.

Page 45: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ რას ეძახის კაცურ საქციელს?

_ მოთმინებას.

_ თქვენი გულახდილობა უარესად მახელებს.

_ ბაკურ, გთხოვ...

_ ფესტინა ლენტე.

_ რა თქვით?

_ `იჩქარე ნელა.~ მე არ მითქვამს, ოქტავიანმა თქვა.

_ ძვირფასი სიტყვებია. გადმოდით.

ბაკურმა თავი დააქნია და უხალისოდ გადმოძვრა. მგონი გადავრჩი.

_ _ _

კაკუნის ხმა ძილში ჩამესმა. დარეტიანებული გავეშურე საპირფარეშოში, ძლივს ავბობღდი უნიტაზზე.

_ გელა!

_ სად დაიკარგე, ერთი საათია ვაკაკუნებ, თითები გადამეყვლიფა.

_ მეძინა.

_ ბაკური რომ მობრუნდება, მერე დაიძინე. რა ხანია გაჰქუსლა, შენ კი დილის ძილი გამიბრტყელე, თაფლობისთვე გაქვს?!

უყურე შენ, როგორ გამიშინაურდა?! შენობით მელაპარაკება და კიდეც მსაყვედურობს. მოვაჯენდი ადგილზე, მაგრამ თავი არ მაქვს, უფრო სწორედ მაქვს, მაგრამ მტკივა.

_ იათამზე!

_ ხო.

_ რა ხდებოდა წუხელის, ლამის ჭერი ჩამომენგრა.

_ არაფერი საინტერესო. _ საჰაერო მილს ჩახუტებული ვერაფრით დავიწყებდი წუხანდელი თავგადასავლის მოყოლას.

_ რამდენი წლის ხარ?

_ მალე საუკუნე შემისრულდება.

_ ყვავი ხარ?

_ ნუ მეტიპები.

_ არ გეტიპები.

_ მაშინ მითხარი, რას ამიკელი დილაადრიან?

_ შენს ოთახში კომოდი დგას.

_ მერე, რომ დგას?

Page 46: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ მეორე უჯრაში, ძველი გაზეთების ქვეშ, რელანიუმის აბები უნდა იყოს. წადი, ნახე და პასუხი მითხარი.

ჩამოვხტი, გავიქეცი, ვნახე.

_ არის! _ ჩავძახე საჰაეროს.

_ ეგ აბები სახლიდან გამომყვა, უძილობა მაქვს და...

_ მერე?

_ როგორმე ვამეხს უნდა შეაჭამო.

არ არის ცუდი იდეა, მაგრამ არ მგონია ვამეხმა პირი დააკაროს მწარე აბს. ამ მხრივ ძაღლი ადამიანზე მგრძნობიარეა. ადამიანს უჭირს აღიარება, რომ შებოლილ თევზს, რომელიც პირის ჩასატკბარუნებლად სახლში მოაცუნცულა, აშკარად ყროლის სუნი დაჰკრავს. ძაღლს, თუ რამე არ მოეწონა, პირსაც არ დააკარებს.

_ რატომ გაჩუმდი, იამზე?

_ ვფიქრობ, როგორ შევასაღო.

_ ფანჯრიდან ვერ გადაუგდებ?

_ რაღაც ფიცრები ამიფარა ფანჯარაზე, სიბნელეში მამყოფებს, თხუნელასავით.

_ მაგის დედა... _ გელამ უცენზუროდ მოიკითხა ბაკურის მშობლები. არ გამიპროტესტებია _ მაგის დედაც, მამაც, ცოლიც და ცოლისძმაც, თუ გნებავთ.

_ გელა, დამელოდე ცოტა ხანი.

_ საით?

_ ერთი პატარა ჩანაფიქრი უნდა განვახორციელო.

ოთახში შევბრუნდი, ლეიბის ქვეშიდან საგულდაგულოდ გადანახული შუშის ნატეხი ავიღე და კარზე ნახვრეტის გაფართოებას შევუდექი.

ვამეხი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ჩემს ინიციატივას _ ძეგლივით დაერჭო დაკეტილ კართან და ზრდილობის გამო ერთი-ორჯერ შეჰყეფა. წუხელ გადანახულ ქათმის ბარკალს ხორცის ნაწილი მოვაგლიჯე და ნახვრეტში შევტენე. გაისმა ყბების მადიანი კლაცანი. მეორე ჯერზე ყველის ნატეხით გავუმასპინძლდი.

_ მოგეწონა? _ დავეკითხე უკვე კაკლისხელა ნახვრეტიდან.

ვამეხმა პირველად შემომხედა ადამიანურად, შეიძლება ითქვას, კეთილად. სამაგიეროდ, მე გავბოროტდი, ყველი რამდენიმე გუნდა გავაკეთე და შიგ რელანიუმის აბები შევტენე. სუნი უცებ თუ არ იყნოსა, წესით უნდა უნდა გადაყლაპოს.

_ ვამეხ! _ დავუძახე და ყველის ბურთულა გადავუგდე.

თვალიც არ დაუხამხამებია, ისე გადასანსლა. მეორეც მივაყოლე, მერე მესამე და მეოთხე. მეხუთე და მეექვსე აბი უკვე ქათმის ხორცში შევაპარე და დესერტად გადავუგდე.

გულმა ვერ მომითმინა, საპირფარეშოში შევვარდი და გელას ვამცნე ოპერაციის დასაწყისი.

_ მაგარი ხარ! რამდენიმე წუთში გაითიშება, მაგრამ კარს როგორ გააღებ?

Page 47: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ ხვრელს იქამდე გავაფართოვებ, რომ ხელი შემეტიოს. გასაღებიც რომ დამხვდეს, ჩათვალე, თავისუფალი ვარ.

_ მე?

_ პირველ რიგში, შენთან ჩამოვირბენ.

_ ჩამორბენით ჩამოირბენ, მაგრამ კარს როგორ გააღებ? რკინის კარია, გარედან მკეტავს ხოლმე ის დამპალი.

_ რამეს მოვიფიქრებ. რამდენი ხანია, რაც ტყვეობაში იმყოფები?

_ ორი თვე იქნება, ამერია დღეები.

_ თავის დაღწევის მცდელობა არ გქონია?

_ რომ მქონდა, იმიტომაც ვიშუშებ პერმანენტულად ზრილობებს. რისთვის ჰყავს თუ იცი ის მოზვერივით ძაღლი?... იქნებ რამე დანისმაგვარი წამოიყოლო?

_ ხმალი რომ იყოს? _ გამახსენდა რეკვიზიტებში წარმოდგენილი არსენალი.

_ დანა ჯობია. ან დრელი.

_ დრელი სად ვითრიო?

_ რავი, რაც თვალში მოგხვდება, წამოიყოლე.

_ კარგი.

_ ნახე, რასა იქს ვამეხ ბატონი?

წავედი და ვნახე. ვამეხს ეძინა. ჩემს ძახილზე ყურიც არ შეუპარტყუნებია. გამალებით დავიწყე ნახვრეტის გაფართოვება. როგორც იქნა, მაჯა გავყავი და თითებიც მოვაფათურე, მაგრამ რად გინდა _ საკეტში გასაღები არ აღმოჩნდა.

უნდა შევამტვრიო, სხვა გზა არ მაქვს. ერთი დღეც რომ შევყოვნდე, სიკვდილზე უარესი მელის. სიბრაზის გასამწვავებლად ბაკურის შეხება წარმოვიდგინე.

გაჭრა. ტვინში სისხლმა ამასხა, სხეულში კი აქამდე უცნობი ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. სკამი მოვიმარჯვე, რამდენიმე ნაბიჯის უკან დავიხიე და ველური ყიჟინის გავქანდი კარის მიმართულებით. ფიცარი რამდენიმე ადგილას გაიბზარა. სკამიანი შტურმი სამჯერ გავიმეორე, ვიდრე კარი მთლიანად არ დაიშალა.

მორჩა, სამშვიდობოს ვარ!

სამზარეულოში პურის დანა მოვიძიე, გამოსამშვიდობებელი მზერა ვესროლე მძინარე როტველერს და ეზოში ჩავედი. სახლი ფერდობზე იდგა, წინა ფასადი სართულ ნახევარს ითვლიდა, უკანა _ სადაც მე ვიყავი დამწყვდეული _ ერთს. გელა უკანა ფასადის სარდაფში მეგულებოდა და მეც იქ მივაშურე.

სარდაფის წინა ოთახში ბაკურს საკუჭნაოს გაემართა. ჭერიდან ხახვისა და ნივრის აკიდოები ეშვებოდა, ხახალზე ეყარა ჭკნობის პირველ ფაზაში შესული კარტოფილი.

რკინის კართან ავიტუზე და დანის წვერით დავაკაკუნე:

_ გელა?

_ ია, შენ?! _ გაისმა შიშნარევი შეძახილი.

_ მე ვარ, მე... ეს კი ბოქლომია. ცხრაკლიტულში ხარ, კოლეგა... რას მირჩევ?

Page 48: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ შენ ეს მოახერხე! შენ მამაცი ქალი ხარ, იამზე, შენ...

_ მამაც ქალს თუ მიასწრეს, გმირულად დაეცემა ბრძოლის ველზე. სწრაფად მითხარი, რა გავაკეთო?

_ კუალდა იქნება მანდ სადმე, ან დიდი ჩაქუჩი, იქნებ საკეტი მოტეხო? ან კარი ამოაგდო ანჯამებიდან?

_ აბა, ეს დანა რა ჯანდაბად მინდოდა?

_ ბაკურის მოსაკლავად დაგჭირდება... თუ მოგისწრო.

_ ვერა, ადამიანს ვერ მოვკლავ.

_ ის ადამიანი არ არის. ის ცოცხალი ლეშია.

_ ლეშის პირობაზე კარგად გამოიყურება. _ დანა ხახალზე დავაგდე და მიმოვიხედე.

არც კუალდა, არც ჩაქუჩი... მხოლოდ ელექტო-შედუღების აპარატი, თავისი ჩაფხუტითა და ელექტროდებით.

_ სვარკა გვაწყობს? _ დავეკითხე გელას.

_ იცი, რო ხმარება?

_ არა, მაგრამ მინახავს.

_ შტეფსელი არის მანდ სადმე?

_ არის.

_ შეაერთე, დროზე.

_ რომ გადაიწვეს? რამდენადაც მახსოვს, 220 ვოლტიან შტეფსელში...

_ იამზე, არ არის ახლა ფილოსოფიის დრო. _ გამაწყვეტინა გელამ.

_ ეს ფიზიკაა. ხომ შეიძლება, ავფეთქდეთ?

_ არ ავფექთდებით. მიდი.

_ სად მივიდე?

_ პირველ რიგში, აპარატი დენის წყაროში შეაერთე.

_ შევაერთე.

_ მეორე რიგში... შავი სათვალე არის მანდ, სადმე?

_ ჩაფხუტს მოჰყვება. _ დამტვერილ ჩაფხუტს ხელი გადავუსვი და თავზე მივირგე.

_ ჩამოიცვი.

_ უკვე ჩამოვიცვი.

_ ნაცრისფერი ჯოხები იქნება მანდ სადმე.

_ ელექტროდები?

_ გცოდნია და ეგ არის. შეგიძლია დაიწყო.

საახალწლო შუშხუნასავით განათებული ელექტროდითურთ მივუახლოვდი კარს, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო.

Page 49: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ ანჯამებთან გადაწვი, ოთხ ადგილზე. _ დამიყვირა გელამ.

შევუდექი. კარი ჯერ შელაყლაყდა, მერე ზრიალით წამოვიდა ჩემკენ, ძლივს მოვასწარი უკან გახტომა.

_ ბრავო! _ შესძახა ჩემს წინ აღმოცენებულმა ტუსაღმა.

იმის იმედი, რომ ბაკურის ტყვე `პიერ კარდენის~ კოსტუმში დამხვდებოდა, ცხადია, არ მქონდა, მაგრამ არც ამისთანა ტყიურს ველოდი _ აბურძგნულ თმა-წვერში გაჩხერილი თივის ღერები, დახეთქილი ტუჩები, დაგლეჯილი შარვალი, გაურკვეველი ფერის მაისური, ქოშად გადაკეთებულ ფეხსაცმელში წაყოფილი შიშველი ტერფები, სისხლიანი სახვევი კოჭზე...

`ტყიურმა~ `ბუნაგიდან~ ისკუპა და მადლიერების ნიშნად გულზე მიმიკრა. სული შემეხუთა _ რბილი ნათქვამია. ისე ყარდა, თითქოს ეს-ესაა ამოძვრა ფეხსადგილიდან. ეტყობა, ვერც გრძნობდა საკუთარ სუნს, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მათ შორის, განავალში ცხოვრებას. ბაკურს, ამ აფორიზმებით მეტყველ არაკაცს, ყოფილი ცოლისძმისთვის პირდაპირ სარდაფში გაუმართავს პარაშა. ღირსია თავით ჩააყურყუმელავო! მაშინაც იუპიტერს შეადარებს თავს ეს საცოდავი ცერეცო?!

_ წავედით! _ ვუთხარი გრძნობამორეულ ტუსაღს.

გელამ პურის დანას ხელი დასტაცა და კოჭლობით გამომყვა.

_ ფეხზე რა გჭირთ?

_ ძაღლის ნაკბენი დამიჩირქდა. _ მიპასუხა ქოშინით.

გავყავით თუ არა თავი სარდაფიდან, ჭიშკართან ნაცნობმა `ბეემვემ~ დაამუხრუჭა, საიდანაც თაიგულით ხელდამშვენებული ბაკური გადმოძვრა. ჩაჰალსტუხებული, გაპარსული, იდუმალი ღიმილით...

_ ეს ყვავილები, სავარაუდოდ, შენთვისაა განკუთვნილი. _ დაიჩურჩულა გელამ.

_ მაგარი გადარჩენილი ვარ...

_ ჰმ!

_ რას ველოდებით?

_ როგორც კი სახლში შევა, ღობეს უნდა გადავევლოთ და დასახლებული პუნქტისკენ გავქუსლოთ.

_ რომ გამოგვეკიდოს?

_ უკანმოუხედავად გავრბივართ, ვიდრე ტრასამდე.

ასეც მოვიქეცით.

_ _ _

და აი, უკვე სახლში ვარ. დაბანილი, დავარცხნილი და ჩაცმულ-დახურული და ვყვები ჩემს საოცარ თავგადასავალს. დროგამოშვებით ისმის დამსწრეთა აღშფოთებული რეპლიკები.

Page 50: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ისინი სამნი არიან: დათა, სერგო და ლელა, ჩემი და, რომელიც პარალელურად მზრუნველად მისმევს მალამოს გადაყვლეფილ ხელისგულებზე.

_ მართლა საშვილოსნოსგარე ორსულობა ჰქონდა ბაკურის ცოლს? _ ვკითხე დათას.

_ კი. საშინელ მდგომარეობაში შემოიყვანეს: მილი გახეთქილი, მუცელში სისხლი, პერიტონიტი, ანემია... ბეწვზე მივუსწარით. გადაუდებელი ოპერაცია გახდა საჭირო, ყველაფერი ამოვაცალეთ, სხვა შემთხვევაში, ხელში შემოგვაკვდებოდა.

_ რატომ ჩაიგდო თავი ამ დღეში, ან ექოსკოპია გაეკეთებინა, ან კონსულტაციაში მისულიყო...

_ რაიონში ვცხოვრობდი და ვერ მოვახერხეო.

_ თუ ქმარი არ უშვებდა? _ გამახსენდა გისოსებიანი ფანჯარა, ღონიერი როტვეილერი, ბაკურის დადარჯებული მზერა. _ ირინე უნდა ვიპოვოთ. _ მკაცრად ვუთხარი სერგოს.

_ ცოცხალია, რო?

ავღელდი. ადრე ამაზე არ მიფიქრია. ბაკურის ვერსია ირინეს კეთილშობილური გარიდების შესახებ ამ გადასახედიდან არც ისეთი სარწმუნო მეჩვენა. დის ადგილსამყოფელის შესახებ გელამაც არაფერი იცის, თუმცა რაღაცების მოყოლას დამპირდა.

_ ირინემდე ბაკურია მოსაძებნი და ვირის აბანოში ჩასაყუდებელი. _ დაბეჭდა სერგომ.

_ მოასწრო მიმალვა?

_ თვითონ კი, ძაღლი კი ჩვენ დაგვიტოვა. კიდევ კარგი კაიფში დაგვხვდა, თორემ ადგილზე ლიკვიდაცია მოგვიწევდა.

_ სად წაიყვანეთ?

_ ნაცნობ კინოლოგს მივაბარეთ. ვნახოთ, როგორ შეეგუება. როტვეილერის ჯიშის ძაღლმა პატრონის ამოჩემება იცის, უცხოები არ უყვარს.

_ ვიცი, ვიცი, საკუთარ თავზე გამოვცადე. _ ამოვიოხრე მე.

_ ჩემო საწყალო, რამდენი გადაიტანე... _ შევეცოდე ლელას.

დათაც ისე მიყურებს, სადაცაა ვიხილავ მამაკაცის ძუნწ ცრემლს. აბა, სხვის გამო გავხვეულიყავი შარში, მაშინვე ქოქოლას დამაყრიდნენ. ახლა ორივე მოწიწებით მომჩერებია _ მე ხომ დათას გამო `ვეწამე.~ მარტო სერგოა ნეიტრალური _ თუკი რამე აკავშირებს ჩემთან, ეს არის ერთობლივი სწრაფვა ექსტრემალური სიტუაციებისკენ.

_ გინდა, ბულიონს გაჭმევ? _ მზრუნველად მეკითხება ლელა.

პასუხად დაბინტული ხელებს ვაჩვენებ.

_ მე გაჭმევ, მე! _ ლელა საქმიანად გარბის სამზარეულოში. მაგას უღონდ ვინმე დააპურებინე და ყველა საქმეს გადადებს.

კაცები მიხვდნენ ვითარების უხერხულობას და სათითაოდ გაიკრიფნენ.

_ აბა, პირი გააღე! _ მიბრძანა ლელამ და ბულიონიანი კოვზი პირთან მომიტანა.

