გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის...

50
1 თეიმურაზ თუმანიშვილი გზები ზღაპარი იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ბიჭი სახელად ბედილა. ...ბედილა და მისი უმცროსი დაიკო იამზე, რომელსაც ყველა უბრალოდ იას ეძახდა, მთის ფერდობზე არბოდნენ. ბედილას უნდოდა, მთის წვერზე, მზის პირველი სხივისთვის მიესწრო... მოახერხა კიდეც, თითის წვერებზე აიწია და აი, მზის სხივებმა ჯერ ხელები გაუნათა, მერე კი, თვალებში შეაჭყიტა. ბედილამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ამ სხივების შესრუტვას ცდილობდა, და გახარებულმა დაიძახა: მოვასწარი! მოვასწარი! მოვასწარით! მოვასწარით!... − დახტოდა და წრიპინებდა მის გვერდით იამზე. მზე ნელ-ნელა ზევით მიიწევდა. ბედილამ იას ხელი ჩაჰკიდა და მკრთალი სხივებით განათებულ ბილიკს დაუყვა ქვევითკენ, სადაც ძროხები და ცხვრები ბალახობდნენ. ბიჭს კმაყოფილს ეღიმებოდა დარწმუნებული იყო, რომ დღეს და ამიერიდან, ყველაფერი, ყველაფერი გამოუვიდოდა, რის გაკეთებასაც მოინდომებდა. ბედილა და იამზე პირუტყვის შორიახლო ჩამოსხდნენ. ცოტა ხანში რამდენიმე ცხვარი იამზესკენ წამოვიდა და თითომ თითო ყვავილი დაუდო ფეხებთან. დიდად არც დანარჩენები ჩამორჩენილან და მალე გოგონას წინ ყვავილების გროვა დაიყარა. იამზე აღტაცებული იყო. ბედილა! შეხედე, შეხედე, ცხვრებმა ყვავილები მომიტანეს. ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებიათ! უყურე ამას, რა სცოდნიათ? − გაიკვირვასავით ბედილამ. − მიდი აბა, გვირგვინი გააკეთე. მგონი, ლამაზი უნდა გამოვიდეს, − ბედილა ადგა, ჯერ ცხვრებს გახედა, მერე მზეს, და ისევ გაეღიმა მართალი აღმოჩნდა მზემ, მზის პირველმა სხივებმა ისეთი ძალა მისცა, რომ ამ ქვეყანაზე ალბათ ვეღარავინ შეედრებოდა... I. ბედილა და იამზე ბებიასთან ერთად ცხოვრობდნენ. დედა ადრევე დაღუპვოდათ; მამა, როგორც საუკეთესო მებრძოლთაგანი, მეფის რაზმში იყო გაწვეული. თუმცა ბებიას დედაზე და მამაზე ლაპარაკი არ უყვარდა. აბა, რა დროს საუბარია, როცა სადილი (ან საუზმე, ან ვახშამი) მაქვს გასაკეთებელი. გაიქეცი ერთი, ბოსტნიდან ქინძი, ოხრახუში, კამა და ქონდარი მომიტანე, − ასე, ან ამგვარად არიდებდა თავს არასასურველ საუბარს. ბავშვებმა მშობლების ამბები ყურმოკრულად იცოდნენ და თავისი ცოდნის სისწორეში ბოლომდე დარწმუნებულებიც ვერ იყვნენ.

Transcript of გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის...

Page 1: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

1

თეიმურაზ თუმანიშვილი

გზები

ზღაპარი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ბიჭი სახელად

ბედილა.

...ბედილა და მისი უმცროსი დაიკო − იამზე, რომელსაც ყველა უბრალოდ იას

ეძახდა, მთის ფერდობზე არბოდნენ.

ბედილას უნდოდა, მთის წვერზე, მზის პირველი სხივისთვის მიესწრო...

მოახერხა კიდეც, თითის წვერებზე აიწია და აი, მზის სხივებმა ჯერ ხელები გაუნათა,

მერე კი, თვალებში შეაჭყიტა.

ბედილამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ამ სხივების შესრუტვას ცდილობდა, და

გახარებულმა დაიძახა:

− მოვასწარი! მოვასწარი!

− მოვასწარით! მოვასწარით!... − დახტოდა და წრიპინებდა მის გვერდით იამზე.

მზე ნელ-ნელა ზევით მიიწევდა.

ბედილამ იას ხელი ჩაჰკიდა და მკრთალი სხივებით განათებულ ბილიკს დაუყვა

ქვევითკენ, სადაც ძროხები და ცხვრები ბალახობდნენ. ბიჭს კმაყოფილს ეღიმებოდა −

დარწმუნებული იყო, რომ დღეს და ამიერიდან, ყველაფერი, ყველაფერი

გამოუვიდოდა, რის გაკეთებასაც მოინდომებდა.

ბედილა და იამზე პირუტყვის შორიახლო ჩამოსხდნენ. ცოტა ხანში რამდენიმე

ცხვარი იამზესკენ წამოვიდა და თითომ თითო ყვავილი დაუდო ფეხებთან. დიდად

არც დანარჩენები ჩამორჩენილან და მალე გოგონას წინ ყვავილების გროვა დაიყარა.

იამზე აღტაცებული იყო.

− ბედილა! შეხედე, შეხედე, ცხვრებმა ყვავილები მომიტანეს. ასეთი რამ

არასოდეს გაუკეთებიათ!

− უყურე ამას, რა სცოდნიათ? − გაიკვირვასავით ბედილამ. − მიდი აბა, გვირგვინი

გააკეთე. მგონი, ლამაზი უნდა გამოვიდეს, − ბედილა ადგა, ჯერ ცხვრებს გახედა, მერე

მზეს, და ისევ გაეღიმა − მართალი აღმოჩნდა − მზემ, მზის პირველმა სხივებმა ისეთი

ძალა მისცა, რომ ამ ქვეყანაზე ალბათ ვეღარავინ შეედრებოდა... I.

ბედილა და იამზე ბებიასთან ერთად ცხოვრობდნენ.

დედა ადრევე დაღუპვოდათ; მამა, როგორც საუკეთესო მებრძოლთაგანი, მეფის

რაზმში იყო გაწვეული. თუმცა ბებიას დედაზე და მამაზე ლაპარაკი არ უყვარდა.

− აბა, რა დროს საუბარია, როცა სადილი (ან საუზმე, ან ვახშამი) მაქვს

გასაკეთებელი. გაიქეცი ერთი, ბოსტნიდან ქინძი, ოხრახუში, კამა და ქონდარი

მომიტანე, − ასე, ან ამგვარად არიდებდა თავს არასასურველ საუბარს.

ბავშვებმა მშობლების ამბები ყურმოკრულად იცოდნენ და თავისი ცოდნის

სისწორეში ბოლომდე დარწმუნებულებიც ვერ იყვნენ.

Page 2: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

2

ის კი დანამდვილებით იცოდნენ (გარშემო ყველა ამას უმეორებდა), რომ − იამზე

დედის ასლი იყო და ისეთივე ლამაზი უნდა გაზრდილიყო; ბედილას კი, მამის ძალა

და მოხერხება გამოჰყოლოდა.

ბედილა მართლაც ძალზე სწრაფი, ღონიერი და უშიშარი იყო. ხის ხმლებით

ბრძოლაში უკვე ექვსი-შვიდი წლისა გამოირჩეოდა და უფროს ბიჭებსაც ხშირად

სჯობნიდა.

სირბილი, ხტომა, ცურვა, ჭიდაობა − ყველაფერი უხაროდა და ცდილობდა

პირველი ყოფილიყო.

სადაც უნდა წასულიყვნენ ბავშვები − ტყეში სოკოს საკრეფად, თუ მდინარეზე

საბანაოდ − უნდოდათ, ბედილაც თან წაეყვანათ. უფროსებიც მშვიდად გრძნობდნენ

თავს, ბედილა თუ შვილებთან ეგულებოდათ. ვინმეს თუ გაუჭირდებოდა,

დაუღალავი ბედილა პირველი მოდიოდა საშველად. ბედილასგან მიშველება ისეთი

თავისთავადი და ჩვეული რამ იყო, რომ ბიჭებიც კი არ თაკილობდნენ.

მაგრამ ნელ-ნელა უკლო ბედილამ ბავშვებთან დროსტარებას. სულ უფრო

ხშირად ხედავდნენ მას განმარტოებით ტყისკენ მიმავალს. არა, ბავშვებთანაც

თამაშობდა, მხიარულობდა, მაგრამ დროს იხელთებდა თუ არა, ჩუმად ადგებოდა და

ჩაფიქრებული გაეცლებოდა იქაურობას.

− რა იყო, ბიჭო? ეგრე მწარედ ვინ შეგიყვარდა? − ეხუმრებოდნენ უფროსები.

ბედილა კი, წყნარად გაუღიმებდა და ხმაამოუღებლად განაგრძობდა გზას.

სინამდვილეში კი საქმე სულ სხვაგვარად იყო.

ბედილამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ − დანარჩენებისგან განსხვავებით −

რაღაც უცნაური ძალა შესწევდა.

ერთხელ საკუჭნაოში შეიპარა ქლიავის ჩირის ასაღებად. ჩუმად, თითის წვერებზე

მივიდა კედელზე ჩამოკიდებულ ნაირნაირ ასხმებთან და ხელიც გაიწვდინა, მაგრამ

უსწორმასწორო იატაკს ფეხი წამოსდო, წონასწორობა დაკარგა და, რომ არ

წაქცეულიყო, თაროს ჩამოეყრდნო. თარო შექანდა. გადაყირავდა და გაგორდა

თაფლით სავსე ქოთანი...

− ბებია მომკლავს... − გაიფიქრა შეშინებულმა და როგორც შეეძლო, “გაიწელა”

ქოთნის დასაჭერად, მაგრამ ვერ მისწვდა. ქოთანი კი ერთი-ორჯერ ზლაზნვით

გადატრიალდა გვერდიდან გვერდზე და თაროდან გადმოვარდა.

− არააა! − ჩურჩულით დაიყვირა ბიჭმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა შეეცადა

დაგრძელებულიყო, მისწვდომოდა...

...ქოთანი ჰაერში გაჩერდა, მერე კი, ნელ-ნელა, თითქოს ყოყმანით, დაიძრა და

ბედილას გაწვდილ ხელზე დაეშვა.

ბედილა გაუნძრევლად იდგა და ქოთანს უყურებდა. გაოგნებულს ფიქრიც კი არ

შეეძლო. ბოლოს და ბოლოს გონს მოვიდა, ქოთანი თაროზე ფრთხილად დადგა და

ჩუმად გავიდა საკუჭნაოდან. ჩირი აღარც გახსენებია.

გაოცებამ რომ გადაუარა, ბედილამ სცადა ამ სასწაულის გამეორება.

დარწმუნებული არ იყო, რომ გამოუვიდოდა, მაგრამ მაინც არ დაყარა ფარ-ხმალი და

ორი დღის უშედეგო ცდის შემდეგ უცებ გამოუვიდა. მართალია, მან მხოლოდ და

მხოლოდ პატარა, გამხმარი ფოთოლი დაძლია და ერთ მტკაველზე გააჩოჩა...

ამ დღიდან კიდევ უფრო მეტ დროს უთმობდა სხვადასხვა რაღაცების აწევას.

ვარჯიშობდა და ვარჯიშობდა.

Page 3: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

3

ერთი დღის გამალებული ვარჯიშის შემდეგ, ერთდროულად სამი კენჭის აწევა

მოახერხა. მეორე დღის ბოლოსთვის, კარგა მოზრდილი ქვა ააფრინა და ოციოდე

ნაბიჯზე გადაისროლა კიდეც. ცოტა ხანში, თავისი ზომის ლოდის ჰაერში რამდენიმე

წამით გაჩერება მაინცადამაინც ძნელად აღარ ეჩვენებოდა.

ამ ვარჯიშების დროს თვითონ, მართალია, გაუნძრევლად იჯდა, მაგრამ თავიდან

საკმაოდ იღლებოდა და ხშირ-ხშირად უწევდა დასვენება. დიდი ლოდი პირველად

რომ ასწია, ძლივს სუნთქავდა, მთელი ტანით ააკანკალა; ფეხზე ადგომაზე ხომ,

ლაპარაკიც ზედმეტი იყო − გაოფლიანებული შუბლის მოსაწმენდად ხელი ძლივს

ასწია.

თუმცა, ეს სიძნელეები მალევე მიავიწყდა. ბედილამ უკვე იცოდა თავისი ძალა,

აღარ ცდილობდა კლდეების მოგლეჯას და ათამაშებას. სამაგიეროდ, შეეძლო

რამდენიმე საგნის ერთდროელად აწევა.

აი, ზის ბედილა მზით გამთბარ ბალახზე, მოშორებით კი, ხეებს შორის

დაფრინავს და “დაჭერობანას თამაშობს” ათიოდე ქვა.

− რა კარგი იქნებოდა, სოფელში რომ შეიძლებოდეს ამის გაკეთება. ქოთანი რომ

ავაფრინო და მოულოდნელად დავახურო თავზე რომელიმე აბეზარ ბავშვს. უჰ, რა

ამბავი ატყდება...

ერთხელ ბედილას საკუთარი თავის ჰაერში აწევის აზრი გაუჩნდა. ასე ხომ,

ფრენასაც შესძლებდა... რასაკვირველია, სცადა კიდეც და ცოტათი მართლაც აფრინდა,

მაგრამ ძალიან ცოტათი (ბალახს ძლივს აცდა) და სულ რაღაც სამი-ოთხი წამით.

რამდენიც არ იწვალა, ფრენა არ გამოსდიოდა. ერთი კი იყო − ახლა შეეძლო სახლის

სახურავიდან, თუნდაც მაღალი ხიდან ისე გადმომხტარიყო, რომ არაფერი სტკენოდა.

ქოთნის დაჭერიდან სულ რაღაც ხუთ-ექვს დღეში, კიდევ ერთი საოცარი თვისება

გამოაჩნდა.

...ბედილა და იამზე ეზოში, გრძელ სკამზე ჩამომსხდარიყვნენ. იამზე ძაფზე მძივს

ასხამდა, ბედილა კი, მიზანში ქვებს ისროდა.

რამდენიმე წუთი ასეთი გართობის შემდეგ, ბედილამ მკაფიოდ გაიგონა იას

სიტყვები:

− რა სისულელეებით ერთობიან ხოლმე ბიჭები.

− რა თქვი? − გაკვირვებული მიუტრიალდა იას ბედილა.

− მე? არაფერი, − მტკიცედ განაცხადა გოგონამ.

− ნუ მატყუებ. მშვენივრად გავიგონე რაც თქვი.

− რას ჩამაცივდი. არაფერი მითქვამს.

− შენ არა თქვი? – რა სისულელეებით ერთობიან ბიჭებიო?

− არაფერი მითქვამს. მხოლოდ გავიფიქრე.

− გაიფიქრე კი არა – თქვი.

− დამანებე თავი. ხელს მიშლი, − იამზე ადგა და სახლში შევიდა.

ბედილა მალევე დარწმუნდა, რომ ია არ ტყუოდა − სულ უფრო ხშირად ესმოდა

სხვისი აზრები. ჯერ მხოლოდ ახლობლების, მერე კი, უცხოების აზრების დაჭერაც

შესძლო. პირველ ხანებში, ეს კარგი გასართობი გამოდგა, მაგრამ საკმაოდ მალე

მობეზრდა. მიუხედავად ამისა, ახლა აზრების წაკითხვაშიც დაიწყო ვარჯიში −

მშვენივრად ესმოდა, როგორი სასარგებლო იყო ასეთი ნიჭი.

ბიჭმა სწრაფად და ადვილად ისწავლა, ადამიანისკენ გაუხედავად, ნაფიქრალის

და ნათქვამის გარჩევა. საკვირველი იყო, რომ ბედილამ ცხოველების აზრების

Page 4: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

4

შეგრძნობაც შეძლო, თუმცა მათი ფიქრები მეტად ბუნდოვანად და გაურკვევლად

ეჩვენებოდა. ყველაფერზე ძნელი აღმოჩნდა, რომელიმე ერთი ადამიანის ფიქრები ისე

წაეკითხა, რომ სხვათა აზრები არ შერეოდა.

ამასობაში ბედილას სოფლის ნახირის მწყემსვის რიგი მოუვიდა. ტყეში

განმარტოების დრო აღარ რჩებოდა, თუმცა საძოვარზეც მშვენივრად ახერხებდა

თავისი უცნაური საქმიანობის გაგრძელებას. იმის საშუალებაც მიეცა, უფრო კარგად

გარკვეულიყო ცხოველების აზრებში. ისწავლა კიდეც მათი გაგება. მიხვდა, რომ მათაც

ჰქონდათ თავისი ენა, თუმცა ენის სწავლა ვერ შესძლო და თავი დაანება − ისედაც ხომ

ახერხებდა მათი ნაფიქრალის შეტყობას.

ერთ საღამოს, ნახირის სოფლისკენ გამორეკვის დრო რომ დადგა, ბედილამ

სცადა უსიტყვო ბრძანება გაეცა და ცხოველები ასე შეეკრიბა, მაგრამ მას მხოლოდ

ოთხი ძროხა და სამი ცხვარი დაემორჩილა. ისევ დასჭირდა ბევრი სირბილი

დანარჩენების შესაგროვებლად. შემდეგ დღეებშიც იგივე განმეორდა − ვერაფრით

ახერხებდა ცხოველების დამორჩილებას. მან ხომ ცხოველების ენა არ იცოდა,

ბრძანებებს სურათებად გადასცემდა.

ახლა, მთელი დღეები იმაზე ფიქრობდა, როგორ მოეხერხებინა თავისი ძალის

გაზრდა. უნდოდა, რომ ყველაფრის გაკეთება შესძლებოდა. მაშინ ყველას და

ყველაფრის ბატონ-პატრონი და მბრძანებელი გახდებოდა, ყველაზე მდიდარი

იქნებოდა, მეფეებიც მას დაემორჩილებოდნენ, მამას სახლში დააბრუნებდა და

ყველანი ბედნიერად იცხოვრებდნენ.

ბედნიერი ცხოვრებისა და სამყაროს ბატონობის სურათები ბუნდოვანი

გამოსდიოდა, მაგრამ სურვილი კი ნამდვილად ჰქონდა.

ერთხელაც ბედილას ბედნიერი აზრი მოუვიდა − მზე ხომ ყველაფრის

მასაზრდოებელია; მის გარეშე არაფერი ჩნდება და არაფერი იზრდება ამ ქვეყანაზე;

ყველა არსება მზისგან იღებს სასიცოცხლო ძალას... ჰო და, ბედილამაც მზეს უნდა

მიმართოს, მზეს სთხოვოს დახმარება... მზის პირველ სხივებს უნდა დახვდეს და

იმათგან მიიღოს ყოვლისშემძლეობის ნიჭი და ძალა.

დილაადრიან გარეკა ბედილამ ნახირი და იასთან ერთად (იამაც სწორედ ამ დღეს

მოინდომა მასთან ერთად წამოსვლა) აირბინა მთის წვერზე, მზის პირველი სხივების

შესახვედრად და მიიღო კიდეც ნანატრი... II.

იმ დღის შემდეგ მთელი ნახირი ზუსტად და დაუყოვნებლივ ასრულებდა

ბედილას ყველა ბრძანებას. ახალი უნარით აღტაცებული ბედილა თავიდან ცოტათი

აწვალებდა კიდევაც ძროხებსა და ცხვრებს − ხან მწყობრში დააყენა და საძოვარზე

აქეთ-იქეთ დაატარებდა, ხან ფერხულში ჩააბა და კიდევ ბევრი მსგავსი სისულელე

გააკეთებინა. ერთხელ ნახირის ამღერებაც კი სცადა, მაგრამ ხმამაღალი ბღავილის

მეტი არაფერი გამოვიდა.

ძროხებისა და ცხვრების წვალება ბედილას მორიგეობასთან ერთად დამთავრდა.

ახლა ბედილამ სხვებზე მიიტანა იერიში − კატები, ძაღლები, ქათმები, ბატები,

იხვები და ზოგჯერ ბეღურები და მერცხლებიც ასრულებდნენ მის ბრძანებებს.

Page 5: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

5

სოფლელთა გასაოცრად რამდენიმე ძაღლმა და კატამ სირბილში ნამდვილი

შეჯიბრი მოაწყო. ჯერ ყველანი ერთ ხაზზე ჩამწკრივდნენ, მერე კი, ერთდროულად

მოსწყდნენ ადგილს. რაც ძალი და ღონე ჰქონდათ გაქანდნენ წინ, შორს მდგარ ხეს

შემოურბინეს და უკან გამოიქცნენ. ბოლოს კი გამარჯვებულ ძაღლს ყველა დანარჩენმა

თავი დაუკრა.

ბატები და იხვები ცურვაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ნაპირზე კი, ქათმები

შეგროვილიყვნენ და ფრთებით ტაშს უკრავდნენ.

შეშფოთებულმა ხალხმა, ამ უცნაური ქცევის ასახსნელად და გამოსასწორებლად

მეზობელ სოფელში მოძღვრის შეწუხება დააპირა, მაგრამ ამ დროს ყველაფერი,

როგორც დაიწყო, ისევე მოულოდნელად შეწყდა და ცხოველები ჩვეულ ცხოვრებას

დაუბრუნდნენ.

ბედილამ ძალიან იმხიარულა, მაგრამ ამგვარ გართობას თავი მაინც დაანება.

ამის მერე გადაწყვიტა, ძალა ადამიანებზეც მოესინჯა და, რასაკვირველია, მისი

არჩევანი იამზეზე შეჩერდა.

ია მაგიდასთან იჯდა და ბატის ფრთით რაღაცას ხატავდა. ბედილაც იქვე

ჩამოჯდა და იას უხმოდ უბრძანა:

− წადი და წყალი მომიტანე!

ია აუღელვებლად განაგრძობდა ხატვას. ბედილამ ყურადღება მოიკრიბა და

ბრძანება გაიმეორა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. მაშინ გადაწყვიტა უფრო მარტივი რამით

დაეწყო.

− ცხვირი მოიფხანე! − უბრძანა მან იას, მაგრამ არც ამან გაჭრა.

− ხელი ასწიე! − მაინც არაფერი გამოვიდა.

ერთხელ, შუაღამეს, იას მძინარეს მიეპარა და ისევ, ხან ხელის აწევა, ხან ცხვირის

მოფხანა უბრძანა − დაიკო გაუნძრევლად იწვა, წამწამიც არ შესტოკებია...

...ბედილა დაფიქრდა:

− რატომ არ გამომდის? რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

ახსნას ვერ პოულობდა და უცებ თავში ერთი აზრი მოუვიდა:

− მზესთან ჩემი შეხვედრის მერე უკვე ხუთი დღე გავიდა. ისევ ხომ არ არის

საჭირო მასთან მიახლება? ხვალვე წავალ.

ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი შეეგება.

კმაყოფილი დაბრუნდა სახლში და ბრძანების გაცემა სცადა, მაგრამ არც ამჯერად

გამოუვიდა რამე.

− ესე იგი, მზე ამაში ვერ მშველის...

მთელი დღეები (და ზოგჯერ ღამეებიც) ფიქრობდა ბედილა, რა გაეკეთებინა,

როგორ ესწავლა ადამიანების დამორჩილება.

ამასობაში აღმოაჩინა, რომ კიდევ ბევრი რამ იყო, რაც არ შეეძლო. არ შეეძლო

ერთი საგნის მეორედ გადაქცევა, რისამე გაქრობა ან გაჩენა, კედლის მიღმა დანახვა,

ფრენაც კი არ შეეძლო. მართალია, ეს ყველაფერი მას მხოლოდ ზღაპრებში გაეგონა,

მაგრამ მისი ცხოვრებაც ხომ ზღაპარს დაემსგავსა, თვითონაც ხომ ზღაპრულ ძალას

ფლობს და გასაოცარ რამეებს აკეთებს.

საუზმის, სადილის, თუ ვახშმის დროსაც, რასაკვირველია, იგივეზე ფიქრობდა.

...მაშინაც სადილის დრო იყო. ბებია აქეთ-იქეთ დადიოდა და მაგიდაზე რაღაცებს

ალაგებდა, ია და ბედილა სუფრასთან ისხდნენ, თუმცა ბიჭს წარმოდგენაც კი არ

Page 6: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

6

ჰქონდა, რა ხდებოდა მის გარშემო. მერე რაღაცას ჭამდა, მაგრამ არ იცოდა, რას. იას და

ბებიის შეკითხვებს პასუხობდა, მაგრამ არც კითხვები ესმოდა და არც თავისი პასუხი.

− რატომ არ გამომდის? რატომ? − უსასრულოდ უტრიალებდა თავში, − საერთოდ

რომ არაფერი შემძლებოდა, სხვა საქმეა, მაშინ ამაზე ხომ ვერც ვიფიქრებდი... ეჰ, აი

აქვე, სადმე, ჯადოსანი რომ ცხოვრობდეს, წავიდოდი და ვკითხავდი... − ეს გაიფიქრა

და ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე, − რასაკვირველია! ჯადოსანი უნდა მოძებნოს და

ისწავლოს! აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა! − მაგიდას ხელი დაჰკრა... მისი თეფში

ჰაერში ავარდა, დაბზრიალდა და შეშინებულ იას კალთაში ჩაუვარდა, საჭმლის

ნაწილიც იას დაეყარა, თუმცა ბედილასაც ერგო იმდენი, რომ ბოლოსა და ბოლოს

მიმხვდარიყო − სადილად ზეთითა და ძმრით შეზავებული სოკო და ფეტვის ფაფა

გვქონიაო...

− უნდა წავიდე მასწავლებლის საძებრად. ჩემით ამის მეტს ვეღარაფერს

მოვახერხებ, − ხშირად იმეორებდა ფიქრებში ბედილა. ასე ნელ-ნელა ამზადებდა თავს

სასურველი, მაგრამ ძნელი ნაბიჯის გადასადგმელად.

− ჯადოსნობას რომ ვისწავლი, მართლაც შევძლებ ყველას და ყველაფრის

მბრძანებელი გავხდე. მეფენიც დამემორჩილებიან, თუმც შეიძლება, ვერც ხვდებოდნენ

ამას. ისე გავაკეთებ, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი გავხადო, − ფიქრობდა ბედილა,

მაგრამ ბედნიერების სურათი კარგად ვერც ახლა გამოსდიოდა. იცოდა, რომ

საყოველთაო ბედნიერების ჟამს შიმშილი არ უნდა ყოფილიყო და წარმოიდგენდა

ხოლმე, როგორ ივლიდა ყველა, მხიარული ღიმილით, ედემის მაგვარ ბაღნარში.

− ომი აღარ იქნება... ყველა მეომარი თავის ოჯახს დაუბრუნდება (მარტო მამამისი

კი არა)... ყველას ექნება დიდი სახლი, ეყოლება საქონელი... ერთმანეთთან სტუმრად

ივლიან... ავადმყოფობა და სიკვდილი აღარ იქნება... ფუ, ეს რა სისულელე მომივიდა

თავში. არა, რასაკვირველია ეგრე არ გამოვა, მაგრამ ყველა კარგად იქნება... ამის

მისაღწევად კი, საჭიროა სახლიდან წასვლა და მასწავლებლის პოვნა... ეჰ, როგორ

იქნებიან უჩემოდ ბებია და ია... გაუჭირდებათ, მაგრამ რა ვქნა, უნდა წავიდე... თანაც

დღეს ან ხვალ ხომ არ მივდივარ. გავა ხანი, რაღაცას ისეთს მოვიფიქრებ, რომ ჩემებს არ

შეეშინდეთ და მაშინ...

დრო მიდიოდა. ბედილას გადაწყვეტილება არ შეუცვლია, მაგრამ სახლიდან

წასვლის შესაძლებლობა არა და არ ეძლეოდა. ბიჭიც არ ჩქარობდა, პირიქით, გულის

სიღრმეში კმაყოფილიც იყო, რომ სახლის დატოვება ჯერ არ უწევდა.

გავიდა შემოდგომა, დადგა ზამთარი... შემდეგ ზამთარიც მიიწურა და

გაზაფხული მოვიდა.

მზიანი, მაგრამ ჯერ ისევ ცივი დღეები იყო, როდესაც ბედილას და იამზეს

დეიდამ − ნათელამ, მათი ნათესავის, დათუნას პირით, შემოუთვალა − ჩემი

ქალიშვილი, თქვენი კი დეიდაშვილი, თხოვდება. ერთ კვირაში ქორწილი იქნება.

გთხოვთ თქვენცა და თქვენს ბებიასაც აქ ჩამობრძანდეთ და ჩვენი სიხარული

გაიზიაროთო.

− დიდი მადლობა ასეთი სასიხარულო ამბისათვის, − მადლიერი ღიმილით

ელაპარაკებოდა ბებია დათუნას, − სიამოვნებით ვეახლებით, ქორწილი ხომ არც ისე

ხშირი ამბავია.

დათუნამ უარი თქვა სადილად დარჩენაზე, დაემშვიდობა და წავიდა.

