Download - 10 მაკიაჟი მიცვალებულისთვის - მაია ბურჭულაძე

Transcript

მაია ბურჭულაძე

მეათე დეტექტიური რომანი ციკლიდან `იასამზე მდივანი _ თვითმარქვია დეტექტივი~

მაკიაჟი მიცვალებულისთვის

თვითმფრინავმა გრძელი გარბენა გააკეთა, ბღუილით აიჭრა ცაში და გაგანტურ თოლიად გაუჩინარდა დასავლეთის მიმართულებით.

შვებით ამოვისუნთქე. არ იფიქროთ ქმრის მივლინებაში გამგზავრება მიხარია, პირიქით, ზომიერების ფარგლებში გულიც კი მწყდება. სულაც არ მეხალისება შემოდგომის გრძელი საღამოები ტელევიზორის გარემოცვაში გავატარო, მაგრამ დათას დიდი ხანია კლავდა ნისლიანი ალბიონის მონახულების სურვილი, ქმრის სურვილი კი ჩემთვის კანონია. ეს ისე, თავის გასამხნევებლად, რაღაცით ხომ უნდა გავამართლო მეუღლის განშორებით გამოწვეული აუხსნელი ეიფორია.

ერთი ანეკდოტი მახსენდება. მსახიობების წყვილს ეკითხებიან: როგორ მოახერხეთ ამდენი წელი ოჯახის შენარხუნება? პასუხი: `სულ გასტროლებზე ვიყავით, სად გვქონდა კინკლაობის ფუფუნებაო.~ დააკვირდით _ `ფუფუნება~, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული ჰარმონია ბუნებაში არ არსებობს. კინკლაობა ისეთივე აუცილებელი ინგრედიენტია ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, როგორც კერძში მარილი. მე და ჩემი ქმარი არ ვართ მსახიობები, დათა მეან-გინეკოლოგია, მე _ მასწავლებელი, თეატრში იმ იშვიათ შემთხვევაში დავდივათ, როცა მოსაწვევებს გვჩუქნიან, ოპერაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... ოპერა ჩემს ბედნიერ ბავშვობაში იმდენად დიდი დოზით იყო წარმოდგენილი, მთელი დარჩენილი ცხოვრება მეყოფა. ალბათ გაინტერესებთ, ვინ არის ეს გაუნათლებელი სუბიექტი, ვინ მისცა უფლება აგდებულად ილაპარაკოს კულტურულ ღონისძიებებზეო? იათამზე მდივანი გახლავარ, აზრის გამოთქმა კი ჩემი კონსტიტუციური უფლებაა, თანაც გულშიც არ გამივლია თეატრალების დაკნინება, პირიქით, თეთრი შურით მშურს ოჯახების, დიდიან-პატარიანად რომ დაეწყობიან ხოლმე გახმაურებული სპექტაკლის სანახავად. პირადად მე ასეთ ოჯახში გავიზარდე, ბებიაჩემს სუნთქვა არ შეეძლო ოპერის გარეშე, ზეპირად იცოდა ცნობილი არიები. მის თეატრში მსვლელობას წინ უძღოდა რიტუალების მთელი სერია _ თანამოაზრეებთან შეთანხმება, კაბის შერჩევა, შლაპისა და ქლაჩის შეხამება, საღამოს მაკიაჟი, მძაფრი სუნამო, საგვარეულო სამკაული... ქეთუსია ბებია კაცობრიობას ორ კატეგორიად ჰყოფდა _ ოპერის მოყვარულები და დანარჩენები. დანარჩენებს ზევიდან უყურებდა, როგორც უმაღლესი კასტის ბრახმანი მდაბიო კშარტიებს. კშარტიებში დროგამოშვებით ოჯახის წევრებიც ვხვდებოდით, ისინი, ვინც არ იზიარებდა ბებიას შემოქმედებით ენთუზიაზმს. სიის თავში

მამაჩემი გახლდათ _ ყველაზე მოურჯულებელი კშარტია, წარმოშობით აზნაური (პრაქტიკულად გლეხი), პროფესიით გეოლოგი, რომელმაც `შეაცდინა~ ქეთუთიას არისტოკრატი (დედის მხრიდან) ქალიშვილი, ანუ დედაჩემი და ბუნტისთავი შვილები შვა (მე და ჩემი და).

ბინდდებოდა, როცა აეროპორტის შენობა დავტოვე. სუსხიანმა ნიავმა შარფი სახესთან ამიფრიალა. ასე იცის თბილისში, უცებ აცივდება ხოლმე, საშემოდგომო სეზონის სრული პაკეტი კი უქმად მიკიდია კარადაში. განსაკუთრებით, ერთი პიჯაკის ჩაუცმელობა მაღელვებს, ამ ზაფხულს დედამ ჩამომიტანა მოსკოვიდან. ცოტა მყვირალა ფერისაა _ ნარინჯისფერი, სამაგიეროდ სადაფის ღილები აქვს და `ვალენტინოს~ ბირკა არტყია. კოლეჯში პიჯაკის გამომზეურება დამენანა, ლონდონში არავინ მეპატიჟება, ის დროა ცხონებულ ბებიას მივბაძო და თეატრს ვესტუმრო.

ავტოსადგომზე იდგა ჩემი შპაკლიანი `ოპელი~. ავტოფარეხში შესვლისას მანძილი ვერ გავთვალე და უკანა ბამპერი ბეტონის პარაპეტს გავუსვი. იმავე დღეს გავიქეცი ხელოსანთან, დავაშპაკლინე, მაგრამ შეღებვას ვერ დავაყენე საშველი. ამ დღეებში უსათუოდ მოვიცლი.

ცხადია, იმ მომენტში წარმოდგენა არ მქონდა, თუ რა მელოდა `ამ დღეებში...~

ძრავა დავქოქე, ფარები ავანთე და ჩავფიქრდი. სახლში მივიდე თუ ლელასთან, ჩემს უფროს დასთან, რომელსაც ყოველთვის მოეპოვება ცხელ-ცხელი საოჯახო ჭორები და ადამიანური საჭმელი, ისიც ცხელი. გაზქურასთან ხლაფორთის არც დრო მაქვს, არც სურვილი, მით უმეტეს, მთავარი მჭამელი თვითმფრინავში მეგულება. გადაწყდა, ლელასთან მივდივარ.

უცებ, გვერდითა კარი გაიღო და სალონში ვიღაც ქალიშვილმა შემოიჭყიტა.

_ საღამო მშვიდობისა.

_ საღამო მშვიდობისა. _ გაკვირვებულმააშევათვალიერე. აშკარად პირველად ვხედავდი.

_ ქალაქში მიდიხართ?

თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.

_ დაგემგზავრებით, რა? სადმე ცენტრში ჩამომსვით.

შევყოყმანდი. თუ ეჩქარება, რატომ ტაქსით არ წავა? სულ რამდენიმე მეტრში ტაქსების გრძელი რიგი დგას კლიენტს ჩასაფრებული მძღოლებითურთ. რაღა ჩემს დაშპაკლულ მერანს მოადგა?!

_ იცის, რაშია საქმე, საფულე მომპარეს, კიდევ კარგი მობილური ჯიბეში მქონდა. _ ამიხსნა სხაპასხუპით და უკან მიიხედა, თითქოს ვიღაც მოსდევდა. _ ძალიან გთხოვთ, წამიყვანეთ, თუ საჭიროა, ფულს მერე გადაგიხდით, ადგილზე.

ავიქოჩრე. ამას ჭიჭიკო ხომ არ ვგონივარ?!

_ დაჯექი, დაჯექი, არ მჭირდება შენი ფული. _ კისერწაგრძელებულმა შევიჭყიტე სარკეში. მაკიაჟი გამეცრიცა, თმა ამეწეწა, მაგრამ მაინც არ ვგავარ ჭიჭიკოს.

ქალიშვილი უკანა სალონში შემოხტა, როგორც ტაქსში. თავი აღარ გამომიდია, მანქანა დავძარი და ნელი სვლით დავტოვე აეროპორტის ტერიტორია. ტრასაზე სიჩქარე ავკრიფე, მაგრამ მგზავრზე სათანადო ეფექტი ვერ მოვახდინე, ჩემთვის არ ეცალა, გამწარებული აწკაპუნებდა მობილურის კლავიშებს _ მესიჯს თუ გზავნიდა. შემოდგომის პირობაზე შილიფად ეცვა _ ხელოვნური ბეწვით მოქობილი წითელი ჟაკეტი და

კუბოკრული ქვედაკაბა. ფეხსაცმელი ვერ დავინახე, სკამის საზურგე ეფარებოდა. სამაგიეროდ დავინახე ოქროს მასიური სამაჯური, ხელბორკილივით შემოსალტული მის თხელ მაჯას. სამაჯურს რომბის ფორმის ძოწი ამშვენებდა და სულაც არ შვენოდა წითელ ჟაკეტს, რაც პატრონის მდარე გემოვნებაზე მეტყველებდა.

ქალიშვილმა მესიჯობანა მოამთავრა და ფანჯარაში გაიხედა. გრუზა თმა ჩაჩქანივით ჩამოფხატოდა მინიატურულ თავზე და ისედაც პატარა ნაკვთებს კიდევ უფრო უპატარავებდა. მულტიპლიკაციურ ჟასმინს ჰგავდა, ალადინის შეყვარებულს. აი, ფრჩხილები კი სტაჟიანი დრაკულისა ჰქონდა _ გრძელი, წამახული, მურა ლაქის დაფერილი.

ავლაბარი მოვიტოვე და მარჯვენა სანაპიროზე ჩავუხვიე. ფაქტიურად ცენტრში ვართ. ნეტავ, არ მეტყვის სად აპირებს ჩამოსვლას, თუ პირდაპირ ბინაზე უნდა მივაბრძანო?

_ ქალიშვილო, სად გავაჩერო?

შემფრთხალმა გამომხედა. ფიქრებში იყო წასული და ეტყობა უცებ ვერ გააცნობიერა, სად იყო და ვინ ვარ. მერე ისევ ფანჯარას მიუბრუნდა _ უბანი დაზვერა.

_ თქვენ საით მიდიხართ?

_ ვაკეში. _ გულახდილად ვუპასუხე.

_ ერთი გზა გვქონია, მე ვერაზე მივდივარ.

გზა განვაგრძე და მერეღა გამახსენდა, რომ ლელასთან ვაპირებდი ვახშმობას და აქედან გამომდინარე, საბურთალოზე უნდა გამეხვია. რატომღაც სიტყვის უკან წაღება მომერიდა. სახლამდე თუ მივაღწიე, რაღა დამაბრუნებს? კაცმა რომ თქვას, ძილის წინ მუცელი არ უნდა ამოიყორო. ბალზაკის ასაკის ქალები შვიდი საათის მერე სიმინდის მარცვალს არ უნდა იდებდნენ პირიი, არათუ ნაციონალურ კერძებს, რომელთა პურის გარეშე მირთმევა უბრალოდ საცოდაობაა.

ნაციონალურ კერძებზე ნოსტალგია მომეძალა. ჩემი ბავშვობის სახლში გაშლილი სუფრა გამახსენდა, როცა `კშარტია~ მამაც ცოცხალი იყო და `ბრახმანი~ ქეთუსიაც. სუფრას `ლაღიძის~ ლიმონათი და ყვითლად გადაპენტილი ინდაურის საცივი ამშვენებდა. თეთრი ხორცი მე მეკუთვნოდა, როგორც ყველაზე უმცროსსს და ყველაზე კაპრიზულს. არ ვაფასებდი, მაშინ მეგონა მთელი ცხოვრება ვიღაც მომართმევდა ჩემთვის განკუთვნილ ჩიჩიას...

ნოსტალგიური ფიქრები მელოდიურმა ზარმა დამიფრთხო. `ჟასმინის~ მობილური რეკავდა.

_ ჰო. _ უკმეხად გაეპასუხა.

არ ვიცი, იქიდან რა უთხრეს, მაგრამ მომდევნო პასუხიც არანაკლებ უკმეხი იყო:

_ გზაში ვარ, გზაში! ხუთ წუთში ვიქნები. დაახლოებით ხუთ წუთში. მორჩა.

_ გავაჩერო? _ დელიკატურად დავეკითხე.

_ შუა მოედანზე ხომ არ გამიჩრებთ, გავიყინები ამ სიცივეში, ბარემ ადგილზე მიმიყვანეთ.

უზრდელი! შევუკურთხე გულში და ვარაზისხევის ქვაფენილზე ავრახრახდი. ჩემს ქუჩაზე მოსახვედრად მარჯვნივ უნდა შევუხვიო, ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, მაგრამ უცერემონიო მგზავრი გადმოიხარა და მხარზე დამიკაკუნა.

_ ძალიან გთხოვთ, მელიქიშვილზე გავიდეთ, ხომ გაიგეთ, ხუთ წუთში მისვლას დავპირდი.

შინაგანი პროტესტის მიუხედავად საჭე მარცხნივ ავიღე და მოსახვევის ციმციმა ჩავრთე.

_ ახლა მარცხნივ, ნიკოლაძეზე.

_ აქ ჩახვევა არ შეიძლება, ნიშანს ვერ ხედავ? _ ვანიშნე ლურჯ რგოლში მანათობელ თეთრ ისარზე.

_ ნეტაი შენ, ყველა არღვევს. _ შინაურულად შემაგულიანა.

მეც დავარღვიე. აი, რას ნიშნავს იყო უხერხემლო ინტელიგენტი. ბრინკა! თეიმურაზ ხევისთავი კაბაში. ღირსი არ ვარ პატრულმა გამაჩეროს და ოცი ლარი ამახიოს?! საბედნიეროდ, არავის შევუნიშნივარ, ჩემსავით დამრღვევი კი ბლომად მომდევდა, ყველას ეზარებოდა წრის დარტყმა ფილამორნიასთან.

_ მარცხნივ და მოვედით.

მადლს მარილი მივაყარე და დავემორჩილე. შორს არ წავსულვართ, რამდენიმე მეტრში ჩამოვსვი.

_ დიდი მადლობა. _ მომაძახა მანქანიდან გადმოსვლისას და მაღალქუსლიანი ჩექმების პაკუნით მიკუნტრუშდა რიკულებიან კარიბჭესთან, რომლის მიღმა იდგა კერძო სახლი, წაგძელებული კორპუსითა და ორიგინალური გადახურვით. სიბნელეში სვანურ კოშკს ჩამოჰგავდა.

მე კი იმედი ვიტოვებდი, თუ ფულს შემაძლევს, დიდსულოვნად ვიუარებ, ხელებს გავასავსავებ, ცალყბად ჩავიცინებ და საკუთარ თავში ავმაღლდები.

რაც არის, არის. მთავარია, ისე გავაღწიო ვიწრო შუკიდან, რომ მანქანა რამეს არ მოვდო. მოხვევა ვერ გავრისკე და უკანა სვლით დავიხიე. არ ვიცი, თავის დროზე ვინ და რა მიზეზით დაარქვეს ამ ტერიტორიას ფიქრის გორა, ფაქტია, რომ დღეს ერთი ხელის დადება მიწაზე იმდენი სახლში ჩადგეს, არათუ ფიქრის, განძრევის ადგილი აღარ არის. ეზო-კარის მოწყობა გზის ჩამოჭრის ხარჯზე მოხდა და იმიტომ. რა ენაღვლებათ?! ალბათ ეზო-კარის მეპატრონეები ვიწრო ქუჩიდან უპრობლემოდ შესრიალდებიან ხოლმე თავიანთ ფეშენებელურ ავტოფარეხებში, მე ვიკითხო, ლოკოკინას სიჩქარით რომ მივხოხავ და ვერ გამიღწევია. მოპირდაპირე მხარეს მანქანა რომ გამოჩნდეს, არ ვიცი სად წავალ, ალბათ პირდაპირ ვარაზისხევში ვისკუპებ.

სტოპ!

აშკარად რაღაცას გავეხახუნე. მგონი ნაგვის ბაკს. ესღა აკლია ჩემ ყოველმხრივ დაინვალიდებულ მანქანას...

_ _ _

ამ შემთხვევიდან ორი დღე გავიდა. უცერემონიო `ჟასმინიც~ დამავიწყდა და ბამპერზე გაჩენილი ახალი ნაკაწრიც მოვინელე. შაბათ-კვირას სახლის დალაგებას და რეცხვას მოვუნდი, უფრო სწორედ სარეცხის გაფენას. წარსულს ჩაბარდა სუნიანი საყოფაცხოვრებო საპნის, სამზარეულოში მოხაშული სახამებლისა და პარაშუტივით მოუხელთებელი ზეწრების გაწურვის დრო. დიასახლისი მხოლოდ ღილაკზე თითის მიჭერაზე ხარჯავს ენერგიას. აი, ავტომატური უთოც რომ გამოიგონონ, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ შაბათ-კვირას ისეთი არაფერი მომხდარა. ორშაბათს დილით კი, როცა ავტოფარეხიდან მანქანა გამომყავდა, უკანა სალონში დაგდებული მობილური შევნიშნე. `მაგარი ნავაროტკა~, როგორც იტყოდა ჩემი დისშვილი ანანო _ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი და ტექნოლოგიური აქსესუარების მეტრი. მაშინვე აეროპორტში აკიდებული მგზავრი გამახსენდა. ჩამკვდარ ეკრანს სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. დამჯდრა. ვინ იცის, ამ დღეებიი რეკავდა და ვერ მაგონებდა. სახლში აღარ ავბრუნებულვარ, ჯერ ერთი კოლეჯში მაგვიანდება, მეორეც _ არ მგონია ჩემი დამტენი მოერგოს. სამსახურში მოვუხერხებ რამეს.

შესაფერისი დამტენის შოვნა მხოლოდ ორი გაკვეთილის შემდეგ მოვახერხე, ისიც დირექტორთან.

_ რას მიარბებინებ სამასწავლებლოში, _ მითხრა ქალბატონმა მაიამ და გაზეთს თვალი მოწყვიტა. _ აქ უფრო უსაფრთხოა, გამოხვალ გაკვეთილიდან და წაიღებ.

მადლობა მოვახსენე და წასასვლელად მოვემზადე.

_ მოიცა, იათამზე, სალაპარაკო მაქვს შენთან. საახალწლოდ აპირებ რაიმე ღონისძიების დაგეგმვას?

_ სპექტაკლს გულისხმობთ?

_ ხო.

_ პრინციპში კი, მაგრამ სად გვეჩქარება, ნოემბერია ჯერ.

_ თადარიგის დაჭერა არ გაწყენს, სტუმრებს ველოდებით განათლების სამინისტროდან, ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა გაკეთდეს. ტექსტი წინასწარ დაურიგე ბავშვებს, სახლში ივარჯიიებენ.

_ რასაკვირველია.

_ მოიცა, სად გარბიხარ, მათქმევინე ორი სიტყვა, იქნებ ქათინაურის თქმას ვაპირებ?

ქათინაურის მოსასმენად ყოველთვის მზად ვარ, დირექტორის პირით ნათქვამი ხომ ორმაგად საგულისხმოა, მაგრამ მაიამ ისე ცბიერად მოჭუტა თვალები, ვეჭვობ რაღაცის გამოძალვას მიპირებს.

_ შენმა დადგმულმა გერმანულენოვანმა სპექტაკლმა შარშან დიდი ბუმი გამოიწვია, იათამზე. მშობლებსაც მოეწონათ და ბავშვებიც გახალისდნენ. იმედია, წელსაც სიახლეს შემოგვთავაზებ, არა?

_ ალბათ.

_ ხომ არ გეწყინება შენი შარშანდელი პიესა ნუციკოს რომ ვაჩუქო? თაროზე შემოდებას, სჯობს ვინმემ იხეიროს...

ნუციკო ახალი მასწავლებელია და ჩემთვის მართლს `ვინმეა~, რასაც ვერ ვიტყვი მაიაზე. დირექტორის რეკომენდაციის გარეშე ბუზი ვერ შემოფრინდება ჩვენს კოლეჯში, საბიუჯეტო სკოლებთან შედარებით მაღალი ხელფასები გვაქვს და ევროსტანდარტების შესაფერისი რემონტი. ნორჩი ნუციკო არც ევროსტანდარტებში ჯდება, არც ნაციონალურში. გერმანული ენა ასე თუ ისე იცის, მაგრამ ინტელექტის ნასახი არ გააჩნია. მაიაც სცილობს მზამზარეული მასალა მიართვას თავის პროტეჟეს და ჩემს ხარჯზე წარმოაჩინოს. სხვათა შორის, წელს თუ არა, მომავალ წელს მეც მეყოლება მერვე კლასი, _ ახალი პიესის მოძიებას, მერე მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე ადაპტაციას, ძველის გამოყენება მერჩია, მაგრამ მე ხომ ბრინკა ვარ, ამიტომაც თანხმობის ნიშნად თავი ავაკანტურე.

მაია ხასიათზე მოვიდა და გამომწვევად ააშრიალა გაზეთი:

_ ნატო ზანდუკელის გარდაცვალების ამბავი შეიტყვე?

_ მომღერლის?

_ ჰო. აი, ნეკროლოგი: ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი ნატო ზანდუკელი. _ მაია გაზეთი მაგიდაზე გაასწორა და დამწუხრებული მზერა მომაპყრო. სამგლოვიარო ჩარჩოდან ორმოციოდე წლის ეშხიანი ქალი მიმზერდა. მე მომწონდა მისი დრამატული ხმა, რეპერტუარი, შესრულების მანერა... გარეგნობაც არტისტული ჰქონდა _ დიდი პირი, დიდი კბილები, მაღალი ყვრიმალები, იდუმალი მზერა, თავშეკავებული დეკოლტე...

_ რა მოუვიდა, მგონი არც ისეთი ასაკოვანია... _ ზრდილობის გამო შევწუხდი.

_ ნუთუ არაფერი გსმენია?! _ აღშფოთება ვერ დამალა მაიამ, _ ჩვენი სახელოვანი პრიმადონა ერთი წლის წინ საშინელ ავტო კატასტროფაში მოჰყვა, სულ ნაწილ-ნაწილ ააწყვეს საწყალი. მას შემდეგ თვალის არავის უნახავს, ყველასთვის ჩაიკეტა _ პრესისთვის, ტელევიზიისთვის, ახლობლებისთვის... მესმის მისი, პოპულარობის ზენიტში ასეთი რომ დაგემართება, სადღა გაქვს თავი გამოსაყოფი... არადა, იმედი მქონდა, რომ ჭრილობებს მოიშუშებს და სცენას დაუბრუნდება. აფსუს, რა ქალი იყო, _ ენერგიული, ტემპერამენტიანი, შარმიანი... როცა ის ცოცხლად მღეროდა, მაყურებელი მკვდარი ეცემოდა. ყოველთვის ცოცხლად მღეროდა, ფონოგრამის გარეშე, ბოლომდე იხარჯებოდა.

_ ჰოოო...

_ არ წამოხვალ პანაშვიდზე? _ უცებ მეკითხება.

_ სამწუხაროდ, არ ვიცნობდი გარდაცვლილს.

_ გრცხვენოდეს, იათამზე! _ დამანამუსა მაიამ, _ ნატო ზანდუკელი ნაციის სახეა, მისი ხსოვნის პატივისცემა ყველა ჩვენთაგანის ვალია.

ეს უკვე ბრინკასთვისაც კი მეტისმეტია, სად გაგონილა პანაშვიდზე პარტიული შემართებით გერეკებოდნენ?! მაიამ კარგად იცის, რომ ჩემზე არ ჭრის მაღალფარდოვანი რიტორიკა და მაინც ისე მიყურებს, თავი ხალხის მტერი მგონია.

_ მე არ წამოვალ. _ ვუთხარი თანაბარი ხმით და გამომწვევად შევხედე.

_ რატომ გაბრაზდი?

_ არ მიყვარს, ჩემს მოვალეობებზე სხვები მიმანიშნებენ.

_ მე `სხვა~ ვარ?

_ სკოლის გარეთ, კი.

_ უცნაური ქალი ხარ, იათამზე, ძალზე უცნაური, _ მაიამ სათვალე მოიხსნა და უბოროტოდ შემომხედა. _ აი, რამდენი ხანია გაკვირდები და... ვერ ჯდები კოლექტივში, ვერა.

_ კოლექტივის წევრობა პანაშვიდებზე კოლექტიურ მსვლელობას გულისხმობს?

_ არა.

_ აბა, რა პრობლემაა?

_ პრობლემაც არ არის... უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს... თითქოს არ გვკადრულობ, სულ სადღაც გარბიხარ, სულ სადღაც გეჩქარება...

_ ნამდვილად მეჩქარება, ორი წუთი უკვე გადავაცილე გაკვეთილს. წარმომიდგენია, კლასში რა ხდება!

_ აი, ხომ ვამბობდი, არ მოდიხარ კონტაქტზე, სიტყვას ბანზე მიგდებ. ჰო, კაი, წადი, წადი... _ ხელი ჩაიქნია და გაზეთს მიუბრუნდა.

კლასში იმაზე უარესი სიტუაცია დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა. გოგონების კივილის ფონზე იატაკზე მოძრავ გუნდაში ერთმანეთს ჩახვეული ბიჭები გავარჩიე. პირგამეხებული შევდექი. კივილი იეწყდა, გუნდა განაგრძობდა მსვლელობას ბატარეის მიმართულების, დროგამოშვებით რომელიმე წევრს გამოტყორცნიდა ხოლმე, რომელიც უხილავი მაგნიტური ძალით ისევ გუნდას ერწყმოდა. პოზიორობას შევეშვი და მოქმედებაზე გადავედი. ღმერთმა ნუ ქნას, ბატარეას ჩამოჰკრან გახურებული სავები. ჰაერი ჩავისუნთქე და ისე დავჭექე, თვითონვე შემეშინდა.

გორგალი ჯერ გაშეშდა, მერე ბევრი თვალი გამოისხა, ნელ-ნელა დაიშალა და მერხებისკენ დაიწყო მსვლელობა.

_ სდექ! _ შევძახე შედარებით ჩამცხრალმა. _ ბიჭები დაფასთან. ყველანი გამოძახებულები ხართ. გოგონებს შეუძლიათ დასხდნენ.

ბიჭები ერთმანეთს დაეჭყანენ და გეზი იცვალეს.

_ მასწ, გუშინ არ გამომიძახეთ? _ გაპროტესტება სცადა ნიკამ, ორთაბრძოლისგან აწითლებულმა მოზარდმა ჩებურაშკას ყურებით.

_ ცელქობას თუ არ მოეშვები, ყოველდღე გამოგიძახებ.

_ მეტს აღარ ვიზამ, მასწ, ოღონდ დღეს...

_ დაფასთან. _ დავბეჭდე.

გოგოებმა გაიხარეს, ეკამ ნიშნისმოგებით გამოუყო ენა დაფათან ჩამწკრივებულ ბუნტისთავებს.

ოციოდე წუთი გამოკითხვას მოვანდომე და ნიშნებიც დავწერე: ორი ორიანი, სამი _ სამიანი, ოთხი _ ოთხიანი. გეომეტრიული პროგრესიით, და გაკვეთილის ახსნას ევუდექი.

წინა მერხებზე მჯდარი უმცირესობა გაფაციცებული მისმენდა, შუაში არ ხმაურობდნენ, მაგრამ არც მისმენდნენ, უკანა ფლანგზე ატეხილი ჩოჩქოლი მომენტალურად ავღკვეთე _ მთავარი ამრევი წინა მერხზე გადმოვსვი. აქაც სცადა `უმცირესობის~ აყოლიება, მაგრამ არ გამოუვიდა და ფანქრის წვერით მერხის გაფუჭება დაიწყო. ფანქარი წავართვი. ხომ არ გგონიათ გაჩერდა? ფრჩხილი გაუშვა საქმეში.

ზარის დარეკვა ბავშვებზე მეტად მე გამიხარდა, ერთი სული მქონდა მათზე უწინ გავვარდნილიყავი კლასიდან, მაგრამ პროფესია თმენას მავალდებულებს, თანაც ნიკა ამეტუზა მგლოვიარე სახით.

_ ია მასწ, დღიურში არ ჩამიწეროთ, რა?... გუშინდელი ხუთიანის მერე ორიანი რომ მივუტანო, მომკლავს დედაჩემი.

_ რატომ არ ისწავლე გაკვეთილი? _ ჟურნალი ამოვიღლიავე და ზევიდან გადმოვხედე. ნიკას წითურ თმაში უხეირო ყვავილებად იშლებოდა ორი კინკრიხო. ორჯერ დაქორწინდება, ეს ყურპანტურა მამაძაღლი.

_ ვიფიქრე, არ გამომიძახებთ.

_ მეორედ არ იფიქრო მსგავსი სისულელე.

_ აუ, მასწ, დედას გეფიცები...

_ ამ ერთხელ გაპატიებ, მომავალში კი ორმაგად მოგთხოვ, ფერშტანდენ?

_ ხო, ფრაუ მასწ, დანკე შონ! _ ნიკა კენგურუს ნახტომების გამეცალა, მე დირექტორის კაბინეტისკენ გავცხენდი.

მაიას ჩემთვის არ ეცალა, ყავას მიირთმევდა ახალი ფავორიტის გარემოცვაში. ნუციკომ მადლიერი ღიმილი მაჩუქა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მაიამ მოასწრო მიეხარებინა პიესის ამბავი.

მობილურხ ხელი დავავლე და დერეფანში გამოსულმა დავიწყე მენიუს შემოწმება. ბოლო ხუთი ზარი ერთი და იგივე ნომრიდან იყო შემოსული. დაკარგული მობილურის პატრონი თუ რეკავდა. გადავრეკე.

_ სად დაითესე, გოგო, შენ ვააბშე, ნორმალური ხარ?! _ გამაგონა უცნობმა მამაკაცმა. თუ შეიძლება მამაკაცი ერქვას ტიპურ სუბკულტურას, რომელიც კი არ ლაპარაკობს, ცხვირში დუდუნებს, გრიპიანი ავადმყოფივით და უსამართლოდ ილანძღება.

`გოგოს~ მაგივრად მე შემრცხვა, მორიდებულად ჩავახველე.

_ ე, თიკა, რა გჭირს?

_ თიკა არ ვარ.

_ აბა, ვინ ჩემი ფეხ... სად არის, თიკა?

_ მეც მას ვეძებ. მგონი.

_ ვინ ხარ, ე?

_ ჩემი სახელი არაფერს გეტყვით.

_ მეღადავები, ვიღაცა ხარ?! ახლავე დაუძახე თიკას! _ ხმასაც რომ უწევს?... არარაობა.

_ დამაცადეთ ლაპარაკი! _ ვუთხარი მკაცრად. _ საქმე იმაშია, რომ თიკას თუ ვინცაა, ჩემთან დარჩა მობილური. ბოლო ზარები თქვენგანაა შემოსული, ამიტომ დაგირეკეთ. გასაგებია?

ჩაკვდა. დაველოდე, როდის გადახარშავს. `ხარშვის~ პროცესიც თუ ისეთივე შენელებული აქვს, როგორც მეტყველება, მამასისხლად დატენილი მობილური ისევ დაჯდება.

_ დარჩა? ვისთან დარჩა? _ როგორც იქნა, ამოღერღა.

_ ჩემთან, მანქანაში. თუ შეგიძლიათ, მითხარის თიკას კოორდინატები ან გადაეცით: დარეკოს თავის მობილურზე.

_ სად გადავცე, პარასკევის აქეთია ვეძებ და ვერ მიპოვია.

_ ხოო... მაშინ დაველოდები. იმედია, მოიკითხავს თავის მობილურს.

_ თუ დარეკავს, გადაეცი... _ ისევ პაუზა. _ ნურაფერსაც ნუ გადასცემ, მაგის დიშოვკა დედაც მ......

ვიდრე ბოლოში ჩავიდოდა, მობილური გავთიშე. ეგღა მაკლია ვიღაც ტუტუცის გინებით ყური წავიბილწო. რა მიკვირს? რაც ჟასმინი, ის ალადინი. ცნობისმოყვარეობამ მძლია და მესიჯებში შევიჭყიტე. `სად დაიკარგე, დაიწყო რეგისტრაცია~, `თიკა, ხმა გამეცი~, `ჩავარდი უნიტაზში?~, `რეგისტრაცია მთავრდება, შე ჩემა, ხუთ წუთში თუ არ გამოჩნდი, ვჯდები თვითმფრინავში~...

საბრალო ალადინი, რა უნამუსოდ აყირავეს, იმიტომაცაა გამხეცებული... გამოდის, თიკამ მომატყუა, როცა საფულის მოპარვაზე მიყვებოდა ზღაპრებს. გაქურდული ადამიანი პირველ რიგში პატრულს მიმართავს, ნებისმიერს კი არ უხტება მანქანაში! ჩემი დედუქციის პატრონს არ ეგების იაფფასიან ტყუილზე წამოგება. თიკა ელემენტალურად გამოიპარა, იმიტომაც ეცვა შილიფად... ხელჩანსა და ქურთუკი, სავარაუდოდ თანამგზავრს შეატოვა და მობილურისამარა მოხია. ორიდან ერთია _ ან `ალადინმა~ აწყენინა ან რატომღაც გადაიფიქრა. იქნებ ავიოფობიის ამბავია, მაგრამ რომ არ ჰგავდა წითტელჟაკეტიანი ქალიშვილი ფობიაშეყრილს? სადღაც უნდა იყოს ახსნა-განმარტებითი მესიჯი, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. შესვენება დამთავრდა, მეორე ზარიც დაირეკა, მე კი ჟურნალიც არ დამიბინავებია.

_ _ _

დღის სამ საათზე გამოვედი კოლეჯიდან, მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ დღეს მაინც მესადილა მონატრებულ დაიკოსთან, ნება-ნება დამელია თურქული ყავა, რომელიც ძალიან მიყვარს და რომლის მოდუღებას უსათუოდ ეწირება ჩემი გაკრიალებული გაზქურა... ეტყობა, გონებაში გადავწყვიტე, რადგან ქვეცნობიერმა პირდაპირ იმ სახლთან გამაქანა, სადაც წუხელ თიკა ჩამოვსვი. რაც არის, არის! ხელიდან ხელში გადავცემ დაკარგულ მობილურს და მოვისვენებ. ხელჩანთაში მოლაყლაყე სხვისი ნივთი დისკომფორტს მიქმნის, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნაქურდალით ვმოძრაობ.

ნაცნობ სახლამდე მიღწევა გამიჭირდა. ვიწრო ქუჩაზე მანქანების ტევა არ იყო. იძულებული გავხდი სხვაგან მომენახა პარკინგის ადგილი, დარჩენილი მანძილი კი ფეხის დამეფარა.

ნაცნობი კარიბზე ბოლომდე დამხვდა მოღიავებული. ეზოში აუარება ხალხი ირეოდა _ ყვავილებით, გვირგვინებით, დამწუხრებული სახეებით. აშკარად პანაშვიდზე მოვხვდი. დაბნეული შევდექი, მაგრამ უკნიდან პროცესია მომადგა და მექანიკურად შემიტანა ეზოში. ეტყობა, ვიღაც სოლიდური გვამი მოკვდა, თორემ რამ შეყარა ამდენი გადაპრანზული ხალხი?

ჩემი ყურადღება ახალგაზრდების ჯგუფმა მიიქცია, უფრო სწორედ, გვირგვინზე შემოხვეულმა არშიამ წარწერით: `განუმეორებელ ნატოს სამუსიკო სკოლის მოწაფეებისგან~. `განუმეორებელი ნატო~ ალბათ თიკას ახლობელია, იმიტომ ვერ მოიცალა დასარეკად. მკვდარი თუ დახვდა სახლში, რას მოიცლიდა...

_ იათამზე! _ დამიძახა ვიღაცამ.

მივიხედე და დირექტორი მაია არ შემრხა? საგანგებოდ გამოწყობილი, დამაკიაჟებული, სალონში დაყენებული ვარცხნილობით... გვერდს უმშვენებდა რამდენიმე კოლეგა-სეფექალი.

_ აკი პანაშვიდებზე სიარული მეჯავრებაო? _ გამომაჯავრასავით.

_ ის მაინც ვიცოდე, ვის პანაშვიდზე მოვხვდი... _ მწარედ ამოვიოხრე.

სეფექალებმა ჩაიფხუკუნეს, მაიამ ტუშით დამძიმებული თვალებით გამბურღა.

_ ამ დილის არ ვლაპარაკობდის ნატო ზანდუკელის სიკვდილზე? შენ, იასამზე, ცოტა სკლეროზი ხომ არ დაგეწყო?

`ცოტა სკლეროზის~ რა მოგახსენოს, მაგრამ ჩემი დედუქციური ალღო აშკარად მოიკოჭლებს. არშიაზე დატანილი ტექსტი თავისთავად მეტყველებდა გარდაცვლილის ვინაობაზე. რა დიდი გამოცნობა უნდოდა, რომ პომპეზური პანაშვიდი ჩვეულებრივ მოკვდავზე არ იქნებოდა გათვლილი.

_ იყავი სამძიმარზე თუ ჩვენთან ერთად წამოხვალ? _ არ მომეშვა მაია.

_ ვის მივუსამძიმრო?

_ შენ მე გადამრევ, იათამზე, სიტყვები არ მყოფნის, ისე გადამრევ. რა უცხოპლანეტელივით იქცევი?

_ ჩვეულებრივად ვიქცევი, უბრალოდ დაბნეული ვარ. აქ სულ სხვა საქმეზე მოვედი, ერთ გოგოს ვეძებ, თიკა ჰქვია. მობილური დარჩა ჩემთან, მანქანაში.

_ რა შუაშია ვიღაც თიკა ნატოს პანაშვიდთან? _ აღიფოთდა მაია.

_ ამ სახლთან ჩამოვსვი პარასკევ საღამოს. იქნებ ნატოს ქალიშვილია?

_ ნატოს შვილები არასოდეს ჰყოლია. პირველად გესმის?

პირველად მესმის. ამ ბოლო დროს იმდენი რამ მესმის პირველად, თავი მართლა უცხოპლანეტელი მგონია, განსაკუთრებით, ყოველმხრივ გათვითცნობიერებული კრებულის ფონზე.

_ ე. ი. ოჯახის ახლობელია. _ ვთქვი ჯიუტად.

_ თუ ოჯახის ახლობელია, პანაშვიდზე იქნება, ნახავ და გადასცემ.

ლოგიკურია, რატომ მე ვერ მივხვდი? კოლეგებს შემრიგებლურად გავუღიმე და გზა თაიგულიანებს დავუთმე. სახლი, რომელიც ღამით სვანურ კოშკს მივამსგავსე, დღისით უფრო თანამედროვე მეჩვენა. მოწითალო ყავისფერი ბათქაში ფერადი კერამიკული აპლიკაციებით იყო გახალისებული. დამრეცი სახურავის გაყოლებაზე ხახვის ფორმის შემინულ კონსტრუქციას მოვკარი თვალი. მხატვრის სახელოსნო უნდა ყოფილიყო.

სარიტუალო დარბაზში ნატოს უზარმაზარი პლაკატი შემომეფეთა _ წითელკაბიანი მომღერალი ეფექტურ პოზაში იდგა თეთრ როიალთან. ახლა კი მისი დამახინჯებული ნეშტი დახურულ კუბოში განისვენებს, გარშემორტყმული ვაზებში ჩაწყობილი ყვავილებითა და სკამებზე ჩამომსხდარი ჭირისუფლებით. თიკა, მათ შორის, ვერ დავინახე.

სამძიმარს იღებდა თავგადახოტრილი მამაკაცი მენშევიკური

ბლანჟეთი. მარცხენა ხელი ფლანელის მოდურ კიტელში

ჩაეცურებინა, მარცხენას _ სამძიმარზე მოსულებს ართმევდა.

მექანიკურად ართმევდა, ბიორობოტივით. არცაა გასაკვირი, დაიღალა

კაცი, დილის აქეთია ხელი აქვს გაშვერილი. არც პირზე კოცნის

მსურველების ნაკლებობას განიცდის, აგერ, ვიღაც ფაშფაშა

მანდილოსანი მიახტა, პომადიანი ტუჩების ანაბეჭდი დაუტოვა და

ზლუქუნით გაეცალა.

_ შეხედე, შეხედე, ზვიადი რა დღეშია. _ დაიჩურჩულა ვიღაცამ.

_ ყველაზე მწარედ ეგ განიცდის ცოლის სიკვდილს. _ გაეპასუხა მეორე.

_ ადვილია?! ხვალ არ შეხვდეს ნატოსთანა მარგალიტს...

_ საშინელება, რომ წარმოვიდგენ რა ხდება მის გულში, სისხლი მეწვის.

ქმარია, ავღნიშნე ჩემთვის, თუმცა რაღაც განსაკუთრებულად შესაბრალისი მის გამომეტყველებაში ვერ დავინახე. ნაკვთებიც ისე ჰქონდა გაშეშებული, როგორც ხელი. `სისხლდამწვარი~ მანდილოსანი სულ ტყუილად ელიას ქვრივის ლოყაზე ჩამოგორებულ ძუნწ მამაკაცურ ცრემლს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ქვრივი სახელად ზვიადი არ მიეკუთვნება სენტიმენტალთა კატეგორიას.

სხვებთან ერთად კუბოს შემოვუარე. ხელის ჩამორთმევა აზრად არ მომსვლია, მაშინ, როდესაც მაიამ და მისმა რაზმმა სათითაოდ გატყორცნეს ბეჭდებასხმული თითები, ისეთი ამაღლებულები ჩანდნენ, მგონი ხვალამდე არ ჩამოიბანონ გამოჩენილი ქვრივის ნათითურები. უხილავი გამაძლიერებლიდან დაბალ ხმაზე იღვრებოდა გარდაცვილილის ხმა. რეპერტუარიც საგანგებოდ იყო შერჩეული _ ლირიკულ-სევდიანი, სიტუაციის შესაფერისი. რამდენადაც მახსოვს, ნატო ზანდუკელს არც ჰქონია ტემპერამენტიანი სიმღერები, მისი ძლიერი ხმა არ საჭიროებდა ხმაურიან მუსიკალურ გაფორმებას, გიტარის აკომპანიმენტითაც შესანიშნავად მღეროდა.

ხალხის ნაკადმა იმატა. მაიამ სეფექალებითურთ ეზოში დასცეს ბანაკი და პოპულარული სახეების თვალიერებით დაკავდნენ, მე ხელჩანთიდან თიკას მობილური ამოვიღე და გალავანთან განვმარტოვდი. მენიუში მოვიძიე ნომერი, საიდანაც ზარი დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე შემოვიდა. ანუ იმ დროს, როცა მე და თიკა გმირსა მოედანზე ვმოძრაობდით.

მამაკაცი გამეპასუხა.

_ უკაცრავად, მე თიკას ვეძებ... _ დავიწყე მორიდებულად.

_ ერთი წუთით. _ მიპასუხა უცნობმა. გამიხარდა, ვიფიქრე, თიკას დასაძახებლად გაეშურა, მაგრამ ორიოდე წამში იგივე ხმამ გამაგონა. _ ალო, შეიძლება ვიცოდე ვინ კითხულობს?

_ იცით, მობილური დარჩა მანქანაში და გადაცემა მინდოდა.

_ რომელ მანქანაში?

_ ნუ... ტაქსიში.

_ ანუ, თიკას არ იცნობთ?

_ არა. უბრალოდ ერთად ვიმგზავრეთ და... _ აეროპორტის ინციდენტის მოყოლა ზედმეტად ჩავთვალე.

_ ამ ნომერზე რატომ დარეკეთ?

_ ეს დღეები გამოხმაურებას ველოდებოდი, რომ არ დარეკა, გადავწყვიტე შემოსულ ზარებზე მეცადა ბედი.

იქიდან პაუზა ხამოწვა, მე კი ნაცნობ მელოდიას მივაყურადე და მივხვდი _ ჩემი ადრესატი პანაშვიდზე იმყოფებოდა.

_ იცით, რას გეტყვით? არავითარ თიკასთან ამ დღეებში არ დამირეკავს. ამოიდგეთ ეგ ნომერი თავიდან და სიმ ბარათიც მიაყოლეთ. მობილური კი დაიტოვოთ. გასაგებია?

_ არა.

_ რა არის გაუგებარი?

_ რაში მჭირდება სხვისი ნივთი?

_ თქვენი ნებაა.

_ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის.

მობილური გავთიშე და მენიუს ჩავუღრმავდი. აღნიშნული ნომრის გასწვრივ ეწერა _ ზვიადი. ანუ, წეღან ახალგამომცხვარ ქვრივს ველაპარაკე, რომელმაც უსინდისოდ მომატყუა. საინტერესოა, რატომ?

აქ, ამ ეზოში მოსალოდნელი სკანდალის სუნი ტრიალებს. მე შეიძლება ზოგიერთებმა გულმავიწყობა დამწამონ, მაგრამ ალღოს ჯერჯერობით არ ვემდური. პირდაპირ ცხვირში მიღიტინებს კოშკისმაგვარი სახლიდან წამოსული ცუდი ენერგეტიკა. არა იმიტომ, რომ იქ მიცვალებული ასვენია, არა... ეს რაღაც სხვა არის, ჯერჯერობით აუხსნელი, თუმცა ნიშანდობლივი, ისევე, როგორც წეღან მოსმენილი ტყუილი.

მიფრთხილდით, ზვიად ბატონო, ამ წუთიდან ჩემი სამიზნე ხართ!

_ _ _

მართალია ალადინად წოდებულმა უშვერი სიტყვებით შეამკო დაკარგული ჟასმინი, მაგრამ მე მაინც დავურეკე და მეორე დღისთვის შეხვედრა დავუნიშნე. მას შაკო ერქვა და ჰიპს ჰგავდა. გრძელთმიანი, გაუპარსავი, დაძენძილი ჯინსითა და თასმამორღვეული ბათინკებით. შემცივნული იჯდა უნივერსიტეტის ბაღში და ასანთის ღერს კვნეტდა. ჯერ შორიდან დავზვერე, ერთი-ორჯერ ჩავუარე კიდეც, თუ საეჭვო მოძრაობა შევნიშნე, მომენტალურად გავეცლები მეთქი. მისმა ინდიფერენტულმა გამომეტყველებამ განმაიარაღა. ერთხელაც არ შეუცვლია პოზა. იჯდა თავისთვის, შემოდგომის ფოთლებით მოფენილ გრძელ სკამზე და ფიქრებს მისცემოდა.

_ გამარჯობა შაკო.

შეშუპებული ქუთუთოები ასწია და ბაცი მწვანე თვალები მომაპყრო. ასეთი თვალები აქვთ პოეტებს, კომპოზიტორებს, შეიძლება ჰიპებსაც. სტუდენტობისას ვიცნობდი ჰიპობაზე პრეტენზიის მქონე მხატვარს, ლამაზი თვალები არ ჰქონია, სამაგიეროდ ჰქონდა დასაბანი თმა, ფრჩხილებში ჩამკვდარი საღებავი და ისეთი შემოქმედებითი აღვირახსნილობა, მეტი რომ არ შეიძლება. ახლაც თვალწინ მიდგას მისი ერთი ნახატი _ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესში გაყინული პატარა ძაღლი, დახატული უზარმაზარ, დაგრუნტულ ტილოზე. თემისა და მასშტაბის უჩვეულობამ სტუმრად მისული გოგოები იმ ძაღლივით გაგვაშეშა. ჩვენი რეაქციით კმაყოფილი მხატვარი ბრძნული გამომეტყველებითა და გაუგებარი ტერმინოლოგიით გვიხსნიდა ნახატის ფილოსოფიურ სიღრმეს. კულტურული პარადიგმებიო, სენსუალური და რეფლექსური გამოცდილებაო... ვუსმენდი და თავი გაუთლელი მდაბიო მეგონა. კშარტია.

