ლაზურ მეგრული გრამატიკა...3 შ ე ს ა ვ ა ლ...

1070
1 ჭაბუკი ქირია ლალი ეზუგბაია ომარ მემიშიში მერაბ ჩუხუა ლაზურ-მეგრული გრამატიკა. I. მორფოლოგია გამომცემლობა მერიდიანი თბილისი, 2015

Transcript of ლაზურ მეგრული გრამატიკა...3 შ ე ს ა ვ ა ლ...

  • 1  

    ჭაბუკი ქირია ლალი ეზუგბაია ომარ მემიშიში მერაბ ჩუხუა

    ლაზურ-მეგრული გრამატიკა. I. მორფოლოგია

    გამომცემლობა მერიდიანი თბილისი, 2015

  • 2  

    თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი TSU Arnold Chikobava Institute of Linguistics

    შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი Shota Rustaveli National Science Foundation

    პროექტი _ ლაზურისა და მეგრულის შეპირისპირებითი გრამატიკა. I. მორფოლოგია (ძირ-ფუძეთა ინდექსითურთ) (11/07) _ განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფი-ნანსური მხარდაჭერით. წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ფონდის შეხედულებებს. The Project – The Comparative Grammar of Laz and Megrelian (I part, Kartvelology) with the index of common stems and roots (11/07) – has been made possible by financial support from the Shota Rustaveli National Science Foundation. All the ideas expressed herewith are those of the authors, and may not represent the opinion of the Foundation itself.

    რედაქტორი _ პროფ. მერაბ ჩუხუა © გამომცემლობა მერიდიანი, 2015 © თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ISBN www. rustaveli. org.ge

    უფასო გამოცემა

  • 3  

    შ ე ს ა ვ ა ლ ი

    ლაზურ-მეგრული (იგივე ზანური) ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის სამხრეთ-

    კავკასიურ (იბერიულ) ჯგუფში, რომელსაც ქართველურ ენებს უწოდებენ. სამეცნიერო ლიტერატურაში, გარდა ზანურისა და ლაზურ-მეგრულისა, ამ ქართველური ენის აღსანიშნავად სხვა ტერმინიც გამოიყენება _ კოლხური ენა (ა. შანიძე, კ. დანელია, ზ. ჭუმბურიძე...); ეს უკანასკნელი გახაზავს მეგრელ-ლაზთა ენა-ტომობრივ ერთიანობას კოლხური ეპოქიდან.

    მეგრულ-ლაზურის ახლომონათესავე ენებია: ქართული და სვანური. ქართველურ ენებთან ლაზურ-მეგრულს აახლოებს ფორმალურ-ფუნქციური შესატყვისობები ენობრივი იერარქიის ყველა დონეზე, რაც შესაძლებელს ხდის ამ ენათა საერთო ენიდან მომდინარეობის დაშვებას და ერთი ფუძე-ენის (საერთოქართველურის) პოსტულაციას.

    ნათესაობის თვალსაზრისით, ქართველურ ენა-კილოთა ურთიერთმიმართების სქემა-ტურად გამოსახვის ცდა გერჰარდ დეეტერსს ეკუთვნის:

    საერთოქართველური

    ქართულ-ზანური

    ზანური სვანური ლაზური მეგრული ქართული

    ამ სქემის რეალურობა ცხადი ხდება მის სვანურ ნაწილში, რაც სვანური ენის (resp. დიალექტის) ფუძეენიდან დამოუკიდებელ ენობრივ ერთეულად ჩასახვა-გამოყოფას გულისხმობს, მაგრამ იმავე სქემის ქართულ-ზანური შემადგენელი (ერთიანობა?) ვერ ასახავს პრეისტორიულ სურათს, რადგანაც ბგერათშესატყვისობათა ჩვენება (როგორც სიბილანტებში, ისევე ხმოვნებში) მხარს უჭერს საერთოქართველური ენის წიაღში სულ მცირე სამი დამოუკიდებელი ენობრივი ერთეულის (ქვესისტემის) არსებობას; ესენია: ქართული, ზანური და სვანური. შეიძლებოდა ისეც გვეფიქრა, რომ წინარეისტორიულ ხანაში არსებობდა მეოთხე ქართველური ენობრივი მონაცემიც. ამგვარ დაშვებას ამყარებს ზოგი ისეთი ლექსიკური ერთეული, რომელიც ქართული ენის სამხრულ (მესხურ-ჯავახურ) დიალექტებში იჩენს თავს, მაგრამ, მისი სინონიმურობიდან გამომდინარე, სხვა დიალექტური წრისგან (მეოთხე ქართვე-

  • 4  

    ლური ენისგან) წარმომავალი გვგონია. ასეთი ჩანს ჯავახური სიტყვა ზაღარ- „მეძებარი ძაღლი“, რომელიც, თუ ქართველურ ენებს შორის არსებულ ფონემათმიმართებებს გავითვა-ლისწინებთ, დახასიათდებოდა ა-გახმოვანების ენად, ისევე, როგორც ქართული და სვანური (ქართ. ძაღლ-, სვან. ჟაღვ- „ძაღლი“); მისი თავკიდური ზ სპირანტიზაციის სვანურ მაჩვე-ნებელთან დგას ახლოს (შდრ. ჯ → ჟ სვანურში და ძ → ზ სავარაუდო ქართველურ დიალექტში), მაგრამ სისინა გახმოვანება ქართულისებურია. რაც შეეხება ზანურ (მეგრულ-ლაზურ) თვისებებს, სავარაუდო დიალექტში (ენაში?) ფუძის უკუმშველობა (სრულხმოვნობა ზაღარ-) ზანურისას ემთხვევა; ზანურისებურია ლ → რ ფონეტიკური გარდაქმნაც, გატარებული ფუძის ბოლოში (ზაღარ-/ჯოღორ-).

    თითქოს ამგვარივე ნიშნები ჩანს მეორე სავარაუდო ლექსიკურ ერთეულშიც. როგორა-დაც ქართ. ახორ- „ბოსელი“ გვესახება; აქაც ქართულისებური ვოკალიზმი, სიტყვის თავში ამოსავალი ა (ახორ-/სახლ-) შენარჩუნებულია, მაგრამ მეგრულ-ლაზურივით ანლაუტური ს (resp. შ) დაკარგული ჩანს და კვლავ დადასტურდება ზანურისებური ფუძის უკუმშველობა (სრულხმოვნობა), ისევე, როგორც ლ → რ გადაბგერება (შდრ. სახლ-/ოხორ/ ახორ-). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ ჩვენი დაშვება რეალურია, საერთოქართვე-ლურ არქეტიპებად ორ აღწერილ სიტუაციაში აღსადგენია *ძაღალ- „ძაღლი“ და *სახოლ- „სახლი“.

    მომავალში, მსგავსი მასალის სიუხვის პირობებში, შესაძლებელი გახდებოდა მსჯელობა კიდევ ერთი სისინა ტიპის ენის (მეოთხე ენა-ტომობრივი ერთეულის) არსებობაზე ქართველური ენობრივი სამყაროსათვის, რომელიც სხვა პარამეტრებითაც უფრო ქართულისებური უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ძ → ზ სპირანტიზაცია-დეზაფრიკატიზაციის ნიშნები ძველ ქართულშიც შეინიშნებოდა: ზროხა/ძროხა, ზახილ-ი/ძახილ-ი და ა. შ.

