2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

99
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ ,,მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ“ სსსსს სსსსსს მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმ მმმ მმმ მმმმმმმ მმმმმმ მმმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ. მმმმმ მმმმმ მმმმმმმ, მმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმ მმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ. მმ, მმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ _ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმ მმმმ მმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმ. მმმმმმმმმ, მმმმმმმმმმ. `მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ მმმმმმ. მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმ, მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმ მმ მმ მმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ.~ მმმმმმ მმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ, მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ: `მმმმ მმმმმმმ, მმმმ მმმმმმმმმმმმ (მმმმმმ მმმმმ მმმმმ!), მმმმ მმ მმმმმმმმმ მმ მმმმმმმმ. მმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმ.~ მმმმმმ, მმ მმ მმმმმმმმ! `მმმმმმ, მმმმმმმ, მმ, მმმმმმმ...~, მმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმ მმ მმმმმმმმ მმ მმმმმმმმ. მმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმ. მმმ, მმ მმ მმმ მმმმმმმმმ მმმმ (მმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ?), მმმ მმმმმმ მმმმმმმმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმმ. მმ მმმ მმმმმმმმმმმ, მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმ. მმმმმმმმმმმ. მმმმმ მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ, მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმ. _ ...მმმმმ მმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ... მმმმ-მმმ, მმმმ-მმმ! მმმმ მმმმ, მმმმ _ მმმმმ. _ მმმმმ? _ მმმმმ, მმ! მმმმ მმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმ მმმმმ. მმმმმ-მმმმმმ. _ მმ მმ მმმმმ-მმმმმმმმ მმ მმმმმმმმმ. მმმმმმმმ.

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „სხვის ტყავში“. სერიიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“. წიგნი მეორე.

Transcript of 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

Page 1: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

მეორე დეტექტური რომანი ციკლიდან ,,დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“

სხვის ტყავში

თბილისი

პირველი შეგრძნება იყო ყრუ ტკივილი კისრის არეში და ყურების მოფხანის რაღაც დაუოკებელი სურვილი. ხელის აწევა დააპირა, მაგრამ თითის გატოკებისთანავე ყრუ ტკივილი გაუსაძლის ჩხვლეტაში გადაეზარდა და თვალები გადმოაკარკლინა. ის, რაც გადმოკარკლული თვალებით დაინახა ფიზიკურ ტკივილზე უარესი აღმოჩნდა _ გაურკვეველი წარმოშობის ჩრდილებით აცახცახებული სრულიად უცხო ჭერი და რომელიღაც ორგანული ნივთიერების სუნი. მაგალითად, ფორმალინის.

`მემთვრალეობა მომაკვდინებელი ცოდვაა. არსებობს მემთვრალეობის საზვერე, რომელის გავლაც ადამიანის სულს გარდაცვალების შემდეგ უწევს და იქ ძალიან დიდი დაბრკოლება ექნება.~ თითქოს ცხადად ჩაესმა მეზობლად მცხოვრები დეკანოზის შეგონება, რომელზეც მხოლოდ ეცინებოდა: `რაის საზვერე, რაის მემთვრალეობა (ლოთობა მაინც ეთქვა!), სული კი საერთოდაც არ არსებობს. არც იმქვეყნიური ცხოვრება.~

აჰანდე, თუ არ არსებობს!

`ღმერთო, მიშველე, მე, ცოდვილს...~, შესთხოვა ჩრდილებით აფუთფუთებულ ჭერს და შველამაც არ დააყოვნა. მის ცნობიერში ხმები შემოიჭრა. არა, ეს არ იყო ანგელოზთა ქორო (ანგელოზებს რა დარჩენიათ საზვერეში?), არც მკაცრი აპოსტოლები ან კუდიანი ეშმაკები. ეს იყო ჩვეულებრივი, მიწიერი ადამიანების ხმები. მამაკაცების. თანაც ისეთ სისულელეზე ლაპარაკობდნენ, თავმოყვარე ეშმაკეულიც არ იკადრებდა.

_ ...ყოველ დილით იპოდრომზე დარბის... ერთი-ორი, ერთი-ორი! აქეთ რომა, იქით _ ცხენი.

_ გშურს?

_ მაიცა, რა! ეგრე მეც დავრბივარ ხოლმე კუს ტბაზე. შაბათ-კვირას.

_ მე კი შაბათ-კვირასაც არ დავრბივარ. მეზარება.

_ იცი, რას გეტყვი, უშანგი, სპორტს, როგორც ასეთს მივესალმები. ექიმი კაცი ხარ, შენზე კარგად ვინ იცის ჯანმრთელი ცხოვრების ფასი, მაგრამ რომა ამ ყველაფერს ხაზგასმულად აკეთებს, რაც გამაღიზიანებელია. საერთოდ, გადამეტებულად ფაქიზი დამოკიდებულება საკუთარი პერსონის მიმართ უკვე კლინიკაა.

_ ნარცისის კომპლექსი.

_ ჰა?

_ საკუთარი ფიზიკური მომხიბვლელობისა და სოციალური სტატუსის კულტივაცია.

Page 2: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ მეც მანდა ვარ! ამასწინათ, რესტორანში დავპატიჟე, მეთქი, ერთი ერთზე დაველაპარაკები, თან ცოტას ჩავურტყამთ, უფრო გაიხსნება. საქმეში ხარ?! ღვინო მწყენსო, არაყი ლოთების სასმელიაო, `კოკა-კოლა~ საწამლავიაო... დაიდგა წყაროს წყალი და ყლურწ! მწვადი შევუკვეთე, ფხალეული, რამე... პირი არ დააკარა, მთელი საღამო სულგუნს ძიძგნიდა. და ჰოლისტერინზე მელაპარაკებოდა. გამაგიჟა!

_ ციბოფობია.

_ რა?

_ მოწამვლის შიში.

_ მაგას ყველაფრის ეშინია, წამდაუწუმ პიჯაკის ბორტზე იყურებოდა, არარსებულ მტვერს სულს უბერავდა. ფუი!

_ ამატოფობია.

_ ეგ რაღა ჯანდაბაა?

_ მტვრის შიში.

_ ხო, მეტისმეტად სტერილურია. ვერ გავიგე, კაცია თუ შპრიცი?

_ ჰა, ჰა!

_ ჩვენში დარჩეს, უშანგი, მგონი ქალების შიშიც აქვს. გარეგნობას ვერ დაუწუნებ, კაცისთვის ზედმეტად ლამაზიც კია, მაგრამ მაგის გვერდით ქალი არ მინახავს.

_ ერეტოფობია.

_ ვა, ეგეთი ფობიაც არის?

_ მაშინ იმპოტენტია.

_ თუ პედერასტი?

_ მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.

_ ქალივით გრძელი ფეხი კი აქვს და... გრძელი ფეხი და მოკლე ჭკუა.

_ ცდები, ჯარჯი, აი, მანდ შეგეშალა. ჭკუას სწორედაც ვერ დავუკარგავ. ყველაფერი მისხალ-მისხალ აქვს დათვლილი. უბრალოდ თავის მოსულელება უყვარს.

_ აწყობს და იმიტომ! შენ მთელი დღეს ვირივით მუშაობ, ფულის ძირითადი ნაკადი კი მის ჯიბეში მიჩხრიალებს. თვლა ეხერხება, კი...

_ რომ იცოდე, როგორ მომბეზრდა ყოველდღე ფუთიანი ღიპებისა და ჩამოშლილი ტრაკების ყურება...

_ სამაგიეროდ, ზედმეტ ხორცებს რომ აათლი კოხტად, შეგიძლია დატკბე.

_ რაის ტკბობა, შე კაცო! სხეულის კორექციის გასაკეთებლად ფულიანი ძროხები დადიან და არა ნორჩი წიწკვები. სულ რომ საზამთროები დაუყენო, ასაკი თავისას შვება. ბებერი ტრაკი, ბებერი ტრაკია.

_ არ შველის?

_ ახალგაზრდა ორგანიზმს სულ სხვა ენერგეტიკა აქვს, სულ სხვა...

გაჩუმდნენ.

`ჯარჯი, უშანგი, სტერილური რომა, იპოდრომი, კუს ტბა...~ ის აქ არის, დედამიწაზე. კერძოდ თბილისში. საავადმყოფოს პალატაში. ჭერზე მოფუთფუთე

Page 3: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

ჩრდილები კი სულაც არ არის გაურკვეველი წარმოშობის, _ ჩვეულებრივი ხის ტოტებია, რომლებიც ჩვეულებრივი ფანჯარის უკან ირწევა და მათ რწევას თვალს ადევნებს ორი ჩვეულებრივი ჭორიკანა ჰომოსაპიენსი. აი, ის კი, ნამდვილად არ არის ჩვეულებრივ მდგომარეობაში _ ბინტებშია გახვეული, აბრეშუმის ჭიასავით, მხოლოდ ნესტოები და თვალები უჩანს. შესაძლოა პირიც, მაგრამ ის, რაც ახლა პირში უტოკავს ენა არ არის, ეს... ეს რაღაც გასიებული მუტანტია, რომელიც შეცდომით ჩაუსახლდა სასაში და მხოლოდ დაკრეჭილი კბილები აკავებს გამოსრიალებისგან.

პალატის ბინადარმა მაგრად მომუწა ყბები (ღმერთმა ნუ ქნას, მართლა გამოუსრიალდეს) და გვერდით აყუდებული წვეთოვანი დაინახა, რომლის დაკლაკნილი მილი ბოლოში ჩამოცმული ნემსითურთ მის ვენაში იყო შერჭობილი.

`აუჩმი... რა მჭირს, ტო?~ ამოიგმინა გულში და საკუთარი კბილების კრაჭუნი გაიგონა.

კაცებმა ერთდროულად მოიხედეს.

_ ჩვენი მუმია გაცოცხლებულა! _ წარმოიძახა ჩია ტანის სათვალიანმა, რომელიც ფლეგმატური ტემბრის მიხედვით უშანგი უნდა ყოფილიყო, ფობიებში გათვითცნონიერებული სუბიექტი.

_ კაი გამარჯობა შენი! _ რიხიანად მიესალმა ბოხხმიანი, მოზვერივით ტიპი ყალყზე შემდგარი წარბებით. სავარაუდოდ, ჯარჯი.

საწოლთან ორი თავი დაიხარა. ორივეს ცბიერად უციმციმებდა თვალები. თითქოს რაღაც ისეთი იცოდნენ, რაზეც მას, ავადმყოფს, წარმოდგენა არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მტრულად შეკრა წარბები, მაგრამ ჩხვლეტია ტკივილმა უროსავით დასცხო კისერში და იძულებული გახადა ნაკვთები საწყის პოზიციაში მოეყვანა. არა უშავს. ტკივილს რომ აღიქვამს, უკვე კარგია. ე. ი. თავი ადგილზეა, ტვინი მუშაობს. მართალია ზოგჯერ ისე თვრება, თავსაც კარგავს და ტვინის ნარჩენებსაც, მაგრამ ფხიზელი ძალიანაც ადექვატურია.

_ მეორედ დაბადებას გილოცავ, ძმაო! _ გამამხნევებლად გაუღიმა `მოზვერმა~. _ ლაპარაკი შეგიძლია?

ამან დასტურის ნიშნად თვალები დახარა და კრიჭა მოადუნა.

_ მოიცა, ჯერ სისტემიდან გამოვრთავ _ აწი თვითონაც კარგად მიირთმევს... ერთ პირ საფენსაც მოვხსნი და მერე შენს განკარგულებაშია. ძალიანაც არ დაღალო, იცოდე... პირველი დღეა მაინც... _ უშანგიდ წოდებულმა ფრთხილად გამოუცურა ნემსი და მტაცებლური გამომეტყველებით ყბაში ხელი წაავლო. ჯერ მარჯვნივ მოატრიალა, მერე მარცხნივ. მერე თავი დახარა და რატომღაც ნესტოებში შეუჭვრიტინა. _ ჯარჯი, თირკმელი მომაწოდე, შენ გაზრდას!

`ვაი-მე! თირკმელი ხომ არ ამომაჭრეს ამ ჩემანალებმა?!~

საბედნიეროდ, თირკმელი ლობიოს ფორმის ნიკელის ჭურჭელი აღმოჩნდა, რომელშიც წკაპუნებდა მარტოხელა პინცეტი.

უშანგიმ მკლავები აიქნია და გასაფრენად მომართულ ეკზოტიკურ ფრინველს დაემსგავსა. მაგალითად, არქეოპტერიქსს. ძვლოვანი კაუჭა ცხვირი, ახლოს ჩამჯდარი თვალები, ბიბილოსებრი მეჩხერი ქოჩორი...

_ ააა... _ დაიკვნესა ავადმყოფმა, როცა პინცეტის ცივი წვერი ლოყას შეეხო.

_ არა უშავს, მოითმენე... კაცი არა ხარ?... ოპერაციამ კარგად ჩაიარა, გართულებების გარეშე. რეაბილიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს... სისხლჩაქცევები მინიმალურია... ნაკერები პრაქტიკულად შეხორცებული... საფეთქელზე

Page 4: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

გქაჩავს, არა?... რას იზამ, ასეა ადამიანის ორგანიზმი მოწყობილი. ფეხში რომ ეკალი შეგერჭობა, სახე გემანჭება... მალამოს წაგისმევ და ისე აღარ დაგქაჩავს. თუ ძალიამ შეგაწუხა, გამაყუჩებელს მოგცემ.

მართლაც, მალამომ ცოტაოდენი შვება მისცა. თვალში მოიხედა და კედელზე გაკრული პოსტერიც დააფიქსირა _ მაცდურად მომღიმარი მანდილოსანი, რომლის აფუებულ თმაში ოქროსფერასოიანი წარწერა იკითხებოდა: კლეოპატრა _ ევროპული კლასის პლასტიკური ქირურგიის კლინიკა. ქვევით, შედარებით წვრილი შრიფტით: ყველა სახის ორთოპედიული და მიკროქირურგიული ოპერაციები; თანდაყოლილი და შეძენილი სიმახინჯეების კორექცია; სიბერის პროფილაქტიკა; მეზოთერაპია...

_ აბა, მუშტი მაჩვენე. მოიხედე აქეთ, დაყრუვდი? მუშტი მაჩვენე-თქო, ბიჭო! ჰო, ასე. ძალიან კარგი... ახლა კი ხელი ასწიე, ნუ გეშინია, ასწიე, ასწიე... აი, ასე... გახსენი თითები. მომუჭე. გახსენი. მომუჭე. ძალიან კარგი. თუმცა მასაჟი მაინც დაგვჭირდება.

უშანგიმ ხელის ერთი მოძრაობით გადახადა საბანი და შეტყუპებლი თითები მუხლზე მიარტყა.

_ ნორმალური რეაქციაა. _ დაასკვნა. _ ორ-სამ დღეში კვიცივით იქნები. კეთილი, კეთილი ახლა შეგიძლია ილაპარაკო, ოღონდ ნელა, არ დაიძაბო. თუ რამეა, დამიძახე, ორდინატურაში ვიქნები. _ ესროლა მეორეს და მოკლე ნაბიჯებით გავიდა პალატიდან.

`მოზვერმა~ ბუმბულივით აიტაცა პირსაბანთან მდგარი სკამი, საჯდომის ქვეშ ამოიდო და საწოლთან მიჩოჩდა.

_ რა... მჭირს? _ მისუსტებული ხმით იკითხა ავადმყოფმა.

_ არაფერი გახსოვს?

_ ნწუ.

_ რა გეხსომება, გალეშილი მთვრალი იყავი!

ავადმყოფმა მზერა მოარიდა. რა საჭიროა ნოტაციები?! შედეგი სახეზეა. თუკი რაიმე შერჩენია უწინდელი სახიდან.

_ რა მჭირს? _ გაიმეორა.

_ ავარიაში მოჰყევი. იცი, რა მდგომარეობაში იყავი? ძვალი არ გქონდა მთელი. ძვალი! შეიძლება ითქვას, ხელმეორედ აგაწყვეს. _ სრულიად უადგილო ნიშნისმოგებით გაანათლა ჯარჯიმ.

_ აუჩმ...

_ `აუჩმ~ არ უნდა მაგას! ბატონმა უშანგიმ პლასტიკური ოპერაცია გაგიკეთა. იცი, ვინ არის უშანგი თოდუა? ისე ქაჩავ თვალებს, გატყობ, არ იცი. საკმაოდ ცნობილი პლასტიკური ქირურგია. მე კი ჯარჯი მქვია. შეგიძლია ბატონი ჯარჯი დამიძახო, ასაკითაც შემფერის და სტატუსიც შესაფერისი მაქვს. შენი სახელი თუ გახსოვს, ბიჭო?

_ ვახო.

_ ძალიან კარგი. რატომ დაჯექი საჭესთან მთვრალი ვა-ხო? _ ირონიულად დაეკითხა ბატონი ჯარჯი.

ვახო დაიძაბა. ვერ მიხვდა ირონიის მიზეზს. დაზარალებულებს ასე არ ელაპარაკებიან. რაო? საჭესთანო? ეს კაცი ალაოდ ხო არ...

_ რომელ საჭესთან? მე მანქანა არა მყავს! _ წამოიძახა ემოციურად და ჰოი, საოცრებავ, ტკივილიც არ უგრძვნია.

Page 5: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ გამოდის, სხვისი მანქანა მოგიპარავს, რაც აათმაგებს შენს დანაშაულს. _ მენტორულად აუხსნა ბატონმა ჯარჯიმ და საჩვენებელი თითი დაუქნია.

ვახომ თვალი გააყოლა გამაფრთხილებლად მოქანავე თითს, მზერა `როლექსის~ ფირმის საათზე გადაატარა და უცებ აზრი მოუვიდა: ეს კაცი ექიმი არ არის.

_ სად ვარ? _ იკითხა შეშფოთებულმა.

_ საავადმყოფოში.

_ ციხის?

_ ჯერჯერობით, არა. _ ორაზროვნად უპასუხეს.

_ რას... ნიშნავს?

_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ვახო გენაცვალე, ცოტა აზრზე მოხვალ და ყველაფერს აგიხსნი.

_ თქვენ... თქვენ არ ხართ ექიმი.

_ მერედა ვინ გითხრა, რომ ექიმი ვარ?

_ აბა?

_ მგონი გასაგებად გითხარი: ყველაფერს თავისი დრო აქვს. მეორედ აღარ გამამეორებინო, თორემ ჩავთვლი რომ მახსოვრობაში ჩავარდნები გაქვს და ჩვენი კომუნიკაციაც ვერ შედგება. გასაგებია?

ვახომ თავის წამოწევა სცადა, მაგრამ უხილავმა ძალამ კეფაში ხელი ჩაავლო და ბალიშს მიალურსმა.

_ ნუ ფაფხურობ. მშვიდად იწექი და კითხვაზე მიპასუხე. რა რიცხვია დღეს?

_ 10 აპრილი. მგონი.

_ წელი?

_ 2002.

_ წელი სწორად გამოიცანი, პრინციპში, რიცხვიც. 10 აპრილს შემოგიყვანეს საავადმყოფოში. დღეს კი 15 აპრილია. რამდენი დღე გასულა?

_ 5.

_ ყოჩაღ! _ ბატონმა ჯარჯიმ ფეხი ფეხზე გადაიდო და უფრო საფუძვლიანი დაკითხვისთვის მოემზადა. _ რა გვარი ხარ?

_ შალიკაშვილი.

_ უყურე შენ! ეს შესანიშნავი გვარი გქონია! მე კი გლეხური გვარი მაქვს _ მუქატარიძე. მუქიც ვარ, ტარიც ვარ და ძეც. ჰა, ჰა! ჯორჯ-მალხაზ შალიკაშვილი ნათესავად ხომ არ გეკუთვნის?

_ ვინ? _ ვერ მიხვდა ვახო.

_ აბა, შენა ყოფილხარ! მისტერ ჯორჯ-მალხაზი ამერიკელი მთავარსარდალია. სხვათა შორის, თბილისშიც იყო ჩამოსული.

_ პირველად მესმის.

_ ტელევიზორს არ უყურებ?

Page 6: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ არ მაქვს სახლში ტელევიზორი.

_ აბა რა გაქვს?

_ ცარიელი მაცივარი.

ბატონმა ჯარჯიმ მრავალმნიშვნელოვნად ააკანტურა პენტაგონივით დიდი თავი _ ვითომ, კაცნი ვართ, ყველაფერი გვესმისო.

_ თუ ვითანამშრომლებთ, მაცივარიც გაგევსება, ტელევიზორიც გექნება და ფულიც ჯიბეში.

ვახოს უნდოდა ეკითხა _ რა თანამშრომლობას გულისხმობთო, მაგრამ ვერ მოასწრო, ბატონმა ჯარჯიმ მოკლედ დაუკრა თავი, ეს-ესის ოფიცერივით, და პალატა დატოვა.

მარტო დარჩენილი ვახო იმ საღამოს გახსენებას შეეცადა...

სიგარეტის კვამლში გახვეული სახინკლე. სახინკლეში _ ის და მისი მდგმურები: იმედა და ბესო _ გეპეის სტუდენტები ქრონიკულად მშიერი კუჭებით, თუმცა ბინის ფულს პატიოსნად უხდიდნენ. დიდი-დიდი, ორი-სამი დღის გადაცდენით. არ გადაუხდიდნენ და კაი ტურას დაიჭერდნენ! სოლოლაკელი ვახო ის ბიჭი არ არის, ვინმეს-რამე შეარჩინოს. ვისაც ეჭვი ეპარება, გაიკითხოს უბანში! სახელს რომ თავი დავანებოთ, ბინის გაქირავებით გაჰქონდა თავი _ ერთი ოთახი მდგურებს, ერთი მას, ერთიც საერთო _ მისაღები-სასადილოს ამბავში. სამწუხაროდ, ამჯერად წუწკი მდგმურები შეხვდა. ერთ ქილა მაწონს არ გაიმეტებნენ მარტოხელა ბინის მეპატრონისთვის. შეათრევდნენ თავის ოთახში სოფლიდან გამოგზავნილ სურსათ-სანოვაგეს და თქვლეფდნენ უსირცხვილოდ. მუტრუკები! კიდევ ერთი შემოსავლის წყარო ჰქონდა ვახოს _ პოკერი. მაგრამ თამაში ცხოვრებასავითაა _ ხან გაგიმართლებს, ხან არა. ცხოვრებაში ვახოს ქრონიკულად არ უმართლებდა. მშობლები ადრე დაეხოცა, სამხატვრო აკადემიიდან გარიცხეს, ისე მოიყარა ოცდაათ წლამდე თავმოსაწონი არაფერი შეუქმნია, თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე სტუდენტობისას დახატულ რამდენიმე ნახატს, რომლებიც ამასწინათ მისივე ჯგუფელმა შეიძინა _ კერძო გალერეისთვის. მართლა მოეწონა ნახატები თუ უბრალოდ შეეცოდა გალოთებული ჯგუფელი და ფული ვერ შეჰკადრა, ვახომ არ იცოდა. ყოველ შემთხვევაში, წასვლის წინ ჯგუფელმა უთხრა: `უმადური კაცი ხარ, შალიკაშვილო, ღმერთმა ნიჭით დაგაჯილდოვა, შენ კი სასმელში ახრჩობო.~ `საქმე ნახე, კოჭი გააგორე~, _ გულში გაეპასუხა ვახო და აღებული ფული იმავე საღამოს გაუშვა `საქმეში~ _ მთელი რესტორანში წაასხა.

იმ საღამოს კი სასწაული მოხდა _ მდგმურებმა ჯიბეზე ხელი გაიკრეს და ხინკალზე დაპატიჟეს. ხინკალს ლუდი და არაყი მოჰყვა. ღმერთი-რჯული, იმ დღეს ვახოს არ უნდოდა დალევა _ მოგვიანებით პოკერისტებთან შეხვედრა ჰქონდა დათქმული, მაგრამ ნაბახუსევზე ერთი კათხა ლუდი ჩაურტყა და მერე წაიღო, როგორც ყოველთვის. არა, ტყუილია. სხვა დროს სახლსაც აგნებდა და თავის საწოლსაც. ახლა კი არც სახინკლიდან გამოსვლის მომენტი ახსოვდა, არც სხვისი მანქანის მოპარვის. ავარია ხომ საერთოდ...

_ _ _

პლასტიკური ქირურგიის კლინიკის დირექტორი, რომა (რომან) ქემოკლიძე მწვანე ჩაის ხრაშუნა ორცხობილას აყოლებდა, როცა კაბინეტში პლასტიკური ქირურგი უშანგი თოდუა შემოვიდა.

Page 7: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ ხომ არ დამეწვევი? _ თავი გამოიდო რომამ, თუმცა იმთავითვე იცოდა, რომ უშანგი მწვანე ჩაიზე უარს ეტყოდა.

_ ჩაის არა, მაგრამ ყავას _ სიამოვნებით.

_ ადა, ერთი ჭიქა ყავა. _ დიქტოფონს ჩასძახა რომამ და კრიტიკულად შეათვალიერა სათვალის შუშის წმენდით გართული უშანგი. _ თვალები გაგწითლებია, პატივცემულო. დაიღალე?

_ უჰ, ნუ მეტყვი! გაზაფხულთან ერთად კლიენტურაც მოგვაწყდა. რიგები დგას ლიპოსაქციაზე, მანდილოსნები პლაჟზე გამოსაფენად ემზადებიან. ასე თუ გაგრძელდა, მალე სხვის დუნდულებს კი არა, საკუთარ ცოლს ვერ დავინახავ ერთ მეტრში. _ უშანგიმ სათვალე მოირგო და მაგიდას მიუჯდა.

_ ო, შენი ცოლის არდანახვა ძნელია. _ ცუდად დაფარული შურითა და აღფრთოვანებით წამოიძახა რომამ.

მის გონებაში ვერ ჯდებოდა, რატომ უნდა გაჰყოლოდა ცოლად აკადემიკოსების ოჯახში გაზრდილი უმშვენიერესი ლუიზა არაფრისმქონე და ბრუციან უშანგის. ახლა კიდევ შეეხედება, ხორცი მოისხა და ჩაცმაც ისწავდა, სტუდენტობისას კი პირდაპირ მოარული ჩონჩხი იყო, ნასხვისარ ტანსაცმელში გამოწყობილი საფრთხობელა. ასეც ეძახდნენ ზურგსუკან. ეს მაშინ, როდესაც სუსტი სქესით განებივრებულ რომას დღესაც ვერ გაუკეთებია არჩევანი. იდეალური ქალის ძებნაში გავიდა წლები. თუმცა გულის კუნჭულში დღესაც ეიმედებოდა, რომ სადღაც, დედამიწის რომელიღაც წერტილში, გრაციოზულად დააბიჯებს მისი მეორე ნახევარი. სწორედაც გრაციოზულად, და არა თავჩაღუნული, კედელ-კედელ. რომას საკუთარ თავში დარწმუნებული ქალები მოსწონდა და არა პრინცის ლოდინში გადაბერებული მარადიული ქალწულები. გულწრფელად მიაჩნდა, რომ დედამისი, ქალბატონი არიადნა, იდეალური ქალია. დედამისზე ნაკლებს კი რომა ცოლად არ დაისვამდა. რომ იცოდეს სად არის ის წერტილი, დღესვე აიღებდა ბილეთს, გადაიფრენდა ცხრა ზღვასა და ცხრა მთას... მე შენ გეტყვი ფული არ ჰქონდა თუ სილამაზე აკლდა?! ყველაფერი ჰქონდა, რისკიანი ხასიათის გარდა. ხომ შეიძლება შეეშალოს? ერთი შეხედვით ვერ გამოიცნოს და მერე სანანებლად გაუხდეს? მეორე მხრივ, ცოლი ტელევიზორი არ არის, თან გარანტიის ფურცელი მოჰყვებოდეს, რომას ესეც ესმოდა და იყო ამ გაორებულ მდგომარეობაში. დედამისიც ცეცხლზე ნავთს უსხამდა, იმდენს უჩხიკინებდა _ არ შეცდეო, არ შეცდეო, რომ საწყალი კაცი ნებისმიერ მოწონებულ ქალში ღირსებაზე მეტად ნაკლს ხედავდა. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ მისი რჩეული სადღაც ახლომახლოა და ერთ მშვენიერ დღეს ფეხები თავისით მოიყვანდა რომასთან. `მე მოვედი~ _ ეტყოდა ის. ანდა არაფერს ეტყოდა, უბრალოდ შეხედავდა და რომა მიხვდებოდა, რომ ის, `ის~ არის, როგორც იმ კარგ ფილმში, სადაც კეთილშობილი ტუსაღი თავისი სიყვარულის ამბავს ყვება. თუ მსგავსი მიზანსცენა მხოლოდ კინოშია შესაძლებელი?!

_ ... ეს ქალი ვერ არის სრულ ჭკუაზე, ახლა ცხვირის ოპერაცია აიტეხა. წარმოგიდგენია? _ პაციენტების ამბებს ყვებოდა უშანგი.

_ ვინ, ვინ აიტეხა, ლუიზამ? _ რომა ფიქრებიდან გამოერკვა.

_ სად დაფრინავ... არ მისმენ?

_ არა. ხო...

_ ეგრე იცის მწვანე ჩაიმ.

_ რას ამბობ, უშანგი, მწვანე ჩაიზე მარგებელი რა უნდა იყოს!

_ ფიგურალურად ვამბობ. კაცმა ჩაი ხორცს უნდა დააყოლოს და არა ორცხობილას. ახლა ცილოვანი საკვების სარგებლიანობაზე არ წამაკითხო ლექცია!

Page 8: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ არ მინდა. _ ხელები აასავსავა რომამ. _ შენ ის მითხარი, ვინ აიტეხა ცხვირის ოპერაცია?

_ პურ-კომბინატის ჭკნობაშეპარულმა თანამეცხედრემ. ახლახანს ლიპოსაქცია გავუკეთეთ, ჯერ ბანდაჟიც არ გაუხდია, გავიხედე და კიდევ არ დამეხატა? ცხვირი აღარ მოსწონს ქალბატონს!

_ ვითომ გრძელი ცხვირი აქვს? მე არ მომხვედრია თვალში მისი ცხვირი.

_ სხვა უბედურება სჭირს _ ფული აქვს ბევრი და აღარ იცის, სად წაიღოს. თანაც მის ქმარს ახალგაზრდა საყვარელი ჰყავს.

_ რას მეუბნები! ნეტავ, ვინ დაუწვა ლოგინში ართრიტიან აბესალომს?

_ აბესალომს კი არა, მის ფულებს დაუწვა.

_ ეგ არის ქალები! იმიტომაც არ მომყავს ცოლი. _ ნიშნისმოგებით შესძახა რომამ და შეცბა. _ შენ არ იფიქრო, ლუიზა არ მყავს მხედველობაში, ის განსაკუთრებულია.

_ ნუ მებოდიშები, თუ ძმა ხარ, _ სასაცილოდ არ ეყო უშანგის. _ მე სხვა საქმეზე შემოგიარე. მეშვიდე პალატის პაციენტი სისტემატიურ მოვლას საჭიროებს. აწი ჭამას დაიწყებს, ფეხზეც დადგება... მე ხომ არ ვირბენ დანა-ჩანგლით?!

ამის გაგონებაზე რომამ თვალები გადაატრიალა და ტრაგიკული სახე მიიღო.

_ სისტემატიურს, არა?... რაღა დაგიმალო, უშანგი, ძალიან მეშინია. ეს რა დღეში ჩამაგდე! ღამეები არ მძინავს, წუხელ ტრანკვიზატორიც კი დავლიე. ვერ ვიტან მსგავსი დანიშნულების პრეპარატებს, მაგრამ დამაწყდა ნერვები და რა მექნა?! აქეთ დედა ჩამაფიჩინდა: რა გჭირს, რა გჭირსო? მე კი ტყუილი არ მეხერხება... იცი, უშანგი, როცა ვიტყუები, ცხვირი მიგრძელდება, პინოქიოსავით. გინდ დაიჯერე, გინდ არა. _ რომამ ოდნავ დააელამა თვალები და ლამაზად მოყვანილ ცხვირს ზემოდან დახედა.

_ რა განერვიულებს?

_ როგორ თუ რა?! საციხო საქმეა, ადამიანო! კლინიკაში არარეგისტრირებული პაციენტი გვიწევს, რომელსაც ყველა უბედურებასთან ერთად უგონო მდგომარეობაში გაუკეთდა პლასტიკური ოპერაცია. ეს ამბავი რომ გახმაურდეს, მე თავს მოვიკლავ, იცოდე!

_ მაშანტაჟებ?

_ არც მიფიქრია. ტყუილი, შანტაჟი და მსგავსი სისაძაგლეები თქვენკენ მოიკითხე. _ ეწყინა რომას და გამომეტყველებაც შესაფერისი მიიღო _ წარბშეკრული მიაჩერდა სივრცეს.

_ მშვიდად იყავი, არ გახმაურდება.

_ მე ასე არ შემიძლია, უბრალოდ არ ვარ მიჩვეული, გესმის?! მაგრამ შენ არ გესმის ჩემი. მე და შენ ერთ ბოსტანში ამოსული სხვადასხვა ჯიშის ბალახი ვართ.

_ ქინძი.

_ რა შუაშია, ქინძი?

_ ბოსტანში ქინძი ამოდის, ოხრახუში, გოგრა...

_ სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ.

_ რომა! _ უშანგი იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას და კისერწაგრძელებული მიაჩერდა აზარტში შესულ დირექტორს. _ დაწყნარდი და მოუხმე ლოგიკას. ვინ უნდა გვიჩივლოს, ჯარჯი მუქატარიძემ?

Page 9: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ ჯარჯიმ არა, მაგრამ...

_ აბა, ჯარჯიზე დიდი კაცი ვიღაა?

_ შსს მინისტრი, მაგალითად.

_ მინისტრი დღეს არის, ხვალ მოასრიალებენ. ჯარჯი კი დაღვინდა მაგ სტრუქტურაში. მე რომ მკითხო აძმარდა კიდეც და აწი პენსიაზე უნდა მიაბრძანონ, მაგრამ ვერ უშვებენ, საჭირო კაცია და იმიტომ, ქვეყანას იცნობს, კავშირები აქვს, გავლენა... გავლენა კი ფულზე მეტია. თუმცა არც ფული აკლია. _ ყოყმანით დაამატა უშანგიმ.

_ მოკლედ, როცა სიმპოზიუმიდან ჩამოვალ, ეგ პაციენტი აქ არ დამახვედრო.

_ საით გაგიწევია?

_ იტალიაში. უკვე დავჯავშნე ბილეთები.

_ ძალიან კარგი, დაისვენებ, გაივლი-გამოივლი, ნერვებს დაიწყნარებ...

კარის ჭრიალზე კაცებმა ლაპარაკი შეწყვიტეს.

კაბინეტში რომას მდივანი ადა შემოვიდა. მაღალი, სერფინგის დაფასავით ბრტყელი, მკაცრი იერსახისა და არანაკლებ მკაცრი მორალის ქვრივი. მიუხედავად იმიჯისა, გულში ნაზად უღიტინებდა მეორედ გათხოვების პერსპექტივა. კანდიდატურაც შერჩეული ჰყავდა _ რომა. სამწუხაროდ, შეფი მასში სასურველ ქალს ვერ ხედავდა, მისი ყავლგასული ლიბიდო მხოლოდ საკუთარი პერსონისკენ იყო მიმართული. თუმცა ხასიათი არ გამორიცხავდა მდედრის არსებობას ამ ტიპის მამრის ცხოვრებაში. ადას ბევრი არ უნდოდა: სტატუსი და გარანტირებული სიბერე. თუმცა, არც ეს იყო ცოტა. გააჩნია ვისთვის. რომასი არ იყოს, ადასაც გადაჭარბებული წარმოდგენები ჰქონდა საკუთარ თავზე, თორემ ფუჭი ოცნებით არ დაიმძიმებდა ისედაც მგრძნობიარე გულს.

_ მიირთვით. _ ადამ ყავის ჭიქა უშანგის დაუდო, მაგრამ წასვლას არ ჩქარობდა. სმენაზე მდგარი ჯარისკაცივით იდგა, გასწორებული ხელებით, მაღლა აწეული ნიკაპით, შეუპოვარი მზერით...

`თავისუფლად. ნაბიჯით, იააარ!~, ენის წვერზე მოადგა უშანგის, მაგრამ თავი შეიკავა და მდივანი მოიკითხა. ადაც, თითქოს ბრძანებას ელოდაო, გააქტიურდა:

_ მადლობა, ბატონი უშანგი. თქვენი მეუღლე ვნახე წუხელ ტელევიზორში. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის. გადაცემაც ბრწყინვალედ მიჰყავდა. გივი ფეიქრიშვილი ჰყავდა სტუმრად, შიდსის ცენტრიდან. უაღრესად აქტუალურ თემებზე ჰქონდათ სჯა-ბაასი. განუსაზღვრელი სიამოვნება მივიღე.

_ გადავცემ თქვენს ქათინაურს ლუიზას.

_ ეს ქათინაური არ არის. ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა. _ ამ სიტყვებით ადა ადგილზე დატრიალდა და რობოტივით მომართული გავიდა კაბინეტიდან.

_ აი, სწორედ ასეთი დაცურებული ქალი გვჭირდება ჩვენი პაციენტისთვის. _ თვალი გააყოლა უშანგიმ და ყავა მოსვა.

_ რატომ არის ადა `დაცურებული?~ _ გაუკვირდა რომას. _ ადა ჭკვიანი ქალია, მოწესრიგებული, სუფთა... სხვათა შორის, ლექსებს წერს.

_ წარმომიდგენია მაგის ლექსები... `განუსაზღვრელი სიამოვნება~ და `უტყუარი ჭეშმარიტება~. ჰა. ჰა!

_ ნუ იცი ხოლმე ყველაფრის გაქილიკება. ადასნაირი სანდო ადამიანი ბარე ორი დადის ამ კლინიკაში.

Page 10: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ მეც მანდა ვარ! _ გაუხარდა უშანგის. _ დაელაპარაკე, შენ უარს არ გეტყვის და საიდუმლოსაც შეგინახავს.

_ ჰო-ო?

_ ასიანი.

_ ვნახოთ, მოვიფიქრებ. ავწონ-დავწონი. _ ჭკუაში ჩაუჯდა რომას.

_ რაც უფრო მალე აწონ-დაწონი, მით უკეთესი. იმედია, მთელ კარტებს არ გაუხსნი, ლამაზად შეფუთე, შენებურად...

_ ეს რა ავანტიურაში გამხვიე, უშანგი... მე ხომ ინდიელივით ვარ, ყველაფერი შუბლზე მაწერია. შენ კი `შეფუთეო~! რომელი სარეკლამო აგენტი მე მნახე?!

_ ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია.

რომა ოდნავ წამოწითლდა და ფანჯრისკენ მიმართა მედალიონის პროფილი. გადაგორდა მკაცრი და ფიქრიანი ზამთარი, გარეთ კაპრიზული გაზაფხული იკრეფდა ძალას. ცაზე უკვე გაემართათ მარადიული დუელი მზესა და ღრუბლებს. მზე აშკარად ჯაბნიდა, რასაც მოწმობდა ნაადრევად დაბუტკული ხეები და ელექტროსადენზე არხეინად ჩამომჯდარი პირველი მერცალი _ თბილი ქვეყნიდან მოფრენილი შავფრაკიანი დირიჟორი. `ცხრა-მთა გზიდან მომავალი, მოქანცული, მოღალული, დაბლა-დაბლა ვეშვებოდი, შენ გეძებდა ჩემი გული...~

_ ეს არ არის ყველაფერი.

რომას პოეზიის შუადღეში უშანგის შემპარავი ხმა შემოიჭრა. დადარაჯებულმა მოიხედა. .

_ ფსიქოლოგიც გვჭირდება. _ განმარტა ქირურგმა.

_ რა ფსიქოლოგი... ვის?

