გაცილებით რამ რადგან ჩვენი...

419
გაცილებით, რამ, რადგან ჩვენი ყოველი ასე ვითომდაც მარჯვედ ჩაბუქნისას, უფრო ღრმად ჩაფლვა ხდება ჩვენი ამ ჩვენდახვედრწილად მზა ჭაობში, და ამისაკენ ასეთი სწრაფვა და ვითომც-შვება რაღა უბედურებაა, ეს, ნეტა იქამდე ვატარტაროთ უნდა ენები და ვეფლოთ, ჩავეფლოთ, ვიძიროთ, ვიფლვათ სანამ ზედ გაღიმებულ და სულ კრეჭად დაღიავებულ პირებამდე არ ამოგვწვდება წუმპე, და, მხოლოდ მერეღა ვიგრძნობთ, ნუთუ, გულების ამგვარ მოოხებათა ბნელ, ჩამთრევ ძალას, როგორ ძალიან და შეუმჩნევლად, ჩამწოვს? მაინც და მაინც, ცხვირებ- პირები უნდა დაგვიფაროს რომ, რათა მხოლოდ ამისღაშემდგომ მივხვდეთ, სუნთქვაც რომ მაინც საჭირო ყოფილა, თურმე?, სხვა თუ არაფერი, ჩვენს ამ ყოფაშიაც კი, და, ჩვენი ყოფნისთვისაც, კი, - და, მაინც, ისევ? ვიოხებთ ხომ, გულს, - კვლავ? და მაინც? და, ტყვილა... მაგრამ რატომ არ ვიცით და თუკი ვიცით, მაინც რად არ გვახსოვს ის, რომ, რაც უფრო მეტადაა გაჩანაგებული შენი ბედისწერამდე და ლამის საბედისწერო კი არა, ბედისწერული თავით ბოლომდე, შენზე მისჯილი, ნაწყალობევი შენთვის, ყანა, და, რამდენადაც გადაქელილია, უცხოსა თუ შინაურისგან, სულაც არაა, არ იქნება უიმედოდ გადათელილი, რადგან სამკალი, თუნდ უჩინარი, სწორედაც მაშინ, ანუ ახლა, უფრო და ბევრად მეტია, და, ასაღები, და თუ იცი ვისით... - შენით. შენი ქვეყანა, შენი, მამული, ყანა-ირგვლივი, რომელიც თუმცა აქვე, აქვეა, მონიჭებული და ამოზრდილი და გამზრდელი, შენი, ყანა, მაგრამ ის სივრცე, ნეტავ საჩვენო, ზემო, ზეითური, მარადზეითა, დიდად არ გვახსოვს და გვენაღვლება-არ, რადგან, არ გვინახავს ჯერ არა, - არა? ხოლო მომკალნი, ყანის მუშაკნი, მუშაკები ეს, ვინც გინდა ვიყოთ, ეს ბოძებული თუ მერე საბოძვარი, ქვეითურა თუ მთლად საზედო, ყანის, მაგრამ ვერა, ვერ ვხედავთ ვერცერთს, ხომკი, მაგრამ რომ ახლა, სხვა დროზე-მეტად, რასაც კი მოვსწრებივართ, ანთუ გაგვიგია, - სწორედაც აწვე, გამზადებულია უკვე, მეტად, და როგორ უფრო, თუმც თელილი და მოსამკალი... მაგრამ ხომ არა გვჯერა აქაურებს, ჩვენ, არაყანურიც კი სამუშაო რადგან გაგვიუქმეს, ან სულ წაგგვლიჯეს, და თანაც სხვისთვის კი არა, - ისე-უბრალოდ, სულაც საერთოდ, მოგიშალეს, შენ, და რამდენსაც, ჩვენ, და, აწი ყოვლად უსაქმოდ უნდა იყვე, არა? ვერაფერს ამჩნევ შენსას, საშენოს, ვერა, ხომ? მაგრამ ის ქვრივი მაინც გაიხსენე, სარჩოთი ღატაკი, უკანასკნელი ორი წულილი, ანუ როგორი ბეჩავი გროში, - როგორ გაიღო, და მერე ვისთვის, ვისიც სჯეროდა, ვინაც უყვარდა, ვინც დააქვრივა და გააღატაკა და თვით შვილები დაუმშია და მადლობელი იყო ვისიც მიუხედავად ყველაფრისა, როგორ მაღლიდან გამოიცადა, ასამაღლებლად და, ამაღლებული, მაინც, ისევ, როგორ ჰყვარობდა სწორედ დიადი სიყვარულით სწორედ აი იმას, ვინც არ ენახა დამაგრამ გრძნობდა, როგორ გრძნობდა თან, ორგროშიანი სამადლობელით აბა რომელი მდიდარი და ხაზინადარი და მევახშე და თუნდაც მეფე შეედრებოდა, მდიდრები - ბლომად ცუდ დღეშია, მაგრამ ამაზე, ქვრივისებზე, ბოლო ორ წულილზე, ცოტათი შემდგომ, ჯერ სხვა რაღაცები უნდა

Transcript of გაცილებით რამ რადგან ჩვენი...

  • გაცილებით, რამ, რადგან ჩვენი ყოველი ასე ვითომდაც მარჯვედ ჩაბუქნისას,

    უფრო ღრმად ჩაფლვა ხდება ჩვენი ამ ჩვენდახვედრწილად მზა ჭაობში, და

    ამისაკენ ასეთი სწრაფვა და ვითომც-შვება რაღა უბედურებაა, ეს, ნეტა იქამდე

    ვატარტაროთ უნდა ენები და ვეფლოთ, ჩავეფლოთ, ვიძიროთ, ვიფლვათ სანამ ზედ

    გაღიმებულ და სულ კრეჭად დაღიავებულ პირებამდე არ ამოგვწვდება წუმპე, და,

    მხოლოდ მერეღა ვიგრძნობთ, ნუთუ, გულების ამგვარ მოოხებათა ბნელ, ჩამთრევ

    ძალას, როგორ ძალიან და შეუმჩნევლად, ჩამწოვს? მაინც და მაინც, ცხვირებ-

    პირები უნდა დაგვიფაროს რომ, რათა მხოლოდ ამისღაშემდგომ მივხვდეთ,

    სუნთქვაც რომ მაინც საჭირო ყოფილა, თურმე?, სხვა თუ არაფერი, ჩვენს ამ

    ყოფაშიაც კი, და, ჩვენი ყოფნისთვისაც, კი, - და, მაინც, ისევ? ვიოხებთ ხომ, გულს, -

    კვლავ?

    და მაინც?

    და, ტყვილა...

    მაგრამ რატომ არ ვიცით და თუკი ვიცით, მაინც რად არ გვახსოვს ის, რომ, რაც

    უფრო მეტადაა გაჩანაგებული შენი ბედისწერამდე და ლამის საბედისწერო კი არა,

    ბედისწერული თავით ბოლომდე, შენზე მისჯილი, ნაწყალობევი შენთვის, ყანა,

    და, რამდენადაც გადაქელილია, უცხოსა თუ შინაურისგან, სულაც არაა, არ იქნება

    უიმედოდ გადათელილი, რადგან სამკალი, თუნდ უჩინარი, სწორედაც მაშინ, ანუ

    ახლა, უფრო და ბევრად მეტია, და, ასაღები, და თუ იცი ვისით... - შენით.

    შენი ქვეყანა, შენი, მამული, ყანა-ირგვლივი, რომელიც თუმცა აქვე, აქვეა,

    მონიჭებული და ამოზრდილი და გამზრდელი, შენი, ყანა, მაგრამ ის სივრცე, ნეტავ

    საჩვენო, ზემო, ზეითური, მარადზეითა, დიდად არ გვახსოვს და გვენაღვლება-არ,

    რადგან, არ გვინახავს ჯერ არა, - არა? ხოლო მომკალნი, ყანის მუშაკნი, მუშაკები ეს,

    ვინც გინდა ვიყოთ, ეს ბოძებული თუ მერე საბოძვარი, ქვეითურა თუ მთლად

    საზედო, ყანის, მაგრამ ვერა, ვერ ვხედავთ ვერცერთს, ხომკი, მაგრამ რომ ახლა,

    სხვა დროზე-დ მეტად, რასაც კი მოვსწრებივართ, ანთუ გაგვიგია, - სწორედაც აწვე,

    გამზადებულია უკვე, მეტად, და როგორ უფრო, თუმც თელილი და მოსამკალი...

