5 ბედნიერი ოჯახის საიდუმლო - მაია...

64
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ ,,მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ'' მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ წწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწწ წწწ, წწწ წწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწ წწწწ წწწწწწწ წწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწწ. წწწწწწწწ წწ წწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწ! წწწ წწწწწწწწ წწ წწწ წწწწწწ! წწწწწ წწწწწწ წწწწწწწ წწ წწწ, წწწწ წწწწ წწ წწწწწწწ წწწწწწწწწ, წწწ წწწწწწწწწწწ წწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწ წწწწწწწ. წწ წწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწ? წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწ. წწწწწწ, წწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწწწწ, წწწწწ წწწწწწწწწწწ, წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწწ, წწ წწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწ _ წწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწ _ წწწწწწწ. წწწწ, წწწწ წწწწ წწწწწწწწ, წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწ წწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ. წწწწწწწწწწ წწწწწწ. წწწ წწწწწ 20 წწწწწ წწწწწწ წწწწწწ წწწ წწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ `წწწწწწ წწწწწ~. წწწწწწწ _ წწწწწ წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწ. `წწწწწწწწ~ წწწ წწწწწწწწწ წწწწწ, წწწ წწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწწ, წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწ, წწწწწწწწწწწწწწწ, წწწწ წწ წწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწ წწწწწწწწწწ, წწწწწ წწწწწწწწწ წწწ წწწწ, წწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწ, წწწ წწწწწ წწ წწწწწწ წწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწ წწწწწ. წწწწწწ წწწწწწწ, წწწწწწწ (წწწწწწწწწწწწ) წწწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწ წწ წწწწწწწწწწწწწ, წწწწწწ წწწწ წწ წწწწწწწწწწ. წწწ წწწწ, წწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწ წწწწწ, წწწწწ წწწწწწწწწწწ, წწწ წწწწწწწწწწწწ წწ წწწწწწწწწწ. წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწ-წწწწწწ, წწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწ წწწწწწწწწწწწწწწწ წწ წწწწწწწწწწწწწწ. წწწ წწწწწწწწწ წწწწწწ, წწწწ წწწწწწწ წწ წწწწწწ წწწწწწწწწ. წწწწწწ, წწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწ წწწწწწწ, წწწწწწ წწწწ წწწწწ, წწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწ წწწ წწწწწწწ, წწწწწწწ წწწწწწწ წწწწწ წწ წწწწ წწწ. წწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწ წწწწ (39 წწწწ), წწწწ, წწწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწ...

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „ბედნიერი ოჯახის საიდუმლო“. სერიიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინლისტიკის ლაბირინთებში“. წიგნი მეხუთე

Transcript of 5 ბედნიერი ოჯახის საიდუმლო - მაია...

მაია ბურჭულაძე

მეხუთუ დეტექტური რომანი ციკლიდან ,,დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში''

ბედნიერი ოჯახის საიდუმლო

წინადადება იმდენად დამაინტრიგებელი იყო, რომ დიმიტრი ძნელაძემ პარიზს ხელი დაუქნია და თბილისში გადმობარგდა. ყოველდღე კი არ გთავაზობენ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს! არც ყოველდღე და არც ყველას! საქმე მხოლოდ პოსტშიც არ იყო, ბოლო დროს არ ტოვებდა შეგრძნება, რომ საფრანგეთში მისმა შვიდწლიანმა ჟურნალისტურმა მოღვაწეობამ თავი ამოწურა. რა არის ჟურნალისტი ენთუზიაზმის გარეშე? ჩვეულებრივი გრაფომანი. ეტყობა, მუდმივი შტილიც მოსაბეზრებელია, ყოველ შემთხვევაში, დიმიტრისთანა ექსტრემალისთვის, და როცა ჰორიზონტზე შტორმის კონტურები დაილანდა _ ზემოხსენებული წინადადების სახით _ გარისკა.

ჰოდა, იჯდა ახლა თბილისში, გენერალური დირექტორის მოხერხებულ სავარძელში და შტორმის მოლოდინში ნერვიულობდა.

სანერვიულო ჰქონდა. სულ რაღაც 20 წუთში სტარტს იღებდა ტოკ შოუ ორიგინალური სახელწოდებით `მეცხრე ტალღა~. წამყანი _ პრაიმ თაიმის დედოფალი მირანდა ლომჯარია. `დედოფალს~ არც გარეგნობა აკლდა, არც კამერაზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ დიმიტრის აზრით, გაწონასწორებული, ცოტა არ იყოს ფლეგმატური მირანდა სხვა ფორმატის გადაცემას უფრო მოუხდებოდა, ვიდრე პოლიტიკურ ტოკ შოუს, რომელიც მუდმივად საჭიროებს წამყვანის მხრიდან ცეცხლის შეკეთებას, რომ ტემპი არ დაეცეს და ფინალში დაბალრეიტინგული ნაკვერჩხალი არ მიიღო. როგორც გაირკვა, მირანდა (გადაცემიანად) ხელმძღვანელობას დიმიტრის მოწვევამდე ჰყავდათ ნაყიდი და გადმობირებული, ამიტომ თავი არ გაუგიჟებია. მით უფრო, უკეთესი კანდიდატურა ჯერჯერობით არ ჩანდა, ყოველ შემთხვევაში, მის თვალსაწიერში არ მოხვედრილა.

საინფორმაციო სამსახურში ბლომად იყვნენ ეთერში ყელყელაობაზე მეოცნებე გოგო-ბიჭები, მაგრამ სერიოზული ჟურნალისტური გამოცდილების გარეშე ისინი კანდიდატურებადაც არ განიხილებოდნენ. რომ აღარაფერი ვთქვათ, ხმის ტემბრსა და სმენის კულტურაზე. ცხადია, ქადაგად დაცემული რესპოდენტი უნდა გააჩერო, მაგრამ იმის შიშით, რომ წინასწარ მომზადებული კითხვის ჩაკვეხევა ვერ მოასწრო, მოწვეულ სტუმარს პირში არ უნდა ეცე. მირანდას ასაკიც უწყობდა ხელს (39 წლის), ხმაც, თანდაყოლილი ტაქტის გრძნობაც... ეთერში გასვლის წინ შეფის გამხნევებაღა აკლდა. დიმიტრის დიდხანს არ უფიქრია, საჯდომი სავარძელს მოწყვიტა და სტუდიაში გაემართა.

პროჟექტორებით გაჩახჩახებული და კამერებით გარშემორტყმული მირანდა ლურჯ-თეთრი დეკორაციის ფონზე იჯდა და ბეჯითად ასრულებდა რეჟისორის მითითებებს. გენდირექტორის გამოჩენას თავშეკავებული ღიმილით შეხვდა. ვითომ რას

უშლის მისი ფლეგმატურობა? აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად სულაც არ არის საჭირო ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ღლიცინი.

_ ღელავთ? _ ჰკითხა დიმიტრიმ.

_ არც უმაგისობაა. იმედია, არაფერი შემეშლება.

_ პირდაპირი ეთერის ხიბლი იმაშია, რომ შეიძლება რაღაც შეგეშალოთ. მთავარია, არ დაიბნეთ.

_ ვეცდები.

საეთეროში `მირანდა, მირანდას~ ძახილით ვიზაჟისტი კიწი შემოვარდა: ფაშფაშა ქალბატონი პერეგიდროლით გადახუნებული თმითა და ფანქრით დახატული წარბებით. აწკრიალებული მობილური მირანდას მიაჩეჩა და მერეღა შენიშნა შეფი.

_ გასკდა ვიღაც რეკვით და რა მექნა?! იქნებ სასწრაფოა... _ ქოშინით გადმოვიდა შეტევაზე.

დიმიტრიმ საყვედურით შეხედა _ რა წესია, პირდაპირ ეთერში გასვლამდე მობილურებით სირბილი. თქმით არაფერი უთქვამს, მით უფრო, მირანდა წარბების აწევითა და ორიოდე წინადადებით შემოიფარგლა: `გასაგებია. ხვალ. 2 საათზე.~

_ სტუმრები მოვიდნენ? _ დიმიტრი გადაცემის პროდიუსერს მიუბრუნდა.

_ მოვიდნენ.

_ იმედია, გააფრთხილეთ, მობილურების გამორთვის თაობაზე.

_ გავაფრთხილე.

_ მიკროფონები შეამოწმეთ?

_ ყველაფერი წესრიგშია.

_ არ იქნება და ჩამოგეჭრებათ ხელფასი.

_ აკი პირდაპირი ეთერის ხიბლი იმაშია, რომ შეიძლება რაღაც შეგეშალოსო. _ გაახსენდა პროდიუსერს.

_ ტექნიკურ პერსონალს არ ეხება. ცხადია, თუ მეტეორი არ დაგვეცა.

იმ მომენტში დიმიტრიმ არ იცოდა, რომ მეტეორზე უარესს უმზადებს ბედისწერა, ამიტომ არხეინად დატოვა საეთერო და ისევ კაბინეტს მიაშურა.

კაბინეტი ჰქონდა ისეთი, კოლეგების რომ არ ერიდებოდეს, ღამეც დარჩებოდა. ტელეკომპანიის მფლობელმა, მილიონერმა ოლიგარქმა გივი ნიორაძემ უცხოეთიდან სუპერ თანამედროვე ტექნიკა გამოიწერა, რომლის ნაწილი ჯერაც დასაწყობებული იდო და ტრენინგგამოვლილ მომხმარებელს ელოდა. თანხა არ დაინანა ავეჯსა და საკანცელარიო ნივთებში. მარტო დიმიტრის სავარძელი ღირდა ერთი სტუდიის ფასი. ერთი ფრენა არ შეუძლია, თორემ სახელურზე ჩამონტაჟებული პულტის მეშვეობით რამდენიმე მანიპულაციას აკეთებს: იშლება, იკეცება, გადაადგილდება... ცალკე აღნიშვნის ღირსია ეკრანიანი მონიტორი, რომლის მთვარი ღირსება იმაშია, რომ შენ ხედავ კარზე მომდგარ თანამშრომელს, ის _ ვერა. და `ბელუქსის~ ტყავის სამეული. ზუსტად ისეთი, როგორც რეკლამაში. ოღონდ ჭრელი ძროხის გარეშე. ეტყობა, დიმიტრის წინამორბედი დროგამოშვებით ტყავეულზე აპირებდა დაძაბულობის მოხსნას, მონიტორიც ამ მიზნით დაიყენა (ვინიცობაა, გაგანია სამუშაო საათებში ტესტოსტერონის შემოტევა იგრძნო), თუმცა არ დასცალდა. თავად მოხსნეს. თანხის არამიზნობრივი

ხარჯვისთვის. მილიონერმა მოლაპარაკე გვარით ფულის თვალა კარგად იცოდა. იმიტომაც იყო მილიონერი.

ჩვენში რომ დარჩეს, დიმიტრი სულაც არ აპირებდა `ბელუქსის~ გამოყენებას ინტიმური მიზნებისთვის (ამისთვის საკუთარი ბინა ჰქონდა), დიდი-დიდი მაგიდაზე ფეხებშემოწყობილს დასდგომოდა თავზე რომელიმე კოლეგა. ამის გამო ნამდვილად არ ღირდა კაბინეტში გამოკეტვა და მონიტორის ეკრანზე აღმოცენებული ვიზიტიორის თვალთვალი.

დიმიტრიმ ტელევიზორი ჩართო და სეირის საყურებლად მოემზადა. წესით, პოლიტიკური ტოკ შოუ არ არის გასართობი გადაცემა, მაგრამ იმას, რასაც პოლიტიკოსები პირდაპი ეთერში ჩადიოდნენ ხოლმე, დებატები არ ერქვა. ეს იყო კლოუნადა _ კამათით, ლანძღვა-გინებით, შიზოფრენიული სალტოებით, დანერწყვილი მიკროფონებით, მფრინავი ჭიქებით... ლამის მთელი მოსახლეობის თანდასწრებით გამოეცალათ ერთმანეთისთვის სკამები, დარწმუნებულები იმაში, რომ მათი ღრმადპატივცემული საჯდომი უფრო მეტად იმსახურებს დეპუტატის სკამს, ვიდრე მათი ოპონენტის. დუღილის ტემპერატურა პიკს არჩევნების წინ აღწევდა ხოლმე, მერე ნელ-ნელა ეცემოდა და როგორც კი ჰორიზონტზე ახალი არჩევნების პერსპექტივა დაილანდებოდა, ყველაფერი თავიდან იწყებოდა. და ასე წლიდან წლამდე. ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე ბრალდებები, ერთი და იგივე დაპირებები, ერთი და იგივე იმედგაცრუებები...

ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა დიმიტრის გადაცემის `ქუდი~ მოსწონდა. მუსიკაც თემატური იყო და დიზაინიც. დეკორაციები ცოტა ნაჩქარევად გაკეთდა, მაგრამ ახალი სეზონის გახსნამდე წავა.

აი, მირანდაც. ლამაზი, შემართული, პიჯაკის ბორტზე დამაგრებული ციცქნა მიკროფონით:

_ საღამო მშვიდობისა! დღევანდელი გადაცემის თემა ვადამდელი არასაპარლამენტო არჩევნებია. წავა თუ არა დათმობაზე ხელისუფლება, აღმოაჩნდება თუ არა ოპოზიციას კონსოლიდაციის ნება... და ბოლოს _ ფარული მოსმენები: კანონდარღვევა და უსაფრთხოების აუცილებელობით მიღებული ზომა. თქვენთვის მუშაობს მირანდა ლომჯარია...

რიხიანად ჩაარაკრაკა. შთამბეჭდავი დასაწყისია.

კამერამ სტუმრებს დაუარა. ერთ მათგანს დიმიტრი სტუდენტობის დროიდან იცნობდა. საშუალო გაქანების მხატვარმა მოულოდნელად პოლიტიკაში ისკუპა და მას მერე აღარ ჩამოსულა ეკრანიდან. ლაპარაკი ეხერხებოდა, სხვებისგან განსხვავებით, ორი წიგნიც ჰქონდა წაკითხული. სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვდება და მერე იქიდან დამოძღვრავს ელექტორატს. ინგლისური აფორიზმი გვამცნობს: პატრიოტიზი ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარიაო. პატრიოტიზმს თუ პოლიტიკით შევცვლით, ნაძირლებს კი უსაქმურებით (ან დედანს დავტოვებთ), აფორიზმის ქართული ვარიანტიც სახეზეა.

ამასობაში მირანდამ შესავალი ტექსტი დაასრულა და ერთ-ერთ სტუმარს კითხვით მიმართა. სტუმარმა პირი გააღო, შეიძლება ორიოდე სიტყვის თქმაც მოასწრო, მაგრამ მერე რაღაც მოხდა. მირანდამ ყრუდ შეჰკივლა, საყრდენის ძებნაში ხელები გაიშვირა და მოწყვეტით გადაემხო მაგიდას.

_ სისხლი!

_ მოკლეს!

_ ზურგიდან ესროლეს!

_ ექიმი!

_ სასწრაფოს გამოუძახეთ!

ისმოდა აქეთ-იქიდან.

კამერამ მირანდას მოიისფრო პიჯაკზე გადღაბნილი სისხლიანი ლაქის გადაღება მოასწრო და გამოირთო. ეკრანი შავად აშიშინდა.

`ღმერთო, მესროლე მეტეორი!~ ფიქრობდა კაბინეტიდან გამოვარდნილი დიმიტრი.

_ _ _

შუაღამე გადასული იყო, როცა კრიმინალისტებმა `ტვ-21~-ის შენობა დატოვეს. სახლში წასვლას აზრი არ ჰქონდა და დიმიტრიმ თვალის მოსატყუებლად ისევ კაბინეტს მიაშურა.

მირანდა მკვდარია, მკვლელმა კი ისარგებლა ორომტრიალით და მიმალვა მოასწრო. ის სადღაც ახლომახლო ტრიალებდა, შეიძლება თანამშრომელიცაა _ ჟურნალისტი, ოპერატორი, მემონტაჟე... დიმიტრის მისთვის ხელი ჩამოურთმევია, მოუკითხავს კიდეც...

კატასტროფა!

დატეულიყო პარიზში, სახლი არ ჰქონდა თუ მაღალანაზღაურებადი სამსახური? არა, `შტორმი~ მოენატრა, და აჰა, მიიღო კიდეც _ პირდაპირ ეთერში გაუგორეს წამყვანი. დეკორაციის უკან ამოფარებულმა ნაბიჭვარმა ესროლა. ყველაფერი წინასწარ გათვალა _ დრო, ადგილი, ტყვიის ტრაექტორია... დეკორაციაში ნახვრეტის გაკეთებაც მოასწრო და საგულდაგულო შენიღბვაც _ ვინმეს თვალში რომ არ შეჩხეროდა. მაინც, რატომ გადაცემის მსვლელობისას და არა სხვაგან _ ქუჩაში, მაგალითად, სადარბაზოში, პარკში... რა მიზანს ისახავდა მისი ფსევდო ჰეროსტატესეული გამოწვევა?! საწყალი, საწყალი მირანდა, ვის-რა დაუშავა ამის ფასი?...

ამ ფიქრებში დიმიტრის ჩაეძინა. პირდაპირ მრავალფუნქციან სავარძელში.

როცა თვალი გაახილა, ფანჯარაში მზე, ოთახში კი დამლაგებელი დაინახა _ ვედროთი, ტილოთი, მტვერსასრუტით...

_ უკაცრავად. _ დიმიტრიმ სავარძელზე გასწორდა და თვალები მოიფშვნიტა.

_ პირიქით, მე მაპატიეთ. არ ვიცოდი აქ თუ იყავით. კარი ღია იყო და...

დამლაგებელს ახალგაზრდული ხმა და ნორმალური დიქცია ჰქონდა. დიმიტრიმ დაკვირვებით შეხედა. სულ ახალგაზრდა გოგო იყო, 18-19 წლის. გამხდარი, საშუალო სიმაღლის. ეცვა ლურჯი ფერის თეთრკანტიანი უნიფორმა: კომბინიზონი კეპითურთ. წინაფრის ჩრდილიდან ფართოდ გახელილი შავი თვალები მოუჩანდა.

_ მართლა დამლაგებელი ხარ? _ მაინც გადაამოწმა.

_ დიახ. თქვენ ალბათ ახალი დირექტორი ბრძანდებით?

_ ჯერჯერობით, კი. ვბრძანდები.

_ წუხანდელს ამბავს გულისხმობთ, არა?

დიმიტრიმ თავი დააქნია.

_ რა საშინელებაა... _ ამოიოხრა დამლაგებელმა. _ იმედია, მალე იპოვნიან დამნაშავეს.

_ ან იპოვიან, ან არა.

_ რატომ... ასეთი პესიმიზმით?...

_ თუ შინაურის გაკეთებულია, არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.

_ როგორ თუ შინაურის? ვის გულისხმობთ? _ დამლაგებელი მაგიდისკენ წამოვიდა და შემცბარი შედგა. ეტყობა, გააცნობიერა, სად იმყოფება და ვის ელაპარაკება.

_ დავუშვათ, თანამშრომელს. _ პასუხი არ დაამადლა დიმიტრიმ.

_ არ მგონია.

ეს უკვე მეტისმეტია _ დიმიტრი გაღიზიანდა. დიალოგი ზრდილობის ფარგლებში ერთია, ფამილიარობა _ სხვა. დამლაგებლის თანაგრძნობაღა აკლდა გასიებულ გულზე.

_ შენ რა გქვია, გენაცვალე?

_ თინა.

_ მოდი ასე გავაკეთოთ, თინა, მე ცოტა ხანში გავალ, შენ შეგიძლია მოგვიანებით შემოხვიდე და დაალაგო. კარგი?

_ მოგვიანებით არ შემიძლია. 10-ზე ლექცია მაქვს.

_ რა ლექცია? სად?

_ უნივერსიტეტში ვსწავლობ, იურიდიულზე.

_ ?

_ გამომძიებელი მინდა გამოვიდე! _ ბავშვური გულწრფელობით განმარტა თინამ.

_ და შეთავსებით დამლაგებლად მუშაობ? _ ეჭვი შეეპარა დიმიტრის.

_ აბა, ვინ გადამიხდის ბინის ქირას? _ გაუკვირდა თინას. _ ბაღდათიდან ვარ.

_ მშობლები...

_ დედა არ მყავს, მამა... მამა აქეთ არის მისახედი. მოკლედ, დამლაგებლად მუშაობა სულაც არ მეთაკილება. _ თინამ გამომწვევად გადმოდგა ფეხი. _ თუმცა არც მეხალისება. _ დაამატა ყოყმანით და ფეხი უკან გადგა.

_ რა არის სათაკილო?! საფრანგეთში ჩემი კარიერა მოხუცის მოვლით დაიწყო. ასე რომ, მე ვერ გამაკვირვებ.

_ მართლა? _ თინას თვალები გაუბრწყინდა. _ მე კი ვფიქრობდი, გამონაკლისი ვარ.

_ საქართველოში ალბათ ხარ კიდეც.

_ დიდი მადლობა, ბატონო დიმიტრი.

`ბატონო~ დიმიტრის ეხამუშა. თუმცა რა! 34 წლის კაცთან, თანაც გენერალურ დირექტორთან, ნორჩმა დამლაგებელმა კი უნდა დაიცვას სუბორდინაცია.

_ რისთვის მიხდი მადლობას? _ დაინტერესდა.

_ ლაპარაკის ღირსად რომ ჩამთვალეთ, თუმცაღა ბოლომდე არ მომისმინეთ.

_ რასთან დაკავშირებით?

_ მირანდა ლომჯარიას მკვლელობასთან დაკავშირებით.

_ რამე იცი? _ დიმიტრი დაიძაბა.

_ ეჭვი მეპარება, რომ ეს საშინელება თანამშრომლის გაკეთებულია. თუ გინდათ, აგიხსნით, რატომ.

_ დამდე პატივი.

_ დამცინით?

_ არა, ყურადღებით გისმენ.

_ მოკლედ, საეთეროს დალაგებისას დეკორაციის უკანა მხარეს, კედელში გასაძრომი აღმოვაჩინე. გარედან პანელი ჰქონდა აფარებული და ყურადღება არავის მიუქცევია. პანელია, რა?... მოგეხსენებათ, შენობას, სადაც ვიმყოფებით ორი ორგანიზაცია იყოფს: ჩვენი ტელეკონპანია და სტამბა `პოლიგრაფსერვისი.~ გამყოფი საზღვარი სწორედ საეთეროს უკანა კედელზე მოდის. ჩემი აზრით, მკვლელი იქითა მხრიდან შემოძვრა და ამავე გზით დატოვა ტერიტორია. ანუ, იმის მტკიცება, რომ აპრიორი თანამშრომელია, სულაც არ მეჩვენება მართებულად.

დიმიტრიმ ბეჭების მიდამოში წვა იგრძნო _ ყურადსაღები ვერსიის წინმსწრები სიგნალი, რომელიც აწკრიალებულმა ტელეფორმა წამში გაანეიტრალა.

რეკავდა ტელეკომპანიის დამფუძვნებლის თანაშემწე ვინმე გია. გენერალურ დირექტორს შეფი იბარებდა. დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რა საქმეზე. დიმიტრი არ ჩააყენებს ბატონ გივის უხერხულ მდგომარეობაში, პირდაპირ განცხადებით შევა და გათავისუფლებაზე ხელის მოწერას თხოვს. დიმიტრიმ საწერ-კალამი მოიმარჯვა და წერას შეუდგა.

როცა თავი ასწია, თინა ოთახში არ იყო. როდის მოასწრო გასვლა? იქნებ საერთოდაც არც შემოსულა და ეს კომბინეზონიანი ჰოლმსი ახალგაღვიძებულზე მოეჩვენა?

საერთოდ, შეფი ტელეკომპანიას იშვიათად სტუმრობდა, თუმცა ჰქონდა თავის კაბინეტი, სადაც ახალ პროექტების განსახილველად მაღალ მენეჯმენტს იბარებდა ხოლმე.

კაბინეტში სამნი დახვდნენ. ბატონი გივისა და მისი თანაშემწის ნახვა დიმიტრის არ გაჰკვირვებია (არც კართან აყდებული დაცვის), განსხვავებით მიხეილ ხვედელიძისგან, რომელიც ლაღად იჯდა მაგიდასთან და თავის ორიგინალურ, შავ-თეთრ ულვაშებში ეშმაკურად იღიმებოდა. რა საერთო აქვს ოლიგარქს უშიშროების პოლკოვნიკთან?!

და უცებ დიმიტრის გონება გაუნათდა: მისი პარიზიდან გამოტყუებაში მიხეილის ხელი ურევია! რომ არა მიხეილის რეკომენდაცია, გივის ასი წელი არ გაახსენდებოდა 7 წლის წინ ეკრანიდან გამქრალი დიმიტრი ძნელაძე. პროფესიონალიზმი არაფერ შუაშია (როგორც გულუბრყვილოდ ეგონა), ესენი მას `შინაურ~ კაცად მოიაზრებენ. კარგია ეს თუ ცუდი? საგამომძიებლო საქმისთვის კარგია, ტელეკომპანიის რეპუტაციისთვის _ ცუდი. დირექტორი არ უნდა იყოს ანგაჟირებული, გივის და მიხეილის შეხმატკბილებული ტანდემი კი თავისთავად მეტყველებს, რომ ამ ორს ერთმანეთთი სჭირდება. მიხეილს _ გივის ფული, გივის _ მიხეილის ზურგი. რა შუაშია მათ ფულოვან-ზურგოვან ურთიერთობასთან დიმიტრი? ის საფრანგეთიდან თავისუფალი ტელევიზიის

გასაკეთებლად ჩამოვიდა და არა რომელიღაც დაჯგუფების ინტერესების გამტარებელი კანტორის. ჯერჯერობით არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა, მაგრამ ბატონი გივი ის კაცი არაა ჰაერში გაესროლა მილიონები. ვნახოთ, ვნახოთ...

_ რა სახე გაქვს, დიმიტრი, არ გაგიხარდა ჩემი ნახვა? _ უხერხული პაუზა დაარღვია მიხეილმა.

_ გამიხარდა. და გამიკვირდა. _ დიმიტრიმ კაბინეტში მყოფთ სათითაოდ ჩამოართვა ხელი.

პროფესიონალი ფოტოგრაფების წყალობით ბატონი გივი ჟურნალების გარეკანზე უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა, ვიდრე რეალობაში. ხალვათი პიჯაკი ვიწრო მხრებს უმალავდა, ბინდისფერი სათვალე _ ბუსავით მრგვალ თვალებს, დამჯდარი პოზა _ სიდაბლეს. დღეს არ ეცალა პოზირებისთვის, სპორტულად ეცვა და უსათვალოდ იყო. მზის გულზე მომუშავე პრარაბს უფრო ჰგავდა, ვიდრე ძლევამოსილ ოლიგარქს. არადა, ოქროსფერი რუჯი უეჭველი რომელიღაც ფეშენ კურორტზე ექნებოდა მიღებული.

_ რას იტყვი? _ ჰკითხა დიმიტრის.

დიმიტრიმ განცხადება მიაწოდა. გივიმ სათვალე გაიკეთა, წაიკითხა, გაიკვირვა და ფურცელი მიხეილს გადააწოდა. მიხეილმაც წაიკითხა, გაიკვირვა და განრისხდა:

_ ეს რას, ნიშნავს?

_ რაც წერია. დირექტორის პოსტიდან გათავისუფლების თხოვნას. საკუთარი სურვილით.

_ წუხანდელი ინციდენტის გამო?

_ ეს არ იყო ინციდენტი. ეს იყო მკვლელობა.

_ მერე შენ რა შუაში ხარ?...