შაკომ საკმაოდ გულგრილად შემათვალიერა და სკამზე მანიშნა _ დაჯექიო.

შეყვითლებული ფოთლები გადავფერთხე და გვერდით მივუჯექი. ერთი დაკბილული ფოთოლი ჩემთვის დავიტოვე, უხერხული სიტუაციის განსამუხტად შემიძლია გავწიწკნო.

_ არ დაურეკავს? _ მკითხა უკვე ნაცნობი, გაწელილი მანერით, თითქოს ეს-ესაა გაიღვიძა და აზრზე მოდის.

_ რომ დაერეკა, აქ რა მესაქმება, პირდაპირ გადმოგიმისამარსებდი.

_ არ ვიცი, რა ვიფიქრო. _ ასანთის ღერი გადმოაფურსხა და მიწას ჩააჩერდა.

_ ერთად ვიფიქროთ, იმიტომაც მოვედი.

_ რაღაც უბედურებაა იმ შტერი გოგოს თავს, ჩემთან დარეკვას არ დავეძებ, მაგრამ მობილური... გამორიცხულია, მობილური არ მოეძებნა. ერთი წუთით არ უშვებდა ხელიდან, ღამე ბალიშის ქვეშ იდებდა ხოლმე. აეროპორიდანაც მობილურიანა დამეთესა.

მხოლოდ ქმარმა ან საყვარელმა შეიძლება იცოდეს ვინ-რას იდებს ბალიშის ქვეშ. ქმარს არ ჰგავს, გამოდის, საყვარლები არიან, როგორც ვვარაუდობდი.

_ რატომ დაითესა?

_ შტერია და იმიტომ.

_ ეგ არ არის პასუხი. შტერიც იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად სწორს, სხვა საკითხია. მგონი თიკას ინტელექტუალური აი ქიუს დასადგენად არ შევიყარეთ.

_ რისთვის შევიყარეთ? _ მკითხა აგდებულად.

_ თიკას ადგილსამყოფელის დასადგენად. რა მოხდა აეროპორტში?

_ რა ვალდებული ვარ ანგარიში ჩაგაბარო?

_ ნუ ჩამაბარებ, შემიძლია ახლავე ავდგე და ჩემს გზაზე წავიდე. მობილურს შენ ჩაგაბარებ, გინდ სახსოვრად დაიტოვე, გინდ გაყიდე, გინდ პოლიციაში განაცხადე. მე რა მენაღვლება?

ხელჩანთის ფსკერზე თიკას მობილური მოვიძიე, მაგრამ შაკომ ამოღება არ მაცალა _ მაჯა დამიჭირა. ცივი და ნამიანი თითები ჰქონდა, შინაგანი ფორიაქის უტყუარი ნიშანი. ასანთის ღეჭვაც ჭამის მოთხოვნილებით არ ყოფილა განპირობებული. ღელავდა ბიჭი.

_ მოიცა, არ გაბრაზდე, რაში მჭირდება მობილური, მე თიკა მინდა. გაიგე, თიკა! _ ისე მომიჭირა, მეტკინა კიდეც. ხელი გავითავისუფლე და შევეცადე შევსულიყავი მის მდგომარეობაში.

_ მისმინე, შაკო, მისმინე და კარგად დაიმახსოვრე. არც მე ვარ ვალდებული ძვირფასი დრო სხვისი საქმეების გარჩევაში დავკარგო და აუტკივარი თავი ავიტკიო. შენი თიკა ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი მგზავრია, რომელიც თავხედურად ჩამიხტა მანქანაში, როცა ქმარს ვაცილებდი. მიუხედავად ამისა, შევწუხდი, ჯერ შენთან დავრეკე, მერე იმ ხალხთან ვცადე დაკავშირება, ვის კარზეც იმ საღამოს მივიყვანე. როგორ ფიქრობ, რა მამოძრავებს?

_ რა გამოძრავებს? _ ისე მკითხა, არც შემოუხედავს.

_ ყოველ შემთხვევაში, თიკას ხელმეორედ ხილვის სურვილი _ ნამდვილად არა, ნეტავ იმ ერთხელაც არ მენახა. სიმართლე მაინტერესებს, სი-მართ-ლე.

_ მეც მაინტერესებს.

_ მაშინ მითხარი, რა იცი თიკას შესახებ, ვინ იყო ის შენთვის და რა მოხდა თქვენ შორის იმ საღამოს?

შაკომ ჩემ მიერ შემონახული ფოთოლი დაითრია, დაყნოსა და ყუნწზე დატრიალა:

_ დავიჯერო, არასოდეს გსმენია თიკა წულუკიძის სახელი?

_ არ მითხრა, საჯარო პერსონაა...

_ მეტ-ნაკლებად... ყოველ შემთხვევაში, მუსიკალურ წრეებში იცნობენ.

_ მომღერალია?

_ სიმღერა ცოტა ხნის წინ დაიწყო, ვერც წარმომედგინა ასეთი საკაიფო ხმა თუ ჰქონდა... სპონსორი გამოუჩნდა და იმან გაქაჩა. ალბომი გამოუშვეს, კლიპებში გადაიღეს, პრესის გარეკანზეც მოხვდა. ინტერვიუ, რამე... უხაროდა. ვის არ უხარია პოპულარობა, თანაც მოულოდნელად დატეხილი. ისე არ ყოფილა, რომ ქუჩაში ავტოგრაფს თხოვდნენ, მაგრამ, ბევრიც არ უკლდა... ფინანსურადაც მომაგრდა, სახლებს და აგარაკებს ვერ შეწვდებოდა, მაგრამ თბილისის პირობაზე, ნიჩივო, რაა... ბინას ქირაობდა, ჭამდა, იშმოტკებოდა, მანქანის ფულს აგროვებდა... მამენტ, შეგროვებული ჰქონდა, რაა... ინტერნეტში ვეძებდით შესაფერის ვარიანტს. _ შაკომ ფოთლის ყუნწი კბილებში მოიქცია და გვერდულად შემომხედა _ ჩემი რეაქცია შეამოწმა. _ ერთხელაც შარიკი გადაუბრუნდა და მითხრა: ცოტა ხნით ქვეყნის დატოვებას ვაპირებ, თუ წამოხვალ ჩემთან ერთად, ხომ კარგი, თუ არა _ შენი დედაცო. არ წავსულვარ ატკაზზე, ჩემგან რა მიდიოდა, რო?... მე შენ გეტყვი, ისე ვარ დაკავებული, თავის მოსაფხანად არ მცალია... საბერძნეთში გადავწყვიტეთ წასვლა, სალონიკში ჩემი უბნელი ცხოვრობს, დახმარებას დამპირდა. თიკა მაგარი აჟიტირებული იყო, ბილეთები დაჯავშნა, რაღაც გადარიცხვებზე ჩალიჩობდა, მომავლის გეგმებს აწყობდა... აეროპორტში კი თითქოს გამოცვალეს, უცებ დაიზმენდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა... მომეჩვენა, რომ წასვლა გადაიფიქრა და ვერ მეუბნება. არა, ეგ მერე მომეჩვენა, პოსტ ფაქტუმ, რა... ბარგი უკვე ჩაბარებული გვქონდა, რეგისტრაციას წუთებიღა აკლდა, ამან კი ტუალეტში წასვლა აიტეხა. ნუ, ვიფიქრე მოუჭირა და წავიდა. კაროჩე, გამოცხადდა რეგისტრაცია, თიკა კი არ ჩანს. მობილურზე ვურეკავ, არ მპასუხობს. არადა, ჩანთა და კურტკა ჩემთანაა, ბარგი _ თვითმფრინავში. დამლაგებლი შევაგზავნე ქალების კლოზეტში _ ესა და ეს გოგო გაიკითხე-მეთქი. საქმეში ხარ?! აორთქლდა. გაგიჟებას ცოტა მაკლდა, და უცებ მესიჯი მომდის: `ბოდიში, მაგრამ გამგზავრება გადავიფიქრე, უჩემოდ წადი, მოგვიანებით დაგიკავშირდები და ყველაფერს აგიხსნიო~. ჩემი ფეხები! ახსნა-განმარტებას არ დავეძებ, ზრდილობის გულისთვის მაინც გამოჩნდეს, მითხრას, რომ ცოცხალია და მერე კისერი უტეხია.

მგონი უკვე მოიტეხა, ავღნიშნე ჩემთვის, მაგრამ შაკოსთვის არაფერი მითქვამს. ახლა მთავარია გავიგოთ, სად დაეშვა კისერმოღრეცილი ქალიშვილი.

_ უცნაურად არ გეჩვენება კარიერის გარიჟრაჟზე ყველაფრის მიტოვება და საბერძნეთში გადახვეწა?

_ მეჩვენა კიდეც და ვკითხე კიდეც. ბუნდოვანად მიპასუხა, ჩემი ანგარიშები მაქვსო. მეც არ ჩავციებივარ, შევატყვე, რომ არ სიამოვნებს ამ თემაზე ლაპარაკი. თიკა ერთი შეხედვით ჩანს ჭკუამხიარული, სინამდვილეში კი მაგარი გულჩახვეულია, ვერ გაიგებ როდის-რა ფოსტას გააძრობს.

_ შაკო, შენ გაქვს რაიმე ვერსია?

_ ვფიქრობ, კონფლიქტი ჰქონდა ხმის ჩამწერ სტუდიასთან, რაღაც ვერ გაინაწილეს.

_ ანუ ფული.

_ შეიძლება. _ შაკომ უარესად მოიბუზა. _ არც იმას გამოვრიცხავ, საზღვარგარეთ ეცადა კარიერის გაგრძელება.

ეს უკვე ფანტაზიის სფეროა, საბერძნეთში ძიძებად მიდიან და არა სცენის დასაპყობად, მით უმეტეს თიკასთანა `ჭე~ კლასის მომღერლები.

_ რატომ გეღიმება... თიკას სიმღერის გარდა ცეკვა ეხერხებოდა. რესტორანში ან ღამის კლუბში შეიძლებოდა ძალების მოსინჯვა.

_ ჰო, ალბათ. _ დავამშვიდე ჩემზე უარესად დაეჭვებული შაკო. _ თიკა იცნობდა მომღერალ ნატო ზანდუკელს?

_ ნატო ზანდუკელს? _ გაუკვირდა შაკოს. _ ნატო ვარსკვლავია, თიკასნაირებს თავს არ გაუყადრებს.

ჩემი არ იყოს, ესეც ინფორმაციულ ვაკუუმშია. თუკი ნატოს გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის, ვეჭვობ მის საეჭვო კავშირებზე ჰქონდეს წარმოდგენა. მაინც შევამოწმებ.

_ იქნებ თიკა მის ქმარს იცნობდა, ზვიადს.

_ პირველად მესმის ეს სახელი. რატომ მეკითხები?

_ ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაცია მაქვს.

ამ გულუბრყვილო ალადინს ერთხელ მაინც რომ ჩაეხედა ჟასმინის მენიუში, უსათუოდ წააწყდებოდა ზვიადის ნომერს. ეტყობა მისთვის ეჭვიანობის უცხო გრძნობა. ან უკანმოუხედავად ენდობოდა თავის ჟასმინს, ან ზერელედ უყვარდა.

შაკომ გამხმარი ფოთოლი მომუჭა. დარწმუნებული ვარ, აინტერესებს `დაუზუსტებელი ინფორმაციის~ დეტალები, მაგრამ არ მეკითხება. რა არის ეს _ გათვლილი ტაქტიკა და ხასიათის თავისებურება?

_ ვერ გავიგე, რანაირი შეყვარებულები იყავით, ერთმანეთის არაფერი იცით.

_ რატომ `ვიყავით?~ _ შაკომ გამომცდელად შემომხედა.

მზერა ავარიდე. დალოცვილო, ოთხი დღეა ქალი არ გამოჩენილა, რა გასაკვირია თავში პესიმისტური აზრები მიტრიალებდეს?!

ფშაკომ თავი დააქნია და აღარ ჩამაცივდა. ალბათ მიხვდა, კამათის აბსურდულობას.

_ სადმე რომ გამოჩნდებოდეს, დედას გეფიცები, დავიკიდებდი, მაგრამ ეს გაურკვევლობა მაგიჟებს! შეიძლება ცოცხალი ადამიანი აორთქლდეს?

_ სხვაგან უნდა ვეძებოთ _ მშობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან...

_ თიკას არ ჰქონდა ურთიერთობა ზემოჩამოთვლილ ამხანაგებთან. მოწყვეტილია ფესვებს, მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის. _ საკმაოდ ქედმაღლურად გამოაცხადა შაკომ.

_ საბრალო თინათინი.

_ რატომ?

_ `მხოლოდ საკუთარ თავს~ მარტოსული ეკუთვნის. ნუთუ ამქვეყნად არ ჰყავს გულშემატკივარი?

_ მე ვარ მისი გულშემატკივარი.

_ ერთ ადამიანზე ერთი გულშემატკივარი ცოტაა.

შაკომ არაფერი მიპასუხა. უცნაური წყვილია, ჩემმა მზემ. არც მშობლები, არც ნათესავები, არც მეგობრები...

_ რას საქმიანობ?

_ ისეთს არაფერს. _ მიპასუხა შაკომ.

_ პროფესია გაქვთ?

_ კონსერვატორიაში ვსწავლობდი ერთი სემესტრი, კინოლოგად ვმუშაობდი... მივედ-მოვედები რა...

_ ანუ მუდმივი შემოსავლის წყარო არ გაგაჩნია.

_ ნწუ.

_ წეღან ახსენე, ბილეთები თიკამ აიღოო, ფინანსურ მოლაპარაკებას თიკა აწარმოებდაო, ანუ ის იყო ყველა წამოწყების ინიციატორი. შენ რა როლი გაკისრია მთელ ამ ისტორიაში?

_ მე კარგი ვარ. _ შაკომ ისე გულღიად მიპასუხა, გამეღიმა.

_ კარგო ბიჭო, სად არის დაკარგული გოგოს ნივთები?

_ რა ნივთები?

_ რომლებიც აეროპორტში დაგიტოვა.

_ სახლში, ჩვენთან, ნაქირავებში.

_ შორსაა?

_ ვაჟა ფშაველაზე.

_ წავედით.

_ სად?

_ ნაქირავებში.

_ _ _

`ნაქირავები~ აღმოჩნდა ერთოთახიანი `ხრუშჩოვკა,~ საქათმესავით გაჩხერილი ნახევრადმოშენებულ ლოჯიებს შორის. დაბურული ფანჯრიდან მოჩანდა უკანა ეზო, გასხეპილი ბუჩქები და თუნუქის ნაჭრებით შეკოწიწებული ავტოფარეხი. დილა-საღამოს ამ პეიზაჟის ცქერა გენეტიკურ ოპტიმისტსაც პესიმისტად აქცევს, რომ არაფერი ვთქვათ ოთახის ინტერიერზე... ძველი, გამოუსადეგარი ავეჯით გადატენილ სახლში გადაადგილება ჭირდა. ამას ემატებოდა მდგმურების მიერ შემოტანილი ქაოსი _ აშლილი ლოგინი, უწესრიგოდ მიმოყრილი სამოსი, მოკლე, აცა-ბაცად დაკიდებული ფარდები,

ნამწვებით გადავსებული საფერფლე... ნამწვები სუფრაზეც ეყარა, თუ შეიძლება სუფრა დაერქვას მორყეულ მაგიდაზე გადაფარებულ ცხიმიან ქსოვილს.

ამ სახლში ჩემოდნებზე ცხოვრობდნენ, რაც დაამტკიცა კიდეც მისმა თავქარიანმა მობინადრემ. ჩემოდნები ერთი მიმართულებით გაფრინდა, თვითონ _ მეორე.

მოპიჰო შაკო ისე გრძნობდა თავს ამ ქაოსში, როგორც თევზი წყალში. მე კი სუნთქვა გამიჭირდა, უკვე ვნანობდი ფესვების გადგმას ამ უპერსპექტივო საქმეში, მაგრამ ჯინი ამოშვებულია, ის მე ამოვუშვი საკუთარი ხელით, როცა მონატრებულ დაიკოსთან ვიზიტის ნაცვლად დაკარგული მობილურის ხელიდან ხელში გადაცემა ავიტეხე.

შაკო ტახტზე ჩამოჯდა, გვერდებმომბალი პლაკატის ქვეშ. პლაკატიდან სატანისტური მიმართულების როკ ჯგუფი გადმომყურებდა _ ექსტრაორდინალური გიტარებით, ტყავებით, პირსინგებით, საყურეებით, ცივსისხლიანი თვალებით.

_ `ტოკიო ოტელი~. _ გამანათლა იაკომ.

_ საშინელებათა ოტელი უფრო მოუხდებოდა.

_ თიკამ მოათრია და გააკრა.

_ ერთი შენი თიკას რეპერტუარი მომასმენინა...

_ შემიძლია დისკი გაგატანო.

შაკო ოთახში დაბორიალდა. დისკს კარადის თავზე მიაგნო, სული შეუბერა და გადმომცა. უარი ვერ ვუთხარი, მორიდებულად ჩავიცურე ქურთუკის ჯიბეში.

_ თიკას პლაკატი არ გეგულება სადმე?

_ პლაკატი? _ შაკომ თავი მოიფხანა. _ ჟურნალის გარეკანი არ გაწყობს?

_ მაიტა.

შაკო თავის ფხანას განაგრძობდა, ეტყობა, წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იდო ჟურნალი. ერთობლივი ძალისხმევით ჟურნალს ფანჯრის რაფაზე მივაგენით, ვადაგასული პრესის ქვეშ. ისეთი დაჭმუჭნილი იყო, სარეცხის მანქანაში გატარებულს ჰგავდა.

შეძლებისდაგვარად გავასწორე. თიკა პროვოკაციულ პოზაში იჯდა აგიზგიზებულ ბუხართან _ მკერდმოღეღილი, ალისფრად შეღებილი ტუჩებით, მაცდური გამოხედვით... ადრიანა ლიმას ვერ ქაჩავდა, მაგრამ მცდელობა აშკარად იგრძნობოდა. ფოტოზე მეტად ორგვერდიანმა ინტერვიუმ დამაინტერესა.

_ აკი მოწყვეტილიაო საკუთარ ფესვებს? _ გავძახე სამზარეულოიი გაუჩინარებულ შაკოს.

_ რაო, რას წერს? _ მომესმა ონკანის ხმაურში.

_ საკმაოდ თბილად ლაპარაკობს დედამისზე, თუთიყუშ კიკის იხსენებს, ქორეოგრაფიულ სტუდიაში სიარულის პერიოდს...

_ მართლა? _ შაკო ტუჩების წმენდით მობრუნდა ოთახში. მეც დავლევდი ჭიქა წყალს, მაგრამ ამ სახლში ჭიქას ისეთი იქნება, როგორც დაბურული ფანჯარა.

_ რა, არ წაგიკითხავს?

შაკომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. მის სახეზე ვერ ვხედავ ირონიის ნიშნებს, მართალი გითხრათ, საერთოდ ვერაფერს ვხედავ. თითქოს განიცდის, ამავე დროს ინფანტილურია. კაცი რომ შეყვარებულის ინტერვიუს არ წაიკითხავს, იმას რა უნდა

მოსთხოვო?! არის კი `შეყვარებული?~ ეს რაღაც სხვა ურთიერთობაა, უაღრესად სუმბურული და აბსოლუტურად მიუღებელი ისეთი ბურჟუაზიული წარმონაქმნისთვის, როგორიც მე ვარ. ქალი ბედნიერია სიყვარულს გაცემით, კაცი _ სიყვარულის მიღებით. დაახლოებით, ასე წარმომიდგენია ნორმალური ურთიერთობის ფორმულა. ამ ორში არავინ არაფერს გასცემდა, აქედან გამომდინარე, არც იღებდა. მაშ რა აკავშირებთ?... მხოლოდ სექსი? და რა სარგებლობა მოაქვს სექსს სიყვარულის გარეშე?

_ რქები ამომივიდა? _ მოულოდნელად მკითხა შაკომ.

_ რა რქები?

_ ისე მიყურებ, თითქოს რქები ამომივიდა.

_ სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ. _ არ გავაწბილე მე. _ თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე არაფერს გამოვრიცხავ. ვინ იცის, თიკა სადღაც ბაირამობს, მე კი ლამის ტყავიდან ამოვხტე.

_ მე კი, გამოვრიცხავ.

_ რატომ?

_ მაყუთის გარეშე არსად წავიდოდა. ყველა-ყველა და საკუთარი ოფლის ნაშოვნი ფულის დათვლა თიკას არ ეშლება.

შაკო იატაკზე დაგდებულ ხელჩანთას დასწვდა და შიგთავსი მაგიდაზე გადმოფერთხა. არაფერი განსაკუთრებული _

პარფიუმერიის ქისა, ნესესერი, ქაღალდის ხელსაწმენდი, სუპერმარკეტის ქვითარი, ტყავის საფულე, პირადობის მოწმობა...

შაკომ საფულე გახსნა და სამი ცალი ვიზა ბარათი მაჩვენა.

_ შენ დაგიტოვა? _ ვკითხე გაკვირვებულმა.

_ კი არ დამიტოვა, შემატოვა, თვითონ კი გაიქცა.

_ რა თანხაა ანგარიშზე?

_ ვიცი, რო?! ამის არც მოხმარების წესი ვიცი, არც კოდი... პირადობა რა ოხრად მინდა?

_ პირადობის მოწმობაში წერია მისამართი. იცი, სად ცხოვრობს თიკა?

_ აზრზე არ ვარ.

_ ჰოდა, მივალთ ამ მისამართზე და გავესაუბრებით მის მშობლებს, თუკი ჰყავს... _ საფულე გამოვართვი და სხვა ჯიბეები მოვჩხრიკე.

ჩემი ყურადღება ციცქნა ფოტოსურათმა მიიქცია, საიდანაც უცნაური არსება მიმზერდა _ სახის ნახევარზე ჩამოფხატული გრძელი ჩოლკა, შავი ფანქრით მსუყედ შეღებილი თვალები, შავი ლაქით დაფერილი ფრჩხილები და... თეთრი ტუჩები. თვალი `ტოკიო ოტელის~ პლაკატისკენ გამექცა. ამ არსების ადგილი იქ იყო, პირსინგიანი ჯეელების გვერდით.

_ ე, მაჩვენე. _ შაკომ ფოტო გამომგლიჯა და თვალებით დააკვდა. _ ეს ხომ თიკაა! რას ჰგავს, ტო!

_ კარგად დამაკიაჟებულ მიცვალებულს.

_ ტოჩკაში მოარტყი, რა...

_ არ იცნობდი ასეთ სიკას?

_ ნწუ. ამ სურათზე თხუთმეტი-თექვსმეტი წლის იქნება, მეტის არა.

_ ასეთზე იტყვიან, დედა არ ჰყავსო.

_ დედა ნამდვილად ჰყავს, მაგრამ რამდენად დედაშვილური ურთიერთობა აქვთ, არ ვიცი.

_ რადგან ასე თვლი, რაღაც მაინც იცი. აბა, გისმენ! _ შევაგულიანე შაკო.

_ ერთხელ თიკა ავად გახდა, რაღაც ვირუსი შეეყარა და ძალიან მაღალი სიცხე მისცა. კაროჩე, იბრიდებოდა, რა... მეთქი, მაიტა დედაშენის ნომერი, დავრეკავ, რომ მოვიდეს, მოგხედოს... ისეთი ტლინკები ყარა, სჯობს ვააბშე არ მეთქვა. მივხვდი, დაძაბული ურთიერთობა აქვთ და გავჩუმდი.

_ რატომ გახუმდი, არ გაინტერესებდა?

_ ნწუ.

_ მით უმეტეს, აუცილებელია ოჯახის წევრებთან დალაპარაკება.

_ იმ საღამოს სად ჩამოსვი, რატომ არ ამბობ? _ ხმადაბლა მკითხა შაკომ, ისე რომ თავი არ აუწევია.

მივხვდი. ეს კაცი არ არის მიჩვეული კითხვების დასმას, მით უფრო, პრეტენზიების წაყენებას. ის იღებს ადამიანებს ისეთს, როგორებიც არიან სინამდვილეში, არც მათი სტატუსი აინტერესებს, არც ბიოგრაფია, არც ოჯახისშვილიბა. იგივეს ითხოვს სხვისგანაც. მე არ ვაპირებ მისი სულის რევიზიას, მაგრამ სიტუაცია თავისთავად ითხოვს საგამოძიებო რეჟიმში მუშაობას, დასმული კისხვა კი პასუხის გაცემას.

_ სახლში, სადაც იმ საღამოს თიკა ჩამოვსვი, დღეს პანაშვიდია.

შაკოს მყისიერი რეაქცია ჰქონდა _ მკვეთრად მოტრიალდა და შეშფოთებული მზერა მომაპყრო. მგონი პირველად გამოვიდა სომნამბულას მდგომარეობიდან.

_ წეღან ნატო ზანდუკელი ვახსენე, სწორედ მისი პანაშვიდია. იმ საღამოს თიკა აწ გარდაცვლილი მომღერლის სახლთან ჩამოვსი.

_ ვერ ვხედავ კავშირს. _ ჩაილაპარაკა შაკომ.

_ იცი, რა... თიკას მობილურს დაგიტოვებ, მენიუს გადახედე და შეეცადე კავშირები დაადგინო. ხვალ, იმავე დროს, იმავე ადგილზე გელოდები.

მექანიკურად დამიკრა თავი, იმედია, გაიგო ჩემი დავალება.

_ _ _

დათას ზარმა ჩემს სადარბაზოში მომისწრო, როცა გასავათებული ავდიოდი კიბეებზე.

_ რატომ ქოშინებ? _ ჩემს ექიმ ქმარს ვერაფერს

გამოაპარებ. აქსიომატურ ტემპზე მეტყობს, რომ ფეხით ამოვასკდი მეხუთე სართულს.

_ დავიღალე.

_ რამ დაგღალა?

_ სარეცხი დავფინე და... _ იძულებული გავხდი სახელდახელო ტყუილი გამომეცხო. დათას რომ ჰკითხო, საღამოს რვა საათზე ოჯახის ქალი სახლში უნდა იჯდეს და ქმრის მოლოდინში დერეფანში ბოლთას სცემდეს. ჩემი დღევანდელი ვოიაჟების შესახებ რომ ვუამბო, გამებუტება. ბუტიაობა მისი ხასიათის თავისებურებაა, რომლის მიმართ მე იმუნიტეტი გამოვიმუშავე. _ რა ხდება ლონდონში, როგორი ამინდებია?

_ ცრის.

_ ქოლგა უნდა წაგეღო.

_ ქოლგა არა, პარაშუტი! რა მინდა წვიმაში გარეთ,

თბილად ვზივარ სასტუმროში.

_ მარტო ზიხარ თუ...

_ მორჩი მაიმუნობას, იათო, არ გიხდება ეჭვიანი ცოლის თამაში.

გაბადრულმა შევაღე სახლის კარი. მართლა არ ვარ ეჭვიანი, უბრალოდ კაცებს უხარიათ, როცა ცოლები ზომიერად ეჭვიანობენ. დათამაც გაიხაროს, რა მენაღვლება...

_ ჩექმა გიყიდე. _ ამაყად მითხრა დათამ და მთელი ხუთი წუთი ჩექმის აღწერას მოანდომა. ბრენდი რომ არის, ძალიან მომეწონა, ზამშეზე ხომ საერთოდაც _ ავყვავდი, მაგრამ ნატურალური ბეწვის სარჩულზე, შაკოსი არ იყოს _ დავიზმენდი. არ მიყვარს მსუქანი ჩექმები. არც მე მომიხდება, არც თბილისურ ამინდებს, მაგრამ ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენ, სულ რომ ვალინკები ჩამომიტანოს, ტაში უნდა შემოვკრა.

_ სხვა, რა ხდება? _ ვკითხე დათას.

_ თავისუფალ დროს ქალაქში დავსეირნობ. ლონდონის რატუშა ვნახე, ღამით, გაჩახჩახებული ტაუერის ხიდის ფონზე, მაგარი სანახავია. ინტერნეტის გამოგიგზავნი ფოტოებს, შეგიძლია დატკბე...

კარგი იქნებოდა, ზემოჩამოთვლილი ღირსშესანიშნაობების ნახვით ვირტუალურად კი არა, რეალურად დავმტკბარიყავი, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის და მეც კომპიუტერის ჩასართავად გავრბივარ. თან ყურადღებით ვისმენ დათას ლექციას მინის როლზე თანამედროვე არქიტექტურაში... რომ მინისგან გაკეთებული კონსტრუქცია უფრო გამძლეა, ვიდრე მარმარილო ან რკინა-ბეტონი, რომ ლონდონში არის ე. წ. ბროლის სასახლე, რომლის აჟურული კარკასი სამასი ათას ფანჯარას ითვლის...

რა არის `აჟურული კარკასი~ იმასთან შედარებით, რომ მე, თბილისში მყოფი ია-იათამზე მდივანი ლონდონში მოკალათებულ დათა-დავით მეტრეველს ლაივში ვეკონტაქტები. ამ `აღმოჩენამ~ შაკოსთან სტუმრობის გამოწვეული დაძაბულობა დამავიწყა და დროებით ნისლიან ალბიონში გადამისროლა. სამწუხაროდ, მხოლოდ დროებით, რადგან შიმშილმა სამზარეულოში მიმაგდო და მაცივარი გამომაღებინა. რომ გითხრათ, დიდი არჩევანი მაქვს, მოგატყუებთ. ძეხვიანი ბურეტბროდით დავკმაყოფილდი, ჩაი დავისხი, დაღლილი ფეხები ჩესტებში გავუყარე და ფიქრებში ჩავიძირე.

მაშ, ასე: ზვიადსა და თიკას შორის კავშირი პრაქტიკულად დადასტურებულია, ისევე, როგორც თიკას და შაკოს შორის, მაგრამ შაკო მოდის კონტაქტზე, ზვიადი _ არა. გასაგებია, რომ მგლოვიარეა, არ სცალია ვიღაც თიკას დაკარგული მობილურისთვის...

სტოპ!

არავითარი `ვიღაც.~ `ვიღაცას~ აეროპორტიდან არ აბრუნებენ. დაბრუნებასაც გააჩნია _ გოგო ტრაპიდან მოხსნეს. ზვიდის იდეა თიკას მობილურის ჩუქებასთან დაკავშირებით რბილად რომ ვთქვათ, აუხსნელია, ასევე, როგორც გამოჩენილი მომღერლის უეცარი სიკვდილი, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა თიკას სტუმრობას და შემდგომში მის გაუჩინარებას. რა უთხრა ზვიადმა თიკას ისეთი, რამაც ამ უკანასკნელს შაკოს მიტოვება გადააწყვეტინა? `ხუთ წუთში ვიქნები~ _ ასე კატეგორიულად ქალები ან ქმარებს ელაპარაკებიან, ან მშობლებს, ან საყვარლებს. ბოლო ვერსია ყველაზე სარწმუნოდ მეხვენება. მიუხედავად არაპრეზენტაბელური იერისა, შაკო სასიამოვნო ახალგაზრდაა, თუმცა უპერსპექტივო. ვერშემდგარი მუსიკოსი, ვითომ კინოლოგი, მოკლედ უსაქმური. თიკა პირიქით, მიზანდასახული და პრაქტიკული ჩანს, ცხადია, მის სამომავლო გეგმებში ზვიადი უფრო ეწერებოდა, ვიდრე ჯიბეგამოხეული შაკო. მაგრამ სად არის მიზანდასახული გოგონა, სად?

დავუშვათ, თიკასა და ჩამწერ სტუდიას შორის მოხდა გაუგებრობა. რა, ქვეყანაში დაილია ჩამწერი სტუდიები?! თუ ასეთი ამომავალი ვარსკვლავია, სხვასთან გაეფორმებინა კონტრაქტი...

სტოპ, სტოპ!

კონტრაქტი! აი, სად უნდა ვეძებო გასაღები. ეს ისტორია სასიყვარულო სამკუთხედზე მეტად კრიმინალურ სამკუთხედს მაგონებს. თუ ასეა, სერგოს დახმარების გარეშე ფონს ვერ გავალ. სერგო ოქრუაშვილი ჩემი მეგობარი და პოლიციის მაიორია. შემიძლია ახლავე დავურეკო, მაგრამ იმთავითვე ვიცი _ უარით გამისტუმრებს. პოლიციას არ უყვარს უგზო-უკვლოდ დაკარგულები. თიკასნაირი ფიგაროზე ძებნის გამოცხადება ხომ სასაცილოდ არ ეყოფათ?! თანაც საჩივარი ოჯახის რომელიმე წევრმა უნდა შეიტანოს... შაკო ქმარი არ არის, არც მე ვეკუთვნი ნათესავად, მგლოვიარე ზვიადს ამნეზიის ნიშნებს ვატყობ.

აქ, ჩემი ანალიტიკური რესურსი ამოიწურა. ვერც ცხელმა ჩაიმ მიშველა, ვერც თბილმა ჩუსტებმა. დედუქციური მუზის ლოდინს სჯობს ჭიქა გავრეცხო და თიკას დისკი ვნახო. საინტერესოა, რა ხმის პატრონია საბერძნეთის დასაპყრობად დარაზმული ქალიშვილი.

სასიამოვნოდ გაკვირვებული მივაჩერდი ეკრანს. თიკას ხმის ტემბრმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. რაც შეეხება შესრულების მანერას... ახალგაზრდა მომღერლები, ე. წ. პაპსავიკები, ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: პარამეტრები და სექსუალური იმიჯი. ხმა, სმენა, მუსიკა _ მეორეხარისხოვანია. თუ ვინმესთვის მომღერლის გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანის, თავისუფლად შეუძლია ხმას ჩაუწიოს და ეროტიკული მოძრაობებით დატკბეს. პოპ მუსიკას მეტიც არ მოეთხოვება. თიკა ჟანრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, თუმცა, ტექსტი და მელოდია კრიტიკას ვერ უძლებს. თიკას ფართო დიაპაზონის ხმა გაცილებით უკეთეს რეპერტუარს იმსახურებს.

კლიპში წვიმდა. ამფითეატრის ტიპის ღია დარბაზში იჯდა კუნთმაგარი მაჩო და სცენაზე გამოსულ მომღერალს თვალებით ჭამდა. ჰქონდა მიზეზი. წვიმით გალუმპული, ნახევრადშიშველი, სექსუალურად აგრესიული თიკა ისეთებს ხადიოდა, კუნთმაგარ მაჩოს კი არა, მე, პატიოსან ჰეტეროსექსუალს დამიმრგვალდა თვალები.

არ ვიცი, რამდენად დაეხმარა თიკას ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიღებული გამოცდილება, ფაქტია _ მისი ცეკვის მანერა წელს ქვევის კონცენტრირებულ ინსტიქტებზე იყო გათვლილი, როგორც სტრიპტიზ ბარში.

მეორე კლიპი ინგლისურენოვანი იყო. წვიმა ზღვამ შეცვალა. ვფიქრობ, რეჟისორს გართულება აქვს წყალზე, ფინალში გაწვიმდა კიდეც, ოღონდ გარეთ, მატარებლის

ბაქანზე, მომღერალი კი სევდიანი იჯდა ვაგონში იჯდა და პლაჟზე გაცნობილ ტიპზე მისცემოდა ტკბილ-მწარე მოგონებებს. ზღვიში გამართული ორგიების შემდეგ ფანჯარასთან ცრემლთა ფრქვევა გულისამრევად სენტიმენტალური მეჩვენა.

მესამე კლიპი უეჭველად აბაზანაში იქნება, გავიფიქრე და გამომწვევად მივაჩერდი ეკრანს. მოვტუვდი. მესამე კლიპში მოწაფის ფორმაში გამოწყობილი თიკა თავად უბიწოებას განასახიერებდა. მინდა გითხრათ, საკმაოდ წარმატებულად.

_ _ _

შაკო მოღვენთილი იჯდა ბორდიურზე. ლაჯებს შორის მოქცეულ ასფალტის ნაგლეჯზე ეყარა სიგარების ნამწვები და ასანთის დატეხილი ღერები. მივუსიგნალე. არაფრისმთქმელი ღიმილი მომაგება და წამოდგა. შარვლის დაფერთხვა არც უფიქრია, მტვრიანი ჩამიჯდა გაკრიალებულ მანქანაში.

_ რა არის ახალი? _ ვკითხე.

_ `ჯერჯერობის დაუზუსტებელი ინფორმაცია მაქვს~ _ ჩემი სიტყვები გაიმეორა. გამოდის, ეწყინა. არც ისეთი ინფანტილური ყოფილა, როგორადაც თავს მაჩვენებს.

_ რა უდგას წინ დაზუსტებას?

_ არაფერი. მივიდეთ ბატონ სარიდანთან და გადავამოწმოთ.

_ ვისთან? _ ვიფიქრე, უცნაური სახელი მომესმა.

_ სარიდანი თიკას ბაბუაა. წუხელ მივრეკ-მოვრეკე და სახელიც გავიგე და მისამართიც. დიდ დიღომში მივდივართ.

_ მერე, რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი? _ გვერდულად შევხედე და მანქანა დავძარი.

_ რა ვი... სულ ვფიქრობ, წავსულიყავი იმ დედამოხნულ სალონიკში.

_ მერე, წასულიყავი, აკი გითხრა: ნუ დამელოდებიო?

_ დავებენი, ტო... მობარებულმა ჩანთამ დამაბნია. ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ გამოჩნდება... იქნებ მაშაყირებს მეთქი, შორიდან მაკვირდება, რეაქცია აინტერესებს.

_ შავი იუმორი ჰქონია.

_ შავი იუმორი თიკას კოზირია.

_ იქნებ ახლაც გვაშაყირებს? _ ისევ ეჭვი შემეპარა.

_ იქნებ მძევლად აიყვანეს? _ კითხვა შემიბრუნა შაკომ.

_ ვინ?

_ ვის გამოც აეროპორტიდან დატყდა.

_ ნატოს ქმარს გულისხმობ?

_ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ვისთან ხლართავდა ინტრიგებს.

_ რატომ არ იცი, რატომ? _ მოულოდნელად გავცხარდი. _ ქალთან იწექი და თოჯინასთან?

_ არ ვიცი. _ შაკომ თვალები დახუჭა და გაირინდა.

_ მეორედ არ გამაგონო ეს სიტყვა! შენ თიკას ბაბუის არსებობაც არ იცოდი, მაგრამ როცა დაგჭირდა, სახელიც გაიგე და მისამართიც.

_ ნუ მიყვირი, რა... _ გაწელა თავისებურად.

ცოტა არ იყოს შემრცხვა, მაგრამ არც ისე, რომ ფარ-ხმალი დამეყარა.

_ არ გიყვირი, რა უფლება მაქვს, მაგრამ იცოდე, იმ სარიდანმაც თუ დაიბანა ხელი, შენ მოგიწევს პოლიციაში განაცხადის შეტანა.

_ მე რატომ? _ შაკომ ცალი თვალი გაახილა და კუსავით შემომხედა.

_ აბა, მე რა შუაში ვარ?

_ შანსი არაა პოლიციას გავეკარო! _ წამოიძახა კატეგორიულად და მეორე თვალის გახელაც იკადრა.

_ ვითომ რატომ?

_ ეგრევე შემომტენიან თიკას გატაცებას. _ და ვიდრე

კითხვებს დავაყრიდი, ახსნა-განმარტებაც მოაყოლა: პრობლემები მქონდა პოლიციასთან, არ მინდა ჩემი გვარი კიდევ ერთხელ ამოტივტივდეს.

_ რა პრობლემები? _ ყური ვცქვიტე.

_ პლანი ჩამომყვა შუა აზიიდან.

პლანი! იგივე ანაშა, იგივე ჰაშიში, ტრუხა... დამიტრიალდა გონებაში და ვერც შევნიშნე, ისე გავიჭერი წითელზე. შაკოს წითელი შუქნიშანი შეუნიშნავს, არც მწვანე, არც არაფერი, ის თავის ქეშურ ინციდენტს მისტიროდა თავისი მძინარა, დაბოლილი ხმით:

_ ქეციანი მასტირკის გულისთვის ერთი კვირა

მაყურყუტეს კაპეზეში, ძლივს დავაღწიე თავი...

გადავწყვიტე, არ ავყოლოდი. აი, მოვითავებთ სარიდან ბაბუასთან ვიზიტს და სულ კარგად მეყოლოს. იქის გზა ჰქონიათ მასაც და მის შებერტყილ საყვარელსაც. ვინ იცის, ახლაც კაიფშია, იმიტომაც გამიბრტყელდა სავარძელში.

სარიდან ბაბუა აღმოჩნდა ცალფეხა ბერიკაცი იღლიაში

ამოდებული ყავარჯნებით. ეცვა სპორტული პიჟამა და ლანჩამორღვეული ფლოსტი. ცალი. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მისვლა გაუხარდა, პირიქით, ყავარჯნის აგრესიული კაკუნითა და ბებრული კრიახით შეგვიძღვა ბინაში.

_ მაშ თინას ეძებთ, არა? _ ქოთქოთებდა გზადაგზა. _ თინა მოინდომეს... უყურე, შენ...

სარიდანმა ყავარჯნები კედელთან მიაყუდა და მოწყვეტით ჩაჯდა გაქექილ სავარძელში.

ამ ბინაში ყველაფერი გაქექილი იყო _ იატაკი, შპალერი, ნოხი, ავეჯი, ფარდა... თუმცა თითოეული ნივთი თავის ადგილზე იდო, ნიშანდობლივია, რომ სუფთად იდო, თითქოს ეს-ეს არის გადასწმინდეს მტვერი. არიან ადამიანები, ვისაც დისკომფორტს უქმნის სკამის გადაადგილებაც კი. სარიდანი ისეთი პედანტური მონდომებით ასწორებდა საჯდომის ქვეშ მოყოლილ ქსოვილს, დარწმუნებული ვარ, ამ კატეგორიაში გადის.

სიამოვნებით გავეცნობოდი ოჯახის დიასახლისს, თუ ის განკარგავს ამ გაქექილ ერთფეროვნებას, ეჭვს შევიტან მისი და მისი ფეთხუმი ქალიშვილის ბიოლოგიურ კავშირში.

_ არ არის, თინა. _ სარიდანი დამცინავი ქირქილიდან ნორმალურ მეტყველებაზე გადავიდა.

_ რა სამწუხაროა, ჩვენ ვიფიქრეთ, იქნებ მშობლებთან იმყოფება. _ ვთქვი მე და მხარდაჭერისთვის შაკოს გავხედე.

საქმეში ხარ? მოშორებით იდგა, თადარიგში გასული ფეხბურთელივით. ჩემზე გადმოამისამართა გამოქლიავებული სარიდანის დაკითხვაც და არაადექვატური პასუხების მოგერიებაც. კაცი კი არა, მოარული კანაფის ტოტია. ამასთან საბერძნეთში კი არა, კუს ტბაზე არ წავა კაცი (მით უფრო, ქალი). მაგრამ მე ხომ `ბრინკა~ ვარ, ჩემთან ყველაფერი მოსულა.

_ მშობლებთან, არა? _ სარიდანმა გაალმასებული მზერა მტყორცნა და გამოქვაბულივით ნესტოები დაბერა.

_ დიახ.

_ სად არიან მშობლები?! არ არიან, ჩემო ბატონო, მარტო დამაგდეს ხეიბარი კაცი... ავად რომ გავხდე, ჭიქა წყლის მომწოდებელი არ მყავს. ეს არის ცხოვრება? ამისთვის გავზარდე შვილები?!

მე რა შუაში ვარ, მაგრამ მაინც ამოვიოხრე და რაც შეიძლება თავაზიანად დავიწყე:

_ ბატონო სარიდან, გასაგებია, რომ მშობლები შინ არ არიან, მაგრამ თინა...

_ როდის აქეთია თინა ღამეს სახლში ათევდა? _ გამაწყვეტინა.

_ როდის აქეთია? _ ვკითხე დადარაჯებულმა.

_ უჰ, კაი ხანია. _ სარიდანი უცებ მოეშვა და დაღლილი სახით სავარძელზე გადაესვენა. _ სკოლის დამთავრებისთანავე დაჰკრა ფეხი და გავარდა. არც დედამისს გაუწია ანგარიში, არც მე, მოხუც ბაბუას... ბავშვობაშიც ასეთი თავნება იყო, როცა რამე არ მოსწონდა, კი არ ტიროდა, ბრაზობდა ხოლმე, მგლის ლეკვივით.

_ ჩვენ თინას ვეძებთ. სამი დღეა არსად გამოჩენილა.

_ მერე რა, ზოგჯერ ერთი თვეც დაკარგულა. _ წარბშეუხრელად თქვა სარიდანმა.

უგელო ბერიკაცი! ღირსი არაა იმ ყავარჯნით გაუჩეჩქო მცხოვანი გოგრა?!

_ ის მაინც გვიკარნახეთ, სად შეიძლება ვეძებოთ?

_ მე რა ვიცი, ვისთან-როდის დაფშტიველებს? ერთი კვირის წინ შემოირბინა, კარგ ხასიათზე იყო, რა ენაღვლება, შვილოსა...

_ აკი შინ არ ათენებდაო? _ გავაწყვეტინე.

_ გასათენებლად კი არ შემოურბენია, ცოტაოდენი ფული მომიტანა. აბა, ცარიელა პენსიაზე ხომ არ ვიცხოვრებ ეს ცალფეხა კაცი? იქ სინათლის ფულიო, იქ გაზის, აგერა, გუშინ კარმაც ჩავრთე. _ სარიდანმა კედელში ჩამონტაჟებულ გამათბობელზე მიგვითითა. _ ვერ ვიტანი სიცევეს, მაშინათვე სახსრები ამტკივება ხოლმე. ეს კარმა შარშან თინამ მიყიდა, მარგო სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჩემი გავიტანე. უნდოდა გოგოს ბაბუასთვის საჩუქარის გაკეთება და რა მექნა? რა უფლების უნდა დამეშალა?

_ მარგო ვინ არის?

_ ჩემი ქალიშვილია, თინას დედა.

_ ააა... და რატომ იყო წინააღმდეგი? _ დავინტერესდი.

_ თინას ნაყიდი არაფერი უნდა და მიტომ. შიმშილით რო სული ძვრებოდეს, თინას მოტანილ პურს არ შეჭამს. ოოო, ერთმანეთზე უარესი ჯინიანები არიან ჩემი ქალები! სანამ შემეძლო, ვაშოშმინებდი, შუაში ვედექი, მაგრამ წყალში ჩაიყარა ჩემი მცდელობა, ვერ აეწყვეს ურთიერთობა და რა გინდა რომ ქნა?! რაც დრო გადის, მით უარესი. მეც ხელი ჩავიქნიე, ამ სიბერეში სითბო და სიწყნარე მინდა, მეტი არაფერი.

_ როგორ შეგიძლიას იყოთ წყნარად, როცა არ იცით სად არის შვილიშვილი?

მოხუცმა თვალი ამარიდა და ფლოსტიანი ფეხით უნებლიე მოძრაობა გააკეთა. ტუჩების გასწვრივ ორი ღრმა ნაოჭი დაეხატა. შვილდ-ისარს ჰგავდა. ვითომ სინდისმა შეაწუხა? რაღაც არ მგონია.

_ ვინ ხართ და თინას რატომ ეძებთ? _ იკითხა მწყრალად.

_ მუსიკალური სტუდიიდან ვართ, ახალი პროექტის შეთავაზება გვინდოდა. _ დამასწრო შაკომ, რისთვისაც ჩემი მადლიერი მზერა დაიმსახურა.