Page 51: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

იფ, შინაური ქათამია, სიმინდის მარცვალზე გაზრდილი, ის ხორკლიანი საძაგლობა კი არა, ბაკურმა რომ მაჭამა.

_ რა ხდება ოჯახში? _ ვკითხე ნეტარი ხმით.

ლელა ჩაირთო. ჯერ სასიამოვნოდ მტკივნეულ თემას შეეხო: შვილები _ ანანო და მიკა; მიკა და ანანო. მერე ქმარს მისწვდა, მერე დედას, დედამთილს, პოლიტიკას... საწვავზე ფასების აწევა უკვე ძილში ჩამესმა.

_ _ _

დღის მეორე ნახევარში ფიქრია მორჩილაძე მესტუმრა:

_ როგორ მიხარია, ცოცხალს რომ გხედავთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია! _ შესძახა ცრემლმორეულმა და სახეზე ხელები აიფარა, თითქოს არ უნდოდა დაჯერება, რომ ეს ხელებდაბინტული ქალი მე ვარ და არა სხვა.

_ უკვე გამომიტირეთ?

_ უარესი... ჩავთვალე, რომ ჩემი ბრალია... თანაც მაიორი ოქრუაშვილი ისე მაწვებოდა: გინდა თუ არა, გამოტყდიო _ საკუთარ თავში შემეპარა ეჭვი.

_ მაგან ხომ არ გააფრინა? _ ავღშფოთდი.

_ არა, რას ამბობთ, მოგვიანებით ჩახვდა საქმის ვითარებას და სალონში მესტუმრა ბოდიშის მოსახდელად.

_ მართლა? _ ინტერესით შევათვალიერე ფიქრიას შეფაკლული ლოყები. _ ხომ არ გეპრანჭება?

_ არც უმაგისობაა.

უყურე, შენ! მე იქ ტყვეობაში ვიტანჯები, სერგო კი აქ რომანებს ხლართავს. ჯანდაბას, თუ ამ საქმიდან რამე გამოდნება, ჩემს თავს არ დავეძებ. დედისერთა, უმამოდ გაზრდილი ფიქრია დიახაც მისწრებაა სერგოსთანა მარტოხელა მგელისთვის. მერე რა, რომ ცოტა თავნებაა (მგონი ქალწულიც არ უნდა იყოს), უთქმელი და უპრეტენზიო ცოლი რომ ნდომოდა, ცხრაჯერ მოიყვანდა თავის თანასოფლელს. ბინა არა აქვს, სამაგიეროდ აქვს კარიერული წინსვლის პერსპექტივა. ზუსტად ვიცი _ დღეს-ხვალ ვიცე-პოლკოვნიკის სამხრეებს გაირტყამს. არ უნდათ ზედსიძედ ვიცე-პოლკოვნიკი კაცი მორჩილაძეებს?

_ მომიყევი! _ შევძახე სულმოუთქმელად, მაგრამ ფიქრია სხვა თემაზე გადავიდა:

_ მთელ ამ გაუგებრობას ერთი პლიუსი აღმოაჩნდა: ინკოგნიტო სპონსორზე გავედით.

_ მერაბ ჯანდიერი?

_ დიახ. ძალიან არ უნდოდა გაშიფრულიყო, მაგრამ სერგომ ჩემს შემდეგ მასზე მიიტანა შტურმი: თქვენი ხელი ურევია იამზეს გატაცებაშიო. გაგიჟდა მერაბი, თავისი ადვოკატი გამოიძახა _ არიქა, ცილს მწამებენო.

_ დედაშენმაც გაიცნო მერაბი?

_ ხელმეორედ. თურმე ადრეც იცნობდა, ერთ ეზოში ყოფილან გაზრდილები.

Page 52: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ როგორ ახსნა თავისი სპონსორული მოტივები?

_ ძალიან მარტივად.

და ფიქრიამ ემოციურად მომიყვა ნაცნობი ისტორია შანდლის შესახებ.

_ მერე სახლში გვესტუმრა, ისე მომეწონა, რომ დედას შევუჩნდი: იქნებ მერაბი მამაჩემია და იმიტომ გვასპონსორებს მეთქი. სასაცილოდ არ ეყო _ მაშინ პატარა ვიყავი, ბუნდოვნად მახსოვს ეგ მერაბიო.

_ ეგ უკვე სერიალის თემაა. _ ვუთხარი აგდებულად. მაშინ არ ვიცოდი, რომ ნამდვილი სერიალი წინ მელოდება.

_ ჩვენ არ ვიცოდით, რომ მერაბთან გქონდათ შეხვედრა...

_ როდის უნდა მომესწრო თქმა, მეორე დღეს გამიტაცეს.

_ მეუღლის ჯიბრზე, არა?

_ ვინ გითხრა?

_ სერგომ შემატყობინა, იცოდა, როგორ განვიცდი თქვენს ამბავს, საღამოს ერთად მოვინახულოთო, მაგრამ მე გულმა არ მომითმინა. _ ფიქრიამ შუბლზე ხელი მიირტყა და ხელჩანთიდან შოკოლადის კანფეტების შეკვრა ამოიღო. _ კინაღამ უკან წავიღე მოსაკითხი, არ ვიცი რამ დამაბნია...

`მე ვიცი~, გავეპასუხე გულში. `შეყვარებული ხარ გოგონი, დიდსა და მოუქნელ მარტორქაზე სახელად სერგო.~

_ ყავაზე დაგპატიჟებდი, მაგრამ... _ ფიქრიას შეხვეული ხელები ვუჩვენე. ეტყობა გამიტკბა მომსახურება, თორემ ჯეზვეს დაჭერას როგორმე მოვახერხებდი.

_ მე მოვადუღებ, რა პრობლემაა, თქვენ ოღონდ მითხარით სად-რა დევს.

ვიდრე ფიქრია სამზარეულოში საქმიანობდა, მე კოლეჯში დავრეკე. ჩემს მკვდრეთით აღდგომას მთელი კოლექტივი ხმამაღალი შეძახილებით შეხვდა, ისეთი მიტინგი გამართეს, იფიქრებდი, მორიგი პრეზიდენტი ჩამოაგდეს ტახტიდან. თურმე, არც მეტი-არც ნაკლები, ჩემი სურათი გამოუჭენებიათ ტელევიზორში _ სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა... ას პროცენტში სერგოს იდეა იქნებოდა, თითქოს ერთი კვირა ვერ დაიცდიდა. ალბათ პასპორტის ფოტოსურათი წაიღეს, ის, რომელშიც გადღაბნილ გომბეშოს ვგავარ. სირცხვილი და თავისმოჭრა!

ხასიათი დირექტორმა გამომიკეთა, რომელიც ბოლოს დაეუფლა ყურმილს და ერთკვირიანი შვებულება მაჩუქა. თუმცა იქვე კოლექტივის სახელით მონახულებას დამპირდა. ეს კი აღარ მომეწონა, ამდენი ქალი თუ მომადგა, ეგეთი აღარც შვებულება მინდა, აღარც ხელფასი. დირექტორს ვერ ვეტყვი: შენს გაზრდას, ყავა მოგვიდუღე მეთქი. დირექტორს შემწვარ-მოხრაკული მიართვი, თავისი დესერტით.

გაბმულმა ზარმა კიდევ ერთი სტუმრის მოსვლა მამცნო.

ფიქრია ახალგაზრდა, ლამაზ კაცს შემოუძღვა. ის ოდნავ კოჭლობდა და ძველი ნაცნობივით მიღიმოდა.

_ ვინ ბრძანდებით? _ ვკითხე გაკვირვებულმა.

_ ადამიანი, რომელსაც ორი თვის შემდეგ დაბანა ეღირსა...

Page 53: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ უკაცრავად, მაგრამ...

_ იათამზე, ნუთუ ვერ მიცანით? გელა ვარ. გელა ჯანდიერი.

_ გელა? _ შევძახე მე.

_ ჯანდიერი? _ ბანი მომცა ფიქრიამ.

და აქ დაიწყო ნამდვილი სერიალი. გელა არა მარტო ბაკურის ტუსაღი, მერაბის შვილი აღმოჩნდა! კაცის, რომელიც სხვის შვილს ეხმარება, მაშინ, როცა თავისი შვილები ბედის ანაბარად ჰყავს მიგდებული.

_ ფიქრია, კიდევ ერთი ყავა მოადუღე, გეთაყვა...

ფიქრია უსიტყვოდ გავიდა, გელამ თვალი გააყოლა.

_ ვინ არის? _ მკითხა ინტერესით.

_ ახლობელი.

_ გათხოვილია?

_ გელა! _ დავანამუსე. _ მაგის დროა ახლა?

_ რატომაც არა?

_ რატომ არ მითხარი, რომ მერაბის შვილი ხარ?

_ ყველანი ვიღაცის შვილები ვართ. იმაში, რომ მერაბი მამაჩემია, უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ცხადია, თუ იმის მამაც არ არის. _ თავი სამზარეულოს მიმართულებით გააქნია. _ ფიქრია, არა?

_ პატარა ბიჭივით იქცევი. _ ვუსაყვედურე.

_ ვიცი. ისე ვარ ამჩატებული, თავი მართლა პატარა ბიჭი მგონია. შეიძლება ყავის მოდუღებაში მივეხმარო?

ყოყმანით დავუქნიე თავი. რა უფლება მქონდა, დამეშალა?!

სამზარეულოდან მოგუდული სიცილი გაისმა. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. საწყალმა სერგომ ძლივს ვიღაცას დაადგა თვალი, ეს თავხედი ბიჭი კი თვალსა და ხელს შუა აწერავს. თავი გაბითურებულად ვიგრძენი.

ოთახში, ყავის ჭიქით ხელში ლოყებშეფაკლული ფიქრია შემოვიდა, უკან, მამალი ფარშევანგივით, გელა მოჰყვებოდა. უნდა ავღნიშნო, რომ მშვენიერი წყვილია. ფიქრიამ უნდა თქვას, ქალი ვარო! იქით ვიღაც ბოი ფრენდი ჰყავს, აქეთ სერგოს მიგიჟებს, ახლა კი გელას ეკურკურება. აბა, მე ვარ ქალი? ვისაც ვაკოცე, ყველას ცოლად გავყევი.

_ უი, რა გჭირს ხელებზე? _ გელამ ახლაღა შეამჩნია ჩემი გადაბინტული ხელები.

_ ჩემი ხელები შენთან კონტაქტის დამყარებას შეეწირა. ის დღეებში შუშის ნატეხი არ გამიშვია ხელიდან. შენ როგორ გაქვს ფეხი?

_ თუ არ მომაჭრიან, დიდი შეღავათია. _ გელამ მუხლზე ხელი დაირტყა და ტკივილისგან დაიმანჭა.

_ ხუმრობ?

_ არა, მართლა ასეა. მაგრამ არ დავეძებ... მთავარია, ცოცხალი გადავრჩი. კოჭლობა პატარა დისკომფორტს შემიქმნის, მაგრამ როგორც იტყვიან, ძაღლი

Page 54: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

კოჭლობით არ მოკვდება. _ ჩაიცინა და უცებ დასერიოზულდა. _ შენ რომ არა, იათამზე, მე იქიდან ცოცხლად ვერ გამოვაღწევდი.

_ რატომ გაგიმეტა ასე?

_ მე არ დავუშვებდი ჩემი და მანიაკ ბაკურს გაჰყოლოდა.

_ ახლა სად არის შენი და?

_ არ ვიცი.

_ არც მამაშენმა იცის?

_ არც იცის და... და არც აინტერესებს.

_ რატომ?

_ იმიტომ. ეს თემა ამოწურულია. _ დაბეჭდა გელამ და ყავა მოსვა.

ეს ბიჭი არც ისეთი ჭკუამხიარულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მამამისი ხომ საეროდ, ტიპური აისბერგია. აღარაფერს ვამბობ დაზე... ქალი რომ ბაკურით მოიხიბლება, ვერ უნდა იყოს საღ ჭკუაზე.

_ ხო, მართლა, რატომ გამოიწვია მამაჩემის ხსენებამ თქვენში ემოციური ფეიერვერკი?

_ იმიტომ. _ მეც ლაკონურად ვუპასუხე.

სულაც არ ვაპირებ მერაბის საიდუმლოს დაფქვას, მითუმეტეს, წლების წინ ჩადენული უნებლიე შეცდომა არანაირ კავშირში არ არის მის შვილებთან.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, სამივემ ყავის ჭიქებს შევაფარეთ თავი. ისევ მე უნდა ვიკისრო სიტუაციის განმუხტვა, თორემ ვიჯდებით ასე, გაბუტულებივით.

_ კარგი, ის მაინც გვითხარი, რას საქმიანობ: მუშაობ, სწავლობ, ყალთაბანდობ...

_ უჰ, სწავლა აღარ გამაგონო! _ ხელები გაასავსავა გელამ. _ თბილისში არ დარჩა უმაღლესი სასწავლებელი, ერთი სემესტრი მაინც რომ არ მესწავლა. იურისტობაც მოვსინჯე, ოპერატორობაც, მხატვრობაც, ფოტოგრაფიაც... ღამის დარაჯადაც მიმუშავია.

_ მამათქვენის შვილი ღამის დარაჯად? _ გაუკვირდა ფიქრიას.

_ ეს მაშინ მოხდა, როცა მამამ სახლიდან გამომაგდო.

_ ვერ წარმომიდგენია, ბატონი მერაბი ისეთი კეთილშობილი ადამიანია...

_ კეთილშობილ ადამიანსაც აქვს ნაკლი.

_ სიმდიდრეს გულისხმობ? _ ჩავერიე მე.

_ მართალია, ეგეც თავისებური ნაკლია. _ გაეღიმა გელას.

_ არა, _ თავი გააქნია ფიქრიამ. _ მდიდარ ადამიანს ნაკლი არა აქვს. მას აქვს პრობლემები.

გაკვირვებულებმა შევხედეთ. ფიქრია ყაყაჩოსავით გაწითლდა.

_ ეს გოგო მომწონს. _ თქვა გელამ.

_ ეს გოგო ბევრს მოსწონს. _ ვთქვი მე.

_ მე `ბევრი~ არ ვარ.

Page 55: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ ხო, შენ განსაკუთრებული ხარ. სახლიდან გამოგდებული, უდიპლომო, პრაქტიკულად უმუშევარი...

_ კოჭლი. _ დაამატა გელამ და ფიქრიას მიუჩოჩდა.

ამ დროს გაისმა გაბმული ზარი მოუთმენელი კაკუნის თანხლებით. დათას დელიკატურ ზარს ათასში გამოვიცნობ, ვიღაც სხვაა...

ზღურბლზე სერგო იდგა _ აქოშინებული, დამტვერილი ფეხსაცმელებით, შარვლიდან ამოჩაჩული პერანგით... ამან რა მეტოქეობა უნდა გაუწიოს ენამოსწრებულ გელას?!

_ ფიქრია აქ ხომ არ არის? _ იკითხა კარებშივე.

_ კი. _ დანაშაულში წასწრებულივით გავუღიმე მე.

_ ხელები დამაბანინე, თუ ქალი ხარ, იმდენი ინსტანცია მოვიარე, ფეხზე ვერ ვდგავარ, რა...

აბაზანამდე მივაცილე და თავზე დავადექი:

_ გამომცემლობაში იყავი?

_ ხო. _ სერგომ ონკანი გახსნა და ნიჩაბივით ტორები გაისაპნა. _ ის ჩემის ტრულაილა ბაკურა არც სამსახურში გამოცხადებულა, არც თბილისის ბინაში, არც ანანურში. ქვეყნიდან ვერ გაასწრებს, საბაჟოები გაფრთხილებულია. სხვათა შორის, კოლეგები დადებითად ახასიათებენ _ მოწესრიგებული, ბეჯითი, პროფესიონალი... ცოტა უცნაური, მაგრამ ბოროტი არა. საინტერესოა სხვა რამეა... კორექტორის ხელფასით ძვირფასი ბაკური ვერც მანქანას იყიდდა, ვერ ბინას და ვერც ანანურის აგარაკს.

_ იქნებ მშობლებმა დაუტოვეს.

_ ნწუ. ბავშვთა სახლშია გაზრდილი.

_ საიდან იცი?

_ მერე მოგიყვები დაწვრილებით. _ სერგომ ხელები შეიმშრალა და ყურს უკან მოიფხანა. _ რა დამადექი თავზე, მივაფსამ და გამოვალ.

_ ვერ მითხარი?

_ ოღონდ ფიქრიასთან არ გამყიდო.

_ თორემ ფიქრია არ დადის ტუალეტში?! საშუალო სტატისტიკური ადამიანი საშუალოდ ოთხ წელიწადს უნიტაზზე ატარებს.

_ სტატისტიკა ერთია, რომ წარმოიდგენ _ სხვა. ისე, როგორი გოგოა? _ თვალი ჩამიკრა მაიორმა.

საწყალი, საწყალი სერგო, იცოდეს, ოთახში რა სიურპრიზი ელის? მაიორის დანახვაზე `სიურპრიზმა~ თავაზიანად გაიღიმა, სერგოს კი

პირიქით _ ღიმილი ჩამოერეცხა პირიდან. გაწბილებული გაიბოტა შუა ოთახში.

_ სერგო... _ ფიქრია უხერხულად შეიშმუშნა და თითქოს გადასაკოცნად წამოიწია.

სერგო თავის დაკვრით შემოიფარგლა და არაკესილმოსურნე მზერა გელაზე გადაიტანა.

ერთმანეთი გავაცანი.

Page 56: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ სწორედ თქვენი ნახვა მინდოდა, _ მკაცრად თქვა სერგომ და სავარძელში ჩაეფლო. _ ისე წახვედის, არც მისამართი დატოვეთ, არც ტელეფონის ნომერი. საჩივრის შეტანას მაინც არ აპირებთ?

_ სანამ ჩემს დას არ ვნახავ და არ დაველაპარაკები _ არ ვაპირებ. _ უპასუხა გელამ.

_ გელა, ჩვენი საერთო ნაცნობის, მერაბ ჯანდიერის ვაჟია. _ ავუხსენი სერგოს.

