ტომი III - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/4388/1/Tomi_III.pdf ·...

333
ტომი III წერილის მაგიერ: მოხუცებული / ნოველა დღიურ - ეპილოგით / ევგენი პროკოფიევიჩს წესად ჰქონდა კარის ჩუმად გაღება; კორიდორში იხდიდა პალტოს, რომელსაც დიდი, ფართო კრაველის საყელო ჰქონდა და ძველ, მასიურ დასაკიდებელზე ჰკიდებდა, მერე სარკის წინ დებდა ქაღალდში გახვეულ საჩუქარს, რომელსაც ყოველი კვირის ბოლოს ყიდულობდა ცოლისთვის; კოსტუმის ჯიბიდან იღებდა სავარცხელს, ივარცხნიდა თეთრ, ხშირ თმას, ჯაგრისით იბერტყავდა მხრებზე დაყრილ ქერტლს, კიდევ ერთხელ დახედავდა საჩუქარს და ისევ ჩუმად, კეთილი ღიმილით შედიოდა წინა ოთახში; იქითა, უფრო პატარა ოთახი ითვლებოდა საწოლად. იქ იჯდა მისი ახალგაზრდა ცოლი და გაზეთზე ნიშნავდა მისთვის საინტერესო ადგილებს. ახლა განსაკუთრებული სიფრთხილით შეაღო მან კარები, უნდოდა, რომ ძვირფასი საჩუქრით პირდაპირ თავზე წასდგომოდა მეუღლეს, ეს იცოდა მისმა ცოლმა და ყოველთვის ყურს იყრუებდა, ვითომ არ ესმოდა ნაბიჯების ხმა. თვის ბოლო იყო, ამ დროს საჩუქარი ყოველთვის ორიგინალური და განსაკუთრებით კარგი მოჰქონდა მოხუც ქმარს. სიამოვნებით გადაივარცხნა თმა, დაიბერტყა ქერტლი და უხმოდ შევიდა სასტუმროში. დიდ სავარძელში ჩაესვენა, წინ, მაგიდაზე, დადო საჩუქარი და ღირსეული შემფასებლის კმაყოფილი თვალებით დაუწყო ყურება, მერე პაპიროსი გააბოლა. ოჰ, ეს თამბაქო იყო მათი მუდმივი ოჯახური უსიამოვნების საგანი; წლებმა გული გაუფუჭა და ძველი მწეველი იძულებული იყო სულ ცოტა და ცოტა ეწია, ამის უფლებასაც არ აძლევდა ვალენტინა. როცა უწყრებოდა ცოლი, ის ბუზღუნებდა, უკმაყოფილო სახეს იღებდა, გულში კი სიამოვნებდა, რომ ასე ზრუნავდა მასზე, მერე ჩუმად იპარებოდა დერეფანში და პატარა ბიჭივით მალულად სწევდა მუჭიდან ეს იყო მისი ყველაზე დიდი სიამოვნება. ზოგჯერ მეზობლის გოგოს დაუძახებდა, დააყენებდა კარებთან, «თუ ვალენტინა ივანოვნამ გამოიხედოს, მანიშნე», ეტყოდა; მუდმივი მოლოდინი, რომ ცოლს შეიძლებოდა გამოეხედა და გასწყრომოდა, არაჩვეულებრივ კმაყოფილებას ჰგვრიდა მას. ახლაც ასევე ჩუმად გააბოლა და ოდნავ, სულ ჩუმად ჩაახველა, გაიღიმა, საჩუქარი მართლა დიდებული იყო შიშველი ქალის სტატუა, გამოთლილი მარმარილოში, ვიღაც ცნობილი მოქანდაკის რეპროდუქცია, ვისი არ ახსოვდა. ის არაჩვეულებრივად ჰგავდა ვალენტინას. მოხუცი ფიქრებში გაერთო, თამბაქოს ბოლი ჭერში ადიოდა, მერე ოთახში დაგუბდა. «საშინლად გაიბოლა ოთახი», გაიფიქრა, ხელით გაფანტა ბოლი და დერეფნის კარები გამოაღო, როცა მობრუნდა, ცოლის ოთახს დაუწყო სიამოვნების ღიმილით ყურება, მერე საჩუქარზე გადაიტანა მზერა და სავარძელში ჩაესვენა. კიდევ ორი_სამი ნაფაზი დარჩა მოსაწევი. იქითა ოთახიდან ვალენტინას მინაზებული ხმა რაღაც უცხო სიცოცხლით ლაპარაკობდა. «ალბათ, 1

Transcript of ტომი III - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/4388/1/Tomi_III.pdf ·...

  • ტომი III

    წერილის მაგიერ:

    მ ო ხ უ ც ე ბ უ ლ ი / ნ ო ვ ე ლ ა დ ღ ი უ რ - ე პ ი ლ ო გ ი თ /

    ევგენი პროკოფიევიჩს წესად ჰქონდა კარის ჩუმად გაღება; კორიდორში იხდიდა პალტოს, რომელსაც დიდი, ფართო კრაველის საყელო ჰქონდა და ძველ, მასიურ დასაკიდებელზე ჰკიდებდა, მერე სარკის წინ დებდა ქაღალდში გახვეულ საჩუქარს, რომელსაც ყოველი კვირის ბოლოს ყიდულობდა ცოლისთვის; კოსტუმის ჯიბიდან იღებდა სავარცხელს, ივარცხნიდა თეთრ, ხშირ თმას, ჯაგრისით იბერტყავდა მხრებზე დაყრილ ქერტლს, კიდევ ერთხელ დახედავდა საჩუქარს და ისევ ჩუმად, კეთილი ღიმილით შედიოდა წინა ოთახში;

    იქითა, უფრო პატარა ოთახი ითვლებოდა საწოლად. იქ იჯდა მისი ახალგაზრდა ცოლი და გაზეთზე ნიშნავდა მისთვის საინტერესო ადგილებს.

    ახლა განსაკუთრებული სიფრთხილით შეაღო მან კარები, უნდოდა, რომ ძვირფასი საჩუქრით პირდაპირ თავზე წასდგომოდა მეუღლეს, ეს იცოდა მისმა ცოლმა და ყოველთვის ყურს იყრუებდა, ვითომ არ ესმოდა ნაბიჯების ხმა.

    თვის ბოლო იყო, ამ დროს საჩუქარი ყოველთვის ორიგინალური და განსაკუთრებით კარგი მოჰქონდა მოხუც ქმარს. სიამოვნებით გადაივარცხნა თმა, დაიბერტყა ქერტლი და უხმოდ შევიდა სასტუმროში. დიდ სავარძელში ჩაესვენა, წინ, მაგიდაზე, დადო საჩუქარი და ღირსეული შემფასებლის კმაყოფილი თვალებით დაუწყო ყურება, მერე პაპიროსი გააბოლა. ოჰ, ეს თამბაქო იყო მათი მუდმივი ოჯახური უსიამოვნების საგანი; წლებმა გული გაუფუჭა და ძველი მწეველი იძულებული იყო სულ ცოტა და ცოტა ეწია, ამის უფლებასაც არ აძლევდა ვალენტინა. როცა უწყრებოდა ცოლი, ის ბუზღუნებდა, უკმაყოფილო სახეს იღებდა, გულში კი სიამოვნებდა, რომ ასე ზრუნავდა მასზე, მერე ჩუმად იპარებოდა დერეფანში და პატარა ბიჭივით მალულად სწევდა მუჭიდან – ეს იყო მისი ყველაზე დიდი სიამოვნება. ზოგჯერ მეზობლის გოგოს დაუძახებდა, დააყენებდა კარებთან, «თუ ვალენტინა ივანოვნამ გამოიხედოს, მანიშნე», ეტყოდა; მუდმივი მოლოდინი, რომ ცოლს შეიძლებოდა გამოეხედა და გასწყრომოდა, არაჩვეულებრივ კმაყოფილებას ჰგვრიდა მას.

