საქართველოს პარლამენტის დიასპორისა...

27
N 14814 18/09/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ, 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 26 (ოცდაექვსი) ფურცელი პატივისცემით, ზვიად კვაჭანტირაძე თავმჯდომარე

Transcript of საქართველოს პარლამენტის დიასპორისა...

N 1481418/09/2017

საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო

დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს

ქალბატონო ეთერ,

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ, 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

დანართი: 26 (ოცდაექვსი) ფურცელი

პატივისცემით,

ზვიად კვაჭანტირაძე

თავმჯდომარე

1

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების

პერიოდში გაწეული საქმიანობის

ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობა, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარეობდა.

კომიტეტის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებსა და პროგრამულ მიმართულებებს წარმოადგენდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ ორგანიზაციებთან, ქართველოლოგიურ და კავკასიურ ცენტრებთან თანამშრომლობა და ურთიერთობების გამყარება, კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების განმტკიცება, რეგიონული უსაფრთხოებისა და მიგრაციული პროცესების მართვის საკითხებზე მუშაობა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებების, დაცვა.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, მიღებული გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისა და სამოქმედო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, ჩაატარა კომიტეტის 15 სხდომა, ათეულობით სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი შეხვედრა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, დარგის სპეციალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, მოისმინა შესაბამისი ინფორმაციები.

საყურადღებოა შემდეგ თემატურ მიმართულებებთან დაკავშირებით ჩატარებული საკომიტეტო სხდომები და შეხვედრები:

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები, დიასპორული ორგანიზაციები და ქართველოლოგიური ცენტრები; ქართული ისტორიული დიასპორა

ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაუმჯობესების, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების პრობლემატიკის შესწავლისა და გადაჭრის მიზნით, საკომიტეტო და სამუშაო შეხვედრები რეგულარულად იმართებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან (საგარეო საქმათა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს

2

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მიგრაციის სამთავრობო კომისია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ა.შ). მათი უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა ღონისძიებები და პროექტები საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ თანამემამულეებთან და ქართულ ისტორიულ დიასპორასთან კავშირების განმტკიცებისა და ქართულ სახელმწიფოსთან დაახლოების მიზნით.

საკითხთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის მუშაობის ეფექტურობის გაზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში განხორციელებულმა ცვლილებამ - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 იანვრიდან მოხდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაცია, რომლის ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას დაექვმედებარა, სადაც შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. ცვლილების თანახმად, დიასპორის საკითხებზე მუშაობა უფრო მაღალ სტანდარტზე იქნა აყვანილი. შედეგად, უფრო ეფექტურად მოხდება დიასპორასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების განხილვა და გადაწყვეტა, ვინაიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს (საელჩოები, საკონსულო დაწესებულებები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და სხვა) გაცილებით მეტი კავშირები აქვს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან. სწორედ, მათი უშუალო მონაწილეობით და დახმარებით ხდება დიასპორის პრობლემატიკის შესწავლა.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ საქართველოს კონსტიტუციის პროექტში ასახულია ნორმა, რომლის მიხედვითაც: „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“. ამ საკითხის დარეგულირება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტით, ქართული დიასპორის მიმართ სახელმწიფოს მზარდი ინტერესითაა განპირობებული, რაც საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო გაამყარებს ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულებას ქართული დიასპორისადმი. აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმის მიზანია, სახელმწიფომ უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე გაუწიოს კოორდინაცია ქართულ დიასპორასთან ურთიერთობას, იმუშაოს ქართულ ემიგრაციასთან საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე, ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას და მათი პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტას.

საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტში, ასევე, ამოღებულია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქე, ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში. კონსტიტუციის პროექტის მიხედვით აღნიშნული საკითხი დარეგულირდება შესაბამისი ორგანული კანონით. ვფიქრობთ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის

3

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.

ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა ქართულ დიასპორასთან კავშირების გამყარება და საქართველოს განვითარების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების კანონიერი ინტერესების დაცვა, სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, დიასპორის წარმომადგენლებისთვის ეფექტური იურიდიული და საკონსულტაციო დახმარების გაწევა, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა. შესაბამისად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, გაწეული საქმიანობით, ხელს უწყობს ზემოაღნიშნული მიმართულებებით ქართულ ემიგრაციასთან მუშაობას და დიასპორული ორგანიზაციების მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციას.

კომიტეტის აქტიური მონაწილეობით, სისტემატურად აღინიშნება 27 მაისი - დიასპორის დღე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ათეულობით ქვეყნის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი და სხვა მოწვეული სტუმრები.

მიმდინარე წელს, დიასპორის დღეების ფარგლებში, 27-28 მაისს, გაიმართა ფორუმი - „ძლიერი დიასპორა-ერთიანი საქართველოსათვის“. მასში მონაწილეობა მიიღო დიასპორის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

ფორუმი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას ისახავდა მიზნად.

სწორედ, ამ ღონისძიებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, კომიტეტის მონაწილეობით, მომზადდა ქართულ ემიგრაციასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო დოკუმენტი: დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია - „ერთიანი ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომელიც გასაცნობად წარედგინა ფორუმის მონაწილეებს.

დიასპორული ფორუმის ფარგლებში, კომიტეტის წარმომადგენლებმა სამუშაო თემატურ ჯგუფებში მიიღეს მონაწილეობა, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები: „დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში და მედია“, „დიასპორა და ეკონომიკა“, „თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების საკითხებში“, „ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა“. თემატურ ჯგუფებში გაიმართა დისკუსიები. მოხდა დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.

4

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გამოთქმული და მხარდაჭერილი მოსაზრებები და წინადადებები შემდგომში აისახოს იმ ცალკეულ ღონისძიებებში, პროგრამებსა თუ პროექტებში, რომლებიც სახელმწიფოს, ჩვენს შემთხვევაში, უშუალოდ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხრიდან განხორციელდება.

კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერ ასოციაციასთან, რომელიც წარმოადგენს დიასპორელ ინვესტორთა საწარმოების გაერთიანებას. ორგანიზაციის მიზანია: საქართველოში დიასპორული ინვესტიციების მოზიდვა და მხარდაჭერა; უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებში საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია; საქართველოში დაბრუნების მსურველი ან/და დაბრუნებული ემიგრანტების საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა; საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების დასაქმებაში დახმარება.

