თავი პირველი არ სძინავს ნიკა...

50
1 თავი პირველი ხსოვნას არ სძინავს იმ დილას გურჯაანიდან მობრუნებულმა ნიკა ჯაჭვაძემ ცხენი ვერ იშოვნა და ფეხდაფეხ შემოჰყვა ჭერემისხევის აღმართს. ნამი უკვე ამშრალი იყო, ფრინველიც - ჩაჩუმებული. ეტყობოდა, დღესაც დიდი სიცხე და პაპანაქება იქნებოდა. ალაზან-გაღმა, ყადორის უღელტეხილზე, თვალისმომჭრელად ქათქათებდა ალაგ- ალაგ შერჩენილი თოვლი. ღრუბლის ნასახიც კი აღარსად სჩანდა. ესეც გვალვის ნიშანი იყო. ჭერემის წყალი უკვე დავარდა, ხევში კი ოცდაორი წისქვილი იდგა. მთელი ახლომახლო სოფლების - ჯიმითის, კაჭრეთის, გადრეკილის, შიბლიანის, ჩაილურისა და ყანდაურას ხორბალსა და სიმინდს ეს წისქვილები ფქვავდნენ. რარიგ უყვარდა ნიკას მოწმენდილი კავკასიონის გადასახედი. სათიბში იყო თუ ფერმაში, შედგებოდა სერზე და მონუსხული გაჰყურებდა იმ მონატრებულ შორეთს, - თითქოს პირველად ხედავდა კავკასიონის მისახედ-მოსახედებს, - ბორბალოდან მაწიმის ხევამდე. ხანდახან გულში გაეცინებოდა, ისე ახლო მოვიდოდნენ ეს თოვლიანი ხეობები და ციცაბოები, თითქოს წუხელ ალაზანზე გადმოაბიჯეს, ნიკას გული გავახაროთ, - ჰა, მოდი და გვიყურე სანამ არ მობეზრდებითო... ვისაც მოწმენდილი, ღრუბლებგადაყრილი კავკასიონი არ უნახავს, იგი ნუ დაიჩემებს, ქვეყნად ჭეშმარიტი სილამაზე მინახავსო... მაგრამ ამ დილას ნიკა ჯაჭვაძეს სხვა რამ სადარდელი გასჩენოდა. ასეთი ძირმომდგარი გვალვა წინამხარეს არ ახსოვს, ხეზე ფოთოლი ცოცხლად დაიწვა და დაიკრუნჩხა, შავი დღე დაადგა გარეულ ხილს. ნაგვიანევი წითელი ტყემალი შინდისოდენა იყო, თვითონ შინდი კი ისე გამომშრალი, ცარიელი კურკა შერჩენოდა ტოტებს. თუ ასე გაგრძელდა, წისქვილებს წყალი შემოაკლდება და ეს ამოდენა საფქვავი სოფელმა ალაზანზე უნდა გაიტანოს. მაგრამ აქედან რა გაიტანს პირთამდე სავსე საცალოებს! სატვირთო მანქანა ამ ხევს ვერ მიუდგება, ურემი კი როდის აუთავდება შვიდი სოფლის ხორბალსა და სიმინდს... ცოტა რომ გაიარა, წიფლის ხეებში კუნას ბიჭის წისქვილის სახურავი გამოჩნდა.

Transcript of თავი პირველი არ სძინავს ნიკა...

1

თავი პირველი

ხსოვნას არ სძინავს

იმ დილას გურჯაანიდან მობრუნებულმა ნიკა ჯაჭვაძემ ცხენი ვერ იშოვნა და

ფეხდაფეხ შემოჰყვა ჭერემისხევის აღმართს.

ნამი უკვე ამშრალი იყო, ფრინველიც - ჩაჩუმებული. ეტყობოდა, დღესაც დიდი

სიცხე და პაპანაქება იქნებოდა.

ალაზან-გაღმა, ყადორის უღელტეხილზე, თვალისმომჭრელად ქათქათებდა ალაგ-

ალაგ შერჩენილი თოვლი. ღრუბლის ნასახიც კი აღარსად სჩანდა. ესეც გვალვის ნიშანი

იყო. ჭერემის წყალი უკვე დავარდა, ხევში კი ოცდაორი წისქვილი იდგა. მთელი

ახლომახლო სოფლების - ჯიმითის, კაჭრეთის, გადრეკილის, შიბლიანის, ჩაილურისა და

ყანდაურას ხორბალსა და სიმინდს ეს წისქვილები ფქვავდნენ.

რარიგ უყვარდა ნიკას მოწმენდილი კავკასიონის გადასახედი. სათიბში იყო თუ

ფერმაში, შედგებოდა სერზე და მონუსხული გაჰყურებდა იმ მონატრებულ შორეთს, -

თითქოს პირველად ხედავდა კავკასიონის მისახედ-მოსახედებს, - ბორბალოდან მაწიმის

ხევამდე.

ხანდახან გულში გაეცინებოდა, ისე ახლო მოვიდოდნენ ეს თოვლიანი ხეობები და

ციცაბოები, თითქოს წუხელ ალაზანზე გადმოაბიჯეს, ნიკას გული გავახაროთ, - ჰა, მოდი

და გვიყურე სანამ არ მობეზრდებითო...

ვისაც მოწმენდილი, ღრუბლებგადაყრილი კავკასიონი არ უნახავს, იგი ნუ

დაიჩემებს, ქვეყნად ჭეშმარიტი სილამაზე მინახავსო...

მაგრამ ამ დილას ნიკა ჯაჭვაძეს სხვა რამ სადარდელი გასჩენოდა. ასეთი

ძირმომდგარი გვალვა წინამხარეს არ ახსოვს, ხეზე ფოთოლი ცოცხლად დაიწვა და

დაიკრუნჩხა, შავი დღე დაადგა გარეულ ხილს. ნაგვიანევი წითელი ტყემალი

შინდისოდენა იყო, თვითონ შინდი კი ისე გამომშრალი, ცარიელი კურკა შერჩენოდა

ტოტებს.

თუ ასე გაგრძელდა, წისქვილებს წყალი შემოაკლდება და ეს ამოდენა საფქვავი

სოფელმა ალაზანზე უნდა გაიტანოს. მაგრამ აქედან რა გაიტანს პირთამდე სავსე

საცალოებს! სატვირთო მანქანა ამ ხევს ვერ მიუდგება, ურემი კი როდის აუთავდება

შვიდი სოფლის ხორბალსა და სიმინდს...

ცოტა რომ გაიარა, წიფლის ხეებში კუნას ბიჭის წისქვილის სახურავი გამოჩნდა.

2

ნიკამ გზიდან გადაუხვია, კიდევ ერთი ჩარბენა დაღმართი და... გაოცებული შედგა:

იქაურობა ვეღარ იცნო. ვიღაც უკუღმართს ღარის წყალი დაეხევებინა, ბორბლის ფრთები

კი ისე გულდაგულ დაელეწა და მიეყარ-მოეყარა, კაცი იფიქრებდა, კუნას ბიჭის

წისქვილში ქაჯებს ფერხული ჩაუბამთო.

სახტად დარჩენილმა კაცმა ვერაფერი პასუხი ვერ უპოვნა ამ პარტახს, მხოლოდ ეს

გაიფიქრა, სოფელს ორი სალოცავი ჰქონდა მუდამ, ერთი ღვთისა - საყდარი და მეორე

კაცისა - წისქვილი. კუნას ბიჭს რა ისეთი მტერი ჰყავდა, რომ ამ სალოცავს ძირი

მოუშალესო...

მაგრამ ჯერ სად იყო ნიკა ჯაჭვაძე! უარესი ზარი და ზაფრა აგერ ელოდა,

ნამეწყრალ ფერდობთან, სადაც შარშანწინ ზემოურებმა დაფარებული წისქვილი ჩადგეს

და გზაც ისეთი მიუყვანეს, ორი ურემი თავისუფლად აუვლიდა ერთმანეთს.

სანამ ფერდობს გადასცდებოდა, ნიკა ჯაჭვაძე სიჩუმემ შეაშინა. კაცი დაბერდა

ჭერემისხევში და ჯერ აქაობაში ასეთი სიჩუმე არ გაუგონია. ზემოურების წისქვილიდან

ერთი ჩქამი არ ისმოდა, საღარე წყალიც დადუმებულიყო, აღარ შხუოდა.

ნიკამ ფეხს აუჩქარა... აქაც იგივე სურათი დახვდა: აშლილ საღვარეს უკვე

დაეტბორა წისქვილის ეზოში დაკვალული პატარა ბოსტანი, ფრტებჩამტვრეული ვეება

ბორბალი საცოდავად ჭრიალებდა ღერძზე.

გაოგნებული იდგა დროული კაცი წისქვილის ეზოში, მან უკვე აღარ იცოდა, რა

იყო ეს ყოველი - ცხადი თუ სიზმარი?

გასულ კვირას სწორედ ამ გზაზე ჩამოიარა ბოდბისხევის ბაზარზე მიმავალმა ნიკა

ჯაჭვაძემ. მაშინ წყალიც მღეროდა, ქვაცა და მეწისქვილეც... მაშ ახლა რამ დაადუმა

აქაურობა, ან წისქვილის კაცები სადღა წავიდნენ?

ბევრის მომსწრე გლეხი იყო ნიკა ჭავჭავაზე, ჯერ კიდევ გაუძლო ამ არსანახავ

სახილველს და გზა განაგრძო, მაგრამ როდესაც მესამე წისქვილიც ამ დღეში დაინახა,

მაშინ კი შეუკრთა გული ჭერემელ კაცს და ისე მოწყდა ადგილიდან, თითქოს ყოველი ხის

უკან მტერი იმალებდა.

მოშურებული მიაბიჯებდა ტყისპირზე. გული ამოვარდნაზე ჰქონდა და მაინც

ეძალებოდა უსაშველო აღმართს. კიდევ კარგი, დროისად მოატანა თვალი გაღმა

ფერდობზე გაშლილ მთიბავებს, გუბეში ჩაყრილ კამეჩებს, მერე პატარა ბიჭიც დაინახა,

თუთის ხეზე გასულიყო და ვიღაცას დასძახოდა, შენი ანკესი მათხოვე და ამ თუთას სულ

3

შენ დაგირხევო...

ამ შეჩვეულმა სურათმა ცოტა დაამშვიდა ნიკა ჯაჭვაძე - ქვეყანა მთლად არ

დაქცეულაო, გაიფიქრა და სულის მოსათქმელად იქვე ჩაიმუხლა, ჩაყუჩდა.