    მაგრამ ხომ არა გვჯერა აქაურებს, ჩვენ, არაყანურიც კი სამუშაო რადგან

    გაგვიუქმეს, ან სულ წაგგვლიჯეს, და თანაც სხვისთვის კი არა, - ისე-უბრალოდ,

    სულაც საერთოდ, მოგიშალეს, შენ, და რამდენსაც, ჩვენ, და, აწი ყოვლად უსაქმოდ

    უნდა იყვე, არა? ვერაფერს ამჩნევ შენსას, საშენოს, ვერა, ხომ? მაგრამ ის ქვრივი

    მაინც გაიხსენე, სარჩოთი ღატაკი, უკანასკნელი ორი წულილი, ანუ როგორი ბეჩავი

    გროში, - როგორ გაიღო, და მერე ვისთვის, ვისიც სჯეროდა, ვინაც უყვარდა, ვინც

    დააქვრივა და გააღატაკა და თვით შვილები დაუმშია და მადლობელი იყო ვისიც

    მიუხედავად ყველაფრისა, როგორ მაღლიდან გამოიცადა, ასამაღლებლად და,

    ამაღლებული, მაინც, ისევ, როგორ ჰყვარობდა სწორედ დიადი სიყვარულით

    სწორედ აი იმას, ვინც არ ენახა დამაგრამ გრძნობდა, როგორ გრძნობდა თან,

    ორგროშიანი სამადლობელით აბა რომელი მდიდარი და ხაზინადარი და მევახშე

    და თუნდაც მეფე შეედრებოდა, მდიდრები - ბლომად ცუდ დღეშია, მაგრამ ამაზე,

    ქვრივისებზე, ბოლო ორ წულილზე, ცოტათი შემდგომ, ჯერ სხვა რაღაცები უნდა

  • მოვიაროთ, ამისგან დიდად განსხვავებული, სამწუხაროდ, ხოლო ზოგიერთ

    მოოხებაზე, ბარეღამ აქვე:

    მოსაოხი ხომ, ისიც ხოა, ბედადანთებულ, თუნდ სუსტად აღგზნებულ

    ტელევიზორს თუკი შესცქერი, და თან ამომწურავადაც შეჰყურებ, და თუ იმისი

    მეშვეობით რომელიმე განსაკუთრებულ არამზადასა თუ მთლად საბრალოს

    აიღებენ და გაჩვენებენ ან დროებით ან მაგრაგაბმულს, გააჩნია თუ, ნაძარცვიდან

    თუ ნაქურდალიდან თუ რამდენი ჰქონდა შავი დღისთვის გადადებული, ან,

    სულაც მისდღემჩი არ ჰქონია რაიმ ამგვარი, ბეჩავს. მაგრამ ზედმეტად იყო

    შესაძლოა ჩაცმული, ანდაც - ალაგ დაუკერებლებში, ორთავ გამოსადეგია

    ზოგიერთ საქმისთვის, ჯიბისთვისა თუ გეგმისათვის, თუმც არა - ა?, ა?, შევცდით,

    დაჭერების გეგმა ვიღასღა უნდა, ამაში კი ვართ აკადემიკოს-გენერლობისა არ იყოს,

    რაოდენობრივ და აღვირ ახსნილ-გადაპენტილები, მოკლედ, გადაგვდის თავზე

    პატიმრები და პატიმრობა ამთავისუფალ საქართველოში, ხოლო როცა,

    გასკვანჩულს-ვისმე თუ დაგათვალიერებინებენ, შეგაჭირვებულს, მის დანახვაზე,

    ცოტათი მაინც ხომ გეგონება რომ, მისგანაცაა, შენი ეს ყოფა, ამ არალეგალურ

    ქურდისა, და ავაზაკისაგან და ასე შემდეგ, რომ მისითაც კია შენი ესდღე, და,

    შენდღევანდელი, ასე პირშიმთქმელურად გაპარტახებული, და გაიფიქრებ შენ,

    ჯერჯერობით ეგრეთწოდებული წესიერი, რადგან ხანდახან ეგებ მართლაც

    პატიოსანი ხარ და თუმც ხანდისხან კიდე რაისამე მოპარვა მოგვინდება მაგრამ

    გვეშინია და, ამიტომ, შურია თუ რა, იმან ხომ მაინც რაღაც იგემა და, სხვისდამიც

    ბოღმა მოგდებია - ლეგალურ დიდკაც-პარპაშაზე, - იმეებსაც კი გვაჩვენებენ

    სხვადასხვა არხზე, ოღონდ ყოვლად უპოლიცმეისტერებოდ, - თან, ამ ჩვე-ჩვენში

    ცოტა არ იყოს ხან არქიდეფიციტურად და ხანკი ძაანადვილადაც და უბრალოდ

    იყენება მსხვილფეხოსანთა შესატყვისი მსხვილხაფანგები (მიშვება, დროებითი

    პასუხის მოუთხოვნელობა, მოფერება, სახალხოდ დაჯილდოება და სხვა), რაღაცა

    ჩვენთვის დაფარულში შეუთანხმებლობისათვის, თუ სულაც მოჩვენებით, მაგრამ

    ცხოვრებაში კი რომელს უფრო მონდომებულად მიესალმები, არალეგალურ ქურდ-

    ბაცაცასა თუ მსხვილადლეგალურ მიშვებულ შოვნა-მაესტროს, ამის გარკვევა და

    დადგენა შენზე იყოს, ხოლო ამ მცირე, კაკანათელი სკვინჩას დანახვაზე, აი იმ

    სხვებთან შედარებით ალბათ ეგება ბდღვნად რომ არა ღირდა, იმის დანახვაზე

    ნიშნისმოგებით გაიფიქრებ აი, ასე: „აჰაა, გაები, ჩიტო, მახეში?“.