მიხეილს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გივიმ ხელის აწევითა და თვალების ხშირ-ხშირი პაჭუნით გააჩერა. აშკარად ტიკი ჰქონდა. ადრე დიმიტრის არ შეუმჩნევია, ნერვიულობისას თუ ერთვება. ასე იცის დიდმა ფულმა. ტიკი რა მოსატანია, თავი რომ გაბია მხრებზე ის არის საკვირველი.

_ როგორ ფიქრობთ, დიმიტრი, ეს შეკვეთილი მკვლელობაა?

_ განზრახ მკვლელობა რომ არის, ფაქტია. შეკვეთილს ცოტა სხვანაირად გეგმავენ. მირანდას მკვლელობა უფრო თეატრალიზირებულ შურისძიებას ჰგავს.

_ მეც მანდ ვარ! მაგრამ... _ ბატონი გივი მაგიდის კუთხეში დახვავებულ ჟურნალ-გაზეთებს დასწვდა. _ მაგრამ ნახე, რას წერს პრესა? სათაურებს დააკვირდი: `შეკვეთილი მკვლელობა~, `პოლიტიკური მკვლელობა~, `რომელ ბანაკს აწყობდა პოლიტიკური ტოკ შოუს წამყვანის სიკვდილი~, `ვინ იქნება შემდეგი~... ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩვენი ტელევიზიის და პირადად ჩემ წინააღმდეგ. არაკეთილმოსურნეებს სურთ პოლიტიკური იარლიყი მოგვაწეპონ, რაც ყოვლად დაუშვებელია. დიდი თანხა ჩავდე ამ პროექტში, ორ იმდენს კიდევ ვაპირებ, ასე რომ ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა. მხოლოდ პროკურატურის იმედზე ვერ ვიქნები, დღეს კი ირწმუნებიან უახლოეს დროში გავხსნითო, მაგრამ კვალი თუ გაცივდა, სურვილის შემთხვევაშიც ვერაფერს გამოიძიებენ. მოკლედ, დროში ვიწვებით. ეს საქმე შენ უნდა ითავო, დიმიტრი. გახვალ მკვლელზე და მერე გინდ წადი, გინდ დარჩი. ეს უკვე შენს სურვილზეა დამოკიდებული.

დიმიტრიმ მიხეილს შეხედა. რა დიდი მიხვედრა უნდოდა, რომ უშიშროების პოლკოვნიკმა დიმიტრის დედუქციური ნიჭის შესახებ გივის ყველაფერი ჩაუკაკლა და თავისებურად გააბუქა. უარის თქმა არ გამოდიოდა. იდეაში, დიმიტრისაც აინტერესებდა, რა მოხდა სინამდვილეში (ტყუილად კი არ აეწვა წეღან ბეჭები). პრესას სჩვევია გახმაურებულ მკვლელობებს პოლიტიკური აირლიყი მიანიჭონ, თითქოს ცნობილი ადამიანები ჩვეულებრივი მოკვდავები არ იყვნენ, თავიანთი ყოფითი პრობლემებით, მტრებით და მეგობრებით, სიყვარულით და სიძულვილით, წარსულით და მომავლით.

_ თანახმა ვარ. _ თქვა ხმამაღლა.

_ ძალიან კარგი. _ ბატონმა გივიმ შვებით ამოისუნთქა და თანაშემწეს გახედა.

იმან მიიღო სიგნალი და ციმციმ მოაგორა გორგოლაჭებიანი მაგიდა, სადაც ჩინ-მედლებიანი გენერლებივით ჩამწკვრივებულიყვნენ არყის, ვისკის, კონიაკის, რომის ყელმოღერებული ბოთლები.

_ თითო ჭიქა დავლით, სტრესი მოვიხსნათ, თორემ გასკდა გული. რას დალევთ ბატონებო?

`ბატონებმა~ ვისკი ინებეს.

_ რაიმე, ოდნავ მაინც ყურადსაღები ვერსია ტრიალებს თანამშრომლებში?

_ არანაირი. სიმართლე გითხრათ, არც მე ვიცნობდი კარგად მირანდას. _ თქვა დიმიტრიმ. _ ერთადერთი ვიცი, რომ გათხოვილია, ქმარი ჰყავს, 15 წლის ვაჟი...

_ `ახლა კი დროა, სოლომონ რომა...~ _ გივი მიხეილს მიუბრუნდა დ თვალების მეგობრული ჩაპაჭუნებით ნიშანი მისცა. _ აბა, გვაჩვენე, რისი დათრევა მოახერხე გუშინდელი დაკითხვიდან. დიმიტრიც ამ ჩანაწერის მიხედვით იხელმძღანელებს.

ჲუშიშროების პოლკოვნიკი ხელის ბიჭივით დაფაცურდა, ჯიბეზე ხელი გაიკრა, დისკეტა ამოიღო, კომპიუტერში შეაცურა და პირმოთნე ღიმილით მიაჩერდა ეკრანს. დიმიტრიმ მზერა აარიდა. მის მაგივრად შერცხვა. არ იყო მიხეილი ის კაცი ვიღაცის (თუნდაც ამ თავკომბალა მილიონერის) წინაშე ებზრიალა. არც ასაკი უწყობდა ხელს, არც თანამდებობა. დავალებული თუა.

ეკრანზე გამოჩნდა გამომძიებლის მიერ დაკითხული ტელევიზიის თანამშრომლები. ისინი მირანდას ახასიათებდნენ.

ჟურნალისტი ნათია კ: არ ვიცი, ვის უნდა ჩაედინა ეს საზარელი მკვლელობა! შეუძლებელია მირანდასთანა ადამიანს მტერი ჰყოლოდა! ძალიან კეთილი იყო, ძალიან. წარმოიდგინეთ ტელევიზია... ბუნებაში ალბათ არ არსებობს დაწესებულება, სადაც მუშაობს ვარსკვლავური სინდრომით შეპყრობილი ამდენი ქალი. მირანდა კი ყველას უყვარდა... ის გამორჩეული იყო. ყველაფრით: გარეგნობით, საქციელით, ოჯახით...

ჟურნალისტი ქეთევან რ: ვერ ვიტყვი, რომ მირანდა ყველას უყვარდა... შეიძლება პატივს სცემდნენ, აფასებდნენ, მაგრამ სიყვარულის რა მოგახსენოთ. არ იყო იოლი შესაყვარებული. რატომ? ...იცით, გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს... გასაგებია, რომ მკვლელობაა, მაგრამ... კეთილი, ჩემს პირადად მოსაზრებას გეტყვით, დასკვნების გამოტანა კი თქვენთვის მომინდია. მირანდა ამპარტავანი ქალი იყო, კოლეგებს ზევიდან უყურებდა, თითქოს გიღიმოდა, მოგიკითხავდა კიდეც, მაგრამ ზერელედ, მანერულად. მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ასწავლეს. სინამდვილეში, სულ არ აინტერესებდა კარგად იყავი თუ ცუდად. არც გისმენდა, რას პასუხობდი... საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავდა...

ოპერატორი ვაჟა ლ: მირანდა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, კეთილი, ტაქტიანი, გულისხმიერი... როცა გაიგო, დედაჩემს ონკოლოგიური დაავადება აქვს, მაშინვე ნაცნობ ექიმთან დარეკა: ჩემი ახლობელია, მიმიხედეო. რომელი ახლობელი მე ვიყავი, მაგრამ მაინც მესიამოვნა. რაც მთავარია, არასოდეს წამოუძახებია, ზოგიერთებივით. რაღაცაზე წაგიკრავენ ხელს და მერე ამოგადენენ ყელში. რამე ისეთი ხომ არ შემინიშნავს?... ააარა, არაფერი. გაწონასწორებული იყო, როგორც ყოველთვის. ვისთან მეგობრობდა?... სამსახურში მგონი არავისთან, ისე არ ვიცი...

ოპერატორი ლევან ლ: თუ ქალები მირანდას გაჭორავენ, არ დაუჯეროთ. შური და ბოღმა ალაპარაკებთ. მიზეზი?... ჰჰმ, სილამაზე, ნიჭი, კარგი ქმარი... და არა საყვარლების ჯარი!

რედაქტორი მანანა ვ: ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მე ვიტყოდი ნელ-თბილი. დიახ, ადრეც ერთად ვმუშაობდით. ვმუშაობდით, და არა ვმეგობრობდით. რატომ ვუსვამ ხაზს? იმიტომ, რომ ამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობდით და ერთხელაც არ ვყოფილვარ მის სახლში! არ დავუპატიჟებივარ და ძალით ხომ არ შევეტენებოდი?!... არა, არავისთან მეგობრობდა, არც არავის მტრობდა. ის თავისთვის იყო, ჩვენ _ ჩვენთვის. ეკრანისთვის მართლა დიდი დანაკარგია, მაგრამ რომ გითხრათ გულათადი მეგობარი დავკარგე მეთქი, მოგატყუებთ.

პროდიუსერი ლალი ხ: ...ქმართან კონფლიქტი?... მირანდას არასოდეს დასცდენია საყვედური ქმართან დაკავშირებით, თუ არ ჩავთვლით ბანალურ შეკამათებას შვილის აღზრდის თაობაზე. მოგეხსენებათ, მოზარდი შვილი ჰყავს, ლუკა. მირანდა წუწუნებდა: მამამისმა იმდენი მასწავლებლები დაასია, სულ აუცრუვდა გული სწავლაზეო. ერთხელ თემამ მოიტანა და რეპლიკა ჩართო. ეს იყო და ეს. თორემ ოჯახის წევრებზე არ ჩვეოდა ლაპარაკი. პრინციპში, არც კოლეგებზე... აზრი? აზრი ალბათ გააჩნდა, მაგრამ თავისთვის ინახავდა. ცოტა დისტანციური იყო. ცოტა კი არა, საკმაოდ. პოლიტიკოსებთან თუ ახლობლობდა?... არა, მხოლოდ გადაცემის ფარგლებში. აქაც დისტანციას იცავდა. არავითარი გულახდილი საუბრები გადაცემის მერე. პირველი ტოვებდა ხოლმე სტუდიას, თუმცა მადლობის თქმა არასოდეს ავიწყდებოდა.

რეჟისორი თაზო დ: ...რამე ისეთი ხომ არ შემინიშნავს? იცით, რომც ჰქონოდა პრობლემა, მირანდა ის ქალი არ იყო, შეემჩნია. ერთადერთხელ გამოამჟღავნა ემოცია, ისიც დადებითი. როდის? დაახლოებით ერთი თვის წინ, ავსტრიიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ. უჩვეულოდ აღგზნებული ჩანდა, დღე არ გავიდოდა, იქიდან ჩამოტანილი კასეტა არ გადაეხვია და თავიდან არ ენახა. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. გამიკვირდა კიდეც, ასეთი რა ნახა იმ ინსბრუკში, რომ ცქერით ვერ გაძღა.

ვიზაჟისტი კიწი რ: თუკი ბუნებაში არსებობს იდეალური ადამიანი, მარანდა მათ რიცხვშია. სამწუხაროდ, იყო... ო, როგორ მიჭირს, მასზე წარსულში ლაპარაკი, ჩემს გონებაში არ ჯდება მომხდარი! არაჩვეულებრივი წამყვანი, არაჩვეულებრივი მეუღლე, არაჩვეულებრივი დედა... ყველაფრით სამაგალითო! რამე საეჭვო ხომ არ შემინიშნავს?... არა, რას ბრძანებთ?! თუმცა... თუმცა ერთი სიტუაცია მახსენდება... არ ვიცი, რამდენად ღირს მოყოლა, 2-3 კვირის ამბავია.. კეთილი, გეტყვით. იმ დღეს მაკიაჟის გასაკეთებლად საგრიმიოროში შემოვიდა, დანიშნულ დროს, როგორც ყოველთვის. საოცრად პუნქტუალური იყო, სხვებს კი არ ჰგავდა, დაგაყუდებენ და ბოდიშსაც არ მოგიხდიან. დიახ, მთხოვა, არავინ დამესვა, ათიოდე წუთში მოვალო. გავიდა 10 წუთი, 15, 20... ის კი არ გამოჩნდა. მეთქი, სად დაიკარგა ეს ქალი და მოსაძებნად წავედი. დერეფნის ფანჯრიდან დავინახე ტელევიზიის უკანა ეზოში მდგარი მირანდა. ვიღაც შაოსან დედაბერს ელაპარაკებოდა და ხელში რაღაც კონვერტს ატრიალებდა. გამიკვირდა, ნეტავ რა საქმე აქვს მირანდასთან ამ უცნაურ მოხუცს?... რატომ იყო უცნაური? თავსაფრიანად შავებში გახვეული, მხოლოდ დაღარული სახე უჩანდა... მონაზონს არ ჰგავდა, უფრო მათხოვარს. აი, ეკლესიასთან რომ სხედან, ისეთს... გამოვედი შენობიდან და მირანდას დავუძახე.

მოიხედა და რას ვხედავ? ნამტირალები სახე აქვს, გაწითლებული ქუთუთოები... გამიკვირდა სხვა სიტყვაა, მირანდას თავშეკავებული ხასიათიდან მსგავსი სცენა სრულიად წარმოუდგენელად მეჩვენა. ის ტიროდა. თანაც სად, ტელევიზიის ეზოში, სადაც შეიძლება ვიღაცას დაენახა! რა უნდა ეთქვა დედაბერს ისეთი, რომ მისთვის ჩვეულ თავდაჭერილობას ეღალატა?!

დიმიტრის თვალწინ დაუდგა კადრი: კიწი ტელეფონით ხელში საეთეროში შემოდის. დღეს 2 საათზე მირანდა ვიღაცას უნდა შეხვედროდა.

_ ბატონო მიხეილ, მირანდას მობილური წაიღეს თუ ისევ კიწისთან გდია, საგრიმიოროში?

_ ამდენი არ ვიცი. _ მხრები აიჩეჩა მიხეილმა.

_ წავალ, შევამოწმებ, თქვენის ნებართვით. _ დიმიტრი წამოდგა.

_ მოიცა ერთი წუთით, _ შეაჩერა გივიმ. _ თუ ვინმე სანდო ადამიანი გყავს ამ ტელევიზიაში, შეგიძლია შეიამხანაგო, მარტო გაგიჭირდება.

_ მაინცდამაინც ცნობადი სახე ნუ იქნება, ეჭვი რომ არ აიღონ. _ ურჩია მიხეილმა.

დიმიტრი ჩაფიქრდა. სანდო, არაცნობადი...

_ დამლაგებელი რომ იყოს?

მიხეილმა და გივიმ ერთმანეთს გადახედეს.

_ სხვათა შორის, თქვენი კუთხიდანაა, ბაღდათიდან. _ დიმიტრიმ გივის მიმართა. _ ახლგაზრდა გოგოა, იურიდიულზე სწავლობს, დილაობით კი აქაურობას ალაგებს. საკმაოდ გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, გამოძიებასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გააჩნია.

_ სახელი, გვარი...

_ თინა. გვარი არ ვიცი. ამ დილით გავიცანი...

_ დამლაგებელი თინა. _ წარმოთქვა ბატონმა გივიმ და თანაშემწე შეხედა.

თანაშემწემ უსიტყვოდ გაუგო.

დიმიტრიმ პირველ რიგში საგრიმიოროს მიაშურა. კარს მიღმა ისეთი ზუზუნი ისმოდა, რომ მყისიერად შესვლა მირანდას მობილურის მოთხოვნით გადაიფიქრა და კიწის თავისი კაბინეტიდან დაურეკა.

_ კიწი, არ შეიმჩნიო, რომ მე გირეკავ. საგრიმიოროდან გამოდი და ისე დამელაპარაკე.

_ გასაგებია. ერთი წუთით. _ მზადყოფნით უპასუხა კიწიმ, ერთადერთმა კეთილი ნების დელფინმა ამდენ პირანიებში, ვისაც გულწრფელად უყვარდა მირანდა. _ დიახ, დიმიტრი, გისმენ! _ უკვე სიჩუმიდან უპასუხა.

_ სად ხარ?

_ დერეფანში.

_ მირანდას მობილურს რა ბედი ეწია? მანდ დარჩა თუ წუხელ წაიღეს სამართალდამცავებმა?

_ წუხელ მხოლოდ ხელჩანთა წაიღეს, მობილური არც გახსენებიათ, ჩემთან არის, მაგრამ უკვე დარეკა გამომძიებელმა, დღის პირველ ნახევარში მოვაკითხავთო.

_ მობილურიანად გელოდები. სწრაფად.

ხუთიოდე წუთში აქოშინებული კიწი დიმიტრის კაბინეტში შემოშრიალდა:

_ არაფერს გეკითხებით. სამარე ვარ. _ პირზე ხელი მიიფარა.

დიმიტრიმ მადლიერი მზერით დააჯილდოვა და მირანდას მობილურის მენიუ გახსნა. ბოლო ზარი ვინმე ზურაბს ეკუთვნოდა.

_ კიწი, მირანდას ქმარს რა ჰქვია?

_ ლადო.

_ ზურაბის შესახებ არაფერი გსმენიათ? წუხელ დაურეკა, ეთერში გასვლის წინ. გახსოვს?

_ ღმერთი-რჯული პირველად მესმის! _ კიწიმ პირჯვარი გადაიწერა. _ ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ მაკიაჟის კეთებისას მირანდა სადღაც რეკავდა, მაგრამ მობილური არ პასუხობდა. იმიტომაც შევუტანე საეთეროშო, ვიფიქრე, იქნებ რამე სასწრაფოა...

დიმიტრი კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდა მენიუს, რამდენიმე ნომერი ამოიწერა, მობილური კიწის დაუბრუნა და იმ ეპიზოდის გახსენება სთხოვა, სადაც მირანდას შაოსანმა ქალმა მიაკითხა.

კაბინეტიდან ერთად გამოვიდნენ. კიწი _ საგრიმიოროში დაბრუნდა, დიმიტრიმ ბუფეტს მიაშურა. მეორე დღეა ლუკმა არ ჩასვლია პირში.

_ _ _

გივი ნიორაძე თინა დამლაგებლის დოსიეს ეცნობოდა და ცდილობდა მიყურადებული თამაშემწისგან აღელვება დაემალა. თინა თაბაგარი. ანზორის გოგო. მისი სიყრმის მეგობრის, მეზობლის, კლასელის... თურმე დაქვრივებულა, დაინვალიდებულა, საარსებო წყაროს გარეშე გარჩენილა... მან კი, ქველმოქმედებაზე პრეტენზიის მქონე მილიონერმა, არაფერი იცოდა ამის შესახებ. არ აინტერესებდა და იმიტომ, ბიზნესის კეთებას გადაჰყვა, წარსულს კარი გამოუხურა, მდიდარი მეგობრები გაიჩინა, ელიტაში გაერია სოფლელი ბიჭი... მაშინ, როცა ერთი ფეხისა და ორი მორყეული ყავარჯნის ამარა დარჩენილი ანზორი საკუთარი ეზოს იქით ვერ გადაადგილდება. ალბათ, რა სინანულით გახედავს ხოლმე სახლს, სადაც ოდესღაც მისი გადიდკაცებული მეგობარი `ნიორა~ ცხოვრობდა. ვინ იცის, ელოდა, რომ ერთხელ მაინც მოიკითხავდა, მას თუ არა, მშობლიურ მხარეს მაინც. წინაპართა საფლავზე გავიდოდა, დაქცეულ სკოლას შეაკეთებდა, საძოვრად გადაქცეულ ფეხბურთის მოედანს... ხფთუი, რა სირცხვილია! რამდენ უცხო ადამიანს დახმარებია _ ფულით, ბინით, სამსახურით... აქაც, საქართველოში და იქაც, რუსეთში, სადაც პირველი მილიონი იშოვა. ანზორს კი იმის საშუალებაც არა აქვს, სწავლას მოწყურებულ ქალიშვილს ბინის ქირა გადაუხადოს.

_ გია, _ დაუძახა თანაშემწეს. _ ეს გოგო, თინა თაბაგარი, ყველაფრით უზრუნველყავი: ბინით, ავეჯით, საბანკო ანგარიშით... და კიდევ. დღეის სწორს ყველა შეხვედრა გადადე, ბაღდათში მივდივართ.

_ _ _

სტუდიაში, სადაც წუხელ მკვლელობა მოხდა, არავინ იყო. დიმიტრიმ დეკორაციას შემოუარა და თითით მოსინჯა პატარა, აკურატულად მოხერხილი მრგვალი ნახვრეტი, რომელიც მკვლელმა წინასწარ გამოჩორკნა, რომ მერე, ყოველგვარი ხმაურის გარეშე იარაღის ლულა შეეყო და გაესროლა. მანძილი დეკორაციასა და წამყვანის სკამს შორის დაახლოებით ორი მეტრი იქნებოდა. მიზანში მოხვედრას დილეტანტიც კი მოახერხებდა.

დიმიტრი თვალებმოჭუტული დაიხარა. სადღაც უნდა ეგდოს ხვრელის შესანიღბი საცობი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკორაციაზე არსებული ზიანი ყველასთვის თვალნათელი გახდებოდა და მთელ გეგმებს წყალში ჩაუყრიდა. არადა, რა იჩალიჩა ტიპმა... ვინ იცის დრელიც კი მოათრია ნახვრეტის გადაკეთებლად. ეტყობა, ღამღამობით მუშაობდა. ტოკ შოუს სტუდია ტელეკომპანიის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის ბოლოშია, სტამბასთან ერთი კედელი უნდა ჰყოფდეს.

კომუნისტების დროს შენობის ორივე ნაწილი რომელიღაც კვლევით ინსტიტუტს ეკუთვნოდა. მერე რამდენჯერმე გაიყიდა, გადაკეთდა, ვიდრე ორმა ორგანიზაციამ არ დაინაწილა.

თუკი სტამბიდან სტუდიაში მოხვედრა შეიძლება, თინა ცამდე მართალი ყოფილა. მაშინ დამნაშავე სტამბაში უნდა ეძებონ და არა აქ, ტელევიზიაში. ამ აზრმა რაღაცნაირად დაამშვიდა. მირანდას აწი არაფერი ეშველება, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტი იქნებოდა, მის სიკვდილში კოლეგის ხელი ერიოს.

დიმიტრიმ დეკორაციის უკან, თაბაშირმუყაოს პანელებით გაწყობილ კედელს ჩაუარა. შეუიარაღებელი თვალით არაფერი ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, ხელ-ფეხიც მიახმარა. ერთ ადგილზე მოზრდილმა კვარდატმა ყრუ ხმა გამოსცა და ოდნავ შელაყლაყდა. დიმიტრიმ მძლავრად დაჰკრა მუშტი. პანელი სიღრმეში დაგადაქანდა და ორმაგ კედელს შორის მოქცეული გვირაბისებრი ხვრელი გამოაჩინა.

დიმიტრი ჩაიცუცქა და ღიობში შეიჭყიტა. ცხვირს მტვრის, შმორის, სამშენებლო მასალის სუნი მისწვდა. ძალიან ენანებოდა ტანსაცმლის დასვრა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ხვრელში დაწოლილი თუ გადაადგილდებოდა. ისიც მხრები თუ გაეტევა, მაშინ...

გაჭირვებით შეძვრა, იდაყვები აამუშავა და თავი სამშვიდობოს რომ ეგონა, უცებ ფეხები დაინახა. კედებიანი ფეხები ჯინსის ტოტების ფრაგმენტით. შენობის მეორე მხარეს, კიბის მარშზე ვიღაც იდგა და სულაც არ აპრებდა გაქცევას.

დიმიტრიმ მზერა ააყოლა და თინა დაინახა. დამლაგებლის უნიფორმის გარეშე შატალოზე გაპარულ სკოლის მოწაფეს ჰგავდა, მიგდებულ შენობებში ჩუმ-ჩუმად რომ ეწევიან სიგარეტს.

_ ჰელოუ, მისტერ ჰოლმს! _ გაიცინა თინამ.

_ უოტსონს ვახლავარ. _ ამოიგმინა დიმიტრიმ და დამტვერილ ბაქანზე გამოძვრა.

_ თორემ არა?! აღიარეთ, რომ მართალი ვყოფილვარ!

_ რომ ვაღიარე, იმიტომაც დაგაჯილდვე ეგზომ პატივსაცემი პერსონაჟის სახელით.

_ მადლიერი, მისტერ...

_ აკი, ლექციაზე მაგვიანდებაო?

_ ცნობისმოყვარეობამ მძლია და დავიკიდე.

დიმიტრიმ შარვალი დაიფერხა, ბათქშით მოსვრილ ქურთუკს ხელი ჩამოუსვა და ამრეზით მიაჩერდა დამტვერილ ფეხსაცმელებს.

_ სულ არ გავხართ გენერალურ დირექტორს!

_ შენი აზრით, დირექტორი მხოლოდ კაბინეტის მტვერს ყლაპავდეს? _ დიმიტრიმ დააცემინა და ინტერესით მიმოიხედა. _ სად ვართ?

_ კიბეზე. ჩემი აზრით, ეს კიბე ჰყოფს ერთმანეთისგან ტელეკომპანიისა და სტამბის შენობას.

_ სად მიდის, რო? _ დიმიტრიმ ზევით აიხედა.

_ ერთი ბოლო სახურავზე, მეორე... მეორე არ ვიცი. ვერ მოვასწარი დაზვერვა.

დიმიტრიმ მიმოიხედა. ბათქაშჩამოშლილი კედლები ალაგ-ალაგ გამოჩრილი სინკარით, მორყეული საფეხურები, ჩაჟანგებული მოაჯირები, სამშენებლო ნარჩენები... წლების წინ კიბეს ფუნქციონალური დატვირთვა ექნებოდა _ შენობის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა. მოგვიანებით ერთი კედელი ამოქოლეს, კიბის დანგრევა კი დაეზარათ. ხარჯია. დღეს კიბე არავის ეკუთვნის, ჰაერშია გამოკიდებული, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

_ ბატონო დიმიტრი, რაღაც მინდა გკითხოთ და მერიდება.

_ მკითხე. ქალი არ ვარ, წლოვანება დავმალო...

_ პანელი, რომელიც სამალავზე იყო აფარებული, თავის ადგილზე დაამაგრეთ თუ სტუდიაში გდია, ყველას დასანახად?

_ გდია. ყველას დასანახად. _ უპასუხა დიმიტრიმ და ყოყმანით მოიფხანა თავი. სულაც არ აწყობს სამალავის გამომზეურება. ვისაც არ დაეზარება, შემოძვრება და ისედაც მყიფე კვალს აურევს. ოფიციალურმა სტრუქტურებმა კეთილი ინებონ და თვითონ გაარკვიონ მკვლელის გადაადგილების გრაფიკი.

ხვრელში შეიჭყიტა. სულ არ იყო ხელმეორედ ძრომილის ხასიათზე.

_ თქვენის ნებართვით მე დავგმანავ. _ მიუხვდა თინა და პასუხს არ დალოდებია, წაკუზულმა შეყვინთა პირდაღებულ ღიობში.

ყოჩაღ, გოგონი, დისტანციურად გაამხნევა დიმიტრიმ. შესანიშნავი იდეა იყო თინას შეამხანაგება. პრიმადონობაზე გამეცადინებული ჟურნალისტები ძვირფას იდაყვებს არ გადაიტყავებენ. სხვა საკითხია, თუ ჩართულია კამერა და მათ გმირულ ძრომიალს სრულიად საქართველო იხილავს.

კიბის მარშზე მსუყე ნაცრისფერი ბინდბუნდი იდგა. გატეხილი ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივები გამოშიგნული კედლის ფრაგმენტს დაჰკანკალებდა და შუქ-ჩრდილოვანი კატაკომბის ესთეტიკას ქმნიდა.

დიმიტრიმ ფანარი მოიმარჯვა და სუნქვაშეკრული დაიხარა სიგარეტის ნამწვისკენ.

პრიმა! ძველი თაობის საყვარელი მოსაწევი.

_ შენ იცი, ეს რა არის? _ ჰკითხა უკან გამომძვრალ თინას.