_ აჰა, სტუდიიდან... ვითომ ეგრე კარგად მღერის?

_ არ იცოდით?

სარიდანმა ყოყმანით აიჩეჩა ძვლოვანი მხრები. უცნაური ოჯახია, ღმერთმანი, თანდათან შევდივარ ქარაფშუტა თინას მდგომარეობაში. გოგომ ალბომი გამოუშვა, კლიპში გადაიღეს, ღვიძლი ბაბუა კი ტყემალზე ზის, თუმცა მშვენივრად სარგებლობს შერისხული შვილიშვილის დახმარებით. მეორე მხრივ, ტრადიციულმა ბაბუამ ის აღვირახსნილი კლიპი თუ ნახა, შეიძლება მეორე ფეხიც მოძვრეს.

_ ბატონო სარიდან, თინას მშობლების ნახვა სად შეიძლება? _ ვკითხე გულმოცემულმა.

_ ოოო, ეგ რთული ამბავია... მარგო მონასტერშია,

მონაზვნად აპირებს აღკვეცას. თვეზე მეტია არ მინახავს. რაც შეეხება აჩიკოს, თინას მამას, ეგ ხო საერთოდ... აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვნახე.

შაკო ისე მიყურებს, თითქოს მე ვაპირებ მონაზვნად აღკვეცას. ეტყობა, მისთვისაც უცხოა თიკას ოჯახური პერიპეტიები. ის უცებ გამოვიდა თამაშგარე მდგომარეობიდან, საფუძვლიანად დაჯდა სკამზე და ესტაფეტა ჩამომართვა:

_ თიკას მშობლები გაცილებულები არიან?

_ ვინა? _ სარიდანმა ყური მოგვიშვირა, ეუცხოვა შვილიშვილის სახელის შეკვეცილ-შეკეკლუცებული ვარიანტი.

_ თინას მშობლები. _ გამოასწორა შაკომ.

_ ოოო, ეგ დიდი ხნის ამბავია, ჯერ კიდევ თინას მოწაფეობის დროს გაიყარნენ. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, ტკბილი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, მაგათ ჩხუბს არ შევსწრებივარ და რა ვიცი... ხანდახან თუ წაკინკლავდებოდნენ ხოლმე, ისიც ბავშვის გაზრდის ნიადაგზე. მაგალითად, აჩიკოს უნდოდა თინას ტანვარჯიშზე ევლო _ ძალიან პლასტიკურიაო, ნაღდად ჩემპიონი დადგებაო. მარგომ კი ქართული ცეკვა აიტეხა და თავისი გაიტანა.

_ იქნებ დედამისთან წავიდა?

სარიდანმა თავი გააქნია.

_ სად არის თქვენი ქალიშვილი, რომელ მონასტერში.

_ მარტყოფის დედათა მონასტერშია. _ უპასუხა სარიდანმა და საკუთარ თავს ჩაუღრმავდა. _ არა, კაცო, იქ რა უნდოდა თინას... რომც წასულიყო, მარგო არ მიიღებდა. ეეე, არ იცნობთ ჩემს შვილს, იმან თუ დაიჩემა, ვერ გადაათქმევინებ. თინას კი არა, ქმარს არ აპატია პოლიტიკური შეხედულება და ოჯახი გაყრის პირას მიიყვანა.

_ `პოლიტიკური შეხედულებაში~ რას გულისხმობთ? _ ვკითხე დაინტრიგებულმა.

სარიდანმა ცბიერად ჩაიღიმა და თავი გააქნია. არც ისეთი

გამოპრუტუნებული ყოფილა ჭუჭყიანი თეთრეული გამოფინოს, მით უფრო, პოლიტიკური სოუსით დაღდასმული. მაგრამ შაკოს არ ასვენებს ეშმაკი, მგონი გამოდის მძინარე ანაბიოზიდან და მართლა ემსგავსება ჟასმინის გადასარჩენად მომართულ ალადინს.

_ მაინც, მაინც? _ ჩაეკითხა სარიდანს.

_ შენ რამდენი წლის ხარ, ახალგაზრდავ?

_ ოცდახუთის.

_ მაშინ უნდა გახსოვდეს, რომ რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში საომარი ვითარება იყო, ხელისუფლება ორ ბანაკად გაიყო, განხეთქილება მოხდა ხალხიც. _ მენტორული ტონით დაიწყო სარიდანმა. _ ჰოდა, ემაგ განხეთქილების ნამსხვრევებში მოჰყვა ჩვენი ოჯახიც. მარგო კანონიერი ხელისუფალის მხარეს დადგა, აჩიკო მეამბოხეებს გულშემატკივრობდა. თავიდან სიტყვიერი დუელი ჰქონდათ გამართული, ამას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ სიტუაცია ისე გამწვავდა, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. ძლივს ვაშველებდით მე და თინა. ერთმანეთის დანახვა აღარ შეეძლოთ. ბოლოს დაშორდნენ. მარგომ შვილს მამის ნახვა დაუშალა, მაგრამ თინა მაინც ახერხებდა შეხვედრას. ჯერ უჩუმრად, მერე კი აშკარად, უფრო დედამისის ჯიბრზე.

_ რატომ ჯიბრზე, მამასთან შეხვედრა გმირობაა?

_ როცა გიშლიან, კი. _ დაბეჭდა სარიდანმა და რეაქციის მოლოდინში კმაყოფილი მოგვაჩერდა.

რა რეაქცია უნდა მქონოდა? ის, რომ ოჯახები აზრთა სხვადასხვაობის გამო ინგრევიან, მეც ვიცი, მაგრამ პოლიტიკური სარჩული... ეს უკვე რაღაც მარაზმია. უცხო ბიძიას გამო ქმარი რატომ უნდა გადავიმტერო? ნათლად წარმოვიდგინე ამ გაუგებრობაში მოხვედრილი მოზარდი თინიკო და გული დამეთუთქა. ერთი იმ ქალის თვალებში ჩამახედა, პოლიტიკური მოსაზრებით შვილს მამის ნახვას რომ დაუშლის.

ხანმოკლე გამოდარების მიუხედავად, ბაბუა სარიდანმა აფორიაქებულმა გაგვაცილა. კითხვა: ვინ გამოაცხადებს ძებნას დაკარგულ თინათინზე, უპასუხოდ დაეკიდა ჰაერში. ცალფეხა ხეიბარს ვერ შევკადრე პოლიციაში წასვლა, ცოცხალი მშობლების პირობებში, მით უმეტეს. შვილის წინაშე ვალდებულებისგან ვერც მონასტერში გამოკეტვა გაგათავისუფლებს, ვერც პოლიტიკური ორიენტაცია.

_ მივდივართ მონასტერში? _ მანქანაში ჩაჯდომისთანავე მკითხა შაკომ.

_ შენი არ ვიცი და, მე დასაფლავებაზე მივდივარ, მგონი დღეს ასვენებენ ნატო ზანდუკელს, არა?

_ რა გვინდა, რო?

იმედს ვიტოვებ, რომ თიკას მოვკრავ თვალს, გავიფიქრე გულში. ეჭვი მეპარება ზანდუკელების სახლიდან სადმე წასულიყო, საერთოდ, იმდენ რამეში მეპარება ეჭვი, ჩამოსათვლელად ხუთი თითი არ მეყოფა.

_ შემთხვევით, ხომ არ იცი სად ასაფლავებენ? _ ვიკითხე ხმამაღლა.

_ ვის?

_ ნატოს, მე ხომ არა?

_ არ ვიცი... რატომ უნდა ვიცოდე?

კითხვა მეცნობა. პასუხიც. ჩემსა და დირექტორს შორის გამართული პოლემიკა გამახსენდა. იქვე გამახსენდა, რომ ვინ, თუ არა მაიამ შეიძლება იცოდეს ნაციის სახედ წოდებულ მომღერალთან დაკავშირებული თარიღები.

მობილურზე დავურეკე. ცხადია, ყველაფერი ჩამირაკრაკა, დაზეპირებული გაკვეთილივით.

მაშ ასე: ვერის სასაფლაო. სამი საათი. წესის, უნდა მივასწრო.

წეღანდელი ქადილი, ვითომ სარიდანთან ვიზიტის შემდეგ ამ საქმეზე ხელს დავიბანდი, მხოლოდ სასაფლაოს ავტოსადგომზე გამახსენდა. რასაკვირველია, გზიდან არ გადამიხვევია. მანქანიდან გადმოვედი და კუდზე დავაჯექი გრძელ ჯაჭვად გაწელილ პროცესიას. შაკო ოდნავ ჩამომრჩა _ ეპიტაფიების კითხვით გაერთო. ჩვენში რომ დარჩეს, თიკა ბუნდოვნად მახსოვს, კლიპში გადაღებულ სექს-ბომბას, მე კი არა, საკუთარი დედა ვერ იცნობდა. შაკოს ძებნაში კისერი წავიგრძელე, მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი. ყვირილს ხომ არ დავიწყებდი შუა გასვენებაში?

ხელი ჩავიქნიე და ხალხის ნაკადს მივყევი. ნაკადმა ეკლესიაში მიმაგდო, სადაც მიცვალებულს წესს უგებდნენ.

თავახდილ კუბოსთან იდგა შავებში გამოწკეპილი ქვრივი, კაცი, რომელმაც პირწმინდად უარყო თიკასთან ნაცნობობა. ერთი გამაგებინა, რა ხდება მის გულში... არადა, აშკარად რაღაც ხდება. ტიკიანივით უხტის ტუჩის კუთხე, გაფაციცებულ მზერას არ აშორებს კუბოს. მეც იქით გამექცა თვალი.

მიცვალებული ცვილის თოჯინასავით იწვა ძვირფას სასახლეში. ისეთი მსუყე მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული, ორთაჭალის ტურფა გახუნდებოდა. რას ჰგავს ეს ბროწეულისფრად ალაპლაპებული, ფორმადაკარგული ტუჩები, გრიმის ნიღაბი, მიწეპებული წამწამები... და უცებ ნაცნობი სამაჯური დავინახე _ ოქროს სამაჯური რომბისებრი ძოწით. ზუსტად ისეთი, როგორც თიკას ხელზე იმ ავადსახსენებელ საღამოს.

იმავე წამს სხვა რეალობაში აღმოვჩნდი, აღარც ჭირისუფლის ფუსფუსი მესმოდა, აღარც მღვდლის ბუტბუტი, თვალს ვერ ვწყვეტდი ვიწრო მაჯაზე შემოსალტულ სამაჯურს, რომელიც გაცილებით ბევრს მეტყველებდა მიცვალებულის ვინაობაზე, ვიდრე მთელი ჩემი უსუსური ვერსიები.

_ _ _

ღამით კოშმარი დამესიზმრა _ დედიშობილა თინა თავდავიწყების ცეკვავდა ახალგათხრილი სამარის გარშემო. უცნაური ცეკვა იყო, ფრანგული კანკანის მსგავსი. იმპროვიზირებულ სანახაობას ფონად მისდევდა შესქელებული ბოლი. რაღაც იწოდა _ გოროხიანი მიწა, თუ გამხმარი ყვავილები, თუ კუბოს ფიცრები...

დილით ისეთი დანგრეული ავდექი, თითქოს მთელი ღამე სარეცხის მანქანაში მატრიალეს. მტკიოდა ბეჭები, კეფა, სახსრები... ყურში კანკანის მხიარული მუსიკა ჩამესმოდა, ცხვირში სიზმრიდან გამოყოლილი დამწვრის სუნი მიღიტინებდა, თვაწინ კი ამაზრზენი კადრები მედგა...

სააბაზანოში შევლასლასდი. წყალს აქვს ერთი უნიკალური თვისება, რეაქციაში შედის სტრესის გამომწვევ ფერმენტებთან, უარყოფითად დამუხტულ მოლეკულებს შეიერთებს და საკანალიზაციო მილებში მიაქანებს.

კიდევ კარგი დღეს თავისუფალი ვარ, ნამდვილად არ მაქვს გაკვეთილზე შესვლისა და `ახტუნგის~ ძახილის მოწაფეების გამოფხიზლების ნერვი. აქეთ ვარ გამოსაფხიზლებელი... მომიწევს სერგოს შეწუხება, საქმით თუ არა, სიტყვის მაინც მომცეს რჩევა! შაკოს ვერ მივახლი: `ეჭვი მაქვს, ნატო ზანდუკელის ნაცვლად კუბოში შენი მეგობარი გოგონა იწვა მეთქი.~ შეცდომა რომ გამოდგეს, მერე სად მივდივარ? სხვა საკითხია, რაში დასჭირდა ცნობილ მომღერალს ოთხი ფიცრის გათამაშება?

ყიყლიყოს ვწვავდი, როცა ჩემს ბინაში უცხო მელოდია გაისმა. რეკავდა თინას მობილური. გაზქურას მოვწყდი და დერეფნისკენ გავიქეცი, სადაც ანათებდა ტუმბოზე დატოვებული მობილურის ეკრანი.

_ გამარჯობათ, _ მომესალმა უცნობი ქალიშვილი.

_ გაგიმარჯოთ. _ სალამი არ დავამადლე.

_ იცით, ამასწინათ ტაქსიში დამრჩა მობილური, ეს ჩემი ნომერია...

_ დიახ, დიახ, თქვენი სახელი?

_ თიკა მქვია.

_ თიკა! _ შევძახე გახარებულმა. _ სად დაიკარგე ამდენ ხანს, რამდენი დღეა შენ ზარს ველოდები!

ღმერთო, რა ცოტა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის, ერთი ჩვეულებრივი ზარი, რომელიც თავის ადგილზე დაალაგებს ყველაფერს.

_ აი, გამოვჩნდი, სად შეიძლება თქვენი ნახვა?

_ ჩემი ნახვა?... აა, ხოო, მობილური რომ გადმოგცე, არა? მოდი, ასე გავაკეთოთ. უნივერსიტეტის ბაღში შევხვდეთ, ჯავახიშვილის ძეგლთან.

_ თქვენი სახელი?

_ ია... იათამზე.

_ ერთ საათში შეგიძლიათ?

_ თავისუფლად. _ მობილური გავთიშე და შვებით ამოვისუნთქე.

მორჩა ქრონიკული ეჭვები, კოშმარული სიზმრები, ძუნძგლიან ნაქირავებში სუნსული... დღეის ამას იქით შევირგებ ქმრის მივლინებაში ყოფნას _ ლელას ვესტუმრები, დედასთან დავრეკავ, თეატრშიც წავალ, ნარინჯისფერ პიჯაკს გავამზეურებ... ამბობენ, რობიკომ ახალი სპექტაკლი დადგაო, იმასაც ამბობენ, დიდი შედევრი ვერ არის,

სამაგიეროდ პოლიტიკურად აქტუალურიაო. რას იზამ, არც გალაკტიონის ყველა ლექსია გენიალური, მაესტრო რობერტი კი თავის ამბავში გალაკტიონს არ ჩამოუვარდება. ასე რომ, წინ, იათამზე, დაიპყარი ინტელექტუალური მწვერვალები.

ეიფორიიდან დამწვრის სუნმა გამომიყვანა. დაოთხილი შევხტი სამზარეულოში. ტაფაზე შავად შიშხინებდა ყიყლიყოს დამწვარი ნაჭრები. გაზქურა გამოვრთე და გაწბილებული მივაჩერდი დანახშირებულ პურებს. არა უშავს, საუზმეს ეშველება, სხვა თუ არაფერი, კვერცხი და პური სახლში მაქვს, აი, მე რა მეშველება, მე, რომელიც წუთის წინ მობილურით ხელში სიხარულის მარშს ვცემდი და წარმოდგენაში უკვე ვამტვრევდი თეატრის საპარადო კარს! დაწმენდილ გონებაზე უნდა ვაღიარო: ეს ზარი სულაც არ იყო `ჩვეულებრივი,~ რადგან თიკას ჩემთვის არ დაურეკავს, მისი სახელით სულ სხვა ადამიანი მელაპარაკებოდა. მან ახსენა ტაქსი, უფრო სწორედ ტაქსიში დარჩენილი მობილური, მაშინ, როდესაც ნამდვილმა თიკამ შესანიშნავად იცოდა, _ დანიშნულების ადგილზე მე მივიყვანე და არა ტაქსის მძღოლმა.

ყიყლიყოს ნაგავის ვედროში გადავუძახე, საუზმის გაკეთების სურვილი კი გამიქრა, ისევე, როგორც წეღანდელი ეიფორია. ერთი ღერი სიგარეტისა და შაკოსთან დარეკვით დავკმაყოფილდი.

_ ია, შენ? _ მკითხა მთქნარებით.

_ მე გახლავარ.

_ სად დატყდი გუშინ, მთელი სასაფლაო გადავაბრუნე და ვერ გიპოვე. _ ისე უსაყვედუროდ მითხრა, გული ამიჩუყდა. მით, უფრო, რომ მართლა დავტყდი. გარდაცვლილის სამაჯურმა ისე დამაბნია, მიკვირს, საერთოდ როგორ გავიგნე გზა.

_ ალბათ ავცდით, _ ბუნდოვნად ვუპასუხე. _ შაკო, შემთხვევით, თიკას ხომ არ დაურეკავს?

_ შემთხვევით, არა.

_ ჩემთან დარეკა.

_ გსიამოვნებს წაქცეულზე წიხლის დაჭერა?

_ არა, უბრალოდ მინდოდა საქმის კურსში ჩამეყენებინე.

_ დავაი, ჩამაყენეეე... _ შაკომ მთქნარებას ზმორებაც მიაყოლა. არა, მაინც უზრდელია, საყვარლად უზრდელი.

_ ახლახანს ველაპარაკე...

შაკოს ენა ჩაუვარდა, მე კი შემრცხვა. ამ ალადინის სუროგატს მგონი მართლა უყვარს თავისი არაპროგნოზირებადი ჟასმინი.

_ გაიმეორე. _ მითხრა სასოწარკვეთილი ჩურჩულით.

_ დაწყნარდი, დარეკვით დამირეკა, მაგრამ ეჭვი მეპარება თიკა ყოფილიყო. ვიღაცას ჩემი შეცდომაში შეყვანა სურს.

_ რას ნიშნავს?

_ ერთ საათში დაკარგული მობილური უნდა გადავცე. იქ გაირკვევა, თიკაა თუ ვიღაც აფერისტი. მოკლედ, შენი თავი მჭირდება. გამოხვალ?

_ უკვე მოვდივარ.

_ ძალიანაც ნუ იჩქარებ, თორმეტის ნახევარზე უნივერსიტეტის ბაღში, ძეგლთან გელოდები.

_ მოიცა, ვისი ნომრიდან დარეკა, გადამოწმება არ მოსულა?

_ ოოო, მაგდენი არ მიფიქრია, ჶინენ კურზენ მომენტ! _ ყურმილიანა გავემართე შემოსული შესამოწმებლად. როგორც გავემართე, ისე გამოვემართე. ნომერი ბლოკირებული აღმოჩნდა, რაც მოვახსენე კიდეც ლოდინად ქცეულ შაკოს.

დანახშირებული ტაფა ნიჟარაში ჩავაყუდე. გარეცხვა დამეზარა. რა დროს ხეხვა-გლეჯაა, როცა ადგილი აქვს მიცვალებულებით მანიპულირებას. ტაფას ცხელი წყალი დავასხი და ამინდის დასაზვერად აივანზე გავედი.

მშრალი, სუსხიანი ნიავი ხის კენწეროებს დასთამაშებდა და აქა-იქ შერჩენილ ფოთლებს აცლიდა. ჩამოცვენილ ფოთლებს მეეზოვეები ერთ ადგილას აქუჩებდნენ და წვავდნენ. კოცონზე სიზმარი გამახსენდა, გავიქცე, წყალს მაინც გავატანო.

ონკანთან ბუტბუტის შემდეგ კარადას მივადექი. ყელიანი სვიტერი და ვილვეტის ჯინსი _ აი, რას ჩავიცვამ. ველვეტის კეპიც მაქვს, კობოკრული. ქაშმირის წითელ კაშნეს უხდება ძალიან. კაშნე ჩემი სიამაყეა, კეპთან ერთად ფსევდო-ინგლისურ ანსამბლს ქმნის და სტილში ჯდება.

რაღაც ბევრი გავაგრძელო, კაშნეან-კეპიანა დანიშნულ ადგილზე გამოვცხადდი. შაკო არ ჩანდა, სამაგიეროდ, დავინახე ჩემკენ მომავალი ქალიშვილი მუქშუშიანი სათვალით. დარწმუნებული ვარ, საგანგებოდ შეინიღბა, რომ არ მეცნო.

_ იათამზე ხართ? _ სასიამოვნო ხმა ჰქონდა, მოკრძალებული ღიმილი. უცერემონიო თიკას ანტოპოდი.

თავი დავუკარი. მე კი ვარ იათამზე, მაგრამ ვისი ნახვის პატივი მაქვს, ნეტავ?

_ მობილური თან გაქვთ? _ მკითხა.

_ რა თქმა უნდა, _ ხელჩანთა გავხსენი, მაგრამ თიკას მობილურის ნაცვლად, ჩემს აწკრიალებულ მობილს დავწვდი. _ უკაცრავად... _ ქალიშვილს მოვუბოდიშე და ეკრანს დავხედე.

შაკოს მესიჯი იყო: `ეს თიკა არ არის~. მობილი შევინახე და გამომცდელად შევათვალიერე ცრუ თიკა.

_ რამე ისე არ არის?

_ შენ თიკა არ ხარ. _ მივახალე პირში.

ასეთ პასაჟს აშკარად არ ელოდა. მოკრძალებული ღიმილი ნერვიულმა ტიკმა შეცვალა. წახდა, დაიბნა ბრინჯივით.

_ მიპასუხე, სად არის თინა?

_ ვინ?

_ თიკა, თუ ასე უფრო გესიამოვნება.

_ იცნობთ?

_ მაქვს ბედნიერება. სად არის? _ ცივად გავუმეორე.

_ ქვევით მელოდება. _ ბაღის სიღრმისკენ მანიშნა.

_ რატომ თვითონ არ მობრძანდა?

_ ალბათ აქვს მიზეზი.

_ შეიძლება ვიცოდე?

_ არ ვარ საქმის კურსში.

_ მობილურს მხოლოდ თიკას ჩავაბარებ. _ მტკიცედ ვუთხარი და შევეცადე სათვალის მიღმა თვალების გამომეტყველება დამენახა.

ქალიშვილმა ყოყმანით ახედა ბიუსტს, თითქოს მისგან ელოდა რჩევას. დიდი მეცნიერის გრანიტის მზერა მშობლიერი უნივერსიტეტისკენ იყო მიმართული, სად ეცალა კრიმინალური გარჩევებისთვის?!

_ წამომყვევით. _ ცრუ თიკა ას ოთხმოცი გრადუსის შეტრიალდა და მზიურისკენ წავიდა.

თვალებით შაკო მოვძებნე და გულმოცემული გავყევი. რისი უნდა მეშინოდეს დღისით-მზისით ქალაქის ცენტრში?! აგერ, სტუდენტები დასეირნობენ, ფეხქვეშ ხალისიანი ხრაშუნი გააქვთ გამხმარ ფოთლებს, ვარაზისხევზე მანქანები დაგრიალებენ, წინ ზოოპარკის კონტურებს ვხედავ...

ცრუ თიკა თავაღერილი მიდის, თანდათან ვკარგავ მოთმინებას და განგაში მიპყრობს.

_ დიდხანს უნდა ვიაროთ? _ რაც შეიძლება რიხიანად ვკითხე დაწინაურებულ მეგზურს.

_ პრინციპში, მოვედით. _ ქალიშვილი ხშირ ბუჩქნართან შედგა, მიმოიხედა. _ თიკა, სად ხარ? _ დაიძახა ხმამაღლა.

თიკას ნაცვლად ფერდობიდან, სადაც იწყებოდა გაქუცული ტევრი, ორმა სპორტსმენმა ამოყვინთა. ერთს `პუმას~ ფირმის ნაქსოვი ქუდი ეხურა და იმავე ფირმის ჟილეტი ეცვა. მეორეს, ცხვირკაუჭა ახალგაზრდას მოდურად დაყენებული იროკეზით _ სქელძირიანი ბოტასები და კაპიუშუნიანი შრიალა ქურთუკი.

ორივე ქალიშვილთან შედგა, ისე, რომ თვალი არ მოუშორებიათ ჩემთვის. აქ მივხვდი, რომ ესენი სპორტსმენები კი არა, ცრუ თიკას ამფსონები არიან.

_ არ იძლევა მობილურს, თიკა მინდაო. _ აუხსნა ცრუ თიკამ.

_ არ იძლევა? _ გადაამოწმა ქუდიანმა და სახიფათო მანძილზე მომიახლოვდა.

`არ უნდა მეშინოდეს.~ შევუძახე თავს და ვიგრძენი, როგორ მეკვეთება მუხლები. იყო, ქუდიანის გამოხედვაში რაღაც ისეთი, რამაც შიგანი ამომიტრიალა და კრიჭა შემიკრა.

_ მობილური. _ `პუმის~ ქუდიანმა ხელი გამომიშვირა.

წვრილი ღარებით დასერილი ხელისგული ჰქონდა, უხვად დატოტილი სიცოცხლის ხაზი. ხირომანტიის დიდი არაფერი გამეგება, მაგრამ ასეთი კონფიგურაციის სიცოცხლის ხაზი რომ პიროვნების გაორების მაჩვენებელია, ვიცი.

_ სად არის თიკა? _ საკუთარი ხმა მეუცხოვა, უფრო სწორედ, ხმაში გაპარული კანკალა ნოტი.

_ მოიტა მობილური, თორემ ძალით წაგართვევ.

_ სად არის თიკა? _ გავუმეორე.

ქუდიანმა ყურს იქით გაატარა ჩემი შეკითხვა, ხელჩანთაზე წამეპოტინა და თავისკენ გამოქაჩა. არც მე დავრჩი ვალში, შევეცადე დიაგონალზე გადაკიდებული ხელჩანთა იღლიაში მომექცია, მაგრამ იროკეზიანი ზურგიდან მომეპარა და იდაყვები დამიჭირა. საქმეში მუხლი გავუშვი, მაგრამ ქუდიანმა გახტომა მოასწრო, ჩემმა ფეხმა უქმად გაიშხუილა ჰაერში. დასანანია, ჩემს საყვარელ ბოევიკებში ბოროტი კაცები მომენტალურად იკეცებიან, მამაცი ქალები კი მორიგი თავდასხმისთვის ემზადებიან.

_ ვიღაც მორბის! _ გამაფრთხილებლად წაისისინა ვითომ თიკამ და მე შაკო დავინახე.

_ ეი, რას აკეთებთ? _ გზადაგზა ყვიროდა შაკო და ხელებს იქნევდა.

_ მიშველეთ, ხალხო, მძარცავენ! _ ვიბღავლე მეც.

შაკო თუ მთლად იდიოტი არაა, უნდა მიხვდეს და არ გაიშიფროს. დაუშვებელია, სპორტულმა ზონდერ ბრიგადამ ჩვენი ფარული ალიანსის შესახებ იცოდეს.

_ რაო? _ შაკომ მოკრივის პოზა მიიღო, მეც გავფართხალდი, თუმცა იმთავითვე მივხდი _ ძალთა თანაფარდობა მოიკოჭლებს.

იროკეზიანმა პუმიანთან მიმაგდო და შაკოს უღიმღამო მუშტებს ისეთი პროფესიონალური ჰუკები დაახვერდა, გულადი `ალადინი~ მომენტალურად აღმოჩნდა დაგდებული ბუჩქის ძირში. უაზრო ფართხალი შევწყვიტე და ისეთი შემზარავი ხმა ამოვუშვი, ხეებს ფოთლები დასცვივდა.

_ რა გაყროყინებს? _ თავში წამითაქა პუმიანმა და ჩემივე ხელჩანთის სახელური ყელში წამიჭირა. ჰაერი არ მყოფნის, სულ ცოტაც და საკუთარი ხელჩანთის სახელურზე გამობმული დავასრულებ ბობოქარ სიცოცხლეს.

`რა მრჯიდა, მიმეშავებინა ის დაწყევლილი მობილური~, გავიფიქრე სინანულით. ფილტვები დახეთქვაზე მაქვს, ისეთ გლახად ვარ, მობილურსაც მივცემ, ხელჩანთასაც დავთმობ, ჩექმასაც გავიხდი და ფეხშიშველა ვივლი სახლამდე, მაგრამ ეს დამპალი კაცი ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევს, ვგრძნობ, როგორც მოცოცავს პირიდან ენა, ორბიტიდან _ თვალები... ჯერ კიდევ ვხედავ შაკოს ლავაშივით გაბრტყელებულ სხეულს, ტუჩიდან სისხლი მოსდის, მაგრამ ცოცხალია, ფოთლებში ჩაყოფილ თავს ამოძრავებს...

და ეს იყო ბოლო კადრი, რომლის ნახვა მოვასწარი სიმწრის ცრემლის ცახცახა პრიზმიდან.

_ _ _

გონს უცნაურ დარბაზში მოვედი. ზევიდან დამცქეროდა მინის აჟურული გადახურვა, რომლის მიღმა ნაცრისფრად შეკუმშული ცა მოჩანდა. ეს არ იყო დათას ნაქები ლონდონის რატუშა, მაგრამ ბედისწერამ საკმაოდ ორიგინალურ ინტერიერში გადმომტყორცნა. არომატული სიგარის სუნი მცემს, ვხედავ ჭერთან მოფუთფუსე ბოლს...

თავი ბრტყელსა და განიერ მატრასზე აღმოვაჩინე, ჩაცმულ-დახურულმა და შეიძლება ითქვას, საღ-სალამათმა, საამაყო კაშნეც კი მიფენია გულზე. გადავრჩი, მაგრამ რაღაც ვერ ვგრძნობ გადარჩენის ბედნიერებას.

თავი წამოვწიე. ჩემ გარდა დარბაზში ერთი ხოტორა კაცი და ორი გერმანული ნაგაზი იმყოფებოდა. სამივე ოლიმპიური სიმშვიდით მომჩერებოდნენ. ადამიანის არ მიკვირს, აი, ცხოველები რა ძალამ გააშეშა სტოპ კადრში?! თვალები მოვიფშვნიტე და შევეცადე ქრონოლოგიურად აღმედგინა მომხდარი...

გატაცების სცენა არ მახსოვს იმ უბრალო მიზეზით, რომ გულწასული ვიყავი, მაგრამ ამ კაცის გაშეშებულ მზერას რა დამავიწყებს... თვალის გუგებში თითქოს დისტანციური, რადიოტალღური მოწყობილობა აქვს ჩამონტაჟებული. წესით, დანახვისთანავე უნდა მეცნო, რადგან ბლანჟე მაშინაც ჰქონდა და არც ახლა გაუპარსავს, ეტყობა შუბლზე ჩამოფხატულმა `პუმის~ ქუდმა შემაცდინა, თანაც მოვლენები ისეთი კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა, ნატო ზანდუკელის ქმარს კი არა, საკუთარ ქმარს ვერ ვიცნობდი. დიახ, ეს იყო ზვიადი. ადამიანი, რომელმაც გუშინ ცოლი მიწას მიაბარა, დღეს კი დასასვენებელ პარკ `მზიურში~ საქმის გასარჩევად იცლის. `გარჩევა~ რბილადაა ნათქვამი, ადამიანის გატაცება კანონით დასჯადია და გისოსებს მიღმა `დასვენებას~ გულისხმობს. მაგრამ ვის უნდა ველაპარაკო კანონებზე, ამ ბლანჟიან ფანტომასს თუ მის ნაგაზებს? მგონი ძაღლებთან უფრო გამოვნახავ საერთო ენას... ერთ-ერთმა ცხვირი ასწია და ჰაერი დაყნოსა. არომატულ სურნელს აფრქვევდა ნახევარმეტრიანი ჩილიმი, რომლის გაბერილი ტანი ძიუდოისტის პოზაში მჯდარ ზვიადს ბარძაყებს შორის მოექცია, ხელში კი მილის ფოჩიანი ბოლო ეჭირა. მივხვდი რაც აინტერესებს _ ვიცი თუ არა მისი ვინაობა. რომელი სტრატეგია ავირჩიო _ გულახდილობის თუ სრული გამოშტერების? თავის მოსულელება ისეთი ვიცი, ვაი საყვარელო! გადავწყვიტე სიტუაციის მიხედვით მემოქმედა.

_ სად ვარ? _ ვიკითხე ხმამაღლა.

ხმამ ისეთი მკვეთრი რეზონანსი გამოიწვია, ძრწოლანარევი განცდა დამეუფლა, როგორც ტაძარში.

_ სახლში. _ უბრალოდ მიპასუხა, ძველი ნაცნობივით.

თითქოს დიალოგის დაწყებას ელოდნენო, ძაღლებმა სინქრონულად მოაბრუნეს თავები. მკვდარი სივრცე გამოცოცხლდა, ადამიანისა და ძაღლის ამონასუნთქით გაივსო. ბუთხუზა ჩილიმიც უფრო ხალისიანად ათუხთუხდა, ბოლქვებად გამოუშვა ორთქლი ინკუსტრირებული ხის ტუჩიდან.

ძრწოლამ გადამიარა და თავს უფლება მივეცი გულდასმით დამეთვალიერებინა ექტრაორდინალური სატუსაღო. როგორც ხელჩანთის შიგთავსის მიხედვის შეიძლება მანდილოსნის ფსიქოტიპის დადგენა, ისე სახლის დიზაინის შეიძლება იმსჯელო ოჯახის წევრების ხასიათსა და გემოვნებაზე. ამ შემთხვევაში, ერთადერთი წევრის, ვინაიდან ოფიციალური მონაცემებით ოჯახის დიასახლისი გარდაიცვალა. სახლი რომ ნატო ზანდუკელის საკუთრებაა, ინჭორბიურო მაიასგან შევიტყვე, ასე რომ, ეს ბლანჟიანი ბიორობოტი ფაქტობრივად ჩასიძებულია. სიძედ ინაუგურაცია სამიოდე წლის წინ მომხდარა, თავის დასამკვიდრებლად საკმაოდ დიდი დროა. დარწმუნებული ვარ, ჩილიმი და ძაღლები მისი იდეაა, აი, ერთდონიანი სცენა, შავი როიალითა და მიჯრით მიწყობილი მუსიკალური ინსტრუმენტებით, ნატოს კომპეტენცია უნდა ყოფილიყო.

ჩემი ყურადღება კედელზე გაკრულმა უზარმაზარმა პანომ მიიპყრო, რომელზეც შუა საუკუნეების ესპანური ოჯახი იყო გამოსახული _ ქალი, მამაკაცი, მოზარდი და ნამცეცა ძაღლი. ეს ის პერიოდია, როცა მოდაში იყო გოფრირებული საყელოები, მოგვირისტებული მანჟეტები, ფარჩის უსახელო მოსასხამები, ოქრო-ვერცხლის მოსირმული ქსოვილები, ლენტები, ბაფთები, მაქმანები... მიკვირს, როგორ სუნთქავდნენ ეპიქალური ბანოვნები. პირადად მე, არათუ სუნთქვას, განძრევას ვერ მოვახერხებდი. სხვათა შორის, ისინიც გაუძრევლად იდგნენ, რაღანაირად უსიცოცხლოდ გაშეშებულები, თითქოს მანეკენები გამოაწყვეს ძვირფას სამოსში და სხვადასხვა წერტილში ყურება

უბრძანეს. მთელი ამ მანიერიზმის ფონზე მხოლოდ ძაღლი გამოიყურებოდა ნატურალისტურად. მეტყველი თვალები ჰქონდა, როგორც ცხოველებს ფიროსმანის ნახატზე. ნიშანდობლივია, რომ `კადრში~ მხოლოდ ძაღლი იყურებოდა.

_ რას იტყვით? _ ზვიადმა შენიშნა ჩემი დაინტერესება, პანოსკენ მიაბრუნა ხოტორა თავი და შთამბეჭდავი პროფილი დამანახა. ცუდად არ ფაზში გამოიყურებოდა, ეგ არის, მეტისმეტად განიერი ყბები ჰქონდა.

_ პროფესიონალის ნამუშევარია. ველასკესი არ არის, მაგრამ არც ჩამოუვარდება. _ ვუპასუხე კომპეტენტურად.

ღიმილისმაგვარმა კლაკნილმა დაუსერა სახე. სწორედაც დაუსერა, რადგან გაქვავებული ნაკვთები არ შესტოკებია. ეს ადამიანი საგულდაგულოდ მალავს ნამდვილ ბუნებას. ძიუდოისტის პოზაში მორთხმა და არაბი შეიხივით ჩილიმის წუწნა სატყუარაა, გათვლილი თიკასნაირი ქათმებისთვის. თუკი ამ იაფფასიანი პასაჟებით ჩემ დაბოლებას ცდილობს, ძირშივე ცდება. ეგვიპტეშიც ვყოფილვარ, ჩილიმიც მომიწევია და ამაზე უარესი სიტუაციიდან დამიძვრენია თავი.

_ მოგწონს ველასკესი? _ მკითხა ცუდად დაფარული ცნობისმოყვარეობის.

ჰმ, ტესტირებას მიტარებს ეს ფანტომასის პაროდია, ინტელექტუალური მონაცემების შეფასება სურს. ვიღებ გამოწვევას. შევეცდები ვახვენო `ჰაიკლასი,~ იმედია მთლად ფროიდთან არ მაქვს საქმე. საყვარელო დედიკო, ილოცე შორეულ მოსკოვში შენი დაუდგრომელი ქალიშვილისთვის.

_ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საყვარელი მხატვარია, მაგრამ ზოგადად ყველაფერი ესპანური მხიბლავს. აი, ამ სიმბორიოს ჩათვლით. _ ვითომ, სხვათა შორის, ვთქვი და საჩვენებელი თითი ჭერისკენ მივმართე.

ასიანში მოვარტყი. ზვიადი ისე მიყურებს, თითქოს მონატრებული ნათესავი გაუცოცხლდა. გაგიმხელთ: ორი ღერი ესპანური ვიცი, ხუან კარლოსთან პოლიტიკურ დებატებში ვერ შევალ, მაგრამ გაქცეულ ესპანელს მოვაბრუნებ. სიმბორიო რომ გუმბათოვანი ჭერია, ჩემი არქიტექტორი სიძისგან ვიცი, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა აქვს ბარსელონის სამშენებლო ფირმასთან. ლამაზი სიტყვაა `სიმბორიო,~ სომბრეროს ჟღერადობა აქვს და იმიტომაც დამამახსოვრდა. ზვიადმა აშკარად იცის მნიშვნელობა, მისი დაინტრიგებული მზერა სხვა არაფერია, თუ არა ერთით ნული ჩემ სასარგებლოდ.

_ სახლსაც არა უშავს, სახლი კი არა, ნამდვილი ესპანური კაზაა. _ შთაბეჭდილების მოსახდენად კიდევ ერთი უცხო სიტყვა გავისროლე. ესპანურად სახლი რომ კაზაა, ჩემმა ოროსანმა მოწაფემაც იცის.

რეაქციამ არ დააყოვნა, ზვიადმა ნამდვილი ღიმილით დამაჯილდოვა. ასე მწვთნელები უღიმიან ცირკში გაწვრთვნილ დათვს და წახალისების მიზნით შაქრის ნატეხსაც იმეტებენ.

_ დარწმუნებული ვარ, რაღაც კავშირი გაქვს ესპანეთთან, ასე არაა? _ ვკითხე გულმოცემულმა.

_ გამოიცანით. _ დასტურის ნიშნად ზვიადმა თავი დამიკრა, თუმცა ღიმილი ალაგმა.

მგონი ზედმეტად მომივიდა. ზოგჯერ საჭიროა გაჩუმდე და თავი სულელად მოაჩვენო, ვიდრე პირი გააღო და დაამტკიცო, რომ... რომ ნამდვილი სულელი ხარ. რა საჭირო იყო `ჰაიკლასით~ თავის მოწონება? არ ჯობდა საყვარლად გამოვშტერებულიყავი, წამწამები ამეფახულებინა და პირში სალოკი თითი ჩამედო? არა, ე.წ. ჳ჻ გამოვაჭენე,

თითქოს ესპანეთის საელჩოში გასაუბრებაზე ვიმყოფები და არა მძევლობაში. გონიერ ადამიანს ადვილად ვერ დასვამ ჩოქმბჯენში. ზვიადმა ეს იცის და შორიდან მზვერავს.

მომენტალურად დავდუმდი. ჩემი და ყოველ ჯერზე მაფრთხილებს: `ერთხელაც იქნება შენი გრძელი ენა დაგღუპავსო.~ დავღუპულვარ და ეგ არის. ეს კაცი ფინთად მიყურებს.

_ ესპანეთში ნამყოფი ხართ?

თავის კანტურით შემოვიფარგლე.

_ ჩემი სახლი მოგეწონათ?

ცხადია, ლაპარაკში მიწვევს, რომ ძირფესვიანად გამტესტოს და თავის ვირტუალურ დავთარში სათანადო ქულა ჩამიწეროს.

_ სახლი მომწონს, ჩემი მდგომარეობის კი რა გითხრათ... წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან.

_ თქვენგან მობილური ტელეფონი მინდოდა, მეტი არაფერი. რა საჭირო იყო კონცენტების მოწყობა?

_ მე მოვაწყვე კონცერტი? იმის თქმა გინდათ, რომ ჩემი სურვილით ვზივარ ამ შუშებიან საპყრობილეში?

_ საპყრობილეში?

_ დატყვევებული ადამიანისთვის ოქროს გალიაც ციხეა. _ მოვუჭერი, თან თვალს არ ვაშორებდი მოახლოებულ ძაღლებს, რომლებმაც მატრასის გასწვრივ დაიწყეს სუნსული.

_ ნორა, ფელიქს, ჩემთან! _ ზვიადმა ბარძაყზე დაირტყა ხელი. ძაღლებმა თავი დამანებეს და დაოთხილებმა მიაშურეს პატრონს.

_ ფეხი არ მოიცვალოს აქედან! _ გააფრთხილა ორივე და სხარტად წამოიჭრა ფეხზე.

გამხდარი, ნავარჯიშევი სხეული ჰქონდა, ლოეპარდივით შემპარავი სიარულის მანერა. ძიუდოისტივით ეცვა _ ხალვათი შარვალი და ქამრიანი ზედა. კავშირი აღმოსავლურ ორთაბრძოლებთან სახეზეა. არ გამიკვირდება, აქვე ჩამიტაროს ჯეკი ჩანის საყვარელი ილეთი _ გველი არწივის ჩრდილში.

გადავრჩი. ზვიადი შორიახლოს შედგა და გამაფრთხილებლად დამიქნია თითი:

_ თქვენი ტყვეობა დიდხანს არ გაგრძელდება, აი, თქვენს დაქალს კი არ აცდება ციხეში ამოლპობა.

_ ვინ დაქალს?

_ თიკა წულუკიძეს.

_ რა დააშავა?

_ გამქურდა. ვიდრე თიკას არ ვიპოვი და ნაქურდალს არ დავიბრუნებ, მოგიწევთ `ოქროს გალიაში~ ყურყუტი.

_ მე რატომ უნდა ვაგო პასუხი ვიღაც თიკას ამორალურ საქციელზე? ის არც ხემი მეგობარია, არც ნაცნობი, არც...

_ ზღაპრების მოსმენას არ ვაპირებ. საიდან აღმოჩნდა მისი მობილური თქვენს ხელში?

_ ტაქსიში დარჩა.

_ ტაქსიში? _ ზვიადი ადგილს მოსწყდა, თვალისდახამხამებაში დაფარა ჩვენ შორის დარჩენილი სამიოდე მეტრი და მატრასთან ჩაიცუცქა. აზიელივით გადატკეცილი სახის კანი ჰქონდა, წაგრძელებული ნაკვთებით, რომ არა ცხელი ამონასუნთქი, ვიფიქრებდი, ამ კაცს ლუპაში ვუყურებ.

_ დიახ.

_ არ მჯერა.

ერთი პირობა ვიფიქრე, მოდი, სიმართლეს ვეტყვი, ტუჩებიც კი ავაცმაცუმე, მაგრამ დროულად მოვეგე გონს. მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც დანამდვილებით იცის, სად მივიდა თიკა იმ საბედისწერო საღამოს. ასეთ ადამიანს მოწმე ჰქვია, არასასურველი მოწმის მიწის სიღრმეში ყოფნა უფრო უპრიანია, ვიდრე მიწის ზედაპირზე. წარმოდგენა არ მაქვს, ქურდია თიკა თუ უდანაშაულო მსხვერპლი, მართლა ის იწვა კუბოში თუ სამაჯურის ნახვის დაზაფრულს ყოველივე მომეჩვენა, ერთი ვიცი _ ჩემი კოზირი ჩემივე გაუთვითცნობიერებაშია.

_ სიმართლეს ვამბობ, თიკას მობილური ტაქსიში ვიპოვე, თვითონ თვალით არ მინახავს.

_ აბა, საიდან მიხვდით, რომ შეხვედრაზე მოსული ქალი თიკა არ იყო?

_ ტაქსის მძღოლმა სხვა ქალი აღწერა.

_ მძღოლის აღწერაზე დაყრდნობის გამოიტანეთ დასკვნა?

_ ჰო. _ უღიმღამოდ დავეთანხმე.

სხვა დროს ტყუილი მეხერხება, ახლა რამ ამიკანკალა ხმა? ამ კაცის მომნუსხველი მზერა მაბნევს და მაშფოთებს, პირი ნერწყვით მევსება, ნერწყვს შიშის გემო აქვს და გულს მირევს. ალბათ ასე გრძნობს თავს ლაბორატორიის ვირთხა ინიექციის შეყვანამდე.

_ არ მჯერა. _ დაბეჯითებით გაიმეორა ზვიადმა.

_ როგორ დაგარწმუნოთ? _ ინსტიქტურად გავჩოჩდი, შორს `რადიოტალღების~ მაგნიტური ზემოქმედებისგან.

_ მოგიწევთ ჩემი ბრძანების შესრულება. _ ზვიადმა ვერცხლის ძეწკვზე ჩამოკონწიალებული ჯიბის საათი დააძრო და მატრასზე მუხლების დადგა. _ თვალი მიადევნეთ საათის მოძრაობას... და შეეცადეს, მოდუნდეთ.

აი, თურმე რაშია საქმე?! ზვიადი ჰიპნოზის გაკეთებას მიპირებს, მზიურშიც ცდილობდა და ახლაც, შინაურულ გარემოში. არავითარი გუგებაში ჩამონტაჟებული საიდუმლო მოწყობილობა! ეს ჰიპნოზიორის ცივი თვალებია. ფეხი არ ჩაუვა! ეგღა მაკლია ამ ბიორობოტმა ტრანსში ჩამაგდოს. თუმცა თავის მომკვდარუნება არ მაწყენს, დროს მაინც გავიყვან, ვნახავ, რა აინტერესებს.

_ მოდუნდით?

_ ვცდილობ.

_ რატომ გეღიმებათ?

_ აბსურდული სიტუაციაა...

_ მაგას ცოტა ხანიი ვნახავთ. გააყოლეს თვალი საათს. _ ვერცხლის ძეწკი ორი თითით დაიჭირა და საათი სახესთან მომიტანა.

მექანიკური საათი იყო, მოსამართი დისკითა და სიძველისგან შეყვითლებული ციფერბლატით. წუთის აღმნიშვნელი ისარი ოდნავ გაღუნულიყო, სამაგიეროდ, წამის აღმნიშვნელი ისარი გაჭიმული მიქაქანებდა, თან მიჰქონდა მითი ჩვენი მარადიული ახალგაზრდობის შესახებ.