_ მეშვიდე პალატის პაციენტს.

_ რაო?! _ ახალი სიურპრიზის მოლოდინში რომა ფეხზე წამოიჭრა, ნერვიული მოძრაობით ამოტყორცნა კისერში აკურატულად ჩაფენილი შარფი, გაიარ-გამოიარა. _ ფსიქოლოგი თუ ვინმეს სჭირდება, ეს მე ვარ, მე!

_ კი ბატონო, შენც გაგიხერხებთ.

_ მერამდენედ გაგიმეორო _ სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ!

_ აბა, რას შემოიხიე ტანზე?! მართლა ვერ ვხედავ პრობლემას.

_ ანუ, ჩვენ გარდა, მეოთხე კაცსაც რომ ეცოდინება ჩვენი საიდუმლო, პრობლემა არ არის? მითხარი, მაინტერესებს შენი პასუხი!

_ რატომ მეოთხეს, მეხუთეს. _ ვითომც არაფერი, მოახსენა უშანგიმ.

რომა, მომუჭული შარფით ხელში, ადგილზე გაქვავდა. მეხუთეო! ეს საფრთხობელა სრულ ჭკუაზეა? ბარემ გამოვიდეს და რუპორში გამოაცხადოს, ბრიფინგი მოაწყოს, ჟურნალისტები შეყაროს...

_ ნაწილობრივ, ადა. _ განმარტა უშანგიმ. _ მაგრამ ფსიქოლოგის გათვითცნობიერებაც მოგვიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ეს წამოწყება აზრს კარგავს.

_ ეს... ეს წამოწყება არ არის! ეს ავანტიურაა! _ აყვირდა რომა.

_ ნუ აიქოჩრები ახლა...

Page 11: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ იცი, უშანგი, ზოგჯერ გიყურებ და... და ლავრენტი ბერიას მაგონებ.

_ შენ კი მიქელანჯელოს დავითს ჰგავხარ. _ გულღიად გაუღიმა უშანგიმ და მეჩხერ ქოჩორზე ხელი ჩამოისვა.

რომამ ხმამაღლა ამოიოხრა, თუმცა გული სიამაყით აევსო. იმაზე, რომ გენიალური მოქანდაკის სკულპტურას ჩამოჰგავს, დედაც მიანიშნებდა ხოლმე, მაგრამ დედის თვალით დანახული ერთია, უცხო კაცი რომ იტყვის _ სხვა. გამოდის, დედას არ ეჩვენება. პრინციპი _ ყველა ყვავს თავისი ბახალა მოსწონს _ აქ არ მუშაობს. ვინ იცის, უშანგის ცოლმა ჩააწვეთა კოლეგა რომა ქემოკლიძის სრულყოფილ დავითთან მსგავსების იდეა. რაც ორმაგად სასიამოვნოა.

_ ვატყობ უჩემოდ გადაგიწყვეტიათ. _ შემრიგებლური ტონით თქვა რომამ. _ ის მაინც მითხარი, რამდენად სანდოა?

_ სანდოა, სანდო. ქუჩიდან კი არ მოგვყავს, ჯარჯის შერჩეულია. ფსიქოლოგად მუშაობს სპეცდანიშნულების სამმართველოში. იქ შემთხვევითი ხალხი აჰყავთ სამუშაოდ, რომა! გოგომ წითელ დიპლომზე დაამტავრა უნივერსიტეტი, თავისი საქმის პროფესიონალია. ჩვენს პაციენტს კი მართლა სჭირდება რეაბილიტაცია. კაცმა არა მარტო სხვისი სახელითა და გვარით, სხვისი სახით უნდა დაიწყოს ცხოვრება. გესმის ეს რას ნიშნავს? წარმოიდგინე, შენ რომ გითხრან: ერთი დღით უშანგი თოდუას თავს გადაგინერგავთო...

`თუ იმ თავით შენს ცოლთან მიმიშვებ, ჯანი გავარდეს, ერთი კვირა იყოს~, გულში გაეპასუხა რომა და ქადაგად დაცემულ ქირურგს ყური მიუგდო.

_ მით უმეტეს, ჯერ ბაიბურში არაა. დღეს მოვიდა აზრზე, ხვალ კი სარკეში ჩაიხედავს და ვის დაინახავს?

_ ვასიკო ცეცხლაძეს. _ ჩაიფხუკუნა რომამ, მაგრამ იქვე გაასწორა ნაკვთები. არის თემები, რომელთა გარშემო ხუმრობა მკვრეხელობაა. თუ არ გინდა ამათ დაემსგავსო: ჯარჯებს, უშანგებს და მათ სულიერ ძმებს.

_ მაგაშია საქმე! _ აიტაცა უშანგიმ და ერთი ნახტომით გაჩნდა მაგიდის კიდეზე ჩამომჯდარ რომასთან. _ შენ ფიქრობ, ადვილია ნორმალურ ადამიანს აუხსნა, რატომ უნდა იაროს ამქვეყანაზე სხვისი ჰაბიტუსით?! და არა მხოლოდ იაროს! ის `სხვა~ გახდეს. თანაც ისე, რომ საკუთარმა ცოლმაც ვერ იცნოს.

_ აკი უცოლოაო?

_ გაშორებულია, მაგრამ ეს არ არის არსებითი. კითხვაზე მიპასუხე.

_ არ არის ადვილი. მეტსაც გეტყვი _ შეუძლებელია.

_ შეუძლებელია კარგი ფსიქოლოგის გარეშე. ფსიქოლოგმა ნიადაგი უნდა შეამზადოს მისი საზოგადოებაში ადაპტაციისთვის. ვინ არის დღეს ვახო შალიკაშვილი რესპექტაბელურ ვასიკო ცეცლაძესთან შედარებით? _ მოძველბიჭო ლოთი არასრული უმაღლესი განათლებით. პრაქტიკულად გაუნათლებელი. ფსიქოლოგმა თავიდან უნდა შექმნას, სული ჩაჰბეროს, როგორც პიგმალიონმა გალათეას.

_ ოჰო!

_ შევთანხმდით?

_ სხვა გზას მიტოვებ?

_ დაარტყი ხელი!

რომამ უგულოდ მიუტყაპურა გაშლილი ხელისგული და თავის სკამს დაუბრუნდა. უშანგი მიხვდა _ აუდიენცია დამთავრებულია.

Page 12: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ _ _

მაგდამ მძინარე შვილს თვალებით მიესიყვარულა, გულზე მიხუტებული ტასიკო გამოაცალა, შუქი ჩააქრო და ფეხაკრეფით გავიდა საძინებლიდან.

ტასიკო ერქვა ქოსა თოჯინას, რომელიც ორი წლის წინ ქეთუნას მამამისმა აჩუქა დაბადების დღეზე. მაშინაც ქოსა კი არ იყო ტასიკო, ოქროსფერად მბზინავი კულულები ამშვენებდა, მაქმანებიანი ნეილონის კაბა, მუხლებთან გაბაფთული საცვალი, თეთრი ბაჩიები, გიპიურის წინაფრიანი ქუდი, ზუსტად ისეთი, როგორც ნამდვილ ბავშვებს. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. თანაც ორმხრივი. ქეთუნას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ტასიკოსაც სიგიჟემდე უყვარდა.

თმის საფარი ტასიკომ აბაზანაში დაკარგა, როცა ქეთუნას აზრად მოუვიდა მასთან ერთად ებანავა. დედამ დაუშალა, მაგრამ ქეთუნა დაიჟინა და ხელში თავმოტვლეპილი თოჯინა შერჩა. წყლის ზედაპირზე კი ნება-ნება დაცურავდა წეპოვანი თმის ოქროსფერი კუნძული.

მას შემდეგ დიდმა დრომ გაიარა, ტასიკოს შემცვლელები გამოუჩნდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოიგო ქეთუნას გული. მორიგ თოჯინას მალე მოისიყვარულებდა ხოლმე და ისევ უთმო ტასიკოს გამოათრევდა, რომელსაც ამასობაში ტანსაცმელიც შემოაცვდა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს დაემსგავსა.

მაგდას პროფესიული გადასახედიდან შვილის კონკრეტულ თოჯინაზე ასეთი მიჯაჭვულობა მამის ფაქტორთან იყო დაკავშირებული, რადგან სწორედ იმ პერიოდში ქმარს გაეყარა. ეტყობა, მამის ნაჩუქარმა თოჯინამ გოგონას რაღაცნაირად შეუვსო სიმბიოზური კავშირის გაწყვეტით წარმოქმნილი ვაკუუმი, მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ქეთუნა მამიკოს გოგო იყო.

მაგდამ ტასიკო სასტუმრო ოთახში, როიალის თავზე დადო და ჩაფიქრებული შედგა. როიალი იყო ერთადერთი ღირებული ნივთი მამიდამისის პატარა ბინაში, სადაც ქმართან დაშორების შემდეგ საცხოვრებლად გადმოვიდა. რამდენჯერაც ჩაუვლიდა, იმდენჯერ მის შესაძლო გაყიდვაზე ფიქრობდა, მაგრამ ამისთვის სოფელში გახიზნული მამიდის ნებართვა იყო საჭირო. ფული კი უსიკვდილოდ სჭირდებოდა მაგდას _ ქეთუნა ჰყავდა ავად. აორტის კოარქტაცია _ ასე ერქვა დაავადებას, რომელიც მის 5 წლის შვილს აღმოაჩნდა და რომლის აღმოსაფხვრელად ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. ოპერაციას დიდი ფული სჭირდებოდა (ერთი კი არა, ათი როიალის ფასი), რომელიც ქეთუნას ფსიქოლოგ მშობლებს არ გააჩნდა. ღარიბ ქვეყანაში ვის სცალია ფსიქოლოგთან საბჟუტუროდ?! სხვებთან შედარებით მაგდას კიდევ გაუმართლა _ ძალოვან სტრუქტურაში (სადაც ამჯერად მუშაობდა), ხელფასიც შედარებით მაღალი იყო და საქმეც თავზესაყრელი, მარტო ოფიცრების ტესტირებას უნდებოდა ნახევარი დღე, მაშინ, როდესაც თემურის (ყოფილი ქმარი) სარეაბილიტაციო ცენტრში წამლად თუ დაიხატებოდა ცხოვრებაზე გულაცრუებული პაციენტი და იმაზეც ნადირობა იყო გამოცხადებული, თავმოყვარე ექიმს რომ არ ეკადრება. არადა, თემურს განყოფილების უფროსი ერქვა, საკანდიდატო დისერტაციაც ჰქონდა დაცული და ახლა სადოქტოროზე მუშაობდა. მე შენ გეტყვი, დრო არ ჰქონდა თავზესაყრელი თუ ნიჭი აკლდა?! ჩვენში რომ დარჩეს, ნიჭი არც მაგდას აკლდა, პრაქტიკულაც გამზადებული დისერტაცია რა ხანია საწერი მაგიდის უჯრაში იმტვერება, მაგრამ დროის ქრონიკულ დეფიციტს განიცდიდა. დისერტაციიზე სამუშაოდ კი არა, პაემანზე წასასვლელად ვერ იცლიდა. კანდიდატურებიც არ იყო მანცდამაინც დასაფეთებელი, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, შეიძლებოდა ფსონის გაკეთება ფულიან საყვარელზე, რომელიც მასაც მიხედავდა და მის შვილსაც. რომ გეკითხა, თემური უმალ სიცოცხლეს მისცემდა, ვიდრე ქეთუნას გაიმეტებდა სასიკვდილოდ, მაგრამ ლამაზი სიტყვები სიტყვებად რჩებოდა,

Page 13: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

სტენოკარდიული შეტევები კი დღითი-დღე მატულობდა. მაგდას ისღა დარჩენოდა ლოცვა აღევლინა.

ეტყობა ღმერთმა ისმინა მისი ვედრება. ეს მოხდა გუშინ, სამსახურში...

მაგდას კომპიუტერში შეჰქონდა ოფიცერთა ჳ჻-ს მონაცემები და ყოველ ჯერზე რწმუნდებოდა _ მავანის ინტელექტუალური მაჩვენებელი სრულ დისონანსშია დაკავებულ თანამდებობასთან. ეტყობა, იქ, ზევით, დაწინაურება-დაქვეითების საკითხებში სულ სხვა კრიტერიუმები მუშაობს. უპირატესობა ენიჭება ნაცნობ-მეგობრობას, ნათესაობა-ნათელ-მირონობას, ერთგულებას, მარიფათს...

ამ ფიქრებში იყო, როცა უფროსმა გამოიძახა.

ფართხაფურთხით გამორთო კომპიუტერი. სიბნელემ შთანთქა გვარები და სახელები, დაბადების თარიღები, გრაფიკები, ინტელექტის მაჩვენებლები, კითხვა-პასუხები... ყველაფერი თვალით უხილავსა და გონებისთვის რთულად წარმოსადგენ მეხსიერების ბუფერულ უჯრედში განთავსდა.

მაგდა აჩქარებული ნაბიჯით გაუყვა დერეფანს. ვირტაჟმა მისი თხელი, მოხდენილი ფიგურა აირეკლა _ მოკლედ შეჭრილი თმა, გაშლილი მხრები, მოღერებული ყელი. მადლობა დედას ტანვარჯიშზე სიარულის დაძალებისთვის. ჩემპიონი ვერ გამოვიდა, მაგრამ სხეულის ფლობა ისწავლა. არა, რაღაც ვერ იყო ისე.

ბატისტის პერანგი!

დილით დენი გამოირთო და იძულებული გახდა დასაუთოვებელი პერანგი ჩაეცვა, იმ იმედით, რომ პიჯაკის ქვეშ არ გამოჩნდებოდა. პიჯაკი კი სამუშაო ოთახში დარჩა _ სკამის საზურგეზე.

სრულიად ქვეყნიერებაზე გაბრაზებული შემობრუნდა. ეტყობა, თელასშიც ისეთივე ჳ჻-ს პატრონები სხედან, როგორც ძალოვან სტრუქტურებში, თორემ რა გახდა ოცდაოთსაათიანი ელექტროენერგია! აგერ, ქეთუნას ჯერ თვლა არ უსწავლია წესიერად, მეცხრე ბლოკის შესახებ კი ყველაფერი იცის. მგონი გუდიანი კაცი ჰგონია, რომელიც სადარბაზო-სადარბაზო დადის და სინათლეს იპარავს.

`არ უნდა მივბრუნებულიყავი, ცუდად მაქვს დაცდილი~, ფიქრობდა მაგდა და გზადაგზა პიჯაკს იცვამდა, `ახლა რომ შემცირებაში მომაყოლონ იქვე გავიკეთებ ხარაკირის, ბატონი ზურაბის კაბინეტში~. ყველა-ყველა და ცრურწმენის უაზრობა პირველ რიგში მისი პროფესიის ადამიანს უნდა ესმოდეს, მაგრამ მაგდა ვერაფრით გათავისუფლდა მსგავსი `უაზრობების~ გავლენისგან. დალოცვილო, გზაზე ხან შავი კატა გადაგირბენს, ხანაც ნაცრისფერი, გზა იმისაა, ცოცხალმა არსებებმა ირბინონ წინ და უკან. შენ კი, გონების ნასახი თუ შეგრჩენია, ყურადღება არ მიაქციო. და ამის მერე სხვის ჳ჻ -ს ითვლი. ვაი, სირცხვილო!

კაბინეტში ორნი დახვდნენ: უშუალო უფროსი _ ბატონი ზურაბი და 55-60 წლის ზორბა მამაკაცი ბუჩქა, ბოლოებში აცქვეტილი წარბებით.

_ ესეც ჩვენი მაგდა _ ნიჭიერი ფსიქოლოგი, გულისხმიერი ადამიანი და უბრალოდ, ლამაზი ქალი. _ წარადგინა ბატონმა ზურაბმა.

შემცირება გამოირიცხა, გაუხარდა მაგდას. იმდენს აქებენ, დაწინაურებას არ გამოჰკრას ხელი! რაც ავტომატურად ნიშნავს ხელფასის მომატებას.

ნუთუ?!

_ ეს კი ბატონი ჯარჯია. ნარკომანიისა და პროსტიტუციის სამსახურის კურატორი.

ზორბამ თავაზიანად ჩამოართვა ხელი და სკამზე მიუთითა.

Page 14: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ დაჯექი, გენაცვალე.

`გენაცვალე~, მაგდას არ ესიამოვნა, მაგრამ თუ ეს ბოხხმიანი კაცი `ქამელეონის~ მეტსახელით ცნობილი ჯარჯი მუქატარიძეა, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. როდის აქეთია ჯარჯისთანა პატივცემული გვამები ფსიქოლოგიის განყოფილებას სტუმრობენ?!

_ დაგვითმობთ ნახევარი საათით კაბინეტს, ბატონო ზურაბ? _ ნებართვა აიღო ჯარჯი, რაზეც ბატონმა ზურაბმა ხელები გაშალა და მზადყოფნით გაემართა კარისკენ:

_ სახელმწიფო საქმე თუა... ოღონდ ამ სახელმწიფოს ეშველოს და საერთოდ არ შემოვალ.

ჯარჯიმ ორაზროვანი მზერა გააყოლა და მთელი თავისი სოლიდური კილოგრამებით მაგდასკენ მოტრიალდა:

_ სამსახურს გთავაზობ. ერთი თვით. კარგი ანაზღაურებით. ხელფასი აქაც შეგინარჩუნდებათ, ამაზე უკვე დაველაპარაკე ზურაბს.

მოკლედ, კონკრეტულად, მარტივად და ცხადად. მაგდა შინაგანად აყვავდა, თუმცა მის მახვილ სმენას არ გამოჰპარვია შენობით მომართვის ფამილარული ფორმა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უზრდელობაზე მეტად საბჭოურ მენტალობაზე მეტყველებდა. რას იზამ, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. და საერთოდ, რა დროს სიტყვაზე გამოკიდებაა, როცა საქმე ანაზღაურებას ეხება!

_ არ არის ურიგო. _ წარმოთქვა ხმამაღლა. _ თანამშრომლობის შინაარსი მაინტერესებს.

_ პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა პაციენტზე, რომელსაც პლასტიკური ოპერაცია გაუკეთდა.

_ ცოტა ბუნდოვნად ჟღერს. ვინ არის პაციენტი?

ბატონმა ჯარჯიმ გამჭოლი მზერა ახალგაზრდა ფსიქოლოგზე გაასრიალა. მაგდას დაჰბურძგლა, მაგრამ პოზა არ შეუცვლია. მეტიც, თვალი გაუსწორა, ვითომ თქვენი `გებეშნიკური~ ჰიპნოზი ჩემზე არ მოქმედებსო.

_ ვინ არის, რა გევალება და სხვა დეტალებს, მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაგანდობ. სახელმწიფო საიდუმლო რომ არ იყოს, ზურაბსაც დავისწრებდი. ასე რომ, იფიქრე, გენაცვალე. 5000 დოლარი ქუჩაში არ ყრია.

მაგდა კინაღამ სკამიდან ჩამოვარდა.

5000 დოლარი!

5000 ათასი დოლარი სასტარტო თანხაა ქეთუნას ოპერაციისთვის. დანარჩენს იშოვის, როიალს გაყიდის, თემოს შეუფუცხუნებს...

ჰა... თუ მოესმა? საერთოდ, როცა ღელავდა, ცუდად ესმოდა. განა ყურს აკლდა, უბრალოდ ცხადად ვერ აღიქვამდა მოსმენილს.

_ რა... რა ბრძანეთ? _ იკითხა დადარაჯებულმა.

_ 5-ათასი. _ დამარცვლა ბატონმა ჯარჯიმ და ჰაერში დოლარის ნიშანი შემოხაზა. _ პლიუს ათასი _ ძიძისთვის, რომელსაც დღესვე გადმოგცემთ. ცხადია, თანხმობის შემთხვევაში.

_ რომელი ძიძისთვის?

_ რომელიც თქვენს შვილს დასჭირდება დედიკოს შინ არყოფნის დროს.

Page 15: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ თქვენ იცით, რომ...

_ ჩვენ ყველაფერი ვიცით. _ გააწყვეტინა ბატონმა ჯარჯიმ და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა.

მაგდა დაიბნა. სტატიკური პოზა, სწორი ზურგი, პირდაპირი მზერა... _ ყველაფერი დაავიწყდა. მხოლოდ 5000 დოლარი უბრიალებდა გონებაში, პლიუს 1000. ჯამში _ 6000. გაგიჟდება კაცი!

_ გეთანხმები, დიდ ფულია. _ მის ფიქრებს გამოეხმაურა ჯარჯი ბატონი. _ ასეთ თანხას ჩვენი უწყება არა მხოლოდ შესრულებულ სამუშაოში, არამედ დუმილშიც იხდის. დუმილი ოქროაო, ხომ გაგიგია... მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია მზადდება, შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი ოფიციალურად უნდა გაფორმდეს _ ფაქსიმელე, ბეჭედი, თარიღი...

_ დავუშვათ, დავთანხმდი. რომ ვერ შევძლო დავალების შესრულება, მერე სად მივდივარ?

_ მერე დაგხვდები სადმე ბნელ მოსახვევში და ყელს გამოგჭრი.

მაგდა გაშრა. ჯარჯიმ კი ხმამაღლა გადაიხარხარა:

_ ვხუმრობ, გენაცვალე, ვხუმრობ. ჩვენ აქ სერიოზული უწყება ვართ, ლალოს დუქანი კი არა! სანერვიულო არაფერია. ადამიანს თავიდან ვერ გამოძერწავ, მაგრამ მაქსიმალური ძალისხმევის ხარჯზე მინიმუმის გაკეთება ხომ შეიძლება? კარგი, პატარაზე გაგიხსნი კარტს _ საკმაოდ ნიჭიერი, მაგრამ ხელიდან წასული 32 წლის ძველი ბიჭი ჭკუაზე უნდა მოიყვანო. ნორმალური მეტყველება ასწავლო, მანერები, ზოგადი უნარები...

_ ერთ თვეში? _ გაუკვირდა მაგდას.

_ ჰო. ერთ თვეში. პლიუს-მინუს ერთი კვირა. _ ბატონმა ჯარჯიმ პიჯაკის სახელო გადაიწია და საათს დახედა. ჟესტების ენაზე ეს ნიშნავდა შემდეგს _ დროულად მოიფიქრე, თორემ მსურველის პოვნა არ გაგვიჭირდებაო.

_ თანახმა ვარ. _ საკუთარი ხმა გაიგო მაგდამ. ანუ მისმა ქვეცნობიერმა დაასწრო ცნობიერს. ეს უკვე ფროიდის ენაა.

ბატონი ჯარჯის ხელში ბრტყელი საქაღალდე გაჩნდა, საიდანაც ჯერ ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულება ამოაფრიალა, მერე მომავალი პაციენტის, ვახტანგ შალიკაშვილის დოსიე.

ხელმოწერილი ფურცელი ბატონმა ჯარჯიმ საქაღალდეში დააბრუნა, დოსიე კი მაგდას გაატანა _ გასაცნობად, და იქვე დასძინა, რომ `გაცნობა~ სახლში უნდა შემდგარიყო და არა აქ, სამსახურში, სადაც დიდი ალბათობით შეიძლება რომელიმე თანამშრომელი შემოვიდეს და ღმერთმა ნუ ქნას, დაინტერესდეს.

ქეთუნას სძინავს. ის დროა, ყავა მოიდუღოს და დოსიეს ჩაუჯდეს.

ორშაბათიდან მაგდას ერთადერთი ქალიშვილი დედამისთან გადავა საცხოვრებლად. რომელი ძიძა მოუვლის ბებიაზე უკეთ? ქეთუნასთვისაც კარგია და დედისთვისაც. ნაბოლარა შვილის, ბექას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ დედა დეპრესიაში ჩავარდა და დღესაც ვერ გამოსულა მდგომარეობიდან. უფროსი ვაჟის ქორწინებამ ცოტა გამოაცოცხლა _ ფეხმძიმე რძალი ჰყავდა ოჯახში, წოლითი რეჟიმით, ისიც იძულებული გახდა სამზარეულოში ეტრიალა, სადილები ეკეთებინა, დაეგავა, დაერეცხა... აწი, მშომლების ოჯახს მოახმარს იმ 1000 დოლარს. რძალს საოცნებო მობილურს უყიდის, ძმას _ ახალ საბურავებს...

მაგდამ ყავა მოსვა და დოსიე გადაშალა.

Page 16: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

თვალში მოხვდა ფოტოსურათების შეკვრა, სადაც შალიკაშვილების მთელი ოჯახი იყო წარმოდგენილი, როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილები.

ვახოს გარეგნობაში არაფერი იყო განსაკუთრებული. ტიპური კავკასიელი მამაკაცი. ასეთები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება _ საშუალო სიმაღლე, ზომიერად კეხიანი ცხვირი, კუშტი გამოხედვა. ერთგან დაშორიშორებული ორი წინა კბილი უჩანს. ბექას ჰქონდა ზუსტად ასეთი... ბექააა...

მაგდას გული მოეწურა, მოგონებას აუქშია და პაციენტის მშობლებზე გადაიტანა ყურადღება. მამა: შალიკაშვილი ლადო. სიმპათიური მამაკაცი ჭკვიანი თვალებით. პროფესია _ ინჟინერ-კონსტრუქტორი საავაიაციო ქარხნაში. სიკვდილის მიზეზი _ საამქროში მომხდარი აფეთქება. დედა _ შალიკაშვილი ცისანა. ნაკვთები _ სწორი, გამოხედვა _ პირდაპირი, ვარცხნილობა _ სადა. პროფესია _ ფილოლოგი. მუშაობის ადგილი _ ლიტერატურის ინსტიტუტი. 1975 წელს დაკავებულია დისიდენტური გამოსვლების გამო. გამოშვებულია თავდებით. ორი წლის შემდეგ ხელმეორედ აკავებენ. ბრალდება იგივეა _ დისიდენტური საქმიანობა. განაჩენის გამოტანამდე გადაჰყავთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ამ დროსთვის ვახო 14 წლისაა. 14 წლის ასაკში ბექა მოკლეს...

მაგდამ ჯეზვეში მორჩენილი ყავა ჩამოისხა და სახე მოისრისა. არ შეიძლება პარალელების გავლება, მაგრამ ნაცნობმა ღინღლმა საულვაშეზე და დაშორიშორებულმა კბილებმა მოგონებები აუშალა. უნდა მოთოკოს თავი, პირადული დროებით უნდა ჩაკეცოს, როგორც ფაილი კომპიუტერში და ობლად დარჩენილ პაციენტზე დაფიქსირდეს.

მაშ ასე: 14 წლის ვახო დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. ახლა ქუჩაა მისი დედაც, მამაც, მასწავლებელიც... ხატვა ეხერხება. ამთავრებს თოიძის პროფესიულ ტექნიკუმს, აბარებს სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც მალევე გარიცხავენ. მიზეზი _ ლექციებზე გამოუცხადებლობა და ჩავარდნილი გამოცდები. მერე სამწლიანი ჯარი... ისევ ქუჩა, ბირჟა, მუშაობის დაწყების უშედეგო მცდელობები, ბანქო, ქეიფი, ლოთობა, მშრალ ხიდზე გატანილი საგვარეულო ნივთები...

ვახო შალიკაშვილი რომ ჩაშვებული კაცია, ამას არ უნდა დიდი მარჩიელობა. აი, ჯარჯი მუქატარიძეს რაში სჭირდება ასეთი? იქნებ მისი ახლობელია? უკანონო შვილი, მაგალითად. მაშინ რა შუაშია პლასტიკური ოპერაცია? შვილს, თუნდაც უკანონოს, ასე არ გაიმეტებ. ოპერაციასაც გააჩნია _ მისგან სხვა ადამიანი გამოძერწეს! ვახო დროებით ის `სხვა~ უნდა გამხდარიყო. იმის სახელით ეცხოვრა, იმის სახლში დაფუძვნებულიყო, იმის წრეში შემძვრალიყო და რაღაც ინფორმაცია მოეპოვებინა, პროფესიონალი ჯაშუშივით. ჯარჯის სურვილი და სახელმწიფოს დაინტერესება გასაგებია, მაგრამ რატომ დათანხმდა ახალგაზრდა კაცი პლასტიკაზე? სახე ხომ პარიკი არ არის, როცა გინდა დაიხურო და როცა გინდა მოიძრო?! სად გაგონილა ადამიანმა ნებაყოფლობით თქვას უარი ღვთით ბოძებულ გარეგნობაზე?! ნუთუ არ ესმის, რომ ამიერიდან სხვის ტყავში მოუწევს ცხოვრება. ცხვარი მგლის ტყავში. ან პირიქით.

ნუთუ აქაც ფულის ფაქტორია? ფული, რომელიც არასოდეს არ არის ბევრი. არავისთვის.

მაგდამ ხელმეორედ გადახედა ფოტოებს. თვალი ვახოს დედაზე გაუშტერდა. ამ ქალთან დაკავშირებით რაღაც ისტორია არსებობდა, რომელსაც ვერაფრით იხსენებდა.

დრო ღამის თერთმეტ საათს უჩვენებდა. წესით, თემურს არ უნდა ეძინოს.

_ მოხდა რამე? _ ყურმილში ყოფილი ქმრის შეშფოთებული ხმა გაისმა. როგორ უყვარდა ადრე ეს ხმა. ალბათ ეხლაც უყვარს, როგორც ინვალიდს ამპუტირებული ფეხი.

_ ისეთი არაფერი. _ დაამშვიდა მაგდამ. _ რაღაც მინდა გკითხო...

Page 17: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ გული გადამიქანდა, მეთქი ქეთუნა...

_ ნუ გეშინია, ქეთუნამ რა ხანია დაიძინა. თემო, ცისანა შალიკაშვილის შესახებ რამე გსმენია?

_ დისიდენტი?

_ ჰო, ჰო!

_ რამ გაგახსება ამ ღამიანად?

_ რაღაცას ვკითხულობდი და...

_ ჩვენთან იწვა, ფსიქიატრიულში... ბუნდოვნად მახსოვს, დიდი ხნის ამბავია.

_ რა დიაგნოზით შემოიყვანეს?

_ ფსიქიკური აშლილობა. ფსიქიატრიულში გულის მანკიანს ხომ არ შემოიყვანდნენ? _ გაიცინა თემურმა.

_ მართლა გიჟი იყო?

_ არ ვიცი, მაგდა... მე რომ დავიწყე მუშაობა, ახალი გარდაცვლილი იყო... ამ თემაზე ლაპარაკს ყველა გაურბოდა, ხომ იცი, რა დრო იყო... კომუნისტები.

_ თავი მოიკლა თუ მოკლეს?

_ არ გამოვრიცხავ თვითმკვლელობამდე მიეყვანათ. ქალი ისედაც დაზაფრული იყო, ტუმბოზე კი `შემთხვევით დარჩათ~ დამამშვიდებელი აბებით სავსე ფლაკონი. არ არის ეჭვის საფუძველი?

_ არის.

_ მაინც რაში გაინტერესებს?

_ ყველაფერი გინდა იცოდე?

_ რაც შენ გაწუხებს, კი.

_ ცნობისმოყვარეობა მაწუხებდა, რომელიც უკვე დავიკმაყოფილე. ღამე მშვიდობისა, თემურ.

_ მოიცა, არ წახვიდე, კიდევ დამელაპარაკე...

_ არა, უნდა ჩავლოგინდე, ხვალ ადრე ვარ ასადგომი.

მაგდა `ჩალოგინდა,~ მაგრამ ძილი არ მიეკარა. ის მომავალ პაციენტზე ფიქრობდა. თუკი მართლა ნიჭიერია, შეიძლება რაღაც გამოდნეს. არსებობს ნეიროლინგვისტიკური, ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების გავარჯიშების პროგრამა, მეხსიერებაში დალექილი ცოდნის გამოცოცხლება, დახარისხება...... ამერიკელები ფართოდ იყენებენ, იქ ყველაფერი წარმატებაზეა გასვლილი. მაგრამ ეს ყველაფერი თეორიაა... რა არის თეორია პრაქტიკის გარეშე?... წყაწაღებულისთვის გადაგდებული ცურვის ინსტრუქცია...

პარიზი

_ ალო, დიმიტრი.

Page 18: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ ჰო, დედა.

_ რა ხმა გაქვს, გეძინა?

_ უკვე გავიღვიძე. რამ შეგაწუხა დილაუთენია?

_ ხომ არ დაგავიწყდა?

_ რა უნდა მახსოვდეს?... შემახსენე.

_ ასეც ვიცოდი, უკვე დაგავიწყდა! ვახშამი, დიმიტრი, ვახ-შა-მი! შვიდ საათზე.

_ ააა, ჰოო... ოღონდ თევზი არ დამახვედრო, მაშინდელივით.

_ მაშინდელი თევზი ლუს ახირება იყო, ვერ წარმოედგინა, რომ თევზი არ გიყვარს. თან ოთხშაბათს თევზის დღე გვაქვს.

_ ოჰო!

_ ხუთშაბათს და პარასკევს ქართული სამზარეულოსი.

_ ორშაბათს და სამშაბათს?

_ ჩინური და იტალიური.

_ ხუმრობ, დედა?

_ არა, სერიოზულად. ყოველ საღამოს იმაზე კამათს, რომელი კერძი გვექნება ხვალ, მე და ჩემმა ქმარმა გრაფიკი დავაწესეთ. ხომ იცი, ლუს ამბავი, ლუარსაბ თათქარიძის სულიერი ძმაა.

_ შენ რომ არ ხარ დარეჯანი, დე?

_ ლუს გადამკიდე დარეჯანიც ვარ და ნესტან-დარეჯანიც. მოკლედ, გელოდებით. სტუმარი გვეყოლება, ფილიპ ვერნე. სამხედრო ატაშეა ჩეხეთში. შენი გაცნობა უნდა და...

_ და?

_ უჟმურად ნუ მოიქცევი. ორი ჭიქა დალიე, დაილაპარაკე, გაიხსენი...

_ შეთქმულებას აქვს ადგილი?

_ არა, არა...

_ იცოდე, არ მოვალ.

_ გაგიჟდი? ის კაცი შენს გასაცნობად მოდის, სპეციალურად!

_ რით დავიმსახურე სამხედრო ატაშეს ინტერესი?

_ თუ არ აყვირდები, გეტყვი. მოკლედ, ლუმ მეგობრებთან წაიტრაბახა: ჩემმა გერმა ჩეჩნების ტყვეობიდან დაიხსნა ახალგაზრდა ქალიშვილიო (იხ. `უფროსი ძმა~). ჰოდა, ფილიპი დაინტერესდა. კონკრეტულად ამ ფაქტით და ზოგადად, სიტუაციით საქართველოში.

_ მოკლედ, მოსდეთ ქვეყანას...

_ დასამალი რა არის, შვილო...

_ იქნებ არ მსიამოვნებს იმ დღეების გახსენება?

_ რატომ არ გსიამოვნებს?

Page 19: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ 7 საათზე ვიქნები.

დიმიტრიმ ყურმილი დაკიდა და ჭერში აიხედა. კარგია, როცა პარიზში გაქვს საკუთარი ჭერი, ცუდია _ როცა ეს ჭერი არ გაკმაყოფილებს და გული ისევ იმ გაბზარული ჭერისკენ მიგიწევს, რომელიც მშობლიურ ქალაქში გეგულება და რომელსაც უკვე ორჯერ გამოექეცი. შეიძლება არც არის ცუდი. შეიძლება ნორმაა. გააჩნია ვისთვის... მაგალითად, დიმიტრის დედას, ქალბატონ თამარს არც `ჭერის~ ნოსტალგია აწუხებდა, არც `დარეჯანის~ ამპლუა, არც სამჯერ გათხოვილი ქალის სახელი. პირველი ქმარი გურამ ძნელაძე დიმიტრის ბიოლოგიური მამა გახლდათ, მეორე _ აწ გარდაცვლილი გიგა ნოდია _ დიმიტრის მამობილი, მესამე და იმედია უკანასკნელი _ ფრანგი ჟან ლუი ვიოლე _ ლუ, რომელიც აქ, პარიზში გაიცნო, შვილთან სტუმრობისას, და მალე ცოლადაც გაჰყვა.

თავიდან დიმიტრი სკეპტიკურად შეხვდა ამ ქორწინებას, მაგრამ ორწლიანი გადასახედიდან თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონი თამარის პრაგმატულმა გადაწყვეტილებამ გაამართლა.

დედას, რომელსაც თავის დროზე ერბო-კვერცხის შეწვა ეზარებოდა შვილისთვის, მთელ თავისუფალ დროს მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს რეცეპტებს ჩაჰკირკიტებდა და იყო ბედნიერი. ჟან ლუიზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... ყოფილ შტანგისტს ცოლად ეღირსა ექიმი ქალი, რომელმაც იცის სამი ენა, უკრავს ფორტეპიანოზე, ერკვევა ხელოვნაბაში და ყველაფერთან ერთად არაჩვეულებრივი დიასახლისია.

დიმიტრი კი აგერ მეორედ გამოექცა პარიზში ბედისწერას. (პირველად 6 წლის წინ, როცა ფეხმძიმე ცოლი მანქანაში აუფეთქეს, მეორედ, როცა ნახევარძმის საცოლე პრაქტიკულად სიყვარულში გამოუტყდა), მაგრამ ეტყობა ცუდად დარბოდა, რადგან ბედისწერა აქაც დაეწია და მესიჯის სახით შეტყობინება გამოუგზავნა: `მონტე-კარლოში ვარ. სასტუმრო `იმპერიალი. გვანცა~.

გვანცა გორდეზიანი _ ასე ერქვა ნიკოს ყოფილ საცოლეს. მესიჯს წინ უძღოდა ქალიშვილის ჩეჩნების ტყვეობიდან გამოხსნის რომანტიკული ისტორია, რომელიც დიმიტრის აზრით წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ეტყობა გვანცა არ ფიქრობდა ასე: წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჩაშლიდა ქორწინებას, არც კოორდინატების შეტყობინებით შეიწუხებდა თავს. ის იმედოვნებდა, რომ დიმიტრი თავისუფალია. ოფიციალურად ასეც იყო, მაგრამ ტრაგიკულად დაღუპული ცოლის აჩრდილი დღემდე თან სდევდა დიმიტრის და აიძულებდა უარი ეთქვა ნებისმიერ სერიოზულ ურთიერთობაზე. არასერიოზულად კი გვანცასთან არ გამოვიდოდა. უბრალოდ არ იყო ის კანდიდატურა, ვისთანაც უბრალოდ თავს შეიქცევდა და მერე მოისროდა, უსარგებლო ნივთივით.

სააბაზანოდან გამოსულს მობილურზე ხუთი შემოსული ზარი დახვდა. ხუთივე ალენ ნოგარეს ეკუთვნოდა _ ჟურნალ `ექსკლუზივის~ მთავარ რედაქტორსა და მის უშუალო უფროსს.

გადარეკა.

_ სად დაიკარგე, ადამიანო? _ აყვირდა ალენი.

_ შხაპს ვიღებდი.

_ ერთი საათია გირეკავ!

_ ტყუილია, 15 წუთის წინ შევედი...

_ ნუ მევაჭრები, საქმეზე გირეკავ. _ მკაცრად გააწყვეტინა ალენმა და უცნაური ბგერები გამოუშვა.

_ ჭამ? _ მიხვდა დიმიტრი.

Page 20: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ უჰუ.

_ რას?

_ კრ... კრუაზანს.

დიმიტრიმ ხმაურით ჩაყლაპა ნერწყვი და წელზე შემოხვეული მობოშებული პირსახოცი ზევით აქაჩა.

_ მისმინე, დიმიტრი, _ გამძღარი ხმით განაგრძო ალენმა. _ შემდეგი ნომრის მასალა მზად გაქვს?

დიმიტრიმ ყოყმანით გახედა კომპიუტერთან დახვავებულ შავ მასალას.