    ლინგვისტური თვალსაზრისით, ქართველურ ენა-კილოებს შორის საზღვრებს ადგენს ამ ენობრივი ჯგუფის წევრებს შორის გამოვლენილი რეგულარული, კანონზომიერი და სისტემური ბგერათშესატყვისობების არსებობა. ქართველურ სინამდვილეში ამოსავალი (საერთოქართველური) ფონოლოგიური სისტემის გარდაქმნა სამ ქვესისტემად ნიშნავს სამი ენობრივი ერთეულის (თავიდან დიალექტის, შემდგომ ენის) წარმოქმნას და წარმომშობი ენის (პროტოქართველურის) თავდაპირველ ქართველურ დიალექტებში რეალიზება/კვდომას. უსაფუძვლოა ამ შემთხვევაში ქართველური ენობრივი პარამეტრების უარყოფა სხვა ენის (ხუნძურის) მონაცემთა საფუძველზე. უკვე დროა ლინგვისტურ ფაქტოლოგიას მიეცეს ლინგვისტური კვალიფიკაცია: ქართველურ ენა-კილოებს შორის ენა/დიალექტის სტატუსის განმსაზღვრელი უტყუარი კლასიფიკატორი არის ბგერათშესატყვისობათა ჩვენება, სწორედ ის ადგენს საზღვრებს ქართულსა, ზანურსა და სვანურს შორის, ვინაიდან ამ სამწევროვანი სისტემის ნებისმიერ წევრს საერთოქართველური ფუძე-ენის დაშლის მომდევნო საფეხურზე უკვე გააჩნდა საკუთარი ლინგვისტური ფიზიონომია (ფონოლოგია-მორფოლოგიის დონეზე).

    რაც შეეხება დაღესტნური ენის (ხუნძურის) ჩვენებას, კერძოდ, ანწუხური დიალექტის ტოხური და ჭადაქოლოური კილოკავების ურთიერთმიმართებას, სადაც ამ ორი კილოკავის სიბილანტური თანხმოვნები თითქოს ისეთსავე შესატყვისობას გვიჩვენებენ, როგორც ქართული და ზანურ-სვანური (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, გ. კარტოზია...), ჩვენს ენებში, მართალია, არსებობს ანგარიშგასაწევი სიბილანტური ოპოზიცია სისინა : შიშინა, მაგრამ ქართველურ

  • 5  

    ენათა სიბილანტური მიმართება არ დგას მხოლოდ სისინა/შიშინა ოპოზიციაზე, ჩვენს სინამდვილეში გადამწყვეტ როლს სისინა : შიშინა კორესპონდენციასთან ერთად შიშინა : შიშინა + უკანაენისმიერი ხშული (ქართ. შვიდი : ზან. შქვითი : სვან. იშგვიდ) მიმართება თამაშობს, თორემ სისინა → შიშინა ხუნძურის კილოკავებში კი არა, თვით ძველი ქართულის ფარგლებშიც შეინიშნება, შდრ.: ფრცხილი / ფრჩხილი, სხამი / შხამი და მრავალი სხვა, თუმცა არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება ჯ/ჯგ, ჩ/ჩქ, ჭ/ჭკ, შ/შქ ურთიერთჩანაცვლებისა არც ძველ ქართულში და არც სხვა რომელიმე იბერიულ-კავკასიურ ენაში. საერთოდაც დაღესტნურ და ნახურ სისტემებში ენისა და დიალექტის განსაზღვრისას ფონემური მიმართებები ანგარიშ-გასაწევია, მაგრამ ძირითად (გადამწყვეტ) როლს იქ მაინც მორფოლოგია (სტრუქტურა) თამაშობს. მაგალითისათვის შეიძლება მოვიხმოთ არჩიბული ენა, რომლის ფონოლოგიური სისტემა (ლატერალების არსებობის გამო) ხუნძურ-ანდიურ-დიდოურს ეკედლება, მაგრამ მორფოლოგიური მახასიათებლების (სტრუქტურის) მიხედვით მას დაღესტნურ ენათა ლეზგიურ ქვეჯგუფში აერთიანებენ.

    ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართველურ ენათა ურთიერთმიმართება, ვფიქრობთ, შემდეგი სქემით უნდა გამოიხატოს:

    საერთოქართველური

    ზანური ქართული სვანური ანუ, ამოსავალში, დიფერენციაციის წინა საფეხურზე, საერთოქართველურ ფუძე-ენას

    ჰქონდა სულ მცირე სამი დიალექტი – ქართული, ზანური, სვანური, საიდანაც შემდგომში, როდესაც თავი იჩინა ძირეულმა მორფოლოგიურ-ლექსიკურმა სხვაობებმა (ფონოლოგიურ ტრანსფორმაციასთან ერთად), მოხდა ამ დიალექტთა დამოუკიდებელ (ისტორიულად ფიქსირებულ) ენებად ჩამოყალიბება.

    ბგერათშესატყვისობათა სისტემა განსაზღვრავს ასევე ლაზურისა და მეგრულის, როგორც ლინგვისტური ერთეულების, ურთიერთმიმართებას, კერძოდ, იმას, არის თუ არა დამოუკი-დებელი ენები ქართველურ ენობრივ ჯგუფში ლაზური და მეგრული.

    ვინაიდან ლაზურსა და მეგრულს ერთი და იგივე ფონეტიკური შესატყვისობები გააჩნია ქართულ-სვანურის მიმართ, ისინი ერთი ენის ორ დიალექტს წარმოადგენენ, ანუ საერთოქართველური ფუძე-ენიდან კოლხური (ზანური) ენის ცალკე ენად ჩამოყალიბებას სიბილანტურ გადაწევასთან (სისინა → შიშინა, შიშინა → შიშინა + უკანაენისმიერი ხშული) ერთად ხელი შეუწყო საერთოქართველური ვოკალური სისტემის ტრანსფორმაციამ ზანურში, რასაც სამართლიანად ეწოდა არტიკულაციის უკან გადაწევა (არნ. ჩიქობავა), იმავე ხმოვანთა ზანური გადაწევა (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი). როგორც ხმოვნებში, ისე თანხმოვნებში ლაზური და მეგრული ერთნაირ სურათს აჩვენებენ, ენობრივი (ფონოლოგიური) სისტემა აქ ერთია.