მაიორმა გაკვირვება ვერ დამალა, სულ სხვა თვალით შეხედა გელას:

_ მამა თუა, რატომ არაფერი მითხრა?

_ რა უნდა ეთქვა? _ მხრები აყარა გელამ.

_ როგორ, ერთი შვილი გატაცებული, მეორე _ უგზო-უკვლოდ დაკარგული. არ არის ნერვიულობის საბაბი?

_ ჩვენ არ გვქონდა ურთიერთობა მამასთან. ირას _ გათხოვების მერე, მე _ უფრო ადრე. _ განმარტა გელამ.

_ რატომ? _ გამოშტერდა სერგო.

_ არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი.

_ როგორ თუ `არ გსურს?~ თქვენ ვალდებული ხართ უპასუხოთ გამომძიებლის შეკისხვებს.

_ ვიტოვებ დუმილის უფლებას.

_ უსათუოდ პროკურატურაში უნდა დაგიბარონ?

_ რატომ უნდა დამიბარონ, მამაჩემის შვილი რომ ვარ, იმიტომ?

_ იმიტომ, რომ არ ეხმარებით გამოძიებას ბოროტმოქმედის ადგილსამყოფელის დადგენაში.

_ თქვენზე მეტად მე მაინტერესებს ბაკურის ადგილსამყოფელი. მე ვყავდი იმ კაცს ტყვეობაში, მე ვიწვნიე ჩემს ტყავზე მძევლად ყოფნის მთელი რომანტიკა, როცა პარაშის გვერდით გიწევს ჭამაც და ძილიც. _ ამ სიტყვების გელამ ფიქრია ხელი დაავლო და წასასვლელად მოემზადა.

ფიქრიას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მორჩა. არჩევანი გაკეთებულია. გელა.

_ არ გვინდა გაცილება. _ ხელით გამაჩერა გელამ. _ თუ რამეა, დამირეკე, ნომერს დაგიმესიჯებ.

კარი გაბრახუნდა. სერგო არ შერხეულა, გაბითურებული იჯდა სავარძელში და რატომღაც მებღვერდა.

_ თვითმარქვია დეტექტივობა არ გყოფნის, ახლა მაჭანკლობაც შეითავსე.

_ სისულელეს როშავ, სერგო...

_ რატომ მოიწვიე ეს თავხედი კაცი?

_ თვითონ მოვიდა.

_ და შენც ქალი დაახვედრე, არა?

_ ისიც თვითონ მოვიდა. ცალ-ცალკე მოვიდნენ. გარკვეული ინტერვალით. _ მოთმინებით ავუხსენი.

Page 57: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ და ერთად წავიდნენ.

_ კი, ერთად წავიდნენ. ვიდრე შენ ერთი ადგილი მოწყვიტე სავარძელს, წავიდნენ.

_ ძალით ხომ არ შევეტენებოდი?

_ თუ ქალი მოგწონს, უნდა შეეტენო კიდეც. ფიქრიასნაირ გოგოს დაპყრობა უნდა.

_ დაპყრობა, რა, სერენადები ვუმღერო?

_ ყოველ შემთხვევაში, უნდა აგრძნობინო, რომ მოგწონს.

_ დღეში ცხრაჯერ ვურეკავდი, მეტი რა ბებიამისასა უნდოდა?!

_ ხო, ბებიამისზე გამახსენდა... _ წამოვიძახე გახარებულმა, აღარ მინდოდა სრულიად უპერსპექტივო თემის გაგრძელება და სერგოს უარესად დაკომპლექსება. _ საოჯახო ფოტოალბომში ფიქრიას ბებია ყველგან კოხტად არის ამოჭრილი. ლიამ არაფერი იცის უმცროსი ძმის თვითმკვლელობის მერაბისეული ვერსიის შესახებ. მაშინ ისმის კითხვა: რატომ ამოჭრა?

_ ეგ ლიას გარდა არავის ეცოდინება. ხომ არ ვნახო? _ სერგო გამოცოცხლდა.

_ ფიქრიას ნახვას ესწრაფვი?

_ ხო, იქნებ არ არის გვიან?

_ რა ვიცი, ცადე, ოღონდ ჯერ სახლში გაიარე, წყალი გადაივლე, ეგ წამოზრდილი ჯაგარი ჩამოიპარსე, ტანსაცმელი გამოიცვალე, ოდეკოლონი იპკურე და შეუბერე!

_ _ _

ვერ ვიტყვი, რომ მერაბ ჯანდიერს ჩემი ხმის გაგონება გაუხარდა, თუმცა, გადარჩენა მომილოცა და მაშინვე დარეკვის მიზეზით დაინტერესდა.

_ თქვენი შვილების შესახებ მინდა დაგელაპარაკოთ. _ პირდაპირ ვუთხარი, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

_ თქვენ რა შუაში ხართ ჩემს შვილთან? _ ცივად მკითხა.

_ მე და გელა ერთად ვიმყოფებოდით ტყვეობაში, თქვენი ყოფილი სიძის, ბაკურ სორდიას აგარკზე.

იქიდან დუმილი ჩამოწვა. თხუთმეტამდე დავითვალე.

_ როგორ თუ ტყვეობაში? _ ჩამქრალი ხმით იკითხა მერაბმა.

_ აი, ასე. რამდენი ხანია არ გინახავს თქვენი ვაჟი?

_ არ ვიცი... დიდი ხანი... წეღან ყოფილი სიძე ახსენეთ, მომესმა?

_ არა.

_ ირინა ქმარს გაშორდა?

_ დიახ.

_ სად არის?

Page 58: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ მე მეკითხებით?

_ სად შეიძლება თქვენი ნახვა? _ აფუცხუნდა მამიკო.

_ სადაც მეტყვის, მოვალ.

_ სახლში რომ მესტუმროთ, ძალიან დაგავალებთ?

_ არა.

_ ჩაიწერეთ მისამართი.

სახლიდან გამოსვლის მერეღა გავაცნობიერე, რომ ნებისმიერ ბუჩქთან საფრთხე მელოდა (ბაკურის სახით). უკან გაბრუნება არც მიფიქრია, თუმცა ტაქსის მძღოლი ისე დაჟინებით შევათვალიერე, სიამოვნებისგან ყურები აუბიბინდა. მერე, უკვე მერაბის ლიფტში, ვიღაც წვეროსანი ამოვიჩემე და კინაღამ წვერი გამოვქაჩე _ ხელოვნური არ იყოს მეთქი.

_ რა გჭირთ ხელებზე? _ დანახვისთანავე მკითხა მერაბმა და თავის აპარტამენტებში შემიძღვა.

_ შუშის ნატეხის ვიკვლევდი გზას თავისუფლებისკენ და აი, შედეგი.

გელა ჩემზე უარეს დღეშია _ ფეხზე ჭრილობა დაუჩირქდა და...

მერაბმა მზერა ამარიდა. თვალი გავაყოლე და თეთრ კედელზე შავჩარჩოიანი ქალის ფოტოსურათი დავინახე. ცოლი იქნება _ ავღნიშნე გულში. ქალი მკაცრად მოკუმული ტუჩებით თითქოს ანამუსებდა _ შენ ხარ ამის მერე მამაო?

ვიდრე ის ცოლის იმქვეყნიურ მზერას იგერიებდა, მე ინტერიერი შევათვალიერე. თეთრი ფერი და მეტალი დომინირებდა, როგორც საოპერაციო ბოქსში. არც ჭაღი, არც ბალიში, არც სიმყუდროვის სხვა ელემენტი. ყველაფერი სადა, უსიცოცხლო, სტერილური... განათებაც სადღაც ჭერის ლაბირინთებში იყო ჩამონტაჟებული, წამლად ერთი ნათურაც არ ჩანდა. ერთადერთი, რაც ნაკლებად ეწერებოდა ინტერიერში, იყო ჟურნალის მაგიდაზე გამოჭიმული ვისკის ნახევრად დაცლილი ბოთლი.

_ თანმიმდევრობით მომიყევით, როგორ აღმოჩნდით ტყვეობაში და რა შუაშია ამ ყველაფერთან ჩემი შვილი. _ ხმა მომაწვდინა მერაბმა.

_ თქვენი შვილები. _ დავაზუსტე.

_ ირინას გულისხმობთ?

_ დიახ, ირინას ჩემმა ქმარმა გაუკეთა ოპერაცია.

_ ოპერაცია? _ მერაბს მოტკლისფერი დაედო. _ რისი ოპერაცია?

_ ყველაფერს მოგიყვებით, ოღონდ ერთი პირობით _ თქვენგანაც იგივეს ველი.

_ მე თქვენ საკმარისზე მეტი მოგიყევით...

_ მე არავისთვის მითქვამს თქვენი საიდუმლო... არც ვაპირებ.

_ მინდა დავიჯერო.

_ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.

_ მაშინ, გისმენთ.

Page 59: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

რაც ვიცოდი, ყველაფერი მოვუყევი და მოთმინებით დაველოდე მის რეაქციას. საფერფლე სიგარეტის ნამწვით აივსო, ოთახი _ კვამლის.

_ ეს ჩემი ცოლია, თეა... _ მერაბმა თავი ასწია და ისევ ფოტოსურათს შეხედა. _ ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, გელა და ირინა გზას არ აცდებოდნენ...

მერაბის მონაყოლიდან:

თეა მკაცრი დედა იყო. არასოდეს ელაპარაკებოდა შვილებს ენის მოჩლექით, იშვიათად აქებდა და იშვიათად ეფერებოდა. განსაკუთრებულ სიმკაცრეს გელას მიმართ იჩენდა, თვლიდა, რომ ბიჭი არ უნდა გაათამამო, თუ გინდა, რომ კაცი დადგეს. გელა იმთავითვე ცელქი ბავშვი იყო, ხიფათიანი. ხან კარადის თავზე იკეთებდა შტაბს, ხან ფანჯრის რაფაზე. ერთხელ მაცივარში დაიმალა. თეამ ერთი სიცოცხლე გაათავა, სანამ შვილს იპოვიდა, მაგრამ ცემით არასოდეს უცემია. სკოლაში წასვლის წინ გელა ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა _ ექვსი თვე მუცელში ნემსებს უკეთებდნენ, მეორე კლასში ველოსიპედიდან ჩამოვარდა და მკლავი მოიტეხა.

მერე სპორტზე შეიყვანეს და ცოტა ამოისუნთქეს. ბიჭის მოზღვავებული ენერგიის გასანეიტრალებლად ცურვა უებარი საშუალება აღმოჩნდა. ასე გაგრძელდა მეექვსე კლასამდე. მეშვიდე კლასში გელას დღიურში სამები გაჩნდა, მოგვიანებით ორებიც გამოერია. თეამ მკაცრად დასაჯა შვილი _ ცურვიდან გამოიყვანა და ამით წერტილი დაუსვა გელას ოცნებას გამხდარიყო პროფესიონალი მოცურავე. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ გელაზე მეტად მშობლებიც დაისაჯენ, რადგან გულაცრუებულმა ბიჭმა ვერც სწავლას დაუდო გული და სპორტისგან გათავისუფლებულ დროს ქუჩაში ატარებდა.

ირინა ძმის ანტიპოდი იყო _ დამჯერე, აზიზი, სუსტი... ნიავის წამობერვაზეც კი ცივდებოდა, ხან ბრონქიტი აწუხებდა, ხან ლარინგიტი. ვერც გლანდების ამოჭრამ უშველა, ვერც ექიმების რჩევა-დარიგებამ. სუსტი ჯანმრთელობის გამო ვერც საბავშვო ბაღში მიიყვანეს, ძიძა აუყვანეს _ კეთილი სოფლელი ქალი სახელად ლილი, რადგან თეა მუშაობდა. მართალია ნახევარ განაკვეთზე და მიზერულ ხელფასზე, მაგრამ იმიჯის შესანარჩუნებლად მაინც ბეჯითად დადიოდა სამსახურში.

სხვა მხრივ, ჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდათ, ყოველდღიური წვრილმანი პრობლემებით, რომლებსაც მეტწილად თეას კისერზე გადადიოდა, მერაბი მთელი დღე სახლიდან იყო გასული _ ფულს შოულობდა.

უბედურება მოულოდნელად დაატყდათ თავს _ თეას სიმსივნე აღმოაჩნდა. იმედი, რომ სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდებოდა, არ გამართლდა. ოპერაციიდან ხუთ თვეში თეა გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ქმარი მოიხმო და გელას თავი ჩააბარა _ კონტროლის ქვეშ გყავდეს, ნუ გაანებივრებ, ხომ იცი, რა ხიფათიანია, რამე უბედურებას არ გადაეყაროსო. გელა მაშინ იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე იყო, ირინა _ მეშვიდე კლასში.

მერაბმა თავისებურად გაიგო ცოლის დანაბარები _ იმის შიშით, ზედმეტი ფულით ნარკოტიკი არ იყიდოსო, შვილის დაფინანსება მინიმუმამდე დაიყვანა. ყოველდღიური გზის ფული _ სულ ეს იყო, რასაც ის გელასთვის იმეტებდა. სხვა მხრივ ბიჭს არაფერი აკლდა _ საფირმო სამოსი, ზამთარ-ზაფხულ დასვენება ელიტარულ კურორტებზე...

პირველი სერიოზული უთანხმოება მამა-შვილს შორის მაშინ მოხდა, როცა თვრამეტი წლის გელამ მამამისს მანქანა თხოვა და უარი მიიღო. მაშინ გელამ მანქანა მოიპარა და მეგობრებთან ქალაქგარეთ დაუბერა. დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდნენ _ ავარია მოუვიდათ. დაშავებით არავინ დაშავებულა, სამაგიეროდ, მანქანა დაიმტვრა. მერაბმა,

Page 60: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ცხოვრებაში პირველად, შვილს სილა გააწნა. გელა სააბაზანოში შეიკეტა, ირინა ისტერიკაში ჩავარდა.

სანამ მერაბი ირინას აწყნარებდა, გელა საეჭვოდ გაყუჩდა. მერაბს ცუდად ენიშნა ეს სიჩუმე, მაშინვე მორჩილაძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია გაახსენდა: ხომ შეიძლება მისმა შვილმაც თავი მოიკლას?!

ირინას თავი დაანებს და სააბაზანოსთან მიირბინა:

_ გელა! _ ჯერ მკაცრად დაუძახა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, თხოვნაზე გადავიდა: გამოდი და პირობას გაძლევ ამ თემას აღარასოდეს შევეხებიო.

გელამ დაუჯერა. ერთმანეთის მხარზე ცრემლი არ უფრქვევიათ, მაგრამ შერიგდნენ და ცხოვრება უწინდელ კალაპოტში ჩადგა. ერთი თვის მერე კი მერაბმა გაიგო, რომ მის შვილს ინსტიტუტისთვის თავი გაუნებებია და იპოდრომზე, მეჯინიბედ დაუწყია მუშაობა. მერაბს თავგზა აებნა: ან მისი მეთოდი არ ჭრიდა, ან გელა უმართავი გახდა, როგორც ცხონებული თეა ვარაუდობდა.

_ რა გინდა, მამაჩემო? _ გაუკვირდა გელას. _ ფული მჭირდება, რომ ელემენტალურად სიგარეტი ვიყიდო.

_ სიგარეტს ეწევი? _ მერაბმა წარბი შეათამაშა, იფიქრა, ახლა კი გამოვიჭირეო, მაგრამ გელას არც უცდია თავის მართლება:

_ ვეწევი. სიგარეტსაც ვეწევი, ლუდსაც ვსვამ და ქალებშიც დავდივარ. მე დიდი ბიჭი ვარ, მამა, შენ კი ბავშვივით მექცევი.

_ რა ფულით ყიდულობ სიგარეტს, თუ ქალები უფასოდ გაძლევენ? _ მერაბს უკვე ორივე წარბი უთამაშებდა, ხელდაც ძლივს იმორჩილებდა, რომ არ გაერტყა გათავხედებული შვილისთვის.

_ ჯინსის კურტკა გავყიდე... ორი თვის წინ რომ მიყიდე `ლევისის~ მაღაზიაში, ის... კიდევ საათი... აბა, რა ვქნა, მეც მინდა კარგი ცხოვრება. ახლა მინდა, ამ წუთას, როცა თვრამეტი წლის ვარ.

_ ცუდი ცხოვრება გაქვს, არა?

_ ჭამა-სმას თუ გულისხმობ, არა. მაგრამ სახლში ხიზილალის ჭამას ძმაკაცებთან ერთად სახინკლეში წასვლა მირჩევნია. რა მჭირს სხვისი დასაპატიჟებელი, როცა მამაჩემს ფული ჩეჩქივით აქვს, არც რესტორნებს იკლებს, არც კაზინოებს...

_ ჩემხელა რომ მოიყრები, არც შენ მოიკლებ.

_ იქნებ ხვალ ვკვდები?

_ ასეთი ლოგიკით, შენ მალე ქურდობაზეც არ იტყვი უარს.

_ ქურდობა რომ მდომებოდა, მეჯინიბედ არ დავიწყებდი მუშაობას.

_ რამდენს გიხდიან?

_ ორას ლარს.

_ მე გადაგიხდი იმ ორას ლარს, _ გატყდა მერაბი. _ ოღონდ ერთი პირობით: ინსტიტუტში თავი უნდა აღიდგინო.

Page 61: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

იურიდიულ ფაკულტეტზე გელამ თავი არ აღიდგინა _ გადაიფიქრა იურისტობა, თუმცა იმავე წელს თეატურალურ ინსტიტუტში, ტელე-კინო საოპერატოროზე ჩააბარა. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო ბოლო ინსტიტუტი, სადაც გელას ჩაბარება მოუწია...

ერთხელაც სახლიდან თეას ნაქონი ანტიკვარული ბეჭედი გაქრა, რომელიც წესით გელას მომავალ ცოლს უნდა გადასცემოდა. იმავე საღამოს მერაბმა შვილი გამოტეხა. გელამ ქურდობა აღიარა, თუმცა იქვე დააყოლა: `წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი მემუქრებოდა, ძალზე საშიში პიროვნების ვალი მქონდა გასასტუმრებელიო.~

მერაბი არ დაინტერესებულა `ძალზე საშიში პიროვნების~ ვინაობით _ შვილი სახლიდან გააგდო.