კომიტეტმა, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერ ასოციაციასთან, ერთად დაიწყო მუშაობა „უცხოეთში მცხოვრები თანამემემულეების გზამკვლევი“-ს შემუშავებაზე. ცნობარი დაეხმარება ემიგრანტებს, საქართველოში ყოფნისას, ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო და სხვა სახის ორგანიზაციებზე, რომლებიც ურთიერთობენ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, ასევე მიაწვდის მათ ინფორმაციას საქართველოს კულტურულ, ტურისტულ და საინვესტიცო პოტენციალის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში, არაერთი შეხვედრა თუ საკომიტეტო მოსმენა დაეთმო ქართული დიასპორის საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლას და განხილვას. მაგალითად, მოეწყო საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ, ჩატარებული კვლევის - „დიასპორული ინვესტიციები და ქართული დიასპორა“ - პრეზენტაცია.

აღნიშნული კვლევა ქართული დიასპორის ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალის შესასწავლად განხორციელდა. შეფასდა დიასპორის წარმომადგენლებისა და უცხოური საექსპერტო წრეების მოსაზრებები საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, გაიზომა მათი ქართულ ბიზნეს-წრეებთან ურთიერთობაში ჩართულობის ხარისხი. ასევე, განისაზღვრა უცხოური ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი და ის მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფოს ჩართულობას, როგორც ინვესტირების, ისე ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში გაზრდიდა.

საჭიროა, აღინიშნოს, რომ ქართულ დიასპორას გააჩნია საკმაოდ კარგი ეკონომიკური პოტენციალი, რაც ნათლად ჩანს ერთ კონკრეტულ სეგმენტშიც - მათ მიერ გაკეთებულ გადმორიცხვებსა და გზავნილებში (ფულადი გზავნილები: 2016 წელი - 1,151,236,200 ა.შ.შ. დოლარი; 2017 წელი, ივნისის თვის მონაცემებით, - 749,894,900 ა.შ.შ.

5

დოლარი). ეს რა თქმა უნდა დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც.

კომიტეტი, ასევე, გაეცნო სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს დიასპორის პოტენციალის ქვეყნის ეკონომიკური განვითრებისათვის გამოყენების სფეროში და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები. დიასპორის წარმომადგენლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დროული და სწორი ინფორმაციის მიწოდება საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს და შესაძლებლბების შესახებ. დიასპორის წარმომადგენელთა საინვესტიციო პოტენციალი, ჯერ კიდევ აუთვისებელია. საჭიროა თემის უფრო აქტიური პოპულარიზაცია, კონკრეტული სქემების და მექანიზმების შემუშავება, ვინაიდან დიასპორის ჩართულობა ხანგრძლივი პროცესია, საჭიროა კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. კომიტეტი აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხებზე და ხელს შეუწყობს ისეთი საკანონმდებლო გარემოს შექმნას, რომელიც მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ეფექტური იყოს ამ მიმართულებით.

ემიგრაციასთან ურთიერთობის მიმართულებით, საინტერესოა შემდეგი აქტივობებიც:

2017 წლის 8 მაისს, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის“. საქართველოს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის შექმნილი „წიგნის ბანკი“ თავიანთი შერჩეული წიგნებით შეავსეს.

ღონისძიების მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ქართულენოვანი ბიბლიოთეკის შექმნა და დაფუძნება საზღვარგარეთის ქვეყნებში. აქცია საკმაოდ მასშტაბური და წარმატებული აღმოჩნდა. შეგროვებული წიგნები გაიგზავნა 5 სამიზნე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პროექტი არ იქნება ერთჯერადი. სამომავლოდ იგეგმება სამიზნე ქვეყნების რაოდენობის გაზრდა;

კომიტეტის უშუალო მხარდაჭერით თბილისში („გარდენ ჰოლი“), ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“-ს პროექტის - „წარმატებული ემიგრანტი ქალი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე ქალბატონებს საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის პარლამენტის სახელით ჯილდოები გადაეცა.

საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დაცვისა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისათვის 12 ემიგრანტი ქალი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან დაჯილდოვდა.

6

საქართველოს პარლამენტის სახელით სპეციალური პრიზი გადაეცა ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ - ს წარმომადგენელს.

ნომინირებული ქალბატონები ძირითადად შერჩეულნი იყვნენ ადგილობრივი ქართული სათვისტომოების მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები უცხოეთიდან;

კომიტეტის მონაწილეობით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვარშავის 1944 წლის აჯანყების გმირის, ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა. ღონისძიება პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, ემიგრანტული შემოქმედების პირველი ფესტივალის - "EM.ART.GE-2017" დასკვნითი ღონისძიება და ლიტერატურული კონკურსის „ემიგრანტის წერილი 2017“ - ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ფესტივალში მონაწილე ემიგრანტული ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელებსა და წევრებს, საქართველოს პარლამეტის სახელით მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სპეციალურად ამ ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ და თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინეს დიასპორულმა ანსამბლებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კვიპროსიდან.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა კომიტეტის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია კომიტეტის პრიორიტეტები, პროგრამული მიმართულებები და გასატარებელი ღონისძიებები. დოკუმენტი განსაზღვრავს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობას, დიასპორულ ორგანიზაციებთან, ქართველოლოგიურ და კავკასიოლოგიურ ცენტრებთან თანამშრომლობას, კულტურულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების განმტკიცებას. კომიტეტის სამოქმედო არეალი, გეგმის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების შრომითი უფლებების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მუშაობას, მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და მიგრაციული პროცესების მართვას ითვალისწინებს. კომიტეტი, გეგმის თანახმად, აფართოებს საქმიანობის სფეროს და დიასპორისა და კავკასიის საკითხებთან ერთად, მიგრაციულ საკითხებზეც მუშაობს.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, გამართა ფართო საკომიტეტო მოსმენები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და დარგის ექსპერტების მონაწილეობით.

7

კერძოდ, კომიტეტის სხდომებზე მოსმენილ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:

თურქეთისა და საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლებისა და ქართული ენის დისტანციური სწავლების დანერგვის პროგრამების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაწეული საქმიანობა (მომხსენებელი: მინისტრის მოადგილე ლია გიგაური).

სხდომაზე წარმოდგენილი იქნა დეტალური ინფორმაცია, განათლების კუთხით, ქართული დიასპორაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების თაობაზე; დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების პოლიტიკისა და სტრატეგიაზე; თურქეთსა და საბერძნეთში, ქართული ენის სწავლების ეფექტურად განხორციელებისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და მიმდინარე საგანმანათლებლო ინვესტიციებზე.