Page 7: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

7

− სულაც არ ვაპირებ წასვლას. სადა მაქვს ამ სიშორეზე სიარულის დრო და თავი.

არც შენ გაგიშვებ, − მიუბრუნდა ბებია იამზეს, − ჯერ ძალიან ცივა, აუცილებლად ავად

გახდები.

− მერე, დათუნას რად არ უთხარი? − თქვა გაბუსხულმა იამზემ.

− აბა, რას ამბობ? კაცი იმ სიშორიდან ჩამოვიდა ამბის მოსატანად, მე კიდევ

მეპასუხა, ტყუილად გარჯილხარ-მეთქი? ძალიან ზრდილობიანი საქციელი კი

იქნებოდა, − ბებია ახლა ბედილას მიუბრუნდა, − შენ წახვალ! და სამ ცხვარსაც წაუყვან

ჩვენგან საჩუქრად. ბიძინას გაყვები, ის ნამდვილად წავა.

ბიძინაც მათი ნათესავი იყო, როგორც მარტოხელა კაცს, საქმე ბევრი არაფერი

ჰქონდა და სტუმრად სიამოვნებით დადიოდა ხოლმე.

ბედილას მშვენივრად ესმოდა, რომ ქორწილში წასვლა, სწორედ ის ნანატრი

შემთხვევა იყო. ეს ამბავი თან ახარებდა, თანაც აშინებდა.

ისევ, დილიდან საღამომდე ფიქრობდა, აწყობდა გეგმებს, რომ ბებიას და იას არ

შეშინებოდათ და თან სახლშიც ვერ დაებრუნებინათ.

− ბიძინა სახლში რომ წამოვა, მე რამენაირად დეიდასთან უნდა დავრჩე. ბიძინას

წერილს გამოვატან. ჰო, არ დამავიწყდეს, ეტრატის ნაჭერი წავიღო, − წერილი

ნამდვილად კარგი აზრი იყო, წერა-კითხვა ბებიამ ასწავლა, შინაარსიც უკვე

მოფიქრებული ჰქონდა, − ასე დავწერ: მივდივარ ბედის... არა, არა, ასე – საყვარელო

ბებიკო და ია, ცოტა ხნით გტოვებთ და მივდივარ ბედის საძებრად. რაიმე ხელობა

მინდა ვისწავლო, თუმცა ჯერ არ ვიცი რომელი (აბა, ხომ არ დავწერ ჯადოსნობის

სასწავლად მივდივარ-მეთქი). ორ-სამს ვცდი, თან ქვეყანას ვნახავ. ხელობას როგორც

კი ვისწავლი, მაშინვე დავბრუნდები. – ასე დავწერ... უჰ, ხმალი არ დამავიწყდეს. ცოტა

მეტი ტანსაცმელი უნდა წავიღო, − ბედილა ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა −

ნაბადი, თოკი, ძროხის ტყავი, ქალამნების მეორე წყვილი...

დათქმულ დღეს, დილაადრიან შეიკრიბნენ ქორწილში წამსვლელები. ბიძინას

გარდა, კიდევ რამდენიმე ნათესავი მოდიოდა და ბედილას სახლთან სამი ურემი

გაჩერდა.

ურმებიდან ყველანი გადმოვიდნენ, ბებიას მიესალმნენ და გაიმართა

აუცილებელი მიკითხვ-მოკითხვა.

ბედილამ დრო იხელთა და თავისი (გასაოცრად დიდი) ორი ფუთა ურემში

ჩამალა.

ბოლოს, როდესაც ყველა ნათესავისა და ახლობლის ჯანმრთელობის და ყოფის

ამბავი მოეხსენა, ბებიამ ნება მისცა მოსულებს, გზას გასდგომოდნენ. სხვა

საჩუქრებისგან ცოტა მოშორებით, ურემში ბებიის გამოტანებული ცხვრებიც ჩასვეს და

დაიძრნენ.

ია გაბუტული გაჰყურებდა მიმავალ ურმებს, უკან მჯდარი ბედილა კი, რაც ძალი

და ღონე ჰქონდა, უქნევდა ხელს აღმართის თავზე დარჩენილ ბებიას და დაიკოს...

დეიდასთან ჩასვლისთანავე ყველაფერი მშვენივრად მოეწყო. დეიდაშვილმა

მანანამ − პატარძალმა (რომელიც ბედილაზე სულ სამიოდე წლით იყო უფროსი და ხან

იცინოდა, ხან კი ცრემლად იღვრებოდა) − ბედილას სთხოვა:

− ბედილააა! შენი ჭირიმე, მაყარში წამოდი რა! გეხვეწები! ეს დღე რამენაირად

გამაძლებინე და მერე რაც გინდა მთხოვე!

Page 8: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

8

− ეგ აბა რა სახვეწარია. დიდი სიამოვნებითაც წამოვალ! − გაუბრწყინდა სახე

ბედილას, − რითაც შევძლებ, დაგეხმარები, გაგართობ, გაგამხიარულებ. მაგაზე არ

იდარდო.

მანანასაც გაუნათდა სახე, მხიარულად გაიღიმა, ბედილას მოეხვია, ლოყაზე

აკოცა და კუნტრუშ-კუნტრუშით გაიქცა სახლისაკენ.

ბედილამ მანანას თვალი გააყოლა, ცოტა დაფიქრდა და თვითონაც შევიდა შინ.

წამოღებული ეტრატის ნაჭერი ბარგიდან ამოიღო, მელანი და კალამი დეიდას ოთახში

აიღო. იქვე ჩამოჯდა და მისწერა ბებიას დიდი ხნის მოფიქრებული წერილი, მერე კი

ბიძინას მიურბენინა.

ბიძინას კითხვა არასოდეს უსწავლია, ამიტომ წერილისთვის არც დაუხედავს, ისე

ჩაიდო ჯიბეში, მაგრამ ბედილას შეჰპირდა, რომ ბებიას ნამდვილად გადასცემდა.

ახლა კი, როდესაც გაპარვის საქმე ასე იოლად მოგვარდა, ბედილამ თავისუფლად

ამოისუნთქა და იმავ წამს ჩაერთო ქორწილის მზადებით, ხუმრობა-ოხუნჯობითა და

დამხმარეთა დაბნეულობით შექმნილ ორომტრიალში.

ამ დღესაც მოახერხა ბედილამ, თავისი ოინებით გული ეჯერებინა, მაგრამ

ქორწილის დღეს... ვერაფერი შეედრებოდა.

დილიდანვე, თითქმის მთელი სოფლის ბავშვები ეზოში შეიკრიბნენ და მალე

ყველა კუთხე-კუნჭულს მოედვნენ. აქეთ-იქით დადიოდნენ, დარბოდნენ, ყველას

ფეხებში ებლანდებოდნენ და, რომელიმე უფროსი რომ დაუტატანებდა, სიცილ-

კისკისით გარბოდნენ. სუფრის გაშლის დრო რომ დადგა, ნათელა დეიდამ ამ

ალიაქოთს ვეღარ გაუძლო და ბედილას დაუძახა:

− ბედილა! თუ ჩემი ბიჭი ხარ, მოაშორე აქედან ეს ბავშვები, თორემ სადაცაა

გავგიჟდები! შენი ჭირიმე, გაართე რამენაირად.

ბედილას დიდი დრო არ დასჭირვებია იმის მოსაფიქრებლად, რითი

შეიძლებოდა ბავშვების გართობა...

სად იყო და სად არა, ეზოში რამდენიმე ძაღლი შემოეხეტა. ცოტა ხნის შემდეგ ეს

ძაღლები ბედილას გარშემო შემოიკრიბნენ. ბედილა ღობესთან ჩამოჯდა და ძაღლებს

სათითაოდ გადაუსვა თავზე ხელი.

თავიდან, ისევ სირბილში შეჯიბრის მოწყობა უნდოდა, მაგრამ უკეთესი აზრი

მოუვიდა. ბედილა რომ ადგა, ყველა ძაღლი მის წინ ჩამწკრივდა. ბედილა ჯერ ერთთან

მივიდა, მერე მეორესთან − თითქოს რაღაცას ასწავლიდა და მალე ყველა ძაღლი უკანა

თათებზე დააყენა. ბიჭს გარშემოერტყნენ, საითაც ის მიდიოდა, ისინიც მწყობრად

მიჰყვებოდნენ.

ბედილამ ეზოში მაგიდებისგან და სკამებისგან თავისუფალი ადგილი შეარჩია

და ძაღლებთან ხმადაბალი “თათბირის” მერე, ნამდვილი წარმოდგენა გამართა

(ამასობაში ახალ-ახალი ძაღლები შემოემატნენ).

ჯერ იყო და... ძაღლები წრეზე დადგნენ და ფერხულში ჩაებნენ, წრე ხან ერთი და

ხან მეორე მიმართულებით მოძრაობდა. მერე (ბედილასთან ხელახალი

“მოლაპარაკების” შემდეგ), ორ ჯგუფად გაიყვნენ, უფრო დიდები წრეზე დარბოდნენ,

პატარები კი, მოჯირითეებივით მათ ზურგზე შეასკუპდებოდნენ, ზედ

დატრიალდებოდნენ და მოხდენილად ჩამოხტებოდნენ მიწაზე.

ყველა ბავშვი აქ შეგროვილიყო − იდგნენ და პირდაღებულები უყურებდნენ ამ

საოცრებას. როდესაც ძაღლები ერთმანეთს ზურგზე შეახტნენ და მაღალი, ცოცხალი

Page 9: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

9

კოშკი აღმართეს, მაყურებლებს უფროსებიც შემოუერთნენ. ქორწილი ყველას

გადაავიწყდა.

ხმამაღალი სიცილი ატყდა − ბედილამ ძაღლებს “ჟუჟუნა წვიმას” მაგვარი რაღაც

ამღერა.

ხმაურზე ნათელა დეიდამ გამოიხედა ეზოში.

− ეს რა ამბავია? მალე სასიძო გვეახლება. ასე პირდაღებულები უნდა შევხვდეთ?

ჩქარა! საქმეს მიხედეთ! ბედილა! ვიცი შენი ბრალი არ არის, მაგრამ სხვაგან წაიყვანე

ესენი. კარგი?

ბედილამ, ბავშვებმა და ძაღლებმა ეზოსგან მოშორებით, ერთ მყუდრო ადგილზე

გადაინაცვლეს. აქ გაგრძელდა არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი სანახაობა. ძაღლები

ბედილას ნებისმიერ ბრძანებას ასრულებდნენ − აქეთ-იქით დარბოდნენ, მოჰქონდათ

სხვადასხვა ნივთები, დახტოდნენ, ცეკვავდნენ, უკანა და წინა თათებზეც კი

დადიოდნენ...

− ეს რაა, აი ჯადოსნობას რომ ვისწავლი, მაშინ ნახავთ! − ფიქრობდა თავისთვის

გამრთობი.

მანანას ქორწილმა ბედილასთვის საოცრად სწრაფად გაირბინა.

...აი, სასიძო ჩამოვიდა... გაცნობა... სუფრა... უკვე ურმებში სხედან, ბედილა,

თავისი ოინებით მანანას ართობს... ჯვრისწერა... ისევ ურმით მგზავრობა... ბედილას

წამით გაეღვიძა, ის ურემზე წევს. ღამეა. ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი... დილა

ნუკრის (ასე ჰქვია მანანას ქმარს) სახლში... საქორწილო სუფრა − სადღეგრძელოები,

სიმღერა, ხუმრობა, სიცილ-ხარხარი, ცეკვა, ბავშვებთან სირბილი... ბედილა

ძლივძლივობით მილასლასებს ლოგინისკენ...

დილას ცხოვრება ჩვეულ დინებას დაუბრუნდა, დრო აღარსად მიქროდა.

ადამიანები ცოტა შენელებულადაც მოძრაობდნენ. ყველანი დაღლილები, მაგრამ

კმაყოფილები და დაწყნარებულები იყვნენ.

დარჩენილმა სტუმრებმა და მათ შორის ბედილამ, გასამგზავრებლად დაიწყეს

მზადება, მაგრამ აბა მშივრებს ვინ გაუშვებდა.

ამასობაში ნუკრი და მანანაც გამოვიდნენ. ყველა გამხიარულდა, მათ კი

რატომღაც დაიმორცხვეს.

ნუკრის დედამ მანანას ხელი მოხვია და, ორივეს სახელით, სტუმრები ისევ

სუფრასთან მიიპატიჟა.

ბოლოს და ბოლოს, სტუმარ-მასპინძლობის ვალი სრულად რომ მოიხადეს,

ყველანი ადგნენ, კიდევ ერთხელ მიულოცეს ახლადდაქორწინებულებს გაბედნიერება,

დალოცეს მასპინძლები, დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დაიძრნენ შინისაკენ.

ბედილაც გაუდგა გზას, ოღონდ სახლისკენ არა. კიდევ ერთხელ მოიშველია

ტყუილი და განაცხადა, თითქოს ბებიამისის დავალებით, მეზობელ სოფელში

ნათესავთან უნდა შეევლო. ეს ნათესავი მართლაც იქ ცხოვრობდა. ისეთი კაცი იყო,

მაინცადამაინც რომ არ უყვარდათ. ბედილამ ესეც მშვენივრად იცოდა და, ამიტომ,

დარწმუნებული იყო, მისი ნათქვამის შემოწმებას არავინ დაიწყებდა.

ბედილა რამდენიმე სტუმარს დაემგზავრა და მთელი გზა სიამოვნებით ისმენდა

სხვა ქორწილებში მომხდარ სასაცილო ამბებს. ნათესავის სახლის კართან

დაემშვიდობა თანამგზავრებს და მართლაც შევიდა ნათესავთან. ბებიის სახელით

მოიკითხა, მოახსენა, რომ ბებია ჯანმრთელად იყო, მოკლედ მოუყვა ქორწილის

Page 10: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

10

შესახებ და ცოტა ხნის შემდეგ უკვე მარტოდმარტო მიაბიჯებდა ჩრდილოეთისკენ

მიმავალ გზაზე. III.

ბედილა გზას ალალბედზე ირჩევდა, არ იცოდა საით უნდა წასულიყო. ის კი

ნამდვილად იცოდა − აქაურობას რაც შეიძლება მალე უნდა გასცლოდა. იქამდე უნდა

გაშორებოდა ნაცნობ-ნათესავების კარ-მიდამოებს, სანამ მისი გაპარვის ამბავი

გამჟღავნდებოდა.

დილიდან დაბნელებამდე მიდიოდა, საჭმელად თუ გაჩერდებოდა ცოტა ხნით.

სამიოდ დღეში ძალზე დიდი მანძილი გაიარა და სულ უცნობ ადგილებში აღმოჩნდა.

აქ არასდროს მოხვედრილა, არც ამ სოფლების სახელები გაუგია. ნაცნობი მხოლოდ

ღრუბლებში მწვერვალებშემალული მთები იყო, შორს უკან ცისფრად რომ მოჩანდა.

ახლა აღარ ეშინოდა, რომ რომელიმე ნათესავს გადაეყრებოდა და სახლში

დააბრუნებდნენ. ამიტომაც, იქაურებს უფრო თამამად ესაუბრებოდა, ღამის

გასათევადაც ხშირად ჩერდებოდა სახლებში და მასპინძლები სავახშმოდაც

დაუძახებდნენ ხოლმე ბედილას.

ქორწილიდან წამოღებული საჭმელი რომ გაუთავდა (ეს კი საკმაოდ მალე

მოხდა), სამუშაოს ძებნა დაიწყო. ასე მოიპოვებდა საუზმეს, სადილს და ღამის

გასათევს. ამიტომ, ზოგჯერ ორი-სამი დღით უწევდა ერთ ადგილას დარჩენა.

მასპინძლებთან ლაპარაკში სულ ცდილობდა რაიმე უცნაური, ან, კიდევ

უკეთესი, ჯადოსნური ამბები შეეტყო, მაგრამ მსგავსიც ვერაფერი გაიგო. ან მართლაც

არაფერი იცოდნენ, ან ეგეთებზე ლაპარაკს თავს არიდებდნენ. ჯადოსნების და

ჯადოსნობის შესახებ მის შეკითხვებს დამცინავი ღიმილით, თუ უკმაყოფილო

მზერით პასუხობდნენ. ბევრს არც მისი მარტო მოგზაურობა მოსწონდა, ბავშვებიც კი

გაკვირვებით შესცქეროდნენ. ბედის საძიებლად და ქვეყნის სანახავად სიარული,

ყველას უცნაურად და სულელურად ეჩვენებოდა. თავისი მოგზაურობის ნამდვილ

მიზეზს კი, ბედილა არავის უმხელდა. არც ჯადოსნობის სწავლას ჩათვილდნენ

ჭკუათამყოფელის საქციელად.

მთელი არემარე ამწვანებულიყო, დღისით სულ უფრო თბილოდა. მოგზაურობის

დაწყებიდან თითქმის ერთი თვე იყო გასული. ბედილა გასცდა მშობლიური კუთხის

საზღვრებს, რამდენიმე დიდი მდინარე გადაცურ-გადალახა, ფართო ველები გადაიარა

და, აი, მის წინ მაღალი მთები აღიმართა. აქ ბედილამ, მთების გასწვრივ,

დასავლეთისკენ გადაუხვია. არა, მთების კი არ შეშინებია, მთებს შეჩვეული იყო,

მაგრამ გულმა იქით გაუწია.

...მალევე მიატოვა ბედილამ ფართო გზები და ახლა უღრან ტყეებში, ვიწრო

ბილიკებს მიუყვებოდა.

ამ გზაზეც ხშირად ხვდებოდა მაღალი ქედები; ხან მდორე და განიერი, უფრო

ხშირად კი, სწრაფი, აქაფებული მდინარეები.

მარტოდ-მარტო სიარულისას ღიღინსა და თავის თავთან ლაპარაკს შეეჩვია.

ზოგჯერ თითქოს მცენარეებს და ფრინველებს მიმართავდა ხოლმე. ადამიანების

გამოჩენისას უმალ ჩუმდებოდა, სულაც არ უნდოდა, ვინმეს გიჟი ჰგონებოდა. თუმცა,

Page 11: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

11

მგზავრები სულ ორჯერ შეხვდნენ, ერთხელაც მწყემსს წამოეწია და გზის გასაყარამდე

ერთად იარეს.

იშვიათად თუ ნახავდა სოფელს, ან ცალკეულ სამოსახლოს. წვიმის დროსაც კი

ვერსად აფარებდა თავს და ძროხის ტყავგადაფარებული განაგრძობდა სიარულს −

ფეხი უსხლტებოდა სველ ჩამოყრილ ფოთლებზე და ატალახებულ მიწაზე.

არაერთხელ დაცურებულა ციცაბო ფერდობებზე, არაერთხელ დასველებულა

მოვარდნილ ნიაღვარში, არაერთხელ დაუძინია წვიმაში იმავე ძროხის ტყავის ქვეშ,

დამოკლებულ ნაბადში გახვეულს.

საჭმელიც შემოაკლდა − კენკრა და პანტა ჯერ არ დამწიფებულიყო, სოკოც

ძნელად იპოვებოდა. სანადიროდ იარაღი არ ჰქონდა, ხოლო თავისი ნიჭის

გამოყენებით ცხოველების დაჭერა და მოკვლა − არ უნდოდა.

ძირითადად თევზით იკვებებოდა − მდინარესთან რომ აღმოჩნდებოდა,

სახლიდან წამოღებული ძუითა და იქვე მოჭრილი ტოტით, რამდენიმე დღის სამყოფი

თევზის დაჭერას ცდილობდა.

რაც ტყე-ტყე მოუწია სიარული, ბაბუის ნაქონი ხმალი გუდიდან ამოიღო და

ქამარზე ჩამოიკიდა. ყურები დაცქვეტილი და შინაგანი სმენა სულ გაფაციცებული

ჰქონდა − ასეთ უღრან ტყეში ყოფნა უხიფათო როდი იყო.

ერთ ღამეს მგლების ყმუილმა გააღვიძა. მართალია, გვიანი გაზაფხული იყო,

მაგრამ ბედილა მაინც შეშინდა. ახლა ღამის გასათევად ხეებზე ძვრებოდა. ძალიან

მოუხერხებელი აღმოჩნდა ასე ძილი, მაგრამ მიწაზე დაძინებას ვერ ბედავდა.

ხეზე გატარებული მეოთხე ღამის შემდეგ ბედილამ ძაღლი ინატრა:

− სახლიდან ძაღლი უნდა წამომეყვანა, ანდა სულაც ორი. გამოკვება კი

გამიძნელდებოდა, სამაგიეროდ წყნარად ვიქნებოდი. სოფელი თუ შემხვდა, ძაღლს

გამოვართმევ ვინმეს − თუ მაჩუქებენ ხომ კარგი და თუ არა, სანაცვლოდ რაიმე

სამსახურს გავუწევ. დიდი დრო კი დამეკარგება, მაგრამ რა ვქნა? − ეს ჩაილაპარაკა და

რაღაც აზრმა გაუელვა. − რატომ ძაღლი? სულაც არ მინდა ძაღლი. სულაც არ

დამჭირდება მაგისთვის მუშაობა და დროის კარგვა! მგელს! მგელს მოვიშინაურებ! −

ბედილა ცოტა დაწყნარდა და კიდევ ჩაუფიქრდა. − ნამდვილად კარგი იქნება.

შეიძლება ცოტა გამიჭირდეს, მაგრამ მაინც ღირს მოსინჯვა. და თუ გამომივა, ერთს კი

არა, ორს მოვათვინიერებ. და მოვათვინიერებ კი არა, დავიმორჩილებ!

ბედილა მალევე შეუდგა ჩანაფიქრის განხორციელებას. გარშემო მყოფ ტყიან

ფერდობებსა და ხეობებს გასწვდა − ცხოველების და ფრინველების ფიქრებს

კითხულობდა, ასე ცდილობდა მგლების პოვნას.

თუმცა კი ისინი ვერსად აღმოაჩინა, მაინც დიდად ნასიამოვნები დარჩა − ტყის

მცხოვრებლების თვალით დანახულს ისე ნათლად ხედავდა თითქოს შინაგანი მზერა

აღმოაჩნდა. დიდი ხანი ერთობოდა ტყის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულის

თვალიერებით: ხან − დაბურულ უღრანებში შეიხედა, ხან − მზით განათებულ

ფერდობზე “გადაირბინა”, ცაში მოჭიკჭიკე ტოროლებთან ერთად “გაინავარდა”,

კლდის ჩრდილში მიმალული ანკარაწყლიანი ჩანჩქერის ყურებით ტკბებოდა...

კარგი იყო ტყის თვალიერება, მაგრამ ადგილზე დგომით ხომ ვერაფერს ეწეოდა.

შუადღისთვის ერთ მაღალ, ციცაბოფერდობებიან ქედზე ავიდა და მაშინათვე

გაიგო, რომ მის წინ გადაშლილ ხეობაში მგლები მიმალულიყვნენ. სწრაფად დაეშვა

ფერდობზე, ქვევით მოჩუხჩუხე პატარა მდინარეზე გადავიდა, იქვე ნაპირზე გაჩერდა

და მგლებს მოუხმო.

Page 12: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

12

მშვენივრად იცოდა, რომელი მხრიდან მოდიოდნენ მგლები, მაგრამ სანამ ხეების

ჩრდილიდან გამოვიდოდნენ, მაინც ვერაფერი შეამჩნია. ერთმანეთისგან მოშორებით

სამი მგელი გამოჩნდა და ნელ-ნელა, უნდობლად მოუახლოვდა ბედილას. ცოტა ხანში,

კიდევ ორმა მოირბინა.

ხუთი მგელი ნამდვილად არ სჭირდებოდა, ცოტა სახიფათოც იყო. მაგრამ

ბედილას წარბი არ შეუხრია, აუჩქარებლად შეათვალიერა ისინი, ორი ლამაზი და,

როგორც მას მოეჩვენა, უფრო ახალგაზრდა მგელი ამოარჩია, დანარჩენები კი უკან

გააბრუნა. სამივე იმწამსვე გატრიალდა და ტყეში გაუჩინარდა.

ბედილამ შვებით ამოისუნთქა − სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ მგლები ასე

ადვილად დაუჯერებდნენ. ძაღლები, ძროხები, ქათმები და დანარჩენები ადამიანის

მორჩილებას მიჩვეულნი იყვნენ, მგლები კი, არა.

თუმცა, მოთვინიერება, თუ დამორჩილება, ამით არ დამთავრებულა. ბედილამ

მგლებს მასთან მისვლა და დაწოლა უბრძანა. ორივე მიუახლოვდა, მაგრამ არ

დაწოლილან. ერთმა ღრენა დაუწყო. მაშინ ბედილამ თავისი ჯადოსნური ძალა

გამოიყენა და ასე დააწვინა მიწაზე. მგლები იღრინებოდნენ, ადგომას და გაქცევას

ცდილობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ.

ბედილამ მათი შიში იგრძნო, მივიდა, ჩაუჯდა, თავზე ხელს უსვამდა,

ლაპარაკითაც აწყნარებდა, მაგრამ ადგომის საშუალებას არ აძლევდა.

მერე ზურგზე გადატრიალება უბრძანა და ისევ თავისი იდუმალი ძალით

თვითონვე გადააგორა. ისევ არ აძლევდა გაქცევის ნებას. მერე დაჯდომა უბრძანა...

ადგომა... ისევ დაწოლა... გადაგდებული ტოტიც კი მოატანინა... და ასე თითქმის

შებინდებამდე...

ცხოველები თანდათან ეჩვეოდნენ ბედილასა და მის განკარგულებებს, თუმცა იმ

გაუგებარი რაღაცის, რომელიც იჭერდა, მაგრამ არც ჩანდა და არც სუნი ჰქონდა, მაინც

ძალზე ეშინოდათ.

წვრთნა მეორე და მესამე დღესაც გაგრძელდა. მხოლოდ მესამე დღის ბოლოს

დაიწყეს მგლებმა, ძალდატანების გარეშე, ბრძანების შესრულება. ერთ-ორ დღეში კი,

ისე შეწყობილად და ზუსტად ისწავლეს მოქმედება ბედილას უსიტყვო, თუ

ხმამაღალი განკარგულების შესასრულებლად, რომ მნახველს, ლეკვობიდან მის ხელში

გაზრდილები ეგონებოდა.

ახლა ბედილა მათ სანადიროდაც უშვებდა და რა შორსაც უნდა წასულიყვნენ, მის

პირველსავე უხმო დაძახილზე უკან ბრუნდებოდნენ.

ნანადირევი ბედილასთვისაც მოჰქონდათ და ისიც სიამოვნებით ჭამდა

შამფურზე შემწვარ, ან ტყავში მოშუშულ ხორცს.

ბედილამ მგლებს სახელები მოუგონა − მოზრდილ, ნაცრისფერ მამალ მგელს

ნაცარა შეარქვა, ცოტათი დაბალს, მოხდენილსა და კეკლუცს, რომელიც ძუ აღმოჩნდა −

ლამაზა.

ბედილა ისევ დასავლეთით მიდიოდა, თითქოს გრძნობდა რომ მიზანს

უახლოვდებოდა, მაგრამ რა იყო ის ან სად, წარმოდგენა არ ჰქონდა.

დღის განმავლობაში ხან ნაცარა გამოჩნდებოდა, ხან ლამაზა − ჩაურბენდნენ

ბედილას გვერდით და ისევ გაქრებოდნენ ტყეში, თუმცა კი, მან ყოველთვის იცოდა

სად იყვნენ ისინი.

ერთხელ, როდესაც მარტო იყო, ბედილა საკმაოდ დიდ დათვს გადააწყდა.

დათვი მის შეჭმას სულაც არ აპირებდა, პირიქით, თითქოს გაპარვაც სცადა.

Page 13: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

13

ბედილას არ შეშინებია. მგლების მოთვინიერების მერე თავისი ძალა უფრო

ირწმუნა და ტყეში აღარაფერი აშფოთებდა. თავისდა უნებურად დაუძახა დათვს, მან

კი ცოტა გაკვირვებულმა შემოხედა, მაგრამ წყნარად მოვიდა, თავით მხარზე გაეხახუნა

− მომეფერეო და გაუნძრევლად დაუდგა წინ.

ბედილას სიცილი აუტყდა, ვერაფრით ჩერდებოდა, მაგრამ დათვს ეფერებოდა

და ეფერებოდა...

ასე შეემატა მათ გუნდს კიდევ ერთი წევრი, რომელსაც უბრალოდ დათუნა

შეერქვა. Dდათვის მოთვინიერება და სწავლება უფრო ადვილი აღმოჩნდა და მალე ის

თავის ახალ მეგობრებთან ერთად დანავარდობდა ტყეში. თვითონ თაფლის, კენკრის

და ჭიანჭველების ჭამა ერჩივნა, მაგრამ ნადირობაში სიამოვნებით იღებდა

მონაწილეობას.

ბედილამ არწივიც დაიმორჩილა (და წივილა დაარქვა). მოთვინიერებული

არწივის ყოლა სასიამოვნოც იყო და სასარგებლოც − ის სწრაფად გადაიფრენდა

უზარმაზარ სივრცეებს, მშვენივრად ხედავდა ყველა წვრილმანს და ბედილას

ატყობინებდა ხოლმე.