კარგახანს იჯდა ასე გარინდებული. მისი შემხედვარე კაცი იფიქრებდა, რული

მოჰკიდებიაო ამ სიცხე-პაპანაქებაში. მაგრამ არა, მისი გონება არასდროს ასე ფხიზელი

არა ყოფილა, როგორც ახლა, ამ წუთებში... არასდროს ასე მკაფიოდ არ დასდგომია

თვალწინ ის ერთი დილა წმინდა მარინეს საყდრის ეზოში, - დილა კი არა, ავი სიზმარი,

დასავიწყებელი, დასამიწებელი, და მაინც, ხედავ, თურმე ისევ ცოცხალი და

ბედისწერასავით გზაშეუვალი... იმ დილის გახსენებამ გონება ერთბაშად გაუნათა ნიკა

ჯაჭვაძეს. თითქოს ბნელიდან მზეზე გამოვიდაო.

გურჯაანიდან ამოსული კაცი ჭერემის კოლმეურნეობის თავჯდომარეს

ედავებოდა:

- შეიძლება, კაცო, ერთი სოფლის გამო მთელი ამოდენა რაიონი ჩამორჩენილებში

გადაწერონ?! წელებზე ფეხს ვიდგამთ, მინდორში ვაღამებთ და ვათენებთ და მაინც

თქვენი წყალობით ვერაფერს ბარაქა ვეღარ მოვკიდეთ!

თავჯდომარე ცოტა დაბნეული შეჰყურებდა ბრაზმორეულ სტუმარს და ვინ იცის,

მერამდენედ უმეორებდა:

- მომკალი და ვერ გავიგე, რას გვემართლები, შე კაი კაცო! ყურძენი, ხორბალი,

სიმინდი წელსაც მეტი მივყიდეთ დამზადებას, ვიდრე ნაკისრი გვქონდა. ხორცი გინდა,

რძე და კვერცხი გინდა, არაფერში არ გვიღალატნია!

- ღალატია, მაშ რა არის! - გაცხარდა სტუმარი: - როცა ორმოცი სოფელი მაჭარსა

სწურავს, ორმოცდამეერთეს ჯერ კიდევ ტყიდან წნელი მოაქვს გოდრების მოსაწნავად!

დაგავიწყდა, შარშან მელაანმა სიმინდი უკვე მოტეხა, თქვენს ყანებში კი ტაროს ჯერ

კიდევ პირზე რძე არ შეშრობოდა!

- ეგ უკვე ჩვენ აღარ გვეკითება, ჩემო ლუკა! - ჩაიცინა თავჯდომარემ: - ეგ ამბავი

აგერ იმ მაღალ ღმერთს მოჰკითხე, მთაზე რომ გაგვაჩინდა და დაგვასახლა!

- თქვენ გაგიწყრათ მისი მადლი და მირონი! არ იცით, თქვე ოხრებო, რომ

რაიონიდან ერთი პატაკი მიდის, ერთი ცნობა, მოსავლის აღება დავამთავრეთო?! მაგრამ

ვაი ასეთ დამთავრებას!.. თქვენი ჭერემის გამო ჩვენი ქაღალდი ყველაზე ბოლოს

მიჩანჩალებს თბილისისაკენ...

4

- მაშ რა ვქნათ, ლუკა, მამა-პაპიდან ეგრე ყოფილა! ჩვენში ყველაფერი გვიან

ითესება და გვიან შემოდის! დღემდე კაცს არ გაჰკვირვებია ეს ამბავი, ახლა რამ შეგშალათ,

თქვე კაი -კაცებო, რა ნახეთ ასეთი!

- შენ ცოტა ხმას დაუწიე, ამხანაგო თავჯდომარევ! რას ჰქვია შეგეშალ მეგეშალა! -

იყვირა გურჯაანელმა სტუმარმა და პაპიროსის ნამწვი ბრაზიანად მიწაზე დააგდო: -

დაგიძახებ ბიუროზე და... მერე ყველაფერი შენს თავს დააბრალე!

იმ გვიანი შემოდგომის საღამოს ნიკა ჯაჭვაძე მისდაუნებურად შეესწრო ამ

შეკამათებას. იგი ჯერ კიდევ მოურიდებლად უსმენდა სტუმარ-მანსპინძლის

გაცხარებულ საუბარს, მაგრამ როგორც კი კაცებმა ხმა შეიმაღლეს, ნიკამ თავი

უხერხულად იგრძნო, მაშინვე იქაურობას გაერიდა. სანამ ეზოდან გავიდოდა, ის ერთი

უმადლო და შეკურთხებული სიტყვა მაინც მისწვდა ნიკას ყურთასმენას:

თავგაბეზრებული სტუმარი უკვე დაუფარავად გაიძახოდა:

- უნდა აიყაროთ... ბარში ჩამოსახლდეთ ! მეტი გზა არ არის!

იმ დღიდან მოკიდებული, ნიკა ჯაჭვაძემ გულიდან ვერ ამოიღო ეს ულმობელი

განაჩენი... მერე თითქოს მიჩუმდა ყველაფერი, თითქოს გადაიარა იმ ერთმა ღრუბელმა

და, მასაც სული დაუამდა, მაგრამ ის უკუღმართი ჩარხი თურმე ისევ ბრუნავდა...

ახლა, ამ ტყისპირას, ნიკა ჯაჭვაძეს სწორედ ის შორეული საღამო დაუდგა

თვალწინ და გულმა ისევ ძველებურად შემოჰკვნესა. ეს მოშლილი წისქვილები მათი

აყრა-გასახლების მომასწავლებელი იყო. გუშინაც მოიტანეს ამბავი, ჩვენი გაგზავნილი

კაცები გურჯაანმა გაწბილებული დააბრუნა სოფელში, თანაც დააბარეს თურმე, მალე ეს

გზა სულ აღარ დაგჭირდებათო...

რატომ არ დაგვჭირდება?!

განა რა ისეთი ქარვასლების აშენება მოითხოვეს ჭერემელებმა, რომ ქვეყანაზე არ

გაგონილიყოს.

გზის გაყვანა აიტეხეს... სოფელი ბევრ რამეს მოიკლებს, ბევრს გაიჭირვებს,

ოღონდაც უგზოობაში ნუ დაკარგავ, ბარის ქვეყანას ნუ ჩამოაშორებ...

მაგრამ მოსეს კვერთხი გურჯაანში არ იშოვებოდა, რომ ერთი დაკვრა - და ბარში

გასასვლელი გზა ხელდახელ გაჩენილიყო.

გზას დიდი სიყვარული და მონდომება სჭირდება, დიდი ხარჯი და შრომა,

ამოდენა ტვირთი კი რაიონის ვერცერთმა ხელმძღვანელმა მხარზე ვერ წამოიკიდა.

5

ისედაც ყელში ამოვიდა ეს სოფელი. რამდენჯერ ჩაგვიშალა დათქმული პირობა და ვადა,

რამდენჯერ სიტყვა გაგვატეხინა და მთავრობის წინაშე გაგვაწითლდა! ახლა კიდევ

მოდექი და გომბორის კლდე-ხევებში ფიანდაზად დაეგე ჭერემელებს, - შარაგზა

გაუყვანე!

საქმე არ გაიძნელეს და საკითხი იოლად გადასჭრეს. მკითხველს გაგონილი ექნება

ერთი ძველი ქართული არაკი. ერთმა კაცმა ქალი გაათხოვა და დიდი ქორწილი

გადაიხადა. დეკეულის დაკვლა რომ დააპირა, დანა მოიკითხა, სად არისო.

სხვენზე არისო, გამოსძახა დიასახლისმა.

არიქა ბიჭებო, მიშველეთო, იყვირა ოჯახის უფროსმა, წამოაქციეს დეკეული,

გაუკრეს ფეხები და მეზობლის ჯეელმა ბიჭებმა ციმციმ აიტანეს სხვენზე.

გურჯაანის მაშინდელი თავკაცებიც ასე მოიქცნენ. გომბორის კალთაზე შეფენილ

სოფლამდე გზა ვერ მიიყვანეს, სამაგიეროდ თვითონ სოფელი აჰყარეს და გზასთან

ჩაიტანეს...

მაგრამ ვიდრე ეს უგვანო ამბავი მოხდებოდა, მინდა მკითხველს სოფელი ჭერემი

და მისი შემოგარენი გავაცნო.

* *

ქართველი მემატიანე იუწყება, რომ ძველად, მეოთხე-მეექვსე საუკუნეებში დიდად

დაწინაურდნენ და გაძლიერდნენ საქართველოს ქალაქები თბილისი, უჯარმა და ჭერემი.

სამივე ამ ქალაქს ფუძე დაუდო და „ მტკიცენი და ძლიერნი ზღუდენი აღუშენა“ ვახტანგ

გორგასალმა. თუ თბილისი საქარველოს დედაბოძი იყო, ამ დედაბოძს აღმოსავლეთით

მხარეში ედგა ივრის ხეობის გუშაგი, ციხე-ქალაქი უჯარმა, და ალაზნის ველის

დაუძლეველი კარიბჭე - ტბაწვერის ძირში შედგმული ჭერემი.

დიდი ქალაქი ყოფილა ჭერემი. როგორც ძველი ქრონიკები გვამცნობენ, ბევრი

დიდებული საეკლესიო და საერო ნაგებობა - საყდრები, ციხე-დარბაზები, საცხოვრებელი

პალატები ამშვენებდა ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს.

და როგორც ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, ამ ქალაქთა პირველი პირობა იყო, -

ზნეთა ჰქონოდათ პირმტკიცობა, მტერთა ზედა ერთობა და თავისუფლებისთვის მხნედ

ბრძოლა.

და ჭერემიც პირნათლად უდგა დარაჯად საქართველოს გულს.

მისი სამხედრო მნიშვნელობა იმითაც გამოირჩეოდა, რომ ახლად დაფუძნებული

6

თბილისიდან მდიდარი შიდა კახეთისკენ, ალაზნის ველსა და ციხე-ქალაქ

ხორნაბუჯისკენ მიმავალი უმოკლესი გზა სწორედ ჭერემისხევზე გადიოდა. ჭერემის

ციხე-ქალაქის დაცემა გზას უხსნიდა საქართველოს დედაქალაქისკენ წამოსულ მტერს.

