ყვითელი ფარვანები · ამდენი „უ“-ს...

22
ყვითელი ფარვანები მარი აშუღაშვილი წიგნი პირველი შესავალი 2012 წელი. აგვისტო აქ ხშირად მოდიოდნენ. სკვერში ბევრი სკამი იყო, ზოგი ახალი - საზურგით და რკინის სახელურებით, ზოგიც ძველი - უბრალო, ფერდაკარგული, თითოფიცრიანი. მაგრამ, როგორც წესი, სკამებთან არ ჩერდებოდნენ, დასაჯდომად ერთი გრძელი მორი ჰქონდათ ამოჩემებული. ალბათ იმიტომ, რომ ეს მორი გადაწოლილი ფიჭვის გვერდით ეგდო. ფიჭვი მიწასთან დაახლოებით 30-გრადუსიან კუთხეს ქმნიდა, მასზე აცოცება და იქიდან ჩამოხტომა ბავშვებს ყველა სხვა თამაშს ერჩივნათ. ხესთან ყოველთვის საათზე მეტხანს რჩებოდნენ, მაგრამ წასვლას რომ შესთავაზებდი, კიდევ არ ეთმობოდათ. კატომ დაბნეულმა მიიხედ-მოიხედა. აქ თავისდა უნებურად აღმოჩნდა. მორის კიდეზე ჩამოჯდა, კისერზე ხელი მოისვა. თხელი თითები თმაში შეიცურა. ჩალისფერი თმის ძირები დანოტივებოდა, კისერი მთლად სველი ჰქონდა. აგვისტოს ხვატისგან ხეები ვერ იცავდა. მზე რამდენიმე წუთის ჩასული იყო. „ერთ საათში ალბათ დაბნელდება“, - გაიფიქრა. ბალახისა და მიწის სურნელი შეისუნთქა და თვალები დახუჭა. ბავშვები გაახსენდა, აქამდე მათზე ფიქრი არ შეეძლო. დაპროგრამებულივით მოქმედებდა, თავს მოდუნების უფლებას არ აძლევდა. ახლა, როცა მდგომარეობა დასტაბილურდა, მოეშვა. თითქოს სასიცოცხლო ძალები ერთბაშად დაეშრიტა. ექიმები დიდ იმედს ვერ აძლევდნენ. ამის გახსენებაზე უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და სხეული დაუმძიმდა. ახლაღა შეიგრძნო მწვავე რეალობად წერილში ამოკითხული სიტყვები: „რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, ასე უნდა მომხდარიყო“. ვერასდროს იფიქრებდა, რომ წლების წინ ჩავლილი, უკვე მონელებული ამბავი ასე მოუტრიალდებოდა. წერილი რომ წაიკითხა, ქმარს გაუგო. გაუგო, მაგრამ დანებება არ უნდოდა. 35 წლის ასაკისთვის საკმაოზე მეტი გადაიტანა, რომ ბედნიერება ასე ერთბაშად გამოსცლოდა ხელიდან. კატომ მწარედ ამოიგმინა.

Transcript of ყვითელი ფარვანები · ამდენი „უ“-ს...

ყვითელი ფარვანები

მარი აშუღაშვილი

წიგნი პირველი

შესავალი

2012 წელი. აგვისტო

აქ ხშირად მოდიოდნენ. სკვერში ბევრი სკამი იყო, ზოგი ახალი - საზურგით და რკინის სახელურებით, ზოგიც ძველი - უბრალო, ფერდაკარგული, თითოფიცრიანი. მაგრამ, როგორც წესი, სკამებთან არ ჩერდებოდნენ, დასაჯდომად ერთი გრძელი მორი ჰქონდათ ამოჩემებული. ალბათ იმიტომ, რომ ეს მორი გადაწოლილი ფიჭვის გვერდით ეგდო. ფიჭვი მიწასთან დაახლოებით 30-გრადუსიან კუთხეს ქმნიდა, მასზე აცოცება და იქიდან ჩამოხტომა ბავშვებს ყველა სხვა თამაშს ერჩივნათ. ხესთან ყოველთვის საათზე მეტხანს რჩებოდნენ, მაგრამ წასვლას რომ შესთავაზებდი, კიდევ არ ეთმობოდათ.

კატომ დაბნეულმა მიიხედ-მოიხედა. აქ თავისდა უნებურად აღმოჩნდა. მორის კიდეზე ჩამოჯდა, კისერზე ხელი მოისვა. თხელი თითები თმაში შეიცურა. ჩალისფერი თმის ძირები დანოტივებოდა, კისერი მთლად სველი ჰქონდა. აგვისტოს ხვატისგან ხეები ვერ იცავდა. მზე რამდენიმე წუთის ჩასული იყო. „ერთ საათში ალბათ დაბნელდება“, - გაიფიქრა. ბალახისა და მიწის სურნელი შეისუნთქა და თვალები დახუჭა.

ბავშვები გაახსენდა, აქამდე მათზე ფიქრი არ შეეძლო. დაპროგრამებულივით მოქმედებდა, თავს მოდუნების უფლებას არ აძლევდა. ახლა, როცა მდგომარეობა დასტაბილურდა, მოეშვა. თითქოს სასიცოცხლო ძალები ერთბაშად დაეშრიტა. ექიმები დიდ იმედს ვერ აძლევდნენ. ამის გახსენებაზე უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და სხეული დაუმძიმდა. ახლაღა შეიგრძნო მწვავე რეალობად წერილში ამოკითხული სიტყვები: „რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, ასე უნდა მომხდარიყო“.

ვერასდროს იფიქრებდა, რომ წლების წინ ჩავლილი, უკვე მონელებული ამბავი ასე მოუტრიალდებოდა. წერილი რომ წაიკითხა, ქმარს გაუგო. გაუგო, მაგრამ დანებება არ უნდოდა. 35 წლის ასაკისთვის საკმაოზე მეტი გადაიტანა, რომ ბედნიერება ასე ერთბაშად გამოსცლოდა ხელიდან.

კატომ მწარედ ამოიგმინა.

ტელეფონმა უსიამოვნოდ დაიწრიპინა, ტექსტური შეტყობინება მოვიდა. ახლა არავისთან ურთიერთობის თავი არ ჰქონდა, მაგრამ ჩვეულებას ვერ უღალატა. იმის შიშით, რამე სასწრაფო და მნიშვნელოვანი არ მოხდესო, ტელეფონი მუდამ ახლოს ჰქონდა, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. მობილური თხელი ქვედაკაბის ჯიბიდან ამოიღო და გზავნილს ჩახედა.

„რა? ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, არ მჯერა!“ - მეტი ვეღარაფერი თქვა, მორიდან ჩამოცურდა, მუხლებზე დაეცა და მოთქმით ატირდა...

თავი პირველი

1998 წლის გაზაფხული

კატო და სალომე გადაბმული დაქალები იყვნენ. თუ ერთის ნახვა გინდოდა, მეორე უნდა მოგეძებნა, ერთად თუ არ იყვნენ, ერთმანეთის ასავალ-დასავალი მაინც აუცილებლად ეცოდინებოდათ. ორ წელიწადში გოგონები უცხო ენების ინსტიტუტს ამთავრებდნენ. ყველაფერს ერთად მეცადინეობდნენ, საქმის ცალ-ცალკე კეთება ვეღარც კი წარმოედგინათ. მუდამ ენერგიული სალომე ენთუზიაზმით იწყებდა დავალების გარჩევას, ეშხიან წარბებს აიწკეპდა და დროდადრო კატოს წიგნის ზემოდან გადახედავდა ხოლმე. კატო მწვანე თვალებს ჭერს მიაპყრობდა და ყურადღებით უსმენდა. ცოტა ხანში სალომეს ხმაში დაღლა ეპარებოდა. მაშინ კატო გადაიბარებდა საქმეს და სანამ დაგეგმილ გვერდებს არ წაიკითხავდნენ, წიგნს არ გადადებდა. გამოცდების დროს ყოველი სამი საკითხის გარჩევის შემდეგ 15 წუთით ისვენებდნენ, ცხრა საკითხის შემდეგ კი ერთსაათიანი შესვენების უფლებას აძლევდნენ თავს. ამ შუალედში ჭამასაც ასწრებდნენ, ყავის დალევასაც, ეზოში ან სკვერში გასეირნებასაც (გააჩნია, ვის სახლში მეცადინეობდნენ) და უამრავი საჭირბოროტო საკითხის განხილვასაც. მათი მეთოდი ამართლებდა. კურსზე საუკეთესო სტუდენტებად ითვლებოდნენ. ზოგჯერ ნინოც შეუერთდებოდა ხოლმე, უმეტესად მაშინ, როცა სალომესთან მეცადინეობდნენ. სამეცადინოდ ყველზე კომფორტული ოთახი მას ჰქონდა - ტახტებით, რბილი ბალიშებით და უშველებელი ძველი მაგიდით. გოგონების ერთად ნახვას არაფერი სჯობდა. ერთად შეყრილი „სამი მუშკეტერი“, როგორც მათ ინგლისური ლიტერატურის ლექტორი ეძახდა, ისეთ სიცილ-ხარხარს და ხმაურს ატეხდა ხოლმე, სალომეს დედა შეშინებული შემორბოდა ოთახში:

- ხომ მშვიდობაა გოგოებო?