    ახლაც ასევე ჩუმად გააბოლა და ოდნავ, სულ ჩუმად ჩაახველა, გაიღიმა, საჩუქარი მართლა დიდებული იყო – შიშველი ქალის სტატუა, გამოთლილი მარმარილოში, ვიღაც ცნობილი მოქანდაკის რეპროდუქცია, ვისი – არ ახსოვდა. ის არაჩვეულებრივად ჰგავდა ვალენტინას. მოხუცი ფიქრებში გაერთო, თამბაქოს ბოლი ჭერში ადიოდა, მერე ოთახში დაგუბდა. «საშინლად გაიბოლა ოთახი», გაიფიქრა, ხელით გაფანტა ბოლი და დერეფნის კარები გამოაღო, როცა მობრუნდა, ცოლის ოთახს დაუწყო სიამოვნების ღიმილით ყურება, მერე საჩუქარზე გადაიტანა მზერა და სავარძელში ჩაესვენა. კიდევ ორი_სამი ნაფაზი დარჩა მოსაწევი. იქითა ოთახიდან ვალენტინას მინაზებული ხმა რაღაც უცხო სიცოცხლით ლაპარაკობდა. «ალბათ,

    1

  • მეზობლის გოგოს ასწავლის», გაიფიქრა მოხუცმა, მერე მოაგონდა, რომ აქამდე სიჩუმე იყო იქით. ვალენტინა კი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდა:

    _ მე დიდი ხანია გადავეჩვიე ყველაფერ ამას, კოცნასაც, ცეკვასაც; ხანდახან მეჩვენება, რომ მეც დავბერდი მასავით; შენ პირველი ხარ გათხოვების შემდეგ, მე არც ვიცი გავკიცხო ჩემი თავი თუ არა; ის ბებერია, მე კი სიცოცხლე მინდა, მოდი ახლო, უფრო ახლო, ისე მომენატრა ყველაფერი, ჰა, აი ასე, კიდე მაკოცე, ოჰ, რა გაუმაძღარი გავხდი, ღმერთო ჩემო, არა, შენი ბრალი არ არის არაფერი, რა თქვი? რა? რატომ გავთხოვდი? გეტყვი რატომაც, გამოუცდელობის გამო, მე მაშინ ჩვიდმეტისაც არ ვიყავი, ის კი ორმოცდათხუთმეტის იყო...

    ევგენი პროკოფიევიჩმა დარჩენილი ორი ნაფაზი აუჩქარებლად მოქაჩა, ბოლი ხელით გაფანტა და ჩუმი ნაბიჯებით გამოვიდა, შემდეგ დაბრუნდა, საჩუქარი აიღო, პალტო ჩაიცვა, ქუდი, ჩვეულებისამებრ, სარკესთან დაიხურა და ქუჩაში გავიდა.

    ბარდნიდა. ადრე მიყინულ თოვლს ნაცნობი მეეზოვე ქალი დიდი ნიჩბით ფხეკდა. ახალი

    ფიფქები შავად დარჩენილ ასფალტს ნელა და ენერგიულად ფარავდნენ. _ თქვენ საით, ევგენი პროკოფიევიჩ, სულ ახლა არ მოხვედით? – მხიარულად

    გამოეხმაურა ის. _ აგერ საყიდლებზე. «რა კარგი ქმარია», გაიფიქრა მეეზოვემ, «ერთი საჩუქარი არ ჰყოფნის». «რა ენერგიული ქალია, დღე და ღამე მუშაობს. აი, ახლაც დადებს თოვლს და

    კიდევ უნდა წმინდოს, ღამე კიდევ უნდა ადგეს და წმინდოს. უბედურებაა მათთვის ზამთარი», უტრიალებდა თავში მოხუცს, ის პატარა ქუჩას გასცდა და დიდ ქუჩაზე გავიდა. კარგა ნაცნობ გზას გაუყვა სამსახურისკენ, რატომღაც არასოდეს არ უგრძვნია, რომ ამდენი ხალხი იყო ქუჩაში, არც დაინტერესებულა არავის სახით. ახლა ყველას უყურებდა, ჯერ კიდევ შორიდან ამოირჩევდა რომელიმე სახეს, ცდილობდა გამოეცნო რა ხნის იყო, როცა ჩაივლიდა ის, უკან გააყოლებდა თვალს და გულში ამბობდა მის ხნოვანებას. გადასასვლელთან დაყოვნდა, «დიდი ბიზონები», თოვლით დატვირთული, მძიმედ გადიოდნენ დიდ ქუჩაზე, მათ გვერდზე მსუბუქი მანქანები სულ ერთი ბეწოდ და სასაცილოდ ჩანდნენ, მას რატომღაც მოუნდა გამოეცნო რამდენი მსუბუქი მანქანა ჩაეტეოდა ერთ «ბიზონში»; ბოლოს უცხო მარკის ავტომობილმა ჩაიქროლა; შუქნიშანი გაიხსნა, ხალხთან ერთად სწრაფად გადაჭრა ქუჩა მანაც. ახლა ის მთლიანად გაერთო ფიქრში – ამერიკული იყო ის მანქანა თუ გერმანული, ცუდი იყო, რომ წარწერა ვერ დაინახა, საერთოდ, საშინელი უყურადღებო გახდა ბოლო ხანებში.

    სამსახურში არავინ იყო დარაჯის გარდა, რომელსაც ეგონა, რომ რაღაც დარჩა ევგენი პროკოფიევიჩს; მოხუცმა სამმანეთიანი ჩაუდო ხელში გაკვირვებულ დარაჯს და უკან გასწია. გზაზე მოაგონდა: მთელი წელი გადიოდა, რაც კინო არ ენახა, განსაკუთრებით აინტერესებდა ფართოეკრანიანი, ივან ვასილევიჩი ძალიან აქებდა, ამბობდა – ჩვენთვის, მოხუცებულებისთვის, პირდაპირ მისწრებაა ფართო ეკრანი, ყველაფერი ისე მშვენივრად ჩანსო; მერე მოაგონდა, რომ ივან ვასილევიჩი კინოს სიუჟეტს მოუყვა: რომელიღაც მშენებლობაზე როგორ მუშაობდა ახალგაზრდა ჭლექიანი ინჟინერი, როგორ იღუპებოდა ხალხი; თანაც ყველაფერი ეს იყო ფერადი; ასეთი ამბის მოყოლის შემდეგ ივან ვასილევიჩი, ჩვეულებრივ, ამბობდა, «ეჰ, რა არის ჩვენი ცხოვრება», «აბა, აბა», უდასტურებდა ევგენი პროკოფიევიჩი, ოღონდ არასოდეს არ უფიქრია იმაზე, რა არის ჩვენი ცხოვრება, არც ახლა უნდოდა ეფიქრა; უხმოდ ჩადგა კინოს რიგში.

    2

  • ეკრანი მართლა დიდი იყო და საუცხოოდ ჩანდა ყველაფერი. გადიოდა დოკუმენტური ფილმი: ჯერ აჩვენეს კორეა, დანგრეული ომებისაგან, მერე ხანძარი დასავლეთ გერმანიაში და მარსელელი დოკერების გაფიცვა, შემდეგ ახალი ჰესის გახსნა აღმოსავლეთ გერმანიაში, რომელსაც ესწრებოდა ვოროშილოვი. «ეჰ, კლიმ ეფრემიჩ, ჩვენ სწორები ვართ, მოტეხილხარ», გაურბინა თავში პროკოფიევიჩს. იგი კინოს ისევ უყურებდა, ოღონდ კარგად ვეღარ აღიქვამდა, რა ხდებოდა ეკრანზე. ვოროშილოვის მოტეხილად ნახვამ ააღელვა. ის მას სამოქალაქო ომიდან იცნობდა, ერთად დაიწყეს ბრძოლა. ყველაფერი ბედია, იმას გაუმართლა, ამას არა; დარჩა ბუღალტრად, საბუღალტრო კურსებიც ომის შემდეგ დაამთავრა. «მაინც ჩვენ ორივე დავბერდით, ჰოო», გაიფიქრა აბნეულად.

    გარეთ თოვლს გადაეღო, ხალხი ისევ სწრაფად დადიოდა, პროკოფიევიჩი დაიღალა, ნელა გაუყვა ქუჩას, განსაკუთრებით მძიმე ეჩვენა საჩუქარი, ხშირად ანაცვლებდა ხელიდან ხელში, ვიღაცამ ოდნავ გაჰკრა მხარი და ჩაუქროლა. «უცნაურია, რა აჩქარებს ამ ხალხს», გაიფიქრა ისევ, «თან რაღაც მთვრალებივით დადიან, საინტერესოა, რა დაემართათ დღეს ასეთი,» მოულოდნელად ჩაიხითხითა. «აი, მეც რომ დამელია, ურიგო არ იქნებოდა». მერე გონებაში გადათვალა თავისი სამყოფი ფული, ეყოფოდა, მთელი ხუთი თუმანი რჩებოდა ზედმეტი.