სკოლა გამახსენდა... ისტორიის მასწავლებელი გრძელი მიშა. ასე იმიტომ შევარქვით, რომ დირექტორსაც მიშა ერქვა, ოღონდ ის მოკლე იყო, თან მსუქანი და მკაცრი. გრძელი მიშა ატარებდა ხოლმე მონოგრამიან ჯიბის საათს. გაკვეთილის ახსნისას ფილიგრანულ თავსახურს მოხდიდა, დროს შეამოწმებდა და ისევ ინახავდა. ზოგჯერ არც ინახავდა, ხელში ასამაიებდა და დაფის გასწვრივ ბოლთას სცემდა. მისთვის საათი კრიალოსანივით იყო, რომ დაეკარგა, ალბათ გაკვეთილსაც ვერ ახსნიდა. ერთხელაც საყვარელი საათი საკლასო ოთახში დარჩა. ბიჭებმა დამალვა დააპირეს _ მოდი, ცოტა ხანს ვაწრუწუნოთო, გოგოები წინ აღვუდექით ბოროტ განზრახვას, ამ გაწამაწიაში ვიყავით, როცა გრძელი მიშა თავზე დაგვადგა და ყველას სათითაოდ გვირტყა კლასის ჟურნალი...

_ ერთი, ორი, ერთი, ორი.... შენ გესმის მხოლოდ ჩემი ხმა, მხოლოდ ჩემი... გიბრძანებ, დაიძინო! _ ზვიადი დაბალი, თანაბარი ხმით ცდილობს ზემოქმედების მოხდენას ჩემს ფსიქიკაზე.

`ბებიაშენისა~, ვპასუხობ გულში, მაგრამ თვალები თავისით მეხუჭება. არ მინდა ძილი, კლასში მინდა დაბრუნება, იქ, სადაც მერხებს შორის დარბიან ჩემი ბავშვობის მეგობარები _ სუსიკო, სოფო, წკრიალა, ჭუტალა... გოგონებს თეთრსაყელოიანი ყავისფერი ფორმები აცვიათ, ბიჭებს _ ლურჯი პიჯაკები მეტალის მრგვალი ღილებით...

_ გიბრძანებ, დაიძინო. გიბრძანებ, გიბრძანებ...

`არა~ _ ვყვირი გულში და ქუთუთოების გაფხრეწას ვცდილობ. თვალში მხვდება ნაცნობი პანო ესპანურ მოტივებზე. სტილიზებული სარკმელის მიღმა ზეთისხილის ბაღები მოჩანს, მამაკაცი მაქმანიანი მანჟეტებით შეინძრა, თავი მოაბრუნა და თვალი ჩამიკრა. მშვენიერი დონია, რომელიც თითქოს პროფილში იდგა, ინტერესით მაკვირდება. მეც ვაკვირვირდები და საკუთარ თავს ვცნობ. უფალო შემიწყალე, ნამდვილად მე ვარ... ტანს ზღაპრულად მდიდრული კაბა მაცვია, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასე ლამაზად შეფუთული. კორსეტი მიჭერს, მავთულბადიანი ხაბარდა კაბა მამძიმებს და ქვევით მექაჩება, ძვირფასი თვლებით მოოჭვილმა დიადემამ ლამის ტვინი გამიჭყლიტოს... ერთი სული მაქვს ტანსაცმელი შემოვიძარცო და პანოდან პირდაპირ შუშებიან დარბაზში ვისკუპო, მაგრამ გვერდიდან მანჟეტებიანი მეუღლის გამაფრთხილებელ მზერას ვგრძნობ და ვითმენ. `ჰამ, ჰამ~, ყეფს მეტყველთვალება ფიროსმანის ძაღლი...

_ ... თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი, ოცდაერთი... _ ზვიადის ხმა უკვე სხვა განზომილებიდან მესმის, ეს ხმა კი არა, იმქვეყვიური იავნანაა.

_ ოცდაორი, ოცდასამი, ოცდაოთხი... შენ თანდათან ტოვებ სხეულს, შენი სული კოსმოსში მიფრინავს და ღრუბლებში იძირება... ჰაერის თბილი ტალღები სხეულზე გეკვრის, შენ გსიამოვნებს მათი შეხება. მზე ახლოა, დედამიწა შორს, შენ მოახერხე დროისა და სივრცის გადალახვა, შენ თავისუფალი ხარ, გაფრინდი, გაფრინდი, გაფრინდი...

_ _ _

არ ვიცი, ატმოსფეროს რომელ შრეები ვიმოგზაურე, ფაქტია, რომ დავბრუნდი. გარკვევით მესმის მანქანების გუგუნი და საბურავების ქვაფენილზე რახრახი. ვარაზისხევის სიახლოვეს ვარ, ორიოდე ნაბიჯში ჩემი სახლიდან.

შუშის კონსტრუქციიდან თბილისის ცა დამცქერის _ შავი, მქრქალი ვარსკვლავებით დაცხრილული, სმოგიანი ქალაქის შესაფერისი. შხამიანი გამონაბოლქვი ვარსკვლავს არ აძლევს საშუალებას პირველყოფილი სიკაშკაშით წარდგეს დედამიწელების წინაშე. სულ სხვაა სოფელი...

_ გუტენ აბენტ, ფრაუ იათამზე.

ჭერს თვალი მოვწყვიტე და ფეხებთან მდგარი ზვიადი დავინახე, რომელიც ამაოდ ცდილობდა ღიმილში გაქცეული ტუჩების დაჭერას.

აშკარად კმაყოფილია რეზულტატით. დაწყევლოს ეშმაკმა! გამოდის, მაინც დამაჰიპნოზა... შენ რა გითხარი, იათამზე, დაგაღალატა ნაქებმა ნებისყოფამ. ჯანდაბას, რაც მოხდა, მოხდა, ახლა მთავარია გავიგო _ რა დავაყრანტელე? ჩემი სახელი ისედაც იცოდა, ვინაიდან გერმანულ ენაზე მომესალმა, პროფესიაც სცოდნია, ოჯახური მდგომარეობაც...

_ რა გიხარიათ? _ ვკითხე გაღიზიანებულმა.

_ ასე მეტყობა?

_ პირდაპირ ანათებთ თვითკმაყოფილებისგან, მეშინია, არ გადაიწვათ.

_ ვინც ანათებს, ადრე თუ გვიან დაიწვება. არ არსებობს მუდმივი გენერატორი, რომელზეც მთელი ცხოვრება იქნები შეერთებული. _ აღნიშნა ფილოსოფიურად.

_ სამაგიეროდ არსებობენ თქვენსავით ურცხვი ექიმები, ვისთვისაც ჰიპოკრატეს ფიცი ცარიელი სიტყვებია.

_ `ვერც სისხლის სითბოს ვერ შეცვლი ცეცხლით, ვერც დაპირებას ვერ აქცევ ფიცად~...

_ პოეზია გყვარებიათ. _ ცალყბად გამეცინა.

_ თქვენ კი ტყუილები. _ მომიგო ნიშნის მოგებით.

_ არც უმაგისობაა. _ სულგრძელად ვაღიარე. საინტერსოა, ყველაფერი ვაღიარე თუ რაღაც მაინც დავიტოვე?

_ იცით, იათამზე, ჩემთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხეთ...

_ აზრების წაკითხვის ნიჭიც გაქვთ? _ უხეშად შევაწყვეტინე.

_ ხანდახან, კი. ეს არც ისე რთულია... მთავარია გამოცდილება და დაკვირვების უნარი.

_ დავუშვათ, ვუპასუხე თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს, მერე რა? _ ვთქვი და დემონსტრაციულად წამოვიმართე. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ შიში მთლიანად დავძლიე, არც პირში ვგრძნობდი მის სამარცხვინო გემოს, აღარც ხმა მიკანკალებდა.

_ არაფერი, გარდა იმისა, რომ გულადი ქალი ყოფილხარ, ცნობისმოყვარე... ასეთი თავგამოდება, ფაქტიურად უცნობი გოგოსთვის, გმირობის ტოლფასია.

_ მგონი ძვირად მიჯდება ე. წ. გმირობა. _ ცოტა არ იყოს, შევიფერე, თუმცა დაუყოვნებლივ გადავედი შეტევაზე. _ თუ გამომტეხეთ, იმასაც მიხვდებოდით, რომ კეთილშობილი მიზნები მამოძრავებდა და არა გამორჩენა.

_ რა მიზანს ისახავდა თქვენი `სიკეთე?~

_ სად გაგონილა სიკეთეს მიზანი ჰქონდეს? სიკეთე _ ბეზნესი არ არის, ფული ჩადო და დივიდენდებს დაელოდო.

_ გეთანხმებით. მაშინ ერთი შეკითხვა მაქვს: რატომ არ მომმართეთ სახელით, თქვენ ხომ შესანიშნავად იცით ჩემი ვინაობა?

მდაა, ყველაფერი დამიფქვავს, ნეტავ სამაჯურის შესახებ მოვასწარი აღიარებითი ჩვენების მიცემა?

_ ვთქვათ, გიცანით, რა იცვლება ამით?

_ თქვენი ეჭვები ჩემი პიროვნების შესახებ მაფორიაქებს. _ მიპასუხა ზვიადმა. _ ნატო ზანდუკელის ქვრივს არ ეკადრება ვიღაც მატრაკვეცა თიკას გამო ყვითელი პრესის ფურცლებზე ციმციმი.

_ მე რა კავშირი მაქვს ყვითელ პრესასთან?

_ არ ვიცი, ერთი სეანსი არ არის საკმარისი ადამიანის ფარული ზრახვების გამოსავლენად. რა გარანტია მაქვს, რომ ხვალ ინტერვიუს არ მისცემთ, ქვეყანას არ მოსდებთ, რომ ნატოს ქმარს ცოლის სიცოცხლეში საყვარელი ჰყავდაო.

_ თიკა თქვენი საყვარელი იყო? _ ვკითხე დაუფარავი ინტერესით.

ზვიადმა შარვლის ტოტზე არაარსებულ მტვერს წკიპურტი გაჰკრა და გვერდულად შემომხედა, ჩიტივით.

_ იყო, კი... რა არის ამაში დასაძრახი?! ხეიბარი ცოლი მყავდა, ბერად შედგომას არც მაშინ ვაპირებდი, არც ახლა... თავს არ ვიმართლებ, არა, უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ. ალბათ მიმიხვდით, რატომ არის ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თიკას ნახვა. მან, პრაქტიკულად მომაკვდავი ქალი გაძარცვა, ძვირფასეულობა არ იკმარა, ისტორიული ნივთები გააყოლა ხელს, სხვადასხვა ნომინაციებში მიღებული პრიზები, საჩუქრები ინიციალებით, რომლებსაც საქართველოში ვერც გაყიდის...

_ რატომ მოიქცა ასე?

_ ბოზია და იმიტომ. _ გამოცრა კბილებში და განზე გაიხედა.

_ სხვა კაცებიც ჰყავდა?

_ რა მნიშვნელობა აქვს, ბოზობა, სულის მდგომარეობაა და არა ვაგინის.

ვეთანხმები. შარშან მე და სერგო მოქალაქე მანანა კოტრიკაძის მკვლელობის საქმეს ვიძიებდით (იხ. `ფსიქოპათთა თამაშები~), ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ დამნაშავე ყოფილი ქმარია. საწყალი კაცი ციხეში გამოამწყვდიეს და ლამის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სინამდვილეში, საქმე გვქონდა არგაგონილ ვენდეტასთან. შურისძიების მიზნით მოქალაქე კოტრიკაძემ საკუთარი სიკვდილი შეუკვეთა! სხვათა შორის, იმ საქმეში ანდერძი ფიგურირებდა, აქ როგორ არის საქმე ანდერძთან დაკავშირებით? ნატოს შვილი არ ჰყავდა, გამოდის, ეს ორიგინალური სახლი-რატუშა, საავტორო უფლებები და სხვა ქონება ზვიდს რჩება. ვერსია, თიკას ქურდობის შესახებ

ბლეფია, ჩემს მისაძინებლად გადმოგდებული ანკესი, რომელიც იძულებული ვარ გადავყლაპო, თუკი სიცოცხლე არ მომძულებია.

_ მე ერთი ხვეულებრივი მასწავლებელი ვარ, არც ჟურნალისტებთან ვაპირებ ინტერვიუს მიცემას, არც ნაქურდალთან მაქვს რაიმე კავშირი.

_ ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომელიც არაჩვეულებრივ ზომებს მიმართავს ერთხელ ნანახი ქალიშვილის ვინაობის დასადგენად.

_ ...

_ ია მასწ, რა იცით, თიკას შესახებ? _ დამეკითხა ირონიულად.

აქ კი დავიბენი. წარმოდგენა არ მაქვს, რა ვილაპარაკე ჰიპნოზური ზემოქმედების ქვეშ. შაკოც თუ ვახსენე, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, ერთის ნაცვლად, ორი არასასურველი მოწმე გამოვდივართ.

ბედად, ზვიადის მობილურმა დარეკა. `ახლავე~, უთხრა ვიღაცას, ხელის აწევით მანიშნა, _ დამელოდეო, და აჩქარებული ნაბიჯით დატოვა დარბაზი.

გასული არ იყო, რომ კარში გერმანული ნაგაზი შემოხტა. ერთი პირობა მშველელის მოხმობა დავაპირე, რადგან ძაღლი დაოთხილი წამოვიდა ჩემკენ. პირი მართლაც გავაღე, მაგრამ სულ სხვა მიზეზით _ ძაღლს კბილებით ფურცელი მოჰქონდა. რაც მთავარია, ფურცელი ფეხებთან დამიგდო და გამამხნევებლად შემომყეფა. აჩხა-ბაჩხად დაწერილი ასოები ჯერ ხუმრობა მეგონა, მაგრამ როცა შინაარს გავეცანი, ჭკვიან ცხოველს კინაღამ ხელი ჩამოვართვი. `ცოცხალი ვარ, მიშველეთ~ _ აი, რა ეწერა.

_ ნორა, ნუ აშინებ სტუმარს. _ დარბაზში ზვიადი შემოვიდა.

ნორამ თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა და პატრონს შეეგება, მე ხელში ჩაბღუჯული გზავნილი ქურთუკის სახელოში შევიცურე.

_ ფუ, ნორა, ფუ! ნუ დამდორბლე, მოშორდი აქედან, ფელიქმა უკვე დაიძინა, შენ რას დაძრწიხარ წინ და უკან?! _ ზვიადმა ხელები აიქნია და ჩემკენ მოტრიალდა. _ ადექით, იამზე, გვიანაა უკვე.

_ სად მივდივართ? _ დაძაბული წამოვიმართე.

_ მანქანამდე მიგაცილებთ.

_ რომელ... მანქანამდე?

_ `აუდი~, რომელიც აქვე გიყენიათ, ვარაზისხევში.

იცის, ყველაფერი იცის და მაინც ასე მარტივად მიშვებს? უსიტყვოდ გავყევი. ანტიკვარული ავეჯით გაწყობილი ჰოლი გადავჭერით და ეზოში გამოვედით. ალაყაფთან ბოლთას სცემდა მეომარი მამლის მსგავსი იროკეზიანი სუბიექტი, ის, რომელმაც ნაშუადღევს შაკო აბურთავა. ჩვენ დანახვაზე ალაყაფში ჩატანებული მომცრო კარი გამოაღო და გარეთ გავიდა. ზვიადმა დიდსულოვნად დამითმო გზა.

_ დიდი მადლობა, აწი ფეხით წავალ. _ ნაცნობ ქუჩაზე თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი. მელიქიშვილზე ავალ, იქიდან ვარაზისხევზე დავეშვები, რა პრობლემაა?!

_ მიგაცილებთ. _ მოკლედ მომიჭრა ზვიადმა და ხელმკლავი გამომდო.

სამივე ერთად წავედით, მაგრამ სულ სხვა მარშრუტით. მივხვდი _ მოკლეზე გადაწყვიტეს ჩაჭრა, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით. იროკეზიანი წინ მიირწევა, ჩვენ უკან მივყვებით. არ მინდა ცუდზე ვიფიქრო, მით უფრო ახლა, როცა ფაქტობრივად

თავისუფალი ვარ, მაგრამ წინათგრძნობამ არ იცის _ `მინდა-არ მინდა~, პირი ისე გამიშრა, თითქოს ტონობით უმწიფარი ხურმმა შემომეჭამა. რომც მივინდომო, ვერ გადავაფურთხებ, ორგანიზმმა ბოლო წვეთამდე შეისრუტა წყლის მარაგი.

ჩავუარეთ კერძო სახლებს, ეზოებს, ბორდიურებზე სანახევროდ შესკუპულ მანქანებს. სახლებში შუქია, ადამიანები სხედან ტელევიზორებთან, რძიან ყავას მიირთმევენ და წარმოდგენა არა აქვთ, რა ბედნიერები არიან ჩემთან შედარებით. ნოემბრის ქარი ზურგში მიბერავს და შარვლის კალთებს მიფრიალებს, ნეტავ ისე დაუბეროს, მიწას მოვწყდე და ცაში ავფრინდე, რომ აღარასოდეს დავინახო ამ ზონდერების თავზეხელაღებული სიფათები.

როგორც იქნა, ჩემი მანქანაც გამოჩნდა, ისეთი შვება ვიგრძენი, წამში გადამიარა ფრენის სურვილმა. აქამდე თუ მომიყვანეს, ახლა რა ღმერთი გაუწყრებათ? ქურთუკის ჯიბეში გასაღები მოვიძიე, სიგნალიზაცია გამოვრთე და საჭესთან მოვკალათდი. თავზარი მაშინ დამეცა, როცა დავინახე, როგორ ჩამიხტა უკანა სალონში იროკეზიანი ზონდერი. პისტოლეტის დანახვაზე საერთოდ დავკარგე მეტყველების უნარი.

_ შენ ახლა მანქანას დაქოქავ და სადაც გეტყვი, იქ წახვალ. _ ყურში ჩამსისინა `იროკეზმა~.

_ დაუჯერე, იათამზე, შენთვის ასე აჯობებს. _ მირჩია გზისპირას დარჩენილმა ზვიადმა და თვალი ჩამიკრა, ზუსტად ისე, როგორც პანოზე დახატულმა ესპანელმა დონმა.

_ ხმა, კრინტი, თორემ ტრუპს გაიხალიხებ. _ გამაფრთხილეს უკნიდან.

რა `ხმა?~ რის `კრინტი?~ სამუდამოდ ჩავყლაპე ჩემი გრძელი, მოქნილი ენა. ზვიადმა ხელი დაგვიქნია და ქუჩა გადაკვეთა. არც მოუხედავს, ისე შეერწყა სიბნელეს.

_ გააკეთე, რაც გითხარი. _ ბოროტმოქმედმა პისტოლეტის ლულა კაშნეს რგოლებს შორის შეაცურა და კისერზე დამაჭირა.

საკეტში გასაღები შევარჭვე და სარკეს გავხედე _ აღმართიდან დაძვრისას ყოველთვის ასე ვიქცევი, რომ უკან მომდგარ მანქანას არ დავეჯახო. და უცებ შაკო დავლანდე _ მოზრდილი ქვით ხელში სანადიროდ გამოსულ პითეკანტროფს ჰგავდა.

მივხვდი, რასაც აპირებს...

კარის გაღებისთანავე თავი დავხარე, იროკეზიანმა კი აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო, ისე დაეშვა საამაყო ბიბილოზე შაკოს ნასროლი ქვა. უკანა სალონში დიდი ორთაბრძოლა გაიმართა, სამალავიდან ამოვყვინთე და მივხვდი _ საქმე ცუდადაა _ `მეომარი მამალი~ აშკარად ჯაბნის გრძელთმიან `პითეკანტროფს~. დაუყოვნებლივ გადმოვხტი მანქანიდან და ჰაერიი ერთი მაგიური სიტყვა გავტყორცნე:

_ პატრულიიიი!

სინამდვილეში, პატრული ახლოსაც არ ჭაჭანებდა, მაგათ მხოლოდ საგზაო წესების დარღვევაზე აქვთ გამახვილებული ყნოსვა. იროკეზიანმა შაკოს მისიკვდილებას თავი დაანება და ფართხაფურთხით გაიქცა ზოოპარკის მიმართულებით. ცხადია, არ გავკიდებივარ, თავპირდასისხლიანებულ შაკოს ვეცი.

_ _ _

რაც უფრო შევდიოდი მოყოლის ეშხში, მით უფრო ეღრუბლებოდა სახე მაიორ ოქრუაშვილს. მე ის ამ დილით გამოვიძახე, როცა ტკივილისგან მისავათებულ შაკოს ჩაეძინა. საფეთქელთან საკმაოდ ღრმა ჭრილობა აღმოაჩნდა, ეტყობა პისტოლეტის ლულა უხათქუნა იმ გარეწარმა მამლაყინწამ. საავადმყოფოში არ წამომყვა, იძულებული გავხდი სახლში ამომეყვანა და ჭრილობა ჩემი ხელით დამემუშავებინა. ნაშუაღამევს ტრანკვილიზატორი მივეცი და ლოგინი კაბინეტში გავუშალე.

_ კი მაგრამ, სად იყავი ამდენ ხანს? _ ეს იყო პირველი შეკისხვა, რომელიც სერგომ დამისვა.

_ გამარჯობა! _ მე ნიშნის მოგებით მოვიღერე კისერი. _ შენ ის მაიორი არ ხარ, წვრილმანებზე ნუ მაცდენო, რომ მსაყვედურობ?

_ რაღა წვრილმანი, გოგო, ცნობილი მომღერლის ნაცვლად სხვა თუ ჩაჭედეს კუბოში, სკანდალია რესპუბლიკის მასშტაბით. _ ხელები გაშალა სერგომ.

_ სხვასა შორის, ის გოგოც, თიკა წულუკიძეც მომღერალია.

_ არ ვიცი, არ გამიგია, შეიძლება არის კიდეც, მაგრამ ნატო ზანდუკული ლეგენდაა.

_ ცოცხალი ლეგენდა. _ შევაპარე აქედან.

_ აბა, მკვდარი ლეგენდა მე არ გამიგია!

_ ჩვენგან გასაკვირი არაფერია, ორიგინალური სვლები გენეტიკურად მოგვდგამს. მოდი ასე ვთქვათ: ცოცხალ-მკვდარი ლეგენდა. ადამიანი, რომელმაც ძაღლის მეშვეობის ფურცელი გადმომცა, სავარუდოდ ნატო ზანდუკელია. თიკა არ დაწერდა _ `მე ცოცხალი ვარ...~ მისი სიკვდილი არ იდგა დღის წესრიგში, თუმცა შველა შეიძლება მასაც ეთხოვა.

_ სასწაული პირდაპირ! ცხოველმა რანაირად გადმოგცა წერილი, ძაღლია თუ ფოსტალიონი? დაფიქრდი, იამზე, იქნებ გათახსირებულმა ჰიპნოზიორმა ჩაგინერგა ეგ სისულელე, შენ კი ზიხარ და მე მაბოლებ... ჰო, რას გადმომილაგე თვალები? პოლიციაში მაქვს ჭიპი მოზრილი, შენზე კარგად მომეხსენება, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მაღალი კვალიფიკაციის ჰიპნოლოგს. ამნეზიის შესახებ გსმენია? _ სერგო მთელი თავისი ზონზროხა ტანით გადმოიხარა და წარბქვეშიდან შემომხედა. _ გატყობ, გსმენია, მაგრამ ისე, სამასწავლებლოში ჭორაობის დონეზე, ალბათ ტელევიზორშიც მოგიკრავს ყური. მე კი ნაღდს გეუბნები, ნაღდს! მისმინე, ამასწინათ მაგი ავიყვანეთ აღრიცხვაზე, რა ვი, თეთრი მაგი ვარო, გაიძახის... თურმე შავებიც არსებობენ! აზრზე მოდი, შთაგონებით შეუძლია ადამიანის კოდირება, არასასურველი ეპიზოდის მეხსიერებიდან ამოშანთვა, ან პირიქით. აბა?

_ მაიორო ოქრუაშვილო, იმის თქმა გინდა, ის ძაღლიც შთაგონებით დავინახე? და იარაღიც მომეჩვენა, გატაცების სცენაც ვიღაცამ ჩამიკოდირა და საერთოდ, იქ დაჭრილი ადამიანის ნაცვლად მულიაჟი წევს. _ ხელი კაბინეტისკენ გავიშვირე, სადაც მძინარე შაკო მეგულებოდა.

_ რა გაყვირებს თუ იცი, არ გაიღვიძოს ბიჭმა! _ სერგომ მზერა ამარიდა.

ასე იცის ხოლმე, როცა მორიგ სისულელეს დააყრანტალებს. მზერას თუ ამარიდებს, ვითომ არ უთქვამს.

_ ჰო, კარგი, მომიტანე ის ფურცელი. _ ჩაიბურტყუნა.

ამაყად წამოვიმართე და დერეფანში გავედი. ნივთმტკიცებას რომ ავუფრიალებ, მერე რაღას იტყვის? ქურთუკის ჯიბეები მოვიჩხრიკე, მაგრამ ფურცელი ვერ ვიპოვე. მერეღა გამახსენდა, რომ სიჩქარეში სახელოში შევიტენე, ეტყობა გზაში ამომივარდა.

ხელცარიელი შემოვბრუნდი ოთახში. სერგო ლიქიორიან შოკოლადებს ავლებდა მუსრს, თან შეგრილებულ ყავას აყოლებდა.

_ დავკარგე. _ ვაღიარე გულდაწყვეტილმა.

_ ეგ არაფერი. _ მაპატია სერგომ, შოკოლადმა ბედნიერების ფერმენტები აუშალა და ხასიათზე მოიყვანა. _ ფურცლის დაკარგა პრობლემა არაა, აი, შენ კი მაგარი თავსატეხი გაუჩინე, ადვილად არ მოგეშვებიან.

_ ვიცი. შაკო რომ არა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, დაახლოებით ვხვდები, რას გეგმავდნენ. წყნეთში ასვლას მიბრძანებდა იარაღის ლულის ქვეშ, რომელიღაც ქარაფთან გამთიშავდა, თვითონ გადმოვიდოდა, მანქანას კი ხრამში დააგორებდა. კაპუტ, იათამზე. რას ჩავუშხამებდი მივლინებას საწყალ დათას?

_ სუფთა შარი ხარ, რა... როგორ გიძლებს ქმარი?!

_ შენმა მზემ, ვითომ არ მეპრანჭებოდი. _ წარსული გავახსენე სერგოს.

_ მაშინ კარგად არ გიცნობდი. არ ვხუმრობ, შენთან ცხოვრება იგივეა, რომ დეტონატორზე იჯდე.

_ მარტო ჯდომას, დეტონატორზე ჯდომა ჯობია. ჰო, ჯდომაზე გამახსენდა... ორმოცდახუთ წუთში გაკვეთილზე უნდა ვიჯდე. ან ვიდგე, სულერთია.

_ გაგიჟდი, კოლეჯში აპირებ წასვლას?

_ რას მირჩევ, გაკვეთილი ჩავაგდო? თუ ჩემს დირექტრისას ვუამბო სათაყვანებელი მომღერლის მეუღლის საგმირო საქმეების შესახებ? მეტიც არ უნდა, მაშინვე ქვეყანას მოსდებს. აი, მაშინ მართლა არ ამცდება ოთხი ფიცარი.

_ საფლავის ექსჰუმაციას ეხუმრები? _ სერგომ წარმოდგენილ უფროსს შეუტია, _ ნებართვის აღებას სერიოზული არგუმენტი სჭირდება. საქმე უნდა აღიძრას, პირს ბრალდება წაუყენდეს, დაპატიმრების სანქცია გაიცეს...

_ ამასობაში, ზვიადი წირვას გამოუყვანს თავის ინვალიდ ცოლს. ქალმა მე მთხოვა დახმარება, მე! წარმოგიდგენია, რა ტერორში ჰყავს?

_ ქალი თუ გოგო?

_ მე მაინც ქალი მგონია. თიკა რომ ცოცხალი იყოს, აქამდე გამოჩნდებოდა.

_ ვინ არის ეს ზვიადი, რა კაცია?

_ მე მეკითხები? მე წარმოდგენა არ მაქვს. მაიასგან გავიგე, რომ ორი-სამი წლის წინ შეუღლდნენ. ბოროტმოქმედი ნამდვილად არის. ეს ერთი... _ ზვიადის დასახასიათებლად მოღუნული თითები მექანიკურად გავშალე და სერგის მოჯლუგუნი გავკარი. _ მოიცა, მოიცა, ეს კაცი თუ ჰიპნოლოგია, სადმე უნდა გყავდეს აღრიცხვაზე. პოლიცია თქვენ ხართ და...

სერგომ შოკოლადის ღეჭვა შეაჩერა და ღაჟღაჟა, გლეხურ სახეზე ფიქრის ნაოჭები აისხა. რანაირი ქართლელია, რაჭველივით ნელა აზოვნებს. კახელი დედისგან მხოლოდ ვირის ლამაზი თვალები და როყიო იუმორი გამოჰყვა.

_ გავარკვევ. _ დაბეჭდა ბოლოს. _ აქედან პირდაპირ სამსახურში წავალ და გავარკვევ. ჯერ შენ მიგაცილებ კოლეჯამდე, სადმე გზაში არ მოგაძრონ თავი.

მეგობარიც ასეთი უნდა, დამშვიდების ნაცვლად საშინელებათა სცენებს მიხატავს, თითქოს წუხანდელი არ მეყოფა. რომ არ ვიცოდე, როგორი ოქროს გულის პატრონია,

ადგილზე მოვაჯენდი, მაგრამ სერგოზე გაბრაზება იგივეა... იგივეა, ვირისგან წიხლი გეწყინოს. შოკოლადის კანფეტი პირში გავიქანე და ტანსაცმლის გამოსაცვლელად გავემართე.

კოლეჯში ბოტასებით ვერ წავალ, სპორტულ ტანსაცმელში გაკვეთილების ჩატარება მკაცრად გვეკრძალება. მაიას კონტროლზე ჰყავს აყვანილი თითოეული მასწავლებლის კაბა-შარვალი. კიდევ კარგი, თეთრეულზე არა აქვს სანქცია, თორემ მისი ცნობისმოყვარეობის ამბავი რომ ვიცი, სიამოვნებით გაგვატარებდა ინტიმ კონტროლზე.

არჩევანი ტვიდის კოსტიუმზე შევაჩერე. ჩექმებზე მიდის, ბატისტის პერანგზეც. სარკესთან შევყოვნდი. ერთი `ვერსაჩეს~ ჰალსტუხი მაქვს, დეიდაშვილმა ჩამომიტანა პრაღიდან, საჩუქარი აღტაცებით მივიღე, მაგრამ დღემდე ვერ შევურჩიე გარდერობი. ტვიდის კოსტიუმს უნდა მოუხდეს. ჰალსტუხი კოლოფიდან გადმოვფერთხე, ბირკა მოვაძრე და ისევ სარკეს მივაშურე. უხდება, მაგრამ მეტისმეტად პროტოკოლურია. სერგო უეჭველად გამაშაყირებს. თუ სერგო გამაშაყირებს, ე.ი. მოწაფეებიც გაიცინებენ, კოლეგები ისედაც თეთრ ყვავად აღმიქვამენ, ჰალსტუხიან ყვავს ხომ საერთოდაც არ მიმიღებენ მარაქაში.

მოდი, სერგოზე შევამოწმებ.

ტუში წავისვი, მარჯვენა ნესტოსთან, სიმწიფის ხანაში შესული ფერიჭამია ამოვიგდე, პუდრით შევნიღბე და მისაღებში შევბაკუნდი.

_ ვა, გალსტუკინო პეპელა?! _ შემაგება სერგომ.

_ გოიმო, შენ რა გესმის მოდის! ტელევიზორში მაინც არ გინახავს გალსტუკიანი ქალები?

_ ჟურნალისტებს უკეთიათ ხოლმე, წამყვანებს...

_ მერე?

_ მერე შენ ჟურნალისტი ხარ?

_ ჟურნალისტზე მეტი ვარ! დეტექტივი, პლიუს მასწავლებელი, პლიუს...

_ ავთო ცქვიტინიძე. _ სერგო შარვალის ფერთხვით წამოდგა და შოკოლოდის ნაფხვენები პირდაპირ ნოხზე დამიყარა.

ფეთხუნი, რა შუაშია ავთო ცქვიტინიძე ჩემს ჰალსტუხთან?

ჯანდაბას, მანქანაში მოვიხსნი.

სახლიდან გასვლის წინ შაკო გამახსენდა. რომ გაიღვიძოს და ვერ მიპოვოს, გაგიჟდება. დათამ თუ ნაადრევად შეწყვიტა მივლინება, ახლა იმის გაგიჟება ნახეთ, როცა ლოგინში წამოკოტრიალებულ ჰიპს დაინახავს. შემზარავი კადრები თავბრუდამხვევი სისწრაფით დამიტრიალდა თავში.

_ ამას რა ვუყოთ? _ დავეკითხე სერგოს.

_ წერილი დაუტოვე.

იდეა მომეწონა. წერილი უკვე ალიბია. იმისთანა ეპისტოლე გავაშანშალე, ქვას გახეთქავდა.

ფეხის წვერებზე შევიპარე კაბინეტში, მაგრამ იქვე დავეშვი. ლოგინი ცარიელი იყო. უკანა სვლით გამოვედი დერეფანში და სერგოს მასიურ ღიპს შევასკდი.

_ ზურგზე გაქვს თვალები? _ ხუმრობა სცადა მაიორმა.

_ გაიპარა.

_ რაო?

_ შაკო გაიპარა. _ წავილუღლუღე დაბრეულმა.

სერგომ გვერდზე გამწია, კაბინეტში შეაბოტა და უკანვე გამოაბოტა. ჩემზე დაბნეული ჩანდა, შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფილი.

_ რას უნდა მივაწეროთ ეს ამბავი? _ ვიკითხე უმისამართოდ.

_ უმადურია, ვიღაცაა.

_ არა, სხვა რამეა... _ მობილურზე შაკოს ნომერი ავკრიფე. აბონენტი გასული აღმოჩნდა მომსახურების ზონიდან. ამისთანა რა ზონაში მოკურცხლა, როცა ერთი საათის წინ პატიოსნად ეძინა. _ კარგი, წავიდეთ, თორემ დამაგვიანდება. გამოჩნდება როცა იქნება, აბა, სად წავა?

_ პირველ რიგში ეგ ბიჭი უნდა დაიკითხოს. _ აღნიშნა სერგომ და ჩემზე უწინ დაეშვა კიბეზე.

_ იმაზე მეტს, რაც მე ვიცი, არ გეტყვის.

_ საქმეს თუ მსვლელობა მიეცემა, არც შენ აგცდება ჩვენების მიცემა. _ ამომძახა ქვევიდან.

_ ვემსახურები მამულს და პროკურატურას. _ მრავალტანჯული ხელჩანთა მხარზე გადავიკიდე და მეც დავეშვი.

კოლეჯამდე ექსკორტით მიყვანაზე უარი განვაცხადე, სერგოს დაფხავებულ მანქანასთან შედარების, ჩემი `აუდი~ ჯიშიანი მუსტანგია.

ზედიზედ ორი გაკვეთილი ჩავატარე და მაიას დასაკითხადაც მოვიცალე. დედა-დედოფალი (როგორც ზურგსუკან დავცინოდით) კაბინეტში იჯდა და ფერადოვან ჟურნალს ჩაჰკირკიტებდა. ეტყობა რაღაც ჭორზეა ჩაციკლული _ ჩემი შემოსვლა არც გაუგია. ახალი წელი კარზეა მომდგარი, მასწავლებლებს ბოლი ასდით, ამას კი ფეხი ფეხზე გადაუდია და მარგინალურ პრესაში ბანაობს. პრინციპში, მეც საჭორაოდ მოვედი.

დელიკატურად ჩავახველე.

მაიამ სათვალის ზევიდან შემომხედა, ცნობისმოყვარედ გამოყოფილი ენის წვერი კი გარეთ დარჩა. მგონი ცუდ დროს მივადექი.

_ ერთი შეკითხვა მაქვს. _ ვთხოვე დელიკატურად.

_ რასთან დაკავშირებით?

_ ნატო ზანდუკელის ქმართან...

_ რას გადაეკიდე ამ კაცს, მეორე ცოლად ხომ არ აპირებ დაჯდომას?

_ თუ დავაპირებ, პირველ რიგში თქვენ ჩაგაყენებთ საქმის კურსში. _ ბოროტ ხუმრობას შესაფერისი პასუხი გავეცი. მე ამას პარაზიტი ნუციკო ხომ არ ვგონივარ?!

_ აბა, შენ იცი, _ მაიამ სათვალე მოიხსნა და შემფასებლურად შემათვალიერა. კიდევ კარგი, ჰალსტუხის მოხსნა მოვასწარი, თორემ უეჭველი საპატარძლოს იარლიყს მომაკრავდა. _ კარგი, დაჯექი და მკითხე რაც გინდა... გიპასუხებ, მხოლოდ ერთი

პირობით: უნდა ჩამაყენო საქმის კურსში. რაღაც საეჭვოდ მოძრაობ ამ ოჯახის გარშემო. ჯერ იყო და პანაშვიდზე გიხილე სრულიად, ბოდიში და, გამოქათამებული, მერე მობილურზე დამირეკე და დასაფლავების ადგილით დაინტერესდი. რა ხდება, კოლეგა იათამზე?

ჩემს ტვინში ჯაჭვური რეაქციების მთელი კასკადი გადაება ერთმანეთს. სიმართლეს ვერ გავუმხელ, მაგრამ მსუყე ლუკმა თუ არ გადავუგდე, შეიძლება გასკდეს ნაკერავზე.

_ არის ასეთი დამწყები მომღერალი, თიკა წულუკიძე... რაიმე ხომ არ გსმენიათ მის შესახებ?

_ ის გოგო ხომ არაა, უტიფრად დეკოლტირებული რომ დაშლიგინებს სცენაზე?

_ საიდან იცით?

_ კლიპს მოვკარი თვალი, რომელიღაც მუსიკალურ არხზე ატრიალებდნენ, ინტერვიუც დაიბეჭდა პრესაში, რაღაც განსაკუთრებული არ მახსენდება. რატომ მეკითხები?

_ ზვიადის საყვარელია.

_ იფ!

_ დეიდამისი კი ჩემი ახლობელია. ჰოდა, გვაინტერესებს, რა კაცია ეს ზვიადი, ვინ არის, საიდან მოსულა, ღირს თუ არა მასზე ფსონის დადება.

_ ზვიად ჭიაბერაშვილის დასაწუნი რა სჭირს იმ ბოზანდარა გოგოს? _ მაიამ აღშფოთებულმა დაკეცა ჟურნალი. _ საკვირველია, ნატოს შემდეგ ვიღაც თიკასთან რა საერთო გამონახა... მაგრამ კაცები ხომ ნახევრად ცხოველები არიან, პროვოკაციულად ჩახსნილი მკერდის დანახვაზე მათი ინტელექტი ადგილმონაცვლეობას განიცდის, ფეხებს შორის კონცენტრირდება.

_ რა ამისთანა ინტელექტის პატრონია?

_ უტვინო კაცს ნატო არ გაჰყვებოდა. ღარიბსა და უქონელს შეიძლება გაყოლოდა, მაგრამ უინტელექტოსა და უტვინოს, გამორიცხულია. ქონება და პოპულარობა ნატოს არ აკლდა, სხვა რას უნდა დაფეთებოდა?

_ მეც ეგ მაინტერესებს, ვერაფრის დავადგინეთ ვინაა, სად მოღვაწეობს, ნატო პირველი ცოლია, მეორე თუ მეათე? _ ჩამოვარაკრაკე.

_ თუ არ ვცდები ყოფილი სპორტსმენია, მოგვიანებით მწვრთნელად მუშაობდა. რაღაც პერიოდი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ იქ გაიცნო ნატო, რომელიც ემიგრანტების მიწვევით მადრიდში კონცერტებს მართავდა. სიგიჟემდე შეუყვარდათ ერთმანეთი, ნატო ზვიადზე უფროსი იყო, მაგრამ სიყვარულმა ასაკი არ იცის, არა... _ მაია რომანტიკული გამომეტყველებით გადაწვა სკამის საზურგზე. მგონი თავადაც ყაბულს იყო მოკლევადიანი ფლირტი გაეჩაღებინა ახალგაზრდა მაჩოსთან. ქმარიც ჰყავდა, თანაც საკმაოდ წარმატებული, მაგრამ კულუარული ინფორმაციით პროსტატის ჯირკვალზე ოპერაციის შემდეგ მამაკაცური ღირსება მხოლოდ მოსაშარდად არგია.

_ ზვიადის ბიოგრაფია არ ვიცი, მაგრამ ნატო ორჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში. _ განაგრძო მაიამ. _ ამბობენ, საყვარლებიც ჰყავდაო. ვერ გავამტყუნებ, ტემპრამენტიანი ქალი იყო, გარშემო საუკეთესო მამაკაცები ეხვია, რთულია გაუძლო ცდუნებას, ძალიან რთული... სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში მარლენ დიტრიხის სიტყვები გაიხსენა: `ბედნიერება მოდის მასთან, ვისაც სიყვარულის უნარი გააჩნია.~ დააკვირდი, იათამზე, რა ბრძნული გამონათქვამია.

ვეთანხმები ფრაუ დიტრიხს, ქალბატონ მაიას და ყველა მოქმედ და აწ გარდაცვლილ ბრძენს, მაგრამ ე. წ. გამონათქვამები ვერ მიშველის სიმართლის დადგენაში. გარდაცვლილის ხელზე ნანახი ოქროს სამაჯური მოსვენებას მიკარგავს. სერგომ რომ ზურგი მაქციოს, ჩემი ხელით ამოვთხი ცრუ ნატალიას სამარიდან.

ვერ ვიტყვი, რომ დირექტორთან საუბარმა მთელი ასი პროცენტით დამაკმაყოფილა, მაგრამ ზვიადის ფსიქოლოგიურმა პორტრეტმა მეტ-ნაკლებად მკაფიო კონტურები შეიძინა. ყოფილი სპორტსმენი და ცნობილი მომღერალი _ ტანდემს ანგარების სურნელი დაჰკრავს. გასარკვევია, რა პირობებში მოხვდა ნატო ავტოკატასტროფაში. წუხანდელი მანევრის გათვალისწინებით, ზვიადი და მისი ზონდერები გამეცადინებულები არიან ხელოვნური ავარიების მოწყობაში.

სამასწავლებლოში ნამცხვრის დეგუსტაციას შევესწარი. ნამცხვარი ქიმიის მასწავლებელმა მოიტანა, რომელიც პირდაპირ ნადირობდა ეკზოტიკურ რეცეპტებზე და როდესაც შესაფერის ინგრედიენტებს მოიპოვებდა, აცხობდა და აცხობდა. აბა, მე ვარ ქალი?! თბილ-თბილი ნამცხვრების ნაცვლად თბილ-თბილ გვამებს დავდევ, სახლში კი ლაზარეთი მაქვს გამართული.

საწყალი დათა.

ნამცხვარი გავსინჯე. ნეტარებისგან თვალები არ გადამიტრიალებია (როგორც ზოგიერთ ჩემს კოლეგას) მაგრამ ზომიერი კომპლიმენტი დავტოვე. და კოლეჯიც.

_ _ _

ნამცხვარმა მადა გამიღვიძა. დიდხანს არ მიფიქრია, პირდაპირ ლელასთან გავწიე.

ქათმის ბულიონი ცოცხალი ოხრახუშითა და სალათა `ოლივიე~ _ აი, ეს კერძები დამახვედრა საყვარელმა დაიკომ. ბულიონი ისე მესიამოვნა, ერთი ულუფაც დავიმატე. `ოლივიესთვის~ ადგილი არ მეყო. სამაგიეროდ, ლელას წუწუნმა ძირფესვიანად შემივსო სარეზერვო უჯრედები. წუწუნის თემა _ ჩემი დისშვილები: ანანო და მიკა. ლელა ფეთიანი დედაა, საკმარისია ბავშვებს (ერთი სტუდენტია, მეორე აბიტურიენტი) შეაგვიანდეთ, გულის პრანჭვები ემართება. ანანოს მეტ-ნაკლებად იმორჩილებს (გოგოა, ენაცვალოს დედა), მიკა (საძაგელი ბიჭი) კი თვლასა და ხელს შუა უსხლტება. ამასწინათ, მობილური ტელეფონი რაღაც სულელურ `ემპეტრიში~ გაცვალა და საერთოდ მიუწვდომელი გახდა ოჯახის წევრებისთვის. არადა, წინ ეროვნული გამოცდები ელის, რისი ჩამბარებელია, როცა სექტემბრიდან მოყოლებული ერთსა და იმავე საგანში სამ-სამი რეპეტიტორი გამოიცვალა. იძახე, რამდენიც გინდა _ ნიჭიერიაო, ნიჭს შრომისმოყვარეობა თუ არ მიაშველე, ნიჭიერ მენაგვედ დაბერდები. მიკას რომ ჰკისხო, მენაგვე საპატიო პროფესიაა, მარტო ნარინჯისფერი უნიფორმა ღირს ერთ ჩაცმად, მაგრამ დედამისს ეჭვი მეპარება, რომ დასუფთავების სამსახური იყოს მიკას ოცნების მწვერვალი.

_ არ ვიცი, რა ეშველება, ასე თუ გააგრძელა, არქიტექტურის ფაკულტეტზე კი არა, საბუღალტრო კურსებზე ვერ მოეწყობა. _ ქოთქოთებდა ლელა.

_ შენც იტყვი, რა, მიკა და ბუღალტერი!

_ ბუღალტერი ისე ვთქვი, სიტყვის მასალად, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მართვის მოწმობასაც ვერ აიღებს, იმიტომ, რომ იქაც გამოცდაა ჩასაბარებელი. გამოცდისთვის კი უნდა მოემზადო, წაიკითხო, დაიმახსოვრო, ტვინი გაანძრიო, მიკას კი მარტო საჩვენებელი თითი უმუშავებს კარგად, ის, რომლითაც კომპიუტერის კლავიატურას უკაკუნებს. ღმერთო,

ნეტავ ზაფხულამდე გაითიშოს ეს წყეული ინტერნეტი, რას ამოვისუნთქებდი?! _ ინატრა ლელამ.

_ არ გადაუხადოთ ინტერნეტის ფული და გაეთიშება. _ რძიანი ყავა მოვსი და მოთენთილი გადავესვენე სავარძელზე. სიგარეტს გააბოლებდა კაცი, მაგრამ ლელა აივანზე გამაგდებს. სიცივეში რა კაიფი აქვს მოწევას. სიგარეტი ყავას და კომფორტს უხდება.

_ მერე ანანოს რა გადაურჩება?! ღამ-ღამობით თავის ძვირფასთან აქვს გამართული ვირტუალური დიალოგი. ჯერ ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული, მერე მობილურზე მესიჯობდა ოცდაოთხი საათი, ახლა კომპიუტერი აითვისა. _ ლელას ისეთი შეწუხებული სახე აქვს, ხვალ რომ ნანოტექნოლოგიების საწინააღმდეგო აქცია გაიმართოს, პირველი გავარდება ტრანსპარანტით ხელში.