- კი, თამრიკო დეიდა, მშვიდობაა, - მუცელი ხელით ეჭირათ გოგოებს, - ისეთი არაფერი, კატოს ღამის პეპელა მიაფრინდა და შეაშინა.

- რა გეშველებათ, ნეტავ როდის გაიზრდებით, - ღიმილით გადაიქნევდა თავს თამრიკო და ოთახიდან გადიოდა.

კატოს კი მართლა ძალიან ეშინოდა ღამის პეპლების.

მათი სტუდენტობის დროს ქვეყანაში ძალიან ჭირდა. ჩვეული ამბავი იყო პურის რიგში საათობით დგომა, შიმშილი, უგაზობა, უდენობა, უტრანსპორტობა, უტელეფონობა. ამდენი „უ“-ს მიუხედავად, გოგონებს მხიარული სტუდენტობა ჰქონდათ. თვითონაც უკვირდათ, საიდან რას მოიფიქრებდნენ ხოლმე, რამდენჯერ ხაჭაპურში ყველის ნაცვლად (რომელსაც ფიზიკურად ვერ იშოვიდი) მაკარონი ჩაუდვიათ. ფეხითაც ბევრს დადიოდნენ, მღეროდნენ, გიტარასა და პიანინოზე უკრავდნენ, ძველებური გრამოფონით ფირფიტებზე ჩაწერილ მუსიკას უსმენდნენ. ინსტიტუტში მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ... ერთადერთი, რასაც უჩიოდნენ, მათ თვალსაწიერზე ბიჭების ნაკლებობა იყო. აფხაზეთის ომმა, გაჭირვებამ, ზოგი ამ ქვეყნიდან გადახვეწა, ზოგიც იმ ქვეყანას გაისტუმრა. კურსზე მხოლოდ ერთი ბიჭი ჰყავდათ - დემეტრე, ზრდილი, განათლებული. ფილოსოფიურ საკითხებზე საუბრის მოყვარული. შეყვარებულიც თავისნაირი ჰყავდა. დემეტრე მუდამ კარგ გუნებაზე იყო, საუბრის დროს ხშირად იღიმებოდა და თავის განწყობას თანამოსაუბრესაც გადასდებდა ხოლმე. გოგოებისთვის დემეტრე კარგი მეგობარი იყო, რომელთანაც ნებისმიერ საკითხზე შეიძლებოდა საუბარი და ხუმრობა.

- დემე, რა მოხდება, ერთ დღეს შენი ძმაკაცები რომ გაგვაცნო, - მერხზე ცალი თეძოთი შემომჯდარ სალომეს ხუმრობისა და დემეტრეს წვალების საღერღელი აშლოდა.

დემეტრეს გაეღიმა:

- რატომაც არა.

- რად გინდა, - მხარი აუბა სალომეს ნინომ, - ძმაკაცებიც თავისნაირები ეყოლება.

- და მე რას მიწუნებთ? - გულწრფელად გაოცდა დემეტრე. ოთხწლიანი ნაცნობობის მიუხედავად, ზოგჯერ მაინც ვერ ხვდებოდა, მეგობრები ეხუმრებოდნენ თუ სერიოზულად ელაპარაკებოდნენ.

- ჯერ ერთი, პატარა ხარ, – დემეტრე ყველაზე უმცროსი იყო ჯგუფში, – მეორე - ფილოსოფოსობ და ღრუბლებში დაფრინავ, ჩვენ კი ისეთი კაცები გვინდა, მიწაზე მყარად რომ დგანან, ცხოვრების შნოც რომ აქვთ და ქალების პატივისცემაც იციან, - არ დაუხანა სალომემ.

- მე თუ მკითხავთ, ფილოსოფოსობა მაგ ამბებს არ გამორიცხავს, პირიქით, ადამიანს თავისებურ ხიბლს აძლევს, - გამოექომაგა კატო. დემეტრემ მადლიერი მზერით უპასუხა. მეგობარი გოგონებიდან ყველაზე მეტად კატოს ესმოდა მისი.

- ჰო, დაიცავი, დაიცავი, ერთი მაგის შეყვარებულს ჰკითხე, როგორია, კაცი პაემანზე სამყაროს კანონზომიერებებზე გელაპარაკოს და შენი ახალი ვარცხნილობა ვერც კი შეამჩნიოს, - გაწიწმატდა ნინო.

დემეტრეს ეღიმებოდა:

- ნინ, ნუთუ ასეთი ეგოისტი ვარ?

- ეგ არც მიფიქრია, უბრალოდ ვთქვი, მე როგორი მამაკაცი წარმომიდგენია ჩემ გვერდით.

- კი ბატონო, ვისაც როგორი მოგწონთ, ისეთები გყავდეთ, ძალით არავინ წაგიყვანთ. სხვათა შორის, - განსაკუთრებული ინტონაციით დასძინა დემეტრემ, - ჩემი ძმაკაცების გაცნობა დღესვე შეგიძლიათ,.

- ამოშაქრე, ამოშაქრე, - სალომე წამოდგა, - ამას რაღაც აქვს ჩაფიქრებული.

- დღეს კარატეს ბიჭები თეატრში მივდივართ. ბილეთები ავიღე მაგდასთვის და მისი გოგოებისთვის. მაგდა კი მოდის, მაგრამ დანარჩენებმა უარი მითხრეს, სხვა გეგმები ჰქონიათ. ასე რომ, შემიძლია, სპექტაკლზე დაგპატიჟოთ.

- ოქრო ხარ, ოქრო, - ნინომ ქება არ დაიშურა, - ეს ერთი გვყავხარ, მაგრამ ათს უდრი. მოდი, უნდა გაკოცო.

დიტომ კოცნა შეიფერა.

- ფილოსოფიის საქმე როგორღაა? არ მიშლის, ხომ, ქალების პატივისცემაში ხელს?

- არა, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მეშინია, ქებამ არ გაწყინოს.

თავი მეორე

სპექტაკლი საინტერესო აღმოჩნდა, კატო ისე ჩაითრია რეჟისორის ახლებურმა ხედვამ, პიესის შინაარსმა და მსახიობების თამაშმა, დაავიწყდა კიდეც, გვერდით მხიარული კავალერი - გიგა რომ ეჯდა. პატარა ბავშვივით თვალებგაფართოებული უყურებდა სცენას, სპექტაკლის დამთავრებისას სახე უცინოდა და ტაშს მთელი გრძნობით უკრავდა.

- მოგეწონა, ხომ?

- ძალიან.

- მეც მომეწონა. ისე, ხელოვნების დიდი შემფასებელი არ ვარ, სამაგიეროდ შენს მწვანე თვალებს უმაღლეს ქულას ვუწერ, - გიგას ციმციმა თვალები, ბოხი ხმა და საუბრის თავდაჯერებული მანერა ნათქვამს მიმზიდველობას მატებდა.

- გმადლობ, - გიგას ნათქვამი ღიმილით შეიფერა კატომ და გული სასიამოვნოდ შეუფართხალდა. სპექტაკლმაც და კომპლიმენტმაც საოცრად კარგ განწყობაზე დააყენა. სალომეს გადახედა, რომელიც მეორე მხარეს ეჯდა და ზურასთან მთელი სერიოზულობით არკვევდა კარატეს კიუების სისტემას.

- სალომე, ჩვენთან სიარულს ხომ არ აპირებ? რაღაც ძალიან დაინტერესდი, - ახლა მას შეეხმიანა გიგა. „როგორი უშუალო და ხალისიანია, ყველას გაცნობისთანავე უშინაურდება“, - გაიფიქრა კატომ.

დემეტრე, გოგოები და დანარჩენი სამი ბიჭი ფოიეში ელოდნენ. დემეტრეს მეგობრებიდან კატოს გიგა ყველაზე მეტად მოეწონა. ლამაზი არ ეთქმოდა, თუმცა საკმაოდ სიმპათიური იყო. ბოხი ხმა და გულღია ღიმილი მიმზიდველობას მატებდა.

„ლაღიძის წყლებში“ ჩავიდნენ, ბიჭებმა აჭარული ხაჭაპურები და ტკბილი სასმელი შეუკვეთეს. კატოს აქაურობა ბავშვობას აგონებდა. საოცრად გახალისდა. ბიჭები წუთი-წუთზე კიდევ ერთ მეგობარს – ნიკას ელოდნენ. თეატრში არ ყოფილა - მამამისს სასწრაფოდ დასჭირვებია წამალი და საშოვნელად გაქცეულა. დემეტრემ გოგოები გააფრთხილა - ნიკა ჩვენს შორის ყველაზე სერიოზულია. არ შემარცხვინოთ ახლა თქვენი გამოხტომებით, არ აფიქრებინოთ იმ ბიჭს, რა გიჟი-გადარეული მეგობრები ჰყავსო.

- უყურე ამას, ხომ არ გავიწყდება, შენზე უფროსები რომ ვართ? შენღა გვაკლიხარ მასწავლებლად, სად როგორ მოვიქცეთ, - გაწიწმატდა ნინო.

- დემეტრე, არ გაგვიქციო ახლა ეს გოგოები, - დაფაცურდა გიგა, - არ დაუჯეროთ, გოგოებო, სერიოზული კია ნიკა, მაგრამ არ იკბინება.