    და ასე შემდეგ, ეს სხვათა და სხვათა ჭერა და ჭერა, გამოსავალი გვგონია, ხომ?,

    წესრიგთან ერთად... წესრიგი, კი, კი, ხომ აღიზრდება უფრო კარგად თუნდ

    საპყრობილეში, ჯერ ახალგაზრდა კიდევ, კაცი, ხოლო ხნიერი თუა - გარდაიქმნება

    ესესერივით, ხომკი?, თეორიაშიც, ასე სწერია, ხომაა ასე, თან, საპყრობილეში

    აღმზრდელები ხომ - ხოეყოლებათ დიდად ფაქიზი, ვირის აბანოს მეწინავე

    მექისეები, კარგი, ფრანგული ქისა აქვენ თურმე და იასამნის ბორკილები, მაგრამ ეს

    უკანასკნელი გაზაფხულობით მხოლოდ, რადგან სხვა დროს ვერ ჰყვავის, ი-ხე,

    იასამანი, და კარგებივე ვყავდით ჩვენაც ხომ, შინა თუ გარეთ, სხვების დასანახ-

    შესარცხვენად აჟღერებულები, როგორი ვალალ-პატიოსნები, ჩვენ... - კი?.. ვიოხებთ

    ხომ, გულს - „გაები, არა, ჩიტო“... მაგრამ ერთხელაც, ჯერ მთლად ბავშვი რომ

    გვაჩვენეს, დამწყები ქურდი, ჯერ ქურდბაცაცა, - „ა?, ამთავითვე? ახია შენზე“, -

  • გავიფიქრეთ ჩვენ, მომთხოვნებმა, და, ბუნებრივიც გავიფიქრეთ, - „სად ჰყავს

    პატრონი!, რას უყურებს!“, და როცა ჰკითხეს, თავჩაღუნულს, როგორი ძნელი

    სიტყვა - „რატომ“, თავი კიდევ უფრო დახარა და, ძლივს თქვა: „მშიოდა“... აქ კი,

    ჩვენაც კი როგორ შეგვრცხვა, თვით წესიერებს, და ჩვენც, თავდახრილები, ვეღარც

    შევცქეროდით, რიღასი გულის მოოხება, ვფიქრობდით, ოღონდ, ეგებ სულაც არ

    ჰყავდა არც შინაური და არც უცნობი და გარეული პატრონი, ანდა, თუ ჰყავდა

    პირობითად, როგორღაც ვერ მიხედა და ვერ უვარგა ამჟამინდელობაში, ამ

    ჟამიანობაში, ეგებ; ანაცდა, იქნებ იმისიანებს გულით ეწადათ სადმე კეთილად

    მუშაობა და თუნდაც მცირედი შემოსავლით იმისი, შვილის, შედარებით სწორად,

    თუნდ მხოლოდ არაქურდადაც, აღზრდა, მაგრამ სად იპოვნის აქ სამუშაოს, ჩვენში,

    წესიერი კაცი, რაგინდაც სწადდეს, ამ ოჯახისა და თავის როგორმეჭირად

    გამტანიაობაში, რადგან აგერ არაა, სამაგიეროდ, ყურისძირში, სადღაც მთლად

    გვერდით, ნაგავ-ნუგავით აღვსილი დიდყუთებით, ჩვენი ოდითგან (კეთილ?) -

    მეზობელი და ჩვენდამი ერთგვარი ზრუნვა-პირიქითით, მომმარაგებელი,

    ოღონდაც აქაც ერთგვარივე ყუთებიდან, და ამა საქმეში ჩვენს მშობლიურად

    ნაციონალურ მარჯვეებთან ერთად, ამა საქმეში სუცოტა იმათთვის მაინც, ამაში

    მაინც ნამდვილად დიდად ერთმორწმუნე თურქეთი! და რაღა ჩვენ ვაწარმოოთ

    რაიმ-საქონელი, შე კაი-კაცო, რამდენად უფრო უპრიანია ამის გადაჭრა ცქნაფად

    მოწყობილთა მიერ და ამით საკუთარ ოჯახებთა სასიქადულოდ დამვანებელთა,

    იმათთვისა ხომ, მზა-ნაგვეულის შემოტანა წვრილდამქაშებით, მისწრებაღაა, და

    აქაურნიც მისწრება-აღა წვრილად თუ მსხვილად და აკადემიურადაც კი

    თანამდებობით, მოჩალიჩენი, რამდენი გვივის, ხოლო აქ რამე ადგილობრივ რომ

    აწარმოო, იმის ნაგავად გადაქცევას ხომ რაღაც დრო უნდა, დრო კი - ფულია,

    უთქვამთ ჩვენებზედაც უფრო გამოცდილებს, და გამობრძმედილებს,

    სულსწრაფებიც ვართ და ნაგავს რაკი მშობლიურად შევეჩვიეთ, მიჩვევა იცის

    ყველაფერმა, რაღა გვინდა სხვა, ხოლო ნაგვისა მომპოებელი ეს ზედაპირულა

    გეოლოგები, ამა საქმისა მკვარახჭირნი, გაბობოლებულები, როგორ, და ამ

    საბრალო ბავშვის, თუნდაც, და ყველასიც, ჩვენიც, ვითომ ხაროთა-გარეთათა,

    სწორედ რომ ჩვენი ჩვენურ-ჩვენდაუნებური ბობოლზედ მეტი, სწორედ ამ საჩვენ-

    საჭაობოს მზარდი წურბელი, გამაძღარი როგორ, აგერ არა გვყავს?, და განა ერთი

    და ორი?, სულით როსკიპი სუმთლად არა, რადგან „როსკიპი - ურიდად მეძავი“,

    ხოლო ესენი? - ფაქტს დაყაჭავენ, კი, და სადღა აღარ შეაღწიეს, ხოლო ჩვენი

    ხელმძღვანელობა, წარმოიდგინეთ, ხდება ყველაფერი და, კანტი-კუნტად

    შედარებით პატიოსანი, ხოლო იმათში, განა ერთ და განა ორი, უფულობაზე

    ხელაღებული ძლიერ მაღლა და მის უნამუსურ თამაშობებში რამოდენიმე წამყვანი

    ტუზი, მთლად კოზირის და თლათ ერთპიროვნულად მთავარი და წამყვანი თუ

    არა, აგურის მაინც, კიკო, ან, საპირესა თუ რამის პაპა, რომლის ან

    მიწისქვეშეთისგულის დამა, ანდაც, ამკრეფი ანდა უზრუნველმყოფნი

    სხვადასხვასახა, ოდნავ ქვემოთში მეკოზირენი, ოღონდ ჩაუქად, და მათთან იქვე,

    შეხმატკბილებულნი დროებით და ამა დროებით, სულ უკანასკნელი, ყვავის

    ვალეტნი მაინც, სულ ცოტა, ყველის უზადო მოყვარულები, შესაბამისად

    გამოწყობილები რა თქმა უნდა თუ სამოქალაქოში, ოღონდ და თანაც იღლია თუ

    წელ-დურაიანნი (დურა - სულელი ქალი და იარაღი ერთგვარი - რუს. და

    თანამედრ.) და მთლად ჯოკერიც იქვე ახლიათ და უჭყავით თან თვალსაჩინო,

  • პორტფელითა თუ შალვრის ჯიბეთი მიზანშეწონვით შეუმჩნეველი, ანუ მაყუთი,

    თანხა, შიშხათი, თუმც აბა რას გიყვებით, ისედაც იცით მაინც ყველაფერი, მაგრამ,

    შეწევნით, მართლაცდა გვყავს ისეთი ხალხიც, თან სულ, მთლად მაღლა, ერთი, ასე

    ვთქვათ, მაღალი განხრის ხალხი, რომ იმათთვის პატიოსნება აბა რაა, არაფერია,

    რაღაც მცირედი, უმცირესია, თავისთავადი, და არა წყრომით მიღწეული, ხოლო

    სხვაგანაც კირომ გვყვანან თვალშისაცემად პატიოსნები და ბრგე, აქ

    მაყვალისებურად რომ გამოვთქვათ, დიდ ბოდიშს კი ვიხდით, მაგრამ რა გააჭირეთ

    ამ პატიოსნობით საქმე, დიდი ამბავი, ადამიანი რომ პატიოსნებათი აღინიშნება და

    გამოირჩევა, მართლაცდა ვერაა და ცუდადაა, ეტყობა, საქმე, ადამიანში

    თავისთავად უნდა იგულისხმებოდეს ეს თვისება და, იგივე „ადამიანი“-ში, ასევე

    ხშირად, მეტის ნდომა და დაუკმაყოფილებლობაც თუნდაც ედემის ბაღით,

    იგულისხმება, ადამიდან მოვდივართ, ეს რამდენი ხნის, მგზავრნი, მაგრამ ამაზეც,

    ცოტათი შემდგომ, ახლა კი, მაყვალისებურადვე რომ აღვნიშნოთ და

    ჩვენდათავადაც, ყოვლად უბოდიშოდ, ბოლოსდაბოლოს, მაინც ბოდიში მამიხდია

    და რა გავატრაკეთ ამ შედარებით იშვიათი არაქურდობით საქმე, ხოლო როდესაც

    ჩვენს ძირითადად შავად ფერადოვან პრესაში, ბევრ სხვა გამონაჟონთან ერთად,

    იმასაც თუ წავაწყდებით, რომ თურმე საქართველოსავით სხვა თუ გასხვავებულ

    კუთხეში, თურმე თავიანთ დახეიბრებულებს სხვა და შედარებით

    მოწესრიგებული ქვეყნების უკეთეს კლინიკებში ამგზავრებენ და ათავსებენ კიდეც

    სამკურნალოდ, ამაზე, შესაძლოა, მკრეხელური აზრებიც კი მოგსვლოდა ადამიანს,

    სუსტს, და კიდევ კარგი რომ, ოღონდ დროებით, ხოლო ახლახან, ვტყუოდით

    ვითომ? წეღან... ამ ჩვენს უქნარა მოოხებაზე... რომ ვერაა კარგი... -

    რადგან სამკალი, ამასობაში, განზე გვრჩება და, მერე როგორ... ამაზეც, შემდგომ,

    ახლა კი, სულ ძალიანაც სხვაგვარ მოოხებასაც გადავწვდეთ, მოდით, -

    უღირსს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან აშკარად თავისებური ძმაბიჭები ჰყავდა

    ადრეულ ახალგაზრდობაში; ახლა, მთლად სულელებიც არ ეთქმოდათ, მაგრამ

    გაკვრით შემხედვარეებისათვის დაულაგებლობით ნამდვილად გამოირჩეოდნენ -

    თანაც სუყველანი კაცო, ხოლო იშვიათ რამეებში ერთსულოვნები იყვნენ, და ისიც

    ბოლომდე არა, რადგან, ხოლო ერთ-ერთის თავისებურება იმაშიც გამოიხატებოდა,

    რომ ძალიან მოულოდნელკუთხა მიმართულების სპორტული გულშემატკივარი

    იყო; აი, ვთქვათ შესცქერიან ტელევიზიით გინდ ფეხბურთს და გინა კალათბურთს

    ანდაც სულ ცხვირ-პირში რომ გამეტებით ურტყამ-სთავაზობენ ერთმანეთს

    ხელთათმან-დაბოლოებიან ზედა კიდურებს ძალიან სხვადასხვა და აგრეთვე

    პოლიტიკურადაც განსხვავებული ქვეყნების ფიზიკური თუ ფიზხელოვნების

    გამორჩეული წარმომადგენლები და არაფერს აკლებენ, თუმც ყოვლად

    უსაფუძვლოდ, უცნობ ერთიმეორეს როგორც ცხვირ-პირშია აგრეთვე გულ-ბოყვშია

    რამდენადაც ეს კი მათი მუყაითი მეცადინეობა-მომზადებით შეეძლოთ (ნეტა

    მოკრივედ-ბოქსიორები მისასალმებლად და, განსაკუთრებით, ბოლოს

    სახეზედმეტად აყვავებულნი, დამშვიდობებისას მაინც, თუმც მართალია ცივად

    მაგრამ ნეტავ საერთოდ მაინც რატომ ართმევენ ერთურთს ხელ-იარაღ-თათმანებს?