_ შენი ნება რომ იყოს, დროს დააბრუნებდი და გამოქვაბულში გამოიკეტებოდი ოჯახთან ერთად. არც მობილური შეგაწუხებდა, არც ტელეფონი, არც ეროვნული გამოცდები. სადილად მამონტის მწვადი გექნებოდათ, ვახშმად არქეოპტერიქსის კუჭმაჭი, ღამე კი გამოქვაბულის ბნელ კუთხეში შეჯვარდებოდით, ყოველგვარი პრელუდიისა და პრეზერვატივის გარეშე.

_ მამონტის მწვადი გერჩიოს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.

_ ახლა შენ შვილებს ჰკითხე... _ ამოვიოხრე.

_ ცხადია, აქრეოპტერიქსზე ნადირობა გაცილებით რთულია, ვიდრე ნონსტოპის რეჟიმში კომპიუტერის ექსპლუატაცია. იცი რა მაგიჟებს? მაგათი ინფანტილიზმი.

`ინფანტილზმმა~ მაშინვე იაკო გამახსენა. სად დაიკარგა `მძინარე ანსიმოზი?~ მობილური ამოვიღე, ისე, რომ დაინტერესებული მზერა არ მომიშორებია ეშხში შესული ლელასთვის. შაკოს ნომერი დუმდა, ქადაგად დაცემული ლელა კი არ ცხრებოდა:

_ ანანოს კიდევ რა უშავს, სწავლობს მაინც, მუშაობის დაწყებას აპირებს, შეყვარებული ჰყავს, იმედს ვიტოვებ, არანარკომანი. აი, მიკა მანაღვლებს, მიკა... ბიოლოგიური საათი არეული აქვს, დღე სძინავს, ღამით ქსელშია მიერთებული, ვეუბნები _ ბიჭო, თმები დაგცვივდება, მუწუკები დაგაყრის, გოგოები ზედ არ შემოგხედავენ... ყურსა ბამბისასა! იცი, იათო, ჩემი შვილი რომ არ იყოს, ვიფიქრებდი, დაპროგრამირებულია.

_ დაპროგრამირებული კი არა, გამოგიქლიავებია ამდენი შენიშვნებით. დაანებე რა თავი! ქუჩაში ფურთხებას კომპიუტერში ჩეთაობა ჯობია. სტუდენტი რომ გახდეს, მერე რაღას იტყვი?! _ მობილური შევინახე და ლელას შევხედე.

ფართოდ გახელილი თვალებით მიყურებს, აშკარად დიადი აზრები უტრიალებს გახურებულ თავში. ვაიმე, აღარ მაქვს მოსმენის ნერვები, ყუათიანმა საჭმელმა მომთენთა და ძილისთვის განმაწყო. სად არის შაკო, რატომ არ მპასუხობს?

_ იათო, შენ გამორიცხავ ვინმე ეკრანიდან ახდენდნენ ზემოქმედებას?

აჰა, გააჟღერა ნაფიქრალი. სჯობდა გაჩუმებულიყო.

_ ჰო, ლელა, ბილ გეითსის ფანტომი იჩითება ხოლმე და მიკას აჰიპნოზებს.

_ თუკი არსებობს რეალური ჰიპნოზი, ვირტუალურმა ვითომ რა დააშავა?

რომ არ ვიცოდე, ვისთან მაქვს საქმე, ვიფიქრებდი, სპეციალურად შემომიგდო მტკივნეული თემა. ეჰ, ჩემო ლელა, კომპიუტერს როცა გინდა მაშინ გამორთავ ქსელიდან, მერე ისევ ჩართავ და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება _ ინტერნეტი, ჩეთი, სკაიპი... აი, მე რომ მომკვდარიყავი, რა ძალა გამაცოცხლებდა, ჰა?

_ რატომ არ იღებ მობილურს, ვინ იცის, დათა რეკავს ლონდონიდან! _ მუჯლუგუნი გამკრა ლელამ. _ დაყრუვდი?

ერთი საათი ენა არ გაგიჩერებია, მამაძაღლი, გავიფიქრე ჩემთვის, ყურიც დამეხშო და თვალშიც ცუდად ვიყურები. წუხანდელი ღამისთევის პირობაზე კიდევ კარგად ვაზროვნებ.

რეკავდა სერგო. აჟიტირებულ ხმაზე ეტყობოდა, რაღაც-რაღაცები გაარკვია:

_ თუ ნახევარ საათში მოხვალ, მელიქიშვლის კუთხეში დაგელოდები, თუ არა, უშენოდ ჩავატარებ ჩხრეკას.

`ჩხრეკის~ გაგონებაზე კინაღამ მაგიდა გადავაყირავე, ჭიქიან-ლამბაქიანა. თუკი სერგომ ჩხრეკის ორდერი დაითრია, საქმე იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე მე წარმომედგინა. სავარაუდოდ, უფროსობამ ყურად იყო ჩემი არგუმენტები და მაიორი ოქრუაშვილი დაჩქარებული წესით მიავლინა სადაც ჯერ არს.

_ სად გარბიხარ? _ გადაირია ლელა.

_ სასწრაფო საქმეა. _ ქურთუკში მკლავი გავუყარე და წითელი კაინეს ძებნაში იატაკი მოვათვალიერე. როცა ცეცხლი გიკიდია, საყვარელი ნივთები სწორედ მაშინ ქრებიან თვალთახედვის არეალიდან.

_ რა `სასწრაფო საქმე~ აგიტყდა ქმრის მივლინებაში ყოფნისას?! _ ლელამ ეჭვიანი დედამთილივით შემომიტია.

_ აუუ, რას გიძლებენ შენი შვილები! _ წამოვიძახე გაბრაზებულმა.

_ ესეც მე ვარ?! _ ოთახიდან მიკამ გამოჰყო გაბურძგნილი თავი, ნამძინარევი სახე და დაბოხებული ხმა ჰქონდა.

_ აბა, თქვენ იცით, დამკორტნეთ დეიდა-ძმისშვილმა. _ გაიბუტა ლელა.

_ მიკუშ, რატომ აბრაზებ დედას?... სად არის ჩემი კაშნე?

_ როდის ვაბრაზებ, ჩემთვის ვარ, ვის-რას ვუშავებ... იკო, წამო მაგარი თამაში გაჩვენო. _ მიკამ თავის ოთახში შემიპატიჟა.

_ შენ ჯობია ჯერ ატესტატი მაჩვენე, მერე ეროვნული გამოცდის შედეგები. _ გამოვექომაგე დაჩაგრულ დაიკოს.

_ რომ გაჩვენოთ, მერე სად მიდიხართ?! არა, მიპასუხეთ, რომ ჩავირიცხო, მერე სად მიდიხართ?

_ მე არსად, შენ კი გაგიშვებენ მაგარ... კრუიზში. არა, ლელა?

_ ვინც არ გამიშვას! _ მიკა სიხარულით შეხტა. ისეთი საყვარელი იყო, ვერ მოვითმინე და ქოჩორი დავუწიწკნე.

_ გაგიშვებ, გაგიშვებ, შენ ოღონდ სტუდენტი გახდი, ყველაფერს შეგისრულებ. _ დაგვნებდა ლელა.

_ სიგარეტს სახლში მომაწევინებ? _ მოინდომა მიკამ.

_ სიგარეტს მოგცემ მე შენ! ჯერ სიმაღლე არ აგიკრეფია, მამაშენს მაინც არ უნდა დაეწიო? ვერ ხედავ რამსიგრძეა დეიდაშენი, სიგარეტს არ ეწეოდა და იმიტომ.

_ თანაც სტაფილოს ჭამდა და ღამით ეძინა. _ დავუმატე აქედან და საკიდებზე ხელი მოვაფათურე. _ ხალხო, მომაძებნინეთ კაინე, თორემ სერგო პირდაპირ ქუჩაში გაიკეთებს ხარაკირის.

_ ასეც ვიცოდი, რომ ვირისთვალება მაიორთან მიგიხარია, ნეტავ რა გაქვს საერთო იმ გლეხუჭასთან? _ ლელამ გესლიანი საცეცი გამოუშვა. ვერ მოეშვა სნობისტურ გამოსვლებს, დედამისის შვილი არაა?!

_ ნეტავ შენი მიკა გამოვიდეს ისეთი პროფესიონალი არქიტექტორი, როგორი გამომძიებელ-კრიმინალიტიც სერგო ოქრუაშვილია. _ არ შევარჩინე მე და ის იყო კაშნეს გარეშე ვაპირებდი გაჭრას, რომ ის (კაშნე) თავისით გამოცურდა ქურთუკის საყელოდან.

დედა-შვილი ჰაეროვანი კოცნით დავაჯილდოვე და ლამის პირდაპირ ბაქნიდან ვისკუპე მანქანაში.

_ _ _

ზვიადის მხრიდან რაღაც სიურპრიზს ნამდვილად ველოდი, მაგრამ კაპიტულაციას _ არა. თქვენ წარმოიდგინეთ, გაიქცა. ამას მოწმობდა მასიური ბოქლომით დაღდასმული კარიბჭე და მჭიდროდ დაკეტილი დარაბები. სერგომ სიმწრით მოპოვებული ორდერი გულის ჯიბეში შეინახა, მეორე ჯიბიდან კი დასაკეცი დანა ამოიღო. ისე ტექნიკურად გახსნა კლიტე, თითქოს `დომუშნიკობაში~ ჰქონდა ჭიპი მოჭრილი.

სერგო მარტო არ იყო, თან ახლდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იმთავითვე ამრეზით შეხვდნენ ჩემს გამოჩენას და პირველები შეცვივდნენ სახლში, არც უფიქრიათ ეთიკის ნორმების დაცვა.

ვრცელი ჰოლი, რომელიც მისაღების ფუნქციასაც ასრულებდა, ნაომარ ბანაკს ჰგავდა, აქა-იქ ეყარა პოლიეთილენის პარკები, გახსნილი კოლოფები, ქაღალდის ნაგლეჯები... ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ბინა ნაჩქარევად დაცალეს. გაასწრეს, ასე ვთქვათ.

შუშებიანი დარბაზი, სადაც ტყვეობის `დაუვიწყარი~ საათები გავატარე, პრაქტიკოლად ხელუხლებლად იყო დატოვებული. იდუმალი პანო, რომელშიც ჰიპნოზური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ვიმოგზაურე, უწინდებურად ეკიდა კედელზე. საღ გონებაზე არავითარ ზებუნებრივ ასოციაციებს არ იწვევდა. ჩვეულებრივი ესპანური ოჯახი ინტერიერში.

_ სხვათა შორის, ცხოვრების რაღაც მონაკვესი ესპანეთში აქვს გატარებული. _ ზურგსუკან სერგო ამეტუზა.

_ ვიცი. შეფესამ მითხრა.

_ შენ ჩემი შეფი უნდა გენახა, როცა `ჭიას~ სახელი ვუხსენე.

_ აბა, `ჭია?~

_ ზვიად ჭიაბერაშვილი, მეტსახელად ჭია, ვიწრო წრეში ფართოდ ცნობილი პიროვნებაა. კაი ხანია არაოფიციალურ ძებნაში იმყოფება. ახალგაზრდობაში ძიუდოთი იყო გატაცებული, მერე სპორტული ფსიქოლოგიით, საკანდიდატოც დაუცავს ამ სფეროში. ესპანეთში წასვლამდე სპორტსმენებთან მუშაობდა, როგორც ყვებიან, საკმაოდ წარმატებულად. ჰიპნოზის ნიჭი თუ აქვს, არ გაუჭირდებოდა ზეგავლენის მოხდენა. ანაზღაურებაც ნორმალური ჰქონია...

სერგომ შემაღლებულ ესტრადაზე ავიდა. გაიარ-გამოიარა, ალმაცერად შეათვალიერა მუსიკალური ინსტრუმენტები, როიალს თავსახური ახადა, რამდენიმე აკორდი აიღო, დახურა.

_ მერე? _ ვკითხე სულმოუთქმელად.

_ ყველაფერი მშვენივრად იყო, რომ არა ერთი სკანდალური შემთხვევა. მდიდარმა მეწარმემ ეს ჩვენი `ჭია~ თავის ჩოგბურთელ ქალიშვილს ფსიქოლოგად აუყვანა. ნიჭიერი გოგო ყოფილა, დიდ სპორტულ კარიერას უწინასწამეტყველებდნენ, მაგრამ აკლდა მთავარი: გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენა. იმიტომაც გაცდა საჭირო ფსიქოლოგის დახმარება. ერთ-ერთი ტურნირის წინ, შეუძლოდ გახდა და თამაშს გამოეთიშა ამ გოგონას მეტოქე _ ისიც ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენი. დადგინდა, რომ ტურნირამდე ნახევარი საათის ადრე, მასთან გასახდელში იმყოფებოდა ზვიად ჭიაბერაშვილი, რის მერეც მეტოქე გოგონა იმდენად შეუძლოდ გამხდარა, არათუ ჩოგანის დაჭერა, თურმე ფეხზე დადგომა ვერ შეძლო. აიწია სკანდალი. ზვიადს, რომელსაც სერიოზული მფარველები ჰყავდა მაღალ ეშელონებში, საქართველოდან გაცლა ურჩიეს, ვინაიდან დაზარალებული მხარე ხელს `ჭიას~ ადებდა და სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდა. განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან მეტოქე გოგონას მამა საკუთარ სადარბაზოში ჩაცხრილეს. მკვლელობამ თავიდან დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ მერე ეს საქმე რაღაცნაირად მიაჩუმათეს. ან მოქრთამეს მომჩივანი მხარე, ამ დააშინეს, ან თვითონ შეეშინდათ, მაგდენი არ ვიცი...

სერგომ შემაღლებულიდან ისკუპა და სხვა ოთახების სანახავად გაეშურა. მეც ფეხდაფეხ გავყევი.

ფუფუნებით გაწყობილი აპარტამენტი ეზოში გამავალი ფანჯრებით ნატო ზანდუკელის ბუდუარი უნდა ყოფილიყო. არეულობის მიუხედავად თვალს ჭრიდა ლამაზი ნივთები _ სააღდგომო კვერცხების კოლექცია, მალაქიტის პრესპაპიე საწერკალმით, კუპიდონიანი საათი... ზუსტად ასეთი მზითვად დეიდაჩემს ერგო დეიდაჩემს დედამისისგან. საათი დღეს მოსკოვშია და განსაზღვრულ დროს ერთსა და იმავე ჰიმნს უკრავს. ალბას ესეც დაუკრავს, მაგრამ ოჯახის დიასახლი ვეღარ მოისმენს, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე არ დავადგენთ მის ამქვეყნიურ კოორდინატებს.

აშლილ ლოგინზე ეგდო კვერნის ქურქი კვერნისავე ქუდით, ეტყობა წასაღებად მოამზადეს, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. გარდერობიდან მოჩანდა ნატურალური ბეწვის ჭრელი ასორტი: ფოცხვერი, წავი, კურდღლი, შინშილა... კოქტეილის კაბები _ მიდი, მინი, მაქსი, აბრეშუმი, ტრიკოტაჟი, ატლასი... და ყოველივე ამის ჩამცმელი ბანოვანი ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული! ეტლი იქვე იყო, ტრილიაჟის წინ, საზურგეზე ჩამოცურებული პლედი თითქოს ელოდა, როდის გადააფარებდნენ პატრონის უღონო ფეხებს.

_ ნატოს ზვიადი ესპანეთში გაუცვნია. _ გადავუჩურჩულე სერგოს.

_ მეც მაქვს ასეთი ინფორმაცია. ეს ვირეშმაკა ჰოპნოლოგ-ფსიქოლოგი კომფორტულად მოეწყო ესპანეთში, აქედან წასულ მოკრიმონალო ემიგრანტებს დაუახლოვდა, არც აქაურ მაფიოზებთან გაუწყვეტია კავშირი... თუ ისეთი ზემოქმედების უნარი გააჩნია, როგორც შენ ყვები, ხომ წარმოგიდგენია როგორ აბურთავებდა იმ საცოდავებს?!

_ და არა მხოლოდ მათ. დარწმუნებული ვარ, ცოლიც ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდა, საყვარელიც... _ უცებ, ქუსლი რაღაც პრიალაზე გამიცურდა. წონასწორობის დასაცავად ეტლის საზურგეს წავეპოტინე და ძირს დავიხედე. ეს იყო კარტი, კერძოდ პაჟი,

ფრთიანი ქუდითა და ხავერდის მოსასხამით. მზერაც რაღაცნაირი ხავერდოვანი და მეტყველი ჰქონდა, როგორც ნამცეცა ძაღლს პანოზე.

_ რაღაც შხეფებია კედელზე, სისხლს ჰგავს. _ დაიძახეს ჰოლიდან.

სერგო შურდულივით გავარდა. მე მონუსხულივით დავცქეროდი კარტს. პაჟის შორიახლოს დედოფალი ეგდო, იქვე, ჯვრის ტუზი _ კოსტიუმირებული ოთხეულის უგვირგვინო მეფე. დავიჯერო, ახალდაქვრივებული ზვიადი ცოლის ბუდუარში პრეფერანსის თამაშით ერთობოდა? არა, ამ ადგილზე თავად ნატო შლიდა პასიანსს, მერე რაღაც მოხდა...

რა? რა? რა?...

მწევარივით დავფაცურდი, საკუთარი ღერძის გარშემო დავრტიალდი და ტრილიაჟის მოღუნულ ფეხთან დაჭმუჭნილი ქაღალდი შევნიშნე. გავშალე. ნაცნობმა ტექსტმა თვალები დამისერა: `მიშველეს, მე ცოცხალი ვარ...~. ეს ხომ გერმანული ნაგაზის, ნორას მოტანილი წერილია, რომელიც სიჩქარეში ქურთუკის სახელოდან გამომიცურდა.

და მე მივხვდი, რა მოხდა მერე...

როდესაც ჩემი ლიკვიდაციის გეგმა ჩაიშალა, ზვიადი სახლში მოდის და გასიებულ გულზე შემთხვევით ამ გზავნილს პოულობს. ის მაშინვე ხვდება მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, გაცოფებული შერბის ცოლის საძინებელში, სადაც ნატო პასიანს შლის. ზვიადი ხელიდან გამოსტაცებს კარტს, წერილს ესვრის და ახსნა-განმარტებას ითხოვს.

ეს ყველაფერი ისე ნათლად წარმოვიდგინე, სული შემეხუთა. ხელის ერთი მოძრაობით მოვიბოშე კაშნე და კისერწაგრძელებულმა შევიყნოსე ავანტიურით დამუხტული ჰაერი. ბრრრ...

ბოროტმოქმედის ლოგიკას არ სჭირდება დიდი ანალიზი: არსებობს ცოცხალი მოწმე (ჩემი სახით), რომელიც შეეცდება საქმის კურსში ჩააყენოს სამარსალდამცავი სტრუქტურები. ამას მოჰყვება ზვიადზე ძებნის გამოცხადება და საფლავის ექსჰუმაცია. სწორედ ეს გახდა ზვიადის დაჩქარებულ რეჟიმში მოცოცხვის მიზეზი. საიტერესოა, ცოლიც თან წაიყვანა თუ მოკლა და სადმე ბატარეის უკან შეჩურთა.

დაჭმუჭნილი წერილისა და არანაკლებ დაჭმუჭნილი ნერვებით სერგოს მოსაძებნად გავემართე. ვრცელ ჰოლში დიდი აჟიოტაჟი დამხვდა. ექსპერტი კრიმინალისტი კედელზე მიშხეფებულ სისხლს ფხეკდა და სპეციალურ პარკში ყრიდა. სისხლის გარდა, სხვადასხვა პარკებში იდო ეპითელიუმის ნაგლეჯი, თმის ღერები, ძაღლის ბეწვები... მოკლედ, თუკი რამ ბიოლოგიური წარმოშობის მასალა მოიპოვეს, ჰერმეტულად შეფუთეს და ლაბორატორიაში წასაღებლად გაამზადეს.

_ რა ხდება? _ მხარზე მივუკაკუნე სერგოს.

_ სავარაუდოდ, მკვლელობა. _ სერგომ იმ კედელზე მანიშნა, სადაც ლანცეტიან-ხელთათმანიანი კრიმინალისტი საქმიანობდა. _ ვნახოთ, რას გვეტყვის ექსპერტიზა, შეიძლება სისხლი კი არა, მელნის წვეთია.

_ რა დროს მელანია ოცდამეერთე საუკუნეში?

_ ფიგურალურად ვამბობ, თორემ... დააკვირდი კედლის ამ ფრაგმენტს... ზოლად გასდევს ტილოს კვალი. ზედაპირი გადაწმინდა, პლინტუსებზე დარჩენილი შხეფები ვერ შენიშნა, მაგრამ ჩვენ ორივეგან ავიღეთ სინჯები. არ ჩანს განზრახ მკვლელობა, აბა, რომელი ჭკუათმყოფელი გააგორებს მსხვერპლს შუაგულ მისაღებში, თანაც ცეცხლსასროლი იარაღით. აფექტს უფრო ჰგავს.

_ აქვს არსებითი მნიშვნელობა?

_ მოკლულისთვის _ არა, მოსამართლისთვის _ კი, მთავარია, საზღვარგარეთ არ გაგვასწროს.

_ გამომართვი, იქნებ ესეც დაგჭირდეთ. _ სერგოს წეღან ნაპოვნი წერილი მივაჩეჩე და ფანჯარასთან განვმარტოვდი.

მაკანკალებს. გავცივდი თუ ნერვების კონად ქცეული ორგანიზმი მიცხადებს ბოიკოტს?

ბინდბუნდში იკვეთება მარტოხელა კიპარი და გალავნის ნაცრისფერი კედელი, რომელსაც ამ წუთას კატა მოექცა თავზე. კატას ლემურასავით ზოლიანი კუდი აუპრეხია და თითქოს ნახტომისთვის ემზადება. იქნებ იქ, გალავანს გადაღმა ნორა და ფელიქსი დაინახა? არა. ყოფილი ძიუდოისტი და მოქმედი ჰოპნოლოგი თავის ძაღლებიანად ჩაჯდა სანგარში. ვინ შეიფარა საეჭვო რეპუტაციის `ქვრივი?~ იქნებ მდიდარმა მეწარმემ, რომლის ჩოგბურთელი ქალიშვილის წარმატებას შეეწირა მისი კარიერა? იქნებ თიკას გარდა კიდევ ჰყავდა საყვარელი...

რატომ საყვარელი? ცოლი! ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ქვეყნის დატოვებამდე ზვიადს უნდა ჰქონოდა ოჯახი. პატარა ბიჭი არ იყო, პროფესია ჰქონდა, სავარუდოდ, თმის საფარიც... ვითომ რატომ არ უნდა ჰყოლოდა ცოლ-შვილი?! კლასიკურმა სამკუთხედმა, რომლის გვერდებს ზვიადი, ნატო და თიკა შეადგენდა, თვალსა და ხელს შუა ფორმები იცვალა და ოთხკუთხედად გადაიქცა. სამი გვერდის პარამეტრები ვიცით, დარჩა მეოთხე.

ფანჯარას თვალი მივწყვიტე, რომ სერგოსთვის გამეზიარებინა ჩანასახის პროცესში მყოფი ნოუ ჰაუ, მაგრამ მაიორს ჩემთვის არ ეცალა _ კრიმინალისტების გარემოცვაში იდგა და ხმადაბლა ბჭობდა. ერთი მათგანი, ასანთის ღერივით თხელი მამაკაცი გაფშეკილი ულვაშით ტექნიკურად მზვერავდა.

თავი ზედმეტად ვიგრძენი, სჯობს დროებით გავეცალო. თანაც ძალიან მცივა, ძალიან...

_ გაგაცილებ, _ თავი გამოიდო სერგომ, მაგრამ მე უარი ვუთხარი. ორ ნაბიჯში მიყენია მანქანა.

სერგომ აშკარად შვებით ამოისუნთქა. ეტყობა, საფუძვლიანად ვერ აუხსნა კოლეგებს მეგობარი ქალბატონის ჩხრეკაზე დასწრების საჭიროება. ძალიანაც კარგი, რაც ნაკლებად ეცოდინებათ ვინ არის აქ პირველი ვიოლინო, მით უკეთესი.

კეპი შუბლზე ჩამოვიფხატე, კაშნე ყელზე დავიგორგლე და მობუზული გავემართე ჩემი `აუდისკენ~. ღამის სიცივეს სულ სხვა ძალა აქვს, თითქოს უხილავი კისერში თოვლს გაყრის, შენ კი წინააღმდგების გაწევას ვერ ახერხებ.

ორღობეში აუჩქარებლად მიაბიჯებდა ნაცნობი კატა, ყველასი და არავისი. კეკელიძეზე, ოთხი ასეთი კატა გვყავს, ოთხივეს სახეზე ვცნობ. მეშვიდე სართულის ბინადარი ელა პეტროვნა კატებს საკუთარ ულუფას უყოფს. ელას მოსწონს გულმოწყალე ქალბატონის ამპლუა, თორემ ქუჩის კატებს არაფერი სჭირთ სამასხოვრო. ბუნკერებიდან ისეთ დელიკატესებს დაითრევენ ხოლმე, შინაურ კატებს რომ არ დასიზმრებიათ.

მანქანასი ჩაჯდომისთანავე შაკოსთან დარეკვა ვცადე. ამჯერად ზარი გავიდა, მაგრამ აბონენტი აგვიანებდა გაპასუხებას. ის იყო, გათიშვას ვაპირებდი, რომ მისი ჩახლეხილი ხმაც გავიგონე.

_ გეძინა, ბიჭო?! _ ვუსაყვედურე.

პასუხად გაუგებარი ბგერები ამოილუღლუღა.

_ შაკო, ცუდად ხომ არ ხარ?...

გაუგებარ ბგერებს ქვითინი მოჰყვა, ნაწყვეტ-ნატყვეტი, ყრუ ქვითინი.

_ შაკო, რა დაგემართა, სად ხარ?

_ სასაფლაოზე.

_ როგორ?... ვის საფლავზე?

_ თიკას.

ყველაფერს მივხვდი. შაკომ შემთხვევით მოისმინა ჩემი და სერგოს ნალაპარაკევი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. ის დროა, მეც მივბაძო, მაიორს ისედაც არ სცალია.

_ მოვდივარ. _ ჩავძახე მობილურს და მანქანა ადგილს მოვწყვიტე.

_ _ _

ნახევარ საათში ახალგათხრილ სამარესთან ვიდექი. რეალობა გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი კოშმარული სიზმარი. თიკა აღარასოდეს იცეკვებს ფრანგულ კანკანს, არც ნახევრადშიშველი, აღარც ჩაცმული. ის მკვდარია. სერგოს არ დასჭირდება საფლავის ექსჰუმაციისთვის ნებართვის მოპოვება, ამ საჩოთირი საქმეს შაკომ გაართვა თავი ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მან საკუთარი ხელებით ამოთხარა მიწა, ცხედარი კუბოდან ამოიღო, მაკიაჟი გააცალა და დარწმუნდა _ ეს თიკა იყო _ უმოწყალოდ მოკლული, სხვისთვის განკუთვნილ სამარეში ჩასვენებული, მშობლებისგან უარყოფილი, შეყვარებულისგან შერისხული...

შაკო აღარ ტიროდა, მიწის გოროხზე მჯდარი სიგარეტს ეწეოდა. წინ თიკას გვამი ედო, არაბუნებრივად გაფშეკილი, უკან გადაქანებული პროფილითა და გადღაბნილი მაკიაჟის. ნაცრისფერ მაჯაზე ნაცნობი სამაჯური ბრწყინავდა, ერთადერთი ნივთი, რომელსაც შერჩენოდა უწინდელი პეწი. ოქრო კეთილშობილი მეტალია, საუკუნეებს უძლებს მისი ბრწყინვალება, მატერიალური სხეული კი ხრწნადია, მხოლოდ სულია უკვდავი... იმედს ვიტოვებ, რომ თიკას სულმა იპოვა სამუდამო ნავსაყუდელი.

_ _ _

ვერაგულადაა მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი, ნანახისა და განცდილის შემდეგ ლუკმა თუ გადამივიდოდა პირში არ მეგონა, მაგრამ გაღვიძებისთანვე ისეთი დაუკებელი შიმშილი მიმეძალა, ტრამალის მგელი გახუნდებოდა. დრო დილის ათ საათს აჩვენებდა. მთქნარების გავემართე სამზარეულოსკენ. ზურგშექცეული მამაკაცის დანახვაზე ყბა მომექცა. კიდევ კარგი, დროულად აღმიდგა დაბლოკილი მეხსიერება, თორემ დავრჩებოდი სამუდამოდ ყბამოქცეული.

რა თქმა უნდა, შაკო იყო. წუხანდელის მერე უბადრუკ ნაქირავებში ნამდვილად ვერ წავყვებოდი ცრემლების მოსახოცად, ამიტომ ჩემთან დარჩენა შევთავაზე. შემეშინდა, მარტო რომ დარჩენა თავს რამე არ აუტეხოს მეთქი, რადგან მითი მისი ინფანტილური

ხასიათის შესახებ თვალსა და ხელს შუა შემომადნა. კაცი რომ ცარიელი ხელებით საფლავს ამოთხრის, იმისგან ყველაფერია მოსალოდნელი. სერგომ მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, მადლობები მიხადა და პოლიციის ესკორტით სახლამდე მოგვაცილა. ასანთის ღერივით გაჩხინკული კრიმინალისტი ამჯერად სულ სხვა თვალით მზომავდა, მგონი გაისიგრძეგანა ვისთან აქვს საქმე.

ხალათის ქამარი გავკვანძე და სამზარეულოში შევაბიჯე. შაკო ყავას სვამდა დათას ყვითელგულა ჭიქიდან. არ მესიამოვნა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ცოცხალს რომ ვხედავ, ისიც დიდი ბედნიერებაა.

_ სულ არ გძინებია? _ თანაგრძნობით დავეკითხე.

უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. დამშვიდებული მეჩვენა, რაღაცნაირად შეგუებული. მწარე სიმართლე ყოველთვის სჯობია დროში გაწელილ გაურკვევლობას. თუმცა, გასარკვევი ბევრი დარჩა. მაგალითად, მიზეზი, რის გამოც ზვიადს ცოლის გარდაცვლილად გამოცხადება დასჭირდა. დავუშვათ, საყვარელი შემოკვდა, ისმის კითხვა: რატომ შემოაკვდა საკუთარ სახლში? როდის აქეთია, საყვარლები ცოლიან კაცებს ოჯახებში სტუმრობდნენ? და საერთოდ, რატომ უნდა მჯეროდეს გარეწარი ზვიადის ნათქვამი? იქნებ თიკას საყვარლობა ჩემთვის თვალის ასახვევად დაიბრალა? არც ქურდობა ჟღერს დამაჯერებლად... დამაჯერებლად კი არა, სრული ნონსესია. თიკას მკვლელობას სხვა რამ უდევს სარჩულად, სულ სხვა რამ...

მაცივრიდან `ვიოლას~ გაუხსნელი კოლოფი ამოვიღე, ჭვავის პურს უხდება ძალიან. ჩაიდანი ჯერაც ცხელი იყო, ჭიქა მოვიმარჯვე.

_ შაკო, ვიცი, გიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი...

_ არ მიჭირს. _ უცებ გამაწყვეტინა. _ ყოველგვარი მორიდების გარეშე მკითხე, რაც გენებოს. დღეს, როგორც არასდროს, მაინტერესებს, რა მოხდა სინამდვილეში.

ჩაი დავისხი და სახეში ჩავხედე. ის აღარ ჰგავდა ანაშით გაბრუებულ ქეშს. მწვანე თვალებში მონდომება ეწერა, პირველად ვხედავდი ასეთ ფხიზელსა და ასეთ გულწრფელს. რაღაც გარდატეხა მოხდა მის ფსიქიკაში, სულ ცოტა, ღირებულებათა გადაფასება. ტრაგედიამ სხვა ჭრილში დაანახა საკუთარი ადგილი ამ სამყაროში.

_ თიკა ზვიადის საყვარელი იყო?

_ შეიძლება აძლევდა, არ ვიცი. _ წარბშეუხრელად მიპასუხა.

ხასიათი წამიხდა. შეიძლება საყვარელ ქალზე ჟარგონით ლაპარაკი? ეეჰ, მე ვიფიქრე გამოსწორების გზაზე დგას. თუ მე ვარ ზედმეტად რომანტიკული?

_ იცი, იათამზე, ნაკლებად მაღელვებს თიკას ინტიმური ცხოვრება, ადრეც გისხარი და ახლაც გიმეორებ, არ გვქონდა ის ურთიერთობა, რომელიც რამეს გვავალდებულებდა. მე სხვა რამეს ვფიქრობ...

_ რას? _ დელიკატურად ჩავკბიხე ვიოლიანი პური.

_ ხომ არ არის რაიმე კავშირი ზვიადსა და ჩამწერ სტუდიას შორის. იცი, რატომ ვკითხულობ?... ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ მე და თიკა ერთად წავსულიყავით სიმღერის ჩასაწერად, საქმიან შეხვედრაზე ხო ბაზარი არაა... თიკა არასდროს მახედებდა შიდა სამზარეულოში, დიდად არც მე გამომიდია თავი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან საეჭვოდ მეჩვენება ე. წ. წვრილმანების გასაიდუმლოება.

_ მართალი ხარ, თუკი ჰყავდა პროდიუსერი, რატომ არავინ რეკავს მობილურზე, არ კითხულობს...

_ იმიტომ, რომ პროდიუსერმა იცის სიმართლე. შეიძლება ეს პროდიუსერი ზვიადი იყოს?

დანაშაულის გახსნის ახალმა ვერსიამ ჭამის მადა დამიკარგა, მოკბეხილი პური თეფშზე დავდე და ჩაი მოვხვრიპე. მოკლულსა და მკვლელს შორის საქმიანი ურთიერთობა არ გამორიცხავს ინტიმს. თუკი თიკა ზვიადის პროდუქტია, გასაგებია მისი, ზვიადის პრეტენზიები. ეს იგივეა, პიგმალიონს გალათეა აუჯანყდეს.

შაკომ ყავის ნარჩენი დალია და ცარიელ ჭიქაში ჩაიხედა.

_ ლამაზი ჭიქაა. _ აღნიშნა უადგილოდ.

_ ჩემი ქმრისაა.

_ ჰო, მართლა, ერთი საათის წინ ვიღაც კაცმა დაგირეკა, საერთაშოსო ზარს ჰგავდა.

_ მერე, რა უპასუხე? _ ვკითხე გულგახეთქილმა.

_ მთელი ღამის უძინარია და მოგვიანებით დარეკეთ მეთქი.

_ გაგიჟდი?! _ აღმომხდა.

_ უნდა გამეღვიძებინე?

_ საერთოდ არ უნდა აგეღო ყურმილი! რას იფიქრებდა ჩემი ქმარი, როცა უცნობი მამაკაცი გააგონებდა?

_ რას იფიქრებდა? _ გაუკვირდა იაკოს.

_ მაგალითად, რომ საყვარელი მყავს. ასეთი აზრი არ მოგსვლია თავში?

_ თუ არ გყავს, რატომ უნდა ეფიქრა?

მიდი და აუხსენი ასეთს, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს მივლინებაში მყოფ ქმარს, როცა დილაუთენია ცოლის ნაცვლად უცხო მამაკაცი მიასკდება ყურმილს. დროის დაკარგვას ახსნა-განმარტებაზე აზრი არა აქვს. შაკოსთვის ღალატიც ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც, დილაობით პირის დაბანა. მისი ხასიათი მისივე ბედისწერაა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემ თავზე.

ვაიმე, რა შემოირიგებს დათას?!

ხალათის კალთები ავიწიე და სასოწარკვეთილი გავვარდი სამზარეულოდან.

_ თუ რამე დავაშავე, ბოდიში მომითხოვია. _ მომაძახა შაკომ.

ჩემი დამჯდარი მობილური ქსელში შევაერთე და დათას უცხოური ნომერი ავკრიფე. არ იღებს. იცის, რომ მე ვრეკავ და არ მაგონებს. ღმერთო ჩემო, მგონი ოჯახი მენგრევა!

ტანსაცმელი გამოვიცვალე და ნირწამხდარი შემოვბრუნდი სამზარეულოში. შაკო შეწუხებული ჩანდა.

_ დაურეკე?

_ არ მპასუხობს.

_ გინდა, დაველაპარაკები, ავუხსნი...

_ არ ღირს, მაინც არ დაიჯერებს.

_ ეჭვიანია?

_ ზომიერების ფარგლებში. _ ცარიელ ჭიქებს ხელი დავავლე და ნიჟარაში ჩავაყუდე.

ცხოვრებამ უცებ დაკარგა აზრი, აღარც შაკო მაინტერესებს, აღარც ზვიადი, აღარც ზანდუკელის ქალი თავისი გაწვრთნილი ნაგაზებით. სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს პროზექტურაში მყოფ თიკას. ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, ის მაინც არ მეცოდინება, ვის აჩუქებს დათა ჩემთვის განკუთვნილ ჩექმას ნატურალური ბეწვით. ვინ იცის, კიდევ მიყიდა რამერუმეები, ფიქრობდა, ცოლს გავახარებო, და შაკო შერჩა. დათას ადგილზე მე ყურმილში გავძვრებოდი, წარმომიდგენია, რა ხდება მის გულში.

მობილურის ზარმა წამით დამიბრუნა გადაწურული იმედი. სულ ერთი წამით, ვინაიდან დათას ნაცვლად სერგო შემრჩა.

_ როგორაა საქმეები?

_ ჯერჯერობით ცოცხლები ვართ. _ ვუპასუხე სევდიანად და ფარდა გავწიე.

ნაცრისფერმა დღემ უარესად დამთრგუნა. ცაც ისე იკრავდა კოპებს, თითქოს ყველანი ვალში ვიყავით მის წინაშე.

_ გვამის ამოსაცნობად თინა წულუკიძის ოჯახის წევრის დასტური გვჭირდება. შენ და შაკო წახვალთ თუ მე გავგზავნო ჯგუფი?

წარმოვიდგინე გაქექილ სავარძელში გამაგრებული ცალფეხა სარიდანი, რომელსაც ცოცხალი შვილიშვილის ნაცვლად ოპერ რწმუნებულები დაადგებიან თავზე. ალბათ დედასთან მისვლა სჯობს.

_ _ _

გზა, წმინდა ბარბარეს სამონასტრო კომპლექსამდე სიჩუმეში გავლიეთ. გამოიდარა. მზე არ ჩანდა, მაგრამ ნაცრისფერმა დღემ ნათელი კონტურები შეიძინა და გზისპირას გაწოლილი ჩრდილები გაამკვეთრა. რადიოში მოვუსმინე, მთაში მოთოვაო, ალბათ მალე გზები ჩაიკეტება... ნეტავ მაღალმთიანი სოფლის ბინადარი ვიყო, აგიზგიზებულ ბუხართან მიმჯდარი და გაზაფხულის მომლოდინე. ვერა, ვერ გავძლებ გაზაფხულამდე, დათას თუ არ შევურიგდი, ზამთარს ვერ გადავიტან. იქნებ მეცადა ბედი, ერთხელაც დამერეკა... მაგრამ ისევ რომ მეტყველი ზუმერი გავიგო, აი, ამ გაბერილ მუხას შევასკდები. ჩემ დასაფლავებაზე ხომ მაინც ჩამოქანდება თავისი რატუშიან-ტაუერიანი ლონდონიდან?! მე გულზეხელდაკრეფილი ვიწვები კუბოში, სრულიად მოწყვეტილი ამქვეყნიურ წვრილმანებს და რამდენიც არ უნდა ახალოს დათამ შუბლი კუბოს ფიცარს, ვერაფერს შეცვლის. ვე-რა-ფერს!

გაბერილ მუხას ჩავუქროლეთ.

არა უშავს, ხეების მეტი რა არის? ვითომ რითია კაკალი მუხაზე ნაკლები? შეიძლება უკეთესიცაა, რკოს ღორი ჭამს, კაკალს _ ადამიანი, უკეთეს შემთხვევაში, ნიგოზს თაფლში ურევს და გოზინაყს აკეთებს. ახალ წელს ვაპირებდი გაკეთებას, დათამ დიდი ამბით იყიდა ნატურალური თაფლი, საახალწლოდ დეა ჩამოვა და ბლომად გოზინაყი დავახვედროთო...

_ რა გატირებს, იამზე? _ შაკოს ხმაა.

დარცხვენილმა მოვიწმინდე ლოყაზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი. გვერდიდან შაკოს შემცბარ მზერას ვგრძნობ. ამ უბედურს თავისი გაჭირვება ეყოფა, მე რომ არ შევეცილო ჩემი წინასაახალწლო დარდებით. თანაც, წყენამ გამიარა. არ შემიძლია გავბრაზდე ადამიანზე, რომელიც უნებლიე შეცდომას უშვებს. დილანდელ ინციდენტს შეცდომასაც ვერ ვუწოდებ... დარეკეს, აიღო, უპასუხა. თავშიც არ მოსვლია, რომ ოჯახი დანგრევის პირას მიიყვანა.

_ ნუ გეშინია, შერიგდებით. _ დამამშვიდა თავისი ჭკუით.

_ ალბათ. _ მეც დავამშვიდე.

_ რახან ეჭვიანობს, ე. ი. უყვარხარ.

_ შენთვის ალბათ უცხოა მსგავსი... ვნებათაღელვები.

_ ჰმ, დედაჩემიც მაგას მეუბნება. რომ მოვკვდე, ზედ გადამივლი და შენს გზაზე წახვალო. რას მერჩის, არ ვიცი...

_ შენ კარგი ხარ. _ მისივე სიტყვები გავიმეორე.

გაკვირვებულმა შემომხედა, არც ახსოვდა უწინდელი ნათქვამი.

როგორც იქნა, დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ. აქაც ისეთივე სიწყნარე იყო, როგორც წუხელ სასაფლაოზე, მაგრამ ეს სიწყნარე არ გრთგუნავდა და გაშინებდა, პირიქით... უცებ მომეხსნა უსიამოვნო წინათგრძნობა. ეზოში მოფუსფუსე მონაზვრები ისევე შორს იდგნენ საერო ცხოვრების ორომტრიალისგან, როგორც ჩემგან ლონდონში გამწესებული დათა.

მარგო, როგორც ასეთი, მონასტერში იმყოფებოდა, მაგრამ არა მონაზვნის სტატუსით. დღე-დღეზე აპირებდა აღკვეცას, იერუსალიმიდან იღუმენიის ჩამოსვლისთანავე. მის კელიამდე პირმრგვალმა მონაზონმა მიგვაცილა, თავი დაგვიკრა და ზედმეტი კითხვების გარეშე გაგვეცალა.

_ მოდი, დღეს მე ვიქნები თიკას ადვოკატი. _ მოულოდნელად შემომთავაზა შაკომ. _ რაც სიცოცხლეში დავაკელი, მინდა ავუნაზღაურო.

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომელი მახარობელი მე ვარ, ესტაფეტა ჩამოვართვა. ფრთხილად დავაკაკუნეთ მძიმე, მსხვილკალიბრიანი ანჯამებით დამაგრებუ კარზე.

თიკას დედა აღმოჩნდა საშუალო სიმაღლის ქალი ავადმყოფურად თეთრი პირისკანით. თავის ფეხამდე შავებში იყო გახვეული, მხოლოდ ვიწროცხვირიანი ფეხსაცმლების ჭვინტები უჩანდა. ნაკვთები ჰქონდა მკაცრი და შეუვალი. ტიპური ოთარაანთ ქვრივი. ჩვენი დანახვა არც გახარებია, არც გაჰკვირვებია, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს გველოდა კიდეც.

_ თინამ მოგაგზავნათ? _ ეს იყო პირველი შეკითხვა, დასმული დაბალი, უაპელაციო ხმით.

_ მიხვდით, არა? _ ცალყბად მიუგო შაკომ.

_ რა დიდი მიხვედრა უნდა! _ მარგომ თვალებით გაგვზომა.

მზერა შაკოს შეხვეულ თავზე გაუჩერდა. კიდევ კარგი, წამოსვლის წინ ჭუჭყიანი დოლბანდის გამოცვლა მოვისაზრე. დოლბანდის გარეშეც არ ჰქონდა პრეზენტაბელური იერი, მეკობრესავით თავწაკრული ნამდვილად ვერ მოახდენდა სათანადო შთაბეზდილებას.

საბრალო ქალო, ნეტავ იცოდე, რა გელის... დაუპატიჟებლად ჩამოვჯექი მოხარატებულ კიდობანზე და შაკოს დავუთმე ასპარეზი.

_ ქალბატონო მარგო, როდის ნახეთ უკანასკნელად თქვენი ქალიშვილი?

_ ნება მიბოძეთ ვიცოდე, ვინ ინტერესდება ჩემი ოჯახით?

_ თიკას შეყვარებული.

_ რიგით რომელი?

_ სავარაუდოდ, უკანასკნელი. _ შაკოს ოდნავ გაუტყდა ხმა, ჩაახველა.

_ თინასგან უკეთესს არც ველოდი. _ ამრეზით აღნიშნა მარგომ. _ ბრძანე, რამ მოგიყვანა, `უკანასკნელო შეყვარებულო...~ თუ ხელის სათხოვნელად მოხვედი, ტყუილუბრალოდ გარჯილხარ, ჩემგან კურთხევას ვერ ეღირსებით.

_ რატომ?

_ ჩემი და თინას გზები დიდი ხანია გაიყარა, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მის მომავალზე, უბრალოდ, არ მჯერა, რომ თინას შეიძლება რაიმე მომავალი ჰქონდეს.

_ მაგრამ ის ხომ მომღერალია, საკმაოდ ცნობილი... _ წამომცდა.

_ და ამას ეძახით ცნობადობას? _ პატივცემული მარგო გაალმასებული სახით წამოვიდა ჩემკენ. მეგონა, თვალებს გამომჩიჩქნის და თავდაცვისთვის მოვემზადე.

შევცდი. თურმე კიდობანის გახსნა ნდომებია. სასწრაფოდ ჩამოვხტი მოხარატებული თავსახურიდან.

_ მოსვენება თუ გნებავთ, შეგიძლიათ იქ დაბრძანდეთ, _ მიმითითა ტაბლასავით წაგრძელებულ უზურგო სკამზე, სადაც უკვე იჯდა შაკო.

_ აი, ამას ეძახით ცნობადობას? _ გაიმეორა მარგომ და კიდობანიდან თიკას ფოტოსურასებით აჭრელებული ჟურნალის ფურცლები ამოაფრიალა. _ თქვენ მიგაჩნიათ, რომ წარმატების მოსაპოვებლად, უნდა გაშიშვლდე და გამომწვევად აქნიო გავა? შუბლის ძარღვი თუ გაიწყვიტე, აღვირახსნილობას ზეიმი თუ გამართე, დროებით შეიძლება გახდე ცნობადი სახე, მაგრამ წარმატებული, არასდროს! _ ერთად შექუჩული ფურცლები დაუვარდა და იატაკზე მიმოიპნა.

ერთ-ერთი შეკვრიდან ფერადი ფოტოსურათების დასტა გამოსრიალდა, აქაც თიკა იყო გადაღებული, ოღონდ გაცილებით ნორჩი. ერთი ფოტო პირდაპირ ჩემს ფეხებთან დაეშვა.

_ შეხედე. _ გადავუჩურჩულე შაკოს. _ იმ სერიიდან არის, თიკას პორტმანში რომ ვიპოვეთ.

შაკო სურათს დასწვდა და ახლოდან დააკვირდა. შავად შეღებილი თვალები, გრძელი ჩოლკა, თეთრი ტუჩები, ცარცისფერი სახე, ვარდისფერი ხელთათმანი... რაღა ბევრი გავაგრძელო, ცოცხალი გვამი. მგონი სადღაც მივახავს ამ ტიპის `გვამების~ მსვლელობა. გამახსენდა _ ტელევიზორში, დემონსტრაციაზე! რაღაცას აპროტესტებდნენ, მაგრამ რას... დავიჯერო, გარდაცვლილების უფლებებს იცავდნენ?!