- აი, მოვიდა კიდეც, - დემეტრემ გოგოებს წარუდგინა მეგობარი. კატომ ახალმოსულს შეხედა, ჯერ თვალებს არ დაუჯერა და მერე სიხარულით შეჰკივლა:

- ნიკა! როგორ ხარ?

- კატო, შენ? აქ საიდან გაჩნდი? - გადაკოცნა გაოცებულმა ნიკამ გაბრწყინებული გოგონა.

- თქვენ საიდანღა იცნობთ ერთმანეთს? - გაუკვირდა დემეტრეს.

საიდან იცნობდნენ და ბავშვობისას თითქმის ყოველ ზაფხულს ხვდებოდნენ. მათი ბებიები პატარა ქალაქის, თელავის, ძველ, მყუდრო უბანში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. დაიწყებოდა ზაფხულის არდადეგები და უბანი ბავშვებით ივსებოდა. აჟრიამულდებოდა ეზოები. ჯერ - ნიკა და ანა, მერე კატო და თავისი და–ძმა, ბოლოს დანარჩენებიც სტუმრობდნენ თავიანთ ბებიებს. რას აღარ თამაშობდნენ: დაჭერობანას, დახუჭობანას, შვიდკრამიტობანას, წრეში ბურთს... მხიარული დრო იყო.

ნიკა და ანა მთელი ზაფხული რჩებოდნენ. სხვა თამაშები რომ მობეზრდებოდათ, ოკეანეში ანუ ნიკას აივნის ქვეშ და მის გაყოლებაზე, დაჩრდილულ ეზოში, „გემით მოგზაურობას“ იწყებდნენ. ძლიერი ქარიშხლის შემდეგ „გემი“ იძირებოდა, ეკიპაჟი ანძისა და გემის სხვა ნაწილებისგან სასწრაფოდ „ტივს“ კრავდა და უკაცრიელი კუნძულისკენ „მიცურავდა“. იქ თავი უნდა გადაერჩინათ, კაჟის ქვებით ანთებდნენ კოცონს, აგროვებდნენ საჭმელად გამოსადეგ მცენარეებს, „ნადირობდნენ“, შემთხვევით შემონახულ ვისკის ბოთლში წერილს დებდნენ და „ოკეანეში“ ისროდნენ... ნიკა კატოზე და ანაზე ორი წლით იყო უფროსი, სოფო და ლევანი, კატოს ტყუპი და-ძმა, კიდევ უფრო პატარები იყვნენ. ასე რომ, კაპიტნის წოდებას არავის უთმობდა.

- ჩვენ ძველი მეგობრები ვართ. - გულიანად გაიღიმა ნიკამ, - ძალიან გამიხარდა, შენები როგორ არიან?

- კარგად, კაპიტანო, რა ხანია, აღარ მინახიხარ, როგორ ვეღარ დავემთხვიეთ არდადაგებზე.

- აბა, შენს მოკითხვებს კი ვიღებდი, იმედია, ჩემიც მოდიოდა შენამდე.

- კი, ბებიაშენს ერთხელაც არ დავიწყებია.

- ნიკ, კაპიტანი თუ იყავი, რატომ გვიმალავდი? - ჩაერთო საუბარში გიგა.

- ყველა ღირსება ერთბაშად კი არ უნდა გამოამზეურო , - გაიცინა ნიკამ.

- საიდან აქვს ამ ბიჭს ამდენი სიბრძნე, - ისევ აროხროხდა გიგა.

საუბარი უცბად აეწყო, თითქოს ყველანი დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. დაშლა აღარ უნდოდათ, რუსთაველს გაუყვნენ. აპრილისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდი იდგა, მაგრამ ღამით ჯერ კიდევ გრილოდა. ნიკა ადრევე წავიდა, კატო გიგამ მიაცილა სახლამდე. კატო ბედნიერი იყო. ბიჭებთან ურთიერთობას რატომღაც ყოველთვის უფრთხოდა. სიმპათია ხშირად ჰქონია, არც ბიჭები ტოვებდნენ უყურადღებოდ, მაგრამ თავისდა უნებურად ზღუდეს აღმართავდა ხოლმე თაყვანისმცემლებთან. საკმარისი იყო ბიჭის ერთი უტიფარი გამოხედვა, ცოტა უხეში გამონათქვამი ან ჟესტი, რაიმეს მიმართ აგდებული დამოკიდებულება, რომ კატოს პანიკა იპყრობდა და იმ წუთიდან მიუწვდომელი ხდებოდა. ერთ ბიჭთან იმიტომ შეწყვიტა შეხვედრა, რომ ოფიციანტს

უხეშად მიმართა, მეორემ მის მაგიდის ტენისით გატაცებას დასცინა, მესამემ ქუჩაში გადააფურთხა. რა თქმა უნდა, კატოსთან ერთად არ ყოფილა - კატომ ტროლეიბუსიდან დაინახა... გოგოები წუნიათა დედოფალს ეძახდნენ, მისი მოსაწონი ამქვეყნად არავინ დადისო. მაგრამ რა ექნა? რა გასაკვირი იყო, რომ 21 წლის ასაკში სიყვარული სწყუროდა და რაკი ამ გრძნობის რეალური ობიექტი არ არსებობდა, არარსებულ ადამიანზე იყო შეყვარებული. ახალი თაყვანისმცემელი რომ გამოჩნდებოდა, იდეალური მამაკაცის თვისებებს მიაწერდა, მერე კი მწარედ იმედგაცრუებული რჩებოდა.

- მიწაზე უნდა დაეშვა, - ეტყოდა ხოლმე სალომე, როცა კატო მორიგი გულგატეხილობის შესახებ ოხრავდა.

„ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, გიგა სხვებს არ ჰგავს, ხალისიანია, ლაღი. რეალისტურად თუ შევხედავ, დემეტრესავით ფართო განათლებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ძალიან ვაჟკაცურია, - ფიქრობდა კატო, - და, რაც მთავარია, ნიკას ძმაკაცია“.

***

ნიკა მისთვის რა იყო, თვითონაც ვერ გეტყოდათ. ბავშვობისას ერთხანს მოსწონდა კიდეც, რა თქმა უნდა, ამას არ იმჩნევდა, საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. ნიკა ისევე იყო გადაფოფრილი კატოზე, როგორც ანაზე, თავის დაზე. ერთხელ კატო შეესწრო, მეზობელ ბიჭს როგორ ეჩხუბებოდა, კიდევ აწყენინებ და ჩემთან გექნება საქმეო. ბიჭმა გამეტებით ნასროლი ბურთი მოახვედრა „წრეში ბურთის“ თამაშის დროს და კატო სიმწრისაგან ატირდა. ანამ პირის დასაბანად წაიყვანა, უკან რომ ბრუნდებოდნენ, მაშინ მოჰკრა ყური ბიჭების საუბარს. მივიდა გაღიმებული, აღარაფერი მტკივაო და მშვიდობაც აღდგა. თუმცა ზოგჯერ ნიკა მასაც ისევე აბრაზებდა, როგორც ანას. მაგალითად, შეეძლო, გოგოები უბოდიშოდ გამოესტუმრებინა ეზოს მოასფალტებული ნაწილიდან, სადაც ისინი კლასობანას თამაშობდნენ, როცა ბიჭებს ფეხბურთის თამაში უნდოდათ - მაგ ასკინკილას ცხრილს მიწაზეც დახაზავთ, ჩვენ კი სხვა მოედანი არ გვაქვსო. აბუზღუნდებოდნენ გოგოები, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ, ეზოს მეორე ნაწილში გადაინაცვლებდნენ ხოლმე.

ერთ ზამთარს კატო ძალიან სწრაფად გაიზარდა. იმ წელს მათ კლასში ახალი მოსწავლე გადავიდა, მაღალი, სიმპათიური, სხვა ბიჭებთან შედარებით თითქოს დაკაცებულიც. კატოსაც, თავისი კლასელი გოგოების მსგავსად, მასზე შეუქანდა გული. ჰოდა არდადეგებზე ნიკას რომ შეხვდა, რომლისთვისაც სიმაღლეში ნახევარი თავით გაესწრო, თავისი ძველი სიყვარული აღარც გახსენებია. სამაგიეროდ, ნიკა საიმედო მეგობარი იყო. რა უნდა გეთხოვა, რომ არ შეესრულებინა, ველოსიპედის საბურავის გაბერვა, მისი საყვარელი ტირის თოფიდან გასროლა, რომელიც ბიძამისმა დაბადების დღეზე აჩუქა, თუ ნადიკვარზე, ქალაქის თავშესაყარ სკვერში გაყოლა. ნიკა და ანა

სადაც წავიდოდნენ, კატოსაც გულმშვიდად უშვებდნენ - აბა შენ იცი, გოგოებს მიხედეო, ორივეს ჩააბარებდნენ და იცოდნენ, სანერვიულო არაფერი ჰქონდათ. ნიკა უბნის ბიჭებთან ერთად ერთობოდა ნადიკვარზე. კატო ვერ ხვდებოდა, რანაირად ახერხებდა, საჭირო დროს ყოველთვის მათთან გაჩენილიყო.

