ემოციური დისკურსის...

Click here to load reader

  • date post

    31-Jan-2020
  • Category

    Documents

  • view

    12
  • download

    0

Embed Size (px)

Transcript of ემოციური დისკურსის...

  • ემოციური დისკურსის პრაგმაკომუნიკაციური ასპექტები

    იტალიურ და ქართულ ენებში

    ნანა ლომია

    სადისერტაციო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

    მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ფილოლოგიის დოქტორის (PHD)

    აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების შესაბამისად

    პროგრამა

    სამეცნიერო ხელმძღვანელი: ქეთევან ჯაში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,

    სრული პროფესორი

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    თბილისი, 2012

  • „როგორც სადისერტაციო ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს

    ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ,

    გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ

    არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.“

    ნანა ლომია 2012 წლის 17 მაისი

    I

  • აბსტრაქტი

    დისერტაციის კვლევის საგანია ადამიანის ემოციის გამოხატვა, კერძოდ, ემოციური

    რეაქციისა და ემოციური მდგომარეობის საშუალებების ვერბალური და არავერბალური

    საშუალებების აღწერა XX საუკუნის იტალიურ ლიტერატურაში ემოციათა

    სტრუქტურულ-სემანტიკური დინამიკისა და პრაგმატისტული ანალიზის მეშვეობით.

    განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრაგმატისტულ ასპექტზე ანუ იმაზე, თუ რა

    ინფორმაციაა ჩადებული ადრესანტის მიერ ემოციების აღნიშვნისას და როგორ

    აღიქვამს ადრესატი გადმოცემულ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში

    ვითვალისწინებთ იმ უშუალო კავშირს, რომელიც არსებობს მხატვრული დისკურსის

    კონოტაციას, იმპლიკაციას, პრესუპოზიციასა და ქვეტექსტს შორის. დისერტაციაში

    ნომინაციის პროცესები განხილულია ადრესანტის პიროვნებასთან კავშირში, მისი

    სოციალური სტატუსის, სქესის, განათლებისა და კულტურის გათვალისწინებით.

    ჩვენთვის მნიშვენლოვანია აგრეთვე, არა მხოლოდ იტალიურ ენაზე ემოციების აღწერა

    და გამოხატვა, არამედ იმავე ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის

    თავისებურებების გადმოცემა, რათა დადგინდეს მსგავსება და განსხვავება ამ მხრივ

    ორ არამონათესავე ენას შორის. ამ თავისებურებებს განვიხილავთ თარგმნის

    ინტერპრეტაციული თეორიის ჭრილში და ჩატარებული ანალიზის საფუძველზე

    დავადგენთ, ხომ არ ხდება იტალიურ ენაზე მოცემული ძლიერი ემოციის შესუსტება?

    თემის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ემოციათა გამოხატვას გააჩნია

    ექსპრესიული ფუნქცია, ხოლო ექსპრესიული ფუნქციის კვლევა მნიშვნელოვანია და

    ნაკლებად შესწავლილი პრობლემაა. ამასთან ერთად, ემოციათა გამოხატვის ანალიზი

    მხატვრული პროზის ენაში თეორიულად არ ჩატარებულა იტალიური და ქართული

    ენების შეპირისპირებითი თვალსაზრისით. აქტუალურად უნდა ჩაითვალოს დასახული

    ამოცანისადმი კოგნიტური მიდგომა, რომლისთვისაც ენობრივი მოვლენების კვლევაში

    დამახასიათებელია ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომელიც საშუალებას

    გვაძლევს ყოველმხრივ გავაშუქოთ კვლევის ობიექტი.

    II

  • კვლევის მეთოდები განპირობებულია იმ მიზნითა და ამოცანებით, რომლებიც

    დასმულია დისერტაციაში. ნაშრომში გამოიყენება შემდეგი მეთოდები: სინქრონიის,

    რომელიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ემოციათა ფუნქციონირების

    თავისებურებანი სტატიკაში. აღწერითი, კლასიფიკაციისა და შეპირისპირებითი,

    სტრუქტურულ-სტილისტური, კომუნიკაციური მეთოდები. ნაშრომში მოცემულია

    კულტურულ-ისტორიული მონაცემები, რომლებიც შემოწმებულ იქნა ენის

    მატარებლებთან და რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა დაგვედგინა

    ემოციათა გამოხატვის სემანტიკა.

    ნაშრომის თეორიული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ის გარკვეულ

    წვლილს შეიტანს ნომინაციის თეორიის შემდგომ განვითარებაში, კერძოდ, იმ

    პრობლემების შემუშავებაში, რომლებიც დაკავშირებულია ენაში ემოციათა გამოხატვის

    საშუალებების კვლევასთან. ემოციის გამოხატვის საშუალებათა სემანტიკის აღწერა

    შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ენებში ემოციური დისკურსის აღსაწერად. ნაშრომი

    გარკვეულ წვლილს შეიტანს ლიტერატურული ენის განვითარების კვლევის

    თვალსაზრისით.