  • 6  

    რაც შეეხება მორფოლოგიას: უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში არის მსჯელობა სხვაობაზე მეგრულსა და ლაზურს შორის, მაგრამ ყოველთვის საკუთრივ ლაზურიც არ არის მონოლითური, კერძოდ: ა) დრო-კილოთა მესამე ჯგუფის წარმოება ხოფურში შესაძლებელია -ერე, -ერე-ტ-ი, ერე-ტ-ა სუფიქსაციით, მაშინ, როდესაც იგივე დრო-კილოები დო-რ-ენ, დო-რ-ტ-უ-ნ, დო-რ-ტ-ა-ს მეშველი ზმნის გამოყენებით მიიღწევა ათინურში, ვიწურსა და არქაბულში; ბ) მასდარი მეგრულში იწარმოება -უ-ა ძირითადი მაწარმოებლით, რაც ასევე ერთადერთია ლაზურის ჩხალურ თქმაში, ამავდროულად, მეგრულშიც ბუნებრივია ო-უ წარმოების მასდარი, ხოლო ლაზურის გასუბსტანტივებულ მასდარებში აშკარად იკითხება -ვ-ა (← -უ-ა) მასდარის კვალი, შდრ. ლაზ. ტახ-ვ-ა „სიმინდის კრეფა, ოქტომბერი“ (მეგრ. ტახ-უ-ა), ჸინ-ვ-ა / ყინ-ვ-ა „ზამთარი, ცივი ამინდი“ (მეგრ. ჸინ-უ-ა „ყინვა“), წილ-ვ-ა „ნოემბერი, კრეფა“ (მეგრ. წილ-უ-ა „კრეფა“); გ) ნ. მარის მიერ ერთ-ერთ განმასხვავებელ ფაქტორად გამოყოფილი აორისტის ი- დაბოლოება ლაზურში მეგრულ ვითარებასთან დისონანსს ვერ შექმნის, რადგანაც აორისტის -ე მარკერთან ერთად, არაკაუზატიური შინაარსის ზმნებში, -ი სუფიქსი მეგრულშიც ერთად-ერთია. უფრო მეტიც, მართალია, არნ. ჩიქობავაც მარის კვალდაკვალ აორისტის წარმოე-ბასთან დაკავშირებით შენიშნავდა, რომ „აორისტში მეგრულს ორი სუფიქსი აქვს გამოყენე-ბული: -ე და -ი... ამით მეგრული შორდება ჭანურს, რომელსაც მხოლოდ ერთი მაწარმოებელი -ი გააჩნიაო“ [ჩიქობავა, 1936, 135-136], მაგრამ ჟ. დიუმეზილის არქაბულ ტექსტებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ი- პრეფიქსიან ზმნებში აორისტის წარმოებისას, ისევე, როგორც ქართულსა და მეგრულში, ე- დაბოლოებიანი ფორმები ფიქსირდება: ბ-ი-შინახ-ე „შევინახე“, ელე-ბ-ი-სვარ-ე „ჩამოვითალე“, ბ-ი-ქჩან-ე „გავთეთრდი“, ბ-ი-შუვ-ე „დავსველდი“, ბ-ი-ღურძულ-ე „გავძეხი“...

    მეგრულისა და ლაზურის განმასხვავებელ მორფოლოგიურ ნიშნად ითვლებოდა ასევე მყოფადის წარმოების სპეციფიკა. ერთ-ერთი სიახლე, რაც წარმოდგენილია ამ ნაშრომში, არის სწორედ ის, რომ წარმოების წესის მიხედვით ლაზურსა და მეგრულს (ასევე ქართულს) შორის არანაირი განსხვავება არ ჩანს, თუკი ანალიზისას არსებულ ენობრივ ფაქტებს სათანადო ლოგიკური კვალიფიკაცია მიეცემა (ამ საკითხთან დაკავშირებულ მსჯელობასა და არგუმენ-ტაციას მკითხველი ნაშრომში გაეცნობა).

    ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ დიალექტური დიფერენციაციის თვალსაზრისით დღეს ზანურში არსებული ვითარება ანარეკლია უძველესი მდგომარეობისა, როდესაც განსხვავება მეგრულსა და ლაზურს შორის კი არ ქმნიდა ენობრივ დაპირისპირებას, არამედ რეალურად ზანური (კოლხური) ენის (რომელიც ქართულ-აფხაზურ-სვანურთან ერთად მაშინდელი მსოფლიოს პარამეტრებით უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა შავიზღვისპირეთში _ სინოპ-სამსუნ-ტრაპიზონიდან მდინარე ფსოუს ჩათვლით) სხვაგვარი დიალექტური შედგენილობა იყო წარმოდგენილი.

    დამოუკიდებელ ენად ჩამოყალიბების მომდევნო ეტაპზე, როგორც ენობრივი ფაქტებით ირკვევა, ზანური (იგივე კოლხური) ენა სამ ძირითად დიალექტად იყო დიფერენცირებული. ესენია: 1. ათინურ-ვიწურ-არქაბული, 2. გარდამავალი ხოფური ტიპის ქვესისტემა და 3. მეგრუ-ლი. აქედან პირველი (ათინურ-ვიწურ-არქაბული) დიალექტი ვრცელდებოდა თანამედროვე ხოფამდე, მეორე (ხოფური ტიპის დიალექტი), რომელიც უფრო შერეული სახეობა ჩანს, მოიცავდა ტერიტორიას თანამედროვე გურია-სამეგრელოს ადმინისტრაციულ ზოლამდე,

  • 7  

    ხოლო მეგრული, ანუ მესამე დიალექტი ზანური (კოლხური) ენისა, ცხენისწყალ-რიონ-ფიჩორიდან მდინარე ფსოუმდე ვრცელდებოდა.

    და რომ თანამედროვე გურია-აჭარის ტერიტორიაზე ხოფური ტიპის დიალექტი (და არა მეგრული) იყო გავრცელებული, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტოპონიმიაში თავს იჩენს ხოფური (და არა მეგრული) თავისებურებანი. ასე მაგალითად, გურიაში დასტურდება ტოპონიმიკური კოლხიზმები (ზანიზმები) სუ-ხჩე და ტობა-ხჩე (ტობა-ხჩა), სადაც გამოყოფილი -ხჩე/-ხჩა ძვ. ქართ. ჴცე (მჴცე) ძირის შესატყვისი ჩანს და უდრის ლაზური ქჩე და მეგრული რჩე/რჩე „თეთრი“ ზედსართავს. საკუთრივ პროტოზანური *ჴჩე-დან ქჩე საფეხურის გავლით (ქჩ → რჩ) მივიღეთ მეგრული რჩე/ჩე ვარიანტი, მაგრამ იმავე ქჩე საფეხურიდან ხოფურში სპირანტიზებული ხჩე ალომორფი განვითარდა და სწორედ ეს ხჩე „თეთრი“ ფიქსირდება გურია-იმერეთში სუ-ხჩე-ს სახით. ფაქტია, რომ ხჩე-დან მეგრულ რჩე-ს ფონეტიკურად ვერ მივიღებდით (ხ → რ ტრანსფორმაცია ნებისმიერ კომბინაციაში აკრძალული ჩანს მეგრულში). და თუ მეგრულში ხჩე გვექნებოდა, მისი სუპერაცია-დაძლევის აუცილებლობაც არ წარმოიშობოდა, გამომდინარე მეგრული ფონო-ტაქტიკიდან. ამიტომაც ვთვლით, რომ სწორედ ე. წ. ისტორიული ხოფურის მაგვარი დიალექტი იყო გავრცელებული ძველ დროში თანამედროვე აჭარა-გურიის ტერიტორიაზე, რომლის კვალიც ადგილის სახელებშიღა შემოგვრჩა. მოგვიანებით, მეგრულთან უშუალო კონტაქტის დაკარგვის შემდეგ, გარდამავალი დიალექტის (ხოფური ტიპისა) გავრცელება იზღუდება გურია-აჭარის ტერიტორიაზე, იგი ნაწილობრივ კარგავს მეგრულისებურ თავისებურებებს და თანდათანობით ათინურ-ვიწურ-არქაბულ მეტყველებას ეკედლება, ასე ვთქვათ, უფრო ლაზური ხდება.

    ამგვარ დაშვებას მხარს უჭერს ძველი სომხურის ჩვენებაც, სადაც ფიქსირებული ზანიზმები უფრო მეგრულია, ვიდრე ლაზური. მაგალითისათვის ავიღოთ ქართული მწერ-ის შესატყვისი: ლაზური მჭაჯ-ი და მეგრული ჭანჯ-ი. ზანურიდან ძველ სომხურში შესული ჭანჭ სწორედ მეგრულ ვარიანტთან ავლენს მეტ სიახლოვეს, ვინაიდან მას მეგრულივით თავში მ აქვს დაკარგული და ასევე მეგრულივით ნ ფონეტიკურად არის ჩართული ფუძის შიგნით. ბაყაყის აღმნიშვნელი ძველსომხური გორდ ასევე მეგრულ გორდ-ი ფორმასთან ავლენს ერთიანობას, რადგანაც ლაზურ კილოკავებში გორდ- ფუძე არ ჩანს... ამით კიდევ ერთხელ გვსურს იმის ხაზგასმა, რომ ე. წ. ისტორიული ხოფური გარდამავალი ტიპის შერეული (ნარევი) დიალექტი იყო ზანური (კოლხური) ენისა და სწორედ მას ჰქონდა უშუალო შეხება ძველ სომხურთან, რაც გრაბარში ლექსიკური ზანიზმებით არის გამოხატული.