ნადიკვარი ერთ მწვანე გორაკს ერქვა. შუაში რამდენიმე დიდი ნაძვი იდგა, რომლებსაც გარშემო მრგვალი სკამები ჰქონდა შემორტყმული. გორაკის კიდეზე ხის მოჩუქურთმებული ფანჩატურები ჩაემწკრივებინათ. დღისით იქიდან მთელი ალაზნის ველი მოჩანდა. ხედს კავკასიონის ქედი აგვირგვინებდა. საღამოს გრილი ნიავი უბერავდა. ნადიკვარი თელაველების თუ ქალაქის სტუმრების საყვარელი ადგილი იყო. ყველას უყვარდა იქ სეირნობა. ნაცნობები იქ პოულობდნენ ერთმანეთს. სკვერში, ჩვილი ბავშვიდან ღრმა მოხუცებულის ჩათვლით, ყველა ასაკის ხალხს შეხვდებოდით. ნაწილი სეირნობდა, ნაწილი ატრაქციონებზე ერთობოდა, ზოგი ნაძვების გარშემო დაბანაკებულიყო, ზოგი - ბილიკის გასწვრივ ჩარიგებულ სკამებზე, სხვები პირდაპირ ბალახზე მოკალათებულიყვნენ, ვინც დაასწრებდა, ფანჩატურს იკავებდა.

ფანჩატურში დაჯდომას იშვიათად თუ მოახერხებდი. ერთხელ, როდესაც გოგონებმა ატრაქციონებზე გართობით გული იჯერეს - დენზე მომუშავე პატარა მანქანებიც ატარეს და ტირშიც ისროლეს, დაინახეს, რომ ყველაზე მოშორებული ფანჩატური გათავისუფლდა. სასწრაფოდ შეცვივდნენ შიგნით, სკამებზე ჩამოსხდნენ და საუბარი გააგრძლეს. რომ გეკითხათ, რაზე საუბრობდნენ ამდენს, ვერ გიპასუხებდნენ. ანა სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო, ნიკაზე გაცილებით მოუსვენარი. მასთან არასოდეს მოიწყენდი. ის იყო, ანა თბილისელი მეზობლის კატის ამბის მოყოლას ამთავრებდა, რომლისაც ძალიან ეშინოდა, რომ ფანჩატურში ნასვამი ბიჭები შეეხეტნენ და გასასვლელში ჩადგნენ. ოთხნი იყვნენ.

- გაებნენ ჩიტები მახეში? - ერთმა იკითხა.

- არ გინდათ, ერთმანეთი გავიცნოთ? - მეორე ფანჩატურის ბოძს მიეყრდნო.

კატო აკანკალდა, უკვე გვიანი იყო, ახლომახლო კაციშვილი არ ჩანდა.

- გაიწიეთ და გაგავატარეთ, უნდა წავიდეთ, - შიში არ შეიმჩნია ანამ.

- გგონიათ, ასე ადვილად გაგიშვებთ? - წითურმა ბიჭმა კატოს ლოყაზე უჩქმიტა.

- გაიწიეთ მეთქი, - ანამ ენერგიულად გადაიყარა უკან თავისი საამაყო შავი კულულები და წასასვლელად გაიწია.

კატო ანას მიეკრა. „ნეტავ რისი იმედი აქვს?“ - სასოწარკვეთილმა გაიფიქრა.

უცბად საიდანღაც ნიკა გაჩნდა და ვითომც არაფერიო, ისე დაელაპარაკა მომხდურებს:

_ბიჭებო, რაშია საქმე, ხომ მშვიდობაა? ესენი ჩემი დები არიან.

- კი, ძმაო, უბრალოდ გაცნობა გვინდოდა, ცუდი არაფერი იფიქრო.

- იმედია, გოგოები არ შემიშინეთ.

- ამათი შეგვეშინდებოდა? - გადიდგულდა ანა

- კარგი, როგორც ვხედავ, მშვიდობაა. კარგად იყავით, ბიჭებო, - ნიკამ ორივეს ხელი ჩაჰკიდა და ფანჩატურიდან გაიყვანა.

- დაიკოებო, თუ რამე გაწყენინეთ, ბოდიშს გიხდით, - გამოსძახეს ბიჭებმა და სკამისკენ წაბარბაცდნენ.

- ნიკ, არ შეგეძლო, ეს თავხედები მიგეწვინა? - ჰკითხა ანამ, როცა უკვე სახლის გზას მიუყვებოდნენ, - შენ ხომ კარატეზე დადიხარ.

- იქნება შემეძლო კიდეც, მაგრამ მხოლოდ მაშინ უნდა იჩხუბო, როცა სხვა გამოსავალი არ გრჩება.

გოგონებს ცოტა გული დასწყდათ, უნდოდათ, იმ თავგასულ ბიჭებს საკადრისად მოხვედროდათ, მაგრამ თავს იმშვიდებდნენ, ბოდიში ხომ მოგვიხადესო.

ასეთი იყო ნიკა მთელი ბავშვობა - კატოს ნამდვილი მეგობარი და მფარველი.

თავი მესამე

დემეტრეს მოტანილმა ამბავმა ყველა გაახარა: ბიჭებს მოეფიქრებინათ, ბორჯომში ორდღიანი ექსკურსია მოეწყოთ. დემეტრე და მისი მეგობრები, ანა, მაგდა, მისი და და „სამი მუშკეტერი“ - ასეთი იყო ექსკურსიის სავარაუდო შემადგენლობა. რა გასაკვირია, რომ ამ წამოწყებაში გოგოები მთელი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

მანამდე კატოს ნიკა შეეხმიანა და მოიკითხა. ოჯახურ ამბებზე გულიანად ისაუბრეს. „ლაღიძეში“ ამდენი ვერ მოახერხეს. ნიკას წინა წელს დაემთავრებინა მათემატიკის ფაკულტეტი, ახლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სწავლობდა და პარალელურად ბიძას ეხმარებოდა სურსათის მაღაზიის მომარაგებაში. ანა სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, სამკურნალო ფაკულტეტის მეოთხე კურსზ ე. ამ წლების განმავლობაში გოგონები სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, თელავიდან თბილისში დაბრუნებულები, დატვირთული რეჟიმით იწყებდნენ ცხოვრებას და ერთმანეთისთვის ვეღარ იცლიდნენ. ნიკას და ანას მამას დიაბეტი აღმოაჩნდა, დედა ყოჩაღად იყო, ისევ მათემატიკაში ამეცადინებდა მოწაფეებს.

ბორჯომში ბიჭებთან ერთად გასეირნების იდეა საშინლად არ მოეწონა ერთ ადამიანს - კატოს მამას. მელოტი თავი უკმაყოფილოდ გადაიქნია, ულვაშებზე ხელი ჩამოისვა და კატოს ჰკითხა:

- აუცილებელია, რომ წახვიდე?

- მამა, კარგი რა, განა რა მოხდება. ყველა მოდის, სალომე და ნინოც, იცი, კიდევ ვინ იქნებიან? ნიკა და ანა ჩხეიძეები. - კატომ მამას გაუღიმა, ჩაეხუტა და აკოცა. გივი მირიანაშვილის ნებიერა ქალიშვილმა კარგად იცოდა მამის დაყოლიების სტრატეგია.

- ჰო, კარგი, კარგი, თუ ისინიც იქნებიან... - დანებდა გივი, - ისე, ნიკასთან ხომ არ დამერეკა?

- კარგი რა, მამა, სირცხვილია, პატარა ხომ არ ვარ, ხელიდან ხელში გადამაბარო. ხომ იცი, ნიკა ისედაც არ მომაკლებს ყურადღებას.

კატო ოთახიდან რომ გავიდა, გივიმ თავი გადაიქნია და ცოლს მერეღა უთხრა:

- მაინც არეული დროა, თორემ განა საკუთარ შვილს არ ვენდობი. კარგია, ნიკა რომ მიდის, უფრო მშვიდად ვიქნები.

***

ბორჯომში გასეირნება მთელი თავგადასავალი იყო. ილიას გამო მატარებელზე დააგვიანეს და ავტობუსს გაჰყვნენ, უკანა სავარძელზე ერთად მოკალათდნენ და სასაცილო ამბების მოყოლა დაიწყეს. ყველაზე მეტს გიგა, კახა და სალომე ლაპარაკობდნენ. უფრო ყვიროდნენ. მრავალჭირნახული „პაზიკი“ ისე რახრახებდა, ერთმანეთის ხმა ძლივს ესმოდათ.

- კატო, შენც მოგვიყევი რამე, რა, - სთხოვა გიგამ.

- მე? რა გითხრა, მე დიდად არ მეხერხება სასაცილო ამბების მოყოლა, ანეკდოტებსაც კი ვერ ვიმახსოვრებ. მაგრამ მაინც მოვყვები, ერთ ჩვენს ახლობელს შეემთხვა, ნამდვილი ამბავია. მოკლედ, ჩვენი დაქალი, - და კატომ ეშმაკურად გადახედა გოგოებს, - ამას წინათ მაგარ წვიმაში მივიდა პანაშვიდზე. შემოუარა მიცვალებულს, ყვავილები დააწყო. რომ გამოვიდა, ჭირისუფალი გამოეკიდა: გოგონა, ეს ქოლგა თქვენ დაგრჩათო? - დაიხედა და ქოლგის ნაცვლად ხელში ყვავილები უჭირავს, თურმე შეშლია, ქოლგა დაუდვია მიცვალებულთან. დაბნეულმა ყავილებიც იქვე დაყარა და თავგუდმოგლეჯილი გამოვარდა.