ამ კუთხით, აღსანიშნავია შემდეგი მნიშვნელოვანი მიღწევები: 2014 წლიდან დღემდე, თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენა არჩევით საგნად შევიდა, ისწავლება მე-5-8 კლასებში კვირაში ორჯერ და მას სრულად აფინანსებს თურქული მხარე; თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცდა სასწავლო პროგრამები და შეიქმნა ქართული ენის მიზნობრივი სახელმძღვანელოები; ამჟამად, თურქეთის ორ საჯარო სკოლაში ქართულ ენას 50-მდე მოსწავლე სწავლობს (საქარია, სოფ. ნურუოსმანიე და ართვინი, დაბა მურღული. მსურველთა რაოდენობა გაცელებით დიდია, თუმცა პედაგოგიური კადრების სერიოზული დეფიციტია). 300-მდე საჯარო სკოლა მზადაა დანერგოს ქართული ენის სწავლება 10 მოსწავლის სურვილისა და კადრების არსებობის შემთხვევაში (ბურსა, დუზჯე, სინოპი, სამსუნი, ართვინი, ორდე, უნიე, საქარაია და ა.შ). თურქეთის რამდენიმე უნივერსიტეტში გახსნილია ქართული ენის განყოფილებები და მიმდინარეობს ქართული ენის საბაკალავრო პროგრამებით კადრების გადამზადება.

საიმედოა საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების კუთხით არსებული ვითარებაც. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სექტემბრიდან ამოქმედდება ქართული ენის საპილოტე პროგრამა დაწყებით საფეხურზე; მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო რესურსებისა და მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულების შემუშავება საჯარო და საკვირაო სკოლებისთვის.გათვალისწინებულია 50-ე სკოლის ჩართვა ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაშიც. მიმდინარეობს მუშაობა საპილოტე პროგრამაში ათენის 108-ე და 170-ე სკოლების ჩართვასთან დაკავშირებითაც. საპილოტე პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, განიხილება ქართული ენის სწავლება ათენისა და თესალონიკის საჯარო სკოლების მაღალი კლასების ქართველი მოსწავლეებისთვის.

სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იქნა დეტალური ინფორმაცია სხვა ქვეყნებში ქართული ენის დისტანციური სწავლების საპილოტე პროგრამის განხორციელების

8

თაობაზეც, რომლის მიზანსაც ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოადგენს.

საკითხთან დაკავშირებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მიიღო შემდეგი რეკომენდაციები:

საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამართონ კონსულტაციები და მოლაპარაკებები თურქ კოლეგებთან, თურქეთის რესპუბლიკის საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის თაობაზე. გამარტივდეს და დაიხვეწოს კრიტერიუმები/სტანდარტები და რეგულაციები ქართული ენის პედაგოგების შერჩევის კუთხით, რათა ქართული ენის სწავლება ისეთივე ხელმისაწვდომი და მოქნილი გახდეს, როგორც საქართველოში - თურქული ენის;

საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა გამართონ კონსულტაციები დონორ ორგანიზაციებთან და საკითხით დაინტერესებულ მხარეებთან საბერძნეთის რესპუბლიკაში, სალონიკში ქართული საკვირაო სკოლისთვის შენობის მოძიების მიზნით;

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის ქართული ენის სწავლების მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე განხორციელდეს მუდმივი საკომიტეტო მონიტორინგი და კონტროლი;

სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე საპარლამენტო მუშაობისას, მხარდაჭერილ იქნას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის ქართული ენის სასწავლო პროგრამული მიმართულებები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, მიეცა რეკომენდაცია, კომიტეტთან ერთად, გაააქტიუროს თანამშრომლობა ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რათა ამაღლდეს ენის ცოდნა, როგორც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში, ისე - საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებში;

მოსმენილ იქნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზვიად გონაძის ინფორმაცია ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკასა და პრიორიტეტებზე.

აღსანიშნავია, რომ პირველად სამინისტროს მიერ მომზადდა დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია - „ერთიანი ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომლის აქტიური განხილვა მიმდინარეობს, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე დიასპორებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

კომიტეტში წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტში შექმნილ საინფორმაციო ბაზაზე, დიასპორული ორგანიზაციების

9

მხარდამჭერ პროექტებზე, საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის დისტანციური სწავლების მეთოდებზე;

ხაზგასასმელია საზღვარგარეთ არსებული ქართულ კერებზე, კერძოდ „ლევილის ქართულ მამულზე“ და „სტამბოლის ქართულ სავანეზე“ ზრუნვის საკითხი.

მოგეხსენებათ, კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული „ლევილის მამულის“ საქართველოსთვის გადმოცემის პროცესში. 2017 წლის 1 იანვრიდან, დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის - ლევილის ქართული აკადემიის“ განმკარგავი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გახდა და მიმდინარეობს მუშაობა არაერთი საინტერესო პროექტის განსახორციელებლად. კომიტეტი, ამ ეტაპზეც, გეგმავს აქტიური მონაწილეობა მიიღოს „მამულის“ შემდგომი საქმიანობის განსაზღვის საკითხშიც, რასაც უაღრესად დიდი და ფართო მნიშვნელობა აქვს, როგორც ქართულ-ფრანგული ურთიერთობების, ისე ევროპაში ქართულ ემიგრაციასთან თანამშრომლობის, კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირების განმტკიცებისა და საქართველოს პოპულარიზაციის კუთხითაც. შესაბამისად, კომიტეტმა „ლევილის ქართული აკადემიის მართვის საბჭოს“ წევრად წარადგინა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის - ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა. კომიტეტი ასევე გააგრძელებს მუშაობას არანაკლებად მნიშვნელოვანი - „სტამბოლის ქართულ სავანესთან“ დაკავშირებულ საკითხებზე და არსებული პრობლემების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის მექანიზმების შემუშავებაზე.

კომიტეტის უშუალო მონაწილეობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის - „საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობა’’ ფარგლებში, მოხდა ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა გამოვლენა. მათი დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ჯილდოები განისაზღვრა რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის: ქართული კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციაში, საქველმოქმედო საქმიანობისა და სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის. ნომინაციაში - „საქართველოს უცხოელი მეგობარი საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“ კი რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჯილდოვდა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, მუშაობას წარმართავს შესაბამისი ქვეყნების ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან, სათვისტომოებთან, ქართველოლოგიურ ორგანიზაციებთან და საქართველოს საკითხით დაინტერესებულ პირებთან. აღსანიშნავია, საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. თუმცა, ამ ინტეგრაციის პროცესში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოყენებული ჩვენი

10

დიასპორების პოტენციალი და ამ მიმართულებებით კომიტეტი ატარებს კონკრეტულ და თანმიმდევრულ მუშაობას.

მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების საკითხშიც ქართული ემიგრაციის შესაძლებლობების გამოყენება. სამუშაო შეხვედრებზე ცალკეული ქვეყნების დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ კუთხით გამოთქვეს საინტერესო წინადადებები.