_ სიგარეტი. უფილტრო. ბაბუაჩემი ეწეოდა ასეთს.

_ დასკვნა?

_ მკვლელი ასაკოვანი მამაკაცია. ჩვეულება კი რჯულზე უმტკიცესია. ესეც ბაბუაჩემის სიტყვებია.

_ მთლად ბაბუაშენის არ არის, მაგრამ დავუშვათ. კიდევ?

_ ხელმოკლეა.

_ ანუ?

_ ანუ ქილერი არ არის. სიგარეტის მარკა ფაქტობრივად გამორიცხავს შეკვეთილ მკვლელობას. _ თინამ ფანრის თვალს გააყოლა მზერა. _ აი, კიდევ სამი ნამწვი... ოთხი. ის არაერთხელ მოსულა ამ ადგილზე.

_ პარკი თუ გაქვს, ჩაყარე და შეინახე, ექსპერტიზისთვის დაგვჭირდება. განაგრძე, განაგრძე...

_ ... და ამავე გზით უკანვე წასულა. სტამბის გავლით ალბათ, აბა, სახურავიდან ხომ არ გადაფრინდებოდა? ტელევიზიაში შეღწევას საშვი უნდა.

_ კიბეს ორი ბოლო აქვს. _ შეახსენა დიმიტრიმ. _ შენი სიტყვებია.

_ ყველაფრის დაზვერვა ვერ მოვასწარი. მგონი უკვე გითხარით. _ თინამ ხელჩანთიდან გამჭვირვალე ფაილი ამოაფრიალა და ხელი ნამწვისკენ გაიშვირა.

_ ციც! _ მსუბუქად დაჰკრა დიმიტრიმ. _ შენი ნათითურებიღა აკლდა! ქაღალდის ცხვირსახოცი არ გაქვს?

_ ნწუ.

_ რატომ, ცხვირს არ იხოცავ?

_ როცა სურდო მაქვს, კი.

_ მაშინ... _ დიმიტრი საკუთარი ღერძის გარშემო დატრიალდა და კუთხეში მიგდებულ დახვეულ ქაღალდს დასწვდა. სარეკლამო პლაკატი აღმოჩნდა. _ აბა, გამოიცანი, რა დანიშნულება ჰქონდა ამ პლაკატს?

თინა პლაკატს დააკვირდა. ჩვეულებრივი, ცარცის ქაღალდზე დაბეჭდილი რძის პროდუქციის სარეკლამო პლაკატი იყო. საკმაოდ შელახული. ორი პატარა ნახვრეტით ზედა კუთხეებში.

დიმიტრიმ პლაკატი გაშალა და ღიობს მიაზომა.

_ ააა, თავი დაიზღვია, _ მიხვდა თინა. _ ვინმეს თვალში რომ არ შეჩხეროდა. უყურე შენ, რა წინდახედულია!

_ ჭიკარტიც რომ არ დავიწყებია?...

_ აბა, ჭიკარტი?

_ შენს კედში.

თინამ წეროსავით მოკეცა ფეხი, კედის ლანჩაში შერჭობილ ჭიკარტს ფრჩხილი გამოსდო და ჩანთას ეცა, სადაც უხერხულ ბგერებს გამოსცემდა ვიბრაციის რეჟიმში დაყენებული მობილური.

_ გისმენთ. დიახ. დიახ... ახლავე?... დიახ. _ თინამ მობილური გამორთო და წარბქვეშიდან შეხედა დიმიტრის. _ გივი ნიორაძის თანაშემწემ დამირეკა. შეფი მიბარებს.

_ თუ გიბარებს, უნდა წახვიდე.

_ რა უნდა, ხომ არ იცით?

დიმიტრიმ თავი გააქნია და თინას ხვრელისკენ ანიშნა, დაიძარიო.

როგორც კი ქალიშვილი თვალს მიეფარა, ცემინებით გაემართა სახურავისკენ. ცხვირი მტვრითა და გაჯით გამოეტენა. ცოტა თუ არ განიავდა, სამუდამოდ დაკარგავს მაძებრის ყნოსვას. აუზზე სიარული თუ არ განაახლა, ფორმასაც დაკარგავს და გახდება ჩამოწერილი მწევარი. მკვლელი თუ ვერ იპოვა, საერთოდაც გაფარჩაკდება. გდებულიყო პარიზში, ჩაეცეცხლა კრუასანი მუსიე მორისის კაფეში, გამოეცხო სტატიები კავკასიის საკითხებზე და იქნებოდა ბედნიერად. რა შტორმი და ტაიფუნი აუტყდა ეიფელის კოშკის შემხედვარეს?! მეტის ღირსია, მეტის...

მოსწორებულ სახურავზე ნიავი ქიქინებდა, ფეხქვეშ ხრაშუნი გაუდიოდა გაფშეკილ ბითუმს. წინაისტორიულ ანტენასთან დიმიტრიმ `პრიმის~ ნამწვების მთელი ოცეული აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მკვლელმა გასროლის შემდეგ სახურავს შეაფარა თავი. იჯდა თავისთვის, უფილტრო სიგარეტს ახრჩოლებდა და მეხუთე სართულის სიმაღლიდან ადევნებდა თვალს მოვლენებს. პოლიციამ კი ქუჩები გადაკეტა _ არიქა, დამნაშავე ხელიდან არ გაგვისხლტესო, ტელეკომპანიის ლაბირინთებს შეესია, თანამშრომლები დაჰკითხა... რომც ამოსულიყვნენ სახურავზე, მკვლელი იოლად მოახერხებდა გაუქმებული კიბის უჯრედში მიმალვას. თინასი არ იყოს, მართლაც წინდახედულია. ასაკისა და სტატუსის მიუხედავად. რა კავშირი უნდა ჰქონოდა ვიღაც ბაბუს გამოჩენილ წამყვანთან? ან ის კონვერტიანი შაოსანი საიდან აღმოცენდა? ან რა შეიძლება ყოფილიყო კონვერტში? ფული გამორიცხულია. რა სჭირდა მირანდას სამათხოვრო? უფრო წერილი, ან სურათი...

დიმიტრი სახურავის კარნიზთან მივიდა და ქვევით ჩაიხედა. `ტვ-21~-ის ავტოპარკიდან ტელეკომპანიის ლოგოიანი მანქანა გამოვიდა. გზაში საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი და ოპერატორი ჩაისვა და ბღუილით დაეშვა დაღმართზე.

ასეა. დედამიწა ბრუნავს, ხალხი მუშაობას, მირანდა კი მკვდარია. ისინი გუშინაც მუშაობდნენ, ჟურნალისტები. სრულიად მასმედია მოქუჩდა: მიკროფონებით, კამერებით, შეკითხვებით... ვამპირებივით არიან. იმ განსხვავებით, რომ ვამპირები სისხლით იკვებებიან, ესენი _ ექსკლუზიური ინფორმაციით. ესაა მათი პური.

უცებ დიმიტრი მიხვდა, რომ კოლეგებს მესამე პირში მოიაზრებს, თითქოს თვითონ ალფა ცენტრავრას თანავარსკვლავედიდან დაეშვა. დოდოს ბრალია, ზედა სართულის მეზობლის, რომელიც სისტემატიურად სტუმრობს და სისტემატიურად ჟურნალისტების გინებაშია. დიმიტრის ყურიც მიეჩვია. როგორც მანქანაში ჩართულ რადიოს. ხან უსმენ, ხან არა, მაგრამ მაინც ჩართული გაქვს. დოდოს გახშირებულ ვიზიტებს წინ უძღოდა წარღვნა, რომელიც ამ ქალბატონმა მოუწყო _ დატბორა რა დიმიტრის ახალგარემონტებული სამზარეულო. ბოდიშები საქმეს ვერ უშველიდა, ფულს პენსიონერ ქალს ვერ გამოართმევდა. ჰოდა, დოდომ იერიში დაზარალებული მეზობლის კუჭზე მიიტანა. ლამის ყოველ საღამოს ცხელ-ცხელი სადილით ხელდამშვენებული ყარაულობდა `მარტოხელა ბერბიჭას~. ალბათ გუშინაც ამოიღამა თვალები, იმის იმედით, რომ პირველწყაროდან გაიგებდა სიმართლეს წამყვანის მკვლელობაზე.

სტამბის საპარადო კარიდან ჩასუქებული კაცი გამოვიდა. გვარიანად გაიზმორა და მზეს მიეფიცხა. დარაჯი იქნება, გაიფიქრა დიმიტრიმ და თვალი ტელეკომპანიისკენ გაექცა, სადაც ბოლთას სცემდა ყოველმხრივ შეიარაღებული დაცვა.

დარაჯი. აი, კიდევ ვისთან ღირს გასაუბრება. თუმცა ჯერ დღის წესრიგში ზურაბია, მამაკაცი, რომლის ზარი უკანასკნელად დაფიქსირდა მირანდას მობილურზე.

_ _ _

იდუმალი ზურაბი, არც მეტი, არც ნაკლები მეან-გინეკოლოგი აღმოჩნდა. ახლა გასარკვევი დარჩა, ეს იყო საქმიანი ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის, თუ რაღაც სხვა, უფრო შორს მიმავალი ინტრიგა. მირანდას ისტერიული რეკვის ფონზე მეორე ვერსიას უფრო ჰგავდა.

მეორე ვერსია დიმიტრიმ ექიმის კაბინეტში შესვლისთანავე უარყო. ბატონი ზურაბი ექიმ აიბოლიტს უფრო ჰგავდა, ვიდრე გათხოვილი ქალებზე მონადირეს. სხვა საკითხია, რატომ უნდა უპასუხოს ჭარმაგმა აიბოლიტმა პირველი შემხვედრი ჟურნალისტის შეკითხვას. მონაცემები პაციენტის შესახებ კონფიდენციალურია. თუმცა არიან ჭორიკანა ექიმებიც, რომლებიც არად დაგიდევენ ჰიპოკრატეს ფიცს და სიამოვნებით გადმოალაგებენ პაციენტის ისტორიას. მით უფრო, თუ ეს უკანასკნელი ცნობილი ადამიანია, თანაც მკვდარი.

დიმიტრიმ რამდენიმე სახელდახელოდ შეთხზული სცენარებიდან ერთ-ერთი შეაგდო. მირანდას მკვლელობის შესახებ უკვე მთელმა თბილისმა იცოდა, ალბათ, არც აიბოლიტი იჯდა ჭურში. პირადი საკითხებიდან ზოგადზე გადასვლა უკვე დაინტერესებული პირის მარიფათზეა დამოკიდებული.

`დაინტერესებული პირის~ სცენარი ასე გამოიყურებოდა. გულდამწვარ ქმარს სჭირდება ექიმის თანადგომა, რომ უშვილო ცოლი მკურნალობაზე დაითანხმოს.

_ რა შუაშია ექიმის თანადგომა? _ ვერ მიხვდა ბატონი ზურაბი. _ განა თქვენს მეუღლეს არ სურს შვილის ყოლა?

_ სურს, მაგრამ დაიტანჯა ექიმებთან უშედეგო სიარულით და უარზეა. თქვენ ჩვენი ბოლო იმედი ხართ!

_ უჰ, არ გინდათ ეს პათეტიკა! გადაჭარბებულ იმედს არანაკლები იმედგაცრუება მოსდევს, იმედგაცრუებას _ ნევროზები... რაც უსათუოდ აისახება შვილოსნობაზე.

_ მართალი ბრძანდებით, ჩემს ცოლს გაქანებული ნევროზი აქვს. ყველაფერზე ეტირება. _ დიმიტრიმ რატომღაც გვანცა გორდეზიანი წარმოიდგინა. ქალი, რომელიც მისი მიზეზით დღეს სხვისი ცოლია. დარწმუნებული იყო, რომ გვანცას მის გახსენებაზე ეტირება. და საერთოდ, ნანობს ნაჩქარევ გათხოვებას.

_ თქვენ პირველ რიგში ფსიქოლოგი გჭირდებათ, ახალგაზრდავ...

_ მე?

_ თქვენს მეუღლეს. _ ბატონმა ზურაბმა თავი გვერდზე გადახარა და თეთრად ამობუჩქული წარბებიდან გამოხედა. _ შეიძლება თქვენც. _ დაამატა ცუდად დაფარული ირონიით.

დიმიტრიმ არ შეიმჩნია. სხვის თვალში შეიძლება მართლაც არაადექვატურად გამოიყურებოდა. შვილი თუ გინდა, დალოცვილო, აწი ცოლი წამოგეყვანა, ქალის მაგივრად ხომ არ აიპლაკები გინეკოლოგიურ სავარძელზე?! ზეპირად ვინ-რა უნდა გირჩიოს...

_ კეთილი. _ ექიმმა შემჭკნარი ლოყებიდან ჰაერი ამოაქშუტუნა და საქმეზე გადავიდა. _ ტრანსვაგინალური გამოკვლევა ჩაუტარდა?

_ დიახ, _ იცრუა დიმიტრიმ.

_ მაჩვენეთ.

_ რა?

_ დასკვნა.

დიმიტრი სახტად დარჩა. სადა აქვს ამ კაცის საჩვენებელი ვაგინა? მით უფრო, დასკვნა.

_ ულტრაბგერითი გამოკვლევა. _ განუმარტა ბატონმა ზურაბმა. _ ხომ უნდა ვიცოდე, არის თუ არა დეფორმირებული საშვილოსნო...

_ არა! _ გააწყვეტინა დიმიტრიმ, ეგღა აკლია, დეფორმირებულთან...

_ ფეხმძიმობას ჰქონდა ადგილი?

_ მმმ... ჰქონდა. ორჯერ.

_ მერე?

_ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნაყოფი წყდებოდა.

_ `გარკვეული პერიოდი~ დამიზუსტეთ, გეთაყვა.

დიმიტრი ჩაფიქრდა. მის დეიდაშვილს სამჯერ მოსწყდა ნაყოფი, ბოლოს რაღაც გაუკერეს და გადასარევი შვილი შობა. შვიდი თვიდან ბავშვის გადარჩენა შეიძლება. გამოდის, მოწყვეტის საშიშროება ადრეულ თვეებზე მოდის.

_ მეხუთე თვეში იყო. _ წამოიძახა რიხიანად.

_ სიმპტომები?

_ რა... რა სიმპტომები?

_ სისხლდენა, წებოვანი გამონადენი...

დიმიტრის სიმწრის ოფლმა დაასხა. ვირტუალური ცოლის პირობაზე ეს უკვე მეტისმეტია.

_ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, დიდი დროა გასული...

_ ნამდვილად. _ თავი დაურა ბატონმა ზურაბმა. _ მას მერე, რაც უკანასკნელად გნახე, ნამდვილად დიდი დროა გასული, ჩემო დიმიტრი.

დიმიტრის ყბა ჩამოუვარდა. ნუთუ თმადათოვლილი ესკულაპე მისი ნაცნობია?

_ უკაცრავად...

_ ჰე, ჰე, დამშვიდდი, თორემ ამოგიხტება ეგ თვალები ორბიტიდან და აგერ ჩამიხტება, ჭიქაში. _ ბატონმა ზურაბმა დაცლილი ჩაის ჭიქა და ფაიფურის კბილები დაანახა. _ თქვენთან სახლშიც ვყოფილვარ, დედაშენის გაკეთებული ქათმის რულეტიც დამიგემოვნებია, გიგას დაჭერილი კალმახიც... უყვარდა ცხონებულს თევზაობა, შენც უყვარდი ძალიან...

ბატონი ზურაბი კიდევ იხსებენდა რაღაცას, დიმიტრის კი თვალწინ გიგა ედგა, კაცი, რომელმაც მამობაც გაუწია, მეგობრობაც და საერთოდ, თუკი ვინმემ რაიმე გავლენა იქონია მის ჩამოყალიბებაზე, უპირველეს ყოვლისა, გიგა იყო, დედამისის მეორე ქმარი.

ერთადერთხელ შეკამათდნენ, როდესაც დიმიტრიმ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები. გიგას უნდოდა გერი მის კვალს გაჰყოლოდა, ექიმი გამოსულიყო.

_ თამარი რასა იქმს, ხომ ჯანმრთელად არის? _ ბიძაშვილის `ქვრივი~ მოიკითხა ზურაბმა. _ ადრე რეკავდა ხოლმე, დიდი ხანია არ გამოჩენილა.

_ დედა საფრანგეთში ცხოვრობს.

_ სამუშაოდ გაუშვი?

_ არა, გათხოვდა. ფრანგს გაჰყვა ცოლად.

ამჯერად ბატონ ზურას ჩამოუვარდა ყბა. `საღოლ თამარს!~ ეწერა სახეზე, მაგრამ დელიკატური თემის განვრცობას მოერიდა და თემა შეცვალა.

_ ახლა მითხარი, რატომ მომატყუე? არ მითხრა, მართლა ცოლის გამოისობით მებჟუტურებოდი ამდენ სისულელეს?

_ გამოიცანით. ინფორმაციის დატყუება მინდოდა. მაპატიეთ, ბატონო ზურაბ.

_ მირანდაზე? _ ამოიოხრა ზურაბმა.

_ როგორ მიხვდით?

_ გუშინ დაგინახე, ტელევიზორში, ვიღაც ჯურნალისტი ცხვირში გთხრიდა მიკროფონს, კომენტარიო, გაიძახოდა...

_ ჰო... ალბათ... მართალი გითხრათ, არც მახსოვს. ბატონო ზურაბ, მე არ მაქვს ოფიციალური გამომძიებლის სტატუსი, ამიტომ დამჭირდებოდა ეს ვირეშმაკობა. არაოფიციალურად ვაწარმოებ მოკვლევას. თუ დამჭირდა, უარესებზეც ვარ წამსვლელი, ოღონდ კი მკვლელზე გავიდე. მე და მირანდა ერთად ვიყავით სტუდიაში, როცა თქვენი ზარი შემოვიდა. პოსტ ფაქტუმ გამახსენდა ეს ამბავი, ვიფიქრე, იქნებ თქვენ იცით რაღაც ისეთი, რაც შეიძლება გამოძიებას წაადგეს.

_ კეთილი, გეტყვი. მირანდა ფეხმძიმედ იყო.

_ ?

_ ძალიან უნდოდა ეს ბავშვი. მთელი 15 წელი ელოდა, მაგრამ... _ ბატონმა ზურაბმა პაუზა გააკეთა.

_ მაგრამ...

_ უცებ გადაიფიქრა და აბორტის გაკეთება გადაწყვიტა.

_ რატომ?

_ ეს საიდუმლო მან საფლავში წაიღო.

_ _ _

15 წელი ელოდა და ერთ დღეში გადაიფიქრა. კვალი კი არ მიდის, რობინ ჰუდის ისარივით მიფრინავს მოკლულის ქმრისკენ. ესეც შენი ბედნიერი ოჯახი! თურმე პრობლემები ჰქონიათ, უბრალოდ არავის ახედებდნენ სამზარეულოში, ყველანაირად ცდილობდნენ იმთავითვე დამკვიდრებული იმიჯის შენარჩუნებას. მირანდას ქმარს დიმიტრი არ იცნობდა, მაგრამ პლასტიკური ქირურგის ლადო ესაკიას ცხვირები

თბილისში საყოველთაოდ იყო ცნობილი. და ასეთი საყოველთაოდ ცნობილი მეცხვირე ეწევა უფილტრო `პრიმას~ და ცოლს პირდაპირ ეთერში უწყობს პირსისხლიან ვენდეტას?

ნონსესია.

ამ ფიქრებით დიმიტრი ლიფტიდან გამოვიდა და თავისი ბინის კარს მიუახლოვდა. მაწონს შეჭამს და ეგრევე ლოგინში. ხვალისთვის იმდენი საქმე დაგეგმა, რომ არ გამოიძინოს, ტვინი ბოიკოტს გამოუცხადებს.

ის იყო, საკეტს გასაღები მოარგო, რომ ზევით კარი გაბრახუნდა და ბაქანზე მძიმე არტილერია დაილადა მეზობელი დოდოს სახით.

_ დედაია, ძლივას არ გამოგიჭირე? _ გურულად მოუქცია დოდომ და თავისი მონუმეტური სხეულით კიბეზე ჩამოგრიალდა. ერთი ერთში ფრეკენ ბოკი მულტიპლიკაციური ფილმიდან `ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი~.

დიმიტრი თავაზიანი უარისთვის მოემზადა, მაგრამ დოდოს ხელში გაელვებულმა ოხშივარადენილნმა თეფშმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ნაჩქარევად ჩაყლაპული ბუტერბროდების შემდეგ ცხელი კერძი მშიერ კუჭზე მისწრებაა.

_ აი, ღომი მიგიტანე, შვილო, სულგუნით. მოშიებული იქნები... _ მოიბოდიშასავით დოდომ. პირდაპირ ხომ არ ეტყოდა, რომ ჭორების ასაკრეფად მოვიდა.

_ ძალიან დაღლილი ვარ.

_ აბა, რა იქნები, გენაცვალე, დაღლილიც იქნები და ნანერვიულებიც. ახლა მე მკითხე, რა დღეში ვარ, ფეხებს თუ არ გავფშეკდი ტელევიზორთან არ მეგონა! უბედურო ლამარააა...

_ მირანდა, დოდო, მირანდა! _ დიმიტრიმ კარი გააღო, დოდო ფეხდაფეხ შეჰყვა.

_ ლამარა მირანდას დედაა, შვილოოო... რომელი ერთი ვიტირო, დედააა... ჩემი ბაღნობის ამხანაგი თუ მისი ვარსკვლავივით შვილი, დედააა...

დიმიტრის წამში გაუარა დაღლამაც, შიმშილმაც და გამოძინების სურვილმაც. მთელი მისი ყურადღება მეზობლის ნათქვამზე კონცენტრირდა. და თეთრად დახორკლილ ღომზე, რომლის ზედაპირზე მადისაღმძველად თახთახებდა სულგუნის მოთენთილი ნაჭრები.

_ მომესმა თუ...

_ ვაი, რომ არ მოგესმა, ვაი რომ სიმართლეა, დედააა... ბიჭო, დასტურ ვიცნობ უბედურ ვასკვლავზე გაჩენილ ლამარას. _ ტონი შეიცვალა დოდომ და მოთქმიდან ლაპარაკზე გადავიდა. _ ნატანებში აქვს გატარებული მთელი ბავშვობა, მერე თბილისელ კაცს წაჰყვა, ამისთანა გამოჩენილ შვილს მოესწრო, შევნატროდით მთელი რაიონი... დეიბანე ახლა ხელი, ჭამე პაწა აგი ღომი, სანამ თბილია. მე რაც ვიცი, ქე მოგიყვები და არც შენ დამამადლო ორი სიტყვა, თვარა არ დამეძინება ამაღამ.

დიმიტრი აჟიტირებული შეხტა სააბაზანოში. არა, რა, ამ ქალზე გაბრაზება შეუძლებელია. თუ რამე ჩაიფიქრა, რქებით გაიტანს. ჯერ იყო, ქმარ-შვილი ნატანებიდან აჰყარა, სამსართულიანი სახლი გააყიდვინა, თბილისურ კორპუსში შეასახლა (ხედით იპოდრომზე), ვითომ, ქალაქში გათხოვილ ქალიშვილს შვილების გაზრდაშიო ხელს წავკრავო. ქმარმა ვერ გაუძლო ნაძალადევ მიგრაციას და ერთ წელიწადში მიიცვალა. აივანზე იპოვეს საბრალო, ჩვეულებისამებრ სკამზე იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა. მიწის ჩიჩქნას დანატრებულ თითებში ლიმონი ჩაებღუჯა. ეტყობა, სიკვდილის წინ ყნოსავდა, ნოსტალგიურ შემოტევას თუ იქარვებდა.

დოდოს კივილმა იპოდრომზე ცხენები დააფრთხო. კიდევ კარგი მეზობლებმა `მიუსწრეს~, თორემ `თავი არ უნდოდა ცოცხალი.~ ამასობაში, დოდოს შეძლებული მძახალი გაკორტდა, `ცქრიალა ლიკუნას~ (ქალიშვილს) კი უსაქმური ქმარი შერჩა, რომელსაც მუშაობაზე უფრო ტელევიზორთან კოტრიალი ეხერხებოდა. `დევიღუპე მგონია~, მოთქვამდა იმედგაცრუებული დოდო და თანდათან ივსებოდა `საფიცარი~ სიძის სიძულვილით. ლიკუნამ ერთხანს ითმინა ქრონიკული უფულობა, მერე ყავარზე გადებული კუდი კბილებში ამოიდო და ქმარ-შვილი ამოიღლიავა (დედამისის შვილი არ იყო??) და საბერძნეთში გადაიხვეწა. `მანდარინას კრეფა თუ უნდოდა, მამაძაღლი, აგერ არ იყო ნატანები?!~ ახლა სხვანაირად აჭიკჭიკდა დოდო, მაგრამ რაღას იზამდა, ბედს შეეგუა და დარჩენილი ენერგია ვაჟსა და `ენაგატლეკილ~ რძალზე მიმართა, რომლებიც ერთ `კინკილა~ შვილს დასჯერდნენ და დოდოს ღრმა რწმენით, იმასაც ვერ ზრდიდნენ `რაფერც წესი და რიგია~.

დოდოს მონაყოლიდან:

ლამარა ლომჯარიას დოდო ბავშვობიდან იცნობდა, ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე ნატანებში, ბებია-ბაბუასთან. რამდენიმე სეზონი გურულების წყნეთში _ ბახმაროშიც ისვენებდნენ, უკვე შვილებთან ერთად. სულ ეს იყო მათი `დაუვიწყარი მეგობრობა~. მირანდა იმთავითვე გამორჩეული გოგო იყო _ სილამაზით, ზრდილობით, ჭკუა-გონებით... ქმარიც შესაფერისი შეხვდა _ ლადო ესაკია. თავდაპირველად მასაც არაფერი ებადა, ერთი `ტრაკგამოხეული~ სტუდენტი იყო, მაგრამ რომ `მოუჭირა ცხოვრებამ~, დოდოს სიძესავით კი არ `გეითხლაშა ტახტზე~, მიდგა-მოდგა და ცხვირების კეთება დაიწყო. მოკლედ, ლამარა ძალიან ემადლიერებოდა სიძესაც და ქალიშვილსაც, აი, შვილიშვილში მაინდამაინც არ გაუმართლდა. მართალია 15 წელი ის ასაკი არ არის, როცა შეიძლება სამომავლო პროგნოზები აკეთო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლუკას ყველა საგანში ამზადებდნენ და მაინც `წელმოწყვეტილ~ სამიანებზე სწავლობდა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბუნებამ ესაკია-ლომჯარიას `ბაღანაზე~ დაისვენა. ცხადია, როცა სახლში მიცვალებული გისვენია, უხერხულიცაა სხვა რამეზე გადართვა, მაგრამ დოდოს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია, რომ მამა-შვილს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მგლოვიარე ლამარას გამოკითხვას ვერ დაუწყებდა, ქალი ისედაც ვერ იყო სრულ ჭკუაზე, მაგრამ დოდო ჩათვალა, რომ დიმიტრის, როგორც მირანდას კოლეგას, არ აწყენდა დეტალებში გარკვევა. მით უმეტეს, რომ პირადად ლადო არც განიხილავდა ცოლის მკვლელობის პოლიტიკურ სარჩულს, რადგან მირანდას არასოდეს უმუშავია საგამომძიებლო ჟურნალისტიკაში და აქედან გამომდინარე არ მიუწვდებოდა ხელი საიდუმლო დოკუმენტაციაზე. მასმედიაში აგორებული ჭორები შეთქმულების თეორიის სინდრომით დაავადებულ საზოგადოებაზე უფრო იყო გათვლილი და ისეთი პირი უჩანა, გამოძიებაც აქეთ იხრება, მაშინ, როდესაც დარწმუნებულია, რომ ცოლი ვიღაც მანიაკმა მოუკლა.