ყველა ახარხარდა.

- ვინ გყავთ ასეთი დაბნეული? - კახას ლამის პირი გარღვეოდა სიცილისგან.

- კარგი რა, კატო, რატომ მოყევი? - აწუწუნდა ნინო.

- არ თქვა ახლა, რომ შენ შეგემთხვა ეგ ამბავი, - უფრო მეტად გამხიარულდნენ ბიჭები.

- კი, მე ვიყავი, - დაირცხვინა ნინომ.

- ტყუილად მსაყვედურობ, - კატო გადრუნჩულ მეგობარს მიეფერა, - ხმა არ ამოგეღო და ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა. მე ხომ სახელი არ მითქვამს.

- მართალი ხარ. რატომღაც მეგონა, სახეზე მეწერა, მე რომ ვიყავი.

- რა მოხდა მერე, ძალიან ვიმხიარულეთ და შენც ძალიან საყვარელი ხარ, - დაამშვიდა გიგამ.

- ნინოს გვერდით მართლა ვერ მოიწყენ, - ჩაერთო სალომე, - ზოგჯერ ისეთი დაბნეულია, განსაკუთრებით - გამოცდების პერიოდში, შეიძლება მაცივარში კარაქის ნაცვლად რვეული შეინახოს.

- კარგი, გეყოფათ - გააპროტესტა ნინომ, თან თვითონაც ეცინებოდა. - მე რომ არ გყავდეთ, ნეტავ ვინ გაგამხიარულებდათ.

- ნინ, ხომ იცი, როგორ გვიყვარხარ, - ახლა სალომე მიეფერა დაქალს.

ბორჯომში ილიას ბებიის დაკეტილ სახლში დაბინავდნენ. ყველანი დატრიალდნენ. გოგოებმა სუფრა გაშალეს, სასწრაფოდ გაანადგურეს საგზლის მნიშვნელოვანი ნაწილი და სკვერისკენ გასწიეს.

სკვერის შესასვლელშივე, ლამაზად გადახურული წყაროდან, თბილი მინერალური წყალი დალიეს. ბოთლებიც ავსეს და გაიყოლეს. გზას ზემოთ, მთებისკენ აუყვნენ. მზე, ქორფა ბალახი, ჩიტების ჭიკჭიკი, ბორჯომულას ჩხრიალი ქალაქიდან ჩამოსულებს ზღაპრად ეჩვენებოდათ. ყველა გაზაფხულის ჯადოსნური განწყობის ტყვეობაში იყო. ზოგი ღიღინებდა, ზოგი ხუმრობდა, სიცილისთვის სულ პატარა მიზეზიც ჰყოფნიდათ.

ილიამ თქვა, ამ ბილიკს თუ ბოლომდე გავუყვებით, რამდენიმე კილომეტრზე გოგირდის წყლებია, აუზია თბილი წყლით სავსე და აბანოებს ეძახიანო. ერთხმად გადაწყვიტეს აბანოებამდე მისვლა. მით უმეტეს, როგორც ამბობდნენ, საპიკნიკოდაც შეუდარებელი ადგილები ყოფილა.

გოგოებს ყურადღება არ აკლდათ, მაგრამ თუ ცოტა ძნელად სავალი გზა შეხვდებოდათ, დემეტრეს და ნიკას ვერავინ ასწრებდა მათ დახმარებას, ამიტომ როცა

ქვიან ბილიკზე გიგამ ინიციატივა გამოიჩინა: კატო, მე მოგეხმარებიო, - გოგონა სიამოვნებით დათანხმდა.

- ამწუთას ამ ნორჩი, ხასხასა ფოთლების ფერია შენი თვალები, - ჩასჩურჩულა ყურში გიგამ. კატო ბედნიერი იყო, თუმცა ემოციების მოთოკვას ცდილობდა.

ბიჭებმა თვალის დახამხამებაში მოაგროვეს ფიჩხი და კოცონი ააგიზგიზეს, მწვადიც ააშიშხინეს. გოგოებმა სუფრა გაშალეს, მწვადს ყველი და პურიც შემატეს. საღამოს აგრილდა. კოცონის სითბო ყველას სიამოვნებდა. გიგა და ნინო მორიგეობით უკრავდნენ გიტარაზე. გიგამ სიმებს ხელი ჩამოჰკრა და წამოწყო:

„შენი თვალები ზღვისფერია, შენა ხარ ჩემი ცის ფერია...“

თან ისე შესციცინებდა კატოს, რომ გოგონამ, ცოტა არ იყოს, იუხერხულა. კატო არ იყო მიჩვეული გრძნობების ყველას დასანახად გამოფენას. ამიტომ გიგასკენ აღარ გაუხედავს, მაგრამ ტაშის ხმაურში მაინც მოჰკრა ყური კახას ნათქვამს: - გიგა, არ გადააჭარბო, იცოდე.

კატო ცდილობდა, გიგასკენ აღარ გაეხედა, მაგრამ თვალთახედვის არიდან არ გაუშვია. ისიც შეამჩნია, მოგვიანებით ნიკამ ტყისკენ რომ წაიყვანა, თუმცა მალევე დაბრუნდნენ. კი გაიფიქრა, ახლა ნიკამ მთლად უფროსი ძმის პოზიცია არ დაიჭიროს, არაფერი უთხრასო. მაგრამ, რომ დაფიქრდა, გიგას აღფრთოვანებაში ცუდი ვერაფერი დაინახა - უბრალოდ, თამამად გამოხატავს სიმპათიას, არა მგონია, ნიკამ ამის გამო უთხრას რამე. მაგრამ ისიც მართალია, „სიყვარულსა მალვა უნდაო“, - შეახსენა საკუთარ თავს.

უკანა გზაზე ბნელოდა, მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა ბილიკს. გიგა წინ, ბიჭებთან ერთად მიდიოდა. კატო და ანა ოდნავ მოშორებით მიჰყვებოდნენ. ორივეს ზურა უწევდა კავალრობას. ხანდახან, როცა გზა უკუნ სიბნელეში ჰქონდათ გასავლელი, ზურა ხელის ფარანს ანთებდა და გოგოებს გზას უნათებდა. ნიკას ხმა კატოს უკნიდან ესმოდა და საოცრად აღიზიანებდა. უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ გიგას რაღაც უთხრა. „რატომ ერევა ჩემს საქმეში, რა უფლებით?“

ცივმა ნიავმა წამოუქროლა. ანამ ჟილეტი შემოიცვა.

- შენ არაფერი გაქვს?

- ყველაფერი ზედ მაცვია უკვე.

- გცივა, კატო? - მიუახლოვდა ნიკა, - ეს ჩაიცვი, - თავისი თხელი ქურთუკი მიაწოდა,- არ გაცივდე.

- არ მინდა, გმადლობ, - ცოტა უკმეხად მოუვიდა კატოს.

- აქ ვიწროა ბილიკი, სამნი ვერ ივლით, თქვენ წინ წადით, კატოს მე მივხედავ.

კატომ გაპროტესტებაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა ნიკას გვერდით.

- კატო, ასე არ გამოვა, შენი თავი ჯანმრთელი და საღ-სალამათი უნდა ჩავაბარო შენებს.

- მაინც დაგირეკა მამაჩემმა?

- კი, ოღონდ არ გაუბრაზდე, ვითომ არ მითქვამს.

კატოს გაეცინა, უცბად გადაუარა ბრაზმა. რა ქნას ნიკამ, თავისი და არ ეყოფა, კატოს მწყემსვაც რომ დაავალეს?

- კარგი, მომეცი ქურთუკი, მაგრამ შენ არ შეგცივდება?

ნიკამ ქურთუკი შემოაცვა.

- მე ცხელანა ვარ, არ გახსოვს? არ შემცივდება. ასე არ ჯობია? გაიღიმე, რა იყო, წეღან რომ მიბღვერდი.

- როდის გიბღვერდი?

- კარგი, დავივიწყებ, - კახას წამოღებული ღვინისგან ნიკასაც სხვა ბიჭებივით აჟუჟუნებოდა თვალები. - კატო, - ნიკამ ხელი ხელზე გამოსდო, - ხომ იცი, ჩემი ანასავით მიყვარხარ და ძალიან გაფასებ. არ მინდა, ვინმემ გული გატკინოს. - ნიკას თბილმა ხმამ კატოს საოცარი სიმყუდროვე აგრძნობინა, თითქოს სახლში იყო, ყველასა და ყველაფრისგან დაცული, - იცოდე, თუ ვინმეს გვერდით დგომა დაგჭირდა, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი იმედი გქონდეს. მპირდები? აი, თუ გინდა, ანას ჰკითხე, რა კარგი მრჩეველი ვარ. ანა, - გასძახა წინ მიმავალ დას, - უთხარი კატოს, როგორი რჩევების მიცემა ვიცი.

- სუპერ, სუპერმრჩეველი ხარ. - სიყვარულით გაეპასუხა ანა უფროს ძმას.

კატომაც გაიღიმა.

- დამპირდი, რომ თუ დაგჭირდი, არ მომერიდები, - გაუმეორა ნიკამ

- შენი იმედი ყოველთვის მაქვს.