_ თითქმის. ბარემ აირჩიონ რუსებმა პრეზიდენტი და ერთიანად მოგაწვდი.

_ თორემ არ ვიცით, ვის აირჩევენ?!

_ მერე რა, რომ ვიცით?

_ რა და შენი თავი მჭირდება, სხვა საქმისთვის...

_ აბა?

_ ამასწინათ შვებულებას მთხოვდი... გახსოვს?

_ ისიც მახსოვს, რომ უარი მითხარი.

_ წელიწადში ორჯერ მომინდომე შვებულება და რა მექნა?! შენ აქ საქართველო ხომ არ გგონია?

_ რომ არ მგონია, იმიტომაც დაგიდე ექვსთვიანი კონტრაქტი და არა ორწლიანი, როგორც შენ მთავაზობდი.

_ უყურე შენ, მადლობის მაგივრად აქეთაც რომ მედავება?!

_ მადლობა.

_ მადლობა მერე მითხარი, მივლინებიდან რომ ჩამოხვალ.

_ გააჩნია, სად მიშვებ!

_ იქ, სადაც მარადიული გაზაფხულია, ალერიანი ზღვა, თბილი მზე, ქათქათა იახტები, გარუჯული ნიმფები... და ნიმფეტკებიც, თუ გისწორდება... _ არტისტულად გააფორმა ალენმა და რაღაც მოხვრიპა. სავარაუდოდ, რძიანი ყავა.

_ თუ სამოთხეში მიშვებ, პირდაპირ მითხარი!

_ დიახაც. თუკი დედამიწაზე სადმე არის სამოთხე, წესით, მონაკოში უნდა იყოს. მონტე კარლოში გიშვებ.

`მონტე კარლო.~ არა, არ მოესმა. ბედისწერის უხილავი ხელი პირდაპირ თუ ირიბად ერეოდა მის ცხოვრებაში. სად გინდა დაემალო?...

_ რა მინდა, რო? _ ყასიდად იკითხა.

_ ფორმულა 1-ს შეჯიბრს დაესწრები _ ყველაზე პრესტიჟულ რბოლას ევროპაში. მთელი მსოფლიოს ელიტა იქ იქნება _ მსახიობები, სპორტსმენები, პრინცები, პრინცესები... მილიონერები, თავისთავად.

_ როდის აქეთია ტრაკშიპერო საზოგადოება მიზიდავდა?

Page 21: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ ნუ იპრანჭები, კოლეგა, თორემ ეჭვი შემეპარება შენს გულწრფელობაში. მოკლედ, დაესწრები, გადაიღებ, ზედაც დაისვენებ. ჰა, როგორია?! რას გაყუჩდი... არ ხარ ფორმულის ფანი თუ სიხარულის ნიადაგზე ენა ჩაგივარდა?

_ ენა გაკვირვებისგან ჩამივარდა, ალენ. ვერ მივხვდი, მე რა შუაში ვარ?! სპორტი ელენის პრეროგატივაა. მე ახლო აღმოსავლეთის პრობლემებს ვაშუქებ. თუ დაგავიწყდა?

_ ჰო, ელენი გააფრენს... _ ამოიოხრა ალენმა. _ მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. ელენმა არ იცის რუსული.

_ ფორმულაზე დასწრებას რუსულის ცოდნა სჭირდება?

_ იფ, რა გულუბრყვილო ხარ, თუ ფიქრობ, რომ ჩვენი ჟურნალი ერთი ქეციანი სპორტული გვერდის გასაშუქებლად ამხელა ხარჯებს კისრულობს!

_ ასეც ვიცოდი, რომ რაღაც იმალება შენი შემპარავი ღლაჭუნის მიღმა. რაშია საქმე.

_ სრული ინფორმაცია გვჭირდება ერთ რუს ბიზნესმენზე, რომელიც მონაკოში ემალება საგადასახადო პოლიციას. იქაური კანონები ჩემგან არ გესწავლება _ გახდები მოქალაქე და თავისუფალი ხარ ყოველგვარი გადასახადისგან. დევიდ კოფერფილდი, ლუჩანო პავაროტი, რომელი ერთი ჩამოგითვალო... მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს ვარსკვლავები, ჩვენ გვაინტერესებს ერთი კონკრეტული რუსი _ ვინმე ლეონიდ აბრიკოსოვი. ამ სუბიექტმა სამი წლის წინ ფრანგი ინვესტორები გადააგდო, აღებული ფული დაატრიალა და მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მეწილედ გაიჩითა. მიხვდი საით მიმყავს?

_ დაახლოებით.

_ დეტალებში აქ გაგარკვევ, რედაქციაში. ერთ საათში გელოდები.

ალენი გაითიშა. დიმიტრიმ კი ჩქამზე თავი მიაბრუნა და კარში მდგარი მია დაინახა _ ჩინელი დამლაგებელი შავად მბზინავი თმითა და ყვითლად გადატკეცილი პირისკანით.

_ დღეს ხუთშაბათია, მუსიე. მეგონა, სამსახურში ხართ.

_ ააა... არა უშავს, შემოდი, უკვე მივდივარ...

_ ასე? _ მიას ორაზროვანი მზერა დიმიტრის შიშველ წვივებზე გასრიალდა და წელის მიდამოებში შეჩერდა.

ეს იყო გამოწვევა, მაგრამ დიმიტრი არ იყო სექსის ხასიათზე. ჯერ ერთი ეჩქარებოდა. მეორეც _ სექსი მომსახურე პერსონალთან საკუთარ თავში ამცირებდა. მია მეძავი არ იყო, ფული ჩაეკუჭა და კარი გამოეხურა. ის კვირაში ერთხელ მოდიოდა სახლის დასალაგებლად და რაღაც უფრო მეტს ელოდა ბინის პატრონისგან, ვიდრე ნაჩქარევი შეჯვარება სამზარეულოს მაგიდაზე. ყოველ შემთხვევაში, დიმიტრის ასე ეჩვენებოდა. შეიძლება ცდებოდა. პრინციპში, წაივარჯიშებდა კაცი, ბარემ შიშველია, დაბანილი...

_ ისაუზმებთ, მუსიე დიმიტრი?

_ არა. მეჩქარება. თან მაცივარი ცარიელია. _ დიმიტრი საძინებელისკენ გაემართა.

_ ჩაი?

_ მორისის კაფეში ვისაუზმებ. ჩაისაც იქ დავლევ.

Page 22: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ კუსკუსიც გქონიათ, ცხარე სიუსიც... _ მიას ხმა უკვე სამზარეულოდან ისმოდა.

დიმიტრიმ კარადიდან სუფთა პერანგი გამოიღო და სარკესთან შედგა. გასაპარსი ყბები, თაფლისფერი თვალები, ხორბლისფერი თმა, ნავარჯიშები სხეული... და ეს ყველაფერი მიას?! როცა იქ, მონტე კარლოში ყველაფერზე წამსვლელი ქალი ელოდება. დასანანია.

პიჯაკი ჩაიცვას თუ სპორტული ქურთუკი? დედას პიჯაკი უფრო გაუხარდება. მოსწონს კლასიკური სტილი.

დიმიტრიმ კომპიუტერის მაგიდაზე მიმობნეული თაბახის ფურცლები მოაქუჩა და წასასვლელად მოემზადა. მიას ფანჯარა გამოეღო და წყლით სავსე თუნგიდან სახლის გარე ფასადზე ჩამოკიდებულ ყვავილებს რწყავდა. ყვავილების მოვლა-პატრონობა თითოეული მოსახლის წმინდათაწმინდა ვალად ითვლებოდა და ისინიც პირუთვნელად ასრულებდნენ. ძველი, სამსართულიანი სახლი შორიდან ქალაქის ცენტრში გაშენებულ უზარმაზარ ორანჟერეას ჰგავდა.

დიმიტრი ამობეჭდილ მასალას ჩაუღმავდა, თუმცა თვალი ფანჯარაში გადაყუდებული მიასკენ გაექცა, უფრო სწორედ მისი ასხმარტალებული შიშველი ბარძაყებისკენ. ბარძაყების მიხედვით მია 20-23 წლის უნდა ყოფილიყო, სახეზე თუ დააკვირდებოდი, თავისუფლად მისცემდი ოცსაც და ორმოცსაც. მიდი და გაარკვიე რამდენი წლისაა აზიური იდემალებით დაღდასმული დამლაგებელი? იმედია, სრულწლოვანია.

`...დუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც... რომელმაც... რომელსაც...~

ჯანდაბას!

`ასევე განიხილეს კონფლიქტური რეგიონების საკითხი. ივანოვმა...~ მოიცა, რომელმა ივანოვმა? იქ ორი ივანოვია, საგარეო და შინაგან საქმეთა...

მია თუნგი განაპირა ქოთანს დაუმიზნა და ლამის ნახევარი ტანით ფანჯრის რაფაზე გადაზნიქა. ფეხები ჰაერში დაეკიდა. პანორამა შეიცვალა _ ბარძაყებს მკვრივი დუნდულები დაერთო და ისე გამომწვევად შეირხა, რომ წამში შთანთქა რუსეთის დუმა მთელი თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, ივანოვებით, არჩევნებით, დენით, გაზით, საწვავით, შანტაჟით...

_ _ _

ნახევარ საათში ოდნავ დარცხვენილი, მაგრამ მაინც კმაყოფილი დიმიტრი ძნელაძე მორისის მყუდრო კაფეში ვაშლის შტრუდელს მიირთმევდა. კაფე იქვე იყო, ორ ნაბიჯში მისი სახლიდან და სამ ნაბიჯში სენ-ჟერმენის ბულვარიდან.

აქ მას ყველა იცნობდა _ მეპატრონის, მუსიე მორისიდან დაწყებული, სენეგალელი მიმტანებით დამთავრებული. ეს იყო ძველი უბანი წვეტიანსახურავიანი სახლებით, მაღალი ფანჯრებითა და ურჩხულის თავიანი წყალსადენი მილებით. დედა ლუსთან ერთად ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდა. საკმაოდ შორს დიმიტრის სახლიდან და კიდევ უფრო შორს `ფავორიტის~ რედაქციიდან. რითი ჯობია წასვლა _ საკუთარი მანქანით თუ მეტროთი? საღამოსკენ ისეთი საცობებია, შვიდ საათზე კი არა, შეიძლება ათამდე ვერ მიაღწიოს ლუს სახლამდე.

კაფეში გაზეთების შრიალით მუსიე მორისი შემოვიდა _ ხმელ-ხმელი ლამაზად დაბერებული ფრანგი კოპწია ულვაშით. საშუალო სტატისტიკური ქართველი არ

Page 23: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

ბერდება ლამაზად. თოთხმეტლარიანი პენსიონერის ლამაზად დაბერება ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. როცა ადამიანს სახეზე აწერია ხვალინდელ საჭმელზე ფიქრი, მისი კეთილშობილური ნაკვთები დეფორმაციას განიცდის, მზერაში კი გალახული ძაღლის სევდა იკითხება. სილამაზე კი სილაღეა. ის სილაღე, რომლითაც მორისი კაფეში მყოფთ მიესალმა და ღიმილით იწინასწარმეტყველა წვიმა.

დიმიტრი ცას ახედა. ჯერკერობით მზე აცხუნებდა და ერთი შეხედვით სულაც არ აპირებდა პოზიციების დათმობას, თუმცა სამხრეთ-დასავლეთით მურისფერ ჩრდილად მოეწევდა საავდრო ღრუბლის რამდენიმე წყება.

დროზე უნდა გაასწროს.

ფეხზე ადგომა ვერ მოასწრო, რომ მობილურმა დარეკა. ეკრანზე გრძელი ნომერი დაიწერა. აშკარად სხვა ქალაქიდან რეკავდნენ.

ქალაქი თბილისი აღმოჩნდა, აბონენტი _ მიხეილ ხვედელიძე, უშიშროების პოლკოვნიკი და გვანცას მდიდარი ბიძის _ ილია მეგრელიშვილის მეგობარი. ამ ორი ადამიანების დაკვეთით გამოიხსნა დიმიტრიმ გვანცა ჩეჩნების ტყვეობიდან (დაკვეთის მესამე მონაწილე _ ვასიკო ცეცხლაძე მოღალატე აღმოჩნდა).

_ დიმიტრი, თუ ფეხზე ხარ, დაჯექი.

_ უკვე დავჯექი. რა ხდება?

_ მონტე კარლოს კაზინოში ვასიკო ცეცხლაძეს მოჰკრეს თვალი.

_ მერე?

_ მერე ილია და გვანცა მონტე კარლოში ისვენებენ. მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

_ ჩემგან რა გინდათ?

_ როგორ თუ რა?! _ გაუკვირდა მიხეილს. _ უნდა ჩახვიდე და დარწმუნდე _ ნამდვილად ვასიკოა თუ უბრალოდ მიამსგავსეს. მე რა შემიძლია თბილისიდან, შენ კი იქვე ხარ!

_ კარგი, ჩავალ.

_ ილიას თუ შეხვდი, არაფერი წამოგცდეს, მით უმეტეს, ჩემი დავალების შესახებ კრინტი არ დაძრა. ამხელა სტრესის შემდეგ კაცი პირველად ისვენებს, არ მინდა ავაფორიაქო. მიმიხვდი?

_ გასაგებია.

_ ავად ხომ არ ხარ, დიმიტრი? რაღაცნაირი ხმა გაქვს...

_ არა. მოგეჩვენათ, ბატონო მიხეილ. ჩავალ, ვნახავ, დაკავშირდებით.

დიმიტრიმ მობილური დაკეცა.

მდაა, როგორც ჩანს, ყველა გზა მონაკოში მიდის.

თბილისი

ადამ დასვრილი ჭურჭელი სინზე შემოდო და ზევიდან ქაღალდის ხელსახოცი გადააფარა. პაციენტი მეშვიდე პალატიდან მადას აშკარად არ უჩიოდა. ყველაფერი შთანთქა: ერთი მასლაფა ბორშჩი თავისი არაჟნით, კარტოფილის პიურე ორი

Page 24: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

კატლეტით, მოცვის კისელი და ახლა ისეთი თვალებით იცქირება, ლამის ადაც ზედ მიაყოლოს. დესერტად.

_ აქ ყველას ასე გასკდომამდე აჭმევენ, თუ მე მხვდა პატივი? _ აგდებულად იკითხა პაციენტმა და ზედაც ბოყინი დააყოლა.

აღშფოთებისგან ადას სუნთქვა შეეკრა. ის, რომელიც საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროსაც კი ცხვირშეჭმუხნული იჯდა საკუთარ უნიტაზზე, იძულებულია აიტანოს ეს საშინელო დამცირება.

ოჰ, რას არ მოითმენ სათაყვანო ადამიანის გამო!

გაუზრდელი პაციენტის მოვლა ადას რომამ დაავალა და დასძინა _ მისი არსებობის შესახებ არავინ-არაფერი არ უნდა იცოდეს _ სახელმწიფო საიდუმლოაო. თუკი არამკითხე მედპერსონალი ჩაგაცივდება, შეგიძლია მოატყუო _ ვითომ, სასქესო ორგანოს რეკონსტრუქცია გაუკეთდა და მშობლების დაჟინებული თხოვნით იზოლაციაში გვყავსო. აი, ასე ენდო. ადა გაამართლებს მის ნდობას, წარბშეუხრელად მოითმენს ყოველგვარ დამცირებას, იმედია რომა დაუფასებს და ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ ადა ერთადერთია, ვისაც შეიძლება დაეყრდნოს ცხოვრების ეკლიან გზაზე.

შინაგანმა მონოლოგმა ადას ისე აუჩუყა გული, რომ ცრემლი მოერია. ნაჩქარევად შევარდა სააბაზანოში _ ხელს დაიბანს და ემოციებსაც დაიოკებს. პაციენტმა არ უნდა შეატყოს ზიზღი და მიუღებლობა. ის პირველ რიგში ავადმყოფია, ადა კი ზრდასრული ქალი, რომელსაც მეტი თავშეკავება მართებს.

პატარა სარკემ ადას ზნეკეთილი ფიზიონომია აირეკლა _ მოკლედ შეჭრილი კარე, დატუშული მრგვალი თვალები, სრულიად ნორმალური ცხვირი ოდნავ მოშიშვლებული ნესტოებით. რატომღაც ზოგიერთ არაკეთილმოსურნეს ეგონა, რომ ნაოპერაციევი ცხვირი აქვს, არადა საკუთრივ მისი იყო, გენეტიკურად ერგო მამისგან. ასე იმიტომ თვლიდნენ, რომ ადა პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში მუშაობდა, თითქოს კოლეგიალობის გამო ვინმე უფასოდ გაუკეთებდა ცხვირის ოპერაციას. დანის ქვეშ დაწოლა რომ ნდომოდა, პირველ რიგში სილიკონის იმპლანტანტს ჩაიდგამდა სარძევე ჯირკვლებში. ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის შავი დღისთვის გადადებულ ფულსაც კი გაიმეტებდა, მაგრამ არ უნდოდა რომას გაეგო. რატომ უნდა წასულიყო სხვა კლინიკაში, როცა საუკეთესო სპეციალისტი უშანგი თოდუა საკუთარ კლინიკაში ეგულებოდა. უშანგი თუ გაიგებდა, რომაც გაიგებდა და ცხადია, მთელი მედპერსონალიც. დელიკატური საკითხის ამ დონეზე გასაჯაროება ადას არ აწყობდა. თუკი რომას მხრიდან იგრძნობდა დადებით იმპულსებს, შეიძლება გაერისკა კიდეც, თორემ ისე რა თავში იხლიდა ლამაზ ძუძუებს?! ადა ის ქალი არ არის მესამეხარისხოვან საყვარლებს დაყაბულდეს. პირველხარისხოვნები კი ყველა დაკავებულია, რომა ქემოკლიძის გარდა.

პაციენტმა ეჭვიანი მზერა შეაგება სააბაზანოდან გამოსულ ადას.

_ როდის მომხსნიან ამ ნაგავს სახიდან? დავიტანჯე!

_ ეს ნაგავი არ არის. ფურაცილინით დამუშავებული საფენებია.

_ ფურა... რა?

_ მალე მოგხსნიან.

_ `მალე~ ერთი დღეა თუ ერთი კვირა?

_ არ ვიცი.

_ აბა, რა იცი?

Page 25: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

ადამ არაფერი უპასუხა. სინზე დახვავებულ ჭურჭელს ხელი დაავლო და კარისკენ გაემართა.

_ თქვენ მე გიჟი ხომ არ გგონივართ? _ ყვირილი დაადევნა აღგზნებულმა პაციენტმა.

_ არა.

_ აბა, რამ დაგამუნჯათ ყველანი?

_ რისი გაგება გინდათ?

_ რატომ მკეტავთ გასაღებზე? რატომ აქვს ფანჯარას რეშოტკები?

_ გისოსები. _ დელიკატურად შეუსწორა ადამ.

_ აუჩმ... იქნებ ფსიქიატრიულში ვართ და მიმალავთ! ჰა?

_ დამშვიდდით. ბატონმა უშანგიმ ლაზერის აპარატის მომზადება მიბრძანა. ლაზერის სხივები ჭრილობის მოშუშებაში დაგეხმარებათ.

_ რით ვერ მოშუშდა ეს დედამოხნული?

ადა პირგამეხებული გავიდა პალატიდან. საკეტში გასაღები გაჩხაკუნდა. ვახომ გულში შეუკურთხა და ბრაზით აიქნია ფეხი. ცალი ჩუსტი ცოცხალ არსებასავით ავარდა ჰაერში და ტყაპუნით დაეშვა იატაკზე. ჩვენში დარჩეს, ჩუსტები ახალი მისცეს, მაუდის. ორი ზომით დიდი. აი, `ადიდასის~ სპორტულები კი ერთი-ერთში მოერგო. მადლობა ღმერთს, რომ ავარიისას სხეული არ დაუზიანდა. გუშინ საგულდაგულოდ შეამოწმა ყველა სანტიმეტრი _ არც ერთი ნაკაწრი. აი, სახე კი... ცხვირზე თაბაშირი ადევს, თავ-ყბა შეხვეული აქვს, ყბა _ დაჭიმული. როდის მორჩება ეს წამება? თავისი სახლი მოენატრა, უბანი, ძმაკაცები, სირბანჯო მდგმურებიც კი!

ლოგინზე წამოწვა და თვალები დახუჭა. უცებ სიგარეტი გაახსენდა. რამდენი ხანია არ მოუწევია? ბიჭო, ბიჭო, რა მაგარი იქნება სიგარეტს რომ თავი დაანებოს... ან არ იქნება მაგარი. სიგარეტის და სასმელის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია. ყოველ შემთხვევაში, ვახოს ცხოვრება.

როდის შემოვიდა უშანგი ექიმი, ვახოს არ გაუგია. თვალი რომ გაახილა, უკვე თავზე ედგა და შემპარავად უღიმოდა:

_ როგორ მიდის საქმეები?

_ კი არ მიდის, ერთ ადგილზე დგას. _ შეუბღვირა ვახომ. რა წესია მიპარვით სიარული, ჩაეხველებინა მაინც. _ როდის ვნახავ ჩემს სახეს?

_ მოვიდეს ბატონი ჯარჯი, დაილაპარაკეთ... შეიძლება დღესვე გაგათავისუფლოთ საფენებისგან.

_ მარტო საფენებისგან? აღარ შემიძლია აქ ყოფნა, მოვკვდი უსაქმურობით.

_ საქმეც გამოგიჩნდება, ნუ ღელავ.

_ არ მევასევა ეს იწილო-ბიწილო ბაზარი, რა! მითხარით, რა გინდათ? ან მაგ ჯარჯის ვინ ეკითხება საფენებს, ექიმი თქვენ ხართ...

_ ბევრს ნუ ლაპარაკობ, ვახუშტი! _ უშანგიმ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი. _ ყველაფერს თავისი დრო აქვს. უახლოეს საათებში ლაზერის აპარატს შემოაგორებენ, ისე მოგაშუშებთ, ერთ კვირაში ჩიტივით იქნები...

_ და ამ ოთხ კედელში ვიფრენ, არა?

Page 26: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

უშანგიმ ხელები გულზე გადაიჯვარედინა და სათვალის ზევიდან ჩამოხედა წამოწოლილ პაციენტს:

_ ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. თუ კარგად მოიქცევი, ისეთ ადგილებში იფრენ, რომ არც დაგსიზმრებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი ბოლო დაფრენა პარაშის გვერდით იქნება. ჰო, ჰო, ნუ იმრგვალებ თვალებს. ციხეს ვგულისხმობ, თორემ აქ სანატორიუმში ხარ.

_ `კარგად~ რას ნიშნავს, ახლა ცუდად ვიქცევი? ვინმეს-რამე დავუშავე?

_ ჯარჯი აგიხსნის ყველაფერს... _ უშანგის სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ პალატაში ჯარჯი შემოვიდა.

_ ამას ჰქვია, ძაღლი ახსენეო! _ ახითხითდა უშანგი.

_ `ძაღლს~ მოგცემ მე შენ! _ ჯარჯის რატომღაც არ გასცინებია, უკმაყოფილოდ გაიბოტა შუა ოთახში. _ რატომ არის კარი ღია?

_ ამ წუთას შემოვედი.

_ უცხო რომ შემოსულიყო?

_ შენ შარზე ხარ თუ რა გჭირს?

_ ჰო, დღეს რაღაც ვერ ვარ ხასიათზე, თავი მტკივა და გულიც მიჩმახებს. _ ჯარჯი მოლბა და მძიმე ნაბიჯით წამოვიდა საწოლისკენ.

_ მაგნიტური დღეა და იმიტომ.

_ გაზაფხულზე სულ ეგრე ვარ ხოლმე.

_ სეზონური დეპრესია. _ დაასკვნა უშანგიმ.

_ დეპრესია არა, ისა... ნუ იცით ხოლმე ექიმებმა იდიოტური დიაგნოზის დასმა. მე და დეპრესია?! თანაც სეზონური. სასაცილოა.

_ ჩემი მოგონილი კი არ არის! _ ჩაილაპარაკა უშანგიმ და კარისკენ გაემართა.

_ სად გარბიხარ, შე კაცო, საწყენად კი არ მითქვამს?!

_ დაელაპარაკე მაგას, მერე შემომიარე.

_ ახლა კარგად მისმენე და ეცადე არ გამაწყვეტინო. _ დაიწყო ჯარჯიმ, როცა უშანგი თვალს მიეფარა. _ შეკითხვები მერე.

ჯარჯის მონაყოლიდან:

რამდენიმე დღის წინ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ვახტანგ შალიკაშვილმა მოიპარა `ოპელის~ მარკის ავტომანქანა და ჭონქაძის ქუჩაზე მოახდინა ავტოავარია _ დაეჯახა მოქალაქე ვ. კ-ს რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ფაქტს შეესწრო მოქალაქე ტ. რ. მან იცნო `ოპელი~, მანქანა პარლამენტარ ჯ. ლ-ს ეკუთვნოდა. გართულების თავიდან ასაცილებლად მოწმემ უგონო მდგომარეობში მყოფი მძღოლი ნაცნობ ექიმთან გააქანა, სადაც აღმოჩნდა, რომ ის სულაც არ გახლდათ პარლამენტარი ჯ. ლ, არამედ ვინმე ვახო _ სოლოლაკში მცხოვრები ლოთი და უსაქმური. მანქანის ოფიციალური მფლობელი კი სრულიად ფხიზელი და არანაკლებ გაცეცხლებული დაეძებდა მოპარულ მანქანას. საბედნიეროდ (თუ საუბედუროდ), მოწმე ტ.რ. ჯარჯის ახლობელი აღმოჩნდა, გარდაცვლილი კი უპატრონო მაწანწალა. მოსახდენი მოხდა, მაგრამ ვახოს ეძლეოდა შანსი არასახარბიელო სიტუაციიდან მშრალი გამოსულიყო. მეტიც, რადიკალურად შეეცვალა თავისი უსახური ცხოვრება.

Page 27: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

საქმე იმაშია, რომ უშიშროების სამსახური ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გახსნაზე მუშაობდა, სადაც ფიგურირებდა მათი აგენტი, რომელიც საპატიო მიზეზის გამო თამაშს გაეთიშა. ვახოს და იმ აგენტის გარეგნული მონაცემები _ აღნაგობა, თავის ფორმა, ფეხის ზომა... ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს. დარჩა სახე. მაგრამ ეს პრობლემა უშანგის მარჯვე ხელებმა მოაგვარა. ავარიის შემდეგ ვახოს სახეს ისედაც სჭირდებოდა გარკვეული კორექცია, ჯარჯის მითითებით კი ზემოხსენებულ აგენტს მიამსგავსეს. ვახო დროებით უნდა გახდეს ის აგენტი. იცხოვროს მის ფეშენებელურ სახლში, მოაჯდეს მის `ბმჭ~-ს, შეხვდეს მის ნაცნობებს, ისადილოს მის საყვარელ რესტორანში, ხარჯოს მისი ფულები... ცხადია, ორეულად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც კი ჯარჯი სიგნალს მისცემს, ვახო გამოვა თამაშიდან და სამუდამოდ დატოვებს დედა-სამშობლოს. ჯიბეში ექნება ახალი პასპორტი, ბანკის ანგარიშზე _ სოლიდური თანხა. ეს თანხა სრულიად საკმარისი იქნება პატარა ბიზნესის დასაწყებად ისეთ უპრეტენზიო ქვეყანაში, როგორც ავსტრალიაა, სადაც ვახოს ცნობის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია.

ვახო სარგადაყლაპულივით იჯდა. ის, რაც ახლა მოისმინა, არ ჯდებოდა მის გონებაში. მას არ სურს სხვის ტყავში ცხოვრება! არა და არა!

_ ე, ვახო, რამ გაგაშტერა? შემოლაწუნება ხო არ გინდა, ბიჭო?

უნდა კი, შემოლაწურება თუ დაუბრუნებს პირვანდელ იერსახეს, დაე შემოულაწუნონ!

ჯარჯი გადმოიწია, ვახოს მხრებში ხელი ჩაავლო. შეანჯღრია.

_ დავიჯერო, ერთი კითხვაც არ გაგიჩნდა?

ვახომ თავი დააქნია, გაჭირვებით ჩაყლაპა ნერწყვი. უფრო სწორედ ყლაპვითი მოძრაობა გააკეთა, მაგრამ პირი უდაბნოსავით ჰქონდა გამომშრალი, ნერწვის მაგივრად კი თითქოს ბამბა აეწეპა სასაზე.

_ ჰე, მკითხე, გელოდები.

_ უარი რომ ვთქვა?

_ უარის შემთხვევაში ციხე არ აგცდება. _ აგდებულად მიუგო ბატონმა ჯარჯიმ. _ მანქანის გატაცება _ ერთი, ირიბი მკვლელობა _ ორი... კიდევ შემიძლია ჩამოგითვალო. ძველ საქმეებსაც ამოგიფრიალებენ და ახალსაც დიდი სიამოვნებით შეგტენიან. იცი, რამდენი გაუხსნელი საქმე იმტვერება შსს-ს არქივში? სიცოცხლის ბოლომდე მოგიწევს ნარზე წოლა და ოცნება იმ ცხოვრებაზე, რომელსაც მე უანგაროდ გთავაზობ.

_ რატომ ავსტრალია?

_ უსათუოდ ევროპის რომელიღაც მეგაპოლისში გინდა მიმტანად მუშაობა? არც აგიყვანენ მიმტანად, ენა შენ არ იცი და მანერებშიც მოიკოჭლებ. ამპარტავანიც ხარ. სად ძველი ბიჭი და სად მომსახურე პერსონალი?! ავსტალიაში კი თავისუფლად შეძლებ რამდენიმე აკრი მიწის ყიდვას, ფერმერობას მიჰყობ ხელს, სირაქლემას მოამრავლებ...

_ სირაქლემას... _ უაზროდ გაიმეორა ვახომ.

_ თუ გინდა კენგურუს. ან რომელიმე ჩანთოსანს.

_ ის პარლამენტარი რას ამბობს?

_ ისიც ჩემს სიგნალს ელოდება. თუ ვეტყვი, ხვალვე გაქანდება სარჩელით პროკურატურაში.

_ თქვენ... ვინ ხართ თქვენ?

Page 28: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ მე ჩემი ქვეყანის რიგითი ჯარისკაცი ვარ. _ ამაყად წარმოთქვა ბატონმა ჯარჯიმ და ყალყზე შემდგარი წარბები მოძრაობაში მოიყვანა. _ ამ წუთში ჩემს ქვეყანას უაღრესად სჭირდება არსებული სპეცოპერაციის ბოლომდე მიყვანა და დამნაშავეების გამოვლენა. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

სიჩუმე ჩამოვარდა. ვახოს ცივი ოფლით დაენამა სხეული. ეს შიშია, გაიფიქრა სასოწარკვეთილმა და უცებ მოშარდვა მოუნდა. ისე მოუნდა, ეგონა ჩაიფსამდა, როგორც ერთხელ ბავშობაში, როცა ისე გაერთო ეზოში თამაშით, რომ სახლამდე ვერ მიაღწია. მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაიგო მაშინდელი სირცხვილი _ დედამ. საყვედური არ დასცდენია. ატირებული შვილი სააბაზანოში შეიყვანა, თავისი ხელით გახადა ფსიტიანი შარვალი, წყალი შეუთბო, ჩაბანა...

_ პასუხს ველი. _ ჯარჯი საქმიანად გაიმართა წელში და თავის ბრენდულ საათს დახედა.

_ ახლა?

_ ამ წუთას.

_ ვინ არის ის... მე რომ უნდა ვიყო... რა კაცია?

_ გეტყვი, მაგრამ ახლა არა. შენ თუ ფიქრობ დღესვე ჩაერთვები საქმეში, ძალიან ცდები. წინ დიდი გამოცდა გელის. ან ჩააბარებ ამ გამოცდას, ან ვერ. ჩვენში რომ დარჩეს, შენს ადგილზე სხვა ბედნიერი იქნებოდა... თუ იმის ილუზია გაქვს, რომ სხვა კანდიდატურის მოძებნა გაგვიჭირდება, ისევ ცდები. იცი, რამდენია შენსავის მარტოხელა, უპერსპექტივო კაცი?! ჩემი თქმა რად გინდა, მიიხედ-მოიხედე და მიხვდები. დღეს თუ არა, ხვალ ლოთობაში ამოგძვრებოდა სული. მე კი შანსს გაძლევ, ცხოვრების თავიდან დაწყების შანსს! მოტვინე?

_ ჰო.

_ რა `ჰო?~

_ თანახმა ვარ.

_ ძალიან კარგი. მივესალმები შენს გადაწყვეტილებას. ჩათვალე, დღეიდან სახელმწიფო სამსახურში ხარ და სულ სხვა პასუხისმგებლობა გაკისრია. სულ სხვა. _ ბატონმა ჯარჯიმ დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი გამომეტყველებით დააქნია თავი. _ იცი, ოდესმე თუ მემუარების დასაწერად მოვმწიფდები, ამ საქმეს აუცილებლად შევიტან... აი, გავალ პენსიაზე, განვმარტოვდები სოფელში და წერას შევუდგები. მიყვარს სოფელი. განსაკუთრებით ჩემი სოფელი ზემო იმერეთში... დავით კაკაბაძის ნახატს ჰგავს. ვახო, იცი ვინ არის კაკაბაძე?

_ მხატვარი.

_ კარგია რომ იცი, შენ ისეთ ოჯახში გაიზარდე, მთლად გაუნათლებელი არ იქნები, მაგრამ მაინც ბევრი რამის სწავლა დაგჭირდება. შენი მოგვარე ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი არ იცი და დიტერ ბოდენი გეცოდინება?! უნდა დაეწიო შენს ორეულს, მის სიმაღლეებს ვერ მიაღწევ, მაგრამ რაღაცების დამახსოვრება მოგიწევს. ჰო, მთავარი დამავიწყდა.

_ რა? _ გული გადაუქანდა ვახოს.

_ სასმელი გამორიცხულია. დაივიწყე.

_ არ მჭირდება თქვენი გაფრთხილება. ისედაც მქონდა გადაწყვეტილი.

_ სიგარეტი შეგიძლია მოწიო. ნაღდი ამერიკული `მარლბორო~ მაქვს, გინდა მოგაწევინო? _ უშანგიმ ჯიბეზე გაიკრა ხელი.

Page 29: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

ვახო ჩაფიქრდა. უნდა მოწევა?

_ არ მინდა. ახლა არ მინდა. მერე ვნახოთ.

_ ყოჩაღ, ვახტანგ. _ შეაქო ბატონმა ჯარჯიმ. _ ახლა შეგვიძლია შენს ორეულზე დავილაპარაკოთ.

ვახო გაფაციცებული მიაჩერდა.

_ ვასიკო ცეცხლაძე. დღეიდან, შენ იქნები ვასილ ცეცხლაძე. უბრალო ვინმე არ გეგონოს, მაღალი რანგის ჩინოვნიკია.

_ ძაღლია?

_ ძაღლს მოგცემ მე შენ! უყურე ამას... მეორედ არ გამაგონე ეს ტერმილოგია!

_ ჰო, კაი. მშობლები ჰყავს ვასიკოს? ცოლ-შვილი...

_ მშობლები არ ჰყავს, ცოლთან გაყრილია. ოჯახის წევრები არ შეგაწუხებენ, ამის გარანტიას მე გაძლევ. სხვა, მეტ-ნაკლებად ნაცნობი სუბიექტებისთვის შენ იქნები ვასიკო, რომელიც თავიდან აკრიფეს საშინელი ავარიის შემდეგ. იმავე ავარიის გამო მას, ანუ შენ, დაგიზიანდა იოგები, შეგეცვალა ხმა და გაქვს მეხსიერების ჩავარდნა.

_ რატომ მაქვს? _ გულუბრყვილოდ იკითხა ვახომ.

_ თავის ქალის ტრეფანაცია გაგიკეთდა და იმიტომ. ასევე დეფორმაცია განიცადა სახის ძვლებმა და ოპერაცია დაგჭირდა. ხმების დაყრა ჩვენზე იყოს.

_ ვინ `ჩვენ?~

_ არაა შენი საქმე. რაც უნდა იცოდე, იმას გეუბნები. არც მეტი, არც ნაკლები. ხვალიდან შენთან ფსიქოლოგი ივლის.

_ რა ჩემი ფეხები უნდა? _ არ მოეწონა ვახოს.

_ რომ ადამიანური მეტყველება გასწავლის და არა `ჩემი ფეხები~ და `ჩემი დედა~! უბანში რომ გამოდგები, ლუდს მიიყუდებ და ასფალტს დააწიტებ, ის გგონია შენ კაცობა? ქუჩურს თუ შეიყვან, წამში გაიშიფრები, იცოდე! იტყვიან: ეს ვასიკო კი არა, ვიღაც შავი გაგების ტიპიო.

_ ეს ვასიკო თუ ფრთიანი ანგელოზია, არაფერი გამოვა. თავიდან ვერ დავიბადები.

_ ფიზიკურად უკვე დაიბადე, მალე სულიერადაც დაიბადები. _ დაამშვიდა ჯარჯიმ, ყელში წაჭერილი ჰალსტუხი ჩამოქაჩა და წასასვლელად მოემზადა. _ ვასიკო კი სულაც არ არის ფრთიანი ანგელოზი. ქუჩის სკოლაც აქვს გავლილი და ცხოვრების სკოლაც. უბრალოდ, იცის სად-რა თქვას. _ მიაძახა გასვლისას.

_ _ _

ეს ღირსშესანიშნავი დღეც დადგა _ ვახოს ახალი სახის პრეზენტაციის დღე. ჯარჯიმ საზეიმო გამონეტყველებით გადარაზა პალატის კარი, ხელებდაკაპიწებული უშანგი კი პროცედურას შეუდგა. თან საბავშვო სიმღერის მელოდიას ღიღინებდა, სადაც დედიკომ ჩვენი გელა დალაქთან თმის გადასაპარსად წაიყვანა.

ვახომ თვალები დახუჭა. საბავშვო ბაღი გაახსენდა, მშობლების მოლოდინში მოზუზუნე ბავშვები... უცებ ისე მოენატრა დედა... წიგნებში თავჩარგული დედა,

Page 30: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

რომელსაც მისთვის არასოდეს ეცალა. ჭამის დროსაც კი კითხულობდა, თან შიგადაშიგ ოხრავდა _ ქვეყნის ბედი ადარდებდა, საკუთარი შვილი კი... ალბათ უყვარდა, მაგრამ რაღაც ზოგადსაკაცობრიო სიყვარულით. ვახო არ იყო მისი ერთადერთი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ჭკვიანი ბიჭი, ის იყო ერთი მრავალთაგანი და ეს განცა მთელი ბავშვობა თრგუნავდა. სხვა ბავშვებს დედები ეფერებოდნენ, ტუქსავდნენ კიდეც, აქებდნენ, ზოგჯერ ცემდნენ... მას კი უბრალოდ არ იმჩნევდნენ, თითქოს არ იყო. ერთხელ გვანობამდე შემორჩა ეზოს _ დიდი ბიჭების კოჭაობას აკვირდებოდა, დედას თურმე კაი ხნის დაძინებული ეგონა, მხოლოდ დაღამებულზე მოსულმა მამამ მოიკითხა და გიჟივით გავარდა უბანში შვილის მოსაძებნად. ვახოს პატარაზე ყური აუწია, აი, ცოლს კი ძალიან უსაყვედურა: `ვიღაც პატიმრების ბედი გადარდებს, საკუთარი შვილი კი ფეხებზე გკიდიაო.~ ლოგინში გატრუნული ვახო ყურს უგდებდა მშობლების კამათს და გული სიხარულით ებერებოდა _ ის უყვართ! და მაინც დედის სიკვდილი უფრო მძიმედ გადაიტანა, ვიდრე მამის. როცა მამას უბედურება შეემთხვა, დედა ჯერაც ცოცხალი იყო, თუმცაღა მალევე დაიჭირეს და უკვე გარდაცვლილი მოასვენეს სახლში. ორმოცი დღე ვახო ვიღაც ნათესავმა შეიფარა, მერე კი ცარიელ სახლში დაბრუნდა და ცხოვრებაში პირველად გოგოსავით ატირდა _ ხმამაღლა, მოთქმით. ისე ტიროდა, ეგონა სადაცაა აფეთქდება და ტვინს გაასხამს, თავზე კი ნაპრალები გაუჩნდება, როგორც გადამწიფებულ ბროწეულს. მერე გიჟივით დარბოდა ოთახებში, ერთმანეთის მიყოლებით აღებდა კარადებს და შიგ თავს ჰყოფდა _ მშობლების ჯერაც შერჩენილ სურნელს ისრუტავდა.