_ _ _

ინჭორბიურო დოდოს მონაცემებზე დაყრდნობით დიმიტრიმ გადაწყვიტა პირადად გასაუბრებოდა მირანდას მეორე ნახევარს. თუკი ბატონი ესაკია მართლა არ იზიარებს შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას, გაცილებით იოლია საერთო ენის გამონახვა. გაგანია პანაშვიდზე მგლოვიარე ქვრივს კითხვებით ვერ მიადგება, დილის საათებში კი შეიძლება გარისკვა.

ლომჯარია-ესაკიას წყვილი პლეხანოვზე, ეპოქალურ ბინაში ცხოვრობდა. კოლონებს შორის მოქცეული აივანი ქუჩაზე გადიოდა, სახურავს ამშვენებდა მოჩუქურთმებული კარნიზი. ვრცელი ბაქანი სავსე იყო სარიტუალო გვირგვინებით. დიმიტრის კი არც გახსენებია ყვავილის ყიდვა. კაი დროსია, მოვიდა უკვე.

დიმიტრი მიხურულ კართან შედგა. ზარის დარეკვა მოერიდა. როდის აქეთია სამძიმარზე დაფდაფების ცემით მიდიოდნენ?! პანაშვიდის დაწყებამდე კი დიდი დროა.

ნაბიჯების ხმაზე მიიხედა. წარმოსადეგი, შავებში ჩაცმული მამაკაცი მძიმედ ამოდიოდა კიბეზე და გზადაგზა `პარლამენტის~ კოლოფს ხსნიდა. ის არის, ოჯახის უფროსი, მიხვდა დიმიტრი, სიგარეტის საყიდლად თუ გავიდა. `პარლამენტს~ ეწევა და არა `პრიმას~, რაც ნიშანდობლივია.

_ ვისთან მაქვს პატივი? _ არაფრისმთქმელი ხმითა და გამომეტყველებით დაეკითხა ბაქანზე მდგარ უცნობს.

_ მე დიმიტრი ვარ, ძნელაძე. ვიზიარებ, ბატონო ლადო.

_ ააა... გენერალური... სამძიმარზე მოსვლას, დაცვა გაგეძლიერებინათ, პატივცემულო.

_ რომ მცოდნოდა, ჩემს თანამშრომელს საფრთხე ემუქრებათ, ასეც მოვიქცეოდი.

_ ჰმ, მინიშნებებით ლაპარაკს, სჯობს პირდაპირ მითხარით, რამ შეგაწუხათ. არ გავხართ სამძიმარზე მოსულს.

_ მართალია, დალაპარაკება მინდოდა თქვენთან. ერთი ერთზე, მოწმეების გარეშე.

_ რომ მოწმეების გარეშე გამომტეხოთ, თითქოს მე გავუკეთე ორგანიზება ცოლის მკვლელობას?... ჰე, ჰე, დიქტოფონი არ დაგივარდეთ. _ ლადო სიგარეტის ღერი ტუჩებში მოიქცია და გამომცდელად შეხედა.

_ რა დიქტოფონი, რას ბრძანებთ? _ აღშფოთდა დიმიტრი. _ თავშიც არ მომსვლია თქვენი დადანაშაულება! მარტო სულელი დაიწყებს აპელირებას შეკვეთილ მკვლელობაზე!

ლადო შედარებით მოლბა. ღრმა ნაფაზი დაარტყა და ცხვირიდან ბოლქვებად გამოშვებულ ბოლს თვალი მიადევნა.

_ ბატონო ლადო, მკვლელობის გახსნა ჩემი ღირსების საქმეა. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიება არასწორი გზაზე დგას. თუ მზად ხართ თანამშრომლობისთვის, დავილაპარაკოთ. თუ არა _ არც თქვენ გაგაცდენთ, არც მე გავცდები.

_ თანამშრომლობაში რას გულისხმობთ?

_ გულახდილობას.

ლადომ ერთხანს იყოყმანა, მერე კარის სახელური ჩამოქაჩა და დიმიტრი ჟესტით შეიპატიჟა.

დიმიტრი თავჩაქინდრული შედგა დახურულ კუბოსთან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ აკურატულად გარანდულ ოთხ ფიცარში მირანდა იწვა. გუშინ ამ დროს ის ცოცხალი იყო, გადაცემას ამზადებდა, ტანსაცმელს ირჩევდა, შთაბეჭდილების მოხდენა სურდა... მოახდინა კიდეც, ვაი რომ სხვა კუთხით.

_ აივანზე დავილაპარაკოთ, _ შესთავაზა ლადომ. _ ლუკამ გამთენიისას ჩაიძინა, ცოდოა ბიჭი, დაისვენოს...

ვრცელ აივანზე თავისუფლად ეტეოდა ორი ძველი სავარძლი და ჟურნალის მაგიდა, რომეზეც იდო თხილით სავსე თასი სატეხითურთ. კუთხეში იმტვერებოდა ორბორბლიანი ველისიპედი, გვერდებშეჭეჭყილი გრძელცხვირა თუნგი, ერთმანეთზე აკოშკოლავებული ყვავილების ქოთნები, ნახერხით სავსე ყუთი... მიუხედავად ქაოსისა, კოლონებში მოქცეული აივანი სიმყუდროვის ასოციაციას ქმნიდა. ალბათ საღამოობით აქ იკრიბებოდა ესაკიების მცირერიცხოვანი ოჯახი, ჩაის სვამდნენ, თხილს აკნატუნებდნენ, განვლილი დღის ამბებს ყვებოდნენ... შეიძლება არც იყო ასე, შეიძლება მირანდა არც ქმართან იხსნებოდა ბოლომდე და ოჯახური იდიალია დიმიტრის ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ.

_ დალევთ? _ ლადოს ხელში ნახევრადდაცლილი კონიაკის ბოთლი გაჩნდა.

_ არა, გმადლობთ.

_ `სარაჯიშვილია~. ნაღდი.

_ არა.

_ მაშინ, დავიწყოთ. გისმენთ.

_ ვინმეზე გაქვთ ეჭვი?

_ არა.

_ ცოლს ენდობოდით?

_ მთელი ასი პროცენტით.

_ იცოდით, რომ ფეხმძიმედ იყო?

ლადომ თავი ჩაქინდრა. სახეზე ისეთი სასოწარკვეთა ეწერა, დიმიტრიმ ახლაღა აღიქვა მთელი სიცხადით ამ კაცის თავზე დატრიალებული ტრაგედია. ვინ, თუ არა, მან, დიმიტრიმ, იცის რას ნიშნავს ცოლის დაკარგვა. 8 წელი გავიდა ეკას (დიმიტრის პირველი ცოლი) ტრაგიკული სიკვდილიდან, მაგრამ მისი აჩრდილი დღესაც იდგა მასა და იმ ქალს შორის, რომელიც შეიძლება გამხდარიყო მეორე ნახევარი და ვერ გახდა.

_ ანუ, არ იცოდით. _ თავი შეახსენა დიმიტრიმ.

_ გუშინ გავიგე. ექსპერტიზის დასკვნიდან. _ ლადომ მძიმედ ამოიოხრა და პირდაპირ ბოთლის ყელიდან მოსვა. _ მე, კანონიერმა ქმარმა, ფარატინა ფურცლიდან გავიგე, რომ შეიძლება შვილი მყოლოდა, ნანატრი შვილი. ბედის დაცინვა არაა?

_ როგორ ახსნით?

_ არ მაქვს ახსნა. მართლა. ისღა დამრჩენია ვიფიქრო, რომ სიურპრიზის გაკეთება უნდოდა და... და არ დასცალდა.

_ თქვენს ცოლს აბორტის გაკეთება უნდოდა უნდოდა, ლადო. რა შუაშია, სიურპრიზი?

ლადომ გიჟივით შეხედა. მოსმენილის დაჯერება მის ძალას აღემატებოდა.

_ გამორიცხულია! _ შესძახა ისტერიულად.

_ ასეა, ასე.

_ არ მჯერა, ჩვენ დიდი ხანია გვინდოდა მეორე შვილი, მთელი 14 წელი ველოდით... რა არ ვცადეთ, მირანდამ იმკურნალა, მეც კი გავესინჯე ექიმს... და ახლა, როცა ღმერთმა გადმოგვხედა, აბორტის გაკეთება უნდოდა? არა, არა და არა!

_ ვწუხვარ, მაგრამ ასეა. პირადად ველაპარაკე მის ექიმს.

_ ექიმს? ვინ ექიმს?

_ გინეკოლოგს.

_ მიზეზი? მიზეზი არ გითხრათ?

_ არ იცის. თავიდან ლაპარაკიც არ იყო აბორტზე, მირანდას უნდოდა ბავშვის დატოვება. მერე რაღაც მოხდა.

_ რა უნდა მომხდარიყო? _ ლადო ძლივს იოკებდა გაქცეულ ნაკვთებს. _ მირანდა მე არაფერს მიმალავდა!

_ იქნებ თქვენ უმალავდით.

ლადო მომენტალურად ჩაცხრა. რაღაცნაირად მოეშვა, მოიღვენთა, სავარძელის ფორმა მიიღო. ისევ მიიყუდა კონიაკის ბოთლი.

_ საყვარელი გყავთ?

_ მე მხოლოდ ჩემი ცოლი მიყვარდა.

_ გიყვარდათ, მაგრამ ღალატობდით.

_ არ ვიცი, შეიძლება.

_ კი თუ არა?

_ როგორ გითხრათ... _ ლადომ აგრესიულად მოუკიდა სიგარეტს და სანთებელა მაგიდაზე მოისროლა. _ ისე მოხდა, რომ ვუღალატე, მაგრამ არაფერი სერიოზული... ფიზიოლოგია, ბანალური მამაკაცური ინსტიქტი... ჶრრარე ჰუმანუმ ესტ, იგნოსცერე დივინუმ. შეცდომა ადამიანურია, პატიება ღვთაებრივი.

_ მესმის, მესმის, თავს ნუ იმართლებთ, ხდება ხოლმე. თუმცა რამდენად აღმოაჩნდებოდა მირანდას ასეთი ღვთაებრივი ნიჭი, საკამათო საკითხია.

_ ვითომ გაიგო?

_ ამ წუთში ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რამდენად არის კავშირში ის ქალი მირანდას მკვლელობასთან.

_ არა, არა, _ სასტიკად იუარა ლადომ. _ ის ქალი მირანდას არ ერჩოდა. პირიქით, პატივს სცემდა, მოსწონდა... ცნობისთვის, გათხოვილია. ჩემი არ იყოს, მისთვისაც ეს ურთიერთობა დროებითი ინტრიგა უფრო იყო, ვიდრე შორს მიმავალი რაღაც... არც ვიცი, რა დავარქვა. ყოველ შემთხვევაში, სიყვარული არა...

_ ანუ იცნობდა? _ ჩაიჭირა დიმიტრიმ.

ლადომ უსიტყვოდ დაუკრა თავი.

_ დავიჯერო, მირანდამ არაფრით გაგრძნობინათ, რომ ეჭვიანობდა? დაფიქრდით, ლადო, ნუთუ არავითარი ცვლილება არ შეგინიშნავთ ბოლო დროს ცოლის საქციელში?

ლადომ კისერი გადააგდო და თვალები დახუჭა:

_ შემინიშნავს, მაგრამ კარგი, დადებითი... ისეთი ბედნიერი ჩამოვიდა ავსტრიიდან, შეიძლება ითქვას, დაფრინავდა... `ინსბრუკი. მგონი მემონტაჟემ ახსენა მირანდას ავსტრიული მივლინება.~ გაახსენდა დიმიტრის. აი, სად არის დამარხული ძაღლის თავი. მეორე მხრივ, შორეული ინსბრუკი ვერ მოდის თანხვედრაში გაუქმებული კიბის ბაქანთან

და უფილტრო სიგარეტის მწეველ კაცთან. გამოდის, ერთ ძაღლის თავი ორ ადგილზეა დამარხული, ლადოს ქმრიანი საყვარლის გათვალისწინებით, სამშიც კი.

_ ამ გადასახედიდან მეჩვენება, იქ ჩაიტარა ტესტი ფეხმძიმობაზე, _ განაგრძობდა ლადო. _ უბრალოდ, ექიმის დასტურის გარეშე გახმაურებას მოერიდა... მირანდა ასეთი იყო, უაღრესად თავშეკავებული. არასოდეს უყვარდა წინსწრებით ლაპარაკი, გეგმების დაწყობა, ფუჭი ფორიაქი... ფაქტის წინაშე დაგაყენებდა ხოლმე. მაგალითად, როცა `ტვ-21~-ში აპირებდა გადასვლას, მხოლოდ წინა დღეს გამიმხილა. არადა, თურმე მთელი ერთი თვე აწარმოებდა მოლაპარაკებას. პოსტ ფაქტუმ გავიგე. განა იმიტომ, რომ რამეს მიმალავდა, უბრალოდ ასეთი იყო. ერთი სიტყვით, ინტროვერტი.

ზუსტი მახასიათებელია, გაიფიქრა დიმიტრიმ. ექიმის დასკვნას უფრო ჰგავს, ვიდრე მოყვარული ქმრის, მაგრამ მირანდა მართლა ასეთი იყო: ადამიანი, რომლის სოციალურ-ფსიქოლოგიური წყობა ხასიათდება შინაგან სამყაროზე კონცენტრაციით. ეს არც კარგია, არც ცუდი. ეს არის მოცემულობა. არც დიმიტრი იყო დიდად გახსნილი პიროვნება.

_ შვილთან რატომ დაგეძაბათ ერთიერთობა? _ უცებ ჰკითხა დიმიტრიმ.

ლადომ თვალები გაახილა და მომენტალურად გასწორდა წელში:

_ თქვენ გულთმისანი ხართ თუ მსტოვრები მყავს სახლში?

დიმიტრიმ მრავლისმეტყველი დუმილით უპასუხა.

_ გადამრევს ეს კაცი!

დიმიტრიმ კითხვა გაუმეორა. უნდა ისარგებლოს შეზარხოშებული ქვრივის გულახდილობით, სხვა დროს არ ექნება ასეთი შანსი.

_ ლუკა რთული შემთხვევაა. არც კი ვიცი, რას მერჩის. ფაქტია, რომ მგელივით მიყურებს, თითქოს მე ვიყო დამნაშავე დედამისის სიკვდილში.

_ იქნებ აქვს მიზეზი?

_ რა მიზეზი, თუ ღმერთი გწამთ, გადაყოლილები ვართ... ვიყავით... მაგრამ მისი გული ვერ მოვიგეთ. ძალიან გულჩათხრობილი ბიჭია, პირდაპირ არ ვიცი ვის ჰგავს!

_ დედამისს. მირანდაც არ იყო მაინცადამაინც გახსნილი.

_ სამაგიეროდ ნიჭიერი იყო. ინტერესიანი, მიზანდასახული, წარმატებაზე ორიენტირებული.... ლუკა კი... აი, ამ ხის კაცუნების ჩორკნის გარდა არაფერი ეხერხება. _ ლადომ ბრაზით გაჰკრა ფეხი ნახერხებით სავსე ყუთს, საიდანაც გამოჩრილიყი ქლიბისა და საჭრელი დანის წვერები. _ ექვსი წლიდან ვამზადებთ უცხო ენებში. აბა, ინგლისური, რუსული, გერმანული... და რა? სრული ფიასკო. კაი, ჯანდაბას, იქნებ ენები არ გეხერხება, მაგრამ იგივე მდგომარეობაა მათემატიკაში, ქართულში, სხვა საგნებში. მარტო შრომაში ჰყავს წელგამართული ფრიადი. ეს იმის ფონზე, რომ მეც და მირანდამაც სკოლა ოქროს მედალზე გვაქვს დამთავრებული.

_ ალბათ, ცუდ წრეშია. _ ივარაუდა დიმიტრიმ.

_ რომელი წრე, რას ბრძანებთ? არანაირი წრე არ ჰყავს, ეზოში ძალით ვერ ჩააგდებ, ძმაკაციც არ ჰყავს, რომ ვიფიქრო, ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა. უზომოდ წყნარი, უპრეტენზიო ბიჭია. ვუთხარი კიდეც მირანდას, დურგლობა თუ უნდა, რაღას მაყრევინებ ამდენ ფულს სწავლაში, თავის კაცუნებს დიპლომის გარეშეც ლამაზად გამოჩორკნის მეთქი. მერე გაიტანს ბაზრობაზე და გაყიდის... შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ რადგან ჩვენ შორის გულახდილი ლაპარაკი შედგა, გაგიმხელთ:

წუხელ, როცა ყველა გაიკრიფა, გავიდა აივანზე და ისევ ჩორკნა არ დაიწყო?! კინაღამ ტვინი გადამეკეტა, მეთქი, დედაშენის ხსოვნას მაინც ეცი პატივი, ქვეყანა შენატროდა...

_ დიახ, ქვეყანა შენატროდა. ყველა შენატროდა, შენ გარდა! _ მეხივით გავარდა.

დიმიტრიმ და ლადომ ერთდროულად მიაბრუნეს თავები. აივანზე გამავალ კარში ლუკა იდგა _ გამხდარი, ასთენიური, დაქანებულ შუბლზე გამოყრილი საყმაწვილო მუწუკებით...

_ ლუკა... _ ლადომ კონიაკის ბოთლი ძირს დადო და მთელი ტანით მოტრიალდა. _ რას გულისხმობ?

_ შენი და ჩემი ინგლისურის მასწავლებლის ბინძურ რომანს!

_ რა-ა?

_ მეზიზღები!

_ შენ... ეს შენ უთხარი დედაშენს?

_ დიახ, მე. იძულებული გამხადე, რომ მეთქვა! შენ გგონია ბრმა ვარ, ვერაფერს ვამჩნევდი... რა უნდა აგიხსნა, შენთვის ბრმაც ვარ, ყრუც, უნიჭოც... ჩემმა გამოჩორკნილმა კაცუნებმა კი პირველი პრიზი აიღო! რამდენჯერ გთხოვეთ, მომაშორეთ ეს მასწავლებელი, დედასაც ვემუდარებოდი, შენც, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეთ! კარგი სპეციალისტიაო! კარგი სპეციალისტი კი არა, კარგი ბოზი ყოფილა!

ლადო თვალის დახამხამებაში გადაევლო სავარძელს და შვილს სახეში გაარტყა.

ლუკა ერთხანს უძრავად იდგა. გაშტერებული. მერე უცებ დაიხარა, ყუთში ჩაგდებულ საჭრელ დანას ხელი დაავლო და უკანმოუხედავად გაიქცა.

_ ეს არ უნდა გექნათ. _ ჩაილაპარაკა დიმიტრიმ.

_ ლაწირაკი... როგორ გაბედა დედამისთან ენის მიტანა! ხფთუი, ამ ჩმორისგან რა კაცი უნდა გამოვიდეს!

_ ბიჭი ისედაც შოკშია, რამე არ მოუწიოს თავს.

ლადოს მომენტალურად დაავიწყდა თავისი ეგზისტენციური ტანჯვები, მოსაკიდებლად გამზადებული სიგარეტი გადმოაფურთხა და გრძელი ნაბიჯებით დატოვა აივანი.

იმავე წამს დიმიტრის ბრაგაბრუგი მოესმა, რომელსაც ლადოს შეშფოთებული შეძახილი მოჰყვა.

_ ლუკა, გააღე! ლუკა, კარი გააღე ვის ვეუბნები!

დიმიტრიმ საჭიროდ ჩათვალა ადგილზე გაერკვია საქმის ვითარება. ლუკა სააბაზანოში იყო ჩაკეტილი და ხმას არ იღებდა.

_ ლუკა, შვილო... _ ლადომ ტონს დაუწია და ყური კარს მიადო. _ ლუკა, გამოდი, გთხოვ... ჰო, ზედმეტი მომივიდა, რა ვქნა, ბოდიში მოგიხადო?... კაი, გიხდი. ბოდიში, არ უნდა მეთქვა. ზედმეტი მომივიდა.

სააბაზანოდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.

_ ლუკა, გესმის ჩემი? ხმა გამეცი, ბიჭო! გამოდი, დავილაპარაკოთ... თუ არ გინდა სწავლა, ნუ გინდა... ჭირსაც წაუღია მათემატიკაც, ინგლისურიც, უნარებიც... ჩორკნე შენი

კაცუნები და იყავი! დედაშენის სულს ვფიცავარ ხმას აღარ ამოვიღებ, ოღონდ შენ კარგად მყავდე...

ისევ სიჩუმე. ჰაერი შესქელდა, გამკვრივდა, ხელშესახები გახდა.

_ ლუკა! _ ლადომ მუშტი დასცხო კარს. სახე ოფლით დაეცვარა, ხმა აუკანკალდა.

_ უნდა შევამტვრიოთ. _ ურჩია დიმიტრიმ.

ლადომ მუდარით შეხედა და კაპიტულაციის ნიშნად ხელები ასწია. იღლიაში ოფლი გამოსვლოდა, რომლის მძაფრსუნიანი მოლეკულები თამბაქოს და ალკოჰოლის ოხშივარს შეუერთდა და სუნთა ისეთი გამა შექმნა, სკუნსი გახუნდებოდა. ასე იცის შიშმა.

_ თქვენის ნებართვით. _ დიმიტრიმ ლადო გვერდზე გასწია, კართან მისასვლელი გაათავისუფლა, უკან დაიხია და მხრით ეძგერა კარს.

მეორე ცდაზე კარი გაიღო და შეძრწუნებული მამაკაცების თვალწინ ვენებგადახსნილი ლუკა წარსდა. ლადო იქვე ჩაიკეცა, დიმიტრიმ ბიჭს ყელზე თითები დაადო:

_ ცოცხალია, გამოუძახეთ სასწრაფოს!

_ _ _

თინა თაბაგარი უკვე ორი საათია ბოლთას სცემდა ტელეკომპანიის შენობის წინ, დიმიტრი ძნელაძე კი არ ჩანდა. მას კი იმდენი ჰქონდა სათქმელი... რატომ ხდება ისე, რომ ერთი ადამიანის ბედნიერება მეორის უბედურებაზეა დამყნობილი. რომ არა მირანადას სიკვდილი, თინა ალბათ ვერასოდეს ეღირსებოდა გენერალურ დირექტორთან დალაპარაკება და ბატონი გივიც ვერასოდეს გაიგებდა, რომ ის ანზორის ქალიშვილია. აქედან გამომდინარე, ვერ გაუწევდა მატერიალურ დახმარებას. დახმარება რბილადაა ნათქვამი, ამიერიდან თინას საკუთარი ჭერი აქვს! ის აღარ იმუშავებს დამლაგებლად, მთელ ძალისხმევას სწავლაზე მიმართავს, მთებს გადააბრუნებს...

თინა ჩაფიქრებული შედგა.

ვითომ რა დაშავდება, დიმიტრის მოსვლამდე რომ `გადააბრუნოს?~ მაგალითად, სტამბის დარაჯი დაკითხოს. მე შენ გეტყვი, შორს დასჭირდება წასვლა.

დარაჯი, სამოციოდე წლის გაუპარსავი ძიაკაცი ვესტიბიულში, ვიტრაჟით შემოღობილ ციცქნა ოთახში იჯდა და შავტარა დანით კიტრს თლიდა. თინამ პირზე თავაზიანი ღიმილი აიკრა და კარი შეაღო:

_ გამარჯობათ, თუ არ შეწუხდებით რამდენიმე კითხვა მაქვს...

_ ვინ ხარ, რო?

_ მე... მე თინა ვარ.

_ ეგრე მეც შიო მქვია. სახელს არ გეკითხები. ხო უნდა ვიცოდე, ვის კითხვას უნდა ვუპასუხო.

_ კორესპონდენტი ვარ, აი, თქვენს მეზობლად ტელევიზიაში ვმუშაობ...

_ რო არ მინახიხარ? _ შიოს დაკვირვებული მზერა თინაზე გასრიალდა. მის წარმოდგენაში ტელევიზიის თანამშრომელი ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი უნდა

ყოფილიყო და არა ტანმორჩილი, კედებიანი ლაწირაკი ფოსტალიონივით გარდიგარდმო გადაკიდებული გაბერილი ჩანთით.

_ ვინც ტელევიზიაში მუშაობს, განა ყველა ეკრანზე ჩანს?

_ ჰოო, ეგეცაა... _ დაეთანხმა. _ კიტრს შეჭამ?

თინამ მზერა დარაჯის მოყავისფრო ფრჩხილებზე გადაიტანა და უარი მოახსენა.

_ ძია შიო, ალბათ მირანდა ლომჯარიას მკვლელობის შესახებ გსმენით?

_ ჰე, მსმენია რომელია! პოსტზე ვიყავი ეს უბედურება რომ დატრიალდა.

_ ვინმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავთ?

_ აბა, რა გითხარა?! ამ პატარა ქუჩაზე მანქანების ტევა არ იყო... პოლიცია, სასწრაფო, ტელევიზიები... ვინ იცის, მკვლელიც მაგათ შორის ერია.

_ ეს მერე. და იქამდე? რვა საათიდან ცხრამდე.

შიომ კიტრი ჩაკბიჩა და ჩაფიქრებულმა შეკრა კოპები:

_ არა, უცხო არავინ შემინიშნავს.

_ უცხო არა, საეჭვო.

_ ვაი, რას გადამეკიდე, გოგო, არც უცხო შემინიშნავს, არც საეჭვო. ფეხიც არ მომიცვლია ამ აქედან. პივას ვსვამდით მე და დურგალი ამირანა.

_ ვინ არის დურგალი ამირანა? _ დაინტერესდა თინა.

_ აკი გითხარი, დურგალია.

_ რა უნდა დურგალს სტამბაში?

_ თაროები ჰქონდათ გასაკეთებელი და მაგას შეუკვეთეს. აფხაზეთში ნაომარი კაცია, ჩუმი, უწყინარი, მშრომელი... დაახროკიალებს იმ თავის ინსტრუმენტებს და დადის.

თინას ტვინში კიბის ბაქანზე მიგდებული სარეკლამო პლაკატი აინთო _ რძე და რძის პროდუქტები.

_ უწყინარ დურგალს შეხება ჰქონდა სტამბის ნაწარმთან, მაგალითად, სარეკლამო პლაკატებთან?

_ რატო არა? დურგალსაც ჰქონდა და ყველას, ვინც აქ მუშაობს. სტამბაში ფურცელთან და ქაღალდთან გაქვს შეხება, კიტრთან ხო არა?

შიომ გემრიელად აახრამუნა კიტრი, ეტყობა კმაყოფილი იყო თავისი მახვილგონიერებით.

_ როცა ტელევიზიაში აჟიოტაჟი ატყდა, ამირანი თქვენთან იჯდა თუ მარტო იყავით?

_ მგონი წასული იყო, ინსტუმენტებს ავიღებ და აწი წავალ, თორემ მეტროს ვერ მივუსწრებო. _ შიომ უცებ შეწყვიტა ღეჭვა და დამრგვალებული თვალებით მიაშტერდა თინას. _ გოგო, შენა ბეჩავ ამირანაზე ხო არ გაქვს ეჭვი?

_ მე ყველაზე მაქვს ეჭვი, ვინც იმ ღამეს შენობის პერიმეტრზე მიმოდიოდა.

_ მერე დაკითხე, ვინ გიშლის?! სადღაც აქ უნდა იყოს, ახალი შეკვეთა გამოსჩენია და ინსტურმენტების წასაღებად მოვიდა.

_ სად არის სტამბის დარბაზი, პირველ სართულზე თუ ზევით?

შიომ კიტრის ნაფქვენები გაზეთში გაახვია და საჩვენებელი თითი ჰოლის სიღრმისკენ მიმართა.

_ პირველზეა. აგერა, დერეფნის ბოლოშია. დანადგარების გუგუნს გაჰყე და ადგილზე მიგიყვანს.