ეს მოხდა ორი წლის წინ. მას მერე სულ ორჯერ ნახეს ერთმანეთი, ერთხელ აღდგომას, თეას საფლავზე, ერთხელაც სახლში, როცა თავზარდაცემული გელა მამამისს მიუვარდა: მიხედე შენს ქალიშვილს, ბებერ იდიოტს ყვარობსო.

მერაბს ვერ წარმოედგინა, რომ მისი ჩუმი, გაწონასწორებული ქალიშვილი `მისახედი~ იყო. ირინამ სკოლა ფრიადზე დაამთავრა და უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ვაჟისგან განსხვავებით მერაბი ქალიშვილის ფულის ანებივრებდა, მაგრამ ირინას არ სჭირდებოდა ფული. ინსტიტუტიდან პირდაპირ სახლში მოიჩქაროდა, მეგობრები კი, ვისთანაც ფულს დახარჯავდა, არ ჰყავდა.

მერაბი პირველად ჩაფიქრდა ქალიშვილის მომავალზე. ირინა, რომელსაც ვერც გარეგნობას დაუწუნებდი, ვერც ოჯახიშვილობას, რატომღაც არავის აინტერესებდა, როგორც ქალი, როგორც ამხანაგი... მერაბის მეგობრების შვილებმა გათხოვებაც მოასწრეს, შვილების გაჩენაც და ზოგმა გამოთხოვებაც. თითქმის ყველა საკუთარ მანქანაზე იყო მომხტარი, მაშინ, როცა ირინა მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, თითქოს ტაქსის ფული არ ჰქონდა. ამასწინათ კი, უარი თქვა საზღვარგარეთ მიწვევაზე, მაშინ, როცა სწორედ მან გაიმარჯვა რაღაც საერთაშორისო ტურში და არა მისმა ჯგუფელმა, რომელსაც ირინამ დიდსულოვნად დაუთმო თავისი ადგილი. მაშინ მერაბს გაუხარდა კიდეც ჵ_ ერჩივნა შვილი გვერდით ჰყოლოდა და არა უცხო ქვეყანაში. ამ გადასახედიდან კი ეს შემთხვევაც ენიშნა. რატომ არ უნდა ახალგაზრდა ქალს საზოგადოებაში ტრიალი? ან რა თავში იხლის მის ფრიადებს, თუკი ცოდნის რეალიზება ვერ მოახერხა? ვინ აიყვანს სამუშაოდ გამოუცდელ, არაკომონიკაბელურ, საკუთარ თავში ჩაკეტილს პიროვნებას?

და მერაბმა უკადრებელი იკადრა: ირინას არყოფნაში მისი ოთახი

გაჩხრიკა. კარადა გაძეძგილი იყო საფირმო სამოსით, თითქმის ყველა

უხმარი. მერაბს გული დასწყდა, რა რუდუნების არჩევდა ხოლმე შვილისთვის ტანსაცმელს, ის კი თურმე არ იცმევდა. აი, ნიანგის ტყავის მეკობრული ჩექმები, რომლებიც შარშანწინ მილანში უყიდა, ხელუხლებელი დევს კარადის ფსკერზე. კოლოფიდანაც კი არ ამოუღია! არადა, თითქოს გაუხარდა... პასუხი მარტივი იყო და ცალსახა _ `ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენ~, მადლობის თქმა კი ზრდილობის ამბავია. ზრდილობა, ირინას არ აკლდა.

მერაბი რატომღაც ცხონებულ ცოლზე გაბრაზდა. ესეც თეას მეთოდი: არ გაათამამო. ირინასთანა ჩაკეტილი ბავშვს სწორედაც გათამამება სჭირდებოდა, მშობლები კი კმაყოფილებით აღნიშნავენ: რა კარგია, რომ მათი გოგონა სხვებს არ ჰგავს _ წიგნი უყვარს, ეზოში სირბილს სახლში ყოფნა ურჩევნია... ეგოისტური მიდგომაა, შვილის გაწირვა საკუთარი სიმშვიდის ფასად.

მერაბმა ისეთი სიცარიელე იგრძნო, კინაღამ ხმამაღლა აღრიალდა. და უცებ მიხვდა: ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ სიცარიელის შევსება შეუძლია, გელაა – მის მიერ

Page 62: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

უარყოფილი შვილი, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, უმცროსი დის ბედი ადარდებს. ალბათ ძალიან მკაცრი იყო მის მიმართ... იმის შიშით, ნარკოტიკზე არ შეჯდესო, სტუდენტ ბიჭს კინოში წასასვლელი ფული არ უნდა დაუკავო. ქურდობა, რა თქმა უნდა, დიდი ცოდვაა, მაგრამ უპატიებელი ქვეყანაზე არაფერია, ბოლოს და ბოლოს, გელამ ვიღაც კი არ გაქურდა, ის ბეჭედი საკუთარ თავს მოპარა. იქნებ რაში სჭირდებოდა ფული?! და ვინ მოიგო უაზრო თავის დაფასებით? ვისთვისაც ემეტებოდა, იმას თურმე მისი არც ფული სჭირდებოდა, არც ტანსაცმელი, გელა კი ღმერთმა უწყის სად ცხოვრობს და რითი ირჩენს თავს.

მეორე შოკი ირინას ჩანაწერები აღმოჩნდა, რომელსაც გოგონა უჯრაში ინახავდა, დარწმუნებული იმაში, რომ მამა არასოდეს იკადრებდა მის ნივთებში ქექვას. ფურცლების სიძველე ცხადყოფდა, რომ ჩანაწერები წლებს ითვლიდა, დაახლოებით დედის სიკვდილიდან.

`მარტოობის ასი წელიწადი~ არა, მაგრამ `ათი წელიწადი~ ალბათ ზედგამოჭრილი სათაური იქნებოდა ამ ჩანაწერებისთვის. უსაშველო სევდა, გულგატეხილობა, საკუთარი უსუსურობის შეგრძნება, ნოსტალგია არარსებულ სამყაროზე... _ აი, რა იკითხებოდა სტრიქონებს შორის. ალაგ-ალად ეს განცდები ლექსებში იყო თავმოყრილი (კიდევ ერთი სიურპრიზი: მისი შვილი ლექსებს წერდა!), საშუალოდ გარითმულ ლექსებში გაცვეთილი არქაული გამონათქვამებით: აღტკინება, უბრად ყოფნა, სამყაროს იდუმალი რიტმი, სულის გოდება, უიმედობს მორევი... პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი, მშობლებს რატომღაც სახელით მოიხსენებდა _ თეა და მერაბი. ისიც გაკვრით, მაგალითად: `მერაბი გვიან მოვიდა. ნასვამია. გული მერევა ალკოჰოლის ოხშივარზე. მთვრალი კაცები მზარავს, ასეთი რამ ტარაკანის დანახვისას მემართება. ვიცი, რომ უნდა მოვკლა, მაგრამ იმდენად მეშინია, უძლური ვხდები.~ ან: `კომოდის უჯრაში თეას ნაქონ ჯემპრს წავაწყდი. ზუსტად ისეთია, მე რომ მომწონს...~, `გელას ცხენს იციტატუსი ქვია, კალიგულას ცხენის პატივსაცემად. ძმას იპოდროზე მივაკითხე. ფულს ვაძლევდი, მაგრამ არ აიღო... დედის სული დავაფიცე. აიღო...~

კიდევ ერთი აღმოჩენა: სრული ინდიფერენტულობა მშობლების მიმართ. ზოგადად, ნაადრევად გარდაცვლილ მშობლებს შვილები აიდეალებენ ხოლმე, განსაკუთრებით, გოგონები _ დედას. ეს კი ვითომც არაფერი _ უბრალოდ თეა.

`...ფილოსოფიის ლექციაზე კ. პ. ორჯერ შემომხედა. მზერა ავარიდე, მეშინია რამე არ იფიქროს... ვიღაც რეკავს და სხვაგან ხვდება, ეჭვი მაქვს, კ. პ. არეკინებს...~

ვინ არის იდუმალი კ. პ. ჯგუფელი, რომელმაც, თურმე ნუ იტყვით და, ორჯერ შეხედა ირინას... ანდა, რატომ არის ყურადღების ღირსი ჩვეულებრივი სატელეფონო ზარი? წვრილმანებზე აქცენტირება მარტოსულების ხვედრია. როდესაც გამოყრუებული ზიხარ სახლში, ჩვეულებრივი ზარი შეიძლება უფლის გამოგზავნილ მესიჯად აღიქვა, ფანჯრის რაფაზე დასასვენებლად დაფრენილი მტრედი _ მფარველ ანგელოზად.

მერაბს გული სიბრალულით აევსო, რა იცოდა, წინ რა სიურპრიზი ელოდა...

ჩანაწერის ბოლო ფურცლები მთლიანად ეძღვნებოდა ვინმე ბაკურ სორდიას, კაცს, რომელიც ირინამ გამომცემლობაში გაიცნო, სადაც ლექსების გამოქვეყნების მიზნით მივიდა. მისი პირველი რეაქცია იყო გაკვირვება _ უცნობმა მამაკაცმა მას ყურადღება მიაქცია, ლექსები და თვალები შეუქო. თვალები! ფურცლიდანაც კი იგრძნობოდა ემოციური მუხტი, რომელიც ამ ერთობ უმნიშვნელო ქათინაურმა გამოიწვია. სავარაუდოდ, ეს იყო პირველი ქათინაურები მის ცხოვრებაში. მომდევნო ჩანაწერებში მისი თვალით დანახული ბაკური იწონებდა თავს: განათლებული, ნიჭიერი, გემოვნებიანი, ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობით... ამიერიდან ის ირინა კი არა, ირინეა _ ასე ისურვა ბაკურმა. ერთი რამ აკვირვებდა მხოლოდ: რატომ არის უცოლო ასეთი

Page 63: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

მონაცემების მამაკაცი? როგორც ჩანს, იგივე კითხვა, მან ბაკურსაც დაუსვა, რაზეც პასუხიც მიიღო: `შენ გელოდიო.~ ირინა უსაზღვროდ ბედნიერია. მადლობას სწირავს ღმერთს, მარიამ ღვთისმშობელს, პავლე მოციქულს და ყველა წმინდანს, ვისი ხელი ურევია მის ბედნიერებაში. შემდეგ დაწვრილებით აღწერს ანანურის აგარაკს, სადაც ბაკურთან ერთად ორი დაუვიწყარი დღე გაატარა...

მერაბს ლამის ინფარქტმა გლიჯა. სამი კვირის წინ ირინამ ექსკურსიაზე წასვლა მოიმიზეზა და შაბათ-კვირას სახლში არ მოსულა. მას აზრადაც არ მოსვლია შემოწმება, ვერც წარმოედგინა, რომ ირინას ტყუილის თქმა შეეძლო. გააჩნია ტყუილს!

მერაბი გათეთრებული თვალებით დააკვდა ფურცელს. არა, ლოგინამდე საქმე არ მისულა. სანამ ოფიციალურად არ დავქორწინდებით, ხელს არ დაგაკარებო. _ უთქვამს ბაკურს. მაგრამ მოსახდენი დღეს თუ არა, ხვალ უსათუოდ მოხდება _ ამას ცხადყოფდა ირინას აკანკალებული ხელწერა და აჟიტირებული სიტყვები. თუ ამ ბაკურს ისეთი არაფერი სჭირს, მერაბი თავს არ გაიგიჟებს, ქალიშვილს გაათხოვებს, როგორც წესი და რიგია... ფაქტია, რომ მის უცნაურ ქალიშვილს მთხოვნელთა რიგები არ დაუდგება. იქნებ მისი ბედია?

საინეტერესოა, რატომ გაიგიჟა თავი გელამ? ირინას წყაროზე დაყრდნობით ეს კაცი აფერისტს არ ჰგავს...

მეორე დღეს მერაბმა გამოგონილი მიზეზის იმ გამომცემლობას მიაკისხა, სადაც პოტენციური სასიძო მუშაობდა. ბაკურ სორდია მას არ მოეწონა. არ მოეწონა არც გარეგნობით, არც ასაკით, არც ჩაცმულობით. რამ შეაყვარა მის გოგონას ეს მელოტი გორილა? ის, რომ ჩინებული ფილოლოგია, არ სვამს და არ ეწევა, კარგია, მაგრამ არასაკმარისი.

მერაბი სასიძოს ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდა და ეს საქმე დეტექტივს მიანდო. ბაკური ბავშვთა სახლის აღზრდილი აღმოჩნდა, არც დედა ჰყავდა, არც მამა, არც ახლო ნათესავი. მოგვიანებით, ერთმა მარტოხელა ქალმა შეიკედლა და იმას უვლიდა. სამაგიეროდ, იმ ქალმა ბინა დაუტოვა, მართალია იტალიურ ეზოში, მაგრამ კარგ უბანში. როცა დეტექტივმა იმ ბინის მისამართი უთხრა, მერაბს დაცეცხლა. ბაკური

ჯულის ჩასახლებია, ქალს, რომლის უსაქციელობას აჩიკოს სიცოცხლე შეეწირა.

ეს იყო ნიშანი. მესიჯი ზევიდან _ როგორც იტყოდა ირინა. მერაბი არ დაუშვებს, რომ მისი ქალიშვილი ცოლად გაჰყვეს გაურკვეველი გენეტიკის მამაკაცს და ყველა სიკეთესთან ერთად იმ სახლში იცხოვროს, რომლის დავიწყებას მამამისი მთელი ცხოვრება ცდილობდა.

იმავე საღამოს მამას და შვილს შორის საუბარი შედგა. უფრო სწორედ მამა ლაპარაკობდა, ქალიშვილი კი უსმენდა და ორაზროვნად იღიმებოდა.

მეორე დღეს, სამსახურიდან მობრუნებულ მერაბს წერილი დახვდა: `მე არჩევანი გავაკეთე. მივდივარ ადამიანთან, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი. ამიერიდან, არც მამა მყავს, არც ძმა. თქვენ ჩემთვის აღარ არსებობთ. გაფრთხილებთ, ჩემი მოძებნისა და მითუმეტეს, უკან დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა სავალალოდ დამთავრება. სიკვდილი მირჩევნია თქვენს გვერდით ყოფნას. ირინე~

ეს იყო და ეს. იმ დღიდან მერაბს არც ერთი შვილი უნახავს, არც მეორე.

_ ანუ, ისევ მორჩილაძეებს მივადექით... _ ავღნიშნე მე.

Page 64: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ ასე გამოდის.

_ მშრალი ხიდი, აჩიკოსთვის ნაჩუქარი შანდალი... ტყუილი იყო, არა?

_ მაშინ არ ვაპირებდი ჩემს შვილებზე ლაპარაკს... მორჩილაძეების ბედით კი ირინას წასვლის შემდეგ დავინტერესდი. გამიკვირდა, რატომ შეუშვა ჯულიმ ბინაში უცხო ადამიანი, როცა შვილი და შვილიშვილი ცოცხალი ჰყავდა.

_ რატომ შეუშვა?

_ არ ვიცი, მე ისინი თქვენს მოტაცებასთან დაკავშირებით ვნახე. ბაკურის სახელი საერთოდ არ მიხსენებია. არც ვახსენებდი, რომ არა შვილები... _ მერაბს სიტყვა გაუწყდა და თვალები აუწყლიანდა.

_ ლიამ რაღაც იცის.

_ არ მაინტერესებს, რა იცის ლიამ, მე ჩემი ქალიშვილის ადგილსამყოფელი მაინტერესებს.

_ ლიამ კი რაღაც უნდა იცოდეს დედამისზე და ეს ცოდნა ბაკურზე გადის. _ ჩემსას მივაწექი.

_ თავი ეშმაკის ბორბალზე მგონია... ყველა ერთმანეთს იცნობს და არავინ არაფერი არ იცის.

_ ჯერ სად ხართ... _ ამოვიოხრე.

_ კიდევ რამე მელოდება? _ მერაბმა სწრაფად შემომხედა.

_ ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ?

_ რა შუაშია ჩემს გაჭირვებასთან სიყვარული?

_ გელას ფიქრია შეუყვარდა.

_ ფიქრია კარგი გოგოა... _ ირიბად ჩაეცინა გელას.

_ მინდა გითხრათ, არც გელაა ცუდი ბიჭი. მე ვიამაყებდი ასეთი შვილით.

მერაბს თვალებში იმედის სხივი ჩაუდგა. რა ცოტა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის, განსაკუთრებით მშობელს.

_ _ _

დათა მთელი ღამის განმავლობაში ბორგავდა და მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. საძინებლის კარი გამოვიხურე და სამზარეულოში გავედი _ საუზმეს მაინც მოვუმზადებ. ირინა ჯანდიერზე ფიქრი ჯერ ძილში ამეკვიატა. ცხადია, მან განიცადა საშვილოსნოს ამოჭრა, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო ქმართან გაყრის საბაბი. იქნებ გაცილებით ადრე აუცრუვდა გული? დავუშვათ, აუცრუვდა. ჩვეულებრივი, თავისუფლად გაზრდილი გოგონა მშობლების სახლში დაბრუნდებოდა, მაგრამ ირინა არ იყო `ჩვეულებრივი~, მისი ხასიათისა და პრინციპების ადამიანს სიკვდილი ურჩევნია საკუთარი შეცდომის აღიარებს. სიკვდილი? არ მინდა დავიჯერო, რომ ირინამ თავი მოიკლა, მაგრამ პატივმოყვარე

Page 65: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ბაკურს ქვრივის სტატუსი რომ ურჩევნია მიტოვებული ქმრის სტატუსს, ამაში ეჭვი არ მეპარება.

მან ყველაფერი მოიმოქმედა ირინას ხელში ჩასაგდებად. დაატყვევა პოტენციური ცოლისძმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ ქორწინებას და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით არც ირინასთან გაყრის შემდეგ გამოუშვა. სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა, რაც იმედს მაძლევს, რომ ირინა ცოცხალია, მაგრამ სად არის, სად? იქნებ შემთხვევით გაიგო ძმის დატყვევების ამბავი და სწორედ ეს ვერ აპატია ქმარს?