ამიტომ იყო, ირანის შაჰმა ხოსრო ანუშირვანმა მაშინვე შემოუტია ახლად აშენებულ ციხე-

ქალაქს, შემუსრა ხორნაბუჯი და ველისციხე, მერე დიდძალი ჯარით შემოადგა ჭერემს,

ააოხრა ისიც და ივრის ხეობაში დაეშვა. ამ ხეობაში ვახტანგ გორგასალმა გადამწყვეტი

ბრძოლა გაუმართა ირანელებს. სამი დღე და სამი ღამე არც მეფეს არც მეფის ჯარისკაცებს

ხმალი ქარაქშში არ ჩაუგიათ. როგორც მემატიანე გვამცნობს, თუ სადმე ძაფი გასაწყვეტად

მიილეოდა, ხმალამოწვდილი მეფე ხელჩართულ ბრძოლაშიც კი ჩაებმებოდა.

მეორე დღეს, გათენებისას, ბედმა უმუხთლა გორგასალს. ვეღარ უშველა

ბრძოლაში დაგლეჯილმა ჯაჭვის პერანგმა. მტრის ისარმა განაგლეჯში შეიტანა და მეფე

სასიკვდილოდ დასჭრა. იგი უჯარმაში წაიყვანეს. სიკვდილის წინ თავისი ვაჟიშვილი

დაჩი მოიხმო და უთხრა, ჭერემი შენთვის მიბოძებია, აღადგინე და აღამაღლეო...

ამ უბედურების შემდეგ ირანელები ვეღარაფერმა შეაჩერა და 502 წელს თბილისიც

დაიპყრეს და ააოხრეს.

გავიდა ხანი, ისევ აყვავდა ჭერემი, ისევ ჩაუდგა გუშაგად საქრთველოს

დედაქალაქს, და მისი ყველა ჭირსახდელი გაიზიარა თავისი დიდი სიცოცხლის ბოლო

წუთამდე...

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ იმ დიდებული, მუდამ

ამაღელვებელი წარსულის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ჭერემი კახეთის უძველესი და

უძლიერესი დედაქალაქი იყო, გადაშენების მსახვრალი ხელი არ უნდა შეხებოდა,

სიცოცხლე არ უნდა ჩამქრალიყო არწივის ნაბუდარზე, მრავალწამებულმა ციხექალაქმა

ცოცხალი სული მოიტანა იმ ნანატრ დრომდე, როცა საქართველოს ახალი დღე

გაუთენდა:

მაგრამ ერთი ხოსრო მაინც არ გამოელია ჭერემს...

პირველი კაცი, ვინც ჭერემში დასახლდა, საწერეთლოდან ბატონს გამოქცეული ყმა

დიომიდე აბესაძე იყო. ეს მოხდა, ჩვენი ვარაუდით, მეთვრამეტე საუკუნის მეორე

მეოთხედში, როდესაც აოხრებულ და უკაცრიელ ჭერემ-ქალაქში ეპისკოპოსის კათედრა

გააუქმეს და მისი ტყეები, საძოვრები, სათიბები, სახნავ-სათესი მინდვრები ეკლესიის

თავკაცებმა დაირიგეს,

7

დიომიდეს ცხოვრების თავგადასავალი მისი გვარ-ტომის ჩამომავლებმა მიამბეს.

არ არის კარგად ცნობილი, აბესაძეს მართლა შემოაკვდა ბატონის მოურავი, თუ

ახლად შეღერებულმა, თავმომწონე ბიჭმა ყმობის უღელი ვერ აიტანა... დაღამებისას

გამოიყვანა ბატონის თავლიდან ერთი კარგი ბედაური და ტყეს მისცა თავი. ბატონის

ბიჭები ქვათახევის წიფლიანამდე მიჰყვნენ გაქცეულს, მერე ქანცი გაუწყდათ და დევნას

თავი მიანებეს, ბატონს კი მოახსენეს, დიომიდე აბესაძემ სათათრეთს გადაგვასწროო.

ქვათახევიდან აბესაძემ თრიალეთს მიაშურა და კახელ მეცხვარეს შეეხიზნა.

ცხვრისა იმას არაფერი გაეგებოდა, მაგრამ როგორც ჩვენმა მოამბემ გვითხრა, იმ დილას

საძოვარზე ისეთი იერი დატრიალებდა თურე, კახელმა მეცხვარეებმა პირჯვარი

გადაიწერეს და ის იმერელი ბიჭი იქიდან არსად არ გაუშვეს, ბინაში დაიტოვესო.

ქვეყნის მჭამელი ქოფაკები ეყენა თრიალეთის სერებზე გაშლილ ფარებს; ბინის

ახლომახლო უცხო კაცი კი არა, მამალი მგელი ვერ გაივლიდა... მაგრამ იმ დღეს ყოვლად

უცნაური და გაუგებარი ამბავი მოხდა: დაჰყეფეს თუ არა ნაგაზებმა, სამი-ოთხი მწყემსი

ერთად წამოიშალა... შეჰკივლეს, შესძახეს სერზე უდარდელად მომავალ მგზავრს.

ეტყობა, იმ ღავღავსა და ღრიანცელში მგზავრმა, ვერ გაიგონა მათი

გამაფრთხილებელი ძახილი, გულშეუმკრთალად მოუძღვოდა თავქვეზე წაბლისფერ

ცხენს.

და მოხდა სასწაული:

გაქანებული, კბილებგადმოყრილი ქოფაკები ერთბაშად შედგნენ, თითქოს

აირივნენ, თითქოს გეშიც დაჰკარგეს, - აშლილი ბალანი დაუწყნარდათ და, მწყემსებმა

პირჯვარი გადაიწერეს - ძაღლები ფეხებში გაუგორდნენ ამ უცხო სტუმარს, შეწკმუტუნეს,

ალერსიანად შეჰყეფეს, თითქოს დიდი ხნის უნახავი სარქალი ბინას დაუბრუნდაო.

გაგონილი კი ჰქონდა კაჭრეთელს იოსებას, არიან ქვეყანაზე ისეთი ხიბლის მქონე კაცები,

ვისაც ყველაზე ავი და გადარეული ნაგაზიც კი არ ერჩისო, მაგრამ ასეთი საკვირველება

ჯერ არ უნახავს ცხვარში დაბერებულ ჩობანს! როდის იყო მისი ალმასა და ქარისა ასე

ელაქუცებოდნენ გადამთიელ კაცს.

- ეტყობა, ძალიან კარგი ბიჭია! - დაასკვნა იოსებამ და სტუმარი ბინაში შეიპატიჟა,

ბატკანი დაუკლეს, სუფრა გაუშალეს, მერე სადაურობა გამოჰკითხეს... დიომიდე აბესაძე

გამოუტყდა გულკეთილ მასპინძლებს, ბატონის სახლიდან გამოქცეული კაცი ვარო...

შემოდგომის პირი იყო. თრიალეთის ბინები მალე აიშალნენ, სახედრებს ყველის

8

გუდები და მატყლის ბარდანები აჰკიდეს და ივრის საზამთრო საძოვრებს მიაშურეს.

დიომიდე აბესაძეც წამოიყვანეს. სამალავიც კარგი გვეშოვება და ხარჯითაც არას

გაგიჭირვებთო... დიომიდესაც მეტი რა უნდოდა, დაადო თავი და კახეთისკენ გამოსწია.

ორი კვირა იარეს, კაკაბეთს გასცდნენ და მაჟალოს ველს მიატანეს. ველზე ერთი-

ორი დღე დაყოვნდნენ, ცხვარი დაასვენეს, თვითონაც კარგად გამოიძინეს, გზაზე

შეწუხებულ საპალნეებს მიხედეს და ტყიან აღმართს შეუდგნენ. უკვე გამოჩნდა ალაზნის

ხეობა, გამობრწყინდა კავკასიონის ჩამოთოვლილი მთები...

თხემის წვერზე რომ ავიდნენ, აბესაძემ თვალი მოატანა ვეება წიფლის ხეებში

მიმალულ ნანგრევებს. სუროთი შეფენილი შავი კედლები თითქმის სიმაღლეში

უტოლდებოდნენ იმ წიფლის ხეებს.

ეს რა ნანგრევები არისო, იკითხა ხიზანმა.

- ძველი ნაქალაქარია, ჭერემს ეძახიან! - მიუგო მწყემსმა.

- ცხოვრობს ვინმე?

- ერთ ჩუმლაყელ გლეხს ღორის კოლტი უდგას, აქაური ტყეები სავსეა წიფლითა

და რკოთი. სხვა ვინ გაჩერდება ამ ცარიელ ქვებში და ეკალ-ბარდებში!

საურმე გზა სწორედ ამ ნაქალაქარზე გადიოდა. დიომიდე აბესაძეს თვალში

მოუვიდა ერთი კარგად შენახული საყდარი. სახურავი მთელი ჰქონდა, კარიც ანჯამზე

საიმედოდ ეკიდა. უკეთეს სახიზარ-სამალავს ნატვრითაც კი ვერ ინატრებდა კაცი.

ახლომახლო ძე-ხორციელი არსად ჭაჭანებდა, მხოლოდ ტყე და მხოლოდ სიჩუმე.

გარეული ხილი თავსაყრელად იყო - პანტა, მაჟალო, ზღმარტლი, შინდი, წიფელი,

ტყემალი და თხილი, მარწყვი და კუნელი, ყოველ ნაბიჯზე ანკარა წყარო... და აგერ კიდევ

მეზობელი, შეძლებული მეღორე. ხელის შემშველებელი იმასაც დასჭირდება, ერთმანეთს

მხარში შეუდგებიან და, ერთი არაკისა არ იყოს, შენ იყივლე, მე კიდევ ვიყეფებ და

სოფელი აშენდებაო.

ბატონის ცხენში აბესაძეს ოციოდე სული ცხვარი მისცეს კახელებმა. ერთი

იაფინჯის ნაბადიც სართად დააყოლეს და ჭერემის პირველ მოსახლეს ხელი მაგრად

ჩამოართვეს.

ასე დაიწყო, ვინ იცის მერამდენედ, ჭერემის ახალი ცხოვრება.

მგონი ცოტა გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ დიომიდე აბესაძის ნაკვალევმა იმდენი

ბედდამწვარი კაცი ამოიყოლა ჭერემში, რომ კალამი ასე ადვილად ვერ გაეყარა ამ სოფლის

9

ამბავს.

იმავე შემოდგომაზე მესამე მოსახლეც შეემატა ჭერემს - თურქის ტყვეობიდან

გამოქცეული ვაჩნაძიანთ ყმა, ლევან გულაშვილი, შუახანს მიღწეული კაცი, უსახლკარო,

უცოლშვილო და, როდესაც აბესაძემ ერთი-ორი საყანე მინდორი აჩვენა და ერბოსავით

მიწა ხელში ჩაუფშვნა, მასაც ბევრი იწილო-ბიწილო არ დაუწყია, თავისი მჭლე გუდა იქვე

მიაგდო და იმ დღიდან ჭერემიდან ფეხი არ მოცვლია. იმდროინდელ საქართველოს ერთი

მეტად ლამაზი კანონი ჰქონდა: თურქის ტყვეობიდან გამოქცეული კაცი თავის ბატონს

აღარ მიუბრუნდებოდა. იგი ყმობისგან თავისუფალი იყო და, სადაც იმის გულს

მოელხინებოდა, ბინასაც იქ დაიდებდა.