„მაინც რას უშვრება ღვინო ადამიანებს“, - გაიფიქრა კატომ - თავშეკავებული ნიკასგან ასეთ თბილ სიტყვებს არ ელოდა.

- არ იფიქრო, ახლა ნასვამი რომ ვარ, ასე იმიტომ ვჭიკჭიკებ, - თითქოს მისი ფიქრები წაიკითხა ნიკამ, - შეიძლება, ფხიზელს ამდენი არ მეთქვა, მაგრამ იცოდე, ჩემს გულში დიდი ადგილი გიკავია. შენი ბედნიერება გამიხარდება, ცუდი კი მეტკინება.

ღამით ანა და კატო ერთ საწოლში იწვნენ. საკმოდ გრილოდა. კატო არ იყო შეჩვეული სხვასთან ერთად წოლას, მაგრამ ანას სიახლოვე სიამოვნებდა და ათბობდა. ოთახში მათ გარდა ყველა გოგოს მიეძინა, კატოს კი ძილი გაუკრთა, ხან გიგას მოციმციმე თვალები ახსენდებოდა, ხან ნიკას თბილი სიტყვები.

- ანა, რაზე ამბობდა ნიკა, ანას ჰკითხე, რა რჩევების მიცემა ვიციო?

- გრძელი ამბავია, ერთი ბიჭით მოვიხიბლე, ლამის შემიყვარდა. ნიკამ შემატყო, რა დღეშიც ვიყავი. იმ ბიჭს ვერც ვერაფერს ეტყოდა - უბრალოდ მეპრანჭებოდა, ისევე, როგორც ბევრ სხვა გოგოს, არსად გადაუჭარბებია. - ანამ ამოიხვნეშა და მოკლედ მოჭრა, - ჰოდა, ნიკამ კარგი დაქალივით ამალაპარაკა, რაღაცებზე თვალი ამიხილა და ცალმხრივი სიყვარულისგან განმკურნა.

- რა მაგარია ნიკასნაირი ძმა. ლევანი პატარაა, ეგ და სოფო ერთმანეთთან ძიძგილაობის და ჩხუბის მეტს არაფერს აკეთებენ.

- არა უშავს, გაიზრდებიან. მაგრამ მართლა მაგარია ნიკასნაირი ძმა. ახლა დავიძინოთ, თორემ უთენია ვართ ასადგომები.

თავი მეოთხე

თბილისში დაბრუნებული გოგოები რამდენიმე დღე ბორჯომიდან გამოყოლილი ემოციებით ცხოვრობდნენ, მაგრამ კატო ცოტა გულდაწყვეტილი იყო - იმ საღამოს შემდეგ გიგას მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება აღარ გამოუჩენია. თუმცა მთლად ასეც არ ყოფილა - გაახსენდა, რამდენჯერმე როგორი აციმციმებული თვალებით შეხედა, რა საც მოხდენილი კომპლიმენტებიც მიაყოლა და ცოტა გულზე მოეშვა.

მესამე დღეს, ლექციების შემდეგ გარეთ რომ გამოვიდნენ, კატოს გული აუფრთხიალდა - შესასვლელთან გიგა და კახა ელოდნენ.

- ისეთი კარგი ამინდია, შინ ჯდომა ცოდვაა. ვაკის პარკში ხომ არ გაგვესეირნა? - წინადადება წამოაყენა გიგამ. დემეტრემ თავი გადააქნია.

- რა იყო, არ გცალია?

- არა, წამოვალ. დღეს მაგდას აქეთ უტარდება ლექცია, ვნახავ და მოვალ.

- თუ ვერ მოხვალ, არ იდარდო, მაგდას ნუ აწყენინებ.

დემემ გაიღიმა:

_ იმედია, ერთად მოვალთ.

მართლა ერთად მოვიდნენ. ბევრი იმხიარულეს. ორ ბანაკად გაიყვნენ და „ნამიოკობანას“ ანუ, ქართული ენის ლექტორის თქმით, მინიშნებობანას თამაშობდნენ. გიგამ კატო აირჩია პარტნიორად. როცა ერთმანეთისთვის ჩაფიქრებული სიტყვის ახსნა უწევდათ, თითქოს ერთმანეთის აზრებს კითხულობდნენ, კატო ბედნიერებისგან ბრწყინავდა, მაგრამ ცდილობდა, არაფერი შეემჩნია.

სახლში სულ ღიღინ-ღიღინით დაბრუნდა. ანამ დაგირეკაო - ამბავი დაახვედრეს. სასწრაფოდ ტელეფონს მივარდა და მეგობარი მოიკითხა. რა თქმა უნდა, იმდღევანდელი ამბავიც აცნობა.

- მშვენიერია, - თქვა ანამ, მაგრამ ისე, თითქოს საპირისპირო ეთქვას. კატო ისეთი ბედნიერი იყო, ანას რეპლიკა ყურადღების მიღმა დარჩა.

- ამ დღეებში ხომ არ შევხვდეთ? - შესთავაზა ანამ.

***

- რამდენი წელია, შენთან არ ვყოფილვარ, - ბავშვობის მეგობრები ანას აივანზე ისხდნენ, ლენა დეიდას გამომცხვარ ბლინებს შეექცეოდნენ და ჩაის აყოლებდნენ. კატოს ძალიან უყვარდა მათი მისაღები ოთახი და ფართო აივანი. პატარა მაგიდასთან მოკალათებული გოგონები სივრცეს გადაჰყურებდნენ. ვიდრე ბინას გაარემონტებდნენ, ანას მამას რამდენჯერმე შესთავაზეს მეთორმეტე სართულის ქვედაზე გადაცვლა, მაგრამ არც მას, არც ნიკას არ ეთმობოდათ ფართო აივანი და ლამაზი ხედი. ალაზნის ველის მონატრებას ზედაზნის ცქერით იკლავდა ხოლმე ნოდარი. არც მაშინ უნანიათ გადაწყვეტილება, როცა ქალაქში დენის მოსვლა უფრო დიდი საოცრება იყო, ვიდრე უდენობა. მეთორმეტე სართულზე დღეში რამდენჯერმე უწევდათ ფეხით ასვლა, მაგრამ თავს იმშვიდებდნენ - ხედზე რომ არაფერი ვთქვათ, ქვედა სართულებთან შედარებით სუფთა ჰაერზეც ვართ და თან ფეხით სიარული ჯანმრთელობის საწინდარიაო.

ანა თავის საყვარელ ჩინურ ვარდს მიეფერა. მისი გაშენებული მცენარეები საოცრად ამყუდროებდა აივანს.

- კატო, მინდა, რაღაც გითხრა, - დაიწყო ანამ, - მაგრამ ჯერ მითხარი, ხომ გჯერა, რომ მე შენი ნამდვილი მეგობარი ვარ? - და თავისი კამკამა ცისფერი თვალები შეანათა.

- რა კითხვაა. ენა ჩამივარდა. რამე სერიოზულია?

- როგორ გითხრა, გიგაზე მინდა გითხრა რაღაც.

- რა ხდება? - კატოს მტკივნეულად შეეკუმშა გული

- გახსოვს, ერთ ბიჭზე რომ მოგიყევი ბორჯომში? გიგა იყო ის ბიჭი.

- რას ამბობ? მერე?

- ძალიან კარგი ბიჭია, ვაჟკაცური, გულკეთილი, მხიარული, მამაკაცური. უცნ აური ხიბლი აქვს, გოგოები ბუზებივით ეხვევიან. თვითონაც ყველა ლამაზ გოგოს ეპრანჭება, მაგრამ იმის იქით აღარ მიდის. რაღაცნაირი უპასუხისმგებლოა. ვერ ხვდება, რომ ფლირტს შეიძლება სერიოზული გრძნობები მოჰყვეს და ვიღაც გულნატკენი დარჩეს. ტიპია ასეთი. ჩემთან კიდევ უფრო თავშეკავებული იყო, მაინც მეგობრის და ვარ, მაგრამ მე თვითონ ავაგე ოცნების კოშკები. მალევე მივხვდი. სხვა გოგოსთან ერთად დავინახე, ისეთივე შეყვარებული თვალებით უყურებდა, როგორითაც წინა დღეს მე. მაგრამ გრძნობებს ვეღარ მოვერიე.

- უთხარი რამე?

- არა, თავმოყვარეობა ამის უფლებას როგორ მომცემდა. მაგრამ ნიკამ შემამჩნია რაღაც. მოკლედ, ბიჭებმა იციან, როგორი ტიპიც არის, ხან შენიშვნა მისცეს, ხან აშაყირეს. მაგრამ ვერ ხვდება, რას ერჩიან. მიაჩნია, რომ ფლირტი ალამაზებს ცხოვრებას და არ ესმის, რატომ არ უნდა მიანიჭოს სხვასაც სიხარული კომპლიმენტებით და კარგი განწყობის შექმნით. ვერც მოედავები, არაფერს აშავებს. ძალიან მიმზიდველი და სიცოცხლით სავსეა. ჰოდა, რომ დავინახე, შენც თავს გევლებოდა, შევშინდი.

- ანუ ნიკამ მართლა უთხრა რაღაც? კი ვიეჭვე, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი.