კავკასია, კავკასიელ ხალხებთან, მათ დიასპორულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა

საანგარიშო პერიოდში, კავკასიის მიმართულებით, კომიტეტის საქმიანობა, ძირითადად, წარიმართა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის კუთხით.

ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან კულტურულ-სამეცნიერო და შემოქმედებითი კონტაქტების გაღრმავების საკითხებს დაეთმო კომიტეტის არაერთი სხდომა. მასში მონაწილეობდნენ დარგის ექსპერტები და ამ სფეროში მოქმედი როგორც ქართული, ისე ჩრდილოკავკასიური არასამთავრობო ორგანიზაციები. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა, სამომავლო ურთიერთობები, ძირითადად, წარიმართოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო კუთხით და კულტურათა დიალოგის ფორმატში.

შესაბამისად, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ, სსიპ - ჩერქეზული კულტურის ცენტრთან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობს ჩრდილოკავკასიელ კოლეგებთან, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებთან, არასამთავრობო და დიასპორულ ორგანიზაციებთან. კომიტეტის მხარდაჭერითა და ცენტრის ინიციატივით გაიმართა არაერთი კონფერენცია, შეხვედრა, სიმპოზიუმი, სემინარი, ლექცია და სხვა საგანმანათლებლო/სამეცნიერო ღონისძიება, რომლებიც მიზნად ისახავდნენ კავკასიელი ხალხების დაახლოებას.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს 40-დე ქვეყანაში არსებობს კარგად ორგანიზებული ჩერქეზული სათვისტომოები და სხვა სახის ორგანიზაციები, რომელთა რიცხვიც საკმაოდ დიდია. ჩერქეზული კულტურის ცენტრის მეშვეობით, მუდმივი კონტაქტია დამყარებული ძირითად ჩერქეზულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და მათთან წარმართული მუშაობის შედეგად, საქართველოს ამ სახელმწიფოებში ჰყავს პროქართულად განწყობილი ჩერქეზული დიასპორა. ამასთან, დღესდღეობით, ჩერქეზული ინტერნეტ სივრცე აბსოლუტურად პროქართულია.

კომიტეტის უშუალო მონაწილეობით, 2017 წლის 25 აპრილს გაიმართა ჩერქეზული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ საზეიმო თარიღს 2010 წლიდან მსოფლიოს თითქმის 50 ქვეყანაში ყველა ადიღური ორგანიზაცია აღნიშნავს, თბილისში კი 2012

11

წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება: ეწყობა ჩერქეზ მხატვართა გამოფენები, გამოიცემა სამეცნიერო-ლექსიკოლოგიური, ისტორიული, სასწავლო-სახელმძღვანელოები თუ მხატვრული ლიტერატურა.

კომიტეტი მხარს უჭერს ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ წარმოებულ საგამომცემლო საქმიანობას, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობის განმტკიცებისკენ (მაგ. გამოიცა „ყაბარდოულ თქმულებათა მიხედვით შედგენილი ადიღელი ერის ისტორია“; უმარ ბერსეის “ჩერქეზული ენის ანბანი (დედაენა)“ და სხვ.)

2017 წლის 10 მაისს ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრში ეთნოლოგის, პროფესორის ნუგზარ ანთელავას წიგნის „კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალების“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ენციკლოპედიური ხასიათისაა და მისი წინათქმა ქართულ და ინგლისურ ენებზეა წარმოდგენილი. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო წიგნის პრეზენტაციაში.

კომიტეტი და სსიპ - ჩერქეზული კულტურის ცენტრ აქტიურად თანამშრომლობდა სხვა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან, მაგალითად აბაზებთან და აბაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რამაც შესაძლოა, მომავალში დადებითი როლი შეასრულოს ქართულ-აფხაზური დიალოგისა და სახალხო დიპლომატიის წარმოების პროცესში.

კომიტეტის უშუალო მხარდაჭერითა და მონაწილეობით, გაიმართა კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი -„დამწერლობა კავკასიაში“ .კონგრესი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და მის მუშაობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან საერთაშორისო კავკასიოლოგიური კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევარები.

კონგრესზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი და განსაკუთრებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი იქნება ძალიან აქტიური მხარდამჭერი კავკასიოლოგიური კვლევებისა. კომიტეტი ხელს შეუწყობს მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტების და მეცნიერთა აქტიურ ჩართულობას საქართველოში არსებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მუშაობაში, სწავლის პროცესში და ა.შ.

სწორედ აღნიშნულის დასტურია კომიტეტის თავმჯდომარის შუამდგომლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე, „კავკასიოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის საერთაშორისო პრემიის აღდგენის თაობაზე, და შუამდგომლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე „ქართული ენის ელექტრონული ეტიმოლოგიური ლექსიკონის“ შექმნის მხარდაჭერის თაობაზე.

ეტიმოლოგიური ლექსიკონის შექმნას უაღრესად დიდი ეროვნული, სამეცნიერო და კულტურული ღირებულება გააჩნია. იგი სამაგიდო ნაშრომად იქცევა არა მხოლოდ

12

ფილოლოგებისა და ლინგვისტებისათვის, არამედ - უკლებლივ ყველა ჰუმანიტარული მიმართულების მკვლევარისთვის, ვინაიდან, სწორედ, ქართულ ენაში არის ასახული ათასწლოვანი ცოდნა, კულტურა, სამყაროს ჩვენეული აღქმა და მსოფლგანცდა. ამასთან, ეტიმოლოგიური ლექსიკონი, შესაბამის არქეოლოგიურ მასალასთან და კვლევებთან ერთად, საბოლოოდ გადაჭრის ქართველი ერის წარმომავლობის საკითხს - ეთნოგენეზისს. გარდა ამისა, პროექტის განხორციელებას აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა: ეს იქნება ქართული სახელმწიფოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი ზოგადკავკასიური და რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების კუთხითაც.