პირველ წელიწადს ცოტა კი გაუჭირდათ ახალ მოსახლეებს, დაფერდებულ

მინდვრებს ერთი უღელი ხარი ვერ მოერია, ბარმა კი მუხლის ძალა დაულია დიომიდესა

და ლევანს, მაგრამ ისინი გულს მაინც არ იტეხდნენ.

„წყალს მუჭში ვერ გააჩერებ, ხმას გალიაში ვერ დაამწყვდევ!“ - ამბობდა აბესაძე და

მართლაც, არ გასულა დიდი ხანი, ჯერ ახლომახლო სოფელს მოეფინა ამ ნაქალაქარ-

ნასოფლარის მიწის გამოღვიძების ამბავი და ნამაისებს სამი თუ ოთხი მოხევე კარზე

მოადგა ჭერემს. თემისაგან მოკვეთილი კაცები ვართ, გამოუტყდნენ მასპინძლებს და

თავშესაფარი სთხოვეს. ბარის წვერი ქვესკნელში ჩაჰქონდათ, ისეთი ღონიერი მუშები

იყვნენ.

მერე თვითონ აბესაძემ მოიარა იმერეთი და ვისაც კანონი და მსჯული ტყე-ტყე

დაეძებდა ყველას ხმა მიაწვდინა, სადღაც კახეთის მიკარგულში საიმედო სახიზარი

ვიპოვნე და გამომყევითო...

ამ დღიდან მოკიდებული კვირა არ გავიდოდა, რომ ჭერემში ახალი ხიზანი არ

გამოჩენილიყო. მოდიოდნენ ათასგვარ ფათერაკსა და უსამართლო სამართალს

გამოქცეული გლეხები, მოდიოდნენ ისინიც, ვისაც ბედისწერამ ყველაზე მძიმე ცოდვა

აჰკიდა ზურგზე - კაცის სისხლი დააღვრევინა და რჯულზე ხელი ააღებინა.

მოდიოდნენ, როგორც ჩვენში იტყვიან, ტანისამოსიანად გიჟი კაცები, საკუთარ

ტყავში რომ ვეღარ ეტეოდნენ და თავისი გაქანების შესაფერ სარბიელს ეძებდნენ.

მოდიოდნენ სხვადასხვა ზნისა, ხატისა და შეძლების ადამიანები. ზოგი მთლად შიშველი

იყო თითივით, ზოგსაც ერთი ორი გამხდარი ცხვარი ან დეკეული მოუძღვოდა წინ,

მაგრამ ერთში კი საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს: თითქმის ყველანი დარჩეული,

10

ორმაგად ნაქსოვი ბიჭები იყვნენ. სხვანაირები არც შეიძლება ყოფილიყვნენ, მოშიშარი

ბატონის წინაშე ქედმოდრეკილი კაცი ძალადობას წინ ვერ დაუდგებოდა,

მათრახშემართული მოურავს და ჩაფარს ხელს ვერ შეუბრუნებდა.

ეს მუხთალი წუთისოფელი ჯოჯოხეთად მიაჩნდათ და ჭერემის კალთებზე ფიცი

დადეს, სანამ პირში სული გვედგება, ერთმანეთი ბოლომდე გავიტანოთო და, როგორც

მერე გამოჩნდა, ეს ფიცი არ ყოფილა მარტო ქადილი და მარტო ცარიელი სიტყვა.

მხოლოდ ასეთი შემართების ხალხს შეეძლო იმ სასწაულის მოხდენა, რომ სულ მოკლე

ხანში ჭერემს მდიდარი და ღონიერი სოფლის სახელი გაუვარდა.

თითქოს ყველანი ჭერემში დაქორწინდნენ. საიდან არ მოიყვანეს საპატარძლოები

- ველისციხიდან, ჩუმლაყიდან, ბაკურციხიდან, კაკაბეთიდან, ტიბაანიდანაც კი...

ყველაზე ადრე ლევან გულაშვილი დაოჯახდა - ნათხოვარ ცხენზე შემოსვა ერთი

კარდენახელი შავთვალა გოგო და ჭერემში გამოიტაცა, მაგრამ ამ ცოდვის დღეზე

დაბადებული სოფელს თავისი წესი და რიგი ჰქონდა: ჯვარდაწერილი კაცი და ქალი

ერთი კერის პირას ვერ დასხდებოდნენ, „საბანსა ერთსა ვერ დაიხურავდნენო“, - ამბობდა

ძველი სიგელი.

დატრიალდნენ მეგობრები, ჩაგზავნეს კაცი ველისციხეში და ერთი იქაური

მღვდელი შეაგულიანეს, ამოდი ჩვენთან, მამაო, წირვა დააყენე და ჩვენი საწყალი ხალხი

მამაღმერთს შეავედრეო.

ბოდბელმა არქიეპისკოპოსმა დედო-ზარი შემოსწირა თურმე ჭერემის საყდარს.

ჩვენი ძველი დედაქალაქი მანდ იყო და მისთვის არაფერი გვეშურებაო. გახარებულმა

სოფელმა დაუძახა ხელოსნებს, ვეება ზარი ღვთისმშობლის მიძინების წინაღამეს

სამრეკლოზე დაჰკიდეს და , როდესაც პირველად დაარისხეს, მისი გუგუნი აქეთ იორს

გადაევლო და იქით - ალაზანს.

მაშინ კი შეფიქრიანდნენ ჭერემელები, ამ ზარმა ქვეყანა არ შეგვიყაროს, არ

დაგვიწყონ ძიება და გამოკითხვა, შენ ვინ ხარ და საიდან მოსულხარო... ამიტომ დედო-

ზარს ათასში ერთხელ თუ შემოჰკრავდნენ, როცა ხმა დაირხეოდა ლეკის თარეში

ალაზანზე გადმოვიდაო...

სანამ საქართელო რუსეთს შეუერთდებოდა. აქაობას მეტწილად გადმოხვეწილი

იმერლები ეტანებოდნენ. კახეთის აჯანყების შემდეგ კი როცა დამარცხებული ვაჩნაძეები,

ანდრონიკაშვილები, ვარაზაშვილები და ჯიღაურები ციმბირში გარეკეს, ჭერემს

11

კახელებმაც მოაშურეს, - ვინც ციხეს და გადასახლებას გადაურჩა, ვისაც ჯერ კიდევ ვერ

დაეწია მთავარმართებელ ერმოლოვის ულმობელი ხელი. სწორედ ამ ხანში მოხდა ერთი

საკვირველი ამბავი: ყველას მოულოდნელად ველისციხელი მღვდელი ჭერემს მოაშორეს

და აქაურ სამწყოს ახალი მოძღვარი გამოუგზავნეს. ამ გაუგებარ გამოცანას პასუხი

მაშინღა მოეძებნა, როცა ერთხელ გათენებისას, ჭერემში ცხენოსანი ჩაფრები ამოვიდნენ

და ერთი ხანმოყრილი გლეხის თედო მაჩხაშვილის კარ-მიდამო იკითხეს. არ გასულა

დიდი ხანი, მაჩხაშვილის სახლიდან ქალების მოთქმა და ბალღების ზრიალი მოისმა.

კარის მეზობლებმა დაინახეს, როგორ გამოათრიეს ჩაფრებმა მოტიალებულ ეზოში ნაცემ-

ნაგვემი კაცი, ხელ-ფეხზე ბორკილები დაადეს, უნაგირს დააკრეს და გზას გაუდგნენ.

და იმავე წუთში დაიგუგუნა დედო-ზარმა მთელი ჭერემი ეკლესიის ეზოს

მოაწყდა, სოფლის თავკაცებს ბევრი ბჭობა და ყოყმანი არ დაუწყიათ, იქვე გამოიძახეს

საიმედო ბიჭები და ჩაფრებს კვალდაკვალ დაადევნეს, თანაც გააფრთხილეს, ის ბიჭი

პოლიციას არ დაანებოთ, ოღონც ეცადეთ, კაცის ცოდვა არ დაიდოთო...

მდევარმა პირნათლად შეასრულა სოფლის დანაბარები. ცოცხალ-მკვდარი

მაჩხაშვილი გამოიხსნეს, ჩაფრებს კი ჩააგონეს, ამ სოფლის გზა სამუდამოდ დაივიწყეთ,

თორემ მეორედ ასე უსისხლოდ ერთმანეთს აღარ დავშორდებითო...

მაჩხაშვილის ამბავმა არაერთი და ორი კაცი შეაშფოთა ჭერემში. იმ გაზაფხულზე

ორი აქაური მოსახლე, ერთი იმერელი დურგალი და ერთიც კახელი მეწისქვილე,

თელავში დაიბარეს, მაზრის უფროსი გეძახითო... წავიდნენ და დაიკარგნენ, მათი

ასავალ-დასავალი ძეხორციელმა ვერ გაიგო. რამდენჯერაც არ მიაკითხეს თელავს, პასუხი

მუდამ ერთი იყო - აქედან იმდღესვე წამოვიდნენ, იქნებ გზაში სადმე ლეკებს გადაეყარნენ

და ტყვედ ჩაცვივდნენო.

ეს ყველაფერი სიმართლეს ჰგავდა. ჯერ კიდევ პატარა კახი გულმოკლული

ამბობდა, ლეკთა გაალაგეს საქართველოო...

ერმოლოვის დროსაც ლეკის ნაიბები ძველებურად არბევდნენ კახეთის სოფლებს:

ამიტომ მაზრის მოხელის ნათქვამი სიტყვა ჭერემელებმა ადვილად ირწმუნეს და ბედს

შეურიგდნენ. მაგრამ, როდესაც მაჩხაშვილმა ცოტა მოიკეთა და სული ჩაიდგა, დაუძახა

თურმე ნიკა ჯაჭვაძის პაპას და საიდუმლოდ გაანდო, ჩვენმა მღვდელმა გამომჭრა ყელი,

ნამდვილად იმან გამცაო...

- ენა დაიმოკლე, ბიჭო, მკრეხელობას ნუ დაიწყებ, თორემ მოძღვარს სიტყვა მიუვა

12

და ხატზე გადაგცემს! - დაფეთდა ბერიკაცი.