    სალუდე სავსე იყო ხალხით და პაპიროსის ბოლით. პროკოფიევიჩი უკვე მესამე ჭიქა არაყს სვამდა და ნასიამოვნები აბოლებდა.

    _ მშურს თქვენი, პირდაპირ მშურს, _ არ ასვენებდა ენას მის გვერდზე დიდკარტუზიანი კაცი. _ აი, მე ჯერ მხოლოდ ორმოცდაათისა ვარ და ექიმმა სმაც ამიკრძალა, წევაც, თქვენ კი თითქმის მამად მეკუთვნით, თუ არ გეწყინებათ ეს გამოთქმა, და ასე მშვენივრად სწევთ, სვამთ, უბრალოდ, სასიამოვნოა თქვენი ყურება, ღმერთმანი, ბედნიერი ხართ, ეჰ, მეც რომ შემეძლოს, აი, კათხა ლუდი და, მორჩა, მეტი აღარ შეიძლება ჩემთვის.

    პროკოფიევიჩი ისევ აბოლებდა, გულში სიამოვნებდა, რომ ასე უქებდა ვიღაც ჯანმრთელობას, არც პაპიროსის წევას უშლიდნენ, არც სმას; გაიღიმა, სიამოვნებით აჰყვა საუბარში, მოიგონა ათასი რამე _ განსაკუთრებით უყვარდა ვოროშილოვზე ლაპარაკი, ახლაც ალაპარაკდა, მერე ეშმაკური ღიმილით დააყოლა «ორივენი გავედით ტირაჟში, მე მთავბუხი ვარ, ძველი პარტიული, ერთადერთი ჩემი საქმეა ხელი მოვაწერო, მაგრამ ენერგიული ხალხი მყავს, ვენდობი, კმარა, მე ჩემი ვიმსახურე, ორ თვეში პენსიაზეც გავალ». თვალიც კი ჩაუკრა მოსაუბრეს პროკოფიევიჩმა.

    გარდერობის კაცმა ზრდილობიანად ჩააცვა პალტო მოხუც ბუღალტერს, მან სამი მანეთი მისცა. ის, აშკარად, კმაყოფილი იყო თავისი გულუხვობით, მერე გაახსენდა, რომ დარაჯსაც სამი მანეთი მისცა და ოფიციანტსაც დაუტოვა ხურდა. გარეთ ბნელოდა, ჰაერი იყო სუფთა და გაყინული, არავის არ ავნებდა, რომ მოხუცს გაებოლებინა – ზუსტად ეს ფრაზა მოუვიდა თავში – გააბოლა. გამჭვირვალე ჰაერში პაპიროსის ბოლი ჰაერის ორთქლთან ერთად ამოდიოდა ფილტვებიდან. «ეშმაკმა წაიღოს, რომელი რომლის ბოლია, მოდი და გაარჩიე» გაურბინა თავში პროკოფიევიჩს და მარტო ფილტვებიდან ამოუშვა ორთქლი, მერე მოქაჩა და ორივე ერთად გამოუშვა ოდნავ წინ წაწეული ტუჩებიდან, «რა უცნაურია», გაიფიქრა, რატომღაც საოცრად სიამოვნებდა, რომ ასეთი აზრები მოსდიოდა თავში.

    /ფარდა/

    3

  • [1958 წელი] 24 თებერვალი 1130 _ 1245 [მოსკოვი]. ბლიც_ნოველა დღიური: ვზივარ მარტო. მოწყენილი. მეტის დაწერა მეზარება, ეშმაკმა იცის, რას

    დავამატებდი. ყველა ნოველა _ თუ არ შეეშვი დროზე, შეიძლება რომანად იქცეს – ტაქტი უნდა ყველაფერს – დაიღლები – მორჩი.

    წერილის მაგიერ:

    მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი ს ტ ე პ შ ი

    _ იცი მერე, რა იქნება კუპეში? ჭურჭლების მტვრევა, გუშინ გამცილებელმა ოთხივე ჩამტვრეული სარკე გამოცვალა, _ თქვა გიორგიმ და ზევიდან კეთილი ღიმილით გადახედა ნანას. ნანამ ცხვირზე დაადო თითი, მერე გადაიხარა მისკენ, უკანა ჯიბეში ჩაუყო ხელი და ცხვირსახოცი ამოიღო; ნასიამოვნები, ოდნავ უხერხული, კმაყოფილი სახით მოისვა ცხვირზე.

    _ გიორგი რეაქციაზე მუშაობს, _ თქვა, – სულ ცოტა ხანში მისგან ბრწყინვალე ბოქსიორი გამოვა, ისე იცილებს ჭურჭელს.

    _ მე ავიტან, ოღონდ შენი გამოსახულება მეცოდება სარკეში უთოს მოხვედრის დროს, _ გადახვია მან ხელი, ნანა ნაზად მიეყრდნო მკერდზე.

    _ ჯერჯერობით ისე არ მაბრაზებს, როცა გამაჯავრებს, მაშინ ვნახოთ, ალბათ, მართლა ვიხმარ უთოს, _ ისევ გადაიწია, უკანა ჯიბეში ჩაუდო დამრგვალებული ცხვირსახოცი.

    _ ერთი ცუდი თვისება აქვს ჩემს ცოლს, არაყსა სვამს და პაპიროსს ეწევა, ვერაფრით ვერ მოვაშლევინე, ბიჭი რომ იყოს, კიდევ ჰო, თუმცა მაშინ ჩემი მეუღლე აღარ იქნებოდა, _ გიორგიმ ალმაცერად დახედა თავის წინ მდგარ არყის ჭიქას.

    _ რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ, გახსოვს რა პირობა მომეცი, _ გაუწყრასავით ნანა. _ აი, ასეთია, არაფრის უფლებას არ მაძლევს, არც მალევინებს, არც მაწევინებს. _ მე არ გიშლი, _ ოდნავ წამოწითლდა ნანა. _ დალიე რამდენიც გინდა, გიო, _ ნანამ პირდაპირ სკამზე მჯდარ ბიჭს შეხედა. _

    გინდა გაჩვენო რა მახინჯი იყო გიორგი ბავშვობაში, არც ახლა მყავს მზეთუნახავი, _ მან ჩანთიდან ორი სურათი ამოიღო და გაუწოდა.

    ერთზე პატარა ბიჭი იწვა ბალახზე, ზევიდან გოგო ედგა და იცინოდა; მეორეზე იგივე ბიჭი იჯდა, გოგო თმებს ქაჩავდა – ორივე სურათის ფონზე მოჩანდა უნაგირა მთა, ძირთან გაწოლილი წყლის ზოლით, და დაუმთავრებელი კაშხალი.

    _ ხედავ, სად დაიწყო ჩვენი რომანი, ჩვიდმეტი წლის წინათ მშენებლობაზე, სადაც ჩვენები მუშაობდნენ, – გაიღიმა გიორგიმ.

    _ ეს მე ვარ, ეს გიორგი, რას გავს, არა? _ სიყვარულით თქვა ნანამ. _ მაშინაც ასე მჩაგრავდა, ხომ ხედავ, ვტირი. _ შენ სულ ტიროდი. _ ალბათ, ვგრძნობდი, რომ ჩემი ცოლი იქნებოდი და იმიტომ. _ ნანა წამოწითლდა,

    მერე ერთმანეთს შეხედეს, გაიცინეს. გიორგიმ ლოყაზე უჩქმიტა.

    4

  • _ აბაა! _ თქვა, შემდეგ ისევ მოხვია ხელი და მიიზიდა. მატარებელი რიტმულად ირხეოდა; გარეთ მოჩანდა ალაგ_ალაგ დათოვლილი

    შიშველი სტეპი, დიდფრთიანი ქარის წისქვილით. ფანჯარაში ჰაერის წუილი ისმოდა და შორს წამოხვეტილი თხელი თოვლი ეყრებოდა წისქვილს.

    _ საოცარია სტეპი, – დაიწყო გიომ, რომელიც გარეთ იხედებოდა, – დიდი, უბოლოო, გადაბუგული, შემიძლია მთელი დღე ვუყურო, ჩვენი მთები კი გულზე მაწვებიან.