    ვერ გამიგია...) და ამ თუნდაც ცრუამხანაგურ პაექრობათა ყურებისას სესერეკაული

    რუსები თუ რომელიმე კაპიტალისტურებს ერკინ-ეფოლადებოდნენ, ის ძმაბიჭი, ამ

  • შემთხვევაში, თუმცაღა სპორტი როგორც ასეთი საერთოდ დიდად არ

    ენაღვლებოდა, მაგრამ, სოციალისტურებში ატომყოჩობით ნუმერსა პირველ

    სახელმწიფო სესერეკას ჯინზე რაღა თქმა უნდა სხვებსავით კაპიტალისტურებს

    უჭერდა მხარს (გადატანითი მნიშვნელობით, თორემ აბა ისე ტელევიზორის

    შიგანში აბა ვის მხარს დაიჭერ, საბჭოთა დენი იყო იქა სხვათუ არაფერი, - ავტ.),

    თუმცა, ამ შემთხვევაში (“აბა სოციალისტურებო თუ აბა კაპიტალისტურებო!“),

    გულშემატკივრობით არცთუ ისეთი აღტყინებით ირჯებოდა, როგორაც სხვები,

    მაგრამ მაინც გარკვეულწილად აშკარად, რადგან, ახალგაზრდობით, ნებისმიერი

    რუსი, ცხოვრებაში თუნდ უწყინარი სულაც არასპორტსმენიც კი, უშუალო

    დამაქცეველი ეგონათ, ხოლო ეს ჯანიანი ხალხი?.. და ამიტომაც, იმათ და იმათი

    სოც.-ჯაფის დანახვაზე?, -

    წამდაუწუმა:

    „მაგათი ყოფა ვატირე“,

    „აქ მაინც ეტიროთ სინსილა“,

    „აქაც არ გამოიყვანონ ერთბაშად, ბიჭო, ტანკი“,

    „რა იცი... მაგათგან ყველაფერი მოსალოდნელია“,

    და უარესებსაც ამბობდნენ, რადგან ტელევიზორამდე მაგიდაც ედგათ, მაგიდაზე

    კი ხანდახან მთლად არასპორტული რამეებიც ედგათ, ხოლო მაშინ, მათ ასაკში

    არცთუ იშვიათი სმა საძრახად ითვლებოდა მაშინ, შედარებით ჩამორჩენილი იყო

    ამ განხრით ხალხი, ხოლო ესენი, - მიდიიი, და თანაც -:

    „ეგრე! კარგი ყოფილა არა, კოჭებში?“

    „როგორ მოცელა ამ ვირმა, ხედავ?“

    „სიფათი ნახე!, სუფთა ღორია“,

    და სამაგიეროდ:

    „ბრავო! ა ტი ვსტავაი, ვანკა! ეშჩო ნადო ლეჩ“,

    და ასე შემდეგ,

    და, ამისთანანი,

    რადგან იმდენად ახალგაზრდები იყვნენ, ჯერ უფრო ბავშვებიც კი, რომ

    მაინფორმაციებელი ტელევიზორისკენ თავისი ჭკუით იქით აგზავნიდნენ

    თავიანთ ხმამაღალ მიდრეკილებებს,

    მოკლედ,

    იოხებდნენ, რაღა, ბიჭები გულს, მითუმეტეს რომ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ,

    ჯერ,

  • ისე კი, ხშირად რჩებოდნენ თვალმოცარულები, რადგან რუსებს, განსაკუთრებით

    სპორტის ძალისმიერ სახეობებსა და აგრეთვე მოლიპულ ყინულზე თამაშჰობებში

    იმდენად დიდადამტანი წარმომადგენლები ჰყავდათ, ბადალი ძნელად

    მოეძევებოდათ; რა იქნებოდა აბა, რადგან მოყვარულ სპორტსმენებში ის

    უპირატესობაც ჰქონდათ დათრეული, რომ სინამდვილეში წყალგაუვალი და

    სამაგიეროდ ღვარადოფლა პროფესიონალები იყვნენ - სესერეკაულა

    მორკინალების პროფესიონალობა კატეგორიულად უარიყოფებოდა მათივე

    პოლიტიკურ ფარულმუქარიან წრეთა მეშვეობით, აქაოდა ეს ჩვენი მხოლოდ

    ჰობიაო და ხოლო საბჭოთა ადამიანი ხომ ჰობიურადაც კი რამდენად უფრო

    შემძლებლურია ფიზიკურადაოც კიო (ხოლო უცხოელი პროფესიონალები

    დღიურად ოთხ საათს ვარჯიშობდნენ, ესენი - რვა-ათს უთმობდნენ წრთობას,

    პოლიტმეცადინეობებ-ს გარდა), ჯანსაღ მანოკაუტირებელ ხელსხეულში ჯანსაღად

    უპირატესი პოლიტიკური სული სძევსო, ხოლო სამოყვარულო შეჯიბრებათა

    განაცხადებში ძირითადად ზეინკლებად, შემდუღებლებად და სტუდენტებადაც კი

    იყვნენ წარმოდგენილნი, ხოლო ჭყეტელა ერთფეროვნების საწინააღმდეგოდ და

    აგრეთვე ხალისიანი მრავალფეროვნებისათვის ხანდახან „ვოდოლაზ“ებად

    (ნაკრების რომელიმე შტანგისტი) და „პორტნოი“თაც კი (ნაკრების ფეხბურთელი

    ტატუშინი) იწოდებოდნენ და, მიუშვი აბა, მგლები ამუნიებში, და ვინ ვის, ანუ

    რომელი რომელს, მიდიი, ხოლო ზოგიერთ მოთამაშებო სახეობებში (ფეხბურთი,

    ჰოკეი) მერე და მერე თვით შეუნიღბავ-გულახდილ პროფესიონალებსაც კი

    ერთგვარი წარმატებით (განსაკუთრებით ჰოკეიში) ეპაექრებოდნენ, ოღონდაც

    კვლავ ვითომ ისევ ნაზ-მოყვარულები - „დიდი ამბავი, თუ წავაგებთ“ - ხოლო

    თვით სესერეკაში ნებისმიერმა ღამის დარაჯმა იცოდა საქმის ნამდვილი არსი,

    თუმც ზოგიერთ გულშემატკივარ-რუსთაგანი თავს იკატუნებდა იმით, „ნაში

    გორაზდო მენშე პალუჩაიუტ“ -ო, რაც თავისთავად სწორი კი იყო, მაგრამ მეორეს

    მხრივ თანამოძმე სლესარ-სვარშჩიკებთან შედარებით ესენი უდავოდ მეტს

    იღებდნენ, ხოლო სახელმწიფოებრივ-პროცენტულობით რომელი წინ იყო, ესენი

    თუ კანადალები თუ კუნძულელები ფიჯის, ეს მართლაც ძნელი დასადგენი

    გახლდათ, რადგან მარიფათსა და მიდრეკილებასა და მოთხოვნილებასა და თავის

    ტვინის უჯრედებსაც ხომ ჰქონდა მნიშვნელობა და, მოკლედ, ბოლომდე აბა ვინ

    გაერკვეოდა თუ როგორ იყო სინამდვილეში საქმე, ხოლო ცხადზე ცხადი მხოლოდ

    ის გახლავთ რომ ერთმანეთს დაუზოგავად ეჯიბრებოდნენ ერთის მხრივ ის კაი-

    ოხერი მაგრამ ჩვენთვის პირადად მაინც ზიანის ვერმომტანად უწყინარი

    კაპიტალისტურები და მოპირდაპირე მხრიდან კი, სოციალიზმის, თუნდაც

    სპორტში, უჯანიანესი პორტნოებ-ინკასატორები,ც, და რუსებთან ჭიდილისას

    განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ უღირსისთანები ვითომდაც მოძმე და