სწორედ მისგან შეიტყო ბედილამ, რომ ორი დღის სავალზე, ტყეში, პატარა

მდელოზე სახლი იდგა.

მეორე დღე იწურებოდა, როდესაც ბედილა იმ მდელოზე გავიდა, ხის დაბალ

ბოძებზე შეყენებული სახლი დაინახა და სახლის წინ მდგარი გამხდარი,

შეჭაღარავებული კაციც.

− გამარჯობა, შვილო. − ღიმილით შეეგება ის, − არ მოველოდი აქ ვისამე

სტუმრობას და მითუმეტეს შენისთანა ყმაწვილკაცისა. გზა ხომ არ აგებნა? ან

თანამგზავრებს ხომ არ ჩამორჩი?

− არა, მარტო ვარ (ცხოველები ტყეში დატოვა). გზა ამებნა თუ არა, ახლავე

გავიგებ. აქეთკენ სოფელი უნდა იყოს, სახელი კი დამავიწყდა, მაგრამ ქედებსა და

ხეობებს თითქოს კარგად ვითვლიდი. ბიძაჩემმა იქ შეხვედრა დამითქვა.

ჭაღარა კაცი გაკვირვებული უყურებდა.

− კი მაგრამ, საიდან მოდიხარ?

− მე შორიდან მოვდივარ, მაგრამ ბიძაჩემს მაინც მოვასწარი. ის ერთ კვირაში

ჩამოვა, ალბათ.

− მაინც ვერაფერი გავიგე. აქ სოფელი ნამდვილად არის, მაგრამ შენ საიდან

მოდიხარ და გზა როგორ იპოვე?

− ჩემ სოფელს მაღლანი ჰქვია (ეს მართალი იყო), თქვენ სოფელში, ერთი წლის წინ

ვიყავი, გავლით (ეს კი, ტყუილი).

კაცმა კიდევ ერთხელ ყურადღებით შეათვალიერა ბედილა.

− მაგრამ, მარტო როგორ გამოგიშვეს ასეთ გზაზე? კარგი, შემოდი, დაისვენე და

დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, − თქვა კაცმა და სახლში შეუძღვა.

ბედილაც შეჰყვა შიგნით და თან საუბარი გააგრძელა.

− ასეთი რა გზაა აქეთ? ავაზაკები დაძრწიან, თუ კუდიანები?

− ეგეთები არ შემხვედრიან, მაგრამ მგელი, ან დათვი, კი შეიძლება შემოგეყაროს.

− აბა, მგელი და დათვი მე რას დამაკლებს, − თქვა ბედილამ და თავისი ხმალი

გამოაჩინა, − მე მარტო კუდიანების მეშინია, − და ღიმილით დაამატა, − ამბობენ,

კუდით ქვას ისე კარგად ისვრიან, ერთსაც არ ააცილებენ.

ჭაღარათმიანსაც ჩაეცინა.

Page 14: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

14

− მაგათი ქვების სროლისა არაფერი ვიცი. მართალი გითხრა, არც კუდიანები

მინახავს. თუმცა, არის ჩვენთან ისეთი ადგილი, რომელზეც უცნაურ ამბებს ყვებიან.

ბედილას თვალები აენთო.

− რას ყვებიან? ჯადოსნებზე, თუ ეშმაკებზე? − ცდილობდა მისი სიტყვები

სასაცილო და ცოტაც აგდებული ყოფილიყო.

− მერე, მერე მოგიყვები. ახლა კი, ვივახშმოთ, დავისვენოთ...

ბედილას სხვა რა დარჩენოდა − სუფრის გაშლაში მიეხმარა, ვახშამსაც მადიანად

შეექცა და დასასვენებლადაც ჩამოჯდა ტახტზე. მაგრამ, მთელი ამ დროის

განმავლობაში, ისე ბურღავდა თვალებით მასპინძელს, რომ იმან ვეღარ გაუძლო.

− კარგი, ჩემო ბატონო. წამოდი გარეთ, კიბეზე ჩამოვსხდეთ და მოგიყვები აქაურ

ზღაპრებს...

...აქვე, ცოტა ჩრდილოეთით, პატარა მდინარის გადაღმა, არის მაღალი და დიდი

ზეგანი, რომელზეც დიდი ხანია აღარავინ ადის.

როგორც ჩვენთან ყვებიან, ოდესღაც ამ ადგილებში (სადაც მე და შენ ახლა ვართ)

ხალხმრავალი დასახლებები ყოფილა. საქარავნო გზები გადიოდა. ვაჭრები

ჩამოდიოდნენ და ნაირნაირი საქონელი ჩამოჰქონდათ: ფარჩა-აბრეშუმი, ოქროულობა,

ფერ-უმარილი, სუნამოები და რა ვიცი კიდევ რა აღარ. ყიდდნენ, ყიდულობდნენ,

ცვლიდნენ ერთ საქონელს მეორეზე...

ჰო და, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აქაურებიდან ვიღაცამ მგლის, თუ მელიის

ტყავი მოიტანა. ვაჭრებს კი, სანაცვლოდ რაღაც საქონელი მიუციათ. ამ ამბის შემდეგ,

ბევრმა დაიწყო, ტყავის გულისთვის, სხვადასხვა მხეცზე ნადირობა. ქვემოთ ნადირი

ცოტა იყო და, ამიტომ, სანადიროდ ზეგანზე დადიოდნენ.

ერთხელაც, ყველაზე დიდ სოფელში მოსულა უცნობი ქალი, ულამაზესი,

როგორც ამბობენ, და უთქვამს: ვინც ტყავისთვის ინადირებს, სასტიკად დაისჯებაო.

თავიდან, ამ მუქარას ყურადღება არავინ მიაქცია და ნადირობა გაუგრძელებიათ.

მაგრამ მოულოდნელად ერთ-ერთ მონადირეს მთელი საქონელი დახოცვია.

ცოტა ხანში − მეორეს, მერე − მესამეს.

დანარჩენებს, ნადირის ჟლეტა მაინც გაუგრძელებიათ. მალე, ერთი მონადირე

დაიკარგა − ნადირობიდან არ დაბრუნებულა. მას კიდევ რამდენიმე მიჰყვა. არც ამას

მიჰხედა ვინმემ − ესეც ჩვეულებრივ უიღბლობას მიაწერეს. ნადირობა მხოლოდ მას

შემდეგ შეწყდა, რაც ზეგანიდან ცოცხალი, მაგრამ ძალიან შეშინებული და ნაცემი

მონადირე დაბრუნდა. ის წარმოუდგენელ ამბებს ყვებოდა, როგორ წაართვეს რაღაც

არსებებმა მშვილდ-ისარი და ქამარ-ხანჯალი. მერე კი, დასდევდნენ მთელ ტყეში,

ჩქმეტდნენ, კბენდნენ, მისივე ისრებითა და ხანჯლით დაჩხვლიტეს. მერე, თითქოს,

ხეები დასევიან და კარგა მაგრად უცემიათ. ბოლოს, გამოსულა ის ლამაზი ქალი და

უთქვამს − აქ სანადიროდ მოსული თავსაც და ოჯახსაც დაღუპავსო.

ამის მერე, დროდადრო მაინც მიდიოდნენ იქით მხარეს, მაგრამ წასულები

მართლაც არ დაბრუნებულან და მათი ოჯახებიც განადგურებულა.

ახლა იმ ზეგანზე არავინ ადის. თუმცა, რა არის ამ ამბავში ტყუილი და რა

მართალი, არც მე ვიცი და არც სხვამ...

...უყურე შენ, ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ძილის დროც მოსულა, − ასე დაასრულა

მასპინძელმა იმდღევანდელი საუბარი.

კიდევ ორ დღეს დარჩა ბედილა ბონდოსთან − ასე ერქვა მის ჭაღარათმიან

მასპინძელს. თან ეხმარებოდა, თან კი, გაუთავებელი სიარულისგან ისვენებდა.

Page 15: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

15

ბონდოს ფუტკარი ჰყავდა. იმიტომაც ცხოვრობდა ახლა აქ, ყვავილებით

მოფენილ მდელოზე. ამ ორი დღის განმავლობაში, მსმენელის გამოჩენით

გახარებულმა ბონდომ, ფუტკრების მოვლა-მკურნალობაზე უამრავი რამ უამბო და

აჩვენა კიდეც ბედილას. ისიც გაფაციცებით უსმენდა და დროდადრო ბებიასთან

გაგზავნილი წერილი ახსენდებოდა.

მესამე დღეს, დილით, ბედილა გულითადად დაემშვიდობა ბონდოს.

მასპინძელობისა და სწავლებისთვის მადლობა გადაუხადა და გზას გაუდგა. თავიდან,

სანამ ბონდოს მისი დანახვა შეეძლო, სოფლისკენ აიღო გეზი, მაგრამ მის თვალსაწიერს

რომ გასცდა, ჩრდილოეთისკენ გაუხვია და აკრძალული ზეგანის საძებრად გასწია.

იარა, იარა და პატარა მდინარეს მიადგა. მდინარის მეორე ნაპირზე კი ციცაბო

ფერდობი ჩანდა. არავითარი გზა, ან ბილიკი არ იყო იქით, რამაც საბოლოოდ

დაარწმუნა ბედილა, რომ მართლაც ზეგანზე ასასვლელს მისდგომოდა.

გადავიდა მდინარეზე და აღმართს აუყვა.

IV.

აღმართი რომ აიარა და ზევით ავიდა, გაკვირვებული შედგა − მის წინ ძალზე

უცნაური ტყე აღმართულიყო. ბებერი, ხავსმოკიდებული ხეები ტოტებით ერთმანეთს

გადაჭდობოდნენ და მათ ტევრში მომწვანო ბინდი იდგა.

გასაგები იყო, რატომ ეშინოდათ ადამიანებს ამ ტყის. ბედილა გრძნობდა რაღაც

ძალას, თითქოს ძველისძველი ჯადო ჩაბუდებულიყო ტყის სიღრმეში.

− ჰო, მეც შემეშინდებოდა, ალბათ, ასეთი რამის, თვითონ რომ არ ვეძებდე მას, −

ღიმილით ფიქრობდა ბედილა, − აბა! წავედი ჯადოსნობის სასწავლად, − ჩუმად

ჩაილაპარაკა მან და ტყეში შევიდა.

კარგა ხანს იარა ბედილამ. რაღაც ბილიკს მიჰყვებოდა და სულ აქეთ-იქით

იცქირებოდა, ყურთასმენად იქცა და, ამავე დროს, შინაგან გრძნობებსაც ძაბავდა. მისი

ცხოველები ასეთ საქმეში ვერ დაეხმარებოდნენ, მხოლოდ თავის იმედად უნდა

ყოფილიყო.

თანდათან ტყე გამეჩხერდა, ხეებში მზის სხივებმა შემოაღწია. ბედილამ შვებით

ამოისუნთქა და ნაბიჯს უმატა. უცებ, მზით განათებულ ადგილზე, რაღაც პატარა

არსებას მოჰკრა თვალი. ფრთხილად მიუახლოვდა. არსება ერთ ადგილზე იჯდა,

ეტყობოდა, რომ არ ეშინოდა. აი, არსება წამოდგა და ბედილამ დაინახა, რომ ის

პაწაწინა ადამიანს ჰგავდა. ბედილას არსად ეჩქარებოდა, იდგა და გულმოდგინედ

ათვალიერებდა.

სად იყო და სად არა, კიდევ ერთი ასეთივე არსება გამოჩნდა და პირველს

ამოუდგა გვერდით, მერე მესამე, მეოთხე... აი უკვე საკმაოდ ბევრნი შეგროვდნენ და

ბედილასთვის სრულებით მოულოდნელად ლაპარაკი დაიწყეს:

− შენ ვინა ხარ? რა გქვია? აქ საიდან მოხვედი? რა გინდა? − დააყარეს შეკითხვები.

ძალიან სასაცილოდ − დაფიქრებულად და ყურადღებიანად გამოიყურებოდნენ.

იმეორებდნენ და იმეორებდნენ კითხვებს და თან თითს უქნევდნენ ბედილას, როგორც

პატარა, დამნაშავე ბავშვს.

ბედილამ გულიანად გაიცინა, ცოტაც მიუახლოვდა და ღიმილით მიმართა:

− რომელ ერთზე გიპასუხოთ? ჰო, თუმცა უპირველეს ყოვლისა სახელი უნდა

გითხრათ. მე ბედილა მქვია!

Page 16: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

16

− გვიპასუხა! გვიპასუხა! სახელი გვითხრა! სახელი! − გაისმა ჩურჩული, მაგრამ

ნელ-ნელა ხმამ იმატა და ცოტა ხანში ეს უკვე წივილი, ყვირილი თუ გრგვინვა იყო −

ბედილა რქმევია! ბედილა! ჰეი! ჰეი! ეჰეი! ჩავძახოთ! ჩავყვიროთ! გავაგიჟოთ!

მოვკლათ! ბედილა რქმევია! მიდი! მიდი!

ბედილა გააოგნა და გააშეშა ამ საოცარმა და საშიშმა ხმებმა. ხელ-ფეხს ვერ

ანძრევდა, ყურში კი, საშინელი გუგუნი და თან, გულის გამაწვრილებელი წუილი

ედგა.

− მოდით! აქ მოდით ჭინკებო! გავაგიჟოთ!

მოვკლათ! ბედილა! ბედილა რქმევია! − ააა, აი თურმე, როგორები არიან ჭინკები, პატარები, მაგრამ საშიშები, − თითქოს

ძილ-ბურანში მყოფი ფიქრობდა ბედილა. ცოტაც და გრძნობას დაკარგავს, მაშინ მაინც

დაისვენებს ამ საშინელი ხმაურისგან.

გნიასი არ ცხრებოდა, მოდიოდნენ და მოდიოდნენ ჭინკები, დახტოდნენ და

ცეკვავდნენ ბედილას გარშემო. თუმცა ბედილა ვეღარაფრით წარმოიდგენდა ამას,

ღრიანცელი მატულობდა და მატულობდა. ბედილა მართლაც სიამოვნებით

დანებდებოდა, მაგრამ რაღაც უშლიდა. ამ ხმაურში თითქოს ვიღაცის ჩუმი ლაპარაკი

ესმოდა, თავიდან ვერ ახერხებდა იმის გაგებას თუ რა იყო ეს, მაგრამ რაღაც წამს

მიხვდა, ეს ჭინკების აზრები, მათ მიერ მოვლენილი ჯადო-სიტყვები იყო. ეს შელოცვა

მათ ხმებს აძლიერებდა, ეს შელოცვა ასუსტებდა და აძინებდა ბედილას. მყისვე

გამოფხიზლდა, ჩაეცინა კიდეც.

მიხვდა რაც უნდა ექნა − ჩუმად გაიმეორა ჭინკების სიტყვები და:

− გააჩუუმდიით! − ისე დაიღრიალა, რომ თვითონაც შეკრთა. −

გადით აქედან! დამეკარგეთ! იმავ წამს სიჩუმე ჩამოვარდა, ფუტკრების ზუზუნიც კი ისმოდა. ჭინკები

გაოცებით უყურებდნენ ბედილას, მერე კი, უცებ, ყველანი მოწყდნენ ადგილს და ტყის

სიღრმეში გაუჩინარდნენ.

დიდხანს იჯდა გაუნძრევლად ბედილა. ცდილობდა გულისცემა დაეწნარებინა.

ცდილობდა იმ შიშისა და განსაცდელის დავიწყებას და ამავე დროს მომხდარის

დაწვრილებით დამახსოვრებას.

მეორე დღის ალიონზე უკვე გზაში იყო.

− ეტყობა, ამ ტყის საიდუმლო სწორედ ჭინკები არიან, − ესაუბრებოდა საკუთარ

თავს ბედილა, − უბრალო ადამიანი, რასაკვირველია, აქედან ცოცხალი ძნელად თუ

გააღწევს, ისიც რაიმე შემთხვევის წყალობით. მეც ხომ ძალიან გამიჭირდა, ცოტაც და

მართლაც დამღუპავდნენ ეს ჭინკები ესენი − ჩაეცინა პატარა ჭინკების და ატეხილი

ალიაქოთის გახსენებაზე. დღეს უკვე, წყნარად იხსენებდა გუშინდელ განსაცდელს.

ჭინკების აღარ ეშინოდა − დარწმუნებული იყო, რომ ადვილად დააფრთხობდა მათ,

რამდენიც არ უნდა ყოფილიყვნენ.

ბედილა პატარა ბორცვის თავზე შედგა და სიხარულით შეხვდა ამომავალი მზის

პირველ სხივებს. მართალია იცოდა, რომ ეს უძლეველს არ გახდიდა, მაგრამ უყვარდა

მზის ამოსვლის ყურება და იმისიც მადლობელი იყო, რასაც მზისგან ღებულობდა.

Page 17: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

17

აქვე ჩამოჯდა, მზით განათებულ ადგილას და გზად შეგროვილი მაყვლითა და

გუშინდლიდან შემორჩენილი პურით ისაუზმა. სადილად, ან ვახშმად (ზუსტად არ

იცოდა როდის) ნამდვილად ხორცი ექნება, რადგან მისი ცხოველები, ბედილა

გრძნობდა ამას, სწორედ ახლა ნადირობდნენ.

შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, როდესაც წინიდან ქალის კივილი შემოესმა.

− გამიშვი! გამიშვი! − ყვიროდა ქალი და ბედილამ იგრძნო, როგორ გააფთრებით

ებრძოდა ის ვიღაცას.

არც დაფიქრებულა, წინ გაიჭრა და ქალის ბედად რამდენიმე წამში მიირბინა

პატარა მდელოზე, სადაც მყვირალი ქალი უცნაური გაბანჯგვლული არსებისგან

გამოდებით იცავდა თავს და მისი ხელიდან დასხლტომას ცდილობდა. აი, გაექცა

კიდეც, მაგრამ ბანჯგვლიანი ისევ წამოეწია, ხელი გაიწვდინა... ამ დროს ბედილამ,

პირველი რაც თავში მოუვიდა, ისევ ჭინკების ჯადო გამოიყენა და საშინელი ხმით

დაუძახა:

− შეჩერდი! ხელი უშვი!

ქალიც და ბანჯგვლიანიც გაშეშდნენ. ბედილა მივიდა მათთან, ხელი ჰკრა

ბანჯგვლიანს და ცოტა უფრო ხმადაბლა შეუძახა:

− წადი აქედან! − ბანჯგვლიანი შეკრთა და გასროლილი ისარივით გავარდა.

წამში გაქრა, ფეხის ხმაც კი აღარ ისმოდა.

ბედილა ქალს მიუბრუნდა და გაოგნდა − ასეთი ლამაზი ქალი ცხოვრებაში არ

ენახა. ქალმა ბედილას შეხედა, ერთი მზერით გამოხატა − შიში, გაკვირვება,

მადლიერება, აღტაცება − მერე კი, კეკლუცად გაიღიმა და თქვა:

− მე აქაურები ტყაშმაფას მეძახიან, მწიგნობრული ენით კი, ტყის მეფა იქნება,

სხვაგან ალს მიწოდებენ. დიდი მადლობა, რომ იმ საზიზღარი ოჩოკოჩისგან დამიცავი,

რომელიც, სხვათა შორის, სრულებით უწესოდ დამესხა თავს. მხოლოდ ერთი დღეა

წელიწადში, როდესაც ოჩოკოჩებს შეუძლიათ, თუ მოგვიხელთეს, დაუსჯელად

გაგვიტაცონ, მაგრამ ის დღე უკვე დიდი ხანია გავიდა. თუმცა კი, თავი დავანებოთ

ოჩოკოჩებს, − კეკლუცადვე განაგრძო ტყის მეფამ, − შენ ვინ ხარ? საიდან მოსულხარ?

− ბედილა მქვია. შორს არის ჩემი სახლი, საიდანაც სამოგზაუროდ წამოვედი და

რომც გითხრა სოფლის სახელი, არა მგონია იცოდე ან გეცნოს.

− ნუ მეტყვი, თუ არ გინდა. სხვა კითხვაზე მიპასუხე. საიდან გაქვს ასეთი ძალა?

ჭინკას სულ არ გავხარ, მაგრამ მათი ოინები ნამდვილად გცოდნია. საიდან?

− გუშინ ჭინკებს გადავეყარე და უნებლიედ თვითონვე მასწავლეს თავისი ჯადო-

ილეთები.

− გასაგებია, − დაფიქრებით თქვა ტყის მეფამ. მერე ისევ გაიღიმა, − ჩვენ,

ტყაშმაფებს ასეთი წესი გვაქვს, კაცს თუ შევხვდით, აუცილებლად, რაღაც ხნით ქმრად

უნდა გავიხადოთ.

ბედილასაც გაეღიმა.

− ცამეტი წლის ბიჭი ქმრად ვერ გამოგადგება. ასე რომ, ცოტა დაცდა მოგიწევს,

მერე კი ვნახოთ. ისე, არა მგონია ასეთ ლამაზ ქალს ვინმე უარს ეუბნებოდეს.

ორივეს გაეცინა, მერე ტყის მეფა უცებ დანაღვლიანდა.

− არც ეგრეა საქმე. შენ, ჯერჯერობით, ამის არაფერი გესმის. ერთი კი იცოდე, შენ

ისეთი სიკეთე მიყავ, რომ ჩვენი წესი და კანონი აღარ გეხება. თვითონ თუ მოინდომებ,

ჩემთვისაც დიდი სიხარული იქნება. გინდ სამი დღე იყოს და გინდ ასი წელიწადი.

Page 18: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

18

ბედილა ჩაფიქრებული იდგა, მართლაც არ ესმოდა ბოლომდე ტყის მეფას

განცდები. ამასობაში ტყის მეფამ სამი მარწყვი ამოიღო და ბედილას გაუწოდა.

− გამომართვი ეს სამი მარწყვი და კარგად შეინახე. განსაცდელში თუ ჩავარდი,

ერთი ცალი შეჭამე და ძალას მოგცემს. ახლა კი, დაგემშვიდობები ჩემო მხსნელო.

ბედის წყალობას და ყველაფერში გამარჯვებას გისურვებ. ჩემს ნახვას თუ მოინდომებ,

იმწამსვე შევიტყობ და შენთან გავჩნდები, − ეს თქვა, ბუჩქთან მივიდა და გაქრა, ვითომ

არც ყოფილიყოს.

ბედილამ ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა, თავი მოიქექა, მერე მხრები აიჩეჩა და

გზას გაუდგა.

ტყის მეფასთან შეხვედრის შემდეგ ბედილა არხეინად მიაბიჯებდა ბილიკზე.

ფიქრებში იყო გართული:

− მალე მოსაღამოვდება. დავანთებ კოცონს. ჩემი ქვეშევრდომები − ჩემი

ცხოველები − მოვლენ და ნანადირევს მოიტანენ. მოიტანენ კი არა, მომართმევენ! მე

ხორცს შევწვავ და მათაც გავუნაწილებ. შემდეგ კი...

მოულოდნელად, თითქოს რაღაც მოძრაობას მოჰკრა თვალი, თითქოს ხე

ამოძრავდაო. ბედილამ მიიხედ-მოიხედა, ქარი არ იყო, არაფერი იძვროდა. ცოტა ხანს

კიდევ იდგა და მერე ისევე არხეინად განაგრძო გზა. სინამდვილეში კი მთელი

ყურადღება მოეკრიბა და ცდილობდა შეუმჩნევლად ყველა მხარეს ეცქირა.

რამდენიმე წუთი გავიდა და ბედილამ ისევ მოჰკრა თვალი მოძრაობას. ახლა კი

დარწმუნდა, რომ ხე გაინძრა, და გაინძრა კი არა, ადგილიდან ადგილზე გადაინაცვლა.

ბედილა გაჩერდა, თითქოს თვალში რაღაც ჩაუვარდაო და იმავ წამს ორი, თუ

სამი ხე მისკენ წამოვიდა. ბედილა წინასწარ იყო მომზადებული და ამიტომაც არ

გასჭირვებია, ტყის სიღრმეში მიმალული ოჩოკოჩის, აზრების დაჭერა. ეს აზრები

სწორედაც, რომ საგულისხმო იყო, რადგან ოჩოკოჩი ჯადოქრობდა − მართავდა და

ამოძრავებდა ხეებს.

ბედილამ ადვილად დაიმახსოვრა ჯადო-სიტყვები, მაგრამ ერთხელ კიდევ

შეამოწმა, როდესაც ოჩოკოჩმა სხვა ორი ხე დაძრა მისკენ. ბედილა ხვდებოდა, რომ

ჯადოსნობაში ყოველი შეცდომა შესაძლოა საბედისწერო გამხდარიყო და ისევე

დაკვირვებით უგდებდა ყურს ოჩოკოჩის აზრებს, როგორც პირველად. დარწმუნდა,

რომ ყველაფერი სწორად გაიგო და დაიმახსოვრა, შემდეგ თავი ასწია და მიმოიხედა.

ხეებმა მყის შეწყვიტეს მოძრაობა. სამაგიეროდ, ახლა ბედილამ სცადა, შეუმჩნევლად,

ერთი განზე მდგარი ხის გადაადგილება − ხე ჯერ არ იძვროდა, მერე კი, ცალ მხარეს

გადაიხარა, გვერდზე გახტა და ასევე წაფერდილი გაჩერდა. ბედილა შეშფოთდა −

ოჩოკოჩმა არ დაინახოსო, მაგრამ გარშემო სიწყნარე იყო, ალბათ ოჩოკოჩი საკმაოდ

შორს იმალებოდა და ვერაფერი შეამჩნია.

ამით გათამამებულმა ბედილამ მეორედ სცადა და ახლა უკვე ორი ხე აამოძრავა −

ხეები რწევა-რწევით, თითქოს მიბაჯბაჯებენო, დაიძრნენ ადგილიდან,

ერთმანეთისკენ წავიდნენ, “შუბლებით” შეეჯახნენ, გადახლართეს ტოტები და

დადგნენ ასე − მოჭიდავეებივით.

ამ ჯერზე ოჩოკოჩმა თვალი მოჰკრა მოძრავ ხეებს, ყველაფერს მიხვდა და აი,

ბედილასკენ, ერთად, ექვსი, არა შვიდი ხე დაიძრა. ბედილამ იგივე ხეების მოჯადოება

სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ხეებს სვლა არ შეუნელებიათ. მაშინ ბედილამ სხვა

ხეები მოაჯადოვა, ოჩოკოჩის ხეებისკენ გაუშვა და მათ შეაჯახა. ხეები ცოტა ხანს ერთ

ადგილზე იდგნენ და “მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ” ერთმანეთს, შემდეგ ბედილას

Page 19: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

19

ხეებმა ნელ-ნელა სძლიეს (ან ხეები იყვნენ უფრო დიდი და მძიმე, ან ბედილას ჯადო

იყო უფრო ძლიერი) და დაახევინეს უკან მომხდურებს. ოჩოკოჩი მიხვდა, რომ

დამარცხდა, ჯადოქრობას თავი ანება და ტყეში მიიმალა.

ბედილა სიამაყით აივსო − მან ჭინკებსაც აჯობა და ოჩოკოჩსაც, თან, როგორ

ადვილად!..

თითქოს ძალაც შემატებოდა, დიდი ნაბიჯებით, მსუბუქად მიდიოდა თავის

გზაზე, სასიამოვნო ფიქრებში გართული:

− მე, ნამდვილად დიდი ჯადოსანი ვიქნები. მეყოლება უამრავი მსახური, მექნება

აურაცხელი სიმდიდრე. შეიძლება რომელიმე ქვეყნის მეფეც კი გავხდე, − ეს გაიფიქრა

და მოულოდნელობისაგან ადგილზე შედგა − უამრავი ხე მოიწევდა მისკენ.

− ჯანდაბამდე გზა ჰქონოდეთ ამ ოჩოკოჩებს! უჰ! რამდენნი მოსულან! − ბედილამ

ყურადღება მოიკრიბა და ხეები აამოძრავა. ცდილობდა მეტი და მეტი ხე

გადაეადგილებინა. მართლაც, საკვირველად ბევრი ხე დაიძრა მისი ბრძანებით, მაგრამ

ოჩოკოჩების გამოგზავნილი ხე მეტი იყო.

მაშინ, ბედილამ ერთ ხაზზე განალაგა თავისი ხეები და უბრძანა ცალ მხარეს

გადაწოლილიყვნენ. ხეები თითქმის რომ მიწაზე განერთხნენ. საკმაოდ გრძელი

ზღუდე შეიქმნა და მისი შემოვლა ხეებისთვის ადვილი არ იქნებოდა.

ბედილა გამოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით განაგრძო სიარული, მაგრამ ორმა

ხემ ისევ გადაუღობა გზა. ბედილა მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას − მართალია, ხეებს

არ შეეძლოთ ზღუდის გადალახვა, მაგრამ ოჩოკოჩებს ეს სულ არ გაძნელებიათ. მას

დაეწივნენ და სხვა ხეები მიუსიეს.