- არა. ძმაო, შენ არ იცი, რა მოხდა! ყური დამიგდე! - მიუგო მაჩხაშვილმა: -

სოფელში სისხლი დამედო! იმ დღეს ალექსანდრე ბატონიშვილის ამალაში ვიყავი.

ძალად შემომაკლა თავი იმ უდღეურმა. სხვა გზა არ იყო, უნდა დამეკრა! მერე კი დავკარგე

მოსვენება! დავწვებოდი, ავდგებოდი, - გარჩევა არ იყო, სულ მისი სახე მელანდებოდა და

ჩემი მთავარი სული მიჰქონდა... და მეც აღსარების დროს აღარ გადავფიცე, ყველაფერში

გამოვუტყდი ჩვენს მღვდელს, იქნებ მამაზეციერმა ცოდვა-დანაშაული შემინდოს-მეთქი.

ბერიკაცს ხმა არ გაუღია. თავიდან ბოლომდე ჩუმად მოისმინა მაჩხაშვილის მეორე

აღსარება, ასევე ჩუმად წამოდგა და მასპინძელს გამოეთხოვა.

ცოტა კი გაუკვირდა მაჩხაშვილს, რომ მისმა სიტყვამ თითქოს ვერავითარი

გამოძახილი იპოვა მეგობრის გულში. არადა, სულიერი მოძღვრის ასეთი მუხანათობა

ქვეყნის დაქცევას ჰგავდა.

„აღსარებას იმიტომ გეუბნები, რომ ჩემი სახვეწარი ღმერთს მიუტანო, შენ კი

პოლიციაში მიგაქვს, შე სულწაწყმედილო!“

რა იცოდა მაშინ მაჩხაშვილმა, თუ რა ცეცხლი წაჰკიდა ბერიკაცს მისმა ნათქვამმა.

მაჩხაშვილის სახლიდან ნიკას პაპამ პირდაპირ იმ უკვალოდ დაკარგულ ბიჭების ოჯახებს

მიაშურა. წვრილად გამოჰკითხა ჯალაბს, იყვნენ თუ არა მათი სახლიკაცები აღსარებაზე

სოფლის მღვდელთან.

- იყვნენ, ბატონო, როგორ არ იყვნენ! გახარებული დაბრუნდნენ ეკლესიიდან! რა

გულმოწყალე ყოფილა ჩვენი მოძღვარი, ყველა ცოდვა შეგვინდო და წმინდა ზიარებაც

მიგვაღებინაო...

ნიკას პაპამ კარგად იცოდა, რა ცოდვა-ბრალში იყვნენ გახვეულნი მისი

მეზობლები. ისიც მათთან იყო იმ ღამეს, როდესაც კახეთის არეულობის მონაწილეებმა

მანავში დაბანაკებულ კაზაკებს ცხენები მოსტაცეს, თავლას ცეცხლი წაუკიდეს და,

საუბედუროდ, ერთი მანაველი კაცი მეჯინიბე იმსხვერპლეს - ღვინონასვამს თივაზე

მისძინებოდა, ჭერი თავზე ისე ჩამოემხო. ვაის დაძახებაც ვერ მოასწრო.

ცხენოსანი ჯარი უცხენოდ კი დატოვეს, მაგრამ ყველას სანანებლად დარჩა იმ

ერთი ბეჩავი კაცის დაღუპვა და მათაც უკვე არაფერი აღარ დაუმალეს სულიერ

მოძღვარს...

- პოლიციის ჯაშუში ყოფილა ეგ ძაღლიშვილი! ამიტომ დაარბენინებდა

13

თურმე ხალხს ზიარებაზე! - დაასკვნა ბერიკაცმა და მთელი სოფელი გააფრთხილა,

ამიერიდან ევლოგის ოლარს ახლო არ გაეკაროთო. მღვდელი მიხვდა, რომ მისი ბნელი

საქმეები სამზეოზე გამოიტანეს. მეორე დღესვე გუდა-ნაბადი აიკრა და ჭრემს სამუდამოდ

გამოეთხოვა.

ასე ჭაპან - წყვეტაში, ომსა და ბრძოლაში შენდებოდა სოფელი ჭერემი, კახეთის ეს

პატარა ლამაზი მთიანეთი. საბედნიეროდ, ქვა და ქვიშა რამდენიც გინდა, იმდენი

მოიპოვებოდა ახლომახლო ხევებში. ბლომად იყო გარჯას მოწყურებული მუშახელიც და

სახლი სახლს ემატებოდა, ორღობე - ორღობეს. სოფელმა გაშალა მხრები და პირველი

მსოფლიო ომის წინ ჭერემში უკვე სამასამდე კომლი ცხოვრობდა.

როგორც უკვე ითქვა, ჭერემს შემოეხიზნენ არა მარტო უსამართლობასთან

მებრძოლი გლეხები, არამედ აქა-იქ უკვე გამოერივნენ შორიდან გადმოხვეწილი

ბედისმაძიებლები, იოლი ცხვრების მოყვარულნი... ერთმა მევახშეობა დაიწყო, მეორემ

თავისუფალი მიწა დაიჩემა და საზიაროდ გასცა. ვიღაც შორაპნელმა ხიზამნა კი

დალალობას მიჰყო ხელი. ერთხელ კარის მეზობელს ძროხა მიჰყიდა, სოფლის

მასწავლებელს ალაზან-გაღმიდან ცხენი გამოუყვანა. მეორე კვირას ის მასწავლებელი

ყვარელის გზაზე გააჩერეს და ცხენიდან ჩამოაგდეს... გამოირკვა, ცხენიც და ძროხაც

ნაქურდალი ყოფილიყო. მაშინვე შეჰყარეს სოფელი, შორაპნელი ხიზანი შეაჩვენეს და

ჭერემიდან გააძევეს, სხვები კი გააფრთხილეს, ხარმა უღელში კვალის გამრუდება თუ

დაიწყო, მისი ნახნავი მიწას ბარაქას ვერ მოჰკიდებს, დანარჩენი თქვენ იფიქრეთ და

იანგარიშეთო.

ქურდებსა და მრუშებს, კაცი იქნებოდა თუ ქალი, სოფელში არ გააჩერებდნენ,

თუნდაც ისინი დიდად პატივსაცემი ოჯახის შვილები ყოფილიყვნენ.

ასეთმა დაუზოგველმა, არადამთმობმა განაჩენმა. (ვერც ღმერთთან და ვერც კაცთან

რომ ვერ გაასაჩივრებ), თანდათან დაწმინდა მღვრიე ნაკადი და სოფელი ერთპირად

შეჰკრა. იცოდა ჭერემმა სირცხვილ-ნამუსი, იცოდა ჭირში გატანა და ლხინში - ხმის

აწყობა.

და რაკიღა კალამს სიტყვა გატანა წამოსცდა, მაში ერთი არც ისე ძველი ამბავი უნდა

გავიხსენო. ყველა საქებარ სიტყვაზე უფრო მკაფიოდ იგი დახატავს სოფელ ჭერემის

ზნეკეთილობას.

გურჯაანში, ახტალის ხევის პირას, ნატო ვაჩნაძის მამის ნამოსახლარზე,

14

შალიკაანთ გორაზე, მოსჩანს ახლადაგებული ერთსართულიანი შენობა. გარეგნულად

იგი მაინცხდამაინც არ გამოირჩევა მეზობლად მდებარე შენობებისაგან, მაგრამ ერთხელ

შეაღე მისი კარი და შეიხედე ოთახში, მერე იქიდან გამოსვლა აღარ მოგინდება.

საქართველოს ულამაზესი ქალაქის, გურჯაანის და მისი შემოგარენის დიდი

წარსულის ამბებს მოგვითხრობენ ამ დაკრიალებულ დარბაზებში გამოფენილი ქვის

ხანის სასოფლო-სამეურნეო იარაღები და სამკაულები, ავგაროზები, ბრინჯაოს ხანის

ჭურჭელი და საომარი საჭურველი.

გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ეპოქები სწრაფად ენაცვლებიან

ერთიმეორეს ფეოდალური ხანა, ჯაჭვის პერანგის ნაფლეთები და ნახმლევი ჩაჩქანი...

რევოლუციის დარბაზში სამი ოთახი ეთმობა და გურჯაანის რაიონში სოციალისტური

მშენებლობის ამსახველ მასალებს, აქვე არიან სამამულო ომის გმირები, მათი დედები და

მამები, საომარი საგზალი რომ არ მოაკლეს თავიანთ შვილებს.

რა სიყვარული, ცოდნა, გატაცება და მონდომება იყო საჭირო, რომ ამ პატარა

კოლექტივის მეთაურს მიხეილ უზუნაშვილს და ფონდების მცველს ზეზვა ბეზარაშვილს

ასე ლამაზად გაემართათ და გაეწყოთ ჩვენი ხალხის უკვდავების სახსოვარი. ამ მუზეუმში

ინახება არა ერთი და ორი გამოუქვეყნებელი წერილი თუ მოგონება იმ დაუვიწყარ

დღეებზე, წინ რომ უსწრებდა ახალი საქართველოს დაბადებას.

დიდი ამაგი დასდო ამ საშვილიშვილო საქმეს თელაველმა მასწავლებელმა

მიხეილ ცაკაშვილმა. რამდენი მოგონება, თქმულება და გადმოცემა ჩაუწერია ამ

გატაცებულ კაცს, რომ უამბოდ და უსაფლავოდ არ დაკარგულიყო მათი სახელი, ვინც

უკანასკნელ სისხლის წვეთამდე, უკანდაუხევლად, შეურიგებლად ებრძოდა

უსამართლობას.

(თავი მეორე სოფ. ჭერემს არ ეხებოდა და წაშლილია ბლოგის ავტორის მიერ)

თავი მესამე

ერთი კაცის სოფელი

ახლა კი მივხედოთ ტყისპირას მარტოდ დარჩენილ ნიკა ჯაჭვაძეს.

გუმანმა არ უმტყუნა ნიკას. ცოლმა სული არ მოათქმევინა ნამგზავრ კაცს, სანამ

თავიდან ბოლომდე არ ჩაუკენჭა დღევანდელი ამბავი, - მილიციელებმა ყველა კარ-

15

მიდამო ჩამოიარეს და გაგვაფრთხილეს, მალე სოფლის გასახლება დაიწყება და

თადარიგი დაიჭრეთო.

ნიკას პურიც არ უჭამია, თავ-პირზე ცივი წყალი შეისხა და მაშინვე

კოლმეურნეობის თავმჯდომარეს მიაშურა.

- იღუპება ქვეყანა?!