    ძმური სხვაც ეგრეთწოდებული სოციალისტური ქვეყნების სპორტსმენებს,

    რომლებსაც ჩვენთან (ვაი... აი ხედავთ ეს რა წამომცდაც), ეე, ჩვენთან კი არა

    რუსებთან თანამეგობრობა და ძმობა და თანადგომა კი არა, ნატურალურად

    ჭეშმარიტი შესვარკავებაც კი სათოფედ ვერ დააკავშირებდათ (აქეთ-იქითურ

    გამონაკლისური შინაგანა თუ უშიშრაულ დიდად გარეგანა ძალებთა გარდა),

    მთელ დანარჩენ იქაურ ხალხს, უფრო სწორედ, დანარჩენ კი არა მთელ ხალხს,

    სოცბლოკი და სხვადასხვაგვარი თანამშრომლური პაქტი უნდოდათ კი არა, უმადო

    ბავშვებს სესერეკა-ბუათი აშინებდნენ და იმთავითვე მწარედ იყლაპინებოდნენ

  • ყოველგვარ მისაღებსა თუ მიუღებელ გადასაყლაპს მთლად

    მცირეწლოვნობიდანაც,კი, მაგრამ ძალა (ტანკი) აღმართს ხნავდა, ხოლო აქ მაინც,

    სპორტში, თუკი რუსები თუმც ამ შემთხვევაში მათსავედაგვარ ეგრეთწოდებულ

    სოც.-მოყვარულებს ხვდებოდნენ, ხოლო ასეთი მატჩებისას დაკანონებულ

    აგიტაციებთან ფიცვერცხლნაჭამი კომენტატორები ისე ამსუბუქებდნენ

    შეჯიბრების მსვლელობას, რომ ეს თავისთავად ფანტაზიის დიდად აწყვეტილი

    ზეიმი, ოღონდ სიმახინჯე, იყო, და, ეგებ იქ მაინც ეყარათ, სოციალისტურად

    დაპყრობილებს ამ მხოლოდ ფსევდო კი არა, მთლად ანტიმეგობრების ჯინი კი არა,

    რაღაც ჯომოლუნგმასავით მაღალი ოხტი, და ესაჩვენი ქართველი ახალგაზრდა

    ტელემაყურებლები, მათთვის ჰოკეის უცხოხილობის მიუხედავად,ერთი სოც.-ი

    თუ მეორე სოც.-ს ეთამაშებოდა ანდა ურტყამდა თუ დასანარცხებლად

    ესუფლექსებოდა, მთლად გატაცებით თანაუგრძნობდნენ თავიანთსავით

    ძალადნაცხოვნებ სოც.-ებს:

    „აბიჭო მიდი,რამ დაგაბნიათ,აქაც ტანკებით ხომ არ არიან!“,

    „მიდი, მიადე ერთი კარგად!“,

    „რა გეშინიათ, აქ მაინც ხომ ექვსნი ექვსზე ხართ, კლუშკებით მარტო!“,

    და ასე შემდეგ,

    ხოლო ის ერთი ძმაბიჭთაგანი, ვის გამოც ამისიგრძე შესავალი დაგვჭირდა,ისე

    იქცეოდა რომ,ვერავინ ხვდებოდა კი არა, ერთპიროვნულ-ეროვნულ გაოგნებასა

    იყვნენ, რადგან, მუდამ,ყოველთვის,ამ (იმ!-მეთქი!!!) სესერეკლებს

    თანაუგრძნობდა,რეებს იძახდა:

    „მიდი პანტელეევ!“

    „მიდი ივანკინ, ეგრევე ლეწე, მიდი გენაცვალე“,

    ძაან იცოდა იმან „გენაცვალე“,გაეღწია გინდაც ხმას,

    „მიდი პადგორნი, მიდი შე ოხერო!“,

    არა, „ოხერო“ კი ეცოდინებოდათ, მაგრამ რათ გინდა,

    და მაინც!,

    „მიდი პეტუხოვ!,გლიჯე ჯერ ყბაში! მოაჯექი! ეგრევე!“,

    „არ შემარცხვინო ბიჭო ანდრეევ!“,

    „ეგრე, სუფთა ჯიგარი ხარ პოლუპანოვ!“,

    ჯიგარი არა, ტოლმა,

    „მიდი გარშკოვ!, ეგრეე, ეგრე!!, ურაა, ურააა!!, ხომკი გახადა ოთხით ნოლი!“,

    და ასე შემდეგ,

  • რაც,

    რააც,

    რაააც,

    რაც მართალია მართალია და,

    დი-იდი უცნაურობა იყო.

    ...

    რადგან,

    სწორედ ის ერთიც ძმაბიჭი, სანდრო, ნამდვილად არ იქნებოდა არც შენიღბული

    კაგებეშნიკი, ანდაც რაღაც მოამგვარო გათახსირებული, რაც მათ ასაკშიაც კი

    შეიძლებოდა მომხდარიყო (ვიძახოთ ახლა, რომ „რაც კარგები ვართ ქართველები

    ვართ“?, „რაც კარგები ვართ დიდი უმრავლესობა თითქმის ქართველები ვართ“

    მაინც ვიძახოთ, კაცო), არც გრძელხნად გაწელილი ნაშა ჰყოლია რუსი, დავუშვათ

    და იმისიანებისთვის რომ გამოთაყვანებულად ეთანაგრძნო, არც ომში იყო

    ნამდვილად ნამყოფი (1939-ში გახლდათ სწორაღნუსხულად დაბადებული),

    ომაული თანამებრძოლების ხათრით ან გახსენებით ასე არასწორად რომ

    აღელვებულიყო, ის კი არადა, სავალდებულო სამხედრო სამსახურიც არ გაუვლია

    იქ რომ მოეწამლათ, არც ბრმად (უნებურად) მონობა სჩვეოდა, რადგან გარკვეულ

    საშიშროებებზე თამამად წასულა და სასამართლოებსა თუ დაკითხვებისას ცუდად

    არასოდეს ეჭირა თავი, მაამებლადაც ვერავინ იტყოდა, ისევ დაუშვებელი

    წარმოვიდგინოთ და გინდაც ხელმოცარული „ვერბოვშჩიკები“სთვის ასე ვთქვათ

    „ყურებიან კედლებს“ კარგი ხმა რომ მიეტანათ, რუსებისაგან დაშინებულადაც ვერ

    იტყოდით, რადგან ადრევე, ჯერ კიდევ მთლად ბავშვი, რუსის ჯარისკაცებს ისე

    უბრიალებდა თვალებს, გაგეღიმებოდა და, საერთოდაც, მერე, არცთუ იშვიათ

    ჯგუფურ ჩხუბებში ისე ხალისით და გამომგონებლურად ჩხუბობდა ხელით

    (თანამედროვეები ალბათ ძნელად დაიჯერებენ, მაგრამ მაშინ ვერ იყო ასე

    საყველპუროდ ავტომატური იარაღები, ჩამორჩენილები ვიყავით, და თუმც დანები

    აკი არამცთუ ბრინჯაოს ხანიდან, მართალია კაჟისა და ობსიდიანისა მაგრამ ქვის

    ხანიდანაც კი მოდის, მაგრამ დანასაც არ კადრულობდნენ, დიდი უმრავლესობა

    მაინც, და სანდრო კარიერისტიც ხომ არ იყო და არა, პარტიის წევრობა რომ

    ჩაეფიქრნა კი არა, აუცილებელ კომკავშირელობაზეც კი, თოთხმეტი წლისამ,

    ყველასგასაგონად და ზოგიერთის დიდად შემაცბუნებლადაც კი, ხმამაღალი უარი

    თქვა, თანაც საკმაოდ გამომწვევი: „ვა?, ძალაა?, არ მინდა“... ორი წლის შემდეგ კი,

    „ეგებ გამოსწორდა“ო, მაგრამ, კიდევ უფრო მკვეთრად ჩამოაყალიბა: „ვა?, ძალაა?