    თანამედროვე ზანური (მეგრულ-ლაზური) ენა განარჩევს ორ ძირითად დიალექტს _

    ლაზურს (ჭანურს) და მეგრულს. ლაზური თავის მხრივ იყოფა შემდეგ კილოკავებად: ათინური, ვიწური, არქაბული და ხოფური. ათინურში გამოსაყოფია ბულეფურ-არტაშენური თქმა, ხოლო ხოფურში ცალკე თქმას წარმოადგენს ჩხალური მეტყველება. ჩვენი აზრით, ვიწური და არქაბული დამოუკიდებელი კილოკავებია, მათ ვიწური და არქაბული თქმების შენაერთად არ განვიხილავთ. არქაბულს რამდენიმე ისეთი თავისებურება ახასიათებს, რაც გამოარჩევს მას ვიწურისაგან: ა) ერთი თავისებურება თურმეობითის დორენ მეშველი ზმნის რედუცირებულ, დონ ვარიანტიან წარმოებასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, თურმეობით პირველში, რომელიც ლაზურში საზოგადოდ აორისტის ფუძეს ეყრდნობა, განსხვავებით

  • 8  

    ვიწურისაგან, შემოკლებული ზუმ-ეს-დონ, ძირ-ეს-დონ, ჭარ-ეს-დონ ვლინდება; ბ) სხვა თავისებურებად უნდა ჩაითვალოს -ე დაბოლოებიანი აწმყოს წარმოება არქაბულში, რაც საკმაოდ ხშირია, შდრ.: მე-ბ-ა-გ-ე „ვხვდები“, ოკო-ბ-ი-ხვ-ე „ვიშლები“, დო-ბ-ა-რჩ-ე „მივრბივარ“, თოლი ო-ბ-უ-დუმ-ე „თვალს ვუხუჭავ“; აქ აწმყოს ფუძის გამარტივებასთან გვაქვს საქმე და ბოლოკიდური რ დაბოლოება არის უკვალოდ გაუჩინარებული, ანუ, უნდა გვქონოდა სტატიკური ზმნებისთვის დამახასიათებელი რ სუფიქსი პირველ სამ ზმნაში: მე-ბ-ა-გ-ე-რ, ოკო-ბ-ი-ხვ-ე-რ, დო-ბ-ა-რჩ-ე-რ; ხოლო ო-ბ-უ-დუმ-ე „ვუხუ-ჭავ“ მოქმედებითი გვარის ზმნა აქ ისევე კარგავს რ (resp. მერ) დაბოლოებას, როგორც სხვა შემთხვევებში: დოვუწუმე დოვუწუმერ „ვეტყვი“, ქიშიმე ქიშიმერ „ამოიღებ“, დობდუმე დობდუმერ „დავდებ“. გ) როგორც უკვე აღინიშნა, არქაბული კილოკავის მეგრულ-ქართულთან საერთო თავისებურებად კვალიფი-ცირდება -ე დაბოლოებიანი აორისტი: ბ-ი-შინახ-ე „შევინახე“, ელე-ბ-ი-სვარ-ე „ჩამოვითალე“, ბ-ი-ქჩან-ე „გავთეთრდი“, ბ-ი-შუვ-ე „დავსველდი“, ბ-ი-ღურძულ-ე „გავძეხი“. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მეგრულ-ლაზური დიალექტოლოგიის საფუძვლიანი შესწავლით, რაც ქართველოლოგიის გადაუდებელ ამოცანად გვესახება, სხვა კილოკავური თავისებურებანიც უხვად გამოჩნდება.

    ლაზური მეტყველება შედგენილობის თვალსაზრისით არც საქართველოში ყოფილა ერთგვაროვანი. როგორც ცნობილია, სარფში ხოფური კილოკავია გავრცელებული, მაგრამ თხირნალში ათინურის ართაშნული თქმისათვის დამახასიათებელი თვისებები შენიშნა არნ. ჩიქობავამ, ხოლო ს. მახოში _ ვიწური მეტყველება. აფხაზეთში, სოფელ შაწკვარაში, ფაჩანთასა და ფშალთილუღში, ასევე წარა-შუბარაში (ეშერის თემი), არქაბული და ათინური მეტყველება ვლინდებოდა.

    ზანური (კოლხური) ენის მეგრულ დიალექტში სამი კილოკავი გამოიყოფა: სენაკურ-მარტვილური, ზუგდიდურ-ჯვარული და სამურზაყანოული. სენაკურ-მარტვილური კილოკავი მოიცავს აბაშა-სენაკის, ფოთის, ხობის, მარტვილისა და ჩხოროწყუს მეტყველებას. აქ ცალკე თქმებად გამოვყოფთ ბანძა-მარტვილისა და ჩხოროწყუს მეტყველებას. ბანძურ-მარტვილურის თქმად კვალიფიკაცია ტრადიციულ დაყოფას მისდევს; რაც შეეხება ჩხოროწყუს მეტყველებას, იგი, როგორც ნარევი ენობრივი ერთეული, ცალკე გამოსაყოფია, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში მეტად ავლენს ზუგდიდურ-ჯვარულის თავისებურებებს. ზუგდიდურ-ჯვარულ კილოკავში იგულისხმება ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები, სადაც ჯვარული მეტყველება (თქმა) ტრადიციულად გამოიყოფა. მეგრული დიალექტის მესამე კილოკავს ქმნის ენგურს გაღმა სამეგრელოს (სამურზაყანოს) მეტყველება, იგი გავრცელებულია თანამედროვე საქართვე-ლოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში და მთლიანად მოიცავს გალის რაიონს, ნაწილობრივ – ოჩამჩირესა და ტყვარჩელს. ოკუპაციამდე აფხაზეთში მეგრული მეტყველება ვრცელდებოდა გულრიფშისა და სოხუმის რაიონებში, სადაც ეთნოწმენდამდე მეგრელები კომპაქტურად სახლობდნენ; ბოლო გეოგრაფიული სახელი, რომელიც მეგრულის მეშვეობით იხსნება, უნდა ყოფილიყო შხაფი-ძგა (შდრ. ძგა ტოპოფორმანტი სამეგრელო-აფხაზეთში).

    მეგრულისა და ლაზურის (ჭანურის), ასევე მეგრელებისა და ლაზ-ჭანების მოხსენიება წყაროებში უძველესი პერიოდიდან არის ცნობილი. არნოლდ ჩიქობავას მიერ სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილ ზან- ფუძეს (ზან-ებ-ი, ზან-ურ-ი) საფუძველი ძველი ბერძენი მწერლების ნაწერებში ეძებნება, კერძოდ, პროკოფი კესარიელის მიერ ნახსენები სან-ები უნდა

  • 9  

    ასახავდეს თანამედროვე ზან- ფუძეს, რომელიც ჩანს სვანურში: ზან/ზა üნ „სამეგრელო“, მჷზა üნ/მჷ-ზნ-ი „მეგრელი“, ზან-ა üრ/ზან-არ „მეგრელები“, ლუ-ზნ-უ „მეგრული“.