- იღუპება, ნიკავ! დაგვემუქრნენ, თუ ფეხი დაიდგით და გაძალიანდით, მაგის

წამალიც ვიცითო! რა წამალი, კაცო, მომკალი და ვერ გამიგია! სოფელს შენი იმედი აქვს,

ნიკავ! - უთხრა თავჯდომარემ.

- მე რა შემიძლია, კაცო!

- შენ გაბედული კაცი ხარ, ენაც გიჭრის იქნებ თბილისში წახვიდე და მთავრობას

მოელაპარაკო.

ნიკამ ხელი ჩაიქნია.

- თბილისიდან მოდის ყველა უბედურება, თორემ მარტო ესენი რას

გაგვიბედავდნენ.

- მაშ რა ვქნათ, კაცო!

- იქნებ მოსკოვმა გვიშველოს! ოღონდ გურჯაანმა არ უნდა გაიგოს ჩვენი

ჩანაფიქრი!

დაუძახეს სანდო კაცებს, - ალექსი ბარბაქაძეს, ზაქრო მახათაძეს, ალექსი

მოდებაძეს და იმ საღამოს მოილაპარაკეს: მოსკოვში სამგზავრო ხარჯის ფულს სოფელი

გაიღებს, ოღონდაც კაცი გამოინახოს, ჭერემელი კაცი, ვისაც გულიც ერჩის და ძნელი გზაც

ვერ შეაშინებს.

თათბირის მონაწილეებმა ერთხმად დაასახელეს ნიკა ჯაჭვაძე, კაცი ყოვლად

პატიოსანი და სოფლის თავდადებული ქომაგი.

- თანახმა ვარ, - სთქვა ნიკამ: ოღონდ ერთი კაცი უნდა გამაყოლოთ. ფული

ჩაიბაროს და ანგარიშიც იმან იცოდეს!

მარტო ერთი ნიკა ჯაჭვაძე მართლაც ცოდვა იყო იმოდენა გზაზე და უცნობ

ქალაქში. თანამგზავრად გიო აბესაძე შეურჩიეს.

1953 წელი. ზაფხული.

ნიკა ჯაჭვაძის ნაამბობი ( რაც დაამახსოვრდა ნიკას მეუღლეს, ქალბატონ ანეტას.)

„მატარებელში ერთი ნასწავლი ქართველი კაცი გავიცანი და ჩემი გასაჭირი ვუამბე.

16

შემპირდა, მოსკოვის მთავრობას კარგად ვიცნობ და უეჭველად დაგეხმარებიო. სიტყვის

კაცი გამოდგა. იმ საღამოს სასტუმროში დაგვაბინავა. მეორე დილას მოგვაკითხა და

გორკინთან წაგვიყვანა. ბევრი იტრიალა ამ ოთახში, იმ ოთახში. მაგრამ იმ დღეს არაფერი

გამოვიდა. მეორე დღესაც მოგვეცარა ხელი. მესამედ კი - კარი თვითონ გორკინმა

გაგვიღო და კაბინეტში შეგვიძღვა. მე ქართულად ვლაპარაკობდი, ის ნასწავლი კაცი

რუსულად თარგმნიდა. გორკინი თავს მიქნევდა და სულ „ხარაშო, ხარაშოს“ იძახოდა“.

- ქალბატონო ანეტა, იმ ნასწავლი კაცის სახელი არ გახსოვთ? - ვეკითხები ნიკას

მეუღლეს.

- მახსოვდა, როგორ არ მახსოვდა, მაგრამ, რაც ნიკა გარდაიცვალა, დარდი მომერია,

სიბერე მომერია და მისი სახელიც გადამავიწყდა. ისე კი ჩემი ნიკა ჭიქას ხელში არ

აიღებდა, რომ მისი სახელი არ მოეხსენებინა.

ანეტამ ჩიქილის ყური ტუჩ-პირზე მოისვა და განაგრძო:

„მოსკოვიდან კაცი გამოგვაყოლეს. იმ კაცმა სოფელ ჭერემს სურათები გადაუღო,

ჩვენი კედელ-ყურე მოიარა, ცხოვრების ამბები გამოგვკითხა და მეორე თუ მესამე დღეს

დაგვემშვიდობა. მალე მოსკოვიდან პასუხი მოვიდა, - ასეთი მდიდარი და მარგალიტი

სოფელი დასანგრევად ვინ გაიმეტა, უნდა დარჩესო...“

„ჭერემი მართლაც ამ კიდე-კუთხის თვალმარგალიტი იყო, ამას ბევრი ფიცი და

გულზე ხელის ბრაგუნი აღარ სჭირდება! - მითხრა ძველი, დაშლილი კოლმეურნეობის

თავმჯდომარემ ვანო ჯაჭვაძემ, - ომის დროს, როდესაც სოფელს მუშახელიც აკლდა და

ხარ-კამეჩის აღარა ჰყოფნიდა, შრომადღეზე, მეტი თუ არა, ნახევარი ფუთი სიმინდი

მაინც ნაწილდებოდა. ჭერემის კოლმეურნეობა იმდენად ძლიერი იყო, რომ გარე კახეთის

მოახლეობას ჩვენგან მიჰქონდა სურსათ-სანოვაგე“.

შაქრო ბარბაქაძე: - თუ არ გამიწყრები, ბატონო კონსტანტინე, ერთი რაიმე უნდა

მოგახსენო. კოლექტიურმა შრომამ, რა თქმა უნდა, ქართული სოფელი წელში გამართა.

მაგრამ ჩვენი ჭერემი მანამდეც ფეხზე იდგა, მაძღარი წვებოდა და მაძღარი იღვიძებდა!

სამოცდაათი წლის კაცი ვარ და ჯერ არ მახსოვს რომ ჩვენებური მიწისმუშა მეზობელს

სოფელს კარზე მიდგომოდეს, ერთი კოდი სიმინდი მასესხეო. საქონელი ბლომად

გვყავდა ხარ-კამეჩი, ძროხა, ცხვარი... განთქმული კახური ღორი. ჩვენი ტყეები სავსე იყო

წიფელითა და რკოთი. ერთი მანეთი არ გვეხარჯებოდა ღორის შენახვაზე. ველისციხისა

და კაჭრეთის ბაზრებს მუდამ ულევად ჰქონდა ჩვენი ღორისა და ფრინველის ხორცი.

17

აქაური მიწა, წყალი და ჰაერი ვენახს მაინცდამაინც არ უხდება, თორემ სიმინდს კი

აგიჟებს!

შორიდან რომ შეხედო ჩვენი სიმინდის ყანას, გეგონება, ბავშვიანი ქალები

მოდიანო, იმოდენა ტაროს იკეთებს ეს დალოცვილი...

ვანო გელაშვილი: - ოქტომბრის რევოლუციამდე თითეულ მოსახლეს შვიდი-რვა

ჰექტარი მიწა გვქონდა. ტყე და სათიბ-საძოვარი - რამდენიც გინდა. მიწისმზომელი რა

იყო, ჩვენმა სოფელმა არ იცოდა. მარილიც კი საკუთარი მოგვეპოვებოდა. დღესაც ამოდის

რამდენიმე ადგილას. ახლა მოდი და შეუშვი ამ ყუათიან მიწაზე გამრჯე კაცი, - რა

მოხდება? იმ კაცის ბეღელს ქარი ვერ წაიღებს, იმის ძროხას რძე არ გაუშრება.

ჩვენი სოფლის ბარაქა ომიანობამ შეამოწმა. იმ წლებში რამდენი გაჭირვებული

ოჯახი შეიხიზნა ჭეერემმა! უანგაროდ, უსასყიდლოდ. მხოლოდ ერთმა ჭერემელმა კაცმა

(გვარს ნუ მათქმევინებ, კაი შვილები დარჩა) პირი შეირცხვინა და უდედმამოდ

დარჩენილ ბავშვებს ჭიშკარი არ გაუღო. ისეთი ძუნწი იყო, მუჭაში ცვარი არ გაეპარებოდა.

იმავე საღამოს შეითქვა მთელი ჭერემი, დაუკარგეს იმ საცოდავს სოფლის სალამი და

გამარჯობა. მერე კი გვეხვეწა ბევრი, ის ბავშვები დამიბრუნეთო, მაგრამ არა, სოფლის

სახელის შერცხვენა არ აპატიეს!

ფატი ჯაჭვაძე: - ომამდე და ომის დროსაც ჭერემში მოდიოდნენ თათრები

ყარაიიდან და იორმუღანლოდან. მოჰქონდათ შინნაქსოვი ფარდაგები, ხალიჩები,

ხურჯინები, ჭრელი წინდები, პაჭიჭები და სიმინდზე გვიცვლიდნენ. მე მაშინ პატარა

ვიყავი, მაგრამ ახლაც თვალწინ მიდგას ჩალისფერი, კუზიანი აქლემები და სიმინდის

ცალებზე შემომსხდარი შავ-შავი ბიჭები.

მოდებაძე: - ყველაფერი გვქონდა, გზის გარდა, თუმცა ქონება რად გინდა, თუ

ქვეყანას მოსწყდები და მოშორდები. გასახლებამდე ჭერემში მუშაობდა ჩვენი სამყოფი

ელექტროსადგური, ტელეფონი, ზეთის სახდელი, სახერხე ქარხანა. ჭერემ-ხევზე

ოცდაოთხი წისქვილი გვედგა წყლისა. სიმიდნისა და ხორბლის დასაფქვავად ჩვენთან

მოდიოდა ჯიმითის, კაჭრეთის, გადრეკილის, დარამის, შიბლიანის, ყანდაურის,

ნალიანის, ჩაილურის გლეხკაცობა.

ნიკო ოდეკაძე: - ოთხასამდე კომლი ცხოვრობდა ჭერემში, მაგრამ არ გამიგონია,

რომ ჩვენში კაცს კაცი მოეკლას, ან ყაჩაღობა ჩაედინოს. მხოლოდ ერთი ბიჭი მახსოვს,

აწეულ გიორგას ეძახდნენ. თხელი, დალეული კაცი იყო, თაგვები სოროში შეათრევდნენ,

18

მაგრამ ხელი ჰქონდა რაღაც უბედურება მაგარი... მისი შეუხედავი ტანადობა

ბერიკაობაზე ამოსულ სტუმრებს ხშირად ატყუებდა, ადვილად აუხირდებოდნენ ხოლმე

აწეულ გიორგას. მერე კარავში იწვნენ და ვაი-დედას იძახდნენ... კიდე მახსოვს ერთი-ორი

შემთხვევა ომის წლებში: საქონელი მოიპარეს და ტყეში დაჰკლეს, ტყავი წაიღეს, ხორცი

კი ხელუხლებელი დატოვეს.

რატომ დატოვეს?