მაშინ რა შუაში ვართ ამ ყველაფერთან მე და დათა?!

მტერი! ბაკურს უსათუოდ სჭირდებოდა მტრის ხატი. ვიღაც ხომ უნდა ყოფილიყო დამნაშავე ირინას დაკარგვაში და დათა ამოიჩემა. იქამდე გელას ერჩოდა, მაგრამ ცოლმა მაინც მიატოვა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორის ძებნაში დათა ამოქექა.

საკუთარი მიგნებით კმაყოფილმა გამალებით დავიწყე კვერცხის ათქვეფა, მაგრამ ტაფაზე დასხმა ვერ მოვასწარი _ ზარი დაირეკა.

_ ორი თვის დავალიანება გაქვთ. _ ბედნიერი ღიმილით მაუწყა საკაბელო ტელევიზიის წარმომადგენელმა.

_ თორმეტი ლარი?

_ დიახ, შეგიძლიათ სამი თვისაც გადაიხადოთ.

`ნახევარი წლით არ გინდა?~ გავეპასუხე გულში და ვინაიდან ჩემი საფულე სულს ღაფავდა, ხელი დათას პიჯაკის ჯიბეში ჩავაცურე. პორტმანეს რამდენიმე ფოტოსურათი ამოჰყვა. ტანგაში გამოკვართული საჯდომის დანახვაზე ფეხები მომეკეცა, მაგრამ როცა მივხვდი, ვის ეკუთვნოდა ეს საჯდომი, კინაღამ ცოცხლად მოვკვდი.

დამპალ ბაკურს დათასთვის მაკომპრომეტირებელი ფოტოები გამოუგზავნია, ჩემს ძვირფას მეორე ნახევარს კი, იმის ნაცვლად ჩემთან ერთად ეცინა (ან ეტირა), გულის ჯიბეში გამოუპრანჭავს და დეპრესიას მისცემია. იმიტომაც ბორგავდა მთელი ღამე.

არ მახსოვს, როგორ გავისტუმრე საკაბელოს ტიპი, მგონი მართლა ნახევარი წლის საფასური გადავიხადე და დაუყოვნებლივ დათასთან გავჩნდი.

_ ეს რა არის? _ ვიყვირე აღშფოთებულმა და ფოტოები ლოგინზე დავუყარე.

დათამ თავი წამოსწია და უბედური სახით ისევ ბალიშზე გადაესვენა.

_ მე მეკითხები? _ ისეთი ტონით მკითხა, მგონი აქეთ აპირებდა შარის მოდებას.

_ ჰო, შენ გეკითხები. რატომ შეინახე ეს სურათები და თუ შეინახე, რატომ არ მითხარი.

_ აღარ შეგარცხვინე...

_ რა-ა?! _ ვგრძნობ, როგორ ფეთქავს ჩემში გურული ბებიის წინაპარი. მზად ვარ ტანსაცმელი შემოვიხიო, ლოყები დავიხოკო, თმა გავიშალო...

_ თავი დამანებე, ია...

_ რას ნიშნავს `თავი დამანებე~, იქნებ ფიქრობ სპეციალურად ვპოზირებდი იმ ნაბიჭვარს?!

_ იათამზე, მე ერთი ვიცი: ეგ ტრუსიკი, ტანგაა თუ შტანგა, შენ არასოდეს გქონია. ყოველ შემთხვევაში, მე, კანონიერ ქმარს, არ მინახიხარ ტრაკში ამოდებული ნაჭრით.

Page 66: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ მოიცა, შენი აზრით, სამი დღის მანძილზე საცვალი არ უნდა გამომეცვალა?... თუ იპოდრომზე სარბენად `ზაპასკით~ წავსულიყავი, ვინიცობაა, მომიტაცონ, თან მქონდეს ორიოდ ნიფხავი, არა? რა ჩემი ბრალია, თუ იმ დაცურებულმა ბაკურმა ტანგა მიყიდა?!

_ რატომ მაინცადამაინც ტანგა? _ დათამ საჩვენებელი თითი სივრცეს დაუმიზნა და წრიული მოძრაობა გააკეთა.

_ იმიტომ რომ მანიაკია, სექსუალური მანიაკი!

დათამ ყვრიმალის ძვლები შეათამაშა. აშკარად გავიგე კრაჭუნი.

ახლავე თუ არ დავამშვიდე, კბილი არ დარჩება მთელი.

_ მაგრამ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

_ დიიდი მადლობა.

_ დათა...

დათამ ხელი აიქნია _ ვითომ, აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკიო, მაგრამ მე არ ვაპირებდი ფარ-ხმალის დაყრას, უმწეო ბრაზმა ყელში წამიჭირა, ლამის გავიგუდე.

_ მოიხედე აქეთ... ასეც რომ ყოფილიყო, რა? მიპასუხე, რა? მე შენს გამო დამატყვევეს, მაგრამ საყვედურის თქმა თავშიც არ მომსვლია... რომც ეხმარა ძალა, ჩემი ბრალი იქნებოდა? თუ გაუპატიურებულს არ მიმიღებდი?

დათა დუმდა.

_ იცი, დათა, ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რომ შენთან ამ თემაზე თავის მართლება მომიწევდა. _ ვესროლე ცრემლმორეულმა და ჯერ ოთახიდან გამოვვარდი, მერე _ სახლიდან.

თხუთმეტიოდე წუთში უნივერსიტეტის ბაღში ვიჯექი და იმედგაცრუებული გავცქეროდი ვარაზისხევზე მოძრავ მანქანებს.

რაღაც ჩამწყდა. რაღაც დიდი, მნიშვნელოვანი და საიმედო. ალბათ ასე გრძნობს თავს ზურგის გარეშე დარჩენილი ჯარისკაცი. ვატო გამახსენდა, ჩემი მეორე ქმარი...

ჩვენ მარტივად გავებით სხვის დაგებულ მახეში, სწორედ იქ აღმოვჩნდით სუსტები, სადაც დაუშვებელია სისუსტე. მაშინ არ ვიცოდი, რომ სიყვარულს არ უხდება აფიშირება, რომ უსათუოდ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც არ გაპატიებს პირზე აკრულ უნებლიე ღიმილს. ასეთი ადამიანი ვატოს ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. ქალი. პარადოქსია, მაგრამ მაშინაც ფოტოსურათები ფიგურირებდა...

ბორჯომში ვისვენებდით. ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. იმ დილით ვატო თბილისში გამოიძახეს, მე კი დროის გასაყვანად საბილიარდოში ჩავედი, იქვე, სასტუმროს ფოიეში. ორნი თამაშობდნენ, ორიც აკვირდებოდა, მათ შორის ვატოს მეგობარი. მე დამკვირვებლებს შევუერთდი. მომწონდა მოთამაშის დაძაბული პოზა, მხარზე გადებული კია, თეთრი ბურთულების გადაადგილება მწვანე მაუდზე, გოლით დამძიმებული ბადე...

მერე ერთ-ერთი მოთამაშე თამაშს გაეთიშა _ ცოლ-შვილმა მიაკითხა და...

_ გინდა, გასწავლო? _ მკითხა კენტად დარჩენილმა მოთამაშემ.

სიამოვნებით დავეთანხმე. არც გამიცნობიერებია, რომ შემოთავაზება

კაცისგან მოდიოდა, ახალგაზრდა და საკმაოდ სიმპათიური კაცისგან. მან მასწავლა თამაშის წესები, კიას დაჭერა, მიზანში გარტყმა... ვატოს მეგობარი მამხნევებდა: `ყოჩაღ,

Page 67: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

კარგად გამოგდისო.~ მეც ბავშვივით მიხაროდა, თავი მაგარი მეგონა... ისე გავერთე სამაიიი, ვერც გავიგე, როგორ გავიდა დრო. როცა მიმოვიხედე, ფოიეში არავინ იყო. მეწყვილეს მადლობა მოვახსენე და ნომერში ავედი. მალე ვატოც ჩამოვიდა.

მეორე თუ მესამე დღეს, ეჭვების მოწამლული ვატო ნომერში შემოიჭრა და საბილიარდოში გადაღებული ფოტოსურათები ცხვირთან ამიფრიალა. ორაზროვანმა, სპეციალურად გადაღებულმა კადრებმა შოკში ჩამაგდო. აი, უცნობი ზურგსუკან მიდგას და კიას მიმართულებას მისწორებს, მხრებით ვეხებით ერთმანეთს... პირველი ჩაგდებული ბურთი, სიხარულის ტაში, გაბრწყინებული სახეები...

_ შენ იცნობდი ამ ტიპს, იცნობდი! _ ყვიროდა ვატო.

_ რა სისულელეა, სახელიც არ ვიცი.

_ ტყუი!

_ ვინ მოგცა ეს ფოტოები?

ვატომ არ დამიმალა, მეგობარი ქალის ვინაობა დამისახელა. მე ცუდი ეპითეტი ვიხმარე მისი მეგობარი ქალის მისამართით, იმან ჩემი პირველი ქმარი ახსენა მამა-პაპურ ბრუნვაში, მე ავღშფოთდი, იმან შემაგინა. ცხოვრებაში პირველად შემაგინა, სრულიად დაუმსახურებლად.

ჩემოდანი ჩავალაგე და თბილისში გამოვქუსლე _ აბორტის გასაკეთებლად.

ასე დავშორდით. მე მას ცილისწამების დაჯერება ვერ ვაპატიე, იმან _ აბორტი გაკეთება... სიმართლე გითხრათ, ის აბორტი მეც ვერ ვაპატიე საკუთარ თავს.

ორი წლის შემდეგ ვატომ ის მეგობარი ქალი მოიყვანა ცოლად, მგონი შვილიც ეყოლათ...

ნუთუ ისტორია მეორდება? ნუთუ მე და დათა იმ სულელური ფოტოების გამო უნდა დავშორდეთ ერთმანეთს?

სიმწრით დავკარი მუშტი უდანაშაულო ძელსკამს. შორიახლოს მდგარმა სტუდენტებმა ლაპარაკი შეწყვიტეს და ჩემსკენ მოღრიცეს კისრები. გიჟად ჩამთვალეს. რა უნდა ჰქნას ადამიანმა, როცა არ იცის რა ჰქნას?

გადაერთოს სხვა რამეზე.

ავდექი და ფეხით გავეშურე ლია მორჩილაძის სანახავად.

ის ყვავილების სალონში დამხვდა, წყალს უსხამდა თავჩაქინდრულ აზალიებს. ჩემს დანახვაზე ისეთი ოვაციები მოაწყო, თითქოს სამი წლის უნახავი შვილი ჩამოუვიდა ჯარიდან. ხასიათი გამომიკეთდა, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი, არაქათგამოცლილი დავეხეთქე სკამზე.

_ ლალიკომ დარეკა ავსტრიიდან _ იამ თუ გამოიარაო. შენი გატაცების შესახებ არაფერი მითქვამს, რა საჭიროა, წინასწარ...

_ კარგად მოქცეულხარ. ფიქრია სად არის?

_ იმ ახალგაზრდა კაცმა, გელამ გამოუარა ამ დილით. საქმეებზე მივდივარსო. _ ლიამ სათვალე შეისწორა და ეშმაკურად ჩაიღიმა. _ გაფიცებ იათამზე, არ დამიმალო, რა ხდება ჩემს გოგოს და გელას შორის. გუშინ სახლში მოაცილა, ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ისევ დაურეკა... მთელი ღამე ტელეფონზე იყვნენ ჩამოკიდებულები...

_ სერგო არ გამოჩენილა? _ უარყოფილი მაიორი მოვიკითხე.

Page 68: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ იყო, მაგრამ ფიქრია არ დახვდა სახლში, სხვა დროს გამოვივლიო. დაღლილი ჩანდა, ეხუმრები ასეთ სამსახურს?!

თავი დავუკარი და ვიტრინაში გავიხედე. შუქნიშანთან მანქანები ბღუოდნენ, წვერგაუპარსავი კაცი ცარიელი ბოთლებით დატვირთულ ურიკას მოაგორებდა, სახეზე ეწერა უმწეო ბოღმა.

_ ლია, საქმე მაქვს შენთან. ოღონდ გულახდილოდ უნდა მიპასუხო, სხვა შემსხვევაში, დამნაშავეზე ვერ გავალთ.

_ ტყუილი ცხოვრებაში არ მიკადრებია! _ ცოტა არ იყოს ეწყინა ლიას.

`ნეტავ ლია ჯულის ნამდვილი შვილია?~ უცებ მკვრეხელურმა აზრმა გამიელვა. ნუთუ შეიძლება იმ ავხორც დედაკაცს ასეთი სათნო შვილი გაეჩინა?

_ საქმე დედაშენს ეხება.

დედამისის ხსენებაზე ლიას ზიზღით მოექცა სახე. მაგარი ვარ, ათიანში მოვარტყი. დაჯდომა და აზრების მოკრება ვთხოვე. მექანიკურად დამომორჩილა.

_ დედაჩემი მოკვდა. _ თქვა ხმადაბლა.

_ ვიცი. ბინა კი ვინმე ბაკურ სორდიას დაუტოვა. ისმის კითხვა: რატომ?

_ შენ საიდან იცი იმ კაცის არსებობა, იათამზე?

_ მაქვს ბედნიერება ვიცნობდე, ამაზე მერე. _ ხელი ავუქნიე და ყველაფრის მოყოლა ვთხოვე, მოჭრილი სურათებით დაწყებული, ბაკურის გამოჩენით დამთავრებული.

_ არ მინდა ფიქრიამ იცოდეს ჩემი ოჯახის სამარცხვინო ისტორია. _ მთხოვა ლიამ და აწითლებული ლოყები ხელისგულებში მოიქცია.

_ თუ შემთხვევით მოვიდა, ლაპარაკს სხვა თემაზე გადავიტანთ. მაგალითად, გერანიას მოვლაზე ოთახის პირობებში. დაიწყე.

ლიას მონაყოლიდან:

ლიას გაუცხოება დედის მიმართ უფროსი ძმის, აჩიკოს თვითმკვლელობის შემდეგ დაიწყო. ლიას სამუდამოდ ჩაებეჭდა ძმის ცხედარზე გადამხობილი დედის გოდება: `შენს სიკვდილში მე მიმიძღვის ბრალი, მაპატიე, შვილოო.~ ჩაბეჭდვით ჩაებეჭდა, მაგრამ არსს ვერ ჩახვდა, კითხვა კი მოერიდა. არც ასაკი უწყობდა ხელს, არც გამოცდილება. მალე მამაც დაეღუპა, მაგრამ მისი სიკვდილი ლიას არ უდარდია, ქრონიკულად ნასვამი, აყალმაყალის მოყვარული კაცის მიმართ ზიზღნარევი სიბრალულის გარდა არაფერი უგრძვნია. ჯულიმ ქმარ-შვილის სიკვდილი მოინელა, ძაძებსაც გამოეთხოვა და უწინდებურად გახალისდა. ლიას აღიზიანებდა დედამისის გამომწვევი სამოსი, ღრმა დეკოლტე, ალისფერი პომადა, მძაფრი სუნამო, გულიანი გადაკისკისება... პირშიც ეუბნებოდა, მაგრამ ჯულის სასაცილოდ არ ყოფნიდა წამოზრდილი ქალიშვილის პრეტენზიები, მთავარია, კაცებს გაეყოლებინათ სურვილით სავსე მზერა. ლიას კატეგორიულ მოთხოვნას არ მისულიყო მშობელთა კრებაზე, ჯული გულწრფელი გაკვირვებით შეხვდა, თუმცა დაემორჩილა.

მოგვიანებით ლიასთვის ცნობილი გახდა, რომ დედამისს საყვარელი ჰყავს _ კოჭლი მამაკაცი სახელად მურთაზი _ შავი ულვაშითა და თეთრი `ვოლგით~. ჯულის ყულაბა ვეღარ იტევდა სამკაულებს, კვირაში ერთხელ კი მკერავთან დაბრძანდებოდა _ ახალ კაბებს იკერავდა. უნდა ითქვას, არც შვილს ივიწყებდა, მაგრამ ლია უკადრისობდა

Page 69: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

მურთაზის ფულის ნაყიდ ტანსაცმელს, არც სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ნაჩუქარი ოქროს საათი მიიღო. ლია გათხოვებაზე ოცნებობდა. ეს იყო მოძულებული სახლის დატოვების ერთადერთი შანსი.

აჩიკოს ცხედართან წამოსროლილმა დედის სიტყვებმა ახლა სხვა აქტუალობა შეიძინა, ლია თანდათან რწმუნდებოდა, რომ სწორედ ჯულია დამნაშავეა აჩიკოს სიკვდილში. რომ კოზლი მურთაზი არ იყო ერთადერთი საყვარელი დედამისის ცხოვრებაში, რომ მამამისის გამუდმებული ლოთობა რეალობისგან გაქცევის უნიჭო მცდელობა იყო მხოლოდ, რომ თავად ლია შეიძლება სულაც არაა მამამისის შვილი... მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდები იყო, მხოლოდ ვარაუდები...

პირველ კურსზე ლიამ ფიქრიას მამა გაიცნო. იმდენად ეშურებოდა სახლიდან წასვლას, გრძნობებში გარკვევა ვერ მოასწრო, დაჰკრა ფეხი და გათხოვდა. ჯული სიხარულით შეხვდა ქალიშვილის გათხოვებას, იფიქრა, მძახლებში გავიჯეჯილებო, მაგრამ ლიამ კატეგორიული პირობა წაუყენა _ `შენს სანახავად მე თვითონ ვივლი, არ არის საჭირო სიძეს გადმოუყარო ჭკნობაშეპარული ძუძუებიო.~ შეურაცხყოფილი ჯული ისეთი სისწრაფით გაქანდა კიბეებზე, რომ თავი ვერ შეიკავა, წაიქცა და ფეხი იღრძო. სახლში ახალგამომცვარი სიძის მისაყვანი გახდა.