შებრძოლებას აზრი აღარ ჰქონდა, ბედილა შეეცადა სირბილით აევლო გვერდი

ხეებისთვის, მაგრამ ოჩოკოჩები სისწრაფეში სჯობნიდნენ. სხვა გზა არ იყო და

ბედილამ მარჯვნივ გადაუხვია − საითკენაც მას ხეები “მიერეკებოდნენ”, ისინიც

გაჩერდნენ, თუმცა ამ გზიდან გადასვლის ნებას არ აძლევდნენ − მაშინვე

ამოძრავდებოდა რომელიმე ხე და წინ გადაეღობებოდა. საკმაო ხანს იარეს ბედილამ

და მისმა გამცილებლებმა და ტყის პირს მიადგნენ. ნათელი იყო, რომ ბიჭი სწორედ

აქეთ მოჰყავდათ.

ბედილა ტყიდან გავიდა და დიდ ველზე აღმოჩნდა. ალაგ-ალაგ ხეების პატარა

ჯგუფები მოჩანდა. უკვე მოსაღამოვებულიყო და ბედილამ მეტი ვეღარაფერი გაარჩია.

ოჩოკოჩები ტყიდან არ გამოსულან, აღარც ხეები იძვროდდნენ ადგილიდან.

− გიჩვენებდით სეირს, ჯადოსნობა რომ მცოდნოდა, − ჩაილაპარაკა ბიჭმა და

უჩინარ ოჩოკოჩებს ზურგი შეაქცია.

ტყისგან მოშორებით დაანთო კოცონი და, დილის ცვარისგან თავის დასაცავად,

ხეებს შორის ძროხის ტყავი დაჭიმა.

უკვე სულ დაბნელებულიყო, ბიჭმა ჯერ იგრძნო, მერე კი გაიგონა თავისი

ცხოველების მოახლოვება.

...მგლები და დათვი კოცონთან იწვნენ და უყურებდნენ, როგორ წვავდა ხორცს

ბედილა. ისინი მაძღრები იყვნენ, მაგრამ მაინც მოუთმენლად ელოდნენ მწვადის

ულუფას. ბედილამ ხორცი გაუნაწილა და თვითონაც გემრიელად შეექცა. არ

ჩქარობდა, ცდილობდა გაეგრძელებინა ეს სასიამოვნო წუთები.

ვახშმის შემდეგ ბედილა ტყავის სახურავქვეშ შეძვრა და მხეცებს უბრძანა, მის

გარშემო დაწოლილიყვნენ (მალე ზაფხული უნდა დამდგარიყო, მაგრამ ღამით აქ

ციოდა), თუმცა ისინი ყოველგვარი ბრძანების გარეშეც არ დათმობდნენ ასეთ

Page 20: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

20

შესაძლებლობას და სწრაფად შემოუწვნენ სამი მხრიდან − გვერდებიდან და ფეხებთან

(და ფეხებზეც). ბედილამ ხმალი თავთან დაიდო, თავის მოკლე ნაბადში გაეხვია და,

მხეცებით გარშემორტყმულ-ჩათბუნებულმა, იმწამსვე დაიძინა.

ბედილას ოჩოკოჩები დაესიზმრა. ისინი დარბოდნენ და დახტოდნენ მის

გარშემო, კოტრიალობდნენ და ზოგჯერ ყირაზე გადასვლასაც კი ცდილობდნენ. უცებ

ბედილა და ოჩოკოჩები ბედილას სახლში აღმოჩნდნენ. ბებია უჯავრდებოდა

ოჩოკოჩებს და ცოცხით ცდილობდა სახლიდან მათ გაგდებას, ია კი, სიცილით ტახტზე

გორავდა. მერე ოჩოკოჩებმა საიდანღაც რკინის აბჯარი ჩაიცვეს, მუზარადები

დაიხურეს, ნაჯახები აიღეს და სახლის ნგრევას შეუდგნენ, ოღონდ ეს თითქოს უკვე

ოჩოკოჩები კი არა, ვიღაც სხვები იყვნენ. ბედილამ ხმალს დასტაცა ხელი და...

გაეღვიძა.

ცხოველებსაც გაღვიძებოდათ − მგლები შორი-ახლოს დაძრწოდნენ და მიწას

სუნავდნენ, დათვი კი, ხეს მიყუდებოდა და ზურგს იფხანდა.

ბედილა ადგა და საუზმის გასაცხელებლად კოცონის გაღვივებას შეუდგა. თან

სიზმარი ახსენდებოდა.

− ნეტავი, სახლში რა ხდება? როგორ არიან ბებია და ია? რას აკეთებენ? რა

სიზმარი იყო ეს? რამეს ნიშნავდა, თუ არა? − ფიქრობდა ბიჭი. წარმოიდგინა ბებია და

ია, სახლი, − არწივი უნდა გავაგზავნო, სახლს რომ დახედოს და ამბავი მომიტანოს, −

გადაწყვიტა ბედილამ.

ბედილამ ისევ დასავლეთისკენ სცადა გზის გაგრძელება და საკმაოდ მალე ღრმა

უფსკრულის პირას აღმოჩნდა, იმდენად ღრმა, რომ ბედილას აქ ჩაფრენის შეეშინდა. ის

დიდხანს აკვირდებოდა არემარეს და დარწმუნდა, რომ დასავლეთით წასვლა

მხოლოდ ტყით შეიძლებოდა. კარგად ჩანდა, როგორ ნარნარად ეშვებოდა ტყიანი

ფერდობი იმ უფსკრულში, რომლის პირასაც იდგნენ ის, დათვი და მგლები. ბედილამ

მაღლა ცაში მფრინავ არწივს უხმო და მის აზრებში ამოიკითხა (ბედილამ ცხოველების

ენა ხომ არ იცოდა), რომ აღმოსავლეთ მხარესაც უფსკრულია და ერთადერთი მათთვის

მისაწვდომი ჩასასვლელი, შორს, შორს ჩრდილოეთითაა.

შუადღისთვის დიდი მანძილი ჰქონდათ გავლილი. უკან დარჩენილი ტყე

არსაიდან ჩანდა, ზეგანი ძალზე შევიწროვდა, სულ, რაღაც ასიოდე ნაბიჯი იქნებოდა

კიდიდან კიდემდე. ნაცარა, ლამაზა და დათუნა აქეთ-იქით დადიოდნენ, ყველაფერს

სუნავდნენ, ხშირად ჩერდებოდნენ, მერე კი, სირბილით ეწეოდნენ წინ წასულ

ბედილას.

ბედილა ოცნებებში ჩაიძირა − ხან რად წარმოიდგენდა თავს, ხან რად, ხან სად და

ხან სად. კარგა მაღალ ბორცვზე ისე ავიდა და ჩამოვიდა, რომ არც შეუმჩნევია. ბორცვს

გასცდა და კედელს კინაღამ დაეჯახა.

ერთბაშად ვერ მიხვდა სად იყო, მიმოიხედა, და, თეთრი ქვით ნაშენი, მაღალი

კედელი დაინახა, რომლითაც მთელი ზეგანი იყო გადაღობილი. კედლის შუაგულში,

დიდი, თეთრი ჭიშკარი დაეყოლებინათ.

ბედილა ჭიშკართან მივიდა და მოსინჯა − დაკეტილი იყო. ბიჭმა ჯერ ხელით

სცადა დაკაკუნება, მაგრამ არ გამოუვიდა, მაშინ ქვა აიღო და ორი-სამი დარტყმით

ჭიშკარი ააგუგუნა. მხეცებიც ხალისით ეხმარებოდნენ − დათვი ჭიშკარს ტორებს

უბრაგუნებდა, მგლები კი, ყმუოდნენ.

საშინელი ხმაურის მიუხედევად არავინ პასუხობდა. ბედილა ისევ მოემზადა

ქვის დასარტყმელად, როცა მოულოდნელად, ზევიდან ქალის ხმა გაისმა:

Page 21: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

21

− რა ამბავში ხართ? რა გინდათ? სჯობს აქედან სასწრაფოდ წახვიდეთ, თორემ,

ჩემმა ქმარმა თუ მოგისწროთ, კარგი დღე არ დაგადგებათ.

− ჩვენც სწორედ აქედან წასვლა გვინდა და ამიტომ ავტეხეთ ასეთი ხმაური −

წამით არ დაფიქრებულა ისე შეაგება სიტყვა ბედილამ.

− ეს რა აბდა-უბდას მელაპარაკები? წასვლა თუ გინდა, ჭიშკარზე რად აბრახუნებ?

− ამ ზეგანიდან წასვლა მინდა, ტყეში ოჩოკოჩები არ მიშვებენ, ასე რომ,

ერთადერთი გზა დაგვრჩენია, აქეთ.

− ცუდ დღეში აღმოჩენილხართ. ჩემი ქმარი თეთრი დევია, იმას თუ გადაეყრები −

მოგკლავს. ჩუმად რომ გაგატაროთ, აუცილებლად შეიტყობს და მე მომკლავს.

− მე ამ გზით უნდა გავიარო. ამისთვის თუ შენ ქმართანაა საჭირო შეხვედრა −

შევხვდები.

− იცოდე, დაიღუპები!

− ვნახოთ, ეგება და გადავრჩე.

− თუ კი ნამდვილადა გაქვს გადაწყვეტილი, შიგნით შემოდი. აქ ჩრდილში მაინც

იქნები, − თქვა ქალმა და ქვევით ჩამოუსვლელად გააღო ჭიშკარი.

− დიდი მადლობა, − გაეპასუხა ბედილა და თავის მხეცებს შიგნით შეუძღვა.

ბედილა ჩრდილში წამოწვა, ცხოველები კი, ჩვეულებისამებრ, იქაურობას

ეცნობოდნენ.

დევის ცოლი, რომელსაც თოლია ერქვა, დროდადრო ბედილასთან სალაპარაკოდ

გამოდიოდა. ამ საუბრების დროს ბიჭმა ადვილად შეიტყო, რომ ქალს ერთი სული

ჰქონდა, დევისგან თავი როგორმე დაეღწია.

თოლია სტუმარს საუზმითა და ხილით გაუმასპინძლდა, არც მისი

თანამგზავრები დაუჩაგრავს − მათ ხორცის უზარმაზარი ნაჭერი და რძით სავსე

მათლაფა ერგოთ.

საღამო ხანს დაბრუნდა სახლში თეთრ ცხენზე შემომჯდარი თეთრი დევი.

სანადიროდ ყოფილიყო წასული და მეორე ცხენით მოკლული ირემი მოჰქონდა. დევი

მართლაც საკმაოდ თეთრი იყო − უფერული თმა და გაფითრებული სახე ჰქონდა,

ტანზეც თეთრი ეცვა (ნადირობისას ცოტა კი დასვრილიყო) და ქუდიც თეთრი ეხურა.

უშნო იყო − პატარა თვალები, შებრტყელებული ცხვირი და განიერი ეშვებამოჩრილი

პირი ჰქონდა.

− შენ აქ საიდან მოსულხარ? − მიმართა ბედილას დევმა, − არ იცოდი, ვინ

ცხოვრობს ამ სახლში, თუ სიცოცხლე მოგბეზრებია?

დევმა ეს რიხიანად და უკმეხად კი თქვა, მაგრამ მის ფიქრებში ბედილამ შიში და

ყოყმანი ამოიკითხა.

ბედილამ ცოტათი დაცინვით უპასუხა, უნდოდა ეჩვენებინა, რომ არაფრის

ეშინია.

− ამ ადგილებში გასასეირნებლად, თურმე, შენი ნახვა და ნებართვის აღება

ყოფილა საჭირო. ჩვენც სწორედ ამიტომ ვისხედით აქ ამდენ ხანს.

− ნებართვა საკმარისი არაა, ჯერ ცოცხალი უნდა გადარჩე, − შეუღრინა დევმა.

− მე აქაური მხეცების არ მეშინია, არა მგონია რომელიმემ ჩემს მხეცებს აჯობოს.

დევი შეეცადა წყნარად ეპასუხა:

− მხეცები არ მიგულისხმია. აქედან წასვლამდე მე უნდა შემებრძოლო. თუ არ

მოინდომებ ჩემთან ბრძოლას, − დევმა ნელ-ნელა ხმას აუწია და ბოლოს აღრიალდა, −

Page 22: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

22

მე, ბრძოლის გარეშეც, დიდი სიამოვნებით მოგკლავ, არც შენი მხეცების შემეშინდება!

− დევი ბედილასთან მივიდა და ზევიდან დაჰყურებდა მიწაზე მჯდომ ბიჭს.

ბედილა ადგა − თავით, დევს წელამდე ძლივს სწვდებოდა − და წყნარად,

აუღელვებლად თქვა:

− უცნაური მასპინძლობა გცოდნია, მაგრამ ზრდილობაზე ნუ ვიკამათებთ, თუ

გინდა, ვიბრძოლოთ, − ყმაწვილი აუჩქარებლად გატრიალდა, მიწაზე დადებულ

გუდასთან მივიდა და ქვეშიდან ხმალი ამოაძვრინა, ისევე აუჩქარებლად მობრუნდა და

დევის პირისპირ გაჩერდა.

დევი დააბნია ასეთმა ქცევამ, გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა, პირი ისე

დაეფჩინა, რომ ქინქლას დადევნებულმა ბეღურამ ყბებს შორის ჩაუფრინა. დევი იმავ

წამს გამოფხიზლდა, ხმალი იშიშვლა და საბრძოლველად გაემზადა.

− აბა! დავიწყეთ! − შესძახა ბედილამ და ორი ხმალი ჰაერში ჟღარუნით შეეჯახა

ერთმანეთს.

დევის ერთი ნაბიჯი ბედილას სამ ნაბიჯს უდრიდა, ღონითაც, რასაკვირველია,

ბევრად სჯობნიდა ბიჭს. სამაგიეროდ, ბედილა ხმალს მშვენივრად ხმარობდა, უფრო

სწრაფი იყო, თანაც, აზრებს კითხულობდა და მოწინააღმდეგის განზრახვებს წინასწარ

გებულობდა.

რამდენიმე წუთი გავიდა ორთაბრძოლის დაწყებიდან, ბედილა ცოტა დაიღალა,

დევმა ძლიერად მოიქნია ხმალი, ბედილა განზე გახტა და დევმა წაიფორხილა. ამან

ძველი ოცნების ახდენის საშუალება მისცა ბედილას − თიხის ქოთანი, რომელიც წამის

წინ იქვე წყნარად იდგა, უცებ ჰაერში აიწია, ამობრუნდა და დევს თავზე ჩამოეცვა.

დევი აქეთ-იქეთ ტრიალებდა, ხმალს გიჟივით იქნევდა, თან, ცალი ხელით ქოთნის

მოშორებას ცდილობდა.

ბედილამ უკან გადადგა ნაბიჯი − ხმალს გაეცალა − და ხმელ ტოტს დაადგა ფეხი.

დევი ხმაზე მოტრიალდა, ხმალი აღმართა და ნაბიჯი გადმოდგა... მყის ჩამოფრინდა

კედელზე ჩამოკიდებული თოკი და ფეხებში გაებლანდა. დევი დაეცა. ერთი

ნახტომით გაჩნდა მასთან ბედილა და ხმლით თავი მოჰკვეთა.

ბიჭს ქათამიც კი არასოდეს დაუკლავს − მუხლები აუკანკალდა, თავბრუ დაეხვა

და თვალთ დაუბნელდა. გული რომ არ წასვლოდა, წინ დაიხარა და თავი მუხლებთან

მიიტანა. ამან ცოტა მართლაც უშველა.

− ცოცხალია! ცოცხალია! მიიხედე, თორემ მოგკლავს! − გაისმა თოლიას

ყვირილი. აქამდე ის მალულად, სახლიდან უყურებდა ბრძოლას, ახლა კი, გარეთ

გამოვარდნილიყო.

ბედილა გასწორდა და დევისკენ მიტრიალდა, სულ გადაავიწყდა ცუდად ყოფნა.

დევი ფეხზე დგებოდა, კისერზე ნაკაწრი კი არა, სიწითლეც არ შერჩენოდა, ამასობაში

ქოთანიც მოეშორებინა. გაიმართა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა, ღრმად

ჩაისუნთქა და მთელი ძალით შეუბერა მიწას. მიწა ვერცხლად გადაიქცა. ბედილა

ვერცხლზე იდგა, შემდეგ, უცებ საყრდენი გამოეცალა და მუხლებამდე ვერცხლის

უზარმაზარ ზოდში აღმოჩნდა ჩამჯდარი.

შეშინებული სახე მიიღო, სინამდვილეში კი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა

− დევმა ჯადოსნობით მოინდომა მასთან გამკლავება. ჯადოსნობა კი, ბედილას

ხმალაობაზე მეტად ეადვილებოდა. მან არამარტო გაიგონა შელოცვა, არამედ კარგად

გაიგო კიდეც.

ბედილას შებერვა არ დასჭირვებია − ხელები გაიქნია და ტაში შემოჰკრა. მიწა

დევის გარშემოც გადაიქცა ვერცხლად და დევი კისრამდე ვერცხლში აღმოჩნდა. ბიჭმა

Page 23: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

23

კი, ვერცხლიდან ისე ამოაბიჯა, როგორც წყლიდან. დევიც ცდილობდა

განთავისუფლებას, მაგრამ არ გამოსდიოდა − მის ჯადოს ძალა არ ყოფნიდა ამ სისქე

ვერცლიდან ამოსასვლელად.

ბედილა დევის სახლში შევიდა თოლიას მოსაძებნად, მაგრამ დაძახებაც არ

დასჭირვებია. გახარებული, აღტაცებული, თვალცრემლიანი თოლია კარებშივე

შეხვდა, გულში ჩაიკრა, მერე შუბლზე აკოცა, თავზე ხელი გადაუსვა, ისევ გადაეხვია,

ისევ შუბლზე აკოცა და ასე გაუთავებლად − ხან კოცნიდა, ხან თავზე ეფერებოდა და

ხან გულში იკრავდა. თან გაუთავებლად მადლობას უხდიდა.

ბედილა ჯერ დაიბნა, შემდეგ გაღიზიანდა, მერე კი, ქალის აფორიაქებულ

ფიქრებს დააკვირდა, უსაზღვრო შვება და ბედნიერება ამოიკითხა.

სიცილით გაითავისუფლა თავი თოლიას მკლავებიდან და, კოცნა-ხვევნა ისევ

რომ არ გამართულიყო, ჰკითხა:

− რატომ არ მოკვდა შენი ქმარი, თავი რომ მოვაჭერი?

თოლიამაც დაიოკა სიხარული, თავი ხელში აიყვანა და წყნარად თქვა:

− ჩემი ქმარი, ისევე როგორც ყველა დევი, ბრძოლაში უკვდავია, მისი სიკვდილი

ცალკეა დამალული. სხვა დევებისა არ ვიცი და მაგის სიკვდილი კი, ჩვენსავე ეზოში,

ერთი უზარმაზარი ლოდის ქვეშ არის შენახული. შენ ისეთი ყოჩაღი ყოფილხარ, ვერც

წარმოვიდგენდი, მაგრამ იმ ლოდს, ალბათ, ვერ მოერევი.

− ვნახოთ, − ღიმილით უთხრა ბიჭმა. დარწმუნებული იყო, რომ არ

გაუჭირდებოდა ლოდის გადაწევა.

ეზოში უზარმაზარი თეთრი ლოდი ესვენა. ბედილა ცოტა ხანს აკვირდებოდა

ლოდს, შემდეგ კი, ახლად ნასწავლი ჯადო გამოიყენა და, ისევე როგორც მიწა

ვერცხლად აქცია, ვერცხლი - წყლად და წყალი ისევ ვერცხლად, მიწა ჰაერად

გადააქცია. გაჩნდა დიდი ორმო, ლოდი გადაბრუნდა და ორმოში ჩაგორდა.

ლოდის ადგილზე პატარა კოლოფი იპოვეს. კოლოფში ლამაზი, გამჭირვალე ქვის

ბურთულა იდო.

...ბედილა ბოლო გავიდა ჭიშკარში (ეს მეორე მხარეს გამავალი ჭიშკარი იყო) და,

სანამ ოციოდე ნაბიჯით არ მოშორდა, კარგად ესმოდა ვერცხლში ჩარჩენილი თეთრი

დევის წყევლა-კრულვა.

ბედილამ ბევრი ფიქრისა და თოლიასთან თათბირის მერე ასე გადაწყვიტა − დევი

უკვდავია, სამუდამოდ დატყვევებულსაც, არაფერი მოუვა, ცოტათი მოშივდება,

ცოტათი დასუსტდება და ცოტათი გაავდება, − და დევის სიკვდილ-სიცოცხლის

ბურთულა საგულდაგულოდ შეინახა გუდაში.

ბედილა, თოლია, მგლები, და დათვი ჩრდილოეთით მიემართებოდნენ.

არწივი სანადიროდ გაფრენილიყო.

− ნეტავი, მეც მცოდნოდა ასე ფრენა − ჩავფრინდებოდი ქვევით და წავიდოდი ჩემ

გზაზე. ესენი რაღას იზამდნენ? თუმცა ამათ ხომ ოჩოკოჩები არაფერს ერჩიან. ჰო და,

იქიდან ჩამოვიდოდნენ, − გაიფიქრა ბედილამ. მართალია, თოლია მხიარული ქალი

გამოდგა და მასთან საუბარში დრო მალე გადიოდა, არც საჭმელი აკლდათ − თეთრი

დევის სახლიდან წამოიღეს ნაირნაირები, მაგრამ მაინც, დაიღალა ამ გაუთავებელ

ზეგანზე სიარულით, რაღაც ახალი უნდოდა.

საღამოსკენ წინ გამოჩნდა რაღაც ახალი, მაგრამ ისეთი, რომ ჯობდა არ

ყოფილიყო − შორს კიდევ ერთი კედელი იდგა, რომელიც მთელ ზეგანს კეტავდა.

შორიდანაც ჩანდა, რომ კედელი წითელი ფერისა იყო.

Page 24: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

24

− ჩემ ქმარს არაერთხელ უხსენებია, თავისი ნათესავი, წითელი დევი, − თქვა

თოლიამ, − მე თავს ვერ დავდებ... მაგრამ ვფიქრობ ეს სწორედ მისი სახლია.

− ჰო, ალბათ ეგრეა. ფერია სხვა, თორემ ისე, თქვენ სახლს ჰგავს. ახლა რა ვქნათ? −

იკითხა ბედილამ და ცოტა ფიქრის მერე თვითონვე უპასუხა, − მგონი სჯობს დილამდე

სადმე აქვე გავჩერდეთ. ხვალ კი, გზა გავაგრძელოთ.

ასეც მოიქცნენ. დევის სახლიდან მოშორებით, ხეებსა და ბუჩქებს ამოაფარეს

თავისი ბანაკი, მაგრამ კოცონის დანთება მაინც ვერ გაბედეს.

დილითაც ფრთხილად იყვნენ, გასვლასაც არ ჩქარობდნენ − ეგება ეს ვიღაც

წითელი დევი წავიდეს და გადავურჩეთ მასთან შეხვედრასო. ბედილას დევის არ

ეშინოდა, მაგრამ დიდი სიამოვნებით კი აარიდებდა თავს მასთან საუბარს.

ახლოდან კედელი სადა წითელი არ აღმოჩნდა − კაჟის თლილ ქვებზე,

რომლითაც იყო ნაშენი, ლამაზად ჩანდა პატარ-პატარა თეთრი, ლურჯი, იისფერი და

ვარდისფერი ძარღვები. ჭიშკარი, ეტყობა, სინგურით შეეღებათ.

ატყდა ჭიშკარზე ბრახუნი, მგლების გამაყრუებელი ყმუილი და ათიოდე წუთის

შემდეგ წითელი დევის ცოლმა გადმოიხედა. გადმოიხედა და, მოკლე მოლაპარაკების

შემდეგ, შიგნით შეიპატიჟა მოსულები. წითელი დევი შინ არ დახვდათ, საღამოს უნდა

დაბრუნებულიყო.

სტუმრები მოხერხებულად მოეწყვნენ რბილი ბალიშებით მოფენილ ტახტზე (ეს

რასაკვირველია ბედილასა და თოლიას ეხება, თორემ მგლებსა და დათვს ეზოში

ერჩივნათ ყოფნა). ლალო, ასე ერქვა წითელი დევის ცოლს, ჯერ სადილით, შემდგომ

კი, ტკბილეულითა და ხილით გაუმასპინძლდა სტუმრებს (ცხოველებსაც მიართვეს

მათი საკადრისი ულუფები). სასიამოვნო საუბრისას, რომლითაც ჭამის დროს თავს

იქცევდნენ ბედილა, თოლია და ლალო, გამოირკვა, რომ აქაური დიასახლისიც, დიდი

სიხარულით დატოვებდა ქმრის სახლს და გაუდგებოდა სიძნელეებით აღსავსე გზას,

ოღონდაც, თავის დევს აღარასოდეს შეხვედროდა.

სუფრიდან, რომ ადგნენ, ლალომ წითელი დევის სიკვდილის სამალავი უჩვენა.

ეს, მდინარის თავზე, ჰაერში დაკიდებული დიდი წითელი ლოდი აღმოჩნდა − ამ

ლოდის შიგნით იყო იგი დამალული.

ბედილამ უკვე დააპირა ლოდის ჰაერად გადაქცევა, მაგრამ უცებ შეჩერდა,

რატომღაც დაეჭვდა:

− რომ ვერ დავიჭირო?... მაგრამ რატომ ვერ უნდა დავიჭირო?... თუ ვერ

დავიჭირე, დევის სიკვდილს მდინარე გაიტაცებს, − რა ექნა არ იცოდა.

მაშინ ლოდის ჩამოხსნა სცადა − ვერ შეძლო − უცნობ ჯადოს მაგრად ეჭირა

ჰაერში.

როგორ მოეპოვებინა ის პატარა ბურთულა? და უეცრად მოიფიქრა... თითქოს

უნდა გამოსვლოდა... თუკი, ძალა ეყოფოდა.

...სამივემ ერთად, რის ვაი-ვაგლახით გამოიტანეს ყველაზე დიდი და განიერი

მაგიდა. ძლივს მიათრიეს და დადგეს ლოდის მახლობლად.

უცებ, მაგიდა მოწყდა მიწას და ნარნარად აფრინდა. ბედილა ცდილობდა მაგიდა

ჰაერში ისე დაეჭირა, რომ მაგიდაზე დაცემული ბურთულა იქედან მის ფეხებთან

ჩამოგორებულიყო. ბოლოს მაგიდამ სასურველი ადგილი დაიკავა, ლოდიც გაქრა,

მაგრამ ბურთულა არ გადმოვარდნილა, მაგიდაზე ფეხი დაჰკრა და მიწაზე გადმოხტა

დიდი, ჯაგარაშლილი, ეშვებიანი ტახი. ქალები კივილით გახტნენ განზე, ბოლო წამს,

ბიჭმაც მოასწრო გაწევა. ტახმა ჩაუქროლა და ვინ იცის სად გაიქცეოდა, გზაზე დათვი

რომ არ გადასდგომოდა და ღონივრად არ დაეკრა ტორი. მოულოდნელად ტახი გაქრა,

Page 25: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

25

მის ადგილზე კურდღელი გაჩნდა, დათვს ფეხებში გაუძვრა, ერთი მიიხედ-მოიხედა

და მდინარის გასწვრივ გაკურცხლა. უმალ გამოუდგნენ მგლები, თვალის

დახამხამებაში დაეწივნენ და... გაქრა კურდღელი, ზევით ხოხობი აფრინდა და მყისვე

გაქრა არწივის კლანჭებში. ქვევით ჩამოვარდნილი ბურთულა ლალომ დაიჭირა, ცოტა

ხანს დასცქეროდა, სინათლეზე გახედა, თავსაფრის ბოლოთი გააპრიალა და მერე

ბედილას გაუწოდა.

ბედილამ, ამტყდარი ალიაქოთის მიუხედავად, მაგიდის მიწაზე დაშვება

მოახერხა და ხოხბის დაჭერაც კი სცადა, მაგრამ ვერ შესძლო − თავისი ძალა რატომღაც

ვერ “მოჰკიდა”.

მომხდარით კმაყოფილი სულაც არ იყო − მისი მხეცები რომ არა, წითელი დევის

სიკვდილ-სიცოცხლის ბურთულას ვერასოდეს მოიპოვებდა. მაგრამ ახლა რაღას

იზამდა, ყველას მადლობა გადაუხადა და ეს ბურთულაც გულდაგულ შეინახა

გუდაში.

...ბედილა, თოლია და ლალო მაგიდას სახლისკენ მიათრევდნენ, უცებ, ვიღაცამ

რომ დაიღრიალა:

− აქ რა ხდება? თქვენ ვინა ხართ? ეს მაგიდა სად მიგაქვთ?

სამივემ ერთდროულად გაუშვა მაგიდას ხელი და ხმაზე მიიხედა − წითელ

ტანსაცმელში გამოწყობილი, წითურთმიანი, სახეწითელი, პირგანიერი, ღოჯებიანი −

მათ წინაშე წითელი დევი იდგა.

ბედილა პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო − დევმა ხმალი

იშიშვლა, ბედილა კი სპილენძში აღმოჩნდა კისრამდე ჩაძირული. დევმა მისკენ

გადმოდგა ნაბიჯი და თვითონაც კისრამდე ჩაიძირა, მართალია, ვერცხლში. შემდეგ

ორივე ერთდროულად ამოხტა მიწაზე და ერთმანეთის პირისპირ დადგა.