ვითომ ჩვენ მშიერი, მაწანწალა ქურდები არ გეგონოთო. ჩვენ მხოლოდ საქალამნე

ტყავი გვინდაო... ქალამანი მართლაც ძალიან ჭირდა იმ ავად მოსაგონარ წლებში.

შაქრო ბარბაქაძე: - სოფელს ყველაზე მეტად ძველი ხალხური თამაშობა -

ბერიკაობა უყვარდა. ყველიერის კვირაში ორად გაყოფილი ჭერემი, ზედა უბანი და ქვედა

უბანი, ნიღბების წარმოდგენას რომ მოათავებდნენ, მერე ბერიკები მოედანზე

დადგებოდნენ, წრეს შეჰკრავდნენ წმინდა მარინეს თელის ძირში.. დოლი საჭიდაოს

დაიძახებდა. ქვედა უბნის ბერიკა ზედა უბნის, ბერიკას ეძგერებოდა, მეხურჯინე -

მეხურჯინეს, მედროშე - მედროშეს. მოლექსე-მოშაირე- მოლექსე- მოშაირეს, მეზურნე-

მეზურნეს... საგანგებოდ არჩეული კაცები მაღლობ ადგილზე ისხდნენ და ამოწმებდნენ,

ვისი იყო გამარჯვება, ვისი - დამარცხება.

ბერიკაობაზე თბილისიდან ჩამოდიოდნენ ჩვენი შვილები, -ექიმები,

მასწავლებლები, ინჟინრები, მეცნიერ-მუშაკები. შებინდებისას გაიშლებოდა გრძელი

სუფრა, ხარობდა სტუმარი და მასპინძელი, ხარობდა მთელი მსოფლიო.

გვქონდა საშუალო სკოლა, ჩინებული კლუბი, მდიდარი სამკითხველო.

რა გვარის ხალხი ცხოვრობდა ჭერემში?

ბარბაქაძე, მოდებაძე, აბესაძე, ხომასურიძე, მაისურაძე, ჯიბლაძე, ჩაფიძე, ჯაჭვაძე,

ოდიკაძე, შენგელიძე, არევაძე, ჭანტურიძე, ბურდულაძე, შავიძე, ბერიძე, გელაშვილი,

კენჭაშვილი, მაჩხაშვილი, მუმლაძე, მირიანაშვილი, მირაშვილი, წიკლაური.

ერთი გურჯაანელი მასწავლებელი მიამბობდა, ძველად ჭერემელ კაცს ყველასგან

გამოარჩევდი, სხვაში არ შეგეშლებოდაო. ხშირად მინახავს, - ჩვენი ქალაქის ქუჩებში

ტანად მაღალი, ტყავკაბაში ლამაზად მოსხლეტილი მთიელი ქუჩაში ისე მსუბუქად და

ჩუმად მოაბიჯებდა, როგორც სიზმარში დადიან, მხარზე - დიდი ჯოხი, ჯოხის ბოლოში

კი - ფუთაში გამოკრული საგზალი...

ჯგუფად დაეხეტებოდნენ, როგორც ჯიხვებმა იციან. უცბად გამოჩნდებოდნენ, და

19

ასევე უცბად მოიეფარებოდნენ თვალს. საზოგადოებაში ხმას არ აუწევდნენ, ხალხი არ

შევაწუხოთო. მაღაზიებშიც თითო-ოროლა შედიოდნენ, დიდი რიდისა და თავდაჭერის

კაცები იყვნენ...

კახეთის უძველეს დედაქალაქს, ჭერემს, დღემდე შემორჩა მეხუთე საუკუნეში

დაარსებული საეპისკოპოსო ტაძარი.

მეცხრე საუკუნის ძეგლი, გათლილი ქვისაგან ნაგები სასაფლაოს ეკლესია და

ულამაზესი საყდარი „თელეთი“ ანუ როგორც აქაურები ეძახდნენ „წვეროდაბალი“.

ზონარგაყრილი წიგნიდან ამოწერილი ცნობა:

სოფელ ჭერემში ცხოვრობდა 383 კომლი. კოლმეურნეობას ეკუთვნოდა 4726

ჰექტარი მიწა, აქედან - 794 ჰექტარი ფართობი - სახნავ-სათესი იყო.

დანარჩენი - ტყე-ბუჩქნარი, სათიბი და საძოვარი.

შეიძლებოდა ასეთი სოფლის დანგრევა და გაპარტახება?! ამგვარი გამრჯე ხალხის

აყრა და გადასახლება?

მერე სად?

„გარდაბნის მინდვრებს დღე და ღამე ვრწყავდით, ყანას კი მაინც უჭირდა, იქა კი

სულ ურწყავი მინდვრები გვქონდა და მაინც ორი ხელი არ გვყოფნიდა, რომ ნაჯაფი და

ნაამაგარი ცის ქვეშ არ დაგვრჩენოდა“.

ესეც არ იყოს, ღარიბი დედა ვინ გასცვალა მდიდარ დედინაცვალზე!

ჩვენ მთის კაცი მშობელ კუთხეს ადვილად ვერ შეელევა. ამ გაუნელებელ

სიყვარულს ისეთი მოწმეები ადასტურებენ, როგორიც არიან: ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე

ყაზბეგი, რაფიელ ერისთავი და თედო რაზიკაშვილი.

შაქრო ბარბაქაძემ მითხრა: „ბარადაც არ გვშიოდა, არ გვწყუროდა... სადაც

ჩვენებური კაცი მარჯვენას მოატრიალებს, იმ ადგილას ქვაც კი აყვავდება, მაგრამ ჩვენი

მთის წყალი განა მარტო წყალია, ჩვენი ჰაერი განა მარტო აჰერია, ჩვენი მიწა და ტყე განა

მარტო მიწა-ტყეა! იგი ჩვენი წინაპრების სული და ხორცია, მუდამ თავისკენ რომ

გვიხმობს და გვეძახის.

ახლა ბარში რანი ვართ! ცარიელი ხალათი და ცარიელი შარვალი! ჩვენი სული და

ხორცი იქ დარჩა, გომბორის კალთებზე, ჩვენი წინაპრების ლანდების საუფლოში!

გახსოვს:

დედას ვუყვარვართ შვილები,

20

დედა არ გვახსოვს შვილებსა,

ამიტომ წუთისოფელი

სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

აბესაძე: - „სოფელი კი არა, სამოთხის ანათალი იყო ჩვენი ჭერემი!“

იმ კვირა დილას მოსკოვიდან სასიხარულო ამბავი რომ მოვიდა, სოფელი უნდა

დარჩესო, ჭერემელებმა სუფრა და ტაშ-ფანდური გამართეს, ნიკა ჯაჭვაძეს კაცობა

დაულოცეს და იმღამეს ტკბილად დაიძინეს.

მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა...

გათენდა შავი ორშაბათი, თბილისიდან ჩამოვიდნენ დასახლება-გადასახლების

სამმართველოსა და მილიციის ხელმძღვანელი მუშაკები და ჭერემელებს გამოუცხადეს: „

თქვენი სოფელი დედა ბუდიანად უნდა აიყაროს და გარდაბნის რაიონში, სოფელ

გამარჯვებაში გადასახლდესო!“

ამ დღიდან „ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარმყო, ამფხვრა სრულად“.

თავდაპირველად რამდენიმე ოჯახი გადაასახლეს. ისინი თითქოს ადვილად

დაიყოლიეს, მაგრამ არ გასულა დიდი ხანი, გასახლებულები უკანვე მოიქცნენ და ამბავი

მოიტანეს, - ბარში სასმელი და სახარჯო წყალი ორ-სამ დღეში ერთხელ მოდის, ისიც

დანიშნულ საათებში! თუ იმ დროს ვერ მიუსწარი, მერე დადექი და ლაზარეს ეხვეწე,

ერთი წვიმა მოიყვანეო!

გაჯიქდა სოფელი, აქედან ფეხს არ მოვიცლითო.

გაჯიქება ეგრე არ უნდაო, გაჯავრდნენ ხელისუფალნი და ჭერემს ჯერ

ელექტროსადგური მოუშალეს, სოფელი ბნელში დასტოვეს. მერე წისქვილებს წყალი

გადაუგდეს, და, როცა ძალმომრეობამ სოფელი მაინც ვერ გატეხა, მაშინ უებარი წამალი

მოიგონეს. სახლების სახურავზე მილიციელები ავიდნენ და კრამიტი გადმოყარეს, აღარც

ახლა წახვალთო?!

წავიდნენ.

ძალა აღმართს ხნავდა.

წავიდნენ, მაგრამ დღე არ გავიდოდა, ორი სამი ოჯახი ისევ ჭერემში არ

მობრუნებულიყო. ისევ ბარში ერეკებოდნენ, ბარიდან ისევ გამორბოდნენ. იყო ერთი

წივილ-კივილი და ორომტრიალი. მაშინ ადგნენ და ჭერემის გზაზე გუშაგები დააყენეს,

ჭერემელებს მთაში მოსაქცევი გზა-ბილიკები გადაუჭრეს.

21

ბოლოს კი ორად-ორი მოსახლე დარჩა ჭერემში: ნიკა ჯაჭვაძე და ზაქრო მახათაძე.

სოფელ მუკუზანში ქალბატონმა ანეტამ ჩვენ გვაჩვენა ნიკას სურათი. დავხედე თუ

არა, ჩემდაუნებურად ერთი შედარება მყისვე დამიდგა თვალწინ. ალბათ, ასეთი

გაუტეხელი ბიჭები ედგნენ მხარში ერეკლე მეფეს, როდესაც იგი ასპინძისკენ

მიაჩქარებდა ცხენს.

მისი გამოხედვა, ტუჩ-პირის კიდეებზე ჩამოქანებული ორი ნაკეცი, მისი დგომა, -

მთელი აღნაგობა მხოლოდ ნებისყოფას, უკანდაუხეველი კაცის სიძლიერეს

გამოხატავდა.

და როგორც მკითხველი მერე დაინახავს, იგი ბოლომდე სოფლის ერთგული

ჭირისუფალი დარჩა. ნახევარ წელიწადზე მეტი ვერ გაუძლო ზაქრო მახათაძემ ამ

უდაბურ სოფელში ცხოვრებას. წავიდა ისიც...

ნიკა ჯაჭვაძე ვერც მაშინ გაეცალა გომბორის კალთებს. და იქცა ჭერემი ერთი კაცის

სოფლად.

ერთი ბუხრიდან ამოდიოდა კვამლი. ერთი კოკა იდგა წყაროსთან.

ოთხასი კომლიდან მხოლოდ ნიკას ოჯახი შერჩა ჭერემს.