რაც შეეხება არნოლდ ჩიქობავას სახელობის საერთაშორისო პრემიის აღდგენის საკითხს, ეს არის კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი ყველა მონაწილის საერთო სულისკვეთება. პრემიის სახით, მათი მოღვაწეობისადმი მხარდაჭერა უზრუნველყოფს საქართველოს იმიჯისა და რეგიონული ფუნქციის განმტკიცებას. ეს არის აღიარება და დადასტურება იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოს ღრმად აქვს გააზრებული თავისი გეოპოლიტიკური და კულტურულ-ცივილიზაციური ფუნქციები კავკასიის რეგიონში. ამდენად, პრემიის არსებობას განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული სახელმწიფოსთვის. ამასთან, უნდა გაფართოვდეს მისი დიაპაზონი და პრემია გაიცეს არა მხოლოდ ზოგადი და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების განვითარებაში გაწეული ღვაწლისათვის, არამედ - ზოგადად კავკასიოლოგიაში შეტანილი წვლილისათვის.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია კავკასიელებს შორის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტების აღმოფხვრა კულტურათაშორისი დიალოგის მეშვეობით. კომიტეტის თავმჯდომარე სისტემატიურად მონაწილეობდა კავკასიელ ხალხთა ისტორიული მეგობრობის შენარჩუნება/გაძლიერების კუთხით მოწყობილ შეხვედრებსა და ღონისძიებებში. კერძოდ, 18 მაისს, კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქისტური პოეზიის საღამოში. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქისტი პოეტების შემოქმედების გაცნობას ქართული საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის, მათი ცნობიერების ამაღლებას, ქისტი ახალგაზრდების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო თემას: „საქართველო ქისტი პოეტების შემოქმედებაში“ (დამსწრე საზოგადოება გაეცნო ქისტი პოეტების – სულეიმან გუმაშვილის, მუხმად ნაციშვილის, მაია მარგოშვილის, ეკა ქავთარაშვილის, კანეი მარგოშვილის შემოქმედებას).

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ქისტ პოეტებს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სახელით, გადაეცათ რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ ილუსტრირებული ვაჟა-ფშაველას მოთხრობების კრებულის ახალი გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა ქისტური ფოლკლორისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ქისტური

13

ზეპირსიტყვიერებისა (ქისტურ და ქართულ ენებზე) და გამოყენიბითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა და ქისტური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პანკისის ხეობის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატი აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიება ემსახურება არამარტო ქისტი და ქართველი ხალხების ურთიერთობის განმტკიცებას, კულტურულ თანამშრომლობას, არამედ რეგიონში და კონკრეტულად პანკისის ხეობაში ინტეგრაციული პროცესების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების საკითხებსა და სახალხო დიპლომატიის წარმოებას.

კომიტეტს მჭიდრო კონტაქტები აქვს ქართული უმაღლესი სასწავლებლების კავკასიელ სტუდენტებთან, რომლებსაც არაერთხელ მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტში.

ჩრდილოკავკასიასიელი ხალხების წარმომადგენლებთან და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან წარიმართა სხვა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რა დროსაც დაიგეგმა საინტერესო პროექტები.

კავკასიის საკითხებზე მუშაობისას ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ მიზნით, მოსმენილ იქნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია“ და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფო ენის ცოდნას განიხილავს სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად და მისი ამოცანაა, სახელმწიფო ენის ცოდნის მაქსიმალურად გაუმჯობესება. კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. მათ შორის დეტალურად განიხილეს არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.

ასევე, კავკასიის მიმართულებით მნიშვნელოვანია ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური ურთიერთობები და იმ რეგულაციებზე მუშაობა, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. მომავალში იგეგმება ამ კუთხით მუშაობის გააქტიურება.

14

რეგიონული უსაფრთხოება, კონფლიქტების რეგულირება

საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა რეგიონული უსაფრთხოებისა და კონფლიქტების რეგულირების კუთხით.

კომიტეტის არაერთი სხდომა დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სკოლების, სახელმწიფო ენის და სხვა პრობლემურ საკითხებზე მიმდინარე მუშაობის შესახებ ინფორმაციების მოსმენას. სხდომებში მონაწილეობდნენ შესაბამისი სამინისტროების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებების, აფხაზეთის მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. კომიტეტის საქმიანობისას ყურადღება ეთმობოდა ოკუპირებულ ადმინისტრაციულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში შექმნილი მდგომარეობის შესწავლასა და შესაბამისი უწყებების საქმიანობაზე კონტროლს. კომიტეტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სახელმწიფო თუ საერთაშორისო უწყებებთან ერთად, იმსჯელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე, იქ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე.

ცალკე საკომიტეტო მოსმენა დაეთმო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მდგომარეობისა და წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტის სხდომებზე მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენას, ახალი გეგმების შემუშავებას. სხდომა გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით (აღნიშნულ საკითხებზე მოხსენება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა).

სამწუხაროდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუფარავად ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის არამარტო ქართული მოსახლეობის. საოკუპაციო რეჟიმი ბოლო წლებში განსაკუთრებულად ხელყოფს ქართველთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას. გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში საქართველოს მთავრობის მიერ აღდგენილი 31 სკოლა რუსულ სწავლებაზეა იძულებით გადაყვანილი. საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად იქ დარჩენილი და დაბრუნებული მოსახლეობის მოთხოვნისა, ცდილობს რეგიონიდან გააძევოს ქართული ენა თავისი უნიკალური დამწერლობით. მიზანმიმართულად იცვლება და იშლება ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ეთნო-ლინგვისტური, საუკუნეების მანძილზე შექნილი ერთობლივი სულიერი თუ მატერიალური ფასეულობები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ყველა ნორმა, რომლებიც ჩამოყალიბებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში, გაეროს საერთაშორისო პაქტებში სამოქალაქო და

15

პოლიტიკური უფლებების შესახებ, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში.

დღეისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მთლიანად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება. განადგურებულია ქართული სკოლები, ქართული წიგნები და დოკუმენტები. იკრძალება ქართულ ენაზე მიწერ-მოწერა, საუბრები, სიმღერის ცოცხალი შესრულებაც კი. სეპარატისტები ყველა გზით ცდილობენ ქართული კვალის წაშლას, ამ მიზნით ანადგურებენ ქართული ეპიგრაფიკული კულტურის ძეგლებს.

მიუხედავად უმკაცრესი ზეწოლისა და დისკრიმინაციისა, გალის რაიონის მოსწავლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კარგი შედეგებით გამოირჩევიან. გასულ წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 347 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, აქედან 204 ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში 84 ახალგაზრდა ჩაირიცხა. გალის რაიონის სკოლადამთავრებულები, მიუხედავად იქ შემნილი მდგომარეობისა, სრულყოფილად ფლობენ ქართულ ენას, წარმატებით მონაწილეობენ საგნობრივ ოლიმპიადებზე და იღებენ მედლებს, რაც უპირველეს ყოვლისა, გალელი პედაგოგების თავდადებით, მათი პატრიოტიზმით, მაღალი პროფესიონალიზმით, მათი მხრიდან გმირობის ტოლფასი ქმედებებით გახდა შესაძლებელი.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის ა/რ მთავრობასთან, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ყველა ინიციატივას, რომლების მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.

ასევე, მოისმენილ იქნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინფორმაცია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მიმდინარე მუშაობის შესახებ. სხდომაზე წარმოდგენილი იქნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, სამომავლო გეგმები და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკური პრიორიტეტები, რომლებიც გაერთიანებასა და გამთლიანებაზეა ორიენტირებული.