მოულოდნელად ბედილას მთელ ტანზე რაღაც შემოეჭდო − წითელმა დევმა

ისეთი ჯადო იხმარა, რომელმაც ჰაერი გაასქელა, დაწნეხა, გაამაგრა და მთელ ტანზე

შემოუჭირა. ბიჭი ვერ ინძრეოდა, ყველაფერი სტკიოდა, ტკივილი ხელს უშლიდა,

ფიქრებს უბნევდა, ცოტაც და დაიხრჩობოდა.

მაგრამ არა! მაინც მოახერხა! იპოვა დევის აზრებში ჯადოს მოხსნის შელოცვა და

ბოლო წამს მოასწრო ჰაერის მარწუხების გახსნა.

ისევ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ დევი და ბიჭი.

დევი დაიბნა:

− როგორ მოახერხა ამ ბიჭმა ჯადოს მოხსნა? ვინ არის? საიდან? ჩემს დასაღუპად

გამოგზავნა ვინმემ?

ბედილას კი ძალიან კარგად ესმოდა − სხვებს მხოლოდ აზრების წაკითხვით

ვჯობნიო. ბოლო დროს ხომ ყველა ასე დაამარცხა, იმათგანვე ნასწავლი შელოცვებით.

წითელ დევსაც ამით უნდა აჯობოს, მაგრამ ამისთვის მოწინააღმდეგის მოტყუება და

დაბნევა მოუწევს.

და აი, დევს თავზე დააფრინდა ბედილას გუდიდან ამომძვრალი ნაბადი. ნაბადი

მაგრად შემოეხვია თავზე და კისერზე.

დევი შეცბა, შეშინდა, ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა, ვინ ჩამოაცვა თავზე ეს

რაღაც. მოუხერხებლად შეეცადა ნაბდისგან განთავისუფლებას, მაგრამ ვერა და ვერ

მოიშორა კან-ხორცში ღრმად ჩამჯდარი და გარს შემოჭერილი ქსოვილი. მერე უცებ

კისერზე იტაცა ხელები, ხრიალი დაიწყო და მიწაზე უგონოდ დაეცა.

ბედილა მივიდა და ნაბადი მოხადა, დევი არ სუნთქავდა.

− მოკვდა? − აღელვებულმა იკითხა ლალომ.

Page 26: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

26

− ხომ იცი, რომ დევის მოკვლა იმ თილისმის გარეშე შეუძლებელია. უბრალოდ,

უჰაერობისგან გული წაუვიდა. ეგრე, შეიძლება, თუ გინდა ასი წელიწადი იყოს, მაინც

არ მოკვდება, − უპასუხა ბედილამ.

− ვერ გავიგე. უჰაერობაო, რომ ამბობ, ეს რა, ნაბადმა ქნა?

− არა. ნაბადმა კი არა − შელოცვამ. მე შევულოცე.

− ა-ა-ა. გასაგებია. მოდი სახლში შევიყვანოთ. კარგი?

− თუ გინდა, შევიყვანოთ, − ბედილამ ოდნავი ღიმილით შეხედა ლალოს.

− კი არ მეცოდება... მაგრამ, მაინც ცოდოა, − ლალომ ნაღვლიანად შეხედა ქმარს.

წითელი დევი ბალიშებიან ტახტზე დააწვინეს. ის ძალზე მძიმე აღმოჩნდა და

რომ არა ბედილას ჯადოსნობა და დათუნას მაგარი ზურგი, აქამდე ვერაფრით

მოიყვანდნენ.

შემდეგ სვენებ-სვენებით შემოიტანეს მაგიდა, მოაგროვეს ბარგი, აიღეს საჭმელ-

სასმელი და გაუდგნენ გზას.

ორი დღის სიარულის შემდეგ, წინ კიდევ ერთი კედელი დაინახეს. კედელი შავი

ფერის იყო და ესეც მთელ ზეგანს კეტავდა.

− ეს შავი დევის აშენებული კედელია, − მხიარულად თქვა ლალომ, − ცოლს

კარგად ვიცნობ. დევსაც შევხვედრივარ რამდენჯერმე. ჰო, ცოლს ლეილა ჰქვია. მათთან

წყნარად შეგვიძლია ვიყოთ. იქ საფრთხე ნამდვილად არ გველის.

ბედილამ და თოლიამ ერთმანეთს გადახედეს. ბედილამ მხრები აიჩეჩა. ლალოს

ნათქვამი ორივეს დაუჯერებლად მოეჩვენა, მაგრამ გაჩუმება არჩიეს − სხვა გზა მაინც

არ იყო.

მალე ისინი უკვე შავი გრანიტით ნაშენებ კედელთან იდგნენ და დაბნეულები

უყურებდნენ შავი გრანიტისავე უზარმაზარ ჭიშკარს.

იმის მოფიქრებაც კი ვერ მოასწრეს, როგორ შეხმიანებოდნენ სახლის პატრონებს,

რომ ჭიშკარი გაიღო, შავი დევის მეუღლე სტუმრებს გამოეგება და შიგნით შეიპატიჟა.

ცოტა ხანში ოთხივენი უკვე მაგიდასთან ისხდნენ. ლალომ წარუდგინა ლეილას

თავისი თანამგზავრები. ბედილამ მათი მოსვლის მიზეზი და დევებთან თავისი

შეხვედრის ამბავი უამბო, თოლია და ლალო კი დასტურის ნიშნად თავს უქნევდნენ.

ლეილა ყურადღებით, ხმაამოუღებლად უსმენდა ბედილას და დროდადრო

გაკვირვებულ-აღტაცებული ამოხედავდა.

ამბის დასრულების შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა − ლეილა დიდხანს ფიქრობდა

რაღაცაზე.

− თეთრი და წითელი დევები საკმაოდ ადვილად დაგიმარცხებია, − ხმა ამოიღო

ბოლოს, − მაგრამ ჩემს ქმართან, რა და როგორ გამოვა, არ ვიცი. მე ვერაფრით

დაგეხმარებით, თურმე არაფერი მცოდნია. დევების სიკვდილის ამბავი, სულაც

თქვენგან შევიტყე. მე მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ. გაეცალეთ აქაურობას

სანამ დროა.

− ფიქრობ, რომ შენი ქმარი რამეს გვავნებს? − ჰკითხა ლალომ.

− აკი ვთქვი, არ ვიცი-მეთქი. სჯობს წახვიდეთ.

− მერე შენ? შენ არაფერი მოგივა? − ჩაერთო საუბარში თოლია.

− არც ეს ვიცი. იმედი მაქვს, რომ დიდი არაფერი. მართალია, მეც თქვენსავით

მოტაცებული ვარ, მაგრამ სხვა მხრივ, ქმარს ჩემთვის არაფერი დაუშავებია.

Page 27: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

27

ბედილამ არ იცოდა რა ექნა, რა გადაეწყვიტა. წასვლაც უნდოდა და დარჩენაც −

დევთან შეხვედრა აშფოთებდა, თან თავისი ძალის გამოცდის სურვილი არ ასვენებდა.

თოლია და ლალო სდუმდნენ. ვერც მათ გადაეწყვიტათ, წასვლა ჯობდა, თუ

დარჩენა.

შემოსასვლელი კარი გაიღო, ყველამ იქით მიიხედა. ოთახში შემოვიდა შავი დევი

− შავგვრემანი, შავი წვერ-ულვაშით, შავი ტანსაცმლითა და ჩექმებით. მაღალი იყო,

საკმაოდ მოხდენილიცა და ლამაზიც.

შავი დევი კარებთან შედგა, ყველა შეათვალიერა და გაიღიმა:

− კეთილი იყოს ჩვენს სახლში თქვენი მობრძანება, − მას დაბალი, ჟღერადი ხმა

ჰქონდა, − გამარჯობა ლალო. რამდენი ხანია არ შევხვედრივართ ერთმანეთს... ლეილა!

სუფრა გაშალე, სტუმრებს გავუმასპინძლდეთ და ჩვენც ვისადილოთ. აბა, მოჰყევით,

საიდან მოსულხართ? აქეთ რა ქარმა გადმოგაგდოთ? − მიმართა თოლიას და ბედილას,

− ან ლალოს სად გადაეყარეთ?

− ამ ზეგანიდან ქვევით, დაბლობში გვინდა ჩასვლა, − უპასუხა ბედილამ, −

ამიტომაც მოგვიწია თქვენს მიწაზე გამოვლა.

− გასაგებია, − დაფიქრებით წარმოთქვა დევმა, ბედილას თვალებში ჩახედა და

ნელა განაგრძო, − გასაგებია. ესე იგი იქედან მოდიხართ... ჯერ თეთრი დევის მიწაზე

გამოიარე, შემდეგ წითელი დევისას. მათი ცოლები შენ წამოგყვნენ... ჰო... ესე იგი,

ისინი დაამარცხე... ძლიერი მებრძოლი და ძლიერი ჯადოქარი ყოფილხარ. მოხარული

ვარ შენი გაცნობის და ქედს ვიხრი შენს წინაშე, − დევმა თბილად გაუღიმა და თავი

მდაბლად დაუკრა. გასწორდა და განაგრძო, − იმედია, დღეს აქ დარჩებით და

შევძლებთ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ახლა კი, ბოდიშს მოვიხდი, ცოტა ხნით

დაგტოვებთ − მგზავრობის მერე მოვწესრიგდები და გეახლებით.

შავი დევი ოთახიდან გავიდა. ლალომ ამაყად გადახედა დანარჩენებს:

− რას გეუბნებოდით? კარგად მიგვიღებენ-მეთქი. ხომ დარწმუნდით?

− მაგას რა ჯობია? − უპასუხა ბედილამ. თავის ხელში აყვანას ცდილობდა, მაგრამ

მაინც ეტყობოდა, როგორი ნასიამოვნები იყო დევის შექებით, მან ხომ დევის აზრებშიც

იგივე ამოიკითხა, − დღეს კარგად დავისვენებთ და ხვალ, ისევ გავუდგებით გზას.

მართალი უნდა ვთქვა − არ ველოდი ასეთ გულთბილ მიღებას.

შემოვიდა ლეილა და შეუდგა სუფრის გაშლას. თოლია და ლალო

მისახმარებლად წამოხტნენ. ბედილაც ადგა და ეზოში გავიდა.

შორს არ წასულა, იქვე გაჩერდა, კარებთან. ცას ახედა და ღრმად ჩაისუნთქა

სველი მიწის, ბალახისა და ყვავილების სურნელი. ასე, გაუნძრევლად იდგა და

ისვენებდა წინა დღეების დაძაბულობისა და შფოთვისაგან.

ეზოში შავი დევი გამოჩნდა. ბედილასთან მოვიდა და უთხრა:

− წამოდი, სანამ ქალბატონები სუფრას შლიან, ცოტა ბაღში გავისეირნოთ, − თქვა

და წინ გაუძღვა.

ბედილა წამოეწია და გვერდში ამოუდგა მასპინძელს. ნელ-ნელა მიუყვებოდნენ

მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს, ათვალიერებდნენ ყვავილებს და აქა-იქ აღმართულ,

სუროში ჩაფლულ ფანჩატურებს, გადადიოდნენ, რუებზე გადებულ პატარა ხიდებზე.

მთელი ბაღი შემოიარეს და სახლს მეორე მხრიდან მიუახლოვდნენ.

− აი, მოვედით კიდეც, − თქვა დევმა და ბოლო ხიდზე ბედილა წინ გაატარა.

...და უცებ, ბედილამ მკაფიოდ გაიგონა დევის ნაფიქრალი:

− აბა, ვნახოთ, თუ შეამჩნევს ჩემს ხაფანგს, ხიდის ბოლოს რომ მაქვს ამოთხრილი.

Page 28: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

28

ბედილა ნელა გადადიოდა ხიდზე და ყურადღებით იყურებოდა ფეხქვეშ, მაგრამ

ვერაფერს ამჩნევდა. ხიდის ბოლომდე რომ მივიდა, თითქოს და უბრალოდ მუხლის

გასაშლელად, წინ გადახტა.

− მართლაც დიდებული მებრძოლი ყოფილხარ. არ მეგონა, ამ ხაფანგს თუ

შეამჩნევდი, − აღტაცებით თქვა დევმა. დიდი ნახტომით, სტუმრის გვერდზე

აღმოჩნდა, ხელი გადახვია და სახლისკენ წაიყვანა.

სადილმა მხიარულად ჩაიარა. ყველანი ბევრს იცინოდნენ შავი დევისა და

ლალოს შაირობაზე. დევს რამდენიმე თასი ღვინო ჰქონდა გამოცლილი და ამან მის

ლექსებს ხალისი შესძინა.

ბედილამაც დალია ერთი თასი ღვინო, მაგრამ არ მოეწონა და, ქალების

მაგალითით, ლუდის და ბადაგის სმა არჩია.

მხიარულება სადილის მერეც გაგრძელდა. რიგრიგობით ყვებოდნენ სხვადასხვა

ამბებს და თან ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა სასაცილო გამოსულიყო.

ყოველ მათგანს უკვე რამდენიმეჯერ მოუწია თხრობა. ახლა ისევ შავი დევი

ყვებოდა რაღაც ამბავს, ბედილას ერთი-ორჯერ ჩაეთვლიმა, თვალებს ძალით ახელდა,

მაგრამ საბოლოოდ მაინც დაიძინა...

...ბედილას რომ გამოეღვიძა, გარშემო ბნელოდა.

− სადა ვარ? ურემზე ვწევარ?... არა, მე ხომ ვმოგზაურობ, − ხელი მოაფათურა.

ქვებზე იწვა, მაგრამ ქვები მოსწორებული იყო, − იატაკია. ჩვენ შავ დევთან ვართ! −

გაახსენდა ბედილას.

ადგომა სცადა, მაგრამ ვერ შესძლო − რაღაც იჭერდა. ხელზეც რაღაც ექაჩებოდა.

მაინც მოახერხა ხელის აწევა და რკინის ჟღარუნის ხმა გაისმა. ნაცნობი ხმა იყო.

− აჰ, ჰო, ჯაჭვის ხმაა, − წყნარად გაიფიქრა ბედილამ და უცებ გამოფხიზლდა, −

ჯაჭვის ხმაა? დაბმული ვარ? − ერთი ხელით მეორე მოსინჯა. ნამდვილად დაბმული

იყო, რკინის ჯაჭვით. ჯაჭვი წელზეც ჰქონდა შემოხვეული. ფეხებიც დაუბამს ვიღაცას,

− ვინ დამაბა? სად მოვხვდი?

თავის ხელში აყვანა სცადა. გონება მოიკრიბა და იმწამსვე მიხვდა, რა უნდა

გაეკეთებინა. ისევ თავისი ნიჭი გამოიყენა და მალევე აღმოაჩინა ახლო-მახლო მყოფი

შავი დევი. ის ლეილას ესაუბრებოდა და ბედილამ მათი საუბარიც და აზრებიც

მშვენივრად შეიგრძნო.

− რა დაალევინე იმ ქალებს? ან ის ბიჭი რა უყავი? სტუმრებს ასე უნდა მოქცეოდი?

− ეკითხებოდა ლეილა და თან ფიქრობდა: “ხომ ვეუბნებოდი − წადით-მეთქი”.

− რა დავალევინე და ბანგი. ლუდში გავურიე, ვიცოდი, რომ შენ არ დალევდი. ჰო

და, სტუმრებიო რომ ამბობ − იმ ბიჭმა თეთრი და წითელი დევი მოკლა. მეც

სიამოვნებით მომკლავდა, მაგრამ ვერ მივართვი. მაგას აზრების კითხვა შესძლებია,

მაგრამ მე მაინც მოვატყუე. განზრახ ისე ვფიქრობდი, თითქოს ხაფანგი მქონოდეს

გათხრილი, უნდა გენახა, როგორ ისკუპა. დიახ. აზრების კითხვა კარგია, მაგრამ ჭკუა

ჯობნის, − ეს თქვა და ფიქრებში გააგრძელა: “ნეტავ შენ ვის მხარესა ხარ, ჩემო ლამაზო

მეუღლევ?”

− რას უპირებ? − ჰკითხა ქალმა და თან გაიფიქრა: “როგორ დავეხმარო? როგორ?”

− ქალებს აქ დავტოვებ. დაგეხმარებიან საქმეში და მარტოც აღარ მოიწყენ, −

ფიქრებში კი, დაამატა: “თუ დამიპირებთ რამეს − სამივეს მოგკლავთ”. მერე ხმამაღლა

Page 29: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

29

განაგრძო, − ის ბიჭი კი სარდაფშია მიჯაჭვული და არა მგონია იქიდან ამოსვლა

შესძლოს. მე კი, დასაძინებლად მივდივარ, − ცოლს ცოტა მანძილით რომ მოშორდა,

დაცინვით გაიფიქრა: “კარიც დაკეტილია და ჯაჭვებიც განსაკუთრებულია. ასე რომ,

შენ ვერაფერს უშველი.”

ჯაჭვების ხსენება ცუდად მოხვდა გულში ბედილას. მაშინათვე სცადა მათი

წყლად ან ჰაერად გადაქცევა და ვერაფერი მოუხერხა − ჯაჭვები უცნობი შელოცვით

იყო მოჯადოებული.

ცოტა ხანში კარს ლეილა მოადგა და მისი გაღება სცადა.

ბედილამ კარგად იცოდა, რომ შავი დევი აქედან შორს იყო და ლეილას ხმამაღლა

დაუძახა:

− ლეილა! კარს მოსცილდი! მე ვცდი მის გაღებას!

ბედილა სიბნელეს შეეჩვია და საკმაოდ კარგად ხედავდა, შინაგანი ძალა

მოიკრიბა და ნელ-ნელა დაიწყო კარიდან ანჯამების ლურსმნების ამოძრობა. მის

გასახარად ეს საკმაოდ ადვილად გამოუვიდა და რამდენიმე წუთში კარი

გათავისუფლდა. კარგ ბრაგვანსაც გაადენდა, მაგრამ ბედილამ აქაც იმარჯვა და

ფრთხილად დაუშვა იატაკზე.

დღის მკრთალი სინათლით განათებული ლეილა უმალ ოთახში აღმოჩნდა,

ბედილასთან მიირბინა, მის გვერდით მუხლებზე დაეცა და გულში ჩაიკრა.

− დროს ნუ დავკარგავთ, − მშვიდად უთხრა ბედილამ, − მომეხმარე, ეგებ

ჯაჭვების იატაკიდან ამოძრობა მოვახერხოთ.

ლეილა ჯაჭვს დაეჭიდა, ბედილაც დაიძაბა ტანითა და გონებით, მაგრამ

სამაგრებს ძვრა ვერ უყვეს.

− ლეილა, მომისმინე. ჩემს გუდაში, ქალამანში, ჩვარში გახვეული სამი მარწყვი

დევს. მოძებნე და მომიტანე რა.

ლეილა სწრაფად გაიქცა ოთახიდან და რამდენიმე წუთში ტილოში

გამონასკვული მარწყვი მოარბენინა.

ბედილამ ერთი ცალი გამოართვა და შეჭამა. მარწყვი უჩვეულოდ გემრიელი

აღმოჩნდა. ბედილას მისი გადაყლაპვაც ვერ მოესწრო და უკვე იგრძნო, როგორ

ავსებდა არაჩვეულებრივი ძალა.

ისევ სცადა, ჯაჭვის სამაგრების ამოძრობა, ორივე ძალა დაძაბა და მის ხელ-ფეხზე

ჩამოცმული ბორკილები დაიმსხვრა. ამას ბედილა ნამდვილად არ ელოდა,

გაკვირვებული ათვალიერებდა რკინის ნამსხვრევებს. ბოლოს მათ თავი მიანება და

აჩქარდა.

− ლალო და თოლია სად არიან? სასწრაფოდ უნდა გავიქცეთ, შავმა დევმა თუ

გაიღვიძა − ძალიან გაგვიჭირდება, − უნებურად, ჩურჩულით ალაპარაკდა ბედილა.

− წამოდი. ვიცი სადაც დააწვინა ჩემმა ქმარმა, − ჩურჩულითვე უპასუხა ლეილამ.

სარდაფიდან ზევით ამოვიდნენ. ბინდდებოდა.

ერთ-ერთ ოთახში, სადაც ლეილამ ბედილა შეიყვანა, განიერ საწოლზე იწვნენ

თოლია და ლალო. ბედილა საწოლთან მივიდა, ლალო ერთ მხარზე გადაიკიდა,

თოლია მეორეზე... ლეილა ფართოდ გახელილი თვალებით, გაოგნებული უყურებდა

ბიჭს.

− ეს მარწყვის მოცემული ძალაა, − ჩაეცინა ბედილას.

ოთახიდან გავიდა და ეზოში გამავალი კარისკენ გაემართა.

− არა! იქით არა! აქეთ წამოდი, სხვა გასასვლელს გიჩვენებ, − სახლის სიღრმისკენ

გაიქნია თავი ლეილამ.

Page 30: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

30

ბედილამ თავის ცხოველებს დაუძახა და მათთან ერთად მიჰყვა ლეილას.

ვიწრო დერეფნით, კიდევ ერთ, ქვევით ჩამავალ კიბესთან მივიდნენ. კიბე

გრძელი და დახვეული გამოდგა. ქვევით რომ ჩავიდნენ, პატარა ბნელ ოთახში

აღმოჩნდნენ. ლეილამ მიიყვანა შორეულ კუთხეში და იატაკზე მიუთითა.

ბედილა დაიხარა და იატაკში ჩამაგრებული რკინის რგოლი დაინახა. ქალები

ფრთხილად დააწვინა იატაკზე, რგოლთან მივიდა და ორივე ხელით მოქაჩა. ნელა

წამოიწია ქვის დიდი ფილა და იატაკში ბნელი, კიბეებიანი ჩასასვლელი გამოჩნდა.

ბედილამ ისევ გადაიკიდა მხარზე უგონოდ მყოფი ქალბატონები და ნელა ჩაუყვა

ქვის საფეხურებს. ნაცარა, ლამაზა და დათუნაც მოჰყვებოდნენ.

უკნიდან ქვის ფილის დაცემის ხმა მოესმათ − ლეილამ ჩამოსასვლელი დაკეტა.

თითქოს შორიდან გაისმა მისი სიტყვები:

− თუ ოდესმე შესძელი, დაბრუნდი და დამიხსენი აქედან. ახლა კი, გაიქეცი. მეც

რომ წამოგყოლოდით, შავი დევი დაგვედევნებოდა. მის შეჩერებას მოვახერხებ, მაგრამ

თქვენ მაინც იჩქარეთ. მშვიდობით!

კიბე მალე დამთავრდა. ახლა დამრეც, მიხვეულ-მოხვეულ დერეფანში

მიაბიჯებდნენ. ბედილა ვერაფერს ხედავდა ასეთ სიბნელეში და წინ ცხოველები

გაუშვა. ახლა მათი ფეხის ხმას უსმენდა და მათი დანახულის დანახვას ცდილობდა.

კარგა ხანს მიდიოდნენ ასე. ბედილას დაღლილობა შემოეპარა − მარწყვით მიღებული

ძალა ილეოდა.

− სანამ შევძლებ, ვივლი, მერე კი, დავისვენებ. იმ დროისთვის ეგებ ამათაც

გამოეღვიძოთ, − გადაწყვიტა ბედილამ და ნაბიჯს აუჩქარა. უნებლიედ თავს დაბლა

ხრიდა, თან ცდილობდა ხელებით კედლები მოესინჯა.

წინ თითქოს რაღაც დაინახა... მოეჩვენა?... არა. აი, კედელი გამოჩნდა.

− ეს რა არის? ნუთუ, უკვე ქვევით ჩავედით? − თან უხაროდა, თან არ სჯეროდა

ბედილას.

კიდევ ერთი მოსახვევი გაიარეს და დერეფანი უფრო განათდა. ნამდვილად

დღის, უფრო სწორად საღამოს სინათლე იყო. პირდაპირ კედელში მრგვალად

გაჭრილი სარკმელი გამოჩნდა.

− აქ ასეთი სიბნელე რომ არ ყოფილიყო, ამ სინათლეს ვერ შევამჩნევდით... ფუ! რა

სისულელეები მომდის თავში! ალბათ, უნდა დავისვენო, − ბედილა სარკმელთან

მივიდა, თოლია და ლალო მიწაზე დააწვინა, თვითონაც იქვე, მათ შორის დაჯდა. ძალა

სულ გამოლეოდა (მარწყვისაც და საკუთარიც). ცხოველებიც დაბრუნდნენ. დათუნა

ბედილას ფეხებთან დაებერტყა, ნაცარამ და ლამაზამ კი, გვერდებიდან, ბედილასა და

ქალებს შორის მოახერხეს შეძრომა.

− ჯადოსნობას რომ ვისწავლი, დავბრუნდები და ლეილას გავათავისუფლებ, −

პირობა მისცა თავს ყმაწვილმა.

მაისის შუა − მაისის ბოლო

მთელი შემდეგი დღე დასჭირდა კლდეში ნაკვეთი დერეფნიდან გასვლას. ლალო

და თოლია გონს მოვიდნენ, მაგრამ სუსტად გრძნობდნენ თავს. დათუნაზე შეჯდომისა

შეეშინდათ და ცივი უარი განაცხადეს. ამიტომაც ხშირად უწევდათ დასვენება.

ბედილა ხმაამოუღებლად ჩერდებოდა და მათთან ერთად ჩამოჯდებოდა ხოლმე.

გულში მადლობას ეუბნებოდა ქალბატონებს ამ შეფერხებებისთვის − თვითონაც

ძალზე იყო დაქანცული გუშინდელი ძალთმოზღვავების შემდეგ.

Page 31: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

31

დერეფნიდან ჩამავალი მზით განათებულ ხასხასა მწვანე ბალახზე გამოვიდნენ

და მაღალი, ნაცრისფერ-იასამნისფრად მოელვარე, სალი კლდეებით გარშემორტყმულ,

ვიწრო ხეობაში აღმოჩნდნენ.

ქალებმა მოულოდნელობისაგან შეჰყვირეს, როდესაც ზევიდან დიდი არწივი

ჩამოფრინდა და ბედილას მხარზე დააჯდა.

ბედილამ წივილა მუხლზე გადმოისვა და თავზე მოეფერა, მერე, ხორცის ნაჭერი

გაუწოდა.

ნავახშმევს კოცონის გარშემო ისხდნენ.

− ლალო! თოლია! დღეს ჩემი არწივისგან გავიგე, რომ ამ ხეობიდან მხოლოდ ორი

გასასვლელია. ერთი გზა იქითკენ მიდის საიდანაც მე ზეგანზე ამოვედი. იქ რაღაც

სოფელი ყოფილა.

− ვიცი ის სოფელი, დედაჩემის სამშობლოა, − გაუხარდა ლალოს.

− მანდ მეც ვარ ნამყოფი, − თქვა თოლიამ, − ჩემი სოფლიდან არც ისე შორს არის.

− ძალიან კარგი. ეტყობა თქვენი გზა იქითკენაა. მე ჩრდილოეთით ვაპირებ

წასვლას, მაგრამ ჯერ თქვენ მიგაცილებთ.

რამდენიმე დღის შემდეგ ბედილა ცხოველების თანხლებით მთის ციცაბო

ბილიკებით ზევით და ზევით მიდიოდა.

თოლია და ლალო მშვიდობით მიიყვანა და ლალოს ნათესავებს ჩააბარა. იქ ცოტა

დაისვენა კიდეც. ახლა კი, ზაფხულის დამდეგს, საგზლით დამძიმებული გუდით,

ისევ თავისი ოცნების გზას ადგა.

აქაურ მთებზე სოფელში მოსმენილმა ზღაპრებმა გაამხნევა ბედილა და, ისევ

შინაგან გრძნობას მინდობილი, მსუბუქად მიაბიჯებდა გაუთავებელ აღმართებზე,

თამამად გადიოდა უფსკრულების თავზე მიმავალ ვიწრო ბილიკებზე. ზოგჯერ გზის

დაგრძელება უწევდა, ისეთი კლდეების შემოვლა, სადაც დათვი და მგლები ვერ

ჩავიდ-ავიდოდნენ. მაშინ მათ ალღოს მიენდობოდა და გზის ასარჩევად წინ უშვებდა.

გზად არაერთ სოფელში გაჩერებულა. მასპინძლები ძველებურად გაკვირვებითა

და სიხარულით ხვდებოდნენ მარტოდმარტო მოგზაურ ბავშვს. მართალია, ბედილას

უკვე თოთხმეტი წელი შეუსრულდა და სიმაღლითაც ბევრ კაცს არ ჩამოუვარდებოდა,

მაგრამ სახე და იერი ჯერ ისევ ბავშვური ჰქონდა.

ბილიკმა ისე მაღლა აიყვანა, რომ ბედილამ თოვლზე შედგა ფეხი,

უღელტეხილზე კი კარგა ღრმადაც ეფლობოდა.