    ა. დირის ჩვენებით, ეგევე ზან სეგმენტი შემორჩენილი იყო ყაბარდოელთა მეტყველე-ბაში, რომლებიც სამეგრელოს აღსანიშნავად ზან–/ზანე ფორმას ხმარობდნენ [დირი, 1909, 5].

    ზან ტერმინის რეალურობას ამტკიცებს სამეგრელოში გავრცელებული ადგილის სახელებიც: ზან-ა, ზან-ათ-ი და სხვ., რომელსაც იმერული სა-ზან-ო ეხმიანება. უფრო მეტიც, ზან გამოჩნდა თურქეთის ლაზეთშიც: ო-ზან-ეთ-ი, ზან-ათ-ი (ათინა), ზან-ურუბა (შანგული, არტაშენი). და თუ მეგრულ-ლაზური ზან იგივეა, რაც ქართულ ზან-ავ-ში თავჩენილი ზან- ძირი (გ. ბედოშვილი), ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ სვანური მჷ-ზა üნ იმავე შინაარსზე დაყრდნობით არის აგებული, როგორადაც ქართ. მ-ეგრ-ელ-ი გვევლინება, ე. ი. ზან-, ისევე, როგორც ეგურ-, არის მდინარეთა სახელი (ჰიდრონიმი) და მის სანაპიროზე მცხოვრებ მეგრელ-ლაზებს ეძახდნენ მ-ეგურ-ელ-ს (=ენგურ-ელ-ს) და მჷ-ზან-ს (=ზან-ელ-ს).

    ამ თვალსაზრისით, ღირებულია სომხური ეგერ (← ეგურ) და აფხაზური აგრ-უა „მეგრელი“ სიტყვა, სადაც აშკარად ჩანს ენგურ-ისა და მეგრელ-ის საერთო წარმომავლობა. მასვე ეხმიანება ჩერქეზული ეგერუ-ყვა სატომო სახელი (შდრ. ჭანუ-ყვა).

    ძველქართული მ-ეგრ-ი/მ-ეგრ-ელ-ი ტერმინთა საკუთრივ ზანური შესატყვისები უნდა ჩანდეს სტრაბონისეულ მ-აკრ-ონ-ში (არნ. ჩიქობავა), რომელიც გლოტალიზებული სახეობაა *მ-აგრ-ონ-ისა. ამ უკანასკნელში -ონ იმავე ღირებულებისაა, რაც თანამედროვე ლაზ-ონ-ა „ლაზეთი“ (შდრ. აქედან გვარსახელი მა-ლაზ-ონ-ია). ე. ი. არსებობდა ადგილის (კუთხის) სახელი *არგ-ონ-ა (=ეგრ-ის-ი), საიდანაც ნაწარმოებია *მ-აგრ-ონ-ი/მ-აკრ-ონ-ი (შდრ. ლაზ-ონ-ა → *მა-ლაზ-ონ-ი). ქართული მეგრელ-ის შესატყვისი მეგრულ-ლაზური მარგალ-ი უნდა ჩანდეს უფრო ძველი (არამეტათეზირებული) სახეობით ძველბერძნულ მანრალ-ში, რომელიც მხოლოდ გრაფიკული ლაფსუსია (ნ-სა და გ-ს აღრევა ბერძნულად ჩაწერისას) და რეალურად მაგრალ-ს წარმოაჩენს (ა. ურუშაძე, ა. ტუღუში).

    ძველქართულ წერილობით ძეგლებშიც დოკუმენტურად ყველაზე ადრე მეგრელ- სახელი დასტურდება: „აღესრულა კურთხეული მამფალი სტეფანოზ... მეგრელთა ერისთავ-ერისთავთა უფალი“, ატენის წარწ., 835 წ. [სარჯველაძე, 2000, 21].

    ქართული წყაროები ლაზ-/ჭან-ის აღსანიშნავადაც მეგრელ ტერმინს ხმარობენ, ამიტომაც არ ჩანს ძველ ხელნაწერებში სუბეთნიკური სახელები ჭანი (ზანი), ლაზი, ხოლო ტრაპეზუნდი სამეგრელოდ არის მოაზრებული: „მიიწია ტრაპეზუნდად, ქალაქსა მას სამეგრელოჲსასა“ [სარჯველაძე, 2000, 23].

    უცხოური წყაროები, პირიქით, ლაზ/ჭან-ს ანიჭებენ უპირატესობას. ასე, მაგალითად, ბერძნულ-რომაულსა და სომხურში ჩვეულებრივია ლაზ-/ჭან-ის გამოყენება, თურქეთის ქართველობაც (ჩვენებურების მეტყველება) ლაზების აღსანიშნავად მხოლოდ ჭან ტერმინს იცნობს. ურარტულ წყაროებში ლაზის შესატყვისად ლოშა/ლუშა ტერმინს ვარაუდობენ (გ. მელიქიშვილი).

    ვფიქრობთ, ურარტული ფორმა ასახავს ქართული ლაზ-ის ზანურ (მეგრულ-ლაზურ) შესატყვისს – ქართ. ლაზ-ი : ზან. *ლოჟ-ა (= ურარტ. ლოშ-ა/ლუშ-ა).

    საყურადღებოა ასევე ეთნიკური სახელის _ ალზ-ის ხმარება უძველეს წყაროებში, რაც, ჩვენი აზრით, ქართული ლაზ-ის აფხაზურენოვანი ფორმის რედუცირებული ვარიანტი ჩანს

  • 10  

    (შდრ. აფხაზ. ა-ლაზ „ლაზი“). თავის მხრივ, ქართ. ლაზ- : ზან. *ლოჟ- „ლაზი“ ფუძეთა ერთიანობის თვალსაზრისი გამორიცხავს ნიკო მარის ვარაუდს იმის შესახებ, რომ ლაზ- სახელი შეიძლება დავიყვანოთ ზან- ტერმინამდე სვანური ლა- (=ქართ. სა-) პრეფიქსის მეშვეობით, თითქოს: ლა-ზან → ლა-ზ(ი) [მარი, 1910, 607].

    საზოგადოდ, ჩვენთვის ამოსავალია დებულება, რომელიც ამტკიცებს, რომ ლაზ-ი ისტორიულად აღნიშნავდა ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ მეგრელ-ლაზს, ხოლო ჭან-ი მიემართებოდა უფრო მთისწინა ზოლში ან მთაში მცხოვრებ კოლხებს. ამის კვალი უნდა ჩანდეს თანამედროვე ლაზურშიც, როდესაც არცერთი ლაზი საკუთარ თავს ჭან-ად არ მოიხსენიებს, მაგრამ მისი საცხოვრისიდან მოშორებით, მთაში მცხოვრებს, იმავე ლაზს ზღვისპირელი ლაზი ჭან-ს უწოდებს, ხოლო ის, ვისაც ზღვისპირელი ჭანს ეძახის, მასზე მაღლა სოფელში მოსახლე ლაზს ასევე ჭან- სახელით მიმართავს.... სახელები ლაზი და ჭანი საუკუნეების მანძილზე ურთიერთმონაცვლეობდა, მაგრამ, ცხადია, ისტორიულად ტერმინ ჭანს უფრო ვიწრო მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ეტყობა, თავდაპირველად ჭანი მიემართებოდა მთაში მცხოვრებ ზანს (ანუ ჭანი = მთიელი კოლხი).