ზემოაღნიშნულ საკითხებზე გამართულ საკომიტეტო მოსმენებზე მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები. კომიტეტი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა იმ კულტურულ-სამეცნიერო, საგანმანათლებლო-სპორტულ, საინვესტიციო და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას, რომლებშიც ჩართულები არიან ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

16

რეგიონული უსაფრთხოებისა და კავკასიის საკითხებზე მუშაობისას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების და მეგობრული სამეზობლო პოლიტიკის წარმოებისას მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის როლის გათვალისწინება. უნდა გაუმჯობესდეს ქართული დიასპორების თანამშრომლობა უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ კავკასიის ხალხების დიასპორულ ორგანიზაციებთან. აღნიშნული ხელს შეუწყობს კავკასიელი და ქართველი ხალხების ისტორიული კავშირებისა და მეგობრობის გაღრმავებას, სახალხო დიპლომატიაში აფხაზი და ოსი ხალხების ჩართულობის გაზრდას, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას.

თანამედროვე მიგრაციული პროცესები და მათი მართვა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, გასულ წლებში (მე-7 და მე-8 მოწვევის საპარლამენტო მუშაობისას) საქმინობას წარმართავდა ორი ძირითადი მიმართულებით: დიასპორის და კავკასიის საკითხები, რაც მჭიდრო კავშირშია რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებთან. თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს გლობალური და რეგიონალური მიგრაციული პროცესები და მათი რეგულაცია. იზრდება იმიგრაციისა და ემიგრაციის გავლენა ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებზე. მიგრაციული პროცესები საქართველოდან და საქართველოსკენ რთული და მრავალფეროვანია და ამ პროცესების მართვაში ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული ქართული დიასპორა, მისი მასშტაბების და შესაძლებლობების გათვალისწინებით. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიგრაციული პროცესების რეგულაცია არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ევროკავშირთან და სხვა ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოვებამ დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების აუცილებლობა. გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობამ წარმოშვა ახალი ვალდებულებები მიგრაციის რეგულირების მიმართულებით. შესაბამისად, მიგრაცია და მიგრაციული პროცსების მართვა საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა კომიტეტის საქმიანობის მე-3 ძირითად მიმართულებად მიგრაციის განსაზღვრა, რამაც ასახვა ჰპოვა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დებულებაში.

საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობა დაეთმო სახელმწიფოს მიგრაციული პოლიტიკის საკითხებზე მუშაობას, მიგრაციული პროცესების შესწავლას, ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო თუ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან,

17

დარგის სამეცნიერო წრეებთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დაწესებულებებთან თანამშრომლობას.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM). მისი საქმიანობა როგორც მეცნიერული, ისე პრაქტიკული კუთხით ფართო და მრავალმხრივია. უკვე წლებია, რაც ორგანიზაცია ახორციელებს პრობლემის კვლევას, ხელს უწყობს მიგრანტების ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნებას და ინტეგრაციას, ეხმარება მათ განათლების, ჯანდაცვის პროგრამებისა და საცხოვრისის მიღებაში, დასაქმებასა და ბიზნესის დაწყებაში.

კომიტეტი IOM-თან ერთად მუშაობდა მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე, რომელიც მოიცავს შრომით მიგრაციას და ხელშეწყობას, დიასპორულ ფულად გზავნილებს და მართვას, არალეგალური მიგრაციის პრევენციას, მისი გამომწვევი/ხელშემწყობი მიზეზების კვლევას, ამ ფაქტორებთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმის შემუშავებას.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენლებთან (მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა) სამუშაო შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობის შედეგები და მიზნები, მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები, კომიტეტთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. ყურადღება ეთმობოდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს, საზღვარგარეთ არსებული ქართული დიასპორის მნიშვნელობასა და პრობლემატიკას, საქართველოს განვითარების საქმეში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობას, სამშობლოში მათ ღირსეულ დაბრუნებასა და ინტეგრაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, არის მნიშვნელოვანი ერთეული დიასპორისა და მიგრაციის აქტუალური საკითხების განსახილველად და შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად.

2017 წლის 30 ივნისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ორგანიზებითა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის უშუალო მონაწილეობით, გაიმართა კონფერენცია: „მიგრაცია: ადამიანის უფლებები, განვითარება და უსაფრთხოება“. განხილული იქნა მიგრაციის თემაზე 2017 წელს განხორციელებული კვლევებისა და, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, პროექტის - „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“ შედეგები.

კონფერენციაზე განხილული იქნა სამი თემატური მიმართულება:• მიგრაცია და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება;

18

• მიგრაცია და სახელმწიფო უსაფრთხოება; • მიგრაცია და ადამიანის უფლებები.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფოს სხვადასხვა

დაწესებულებების მოხელეები, ასევე არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მკვლევარები და აკადემიური საზოგადოება.

კომიტეტის მიერ მიგრაციულ საკითხებზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით უნდა გაუმკლავდეს როგორც საზოგადოება, ისე ხელისუფლების ყველა შტო, რათა თითოეული მიგრანტის უფლებები და ინტერესი უკეთ იქნას დაცული.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით გასააქტიურებელია, მიგრაციული პროცესების მართვაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი და მუშაობს ამ კუთხითაც. დაიგეგმა მიგრაციის სამთავრობო კომისიასთან სამუშაო შეხვედრების გამართვა ცალკეული თემატური მიმართულებებით.

საკანონმდებლო საქმიანობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები, პარლამენტის დადგენილებების პროექტები და სხვა საკითხები

საანგარიშო პერიოდში, ამ კუთხით გაწეული სამიანობისას, დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, საყურადღებოა კომიტეტის მიერ განხილული საქართველოს კანონის პროექტები: „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/12; 13.12.2016); კომიტეტმა, ასევე, განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; განიხილა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“; დოკუმენტი „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.

კომიტეტმა, ასევე, განიხილა რა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა (სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წ)“ (N07-2/1, 22.11.2016), გამოთქვა შემდეგი სახის შენიშვნები: სამინისტროების ძირითად მიმართულებებში არ იყო მოცემული ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხი, მითუმეტეს, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, განიხილება ინიციატივები, რომელთა თანახმად: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის

19

მოქალაქეობა, აღარ შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობა და სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ვალდებულებად განისაზღვრება დიასპორაზე ზრუნვა; საგარეო მიმართულებების კუთხით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე საუბრისას, აგრეთვე, დოკუმენტში არ იყო ასახული დიასპორული ინვესტიციების ხელშეწყობა და სტიმულირება, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რათა სრულყოფილად მოხდეს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენება; საჭიროებას წარმოადგენდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითად მიმართულებებში, ერთ-ერთი მიმართულების სახით, განსაზღვრულიყო მრავალრიცხოვანი ქართულ ემიგრაციის პრობლემატიკა და სამინისტროს ახალი დიასპორული პრიორიტეტები, მითუმეტეს, რომ მოხდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაცია და მისი ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას დაექვმედებარა.