_ ჰა, რას იტყვი? _ უშანგის ხმამ ვახო რეალობაში დააბრუნა. ლოყებზე სიგრილემ დაჰკრა, დაჭიმულობა კი პრაქტიკულად მოეხსნა.

_ ჰგავს, ხო იცი... ოქროს ხელები გაქვს, უშანგი! _ ეს ჯარჯი იყო.

_ ჯერ ცოტა შესიებულია, ნელ-ნელა ჩაცხრება და კანიც ელასტიურობას აღიდგენს. 5-7 კილო კილოგრამის მომატება არ აწყენს, მეტისმეტად გამხდარია... რამე განსაკუთრებული საჭმელი ხომ არ გინდა, ვახო?

_ არა.

_ თუ რამეა, თქვი, არ მოგერიდოს. ჰო, დარჩა კბილები. საშინელ დღეში აქვს პირის ღრუ _ ყოველი მეორე კბილი კარიესიანია. მგონი ცხოვრებაში არ ყოფილა სტომატოლოგთან. ვახო, კბილის ექიმთან ნამყოფი ხარ?

_ ბავშვობაში.

_ მერე, შეიძლება ასე მოექცე საკუთარ თავს?

_ დროზე მორჩით, რა... არ მაქვს თქვენთან ბლატაობის ნერვი!

_ მოვრჩით და ეგ არის. შეგიძლია ადგე და ჩაიხედო სარკეში.

_ ჰო.

_ რა `ჰო?~

_ თქვენ რომ წახვალთ, მერე.

კაცებმა ერთმანეთს გადახედეს, თანხმობის ნიშნად თავები ააკანტურეს და სათითაოდ გაიკრიფნენ პალატიდან.

ვახო საკეტში გასაღების გაჩხაკუნებას დაელოდა და შიშკანკალით წაბანცალდა პირსაბანისკენ. სულ რამდენიმე წამში სარკეში სულ სხვა ადამიანს დაინახავს, მხოლოდ თვალები ექნება მისი, და სული, ცხადია. თუკი არსებობს ასეთი სუბსტანცია. მეზობლად მცხოვრებ დეკანოზს თუ დაეჯერება _ არსებობს. გამოდის, ღმერთიც არსებობს... და თუ არსებობს, მაშინ სად იყო, როცა ვახოს იმავე ღმერთით ბოძებულ იერსახეს

Page 31: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

დაუკითხავად ართმევდნენ? ჲთუმცა, გამორიცხული არაა ამ ყველაფრის უკან სულ სხვა ჩანაფიქრი იმალებოდეს _ ზევიდან წამოსული, და არა ჯარჯისნაირი გარეწარის ტვინში მოხარშული. სახეცვლილი ვახო კი მართლა დაიწყებს ახალ ცხოვრებას... თუნდაც ავსტალიაში, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეებით შემოსაზღვრულ ახალგაზრდა კონტინენტზე, სადაც უპრობლემოდ თანაარსებობენ აბორიგენები და მოგვიანებით ჩამოსულებიც. ვახო გახდება ერთი ჩამოსულთაგანი, ჩამოჯდება სადმე ოკეანის ნაპირზე და სტიქიის ცქერით დატკბება. და დაიმუხტება, როგორც ქსელში შეერთებული დამჯდარი ბატარეა. ვინ იცის, შავტუხა აბორიგენ გოგოსაც გამოჰკრას ხელი (რითია სენიორ რობიზონზე ნაკლები?), სულაც ევროპელს... საყველპურო ინგლისური იცის, არც ეგრეა საქმე... იყო დრო, სახლში კერძო მასწავლებელი დაუდიოდა.

ის უკვე იდგა სარკესთან და სუნთქვაშეკრული აკვირდებოდა იქ არეკლილ გამოსახულებას. ეს კვარდატული სახე მკვეთრად მოხაზული ტუჩებით ვასიკო ცეცხლაძეს ეკუთვნის. ვახოს არ ჰქონდა ასეთი დახვეწილი ნაკვთები, მაგრამ თავისი კეხიანი ცხვირი ერჩივნა მსოფლიოში არსებულ ყველა ცხვირს ერთად, თავისი ჩავარდნილი ლოყები, თავისი ჩაჭყლეტილი საგვარეულო ნიკაპი... ამიერიდან ამ სახით უნდა ეცხოვრა, ამ ტუჩებით ეჭამა, ამ ცხვირით ეყნოსა... ამიერიდან უნდა დაივიწყოს, რომ ვახტანგ შალიკაშვილია! იმიტომ, რომ ბუნებაში ასეთი კაცი აღარ არსებობს! კი არ მომკვდარა, უკვალოდ გაქრა. გააქრეს!

ვახო ათრთოლებული თითებით მოეფერა ვასიკოს ნაიარევ ლოყებს და დედის სიკვდილის შემდეგ პირველად ატირდა.

მონაკო

ეს არ იყო ჰაი კლასის სასტუმრო, მაგრამ დიმიტრისაც არც ჰქონია დიდი პრეტენზია. მონტე კარლოში საქმემ ჩამოიყვანა და არა აუზში ჭყუმპალაობის სურვილმა. სამაგიეროდ ხედი ჰქონდა ისეთი, აივანზე გასვლისთანავე დიმიტრის სუნთქვა შეეკრა _ ჩამავალი მზის ფონზე ოქროსფრად მოლივლივე ყურე ბავშვობაში წაკითხული წიგნის ალუზიას ქმნიდა. ეს ისეთი სასიამოვნო იყო, ისეთი ამაღელვებელი, დიმიტრიმ კარგა ხანს იყურყუტა აივანზე, ვიდრე არ აღმოაჩინა, რომ პარალელურ ქუჩაზე საახალწლო ნაძვის ხესავით გაბრდღვიალებულ სასტუმროს ჰქვია `იმპერიალი~. იქ გვანცა ისვენებდა მილიონერ ბიძასთან ერთად.

დიმიტრიმ არ დაიზარა, ფოტოაპარატი გამოათრია და ჟურნალისთვის რამდენიმე სურათი გადაიღო: ტროტუარზე მიმოფანტული `როლსროისები~, `ლამბორჯინები~, `ლიმუზინები~... რბოლისთვის განკუთვნილი ქუჩები ზედხედში, რომელიც ამ დღეებში გადაიკეტება და რომელზეც ფორმულა1-ის მანქანები დახეთქავენ თავიანთ ძრავებს...

რესტორანში ყველა მაგიდა დაკავებული აღმოჩნდა, ხალხი ტერასაზეც იჯდა და იახტებით გადაპენტილ ყურეს გაჰყურებდა. კლიენტების რაოდენობა სასტუმროს ეფექტური ხედით უნდა ყოფილიყო განპირობებული.

_ ერთი ადგილი უნდა გამიხერხოთ, ახლახანს ჩამოვედი და მგელივით მშიერი ვარ. _ სთხოვა დიმიტრიმ ოფიციანტს.

ოფიციანტმა ფრინველივით მოღრიცა კისერი და ერთ-ერთ მაგიდაზე ანიშნა:

_ ხედავთ, სამკაციან მაგიდას რომ მუსიე უზის... სხვათა შორის, დიდი ხანია ზის და მარტინის წრუპავს. _ ოფიციანტმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ცხვირი, _ ვთხოვდი, მაგრამ რუსია, ხომ იცით მაგათი ამბავი...

Page 32: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ რუსი თუა, მე დაველაპარაკები. _ დაამშვიდა დიმიტრიმ თავაზიანი ღიმილით გაეშურა მაგიდისკენ, სადაც იჯდა 50-55 წლის პირმრგვალი წითური მამაკაცი.

_ გამარჯობათ, ბატონო, _ მიესალმა რუსულად.

მშობლიური ენის გაგონება წითურს ისე გაუხარდა, რომ ბოლომდე არც მოუსმინა დიმიტრის თხოვნას _ სკამი გამოუწია და სუფრაზე მიიპატიჟა.

_ რას ბრძანებთ, რა შეწუხებაა?! ძლივს დამლაპარაკებელი ვნახე! პირიქით, პირიქით... იმდენი ხანია ვზივარ, უკვე მეორედ მომშივდა. მითხარით, რა შევუკვეთო, რა გაგიხარდებათ...

_ როგორ გეკადრებათ...

დიმიტრის სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ წითური უკვე ოფიციანტს უტკაცუნებდა მსუქან თითებს.

მაგიდაზე გაჩნდა ლაზანია, ქათმის ფილე ლიმონის მარინადში, კარტოფილი ლიონურად, ერთი ბოთლი `ბორდო~, გრაფინით არაყი, მინერალური წყალი...

ბორის კუზნეცოვი _ ასე ერქვა წითურ მამაკაცს, რომელსაც ბიზნესთან დაკავშირებით პრობლემები შეჰქმნია და ვიდრე მისი ადვოკატები საქმეს მოაგვარებენ, მონაკოსთვის შეუფარებია თავი. დიმიტრი ჭამდა, ის წუწუნებდა:

_ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა ჩემიანის ნახვა... იცით, აქ რუსებიც ბლომად არიან, განსაკუთრებით ნიცაში, მაგრამ მე კონტაქტს ვერიდები _ არ მინდა ზედმეტი შარი, ისედაც ნემსებზე ვზივარ. თქვენ არ იცით, დიმიტრი, რა მოწყენილობაა აქ. პირველი ერთი თვე კიდევ ჰო, გახვალ-გამოხვალ, ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებ, მაგრამ რამდენი უნდა დაათვალიერო ამ ერთი ხელის დადება ქვეყანაში?! ყველგან ვიყავი, ამოვიდა ყელში! დავდივარ ასე, რესტორან-რესტორან და უსაქმურობისგან ვჭამ, ვჭამ... თან მარტინის ვაყოლებ, რომ არ დავთვრე. შვიდი კილო მოვიმატე, ძმაო! შვიდ კილოს ეხუმრები, ისედაც მსუქანი ვარ. იცით, თურმე კარგმა ცხოვრებამაც იცის მობეზრება...

_ მართალია, _ დაეთანხმა დიმიტრი _ ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის, დასვენება.

_ თქვენ დასასვენებლად ხართ თუ?...

_ მივლინებით.

_ მივლინებით. _ სევდიანად ამოიოხრა ბორისმა და ხორციან სახეში მიმალული ცისფერი თვალები ჭერში აღაპყრო. _ რომ იცოდეთ, როგორ მომენატრა მუშაობა, პირდაპირ ხელები მეფხანება, მაგრამ აქ ხელფეხშეკრული ვარ. აბა, ეს არის ცხოვრება? ფული მაქვს, გასაქანი _ არა. დიმიტრი, საქართველოშიც ასეა?

_ მე საქართველოში არ ვმუშაობ.

_ მართლა?

_ საფრანგეთში ვცხოვრობ.

_ რას ბრძანებთ?! ჩემი ყოფილი ცოლიც საფრანგეთში ცხოვრობს. პარიზში. ჩემი ფულებით, სხვათა შორის. და რას საქმიანობთ?

_ ლიონში მაქვს პატარა ბიზნესი. _ მოატყუა დიმიტრიმ. აბა, ჟურნალისტობით ხომ არ დააფრთხობდა ისედაც დევნილ ადამიანს?!

_ მე კი დიდი ბიზნესი მაქვს, სამწუხაროდ, რუსეთში, დრაკონული კანონების ქვეყანაში. კაი, არ გვინდა ცუდზე. ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს!

Page 33: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

დალიეს. ოფიციანტმა დესერტი შემოიტანა _ ტარტალეტი ქოქოსის კრემით. შემაღლებულ სცენაზე ინსრუმენტების ჟღარუნით მუსიკოსები განთავსდნენ. დადუმებული დინამიკები გამოცოცხლდნენ. დარბაზი მუსიკის ჰანგებით გაივსო.

ბორისმა ცხვირი შეჭმუხნა:

_ ახლა დაიწყება... ისე ხმამაღლა უკრავენ ხოლმე, პირდაპირ დიაფრაგმაში მირტყამს. სხვა დროს ტერასაზე ვჯდები, იქ ხედიც უკეთესია და ხმაურიც ნაკლები, მაგრამ რომ მოვედი, ყველა მაგიდა დაკავებული დამხვდა. ეს დღეები მონაკოში ხალხმრავლობაა, ავტორალის საყურებლად ბევრი ტურისტია ჩამოსული, მსახიობები, სპორტსმენები, ნაღები საზოგადოება... იცით, გუშინ კაზინოს ტერიტორიაზე მადონას მოვკარი თვალი. მინდა გითხრათ, ერთ ჩემს ნაცნობ ქართველ ქალს ჰგავს _ თვალ-წარბი, ლაპარაკის მანერა, ტემპერამენტი... ის ჩემი ნაცნობი რომანსებს მღერის. ისე მღერის, ცოცხალი ვერ გადარჩები. იფ! _ და ბორისმა შეტყუპებულ თითებს აკოცა.

_ ჰო, იტალიელები ჩამოჰგვანან ქართველებს, _ დიმიტრიმ ტარტალეტი პირთან მიიტანა და ტერასის მხარეს გაიხედა.

გაიხედა და გაშეშდა. განაპირა მაგიდასთან გვანცა გორდეზიანი იჯდა. გვერდს ბიძამისი უმშვენებდა _ ილია მეგრელიშვილი და კიდევ ორნი _ ელეგანტური ქალი და თმაგადახოტრილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხბოს აღტყინებით შესციცინებდა გვანცას.

დიმიტრიმ ცივად დადო ჩასაკბეჩად გამზადებული ტარტალეტი.

_ რატომ გაფითრდით? _ შეშფოთდა ბორისი. _ მოხდა რამე?

_ არ მიიხედოთ... თუმცა თქვენ რა შუაში ხართ... იქ... იქ... ჩემი...

_ ნუთუ ცოლია?

_ გამოიცანით. _ უმალ დაეთანხმა დიმიტრი და სკამიანა კედლისკენ გაჩოჩდა. _ არ მინდა დამინახოს. არავითარ შემთხვევაში!

_ რომელია?

_ მოაჯირთან ოთხნი სხედან, ორი ქალი და ორი მამაკაცი.

_ ააა, ვხედავ, ვხედავ... _ გახალისდა ბორისი. _ ნუ ღელავთ, თქვენ არ ჩანხართ, მე ვაკონტროლებ სიტუაციას. რომელია თქვენი ცოლი? ალბათ ის შავთმიანი ქალი სპილოსძვლისფერ კაბაში, არა? გამოვიცანი?

_ მეორე. გაშლილი თმებით.

_ როგორ?! ის ხომ სულ ბავშვია?!

_ არ არის ბავშვი, _ რატომღაც ეწყინა დიმიტრის, _ უბრალოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. ისე, არც მე ვარ ბებერი.

_ რამდენი წლის ხართ?... თუ საიდუმლო არ არის.

_ რა საიდუმლო, ქალი კი არ ვარ?! 34-ის.

_ მართლა? მე მეტის მეგონეთ... ალბათ წვერის გამო.

_ გასაპარსი ლოყები არ ნიშნავს წვერს. _ დიმიტრიმ გაკვირვებულმა მოისრისა ხეშეშა ნიკაპი.

_ აბა, რას ნიშნავს?

_ სტილს.

Page 34: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ გრძელი თმაც სტილია?

დიმიტრიმ თავი დაუკრა. ყველა-ყველა და გარეგნობას არ უჩიოდა და საკუთარი იმიჯი სრულიად აკმაყოფილებდა. ბორისისთვის, როგორც პოსტსაბჭოთა პროდუქტისთვის, მოგრძო თმა და გაუპარსავი ყბა ველურ დასავლეთთან ასოცირდებოდა. იმ დასავლეთთან, რომლის დემოკრატიულ კალთას მოცემული მომენტისთვის აფარებდა თავს.

_ არ გავხართ ქართველს.

_ აბა?

_ როკ-მუსიკოსს ჰგავხართ.

_ როკს საქართველოშიც უკრავენ.

_ ეგეც მართალია. იმის თქმა მინდოდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება დაღს ასმევს ადამიანის იერსახეს.

_ შეიძლება. ბორის, მითხარით, რას აკეთებს ჩემი ცოლი?

_ ნაყინს მიირთმევს. იღიმება. ლამაზია იცით?... ნამდვილი ფერია.

_ ვიცი.

_ და ძალიან ნორჩი, ძალიან... არა, მეგობარო, ახალგაზრდა ცოლი ზედმეტი თავის ტკივილია. ეს იგივეა, ჯიბით ატარებდე დეტონატორზე შეერთებულ ყუმბარას, კაცმა არ იცის, როდის აგიფეთქდება... მოიცა, თქვენ ფიქრობთ, რომ იმ ორიდან ერთ-ერთი მისი საყვარელია? _ ბორისმა სწრაფად მოიხედა. _ სკანდალის აწევას ხომ არ აპირებთ?! თუ მსგავსი აზრი გიჭაჭანებთ თავში, მითხარით და წამში ავორთქლდები. სულაც არ ვიწვი აქაური პოლიციის გაცნობის სურვილით. რას გაჩუმდით, დიმიტრი, არ მისმენთ?

_ არა, რა სკანდალი! ისედაც ცხადია, რომ ვიღაც ჰყავს. უბრალოდ... უბრალოდ ახლა დავრწმუნდი.

_ უცნაურია. ქართველები ფიცხი ნაცია ხართ, დავიჯერო, ცოლის ღალატს ასე ადვილად ეგუებით?

_ რა გავაკეთო, მოვკლა? _ დიმიტრიმ არაყი დაისხა და ერთი ამოსუნთქვით დალია. _ პრინციპში, ეგეც შეიძლება...

_ ო, რას ბრძანებთ, ბოზის გამო ციხეში წასვლა ვის გაუგია?! აღარ დალიოთ მეტი, თორემ აგრესია მოგეძალებათ და ხომ იცით, წამების ამბავია...

_ რა არის წამების ამბავი?

_ ტვინის გადაბრუნება. ისინი კი ამად არ ღირან, არა! ქალი საბურავივითაა, საბარგულში ყოველთვის უნდა გეგდოს სათადარიგო ვარიანტიც. გაიხედ-გამოიხედეთ, რამდენი ლამაზი ქალია, ვინ გეტყვით უარს...

_ რას აკეთებს? _ გააწყვეტინა დიმიტრიმ.

_ იპრანჭება.

_ ვის ეპრანჭება?

_ ხოტორა ტიპი საცეკვაოდ ეპატიჟება, ეს კი ყოყმანობს. იპრანჭება, რა... ოჰ, ეს ქალები... ყველა უსიამოვნების სათავე ეგენი არიან. ნემსის ყუნწში ვძვრებოდი, რომ ჩემს ცოლს არაფერი მოკლებოდა, მაგრამ ვინ დაგიფასა?! როგორც კი სიტუაცია შეიცვალა, პარიზში გაჰქუსლა _ ვითომ, იქ უფრო უსაფრთხოდ ვარო. სინამდვილეში,

Page 35: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

მიმატოვა! დავიკიდებდი, მაგრამ ბავშვს რა ვუყო? საერთო შვილი გყვავს, იცით... აჰა, წამოდგა... ო, ასაკოვან კაცს ეკითხება რაღაცას _ ნებართვას თუ ითხოვს. ჰა, ჰა... დავიჯერო, ეს ბაბუაწვერა მისი საყვარელია?

_ რა სისულელეა!

_ ნუ იტყვით! იცით, რამდენია ბებერ ხრონწზე მონადირე წიწკვი? ჩემმაც ასე არ გამაბრიყვა?! ბაბუამისის ნაფრონტალი ჩემოდნით ჩამოვიდა კურსკიდან, ახლა კი მონმარტზე გულაობს. ჩემი ფულებით, ჩემი! ოჰო, აქეთ მოდიან. ფერია და ხოტორა. _ ბორისი სკამზე აწრიალდა. თან აქეთ-იქით ღრეცდა მხრებში ჩაფლულ მოკლე კისერს.

_ აქეთ რა უნდათ?

_ საცეკვაო მოედანი და მუსიკა ამ დარბაზშია და...

_ ბორის, ათიოდე წუთით უნდა დაგტოვოთ. დამელოდებით?

_ ისე, მეც მინდა კლოზეტში, ამდენი სასმელის შემდეგ, სიმართლე გითხრათ...

_ ჩემ მერე ბორის. დროებით.

დიმიტრი პასუხს არ დალოდებია, თვალისდახამხამებაში გაშპა.

ბორისმა ჯვალოს ქსოვილის პიჯაკიდან ცხვირსახოცი ამოაფრიალა, ნამიანი შუბლი მოიწმინდა და საცეკვაოდ გამოსულ წყვილს ახლოდან დააკვირდა.

ქალიშვილს არც ისეთი ნორჩი აღმოჩნდა, 22 წლის იქნებოდა, თუ მეტის არა. გამომწვევად ეცვა _ მოკლე ტოპი, მოტკეცილი სტრეიჯები, თეთრი ბალეტკები ჩალის ძირზე... გარუჯულ მხრებზე მხიარულად ხტოდა წაბლისფერი თმის ხვეული ტალღები. მისი მეწყვილე 25-26 წლის იქნებოდა. საშუალო სიმაღლის, კარგად შეკრული, მრგვალი თავითა და პატარა ყურებით. იყო მასში რაღაც ავაზისეული _ პლასტიკური მიმოხვრა და ნუშისებრ თვალებში გამკრთალი მოყვითალო შუქი.

_ მუსიე, ნება მიბოძეთ თქვენთან ჩამოვჯდე... _ ზედ ყურთან დასჩურჩულეს ბორისს. რუსულად დასჩურჩულეს, ფრანგული აქცენტით.

ბორისმა თავი ასწია. მაგიდასთან ფრიად უცნაური ბანოვანი გადმოხრილიყო. მსუყედ დამაკიაჟებული, ფეტრის შლიაპიდან გამოჩრილი ჭაღარა კულულებით, ალისფერი პომადითა და იმავე ფერის აბრეშუმის ხისტარიანი მარაოთი, რომლითაც კეკლუცად ინიავებდა უსაშველოდ დაგრიმულ სახეს.

_ მადამ, ეს ადგილი დაკავებულია...

_ ნუთუ?! _ არაბუნებრივ ფალცეტზე შესძახა ბანოვანმა და განიერი, გოფრირებული მოსასხამი ააფრიალა. _ თქვენ ხომ რუსი ხართ? შეიძლება ითქვას, თანამემულე... დავიჯერო, ერთი სკამი არ გემეტებათ კეთილშობილი ემიგრანტის შთამომავლისთვის?!

_ ბოდიშს ვიხდი. მგონი გასაგებად გითხარით: ეს ადგილი დაკავებულია. _ ხმა გაიმკაცრა ბორისმა. ვიღაც კიკიმორაღა აკლდა ყველა სიკეთესთან ერთად! ეს ქართველიც სადღა დაიკარგა, გასკდა შარდის ბუშტი.

_ ვერ მიცანით? _ ხმა დაიბოხა ბანოვანმა, უფრო სწორედ თავისი ხმის ალაპარაკდა. _ ეს მე ვარ, დიმიტრი.

_ ?!

_ არ შეიმჩნიოთ.

Page 36: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ დიმ... დიმ... _ აბლუყუნდა ბორისი და ხელმეორედ ამოაფრიალა თავისი პარაშუტივით ცხვირსახოცი. _ დავთვერი თუ მართლა თქვენი ხმა მესმის?

_ არ დათვერით. ნამდვილად მე ვარ. ნუ გაქვთ ასეთი შეშლილი გამომეტყველება, ბორის, თორემ ეჭვს აიღებენ და მთელი კონსპირაცია წყალში ჩამეყრება. _ დიმიტრიმ მარაო ჩასწია და ემიგრანტთა შთამომავლის შესაფერისი გრაციით დაეშვა სკამზე.

_ თქვენ არა ხართ ბიზნესმენი...

დიმიტრიმ ყური ცქვიტა. სად შეეშალა?

_ თქვენ არტისტი ხართ. _ დაასრულა ბორისმა და თავდახრილი ჩაკუჭკუჭდა.

დიმიტრიმ შვებით ამოისუნთქა და წეღანდელ ტარტალეტი ორი თითით დაითრია:

_ მსახიობობა ჩემი აუხდენელი ოცნებაა, მომენტს არ ვუშვებ ხელიდან, დანაკლისი არ ავინაზღაურო. ჩემს ჭიას ვახარებ, ასე ვთქვათ.

_ გაახარეთ, გაახარეთ... _ ბორისმა საცეკვაო მოედანზე ანიშნა, _ ცხადია, თუ მაზოხისტი არა ხართ.

დიმიტრიმ თვალი გააყოლა მის მზერას. გვანცას მსუბუქად შემოეწყო ხელები პარტნიორის მხრებზე და მუსიკის ტაქტში ირხეოდა. ეს ის გვანცაა, პოლიციელის ტყაპუჭში ჩაკარგული მასთან ერთად რომ მიაბიჯებდა პანკისის ხეობაში და მზად იყო ასე ევლო ქვეყნის დასალიერამდე. აკი უთხრა კიდეც: `მე არ ვიქნები ნიკოს ცოლიო~. აგერ, უკეთესი მოუნახავს _ დიმიტრიზე მდიდარი და ნიკოზე მიმწოლი. პრინციპში, ვერ გაამტყუნებ. ქალისთვის სიყვარულზე მნიშვნელოვანი მისი პერსონის მიმართ მამაკაცის დამოკიდებულებაა. დიმიტრიმ გვანცას ზურგი შეაქცია, ნიკო თავისთავად ჩამოიწერა, მათი ადგილი კი სიმპათიურმა ხოტორამ დაიკავა.

მუსიკა შეწყდა. ცეკვა დამთავრდა. ხოტორა გვანცას ხელზე ჰკოცნის და ბიძამისთან მიჰყავს. ყოჩაღ ბიჭი! აბა, დიმიტრია ყოჩაღი? დამაკიაჟებული ზის, მოწიფული მამათმავალივით და ნერწყვებს ყლაპავს. ხფთუი!

_ ერთი კითხვა არ მასვენებს... _ ბორისმა უხერხულად ჩაახველა და წამოწითლდა კიდეც. _ ოღონდ გულახდილად მიპასუხეთ: საიდან გამოჩხრიკეთ ასე სახელდახელოდ ქალის პარიკი? ანდა ეს მოსასხამი?... იცით, დიმიტრი, მე იმდენი ვნახე ამ დამპალ ცხოვრებში, რომ აწი აღარაფერი გამიკვირდება, მაგრამ არის საკითხები, რომელიც... რომელსაც... მოკლედ, თუ გეი ხართ, პირდაპირ მითხარით და მშვიდობიანად დავიშალოთ.

ამჯერად დიმიტრი ჩაკუჭკუჭდა:

_ პირდაპირ გეუბნებით _ არ ვარ გეი. ეს ნივთები ჩემოდანში მქონდა, აქვე ვცხოვრობ, სასტუმროში. ავირბინე და გამოვიცვალე.

_ წვერი? წვერი რაღაზე გაიპარსეთ?

_ აბა, გასაპარსს ყბებზე ხომ არ დავიდებდი გრიმს? მაგარი სანახავი ვიქნებოდი! თუ წვერებზე ჩამოვიცმევდი პარიკს, ჰერმაფროდიტივით. მაშინ ას პროცენტში მიცნობდა.

_ მერე რა, ეცნე!

_ არა, არა, აქ სხვა ამბავია... ის ჯერჯერობით ჩემი კანონიერი ცოლია, ქონების ნაწილი კი მასზეა გაფორმებული. მიხვდით, საით მიმყავს?

_ აჰა, გასაგებია.

Page 37: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ ძვირფასო ბორის, თავისმართლებას არ ვაპირებ, მაგრამ რომ ბრძანეთ _ არაფერი გამიკვირდებაო ცხოვრებაში, _ პირდაპირ მაკვირვებთ. განა მამათმავლები ასე გამოიყურებიან?

_ აბა?

_ სად გინახავთ ქალად გადაცმული კაცი, გარდა გეი ალღუმებისა?

_ ფილმებში მინახავს.

_ სწორედაც ფილმებში, და არა რეალურ ცხოვრებაში. რეალურ ცხოვრებაში ისინი მამაკაცის სამოსში არიან გამოწყობილები და შორიდან ზვერავენ სავარაუდო პარტნიორს. ჩასაფრებული პიდერი გაცილებით რთული გამოსაცნობია, ბორის. გაიხედავ _ კაცია, ამ დროს შეიძლება შარვლის ქვეშ ქალის საცვალი ეცვეს. გააჩნია აქტივია თუ პასივი.

_ მოდით, ნამდვილ მამაკაცებს გაუმარჯოს, დიმიტრი. ჩვენი თამადობით. _ ბორისმა ჭიქები შეავსო.

დალიეს. სალათა მიაყოლეს. ორიენტაციადაკარგული კაცები დაგმეს.

_ ბორის, ერთი თხოვნა მაქვს.

_ ორი იყოს!

_ ჯერ პირველზე დამთანხმდით და მერე მეორესაც მოგახსენებთ. შეგიძლიათ იმ შავთმიან ქალს რომ ეცეკვოთ? ჩემი ცოლის მაგიდასთან რომ ზის, სპილოსძვლისფერ კაბაში...

_ დააკვირდით რას მთხოვთ: მივიდე ქართველების სუფრასთან და ქალი გამოვიცეკვო? ადგილზე ამკუწავენ.

_ არ აგკუწავენ. საქართველოში კი არ არიან, მონაკოში ბრძანდებიან _ თავისუფალი მორალის ქვეყანაში!

_ აკი დემოკრატიას აწვებით ქართველები?

_ პროდასავლური მანტრების აღვლენით დემოკრატია არ აშენდება, აქ მენტალობაშია საქმე.

_ ჰოდა, მენტალობას რომ შეიცვლით, მერე მთხოვეთ რაც გინდათ.

_ პირდაპირ კი ნუ მიაჭრით, უბრალოდ გაისეირნეთ ტერასაზე, ვითომ ჰაერის ჩასაყლაპად. სიგარეტი მოაკიდებინეთ, ორიოდე სიტყვა გაცვალეთ... რუსული შესანიშნავად იციან, გაუხარდებათ...

_ ეშმაკსაც წაუღიხართ! კაი, მეორე რა არის? _ დაიჭყანა ბორისი.

_ ცეკვისას ტაქტიანად გამოკითხეთ: ვინ არიან ერთმანეთისთვის... მოკლედ, რასაც თემა მოიტანს. ჰა?

_ ჯანი გავარდეს, ვცდი, მაგრამ ჯერ უნდა მივაფსა, თორემ ვეღარ ვითმენ.

ბორისი საფირფარეშოში გაუჩინარდა. დიმიტრიმ კეკლუცად შეისწორა შლიაპა და ქურდული მზერა დარბაზს მოავლო. საზოგადოება ჭამდა, სვამდა, ყაყანებდა, ცეკვავდა...

მალე ბორისიც გამოჩნდა. ბაჯბაჯით გადაჭრა დარბაზი და ტერასაზე გავიდა. არ გასულა თხუთმეტი წუთი, რომ ბორისი ხელმეორედ დაიხატა სპილოსძვლისფერკაბიანი ქალის თანხლებით, წელზე ტორი დაადო და ნელი რხევით დაიწყო ტკეპნა ერთ ადგილზე. ქალბატონი ასე 50 წელს უკაკუნებდა, თუმცა როგორც ყველა თავმომწონე და

Page 38: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

შეძლებული მანდილოსანი ცდილობდა არ შეემჩნია მოახლოვებული `კაკუნი~ და ტყავიდან ძვრებოდა ფორმების შესანარჩუნებლად. ყურებს მასიური ბრილიანტის საყურეები უმშვენებდა, მობოშებულ გრძელ ყელს _ თეთრი ოქროს კოლიე წვრილ-წვრილი ბრილიანტებით. წინ გადახრილი ბორისი ხმადაბლა ლაპარააკობდა, ქალი თავშეკავებულად პასუხობდა. მერე ორივემ გამოიხედა დიმიტრის მიმართულებით. გაუღიმეს, გაუღიმა.

მუსიკა დამთავრდა. ბორისმა ქალს თავი დაუკრა თავი და ჯენლტმენურად მიაცილა ტერასამდე. რის მერეც თავის მაგიდას დაუბრუნდა.

_ მოკლედ. შავთმიან ქალს მედეა ჰქვია. ასაკოვანს _ ილია, რომელიც შენმა ცოლმა ბიძად გაასაღა! აზრზზე ხარ, ბიძად! უნდა გაეყარო, შანსი არაა. ტყუილი, მაგრამ ასეთი?...

_ მერე, მერე... _ გააწყვეტინა დიმიტრიმ.

_ ხოტორა ვაჟი ამ ქალის შვილია. რაღაც სახელი ჰქვია, ორი `ზ~ არის შიგნით. ზზზ...

_ ზაზა?

_ ჰო, ზაზა. მედეას შენი ცოლი სარძლოდ მოსწონს, წარმოგიდგენია?

_ ვერა.

_ დასასვენებლად ვართ ჩამოსულებიო, აქ ეს მშვენიერი გოგონა გაიცნოო... მგონი ერთმანეთი მოსწონთო...

ბორისი კიდევ ყვებოდა რაღაცას, მაგრამ დიმიტრის აღარაფრის გაგონება არ სურდა. დასცა, სული შეეხუთა, პულსაცია გაუხშირდა. გაჩახჩახებული დარბაზი უცებ გაფერმკრთალდა, ისევე, როგორც იქ მსხდომი ადამიანები. ცხოვრებამ თითქოს დაკარგა აზრი, მომავლის პერსპექტივა მზესთან ერთად ჩაესვენა და სამუდამოდ გაუჩინარდა ჰორიზონტს მიღმა.

_ საპირფარეშოში გავალ. _ თქვა უცებ და მდოგვისფერი მოსასხამის შრიალით გავარდა დარბაზიდან.

ჰოლში გრილოდა. ბოლთას სცემდა უნიფორმიანი შვეიცარი.

დიმიტრი ტუალეტთან შეყოვნდა. რომელ კარში შევიდეს, რომელსაც ქოლგა ახატია თუ რომელსაც ჩიბუხი?

_ მადამ, პრობლემ? _ დაინტერესდა ზურგსუკან ასვეტილი შვეიცარი.

_ ნოუ პრობლემ! _ გაიპრანჭა დიმიტრი და ქოლგიანი კარი შეაღო.

სარკის წინ მდგარი გვანცა მონდომებით იახლებდა მაკიაჟს.

თბილისი

მაგდამ საუზმის ნარჩენებს ვედროში გადაუძახა, გასარეცხი ჭურჭელი კი ნიჟარაში ჩააყუდა. ახლა გარეცხოს თუ საღამომდე გადადოს? 45 წუთში მანქანა გამოუვლის, რომელიც ახალ სამსახურში წაიყვანს. ახალი ყველაფერი კარგია, მაგრამ სიხარულის ნაცვლად მაგდა დილიდან ფორიაქს შეეპყრო, თითქოს გული უგრძნობდა, რომ ახალი სამსახური დამატებით შემოსავალთან ერთად დამატებით თავსატეხს გაუჩენდა.

Page 39: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

ჭურჭლის გარეცხვა გადადო. ზუსტად იცოდა, რომ მინიმუმ 15 წუთი გაჯორებული იდგება ტანსაცმლის კარადასთან და მაინც უკმაყოფილო დარჩება არჩევანით. მაინც, რამდენი კაბა, ქვედაკაბა, შარვალ-კოსტიუმი თუ ფეხსაცმელი უნდა ჰქონდეს ქალს, რომ თავი სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს? ალბათ ასეთი ციფრი ბუნებაში არ არსებობს. ფულის არ იყოს, სამოსი არასოდეს არაა ბევრი. თანაც, ეს ოხერი მოდა ყოველ წელს იცვლება, უფრო სწორედ, გარკვეული ინტერვალებით წრეზე ტრიალებს. გაიხედავ, ისევ მოდაშია ბოლეროს მოკლე ჟაკეტები და მინიატურული ქუდები ესპანური ტორეადორის სტილში, რომლებიც მაგდას დიდ ბებიას ეცვა და ეხურა ერთ გაცრეცილ ფოტოსურათზე.

მაგდამ სატინის პირისფერ კაბას დაადგა თვალი. ჩალიფერი `კაზაჩოკები~ ამოიცვა, ქამარი წაიჭირა და სარკის წინ გაიარ-გამოიარა. ჩექმებიან კატას ჰგავდა. განიერი ქამრის ვერცხლისფერი ბალთაც ისე საზეიმოდ ბრწყინავდა, თითქოს ნაოპერაციევი კაცის რეაბილიტაციისთვის კი არა, მეჯლისზე პრინცის დასაკერად მიემართება (თუმცა ნაწილობრივ ესეც აუხდა, მაგრამ ამაზე მერე).

კაბა საწოლზე მიაგდო და ჩაიცვა ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობდა _ კლასიკური შარვალი, ბატისტის პერანგი და ხაკის კიტელი. სტრეიჯი ჩექმებში ჩაიტენა და მეტ-ნაკლებად კმაყოფილი გავარდა სახლიდან. კიტელი მილიტარისტულ მოდასთან ასოცირდებოდა, მილიტარიზმი _ არმიასთან, წესრიგთან, დისციპლინასთან...

სადარბაზოსთან უკვე იდგა დაბინდულშუშიანი `ფორდი~. მძღოლის გვერდით მონუმენტური ჯარჯი მუქატარიძე გაჭიმულიყო. მაგდამ უკანა სალონში მოთავსდა.

_ ვაფასებ პუნქტუალობას. _ შეაქო ბატონმა ჯარჯიმ და სარკიდან გახედა.

მაგდას არ მოეწონა მისი ამღვრეული თვალები, თუმცა თავაზიანად გაუღიმა. რა მისი საქმეა, იქნებ გლაუკომა აქვს?

კლინიკა `კლეოპატრა~ ქალაქის გარეუბანში იყო განთავსებული, ცხაურებიანი რკინის ღობით შემოსალტულ სკვერში. მანქანის მოახლოებისთანავე განიერი კარიბჭე სისინის გასრიალდა და ეზოში შესასვლელი გზა გაათავისუფლა. უშიშროების სამსახურის მანქანას აქ იცნობდნენ.

შენობაში იდეალური წესრიგი სუფევდა, კედლებს ამშვენებდა სარეკლამო პოსტერები და მასიურ პასპარტუებში ჩასმული პლაკატები. ფოტოშოპში დამუშავებული ლამაზმანები ყოვლად გაცვეთილ, თუმცა პრაქტიკულ რჩევას იძლეოდნენ: `გარეგნული და სულიერი სილამაზე ჰქმნის ჰარმონიას~, `სილამაზე ჯანმრთელობაა~... გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა რუბენსის `სამი გრაცია~ _ ცელულიტიანი ქალები მოშვებული მუცლებითა და საჯდომებით. სხეულის ის ნაწილები, რომლებიც კორექციას საჭიროებდა, გრაფიტის ფანქრით დაეშტრიხათ და საყოველთაო სამსჯავროზე გამოეტანათ. საწყალი რუბენსი ალბათ საფლავში ამოტრიალდებოდა. აქაც მოდასთან გვაქვს საქმე, თუმცა მაგდას ეჭვი ეპარებოდა, რომ ფაშფაშა ქალები (ბოლეროს ჟაკეტის არ იყოს) ისევ შემოვა მოდაში. არ არის სიმსუქნე ჯანმრთელობა და იმიტომ, აკი პოსტერიც ამას გვამცნობს.