- როგორც ჩანს, მსუბუქად, თორემ სერიოზულად რომ ეთქვა, არ მოგაკითხავდა ინსტიტუტში. მეგობრობაში ერთგულია, იმიტომაც უყვართ ბიჭებს. ისე დემეტრეც არ მისცემდა შენთან ზედმეტების უფლებას.

- ჰო, შეიძლება იმიტომაც წამოგვყვა დემე ვაკის პარკში.

კატომ ამოიოხრა.

- იმედია, ძალიან არ შეტოპე.

- იმედია. თუმცა ცოტა გამიჭირდება გადახარშვა.

როგორ აეხსნა ანასთვის, რომ მანამდე უბრალოდ მოსწონდა ბიჭები, მათი ყურადღება სიამოვნებდა. გიგა კი თითქოს მთელი სხეულით იგრძნო. მის შეხებაზე ლამის აცახცახებდა. ეს უბრალო სიმპათიაზე მეტი იყო.

- არაფერია, ცხოვრება წინაა, დამიჯერე.

კატო უკვე სახლში აპირებდა წასვლას, ნიკა ვარჯიშიდან რომ დაბრუნდა.

- აბა, როგორ არის საქმე? - იკითხა

- მშვენივრად - გაუღიმა ანამ.

კატო მიხვდა, ნიკამ რაც იგულისხმა, შერცხვა და აიბუზა. არასდროს ყოფილა ასეთ მდგომარეობაში. გაცილებაც სასტიკად იუარა, მაგრამ ნიკამ თავისი გაიტანა, ჩემი სახლიდან წასულს ვინმემ რომ გაწყენინოს, მამაშენს რა პასუხი გავცეო.

მეტროდან ამოსულები გზას ფეხით გაუყვნენ. ქუჩაში ლამპიონებიც ჩამქრალიყო, მაგრამ მთვარის შუქზე ნიკამ მაინც შეამჩნია, უფრო სწორად, იგრძნო, რომ კატოს თვალები აწყლიანებოდა. გული შეეკუმშა, მოუნდა, მხრებზე ხელები მოეხვია და ისე ჩაეკრა გულში, რომ ყოველგვარი ტკივილი დაევიწყებინა. მაგრამ თავს მოერია და კატოს ცხვირსახოცი მიაწოდა.

- გამომართვი, გამოგადგება.

კატოს გული ამოუჯდა.

- მოდი, ცოტა ხანს ჩამოვსხდეთ, - ნიკამ ხელი შეაშველა, მერე ზურგზე მიეფერა. კატომ, ისე ბუნებრივად, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, ნიკას მკერდში ჩარგო თავი, მის დაკუნთულ, ძლიერ სხეულს მიენდო. ნიკამ ორივე ხელი შემოხვია, - ჩემი პატარა მტირალა.

კატო ახლა სირცხვილისგან უფრო ტიროდა, ვიდრე იმედგაცრუებული სიყვარულისგან.

- კატო, შენ არ იცი, რა გოგო ხარ. იმიტომ არ გეუბნები, რომ ჩემიანი ხარ ან ატირებული მინდა დაგამშვიდო. შენნაირი ადამიანი სანთლით საძებარია, მართლა გეუბნები. ბევრ გოგოს ვიცნობ, იშვიათია, ამდენი ღირსება ერთად ვინმეს ჰქონდეს: სილაღე, გულწრფელობა, მიამიტობა, თან - სიბრძნე, მოქნილი გონება, სამართლიანობა. მე ხომ ბავშვობიდან გიცნობ, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი შენი პიროვნებით. თან რა ლამაზი ხარ, ეს ღრმა, უძირო თვალები, ცელქი დალალები... - ნიკა შეჩერდა. კატოს ეუცხოვა ნიკასგან ასეთი კომპლიმენტები და მისი რბილი, თბილი, სიყვარულით

სავსე ხმა. თავი გასწია და სახეში შეხედა. ნიკა გულღია გამომეტყველებით შესცქეროდა.

- ჰოდა იცოდე, ყველა არ არის შენი ღირსი. ისეთ ადამიანს უნდა დაუკავშირო ცხოვრება, ვინც შენს პიროვნებას დაინახავს და დააფასებს. დამიჯერე, აუცილებლად გამოჩნდება ასეთი ვინმე.

კატოს სიმშვიდე დაეუფლა. ცრემლები ნიკას ცხვირსახოცით მოიწმინდა და გაიღიმა. „რა ბედნიერებაა, ნიკა რომ არსებობს ამქვეყნად“, - გაიფიქრა. ხმამაღლა კი ხუმრობანარევი ტონით თქვა:

- გმადლობ, კაპიტანო, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ.

„სამწუხაროდ, მხოლოდ მეგობარი“, - გაიფიქრა ნიკამ.

თავი მეხუთე

გოგოებმა ყველა გამოცდა ჩააბარეს და გადაწყვიტეს, თბილისში ჩამოწოლილ ზაფხულის ხვატს ერთად გარიდებოდნენ. ამდენი მეცადინეობის შემდეგ დასვენებას ნამდვილად იმსახურებდნენ. კატოს ბებიამაც სიამოვნებით უმასპინძლა გადაქანცულ სტუდენტებს. ანაც ჩამოვიდა. ერთად შესანიშნავად ერთობოდნენ. ეს იყო, ნიკა მთელი ზაფხული მუშაობდა. თუმცა, ცდილობდა, შაბათ-კვირას მაინც მიეცა თავისთვის დასვენების უფლება. ასეთი დღეები ძალიან უყვარდათ სტუდენტებს. რამდენიმე იქაურ მეგობართან ერთად ნიკა ახერხებდა, ხან ალაზანზე საჭყუმპალაოდ წაეყვანა გოგოები, ხან ისტორიული ადგილების მოსანახულებლად, ხან უბრალოდ ბუნებაში, სადაც მხიარულ პიკნიკებს აწყობდნენ.

კატომ ნიკა თითქოს ხელახლა აღმოაჩინა. ბავშვობაში არც მწვადების შეწვა იცოდა, არც მოტოციკლეტისა და მანქანის მართვა, არც სოკოების ცნობა, არც ასეთი სასიამოვნო და საინტერესო მოსაუბრე იყო და, რაც მთავარია, არც ასეთი შინაგანი ხიბლი ჰქონდა - კეთილშობილება და ვაჟკაცურობა მის გამოხედვასა და ღიმილშიც გამოსჭვიოდა.

სამკვირიანი მხიარული დასვენების შემდეგ გოგოები წასასვლელად აიკრიფნენ.

- იცი, ერთი ეჭვი მაქვს, მაგრამ მეშინია გაგიმხილო, - უთხრა წასვლის წინა დღეს სალომემ კატოს.

- რა ხდება?

- ასე მგონია, ნიკას თუ არ უყვარხარ, მოსწონხარ მაინც.

- რას ამბობ? - შეიცხადა კატომ, - ეგ როგორ იქნება, და-ძმასავით ვართ გაზრდილები.

- როგორ და მშვენივრად, სისხლით ნათესაობა გაკავშირებთ თუ ნათელ- მირონობა?

- არა, მაგრამ...

- რა მაგრამ, ასეთი ბიჭი სანთლითაა საძებარი. თვალი გაახილე, რომ არ ვატყობდე, შენ მოსწონხარ, მე გავეპრანჭებოდი.

- კარგი რა, სალომე.

- შენ მაინც იფიქრე, ხომ იცი, ასეთი რამე არ გამომეპარება, - თავმომწონედ გადახედა დაქალმა და დასძინა, - გიგა და მისნაირები ჩააბარე წარსულს.

კატო გრძნობდა, რომ მისი მეგობრის ნათქვამში სიმართლის მარცვალიც ერია. გონებაში არასოდეს დაუშვია ასეთი რამ. რატომღაც ეგონა, ამით მის, ნიკასა და ანას ბავშვობის მეგობრობას შეურაცხყოფდა. არადა ნიკაზე ახლობელი ბიჭი არავინ ჰყავდა, ასე არც ერთ ბიჭთან არ უმეგობრია. გიგას ამბის მერე ნიკა ყველანაირად ცდილობდა, კატოსთან მეტი დრო გაეტარებინა, ხან სად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხან სად, უმეტესად ანასთან ან სალომესთან ერთად, მაგრამ რამდენჯერმე მარტოებმაც გაისეირნეს. ეს შეხვედრები ძალიან უყვარდა კატოს. ნიკასთან თითქმის ყველაფერზე შეეძლო ლაპარაკი. ნიკაც, როცა მარტოები რჩებოდნენ, განსაკუთრებით თბილად ექცეოდა. „მგონი მართლა ბრმა ვარ, - დაასკვნა კატომ, - კიდევ ვერ ამოვიგდე ის ტუტუცი ბიჭი თავიდან... მაგრამ იქნებ მეც მეჩვენება და სალომესაც“.

ნიკა მომდევნო შაბათს ჩამოვიდა. კატო მოუთმენლად ელოდა, თან რატომღაც ეშინოდა მასთან შეხვედრის. ეს დღეები სულ ნიკაზე ეფიქრე ბოდა. ანასაც დიდი სიფრთხილით მასზე ჩამოუგდებდა ხოლმე სიტყვას. ანა კი ძმაზე საუბრით არასოდეს იღლებოდა. კატოს თვალში ნიკამ ყველა წარმოსახვითი მამაკაცი გადაფარა, ვისზეც კი ოდესმე უოცნებია. „ღმერთო ჩემო - ფიქრობდა კატო - მგონი ახალ შარში გავეხვიე, ნიკა ჩემი მეგობარია, ბავშვობის მეგობარი, დასავით მიყურებს, მე კი აქ რაებზე ვფიქრობ“.