წინ მწვანე მდელოები და, მათ თავზე აღმართული, მაღალი თოვლიანი მთები

გამოჩნდა. ბედილამ უკანაც გაიხედა − ციცაბო ფერდობზე, აქაც ბალახი ხასხასებდა,

ქვევით ტყის მუქი ტალღები მოჩანდა, უფრო ქვევით კი, ყველაფერი ლურჯ ნისლში

იკარგებოდა. ნისლის იქით, თითქოს ჰაერში გამოკიდებული, ცისფრად მოჩანდა შორი

მთები. მარჯვნივ კი... ბედილა არ იყო დარწმუნებული, მაგრამ ფიქრობდა, რომ

მარჯვნივ ზღვა ილანდებოდა...

...დაღამებამდე მიდიოდა, მაგრამ ტყემდე ჩასვლა ვერ მოახერხა და ეს ღამე

კოცონის გარეშე, ცხოველებს ჩახუტებულმა გაატარა. ტყე მხოლოდ დილით დაინახა.

დილის ნისლი რომ გაიფანტა, ქვევით ტყე გამოჩნდა და ტყის პირას, ხეების კორომებს

შორის გაშენებული სოფელი. აქა-იქ, სახლების გვერდით, კოშკები აღმართულიყო.

ბედილამ ცხოველებს შემოვლითი გზით უბრძანა ტყეში ჩასვლა, თვითონ კი,

სოფლისკენ დაეშვა.

Page 32: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

32

სწრაფად ჩარბოდა ციცაბო ფერდობზე, ალაგ-ალაგ ხტუნვა-ხტუნვით ჩადიოდა −

სიამოვნებდა თავისი ძალისა და მოხერხებულობის შეგრძნება. ამ შეგრძნების

გასაძლიერებლად, ზოგჯერ სრულიად ზედმეტ და არასაჭირო ნაბიჯს, ან ნახტომს

აკეთებდა. ბოლოს ფერდობი დამთავრდა, ბედილა იმწამსვე ჭკუადამჯდარ,

თავდაჭერილ ადამიანად იქცა და დინჯი ნაბიჯით შევიდა სოფელში.

31 მაისი − 7 ივნისი

ახლოდან სოფელი სხვანაირად გამოიყურებოდა − სახლები უფრო პატარა,

სამაგიეროდ, ღია ფერის კოშკები უფრო მაღალი და მრისხანე გამოჩნდა.

− გამარჯობა ყმაწვილო! ვის ეძებ?... რასაკვირველია, თუ ვინმეს ეძებ, − შუა

ქუჩაზე ხმელი მოხუცი კაცი იდგა და ყურადღებით ათვალიერებდა ბედილას.

− გამარჯობა ბაბუა! ვინმეს კი არა, სამუშაოს ვეძებ. გზაში საჭმელი შემომაკლდა

და... − უპასუხა ბედილამ.

− არა მგონია სოფელში ახლა რაიმე სამუშაო გამოგიჩნდეს. ორ-სამ კვირაში ბევრი

საქმე იქნება, მაგრამ ახლა არა, − მოხუცი დაფიქრდა, − თუმცა, შეგიძლია ჩვენს

ახალგაზრდებს წაჰყვე. ხვალ სანადიროდ აპირებენ წასვლას. ნადირობის რამე თუ

გაგეგება?

− როგორ არ გამეგება. აბა ამოდენა გზაზე ხომ შიმშილით მოვკვდებოდი, − ესა

თქვა ბედილამ და მაშინათვე ინანა.

− ერთი მითხარი საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ? გეტყობა, რომ აქაური არა

ხარ.

− ეჰ, რამ მათქმევინა ეს შორი გზა, − გაიფიქრა ბედილამ, − თუმცა, თვითონაც კი

მიხვდებოდა ამას.

მერე ხმამაღლა გააგრძელა:

− გადავწყვიტე ქვეყანა მენახა, ხალხი გამეცნო, მოსაწონი და სარფიანი ხელობა

მეპოვნა.

− კეთილი, ბატონო. მე, გობრონი მქვია და რადგან ბაბუაო მითხარი, შეგიძლია

გობრონ ბაბუა დამიძახო. ახლა ისიც თქვი, შენ რა გქვია და საიდანა ხარ? − მოხუცი

ღიმილით უყურებდა ბედილას.

− მაინც ვერ გადავურჩები გამოკითხვას, სჯობს მოვუყვე საიდან მოვდივარ, სად

ვიყავი და რა ვნახე, − გადაწყვიტა ბედილამ და გობრონ ბაბუას, სახლიდან

გამოპარვისა და თავისი ჯადოსნური თავგადასავლების გარდა, ყველაფერი წვრილ-

წვრილად უამბო.

გამოკითხვა მერეც გაგრძელდა, როდესაც გობრონ ბაბუას სახლში სუფრასთან

ისხდნენ და მოხარშულ ჯიხვის ხორცს შეექცეოდნენ. თითო პატარა ყანწი არაყიც

დალიეს.

ბედილას არაყი სწრაფად მოეკიდა და ვინ იცის რას წამოაცდენინებდა გობრონი,

მაგრამ ამ დროს ოჯახის სხვა წევრები მოვიდნენ − გობრონის ორი ვაჟი და ხუთი

შვილიშვილი, აქედან სამი ბიჭი, ორი კი გოგო იყო.

ბიჭები დილით სანადიროდ მიდიოდნენ და ბედილას წაყვანაზეც დათანხმდნენ.

ერთი ბიჭის გარდა, ყველანი ბედილაზე უფროსები იყვნენ, მაგრამ ერთი-მეორეს

სწრაფად გაუგეს და ცოტა ხნის შემდეგ უკვე მხიარულად იცინოდნენ ერთმანეთის

მოყოლილ ტყუილ-მართალზე.

სინამდვილეში, ბედილას ყველაზე მეტად სწორედ აქაურების მონაყოლი

ამბების მოსმენა უნდოდა. აღარ სურდა, გაუფრთხილებლად, ოჩოკოჩებთან, ან სხვა

მაგისთანებთან შეხვედრა. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა სოფელში. ახლა კი,

Page 33: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

33

ყურადღებით უსმენდა ბიჭების მონათხრობს. მისდა სამწუხაროდ, არც ბიჭებს და არც

უფროსებს უთქვამთ რამე საგულისხმო.

ნადირობამ კარგად ჩაიარა − ორი ჯიხვი და რამდენიმე შურთხი მოინადირეს.

ბედილამ ნამდვილი ნადირობა პირველად ნახა, მიუხედავად ამისა, ალღო

კარგად აუღო და დახმარებისთვის ძვირფასი საჩუქარიც მიიღო − მოკლე, ძლიერი

მშვილდი და ისრებით სავსე კაპარჭი.

− ძალიან კარგად კი გინადირიათ, − შეაქო გობრონ ბაბუამ, − ეს ხორცი ერთ თვეს

და მეტსაც გვეყოფა. ეტყობა ბედილას ბედნიერი ფეხი აქვს. ტყუილად კი არა ჰქვია ეგ

სახელი.

ვინ რა იცოდა, რომ ამ ბედნიერების მომტანი, ბედილას არაჩვეულებრივი ნიჭი

და წივილას დახმარება იყო. არწივი მონადირეების თავს ზევით დაფრინავდა და

პატრონს ატყობინებდა − სად ჯიხვი იყო, სად შურთხი და სად კიდევ მინდვრის

თაგვი.

− დარჩი ბიჭო ჩვენთან, − თქვა გობრონ ბაბუამ, − ნადირობას კარგად ისწავლი.

ამაზე კარგი ხელობა რა გინდა?

ამ სიტყვებზე გოგონებმა ყურები ცქვიტეს. გულის სიღრმეში ორივეს უნდოდა,

რომ აქ დარჩენილიყო ეს მაღალი, საკმაოდ ლამაზი, მხიარული და თან ძალიან დინჯი

ბიჭი.

V.

მეორე დღე იწურებოდა, რაც ბედილა გობრონ ბაბუასგან წამოვიდა.

ყველას გული დასწყვიტა მისმა წამოსვლამ, თვით ბედილასაც, მაგრამ რა ექნა,

მონადირეობა არ უნდოდა.

...ნაცარა, ლამაზა და დათუნა არ ჩანდნენ, მაგრამ შორს არ იყვნენ და პირველად

ნადირობდნენ წივილას დახმარებით.

ბედილამ ჩამავალი მზის სხივების სინათლეზე დაიწყო ღამის გასათევად

მზადება. მალე კოცონიც დაანთო და ახლად შეძენილი ნაცნობების გამოტანებული

ხორაგით ვახშამიც გაამზადა.

მზე რომ ჩავიდა, ნაცარამ და ლამაზამ მოირბინეს, მათ დათუნაც მოჰყვა,

კოცონთან დაწვა და სიამოვნებისგან ამოიხვნეშა.

...დილისკენ გათოვდა და ქარმაც დაუბერა. თოვა არც გათენებულზე

შეწყვეტილა. ასეთ ამინდში გზის გაგრძელება ძნელიც იქნებოდა და სახიფათოც.

ბედილამ დათუნასა და ჯადოსნობის დახმარებით სამყოფი შეშა ამოიტანა,

კოცონი დაჭიმულ ძროხის ტყავთან, ახლოს გადმოწია და სითბოში წამოწოლილი

თოვლის ფანტელებს უყურებდა.

− რა ხდება ახლა ჩვენთან? როგორ არიან? − აზრები სახლისკენ გაექცა და

თვალწინ იქაურობა წარმოუდგა, − ეჰ, წივილას გაგზავნა რომ მინდოდა, სულ

გადამავიწყდა. გამოიდარებს და აუცილებლად გავგზავნი! − მერე სცადა აქედან

მოეძებნა და წაეკითხა იას, ან ბებიას აზრები, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, − არა

უშავს, მალე ყველაფერს შევიტყობ.

უცებ შორიდან ვიღაცის, თუ რაღაცის ყვირილი თუ წკმუტუნი მოესმა. ზუსტად

ვერ გაეგო − თოვლი ახშობდა და ცვლიდა ხმებს. ცოტა ხანში ხმა მიჩუმდა, მაგრამ

მერე ისევ გაისმა. ბედილას არ უნდოდა ფანტელების თავბრუდამხვევ მორევში

Page 34: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

34

შებიჯება და უცნობ ადგილებში ბრმად ბორიალი. დიდხანს ებრძოდა თავს, მაგრამ

ბოლოს მაინც ვერ გაძლო და საძებრად წავიდა. თან ნაცარა წაიყვანა, დანარჩენებს კი

ადგილზე დარჩენა უბრძანა.

ნელა მიდიოდნენ. ბედილა ნაცარას შორს არ უშვებდა და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.

იარეს... იარეს... იარეს... ჯერ აღმა მიდიოდნენ, მერე თავქვე დაეშვნენ, მერე ისევ

აღმართს შეუდგნენ. ბედილას მალე თვალები აუჭრელდა და დროდადრო

თვალდახუჭული მიდიოდა. ფერდობზე დაგორდა და ასე გორვა-გორვით ძირამდე

ჩავიდა. არაფერი სტკენია, მაგრამ უკან ძლივს ამოაღწია.

ხმები ახლოს და ახლოს ისმოდა, ახლა წკმუტუნს უფრო ჰგავდა.

თოვლი კი ღრმავდებოდა და ღრმავდებოდა − ნაცარა ზოგჯერ ყურებამდეც

ეფლობოდა.

ბიჭსაც და მგელსაც ქანცი გაუწყდათ. ნაცარა დაღლილობისაგან ბანცალებდა,

ბედილა ოფლში იწურებოდა. მაგრამ მაინც შეუჩერებლად მიიწევდნენ წინ.

ისევ დაღმართი დაიწყო და სიარული გაადვილდა, სამაგიეროდ, სრიალა

თოვლში ბედილა დაცემასა და ადგომას ვერ აუდიოდა.

ეს დაღმართიც ჩაათავეს.

წკმუტუნი (ახლა ადვილად შეიძლებოდა გარჩევა, რომ ეს წკმუტუნი იყო) უფრო

ხმამაღლა გაისმა. მოულოდნელად ნაცარა ქვების გროვისკენ გაიქცა. მაშინ ბედილამაც

შენიშნა, ქვებზე გაწოლილი და თოვლით დაფარული, რაღაც არსება.

რაღაც არსება კი არა, ლეკვი იყო. საკმაოდ მოზრდილი და ჩაპუტკუნებული −

ძაღლის ჩვეულებრივი ლეკვი. ფეხი ქვებში გასჭედვოდა.

სანამ ბედილა ლეკვს თათს უთავისუფლებდა, ლეკვი ხელებს ულოკავდა, აქეთ-

იქით ტრიალებდა და ყველანაირად უშლიდა ხელს. მიუხედავად ამისა, ბიჭმა მისი

ხელში აყვანა და თოვლის მოშორებაც მოახერხა.

ლეკვს ცხვრის ტყავის მაგვარი რაღაც კი ჰქონდა შემოხვეული, მაგრამ სულ

გათოშილიყო. ბედილამ ნაბადში ჩაისვა და მაგრად ჩაიხუტა.

უკანა გზა უსაშველოდ გაიწელა და კოცონთან რომ მივიდნენ ბინდდებოდა.

...თოვა კარგა ხნის წინ შეწყდა და სანამ ლეკვს ჩახუტებულ ბედილას ძილი

საბოლოოდ მოერეოდა, ცაზე ვარსკვლავები გამობრწყინდა.

ბედილამ თვალები რომ გაახილა და ნაბდიდან თავი ამოყო, გარეთ სუსხიანი,

მზიანი დილა დახვდა. გარშემო მხიარულება სუფევდა − ნაცარა და ლამაზა

ერთმანეთს დასდევდნენ, მოულოდნელად პირისპირ ჩერდებოდნენ და ასევე

მოულოდნელად აგრძელებდნენ სირბილს; დათუნა ღრმა თოვლში დაგორავდა,

ლეკვი კი სკუპ-სკუპით მისდევდა და ხმამაღლა უყეფდა.

საუზმისთვის, ლეკვის გარდა, ყველანი კოცონთან შეგროვდნენ. მგლებმა და

დათვმა თითო, სანუკვარი ლუკმა მიიღეს ბედილას ხელიდან და გარშემო

შემოუწვნენ.

დაუღალავი ლეკვი განაგრძობდა თოვლში ხტუნვას − ის ახლა ჯოხს ეომებოდა.

უყეფდა, თავს ესხმოდა, მერე კი უკან იხევდა. მოძრაობისგან მის ტანზე შემოხვეული

ტყავის ნაჭერი მოსრულდა, მერე ნელ-ნელა ჩამოსრიალდა და აქეთ-იქით ჩამოეკიდა.

− აქამდე, როგორ არ ჩამოსძვრა?... აი, ახლა კი ნამდვილად... არა... შეხე,

ფრთებივით არ გაიშალა. ქარმა თუ დაუბერა, ნამდვილად ჰაერში აიტაცებს, −

Page 35: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

35

ცნობისმოყვარედ ადევნებდა თვალს ბედილა, − ეტყობა რაღაცითაა დამაგრებული,

თორემ უნდა ჩამოვარდნილიყო.

ლეკვს გვერდზე ჯერ ნაცარამ და მერე ლამაზამ ჩაურბინა (ამ ჯერზე ლამაზა იყო

მდევარი). უცებ გაანცებულმა ლამაზამ დაჭერობანას თავი ანება, მოტრიალდა, ტყავს

პირი სტაცა და მოქაჩა.

ამ წამიდან საოცრებები ერთმანთს მიჰყვა − ტყავი ადგილიდან არ დაიძრა,

ლეკვმა მოკლე ნახტომით გამოსტაცა ლამაზას ტყავის ეს ნაჭერი, შემდეგ თათი

ანაზდად ასწია და ერთი წაკვრით გააგორა ლამაზა თოვლში, დაღმართზე რამდენიმე

ნაბიჯი გაირბინა, ახტა, ტყავის ჩამოკიდებული ნაჭრები მართლა ფრთებივით

გაიშალა და ლეკვი აფრინდა.

ტყავის ნაჭრები კი არა − ნამდვილი ფრთები იყო!

ლეკვი ფრთების გაუნძრევლად, არწივივით მიფრინავდა. ჯერ ფერდობს ქვევით

ჩაუყვა, მერე კი ზევით აფრინდა, ირაო შეკრა და ბედილას ფეხებთან მიფრინდა.

ბედილა მთელი ამ ხნის განმავლობაში, წინ გადახრილი და ხელებგაშლილი,

გაქვავებულივით იდგა. ლეკვი მასთან რომ მიფრინდა, ბედილა შეკრთა და განზე

გახტა, თითქოს ლეკვის შეეშინდაო. ერთი-ორი წამი ისევ გაშეშებული იყო, შემდეგ,

გონს მოსასვლელად, ხელებით შუბლი და სახე მოისრისა. თავის გუდას გადაწვდა,

თოვლზე დაჯდა და გუდა მუხლებზე დაიდო...

− არა. რაღაცა სხვას ვაპირებდი, − გაკვირვებით გაიფიქრა ბედილამ, − ფუ, ეს რა

მემართება!

ადგა, ამჯერად გუდა დადო თოვლზე, თვითონ კი ზედ დაჯდა.

უნებლიე შიშს მოერია, ლეკვი აიყვანა, მუხლებზე დაისვა, მოეფერა.

− ვინა ხარ? ნეტავ, საიდან მოხვედი? − ჩაილაპარაკა თავისთვის.

− მე ყურშა მქვია, − დაბალი ბავშვური ხმით თქვა ლეკვმა.

ბედილა მოულოდნელობისაგან მთელი ტანით უკან გაიწია და კვლავ თოვლზე

აღმოჩნდა, ოღონდ ახლა გუდის მაგივრად მუხლებზე ყურშა ეჯდა.

...ბედილა ისევ გუდაზე იჯდა. უკვე იმის მერეც მოესწრო გონს მოსვლა, რაც, მის

საშველად მოვარდნილმა ლამაზამ და ნაცარამ გულმოდგინედ აულოკეს ცხვირ-პირი

და ცოტა თოვლშიც აგორავეს.

− ხომ არაფერი იტკინე, ყურშა? ჰმ, ყურშა... − ბედილამ კეფა მოიფხანა, − მითხარი

ერთი, ლაპარაკი სად ისწავლე?

− სახელი მოგახსენე, მეტს კი ვერაფერს გეტყვი. ნაბრძანები მაქვს, ბევრი

ლაპარაკის გარეშე, უმოკლესი გზით ადგილზე მიგიყვანო − მე აქ ყველა გასაძრომ-

გამოსაძრომი ვიცი, − ყურშა აშკარად ამაყობდა თავისი ცოდნით.

სულ მალე გაირკვა, რომ ყურშას ცოდნა მართლაც საამაყო იყო.

ყურშა წინ მიცუქცუქებდა, დანარჩენები კი, მას მიჰყვებოდნენ. სწრაფად

მიდიოდნენ და მთებშიც მაღლა ავიდნენ, მაგრამ ბედილას დაღლილობა სულ არ

უგრძვნია, თითქოს ახლახანს გაუდგა გზას. ყურშამ გვერდზე გაუხვია და ბუჩქებში

გაძვრა. ბედილაც მიჰყვა და მოულოდნელად ვიწრო ხეობაში ამოყო თავი. ვერაფრით

წარმოიდგენდა, რომ აქ გასასვლელი იქნებოდა.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ყურშა ნაპრალებში ჩადიოდა, აღებდა

საიდუმლო კარებს, ზოგჯერ, თითქოს კედელში უჩინარდებოდა... და მათ წინ ხეობა,

ბილიკი, ან გვირაბი გამოჩნდებოდა. ისინი გადადიოდნენ უფსკრულებზე,

გადიოდნენ მდინარეების ქვეშ, მთების შიგნით...

Page 36: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

36

გადახლართულ ბილიკებსა თუ მიწისქვეშა გამოქვაბულებში ყურშა უყოყმანოდ

ირჩევდა გზას. აუღელვებლად მიიწევდა წინ მზით განათებულ თხემებზეც და

ბნელით მოცულ ჯურღმულებშიც.

ასე იარეს მთელი დღე და მეორე დღის ნახევარი. ყურშა შეჩერდა და

დანარჩენებისკენ მოიხედა.

− თითქმის მოვედით, − გამოაცხადა მან და კიდევ ერთ გვირაბში გაუჩინარდა.

გვირაბი ზევით ადიოდა და თანდათანობით დაბლდებოდა − თავიდან ბედილა

გამართული მიდიოდა და თავსზევით საკმაო მანძილიც ჰქონდა, მერე თავის დაღუნვა

მოუხდა, შემდეგ წელში მოიხარა და მუხლებმოღუნული მიდიოდა, ბოლოს კი, ჭერის

სიდაბლის შესატყვისად მიწას ხელებით დაეყრდნო და გზა ოთხით განაგრძო.

საბედნიეროდ გვირაბი მალე დამთავრდა, ბედილა წელში გაიმართა... სადღა

იყო მთების მწვერვალებით გარშემორტყმული თოვლიანი ფერდობები − მის წინ

თვალწარმტაცი ბაღი გადაიშალა. სწორედ ისეთი, ზღაპრებში რომ გაეგონა − ხეებზე

ყვავილები, მწვანე ნაყოფი და მწიფე, წვნიანი, სურნელოვანი ხილი გვერდიგვერდ

იზრდებოდა.

ხეებს შორის, ყვავილებით მოფენილ მოლზე მათკენ მაღალი, გრძელთმიანი

ქალი მოდიოდა, კი არ მოდიოდა, თითქოს მოსრიალებდა ბალახზე...

− გამარჯობა ბედილა! კეთილი იყოს შენი მობრძანება, − ქალი ბედილას

მიუახლოვდა. ცოტა ბედილაზე მაღალიც კი აღმოჩნდა. ლამაზი იყო, ხორბლისფერი

თმით და მომწვანო-მონაცრისფრო თვალებით. ლამაზი იყო და იდუმალი.

− გაგიმარჯოს, ქალბატონო! − ბედილამ ქუდი მოიხადა და მოწიწებით დაუკრა

თავი.

ქალმა გაუღიმა და მხარზე მსუბუქად შეახო ხელი.

− ნუ გიკვირს, შენი სახელი რომ ვიცი. მე ბევრი რამ ვიცი. ცოდნა ჩემი ვალია.

წამოდით, − დანარჩენებსაც მიმართა ქალმა, − მოხერხებულად მოვეწყოთ, წავიხემსოთ

და ვისაუბროთ.

ქალი და ბედილა წინ წავიდნენ.

− ალბათ, გაშფოთებს, ჩემს აზრებს რომ ვერ სწვდები. ამას კიდევ ბევრჯერ

შეხვდები შენს არჩეულ გზაზე. არ იფიქრო, რომ შენს მომავალს ვჭვრეტ. არა. ზოგჯერ

შეიძლება ვიღაცის მომავალი განვჭვრიტო კიდეც, მაგრამ ეს სულ სხვაა. უბრალოდ,

როგორც გითხარი, ბევრი რამ ვიცი.

ბედილას კარგად არ ესმოდა რას გულისხმობდა ეს საოცარი ქალი. ბოლომდე

ვერც მის ვინაობას ხვდებოდა.

− ალბათ, დაგაბნიე ამ გაუგებარი ლაპარაკით. ვერ ხვდები, რა მინდა და ვერც

იმას − ვინ ვარ. კარგი, გეტყვი. მე დალი ვარ − აქაურობის ბატონ-პატრონი, − დალმა

არემარეს ისე შემოავლო ხელი, რომ ყველასთვის ცხადი გახდა, მარტო ამ ბაღს არ

გულისხმობდა.

დალი ამაყად გაიმართა და მედიდური ღიმილით გადახედა სტუმრებს. მერე კი,

უცებ გაიცინა, ხის გარშემო დაბზრიალდა, ბედილას წინ შეჩერდა, ხელი სტაცა და

გააქცუნა. დალი კუნტრუშ-კუნტრუშით მიქროდა წინ და დროდადრო კაბის ქვეშიდან

შიშველი ფეხები მოუჩანდა.

ბედილა დალს მისდევდა და გაკვირვებული შეჰყურებდა ამ ცქრიალა გოგონას,

რომელადაც იქცა აქაურობის ამაყი ბატონ-პატრონი. თუმცა, ეს სულ რამდენიმე წამს

გაგრძელდა − მათ დიდ ფანჩატურთან მიირბინეს და დალი უმალ ისევ მედიდური და

იდუმალი გახდა.

Page 37: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

37

− მოდი, აქ დავსხდეთ, − მიმართა დალმა ბედილას და ფანჩატურში გაშლილ,

ხორაგით დატვირთულ სუფრაზე მიუთითა.

სუფრის გარშემო სამი ჩვეულებრივი სკამი იდგა, ერთი − შუა, ცოტა მაღალი. იყო

კიდევ სამი, პატარა ტახტის მსგავსი დასაჯდომი, მათ გვერდით კი დიდი ქვა

დაედოთ.

დალი შუა სკამზე დაჯდა და ბედილას თავის მარჯვნივ მიუჩინა ადგილი. ამ

დროს დანარჩენებმაც მოირბინეს. დათუნა, ნაცარა და ლამაზა, მასპინძლის

მითითებით ტახტებზე მოთავსდნენ. ყურშა არ დამჯდარა, დალთან მიირბინა.

− შენის ნებართვით, ქალბატონო, დაგტოვებთ და მალევე გეახლებით, − დალმა

თავი დაუკრა და ყურშა გაიქცა.

− მიირთვით, ძვირფასო სტუმრებო, − გულთბილად მიმართა დალმა.

მას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ორი მერცხალი შემოფრინდა და

ფანჩატურის სახურავის ქვეშ დატრიალდა. მათ უზარმაზარი ფრინველი შემოყვა,

ქვაზე დაჯდა და... წივილა არ აღმოჩნდა?!

− მიირთვით, მიირთვით, ძვირფასო სტუმრებო, − გაიმეორა დალმა და თავად

დაუდგა წივილას ხორცით სავსე ჯამი.

დანარჩენებსაც გემოვნების მიხედვით ჰქონდათ ჩამორიგებული კერძები −

დათუნას თაფლით და მარწყვით სავსე დიდი ჯამები ედგა წინ, ნაცარას და ლამაზას,

პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრილი თითო ბატი.

დალის და ბედილას წინაც იდო ბატისა და ბატკნის ხორცი, ოღონდ შემწვარ-

მოხრაკული. იქვე იყო ნაირ-ნაირი საწებელა და საკმაზი.

დალმა მაგალითი მისცა სტუმრებს და ჭამას პირველი შეუდგა.

კარგად რომ დანაყრდნენ, ლამაზად ჩაცმულმა, გრძელნაწნავიანმა ქალწულებმა

დაცარიელებული ჭურჭელი გაიტანეს, შემდეგ კი ხილითა და ტკბილეულობით

აავსეს მაგიდა.

− ახლა შეგვიძლია აუჩქარებლად ვისაუბროთ, − თქვა დალმა, − მაგრამ, სანამ

შევუდგებით, მინდა ერთი კანონი დავარღვიო. მინდა, რომ დღეს და მხოლოდ დღეს,

ყოველი ჩვენგანის ნათქვამი ყველამ გაიგოს და ვაძლევ აქ მყოფთ, ადამის მოდგმის

ენას, − დალმა ხმას ნელ-ნელა მოუმატა, ბოლო სიტყვებზე კი, რომლებიც გრგვინვად

გაისმა, ხელები აიქნია.

ბედილას ეგონა, რომ გაიელვებდა, ან დაიქუხებდა, მაგრამ არა, არაფერი

მომხდარა. სამაგიეროდ გაისმა დათუნას დაბალი ხმა:

− ოჰ, რა სიამოვნებით შევჭამდი კიდევ ცოტა თაფლს.

ყველას გაეცინა. დათუნამ საშინლად დაიმორცხვა, მაგრამ მაშინვე მოვიდა

ხასიათზე, როგორც კი დიდი, თაფლით სავსე მათლაფა მოართვეს.

ამ დროს ფანჩატურში, არც თუ მაღალი, პირმრგვალი, მოხდენილი ყმაწვილკაცი

შემოვიდა და დალს მიუახლოვდა.

− დაჯექ. რად შეგაგვიანდა? − დალი სტუმრებს მიუბრუნდა, − გაიცანით ჩემი

ვაჟი და თქვენი მეგზური. დიახ, ეს ყურშაა.

ბედილას გაკვირვება სახეზე ეწერა.

− გარეგნობაც სულ სხვაა და სუნიც, − აღნიშნა ლამაზამ.

− დიდი მადლობა ამ ცნობისათვის, − თავის დაკვრით თქვა გაღიმებულმა

ყურშამ, − რა იცი, რაში გამომადგება.

− აი, ხმაში კი საკმაო მსგავსებაა, − ჩაერთო საუბარში ნაცარა.

ყურშა პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ დალმა ხელის აწევით გააჩერა.

Page 38: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

38

− დროს ნუ დავკარგავთ. ასე მგონია, რომ გაცილებით საგულისხმო საუბარი

გველის, − შემდეგ ბედილას მიუბრუნდა, − უნდა მოგახსენო, რომ შენი მოგზაურობის

შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი. შენი ნათესავის ქორწილით დაწყებული, სადაც

დიდებული გართობა მოაწყვე, ყოველ შენს ნაბიჯს მატყობინებდნენ.