    ზანური (კოლხური) ენის ლაზურ დიალექტში ფიქსირებული ურთიერთმონაცვლე სუბეთნონიმების _ ლაზ-ი/ჭან-ი ლოკალიზაცია იმაზე მიგვითითებს, რომ ოპოზიცია მთიელი (ჭან-ი) : არამთიელი (ლაზი) დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო მეგრული დიალექტისათვი-საც. კერძოდ, მთაში მცხოვრებ მეგრელებსაც ისტორიულად წან-/ჭან-ი უნდა რქმეოდათ, შესაბამისად, მათ საცხოვრებელ მიწა-წყალს _ წან-ია

  • 11  

    რებელი სახლების ნაშთები გვხვდება 2133-დან 2286 მეტრის სიმაღლეზე, აფხაზები მათ სადგომებს წან-იგვარა-ს ეძახიან (ნ. ალბოვი, ს. ჯანაშია).

    თუ ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკის მონაცემებით ვისარგებლებთ, მეგრულ-ლაზურ წან-/ჭან- ალომორფებს ქართულში შესატყვისად წენ- გახმოვანების ფუძე უნდა ჰქონოდა, რაც თანხვდენილია საერთოქართველური ფუძე-ენის *წენ- არქეტიპულ მონაცემთან. სამწუხაროდ, ქართულში დღეს წენ- ფუძე არ იძებნება, ისტორიულად კი მისი არსებობის კვალი ჩანს ძვ. სომხურ წენ „ლაზი“ ეთნონიმში, რომლის წყაროდაც მეგრულ-ლაზურ ალომორფებს ვერ ვივარაუდებთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კოლხურ ენაში ე გახმოვანების წენ- არ დასტურდება და არც უნდა ყოფილიყო, შდრ. ბგერათშესატყვისობა ქართ. ე : ზან. ა (ს.-ქართვ. *ე).

    საერთოქართველური (ფუძე-ქართული) არქეტიპის რეკონსტრუქციისათვის მეტად ღირებული ჩანს ნართული ეპოსის ოსური ვარიანტი, სადაც ერთ-ერთი მითიური ხალხის აღსანიშნავად აფხაზური ა-წან-ის (მრ. რ. წან-აა) ადგილს ოსურ ტექსტში ბწენ (მრ. რ. ბწენ-თა) ფორმა იკავებს. ჩვენი თვალსაზრისით, ოსური ბწენ ეთნონიმისთვის ამოსავალია საერთო-ქართველური *წენ- არქეტიპისთვის სავარაუდო სვანური კანონზომიერი შესატყვისი, რომელიც გაფორმებული იქნებოდა საკუთრივ სვანური მჷ- პრეფიქსით და, ალბათ, ჟღერდა როგორც მჷ-ჭენ. სიტყვის თავში ფიქსირებული სვანური მჭ- ბგერათთანმიმდევრობა ოსურში ზეპირი გზით სესხების დროს *მჷჭენ ბწენ სახეობად იქნა ადაპტირებული (შდრ. ჭ // წ მონაცვლეობა ოსურ ენაში).

    ამრიგად, ქართველური, აფხაზური, ოსური, სომხური და ბერძნული ენების ფაქტობრივი მასალის მიხედვით შესაძლებელი ხდება საერთოქართველური *წენ- ძირის რეკონსტრუქცია, რომელიც, ალბათ, მთიელ ქართველს თუ აღნიშნავდა. უძველეს ისტორიულ პერიოდში ქართველის (მთიელი ქართველის) აღსანიშნავად *წენ- ტერმინის არსებობის უტყუარ კვალს ჩვენ ვხედავთ დაღესტნურ მონაცემშიც, სადაც წორ ძირი ქართულის ტოლფარდია და ქრონოლოგიურად წინ უსწრებს გურჟი / გურჯი ალომორფებს. აქედან დასკვნა: მეგრულ-ლაზურის ორსავე დიალექტში ბარში (ზღვისპირას) მცხოვრებს ეწოდებოდა ლაზი, ხოლო მთაში მცხოვრებს (მთიელს) – ჭანი // წანი.

    მეგრულ-ლაზური მეტყველების გავრცელების არეალი დღითიდღე მცირდება. როგორც

    ცნობილია, ზანური მეტყველება ისტორიულად ბევრად უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა როგორც დასავლეთ-, ისე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. სავარაუდოდ, მეგრულსა და ლაზურს შორის გარდამავალი დიალექტი (ნარევი მეტყველება) ვრცელდებოდა თანამედროვე გურია-აჭარაში, რასაც სამხრეთ-დასავლეთით საკუთრივ-ლაზური მეტყველება ემეზობლებოდა, ხოლო მეგრული გავრცელებული იყო იმერეთში შორაპნამდე (გ. მაჭავა-რიანი), რასაც ამოწმებს მეგრული ტიპის ფუთ-ი ტოპონიმი შორაპანთან (შდრ. ქ. ფოთ-ის მეგრული დასახელება – ფუთ-ი/ფუთ-უ, რომელიც ლაზურად ფონთ-ო( → უკუსესხებით პონტო) უნდა ყოფილიყო – ქ. ლომთათიძე), მეგრულივე მოიცავდა თანამედროვე ლეჩხუმის რეგიონს, შავი ზღვისპირეთიდან ვიდრე რაჭა-სვანეთ-აფხაზეთის მთიან ზოლამდის (შდრ. სვან. დალ- : მეგრ. დოუ „უღელტეხილი აფხაზეთში“).

  • 12  

    შემთხვევითი არც ის არის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თითქმის ყველა მსხვილი ტოპონიმი მეგრულის მეშვეობით იხსნება, ზანური ეტიმოლოგია აქვს: დიო-სქურ-ია „სოხუმი“ უნდა ნიშნავდეს ბევრ/დიდ წყარო-ს, რაც სოხუმის ადგილმდებარეობისთვის ბუნებრივი ჩანს (დიო = ქართ. დია „ბევრი, ძალიან“ რუსთაველთან + სქურ- „წყარო, ღელე“); ეგევე სქურ- „წყარო, ღელე“ იკითხება კელა-სურ-ი (←*კელა „თან“ + სქურ-ი, შდრ. მსგავსი ლაზური ტოპ. კლა-სქურ-ი თურქეთის საქართველოში), რომელიც შედგენილობით ქართულ ტბა-თანა-ს მისდევს; ოჩე-მჩირე (ოჩე„ყანა/ხოდაბუნი“ + მჩირე „ვრცელი“) → ოჩამჩირე (გ. როგავა), ტკვარჩელ-ი „ხის ფენილი კიბე“, ან ტკვარჩელ-ია „მცენ. ყოჩივარდა“ (ი. ყიფშიძე, თ. გვანცელაძე), გაგრა ← მეგრ. გაგურ-ა „თავმოჭრილმთებიანი ადგილი“, ო-ქუმ-ი „წისქვილი; მარცვლეული ყანა“, ოხურეი „წყალუხვი მდინარე“, გუდა-უთ-ი (გუდა-ვა, გუდა-ურ-ი, ხოლო -უთ სუფიქსისთვის შდრ. კვა-უთ-ი სოფელი სენაკში) და ა. შ.

    დღევანდელი მდგომარეობით ზანური (კოლხური) ენის მეგრულ დიალექტზე საუბრობენ სამეგრელოში (აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ქ. ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი) სამურზაყანო (გალი, ოჩამჩირე, ტყვარჩელი); ჩრდილო-აღმოსავლეთით მეგრული მეტყვე-ლება ვრცელდება მდ. ღალიძგამდე, ჩრდილო-აღმოსავლეთით საზღვარია ეგრისის ქედი (სოფლები თოთანი და ხუბერი მესტიის რ-ნში), სამხრეთ-აღმოსავლეთით – იმერეთ-ლეჩხუმი, ცხენისწყალი და რიონის მარცხენა სანაპირო (აბაშის რ-ნის სოფლები: გაღმაკოდორი, გულეიკარი, კეთილარი), ხოლო სამხრეთით მდინარე ფიჩორი მიჯნავს მეგრულ დიალექტს გურულისაგან.