ლია ყოველდღე დადიოდა დაზარელებული მშობელის სანახავად, ექიმიც მიუყვანა, მაგრამ ჯული მაინც უკმაყოფილო იყო _ შვილი კი არა, გველის წიწილი გამიზრდიაო. ბოლოს ბინიდან ამოწერით დაემუქრა. ლიას ყურადღება არ მიუქცევია, ვერც წარმოედგინა, თუ ოდესმე მამამისის ბინის შემცილებელი გამოუჩნდებოდა.

მერე ლიამ შვილი გააჩინა, მერე ქმარს დაშორდა, დეპრესიაში ჩავარდა... კარგა ხანი არ მოუკითხავს დედა, არც იმას მოუკლავს თავი _ სად დაიკარგა ჩემი ერთადერთი ქალიშვილიო. თურმე, სად ბანაობ, რომელი `ერთადერთი?!~

მშობლების სახლში მისულ ლიას უცნობი კაცი დახვდა, ვინმე ბაკურ სორდია. პირველად დედამისის ახალგაზრდა საყვარელი ეგონა, მაგრამ უცნობმა არც მეტი, არც ნაკლები, ჯულის უფროსს შვილად გაასაღა თავი.

_ მაშაყირებთ? _ ცალყბად ჩაეცინა ლიას.

_ როგორ გეკადრებათ, ყველა საბუთი მაქვს. ინებეთ. _ ბაკურმა

საბუთები გადმოულაგა და ინტერესით დაელოდა რეაქციას.

აღმოჩნდა, რომ თექვსმეტი წლის ჯული სორდიას უკანონო შვილი გაუჩენია და დაბადებისთანავე ბავშვთა სახლში ჩაუბარებია. დროგამოშვებით დედა ბიჭუნას აკითხავდა, რის გამოც ეს უკანასკნელი გაშვილებას არ ექვემდებარებოდა. ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვერდზე დაუდგა ნიჭიერ აღსაზრდელს, სკოლაში სწავლის პერიოდშიც და მერეც, ინსტიტუტში სწავლისას. რასაც ვერ ვიტყვით მშობელზე, ჯულიმ გათხოვების შემდეგ პრაქტიკულად შეწყვიტა ბავშვთა სახლში სიარული. ბაკურს რომ არ გამოეჩინა ინიციატივა, არც გაახსენდებოდა უკვე დაკაცებული შვილი, მაგრამ ის თავისი ფეხით ეახლა, მოიკითხა, ხელმეორედ გაიცნო, ასე ვთქვათ, და დარჩა. როგორც ჩანს სამუდამოდ.

ჯული დაუფარავი კმაყოფილებით აკვიდებოდა და-ძმას შორის გამართულ პოლემიკას. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება ელოდა ამ წუთს.

ლიამ უკანმოუხედავად წავიდა. იმ დღის შემდეგ აღარც დედა მოუკითხავს, არც ე.წ. ძმის გაგდება უცდია მამისეული სახლიდან. ბოლოს და ბოლოს, ჯულის მომვლელი სჭირდებოდა, ლიას კი მისი დანახვაც არ შეეძლო (სურთებიდანაც კი ამოჭრა). დედის

Page 70: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

სიკვდილის შესახებ მან გაზეთიდან შეიტყო. ჭირისუფალში, შვილობილის სტატუსით, მოხსენებული იყო ბაკურ სორდია.

ლიამ მოყოლა დაასრულა და როგორც მომეჩვენა, შვებით ამოისუნთქა.

_ ახლა შენი ჯერია, იამზე.

_ ბაკურ სორდიას პოლიცია ეძებს.

_ რა დააშავა?

_ პირველ რიგში, ტყვედ აიყვანა თქვენი მონა-მორჩილი.

_ ვაიმე! _ იკივლა ლიამ და პირზე მომუჭული ხელისგულები აიფარა.

_ მეორე რიგში, საკუთარი ცოლის, ირინა ჯანდიერის გადამალვაში ედება ბრალი, რომელიც ყველაფერთან ერთად მერაბ ჯანდიერის ქალიშვილია.

_ ვაიმე! _ მეორედ იკივლა ლიამ.

მესამედ ჩემმა მობილურმა იკივლა. დათა რევავდა. გავთიშე.

_ რა გვეშველება, იათამზე, რა სირცხვილია, რას იტყვის მერაბი?

_ რა უნდა თქვას?

_ რა გამოდის: მერაბი მატერიალურად ეხმარება ბაკურის ნახევარდის ოჯახს.

_ ბაკური პირველ რიგში მისი სიძე იყო, ქალიშვილის ქმარი. შენ

მამაშენის ბინა ვიღაც ნაბიჭვარს დაუთმე, ოღონდ არ შეხებოდი ამ სიბინძურეს, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად გიჭირდა. მერაბის გაზრდილმა შვილმა კი ის შეიყვარა, მიუხედავად ოჯახის წინააღმდნეგობისა, ცოლად გაჰყვა.

უცებ მივხვდი, რომ ვყვირი. ლია გაოცებული შემომცქერის, არ ელოდა ჩემგან ასეთ გაწიწმატებას. არც მე ველოდი. დათას ბრალია ყველაფერი, ამომაგდო კალაპოტიდან. მობილურს დავწვდი და მერაბს დავურეკე:

_ ის დროა, ირინას ძიძას ვესტუმროთ.

_ მეც ასე ვფიქრობ. _ მზადყოფნით მიპასუხა მან.

_ ლიას სალონში გელოდებით. _ მოკლედ მოვუჭერი და მობილური დავკეცე.

_ რას აპირებ, იათამზე? _ შეთქმულივით მკითხა ლიამ.

_ ირინას დარდი მაქვს. რამე ხომ არ მოუწია იმ არანორმალურმა...

_ მართლა არანორმალურია? ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა...

_ ბაკურის პრობლემა ღრმა ბავშობიდან მოდის. ასე მხოლოდ ქალისგან უარყოფილი მამაკაცები იქცევიან.

_ პირველი ქალისგან. _ დაამატა ლიამ. _ ჯული ცუდი ქალი იყო, ცუდი ცოლი და დედა. ვერასოდეს ვაპატიებ, ვერასოდეს... ან იმან როგორ აპატია?!

_ იმას ბინა სჭირდებოდა.

_ ბინაში გაცვალა თავმოყვარეობა?

Page 71: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ თავშესაფარში გაზრდილი კაცისთვის საკუთარი ჭერი იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე შენ გგონია. რომელ თავმოყვარეობაზე მელაპარაკები, ლია?

გამახსენდა მერაბის მცხოვანი მეზობლის მონაყოლი ჩაფსიტულ ლეიბთან დაკავშირებით. არც ისეთი წყალწაღებული ყოფილა ბაკური, თუკი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა. რას გაიგებ, ალბათ სენტიმენტალური მკვლელებიც არსებობენ. ჰიტლერი თავისი ხელით აჭმევდა საყვარელ ძაღლს, მაგრამ იმავე ხელით მილიონობით ადამიანს ისტუმრებდა გაზის კამერებში.

ნახევარ საათში მე და მერაბი დასავლეთისკენ მივქროდით.

ფარცხანაყანები _ ასე ერქვა სოფელს, სადაც ირინას ძიძა ცხოვრობდა. გორამდე ხმა არ ამოგვიღია. ტრასაზე მერაბმა მოულოდნელად დაამუხრუჭა და გზისპირას აღმოცენებულ ფაცხას გახედა:

_ მშია. _ გამოაცხადა უაპელაციო ხმით.

როგორც კი ეს სარკალური ფრაზა წარმოთქვა, პირი ნერწყვით ამევსო. სახლიდან ისე გამოვიქეცი, ჩაის დალევაც ვერ მოვასწარი. ოჰ, დათა, დათა... რეკე რამდენიც გინდა, არ გიპასუხებ, ვერ გაპატიებ, არ შემიძლია!

_ მეც. _ აღარ გავიპრანჭე, პირველი გადმოვხტი მანქანიდან.

უჭმელი ადამიანი ცუდად აზროვნებს, მგელივით იღრინება, გველივით სისინებს. სხვათა შორის, მერაბმა შესანიშნავი ადგილი შეარჩია _ წკნელით შემოღობილი ჩრდილიანი ფიჭვნარი. მთელი ფილტვებით შევისრუტე ნოტიო მიწისა და ფიჭვის ტანის გამაბრუებელი სურნელი. სხვა ცხოვრებაში სიამოვნებით მოვიდოდი ციყვად, ვიცხოვრებდი აი, ასეთ ტყეში, მარტივი ციყვური ცხოვრებით. არც ქმარი დამწამებდა ცილს _ ტანგა რატომ ამოიცვიო, არც როტვეილერის ლეკვის დანახვაზე ჩამოვყრიდი დორბლებს. ზამთრისთვის თხილსა და კაკალს მოვიმარაგებდი, შევიყუჟებოდი ფუღუროში და დაველოდებოდი გაზაფხულის მოსვლას.

ახლა კი მწვადს ველოდებით, ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად ველოდები, მერაბი კი კიდევ რაღაცეებს აწერინებს ჩაკურატებულ მიმტანს. რა საჭიროა მწვადტან ქათამი და ხაჭაპური, მწვანილი კიდევ მესმის...

_ რაზე ფიქრობთ, იათამზე?

_ ვოცნებობ.

_ რაზე?

_ ციყვად ყოფნაზე.

_ ციყვად? _ გაუკვირდა მერაბს. _ რა გაქვთ ციყვის შესაშური?

_ ეტყობა სიმშვიდე მომენატრა, ჩემთვის ფუღუროში ყოფნა. გაურკვევლობა მთრგუნავს.

_ მალე ყველაფერი გაირკვევა. _ დამამშვიდა მერაბმა და პურს ყუა მოატეხა.

უცებ მივხვდი, რამდენიც არ უნდა ვიფასო თავი, ჩემს ცხოვრებაში აწი არაფრის შეცვლა არ მინდა. იმასაც მივხვდი, რომ უკვე ვაპატიე დათას სულელური გამოსვლა, უბრალოდ დრო მჭირდება მონელებისთვის. საოცნებო კი მართლა არაფერი მაქვს, განგებამ ისედაც ბევრი გამოიმეტა ჩემთვის.

_ თქვენ არასოდეს ოცნებობთ, მერაბ?

Page 72: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ არაა... თუმცა კი... გუშინ ვოცნებობდი. _ მითხრა ჩაფიქრებულმა. _ გინდათ, გითხრათ რაზე?

_ მინდა.

_ გელას რომ დაერეკა... მთელი საღამო ვყარაულობდი ტელეფონს. ღამეც. არ დარეკა. კიდია.

უზარმაზარ ბინაში, ტელეფონის ზარს მიყურადებული მერაბი წარმოვიდგინე და გული მომიკვდა.

_ გუშინ გელას ტელეფონს არ ეცალა. ლიამ მითხრა, მთელი ღამე ფიქრიას ელაპარაკებოდაო. დღეს დილით კი ერთად წავიდნენ.

_ ასე სერიოზულადაა საქმე? _ წარბი გაშალა მერაბმა.

_ ყოველ შემთხვევაში, დასაწყისი შთამბეჭდავია.

_ მაინც არა აქვს გამართლება.

_ `შეცდომა ადამიანურია, პატიება ღვთაებრივი~.

_ თქვენ, ყველაფრზე გაქვს პასუხი?

_ არა, მერაბ, მაგრამ ვცდილობ მოვნახო, სხვის ადგილზე დავაყენო თავი. გამოტყდით, რომ ზედმეტად მკაცრი მამა იყავით.

_ გელას მიმართ, კი, მაგრამ ირინა... ირინამ გამაოცა. რამ შეაყვარა ის ნაძირალა კაცი?

_ გამოუცდელობამ. ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტმა. და მშობლების ეგიოზმმა. ალბათ გიხაროდათ, რომ დამჯერე, მორჩილი ქალიშვილი გეზრდებათ...

_ რაღა დაგიმალოთ და, კი. გელას ფონზე, განსაკუთრებით.

_ სწორედ `გელას ფონი~ არ უნდა დაგეკარგათ ქალიშვილისთვის, თქვენ კი სახლიდან გააგდეთ. ერთმანეთს შეავსებდნენ და უკიდურესობაში არ გადავარდებოდნენ.

_ გელას აქვს შანსი, მაგრამ ირინას... ირინას საშვილოსნო ამოაჭრეს, მას არასოდეს ეყოლება შვილი! _ მერაბი მსუყედ გაწითლდა.

_ მაპატიეთ, მაგრამ ჯანმრთელი საშვილოსნოს და გინეკოლოგი ქმრის პატრონს, შვილი მეც არ მყავს.

მერაბმა დაბნეულმა შემომხედა. მთელი გულით მეცოდება ნაადრევად დაქვრივებული კაცები, რამდენიც არ უნდა იფაფხურონ, უჭირთ ცხოვრებისეულ პრობლემებთან მარტო გამკლავება. შვილი ბიზნესი არაა, ფული ჩადო და მოგებას დაელოდო, შვილის გაზრდას ქალური ინტუიცია სჭირდება.

_ ნუ ღელავთ, მერაბ, შესაყვარებელი ობიექტი გამოჩნდება, მთავარია, სურვილი იყოს. ძმისშვილი ეყოლება და იმას შეიყვარებს. ჩემი დისშვილები საკუთარი შვილებივით მიყვარს.

_ იქნებ კიდევ უყვარს ის უგვანი კაცი?

_ არც ისე უგვანია, თქვენ რომ გგონიათ. _ ორაზროვნად ვუთხარი მე.

_ რაზე მიანიშნებთ?

_ გეტყვით, ოღონდ სადილის შემდეგ. მეშინია, მადა არ დაკარგოთ.

Page 73: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

მერაბი უმალ დამეთანხმა. ჩემი უბედურების არ იყოს, ეტყობა მასაც კუჭი უწანწალებდა.

ოფიციანტს კი მოჰქონდა და მოჰქონდა, მართალია მშივრები ვიყავით, მაგრამ ჩემმა მტერმა ჭამა ზედიზედ _ მწვადი, ქაბაბი, ქათამი, თევზეული, ფხალეული, ყველეული... მესამედის ათვისება ძლივს მოვახერხეთ. რა ვიცის თავის გაგიჟება ამ ქართველებმა, რა საჭირო იყო ამდენი ფულის გადაყრა? ან სად მიაქვთ ამოდენა ნარჩენები _ სანაგვეში ყრიან თუ მორიგი კლიენტისთვის ინახავენ? ვინ იცის, `მორიგი~ კლიენტები ჩვენ ვართ...

ფეხზე კატამ მომიცაცუნა _ ნამუსი იქონიე, მეც მომხედეო. ჩემი დაკვირვებით, კვების ობიექტებს მიტმანსული ცხოველები პრეტენზიულობით გამოირჩევიან. აგერ, ღობესთან ძაღლიც აბირჟავებს, ახლოს მოსვლას ვერ ბედავს, მაგრამ მთელი მისი დაძაბული პოზა გაფრენილი მწვადის ჰაერში დაჭერის მზადყოფნას გამოხატავს.

ძაღლს მწვადის ნაჭერი ვესროლე, კატას _ თევზი ნაჭერი, მერაბს _ მადლიერი ღიმილი.

გავაბოლეთ.

_ გისმენთ, იათამზე, შეგიძლიათ ამოაძვრინოთ თქვენი უფსკერო ხურჯინიდან კიდევ ერთი საიდუმლო. თანახმა ვარ მადა დამეკარგოს, ისედაც ბევრი მომივიდა.

_ ბაკურ სორდია ჯულის უფროსი შვილია.

მერაბი სახტად დარჩა. ანთებული სიგარეტი პირიდან გამოუფრინდა და თვალი გაუშტერდა _ მოსმენილის გადახარშვას ცდილობდა. ერთი პირობა ვიფიქრე, ვერ გადახარშავს, მწვადთან ერთად უკან ამოუშვებს და სუფრას წაბილწავს. ყოველ შემთხვევაში, თადარიგი დავიჭირე _ სკამიანა უკან გავჩოჩდი.

_ ვინ დამწყევლა?! _ აღმოხდა პაუზის შემდეგ.

_ იქნებ ბედისწერაა?

_ ვიღაც ხომ მართავს ამ ბედისწერას?

_ ალბათ იმ `ვიღაცამ~ ჩათვალა, რომ ირინა უნდა გადაყროდა ჯულის უფროს შვილს... არ ვიცი, არ ვიცი, ეს უკვე მისტიკის სფეროა.

მოკლედ მოვუყევი ბაკურის ლიას სახლში ჩასახლების ისტორია.

_ ჯული... ჯული... ისევ ეს საშინელი ქალი, რომელმაც სიცოცხლე

გაუმწარა თავის შვილებს. ერთი _ დროზე ადრე გაისტუმრა საიქიოს,

მეორე _ ბავშვთა სახლში ჩააბარა, მესამე _ ცარიელ-ტარიელი დატოვა... წავიდეთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიპოვო ჩემი უბედური გოგონა.

მერაბი ისეთი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას, ლამის შევეზარდე სავარძელს. ასე თუ გააგრძელა ირინას ძიძას არ ვიცი, მაგრამ მიქელ_გაბრიელს უეჭველი ვნახავთ.

_ ცოტა ფრთხილად. _ ამოვიკნავლე მხრებაწურულმა.

_ ნუ ღელავთ, გამოცდილი მძღოლი ვარ. ახალგაზრდობაში ფორმულაზე დავდიოდი, მაგრამ ცოლის დაჟინებული თხოვნის მივატოვე. ცხონებულს არ უყვარდა რისკი.

_ არც მე მიყვარს.

მერაბმა მოკლედ ჩაიცინა და გვერდულად შემომხედა, ფრინველივით.

_ არ მჯერა. თქვენ მამაცი ქალი ხართ.

Page 74: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

წელში გავიმართე. მამაც ქალს არ შეჰფერის მოკუნტულ მდგომარეობაში სიკვდილის ლოდინი, თუმცა იქვე დავამატე:

_ და მაინც დაუწიეთ სიჩქარეს. როცა ვიძაბები, აზრები მეფანტება.

_ რა `აზრები~? _ მერაბმა სიჩქარეს დაუწია.

