3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

208
მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ `მმმმმმმ მმმმმმმ - მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ~ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმ, მმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ, მმმმმმ მმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ, მმმმ მმმმმმმმმ, მმმმ მმმმმმმმმმ. მმმმმმ მმ მმმ, მმმ მმმ - მმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმმ. მმმმმ, მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმ მმმმმ მმმმმმმ, მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ. მმმმმ მმ მმმმმ, მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ. მმმმმმმ მმმმ მმმმ მმმმმმ, მმმმმ მმმმმმმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმ. მმ მმმმმმმ, მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმ, მმმ, მმმმმმმმ, მმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ მმ მმმმმ მმ მმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ. მმმმმმმ მმმმმმმმმ. მმმმ, მმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმ. მმ - 33 მმმმ მმმმმმმ (მმ, მმმმმ, მმმ, მმმმმ) მმმმმმმ მმმმმმმმმ. მმმმმ მმმმმმმ 40 მმმმ მმმმმმ მმმმ (მმმმმ) მმმმმმმმმ, მმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმ. მმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ `მმმმმმმმმ~ მმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმ, მმმმ მმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ. მმმმმ მმმმმმმმ მმმ მმმ მმმმმმმ

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი ციკლიდან „იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი“. წიგნი მესამე

Transcript of 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

Page 1: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძეა

მესამე დეტექტიური რომანი ციკლიდან `იათამზე მდივანი - თვითმარქვია დეტექტივი~

შეშლილი თაფლობისთვე

არა, არ მიყვარს ხალხმრავალი ცერემონიები, ჩემგან ვერც მსახიობი დადგებოდა, ვერც მომღერალი, ვერც პოლიტიკოსი. ამიტომ ის ვარ, რაც ვარ - გერმანული ენის მასწავლებელი. თუმცა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როცა ყურადღების ცენტრში ყოფნას ვერსად გაექცევა. ბოლოს და ბოლოს, სიკვდილი არავის აგვცდება. როდესაც ჩემს თავს კუბოში, თეთრი პიონებისა და შაოსანი ჭირისუფლის გარემოცვაში წარმოვიდგენ, უცნობი ჯარისკაცის ბედს შევნატრი. არ იფიქროთ, საიქიოს გასაყარიდან ვღაღადებ, არა, ბატონებო, ჯერჯერობით თავს მშვენივრად ვგრძნობ და სულაც არ ვაპირებ მიქელ გაბრიელთან ჩახუტებას. უბრალოდ გავთხოვდი.

დიახ, საკუთარ ქორწილზე მოგახსენებთ. მე - 33 წლის იათამზე (ია, იამზე, იკო, ბზიკო) მდივანი გავთხოვდი. ცოლად გავყევი 40 წლის ქვრივს დათა (დავით) მეტრეველს, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის სასაფლაოზე გავიცანი. თუკი რომელიმე თქვენგანმა გალაქტიონის `მესაფლავე~ წარმოიდგინა და რომანტიულ ნოტზე აეწყო, აქვე ვურჩევ მიწაზე დაშვებას. დათას გაცნობის დღე იყო ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი დღე ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც, კომპენსაციის სახის, დათას თავი მაჩუქა. ვინაიდან და რადგანაც, ეს ყველაფერი შეუღლებით

Page 2: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დაგვირგვინდა, თავს უფლებას მივცემ ჩემი თავიც საჩუქრის ამბავში მოვიაზრო, ყოველ შემთხვევაში, დათასთვის.

ჩვენ არ გვქონია ტრადიციული ქართული ქორწილი - მანქანების ექსკორტით, სამსართულიანი სუფრით, მჭექარე თამადით, ჭიქაზე ჩანგლის კაკუნითა და საცივში ჩასვენებული თავით... ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ვიწრო, ოჯახურ წრეში ავღნიშნეთ და რომის ნაცვლად დაბა მანგლისში გავემგზავრეთ.

რატომ მანგლისი და არა რომი, როგორც ადრე გვქონდა დაგეგმილი. მიზეზი, დათას 18 წლის ქალიშვილის, დეას გერმანიაში გამგზავრება გახლდათ, რომელსაც მოწვევა მოუვიდა ზაარლანდის უნივერსიტეტიდან. ამ ზამთარს დეა უკვე სტუმრობდა გერმანიას კონკურსში გამარჯვებულის სტატუსით და აქედან გამომდინარე პრაქტიკელად უფასოდ. ამჯერად დამოუკიდებლად მიემგზავრებოდა, თავისი გონებრივი შესაძლებლობებისა და იმ სტიპენდიის იმედზე, რომელსაც უნივერსიტეტი გადაუხდიდა. მივთვალეთ-მოვთვალეთ და მივხვდით – სტიპენდით დიდი-დიდი ბინის დაქირავება და დღეში ერთი ჰამბურგერის ჭამა მოახერხოს. ჩემს გინეკოლოგ ქმარს ნამდვილად არ ჰქონდა იმდენი შემოსავალი, რომ ევროპაშიც გაჯეჯილებულიყო ახალშერთულ ცოლთან ერთად და შვილის სწავლა-განათლებაც დაეფინანსებინა. საოჯახო საბჭოზე გადაწყდა - მთელი არსებული და არარსებული ფინანსები დეას სწავლა-განათლებაზე მიგვემართა, ჩვენ კი საქართველოს ფარგლებში დავტეულიყავით. რომის კოლიზეუმს არც ჩვენ გარეშე აკლია დამთვალიერებელი.

ასე და ამგვარად, გაცნობის წლისთავზე მე და დათა აღმოვჩნდით დაბა მანგლისში, დათას ახლობლის, თემო მუსერიძის აგარაკზე, სადაც უნდა გაგვეტარებინა დაუვიწყარი თაფლობისთვე.

არ ვიცი, ვის რამდენად ახსოვს საკუთარი თაფლობისთვე, მაგრამ მე ის არასოდეს დამავიწყდება. თუ ვინმე ინტიმური

Page 3: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დეტალების მოსასმენად მოემზადა, აქაც იმედგაცრუება ელის. რომ გითხრათ, პირველი ღამის წარმოდგენისას სასიამოვნოდ მეკუმშებოდა დიაფრაგმა, მოგატყუებთ.აარც მე გახლავარ უმწიკვლი ქალიშვილი, არც დათა - ჰიპერსექსუალური ვამპირი. ჩვენი ურთიერთობის გაოფიციალურებას წინ უძღოდა არა ერთი თეთრად გათენებული ღამე, როცა ორივე ერთად და თითოეული ცალ-ცალკე მისხალ-მისხალ ვწონიდით ამ კავშირის დადებით და უარყოფით მხარეებს. ცხადია, შიგადაშიგ სიყვარულს ვეძლეოდით, ჩემი მტერი დაკავდა მთელი ღამე სჯა-ბაასით.

თბილისი-მანგლისის გზაზე ჯაყჯაყმა გალახულ სირაქლემას დამამსგავსა. გასავათებულმა შევაღე რკინის ჭიშკარი და დიდსა და ლამაზ, თუმცა მოუვლელ ეზოში შევაბიჯე.

სიღრმეში იდგა მყარად ნაშენი, არაფრით გამორჩეული აგურის ორსარსულიანი სახლი. ასეთ უსახურ სახლებს თვალის ასახვევად გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენებდნენ კომპარტიის მესვეურები. ორიგინალური ექსტერიერი მაშინ მექრთამეობასთან და დამპალ კაპიტალიზმთან ასოცირდებოდა.

დათამ ბარგი ეზოში შემოზიდა, მაგრამ დაბინავება დაეზარა და იქვე, მწვანედ აბიბინებულ კოინდარზე სულის მოსათქმელად გაიშოტა. მეც მივუწექი. ზევით კრიალა ცა, გარშემო - ტყე, გვერდით საყვარელი ადამიანი... მეტი რა უნდა ნორმალურ ადამიანს სრული ბედნიერებისთვის, არც არაფერი!

რას წარმოვიდგენდი, რომ სულ რამდენიმე საათში `სრული ბედნიერების~ განცდა ისევე შორს იქნებოდა ჩემგან, როგორც... როგორც საოცნებო რომის კოლიზეუმი.

დავიწყებ თავიდან და ვეცდები ვიყო თანმიმდევრული...

ჩემი და აწ უკვე ჩემი მეუღლის ბალახოთერაპია დიდხანს არ გაგრძელდა. მთელი დღეც ვიწვებოდი სასიამოვნოდ გამომათაყვანებელ ტრანსში, მაგრამ ყოფითმა

Page 4: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

პრობლემებმა თავი შემახსენა, მე კი დათას შევახსენე, რომ ჭიშკართან დაგდებული მანქანა ეზოში შემოყვანას საჭიროებდა, საბარგულში მოთავსებული პროდუქტები – დახარისხებას, სახლი - საფუძვლიან დალაგებას. ეს ყველაფერი დაღამებამდე უნდა მომესწრო, რომ მერე დამშვიდებული სინდისით გავსულიყავი ტყეში ფილტვების გასახალისებლად.

`სინდისის დამშვიდება~ მხოლოდ ღამის ორ საათზე მოვახერხე, ისიც ნაწილობრივ. სახლი იმდენად იყო მიშვებული, რომ ნახევარი დღე მარტო სამზარეულოს ხეხვას მოვუნდი. მერე ფანჯრებს მივადექი, მერე იატაკს, ბოლოს ისე დავიღალე, ძლივს მივიტანე ფეხები საძინებელ ოთახამდე, სადაც პატარძლის მოლოდინში სიძეს პატიოსნად ჩასძინებოდა. მოშიშვლებულ მკერდზე გაზეთი ეფინა, პირზე კი ისეთი ნეტარი ღიმილი დასთამაშებდა, ვეჭვობ ჩვენი არშემდგარი `პირველ ღამე~ ესიზმრებოდა. ფრთხილად შევძვერი საბნის ქვეშ და შევეცადე არ მესუნთქა.

სამაგიეროდ, გამოღებული ფანჯრიდან ტყის სუნთქვა მესმოდა, შრიალებდნენ, ცას ეხებოდნენ კენწეროებით საუკუნოვანი ნაძვები, თავის სატკივარს კვნესოდა ბალახში მიმალული ჭრიჭინობელა... `დაჭრიჭინობდა, დახტოდა, ჭრიჭინობელა პატარა...~

თვალები დავხუჭე. უნდა დავიძინო, ძალიან დავიღალე, ვარ, ძალიან... შენც არ მომიკვდე, ძილი მუხანათურად მისხლტება ქუთუთოებიდან. ჩემი ორგანიზმი ჯიუტად აპროტესტებს თვალის მოტყუების ნებისმიერ მცდელობას. რაც უფრო მეტად ვცდილობ კონცენტრირებას, მის უფრო მეტად ვიძაბები, დაძაბულ ორგანიზმში კი ტვინის მუშაობა აქტიურდება, მოშიშვლებულ ნერვებზე ფერხულს უვლიან გაურკვეველი წარმოშობის მოგონებები...

ღმერთმა უწყის, რამ გამახსენა ვინმე პაუელის: `ანარქისტის დღიური,~ სადაც ლაპარაკი იყო მარიხუანას მოშენების ტექნოლოგიაზე სახლის პირობებში. ვითომ რაში

Page 5: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მაინტერესებს მარიხუანა, რომელი ქეში მე ვარ, მაგრამ რატომღაც გამახსენდა... მარიხუანას, ირლანდიური რაგუს რეცეპტი ჩაენაცვლა - შვიდასი გრამი ცხვრის ხორცი, ასი გრამი კარაქი, ოთხი ცალი ხახვი, ნიახური, ნიორი, პიტნა...

ჩემს გასტრონომიულ ფიქრებში ფრთხილი, მაგრამ უსიამოვნო ხმა შემოიჭრა. თაგვის ფხაჭუნს ჰგავდა. მივაყურადე. ნამდვილად თაგვია! ვინ იცის, სარდაფში დაშლიგინებს და ჩემს დახარისხებულ ხილ-ბოსტნეულს თავისი ცურცლიანი ფეხების თელავს?! დაკეტილ მაცივარში, სადაც ხორცეული ინახება, ვერ შეაღწევს, მაგრამ ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი... საინტერესოა, თაგვი პომიდორს ჭამს?!

ფხაკუნი განმეორდა, ძილმა კი საბოლოოდ მაქცია ზურგი. ასე იცის გადაღლამ. არა, ვინ მაძალებდა სხვისი სახლის ძირ-ფესვიან დალაგებას, არაფერი დაშავდებოდა ორიოდე აბლაბუდა თემო მუსერიძის ცოლისთვის დამეხვედრებინა. რა უნამუსობაა სახლის ასე მიშვება, წელიწადში ერთხელ მაინც დახედონ აქაურობას, ბალახი გათიბონ, მტვერი გადაუსვან...

თაგვი არ ცხრება. ეგ თუ ხვალვე არ მოვაშთე, ფხაკუნის აკომპანიმენტის ქვეშ მომიწევს თაფლობისთვის გატარება. სათაგურს ვიშოვი და მუსრს გავავლებ! შევუძახე თავს და თვალას შევუდექი - ერთი, ორი, სამი... ჰმ, ანეკდოტი გამახსენდა: მიხო და მარო იძინებენ და ვერ იძინებენ, სხვებში თაგვი კაკალს დააგორებს, მთელი საათი დააგორებს, დაიტანჯა ცოლ-ქმარი. მარო მიხოს: ადი მიხო, გაუტეხე ი კაკალი, თორე არ დაგვაძინებს ეგა. ...ოთხი, ხუთი, ექვსი... ასი...

- - -

Page 6: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დილით მამლის ყივილმა გამომაღვიძა. თურმე მაინც ჩამძინებია, მაგრამ გამოფხიზლებისთანავე თაგვი გამახსენდა და ზანტად აკრუტუნებულ დათას დაუყოვნებლივ მოვთხოვე სათაგურის შოვნა.

- კარგი რა, იაკო, რას დამაცხერი ამ დილაუთენია?! თაგვია, გველი ხომ არა, სოფელში რა გამოლევს თაგვებს! იფხაკუნებს და გაჩუმდება. შენ ის მითხარი, საუზმედ რა გვექნება?

გქონდეს ამის მერე კაცის იმედი - ახალშერთული ცოლი უძილო ღამეს მისტირის, ამას თავისი კუჭი ადარდებს.

- შემწვარი თაგვი მაიონეზით. - უხეშად ვესროლე და ასადგომად მოვემზადე.

- მოიცა, სად მიდიხარ, - დათა მაისურზე წამეპოტინა.

- აკი საუზმე მინდაო?!

- საუზმე მოიცდის, მოდი...

თავის დაფასება გადავიფიქრე. არ შეიძლება ქმარი გააწბილო ქორწინებიდან მეორე დღეს. სულ რომ მღრღნელების შემოსევა იყოს, არ შეიძლება.

სარდაფში ჩასვლა მხოლოდ ნაშუადღევს მოვახერხე, როცა დათა ტელევიზორთან დავიგულე. თუ გამიმართლებს, ეგებ სათაგურსაც მივაკვლიო.

სიბნელეში ხელი მოვაფატურე, თითებით ჩამრთველი ვიპოვე და დაბრმავებული გავხტი უკან. დიახ, თურმე შეიძლება სინათლემაც დაგაბრმავოს, როცა სრულიად უადგილო ადგილზე ინთება, მაგალითად, ზედ ცხვირთან. ეტყობა მაღალი ნახტომი მომივიდა – თავით ჭერს ვაკოცე და იქვე ტკივილისგან მოვიკეცე. რა უბედურებაა ასეთი დაბალი ჭერი? ვის მოუვიდა აზრად ეს ლილიპუტის სტანდარტი? ეტყობა ამის დამპროექტებელი თვითონ იყო ლილიპუტი და როგორც ყველა არასრულფასოვანი ადამიანი ფარულ ბოღმას

Page 7: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დაატარებდა კაცობრიობის მაღალი წარმომადგენლების მიმართ.

მმამაპაპურ ბრუნვაში მოვიკითხე დამპროექტებელის მშობლები და სიმწრით დავეხეთქე ამობრუნებულ ხის ყუთზე. ახია ჩემზე, იმთავითვე კაცის გასაკეთებლ საქმეში ვეჩრები, დათა ზევით ნებივრობს, მე - მოზრდილი კოპის ხიჭვიან ყუთზე ვზივარ.

უცებ ფეხებსან თაგვმა გაიშლიგინა. მწევარივით მიჰქროდა, უკან დაწყობილი ყურებით. ისეთი საყვარელი იყო, ლამის ხელი ავიღე თავდაპირველ განზრახვაზე. გაუშვი, იცოცხლოს, ესეც ღმერთის გაჩენილია... იქნებ აქეთ არის ჩვენზე ნაწყენი – რას შემომისახლდა ეს ხმაურიანი ორფეხებიო... თაგვმა ტელეპატიურად თუ იგრძნო ჩემი განწყობა - დამტვერილ ბოცასთან დაამუხრუჭა და ცელქად გამიქნია ნაცრისფერი კუდი.

გაოცებულმა დავუსტვინე. თაგვს შეეშინდა და კუთხეში მიყუდებული ბოცის უკან გაუჩინარდა. რამდენიმე წამს ერთმანეთს ვაყურადებდით - აბა, ვისი აჯობებს! ვერ მოვითმინე, ბოცა გავწიე და იქაურობა მოვათვალიერე. თაგვი გამქრალიყო, სამაგიეროდ დავინახე მრგვალი, შავი ხვრელი, მინი გვირაბი, ასე ვთქვათ, რომელიც თადარიგიან მღრღნელს გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად გამოუთხრია.

ჰმ, რა უნდა ამ ხვრელის ამოქოლვას? რამე საცობისმაგვარი და ცოტაოდენი მიწა, რომელსაც აქვე, სარდაფში ამოვჩიჩქნი.

საყოფაცხოვრებო ხარახურაში რკინის მაშას მივაგენი და დატკეპნილი მიწის ამოთხრას შევუდექი. უცებ მაშა მიწაში ჩაჭედილ პოლიეთილენის პარკს გამოედო. გამოვწიე - არ გამომყვა. შევფიქრიანდი. რა თქმა უნდა, შემეძლო იმ ადგილისთვის თავი დამენებებინა და სხვაგან გამეგრძელებინა ხვრელის ამოსაქოლი მიწის მოპოვება, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე, მართლმსაჯულების ქალღმერთის,

Page 8: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

თემიდას აჩრდილი თუ მედგა თავზე... სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში თემიდა არ გამხსენებია, მაშით ხელში ვიდექი სარდაფის კუთხეში, თავში კი ხარბი აზრები მიფუთფუთებდა...

წარმოვიდგინე, თითქოს იმ პარკში განძია ჩაფლული, უპატრონო განძი, ანუ ვინც იპოვის, მისი. მოკლედ, ჩემი… და დათასი, და... მერე უფრო შორს წავედი, მაგალითად: ეკუთვნის თუ არა თემოს პროცენტი ამ განძიდან, და თუ ეკუთვნის – რამდენი.

ხელისგულები მოვისრისე და მეკობრის შესაშური ენთუზიაზმით შევუდექი პარკის გარშემო მიწის გაფართოებას. შედეგმაც არ დააყოვნა. გამოჩნდა მიწიანი პარკი, რომლის შიგნით მკრთალად მოჩანდა მოვარდისფრო ქსოვილში გახვეული რაღაც.

მე არ ვარ მშიშარა ადამიანი, გაკვირვებით კი, კაი ხანია არაფერი მიკვირს, მაგრამ იმან, რაც ქსოვილის შიგნის აღმოჩნდა, თავზარი დამცა. ეს იყო ადამიანის ძვლები, პატარა ადამიანის, სავარაუდოდ ახალშობილის.

- - -

ვიცი, რომ უნდა მომეთმინა, დათასთვის არ ჩამეკაკლა, დამენდო, არ ჩამემწარებინა თაფლობისთვე... ასეც ვაპირებდი, მაგრამ ქმარმა ნაძვის ძირში ჩამუხლულს მომისწრო - ამოტრიალებული კუჭითა და ამოღამებული თვალებით. რაღა აზრი ჰქონდა თვალთმაქცობას, სიმართლე გავუმხილე.

დათამ პროფესიული გულგრილობით დაათვალიერა ჩემი `აღმოჩენა~ და ვერსიაც დამიდასტურა - ძვლები ახალდაბადებულ ჩვილს ეკუთვნოდა.

- თემოს უნდა შევატყობინოთ. - თქვა კატეგორიულად.

მე არაფერი მქონდა საწინააღმდეგო, პირიქით, პირიქით...

Page 9: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მეორე დღეს თემოს ავტომობილი ჭიშკარს მოადგა. მანქანიდან ორნი გადმოვიდნენ - თემო და მისი მძღოლი რამაზი - ტანდაბალი მამაკაცი ყვავილოვანი კომბოსტოსავით ჩახუჭულ-ჩაკუჭკუჭებული თმის საფარით.

თემო მუსერიძე სულ ორჯერ მყავდა ნანახი, ერთხელ დათასთან, საავადმყოფოში, სადაც კვირაში ერთხელ კონსულტანტად მუშაობდა, მეორედ - ჯანდაცვის დეპარტამენტში, როცა მანგლისის სახლის გასაღები გამოვართვით. კულუარული ინფორმაციით, დეპარტამენტში მუშაობის ორი წელი დადებითად აისახა თემოს შემოსავლებზე. როგორც იქნა, დაასრულა ორსართულიანი სახლის მშენებლობა მთაწმინდაზე, გააკეთა ევრორემონტი, ლობირება გაუწია ცოლის ბიზნესს...

ევრორემონტიანი სახლისა და წარმოსადეგი გარეგნობის გარდა, თემოს გააჩნდა პატივმოყვარე მამრის ყველა ატრიბუტი - `ჯორჯო არმანის~ ჰალსტუხით დაწყებული, `პაკეტ ფილიპსის~ საათით დამთავრებული. პლიუს ყვავილოვანი მძღოლი.

- ნეფე-პატარძალს გაუმარჯოს! - შორიდან მოგვესალმა თემო.

გაღიმებული მოდიოდა, ფართე, ენერგიული ნაბიჯებით. დათა გადაკოცნა, მე ხელზე მემთხვია. უცნაური კაცია, ევროპელივით გალანტური და ტაქტიანი. ხვდება, რისთვისაც გამოვიძახეთ, მაგრამ პანიკას არ ქმნის, ჩვენგან ელოდება ინიციატივას.

- ყავას ხომ არ ინებებთ, - დავეკითხე თავაზიანად.

- ჯერ დავხედავ... – ისევ იღიმება. მგონი მეტისმეტია.

დათამ ოდნავ დაუკრა თავი, თითქოს ქართულის საცეკვაოდ იწვევსო და კაცებს სარდაფისკენ გაუძღვა.

მე სახლში შევედი. ჩავუარე სარკეს. რაღაც არ მომეწონა. დავბრუნდი, ისევ ჩავიხედე. `რაღაც~ აღმოჩნდა მაისურზე დახატული თევზის ჩონჩხი. სიმბოლურად მენიშნა შავ ფონზე

Page 10: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

აქათქათებული თეთრი ფხები. ეს თემოც ისე გამოიყურება, თითქოს ყელზე ძვალი ადგას - უცნობი ბავშვის ძვალი...

ჯეზვე ცეცხლზე შემოვდგი და დავფიქრდი: ღირდა კი თემოს შეწუხება? კაცმა პატივი გვცა, აგარაკი დაგვითმო, ჩვენ კი ჩამოსვლისთანავე პრობლემა შევუქმენით, ამ პაპანაქებაში თბილისიდან ჩამოვაჩაქჩაქეთ... ვაიმე, გული მიგრძნობს, თაგვის ფხაკუნი მალე ტკბილ იავნანად მომეჩვენება!

სარდაფიდან ამოსულ თემოს კომშისფერი დაჰკრავდა, არც ჩემი დათა გამოიყურებოდა თურაშაულის ვაშლივით, რასაც ვერ ვიტყვი მძღოლზე - ის ყოჩაღად მოაბიჯებდა, ხელების მხედრული ქნევით.

- მოკლედ, ასე, - თემომ ყავა მოსვა და მთას გახედა. - ამ უბედურებასთან ჩემი ოჯახი არაფერ შუაშია, ძვლების ასაკის გათვალისწინებით, დიდი ხნის ამბავი უნდა იყოს, ასე ათი-თხუთმეტი წლის. არა დათა?

- ზუსტ თარიღს ექსპერტიზა დაადგენს, - მხრები აიჩეჩა დათამ.

- არავითარი ექსპერტიზა! - თემომ მთას თვალი მოწყვიტა, მაგრამ დათასთვის არ შეუხედავს, საკუთარ ხელებს დააცქერდა. - ეს ამბავი ჩვენში უნდა დარჩეს. არ მინდა გახმაურება, დაიწყება ვინ იყო, როდის იყო, რატომ...

- შენ არ გაინტერესებს?

- თუ ღმერთი გწამს, დათა?! რაში მაინტერესებს ჩემმა მდგუმურებმა როდის-რა იმამაძაღლეს?

- მდგმურებმა? - გამიკვირდა მე.

- ჰო. – თავი დააქნია თემომ. - დროგამოშვებით ამ აგარაკს ვაქირავებდით ხოლმე. ვაფრთხილებდი ცოლს - არ გვინდა უცხო ხალხის სახლში შემოშვება, მაგრამ არ დამიჯერა, ხომ იცი ქალების ამბავი, ზედმეტი ფული არ გვაწყენსო. აი, თუ არ გვაწყენს?! ეტყობა, ვიღაცამ აქვე მოიმშობიარა და არასასურველი ნაყოფი სარდაფიი ჩაფლა.

Page 11: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- რატომ სარდაფში, და არა ვთქვათ, ეზოში? - იკითხა დათამ.

- ეზოში ძაღლი ამოჩიჩქნიდა, ან საქონელი, - ვარაუდი გამოვთქვი მე. - ამ მხრივ სარდაფი გაცილებით საიმედო ადგილია. თემო, რამდენად ხშირად აქირავებდით ამ აგარაკს?

- ორი თუ სამი სეზონი გვქონდა გაქირავებული, ისიც დიდი ხნის წინ.

- მდგმურების ვინაობა არ გახსოვთ?

ჩემი დასმული შეკითხვა უპასუხოდ დაეკიდა ჰაერში. თემომ ჩაახველა და ისევ მთას გახედა. შთამბეჭდავი

პროფილი ჰქონდა - მშვიდობისმოყვარე შუბლი – სუფთა და კვადრატული, რომაული ცხვირი, ხორციანი ნიკაპი, დატალღური თმა და შეჭაღარავებული საფეთქლები. დინამიკას არღვევდა ნერვიულად მოცახცახე ტუჩის კუთხე. ვერ მიხვდებოდი - გაღიმებას აპირებს თუ სატირლად ემზადება.

მთიდან მონაბერმა ნიავმა ეზომდეც მოაღწია, ნაძვის კენწეროებს გადაურბინა, თემოს იუველირული სიზუსტით დალაგებული ქოჩორი აუწეწა.

- თუ სარდაფში ჩონჩხის არსებობა დისკომფორტს გიქმნით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რამაზი მიხედავს მაგ საქმეს. - წამიერად შემომხედა და მაშინვე ამარიდა მზერა.

ადამიანი, ვისაც თვალის გასწორება უჭირს, ჩემში ეჭვს აღძრავს, თუმცა ვიცნობ ისეთებსაც, ვინც თვალებში გიყურებს და პირში გატყუებს.

- რამაზ! - მძღოლს მიუბრუნდა თემო. - შენ გაზრდას, ჩადი სარდაფში, ის პარკი აიღე და სადმე მიწაში ჩამარხე, ოღონდ ეზოში ნუ იზამ მაგ საქმეს, მოშორებით წაიღე, ხევის გადაღმა.

- არის, უფროსო! - რამაზი მკვირცხლად წამოხტა და დავალების შესასრულებლად გაეშურა.

Page 12: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ხუთიოდე წუთში ისევ გამოჩნდა - პარკით ხელში, ეზო გადაჭრა და თვალს მიეფარა.

მეტი შეკითხვა აღარ დამისვამს, არ უნდა ამ კაცს მდგმურების ვინაობის დასახელება და რა ვქნა?! შეიძლება იცნობს ეჭვმიტანილს და ხელს აფარებს. მით უკეთესი ჩემთვის, ნაკლები თავსატეხი მექნება.

რადიკალურად შევცვალეთ საუბრის თემა. გადავედით პოლიტიკაზე – საგარეოზე, საშინაოზე, არჩევნებზე...

ამასობაში რამაზი დაბრუნდა. კმაყოფილი სახე ჰქონდა, როგორც მოზარდს, რომელმაც ეს-ესაა ჯართი ჩააბარა, აღებული ფულით კი ლუდის ყიდვას აპირებს.

- - -

ოთხმა დღემ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, მეხუთე დღეს კი `ბურატინოს~ ტბაზე გასეირნების სურვილი გამოვთქვი. ტბა ახლოს იყო, ორიოდე კილომეტრში. დათა ენთუზიაზმით დამთანხმდა, ეტყობა, ლოგინში კოტრიალმაც მობეზრება იცის. ამინდიც კარგი იყო, მზიანი.

ტბაზე ორიოდე წინაისტორიული ნავი მოძრაობდა, უხვად დახუნძლული დამსვენებლებითა და ადგილობრივი აბორიგენებით. ვიწრო, დამრეცი პლაჟი ხალხით იყო გაჭედილი. თავისუფალი ადგილის ძებნაში ხელი მოვიჩრდილე.

- აგერ დაბრძანდის, ქალაქელებო, ჩრდილში. - მომესმა ქალის ხმა.

ხმა ჩვენს მეზობელს, გალინა დეიდას ეკუთვნოდა, ვისგანაც დღეგამოშვებით კვერცხსა და მაწონს ვყიდულობთ. ჩამოსვლისთანავე შემოგვთავაზა შინაური პროდუქტით

Page 13: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მომარაგება. ახლა კი ადგილს გვთავაზობს, მადლობის მეტი რა გვეთქმის?!

ზოლიანი ჭილოფი დავაფინე და მზეს მივაფიცხე სამარცხვინოდ თეთრი ფეხები.

- აი, შვილიშვილები წამოვასხი, დილის აქეთია შემიკლეს. – ყასიდად ამოიოხრა გალინამ და ჩითის კაბა მუხლებზე ჩამოიქაჩა. რუსულ სამოვარს ჰგავდა - მოკლეხელება, მრგვალი, მყუდრო და თუხთუხა.

ნაპირთან, წყალმცენარეებით მოზიზინე ჭაობისფერ ნაპირთან სხვადასხვა ასაკის ათიოდე ბავშვი ჭყუმპალაობდა. მომენტალურად გამიქრა წყალში შესვლის სურვილი, რასაც ვერ ვიტყვი დათაზე, რომლის მზერა შუაგულ ტბაში ამოზიდულ ტრამპლინისმაგვარ კონსტრუქციაზე იყო მოპყრობილი, საიდანაც მოცურავეები თავით ეშვებოდნენ ტბაში.

- მიდი, რაღას აყოვნებ! - შევაგულიანე აქედან.

ბავშვივით გაუხარდა, შლოპანცები ლამის თავზე დამაყარა და ეფექტური ბრასით სიღრმისკენ გაცურა. გული სიამაყითა და დღემდე უცნობი, მე ვიტყოდი, დედაშვილური გრძნობით ამევსო. რა არის ჩემს თავს, სიბერე შემომეპარა თუ ცოლი-კრუხის კომპლექსები დამეწყო?!

- ჰი, გიყვარს არა? - გამომიჭირა გალინამ.

ავილეწე. არ მიყვარს გრძნობების აფიშირება. უხერხულობის დასაფარად მზის სათვალეს დავუწყე ძებნა. გალინა მიხვდა ჩემი შეცბუნების მიზეზს და ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა:

- თემო და მარიცა ხომ არ აპირებენ ჩამოსვლას?

- მარიცა ვინაა? – ვიკითხები.

- თემოს ცოლი. მოიცა, გოგო, მარიცა ციხისელი რო თემოს ცოლია, არ იცოდი? – გაკვირვებისგან შეთახთახდა გალინა.

- ვინ არის მარიცა ციხისელი?

- როგორ ვინ არის? არ იცნობ, თუ?

Page 14: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- თემოს ვიცნობ, მაგრამ მისი ცოლი რას წარმოადგენს, არ ვიცი. უნდა ვიცოდე? – ახლა ჩემი გაკვირვების ჯერი დადგა.

- აკი მომღერალია?! ჩემი შვილები გიჟდებოდნენ მაგაზე!

მიჭირს ადამიანის გაწბილება, მაგრამ ღმერთი-რჯული, ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნება, სამაგიეროდ, ინტუიცია მკარნახობს: უნდა ვისარგებლო დათას არყოფნით და ენაწყლიან გალინას ბლიც-ინტერვიუ მოვუწყო.

- ესტრადის მომღერალია?

- ხო, ესტრადასა მღეროდა, მერე კიდენა თავი დაანება. რატო არ ვიცი. კინოშიც გადაიღეს - `ბედნიერი ოჯახის საიდუმლო~, პირველ არხზე ექვს სერიად გადიოდა. ეგეც არ გახსოვს?

- მგონი მახსენდება. – ვიცრუე, რადგან მსგავსი დასახელების ფილმი არ გამიგია, და აბა, საიდან მეხსომება?!

- აღარ კადრულობენ მანგლისში დასვენებასა, სულ

უცხოეთებში დადიან. – შენიღბული შურით გააგრძელა გალინამ. – ძაან კი მაინტერესებს, როგორი გახდა მარიცა, მოსუქდა თუ ისევ ისეთი წვრილწელაა?! ახლაც საპატიო ადგილზე მიკიდია მაგის სურათი, ეზოში გადაუღეს ჩემმა გოგოებმა, ისე ეამაყებათ როოო... - საყვედურით შემომხედა, თითქოს დამანამუსა: ამისთანა ქალის სახლში ცხოვრობ და არც იცნობო. - ამბობენ, ბიზნესმენი გახდაო, მართალია ნეტავ?

ბიზნესმენი? ეს უკვე საინტერესოა. აქეთ - მიტოვებული აგარაკი, უცნობი ბავშვის ჩონჩხი, საეჭვოდ დადუმებული ქმარი...

- ბოლოს როდის იყვნენ? – ვიკითხე ხმამაღლა.

- ათი წელი იქნება, თუ მეტი არა... ასე, თქვენსავით თუ შეუშვებენ ვინმეს, ნაცნობობის ამბავში. - მოულოდნელად გალინამ პოზა შეიცვალა, ნაპირისკენ იბრუნა პირი და ისე დაიკივლა, ნაძვებს წიწვები ჩამოსცვივდათ:

Page 15: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- გოგო, ნათია, რას დაგიღია ეგ პირი კარიბჭესავით?! მოკიდე ხელი ალენიკოს და ყურადღება არ მოადუნო!

- შენ რისთვის ხარ? - უკმეხად გაეპასუხა სველ ბრიჯებში გამოწყობილი შავთმიანი გოგონა, თუმცა ოთხიოდე წლის ბიჭუნას, რომელიც მღვრიე წყალში `თევზის დაჭერას~ ცდილობდა, ხელი ჩაავლო.

- მოგაჭრი ენას! – დაემუქრა გალინა ბებია.

- კი, აბა... - არ დაუჯერა ნათიამ.

- ბებო, ნავზე გვინდა გასეირნება! - გალინას კიდევ ერთმა შვილიშვილმა გამოთქვა პრეტენზია.

ახალგაზრდებით დახუნძლული ნავები წრეს უვლიდნენ ე. წ. ტრამპლინს, სადაც ამჟამად ანტიკურ მონუმენტად ჩემი დათა აღმართულიყო.

- ნავს მოგცემთ მე თქვენ! ფეხი არ გააკაროთ აქედან, თორემ სათითაოდ გაგრეკავთ სახლებში. - ბავშვებს დაუცაცხანა გალინამ. - ნავები მომინდომეს! - მომიბრუნდა გაგულისებული.

- რა ჰქნან, ბავშვები არიან...

- მეც ვიყავი ბავშვი, მაგრამ ცხონებული ბებიაჩემი ერთს რომ დააბრიალებდა თვალებს, სტარტზე ვიდექით მთელი შვილიშვილები. ესენი კი სულ `მინდას~ გაიძახიან, ის ნავი ფული არ ღირს თუ იცი? ტბაზე შემოსვლაც რო ფასიანი გახადეს ამ ამოსაწყვეტებმა?! - მრისხანედ გაიხედა შემოსასვლელის მიმართულებით. - ოცდაათი თეთრი თითო კაცზე. ეხუმრები? ბავშვები მაინც გაატარონ უფასოდ, დახე, რამდენი არიან?!

- როგორ უვლით ამდენს?

- ეჰ, ვერ ვარ ძველებურ ჯანზედა... ჩემს ქალიშვილებს კი არ ესმით, მომიყრიან ზაფხულობით მთელ მონაგარს, თვითონ კი ისვენებენ. იმ პატარას რომ უყურებ, ალენიკოს,

Page 16: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

შვილთაშვილია, ენაცვალოს ბებოი... ალენიკო, მოიხედე აქა! დახე, რა დაბრაწული ლოყები გაუხდა, პირველად რო ჩამამიყვანეს, მოხარშულ გოგრასა ჰგავდა.

- ალენიკო ბაბუის სახელია?

- არა, გოგო! - შეიცხადა გალინამ. - ალენ დელონიც არ გაგიგია?!

- ააა... – გაკვირვებულმა წავიმღერე.

დათა წყალში ჩახტომა და ამოყვინთვა მოასწრო. ახლა ვიღაც მამაკაცთან ერთად ენერგიულად მიცურავდა ტრამპლინისკენ – მორიგე სტარტისთვის.

- ჩემი უფროსი გოგო გიჟდებოდა მაგ მსახიობზე, ყველგან მაგისი პლაკატები ეკიდა. იქაც უნდოდა წაღება, ქმართანა, მაგრამ სიძემ არ ქნა, იეჭვიანა, გოგო, ალენ დელონზე იეჭვიანა! ეჰაა, ჩემი შვილი ბებიაა უკვე, მე კი ისევ ცოცხალი ვარ. ზაფხულის მოსვლა მიხარია, მარა, ყველანი რო ერთად მოიკრიბებიან, თავი მირატრატებს. აი, ახლაც შემარყია, წნევამ არ დამარტყას ამოდენა ხალხში!

- თემო და მისი ცოლი არასოდეს ჩამოდიან?

- ადრე ჩამოდიოდნენ. სტუმრებით. იყო ერთი ხალისი და დავიდარაბა. რაც მარიცამ სამღერას თავი დაანება, არ მომიკრავს თვალი. თემო დავინახე სამი-ოთხი დღის წინ, შორიდან მომესალმა, მომიკითხა.

- რამდენი წელი იქნება, რაც არ მღერის?

- ცხრა-ათი წელი.

- გალინა დეიდა, მარტოხელა ქალს არასოდეს უცხოვრია მუსერიძეების სახლში?

- რატომ მეკითხები? - გალინას თვალებში საფუძვლიანი ჭორაობის დიდი სურვილი ამოვიკითხე.

- საქმე იმაშია, რომ... მმმ...

Page 17: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მიდი, იაკო, შევუძახე თავს - არგუმენტირებული ტყუილი გამოაცხვე, სცჰნელლ, სცჰნელლ! არ შეიძლება ინფორმატორის დაფრთხობა უსაგნო ყოყმანით.

- საქმე იმაშია, რომ საძინებელში ქალის გულსაბნევი ვიპოვე. ვიფიქრე, თუ მარიცასია, თემოს გადავცემ, თუ მდგმურს დარჩა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავიგდებ თავს.

- შენთვის დაიტოვე მაგი გულსაბნევი. აი, ჩემი რჩევა. – უაპელაციო ტონით წარმოთქვა გალინამ და მეტი დამაჯერებლობისთვის ბარძაყზე ხელი მიიტყაპუნა.

- რაში მჭირდება სხვისი ნივთი?

- მოჩოჩდი აქეთ, საიდუმლო უნდა გაგანდო.

საიდუმლოს ხსენებაზე მეტყველების უნარი დავკარგე, მიჩოჩება კი არა, ლამის თავზე დავახტი ცბიერად მომღიმარ დედაკაცს. მთავარია, დათას მოსვლამდე ამოღერღოს სათქმელი. დათა ტრამპლინზე იჯდა და ტკბილად ემუსაიფებოდა ვიღაც კუნთმაგარ ჯეელს. მოვასწრებთ რომელია?!...

- თემოს სხვა ქალიც ჰყოლია აქა, - ხმას დაუწია გალინამ. – ჩემი თვალით ვნახე, ხო იცი კაცების ამბავი...

იმედგაცრუებულმა ამოვიოხრე. ეს რა საიდუმლოა?! რომანტიული ღამისთევა სუფთა ჰაერზე ჩვეულებრივი ამბავია ქართულ სინამდვილეში. კაცმა არ იცის, ეს მარიცა რა ბობოქარი წარსულის პატრონია?!

- ფეხმძიმე ქალი ხომ არ შეგინიშნავთ?

- რა შუაშია ფეხმძიმე? იამზე, შენ რაღაც იცი და მიმალავ. მომიყევი, გოგო, ალენიკოს გეფიცები ეგ ამბავი აქ მოკვდება, ამ ბურატინოს ტბაზე. - გალინამ მიწას მუშტი დაჰკრა და საზეიმო გამომეტყველება მიიღო, როგორც ფიცის მიცემისას.

- ბავშვის ფაჩუჩები ვიპოვე. – მორიგე ტყუილი გამოვაცხე.

Page 18: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- შენ ახლა რაღაცას მიედ-მოედები. ხან გულსაბნევიო, ხან ფაჩუჩებიო... მილეთის ხალხი დადიოდა მაგათ სახლში, ვიღაცას ფაჩუჩი დარჩებოდა, ვიღაცას პრეზერვატივი.

მოულოდნელობისგან შევხტი. უყურე შენ გალინას, ისე წამოისროლა ამ ერთობ დელიკატური ნივთის სახელი, არც გაწითლებულა.

- არ გინდა, ნუ მეტყვი! - უბოროტოდ განაგრძო გალინამ. - რახან ლაპარაკი ჩამოვარდა, ერთი შემთხვევა გამახსენდა. ნახვით არავინ დამინახავს, მაგრამ ისეთი უცნაური ხმები მომესმა მაგათი სახლიდან, ამბის გასაგებად გადადგმული ფეხი უკან შემოვდგი.

- ასეთი რა ხმები იყო?

- ქალი ყვიროდა, თითქოს აუპატიურებდნენ.

- თითქოს აუპატიურებდნენ?

- ხო. დაახლოებით.

- თუ მშობიარობდა? - შევაპარე ჩემი ვერსია.

- მშობიარობდაო?! – მტაცებლური გამომეტყველებით გაიმეორა გალინამ. - ოოო, ეგ არ მიფიქრია. შეიძლება მასეც იყო.

- ვინ შეიძლება ყოფილიყო?

- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მომერიდა შეხმაურება, ეგება თემოს ქალი ჰყავდა მოყვანილი, თავზე ხომ არ დავადგებოდი?!

- თემო ქალს აუპატიურებდა? ასეთი რამ დასაშვებია?

- მე ეგ არ მითქვამს. მე რავი რა მიზეზით კვნესოდა ის ქალი?! იქნებ სიამოვნებისგან კვნესოდა, რას გაუგებ თანამედროვე ახალგაზრდებს, ტელევიზორში იმისთანებს აჩვენებენ, ქმრისკენ ვერ გამიხედავს სირცხვილით. თანაც ჭიშკართან უცნობი მანქანა იდგა.

Page 19: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- რა მანქანა?

თვალი ტბისკენ გამექცა. დათა უცნობ ჯეელთან ერთად ნაპირისკენ მოცურავდა. მზეზე ლაპლაპი გაუდიოდა სველ თავებს. უნდა ვიჩქარო!

- მწვანე მანქანა, უცხოური. ერთი ვიცოდე, რაში გაინტერესებს ცხრა წლის წინანდელი ამბები?! შენ ის მითხარი, ახლა როგორ ცხოვრებენ მუსერიძეები? სიძე მყავს უმუშავარი, ეგებ თემო შევაწუხო მეთქი. რამე რო იყოს, მარიცასთანაც მაქვს მისასვლელი პირი, რაც მე მაგის ბიჭისთვის უფასო რძე მიზიდია.

ცხრა წლის წინ მანგლისის აგარაკზე რაღაც უბედურება დატრიალდა, გალინა კი `უმუშავარ~ სიძეზე და უფასოდ მიზიდულ რძეზე მელაპარაკება.

- რა დრო იყო, ზამთარი, ზაფხული...

- აგვისტოს ბოლო რიცხვები. შვილიშვილები გავაცილე და აქა-იქ შემორჩენილ სიმინდს ვამტვრევდი, შეკივლების ხმაზე რო შევფრთხი. ჰო, ეგრე იყო. შენ დარდი ნუ გაქვს, იამზე, გულსაბნევი მაშინდელი დატოვებული არ იქნება, გაიკეთე და შეირგე. - მანუგეშა გალინამ და ქოშინით გაემართა შვილიშვილების დასაფრთხობად, გზადაგზა შოლტივით იქნევდა შაბიამნისფერ პირსახოცს.

დათა და კუნთმაგარი ჯეელი ერთდროულად ამოვიდნენ ნაპირზე. თმები დაიფერთხეს და... და აქ, უკვე მეორედ, დავკარგე მეტყველების უნარი - შლამიან ნაპირზე ჩემი პირველი ქმარი, მალხაზ დადვანი იდგა. იმანაც მიცნო, სახეზე დაეწერა უდიდესი გაოცება და უუუდიდესი თვითკმაყოფილება. დათა კი, ნეტარად იმშრალებდა ტანს და კუბდარის გაკეთებით იმუქრებოდა, რომლის რეცეპტი ახალმა ნაცნობმა ასწავლა.

- ... თურმე რაღაც განსაკუთრებული ძირა სჭირდება,

Page 20: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მარტო სვანეთში მოდის, შენ რა გქვია, მეგობარო? - მიუბრუნდა მალხაზს.

იმან ჩაახველა და თვალებით დამეკითხა. არა, გენაცვალე, `დამალობანას~ თამაშს არ ვაპირებ. დათამ უნდა იცოდეს ვინ მომაყენა.

- მალხაზი ჰქვია, - დავასწარი.

- ჰო-ო?... – დათამ გამშრალება შეწყვიტა. ჯერ მე მესროლა გამჭოლი მზერა, მერე მალხაზი გაბურღა თვალებით. მიხვდა, ვინც დამაყენა თავზე.

დაძაბულობა ჰაერში დაეკიდა. მეხის გავარდნას წუთები აკლდა, ჩემი გულის წასვლას - წამები.

- როგორ ხარ, იკაკო? - ხაზგასმული გულახდილობით გამიღიმა მალხაზმა.

- კარგად. ეს ჩემი ქმარია, დათა.

- უკვე გავიცანი, სვანურ სამზარეულოზე ვილაპარაკეთ. გახსოვს ჩემი გაკეთებული კუბდარი?

- არა.