_ ვიზუალურად ასე გამოიყურებიან ჰარდ მუსიკის მიმდევრები, ე.წ. ემოკიდები. იმიტომაც მოათრია სახლში `ტოკიო ოტელის~ პლაკატი. _ ამიხსნა შაკომ.

_ ხოო, ის ჯაჭვებიანი ტიპები, კედელზე...

_ მსოფლიოში რამდენიმე პოპულარული ემო-ჯგუფია... `ტოკიო ოტელი~ ყველაზე ბანძია.

_ იცით, რამდენი წლის თინა არის ამ სურათში? _ თავზე დაგვადგა მარგო, _ თხუთმეტის. იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს სატანისტური მაკიაჟი?

_ პროტესტს. ჩვეულებრივ ბავშვურ პროტესტს. _ მშვიდად მიუგო შაკომ.

_ ასეთი ფორმით?

_ ყველა ინდივიდუალურად გამოხატავს, გააჩნია გემოვნებას. ეტყობა, ეს ვიზუალი თიკას მაშინდელ სულიერ მდგომარეობას გამოხატავდა. გოგო საკუთარ თავს ეძებდა. ვერ ვხედავ კრიმინალს.

_ თქვენ ვერც დაინახავთ. _ ნიშნისმოგებით წამოიძახა მარგომ.

_ რატომ?

_ ერთი ჩამოსხმის ხართ და იმიტომ.

_ მაინც, რომელი ჩამოსხმის?

_ რომლიდანაც ათასი ჯურის სატანისტი, პანკი, როკმენი ყალიბდება. ღმერთო შემინდე, ჩემი შვილის გადამკიდეს ეს რა ეშმაკისეული ტერმინოლოგია ამომდის პირიდან. _ მარგომ პირჯვარი გადაიწერა და იატაკიდან სურათების აკრეფას შეუდგა. თან ხმამაღლა ფიქრობდა, ჩვენ გასაგონად. _ ბავშვური პროტესტიო... ვითომ რამე სჭირდა საპროტესტო... მზრუნველობა და სიყვარული აკლდა?... არა, აქ გენეტიკაშია საქმე, გახრწნილი გენეტიკის მატარებელია, მამამისივით. ცხოვრება გამიმწარა, სიცოცხლის ხალისი დამიკარგა, მონასტერში გამოკეტვისკენ მიბიძგა...

_ ეს თქვენ უბიძგეთ შვილს `ათასი ჯურის სატანისტისკენ~. _ ვერ მოვითმინე მე. _ ოჯახი პოლიტიკური მოსაზრების გამო დაანგრიეთ, მამასთან შეხვედრა აუკრძალეთ, აბუჩად აიგდეთ მისი ბავშვური გატაცება, თუნდაც კაპრიზი, და ამის მერე გაიძახით: სიყვარული არ აკლდაო! სიყვარული თანაგრძნობაა, პატიება, მონანიება... თქვენ კი ფსიქოლოგიურ ტერორში გყავდათ!

_ მე მყავდა ტერორში, მე? _ მარგომ ირიბი ღიმილით ამომხედა. _ საკითხავია, ვის-ვინ ჰყავდა ტერორში. ამაზე რაღას იტყვით? _ ჟონგლიორის სისხარტით აიტაცა რამდენიმე ფოტო, მარაოსავით დააწყო და სახესთან მოგვიტანა. _ ამაზე? ამაზე? _ და მოკაუჭებული თითი სათითაოდ მიუკაკუნა.

რომ გითხრას, მესიამოვნა სტრიპტიზის მოცეკვავე თიკას დანახვა, მოგატყუებთ. მზერა შაკოსკენ გამექცა. ის აუღელვებლად უყურებდა. განსაკუთრებული ფურორი ეროტიკულ საცვლებში გამოწყობილ შეყვარებულს არ მოუხდენია.

_ საიდან გაქვს ეს ფოტოები? _ ესღა ჰკითხა.

_ კეთილისმყოფელებმა მომართვეს ფოსტით, ისე ლამაზად იყო შეფუთული, საშობაო საჩუქარი გეგონებოდათ. არ გამოვრიცხავ, თინას ნამოქმედარიც ყოფილიყო, ის ხომ მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ მე მომიღოს ბოლო, მე გამამწაროს, დამცინოს, გული გამიხეთქოს, ჭკუიდან გადამიყვანოს!

მარგო მართლა ჰგავდა ჭკუიდან გადამდგარს. არა, ეს არ იყო ოთარაანთ ქვრივის პროტოტიპი, რომელიც `თავისად მაყურებელ თვალს დაიბრმავებდა და შვილისად მაყურებელით ივლიდა და იცოცხლებდა~. ამ დედა-შვილს შორის არსებული ხიდჩატეხილობა, თავად არხილჩაც კი გააოცებდა.

_ სახლიდან თუ გამოაგდეს, რამენაირად ხომ უნდა ერჩინა თავი? _ თქვა შაკომ.

_ ჰო, გავაგდე. მეც ადამიანი ვარ, ლოდინმა გული გამომიხრა, სული ამომართვა. ღამღამობით ლიფტის ხმას ვიყავი მიყურადებული, მოდარაჯე ძაღლივით, ის კი არ მოდიოდა, არც ღამის ათ საათზე, არც თერთმეტზე, არც თორმეტზე... ერთხელაც კარი არ გავუღე, საიდანაც მოსულხარ, იქ წაეთრიე მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, მამამისთან მიბრძანდა, იმ მამასთან, რომელიც დედამისს ხელით შეეხო! თუ გგონიათ იმან გაუძლო დიდხანს, ცდებით. ცოტა ხანში დამირეკა _ თინას ატანა აღარ მაქვს, გამიგიჟა ახალშექმნილი ოჯახიო. ჰმ, ახლა საკუთრმა მამამ გამოაბრძანა შინიდან. თურმე ნუ იტყვით _ მისი ერთადერთი ქალიშვილი გერს ცუდ მაგალითს აძლევს _ თმას იღებავს, ხმაურიან მუსიკას უსმენს, საეჭვო წრეში ტრიალებს. გერის მორალურ სახეს მოუფრთხილდა, შვილი კი ქუჩაში გამოაგდო.

_ რატომ ქუჩაში, სახლი ჰქონდა, დედა ჰყავდა... _ შეახსენა შაკომ.

_ მე უარს ვამბობ მის დედობაზე, ამდენი წელი მშვენივრად ცხოვრობდა ჩემ გარეშე, ახლაც გააგრძელოს. როგორი მომღერალიც არ უნდა დადგეს, როგორ წარმატებსაც არ უნდა მიაღწიოს, ჩემს გულს ვერ მოიგებს, ვერა! _ ამ სიტყვებით მარგომ დემონსტრაციულად გვაქცია ზურგი.

ბეჭებზე შევატყვე, ჯერაც ვერ დაცალა სათქმელი, წლების მანძილზე ნატარები ტკივილი უნდა ამოეხველებინა, როგორც ჭლექიან ავადმყოფს სისხლიანი ნახველი, სულერსია ვისთან, ოღონდ იმ ვიღაცას ადრესატამდე მიეტანა. აწმყოში ლაპარაკობს, დღესაც ვერ შეგუებია რეალობას, ყოფილ ქმარზეც ზუსტად იმ ხარისხითაა გაბრაზებული, როგორც უწინ. ცხადია, თიკა რთული მოზარდი იყო, მაგრამ როცა მშობლები ასე უმოწყალოდ გაბურთავებენ, რთული მოზარდი შეიძლება ბოროტ დედაკაცად იქცეს. იყო თიკას სიყმაწვილეში შავი ზოლი, ალბათ არც ეს ფოტოა მონტაჟი, მაგრამ არსებობს ბუნებაში ადამიანი `ზოლების~ გარეშე?... და თუ არსებობს, ხელს ჩამოვართმევ და ვეტყვი: `თქვენ იდიოტი ხარ, კლოს~.

_ ჩემგან გადაეცით, ტყუილუბრალოდ ნუ შეწუხდება ბოდიშზე, _ მარგომ სამხილებელ დოკუმენტაციას კიდობანში ჩაუძახა და უეჭველობაში არშემტანი გამომეტყველებით მოგვიბრუნდა. _ ვერც სარიდან ბაბუასთვის მიგდებული კაპიკებით მოიგებს ჩემს გულს, ვერც ინტერვიუებით, ასე თავმომწონედ რომ არიგებს იაფფასიან ჟურნალ-გაზეთებში.

_ სხვათა შორის, ერთ ინტერვიუში ძალიან თბილად მოგიხსენიათ, _ შაკოს ნაქირავებში წაკითხული ინტერვიუ გამახსენდა. _ დედას უნდა ვუმადლოდე კარგ ცეკვასო...

რატომღაც მომინდა სხვა თვალით შეეხედა თავნება ქალიშვილისთვის, შესულიყო მის მდგომარეობაში, ეპატიებინა. ისევ ოთარაანთ ქვრივს თუ დავესესხები, `დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რად არის?~

_ ჩემს გულს ვეღარ მოიგებს `თბილი სიტყვებით,~ ჩემი გული სამუდამოდ გაცივდა.

_ სამუდამოდ თქვენი კი არა, თიკას გული გაცივდა! _ ვერ მოითმინა შაკომ. მწვანე თვალები ჩაუმუქდა, შეშუპებულ ქუთუთოებზე სისხლძარღვები დაებერა, მომუჭულ ხელებზე კანი გადაეტკიცა და გაუთხელდა. ასეთი შაკო მე არ მინახავს.

_ გაცივდეს, იქით გზა ჰქონია! _ მოგვახალა პირგამეხებულმა დედამ. ვერა, ვერ ჩახვდა შინაარს.

_ `იმის იქით~ გზა არ არის, იმის იქით სიკვდილია!

მარგომ კითხვის ნიშნით სავსე თვალები მოგვაპყრო. რაღაცას მიხვდა, მაგრამ ბოლომდე არ სჯეროდა. არ უნდოდა დაჯერება.

_ პროზექტურაში ხართ დაბარებული, გვამის ამოსაცნობად. ხაზგასმულად წარმოთქვა შაკომ. _ როგორც ოჯახის წარმომადგენელი. _ დაამატა ხმადაბლა.

მარგო შექანდა, მაგრამ სწრაფად მოახერხა წონასწორობის აღდგენა. განზე გაწეული ხელებით იდგა, გასაფრენად შემართული ჩიტივით.

_ მარტო დამტოვეთ. _ ჩაიდუდუნა.

უსიტყვოდ გამოვედით კელიიდან. ერთი ნაბიჯის გადადგმა მოვასწარით მხოლოდ, ბრაგვანის ხმაზე უკანვე შევცვივდით.

იატაკზე გონწასული მარგო ეგდო. ის აღარ ჰგავდა გასაფრენად შემართულ ჩიტს... საყრდენი გამოეცალა, ფრთა მოტყდა, ცამ პირი შეკრა და არ მიიღო.

_ _ _

`თუ არ გაანათე, არ დაიწვები,~ ზვიადის სიტყვები პროზექტურიდან გამოსვლისას გამახსენდა. არ ვიცი, რამდენად მიესადაგება ისინი თიკას განვლილ ცხოვრებას, მაგრამ რომ დასცლოდა, ეგებ გაენათებინა კიდეც.

სახლში გასავათებული მივედი. არც ჭამის თავი მქონდა, არც წყლის გადავლების, არც აზროვნების. ტანსაცმლის გამოუცვლელად ჩავეპერტყე სავარძელში და სრულ სიჩუმეში გავატარე ნახევარი საათი. დათას არ პასუხობს ჩემს ზარებს, უკვე დაღამდა, წყენამ კი არ გაუარა. თუ მართლა ფიქრობს, რომ ღალატს ჰქონდა ადგილი, იქნებ ეპისტოლარულ ჟანრში ვცადო ბედი?

კომპიუტერს მივუჯექი. ფოსტაში ჯერაც იდო მისი გამოგზავნილი ლონდონის ხედები. ტირილი მომინდა, მაგრამ ისე ვიყავი დაცლილი, ერთი კურცხალი ვერ გამოვწურე. თვითგვემას შევეშვი და ტექსტზე ვცადე ჩაციკვლა, მაგრამ ტექსტსაც კურცხალის ბედი ეწია _ ერთი სიტყვაც ვერ `გამოვწურე~. რომ ვთქვა, მაინცდამაინც პატიების სათხოვნელად ვიყავი მომართული, ტყუილი იქნება. მომკალით და თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. დღესაც ისე მოვიქცევი, როგორც გუშინ და გუშინწინ. ყოყმანის შემდეგ ერთადერთი წინადადება დავწერე: `მე შენ მიყვარხარ~. ყოვლად გაცვეთილია, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. მესიჯი გავააქტიურე და დროის გასაყვანად მუსიკალურ საიტებზე დავიწყე ძრომიალი.

მედია ფლეიერში ნატო ზანდუკელის შემოქმედების სრულ პაკეტს წავაწყდი. უმეტესობა _ გასული საუკუნის ჰიტები, იყო თანამედროვეც, თუმცა ნაკლებად შთამბეჭდავი. არ არსებობს ქართული სოული, როკი ან ჰარდ-როკი. ქართული მრავალჟამიერია კარგი, რევაზ ლაღიძე კი საუკუნეში ერთხელ იბადება. ნატოს რეპერტუარს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ოქროს შუალედი _ საესტრადო მუსიკა ფოლკლორისა და პოლიფონიის ელემენტებით.

სულგანაბული ვუსმენდი. ვუსმენდი და თანდათან აზრზე მოვდიოდი. მე არ ვარ მელომანი, ვერც მუსიკალურ კრიტიკოსად გამოვდგები, მაგრამ არც ისეთი ყრუ ვარ, ნატო ზანდუკელისა და თიკა წულუკიძის ნამღერში საერთო ინტონაცია ვერ დამეჭირა. ეს ორი სხვადასხვა რეგისტრში მღეროდა, ნატო _ დაბალში, თიკა _ შედარების მაღალში, ჟანრის შესაფერისად. სენსაციური მიგნება თანდათან იკრეფდა ძალას და გონებას მინათებდა.

იმ მესიჯივით გავაქტიურდი, წეღან რომ დათას გავუგზავნე. დისკი თიკას ჩანაწერების კომპიუტერში შევასრიალე და სმენა გავიმახვილე. სრული მობილიზაციისთვის თვალებიც კი დავხუჭე. ხმა ჰგავს, შესრულების მანერა _ არა. ნატოს ნამღერი გულზე ხვდება, მისი კოზირი მის გულწრფელობაშია და არა ჟანრში. თიკა არ განიცდის, ის პირს აღებს, თვალებს ნაბავს, მიმიკას იცვლის... კი, თავისებურად თიკაც ცდილობს, მაგრამ მხოლოდ მოძრაობის ხარჯზე.

კომპიუტერის მაგიდას მოვწყდი და სერგოსთან დავრეკე.

_ შენ კიდევ არ გძინავს, გოგო, ღამის თორმეტი საათია უკვე! _ სრულიად ფხიზელი ხმით შემეხმაურა მაიორი.

_ მისმინე, სერგო, მგონი მივაგენი სად არის ძაღლის თავი დამარხული.

_ ამაღამაც თუ საფლავების გათხრას მთავაზობ, ვერ შეგიამხანაგდები. ძაღლის თავი კი არა, ფარნავაზის ოქრო რომ გეგულებოდეს სადმე ჩაფლული, უარს გეტყვი.

_ ნუ მეღადავები, თორემ დავკიდებ ყურმილს და მართლა დავიძინებ. სამუდამოდ. _ დავაყოლე სევდიანად.

_ არ დაურეკავს დათას? _ თანაგრძნობით დამეკითხა სერგო. პროზექტურაში ყოფნისას მოვასწარი ჩემსა და დათას შორის მომხდარი

გაუგებრობის შესახებ მეწუწუნა.

_ ნწუ.

_ შენ?

_ მე რა, მე ვცდილობ გული გადავაყოლო, აი, სიმღერების მოსმენით დავკავდი და სათანადო დასკვნაც გამოვიტანე: თიკას მომღერლობა ფიქციაა, მის მაგივრად ნატო მღერის. ხმების იდენტიფიკაციას შესაფერისი აპარატურა სჭირდება, მგონი უნდა იყოს თქვენს სტრუქტურაში.

სერგოს ენა ჩაუვარდა, სამაგიეროდ მე დავიქოქე:

_ ავარიის შემდეგ ნატო დაინვალიდდა და სცენას დაემშვიდობა. შესაბამისად, ოჯახს შემოსავლის წყარო გადაეკეტა. ზვიადს იმიტომ არ შეურთავს ჭკნობაშეპარული მომღერალი, რომ დარჩენილი ცხოვრება ინვალიდის ეტლით აგორავოს. მას სჭირდებოდა ფული, ნატოსგან კი აღარაფერი დარჩა, ხმის გარდა. ჰოდა, ეს ხმა უნდა გაეყიდა. შესაფერისი კანდიდატურის მოსაძებნად ის დადიოდა ღამის კლუბებში, სადაც გადააწყდა კიდეც თიკას _ ახალგაზრდას, პლასტიკურს, ამბიციურს, ტემპერამენტიანს, რისკიანს... და რაც მთავარია, უპატრონოს! უკეთეს ვარიანტს დაინტერესებული კაცი ვერც ინატრებდა. მოხდა ორმხრივი, უფრო სწორედ სამმხრივი შეთანხმება. ნატოს დასტურის გარეშე ტანდემი ვერ შედგებოდა. თამაშის წესები სამივეს აწყობდა. თინას საშუალება ეძლეოდა თავი დაეღწია ბინძური ჭაობისგან, სადაც დღითიდღე ეფლობოდა და ახალი ამპლუა მოერგო, ზვიადს უჩნდებოდა მუდმივი შემოსავლის წყარო, ნატოს _ შანსი, შეენარჩუნებინა ქმარი და რაღაცით შეევსო ინვალიდის უღიმღამო ცხოვრება. განგებამ ფეხები წაართვა, ხმას კი ვერაფერი დააკლო, ღირდა საქმეში ჩაშვება. თიკასგან შექმნეს სექსუალურად აგრესიული მომღერლის ტიპაჟი და მთლიანად შეცვალეს რეპერტუარი. ნიჭიერ მომღერალს ხმის მანიპულაცია შეუძლია, განსხვავებულ რეესტრში მღერა... ყოველივეს თუ შაკოს ნათქვამს დავუმატებთ, სადაც ის უკანა რიცხვისაა გაკვირვებული _ თიკა არ მახედებდა შემოქმედებით საქმიანობაშიო _ ტირაჟირებული ტყუილი სახეზეა. რას ჩაახედებდა, როცა სიმღერა ნატოს სახლში იწერებოდა?! გაიხსენე, სცენა შუშებიან დარბაზში...

_ გახსენებით გავიხსენე, მაგრამ ჯერ შენი ვერსია არ გადამიხარშავს. _ ამოიოხრა სერგომ.

_ გადასახარშავად მთელი ღამე გაქვს. ხვალ ორივე მომღერლის დისკებს გადმოგცემ, შენ იცი და შენმა აპარატურამ.

_ ხვალ, ხვალ... _ ჩაფიქრდა სერგო. _ ხვალ დილით საექსპერტიზო ლაბორატორიაში უნდა ვიყო. ზანდულელების კედლზე სისხლის შხეფები აღმოჩნდა...

_ და არა მელანი, როგორც შენ გეოცნებებოდა. _ ჩავურთე მე.

_ ჰოდა, ეგ სისხლი თიკას გვამიდან ამოღებულის იდენტური თუ გამოდგა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოგო ზანდუკელების სახლშია მოკლული.

_ ეგ ისედაც ვიცოდი...

_ ცოდნა მტკიცებულება არაა. აი, გილზაც რომ გვაპოვნინა...

_ რომელი გილზა?

_ რომლითაც თიკას ესროლეს. ტყვია გვამიდან ამოიღეს და დაქტოლოსკოპიურ ლაბორატორიაში გაგზავნეს, გილზა კი გაქრა. ხვალ დაგირეკავ და გადარბენებს შორის შუალედში შეგხვდები.

_ შუალედში გაკვეთილები მაქვს, მე თვითონ დაგიკავშირდები.

ასეც შევთანხმდით.

_ _ _

დაკვირვებული ვარ, როცა მოწაფეებს გაკვეთილის მოსმენა ეზარებათ, ცდილობენ კითხვები დამაყარონ. შეიძლება შეთანხმებულად მოქმედებენ, შეიძლება ბავშვური ინტუიციის კარნახით _ რაც მეტია კითხვა, მით მეტია გაკვეთილის ასახსნელად მომართული მასწავლებლის კალაპოტიდან ამოაგდების შანსი, ყოველ შემთხვევაში, დღეს შეგნებულად ავყევი მათ პროვოკაციას.

ბავშვებმა იციან მასწავლებლის სუსტი წერტილი, ზოგს შვილებზე ლაპარაკი უყვარს, ზოგს პოლიტიკაზე, ზოგიც მედიცინაზეა ორიენტირებულები. მეც მაქვს სუსტი წერტილი _ წიგნები. ბავშვებმა ეს იციან და სარგებლობენ. ამასწინათ, ძმები გრიმების ზღაპრიდან _ `ბაყაყ ხელმწიფე ანუ რკინის ჰაინრიხი~ ნაწყვეტი წავუკითხე, ცხადია, გერმანულ ენაზე. დანარჩენი სახლში გააგრძელეთ, კლასგარეშე ლიტერატურაში ჩაგეთვლებათ მეთქი. ისე ვთქვი, ყასიდად, თანამედოვე ბავშვები გერმანულად კი არა, ქართულად არ კითხულობენ. იმის გათვალისწინებით, როგორ არტისტულად ვკისხულობ მე და როგორ სულგანაბულები მისმენენ ისინი, ორივე მხარე კმაყოფილია. იმ აბზაცზე, სადაც ბაყაყი გემრიელად შეექცევა ვახშამს, მეფის ასულს კი ლუკმა არ გადასდის ყელში, მობილურმა დარეკა.

შაკო სასწრაფოდ მთხოვდა შეხვედრას. უარი არ მითქვამს, გაკვეთილის დამთავრებას ხუთი წუთი აკლდა. ზარის დარეკვამდე კითხვა განვაგრძე, მაგრამ ბავშვები არ იძვრიან, მისმენენ.

_ ია მასწ, ცოტაც რა...

_ ფუ, მე ბაყაყს არ ვაჭმევდი ჩემი თეფშიდან...

_ მასწ, მზეს მართლა აქვს თვალები?

_ აუ, მეც მინდა ოქროს ბურთი...

_ მე კი ხელმწიფის ასული მინდა ვიყო...

_ მე, რკინის ჰაინრიხი.

`ცხვრადვე მამყოფე ისევა, არა მწადია მგელობა~, მეც ვინატრე და ვიდრე ბავშვები წამოიშლებოდნენ, კლასი დავტოვე.

შაკო ჯიბეში ხელებჩაწყობილი იდგა ავტობუსის გაჩერებაზე. მოფლაშულ ტუჩებში სიგარეტის ღერი უქანავებდა, გაუპარსავი ლოყები ჩაცვენოდა, თვალები კი ნაცემ ძაღლს მიუგავდა.

პატარა კაფეში შევედით და ყავა და კუბდარი შევუკვეთეთ. ყავა უცებ მოგვიცუნცულეს, კუბდარის მოტანამდე კი შაკომ შემდეგი მამცნო: წუხელ მთელი ღამე ფიქრობდა თიკას ფენომენზე და ერთ დასკვნამდე მივიდა _ არავითარი საყვარელი შაკოს გარდა თიკას არ ჰყოლია. გამოდის, განხეთქილება მასა და ზვიადს შორის სულ სხვა მიზეზით მოხდა. მიზეზის დასადგენად შაკო დილაუთენია ესტუმრა ჩამწერ სტუდიას, სადაც დახვდა ნაბახუსევი დირექტორი, რომელმაც კატეგორიულად უარყო ამ გვარისა და სახელის მომღერალთან თანამშრომლობა, თუმცა დასძინა, რომ იცნობს კლიპის ავტორს. ავტორთან შეხვედრამ შაკო უარესად დააბნია. ამ უკანასკნელს მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა ჰქონია ინკოგნიტო სპონსორთან, დირექტივებს კი ტელეფონით ან ინტერნეტის საშუალებით იღებდა. რაც შეეხება კლიპის გასაკეთებლად გამოყოფილ თანხას და ჰონორარს, ის უპრობლემოდ ჯდებოდა კლიპმეიკერის ანგარიშზე. გამოდის, თიკა მიზანდასახულად ტყუოდა.

_ ასეა. _ დავუდასტურე მეც და შემოსწრებული კუბდარის ნაჭერი თეფშზე გადმოვიღე. _ ცოტა აზრზე მოვიდე და დაწვრილების მოგიყვები ყველაფერს.

შაკომ კუბდარი გაციცქნა და სიგარეტს მოუკიდა. იჯდა ბოლში გახვეული და საკუთარი განაჩენივით ელოდა ჩემს დანაყრებას. დიდხანს არ ვალოდინე, კუბდარს წყალი დავაყოლე და წუხანდელი აღმოჩენის შესახებ ვუამბე.

უფრო ემოციურ რეაქციას ველოდი, თუმცაღა გაუკვირდა. სავარაუდოდ, შაკომაც ამოწურა ემოციის ისედაც მწირი მარაგი. ის დროა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და მშვიდობიანად დავიშალოთ.

_ სანამ ზვიადის ძვლებს არ დავღეჭავ, არ მოვისვენებ. _ დაიმუქრა მოულოდნელად.

რას უნდა მივაწეროთ უეცარი გაცხარება? სიყვარულს? _ არა. შურისძიებას? _ არც ეს. სამართლიანობის აღგდენის წყურვილს? _ რა აზრი აქვს, გოგო მკვდარია.

სტოპ!

ზვიადმა ცოცხალი დატოვა ნატო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირეშმაკა ჰიპნოლოგი მორიგი ავანტიურისთვის ემზადება. ნატო კარგად ფლობს უცხო ენებს, არ გამოვრიცხავ, ასპარეზი გაიფართოვონ და თიკა-2-ის ძებნაში გადაეშვან.

_ ყელზე არ დაგადგეს. _ ვუპასუხე ნაგვიანევად.

_ არ დამადგება. მთავარია, ვიპოვო. არ მგონია პოლიციას ნატო ზანდუკელის სახელის გარშემო აურზაურის ატეხვა აწყობდეს. მოწვი, როგორ გაურბიან პრესას? ჩემი ყურის მოვისმინე, სერგომ ტელეფონის გასცა განკარგულება _ ინფორმაციამ არ გაჯონოს, ტორემ ენებს დაგაძრობთ ყველასო.

_ რა გასაკვირია, ჟურნალისტებმა თუ დაყნოსეს, ზვიადი სამუდამოდ დაყვინთავს, იმ უბედურ ქალს კი ნახმარი ცხვირსახოცივით მოისვრის.

_ კი არ მოისვრის, დაბრიდავს, როგორც შენ დაბრედვას აპირებდა. ეს კაცი თუ დროზე არ მოვაჯინეთ, ისეთებს დაატრიალებს, დედა შვილს არ აიყვანს.

შაკოს მეტყველება უკვე მერამდენედ მჭრის ყურს. ვუსმენ და გულში მეღიმება. ამ ახალგაზრდა კაცში ერთდროულად თანაცხოვრობს ჰიპი, ჟიგოლო და ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ბიჭი. შეგნებულად თუ შეუგნებლად, შაკო სწორედ ამ `ოჯახში გაზრდილი ბიჭის~ ამოძირკვას ცდილობდა. რატომ, რით ვერ მოაწონა თავი, სად შეარცხვინა?... იმიტომაც გამონახა საერთო ენა ამ ორმა დაკარგულმა სულმა _ თიკამ და შაკომ. ალბათ თიკაც ემიჯნებოდა პატარა თინას. ამავდროულად მის გადარჩენას ცდილობდა. მაგრამ დედამ არ გაიზიარა მისი სურვილი, მონასტერში გამოიკეტა, თითქოს მონასტრის კედლები შვილის სიყვარულისგან დაიცავდა. უხერხულიცაა სიყვარულზე ლაპარაკი, როცა საქმე დედაშვილობას ეხება, ღმერთის დაკავშირებულს ადამიანი ვერ გაჰყოფს.

მარგო ცალკე თემაა, არ მგონია მონასტერმა უშველოს, არ ჰგავს რწმენაში მყოფს, ან საერთოდ არ ესმის, რაში მდგომარეობს რწმენის არსი.

_ სხვათა შორის, ამ წუთებში სერგო ნატოს სახლშია და ზვიადის სავალ-დასავალის დადგენას ცდილობს, ასე რომ, ძალიანაც ნუ აგინებ სამართალდამცავებს.

_ მართლა? _ გამოცოცხლდა შაკო. _ თანაშემწე არ სჭირდება?

_ ერთი უკვე ჰყავს, ჩემი სახით. თუ გინდა, შემოგვიერთდი, აქედან პირდაპირ ზანდუკელის სახლში მივდივარ, დისკები მიმაქვს ხმების იდენტიფიკაციის დასადგენად.

შაკო მზადყოფნით წამოხტა, მე ანგარიში გავასწორე და გასასვლელში დავეწიე.

_ _ _

სერგო როდოსის კოლოსივით გაბოტილიყო ნატო ზანდუკელის ვრცელსა და გრილ ჰოლში. ჩემი ყურადღება ხატების კუთხეში დანთებულმა თაფლის სანთელმა მიიქცია.

_ შენ აანთე? _ ვკითხე.

_ ჰო. დავაშავე რამე?

_ არ მგონია, სალოცავი ყველასია.

_ იცი, რა მიკვირს? აი, ეს ორი აფერისტი, ნატო და ზვიადი, რა ნამუსით ლოცულობნენ, ჰა?

_ ვინ თქვა, რომ ლოცულობდნენ?

_ მა, ეს რ არის? _ ქართლურად მოუქცია სერგომ. _ დახე, რამდენი ხატია... ლოცვანი, ფსალმუნები... კაცმა გოგო მოკლა, ცოცხალ ცოლს პანაშვიდი გადაუხადა და კიდევაც ღმერთთან ლაპარაკს ბედავს!

_ იქნებ ცოდვებს ინანიებს?

_ არ მგონია. დააკვირდი, რა ძვირფასი ხატებია... მე პირადად დიზაინის ელემენტი უფრო მგონია, ვიდრე ლოცვის ობიექტი. განსაკუთრებით, აი, ეს... _ სერგომ მოჭიქულ-მომინანქრებულ ჩარჩოში ჩასმულ ღვთისმშობლის ხატზე მიმითითა.

მარიამ ღვთისმშობელი გულზე მიხუტებული ჩვილით თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა ჩარჩოს პომპეზურ მარწუხებში. ვინც დაიჭერდა მის მოკრძალებულ მზერას, ხომ კარგი, ვინც არა _ შეეძლო დამტკბარიყო ჩარჩოს დიზაინით. რა შორს იყო ეს ძვირფასი ჩარჩო ქრისტეს ღარიბულ ხიტონთან და გაქექილ სანდლებთან? ის, რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა მეტ-ნაკლებად პატიოსან ფარისეველს, დღეს თავად გახდა ვაჭრობის საგანი. ქრისტეს ვერ გაუგეს. თუ სულიერება მხოლოდ რჩეულსა ხვედრია...

ვიდრე მე უტყვი დიალოგი მქონდა გამართული ჩარჩოს ბინადრებთან, სერგომ და შაკომ მტკაველ-მტკაველ მოიარეს მთელი ჰოლი და თუ ინტუიცია არ მღალატობს, რაღაცას მიაგნეს.

_ მოდი, აქ, ძვირფასო ფრაუ, მოდი, რა დაგანახო! _ ხალისიანად მომიხმო ღია გარდერობთან ჩაცუცქულმა სერგომ.

კაუჭა საკიდებზე მამაკაცის საშემოდგომო სამოსი ეკიდა _ გრძელი შავი პალტო და სპორტული ქურთუკი, იქვე ეყარა ტუმბოდან ამოყრილი ფეხსაცმელები.

შაკოს ხელთათმანივით წამოეცვა `პუმას~ ფირმის ნაცნობი ბოტასი და ისეთი გაბადრული ამომყურებდა, თითქოს მტვრიან ლანჩას კი არა, ოქროს საწმისს მაჩვენებდა.

_ ვერაფერს ამჩნევ?

თავი გავაქნიე.

_ ეეე, თვალს დაგაკლდა, ძვირფასო ფრაუ, შენ თუ აქ მასრას ვერ ხედავ...

კისერი წავიგრძელე, ახლომხედველი თვალები მოვჭუტე და მართლაც, კაუჩუკის ორნამენტში ჩაჭედილი მასრა დავინახე. ახალმა ნივთმტკიცებამ იმდენად არ გამახარა, რამდენადაც მისმა სამალავმა გამაკვირვა. მასრა კი არა, თვითგადარჩენის ინსტიქტით შეპყრობილი ცოცხალი ორგანიზმია. წარმომიდგენია, რა გულმოდგინედ ეძებდა ბოროტმოქმედი და ვერ პოულობდა.

_ ამას მასროჰილზოთეკაში გავიყოლებ. ტყვია გვაქვს, ხვალ იარაღის სახეობას დავადგენ... ჩათვალეთ _ დანაშაული გახსნილია. _ ამაყად გამოაცხადა სერგომ.

_ დანაშაული ისედაც გახსნილია, ეგ არის, დამნაშავეზე ვერ გავდივათ. _ ცივი წყალი გადაასხა შაკომ. ყოჩაღ ბიჭი!

_ ჯერ ვნახოთ, ვისზეა გაფორმებული იარაღი, მერე ავტომატურად გავალთ ზვიადის კავშირებზე. _ სერგომ ბოტასი პარკში ჩააგდო და მიიხედ-მოიხედა. _ ვაგრძელებს ძებნას. მე აქაურობას მივხედავ, თქვენ სხვა ოთახები დაინაწილეთ.

ტელეფონის ზარმა ისე შეგვაკთო, რომ ჩვეულებრივი წკრიალი ჯოჯოხეთურ კაკაფონიად აღვიქვით. ის კი რეკდა, ზანდუკელების ქალაქის ტელეფონი.

] სერგომ კინკრიხო მოიფხანა, ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა გაპასუხება. ვიდრე სერგო ორჭოფლობდა, ავტომოპასუხე ჩაირთო. `ზვიად, გამარჯობათ, კახაბერი გაწუხებთ, ნოტარიუსი. ანდერძთან დაკავშირებული ნიუანსები ფაქტობრივად მოგვარებულია, შეგიძლიათ წასაღებად მობრძანდეთ. საღამოს ექვს საათამდე კანტორაში ვიქნები. წინასწარ გიხდით მადლობას.~

ერთმანეთს გადავხედეს. ანდერძი! კიდევ ერთი ძაღლის სავი. ეს ზვიადი პროფესიონალური ჰიპნოლოგი კი არა, პროფესიონალური მესაფლავეა. რატომ უხდის

ნატარიუსი მადლობას კლიენტს, თუკი ადგილი არა აქვს კანონდარღვევას? ცხადია, ნოტარიუსს ნატო ზანდუკელი მკვდარი ჰგონია, პატარა კორექტივი ანდერძის დედანში მისთვისაც ხეირია და ქვრივისთვისაც. ვიდრე მე და სერგო სიახლეს ვირგებდით, შაკომ ტელეფონის აპარატზე რამდენიმე მანიპულაცია ჩაატარა და ტუჩზე თითის მიდებით გაჩუმება გვთხოვა.

ავტომოპასუხეზე სულ შვიდი ზარი იყო დამახსოვრებული, ეტყობა სიჩქარეში წაშლა დავიწყებიათ. კაცმა რომ თქვას, მაინცდამაინც არც მე და სერგოს გაგვხსენებია ტელეფონის შემოწმება. ყოჩაღ, შაკო, ასე თუ გააგრძელე, შეგიძლია ახლავე გამოეთხოვო ჰიპურ-ბომჟურ კარიერას და მაიორს შეუამხანაგდე. ანაშას არ მოგაწევინებს, მაგრამ სამუშაოზე მოწყობას არ დაგზარდება.

ერთ-ერთი შეტყობინება ფრიად საგულისხმო ინფორმაციას შეიცავდა: `ზვიო, კვირის ბოლომდე თუ არ გადარიცხე სწავლის საფასური, ბავშვს სკოლიდან გამოგვირიცხავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, დამიკავშირდი, დარეკვა თუ ვერ მოახერხე, მესიჯი მაინც გამომიგზავნე.~ ეს სიტყვები ქალს ეკუთვნოდა, სავარაუდოდ, ზვიადის ყოფილ ცოლს, ან უბრალოდ ქალს, ვისგანაც შვილი ჰყავს. განსაკუთრებით, ბოლო ფრაზა მენიშნა. რა მესიჯობანა აუტყდათ, როცა თავისუფლად შეიძლება ტელეფონზე დალაპარაკება?! თუ ნატოს ემალებიან, გამოდის, მომღერლის სიკვდილთან დაკავშირებული აფერის შესახებ გარეშე პირებმაც იციან. და რაც მეტმა ადამიანმა იცის სიმართლე, მით უფრო საშიშია ზვიადი.

_ ანდერძის გადაფორმება თუ მოასწრო, გაუტევს თბილი ქვეყნებისკენ, როგორც ჩვევია. _ სერგომ შუბლიეზმუხნულმა გაირ-გამოიარა.

_ თქვენც ძებნა გამოაცხადეს, გააფრთხილეს მესაზღვრეები, ინტერპოლი ჩართეთ... _ მაიორს სახელმწიფოს ბერკეტები შევახსენე.

_ არ გამოვა. ეს საქმე მკაცრად არის გასაიდუმლოებული. პრესაში თუ გაჟონა, მერე პოლიცია კი არა, გადამფრენი ჩიტი ვერ დაეწევა. რომ გავახმაუროთ და მერე ვერ ვიპოვოთ, იდიოტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ცალკე დამნაშავეს დავაფრთხობთ, ცალკე სახელმწიფოს პრესტიჟს დავცემთ. სისხლის სამძებროს განყოფილება ვართ თუ `შულავერის~ კომიტეტი? _ იპლაგიატა სერგომ.

ჩვენც ვუყურებთ ტელევიზორს, მაიორო, ჩვენც ვიმახსოვრებთ ზოგიერთი პოლიტიკოსის ფრთიან გამონათქვამებს. შაკოსთან აღარ შევარცხვინე, თორემ ისეთი ტკბილ-მწარე ფრაზები მომადგა, პირში წიწაკის გემოც კი ვიგრძენი.

სერგომ ფურცელზე ჩამოწერა ავტომოპასუხეზე შემოსული აბონენტების ტელეფონის ნომრები.

_ ეს რომ დღესვე არ გავაშიფრინო, ხვალ შეიძლება გვიან იყოს.

_ გააშიფრინე, რა გიშლის? _ მხრები ავიჩეჩე მე.

_ გოგო, ვერ გაიგე რა თქვა იმ კაცმა? _ ექვს საათამდე გელოდები კანტორაშიო. ახლა რომელია? ხუთის ნახევარი. დღესვე რომ მივიდეს, ბარემ ფაქტზე დავიჭერდი. მოდი, იცი, რა გავაკეთოთ... თქვენ უჩემოდ გააგრძელეთ ჩხრეკა, მე ატეესში მივირბენ, აბონენტების ვინაობას დავადგენ, იქიდან კანტორაში შევუბერავ.

_ ბოტასი არ დაგავიწყდეს! _ მივაძახე.

კართან მისული სერგო უკან შემობრუნდა და ბოტასიანი ცელოფანი აიტაცა.

_ ამას ბაგაჟნიკში ჩავაგდებ, დღეს რაღას მოვასწრებ წაღებას, ხვალ, ხვალ... დანარჩენი ხვალ. _ და კარი გაიჯახუნა.

ხვალ, გავიმეორე გულში. რა იქნება ხვალ... რა იქნება ხვალ დათამ დამირეკოს? მომიკითხოს, ვითომ არაფერი მომხდარა. პრინციპში, რა მოხდა? ადგილი ჰქონდა მცირე გაუგებრობას, რომლის აღმოსაფხვრელად ელემენტალური დალაპარაკებაა საჭირო. კიდევ ერთხელ დავურეკე. კიდევ ერთხელ გავწბილდი.

_ თიკას მკვლელობა ანდერძთან არანაირ კავშირში არ არის, ვააბშე ცალკე ისტორიაა. _ თავი შემახსენა შაკომ.

_ ყველა ამ ისტორიას ერთი ავტორი ჰყავს _ ზვიად ჭიაბერაშვილი, მეტსახელად ჭია.

_ ეგ მართლა ჭია, ეგა. ჭია უჩინმაჩინი. თხრის, მაგრამ არ ჩანს.

_ გამოვაჩენთ, ადრე თუ გვიან ამოვა მიწის ზედაპირზე და ჩვენც იქ დავხვდებით. დროს ნუ ვკარგავთ, შაკო, ეძებე, გამორიცხულია, აქ რაიმე მინიშნება არ იყოს.

_ საიდან დავიწყო, არ ვიცი...

_ ნებისმიერი ადგილიდან, წეღან ხომ მიაგენით მასრას? რას ეძებდით გარდერობში, ზვიადის ცალ ბოტასს ხომ არა?

_ არა, სერგო ჯიბეებს შმონავდა, პილოტკიდან ვიზიტკა ამოვარდა, ასაღებად დავიხარე და უცებ ამოყირავებული ბოტასი დავინახე. ვა, მეთქი რა ბრწყინავს...

_ ვიზიტკა? _ შევაწყვეტინე.

_ რა... რა ვიზიტკა?

_ რომელიც პილოტკის ჯიბიდან ამოვარდა! _ შევძახე მოუთმენლად.

_ რა ვი, იქ ეგდება, სადმე.

მხედრული ნაბიჯით გავემარსე ღია გარდერობისკენ, სადაც რამდენიმე წუთის წინ გილზის აღმომჩენები გამარჯვების ყიჟინას სცემდნენ. სავიზიტო ბარათს ადვილად მივაგენი, იქვე ეგდო, მუხის იატაკზე. კახაბერ აფრასიძე. ნოტარიუსი. მობილური ტელეფონის გარდა, მითითებული იყო ოფისის მისამარსი და ფაქსი.

_ ჰა, ჰა! _ თავმომწონედ შევძახე.

_ შენ რა მაგარი ხარ, ტო! _ შემაქო იაკომ.

მობილური დავაძრე და სერგოს დავურეკე.

_ ბატონო მაიორი, შეგიძლიათ მოატრიალოთ თქვენი მცხოვანი მერანი და უკან მოჩიქჩიქდეთ.

_ მიაგენით რამეს?

_ უფალი კახაბერის ვიზიტკას.

_ ვახ! _ გაისმა მანქანების გუგუნში.

_ რომ გადაყევით მასრას, გვერდზეც გაგეხედათ, ბიძიკო. ისეთ თვალსაჩინო ადგილზე ეგდო, ბრმაც დაინახავდა. საკითხავია, ვის დააკლდა თვალს?!

_ მე დამაკლდა, მე! _ დამნებდა სერგო. _ დავაი, მიკარნახე მისამართი...

_ მისამართს გიკარნახებ, მაგრამ ჩვენ როდემდე ვიყურყუტოთ აქ? ამ ვიზიტკის მერე რაღაც დამეკარგა ჩხრეკის გაგრძელების ხალისი.

_ ჩემს მოსვლამდე ფეხი არ მოიცვალოთ! _ დამემუქრა სერგო. _ დალუქული ბინა გავხსენი, ღიად ხომ არ დავტოვებ კარს? ვნახავ, რა კაცია `მადლიერი~ ნოტარიუსი და უცებ მოვალ.

სხვა რა გზა მქონდა, მისამართი ვუკარნახე და სიგარეტთან ერთად ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი.

წინწკლავს. კატა ლემურის კუდით ალბათ ახლომახლო დაძრწის და საკბილოს ეძებს. აწვიმს კიპარისის ძირში დაწყობილ სპეციალურ თასებს ძაღლებისთვის. სად წაიყვანა გარეწარმა ჭიამ ნორა და ფელიქსი? ვინ იცის, გაბრაზებულ გულზე ჭკვიანი ნორა შემოაკვდა კიდეც...

როგორც იქნა, კარიბზე გაიღო. მადლობა ღმერთს, მომბეზრდა ფანჯარასთან ყურყუტი, სახლში მინდა, თბილ ჩუსტებში ფეხების წაყოფა და ტელევიზორთან მირთმეული ცხელი ჩაი. დათაც თუ დამდებს პატივს და ერთ ზარს გამოუშვებს, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

ნანატრი სერგოს ნაცვლად ეზოში იროკეზიანმა სუბიექტმა შემოაბიჯა. სპაიდერმენივით ეცვა _ ბორდოსფერი და ლურჯი აპლიკაციებით გაწყობილი ქურთუკი, ხელში კი პისტოლეტი ეჭირა, ის, რომლითაც ჩემს მისიკვდილებას აპირებდა. ქურდულად მიიხედ-მოიხედა და მოკლე ნახტომების დაიძრა სახლისკენ.

შიშმა ფანჯრის რაფიდან ხამომახტუნა, უკანა სვლის დავიძარი ჰოლის სიღრმისკენ, ვიდრე დისკების თვალიერების გართულ შაკოს არ დავეჯახე.

_ _ _

ბავშვობაში დამალობა ყველას უთამაშია, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი, მაგიდის ქვეშაც დავმალულვარ, კარადაშიც, თუ გნებავთ, კარადის თავზეც. ადგილს, სადაც მე და შაკო დავიმალეთ, პირობითად შეიძლება დაერქვას სამალავი. ეს იყო ღია გარდერობი, სადაც საშემოდგომო სამოსი ეკიდა.

მე ზვიადის შავ პალტოს ამოვეფარე, შაკო გარდერობის ქვედა განყოფილებაში _ ფეხსაცმელების შესანახ ტუმბოში მოთავსდა, თავზე იმავე ზვიადის `პილოტკა~ წაიფარა და გაისუსა. შაკოს სამალავს ტუმბოს გვერდები ფარავდა, დაინტერესებული პირი მხოლოდ იმ შემსხვევაში შენიშნავდა, თუ ღმერთი გაუწყრებოდა და შიგნით ჩაიჭყიტებოდა.

შაკოსგან განსხვავებით, ვერტიკალური პოზიცია მიჭირავს, რაც ართულებს ჩემს ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას. სუნთქვა იწვევს პალტოს მსუბუქ რხევას, ასევე, ერთ მტკაველზე მიჩანს ფეხები, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი შარვლის ტოტებს ბოროტმოქმედი კაუჭზე ჩამოკიდებულ კაშნედ აღიქვამს.

იროკეზიანი `ბეტმენი~ ოთახებში გადაადგილდება. მისი ფრთხილი ნაბიჯების ქვეშ ჭრიალი გაუდის მუხის იატაკს. ჭრიალს ერთვის პარკების შრიალი და ჭურჭლის წკარუნი. ეტყობა, შეფმა დარჩენილი ნივთების წასაღებად გამოგზავნა. ჭაღებს და ავეჯს ვერ მოერევა, მაგრამ საიუველირო ნაწარმით, იცოცხლე, პარკებს გატენის. ინტუიცია მკარნახობს _ ამ წუთებში ხატებს ხსნის კედლიდან. თუკი პატრონს დაუბრუნებს, რა მენაღვლება... თუ არ დაუბრუნებს, არც მაშინ მენაღვლება. შეიძლება დამოუკიდებლად მოქმედებს, კრიმინალით შედუღაბებული საძმოსი არ მჯერა.