    _ რას ამბობ, მთებს რა შეედრება, ეს ერთფეროვნება მაინც არ არის. _ იმდენი მთები, რა, ერთფეროვნება არ არის? თან სული გეხუთება, ერთადერთი

    დარიალი მიყვარს, ხრიოკი და ქვიანია. _ მე ვერც შევადარებ ენგურს, არც შეიძლება, იმდენი მწვანეა იქ. _ არ მიყვარს მწვანე. _ მეც არ მესმის, რა არის სტეპში ან ხრიოკში კარგი, _ თქვა ნანამ. _ რას ამბობთ... _ დაიწყო გიომ. გიორგი და ნანა ერთმანეთს უყურებდნენ ოდნავ კმაყოფილი ღიმილით, მათ არც

    მთა უნდოდათ, არც სტეპი, გიომ სხვა თემაზე სცადა საუბრის გადატანა. _ ჯერ თაფლის თვე გაქვთ, – თქვა, მისი ხმა ყრუდ და სრულიად ზედმეტად

    გაისმა, – წახვალთ, ჩახვალთ უკან და ეგ თვეც გავა, სად აპირებთ ცხოვრებას? ნანას ჯერ უკმაყოფილება გამოეხატა სახეზე, შემდეგ გამოცოცხლდა, ნაწყვეტ-

    ნაწყვეტ, ღიმილით დაიწყო მოყოლა, რომ სახლი უკვე მზად ჰქონდათ ჰესის მშენებლობაზე, პატარა, სამოთახიანი, მყუდრო, მოხერხებული, გიორგისათვის ცალკე სამუშაო ოთახით, რომლის ფანჯრებიც უზარმაზარი ჩანჩქერის პირას გადის, მუშაობა კი ისეთი საინტერესოა იქ, პირველი ტურბინის ჩადგმა უკვე დამთავრდა, ახლაც იქ უნდა იყვნენ, მაგრამ …

    _ მაგრამ ხომ იცი ოჯახი, ქალი ზოგჯერ უნდა გაატარო ტრადიციულ საქორწინო მოგზაურობაში მაინც, თან წარმოგიდგენია, ისე, რომ არც დალიო, არც მოსწიო, ძნელი ყოფილა, ძმაო, ცოლი.

    ნანამ წყრომით შეხედა. _ მე არ გიშლი, შენ თვითონ თუ გინდა, ხომ ხედავ, რა გამხდარი ხარ. _ გეხუმრები, მართლა აღარ მინდა, იცი, გიო, დალევა, არც მოწევა, აი, ახლაც ერთს

    მოვწევ და მორჩა, – გიორგიმ გააბოლა ისე, რომ ცოლისთვის არ შეუხედავს. _ ერთი შეიძლება, – ხელებზე დააყრდნო ნიკაპი ნანამ. _ ჰო, ჰო, რა მომხვდება ამისთვის, ამ ერთი პაპიროსისთვის, კუპეში, მაგრამ რას

    იზამ. Любовь требует жертв. ნანამ ისევ ამოიღო ცხვირსახოცი გიორგის ჯიბიდან, ოღონდ ახლა უფრო დიდხანს

    ჰქონდა მის ჯიბეში ხელი, მკერდით ეყრდნობოდა ქმარს; მატარებელი კი ირხეოდა, რახრახებდა, მიდიოდა. სტეპში ქარის წისქვილი გაქრა. ახლა რუსული თეთრი ქოხები გამოჩნდნენ ზედ გზის პირას, ერთ მწკრივში ჩაწყობილი, პატარა ოთხკუთხა ფანჯრებით და ღია ცისფერი დარაბებით.

    _ როგორ გვანან გაკვირვებულ თვალებს, _ ისევ უხერხულად და ზედმეტად მოისმა გიოს ხმა, მან არაყი დალია უხერხულობის გასაფანტად.

    _ ჩვენ წავალთ, დავისვენებთ, – თქვა ნანამ. ნეტავ რა ეჩქარებათ, რა უნდათ იქ მარტო მთელი დღე, ღამე, კიდე დღე, არ

    მოსწყინდათ? – გაიფიქრა გიომ და სთხოვა: _ ცოტაც მოიცადეთ.

    5

  • გიორგი წამოიწია და ისევ დაჯდა. _ დალიე, გიორგი, ერთი ჭიქა. _ არა, ხომ ხედავ არ მიშვებს. _ დალიე, მე არ გიშლი. _ ნანა, იცი როგორ მიკვირს, შენი ქმრისთანა ლოთი როგორ შეცვალე, ყოჩაღ. _ მე არ შემიცვლია, თვითონ აღარ უნდა, არა? _ ჰო. გიორგის აშკარად სიამოვნებდა, რომ ცოლი ასე ზრუნავდა მასზე და დალევას არ

    უშვებდა. _ ჩემი ქმარი ლოთი იყო? _ იკითხა ნანამ … _ არ იცოდი? სულ ერთად ვსვამდით, _ გაიღიმა გიომ და ისევ უცხო მოეჩვენა

    თავისი ხმა; დალია; ნელა შეეპარა სასმელი, დაითრო. _ დალიე, ბიჭო, ამაზე კარგი რა არის, ისე გავა დრო, ვერც გაიგებ, ხვალ კი ჩავალთ, იქ ნუღარ დალევ მერე.

    გიორგიმ მოიზიდა ცოლი. «არ სწყინდებათ ასე ჯდომა», გაიფიქრა გიომ და ისევ დალია. _ არც არის სმა კარგი, კაცს იმდენი ფანტაზია უნდა ჰქონდეს, საკუთარი, შინაგანი,

    რომ უალკოჰოლოდაც გაერთოს, მერე შთამომავლობაზეც მოქმედებს. გიო ამღვრეული თვალებით უყურებდა, ხმა სადღაც უცხო ადგილიდან ისმოდა,

    გიორგი სერიოზულად იჯდა. _ მართალს ვამბობ, შენც დაანებე, ჯობია, _ გიო უფრო თვრებოდა, ახლა მისთვის

    სულ ერთი იყო, არაყმა გემო დაკარგა და ზედიზედ სვამდა, თვალები დაუწითლდა. _ წავიდეთ, გიორგი, _ წამოიწია ნანა. გიორგი წამოდგა. _ მიდიხარ? – შეეკითხა გიო. _ არ მტოვებს, რას იზამ. _ დარჩი, თუ გინდა, _ წამოწითლდა ნანა. გიორგიმ ზევიდან გადახვია ხელი, თმაზე დაადო ცხვირი, აშკარად სიამოვნებდა,

    რომ ცოლი არ ტოვებდა. _ ძნელია ოჯახში თავს რომ შეყოფ, _ აკოცა ნანას. _ კარგად იყავი, გიო, _ დაემშვიდობა ნანა. ფანჯრიდან რუსული თეთრი ქოხები

    გაქრნენ. სტეპი გაგრძელდა, გაბაცდა და ბინდი ჩაწვა. ქარმა ნისლში ამოსვრილი თოვლი შეაყარა ვაგონრესტორნის ფანჯარას, გიომ იდაყვი გაუსვა შუშას და დუნედ გაიცინა, მიკრული თოვლი გარეთ ყურებას უშლიდა. მატარებელი კი მიდიოდა, რახრახებდა და უკან ტოვებდა ტელეგრაფის ბოძებს.

    [1958 წ. თებერვლის მეორე ნახევარი. მოსკოვი]

    P.S. მამა! დიდი მადლობელი ვარ, თქვენი ფული ორჯერვე მივიღე, ახლა მინდა ჯერომ კ.

    ჯერომის რამოდენიმე იუმორისტული მოთხრობა ვთარგმნო რამე ჟურნალისთვის. დროა საკუთარი ფული მქონდეს, ძალიან გთხოვ გამომიგზავნო რუსულ-ქართული სიტყვარი და ტერმინთა სიტყვარი _ შეძლებისდაგვარად ჩქარა.

    მე კარგად ვცხოვრობ, დიასახლისი თვითონ მიკეთებს საჭმელს _ თვის ბოლოს მეტყვის რა ვჯდები.