მალხაზმა გაოცების ნიშნად წარბი აწკიპა, ალბათ ფიქრობდა, მთელი ცხოვრება მემახსოვრება მაგის კუბდარი. სინამდვილეში კუბდარი მახსოვდა, მართლა გემრიელს აკეთებდა და იმიტომ. სავარაუდოდ, ჩემი დედამთილი სვანეთიდან ეზიდებოდა განსაკუთრებულ ძირას. აი, მალხაზი ნამდვილად არ მახსოვდა, ჩვენი თანაცხოვრების ერთი წელი სადღაც ქვეცნობიერში იყო დალექილი და მისი ამოტივტივების არავითარი სურვილი არ გამაჩნდა.

- შვილი გყავს, იკაკო?

- არა.

- მე კი სამი მყავს! – წამოიძახა ნიშნისმოგებით.

Page 21: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

უცებ მივხვდი - ადამიანი არ იცვლება. მალხაზი ისეთივე ნაგავია, როგორიც იყო უწინ, იმ განსხვავებით, რომ ადრე დედისერთა ნაგავი იყო, ახლა - სამშვილიანი ნაგავია. საქმე შვილებში არ არის, ღმერთმა უმრავლოს, საქმე იმაშია, რომ ჩემი უშვილობა გაუხარდა... მაშინაც ასეთი იყო, თოთხმეტი წლის წინ, უბრალოდ მკერდზე ბალანი, ტანზე კი კილოგრამები მოემატა. სპორტს თუ დაანება თავი... `რად გინდა მისი სილამაზე, თვალებში ჩახედე, თვალებში!~ - მაფრთხილებდა დედაჩემი. მე ვუყურებდი და საკუთარ თავში ვმაღლდებოდი - ეს სრულყოფილი მამაკაცი ჩემია! სულელი, წერას ატანილი გოგო! ერთი წუთით არ მინანია მასთან დაშორება. როცა აღარ გიყვარს, იოლია იყო პრინციპული. მალხაზს კი, როგორც ჩანს, დღემდე აწუხებს მიტოვებული კაცის კომპლექსი.

- ცოლ-შვილი მყავს ჩამოყვანილი, - საქმიანად გახედა მოპირდაპირე ნაპირს, სადაც ჭრელი ქოლგის ქვეშ ვიღაც ბავშვიანი ქალები განფენილიყვნენ. - ორსართულიანი სახლი ვიქირავე, ცენტრში. შაბათ-კვირას ვაკითხავ ხოლმე, მეც სიამოვნებით დავისვენებდი, მაგრამ სამსახურს რა ვუყო?!

ორაზროვნად დავუქნიე თავი – იქნებ მიხვდეს და გაგვეცალოს, თორემ ამის ამბავი რომ ვიცი, სიამოვნებით გადმოალაგებს სიდედრ-სიმამრის ვინაობას და სოციალურ სტატუსს. როცა მისი ცოლი ვიყავი, დედაჩემის პროფესორობა ლამის საკუთარ ღირსებად მიაჩნდა. ახლაც, ერთი სული აქვს, ვკითხო, სად მუშაობს. ვერ ეღირსება!

- თქვენის ნებართვით მზეს მივეფიცხები. - მალხაზს გამოსამშვიდობებელი ღიმილი ვაჩუქე და პირქვე დავწექი. არ მინდოდა ქვევიდან მეცქირა მისი ეროტიკული საცურაო ტრუსისთვის. დარწმუნებული ვარ, ორი ზომის პატარა აცვია, ხაზი რომ გაუსვას თავის გენიტალიებს.

- აბა, კარგად, - იხტიბარი არ გაიტეხა მალხაზმა. - კუბდარის გაკეთება თუ დააპირეთ, თქვენს სამსახურში მიგულეთ. -

Page 22: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

გვიკბინა გამომშვიდობებისას და კულტურისტის გრაციით გაუყვა ნაპირს.

დათა გულაღმა დაწვა და პირგამეხებული მიაჩერდა კრიალა ცას. გამებუტა, თითქოს პირველად გაიგო, რომ განათხოვარი ვარ. ან საკუთარ თავზე გაბრაზდა - ყოფილი ქმარი მომაყენა გასარუჯად დარაზმულ ქალს... ან რა კუბდარი აუტყდათ ამ სიცხეში? კიდევ კარგი სადილად არ დამიპატიჟა თავისი წვრილშვილით...

გალინა ამობობღდა ნაპირზე, წუწები შემოგვაფქვია და კმაყოფილი კრუტუნით დაეშვა ჩემ გვერდით:

- დედა, არ მოვითქვი სული?! ამდენ ყვირილს, გამესველებინა ფეხები... შენ რატომ არ ჩახვალ, იამზე?

- ცოტა ხანში ჩავალ.

- არ ჩახვალ. - ხმადაბლა, მხოლოდ ჩემ გასაგონად ჩაილაპარაკა დათამ.

მიდი და ნუ გაბრაზდები! თვითონ კარგად გაგრილდა, მე კი ვობლასავით უნდა გამოვშრე მზის გულზე?!

- - -

დათას შემორიგება მხოლოდ ძილის წინ მოვახერხე.

- ეს `იკაკო~ რაღას ნიშნავდა? - მკითხა ცუდად შენიღბული ირონიით. ეტყობა, ვერაფრით მოინელა, რომ მის ცოლს ყოფილი ქმარი შინაურულად მიმართავს.

- დათა, ბავშვობის მეგობრები დღესაც იკაკოს მეძახიან, რა არის ამაიი დასამბოღმი?

- ვინ გითხრა, რომ დავიბოღმე?!

- არ დაბოღმილხარ?

Page 23: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- არა.

- ე. ი. მომეჩვენა.

- რატომ არასდეს გითქვამს პირველ... ქმართან დაშორების მიზეზი?

- არასოდეს გიკითხავს.

- ახლა გეკითხები.

- ცუდი სიმთვრალე ჰქონდა.

- მარტო ეს იყო მიზეზი?

- ალბათ არ მიყვარდა.

- მაშინ რატომ გათხოვდი?

- დათა, რატომ თხოვდებიან ჩვიდმეტი წლის გოგოები?

- ჰორმონი უთამაშებთ.

- გცოდნია და ეგ არის!

დათა მაინც უკმაყოფლოა, სხვა საქმეა, როცა სხვის ცოლს უთამაშებს ჰორმონი, შენსას - მხოლოდ შენზე უნდა უთამაშებდეს.

- დათა, ეს კაცი, მალხაზ დადვანი, ჩემი შეცდომაა, მწარე გაკვეთილი... თავში მიქროდა და გავყევი! ნაწილობრივ დედაჩემის ბრალიც იყო, იმდენი აკრძალვა მქონდა, ძალაუნებურად გამიჩნდა პროტესტის გრძნობა. მერე, როცა მისგან წამოვედი, განშორებას კი არა, საერთოდ, ჩვენს შეხვედრას ვნანობდი.

- სულ არ გიყვარდა?

- მაშინ მეგონა, რომ მიყვარდა.

- იქნებ ახლაც გგონია... - არ დამინდო, შხამიანი საცეცი გამოუშვა.

ესეც შენი თაფლობისთვე! თავდავიწყების ნაცვლად, თავდაცვის რეჟიმში ვიმყოფები. გავბრაზდე თუ ვუპასუხო?

Page 24: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ჯობს ვუპასუხო, ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოკვდეს.

- არა, შენ სხვა ხარ... შენ, გარდა იმისა, რომ მიყვარხარ, მომწონხარ კიდეც. შენი ყურება კი მსიამოვნებს, განსაკუთრების, როცა გაბუტული ხარ! - დათას ცხვირზე წკიპურტი ვუთავაზე და გაღიმებული დავაცქერი ზემოდან.

- ის თუ მოგწონდა, მეორე...

ღიმილი პირზე შემაცივდა. ეს უკვე მეტისმეტია!

- დათა, მარინას შესახებ ოდესმე, რამე მიკითხავს?

მარინა დათას ცოლს ერქვა. ის რამდენიმე წლის წინ, სიმსივნით გარდაიცვალა. დანამდვილებით ვიცი: მათ კარგი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, დათამ ალბათ განიცადა მისი სიკვდილი. რა ვქნა ახლა, მარინაზე ვიეჭვიანო?

- ეს დახურული თემაა. - ნაგვიანევი პასუხი გამცა.

- ჩათვალე, რომ ვატოც დახურული თემაა. – წამოვხტი, სიგარეტის კოლოფი ჩავბჟუჯე და სამზარეულოში გავედი.

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი თანაცხოვრების პირველი დღეები უღრუბლოდ დაიწყო. ჯერ იყო და, იმ ავადსახსენებელ ჩონხჩს გადავაწყდი, მერე - მალხაზი გამოტყვრა თავისი პროვოკაციული ტრუსებით, ახლა - დათას უსაფუძვლო ეჭვიანობა...

ნაბიჯების ხმაზე არ მიმიხედავს. ვინ უნდა იყოს დათას გარდა?! გააჩნია, რა მიზნით გამომყვა... თუ ისევ საქმის გასარჩევად...

მხრებზე ხელები შემომხვია, თავზე - ნიკაპი დამადო.

- სიყვარულს განმარტება აქვს? – მიკითხება.

- ბევრნაირი. ყველა თავისებურად ხსნის.

- მე შენი ახსნა მაინტერესებს.

Page 25: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- სიყვარული არის მოვალეობათა გრძელი ჯაჭვი.

- ბუნდოვანი განმარტებაა.

- მე ვიტყოდი, პრაგმატული. წარმოიდგინე ნორჩი ხე. რომ არ გახმეს, მოვლა სჭირდება, გათოხნა, შეწამვლა, მორწყვა...

- ორაზროვნად ჟღერს.

- შენ რა იგულისხმე? - შემოვბრუნდი და დათას მხიარულ მზერას წავაწყდი.

- წამოდი.

- სად?

- ცოლის მოვალეობის შესასრულებლად. თუ `გრძელ ჯაჭვში~ ეს მოვალეობა არ შედის?

- - -

დილით დათა ბაზარში გავუშვი, მე კი გალინასთან წადავედი მაწვნის მოსატანად. უკანა გზაზე ჩვენს ჭიშკართან უცხო მანქანა შევნიშნე. გამიკვირდა - თუ ვინმე აპირებდა სტუმრობას, რატომ მობილურის არ შეგვატყობინა?! კიდევ უფრო გამიკვირდა, როცა მანქანიდან თემო მუსერიძის მძღოლი, რამაზი გადმოვიდა.

- სალაპარაკო მაქვს თქვენთან, - მორიდებულად დაიწყო რამაზმა.

მაწვნის ქილები დავაბინავე და სკამზე მივუთითე.

გუშინ საღამოს, სახლში მისულ რამაზს, ანონიმური წერილი დახვედრია გაზის ქვითართან ერთად. წერილში არაორაზროვნად მიანიშნებდნენ - თუ საქმის თვითნებურად გამოძიებას არ შეწყვეტდა, სიცოცხლეს შეუწყვეტდნენ.

Page 26: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- რომელი საქმის? – ყასიდად დავეკითხე, რადგან რამაზის დანახვისთანავე მივხვდი სტუმრობის მიზეზს.

რამაზმა სასოწარკვეთილი მზერა მესროლა და თავი ჩაქინდრა.

- მკვლელობის... - ამოღერღა ბოლოს. - თვითნებურად გამოძიება დავიწყე. მაინტერესებდა ვინ იმშობიარა, როდის...

- საიდან დაასკვენით, რომ მკვლელობაა, იქნებ ბავშვი მკვდარი დაიბადა?

- არა მგონია, მაშინ ადამიანურად დამარხავდნენ.

- მერე?

- რაღაცეები გავარკვიე.

- გისმენ.

მოსმენილიდან:

იდეა, რომ ამ საქმეზე ფულის გაკეთება შეიძლებოდა, რამაზს მაშინ დაებადა, როცა თემომ პოლიციის გამოძახებზე უარი განაცხადა. ეჭვს იწვევდა ის გარემოებაც, რომ თემომ საქმის კურსში არ ჩააყენა ცოლი, პირიქით, მძღოლს თხოვა მარიცასთან არაფერი წამოცდენოდა. რამაზმა პირობა შეასრულა, მაგრამ სანახევროდ... მარიცასთან საუბრისას სარდაფში აღმოჩენილი ძვლების შესახებ არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ ლაპარაკი ჩამოაგდო მანგლისის სახლის გაქირავებაზე. აქ პირველად გამოიკვეთა გადამდგარი გენერლის, ნესტორ ჩუბინიძის გვარი. აღმოჩნდა, რომ ცხრა წლის წინ, ჩუბინიძეების ოჯახი ზედიზედ სამი სეზონი ისვენებდა დაბა მანგლისში და მუსერიძეებს, მათ გარდა, აგარაკი არასდროს-არავისთვის მიუქირავებიათ. გამოდის, თემო იმთავითვე ცრუობდა, როდესაც სხვა დამსვენებლებზე მიუთითებდა.

რამაზმა ჩუბინიძეების ოჯახზე ცნობების შეგროვება დაიწყო...

Page 27: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ოჯახის უფროსი, სუკის ყოფილი გენერალი ნესტორ ჩუბინიძე ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ლოგინად არის ჩავარდნილი. მისი ერთადერთი ვაჟი, ორმოცდაორი წლის კახაბერ ჩუბინიძე აზარტული თამაშების მოყვარულია. თუკი რაიმე უძრავ-მოძრავი ქონება გააჩნდა, კაზინოში წააგო, მხოლოდ მამისეული სახლი დარჩა, იმასაც იმიტომ ვერ ყიდის, რომ მამის სახელზეა გაფორმებული. ფულის დეფიციტს ალკოჰოლის მიღების ავსებს. არაფხიზელ მდგომარეობაში აგრესიულია. ცოლს დიდი ხნის წინ გაეყარა, ჰყავს თხუთმეტი წლის ვაჟი, რომელიც დედასთან ერთად ინგლისში ცხოვრობს.

რამაზმა კახასთან კონტაქტზე გასვლა და მისგან ინფორმაციის დაცინცვლა გადაწყვიტა. კახას გაცნობა, მითუმეტეს, ალაპარაკება, არ წარმოადგენდა სიძნელეს. სახინკლეში, ჭიქა არაყისა და ლუდის თანხლებით გენერლის ვაჟიშვილს ენა გაეხსნა...

ათი-თორმეტი წლის წინ, ჯერ კიდევ ნესტორის ცოლის სიცოცხლეში, ჩუბინიძეების მთელი ოჯახი, მათ შორის რძალი და შვილიშვილი, მანგლისში ისვენებდა. კახა, როგორც სამაგალითო მეოჯახე, ყოველ პარასკევს ჩადიოდა ცოლ-შვილისა და მშობლების მოსანახულებლად. ეს იყო ყველაზე ბედნიერი ხანა მის ცხოვრებაში - არსებობდნენ ადამიანები, ვისაც მისი ნახვა გულწრფელად უხაროდა. დღეს კი რა ხდება? კახას ყველამ უღალატა - ცოლმა, შვილმა, მეგობრებმა... საკუთარმა მამამ აქცია ზურგი! ასეთია უფულო კაცის იღბალი. მაშინ ხომ კარგი ბიჭი იყო, როცა რესტორნებს ხურავდა, როცა ცხვირსახოცივით იცვლიდა მანქანებს, როცა დილით თბილისში იყო, საღამოს - მოსკოვში...

ნოსტალგიაშეყრილი კახა კიდევ დიდხანს მისტიროდა წარსულ დროებას, მაგრამ რამაზს მისი ტაშ-ფანდურიანი ისტორიები ნაკლებად აინტერესებდა, ამიტომაც, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ჰკითხა: ფიგურირებდა თუ არა მის ცხოვრებაში (ან მის გარეს) ფეხმძიმე ქალი, ვისაც

Page 28: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

შეიძლება ჰქონოდა მანგლისის სახლის გასაღები. ამ შეკითხვამ კახა რატომღაც განარისხა. მან უშვერი სიტყვების დაიწყო გინება უცნობი მანდილოსნის მისამართით, რომელმაც ცხოვრება დაუნგრია და ის, ოჯახის მოყვარული კაცი, ამ დღეში ჩააგდო.

- ვინ არის ეს ქალი? - შეაპარა რამაზმა.

- შენ რაში გაინტერესებს? და საერთოდ, ვინ ხარ? – დაეჭვდა კახაბერი.

რამაზი დაიბნა. როგორც ჩანს, კახა ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა სიმთვრალის იმ ზღვარზე, როცა ნებისმიერი თანამეინახე ანგელოზად გეჩვენება, ანდა პირიქით, უკვე გადასცდა იმ ზღვარს, შარიანობის ფაზაში შევიდა და ცნობისმოყვარე უცნობი მტრად აღიქვა.

- ბიჭო, მოიხედე აქ! – ეშხში შევიდა კახა.

რამაზი იძულებული გახდა ვა-ბანკზე წასულიყო:

- კომპრა მაქვს ერთ ქალზე. თუ ჩემი ობიექტი და შენი დამაქცევარი, ერთი და იგივე პიროვნება აღმოჩნდა, ორივე ვიხეირებთ.

- რას ნიშნავს `ვიხეირებთ?~

- წილში გაგიყვან.

წილის ხსენებაზე კახას ხელისგულები მოეფხანა, არყის ბოთლი გვერდზე გასწია და ამღვრეული მზერა რამაზს დაარჭო.

- ასეთი, რა კომპრაა?

- ჯერ ვინაობა, მერე კომპრა. - იყო პასუხი.

- რომ არ გითხრა?

- დავიხურავ ქუდს და წავალ, ჩემგან რა მიდის, რო?! შენ არ იქნები, სხვა გამოჩნდება, ზედმეტი მაყუთი არავის აწყენს.

Page 29: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

რამაზი მიხვდა - კახას ვიღაცაზე აქვს ეჭვი, მაგრამ გასაწირად არ ემეტება. ჯერჯერობით არ ემეტება, თორემ ადრე თუ გვიან ისე გაყიდის, როგორც სტაჟიანი ლოთი საოჯახო რელიქვიას. უბრალოდ ჩიტი ბრდღვნად უნდა უღირდეს.

- ჰა, ახლა, ზადნის ნუ იძლევი. თქვი: რა კომპრაა?

- ჯერ ვინაობა, მერე კომპრა. - გაუმეორა რამაზმა.

- ვაა, შენ ვინ ყოფილხარ?! - კახამ არაყი ჩამოისხა. - მართლა, ვინ ხარ, ტო?

- არ მინდა მოგატყუო, ჯიგარი ბიჭი ხარ და არ გაკადრებ. აი, საქმეს როცა ჩავფარცხავთ, მერე გეტყვი ვინ ვარ და საიდან.

- ოოო, დიდი გოთვერანი ჩანხარ. - თითი გაუქნია კახამ, მაგრამ შინაურულად, ცინიზმის გარეშე.

რამაზიმ კომპლიმენტად მიიღო და ორაზროვანი… ღიმილის უპასუხა.

- უნდა მოვიფიქრო. - გატყდა კახა.

- ორ დღეს გაძლევ მოსაფიქრებლად. ზეგ, ამ ადგილას, ამ დროს გელოდები.

ასეც შეთანხმდნენ.

მეორე დღეს კი რამაზმა ზემოხსენებული ანონიმური წერილი მიიღო. კახამ არც მისი მისამართი იცოდა, არც სამუშაო ადგილი, არც ვინაობა. გამოდის, ვიღაცამ გაშიფრა რამაზის პიროვნება და ის ვიღაც, სავარაუდოდ, არ ხუმრობს.

შეშინებულ მძღოლს დათას ცოლი გაახსენდა. გზაში თემო უყვებოდა იამზეს `საგმირო საქმეების~ შესახებ – თუ როგორ ამხილა ცოლის მკვლელობაში მათი კოლეგა ვინმე გედეონ შატბერაშვილი.

რამაზის მონათხრობში, მხოლოდ ბოლო ნაწილი მომეწონა, ისიც ნაწილობრივ, რადგან წარმოდგენა არ მაქვს როგორ დავეხმარო.

Page 30: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- კომპრაში რა იგულისხმეთ? - დავინტერესდი.

რამაზმა ხელმეორედ ჩაქინდრა თავი.

- მრცხვენია თქმა.

- ჩემთან მოსვლა თუ არ შეგრცხვათ...

- ის ძვლები არ ჩამიმარხავს, შევინახე.

- ახლაც შენახული გაქვს?

- სახლში მაქვს, აივანზე, როგორც ჩავალ თბილისში, გადავყრი.

- არავისთვის გითქვამს?

- არა, თქვენ პირველი ხართ.

- ჩემგან რას ელი?

- რჩევას. ყველაზე უფრო, სამსახურის დაკარგვის მეშინია.

- ყველაფერი გულახდილად მოუყევით თემოს, იქნებ გაპატიოთ კიდეც.

- ღმერთო დიდებულო, ეს რა შარში გავეხვიე, - შუბლი მოისრისა რამაზმა.

- ღმერთო მაშინ უნდა გაგხსენებოდათ, როცა გამორჩენაზე ფიქრობდით.

- თქვენ არ გაინტერესებთ ამ საქმის გამოძიება?

უარყოფის ნიშნად თავი გავექნიე და წამოვდექი. რამაზი მიხვდა - აუდიენცია დამთავრებულია და ნირწამხდარი წალასლასდა თავისი მანქანისკენ.

- არ გაბედო ამ საქმეში ცხვირის ჩაყოფა! – მკაცრად გამაფრთხილა დათამ, როცა ყველაფერი მოვუყევი.

მის ხმაში ჩემი უფროსი დის, ლელას ინტონაცია დავიჭირე, თუმცა, მორჩილად დავეთანხმე. დღეს ჩემი კულინარული ფანტაზიების დემონსტრირებას ვაპირებ და არა ხარბი რამაზას გამო თავის გაცხელებას. გეგმაში მაქვს სოკოს

Page 31: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მომზადება ლელასეული რეცეპტით. ერთ რამეში მეპარებოდა ეჭვი - რამდენად სწორედ არის შერჩეული სოკოს ჯიში, რადგან დათამ ქამა სოკოს მაგივრად მჭადა სოკო მომიტანა. რაც არის, არის! თეთრი ღვინო მაქვს, არაჟანი მაქვს, წიწაკა მაქვს, კარაქი მაქვს, ენთუზიაზმი მაქვს...

რომ გითხრათ, აღფრთოვანებული დავრჩი ჩემი ნახელავით, მოგატყუებთ. მჭადა სოკოს რატომღაც ზეთის გემო დაჰკრავდა. დათა ჭამდა და მაქებდა, მე არ მჯეროდა, მაგრამ მსიამოვნებდა.

- - -

მეორე დღეს კი ჩვენი თაფლობისთვე დამთავრდა.

თემო მუსერიძემ გვაცნობა, რომ დილით, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს მისი მძღოლი რამაზი. გვამი პროზექტურაში გადაიტანეს, თუმცა სახეზეა მოწამვლის ნიშნები. ექსპერტიზაზე წაიღეს ფორთოხლის წვენის ნახევრადდაცლილი ბოთლი, რომელიც გარდაცვლილის სასთუმალთან იპოვეს და რომელშიც, სავარაუდოდ, საწამლავი იყო გარეული. თემოს არ უნდოდა ჩვენი შეწუხება, მაგრამ გუშინ თბილისი-მანგლისის გზაზე უნახავთ რამაზის მანქანა, ამიტომაც დაგვირეკა.

უსიტყვოდ ავიბარგეთ.

- - -

თემო მუსერიძეს პირდაპირ სამსახურში მივადექით.

- სულელი, სულელი... მე მას ოჯახის წევრად ვთვლიდი! რა ეშმაკი შეუჩნდა, რამ შეანახინა ის დაწყევლილი ძვლები?! –

Page 32: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

წამოიძახა მან, როცა რამაზის ჩემთან სტუმრობის მიზეზი გაიგო.

- სიხარბემ. მაგრამ ახლა ამის გარჩევას რა აზრი აქვს? კაცი მოკლულია და კვალი სარდაფში ნაპოვნ ძვლებზე გადის. – თქვა დათამ.

- ვერ ვხედავ კავშირს. – გაჯიუტდა თემური.

- თემო, მანგლისის აგარაკზე ათი-თხუთმეტი წლის წინ დანაშაული მოხდა...

- ზუსტად ცხრა წლის წინ, აგვისტოს ბოლოს. - რეპლიკა ჩავურთე მე. - მეზობლის ქალმა მითხრა, გალინამ. – დავამატე მეტი დამაჯერებლობისთვის.

- გალინამ?! - ერთდროულად წამოიძახეს კაცებმა და ჩემსკენ მოღრიცეს კისრები. თემომ – დაუფარავი ინტერესით, დათამ – დაუფარავი საყვედურით. მან ხომ არაფერი იცოდა ჩემი ბლიც-ინტერვიუს შესახებ.

- კონკრეტული ადამიანი არ დაუნახავს, მაგრამ გარკვევით გაიგონა კვნესა, რომელსაც, ზემოხსენებული ფაქტის გათვალისწინებით, მშობიარე ქალი გამოსცემდა. ჭიშკართან მწვანე მანქანა იდგა. თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია ამ მანქანის მარკის დადგენა.

- მწვანე... – ჩაილაპარაკა თემომ და ვედრებით შემომხედა. - მისმენეთ, იამზე, თქვენ ალბათ გამომძიებელი დაგკითხავთ... ნამდვილად ვერ დაგავალდებულებთ რამაზთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვას, ან რა უფლება მაქვს, თავად ვარ დაინტერესებული ბოროტმოქმედის გამოვლენაში, მაგრამ... მაგრამ იმ მანქანაზე ნურაფერს იტყვის, გთხოვთ.

- რატომ?

- არ მინდა ჩემს ოჯახს ჩრდილი მიადგეს და შევეცდები აგიხსნათ, რატომ: სრულიად დასაშვებია, რომ მწვანე მანქანა ჩემს ცოლისდას, ნინოს ეკუთვნოდეს. ბედის ირონიით, ცხრა

Page 33: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

წლის წინ, ზუსტად ოცდაათ აგვისტოს, ის ტრაგიკულად დაიღუპა. ხომ შეიძლება იქამდე მანგლისში ყოფილიყო? ნუ ამიფორიაქებთ მარიცას, იმ ტრაგედიის გახსენება ხელმეორედ ჩააგდებს ანაბიოზში, მე ამას ვეღარ გადავიტან. მერწმუნეთ.

- ცხრა წელი გავიდა, ნუთუ დღესაც ასე მტკივნეულად განიცდის დის დაკარგვას? - გამიკვირდა მე.

- საქმე იმაშია, რომ ისინი ერთად მოყვნენ ავარიაში, მარიცა ბეწვზე გადარხა, ნინო - მოკვდა. იმ პერიოდში მე საქართველოში არ ვიყავი, ჩამოვედი და ასეთი ამბავი დამხვდა.

თემო შეძლებისდაგვარად დავამშვიდეთ და სახლში გამოვწიეთ.

- დეას დაურეკე, გააფრთხილე, რომ მოვდივართ. – მანქანაში ჩაჯდომისთანავე ვუთხარი დათას.

- ვითომ რატომ უნდა გავაფრთხილო? - გააპროტესტა დათამ. – მე ჩემს სახლში მივდივარ. ჩვენ.

- არ გველოდება და იმიტომ. იქნებ... იქნებ მეგობარი ჰყავს?

- ბიჭი?

- დავუშვათ.

- გადავუშვებ მეშვიდე სართულიდან. ორივეს. – დაამატა აგრესიულად.

დეას მესიჯი მე გავუგზავნე. დათამ დაინახა, მაგრამ არ შეიმჩნია. ე. ი. გულის სიღრმეში მეთანხმება.

- თემომ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს. – თემა შევცვალე.

- საიდან დაასკვენი?

- აგარაკი სამი სეზონი ზედიზედ ჩუბინიძეების ოჯახზე ქირავდებოდა. მხოლოდ მათზე. თემო ამ ამბავს ან განზრახ მალავს, ან მართლა არ ახსოვს. თანაც ეს მწვანე მანქანა...

Page 34: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დავუშვათ, ის მართლა ეკუთვნოდა თემოს ცოლისდას, ნინოს; დავუშვათ, ცოლისდა ვიღაცამ შეაცდინა და მან ბავშვის მოცილება სწორედაც მანგლისში, გადაწყვიტა; დავუშვათ, იქვე იმშობიარა, დაბადა არასასურველი ბავშვი – მკვდარი ან ცოცხალი...

- ქალი, რომელიც ინკოგნიტოდ მშობიარობს, პოტენციური კრიმინალია. – დაბეჭდა დათამ.

- მეც მაქეთ მიმყავს. რაღაც პერიოდის შემდეგ ნინო ავტოკატასტროფაში იღუპება. წესით, მშობიარობასთან დაკავშირებული საიდუმლოც მასთან ერთად უნდა დამარხულიყო. გავიდა ცხრა წელი, და ადამიანი, რომელმაც ამ საქმის გამოძიება გადაწყვიტა, თუნდაც შანტაჟის გზით, გაურკვეველ ვითარებაში კვდება. რაღაც ვერ არის ისე.

- მძღოლმა რა იცოდა ეს ისტორია?

- იქნებ კახა ჩუბინიძემ იცოდა? ნინოზე თუ სხვაზე, მაგრამ უეჭველი რაღაც იცოდა.

- შენ ახლა ფანტაზიებში გადავარდი. - ჩაიცინა დათამ.

არაფერი ვუპასუხე. მსჯელობა გულში განვაგრძე.

თუ ამ ისტორიაში თემოს ხელი ურევია, ჩვენ რაღას გვეძახდა? მით უფრო, ჩემი დედუქციური ნიჭის შესახებ სცოდნია. მეორე მხრივ, რატომ გადაეფარა ამბრაზურასავის გარდაცვლილი ცოლისდის ღირსებას, რომელსაც, რამდენადაც ვიცი, არც ქმარი ჰყოლია, არც შვილი. დავიჯერო, მხოლოდ მარიცას ნერვებს მოუფრთხილდა? ქალს, ვისაც დროგამოშვების ღალატობს? პრინციპში, რას გაუგებ კაცებს... გაიხედავ, ანგელოზი უზის სახლში, მას კი ბრუციანზე ამოსდის მზე და მსვარე. იქნებ თემოს სადომაზოხისტური გადახრები აქვს და გასაღები აქ უნდა ვეძებო? დათას რომ ვკითხო, ისევ ფანტაზიორობას დამწამებს, ანდა უარესი - თემოზე იეჭვიანებს.

Page 35: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მაგნიტოფონის ღრიალი, რომელიც სადარბაზოში შესვლისთანავე მოგვესმა, თურმე ჩვენი ბინიდან გამოდიოდა. დათამ გოროზად შეჰყარა წარბები და ზარი დარეკა – გული უსკდება, ჩემი პროგნოზი არ გამართლდეს. ხმაური შეწყდა, კარი გაიღო და ერთი ბიჭის ნაცვლად სახლიდან სიცილ-კისკისით ათიოდე გოგონა გამოფრთხიალდა. დათას მიესალმენ, მე შემათვალიერეს, დეას თვალი ჩაუკრეს და კიბეზე დაეშვენ.

- მოხდა რამე? – დადარაჯებული ხმით იკითხა დეამ,

- რა უნდა მომხდარიყო? - ვერ მიხვდა დათა.

- სამი დღის ადრე ჩამოხვედით.

- გეწყინა თუ გაგიხარდა?

- ეგ რა შუაშია? ხომ არ იჩხუბეთ მეთქი?

- გვეტყობა რამე ნაჩხუბარის? – დათამ მხარზე ხელი მომხვია, მერე იფიქრა, დეას არ ეწყინოსო, და მეორე ხელი იმას მოხვია.

დეამ თავი დაიძვრინა და საყვედურით შეხედა მამამისს:

- მოხდა რამე?

- ხო, მოხდა. თემო მუსერიძის მძღოლი მოკლეს.

- მერე თქვენ რა შუაში ხართ? – დეამ მზერა ჩემზე გადმოიტანა.

- იას გადამკიდე, აწი, რაც საქართველოს მასშტაბით საეჭვო მკვლელობები მოხდება, ყველაფრის შუაში ვიქნებით. - ამოიოხრა დათამ და დეას მეგობრების ნასუფრალს დახედა – ჩიპსი, მიწის თხელი, მარტინის ცარიელი ბოთლი...

- რა ჩემი ბრალია, შენმა ძმაკაცმა თუ დაწყევლილი სახლი შემოგვასაღა?! - ავღშფოთდი მე.

- `ძმაკაცი~ - ხმამაღალი ნათქვამია.

Page 36: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

თითქოს ჩემი სიტყვების დასტურად, დათას მობილური აწკრიალდა. თემო იყო, მუსერიძე - ვიწრო წრეში ვახშმად გვეპატიჟებოდა.

- აჰა, კიდევ იტყვი ძმაკაცი არ არისო?! - შევძახე ნიშნისმოგებით.

- პირველად მპატიჟებს სახლში, რანაირი ძმაკაცია?!

- ცოლსაც არ იცნობ?

- მგონი ერთხელ გავიცანი, ვიღაცის პანაშვიდზე. ხო, ტელევიზორიც მინახავს. - გაახსენდა დათას.

- რას წარმოადგენს?

- რა ვიცი, მე მაგის სიმღერა არ მომისმენია და... ისე, ეფექტური ქალია.

- ვისზეა ლაპარაკი? - დაინტერესდა დეა.

- მარიცა ციხისელზე.

- ააა, მაგის ბიჭს ვიცნობ, ჩემი კურსელია.

- მართლა? – გაუკვირდა დათას. - მაშინ შენც წამოდი ვახშამზე.

- არა, არა. - იუარა დეამ.

- რატომ, გაერთობი...

დეამ ცალყბად ჩაიცინა:

- ვისთან გავერთობი, იმ მუდო გიორგისთან?

- მარტინის რომ არ სვამს, იმიტომ არის `მუდო?~ - ჩაურტყა დათამ.

- არა, მამა, სულ ნაუშნიკებით რომ დადის და თავისთვის ძიგძიგებს, იმიტომაც არის მუდო.

- ჩვენში დარჩეს, ეს თემო ნორმალურია? - მივუბრუნდი დათას. არ მინდოდა, მარტინის თემა გაეგრძელებინა, არადა, აშკარად მოემზადა დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი

Page 37: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მოტივისთვის. – რა ეწვეულებება? მძღოლი, რომელსაც ლამის ნათესავად აღიქვამდა, ჯერაც არ გაციებულა.

- იქნებ შესანდობარი უნდა თქვას? – ვარაუდი გამოთქვა დათამ.

- Пир во время чумы. – ჩავილაპარაკე და სუფრის ალაგებას შევუდექი.

ხელები დაიკაპიწა დეამაც. დათამ ისარგებლა შემთხვევით და პირველი შევარდა სააბაზაბოში. დამასწრო.

- - -

მუსერიძეები მთაწმინდაზე ცხოვრობდნენ, კერძო სახლში ვერანდითა და მყუდრო, ბუჩქნარიან ეზოთი. მე რომ მკითხო, მთაწმინდა - უბნების ფავორიტია, მერე მოსდევს ავლაბარი. ვაკე, თავისი სნობისტური პრეტენზიებით, ჩემში გაღიზიანებას იწვევს, თუმცა ვაკეში დავიბადე და გავიზარდე.

ეზოში მასპინძელი შემოგვეგება საშიში გარეგნობის ძაღლთან ერთად – წაჭრილი ყურები, მოღრეცილი ფეხები, კულტურისტის გულ-მკერდით. თუ არ ვცდები, სტაფორდიშერ ტერიერი _ სტაფი. ძაღლმა დაყნოსა ჩემი ხელჩანთა, დათას ფეხსაცმელს მიესიყვარულა და უგულოდ შეჰყეფა.

- ნუ გეშინიათ, არ იკბინება. - დაგვამშვიდა თემომ და ვერანდაზე აგვიძღვა, სადაც ტრადიციული ქართული სუფრის ნაცვლად შთამბეჭდავი ფურშეტი დაგვხვდა - კანაპე, ტარტალეტკები, ტორტილიები, კვერცხი ხიზილალით, კვერცხი ჟულიენით, კვერცხი ისპანახით, კვერცხი ყველით... და ჩხირების ტყე.

დათამ მაშინვე აღმოაჩინა ორი ნაცნობი – ერთი ექიმი და ერთიც მედიცინასთან ახლომდგომი უცხოელი. მათ გარდა, ჩხირებზე წამოცმული ულუფებით ფურშეტობდნენ: კომერციული ბანკის მმართველი, მაგნატობაზე მეოცნებე

Page 38: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ბიზნესმენი, მოდიდან გამოსული მწერალი, ცნობილი ფეხბურთელი... სულ ათი კაცი. და არც ერთი ქალი!

საწყენია.

უხერხული მდგომარეობიდან თემომ გამომიყვანა, ხელმკლავი გამომდო და მეუღლის გასაცნობად სახლში შემიყვანა.

მარიცა ციხისელს სასტუმრო ოთახში შევეფეთეთ – სამზარეულოდან გამოდიოდა ლანგარზე შემოწყობილი ხილის ასორტით.

- აი, იათამზე მდივანი, ვის გაცნობასაც ასე დაჟინებით მთხოვდი.

- რა კარგია, რომ მოხვედის?! - ხალისიანად შესძახა მარიცამ და ხილიანი ლანგარი ქმარს მიაჩეჩა. - შენ სტუმრებს მიხედე, მე და იამზე ცოტას წავიჭორავებთ და შემოგიერთდებით.

გამიკვირდა. რა მქონდა საჭორაო ახალგაცნობილ ადამიანთან? ამინდის შესახებ ვერანდაზეც დავილაპარაკებდით, ბარემ მეც წავიფურშეტებდი სუფთა ჰაერზე.

- დათას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი თემო ტყუილუბრალოდ არავის აქებს. იგივე შემიძლია ვთქვა თქვენზე. - გულღიად გამიღიმა და ფერადი ბალიშებით მორთულ დივანისკენ გამიძღვა.

ქათინაური არც მე დავიშურე - გადავეცი გალინას აღტაცება მარიცას ვოკალურ მონაცემებთან დაკავშირებით. არც სამახსოვრო ფოტო დამვიწყებია.

- უჰ, რა მონაცემები?! - ხელი აიქნია მარიცამ. - ახალგაზრდა ვიყავი და პოპულარობა მიხაროდა. პირველი ავტოგრაფი რომ ჩამომართვეს, მეტისმეტი აღტაცებისგან ღამე არ მეძინა. მერე მივეჩვიე, მერე კი მომბეზრდა... ეჰ, ჩემო კარგო, წვიმის წვეთებსა და გამხმარ ფოთლებზე დაწერილი

Page 39: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

სიმღერები გალინასთანა გულუბრყვილო ადამიანს თუ აუჩუყებს გულს. ჩემს ასაკში, თავმოყვარე ქალი უფრო სერიოზული საქმით უნდა დაკავდეს, ვიდრე მიკროფანთან სექსუალურ ტრანსში ბღავილია. ასე არაა?

მომეწონა მისი მსჯელობა, თავად მარიცაც მომეწონა. საკმაოდ უბრალო სახის ნაკვთები გემოვნებით გაკეთებული მაკიაჟით შეენიღბა. გემოვნება ჩაცმაზეც ეტყობოდა და მანერებზეც. სუფრის გაწყობაზე აღარაფერს ვამბობ! ამ კუთხით, ჩემს კულინარ დასაც კი გადაუჯოკრა, ყოველ შემთხვევაში, ვიზუალური თვალსაზრისით. დაგემოვნება არავინ მაცალა და...

- რამაზის სიკვდილის ფონზე შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ დღევანდელი თავყრილობა, მაგრამ სტუმრები უკვე დაპატიჟებული მყავდა... ასე რომ, მკაცრად ნუ განგვსჯით. - ტაქტიანი შესავალი გააკეთა მარიცამ და ჩემს თვალში ერთიორად ამაღლდა. - არ იფიქროთ, ჩემთვის ადვილია ამ თემაზე საუბარი, მითუმეტეს, რომ მთელ ამ გაუგებრობაში ჩემი დის სახელი ამოტივტივდა. და მაინც, უნდა ვიცოდე სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის.

- მე არ ვფლობ რაღაც განსაკუთრებულ ინფორმაციას. რაც ვიცოდით, თემოს მოვუყევით.

- ვიცი, ვიცი... მაგრამ მე მიჭირს ვიყო ობიექტური, როცა საქმე ახლობელს ეხება. ასეა მოწყობილი ადამიანი, ნებისმიერ სიტუაციაში თავისიანის გამართლებას ცდილობს. ამიტომაც მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, ვერსია, ეჭვი, რაც გინდათ, ის დაარქვით!

- ფაქტი სახეზეა, ერთადერთი ადამიანი, ვისაც რაღაც მოსაზრება გააჩნდა ამ საკითხზე, მოკლულია.

- იქნებ სხვა რამის გამო მოკლეს? - ხმას დაუწია მარიცამ. - ის, რომ მან გაბედა და ბავშვის ძვლებით სპეკულაცია დაიწყო, მის არაკაცობაზე მეტყველებს. არაკაცს რა დაულევს მტერს?!

Page 40: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- შეიძლება ასეცაა.

- რაც შეეხება ჩემს დას, გამორიცხულია, აგვისტოს ბოლოს მანგლისში ყოფილიყო. ის სოფელ ლისში იმყოფებოდა, ახლობელთან. მანგლისში ჩემ გარეშე ვერც ავიდოდა, იმ უბრალო მიზეზით, რომ გასაღები არ ჰქონდა.

- იქნებ დაუკითხავად აიღო?

- ჩვენ ერთმანეთისგან არაფერი გვქონდა დასამალი...

- ფაქტია, ჭიშკართან მანქანა შენიშნეს.

- გამორიცხულია, ნინოს მანქანა ყოფილიყო!

- თქვენს მდგმურსაც გამორიცხავთ? კახა ჩუბინიძეს...

მარიცამ შუბლზე მიიკაკუნა თითები, თითქოს მოგონების გამოცოცხლებას შეეცადა:

- ვიცნობ კახას... და თუ მეხსიერება არ მღალატობს, მან გაცილების ადრე გადმომცა სახლის გასაღები. სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში.

- გასაღების მოპოვებას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა, სულაც დუბლიკატის გაკეთება შეიძლებოდა. მთავარია გავიგოთ, ვისგან მოდიოდა ინიციატივა.

- და რას მოგვცემს ამის ცოდნა?

- მე და თქვენ არაფერს, მაგრამ გამოძიებას ეგებ წაადგეს რამაზის მკვლელის დადგენაში.

- მომკალით და ვერ ვხედავ კავშირს! - ხელები გაშალა მარიცამ.

- ხომ არ გახსოვთ, რა მარკის მანქანა ჰყავდა კახა ჩუბინიძეს?

- არა, მაგრამ ამის დადგენა იოლია.

- თემომ გვთხოვა, ნინოს მანქანის ხსენებას მოვრიდებოდით.

Page 41: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- გასაგებია... - ამოიოხრა მარიცამ. - მე გამიფრთხილდა. იმ ავარიის შემდეგ გამიჭირდა გონზე მოსვლა, ყველანაირად ვიყავი განადგურებული - ფიზიკურად, სულიერად... როცა სარკეში ჩემი გატეხილი ცხვირი დავინახე, სიკვდილი ვინატრე. კიდევ კარგი საავადმყოფოშივე გამიკეთდა ოპერაცია. ნინოს დაღუპვის ამბავს დიდხანს მიმალავდნენ, მეგონა ისიც ჩემსავით დაშავდა. სიმართლე მოგვიანებით გამიმხილეს, როცა ოდნავ მოვმჯობინდი. წლები დამჭირდა შესაგუებლად... და უცებ, ეს დაწყევლილი მწვანე `ფორდი~, რომელიც შეიძლება ჩემს დას ეკუთვნოდა. არ ვიცი, რა ვიფიქრო!

- თქვენს დას `ფორდი~ ჰყავდა?

- ბატონო? _ შეცბასავით.

შეკითხვა გავუმეორე.

- დიახ.

- მაგრამ ის არ იყო ფეხმძიმედ...

- არა, ფეხმძიმედ ნამდვილად არ ყოფილა, - თავშეკავებულად გაეღიმა მარიცას. - ნინო გათხოვილიც არ იყო. საერთოდ, ძალიან მშვიდ რეჟიმში ცხოვრობდა, ჩემგან განსხვავებით, სხვათა შორის. მე მიყვარდა ხმაურიანი თავყრილობები, აპლოდისმენტები, უძილო ღამეები... მერე ამ ყველაფერმა გაიარა, ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი - არასწორად ვცხოვრობ, სრულიად უაზროდ ვიხარჯები.

- იმ ავარიის შემდეგ?

- დიახ, იმ ავარიის შემდეგ... კარგით, არ გვინდა ამაზე, ისედაც ზედმეტი მომივიდა, თქვენ საშიში ქალი ჩანხართ, იამზე, ადამიანის ალაპარაკება შეგიძლიათ. შემთხვევით, ფსიქოლოგი ხომ არ ხართ?

- არა, მასწავლებელი.

Page 42: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- კარგი მასწავლებელი წესით კარგი ფსიქოლოგიცაა. – დაასკვნა მარიცამ და წამოდგა. - ვერანდაზე ავიდეთ, თორემ კაცები მოიწყენენ ქალების გარეშე.

კაცებს მოწყენის არაფერი ეტყობოდათ. დათას უცხოელი გამოეჭირა და მთაწმინდის სიმაღლიდან დანახულ თბილისს აჩვენებდა. ლამაზ ხედს აფუჭებდა თემოს სახლის წინ წამოზიმული სარკოფაგისმაგვარი შენობა, რომელიც არც მასშტაბში ეწერებოდა, არც დიზაინში, არც არაფერში.

მარიცამ ბრწყინვალედ გაითამაშა `დიდი სახლის პატარა დიასახლისი.~ ბანკის მმართველს ფასების ზრდაზე ესაუბრა, ბიზნესმენს - საგადასახადო კოდექსზე, ექიმს - დიაგნოსტიკურ გამოკვლევაზე, უცხოელს - პოლიტიკაზე, იქ ძაღლს დაუყვავა, აქ მე გავახსენდი... მოკლედ, ბრავო!

მე ამდენს ვერ მოვახერხებდი.

- - -

ჩემდა გასახარად, რამაზის მკველობას ნაცნობი ინსპექტორ-გამომძიებელი, მაიორი სერგო ოქრუაშვილი იძიებდა.

- ქალბატონი იათამზე, როგორც ყოველთვის მოვლენების ეპიცენტშია. – ირონიანარევი ქათინაური მესროლა სერგომ.

რატომაც არა?! ერთი წლის წინ ლამის სიცოცხლის ფასად დამიჯდა დამნაშავის გამოვლენა. მართალია, ჩემს დახსნაში სერგოს ლომის წილი ერია, მაგრამ განსაცდელში ჩავარდნილის გადარჩენა მისი პირდაპირი მოვალეობაა, მე კი არავინ მრჯიდა მანიაკის ბუნაგში შიშველი ხელებით წავსულიყავი (იხ. `სისხლიანი ვახშამი~).