თინა ასეც მოიქცა.

სტამბის ვრცელ დარბაზში განთავსებული დანადგარები შეხმატკბილებულად გუგუნებდნენ, ერთმანეთს ინფორმაციას გადასცემდნენ, ჭრიდნენ, კერავდნენ, სხვადასხვა არომატის თაიგულს აფრქვევდნენ, ახალ-ახალ გამოცემებს შობდნენ...

_ უკაცრავად, ამირანი მინდოდა! _ თინამ ხმამაღლა დაიყვირა, რომ ხმაური დაეფარა.

ფურცლების კოშკურასთან ჩაცუცქულმა კაცმა მოიხედა.

_ დურგალი! _ განუმარტა თინამ.

კაცი წამოდგა და კისერწაგრძელებულმა მოავლო თვალი დარბაზს.

_ ამირან! დურგალი ხომ არ გინახავთ, ბიჭებო? აი, კითხულობენ. _ გასძახა უხილავ `ბიჭებს~, მაგრამ დადებითი პასუხი ვერ მიიღო და და ისევ თინას მიუბრუნდა. _ არ ვიცი, გენაცვალე, წეღან კი დაბლაყუნებდა და...

`დაბლაყუნებდა~, `დაახროკიალებდა~, `ბეჩავი~... ადამიანს რომ მსგავსი ეპითეტებით შეამკობ, მიქელანჯელოს დავითი ნამდვილდ არ უნდა იყოს.

თინა ისევ დარეფანში გამოვიდა. რას გადაეკიდა ამ ამირანს? იქნებ ის დაზგასთან ჩაცუცქული კაცია მკვლელი, სულაც კიტრის მჭამელი დარაჯი... ნებისმიერ შემთხვევაში, ბოროტმოქმედმა სტამბის გავლით შეაღწია ტელეკომპანიის მომიჯნავე კედლამდე. ე. ი. არსებობს იქ მისასვლელი გზა.

დერეფნის ბოლოში ჩიხი აღმოჩნდა. თინა მეორე სართულზე ავიდა.

ისევ ჰოლი. სიღრმეში კაბინეტები: ადმინისტრაცია, ბუღალტერია, სპორტული გაზეთის რედაქცია... ჩიხი.

მესამე სართული აშკარად ასათვისებელი იყო. აქა-იქ მოჩანდა სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ინვენტარი: ხარაჩოები, ცემენტსა და გაჯის ტომრები, მუყაოთაბაშირის შეკვრები... სადღაც ახლომახლო კანალიზაციის მილი ბუყბუყებდა. თინა დერეფანის ერთ ფრტას გაუყვა და საპირფარეშოს მიადგა.

`კაპ, კაპ, კაპ...~ ონკანიდან გამოწკაპუნებული წყლის წვეთები რიტმულად ერწყმოდა მის ნაბიჯებს და საგანგაშო ექოს გამოსცემდა. ერთი პირობა იფიქრა, შევიჭყიტებიო, მაგრამ მოერიდა. ხომ შეიძლება შარვალჩახდილი მუშა დახვდეს?!

ის იყო გამობრუნებას აპირებდა, რომ გამოშიგნულ იატაკზე დაგდებული სიგარეტის ნამწვი დაინახა. ის იყო, ავადსახსენებელი `პრიმა!~

თინამ სუნთქვაშეკრულმა განაგრძო გზა, თუმცა ყურებში ურტყამდა გახშირებული პულსაცია. დერეფნის ბოლოში, იქ, სადაც ქვედა სართულებზე ამოქოლილი კედლები დახვდა, აგურების გორაკი და ჩაბნელებული კვადრატი დაინახა. იქვე, კიდევ ერთი სიურპრიზი _ `პრიმას~ ცარიელი, დაჭმუჭვნილი კოლოფი. თინამ ასფურცელას დედა გაახსენდა, სათოხარში მიმავალ ვაჟს გზაზე ხახვის ნაფცქვენების დაყრას რომ თხოვს, ასე უფრო ადვილად მოგაგნებენო.

კოლოფს მოგვიანებით დაითრევს, როცა სარეკლამო პოსტერით ხელდამშვენებული დაბრუნდება უკან. პოსტერზე დარჩენილი თითის ანაბეჭდები ნამწვისას თუ დაემთხვა და ორივე ერთად ეჭვიტანილი დურგლის ანაბეჭდებს, მკვლელი ჯიბეში ჰყავთ და ეგ არის.

თინა თითის წვერებზე აიწია და კვარდატში შეიჭყიტა.

ბინდბუნდში გატვრენილი კიბის კონტური ირეალურ ბგერებს გამოსცემდა და რაღაცით ჩამოჰგავდა პრეისტორიულ ურჩხულს, რომელმაც ეს-ეს არის უნდა გამოიღვიძოს ლეთარგიული ძილიდან.

თინა მოაჯირს გადაევლო და ხმაურით დახტა ბაქანზე. კიბემ გაიღვიძა, დააცემინა, ჩაჟანგული ჩონჩხი ააჟრიალა, დამტვერილი სხეული შეიფერთხა...

თინამ საფეხურები აირბინა და ნაცნობ ბაქანზე შედგა. სარეკლამო პოსტერი ადგილზე არ იყო. ბაქანი ვიღაცის მზრუნველ ხელს საგულდაგულოდ გაეწმინდა, სტუდიაში გასაძრომი ხვრელი კი აკურატულად შეენიღბა მოწითალო აგურებით.

უცებ სრულიად გარკვევით გაიგონა ვიღაცის სუნთქვა. და ეს არ იყო პრეისტორიული ურჩხული. ბაქანზე აცახცახებული ჩრდილის მიხედვით მის უკან ჩვეულებრივი მოკვდავი იდგა. თინა ნელა მიტრიალდა. ჩვეულებრივი მოკვდავი ერთი თვალებდაქაჩული ქონდრისკაცი აღმოჩნდა, გულზე მიხუტებული ცემენტიანი ვედროთო. მეტის დანახვა თინამ ვერ მიასწრო, კანდრისკაცმა ვერდო თავზე ჩამოაცვა, ხელი ჰკრა და თავით კედელს მიახეთქა.

_ _ _

სამსახურში მისვლისთანავე დიმიტრიმ მირანდაზე დარიცხული კასეტები მოითხოვა, სადაც გადაცემების ჩანაწერებთან ერთად ავსტრიაში გადაღებულ კადრებს მიაგნო. მიგნებით მიაგნო, მაგრამ ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვა. ერთადერთი, რაც კონტექსტიდან ამოვარდნილი ეჩვენა, იყო სიმპათიური ყმაწვილი, რომელიც სამჯერ მოხვდა კამერის ობიექტივში. ერთხელ კოლეჯის ეზოში, სადაც მის გარდა სხვა მოწაფეებიც ირეოდნენ, მეორედ კალათბურთის მოედანზე _ სპორტულ ტრუსებსა და მაისურში, მესამედ _ ქუჩაში.

ჩვეულებრივი დამთხვევაა თუ მირანდას ელექტრას კომპლექსი აწუხებდა? მკვლელს _ ჰეროსტატეს კომპლექსი, მსხვერპლს _ ელექტასი. შეიძლება გაგიჟდეს კაცი...

დარეკა მობილურმა. შეწუხებულმა მიხეილმა დიმიტრის ლუკა ესაკიას თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ამცნო.

_ ვიცი, იქ ვიყავი. _ დუჟმორეული ტირადა გააწყვეტინა დიმიტრიმ.

_ როგორ... ააა... ეეე... 5 წუთში შენთან ვარ.

შეფთან იმყოფება, მიხვდა დიმიტრი. მიხეილის ვასალური დამოკიდებულება შეფის მიმართ არ ესმოდა და აღიზიანებდა. რა სჭირს სახელწიფო სამსახურში ჩამდგარ კაცს თავკომბალა გივის შესატენი?

მობილურის დადება ვერ მოასწრო, რომ მიხეილი უკვე შემოიჭრა კაბინეტში:

_ ბიჭო, სხვებისგან უნდა ვიგებდე ესაკიების ამბავს?

_ რაც უფრო ნაკლებ ხალხს ეცოდინება, მით უკეთესი.

_ ვითომ რატომ?

_ ასე ჯობს.

_ ვისთვის? _ გადაირია მიხეილი.

_ ესაკიების ოჯახისთვის. ლუკას ნაკერების დადება დასჭირდა, თორემ არც არავის ეცოდინებოდა ჩვენ სამის გარდა.

_ ვერ გავიგე, შენ გივი ნიორაძემ გიქირავა თუ ლადო ესაკიამ?

_ `მიქირავა~ რას ნიშნავს? ადამიანი ვარ თუ უძრავი ქონება? _ ეწყინა დიმიტრის.

_ დაგავიწყდა, ვის ტელეკომპანიაში მუშაობ?

_ ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის, რომელსაც უბრალოდ ჩემზე ბევრი ფული აქვს. მეტი არაფერი.

_ `ჩვეულებრივი მოკვდავის~! _ გამოაჯავრა მიხეილმა და ხმაურით გამოსწია სკამი. _ ჩვენი ბედი ახლა ამ `ჩვეულებრივი მოკვდავის~ ხელშია.

_ მე არ ვიცი, თქვენ რა ანგარიშები გაქვთ მასთან, მაგრამ ჩემი დარდი ნუ გაქვთ, უმუშევრად არ დავრჩები.

_ გივი არ მოგწონს? _ მიხეილი ცბიერი გამომეტყველებით დაიხარა დიმიტრის მიამრთულებით. ოდნავ შესამჩნევად უთამაშებდა ულვაშის ბოლოები. მოჭუტულ თვალებში კი დიმიტრისთვის აქამდე უცნობი, ძაღლური მზადყოფნა იკითხებოდა.

_ მე არ მომწონს თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ.

მიხეილმა ხანგრძლივად შეხედა. დიმიტრიმ მზერა გაუსწორა.

_ ამეტყობა, არა? _ ჩამქრალი ხმით ამოიოხრა მიხეილმა. _ გაიგე, ბიჭი მომიწყო სამსახურში. დათო. ჩემი ბედოვლათი მემკვიდრე. რაღაც არასამთავრობო ფონდია, სოციალურად დაუცველებს კურირებს. რა ხანია ვცდილობ გავარკვიო კონკრეტულად რას აკეთებს, მაგრამ უშედეგოდ. არც მაგის დაცული კაცი შემხვედრია სადმე! სულ რაღაც ფურშეტებზე და ღონისძიებებზე რომ დარბის ვიცი, იქ თუ ხვდება ღარიბ-ღატაკებს... _ მწარედ ჩაეცინა. _ მეორეც არის. მე მირჩევნია გივის გავუქიცინო კუდი, ვიდრე პენსიაში გავიდე და დათბილული ჩუსტების წამოვწვე ტელევიზორთან. იცი, რამდენი უმიზნებს ჩემს სკამს?

_ გივის რა ხელი აქვს თქვენს სკამთან?

_ მაგას ყველგან მიუწვდება ხელი. ასე რომ... დო, უტ დეს, ამიგოს!

_ გამიშიფრეთ, გეთაყვა.

_ გაძლევ, რათა მომცე. _ მიხეილი ღიმილით გასწორდა სკამზე. _ რომაული სამართლის პრინციპები იქით იყოს, საქმეზე დამელაპარაკე, საქმეზე. რა ხდება დანიის პრინცის კარზე?

_ კარგი არაფერი.

დიმიტრიმ დაწვრილებით მოუყვა ესაკიებთან მომხდარი ინციდენტის შესახებ და კომპიუტერის ეკრანი მიხეილისკენ მიაბრუნა:

_ ამაზე რას იტყვით?

_ ვინ არის ეს ბიჭი?

_ ინსბრუკის კოლეჯის მოწაფე.

_ ქართველს ჩამოჰგავს.

_ ვითომ? _ დიმიტრი ყურადღებით დააკვირდა ეკრანზე გაშეშებულ კადრს. _ ჰო, არის რაღაც... იცი, მირანდა ხშირად უყურებდა ამ კასეტას. როგორ გგონია, რატომ?

_ პატარა ბიჭები მოსწონდა? _ მიხეილს თვალები დაუმრგვალდა.

_ ცოტა რთული დასაჯერებელია...

_ ქალი გამოცანაა, ჩემო დიმიტრი...

_ რომელიც წლების მატებასთან ერთად თავსატეხად გადაიქცა ხოლმე. _ დაამატა დიმიტრიმ. _ ყავას დალევთ?

მიხეილმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, კაბინეტის კარი მოფრიალდა და მათ წინაშე თინა თაბაგარი წარსდა, შეშლილი სახითა და დამტვერილი ტანსაცმლით.

_ _ _

უკან დარჩა ვედროჩამოცმული გოგო, სტამბის შენობა, მეტროს ვაგონში ჯაყჯაყი... ის უკვე თავის უბანში იყო, მაგრამ მაინც ვერხვის ფოთოლივით თრთოდა. ჩახმახს რომ გამოჰკრა ხელი, მაშინ არ უნერვიულია ასე, რადგან იმისი სიკვდილი საქმეს სჭირდებოდა, კედებიანი გოგონასი კი _ არა. იმედია, მხოლოდ გულის წასვლით შემოიფარგლა. რა უნდოდა, რას ეძებდა, ნუთუ ისიც სარეკლამო პლაკატს?...

ოჰ, ეს დაწყევლილი პლაკატი! სახლში მისვლისთანავე დაწვავს, მოსპობს, გაანადგურებს... სტამბასთან მისი შეხების ნებისმიერი ვარიანტი უნდა გამოირიცხოს. დადგნენ ეძებონ მთელი თბილისის მასშტაბით დურგალი ამირანა. ჩემ ფეხებს იპოვნიან. გვარი არ იციან და მისამართი. ჰე, ჰე... არც უკითხავთ. დურგალი არ არის ის პერსონა ხელშეკრულებები უფორმონ. მოვიდა, გააკეთა თაროები, აიღო საფასური და წავიდა თავის გზაზე. აი, ინსტრუმენტები დასანანია. ვერ მოასწრო წამოღება. შეეშინდა.

აფსუს! დრელი, ხერხი, ჩაქუჩი, თარაზო... განსაკუთრებით დასაკეც თარაზოზე დასწყდა გული. მირიანმა ჩამოუტარა გერმანიიდან. ენაცვალოს მამა! ისეთ ლამაზ ყუთში იდო, გადაგდება დაენანა. ყუთშიც არ იყო საქმე, მირიანის ხელშენავლებ ნივთებს სულ სხვა სუნი ასდიოდა. დაყნოსავდა თუ არა, ეგრევე კაიფში ვარდებოდა. ნარკომანივით. იყო კიდეც ნარკომანი, ოღონდ სხვა გაგებით. მირიანი იყო მისი წამალი, სიცოცხლის აზრი, აწყმო მომავალი... დილა მირიანზე ფიქრით იწყებოდა, დღე მასზე ფიქრით მთავრდებოდა. ასეთი შვილის გვერდით ისეთი ამაყი იყო, ისეთი წელგმართული, როგორც არასდროს.

აი, მისი ბარაკიც. გაქექილი ჭიშკარი, ეზო, კარალიოკის ხეები... ადრე აქ მირიანის საქანელა ეკიდა, ამირანმა თავისი ხელით გაუმართა, გვერდებზე სახელურებით. ღმერთმა ნუ ჰქნას, ბავშვი გადმოვარდეს, რამე დაიზიანოს. ყოველდღე ამოწმებდა ხოლმე თოკს, ვაიდა, გაიქექა და გაწყდა! არა, დღეში ორჯერ _ დილას და საღამოს. მალე კარალიოკი დამწიფდება, მირიანი კი შორსაა. ნეტავ ხილს თუ აჭმევენ იმ სკოლაში... მოზარდის ორგანიზმს ვიტამინები სჭირდება, ტვინმა რომ კარგად იმუშვოს... ჰი, ჰი, მირიანის ტვინი ისედაც მაგრად მუშაობს, მაგრამ მაინც, მაინც...

სახლში შესულმა ამირანმა შვებით ამოისუნთქა. ბარაკია თუ რაც არის, შენი სახლი მაინც სხვაა. მირიანის ჩამოსვლამდე კოსმეტიკურ რემონტს გააკეთებს. ჭერია

შესათეთრებელი, შპალიერი გასაკრავი, კარ-ფანჯარა გამოსაცვლელი... იატაკსაც არ აწყენდა ციკლოვკა, სულ ჩაშავდა პარკეტი. სისულელეა ეს მასტიკა, ჭუჭყის ბუდეა. ლაქს წაუსვამს და ეგ არის. მირიანისთვის გადაგზავნ ფულს კაპიკი არ გამოაკლდება. არავითარ შემთხვევაში! ის ახალ შეკვეთებს აიღებს, დღესა და ღამეს გაასწორებს, მუშაობა არ ეზარება.

ამირანმა შინაგანი კანკალის ჩასახშობად ჭიქა არაყი გადაჰკრა, ასანთი მოიმარჯვა და ნივთმტკიცების განადგურებას შეუდგა. კარგი იქნება მისი მტრებიც ამ პლაკატივით აალდეს...

ტელეფონის ზარზე შეფრთხა, მაგრამ უცებ მოეგო გონს და ყურმილს ეცა. ვაითუ მირიანია.

ის იყო, მისი ერთადერთი.

_ ალო, ალო, მირიან! _ შესძახა აღელვებულმა. _ რაო? რა მაყვირებს?... ჰი, ჰი, რავი, აბა... არა, კარგად მესმის. მიხარია და ვყვირივარ, შენი ხმის გაგონება მიხარია, შვილო... მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ, გენაცვალოს მამა... კარგად უნდა იყო, მაშ! შენ რომ კარგად იქნები, მეც კარგად ვიქნები... ბებო? ბებოც კარგად არის. ყოჩაღად, კი... ახლა გასულია. აქვე, მეზობელთან. თუ მოვიდა, დაგალაპარაკებ. შენ ის მითხარი, ხილს თუ გაჭმევენ მანდა?... ჰო, რა ვიცი, მაინც გკითხე... ისა, შეწამლული არ იყოს, ბიჭო, მაინც კარგად გაწმინდე ჭამის წინ... ჰი, ჰი, ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები... ფული ხომ არ შემოგაკლდა?... რას მიქვია, აღარ გამოვაგზავნო?!... მაშ რისთვის ვმუშაობ?... მე და ბებოს ცოტაც გვეყოფა, მთავარია, შენ იყო მაძღარი! რამე თუ დაგრჩა, ტანსაცმელი იყიდე, მოდური ფეხსაცმელი, ბოტასი... ქუდი მიყიდე?... მე?... მირიან, დედის სულს გაფიცებ, ჩემზე ნუ დაიხარჯები... ახალი არაფერი. ვართ ძველებურად, შენ ნატვრაში. საწოლთან კალენდარი მიკიდია, დღეებს ვითვლი... კალენდარი და შენი სიგელი. ცუდი სიზმარი ნახე?... დედა?... მერე ეგ არის ცუდი? მფარველი ანგელოზი გინახავს... ნეტაი შენ, სიზმრებისა რომ გჯერა... სწავლის საქმე როგორაა, შვილო, გერმანულად ლაპარაკი ხომ არ გიჭირს?... ვიცი, რომ იცი, მაგრამ მაინც. უკვე გარბიხარ?... ჰო, მესმის, მესმის... გადავცემ მოკითხვას ბებიაშენს, მაშ!... ჰა, ჰა, სიდედისთვის მაკოცნინე ახლა ამ სიბერეში! აბა, შენ იცი, ჭკუით იყავი, შენი იმედი მაქვს...

ყურმილში ზუმერი გაისმა. ამირანს კი დასაკიდად არ ემეტებოდა. ნეტარებით დაყნოსა ყურმილის პრიალა ზედაპირი, გულზე მიიკრა და პირმოკუმული აქვითინდა.

_ _ _

მირანდას ამინდშიც არ გაუმართლა. გასვენების დღეს ისეთმა წვიმამ დასცხო, რომ იტყვიან, ცა ჩამოიქცა. მაინც ბევრი ხალხი მოვიდა: შორეული, ახლობელი, ნაცნობი, უცნობი... აივნის კართან მდგარი დიმიტრი შორიდან ზვერავდა სამძიმარზე მოსულებს, იმ იმედით, რომ რაიმე საეჭვოს შენიშნავდა. დრო მიდიოდა. ახლოვდებოდა გასვენების საათი, მაგრამ შეუხედავი `ქონდრისკაცის~ (თინას მონაცენებზე დაყრდნობით) მსგავსი ტიპაჟი არც დალანდულა. ძირითადად კარგად ნასვამ-ნაჭამი ხალხი მოდიოდა. გამართული მხრებით, ცნობილი ბრენდებით, ფრანგული სუნამოებით, თავშეკავებული ჟესტებით... არც არის გასაკვირი. ცნობილი ტელეწამყვანისა და ცნობილი ექიმის საახლობლო წრე მეტ-ნაკლებად შეძლებულ ადამიანებს წარმოადგებდა. `პრიმის~ მწეველი ჩანჩურას ადგილი აქ არ იყო. ის კი არა, დოდო _ ნატანებელი ფრეკენ ფოკე, თავისი გამხდარი მიხაკებით გაჭირვებით ეწერებოდა ფეშენ ინტერიერში. მისი ხმამაღალი შეკივლება: `უბედურო ლამარააა...~ არავინ გაიზიარა, მათ შორის მართლაც

უბედურმა ადრესატმა. ის ტრანკვილიზატორებით გაბრუებული იჯდა სკამზე და ვერავის და ვერაფერს ხედავდა. დოდოს ოჯახის წევრებიც წამოესხა _ `ბუნჩულა~ ვაჟი, `ენაგატლეკილი~ რძალი, `მაკვარანცხი ბადიში~.

დოდოს სელაპისებრთა ოჯახი მოჰყვა _ დედა, მამა, ორი ქალიშვილი. დედა `სელაპი~ ჯერ ლადოს მკერდზე აქვითინდა, მერე ლუკას ჩაეხუტა. მამა სელაპმა ვერაფრი მოუხერხა უზარმაზარ გვირგვინს, აქეთ ეცა, იქით ეცა, ბოლოს ქალიშვილებს მიაჩეჩა.

გამოჩნდნენ `ტვ-21~-ის თანაშრომლებიც. სრული შემადგენლობით. თინასაც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მსუბუქი ტვინის შერყევის გამო ექიმმა წოლითი რეჟიმი გამოუწერა. ვიზაჟისტი კიწი ატირებული შედგა შუშისთავსახურიან კუბოსთან. დღეს მირანდას ცივ მიწას მიაბარებენ, ტყეში არ გამოდგამენ, როგორც ზღაპრულ ფიფქიას კეთილი ჯუჯები. და არ არსებობს ქვეყნად უფლისწული, რომელიც პირზე კოცნით ან ცრემლთა პკურვით გააცოცხლებდა. ლადო, მისი დაქვრივებული უფლისწული, ჰოლში იდგა, რობოტივით აქნევდა თავს და მადლობას უხდიდა სამძიმარზე მოსულებს. გვერდით მომჯობინებული ლუკა ედგა. ტანმაღალ მუხას მიტმანსული აბედა სოკო.

_ დიმიტრი, ბიჯო...

დიმიტრიმ მიიხედა. დოდო იყო. წრის დარტყმა მოესწრო, მიხაკების დაბინავებაც და დიმიტრის გამოჭერაც.

_ მართალს ჩივიან, რომ მირანდას ბაღანამ ვენები გადაიხსნა? _ ყურთან აჩურჩულდა დოდო.

დიმიტრიმ თავი დაუკრა.

_ მომიკვდეს თავი! რეიზა შვილო?

_ ამის დროა ახლა?!

_ სახლში რომ მოხვალ, მერე მომიყობი ყოლიფერს. ხომ კი?

_ კი.

_ ქელეხში მიდიხარ?

დიმიტრიმ თვალებით დაანამუსა. დოდომ მიიღო სიგნალი. ჩაკვდა, მაგრამ დროებით.

_ ამფერი გასვენება არ მინახავს, ბუზის გაფრენას გეიგონებს კაცი. ვითამ ახალგაზრდა ქალი კი არა და ასწლიანი მალაზონი დევს კუბოში.

დიმიტრი არ გაეპასუხა.

_ ლამარაც რავა შელოცვილივით ზის... აბა, თუ მიატირებს სამისდღემჩიოდ მიმავალ გოგოს! დედა რომ ასეა, სხვებსაც ერიდებათ... გასვენებაში მოსული ხალხი თუ არ აატირე, აბა რაის მანქანა ხარ?... ვაიმე, დიმიტრი, ვინაა აგი სამი ჩომპოიანი ყაზახი?... დომენტის სულს ვფიცავარ, მაგენი ძმები გოგოხიები არიან! მიდი ახლა და გაიგე, რომელია მაგათ შორის ვარდენი... რავა ერთმანეთს დამსგავსებიან სიბერეში. ვარდენს მე მოვწონდი, შუამავალიც გაუგზავნა მამაჩემს _ დოდო მომათხოვეთო, მაგრამ არ ჩაუვიდა ფეხი (პაუზა). ისე, რას ვერჩოდი... ჩემმა დომენტიმ დამაღალატა, ვარდენია ოხერი კი ქე დეიარება ყინჩად. დედაია, გევიქეცი ახლა მე, არ მინდა ამსისქე დამინახოს...

დიმიტრიმ შვებით ამოისუნთქა. რას უძლებდა ცხონებული დომენტი?! ასეთი ჰიპერაქტიული ცოლის გადამკიდემ კიდევ დიდხანს იცოცხლა.

წვიმა კი არ ცხრებოდა. საბრალო მირანდა სადარბაზოდან პირდაპირ კატაფალკაში შეაცურეს და ნაჩქარევად გაუყენეს სასაფლაოს გზას. იქ ნამდვილი წარღვნა დახვდათ. დატირება ასეთი უნდაო, და წვიმას მოთარეშე ქარიც დაერთო, რომელიც წუთიერად იცვლიდა მიმართულებას და ხან სახეში სცემდა საცვლებამდე დასველებულ ადამიანებს, ხან გილიოტინასავით ერჭობოდა კისერში.

დიმიტრის კიწი წამოეწია. ყოჩაღი ვიზაჟისტი საფლავიდან ამომხტარ პიეროს ჰგავდა: ტუშით ამოშავებული უპეები, პომადაშეჭმული ტუჩები, სკალპზე მიკრული სველი თმა, რომელიც უნამუსოდ აშიშვლებდა ფერმკრთალ სიმელოტეს. დიმიტრიმ ცხოვრებაში პირველად დააფასა მაკიაჟის ჯადოსნური როლი ქალის გარეგნობაში. აქამდე კიწი სიმპათიური მანდილოსანი ეგონა.

_ საქმე მაქვს შენთან, დიმიტრი...

_ ?

_ გახსოვს, მე რომ გითხარი, მირანდას ადრე ვიღაც შაოსანმა დედაბერმა მოაკითხა და რაღაც გადასცა მეთქი.

_ როგორ არ მახსოვს!

_ ჰოდა, ის შაოსანი დედაბერი დაიკარგა. წუხელ ტელევიზორში გამოაცხადეს: სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. ფოტოც აჩვენეს. ასი პროცენტით თავს ვერ დავდებ, მაგრამ ძალიან ჰგავს, აი, ძალიან.

_ აქამდე სად იყავი, კიწი?

_ როცა გამოგიჭირე, მაშინ გეუბნები.

_ გვარი, სახელი...

_ წამალაშვილი სონა.

_ სონა. _ გაიმეორა დიმიტრიმ. _ სად გამოაცხადეს, რომელ ეთერში?

_ პირველ არხზე. იქ ეცოდინებთ ზუსტი მონაცემები.

_ მადლობა, კიწი, თუ რამეს მოჰკრავ ყურს, ნებისმიერ დროს დამირეკე, არ მოგერიდოს.

