გამომცემლობა ნაკადული“ 1988წ ... · PDF file...

Click here to load reader

  • date post

    24-Dec-2019
  • Category

    Documents

  • view

    0
  • download

    0

Embed Size (px)

Transcript of გამომცემლობა ნაკადული“ 1988წ ... · PDF file...

  • გამომცემლობა «ნაკადული“ 1988წ. გერმანულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და

    შენიშვნები დაურთო ნელი ამაშუკელმა

    ა ნ ა ფ რ ა ნ კ ი ს დ ღ ი უ რ ი

    წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა ამ წიგნზე მშრალად და ჩვეულებრივი მიუდგომლობით ლაპარაკი

    შეუძლებელია, რადგან მეტად უჩვეულოა მისი დამწერის ბედი. ოთხკედელშუა გამოკეტილი 13 წლის გოგონა ორი წლის მანძილზე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს. ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით დაწყებული დღიური, ერთსა და იმავე ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობით და ყოფითი წვრილმანებით შეზღუდულ, მძიმე, სახიფათო გარემოში, გოგონას უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე გახდა. არარსებულ მეგობარს ანამ კიწი დაარქვა და მისგან ელოდა ნუგეშსა და შემწეობას. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანას უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანა დაიღუპა, დღიური კი გადარჩა.

    გადარჩა მხოლოდ დღიური, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი დროის მამხილებელი დოკუმენტი. გერმანელმა ფაშისტებმა ტოტალური სახელმწიფოს შექმნისა და მსოფლიოში გაბატონების იდეას მსხვერპლად მოუტანეს ყველაფერი ადამიანური. ფაშისტები გეგმიანად, მეთოდურად სპობდნენ არა მარტო ხალხს, არამედ კაცობრიობის ზნეობრივ მონაპოვარსაც. ეს იყო დრო, როცა ევროპაში მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სისხლი იღვრებოდა და საკონცენტრაციო ბანაკებში კრემატორიუმები ბოლავდა. სწორედ ამ თავაშვებული რბევის, ძალადობისა და მასობრივი მკვლელობის მსხვერპლი გახდა პატარა ანა.

    ანას მამა, ოტო ფრანკი, დაიბადა გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კომერციულ საქმიანობას მიჰყო ხელი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1933 წელს, როგორც კი გერმანიაში ფაშისტური რეჟიმი დამყარდა, ოტო ფრანკმა ოჯახი ჰოლანდიაში გადაიყვანა და ფაშისტების რისხვას განერიდა. ამსტერდამში, პრინსენგრახტზე, სახლი დაიქირავა და ფირმა გახსნა. ახლად დაწყებული ცხოვრება თითქოს მშვიდად, ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ გერმანელებმა ჰოლანდია დაიპყრეს და კვლავ დაიწყო ებრაელთა სასტიკი დევნა. ანას მამამ გერმანელების ხელში ჩავარდნას დამალვა არჩია; 1942 წლის ზაფხულში, ჰოლანდიელი თანამშრომლების დახმარებით, ფირმის შენობის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და, როცა მის უფროს ქალიშვილს, მარგოს, გესტაპოდან უწყება მოუვიდა, ცოლ-შვილი წინასწარ მომზადებულ «თავშესაფარში» გადახიზნა. ამავე თავშესაფარში გადმოვიდა კიდევ ერთი ოჯახი, ვან

  • დაანი ცოლითა და ვაჟიშვილით. ბოლოს მათ «ოჯახს» მერვე წევრი, კბილის ექიმი დუსელი შეემატა. ამგვარად რვა ადამიანი იატაკქვეშ აღმოჩნდა და თავშესაფრის მკაცრ რეჟიმს დაემორჩილა.

    პატარა ანა ხალისიანად, ნდობით, უდარდელად შესცქეროდა ცხოვრებას; ცელქობდა, კეკლუცობდა, ალერსსა და ყურადღებას მოითხოვდა. უეცრად ბედმა გარე სამყაროს მოსწყვიტა, ოთხ კედელში გამოკეტა, დღის სინათლე და ჰაერი მოანატრა. ამიერიდან ის მხოლოდ ქურდულად, ფარდის ჭუჭრუტანიდან უყურებდა ცხოვრების ულაზათო დინებას, ხოლო თავშესაფარში ძალაუნებურად ერთად შეყრილი ადამიანების უბადრუკობას, ანგარიშიანობას და კინკლაობას ხედავდა. ამ სულის შემხუთავ გარემოში თითქოს უნდა დამჭკნარიყო, დაჩლუნგებულიყო ჯერ კიდევ მოუმწიფებელი გონება და გრძნობა, მაგრამ მოხდა პირიქით; სწორედ აქ გაიშალა, ნაადრევად მომწიფდა და გამომჟღავნდა ანას ნიჭი.

    დაუოკებელმა ცნობისმოყვარეობამ, შთაბეჭდილებათა ღრმა განცდამ, რთულმა, წინააღმდეგობებით სავსე ბუნებამ, საკუთარი თავისადმი და გარე სამყაროსადმი კრიტიკულმა დამოკიდებულებამ გაუღრმავა ანას აღქმის უნარი, ხედვას შეაჩვია და უფაქიზესი გრძნობის გადმოცემა ასწავლა.

    ანა ძალზე სახიფათო და დაძაბულ მომენტებშიც კი ამჩნევს ცხოვრების სასაცილო მოვლენებს. მისი ირონია ერთსა და იმავე დროს ჯავშანიცაა და ადამიანური სისუსტისა და ყოფითი წვრილმანებისადმი შემწყნარებლობა და სიყვარულიც.

    დამოუკიდებელი, კრიტიკული ხედვის უნარი დღითი დღე ღრმავდება და მიუკერძოებლობისა და სიმართლისაკენ სწრაფვას ვერც ახლო ნათესაური დამოკიდებულება ახშობს და ვერც პირველი სიყვარულ