ნიკამ მეგობრის მოტოციკლეტით გასეირნება რომ შესთავაზა, ცოტა დააკლდა, უარი ეთქვა.

- რატომ ყოყმანობ კატო, ხომ გიყვარს ექსტრემი. - ისეთი უშუალობა იგრძნობოდა ნიკას ხმაში, კატოს საკუთარი ეჭვისა შერცხვა. ახლავე წამოვალო, გასძახა, შარვალი ამოიცვა და სანამ სახლიდან გავიდოდა, თვალი სარკისკენ გაეპარა. ღია მწვანე მაისური საოცარ ელფერს აძლევდა მის თვალებს. ლოყები ოდნავ შეფაკვლოდა, გაჩეჩილ ჩალისფერ თმაში მარგალიტის საყურეები კონწიალობდა.

საკუთარი გარეგნობით კმაყოფილმა თხელ ქურთუკს წამოავლო ხელი, გამოცდილებით უკვე იცოდა, რომ მოტოციკლეტით მგზავრობისას ზაფხულის პაპანაქებაშიც კი ქარგაუმტარი შემოსაცმელი აუცილებელი აღჭურვილობა იყო.

- რა ლამაზი ხარ, - აღფრთოვანება ვერ დამალა ნიკამ. „ნეტავ ეს მხოლოდ მეგობრული კომპლიმენტია?“ - გაიფიქრა კატომ და ნიკას უკან შემოუჯდა.

- მაგრად მომეჭიდე.

- გეჭიდები, - ხელები წელზე მოხვია. ნიკა ს ნავარჯიშებ, ძლიერ სხეულზე შეხება საოცრად ესიამოვნა.

- შუამთისკენ ავიდეთ, კარგი?

- როგორც გინდა. მე ყველგან მომწონს მოტოციკლეტით ქროლა, - მოტორის ხმის დასაფარავად ერთმანეთს უყვიროდნენ. „მით უმეტეს შენთან ერთად“, - დასძინა გულში.

ეს გზა ბავშვობიდან უყვარდა. გზა ტყეზე გადიოდა, ორივე მხარეს ჩამწკრივებული რცხილის, მუხისა და წიფლის ტოტები ზემოთ ერთმანეთში გადახლართულიყვნენ და გრძელ გვირაბს ქმნიდნენ. ვარჯებში მზის შუქი თითქმის არ ატანდა.

- მოდი ძველი შუამთისკენ წავიდეთ, - შესთავაზა ნიკამ. კატოს ეს ადგილიც უყვარდა, მეხუთე საუკუნის ბაზილიკა, ჯვრის ფორმის გუმბათოვანი ტაძარი, მყუდრო ეზო. შესასვლელთან ქვევრი იყო ჩაფლული, სადაც მომსვლელები ხურდას ყრიდნენ და სურვილს ჩაიფიქრებდნენ ხოლმე. კატოსაც რამდენჯერ ჩაუგდია ფული და უნატრია, ნეტავ ღირსეულ მეორე ნახევარს შემახვედრაო. ახლა გაეღიმა. იქნებ მისი სურვილი პირდაპირ ნატვრის ადგილას უნდა შესრულებულიყო.

მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ასეთ ამბავს არ ელოდა - ეზოს წინ რამდენიმე მანქანა იდგა. შუახნის კაცები იქვე, გადახურულ ხის მაგიდებთან ქეიფობდნენ. ქალები ძველ ტაძართან ირეოდნენ. ბავშვები ჟრიამულით დარბოდნენ ეზოში. აქ მშვიდად ვერ დაილაპარაკებდი. იმედგაცრუებულ კატოს საკუთარ თავზე გაეცინა.

- რაზე გეცინება? - ჰკითხა ნიკამ

- ისეთი არაფერია, რაღაც გამახსენდა. მოდი დავბრუნდეთ, სანამ დაბნელებულა, ხეივანში კიდევ გავიქროლოთ.

მოტოციკლეტზე ნიკასთან ჩახუტებულს დროის შეგრძნება დაეკარგა. თითქოს ის, ნიკა და მოტოციკლეტი ერთი მთლიანობა იყვნენ.

უკვე ბნელოდა, კატოს სახლთან რომ მივიდნენ. მოტოციკლეტიდან გადმოსულები ერთმანეთს უყურებდნენ.

- ღამე მშვიდობისა, კატო - ნიკას წასვლა არ უნდოდა.

- ღამე მშვიდობის. - კატოც არ იძვროდა ადგილიდან. ნიკამ გაუბედავად შეახო ხელი მის ჩამოშლილ თმას, თითებით მოეფერა.

- კატო..

კატოს გული აუფრთხიალდა, სიტყვები არ იყო საჭირო, ნიკას სახეზე ეწერა, რასაც გრძნობდა.

- კატო, მოხვედი? - გამოიხედა ბებიამ. - ნიკა, გამარჯობა, ჩაიზე ხომ არ დაგვეწვევი?

- გმადლობთ, ნინა ბებო, სხვა დროს იყოს. - ხვალამდე, კატო, - შეღიმა ნიკამ და კატოს თვალებში თავადაც ამოიკითხა საპასუხო გრძნობა.

„ვუყვარვარ, ნამდვილად ვუყვარვარ. ვერ მითხრა, მაგრამ რაღა თქმა უნდოდა“, - კატომ პირდაპირ საწოლს მიაშურა. არ ეძინებოდა, მაგრამ მხოლოდ აქ შეეძლო საკუთარ ფიქრებთან განმარტოება.

ეს ის იყო, ვისაც ამდენი წელი ელოდა. როგორ მოხდა, რომ აქამდე ვერ ხვდებოდა? ნიკა, მისი სულის ნაწილი, მისი მეორე ნახევარი. ღმერთო, მალე გაათენე ხვალინდელი დღე! ხვალ კარგად დაილაპარაკებენ. „ნეტავ დიდი ხანია მოვწონვარ? როდის შემხედა, როგორც ქალს? როდიდან აღარ ვარ მისი პატარა დაიკო?“ კაპიტანი ნიკა. ბავშვობაშიც ხომ მოსწონდა? მაგრამ ბავშვური გატაცება სულ სხვა იყო.

მხოლოდ განთიადის ხანს ჩაეძინა. გაახილა თუ არა თვალი, წამოვარდა. ფანჯრიდან ნიკას ეზოს გახედა. არაფერი შეცვლილიყო, მარტო ნიკას მანქანა, ძველი თეთრი ჟიგული აღარ ჩანდა. ეზოში გავიდა, მოუსვენრობამ შეიპყრო. ამ დროს ანაც შემოვიდა.

- გღვიძავს? ნიკა სასწრაფოდ გამოიძახეს თბილისში. აიჩემა, ეს კასეტა დილითვე გაუტანე კატოს, დავპირდი და მერე არ დაგავიწყდესო.

კატოს ჯერ ენა ჩაუვარდა, რა კასეტაო - კინაღამ იკითხა. მერეღა მიხვდა, ნიკა ასე დაემშვიდობა, ანას დახმარებით. ამ ჟესტმა გული აუჩუყა.

- როგორი ყურადღებიანია.

- ჰო, ნიკა საოცარი ადამიანია, - ამოისუნთქა ანამ.

- ხომ მშვიდობაა თბილისში?

- ისე რა, ბიძაჩემს ხელი მოუტეხია, თაბაშირში ჩაუსვეს, მის ნაცვლად ნიკას მოუწევს მაღზიის საქმეებზე სირბილი.

გოგოებმა ყავა დალიეს, კატომ მაგნიტოფონი ჩართო. კასეტაზე ერიკ კლეპტონის კონცერტი აღმოჩნდა. უცბად გული შეეკუმშა, ისე მოუნდა, ნიკას ჩახუტებოდა.

- ძალიან მომწონს ეს სიმღერები.

- მეც, ნიკასაც ძალიან უყვარს. მიკვირს, თავისი საყვარელი კასეტა რომ გაიმეტა. იმ დღეს ბიჭებმა სთხოვეს და უარი უთხრა - გადაგიწერთ და მოგიტანთო.

ანას წასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა. კატომ ყველას დაასწრო მისვლა, გული უგრძნობდა, რომ ნიკა იქნებოდა.

- კატო, შენ ხარ?

- ჰო, ნიკა. როგორ იმგზავრე?

- კარგად, ესე იგი ანამ დავალება შეასრულა.

- გმადლობ კასეტისა და ყურადღებისთვის.

- აუცილებლად უნდა წავსულიყავი, - მოუბოდიშა ნიკამ.

- როგორ არის ირაკლი?

- მოუწევს ერთი-ორი თვე ცალი ხელით ცხოვრება... ვიღაც მეძახის, კარგი, კატო, შაბათს შევხვდებით.

- კარგად, ნიკა, შაბათამდე.

კატო ბედნიერი იყო. გუშინდელი დღე გრძელდებოდა. რა მოითმენდა შაბათამდე!

რას იფიქრებდა, რომ შაბათამდე ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა.

---------------------------------