მაიორს, სუმოს მოჭიდავესავით ხორცსავსე სხეული, ორმოცდაშვიდი ზომა ფეხი და ვირის ლამაზი თვალები ჰქონდა. იყო დრო, სერგო მსუბუქად მეპრანჭებოდა, თუმცა

Page 43: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მალე მიხვდა ამ წამოწყების უპერსპექტივობას და განზე გადგა, დაუთმო რა ასპარეზი მამაკაცს იმპერატორ ავგუსტეს პროფილის - ანუ დათას.

დილის ცხრა საათზე მე და დათა სერგოს კაბინეტში ვიჯექით – დაკითხვაზე.

თხუთმეტ წუთში ჩავეტიეთ.

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თემურ მუსერიძემ რაღაც იცის და მალავს. – დაასკვნა სერგომ, უფრო სწორედ, ჩემი ძველი ვერსია გაიმეორა.

- თქვენი შთაბეჭდილება თქვენთვის შემოინახეთ, - ცივი წყალი გადაასხა დათამ. - ამ საქმეში მე ვერ შეგიამხანაგდებით, სხვა თუ არაფერი, თემო ჩემი კოლეგაა.

- შენც ასე თვლი? - მომიბრუნდა სერგო.

ლოკოკინა რომ ვყოფილიყავი, სიამოვნებით ჩავძვრებოდი ნიჟარაში, დათას წასვლის შემდეგ კი ამოვძვრებოდი და გულახდილად მოვუყვებოდი მაიორს ჩემი ეჭვების შესახებ.

პირველ რიგში ვეტყოდი, რომ თემოსთანა მშიშარა სუბიექტთან საჭიროა დალაპარაკება, და არა დაკითხვა. იგივე სტრატეგიას ვურჩევდი კახა ჩუბინიძესთან მიმართებაში. მაგრამ წამოსვლის წინ დათამ მკაცრად გამაფრთხილა: გამომძიებლის კითხვებზე მოკლედ და ლაკონურად მეპასუხა. არადა, ტვინი მეკუმშება ახალ-ახალი ვერსიებით. ასე თუ გაგრძელდა, თავის ქალა გამისკდება და ჩემი ვერსიები კაბინეტში გაიფანტება უხილავ სუბსტანციებად. მერე ეძებე ქარი მინდორში.

- ის წერილი, რომელიც მძღოლმა გიჩვენა, ხელნაწერი იყო თუ კომპიუტერზე ამობეჭდილი? - მკითხა სერგომ.

- კომპიუტერზე. - ვუპასუხე რობოტის შესაშური გულგრილობით.

Page 44: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- გასარკვევია, აქვს თუ არა კახა ჩუბინიძეს სახლში კომპიუტერი... – შინაურულად დაიწყო სერგომ, მაგრამ ვინ აცალა?

დათა მოუთმენლად წამოხტა და მეც მანიშნა, ავმდგარიყავი.

- გაარკვიეთ, გაარკვიეთ, სერგო, მე – მშობიარე მელოდება, იას... – შემომხედა – მიშველეო.

- მე ჩემი და. – ნაძალადევად გავუღიმე ნირწამხდარ მაიორს და ცხვარივით გავყევი დათას, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი დის სახლთან ჩამომსვა.

არ შევიმჩნიე. სხვა თუ არაფერი, ლელასთან სქელტანიანი სატელეფონო ცნობარი მეგულება, სადაც შესაძლოა იყოს დაფიქსირებული ნესტორ ჩუბინიძის ტელეფონის ნომერი.

- იათო! - ჩემს დანახვაზე ლელამ ტაში შემოჰკრა და კითხვები დამაყარა: როდის ჩამოვედი, რატომ ჩამოვედი, რამე ხომ არ... ჰა?

უფროსი დაიკო დავამშვიდე და ცნობარის ძებნაში სახლი შევათვალიერე.

მე ვათვალიერებდი, ლელა ქაქანებდა. რასაკვირველია, შვილებზე, როგორც დიასახლისის ამპლუაში მყოფი ნებისმიერი მშობელი. ის ცხოვრობდა შვილების ცხოვრებით, წყინდა და უხაროდა მათთან ერთად და მათ მაგივრადაც, მტკივნეულად განიცდიდა ნებისმიერ წვრილმანს, რაც შვილებში სამართლიან პროტესტს, ჩემს დაში კი გულწრფელ გაკვირვებას იწვევდა.

- ანანო ქვიშხეთშია კლასელებთან ერსად, მიკაც აეკიდა თავისი საძმაკაცოთი. წარმოგიდგენია, იათო, ჩასვლა ამიკრძალეს! თუ გაინტერესებს ჩვენი ამბავი, აგერ მობილური და მისი ჯანიო. მე, დედას, უფლება არ მაქვს, როცა მომეპრიანება მაშინ წავიდე შვილების სანახავად. ამას გავუბედავდით დედაჩემს?

ეს იყო ლელას საყვარელი შეკითხვა, რომელსაც

Page 45: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

თუთიყუშის მონდომებით იმეორებდა ნებისმიერ ხელსაყრელ დროს. და მეც, გაზეპირებული გაკვეთილივით ვპასუხობდი: რომ მაშინ სხვა დრო იყო, რომ დედაჩემი, თავისი სტატუსითა და ხასიათით, ისევე განსხვავდება ლელასგან, როგორც მარგარეტ ტეტჩერი მედეა მეზვრიშვილისგან; რომ მიუხედავად ზემოჩამოთვლილი ღირსებებისა, დედაჩემის ორივე შვილი (მე და ლელა), ისე გათხოვდა, მშობლების მხრიდან კურთხევას არ დალოდებია.

ლელა თავს მიკრავს და თავისას აგრძელებს. მას აწუხებს მენტალური კომპლექსი - დროში გაჭიმული სიმბიოზური კავშირი შვილებთან. ისინი იზრდებიან, შვილები, თვითდამკვიდრებას ცდილობენ, დედები კი მიკი-მაუსიან ჭიქაში მოთქვეფილი გოგლიმოგლით დასდევენ. არ უნდათ, ბატონო, შენი გოგლიმოგლი! სიგარეტს ეწევიან ჩუმჩუმად, ლუდს წრუპავენ... ანანო პაემანზე დაძვრება, მიკა საეჭვოდ დაეხვია კბილების ხეხვას... კოცნის ხელოვნებას თუ ეუფლება.

- შენს ძვირფას სიძეს კი ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია თავისი დიზაინ-პროექტების გარდა. ვეხვეწები, ერთი კვირა მაინც დავისვენოთ ზღვაზე. ვერა, ვერ დავითანხმე. მეც ადამიანი ვარ, იათო, დავიღალე. შვილებს აღარ ვუნდივარ, ქმარს ჩემთვის არ სცალია, ეს არის ცხოვრება?!

სწორედ ეს არის ცხოვრება, - გავიფიქრე გულში. ლელა ბედნიერი ქალია. რა უშავს, თუ ემოციების ფონზე ხანდახან სისულელეს როშავს?! იმედია, ღმერთი აპატიებს. ის, რომ შვილები მის ჭკუაზე არ დადიან, ჩვეულებრივი ამბავია, გარკვეული თვალსაზრისით სასარგებლოც კი - უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლებს. იმან იკითხოს, ვისაც არავინ აბრაზებს, იმიტომ რომ არც არავის აწუხებს, გარდა სახურავის ბინადარი ნაცრისფერი მტრედისა, რომელიც ყოველდღე, საათის სიზუსტით სკორავს აივნის მოაჯირს.

- ტელეფონის წიგნი მინდა. - ლელას თუ არ გააწყვეტინე, არასოდეს გაჩერდება. თანაც, ახლა ისეთ მნიშვნელოვან თემას მიადგა, როგორიც ანანოს შეყვარებულის მშობლებია.

Page 46: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მეც მაინტერესებს ლელას მომავალი მძახლების ქონებრივი ცენზი, მაგრამ კიდევ უფრო მაინტერესებს ჩუბინიძეებთან ვიზიტი.

- რად გინდა?

- მინდა.

ლელა გამომცდელად მიყურებს. უცებ მოტვინა, რომ რაღაც ხათაბალაში გავები. მოტვინა და დაიბოღმა. პარადოქსია, მაგრამ ლელა და დათა ხასიათით ერთმანეთს ჰგვანან. ზუსტად ერთსა და იმავე რამეზე ღიზიანდებიან. გამოხედვაც კი ერთნაირი უხდებათ.

- ვატყობ, ისევ გაწუხებს მეგრეს ამბიციები.

- ვითომ ამბიცია აწუხებდა ძია მეგრეს?

- ფრთხილად იყავი, იათო, ერთხელაც იქნება გმირობა ძვირად დაგიჯდება.

- სიფრთხილე და გმირობა ურთიერთგამომრიცხავი მცნებებია.

- ვისომ რატომ?

- სიფრთხილე ხელს უშლის ადამიანს გადადგას წინდაუხედავი ნაბიჯი, გმირობა კი, სხვა არაფერია, თუ არა წინდაუხედავი ნაბიჯის შედეგი.

- ნუ მაბოლებ შენი იდიოტური ფილოსოფიით. პირდაპირ მითხარი, დათა საქმის კურსშია?

- კი. - ურცხვად ვიტყუები.

დათამ რომ იცოდეს ჩემი გეგმების შესახებ, თავს მომაგლიჯავს.

ცნობარში მისამართიც აღმოვაჩინე და ტელეფონის ნომერიც. ტელეფონზე დარეკვა იქვე გამოვრიცხე. რატომ უნდა გასცეს პასუხი კახა ჩუბინიძემ უცნობი ადამიანის შეკითხვებს? მით უფრო, თუ რამაზის სიკვდილში მისი ხელიც

Page 47: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ურევია?! სჯობს ჟურნალისტად გავასაღო თავი და მამამისს დაველაპარაკო. რა გასაკვირია, ჟურნალისტმა ინტერვიუ აიღოს სუკის ყოფილ გენერლისგან?

თორმეტი სრულდებოდა, როცა ბარნოვის ქუჩაზე, ჩუბინიძეების სადარბაზოში შევაბიჯე. ერთ დროს ელიტური სახლის გაქექილი კედლები ფარატინა ქაღალდზე ამობეჭდილი ბუკლეტებით იყო მოფენილი: `ვაკეთებ ეპილაციას ვოლფრამის ერთჯერადი ნემსით, უმკივნეულოდ, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე, მორჩენა გარანტიით...~ `მართლმორწმუნე ხოჯა გთავაზობთ ჯადო-ნუსხის მოხსნას, დაცვას შაითანის ძალებისგან, დაშლილი ოჯახის აღდგენას...~

ნევროზული კანკალის ასალაგმად კიდევ დიდხანს ვიკითხავდი სარეკლამო ზღაპრებს, რომ არა კიბეზე ჩამომავალი წითელქოშება მანდილოსანი, რომელმაც ჩემს დანახვაზე სვლა შეანელა. ვერც გაამტყუნებ, ათასი მამაძაღლი დაძვრება სადარბაზოებში და შარდის ოხშივარს ტოვებს, სხვა საკითხია, თეთრი სტრეიჯებითა და `კარდენის~ მაისურით, რამდენად ვგავარ მსგავს მამაძაღლს.

- უკაცრავად, ჩუბინიძეები სად ცხოვრობენ? - დავეკითხე თავაზიანად.

- აგერ, პირველ სართულზე, ხელმარცხნივ, მეორე კარი. – მიპასუხა წითელქოშებამ და დამშვიდებულმა ჩამიარა. ალბათ ჩათვალა, რომ კონკრეტული ბინის მაძიებელი საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს.

საკმაოდ შელახულ მუხის კარს მივადექი. ჟანგიან ფირნიშზე გაჭირვებით იკითხებოდა გვარის აღმნიშვნელი ასოები. იქვე, სადისტური მონდომებით ამოჩორკნილი წარწერა: `კახუჩელა, შენი სიყვარულით ვიბრიდები.~ ხელმოწერის ნაცვლად არანაკლებ სადისტური სიმბოლო - გულში გაყრილი ისარი. ჭეშმარიტად, შეყვარებული ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ხომ შეიძლება ისრის ნაცვლად

Page 48: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ყვავილი მოეფიქრებინათ, მაგალითად, შროშანი. მაგრამ არა, სისხლიანი ისარი უფრო შთამბეჭდავია.

ბაქანზე, ფარდაგის ნაცვლად ტალახისფერი მაისური ეფინა. არც მიფიქრია ფეხსაცმლის შეწმენდა ამ სიბინძურეზე. ბუდიდან ამოვარდნილ ზარს საჩვენებელი თითი დავუმიზნე.

არავინ გამომეხმაურა. სახელური მოვსინჯე. კარი უხმაუროდ გაიღო და გამოჩნდა ნახევრადჩაბნელებული დერეფანი.

- ბატონო ნესტორ! - გავძახე ბინდბუნდს.

შორიდან მოისმა საწოლის ჭრიალი, რომელსაც გაჭიანურებული, ბებრული ხველა მოჰყვა.

გაუბედავად შევაბიჯე.

დერეფანშივე ადამიანის სიმაღლე ნასარკალი შემომეფეთა. ბაცი მართკუთხედის ფონზე კედლის დანარჩენი ნაწილი ცუდად გარეცხილ ლეიბისპირს ჰგავდა. აქაურობა წარსულის დიდებით სუნთქავდა, სუნიც შესაფერისი იდგა - მტვერგამჯდარი ქვის, საუკუნოვანი აბლაბუდის, მიტოვებული სამარხის...

სასტუმრო ოთახში ასიმეტრიულად ჩამწკრივებულიყო ძველებური ავეჯის ცალკეული ნაჭრები - ოვალური მაგიდა სამი სკამით, დესაუ - მოძრავი ბარითა და გაბზარული მინით, სამფეხა ტუმბო, კედლის საათი დროში გაყინული ისრებით.

- რომელი ხარ, მანდ? - მომესმა ხრინწნარევი ხმა.

ხმას მივყევი და საკმაოდ ვრცელ საძინებელში აღმოვჩნდი. საძინებელი ერქვა, თორემ საკომისიო მაღაზიას უფრო ჰგავდა. რა არ იდგა აქ... ცხრაფოთლიანი გორკა, გარდერობი, საწერი მაგიდა მარმარილოს ზედაპირით, მაცივარი `ორსკი~ და ყუთები - დიდი, პატარა, საშუალო, გახსნილი, შეფუთული... ისინი ყველგან ეწყო - მაგიდაზე, კარადის თავზე, იატაკზე...

Page 49: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

საწოლზე, თმაგაწეწილ მოჩვენებად დაილანდა ვიწროსახიანი მოხუცი მამაკაცი. რომ არა ფართოდ გახელილი თვალები - იფიქრებდი, კარგად შენახული მუმია წამომართულა სარკოფაგიდან.

- გამარჯობათ, ბატონი ნესტორი ბრძანდების?

- არა, ლავრენტი ბერია. – იყო პასუხი.

იუმორს ვერ ჩავხვდი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ზრდილობიანად გავუღიმე. იმაზეც მადლობელი ვარ, რომ თავში რაღაც არ გამომიქანა. ჩემს საძინებელში ვინმე რომ უნებართვოდ შემოჭრილიყო, ცუდი დღე დაადგებოდა.

- მე ჟურნალისტი ვარ. იამზე მქვია...

- გვარი. - კი არ მკითხა, მიბრძანა.

- მდივანი.

- მდივანი... მდივანი... პავლე მდივანის რა ხარ?

- არ ვიცნობ.

- ცეკავშირის თავჯდომარე იყო.

- არ ვიცი.

- აბა, რა იცი?

- დღეს ორშაბათია. ოცდაექვსი აგვისტო.

- ორშაბათი თარსი დღეა.

- გააჩნია ვისთვის.

- რა გინდა?

- ინტერვიუს აღება. სვეტი მაქვს გაზეთში: `დახურული ფარდის მიღმა~. ძირითადად, ყოფილ ჩინოსნებთან საუბრებს ვაქვეყნებთ, თუ დამთანხმდებით...

- არა. – ცივად მომიჭრა.

- მაგრამ, ბატონო ნეს...

Page 50: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- არა-მეთქი! თუ დაყრუვდი?

მგონი ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანთან მაქვს საქმე. დროზე უნდა წავიღო ფეხები.

- რას დაგიყვლეპია ეგ ბაყაყის თვალები, მიპასუხე!

ღმერთო ჩემო, ამას ჩემს საამაყო მწვანე თვალებზე ამბობს! ღირსი არაა, თავისივე საწოლში მოვგუდო ეს ბებერი გებეშნიკი?!

- არა, არ დავყრუვდი. - გაქცევის ნაცვლად მორჩილად ვპასუხობ. მონუსხულივით. თავი საცდელი ბაყაყი მგონია, რომელიც ეს-ესაა სკალპელით უნდა გაფატრონ, რათა ზედმიწევნით შეისწავლონ მისი ათახთახებული შიგთავსი.

- მაშინ სიმართლე მითხარი.

- რას გულისხმობთ?

- ვინ ხარ და რატომ მოხვედი?

- ხო, ხო, პირდაპირ საქმეზე გადადი. - შემაგულიანა ნესტორმა.

- პრინციპში, თქვენს შვილთან მინდოდა დალაპარაკება...

- რა, შენც გადაგაგდო? – ჩაიქირქილა ნესტორმა.

- არა.

- მაშინ შენი ახლობელი... რა მნიშვნელობა აქვს... წინასწარ გაფრთხილებ, ჩემგან კაპიკს ვერ ეღირსება. რაც გასაყიდი იყო, გაყიდა. კარტში მიაფლავა მთელი ჩემი ქონება. აი, ეს სახლი დარჩა და ეს ნივთები. სულ ეს არის, რისი გადარჩენაც მოვახერხე. მე ავადმყოფი კაცი ვარ, ფაქტიურად საწოლს მიჯაჭვული ინვალიდი, წამლების გარეშე ორ დღეში გავფშიკავ ფეხებს... წამლებს უფასოდ მომცემს ვინმე? - გაავებული სახის წამოჯდა ლოგინზე, ტუჩზე მომდგარი დორბლი აილოკა. - ჰა, მითხარი, ვინ მომაშავებს წამლებს უფასოდ?

Page 51: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- არავინ. - ვუპასუხე გულახდილად.

- მაგაშია საქმე! - ყელს მომდგარი ხველების შეკავებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. სპაზმური ხველა უხილავი მონსტრივით ამოხტა მისი დამჭკნარი ყელიდან და ბალიშს მიაკრა.

უსიტყვოდ დაველოდე მის დაწყნარებას.

- საპირფარეშოში ვერ გავსულვარ ჩემ გემოზე, კარს გასაღებით ვკეტავ ხოლმე, - სული მოითქვა ნესტორმა და დაჭიმული ხმით განაგრძო. - თუ შემთხვევით ღია დამრჩა, რაღაცას ამწაპნის ეგ შეჩვენებული, ეგა! ამას ხედავ? - ბალიშის უკან ხელი მოაფათურა და `სტეჩკინის~ სისტემის პისტოლეტი დააძრო. - ესაა ჩემი დამცველი, სხვა არავინ... ჰოდა, ვინც ძალის დემონსტრირებას შეეცდება, ტყვიას მიიღებს შუბლში. – და პოზიციის გასამყარებლად იარაღი დამიმიზნა.

რატომღაც არ შემშინებია. გულადად გავუსწორე თვალი პატარა შავ ხვრელს, საიდანაც სიკვდილი მიმზერდა. ნესტორმა დააფასა ჩემი გამოწვევა, უხმოდ ჩაიქირქილა და იარაღი თავის ადგილზე დააბრუნა.

- მე აღარაფერი მაქვს დასაკარგი. - განაგრძო მომბალი ხმის. - აქ რასაც ხედავ, ჩემი ოფლითაა შეძენილი, ნემსის ყუნწში ვძვრებოდი, ამათ რომ ადამიანურად ეცხოვრათ. ნამეტანი მომივიდა, ბატონო! - ხელმეორედ წამოყელყელავდა, გოროზად დამიქნია საჩვენებელი თითი, თითქოს მე მიმიძღვის ბრალი მის ოჯახურ კონფლიქტში. - თავში აუვარდათ კაი ცხოვრება, შრომა იუკადრისეს, ბევრი მოუნდათ და უცებ. რძალმა ფეხი დაჰკრა და ცხრა მთას იქით გაიქცა, ჩემმა ბედოვლათმა შვილმა კი კარტის თამაშს ნამუსი გადააყოლა. ყველაფერი არ წააგო - ბინა, ძვირფასეულობა, მანქანა...

- სწორედ მანქანის შესახებ მინდოდა მეკითხა. - გავაწყვეტინე ქადაგად ქცეულ ბერიკაცს.

Page 52: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- რა მანქანის? - შემომიღრინა. არ ესიამოვნა ჩემი რეპლიკა.

- მაინტერესებს, რა მანქანა ჰყავდა კახას ცხრა წლის წინ.

- მეტი არაფერი გაინტერესებს?

- რაღაც შეკითხვებიც მაქვს.

- მიდი და ჰკითხე.

- სად არის?

- ოთახში გდია, - ხელი მომიჯნავე კედლისკენ გაიშვირა. - ჯერ არ ამდგარა ვაჟბატონი.

- ასე გვიან დგება?

- მთვრალი მობრძანდა წუხელის.

- შეიძლება გავაღვიძო?

- შენი ნებაა...

ისევ სასტუმრო ოთახში აღმოვჩნდი. აქედან სამი კარი გადიოდა, ერთი - ჰოლში, მეორე - ნესტორის საძინებელში, მესამე - კახას ოთახში.

ფრთხილად დავაკაკუნე. არავინ გამეპასუხა. როგორც ჩანს, დღეს სხვის საძინებლებში უკითხავად შეჭრა დამებედა. ოდნავ გამოვაღე კარი. შევიჭყიტე.

მზის სინათლემ თვალები მომჭრა და ცოტა ხნით დამაბრმავა. ჩემი დაკვირვებით, კაშკაშა სინათლე ისევე ცუდად მოქმედებს მხედველობაზე, როგორც უკუნი სიბნელე. თვალისმომჭრელი სინათლე უფარდო ფანჯრიდან იღვრებოდა და ისედაც მოუვლელ ოთახს სიმყუდროვეს ართმევდა. როცა თვალი გავახილე, ლოგინზე გაუხდელად წამოწოლილი მამაკაცი შევნიშნე. უცნაურად ეძინა, ღია თვალებით.

- კახა! - დავუძახე ხმადაბლა.

Page 53: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

არ შერხეულა.

ნაბიჯი გადავდგი, ოდნავ შევანჯღრიე და გველნაკბენივით უკან გავხტი.

კახა მკვდარი იყო.

რამდენიმე წამს ოფლიან ტრანსში ვიმყოფებოდი. რაღა მაინცდამაინც მე?! უკვე მერამდენედ! ღმერთო ჩემო, რატომ მაინცადამაინც მეეეე... იქნებ წინა ცხოვრებაში განსაკუთრებული ყნოსვით დაჯილდოვებული ცხოველი ვიყავი... ის, რომელიც კილომეტრებზე გრძნობს ლეშის სუნს. სულაც ხოჭო მესაფლავე. იქნებ, მწერად ყოფნის პერიოდში იმდენი სიკეთე გავაკესე ბუნების სანიტარული დასუფთავების თვალსაზრისით, რომ ღმერთმა დამიფასა და ადამიანად მომავლინა, შემინარჩუნა რა, გენეტიკური მახსოვრობა და ყნოსვისი ინსტიქტები. სხვა შემთხვევაში, როგორ ავხსნა გვამებისადმი ჩემი გაუთვითცნობიერი ლტოლვა? რა მინდა აქ, ამ უღიმღამო, მტვრითა და აბლაბუდით გაძეძგილ სახლში, სადაც მზის სხივებიც არ გათბობენ?! რა ვუთხრა დათას, ან იმ ბერიკაცს, გვერდით ოთახში რომ კუთავს?

უნდა გავიქცე აქედან - უკანმოუხედავად, სამუდამოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

უკანასკნელი მზერა ვესროლე გარდაცვლილს. უცებ, ჩემი ყურადღება კახას ხელში ჩაბღუჯულმა სურათმა მიიპყრო. გასაქცევად მომართული ფეხი წინ გადავდგი და კახას გაშეშებული თითებიდან ფოტოსურათი ამოვტყორცნე.

სურათიდან მარიცა მიღიმოდა ანგელოზის ღიმილით. გვერდს კახა უმშვენებდა. ორივე ბედნიერი ჩანდა, მე ვიტყოდი, შეყვარებულები. სურათი დიდი ხნის წინ იყო გადაღებული, სავარაუდოდ, მარიცას მომღერლობის პერიოდში.

გავრისკე და ფოტო ჩანთაში შევინახე. ფეხის წვერებზე გადავჭერი სასტუმრო ოთახი. დერეფანში შევყოვნდი. არა, არ

Page 54: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

შემიძლია ამ ავყია ბერიკაცის გაცუცურაკება. გაბრაზებულ გულზე შვილის კრიტიკა ერთია, სიკვდილი კი...

შევბრუნდი.

ნესტორი ისევ იმ პოზაში დამხვდა. საბანზე ფესვებივით ეწყო პიგმენტური ლაქებით დაფარული ხელები. კითხვის ნიშნით სავსე მზერა მომაპყრო. რა მქონდა სათქმელი? ცვილის თოჯინასავით ვიდექი და ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით.

- რა? – მკითხა.

- კახა... მკვდარია. - ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით ვუპასუხე.

ნესტორმა თვალები მოხუჭა. არ ვიცი, რამდენი წუთი გავიდა - ორი, სამი, ოცდაასი... დროის აღქმა დავკარგე, მე შევეზარდე ამ სახლს, როგორც აბედა სოკო ბებერ მუხას. აღარც აკლდამის სუნი მაღიზიანებდა, აღარც ორ ნაბიჯში გაჭიმული გვამი... საერთოდ, ექსტრემალურ სიტუაციაში მელანქოლია მიპყრობს და ძილი მერევა. ახლაც ასე ვარ.

- მოკლეს თუ თავისით? – ჩამესმა ნესტორის უფერული ხმა.

- სისხლი არ დამინახავს. ვფიქრობ, მოწამლულია.

- გაქვს საფუძველი ასე იფიქრო?

- მაქვს.

- დაჯექი და მომიყევი. - საწოლის გვერდით, სავარძელზე მიმითითა.

ერთი ამოსუნთქვით მოვუყევი ყველაფერი - მანგლისში ნაპოვნი ჩონჩხით დაწყებული, რამაზის ტრაგიკული სიკვდილით დამთავრებული. მხოლოდ ფოტოსურათის მოპარვა დავუმალე.

- ბატონო ნესტორ, ჩემი აქ გაჩერება არ შეიძლება, პოლიციაში დავრეკავ და წავალ. - ვუთხარი ბოლოს.

Page 55: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო. - ნესტორის ფოკუსდაკარგული მზერა სადღაც ჩემ მიღმა გასრიალდა. - ხალათი მომაწოდე და ადგომაში მომეხმარე. დავხედავ ჩემს ბიჭს. მერე წადი, აღარ დაგაკავებ. – თქვა და კრიახით ჩამოიღო ლოგინიდან კომშისფერი, ქოსა ფეხები.

ათიოდე წუთის განმავლობაში მივღოღავდით კახას ოთახამდე. ნესტორი ობობასავით მებღაუჭებოდა კისერზე, ნიკაპთან ვგრძნობდი მის სტვენია სუნთქვას. ხალათს ნაფტალინის სუნი ასდიოდა. ბებიაჩემის წინაისტორიული შლაპები გამახსენდა, ამასწინათ, ანტრესოლში გადავაწყდი და გადასაგდებად ვერ გავიმეტე.

სანუგეშო სიტყვის ძებნაში გონება დავძაბე, მაგრამ ვერაფერი მოვისაზრე. რით უნდა დაამშვიდო მშობელი, რომელიც საკუთარი შვილის სიკვდილს მოესწრო. ასეთი სიტყვები ბუნებაში არ არსებობს.

კახას საწოლთან სკამი მივადგი და ნესტორს დაჯდომაში მივეხმარე. ერთხანს დაძაბული აკვირდებოდა შვილის გაუცხოებულ პროფილს, მერე ხელი გაიშვირა და თვალები დაუხუჭა. ცალი ქუთუთო არ დაემორჩილა, რის გამოც გარდაცვლილის სახემ რაღაც სახიფათო, მე ვიტყოდი, მეკობრული გამომეტყველება მიიღო.

- მოწამლულს ჰგავს. - დაასკვნა ნესტორმა. - წუხელ ეტყობა ცუდად იყო, იმიტომაც დაწვა ადრე. მთვრალი ეგრე ადრე არ წვება ხოლმე, სულ დადის, დადის, დაბუინობს... წუხელ კი დაწვა და დაიძინა. სამუდამოდ.

- ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

- ვნახოთ.

- არ გაინტერესებს, ვინ მოკლა თქვენი შვილი?

- მე სხვა რამე უფრო მაინტერესებს. - თავი მოაბრუნა და გამომცდელად შემომხედა.

- რა?

Page 56: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- მიმაცილე ჩემს ოთახში, იქ აგიხსნი.

დავემორჩილე.

ნესტორმა ხალათის კალთები აიკეცა, კუთვით დაეხეთქა საწოლზე და ქვევიდან შემომხედა.

- ახლა, ყურადღებით მისმინე. ის, რასაც გაგიმხელ, ჯერ არავისთვის მითქვამს. რატომ მაინცადამაინც შენ, და არა სხვას?! იმიტომ, რომ წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, ტყუილი არ გეხერხება. ჩემს საკუთრებაშია არქივის მასალები, რომლის გამომზეურებაზე ბევრი ადამიანის კარიერა არის დამოკიდებული, თუ სიცოცხლე არა. პარლამენტარები კაი ხანია იმუქრებიან ლუსტრაციის კანონით, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ჰაერს ალაყლაყებენ. ბევრს უნდოდა ამ არქივის ხელში ჩაგდება, მათ შორის, ჩემს კახას. იყო ხვეწნაც, მუდარაც, მუქარაც, შანტაჟიც, მაგრამ არაფერმა გაჭრა. მე ფული არ მაინტერესებს, მე მინდა სიმართლე გაიგოს მთელმა საქართველომ! – ნესტორმა ისე აღიმაღლა ხმა, თითქოს მის წინ ერთი შეშინებული ქალი კი არა, მთელი საქართველო იდგა. - ჟურნალისტი რომ ყოფილიყავი, პირდაპირ რედაქციაში მიიტანდი, მაგრამ ეგ არაფერი, ნებისმიერი გამოცემა დათანხმდება ამ მასალის გამოქვეყნებას. მთავარია, უშიშროებას არ ჩაუვარდეს ხელში. უშიშროება მომენტალურად გაქრობს, რადგან ის ადამიანები, სუკის აგენტებს რომ ეძახდნენ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ზოგი თანამდებობის პირია. გადემოკრატდნენ ბიჭები! ამხანაგი ჭიჭიკო, ბატონი ჭიჭიკო გახდა; სოციალისტური შრომის გმირი - გორგასლის ორდენის კავალერი. არც ეგრეა საქმე, მაგათ რომ ჰგონიათ... თუ კაცი ხარ, შენი წარსულის არ უნდა შეგრცხვეს... და თუ შეგრცხვება, ხმამაღლა უნდა მოინანიო, ყველას გასაგონად, როგორც ეს სავიცკიმ გააკეთა. იცი, ვინ იყო სავიცკი?

- არა.

Page 57: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- გამომძიებელი იყო, ერთი იმათგანი, ვისაც ჯალათ- გამომძიებელს ეძახდნენ. სტალინის სიკვდილის შემდეგ, თბილისში, რკინიგზელთა სახლში, სასამართლო მოუწყვეს. სავიცკის ფინალური სიტყვა ასე ჟღერდა: `Собакам собачъя смертъ!~ ჰა, როგორია? - მტაცებლური გამომეტყველება დამეკითხა ნესტორი.

კარგი ნათქვამია, ვერაფერს იტყვი, მაგრამ როცა სახლში მკვდარი შვილი გისვენია, რა დროს ვიღაც სავიცკის ციტირებაა.

- ეს მასალა უნდა გამოქვეყნდეს. - ბრძანებას ჩვეული კაცის ტონალობით წამოიძახა ნესტორმა. - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გახდება გახდება შანტაჟის წყარო. ფული და შანტაჟი მეგობრები არიან. მით უფრო, დღეს, როცა დასმენის ინსტიტუტი ნეხვზე ამოსული ძირტკბილასავით ხარობს და იფურჩქნება. ეგენი არ დაელოდებიან ჩემს სიკვდილს... – მოულოდნელად დადუმდა, ჩავარდნილ მკერდზე გაშლილი ხელისგული მიიდო და განწირული მზერა მესროლა.

- გინდათ, წამალს დაგალევინეთ? – შევთავაზე.

უარყოფის ნიშნად თავი გაქნია.

- ვინ არ დაელოდება თქვენს სიკვდილს, ვინ იგულისხმეთ?

- ვინც იცის არქივის არსებობის შესახებ - უშიშროება, დაზვერვა, ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარი ხალხი...

- ბატონო ნესტორ, კახას ცხოვრებაში იყო ქალი, სახელად მარიცა ციხისელი? – გავბედე და შევაპარე.

- ქალების მეტი რა იყო, ზოგს მარიცა ერქვა, ზოგს გალია... ბუნებამ ისეთი გარეგნობით დააჯილდოვა, ქალები ბუზებივით ეხვეოდნენ. ის, ვინც წეღან ნახე, ჩემი კახას ფიტულია. ცუდად გაკეთებული ფიტული. ასე იცის აღვირახსნილმა ცხოვრებამ... არ დაგინდობს, ძმრად ამოგადენს ყველა სიამოვნებას.

Page 58: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- რა მარკის მანქანა ჰყავდა კახას ცხრა წლის წინ?

- `ბეემვე~.

- რა ფერის?

- წითელი.

წითელი `ბეემვე~ არ ჯდება ჩემს დედუქციურ მონახაზში, მაგრამ ახლა ამის გარკვევის დრო არ არის.

- გააკეთებ რასაც გთხოვ? – დამეკითხა ნესტორი.

- შევეცდები.

- მაგიდას ხომ ხედავ? – თითი მასიური საწერი მაგიდისკენ გაიშვირა. - ფილა გასწიე, ქვეშ მაქვს გადამალული.

გაჭირვებით დავძარი მარმარილოს მძიმე ფილა. ფსკერზე იდო გახუნებული საქაღალდე, აკურატულად გაბაფსული ატლასის ზონარით.

- ახლა მარტო დამტოვე, თვითონ მივხედავ ჩემს მიცვალებულს. პოლიციაშიც მე დავრეკავ.

ასეც მოვიქეცი. საქაღალდე ამოვიღლიავე და მძიმე გულითა და ჩქარი ნაბიჯით დავტოვე ჩუბინიძეების ბინა.

ბინა კი დავტოვე, მაგრამ ქუჩაში გამოსული, ლამის მანქანამ გამიტანა. რომ არა გვერდით მდგარი თინეიჯერის სწრაფი რეაქცია, უეჭველი კახაბერ ჩუბინიძეს გავიცნობდი. ბიჭმა დაფრენილი მანქანის მელნისფერ კუდს მუშტი მოუღერა, მე კი გამამხნევებლად გამიღიმა. ისე დავიბენი, მადლობის თქმაც კი დამავიწყდა. მოახლოებულ ტაქსს ხელი ავუქნიე და მძღოლს ჩემი სახლის მისამართი ვუკარნახე.

მაშ ასე: მარიცა და კახა საყვარლები არიან, ანდა წარსულში იყვნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ორი ადამიანის გზები იკვეთება. არ არის გამორიცხული, რამაზს სცოდნოდა მათი რომანის შესახებ... თუკი ახალდაბადებული ბავშვის ძვლებით აპირებდა ვიღაცის დაშანტაჟებას, რა დაუშლიდა

Page 59: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

პატრონის ცოლი დაეშანტაჟებინა? ვთქვათ, რამაზი მოიშორეს, მაშინ ვინ მოიშორა კახა - თემომ თუ მარიცამ? არა, არა, შეუძლებელია... გუშინ გვიან ღამემდე ერთად ვიყავით - მე, მარიცა, დათა, თემო...

სტოპ!

სადღაც ღამის ათ საათზე თემოს დაურეკეს. მან მობილურით ხელში დატოვა ვერანდა და დაახლოებით ოცი წუთი არ გამოჩენილა. ოც წუთში თავისუფლად შეიძლება ადამიანის მოკვდინება. არა, ადამიანის მოკვდინება ერთ წამშიც შეიძლება, მაგრამ კახა მკვდარი არ მისულა სახლში, ის შეუძლოდ იყო, გაუხდელად მიწვა ლოგინზე და მოკვდა. იქნებ გული გაუსკდა, ან სისხლი ჩაექცა... საიდან მოვიტანე, რომ უეჭველად მოწამლეს?! ხოო, სახე ჰქონდა დაფოთლილი, როგორც თემოს მძღოლს. ექსპერტიზა მხოლოდ ნესტორის თანხმობის შემთხვევაში ჩატარდება. და რომ არ დათანხმდეს? რაღაც საეჭვოდ არ აინტერესებდა შვილის მკვლელის ვინაობა...

. . .

ჩემს სახლში ახალგალესილი გაჯის სუნი იდგა. დასრულდა ლოჯიის მიშენება. ახლა, ერთოთახიანი `ხრუშჩოვკის~ ნაცვლად ოროთახიანი აპარტამენტი მაქვს. დაბალჭერიანი, მაგრამ მაინც. მოზრდილი ფართი და მყიფე კონსტრუქცია. ერთი ენერგიული ბუქნი და შეიძლება მეზობლის ბინაში აღმოვჩნდე. რაც არის, არის. აივნად მაინც გამომადგება, ყვავილებს მოვაშენებ, ფერად წიწაკებს...

წყალი გადავივლე და ფოტოსურათის შესწავლას შევუდექი. უკანა მხარეს ორიგინალური წარწერა აღმოვაჩინე: `მენატრები, მენატრები, მენატრები, მენატრები...~ სულ თხუთმეტი `მენატრები~ დავთვალე. საინტერესოა ვის, ვინ

Page 60: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ენატრება. ხელწერა ქალისას ჰგავს. მარიცას ენატრება კახაბერი. ვერც გაამტყუნებ, იშვიათი სილამაზის მამაკაცია, ნამდვილი ესპანელი მაჩო.

მარიცას უნდა დაველაპარაკო – გავიფიქე და მაშინვე დათას გოროზი წარბები წარმომიდგა. მესმის, ძალიან კარგად მესმის ჩემი წამოწყების ამორალურობა. ქალი რომ თაფლობისთვეს ქმრის მოატყუებით იწყებს - ფეხით უნდა დაკიდო, ან უკუღმა შესვა ვირზე და მშობლების სახლში დააბრუნო, როგორც ცნობილ ფილმში. მორიგი სასჯელის წარმოდგენა ვერ მოვასწარი - მობილურმა დარეკა. ასე, არასოდეს გამხარებია დედაჩემის ზარი.

დედამ საფუძვლიანად გამიმკითხა ჯანმრთელობის მდგომარეობა - მიცივდება თუ არა ხელ-ფეხი (სამწუხაროდ, მიცივდება) მაწუხებს თუ არა ქრონიკული დაღლილობა (საბედნიეროდ, არ მაწუხებს), ვიღებ თუ არა რკინის შემცვლელ მიკროელემენტებს (სამწუხაროდ, მავიწყდება). მოკლე ლექცია წამიკითხა საკვერცხეებთან დაკავშირებით, რადგან საკვერცხეების ანთება პირდაპირ კავშირშია უშვილობასთან. უშვილობას კი, არა მხოლოდ ინფექციური დაავადებები იწვევს, არამედ თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლი, ტრანსპორტით მგზავრობა პიკის საათებში.

თანდათან ვბრაზდები. დედას ისევ პატარა გოგო ვგონივარ, თანაც ორსული.

- კარგი, რა, დე, ანანო ხომ არ ვარ?!

- ანანოზე უარესი ხარ, დარწმუნებული ვარ, ისევ სველი თმით გადიხარ გარეთ.

ხელით მოვისინჯე ნამიანი თმა. მაქვს ასეთი მავნე ჩვევა – ზამთარ-ზაფხულ სველი თმით დავდივარ.

- თუ დაგავიწყდა შარშანდელი მენინგიტი? - დედა

Page 61: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მომენტს არ უშვებს ხელიდან ხუთი წლის წინ გადატანილ მენინგიტზე არ მომიკაკუნოს. თანაც სულ ეჩვენება, რომ ახლახანს მქონდა.

- შენ ის მითხარი, მოსკოვში რა ხდება? საშკა თუ ჩამოვიდა?

საშკა ნაუმოვი გარდა იმისა, რომ ჩემი დეიდაშვილია, არგენტინის ელჩიც ბრძანდება, და არა მასწავლებელი, ჩემსავით.

- ჩამოვიდა და საჩუქარი ჩამოგიტანა. ალიგატორის ტყავის ქამარი ლოურენსის კოლექციიდან.

- ოჰო! – შევძახე აქედან.

პირველად ვხედავ ამისთანა ხელგაშლილ რუსს, ლოურენსის გვარიც პირველად მესმის, მაგრამ დედას ხომ არ ვაწყენინებ?!

- როდის გამომიგზავნი?

- შენ და დათა ხომ არ ჩამოხვალთ, ერთი კვირით... - შემომაპარა დედაჩემმა. - ჩვენებს გავაცნობდი, ბარემ საშკაც აქ არის...

დედას არასწორი წარმოდგენა აქვს დათას ფინანსურ შესაძლებლობებზე. დავიჯერო, გულწრფელად მიაჩნია, რომ თაფლობისთვის მანგლისში გატარებაზე ვოცნებობდი?

- დათა უკვე გავიდა სამსახურში, როგორმე სხვა დროს.

დედას დავემშვიდობე და საქაღალდისთვისაც მოვიცალე. ფრთხილად გამოვქაჩე ზონარი და სუნთქვაშეკრული დავაჩერდი გაყვითლებული ქაღალდების სქელ დასტას. ამას თუ ჩავუჯექი, ხვალამდე ვერ მოვწყდები, ადრესატამდე მიტანა კი წინასწარი მოკვლევის გარეშე ხელს არ მაძლევდა. საქაღალდე უჯრაში ჩავაგდე და მთაწმინდაზე გავქანდი.

Page 62: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მარიცა სახლში დამხვდა. ჩემს დანახვაზე გაკვირვება ვერ დამალა (მის ადგილზე მეც იგივე რეაქცია მექნებოდა). სამაგიეროდ ძაღლმა გაიხარა, დაკუნთული სხეულის რხევის წამოვიდა ჩემსკენ, ხეშეშა ბეწვით ფეხზე მომეხახუნა.

- ზესხო, ჩემთან! - დაუძახა მარიცამ.

- ზესხო? - გამიკვირდა.

- დიახ.

- ზესხო, მწვერვალი არ არის?

- კი. თემო ახალგაზრდობაში ალპინიზმით იყო გატაცებული და... აბა, შვილს ხომ არ დაარქმევდა მწვერვალის სახელს?!

ძაღლი მწვერვალის სახელით მომშორდა და პატრონზე გადაინაცვლა.

- თავი დამანებე, საძაგელო, შარვალს დამისვრი. - დაიფრინა მარიცამ.

მარიცა საგარეოდ იყო გამოწყობილი – ბეჟი ქვედაკაბა, იმავე ფერის შიფონის ბლუზა და სანდლები... ეტყობა, ახლახანს მოვიდა სახლში და ტანსაცმლის გამოცვლა ვერ მოასწრო.

- თქვენი მობილური არ ვიცოდი, - დავიწყე მობოდიშებით. - დათასთან მიზანდასახულად არ დავრეკე, ჩავთვალე, რომ ჩვენ შორის კონფიდენციალური საუბარი უნდა შედგეს.

მარიცა ორაზროვანი გამომეტყველებით შემიძღვა სახლში.

- ღვინო, კონიაკი, ვისკი... - მარიცამ გრაციოზული მოძრაობის გახსნა ბარი.

- არ მინდა.

Page 63: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- მაშინ, გისმენთ. – მარიცა ჩემ წინ დაჯდა და როგორც მომეჩვენა, დემონსტრაციულად გადაიდო ფეხი ფეხზე.

- ერთი ფოტოსურათი ჩამივარდა ხელში და შეკითხვები გამიჩნდა.

- აბა, ფოტო?!

- გიჩვენებთ, მაგრამ ერთი პირობით - არ მკითხავთ რა გზით მოხვდა ჩემს ხელში.

- ოოო, როგორ დამაინტრიგეთ, იათამზე, თავი დეტექტივის გმირი მგონია.

- მე კი დეტექტივის ავტორი.

- კეთილი, პირობას გაძლევთ, რომ არაფერს ვიკითხავ. მაჩვენეთ, მაჩვენეთ, თორემ სული დამელია.

ფოტოსურათი გავუწოდე და ხარბად დავაკვირდი მის რეაქციას. მსუბუქი შეცბუნება, მეტი არაფერი.

- ალბათ ხვდებით, რატომ არ მინდოდა მოწმეების თანდასწრებით ამ სურათის გამომზეურება.

მარიცამ სანთებელა მოიმარჯვა და ზანტად გააბოლა.

- თქვენ ფიქრობთ, ეს მე ვარ? – იკითხა ხმადაბდა და ნაღვლიანი მზერა სიგარეტის კვამლს გააყოლა.

- აბა?

ადგა, ხელით მანიშნა, დამელოდეო და მეორე სართულზე ავიდა.

როგორც კი მარიცა თვალს მიეფარა, საიდანღაც ზესხო გამოტყვრა. ჯერ შიშველი ტერფი ამილოკა, მერე უკანა თათებზე დადგა და დორბლმორეული მომაჩერდა. სახე რომ ამილოკოს, გავგიჟდები! რა ვქნა, ცხოველები მიყვარს, მაგრამ იმ დონეზე არა, რომ ჩავპროშნო ან ლოგინში ჩავიწვინო, როგორც ამას ქეთუსია ბებია აკეთებდა. ერთი სპარსული კატა ჰყავდა, მოკლე ენით და ხშირი ბეწვით. მისი

Page 64: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

სიკვდილი ისე განიცადა, მამაჩემი არწივის ყიდვას დაჰპირდა - ას წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობს და ამის სიკვდილს ვერ მოესწრებიო.

მარიცა ფოტოსურათებით ხელში დაბრუნდა, უხმოდ გამომიწოდა რამდენიმე ეგზემპლარი და მე ერთის მაგივრად ორი მარიცა დავინახე.

- ეს ჩემი დაა, ნინო. ტყუპისცალი.

გაწბილებულმა დავხედე ფოტოებს - მარიცა და ნინო ბაღში, მარიცა და ნინო ზოოპარკში, მარიცა და ნინო სკოლის მერხზე... ასე მხოლოდ ტყუპები შეიძლება ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ არა გამომეტყველება... ნინო შედარებით თავშეკავებული ჩანდა, ძუნწი ღიმილით გაბაფთულ ტუჩებზე. მარიცა პირიქით – ყურებამდე გახეული პირითა და ხალისიანი გამომეტყველებით იდგა წინა რიგებში. ყველა სურათი გარდატეხის ასაკში იყო გადაღებული, ასე, ათიდან თექვსმეტ წლამდე.