კომიტეტის მიერ ყველა განხილულ საკითხთან და პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები ასახულ იქნა კომიტეტის დასკვნებში.

ანალიტიკური საქმიანობა

კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ანალიტიკური საქმიანობა, დარგობრივი სპეციფიკისა და კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული სამივე პრიორიტეტული მიმართულების (დიასპორა, კავკასია და მიგრაცია) მიხედვით.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 20 მარტს, კომიტეტთან შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, შემუშავდა საბჭოს დებულება და განისაზღვრა მისი შემადგენლობა. ამჟამად, საბჭოს შემადგენლობაში მუშაობს შესაბამისი დარგის 21 კომპეტენტური კონსულტანტი: მეცნიერები, მკვლევარები და ცნობილი ექსპერტები. საბჭოში შექმნილია 3 სამუშაო ჯგუფი: დიასპორის, მიგრაციის და კავკასიის საკითხებზე.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, საბჭოს ამოცანად განისაზღვრა: უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიელ ხალხებთან, მათ

დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხების მეცნიერული ანალიზი, სახელმწიფოს რეგიონალური და მიგრაციული პოლიტიკის საკითხებზე მუშაობა, ამ სფეროებში არსებული პრობლემატიკის შესწავლა, საფრთხეების პრევენციის მექანიზმების შემუშავება, პროცესების რეგულაცია, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, კომიტეტის გადაწყვეტილებათა მიღებაში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობისა და საქმიანობის ღიაობის ხელშეწყობა.

20

კომიტეტის გადაწყვეტილებით, გათვალისწინებულია საკომიტეტო საქმიანობაში და გადაწყვეტილებების: დასკვნების, რეკომენდაციების, წინადადებების, მომზადებაში საბჭოს წევრების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

ამ ეტაპზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოს პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სტრატეგიის“ დოკუმენტის პროექტზე.

საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა და თავმჯდომარის შეხვედრები; თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებთან

კომიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების, სამეცნიერო, შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან.

სამუშაო შეხვედრებზე მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები, დაისახა სამომავლო გეგმები. ამ კუთხით საყურადღებოა შემდეგი აქტივობები:

კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ საქართველოს პარლამენტში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს უმასპინძლა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ეკონომიკური და კულტურულ-სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გამოითქვა მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ როგორც საკანონმდებლო ინიციატივების ნაწილში, ისე - დიასპორებთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავებაში. მითუმეტეს, რომ ისრაელის სახელმწიფოს აქვს მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება. ქართული მხარისათვის მნიშვნელოვანია, გაეცნოს დიასპორულ ორგანიზაციებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ისრაელის სახელმწიფო დაწესებულებების ურთიერთობების მექანიზმებს.

მოხდა აზრთა გაზიარება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის ფარგლებში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების თაობაზე.

ზვიად კვაჭანტირაძე ელჩს, მიმდინარე წლის მარტში, ისრაელის სახელმწიფოში, ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტის შედეგებზეც ესაუბრა, რა დროსაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სემინარში თემაზე - „დიასპორა-სამშობლო“.

21

კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში. ღონისძიების ფორმატში გამართული დისკუსიები და მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციები, ასევე მიღწეული შეთანხმებები ასახვას პოვებს რეგიონალური და სამხრეთ-კავკასიური მიმართულებით დაგეგმილ კომიტეტის საქმიანობაში. აღნიშნული ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას თურქეთის ქართული დიასპორის (როგორც ისტორიული, ისე ახალი დიასპორის) საკითხებზე მუშაობისას.

ზვიად კვაჭანტირაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს. მხარეებმა, საპარლამენტო ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ელჩი გაეცნო კომიტეტის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - იანოშ ჰერმანს უმასპინძლა.

განხილულ იქნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირის ქვეყნების წინაშე მდგარი მიგრაციული პრობლემატიკა. საუბარი იმ ინტერესებს შეეხო, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან მიგრაციის საკითხებთან მიმართებით გააჩნია. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და მიგრაციული თემატიკის და მასთან დაკავშირებული საკითხების კონცენტრირება სწორედ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მოხდება.

მნიშვნელოვანი იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ნიკოლას ქვიქსთან. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საბერძნეთისა და საქართველოს ტრადიციულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს. განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ბერძნული და ქართული დიასპორის საკითხებს დაეთმო.

22

კომიტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის საცავებში დაცული, გურამ შარაძის მიერ საქართველოში ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილი პირველი რესპუბლიკის საარქივო მასალები. ნაჩვენები იყო გურამ შარაძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება“ (ფილმში აღწერილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის პარიზული და ჰარვარდული ნაწილის 1996-1997 წლებში საქართველოში დაბრუნების ისტორია). ღონისძიების მონაწილეებს გაეცნო კომიტეტის ინიციატივა - ემიგრანტული საარქივო დოკუმენტების საუკეთესო მეცნიერული კვლევისათვის, გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესების თაობაზე, რის შესახებაც კომიტეტის თავმჯდომარემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

კულტურულ ღონისძიებათა ფორმატში მნიშვნელოვანი იყო ემიგრანტული შემოქმედების პირველი ფესტივალის - "EM.ART.GE-2017" -ის მონაწილე ანსამბლების (აშშ, კვიპროსი) წევრებისა და ხელმძღვანელების საქართველოს პარლამენტში მოწვევა.

2017 წლის 13 მარტს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე, წარმატებული ქალბატონებს უმასპინძლა. სტუმრები გაეცვნენ კომიტეტის საქმიანობას, სამომავლო გეგმებს და დაისახა ერთობლივი პროექტების განხორციელება.

არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან და მეცნიერ-თანამშრომლებთან (დირექტორი პროფესორი ცირა ბარამიძე), რომლებმაც კომიტეტს კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისა და მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მსჯელობა წარიმართა კავკასიის რეგიონის სტუდენტების მიერ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების ხელშეწყობის საკითხებზე. განხილულ იქნა საქართველოში მეცნიერების დარგის - კავკასიოლოგიის განვითარების კონცეფცია.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან თანამშრომლობა ხელს უწყობს კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას.