შენისთანა ყმაწვილის მარტო მგზავრობა თავისთავად გასაოცარი იყო, −

განაგრძო დალმა, − მაგრამ შენი გამარჯვება ჭინკებზე, ტყაშმაფას გადარჩენა,

ოჩოკოჩებთან შებრძოლება და, ბოლოს, დევებთან ჭიდილი, საოცარზე მეტია. შავ

დევთან გაირკვა, რომ აზრების კითხვა შეგძლებია.

მარტო ეს ნიჭიც საკმარისი იქნებოდა აქ შენს მოსაპატიჟებლად, მაგრამ

აღმოჩნდა, რომ შეგიძლია ცხოველების მიზიდვა და დახმარების გამოყენება,

შეგიძლია ქვების, სკამების, თუ მაგიდების ჰაერში გადაადგილება, შეგიძლია ჩვენი −

მეუფეთა ცოდნის გამოყენება.

არ მახსენდება, ვინმეს ეგზომ მრავალფეროვანი ნიჭი ჰქონებოდა. მაგრამ

პირველად მაინც შენი მოგზაურობის მიზანზე მინდა გკითხო − სად მიდიხარ? ან რას

ეძებ?

და გთხოვ, ნუ ეცდები ტყუილის თქმას. აზრების კითხვა არ შემიძლია (თუმცა,

ვერც შენ კითხულობ ჩემსას), მაგრამ სიცრუის ცნობა − ჩემი ერთ-ერთი ნიჭია.

სიჩუმე ჩამოვარდა.

ბედილამ ცოტა ნაძალადევად გაიღიმა, სახე წამოუწითლდა.

− რატომ დაიმორცხვე? მოყევი, მოყევი, − გაამხნევა ყურშამ.

− ჰოო, მართალია, ძალიან გვინდა გავიგოთ, − დაიბუხუნა დათუნამ.

დალმა ისევ ასწია ხელი.

− ნუ აჩქარებთ. ბედილა, წყნარად მოიფიქრე და ისე დაიწყე.

− მაშ კარგი, − თითქმის მაშინათვე ალაპარაკდა ბედილა, − არ ვიცი როგორ

დავიწყო. ამიტომ, თავიდან მოვყვები:

დიდი ხანი არ არის, რაც აღმოვაჩინე ჩემი ძალა, თუ ნიჭი.

ამის მერე, საკმაოდ მალე გავიგე, რისი გაკეთება შემეძლო და რისი არა. არც

მაინცდამაინც ბევრი შემეძლო − ქვების და სხვა რაღაცების აწევა, ჰაერში გადატან-

გადმოტანა; ძროხების, ძაღლების, კატების ათამაშება და სხვადსხვა წარმოდგენის

მოწყობა. ეგ იყო და ეგ. თუმცა აზრების კითხვაც შემეძლო. მერე ვცადე ადამიანები

მეტარებინა ჩემ ჭკუაზე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მზის სხივებმაც ვერ მიშველა.

− მზის სხივებმა? − გაიკვირვა დალმა.

− ჰო, მზის სხივებმა. თავიდან, გასაძლიერებლად, მთაზე მზის პირველ სხივებს

შევხვდი და ძალიან დამეხმარა. მაგრამ აქ ვერ მიშველა.

ბევრს ვფიქრობდი, როგორ მესწავლა მეტის გაკეთება. ბოლოს გადავწყვიტე, რომ

თუ რისამე სწავლა მინდა, მასწავლებელი უნდა ვიპოვო. ჰო და, წამოვედი სახლიდან.

გზაში ცოტ-ცოტა რაღაც ვისწავლე, ისე, დიდი არაფერი.

ძლიერი, განსწავლული ჯადოსანი უნდა ვიპოვო და მისგან ვისწავლო

ყველაფრის კეთება. სწორედ ეს არის ჩემი მოგზაურობის მიზანი.

− ზუსტად არ ვიცი, ჯადოსნობას რას უწოდებ, − ჩუმად დაიწყო დალმა, − რაც

შენ ისწავლე, ჭინკებისგან, ოჩოკოჩებისა და დევებისგან, ეს ძველი, მათთვის

დასაბამითგანვე ბოძებული ცოდნაა. ცოდნა, რომელიც ქარის და წვიმის,

მდინარეებისა და ტყეების, ზღვებისა და მთების, ყველაფერი ამის სამართავადაა

მოცემული. ზოგიერთ ჩვენგანს ცხოველებისა და ფრინველების ბატონ-პატრონობაც

Page 39: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

39

მიენდო. ამ ცოდნას, თუ მის მსგავსს, სხვებიც იყენებენ ხოლმე. ყოველთვის არ ვიცით

ვინ − ადამის რომელი შთამომავალი.

− რატომ აუცილებლად ადამის შთამომავალი? რატომ არა სხვა ვინმე? −

ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა ბედილამ.

− ყოველი ჩვენგანის მოქმედება წინდაწინაა ცნობილი, შემდეგ კი, მე

მომეხსენება. მხოლოდ ადამიანს შეუძლია ამ გეგმიდან გადახვევა და ჩემგან

დაფარულად რისამე კეთება. ზოგჯერ ამით არაფერი შავდება, მაგრამ ერთი-ორჯერ

დიდი უბედურებაც მომხდარა.

− როგორ შეუძლია ვინმეს შენგან მალულად იმოქმედოს? შენ ხომ ყველაფერი

იცი, − ჰკითხა ბედილამ.

− არა. არა. ყველაფრის ცოდნა საჩემო არაა. მე ბევრის დანახვა და შეტყობა

შემიძლია, მაგრამ ყველაფერი აქაც ვერ იქნება − თუ ვერც ფრინველმა ნახა, ვერც

ცხოველმა და ვერც ჭინკამ, არც მე მეცოდინება... ერთი ეს მითხარი, რას ეძებ? რის

სწავლას ლამობ? ჩვენთვის მოცემული ცოდნა გინდა, თუ რაიმე სხვა?

− არ ვიცი, რა ვთქვა, − ნელა დაიწყო ბედილამ, − მე ჩემი ოჯახის ბედნიერებაზე

ვფიქრობდი, სხვების ბედნიერებაზეც. მინდა ყველამ კარგად იცხოვროს. ამისთვის

ადამიანების სურვილების, ან უკვე გაკეთებულის შეცვლა უნდა შემეძლოს. დიდი

ცოდნაც მჭირდება, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთო. ამისთვის რა და როგორ უნდა

ვისწავლო, არ ვიცი და ვერც წარმომიდგენია.

− თუ სწორად გაგიგე, − წამოიწყო ისევ დალმა, − ადამიანებზე ბატონ-პატრონობა

გინდა. არ უნდა იყოს ადვილი საქმე და ჯერ არ ვიცი, რითი შემიძლია დაგეხმარო...

ახლა კი, მინდა შენს მეგობრებსაც დაველაპარაკო. − დალი პირველად ლამაზას

მიუბრუნდა − ვიცი, რომ ლეკვები, კიდევ კარგი, ჯერ არ გყოლია. არც ნაცარას და

დათუნას ჰქონია ასეთი საზრუნავი. მითხარი, ბედილასთან შეხვედრისას რა იგრძენი?

− უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაც მეძახდა და იქით უნდა წავსულიყავი, გავიქეცი.

ნაცარაც იქით მირბოდა. ბედილასთან, ჩვენს გარდა, კიდევ სამი მგელი მოვიდა,

მაგრამ ჩვენ დაგვტოვა. მერე გვიბრძანა, უფრო ახლო მივსულიყავით. მაშინ ძალიან

შემეშინდა, მაგრამ ვერ ვუძალიანდებოდი. მთელი ის დღე ასე ვიწვალეთ. მერე კი

ნელ-ნელა შევეჩვიეთ. ახლა უკვე დავმეგობრდით და მას აღარ მივატოვებთ.

− მეც სწორედ ასე ვიყავი, − თქვა ნაცარამ.

− მეც, − გაისმა დათუნას ხმა, − მაგრამ არ შემშინებია. ძალიან კი გამიკვირდა,

ბედილას რომ არ ეშინოდა.

− შენ რას იტყვი? − არწივს მიმართა დალმა.

− მე მომწონს ეს მოგზაურობა.

− და თავიდან?

− თავიდანვე მომწონდა.

− გასაგებია. მაშ სადღეისოდ დავამთავროთ ჩვენი საუბარი. დაისვენეთ.

გაერთეთ. დაათვალიერეთ აქაურობა. მე კი ამასობაში მოვიფიქრებ.

ბედილას სიამოვნებდა დასვენება − სულაც არ ჩქარობდა აქაურობის დატოვებას.

უხაროდა რბილ ლოგინში ძილი, მოსწონდა ზღაპრულ ბაღში ნება-ნება სეირნობა, ხის

ძირში, ხშირ ბალახზე წამოწოლა და ოცნებებში ჩაფლულს, ქარს ადევნებული

ღრუბლების ცქერა.

ვერ გაეგო რატომ ხდებოდა ასე − დაღლილობამ სძლია, თუ დალის

სამფლობელოს ჯადოთი მონუსხულიყო.

Page 40: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

40

ქვეყნის ბატონობაზეც ფიქრობდა ხოლმე. ახლა ბედნიერი და აყვავებული

სამშობლო სულ უფრო ემსგავსებოდა დალის ჯადოსნურ ბაღს.

ნაცარა, ლამაზა და დათუნაც ასევე ზარმაცად ნებივრობდნენ. წივილაც კი,

ძილში ატარებდა ნახევარ დღეს.

დღე დღეს მისდევდა, კვირა − კვირას, განცხრომაში მყოფი მოგზაურები კი,

ჯერაც არ აპირებდნენ მოგზაურობის გაგრძელებას.

მაგრამ დადგა ივლისი, მოულოდნელად დაუბერა გრილმა, მაფხიზლებელმა

ნიავმა და დალმაც ისევ სთხოვა სტუმრებს სასაუბროდ შეკრება.

ამჯერად ისინი თავის სასახლეში მიიპატიჟა.

− იმედი მაქვს, რომ ყველამ კარგად დაისვენა, რადგან ჩვენი განშორების დრო

ახლოვდება. თუმცა, სანამ ერთმანეთს დავემშვიდობებით, მინდა ჩემი საუფლოს

რამდენიმე ადგილი გიჩვენოთ, რისთვისაც გთხოვთ ხვალ, ნასაუზმევს ჩემს

სასახლესთან შემხვდეთ.

მეორე დღეს შეთანხმებისამებრ შეიკრიბნენ სასახლის წინ, სადაც უკვე

მობრძანებულიყვნენ დალიც და ყურშაც.

ყურშას დანახვა ყველას გაუხარდა − მთელი ამ დროის განმავლობაში ერთხელაც

არ გამოჩენილა. ბედილასა და ყურშას მოკითხვები და დანარჩენების უსიტყვო (ისევ

არ შეეძლოთ ლაპარაკი), თუმცა ხმაურიანი მისალმება დიდხანს გასტანდა, მაგრამ

დალი მათ წინ გაუძღვა და ყველანი გაჰყვნენ.

დალმა ბაღი გაიარა და ქვის ზღუდესთან მივიდა, სადაც მოულოდნელად

გამოჩნდა, თუ გაჩნდა ხის კუტიკარი. მათი მიახლოვებისას კარი გაიღო და მის მიღმა

თოვლიანი ფერდობი აბრჭყვიალდა.

გარეთ რომ გავიდნენ, ბედილამ იცნო ეს ადგილი, სადაც მათი ბოლო ბანაკი იყო

გაშლილი, საიდანაც ყურშა გაუძღვა მათ დალის სამფლობელოსკენ.

− მაშ უმოკლესი და, ალბათ, უადვილესი გზით გვატარე, არა? − დაცინვით

მიმართა ყურშას ბედილამ, − ეს არის შენი ნაქები მეგზურობა?

− ნუ გაჰკიცხავ მას, − ღიმილით თქვა დალმა, − ეს ყურშას სურვილით არ

მომხდარა და ვერც ამ კარს გააღებდა. მან ჭეშმარიტად ყველაზე მოკლე და იოლი

გზით გატარათ.

…ჩემს ბაღში ადამიანებიდან ცოტა ვინმეა ნამყოფი და იქ მოსახვედრად მათ

დიდი შესაწირი გაიღეს − ვინ ხელი შესწირა, ვინ ფეხი, ვინ სულის სიმშვიდე...

მოსულებიდან მხოლოდ ერთი-ორმა მოახერხა უკან დაბრუნება და იმათაც

შესაშურად არ წასვლიათ საქმე.

შენ კი, ესაა რომ, თოვლში მოგიხდა ცოტაოდენი გასეირნება.

ნუ დამძრახავ ამ მცირე გამოცდისთვის.

შეხედე! − დალმა ერთი ხელი ბედილას მოჰკიდა, მეორე კი შორი მწვერვალისკენ

გაიშვირა. მთიდან ზვავი მოწყდა და უხმოდ გაქანდა ქვევითკენ.

− მისმინე, ბედილა! თოვლში შენი ხეტიალის, ერთი ლამაზი ქალბატონის

გადარჩენის, გუდაში შენახული ორი ბურთულისა და შენს ნაბადში ჩამთბარი ლეკვის

გამო, შენთვის ხიფათის ცოდნა მიბოძებია! ამიერიდან ყოველთვის და ყოველგან

წინდაწინ გეცოდინება ზვავი იქნება თუ მიწისძვრა; მეწყერი, ქვათა ცვენა, თუ

ქარიშხალი; დელგმა, მეხი, თუ ღვარცოფი; და უსაფრთხო თავშესაფარიც გეცოდინება.

ბედილა მადლობის სათქმელად მოემზადა, მაგრამ დალმა არ აცალა:

− ნუ მიხდი მადლობას, მე მხოლოდ ვალი დაგიბრუნე და ისიც, ალბათ, არც თუ

სრულად.

Page 41: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

41

მეორე კუტიკარში მეორე დღეს გავიდნენ და ტყის შუაგულში აღმოჩნდნენ.

ნაცარასა და ლამაზას გამოცოცხლება და გარშემო გამალებული სირბილი, აზრების

კითხვის გარეშეც მიახვედრებდა ყველას, რომ ეს მათი მშობლიური მიდამო იყო.

კარგა ხანს ისხდნენ დალი და ბედილა მზით გამთბარ, უზარმაზარ ლოდებზე,

კარგა ხანს თვლემდნენ მიწაზე გაწოლილი დათუნა და ქვაზე ჩამომჯდარი წივილა,

სანამ მგლებმა გული იჯერეს ნაცნობ ადგილებში სირბილით და ახლობლების

მოკითხვით.

უკან რომ დაბრუნდნენ დალმა კუტიკარი მიკეტა და მაშინათვე ისევ გამოაღო.

ისევ ტყე იყო, მაგრამ ამჯერად დათუნას ტყე, მისი ბუნაგი.

დათუნამაც სიამოვნებით მოინახულა თავისი სამშობლო, მაგრამ მგლებზე

ბევრად ნაკლები დრო დაჰყო იქ.

კიდევ ერთხელ დაიხურა და გაიღო კუტიკარი − ყველანი კლდის თავზე

წივილას ბუდის მახლობლად იდგნენ.

წივილა მაღლა აფრინდა, ერთი ძალზე განიერი წრე შემოიფრინა და ამით

დაამთავრა მამულების მონახულება.

მესამე დღეს უფრო განიერი და მაღალი კუტიკარი დახვდათ. კარში რაღაც

სათავსო გამოჩნდა, დღის ჩახჩახა სინათლესთან შედარებით ბნელოდა.

− კარში ნუ გახვალთ! სანამ აქეთ ვართ, იქედან არაფერი ჩანს.

ბედილა ყველაზე წინ იდგა და უფრო კარგადაც ხედავდა. ოთახში ბავშვი

შემოვიდა, გოგონა, გამხდარი, გაშლილი თმებით. გოგონამ ცეკვა-ცეკვით შემოუარა

ოთახს და მაგიდასთან გაჩერდა.

ბედილას ტანში ჟრუანტელმა დაუარა − ეს ია იყო. ახლა ოთახიც იცნო, მაგიდა

გვერდზე გადაუდგამთ და უცბად იმიტომ ვერ მიხვდა. ამ დროს ბებიაც შემოვიდა,

ცოცხი შემოიტანა და ოთახის დაგვა დაიწყო. იას რაღაც უთხრა (რა, კარგად არ

ისმოდა), იამ გადაიკისკისა და სირბილით გავიდა ოთახიდან − როგორ გაზრდილა!

ბებიამ ოთახი დაგავა, მაგიდიდან მტვერი გადაწმინდა და თვითონაც გავიდა.

ბედილამ, თავისდაუნებურად, დალთან მიირბინა და კისერზე მოეხვია.

დალმაც მოხვია ხელი, თავზე მოეფერა, მერე გაუღიმა (ასე დიდი-დიდი-დიდი-

დიდი ბებია გაუღიმებდა ალბათ) და ალერსიანად უთხრა:

− წადი, წერილი მისწერე. მე კი დილით იქ დავახვედრებ...

მეოთხე დღეს თოლია, ლალო და ლეილა “მოინახულეს”. თოლიასა და ლალოს

ეტყობოდათ, რომ მშვენივრად გრძნობდნენ თავს და გუნებ-განწყობაც კარგი

ჰქონდათ.

არც ლეილა გამოიყურებოდა ურიგოდ, მაგრამ მის ყოველ ნაბიჯს და მოძრაობას

თვალს ორი ჭინკა ადევნებდა.

მეხუთე დღეს სტუმრებს დალისა და ყურშას გარდა გრძელნაწნავიანი

ქალწულების გუნდი შეხვდა. ისინი ყველასთან ერთად მივიდნენ კუტიკართან,

პირველებმა გაიარეს მასში და ოქროსრქიან ჯიხვებად იქცნენ.

დანარჩენებიც გავიდნენ კარში და ისევ თოვლიან მთებში აღმოჩნდნენ. დალმა

ხელით უჩვენა, საით უნდა წასულიყვნენ და პირველი შეუდგა აღმართს.

Page 42: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

42

მათი გზა ფერდობებს შორის მიდიოდა. მთები თანდათან უფრო ახლოს და

ახლოს მოიწევდნენ ერთმანეთთან.

ბედილას სული შეეხუთა, მოეჩვენა თითქოს მთები მხრებზე აწვებოდნენ.

გარშემო კი უდარდელად დაქროდნენ ოქროსრქიანი ჯიხვები − კლდიდან

კლდეზე დახტოდნენ, უეცრად წინ გაიჭრებოდნენ, მერე უკან ბრუნდებოდნენ და ისევ

წინ მირბოდნენ.

ბედილას თვალი მოსტაცა მათი მოხდენილი მოძრაობების სისწრაფემ,

თავისუფლად ამოისუნთქა და თვითონაც მოუნდა მათთან ერთად კლდეებში

გაქროლება. უნებლიედ ნაბიჯსაც კი მოუმატა და დალს წამოეწია.

− მეც ამიტაცებს ხოლმე ხტუნვა-სირბილის სურვილი, მათ შემყურეს, −

ღიმილით უთხრა დალმა, − მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, ისედაც მალე მივალთ. უფრო

სწორად, მივედით კიდეც.

ბედილამ დალის მზერას გააყოლა თვალი. მაღლა კლდეზე პატარა გამოქვაბული

მოჩანდა. ჯიხვები რიგრიგობით გაუჩინარდნენ მასში. დალსა და ბედილას წინ კლდე

გაიხსნა და დიდი, ჩირაღდნებით განათებული დარბაზი გამოჩნდა.

− სადა ვართ? − ცოტა სულელურად იკითხა ბედილამ.

− ეს ერთ-ერთია მრავალ ჩემს გამოქვაბულთაგან, − დალი შესასვლელისკენ

გაემართა.

...ბედილა გულმოდგინედ ათვალიერებდა იქაურობას. ნაცარა და ლამაზაც

ამასვე აკეთებდნენ, მთელ გამოქვაბულში დარბოდნენ და ყველა კუთხე-კუნჭულში

ყოფდნენ ცხვირს.

ბედილას ყურადღება მიიქცია აქა-იქ, კედლებზე მბრწყინავმა წერტილებმა,

მაგრამ კედელთან რომ მივიდა ვერაფერი ნახა.

− შეუჩვეველი ადამიანისთვის არც ისე ადვილია ამის პოვნა, − დალმა დიდი

ბრტყელი ქვიდან რაღაც აიღო და ბედილას გაუწოდა, − ეს ოქროს ზოდია. მთელი ეს

კედლები სულ ოქროს ზოდებია. ცოტა თუ დაიკვეხნის იმისთანა სიმდიდრეს, რაც აქ

იმალება.

სანამ ბედილა ოქროს ზოდს მიწისგან ასუფთავებდა და ხელით სინჯავდა,

გამოქვაბულის სიღრმიდან გამოვიდნენ გრძელნაწნავიანი ქალწულები, რომელთაც

ოთხი პატარა ზარდახშა მოჰქონდათ. ისინი მიუახლოვდნენ დალს და მის უკან

უხმოდ დადგნენ.

− ლამაზა! ნაცარა! დათუნა! ჩემთან მოდით! − დაიძახა დალმა, − მინდა

სამახსოვროდ საჩუქრები მოგართვათ.

დალმა რიგრიგობით შეაბა კისერზე სამივეს თითო წვრილი ოქროს ჯაჭვი ზედ

ჩამოკიდებული ოქროს ბურთულით.

ამ დროს მერცხლების ამალით გარშემორტყმული წივილა შემოფრინდა და მასაც

ერგო ასეთივე საჩუქარი.

− ეს ბურთულებიანი ჯაჭვები ყოველგვარი იარაღისაგან დაგიცავთ. ხანჯლის

წვერი ტანზე რომ გქონდეთ მობჯენილი, თქვენი კანის გაჭრასაც ვერავინ შესძლებს.

და ნუ იდარდებთ ჯაჭვის გაწყვეტაზე − თვით დიადი სოლამის გამოჭედილია და ჩემს

მიერ ნაკურთხი ეს ნივთები − ისინი არასოდეს დაგეკარგებათ. გოგოებს შეეძლოთ

ბაღში მოეტანათ თქვენთვის ეს სამკაულები, მაგრამ აქ, სოლამის სამჭედლოს

კარიბჭესთან მოცემულთ, განუზომლად მეტი ძალა აქვთ.

ახლა კი, წავიდეთ! − ხმამაღლა დაასრულა დალმა.

Page 43: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

43

ქალწულები გვერდით მყოფ კიბეს აუყვნენ და ბედილამ ახლაღა შეამჩნია პატარა

გამოქვაბულის შემოსასვლელი, ზევით რომ მოჩანდა.

იჩქარე ბედილა! − გარედან დაუძახა დალმა, − კარი დაიკეტება და შენც ზევიდან

მოგიწევს გადმოხტომა.

…კუტიკარით ბაღში რომ შევიდნენ, დალმა შეაჩერა სტუმრები:

− ხვალ საქმე არაფერი გვაქვს და ეს ერთი დღეც დაისვენეთ. ზეგ კი, აქედან

წასვლას თუ აპირებთ, გზას უნდა გაუდგეთ.

მეშვიდე დღეს ყველანი და მათ შორის გრძელნაწნავიანი ქალწულებიც, ბაღის

კარიბჭესთან იყვნენ შეკრებილები.

ეს ჩვეულებრივი კარიბჭე იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში არც გამქრალა, არც

გაჩენილა და არც ადგილი შეუნაცვლებია.

აბიბინებული ბალახით დაფარული ბაღიდან ყველანი თოვლიან ფერდობზე

გავიდნენ. წინ დალი, ბედილა და ყურშა მიდიოდნენ, მათ ნაცარა, ლამაზა და დათუნა

მისდევდნენ, უკან კი ქალწულების ამალა მიჰყვებოდათ. დიდხანს ეშვებოდნენ, ხან

ციცაბო და ხან დამრეც ბილიკზე, სანამ ორ პიტალო კლდეს არ მიაღწიეს, რომელთა

შორის ბილიკის სიგანის გასასვლელიღა იყო დარჩენილი.

− ეს ბილიკი დაბლობში ჩადის და ამავე გზით ყოველთვის შესძლებ ჩემს ბაღში

მოსვლას, მაგრამ დღეს სჯობს სხვა გზით წახვიდე აქედან. ეს გზა უხიფათო არ არის,

სამაგიეროდ მოკლეა და შენთვის საცოდნელად საჭირო მგონია. აქეთ მოდი! − მოიხმო

დალმა ბედილა და კლდის შვერილს შემოუარა.

ბედილაც მივიდა იქ და კლდეში დიდი ბნელი ხვრელი დაინახა.

− ამ გვირაბით იწყება თქვენი გზა, მთების ქვეშ გაივლის და ახლოს მიგიყვანთ იმ

ტყესთან, სადაც უნდა მიხვიდეთ. იქ ოჩოპინტრეს იპოვით (ყველა ფრინველი და

ცხოველი მიგასწავლით) და იმას გამოჰკითხავთ ჯადოსნის, თუ ჯადოსნების ამბავს.

− ოჩოპინტრე ოჩოკოჩების ნათესავი ხომ არ არის? − წარბის აწევით იკითხა

ბედილამ.

− არა, ნუ გეშინია. და ნურც მე შემაშინებ, − გამხიარულდა დალი, − ახლა კი,

დაემშვიდობეთ ერთმანეთს.

ბედილამ დალს გაუღიმა, ყურშასთან მივიდა, გადაეხვია, შემდეგ კი ჩამოუარა

და აკოცა დალის მთელ ამალას. მგლები და დათვიც ყველას მიეფერნენ. დალმა

ბედილას თითი დაუქნია, ცხოველებს მოეფერა, დაემშვიდობა და ისევ მას

მიუბრუნდა:

− პატარა საჩუქარი შენც მინდა გისახსოვრო, − დალმა კაბის კალთიდან ტყავის

ქისა და დიდი გამჭირვალე, წახნაგებიანი ქვა ამოიღო, − ამ ქისაში ცოტაოდენი ოქროს

ფულია − დიდი არაფერია, მაგრამ გზაში დაგჭირდება. ეს ქვა კი ბევრჯერ

გამოგადგება − იგი მზის სინათლეს აგროვებს და სიბნელეში დიდხანს ანათებს −

გვირაბებში მთელ თქვენს სასიარულოს და ბევრად მეტსაც ეყოფა.

− დიდი მადლობა, ჩემო ქალბატონო, − მოწიწებით დაუკრა თავი ბედილამ,

გაწვდილი ნივთები აიღო და მოულოდნელად დალის მკლავებში აღმოჩნდა.

დალმა ყმაწვილი მაგრად ჩაიკრა გულში, ერთხელ შუბლზე აკოცა, ერთხელაც −

პირდაპირ ტუჩებში.

როდესაც ბედილამ დალის დანახვა შესძლო, მის წინ ისევ ის ანცი გოგონა იდგა,

პირველ დღეს რომ დაარბენინებდა ბაღში.

წამიც და დალმა წყნარად, ვითომც არაფერი მომხდარაო, თქვა:

Page 44: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

44

− მშვიდობით, მეგობრებო! ფრთხილად იარეთ ამ გზაზე. გევლოთ მშვიდობით!

დალმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, ხელი გაიწვდინა და ჰაერში კუტიკარი

გამოაღო − მის აქეთ-იქით ქვის ნაცნობი ღობე აღიმართა, მიღმა კი, დალის

ჯადოსნური ბაღი გამოჩნდა.

VI.

ისევ მიხვეულ-მოხვეულ მიწისქვეშა გვირაბში იყვნენ, თუმცა ეს სულ არ გავდა

შავი დევისგან გამოქცევას. ახლა წყნარად და აუჩქარებლად მიდიოდნენ ჯადოსნური

ბროლით, როგორც შეარქვა უკვე ბედილამ გამჭირვალე ქვას, გაჩირაღდნებულ

დერეფანში.

წივილა მათთან, რა თქმა უნდა, არ იყო. ის კიდევ ცოტა ხნით დარჩა დალთან და

საჭირო დროს მოფრინდებოდა.

ბევრი სიარულის მერე წინ გასასვლელი გამოჩნდა.

− ნუთუ ერთ დღეზე ნაკლები დაგვჭირდა მთელი გზის გასავლელად? −

გაიფიქრა ბედილამ.

მაგრამ, რასაკვირველია, ასე არ იყო. გარეთ რომ გავიდნენ, კლდის თავზე, ვიწრო

ბაქანზე აღმოჩნდნენ, აქეთ-იქით უფსკრულები იყო, წინ კი, შემდეგი გვირაბის

შესასვლელი ჩანდა.

ჩამუქებულ ცაზე პირველი ვარსკვლავები გამობრწყინებულიყო. მოშორებით

იისფრად − თითქოს ანათებსო − მოჩანდა ფერდობებზე აქა-იქ შეფენილი თოვლი.