- ნინოს კახასთან ჰქონდა რომანი?

- დიახ. ჩემ გარდა არავინ იცოდა. – მიპასუხა მარიცამ.

- რა ჰქონდა დასამალი?

- კახას ცოლ-შვილი ჰყავდა.

- ნინო... ფეხმძიმედ იყო?

- არა, ფეხმძიმედ არ ყოფილა. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, მან გაწყვიტა კახასთან ურთიერთობა. ძალიან განიცდიდა, დეპრესიაში ჩავარდა, შეიძლება ითქვას, სიკვდილს ეძებდა.

- აკი იპოვა?! – ავღნიშნე მე.

- იპოვა, კი, მაგრამ ლამის მეც თან წამიყოლა.

მარიცას მოტანილი ფოტოსურათები მაგიდაზე გავაჩოჩე, კახას სახლში მოპოვებული კი - ხელჩანთისკენ წავიღე.

Page 65: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- მაპატიეთ მარიცა, არ ვიცოდი, ტყუპისცალი თუ გყავდათ. არ მინდოდა, თქვენთან კონსულტაციის გარეშე გამომძიებლისთვის გადამეცა.

- იამზე, შეგიძლიათ ეგ ფოტო მაჩუქოთ? ნინო აქ ისეთი ლამაზია...

- არა, ეს ფოტო შეიძლება ძიებას გამოადგეს. კახა ჩუბინიძე რაღაც კუთხით დაკავშირებულია რამაზის მკვლელობასთან. და ამ კავშირს დიდი ხნის წლის წინ ჩადენილ დანაშაულთან მივყავართ. მერე, როცა ყველაფერს გამოვიძიებთ, სიტყვას გაძლევთ, ამ ფოტოს პირადად დაგიბრუნებთ. გამომძიებელი ჩემი ახლობელია.

- `გამოვიძიებთო~ - ამბობთ. რატომ მრავლობითში, თქვენ ხომ უბრალო მასწავლებელი ხართ?

ბოლო ფრაზა, ცოტა არ იყოს, აგდებულად ჟღერდა, დაახლოების ასე: საცოდავი მასწავლებელი.

- საქმის კურსში ყოფნა ვიგულისხმე, მეტი არაფერი.

- მე მეგონა, თემოს თხოვნას ანგარიშს გაუწევდით. – დამანამუსა მარიცამ.

- თემომ მანქანის თაობაზე მთხოვა...

- მან არაფერი იცის ნინოს და კახას რომანზე.

- ახლა რა მნიშვნელობა აქვს, ამდენი წელი გავიდა...

- შეიძლება ასეცაა. არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეწყინება. თემო ძალიან კარგად იცნობდა კახას ყოფილი ცოლის ოჯახს... კარგით, მოვრჩეს ამაზე, თითო ჭიქა ყავა დავლიოთ და მეგობრებად დავიშალოთ.

- რა გვაქვს სამტრო და გასაყოფი? - მხრები ავიხეხე მე.

- აკი, ფოტოს არ მაძლევთ?! - გაიკეკლუცა მარიცამ და ფეხზე წამოდგა. - თურქული ყავა გირჩევნიათ თუ ხსნადი?

- არ მინდა ყავა, წავალ.

Page 66: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- მაშინ მანგოს წვენი. ნატურალური მანგოს წვენი პირდაპირ ბრაზილიიდან. – უაპელაციო ხმით წამოიძახა მარიცამ და ქუსლების პაკუნით სამზარეულოში გაუჩინარდა.

დროის მოსაკლავად ფანჯარაში გავიხედე და კინაღამ მართლა მოვკვდი. მუსერიძეების უკანა ეზოში იდგა მელნისფერი `პასატი~.

თვალწინ დამიდგა ამასწინანდელი კადრი...

მე გამოვდივარ ჩუბინიძეების სახლიდან, გადავდივარ ქუჩას, წინ ჩამიქროლა, უფრო სწორედ, ლამის გამიტანა მელნისფერმა მანქანამ. თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ეს მანქანა იყო, უსიამოვნო წინათგრძნობამ ტალღებად დამიარა სხეულში.

წკარუნის ხმაზე მოვტრიალდი. მარიცას წვენით სავსე ჭიქები სინზე შემოეწყო და ფრთხილად, აწურული მხრებით მიახლოვდებოდა.

- მიირთვით, მისწრებაა ამ სიცხეში. - ჭიქები

ჟურნალის მაგიდაზე დადო და ხელით მისაპატიჟებელი ჟესტი გააკეთა.

მორჩილად დავჯექი ტახტზე. ნამდვილად არ მცხელოდა, პირიქით, შინაგანად მაკანკალებდა, როგორც გრიპის წინ.

- რა ფერი გადევთ, იამზე, ცუდად ხომ არ ხართ? - შეწუხდა მარიცა.

- ჰო, რაღაც ვერ ვარ კარგად, - დაბუჟებული თითები ლოყაზე ჩამოვისვი. – წყალი, თუ არ შეწუხდებით...

შეშინებული მარიცა ისევ სამზარეულოში გაიქცა.

ჩემთვის განკუთვნილ ჭიქას დავწვდი და სინათლეზე გავხედე. ფსკერზე ავისმომასწავებლად წკარუნობდა ყინულის ნატეხები, ყურებში მიშხუოდა მსოფლიოს ყველა ნიჟარა ერთად.

Page 67: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ზესხო, - დავუძახე მაგიდის ქვეშ ჩათვლემილ ძაღლს. - ზესხო, მოდი, წვენი დალიე. - ჭიქა მოკლე ცხვირთან მივუტანე და შეძლებისდაგვარად კეთილგანწყობილი გამომეტყველება მივიღე.

ზესხოს თავპატიჟი არ დაუწყია, ვარდისფერი ენა პირდაპირ ჭიქაში ჩააწო და მანგოს წვენი მოხვრიპა.

მარიცას შემოსვლას მიამიტი ღიმილით შევხვდი, წყლიანი ჭიქა გამოვართვი და შევეცადე ლაპარაკის თემა შემეცვალა.

- ბოლო დროს თავბრუსხვევა დამჩემდა.

- მერე, ექიმი სახლში არ გყავთ?

- ჰო, მაგრამ გინეკოლოგი არ მჭირდება.

- იქნებ ფეხმძიმედ ხართ?

უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და მზერა მაგიდის ქვეშ გავაპარე, სადაც არაბუნებრივად მოკუნტული ზესხო

პირიდან გადმოღვრილი დუჟის ალოკვას ცდილობდა. ის მოიწამლა ჩემთვის განკუთვნილი საწამლავით და ახლა აგონიაში იმყოფება. ის მარიცამ მოწამლა, ისევე როგორ რამაზი, კახა...

ნაჩქარევად დავემშვიდობე და გასასვლელისკენ ვუტიე.

- წვენი მაინც დაგელიათ, გულს გაიგრილებდით. - ფეხდაფეხ მომყვებოდა `გულისხმიერი დიასახლისი~.

გავიგრილებდი, როგორც არა, სამუდამოდ გავიგრილებდი, - გავიფიქრე სასოწაკვესილმა. კონვულსიებში ვეგდებოდი ზესხოს ნაცვლად.

უკანმოუხედავად ჩავირბინე ჭონქაძის დაღმართი და სულის მოსათქმელად რუსთაველის გამზირზე, პირდაპირ ბორდიურზე ჩამოვჯექი.

მარიცა ციხისელს ჩემი მოკვლა უნდოდა. ოცი წუთის წინ, თბილისის დროით ჩვიდმეტ საათსა და ათ წუთზე მე უნდა

Page 68: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მომკვდარიყავი. სიკვდილი თაფლობისთვეში - რომანტიკულად ჟღერს.

- რატომ? - უნებურად წამოვიყვირე.

ასაკოვანმა მანდილოსანმა ამრეზის ჩამიარა, ალბათ მთვრალი ვეგონე.

რატომ, - გავაგრძელე გულში. რა ვიცი მე ისეთი, რაც არ იცის სხვამ? დავუშვათ, მაქვს ფოტოსურათი, რომელსაც მარიცასთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. არა, ფოტო გამორიცხულია, მარიცას იმთავითვე ჰქონდა დაგეგმილი ჩემი სიკვდილი, როგორც კი ჩუბინიძეების სახლიდან გამოვედი. თუ კახა მისი მოწამლულია, მე არასასურველი მოწმე გამოვდივარ. თუმცა, დარწმუნებით იმის თქმა, რომ სწორედ მისი მელნისფერი `პასატი~ გამოვარდა მოსახვევიდან, არ შემიძლია. ვერც იმას დავამტკიცებ, თითქოს ზესხო ჩემთვის განკუთვნილი მანგოს წვენით მოიწამლა. საწყალი ძაღლი, როგორი კეთილგანწყობილი იყო, როგორ მომენდო...

- ია მასწ, აქ რას აკეთებთ? - მომესმა ზურგსუკან ნაცნობი ხმა.

ხმა ჩემს მოწაფეს, ლექსო ალანიას ეკუთვნოდა. მდაა, მალე მთელი კოლეჯი ილაპარაკებს, როგორ იჯდა ია მასწი ბორდიურზე და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.

- ლექსო?! - უნდილად გავუღიმე ბრინჯაოსფრად გარუჯულ ყმაწვილს. - აქ რას აკეთებ, დასასვენებლად არ იყავი?

- გუშინ ჩამოვედი ქობულეთიდან. ცუდად ხომ არ ხართ, ია მასწ? - ლექსო ჩემკენ დაიხარა. თვალებში ცნობისმოყვარე ჭინკები გადადიან მალაყებს.

- ახლა კარგად ვარ, წეღან ცოტა შეუძლოდ ვიყავი. მომეხმარე, გეთაყვა, - ხელი გავუწოდე ყმაწვილს.

Page 69: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ადგომით ავდექი, მაგრამ ისე მეკეცება მუხლები, სახლამდე თუ მივაღწიე, დიდი გამარჯვება იქნება.

- ია მასწ, მე აქვე ვცხოვრობ, ბესიკზე, გინდათ ჩემთან წამოდით, დედა ყავას დაგალევინებთ.

სიამოვნებით დავლევდი მოუწამლავ ყავას, მაგრამ მოსწავლის მშობელთან გაშინაურების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მქონდა შემთხვევა, როცა ერთმა ცალტვინა მშობელმა ჩემი კეთილგანწყობა თავისებურად მოთარგმნა და სარვამარტოდ პირდაპირ სახლში დამადგა უზარმაზარი ტორტით. ლამის კიბეზე დავუშვი, ცხოვრებაში პირველად ამიწია წნევამ.

- არა, ლექსო, ტაქსს თუ გამიჩერებ, დიდად მადლობელი დაგრჩები, სხვა არაფერი მინდა. ფერშტეინ?

- ფერშტეინ, ია მასწ! - გაიცინა ლექსომ.

ტაქსი სახლისკენ მიმაქროლებდა, ჩემი ქმრის სახლისკენ. მაგრამ სიხარულის ნაცვლად, გული სევდიანად მიტოკავდა. მომკალით და ახლა, როცა სიკვდილის აჩრდილი მოწამლულ ვირთხასავით ამტორღიალებია, გაზქურასთან ჯადოქრობის ხასიათზე არ ვარ. არადა, საჭიროა, საჭირო. ქმარს რომ თავი დავანებო, გერი რას იტყვის?

სარკეში მძღოლის გაოცებული მზერა დავიჭირე.

- რა გატირებს, ქალიშვილო?

ნუთუ ვტირი? ხელჩანთიდან `სელპაკი~ ამოვაცოცე და თვალები შევიმშრალე.

- მითხარი რა გჭირს, გულზე მოგეშვება. - მირჩია მძღოლმა.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერავისთან დავიწუწუნებ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამყვებოდა ამ საბედისწერო თამაშში, სუსიკო იყო, ჩემი ბავშვობის მეგობარი. მაგრამ სუსიკო მკვდარია, მის სულთან

Page 70: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ლაპარაკი კი ერთ კარში თამაშს ჰგავს - მე ვსვამ კითხვებს და მევე ვპასუხობ. ვხვდები, რასაც მირჩევდა სუსიკო. `დაიკიდე~, ხომ მისი საყვარელი ფრაზაა. დაიკიდე კარგია?! სამ დღეში სამი გვამი, მათ შორის უდანაშაულო ძაღლის. როგორ გინდა ამის მერე ქმარს დაუწვე და ვითომც არაფერი, რიტმული რხევის გადაეშვა სასიყვარულო ექსტაზში.

მობილურის ზარმა ისე შემაკრთო, თითქოს მართლა სუსიკო დამირეკავდა საიქიოდან. დათამ სხაპასხუპით მომახსენა: ერთ საათში მანგლისში მივემგზავრებით ბარგის ჩამოსატანად.

- - -

მოშუშული ბოსტნეულის სუნმა კარის გაღებისთანავე ცხვირში შემიღიტინა. ჩემი ჯაგარაშლილი უცებ ნერვები დაშოშმინდნენ, დაუთმეს რა ადგილი ყველაზე ძლიერ ინსტიქტს - შიმშილს. მაძებარივით წავედი სუნზე და სამზარეულოში დეა აღმოვაჩინე.

- რას აკეთებ? - ვკითხე ნერწყვების ყლაპვით.

- `ბულგარულს~.

- გემრიელი სუნებია...

- იმიტომ, რომ წიწაკას, პომიდორს და ხახვს ცალ-ცალკე ვშუშავ. ასე უფრო გემრიელია. - დეამ ნივრითა და მარილით შეზავებული პომიდვრის წვენი ტაფიდან ემალის ჯამში ჩაასხა, ზევიდან კი კუბიკებად შემწვარი სტაფილო დააყარა.

- დეა, ვინ გასწავლა საჭმლის კეთება?

- ცხოვრებამ.

- მე რატომ ვერ მასწავლა?! - ვაღიარე სამწუხარო ჭეშმარიტება.

Page 71: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- როცა თბილისში აღარ ვიქნები, ძალაუნებურად მოგიწევთ. - დეამ მაგიდაზე დაალაგა თეფშები. - პურს მიატანთ თუ ისე?

- მოდი, შენობით ვილაპარაკოთ, თორემ მერიდება.

- რატომ?

- თავი ბოროტი დედინაცვალი მგონია, რომელიც საწყალ გერს თან საჭმელს აკეთებინებს, თან სუბორდინაციის დაცვას თხოვს.

დეამ ხმამაღლა გადაიკისკისა.

- რა გაცინებს? არ ვარ მართალი?

- არა. რომ არ მსიამოვნებდეს, არც გავაკეთებდი. რაც შეეხება დედინაცვალს... არა, ია... ბოროტ დედინაცვალზე მეტად ზრდასრულ პეპის მაგონებ.

- მართლა? - ავყვავდი მე.

- მართლა, მართლა. ხელი დაიბანე და მოდი, თორემ ნახევარ საათში მამა მოასიგნალებს. თუ დროზე არ ჩახვედი, გაიბუტება.

- შენ რა იცი, რომ მოასიგნალებს?

- წეღან დარეკა, თქვენ... შენ გკითხულობდა.

- შენ არ წამოხვალ მანგლისში? - იმედით დავეკითხე. რა გაუძლებს მთელი გზა დათას: სად იყავი, რატომ იყავი, როდის იყავი...

- ნახევარი საათის გამო ამ მიღირს იმხელა გზაზე ჯაყჯაყი.

გულში დავეთანხმე და ხელის დასაბანად გავეშურე.

- - -

Page 72: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მანგლისში ცვალებადი ამინდი იდგა. მზე ჭირვეული ბავშვივით იქცეოდა - ხან გამოაჭყიტავდა შესქელებული ღრუბლებიდან, ხან მიიმალებოდა. დამსვენებლებიც ხან დედა-წულიანად გამოეფინებდნენ ტყეში, ხან თქეშის შიშით სახლებისკენ გარბოდნენ.

ვიდრე დათა ძრავის შიგთავსს უჩხიკინებდა, მე ინკოგნიტო მანქანის დასადგენად გალინასთან გავიქეცი. ხელში მეჭირა ფორდის მარკის ავტომობილის რამდენიმე ილუსტრირებული ვარიანტი - `ფორდ-მერკური~, `ფორდ-ორიონი~, `ფორდ-ფიესტა~...

გალინა ეზოში შვილიშვილს დასდევდა ფაფიანი თეფშით. ჩემ დანახვაზე ბავშვის წვალებას თავი დაანება და ხმაურიანი კოცნა მომიძღვნა. პასუხად ფორდის ილუსტრაციები დავუძრე.

- მგონი ეს იყო, ოღონდ მწვანე. - გალინას დაშაშრული თითი `ფორდ ფიესტაზე~ დაეშვა.

- დარწმუნებული ხართ?

- ორკარიანი რო იყო, დანამდვილებით მახსოვს, ვიფიქრე კიდეც, ბავშვების პატრონისთვის უსაფრთხო მანქანაა, ჩასხამ უკან და ივლი არხეინად. რას გადაეკიდე გოგო ამ მანქანას? - ვერ მოითმინა გალინამ.

- მჭირდება. - ორაზროვანი ღიმილი შევაგებე და სახლისკენ გამოვწიე.

დათა მზის შუქზე გასცქეროდა მაზუთიან ამორტიზატორს.

- რეზინია გამოსაცვლელი.

- თემოს ცოლისდას მწვანე `ფორდი~ ჰყოლია. - ბალახზე წამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე.

დათამ გოროზი გამომეტყველება მიიღო, რაც ყბის ძვლის დაძაბვასა და წარბის შეკვრაში გამოიხატებოდა.

Page 73: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- შენ, როგორც ჩანს, სიცოცხლე მოგძულებია, მეორედ არ გამაგონო ამ თემაზე ლაპარაკი, თავშიც არ გაივლო, იცოდე! - მითხრა უაპელაციო ტონით.

მიდი და გაუმხილე ამის მერე სიმართლე, ისეთი რა ვთქვი, რომ ლამის ტყავიდან ამოხტეს?! სიგარეტი ბალახზე მივაჭყლიტე და ბარგის ჩალაგებას შევუდექი.

ჩავბარგდით. მივდივართ.

ნერვების დასაოკებლად დათამ მაგნიტოფონი ჩართო. ფორტეპიანოზე ჩიკორეა უბერავდა - მისი საყვარელი ჯაზმენი. ნახევარ საათში კინაღამ მეც გავუბერე. ამ დოზით თანამედროვე ჯაზის მოსმენა ჩემთვის წამების ტოლფასია.

- ან გამორთე, ან გავაფრენ! - ვიფეთქე ბოლოს.

სხვათაშორის, წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგნიტოფონი გამორთო და ისეთი სახით შემომხედა, სჯობს არ დამენახა. ასე მათემატიკის პროფესორი უყურებს ყრუ პროვინციიდან ჩამოსულ აბიტურიენტს.

- - -

როცა თვალი გავახილე, დათა ლოგინში არ დამხვდა, დრო კი თერთმეტის ნახევარს უჩვენებდა. ვერ გავიგე როდის გაიღვიძა, როდის ჩაიცვა, წავიდა თუ არა სამსახურში, დალია თუ არა ჩაი... ეჭვი მეპარება, ჩემგან სამაგალითო ცოლი დადგეს.

დეას ოთახიდან კომპიუტერის კლავიშების წკაპაწკუპი ისმოდა. არ ვიცი, რამდენად გამოვა მისგან იურისტი, მაგრამ ბეჭვდის სისწრაფის გათვალისწინებით, მდივან-რეფერენტის ადგილი დღესვე გარანტირებული აქვს.

ის იყო ჯეზვე მოვიმარჯვე, რომ მობილურმა დარეკა. ახალი ამბავი, რომელიც მაიორმა ოქრუაშვილმა დიდი

Page 74: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

რიხით მომახსენა, ჩემთვის ძველი გამოდგა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

- კახა ჩუბინიძე მოკლეს.

- როგორ? - თავი გამოვიშტერე. - ცეცხლსასროლი იარაღით თუ...

- ექსპერტიზა მოწამვლის ვერსიას განიხილავს, სისხლში ალკოჰოლთან ერთად აღმოჩენილია შენელებული მოქმედების შხამი. ასეთივე შემადგენლობის შხამი დაფიქსირდა მუსერიძეების მძღოლის ორგანიზმში. პირველადი მონაცემებით, მკვლელობა ერთი და იგივე პიროვნების ჩადენილია.

- ასეთი რა შხამია?

- ფორმულა ჯერჯერობით დასადგენია. არც აქვს არსებითი მნიშვნელობა. დოზის მიხედვით მოქმედებს. ფაქტია, ორი იდუმალებით მოცული გვამი გვაყრია თავზე.

`და ერთი ძაღლის მძორი~ - გავაგრძელე გულში.

- სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. - ვთქვი ხმამაღლა

- ჩემთან რამ დაგარეკინა დილაუსენა, რომელი

ექსტრასენსი მე მნახე?

სამზარეულოში დეა შემოვიდა. ხელის აწევით მივესალმე.

- გუშინ, დაახლოებით დღის თორმეტ საათზე, ჩუბინიძეების მეზობლი სადარბაზოში უცნობ ქალიშვილს გამოელაპარაკა, რომლის გარეგნული მონაცემები საეჭვოდ ემთხვევა შენსას. - მომახსენა სერგომ.

- მაგით რისი თქმა გინდა? - ჯავრი ჯეზვეზე ვიყარე, წკარუნით დავდე უკან.

დეა ინტერესით მომაჩერდა.

- არ არის გამორიცხული ის ქალიშვილი შენ ყოფილიყავი.

Page 75: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- მივესალმები, თუკი ვინმე ქალიშვილად აღმიქვამს, მაგრამ იქნებ ასაკი დაგეკონკრეტებინა...

- ასაკიც დავაკონკრეტე და გარეგნული მონაცემებიც. - გამაწყვეტინა სერგომ. - მაღალი, წაბლისფერი თმითა და მომწვანო თვალებით...

- არ დაიჯერო, იმ დღეს სათვალე მეკეთა!

- რომელ დღეს? - გამომიჭირა სერგომ.

- იმ დღეს. - ვთქვი და საზეიმოდ დავდუმდი.

- ეს შენ იყავი იათამზე, გამოტყდი!

- მმმ.

- შენ იყავი, შენ!

- ვერ დამიმტკიცებ. მაღალი, წაბლისფერთმებიანი `ქალიშვილი~ მომწვანო თვალებით თბილისში ათასობით დადის. - დეას თვალი ჩავუკარი, არ იფიქროს თავს მოდელობაზე ვდებ.

- არც ვაპირებ დაგიმტკიცო, - დამარცხებული კაცის ინტონაციით მომიგო სერგომ. - რატომ არ გინდა ვითანამშრომლოთ?

- აკრძალული მაქვს. თუ გავიწყდება, რომ თაფლობისთვეში მყოფ პატარძალს ელაპარაკები?!

- ჩემი შენ გითხარიო...

- კარგი. - შემეცოდა პატიოსანი მაიორი. - საქმეში ფიგურირებს მწვანე `ფორდ ფიესტა~. ცხრა წლის წინ, სავარაუდოდ, ეს მანქანა იდგა მანგლისში, მუსერიძეების სახლთან. და ის, აწ გარდაცვლილ ნინო ციხისელს ეკუთვნოდა.

მობილური გავთიშე და ჯეზვეს მივუბრუნდი.

- საინტერესო ცხოვრება გაქვს, ია.

Page 76: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დეას ნიკაპი მომუჭულ ხელებზე ჩამოედო და სათვალის მინიდან მაკვირდებოდა თავისი ჭკვიანი, ჭრელი თვალებით.

- სამწუხაროდ, მამაშენს არ აღელვებს ჩემი ცხოვრების საინტერესო დეტალები. კატეგორიულად მიკრძალავს ამ საქმეში გარევას. რომ გაიგოს, სად ვიყავი გუშინ, თავს მომაძრობს.

- არა, არ მოგაძრობს. - დამამშვიდა დეამ. - მამას უყვარხარ. უბრალოდ, ეშინია შარში არ გაება.

- გავები და ეგ არის. ყავას დალევ?

- არა, არ ვსვამ.

- ძალიანაც კარგი, ისეთი მიჩვევა იცის, ნარკოტიკზე უარესია. სიგარეტიც არ მოწიო. თუ ჩუმჩუმად ეწევი?

- შენ რატომ ეწევი?

- სულელი ვარ და იმიტომ. პრინციპში, ძალიან შევამცირე, ათ ღერზე ჩამოვედი. აგერ, მამაშენმა სულ დაანება. ყოჩაღი ბიჭია.

- ია, რა მოხდა ცხრა წლის წინ?

- მკვლელობა. – ყავა დავისხი და მაგიდას მივუჯექი. - ვიღაცამ ახალდაბადებული ჩვილი სარდაფში ჩაფლა, ცოცხალი იყო ეს ჩვილი თუ მკვდრადშობილი, დღეს ამის დადგენა შეუძლებელია.

- მარიცა ციხისელი რა შუაშია ამ ისტორიასთან?

- არ ვიცი, ჯერჯერობით არ ვიცი. რაც გითხარი, ისიც დაივიწყე. მამაიენმა რომ გაიგოს, შენც გითხარი, მეორედ მომაძრობს თავს.

- არ გაიგებს, მე არ ვეტყვი. თუ მარიცას შესახებ ცნობები გაინტერესებს, შემიძლია მის შვილს, გიორგის დავუკავშირდე.

- აკი უჟმური ბიჭიაო?

Page 77: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- უჟმურ ბიჭს ჩემი იურისპრუდენციის სახელმძღვანელო აქვს. სემესტრის ბოლომდე ვათხოვე და დღესაც არ მოუტანია, შემიძლია დავურეკო და ვთხოვო.

- მგონი წავკისში ისვენებს.

- რა პრობლემაა წავკისიდან თბილისში ჩამოსვლა?!

- სპეციალურად ნუ ჩამოიყვან, მობილურით დაუკავშირდი. წიგნი მოიკითხე და მერე, სხვათა შორის, ძაღლებზე ჩამოაგდე ლაპარაკი. უთხარი, ვითომ სტაფის ჯიშის დედალი გყავს და შეჯვარება გინდა. თუ გითხრა: ჩემი ძაღლი მოკვდაო, დამარხვის ადგილი დამიზუსტე. მამაშენის სახელი არსად ახსენო, თორემ ეჭვს აიღებს.

- ვინ აიღებს ეჭვს, გიორგი?

- არა, დედამისი.

- გამოდის, მარიცა ციხისელი ეჭმიტანილთა სიაშია.

უსიტყვოდ დავუქნიე თავი და მაცივარში შევიჭყიტე, სადაც კარგა მოზრდილი ქათამი დამხვდა _ დათას მიერ გამოსაჩენ ადგილზე დადებული. გარეცხვა, დამარილება და შეწვაღა აკლდა. ან ჩახოხბვა – ვიდრე პომიდვრის სეზონია.

ვიდრე მე სამზარეულოში ვტრიალებდი, დეას გოირგისთან დარეკვაც მოესწრო და ძაღლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც – ზესხო მკვდარია. დამარხულია მუსერიძეების უკანა ეზოში, კერძოდ, თუთის ძირში.

ქათამი ცეცხლზე შემოვდგი, ვთხოვე – მალე ჩახოხბილიყო, და მაკიაჟის გასაკეთებლად სააბაზანოს მივაშურე. ზესხო მოკვდა, მაგრამ ჩემს ბინაში დარჩენილი არქივი ცოცხალივით მეძახის. აქ ახალი სიურპრიზი დამხვდა: დათას გასარეცხი პერანგები. საცვლებსა და წინდებს ჯერჯერობის არ მაკადრებს, მაგრამ დრო მოვა, უსათუოდ შემომაპარებს. ასე იციან კაცებმა. ცხადია, ჩემი ქმრის გარდერობი ამ სამიოდე პერანგით არ შემოიფარგლება, მაგრამ რატომღაც

Page 78: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ამ პერანგებს გადაკიდებია - მოცისფრო კოლორი თუ მოსწონს.

მაკიაჟი გადავდე და პერანგებს დავეძგერე. ისე გამეტებით ვრეცხავდი, ერთი ღილი ხელში შემრჩა. პერანგები გავფინე, ღილი დეას მივაბარე, ჩახოხბილი მოვამზადე და ფრთაშესხმული დავეშვი კიბეზე.

- - -

ჩემ მიერ ადაპტირებული არქივის მასალები:

საქმე # 1

სამოციან წლებში ბესიკ მენაბდის პოპულარობამ პიკს მიაღწია. მის პოეზიას აღფრთოვანებაში მოჰყავდა საზოგადოების ფართო მასები, რამაც სერიოზულად ჩააფიქრა საბჭოთა ხელისუფლება. ჩაფიქრების მიზეზი: ცალკეულ ლექსში გაპარული პატრიოტული მოტივები. პატრიოტიზმი არც ხელისუფლებისთვის გახლდათ უცხო ხილი, ცხადია, სამშობლო უნდა გიყვარდეს, მაგრამ რა მოსაწონია ყოველ მეორე სტრიქონში თამარისა და დავითის ეპოქას მისტიროდე?! დაწერე ორიოდე ლექსი ხალხთა მეგობრობაზე, მთავრობის გულიც მოიგე და საკუთარი ჭიაც გაიხარე. რომ აგიჩემებია: `თავისუფლება, თავისუფლებაო~ - მაგით იმის თქმა გინდა, თითქოს შენს ქვეყანაში თავისუფლებას ზღუდავენ? თანაც არაორაზროვნად მიანიშნებ ოკეანის გადაღმა დაყუდებულ ქალღმერთზე, რომელიც ჩირაღდანის ხელში ყარაულობს მავანის თავისუფლებას. რომელ მხარეს გულისხმობდა ამხანაგი ბესიკი `ოკეანის გადაღმა~? ან რომელი ქალღმერთი ჰყავდა მხედველობაში? არ იცის. თუ არ იცის, არც უნდა მოჰკიდოს კალამს ხელი. კაი, ხალხთა მეგობრობაზე არ გეწერება, მაშინ,

Page 79: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დაწერე, შენ ხარ ჩემი ბატონი, ქალებზე, სიყვარულზე, ბუნებაზე... – ამ სიტყვებითა და კითხვებით დააკვალიანეს `ამხანაგებმა~ უშიშროების სამმართველოში გამოძახებული ბესიკ მენაბდე. იმის ნაცვლად, ყურად ეღო ზემდგომთა `მამა-შვილური~ დარიგება, მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და თავისი შეგრძნება სიტყვებით გაამყარა:

- ეს ჩემი საქმეა, სად-რას ვგულისხმობ. ბერიას დრო ხომ გგონიათ თქვენ?!

არა, ბერიას დრო ნამდვილად არ ეგონათ, მაგრამ ისიც გადასარევად იცოდნენ, კენედი რომ არ ყოფილა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი. იმათ იცოდნენ, აი, ბესიკი კი მართლა ღრუბლებში დაფრინავდა...

ზამთრის ერთ საღამოს, როდესაც პოეტი თანამოაზრეებთან ერთად ლიტკაფეში ქეიფობდა, უნივერსიტეტის სტუდენტი, ციცინო ჭიაბერაშვილი გაიცნო. ქალიშვილი ზღვიდან ამოსულ ფერიას ჰგავდა. ხიბლში ჩავარდნილმა ბესიკმაც ექსპრომტად ლექსი მიუძღვნა. ციცინომ შეიფერა, ამაყად გადახედა თანაკურსელებს, რომლებთან ერთადაც იმ საღამოს კაფეში შემთხვევით შეეხეტა. სინამდვილეში, ეს არ იყო `შემთხვევითი~ შეხვედრა. უნივერსიტეტში სწავლის გარდა, ციცინო აქტიურად თანამშრომლობდა უშიშროების სამმართველოსთან. ამჟამად მას პოეტ ბესიკ მენაბდის ლოგინში ჩათრევა ევალებოდა.

ბესიკი არ იყო მექალთანე, ცოლად ჰყავდა ქალი, რომელსაც მუზად მიიჩნევდა და რომლის პათოლოგიურ ეჭვიანობაზე ქალაქში ლეგენდები დადიოდა. მაგრამ იმ საღამოს მან ბევრი დალია. ფერიის დარი ციცინო კი ისეთი გრძნობით ციტირებდა მის ლექსებს, ისეთი გულწრფელობით ეპატიჟებოდა საცეკვაოდ, ისეთი აღფრთოვანებით შესცქეროდა თვალებში, რომ ბესიკი გატყდა.

ცოდვიანი ღამის შემდეგ გამოფხიზლებულმა ბესარიონმა თავი უცხო ბინაში აღმოაჩინა, ნაჩქარევად ამოიცვა შარვალი

Page 80: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

და შეეცადა სამუდამოდ დაევიწყებინა ეს ინციდენტი. რა იცოდა მიამიტმა პოეტმა, რომ მისი აღვირახსნილი სექსი წინასწარ ჩამონტაჟებულ `ვიდეოპირატზე~ იწერებოდა.

ეს საშინელება მან მეორე დღეს გაიგო, როდესაც ნაცრისფერ კოლორში გადაწყვეტილმა სუკის აგენტმა სამსახურში გაუარა და `მაგარი კინოს~ ნახვა შესთავაზა.

უშიშროების კაბინეტში მჯდარი ბესიკი საკუთარ

თვალებს არ უჯერებდა - ეს დედიშობილა, ერეგირებული ცხოველი თვითონ იყო, ეს ფეხებაპლაკული ამორძალი - ციცინო. რას არ მოიფიქრებს კაცი მთვრალ ფანტაზიებში...

ნაცრისფერი აგენტის ულტიმატური ასე ჟღერდა: ან შეეშვება საეჭვო შინაარსის ლექსების წერას, ან ეს კასეტა ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოების ფართო ფენისთვის, მათ შორის მისი მეუღლისთვის.

ბესიკმა მოსაფიქრებლი დრო ითხოვა.

ნახევარი საათი მისცეს.

იმავე დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, პოეტი ბესარიონ მენაბდე უარს ამბობდა თავისი შემოქმედების ზოგიერთ ასპექტზე, მომავალში კი შეეცდება კომუნისტური სულისკვესებით აღსავსე რამდენიმე ლექსის დაწერას.

ახლოვდებოდა ცხრა მაისი. ლიტერატურულ გაზეთში დაიბეჭდა ბესიკ მენაბდის ორი ახალი ლექსი, ორივე ერთმანეთზე უარესი. სამაგიეროდ, მათში იგრძნობოდა ახალი დროების გამოძახილი. სოლიდურმა ჰონორარმაც არ დააყოვნა.

ასე მოკვდა ნიჭიერი პოეტი ბესიკ მენაბდე, მის ადგილას კი დაიბადა თვითკმაყოფილი ფუნქციონერი, რომელიც დღესაც მშვენივრად ცხოვრობს დაბა წყნეთში, საბჭოთა მთავრობის დანატოვარ აგარაკზე.

Page 81: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

საქმე # 2

კვლევით ინსტიტუტში, სადაც შოთა ლორია მთავარ

ტექნოლოგად მუშაობდა, გასაიდუმლოებული ლაბორატორია ფუნქციონირებდა. ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პროფესორ ზურაბ ვაჩნაძის პროექტით შექმნილი მეტეოროლოგიური ობსერვატორია ერთ წელიწადზე მეტია წარმატების გადაადგილდებოდა ატმოსფეროში და მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებების შესახებ დედამიწას ინფორმაციას აწვდიდა.

ამჟამად, ლაბორატორიაში მუშავდებოდა თანამგზავრის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც შეისწავლიდა წყლის მიმოქცევას არა მხოლოდ ატმოსფეროში, არამედ დედამიწის ზედაპირზე.

ლაბორატორიაიი შესვლის უფლება სულ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა, მათ შორის, შოთა ლორიას.

შოთა არ იყო უკმაყოფილო თავისი ცხოვრებით, ცოლი კარგი მეოჯახე შეხვდა, რაც მთავარია უპრეტენზიო. ის დიდხანს ეძებდა ქალს, რომელსაც არ ექნებოდა გართულება ძვირფას სამოსზე, სამკაულებზე, აგარაკზე, ყველა იმ წვრილმანსა თუ მსხვილმანზე, რაც ასე აღიზიანებს ხელფასზე მომუშავე კაცებს. ასეთ მიდგომას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა - შოთას გატაცება ფილატელისტიკით. რა სიძველის მარკები არ მოიპოვებოდა მის კოლექციაში... სიმწრის ნაშოვნი, ნალოლიავები. მისი ბინა ვოლიერს უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის საცხოვრისს. ყველგან ცხაურები ეკრა - ფანჯრებზე, აივნის კარებზე, სამზარეულოს სარკმელზეც კი. პათოლოგიურად ეშინოდა გაქურდვის, ნებისმიერ შეყოვნებულ გამვლელში ქურდი და ყაჩაღი ელანდებოდა. ქმრის სამსახურიდან მოსვლამდე ცოლს სახლიდან გასვლა ეკრძალებოდა. ისიც უჯერებდა, ქმარს აღმერთებდა და იმიტომ. რას წარმოიდგენდა უბრალო,

Page 82: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

შეუხედავი ბიბლიოთეკარი, ოდესმე მეცნიერის ყურადღებას თუ მიიპყრობდა. შოთა ეშხიანი მამაკაცი იყო, შავად მბზინავი ქოჩრისა და ფაფუკი ულვაშის პატრონი, ჰალსტუხის გარეშე გარეთ ფეხს არ გაადგამდა. სახლში დაჯდომა კი არა, ქმარს რომ ეთქვა, მესამე სართულიდან გადახტიო, უკანმოუხედავად გადახტებოდა.

შოთა არასოდეს ყოფილა შვებულებაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ ცოლ-შვილს დასასვენებლად უშვებდა. ასეთ დროს სახლში სიგნალიზაციას აყენებდა და მშვიდად მიდიოდა სამსახურში.

იმ საბედისწერო ზაფხულს შოთამ ცოლ-შვილი საირმეში გაუშვა. სამსახურიდან მობრუნებულმა სახლთან უზარმაზარი საზამთრო იყიდა და ხვნეშით მიიტანა ბინამდე. საზამთროიანა შევიდა სახლში და ადგილზე გაშეშდა.

სასტუმრო ოთახში, ჭრელი გობელენით გადაფარებულ დივანზე უცნობი მამაკაცი იჯდა და ცბიერად უღიმოდა.

შოთას დადამბლავებული ხელებიდან გაცურებულმა საზამთრომ იატაკზე მოადინა ჭახანი, წითელი შიგთავსი ამაზრზენ მასად მიეშხეფა კედლებს, მაგრამ შოთას ყურადღება არ მიუქცევია. მისი გაფაციცებული მზერა მაგიდაზე გადაშლილი ჭადრაკის დაფისკენ იყო მიმართული, იქ, სადაც ჩვეულებრისამებრ მარკების ალბომს ინახავდა. ალბომი არ ჩანდა. დაფის შინდისფერმა სიცარიელემ სუნთქვა შეუკრა, ჰალსტუხს დაეჯაჯგურა, გამოქაჩა.

ეს იყო კატასტროფა. ამ ცუდად მომღიმარმა ადამიანმა ისე შემოაღწია მის ბინაში, კარიც არ გაუტეხავს, საეჭვოდ უმტყუნა სიგნალიზაციამ...

- ვინ ხართ? - ამოიხრიალა გამომშრალი პირით.

- ნუ ღელავთ, ამხანაგო შოთა, თქვენი

ღირსშესანიშნავი მარკები უსაფრთხო ადგილზეა.

Page 83: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ქვეწარმავალს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ალბათ ასეთი ხმა ექნებოდა, კი არ ლაპარაკობდა, გიურზასავით სისინებდა. თვითონაც გამძღარ გველს ჰგავდა, რომელმაც ეს-ესაა მსხვერპლი გადაყლაპა და ახლა მონელების პროცესში იმყოფებოდა.

- რა გინდას ჩემგან?

- დაბრძანდით და ვილაპარაკოთ. მე სპეც-სამსახურის თანამშრომელი გახლავარ, თქვენთან ხელმძღვანელობამ გამომგზავნა. - ამ სიტყვებით ჯიბიდან მოწმობა ამოიღო და შოთას გაუწოდა.

შოთამ მოწმობას თვალი გადაავლო და უკან დაუბრუნა.

- როგორც ხედავთ, არაფერს გიმალავთ, თავისუფლად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემი პიროვნება, თუმცა, აქვე დავძენ - ჩვენს უწყებას არ სურს ამ ამბის გახმაურება.

- რა ამბის? - ვერ გაიგო შოთამ.

- პირდაპირ გეტყვით, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. ჩვენი მიზანია მეტეოროლოგიური თანამგზავრის პროექტის ხელში ჩაგდება.

- მე რა შუაში ვარ, ამ პროექტს ზურაბ ვაჩნაძე ამუშავებს.

- ვიცით, ყველაფერი ვიცით... მაგრამ თქვენ გაქვთ შეხება ამ პროექტთან. როგორც კი სამუშაო პროცესი დასასრულს მიუახლოვდება, პროექტი უნდა მოგვაწოდოთ.

- მოვიპარო?

- რაც გინდათ, ის დაარქვით.

- თუ ვერ შევძელი?

- წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოეთხოვეთ კოლექციას.

- უარს ვამბობ კოლექციაზე! - ბრაზით წამოიძახა შოთამ.

- და სამსახურზეც. - `ტკბილად~ გაუღიმა ადამიანმა-გიურზამ.

Page 84: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

შოთამ თვალები დახუჭა. ფოტოკადრებივით ჩაუქროლა საყვარელი მარკების ნიმუშებმა. ვერავინ, ვერასოდეს მიხვდება რას ნიშნავს მისთვის მარკები... ამ უსისხლო არსებას ჰგონია, რომ ფილატელისტი მხოლოდ კოლექციის შეგროვებითაა გატაცებული, შეიძენს რამდენიმე მარკას და უხარია. არავინ იცის, რამდენი დაუვიწყარი ღამე გაუთენებია შოთას მარკების თვალიერებაში, რამდენი საგულისხმო დეტალი აღმოუჩენია... განსაკუთრებით, საფოსტო მარკებს წყალობდა, ისინი ხომ ზედმიწევნით ასახავენ ისტორიულ პერიპეტიებს. ამასწინათ, საოკუპაციო რეჟიმის მარკა ჩაუვარდა ხელში - `ბათუმის ფოსტის~ დაბეჭდილი - `ბრიტისჰ ოცცუპატიონ~ 1919 წლის გამოშვება. ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი ამაყი...

- პასუხს ველი. - შეახსენა უწყების თანამშრომელმა.

- პროექტის გაქრობა მოკლავს ბატონ ზურაბს.

- ამხანაგი ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენს პრობლემას არ წარმოადგენს, ისევე, როგორც ჩვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას ნებისმიერ ბინაში შესვლა და ნებისმიერი სუბიექტისთვის ულტიმატუმის წაყენება.

- სუბიექტისთვის... - უაზროდ გაიმეორა შოთამ.

- დიახ, თქვენ არ იქნებით, სხვა იქნება. ყველას აქვს სუსტი წერტილი. იმაზე სუსტი, ვიდრე მარკების კოლექციაა.

- ჩემს თავში ვერ ჯდება მსგავსი ბოროტება.

- ეს პროლოგია იმასთან შედარებით, რაც გელით უარის შემთხვევაში.

მამაკაცი ქვეწარმავლის ხმით წავიდა, შოთა კიდევ დიდხანს იდგა ჰიპნოზურ ტრანსში.

ერთი თვის თავზე ბარტერი შედგა. შოთამ დაიბრუნა თავისი კოლექცია, სუკის აგენტმა საიდუმლო მასალა მიიღო.

Page 85: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

იმავე საღამოს, გულის შეტევით გარდაიცვალა პრიფესორი ზურაბ ვაჩნაძე. მისი დაწყებული პროექტი წარმატებით განხორციელდა მოსკოვის სამეცნიერო კვლევის ცენტრში, ვინმე ეგორ ბონდარჩუკის ხელმძღვანელობით.

საქმე # 3

- კორინთელი გელა რევაზის ძე. ფრიადი. - გამოცხადდა დიქტოფონში.

ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფრიადი მის ცხოვრებაში. ოქროს მედალოსანი აბიტურიენტი გელა კორინთელი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მერე იყო დედის გაბრწყინებული სახე, მეგობრების მილოცვები, მწვადები ბუნების წიაღში...

სტუდენტობის ბედნიერი ხანა, რომელიც პირველ სექტემბერს დაიწყო, მხოლოდ ოცდახუთ სექტემბრამდე გაგრძელდა...

ლექციიდან გამოსულ გელა კორინთელს კომკავშირის მდივანი მიუახლოვდა - გალოკილთმიანი ახალგაზრდა კაცი.

- ერთ მნიშვნელოვან პერსონას შენი გაცნობა სურს. წამომყევი.

გელა სიამოვნებით გაჰყვა. სულ არ გაუკვირდებოდა, თუ მას, როგორც წარჩინებულ სტუდენტს, რაიმე საზოგადოებრივ პოსტს შესთავაზებდნენ. მაგალითად, კომკავშირის მდივნის მოადგილეობას. კომუნისტური პარტია სულაც არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ პარტიის გვერდის ავლით კარიერის გაკეთებას რომ ვერ მოახერხებდა, მიზანდასახულმა ყმაწვილმა შესანიშნავად უწყოდა. ძალიან უნდოდა დიდი კაცი გამოსულიყო, დედა გაეხარებინა, საკუთარი ამბიცია დაეკმაყოფილებინა... რა იყო ამაში სათაკილო?!

Page 86: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ისინი გრძელი დერეფანის ბოლოში, ერთ-ერთ კაბინეტში შევიდნენ. ტყავის მასიურ დივანზე გამხდარი, სათვალიანი მამაკაცი იჯდა, მიწისფერი ელფერით ნაყვავილარ სახეზე. ორბორტიანი პიჯაკიდან ვერცხლის სარჭით დამაგრებული ლურჯი ჰალსტუხი მოუჩანდა.

- გამარჯობათ, ახალგაზრდავ! - ხელი გაუწოდა უცნობმა. - პოდპოლკოვნიკი გუმბერიძე.

კომკავშირის მდივანმა თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა და უკომენტაროდ დატოვა კაბინეტი.

უცნობის წინადადებამ გელა შოკში ჩააგდო. სათვალიანი მამაკაცი ჩამშვების როლს სთავაზობდა. გელას უნდა ეთვალთვალა თანაკურსელებისთვის, კარგად დაკვირვებოდა, აქვს თუ არა რომელიმე მათგანს იდეოლოგიური გადახრა, კავშირი უცხოელებთან, მისწრაფება ნარკოტიკისკენ... და მერე ყველაფერი პოდპოლკოვნიკისთვის მოეხსენებინა.

გელა იდგა და ყელზე მობჯენილი გორგალის გადაყლაპვას ცდილობდა. რატომ მაინცდამაინც ის, და არა სხვა? კურსზე, მის გარდა იყვნენ ფრიადოსანი სტუდენტები, ნუთუ სადმე შეეიალა, ისე ვერ მოიქცა, როგორც პატიოსან ახალგაზრდას შეეფერება...

და აქ, სათვალიანმა, თქვა ის, რის გარკვევასაც გელა კორინთელი მთელი ცხოვრება ცდილობდა.