დრო უსაშველოდ გაიწელა. ჩემი დაკვირვებით, დროს ფიზიკური მახასიათებლიც გააჩნია, ის მცირდება და იწელება არა მხოლოდ წელიწადის დროის, არამედ ჩვენი გუნება-განწყობის მიხედვით. რამდენ ხანს ვყურყუტებ ამ სარკოფაგში? ხუთი წუთი? ათი? თხუთმეტი? რა ვიცი, რა ვიცი... შეიძლება სამი წუთიც არ გასულა, მე კი მეჩვენება აქ დავიბადე, რაც ყველაზე სამწუხაროა, შეიძლება აქვე მოვკვდე. დრო კი ამ ყველაფერს დაიმახსოვრებს და ახალ თავსატეხს გაუჩენს ირეალურზე ჩაციკლულ ექსტრასენსებს. ერთ მშვენიერ დღეს ნატოც მოკვდება (რამდენიც არ უნდა იფაფხუროს, ჩვეულებრივი ადამიანია და არა გოეთეს ფაუსტი), სახლს სხვები დაეპატრონებიან, `აქ ცუდი აურაა,~ იტყვის ვიღაც, მაგრამ ახსნას ვერ მოუძებნის. კატა ქვეცნობიერად გრძნობს უარყოფით აურას. მე არ ვარ კატა, მაგრამ ახლა, ამ წუთას სხეულის ყველა რეცეპტორით ვგრძნობ მოახლოებულ საფრთხეს.

_ ბუმ, ბუმ, ბუმ! _ გაისმა მთელ ბინაში.

ეს ნატოს კუპიდონიანმა საათმა გვამცნო თავისი არსებობა, რასაც ბოროტმოქმედის გინება მოჰყვა, ეტყობა, გვარიანად შეეშინდა საცოდავს. აბა, რა ეგონა, სხვის ნივთებს რომ ჩურთავდა ტომრებში ეს ბეტმენის კარიკატურა?!

ფეხსაცმელებში ჩაკვეხებული შაკო შეკრთა, მაგრამ თავი არ ამოუყვია, ოდნავ გავკარი ჩექმის წვერი, დავამშვიდე, ასე ვთქვათ.

ბნელა, როგორც დაკეტილ უჯრაში. პალტო შარშანდელი ოდეკოლონის ოდნავ შესამჩნევ სურნელს აფრქვევს, საშობაოდ ვაპირებდი დათასთვის ოდეკოლინის მირთმევას, ხარისხიანი პარფიუმერიის დიდი მოყვარული მყავს. თუ მყავდა...

დავიძაბე. სულ ახლოს, ზედ ცხვირთან, საფრთხე მიღიტინებს. თმის ძირები მერხევა, შუბლი ცივი ოფლით მეცვარება. უფალო შემიწყალე, ნიკოლოზ სასწაულმოქმედო, მაქციე უჩინმაჩინად! მგონი პალტოს ჯიბეში იქექება, ნოტარიუსის სავიზიტო ბარათს თუ ეძებს... ბარათი ხელჩანთაში დევს, კრეტინო, ხელჩანსა მაგიდაზეა, წადი, მოშორდი, ჩემი ჩანთაც შენთვის დამილოცავს, ალალი იყოს...

არ მიდის, მამაძაღლი, გარეთა ჯიბეებს ამოწმებს, მერე შიდას ეწვევა.

სრრრი!

ეს პალტო ჩამოსრიალდა საკიდიდან და მე სრულიად დაუცველი წარვდექი მოახლოებული კი არა და, ხორცშესხმული საფრთხის წინაშე. იროკეზიანი დგას და გაშეშებულ მზერას არ მაცილებს. მგონი, ჩემზე უარეს შოკშია. უნდა ვისარგებლო მისი დროებითი კასტრაციით. ბარემ სარკოფაგში ვარ და მუმიას განვასახიერებ, ოღონდ გაცოცხლებულს, როგორც ამავე სახელწოდების მხატვრულ ფილმში. გარდერობის სიღრმეში არსებული ბინდბუნდის გათვალისწინების, შოკირებულ ადამიანს შეიძლება ბნელეთის მოციქულად მოვეჩვენო.

ვერ გეტყვით, რამ მომაფიქრებინა თეატრალიზებული მიზანსცენა, ფაქტია, რომ კბილები დავკრიჭე და ისე საზარლად დავიღრინე, კაიროს ნაციონალურ მუზეუმიში დაცული მუმიები გაფარჩაკდნენ.

მოულოდნელობის ეფექტმა გაჭრა. ისე მიყურებს, ჯეიმს კამერუნი ვინატრე თავისი კამერით. დღისით-მზისით ანგელოზიც რომ გამოგეცხადოს, შეიძლება მაშინაც გაგისკდეს გული. სიამოვნებით დავაკვირდებოდი, როგორ უსკდება გული ამ იროკეზიან მამლაყინწას, მაგრამ არ დამცალდა, მისი ყურადღება ქვედა განყოფილებაში დაწყებულმა მოძრაობამ მიიპყრო. შაკო, თავზე დაფარებული ქურთუკით, უთავო მხედარივით ამოიზარდა ფეხსაცმელების კორიანტელიდან და მოჩვენების პირობაზე, ძალიანაც დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ის დროა, გამარჯვება ვიზეიმოთ. ვხედავ, როგორ დაყვინთა ყაჩაღის ბრიოლინით დაყენებულმა ბიბილომ, ვხედავ და ცოფიანი მუმიის იმიტაციას განვაგრძობ, ამასთანავე ვხვდები _ რამდენიმე წამიც და დავიწვებით. შაკოს წარმოდგენა არ აქვს ჩემი იმპროვიზირებული პანტომიმის დეტალებზე. უსასრულოდ ვერც მე ვიხრჭიალებ, ისედაც გამიცვდა კბილის ემალი.

ბრავო!

იროკეზიანმა უკან დაიხია და ისეთი სისწრაფით მოკურცხლა, ბიბილო სულ ჰაერში უფრიალებდა.

ილაჯგაწყვეტილი ჩავიკეცე პალტოების გროვაში. მეზობლად შაკომაც ამოყვინთა. გაბურძგნილ თმასა და გვერდზე მოქცეულ დოლბანდში მართლაც ჰგავდა მოჩვენებას.

_ შენ ღრინავდი? _ მკისხა ძრწოლანარევი აღფრთოვანებით.

_ მადლობა თქვას, რომ არ ვუკბინე.

შაკომ თავი ჩაქინდრა და პირმოკუმული ახითხითდა.

_ რას იგლიჯები? ზვიადის კვალზე გასვლის ერთადერთი შანსი დავკარგეთ. _ ვუსაყვედურე მე და ფეხქვეშ გათელილ პალტოს მივაჩერდი. _ რაღა პალტოს დაეჯაჯგურა, ჰა?

_ ჰი, ჰი, ჰი, შანსიიი... _ არ ცხრებოდა შაკო, _ შენი მანქანით რომ გავკიდებოდით, ეს იქნებოდა ჩვენი ბოლო შანსი.

უნდა ვაღიარო, შაკო მართალია. ამ დამპლებმა ზეპირად იციან ჩემი მანქანის მარკა და ნომერი.

შაკოს გადავაბიჯე და ჯერაც აკანკალებული ფეხები ჰოლში გავიტანე. თვალი მომჭრა ნაცნობი ხატის ადგილზე გაჩენილმა სითეთრემ. ასეც ვიცოდი, ქურდი პირველ რიგში ძვირფას ჩარჩოში ჩასმულ ღვთისმშობლის ხატს მოისიყვარულებდა. ხატს წასაღებად გამზადებულ ნივთებში მივაგენი, პირქვედამხობილი ეგდო მუყაოს ყუთში, ზევიდან ვერცხლის დანა-ჩანგალი ეყარა. ხატს თავისი ადგილი მივუჩინე, რის მერეც შუქი ავანთე და მობილური მოვიმარჯვე.

_ სერგოს ურეკავ?

_ ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს. ნოტარიუსის სამუშაო დღე ნახევარი საათის წინ დამთავრდა, რატომ აგვიანებს?

მიზეზი მალე გავიგე _ ჱთვითონ სერგო დამიკავშირდა. აღელვებულ ხმაზე მივხვდი _ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა... გაირკვა, რომ ნატო ზანდუკელის სახლთან მოსულმა მაიორმა, დაინახა ეზოდან გამოვარდნილი მამაკაცი, რომელიც ფართხაფურთხით ჩახტა მოშორებით მდგარ `ნივაში~ და ისეთი სისწრაფით დაგაზა, თითქოს ვიღაც მოსდევდა. ცხადია, სერგოს არც უფიქრია მანქანიდან გადმოსვლა, გაეკიდა და ახლაც კუდზე აზის.

თან გამიხარდა, თან მეწყინა. დალოცვილო, იქნებ დაჭრილები (სულაც დახოცილები) ვყრივათ ამ ღვთისგან მიტოვებულ სახლში, შემოგერბინა, დაგეხედა, თუ მაინცდამაინც, პატრულისთვის გადაგეცა `ნივის~ ნომერი. სერგომ ეს არ გააკესა. ორიანი მაიორო ოქრუაშვილო, მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებენ!

_ ჩვენი დახმარება გინდა? _ ყასიდად დავეკითხე.

_ რას ჰქვია, არ მინდა? დარწმუნებული ვარ, პირდაპირ ზვიადის კვალზე გამიყვანს. მარტო რას გავხდები, ორი მხრიდან უნდა ჩავუსაფრდეთ. ზაჰესისკენ უბერავს ეს დედამოხნული... მაიცა, მგონი დავკარგე... ფუი! არა, აგერ არის. სად წამიხვალ... ჰე, რას შვებით? ან წამოდით ან ნუ მაცდენ.

_ სახლს რა ვუყო, ღია დავტოვო?

_ დატოვე, მაგის... ახლა მთლად ნუ მოაფრიალებ კარებს, მიკეტე და ეგაა. აბა, ჰე!

განაწყენებული მივაჩერდი მობილურის ჩამქრალ ეკრანს. მე აქ კბილები ვაკრაჭუნო ცოფიანი ანუბისივით, ელემენტალური თანაგრძნობის ნაცვლად კი უგულო _ `აბა, ჰე!~ მივიღო? რასაკვირველია, შემიძლია გავბრაზდე, შინ წავიდე და სითბოში დავლიო დამსახურებული ჩაი, მაგრამ არა, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი, თითქოს იროკეზიანი მამლაყინწას ნაცვლად მე მომდევდნენ.

შაკოს უსაფრთხოების ღვედის გაკეთება ვუბრძანე და ისე მოვხიე, კინაღამ გავხეთქე საბურავები. სიბრაზემ შიში დამავიწყა, თუმცა ქალაქის გასასვლელთან სიჩქარეს დავუკელი. ტრასაზე გვარიანად წვიმდა, ღმერთმა ნუ ქნას, საჭე ვერ დავიმორილო.

კოორდინატების დასადგენად სერგოს დავუკავშირდი.

_ ტრასიდან მარჯვნივ გაუხვია, ფასანაურის მიმართულებით. გაიგე, სად აწვება... _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა მაიორმა. _ მანქანების ნაკადმაც იკლო, თუ შემამჩნია, კარგად მეყოლე. თქვენ სად ხართ?

_ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტთან.

_ აუუ, კუზე ზიხარ თუ `აუდიზე~? _ შუმახერობა დამიწუნა სერგომ.

_ კუც ხარ და გაუთლელი ვირიც. _ მობილი გავთიშე და გზას მივაჩერდი.

_ ბუინობს? _ შემეხმიანა შაკო.

თავი დავუქნიე და წინ გავიჭერი.

ფასანაურში ჩასვლა არ დამჭირდა, სერგოს მანქანა სადღაც ბულაჩაურის გადასახვევთან დავინახე. შუმახურული დამუხრუჭება არ გამომივიდა. შაკო თავით მიასკდა პარფრიზს, მაგრამ საყვედურის თქმა არც უფიქრია, პატიოსნად ჩამოისვა ხელი შუბლზე. კარგი ბიჭი.

სერგოს მანქანაში არავინ იჯდა. დიდი მიხვედრა არ უნდოდა _ მდევარი დევნის ობიექტს გამოეკიდა. არ ღირს მობილურზე დარეკვა, ერთსაც დავაფრთხობ და მეორესაც. ტრასიდან რამდენიმე მეტრში ასფალტირებული გზა მთავრდებოდა და იწყებოდა სოფლის ორღობე. ნაწვიმარ მიწას მკაფიოდ ეტყობოდა `ნივის~ განიერი საბურავის კვალი, რომელსაც პარალელურად მიჰყვებოდა ბათინკის გიგანტური ანაბეჭდი. ამ ზომის ფეხი საქარსველოში ერთი წყვილი მეგულება და იგი ინსპექტორ-გამომძიებელს _ სერგო ოქრუაშვილს ეკუთვნის.

_ ვმოქმედებთ უსიტყვოდ, მხოლოდ ჟესტებით. _ გადავუჩურჩულე შაკოს და წელში მოხრილი გავყევი კვალს.

ჯიბრზე წვიმამ იმატა. ცივი, სლიკინა წვეთი ნემსივით მეძგერა და კისერში ჩამიცურდა. კაპიუიონი დავიხურე და მსვლელობა განვაგრძე, უკან ტყაპატყუპით მომდევდა შაკო. გზის ერთ მონაკვეთში ხრეში ეყარა და კვალი დავკარგეთ. შაკო მიხვდა ჩემი შებრკოლების მიზეზს, ხელმკლავი გამომდო და წინ მიბიძგა. დიდხანს არ გვივლია,

ხრეშს გავცდით თუ არა, საბურავის კვალიც განახლდა, სამაგიეროდ სერგოს `ანაბეზდი~ დავკარგეთ. სად აორთქლდა მაიორი, ღობის გადაღმა ხომ არ გადაძვრა?

გადაღმა აჩალული ნასიმინდარი მოჩანდა, ცენტრში აღმართული შლიაპიანი საფრთხობელით. ნეტავ, ვის შესაშინებლად გამოპრანჭეს? მოსავალი აღებულია, გადამფრენმა ჩიტებმა კარგა ხანია გაუტიეს თბილ ქვეყნებში, ბეღურებმა საკვამლურებთან მოითბეს ადგილი... ეჰ, ბარემ მეც მაქვს სახლი, მაგრამ რად გინდა, წერასატანილივით დავძრწივარ შუკა-შუკა, შარა-შარა.

შევდექით. კიდევ ერთხელ დავზვერე მიდამო. ორთაბრძოლის ნაკვალევს ვერ ვხედავ. ე. ი. სერგო ცოცხალია და დამოუკიდებლად მანევრირებს. დაახლოების ერთი გაჩერება ვიარეთ და პრაქტიკულად გასაწურები მივადექით ძებნილ `ნივას~.

`ნივა~ ფარღალალა ჭიშკართან იდგა, რომლის იქით კრთოდა ერთსართულიანი ფიცრული. გონებაში ამომოტივტივდა საზეპიროები დავით კლდიაშვილის ნაწარმოებიდან. რა იქნება, მართლა იქ ვიყო, ბეკინა სამანიშვილის კარ-მიდამოში, ფიცრულიდან კი იროკეზიანი `ბეტმენის~ ნაცვლად თავად ბეკინა გამოვიდეს, თავზე ყაბალახი მოიხვიოს და ნალიისკენ გაიქცეს გრძელი ნაბიჯებით, შეამოწმოს ზამთრისთვის დაბინავებული ჭირნახული _ ლობიო ხომ არ დაობდა, სიმინდი ხომ არ დასველდა, გოგრა ხომ არ დალპა...

_ რას ჩაფიქრდი? _ მხარი გამკრა ღობესთან ჩაცუცქულმა შაკომ.

_ სტრატეგიას ვაყალიბებ.

_ მაგის დროა ახლა? ვიმოქმედოთ, სანამ წვიმას გადაუღია.

მივაყურადე. წვიმის ხმას მდინარის ჩუხჩუხი ერთვოდა. სადღაც ახლოს `მორბის არაგვი, არაგვიანი~. პრინციპში, შაკო მართალია, შუქის ჩაქრობამდე უნდა დავკვალიანდეთ. სოფელში ადრე იძინებენ, თუმცა ეჭვი მეპარება ამ ფიცრულში სოფლის თავყრილობა იყოს.

_ გვერდიდან შემოვუაროთ და ღობიდან გავძვრეთ. ჭიშკარმა თუ დაიწკავწკავა, დავიღუპებით.

შაკო უსიტყვოდ დამეთანხმა. შუბლზე, ცხვირზე, ნიკაპზე წურწურით ჩამოსდიოდა წყალი, სველი თმა ლოყაზე ეკვროდა და რომელიღაც წმინდანს ამსგავსებდა. შემეცოდა. მთელი ეს აბსურდის თეატრი მხოლოდ იმიტომ გათამაშდა, რომ ერთ სულელ გოგოს აეროპორტიდან გაქცევა მოეპრიანა. სად გარბოდი, მართლაც რომ უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილო, თინა... იქნებოდი ახლა საბერძნეთში, შაკოც გვერდით გეყოლებოდა და ფრანგულ კანკანს ჩემს სიზმრში კი არა, სალონიკის ბარში იცეკვებდი.

_ სერგო სად დაგვეკარგა? _ დაინტერესდა შაკო.

_ ცოტა ხანში გადავურეკავ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

სახლის უკანა მხარეს გავერანებულ ბაღჩას მივადექით. აქა-იქ შერჩენილი ღობის ფიცრები მორყეული კბილებივით გადაქანებულიყო სხვადასხვა მხარეს. შაკომ ყველაზე განიერი წვიმით გაჟღენთილი მიწიდან ამოტყორცნა და ხელით მისაპატიჟებელი ჟესტი გამიკეთა. გაჭირვებით, მაგრამ გავეტიე. მართალია, წვიმის გუგუნში კაპიუიშონის ფხრიწინიც ჩამესმა, მაგრამ არ დავეძებ, ცოცხლმა თუ გავაღწიე აქედან, ახალ ქურთუკს ვიყიდი.

წელში მოხრილები მივიპარეთ განასებულ ფანჯარასთან.

`დაკარგული სერგო~ შესაწირი პირუტყვივით ეგდო უზურგო ტახტზე _ ხელფეხშეკრული, პირში ჩვარის, სისხლიანი შუბლით... მის გარდა ოთახში სამნი იყვნენ _ იროკეზიანი `ბეტმენი,~ რომელსაც თავისი კომბინირებული ქურთუკის გახდა მოესწრო, ქალიშვილი, რომელიც თიკად გამეცნო უნივერსიტეტის ბაღში და მოხუცი ქალი, რომელსაც პირველად ვხედავდი. ზვიადი არ ჩანდა. მთავარი `ჭია,~ უფრო სწორედ გველეშაპი, ალბათ ამბიციების შესაფერის სრა სასახლეშია გამაგრებული. ეს უბადრუკი ფიცრული კი შტაბ-ბინის დანიშნულებას ასრულებს.

მომეტებული განცდებისგან საერთოდ დავკარგე მგრძნობელობის უნარი. წვიმა წურწურის ჩამდიოდა კისერში, მე კი არ მციოდა. მთავარია, აზროვნებამ არ დამაღალატოს. როგორ მოახერხა ამ გაჩხინკულმა `ბიბილომ~ ღონიერი სერგოს მორევა?

მზიურში ნაცემი შაკო გამახსენდა. ერთი ხელის მოსმით დასცა ძირს. ამ ტიპებს სპორტული წარსული და კრიმინალური აწმყო აკავშირებთ, მომავალსაც ერთად გეგმავენ, დაითრევენ უბედური ნატოს ქონებას და ესპანეთის რომელიმე კურორტზე ქართულ რესტორანს გახსნიან.

საბრალო სერგო, თითქოს გული უგრძნობდა, ისე მისტიროდა ტრასაზე მანქანების სიმცირეს. დევნის ობიექტმა მაინც შენიშნა და შესაფერის მომენტს დაელოდა. მოულოდნელობის ეფექტი ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში ჭრის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მტერს საკუთარ ტერიტორიაზე შეიტყუებ. ალბათ, ცრუ თიკაც დაეხმარა. აგერ, მიწიან ხელებს იბანს წინაისტორიულ პირსაბანში, თხელი და ნაზი პროფილი აქვს, თითქოს ბოროტმოქმედის თანამზრახველი კი არა, დატყვევებული პრინცესაა.

მაიორი თვალს არ აცილებს მაგიდაზე დადებულ შავ საგანს, რომელშიც მისივე ტაბელური იარაღი ვიცანი. ამასწინათ იკვეხნიდა _ ტყვიას ტყვიაში ვაჯენო. საბრალო, საბრალო, სერგო...

_ პატრული ხომ არ გამოვიძახოთ? _ ყურში ჩამაორთქლა შაკომ.

_ აკი პოლიციასთან არ გინდოდა საქმის დაჭერა?

_ რა დროს კაპრიზებია, დაბრიდავენ ამ კაცს.

_ იქნებ ჩვენი ძალებით... _ სიტყვა შუაზე გამიწყდა, ჩემი ყურადღება იროკეზიანი `ბეტმენის~ გამომეტყველებამ მიიპყრო, ხელში სერგოს საბუთი ეჭირა და ბოროტად ქირქილებდა.

ფანჯრის გაბზარულ მინასთან მივჩოჩდი და ყური გავიმახვილე. ასპროცენტიანი სმენადობა არ იყო, მაგრამ ლაპარაკის გარჩევა მაინც შეიძლებოდა.

_ მაიორი ხარ, ბიჭო? _ ჰკითხა სარკასტული ღიმილით.

ხმაც ისეთი ჰქონდა, როგორც გარეგნობა _ მამლობაზე პრეტენზიის მქონე ყვინჩილა, თუმცა დიდი ხანია გამოსულიყო ყვინჩილობის ასაკიდან. ოცდაათი წლის იქნებოდა, თუ მეტის არა.

სერგომ თვალები დააბრიალა, თქმით რას იტყოდა, საინფორმაციო ღრუ ჩვრის ჰქონდა ამოქოლილი.

_ გასაგებია, რატომ აბირჟავებდი ზანდუკელის სახლთან. მისმინეთ, ქალბატონო ნატო, _ `ბეტმენი~ ასაკოვან ქალს მიუბრუნდა. _ აი, ამ გაკოჭილმა ტახმა და მისმა დამქაშებმა ხელი შემიშალა სახლიდან გამომეტანა თქვენი ნივთები.

პირველად მეგონა, რომ მომესმა, მაგრამ როცა ქალმა ხმა ამოიღო, მივხვდი _ მაგიდასთან მჯდარი მოხუცი ცნობილი მომღერალი ნატო ზანდუკელია. კარგად

დავაკვირდი. არც ისეთი მოხუცია. უბრალოდ, ნაიარევის კვალი ნაოჭებად აღვიქვი, გაქუცული თმის ბღუჯა _ ასაკის სიმპტომად. ამ ყველაფერს თუ ჩაჟამებულ პირისკანს დავუმატებთ, გასაკვირი არაა ჩემი ვიზუალური გადაცდომა.

_ ძალიანაც კარგად მოქცეულან. ბრავო, მაიორო, თუ ცოცხალი გადავრჩი, დაგიფასებთ. _ ნატომ ნაწარბალი შეჰყარა.

_ სულ ტყუილად იგესლებით, ქალბატონო ნატალია, _ `ბეტმენმა~ `ნაციის სახე~ ცალყბა ღიმილით დააჯილდოვა. _ თქვენი სიცოცხლე ფიქციაა, სინამდვილეში მკვდარი ხართ, მკვდარი! ისე ამოგხდებათ სული ამ ტალახიან სოფელში, კაციშვილი ვერ მოგაგნებთ. რომც მოგაგნოთ, ვერ გიცნობენ.

_ ბოცო, მორჩი, სისულელეების ლაპარაკს! _ გაუბრაზდა ცრუ თინა.

_ ილაპარაკოს. ზვიადი მატყუებს, ბოცო ხანდახან გამოურევს ხოლმე სიმართლის მარცვალს. _ ნატომ ამაყად მოიღერა მოფლაშული ყელი. _ სიმართლის მარცვალი სიცრუის ოკეანეში.

ბოცო ქვია ამ იროკეზიან ახვარს, ბოცო რანაირი მეტსახელია, ღვინის წრუპვა თუ უყვარს პირდაპირ ბოციდან.

_ კარგი ნათქვამია, მაგრამ მე უკეთესი მოვიფიქრე. _ ბოცომ ჯერ სერგოს შეხედა, მერე ნატოზე გადაიტანა ცბიერი მზერა. _ ეს ბუღა ცოცხალი რომ არ გაიშვება, ალბათ მეთანხმებით. თუმცა... თუმცა სიკვდილს ყოველთვის მოასწრებს... ჯერ აქაური საქმეები მოვაგვარებინოთ, არა? იცით, რა მაქვს მხედველობაში? ჰა, ჰა, მაგარი პრიკოლი მოვიფიქრე, მისმინეთ: მაიორს უნდა დაბრალდეს თქვენი სიკვდილი. როგორია? აგერ, მაგიდაზე დევს ტაბელური იარაღი, პოლიციელის ხელშენავლები, ათასი უბედურების მოწმე და მონაწილე... ჩახმახის გამოკვრაც არ უნდა, ისე ისვრის. ეს იქნება თქვენი წერა, თუ, რა თქმა უნდა...

_ არ მოვაწერ. რომც დამხვრიტო, ზვიადის შეთითხნილ ანდერძს ხელს არ მოვაწერ. _ დაასწრო ნატომ.

_ ასეთი სიჯიუტით საკუთარ განაჩენს აწერს ხელს.

_ ბოცო, გაგიჟდი, რეებს ბოდავ საერთოდ! არ დაუჯეროთ, ქალბატონო ნატო, აღელვებულია და არ იცის, რას ჩმახავს! _ ცრუ თიკამ პურის დასაჭრელად დანა მოიმარჯვა და ბოცოდ წოდებულს მკაცრად შეხედა.

_ არ ბოდავს, ეთო, ვაი რომ არ ბოდავს. _ ამოიოხრა ნატომ. _ მომიტანე პარიკი, თორემ ეს უბედური მაიორი მარტო ჩემი ყურებით მოკვდება.

ეთომ დანა დადო და მომიჯნავე ოთახიდან ხორბლისფერი პარიკი გამოიტანა, რომელიც ნატომ თავზე მოირგო და იმ საფრთხობელას დაემსგავსა, ახლახანს რომ ვნახეთ ნასიმინდარ ყანაში. მართალია იმას შლიაპა ეხურა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ფორმას, მთავარია შინაარსი.

_ რას იტყვის, მაიორო, ვგავარ ახლა მე განუმეორებელ ნატო ზანდუკელს? _ ნატომ კეკლუცად შეისწორა ხელოვნური კულული. _ არა, რაღაც ასპექტში, შეიძლება ვარ კიდეც განუმეორებელი, ვაი, რომ ცუდისკენ, ცუდისკენ... განუმეორებელი სიმახინჯე _ ასე დავარქმევდი იმას, რაც დარჩა ჩემგან. გამოაცალეთ ამ კაცს ჩვარი, რაც არ უნდა იყოს, ძალოვანი ორგანოს წარმომადგენელია.

_ ძალოვანი რომაა, იმიტომაც იჯდება ლაგამამოდებული. ეგღა მაკლია, მეზობლები დამიფრთხოს... ისედაც კისერმოღრეცილები დადიან, ოცი წელი ამ სახლში არავინ გამოჩენილა, დღეს რამ გადარიათო. _ ბოცომ სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა.

_ ოცი, გადაჭარბებულია, სანამ ბებო ცოცხალი იყო, ჩამოდიოდა ხოლმე. _ თქვა ეთომ. `ბებოს~ ხსენებისას ნაკვთები დაურბილდა, ისედაც, არ ჰქონდა აგრესიული სახე, მშვიდად და თავშეკავებულად მეტყველებდა.

_ აი, ეს წიწაკაც მისი დროინდელია, როგორც ჩამოკიდა ლურსმანზე, ისე დამხვდა. _ ეთომ წიწაკის გამოფშეკილ-გამოფიტულ გალაზე მიუთითა.

_ ჩამომისხი ერთი ჭიქა, ბებიაშენის შესანდობარი უნდა ვთქვა. _ უთხრა ბოცომ.

_ ჩემიც არ დაგავიწყდეთ. _ რეპლიკა ისროლა ნატომ.

_ ღმერთმა ნუ დამალევინოს თქვენი შესანდობარი, პირიქით, მე მინდა თქვენი გამოჯანმრთელებისა დავლიო... ეჰ, ქალბატონო ნატალია... `ქალბატონო ნატალიააა, მსხააალი ხარ თუ ატამიააა?...~ _ უნიჭოდ ჩაიღიღინა ბოცომ.

_ ეთო, გააჩუმე შენი ტლუ ქმარი, მე სხეული მაქვს დაზიანებული, ტვინი კი არა, სიმართლე ფანტაზიისგან ვერ გავარჩიო!

ცოლ-ქმარნი არიან, მოვნიშნე ჩემთვის. დამპალი მაფიოზები, დონ კორლეონეს საცოდავი პაროდიები, კარცეროგენური მეტასტაზები...

ტირადა საეჭვო შრიალმა შემაწყვეტინა. შაკოს დაჭმუჭნილი კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოჰქონდა. ხელზე მიტყაპუნებით და ავღკვეთე სახიფათო ინიციატივა. სიგარეტის ბოლიღა გვაკლია, ისედაც წკიპზეა ჩვენი სიცოცხლე. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება დატრიალდეს, რომელიმემ გარეთ გამოსვლა რომ ინებოს.

შაკომ დამიჯერა, მე ისევ ფანჯარას ავეწეპე. ტახტზე გაწოლილი სერგო ამაოდ ცდილობდა წამოჯდომას. წარმომიდგენია, რა სტრესში აგდებს ნახევრად წამოწოლილი, უმწეო პოზა. ეთო თანაგრძნობით უყურებდა, მაგრამ მიახლოებას ვერ ბედავდა, ნატოს ოდნავ გაეჩოჩებინა ინვალიდის სავარძელი და აუღელვებლად ეწეოდა მუნდშტუკში გაჩრილ სიგარეტს. ბოცო ღელავდა, წამდაუწუმ მიჰქონდა ყურთან მობილური ტელეფონი. ღელავდა მისი ქოჩორიც, დაკბილულ ბიბილოდ ატყორცნილი გამურული ჭერისკენ.

_ სად დაიკარგა ეს ჩემისა? _ ჩაიბურტყუნა ბოცომ.

_ ზვიადთან რეკავ? _ დაინტერესდა ცოლი.

_ გათიშული აქვს, აბა, თუ მოიფიქრებს დარეკვას?

_ დარეკავს, როცა საჭიროდ ჩათვლის.

_ ამას რა ვუყო? _ ბოცომ სერგოს შეხედა, რომელსაც ამასობაში წელის ათრევა და საჯდომის დაფიქსირება მოეხერხებინა.

_ ნუ აჩქარდები, დაველოდოთ რას იტყვის ზვიადი. _ ქმრისგან განსხვავებით ეთო კორექტულობის განსახიერება იყო.

ხუთიოდე წუთში `კორექტულობის განსახიერებამ~ გარეთ გამოსვლა ინება, ფაქტობრივად ცხვირწინ ჩაგვიქროლა და სახლის უკან, ჩეჩმისკენ გაიქცა. სიბნელისა და წვიმის გამო ღმერთს მადლობა შევწირე და თითით შაკოს მოვუხმე:

_ დანა არ გაქვს?

_ დანა? რა დანა?

_ რა ვიცი, რა დანას დაატარებენ ხოლმე ბიჭები, ფიქსატორიანი, უფიქსატორო...

_ დანა სკოლაში არ მდებია, ახლა რატომ ჩავიდებდი?! _ შაკომ ცხვირზე ჩამოკონწიალებული წვიმის წვეთი სახელოთი მოიწმინდა და ალალმართალი კაცის მზერა მომაპყრო. ამ სევდიანი ჰიპის ნაცვლად ერთი ჯიგარი ძველი ბიჭი მომცა!

გამწარებულმა მივიხედ-მოვიხედე.

_ რას ეძებ?

_ დანას, ქვას, ჯოხს... ნებისმიერ საგანს, რომლის მეშვეობის იმ ქალბატონის მძევლად აყვანა შეგვიძლია.

_ ვინ ქალბატონის?

_ წეღან რომ მოსასაქმებლად გაკუნტრუშდა.

შაკო, როგორც იქნა, ჩახვდა საქმის არსს. დაფაცურდა. ახლომახლო პერიმეტრში ვერაფერი აღმოაჩინა და ეზოს სიღრმისკენ გახოხდა, ფრთამოტეხილი ღამურასავით. კიდევ ერთხელ შევაწუხე უფალი, ამჯერად ფრიად დელიკატურ საკითხზე _ კორექტული ეთო რაც შეიძლება დიდხანს შეყოვნებულიყო ჩეჩმაში. ვიღაც მკვრეხელობას დამაბრალებს, მაგრამ როცა ელემენტალურ შეყოვნებაზე ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული, სწორედაც გულზეხელდაკრეფილი ჯდომაა მკვრეხელობა.

შაკო, არც მეტი, არც ნაკლები, ნაჯახით შეიარაღებული დაბრუნდა. ნაჯახი ძველი იყო, შეჟანგული პირითა და გადაპრიალებული ტარით. ჭიშკრის მახლობლად, კუნძში ყოფილა ჩარჭობილი, აქ შემოსვლისას მოუკრავს თვალი და უცებ გაახსენებია. ჰიპია თუ რაც არის, კაცია. მამრის მხედველობითი აღქმა რადიკალურად განსხვავდება მდედრისგან. ქალი სიღრმეში იყურება, მამაკაცი _ სივრცეში. ქალს შეიძლება სრულიად უადგილო ადგილას დაემართოს დეჟავუ, მაგალითად, ნაჯახს უყურებდეს და `სამანიშვილის დედინაცვალზე~ ფიქრობდეს.

_ მოკლედ, არავითარი ინტელიგენტური გამოხდომები. _ გავაფრთხილე შაკო, _ ყველაფერზე წამსვლელი კრიმინალების შთაბეჭდილება უნდა მოვახდინოთ, თქვი, რაც პირზე მოგადგება: იგინე, იფურთხე, ბოროტი როჟები მოკერე... ეთოს შენ მიხედავ, ფრთხილად მიხედავ, მართლა არ შემოგაკვდეს, მარცხი ელანზეა ხო იცი... სერგოს იარაღს მე დავითრევ, თუ დამჭირდა, ჩახმახსაც გამოვკრავ.

_ `ესროლე, ოღონდ ფეხებში~, _ ჩაიცინა იაკომ.

_ დედას ვუტირებ! ჩვენ ჩვენი ხუტა უფროსი გვყავს გადასარჩენი. ჩეჩმისკენ ვუბერავთ, ფანჯრების ქვეშ ხომ არ დავიწყებთ სპეცოპერაციას?!

წვიმა არ აპირებდა გადაღებას, პირიქით, მოიმატა. ჩექმების ქუსლები წარამარა მიწაში მეფლობოდა და უკან ამოტყორცნა მიჭირდა, მაგრამ ჩეჩმამდე მისვლა და საპატიო ყარაულში დადგომა მოვახერხეთ. მარჯვნივ _ სერგო ნაჯახით, მარცხნივ მე _ ცარიელი ხელებითა და მხედრული შემართებით. ათამდე დავითვალე. მერე ოცამდე. ე, ნამუსიც კარგი საქონელია, ამდენ ხანს იმშობიარებდა ადამიანი! უეჭველი ფაღარათი აქვს. ახია მაგაზე! ურიგო არ იქნება ბიბილოიან ქმარსაც გაჰკრას ნაწლავების ინფექციამ, პირდაპირ ფეკალიებში ჩავაყუდებდით.

როცა დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია, ფიცრებით აჭედილი კარი გაიღო და ეთოც გამოჩნდა. შაკო ზურგიდან მიეპარა, კისრით დაითრია და წინიდან ნაჯახი მოუღერა.

_ ხმა, კრინტი, თორემ გაგათავე! _ წაუსისინა შეცვლილი ხმით, _ გასაგებია?

ეთომ შეზმუვლა.

_ გაიგო. _ ვუთარგმნე მე.

_ ვერ გაიგებს და წიწილასავის წავაცლი თავს.

_ ეჭვი არ მეპარება. _ ვესროლე ოდნავ დაწინაურებულმა.

კართან შევყოვნდი. დიდსულოვნად გავატარო თუ ერთდროულად დავაცხრეთ? ჯგუფურად უფრო ეფექტური იქნება. კი. კარი შევწიხლე და აპაჩების ყიჟინით შევცვივდით ოთახში.

_ ხელები მაღლა! არ გაინძრეთ! _ ბოლო ხმაზე დავჭექე და ვიდრე ბოცოდ წოდებული ბეტმენი თავს მოაბრუნებდა, მაგიდაზე დადებულ პისტოლეტს ხელი დავტაცე.

დატყვევებული ცოლის დანახვაზე ბოცო ისე გადაფითრდა, თითქოს ფქვილით სავსე ტომარა დააცალეს თავზე. სამაგიეროდ ქალბატონი ნატო მოფერიანდა, ხშირ-ხშირად აახამხამა უწამწამო თვალები, პარიკი შეისწორა.

ფეხებგაჩაჩხული დავხტი (როგორც ბოევიკებში მინახავს) და პისტოლეტის ლულა ბოცოზე მივმართე. კედელთან მიმწვდეული ნადირი ორმაგად საშიშია, კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს ახლობლის გადასარჩენად. მან უსიტყვოდ ასწია ხელები, თან შეშლილ მზერას არ აცილებდა ცოლს, რომლის ყელზე ვერცხლისფერ ამულეტად ბზინავდა ნაჯახის პირი.

მაგიდას შემოვუარე და სერგოსკენ გადავინაცვლე, დიდი სურვილი გამიჩნდა დაუყოვნებლივ ჩამეხედა მის დიდ თვალებში და იქ ჩემით აღფრთოვანება ამომეკითხა, თუმცა წამიერი კაპრიზი ჩანასახშივე უკუვაგდე. ქათინაურებს მოგვიანებით მოვისმენ, ოპერაციის წარმატებით დამთავრებისთანავე.

_ ქალბატონო ნატო, ჩვენ არა მხოლოდ მაიორის, არამედ თქვენ დასახსნელადაც მოვედით. _ გამოვაცხადე ხმამაღლა.

_ გმადლობ, გენაცვალე. _ შეიფერა მომღერალმა.

_ მადლობა მერე... ვიდრე ეს ვაჟბატონი მიზანში მყავს ამოღებული, კეთილი ინებეთ და გაათავისუფლეს მაიორი. ბუფეტზე პურის საჭრელ დანას მოვკარი სვალი, ხელებზე თოკი გადაუჭერით, დანარჩენს თვითონ მიხედავს.

ნატო სიამოვნებით გაჭრიალდა დავალების შესასრულებლად.

რამდენიმე წამში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. სერგოს ნაცვლად საბრალდებულო სკამზე `ბეტმენი~ ბოცო იჯდა. იარაღი პატრონს ჩავაბარე და ძალადაცლილი დავეხეთქე ტახტზე.

_ _ _

ნატომ ზანდუკელმა მუნდიტუკში ახალი სიგარეტი შეარჭო და მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა. მე მივეჩვიე მის პაუზებს, აი, სერგო კი მოუთმენლად ცქმუტავდა. მაიორი ოქრუაშვილი არ არის მიხვეული ვარსკვლავურ კაპრიზებს, გენეტიკური სწორხაზოვნება და სამსახურებრივი ცენზი ხელს უშლის ადექვატურად აღიქვას ამ კატეგორიის ქალბატონების ფსიქოტიპი. ნატოსთვის ჩვენ ინტერვიუს ჩამოსართმევად მოსული ჟურნალისტები უფრო ვართ, ვიდრე კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლები. (თავს უფლებას ვაძლევ დროებით შევაფარო თავი გამომძიებლის ქოლგას). რაც მთავარია, ჩემს სახლში ვიმყოფებით, სერგო და ნატო კი მხოლოდ მოწვეული სტუმრები არიან. ბოცო და მისი კორექტული მეუღლე ზედმეტი ხმაურის გარეშე მივაბრძანეთ სადაც ჯერ არს. ვიდრე ზვიადი თავისუფლად

დანავარდობდა, ნატოს ფიქრის გორაზე დატოვება საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ მის სიცოცხლეს, არამედ ჩავარდნით ემუქრებოდა ოპერაციის ფინალურ აკორდს. მკვდრეთით აღმდგარი ვარსკვლავის სტუმრობაზე დირექტორი მაია საკუთარ პოსტს დათმობდა, მე კი სხვა გზა გამოსავალი არ დამიტოვეს. ცოცხალ ლეგენდას შაკოს ნაქირავებს ვერ ვაკადრებდი, სერგოც გაიტრუნა, ძუძუს გოზივით, იძულებული მე გამომედო თავი... მე, რომელიც ქმართან გაყრის ზღვარზე ვიმყოფები! ახლა რომ დარეკოს, პირდაპირ ნატოს გადავცემ ყურმილს, თუ არ დაიჯერა, ვთხოვ სიმღერით დაადასტუროს.

ნატო ზანდუკელის მონაყოლიდან:

ნატომ და ზვიადმა ერთმანეთი ესპანეთში გაიცენეს, ნატო გასტროლებზე იყო, ზვიადი _ კონცერტს ესწრებოდა. ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება, მაგრამ ზვიადის მცდელობამ მოენადირებინა ცნობილი მომღერლის გული ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იყო ყვავილები, ორიგინალური საჩუქრები, რომანტიკული საღამოები, დახვეწილი ქათინაურები... ისიც გატყდა და უკვე მესამედ ცადა ოჯახის შექმნა. იქნებ ამჯერად მაინც გაუმართლოს?! წინამორბედებთან შედარებით ზვიადს ბევრი უპირატესობა ჰქონდა _ არ ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებს, სპორტს მისდევდა, ცოლის კისერზე ცხოვრებას არ აპირებდა, დროის ფასიც იცოდა და ფულისაც. მისი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა არსებითად ანეიტრალება ნატოს მოჭარბებულ ემოციურობას. ზვიადის გვერდით ნატო თავს დაცულად გრძნობდა, თუ ვინმე იკითხავს _ რა სჭირდა დასაცავი შემოქმედების პიკზე მყოფ მომღერალსო, ძირშივე შეცდება. ჰქონდა, ძალიანაც ჰქონდა... ტანგო მოცეკვავეებს ჰგავდნენ, როდესაც მამაკაცს მიჰყავს ქალი, ქალი კი სიამოვნებით ემორჩილება. ისე მოხდა, რომ ნატოს ყოფილი მამაკაცები თავიანთ ტანგოს ცეკვავდნენ, ის _ თავისას. პირველად ცხოვრებაში ნატოს მოუნდა ყოფილიყო სუსტი, დამჯერე, დამყოლი, არ ეფიქრა ყოფით პრობლემებზე, კონცერტების მოწყობაზე, სპონსორის მოზიდვაზე, პრესასთან ურთიერთობაზე, კონტრაქტებზე, მატყუარა ადმინისტრატორზე... ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა, ზვიადმა საკუთარ თავზე აიღო, რაც ძალიან მალევე დაეტყო ნატოს შემოქმედებას. გასტროლებს ვერ აუდიოდნენ, ერთო დღე არ ჰქონდათ თავისუფალი, მაგრამ დაღლის ნაცვლად ნატო ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა. ზვიადი, როგორც ყოფილი სპორტსმენი, დიდ ყურადღებას აქცევდა ფიზიკურ ფორმას და რეჟიმს. დილა იწყებოდა ვარჯიშით, მერე აუზი, მასაჟი... და მხოლოდ ამის შემდეგ შემოქმედებითი საქმიანოდა. ერთწლიანი თაფლობის თვე ერთ დღეში დასრულდა _ ნატომ ავარიაში მოჰყვა. პრაქტიკულად ნაწილ-ნაწილ გახდა ასაკრეფი, სახის ნახევარი დამწვარი ჰქონდა. კანი გადაუნერგეს, მაგრამ თბილისში გაკეთებული ოპერაცია არ აღმოჩნდა საკმარისი. ნატო სიკვდილს ნატრობდა. ახლობლებს პალატის კართან მიახლოებაც კი აუკრძალა, უბრალო თაყვანისმცემელზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. დეპრესიის დაძლევაში ზვიადი დაეხმარა. სწორედ მაშინ ჩაუტარა პირველად ჰიპნოლოგიური სეანსი, რომელმაც ნატოს შვება მოჰგვარა და მომავლის იმედი ჩაუსახა... იქნებ, პლასტიკური ოპერაცია ნაწილობრივ მაინც დაუბრუნებს უწინდელ იერს?! მაშინ სახეზე იყო ჩაციკლელი, ვერც წარმოედგინა, რომ დაზიანებული ხერხემლის გამო ფეხზე ადგომას ვერასოდეს შეძლებდა. ეს თავზარდამცემი სიახლე მოგვიანების შეიტყო, როცა საავადმყოფოდან სახლში გამოეწერა. გულისფანცქალით ელოდა, როდის მიატოვებდა ზვიადი, მაგრამ ქმარი აქეთ ამშვიდებდა _ შვეიცარიის კლინიკასთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას, იქნებ ხერხემალზე ოპერაციის გაკეთება გარისკონო. ამასობაში, კიდევ ერთი უბედურება დაემართა _ ძლიერმა მედიკამენტებმა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და თმის ცვენა გამოიწვია. ნატო დეპრესიაში ჩავარდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, არავის დანახვა არ სურდა, მხოლოდ ის, ზვიადი, მარტა, ფელიქსი და მკაცრ კონტროლზე აყვანილი მომსახურე პერსონალი. ერთხელაც, ქმარმა თაყვანისმცემლების

გამოგზავნილი წერილების დასტა მოუტანა. წერილები ადრეც მოსდიოდა, მაგრამ მაშინ სად ეცალა წასაკითხად, მაშინვე სანაგვე ყუთში ჩაუძახებდა ხოლმე... ახლა კი ისე გულდასმით გადაიკითხა, თითქოს მოსწავლე გოგონა იყო და არა სიურპრიზებით გათამამებული მომღერალი. ნატომ იცოდა, რომ დროთა განმავლობაში წერილების რაოდენობა შემცირდება, მისი სახელი კი დავიწყებას მიეცემა, მას კი იმდენი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, იმდენი სიმღერა დასახვეწი... და აქ ზვიადს გრანდიოზული იდეა დაებადა _ ის პოულობს ქალიშვილს, რომელსაც შეუძლია ლამაზად მოძრაობა, დაჯილდოებულია არტისტული მონაცემებით, მიდრეკილია ავანტიურისკენ და დათანხმდება იმღეროს ნატოს ხმით. ექსცესების აღმოსაფხვერად რადიკალურად შეიცვლება ნატოს რეპერტუარი. ზვიადის ღრმა რწმენით, ესტრადამ დიდი ხანია მოჭამა თავისი დრო და ნატოს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა სცენასთან დამშვიდობება. თავმოყვარე მომღერალმა უნდა იცოდეს, როდის წავიდეს, რომ სამუდამოდ დარჩეს, თუნდაც როგორც ლეგენდა. მართალიც იყო, ნატოს სულაც არ ეხალისებოდა ბებრული კანკალით გამოსულიყო სცენაზე (ცხადია, წლების მერე) და ბისზე ემღერა ყოვლად გაცვეთილი, ყელში ამოსული ჰიტები. ასე რომ, ზვიადის წინადადება ყოველმხრივ რაციონალურად ჟღერდა. შესაფერისი კანდიდატურის არსებობის შემთხვევაში ზვიადი მოიზიდავდა ნიჭიერ კომპოზიტორებს, აიყვანდა ქორეოგრაფს, შეუკვეთდა კლიპებს, ჩაწერდა ალბომს, გააკეთებდა რეკლამას და ჩაუშვებდა გასაყიდად. ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ პროექტს ექნებოდა კომერციული სარჩული და ისინი დაიპყრობდნენ არა მხოლოდ მაყურებლის გულებს, არამედ ბაზარს. თუკი ზვიადის პროექტს განხორციელება ეწერა, ნატო სამუდამოდ კარგავდა ყოფილ აუდიტორიას _ ნოსტალგიაშეპარულ რომანტიკულ ჭაღაროსნებს, სამაგიეროდ იძენდა ახალს _ კევის მოღლაჭუნე პოპკორნის თაობას, რომლებსაც ლირიკულ ბზუილს ვნებიანი კივილი ურჩევნია. ნატომ, ცოცხლად დამარხვას, რისკზე წასვლა ამჯობინა. ასე გაჩნდა მათ ცხოვრებაში თიკა წულუკიძე. ჩანაფიქრმა გაამართლა, რამდენიმე თვეში თიკას კლეპები ტელევიზორში დატრიალდა და ის, როგორც იტყვიან, ცნობადი სახე გახდა. ცხადია, ნატო ზანდუკელის დიდებასთან ვერ მივიდოდა, მაგრამ გარკვეულ წრეებში ძალიანაც მოსწონდათ, რასაც მოწმობდა გაყიდული ალბომები. სცენა თიკა წულუკიძემ ვერ დაიპყრო იმ უბრალო მიზეზის, რომ ცოცხლად სიმღერისას პირწმინდად გაიშიფრებოდა, ფონოგრამაზე კი, იცოცხლე, უბერავდა. ნატოს ცხოვრებას აზრი მიეცა, სადღა ეცალა დეპრესიაში ჩასავარდნად, მთელ თავისუფალ დროს სიმღერების დამუშავებას უნდებოდა. თვითონაც აინტერესებდა, რამდენად კარგად გამოუვიდოდა როკის სტილში მღერა. ზვიადს იმდენად მოეწონა ცოლის ახალი ამპლუა, რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერა მოუტანა: ცადე, იქნებ რამე გამოადნოო. რეზულტატმა მოლოდინს გადააჭარბა _ მომღერლით უცხოური ხმის ჩამწერი სტუდიებიც დაინტერესდნენ. ზვიადი ბევრს ფიქრობდა თანამშრომლობის ფორმებზე, ცდილობდა შეეჯერებინა რისკ ფაქტორები, არც იმას გამორიცხავდა, რომ რაღაც ეტაპზე სენსაციური განცხადება გაეკეთებინა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ნატოს ოპერაცია წარმატებით დაგვირგვინდებოდა და ის ფეხზე დამდგარი, ახალი სახითა და ახალი იმიჯით წარდგებოდა მაყურებლის წინაშე.