ლამაზი იყო აქაურობა, მაგრამ ცივი ქარი უბერავდა. ბედილამ ნაბადში ჩარგო

თავი და ნაბიჯს უმატა...…

ეს გვირაბი ბევრად გრძელი აღმოჩნდა. ბედილას ანგარიშით, სამი დღის

სიარული დასჭირდათ მის გასავლელად. ისინი ისევ რომელიღაც კლდის თავზე

გავიდნენ და დაინახეს, რომ თოვლიან მთებზე ბევრად დაბლა ჩამოსულებიყვნენ.

მომდევნო გვირაბში უფრო ციცაბო დაღმართი დახვდათ და მასაც მიახლოებით

(ისევ ბედილას ვარაუდით) სამი დღე მოანდომეს.

...გვირაბი გაიყო და ახლა ისინი სამი გვირაბის − სამი გზის გასაყარზე იდგნენ.

მარცხენას ეწერა: “მარცხნივ წახვალ − დაიღუპები”. მარჯვენას ეწერა: “მარჯვნივ

წახვალ − დაიღუპები”. შუა გვირაბს წარწერა არ ჰქონდა. თუმცა, ბედილა თითქმის

დარწმუნებული იყო, რომ ოდესღაც აქაც იგივე გაფრთხილება იქნებოდა. მაგრამ სხვა

გზა მაინც არა ჰქონდა და შუა გვირაბს გაუყვა.

ერთი წუთიც და გვირაბი დამთავრდა. ისინი დიდ გამოქვაბულში შევიდნენ.

აქაურობა, რომელიღაც ცხოველის ბუნაგს ჰგავდა. აქა-იქ ძვლები ეყარა, ერთ კუთხეში

ლოგინის მაგვარი რაღაც იყო. და თუ ეს მართლაც ლოგინი იყო, ამ ბუნაგის პატრონი

უზარმაზარი უნდა ყოფილიყო.

ბედილამ და მგლებმა მთელი გამოქვაბული შემოიარეს. გამოქვაბულში კიდევ

სამი შემოსასვლელ-გასასვლელი აღმოჩნდა. ორი მათგანი, ნამდვილად, მარცხენა და

მარჯვენა წარწერიანი გზა გამოდგა. მესამე გასასვლელი საპირისპირო მხარეს

გადიოდა. ეს მაღალი და განიერი გვირაბი სწორად მიდიოდა და ჯადო-ბროლის

სინათლეზე მაინცადამაინც გრძელი არ ჩანდა.

ბუნაგი (თუ ეს ბუნაგი იყო) მიტოვებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბედილას

სწრაფად უნდოდა აქედან გაღწევა და ამასთანავე ძალიან ფრთხილობდა. თავისი

შეგრძნებები არ იკმარა − ნაცარა და ლამაზა გაუშვა დასაზვერად.

Page 45: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

45

წინ საშიში არაფერი აღმოჩნდა. გვირაბი მართლაც საკმაოდ მოკლე იყო და

გარეთ გადიოდა.

ბნელოდა, ეტყობოდა, ღრუბლიანი ღამე იყო − ცაზე სინათლის ერთი

ნაპერწკალიც არ ჩანდა. ბედილამ ჯადო-ბროლი უფრო მაღლა ასწია და წინ მიმავალი

ფართო გზა გაანათა.

თავიდან მოტიტვლებულ ადგილებში მიდიოდნენ − ბალახისა და დაბალი

ბუჩქების მეტი არაფერი იყო, მაგრამ, აი, გამოჩნდა ჯერ თითო-თითო ხე, მერე კი

მთელი კორომები და საბოლოოდ გზა ტყეში შევიდა.

ასეთი ხეები ბედილას ცხოვრებაში არ ენახა. ხეების ტანი თითქოს დიდი

ბურთებისგან იყო აწყობილი, მათ ცაში აშვერილი ტოტები და დიდრონი ხშირი

ფოთლები ჰქონდა.

ცოტა ხანში ტოტებს შორის სინათლე გამოკრთა − ცა ცოტათი განათდა.

− მთვარე ამოდის, − გაიფიქრა ბედილამ − უჰ, როგორი ღრუბლებია?!

სინათლე ნელ-ნელა მატულობდა. ამ დროს ტყე დამთავრდა და ბედილამ ცა

უფრო კარგად დაინახა. ღრუბლების განარღვევიც გამოჩნდა.

− რა უცნაური ღრუბლებია, როგორი სქელია?! − ახლა უფრო და უფრო ხშირად

უყურებდა ცას.

ღრუბლების ეს განარღვევი ახლოვდებოდა და მრგვალდებოდა. ღრუბლების

სისქე კი იმაზე მეტი იყო, ვიდრე თავიდან ეგონა. კიდევ მიუახლოვდა და ღრუბლების

სისქემაც იმატა. კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ...

− რა უბედურებაა? შეუძლებელია ასეთი სისქის ღრუბლები.… თუ

შესაძლებელია? დალს თუ მოუნდება, ალბათ შესაძლებელია.

კიდევ მიუახლოვდა ამ ხვრელს და ბოლოს პირდაპირ მის ქვეშ აღმოჩნდა.

გამოჩნდა ღრუბლების უზარმაზარი სისქე, ზევით კი...…

− ვერაფერი გამიგია. ეს რა მთვარეა?... არა. მთვარე ნამდვილად არაა... ეს ცაა... და

ეს კიდევ...…

ბედილას თავბრუ დაეხვა, კინაღამ დაეცა − შორს, შორს ზევით მოჩანდა ცისფერი

ცა. ის კი, რაც მას აქამდე ღრუბლები ეგონა, სინამდვილეში კლდე იყო.

დიახ. ის უზარმაზარ, წარმოუდგენლად, უსაშველოდ დიდ გამოქვაბულში

იმყოფებოდა. მის თავს ზემოთ კი ჩანდა შორეული ლურჯი ცის ნაგლეჯი − ზედა

სამყაროს ნაწილი.

თავზარი დაეცა, მოულოდნელად შიშმა აიტანა.

− რა ვქნა? აქედან როგორ გავაღწიო? ჯადოსნობა რომ მცოდნოდა...

ფეხებში სისუსტე იგრძნო და ქვაზე ჩამოჯდა. ყურადღება რამე სხვაზე რომ

გადაეტანა საჭმელი ამოიღო, წაიხემსა და წყალიც მიაყოლა.

ამან ცოტა უშველა და თანდათან დამშვიდდა.

− წავალ, მოვივლი ამ გამოქვაბულს და სხვა გასასვლელი თუ ვერ ვნახე, უკან

დავბრუნდები მთებში.

ბევრი იარეს. შორს უკან მიიკარგა მზის სხივების ანარეკლი, როცა წინ ისევ

გამოჩნდა სინათლე. ბედილას იმედი მიეცა: “ეგებ გასასვლელი იყოს რამეო”.

შუქი საკმაოდ დიდ არეს ანათებდა, აქაც ჭერიდან მოდიოდა. არა, გასასვლელის

მაგვარიც არაფერი იყო − თვითონ ჭერი ანათებდა, ყვითელ-თეთრად ვარვარებდა,

მაგრამ სიცხე არ იგრძნობოდა, ეტყობა ჭერი სულაც არ იყო გავარვარებული. ამ

Page 46: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

46

სინათლეზეც შეიძლებოდა სიარული, თუმცა ბედილას ჯადო-ბროლი მაინც არ

შეუნახავს.

დასასვენებლად რომ ჩამოსხდნენ, ბედილამ მოულოდნელად იქვე, სულ ახლოს

დიდი, შემოღობილი ეზო და სახლი დაინახა. თითქმის მაშინვე შენიშნა ცოტა

მოშორებით გაშენებული ქალაქიც. ჩვეულებრივ განათებაზე მას გაცილებით ადრე

შეამჩნევდა, მაგრამ ჯადო-ბროლის კაშკაშა სინათლით დაბრმავებულმა ახლაღა

შენიშნა.

სწრაფად უნდა გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. დამალვას აზრი აღარ

ჰქონდა, თუმცა არც ქალაქში შესვლა იქნებოდა კარგი. ბოლოს უკან გაბრუნება და სხვა

გზის ძებნა გადაწყვიტა, მაგრამ ვეღარ მოასწრო.

ქალაქიდან ადამიანების ჯგრო გამოვიდა, კეტებით და ნაჯახებით

შეიარაღებული ხალხი სადღაც მიდიოდა. საკმაოდ სწრაფად მოძრაოდნენ და მალე

ჩვენს მოგზაურებსაც გაუსწორდნენ. ბედილა გზიდან გადავიდა, საომრად მიმავალი

ხალხი რომ გაეტარებინა. ცხოველებიც მას მიჰყვნენ.

− ნეტავი ვის ეომებიან? ქვევით არის კიდევ ვინმე, თუ ზევით აპირებენ ასვლას? −

ფიქრობდა ბედილა.

ამასობაში ქალაქელები მათ მიუახლოვდნენ, გაიშალნენ და ბედილას პატარა

ჯგუფი ალყაში მოაქციეს. ეტყობა, ყოველი ნაბიჯი წინასწარ ჰქონდათ გათვლილი და

ახლა ხმაამოუღებლად მოქმედებდნენ.

ამ უცნაურმა მოქმედებამ ბედილა გამოაფხიზლა. უცბად გადახედა აქაურების

აზრებს და დარწმუნდა, რომ სწორედ მათ უპირებდა შებრძოლებას ქალაქიდან

მოსული პატარა ჯარი.

თუმცა ბედილა იმდენად ძლიერად გრძნობდა თავს, რომ არც კი შეშფოთებულა.

− რა გინდათ, ხალხნო? რას გვერჩით მე და ჩემ გაწრთვნილ ცხოველებს? −

წყნარად, მაგრამ ხმამაღლა მიმართა ბედილამ მოწინააღმდეგეებს. წინადადება რომ

დაამთავრა, თვითონვე გაუკვირდა: ეს გაწრთვნილი ცხოველები საიდან

მომაფიქრდაო.

− ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში არავინ მოსულა, აქ მცხოვრები

გველეშაპის გარდა. თქვენ ვინა ხართ და საიდან მოდიხართ? − თქვა ერთმა.

− გველეშაპის გამოგზავნილები ხომ არ ხართ? − წამოიყვირა მეორემ.

− რასაკვირველია, გველეშაპის მსახურები არიან! სხვა აქ ვინ მოვიდოდა?! −

დაიძახა მესამემ და ბედილამ იმწამსწვე იგრძნო ხალხის შიშნარევი ბრაზი.

უკანა რიგებიდან ვიღაცამ დაიძახა:

− დასცხეთ მაგათ!...

− დაჰკა! დაჰკა!... − მხარი აუბა მეორემ.

− დავიჭიროთ! სჯობს დავიჭიროთ! − ყვიროდნენ სხვები. მერე ყველა

ერთდროულად აყაყანდა და სრულებით გაუგებარი გახდა, ვინ რას იძახის და რატომ.

ბედილამ უკან დაიხია, გუდა მიწაზე დააგდო და მშვილდ-ისარი მოიმარჯვა.

− არ მოგვიახლოვდეთ!

მოწინააღმდეგეებს დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ მისი სიტყვებისთვის,

ალყა შეიკრა და ახლა შემოტევა ყოველ წამს იყო მოსალოდნელი. ფიქრის დრო აღარ

იყო:

− დააგდეთ ჯოხები! − დასჭექა ბედილამ (კი იცოდა, რომ სიტყვებს

მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ უნებლიედ ასე გამოუვიდა).

Page 47: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

47

ჭინკების ჯადომ გაჭრა, მიწისქვეშა ქალაქის მეომრები დამარცხდნენ, რაზმის

დიდმა ნაწილმა გრძნობა დაკარგა, დანარჩენები კი, ყურებზე ხელებაფარებულები,

ადგილზე გაშეშდნენ. ჯოხები და ნაჯახები მიწაზე დაუცვივდათ.

ბედილა ძალზე კმაყოფილი დარჩა შედეგით. მართალია, ეს სულ მთლად ის არ

იყო, რაზეც ოცნებობდა, მაგრამ მაინც − შესძლო ადამიანის მოჯადოება.

ყმაწვილმა იარაღი შეაგროვა, შემდეგ კი მოწინააღმდეგეების გონს მოყვანას

შეუდგა.

ფეხზე მდგომთ ცოტა შეჯანჯღარება ეყოთ, მაგრამ გულწასულების

მოსულიერება ძნელი აღმოჩნდა − მხოლოდ ერთი გამოფხიზლდა ბედილას მარტივი

მკურნალობის შემდეგ, დანარჩენებს წყლის დასხმა და ცხვირთან რაღაც

მძაფრსუნიანი ნივთიერების მიტანა დასჭირდათ.

ყოფილი მებრძოლები მობუზულები შეჯგუფულიყვნენ, ეშინოდათ ამ მაღალი,

ტანწვრილი ყმაწვილის. ვერ გაეგოთ, როგორ მოახერხა მან, რომ დაარეტიანა და ძირს

დასცა მათი რაზმი.

− რატომ დაგვესხით თავს? განა ჩვენ გველეშაპებს ვგავართ? − ხუმრობა სცადა

ბედილამ.

მოწინააღმდეგეებს ხმა არ ამოუღიათ, არც განძრეულან. ბედილამ აღარ იცოდა

რა ექნა, დამარცხებულების თავებში აზრების მაგივრად მხოლოდ შიში იკითხებოდა.

ცოტა ხნის ყოყმანის მერე ბედილამ გუდა მხარზე გადაიკიდა და ქალაქისკენ გასწია.

ქუჩებში არავინ ჩანდა, თუმცა ბედილა გრძნობდა და ხედავდა კიდეც, როგორ

უთვალთვალებდნენ მათ სახლებში მიმალული ქალები და ბავშვები. აი კაცებიც,

კაცებიც კარგა ბევრნი ყოფილან მოთვალთვალეთა შორის.

ქალაქის შუაგულში პატარა მოედანზე რომ გავიდნენ, ბედილამ უკან მიიხედა −

მის მიერ დამარცხებული რაზმი ქალაქში დაბრუნებულიყო და ახლა ქუჩაში გამოსულ

მოთვალთვალეებს შეერთებოდა.

− უთხარი რა შენს მხეცებს, რომ ჩემთან არ მოვიდნენ... − გაისმა ბავშვის

უშფოთველი ხმა.

ბედილამ მიიხედა და ხუჭუჭთმიანი, დიდთვალება გოგო დაინახა, რომელიც

თოჯინას ეთამაშებოდა.

− არ გეტყობა მათი შიში... − ბედილა გოგოსთან მივიდა და გვერდზე ჩამოუჯდა.

− მე არ მეშინია, თოჯინას ეშინია. ასე მითხრა: მგელი მიკბენსო.

− შენ თოჯინას უთხარი, რომ ეს მგლები და დათვი ძალიან კეთილები არიან,

ბავშვებს და თოჯინებს არ კბენენ.

− მართლა?! ზღაპრებში კი მგლები ბოროტები არიან. ჩვენთანაც, მგლები ჩვენ

ცხვრებს და ქათმებს იპარავენ. და თქვენ საიდან მოხვედით? რომ დაგინახეთ, ყველა

ამბობდა: ეს ან გველეშაპია და ან გველეშაპის გამოგზავნილი ვინმეო.

− როგორ შეიძლება მე გველეშაპი ვიყო? − გაუკვირდა ბედილას − გველეშაპი ხომ

დიდი უნდა იყოს?!

− არა, გველეშაპებს ადამიანის სახის მიღება შეუძლიათ.

− შენ რა იცი?!

− დედამ მითხრა. ჩვენთან ხომ ცხოვრობდა გველეშაპი, ჰო და, ერთი-ორჯერ

უნახავთ თურმე, როგორ იქცეოდა ადამიანად და მერე ისევ გველეშაპად.

− ახლა სად არის ის გველეშაპი?

Page 48: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

48

− გაფრინდა. მე ჯერ პატარა ვიყავი, როდესაც დიდი მიწისძვრა მოხდა,

ჩამოინგრა უზარმაზარი კლდე და გაიხსნა ზევით ასასვლელი, ისე განიერი, რომ

გველეშაპი იქ თავისუფლად გატეულა და გაფრენილა.

− ალბათ ძალიან გაგეხარდათ, არა?

− არა, არც მაინცდამაინც. მართალია გველეშაპს ყოველ წელიწადს თითო

ქალიშვილი მიჰყავდა ჩვენგან, სამაგიეროდ მანათობელ ჭერს ანახლებდა ხოლმე.

ახლა რასაც ხედავ, იმ ნათების ნახევარია, ორი წლის წინ რაც იყო. ერთ-ორ

წელიწადში კიდევ განახევრდება და მერე კი სიბნელეში დავრჩებით და

დავიღუპებით.

თუმცა შეიძლება იქამდე ვერც გავძლოთ − იმის მერე რაც გველეშაპი გაფრინდა,

ფასკუნჯი შემოეჩვია ჩვენს ბაღებს და ნათესებს. რომ დამწიფდება პური და ქერი,

მოფრინდება ფასკუნჯი, ნახევარს შეჭამს, ნახევარი კი, მიწაზე ჩამოიყრება. ჩვენ

მარცვლის აკრეფა გვიხდება, მაგრამ აბა, რამდენს აკრეფ ხნულებიდან. დამწიფდება

ხილი, ისევ მოფრინდება ფასკუნჯი და გვიჭამს მსხალს, ვაშლს, ქლიავს. ნახევარს

შეჭამს, დანარჩენი კი მიწაზე ცვივა. ასე გვინადგურებს ყველაფერს და მშივრებს

გვტოვებს. ტყეში კენკრა, სოკო და ნადირი რომ არ ყოფილიყო, დიდი ხანია

დავიხოცებოდით.

ბედილა თან გოგონას უსმენდა, თან კი ცდილობდა ამ ხალხის გადარჩენის

საშუალება გამოეძებნა.

− რატომ არ წახვალთ აქედან? − ყველაზე მარტივით დაიწყო ბედილამ.

− რას ამბობ, აქედან გასასვლელად ფრენა უნდა იცოდე. აი, გველეშაპმა შესძლო.

ფასკუნჯიც დროდადრო მიფრინავს და მოფრინავს.

− კი მაგრამ, მე რომ მოვედი, იმ გზით რატომ არ მიდიხართ?

− არ ვიცი რა გზას ამბობ. შენ გველეშაპის საცხოვრებლის მხრიდან მოხვედი,

ჩვენ კი იქეთ არ დავდივართ.

− სწორედ რომ გველეშაპის საცხოვრებელში, მის ბუნაგში გამოვიარე. ამ ბუნაგის

იქით გზა არის, რომელიც გვირაბებით მაღლა მთაში ადის. ამ გზით უნდა წახვიდეთ.

− სტყუის! სტყუის! არ დაუჯეროთ! − მოულოდნელად თითქმის ყურში ჩაჰყვირა

ვიღაცამ და ბედილა კარგა მაღლა შეახტუნა.

ახლაღა შეამჩნია, რომ მოედნის გარშემო ხალხი შემოკრებილიყო. აქ მთელი

მოსახლეობა თუ არა, დიდი ნაწილი ნამდვილად იქნებოდა.

ბედილა ადგა. ხალხმა შიშით ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

− შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, მაგრამ მე ნამდვილად არც გველეშაპი ვარ და არც

მისი წარგზავნილი. მე და ჩემი ცხოველები მართლაც კლდეების შიგნით გამავალი

გზით მოვედით აქამდე და თუ მოისურვებთ, თქვენც შეგიძლიათ აქედან გააღწიოთ.

რამდენიმე კაცი გამაყოლეთ და ამ გზას გიჩვენებთ.

დაიწყო ჩოჩქოლი, რომელიც მალე საშინელ ღრიანცელში გადაიზარდა. ყოველი

ცდილობდა თავისი აზრი გამოეთქვა და მოსაუბრეს არ უსმენდა.

თოჯინიანი გოგონა ადგა, მოედნის შუაგულში გავიდა და წყნარად, ხმის

აუწევლად თქვა:

− მე და მამიკო წავყვებით.

საკვირველი იყო, მაგრამ ყველამ გაიგონა მისი ნათქვამი და იმწამსვე სიჩუმე

ჩამოვარდა.

− თუ ცხენებით წავალთ, ალბათ, იმავე დღეს მოვბრუნდებით. − გააგრძელა

გოგონამ.

Page 49: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

49

ამ სიტყვებს ისევ მოჰყვა საყოველთაო ყაყანი, რომელიც გამხდარმა კაცმა

შეაჩერა. გამოეყო ხალხს, გოგონასთან მივიდა და ხელში აიყვანა.

− ჩემი ციცო მართალია! ასეთ ცხოვრებას სიკვდილიც კი სჯობს. მე სიამოვნებით

გავყვები ამ ყმაწვილკაცს. ხვალ დილის მოწველისას თუ გავალთ, საღამოს

წველისთვის უკვე სახლში ვიქნებით. ოღონდ ბევრი ჩირაღდანი გვინდა, იქით ხომ

ბნელა.

− მე ვფიქრობ ჩირაღდნების ტარებას ისა სჯობს, თქვენი მანათობელი ჭერის

ნატეხი გამოვიყენოთ. ერთი ქვა რამენაირად რომ ჩამოვტეხოთ, ალბათ საკმარისი

იქნება...

ჭერის ჩამოტეხვა არ დასჭირვებიათ. მიწისძვრას, რომელმაც გველეშაპი

გაათავისუფლა, მიწისქვეშეთის ჭერიდან რამდენიმე მოზრდილი ნაჭერი ჩამოეგდო

და მანათობელი ქვების მოპოვება ძნელი არ აღმოჩნდა.

ციცოს და მამამისის − იმედოს − გარდა, ქალაქელებმა ბედილას კიდევ ოთხი

კაცი გააყოლეს. ყველას ღონიერი, ამტანი ცხენები შეურჩიეს და ძროხების მორეკვის

ჟამს მზვერავთა რაზმი მართლაც დაბრუნდა ქალაქში.

გასაკვირი იყო, როგორ უცებ შეიცვალა აქაური ხალხის გაღიზიანება,

უნდობლობა და შიში შემართებითა და მხიარული მოუთმენლობით. დაუყოვნებლივ

დაიწყო მზადება მიწისპირეთისკენ (როგორც უწოდებდნენ აქ ზედა ქვეყანას)

გასამგზავრებლად. ყოველი სახლის წინ იდგა ურემი, რომელიც თანდათანობით

ივსებოდა ნაირ-ნაირი ნივთებით.

ბედილამაც მიიღო მონაწილეობა ამ სამზადისში. ძალ-ღონეს არ იშურებდა

იმედოს ოჯახის, რომლის სტუმარიც გახლდა, დასახმარებლად.

ბედილას მთელი ოჯახი ძალიან მოეწონა: ნაღვლიანად მომღიმარი, ჩუმი და

შეუპოვარი იმედო, მისი გულთბილი ცოლი, ციცოს სამი ძმა − ორი ციცოზე უფროსი −

და თავად ციცო.

აი, გამომშვიდობების დროც დადგა. ბედილამ მადლობები გულუხვად დაარიგა

და საპასუხოდაც არანაკლები მიიღო. ყველანი ურმებში ჩასხდნენ და თითქმის

დაიძრნენ კიდეც, როდესაც ციცო გადმოხტა, ბედილასთან მიირბინა, გადაეხვია და

ჩასჩურჩულა:

− ვიცი, რომ ფასკუნჯის საძებრად აპირებ წასვლას. ზუსტად საპირისპირო გზას

გაჰყევი... მშვიდობით!... მშვიდობით!... არ დაგვივიწყო!...

...ბედილა და დათუნა განიერი გასასვლელის, თუ შესასვლელის წინ იდგნენ,

ნაცარა და ლამაზა კი, გარეშემო კლდეებს ზვერავდნენ. ბედილამ დალის ნაჩუქარ

ჯაჭვებზე სამივეს მანათობელი ქვები გამოაბა და მიწისქვეშეთის უკუნში ყოფნა

გაუადვილდათ.

პირველი ლამაზა დაბრუნდა, ცოტა ხანში ნაცარას მანათობელი ქვაც გამოკრთა

მოშორებით − ვერც ერთმა ნახა რაიმე სხვა შესასვლელი და ვერც მეორემ.

ბედილამ ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა, ყველა შელოცვა და ჯადო გაიხსენა და

ფრთხილად, ფეხაკრეფით გაუყვა მარცხენა კედელს. დარწმუნებული იყო, რომ

ფასკუნჯის საცხოვრებელს უახლოვდებოდა − სამი იქ მყოფი არსების ბუნდოვანი

აზრებიც შეიგრძნოსავით.

Page 50: გზები - Palitral · ისევ უთენია ადგა და მზის სხივებს მთის მწვერვალზე შემდგარი

50

დათუნა, ნაცარა და ლამაზა ბედილას ბრძანებით გარეთ დარჩნენ. ბედილა

ხელის ცეცებით მიდიოდა − ჯადო-ბროლი ჯიბეში შეენახა − და ცდილობდა

სიბნელეში რაიმე გაერჩია.

კედელმა მარცხნივ გაუხვია − ეტყობა − ბედილა უკვე გამოქვაბულში შესულიყო,

მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავდა. რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა თვალები − არა,

არ უშველა. ცოტა ხანი კიდევ დაელოდა, მერე კი, ჯიბეში ხელი ჩაიყო და გაანათა

აქაურობა დალის მანათობელი საჩუქრით.

დაბალ ბორცვზე, ქვებით შემოსაზღვრული უზარმაზარი ბუდე იყო, სადაც სამი

დიდზე დიდი ფრინველი აფრთხიალდა. მოულოდნელმა კაშკაშა სინათლემ

დააფრთხო და დააბრმავა ისინი. ყოველი მათგანი დათუნაზე ბევრად დიდი იყო,

მაგრამ მიუხედავად ამისა, ესენი მხოლოდ ბარტყები იყვნენ, შეშინებულები

გამაყრუებლად წიოდნენ, ფრთებს იქნევდნენ და წამდაუწუმ ყირამალა ვარდებოდნენ.

ამ დროს ლამაზა, ნაცარა და დათუნა შემოცვივდნენ, ბედილამ იმწამსვე შეიტყო

მათი შიშის მიზეზი − მათ საოცარი სისწრაფით უახლოვდებოდა რაღაც არსება.

− ფასკუნჯი იქნება. ან უბრალოდ სახლში დაბრუნების დრომ მოუწია, ან ჩვენი

მოსვლა შეიტყო და შვილების დასაცავად მოფრინავს, − უცბად გაიფიქრა ბედილამ, −

სასწრაფოდ უნდა დავიმალოთ!

ბედილამ გარშემო თვალი მოავლო და დიდი ლოდების გროვა შენიშნა −

ლოდებს შორის მათთვის საკმარისი ადგილი რჩებოდა. ოთხივემ აქ შეაფარა თავი.

შეეცადნენ, რაც შეიძლებოდა ღრმად შემალულიყვნენ.

გამოქვაბულში უზარმაზარი ფრთების ტყლაშუნი, პატარა ფასკუნჯების წრიპინი

და დიდის საპასუხო ბოხი ღუღუნი გაისმა. შემდეგ დიდი ფეხების მძიმე ნაბიჯები

გაიგონეს და ბოლოს სრულებით მოულოდნელად გაისმა ბოხი ხმით წარმოთქმული

სიტყვები:

− გამოდით! ნუღა იმალებით! ვიცი, რომ ჩემს ბარტყებს არაფერს ერჩოდით.

დალმა თქვენი სახელებიც მითხრა: ბედილა, ლამაზა, ნაცარა და დათუნა. თქვენი

უცნაური მოგზაურობის ამბავიც მიამბო. გამოდით! ჰო, მანათობელი ქვა ამოიღე, მე

სინათლის არ მეშინია...

...ცოტა ხანში ბედილა, ისევე როგორც მისი თანამგზავრები, ქვევიდან ზევით

გაოცებით აჰყურებდა ფასკუნჯს − აქამდე ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ

შესაძლებელი იყო ასეთი ზომის ფრინველის არსებობა. ფასკუნჯს ფრთები და ზედა

ბუმბული თეთრი ჰქონდა, შიგნიდან კი წითელ-ყვითელ-ნარინჯისფერი

გამოსჭვიოდა.

− დალმა იცის, რომ აქედან გასასვლელად სხვა ბილიკი არ არის და მხოლოდ

ფრთოსანთ შეუძლიათ ზევითა ქვეყანაში მოხვედრა. ასეთი ფრთოსანი მეც ვარ და

თქვენი აყვანაც შემიძლია, მაგრამ ეს თვითონ უნდა მინდოდეს.

− რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ? გვითხარი! − საოცრად სწრაფად მიუხვდა

ბედილა.

− ზუსტად არც მე ვიცი. მოდი ჩემს ამბავს მოგიყვებით და ეგებ ერთად

მოგვაფიქრდეს ჩემი გადარჩენის საშუალება.

აღარც მახსოვს, რამდენი ხანი ვცხოვრობ აქ, და მთელი ამ დროის განმავლობაში

ჩემი სანუკვარი ოცნება ის იყო, რომ შვილები გამომეზარდა და დამეფრინა. ყოველ ათ

წელიწადში ერთხელ ვჩეკავდი ბარტყებს, მაგრამ ჯერ ერთიც ვერ გავზარდე.