    ფაქტია, რომ უკანასკნელი ცამეტი საუკუნის განმავლობაში მეგრულის გავრცელების არეალი არ შეცვლილა. ამის დამადასტურებელი და, საერთოდ, ანგარიშგასაწევი ფაქტები მეგრულის (და მეგრელების) შესახებ წარმოდგენილია ქართულ აგიოგრაფიულ ძეგლში „დავით და კონსტანტინეს მარტვილობა“, რომელიც აღწერს არაბთა შემოსევის (მურვან-ყრუს) ამბებს დასავლეთ საქართველოში და გვაწვდის ძვირფას ინფორმაციას მეგრელთა ლოკალი-ზაციის შესახებ. ძეგლში ნათქვამია: {მურვან-ყრუ} „აღიძრა და დაიბანაკა ქალაქსა ჯიხანქუჯისასა, ქუეყანასა მეგრელთასა, სანახებსა ჭყონდიდისა, რომელ არს მეგრულითა ენითა მუხა დიდი, და რამეთუ იყო ბანაკი მათი ცხენისწყლითგან ვიდრე აფხაზეთამდის“ (აგიოგრაფიული ძეგლები, თბ., 1971, გვ. 258). ისევე როგორც დღეს მეგრული (მეგრელთა ქუეყანა) არაბთა შემოსევის დროსაც, მერვე საუკუნეში (737-741 წწ.) ცხენისწყლიდან აფხაზეთამდის ვრცელდებოდა.

    ისტორიულ ლაზიკას (ბერძნულად ლაზიკე, ხოლო საკუთრივ-ლაზურად ლაზონა „ლაზეთი“) ეჭირა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ყველა დროში (დღესაც) უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

    აქ გადიოდა საერთაშორისო საქარავნო გზა, რის გამოც ლაზეთი ხშირად იყო მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავების მიზეზი. ლაზეთის ტერიტორიის საერთო ფართობი მოიცავს 7 000 კვ. კილომეტრზე მეტს. მისი საზღვრებია: ჩრდილოეთით შავი ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით _ მდინარე ჭოროხი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით _ მდინარე სამანსუ. თურქეთში ლაზურენოვანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა ძნელი დასადგენია. მე-19 საუკუნის ინგლისელი კონსულის ჯიფორდ პალ გრევის სიტყვით ლაზისტანში 1872 წლის ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 850 000

  • 13  

    აღწევდა (რაც აშკარად გადაჭარბებული ჩანს). მათში 56 000 ქრისტიანია. მეოცე საუკუნეში, 1935 წლიდან 1965 წლამდე, თურქეთის რესპუბლიკაში მოსახლეობა აღიწერებოდა დედაენისა და მეორე ენის მაჩვენებლების მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს თვალი მივადევნოთ ლაზურენოვანი მოსახლეობის ზრდა-კლების დინამიკას:

    აღწერის წლები 1935 1945 1950 1955 1960 1965

    ლაზური- დედა ენა 63 253 46 987 70 423 27 016 21 703 26 007

    ლაზური-მეორე ენა 5 061 4 956 - 22 667 38 267 59 101

    სულ 68 314 51 943 70 423 49 683 59 970 85 108

    1965 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის სტატისტიკური ორგანოებისთვის დამახა-

    სიათებელი მეორე ენის აღნუსხვის პრაქტიკა აიკრძალა, რაც აძნელებს ლაზურენოვანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენას, მაგრამ, თუ ავიღებთ ლაზური მოსახლეობის 1965 წლის საერთო რაოდენობას (85,1 ათასი) და მოვახდენთ მის ექსტრაპოლაციას თურქეთის მოსახლეობის მატების საშუალო კოეფიციენტის გამოყენებით, 50 წლის შემდეგ ლაზურენოვანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა, ალბათ, ნახევარმილიონიან ზღვარს მიუახლოვდებოდა. ლაზური დიალექტის გავრცელების არეალი მეტად თავისებურია. იგი მოიცავს ტერიტორიას შავიზღვისპირეთში სოფ. სარფიდან ქ. ტრაპიზონამდე. საინტერესოა ლაზთა იმ ნაწილის მეტყველებაც, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს დასავლეთ ანატოლიაში რომ გადასახლდნენ. მათმა დიდმა ნაწილმა ლაზური დღესაც იცის და უფრო ტრადიციონალისტები არიან, ვიდრე ისტორიულ ლაზეთში მცხოვრები თანამოძმეები. ხოლო ტრაპიზონსა და მის შორიახლო ტერიტორიებზე მცხოვრებმა ლაზებმა დიდი ხნის წინ განიცადეს ელინიზაცია. მათ დავიწყებული აქვთ ლაზური, მაგრამ ახსოვთ თავიანთი ლაზური წარმოშობა. ასევე დაკარგული აქვთ ლაზური ქ. ტრაპიზონიდან ქ. ზონგულდაქამდე მცხოვრებ ლაზებსაც, ისინი თურქულად მეტყველებენ, თუმცა იციან, რომ წარმოშობით ლაზები არიან. სტამბოლში, ანკარასა და სხვა დიდ ქალაქებში ახალგადასახლებული ლაზები, რომლებიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ და ისიც დასასვენებლად ჩადიან თავიანთ კუთხეში, ლაზურად ვერ ლაპარაკობენ და მეტად მჭიდროდ არიან ინტეგრირებულნი თურქულ საზოგადოებაში.

    თანამედროვე ლაზური მეტყველების გავრცელების არეალი, მეგრულთან შედარებით, მცირეა. ლაზები (ჭანები) მოსახლეობენ შავი ზღვის სანაპირო ზოლში სარფიდან ქემერამდის, მდ. ჩხალის ხეობა მურღულისაკენ წარმოდგენილია ასევე ლაზური მეტყველებით (რვა სოფელში). ლაზური მოსახლეობა კომპაქტურია სარფიდან ქემერამდის, ათინის რაიონის ხუთ სოფელში ჰემშინები ცხოვრობენ, რომლებიც სომხურად საუბრობენ. სავარაუდოა, ეს სოფლებიც ლაზური იყოს წარმოშობით, ვინაიდან ირკვევა, რომ ადრეულ ეტაპზე, ლაზთა გაქრისტიანებისას, მოსახლეობის ნაწილმა მონოფიზოტობა მიიღო (აღიარა), რითაც სომხური ეკლესიის მრევლი ხდებიან ლაზები და, ცხადია, თანდათანობით ივიწყებენ მშობლიურ ლაზურს და გადადიან სომხურზე. აქ დაახლოებით ისეთივე ვითარება უნდა გვქონდეს, როგორიც სტამბოლში, სადაც ქრისტიანი მართლმადიდებელი ლაზები ლაპარაკობენ ბერძნულად და თავს ბერძნებად თვლიან (ჰრ. აჭარიანი). უფრო მეტიც, გაბერძნებული ლაზები,

  • 14  

    რომლებსაც ენა დავიწყებული ჰქონდათ, XIX-XX საუკუნეებში საქართველოში არიან მიგრირე-ბული, როგორც ბერძნები (მაგრამ უკვე თურქულენოვანნი), ისინი წალკაში სახლდებიან როგორც ურუმელი ბერძნები, მაშინ, როდესაც ისინი ეთნიკურად, რა თქმა უნდა, ლაზები არიან და ამას მათი ყოფაც განსაზღვრავს (წათე ბაწაში).