    6

  • წინასწარ გილოცავ წიგნის გამოსვლას. მომწერე ახლა რაზე მუშაობ. მე პიესა თითქმის დავამთავრე. აუცილებლად გამოგზავნე დედა, ოღონდ, მე მგონი, აპრილის ბოლოსთვის ჯობია, ჯერ მაინც ცივა აქ. წინასწარ შემატყობინეთ როდის ჩამოდის, ბილეთებს ავიღებ ყველგან _ აქ თუ 10-15 დღით ადრე არ აიღე, ისე ვერ იშოვი; შენც რომ ჩამოხვიდე, ცუდი არ იქნება, ჩემ ოთახში ადგილი არის, დიასახლისსაც საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

    რაც შეეხება «სიკვდილი მთაში», მართლაც, ჯობია კურელა ჩამოაშოროთ, დატოვეთ ალფრედი, საცა გვარი იყო, იხმარეთ მოგზაური ან სხვა რამე. «გურამი» დარჩეს, ნუ შეცვლით სხვა სახელით.

    /გურამი/. რაც მთავარია: მოვიდა საბეჭდი მანქანები _ ძალიან ორიგინალური, პატარა,

    ლათინური შრიფტით _ 1070 მან. გადაკეთება ქართულზე ჯდება 250 მან. ბატონო ტელემხედველებო, ანუ, როგორც ახლა უფრო მიღებულია, ამხანაგო

    ტელემხედველებო! თქვენ დღეს ხედავთ ეკრანებზე ჩემს გამოსახულებას, გესმით ჩემი ხმა, სამწუხაროდ, ყოველივე ამას მე მოკლებული ვარ. მე ვღელავ. მე არა მაქვს უფლება ამერიოს ენა, წავიბორძიკო, დავლიო წყალი, თუ ყელი გამიშრა ლაპარაკისგან. თქვენ იფურჩქნებით, გათხლაშული სავარძლებში, მაგიდის გარშემო, ორივე ყბა გაქვთ გამოტენილი ხიზილალით, შავი პურით, ბორშჩით, ტორტით, რაგუთი по-английски და по-шотландски, სვამთ არაყს, ღვინოს, წყალს, ლაპარაკობთ ენის ბორძიკით, უმეტესად, სისულელეებს და არავინ არის თქვენი მსაჯული, მშურს თქვენი, აბა, მე შემცდეს რამე, ო! უსაზღვრო იქნება თქვენი ირონია თუ რისხვა. ბედნიერი ხალხი ხართ ყველაფერი ამით, ტელემხედველებო! თქვენ მიყურებთ, რის საშუალებასაც მე, სამწუხაროდ, პირადად მოკლებული ვარ _ ასეთია ტელეცენტრის პრინციპი; მაგრამ თქვენ გაქვთ ერთი დიდი უპირატესობა, რაც აზრადაც არ მოგდით – საკმარისია გადაატრიალოთ ჩამრთველი, რომ ჩემი გამოსახულება გაქრეს ეკრანიდან, მე კი უნდა ვილაპარაკო ბოლომდე პროგრამით განსაზღვრული ოცდახუთი წუთი, გინდ ყველა ეკრანი გამოთიშული იყოს, მაგრამ ამას თქვენ არ იზამთ, თქვენ, დახარბებული სანახაობებზე, აზრადაც არ მოგივათ, რომ ერთ გადაცემას მაინც არ უყუროთ და მთლიანად არ აინაზღაუროთ აპარატში მიცემული ფული, თქვენს პატარა ოთახებში სხედან მეზობლები, მორცხვი, დაფეთებული თვალებით, სხედან ფოსტალიონები, რომლებმაც დეპეშა მოიტანეს ორი წუთის წინ, სხედან კაცები, პატარა ბაფთიანი ძაღლები, ზის ბებერი ბებო, ორმაგი სათვალით, და ყვინთავს, ოღოდ მაინც ზის – ეს მისი მოქალაქეობრივი ვალია ოჯახის უფროსის წინაშე, რომელმაც აპარატი შეისყიდა.

    მაშ ასე! ბატონო ტელემხედველებო, თქვენ სხედხართ და მისმენთ, თქვენი სურვილით თუ

    მის წინააღმდეგ, სხვა არაფერი არ შეგიძლიათ გააკეთოთ, თქვენ განიარაღებულები ხართ!

    მიცნობდეთ – მე ვარ გურამ რჩეულიშვილი, მწერალი და პოეტი! ზოგს ეღიმება _ ხედავთ, თურმე მეც ვხედავ. ო, რა ამაყად უყურებს თავის ოჯახის წევრებს, ან თავის ამხანაგებს, ან თავის შვილიშვილებს _ ის მიცნობს მე. ერთხელ ერთად ვიმგზავრეთ მატარებლით, ან სუფრაზე შევხვდით, ან მილიციაში გავათენეთ ღამე, შეიძლება ახლაც აქვს დაღი ჩემი მუშტისაგან სახეზე, რა ძვირად ღირს მისთვის ახლა ეს იარა, რა სიამაყით ისვამს ზედ ხელს, მეც მაქვს იარა _ ხედავთ, ჩემს ყელს გასწრივ გასდევს თეთრი ამობურცული ზოლი, სწორედ ჯიბრზე მისი ავტორი ტელევიზორთან არა

    7

  • ზის, დარწმუნებული ვარ, მას აზრადაც არ მოსდის ასეთი აპარატის არსებობა – ის იყო მოხუცი მელინეიკე, რომელსაც ვაკის სასაფლაოზე დანჯღრეული ოთხთვალა მოვტაცე და რომელმაც მათრახით მასიამოვნა ისე, რომ მთელ ყელზე ტყავი გადამიხეთქა, ტელეცენტრის და რეკლამბიუროს თხოვნით ვისვრი ლოზუნგ-რეკლამას:

    _ მელინეიკეებო, მათხოვრებო, ჯიბის და ღამის ქურდებო, სადგურის ბოზებო, რუსთაველის მეძავებო, რომლებმაც პირველად გაგვაცანით ქალი მე და ჩემს ამხანაგებს, ზოია და რიმა, შეისყიდეთ ტელევიზორები, იქ შეიძლება ნახოთ გურამ რჩეულიშვილი! და აივსოთ იმედით, რომ შეიძლება თქვენც მოგიწიოთ ამ ბედნიერებამ – ტელეეკრანზე გამოსვლამ! ამინ!

    ნეტარ არიან მორწმუნენი, _ მითხრა ზოიამ, როცა მთვრალი ცოლად წაყვანას შევპირდი! _ ჭეშმარიტად, ვამბობ მეც, მაგრამ გადავუხვიე...

    თქვენ წინაშე მე დღეს გამოვდივარ როგორც მწერალი და მოქალაქე, მოქალაქე, რომელსაც ტელეცენტრის დირექცია უხდის 1500 მანეთს, ფულად, ოცდახუთ წუთში, რათა შეგაქცევინოთ თქვენ თავი. ვეცდები გავამართლო მათი იმედები. ორიოდ სიტყვა ჩემი ნაწარმოებების შესახებ: მე იქ, ე.ი. ნაწერებში, ვცდილობ ვწერო ჩემს თავზე, ეს ერთადერთი ადამიანია, რომელზეც ღირს საერთოდ წერა ან ლაპარაკი. ო! როგორ ვგავართ ჩვენ ერთმანეთს, არა?! ბევრი თქვენგანი კარგად მიცნობს, ბევრს ახლაც აქვს გადაკეცილი ჩემი წიგნის რომელიმე ფურცელი და უდევს სასთუმალთან – ის მათზე მოქმედებს დამაძინებელი ფხვნილივით, რომელიც, ჩვეულებრივ, საშინლად მოქმედებს გულზე. ბევრს ცრემლი მოსდის, როგორც ჩემს ძველ ნაცნობს, რომელიც მიცნობდა როგორც გურამ რჩეულიშვილს და ახლა, უბრალოდ, უკვირს, რომ ხან ვაჟა ჯანდიერი ვარ, ხან, უბრალოდ, გიო, ხანაც მოხუცი ქიტესა. წერა არის პირველი საწყისი ტელეცენტრისა, დაფუძნებული იმავე პრინციპზე – ავტორს ხედავენ მკითხველები, ლანძღავენ უმეტესნი, მით უმეტეს, ნაცნობები. ისინი ხომ კარგად იცნობენ მას და არაფერს კარგს მისგან არ ელიან, სენტიმენტალური გულები ზოგჯერ გუგებიდან ცრემლებსაც უშვებენ, არიან ჭეშმარიტი მსაჯულებიც, მათ ყოველი სიტყვა სასწორზე უდევთ, ყველაფერი ესმით.