- შენს ადგილზე კარგად დავფიქრდებოდი, რაში გჭირდება მამაშენის ვინაობა ქვეყანამ შეიტყოს?!

- მ-მამაჩემის? - ენა დაება გელას.

გელა ერთი წლის იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა. დედა ამბობდა, რუსეთში გადაიხვეწა და მისი გზა-კვალი არავინ იცისო. გელას უკვირდა - დავუშვათ გადაიხვეწა, მაგრამ ეს მამამისი ციდან ხომ არ ჩამოფრენილა, ხომ უნდა ჰყოლოდა მშობლები, ნათესავები... რატომ არავინ დაინტერესებულან,

Page 87: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

როგორ იზრდებოდა მათი სისხლი და ხორცი. `დაივიწყე~ - ამბობდა დედა, - `ეგენი ვერასოდეს გაიგებენ ჩვენ ფასსო.~ გელას არ აკმაყოფილებდა ბუნდოვანი პასუხი, გულში იმედს იტოვებდა, რომ მამა ოდესმე მოაკითხავს, გაიცნობს და შერცხვება, რომ ასეთი ჭკვიანი შვილი მოესწრო, მან კი არ დააფასა. თუ ეს მოხდება, გელა დიდსულოვნად აპატიებს, იმიტომ, რომ ახლო მომავალში, ის გახდება ცნობილი პროკურორი, ან გამომძიებელი, ან ადვოკატი... ყოველმხრივ წელში გამართული კაცი კი დიდსულოვანია, ბოღმას გულში არ ჩაიდებს.

- ჰო, მამაშენის. - დაუდასტურა სათვალიანმა.

- მაგით რისი თქმა გინდათ?

- შენი ნამდვილი გვარი გეცოდინება...

- კორინთელი ვარ.

- ეგ დედაშენის გვარია.

- რა მოხდა მერე?

- როგორ თუ რა მოხდა? ნაბიჭვარი ხომ არ ხარ, შენ გყავს ოფიციალური მამა, რომელთანაც დედაშენს ხელი აქვს მოწერილი. არასოდეს დაფიქრებულხარ, რატომ უნდა ყოფილიყავი დედის გვარზე?

- ვინ არის მამაჩემი?

- მკრტიჩიანი ვოვა გურგენის ძე. ცხოვრობს ავლაბარში. მუშაობს პროფილაქტიკაში, მეთუნუქედ.

როცა გელა გონს მოვიდა, სათვალიანი კაცი გრაფინიდან წყალს ასხამდა.

იმ საღამოს დედამ საყვარელი კერძი - პელმენი დაახვედრა. არაჟანით.

- მამაჩემი სომეხია? - კბილებში გამოცრა გელამ.

Page 88: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დედას კოვზი გაუვარდა ხელიდან. ქვითინი აუვარდა და ყველაფერი მოუყვა...

ისინი ზღვაზე შეხვდნენ ერთმანეთს. დედა მეორე კურსის სტუდენტი იყო, ვოვა - ჩვეულებრივი მუშა. დედამ იმთავითვე იცოდა, რომ მათ მომავალი არ ექნებოდათ, მაგრამ სიყვარულმა არ იცის ნაციონალობა, არც ქონებრივი ცენზი, არც სტატუსი... ის დანებდა საყვარელ მამაკაცს. საქართველოში ბევრია შერეული ოჯახები, შვილებიც ჰყავთ და თავსაც ბედნიერად გრძნობენ, მაგრამ დედას ოჯახმა თავი გაიგიჟა: `როგორ თუ სომეხი?! რაც მთავარია, როგორ თუ მუშა?!~

დედამ მაინც თავისი გაიტანა. ხუთი თვის ფეხმძიმე მშობლიური სახლიდან გამოიპარა და საცხოვრებლად ვოვასთან გადავიდა, ძველსა და ხმაურიან სახლში, სადაც მათ გარდა ცხოვრობდნენ: მამამთილი, დედამთილი, ბებია-ბაბუა, მაზლი თავისი ცოლ-შვილით, მული... ისინი კარგად შეხვდნენ რძალს, შეიძლება ითქვას, ცივ ნიავს არ აკარებდნენ, მაგრამ გელას დედას მუდმივად ეტირებოდა, მშობლები ენატრებოდა, თავისი მყუდრო ოთახი, მეგობრები, ინსტიტუტი...

სამშობიაროში მამამისმა მოინახულა და ულტიმატუმი წაუყენა:

- ან ჩვენთან მოდიხარ შენს შვილთან ერთად, ან ეს იქნება ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა.

- ვოვა გაგიჟდება. - დედამ ცრემლი გადმოყარა.

- შენ გინდა წამოსვლა?

დედამ წარმოიდგინა, როგორ ბრუნდება სამშობიროდან სოროში, რომელსაც მისი და ვოვას ოთახი ერქვა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- მაგათ მე ავიღებ ჩემ თავზე. - თქვა მამამ.

- ვოვა არ გამომიშვებს.

Page 89: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ვინ ეკითხება მაგ სომხუშკას?!

დედას არასოდეს უკითხავს, როგორ მიაჩუმათა მამამ ეს ისტორია. აღარც ვოვა უნახავს. ბავშვი დედის გვარზე გადაიყვანეს, დაბადების მოწმობაში მამის ნაცვლად ბაბუის სახელი ჩაწერეს. ეს იყო და ეს.

- არ გიყვარდა? - ჰკითხა გელამ.

- არ მინდოდა, ჩემი შვილისთვის დაეცინათ.

- დედაჩემო, არასოდეს გიფიქრია, რომ სწორედ იმას დასცინიან, ვინც თავგამოდებით მალავს თავის ნაციონალობას?!

- ვინ დამღუპა შვილო, თვითონ მოვიდა?

გელამ არაფერი უპასუხა.

მეორე დღეს თავად ეახლა პოდპოლკოვნიკ გუმბერიძეს და თანამშრომლობაზე თანხმობა განუცხადა.

გელა რევაზის ძე კორინთელი დღეს ცნობილი იურისტია, ჰყავს ცოლი და სამი ივილი.

პოდპოლკოვნიკი გუმბერიძე დამსახურებული პენსიონერია, მის ვაჟს მაღალი პოსტი უკავია სამთავრობო სტრუქტურაში....

საქმე # 4... საქმე # 5...

სათვალე მოვიხსენი და საქაღალდე გვერდზე გადავდე.

რა შემიძლია ვთქვა ნესტორ ჩუბინიძეზე გარდა იმასა, რომ ის ბოროტი ადამიანია. სხვა შემთხვევაში, როგორ ავხსნა მისი დაუოკებელი ლტოლვა საარქივო მასალების გამოქვეყნებისკენ. მესმის, საუკუნეების წინ ჩადენილ დანაშაულებებზე იყოს ლაპარაკი! ამ ადამიანებიდან ზოგიერთი ჯერ ისევ ცოცხალია. არც ერთი მათგანი თავისი

Page 90: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ფეხით არ მისულა უშიშროების სამსახურში და არც დამსმენად მუშაობის სურვილი გამოუთქვამს. ისინი შანტაჟის მსხვერპლნი იყვნენ... ან მათმა შთამომავლებმა რა დააშავეს? რატომ უნდა აგოს შვილმა პასუხი მამის სისუსტეზე?

არა, ბატონო ნესტორ, მისამართი შეგეშალათ. იათამზე მდივანი ამ სიბინძურეს რედაქციაში არ წაიღებს.

საქაღალდეში ათეულობით ასეთი `საქმე~ იდო. სხვების წაკითხვა დროებით გადავდე, იმ რამდენიმე ისტორიამ, რომლის გაცნობა მოვასწარი, რეალობის შეგრძნება დამიკარგა. უნებლიეთ გავხდი საშინელებათა ფილმის თანამონაწილე... მე ვიყავი პოეტი ბესიკიც, ფილატელისტი შოთაც, გულის შეტევით გარდაცვლილი ზურაბ ვაჩნაძეც, გელაც და დედამისიც... მე ვიყავი უცხოელზე შეყვარებული ახალგაზრდა ქალიც, რომელსაც სპეც-სამსახურის აგენტებმა თანამშრომლობაზე დაიყოლიეს; მე ვიყავი გაუპატიურებული გოგოც, რომელიც უშიშროების იზოლატორის ფანჯრიდან გადმოხტა; მე ვიყავი ბიოლოგიურ მეცნიერებასა დოქტორიც, რომლსაც პლაგიატობა დააბრალეს; მე ვიყავი ნესტორ ჩუბინიძეც, რომელიც ყოველივე ამას კითხულობდა და მისი წითელი ფანქარიც, რომლითაც გარდაცვლილების გვარებს ხაზავდა...

მე იმდენი `ვინმე~ ვიყავი, აბაზანა რომ არ მიმეღო, ზეზეულად დავლპებოდი.

მობილური სარეცხის მანქანაზე შემოვდე (ვინიცობაა, დათამ დარეკოს), აბაზანა წყლით გავალიცლიცე და ჩავწექი.

ძარღვებში სასიამოვნო მოთენთილობამ დამიარა. თავისით დამეხუჭა თვალები. ქუთუთოს შეფარებული ცეცხლოვანი წერტილები წამით აენთნენ და მომენტალურად ჩაქრნენ. მერე ისევ გამოჩნდნენ და უცნაური, სარიტუალო ცეკვით შავ ხვრელში გაუჩინარდნენ. შავი ხვრელი ერთი შეხედვით ჩანდა შავი, სინამდვილეში, იისფერი და რუხი წრეები დაყვებოდა. ალბათ ასე გამოიყურება კოსმოსი. მე რომ მხატვარი ვიყო,

Page 91: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

რაიმე აბსტრაქტულ კომპოზიციას დავხატავდი, სათაურით: `ქუთუთოს მიღმა გაზაფხულია.~

უეცრად ჩამოვარდნილ სიჩუმეში დისკომფორტი ვიგრძენი. არ არსებობს აბსოლუტური სიჩუმე, არსებობს ჰაერში გამოკიდებული უხილავი მუხტი, რომელსაც კანით გრძნობ, როგორც საქონელი მოსალოდნელ მიწისძვრას. თვალები ჯერ ისევ დახუჭული მქონდა, როცა მივხვდი - აბაზანაში მარტო არ ვარ.

ის აქ იყო - ჩემი სიკვდილი. მას მარიცა ციხისელი ერქვა. აბაზანის კიდეზე ჩამომჯდარიყო და სენტიმენტალური ღიმილით პისტოლეტს მიმიზნებდა.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება დედიშობილა მოვმკვდარიყავი საკუთარ აბაზანაში.

წამოვიწიე.

- არა, იწექი. ასე უფრო კარგად გამოიყურები. - ჩაიცინა მარიცამ.

რას ნიშნავს `კარგად გამოიყურები.~ ეს ქალი ლესბოსელი ხომ არ არის ნეტავ?

- გააჩნია ვისთვის. - ავღნიშნე ყოველი შემთხვევისთვის.

- ვინც პირველი გიხილავს. სიკვდილსაც თავისი შარმი აქვს, ჩემო კარგო, განსაკუთრებით ნაადრევ სიკვდილს.

- განსაკუთრების თაფლობისთვეში.

- ჰო, ძალზედ პოეტურად ჟღერს. - მარიცამ შუბლზე ჩამოშლილი თმა პისტოლეტიანი ხელით შეისწორა.

სულ არ ჰგავდა მკვლელს. წითელზოლიანი მაისური ეცვა, ტილოს ხალვათი შარვალი, ნამიან სახეზე ვარდისფერი დაჰკრავდა.

- რა ვქნა, იამზე, სხვა გზა არ დამიტოვე, რა გინდოდა, რას მერჩოდი?

Page 92: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- სიმართლის დადგენა მსურდა. – საკუთარი ხმა მეუცხოვა. ინტონაციაც.

- თუკი შენი სიმართლე ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის ხაზზე გადის, თუკი შენი სიმართლით ჩემი ახლობლები იზარალებენ, გავკარი შენს სიმართლეს! – წინ გადმოიხარა და პისტოლეტის ლულის შუბლზე მომიკაკუნა.

მისი ავარდისფერებული სახე ჩემს თავთან დაეკიდა. მკაფიოდ დავინახე თვალის უპეებში გაწოლილი ნაოჭები - ჩიტის ნაფეხურივით წვრილი და სიფრიფანა; შემკრთალი ნესტოები; პატარა, ხორცისფერი ხალი ნიკაპზე... ასეთი პატარა ხალები ასაკის მატებასთან ერთად მსუქან პაპილომებად გადაიქცევიან ხოლმე... ცხვირში `კელვინ კლაინის~ გრილმა სურნელმა შემიღიტინა. ქალი მაინც ქალია - ბოროტმოქმედების ჩასადენად სუნამომოპკურებული გამოცხადდა.

- `ახლობლებში~ ძაღლს გულისხმობ?

- თუნდაც ძაღლს! - მარიცა წელში გასწორდა და იარაღიანი ხელი მუხლს ჩამოაყრდნო. - ზესხო შვილივით მყავდა გაზრდილი, შენ კი საწამლავი აყლაპე.

- ჩემთვის განკუთვნილი საწამლავი! _ შევახსენე.

ცოტა აგრესიულად მომივიდა, რისთვისაც მაშინვე დავისაჯე: მარიცამ თავისუფალი ხელი მომიქნია. მოულოდნელობისგან წყალში ჩავყურყუმელავდი. თვალებდაქაჩულმა ამოვყვინთე უკან. ენაზე მლაშე გემო ამყვა, ტუჩი თუ გამისკდა.

- მეორედ არ გაბედო ხმის აწევა, თორემ აქვე მიგაცხრილავ. – დამემუქრა მარიცა.

- არ დამასახიჩრო, ისე მომკალი. - შევთხოვე უკანასკნელი მათხოვარივით.

- კარგი აზრია. აბაზანაში დახრჩობა გაწყობს?

Page 93: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- დახრჩობა?... არა, დახრჩობა არ მაწყობს. რას ჰგავს დამხრჩვალი ადამიანი?! ამოვალ, გავიმშრალებ, ჩავიცვამ, თმას დავივარცხნი და მერე მომკალი, ოღონდ საფეთქელში არ მესროლო, გულში მირჩევნია.

- ბებიაშენის ტრაკმა, რა ჭკვიანი ხარ?!

ასეთ უხეიობას, თუნდაც მკვლელისგან, არ ველოდი. რა შუაშია ცხონებული ბებიაჩემის არისტოკრატული საჯდომი ამ გაუგებრობასთან. ჩემო ქეთუსია ბებია, შენი საყვარელი იკაკო მალე მოფრინდება შენთან. ის ჯალათის ხელით მოკვდება, წამებულივით. შენ, როგორც მასპინძელს შეეფერება, საიქიოს კართან დამხვდი, რათა გადამწყვეტ დროს ადვოკატობა გამოწიო მამაზეციერის წინაშე.

- დაივარცხნის! - ნიშნისმოგებით განაგრძო მარიცამ. - პანაშვიდიც მე ხომ არ გადაგიხადო?

- პანაშვიდის რა მოგახსენო, მაგრამ აღსარების თქმა არ გაწყენს. ვინმემ ხომ უნდა იცოდეს სიმართლე?!

- თუნდაც შენსავით განწირულმა, არა?

პასუხად წამწამები ავახამხამე. მინდა ვიყო ამაყი და ცინიკური, მაგრამ არ გამომდის, ამაოდ ვცდილობ სამარცხვინოდ გამომტყვრალი ცრემლის უკან დაბრუნებას. ის კი მოგორავს, ლოყაზე მიღუტუნებს, თბილ წყალს უერთდება.

- ჯანდაბას შენი თავი, მკითხე, რაც გაინტერესებს. - დიდსულოვნება გამოიჩინა მარიცამ.

- რატომ მოკალი შენი და?

ხმამაღლა გადაიხარხარა. მერე უცებ დაშოშმინდა და ცალი ხელით სიგარეტს მოუკიდა. თანამედროვე ვესტერნის გმირს ჰგავდა, მაშინ, როცა მე, ლოქოსავით ვტივტივებდი შეგრილებულ წყალში.

Page 94: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ნინო ხელს მიშლიდა თავისი სწორხაზოვანი გამოსვლებით... და არა მხოლოდ ბოლო წლებში. რაც თავი მახსოვს, ჭკუას მასწავლიდა. არ იფიქრო, ზოგადად ჭკუის დარიგება მაღიზიანებს, მაგრამ გააჩნია ვისგან! ადამიანისგან - რომელსაც არ ჰქონდა პირადი ცხოვრება, რომელიც ვერ შედგა, როგორც ქალი; როგორც დამოუკიდებელი პიროვნება; ვერ გათავისუფლდა ბავშვობის კომპლექსებისგან - შენიშვნას ვერ მივიღებ. ნინოს ცხოვრებას არც ერქვა ცხოვრება, ის ჩემი ჩრდილი იყო, ჩემი ორეული. მე ვმღეროდი, ის მისმენდა; მე მიყვარდა, ის ნერწყვებს ყლაპავდა; მე შვილს ვაჩენდი, იმას ჭინთვები ეწყებოდა. რამდენჯერ ვუთხარი: დამანებე თავი, დაკავდი შენი საქმით, გათხოვდი, ან საყვარელი გაიჩინე... მაგრამ არა, ჩემი თვალთვალი იდეაფიქსად ექცა. ბოლოს იანტაჟზე გადავიდა.

- შანტაჟზე? – ლოქოს პირობაზე ცოტა გამოვცოცხლდი.

- ჰო, შანტაჟზე. ქმართან დასმენით დამემუქრა. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩემს ცხოვრებაში კახა ჩუბინიძე გაჩნდა. ერთმანეთი შეგვიყვარდა. სიგიჟემდე. მე ქმარ-შვილი მყავდა, იმას – ცოლ-შვილი. მომავალზე ფიქრიც ზედმეტი იყო, მაგრამ სიყვარულმა არ იცის `მომავალი~, ის ახლა არის, ამ წუთას - გრიგალივით შეუპოვარი, საპნის ბუშტივით მოსაფრთხილებელი, ღვინოსავით დამათრობელი...

გაოცებული ვუსმენდი მარიცას ლირიულ გადახვევას, რაღაც მომენტში, ჩემი გაჭირვებაც დამავიწყდა.

- გამოდის, კახა შენი საყვარელი ყოფილა, და არა ნინოსი.

- ასეა, კი. ნინოს ნებისმიერი მცდელობა ჯანმრთელი ურთიერთობა დაემყარებინა მამაკაცთან, კრახით მთავრდებოდა. იცი რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერში მე მბაძავდა: ჩემსავით იცვამდა, ჩემსავით ხუმრობდა... ერთხელ, თმა შევიჭერი. ისე გაბრაზდა, ერთი კვირა არ დაურეკავს. ნეტავ იცოდე, იამზე, როგორ დავისვენე ის ერთი კვირა. მეორე მხრივ, გული მიკვდებოდა მისი საცოდაობისგან, რაც

Page 95: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

არ უნდა იყოს, ცხრა თვე ერთ მუცელში მოგვიწია ყოფნა. ამ საცოდაობის კომპენსირებას ჩემი დაცინვის ხარჯზე ცდილობდა – თავქარიანი, უტვინო, ჩერჩეტი... რომელი ერთი გავიხსენო?! მე სულგრძელად ვპატიობდი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი...…

- და შენ ის მოკალი.

- წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახი დამენგრეოდა.

- იქნებ შენი ოჯახის შენარჩუნება სურდა?!

- ერთი ხელის მოსმით რომ შეიძლებოდეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა, ქვეყნად პრობლემა არ იქნებოდა. სიყვარული სახადივათაა, ეტაპობრივად გადის ორგანიზმიდან. ეს ვერ შევასმინე ნინოს, ვერა და ვერა! თავისი რაციონალური ჭკუით უდგებოდა ყველაფერს - ან ახლა, ან არასდროს! ფეხმძიმობის ამბავი რომ შეიტყო, სულ გადაირია. არადა, მინდოდა ის ბავშვი, სიგიჟემდე მინდოდა. ვფიქრობდი, ბავშვი გადამარჩენდა, ბავშვი გადამაწყვეტინებდა ვისთან დავრჩე - კახასთან თუ თემოსთან. მაგრამ ასე არ ფიქრობდა ნინო. მისი აზრით ცოდვის ნაყოფი არ უნდა გაჩენილიყო. სასოწარკვეთილებაში მყოფი მიმათრია მანგლისის სახლში, იქ ვიმშობიარე, როგორც უკანასკნელმა მაწანწალამ. დღესაც არ ვიცი დანამდვილებით, რა უქნა ჩემს პატარას! სისხლისგან ვიცლებოდი, გონებას ვკარგავდი, მომხდარს სხვა განზომილებაში აღვიქვავდი. მოგვიანებით მითხრა, თითქოს ბავშვი დაბადებისთანავე მომკვდარა, მაგრამ მე არ დავიჯერე. არც მაშინ დავიჯერე, არც ახლა მჯერა.

მარიცას თვალში გამკრთალმა ცრემლმა გული მომილბო, მაგრამ რაღაცეებში ეჭვი შემეპარა.

- ვერ ვხედავ ლოგიკას მის საქციელიი. დის ოჯახის შენარჩუნების მიზნით წახვიდე ასეთ დანაშაულზე... რაღაც ვერ არის ისე...

Page 96: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- გამჭრიახი ქალი ხარ შენ, იათამზე. მას ჰქონდა მიზანი.

- რა მიზანი?

- საქმე იმაშია, რომ... იმაშია, რომ ერთხელ ვთხოვე შევეცვალე - ჩემ მაგივრად დაწოლოდა თემოს. ეს მოხდა ჩემი და კახას სასიყვარულო ურთიერთობის ზენიტში. თემო რაღაც ბანკეტზე მიდიოდა, მე თავის ტკივილი მოვიმიზეზე და სახლში დავრჩი. როგორც კი ქმარი თვალს მიეფარა, კახასთან გავვარდი პაემანზე. ერთმანეთით ვერ ვძღებოდით... ეს იყო სიგიჟე. როცა მივხვდი, თავს ვერ დავაღწევდი მის მკლავებს, ნინოს დავურეკე. ვთხოვე წასულიყო ასეთ... ასეთ დათმობაზე.

- ანუ, საკუთარ სიძესთან დაწოლილიყო...

- ჩემს ლოგინში დაწოლილიყო, - დამიზუსტა მარიცამ, - რომ გვიან ღამით, ბანკეტიდან მობრუნებულ თემოს ეჭვი არ შეპარვოდა. რომ გითხრა, ნასვამი თემო დიდი სექსუალური აქტივობით გამორჩევა, მოგატყუებ. გადაბრუნდება ხოლმე და სძინავს. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვანაირად მოიქცა.

- ვინ მოიქცა სხვანაირად - თემო თუ ნინო?

- ვეჭვობ, ნინო. მას ყოველთვის მოსწონდა ჩემი ქმარი, შეიძლება უყვარდა კიდეც, ამდენი არ ვიცი. მაგრამ იმ დღის შემდეგ ნინო შეიცვალა - უფრო დამთმობი გახდა, უფრო ალერსიანი. მეც მოვდუნდი, დინებას გავყევი, ვიფიქრე, რაც იქნება, იქნება. იმაზე უარესი რაღა უნდა ყოფილიყო - სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი. იმავე პერიოდში, თემო ნახევარი წლით შტატებში გაემგზავრა, ექიმთა დახელოვნების კურსებზე. დროების ნინოსთან გადავედი საცხოვრებლად. ყველა კონცერტი გადავდე, მინდოდა დამშვიდებულ გულზე ამეწონ-დამეწონა სიტუაცია და საბოლოო გადაწყვეტილება მიმეღო.

- რა დასკვნა გამოიტანე?

- თემო მომენატრა.

Page 97: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ნინოსაც ეს არ უნდოდა?! - ვერ მოვითმენე მე.

- უნდოდა, მაგრამ ერთი პირობით - ხანდახან ჩემი ქმარი დამეთმო. მანქანით მივდიოდით, როცა ეს ამბავი გამიმხილა. ნერვებმა მიმტყუნა და გავარტყი. ნინოს საჭე გაუვარდა ხელიდან, მანქანა ხევში გადაიჩეხა, მე მოვასწარი გადმოხტომა. საკმაოდ სერიოზული ტრამვა მივიღე, მაგრამ გადავჩი.

- გამოდის, განზრახ არ მოგიკლავს.

- მაგრამ მე მინდოდა მისი სიკვდილი, იმ მომენტში მინდოდა!

- რამაზი რატომ მოკალი?

- რამაზმა კახას დაშანტაჟება გადაწყვიტა, კახამ, თავის მხრივ, ჩემი. ჩემი ივილის ძვლების დაიწყეს სპეკულირება... არამზადები! – მარიცამ მყისიერად მოაბრუნა თავი. შემეშინდა, კისერი არ მოძვრეს. - არავის მივცემ უფლებას ძლივს აწყობილი ცხოვრება ხელმეორედ დამინგრიოს, საკმაოდ დიდი მსხვერპლი გავიღე სიმშვიდის მოსაპოვებლად. ყველას გადავუვლი, მას შორის შენ, იათამზე!

- ანონიმური წერილი შენ მისწერე რამაზს?

- ჰო. იმთავისვე არ მომეწონა მისი ვითომ კონსპირაციული ბჟუტური მანგლისის სახლთან დაკავშირებით, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. მერე, როცა კახამ დამირეკა და უცნობ მამაკაცთან შეხვედრის დეტალებზე მიამბო - დავეჭვდი. უცნობის გარეგნული მონაცემები ზედმიწევნის ემთხვეოდა რამაზისას. მაშინ გადავწყვიტე ანონიმური წერილის მიწერა. ის ცალტვინა რამაზი კი, იმის ნაცვლად ჩამკვდარიყო, შენთან გამოქანდა, მანგლისში. საღამოს, როცა თემო სახლში მოიყვანა, გამოველაპარაკე და მოწამლული ხილის წვენი გადავეცი.

- როგორ გაიმეტე...

Page 98: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- როგორც მე გამიმეტეს. ამ ცხოვრებაში ყველაფერი დასწრებაზეა, მე რომ არ ჩამეძირა, ის ჩამძირავდა.

- კახა?

- კახასგან რაც დარჩა, ჩემზე უკეთ მოგეხსენება. დაღუპული კაცია, რატომღაც ჩათვალა, თითქოს მე მიმიძღვის ბრალი მის გაუბედურებაში. იფიქრა, ერთი ხელის მოსმით ორ კურდღელს დაიჭერს - მარიცას ფულს გამოსძალავს და სამაგიეროსაც გადაუხდის. დრო არ ითმენდა, ხვალ თუ არა, ზეგ, კახა გაიგებდა რამაზის სიკვდილის შესახებ და გაათმაგებული ენთუზიაზმით მომაწვებოდა. ამიტომ გახდა საჭირო მისი ლიკვიდაცია. სამწუხაროდ, სიკვდილის კანდიდატთა რიცხვი ამით არ შემცირებულა, ჩუბინიძეების სახლთან ახლა შენ გამოჩნდი. გადარეულივით გადადიოდი ქუჩას... კარგი იყო, ადგილზე მიმესიკვდილებინე, მაგრამ ვერ გავრისკე. ვიფიქრე, იქნებ გონს მოეგოს, არ ჩავამწარებ თაფლობისთვეს. მაგრამ არა, შენ არათუ შეგეშინდა, ფოტოსურათით ხელში დამეხატე, ამითაც არ დაკმაყოფილდი და ის სუნიანი მაიორი დამაყენე თავზე.

- სულაც არაა სუნიანი... - სერგოს დასაცავად თავი გამოვიდე. - რა უნდოდა? - დავამატე ინტერესით.

- მწვანე `ფორდის~ დაინტერესდა. აი, მაშინ გადაწყდა შენი ბედი, მშვენიერო ვენერა. - აგდებლად ჩამომხედა. - მორალური კომპენსაციის სახის არქივსაც წავიყოლებ.

- რომელ არქივს? - გამახსენდა ტახტზე დატოვებული საქაღალდე.

- რომელიც ნესტორ ჩუბინიძის სახლიდან წამოიღე. კახაც ილესავდა კბილებს იმ არქივის დასათრევად, მაგრამ გველაძუა გებეშნიკმა ისეთ ადგილზე დამალა, ეშმაკი ვერ მიაგნებდა. არ ვიცი, რით მოხიბლე ასერიგად, რომ შვილის ჯერაც არგაციებულ ცხედართან ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტაცია განდო. რით მოხიბლე იათამზე? ბებერი ძვლები ხომ არ გაუთბე არქივის სანაცვლოდ? გიკვირს, არა?...

Page 99: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ნუ გაგიკვირდება. ძველ ჩინეთში მომაკვდავ ბერიკაცებს სიცოცხლის გახანგძლივების მიზნით ახალგაზრდა გოგონებს უწვენდნენ. გეღიმება... იცი, რა დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი გერონტოლოგები?... არ იცი, მაშინ მისმინე. ათი წუთის განმავლობაში ახალგაზრდა, ფაშფაშა ქალის ყურება ოცდაათწუთიანი აერობიკის ექვივალენტურია. ხა, ხა! დააჯინეს ლიბიდოდაკარგული მოხუცები და ქალების სტრიპტიზს აყურებინეს. შენ წარმოიდგინე, თავი გაცილებით უკეთ იგრძნეს, სისხლის მიმოქცევა დაურეგულირდათ, პულსი ნორმაში ჩაუდგათ. ჰა, რომ რას იტყვი, იამზე, აუჩუხჩუხე გაწყალებული სისხლი ბებერ კაზანოვას?

- რომელი პამელა ანდერსონი მე მნახე?!

- ნუ იტყვი, ნუ იტყვი... – მარიცამ კრიტიკულად გაზომა წყალში მოტივტივე ჩემი სხეული. – ქალის პირობაზე ზედმეტად მაღალი ხარ, მაგრამ ზოგიერთებს მოსწონთ ცხენივით ქალები. იგივე დათას. რამე რომ იყოს, არც ჩემი ქმარი იტყოდა უარს... ისეთი აჟიტირებული ყვებოდა შენს დედუქციურ მონაცემებზე, ცოტათი ვიეჭვიანე კიდეც...

სარეცხის მანქანაზე ჩემი მობილური გამოცოცხლდა. მარიცამ წამიერად მოადუნა ყურადღება, მე კი ვისარგებლე შემთხვევით, გაწუწულ ნიმფად ამოვიზარდე წყლიდან და იარაღის წართმევას შევეცადე. კარატისტის შესაშური რეაქცია აღმოაჩნდა. ისეთი ალიყური მითავაზა, ტყლაშანით გადავვარდი უკან, აბაზანაში.

როცა თავი ავწიე, მარიცას უძრავი სახე დავინახე. იქ ჩემი განაჩენი ეწერა.

- დროზე მორჩი თუ რამის თავი გაქვს! - ამოვიხავლე გამწარებულმა.

ამბობენ, ხმა სულის ინსტრუმენტიაო, ის არ იცვლება და არც ბერდება. ტყუილია. ეს არ იყო ჩემი ხმა, ეს ჩემი სული კიოდა საიქიოს გასაყარიდან.

Page 100: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მარიცამ თავისუფალი ხელის თაროზე შემოდგმული ჭიქა გაათავისუფლა. მეტლახზე ჩემი საამაყო ქოლგეიტ მასაჟორი გაწკარუნდა - პარადონტოზიანი ღრძილებისა და კარიესიანი კბილების მოსისხლე მტერი. მარიცამ მხარზე მოგდებული ჩანთიდან პენიცილინის ბოთლი ამოიღო, შიგთავსი ჭიქაში გადმოასხა, ცოტაოდენი წყალი დაუმატა და პირთან მომიტანა.

- დალიე. - მიბრძანა უხეშად. - ხომ გინდა ლამაზი მიცვალებული იყო?

ტუჩები მოვმუწე და უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.

- ტყვია გირჩევნია? - პისტოლეტი შეათამაშა და ისეთი გაკვირვებული სახე მიიღო, თითქოს ჭიქა ლიმონათზე ვეუბმებოდი უარს.

- იათამზე, შენს ქვევით ინტრიგანი მეზობელი ცხოვრობს?

ვერ მივხვდი, რა შუაშია ინტრიგანი მეზობელი, იმანაც აღარ დამიკონკრეტა, მანიშნა - მიდი, დალიეო.

ჩემი აკაწკაწებული კბილები უკვე ეხეთქებოდა ჭიქას, მარიცამ კი ონკანი მოუშვა. ერთი წამით მომაცილა მზერა, სულ ერთი წამით. და ეს წამი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საწამლავი პირიდან გადმომეშვა და სასიკვდილო აგონია გამეთამაშა. აბაზანის კიდეს ჩაბღაუჭებული ხელები მოწყვეტით `ჩავაგდე~ წყალში, თვალები ჯერ ამოვატრიალე, მერე დავხუჭე. პირში აუტანელ სიმწარეს ვგრძნობდი, სული მეხუთებოდა - ცალკე სიცხისგან, ცალკე - შიშისგან.

მარიცამ თვალის უპე ჩამომიქაჩა. მარცხენა ხელით მოქმედებდა, გამოდის, პისტოლეტისთვის ხელი არ გაუშვია.

- იამზე?... – დამიძახა, ყოველი შემთხვევისთვის.

არავითარი რეაქცია. თვალდახუჭული ვიწექი აბაზანში და მგონი მართლა ვკვდებოდი. წყლის ჩხრიალში ჩამესმა მობილურის ხმა. დათა თუ მეძებს...

Page 101: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

როდის-როდის გავაცნობიერე, რატომ ახსენა წეღან ინტრიგანი მეზობელი. ის ჩემი სიკვდილის ინსცენირებას გეგმავდა! ვითომ ჩავწექი აბაზანაში, ვითომ ჩამეძინა, ვითომ ონკანი მოშვებული დამრჩა, ვითომ შემთხვევით დავიხრჩე... წყალი თუ დამფარავს, მართლა დავიხრჩობი. მერე მეზობელი ამოვარდება, კარს შეამტვრევს, აბაზანაში კი მე დავხვდები - წყალში მოტივტივე მოლურჯო შეფერილობის გვამი.

წყალი უკვე კისრამდე მწვდება, ნიკაპს შეეხო და ტუჩებზე მომითათუნა, სულ ცოტაც და სასუნთქ გზებს გადამიკეტავს, გული რეფლექსურად გაჩერდება. რამდენი ხანს შემიძლია გავძლო წყლის ქვეშ - ათი, ოცი, ოცდაათი წამი? ბეჰემოტს ხუთი წუთი შეუძლია, მისისიპის ალიგატორს - ორი საათი. სამოცდაათამდე დავთვალე. ეს აღმოჩნდა ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი. ფრთხილად ამოვიწიე წყლიდან. თვალები გავახილე.

მარტო ვიყავი. მოღიავებული კარიდან დერეფნის კვადრატი მოჩანდა. ერთი პირობა მობილურის აღება დავაპირე, მაგრამ მივხვდი, ძალა არ მეყოფა, საწამლავის მცირე დოზამჱთუ იმოქმედა.

მარიცა ჯერაც აქ იყო, რასაც მოწმობდა ოთახიდან გამოსული მსუბუქი შრიალი. უეჭველი კიდევ შემოვა - შესამოწმებლად. რაც შეიძლება ბევრი ჰაერი ჩავისუნთქე და გაძეძგილი ფილტვებით წყლის ქვეშ გავუჩინარდი.

ცხელი წყალი მოუშვია ამ სადისტ დედაკაცს, მოკვდინება არ ყოფნის, ჩემი მოხარშვა განიზრახა, გორგასალის ხოხობივით. წყალი სახეს ჯერჯერობით არ მწვავდა, მაგრამ კიდურები საგრძნობლად გამიცხელდა. იმედს ვიტოვებ, ბაკი ოდესღაც დაიცლება. კარგი იქნება, ეს სასიხარულო ამბავი ჩემს სიკვდილადმე მოხდეს. მთავარია გავუძლო. ბენებრივი ეფექტის მოსახდენად თვალები დავჭყიტე, თავში გალაქტიონის ლექსმა გამიელვა `გახელილი თვალების~ თემატიკაზე, აგრეთვე ამერიკული თრილერების მთელმა

Page 102: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

სერიამ, სადაც აბაზანებში მოტივტივე ქალების გვამები ფიგურირებდნენ.

მე ის არ დამინახავს, უბრალოდ ვიგრძენი, რომ შემოვიდა, დამხედა და წავიდა.

ფრთხილად, ძალიან ფრთხილად დავიძარი. ჯერ ცხვირი ამოვყავი და წყლის ზედაპირს ავეწეპე, აკვარიუმის თევზივით. ნესტოებში ხმაურით შესრიალდა ორთქლიანი ჰაერი. მეზობელთან წყალი თუ ჯერ არ ჩასულა, სულ მალე ჩავა. მეტლახზე წკაპაწკუპი გაუდის წვეთებს. მეზობელი კი მართლა ინტრიგანი მყავს. ვერც გაამტყუნებ, ახალახანს გააკეთა რემონტი. მარიცას თუ გადავურჩი, ის მომკლავს.

როგორც იქნა, გავბედე და აბაზანაში წამოვჯექი. ონკანის დასაკეტად გაივერილი ხელი უკან წავიღე. თუ მარიცა არ წასულა, უცაბედად ჩამოვარდნილი სიჩუმე დააეჭვებს.

პირსახოცი წელს ქვევით შემოვიხვიე და სააბაზანოდან გავიჭყიტე.

ოთახში არც მარიცა დამხვდა, არც ნესტორ ჩუბინიძის საქაღალდე. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, არც გამომძიებლისთვის გადასაცემი ფოტოსურათი.

- - -

ღია ფანჯრიდან ცა მოჩანდა, ცაზე - ჩამავალი მზით განათებული ღრუბელი.

- ... დასაფლავებამ უხმაუროდ ხაიარა, ყოველგვარი პომპის გარეშე. ექსპერტიზამ მკვლელობის ვერსია დაადასტურა... იათამზე, არ მისმენ?

მაიორის ხმამ დედამიწაზე დამაბრუნა, იქ, სადაც ძალადობრივი სიკვდილი ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც აქლემი უდაბნოში.

- გისმენ, სერგო.

Page 103: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- კი არ მისმენ, ცაში იყურები. ჰოდა, იმას ვამბობდი, რამაზისა და კახას სისხლში აღმოჩენილი შხამი იდენტურია. ერთი ხელწერაა. იათამზე!

- ხო.

- შემომხედე თვალებში და მიპასუხე.

- რა გინდა იცოდე?

- მკვლელის ვინაობა.

- მე რა შუაში ვარ?

- შენ იცი, ვინც არის. იცი და მიმალავ.

- საიდან მოიტანე?

- კანის ვგრძნობ.

- ძალიან მგრძნობიარე კანი გქონია. - არაფრისმთქმელი მზერა სერგოზე გადავიტანე. ე. წ. კანი მხოლოდ ცხვირსა და შუბლზე აღენიშნებოდა. უეჭველი გორილას შთამომავალია.

- ვერ გავიგე, ღრუბლებში საკირკიტოდ მომარბენინე ამ გაგანია სიცხეში?

მართლაც, უსინდისოდ მოვიქეცი. საქმე იმაშია, რომ სერგოს მოსვლამდე ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას გადავხედე და მივხვდი - ვიდრე არქივის მასალებს არ დავიბრუნებ, ხელფეხშეკრული ვარ. თუ მარიცა კომპრომისზე დავითანხმე, საერთოდაც გავჩუმდები. და არავინ, არასოდეს გაიგებს დღევანდელი ინციდენტის შესახებ. რამაზისა და კახას მკვლელობაზე, გამოძიებამ იზრუნოს, ვერც ერთს დავუდგები ადვოკატად, ვერც მეორეს. რაღაც კუთხით, მარიცას გამართლებაც შეიძლება, საკუთარი და რომ არ დაგინდობს, გაბოროტდები, აბა, რა იქნება?!

მაგრამ მაიორს პირში ჩალაგამოვლებულს ვერ გავუშვებ. თავისი სახრავი ძვალი უნდა მივუგდო.

Page 104: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- თეთრშარვლიანი ქალი, რომელიც ნესტორ ჩუბინიძის სახლთან მეზობელმა დაინახა, მე ვიყავი. კახას გვამიც მე აღმოვაჩინე.

- ეს უკვე საინტერესოა. - ყურები ცქვიტა სერგომ. – მერე?

- რა მერე?... მერე ჭკუაზე აღარ ვარ.

- ნესტორს არაფერი უთქვამს შენს შესახებ.

- პირობა მომცა, რომ არ იტყოდა.

- კიდევ? - ეცოტავა სერგოს.

- ჩუბინიძეების სახლიდან ფოტო მოვიპარე, სადაც მარიცა და კახა ერთად არიან გადაღებულები.

- საყვარლები იყვნენ?

- არ ვიცი.

- იცი.

- პირობა მივეცი, რომ არსად ვიტყვი.

- ჰმ. ფოტო მიჩვენე.

- ინფორმაციის სანაცვლოდ მარიცამ ფოტო დაიტოვა. პირობა მომეცი, რომ შენც არსად გაამხელ. – მორიგი ტყუილი გამოვაცხე, მაგრამ რატომღაც არ შემრცხვა. ძალიან დავიღალე. ძალიან.

- `პირობა მომცა, პირობა მივეცი....~ რაღაც არ მომწონს ამდენი პირობები, არც ეგ მარიცა მომწონს. – დაიჩივლა სერგომ.

`მე ხომ აღფრთოვანებული ვარ!~, გესლიანად გავიფიქრე და ისეთი თვალებით შევხედე სერგოს, მიხვდა – მარტო უნდა დამტოვოს.

- - -

Page 105: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. - დანახვისთანავე მითხრა ნესტორმა.

ის სუფთა თეთრეულში იწვა, გახამებული პიჟამათი. წვერი გაეპარსა, თავიც მოეწესრიგებინა და ბინაც – საძინებელი ოთახი ავეჯის ნაწილი სასტუმრო ოთახში გადაეტანა, აღარც ყუთები ჩანდა, აღარც მაცივარი. სამაგიეროდ, კედელზე გაჩნდა ჩარჩოში ჩასმული კახას ფოტო – იმ პერიოდის, როცა ცხოვრება უსასრულო დღესასწაულად უჩვენებოდა.

- რა გინდოდა, თავზე ნაცარი წამეყარა და საკუთარ ფსიტში მებანავა? – თავი იმართლასავით ნესტორმა.

- ეგ არც მიფიქრია. – ვუპასუხე შეცბუნებულმა.

- გიფიქრია, გიფიქრია... შენს თვალებში გაკვირვებას ვხედავ... ცნობისმოყვარეობას, განგაშს... მოხდა რამე?

უსიტყვოდ დავუკარი თავი.

- მოსწიე სკამი და დაჯექი. ყავა თუ გინდა, მოიდუღე, ყველაფერი სამზარეულოშია. ერთი პატიოსანი ქალი ავიყვანე მომვლელად, სახლსაც ალაგებს და საჭმელსაც მიკეთებს. არ მინდა მაწანწალასავით მოვკვდე.

- გმადლობთ. არ მინდა.

- ნუ იქცევი აზიელივით, თვალებში მიყურე და ისე მითხარი სათქმელი.

- აზიელობა რა შუაშია?

- ევროპელი ლაპარაკისას ცდილობს თვალებში გიყუროს, აზიელებთან ასეთი მანერა მიუღებელია, უზრდელობაში ჩაეთვლებათ.

- აბა, სად იყურებიან?

- მაგალითად, კისერში.

Page 106: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

თემო მუსერიძე გამახსენდა, მისი თვალის არიდების თავისებური მანერა. ვინ იცის, მის ძარღვებში სეხნია თემურ ლენგის სისხლი ჩქებს, მე კი ორპირობა დავწამე.

- აზიელი არ გაგრძნობინებს საკუთარ უპირატესობას, - განაგრძო ნესტორმა. - მისალმებისას ერთმანეთს თავს უკრავენ, ჩვენ კი ხელს ვართმევთ და პირზე ვკოცნით. იმდენმა ვინმემ დამდორბლა ამ პანაშვიდებზე, ნიაგარა ვერ გამაცლის. ნუ მიყურებ პატრიარქის თვალებით. ვერ ვიტან სიყალბეს. სიყალბეს ბოროტება მირჩევნია. სიყალბეა ეს ჩვენი მისამძიმრებები, გასვენებები, ქელეხები, დაზუთხული სადღეგრძელოები...

- თქვენი ლოგიკით ნებისმიერი ტრადიცია სიყალბეა.

- ის ტრადიცია, რომელიც გაიძულებს ვიღაცის მოსაწონად ითვალთმაქცო, ძირშია აღმოსაფხვრელი. იმიტომაც არ მიყვარს თეატრი, მსახიობებსაც ვერ ვიტან. ვინ მოკლა ჩემი შვილი? – მკითხა მოულოდნელად.

- არ ვიცი.

- ეჭვადაც არ იცი?

- არა.

- მატყუებ.

- ნუ მაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. ისედაც მიზირდა თქვენთან მოსვლა.

- რატომ?

- არქივი მომპარეს. – ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე.

- ვინ?

- ადამიანს, რომელმაც ჩემი მოკვლა განიზრახა. მაგრამ ის შორსაა კრიმინალური სამყაროდან.

- ვინ არის?

- არ შემიძლია თქმა... გამიგეთ, მართლა არ შემიძლია.

Page 107: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- აბა, რატომ მოხვედი?

- ვინმესთან ხომ უნდა მივსულიყავი?! - ხელები ავიქნიე და სრულიად მოულოდნელად ბავშვივით ავტირდი.

- ვერ ვიტან ქალის ცრემლებს. – პაუზის მერე თქვა ნესტორმა.

- ვერც მე. – ხელჩანთიდან სელპაკი ამოვაცოცე და ხმაურით მოვიხოცე ცხვირი.

- რატომ არ გინდა ვინაობა დაასახელო?

- ჯერ არქივი უნდა დავიბრუნე. პირდაპირ გეტყვით, არ ვაპირებდი იმ მასალების გამოქვეყნებას. პრინციპში, ამის სათქმელად მოვედი. ადამიანი, ვინც არქივი მოიპარა და ვისაც ალბათ მკვდარი ვგონივარ, ყველაფერზეა წამსვლელი. წარმოიდგინეთ, რამდენი ოჯახი დაზარალდება თუკი არქივის მასალები გახმაურდა?! დასმენისა და დაბეზღების დრო წარსულს ჩაბარდა, რა დააშავა იმ ადამიანების შთამომავლებმა, ვისაც კომპრომისზე წასვლა მოუწია?

- საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე.

- ვინ არის `საზოგადოება?~ მსუყე ლუკმის მოლოდინში აჟიტირებული ბრბო, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ერთი კონკრეტული ადამიანის ბედი. ქალი, რომელმაც არქივი გაიტაცა, ამ ადამიანების შანტაჟს დაიწყებს...

- ხახ, მაინც წამოგცდა! - ნესტორმა ტაში შემოკრა და ეშმაკური გამომეტყველებით მომაჩერდა. - გამოდის, ქალია დრამის მთავარი გმირი.

უხალისოდ დავუკარი თავი. სქესი წამომცდა, ვინაობა ხომ არა?!