    რას გადამეკიდეთ, არ მინდა, ფრინეთ-რა, თქვენთვის“... და „არა ვარ ღირსი“ მაინც

    დაეყოლებინა, არამედ, „რატომ და, ეგეთი ხოში მაქვს“ო, პედსაბჭოზე ეს,

    რისთვისაც ყოფაქცევაში იმჟამად საყოველთაო „ფრიადი“-ს ნაცვლად „კარგი“

    გამოაყოლეს, რომელი „კარგი“ც „საშინელი“ს ნიშნავდა - ხოგამოდიან, იდენტური,

    სიტყვები „კარგი“ და „საშინელი“?. მაგრამ ასეთები ხდებოდა? თან, რუსების

    ხსენებაზე ყოველთვის როგორღაც ზედმეტადაც კი აჟრიალებდა, და რაღა იმ

  • სპორტსმენების დანახვაზე ხდებოდა იმათი ქომაგი? თუმც, მხოლოდ სოც.-ებზე-

    სას, თან, ისიც ძალიან საკვირველი იყო, რომ, ზოგიერთის გვარი თუ

    დაავიწყდებოდა (კომენტატორები ძირითადად გარე-თემებზე, ანუ ქვეყნის

    სასახელო შიდა თუ გარე საამურ პოლიტიკაზე საუბრობდნენ პენალტ-ბულიტების

    დროსაც კი ოღონდ როგორღაც გადატანითად) და იმ გვარდავიწყებულებს

    ცოტათი აგდებული შეფერილობის გვარით შეუძახებდა ხოლმე, კაცო და თუკი ასე

    თანაუგრძნობდა, კაცო, მაშ რაღას ეძახდა ძაან ხმამაღლა, და ასე:

    „მიდი, ეეე... ეე, დავაი სემიჟოპოვ, რეკე მაგ სკლეროზიან თავში!“,

    ხოლო წინადადებამ მოიტანა და, ნეტა ეს რუსი პირობითი სემიჟოპოვი და ის

    იტალიურად დადგენილი სინიორ ტარკინი ნეტა რა გამოდიოდნენ ერთმანეთისა

    ჰა? შენ დაგივიწყო მე, ტარკინი, მეტი არაა შენი მუსიკა, ანდა ჯარკოვსკი სადა

    მარხია ნეტავი ახლა უმოქმედოდ, აფსუს და როგორ გადაწყვეტილებებსა

    სწყვეტდა პირშიმთქმურ, მთავლიტის ყლორტი და ზედაც კოკორი, მაგრამ აქ

    გადავუხვიეთ, ხოლო ეს ვერაა კარგი, ხოლო ერთხელ, მსხვილ ჩემპიონატზე, ისეც

    მოხდა რომ რუსებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვეს პირველობა (შედარებითია

    ყველაფერი, პირველობაც კი), ხოლო უკანასკნელ მატჩში კი სწორედ სოცბანაკელ

    „თანამეგობრებს“ ხვდებოდნენ, საკმაოდ ძლიერ გუნდს (იქაც კი იდგა სასურველ

    სიმაღლეზე მოყვარულობა და ზეინკლობა), რომლებიც უკვეჩემპიონთან

    გამარჯვებით მეორე საპატიო ადგილზე გადიოდნენ, თუ არა და, შეუგნებელი

    შვედები დაეპატრონებოდნენ ვერცხლს, და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ

    თავიანთთვის ბევრი არაფრის მომტან შეხვედრას რუსები დათმობდნენ, ან, ბოლო-

    ბოლო, მეორე, ახალგაზრდულ შემადგენლობას გამოიყვანდნენ და ასე ისედაც

    წააგებდნენ შეხვედრას, და ვერც ვერავინ დააყვედრებდა პარტსტაჟიან მწვრთნელს

    მზარდი კომკავშირელების გამოცდას, ხოლო უკვე მოპოვებული

    ჩემპიონობისათვის სამშობლოში დაბრუნებისთანავე სამხატვრო რა იყო არამედ

    სამხედრო წოდებას ისედაც მოუმატებდნენ ახლა მთლად გენერალი უკვე თუ არ

    იყო, მაინცდამაინც ბრეჟნევს კი არ მიუახლოებდნენ, და ამ ბოლო მატჩის

    დათმობით ისეთ ორ კარგ კურდღელსაც დაიჭერდნენ, როგორიც იყო სოცმებანაკე

    სახელმწიფოთა სიძლიერის ხაზგასასმელად ასე გამორჩეულად საამაყო I-II

    ადგილი, და, რაც პოლიტიკურად მთავარი იყო, წაგებით მოგებულებს გულს

    მოუოხებდნენ და შედარებით ნაკლები სიძულვილით განაწყობდნენ თუნდაც

    სპორტში ამ ერთხელ მაინც თუმც თან სპორტულ ბრძოლასა და შეხლა-შემოხლაში

    განაზებულ და ნაზად დამარცხებული-დანარცხებული სისირიკისადმი იმ

    სოცბანაკური ქვეყნის მილიონობით გულშემატკივარს; მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ

    ბოლო მატჩის წინ ვერაგ კაპიტალისტურ გაზეთებში დიდი ასოებით დაბეჭდილა,

    რომ რა ჩემპიონია ის ჩემპიონი, რომელიც, წინასწარ იცი რომ მატჩს დათმობს

    აუცილებლად და ყოველ მიზეზს გარეშე პოლიტიკური მოსაზრებით დათმობით

    წააგებსო და, აგრე არ უნდა კაპიტალისტური წინასწარმეტყველებანიო და,

    აღენთნენ თურმე აი ეს ჩვენი (ვახხ, ვახხ!.. - რა ჩვენი, რის ჩვენი) პატიოსნებაში ასე

    სახალხოდ ეჭვმიტანილი გულვარსკვლავიანი საბჭოთელები დელეგაციის

    ხელმძღვანელიდან დაწყებული მეოთხე მოყვარულიც-მასაჟისტით

    დამთავრებული და ისე გამოსრიალდნენ მებრძოლები ამტან მშობლიურსავით

  • ყინულზე, რომ, მტრისას, და თან სათადარიგო კომკავშირელები კი არა, არამედ

    სულ-სუ რჩეული გამობრძმედილი და მთლად გამოცდილი უკვე პარტიული

    დესიატიჟოპოვები გამოიყვანეს, რომელი უკანასკნელებიც მოთელვაზეც კი თან

    ისეთაურად იყვნენ გამომეტყველებიანები (განსაკუთრებით, სახეზე, და ცოტათი

    საკმაოდ სხვაგანაც), რომ იმ ყოვლად არაქართველთა სპორტში მაინც ერთგვარად

    გაწაფული სანდრო, იმათ სულაც მალულ კოჭებზედაც კი მიხვდა, რომ მხოლოდ

    და მხოლოდ მოგებისათვის იყვნენ განწყობილები და, აღფრთოვანდა:

    „აბა, თქვენ იცით ჩემი ბიჭები, აბა თქვენ იცით როგორ გამახარებთ თქვენ ჩემის

    სახუთქიმიანებო, ჩემო წითელო ვარსკვლავებო!, ვარსკვლავბიჭუნებო თქვენ!“, -

    აბა, ეს იყო განა მიმართვა? სულ რომ არაფერი, ბევრ იმათგანზე რამდენად

    უმცროსი იყო, თან არაკომკავშირელი, და, რომ დაიწყო თუ არა პაექრობა,

    მართლაცდა ვაი, ტარკინის რეცენზიასავით „რიგოლეტო“ზე, ისეთ ჩატარებას, და

    ჩემპიონებმა მოგებით თუმცა კი მოიგეს, მაგრამ ისედაც მოლიპულ მოედანზე ცემა-

    ტყეპები და გულქვა ყინულზე იმეებით დატყაპნებები აქეთ-იქითურა ახლდა ამ

    გაზეთნაბიძგებ პიროსის გამარჯვებას ისეთი, გეგონებოდათ, კაპიტალისტთა

    გულგასახარად, ასე ჩვენები (ფუ?!..) სოცმეგობრებს კი არა არამედ მთლად

    ამერიკული საიდუმლო დაზვერვის გენერალ-ადმირლებს ხვდებიან ვიეტნამის

    გასაყოფად და ამიტომ გემრიელი ნაჭრებიდან განსაკუთრებით სუკ-ისთვის

    იკლავენ თავს ისე ჩხუბობენო, რადგან, სამეგობროებმა, ისედაც

    წყევამეგობართაგან, აი აქაც კი ასეთი გააფთრებული დატაკება თავიდან ძალიან

    გაკვირვებულებმა რომ აღმოაჩინეს, მერე და მერე კიდევაც მეტად იმითაც

    გააფთრდნენ, რომ, ამ ასეთ-ისეთებს ისედაც ხომ აქვთ განაღდებული პირველობა

    და კიდევ ასე რამ გაამწარათ და თანაც მერედა ვისზე, როგორ, კიდევ ჩვენსზეო?, არ

    ეყოთ ისედაც ჩვენი ყოველნაბიჯ და წამდაუწუმა გაუბედურებაო? და, ატყდა

    მაგრამ რა ატყდა ყინულზე, ისეთი რაიმ, რომ თითოეული მათგანი, აქეთურებიც

    (ვა?!)ეე, იქითურებიც და უფრო იქითურებიც, რამდენიცგინდაკრატნიჟოპოვი კი

    არა ყინულზეც მბრძოლი ალექსანდრე ნეველი გეგონებოდათ ისტორიკოსებს

    მაინც, ხოლო იმათი ჰოკეიჯოხები - მონათმფლობელური დამასკოური ხმალი,

    ჩეხეს და ლეწეს ერთმანეთი, და აღგზნებულმა და გაყიდულმა გუნდსესერეკამ

    სუსურეკა და რეკა ვითომეგობრებს, თავში, და ყბაში, და ბოდიში კი მოგვიხდია

    და, იქაც კი, უფრო, ხოლო მთლად აღფრთოვანებული სანდრო კი, სკამზედაც კი

    შეხტა და ისე ჰყვიროდა:

    „მიდი ბიჭო გუსევ, პოკაჟი იმ გძე რაკი ზიმუიუტ, ეგრე, მიადე ერთიც მაგ ჟანგიან

    ყბაში! ეგრე!!“

    ხოლო ერთ-ერთ სახეზე უკვე დალეიკოპლასტირებულს, განსაკუთრებით

    შეუძახოდა:

    „ეგრე სუსლოვჯან! ერთიც ლეწე, გამწარებულზე, შენ გენაცვალე დაბინტულ

    ჭაჭებში!“,

    ეს დაბინტული ჭაჭები რაღა იყო, ხოლო ალაგ დაუბინტავ სახეებს რაც ეხებოდათ,

    ისეთებური გაუხდათ რომ, ხოლო რამოდენიმე თუნდაცდა ყოფილფსევდო

  • ერთბანაკურა იქით-იიქითურს, თვალებიც კი აღარ უჩანდა, და მხოლოდ წამწამსა

    და წამწამშუა გაშენებული ბაღებიდან (იხ. „აბესალომ და ეთერი“, აბაჰე!, ტარკინი!,

    შე საერთაშორისოვ...) იჭვრიტებოდნენ ისე, რომ სანდროს ზარ-ზეიმს აღარ ჰქონდა

    საზღვარი,

    „შეხედეთ ბიჭო, დააკვირდით, სულ მაო ძედუნის იმას არ გვანან, უსაქმობის და

    მოწყენილობის დროს?“

    ხოლო როდესაც ეს ყოვლად არამცთუ არამეგობრული, - არაამხანაგური,

    არაოლიმპიურსიმშვიდიანი და ყოვლად არამოყვარულო, არამედ მანამდე

    ვერნახულიც უცნობურმტრული მატჩი დამთავრდა, რუსების გამარჯვებით

    ისედაც განაწყენებულმა მაყურებელ-ძმაბიჭებმა იმდენად ვეღარ შეიკავეს თავი,

    რომ იმბანაკებლებივით ძალიან მტრულადაც კი შეხედეს სანდროს და

    გაკვირვებით კი არა, კარგა მკაცრადაც დაეკითხნენ, თუ რატომ იკლავდა თავს ასე

    ძალიან თავს რუსების გამარჯვების გულისათვის, სანდრომ გაიკვირვა:

    - კი, კი, სულ მე არ მოვაგებინე?

    და რადგან სანდროსი მაინც სჯეროდათ, ისევ გაკვირდნენ:

    - ამაში მაინც დაეთმოთ ამ ოხრებს! ისედაც, მთელი ცხოვრება რომ ასხედან თავზე!

    ხოლო სანდრომ, რაღაცაში განმტკიცებულმა, წამოიძახა:

    - ამაშია საქმე!

    - რატომ!

    - იმიტომ!, -

    და თვითონაც ჯერ კარგა გამომცდელად შეათვალიერა ყველა, მერე კი, ხელი

    ჩაიქნია და თქვა:

    - ხოლო რატომაც მინდოდა ასე ძალიან იმათი გამარჯვება, კი აგიხსნიდით, მაგრამ

    ჯერ მაინც ვერ მიხვდებით.

    - რატომ!!?

    -იმიტომ. გეტყობათ ჭკვიანურ თვალებში. თან, ამას ისედაც გაიგებთ. სულ რაღაც

    ორიოდ დღეში. პატარაც მოითმინეთ. ამდენი გითმენიათ და...