    _ ჭეშმარიტება კეფას ჰგავს! ვიცით სად არის და ვერასოდეს დავინახავთ! _ ამბობს ჩემი ერთ-ერთი მოთხრობის გმირი. მკითხველ-ჭკვიანს აღარ უნდა ბევრი განმარტება. ის ხვდება და იღიმება ყოვლის მცოდნე ღიმილით – აქ საქმე გვაქვს ფილოსოფიურ მიდრეკილებასთან – აგნოსტიციზმთან. ხო, აგნოს – გონება, სტიციზმი… _ განუმარტავს სხვა გულუბრყვილო მკითხველებს, ის დარწმუნებულია, რომ ნოველის დაწერამდე ავტორი საფუძვლიანად გაეცნო ჰეგელს, კანტს და რაღაც ახალს და სახიფათოს ამბობს. როგორია ის? უსვამს თავს კითხვას, – ჯობია მოვითმინოთ, – პასუხობს. _ ეშმაკმა იცის, ახალია, იქნებ კარგია, დაე, სხვებმა გამოთქვან აზრი, ჩვენ კი ვიტყვით, რომ ამას უკვე დიდი ხანია ვამბობდით, მოწმედ შეგვიძლია პირველივე თანამესუფრე დავასახელოთ. ეგ ადვილია. _ არა, თქვენ არ გესმით. ო, ეს გენიალურია, ეს ახალია, ეს, ეს, ეს – ამბობენ პროგრესულად განწყობილი ფენები, ღმერთო ჩემო, მათ ზეპირად იციან ჰემინგუეის «კატა წვიმის ქვეშ» და «ფიესტა», მათ დასტად უწყვიათ სახლში ჯორჯ გერშვინის სიმფო-ჯაზები და ყოველ ღამე უსმენენ მას, _ ისინი არც იკადრებენ დავიდნენ სხვა ტელემხედველებამდე ან მკითხველებამდე, ისინი სხვა ლიბერალურ შემფასებლებთან ერთად, რომლებისგანაც შედგება ძირითადი ჩვენი საჰონორარო ფონდი, დაძრწიან სამხატვრო გამოფენებზე, ერთმანეთს თელავენ გუდიაშვილის «გრაფიკული» ნამუშევრების წინ და ტვინს იჭყლეტენ «ტვინის ჭყლეტის» ყველა

    8

  • შტრიხის გაშიფვრით, მაშინ როდესაც «სამი მოქალაქე» ან «ქეიფი ქალთან ერთად» თავისთვის წყნარად კიდია, არა! მაპატიეთ, აი, ვიღაც მხატვარმა, რომელმაც საკმაოდ იჭყლიტა უკვე ტვინი და რომელსაც მოსწყინდა ეს, თქვა, რომ ეს კედელი, ფრანგული პერიოდი, გენიალურია! მთელი ფარა შემფასებლებისა ბღავილით გარბის მისკენ, აშიშვლებს ფერებს, სახეებს – საწყალი ნახატისაგან მხოლოდ მახინჯ ჩონჩხსა ტოვებს და ტკბება. ისინი უფრო შორს მიდიან, მართავენ მხატვრის პატივსაცემად კრებას – ესწრებიან, ძირითადად, მხატვრები, რომელთაც ყველაზე ძალიან ის აწუხებთ, რომ დარბაზში დახუთული ჰაერია, რომ ის პატარაა და რომ მათ, პირადად, არა აქვთ იმდენი პატივი და იმდენი ფული, რამდენიც ორი დღის წინ ნახევრად ღატაკმა მხატვარმა მოიპოვა – ისინი მას აქებენ, ოღონდ ამის პატიება არ შეუძლიათ! იწყება საშინელი არეულობა, ლანძღავენ წინა თაობას იმისთვის, რომ ახლა ისინივე აქებენ გუდიაშვილს, რომელიც აქამდე უარყოფილი იყო, აფრთხილებენ მათ, იქნებ ჩვენც ვიყოთო – გულში ყველა დარწმუნებულია, რომ იქნება _ და ახლავე გვეცით პატივი, სანამ არაფერი გვაქვს გაკეთებული, თორემ გავაკეთებთ და, ვაი თქვენი ბრალიო. შეშინებული ძველი თაობა მერყეობს, უფრო მოქნილები და ისინი, რომელთაც გუდიაშვილზე მეტი რაოდენობის ნახატები აქვთ, ემხრობიან ახალგაზრდებს ნეტარი იმედით, რომ იმათაც არ უფასდებათ – ყოფილ მხატვარ–აფერისტთა დასი შეშინებული იყურება _ ისინი მიატოვეს თავისმა საუკეთესო მეგობრებმა.

    ვიღაც მოკრძალებით წამოისვრის ფიროსმანის სახელს. აქ ორი აზრი არ არსებობს. _ ის გენიალურია თავისი უბრალოებით, მაგრამ თვითონ მხატვარი მკვდარია და

    ბევრს ნუ ვილაპარაკებთ – ბატონო ლადო, თქვენი აზრი? – გუდიაშვილია ჩვენი მასწავლებელი – გიპ, გიპ, ურა! ის დარბაზში ზის, ნუ ვაწყენინებთ, ვინ იცის, სად გამოგვადგება. მხატვარს ცუდი სმენა აქვს. ის ამით ბედნიერია, ის ზის თავისთვის წყნარად და მხოლოდ ორატორის სახეს ხედავს, დიდი თვალებით, ყურებით და ჭიანი კბილებიდან გადმოგდებული ენით. მისი ხედვითი მეხსიერება დაძაბულია, – ეშმაკმა დალახვროს, – ფიქრობს ის. _ მშვენიერი სიფათია «ხელოვნების წამბილწველებისათვის». ახლიდან მომიხდება დახატვა იმ ნახატის, ნანობს, რატომ ადრე ვერ ნახა – თორემ იმ მაიმუნის ადგილას, რომელიც დანით კვეთს ქალის სხეულს, უეჭველად მას დახატავდა. ის მოხუცია, მაგრამ ძალა ხედვისა არ შენელებია – კიდევ გამოასწორებს შეცდომას, თვითონ თუ ვერ შეძლო, უანდერძებს სხვას – ოღონდ კი იპოვოს ასეთი. იქ კი ერთმანეთს აწყდებიან პუანტილისტები, იმპრესიონისტები, ექსპრესიონისტები, კუბისტები. მათ სცხელათ ამ დარბაზში, მათ ფულს არ აძლევენ, მათ ბინა არა აქვთ, ისინი ვერ ეტევიან საქართველოში. ო, პიკასო! ო და ო მათ. გაახილეთ თვალები, გესმით? ამას გეუბნებით მე, რომელმაც ვნახე ბრწყინვალე ნახატი, _ არა თავისი შესრულებით, არამედ გააზრებით, _ გუდიაშვილის «ფრესკასთან მხატვარი», ჩვენი ქართული ფრესკები, ჩვენი ფიროსმანი და ჩვენი გუდიაშვილი დაცინვით უყურებენ მათ. გირჩევთ შეეშვათ პიკასოებს, აიღეთ მათგან მხოლოდ მანერა და ჯაფარიძეობიდან ნუ გადახვალთ კალანდაძეობაზე! დაინახეთ მჭიდრო კავშირი მედლის ამ ორ სხვადასხვა მხარეს შორის.

    ბატონო ედმუნდ! თქვენ არ ხედავთ წერტილებით, თუმცა მაგას მნიშვნელობა არა აქვს, თქვენ მაგიერ უკვე ვიღაცამ დაინახა. ქართველ ქალს წელი არ უტყდება კორსეტისაგან – მოეშვით, ნუ აწვალებთ მას, – შეიძლება ეს შინაგანი ხორცსავსეობა, ბუნება პიკასოს მანერითაც გადმოიცეს:

    ბატონო ნიკო და სხვებო! თქვენ ნიჭიერები ხართ, თქვენ მშვენივრად გრძნობთ ადამიანს, მე მქონდა თქვენი სურათი _ ნანა ქათამაძის პორტრეტი – ის არ ჰგავდა მას,