- მისმინე, იამზე, მე ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც შეიძლება ამ საქმის მოკვარახჭინებაში დაგეხმაროს. ქმრის შეწუხება შენ არ გინდა, გამომძიებელს შენ არ ენდობი...

- ძალიანაც ვენდობი, - გავაწყვეტინე მე. – მაგრამ ის არ დააყოვნებს დამნაშავის დაჭერას, რაც არქივის სამუდამოდ

Page 108: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დაკარგვის ტოლფასია. გარდა ამისა, ვერაფერს დაუმტკიცებენ, აბსოლუტურად ვერაფერს! როგორც დაიჭერენ, ისე გამოუშვებენ. მითუმეტეს, საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. არც ქმარი ჰყავს ხელწამოსაკრავი.

- ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, ასეთია შენი პოზიცია. მოკლედ, ან ასახელებ დამნაშავეს და მე გეხმარები, ან...

- ან?

- ან არ გეხმარები. – ნესტორმა ჩაიცინა და აქა-იქ შემორჩენილი კბილები დამანახა. – ეჰ, მიგასიკვდილებს სადმე მოხვეულში ის აშარი დედაკაცი და უყარე მერე კაკალი! ერთი კარგად შემომხედე, შენ მართლა კაშჩეი ხომ არ გგონივარ?!

- ზოგჯერ, კი. ჭკვიანი კაშჩეი, მაგრამ კაშჩეი.

- პატივს ვცემ გულახდილ ადამიანებს.

- მეც.

- გვარი და სახელი.

პასუხად ჩავახველე.

- გვარი და სახელი. - ნესტორმა ხმაში ფოლადი გაურია.

- მარიცა ციხისელი.

- ციხისელი, ციხისელი... - გაიმეორა ჩაფიქრებულმა. - ნაცნობი გვარია.

- პირველი ვიზიტის დროს ვახსენე.

- შეიძლება, შეიძლება... - ნესტორმა ჩურჩხელასავით დაკლაკნილი თითები შუბლზე მიიკაკუნა. - გამახსენდა! ციხისელი ემა. ემა ციხისელი. ემა... – უფერულ ტუჩებზე ხელი ჩამოისვა და ჩემთვის უცნობ მოგონებას გაუღიმა. - არქივში არაფერი იყო ემას შესახებ?

- ბოლომდე არ წამიკითხავს. ვერ მოვასწარი.

Page 109: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ეს ქალი, ემა ციხისელი, კოდირებული სახელით გადიოდა საქმეში. მაუგლი ერქვა, ძალიან მოქნილი გოგო იყო და იმიტომ... მისმენე...

მფკბქალი მაუგლიფჶჲკბ

- შეხედე, ემა, ამ კაფსულაში მოთავსებული ნივთიერება მომენტალურად იხსნება წყალში, არც სუნი აქვს, არც გემო. როგორც კი შესაფერის მომენტს იხელთებ, კოხტად ჩაუყრი ღვინოში.

- აკი ვისკის სვამს?

- ყოხაღ, ემა, კარგად დაგიმახსოვრებია. ე. ი. ვისკში ჩაუყრი.

- არ ეტკინება? - შეშინებული ეკითხება შავთვალა ქალიშვილი.

- ვერაფერსაც ვერ გაიგებს. ნივთიერების მიღებისთანავე ადამიანი კარგავს კოორდინაციის უნარს, ჯერ ხმის იოგები ითიშება, მერე კიდურები. მიწვება და მიიძინებს. როცა გაიღვიძებს, არც შენ იქნები, არც ჩვენთვის საინტერესო რადიოგრამა.

უშიშროების პოდპოლკოვნიკის, ნესტორ ჩუბინიძის შთამბეჭდავი ბარიტონი ჰიპნოზივით მოქმედებს ემაზე.

ეს კაცი ერთდროულად ჰგავს კობრას, ავაზას და ემას გარდაცვლილ ბაბუას - თბილისის გუბერნიის ფოსტის უფროსს, რომელიც სამუშაო კაბინეტში ჩაცხრილეს სისხლზე დაგეიშლმა ბოლშევიკებმა. საოჯახო ალბომს შემორხა მისი გაცრეცილი პორტრეტი გოროზად აპრეხილი ულვაშებით.

- რომ მიხვდეს? – ეჭვს გამოთქვამს ემა.

- ისე უნდა მოიქცე, ვერ მიხვდეს.

Page 110: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- რომ ვერ მოვიქცე?

- ემა! - ტონს უწევს ნესტორი.

დაუშვებელია, ამ ტუტუცმა გოგომ მისხალ-მისხალ გათვლილი სპეც-ოპერაცია ჩაუშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრი საყვედური ელის პირად საქმეში შეტანით. არ არის გამორიცხული, დააპატიმრონ, სულაც გააქრონ, როგორც არასასურველი მოწმე. ვინ-ვინ, და ნესტორმა დანამდვილებით იცის, რაზე შეიძლება წავიდნენ ზემდგომი ორგანოები.

ემა კი თუთიყუშივით იმეორებს ერთსა და იგივეს. ამ დროს სულაც არ არის სულელი, უბრალოდ მოსწონს თავის გასულელება. ესეც თავდაცვის ერთ-ერთი მეთოდია, შეიძლება ქვეცნობიერი, შეიძლება – გამიზნული. ემა დღეს ცხვარია, ხვალ მგელი, ზეგ ვის ტყავს მოირგებს არავინ იცის. არადა, რამდენი ენერგია დასჭირდა ნესტორს მის მოსადრეკად, რამდენი უძილო ღამე...

ცხრამეტი წლის მომხიბვლელი ტანმოვარჯიშე ემა ციხისელი ერთ-ერთი შეჯიბრების დროს დოპინგის მომხმარებაზე გამოიჭირეს. საბჭოთა კავშირში მსგავსი გადაცდომისთვის სპორტსმენს დისკვალიფიკაციის გარდა, ციხე ემუქრებოდა. იდეა, დანაშაულში მხილებული გოგონა თავის სამსახურში ჩაეყენებინათ, უშიშროების კომიტეტის კაბინეტში დაიბადა. ის ახალგაზრდა პოდპოლკოვნიკს, ნესტორ ჩუბინიძეს ეკუთვნოდა.

ნესტორი პირადად გაესაუბრა დაკავებულს. დამფრთხალი გოგონა მაშინვე თანხმობას აცხადებს. მაგრამ გამოცდილმა პოდპოლკოვნიკმა შესანიშნავად იცის, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში გამოტყუებული თანხმობა ერთია, დამშვიდებულ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილება – სხვა. რთულია შენს ჭკუაზე ათამაშო ცხრამეტი წლის ზრდასრული ადამიანი, მითუმეტეს, ემასთანა გოგო, რომელსაც არც სითამამე აკლია, არც გარეგნობას უჩივის. მეორე მხრივ, ყოველმხრივ

Page 111: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

შესაფერისი კანდიდატია. ვინ იტყვის უარს ასეთთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმაზე? პიკანტური გემოვნების უცხოელი მოქალაქე ნამდვილად არ იტყვის.

ემა ჭირვეულია. ხან გაფაციცებული უსმენს ხელმძღვანელის დარიგებას, ხან პირში ამთქნარებს, ხანაც უკან მიაქვს თავისი სიტყვები. თურმე ნუ იტყვით, სულაც არ ეპიტნავება გაურკვეველი წარმოშობის უცხოელის ლოგინში კოტრიალი, რადგან შეიძლება ვენერიული დაავადება აიკიდოს.

- მაგას მირჩევნია ციხეში წავიდე! – ამბობს გაბრაზებული.

- რას ნიშნავს `გაურკვეველი?~ დიპლომატიურ სამსახურში მყოფი კაცია `გაურკვეველი წარმოშობის~? – თავზე დაჰკივის მოთმინებიდან გამოსული პოდპოლკოვნიკი. - ციხეში უარესი მოგივა, შტერო! შენ არ იცი, რა ხდება ქალთა კოლონიაში. მამაკაცის ალერსს მოწყურებული დედაკაცები ერთმანეთს ახტებიან, მოწამლული კალიებივით.

ემა ტირილის იწყებს, ნესტორი პირში ტარიან პაპიროსს ჩრის. ერთად ეწევიან. ემამ აქ გასინჯა პირველი პაპიროსი. არ მოეწონა, მაგრამ მიეჩვია. დოპინგს ყლაპავდა, სიგარეტს კი არ ეწეოდა. პარადოქსია.

- ნუ გეშინია, - ამშვიდებს ნესტორი. - ეს პირველადაა ძნელი. მერე ეშხში შეხვალ. ადამიანი ყველაფერს ეგუება, ემა, მთავარია, პირველი ნაბიჯი. ჩვენ მოგეხმარებით ამ ნაბიჯის გადადგმაში. თუკი წაბარბაცდები, ხელს შეგაშველებთ. აბა, რისთვის ვართ?! – ნესტორი ფელიქს ედმუნდოვიჩის შავ-თეთრი პორტრეტისკენ აპარებს მზერას, თითქოს მისგან ელის მამაშვილურ დალოცვას.

- მსახიობი ხომ არ ვარ, სად შემიძლია ამდენი თამაში?! – წუწუნებს ემა.

- სპეც-აგენტი გარკვეულწილად მსახიობიცაა.

- სპეც-აგენტობამდე ბევრი მაკლია.

Page 112: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- მართალი ხარ, ბევრი გაკლია, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს მივაღწევთ.

ნესტორს არ ემეტება დასაკარგად თავისივე აღმოჩენა, ეს გოგო პირდაპირ განგებამ გადმოუგდო. მიზანდასახულია, სწრაფი რეაქცია აქვს, რისკიანია, არც ამბიცია აკლია... თუ მიზანში სროლას აითვისებს, უფრო სერიოზულ საქმეზე გაუშვებენ. ლამაზ ქალზე უკეთესი ჯაშუში პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ორი თვის განმავლობაში ემასთან სხვადასხვა მიმართულების ინსტრუქტორები მუშაობენ. ასწავლიან იარაღის ხმარებას, სროლას ორივე ხელით, არასასურველი ობიექტის მოკვდინებას ხელთ არსებული ნებისმიერი საგნით, საბრძოლო ილეთებს, მანქანის ტარებას, უცხო ენას. კვირაში თხუთმეტი საათი ზოგად განათლებას ეთმობა. აგენტმა უნდა იცოდეს მსოფლიოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, წარმოდგენა ჰქონდეს ხელოვნებაზე, ფსიქოლოგიაზე, სექსზე, ეთიკეტზე...

შედეგმაც არ დააყოვნა. ემა ყველა გამოცდას ფრიადზე აბარებს. ნესტორი კმაყოფილია თავისი პროტეჟეთი, კმაყოფილია ხელმძღვანელობაც. თუმცა, ერთი შემთხვევა ლამის წყალში ყრის მთელ ნაღვაწ-ნაამაგარს...

შემოდგომის თბილი საღამოა, ცას მსუყე ოქროსფერი დაჰკრავს, ტროტუარზე ვადაგასული ფოთოლი ირხევა. ნესტორი თავისი კაბინეტის ფანჯრიდან აკვირდება ბუნების ფერიცვალებას და ყალიონს ეწევა.

კარზე ფრთხილი კაკუნი ისმის. უშიშროების პოდპოლკოვნიკი უკმაყოფილოდ მიემართება კარის გასაღებად. ის არავის ელის.

ზღურბლზე უჩვეულოდ შემკრთალი ემა დგას. გრძელი, ორბორტიანი ლაბადა აცვია, მაღლა აწეული საყელოთი. ქაშმირის თეთრი ბერეტიდან წაბლისფერი კულულები მოუჩანს.

Page 113: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- შეიძლება?

- აქ რა გინდა, ემა, ხვალ მძიმე დღე გელოდება, რა დროს ვიზიტებია? - ნესტორი ცდილობს იყოს კორექტური. ეს გოგო დენთის კასრივითაა, კაცმა არ იცის როდის იფეთქებს. სიფრთხილე და მოთმინება მართებს.

- ამხანაგო ნესტორ, შემომიშვით თუ შეიძლება.

- რადგან მოხვედი, შემოდი, მაგრამ პირდაპირ გეტყვი, არ მომწონს შენი ინიციატივა. დამაწყნარებელი საშუალება უნდა მიგეღო და დაგეძინა.

ემა მაღალზურგიან ტყავის დივანზე ჯდება. ფერმკრთალი მუხლისთავები მსუბუქად უკანკალებს.

- ავად ხომ არ ხარ? - ნესტორი გაღვივებულ ყალიონს საფერფლეზე დებს და უჩვეულოდ გატვრენილ მოწაფეს პულსს უსინჯავს.

ემა უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.

- რა გჭირს?

- არაყი გაქვთ?

- არაყი?... რად გინდა არაყი?

- დავლევ და მოგახსენებთ.

ემა სულმოუთქმელად ცლის ნახევარ ჭიქა არაყს. თავისი ხელით ავსებს მეორე ჭიქას და ნესტორს აწვდის.

- სრულ ჭკუაზე ხარ? - ნესტორს სულ უფრო მეტად უჭირს ნერვების დაოკება, კისრის ძარღვი ებერება და გახშირებულად პულსირებს. - მითხარი, რისთვის მოხვედი?

- დალიეთ და გეტყვით. - ემა დაელმებული თვალებით შესცქერის. - დალიეს, ამხანაგო ნესტორ, ეს არაყი თქვენს კაბინეტში ინახებოდა, მოწამლული არ გეგონოთ.

- რას როშავ? - ნესტორი ჭიქას ყნოსავს.

Page 114: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ეჭვის გასაფანტად ემა მისი ჭიქიდან მოზრდილ ყლუპს აკეთებს, მერე თვალის ანიშნებს - დალიეო. ნესტორი ემორჩილება.

- ხვალინდელ დავალებაზე მინდოდა ლაპარაკი... - ემა თვალებში უყურებს. უცნაურად უყურებს, თითქოს სულში უძვრება.

- მერე?

- თქვენ არ გინდათ, რომ ოპერაცია ჩავაგდო...

- რას ნიშნავს `არ მინდა~. შენ აქ საბავშვო ბაღი ხომ გგონია?! თუ ჩააგდებ, შენი ბუნდღაც არ იქნება ამ ცოდვილ მიწაზე.

- არც თქვენ გადაგისვამენ თავზე ხელს.

- შეიძლება. მაინც, რა გინდა?

- თქვენთან სექსი მინდა. დღეს, აქ, ამ დივანზე. - ემა თითებით ეხება დივნის გაქექილ ტყავს.

- აბა, ეგ სისულელე საიდან მოიტანე, მე ცოლ-შვილი მყავს, - ამბობს დაბნეული ნესტორი.

- ოჯახის დანგრევას კი არ გთხოვთ... უბრალოდ, არ მინდა ვიღაც გადამთიელი გახდეს ჩემი პირველი მამაკაცი.

ნესტორი დუმს. ქუჩიდან ტრამვაის ჭრიალი ისმის. ჩამავალი მზის სხივები ვარდისფერ კურდღლებად დასრიალებენ ფანჯრის რაფაზე.

- ქალიშვილი ხარ, - ეკითხება ჩურჩულით.

ემა განწირული სახით დასცქერის საკუთარ ფეხსაცმელს.

- ემა, შენ გესმის რასაც მთხოვ?

- არ მოგწონვართ?

ნესტორი ბერეტიდან გამოცურებულ წაბლისფერ კულულს უყურებს. მოსწონს, როგორ არ მოსწონს, მაგრამ სასიყვარულო ინტრიგის გაბმა თავშიც არ მოსვლია. ეს ამბავი

Page 115: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

რომ გასკდეს, დამთავრდა მისი კარიერა. პარტიულ კრებაზე გამოაჭენებენ, პარტიის რიგებიდან გარიცხავენ...

- ნუ ნერვიულობთ, ამხანაგო ნესტორ, არავინ გაიგებს. - ემა მის მოკლედ შეკრეჭილ ულვაშს ეხება. ნესტორი იმუხტება.

- ნესტორი დამიძახე. - ამბობს დარცხვენილი.

ემა არ აპირებს თხოვნის გამეორებას. ხელის ერთი მოსმით იხდის ლაბადას, ფეხსაცმელს, ქვედაკაბას, აბრეშუმის პერანგს...

- ემა, არ გინდა.

ნესტორი საკუთარ თავს ებრძვის, მაგრამ ამაოდ.

სხეულში გაღვიძებული მამრი არ აპირებს დათმობას, თვალებში ზანტად მიცურავს ვნების გამჭვირვალე მედუზა, უცაბედად მოვარდნილი სისხლი ძარღვებს დაწყვეტის ემუქრება. ნესტორი ჰგავს დირიჟაბლს, რომელსაც პატარა ნაპერწკალი აკლია ცაში ასაფრენად. ეს ნაპერწკალი ბიუსჰალტერი აღმოჩნდა, ემას პატარა ძუძუების დანახვაზე ამხანაგი ნესტორი ჩექმის გაძრობას ძლივს ასწრებს...

ეს იყო მათი პირველი და უკანასკნელი ინტიმი.

სპეც-ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მერე იყო შემდეგი ოპერაცია, მერე კიდევ შემდეგი...

ერთხელაც, ემა სადღაც დაიკარგა. არც სამსახურში გამოცხადდა, არც კონსპირაცულ ბინაზე. ნესტორის ხელმძღვანელობით მთელი განყოფილება დაეძენდა უცაბედად აორთქლებულ ქალიშვლს. აგენტის თამაშიდან გასვლა თავისთავად დიდი დანაკარგია უშიშროების კომიტეტისთვის, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ემამ ბევრი რამ იცის. დაუშვებელია ასეთი სერიოზული ინფორმაციით შეიარაღებული აგენტის მეთვალყურეობის გარეშე მიშვება.

ემაზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.

Page 116: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ერთი წლის შემდეგ, ახალქალაქის რაიონიდან შეტყობინება მოვიდა. ქალი, რომლის გარეგნული მონაცემები ზედმიწევნით ემთხვევა ემასას, ერთ მიყრუებულ სოფელში, მცირეწლოვან ტყუპებთან ერთად ცხოვრობს. ცხადია, შეცვლილი გვარითა და სახელით. ეს ქალი ემა ციხისელი აღმოჩნდა.

ზემდგომი ორგანოების ბრძანებით ნესტორ ჩუბინიძე ამ საქმეს ჩამოაშორეს. მოგვიანების ნესტორი შეიტყობს: ბრძანება ქალი-მაუგლის ლიკვიდაციაზე უკვე გაცემულია.

რამდენიმე დღის შემდეგ ყოფილი სპორტსმენის ემა ციხისელის ცხედარი მდინარემ გამორიყა. სოფელში გაუკვირდათ - რამ წაიყვანა დაღამებულზე საბანაოდ ორი მცირეწლოვანი შვილის დედა?!

ტყუპები დედის გვარზე გააფორმეს და მცხეთის ბავშვთა სახლში ჩააბარეს.

თხრობის დასასრულს ნესტორი აღარ ჩანდა ისეთი მომართული, როგორც დასაწყისში. მზერა გაუმკაცრდა, სახეზე კი ობისფერი დაედო, როგორც ძველ მონეტას.

- ბატონო ნესტორ, - ჩემი არსებობა შევახსენე. - ტყუპები გოგონები იყვნენ?

- რატომ მეკიხები?

- მარიცა ციხისელი ტყუპისცალია.

- მაგის რისი თქმა გინდა?

- ისე, არაფრის.

- რამდენი წლისაა ის შენი მარიცა?

- ორმოცის იქნება, შეიძლება ცოტა მეტის.

ნესტორს თვალი გაუშტერდა. რაღაც მომენტში

Page 117: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მომეჩვენა, რომ თვალხილულს ეძინა. ხომ შეიძლება ზედმეტი ემოციებისგან ადამიანს ზეზეულად ჩაეძინოს? თავი დამცირებულად ვიგრძენი. ეს ამბავი თანდათან იაფფასიან სერიალს ემსგავსება... - ბავშვობაში მიტოვებული ტყუპები, აქედან ერთი მკვლელი, მეორე - სადისტი, მიწაში ჩამარხული ძვლები, ყოფილი კაგებეშნიკი თავისი საშინელი არქივით...

წასასვლელად მოვემზადე.

- მოიცა, არ წახვიდე. - ნესტორმა ხელის აწევით შემაჩერა. - შეგიძლია მაგ ციხისელების მშობლების ვინაობა დამიდგინო?

- მაგით რისი თქმა გინდათ? - კითხვა შევუბრუნე მე.

- რისიც შენ. - დამცინავი პირდაპირობით შემომხედა.

ის, რა თქმა უნდა, დიქტატორია - ცინიკური, უხეში, დაუნდოებელი, მაგრამ არის მასში რაღაც ისეთი, რაც ფარ-ხმალს დაგაყრევინებს. ადამიანს იზიდავს ბოროტება. შეიძლება სიკეთეზე მეტადაც. კეთილი ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან, ბოროტები - მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. იქნებ აქ იმალება მათი ხიბლის გასაღები?

- ასეთ თემებზე არ ხუმრობენ, ბატონო ნესტორ. - შევახსენე დელიკატურად.

- ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, იუმორი თუ არ გაგაჩნია, გაგიჭირდება. მე იუმორის გრძნობამ გამაძლებინა. და აბსტრაქტულმა აზროვნებამ. როცა ძალიან მეშინოდა, ფსიქოთერაპიის სეანსს ვიტარებდი. დავჯდებოდი ბუდას პოზაში და ვცდილობდი მეფიქრა არაფერზე.

- დავიჯერო, თქვენც გეშინოდათ?

- ოცდათხუთმეტ წლამდე არაფრის შემშინებია, - ფილოსოფიურად აღნიშნა ნესტორმა. - ისეთი დატვირთული ცხოვრება მქონდა, შიშისთვის არ მეცალა. ინსტიქტებით ვცხოვრობდი, ნადირივით... მშიოდა - ვჭამდი; მწყუროდა - ვსვამდი, ქალი მინდოდა - ვისაც ხელს დავადებდი, ჩემი იყო. როცა ფული და ძალაუფლება გაქვს, ქალის შებმას არ უნდა

Page 118: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დიდი ვაჟკაცობა. თუ გარეგნობაც გიწყობს ხელს - ქვეყანა შენია. ასე მეგონა მეც. ერთხელაც, დავალების შესრულებისას მუცელში დამჭრეს. ოთხი-ხუთი საათი უგონოდ ვეგდე. მაშინ გამოვცადე კლინიკური სიკვდილი. ბნელი გვირაბიც იყო, მანათობელი წერტილიც, უხილავი ხმაც... რაღა ბევრი გავარძელო, იქიდან სულ სხვანაირი დავბრუნდი. არ იფიქრო, თითქოს უშიშროებაში მუშაობას თავი დავანებე და ბერად აღვიკვეცე, მაგრამ ერთი კია, ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი - ვინ ვარ, რატომ ვარ, სად მივდივარ... - ნესტორმა ბალიში გაისწორა და შთაგონებული გამომეტყველება მიიღო, როგორც დამწყებმა პოეტმა უცნობი აუდიტორიის წინაშე. - წარმოიდგინე, ყოველ დილით მიდიხარ სამსახურში, შესვენებაზე სადილობ, მერე ბრუნდები სახლში, კითხულობ გაზეთს, უყურებ ტელევიზორს... ასე გრძელდება მთელი კვირის განმავლობაში. მერე მოდის ორშაბათი, და ეს ყველაფერი მეორდება - სამსახური, სახლი, ბორშჩი არაჟანით. აბსურდის თეატრია. ისე მომბეზრდა, ცხოვრება შემძულდა. ვოცნებობდი დამეძინა და ასე მძინებოდა ქვეყნის დასასრულამდე. ახლა, ამ მდგომარეობას დეპრესიას ეძახიან, ფსიქოთერაპევტთან დარბიან გულის გადასაშლელად. მე არსად არ წავსულვარ, ჩემით მოვირჩინე თავი.

- როგორ?

- გამოსავალი ერთია - ან ეგუები რუტინულ ყოველდღიურობას, ან მოძრაობაში მოგყავს მთელი შენი გონებრივი და ფიზიკური რესურსები. მე, მეორე გზა ავირხიე და გავიმარჯვე კიდეც. კახამ ეს ვერ მოახერხა. ვერც სამსახურმა უშველა, ვერც ცოლ-შვილის ფაქტორმა. სულ წავიდა ხელიდან. დეგრადირდა.

- იქნებ მარიცასთან განშორებას განიცდიდა?

- მაშინ ახია რაც დაემართა! კაცი რომ ქალის გამო ცხოვრებას დაინგრევს, ის არ არის ბედნიერების ღირსი.

Page 119: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ნუ იტყვით, ბატონო ნესტორ, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი მეორე ნახევრის ძებნითაა დაკავებული.

- პოულობენ რო? - გულწრფელად გაუკვირდა ნესტორს.

- ერთეულები, კი.

- მერე, იცი, რის ფასად პოულობენ? თავშეკავებისა და დათმენის ფასად. ყოველ სეზონზე კი არ ეძებენ ახალ პარტნიორს! ეგრე თუ წავიდა, მეც მომწონდა ემა, მარამ ვიღაცის გულისთვის ცოლ-შვილს როგორ მივატოვებდი?! ჩემმა კახამ ეს ვერ მოახერხა. სულ თავგადასავლების ძებნაში იყო, ერთს მიატოვებდა, მეორეს აეტორღიალებოდა, ბოლოს კი... შენ ის მითხარი, შესაძლებელია მარიცას მშობლების ვინაობის გაგება? - თემას მიუბრუნდა ნესტორი.

- შეუძლებელი არაფერია.

- მე მოვხუცდი, აღარ მაქვს ძველებური კავშირები, მაგრამ ფულით ყველაფრის გაკეთება შეიძლება. თუ ვინმეს მოსყიდვა დაგჭირდება, არ მოგერიდოს.

ასეც შევთანხმდით. მე შევეცდები გავარკვიო მარიცა და ნინო ციხისელების წარმომავლობა, ნესტორი მოსმინების დაელოდება შედეგს.

---

გზად შავი შოკოლადი ვიყიდე. როცა თავს გამოფიტულად ვგრძნობ, შოკოლადი მშველის. ლიფტში ორი არსება დამემგზავრა, ორივე მდედრობითი სქესის. მსუყედ შეღებილი თვალებითა და ტუჩებით კაბუკის თეატრის მსახიობებს ჰგავდნენ, ჩაცმის მანერით – 60-იანი წლების საბჭოთა ბანოვნებს. ორივეს ერთ თარგზე გამოჭრილი, ფრიალა კაბა ეცვა, მჭიდროდ შემოსალტული ფართე შავი ქამრით. ერთი შედარებით ახალგაზრდა იყო, მეორე - პრეტენზიით ახალგაზრდობაზე, თუმცა ბალზაკის ასაკს კარგა ხანი იქნებოდა გადამხტარი. დაუფარავი ინტერესით

Page 120: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

შემათვალიერეს, ლამის სასულეში გადამცდა სასაზე აკრული შოკოლადის ნატეხი.

- ჩვენ მეზობლები ვართ. - ვერ მოითმინა შედარებით უფროსმა და კეკლუცად შეარხია თმაში შეყუჟული საყურე.

გავუღიმე.

- თქვენს ქვევის ვცხოვრობთ, მეოთხე სართულზე.

ისევ გავუღიმე.

- კაკუნი ხომ არ გაწუხებს?

- არა. ვინმე აკაკუნებს? – გამიკვირდა.

- მუშები. რემონტს ვაკეთებთ. ევრორემონტს. – დააყოლა გამაფრთხილებლად.

გასაგებია. ირიბი მინიშნება ონკანთან დაკავშირებით. არ ჩავთვალე საჭიროდ თავის მართლება, ჯერჯერობით არავინ ჩამირეცხავს. არც უახლოეს მომავალში ვაპირებ.

- ვინ იყო ის ორი კაროჟნა? - სახლში შესვლისთანავე დავეკითხე დეას.

- დედა-შვილი ზიბზიბაძეები.

- ოჰო, გვარიც რა შესაფერის ჰქონიათ?!

- რა დღეშია საწყალი გოგო?...

- რომელი გოგო?

- ზიბზიბაძე-უმცროსი.

- რა დღეშია?

- არანორმალური დედა ჰყავს, ცდილობს საკუთარი ასლი შექმნას შვილისგან. დააკვირდი როგორ აცვიათ?

- ჰო, ერთნაირ ქამრებში იყვნენ შეჭედილები. ჩემს დას ჰქონდა ეგეთი, როცა სუხიშვილების სტუდიაში დადიოდა.

- მარტო ქამრები? შენ უნდა ნახო ზამთარში ერთნაირი

Page 121: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

შლაპებით რომ დაირხევიან... წამოდი ვჭამოს, რა ხანია გელოდები.

თავპატიჟი არ დამიწყია. პავლოვის ძაღლის შემართებით გავეშურე სამზარეულოში. დეამ სასალათეს თავსახური მოხადა და მე ნიგვზიანი ბადრიჯანი დავინახე - ხახვით, ბროწეულით, სუნელებით... უხ! გერი კი არა, ზოლუშკაა ეს გოგო!

ხუთი წუთი ხმა არ ამომიღია. ვჭამდი.

- მეგობრები არ ჰყავს ზიბზაბაძე უმცროსს? - დავინტერესდი, როცა სული მოვითქვი.

- ვის მოუნდება ასეთთან მეგობრობა?! სკოლა დედამისთან ერთად დაამთავრა, ინსტიტუტიც... არადა, მაკიაჟი რომ ჩამოაცალო და ნორმალურად ჩააცვა, მშვენიერი გოგოა.

- არაფერი გამოვა, გვიანაა უკვე, სახეზე აწერია: `Я у мамы дурочка~. ასე ხელიხელჩაკიდებულები ივლიან მთელი ცხოვრება, ვიდრე სიკვდილამდე. რა შუაშია ამ ყველაფერთან ევრორემონტი?

- შენც გითხრა? - დეამ თვალები გადაატრიალა. - შარშან ონკანი დამრჩა მოშვებული და ზიბზიბაძეები ჩავრეცხე. მამამ ხელოსნები მოიყვანა და დაზიანებული ჭერი აღუდგინა, მაგას თუ ეძახიან ევრორემონტს.

- შარიანი ხალხი ყოფილა. დღეც ისეთია... შარიანი. თუ ცოცხალი გადავრხი, სანთელს დავანთებ.

- ისე, არ ანთებ ხოლმე?

- ხანდახან ვანთებ, როდის-როგორ... მერიდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღმერთის შეწუხება. უგემრიელესი ბადრიჯანია, შვილო ჩემო. - ტუჩები მოვიწმინდე და კმაყოფილი გადავესვენე სკამის საზურგეზე.

- აღსარებაც არასოდეს გითქვამს? _ ჩამაცივდა დეა.

უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.

Page 122: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- რატომ?

- იმავე მიზეზით. მეცოდება მოძღვარი, რომელიც იძულებულია ფსიქოთერაპევტის პროფესია შეითავსოს. ათი მცნების დაცვას ვცდილობ, თუმცა ხანდახან ვიტყუები. მაგალითად, დღეს მოვინახულე სუკის ყოფილი გენერალი, რომ არ მივსულიყავი, არ შეიძლებოდა, მაგრამ დათამ რომ გაიგოს...

- თავს მოგაძრობს. - სიცილით განაგრძო დეამ.

- სწორედაც. ამიტომ იძულებული გავხდი

მომეტყუებინა, ვითომ სხვა საქმეზე მივდივარ.

- მე რომ ვიცი?

- იმედია, არ დამასმენ.

- თუ გერმანულში მამეცადინებ, სამარე ვარ. - დეამ პირზე ხელი მიიფარა და სათვალის ზევიდან შემომხედა.

ენთუზიაზმით დავთანხმდი. არანაკლები ენთუზიაზმით დავაუთოვე დათას პერანგები და დამშვიდებული სინდისით დავურეკე სერგოს.

- - -

სერგო გაფაციცებული მისმენდა, ხან ტრასას

უყურებდა, ხანაც თავს აქნევდა აღშფოთების ნიშნად.

მცხეთასთან არმისული, როგორც იქნა, მოყოლა დავასრულე.

- არანორმალური ხარ. - ვერდიქტი გამომიტანა სერგომ.

- ახალი ამბავი! - შევძახე ხალისიანად.

ვაღიარებ - გულზე მომეშვა. რაც არ უნდა იყოს, სერგო ოფიციალური პირია, მართალია მაიორის ჩინით, მაგრამ მაინც. რაში მარგია ნესტორ ჩუბინიძის გენერლის სამხრეები,

Page 123: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

თუკი ისეთ სარისკო საქმეზე, როგორც დები ციხისელების წარმომავლობის გარკვევაა, მარტოდმარტო მიშვებს. მოქრთამე კარგია! ახლა სხვა დროა. თანაც არ მეხერხება ადამიანის მოქრთამვა. ამასაც თავისებური მიდგომა უნდა. მაგალითად, დედაჩემი და ლელა ამ საქმეში გაწაფულები...

- დეტექტური სააგენტო რომ გავხსნა, წამოხვალ სამუშაოდ? - ფიქრი გამაწყვეტინა სერგომ.

- მეღადავები?

- არა, ტო!

სერგოს დაეჯერება. სუფთა და ალალია, როგორც პატიოსანი გლეხის ხელით დაწურული ღვინო. მერე რა, თუ დიქცია არ უვარგა, კარგად მოქართულე მარიცა ციხისელმა ვერ მიაწვინა ორი კაცი?!

- გააჩნია რას გადამიხდით! - შევძახე ცუდად დაფარული კმაყოფილებით. ა

- ანაზღაურება შეკვეთების მიხედვით იქნება. კარგად ვიმუშავებთ, კარგი ანაზღაურება გვექნება, ცუდად ვიმუშავებთ - ცუდი. იცი, ზოგჯერ ისეთი დელიკატური პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი, გაოფიციალურება ერიდებათ. - ხმას დაუწია სერგომ.

- მაგალითად?

- შენ გგონია, ამხელა გზაზე მარტო შენი ციხისელის ხათრით დავირაზმე?

- ვითომ, რატომ არის ჩემი?

- იმიტომ, რომ შენ ამოთხარე იმ საცოდავი ბავშვის ძვლები, შენთან მოირბინა იმ უბედურმა რამაზამ, შენი მოკვლა უნდოდა მარიცას, შენ გენდო ის ბებერი გებეშნიკი... ძალიან ბევრი ხარ, იამზე, ბევრი და ყველგან.

- ოო, ნუ დაიქოქე ახლა! სჯობს მითხარი, ვისი ხათრით `დაირაზმე~?

Page 124: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

სერგომ ჩაახველა.

- ამასწინათ, ერთი ქალი გავიცანი... მოხდა ისე, რომ კარგად გავიცანი.

- საყვარელი გყავს, სეროჟ?!

- არა, გოგო, რა საყვარელი?! ქალია, რა... მაგრამ ისეთი... აპეტიტნი რა, ნუ, ყვლაფერი თავის ადგილზე აქვს. - სერგომ ხელით ზიგზაგისებური მოძრაობა გააკეთა, საიდანაც დავასკვენი - მისი ტურფა თეძოგანიერი, ფაშფაშა ფორმების დედაკაცია.

- მერე? - დავეკითხე მოუთმენლად.

- მერე ამ ქალმა დახმარება მთხოვა. ერთი წლის წინ უგზო-უკვლოდ გაქრა მისი და, ცხრამეტი წლის გოგო. ვიღაც ტიპი სამუშაოს დაჰპირდა თურქეთში. ესეც მიამიტად დათანხმდა. წავიდა და წავიდა, მას მერე არავის უნახავს.

- ჩვეულებრივი ტრეფიკინგი.

- ასეთივე ბედი ეწია კიდევ სამ გოგოს. ეს რაც ჩვენ ვიცით. საქმეში ერთი და იგივე პიროვნება ფიგურირებს, ვინმე ტარიელ გოდერძიშვილი, მეტსახელად გოდერძა. ეგ გოდერძა უნდა ვიპოვო და ყვერები მოვაგლიჯო.

- თუ ვერ დაუმტკიცე, ვერ მოაგლიჯავ.

- დედას ვუტირებ!

- როგორ?

- შენი დახმარებით.

- გაგიჟდი?

- აბა, როგორ გინდა?! ხელი ხელს ბანსო, არ გაგიგია? მე მოგაძებნინებ ბავშვთა სახლს, მოგეხმარები არქივის დაბრუნებაში, შენი დასტურის გარეშე ხელს არ ვახლებ მარიცა ციხისელს, რომელიც, სხვათა შორის, ეჭვმიტანილია ორი ადამიანის მკვლელობაში, მესამის მოკვლა უბრალოდ

Page 125: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

არ დასცალდა. - გვერდულად გადმომხედა, ჩემი რეაქციის შემოწმება უნდა.

დაახლოებით ვხვდები, რას შემომთავაზებს ეშმაკი მაიორი, ვიცი და მაჟრიალებს.

- ავღანურ მწევარს გავხარ.

ქართლელი კაცისგან ეს რეპლიკა შეიძლება კომპლიმენტად ჩაითვალოს. მადლობა ღმერთს, ხოზო-მესაფლავეს არ შემადარა.

- ბარემ ისიც მითხარი, ვისზე უნდა დამგეშო.

- ჯერჯერობით არ ვიცი. ერთი ადამიანი უნდა ვნახო და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

აღნიშნულ მისამართზე მცხეთის ბავშვთა სახლი არ დაგვხვდა. ნახევრად დანგრეული შენობის ეზოში მდგარი გლეხკაცი აგურის ნარჩენებს ეზიდებოდა და ურიკაზე აწყობდა.

მანქანიდან გადმოსული უცხო კაცის დანახვაზე გლეხი შედგა, აჩაჩულ კომბინიზონზე მტვრიანი ხელი შეიწმინდა და დადაჯებული სახით დაელოდა სერგოს მიახლოვებას.

ილაპარაკეს. სერგომ ასეთი ამბავი მოიტანა:

ბავშვთა სახლი აღარ არის. ის დიდი ხანია სულს ღაფავდა, შარშანწინ კი დაუფინანსებლობის გამო გარდაიცვალა. დარჩენილი ბავშვები ასპინძის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, აგურის ნარჩენებს კი დღესაც ეზიდებიან. დირექტორი მოკვდა, სამაგიეროდ ცოცხალია მავრა მასწავლებელი, რომელიც მცხეთის ცენტრში ცხოვრობს - სვეტიცხოველის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში. მართალია ყვავის ხნისაა, მაგრამ მარტოხელაა და ლაპარაკს არის დანატრებული.

ეჰ, ბებიაჩემი ქეთუსია არ იყო მარტოხელა, მაგრამ ასაკში შესულს ისე აეშალა ლაპარაკის საღერღელი, პირდაპირ გამოჭერაზე იყო. არადა, ვიდრე

Page 126: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მოფამფალდებოდა, გოროზად დაიარებოდა თავისი ექსკლეზიური შლაპებით.

მავრა მასწავლებელი ჩინელ ბერიკაცს ჰგავდა. ხახვის

ფურცელივით სიფრიფანა კანი ყვრიმალზე გადატკეცოდა, პარკინსონის გამო ხელები უცახცახებდა, ხელებთან ერთად თრთოდა და ცახცახებდა მისი პატარა, ძვლოვანი თავი და მიჭყლეტილ ცხვირზე დაკოფსილი `ლენონის~ სათვალე.

მავრას ბინაში გამხმარი მცენარეების სუნი იდგა. მარტოხელა ქალის თავისებური, მოსაწყენი სუნი. მავრა სუფთად და კოპწიად გამოიყურებოდა - კოპლიანი ბლუზა, პომპონიანი ქოშები, კუს ბაკნის სარჭი შეთხელებულ თმაზე. მუზეუმში რომ დაგეყენებინა, ცვილის თოჯინისგან ვერ გაარჩევდი.

კარის გაღებისთანავე სერგომ გამომძიებლის მოწმობა გააძრო. კომუნისტების დროში მცხოვრებ ადამიანებზე ოფიციალური საბუთი მაგიურად მოქმედებს. ქალბატონმა მავრამ სახლში შეგვიპატიჟა. ხოლო როცა მოსვლის მიზეზი გაიგო, ლეღვის მურაბითა და წყალწყალა ჩაით გაგვიმასპინძლდა.

ჩვენ ვისხედით მის სტერილურ სახლში, ხელები გახამულ სუფრაზე გვეწყო, ფეხები - სიძველისგან გაქექილ, მაგრამ გაკრიალებულ იატაკზე და მოგონებაში გადავარდნილ მოხუცს გულდასმით ვუსმენდით.

ეს მოხდა დიდი ხნის წინ...

ერთი წლის ტყუპები - ნინო და მარიცა, ბავშვთა სახლში უშიშროების ორმა თანამშრომელმა ჩააბარა. აღმზრდელებს გაუკვირდათ - ვინ გაიმეტა მისატოვებლად კარგად მოვლილი, ანგელოზივით ბავშვები?! `ისინი მიტოვებულები არ არიან, მათი დედა ტრაგიკულ ვითარებაში დაიღუპა~. - აუხსნა ერთ-ერთმა. მერე ორივენი მანქანაში ჩასხდნენ და სამუდამოდ დატოვეს ბავშვთა სახლის ტერიტორია.

Page 127: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

გოგონები რეგისტრაციაში ციხისელის გვარით გაატარეს, ასე ეწერათ დაბადების მოწმობაში: ციხისელი ნინო ნესტორის ასული, ციხისელი მარიცა ნესტორის ასული. არავინ იცოდა, ვინ იყო ინკოგნიტო ნესტორი, ანკეტაში მხოლოდ დედის პიროვნება იყო დაფიქსირებული - ციხისელი ემა ალექსანდრეს ასული.

დები მხოლოდ გარეგნულად ჰგავდნენ ერთმანეთს. მარიცა გახსნილი და მხიარული იყო, ნინო - ჩაკეტილი და ეჭვიანი. მარიცას არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა, არც ერთ საზეიმო ღონისძიებას არ ჩაუვლია მისი სიმღერის გარეშე, მას ეფერებოდნენ და ათამამებდნენ. ნინოს მარტოობა უყვარდა, როცა სხვები სახლობანას თამაშობდნენ, ის ილუსტრირებულ წიგნებს ჩაჰკირკიტებდა. მოსწონდა ამ წიგნების გმირების განსახიერება, მაგრამ საჯაროდ არა, მხოლოდ მარიცას წინაშე. მიუხედავად ერთი ასაკისა, ნინო დას მფარველობდა: ზრუნავდა, ტუქსავდა, ეფერებოდა... როცა მარიცას ბატონები შეეყარა, ნინო ქორივით დასტრიალებდა თავზე, ზღაპრებს უყვებოდა, საბანს უსწორებდა, ვიდრე თვითონაც არ გადაედო და გვერდით არ მიუწვა.

ასეთმა მჭიდრო ურთიერთობამ, მათი გაშვილების პროცესი შეაფერხა. მსურველები იყო, თანაც, არაერთი. გოგონები გარეგნობითაც გამოირჩეოდნენ და ნიჭიერებითაც. დირექტორი ყველას ერთსა და იმავე პირობას უყენებდა - ან ორივე მიგყავთ, ან არც ერთი. ორის აყვანის მსურველი არ ჩანდა.

ასე გავიდა შვიდი წელი.

ახალი წლის დამდეგს ბავშვთა სახლს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ეწვიენ. თან ახლდათ რამდენიმე ცნობილი პიროვნება, მას შორის, მუსიკათმცოდნე ლუიზა ჭანტურია. ლუიზა იმდენად აღაფრთოვანა მარიცას ვოკალურმა მონაცემებმა, რომ ორივე გოგონას შვილად აყვანა გადაწყვიტა. ვინაიდან დები საკმაოდ მოზრდილები იყვნენ, გადაწყვიტა ძველ გვარზე დაეტოვებინა. თანაც,

Page 128: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ლუიზას საკუთარი შვილი ჰყავდა, რომელიც კიევში სწავლობდა და იქვე აპირებდა მუშაობის გაგრძელებას.

ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ ტყუპებს საზეიმო გაცილება მოუწყო. აღმზრდელებმა ცრემლები ჩამოყარეს. ლუიზამ ყველანი დაარწმუნა, რომ გოგონებს ცივ ნიავს არ მიაკარებდა. რაც შეასრულა კიდეც. დირექტორს მუდმივი კავშირი ჰქონდა ამ კეთილშობილ ქალბატონთან. თხუთმეტი წლის წინ, ლუიზას დაკრძალვაზე მისულმა მავრამ საკუთარი თვალით ნახა ნინო და მარიცა, რომლებიც მწარედ დასტიროდნენ გამზრდელს, მაგრამ მავრა არ შეხმაურებია, არ ჩათვალა მიზანშეწონილად წარსულის შეხსენება. მარიცა უკვე ცნობილი მომღერალი იყო, ქმარ-შვილის პატრონი, ნინოს არ გაუმართლა, ალბათ უხიაკი ხასიათის გამო.

- მე რაც ვიცოდი, მოგახსენეთ. ახლა თქვენი ჯერია. - თქვა მავრამ და თავისი უტუჩო ტუჩებით შეგრილებული ჩაი მოსვა.

- ნინო ციხისელი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მისი დაბადების ზუსტი თარიღი გვაინტერესებდა, ცხოვრებისეული დეტალები. - უპასუხა სერგომ.

- უი, რას ბრძანებთ?! - შეწუხდა ქალბატონი მავრა. - როდის მოხდა ეს უბედურება?

- ცხრა წლის წინ.

- ცხრა წლის წინ... - გაიმეორა მავრამ და დამჭკნარ ლოყაზე თითი გააცურა. - რამე ხომ არ გეშლებათ?

- არა. - მე და სერგომ შეთქმულებივით გადავხედეთ ერთმანეთს. - რატომ შეგეპარათ ეჭვი?

- რამდენიმე წლის წინ მარიცა მცხეთაში იყო, კონცერტი გამართა ვეტერანებისთვის. ნინოც ახლდა. თითქოს რვა წელი მახსოვდა, მაგრამ შეიძლება მეშლება...

- - -

Page 129: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ჩემი და ნესტორ ჩუბინიძის ეჭვი მარიცას და ნინოს წარმომავლობასთან დაკავშირებით გამართლდა. ისინი ემა ციხისელის შვილები იყვნენ. თუკი ემამ შვილები დაბადების მოწმობაში ნესტორის `ასულებად~ გაატარა, ცხადია, მისგან ჰყავდა. რა გამოდის აქედან? ის, რომ მარიცა და კახა მამით ერთნი იყვნენ... მე, არქივის ფასად მამა-შვილს ერთმანეთს შევახვედრებ და იმავე დღეს გამოვალ თამაშიდან, მაგრამ სერგოს რა მოვუხერხო? მიზანდასახული მაიორი მანამ არ მომეშვება, სანამ შავ სამუშაოს არ გამაკეთებინებს.

მანქანამ ცენტრალური ქუჩიდან გადაუხვია და ოღრო-ჩოღრო გზაზე გაბუქსავდა. მე და სერგო ხან ერთმანეთს ვეხეთქებოდით, ხან ჭერს.

- ცოტა ნელა არ შეიძლება? - შევძახე უკმაყოფილოდ.

- მოვედით და ეგ არის.