_ ჯერ უფროსობას გაგაცნობ, პაციენტს _ მოგვიანებით. _ გადაულაპარაკა ჯარჯიმ და მეორე სართულზე აუძღვა.

ერთ-ერთ კართან შეჩერდნენ. მეტალის დაფაზე ამოყვანილი ასოები იუწყებოდა, რომ კარს მიღმა მოღვაწეობს კლინიკის დირექტორი რომან ქემოკლიძე.

დირექტორის მისაღებში ისეთი გამხდარ-გაფშეკილ ქალი დახვდათ, თანაც ისეთი არაკეთილმოსურნე გამომეტყველებით, თითქოს ერთი კვირა კუჭში არ გასულა. მაგდამ გულში ბოდიში მოუხადა სამ გრაციას და წეღანდელი ფიქრი სიმსუქნესთან დაკავშირებით უკან წაიღო. სჯობს შენ შეგაწუხოს ზედმეტმა კილოგრამებმა, ვიდრე სხვა შეაწუხოს შენმა ფიზიომ.

Page 40: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

გაფშეკილი ქალი კლინიკის დირექტორის მდივანი ადა აბრამიშვილი აღმოჩნდა. ჯარჯიმ მას ხელი ჩამოართვა და თბილად მოიკითხა. მაგდას ცოტა არ იყოს გაუკვირდა ლეგენდარული ქამელეონის ხაზგასმულად პატივსაცემი დამოკიდებულება ამ ავი ცერბერის მიმართ, რომელიც მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა და სტუმრები კაბინეტამდე მიაცილა.

მზის გაჩახჩახებულ ოთახში ორი მამაკაცი დახვდათ. ერთი დაბალი და უშნო, მეორე _ მაღალი და წარმოსადეგი. ეს უკანასკნელი ფსიქოლოგის დანახვაზე რატომღაც დაიბნა _ ადგა, დაჯდა, ისევ ადგა...

_ გაიცანით. მაგდა ავალიანი. _ ჯარჯიმ ახალი თანამშრომელი წარადგინა. _ ბატონი რომა, ბატონი უშანგი...

ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მაგიდას შემოუსხდნენ.

_ თუ გაქვთ კითხვები, მაგდა მზადაა გიპასუხოთ. _ გამოაცხადა ჯარჯიმ და მოწაფესავით დააწყო ხელები მაგიდაზე.

_ ჩაის ხომ არ ინებებთ? _ თავაზიანად ჰკითხა რომამ.

მაგდას ყურში მოხვდა მისი ნაზი ხმა, თვალში _ მოუსვენარი ჟესტები და გაფანტული გამომეტყველება. ქუჩის ძაღლებში გარეულ ჯიშიან ძაღლს ჰგავდა, რომელსაც ეშინია, რომ ამოიცნობენ და ხროვიდან გააძევებენ.

_ მადლობა, _ იუარა.

_ ალბათ იცის, რომ მწვანე ჩაიზე პატიჟებ. _ გაიხუმრა უშანგიმ და ჯარჯის თვალი ჩაუკრა.

_ არა, რატომ... შავიც გვაქვს, ბაიხის. ყავაც. _ თავი იმართლა რომამ, თან მაგდას არ აშორებდა თვალს, თითქოს მისგან ელოდა მხარდაჭერას.

_ მე მიყვარს მწვანე ჩაი. _ მაგდამ საკუთარი ხმა გაიგონა და თვითონაც გაუკვირდა _ სულაც არ უყვარდა მწვანე ჩაი, უბრალოდ არ მოეწონა უშანგი ექიმის აგდებული ტონი და გაუაზრებლად დააყრანტალა.

რომამ ნიშნისმოგებით გახედა უშანგის, რომელმაც იგნორირება გაუკეთა დირექტორის აღტკინებას და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

_ ვიდეომაგნიტოფონი გვჭირდება.

_ რისთვის?

_ აბა, პერსონალურად ვასიკო ცეცხლაძეს ვერ მოგართმევთ. კასეტებზე ნახავენ როგორია, მანერებს დააკვირდებიან, ხმის ინტონაციას, სახის მიმიკას...

_ არ ვიცი, არ ვიცი, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. _ რომამ ნერვიულად გადაუსვა ხელისგული მაგიდის ზედაპირს.

მაგდამ მექანიკურად მოინიშნა ეს ჟესტიც.

_ ყველაფერი იქნება. _ დაბეჭდა ჯარჯიმ.

_ მაშინ რაღას ვუცდით, გავაცნოთ ფსიქოლოგს პაციენტი. მერე ოპერაციაზე შევდივარ. _ უშანგი ხალათის სწორებით წამოდგა.

ჯარჯიმაც და მაგდამაც ააგრიხინეს სკამები.

_ მოიცა, უშანგი, _ წამოიძახა რომამ, თითქოს რაღაც გაახსენდა. _ დღეს ბატონი სოლომონს უკეთებთ ლიპოსაქციას, არა?

Page 41: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ ლიპოსაქცია უშველის მაგის ცხმოვან წინსაფარს? კაცი, ბარე 5 წელია, საკუთარ პენისს ვერ ხედავს.

_ არ გრცხვენია, უშანგი? _ დაანამუსა რომამ, თან შეფარვით გახედა კართან მდგარ მაგდას.

_ სოლომონს შერცხვეს, ღორმუცელობით არის შეპყრობილი ამხელა კაცი!

_ ასე მსჯელობა არ ივარგებს, უშანგი... ის პირველ რიგში ჩვენი პაციენტია, ემოციურ სტრესში მყოფი ავადმყოფი, მისთვის ჭამა ერთგვარი ანესთეზიაა...

_ რომა, მე ქირურგი ვარ და ნაკლებად მაინტერესებს პაციენტის სულიერი განცდები. საკეისრო ტიპის კვეთას ვუკეთებ იმ შენს სოლომონს, კედლის ცხიმოვანი ქსოვილის სრული აშრევებით და ჭიპის რგოლის ზევით ატანით.

რომას კიდევ სურდა ლაპარაკის გაგრძელება, მაგრამ საბაბი ვერ იპოვა და სევდიანი მზერით გააცილა სამეული.

_ _ _

ვახოს ლაზეროთერაპიას იკეთებდა, როცა პალატაში ორი ძველი ნაცნობი და ერთი უცნობი შემოვიდა.

`ფსიქოლოგი~, მიხვდა ვახო და ბრაზით მომუჭა ხელები. რა წესია სეანსის დროს სულთამხუთავივით თავზე დადგომა, თითქოს ათ წუთს დერეფანში ვერ მოიცდიდნენ. თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ფსიქოლოგი არაფერ შუაშია, აქ უშიშროებას მიჰყავს `პარადი~.

_ შესანიშნავია, შესანიშნავი... კელოიდური და პოსტ-ტრამვული ნაწიბურების ასალაგმად ლაზერი უებარია. _ უშანგიმ ცხვირზე ჩამოცურებულ სათვალეს თითი შეაშველა და ავადმყოფის საწოლთან დაიხარა.

_ მერე ვისი იდეა იყო უახლესი ტექნიკის გამოწერა? _ ნიშნისმოგებით იკითხა ლაზერის აპარატთან დაყუდებულმა ადამ, რომელსაც უკვე ჩვევაში გადაეზარდა შეფის ადვოკატობა. ახლაც ისარგებლა მომენტით. ყველამ იცოდეს, ვინ არის კლინიკაში პირველი ვიოლინო.

_ რომას იდეა იყო, რომასი. _ დაღლილი ხმით გაეპასუხა უშანგი. _ არავინ უკარგავს შენს უფროსს აპარატურაზე ზრუნვას.

_ თქვენი უფროსიც არის, სხვათა შორის. _ ჩაილაპარაკა ადამ.

_ შენია თუ ჩვენია, შენთვის პრემიის გამოწერა მე შევახსენე. სხვათა შორის.

ადამ მოკეტა. პრემია კარგია. ახალ შენაძენს გააკეთებს. ამას წინათ ისეთი ქვაბები ნახა, თვალი დარჩა ზედ. არა, ქვაბები მოიცდის. აი, გარდერობის განახლება არ აწყენს. ვითომ მას არ მოუხდება კიტელი?... ნეტავ, სად იყიდა ფსიქოლოგმა?... თუ შეაკერინა? მსგავსი ფაქტურის ქსოვილი სახლში უნდა ეგდოს, მეტალის ღილებს კი ბაზრობაზე იყიდის. უფრო იაფი დაუჯდება. მაინც საიდან გამოძვრა ეს ჩექმებიანი კატა, რომას არ დაადგას თვალი...

_ ვახო, აი, ფსიქოლოგი მოგიყვანე. შეხედე, რა სიმპათიურია... _ ჯარჯიმ ცეცხლზე ნავთი დაასხა, _ იმედია, მონახავთ საერთო ენას.

Page 42: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

ვახოს ეჭვით შეათვალიერა შავგრემანი ქალიშვილი მოკლედ შეჭრილი თმითა და კოხტად აცქვეტილი ცხვირით. სიმპათიურია, კი, მაგრამ მეტისმეტად ახალგაზრდა _ ამან რა უნდა უნდა ასწავლოს?!

_ მე მოვრჩი. _ გამოაცხადა ადამ და ლაზერის აპარატი გათიშა.

_ პრინციპში, ჩვენც აღარაფერი გვესაქმება. _ მხარი აუბა ჯარჯიმაც, _ შეგიძლიათ შეუდგეთ მუშაობას. ჰა, რას იტყვი, უშანგი?

უშანგის არაფერი ჰქონდა სათქმელი, პირიქით, ხელების ფშვნეტით დატოვა პალატა. ალბათ ერთი სული ჰქონდა დროზე გამოეფატრა პატივცემული სოლომონის მუცელი.

ვახო და მაგდა მარტო დარჩნენ.

_ ჯერ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, არა? _ ნებართვა ითხოვა ფსიქოლოგმა და ხელჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო.

_ უნდა ჩაიწერო? _ არ მოეწონა ვახოს.

_ შენობაზე გადავედით? _ კითხვა შეუბრუნა მაგდამ.

_ ჰა?

_ შენობით მელაპარაკები, მაშინ, როცა მე თქვენობით მოგმართე.

_ მერე რა? _ გამომწვევად იკითხა ვახომ და გულზე ხელები გადაიჯვარედინა. ჟესტების ენაზე რომ ვთქვათ, ჩაიკეტა.

_ არაფერი. ზრდილობის ამბავია.

_ იმის თქმა გინდა, რომ უზრდელი ვარ?

_ არა. შარიანი ხარ.

_ კაროჩე, რა გინდა?

_ პასუხი რამდენიმე მარტივ შეკითხვაზე. _ მოთმინებით აუხსნა მაგდამ და ბლოკნოტი გადაშალა.

_ დავაი.

_ `კაროჩე~, `დავაი~... ძველი ბიჭი ხარ?

_ ხო, ვარ. მერე შენ რა?

_ მე არაფერი. ეს შენი პრობლემაა.

_ რაც ვარ, ეგ ვარ. ფეხებზე მკიდია.

მაგდამ საყვედურით შეხედა. იყო მის პრაქტიკაში ამ ტიპის პაციენტები. მაგრამ ვახო განსაკუთრებული შემთხვევაა, მას პლასტიკური ოპერაცია გაუკეთდა, რაც თავისთავად გულისხმობს ფსიქოლოგიურ ტრამვას. მოთმინება მართებს.

_ ვახო, ასეთი ლაპარაკი მხოლოდ გაართულებს ჩვენს თანამშრომლობას. თუ გაღიზიანებ, პირდაპირ მითხარი და ბატონ ჯარჯის ვთხოვ სხვა ფსიქოლოგი მოგიძებნოს.

ვახო ჩაფიქრდა. უნდა ახლა სხვა ფსიქოლოგი? კაცმა რომ თქვას, ნორმალური გოგოა. უბრალოდ, ძალიან ახალგაზრდაა.

_ რამდენი წლის ხარ?

Page 43: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ 31-ის.

_ ვაა... მე უფრო პატარა მეგონე.

_ მუშაობის ათწლიანი სტაჟიც მაქვს, თუ ძალიან გაინტერესებს.

_ კაი, მკითხე...

_ სიზმრებს ხედავ?

_ სიზმრებს რა კავშირი...

_ აქ კითხვებს მე ვსვამ. _ მაგდამ ხმა გაიმკაცრა.

_ დაუშვათ ვხედავ, მერე?

_ შავ-თეთრს თუ ფერადს?

_ აუჩ... მგონი ფერადს. ჰო, ფერადს.

_ წიგნებთან მეგობრობ?

_ არა.

_ შენი საყვარელი ფილმი?

_ რავი... ასი წელი კინოში არ ვყოფილვარ.

_ ბავშვობის საყვარელი ფილმი... ან წიგნი...

_ არ ვიცი... არ მიფიქრია. გაუნათლებელი ვარ. ჰა, ჰა! _ ყალბი სიხარულით შესძახა ვახომ და თავდაცვისთვის მოემზადა.

_ `სამი მუშკეტერი~.

_ რა `სამი მუშკეტერი~?

_ წაკითხული გაქვს?

_ კი, როგორ არა!

_ არ მოგეწონა?

_ კი, როგორ არა!

_ მერე თქვი, ნუ გერიდება.

_ ეგ ხო საბავშვო წიგნია.

_ გენიალურ ნაწარმოებს ყველა ასაკში კითხულობენ.

_ ვითომ?

_ კი. ამასწინათ, ჩემს შვილს ვუკითხავდი ძილის წინ, დიდი სიამოვნებით მისმენდა, მერე დაეძინა, მე კი კითხვაში დამათენდა. მაგრად გავერთე.

_ ვა, შვილი გყავს? _ გაუკვირდა ვახოს.

_ მყავს.

_ რამხელა?

_ 5 წლის.

_ ბიჭი?

Page 44: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ არა, გოგო. ქეთუნა ჰქვია.

_ `ჰაჯი მურატი~. _ წამოიძახა ვახომ. _ ეგეც მაქვს წაკითხული.

_ მეც, მაგრამ ცუდად მახსოვს.

_ შამილის ნაიბი იყო. მისი მარჯვენა ხელი.

_ აი, შამილიც გცოდნია, მერე იტყვი, გაუნათლებელი ვარო!

ვახო სიამოვნებისგან წამოახურა. თავისი სახლი გაახსენდა, წიგნებით სავსე თაროები, რომელიც მშობლების სიკვდილის შემდეგ თანდათან დაცარიელდა. შერცხვა.

_ იცი, მე ყავა მოვიტანე. _ გაახსენდა მაგდას. _ თერმოსით. დავლიოთ?

_ ჭიქები რომ არ არის?

_ თავსახურიდან დავლიოთ, რა პრობლემაა? სამსახურში ისე მეძინება ხოლმე, ყავის გარეშე ვერ ვძლებ...

ნახევარ საათში ფსიქოლოგი და პაციენტი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში საუბრობდნენ.

. . .

დღის მეორე ნახევარში ვიდეომაგნიტოფონითა და ვიდეოკასეტით ხელდამშვენებული ჯარჯი გამოჩნდა.

_ ეს რა არის? _ წარბები შეჰყარა ვახომ.

_ პატეფონი. _ ჯარჯიმ შტეფსელის ძებნაში თვალები გააცეცა.

_ იუმორი გაწუხებთ?

_ მე არაფერი მაწუხებს, აი, შენ კი, ჩემო კარგო, ვატყობ კომპლექსები გაწუხებს. ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ და სრულიად უსაფუძვლოდ ირქინები. _ ჯარჯიმ თავით შესაფერისი მოძრაობა გააკეთა და შტეფსელტან ჩაიმუხლა. _ ასე არაა, ქალბატონო ფსიქოლოგო?

_ კომპლექსები ყველას გვაწუხებს, ბატონი ჯარჯი, უბრალოდ ზოგი ლამაზად ფუთავს. `სულელები არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებიან, იდიოტები კი სრულფასოვნების კომპლექსით ტკბებიან~.

_ ეს კარგად თქვი, ხო იცი... _ ბატონი ჯარჯი წელში გაიმართა და ინტერესით შეათვალერა მაგდა, თითქოს პირველად ხედავდა.

_ მე არა, მარკუს ავრელიუსმა თქვა.

_ ჰოო... ვახო, იცი ვინ არის მარკუს ავრელიუსი? _ ჯარჯიმ გამომცდელად შეხედა ვახოს.

_ წეღან მე და ვახო შამილზე ვლაპარაკობდით, _ ვახოს დაასწრო მაგდამ, რითიც აღკვეთა ჯარჯის ცინიკური დამოკიდებულება ძლივს მოშინაურებული პაციენტის მიმართ.

ჯარჯიმ სწორედ გაიგო ფსიქოლოგის მესიჯი, მაგნიტოფონი ჩართო და სასწრაფოდ დატოვა პალატა. ვახოს არ გაუგია მისი გასვლა, გათიშულივით იჯდა თავის საწოლზე და არც მეტი, არც ნაკლები, მარკუს ავრელიუსზე ფიქრობდა. მან არ იცოდა ვინ იყო ეს ადამიანი ან რა დამსახურება მიუძღვის მსოფლიოს წინაშე. მეხსიერებას

Page 45: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

მხოლოდ წიგნის ყდა შემორჩა _ ცხენზე ამხედრებული თმახუჭუჭა წვეროსანი ზევით აწეული ხელით. და სამახსოვრო წარწერა: `ცისანას! უკეთილშობილეს ქალბატონს ზვიადისგან~. ეს იყო ერთ-ერთი ბოლო წიგნი, რომელიც ვახომ ბუკინისტებში მიიტანა.

ტელევიზორთან ჩაცუცქული მაგდა ახსნა-გამნარტებას იძლეოდა:

_ აქ რამდენიმე ეპიზოდია გადაღებული ვასიკო ცეცხლაძის ცხოვრებიდან. ერთი, თუ არ ვცდები, ვიღაცის ქორწილია, ერთიც ნადირობის დროს. ვნახოთ, დავიმახსოვროთ, რეპეტიცია გავიაროთ.

_ რეპეტიცია?

_ აბა, ისე როგორ გახდები ვასიკო ცეცხლაძის კოპი პეისტი?

_ რა?

_ გამეორება, ასე ვთქვათ.

ვახო ტრაგიკული სახით მიაჩერდა ეკრანს.

ქორწილი რესტორანში. სამსართულიანი ტორტი. პატარძალი უსაფრთხოების ბალიშივით დაბერილი ძუძუებით, თვალებდაელმებული ნეფე, მჭექარე თამადა, სტუმრები, და აი, ისიც, ვასიკო ცეცხლაძე _ გაწკეპილი, ალისფერი ჰალსტუხით, სარეკლამო კბილებით, ბრიოლინით, სასმისით...

_ ვითომ ვგავარ ამ პიჟონს? _ ყალბად იკითხა ვახომ, რომელსაც ძალიანაც მოუვიდა თვალში პრეზენტაბელური `პიჟონი,~ მაგრამ მაგდას რეაქცია აინტერესებდა.

_ გარეგნობით კი, მაგრამ თუკი მის ჟესტებსა და მიმიკას არ აითვისებ, ვერავის მოატყუებ. მიმიკის ენით შეგვიძლია მივიღოთ საკმაოდ დიდი ინფორმაცია ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე კონკრეტულ მომენტში და ისეც, ზოგადად. თვალები და გამოხედვა ხომ პირდაპირ სარკეა! იცი, ვახო, ადამიანის სახე ხშირად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე მისი ჟესტები.

_ რას გეუბნება ამის სახე?

_ ოდნავ ღელავს. თვალები გაურბის მარჯვნივ და ზევით _ ან ტყუილის სათქმელად ემზადება ან სადღეგრძელოს ტექსტს ალაგებს თავში. ეტყობა, ვერ არის დიდი მჭერმეტყველი. დააკვირდი, ლაპარაკისას ქვედა ყბას დაბლა ქაჩავს.

_ ჰო, თითქოს იცოხნება.

_ ნუ ხარ აგრესიულად განწყობილი, შეეცადე შეიყვარო. _ მაგდამ საყვედურით გახედა ვახოს და ლოტოსის პოზაში ტელევიზორის წინ მოირთხა. პირდაპირ ნოხზე.

ვახომ ერთხანს უყურა და იგივე გააკეთა.

_ მე ჩემი თავი არ მიყვარს და სხვას როგორ შევიყვარებ?!

_ ყოველ შემთხვევაში, კეთილად განეწყე, ჯიბრში ნუ ჩაუდგები...

_ ერთი უსმინე, რას ბოდიალობს ეს საწყალი! _ ხელის აქნევით გააწყვეტინა ვახომ.

მაგდამ მიაყურადა.

ვასიკო სიტყვა `მეჯვარის~ გაშიფვრას ცდილობდა: `მეჯვარე _ დააკვირდით, ბატონებო, რაოდენ სიმბოლური დატვირთვის მატარებელია ეს ერთი მოსმენის უბრალო სიტყვა _ მე-ჯვარე, ანუ ნაწილობრივ შენი ჯვრის მატარებელიც...~

_ რას ერჩი, სადღეგრძელოს თქმისას მოსულა `ბოდიალი~.

Page 46: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ ბოიშვილი ვიყო მაგარი სირია!

მაგდამ პულტი აიღო და კადრი გააჩერა.

_ ე, რატომ დაასტოპე?

_ ახლა, კარგად მისმენე, ვახო... მეორედ არ გამაგონო ქუჩური ჟარგონი! ვასიკო შეიძლება დიდი ბრძენი არ არის, მაგრამ საკმაოდ გამართულად მეტყველებს. შენ `ბოიშვილის~ ძახილი გგონია მაღალი დონე, ძალიან ცდები.

_ სოლოლაკში ყველა ეგრე ბაზრობს.

_ `ბაზრობს~, არა?

_ აბა, მასლაათობს?

_ არ არის საჭირო უკიდურესობებში გადავარდნა. მესმის, რომ ასე უცებ ძნელია, მაგრამ შენ ეცადე, ეცადე...

_ კაი, გავაგრძელოთ, რაღაც მომენტი ჩავიჭირე და კაკრას მაშინ გამორთე.

_ `კაკრას~. _ თავი გააქნია მაგდამ.

_ კაი, ისე ნუ გამოიყვან, თითქოს ეს ხვითო ვასიკო მარკუს ავრელიუსია.

მაგდას გაეცინა. ეკრანზე კი ახალი კადრი გამოჩნდა, ახალი გამომეტყველებით ვასიკოს სახეზე.

_ მინდა გითხრა, ახლოსაც არ არის ხვითო. _ ჩაილაპარაკა მაგდამ. _ დააკვირდი, აქ როგორი თვალები აქვს _ ცივი, გამჭოლი, ბოროტი...

_ ჟუტკი.

მაგდამ გამაფრთხილებლად გაჰკრა მხარი.

_ იმენნა ჟუტკია, _ გაიმეორა ვახომ, ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ეკრანისთვის. _ ქართულად არა აქვს შესატყვისი. თუ აქვს, არ ვარგა. ასიანი ვიღაც მოწვა და... ჰო, კაი, დაინახა. ვიღაც ისეთი, ვინც არ ევასა. ნუ, არ მოეწონა. _ დაამატა დარცხვენილმა. _ ხომ ხედავ, ვცდილობ.

კამერა შეირხა და ვასიკოც წამით მიეფარა თვალს. ხელმეორედ გამოჩენისას უკვე იცინოდა.

_ იცი, ვახო, სიყალბე ყველაზე თვალშისაცემი ნაკლია. და ის არ არის დამოკიდებული წაკითხული წიგნების რაოდენობაზე. ეს კაცი ორმაგ თამაშს თამაშობს.

ვახომ ნელა მოაბრუნა თავი და მაგდას დამფრთხალ მზერას წააწყდა.

_ _ _

სამუშაო დღე დამთავრდა. ექიმების სამუშაო დღე შედარებით მოკლეა, ოპერაციები დღის პირველ ნახევარში კეთდება, თუ ექსცესს არა აქვს ადგილი, კლინიკაში სრული შტილია. წესით, რომა უკვე სახლში უნდა იყოს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გალეთებულ ვახშამს მიირთმევდეს, მაგრამ უკვე მეორე დღეა ფეხს ითრევს. მიზეზი ქალია _ ფსიქოლოგი სახელად მაგდა. მაგდალენა... სწორედ ასეთ ქალზე ოცნებობდა მთელი ეს წლები, ის მოვიდა, მაგრამ ვერ იცნო, თავაზიანად გაუღიმა და ჩაო კაკაო! უკანმოუხედავად გაჰყვა იმ ქვეშქვეშა სუბიექტებს: ჯარჯის და უშანგის. არადა, სულ რამდენიმე მეტრი აშორებთ ერთმანეთს, რომას თავისუფლად

Page 47: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

შეუძლია ავიდეს მეშვიდე პალატაში და ინკოგნიტო პაციენტის მოკითხვის საბაბით მაგდას გამოლაპარაკოს (იქნებ ვიზუალურ შეცდომას აქვს ადგილი?). შეუძლია, მაგრამ ვერ ბედავს. ჯერ ერთი, იმთავითვე უარი თქვა კანონსაწინააღმდეგო საქმეში აქტიურ ჩართვაზე, მეორეც _ ეშინოდა. მას, 41 წლის ზრდასრულ მამაკაცს ეშინოდა ზოგადად ქალის და კონკრეტულად _ სასურველი ქალის. რაღა დასამალია, დედისაც ეშინოდა. დონ კიხოტის კომპლექსი. _ იტყოდა უშანგი და იქნებოდა მართალი. ნაწილობრივ მართალი, რადგან რომამ უკვე იპოვა თავისი დულსინეა, ახლა მთავარია გამბედაობა მოეკრიბა და უფრო ახლოს გაეცნო.

დარეკა ქალაქის ტელეფონმა. რომამ ყურმილი არ აიღო. იცოდა, დედამისი რეკავდა. ნახევარი საათის წინაც დარეკა _ მოიკითხა, დაგვიანების მიზეზით დაინტერესდა. რეკოს რამდენიც უნდა! მართლა და მართლა, როდემდე უნდა აკონტროლოს?! არ უნდა სახლში მისვლა და მორჩა. აქ უნდა, აქ... იმის სიახლოვეს.

ფანჯარაში გაეხედა. ავტოსადგომზე იდგა დაბინდულშუშიანი `ფორდი~ მძღოლითურთ. მაგდას ელოდება. რომაც დაელოდება, შორიდან მაინც მოჰკრავს თვალს, როგორ ჯდება მანქანაში მისი ოცნების ქალი.

ქალაქის ტელეფონმა რეკვა შეწყვიტა, სამაგიეროდ მობილური ამღერდა. ისევ დედა. რომამ მობილური მაგიდაზე დააგდო და ზურგშექცევით ჩამოჯდა ფანჯრის რაფაზე. არ გაეპასუხება. იჯდეს თავის ტილოში შეფუთულ ფლავთან ერთად და ელოდოს. იქნებ არ უნდა მის შვილს ფლავი, იქნებ რესტორანში უნდა ვახშმობა?! ინტიმურ გარემოში, მაგდასთან ერთად, სანთლების შუქზე...

მობილური არ ჩერდებოდა. დედა ღელავდა. იმასაც რა ექნა, ერთადერთი შვილი შერჩა და ისიც უსხლტებოდა ხელიდან. ქალიშვილში არ გაუმართლა _ ებრაელს გაჰყვა ცოლად და იზრაელში მოკურცხლა. დედამ ქალიშვილი დაწყევლა და სამუდამოდ მოიკვეთა. წასვლის წინ უფროსმა დამ რომა გააფრთხილა: `თავს უშველე, რომა. ერთხელაც იქნება ეს ქალი დაგღუპავს~. მაშინ რომა გაბრაზდა კიდეც _ რას ნიშნავს `ეს ქალი?!~ ქალბატონი არიადნა ყოველთვის თავდადებული დედა იყო (კლინიკის დირექტორის სკამს სწორედაც დედამისის კავშირებს უნდა უმადლოდეს და არა პერსონალურ დამსახურებას) და არანაკლებ თავდადებული პარტიული მუშაკი. მაღალი პოსტის მიუხედავად მუდამ იცლიდა შვილების სწავლა-განათლებისთვის. არც ფული ენანებოდა, არც დრო და ახლა შედეგს იმკიდა _ შალის ქსოვილში გახვეული უზბეკური ფლავით _ შვილებისა და შვილიშვილების გარეშე. მომავალ რძალსა და არსებულ სიძეს აპრიორი ვერ იტანდა.

მობილური მოულოდნელად დადუმდა. რომამ უცებ წარმოიდგინა, რომ შეშფოთებულმა დედამ შეიძლება სამსახურში მოაკითხოს და საღ-სალამათს რომ დაინახავს, სკანდალი მოუწყოს.

სასწრაფოდ გადარეკა.

საყვედურების მოსმენა ტელეფონით მოუწია. ქალბატონმა არიადნა ერთი ყურმილში არ გამომძვრალა, თორემ არაფერი დაუკლია `ყოვლად უპასუხისმგებლი, უყურადღებო~ შვილისთვის.

_ უკვე გამოვდივარ. _ დაპირდა რომა და ჩაფიქრდა.

ისევ ქალი თუ გაათავისუფლებდა დედის დიქტატისგან _ ძლიერი, შემდგარი, უშიშარი... ორი წლის წინ ერთი ასეთი ქალი გაჩნდა მის ცხოვრებაში. რომა მეცხრე ცაზე იყო, დაოჯახებაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ პირველივე ინტიმის მერე ქალმა დაიწუნა _ სექსუალური გამოცდილება გაკლიაო. რომამ ყურები ჩამოყარა. მართლა აკლდა ეს ოხერი გამოცდილება, ან საიდან ექნებოდა, როცა სრულიად სერიოზულად თვლიდა, რომ მეძავებთან ფარული ფსიქოპათები ან სოციოპათები დაძვრებიან, ნორმალურ, ჯანმრთელ მამაკაცებს კი საყვარლები ჰყავთ. ან ცოლები. ცხადია, ის არ იყო

Page 48: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

სექსუალური გიგანტი, მაგრამ არც იმპოტენტი ყოფილა და ასოს პარამეტრებიც წესრიგში ჰქონდა (სექსოლოგთან გადაამოწმა). საყვარელი ქალის სიტყვებმა ისეთ დეპრესიაში ჩააგდო, დიდი ხანი ქალისკენ გახედვაც არ უნდოდა _ ყურში მუდმივად ჩაესმოდა დამცინავი ქირქილი, რაც ავტომატურად მოქმედებდა პოტენციაზე.

მაგდას დანახვამ იმედი ჩაუსახა, ლიბიდო გაუაქტიურდა და საერთოდ, ენერგიის ისეთ მოზღვავებას გრძნობდა, ეგონა მთებს გადააბრუნებდა. მაგრამ ვინ აცლის? უნდა წავიდეს სახლში, თორემ დედა მართლა მოკვდება და რომა სრულიად მარტო დარჩება დედამიწის ზურგზე.

ის იყო, ქურთუკი ჩამოხსნა, რომ კარი გაიღო და ჰოი, საოცრებავ! ის შემოვიდა _ მისი დულსინეა!

_ მა... მაგდა, თქვენ?

_ ბატონო, რომა, ორ წუთს ვერ დამითმობთ?

`მთელ ცხოვრებას!~ გულში შესძახა რომამ, მაგრამ იმდენი შეგნება ეყო, რომ ხმამაღლა არ ეყვირა.

_ რა თქმა უნდა, მობრძანდით, დაბრძანდით... რომ იცოდეთ, როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა... _ გიჟივით ეცა სკამს, გამოსწია. _ როგორ გამიხარდა...

მადგა გაკვირვებული უყურებდა ორმეტრიანი მზეჭაბუკის სასაცილო ფაციფუცს და სულაც არ გამოჰქონდა რომასთვის სასარგებლო დასკვნები.

_ ბატონო რომა... _ დაიწყო. _ თუ რომან?

_ რომანი მქვია, დიდი ბაბუის პატივსაცემად... ისიც ექიმი იყო, კარდიოლოგი. შინაურები რომას მეძახიან. თქვენც ასე დამიძახეთ.

_ ვახოს ტელევიზორი სჭირდება.

_ ვინ არის ვახო?

_ მეშვიდე პალატის პაციენტი...

_ აა, დიახ, დიახ... ვახო ჰქვია, არა? ვახტანგი.

_ პრინციპში, აწი ვასიკო ცეცხლაძეა, მაგრამ ეს არ არის არსებითი.

რომამ უაზროდ დაუქნია თავი. მაგდას მოეჩვენა, რომ არ უსმენდა.

_ ალბათ საქმის კურში ხართ...

_ ვარ, კი. ისე ზედმიწევნით არა, როგორც უშანგი, მაგრამ დაახლოებით. და რად უნდა ტელევიზორი?

_ მთელი დღე ჩემმა მტერმა უყურა ვიდეოს ვასიკო ცეცხლაძის მონაწილეობით. ტელევიზორს ჩართავს, ცოტას გაერთობა, გარკვეულ ინფორმაციასაც მოისმენს. წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება ქვეყანაში! მაშინ, როცა მისი ორეული საკმაოდ გათვითცნობიერებული ადამიანია...

რომა აღფრთოვანებულ მზერას არ აშორებდა ქალიშვილს. რა უბრალოა, რა მომხიბვლელი და გულისხმიერი... ვიღაც ლოთი კაცის ბედი ადარდებს, მაშინ, როცა საღ-სალამათი კლინიკის დირექტორი უბედურ დღეშია.

_ რას იტვით, ბატონო რომა?

_ რაზე?

_ ტელევიზორზე.

Page 49: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ რა თქმა უნდა. აგერ, სულ ტყუილუბრალოდ მიდევს კაბინეტში. წიაღეთ, რა პრობლემაა?... თქვენ არა, ვინმეს ვთხოვ და ხელად აუცუნცულებენ. ხვალ რომ იყოს?

_ იყოს ხვალ. _ გაუხარდა მაგდას და წამოდგა. _ დიდი მადლობა.

_ როგორ, უკვე მიდიხართ?

_ დიახ, მძღოლი მელოდება.

_ მე წაგიყვანთ. _ რომა მზადყოფნით წამოიჭრა ადგილიდან.

_ თქვენ რატომ უნდა შეწუხდეთ, მძღოლი რა ხანია მელოდება.

_ რა შეწუხებაა, პირიქით, პირიქით... სიამოვნებით მიგიყვანთ სახლამდე. თუ... თუ იქაც გელოდებიან? _ დადარაჯებული ხმით იკითხა რომამ.

_ შვილი მელოდება, ბატონო რომა. _ თქვა მაგდამ და გამომცდელად შეხედა თვალებში.

კლინიკის დირექტორის ინტერესი მისი პერსონის მიმართ ახალისებდა და გარკვეულწილად სიამოვნებდა კიდეც. რამდენი ხანია არავის გაპრანჭვია, მოენატრა კიდეც.

რომას სახეზე ემოციების მთელმა პალიტრამ გადაურბინა _ გაკვირვებამ, წყენამ, გულისტკივილმა, უმწეო ბრაზმა... მაგდას მთელი გულით შეეცოდა ეს უცნაური, საკუთარ ემოციებთან მებრძოლი ადამიანი და იქვე დაამატა:

_ მხოლოდ შვილი.

_ ქმარი, არა?

_ ქმართან გაყრილი ვარ.

რომას ცოტა გულზე მოეშვა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, 32 წლის ქალს უნდა ჰქონდეს წარსული. ჭკვიან ადამიანს სახეზე აწერია თავისი ბიოგრაფია. მაგდა ჭკვიანია, თანაც ფსიქოლოგი და რომას ბევრ თავისებურებას პროფესიული კუთხით აღიქვამს. არ დასცინებს ზოგიერთივით: დედიკოს ბიჭი ხარო. მით უფრო, პატარა გოგონები რომას არასოდეს ხიბლავდა, არც ქალიშვილობის ინსტიტუტზე ჰქონია არქაული წარმოდგენები.

და აქ, რომამ გააკეთა ის, რაც არასოდეს გაუკეთებია. საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა.

_ მე მიგაცილებთ სახლამდე. მძღოლსაც მე დაველაპარაკები. დიახ! _ შეუძახა საკუთარ თავს და ფართე ჟესტით კაბინეტის კარი მოაფრიალა.

_ _ _

იმ დილით ადა ბედნიერი მიჰქროდა სამსახურში. ეცვა ახალი საგაზაფხული მანტო და ახალი ბლუზა. შენაძენი გუშინ გააკეთა, პირდაპირ სამსახურიდან დააწვა ბაზრობაზე და მთელი პრემია მიახარჯა. ქვაბიც კი იყიდა! კომპლექტი არა, როგორც ეოცნებებოდა, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ოცნება გვერდზე უნდა გადადო და რაც საქმეს წაადგება, ის გააკეთო. მოცემული მომენტისთვის ადას ახალი ტანსაცმელი სჭირდებოდა. მართალია, ძველი სამოსი ჯერაც არ გაცვეთია და ძალიანაც პრეზენტაბელურად გამოიყურებოდა, მაგრამ ასე თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება კიდევ ათი წელი არ გაიცვითოს. საინტერესოა, შეამჩნევს თუ არა, რომა. და თუ შეამჩნევს, ეტყვის

Page 50: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

თუ არა ქათინაურს. გუშინ საღამოს ქალბატონმა არიადნამ დაურეკა _ რომა ყურმილს არ იღებს და ვღელავო. მასთან ეძებდა, ადასთან. ე. ი. არ არის მათი ურთიერთობის წინააღმდეგი. ადას კი ისე ეშინოდა ამ ბოხხმიანი, მედიდური ქალბატონის...

კლინიკაში შესვლისთანავე მანტოს ღილები შეიხსნა და ხორცისფერი ბლუზონი გამოაჩინა _ დერეფანში რომ შეეფეთოს, ბარემ ერთბაშად მოახდენს ფურორს. რომას არა, მაგრამ კიბის ბაქანზე უშანგი თოდუას მოჰკრა თვალი, _ ზურგით იდგა და მობილურზე ლაპარაკობდა.

არა, ადას არ სჩვეოდა სხვისი ლაპარაკის მოსმენა, მსგავსი უსაქციელობა ღმერთმა აშოროს, მაგრამ რომას სახელის გაგონებამ აიძულა კედელს აჰკვროდა და ყური დაეგდო.

უშანგი აღელვებული ჩანდა:

_ ... დაუჩემებია, სიმპოზიუმიდან რომ ჩამოვალ მეშვიდე პალატა თავისუფალი დამხვდესო... კურდღელზე უარესია, ჯარჯი, კაცი კი არა, არ ვიცი, რა ვთქვა... ჰო, ჰო, შიბაქი! ასიანში მოარტყი. ებიჯო, მეც მაგას არ ვეუბნები? ყვავილი ხომ არაა, გარეთ გავდგა, ცოცხალი ადამიანია, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება... რაო? ინტერპოლიც ჩაერთვება?... აუჰ, ეს რა მითხარი?! დანძრევია ვასიკოს და ეგ არის... უნდა მოვასწროთ, გეთანხმები. ვისაც გინდა დაელაპარაკე, ხომ გყავს ხალხი ჯანმრთელობის სამინისტროში... იცი, რას გეტყვი _ მე მაშინ ვიქნები პასუხისმგებელი, როცა დირექტორის ფუნქციასაც შევითავსებ... დიახ, დიახ...

რაო? დირექტორის ფუნქციასაც შევითავსებო?