    9

  • ოღონდ, თანაც, სწორედ ის იყო – მშვენივრად დაჭერილი შინაგანი მსგავსება! ეს კარგია! მაგრამ ის თქვენი, ასე ვთქვათ, მარცხენა, შინაურული ნამუშევარი იყო, სამწუხაროდ, გამოსაფენად საჭიროდ თვლით დახატოთ უფრო არაგულწრფელი, ნუ აჰყვებით, ნუ იმტვრევით წელში სიარულის და ხატვის დროს, ნუ აჰყვებით სალონის სტილნი მატრაბაზებს, რომელნიც გიჟდებიან როკ ენდ როლზე, დღე და ღამე უსმენენ მას და მისი ცეკვა კი არ იციან, რომლებიც შენატრიან იქაურ ბოზობას, ეს ერთადერთი, რასაც ისინი ხედავენ საზღვარგარეთულ პროგრესში და არ იციან, რომ იქ ყოველდღე დადის ხალხი ეკლესიაში, გალობს, უსმენს ლოცვებს, მათ თქვენზე ადრე დაანებეს ღმერთის რწმენას თავი, მაგრამ ეს რწმენა მუდმივია ძირებისადმი და პატიოსნებისადმი. იყავით პატიოსანი! იარეთ სიონში, აღადგინეთ და მოხატეთ დანგრეული ქართული ეკლესიები, მისი კედლები თვითონ მოგცემენ ხაზის ახალი მანერის შერწყმის საშუალებას ქართულ ეროვნულ ძირთან. თქვენ წინ არის მაგალითი ასეთი მხატვრისა, რომელიც თქვენ ყველას გიყვართ, ის თქვენი ასაკისაა – გოგი ოჩიაური. იძმაკაცეთ მასთან, ის წაგიყვანთ მთაში, გაჩვენებთ შატილს, განადირებთ და ვერც გაიგებთ, ისე ჩუმად იმოქმედებს თქვენს დამახინჯებულ გემოვნებაზე. მაშ, ასე! იცოდეთ, უფრო საშიშია პატიოსანი ხელოვანისათვის, მწერლისათვის თუ მხატვრისათვის არ წამოეგოს მხოლოდ წინააღმდეგობის გრძნობის გამო /дух противоречия/ იმაზე, რასაც უკრძალავენ; მეორე ვარიანტი გამოთიშულია მათთვის /პატიოსანთათვის/, რომლებიც წერენ და ხატავენ მხოლოდ იმას, რასაც ყიდიან – სამწუხაროდ, ეს სკოლა ყოველგვარი კრიტიკის გარეშეა, თავისი ყოვლისშემძლე უფლებების წყალობით. კიდევ ერთი ბოლო სიტყვა-ლოზუნგი: პროგრესი გარედან გარეგნული და შიგნიდან შინაგანი – ჯამი პროგრესი ეროვნული, თანამედროვე ხელოვნება. დიახ, ჩვენ გვჭირდება ბევრი რამის გარედან შემოწმება და უნდა შემოვიტანოთ ეს. ბოლო სიტყვა თქვენზეა, პატიოსნებო!

    მე ისევ შევიჭერი, მომიტევეთ, ღმერთო ჩემო! რამდენმა გამოთიშა უკვე თავისი ეკრანი, ნუ იქნებით უზრდელები, მომისმინეთ, ისხედით ადგილებზე, ნუ დგებით, ნუ ბუზღუნებთ მარტო იმის გამო, რომ მე ვერა მხედავთ – თუმცა ასეთია ადამიანის ბუნება, პირს უკან არ ერიდებიან ერთმანეთს, იყავით ქრისტიანები, მე გლანძღავთ, მაგრამ იცოდეთ, მე მოყვარე ვარ. მაშ, გაიხსენეთ ილიას გონიერი ანდაზა … ჩართეთ ეკრანები, თქვენ, მაღალ სართულზე მცხოვრებნო, რომელთაც აპარატი მეოთხე ოთახში გიდგათ, რომლებთანაც მეზობლები არ შემოდიან, მათ ერიდებათ თქვენი მდგომარეობის! რა, არა რთავთ? ნუთუ ასე შეგაშფოთათ სიტყვამ «პატიოსანი», გაგონილმა ისეთი ადამიანის პირიდან, რომელიც ხშირად მჯდარა მილიციაში, რომელიც მთვრალი ათასჯერ უნახავთ ქუჩაში და რომელიც თქვენ ანგარიშს არ გიწევთ – იცოდეთ, ის სხვანაირად ფიქრობს, ის თქვენ ყველას, ვისაც გაქვთ ჩართული ეკრანები და ვისაც არა, უფრო მეტ ანგარიშს გიწევთ, ვიდრე თქვენ ერთმანეთს. მომისმინეთ!

    ვიცი, ხელოვნებაზე ლაპარაკმა დაგღალათ, თქვენ, ვინც შეჩვეულები ხართ ნონეშვილის ლექსებს, ნიკალაი მამაის მოწოდებებს. მე მინდა ცოტა წავიჭორაო ჩემი ცხოვრების შესახებ. აი, ისევ გეძლევათ საშუალება გაიგოთ სხვაზე რაიმე და დამალოთ თქვენი თავი, არა, ამას თქვენ ხელიდან არ გაუშვებთ, ეს არის სიამოვნების საზღვარი, რომელსაც ვერ გაექცევით. აბა, ჩქარა! ვისაც ჩართული გაქვთ, გადაეცით, ვინც გამოთიშა, ჩართოს, პოეტი ყვება თავის სიყვარულზე, თავის ცხოვრებაზე, თქვენ შესახებ კი არაფერი არ იცის. ასეთია ტელეცენტრის პრინციპი!

    მე დავიბადე თქვენთან ერთად, გავიზარდე თქვენთან ერთად, სკოლაში დავდიოდი, დავდიოდი ისევ და ისევ თქვენთან ერთად _ კინოებში, თეატრებში და

    10

  • ექსკურსიებზე, ზაფხულობით ბორჯომში, მერე ზღვაზე, ზამთარში ბაკურიანში; ვიცვამ თქვენსავით ბუტილკა შარვალს 1955 წლიდან და არ ვატარებ ქუდს. ჩვენ ყველა ვიზრდებით ერთად, ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ყველა ერთი და იმავე წიგნიდან სწავლობს იმას, რაც მის ბუნებასთან ყველაზე ახლოა; მე, თქვენგან განსხვავებით, დავდივარ უჰალსტუხოდ, გაღეღილი გულით და მძიმე მაღალყელიანი ფეხსაცმელებით, ზოგჯერ შეურაცხმყოფელად პირდაღებულებითაც, რადგან ახალი მაღალყელიანის შოვნა საერთოდ ძნელია, მე კი შევეჩვიე მათ, ისინი არიან მძიმე და ერთგული, მადგებიან ერთნაირად ოპერაში და მთაში, კინოში და ჩხუბში.

    ეს გარეგნობა. ყველა ჩვენგანი გრძნობს გარეგნობიდან რაიმეს _ კბილის ტკივილამდე. კბილები კი ჩვენ სხვადასხვანაირად გვტკივა და ყოველთვის თითოეულ სუბიექტს უფრო მეტად სტკივა, ვიდრე სხვას, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მას სტკივა. აქ ტკივილის შეფასებაში ექიმი ვერ დაგვეხმარება, მას შეუძლია მხოლოდ მოაძროს ის უიაროდ, იარებით, გართულებით ან გაურთულებლად. საოცარია ტკივილი, არავინ არასოდეს არ იცის მისი განმსაზღვრელი ციფრი. ზოგს ნემსის ჩხვლეტისგან მისდის გული, ზოგს ხელს აჭრიან გაუბრუებლად. ეს ისე, ზოგადად, შესავლისთვის, რომელიც, როგორც წესი, არასოდეს საჭირო არ არის, მაგრამ ზრდილობისთვის წარმოითქმება და ჩვენც, როგორც თავაზიანები ბუნებით, ვუსმენთ.