23

კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები

2017 წლის 6-9 მარტს კომიტეტის თავმჯდომარემ, ისრაელის ქნესეთის მიწვევით, იერუსალიმში გამართულ საერთაშორისო დიასპორულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე განხილვის ძირითადი საკითხი იყო ქვეყნების მიდგომები მსოფლიოში დიასპორული საზოგადოების წევრებთან ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაძლიერების მიმართულებით.

ზვიად კვაჭანტირაძემ გამართა შეხვედრები ისრაელის ქნესეთისა და მთავრობის რიგ წევრებთან: ქნესეთის თავმჯდომარესთან იული ედელშტეინთან, მმართველი პარტიის „ლიკუდის" საპარლამენტო კოალიციის თავმჯდომარესთან დავიდ ბიტანთან, საგარეო და თავდაცვის საქმეთა ქნესეთის კომიტეტის თავმჯდომარესთან ავი დიხტერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან არიე დერისთან, მეცნიერების, ტექნოლოგიების და კოსმოსის მინისტრთან ოფირ აკუნისთან, გარემოს დაცვის, იერუსალიმისა და მემკვიდრეობის საქმეთა მინისტრთან ზეევ ელკინთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ციპი ხოტოველთან. საუბრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობა.

ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის 8 მარტს, თელ-ავივში, საქართველოს საელჩოში, შეხვედრა გაიმართა საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც შრომით მიგრანტთა ჯგუფს წარმოადგენდნენ. ზვიად კვაჭანტირაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე აქტუალური მოვლენებისა და იმ საკითხების შესახებ, რომელთა გადაწყვეტითაც დაკავებულია საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ საზღვარგარეთ ქართულ ემიგრაციასთან მიმართებით გასატარებელ პოლიტიკას.

2017 წლის 29-30 აპრილს ესპანეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების, ქართული სათვისტომოსა და ქართული მართლმადიდებელი მრევლის მიწვევით, ზვიად კვაჭანტირაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესპანეთის სამეფოში.

ქალაქ ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ესპანეთის სხვადასხვა ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, კერძოდ, ბარსელონის ქართული ემიგრაციის ორ დელეგაციასთან, ასევე ქალაქების: ჟირონას, ალიკანტეს და ვალენსიის ქართული სათვისტომოების ხელმძღვანელებთან, ესპანეთში მოღვაწე სამეცნიერო და კულტურული წრეების ქართველ წარმომადგენლებთან და ცალკეულ მოქალაქეებთან.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სათვისტომოების უკეთ ფუნქციონირებასა და ქართულ სახელმწიფოსთან მათი კონტაქტების გაღრმავებაზე. ზვიად კვაჭანტირაძემ

24

შეხვედრის მონაწილეებს დიასპორებთან ურთიერთობის საკითხზე ქართული სახელმწიფოს მიდგომა და ხედვები გაუზიარა. მსჯელობები გაიმართა დიასპორისა და მიგრაციის მნიშვნელოვან პრობლემატიკაზე.

ზვიად კვაჭანტირაძემ ქალაქ ბარსელონაში წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საკვირაო სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტის სახელით, ქართულ ეკლესიას საჩუქრად გადაეცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ახლად დაარსებულ საკვირაო სკოლას-წიგნები, ხოლო ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს - სხვა სამახსოვრო საჩუქრები.

უცხოეთში ვიზიტებისას სამუშაო შეხვედრები იმართებოდა საქართველოს საელჩოებისა და საკონსულო დაწესებულებების მოხელეებთან, სადაც მიმდინარეობდა მსჯელობა დიასპორასთან ურთიერთობისა და ამ კუთხით საგარეო საქმეთა დანაყოფების მუშაობის ეფექტურობის გაზრდაზე.

კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის (თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით) სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელს, მიქელე ნიკოლეტის შეხვდა.

მხარეებმა სხვა ძირითად საკითხებთან ერთად ისაუბრეს რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე, ასევე რეგიონის (კავკასია; შავი ზღვის აუზი) უსაფრთხოების საკითხებზე.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარე ჩეხეთის და სლოვაკეთის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რა დროსაც გაეცნო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მომავალი აქტიურობის შესახებ არსებულ ხედვებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, როგორც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა გამართა, რა დროსაც დისკუსია წარიმართა რეგიონალური უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებზე.

განცხადებები და წერილები

კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებდა საქმისწარმოებას, იხილავდა მოქალაქეთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, უწევდა მათ შესაბამის დახმარებას და ახდენდა სათანადო რეაგირებას.

25

აღნიშნული საქმიანობისას კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტები იყო მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობა და გამჭვირვალობა.

კომიტეტი სწავლობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან შემოსულ დოკუმენტაციას. ასევე, აგზავნიდა მიმართვებსა და წერილებს სათანადო ინფორმაციების მისაღებად, შუამდგომლობებს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა პრობლემური საკითხების გადასაჭრელად.

საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა ათეულობით განცხადება და სხვა შუამდგომლობა. ყველა მათგანი იქნა განხილული და მოხდა შესაბამისი რეაგირება.

აპარატის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან, კავკასიელ ხალხებთან აწარმოებდნენ ელექტრონულ მიმოწერას.

კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის სხვა აქტივობები

დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, კომიტეტის წევრები და კომიტეტის აპარატის თანამშრომელბი, აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და თემატურ სამუშაო ჯგუფებში, რომელთაგან საყურადღებოა შემდეგი პროექტები:

,,კულტურათაშორისი კომუნიკაცია“;

„ევროინტეგრაცია და კონფლიქტები“;

„საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება საქართველოში და სამოქალაქო ჩართულობის ესტონური გამოცდილების გაზიარება“;

„კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობა კანონპროექტის ტექსტის შემუშავების ეტაპზე“;

„ევროკავშირის მოთხოვნები და სამართლებრივი დაახლოების დაგეგმვა: საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სამართალთან“. „გენდერული გავლენის ანალიზი“. „მუნიციპალიტეტის განვითარება/ხელშეწყობა როგორც ემიგრაციის უარყოფითი შედეგების დაძლევის საშუალება“;

კომიტეტის აპარატი მონაწილეობდა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში.

საყურადრებოა, რომ კომიტეტის აპარატმა დაიწყო უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციებისა და წარმატებული თანამემამულეების შესახებ

26

საინფორმაციო ბაზის განახლება და სისტემატიზაცია. შესაბამისი ინფორმაციების მოძიების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა უცხოეთში საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და სათვისტომოებთან. ამ კუთხით, შესრულებულია მოცულობითი სამუშაოები. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარეობდა მუშაობა კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე.

კომიტეტი მომავალშიც გეგმავს ქართულ სათვისტომოებთან, დიასპორებთან, სამეცნიერო წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და მათ დიასპორებთან, კავკასიისა და მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ინტენსიურ თანამშრომლობას.