კიწიმ თავის ქნევით გაეცალა. ის ალბათ ერთადერთი იყო მთელს სამსახურში ვისაც გულწრფელად უყვარდა მირანდა. ლადოსაც უყვარდა ცოლი. და მიუხედავად ამისა, მან რომანი გააბა შვილის მასწავლებელთან. თავად ის ფაქტი, რომ ყველაფერი მის სახლში, მისი შვილის თვალწინ ხდებოდა, მირანდასთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ნანატრი ორსულობის შეწყვეტა გადაწყვიტა. მასწავლებლის გამორიცხვა დიდი შეცდომა იქნებოდა. ლადოს თუ მართლა აინტერესებს მკვლელზე გასვლა, გამომძიებელს თუ არა, დიმიტრის მაინც უნდა გაუმხილოს საყვარლის ვინაობა. იქნებ იმ ქალსა და დურგალს შორის რაღაც ნათესაური კავშირშია? სულაც დურგალია მისი ქმარი. არა. სისულელეა. მაშინ მეტოქეს მოკლავდა, რაღა მის ცოლს დაეტაკებოდა? და საერთოდ, არ ჯდება თინას აღწერილი ქონდრისკაცი ლადოს საყვარლის ოჯახურ ინტერეიერში.

და აქ დიმიტრის გაახსენდა საავადმყოფოს მოსაცდელში (ლუკასთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ) ლადოს მონათხრობი: მირანდას მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე ის სიკვდილს გადაურჩა, ერთი ნაბიჯით გაასწრო რა სახურავიდან ჩამოვარდნილ აგურს. მერე ლუკა გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან და ამ თემას აღარ მიბრუნებიან. არადა, საგულისხმოა. იქნებ ის აგური გამიზნულად იყო

ჩამოვარდნილი და არა შემთხვევით? გამოდის, ვიღაც ესაკიების წყვილს ერჩოდა. ცოლსაც და ქმარსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ლადო უფრო საფუძვლიანად უნდა დაიკითხოს, მაგრამ როდის?

ჰორიზონტზე, წვიმის მონაცრისფრო ფარდაში კრთოდა სამარის ბორცვზე ატუზული ორი სილუეტი. ლუკას მხრები უცახცახებდა. ტიროდა საბრალო. ლადომ შვილს ხელი გადახვია და გამოსასვლელისკენ წამოიყვანა. ლუკას თავი არ აუწევია, მამის იღლიაში განაგრძობდა სლუკუნს.

დიმიტრის გაუსწორდნენ.

_ ხომ წამოხვალ? _ ჰკითხა ლადომ.

დიმიტრი მიხვდა, ქელეხს გულისხმობდა და უარის ნიშნად თავი გააქნია. ლადოს კალთები არ ჩამოუხევია. პირიქით, მოგვიანებით სახლში მისვლა თხოვა, რაღაც მინდა გაჩვენო.

დიმიტრი დაინტერესებული მიაჩერდა.

_ მაქსიმუმ ორ საათში დავიშლებით. _ განუმარტა ლადომ. _ არ ვაპირებ ღვინოში ჩახრჩობას. ვერ ვიტან ამ ფარისევლურ ტრადიციას... თამადა და ღრიანცელი მინდა ამ გასიებულ გულზე?...

დიმიტრიმ თვალი გააყოლა წვიმაში დაწინაურებულ მამა-შვილს. ძალიან კარგი, სახლში მივა, სველ ტანსაცმელს გამოიცვლის, ცოტას დაისვენებს, ამასობაში ქელეხიც დამთავრდება...

გზაში დიმიტრი ისე შეუძლოდ გახდა, ლამის მიეწია ძვირფას კოლეგას. თავბრუ ესხმოდა, აკანკალებდა, კბილს კბილზე აცემინებდა. მოკლედ, სახეზე იყო სერიოზული გაცივების ყველა ნიშანი.

პირველ რიგში ცხელი შხაპი მიიღო, მერე _ წამალი, ლიმონიანი ჩაიც მიაყოლა და მხოლოდ ამის შემდეგ დაურეკა მიხეილს: სონა წამალაშვილის ვინაობა დამიდგინეო. მიხეილი უფრო ღრმა და საფუძვლიანი ანალიზის მოსასმენად მოემზადა, მაგრამ დიმიტრის უღიმღამო პასუხებმა დაადარაჯა:

_ რა გჭირს, ბიჭო, გძინავს?

_ მგონი ავად ვხვდები. მაჟრიალებს.

_ ერთი ჭიქა არაყი ხუხე და მარშ, ლოგინში. ხვალ დაგირეკავ.

დიმიტრი არაყი `ხუხა,~ მაგრამ ლოგინში `მარში~ არც უფიქრია. ესაკიებთან ვიზიტისთვის დაიწყო მზადება.

. . .

გვიან საღამოს დიმიტრი და ლადო ესაკიების დაობლებულ სამზარეულოში ისხდნენ. მხარდაჭერის გამოსახატავად მოსული რამდენიმე ახლობელი ლადომ დელიკატურად გაისტუმრა. ლუკას კი ეძინა. დათვრა ბიჭი. ცხოვრებაში პირველად დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო და ისე მოიცელა, მამამისმა მხარეზე გადაკიდებული მოიყვანა შინ.

_ გუშინ მირანდას ხელჩანთაში რაღაც ვიპოვე. _ დაიწყო ლადომ. _ არ ვიცი, რამდენად აქვს კავშირი ჩვენს საქმესთან, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე მეჩვენებინა...

ლადომ კონვერტიდან ორი ფოტოსურათი გამოფერთხა და გამომცდელად მიაჩერდა დიმიტრის:

_ ხომ არ იცი, ვინ არის ეს ბიჭი? ან რატომ დაატარებდა ჩემი ცოლი ჩანთით მის სურათებს?

ის იყო, ღიმილიანი ყმაწვილი ინსბრუკიდან.

_ და არა მხოლოდ ჩანთით. _ უპასუხა დიმიტრიმ. _ ვიდეომასალა, სადაც ეს ბიჭია გადაღებული, ჩვენთან ინახება, ტელევიზიაში. როგორც მითხრეს, მირანდა ხშირად ატრიალებდა ამ კასეტას.

_ მართლა?

_ კი.

_ და... და რას უნდა ნიშნავდეს?

დიმიტრიმ კითხვა უპასუხოდ დატოვა. მოერიდა უკვე მერამდენედ აღმოცენებული, სრულიად ავანტიურისტული აზრის სიტყვებში მოქცევა და ხმამაღლა გაჟღერება. არც ლადო ჩასძიებია, მონუსხულივით მისჩერებოდა სურათს. რაღაც მომენტში დიმიტრის მოეჩვენა, რომ ლადოსაც მსგავსი აზრები უტრიალებდა თავში.

_ შეგიძლია კონვერტი მაჩვენო?

ლადომ ფოკუსდაკარგული მზერა სურათიდან დიმიტრიზე გადაიტანა. უეჭველი ვერ გაიგო შეკითხა. მტერს არ უსურვებდა მის ადგილზე ყოფნას. მაშინ დიმიტრიმ არ იცოდა, რომ გავა წლები და ლადოზე უარეს დღეში აღმოჩნდება, მაგრამ ეს იქნება მერე...

_ კონვერტი მაჩვენე მეთქი.

_ რომელი კონვერტი?

_ რომელშიც სურათები იდო.

_ ააა... ჰო...

ეს იყო სსრკ-ს დროინდელი საფოსტო კონვერტი კუთხეში მიხატული ჩერნიშევსკის გრაფიკული პორტრეტით. დღეს ასეთები აღარ იყიდება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კიწის ვერსიას შაოსანი დედაბერის ასაკთან დაკავშირებით. თავშენახულიც ყოფილა. ვადაგასული კონვერტი არ გადააგდო, ეგებ რამეში გამომაგდესო და აკი გამოადგა _ ფოტოების ჩასადებად.

_ ლადო, სონა წამალაშვილის გვარი რამეს გეუბნება?

ლადომ თავი გააქნია.

_ დურგალი ამირანა?

_ ვინ სონა, ვინ დურგალი? დიმიტრი, ამიხსენი, რა ხდება, ვინ არის ეს ხალხი და რა ხელი აქვთ ჩემს ცოლთან?

დიმიტრიმ აუხსნა. ლადო აფორიაქებული უსმენდა, წრიალებდა, ტიკიანივით ღრეცდა კისერს, თითქოს გაგონილის ასხლეტას ცდილობდა. მერე უცებ წამოხტა, `დამელოდე~, ესროლა დიმიტრის და სადღაც გავარდა. მალევე დაბრუნდა, საოჯახო ალბომით ხელში. დაჯდა, ალბომი მუხლებზე დაიდო და ისტერიულად დაიწყო რაღაცის ძებნა.

_ აი, ვიპოვე! _ წამოიძახა აღგზნებულმა და ერთ-ერთი ფოტო სტუმარს ცხვირთან აუფრიალა. _ ამაზე რას იტყვი?

ფოტოსურათიდან დიმიტრის ინსბრუკელი ყმაწვილი უყურებდა. უბრალოდ ვარცხნილობა ჰქონდა სხვანაირი და ცოტა არ იყოს ძველმოდური იერი დაჰკრავდა. ვიღას აცვია დღეს გრძელყურიანი პერანგები?!

_ საიდან გაქვს ეს ფოტო? _ გაუკვირდა დიმიტრის.

_ როგორ თუ საიდან? ეს მე ვარ! მე! _ ლადომ გულზე მჯიღი დაიკრა და რეაქციის მოლოდინში თვალი თვალში გაუყარა.

დიმიტრიმ მზერა აარიდა. აზრი, რომლის გაჟღერება წეღან მკვრეხელობად ეჩვენებოდა, უკვე გაფორმებული და გასაფრენად გამზადებული ეჯდა ენის წვერზე. ასე მხოლოდ დედმამიშვილები შეიძლება ჰგავდნენ ერთმანეთს, ან მამა-შვილი... ნუთუ?!

ლადო სკამის საზურგეზე გადაწვა და თვალები დახუჭა. აფორაჯებულ სახეზე ემოციის მთელი პალიტრა დასთამაშებდა: უმწეო ბრაზი, სასოწარკვეთა, გულისწყრომა და იმედი, იმედი... იქნებ ის ღიმილიანი ყმაწვილი მისი და მირანდას ბიოლოგიური შვილია? მაგრამ როგორ, საიდან... არა, არა, წარმოუდგენელია! სად ინსბრუკი, სად თბილისი, სად მირანდა, სად ვიღაც დურგალი ამირანა...

_ წნევის აპარატია საძინებელში, თუ არ შეწუხდები... _ ძლივს ამოილუღლუღა.

დიმიტრი დაუყოვნებლივ გაემართა საძინებლისკენ. გზაში ისეთი სისუსტე იგრძნო, ძლივს მიაღწია დანიშნულების ადგილზე. არ უნდა გამოსულიყო სახლიდან, გამოშუშდებოდა ლოგინში და ხვალ კიტრივით იქნებოდა. არა უშავს, გაციება გაივლის, აი, ლადოს თუ ინსულტმა გლიჯა, ციმციმ მიეწევა მეორე ნახევარს.

წნევის ზედა ნიშნული 200-თან ციმციმებდა. დიმიტრიმ სასწრაფო დახმარები გამოძახება შესთავაზა.

ლადომ თავი გააქნია და ენის ქვეშ წამალი ამოიდო:

_ სასწრაფო ვერ უშველის ჩემს უბედურებას. _ წარმოთქვა თლიფინით. _ თხუთმეტ წუთში გამოვლის. არ წახვიდე, გთხოვ, კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი.

დიმიტრი მორჩილად დაჯდა სკამზე, თუმცა შიგნიდან კბილს კბილზე აცემინებდა.

_ შეიძლება ჩაის დავლევ? მამცივნებს.

_ რა თქმა უნდა, დიმიტრი, ჩაი, ყავა, რაც გინდა... არ მოგერიდოს. ალბათ გაცივდი წვიმაში, არა?

_ ჰო.

_ კარადაში ლიმონია.

ვიდრე დიმიტრი სხვის გაზქურასთან ჯახირობდა, ლადომ თვალში გამოიხედა და მაშინვე ალაპარაკდა:

_ ეჭვები მღრღნის, დიმიტრი, ისე მღრღნის, ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობ... აი, აქ, ყელის არეში. ახლა მესმის, რა დღეში იყო მირანდა... ღმერთო, ჩემი მირანდა... რატომ არაფერი მითხრა, რატომ?

_ იმიტომ, რომ ეჭვსა და დადასტურებულ ფაქტს შორის დიდი სხვაობაა.

_ მაქვს ფაქტი. _ ლადო შეთქმულივით გადმოიხარა მაგიდაზე. მერე უცებ მიაბრუნა თავი, რაღაცას მიაყურადა. _ სძინავს. _ აღნიშნა თავისთვის და ისევ შეთქმულის პოზა მიიღო. _ ლუკას რეზუს-დადებითი სისხლი აქვს. მეორე ჯგუფი.

_ მერე?

_ რეზუს ფაქტორი არ იცვლება, დიმიტრი! ჩემს ახალშობილ ბიჭუნას კი რეზუს-უარყოფითი სისხლი ჰქონდა, გესმის?! ზუსტად ვიცი. ანკეტაშიც გადავამოწმე. გეხსომება, ლუკას ინციდენტთან დაკავშირებით საავადმყოფოში რომ მოვხვდით. ვიდრე შენ მოსაცდელში იყავი, ჩვენ ექიმთან გავდიოდით კონსულტაციას. ლუკა სუსტად იყო, ექიმმა სისხლის გადასხმა მირჩია. მე მაშინვე ვუთხარი რეზუს ფაქტორი. ლუკას გაუკვირდა: `გეშლება, მამა, მე რეზუს-დადებითი სისხლი მაქვსო~. სასაცილოდ არ მეყო, გავიშაყირე კიდეც: `როგორც შენ იტყვი~, თუ რაღაც ასეთი... ლუკამ თავი გაიგიჟა: ამასწინათ, დედამ გამიკეთა სისხლის ანალიზი და ძალიან კარგად მახსოვს, რომ რეზუს-დადებითი მაქვსო. დავეჭვდი. ექიმს გადამოწმება მოვთხოვე. მართლა დადებითი არ აღმოაჩნდა?! ვიფიქრე, ალბათ დაბადების დროს შეეშალათ და ყურადღება აღარ გამიმახვილებია. მოგვიანებით, როცა ეს ფოტოსურათები ვნახე, ფაქტები შევაჯერე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ... რომ... _ ლადოს ენა დაება. უჭირდა, ძალიან უჭირდა საკვანძო სიტყვების წარმოთქმა.

_ რომ ინსბრუკელი ყმაწვილი თქვენი შვილია. _ მიეხმარა დიმიტრი.

ლადომ ხმაურით ჩაყლაპა ნერწყვი და ორაზროვნად დაუქნია თავი. წარმოსადგენია, რა ხდება მის გულში. სად შეუხედავი, პრობლემური ლუკა, სად ლამაზი, ღიმილიანი ბიჭი, რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სავარაუდო მამის ასლია.

_ ვნახოთ, რას გვეტყვის გამოძიება. _ ჩაახველა დიმიტრიმ.

_ ვერ დაველოდები გამოძიებას, მირანდას ორმოცამდე ჩავალ ინსბრუკში და გავარკვევ ვინ არის.

_ ამის გაკეთება ჩასვლის გარეშეც შეიძლება. მე პირადად დავუკავშირდები უშიშროების წარმომადგენელს და ვთხოვ გაიგოს იმ ყმაწვილის ვინაობა. იმედია, დიდი დრო არ დასჭირდება.

_ დარწმუნებული ვარ, მირანდა ამ ბიჭის ვინაობის გარკვევას შეეწირა. _ ლადომ საჩვენებელი თითი ფოტოზე დააკაკუნა და უცებ გაშტერდა. ცოტა ხანს ასე იყო, არც მიწისა, არც ცისა, მერე თითქოს გამოერკვა, მაგრამ სურათისთვის თვალი არ მოუწყვეტია. _ იცი, დიმიტრი, აქედან საოცარი ენერგეტიკა მოდის. აი, ვუყურებ და მბურძგლავს. სასიამოვნოდ მბურძგლავს, თითქოს სურათს კი არა, ხატს ვუყურებ. მართლა დახატულივით არის ეს მამაძაღლი ბიჭი, არა?! ვინ ხარ, შვილო, ვისი ხარ...

`მეც მბურძგლავს, მაგრამ უსიამოვნოდ~, გაიფიქრა შემცივნულმა დიმიტრიმ და თბილი ლოგინი ინატრა. მაგრამ ლადო ასე ადვილად არ აპირებდა შელეოდა ერთადერთ მესაიდუმლეს. ემოციები ტვინში ურტყამდა და დანაკარგის სიმძიმეს ავიწყებდა. თუკი ეს ბიჭი რაღაცნაირად დაკავშირებულია მირანდასთან, მაშინ შეიძლება ცხოვრების გაგრძელება. თუ არა, მაინც შეიძლება, მაგრამ ეს უკვე გაძლება იქნება და არა ცხოვრება. ადამიანი ორიენტირებულია მომავლზე, თუმცა წარსულსა და აწმყოს შორის ბალანსირებს, როგორც აკრობატი თოკზე. ერთი არასწორი მოძრაობა და უკვე სანახაობა ხარ...

სანახაობა! რატომ დასჭირდა დურგალს სანახაობა მოეწყო მირანდას სიკვდილიდან? ლადოს შეშინება თუ უნდოდა, პირიქით მოხდა. ახლა ლადო ცოცხალი თავით არ დათმობს იმას, რაც მას ბუნებითა და კანონით ეკუთვნის.

ლადოს ხმამაღალი მსჯელობის ცალკეული ფრაგმენტები სულთათანასავით ჩაესმოდა ძილ-ბურანში მყოფ დიმიტრის.

_ მე მჯერა ინტუიციის. ის არსებობს. მეტსაც გეტყვი, დიმიტრი, ინტუიცია წინ უსწრებს ცოდნას. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ტვინი აღჭურვილია მგრძნობიარე ნერვიული უჯრედებით, რომლებიც იქამდე ადგენს ჭეშმარიტების, ვიდრე საქმეში ლოგიკური აზროვნება ჩაერთვება. ამას ვამბობ, როგორ გამოცდილი ექიმი. მირანდამ რაღაც იცოდა... დაზუსტებით არა, ეჭვის დონეზე, თორემ მეტყოდა, არ დამიმალავდა, მაგრამ ჩემ აფორიაქებას მოერიდა, მე კი... მე მოსაკლავი ვარ, დიმიტრი. და-სა-ხვრე-ტი. დაფიცებული მქონდა, არასოდეს გამება ინტრიგა პაციენტებთან, მაგრამ ეშმაკი შემიჩნდა. ის ქალი, ლუკას ინგლისურის მასწავლებელი, ჩემთან ცხვირის ოპერაციის გასაკეთებლად იყო მოსული, როგორც ბევრი სხვა, იმ განსხვავებით, რომ ამან თვალი დამაგდა. რომ იტყვიან გასაქანი არ მომცა! ხან რა საბაბით დამიმარტოხელებდა, ხან რა... ყოველთვის მეგონა, რომ მამაკაცი თავად ირჩევს ქალს. თურმე ვცდებოდი... რამდენიც არ უნდა გაშალონ თავიანთი დიდებული კუდები მამალმა ფარშევანგებმა, როგორც არ უნდა დაბზრიალდნენ რიტუალურ ცეკვაში, არჩევანს ერთი შეუხედავი დედალი ფარშევანგი აკეთებს ხოლმე. ცხოვრებაშიც ასეა, ჩვენ გვირჩევენ, უბრალოდ ჭკვიანი ქალი ამას დელიკატურად აკეთებს. მირანდა ჭკვიანი იყო, მის გვერდით თავი კაცი მეგონა, მაგრამ ეტყობა ადამიანის გენში დევს ღორის ქრომოსომაც, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ტალახში გორაობისკენ გიბიძგებს. მეც გავგორდი. აპრიორი ვიცოდი, რომ მივგორავ, მაგრამ წინააღმდეგობა არ გამიწევია. საქმე ღალატშიც არაა... სახლში რაღამ მომათრევინა ის დამპალი დედაკაცი? ჩემი შვილის მასწავლებლად რამ ამაყვანინა?... მე შენ გეტყვი, მიყვარდა, მომწონდა, უიმისოდ სიცოცხლე არ შემეძლო?... უბრალოდ, მან გადაწყვიტა ასე. მეც დავეთანხმე. არა, კი არ დავეთანხმე, წინააღმდეგობა არ გამიწევია. იცი, დიმიტრი, ღალატსაც აქვს თავისი მორალური კატეგორიები. ცოლს შეიძლება უღალატო, მაგრამ უცხო ქალი ცოლის ლოგინში არ უნდა აკოტრიალო, არა! თუ მართლა ღორი არ ხარ. მირანდას მკვლელობა ხომ თავისთავად ტრაგედიაა, მაგრამ გულნატკენი რომ წავიდა, ორმაგად ვიტანჯები. მკვრეხეკლერი აზრიც კი მომსვლია თავში: თუკი სიკვდილი ეწერა, ჯობდა, ორი დღით ადრე მოეკლათ, ვიდრე ლუკა `თვალებს აუხელდა~. ეჰ, ლუკა, ლუკა... მის წინაშეც დამნაშავე ვარ. ადამიანად არ ვაგდებდი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებდა ჩემს ამბიციებს... ასე არ შეიძლება. ღმერთო, მაპატიე მე ცოდვილს! როგორ ფიქრობ, დიმიტრი, ლუკამ რომ სიმართლე გაიგოს... (პაუზა) დიმიტრი! ეი, დიმიტრი, გძინავს?!

დიმიტრი შეფრთხა. ვითომ ეძინა? არადა, თითქოს ყველაფერი ესმოდა. ლუკა, ამბიცია, ცოდვილი...

ლადო ფრთხილად შეეხო შუბლზე:

_ ეუფ! 40-ზე ნაკლები არ გექნება, ხო იცი... მე კი ჩემი გაჭირვებით შეგიჩნდი. წადი შინ, დიმიტრი, გამოშუშდი. გინდა, ანტიბიოტიკს მოგცემ?

_ არა, მაქვს სახლში.

_ მანქანით ხარ, ხო?

_ ტაქსით მოვედი. არ მქონდა საჭესთან ჯდომის თავი. ახლაც ტაქსს დავიჭერ, რა პრობლემაა.

_ აბა, შენ იცი...

გარეთ შემოდგომის სუსხიანი ღამე იდგა. დიმიტრი აბუზული გაუყვა ნაწვიმარ ქუჩას, იმ იმედით, რომ სადმე ტაქსი წამოეწევა. ტროტუარის გასწვრივ ალვის ხეები

შრიალებდნენ. ამბობენ, ალვის ხე ადამიანის ბიოენერგიის ნაწილს შთანთქავსო. დიმიტრის კიდევ ენერგიის წართმევა უნდოდა? ისედაც ძლივს იდგა ფეხზე.

შიშინით ჩაიქროლა მგზავრებით დახუნძლულმა ტაქსმა. ასეთ ამინდში ტაქსის იმედი არ უნდა მქონდეს, გადაწყვიტა დიმიტრიმ და მოახლოვებულ `მერსედესს~ ხელი აუქნია. მერსმა ფარები ჩაუპაჭუნა და გზა განაგრძო. მერე რატომღაც გადაიფიქრა, მკვეთრად დაამუხრუჭა და უკანა სვლით მიუახლოვდა. `შენ გაიხარე!~ გულში დალოცა დიმიტრიმ და მანქანის კარი გააღო:

_ საბურთალოს ქუჩაზე ვერ... _ სიტყვა შუაში გაუწყდა.

საჭესთან გვანცა გორდეზიანი იჯდა და ისე უღიმოდა, თითქოს გუშინ დაშორდნენ ერთმანეთს.

_ _ _

დიმიტრი გაბმულმა ზარმა გააღვიძა.

`გვანცა!~ აინთო თავში. ლოგინზე ხელი მოაფათურა. არავინ იყო. `სააბაზანოში თუა~, გაიფიქრა. ფართხაფურთხით შემოიცვა ხალათი და ის იყო ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ უკანვე შემობრუნდა. ხომ შეიძლება გვანცას ქმარი მოვარდა საქმის გასარჩევად. არ ეგების მოწინააღმდეგეს ხალათში დახვდეს. მუშტი-კრივის ენაზე თუ მოუწია ლაპარაკი, დიდი ალბათობაა, შილიფად მოსხმული ხალათი გასძვრეს და დედიშობილა მოუწიოს თავის დაცვა. ღმერთი-რჯული, დიმიტრი არ აპირებდა სხვის ცოლის ლოგინში ჩათრევას, მაგრამ ლადოსი არ იყოს: რამდენიც არ უნდა გაშალონ თავიანთი დიდებული კუდები მამალმა ფარშევანგებმა, არჩევანს დედალი ფარშევანგი აკეთებს. გვანცას არჩევანი იმთავითვე დიმიტრი იყო. მაშინაც, ჩეჩნების ტყვეობაში, მაშინაც, როცა სხვას მისთხოვდა და გუშინაც, როცა საკუთარი ფეხით ამოჰყვა სახლში. სხვათა შორის, ყოველგვარი მანჭვა-გრეხისა და ხვეწნა-მუდარის გარეშე. შეხედეს ერთმანეთს და მორჩა. რა საჭიროა სიტყვები, როცა არსებობს თვალები.

ზარი არ ცხრებოდა.

დიმიტრიმ ნაჩქარევად გაუყარა ფეხები საწოლთან დაგდებულ ჯინსში, მაისური ამოიცვა და არენაზე გამოსული ხარის შემართებით გაემართა კარის გასაღებად.

არავითარი ქმარი. ზღურბლზე მიხეილ ხვედელიძე და თინა თაბაგარი იდგა.

_ ახლავე! _ გასძახა დიმიტრიმ და სააბაზანოს კარი მოაფრიალა.

გვანცა არც იქ იყო. არც სააბაზანოში, არც სამზარეულოში, არსად! იქნებ ყველაფერი მოეჩვენა? ნაწვიმარი ქუჩა, ტალახიანი `მერსედესი~, ჩაბნელებული სადარბაზო, გიჟური კოცნა ლიფტის კაბინაში, ფართხაფურთხით გაღებული კარი, გზადაგზა შემოძარცული სამოსი, რითმში აცეკვებული სხეულები... კი, მაღალმა სიცხემ იცის ხოლმე ჰალუცინაციები, მაგრამ ასეთი შინაარსის?!

_ ცოცხალი ხარ? _ გაკვირვებულმა შესძახა მიხეილმა, როცა დიმიტრიმ კარის გაღებას საშველი დააყენა და პარკების შრაშუნით ოთახში შემოაბიჯა. _ აი, ვიტამინები მოგიტანეთ, ხილი, წვენები, ახალი ამბები...

რა ევიტამინება, გვანცა წავიდა...

_ აბა, ამბები? _ მაინც იკითხა.

_ ამბები მერე. ჯერ ესენი გამომართვი, თინას მიესალმე, გოგომ შეჰყარა ქვეყანა...

_ რატომ შეჰყარა? _ დიმიტრიმ უღიმღამოდ გაუღიმა თინას.

_ სამსახურში არ გამოცხადდი, მობილურს არ იღებ, რა ვიცი, იქნებ სადმე გაგაგორეს! შეშინებულმა თინამ სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ბატონ გივის დაურეკა, ბატონმა გივიმ მე, მე გამახსენდა, რომ წუხელ ცუდად იყავი...

_ მართლა ცუდად ვიყავი.

_ ისე ცუდად, რომ მობილურის ხმაც არ გაგიგია?

_ არ გამიგია. მეძინა.