აქ კი ადამ ვერ მოითმინა, ჯიქურ გამოხტა თავშესაფარიდან და უშანგის თავზე დაადგა. ჰ

_ რა სახე გაქვს, ადა? _ უშანგიმ სასწრაფოდ დაკეცა მობილური და ჯიბეში ჩაიჩურთა. _ ვინმე ხომ არ მოგდევდა?

_ არც თქვენ გაქვთ დალაგებული სახე, ბატონო უშანგი. _ ირონიულად აღნიშნა ადამ.

_ როგორ მელაპარაკები?

_ როგორც იმსახურებთ.

_ ადა!

_ საკუთარ გულში ჩაიხედეთ! _ მოუჭრა ადამ, გვერდი აუარა და კიბეზე აიჭრა.

როგორც კი მდივანი თვალს მიეფარა, უშანგიმ მობილური ამოიღო და ერთადერთი სიტყვა წარმოთქვა:

_ მგონი გავიშიფრეთ.

. . .

ადა აქოშინებული შევარდა სამდივნოში, ერთი სული ჰქონდა საქმის კურსში ჩაეყენებინა რომა, მაგრამ იქ სრულიად უჩვეულო სიტუაცია დახვდა _ ორ კუნთმაგარ სანიტარს კაბინეტიდან ტელევიზორი გაჰქონდა. რომას ზედამხედველობის ქვეშ.

_ რა ხდება? _ იკითხა ადამ.

_ აი, მეშვიდე პალატის პაციენტს ტელევიზორი სჭირდება. _ საზეიმოდ გამოაცხადა რომამ.

_ რატომ?

Page 51: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ მაგდამ, ასეა საჭიროო.

_ აბა, მაგდა?

_ ფსიქოლოგი. _ ნაჩქარევად უპასუხა რომამ და სანიტრებს წინ გაუძღვა. არც ადას ახალი მანტო შეუმჩნევია, მით უმეტეს, არც ბლუზონი.

_ საქმე მქონდა, ბატონო რომა...

_ მეც საქმე მაქვს, ადა, ვერ ხედავ?! _ ცოტა არ იყოს, გაღიზიანებულმა უპასუხა რომამ.

ადა ყველაფერს მიხვდა. მისი სათაყვანო ობიექტის სასიყვარული ვექტორი სულ სხვა ქალისკენ იყო მიმართული.

_ როცა მოიცლით, მერე დაგელაპარაკებით...

მაგრამ შეფმა ვერ გაიგო მისი ნათქვამი. ან გაიგო და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. ადამ ნირწამდარი დაეშვა სკამზე. ისეთი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სილა გააწნეს, ბოდიშის მოხდა კი რატომღაც დაავიწყდათ.

რომა ნახევარ საათში გამოჩნდა. საშუალო ასაკის დამწუხრებულ წყვილს შემოუძღვა და ადას მამოლოგის გამოძახება უბრძანა. ეს იყო შემთხვევა, როცა პლასტიკური ქირურგიის კლინიკას სილამაზის გაუმჯობესების გამო არ სტუმრობდნენ. ქალის ფერმკრთალი პირისახე თავისთავად მეტყველებდა ონკოლოგიურ დაავადებაზე. ალბათ ძუძუ მოაჭრეს.

ადა მამოლოგს დაუკავშირდა. უშანგის არ იყოს, ბატონი დავითი ერთ-ერთ გამოჩენილ მედიკოსად ითვლებოდა რესპუბლიკის მასშტაბით. იმ განსხვავებით, რომ დავითი კეთილი იყო, უშანგი კი ბოროტი და შურიანი. სძინავს და დირექტორის სკამი ესიზმრება. ალბათ მიაჩნია, რომ მენეჯერობა იოლი პროფესიაა. ტყუილია! ის, რომ კლინიკაში პაციენტების რიცხვმა იმატა, მხოლოდ და მხოლოდ რომას სწორად დაგეგმილი სტრატეგიისა და კრეატიული აზროვნების დამსახურება. ცხადია, ამაში არის უშანგის ლომის წილიც, მაგრამ ვინ მოიწვია ის კლინიკაში? ცხადია, რომა ქემოკლიძემ. ისიც და სხვა პროფესიონალებიც.

ამასობაში მიღების საათები დაიწყო და ადას ოთახიც თანდათან გაივსო დირექტორთან შეხვედრის მსურველებით. ისე გაიპარა დრო, შესვენებამდე თავი არ აუღია. როცა აიღო (თავი) ფანჯრის მინაში საკუთარი გამოსახულება დაინახა _ აშკარად მოუწესრიგებელი ვარცხნილობით. რა აზრი აქვს გარდერობის განახლებას, თუკი ორი თვის წინ შეჭრილი კარე ცხენის ფაფარს დამსგავსებია?! რომა ისეთი გაფანტულია, იაფფასიან მანტოს კი არა, წავის მოსასხამს ვერ შეამჩნევს. სულ სხვა საქმეა ვარცხნილობა და მაკიაჟი.

გადაწყდა. შესვენებისთვის განკუთვნილ დროს ადა ბუფეტში წვნიანის ხვრეპას კი არა, თავის მოწესრიგებას მოახმარს. ნაცნობი პარიკმახერი ქალაქის ცენტრში ეგულება, ერთ საათში წასვლასაც მოასწრებს და უკან დაბრუნებასაც. თუ ვერ მოასრებს, ცოტათი დააგვიანებს. დიდი ამბავი! ქალმა ხანდახან უნდა დააგვიანოს. სამაგიეროდ, ისეთი ეფექტური დაბრუნდება, რომას ენა არ მოუბრუნდება სასაყვედუროდ. დღის მეორე ნახევარში, როცა მიმსვლელ-მომსვლელების რაოდენობა შემცირდება და შეფი ჩვეულებისამებრ მწვანე ჩაის მოიკითხავს, ადა ჩაისთან ერთად ცხელ-ცხელ჻ჭორებს მიართმევს.

ადამ ნაჩქარევად დატოვა კლინიკის ტერიტორია. კლინიკის ტერიტორია დატოვა დაბურულშუშიანმა `ფორდმაც~.

Page 52: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ _ _

მაგდამ ქეთუნას ტელეფონით ძილი ნებისა უსურვა და მოწყენილი მიუჯდა ტელევიზორს. უჭირდა შვილის გარეშე. განსაკუთრებით, დაძინება. ცარიელი საწოლის დანახვაზე ძლივს იკავებდა ყელზე მომდგარ გორგალს. საერთოდ, არ უყვარდა ცვლილებები. ძნელად ეგუებოდა ახალ გარემოს, ავეჯის გადაადგილებაც კი დისკომფორტს უქმნიდა. აქ კი ცოცხალ ადამიანზე იყო ლაპარაკი, ყველაზე ძვირფასზე და ყველაზე უმწეოზე. რაც თავი ახსოვს, ქეთუნა გვერდით ეწვა, იმ საშინელი დიაგნოზის შემდეგ ხომ სულ მიყურადებულს ეძინა. პატარა ჩქამზეც კი შეშლილივით წამოხტებოდა ლოგინიდან და საბანზე ხელებს აფათურებდა.

ტელევიზორში შამპუნის ტრადიციულად ამაზრზენი რეკლამა გადიოდა _ შუაზე გადაყოფილი თმითა და მხრებზე დაყრილი ქერტლით.

მაგდამ ტელევიზორის ხმას ჩაუწია და გარედან შემოსულ შრიალს მიაყურდა. წვიმა მოსულა. თანაც კარგა გვარიანად აშხაპუნებდა, მან კი დიდი ამბით გარეცხა სარეცხი. რაც მთავარია, გაფინა. ჩამოხსნას რაღა აზრი აქვს _ უკვე დასველდებოდა. მაინც გაიხედა ფანჯარაში. ღამის სიბნელეში წვიმის მონაცრისფრო-გამჭვირვალე ფარდა ცოცხალივით ირხეოდა. მოპირდაპირე კორპუსში აქა-იქ ენთო შუქი. ხალხი უკვე ჩალოგინდა. ასეთ ამინდში თბილ ლოგინსა და საინტერესო დეტექტივს არაფერი სჯობს. მაგრამ ახლა რომ დეტექტივის კითხვა დაიწყოს, შეიძლება თავზე დაათენდეს, ხვალ კი გაბრუებული თავით მოუწევს ვახოსთან მეცადინეობა.

საწყალი ვახო. როგორი დაკომპლექსებულია, როგორი მოუფერებელი... პარადოქსია, მაგრამ მოფერებული და კარგად ნასვამ-ნაჭამი რომაც საწყალია, და არანაკლებ დაკომპლექსებული.

ეზო ფარების შუქმა გადაკვეთა. წვიმაში გაკრთა მანქანის ვერცხლისფერი გვერდი და სადარბაზოს მხარეს გაუჩინარდა.

მადგამ საძინებელში ბრა აანთო და პიჟამა დაითრია. ის იყო, ლოგინში შეყვინთვას აპირებდა, რომ კარზე გრძელი, მოუთმენელი ზარი გაისმა.

`ქეთუნა!~ აენთო თავში და ხელების ცეცებით გავარდა კარის გასაღებად.

კიბის ბაქანზე რომა ქემოკლიძე იდგა _ ათრთოლებული, თავფეხიანად გაწუწული, გრძელ საწვიმარში, შუბლზე ჩამოცოცებული კაპიუშონით, რომლიდანაც დიდი, შიშისგან დამრგვალებული თვალები მოუჩანდა...

_ ბატონო რომა...

_ მაგდა, მიშველეთ!

_ რა მოხდა?...

_ მაგდა...

_ შემოდით, შემოდით...

რომა არ იძროდა. ჩაბეტონებულივით იდგა ბაქანზე, მხოლოდ სველი წამწამების ხამხამზე ეტყობოდა, რომ ცოცხალია. მაგდამ საწვიმარის ბორტში ხელი ჩაავლო, ღილები გაუხსნა და მისაღებისკენ უბიძგა.

_ აბა, გისმენთ! _ უთხრა მკაცრად.

_ ადა მოკლეს.

_ თქვენი მდივანი?

Page 53: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

რომამ თავი დააქნია და წვიმის წვეთები მაგდას შეაფრქვია.

_ რა საშინელებაა. ვინ მოკლა?

_ შემდეგი მე ვარ.

_ რას ბრძანებთ?

_ სიმართლეს. ალბათ გიკვირთ, რამ მომიყვანა აქ, თქვენთან, ახლახანს გაცნობილ ქალთან, ღამით, წვიმაში...

_ მიკვირს, კი. _ აღიარა მაგდამ.

_ მერწმუნეთ, სხვა გზა არ მქონდა. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ვერ მომაგნებენ.

_ რას ნიშნავს `ვერ მომაგნებენ?~.... მოიცა, მოიცა... დაჯექით და დალაგებულად მომიყევით ყველაფერი. არა, ჯერ გაგაშრობთ, მერე ცხელ ჩაის დაგალევინებთ, თორემ ერთიანად კანკალებთ...

მაგდამ პირსახოცის გამოსატანად საძინებელში შევარდა და ახლაღა შეამჩნია, რომ პიჟამა აცვია და ფეხშიშველა დატყაპუნებს. ხალათში შემოიცვა, ფუმფულა, ძაღლისთავიან ჩუსტებში ფეხები გაუყარა და უკან დაბრუნდა. რომა მორჩილად იჯდა სავარძლის კიდეზე, შუბლზე მიწეპებული სველი თმითა და აწურული მხრებით. მაგდამ პირსახოცი თავზე დააფარა და ენერგიულად შეუდგა გაშრობას. უცებ დედური სინაზე შემოაწვა უმწეო, ორმეტრიანი ახმახის მიმართ. აშკარად ვერ არის სრულ ჭკუაზე, ვის რაში სჭირდებოდა ის კაფანდარა ნაცრისფერი ქალი?... ან ამ მიამიტმა კუპიდონმა ვის-რა უნდა დაუშავოს?

მას შემდეგ, რაც ცხელი ჩაითა და გულისხმიერი დიასახლისის მზრუნველობით გამთბარმა რომამ თავისი ეჭვების შესახებ უამბო მაგდას აზრი შეეცვალა.

_ უბედურ შემთხვევას გამორიცხავთ?

_ გამოვრიცხავ. ადას რაღაცის თქმა უნდოდა ჩემთვის, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის... მე კი ყურიც არ ვათხოვე, თქვენ ნახვას ვეშურებოდი. ჰო, ჰო, ასე იყო. ის თავიდან მოიშორეს, როგორც არასასურველი მოწმე. ჯარჯიმ მოიშორა, იმ.... იმ ღრჯოლებიანმა ვამპირმა!

_ ნუ აჭარბებთ, რომა.

_ ჩემი თვალით ვნახე, როგორ ნთქავდა სისხლიან ხორცებს!

_ სად?

_ რესტორანში.

_ ეს უკვე გემოვნების ამბავია.

_ უშანგი კიდევ უარესი! დაკვირვებიხართ როგორ ჰგავს ლავრეტი ბერიას?

მაგდამ მაქსიმალურად შეიკავა თავი, მაგრამ ტუჩის კუთხე მაინც ხალისიანად შეუხტა.

_ მაგან დამღუპა, მაგ სათვალიანმა შიმპანზემ! თორემ იმ გებეშნიკ ჯარჯის ასი წელი არ ვიცნობდი, მათი პროტეჟე _ ვახოა თუ ვინც არის, ხომ საერთოდ თვალით არ მინახავს!

_ რატომ დათანხმდით ამ ავანტიურაზე?

Page 54: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ უშანგი დამემუქრა: ამ საქმეში თუ არ დაგვეხმარე, მე კლინიკიდან წავალო. _ თავი იმართლა რომამ. _ უშანგის წასვლა ავტომატურად გამოიწვევდა პაციენტების დაკარგვას. ჩინებული ქირურგია, ვერ დავუკარგავ პროფესიონალიზმს. მე ამას ვერ დავუშვებდი. იქით ჯარჯიც შემიჩნდა, გავლენიანი ჩინოვნიკი, ვიღაც ქურდბაცაცა ხომ არა?! სახელმწიფო საქმეაო, ისაო, ესაო... თანაც ჩემი დახმარება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ თვალი დამეხუჭა მეშვიდე პალატის პაციენტზე... ვითომ არ არსებობს.

`ვაიმე, ვახოს არ მოუწიონ რამე~, გული გადაუქანდა მაგდას, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. არ ღირდა ისედაც შეშინებული კაცის უარესად დაზაფვრა.

_ დაგკითხეს?

_ კი, რამდენიმე საათი მკითხავდნენ. ერთი სიცოცხლე გავათავე. ცხოვრებაში არ მქონია საქმე პროკურატურასთან, ვერ წამოიდგენთ რა დღე...

_ სადმე გამოთქვით ეჭვები ადას სიკვდილთან დაკავშირებით? _ გააწყვეტინა მაგდამ.

_ არა, რას ამბობთ?! დედას გეფიცებით, არავისთვის-არაფერი მითქვამს. იმ ტოტს ხომ არ მოვიჭრი, რომელზეც ვზივარ? ან ვინ დამიჯერებდა? ყველანი შეკრულები არიან, ყველანი!

_ ჰო, მართლა, დედათქვენმა იცის, სად ხართ?

რომამ ნერვიულად გააქნია თავი და მზერა აარიდა.

_ ალბათ ღელავს, არა?

_ ალბათ.

_ გინდათ, ჩემგან დარეკეთ?

_ არა, არა! _ რომამ ისე აიქნია ხელები, ლამის ჭიქიანა გადმოყირავდა. _ ვერ დავრეკავ. გაგიჟდება, ქვეყანას შემიყრის! თქვენ არ იცნობთ დედაჩემს... დამიწყებს გამოკითხვას _ სად ვარ, ვისთან, რატომ... ასეა მიჩვეული. იმდენს მიჩიჩინებს, უსათუოდ გამომტეხავს. არა, არ დავრეკავ. არავითარ შემთხვევაში!

_ მომეცით ნომერი, მე დავრეკავ.

_ დედიკოს ბიჭი გგონივართ, არა? _ რომამ გამომცდელად შეხედა.

_ მერე რა? ზოგი დედიკოს ბიჭია, ზოგიც მამიკოს გოგო.

_ არ გეშინიათ?

_ ვისი, თქვენი?

_ დედაჩემის.

_ არა, რომა, არ მეშინია. უბრალოდ მეცოდება. ალბათ ფანჯარასთან ზის და გელოდებათ. ასე არაა?

რომამ სახლის ტელეფონის ნომერი უკარნახა და სულგანაბული დაელოდა განაჩენს, მაგრამ მაგდამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად მისი თანდასწრებით საქმის გარჩევა _ აპარატი სამზარეულოში გაიტანა და კარი მჭიდროდ მიხურა.

ხუთიოდე წუთში ის დაბრუნდა და გაღიმებული შედგა სავარძელთან.

_ ველაპარაკე.

_ მერე? _ რომამ ძლივს დაიმორჩილა გაპარული ხმა.

Page 55: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ ვუთხარი, რომ აქ რჩებით.

_ მერე?

_ მადლობა მომიხადა გაფრთხილებისთვის.

_ მართლა?

_ ჰო, მართლა.

_ და... და მართლა აქ ვრჩები?

_ აბა, ამ წვიმაში გარეთ ხომ არ გაგაგდებთ?

აქ მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ _ რომა მუხლებზე დაემხო, ფეხებზე ხელები შემოხვია და ატირდა. მაგდამ აცალა ამოღრიალება. ტირილი ხსნის სტრესს, საცრემლე ჯირკვალი დროგამოშვებით უნდა დაიცალოს, რომ თვალი დატენიანდეს და გასუფთავდეს.

_ გამომყევი ცოლად. _ რომამ უცებ შეწყვიტა ტირილი და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაისუსა.

_ ახლა გამოგყვეთ თუ ხვალისთვის გადავდოთ? _ გაეცინა მაგდას.

_ დამცინით, არა?

_ რომა, თქვენ ახლა აღელვებული ხართ... თვითონაც არ იცით, რას ლაპარაკობთ. _ უნდა ეთქვა, `ბოდავთო~, მაგრამ მოერიდა.

_ ვიცი. იმ დღიდან ვიცი, რა დღესაც დაგინახეთ. მე თქვენ მიყვარხართ, თქვენ ჩემი დულსინეა ხართ!

_ ეს უკვე თეატრის სფეროა! ადექით, რომა, ადექით... გვიანაა უკვე, მეც ადრე ვარ ასადგომი. _ მაგდამ ფეხები გაინთავისუფლა და უკან დაიხია. _ აქ დაგიგებთ, ტახტზე... თუ გინდათ, დასამშვიდებელს მოგცემთ, რაიმე მსუბუქს...

_ შენ ხარ ჩემი დასამშვიდებელი. გიყურებ და მშვიდდები. დედას ვფიცავარ! ეს ძაღლისთავიანი ფაჩუჩებიც კი მამშვიდებს, შენსავით მყუდროა და იმიტომ. გინდ დაიჯერე, გინდ არა. _ რომა შარვლის ფერთხით წამოდგა და შვებით ამოისუნთქა.

_ კარგი, მჯერა. დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ.

_ ხვალ... ხვალ არ ვიქნები საქართველოში.

_ ?

_ იტალიაში მივდივარ. სიმპოზიუმზე.

_ მაგას რა ჯობია, რომა?! _ გაუხარდა მაგდას. _ ცოტა ხნით მაინც მოშორდებით აქაურობას, გარემოს გამოიცვლით, დამშვიდდებით...

_ ჩემი გული აქ დარჩება...

მაგდამ თვალები გადაატრიალა და თეთრეულის მოსატანად გავიდა.

_ _ _

ვახოს მოეწონა თავისი ახალი იმიჯი _ აკურატულად შეკრეჭილი წვერი, გადაპარსული თავი და კბილები, კბილები... _ ქათქათა, სწორი, უმაღლესი კლასის

Page 56: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

სტომატოლოგის მიერ დაბჟენილ-აღდგენილი. წამდაუწუმ მირბოდა სარკესთან, საკუთარ თავს უღიმოდა და... და ვასიკო ცეცხლაძეს ხედავდა. მაგდამ უთხრა _ წარმოიდგინე, რომ მსახიობი ხარ და როლზე მუშაობო. თავდაპირველად გაუჭირდა _ მისი შინაგანი ალტერ ეგო აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სხვის ტყავში ჩაძრომასა და იქ დამკვიდრებას. მერე და მერე ეშხში შევიდა, მოთხოვნილებად ექცა ფსიქოლოგთან საუბრები, იმდენი რამ გაიგო... ზოგიც გაიხსენა. ტელევიზორმა ხომ საერთოდაც ახალი ხედვა გაუხსნა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ნაცრისფერი ყუთი ამდენ საინტერესო ინფორმაციას ინახავდა.

წვერის მოშვება მაგდას იდეა იყო _ ნაწიბურებთან დაკავშირებული მცირეოდენი დეფექტის შესანიღბად. იდეა ჯარჯიმაც აიტაცა _ ნაავარიები `ვასიკო~ ცოტა სახეცვლილი უნდა წარდგენილიყო საზოგადოების წინაშე.

ერთადერთი შტრიხიღა აკლდა _ მოდური ტანსაცმელი, რომელიც შეთანხმებისამებრ დღეს უნდა მოეტანათ.

ნაშუადღევს სამივე გამოცხადდა. ჯარჯიმ მეფური ჟესტით დააგდო საწოლზე შალითაში გამოკრული ახალთახალი კოსტიუმი და ფეხსაცმლის კოლოფი.

_ შეგიძლია მოირგო. პატენტი არ გეგონოს, ნაღდი `ვერსაჩეა!~

_ იმის თქმა გინდათ, რომ... _ ვახომ არ დაასრულა, თითოეულ მათგანზე მოლოდინითა და იმედით სავსე მზერა გადაატარა.

_ ჰო, ჰო, დღეს აქაურობას ვასიკო ცეცხლაძე დატოვებს, მოაჯდება საკუთარ მანქანას და საკუთარ სახლში მიგრიალდება.

_ გლიჯავს!

_ აპაპაპა! _ თითი დაუქნია ჯარჯიმ. _ გლიჯავს, ტეხავს, ასწორებს და მისთანები, ვახო შალიკაშვილთან ერთად აქ, ამ პალატაში მოკვდება.

_ ჰო, კაი, კაი... პროსტა მაგრა გამისწორდა, რა... პარდონ! უბრალოდ ძალიან გამიხარდა. ნუ გეშინიათ, არ ჩავიჭრები, სხვებთან უფრო ფრთხილად ვილაპარაკებ, თქვენ მაინც შინაურები ხართ. _ ვახომ შალითა გახსნა და აღფრთოვანებული მიაჩერდა გაწკეპილ კოსტიუმს, რომლის ქვეშ აკურატულად ეკიდა ბაცი იისფერი პერანგი.

_ ესეც მანქანის გასაღები! დაიჭირე.

_ რა მაგარია!

_ ესეც სახლის. _ ვახოს მიმართულებით გასაღების მეორე ასხმა გაფრინდა. _ ნუცუბიძის პლატოზე იცხოვრებ კერძო სახლში. ჯაკუზით, ტრენაჟორებით, სავსე მაცივრით... სვი და ჭამე რამდენიც გენებოს. მინიმუმ 3-4 კილოს აკრეფა მოგიწევს.

_ ტარება თუ იცი? _ ჰკითხა აქამდე დამკვირვებლის როლში მყოფი უშანგი.

_ კი, ჯარში ყოფნისას ვისწავლე.

_ იარაღის ხმარება? _ დაინტერესდა ჯარჯი.

_ კალაშნიკოვის დაშლა-აწყობას გვასწავლიდნენ, მაგრამ ცუდად მახსოვს. სროლას რაღა უნდა, ერთი ჩახმახის გამოკვრა... _ უცებ ვახომ მაგდას დაძაბული გამომეტყველება დაიჭირა და ისევ ჯარჯის მიუბრუნდა. _ რატომ მეკითხებით, ვინმე უნდა მოვკლა?

_ არა კაცო, ისე გკითხე, ცნობისმოყვარეობის პონტში.

_ პონტშიო. _ ვახომ მაგდას თვალი ჩაუკრა. _ ეგეც მე ვარ? ყველა თბილისელი ასე ბაზრ... ლაპარაკობს.

Page 57: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ მთავარია, არ გადაამლაშო, თორემ ქალაქური პრონონსი არც ვასიკოს არის უცხო. _ ჯარჯიმ პიჯაკის ჯიბიდან მოზრდილი პაკეტი ამოიღო და ვახოს გაუწოდა. _ აქ ვასიკო ცეცხლაძის საახლობლო წრის ფოტოსურათებია. გაგვიმართლა, რომ მშობლები არ ჰყავს, თორემ დედის გული ხო იცი... სამაგიეროდ ჰყავს შვილი.

_ შვილი? _ ვახომ გრძლად დაუსტვინა.

_ ჰო, მცირეწლოვანი შვილი _ ვატო, შენი მოსახელე. ყოფილ ცოლთან ერთად ცხოვრობს, ასე, რომ საპანიკო არაფერია. ყველამ იცის, რომ ავარიის შემდეგ ვასიკო რეაბილიტაციის კურსს გადის. შენ თუ არ შეერჭობი, თავისით არავინ მოგასკდება. ვინიცობაა მოგასკდა, არ დაიბნე. თითოეულ ფოტოს უკან აქვს მინაწერი _ ვინ-ვინ არის და რას საქმიანობს. სახეებს დააკვირდი და მონაცემები დაიმახსოვრე. სახვალიოდ არ გადადო, დღესვე ჩაუჯექი და დაიზუთხე. მერე მაგდა შეგიმოწმებს. არა, მაგდა? ხომ არ მიატოვებ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის პროდუქტს?

_ როგორც თქვენ იტყვით, ბატონო ჯარჯი.

_ არა, როგორც ხელშეკრულებაში გვიწერია. _ კომპეტენტურად შეუსწორა ჯარჯიმ.

მაგდა თავის დაკვრით შემოიფარგლა. ადას სიკვდილის შემდეგ მისი უნდობლობა `ღრჯოლებიანი ვამპირის~ მიმართ დღითიდღე იზრდებოდა. ქეთუნას ფაქტორი რომ არა, მიაფურთხებდა ყველაფერს და სხვა სპონსორის ძებნაში გადაეშვებოდა. ბოლოს და ბოლოს, იფიქრებდა რომას წინადადებაზე. დედიკოს ბიჭები უპრობლემოდ გარდაისახებიან ხოლმე ცოლიკოს ბიჭებად. მერე რა? ანგარებაზე დაფუძვნებული ქორწინება გაცილებით სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე სიყვარულზე. რადგან სიყვარული გადის, ანგარება კი რჩება. თანაც ეს არ იქნება ანგარება ცუდი გაგებით. ეს იქნება ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილება, რომელმაც მომავალში შეიძლება ახალი სიცოცხლე შვას და რომელსაც მართლა არაფერი ექნება საერთო ანგარებასთან. რომა ბუნებით მონოგამია, მისგან ღალატი გამორიცხულია. მართალია, ქალბატონი არიადნა ადვილად არ დათმობს პოზიციებს, მაგრამ არც მაგდაა ადვილად დასაჩაგრი ქალი.

_ აბა, აღარ გაგაცდენთ. _ ჯარჯიმ უშანგის ხელმკლავი გამოსდო და წასასვლელად მოემზადა. _ ჰო, კინაღამ დამავიწყდა! პიჯაკის ჯიბეში საფულეა. ხვალ-ზეგ შეგიძლია ქალაქში გაიარ-გამოიარო, კაფეში ისიამოვნო, რესტორანში... აი, მაგდა გაგიწევს კომპანიონობას. ახლა სწრაფად ჩაიცვი და მოუსვი აქედან! მე ცოტა ხნით შევყოვნდები, საქმე მაქვს უშანგისთან. საღამოს დაგიკავშირდებით. ორივეს.

ოთახში დარჩენილებს აღარ გაუგიათ საკეტში გასაღების ჩხაკუნი. ვახომ პირველ რიგში საფულე შეამოწმა, მერე ისევ ტანსაცმელზე გადაერთო.

_ ასეთი ზმანები ცხოვრებაში არ მქონია! არც ამდენი მაყუთი. პარდონ, ფული.

_ დროზე ვახო, ჩაიცვი, ნუღარ აყოვნებ. აღარ შემიძლია აქ გაჩერება. _ მაგდა ზურგშექცევით დადგა ფანჯარასთან.

ვახო შემცბარი მიუახლოვდა:

_ რაღაც უხასიათოდ ხარ... თუ მეჩვენება?

_ არ გეჩვენება.

_ რა მოხდა?

_ ადა დაიღუპა.

_ აუ, რას ამბობ?! მეც არ ვიფიქრე, რატომ არ ჩანს ეს დღეები... რატომ არაფერი მოთხარი?

Page 58: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ არ გაგიფუჭე ხასიათი.

_ ისე კი შევატყვე, ეს დღეები ცოტა დაძაბული იყავი... და რა მოუვიდა, თითქოს ჯანმრთელად იყო.

_ მანქანა დაეჯახა.

_ აუჩმ... როგორ? სად?

_ ქუჩაზე გადადიოდა. აქვე, კლინიკასთან. არმისული ტრასასთან. ცოტა მიყრუებული ადგილია.

_ მიყრუებული?... იქნებ...

მაგდა სწრაფად მოტრიალდა და ტუჩზე თითის მიდებით ანიშნა _ გაჩუმდიო.

ვახო ყველაფერს მიხვდა.

_ _ _

უშანგი და ჯარჯი ფანჯრიდან აკვირდებოდნენ კლინიკიდან მანქანისკენ მიმავალ წყვილს.

_ მაგარი ნამუშევარი გამოვიდა, უშანგი! მგონი ორიგინალსაც სჯობს. რას იტყვი?

_ ჰმ!

_ ოქროს ხელები გაქვს, ოქროსი! რომ შეიძლებოდეს მუზეუმში გამოვდგამდი, თვალსაჩინო ადგილზე. გვერდზე ვასიკოს მანეკენს მივუდგამდი, თვალსაჩინოებისთვის. ეჰ, მენანება ლიკვიდაციისთვის, ამდენი გიწვალია, მაგრამ რას იზამ, რას...

_ ისე არ გამოვა?

_ აბა, ვასიკოს ხომ არ მოვაკვლევინებთ? დღე-დღეზე ინტერპოლი ჩაერთვება და მერე კარგად მეყოლე, შორს არ მოუწევთ წასვლა, იქვეა, ევროპაში. დაიჭერენ და ყველაფერს დააფრქვევინებენ. ვასიკოს დომინოს პრინციპით მიჰყვებიან სხვები, მათ შორის, შენი მონა-მორჩილი. არჩევნებამდე უნდა მოვასწროთ ამ საქმის მოყომარება.

_ რატომ არჩევნებამდე?

_ მერე შეიძლება სხვამ დაითრიოს ჩვენი ბიზნესი. ამერიკული ლობი თუ გაძლიერდა, ვინ მიგვიშვებს პანკისის ხეობასთან? ყველაფერს სახელმწიფო გააკონტროლებს.

_ ახლა არ ვართ სახელმწიფო?

_ ახლა კლანური სახელმწიფო ვართ. მერე შეიძლება ერთი გუნდის ხელში აღმოჩნდეს ყველაფერი.

_ მაშინ, რა განსხვავებაა გუნდსა და კლანს შორის?

_ არ გინდა ეს იწილო-ბიწილო ბაზარი, უშანგი. ექიმი კაცი ხარ და მიხედე შენს საქმეს. ეს ბიჭი კი ჩვენამდე შეიძლება ილია მეგრელიშვილის ხალხმა გაასაღოს. მთავარია, ქალაქში გამოჩნდეს.

_ მართლა რომ გაუშვა სადმე?... იგივე ავსტარიაში.

Page 59: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ და ბომბზე ვიჯდე მთელი დარჩენილი ცხოვრება? მე რომ გავრისკო, ვასიკო არ იზამს. ისედაც ქვეყნის ფული დაჯდა ეს ცირკი. შენ ისა თქვი, ვასიკოს არ მოუწიოს ავსტრალიაში გაქცევა... ვერ ძრავს მანქანას ეს ჩემისა თუ რა მოუვიდა? _ უშანგი კისერწაგრძელებული მიაჩერდა ავტოსადგომზე ამაოდ მობღუილე `ბმჭ~-ს.

_ ჯარის მერე თუ არ მჯდარა საჭესთან...

_ აკუმულატორი ხომ არ დაუჯდა?

_ უყურე შენ, ფსიქოლოგმა ითავა მანქანის მართვა. ყოჩაღი ქალი, ყველაფერში ყოჩაღია! _ მაგდა შეაქო უშანგიმ.

_ ეჰ, ერთი ყოჩაღი ავარია დამხატავდა ხო იცი, _ ინატრა ჯარჯიმ. _ ერთი გასროლით ორ კურდღელს დავიჭერდი.

_ ქალს რაღას ერჩი, ადამიანო? _ უშანგიმ სწრაფად შეხედა და უცაბედად გაოფლილი ხელისგულები ხალათზე ჩამოისვა.

_ სხვათა შორის, ადაც ქალი იყო, რომელიც შენს შეცდომას შეეწირა. კიბის ბაქანზე მოგინდა საქმის გარჩევა! ასე რომ, ვიქნებით რომის პაპზე დიდი კათოლიკე, ძვირფასო უშანგი.

_ ნეტავ, სულ არაფერი მეკითხა...

_ კლინიკის ხელში ჩაგდება თუ გინდა, უნდა იკითხო: მაგალითად, რასა იქმს სიმპოზიუმზე წაბრძანებული რომული? ხომ უნდა იცოდე, რის ფასად გიჯდება ის დედამოხნული სკამი?

_ რასა... იქმს? _ გაბზარული ხმით იკითხა უშანგიმ.

_ მონტე-კარლოში ბაირამობს.

_ რაის მონტე-კარლო, კაცი სიმპოზიუმზეა, იტალიაში!

_ იტალიიდან მონაკომდე ერთი ნაბიჯია. _ ჯარჯი სიამოვნებით გაიზმორა. _ დააჯდები ავტობუსს და ბონუსის სახით მიიღებ ხმელთაშუა ზღვის ხედებს. ჰო, რას გაშეშდი, ვასიკომ დაპატიჟა ფორმულა1-ზე დასასწრებად.

_ და ესეც გაჰყვა, დასაკლავი ცხვარივით?

_ ვასიკომ ისეთი შებმა იცის, გამოსირებულ რომას კი არა, ჩემსავით ბებერ მგელს გააცუცურაკებს. თანაც არავინ აპირებს შენი შეფის დაკვლას, კუპრში მოხარშვას და ცეცხლზე შეწვას. უბრალოდ გატესტავს. ხომ უნდა ვიცოდეთ რა აქვს გულში მაგ შობელძაღლს?! ისე დააწვა სიმპოზიუმზე, ერთი არ შემოუხედავს მშობლიურ კლინიკაში. ეს არაფერს ნიშნავს?... სამაგიეროდ, მაგდალენასთან ისე გაჭენდა, წიხლებს ირტყამდა ტრაკში.

_ `მაგდალენა~ ვინ ოხერია?

_ მაგდა, ფსიქოლოგი, ვის მიმართაც ჩვენს რომულის `შორით ალვა და კვდომა~ შეჰყრია.

_ ეგ საიდანღა იცი შე კაი კაცო? _ გადაიაირია უშანგი.

_ `ტუმბოჩკიდან.~ ჰა, ჰა! ჯერ სად ხარ, ამხანაგო ექიმო, აწი ნახე ჩვენი გართობა... ნუცუბიძის სახლი დატენილია `ჟუჩოკებით.~ აბა, როგორ, უშიშროებას არ სძინავს! _ ჯარჯიმ ფანჯარას ზურგი შეაქცია და დერეფანში დაწინაურდა.

_ აკი საქმე მაქვსო? _ მიაძახა უშანგიმ.

_ მეშვიდე პალატაში დამრჩა რაღაც.

Page 60: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

`ჟუჩოკი~, მიხვდა უშანგი და თავისი კაბინეტისკენ მოცოცხა _ შესამოწმებლად.

მონტე კარლო

მონტე-კარლოს ქუჩებში სრული სვლით მიმდინარეობა სპორტული ღონისძიება სახელწოდებით `ფორმულა 1~. მანქანების ძრავების გამაყრუებელს გუგუნს ხალხის ოვაციები ერთვოდა და ყველაფერი ერთად სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. დიმიტრიმ დროშაც გააქნია, ჟურნალისთვის ფოტოსესიაც გადაიღო, ზომიერი ყიჟინაც დასცხო და შესრულებული მოვალეობის სრული შეგრძნებით დაიძრა გასასვლელისკენ. მაგრამ ხალხის ცოცხალი კედლის გარღვევა არ აღმოჩნდა ადვილი. მჭიდროდ მდგარი მასა ზევით თუ ამოგტყორცნიდა, შამპანიურის საცობივით. ან ისე გადაგთელავდა, ვერც მიხვდებოდა.

გასაძრომის ძებნაში დიმიტრიმ მიიხედ-მოიხედა და სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯში ვასიკო ცეცხლაძე დაინახა _ არხეინად იდგა მაღალი, სიმპათიური მამაკაცის გარემოცვაში და ხმამაღლა უხსნიდა რაღაცას. რაც მთავარია, ქართულად.

დიმიტრიმ თავდახრილმა დაიხია უკან, ჯინსის პანამა შუბლზე ჩამოიფხატა და როგორც კი თავი უსაფრთხო ადგილზე იგრძნო, თბილისში დარეკა _ მიხეილ ხვედელიძესთან.

_ ო, დიმიტრის გაუმარჯოს! _ ხალისიანად მიესალმა უშიშროების პოლკოვნიკი. _ დამასწარი. ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. მოკლედ, ტყულუბრალოდ შეგაწუხე: ვასიკო ცეცხლაძე თბილისში ბრძანდება.

_ როგორ ბრძანდება თბილისში, როცა სამი წუთის წინ ჩემი თვალით ვნახე.

იქიდან დუმილი ჩამოწვა.

_ ბატონო მიხეილ! _ დაუძახა დიმიტრიმ.

_ იქნებ გეშლება?...

_ გამორიცხულია.

_ ახლა გავგიჟდები... ვასიკო თავის სახლშია, ქალაქში თავისი `ბმჭ~-თი მოძრაობს...

_ არ ვიცი, ვინ-სად და რით მოძრაობს, მაგრამ ხორცშესხმული ვასიკო ცეცხლაძე ამ წუთში ჩემი მიმართულებით მოძრაობს თავისი ორი ფეხით. _ გააწყვეტინა დიმიტრიმ და ხეს მოეფარა. _ ცნობისთვის, მარტო არ მოძრაობს, ვიღაც ტიპი ახლავს.

_ ვინ `ტიპი?~

_ მაღალი, წარმოსადეგი, თეთრებში გამოწყობილი, ინდოეთის პრინცივით... თუმცა ქართველია. ახალჩამოსული ჩანს, ეტყობა ვერ მოასწრო გარუჯვა. მაშინ, როცა ვასიკო ოქროსფრად ლაპლაპებს. კაი ხნის ჩამოსული ჩანს.

_ აბა, ეს ვიღაა, ვასიკოს ტყუპისცალი?

_ `უტკა~ არ იყოს!

_ მაგას გადავამოწმებ, მაგრამ შენც უნდა დაგვეხმარო, დიმიტრი... ვასიკოს კოორდინატები დაადგინე, იმ მეორე ტიპის ვინაობაც. მოკლედ, რასაც მოახერხებ, ყველაფერი. შემთხვევით მოხვდა მონაკოში თუ ილიასთან ანგარის გასასწორებლად?...

Page 61: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

ვიცი, ვიცი, რომ სამსახური გაქვს, მაგრამ არც ჩვენ დაგრჩებით ვალში. შენი ანგარიშის ნომერი ვიცით.