_ აზრი. ერთი ცალი. ვერსია, რომელიც დროგამოშვებით გამიელვებს და მერე სადღაც იმალება. უფრო სწორედ, ვერსიის ჩანასახი...

_ სად იმალება?

_ ტვინის რომელიღაც ხვეულში, ალბათ.

შუბლზე მივიკაკუნე _ `ჩანასახი~ გავააქტიურე, ასე ვთქვათ. მართლაც რაღაცამ გაიელვა მეხსიერების ბუფერში და ხორცშესხულ სიტყვად მომადგა პირზე:

_ გელამ რაღაც იცის ბაკურის შესახებ!

_ არ გამაგიჟოთ, იათამზე, იმაზე მეტი რა უნდა იცოდეს, რაც ჩვენ ვიცით?

_ დარწმუნებული ვარ, იცის. მივყვეთ ლოგიკას: გელას წარმოდგენა არა აქვს ვისი შვილია ბაკური. რომც იცოდეს, რა იცვლება?! იყო ვიღაც ჯული, რომელსაც ჰყავდა შვილი ბაკური. რა კავშირიია ეს ყველაფერი მამამისთან, ანუ თქვენთან? ჩემ გარდა ვინმემ იცის აჩიკო მორჩილაძის სიკვდილის ნამდვილი მიზეზის შესახებ?

_ არა.

_ მითუმეტეს. სავარაუდოდ, ირინამ პირველ რიგში ძმას მიახარა თავისი სიყვარულის ამბავი. გელა დაინტერესდა დის რჩეულის. ის, რომ სასიძო ჭკნობაშეპარული ჯეელია, რა თქმა უნდა, ნაკლია, მაგრამ არც ისეთი, თავმოყვარეობისთვის მიეფურთხებინა და გაბუტულ მამასთან პრეტენზიებით მივარდილიყო: `არიქა, ქალიშვილს მიხედეო.~ აბა, გაიხსენეთ, როგორი ეპითეტებით ამკობდა გელა პოტენციურ სასიძოს...

_ აფერსიტი, ნაძირალა, შანტაჟისტი, ბებერი თხუნელა... მოიცა, მოიცა... _ ამჯერად მერაბმა მიიკაკუნა შუბლზე თითი.

მგონი ისევ `ჩანასახთან~ გვაქვს საქმე, თუ ასეა, სიამოვნებით მივაშველებ ჩემს თითებსაც.

აჰა, სახე გაუნათდა. `შობა~!

_ კიდევ ასეთი ფრაზა წამოსცდა: მაგის ბრალია ჩვენს შორის რაც მოხდაო.

_ ანუ, გელას და თქვენ შორის არსებული დაპირესპირება რაღაც კავშირშია ბაკურთან?

_ მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება, ჩავთვალე, რომ გელა სიტყვის მასალად იხმარა მძაფრი ეპითეტები. სიტუაციის გასაბუქებლად.

_ რამდენადაც მახსოვს, გელამ ბეჭედი ვალის გასტუმრების მიზნით მოიპარა.

_ ჰო, ვიღაც საშიში პიროვნება ახსენა.

_ ინტუიცია მკარნახობს, `საშიში პიროვნება~ ბაკურ სორდიაა. გელამ ბეჭედი მოიპარა გაყიდვის მიზნით, მას ბაკური აშანტაჟებდა. ისმის კითხვა: რატომ?

_ რატომ? _ მექანიკურად გაიმეორა მერაბმა.

_ მაგას ახლვე გავიგებთ. _ გათიშული მობილური ჩავრთე და გელას ნომერი ავკრიფე.

Page 75: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ჩემი ხმის გაგონება და გელაც ჩაირთო. მერაბის მომლოდინე მზერას ვერ გავუძელი და მიკროფონიც გავააქტიურე. მანქანის სალონში უმცროსი ჯანდიერის აღელვებული ხმა გაისმა:

_ სად დაიკარგე, ია, საათზე მეტია გირეკავ... მოკლედ, აქ ასეთი ამბავია... ახლახანს, მე და ფიქრია ირინას ძიძის, ლილის სახლში ვიყავით, თვითონ ლილი სოფელში გადასულა საცხოვრებლად, მაგრამ სახლში დაგვხვდა მისი შვილიშვილი. ირინას შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა გაიხსენა მამაკაცი, რომელმაც გუშინ ეახლა, თავი საპენსიო ფონდის თანამირომელად გაასაღა თავი და ბებიამისის კოორდინატებით დაინტერესდა. გარეგნული მონაცემებით ბაკურს ჰგავს. ეჭვი, რომ ირინამ გამზრდელ ძიძას შეაფარა სავი, წუხელვე გამიჩნდა, როგორც ჩანს, იგივე აზრი გაუხნდა ვირეშმაკა ბაკურსაც. მოკლედ, ახლა მანქანას ველოდებით და ფარცხანაყანებში დავუბერავთ. თუ ჩემი ვერსია გამართლდა, ირას სიცოცხლე საფრთხეშია. ვიფიქრე, ხომ არ დაგვემგზავრები?

_ უკვე დავემგზავრე... მამაშენს. ერთ საათში ფარცხანაყანებში ვიქნებით.

მერაბმა დაგაზა, მე სკამის საზურგეს შევეზარდე.

_ მამაჩემს? _ არ დამინახავს, მაგრამ თავს დავდებ, რომ გელას ყბა ჩამოუვარდა.

_ ჰო, მამაშენს. აბა, მარტო შენ გიყვარს ირინა?

_ როგორ არის?

_ მოკითხვას მაბარებს შენთან. _ მერაბის მზერა დავიჭირე. ნერვიულად შეუხტა ტუჩის კუთხე. აჰა, ჯიგარი აეწვა!

_ ჩემგანაც გადაეცი. ჩვენ მაინც წამოვალთ.

_ ვინ `ჩვენ~? _ ერთხმად შევძახეს მე და მერაბმა.

_ მე, ფიქრია და მაიორი ოქრუაშვილი, რომელიც დილას აქეთია ჩრდილივით დაგვდევს. ხომ არ იცი, რა უნდა?

_ როგორ თუ რა უნდა?! დამნაშავეს ეძებს.

_ თან ფიქრიას ეზომება. დავუნგრევ ყბებს.

_ ვინ ვის დაუნგრევს, საკითხავია. _ მოვაკეტინე გელას. _ შენთან სხვა საქმე მაქვს, გისმენს ვინმე?

_ არა, მაიორი მგონი შენს ქმარს ელაპარაკება.

_ ჩემს ქმარს? _ გული ამიფრიალდა, ლოყები ამიბრიალდა, სინდისმა შემაწუხა...

_ დათა არ ჰქვია?

_ ჰო.

_ რა საქმე გქონდა?

_ ორი სიტყვით მითხარი: ბაკურ სორდიას მანამდე იცნობდი სანამ შენი და გადაეყრებოდა?

_ ჰო, მქონდა ბედნიერება. _ აგდებულად მიპასუხა გელამ.

_ გაშანტაჟებდა?

_ ჰმ, საიდან იცი?

Page 76: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ კი თუ არა?

_ კი.

_ ახლა უფრო გრძლად მომახსენე საქმის არსი.

გელამ ჩაახველა, მერაბი აწრიალდა.

_ გელა, მობილურით გირეკავ... დამიჯდა ანგარიში.

_ ასე საჩქაროა?

_ კი.

პაუზა.

_ გელა?

_ აუ, მიტყდება...

_ გისმენ! _ ხმა გავიმკაცრე.

_ ხო, კაი...

გელას მონაყოლიდან:

ორი წლის წინ გელას გათხოვილ ქალთან ჰქონდა რომანი. მათ

შორის შთამბეჭდავი ასაკობრივი სხვაობა იყო _ მთელი 12 წელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ქალი საკმაოდ ცნობილი პერსონის ცოლი ყოფილა, ორი შვილის დედა. ერთხელ ანანურში ასულან, იმ ქალის ბებიის აგარაკზე. ცხელოდა და ჟინვალის წყალსაცავში გადაწყვიტეს გაგრილება. მანქანა გზისპირას გააჩერეს, მოფარებული ადგილი შეარჩიეს და დედიშობილები შეცვივდნენ წყალში.

ერთ კვირაში გელას საყვარელს სამსახურში დაბეჭდილი კონვერტი მისვლია. გახსნა და რას ხედავს: წყალსაცავში ჭყუმპალაობის ამსახველი ფოტოებია. იქვე წერილი: ვინმე ბაკურ სორდია 30 ათას დოლარს ითხოვდა ნეგატივის გასანადგურებლად. უარის შემთხვევაში, ქმრის საქმის კურსში ჩაყენებას ჰპირდებოდა. დრო _ ერთი კვირა. ასეთი თანხა ხელზე ქალს არ გააჩნდა. დაიწყეს ფულის მოძიება. გელამ, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, სახლიდან დედისეული ბეჭედი მოიპარა და საკმაოდ სოლიდურ თანხად გაყიდა. ფულის ნაწილი ძმაკაცისგან ისესხა. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი _ ათი ათასზე მეტი ვერ მოაქუჩეს.

ბაკურის კოორდინატები გაიგეს და პირდაპირ სამსახურში დაადგნენ. მაშინ ჟურნალში მუშაობდა, რედაქტორად. ძალიანაც არ შეშინებია: `თუ ჩამიშვებთ, ჩემსავე ჟურნალში გამოქვეყნდება თქვენი ფოტოსესია, ამაზე წინასწარ ვიზრუნეო~. როგორც გაირკვა, ის არ იყო პროფესიონალი შანტაჟისტი. რაღაც ნარკვევს წერდა ანანურზე ციხეზე და ფოტოსურათები სჭირდებოდა. თვალისმომჭრელმა პეიზაჟმა ისე გაიტაცა, რომ თავი ჟინვალის ნაპირას ამოყო, სადაც გადააწყდა კიდეც წყალში მონებივრე წყვილს. თავიდან არც აპირებდა დაშანტაჟებას, მაგრამ როცა მანქანა დაინახა, გადაწყვიტა: რატომაც არა?

დაიწყეს ვაჭრობა. 25-ზე შეთანხმდნენ, მაგრამ 15-ს ხომ უნდოდა შოვნა? ერთი პირობა გელამ იმ არაკაცის მოკვლაც გადაწყვიტა, მაგრამ ქალმა არ დაანება _ რამეს მოვიფიქრებო.

Page 77: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ჰოდა, მოიფიქრა. ადგა და ყველაფერი ბებიამისს უამბო. მოხუც ქალბატონს გული დაეწვა შვილიშვილის ცოდვით _ უღონდ შენ ოჯახი არ დაგენგრეს და ჯანდაბას, გავყიდი აგარაკსო.

ამასობაში გავიდა ერთი კვირა. შეშფოთებული საყვარლები ისევ ბაკურთან მიცვივდნენ _ ცოტა ხანს გვადროვე, ვიდრე შესაფერისი კლიენტი გამოჩნდებაო. ბაკური ჩაფიქრდა და თქვა: `აგარაკი ჩემს სახელზე გააფორმეს და თქვენგან მეტი არაფერი მინდაო.~

ასეც მოვიქნენ. ბაკურმა მათ თვალწინ გაანადგურა ნეგატივები და დაჰპირდა, რომ არასოდეს გამოჩნდებოდა მათ ცხოვრებაში. გამოხდა ხანი და ის გამოჩნდა, თანაც გაცილებით უარეს ამპლუაში _ მომავალ სიძედ.

როცა ირინას ვერაფერი შეაგნებინა, გელა მამამისთან გაიქცა. თავის მხრივ, ბაკურმა გზიდან ჩამოიშორა ხელისშემშლელი ობიექტი, მოსაკლავად ვერ გაიმეტა (მოკვლასაც შნო უნდა), მაგრამ ორი თვე ტყვეობაში აყურყუტა, იმის იმედით, რომ ირინა შვილს გააჩენდა და გამოსავალიც გამოჩნდებოდა.

_ მამაშენს რატომ არაფერი უთხარი ვალების შესახებ, იქნებ დაგხმარებოდა? _ ვკითხე გელას და მერაბს გავხედე. ყურებდაცქვეტილი მისმენდა.

_ მამაჩემი... მამა გულისრევამდე წესიერი კაცია, მთელი ცხოვრება მორალზე მიკითხავდა ლექციებს, მე კი მისი ძმაკაცის ცოლი გავიხადე საყვარლად. ისე, საკითხავია, ვინ-ვინ გაიხადა... _ დაამატა ხალისიანად. _ არა, მამაჩემი ვერ გამიგებდა, გამორიცხულია. იმ ქალზე არაფერი უთხრათ, ტყუილუბრალოდ ინერვიულებს... ჩავლილი ამბავია, მაშინვე დავშორდით ერთმანეთს, არ ღირდა ცეცხლთან თამაში. წავედი, ფიქრია მოდის...

_ გელა, მგონი არ ღირს თქვენი ჩამოსვლა, თუ რამეა, შეგატყობინებთ. რა საჭიროა ამხელა დელეგაცია.

_ კარგი, მაგრამ ეს მაიორი სად მოვტეხო... ვერ გავიგე, რას გვედება ფეხებში?!

_ უთხარი გადმომირეკოს.

მობილური დავკეცე და დაუფარავი კმაყოფილებით გავხედე ტრასას.

_ რა გიხარიათ, იათამზე?

_ ირინა ცოცხალია. რახან ბაკური ეძებს, ე. ი. ცოცხალია.

მერაბმა პირჯვარი გადაიწერა და შვებით ამოისუნთქა.

გზა სიჩუმეში განვაგრძეთ. ის თავისას ფიქრობდა, მე _ ჩემსას. რა ვუთხრა სერგოს ისეთი, რომ არც მწვადი დავწვა, არც შამფური. არაფერი მაფიქდება, მგონი გადავიწვი. მე რატომ უნდა ვიყო ყველას მამიდა?!

_ ვიცი, ვინც არის. _ უცებ თქვა მერაბმა.

_ ვინ?

_ გელას ყოფილი საყვარელი.

_ ჰო-ო? როგორ გაშიფრეთ?

_ ანანურის გაყიდვის ისტორია გამახსენდა. _ მერაბმა სახეზე ხელი ჩამოისვა, უნებლიე ღიმილის შესანიღბად. ძმაკაცის რქები თუ გაახსენდა.

Page 78: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ოჰ, ეს კაცები... წადი-წამოდი, სხვის თავზე ამოზრდილი რქების წარმოდგენა რაღაც მაზოხისტურ სიამოვნებას ანიჭებთ.

_ _ _

უცხო მანქანის დანახვაზე ირინეს ძიძამ აკრიახებული ინდაური მიწაზე დასვა და დაკოჟრილი ხელი მოიჩრდილა. ის არც სოფლელს ჰგავდა, არც ქალაქელს. ის ქალაქში ცხოვრებაგამოვლილ სოფლელს ჰგავდა _ სუფთად ჩაცმული, კოხტად თმადავარცნილი, გულღია იერსახით.

_ ლილი, ვერ მიცანით? _ შორიდან გამოსძახა მერაბმა.

_ ვაიმე, მომიკვდეს თავი! მერაბ, თქვენ? რა ქარმა გადმოგაგდოთ ჩვენს მხარეში, ან ჩემი თავი რამ გაგახსენათ? _ ლილი ხელებგაშლილი წამოვიდა ჭიშკრისკენ, უკან ყეფით მიჰყვა შავყვითელა ნაგაზი.

მერაბს ხასიათი წაუხდა, თუმცა ლილი მაინც გადაკოცნა, მოიკითხა.

_ ეს ქალი ვინ არის? _ ლილიმ კეთილგანწყობილად შემათვალიერა. _ ცოლი ხომ მოგიყვანია?

_ არა, ეს იამზეა, ჩვენი ოჯახის ახლობელი.

_ გამარჯობა, გენაცვალე, შემოდით სახლში. არ მეგონა, ასეთი საპატიო სტუმრები თუ მეწვეოდნენ, თორემ სხვანაირად დაგხვდებოდით.

_ არ მინდა სახლში შემოსვლა, ლილი, აქ დავჯდებით, ჩრდილში. _ მერაბმა ეზო გადაკვეთა და თუთის ძირში გამართულ მაგიდასთან ჩამოჯდა, მიწაში ჩაჭედილ ძელსკამზე.

მიყვარს დასავლური, ვრცელი და მოვლილი ეზოები, მწვანედ აბიბინებული კოინდარში გამკრთალი ქათმები და გაფხორილი ინდაურები. არ ვიცი, როგორ მოსავალს იმკის ლილი, მაგრამ სიმინდის შესანახი ნალია კი გამოუჭიმავს _ გრძელფეხება ნალია ბამბუკის მისადგამი კიბით. ასეთები ეთნოგრაფიულ მუზეუმში მინახავს, კუს ტბაზე. ლილის ერთსართულიანი, სიძველისგან განაცრისფერებული სახლიც თითქოს იმ მუზეუმიდან გადმოიტანეს ნალიასთან ერთად. რიკულებიან აივანზე სხვადასხვა ასაკის ბავშვები გადმომდგარიყვნენ. იქვე, სულ რამდენიმე მეტრში ჰამაკი გაებათ, სქელტანიანი წიგნით შიგნით. ლაქებიანი ძაღლი ახლა ჰამაკთან იწვა _ წიგნს თუ ყარაულობდა.

_ ხომ მშვიდობაა, ირინა როგორ მყავს? _ ლილიმ ხელები გულზე გადაიჯვარედინა და აწრიალებული მზერა მერაბს მიაპყრო.

_ არ არის მშვიდობა, ლილი. ირინა დაიკარგა, ვიფიქრეთ, შენთან ხომ არ შეაფარა თავი... როგორც ჩანს, შევცდით.

_ როგორ თუ დაიკარგა, ნემსი ხომ არაა, დაიკარგოს? ამხანაგთან იქნება, დარდი ნუ გაქვს.

მერაბმა ხელი ჩაიქნია და ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა _ ლილის შვილიშვილები მოიკითხა. ლილიმ აივანზე გადმომდგარი ბავშვები გააცნო და მტკივნეულ თემას მიუბრუნდა:

_ როდის აქეთია ირინა არ გინახავს?

Page 79: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ ორი თვე იქნება. რაც გათხოვდა, მას მერე.