შორს მიმავალ გეგმებს თიკამ დაუსვა წერტილი. თურმე ნუ იტყვით _ ჰონორარი ეცოტავება, და თუკი პრეტენზია არ დაკმაყოფილდება, უარს იტყვის ალიანსზე. ზვიადი არ აპირებდა პოზიციების დათმობას, მისი მხრივ, ეს იქნებოდა ხელისმოწერა ფაქტობრივად კაბალურ ხელშეკრულებაზე. მეორე მხრივ, არც პროექტის ჩაშლა აწყობდა. თიკა კი არ ცხრებოდა: ყელში ამოვიდა თქვენ დაკრულზე ცეკვა, თავისუფლება მომენატრაო. ეს გოგო ზრდილობით არასოდეს გამოირჩეოდა, იმ დღეს კი ბილწსიტყვაობის ისეთი კორიანტელი დააყენა, ქუჩის ბიჭი არ იკადრებდა. მერე კარი გაიბრახუნა და ორი კვირა არ გამოჩენილა. ზვიადმა ყველაფერი აწონ-დაწონა და კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა. ბეწვზე მიუსწრო, თიკა უკვე აეროპორტში იმყოფებოდა _ საზღვარგარეთ აპირებდა გამგზავრებას. ზვიადი კინაღამ შეიშალა, რას არ დაპირდა, ოღონდ გზიდან მოებრუნებინა.

ეტყობა, თიკასაც ჭკუაში დაუჯდა მისი წინადადება _ აეროპორტიდან პირდაპირ ზანდულების სახლში მოქანდა. სამივენი სალაპარაკოდ დასხდნენ. თიკა ძალიან გამომწვევად იქცეოდა, ზვიადსაც გაუჭირდა თავის შეკავება, ნატო უშედეგოდ ცდილობდა მხარეების დაშოშმინებას. ტემპერატურა მატულობდა ყოველ უტაქტოდ ნასროლ ფრაზასთან ერთად. ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როცა თიკა შანტაჟზე გადავიდა _ თუკი ზვიადი სრულად არ დააკმაყოფილებს მის ულტიმატუმს, უახლოეს დღეებში მოიწვევს პრესკონფერენციას და მთელ ქვეყანას მოუყვება აფერის შესახებ. ეს იყო ბოლო წვეთი, ზვიადმა იარაღი ამოიღო და ესროლა.

ცოტა ჩანს ჩუმად ვიჯექით, როგორც კინოთეატრში სეანსის დამთავრების შემდეგ. უფრო სწორედ, ერთი მსახიობის თეატრში. მერე რა, რომ ნატო ნაფტალინიდან ამოღებულს ჰგავს, სახე ნაირევით აქვს დაფარული და ინვალიდის ეტლში ზის. ის მოწოდებით არის არტისტი, არტისტს სჭირდება საზოგადოება და ტაშის დამკვრელი. ტაშის რა მოგახსენოთ, მაგრამ გრძნობით მოყოლილს, სიამოვნების ვისმენ ხოლმე, თუმცა მაინც დამრჩა დაუკმაყოფილებლობის განცდა.

_ ქალბატონო ნატო, რამ გადაგაწყვეტინათ საკუთარი სიკვდილის ინსცენირება?

_ ესეც ზვიადის იდეა იყო, მე, უბრალოდ, ავიტაცე. თავად განსაჯეთ, თიკას დაკარგვით წერტილი ესმოდა ჩემ შემდგომ კარიერას, სიცოცხლემ დაკარგა აზრი, სიკვდილი კი მაძლევდა საშუალებას უკვდავებას ვზიარებოდი.

გაოგნებული მივაჩერდი. უყურე შენ, რა ვნებათაღელვები ტრიალებს ამ ხეიბარის სულში, `უკვდავებასთან ზიარება~ მოინდომა! პრინციპში, რაღაც დოზით მოახერხა _ ქალი საკუთარ პანაშვიდს დაესწრო, მაგრამ გააჩნია რის ფასად! როდესაც შენ ნაცვლად კუბოში სხვა წევს, ეს ცნობისმოყვარეობა კი არა, ანომალიაა.

_ დიახ, ბატონებო, წეღანაც ვთქვი და ახლაც გიმეორებთ: რომ დარჩე, უნდა იცოდე, როდის წახვიდე. ნატო ზანდუკელის სახელი ჯერაც კაშკაშა ვარსკვლავად ენთო სახელოვნებო ორბიტაზე, ამას მოწმობდა უამრავი წერილი, მესიჯი თუ სატელეფონო ზარი... ჟურნალისტებს აკლებული ჰყავდათ ზვიადი _ ერთი ინტერვიუ მაინც გაგვიხერხეთ თქვენს მეუღლესთანო, ფულსაც კი სთავაზობდნენ... ორ, მაქსიმუმ სამ წელიწადში ჩემი ვარსკვლავიც ჩაქრებოდა, ერთ უღიმღამო ნეკროლოგს მაკმარებდნენ და ციმციმ წამიღებდნენ სასაფლაოზე. მე არ მაწყობდა ჩამქრალი ვარსკვლავის ამპლუა, მე კაშკაშის პროცესში უნდა დავწვარიყავი. სიკვდილის ინსცენირება საშუალებას მაძლევდა გამეგრძელებინა ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. განგებამ საკუთარ პანაშვიდზე დასწრების შანსი მომცა, უარს როგორ ვიტყოდი... საქმეს გვამის ფაქტორიც აადვილებდა. გაგვიმართლა, რომ თიკა ფაქტიურად უპატრონო იყო... ამ ისტორიის შესახებ ჩვენ გარდა არავინ იცოდა, თუ არ ჩავთვლით ბოცოს და ეთოს, მათგან ღალატი გამორიცხულია, ზვიადის უერთგულესი ხალხია. მთავარი საფრთხე ჩემიანებისგან მოდიოდა, რომლებიც უსათუოდ გამოცხადდებოდნენ პანაშვიდზე და გარდაცვილი ნატოს ნახვას მოინდომებდნენ. გადავწყვიტე, თიკასთვის ჩემი სასცენო მაკიაჟი გამეკეთებინა. ვიზაჟისტობა ყოველთვის მიტაცებდა და კარგადაც გამომდიოდა, მართალია გვამთან მუშაობა ფსიქოლოგიურად გამიჭირდა, მაგრამ ზვიადმა წინასწარ ჩამიტარა სეანსი... შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ასეთი ვიყავი ათი-თხუთმეტი წლის წინ. ერთადერთი, რაც ვერ მოვახერხეთ, ეს იყო ოქროს სამაჯურის მოხსნა _ ვერაფრით გამოვასრილეთ გვამის შესიებული მაჯიდან. დავტოვეთ, აბა, ხელს ხომ არ მოვაჭრიდით?! თავის დაზღვევის მიზნით ზვიადმა კუბოს თავსახური დააფარა, ნათესავებს კი აუხსნა, რომ ეს იყო ჩემი უკანასკნელი სურვილი. პანაშვიდების მსვლელობისას არავის გაუპროტესტებია, მაგრამ სასაფლაოზე, უფრო სწორედ ეკლესიაში, ჩემმა მამიდაშვილებმა დაიჟინეს _ უკანასკნელი ამბორის ნება დაგვრთეთო.

სამღვდელოების თანდასწრების ზვიადს შეეწინააღმდეგება მოერიდა, კუბოს თავსახური ახადა და მსურველებს გამოთხოვების საშუალება მისცა.

ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებული _ უპატრონო თიკას პატრონი გამოუჩნდა. ვინ იყო ეს პატრონი, რა უნდოდა, არ ვიცი... ვიცი მხოლოდ ერთი _ ზვიადი შეიცვალა, უფრო სწორედ, ნიღაბი ჩამოიხსნა და მე დავინახე მისი ნამდვილი სახე. დავინახე და შევძრწუნდი. ჩემ წინაშე წარდგა ყოველგვარ თანაგრძნობას მოკლებული, გულცივი, ანგრებიანი მკვლელი. მე მისთვის ზედმეტი ტვირთი გავხდი... ყველაფერი მეკრძალებოდა, ფანჯარასთან მიახლოვებაც კი, რომ ვინმეს არ დავენახე. ერთხელაც ყელში ამომასხა და ცხელ გულზე პირში მივახალე რასაც ვფიქრობდი. იცით, რა მიპასუხა? _ თუ ანდერძით გადამიფორმებ მთელ შენს ქონებას, სიცოცხლეს შეგინარჩუნებო. აი, ასე. მინდა, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამ ყბადაღებულ ანდერძზე... ბანკის ანგარიშებს ზვიადი განკარგავდა, ავარიის შემდეგ ყველა საკრედიტო ბარათი მას ჩავუთვალე, მაგრამ დარჩა უძრავი ქონება _ საცხოვრებელი სახლი, რომელიც ყველაზე ცოტა, ნახევარი მილიონი ღირს. ასევე ძვირფასეულობა, ნახატებისა და საიუველირო ნაწარმის კოლექცია, საავტორო უფლებები ჩემს სიმღერებზე... ზემოჩამოთვლილი ქონების დიდი ნაწილი ერთ-ერთ სამუსიკო სკოლას ვუანდერძე, იმ პირობით, რომ სკოლა ნიჭიერი ახალგაზრდების დაფრთიანებაზე იზრუნებდა. სკოლა დღესაც არსებობს, მაგრამ საბიუჯეტო ბალანსზეა და ფაქტობრივად სულს ღაფავს. ანდერძი ზვიადთან შეხვედრამდე დავწერე და ნოტარიალურად გავაფორმე. უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა, შვილი მე არ მყავს, ნათესავების ხეირს, აწი, ახალგაზრდებმა იხეირონ მეთქი. ზვიადმა იცოდა ამ ამის შესახებ და დუმდა. თურმე ბოღმამ დაამუნჯა, იმთავითვე ჩემს ქონებაზე ყოფილა გამეცადინებული, რომ მერე, ჩემივე აპარტამენტებში ეპარპაშა ყოფილ-ცოლ შვილთან ერთად.

_ იცოდით, რომ დაოჯახებული იყო? _ დაინტერესდა სერგო.

_ ვიცოდი, რომ გაყრილია და ყოფილ ოჯახთან არაფერი აქვს საერთო. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ჯანზე ვიყავი, ეჭვიანობის საბაბი არ მოუცია. მერე, იცოცხლე, იმ ქალბატონმა რეკვას მოუხშირა... ჰმ, ზვიადსაც ვატყობდი მზრუნველ ინტონაციებს ხმაში. რა უფლება მქონდა შვილთან ურთიერთობა დამეშალა, მაგრამ ყოფილი ცოლის გააქტიურებამ, ეჭვები გამიმყარა. მივხვდი, დასაკარგი აღარაფერი მაქვს, თუ არ გავრისკავ, ისე გამაქრობს, საფლავიც არავის ეცოდინება. ამ კაცმა ადამიანი მოკლა, მერე მძევალი მომაყენა სახლში, მე დამინდობდა?! მაშინ გადავწყვიტე ძაღლის ხელით, უფრო სწორედ, პირით, ჩემი გაჭირვების ამბავი მიმეწვდინა. საუბედუროდ, გზავნილი ზვიადს ჩაუვარდა ხელში. ვერ აღგიწერთ, რა დღე მაწია, გინება არ იკმარა, ხელითაც კი შემეხო! იმავე საღამოს დამატოვებინეს ჩემი საყვარელი სახლი და იმ ბოსელში წამიყვანეს, სადაც მომაგენით კიდეც... _ ნატომ პირზე ხელი მიიდო და თავშეკავებულად დაამთქნარა.

_ ქალბატონო ნატო, შეგიძლიათ მოისვენოთ, ხვალ დატვირთული დღე გელით. _ ვუთხარი მე.

თვალებით დამეთანხმა, ეტყობა ერთი სული ჰქონდა პარიკი მოეშვლიპა და ბალიშზე დაედო მრავალტანჯული თავი.

ეტლი იმ ოთახში გავაგორე, სადაც ამასწინათ შაკოს ეძინა. ნამეტანი სტუმრიანობა ამიტყდა ქმრის მივლინებაში ყოფნისას, შაკომ ხომ ამაშენა, ახლა ვნახავ, ქალბატონი ნატალია რა ფეხზე შემოვიდა ჩემს ოჯახში... თუკი შეიძლება ფეხი დავარქვა ეტლის ხარიხაზე უღონოდ დასვენებულ კიდურებს. მდაა, ჩემი დახმარების გარეშე, ვეჭვობ ლოგინში ჩაწოლა მოახერხოს.

_ ნუ შეწუხდები, ჩემო კარგო, დანარხენს მე თვითონ მოვახერხებ. _ წინასწარ გამაფრთხილა, ეტყობა შენიინა ჩემი უხერხული ფაციფუცი.

ღამე მშვიდობისა ვუსურვე და გამოვედი. სერგო ტელეფონზე ლაპარაკობდა, ჩემი დანახვისას წარბებით გამაფრთხილებელი მოძრაობა გააკეთა. უფროსობას თუ ელაპარაკება. ჩემი დაკვირვებით, ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე სუბიექტებს ზემდგომი ჩინის მიმართ ჩემთვის გაუგებარი მოწიწება ახასიათებთ. ნაპოლეონი რომ გაცოცხლდეს თავისი ჟოზეფინითურთ, სერგოსავით არ დავიგრიხები.

ცარიელი ჭიქები მოვაქუჩე და ფეხაკრეფის გავედი სამზარეულოში. ჩაის დალევდა კაცი, მურაბით. სადღაც უნდა მქონდეს ლელას გაკეთებული ლეღვის მურაბა...

საკუჭნაოში მურაბასაც მივაგენი და სიმწიფის ბოლო ფაზაში შესულ კარალიოკებსაც. ამასწინათ ვიყიდე და ისეთი ხურმა გამოდგა, კბილები მომკვეთა. ლანგარზე დავდე და დამწიფებას დაველოდე. ვიდრე მე მიცვალებულების იდენტიფიკაციას ვახდენდი, უგემური ხურმა სრულიად შესანიშნავ კარალიოკად გარდაქმნილა. რამდენიმე თეფშზე დავასკუპე და პირის ჩასატკბარუნებლად სამზარეულოში გამოვიტანე, სადაც უკვე მელოდა საღერღელაშლილი სერგო.

_ ის ჯიგრები, ბოცო და ეთო, ყველაფერიი გამოტყდნენ, ზვიადის ზუსტი კოორდინატები არ იციან, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ყოფილ ცოლთან იმალება.

_ კავშირზე თუ ვერ გავიდა, შეიძლება ეჭვი აიღოს.

_ ვინ, ჭიამ?

_ ჰო.

_ ვერა. ბოციკოს მობილური დავუტოვეთ და ოცდაოთხსაათიანი დაცვა მივუჩინეთ. ჰი, ჰი... ვინიცობაა ზვიადა გამოჩნდა, ბულაჩაურში დაიბარებს, იქ კი ჩვენი ბიჭები დახვდებიან. _ სერგომ კარალიოკი შეათამაშა მოიქცია და მადიანად ხაკბიხა. თითებს შორის ტკბილმა წვენმა გაჟონა, ნაწილი პულოვერზე ჩამოეღვენთა. _ სალფეთკი არ გაქვს, გოგო? _ შემომიღრინა ხელებგაშვერილმა.

_ ხელსაწმენდიც მაქვს და თეფშიც, თუ დამაცდი. _ საჭირო ატრიბუტები გამოვიტანე და მაგიდას მივუჯექი.

_ ხვალ დილით ნოტარიუსს ჩავუყარაულდები, მაგას ისე ეჩქარება ქონების გასუხარება, დიდხანს ვერ მოიცდის. უფალ კახაბერსაც არ აცდება ციხე.

_ ღირსიც იქნება. _ დელიკატურად ჩავკბიხე ნარინჯისფრად მოცახცახე კარალიოკი. საქმეში ხარ?! შიგთავსმა ვულკანივით იფეთქა სიფრიფანა კანიდან და ცხვირ-პირი წამიბილწა.

_ ეგრე მოგიხდება. _ არ შემარჩინა სერგომ.

მთელი თეფში ხურმა ავითვისეთ. სტრესზე უებარი ყოფილა, ნატოსთვისაც უნდა შემესავაზებინა.

_ ჩვენ აქ ხურმას ვჭამთ, ზვიადა კი ვინ იცის, ყოფილ ცოლთან გორაობს. _ სლიპინა კურკა გადმოვაფურთხე და გაწეპილი ხელები ონკანს მივუშვირე.

_ ხვალამდე იგორაოს. ხვალ გამოვწიწკნით.

_ ფიგარო ხარ, რა... ნოტარიუსსაც გინდა ჩაუყარაულდე და ყოფილ ცოლსაც ეახლო?

_ ცოლს შენ ეახლები. _ დაბეჭდა სერგომ.

_ გამარჯობა! _ დავეჯღანე მე. _ ბარემ მიბრძანე და პირდაპირ აივნიდან გადავხტები.

_ ჰოო, ზვიადი შენ სახეზე გცნობს. _ გაახსენდა სერგოს. _ იცი, თითქმის გამოვრიცხავ მაგის იქ ყოფნას, თუ მართლა რამედ უღირს ყოფილი ცოლ-შვილი, დარტყმის ქვეშ არ დააყენებს.

სერგომ კიდევ დიდხანს იმსჯელებდა ზვიადის გამოჭერის იესაძლო ვარიანტებზე, მაგრამ ჩემდა უნებურად ისე გულიანად დავამთქნარე, ულაპარაკოდ გამეცალა.

_ _ _

მეორე დილა პატივცემული სტუმრის მომსახურებით დაიწყო. ჩემი ცნობილი ყიყლიყოები იევწვი. ამჯერად გაზქურას არ მოვცილებივარ, უწინდელივით რომ არ დამეხრუკა. ნატომ შემაქო და აუჩქარებლად შეუდგა ჭამას.

ვუყურებდი და ვფიქრობდი _ ეს ქალი ჩემზე თორმეტი-თხუთმეტი წლით უფროსი იქნება, მე კი არ მტოვებს შეგრძნება, რომ ასაკოვანს ველაპარაკები, მაგალითად, ქეთუსია ბებიას. საქმე ნაიარევ სახეში არ არის, არც უწამწამო თვალებში, არც პარიკით შენიღბულ სიმელოტეში... ჩემი აზრით, ქალბატონი ნატო თმიანიც და გადატკეცილკანიანიც ისეთივე სნობი იქნებოდა, როგორც ახლა. სნობი იყო ბებიაჩემიც _ თავადის ქალი ქეთუსია მაყაშვილი, მაგრამ მას გააჩნდა სიყვარულის უნარი. ნატო კი იმდენად არის ჩაციკლული საკუთარ თავზე, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევს. მეც კი მომხმარებლის თვალის მიყურებს, გულწრფელად მიაჩნია, რომ მე, იათამზე მდივანი, იმდენად აღფრთოვანებული ვარ მისი საზოგადოებით, მზად ვარ მთელი ცხოვრება ყიყლიყოები ვუწვა.

მოულოდნელად გავცხარდი და ცოტა არ იყოს `სეროჟა~ დამემართა. ანეკდოტია ასეთი: სეროჟას შარვალი აქვს დასაუთოვებელი, მაგრამ უთო მეზობლის ქალთან ეგულება. სეროჟამ წარმოიდგინა შემდეგი სცენა: ის მიდის უთოს სათხოვებლად, ქალი კარს უღებს და უღიმის _ ჰგონია, რომ სეროჟა პაემანს დაუნიშნავს. პაემანს რა მოჰყვება? შეხვედრა. შეხვედრას _ ქორწილი, ქორწილს _ ცოლი, შვილები, სიდედრი... აღშფოთებული სეროჟა უკვე რეალობაში მიდის მეზობელ ქალსან, იგი კარს უღებს, უღიმის... სეროჟა კი უშვერი სიტყვებით აგინებს: `არც შენი უთო მინდა, არც ცოლად მოგიყვან, შენი ასე და ისეო...~. სულ ეს იყო. ვისაც არ ეცინება, შეუძლია ცივი წყალი დალიოს.

_ რატომ დაიძაბეთ, იასამზე, რამე ისე არ არის? _ ტაქტიანად დამეკითხა ნატო.

_ ყველაფერი კარგადაა. _ გავუღიმე.

საკითხავია, ვინ არის ჩვენ შორის უფრო დიდი სნობი _ მე თუ ეს ტაქტიანი მოჩვენება.

_ ქალბატონო ნატო, სამსახურში უნდა გავიქცე, მობილურის ნომერს დაგიტოვებთ, თუ რამეა, დამირეკეთ, კარგი? იმედია, ჩემ მოსვლმდე არ მოიწყენთ.

_ არ მიყვარს მარტო ყოფნა, ძაღლი არ გყავთ? ან კატა.

_ სამწუხაროდ, არა.

_ ვერ წარმომიდგენია ცხოველების გარეშე, ჩემი ძაღლები _ მარტა და ფელიქსი მენატრება ძალიან, დიდი ამაგი მაქვს მათზე...

ცხოველების სიყვარული კარგია, მაგრამ ვიდრე ოთხფეხზე ჩაიციკლები, ორფეხის სიყვარული უნდა ისწავლო, ვფიქრობდი კოლეჯისკენ მიმავალ გზაზე. ამის გათახსირებულმა ქმარმა ოცდაორი წლის გოგო სიცოცხლეს გამოასალმა, მე კი ჯერაც არ მომისმენია სინანულის სიტყვები. თიკა თაფლი და შაქარი არ ყოფილა, მაგრამ როცა ახალგაზრდა ქალს შენს თვალწინ კოღოსავით მიასრისავენ, ქველმოქმედებაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.

გაკვეთილს წკიპზე მივუსწარი. თხუთმეტი წუთი საცობში ვიდექი და საათის ციფერბლატზე ვაკაკუნებდი, თითქოს დრო ჩემი ხათრის გაჩერდებოდა. პარადოქსულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მანქანების რაოდენობა იზრდება სიღარიბის პროპორციულად. ერთ გაჭირვებულ ოჯახზე მინიმუმ ორი მანქანა მოდის.

შაკოს ზარმა აწეწილი ნერვები ჩამიცხრო, ისე ზერელედ გაიხსენა წუხანდელი ღამე, თითქოს მის მაგივრად ბლოკბასტერის მსახიობს ეჭირა ჟანგიანი ნაჯახი. `სად შეგხვდეთ?~ მკითხა ბოლოს. `თ~-ში სერგოსაც გულისხმობდა. ზვიადის დაჭერამდე ეს ბიჭი არ შეგვეშვება, ვეჭვობ მომავალშიც მოვიშორო, მეტისმეტად გაუტკბა ექსტრემის რეჟიმში ცხოვრება. შეხვედრა პირველ საათზე დავუთქვი, ჩემს სახლთან. ნატოს დავაპურებ და ორივენი სერგოს შევუერთდებით.

მოწაფეების მცდელობამ, როგორმე შემოქმედების რელსებზე გადავეყვანე, ფიასკო განიცადა. გრიმების ზღაპარს უსათუოდ დავასრულებთ, მაგრამ ბოლოსკენ, ბოლოსკენ... ჯერ გაკვეთილი მაქვს გამოსაკითხი, ხომ უნდა გავუფუჭო ხასიათი ცელქობაზე გამეცადინებულ კლასს?

მიმინის მზერა მოვავლე. ვინც თვალს მარიდებს, მოუმზადებელია. ნინო მარუაშვილი თვალებში მიყურებს, ერთი სული აქვს ნასწავლი გაკვეთილი დაფასთან ჩაარაკრაკოს, მაგრამ მე ნაკლებად მაინტერესებს ფრიადოსანი მოწაფის რაკრაკი. მე მაინტერესებს ირაკლი ოსეფაიშვილი, რომელიც ტექნიკურად ეფარება გოგი მჟავანაძის მასიურ ზურგს.

_ ირაკლი, გამოდი.

ირაკლი ისეთი ტანჯული გამომეტყველებით მომჩერებია, თითქოს ერთი კვირა კუჭში არ გასულა და ახლა გადაყენებას მსხოვს.

_ რა გჭირს, ირაკლი?

_ მუცელი მტკივა, ია მასწ.

_ მუცლის ტკივილი შიშმა იცის, დაიწყე და მოგეშვება.

_ დაიკიდე და მოგეშვება. _ ბოლო მერხიდან დაარიგა ნუკრიმ.

_ ნუკრი, შენც მოემზადე. ირაკლის შემდეგ გამოხვალ. _ მკაცრად გავაფრთხილე არამკითხე მოამბე.

_ აუუუჰ... _ პასუხად ამოიგმინა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნუკრის დიდი, კუდიანი ორიანი გარანტირებული აქვს.

დანარჩენებმა გაიხარეს, შეფარვით გადახედეს ერთმანეთს, მაგრამ გამოძახების შიშით რეპლიკისგან თავი შეიკავეს.

ვიდრე დაფასთან გამოსული ირაკლი ცოდვილობდა, მომდევნო გაკვეთილს გადავხედე. ჩვეულებრივ, ამას შინ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ წუხელ არათუ `მოხერხებული პიტერის,~ მოხერხებული სერგოს მოსმენის თავი არ მქონდა.

პიტერზე ლაპარაკი მაინც არ ამცდა, კლასი მოიღვენთა, მაგრამ მისმენდა. გაკვეთილის ახსნისას ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ტონუსის ასამაღლებლად დროგამოშვებით თარგმანს ვთხოვდი ადგილიდან წამოძახების უფლებით. ოთხი-ხუთი მოწაფე აქტიურობდა, დანარჩენები ბანს აძლევდნენ. ბანის მიცემაც თავისებური პრაქტიკაა, ერთხელ მისცემ, ორჯერ, მესამედ დაიმახსოვრებ.

სამასწავლებლოში დიდი ფორიაქი დამხვდა. დირექტორ მაიას პედსაბზოს ჩატარება უნებებია, თანაც გაკვეთილების შემდეგ. რა დროს პედსაბზოა, როცა მთავარი დამნაშავე ფინალური ნახტომისთვის ემზადება. ვერ ვიტან უაზრო თავყრილობებს, დირექტივების გარეშეც კარგად მოვამზადებ საახალწლო პიესას. მით უმეტეს, მაქვს მიზეზი არ დავესწრო ექსპრომტად დანიშნულ პედსაბზოს, მაგრამ მაიას ხომ არ მოვუყვები ნატო ზანდუკელის მკვდრესის აღდგომის საოცარ ისტორიას?! ისედაც ეჭვის თვალით მიყურებს, სიმართლე რომ გავუმხილო, ფსიქიატრიულიდან ბრიგადას გამოიძახებს.

კბილების კაწკაწით ჩავატარე ბოლო ორი გაკვეთილი. პედსაბზოს დაწყებამდე მთელი საათი და ორმოცდახუთი წუთი რჩებოდა. სამასწავლებლოში რამდენიმე დაჯგუფება დავთვალე _ პოლიტიკურად ანგარჟირებულნი ფანჯარასთან გამაგრებულიყვნენ, მაგიდის გარშემო კულინარიულ სიახლეებს განიხილავდნენ, განმარტოებით მჯდარი ნუცა ჩემგან დათრეულ პიესას ჩაჰკირკიტებდა. შემიძლია რომელიმე დაჯგუფებას მივეკედლო, მაგრამ მენანება ჭორაობაში დავკარგო ძვირფასი დრო. ვატყობ, არ ამცდება მაიასთან ვიზიტი.

ჰაერი ჩავისუნთქე და კაბინეტის კარი შევაღე. დირექტორი ტელეფონზე ლაპარაკობდა, ხელის მანიშნა, დავმჯდარიყავი და ლაპარაკი განაგრძო. ხუთ წუთში ზუსტად ვიცოდი მაისა და მისი მულის, ვინმე მარიანას ურთიერთდაპირისპირების მიზეზი. დავის საგანი აქაც ქონება იყო, კერძოდ, დაბა ბაკურიანის ფეშენებელური აგარაკი, რომელშიც მაიას ქმარმა `სისხლი ჩააქცია, ოფლი დაღვარა~ და სხვა ფიზიოლოგიური პროცესები ჩადო. თურმე, იმიტომ გარჯილა, რომ სათხილამურო სეზონზე აგარაკი მულიშვილებსა და მის მეგობრებს დაეპყროთ. გააჩნია დაპყრობას _ წყობიდან გამოვიდა მაცივარი, დაიჩხაპნა იატაკი, ჭერს ნატყვიარივით აჩნია შამპანიურის საცობი... ეს უკვე დაპყრობა კი არა, რეალური დარბევაა.

როგორც იქნა, მაია დაიცალა და ჩემთვისაც მოიცალა.

_ რა გაგჭირვებია, იათამზე... არ მითხრა, პედსაბზოზე დასწრება მეზარებაო. _ მაიამ თადარიგი დაიჭირა და გამომეტყველებაც შესაფერისი მიიღო _ შეუვალი.

_ სიზარმაცე არაფერ შუაშია, გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა.

_ ეს `გადაუდებელი საქმეები~ ქრონიკულად გაქვს თუ პედსაბზოს წინ გამოგიჩნდება ხოლმე?

_ უბრალო დამთხვევაა. _ ვცადე თავის მართლება.

_ არ მჯერა.

ენაზე საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა _ `ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ~ _ მომადგა, მაგრამ თავი იევიკავე. არ ღირს ცეცხლზე ნავთის დასხმა. ცუდ ფეხზე შემოვედი, მულზე განაწყენებული მაია ჩემზე იყრის ჯავრს.

_ ამჯერად სიმართლეს ვამბობ.

_ აჰა?! _ მაია ანიმაციურ მელაკუდას დაემსგავსა, თან ცბიერი, თან ცნობისმოყვარე. _ გამოდის, ადრე მატყუებდი.

_ ასე გამოდის. _ დავეთანხმე.

_ არ გრცხვენია, იათამზე?

_ მაშინდელზე, კი, დღევანდელზე _ არა.

_ რა ხდება ასეთი დღევანდელ დღეს. ქმარი ჩამოგდის ლონდონიდან?

_ არა. ქმრის გამო შეგაწუხებდის?!

_ ისე შენ რა გითხარი... _ ირიბად ჩაიცინა.

სხვათა შორის, რომ მეთქვა, დათას დასახვედრად ვაპირებ მეთქი წასვლას, გამიგებდა, რადგან ლონდონში მივლინებული ქმარი სერიოზული შენაძენი ჰგონია. იცოდეს, რა ბობოქარი გარჩევა მელოდება ე. წ. შენაძენთან?

_ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ყოველი წუთი ძვირფასია, არ შემიძლია პედსაბზოზე ჯდომა, როცა ვიცი... _ წინადადება მობილურის ზარმა შემაწყვეტინა. ეკრანზე ჩემი სახლის ტელეფონის ნომერი ეწერა. _ ალო, ალო, _ ჩავყვირე მიკროფონს.

პასუხად სუნთქვა მომესმა.

_ ალო, ქალბატონო ნატო, ხმა ამოიღეთ. ალო...

სუნთქვა შეწყდა, მე კი დამცეცხლა.

_ ქალბატონო ნატო, ეს მე ვარ, იამზე, ხმა გამეცით.

სუნთქვა სრულიად შეწყდა, რადგან მობილური გაითიშა. გადარეკვა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ჩემი ტელეფონი დუმდა.

_ დავიღუპე. _ ხმამაღლა წამომცდა.

_ რას კანკალებ, იათამზე, მოხდა რამე? _ აწრიალდა მაია.

თავი დავუქნიე. ვუყურებდი და ვერ ვხედავდი, სამაგიეროდ ცხადად დავინახე, როგორ იღება ჩემი ბინის კარი, როგორ შედის პისტოლეტმომარჯვებული ზვიადი... დანარჩენის წარმოდგენა ჩემს ძალას აღემატებოდა.

სასწრაფოდ დავრეკე სერგოსთან.

_ რა ქენი, გამოიძინე? _ ხალისიანად დაიწყო მაიორმა.

_ სად ხარ? _ ვკითხე პირგამეხებულმა.

_ ნოტარიუსის ოფისთან ვყარაულობ.

_ სასწრაფოდ დატოვე პოსტი და ჩემს სახლში გაფრინდი. წეღან, ნატომ ზარი გამოუშვა, მაგრამ მაშინვე გათიშა. რაღაც ხდება, სერგო, მეშინია, გვიან არ იყოს!

_ მე კი გავფრინდები, მაგრამ გზაში ოცი წუთი მაინც მჭირდება. მივასწრებ?

_ უნდა მივასწროთ, მე უკვე გავრბივარ. _ ისე წამოვხტი, სკამი რამდენიმე მეტრით გაცურდა და სეიფს მიეჯახა. სინქრონულად ადგა მაიაც. ჩემი არ იყოს, ისიც მთელი სხეულით კანკალებდა.

_ სად გარბიხარ, რა ხდება? _ მკითხა გაფითრებულმა.

უცებ ჩემს სახლთან დაბარებული შაკო გამახსენდა, პირველს წუსები აკლია, იქნებ მიასწროს? ხელმეორედ ვეძგერე მობილურს.

_ შაკო, სად ხარ?

_ სადარბაზოსთან ვაბირჟავებ. გელოდები, რა...

_ დაუყოვნებლივ ადი ჩემსან, რაღაც ამბავია ქალბატონი ნატოს თავს, ეჭვი მაქვს მარტო არ არის... დაითრიე რაც ხელში მოგხვდება _ ქვა, არმატურა, რკინა... ფრთხილად იმოქმედე, ზედმეტი ხმაურის გარეშე. მალე სერგოც შემოგიერთდება და მეც.

_ გასაგებია. _ მოკლედ მიპასუხა და გათიშია.

ახსნა-განმარტების გარეშე დავავლე ხელი ჩანთას და კარისკენ დავიძარი. არ დავეძებ, თუ უნდა დღესვე გამანთავისუფლოს სამსახურიდან.

მაია ძუძუების თახთახით გამომეკიდა, გამისწრო და ხელებგაშლილი გადამიდგა წინ.

_ ვინ ნატო?! ახლავე მითხარი, ვინ ნატოზეა ლაპარაკი!

_ კონფიდენციალური ინფორმაციაა.

_ კონ... კონფ... არ მაინტერესებს, ახლავე მითხარი! მაქვს უფლება ვიცოდე... მითხარი, თორემ გავგიჟდები, ხომ არ გინდა შენი დირექტორი გაგიჟდეს, იათამზე? გამოტყდი, ვინ ნატოს გულისხმობ. გამოტყდი და პირობას გაძლევ... მმმ, პირობას გაძლევ, დღეის ამას იქით ყველა პედსაბზოდან გაგათავისუფლებ. _ მაიამ პიჯაკის საყელოში ჩამაფრინდა და გვარიანად შემაჯანჯაღარა.

_ გარწმუნებთ, სულ მალე ყველაფერს მოეფინება ნათელი.

_ ვერ დავიცდი! გიბრძანებ, ახლავე, ამ წუთშივე დაადასტურო ჩემი ეჭვები!

_ რა ეჭვები? _ ვკითხე წარბშეკრულმა.

_ ნატო ზანდუკელზეა ლაპარაკი? _ შეთქმულივით დაიჩურჩულა მაიამ.

რა აზრი აქვს დამალვას, ადრე თუ გვიან ყველაფერი გაცხადდება, მაია კი მართლა სიგიჟის ზღვარზეა. დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე და ტყვიასავით გავვარდი კაბინეტიდან.

_ _ _

გულზე მომეშვა, როცა ეზოში სერგოს `გოლფი~ დავინახე. ლიფტს არ დაველოდე, ფეხით ავირბინე კიბეები. ერთი, ორი, სამი... ათი, ოცდაათი... აი, ჩემი ბაქანი, ჩემი კარი, ჩემი დერეფანი... ვაიმე, სისხლი! იატაკი წითლად ღუოდა, ნეკერჩხალის ფოთლებივით. ნუთუ დავაგვიანეთ?

_ ია, შენ ხარ? _ ოთახის სიღრმიდან იკითხა სერგომ.

ხმას შევყევი. ორი დაჭრილი და ორიც უვნებელი _ სულ ეს იყო ხანმოკლე ორთაბრძოლის რეზულტატი. დაჭრილთა სიაში მოხვდა მთავარი დამნაშავე ზვიად ჭიაბერაშვილი, მეტსახელად `ჭია~ და უდანაშაულო შაკო. უვნებლად გადარჩენილი ქალბატონი ნატო და გულადი სერგო დივანზე მოკუნტულ შაკოს დატრიალებდა.

თავგახეთქილი ზვიადი ხელბორკილით იყო მიბმული გათბობის გაუქმებულ მილზე. ჩემ დანახვაზე თავი ასწია და სისხლი გადმოაფურთხა.

_ ია, იათამზე, შენც მოხვედი... _ ნატო ცრემლმორეული შემეგება, _ ეს ბიჭი რომ არა, ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი ამ... ამ... ოჰ, სიტყვები არ მყოფნის ამ პირუტყვის შესამკობად. _ სიძულვილით სავსე მზერა ესროლა ქმარს და ისევ შაკოს მიუბრუნდა.

შაკოს მიტკლისფერ სახეს სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა, მუცელზე მიბჯენილი ხელებით აკავებდა გადმოსაყრელად განწირულ ნაწლავებს, თითებიდან გამოჟონილ სისხლს ჩემი კრემისფერი ნოხი ისრუტავდა.

_ როგორც კი საკეტის ჩხაკუნი გავიგე, მაშინვე დაგირეკე, _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიყვება ნატო, _ გუმანმა მიგრძნო, სამტროდ არიან მოსულები... შენი ხმის გაგონებაზე ეჭვები გამიათკეცდა. ხმამაღლა ლაპარაკი არ შემეძლო, ვიფიქრე, სადმე შევაფარებ თავს, იქნებ ვერ შემამჩნიოს... სხვის სახლში ლავირება გამიჭირდა, თანაც ინვალიდის ეტლით... ამ გაწამაწიაში მომისწრო, სრულიად დაუცველსა და უიარაღოს. შუბლზე პისტოლეტი მომადო და ისეთები მითხრა, ენა ვერ გადმოსცემს! ვთხოვე, სიკვდილის წინ ლოცვის უფლება მოეცა. `რომელი დეზდემონა ხარ, შენ მოღალატე ქაჩალოო...~ _ ზუსტად ასე შემამკო, მაგრამ `მამაო ჩვენოს~ თქმის საშუალება მაინც მომცა. დავიწყე ბუტბუტი და როგორც კი სარკალულ ფრაზას მივადექი: `ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან~, _ ოთახში შაკო შემოიჭრა რკინის არმატურით. ერთხელ მოასწრო მოქნევა და წააქცია კიდეც, მაგრამ ზვიადი ხომ ყოფილი ძიუდოისტია, გათესქილი თავის მიუხედავად, ფეხზე წამოდგომა და იარაღის გასროლა მოახერხა. სულზე მოგვისწრო მაიორმა ოქრუაშვილმა, ის რომ არა, მეც მკვდარი ვიქნებოდი, ესეც... შალვა გქვია, არა, ჩემი ბიზი? _ ნატომ შაკოს გათეთრებულ შუბლზე ხელი დაადო და პირმოკუმული ატირდა. სხვათა შორის, ლამაზი, ახალგაზრდული თითები ჰქონდა, ალბათ ხელი იყო ერთადერთი, რომელიც ავარიას გადაურჩა.

_ სასწრაფო დახმარებას გამოუძახეთ? _ ვკითხე სერგოს.

_ სასწრაფოსაც გამოვუძახე და კრიმინალურ პოლიციასაც. _ ამოიოხრა მაიორმა.

თხუთმეტიოდე წუთში ჩემი სახლი მწვანეხალათიანი ექიმებითა და ნაცრისფერფორმიანი პოლიციელებით გაივსო. შაკო საკაცეზე გადაიტანეს და სადარბაზოში გაიტანეს. მეც გავყევი.

_ მეც წამიყვანეს, მეც... _ იხვეწებოდა სასოწარკვეთილი ნატო, _ ამ ბიჭმა ორჯერ გადამარჩინა, ჯერი ჩემზეა... ოპერაციის ხარჯებს ვკისრულობ, ერთი წამითაც არ მოვშორდები, მთელი ცხოვრება ვილოცებ...

რომ აღარ გაჩერდა, ორმა ჯანიანმა პოლიციელმა თავისი ეტლიანა ბაქანზე გამოაგორა.

სადარბაზოდან გამოსულებს ეზოში ახალი `სიურპრიზი~ გველოდა. პირველად ვერც მივხვდი, რა ხდება, ფოტოაპარატებისა და ვიდეოკამერების კაშკაშა ნათებამ წამიერად დამაბრმავა. როდის-როდის გავარჩიე ჟურნალისტების ხელში ხაბღუჯული ლოგოიანი მიკროფონები. ტელევიზია! გამიელვა თავში. როგორც გაიგეს, საიდან?...

მეორე გაელვებაზე დირექტორი მაია გამახსენდა. ცხადია, მან მოსდო ქვეყანას. მაიას ქალიშვილი ერთ-ერთ წაყვან ტელეკომპანიაში მუშაობს და ეტყობა დედიკომ დააკვალიანა. პიარის აგორებას რა უნდა? ერთი გადარეკვა. აი, შედეგიც...

_ გზა, გზა, გაგვატარეთ. _ ყვიროდნენ რეანომობისკენ მიმავალი სანიტრები.

_ თქვენ ბრძანდებით, იათამზე მდივანი?

_ თუ შეიძლება, კომენტარი...

_ ქალბატონო ნატო, გვიდასტურებთ თქვენს პიროვნებას?

_ რა მიზეზით გაითამაშეთ სიკვდილი?

_ ვინ არის სენსაციური სცენარის ავტორი?

_ შანტაჟს ჰქონდა ადგილი?

_ ვინ დაასაფლავეთ ნატო ზანდუკელის ნაცვლად?

_ კუბოში მულიაჟი იდო თუ ნატურალური გვამი?

_ შეგიძლიათ, დაასახელოთ დაჭრილი მამაკაცის ვინაობა?

_ უკაცრავად, თქვენი სახელი?

ძლივს შევასწარით რეანომობილში. ჟურნალისტების ნაწილი ინერციით გამოგვყვა, ნაწილმა, შედარების შორსმზვრეტელმა, სადარბაზოსკენ გადაინაცვლა, საიდანაც, ხელბორკილდადებული ზვიად ჭიაბერაშვილი გამოაბრძანეს.

რეანომობილი გამაყრუებელი სირენით დაეშვა დაღმართზე. ყველაფერი კარგად იქნება, გავიფიქრე უმიზეზოდ.

_ _ _

ინტუიციამ არ დამაღალატა. იმავე საღამოს დათამ დამირეკა. თურმე, სრულიად ქვეყნიერებაზე განაწყენებული იჯდა სასტუმროს ნომერში და ტელევიზორს უყურებდა. ინგლისში შესაძლებელია ერთ-ერთი ქართული ტელეარხის სიგნალის დაჭერა. ჰოდა, უყურებს ეს ჩემი ქმარი ტელევიზორა და უცებ საკუთარ ცოლს არ ხედავს?! _ დაბნეულს, თვალებგაფაციცებულს, ჟურნალისიტებით გარშემორტყმულს... გაკვირვება ვერ მოასწრო, რომ წამყვანმა გარდაცვლილი მომღერლის ნატო ზანდუკელის მკვდრეთით აღდგომის ამბავი ამცნო. რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩემი სათქმელი ჟურნალისტმა მოახსენა.

სიამოვნებით მივიღებდი დათას ბოდიშსაც, რომელსაც, ისე დავასრულეთ ლაპარაკი, ვერ ვეღირსე.

შაკოს საკმაოდ რთული ოპერაცია გაუკეთდა. ექიმები ამბობენ, გადარჩებაო, მეც იმედს ვიტოვებ. ქალბატონი ნატოს სახით ისეთი ცერბერი ყარაულობს, სიკვდილის ანგელოზი მიახლოებასაც ვერ გაბედავს. რაც შეეხება ზვიადს, ალბას სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს გისოსებით დასერილი ცის ცქერა, ძალიან რომ არ მოიწყინოს, ბეტმენ ბოცოსაც გვერდის მიუყენებენ. დადგნენ და უყურონ, ერთად უფრო სახალისოა.

2008 წელი დასასრული