_ მარტო გეძინა თუ?... _ ჩაიცინა მიხეილმა და ეშმაკური მზერა მაგიდაზე გადაიტანა.

დიმიტრიმ თვალი გააყოლა და ჟურნალის მაგიდაზე საფერფლე დაინახა, სადაც ეგდო სიგარეტ `ვოგის~ წვრილი ჩამქრალი ღერი. გამოდის, არაფერი მოჩვენებია. ის აქ იყო, გვანცა. მიიღო თავისი წილი სიამოვნება, მეტიჩარა სიგარეტი გააბოლა და გაქრა. არც გამარჯობა, არც ნახვამდის, არც სინანული, არც სიხარული, არც მომავალზე გათვლილი ელემენტალური მესიჯი. იყო და არა იყო რა. ქატო იქა, ფქვილი აქა. მორჩა ზღაპარი.

_ მე კი საქმეები გადავდე და მოსაკითხით გამოვქანდი, ვიფიქრე უჭირს ბიჭს... _ დამცინავი ტონით განაგრძო მიხეილმა. _ ხედავ, თინა, წყალში ჩაგვიყარა მცდელობა.

დიმიტრის თავისმართლება არ დაუწყია, ჭიქები გამოიღო და შუბლშეკრულმა გახსნა წვენის კოლოფი. თვალი წამდაუწუმ საფერფლისკენ გაურბოდა, სადაც თერთ ჭიაყელად ანათებდა ერთადერთი ნივთმტკიცება. გვანცამ სიგარეტის მოწევა დაიწყო. პრინციპში, რა მისი საქმეა სხვისი ცოლი სიგარეტს მოსწევს თუ ანაშას?! მაგრამ მაინც გული დასწყდა. სიგარეტშიც არ იყო საქმე, არ ტოვებდა შეგრძნება, რომ გვანცამ ქმარს კი არა, მას უღალატა. მას. სულაც საკუთარ თავს. სულსწრაფობა ღუპავს ქალებს. სულსწრაფობა და რაღაც გაუაზრებელი, ქვეცნობიერი ლტოლვა რაც შეიძლება სწრაფად გაინაღდონ პასპორტში შტამპი, თითქოს ურთიერთობის გაოფიციალურება ერთგულების გარანტიაა. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შტამპი კი არა, ჯვრისწერაც აღარ ახსოვთ. გვანცას გუშინდელი საქციელი არ ყოფილა შემთხვევითი. ის, რაც მათ შორის მოხდა, დიდხანს იხარშებოდა მის სიყვარულით ნაღრძობ ტვინში, თორემ ასე მარტივად არ გარისკავდა. ვითომ მარტივად?... ის, რაც მამაკაცისთვის სასიამოვნო თავგადასავალია, ქალს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. და მაინც რისკავს, რისკავს... იმსახურებს კი დიმიტრი ასეთ თავგანწირვას? ის არასოდეს ყოფილა გალანტური მამაკაცი, არც ქათინაურების თქმა ეხერხებოდა, არც საჩუქრების კეთება, სანთლების შუქზე რომანტიკულ ვახშამზე და ვარდისფურცლოვან სარეცელზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია...

_ ჩვენი მასპინძელი აშკარად ვერ არის სტუმრიანობის ხასიათზე. _ მორიდებულად აღნიშნა თინამ.

_ არა უშავს, ახლავე მოვიყვან. _ მიხეილმა თინას თვალი ჩაუკრა და ცბიერი გამომეტყველებით გახედა დიმიტრის, რომელმაც ლამის ჭიქიანა გადაყლაპა ფორთოხლის წვენი.

_ ნუ დამტანჯეთ, ბატონო მიხეილ, მართლა ძლივს ვდგავარ ფეხზე.

_ ჰოდა, დაჯექი, დაჯექი, არ წაიქცე.

_ აჰა, დავჯექი. გისმენთ. _ დიმიტრი დემონსტაციულად დაეხეთქა ტახტზე. საფეთქელში პულსაციას, სხეულში სისუსტეს, პირში კი სკლინტის გემოს გრძნობდა.

_ დაკარგული სონა წამალაშვილი ვინმე ამირან დევიძის სიდედრია. _ დაბეჭდა მიხეილმა და რეაქციის მოლოდინში ულვაში გაფშიკა.

რეაქციამ არ დააყოვნა. დიმიტრი დამდუღრულივით წამოხტა. პულსაცია, სისუსტე, სკლინტის გემო... ყველაფერი ერთდროულად აილაგმა. განწყობის თეორია.

_ მისამართი! _ წამოიძახა მზადყოფნით.

_ სარკეში ჩაიხედე, დიმიტრი, გავხარ ახლა შენ დასაზვერად წამსვლელ კაცს?

_ ახლა არ ვგავარ, მაგრამ წყალს რომ გადავივლებ, დამიდგეს გვერდზე რიჰარდ ზორგე. _ გამოიდარა დიმიტრიმ.

_ მობილური გირეკავს, ზორგე.

`გვანცა!~ ხელმეორედ აენთო დიმიტრის და საძინებლისკენ გაქანდა, სადაც კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდა. გენერალური დირექტორის მოადგილე გუშინ დანიშნული თათბირის დროის დაზუსტებას ითხოვდა, რომ მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლები გაეფრთხილებინა.

თათბირი! აი, რასაც ვერ იტანდა, ეს იყო სავალდებულო თავყრილობა სახელწოდებით თათბირი. მესმის კვარტალში ერთხელ ეთათბირათ, მაგრამ მისმა წინამორბედმა კვირაში ერთხელ ინება თანამშრომლებთან გასაუბრება და დიმიტრიც ინერციით აგრძელებდა ამ ყოვლად უსაგნო ტრადიციას. ტელეკომპანიის მუშაობის გეგმა წლის ბოლომდე იყო გაწერილი, ცალკეულ გადაცემაში გაპარული შეცდომები იმავე დღეს ხდებოდა მსჯელობის საგანი, საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო საქმიანობაში დირექტორი არ ერეოდა, შეკრების სხვა მიზეზი დიმიტრის არ გააჩნდა. რა დროს დირექტორობანას თამაშია, როცა ჰორიზონტზე დამნაშავე დაილანდა.

მოადგილემ შეატყო ყოყმანი და ხელმოსაწერად გამზადებული რამდენიმე დოკუმენტი შეახსენა.

_ კარგი, ერთ საათში ვიქნები. _ უთხრა დიმიტრიმ და კიდევ ერთხე აღიარა: ადმინისტრაციული საქმიანობა არ იყო მისი მოწოდება. სულ ტყუილუბრალოდ აცდენს გენერალური დირექტორის სავარძელს.

ვიდრე დიმიტრი ავადმყოფობის ნარჩენებს წყალს ატანდა, მის სახლში კიდევ ერთი დაუპატიჟებელი სტუმარი გაჩნდა _ დოდო ხურციძე, რომელმაც უმალ გამონახა საერთო ენა `რაცხაულვაშიან~ კაცთან და `გახუჭულ~ გოგოსთან (როგორც მოგვიანებით შეამკო).

სააბაზანოდან გამოსულ დიმიტრის სამეული ყავის სმის პროცესში დახვდა. მაგიდის ცენტრში იდო ხელის ყავის საფრქვავი. დოდოს ღრმა რწმენით, ნამდვილი `კოფე~ ახალდაფქვული ყავისგან კეთდება და ხსნადი `მაიმუნობისგან~, რომელსაც არც არომატი გააჩნია, არც ვიზუალი.

_ ამხანაგო ზორგე, კაცი ვარო, შენ უნდა დაიკვეხნო, ერთის მაგივრად, ორი უოტსონი გყოლია. ორივე სუსტი სქესის. _ გაიხუმრა მიხეილმა და ქალებს თვალი ჩაუკრა.

თინამ ჩაიფხუკუნა, დოდომ ვერაფერი გაიგო და ზრდილობის გამო შეარხია ტუჩის კუთხე. არა, სუსტი სქესის მნიშვნელობას კი მიხვდა (არც ისეა საქმე), მაგრამ `ზორგე~ და `უოტსონი~ ვინ `ოხრები~ არიან? შეკითხვის დასმა კი მოერიდა, გაუნათლებლობაში არ ჩამეთვალოსო.

_ კოფეს ხომ დავლევ, ჩემი ბიჭი? _ ფიანდაზად გაეფინა დიმიტრის.

_ კოფესაც დავლევ და რამეს დავაყოლებ. ამირან დევიძე, არა? _ დიმიტრი მიხეილს მიუბრუნდა.

_ აბა, კაცო?! გვარი და სახელი აქვს ისეთი, მინიმუმ ორმეტრიანი დევკაცი უნდა იყოს. რამე ხომ არ გეშლება, თინა?

_ მე არა. ეტყობა, ნათლიაა შეეშალა. _ გაეცინა თინას.

_ მონათლული იქნება ეგ შობელძაღლი? _ ეჭვი შეეპარა მიხეილს და წასასვლელად მოემზადა. _ ქალბატონო დოდო, გმადლობთ ყავისთვის. მართლა გემრიელი იყო. შენ რას იზამ, თინა?

თინამ დიმიტრის შეხედა, დიმიტრიმ _ საათს.

_ ორ საათში ტელეკომპანიის ეზოში. გაწყობს?

_ კი.

_ მაშინ, დროებით.

მიხეილი და თინა გასასვლელისკენ გაემართნენ, დოდო `კოფეს~ მოდუღების საბაბით შეყოვნდა და როგორც კი დიმიტრიმ სტუმრები გააცილა, თავისი სათქმელი მიახალა:

_ შენ უკეთესი გეკუთვნის!

_ რა?... ვინ? _ დიმიტრიმ მაცივრი გამოაღო და კარს ზევიდან გახედა მეზობელს.

_ ვინ და ის გახუჭული გოგო. თინა.

_ რა შუაშია თინა?... ჩემთან.

_ შენთან არის, შენთან, აბა, იმ ულვაშიან კატას კი არ უკვარკაველებდა თვალებს! _ დოდომ აღშფოთებულმა შემოიყარა დოინჯი, მუცელი გამობზიკა და ისე დაემსგავსა ფრეკენ ბოკეს, რომ დიმიტრიმ ღიმილი ვერ შეიკავა. _ ჰო, იცინე, იცინე, მუცელი რო გაებზიკება, შენი ხათრიანობის ამბავი რომ ვიცი, ქე დეისვამ სახლში.

_ დამშვიდდით, დოდო, ჩემსა და თინას შორის არაფერია.

_ არაფერიო?! აბა, რა ჯანდაბა ატირებდა ნაშუაღამევს?! ჩემმა კახამ საკუთარი თვალით დაინახა შენი სახლიდან გამომშპარი. ახლა არ მითხრა, ღამე კამათელს ვაგორებდითო! მთლად აბდალი გამომიყვანე...

`გვანცა.~ უკვე მესამედ აენთო დიმიტრის და ისევ მეტეორი ინატრა. უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.

_ შენ ისეთი ბიჭი ხარ, უკეთესი გეკუთვნის, _ თავისას უბერავდა დოდო. _ კაი შეხედული, კაი ოჯახიშვილი, ძვირფასი სამსახურით... საფრანგეთში მართლა გაქვს სახლი?

_ კი.

_ ჰოდა, იმისთანა გოგოს გაგირიგებ, მარტო ნაწნავი აქვს ერთი ქალის ფასი, იმ გახუჭულ თხას კი არ ჰგავს?! ნორჩი, ხელუხლებელი, უთქმელი...

_ მუნჯია?

_ მუნჯი არაა, მაგრამ არც ენაგატლეკილი, ჩემი რძალივით. უფროსების რიდი და პატივისცემა იცის...

დიმიტრი ჭამდა, დოდო ქაქანს განაგრძობდა. მისი დიდაქტიკური ბოდვა დიმიტრის იავნანასავით ჩაესმოდა და საძილედ განაწყობდა. ერთში დოდო მართალია. ოჯახი ქალზე დგას. ფარშევანგის კუდი დიდებულია, მაგრამ კვერცხებს მაინც დედალი დებს.

_ _ _

დიმიტრი ძნელაძე რომ მისი შესაფერისი მამაკაცი არ იყო, თინამ იმთავითვე იცოდა, მაგრამ გულს ვერაფერი მოუხერხა. უფრო სწორედ, გულისცემას, რომელიც დიმიტრის წარმოდგენაზეც კი გაძლიერებული პულსაციის რეჟიმში იწყებდა ძგერას. ეს კარგიც იყო და ცუდიც. კარგი იმიტომ, რომ გაძლიერებული პულსაცია ავტომატურად იწვევდა სისხლში ადრენალინის მომატებას და ოდნავ სუმბურულ, მაგრამ სასიამოვნო ტრანსში აგდებდა. ცუდი იმიტომ, რომ ამ `წარმოდგენას~ პერსპექტივა არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ფერამონების გააქტიურება იქამდე დაიწყო, ვიდრე თინა ობიექტს ფიზიკურად დაინახვდა.

ეს მოხდა დიმიტრის კაბინეტში შესვლისთანავე. რაღაცამ იმოქმედა მასზე. შეიძლება მისი სუნამოს არომატმა, რომელიც მისსავე კანთან რეაქციაში მხოლოდ თვალით უხილავ, მაგრამ მისეული ინფორმაციის მატარებელ მოლეკულებს შობდა. თუკი ერთი ნახვით შეყვარება შესაძლებელია, ერთი ყნოსვით შეყვარებასაც აქვს არსებობის უფლება. სიყვარული ხმამაღალი ნათქვამია. ის, რაც თინას სჭირდა, გაფეტიშებას უფრო ჰგავდა. ასე შეიძლება გიყვარდეს საყვარელი მსახიობი, მუსიკოსი, პოლიტიკოსი... პროფესიას არა აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო შორეული და გამოჩენილია, მით მეტია გაკერპების ალბათობა. დიმიტრი კი აქვე იყო. შეიძლება შეხებოდი, თვალებში ჩაგეხედა, დაგეყნოსა, მოგესმინა... თინას არც ჰქონდა სხვა პრეტენზია, მაგრამ ნახევრადმოწეულმა `ვოგის~ ღერმა მაინც ააფორიაქა. არა იმდენად `ღერმა~, რამდენადაც დიმიტრის რეაქციამ, როცა მიხეილი გაეშაყირა. არც უცდია ხუმრობაში გაეტარებინა, ასკეტური სახე გაუხდა, ფიქრებმა წაიღო, ჩაიკეტა. თინა კანით გრძნობდა მისი ფიქრების მწუხარე ენერგეტიკას და გული თანაგრძნობით ევსებოდა. ნუთუ ბუნებაში არსებობს ქალი, ვინც უარს იტყვის ასეთი მამაკაცის სიყვარულზე? ეტყობა, არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინ არ ეწვეოდა. რაღაც სხვა არის, სხვა...

_ გათხოვილი იქნება! _ შესძახა საკუთარი მიხვედრით კმაყოფილმა და ისე გულიანად გაუღიმა ტელეკომპანიის კიბეზე ამომავალ კორესპონდენტს, რომ ამ უკანასკნელმა ჩათვალა, კარგი ნაცნობიაო და ყოფილ დამლაგებელს ხელის აწევით მიესალმა.

პრინციპში, აღარც თინა გამოიყურებოდა უწინდელივით. ჩაცმის სტილი არ შეუცვლია, მაგრამ გარდერობი განაახლა. ახალი ჯინსი იყიდა, მაღალყელიანი კედები, შავი ბენდენა თეთრი თავის ქალებით... დიდი არაფერი, მაგრამ ჯგუფელმა თავი გაიგიჟა, მაგარ მოდაშიაო. თინას კი ისე უნდოდა ფულის დახარჯვა. ცხოვრებაში პირველად უშიშრად ფიქრობდა ხვალინდელ დღეზე. და ეს ყველაფერი დიმიტრის დამსახურებაა. მიდი და ნუ დაუფასებ. ბატონმა გივიმ, თუ ასე ბეჯითად გააგრძელებ სწავლას, გაისად ლონდონის უმაღლეს იურიდიულ სკოლაში გაგიშვებო.

ლონდონი. ტემზა. ორსართულიანი ავტობუსი. შერლოკ ჰოლმსი. ბეიკერ-სტრიტი... ის გაამართლებს ქველმოქმედის იმედებს, იმდენს ისწავლის, ყველას აჯობებს: ინგლისელს, ინდოელს, ფრანგს, რუსს... მერე დაბრუნდება საქართველოში, თავბრუდამხვევ კარიერას გაიკეთებს და თუკი დიმიტრი ისევ თავისუფალი იქნება...

_ რა გიხარია, თინა? _ მოესმა გვერდიდან.

ის იყო. კიბეზე იდგა, შემოდგომის მზის ოვალური ნიმბით ხორბლისფერთმიან თავზე. მედეას მოსატაცებლად ჩამოსულ იაზონს ჰგავდა, ტუნიკისა და სანდლების გარეშე.

_ დიმიტრი, შერლოკ ჰოლმსის მუზეუმში ყოფილხარ?

_ კი. ბეიკერ-სტრიტი ნომერი 221 ბ. რაში გაინტერესებს?

_ რა ვიცი...

_ იქვე სუვენირების მაღაზიაა, მახსოვს ჰოლმსის ყურებიანი ქუდი ვიყიდე, ტვიდის, მაგრამ არ დამიხურავს. არ მიყვარს ქუდები.

_ მე კი მიყვარს.

_ გაჩუქებ. თუ ვიპოვე. შეიძლება პარიზის სახლში მაქვს. არ მახსოვს...

მანქანაში ჩასხდნენ.

_ რამ გაგახსენა ჰოლმსის მუზეუმი? _ ჰკითხა დიმიტრიმ.

_ ლონდონზე ვფიქროდი და...

_ ოცნებობდი?

_ შეიძლება ითქვას, კი. ბატონმა გივიმ შეიძლება ინგლისში სწავლა დამიფინანსოს. შენი წყალობით, დიმიტრი, მე კი მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი...

დიმიტრიმ ღიმილით დაძრა მანქანა:

_ სამწუხაროდ, ბეიკერ სტრიტის ნაცვლად ისეთ არარომანტიკულ ადგილზე გეპატიჟები, როგორც ლოტკინის გორაა.

_ არა უშავს, ბეიკერ სტრიტის ბინადრებსაც ხშირად უწევდათ მსგავსი ადგილების დალაშქვრა.

_ გიყვარს კონან დოილი?

_ როგორ გითხრა... _ თინამ მხრები აიჩეჩა. _ ის დრო მიყვარს, როცა ვკითხულობდი. დედა ცოცხალი იყო, მამა _ ჯანმრთელი, მე _ უდარდელი...

_ ჰო, სიყმაწვილეში წაკითხულ წიგნებს ერთი ჯადოსნური თვისება აქვთ: ბედნიერების შლეიფი დაჰყვებათ. შენ ის მითხარი, პრესა რას წერს მირანდას საქმეზე, ამ დღეებში ვერ მივადევნე თვალი...

_ ერთ ადგილზე იტკეპნებიან. ისევ შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას დასტრიალებენ. გამომძიებლის წაქეზებით, სხვათა შორის. ერთი მაგის ტვინში ჩამახედა...

_ ჩაუხედავად გეტყვი, რა უდევს.

_ ?

_ სკამი.

_ რომელი სკამი? _ ვერ გაიგო თინამ.

_ რომელზეც ამაღლდება, თუკი ზედმიწევნით შეასრულებს ზევიდან წამოსულ მესიჯებს.

_ სკამია, ხელმწიფის ტახტი ხომ არა?!

_ ხელმწიფის ტახტზეც ჩვეულებრივი მოკვდავის საჯდომი დევს.

_ ტახტზე მირონცხებული მეფის...

_ 21-ე საუკუნეში მირონცხებული მეფე ჩვეულებრივი დეკორაციაა. დღეს ფული და ძალაუფლება მართავს მსოფლიოს.

_ მე კი სადღაც წამიკითხავს, დედამიწას სიყვარული ამოძრავებსო.

_ ეჰ, თინათინ, თინათინ, რასაც წაიკითხავ, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო?! ესემესების თაობას `ჯდა მტირალი წყლისა პირსა~ ტარიელი მხოლოდ ღიმილს ჰგვრის. ეპისტოლარული ჟანრი წარსულს ჩაბარდა. ასე რომ, ისწავლე ცხოვრება ვარდისფერი სათვალის გარეშე, ვერ გეტყვი, რომ სასიამოვნოა, სამაგიეროდ სასარგებლოა. როგორც დიეტური საჭმელი.

_ მე მეგონა, სიყვარული მარადიულია.

_ სიყვარული მარადიულია, პარტნიორები იცვლება. ლადო ესაკიამ შვილის მასწავლებელთან გააბა რომანი, თუმცა დღესაც ირწმუნება, რომ ცოლის გარდა ცხოვრებაში არავინ ჰყვარებია.

_ ყველა ლადო ხომ არის?

_ ყველა _ არა. ყოველი მეორე.

`შენ როგორი ხარ?~ უნდოდა ეკითხა თინას, მაგრამ ფამილარობას მოერიდა. დღეს დიმიტრი ისედაც სიტყვაუხვი იყო. გამორიცხული არაა, მიზეზი ღამეული სტუმარია, ქალი, რომელმაც ერთი მხრივ ხასიათზე მოიყვანა, მეორე მხრივ დაადარდიანა. ნეტავ ვინ არის? როგორია?...

_ მოვედით. _ დიმიტრიმ მანქანა მოსახვევში გააჩერა. _ აქედან ფეხით.

აღმართს აუყვნენ. კერძო, საკმაოდ ფეშენებელური სახლები თანდათან ბარაკებმა შეცვალა. ერთ-ერთ ბარაკში `ბეჩავი~ დურგალი ცხოვრობდა, მაგრამ დიმიტრიმ ჯერ ჯიხურის გამყიდველ ქალთან გასაუბრება ინება. ჯიხური იქვე იყო, სულ რამდენიმე მეტრში დურგლის სახლიდან. ვიწრო ფანჯრიდან მოხალული მზესუმზირის სურნელი იფრქვეოდა. დიმიტრის ნერწყვი მოადგა.

_ უკაცრავად, სონა წამალაშვილს ვეძებთ და ხომ ვერ მიმასწავლით? _ ჰკითხა ჯიხურში გამომწყვდეულ ასაკოვან ქალს:

_ სონას მარტო თქვენ კი არა, პოლიციაც ეძებს, გენაცვალე, მაგრამ გაქრა ქალი! გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულაო, აკი, ტელევიზორშიც გამოუცხადებიათ!

_ ხომ ვერ მეტყვით, ვინ გამოაცხადა?

_ ამირანა იქნებოდა, სონას სიძე. ეგ არის მისი პატრონი. ამასწინათ, მეზობლებში კითხულობდა: ჩემი სიდედრი ხომ არ გინახავთო.

_ სად შეიძლება წასულიყო?

_ რა ვიცი, გენაცვალე, სონას სკლეროზისა არაფერი ეტყობოდა... სად დაადო თავი ამ სიბერეში, ვერ გეტყვით. _ ქალმა გულდასმით დაათვალიერა მეზობლის ბედით დაინტერესებული წყვილი. _ თქვენ ვინ იქნებით, გენაცვალე?

_ სოცუზრუნველყოფის სამსახურიდან ვართ. _ წარბშეუხრელად მიუგო დიმიტრიმ.

_ ისე, რომ იცოდეთ, სონაზე გაჭირვებულებიც ცხოვრობენ ამ უბანში, მაგათთან ერთი კაცი მაინც მუშაობს... ბიჭი რომ ფეხზე დადგება, მერე ის შეინახავს. მაშ რისთვის გვინდა, შვილები, გენაცვალე?

_ ამირანს შვილი ჰყავს?

_ შვილი კი არა, განძია ჰყავს, განძი! _ სახე გაებადრა გამყიდველს. _ მშობელმა ეგეთი შვილი უნდა ინატროს! ჯერ რომ შეხედავ, ისეთია, გული გაგინათდება... ახლა სალამი როგორი იცის? ისე არ ჩაივლის, არ მომიკითხოს... ახლა სწავლაში როგორია?! ამირანას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი, მაგრამ ჩემი მული მასწავლებელია და ის დამემოწმა: ეგეთი მოსწავლე ამ სკოლას არ ახსოვსო. მული, რად მინდა, შვილო, ჭკუით დატენილი რომ არ ყოფილიყო, ვინ გააგზავნიდა საზღვარგარეთ სასწავლებლად?

_ ვინ გააგზავნა? _ ლამის ერთხმად შესძახეს დიმიტრიმ და თინამ.

_ ვინა და მთავრობამ, გენაცვალე! რაღაც ტურებში გაიმარჯვა და პირველ ადგილზე გავიდა. აბა, მამამისს სადა აქვს მაგდენი ფული, ერთი გაჭირვებული დურგალია. ფული კი არა, საკუთარი სახლ-კარიც არ გააჩნია. ჩასიძებულია.

_ ცოლი არ ჰყავს?

_ ცოლი მოუკვდა, გენაცვალე, მირიანი სულ პატარა იყო მაშინ. ძუძუს კიბო აღმოაჩნდა. ერთ თვეში დაიფერფლა საწყალი მზია. ჰოდა, დარჩა ამირანი სიდედრთან. აბა, რა ექნა, პატარა ბავშვი ჰყავდათ ხელზე... მაშინ არ უჭირდათ, სონა ბებიაქალად მუშაობდა, სამშობიაროში. ხელფასის გარდა, სამახარობლო ეკუთვნოდა. ხომ იცით, ძეობა თუა, მთლად ჭკუაზე გადადიან გახარებული მამები... _ ჩაიხითხითა გამყიდველმა და უცებ მოიწყინა, თავისი ბედოვლათი `ძე~ თუ გაახსენდა.

_ ამირანს როგორ დაახასიათებდით?

_ ამირანს?

_ დიახ, თუ არ შეწუხდებით...

_ ცოტა თავისებური კაცია, უცხვირპირო, მაგრამ რომ იტყვიან, გიჟი მამა. მირიანი ნახევრად მაგის გაზრდილია, სონა რომ სამსახურში იყო, ამირანი უვლიდა ხოლმე... აასეირნებდა-ჩამოასეირნებდა, აასეირნებდა-ჩამოასეირნებდა. უნდოდა, ყველას დაენახა, როგორი ლამაზი ბიჭუნა ჰყავს. ღმერთო მაპატიე და, გამკვირვებია, როგორ გამოუვიდათ ამისთანა შეუხედავ ცოლ-ქმარს თვალხატულა შვილი?! _ გამყიდველმა პირ-ჯვარი გადაიწერა და ცას ახედა, იმ იმედით, რომ ღმერთმა დაინახა მისი მორიდებული პირ-ჯვარი.

`მე ვიცი, როგორ~, ფიქრობდა ამირანის სახლისკენ მიმავალი დიმიტრი და თვალწინ მირანდა ედგა, თავისი განუყრელი ძუნწი ღიმილით. მძიმე აღმოჩნდა მირანდას ჯვარი, შეეძლო ქმრისთვისაც გადაენაწილებინა. მან ეს არ გააკეთა. ეტყობა, ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის, ემოციური სიძუნწე. ლადოს რომ სიმართლე სცოდნოდა, რამეს მოიფიქრებდა, ყოველ შემთხვევაში, დროში არ გაწელავდა პროცესს. ზოგჯერ ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება უფრო მომგებიანია, ვიდრე მისხალ-მისხალ გათვლილი. რაც მთავარია, მაინც ვერ გათვლი. იქ, ზევით, სადაც წეღან გამყიდველი იცქირებოდა, შენზე კარგი გათვლა იციან.

ამირანის ეზოში დაბრკოლების გარეშე შევიდნენ. კაკუნზე არც ძაღლი გამოხმაურებიათ, არც პატრონი. მხოლოდ მწიფე ნაყოფით დახუნძლულმა კარალიოკის ხემ შეარხია ტოტები, თითქოს დელიკატურად ითხოვა დამძიმებული ტანის შემსუბუქება.