მანქანა ვაგონივით წაგრძელებულ შენობასთან გაჩერდა. ფასადზე გამოკრული აბრა იუწყებოდა, რომ აქ უახლოეს წარსულში ფუნქციონირებდა აბანო, სასაუზმე და საპარიკმახერო. თავმოყვარე ადამიანი არც ერთში შევიდოდა, არც მეორეში, არც მესამეში.

ჭუჭყიან ფანჯარაში გაუპარსავი მამაკაცი დაილანდა და უცებ გაქრა.

- სად მომიყვანე? - ვუყვირე სერგოს.

იმან ხელი ამიქნია, ვითომ მაცალეო. კარის გაღებისთანავე მანქანას ყეფით მოასკდა უზარმაზარი ნაგაზი და სერგოს ლამის მოაჭამა მიწაზე დასადგმელად მომართული ფეხი. მერე უკანა თათებზე აიწია და სერგოს ფანჯრის აწევა რომ არ მოესწრო, პირდაპირ სალონში სტენიდა თავის საზარელ ხახას.

- ბუხო!

Page 130: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მკაცრი შეძახილი იმ კაცს ეკუთვნოდა, წეღან რომ ფანჯარაში გაკრთა. ძაღლი წამში მოგვშორდა, კაცი კი ჩვენკენ გამოემართა. ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი მოღრეცილი ფეხები, მოზრდილი ბურვაკი თავისუფლად გაეტეოდა.

- ძაღლს უნდა დააჭმევინო ჩვენი თავი? ვერ დააბავ, კაცო?! - სერგომ ფანჯარას ჩაუწია.

- რათ უნდა დავაბა?... ძაღლი იმისთვინაა, უცხო არ შემოუშვას ტერიტორიაზე.

- თორემ სულ ნაცნობები დადიან შენს აბანოში?! - ცერგომ შენობაზე ანიშნა.

- აქ ვიღა დადის, რემონტზე დგას.

- თუ ძმა ხარ, ერთი გამახსენე, სად გადახვედით...

- სკვერთან რო თაღიანი საბანკეტო დარბაზია, ეგ ავიღეთ არენდით. ეს ადგილი უფრო სკუჩნია, მარა რას ვიზამ, ხაზეინმა აგრე გადაწყვიტა.

- გოდერძაც იქაა?

- სულ იქ ხო არ იჯდება კუნძივითა?! ხან არი, ხან არა, საქმის მეტი რა აქვს?!

- ყოველ შემთხვევაში, საქართველოშია...

- აკი გუშინწინ ვნახე! შენ ვიღა იქნები?

- ტავარი უნდა შევაფასებინო. - სერგომ გადმომხედა და თუ არ ვცდები, იმ წირპლიან კაცს თვალი ჩაუკრა.

`ტავარი~, სავარაუდოდ მე ვარ. რატომ მიწა არ გამისკდება?! მე, პროფესორის ქალიშვილსა და მეან-გინეკოლოგის მეუღლეს (რომ არაფერი ვთქავთ ჩემს პედაგოგიურსა და რეპეტიტორულ საქმიანობაზე), ეს რეგვენი მაიორი `ტავარად~ მასაღებს.

Page 131: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

კაცმა მანქანაში შემოიჭყიტა. თვალში მომხვდა მარჯვენა ხელზე ამოსვირინგებული მორიელი, მთავარი ატრიბუტის - კუდის გარეშე. მსგავსი შინაარსის `შედევრები~ ციხის კედლებში იქმნება ხოლმე.

ღმერთო, ვისთან მაქვს საქმე?!

როგორც კი სერგომ მანქანა დაძრა, განგაშის ზარები შემოვკარი. სერგო მშვიდად მომიბრუნდა და ისეთი რამ მითხრა, `განგაშის ზარებიც~ კი გახუნდა:

- ამდენ ქოთქოთს, სჯობს კოსმეტიჩკა დააძრო და თვალები შეიღებო, ისე, როგორც დამწყებ პროსტიტუტკას შეეფერება, ოღონდ არ გადაამლაშო. პომადა თუ არ გაქვს, მე მოგცემ.

- რრრაო? გგაიმეორრე...

- რა ყრუ-მუნჯი გეტაკა, საქმის გამო უარესზეც მიდიან, ემა ციხისელი გაიხსენე.

- `საქმის~ გამო - კი, ცნობისმოყვარეობის გამო - არა.

სერგომ ნესტოები დაბერა და ნიკაპი გაბზიკა. ვიდრე მე შელახულ ღირსებას განვასახიერებდი, მცხეთა უკან მოვიტოვეთ.

- აკი სკვერის გვერდით არის? - გაკვირვებულმა ვკითხე.

- თბილისში ვბრუნდებით.

- რატომ?

- მერე, სხვა დროს...

- ახლავე მოაბრუნე!

სერგომ არ შემიმჩნია. გააფრთებული დავეჯაჯგურე საჭეს. მანქანა ხრეშზე გადავიდა, სერგო აყვირდა.

- გაგიჟდი?

- მგონი.

- კინაღამ მანქანას შევასკდით.

Page 132: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- კინაღამ არ ითვლება, მოაბრუნე მანქანა.

- დარწმუნებული ხარ?

- კი.

სერგომ ღიპი მოიფხანა, ტუჩებით უცნაური, მცოხნავი მოძრაობა გააკეთა და საქმიანად მომიბრუნდა.

- მოკლედ. კაბას დაიმოკლებ, შესაფერის მაკიაჟს გაიკეთებ, პატარაზე გაიკეკლუცებ და მორჩა - ახვარი გოდერძა ჩვენს ხელთაა.

- პირდაპირ მითხარი, პრიტონში მიგყავარ?

- როგორ გითხრა... უფრო პოლუპრიტონია. ვისაც როგორ გაუხარდება ისე კაიფობს, ზოგი ნაშებით იჩითება, ზოგიც ისე...

- მაშინ ამიხსენი, რა შუაშია მოტყუებული გოგოები? მეძავი ყველგან მეძავია, აქაც და თურქეთშიც. რაში გინდა ამხილო გოდერძა - პრიტონის მფლობელობაში თუ ტრეფიკინგში?

- ტრეფიკინგში და არაადამიანურ მოპყრობაში. იცი, რა დღეში ჰყავთ ეს გოგოები? თურქეთში ჩასვლისთანავე პასპორტს ართმევენ, წამალზე სვამენ... აბა, ისე, ვერ მოემსახურებიან დღეში ოც-ოცდაათ მამაკაცს.

- მაშინ ამიხსენი, რატომ უნდა დამამსგავსო მეძავს, თუკი გოდერძა პატიოსან მოქალაქეებსაც მშვენივრად ატყუებს.

- ჩვენი მიზანია, გოდერძა შემოვიტყუოთ და ფაქტზე გამოვიჭიროთ. თუ ასეთ ფორმაში მიხვალ, არ წამოეგება. რა ჯანდაბად უნდა შენნაირი ქალები? მას სჭირდება გულუბრყვილო, ხარბი, პროვინციელი გოგოები, ცხოვრება ბრაზილიური სერიალი რომ ჰგონიათ, ისეთი. შენ კი, სიფათ... უკაცრავად, გამომეტყველებაზე გეტყობა რას წარმოადგენ, რომ არაფერი ვთქვა ბაზარ... უკაცრავად, ლაპარაკის მანერაზე. მეძავი, გამოცდილი კატეგორიაა, ადვილად ვერ დააბოლებ. კლიენტების მოსაზიდად გოდერძას შუამავლობა არ სჭირდება. კაი გამოცდილი მეძავი საათში 150 ევროს

Page 133: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

აკეთებს. 150 ევროს ეხუმრები?! ოღონდ, თურქეთში არა, ესპანეთში.

- კარგი, მითხარი რა გავაკეთო?

- პროვინციელი გოგონა უნდა განასახიერო, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოს ეძებს.

- `გოგონა~ კაია?! ხომ არ გავიწყდება რამდენი წლის ვარ?

- არა უშავს, ხუთ წელს ჩამოიკლებ, ყალბ პასპორტს მე გაგიჩალიჩებ. შენ იქნები ვინმე... ვინმე შორენა უძილაური გორიდან.

- გორში ვითომ ცხოვრობენ უძილაურები? - გონების თვალი გორელი ნაცნობების სიას გადავავლე. - ჯგუფელი მყავდა გულიაშვილი, გორის რაიონში ცხოვრობდა.

- კარგი, იყოს გორის რაიონი და იყოს გულიაშვილი. შეეცადე ქართლულად მოუქციო. `რას მიპარჭყავ ხელებსა?! - უცებ დასჭექა სერგომ, და ვიდრე მე გული გამისკდებოდა, ჩვეულებრივად დაამატა: მარტო არ გაგიშვებ, მეც შემოგყვები. ვითომ შენი ნაცნობი ვარ და სამსახურის პოვნაში გეხმარები.

- ეგრე იყოს, მაგრამ სახელებით მანიპულირებას შევეშვათ, არც შენ გაქვს სუპერთანამედროვე სახელი, არც მე. გულიაშვილი იათამზე სოფელ ვარიანიდან. - ვინაიდან სერგომ თანხმობის მაჩვენებელი დუმილით მიპასუხა, რეპეტიცია განვაგრძე: - შენ არ შაიცვლი იმიჯსა?

- რა უნდა შევიცვალო, ისედაც სოფლელს ვგავარ. - მოწყენილი სახით გამეპასუხა სერგო. - თორე არა?! - შესძახა რაღაცნაირი ნიშნისმოგებით.

არაფერი მქონდა საწინააღმდეგო, მაგრამ შემეცოდა და კომპრომისული ვარიანტი შევუგდე.

- არა სერგო, შენ ჯანმრთელ კაცს გავხარ. მოჭიდავეს.

Page 134: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

სერგო მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილდა, მე კი ხელჩანთიდან პარფიუმერიის ქისა ამოვიღე და თავის `მოწესრიგებას~ შევუდექი. ბლომად `რუმიანა~ და ტუჩებზე გადმოსული პომადა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა გარკვეული ეფექტის მისაღებად. მაისური და თეთრი ქვედაბოლო არც ისე თვალშისაცემად გამოიყურებოდა. ეჭვს იწვევდა `ვრანგლერის~ რბილძირიანი ფეხსაცმელი და `ვალენტინოს~ ხელჩანთა. ფეხსაცმელი ქოშად გადავაკეთე, შევუკეცე რა საოცრად დამყოლი ტყავი.

- სერგო, შენ კომპლექსი გაქვს? - ამოვხედე ქვევიდან.

- მე? - გაუკვირდა მაიორს.

- ჰო.

- არა, მე თავისუფალი კაცი ვარ.

- თავისუფალი მეც ვარ, მაგრამ კომპლექსები მაწუხებს.

- მართლა? - გახარებული მომაცქერდა, თითქოს სამარცხვინო ნაკლი ვაღიარე. - მაინც?

- მირჩევნია ხუთი სანტიმეტრით დაბალი ვიყო.

სერგოს იმედგაცრუება დაეტყო. რას ელოდა, ვეტყოდი, რომ მაიმუნის კუდი მაქვს დამალული და გამოჩენისა მრცხვენია?

- ეგ რა კომპლექსია, ეგ ჩვეულებრივი რამეა.

- მაგაშია კომპლექსის არსი: როცა ჩვეულებრივი რამე ნაკლად მიგაჩნია.

- ეგრე თუ წავიდა, მეც მაქვს კომპლექსი. - აღიარა სერგომ. - მეშინია ხოლმე, რაღაც სოფლური რამე არ წამომცდეს, რომ მერე რომ შენნაირმა ქალებმა მასხრად არ ამიგდონ.

- ჩემნაირები არასოდეს აგიგდებენ. - დავამშვიდე აქედან და მსუბუქი მუჯლუგუნი გავკარი.

- შეიძლება, მაგრამ არც არასოდეს მოვეწონები.

- რა სისულელეა, მე, მაგალითად, ძალიანაც მომწონხარ.

Page 135: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ისე მოგწონვარ, საბლატაოდ. სიყვარულით... ვერა, ვერ შემიყვარებ.

- მე თუ არა, სხვა შეგიყვარებს. ქალების მეტი რაა?!

- მე შენი სტილის ქალები მომწონს. დაბალი, მაღალი, სულერთია. მაგრამ არ ვუნდივარ შენისთანებს, სულ გლეხისხელება ქალები მეტანებიან.

- სერგო, სერგო, გლეხისხელება ქალსაც თავისი ხიბლი აქვს. მე კი, სულაც არ ვარ ისეთი საჩუქარი, შენ რომ გგონია.

- რა ვიცი, რა ვიცი... საქორწინო ბეჭედი მოიხსენი, თორემ გოდერძა რაღაცას ისქესებს.

რამდენიმე წუთში საბანკეტო დარბაზში ვიყავით.

შეკიდული ჭერი, აჟურული ფარდები, შემაღლებული სცენა დასაკრავი ინსტრუმენტებით. კედლების გასწვრივ მაგიდები ცენტრში დასკუპული იაფფასიანი ლარნაკებით.

დარბაზში ახალგამომცხვარი პურისა და სიგარეტის სუნი იდგა. პურები იქვე ეწყო, გაზეთგადაფარებულ მაგიდაზე. სიგარეტის სუნი კი სიღრმეში შეჭრილი ბარიდან მოდიოდა. დახლთან რამდენიმე მამაკაცი ბჭობდა, რომლებმაც ჩვენს დანახვაზე თავები მოაბრუნეს. ბარმენის გარდა, არც ერთი არც ერთი არ მომეწონა. მაინცადამაინც არც ბარმენით ავღფრთოვანებულვარ, მაგრამ მომეჩვენა რომ სხვებზე სათნო სახე ჰქონდა, თვალები უციმციმებდა და ქოჩორიც პოეტურად გადაევარცხნა, როგორც სერგეი ესენინს.

დანარჩენები ცუდად შენიღბულ ბოევიკებს ჰგავდნენ, ორს წვერი ჰქონდა, მესამე გაპარსული იყო, მაგრამ შუბლზე ჩამოფხატული შავი კეპით საშუალო გაფრენის ქილერს ჰგავდა.

- აქა მშვიდობა! - რიხიანად შესძახა სერგომ.

გაისმა მწირი გაგიმარჯოთ.

- გვაჭმევს რამეს?

Page 136: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- სამის მერე ვიხსნებით. - გამოსძახა ქილერისმაგვარმა.

უსიამოვნო ჰქონდა ტემბრის ხმა ჰქონდა, თითქოს ქვევრიდან ლაპარაკობოდა.

- ეხლა რომელი საათია, ორს უკლია ჩეთვერი, ჯერ ადრეა. – ის რბილად ჩამოხტა ბარის სკამიდან და ირიბი ღიმილით წამოვიდა ჩვენსკენ. ღიმილიც ისეთივე უსიამოვნო ჰქონდა, როგორც ხმა და მთლიანად ჰაბიტუსი. ალბათ კაშალოტივით წაგრძელებული ყბის გამო. ასეთები სალტიდან გამოჩრილი იარაღით ცდილობენ გარეგნობის კომპენსაციას.

- გოდერძას ნახვა სად შეიძლება? - იკითხა სერგომ.

- ვისთვის `გოდერძა,~ ვისთვის ტარიელ გოდერძიშვილი. რა საქმე გაქვს?

- პირადად მოვახსენებ.

- მომახსენე, ბატონო... - უსიამოვნო ტიპმა ერთ-ერთ მაგიდასთან მიგვიპატიჟა.

დავჯექით.

- სერგო. - თავი წარუდგინა მაიორმა. - შენ გოდერძა უნდა იყო, არა?

კაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და შემფასებლური მზერა ჩემზე გადმოიტანა.

- ეს კი იათამზეა, სამუშაოს ეძებს. უცხოეთში. - დაამატა ორაზროვანი ღიმილით და შინაურულად მომეხვია ბეჭებზე, მე მიამიტად შევიშმუშნე.

- საბუთები წესრიგში გაქვს, გოგო? - მომიბრუნდა გოდერძა.

- მა! - წავუქციე ქართლულად.

- სადაური ხარ?

- გორელი ვა-არ.

- გიმუშავია სადმე?

Page 137: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ბაზარში ჯიხური მქონდა, თავიდან კაი ვაჭრობა იყო, მერე, ერგნეთი რო დახურეს, ტავარი გაძვირდა და ცოტაღა მრჩებოდა. ვალები მაქს გასასტუმრებელი, ავადმყოფი დედა მარტოკინა მიწევს სახლში.

- ახლობლები გყავს?

- ერთი ძმა მყავ, ბარე ხუთი წელი რუსეთშია გადახვეწილი, იმისი გზა-კვალი არც ვიცი და აღარც მაინტერესებს. ერთი ზარი რა არის, ისიც არ მოუცია, ფულზე აღარაფერს ვამბობ. სულ დაიბანა ხელი, მაგას დაეწვა ჯიგარი... თუ სადმე ადგილს გამიხერხებთ, დიდად მადლობელი დაგრჩებით. ოფიციანტად შემიძლია მუშაობა, გამყიდველად... რა ვი, არც ერთი საქმე არ მეთაკილება, ლიჟბი ფული გადამიხადონ. - შევწუწუნე ცრემლმორეულმა და ავანსად მადლიერი ფიზიო მოვკერე.

- ჩემთან ვინ დაგაკვალიანათ? - გოდერძა სერგოს დაეკითხა.

- თამრიკომ. - თვალიც არ დაუხამხამებია, ისე მოიტყუა სერგომ.

- ვინ თამრიკომ?

- აი, რიჟა ქალი რომაა, სიგარეტებით ვაჭრობს, ლტოლვილი თამრიკო, კაცო!

- რაღაც ვერ ვიხსენებ. - ლოყები დაბერა გოდერძამ.

- იმას კი კარგად ახსოვხარ... და ჰყავს კიდო, ნელი ჰქვია მგონი. ხო, ნელი.

გოდერძამ მხრები აიჩეჩა და ჩემსკენ გაიქნია კეპიანი თავი.

- ერთმანეთის რა ხართ?

- კარგი ნაცნობები. ერთი კუთხიდან ვართ და...

გოდერძამ ცხვირი შეჭმუხნა, თითქოს დაცემინებას აპირებსო და წარბქვეშიდან შემომხედა:

Page 138: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- სიმაღლე აქვს, სახეზეც არა უშავს, სუფთა გოგო ჩანს. მოვლილი. ერთი გაიარ-გამოიარე, შენს გაზრდას.

ვაიმე დედა! ჩემო საყვარელო დედიკო, ეს საეჭვო წარმომავლობის ლაწირაკი (პრინციპში ჩემი ასაკის), ისე მელაპარაკება, თითქოს პოდიუმს დანატრებული თექვსმეტი წლის გოგო ვიყო!

ნებისყოფის ნარჩენები მოვიკრიბე და ავდექი.

რაც არის, არის, ვაჩვენებ მასტერ-კლასს. ფლამინგოს ნაბიჯებით ჩავუარე პურებით დახუნძლულ მაგიდას და უკანვე წამოვედი.

- ვა! - კაშალოტის კბილები დაკრიჭა მცხეთელმა ვერსაჩემ. - ტანიც კარგი ჰქონია, ე! გორის ბაზარში გასწავლეს ეგეთი დვიჟენიები, გოგო?! - გოდერძამ მოახლოებულ წვეროსანს თვალი ჩაუკრა.

წვეროსანმა კუბოკრული პერანგის ჯიბიდან დაჭმუჭნული სიგარეტი ამოიღო და ვნებიანად გააბოლა, სავსე ფილტვების. სერგოს ტიკი ჩაერთო, ისტერიულად აბრუნებდა კისერს, საფრთხე თუ იყნოსა. ეგრე მოუხდება, მისი იდეა იყო ჩემი გამოჭენება. საფრთხემაც არ დააყოვნა.

- მაშ, თურქეთში გინდა მუშაობა? - მომიბრუნდა გოდერძა.

- გააჩნია...

- სამოდელო სააგენტო არ გაწყობს?

- ვაიმე, მაგაზე არც მიოცნებია! - თავი მოვიქაჩლე მე.

- მოკლედ, შევთანხმდით, არა? - სერგომ ხელისგულები მოისრისა და წამოდგა.

- შევთანხმდით. პირადობა დატოვე და თავისუფალი ხარ. - დაუბეჭდა გოდერძამ.

- რო არ წამომიღია?! - თავი დავიზღვიე მე.

- ხვალ მოგართმევთ ყველაფერს. - დაპირდა სერგო.

Page 139: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- შენ პირადობის მოწმობა დაითრიე, გოგო აქ დატოვე. – გოდერძას ხარბი მზერა ჩემს წვივებზე გასრიალდა და მუცლის მიდამოებში გაჩერდა.

გამაცია. სერგოსთვის არც შემიხედავს, პირდაპირ შეტევაზე გადავედი.

- ი, რატომ უნდა დავრჩე, რა მინდა ამოდონა უცხო კაცებში?!

- უთხარი დარჩეს. - სერგოს მიმართა გოდერძამ.

- პატარა ბავშვი კი არაა, ჩემს ჭკუაზე გაიაროს?! უნდა დარჩება, უნდა არა. – სერგომ არც მწვადი დაწვა, არც შამფური. - ჩვენში დარჩეს, ძმაო, რატო უნდა დავტოვო?! ერთად მოვედით და ერთად წავალთ, ხვალ კი საბუთებიანა მოვალთ.

- შენი საქმისა, შენ იცი, - გოდერძას მაინცდამაინც არ გამოუდია თავი, თუმცა ეჭვიანი მზერა გამოგვაყოლა.

- - -

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, დათას მოსვლას გულითადი ღიმილითა და უზარმაზარი პიცით შევხვდი.

დათამ ხარბად შეისუთქა მდნარი ყველით გაჟღენთილი ჰაერი, შუბლზე მეამბორა და ჩემი ჯანმრთელობით დაინტერესდა – რაღაც დაღლილი სახე გაქვსო.

სირცხვილით დავიწვი. ცხადია, დავიღალე, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. საწყალი დათა, ვინ იცის რამდენი მშობიარე მიიღო, რამდენი ენერგია დახარჯა, მაშინ, როცა მისი ცოლი, ეშმაკმა უწყის, სად დაწანწალებდა.

- ხელები დაიბანე და ვჭამოთ. - სინდისის ქენჯნის შემოტევას სამზარეულოში გაქცევით ვუშველე.

Page 140: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- მარიცა ციხისელმა დაგირეკა. – ჩამჩურჩულა დეამ.

- რა უნდოდა? - ვკითხე დაკარგული ხმით და პიცის დასაჭრელად მომარჯვებული დანა უხალისოდ დავუშვი.

დეას არ დასცალდა პასუხის გაცემა, სამზარეულოში დათა შემოვიდა და ცეცხლზე ნავთი დამისხა:

- მარიცამ არ დაგირეკა?

- არა. მგონი მობილური დამიჯდა... რა უნდოდა?

- წარმოდგენა არ მაქვს. – დათამ დანა გამომართვა და პიცის გაჭრას შეუდგა. – საკეისროს გასაკეთებლად გავრბოდი, გამოსაკითხად არ მეცალა.

- ტელეფონის ნომერი მიკარნახე, მე თვითონ შევეხმიანები.

- რა გეჩქარება, ვჭამოთ და მერე. – დათას ხმა ბრძანებასავით ჟღერდა.

იძულებული გავხდი დავმორჩილებოდი, თუმცა ლუკმა ყელში არ გადამდიოდა.

როგორც იქნა, განვმარტოვდი და მარიცას დავურეკე. მობილური დუმდა. დუმდა მუსერიძეების სახლიც.

უცნაურია...

ღამით თვალი არ მომიხუჭავს, ყურს ვუგდებდი დათას თანაბარ სუნთქვას და თეთრი შურით ვივსებოდი. რა მრჯის, ვის გამო ვფორიაქობ? კისერი უტეხიათ მუსერიძეებს, ჩუბინიძეებს, ციხისელებს... ერთს ვნატრობ: დავიძინო და სიზმრად ფორთოხლის ბაღი ვნახო...

ფორთოხლის ბაღის რა მოგახსენოთ, მაგრამ ლენინის თავები კი დამესიზმრა - ცეცხლმოდებული ლენინის თავები. სალვადორ დალის ქვეცნობიერში თუ გავისეირნე, რადგან ჩემს სიზმარს თან ახლდა ნომერ პირველი სიურეალისტის საყვარელი სიმბოლოები - თავის ქალა, ტორეადორის ტორსი და გალას ძუძუები.

Page 141: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

_ _ _

ათ საათსა და ოცდაათ წუთზე მუსერიძეების ჭიშკარზე ზარს ვრეკავდი და ვფიქრობდი, რით გამემართლებინა ნაადრევი ვიზიტი. საბედნიეროდ (თუ საუბედუროდ) თავის მართლება არ დამჭირდა. არავინ აპირებდა კარის გაღებას.

ერთი პირობა უკან გაბრუნება დავაპირე, მაგრამ წუხანდელი კოშმარული სიზმარი გამახსენდა და ჯიუტად ჩამოვქახე კარის სახელური.

ავტოფარეხთან თემოს `მერსედესი~ შევნიშნე. ე. ი. ოჯახის უფროსი სამსახურში არ წასულა. რაც არის, არის! ფეხს არ მოვიცვლი აქედან, სანამ მარიცას არ დაველაპარაკები. ბოლოს და ბოლოს, ის არქივი მისი პოტენციური მამის საკუთრებაა. ადგნენ და ერთმანეთში მოილაპარაკონ.

მამადავითის ზარების თანხლებით შევაბიჯე ეზოში. დალოცვილი ადგილია მთაწმინდა, პალმაც კი თავისის ხარობს, არც მორწყვა უნდა, არც შეწამვლა. ამაღლებული განწყობით გავხედე ბუღში გახვეულ თბილისს. აქაური საქათმე თუ არ ჯობდეს კორპუსის აპარტამენტებს.

ჰაერი ჩავისუნთქე და მარიცას დავუძახე.

არავითარი გამოძახილი. მერე თემოს დავუძახე, მერე ისევ მარიცას. მერე სახლში შევედი.

მისაღებ ოთახში, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მე და მარიცა ვიჯექით, ნამწვით სავსე საფერფლე დამხვდა, თემო კი კაბინეტში აღმოვაჩინე - ტახტზე გულაღმა დაწოლილი და პრაქტიკულად მომაკვდავი. შეტყუპებული თითები ყელზე დავადე. პულსი ძლივს გასაგონად ფეთქავდა. პირველად მთვრალი მეგონა, მერეღა გავიაზრე, რომ ის შეიძლება მოწამლული იყოს!

Page 142: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

გაუთვითცნობიერებული მოძრაობით დავტაცე ხელი ტუმბოზე დადებულ ჭიქას და დავყნოსე. ცხვირში ნაცნობმა მომჟავო-მწკლარტე სუნმა შემიღიტინა. ეს მარიცას ოინებია! თუ შეიძლება ოინი დაარქვა საკუთარი ქმრის მოწამვლას!

- თემო, თემურ! – დავუძახე ხმამაღლა და მხრებში ხელები ჩავავლე.

ყრუდ ამოიკვნესა, მაგრამ თვალის გახელა ვერ მოახერხა.

- თემო!

- მაცადე სიკვდილი. - გალურჯებული ტუჩებით შემომჩივლა თემომ, თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ აღმიქვა.

გიჟივის გავქანდი სამზარეულოში, წყლით სავსე

გრაფინს ხელი დავავლე და სოდის ძებნაში დავბზრიალდი. ვიპოვე, წყალში გავაზავე და თემოს დალევა ვუბრძანე.

სხვათა შორის, დამემორჩილა, სააბაზანოშიც თავისი ფეხით წამომყვა, მართალია გაჭირვების, მაგრამ მაინც.

- კარი არ დაკეტო, აქვე გიყარაულებ. - ვუთხარი უნიტაზთან ჩაცუცქულს თემოს.

- სასწრაფოში არ დარეკო, გთხოვ...

- მე და შენ მარტო ვერ მოვერევით, დათასთან დავრეკავ.

- არა! – თემომ უმწეოდ გააქნია თავი და სასოწარკვეთილმა ამომხედა. - იცოდე, ხელმეორედ მოვიკლავ თავს...

`თავს მოვიკლავო,~ - ეს რაღაც ახალია. ძნელი დასაჯერებელია მარიცას ხელი არ ერიოს ამ საქმეში. თემომ მოწოლილ გულისრევას ვერ გაუძლო და კარი მიხურა.

სანამ ვერშემდგარი მიცვალებული უნიტაზს აშინებდა, კიდევ ერთი სოდიანი წყალი გავამზადე.

- ოყნა სად გაქვს? - უაპელაციო ხმით დავეკითხე თემოს და გრაფინი შევაჩეჩე.

Page 143: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- რა ოყნა? გაგიჟდი?!

- ექიმი მაინც არ იყო?! მითხარი, თორემ დათას დავურეკავ.

თემო მომჩვარული იჯდა მეტლახზე და ამოღამებული თვალები ჭერისკენ მიეპყრო.

- ოყნა სად გაქვს? – გავუმეორე.

- არ ვიცი.

- თემო, ორგანიზმი ბოლომდე უნდა დაიცალოს საწამლავიდან. საავადმყოფოში იმსიგრძე შლაგს შეგიერთებენ ერთ ადგილზე, გიურზა მიმიქარვს. გინდა შლანგი?

- ნწუ.

- მაშინ მითხარი, სად ინახავთ ოყნას. ნუ გეშინია, მე კი არ გაგიკეთებ...

უგემურად ჩაიცინა. საწყალი, საწყალი თემო. სადღა იყო მისი იუველირული სიზუსტით დაწყობილი ქოჩორი, ქარაშოტგამოვლილ ბაობაბს ჰგავდა.

- საკუჭნაოში უნდა იყოს. სამზარეულოს გვერდით, როგორც შეხვალ, მარცხნივ.

ოყნის ძებნაში ნესტორის არქივს გადავაწყდი. ის ძველი ჟურნალების ქვეშ ამოედო ქალბატონ მარიცას. სხვა სიტუაციაში ალბათ სიხარულით დავბზრიალდებოდი, მაგრამ ტუალეტში მომაკვდავი კაცი მელოდება, ამიტომ გაფაციცებულმა განვაგრძე ოყნის ძებნა და მივაგენი კიდეც.

ოყნა თემოს მივაწოდე, ნესტორის საქაღალდე ჩანთაში ჩავიდე და სულის მოსათქმელად სკამზე ჩამოვჯექი.

ბევრი, ძალიან ბევრი რამ მქონდა გასარკვევი. პირველ რიგში, რატომ აღმოჩნდა თემო ასეთ მდგომარეობაში, მეორე - სად გაქრა მარიცა. და თუ გაქრა, რატომ არ წაიყოლა წყეული საქაღალდე. ნესტორ ჩუბინიძე სულმოუთქმელად ელის გუშინდელი ვოიაჟის ამბებს, ხომ არ აჯობებს

Page 144: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ტელეფონით ვაცნობო? წარმომიდგენია, რა დაემართება ბერიკაცს როცა ქალიშვილის არსებობის შესახებ შეიტყობს... თანაც როგორი ქალიშვილის! მისი ვაჟის ყოფილი საყვარლის და ამავდროულად მკვლელის! საშინელებაა, მე ამას პირისპირ ვერ ვეტყვი.

ტელეფონს მივუახლოვდი და ყურმილი ავიღე. არავითარი ზუმერი, ჩქამიც არ ისმოდა, დაზიანებული ხაზისთვის დამახასიასებული ელემენტალური ხრიალიც კი. როდის-როდის გავაცნობიერე, რომ ხელში გადაჭრილი ყურმილი მიჭირავს. წუხელ იმიტომაც ვერ დავუკავშირდი.

სხვა აპარატის ძებნაში ოთახები დავიარე. ის თემოს და მარიცას შვილის, გიორგის ოთახში აღმოვაჩინე. ისიც გადაჭრილი.

უცნაურია, ძალიან უცნაური...

მიმოვიხედე. პლაკატები, კომპიუტერი, სკანერი... კედელზე - მოსახევი კალენდარი ცნობილი ადამიანების კარიკატურებით, მაგიდაზე - კალენდრის მოხეული ფურცლები...

ხმაურზე სააბაზანოსკენ გავიქეცი. თემო კედელ-კედელ მილასლასებდა თავისი კაბინეტისკენ.

- ცხელ ჩაის დაგალევინებ, კარგი?

- რატომ არ მაცადე სიკვდილი. - ის ღონემიხდილი მიეგდო ტახტზე. აკანკალებდა.

პლედი მივაფარე და გვერდით მივუჯექი.

- სიკვდილს ყოველთვის მოასწრებ.

- არა, აწი ვერ გავბედავ. შენი გამოჩენა ალბათ განგების ნება იყო.

- მარიცა სად არის?

- არ ვიცი.

Page 145: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- რატომ იკლავდი თავს?

- არ ვიცი.

- არ გინდა სიმართლე მითხრა... შენი ნებაა, ისედაც ყველაფერი ნათელია.

- რა არის `ნათელი?~ - თემომ წამიერად შემომხედა და მზერა ამარიდა. საინტერესოა, ეს კაცი მხოლოდ ტყუილის თქმისას მალავს თვალებს თუ თანდაყოლილი ჩვევაა?

- ცოლის დაფარვას ცდილობ. საწამლავი მარიცამ ჩაგიყარა ჭიქაში.

- საინტერესო ვერსიაა, შენით მოიფიქრე თუ ვინმე მოგეხმარა? – რაც შეიძლება აგდებულად მითხრა თემომ, მაგრამ მე არ გამომპარვია მის ხმაში გაპარული კანკალა ნოტი.

- არ ვარ მართალი?

- არა, მარიცა ამის გამკეთებელი არ არის.

- ეგეთები გაუკეთებია?!

- შენ რა იცი?

- ვიცი. იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ გგონია.

- იათამზე, წადი აქედან, რა? _ შემთხოვა თემომ, _ დაივიწყე რაც მოხდა და წადი.

- სად არის მარიცა?

- არ ვიცი. ვიჩხუბეთ და წავიდა.

- არა უშავს, დაბრუნდება, ვის არ უჩხუბია?!

- შენ... შენ ვერ ხვდები, სამუდამოდ წავიდა.

- რატომ? – არ მოვეშვი მე.

- გაგიკვირდება და შენ გამო. ისეთი სიბინძურეები ილაპარაკა, ვერ მოვითმინე და... შევაგინე.

Page 146: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- მაინც?

- ქურდობა დაგაბრალა. _ ამოღერღა თემომ. _ ვითომ, ვიღაც გენერლის სახლიდან არქივი მოიპარე.

- მერე?

- თითქოს არქივში დაფიქსირებული ადამიანების დაშანტაჟებას აპირებდი.

- მერე, მერე?

- ქურდი და აფერისტი გიწოდა.

- და ამის გაგონებაზე, შენ ხმალი ამოიღე და სულ წივილ-კივილის დაიცავი ჩემი ღირსება, არა? _ დამცინავად მივუგე მე.

- ხმალი არ ამომიღია, გითხარი, რომ შევაგინე.

- მარიცამ კი ვერ აიტანა ასეთი შეურაცხყოფა, ჩაალაგა ბარგი-ბარხანა და ჩაო-კაკაო! - ჰაეროვანი კოცნა გავაგზავნე ფანჯრის მიმართულებით, საიდანაც მოჩანდა მუსერიძეების ხეივანი. – თემო, და შენ გინდა ეს ზღაპრები დავიჯერო? იდიოტი გგონივარ?

- არა, იათამზე, ეს მე ვარ იდიოტი, მე! იდიოტი ცხოვრებაში და იდიოტი სცენაზე... ხო, ხო, მოსკოვში, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას, დოსტოევსკის `იდიოტი~ დავდგით... მიშკინის როლზე მე დამამტკიცეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული აქცენტი მქონდა. - თემომ მძიმედ ამოიოხრა და რაღაცას მიაჩერდა.

თვალი გავაყოლე მის მზერას და მოპირდაპირე კედელზე მარიცას პლაკატი დავინახე. ძველი პლაკატი იყო, გაცრეცილი და გვერდებმომბალი. საერთოდ არ ჯდებოდა თანამედროვე ინტერიერში. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ახლახან, სახელდახელოდ გააკრეს. პლაკატიდან ლამაზი და ახალგაზრდა მარიცა მიღიმოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ქალის ძალა გამოხედვაშია. მის

Page 147: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

გაფართოებულ გუგებში კურტიზანი ქალები ირეკლებოდნენ, თვალებში ბელადონის წვეთებს რომ იწვეთებდნენ მეჯლისზე წასვლის წინ. სად იყო ნამდვილი მარიცა, აქ, ამ პლაკატზე, თუ იქ, ჩემს სააბაზანოში?!

თემო სიმართლეს არ მეტყვის, იმ მარტივი მიზეზით, რომ მან მოკლა თავისი ცოლი. იქნებ მან არაფერი იცოდა მარიცას ბობოქარი წარსულისა და შხამქიმიკატიანი აწმყოს შესახებ? გაიგო, მოკლა და აფექტში თავის მოკვლაც გადაწყვიტა.

იქნებ ჯობდა მომკვდარიყო... მაგრამ შვილი?...

- გინდა, გიორგის დავურეკავ, მოვიდეს...

- არ გაბედო! – მკაცრად გამაწყვეტინა თემომ. – ეგღა

მაკლია, გიორგი გავაბა შარში. ოცამდე სწავლა არ იწყება, იყოს, სადაც არის, დაისვენოს. შენ კი, წადი, იამზე, წადი და მშვიდად იყავი – მე თავს აღარ მოვიკლავ.

- მარიცამ რომ დამირეკოს, რა ვუთხრა? – ვკითხე, ყოველი შემთხვევისთვის.

- უთხარი რომ დაბრუნდეს. ყველაფერი მიპატიებია. – თქვა და ზურგი შემაქცია.

_ _ _

წვიმამ რუსთაველის გამზირზე მომისწრო. პირველსავე კაფეში შევედი და ჭიქა ვისკი შევუკვეთე. ოდნავ დავმშვიდდი და მიმოვიხედე. კაფეში ჩემ გარდა არავინ იყო. ზედგამოჭრილი სიტუაციაა იმისთვის, რომ გავაანალიზო მომხდარი.

მაშ ასე:

თემოს ვერსია. ჩხუბის შემდეგ მარიცა წავიდა სახლიდან. დავუშვათ ასეა. ისმის კითხვა: მაშინ რატომ არ წაიყოლა

Page 148: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მამასისხლად მოპოვებული არქივი? და მეორე _ რატომ ჰქონდა თემოს სუიციდის მცდელობა, თუკი ყოველმხრივ მართალი ბიჭია? არა, ბატონებო, ეს ვერსია კი არა, კოჭლი იხვია.

მე მაინც ვფიქრობ...

ვინ მაცალა ფიქრი? მობილურის ეკრანზე სერგოს სახელი აინთო.

- რასა იქს თვითმარქვია დეტექტივი?

- კაფეში ზის და ვისკის წრუპავს. – ვუპასუხე.

- ვის შესანდობარს სვამს?

- ვერშემდგარი თაფლობისთვის.

- არა, მართლა!

- მართლა, მართლა.

- მეუღლესთან ერთად, თუ მარტო დასტირის ბედკრულ წუთისოფელს?

- მარტო.

- `განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქნების~. - თავი მომაწონა სერგომ.

- `ვგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა~. - დავახვედრე მე.

- პასპორტი მზად არის, შეგვიძლია დღესვე

ჩავაკითხოს გოდერძას. მითხარი რა ადგილზე ხარ, გამოგივლი.

ნახევარ საათში მცხეთა-თბილისის ტრასაზე მივქროდით. სერგო რაღაცას ლაპარაკობდა, მე კი რაღაცას ვიხსენებდი. რაღაც მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც ტვინის რომელიღაც ხვეულზე თვლემდა. ერთი პატარა ბიძგი სჭირდებოდა გასაღვიძებლად, მაგრამ ბიძგი არ მოდიოდა. ამ

Page 149: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დეტალმა კაფეში ჯდომისას გამიელვა თავში, მაგრამ სერგომ ზარმა ძლივს შეკოწიწებული დედუქციები გამიფანტა. ახლა ამ ნაკუწების თავმოყრას ვცდილობდი, სერგო კი ტვინს მიბურღავდა.

შესაფერისი მაკიაჟის გაკეთება მაშინ გამახსენდა, როცა გოდერძას სტუმრები დავინახე – ორი აბრჭვიალებულ-აბრდღვიალებული წიწკვი გოგონა. ერთს გულღია გლეხური სახე ჰქონდა და მორიდებულად იჯდა. მეორე ვულგარულად ეწეოდა სიგარეტს. მათ ფონზე მომაკვდავ პეპელას ვგავდი. სერგოს ბრალია ყველაფერი, იმდენი იქაქანა, მეც გამომაშტერა და თავადაც გამოშტერდა. გოდერძამ დაკვირვებით შემათვალიერა, მაგრამ ვიდრე რამეს იტყოდა, სერგომ პასპორტი გააძრო.

- ა, ძმაო, ესეც ამ გოგოს პასპორტი.

გოდერძამ პასპორტი ჩამოართვა, ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.

- რა იყო, რას მომჩერებიხარ?! - ავუშარდი გოდერძას. - რამე ისე თუ არაა, თვალებს დავთხრი იმ გაკრასკულ მეპასპორტესა?!

- არა, ყველაფერი წესრიგშია. - გოდერძამ პასპორტი შარვლის უკანა ჯიბეში შეინახა და სერგო გვერდზე გაიხმო.

ათიოდე წუთი ილაპარაკეს, რის შემდეგაც მე და სერგომ ერთად დავტოვეთ კრაზანების ბუდე.

- შემდეგ კვირაში აქვს დაგეგმილი ქალების გადაყვანა, სარფში თავისი კაცი დახვდებათ და გადაანაწილებს. – უკანა გზაზე მითხრა სერგომ.

- მერე, თურქეთის ტერიტორიაზე ჩაატარებთ სპეცოპერაციას?

- ეგ მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის. – მრავალმნიშვნელოვნად თქვა სერგომ. – ისე, ცუდად დაგადგა თვალი იმ ჩემანალამ.

Page 150: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- რა ვქნა, მოვწონვარ კაცებს? - გავიკეკლუცე.

- გაგიგოს ქმარმა?!

- შენ გაგიგოს, თორემ მე რა?!

- მე შენს დავალებას ვასრულებ.

- აბა, შენ იცი, მე დამაბრალე ყველაფერი! მარიცას მშობლები რომ გაპოვნინე კარგი იყო? მაშინ ვის დავალებას ასრულებდი?

მაშინ ნესტორის დავალებას ვასრულებდი. – გავეპასუხე გულში. ნესტორის, რომელსაც ვინ იცის თვალები გაუწყალდა ჩემი ლოდინით.

- ნესტორთან ჩამომსვი. – ვუთხარი სერგოს.

- ქოთნის ლობიო ხომ არ გვეჭამა?

- ლობიო მეტისმეტია, თუ გინდა ღვეზელზე დამპატიჟე.

სერგომ ორიოდ წამს იყოყმანა, მერე იფიქრა ღვეზელიც არ დამრჩეს გვერდზეო და გზიდან გადაუხვია.

_ _ _

- რას იტყვი, იათამზე? – შესვლისთანავე მკითხა გენერალმა.

- თქვენთვის საინტერესოს, არაფერს.

ვიცრუე. თუკი მარიცა აღარ წერია ცოცხლებში, რა შვებას მოუტანს ნესტორს სიმართლის ცოდნა. ჯერ ერთი შვილის სიკვდილი ვერ მოუნელებია...

- მდაა... მე კი იმედი მქონდა.

პასუხად მხრები ავიჩეჩე.

- ეს დღეები ერთი ფიქრი ამეკვიატა, ფიქრი კი არა, მოგონება. - ნესტორმა ბალიში შეისწორა და მძიმედ ამოიოხრა. - არ

Page 151: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ვიცი, რამდენად არის კავშირში დღევანდელი და მაშინდელი ამბები, მაგრამ გული მიგრძნობს, რაღაც კავშირი უნდა იყოს. არც მახსოვს რომელ წელში მოხდა ეს ამბავი, ბრეჟნევი რომ იყო გენსეკი, ეგ ზედმიწევნით მახსოვს. ჩვენი კაგებე ერთ შპიონზე გავიდა, ეჭვი გვქონდა, რომ ამერიკის დაზვერვას ემსახურება. გაკვირვებას იწვევდა ერთი ამბავი - ამ კაცმა ისეთი ადამიანები აალაპარაკა, ვის ერთგულებაშიც დარწმუნებულები ვიყავით. გადავწყვიტეთ აგენტი მიგვეჩინა, რომელიც კონტაქტში შევიდოდა, დაუახლოვდებოდა. ერთი ნიჭიერი ბიჭი გვყავდა, ნუკრი ერქვა, ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა უფროს ლაბორანტად. იმას მივეცით დავალება. ერთხელაც, მოდის ეს ნუკრი და საოცარ ამბებს ყვება: შპიონობაში ეჭვმიტანილი პიროვნება ჰიპნოზის ნიჭით არის დაჯილდოვებულიო. თურმე, თვალებში ყურებით შეეძლო ადამიანის მიძინება, მერე კი ინფორმაცია დაეცინცლა. დავიჭირეთ, მივაწექით და ყველაფერი დაფქვა. ერთხელაც, ჩემს კაბინეტში მომიწია მისი დაკითხვა, მახსოვს, არაყიც დავალევინე... მაშინ გამომიტყდა პირველად: მეო, ჰიპნოზის გარდა, წინასწარმეტყველების ნიჭიც მაქვსო, ადამიანის წარსულს და მომავალს ვხედავო. თუ ეგეთი მაგარი ხარ, ჩემს შესახებ მომიყევი მეთქი. ისეთი რაღაცეები მითხრა, კინაღამ ჭკუიდან გადავედი, თუმცა, ერთში ჩაიჭრა - შენო, სამი შვილი გყავს, ერთი ვაჟი და ორი ქალიო. `მანდ შეცდი, - ვუთხარი სიცილით. - დანარჩენი ყველაფერი მართალია.~ `მე არასოდეს ვცდები. - მიპასუხა თავდაჯერებულად. - შენ ამაში დიდი ხნის მერე დარწმუნდები, როცა დაბერდები და ლოგინად ჩავარდები.~ მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება, შენი წასვლის შემდეგ კი სულ იმ გოგოებზე ვფიქრობ...

- ასეც რომ იყოს, ბატონო ნესტორ, ნინო მკვდარია, მარიცა _ ქურდი და მკვლელი... რა აზრი აქვს თქვენთვის ასეთი შვილის არსებობას?! - დშევძახე აღელვებულმა.

- აქვს! - დაბეჭდა ნესტორმა.

Page 152: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მისი თვალები აღარ მიყურებდნენ უწინდელი თავდაჯერებითა და ცინიზმით. მათში მოხუცის უმწეობა იკითხებოდა. და სინანული.