    რა უნდა გაეგოთ ნეტა ისეთი, თან რაღაც ორიოდ დღეში. და ორიოდ დღეს მართლა

    არაფერი გაუგიათ, თავს იკავებდნენ რადგანაც საბჭოური ვერპირშიმთქმელი

    გაზეთები, მაგრამ, ასე ხუთიოდ დღის შემდგომ, ვეღარ დაიმალა ის რომ, იმ

    ქვეყანაში თურმე მაშინათვე დიიდი ანტისაბჭოთა გამოსვლები დაწყებულა,

    ოღონდ ჰოკეისთანა ვითომ-წვრილმანს არ ახსენებდნენ, არამედ, აღარ

    გვინდიხართ თქვე ყოველმხრივ ასეთ-ისეთებო, ჩვენთვის გვინდა ვიყოთ, აღარ

    წაეთრევითო?, გაეთრიეთო, რომელ გამოსვლებსაც, ერთგვარი გონით

    მოწესრიგებულმა სსრკ-მ, გამოსვლები ასე არ უნდაო და სამაგიეროდ შესვლები

  • დაუპირისპირეს, ოღონდაც თავისებური შესვლები - თავიანთი მოფერებულად

    ეგრეთწოდებული მშვიდობისმოყვარე ტანკებით, რომელი ტანკებიც იქ უკვე

    „ძმურად შესახლებულ“ (აქა გამოთქმა-ამბავია პრესულ-რუსული, ქართულად

    ნათარგმანევი), სხვადასხვა კალიბრ-იარაღიანი სამხატვრო რა იყო არამედ

    სამხედრო ახალი ძალები საგარნიზონო ქვედანაყოფებისთვის

    მრავლისმანიშნებლად მიუერთებიათ, ხოლო ეს გაძლიერებითი შერეკვ-

    დამკვიდრ-გამაგრებანი იმითაც განუმტკიცებიათ, რომ ძალუმად აღორძინებულა

    დაჭერები, როგორ თუ ვითომ რატომ და არ გინდივართ ჩვე-მშვიდობისმოყვარე

    ჩვეკუკლებიო, აბა როგორთუ თქვენ-თქვენთვის და ჩვენ კიდე - ჩვენთვის? - ეს ხომ

    თქვენის მხრიდან პირწავარდნილი ერთპიროვნული აგრესიააო, ხოლო დინჯ-

    დარბაისლურად თავშეკავებულ ლენინურ პრესაში კი მხოლოდ თხუთმეტიოდე

    დღის შემდეგ შავით თეთრზე და შრიფტობრივად წვრილად გამოქვეყნდა, რომ,

    რომ ეს იმპერიალისტურ-რეაქციულმა ძალებმა გამოიწვიეს თავიანთი შავბნელ-

    დოლარებიანი აგენტურით მეგობრულ ქვეყანათშორისი სრული გაუგებრობა ეს-ო,

    და ახლაკი იმპერიალისტების ეს აუგ-მცდელობა ჩაფუშულია და მეტის ძალითაცაა

    აყვავებული ოდითგანვე ძმურად შეფიცულ ქვეყანებთშორისი ეს პატარა

    დედმამიშვილური (მარქს-ლენინური?) წაკინკლავებაო, ისევ ერთად ვართ

    ურთიერთგაგებითაო და თანადგომით და საღის ანკარა აზრითაო, - ხოლო

    რომელი ნეტავი აბა კაპიტალისტ-იმპერიალისტი იყო აბა ნეტა თუმცაღა

    შვიდფუთიანი კაჟი და რკინა და თანაც ჰოკეისტ-დამცველი ა.რაგულინი... არა-

    გული-ნი? ტარკინი, ვითომ? ანდაც ჰოკეიური ძმანი მისნი? ხოლო ნეტავაც გვარი

    ტარკინი საიდან მოდის, ეგებ, სმენითი ტანკი-ნი-დანაც, კი? რა დროს ისაა,

    ყურებდაჭრილი, თუმც ბადრიჯნები ედო ყურში,

    - ახლაც ვერ ხვდებით, რატომ მინდოდა მაგათი გამარჯვება? ხომ ხედავთ, რაც

    მოჰყვა, თუ ესეც კი ვეღარ გაიგეთ, ვითომდაც ყურცქვიტებო? - იკითხა სანდრომ, -

    ახლა კი უკვე უნდა მიხვდეთ, წესით. ნურავის გვეწყინება და, ხალხები ყველანი

    სულელები ვართ მეტნაკლებად და ცოტაცოტა, რადგან ჩვენს მონობას თუ არა,

    ვერდამოუკიდებლობას მაინც, ყოვლად თვალშისაცემ და ყოველნაბიჯა,

    წამდაუწუმა ამბებზე კი ვერ ვხვდებით, არამედ ამ განსაკუთრებულად

    მაინცდამაინც თვალსაჩინო სპორტით ვიოხებთ გულს და, ამ რამდენად

    უმნიშვნელო საქმეში თუკი წავაგებთ, მაშინღა ვფხიზლდებით, ჩვენდა

    სამარცხვინოდ, მხოლოდ, და თუ მოვიგებთ, გვეჩვენება რომ ამით ვიყრით

    ყველაფრის ჯავრს და ჯინს, და, ამით გახარებულები, გამარჯვებულებადაც კი

    გამოვიყურებით, ხოლო ჩვენი მთავარი უბედურება ნაკლებად გვახსოვს, ხოლო

    სპორტში კი, ტაბლოს ანგარიშითაც ასე თვალსაჩინო წაგებას, და ზედაც თანაც

    გალახვითურს, როგორი აღშფოთებით განვიცდით და, ამ თავისთავად დაბალ

    შემთხვევაში ჩვენდა სამარცხვინოდ გაცილებით უფრო მკვეთრად ხდება ჩვენი

    შეჯანჯღარება, და გაცილებით უკეთ გვახსენდება, მართლაცდა რა დღეშიც ვართ,

    და, ის ჩვენზე იყოს, თუ ვინ გამოვდივართ ამიტომ, და რანი, და, თავისთავად განა

    არაა ჩვენი შერცხვენა, რომ ასეთ ყოველმხრივ დაჩაგვრაზე მეტად, ერთმა

    ფეხბურთის თავისთავად ყოვლად უნამუსო, მაგრამ სინამდვილეში, უნებურად,

    ჩვენთვის დიდად მოკეთე მსაჯმა აგვიხილოს თვალები?

  • ...

    და, დააყოლა:

    - ასე რომ, ბიძიებო, ყოველთვის უნდა გსურდეთ და გიხაროდეთ ის, რასაც ეს

    ჩვენიც საუბედურო და სამარცხვინო საჭიროება მოითხოვს.

    ...

    და, კიდევ დააყოლა:

    - ხოლო რუსების ამ მართლაც პიროსის გამარჯვების სიკეთეებს, სულ მალე კიდევ

    ბევრს ვნახავთ, ჯერ სად ვართ... და აგერ იმასაც ნახავთ, თვით გადაყრუებულ-

    ჩვენზედაც კი სასიკეთოდ თუ არ იმოქმედებს ეს.

    ...

    ნეტა იმას თუ გულისხმობდა, რომ ის გამოსვლები როგორღაც (როგორღაც კი არა,

    არამედ ალალად პირშიმთქმელური ტანკებით) რომ ჩააშოშმინეს, მთელი

    პროგრესული თუ ნაკლებპროგრესული მსოფლიო ისე აღაშფოთეს, რომ ღაწვების

    ფერითაც ყოვლად ჩაჟამებული გრომიკო ალეკსეიც (საგარეო საქმეთა

    სამინისტროს წამყვანი თანამშრომელი) კი გაწითლდებოდა, ეს სახეზე, თორემ ტან-

    ტვინ-ფეხით კარგად იყო აღნაგი,

    - ესეც ეგრე, - დაამატა ამაზე სანდრომ,

    ამასთანავე, ჩვენი (ვაი!.. თფუ!..), ეე, სხვადასხვა საზოგადოების წევრობიდან

    წვალობით შეღწეული საბჭოთა სხვადასხვა წარმომადგენლობები გამოგდებულ-

    იქნენ, აგრეთვე ამასთანავე მკვეთრად იკლო და თითქმის ნულამდე დავიდა

    სესერეკაელების ადრე თუმც ისედაც ყოვლად გაკოჭილად მაგრამ

    ვითამტურისტულად გასვლითი ვაი-მარკოპოლოობა მსოფლიოს

    სხვადასხვარელიეფიანი ქვეყნების ასე დაახლოებით ცხრანახევარ მეათედში,

    ხოლო იმ ჰოკეითაც დამარცხებულ ქვეყანაში ხომ, უტანკოდ ერთიც აღმავალი

    ხუთწლედით მაინც აღეკვეთათ ყოველგვარზომიანი ფეხი, ხოლო სხვა

    სოციალისტურ ასე ვთქვათ თანამეგობრულ ქვეყნებში კი თუკი უშვებდნენ ტურ.-

    ჯგუფებს, მაგრამ აუცილებლად გაჰერმეტიულებს ისე რომ, საბჭოურ მტკიცედ

    შეკრულ შესვარკავებულ ჯგუფს ტუალეტშიც კი ვერ განეყოფობოდა

    ინდივიდუალურად გაჭირვებული კაცი,

    - ესეეეც, ესე, - ითვლიდა მოსავალს სანდრო,

    და, სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა, სსრკ-ზე ორ ყველაზე შესანიშნავ

    ანეკდოტთაგან, ერთ-ერთი; აი, ისიც:

    „სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ჰკითხეს, თუ ვინ როგორი

    ტრანსპორტით სარგებლობდა შინ და გარეთ; ფრანგს უთქვამს, საფრანგეთში,

    მესიე, მცირელიტრაჟიანი რენოთი დავდივარ, საზღვარგარეთ კი - გრძელი როლს-

    როისითო, იტალიელს უპასუხნია, სინიორ, შინ გრაციული ფიატით, ხოლო

  • საზღვარგარეთ - გრაციოზული მაზერატითო, გერმანელს მიუგია, შინ მომცრო

    ფოლკსვაგენით, ჰერ, საზღვარგარეთ კი ზორბა მერსედესითო, და ასე შემდეგ, და

    რომ დამდგარა რუსის ჯერიც, იმას ჯერ ერთგვარად ერიდებოდა სიმართლის

    გამხელა, რადგან საზღვარგარეთ სხვები უფრო პრესტიჟული ტრანსპორტით

    მიემგზავრებოდნენ, ამას კი აბა რა უნდა ეთქვა, მაგრამ მაინც არ გაიტეხა თურმე

    იხტიბარი და, უთქვამს: „ია, ტავარიშჩი, ვ ოტჩიზნე ნა ზაპოროჟცე რაზიეზჟაიუ, ა

    ზა გრანიცეი - ნა ტანკახ“-ო, და,

    - ესეც, ასეე, - აღნიშნა სანდრომ, - აბა არ გაემარჯვათ, რა ზაგრანიცასაც ნახამდნენ

    ტანკებით, და თანაც ასე გამოსაჩენად, იმასაც ვნახავდი,

    იცინა ცოტა, და,

    ჯერ კიდევ სად ხართო,

    მაგრამ იმაზე მხოლოდ გაეღიმა, როცა ერთი შედარებით ცნობილი ქართველი

    სპორტული მოღვაწის დისშვილისაგან გაიგო, რომ თურმე საკავშირო

    ფიზკულტურისა და სპორტის სამინისტროში ჰოკეის ფედერაციის ავანგარდული

    ხელმძღვანელობა თუმც უცვლელად დაუტოვ