    მე შეგპირდით მომეყოლა ჩემი პირადი ტკივილების შესახებ, ვეცდები ისეთი თემა შევარჩიო, რაც თქვენთან ყველაზე ახლო მოვა, ერთი შეხედვით მაინც _ სიყვარული _ მხოლოდ ქალის სიყვარული, ყოველგვარი კავშირის გარეშე ხელოვნებასთან და მშვენიერებასთან. ნუ იშმუშნებით. ვიცი, რომ თქვენ, თქვენივე განმარტებით, ქალი მშვენიერების გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ; ერთხელ მე და უფეხო ფეხსაცმელების მწმენდავი, მევახშეც, ამავე დროს, ბაქირა, ვსვამდით ერთად – სხვათა შორის, ეს «ერთხელ» ხშირად მეორდება, ბაქირა პატიოსანი ადამიანია, ის პოეტია თავისი საქმის, «ძმაკაცი რომ იყოს, დააგირავა? არ მოიტანა თავის დროზე? გავუხეთქავ მეათედ ფასში, რა ვქნა, ასეთია ჩემი საქმე», – ამბობს ის. მე მჯერა მისი, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, მე მოხიბლული ვარ მისით – ის არყის სმის დროსაც კი არ ტყუის და ცდილობს მართალი იყოს. როგორ არა გგავთ ის თქვენ, ასე… ისევ გადავუხვიე. – ბაქირასთან ქალების შესახებ ჩამოვარდა ლაპარაკი: «ძალიან მიყვარსო, – თქვა, – ოღონდ საშინელი ზიზღიანი გული მაქვსო, თუ გოგო არ მომეწონა, ისე ვერ ვაკოცებო და, თუ არ ვაკოცე, ვერ ვიცხოვრებო»; მერე წავედით მის სახლში, იქვე დაგვხვდა ის, ვისაც ბაქირა ჰკოცნის და ცხოვრობს _ მისი შეყვარებული, ორმოცს გადაცილებული ბინძური ქურთის დედაკაცი. – ხომ კარგიაო, – თვალი ჩამიკრა ბაქირამ. რატომღაც მეც მომეწონა იმწამში.

    შევთანხმდეთ, როცა ვილაპარაკებთ სიყვარულზე, გარეგნობას თავი დავანებოთ და ჩავთვალოთ, რომ ის, ვინც ჩვენ გვიყვარს, ულამაზესია.

    პირველი ჩემი სიყვარული დაიწყო, როცა ვიყავი ხუთი წლის – ის გოგო ერთდროულად შეგვიყვარდა მე და ჩემზე ექვსი თვით უმცროს ბიძაშვილს – როლები გავიყავით – ბიძაშვილი უნდა ყოფილიყო მისი ქმარი, მე კი შეყვარებული. – ქალთან სხვა რაიმე დამოკიდებულება, სიტყვების გარდა, მაშინ არ გვესმოდა.

    ეს როლები დღემდე არ შეცვლილა. მე ისევ დავრჩი მუდმივი შეყვარებული, შენ, ჩემო დათო, შეირთე ცოლი, გუშინ გავიგე, რომ გყოლია ბიჭი – მომილოცავს შენთვის! მომილოცავს თქვენთვის, ტელემხედველებო, ახალი ჯავახიშვილის დაბადება, როგორ მინდა, რომ იცოდე, ჩემო დათო, გაკოცო ახლა ტუჩებში, მოგიჯახუნო ჭიქა და

    11

  • ცალი თვალით მაინც შევხედო შენს ბავშვს, რომელიც შეიძლება არც შენ გინახავს დღეს. ის კი წევს, ჭყიპინებს, ან უკვე ტირის, ან იღიმება კიდეც და არ იცის არაფერი, გარდა იმისა, რომ შია, ვუსურვებ ჩემს პატარა ძმისშვილს, ყველაზე ცოტა, ღირსეული ტელემხედველი მაინც იყოს, როცა გაიზრდება, მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ მას თვითონ მოუსმენს ხალხი. ის ჩვენი მომავალია! რა საოცარია, არა? ჩვენ თვითონ მარტო მომავლები ვართ თითქოს _ მაპატიეთ, მე ისევ ბავშვი დავრჩი და ვერაფრით ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ჩემს ტოლებს შვილები ჰყავთ. აბა, პატარა ჯავახიშვილო, ღმერთო ჩემო, შენი სახელი მაინც ვიცოდე, მაგრამ ის ვიცი, რომ შენ ქართველი ხარ, შენი ჭირიმე, და გწამდეს ჩემი. თუ ოდესმე დახმარება დაგჭირდა, მოდი ჩემთან, შენს უფროს ბიძასთან. პატარა ბიჭო, მეც მამაშენთან ერთად ვიყავი, შენზე მხოლოდ ოთხი- ხუთი წლით დიდი, როცა პირველად შეგვიყვარდა გოგო, მერე ორივემ გავიცანით ქალი. ის ქალი იყო… მაგრამ დაიძინე, ეს შენ აღარ გეხება, შენ თვითონ მოახერხებ ამას, მე კი განვაგრძობ ჩემს ტელესიტყვას.

    პირველი, რომელმაც გამაცნო ქალი, იყო ჩვენი მოსამსახურე, ოცი წლის გოგო მარინა, ევაკუირებული რუსი. მაშინ მე ვიყავი 13-14 წლის, საბედნიეროდ, ჩვენ ტელევიზორი არა გვაქვს და მშობლები ვერ გაიგებენ, თუმცა მეზობლების დიდი იმედი მაქვს, რომ გადაცემის ბოლომდე გადასცემენ. როცა ის მოვიდა სახლში, ჩვენთან იყო გაზაფხული, მას მკერდი დიდი და გადმოგდებული ჰქონდა, რომელზეც შემთხვევით მომიხვდა ხელი, ამას შემდეგ მთელი კვირა დავდიოდი მოღუშული, საპირველმაისოდ, როცა სახლში არავინ არ იყო, შევიგრძენი პირველი ნეტარება, ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქალები არ მიყვარს, მაინც გულგრილად ვერ ვუვლი ამ საკითხს – მართლა, სულ დამავიწყდა, ბავშვები თექვსმეტ წლამდე საღამოს სატელევიზიო გადაცემებზე არ დაიშვებიან – სასწრაფოდ მოაშორეთ ეკრანებს, დაუცეთ ყურებში ბამბები და გააგდეთ მოსამსახურეებთან ერთად მეორე ოთახში. ეჰ, ჩემო მსმენელებო, რა იცით თქვენ სხვისი ბავშვების და განსაკუთრებით საკუთარი შვილების შესახებ? რა იცით თქვენ, რომ ბავშვები უფრო უბედურები არიან, ვიდრე დიდები, რომ მათ გაცილებით მგრძნობიარე გულები აქვთ და ერთი სულ უმნიშვნელო სიტყვა უფრო მოქმედებს მათზე, ვიდრე თქვენზე სამსახურიდან მოხსნა და სხვა რაიმე უსიამოვნება.

    ამის შემდეგ ვიცნობდი ექვს მარინას. ერთმა მათგანმა მე შემომწირა თავისი ქალიშვილობა სოხუმში, კელასურის ტყეში. მას კაბა გადაწეული ჰქონდა ისევ, როცა წამოვდექი და ცრემლიან თვალებს მთვარე უნათებდა, ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენება, რომ უეჭველად მთვარე უნათებდა. სახლამდე ხელში აყვანილი წამოვიყვანე, შემდეგ დავშორდით სამუდამოდ – ორი კვირა მე ავად ვიყავი, ძალად წამიყვანეს თბილისში, იქ დამავიწყდა. მარინა! მახსოვს მხოლოდ, რომ შენ იყავი მოსკოველი. თუ გაიგო ჩემი არსებობა, მოდი ჩემთან ისევ, ნუ მოერიდები ქმარს, თუ ის გყავს, ნუ მოერიდები ბავშვებს და ავ ენებს.

    მე შენ ახლაც მიყვარხარ ისევე, როგორც ის პირველი გოგო ხუთი წლის ასაკში და ისევე, როგორც მზია და რუსიკო! არა! ვტყუივარ. მე ყოველთვის მიყვარს ვინმე და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ვიცი, ვინ არის ის, ხანდახან ვიცი მისი სახე. აი, მაშინ ვკარგავ ყოველგვარ თავშეკავებას, ყველაფერს, მაშინ ვარ უკეთილესიდან უბოროტესამდე ყველაფერი. მაშინ მე აღარ მყოფნის სიყვარული, უფრო და უფრო მეტი მინდა, მეტი, მეტი, მეტი, მეტი და ვიწვები, მაშინ ვჩადივარ ათას სისულელეებს, იმათი აზრით, ვისაც კიდევ რჩება ჩემ გარშემო საღი გონება, ისინი ვეღარ მიგებენ მე, ან რა უნდა გამიგონ, როცა მე თვითონ აღარ მესმის ჩემი თავის და ვრჩები ისევ მარტო. ამ დროს იწყება ჩემი ჩუმი შეყვარება, ამ დროს, შენ შემდეგ, ჩემო რუსიკო,

    12

  • მოვიდა ჩემთან ანნა კარენინა, რომელიც ვერ დაეტია თავის სიყვარულში, რომელზეც მისივე ძმა ამბობდა, რომ ის ქალი-მწერალი კი არა, ქალი-შეყვარებულია. გესმით