- შვილი, შვილია, იათამზე... შენ არ იცი რას ნიშნავს ჩემსავით მარტოხელა ბერიკაცისთვის შვილის არსებობა. მერე რა, რომ მკვლელია, მერე რა, რომ ჩემი არქივი გაიტაცა?! ბედის ანაბარა მიტოვებული ბავშვებისგან ანგელოზები ვერ გაიზრდებოდნენ, ვერა... მერე, გენეტიკაც თავისას შვება. ჩემსავით ავანტიურისტები გამოვიდნენ, ჩემსავის ღრჯოები... ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, არ გაბედო ჩემი შებრალება, თავშიც არ გაივლო! - ნესტორმა მკაცრად დამიქნია საჩვენებელი თითი. - მე საშინელი ადამიანი ვარ. იმდენი ცოდვა მაწევს კისერზე, მგონი ჯოჯოხესიიც არ მიმიღებს. არ მითხარა ახლა სისტემა იყო ეგეთიო... კი, იყო, მაგრამ ვინ შექმნა ის? ჩემნაირმა ეშმაკის მოციქულებმა, ერთი ბერია და ერთი სტალინი ვერ მოერეოდა ამოდენა ქვეყანას, მათი პოლიტიკის გასატარებლად ათასობით და ათიათასობით ნესტორ ჩუბინიძე იყო საჭირო. და ისინი იყვნენ, ვირთხებივით მრავლდებოდნენ, რომ დაეღრღნათ, გაესრისათ, მოესპოთ...

- ბატონო ნესტორ, არ გინდათ. - ხელის აწევის შევაჩერე. მესმოდა, როგორ ლამობდა ამოხეთქვას მისი ყელიდან დარდით გასიებული ხველების გორგალი.

- მინდა! სათქმელი ოდესმე უნდა ითქვას, მეყო რაც თავს ვიტყუებდი, მეყო რასაც ვითმენდი! კახა, ჩემი კახუნა მოკლეს, მე კი ვერ ვიტირე, ვინმეს რომ არ ეფიქრა გენერალს ნერვებმა უმტყუნაო... მიმიფურთხებია ყველასთვის! ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყანად და ისე უნდა იცხოვროს, სიბერეში სისხლისა და წყევლის გარდა, რამე ჰქონდეს გასახსენებელი. ჩემი ბიჭი აღარ არის ცოცხალი, ის შეიძლება საკუთარმა დამ მოკლა და ამაში მე ვარ დამნაიავე, მე, მე, მე...

და აქ მოხდა სრულიად გაუგონარი რამ: ბატონი ნესტორი ატირდა. ხელი არ შემიშლია. იტიროს, გულზე მაინც მოეშვება.

Page 153: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ტირილი ისევე მოულოდნელად იეწყვიტა, როგორც დაიწყო. სახე გაუქვავდა, მზერა დაეძაბა.

იმავე წამს საფეთქელზე ცივი მეტალის შეხება ვიგრძენი.

- ხმა, კრინტი, თორემ გაგათავე, შენც და ეს კუანა გენერალიც. - მომესმა მცხეთელი გოდერძას ნაცნობი ხმა. - ტარიელ გოდერძიშვილის გადამგდები კაცი ჯერ არ დაბადებულა ქვეყანაზე. აბა, ერთი ჩამოყაჭე, ვისი მოგზავნილი ხარ?

- საიდან მოიტანე, რომ მოგზავნილი ვარ? – ამოვილუღლუღე.

- ბებიაშენისამ, შენნაირი ქალები გარბიან თურქეთში საშოვარზე! ვერ გიშველა სოფლურმა ბაზარმა. კოჭებში გეტყობა ვინც ხარ.

- ვინ ვარ?

- ჯერ ის მითხარი, ვინ იყო ის თავგასიებული ჯიგარი? ჩქარა, თორემ გაგათავე. - ჩამაორთქლა ყურში.

- უთხარი. - მირჩია ნესტორმა.

- რა მნიშვნელობა აქვს, მაინც მომკლავს.

- ბევრს ნუ ბლატაობ. - გოდერძამ თავში წამითაქა იარაღის ტარი.

- გამაგებინეთ, რაშია საქმე? - ნესტორი საქმიანად წამოჯდა საწოლში, ბალიშიც კი გაასწორა.

- ჩაკვდი, ბებერო! შენღა მაკლდი ახსნა-განმარტებით! – გოდერძამ ნესტორს შეუღრინა და მე მომიბრუნდა. -

ვინ იყო მეთქი ის საქონელი? გვარი, სახელი, სამუშაო ადგილი.

- გვარი არ ვიცი. სერგო ჰქვია.

- მისამართი.

- არ ვიცი.

Page 154: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- მოვკლავ ამ ჩათლახს. მოვკლავ და მკვლელობას შენ შეგტენი, ბებერო კაგებეშ...

გასროლის ხმამ ადგილზე გამაშეშა. როცა გონება დამეწმინდა, იატაკზე გაგორებული გოდერძა დავინახე, ტყვიამ პირდაპირ მაჯაში გაუარა და პისტოლეტი ხელიდან გააგდებინა.

- ერთი ზედმეტი მოძრაობა და შემდეგ ტყვიას შუბლში მიიღებ. – კბილებში გამოცრა საწოლზე ზეაღმართულმა ნესტორმა. ხელში ის `სტეჩკინი~ ჩაებღუჯა, ვიზიტის პირველ დღეს რომ გააძრო ჩემს შესაშინებლად.

- იათამზე, პისტოლეტს დაწვდი და ჩემთან მოდი. ფრთხილად, დატენილია.

ასეც მოვიქეცი.

- ნუ გეშინია, მიზანში მყავს ამოღებული... აიღე მობილური და დაურეკე იმ შენს მაიორს.

- - -

თვითმფრინავმა სტარტი აიღო, ბილიკზე გრძელი გარბენა გააკეთა და ცაში აიჭრა. მე და დათამ თვალი გავაყოლეთ უზარმაზარ ვერცხლისფერ ჩიტს, რომელშიც დეა იჯდა.

სახლში მოწყენილები მივედით. დათა ტელევიზორთან წამოწვა და ჩაის გაკეთება მთხოვა.

სამზარეულოში გავედი. მე არ ვარ სენტიმენტალური ადამიანი, მაგრამ დეას გამგზავრებამ აშკარად ცუდ ხასიათზე დამაყენა. არა უშავს, გამივლის. ოც სექტემბერს სწავლა დაიწყება. გუტენ მორგენ, კინდერ!

უცებ, მიძინებულმა დეტალმა, რომლის ქმედებაში მოყვანას უკვე რამდენიმე დღეა ამაოდ ვცდილობდი, გაიღვიძა. თვალწინ დამიდგა მოსახევი კალენდარი გიორგი მუსერიძის

Page 155: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ოთახში, რომელიც 2 სექტემბერს აფიქსირებდა - მარიცას გაქრობის დღეს. გამოდის, ვიღაც შევიდა გიორგის ოთახში, კალენდრის ვადაგასული ფურცლები მოხია, მაგრამ გადაყრა დაავიწყდა, ანდა აღარ ეცალა საიმისოდ. და ეს `ვიღაც~ გიორგი იქნებოდა, სხვა არავინ. ამას თუ თემოს სუიციდის მცდელობას და გიორგის ხსენებაზე უცნაურ რეაქციას დავუმატებთ, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - შვილმა დედა მოკლა! ის, რომ მარიცა მკვდარია, ჩემში ეჭვს აღარ იწვევდა. ქალაქში უკვე აგორდა ჭორები მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ზოგი ამბობდა, დეპრესიაში იყო და ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში გადახტაო, ზოგი ამბობდა პარიზში ვნახეთ ახალგაზრდა მამაკაცის გარემოცვაშიო... მარტო მამა-შვილი, თემო და გიორგი მუსერიძეები დუმდნენ საეჭვოდ.

ჩაიდანის კივილმა ისე შემაკრთო, კინაღამ იქვე ჩავიკეცე. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ნერვები დაწყვეტაზე მაქვს და ასე იქნება მანამ, სანამ სიმართლეს არ გავიგებ.

დათა ჩაძინებული დამხვდა. ნახევრადწამოწოლილი იჯდა ანთებულ ტელევიზორთან, წარბები მოეღუშა და ხელები გულზე დაეწყო. ჩაის ჭიქა ჟურნალის მაგიდაზე შემოვდე და აღმოსავლელი მხევალივით დავეშვი მბრძანებლის ფეხებთან. ვიცი, არ არის კარგი მძინარე ადამიანის ყურება, მაგრამ ვერ მივდივარ. ხარბად ვისრუტავ მის სუნს, მუხლზე თავს ვადებ და მოწოლილი გრძნობის სიტყვაში მოქცევას ვცდილობ.

- - -

Page 156: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ზაფხულს უჭირდა პოზიციების დათმობა, თბილისში ჯერ ისევ ცხელოდა, მაგრამ ყვითელთმიანი შემოდგომა ენერგიულად აკაკუნებდა კარზე.

აზრების მოსაკრებად მთაწმინდაზე ფეხით მისვლა გადავწყვიტე. ისედაც, მიყვარს ძველ უბნებში ბოდიალი.

კონსერვატორიის კუთხეში სვლა შევანელე. პირველ სართულზე ვიღაც ხმამაღლა აღრიალებდა მაგნიტოფონს და მე ცხოვრებაში პირველად მივხვდი - რა არის სინამდვილეში როკი. სულს ოპოზიციაში ყოფნა მოსწყურდა, წინააღმდეგობა, ანარქია, რევოლუცია...

ტროტუარზე ჩამომჯდარი ქალი ცოცხებს ჰყიდდა და გაოფლილ სახეს ინიავებდა. ცოცხი მეც მქონდა შესაძენი, მაგრამ თემოს ცოცხით ვერ დავადგებოდი. ფასი მაინც ვიკითხე, თან მუსიკას მივაყურადე.

- ორ ცალს ხუთ ლარში მოგცემ. - ყოჩაღად მომიგო ქალმა.

- ორი რომ არ მინდა?

- მაშინ სამად წაიღე.

- გმადლობთ, - ვთქვი და წასასვლელად დავიძარი.

- სად მიდიხარ, გოგო, ორნახევრად წაიღე, სიფთა ხარ. - ქალმა ცხვირთან ამიფრიალა ცოცხის მოწითალო-ოქროსფერი კუდი.

- ჩამოვივლი და მერე.

- ცოცხი რა ღირს, ქალო? - ბორდიურთან ჩემი ოცნების ავტომანქანამ დაამუხრუჭა - ოქროსფერმა `ნისანმა~ ნატურალური ტყავის სალონით, უხმაურო ძრავით და კიდევ უამრავი კომფორტით, რომელზეც მე წარმოდგენა არ მქონდა. მძღოლის რა მოგახსენოთ, ის სულაც არ ჰგავდა ჩემი ოცნების მამაკაცს. ჯერ ერთი მამად მეკუთვნოდა. თანაც წითური იყო, წითური და უზრდელი. ვინ არის მაგის `ქალო~?

Page 157: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- ოთხი ლარი ღირს, გენაცვალე! - ფასს აუწია ქალმა. - იგეთი ცოცხებია, რო შენი მოწონებული! - რეკლამაც გაუკეთა.

- რა, თავისით გვის?

- არა, კაცო, თავისით - არა, ცოლს უნდა დააჭერინო ხელში და ისე დაგვის როო... - დაარიგა ქალმა.

- დაიჭერს რო? - კაცმა ყოყმანით გააქნია წითური თავი.

- ორსა ექვს ლარად მოგცემ, აიღე, კარგი კაცი ჩანხარ.

- სადაური ხარ?

- მე? მე ხევიდან გახლავარ, ისე ქვიშხეთში ვარ გათხოვილი.

- აქ რა ქარმა გადმოგაგდო?

- აი, ცოცხსა ვყიდი, ბურვაკი უნდა ვიყიდო და სააღდგომოდ მოვასუქო. ეჰ, გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ჩემს ასაკში ქუჩაში გდება გაგიგია?

- ზოგჯერ ბებერი კბილიც კარგად ჭრის. აჰა, გამომართვი ფული და კაი ცოცხები ამირჩიე.

- უი, რაღა ვქნა, ამის ხურდა საიდან მოვიტანო?! - ქალი გაწბილებული მიაჩერდა ტკიცინა ასლარიანს.

- არ მინდა ხურდა, ფეშქაში იყოს. ორი ცოცხი მე, ორიც, ამ ლამაზ ქალიშვილს. - მიუთითა ჩემზე.

მომენტალურად გამოვედი მუსიკალური ტრანსიდან და სასტიკი უარი განვაცხადე დაუმსახურებულ საჩუქარზე. თუმცა ქათინაური მესიამოვნა.

წითურმა მამაკაცმა ცოცხები სალონში შეყარა და დაგაზა. მე და გამყიდველი გაოგნებულები მივაჩერდით ერთმანეთს.

- უი, შენ გაიხარე შენს ცოლ-შვილში. - ნაგვიანევად დალოცა ქალმა. - მოდი, აირჩიე, რომელიც გინდა! - მიმითითა მსხვილი თოკით გადაბმულ ცოცხებზე.

- არა, არ მინდა.

Page 158: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- აიღე, გოგო, გადახდილია შენი ფული.

მადლობა მოვუხადე და გზა განვაგრძე.

მუსერიძეების სახლთან ნაცნობი სიგარეტის გამყიდველი შევნიშნე. ის ქუჩის გადაღმა, ფერადი ქოლგის ქვეშ იდგა, და როგორც ყოველთვის სიგარეტს ჰყიდდა.

- დიდი ხანია ამ ადგილზე ვაჭრობთ? - დავეკითხე თავაზიანად.

- ერთი წელი იქნება. - ქალმა მტრულად შემათვალიერა. - ნებართვაც მაქვს, რამე რომ...

- არა, არა, - შევაწყვეტინე. - მაგიტომ არ გეკითხებით. მაინტერესებს, ამ სახლის ბინადრებს თუ იცნობთ?

- მუსერიძეებს? როგორ არ ვიცნობ, ჩემთან ყიდულობენ ხოლმე სიგარეტს. შენ ვინ ხარ?

- მე საქველმოქმედო ორგანიზაციიდან ვარ. ბატონი თემო დახმარებას დამპირდა... ერთი გაჭირვებული ბავშვისთვის ოპერაციაა დასაფინანსებული. ვრეკავ და ყურმილს არ იღებს. სახლშია ნეტავ?

- ამ დილით არ დამინახავს. მგონი არც გამოსულა სახლიდან.

- ცოლ-შვილი თბილისში ჰყავს თუ დასასვენებლად არიან?

- ცოლი მგონი აქ უნდა იყოს... შვილი კაი ხანია არ მინახავს... არა, ვიტყუები. - გაახსენდა გამყიდველს. - ბიჭს გუშინწინ მოვკარი თვალი, სიგარეტი იყიდა.

- გუშინწინ მეც მოვედი ბატონი თემოს სანახავად, გიორგი თუ იყო სახლში, კარი ვერ გამიღო? რა იციან ხოლმე ეს დამალვა... - ნაწყენი გამომეტყველების გავხედე მუსერიძეების გალავანს. გუშინწინ ორი სექტემბერი იყო, ყველაფერი ემთხვევა.

- საღამოხანს მოვიდა, - დამიზუსტა გამყიდველმა. - მაგრამ მალევე დატოვა სახლი. სიგარეტი იყიდა და სანამ ხურდას

Page 159: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ვეძებდი, გავარდა. ლარი მაქვს მაგის ვალი, გამოჩნდება თუ არა, მივცემ, სხვისი არაფერი მინდა.

ასეც ვიცოდი. თემომ ცოცხალი თავის არ დამარეკინა გიორგისთან - ბიჭს არ გავახვევ შარშიო. ცხადია, ის შვილს იცავდა, მაგრამ შვილმა დედა რატომ გაიმეტა?

კარი თემომ გამიღო. ჩემი მისვლა არ გაჰკვირვებია, უსიტყვოდ შემიძღვა სახლში. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. შილიფად ეცვა - ჯვალოს შორტები, `ადიდასის~ შლოპანცები. ქოჩორიც დაევარცხნა.

- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. - თქვა და჻ჭიქებში არაყი ჩამოასხა. - მოხვიდოდი და ახალ ვერსიას ამიფრიალებდი.

რატომღაც აღარ მალავდა თვალებს, მშვიდად მიყურებდა, ირონიის გარეშე.

- მართალი ხარ, არის ვერსია. - ამჯერად მე ავარიდე მზერა.

- უსათუოდ უნდა ვიცოდე?

- უნდა იცოდე, მარტო ვერ მოვერევი. - არყის ჭიქა პირთან მივიტანე, მაგრამ დალევა გადავიფიქრე. დავყნოსე და უკან დავდგი. - თუ შენს მიერ ჩადენილ დანაშაულს აქვს გამართლება, ავდგები და წავალ... წავალ და პირობას გაძლევ, ვერასოდეს მიხილავ. შენი საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდება.

- თუ არა?

- მაშინ... მაშინ პოლიციას გადავათხრევინებ ეზოს. რომელიღაც ხის ძირში უეჭველი აღმოაჩენენ მარიცას გვამს. მარიცასი და მისი საყვარელი ძაღლის. თუ არ ვცდები, ზესხო ერქვა.

- ხუმრობ, იათამზე? - თემომ სიკვდილმისჯილივით გამიღიმა.

- სამწუხაროდ, არა.

- ვინმემ იცის, აქ რომ ხარ?

Page 160: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

- სუ ხემ მოშორებას შეეცდები, გაიგებენ. როგორ და რა გზით, ამას, ცხადია, არ გეტყვი.

- გამომყევი. - ამ სიტყვებით თემო წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა.

სახლიდან ეზოში, ეზოდან სახლის უკანა მხარეს, ხეივანში გადავინაცვლეთ.

- აქ არის. - თემომ ერთ-ერთი ვაზის ძირში, დატკეპნილ მიწაზე მიმითითა. - მე მოვკალი, ჩემი ხელით გავთხარე ორმო და შიგ ჩავაგდე. დღეში რამდენჯერმე გამოვდივარ და საფლავზე ვაფურთხებ. ასე მოვიქცევი სიკვდილის ბოლომდე.

- ნუ მატყუებ, თემო, შენ ის არ მოგიკლავს.

- როგორ თუ არ მომიკლავს?! - ნერვიულად აახამხამა თვალები, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ყურძენს მარცვალი მოაწყვიტა და ინსტიქტურად გაიქანა პირში. - აბა, თავისი ხელით ხომ არ გაითხრიდა საფლავს?- დააყოლა ირონიულად.

- საფლავი შენ გაუთხარე, მაგრამ მოკვლით, გიორგიმ მოკლა. რატომ?

თემოს სახე წაეშალა. თითქოს უხილავმა მხატვარმა ფუნჯის ერთი მოსმით დაუგრიხა ნაკვთები და სახეც გადაუღება. როგორც მულტფილმში. ჩემ წინ განადგურებული კაცი იდგა. დადამბლავებული ტუჩებიდან გადმოცურებული ყურძნის მარცვალი უხმაუროდ გაგორდა ბალახზე.

- თემო. - დავუძახე შეშინებულმა.

თავი გააქნია და ყრუ გმინვით დაემხო მიწაზე, სავარაუდო საფლავთან. ცოტა ხანს ვადროვე, მერე გვერდით მივუჯექი და მხარზე შევეხე.

- რატომ მოკლა გიორგიმ დედამისი?

- დედამისი არ მოუკლავს. მარიცა ცხრა წლის წინ მოკვდა, ეს არაადამიანი ნინო იყო, მისი ტყუპისცალი.

Page 161: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

თანაგრძნობით გაწვდილი ხელი მოცელილივით ჩამომივარდა. წარმოუდგენელ რამეს ამბობს ეს კაცი!

- არ მჯერა!

- მეც არ მჯეროდა... თვითონ მითხრა, თავისი პირით აღიარა ყველაფერი.

- როგორ, შენ არაფერი იცოდი?

- არ ვიცოდი...

- შეიძლება ქმარს საკუთარი ცოლი სხვაში შეეშალოს?!

- ისინი ტყუპისცალები იყვნენ... თანაც ეს სპექტაკლი ისე ბუნებრივად, ისე დამაჯერებლად გაათამაშა, ეშმაკსაც შეაცდენდა. მისმენე იათამზე, მისმენე და ჩემთან ერთად დაიტირე ჩემი მარიცა...

ის, რომ ტყუპები განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევიან, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. ასე იყო ნინოც და მარიცაც. პირველი ექვსი წელი გოგოები ბავშვთა სახლში იზრდებიან. ნინო მომეტებული პასუხისმგებლობით გამოირჩევა, მაშინაც კი, როცა ქალბატონმა ლუიზამ ისინი იშვილა, ნინო განაგრძობს დის მფარველობას. მას მიაჩნია - თუკი ყურადღებას მოადუნებს, მარიცა რაღა უბედურებას მოიწევს - აივნიდან გადავარდება, მოიწამლება, ფეხს მოიტეხს... მსგავს თავდადებას ორმაგი სარჩული აქვს: ერთი მხრივ, ნინოს გულწრფელად აშფოთებს თავქარიანი დის ბედი, მეორე მხრივ, საკუთარ თავზე ფიქრობს - რა ეშველება მას მარიცას გარეშე? მერე რა, რომ ბუნებაში არსებობს ქალი, ვისაც დედას ეძახის, მარიცას თავს ვერავინ შეუცვლის.

ნინოსგან განსხვავებით, მარიცა ნაკლებად ფიქრობს ისეთ განყენებულ ცნებებზე, როგორიც სიკვდილია, ან სიყვარული, ან მონატრება. მარიცასაც უყვარს ნინო, ამასთანავე უყვარს მეზობლის ბავშვები, კლასის დამრიგებელი, გამზრდელ

Page 162: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დედაზე ხომ ჭკუას კარგავს. ნინო ეჭვიანობს, გამუდმებით ჩასჩიჩინებს დას შესაძლო მეტოქეებზე.

გადის წლები. მარიცა დამოუკიდებელ პიროვნებად ყალიბდება. თამამი, ლაღი, მხიარული ქალიშვილი ყველას მოსწონს. ლუიზა ცდილობს ნინოს გამოყვანას დის ჩრდილიდან - ხან ჩოგბურთზე სიარულს სთავაზობს, ხან ჭადრაკის სასახლეში მიჰყავს... არაფერი ჭრის, ნინოს მარიცას სიახლოვეს ყოფნა ყველაფერს ურჩევნია. მარიცა კი დროს არ კარგავს - კონსერვატორიის შემდეგ სიმღერის გაკვეთილზე გარბის, სიმღერიდან პაემანზე, პაემანიდან ვიღაცის დაბადების დღეზე... მოკლედ, ცხოვრობს ახალგაზრდა, ლამაზი ქალის სავსე ცხოვრებით. ნინო კი ისე გახდა ოცდაერთი წლის, არათუ ღირებული თაყვანისცემელი, ნამდვილი მეგობარიც არ ჰყოლია. ის დის ცხოვრებით ცხოვრობს და ბედს არ უჩივის. დროგამოშვებით მარიცა ღიზიანდება დის გადაჭარბებული მფარველობით და ნინოს საკუთარი ცხოვრების მოწყობას ურჩევს. ნინოს პასუხი ცალსახაა: სანამ პატრონს არ ჩაგაბარებ, იქამდე არც იფიქრო ჩემი თავიდან მოშორებაო. `პატრონში,~ რასაკვირველია, ქმარს გულისხმობდა.

და აი, მარიცას ცხოვრებაში გაჩნდა თემო მუსერიძე - პროფესიით ექიმი, ინტილიგენტი, სიმპათიური, რაც მთავარია, უზომოდ შეყვარებული. იმდენად შეყვარებლი, რომ ცოლს დაქორწინების შემდეგაც არ უკრძალავს სოლო კარიერას. მალე შვილი, გიორგი ეყოლათ.

ნინოს არც უცდია საკუთარი ცხოვრების მოწყობა, რაღაც პერიოდი ლოგინად ჩავარდნილი დედობილის მოვლით დაკავდა, მერე, როცა ქალბატონი ლუიზა გარდაიცვალა, პრაქტიკულად დასთან გადმოსახლდა. პრინციპში, რას აშავებს და, რომელიც ბავშვის გაზრდაში გეხმარება? შენ დაღლილი მოდიხარ კონცერტიდან, სახლში კი ცხელი კერძი და დაბანილ-დავარცხნილი ბავშვი გხვდება. რომელი ძიძა მოუვლის შენს პირმშოს საკუთარ დეიდაზე უკეთესად? მაგრამ

Page 163: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ცხოვრება ვერაგულადაა მოწყობილი, როგორც არ უნდა გადაჰყვე, შვილს თავისი ჩერჩეტი დედა ურჩევნია მსოფლიოს საუკეთესო გამზრდელებს ერთად, ქმარს - მუდამ მოუცლელი, მაგრამ საყვარელი ცოლის ერთი ღიმილი.

მუსერიძეების სამკაციანი ოჯახის დასასვენებლად წასვლას ნინო მტკივნეულად განიცდის. არ იცის სად წაიღოს დრო და ენერგია. ის იწყებს მუშაობას სამშენებლო ფირმაში. ჯერ ადმინისტრატორად, შემდეგ მენეჯერად. იქ გაიცნობს თავის პირველ მამაკაცს - პერსპექტიულ ინჟინერს ფრანგულ ყაიდაზე დაყენებული ულვაშით. ყველაფერი ნაცნობი სცენარით ვითარდება: პაემანი, ხელის თხოვნა, თანხმობა, ქორწილისთვის მზადება. და უცებ, შუა სამზადისში ნინო სასტიკ უარს აცხადებს გათხოვებაზე. თურმე ნუ იტყვის, პერსპექტიული ინჟინერ, როგორც მამაკაცი არ აკმაყოფილებს.

- რა გესმის შენ კაცების? - ბრაზობს მარიცა. - ახლა არ მოგწონს, მერე მოგეწონება, მთავარია გიყვარდეს.

მაგრამ ნინო უარზეა. გათხოვება, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩამოაშორებს დის ოჯახს. ნინო კი მხოლოდ მუსერიძეებთან გრძნობს თავს რეალიზებულ ადამიანად.

ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. დღის პირველ ნახევარს ნინო სამსახურში ატარებს, მეორე ნახევარს - მუსერიძეებთან. ასეც გაგრძელდებოდა, რომ მარიცას ცხოვრებაში კახა ჩუბინიძე არ გამოჩენილიყო.

ცვლილებას დის საქციელში პირველად ნინომ ამჩნევს - უაზრო ღიმილი, გაშტერება, სახლში გვიან მოსვლა... ყველა პარამეტრით მარიცა შეყვარებულია. ნინო ადგილს ვერ პოულობს, თემოს და მარიცას გაყრის შემთხვევაში, ის თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. არადა, საქმე აქეთკენ მიდის. მარიცა ყრუა ყველა არგუმენტის მიმართ. ის აღიარებს, რომ თემო არაჩვეულებრივი პიროვნებაა, რომ თავისებურად ისიც უყვარს, მაგრამ კახა მისთვის ყველაფერია, ერთ დღესაც

Page 164: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ვერ გაძლებს მის გარეშე. მარიცას გატაცება იქამდე მიდის, რომ ნინოს საკუთარ ქმართან დაწოლას სთხოვს, ოღონდ საყვარელთან გაატაროს ზედმეტი საათი. `თემო გვიან მოვა, თანაც ნასვამი, დამიჯერე, ნასვამი თემო არაა საშიში, გადაბრუნდება და დაიძინებს.~ - ჩურჩულებს შეყვარებული მარიცა.

უხამსი წინადადება ნინოს შოკში აგდებს, მაგრამ მარიცას დაჟინებული თხოვნით (და თავისი ქვეცნობიერი სურვილით) თანხმდება.

მამაკაცი, რომელსაც აღმერთებდა, რომელზე ოცნებასაც ვერ ბედავდა, ახლა ზევიდან მოჰქცევია და მასთან ერთად ექსტაზში ოხრავს. ნინო ბედნიერია, როგორც არასდროს. ახლა მას კარგად ესმის დის ემოციების, სიამოვნებით გაატარებდა კიდევ ერთ ღამეს თემოს მკლავებში, მაგრამ მარიცა არაფერს სთხოვს, მას პრობლემები აქვს - ჩაშლის პირას მისული კონცერტი, აღშფოთებული პროდიუსერი, ქმრის დადარაჯებული მზერა, საყვარლის ვნებიანი ამონასუნთქი, გაორებული ფსიქიკა, უძილო ღამეები...

ნინო კი შესაფერის მომენტს ეძებს... ცოდვიანი ღამის

განმეორების სურვილი შიგნიდან ხრავს, ცხოვრებაში პირველად მიხვდა: რა მშვენიერია მარიცად ყოფნა, რა მშვენიერია იყო უსირცხვილო, ამორალური, მაცდური...

მარიცა კი საეჭვოდ დუმს. ის აღარაა უწინდელივით ხალისიანი, ის ჰგავს ვოლიერში შეყუჟულ ლეოპარდს, რომელსაც კარი ღია დაუტოვეს. ლეოპარდს ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაიხსნას თავი და ტყეში გავარდეს, მაგრამ მან არ იცის, რა ურჩევნია - უსიერი ტყე თუ უსაფრთხო ვოლიერი?

ამასობაში, თემო გრძელვადიან მივლინებაში მიდის. იმავე საღამოს მარიცა დას გამოუტყდება, რომ ფეხმძიმედაა. `ვისგან?~ მარიცამ დაზუსტებით არ იცის ვისგან, არ არის გამორიცხული, კანონიერი ქმრისგან. კახა მზად არის

Page 165: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მიატოვოს ცოლ-შვილი და თავისი ცხოვრება მარიცას დაუკავშიროს. მაგრამ მარიცა ყოყმანობს. მას უკვე ენატრება ქმარი, იმასაც კარგად ხვდება, რომ მივლინებაში წასვლით თემომ შანსი მისცა - არ მიაწვა, არ დააძალა, არ დააჩქარა მოვლენები.

აბორტის გაკეთება დაგვიანებულია, სასოწარკვეთილ მარიცას ნინო გამოსავალს სთავაზობს - მარიცა აჩენს შვილს, რომელსაც ნინო თავისად გაასაღებს. თბილისში მშობიარობა დაუშვებელია, ნებისმიერი აფერა საბუთებთან დაკავშირებით ეჭვს გამოიწვევს. პოპულარული მომღერლის შესახებ ისედაც ვრცელდება ჭორები - რატომ დაიკარგა, ვისთან იმყოფება - ქმართან თუ საყვარელთან. მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად დებმა მარიცას არასახარბიელო ფსიქიკური მდგომარეობა მოიმიზეზეს და სტუმრიანობა აკრძალეს. ამავე მიზეზით საყვარელი ქალის ნახვა აეკრძალა კახა ჩუბინიძეს.

პრობლემას წარმოადგენს ცხრა წლის გიორგი. იმ დღეებში მარიცას შვილის მიმარს რაღაც სიგიჟე დაემართა - ეფერება, ჰკოცნის, თითქოს სამუდამოდ ემშვიდობება.

ნინო წერტილს უსვამს დის უგუნურ საქციელს, ბიჭი თემოს დედასთან მიჰყავს და დროებით მასთან ტოვებს. ეგღა აკლიათ გიორგიმ დედამისის წამოზრდილი მუცელი შენიშნოს?! ცხრა წლის ბიჭს პირს ვერ ამოუკერავ, ვერც სიყვარულის ფენომენზე წაუკითხავ სუმბურულ ლექციას.

მშობიარობის წინ დებმა მანგლისში გასწიეს, იქ, ყველასთვის მოფარებულ ადგილას უნდა დაბადებულიყო ყოველმხრივ არასასურველი ბავშვი.

ნინო წინასწარ იმარაგებს სამედიცინო სახელმძღვანელოსა და ახალშობილისთვის განკუთვნილ ნივთებს, თუმცა იმთავითვე იცის - ბავშვს არასოდეს იშვილებს. ნამდვილად თემოსი რომ იყოს, მაშინ სხვა საკითხია, მაგრამ ვიღაც ჩუბინიძის ნაშიერი `ნინო დეიდას~ არაფერში სჭირდება.

Page 166: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

დის მოკვდინების გეგმა მოგვიანებით იბადება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ტკივილისგან ღონემიხდილი მარიცა დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მშობიარობს. ის თვალს შეავლებს ახალდაბადებულს, ხვდება, რომ გოგონაა, `მიმიხედეო~ - ესვრის ნინოს და გონებას კარგავს.

ნინოს აღნავლებული ჩვილი სარდაფში ჩაჰყავს და იქ ტოვებს - ჩირის გასაშრობ ხახალზე. არა, თავისი ხელით არ მოუკლავს, უბრალოდ, როცა ჩააკითხა, პატარა მკვდარი დახვდა. მოგეხსენებათ, მკვდარს დამარხვა უნდა, ნინომაც არ დაიზარა, იქვე ამოთხარა ორმო და სახელდახელოდ ჩაფლა.

მარიცას მდგომარეობა კი დღითი-დღე უარესდება. თერმომეტრის ნიშნული ორმოც გრადუსზე ციმციმებს. `სეფსისი უნდა იყოს~ - ფიქრობს ნინო და დროს წელავს. მან შესანიშნავად იცის, მარიცა ექიმის ჩარევის გარეშე ვერ მოერევა ავადმყოფობას. ის უბრალოდ მოკვდება. იცის და არ მიჰყავს თბილისში. დროგამოშვებით მარიცა გონს მოდის და ჩვილს მოიკითხავს. ნინო იძულებულია გაუმხილოს პატარა გოგონას გარდაცვალება. ცხადია, საკუთარ როლზე მისი მოკვდინების საქმეში კრინტს არ ძრავს.

მარიცა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გრძნობს თავისი მდგომარეობის სირთულეს. მას უკვე აღარა აქვს სირცხვილის გრძნობა, მას სიცოცხლე სწყურია.

ბოლოს და ბოლოს, ნინო მომწიფდა თბილისში წასასვლელად. გამგზავრების წინ ის მარიცას მსგავსად იჭრის თმას, იცვამს მის ტანსაცმელს, იკეთებს მის ძეწკვს, არათითიდან საქორწინო ბეჭედს აძრობს და თვითონ ირგებს. სამაგიეროდ, თავის კულონს მარიცას უკეთებს და სიცხისგან გაბრუებულ თავზე თავის ჯემპრს ჩამოაცმევს...

მარიცას არა აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ის მექანიკურად ემორჩილება ტყუპისცალის ნებისმიერ ინიციატივას.

დები მანქანაში სხდებიან. საჭესთან ნინოა.

Page 167: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

ბინდდება. ერთ-ერთ ესტაკადასთან, მანქანა სვლას ანელებს, ფრთხილად გადადის გზიდან და ხრამში მიექანება. ნინო ასწრებს მანქანიდან გადმოხტომას და თვალებანთებული შესცქერის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს მის ცხოვრებაში. მერე მიწაზე წვება და თვითონაც მიგორავს. მთავარია სწორედ გაგორდეს, ხახაში არ ჩაუვარდეს ცეცხლმოკიდებულ მანქანას, დროულად დაამუხრუჭოს... მერე რა, თუ გვერდები დაელეწა, ტანსაცმელი შემოეხა, სახე გაეჭრა... ეს ყველაფერი გაივლის, ჭრილობები მოშუშდება, დაბეჟილი გვერდები დაუამდება, ნინო ციხისელის ნარჩენებიდან კი მარიცა ციხისელი აღმოცენდება.

ყველაფერი სწორედ გათვალა. საავადმყოფოში მყოფ ცრუ მარიცას თავზე მოყვარული ქმარი ადგას (თემო სასწრაფოდ გამოიძახეს მივლინებიდან). `ყველაფერი მიპატიებია~ - ამბობს მისი სვალები. ცრუ მარიცა სუსტად უღიმის და არანაკლებ ცრუ ცრემლს აღვარღვალებს.

- ნინო მოკვდა, გამაგრდი. - ყურთან ჩურჩულებს თემო.

`გამაგრება~ ნამდვილად არ აწყენს, დღეიდან რადიკალურად უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი. ის უნდა გახდეს მარიცა, ნაწილობრივ მაინც. სიმღერას ვერ შეძლებს, სამაგისო ნიჭი არა აქვს, არც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. რაღაცით უნდა დაკავდეს, ვინ დაიჯერებს, რომ პატივმოყვარე მარიცა ციხისელი სახლში გამოიკეტა და კატლეტების კეთებით ირთობს თავს.

სამშენებლო ფირმის გახსნა შეიძლება, ან ტურიტული სააგენტოსი... მთავარია ოდნავ სახეცვლილმა გააღწიოს აქედან, ზედმიწევნით არც მარიცას ჰგავდეს, არც ნინოს. ცხვირის ოპერაციას წინ არაფერი უდგას, მითუმეტეს, ნაჭრილობევი ზედ ცხვირზე გადის.

ორი კვირის თავზე ცრუ-მარიცა საავადმყოფოდან ეწერება. მანქანაში გიორგი ელოდება, რომელიც კისერზე ეკიდება `დედას~, თემო გალანტურია, როგორც არასდროს. მკვლელი

Page 168: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

მორცხვად უღიმის ბედნიერ მომავალს. მხოლოდ კატა არ აღიარებს - `დიასახლისის~ დანახვაზე საზარლად ჩხავის და ბრჭყალებს უშვებს. `არა უშავს, შენც მოგივლი.~ ფიქრობს ნინო და დაბინტულ თავს მეუღლეს მხარზე ადებს.

- ყველაფერი კარგად იქნება. - ამხნევებს თემო.

- ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება. - პასუხობს ცრუ-მარიცა და ქმარს პატიებს სთხოვს.

ცხოვრება თანდათან ჩვეულ კალაპოტში დგება. თემოს სამსახურში აწინაურებენ, `ყოფილ მომღერალს~ კი ბიზნესის კეთების ნიჭი აღმოაჩნდება. ის დეველოპერულ სამშენებლო კომპანიას ქმნის. ლიცენზიის მოპოვებაში ქმარი ეხმარება. მუსერიძეების ოჯახი აღარაა ისეთი სტუმართმოყვარე როგორც უწინ, აქ მშვიდი, მონოტონური იდილია სუფევს...

ასეც გაგრძელდებოდა, ასპარეზზე იათამზე მდივანი რომ არ გამომტყვრალიყო.

თემოს არ სურს ჩუბინიძეების გვარის ხსენება, ამიტომაც ერიდება მდგმურის ვინაობის დასახელებას. მას გულწრფელად მიაჩნია, რომ უკანონო ბავშვი მისმა ცოლისდამ გააჩინა და სარდაფში ნაპოვნი ძვლები სწორედ იმ ბავშვს ეკუთვნის. ნინო, ლამის წმინდანადაა შერაცხული ოჯახში, მისი სახელის ხსენებაზე მარიცა საკუთარ თავში იკეტება და მერე დიდხანს ვერ გამოდის მდგომარეობიდან. თემოს არ სურს ცოლის ტრამვირება, მაგრამ ხარბი მძღოლი რამაზი ცრუ-მარიცას დაკითხვას უწყობს.

სურვილის შემთხვევში, კახასაც შეუძლია ამ საქმით სარგებლის მიღება. მისი ვარაუდით ძვლები მარიცას შვილს ეკუთვნის, რომელიც მან კახასგან გააჩინა და როგორც არასასურველი ნაყოფი, გაანადგურა. თუკი მარიცა ყოფილ საყვარელს გარკვეულ თანხას გადაუხდის, კახა ქუდს დაიხურავს და წავა, თუ არა - მის ქმარს შეახსენებს, საიდან ეზრდება მამაკაცს რქები.

Page 169: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

პანიკაში ჩავარდნილი ცრუ-მარიცა ჯერ მძღოლს კლავს, მერე კახას. მთავარი მოწმეები ლოკვიდირებულია, მაგრამ არ ისვენებს ვინმე იათამზე მდივანი, რომლის ინიციატივებიც ცრუ-მარიცას წონასწორობას აკარგვინებს.

ის აწყობს პატარა ფურშეტს და ქმარს დათა მეტრეველის ოჯახის დაპატიჟებას სთხოვს. მან თავად უნდა მოესინჯოს კბილი ამ ქალბატონს. იამზეს აღმოაჩნდება ფოტოსურათი, რომლის უკანა გვერდზე მარიცას ხელით შესრულებული წარწერაა. გამჭრიახი გამომძიებლი ადვილად დაადგენს ხელწერის ავთენტურობას, ღმერთმა ნუ ქნას, სიმართლე ამოტივტივდეს!

გადაწყვეტილება მიღებულია - იათამზე უნდა მოკვდეს.

ცრუ-მარიცას სამივე მცდელობა შემთხვევას მიაწეროს იათამზეს სიკვდილი, კრახით სრულდება. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი შეცდომას უშვებს. ის ასწრებს `მკვდრეთით აღმდგარ~ იათამზეს და ქმარს არქივის შესახებ ათას ტყუილ-მართალს უყვება.

- რას მიედებ-მოედები, რა შუაშია იამზე ჩუბინიძეების არქივთან? - უკვირს თემოს. - ახლავე დავურეკავ დათას და ყველაფერს გავარკვევ.

- არ დარეკავ! - ბოლო ხმაზე კივის ცრუ-მარიცა.

- დავრეკავ.

- არა, არა და არა!

თემო ცდილობს გონზე მოიყვანოს ისტერიკის ზღვარზე მყოფი ცოლი, მაგრამ ის უმართავი ხდება - ქმარს პროკურატურაში დასმენით ემუქრება, დუჟმორეული ყვირის სამი წლის წინანდელ გრანტზე, რომლის გაფლანგვაში თემოს დეპარტამენტი ფიგურირებს.

თემო საკუთარ ყურებს არ უჯერებს, მას დიდი ხანია ღრღნის ეჭვი, რომ ცოლი რაღაც ცუდ თამაშშია ჩათრეული და ეს თამაში მანგლისში ნაპოვნ ნეშთს უკავშირდება. ამას ემატება

Page 170: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

გამომძიებლის დაჟინებული კითხვები ცოლისდასთან დაკავშირებით, რამაზის მკვლელობა, მარიცას ყოფილი საყვარლის გამოჩენა... თემოს ტვინში საზარელი ბრალდება მწიფდება - ნინომ რაღაც იცოდა ცხრა წლის წინანდელი მკვლელობის შესახებ, მარიცამ კი მისი გზიდან ჩამოშორება გადაწყვიტა.

- შენ მოკალი ნინო! - წამოიძახებს მიხვედრით თავზარდაცემული თემო.

- არა, საყვარელო, ყველაფერი სხვაგვარად იყო. - ხარხარებს ცრუ-მარიცა და ქმარს სიმართლეს მიახლის.

თემოს დაუჯერებლად ეჩვენება მისი მონაყოლი. ქალი, რომელიც უყვარდა, რომელსაც ღალატიც კი აპატია, თურმე დიდი ხნის მკვდარია, ის კი მის მკვლელთან იზიარებს სარეცელს!

- მძულხარ, მძულხარ... - ჩურჩულებს გახევებული ტუჩებით.

- ცხრა წელი მე და შენ ბედნიერები ვიყავით. - ნინო უკან იხევს.

- დატოვე ჩემი სახლი და თვალით არასოდეს დამენახო.

- ეს სახლი ჩემიცაა! ვინ გააკეთა რემონტი, ვინ დასდევდა მუშებს, ვინ იყიდა ავეჯი, ვინ იზრუნა ინტერიერზე?... ყველაფერი მე! მე! იმიტომ, რომ მიყვარხარ. მარიცა კი რქებს გადგამდა, შენთან იწვა და სხვაზე ოცნებობდა.

- გაჩუმდიიიი! - ყვირის სემო. - მე ის ისეთი მიყვარდა, როგორიც იყო; მე მას ყველაფერს ვაპატიებდი. იმიტომ, რომ მარიცა ნაღდი იყო, ნამდვილი... მას სულ სხვა სურნელი ჰქონდა! მე კი ავარიას ვაბრალებდი შენ მიმართ ინტერესის დაკარგვას... ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო... როგორ მძულხარ...

მოულოდნელად კარი იღება და ოთახში გიორგი შემოდის. მას აქ არავინ ელის, წესით, წავკისში უნდა იყოს. ნინო ზურგით დგას და ჯერჯერობის ვერ ხედავს შემოსულს. შვილის გაფითრებული სახის დანახვაზე თემო ხვდება - მან

Page 171: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

უნებლიეთ ყველაფერს მოუსმინა. გიორგი ნაბიჯს უჩქარებს, გაქანდება და ნინოს მთელი ძალით ჰკრავს ხელს. ნინო წონასწორობას კარგავს და თავით მარმარილოს ბუხრის კარნიზს ეხეთქება. ხორბლისფერი ნოხი სისხლით იღებება.

ნინოს დიდხანს არ უცოცხლია. გამოსამშვიდობებელი მზერა მოავლო მამა-შვილს და მოკვდა.

- დანარჩენი შენც იცი. - თემომ დაასრულა თავისი ტრაგიკული ისტორიის მოყოლა და გვერდულად შემომხედა. - რას მირჩევ, იამზე?

- ამ სახლის გაყიდვას.

- რომ მერე შენსავით ცნობისმოყვარე ვინმემ მთელი ბაღი გადაჩიჩქნოს და ნეშთი იპოვოს?

- მაშინ უნდა გადაასვენო, სადმე შორს, ტყეში.

- და მერე გავყიდო, არა?

- ჰო, ასე აჯობებს.

- - -

გარეს ისევ იდგა სიგარეტის გამყიდველი.

- რა ჰქენი, დასცინცლე საოპერაციო ფული? - ხალისიანად დამეკითხა.

არ გავაწბილე და თავი დავუკარი. დავცინცლე, როგორ არა, სამწუხაროდ, იმაზე მეტი დავცინცელე, ვიდრე მინდოდა. ახლა, ამ ტვირთით უნდა ვიცხოვრო. მეხსიერება კომპიუტერი არ არის, მაუსზე თითის დაჭერით წაშალო არასასურველი ინფორმაცია. მე შევეცდები მეხსიერების ყველაზე შორეულ პერიფერიაზე გადავისროლო მუსერიძეების ოჯახის

Page 172: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე

საშინელი საიდუმლო, კოდი დავადო და სამუდამოდ დავივიწყო ამ კოდის აღმნიშვნელი ციფრები.

კონსერვატორიასთან ნაცნობი მეცოცხე გამომენთო.

- უი, კიდე კაი მოხვედი, ფეხმადლიანო, თორემ წასვლას ვაპირებდი. აგერა, დაიჭი შენი ცოცხი და სულ კაი გზაზე იარე!

მეც მივდივარ, რუსთაველის გამზირზე მივაბიჯებ, ინერციით მივყვები ხალხის ნაკადს. თავში ძველი სიმღერა მიტრიალებს: `მიიივდივააარ, მიიივყვებიიი და ასე მგონიაააააა, ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა, პატარააა~... მეც მინდა ვიყო პატარა, მინდა მეგონოს, რომ ზღაპარს კეთილი ბოლო აქვს, რომ ბუნებაში არ არსებობს გვამებით დახუნძლული თაფლობისთვე. ცოცხი გულზე მაქვს მიხუტებული, სამეფო ბაირაღივით. მოწითალო-ოქროსფერი ღეროები ლოყას მიხეხავს, ცხვირში მზეზე გამომშრალი ბალახის სუნი მცემს - ბავშვობის სუნი.

დასასრული

2004 წელი

Page 173: 3 შეშლილი თაფლობისთვე - მაია ბურჭულაძე