დიმიტრი ჩაფიქრდა. ზედმეტი ფული არ აწყენს, მაგრამ ალენის დავალებისთვის როდისღა მოიცლის? პრინციპში, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. პირიქით, ინფორმაციის მოპოვებისას ეგებ სადმე გადაეყაროს ფრანგების გადამგდებ ხილ-კენკროვანი გვარის კაცს აბრიკოსოვს.

მიხეილმა დიმიტრის სიჩუმე თანხმობად ჩათვალა და ნაჩქარევად დაემშვიდობა.

დიმიტრის ისღა დარჩენოდა ჩრდილიდან გამოსულიყო და ვასიკოს დაჯდომოდა კუდზე. კონპირაციისთვის მზის სათვალეც მოირგო და ფოტოაპარატიც წინ დაიკიდა _ მიდის ტურისტი თავის გზაზე, ვის-რას უშავებს?

თავის გზაზე მიდიოდა ვასიკო და მისი თანხლები პირიც. არც უფიქრიათ უკან მიხედვა. მონაკო ყველაზე უხიფათო სახელმწიფოა მსოფლიოში _ ოცდაათიათას მოქალაქეზე ხუთასი პოლიციელი მოდის. აქედან გამომდინარე, მიხეილის შიშები ილიასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.. ვასიკო არც ისეთი სულელია, რომ სათვალთვალო კამერებით გაძეძგილ ქალაქში ილია მეგრელიშვილს თავი წააგდებინოს. სადმე, მოყუჩებულში კიდევ ჰო, შეიძლება გაერისკა, მაგრამ სუკის ყოფილი გენერალი ის კაცი არაა, მოყუჩებულში სასეირნოდ გაჰყვეს მისი შვილის ირიბ მკვლელს.

ბედად, ავტორბოლა დამთავრდა და ხალხის ნაკადი ჯერაც გახურებულ ტრასაზე გამოეფინა. კეთილი და პატიოსანი. მასაში ადვილია დარჩე შეუმჩნეველი. ასევე ადვილია დაკარგო თვალთვალის ობიექტი. რაც დაემართა კიდეც დიმიტრის.

გაფაციცებული შედგა და რამდენიმე მეტრში მიწისქვეშა გადასასვლელი დაინახა. სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეები და ისეთი სასწრაფე განავითარა, კინაღამ გაასწრო მოსეირნე ნაბიჯით მომავალ ობიექტებს.

შედგა. დაელოდა. საპატიო მანძილზე გაჰყვა.

ერთ-ერთ ოტელის ღია კაფესთან შეჩერდნენ. ვასიკომ სიგარეტი იყიდა, თეთრსამოსიანმა _ მინერალური წყალი. დიმიტრი სარეკლამო პოსტერებით აჭრელებულ ვიტრინასთან დაბორიალდა _ პრინცის სასახლე, ოკეანოგრაფიის მუზეუმი, ოპერა, კაზინო, ყურე იახტებით... ტურისტული სააგენტო აღმოჩნდა.

_ თუ ჯერ არ ყოფილხარ, ოკეანოგრაფიის მუზეუმს გირჩევ. _ მოესმა ზურგსუკან.

ბორის კუზნეცოვი იყო _ ჯვალოს ფართხუნა პერანგით და ძველმოდური ფეტრის ქედით. სრული ანტურაჟისთვის ტროსტიღა აკლდა. და ღილ-კილოში გაჩრილი მიხაკი.

_ ამ ქუდში ძლივს გიცანით.

_ ააა, მზის გულზე ვიჯექი და... აივანი ვიქირავე ადგილობრივისგან, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა მთელი ტრასა. მინდა გითხრათ, წლევანდელი რბოლა...

_ ბორის, ცოტა მარჯვნივ დადექით, რა... აი, ასე... განაგრძეთ.

_ გასაგებია, ისევ ყოფილ ცოლს უთვალთვალებთ... _ გადაიხარხარა ბორისმა და ცერად დადგა.

_ არა, ბორის, ამჯერად ჩემი თვალთვალის ობიექტი ორი მამრობითი სქესის წარმომადგენელია. უცებ არ მიიხედოთ, თორემ მეც დავიწვები.

_ მე თქვენ გადამრევთ, დიმიტრი, ფგბ-ის აგენტივით სულ ვიღაცას დასდევთ კუდში!

Page 62: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

დიმიტრიმ ხუმრობა გაატარა. აგენტი არა, მაგრამ მისი მონათესავე პროფესიის წარმომადგენელი ნამდვილად იყო.

_ ბორის, უნდა დამეხმაროთ! _ შესძახა აღელვებულმა. ჲ

_ ეგეც საცეკვაოდ დავპატიჟო?

_ არა, მაგრამ ესენიც ქართველები არიან და იქნებ გამოელაპარაკოთ, გაიგოთ, სად ცხოვრობენ, რა ჰქვიათ...

_ კაცებს ქუჩაში გამოვეკიდო გასაცნობად? _ აღშფოთება ვერ დამალა ბორისმა, _ მგონი დაუკრეფავში გადადიხართ, პატივცემულო!

_ რატომ ქუჩაში. აგერ დგანან, სასტუმროს კაფესთან. თქვენც იყიდეთ რამე... წვენი ან მინერალური... ბორის, ძმურად, რა?!

_ ახლა ვარ ძმა, იმ საღამოს კი ისე დატოვეთ კლოზეტი, ჩემთვის არაფერი გითქვამთ.

_ რა უნდა მეთქვა, როგორ მოვშარდე? _ გაუკვირდა დიმიტრის.

_ ტანდემში მოშარდეთ თქვენ და თქვენმა ყოფილმა ცოლმა? ფერი არ გედოთ, რომ გამოხვედით... გრიმმაც კი ვერ გიშველათ.

_ კარგი, ყველაფერს მოგიყვებით, ოღონდ მერე, მერე... ახლავე თუ არ დაეკონტაქტეთ, გზას განაგრძობენ... მართლა ქუჩაში ხომ არ დაედევნებით?!

_ სიტყვა სიტყვაა! _ წამოიძახა გაბადრულმა ბორისმა და ფრთხილად მიტრიალდა.

_ მარცხნივ რომ ორი ტიპი დგას, ისინია. ერთს _ `ლა კოსტას~-ს ყვითელი მაისური აცვია; მეორეს _ თეთრი ბალახონივით რაღაც.

_ ჰმ, მაისურიანი ჩემს ოტელში ცხოვრობს, მეორეს პირველად ვხედავ.

_ შენ სად ცხოვრობ?

_ ამავე ოტელში.

_ ააა... ეს ძალიან კარგია, ბორის, შესანიშნავი! მიდი, რაღაც აყოვნებ, თორემ დაითესებიან... საღამოს ჩემს სასტუმროში გელოდები, ადგილებს ვერანდაზე დავჯავშნავ. გაწყობს?

_ და ყველაფერს მომიყვები! _ გაუმეორა ბორისმა და ყოველ შემთხვევაში გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.

თბილისი

კერძო სახლი ნუცუბიძის პლატოზე სპეციალურად შეარჩიეს (ვასიკოს ცენტრშიც ჰქონდა ბინა) _ წინასწარი გაფრთხილების გარეშე არავინ ამოასკდება ამ სიშორეზე. სახლი ახალი აშენებული იყო, პრაქტიკულად აუთვისებელი, რაც გამორიცხავდა ცნობისმოყვარე მეზობლების ვიზიტსაც.

ვახოს თავი სიზმარში ეგონა. მთვარეულივით დაბორიალობდა სართულიდან სართულზე და ფუფუნების სუნით ტკბებოდა. ადრე ეგონა, რომ სუნი მხოლოდ სიღარიბეს აქვს _ ზეთზე შემწვარი ერბოკვერცხის და ხახვის, _ როგორც მის მდგმურებს. თურმე სიმდიდრესაც თავისი არომატი (და არა სუნი) აქვს, დაახლოვებით ისეთი,

Page 63: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

როგორც ჯარჯის ნაფეშქაშარ საფულეს, რომელსაც ვახო დღეში რამდენჯერმე ხსნიდა და ყნოსავდა, ყნოსავდა... ბენჯამინ ბაბუა არ იყო წინააღმდეგი. სულ პირიქით, სურნელოვანი ჯიბიდან სანახევროდ ამოეყო გამელოტებული შუბლი და თითქოს აგულიანებდა კიდეც.

პირველ ღამეს ვახოს შფოთიანად ეძინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯაკუზში ინებივრა და დელიკატესებიც დააგემოვნა. პაკეტის შიგთავსმა თუ იმოქმედა. ხან ერთი ფოტოსურათი ამოუტივტივდებოდა გონებაში, ხან მეორე, თავიანთი სივებით, სიფათებით, მეგობრულ-ნათესაური კავშირებით. მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა.

ზარის ხმაზე ფეთიანივით წამოხტა ლოგინიდან და მობილურს ეცა. არა, კარზეა ვიღაც. ფარდა გასწია და ეზოში გადაიხედა. კართან მდგარი უცნობი ქალი მოუთმენლად რეკდა ზარს.

`არ გავაღებ,~ გადაწყვიტა ვახომ, მაგრამ ამ დროს ქალმა ამოიხედა და ფანჯარაში გამოდგმული კაცი დაინახა. ვახომ ის იცნო _ ვასიკოს ყოფილი ცოლი იყო, სახელად... აი, სახელი დაავიწყდა. ჯანდაბას!

_ დროზე ქენი! _ ქალმა მოუთმენლად ააბაკუნა გრძელი, ნატიფი ფეხი.

ვახო ფანჯარას მოწყდა, ფართხაფუთხით ამოიცვა სპორტულები, ყელზე საგანგებოდ გადადებული კაშნე შემოიხვია, ნაცრისფრად დაბურული სათვალე გაიკეთა და პირველ სართულზე ჩაქანდა.

ვიდრე კარს გააღებდა, ჯარჯის მიერ გადმოცემული პაკეტიდან ფოტოსურათები ამოფერთხა. აი, ისიც! მაია... ხო, მაია. ეშხიანი ქალი ყოფილა, ასეთ ცოლს რომ კაცი ხელიდან გაუშვებს...

_ ვაიმე, რა ხდება, კუ ხარ თუ ადამიანი?! _ პრეტენზიულად დაიყვირეს კარს მიღმა.

ვახოს აზრი შეეცვალა. ქმარსაც თუ ასე ელაპარაკებოდა, ხელიდან გაშვების კი არა, კაი პანღურის ღირსი ყოფილა.

როგორც იქნა, კარი გააღო და `ყოფილი ცოლი~ მთელი თავისი მშვენებით წარსდა მის წინაშე. ცხოვრებაში უფრო ეფექტური ჩანდა, ვიდრე ფოტოზე _ დიდი ლურჯი თვალები, ბავშვურად გაბუტული ტუჩები, მცირეოდენი ჭორფლი თოჯინისებრ ცხვირზე, წითური თმის ხვეულები გამჭვირვალე საფეთქელზე... საერთოდაც გამჭვირვალე იყო, როგორც ყველა მეტისმეტად პირთეთრა ქალი. ვახოს მოსწონდა ასეთები. ძალიან. დაუხატავს კიდეც...

_ რას მომჩერებიხარ, წადი, გადაიხადე ტაქსის ფული, კაპიკი არ მიჭყავის ჯიბეში.

ვახომ ჯიბეზე გაიკრა ხელი, მაგრამ გაახსენდა, რომ საფულე ახალი პიჯაკის ჯიბეში აქვს და უკან შებრუნდა. ამჯერად სულ სხვა ეშხით გახსნა საამაყო საფულე (დასაყნოსად კი არა, რეალიზაციისთვის), ასდოლარიანი კუპიურა ამოაფრიალა (ლარებად დახურდავება ვერ მოასწრო) და ფართე, ნასწავლი ნაბიჯებით გაემართა ანგარიშის გასასწორებლად. კართან არმისულს გზა ცოლყოფილმა გადაუღობა:

_ საით?... შენ ვერა ხარ, ხო იცი... ტაქსისტი ასდოლარიანს დაგიხურდავებს?!

მაია ხელის ერთი მოძრაობით გამოაცურა კუპიურა ვახოს თითებიდან და თეძოების რხევით გავიდა გარეთ.

Page 64: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

`აკი კაპიკი არ მიჭყავისო?~, გულში გამოაჯავრა ვახომ, მაგრამ არ გაბრაზებულა. ასეთ ქალს ტყუილიც ეპატიება.

მაია მალევე დაბრუნდა და ინტერესით შეათვალიერა:

_ ჰმ, თმა გადაგიპარსავს, წვერი მოგიშვია, სათვალე დაგიკოფსებია... ვის ემალები, ვასიკო, მე ხომ არა?

ვახომ თავი გააქნია. ხმის ამოღების ეშინოდა _ ვაითუ იცნოს.

_ აბა, მომიყევი, სად დაიკარგე?

_ ავარიაში მოვყევი. _ ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა.

_ რა-ა? _ მაია შეკრთა. დამცინავ-პრეტენზიული გამომეტყველება თანაგრძნობამ და წუხილმა შეცვალა. _ რა თქვი, გაიმეორე.

_ ჰო, თავიდან ამაწყვეს...

_ ვაიმე, რას მეუბნები, ვასო? მე არ ვიცოდი... არავინ იცოდა... ხმაც შეცვლილი გაქვს, იცი?...

_ იოგების ოპერაცოა გამიკეთდა.

_ ვაიმეეე... მოიხსენი სათვალე! _ ბრძანა მაიამ.

ვახო დაემორჩილა.

_ დედაა... ეს რა მოგსვლია, ვასო... მე კი შენს დასაყაჩაღებლად მოვედი!

_ ფული გამოგელია?

_ იცი, ვასო, ჩვენს დროში ათასი დოლარი ფული არ არის. მარტო ვატოს იცი რამდენი სჭირდება?... ჩაცმა, ჭამა, ცურვა, ინგლისური, ჯიბის ფული...

ვახო თვალებგაფართოებული მიაჩერდა. 1000 დოლარი ფული არ არისო! მას კი თავი მილიონერი ეგონა, რაკიღა საფულეში 1000 დოლარი ეგულებოდა. უკვე 900. ყოფილ ცოლს თუ 1000 აძლევს, თავისთვის ალბათ სამჯერ მეტს იტოვებს. თუ მეტს არა. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი კაცი ვასიკო ცეცხლაძე პრაქტიკულად მილიონერია. და ეს ყველაფერი დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომელზეც ასე ოცნებობდა გულანთებული დედამისი.

მაია კი ბუხრის წინ მაღალზურგიან სავარძელში იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო და თავის გაჭირვებაზე წუწუნებდა. ისე საყვარლად წუწუნებდა, ვახომ მოუნდა ნოხზე მორთხმულიყო, ძაღლივით და უსასრულოდ ესმინა. სხვა სიტუაციაში ასეც მოიქცეოდა, მაგრამ ეს ქალი მისი ყოფილი ცოლი იყო, მისი შვილის დედა...

_ ჰო, ვატო როგორ არის?

_ გაგახსენდა, არა?

_ ყოველთვისაც მახსოვს...

_ კაი, რა... ახალი წლის მერე არ გინახავს... დაგერეკა მაინც, მოგეკითხა. მარტო ფული ხომ არ არის ყველაფერი _ ბავშვს მამა უნდა.

_ ბავშვს _ მამა, დედას _ ფული. _ ჩაიცინა ვახომ.

_ რა ვქნა, საყვარელი გავიჩინო?! _ გულუბრყვილოდ იკითხა მაიამ და ურჩი თმა სიფრიფანა ყურებზე გადაიწია.

ვახომ ნერწყვი გადაყლაპა.

Page 65: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ მართლა არავინ გყავს?

_ ნწუ. შენ?

_ არც მე.

_ იმასთან ყველაფერი მორჩა?

_ ვისთან?

_ ვითომ არ იცი! მისი სახელის ხსენებაც კი გულს მირევს, როგორ შეგეძლო იმ ძუკნას გამო... კარგი, არ მინდა ამაზე, რაც იყო, იყო.

ვასიკომ ვიღაც ძუკნას გამო ანგელოზივით ცოლი დათმო, მიხვდა ვახო. იდიოტი!

_ დასალევი არ გაქვს? _ უცებ ჰკითხა მაიამ.

_ ყავას გაგიკეთებ.

_ რამე უფრო მაგარი... და ყავაც, ყავაც. ასი წელი არ დამილევია შენი მოდუღებული ყავა.

ვახომ ყურადღებით მიმოიხედა. სადღაც თვალი მოჰკრა ვისკის ბოთლს. სად, სად, სად... ჭურჭლის კარადაში მიაგნო, ოქროსფრად ლიცლიცებდა დიდმუცლიანი ჭიქების გარემოცვაში.

ჩამოასხა.

_ შენი გადარჩენისა იყოს! _ თქვა მაიამ და გადაჰკრა.

ვახოს ალკოჰოლის სუნიც კი არ ესიამოვნა. კლინიკაში კოდირება ხომ არ გამიკეთესო, გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ თავს ძალა დაატანა და ერთი ყლუპი მოსვა. კინაღამ გული აერია. უხერხულობის დასაფარად ყავის გაკეთების საბაბით სამზარეულოში გაუჩინარდა. მიდი და გაიგე, როგორ ყავას აკეთებს ვასიკო? იქნებ ყავის გარდა კიდევ რაღაცას ყრის... ვანილს, მაგალითად. არომატისთვის. ჯეზვეს თაროზე მიაგნო, აი, თურქული ყავა კი არსად ჩანდა. მით უკეთესი. აგერ დევს ხსნადი ყავის გაუხსნელი ქილა. ჩაყარე, დაასხი, დალიე. ეგ არის მთელი ფილოსოფია.

მისაღებ ოთახში დაბრუნებულ ვახოს ვისკის ბოთლი სანახევროდ დაცლილი დახვდა, ე. წ. ცოლყოფილი კი საკმაოდ შეზარხოშებული. ფრთხილად დადო მაგიდაზე ყავის ჭიქები.

_ მგონი ზედმეტი მოგდის.

_ სტრესის მოსახსნელად ხანდახან საჭიროა. _ ზანტად უპახუხა მაიამ.

_ ასე შეიძლება გალოთდე კიდეც...

_ მერე შენ რა?!

_ მე _ არაფერი, მაგრამ ბავშვს რა მაგალითს აძლევ.

_ ვინ მელაპარაკება მაგალითებზე... კაცი, რომელსაც ოთხი თვეა შვილი არ უნახავს! მიდი, რა...

_ დღესვე ვნახავდი, მაგრამ არ მინდა ასეთ ფორმაში გამოვეცხადო. ცოტა ხანი მადროვე, მომიშუშდება ჭრილობები და მერე.

მაია წინ გადმოიხარა და თვალებში შეხედა:

_ რაღაც ძალიან გამოცვლილი მეჩვენები, ვასიკო, ვითომ ავარიის ამბავია?

Page 66: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ რას გულისხმობ? _ ვახო დაიძაბა.

_ ჩხუბის საბაბს არ მაძლევ, მშვიდად და გაწონასწორებულად მელაპარაკები, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

_ მოხდა.

_ რა?

_ სიკვდილს ჩავხედე თვალებში და მივხვდი: ცხოვრება ისეთი მოკლეა, მე კი... მე კი იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული.

_ მეც შეცდომა ვარ? _ მაიას ცრემლით აევსო დიდი ლურჯი თვალები. ალკოჰოლს ახასიათებს გულჩვილობა, მაგრამ ვახოს მაინც ესიამოვნა.

_ არა, მაია, შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი იყავი, რომელიც არ დავაფასე.

_ მართლა? _ მაია ახლოს მოიწია, სახეზე ჩამოუსვა მთრთოლვარე ხელი. _ ნანობ?

_ ძალიან.

მაიამ ვახოს ლოყები ხელებში მოიქცია და ფრთხილად აკოცა ტუჩებში. აქ კი ვახოს ვერ მოითმინა _ უპასუხა. ფრთხილად არა, ვნებიანად და აგრესიულად. მაიამ ვახოს კალთაში გადაინაცვლა. ახლა იქ გააგრძელეს კოცნაობა. ვახოს ვერასოდეს წარმოედგინა, რომ ხანგრძლივი კოცნა შეიძლება იმაზე სასიამოვნო იყოს, ვიდრე სექსი. თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. წელს ქვევით კონცენტრირებული ენერგია გამოსავალს ითხოვდა. გამოსავალი მაიამ იპოვა _ ზემოდან მოექცა, ყოჩაღი მხედარივით, და გააჭენა. არც ბედაური აღმოჩნდა ჯაბანი. გაჭენება ასეთი უნდაო და ისე აამუშავა თეძოები, ლამის ჭერში ატყორცნა ექსტემალური სექსის მოყვარული მხედარი.

_ _ _

უშანგი თოდუა და ჯარჯი მუქატარიძე ვასიკო ცეცხლაძის სახლში დატრიალებული ვნებათაღელვის ჩანაწერს უსმენდნენ და სიცილით იჭაჭებოდნენ.

_ შენ კი მოსვლა გეზარებოდა! _ ძლივს ამოისუნთქა ჯარჯიმ.

_ დედა, ამდენი ცხოვრებაში არ მიცინია... ვაჰაჰა...

_ აბა, ამის მოსმენა იქნებოდა მარტოობაში?!

_ არა, არ შეიძლებოდა... ჰი, ჰიიი...

_ შენ გარდა ვის მოვიწვევდი?

_ ვა... ვასიკოს...

_ ვასიკოს!

ისევ იფეთქა სიცილმა. როგორც იქნა, მეტ-ნაკლებად დაშოშმინდნენ.

_ ვასიკომ რომ გაიგოს, მომკლავს. _ ჯარჯიმ თვალზე გამოსული ცრემლი მოიწმინდა და წყალი დაისხა. _ ცოლი იყო მაინც...

Page 67: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ საიდან გაიგებს, მე ხომ არ ვეტყვი?! ეძახე ლოთი და წყალწაღებული, არ მიახტა ვიაგრანაჭამი მოზვერივით?!

_ ვინ-ვის მიახტა, საკითხავი `აი, ეს არის!~

_ ჰო, ქალი აქტიურობდა. _ დაეთანხმა უშანგი.

_ ორივე მონატრებული იყო და დაეძგერნენ ერთმანეთს. ღმერთმა შეარგოს. მე სხვა რამე მიკვირს _ ცოლმა, თუნდაც ყოფილმა, როგორ ვერ იცნო ქმარი?

_ წლების წინ თუ გაიყარნენ, სრულიად შესაძლებელია. დრო თავისას შვება... ზოგი სუქდება, ზოგიც ხდება, სხეული კონფიგურაციას იცვლის...

_ პენისიც იცვლის კუნფიგურაციას? რა სისულელეს ლაპარაკობ, ექიმი მაინც არ იყო!

_ დავიჯერო მილიმეტრებში ახსოვს?

_ იქნებ არც უნახავს?!

უშანგიმ ჩაიფხუკუნა.

_ რა გაცინებს?! ცხონებული ბებიაჩემი სიამაყით ამბობდა ხოლმე: ჩემს ქმარს შიშველი არ ვუნახივარო.

_ მაშინ სხვა დრო იყო.

_ ეგეც მართალია. _ დაეთანხმა ჯარჯი. _ სხვა ამაზე საინტერესო არაფერი მომხდარა, გარდა ფსიქოლოგის სტუმრობისა. საღებავები მოუტანა, იცი?

_ რა უნდა უნდა შეიღებოს, გადაპარსული აქვს თავი...

_ გოაშის საღებავები, უშანგი. დაგავიწყდა, მხატვარია რომ არის ჩვენი ბიჭი?

_ არტ-თერაპია. _ მშრალად განმარტა უშანგიმ და იქვე დაამატა: ხუთიანი ფსიქოლოგს. ნამდვილი პიგმალიონია. პიგმალიონი კაბაში. იცი, ვინ იყო პიგმალიონი?

_ ვიცი, ვიცი... პიგმალიონიც ვიცი და გალათეაც. არც ისეთი გაუნათლებლები ვართ, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ. `კაგებეს~ უმაღლესი სკოლა მაქვს გავლილი, იქ ნებისმიერს ცხვირს არ შეაყოფინებდნენ. აბა, დღეს რა ხდება? დერეფნის ბოლოში ხსნიან უმაღლეს სასწავლებლებს და მერე ყვირიან: კადრები არ გვივარგაო.

_ რასაც ვერ ვიტყვი მაგდაზე.

_ ჰო, ეს გოგო არ არის ხელიდან გასაშვები, მაგრამ არ მგონია წამოვიდეს თანამშრომლობაზე. _ ჯარჯიმ თითები მაგიდის ზედაპირზე ააკაკუნა და ყალყზე შემდგარი წარბები მოქუფრა. _ მორალისტია.

_ ის პირველ რიგში დედაა, შვილის გამო ყველაფერზე წავა. რამდენადაც მახსოვს, მის ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

_ ჩემ გარეშეც გამოუჩდნენ სპონსორები...

_ ხო-ო?

_ აბა, გამოიცანი, ვინ?

_ არ მითხრა, რომაო! _ სათვალის ზევიდან ჩამოხედა უშანგიმ.

_ გამოიცანი.

_ ასე სერიოზულად არის საქმე?

Page 68: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ მეტი რომ არ შეიძლება. ყოველდღე ურეკავს. იტალიაში ქირურგს მოლაპარაკებია _ ბავშვისთვის ოპერაციის თაობაზე. ქალსაც მეტი რა უნდა... დადნა ღორი ქონივითა.

_ შენ საიდან იცი?

_ აქედან. _ ჯარჯიმ დიქტოფონზე ანიშნა. _ ვახოსთან ყოფნისას დაურეკა და...

_ დედამისმა თუ იცის, მადამ არიადნამ?

_ მაგარი შებერტყილი დედა ჰყავს, არა?

_ იოკასტა.

_ ესეც მითოლოგიის სფეროდანაა?

_ თითქმის ყველა კომპლექსი მითოლოგიის სფეროდანაა, ჩემო ჯარჯი. მედიცინაში იოკასტას კომპლექსი გულისხმობს დედის პათოლოგიურ, ინცესტის ზღვარზე მისულ დამოკიდებულებას ვაჟზე.

_ უშანგი, მეც მაქვს კომპლექსი? _ ჯარჯიმ ეშმაკურად მოჭუტა თვალები.

_ კი.

_ რა?

_ არ გეტყვი.

_ რატომ?

_ არც მინდა შენი დაკარგვა, _ მხრები აიჩეჩა უშანგიმ. _ არც შენი, არც შენი ნდობის.

_ ეს როგორ გავიგოთ?

_ თუ მოგატყუებ, შენს ნდობას დავკარგავ. და თუ სიმართლეს გეტყვი _ შენ დაგკარგავ.

_ დიდი გოთვერანი კაცი ხარ! _ გაიცინა ჯარჯიმ.

_ კარგი პედაგოგი მყავს... `კაგებეს~ სკოლა აქვს გავლილი.

_ _ _

მართალია უქმე დღეებში ქეთუნა `მამიკოს გოგო~ იყო, მაგრამ სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე მაგდა ყოფილ ქმარს მოელაპარაკა და მთელი შაბათი შვილს დაუთმო. გვიან საღამოს საჩუქრებით დატვირთული და ემოციებით გადაღლილი ბავშვი დედამისს დაუტოვა და ვახოსთან შესახვედრად გაემართა.

ლურჯი `ბმჭ~ უკვე იდგა ქალაქის მერიასთან. იქიდან სოლოლაკამდე ერთი ნაბიჯია. დღეს ვახოს სახლის დასაზვერად უნდა წასულიყვნენ. ჰქონდათ მიზეზი. რაც დრო გადიოდა, ვახოს სულ უფრო ეპარებოდა ეჭვი ჯარჯის მოყოლილ ვერსიაში. გამორიცხულია, ისე უგონოდ დამთვრალიყო, რომ სხვისი მანქანა მოეპარა და ზედაც ავარია მოეხდინა. აქ რაღაც სხვა ამბავია. მის მოსაზრებას იზიარებდა მაგდაც. რომა ქემოკლიძის ვიზიტის შემდეგ ნამდვილი პარანოა დასჩემდა _ ყველგან ჩასაფრებული მსტოვარი ელანდებოდა. ლოგიკას თუ მივყვებით, უშიშროებას მის მიმართ არ უნდა ჰქონოდა პრეტენზია _ დავალება ზედმიწევნით შეასრულა, რაშიც უკვე გადაურიცხეს შეპირებული თანხა. დარჩა სულ არაფერი _ ვახოსთან ერთად საზოგადოებრივი

Page 69: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

თავშეყრის ადგილზე გამოჩენა. დანარჩენი _ ჯარჯის პრეროგატივაა. ერთ კვირაში ყველას და ყველაფერს დაემშვიდობება და იტალიაში გაემგზავრება ქეთუნასთან ერთად. ოპერაციისთვის განკუთვნილი ფულის ნაწილის დაფარვა რომამ იკისრა. ცხადია, მაგდას გამო და არა ქეთუნას სიყვარულით, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ეგრე თემურაც უყვარს ქეთუნა, მაგრამ არაფრის მიცემა შეუძლია იმ სიყვარულის გარდა. ეს მისი შესაძლებლობის მაქსიმუმია და მეტს ვერც მოთხოვ. პარადოქსია, მაგრამ თემურთან შედარებით, რომა პატარა ბავშვია, რომელიც ქეთუნაზე არანაკლებ მოვლას და დაცვას საჭიროებს. რაც მთავარია, მაგდა საკუთარ თავში ხედავდა დახმარების პოტენციალს, სულაც მოწოდებას. შეცოდებიდან სიყვარულამდე კი ერთი ნაბიჯია.

_ მოვედით. _ თქვა ვახომ.

მაგდა ფიქრებიდან გამოერკვა და დაბნეულმა შეხედა. ვერც გააცნობიერა, როდის მივიდნენ დანიშნულების ადგილზე. ეტყობა, მოსალოდნელმა ცვლილებებმა პირად ცხოვრებაში სრულიად დაუბლოკა რეალობის შეგრძნება. თურმე წვიმაც მოსულა, აგერ, პარფრიზი დაუსველებია.

_ მეორე სართულზე ოთხი ფანჯარა ჩემია.

_ ჰო. _ უპასუხა მაგდამ.

_ ფარდები გამოუცვლიათ... ჰმ, გაგულავდნენ სხვის სახლში ბიჭები! _ ვახო მაგდას რეპლიკას დაელოდა, მაგრამ ის ხმას არ იღებდა, დაძაბული სახით მისჩერებოდა ფანჯრებს. _ რაღაც უხასიათოდ მეჩვენები. ხომ არ გეშინია?

_ რისი?

_ ჯარჯიმ რომ გაიგოს ამ წამოწყების შესახებ, თავზე ხელს არ გადაგვისვამს.

_ არ გაიგებს.

_ მაგდა...

_ ?

_ რაღაც მინდა გკითხო და... რავი, ცუდად არ მიიღო...

_ თქვი, ნუ გერიდება. _ გაამხნევა მაგდამ და მთელი ტანით მოტრიალდა.

_ რატომ მეხმარები?

_ ჩემი მოვალეობაა, დაგეხმარო. კონტრაქტში მიწერია შენი მწყემსვა. _ ნახევრადხუმრობით მიუგო მაგდამ.

_ საღებავების ჩუქებაც კონტრაქტში გიწერია?

_ არა, ეს ჩემით.

_ შენ არ იცი, რას ნიშნავდა ჩემთვის ის ფანქრები და საღებავები. გუშინ პირველი ჩანახატი გავაკეთე... ამდენი წლის მერე...

_ ჩემს ძმას მაგონებ. _ უცებ თქვა მაგდამ და გვერდზე გაიხედა. _ 15 წლის ასაკში მოკლეს... ქუჩის გარჩევაში... ისიც ძველბიჭობდა, შენსავით. გული კი კეთილი ჰქონდა. შენსავით. როგორც კი შენს ფოტოებს დავხედე, მაშინვე ბექა გამახსენდა.

_ ასე ვგავარ?

_ გამოხედვა გაქვთ ერთნაირი. შენ შეიცვალე, ვახო, გამოხედვა კი უწინდელი დაგრჩა. გალიაში გამომწყვდეული ნადირის გამოხედვა.

Page 70: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ მადლობა. _ ჩაილაპარაკა ვახომ.

_ რისთვის მიხდი მადლობას?

_ ყველაფრისთვის.

_ ვახო, გაჩუმდი, თორემ ავტირდები და მთელ ოპერაციას ჩავშლი. _ ნაძალადევი ღიმილით უთხრა მაგდამ და თავი გადაიქნია _ უკან დააბრუნა თვალზე მომდგარი ცრემლი. _ აბა, ჰე, წავიდეთ, რაღას ვუცდით?

იტალიურ ეზოში შევიდნენ, ნელა აუყვნენ ხის მორყეულ კიბეებს. რომელიღაც ბინიდან შემწვარი კარტოფილის სუნი მოიკლაკნებოდა, ასეთი გემრიელი და მშობლიური. ვახომ თვალით გაზომა ნაცნობი კარი, ღრმად შეისრუტა ჰაერი და გახევებული ხელი ზარს დააჭირა.

კარი მდგმურმა გააღო, მოკლეფეხება და მხრებგანიერმა ტიპმა სახელად იმედამ.

_ ვინ გინდათ?

_ ვახტანგ შალიკაშვილი აქ ცხოვრობს? _ კითხვა შეუბრუნა მაგდამ.

_ ვინ არის? _ მოისმა ოთახის სიღრმიდან და ხმის პატრონიც გამოჩნდა _ თმაგადაგლესილი ახალგაზრდა კაცი თევზივით უსიცოცხლო თვალებით. ეს მეორე მდგმური იყო _ ბესო.

_ აი, ვახო უნდათ. _ ჩაილაპარაკა მოკლეფეხებამ და დაუპატიჟებელ სტუმრებს მიუბრუნდა. _ ვინ ხართ?

_ კლასელები. _ ტყუილი გამოაცხო მაგდამ.

_ ვახო აქ არ ცხოვრობს.

_ აბა?

_ ისა... საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად.

_ თქვენ ვინ ხართ?

_ ჩვენ?... ჩვენ აქ ვცხოვრობთ. _ მოკლეფეხებამ თმაგაგლესილს გახედა. სინქრონულად ააკანტურეს თავები.

_ ვახოს სახლში?

_ არა, ეს ჩვენი სახლია.

_ ვახომ დაგიტოვათ?

_ კი. ანდერძით.

_ გასაგებია. _ ამოიოხრა მაგდამ, გაშეშებულ ვახოს ხელმკლავი გამოსდო და კიბისკენ უბიძგა.

უსიტყვოდ ჩაჯდნენ მანქანაში.

_ გული დაგწყდა, არა? _ თანაგრძნობით დაეკითხა მაგდა.

_ კი, დამწყდა, მაგრამ სხვა რამეშია საქმე... იმ დღეს ამ ბიჭებმა დამპატიჟეს ხინკალზე...

_ ავარიის დღეს?

_ ჰო.

Page 71: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ შენ ფიქრობ, რომ...

_ მე ვფიქრობ, რომ ამაზე აღარასოდეს არ უნდა ვიფიქრო და რაც შეიძლება დროზე გავაჯვა ამ ქვეყნიდან. _ ვახომ აგრესიულად დაქოქა მანქანა და საბურავების ღრჭიალით დატოვა მშობლიური უბანი.

ნახევარ საათში ქალაქის ცენტრში, მექსიკურ რესტორანში ისხდნენ და სიფრიფანა ლორში გახვეულ მწვადს მიირთმევდნენ.

_ პირადად მე წალამზე შემწვარი მწვადი მირჩევნია. _ მაგდამ მექსიკური სამზარეულო დაიწუნა.

_ სამაგიეროდ, კულტურულად იჭმევა. _ ვახომ ჩხირზე წამოცმული მწვადი დაითრია და მთლიანად ჩაიდო პირში. _ მენიუ წაიკითხე?

_ კი.

_ შემწვარი ნაყინის გარეშე აქედან არ წავალ.

_ ძალიან ძვირი ხომ არ ჯდება ჩვენი ვახშამი?

_ ჩემგან რა მიდის, რო... უშიშროების ფულებია.

_ ჩუმად. _ დაუსისინა მაგდამ და ქურდულად მიმოიხედა. აქ შემოსვლის მომენტიდან არ ტოვებდა შეგრძნება, რომ ვიღაც უთვალთვალებს. ოფიციანტები თავისი საქმით იყვნენ დაკავებულები _ წინ და უკან დარბოდნენ ეკზოტიკური კერძებით; მარჯვნივ ოთხი ენად გაკრეფილი მანდილოსანი იჯდა, სულ არ ჰგავდნენ მსტოვრებს; მოპირდაპირე მხარეს _ სოლიდური, კარგად ჩაცმული წყვილი; ერთი მაგიდის იქით _ ინტელიგენტური შესახედაობის მამაკაცი შეჭაღარავებული ულვაშით და ჟილეტიანი ახალგაზრდა კაცი _ ორივე კერძის ათვისებით იყო დაკავებული; უცებ ახალგაზრდამ თავი ასწია და მაგდა მის მყისიერ მზერას წააწყდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა. გაურკვეველი საფრთხე სწორედ იმ მაგიდიდან მიდიოდა.

_ თვალი გაგიშტერდა. _ ვახომ მაგდას სახესთან ხელი აუქნია.

_ ჰა?

_ დღეს რაღაც ვერ ხარ ფორმაში, რამეს მიმალავ?

_ არა, არაფერი. _ ნაძალადევად გაუღიმა მაგდამ და მხრები აათამაშა, თითქოს ზურგში მიბჯენილი მზერის მოშორებას შეეცადა.

_ აი, ნაყინიც მოვიდა.

ოფიციანტმა გრძელფეხა ლარნაკებზე შესკუპებული შემწვარი ნაყინი დიდი ამბის დადგა მაგიდაზე და ყავის შეკვეთით დაინტერესდა.

_ მე დავლევ. _ თქვა ვახომ და თვალებით მაგდას დაეკითხა.

_ არა, მადლობა.

_ ერთი კაპუჩინო.

როგორც კი ოფიციანტი თვალს მიეფარა, მაგდამ საეჭვო მაგიდისკენ გააპარა მზერა. ულვაშიანი სადღაც აორთქლებულიყო, ჟილეტიანი გამძღარი სახით აბოლებდა სიგარეტს.

მაგდამ კოვზით მოციცქნა ნაყინის ორიგინალური კოშკურა და მოწონების ნიშნად ტუჩები გაილოკა.

Page 72: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ პირველად ვზივარ რესტორანში სასმელის გარეშე, ვზივარ და მიკვირს: რატომ არ მინდა დალევა? _ იკითხა ვახომ.

_ მაგას რა ჯობია?! არ მოგწონს ჯანმრთელი ცხოვრების წესი?

_ ეს მომწონს, სხვა დანარჩენი... რა გითხრა... გაურკვევლობაში ვარ.

_ მედალს ორი მხარე აქვს.

_ ის მაინც ვიცოდე, რომელი მხარეა ჩემი.

_ რომელიც უფრო ახლოა შენს დღევანდელ იმიჯთან.

_ მგონი არც ერთი. მე ვარ მედალი მხარეების გარეშე.

გაეცინათ.

ოფიციანტმა ფართეპირიანი ჭიქით ყავა მოიტანა. ვახოს თანდათან ჩამოერეცხა ღიმილი, პირი მოებრიცა, სახეზე კი მიწისფერმა დაჰკრა.

ყავის ზედაპირზე მსუბუქად ტივტივებდა ქაფის ასოებით შესრულებული წარწერა: `მოკითხვა ვასიკოსგან~

საეჭვო მაგიდაზე აღარავინ იჯდა.

_ _ _

ცუდი წინათგრძნობის გასანეიტრალებლად მადგამ გადაწყვიტა სახლში მისვლისთანავე დამამშვიდებელი აბი მიეღო და ყოველგვარი ტელევიზორო-თერაპიის გარეშე დაეძინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელემენტალურად გარეკავს. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო! კაფეში ნანახი ჟურნალი ყოფილა, კინო საკუთარ სახლში ელოდა _ ყველაზე უსაფრთხო ადგილზე დედამიწის ზურგზე.