_ ცუდი კაცი შეხვდა ქმრად?

მერაბმა უსიტყვოდ დაუქნია თავი.

_ სიტყვა-პასუხზე ცუდი არაფერი შემინიშნავს და...

_ რა თქვი? _ დადარჯებული ხმით ჰკითხა მერაბმა.

_ იყო აქ ეგ კაცი, ირინას ეძებდა. _ ამოიოხრა ლილიმ. _ ეტყობა, ძალიან უყვარს თქვენი ქალიშვილი. შემეცოდა კიდეც.

_ როდის იყო? _ მერაბი ფეხზე წამოხტა და თავით თუთის ტოტს შეეხო. რქამოტხილ ირემს ჰგავდა _ დაჭრილსა და გასაქცევად გამზადებულს.

_ დაჯექი, შე კაცო, რა ვთქვი ამისთანა? _ დააშოშმინა ლილიმ. _ გუშინ საღამოს იყო, დარწმუნდა, რომ ირინა აქ არ არის და უკან გაბრუნდა.

_ ის კაცი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ლილი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი გელა ჰყავდა მძევლად... ეგერ, ეს ქალბატონიც. _ მიუთითა ჩემზე.

_ დედა, რას მეუბნები?! _ შეიცხადა ლილიმ. _ არ ჰგავდა ჯიბგირს და რა ვქნა?

_ ჯიბგირი კი არა, ნამდვილი ბოროტმოქმედია. ხომ არ უთქვამს, სად წავიდა?

_ მე რატომ მეტყოდა?

_ მანქანით იყო?

_ არა, მაგრამ სანადირო ფორმა ეცვა, ხაკისფერი ზედა და ჩექმები. ჰო, ზურგჩანთაც ეკეთა.

_ აქ არის სანადირო ადგილები?

_ ზევით, მთაში, კი... მაგრამ ამ გაზაფხულზე რა უნდა მოინადირონ, არ ვიცი. მწყერის სეზონი ჯერ არ დამდგარა...

ჩექმებით, ზურგჩანთით... რა გარანტია მაქვს, რომ იმ ზურგჩანთაში

იარაღს არ ინახავს? ყოველ შემთხვევაში, სერგოს მესიჯი გავუგზავნე. წამში საპასუხო მესიჯი მივიღე: `შენი ქმარი ჩემთან რატომ გეძებდა?~ არ ვაპირებ სერგოსთან დათას გაჭორვას, მადლობა მითხრას, რომ ბაკურთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენე.

ლილის შვილიშვილი მოგვიახლოვდა, თოთხმეტიოდე წლის გოგონა, მაგიდაზე ხილით სავსე ლარნაკი დადო და შორიახლოს შედგა. აივანზე მყოფმა პატარებმაც მოირბინეს და ბებოს გარშემო შექუჩდნენ.

_ თუ მადროვებთ, ჭადებსაც დავაკრავ, _ მოიბოდიშა ლილიმ. _ ჭყინტი ყველი მაქვს, ახალი ამოყვანილი...

_ არა! _ ერთხმად ვიუარეთ მე და მერაბმა. ახლაც ყელზე მადგას წეღან ნაჭამი მწვადი თავისი მისაყოლებლებით.

სახლიდან შავკეპიანი ყმაწვილი გამოვიდა, კარგი ამინდის მიუხედავად თბილად ეცვა _ ჟილეტი და მაღალყელიანი ჯემპრი. არც მოგვსალმებია, ჰამაკში ჩაჯდა და წიგნის კითხვას შეუდგა. `ხუთ ტალანტად გაყიდული ღირსება~. _ წავიკითხე სათაური. ოცდაათი ვერცხლის შესახებ გამიგია, ხუთი ტალანტი რაღაც არ მახსენდება.

Page 80: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

ვიდრე მერაბი და ლილი ირინას ბავშვობას იხსენებდნენ, მე სიგარეტი გავაბოლე. უნდა გენახათ ბავშვების რა რეაქცია! უფროსი გოგონა ჩემს მაგივრად გაწითლდა, უმცრომა _ შვიდიოდე წლის ბიჭუნამ _ ჰამაკთან მიირბინა და წიგნიერ ყმაწვილს სიგარეტიანი დეიდას შესახებ ამცნო. ის მაინცდამაინც არ აღშფოთებულა, ერთი კი შემოგვხედა და კითხვა განაგრძო. რაღა მე და რაღა ქუდიან-ჩექმიან-კაბიანი კოლუმბი აბორიგენებში.

მერაბი წამოდგა, მეც ჩავაქრე სიგარეტი და ნამწვი ღობის იქით გავაწკიპურტე. ლილიმ ჭიშკრამდე მიგვაცილა.

_ მისმინე, ლილი. _ მერაბი ძიძას მხარზე ხელი დაადო და ნელა, სვენებ-სვენებით უთხრა: თუ ვინიცობაა ირინა გამოჩნდეს, უთხარი... უთხარი: მამას უყვარხარ და გელოდება-თქო. ეტყვი?

ლილის ტუჩები გაექცა, სახეზე აიფარა და მთელი გულით აღრიალდა.

უხერხული სიტუაცია ინდაურმა განმუხტა, რომელმაც გადაწყვიტა ბანი მიეცა აქვითინებული პატრონისთვის.

_ შენ გაგიწყდეს ეგ ხმა! _ მიაწყევლა ლილიმ და ცრემლები შეიმშრალა.

_ _ _

მანქანაში ჩაჯდომისთანავე ავწრიალდი. რაღაც არ მიშვებდა აქედან. მობილური შევამოწმე. ადგილზეა. ჭიშკარს გავცდით, ეზოს ჩავუქროლეთ და უცებ გამახსენდა: ტალანტი! ტალანტი ფულის ერთეული იყო ძველ საბერძნეთში. ვინ გაყიდა ღირსება ხუთ ტალანტად? ევრიდიპემ!

_ გააჩერეთ! _ ვიყვირე ხმამაღლა.

მერაბმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კინაღამ ორღობის გასწვრივ, ბუჩქნარში შევგრიალდით.

_ ასე არ შეიძლება, იათამზე, ფიქრებში ვიყავი წასული და გული გამიხეთქეთ.

_ გულის გახეთქვა ახლა ნახეთ... ირინა იქ არის, ლილისთან!

_ ასე არ ხუმრო...

_ მოაბუნეთ, მეთქი! _ არ ვაცალე წინადადების დამთავრება, საჭეს დავეჯაჯგურე.

_ საიდან დაასკვენით?

_ დააკვირდით ჰამაკში მჯდარი ყმაწვილის ქცევას?

_ მაგისთვის მეცალა?

_ საქმეც მაგაშია, რომ არ გეცალათ, თანაც ზურგით იჯექით. მე კი პირდაპირ ვუყურებდი და წიგნის სათაურის წაკითხვაც მოსახერხე: `ხუთ ტალანტად გაყიდული ღირსება~. ხუთი ოქროს ტალანტის საფასურად კორინთელებმა ევრიდიპე მოისყიდეს, რომ ოქროს საწმისის მათებური ვერსია დაეწერა, სადაც მედეა საკუთარი შვილის მკვლელად მოგვევლინა, თავდაპირველ ვერსიაში კი სწორედ კორინთოს მკვიდრნი კლავენ იასონისა და მედეას შვილებს.

_ რა შუაშია მედეას შვილები ჩემს გაჭირვებასთან? _ დაიყვირა მერაბმა.

Page 81: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

_ როგორ წარმოგიდგენიათ, ლილის შვილიშვილები, რომლებმაც მწეველი ქალი ლამის მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიქვეს, ანტიკური შინაარსის ესეს კითხულობენ?! თავს დავდებ _ ის კეპიანი ყმაწვილი ირინაა! სახე პრაქტიკულად არ უჩანდა, ამ სიცხეში იმდენი რამე ეცვა ტანზე... ახლა ლილის რეაქცია გაიხსენეთ...

მერაბმა მანქანა გააჩერა და ორღობეს გახედა.

_ ასეც რომ იყოს... თუკი ირინას არ სურს ჩემი ნახვა, ძალით ხომ არ წავიყვან?

_ ეს სხვა საკითხია. _ მხრები ავიჩეჩე მე. _ მაშინ გავაგრძელოთ გზა, რაღას ვუცდით.

მერაბი არ იძროდა, უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ბოლოს გულმა ვერ მოუთმინა, ასოთხმოცი გრადუსით დატრიალდა, სამიოდე მეტრი გახრიალდა სახლის მიმართულებით მკვეთრად დაამუხრუჭა.

გაკვირვებულმა შევხედე. მერაბმა კარი გამოაღო და სანახევროდ გადაიხარა მანქანიდან.

_ მარცხენა საბურავები დაშვებულია. _ ამომძახა ქვევიდან. _ ორივე.

მეც მოვაფრიალე კარი _ ჩემი მხარე შევამოწმე. სამწუხაროდ, მარჯვენა საბურავებიც დაშვებული აღმოჩნდა. მანქანა ფაქტიურად დისკებზე იდგა, გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ორივე გადმოვედით. მერაბი ჩაიცუცქა, ახლოდან დააკვირდა საბურავებს.

_ გაჭრილია. _ დაასკვნა.

_ მაგით რისი თქმა გინდათ?

_ საბოტაჟია.

_ რა-ა?

_ სპეციალურად გაჭრეს.

_ როდის?

_ სანამ ჩვენ თუთის ძირში ვჭობდით.

_ ვინ, ლილის შვილიშვილმა? შვიდი წლის ბავშვი ამას ვერ მოახერხ...

_ არა, იათამზე, ორმოცდახუთი წლის ნაძირალამ! _ გამაწყვეტინა მერაბმა და კაპოტს მუშტი დაჰკრა. _ ის პათოლოგი ბაკური სადღაც აქ გდია!

თითქოს, მერაბის დასტურს ელოდაო, გზისპირა ბუქნარიდან იარაღმომართული ბაკური არ გამოხტა?! იმდენად კომიკურად გამოიყურებოდა მონადირის ამუნიციაში, რომ არა, ჩვენკენ მოშვერილი პისტოლეტის ლულა, ვიფიქრებდი რაღაც გროტესკულ რიმეიკში მოვხვდი.

_ პათოლოგი, არა?... _ დაიხრიალა თვალებჩასისხლიანებულმა ბაკურმა და ბუღასავით წამოვიდა. _ ეს პათოლოგი იქნება, ახლა რომ ნაწლავებს დაგაყრევინებთ.

_ ის არის? _ არც მოუხედავს, ისე მკითხა მერაბმა.

_ ხო. _ ვუპასუხე კბილების კაწკაწით.

_ რა, არ მოგწონვარ, სიმამრო?

_ პირველ რიგში ჩემს შვილს არ მოსწონხარ, ნაბიჭვარო!

Page 82: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

აი, ეს არ უნდა ეთქვა. არ შეიძლება ცეცხლზე ნავთის დასხმა. ნაბიჭვრებს ისედაც მთელი ცხოვრება დაჰყვებათ წარმომავლობის კომპლექსი. ვაიმე, მგონი დაგვაჯდა სიკვდილის ბუზი!

ბაკური გადაფითრდა, იარაღიანი ხელი გაასწორა და ისროლა.

_ შენი დედა მ.....ნ! _ იყვირა მერაბმა და დაჭრილ მკლავზე ხელი იტაცა.

_ ბაკურ, აღარ ისროლოთ, გთხოვთ... თქვენ ხომ ინტელიგენტი კაცი ხართ, შედით გამწარებული მამის მდგომარეობაში!

_ შუუმ ცუიქუე! _ სიტყვა არ დამამთავრებინა, ჩემკენ მომართა იარაღი.

_ ლათინურად გვეღადავება ეს დაბადებამდე გაწყალებული. _ უგემურად ჩაიცინა წელში მოხრილმა მერაბმა.

ბაკური მკვეთრად შეტრიალდა და მეორედ ესროლა. მერაბი მოკლედ შეხტა, თითქოს ლახტი შემოარტყესო და იქვე ჩაიკეცა. ტყვია ამჯერად კოჭში მოხვდა.

აქ კი გადამეკეტა...

გიგანტურ კალიად ავიწიე ჰაერში, ბაკურს ზურგზე შევახტი. ორივე ქვა-ღორღიან მიწაზე გავგორდით. კიდევ კარგი დათა არ მხედავს, თორემ კიდევ რამეს დამაბრალებდა. რაღაც მომენტში მისი ხელი ჩემს სახესთან აღმოჩნდა. არც ვაციე, არც ვაცხელე და მაჯაზე ვუკბინე. იცოცხლე, შებღავლა, თუმცა იარაღი ხელიდან გაუვარდა. ასაღებად გაიწია, მაგრამ განწირულმა კივილმა წამით გააშეშა _ გზაზე ირინა მორბოდა. ჩემი პროგნოზი გამართლდა _ ის იყო, `კეპიანი ყმაწვილი~.

_ არ მოხვიდე, ირინა, არ გაბედო! _ დაუყვირა მერაბმა.

_ მამა!

მე ვისარგებლე შემთხვევით, ბაკურს ხელიდან დავუსხლტდი და იარაღის დასათრევად ხელი გავაცოცე. ხელი გააცოცა ბაკურმაც და რასაც მისწვდა, ის დაითრია _ რიყის ქვა. ბოლოს, რაც დავინახე, ბაკურის აღმართული ხელი, რომელიც მიზანმიმართულად ეშვებოდა ჩემს თავზე.

ეპილოგიჲბ

ვინაიდან მერცხლის ჭიკჭიკი მესმის, ალბათ სამოთხეში ვარ და არა ჯოჯოხეთში. სულაც სამოთხის ჩიტი დამტრიალებს თავზე. უნდა შევამოწმო.

თვალი გავახილე და მერცხლის ნაცვლად თეთრ ფონზე თეთრებში გამოწყობილი კაცის სილუეტი დავლანდე. კაცი თავჩაქინდული იჯდა. ან ეძინა, ან თავს იმძინარებდა. ეტყობა რათაც სხვა სუბსტანციაში ვარ, გარდამავალ რგოლში, სადაც საშუალო ცოდვით დამძიმებული ადამიანები ხვდებიან. ალბათ მალე დამკითხავენ, მიწიერ ცხოვრებაში ჩადენილ უსაქციელობებზე მომთხოვენ პასუხს და მერე მიკრავენ თავს, სადაც ჯერ არს.

რაც მალე, მით უკეთესი.

ჩავახველე.

Page 83: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

სილუეტი შეინძრა, თავი ასწია და მე დათა ვიცანი _ თეთრ ხალათში, პალატის თეთრი კედლების ფონზე. გასაპარსი ლოყები და ამოღამებული თვალები აქვს, რაც იმას ნიშნავს, ყველაზე ცოტა, ორი დღე გვერდიდან არ მომცილებია. ანუ, მირაჟი სამოთხის ჩიტზე არც ისე შორსაა რეალობასთან.

_ მადლობა ღმერთს! _ ამბობს ის და ხელზე მკოცნის.

ყველაფერი მახსენდება _ ორღობე, დაჭრილი მერაბი, ირინას კივილი, ბაკურის აღმართული ხელი...

_ მითხარი. _ ვთხოვე დათას.

_ მიყვარხარ. _ მითხრა მან. მგონი ცხოვრებაში პირველად გამომიტყდა სიყვარულში. მესიამოვნა, მაგრამ მე სულ სხვა რამ მქონდა მხედველობაში _ მაინტერესებს რა მოხდა ჩემი გათიშვის შემდგომ.

ჩემს რეაქციაზე, დათა ჩახვდა საქმის არსს და შემრიგებლურად ამოიოხრა.

_ მერაბი ცოცხალია, დამნაშავე დაჭერილი.

_ არ მატყუებ?

_ არა, მერაბი ზედა სართულზე წევს, ორი ტყვია ამოუღეს. თავზე ირინა ადგას, გელა და ფიქრია ყოველდღე ნახულობენ. შენთანაც იყვნენ. ჰო, მართლა, ლალიკო ჩამოვიდა და ვარდის მურაბა ჩამოგიტანა.

_ აქ იყო?

_ რატომ `იყო~? იყვნენ: ლალიკო, კლაუსი და პატარა ლუკა. ლალიკომ ცრემლები აღვარღვალა შენს ბინტზე.

_ ბინტზე? _ შეშინებულმა გადავისვი თავზე ხელი. სად გაქრა ჩემი საამაყო, წაბლისფერი თმა?!

_ გადამპარსეს? _ შევძახე ცრემლმორეულმა.

_ გადაპარსვას დარდობ? ქალა-ტვინის დახურული ტრამვა გაქვს. შენთვის განძრევა კი არა, ლაპარაკიც არ შეიძლება. ასე, რომ გარკვეული პერიოდი მიგიწევს გამოეთხოვო თვითმარქვია დეტექტივის ამპლუას. _ ცუდად დაფარული სიხარულით მამცნო დათამ.

_ რამდენი ხანია ეს `გარკვეული პერიოდი?

_ ვიდრე თმა არ გაგეზრდება.

ეტყობა, ისეთი გამომეტყველება მქონდა, დათას შევეცოდე. სახე ახლოს მომიტანა და ჩურჩულით მამცნო:

_ ვხუმრობ. ორ კვირაში ჩიტივით იქნები.

მადლიერების ნიშნად გავუღიმე. ორი კვირა მალე გაივლის, განძრევა და ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ ფიქრს ვერავინ დამიშლის. ქალა-ტვინის ტრამვა კი ჰქვია ჩემს დიგნოზს, მაგრამ ფიქრი მხოლოდ ტვინის პროდუქტი არ უნდა იყოს, ის მთელს ორრგანიზმშია გაბნეული, ძვირფასი მარგალიტივით. მთავარია, რაღაც სასიამოვნოზე მივმართო ფიქრის ვექტორი და არა განდიდების მანიით შეპყრობილ მანიაკზე. მაგალითად, რა სტილის სამოსი მოუხდება გადახოტრილ თავს...

დასასრული

Page 84: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე

2005 წელი

Page 85: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე
Page 86: 5 როტვეილერის ღიმილი - მაია ბურჭულაძე