    XX საუკუნეში ლაზების მოსახლეობა ფიქსირდებოდა აფხაზეთშიც: გუდაუთა, ოჩამჩირე, სოხუმი, ასევე სოფლები: შაწკვარა, ფაჩანთა, ხარუტა, ფშალთილუღი, წარაშუბარა, აძიუბჟა ნაწილობრივ ლაზურად მეტყველებდნენ [ჩიქობავა, III, 2008, 29]. საკმაოდ იყო ამ დროისათვის ლაზური წარმოდგენილი კურორტ ანაკლიაში, ანაკლიური ლაზური ტექსტები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ჩაწერილი აქვს პროფ. ირინე ასათიანს. ანაკლიელ ლაზებს დღესაც კარგად ახსოვთ საკუთარი წარმომავლობა, მაგრამ თანდათანობით კარგავენ ლაზურ თავისებურებებს და გადადიან მეგრულზე.

    მეგრულ-ლაზურ კილოთა შესწავლის ისტორიიდან ღირსსაცნობია ის ფაქტი, რომ XVII

    საუკუნის სამეგრელოში, ლევან მეორის მმართველობის დროს, არაერთი ათეული წელი გაატარა იტალიელმა კათოლიკე მისიონერმა არქანჯელო ლამბერტიმ, რომელმაც თავისი ცხოვრებისეული ჩანაწერები ცალკე წიგნად გამოსცა და მას „სამეგრელოს აღწერა“ უწოდა (ა. ლამბერტის წიგნი ქართულადაც ითარგმნა ილ. ჭყონიას მიერ). ლამბერტის ჩანაწერებში მნიშვნელოვანია მეგრული ზნე-ჩვეულებები და ლექსიკა. ზოგი მეგრული სიტყვა-ფორმა ამ ჩანაწერების წყალობით ხდება ჩვენთვის ცნობილი; ნიმუშად ზუთხის აღმნიშვნელი მეგრული ანჯაქია „ზუთხი“ გამოდგება, რომელიც სწორედ ლამბერტიზე მითითებით აღმოჩნდა ი. ყიფშიძის ლექსიკონში.

    ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“ [იხ.: ევლია ჩელები, „მოგზაურობის წიგნი“: ნაკვ. I, თარგმანი, თბ., 1971; ნაკვ. II, გ. ფუთურიძე, გამოკვლევა, თბ., 1973], რომელიც იწერებოდა XVII საუკუნის 70-80-იან წლებში, საყურადღებო ცნობებს შეიცავს, მაგრამ ენობრივი უზუსტობანი მასში ჭარბად იჩენს თავს (ი. ყიფშიძე, ს. ჯიქია).

    ი. გიულდენშტედტის „მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიაში“, რომელიც ორ ტომად გამოქვეყნდა, იცნობს მხოლოდ მეგრულ მასალას, ლაზური ნიმუშები მისთვის უცნობია [იხ.: ი. გიულდენშტედტი, Reisen durch Ruβland und im caucasischen Gebürge, St.-Peterburg. Bd. I, 1787; Bd. II, 1791];

    მნიშვნელოვანია ი. კლაპროთის მასალები, რომელიც წინამორბედთა ჩანაწერებსაც იმეორებს [იხ.: ი. კლაპროთი, Détails sur dialecte georgien usite en Mingrélie, Iounal asiatique, 1829 fiurier]. საყურადღებოა, რომ ი. კლაპროთმა ლაზურში ჯერ ორი დიალექტი – ქემერული და ხოფური გამოყო, ხოლო მოგვიანებით სხვა ნაშრომში [Asia Polyglotta, Zweite Auflage, Paris 1831] ტრაპიზონული დიალექტის არსებობის შესახებაც მიუთითა.

    ლაზურის პირველი გრამატიკული მიმოხილვა გეორგ როზენს ეკუთვნის, იგი ათინურ კილოკავს იკვლევდა, ვინაიდან ინფორმატორი ათინელი ლაზი იყო [იხ.: გ. როზენი, Über die Sprache der Lazen, Berlin, 1844]. ორი წლის შემდგომ, 1946 წელს იგივე ავტორი ქმნის მოკლე ნარკვევს მეგრულის შესახებ [იხ.: გ. როზენი, Ossetische Sprachlehre nebst einer Amhandlung über das Mingrelische, Suanische, Berlin, 1846].

  • 15  

    მეგრულის შესწავლაში ახალი ეტაპი იწყება ა. ცაგარელის მოღვაწეობით, მისი ეტიუდების ორივე ტომი ღირებულია დღესაც, მას მნიშვნელობა არ დაუკარგავს [იხ.: ა. ცაგარელი, Мингрельские этюды, вып. I: Мингрельские тексты с переводом и объяснениями, вып. II: Опыт фонетики мингрельского языка, С.-Пб., 1880]; უფრო ადრე იგივე ავტორი ქმნის შედარებითი ხასიათის ნაშრომს _ „კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა“, რომელიც 1872 წელს პეტერბურგში დაიბეჭდა ლითოგრაფიულად და შეიცავს ასევე მეგრულ-ლაზურ მასალას [იხ.: ა. ცაგარელი, Сравнительный обзор морфологии иберийской группы кавказских языков, С.-Пб., 1872].

    ზანური მონაცემები მოხმობილი აქვს თავისი წიგნის ორივე ნაწილში, როგორც ლექსიკურ, ისე გრამატიკულ მიმოხილვაში რ. ერკერტს შრომაში „კავკასიური ძირის ენები“ [იხ.: რ. ერკერტი, Die Sprachen des kaukasischen Stammes, Wien, 1895, Th. I, VI, 204, Th. II, XII, 391].

    ამავე პერიოდს ემთხვევა პ. ჭარაიას გამოსვლა სამეცნიერო ასპარეზზე, რომელმაც თავის დროზე მეტად ღირებული ლექსიკონები შექმნა და წინ წასწია მეგრულის შედარებითი შესწავლა ქართულთან მიმართებით [იხ.: პ. ჭარაია, მეგრული დიალექტის ნათესაური დამოკიდებულება ქართულთან. – მოამბე, XXII, 1895, I, II].

    წინამორბედ მკვლევართა ნაღვაწს ეფუძნება ჰრ. აჭარიანის „ეტიუდები ლაზური ენის შესახებ“, რომელსაც ავტორის ჩანაწერებიც ემატება [იხ.: ჰრ. აჭარიანი, Etude sur la langue Laze: Extrait des Mémoires de la Societe de linguistigue de Paris, t. X, 1899].

    ნიკო მარის „ჭანური (ლაზური) ენის გრამატიკა“ 1909 წელს თურქეთის ლაზეთში შეკრებილ მასალებს ეფუძნება [იხ.: ნ. მარი, Из поездки в турецкий Лазистан. Впечатления и наблюдения, Изд. АН, С.-Пб., 1910]. ავტორის დამსახურებაა ლაზურ კილოკავებზე ცალ-ცალკე სპეციალური დაკვირვება ჯერ ვიწეში, შემდეგ არქაბეში და ბოლოს ხოფაში. ნ. მარი ითვალისწინებს კილოკავურ სხვაობებს როგორც გრამატიკულ მიმოხილვაში, ისე ლექსიკონში [იხ.: ნ. მარი, Грамматика чанского (лазского) языка с хрестоматиею и словаре