სასტუმრო ოთახში ვიღაც იჯდა, და არც მეტი, არც ნაკლები, პისტოლეტს უმიზნებდა. ბინდბუნდში სხვა ვერაფერი გაარჩია.

_ თუ დაიყვირებ, გესვრი! _ გაისმა მამაკაცის მკაცრად დაყენებული ტემბრი. _ ფეხსაცმელები დადე და შუქი აანთე.

მაგდა მექანიკურად დაემორჩილა. სინათლის შუქზე პისტოლეტიანი უცნობი მექსიკურ რესტორანში ნანახი ულვაშიანი ნაცნობი აღმოჩნდა. ანუ, ვიდრე ის და ვახო შემწვარ ნაყინს აგემოვნებდნენ, ეს ტიპი მის სახლში შემოძვრა და მამიდამისის ძველმოდურ ტახტზე მოკალათდა. ტახტის საზურგზე, მშვიდობიანად იჯდა ქეთუნას ქოსა თოჯინა ტასიკო, რომლის ფონზე იარაღმომარჯვებული სუბიექტი ცოტა არ იყოს კომიკურად გამოიყურებოდა.

_ ხელები ჩამოუშვი. _ ბრძანა კაცმა და პისტოლეტი შეინახა. _ ფეხზეც ჩაიცვი რამე, გაცივდები. _ დააყოლა აგდებულად.

მაგდამ ახლაღა შეამჩნია, რომ წინდისამარა იდგა იატაკზე. რა იცოდა, იარაღიანი კაცი თუ დახვდებოდა ოჯახში, თორემ არ გაიხდიდა. ისედაც არასახარბიელო სიტუაციაში იყო, ფეხშიშველა კი თავს ათმაგად დამცირებულად გრძნობდა.

_ მე თქვენ გიცანით. რესტორანში იყავით.

_ კარგი მახსოვრობა გქონია.

Page 73: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ არ ვუჩივი. რა გინდათ ჩემგან?

_ დალაპარაკება. _ კაცმა სკამზე მიუთითა.

თავდაპირველმა ელდამ მაგდას გაუარა. გუმანით გრძნობდა – ეს კაცი მის მოსაკლავად არ იყო მოსული, მაგრამ რისთვისაც არ უნდა ყოფილიყო, სხვის ბინაში ქურდულად შემოღწევას არა აქვს გამართლება. ქურდსაც რომ არ ჰგავდა? არც ჩაცმულობით, არც ინტონაციით, არც გამომეტყველებით. აი, ულვაში კი ორიგანალური ჰქონდა _ ცალ მხარეს ჭაღარაგარეული, მეორე მხარეს _ სრულიად თეთრი.

_ დალაპარაკება თუ გინდოდათ იქ არ ვიყავი?... რესტორანში.

_ ასე იყო საჭირო.

_ ვინ ხართ?

_ პოლკოვნიკი მიხეილ ხვედელიძე. უშიშროების მთავარი სამმართველო. _ კაცმა ლაბადის შიდა ჯიბიდან სივი ამოიღო და შორიდან დაანახა.

ორი ჩეკისტი ერთი ფსიქოლოგის ცხოვრებაში მეტისმეტია, გაიფიქრა მაგდამ, მაგრამ ჯარჯის შესახებ გაჩუმება ამჯობინა.

_ დავაშავე რამე?

_ შენ როგორ გგონია? _ კითხვა შეუბრუნა პოლკოვნიკმა.

_ არა.

_ სულელი ხარ თუ თავს ისულელებ?

_ ბატონო პოლკოვნიკო, ასეთი ტონით თუ გააგრძელებთ ლაპარაკს, მე დავურეკავ ადვოკატს და ჩვენი ურთიეთობა მისი თანდასწრებით გაგრძელდება.

_ მე კი სანქციას გავცემ შენს დაპატიმრებაზე.

_ კი ბატონო, გაეცით. მე კანონსაწინააღმდეგო არაფერი გამიკეთებია. _ მეტი დამაჯერებლობისთვის მაგდა წელში გასწორდა და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის მართალი მზერა შეაგება.

_ მაგას ახლავე გავარკვევთ.

_ უპირველეს ყოვლისა, გამარკვიეთ: რაში მედება ბრალი.

_ ჯერჯერობით ეჭვმიტანილი ხარ.

_ პირველად მესმის ეჭვმიტანილებს თქვენი რანგის ჩინოვნიკი კითხავდეს. თანაც ასეთ ვითარებაში.

პოლკოვნიკმა ირიბად ჩაიცინა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ სულ სხვა ინტონაციით დასძინა:

_ მინდა გითხრა, პირველი გასაუბრება ხუთიანზე ჩააბარე.

_ რას გულისხმობთ?

_ არ დაექვემდებარე ზეწოლას, არ გატყდი, არ გათქვი საიდუმლო ინფორმაცია. შიშის ნიადაგზე ყველაფერი ხდება...

_ ნუ მელაპარაკებით იგავ-არაკებით, პირდაპირ მითხარით რა გნებავთ!

_ ვის მიერ და რა დავალებით იყავი მივლინებული პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში?

Page 74: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

ამჯერად მაგდას გაეცინა. ირიბად არა, ალალად და უბოროტოდ:

_ როგორ გგონით, ბატონო პოლკოვნიკო, კითხვას თუ სხვანაირად დამისვამთ, გავტყდები?

_ ყოჩაღ, ჯარჯი მუქატარიძეს, ჩინებული ნამუშევარია. ის ბიჭი, ვახო შალიკაშვილი, შენსავით ერთგულია თუ შენსავით გულუბრყვილო?

_ ვერც ამ კითხვაზე გიპასუხებთ, თუკი არ მეცოდინება საქმის არსი.

_ ვახო შალიკაშვილს რომ ვასიკო ცეცხლაძის მაგივრად მიასიკვდილებენ, მერე გინდ არსი არკვიე, გინდ თავში ქვა იხალე! _ მიხეილმა ხმაში ფოლადი გაურია და გამომცდელად შეხედა გაფითრებულ მაგდას.

_ რატომ უნდა დაგიჯეროთ?

_ იმიტომ რომ მართალი ვარ! იმიტომ რომ სიმართლე ყოველთვის მარტივია, აი, როგორც ეს ფანქარი! _ მიხეილი მაგიდაზე დაგდებულ ფანქარს დასწვდა და მაგდასკენ გაიშვირა. _ სიმართლეს არ უყვარს გატყლარზული ფრაზები: `თუკი არ მეცოდინება საქმის არსი~, `თუკი ასეთი ტონით გააგრძელებთ ლაპარაკს~... ფაქტი სახეზეა _ მოხდა დანაშაული და შენ, პატივცემულო ფსიქოლოგო, ამ დამაშაულებრივი კარტელის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი აღმოჩნდი. მიკვირს, როგორ გაგიმეტა ბატონმა ზურაბმა _ შენმა უშუალო ხელმძღვანელმა, რომელსაც, მე პირადად, დიდ პატივს ვცემდი.

_ გამიმეტა?... რისთვის?

_ ციხისთვის. თუ ფიქრობ, რომ უგუნოდ მყოფი ადამიანისთვის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დანაშაული არ არის?

_ მე და ბატონი ზურაბი რა შუაში ვართ? ჩვენ არაფერი ვიცოდით...

_ დავუშვათ, ბატონმა ზურაბმა არაფერი იცოდა. შენ ვერაფერს ხვდებოდი? შენ, რომელიც სულაც არ ტოვებ უტვინო ქალის შთაბეჭდილებას! ან იმ ვახოს ისეთი ამნეზია როგორ დაემართა, რომ არარსებული ავარია დაიჯერა?! _ მიხეილმა უხეშად მოისროლა უდანაშაულო ფანქარი და გაალმასებული მზერა ოთახს მოავლო.

მაგდას მოთმინების ფიალა აევსო. მართლა და მართლა, ინტელიგენტურ ცოხნაობასაც აქვს საზღვარი. ამ უწყებაში ეტყობა მარტო ყვირილის ენა ესმით.

_ მე ოფიციალური უწყების ოფიციალურ წარმომადგენელთან მქონდა საქმე და არა ვიღაც მაფიოზებთან! რომც გამჩენოდა ეჭვი, ვისთვის მიმემართა?... პროკურატურისთვის? სადაც ყოველი მეორე თანამშრომელი ჯარჯი მუქატარიძია ნაცნობია. ეს ერთი. მეორე: ჩემს პატარა შვილს გულზე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, მისი სიცოცხლის გადასარჩენად უშიშროებას კი არა, ეშმაკს მივყიდი სულს. და თუ რაღაცაზე დავხუჭე თვალი, არ ჩავურმავდი, ე. ი. თვითგადარჩენის ინსტიქტმა დამახუჭინა. მაგრამ თქვენ, ზევით, ჩემნაირების პრობლემები არ გადარდებთ, რა არის მაგდა ავალიანის ერთი კინკილა შვილი, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება! ახლავე დავურეკავ ბატონ ჯარჯის, მობრძანდეს და იმასთან არჩიეთ მტყუან-მართლი! _ ამ სიტყვებით მაგდა სკამიდან წამოხტა და ხელჩანთის ასაღებად გაიწია, მაგრამ პოლკოვნიკის ძლიერმა ხელმა ადგილზე მიალურსმა.

_ თუ რამედ გიღირს შენი კლიენტის სიცოცხლე, არ დაურეკავ. აქ მოსვლამდე ვახოს წააგდებინებს თავს, მერე კი შენ მოგადგება.

_ მაშანტაჟებთ?

მიხეილმა თავი გააქნია და თვალი თვალში გაუყარა. ჯარჯი არასოდეს უყურებდა თვალებში _ არც მას, არც სხვას. მისი მოჭუტული მზერა სადღაც შიგნით იყო ხოლმე

Page 75: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

მიმართული, მხოლოდ მისთვის ნაცნობი ცენზორისკენ. მიხეილის ნათქვამი კი ისე ჰგავდა სიმართლეს... იმ სიმართლეს, რომელსაც ასე ჯიუტად გაურბოდა მაგდა მთელი ამ ხნის განმავლობაში.

_ მაგდა, დამშვიდდი და დაფიქრდი: რატომ მიამსგავსეს ვახო შალიკაშვილი ვასიკო ცეცხლაძეს, კაცს, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება?

_ მე მითხრეს, საიდუმლო სპეცოპერაცია მზადდებაო. დეტალები არ ვიცი. ან რაში მაინტერესებდა... და რატომ იძებნება?

_ მას ბრალად ედება ადამიანთა გატაცება, ნარკოტიკებით გაჭრობა, შანტაჟი, სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება... რომელი ერთი ჩამოგითვალო?

_ ბატონი ჯარჯი რატომ აფარებს ხელს? _ დაინტერესდა მაგდა.

_ ერთი ჩამოსხმისა არიან და იმიტომ. წლებია, ჯარჯი ვასიკოს სამსახურს ლობირებს, ცხადია, ლამაზი თვალების გამო არა. ფულის ნაწილი მის ჯიბეში მიჩხრიალებს, იქიდან პატარ-პატარა დონეებზე ნაწილდება.

_ თქვენ ხომ ერთი უწყებიდან ხართ, თუ იცოდით, რატომ აქამდე არ დაიჭირეთ, ახლა აგეხილათ თვალი?

_ ერთ ბოსტანში ამოდის კიტრიც და სარეველაც.

_ ვინ არის თქვენს შორის კიტრი?

პოლკოვნიკს თავშეკავებულად გაეღიმა:

_ დასკვნის გამოტანა შენთვის მომინდია. სამწუხაროდ, ყველაფრის თქმა არ შემიძლია. ამ მომენტში, ასეთია პოლიტიკური ნება. ხელმძღვანელობა შეიცვალა. გასაგებია?

მაგდა ჩაფიქრებული გადაწვა სკამის საზურგზე. ვახოს მდგმურები მოსყიდულია, ბინით შეახარბეს და ვახოს სასმელში დასაძინებელი ჩააყრევინეს. არავითარი ავარია ბუნებაში არ ყოფილა, ეს ტყუილი ჯარჯიმ ვახოს დასაშანტაჟებლად გამოაცხო. კაცს სხეულზე ნაკაწრი არა აქვს, სახეზე კი რატომღაც პლასტიკური ოპერაცია დასჭირდათ. თანაც ერთ კონკრეტულ კაცს მიამსგავსეს, იმის იმედით რომ... რომ მას ვასიკოს მაგივრად მოკლავენ! ავსტრალია და სხვა სიკეთეები წმინდა წყლის ბლეფია! ლამაზი სატყუარა, რომელსაც მიამიტი ვახო და არანაკლებ მიამიტი მაგდა წამოეგო.

_ სად არის ამჟამად ვასიკო ცეცხლაძე?

_ საზღვარგარეთ, აბა, სად იქნება?! მისი საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენა სიკვდილის ტოლფასია. საქართველოში ხომ საერთოდაც არ ჩამოესვლება. ამ დროს ასპარეზზე გამოდის ვასიკოს ორეული ვახო შალიკაშვილი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, რომ განტევევის ვაცის მისია აკისრია. გააგორებენ და მორჩა! ქალაქში ხმა გავარდება, რომ მოკლეს ვასიკო ცეცხლაძე, სიმართლეს კი მხოლოდ სამ კაცს ეცოდინება _ ჯარჯის, უშანგის და თავად ვასიკოს.

_ მეც. _ შეახსენა მაგდამ.

მიხეილმა ისე შეხედა, მაგდა მიხვდა _ სიკვდილის ბუზი არა მხოლოდ ვახოს, მასაც აზის. და რომას, რომას!

_ მაშინ დააკავეთ ვახო, სიმართლეს რომ გაიგებს, ყველაფერში გამოტყდება.

_ გამარჯობა ბიძია! _ გამოაჯავრა მიხეილმა, _ ეს რომ გავაკეთოთ ნამდვილი დამნაშავე ვასიკო ცეცხლაძე სამუდამოდ გაქრება თვალსაწიერიდან. სახელს და გვარს გადაიკეთებს და იცხოვრებს არხეინად! შეიძლება აქაც ჩამოვიდეს ყალბი საბუთებით. არა, ეს არ არის გამოსავალი.

Page 76: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ მაშინ თავად ვასიკო დააკავეთ.

_ სად, მონტე-კარლოში? იქ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, ინტერპოლიც საკმაოდ ბიუროკრატიული ორგანიზაციაა, სულ მთლად კანიბალი თუ არ არის დასაჭერი, არ ჩქარობენ...

მიხეილი კიდევ ლაპარაკობდა რაღაცას, მაგრამ მაგდას არ ესმოდა. მონტე-კარლო! რომამ ბოლოს მონტე-კარლოდან დარეკა, ახლობელმა ფორმულა 1-ის შეჯიბრზე დამპატიჟაო. ვინ არის ის ახლობელი, თუ არა ვასიკო ცეცხლაძე, რომელსაც დიახაც აწყობს ზედმეტი მოწმის თავიდან მოშორება. რომას რომ რამე შეემთხვეს, ქეთუნას ოპერაციაც გადაიდება, რაც ყოვლად დაუშვებელია!

_ ბატონო მიხეილ! _ მაგდა ადგილიდან წამოხტა. _ კიდევ ერთი მოწმეა _ რომან ქემოკლიძე, კლინიკის დირექტორი! დამიჯერეთ, მან ჩემზე მეტი არ იცის!

მიხეილმა ყური ცქვიტა და დაინტრიგებულმა ახედა მაგდას:

_ ვერა, ვერ დაგიჯერებ. გამორიცხულია, კლინიკის დირექტორმა მეტი არ იცოდეს. ის და უშანგი თოდუა მეგობრები არიან.

_ რაღაც ნიუანსები შეიძლება მართლაც იცოდეს, მაგრამ ისიც შანტაჟს წამოეგო. დამიჯერეთ, რომა და უშანგი არ არიან მეგობრები... ასეც რომ იყოს, `ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მეგობრების მიხედვით, არ დაგავიწყდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო~.

_ ერნესტ ჰემინგუეი. _ ფართედ გაუღიმა პოლკოვნიკმა.

ამ ღიმილმა (ჰემინგუეისთან ტანდემში) მაგდას გული მოიგო. ადგა და ყველაფერი მოუყვა _ ადას უცნაური სიკვდილიდან დაწყებული, რომას მონტე-კარლოში ყოფნით დამთავრებული. არც ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვა დაზარებია. მიხეილი ყურადღებით უსმენდა. მერე მაგდას წყლის მოტანა თხოვა და როგორც სამზარეულოში დაიგულა, სადღაც დარეკა.

მონტე კარლო

მიხეილ ხვედელიძის ზარმა დიმიტრის იმ დროს მოუსწრო, როცა სასტუმროს ნომერში ალენ ნოგარესთვის წარსადგენ ანგარიშზე თავს იმტვრევდა. იმის გამო, რომ ჟურნალ `ფავორიტის~ წამყვანი ჟურნალისტი ვერ გავიდა საფრანგეთის ფინანსური პოლიციის მიერ ძებნილ ლეონიდ აბრიკოსოვზე, სამსახურიდან არავინ დაითხოვდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დიმიტრი გავიდა მასზე! ლეონიდ აბრიკოსოვი ბორის კუზნეცოვი აღმოჩნდა _ კაცი, რომელსაც მონაკოში ჩამოსვლის დღიდან იცნობდა და რომელმაც არაერთგზის გაუწოდა დახმარების ხელი.

ეს სენსაციური ამბავი მან წუხელ, რესტორანში ყოფნისას გაიგო _ მთვრალმა ბორისმა დააყრანტალა! დიმიტრი წამში გამოფხიზლდა და ჯვარედინი დაკითხვა მოუწყო, იმ იმედით, რომ მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. ის სულელიც ბოლომდე ენდო _ ყველაფერი გადმოულაგა.

როგორ უნდა მოიქცეს კანონმორჩილი მოქალაქე ასეთ შემთხვევაში?... პრინციპში, გააჩნია რომელი ქვეყნის მოქალაქეა... მაგალითად, საფრანგეთის მოქალაქე უმალ ჩაუკაკლავდა უფროსობას. მარტივად რომ ვთქვათ, ლამის მეგობრად შერაცხულ ადამიანს ჩაუშვებდა. საქართველოს მოქალაქე არ ჩაუშვებდა. უფრო სწორედ, ვერ. იმიტომ კი არა, რომ `სტუმარ-მასპინძელი~ აქვს წაკითხული, არა. უბრალოდ მენტალობა აქვს სხვანაირი. დიმიტრიმ, როგორც კავკასიური რასის ტიპურმა

Page 77: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

წარმომადგენელმა, გაჩუმება ამჯობინა. იგივე ურჩია აწ უკვე ლეონიდს, მაგრამ გამოპრუტუნებულ რუსს ვერაფერი შეასმინა _ ლეონიდ აბრიკოსოვი ვარო და მორჩა! გაიხსენა სოფელი, სადაც დაიბადა; ეზო, სადაც ფეხი აიდგა; მდინარე, სადაც ცურვა ისწავლა; მამა, რომელმაც ხილ-კენკროვანი გვარი აჩუქა; დედა, რომელიც შესანიშნავ ჩასტუშკებს მღეროდა...

მიხეილმა კი ახალი თავსატეხი გაუჩინა _ კლინიკის დირექტორს რომა ქემოკლიძეს ვასიკოს მხრიდან საფრთხე ემუქრება და თვალი არ მოაშოროო.

როგორია?!

აქეთ ალენ ნოგარე ანამუსებს _ თუ ვერაფერს გახდი, აიკრიფე გუდა-ნაბადი და სამსახურში გამოცხადდიო, იქით _ უშიშროების პოლკოვნიკი იხვეწება...

ხანმოკლე ჭოჭმანის შემდეგ დიმიტრიმ არჩევანი გააკეთა (აქაც ყბადაღებულმა მენტალობამ გადაწონა) _ გუდა-ნაბადის აკრეფა დროებით გადადო და კლინიკის გზააბნეული დირექტორის მოსაძებნად დაირაზმა. ვინაიდან რომას დისლოკაციის ადგილი სადღაც ვასიკოს შორიახლის უნდა ყოფილიყო, ეს უკანასკნელი კი დიმიტრის სახეზე ცნობდა, დიმიტრიმ რესტორანში გათამაშებული სცენის გამეორება გადაწყვიტა.

ნახევარ საათში სარკის წინ ფეტრისშლიაპიანი მანდილოსანი იდგა, განიერ მხრებზე მოგდებული გოფრირებული მოსასხამითა და ფართხუნა სლაქსებით. დარჩა მაკიაჟი _ წითელი პომადა, შავი ფანქარი, პირისფერი გრიმი... და მთავარი _ მარაო! თუკი სოლიდურმა ჯენლტმენმა არშიყი დაუწყო, მარაოს შეაფარებს ძუნწ ღიმილს.

ის იყო, ჩემოდნიდან კოსმეტიკის ქისა ამოაძვრინა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ბორისი იქნება, გაიფიქრა დიმიტრიმ. წუხანდელის გამო ბოდიშის მოსახდელად თუ ეახლა. ხუმრობა საქმეა?! სასტუმრომდე მოუწია ამოდენა ღიპუცას თრევა, მერე ნომერში აყვანა და საწოლში დაბინავება. ვერა, ვერ ჩაუშვებს... ახლა, ყველაფერთან ერთად ამაგიც აქვს, თუმცა შეჯორვა არ აწყენს.

_ მობრძანდით! _ გასძახა კარს და ზედა ტუჩზე პომადა გადაისვა.

კარი გაიღო და დიმიტრიმ ტრილიაჟის სარკეში ბორისი არადა, გვანცა გორდეზიანი დაინახა.

სარკესთან წაკუზული დიმიტრის დანახვაზე გვანცას ლამის თვალები გადმოსცვივდა.

_ დიმიტრი შენ?... მე არ ვიცოდი... მე არ მეგონა... _ ესღა ამოილუღლუღა და უკან დაიხია.

_ მოიცა, მოიცა... _ დიმიტრი მომენტალურად გასწორდა, მოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გვანცასკენ. _ ეს ის არ არის, რაც შენ იფიქრე, _ თავს იმართლებდა გზადაგზა.

_ აბა, რას ნიშნავს ეს ქუდი, პომადა... არ მომეკარო!

_ გვანცა, მისმინე... ყველაფერს აგიხსნი.

_ არ მომიახლოვდე, მეზიზღები! _ გვანცას სიმწრით მოექცა მზემოკიდებული სახე, კარისკენ გადადგა არამყარი ნაბიჯი. მისი ოცნების მამაკაცი მამათმავალია! ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა! დროზე უნდა წაიღოს ფეხები აქედან, და დაივიწყოს, დაივიწყოს, დაივიწყოს...

დიმიტრი დაეწია, მკვეთრად მოაბრუნა და ისეთი გაშმაგებით დააცხრა ტუჩებზე, კინაღამ ყველაფრიანა შეისრუტა.

Page 78: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

ერთი პირობა გვანცამ გაიბრძოლა, მაგრამ ამდენი ხნის ნალოლიავები ვნებამ ტაიფუნივით დაფარა და ფარ-ხმალი დააყრევინა.

როგორც იქნა, ერთმანეთს მოსწყდნენ და გაბრუებულები ჩამოსხდნენ საწოლის კიდეზე.

_ ამიხსენი, რას ნიშნავს ეს მასკარადი? _ ხმადაბლა ჰკითხა გვანცამ.

_ შენგან გამკვირვებია... არ გახსოვს, იქ, ჩეჩნეთში, ფრანგი ექიმის ამპლუაში რომ გამოგეცხადე?

_ მაშინ იმალებოდი.

_ ახლაც ვიმალები. იმან, ვისაც ვეძებ, არ უნდა მიცნოს.

_ წვერიც იმიტომ გაიპარსე?

_ ჰო. არ მიხდება?

_ გაახალგაზრდავებს.

_ შეიძლება.

_ ვის ეძებ, დიმიტრი?

_ ერთს.

_ სრულყოფილი პასუხია.

_ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვი. არ მაქვს უფლება.

_ მისმის, მესმის... ისევ ვიღაცის დაკვეთას ასრულებ. მე კი ვიფიქრე... _ გვანცამ სევდიანად ჩაიცინა.

_ რა იფიქრე?

_ ჩემი გულისთვის ჩამოვიდა მეთქი...

_ ნაწილობრივ ასეცაა. გამიხარდა შენი ნახვა. _ დიმიტრიმ გვერდულად გახედა და ღიმილით მოსწმინდა ტუჩზე გადღაბნილი პომადა.

გვანცას სული შეეგუბა. მას უყვარდა ეს ადამიანი, მისი ჭკვიანი თვალები და ხმა, ხმა, რომელიც მათრობელა ბოლივით ნისლში ხვევდა და აზროვნებას უბლოკავდა. ყველაფერს მისცემდა, რომ მსგავსი იმპულსები მისი მხრიდანაც ეგრძნო (კოცნა მეორეხარისხოვანია, ეჭვის გასაქარწყლებლად შეიძლება უფრო ღრმადაც შეტოპო), მაგრამ დიმიტრი ამოუცნობი მფრინავი ობიექტივით იყო, გაიხედავ _ აქაა, ერთი ხელის გაწვდენაზე, შეგიძლია შეეხო, დაყნოსო, დააგემოვნო... გამოიხედავ _ აორთქლდა. თითქოს არც არასოდეს ყოფილა.

_ როგორ მომაგენი?

_ მონტე კარლო თბილისზე პატარაა.

_ მეც დაგინახე იმ დღეს... რესტორანში.

_ მართლა? _ გაუკვირდა გვანცას, _ რატომ არ მოხვედი?

_ ხელი არ შეგიშალე. ისე კარგად ერთობოდი ვიღაც ხოტორა ტიპთან...

_ რა გინდოდა, თავზე ნაცარი წამეყარა და შავები ჩამეცვა?

_ არა, რატომ... შენ შენი ცხოვრება გაქვს.

Page 79: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

_ შენ კი შენი, არა?

_ ასე გამოდის.

_ და შენს ცხოვრებაში... არ არის ჩემი ადგილი?

დიმიტრი თავი ჩაქინდრა.

გვანცამ გაწბილებილი წამოდგა. რას ელოდა? სიყვარულის ახსნას? დაუშვათ. მაგრამ ეს მისი პირადი მოლოდინი იყო, დიმიტრი არაფერ შუაშია, ის არაფერს შეჰპირებია! და მაინც ნელი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, იმ იმედით, რომ დიმიტრი გონს მოეგება, გამოეკიდება, მოაბრუნებს, ტუჩებით ამოუშრობს ცრემლებს, რომლებიც თავისით მიგორავდნენ ლოყაზე...

ისე გავიდა დერეფანში, არავინ გაჰკიდებია.

მონრე კარლო

პატივისცემა და ყურადღება ვის არ სიამოვნებს, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. რომას ცოტა არ იყოს ყელში ამოუვიდა ვასიკო ცეცხლაძის მომეტებული ყურადღება, ერთი სული ჰქონდა ისევ იტალიაში დაბრუნებულიყო და უფრო საფუძვლიანად დალაპარაკებოდა ექიმებს მაგდას შვილის ოპერაციაზე. მაგრამ ვასიკომ აიტეხა _ ერთი ისეთი ლამაზი ადგილი ვიცი, იმის უნახავად ვერ გაგიშვებო და პირდაპირ ძალით შეწიხლა ტაქსში.

ახლა ეს ტაქსი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მიაქროლებდათ _ ნაკლებად დასახლებული პუნქტისკენ. გზაში ვასიკოს ენა არ გაუჩერებია, რომას ნდობის მოსაპოვებლად სპეცოპერაციის ზოგიერთი დეტალი გაანდო, თან დედა დააფიცა _ არავისთან წამოგცდეს, მით უფრო უშანგი თოდუასთან, რომელიც უტყუარ წყაროზე დაყრდნობით შენს სკამს უმიზნებსო. რომა მადლიერი თავის დაკვრით შემოიფარგლა. გამოდის, ინტუიცა არ ატყუებდა, აგერ, ვასიკოც არ ენდობა იმ ვირეშმაკებს _ ჯარჯის და უშანგის. ვასიკომ მდივანი ადას იდუმალებით მოცული სიკვდილის ამბავი რომ გაიგო, საერთოდაც `ქოში ჰყარა~ _ ეს რა მითხარიო!

დანიშნულების ადგილამდე მალე მივიდნენ. ტაქსის გასასტუმრებლად რომამ ჯიბეზე გაიკრა ხელი, მაგრამ ვასიკომ არ დაანება _ აქ მე ვარ მასპინძელიო.

ხედი მართლაც ისეთი იყო, უკეთეს კაცის თვალი ვერ ინატრებდა _ პალმების ხეივნიდან გამომკრთალი ზღვის ფირუზისფერი ზოლი, მზეზე აბრჭყვიალებული ქვები, იახტების თეთრი ქარავანი...

_ როგორია? _ მხარი გაჰკრა ვასიკომ.

_ ზღაპრული.

_ ქვევით, ზღვაში შეჭრილი ტერასაა... გასულელდები, რა ფერის წყალია... იქიდან რომ ქალაქს გახედავ, თავი მართლა ზღაპარში გეგონება. რომა, გიყვარს ზღაპრები?

_ ვის არ უყვარს...

_ მეც მანდა ვარ, ჰოდა, წამო, ჩავიდეთ!

რომამ ნაპირისკენ ჩამავალ ქვის საფეხურებს გახედა. ეშორა. რა დარჩენია იმ ტერასაზე?! სიმართლე ითქვას, ყელში ამოუვიდა ეს მზეც, ეს ქრონიკულ საცობებში

Page 80: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

გაჩხერილი ქალაქიც, თავისი ფორმულით და კაზინოთი. ზღვა კი ბავშვობიდან არ უყვარს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ცურვა არ იცის.

_ რას უდგეხარ, რომა! შენი იტალია არსად გარბის, განსხვავებით წლებისგან... _ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ვასიკო მსუბუქად დაეშვა კიბეზე, _ წლები გარბის, ჩვენ კი ვბერდებით. ამიტომ რა უნდა ვქნათ? ვიდრე დავბერდებით და დავჩაჩანაკდებით, თითო სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ ტერასაზე. _ თვითონვე უპასუხა და სტვენით განაგრძო გზა.

არ არის ცუდი იდეა. კაზინოს ტერიტორიაზე ბრინჯაოს უზარმაზარ თითთან გადაღებული ფოტო რომას ძალიან მოეწონა. მიქელანჯელოს დავითი თეთრ კოსტუმში. თბილისში რომ ჩავა, მაგდას აჩუქებს. სურათსაც და საკუთარ თავსაც. დედამ თუ თავი გაიგიჟა, მაგდასთან გადავა საცხოვრებლად. ზედსიძედ. აგარაკიდანაც შეიძლება სამსახურში სიარული. ოც წუთში თბილისში ხარ.

ვიღაც შლიაპიანმა მანდილოსანმა ჩაიარა მოსასხამის შრიალით, მარჯვნივ გაუხვია და პალმების ხეივანში გაუჩინარდა. მონტე კარლოში ხშირად შეხვდებოდი ასაკოვან ბებოებს, უქმე დღეებში კაზინოში სათამაშოდ ჩამოდიოდნენ ხოლმე, ძირითადად საფრანგეთიდან და იტალიიდან.

რომა შეეცადა ვასიკოსავით ხტუნვით დაეფარა საფეხურები, მაგრამ კინაღამ ფეხი იღრძო. ვასიკო გამხდარი და სხარტი იყო, რომა _ მაღალი და ტლანქი. კი დარბის ბეჯითად იპოდრომზე, მაგრამ მოქნილობა გენეტიკური ფაქტორია. მშობლები მძიმეწონიანი ჰყავდა, პლიუს მჯდომარე სამუშაო და აქედან გამომდინარე გვერდითი დეფექტები. იგივე ბუასილი.

საფეხურები მოულოდნელად დამთავრდა და გამოჩნდა რკინის ხიმინჯებზე შემდგარი ტერასა, რომლის ძირში მომწვანო-მოლურჯო წყალი დგაფუნებდა. ვასიკო აღტაცებული გავარდა წინ, რომა ფრთხილად მოძრაობდა მოაჯირის გასწვრივ. მთაზე შეფენილმა ქალაქმა თითქოს ამოისუნთქა და ჰაერის გრილი მასები გამოუშვა. `მასებმა~ რომას თავზე გადაუარა და დალაგებული ქოჩორი აუწეწა. არ ესიამოვნა.

_ რა შეწუხებული სახე გაქვთ? _ შესცინა დაწინაურებულმა ვასიკომ.

_ აქ ძალიან უბერავს. მეშინია, არ გავცივდე.

_ მაშინ სურათები გადავიღოთ და წავიდეთ.

_ ჰო, ასე აჯობებს. _ გაუხარდა რომას და შესაფერისი ადგილის ძებნაში მიმოიხედა.

_ ერთ ფოტოს მთის ფონზე გადაგიღებთ, მეორეს _ ზღვის ფონზე. _ ვასიკომ ფოტოაპარატი ამოიღო და რაკუსი გაასწორა. _ მოაჯირზე რომ ჩამოჯდეთ, არა? უფრო ბუნებრივი გამოვა...

რომამ ფრთხილად ჩამოდო საჯდომი დაბალ მოაჯირზე და ხელიც მიაშველა. ღმერთმა ნუ ქნას, წყალში გადაყირავდეს.

_ აი, ასე კარგია... _ მოუწონა ვასიკომ და აპარატი ააჩხაკუნა. _ ახალ პროფილი, რომა... მე რომ თქვენსავით მომგებიანი პროფილი მქონდეს, სულ პროფილში ვივლიდი... ზღვის მხარეს გაიხედეთ, აი, ასე...

რომა ქათინაური ესიამოვნა. ზღვის ხმაურში ვერც გაიგო, რომ ფოტოაპარატის ჩხაკუნი შეწყდა, ვასიკო კი არენაზე გამოსული ხარივით გამოქანდა და ხელი ჰკრა. რომამ გაოცებაც ვერ მოასწრო, ისე გადაფრინდა მოაჯირიდან, პირდაპირ ზღვაში.

`ვკვდები, ვკვდები, ვკვდები...~ აშხუილდა თავში, მაგრამ ეტყობა სიცოცხლის ინსტიქტმა ხელ-ფეხი გააქნევინა და წყლის ზედაპირზე ამოაგდო. იქ, ზევით, რომას

Page 81: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

შიშით დამრგვალებულმა თვალებმა ისეთი რამ დაინახა, რომლის გამო ღირდა სიკვდილი. ოღონდ, მერე, მერე, თუნდაც ხუთ წამში... დარდს მაინც არ ჩაიყოლებდა საფლავში (თუ შეიძლება ზღვის ფსკერს საფლავი დაერქვას)...

...ტერასის მიმართულებით, სადაც წესით მოღალატე ვასიკოს უნდა ეხითხითა, ის შლიაპიანი ქალი გარბოდა, რომელმაც წეღან კიბეზე ჩაუარა. რომას ვერ წარმოედგინა, ასაკოვან ქალს თუ ასეთი სიჩქარის განვითარება შეეძლო. ნანახმა იმდენად გააოგნა, რომ კიდურების ქნევა შეაჩერა და მომენტალურად წყალში გაუჩინარდა. როცა ისევ ამოყვინთა, დაინახა მოაჯირზე გადაკიდებული ვასიკო, რომელსაც შლაპიანი ქალი მუშტებს უშენდა.

`დიდება შენდა, ღმერთო!~ გაიფიქრა რომამ და უცებ, ერთი ხელის გაწვდენაზე წყალში ჩარჭობილი რკინის ხიმინჯი დაინახა. _ დიდება შენდა, ღმერთო! _ ამჯერად მთელს ხმაზე იბღავლა, მთელ არსებულ და არარსებულ რესურსს მობილიზება გაუკეთა და სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩაეხუტა გადამრჩენელ ხიმინჯს.

გააზრება ვერ მიაწრო, რომ ტერასის მხრიდან რაღაც მძიმე გადმოვარდა და დგაფუნითა და შხეფების ფრქვევით ჩავარდა წყალში. ამომგდები ძალა რომ ზევით არის მიმართული, რომას ჯერ კიდევ სკოლაში ჰქონდა ნასწავლი, ჰოდა, ამ ძალამ წყალში ჩავარდნილი სხეული უკან ამოაგდო და ის ვასიკო აღმოჩნდა. უფრო სწორედ, ვასიკოს გვამი, რადგან `სხეულს~ სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. გვამი საკუთარი ღერძის გარშემო დატრიალდა, დაჭყეტილი თვალი შეავლო ხიმინჯს ჩაფრენილ რომას, საპატიო წრე დაარტყა და ნება-ნება გაუჩინარდა წყლის ქვეშ.

_ ეი, რომა, ცოცხალი ხარ? _ ქართულად ჩამოსძახეს ზემოდან. რაც ყველაზე საინტერესოა, ხმა კაცს ეკუთვნოდა. არადა, თითქოს ქალი დაინახა ტერასაზე.

_ კი, კი, აქ ვარ! _ იყვირა რომამ.

_ მერე რაღას უცდი, გამოცურე!

_ არ ვიცი ცურვა!

_ დამელოდე. _ მოკლედ უპასუხეს.

ნაპირი ახლოს იყო, ამიტომ რომამ გარკვევით დაინახა თავისი გადამრჩენელი, რომელიც გზადაგზა იშორებდა ქალის ატრიბუტებს _ შლიაპას, პარიკს, მოსასხამს... წყალში უკვე ნამდვილმა მამაკაცმა შემოცურა, მაკიაჟის ნარჩენებით მზემოკიდებულ სახეზე.

პროლოგი

დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან თითქმის ერთდროულად აფრინდნენ თვითმფრინავები. დიმიტრი პარიზში მიფრინავდა, მაგდა და ქეთუნა _ რომში, გვანცა და ილია _ თბილისში, ჯარჯი _ შორეულ ავსტალიაში, იქ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ვახო შალიკაშვილს ლამის სამოთხეს უხატავდა.

მიფრინავდა მთელი ამ ისტორიის მთავარი გმირიც _ ვახო შალიკაშვილი, მაგრამ მისი ფრენა არ იყო კავშირში ფიზიკურ გადაადგილებასთან. მას შემოქმედებითი წვით გამოწვეული აღმაფრენა მიაქანებდა მხარეში, სადაც თვითმფინავი კი არა, უახლესი ჩამოსხმის რაკეტაც ვერ შეწვდება. აქ, თუშეთში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედებს შორის მოქცეულ პატარა ქვაბულში, ვახო უსამართლოდ უარყოფილ პროფესიას _ ხატვას დაუბრუნდა. თუშეთი გახდა მისი ტაიტი, მისი ველური ცივილიზაცია, მისი სამოთხე, მისი საზვერე... მართალია, ამ ღვთით კურთხეულ ადგილზე მიხეილ

Page 82: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე

ხვედელიძის მსუბუქი ხელით მოხვდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ გიბიძგებს ან რა მიზნით, მთავარია შედეგი. შედეგია, როცა მზის ამოსვლა გიხარია, რომ თავდაუზოგავად ხატო ალპურ ზონაში გარინდული მთები, საძოვარს შეფენილი ცხვრის ფარა, მწყემსები, ნაგაზები, კლდოვანი ხეობები, პარაქეთა და პირიქითა მდინარეები, სოფლები და ნასოფლარები, საუკუნოვანი ეკლესიები, უძველესი საბრძოლო კოშკები, ფიქლით ნაშენი სახლები... რომ შებინდებისას არაქათგამოცლილი მიეგდო დასაძინებლად და ისევ მზის ამოსვლას დაელოდო.

2003 წელი

დასასრული

Page 83: 2 სხვის ტყავში. მაია ბურჭულაძე