_ ფანჯრიდან ხომ არ გვეცადა? _ თვალები აუციმცომდა თინას.

_ შენ არ ხუმრობ! არ გეშინია?

_ მეშინიამაგრამ ინტერესი მკლავს. ფანჯარაც მიხურულია, გავრისკოთ!

დიმიტრიმ სახლს შემოუარა. სანქციის გარეშე ეჭვმიტალის ბინაში შეძრომა კანონის დარღვევაა, მაგრამ ვიდრე ოფიციალური სტრუქტურები ყურებს გამოიფხიკავენ, გამორიცხული არაა ლადომ გაფშიკოს ფეხი. ან აგური მოხვდება, ან მანქანა დაეჯახება, ან დანას გაუყრიან... სადაც ქალზე არ აუცახცახდათ ხელი, კაცზე ლაპარაკი ზედმეტია.

ფანჯარა არ იყო მაღალი, თუმცა არც ისეთი დაბალი, ფეხის შემოდებით გადამძვრალიყავი. დიმიტრი დაიხარა, თითები ერთმანეთს გადააჭდო და ქალბატონს ცოცხალი `საფეხური~ შესთავაზა. თინა აღარ გაპრანჭულა, კედიანი ფეხი დაადგა, წონასწორობის დასაცავად ჩარჩოს ჩაეჭიდა და მსუბუქად გადაევლო ფანჯრის რაფას.

ვიდრე ის ძრწოლანარევი აღტაცებით ათვალიერებდა ამირანის ღარიბულ საცხოვრისს, ფანჯრის ღიობში ბეტმენივით აღმართული დიმიტრი მსუბუქად დახრა იატაკზე. თან გამოიყოლა ნეილონის თხელი ფარდა, რომელიც ტანსაცმელზე წამოედო და ისეთი სხარტი ადგომის საშუალება არ მისცა, როგორსაც ქალბატონის თვალში ისურვებდა.

_ ფუ, შენი... _ შეიკურთხა ხმადაბლა და ფარდისგან გათავისუფლებას შეეცადა.

ოთახი ინსბრუკელი ყმაწვილის ფოტოსურათებით იყო მოფენილი, ჩვილობიდან მოყოლებული მოზრდილ ასაკამდე. შიგადაშიგ ხელნაკეთ ჩარჩოებში მოთავსებული სიგელები, სერტიფიკატები, მადლობის წერილები...

_ სუნი მცემს. _ დიმიტრიმ ზიზღით შეჭმუხნა ცხვირი.

_ რისი სუნი?

_ ძეხორციელის.

_ მგონი სახლში არავინაა.

_ ცოცხალი, არავინ...

_ იმის თქმა გინდა, რომ... _ თინამ სწრაფად შეხედა. პირი გაუშრა, ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.

_ რომ სადღაც ახლომახლო ყარს გვამი. ყნოსვა გაიმახვილე, თინათინ...

დიმიტრიმ ოთახებში გაიარ-გამოიარა. ფეხქვეშ ჭრაჭუნი გაუდიოდა გამომშრალ პარკეტს. მეორე გამოვლაზე ერთ ადგილზე შედგა, ფეხი დააბაკუნა. მიაყურადა. მერე უცებ დაიხარა, იატაკზე დაფენილი ნოხის კუთხე ასწია და გაფაციცებული მიაჩერდა ოთკუთხა ლუკს, რომლის მიღმა სარდაფში ჩასაძრომი უნდა ყოფილიყო. სულაც სახელდახელოდ შეკოწიწებული აკლდამა, სადაც ნელ-ნელა იხრწნებოდა სონას გვამი.

ჭიშკრის წკავწკავმა ორივე ადგილზე გააშეშა. დიმიტრი სწრაფად მოეგო გონს, თინას ტახტის ქვეშ უბიძგა, თვითონ კი მაცივრის უკან, ვიწრო ნიშაში შეეტენა.

სახლში ოჯახის უფროსმა შემოაბიჯა, სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა და კრიახით დაჯდა სკამზე. მერე თითქოს რაღაც გაახსენდა, ფანჯრის რაფაზე შემოდებული უთო დაითრია, შუქზე გახედა და ტუჩები დაქაჩა. უთოს გაპრიალებულ ზედაპირზე შემხმარი სისხლი და ორიოდე ჭაღარა ღერი თავისთავად მეტყველებდა, რომ ეს ფრიად სასარგებლო საყოფაცხოვრებო ნივთი მკვლელობის იარაღად იყო გამოყენებული.

_ ეჰ, სონა, სონა... ან მეს რას მერჩოდი, ან საკუთარ თავს რას ერჩოდი, ქალოოო... _ წაუმღერასავით ამირანმა და კარადიდან არყის ბოთლი გადმოიღო. ორიოდე ყლუპი მოსვა, ნაწილი ჩვარს მოაპკურა და რწევით წავიდა მაგიდისკენ. გზადაგზა უთოს აპრიალებდა.

უცებ აკეცილ ნოხზე წაიბორძიკა, დაბლა დაიხედა და ლუკის ფრაგმენტი დაინახა. რას უნდა ნიშნავდეს? ნუთუ ბოლომდე ვერ მიასიკვდილა ერთი მწყერივით ქალი?...

ამირანი ციბრუტივით დატრიალდა საკუთარი ღერძის გარშემო, საეჭვო ვერაფერი შენიშნა და გაოგნებული მიაშტერდა უთოს პრიალა ზედაპირს. ამ მდგომარეობიდან მობილურის ზარმა გამოიყვანა. უთო იატაკზე დადო. მიაყურადა. ეს არ იყო მისი მობილური, აშკარად უცნობი ზარი რეკდა.

ამირანი თვალისდახამხამებში გაწვა იატაკზე, ტახტის ქვეშ შეიჭყიტა და თინას შეშინებულ მზერას შეეფეთა.

_ ვა, აქაც შენ ხარ, გოგო?... _ ჰკითხა უბოროტოდ და სულელივით გაიღიმა.

ჩანასახის პოზაში მოკუნტულმა თინამ არანაკლებ სულელური ღიმილით უპასუხა. მობილური კი რეკდა, რეკდა, ავი ძაღლივით ჩასხავდა.

_ შენ თავს დააბრალე, რაც მოგივა! _ ამირანი სწრაფად წამოხტა, ლეიბის ქვეშ ამოდებული პისტოლეტი დაითრია და თინას დაუმიზნა.

_ არ მომკლათ, ამირან, მე თქვენთვის არაფერი დამიშავებია...

_ როგორ არ დაგიშავებია, კუდში დამდევ...

_ გთხოვთ...

_ სუ, თავს ნუ მაცოდებ, ჩემზე ეგეთები არ ჭრის. მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს...

_ გაქვს! _ დიმიტრის ხმა მეხის გავარდნასავით გაისმა.

ამირანმა გაკვირვებაც ვერ მოასწრო, რომ მაჯაზე უცნობმა მამაკაცმა ფეხი დააბიჯა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, მექანიკურად გაშალა თითები და სასოწარკვეთილი მზერა გააყოლა ტახტის სიღრმისკენ გაცურებულ პისტოლეტს.

_ გაქვს. _ გაიმეორა დიმიტრიმ. _ თუმცა ეჭვი მეპარება მირიანმა გაპატიოს. ასე რომ, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. შენ მართლა აღარაფერი გაქვს დასაკარგი, ამირან.

ამირანმა ხელის გამოძრობა სცადა, მაგრამ უცნობი მამაკაცი მყარად იდგა მის სხეულზე და ჯერჯერობით ჩამოსვლას არ აპირებდა.

_ არ გატოკდე, თორემ გაიჩალიჩებ ტრუპს და სიდედრთან ერთად იხვანჩალებ კუპრის აბაზანებში. შენ რაღაც უდგახარ, თინა, დროზე გამოძვერი მაქედან! _ დიმიტრიმ ტახტის ქვეშ გატვრენილ თამაშემწეს დაუცაცხანა. _ პოლიციას დაურეკე და უთხარი: მირანდა ლომჯარიას მკვლელობა გახსნილია. შეგიძლიათ მობრძანდეთ და სხვის გაშლილ სუფრაზე იქეიფოთ-თქო...

უცებ ბრაგვანი გაისმა. ეს ამირანი ურტყამდა შუბლს იატაკს და პირმოკუმული ტიროდა.

_ _ _

საქმის არაოფიციალური მოსმენა გივი ნიორაძის კაბინეტში შედგა. მომხსენებლის როლი დიმიტრი ძნელაძეს დაეკისრა. სტუმრების სტატუსით მოხსენებას ესწრებოდნენ: ლადო ესაკია, მიხეილ ხვედელიძე, თინა თაბაგარი.

დიმიტრის მონაყოლიდან:

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბებიაქალი სახელად სონა. ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, მზია _ საშუალო გარეგნობის, საშუალო გონებრივი შესაძლებლობების, საშუალო ამბიციის... არაფერი ტრაგიკული მზიას `ბეგრაუნდში~ არ ყოფილა, მაგრამ მოხდა ისე, რომ მზიას დურგალი ამირანი შეუყვარდა _ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღრიცხვაზე მყოფი 35 წლის მამაკაცი. დიაგნოზი: პოსტ ტრამვული ნერვული აშლილობა. ე. წ. `ომის ნევროზი~. ეს დიაგნოზი ამირანს აფხაზეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუდგინეს, თუმცა არც ადრე გამოირჩეოდა ჯანმრთელი ფსიქიკით. საკმაოდ კარჩაკეტილი პიროვნება იყო, შეიძლება ითქვას, ასოციალური. არავის არაფერს უშავებდა, ვირივით შრომობდა და სულაც არ იყო უკანასკნელი თავის პროფესიაში.

სონას მთელი გულით სურდა გადაბერებული ქალიშვილის `პატრონისთვის~ ჩაბარება, მაგრამ როცა სასიძო კანდიდატურის სამედიცინო ანკეტას გაეცნო, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა _ რაში სჭირდებოდა მემკვიდრეობადამძიმებული სიძე?

აქ კი მზიამ გაიგიჟა თავი. `ამირანი ჩემი უკანასკნელი შანსიაო,~ დაიჩემა, `ახლა თუ არ გავთხოვდი, მართლა გავგიჟდები და მერე მართლა მოგიწევს მოსაკითხებით სირბილი ფსიქიატრიულშიო,~ _ დააშანტაჟა დედამისი. მოკლედ, უნდოდა ქალს გათხოვება, სხვა თუ არაფერი, ინტიმური ცხოვრების ინტერესი კლავდა, რაც სონას, როგორც გამოცდილ ბებიაქალს, ძალიან კარგად ესმოდა, და ხანმოკლე დაპირისპირების შემდეგ გატყდა, იმ იმედით, რომ ეგებ შვილი არ ეყოლოთ.

ასე შევიდა ამირან დევიძე ზედსიძედ წამალაშვილების ოჯახში, ერთი ჩემოდნითა და თავისი განუყრელი ინსტრუმენტებით. სხვა არც არაფერი გააჩნდა. ჩემოდანში ორიოდე ხელი საცვალის გარდა აღმოჩნდა წიგნები სტალინზე, რომლებსაც ბელადზე შეყვარებული დურგალი თავისუფალ დროს დიდი ენთუზიაზმით კითხულობდა და დროგამოშვებით ახალშერთულ ცოლსაც `ანათლებდა~.

ცხოვრება, ასე თუ ისე, კალაპოტში ჩადგა. მზია დამშვიდდა. ამირანი არ იყო ცუდი ქმარი. ცოლს თბილად ექცეოდა, სიდედრს პატივს სცემდა, მუშაობას არ თაკილობდა, აღებული ფული ბოლო კაპიკამდე ოჯახში შემოჰქონდა.

ეგაა, სონას იმედი შვილის ყოლასთან დაკავშირებით არ გამართლდა. მზია დაფეხმძიმდა. ცოლ-ქმარი ისეთი გახარებული იყო, აბორტის შესახებ სონამ სიტყვის დაძვრაც ვერ გაბედა.

ორსულობამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. ამირანი ყოველ დღე ეზიდებოდა სასუსნავებს ფეხმძიმე ცოლისთვის, კონსულტაციაში დაჰყვებოდა, სუფთა ჰაერზე ასეირნებდა... ერთხელაც თავისი ხელით გაკეთებული პაწაწუნა ხის საწოლი მოიტანა. ისეთი ამაყი და ბედნიერი იყო, სონას შერცხვა კიდეც მკვრეხელური აზრების.

სამშობიარო ტკივილების დაწყებისთანავე მზია საავადმყოფოში გააქანეს. პალატაში სხვა მშობიარეებთან ერთად იმყოფებოდა ახალგაზრდა ჟურნალისტი მირანდა ლომჯარია, რომელსაც მძიმე მშობიარობის გამო მთელი მედპერსონალი თავს დასტრიალებდა, ორჯერ ქმარმაც მოინახულა _ მაღალმა, წარმოსადეგმა მამაკაცმა, მაშინ, როცა საწყალ მზიას დედის გარდა არავინ გულშემატკივრობდა. საწყალ ამირანს ვინ ამოასუნინებდა სამშობიარო ბოქსში? ის ნერვიულად სცემდა ბოლთას მოსაცდედში და გაოფლილი ხელებში სამახარობლოს ჭმუჭნიდა.

გამთენიისას მირანდამ ჭიპლარშემოხვეული ბიჭი გააჩინა. გალურჯებული ჩვილი აზრზე მოიყვანეს, სისხლის ანალიზები გაუკეთეს და სასწრაფოდ გადაიყვანეს ინკუბატორში. რამდენიმე წუთში მირანდას შვილს მზიას მცირეწონიანი ბიჭუნაც შეუერთდა.

სწორედ იქ, ინკუბატორის სტერილურ კედლებში შეუჩნდა ეშმაკი ბებიაქალ სონას. `გაცვალე ბავშვები!~ _ ჩასჩურჩულა ეშმაკმა. `აგერ წევს ლამაზი ქალის ჯანმრთელი ნაშიერი. ასფიქსიის ნიშნები გაუვლის, სახე დაეწმინდება და ხვალ ანგელოზი შემოგანათებს. რაში სჭირდება ამირანას ნაშიერი, ვინ იცის, მამის გენეტიკა გამოჰყვეს, არც მზიაა დიდი ჭკუის პატრონი, ათი კლასი გაჭირვებით დაამთავრა, უმაღლესში ჩაბარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ესაკიები კი მდიდრები არიან, ჭკვიანები, გამოსულები... ეგენი უკეთ მოუვლიან სუსტ ბავშვს, მერე კიდევ ეყოლებათ შვილები: ლამაზები, ჯანმრთელები, ნიჭიერები... შენი მზია კი მთელი ცხოვრება უნდა დაიტანჯოს. ამირანი და მზია ვერაფერს გაიგებენ, ეს საიდუმლო შენთან ერთად მოკვდება, სონა! გაცვალე, ვიდრე ვინმე შემოსულა! სამაჯურები და ადგილები შეუცვალე და საქმე გაჩარხულია.~

დაუჯერა სონამ ეშმაკს და ფეხაკრეფით დატოვა ინკუბატორი.

ასე მოხვდა მირანდას ბიჭი დევიძეების ოჯახში. მზიას შვილი კი ესაკიებმა წაიყვანეს.

ბავშვმა ბედნიერება შემოტანა სონას სახლში. ამირანს თურმე სიცილი სცოდნია, სიმღერაც, ენის მოჩლექით ტიკტიკიც... ჩვილს ღამეებს უთენებდა, საფენებს უცვლიდა, ფაფებს უთუხთუხებდა... მოკლედ, ხელმეორედ დაიბადა კაცი. მერედა რა ბავშვი იყო! ფითქინა, პირმრგვალი, ხვეულთმიანი... ნამდვილი ქერუბიმი. მეზობლებს უკვირდათ: ვის ჰგავს ეს ანგელოზიო?! მზია იცინოდა: კინოს ვუყურებდი, მირიანი მუცელში რომ გაინძრაო. თურმე იმ კინოში ისეთი ლამაზი წყვილი თამაშობდა, უკეთეს თვალი ვერ ინატრებდა...

სონას გულმა ვერ მოუთმინა. ესაკიების მისამართი გაიგო და ინკოგნიტოდ გაძვრა სისხლისმიერი შვილიშვილის სანახავად. ცხადია, სახლში ვერ მიაკითხვადა, მაგრამ ეზოში შეიძლებოდა ჩაყარაულება. ბავშვს ჰაერი სჭირდება, ადრე თუ გვიან სასეირნოდ გამოიყვანენ.

ნახა და მეორედ ნახვის ინტერესი გაუქრა. სად მისი დახატული მირიანი, სად ის კომშისფერი, გამოყლაპული ბიჭუნა, რომელსაც მშობლები თავს ევლებოდნენ, ცივ ნიავს არ აკარებდნენ, დარწმუნებულები იმაში, რომ ლუკა მათი ბიოლოგიური შვილია.

გავიდა წლები. მირიანმა სკოლაშიც ისახელა თავი. ყველაფერში პირველი იყო: სწავლაში, სპორტში, ყოფაქცევაში... ამირანი ფრთაშესხმული მოდიოდა ხოლმე მშობელთა კრებიდან, ცოლი და სიდედრი ცრემლმორეულები უსმენდნენ შვილის მისამართით წარმოთქმულ საქებარ სიტყვებს, რომლებსაც ბედნიერი მამა თუთიყუშის მონდომებით იმეორებდა.

მაგრამ ბედნიერება ვის შერჩენია დიდხანს?... მზიას კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. ნახევარი წელი იწვალა და მოკვდა. ამირანი დეპრესიაში ჩავარდა. დანა პირს არ უხსნიდა. ერთი ამბავი ატეხა, როცა სონამ მზიას თეთრეულის გამოცვლა დააპირა. მაშინ პირველად შეკამათდნენ. ამირანი სახლიდან გავიდა და ორი დღე არ გამოჩენილა. თურმე ცოლის საფლავზე ეძინა.

ისევ მირიანმა შემოაბრუნა ცხოვრებისკენ. უთხრა, რომ ასეთი მამის ყურება გულს ტკენს და სწავლაში ხელს უშლის.

სონას კი ახალი სადარდებელი გაუჩნდა. ერთადერთი ქალიშვილის ნაადრევი სიკვდილი მან განგების სასჯელად მიიღო და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ გამოესწორებინა შეცდომა. ის მოხუცდა, დღეს თუ არა, ხვალ უფალს მიაბარებს ცოდვილ სულს. რა პირით უნდა წარდგეს მზიას წინაშე? ან მირიანს რა ეშველება დატყმული მამის ხელში? რომც არაფერი დაუშავოს, რაში არგია ამირანის ფანატიზმამდე მისული

სიყვარული? ბიჭს სხვანაირი ხელისშეწყობა სჭირდება, ამას მასწავლებლებიც აღნიშნავდნენ: `ენები ეხერხება, იქნებ რეპეტიტორები აუყვანოთო.~ მართალია ამირანი წელებზე ფეხებს იდგამს, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, ჭამაში ძლივს ჰყოფნით დურგლობაში აღებული ფული. მირიანის ავსტრიაში გასამგზავრებლად სესხის აღება დასჭირდათ. ბიჭს ახალი ტანსაცმელი სჭირდებოდა, ჯიბის ფული... და ეს მაშინ, როცა მის ნამდვილ მშობლებს ჩიტის რძე არ აკლდათ. დედა _ ცნობილი ტელეწამყვანია, მამა _ ცნობილი პლასტიკური ქირურგია... ეჰ, კვიცი გვარზე ხტის, მაგრამ თუ შესაფერისი ნიადაგი არა აქვს, შეიძლება ფეხი დაუცდეს და უფრსკულში გადაიჩეხოს.

და სონა იღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას: მირანდას სანახავად მიდის. ეჭვების გასაფანტად მირიანის ფოტოებს გადასცემს და მისი ბიოლოგიური შვილის რეზუს ფაქტორს შეახსენებს. მირანდა შოკშია. სონას მოტანილი ფოტოდან ლადოს ახალგაზრდობამ შემოანათა, მაგრამ მიმსგავსების საფუძველზე დასკვნების გამოტანა ნაადრევად ჩათვალა, მით უფრო ქმრის საქმის კურსში ჩაყენება. საჭიროა შემოწმდეს ლუკას რეზუს ფაქტორი. ანალიზმა დაადასტურა _ ლუკას დადებითი ჯგუფის სისხლი აქვს. მირანდას ისღა დარჩენია, ავსტრიაში გაემგზავროს და საკუთარი თვალით ნახოს მირიანი.

ის ორმაგად ფრთაშესხმული ბრუნდება ინსბრუკიდან. ტესტმა ფეხმძიმობა აჩვენა. მას და ლადოს ნანატრი ბავშვი ეყოლებათ! და ეს ბედნიერება მირიანის ნახვის ფონზე! ახლა მთავარია, რაც შეიძლება ტაქტიანად მიაწოდოს ქმარს სიმართლე. ისე, რომ მოხუცი სონა და ლუკა არ დაზარალდეს.

მირანდას გეგმებს განხორციელება არ ეწერა. თბილისში მისთვის ცნობილი ხდება, რომ ქმარს საყვარელი ჰყავს. თანაც ვინ? ლუკას ინგლისურის მასწავლებელი! შეურაცხყოფილი მირანდა აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას იღებს.

სულ სხვა სცენარი ვითარდება სონას სახლში. თავის მხრივ, ისიც ცდილობს ამირანის შემზადებას, ხშირად ელაპარაკება მირიანის მომავალზე, ვირტუალურ მფარველზე მიანიშნებს... ერთხელაც, როცა ტვ-21-ზე გადიოდა მირანდა ლომჯარიას ტოკ შოუ, სონამ გაბედა და სიძეს უთხრა: ეს ლამაზი ქალი მირიანის დედააო.

ამირანმა ჩათვალა, რომ სიდედრი ხუმრობს, მაგრამ სონამ ფაქტები გადმოულაგა და არგუმენტებიც ზედ მიაყოლა. `ტყუილია! მირიანი ჩემი შვილია, ჩემი! მე გავზარდე! მის თავს ვერავინ წამართმევს!~ ყვირის სიგიჟის ზღვარზე მისული მამა და თავის ოთახში იკეტება. თვითიზოლაცია დიდხანს არ გაგრძელებულა. ამირანი სონასგან დამალულად მიდის ლუკას სანახავად და... და ტანდაბალ, ცხვრისთვალება ყმაწვილში საკუთარ თავს ხედავს. მაგრამ მას არ უნდა მწარე სიმართლის აღიარება, მისთვის მხოლოდ მირიანი არსებობს. მოკვდება და არ დათმობს! გაანადგურებს ყველას, ვინც კი შეეცილება შვილის სიყვარულში. ის ცხვრისთვალება ბიჭი, ვის მამობასაც აბრალებენ, უცხოა. ამირანს მის გამო ღამე არ გაუტეხავს, ჩასვრილი საცვალი არ გამოუცვლია, მორყეული კიჭი არ გაუსინჯავს, ძილის წინ არ უკოცნია...

პირველ სამიზნედ ამირანმა ლადო აირჩია, მაგრამ სახლის სახურავიდან გასროლილი აგური ასცდა ობიექტს და მან გადაწყვიტა ჯერ მირანდა მოეშორებინა (მთავარი მეტოქე მაინც დედაა), თანაც ისე, რომ სონასაც გაეგო და სამუდამოდ გაეკმინდა ხმა. მკვლელობას პირდაპირ ეთერში ერთადერთი გზაა სონას დასაშინებლად.

ყველაფერი მირიანის ჩამოსვლამდე უნდა მოესწრო. ტელეკომპანიის ტერიტორიაზე ცხადია არავინ მიასუნინებდა. შემოვლითი გზები უნდა გამოენახა და გამონახა კიდეც. შენობის მეორე ფლიგელში განთავსებულ სტამბას თაროების გაკეთება შესთავაზა. შეღავათიან ფასში. ტოკ შოუს სტუდიაში სამალავის გაკეთება უკვე მის

მარიფათზე იყო დამოკიდებული, იარაღი ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან გამოჰყვა, სროლა იცოდა, ერთი ჩახმახის გამოკვრაღა აკლდა და გამოჰკრა კიდეც.

სონამ პირდაპირ ეთერში იხილა მირანდას მკვლელობა და მიხვდა, ვისი ნახელავიცაა. თავზარდაცემულმა მოხუცმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და სახლში მობრუნებულ სიძეს უთხრა: `გაგეხუმრე, შე კაცო, მირიანი შენი და მზიას შვილიაო.~ ხუმრობა ეგეთი უნდაო და ამირანმა სიდედრს თავში უთო ჩასცხო.

სონამ ადგილზე განუტევა სული. გვამი ამირანმა სარდაფში ჩაათრია, კასრში ჩატენა და ზევიდან ჭინჭები მიაყარა. როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, კასრიანა მიწაში ჩაფლავს.

მართლაც, თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა. ტელევიზორში მირანდას მკლელობის პოლიტიკურ ვერსიას განიხილავდნენ, მაგრამ აი, მეზობლებმა არ მოასვენეს. ჯერ ერთი მოადგა _ სად არის სონაო, მერე მეორე... ამირანი სიამოვნებით ჩაახუტებდა ორივეს ენაჭარტალა სიდედრს, მაგრამ მთელ უბანს ხომ არ ამოუკერავდა პირს? სონას პატივს სცემდნენ, ახსოვდათ, ნერვიულობდნენ... ამანაც ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და სიდედრზე ოფიციალური ძებნა გამოაცხადა. თუმცა ვერ გათვალა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი _ მირანდასთან მისული სონა შეიძლება ტელეკომპანიის რომელიმე თანამშრომელს დაენახა. ასეთი აღმოჩნდა ვიზაჟისტი კიწი. საერთოდაც, ბევრი რამ ვერ გათვალა ამირანმა. სიყვარულმა დააბრმავა. სხვისი შვილის სიყვარულმა. თავისი რომ ეგონა.

ეპილოგი

თვითმფრინავი უკვე ავსტრიის თავზე ტრიალებდა, ლადო ესაკიას კი ჯერაც ვერ ჩამოყალიბებინა შესავალი სიტყვა, რომლითაც სისხლისმიერ შვილს მიმართავდა. იმდენად საკუთარი პერსონის წარდგენა არ ბოჭავდა, რამდენად იმის თქმა, რომ მირიანის გამზრდელი ბებია მოკლულია, მკვლელი კი მისი საყვარელი მამაა. ეს ბედკრული ამირანი ხომ კიდევ ცალკე თემაა... ლადო უკვე ხედავდა საკუთარ თავს მოსაკითებით ხელში ციხის ან ფსიქიატრიულის კარზე. ხედავდა და არ უკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი მისი ცოლის მკვლელია. მაგრამ ეს ადამიანი ამასთანავე მისი ერთი შვილის ბიოლოგიური, მეორის კი გამზრდელი მამა. პარადოქსია, ღმერთმანი.

_ რაზე, ფიქრობ? _ ჰკითხა გვერდით მჯდარმა ლუკამ.

_ რომ ცხოვრება პარადოქსია.

_ ეს კარგია თუ ცუდი?

ლადომ მხრები აიჩეჩა. არ ჰქონდა პასუხი. ლუკა არ ჩასძიებია, დამნაშავესავით გაუღიმა და ილუმინატორში გაიხედა. თვითმფრინავის გასწვრივ მზით განათებული ღრუბლები ლივლივებდნენ. დედა თუ მართლა ცაშია, შეიძლება აგერ, იმ ლამაზ ღრუბელზე იჯდეს და მზერით აცილებდეს. ლუკამ, ყოველ შემთხვევაში, ხელი დაუქნია, ისე, რომ მამას არ დაენახა.

დასასრული 2003 წელი