მოვიდა ზამთარი. დაცარიელებულ სოფელში ძაღლები აღარ ყეფდნენ და მგლებიც

უფრო თამამად ყმუოდნენ დათოვლილი სერიდან.

ერთხელ შუაღამისას ჯავრისაგან გულგამოხრულმა ნიკამ ყური მიუგდო ნადირის

ყმუილს. მერე უეცრად თვითონაც აყმუვლდა, ბანი მისცა ტყიურს...

- რა დაგემართა, ნიკავ, გაგიჟდი, კაცო! - გამოსძახა ოთახიდან ქალმა.

- მგლებში ვცხოვრობ, ანეტა, და მგლებივით უნდა ვიყმუვლო - მიუგო ნიკამ.

ერთი კაცის სოფელი...

მაგრამ, როდესაც მეზობელი სახლის სახურავზე ორი ჩარექა თოვლი დადო და

კავებმა ჭრიჭინი დაიწყეს, ნიკას გულმა არ გაუძლო, - ნიჩაბს ხელი დაავლო და

სახურავზე ავარდა თოვლი გადმოყარა, მეორე სახლიც გადმოთოვლა. რატომ? ელოდა

ვინმეს? არა, ცოდვა იყო უპატრონოდ მიტოვებული სახლი, მაგრამ ერთი კაცი რამდენს

გასწვდებოდა! და იმ დიდთოვლობამ გვერდზე წამოიწვინა არა ერთი და ორი სახლი და

ბეღელი.

ვიღაც-ვიღაცეებს მაინც არ მოსწონდათ, რომ ნიკა ჯაჭვაძე ისევ და ისევ ჭერემს

ებღაუჭებოდა. „თუ ეგ აქაურობას არ მოაშორეს, სხვებსაც შეაგულიანებს და

22

გასახლებული ხალხი ისევ ჭერმისკენ მოიქცევსო კისერს!:

არ მოასვენეს, ხალხი შეუჩინეს, თანაც ნიკას ბიჭი წამოეზარდა, უსწავლელს ვერ

დააგდებდა...

წავიდა უკანასკნელი მოსახლე, დადუმდა ერთი კაცის სოფელი.

ასევე დააცარიელეს ფხოველი და ზიარი.

წვიმდა.

ჩვენმა მეგზურმა, მუკუზნის სოფლის საბჭოს თამჯდომარემ ერთი სახლის

ჭიშკართან შეგვაჩერა და გვითხრა:

- აქ ცხოვრობს ჯაჭვაძის ქვრივი. აგერ თვითონაც!

ეზოდან გამოვიდა შავებში ჩაცმული მოხუცი ქალი. კუშტად შეკრული პირისახე

ჩვენკენ მოაბრუნა, უნდოდ შეგვათვალიერა.

- თქვენთან სტუმრები არიან, ქალბატონო ანეტა. შეიძლება შინ შემოვიდეთ? -

უთხრა თავჯდომარემ.

ანეტამ მწყრალად შემოგვხედა. სტუმრების დანახვაზე წარბი არ გაუხსნია,

თავჯდომარეს მიუბრუნდა და ჰკითხა, რა უნდათ, რატომ გარჯილანო...

- თქვენი ოჯახის ამბავი აინტერესებთ!

- მაგენის დაინტერესებამ დააქცია ჩემი ოჯახი! თუ რაიმე სათქმელი აქვთ, აქაც

კარგად გავიგონებ! - მოურიდებლად ჩაილაპარაკა ანეტამ და მხოლოდ მაშინ, როცა

თავჯდომარემ ყურში წასჩურჩულა, მწერლები არიანო, დიასახლისმა ჭიშკარი გაგვიღო

და გზა მოგვცა.

დიდხანს ვესაუბრე ნიკა ჯაჭვაძის ქვრივს. მოხუცმა ქალმა შემატყო, რომ უბრალო

მოსეირე არ ვიყავ, თანდათან მოლბა და გული გადამიშალა.

... და ისევ მოვიდა გაზაფხული. ბარში უკვე აყვავდნენ ტყემლები და ატმები.

აფუებულ მიწას გუთნები მოეკიდნენ. ტრაქტორებს გუგუნი და ნადნობის ჩხრიალი

ღამეს არ აძინებდა.

ნიკას გულმა არ გაუძლო, ფუთაში საგზალი გამოკრა, ჯოხზე წამოაგო და

სოფლიდან გაიპარა.

23

გურჯაანისაკენ მიმავალ სატვირთო მანქანას შემოუჯდა... საღამო ხანს იგი უკვე

სოფელ გადრეკილში იყო. მეგობარ კაცს ხარი და კივი გამოართვა და იმავე ღამეს ჭერემში

ავიდა.

ბევრი არა, ერთი ჩარექა მიწა მოხნა და სიმინდი დათესა.

სოფელ გამარჯვებაში არც მიწა აკლდა, არც პური და არც სიმინდი, ჯაფაც ნაკლები

ჰქონდა გამარჯვების გაშლილ მინდვრებს უხვად დასეოდნენ ტრაქტორები და სათესი

მანქანები. მაშ რა ცოდვამ ამოიყვანა ჭერემში ყოვლად უანგარო და კოლექტიური შრომის

მქადაგებელი კაცი!

რა უნდოდა, რას დაეძებდა ცისანაბარად მიგდებულ სოფელში...

მე ვერ დავარქვი ამ გრძნობას ზუსტი და მართალი სახელი. იქნებ შენ, ჩემო

მკითხველო, ჩემზე უკეთესი ნათლია გამოდგე!

დათესა და ისევ გამარჯვებაში დაბრუნდა.

ჭერემში ხშირად ამოდიოდნენ მეთვალყურეები. ფხიზლობდნენ, თვალს

ადევნებდნენ, რომ სოფელში არავინ დაბრუნებულიყო.

ერთხელ დაინახეს ახლოდ მოხნულ-დაფარცხული მინდორი და ქვეყანა შეყარეს,

ვისია, ყანა ვინ დათესაო!...

დაიწყეს კითხვა გამოძიება, მაგრამ პასუხი არ იყო. პატრონი არა სჩანდა.

ჩავიდნენ გადრეკილში და ახლა იქაურები დაჰკითხეს, იქნებ თქვენ იცოდეთ, ვინ

ხელშავმა გაბედა, ცოცხლების სიიდან ამოშლილ სოფელში ისევ სიცოცხლე შეიტანა და

ყანა დათესაო.

იცოდნენ, მაგრამ სდუმდნენ.

მეთვალყურეებმა გული არ გაიტეხეს, ვინც ამ მიწაში თესლი ჩააგდო, იგი ყანას

უთოხოდ არ დატოვებსო.

მართლაც, სიმინდი დაორყურდა თუ არა, ნიკაც ყანაში გამოჩნდა.

გამოჩნდნენ ისინიც, გახარებული თოხნის დროს თავზე წაადგნენ და... - ახლა კი

გაგაბითო! - უთხრეს და იქვე დააპატიმრეს, მისი „საქმე: კი სახალხო სასამართლოს

გადასცეს.

გამოძიებამ ძველი „ცოდვები“ გაუხსენა ნიკა ჯაჭვაძეს: მოსკოვი, გორკინის

სახელზე დაწერილი საჩივარი, ხალხის წაქეზება, ჭერემიდან ფეხი არ მოიცვალოთო.

გაუხსენეს ერთი კაცის სოფელი, რამაც ქვეყანა აალაპარაკა.

24

მერე ბრალი დასდეს...

რა დანაშაულში?

სასამართლომ იმსჯელა და სახელმწიფო მიწის დატაცებისათვის ნიკა ჯაჭვაძეს

სამი წლის ციხე მიუსაჯა.

გაგეცინება, მკითხველო, - არა, გული გეტკინება, თმა ყალყზე დაგიდგება,

როდესაც ამგვარ წრეგადასულ უსამართლობას წააწყდები...

კაცი დავბერდი, მთელი ჩემი დღე და მოსწრება ქართული სოფლის ცხოვრების

შუაგულში ვტრიალებდი, და ჯერ ასეთი სარაკო ამბავი არ გამიგონია. პატიოსანი

მშრომელი კაცი ციხეში გამოამყწყვდიეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან სადღაც, ნაპარტახალ

სოფელში ერთი ჩარექა მიწა მოხნა და სიმინდი დათესა.

შარშან კიდის-კიდემდე შემოვიარე ჭერემის ყოფილი საყანე მინდვრები და სათიბ-

საძოვრები. ჩემი მეგზურები გულისდამწველად მიამბობდნენ, როგორ დაიცალა

სულთაგან ჭერემის ერბო-სახნავები, გატიალდა და გავერანდა ღვთის მადლით სავსე

მინდორ-ველები.

მიწა კვდება, თუ სახნისი არ მოხვდა, თუ ცელმა და ნამგალმა მიწისპირს არ

გადაუარა.

გურჯაანის რაიაღმასკომის თავჯდომარემ ზაურ მანიჟაშვილმა მითხრა,

შარშანწინ, როდესაც ჭერემში სტუმრები აიყვანეს, ახლომახლო ერთი ნაბდის გაშლა

ადგილიც კი ვერ იპოვნეს, რომ დამსხდარიყვნენ და მუხლიდან ქარი ამოეღოთო.

გომბორის თვალუწვდენელ კალთა-სერებს გაუვალი ღიჭა და ნარეკალი

მოსდებოდა. ნასახლარებს კაცის სიმაღლეზე აყრილი შამბი და ჟალტამი დაეპატრონა.

გლეხმა თუ არა, მაშინ ვინ იცის, რა ჭირი შეეყრება წლიდან წლამდე უხნავ მიწას.

ამ უგონო ადამიანებმა რამდენიმე ათასი ჰექტარი საუკეთესო მამული დაამჭლევეს

და ბერწად აქციეს, ერთი ჩარექა ყანის გამო კი ალალმართალ კაცს ციხე მიუსაჯეს!

უპატრონო ყანამ ტანი მაინც იყარა, მაძღარი ტარო დაისახა.

ერთხელ ნიკას უფროსმა გოგომ ნათელამ ჭერემს ამოაკითხა. მათი სახლის უკან

მტრედის კვერცხის ოდენა სამურაბე შინდი იცოდა, ნახევარ კალთას დავკრეფ და პირის

გასასველებლად მამას საპატიმროში ჩავუტანო.

აგერ ის ყანაც... ნათელამ თვალებს არ დაუჯერა - ჩატაროებულ სიმინდში

გუშაგების ცხენები სიმინდს ახრამუნებდნენ. მათი პატრონები კი იქვე მხართეძოზე

25

წამოწოლილიყვნენ და თვლემას მისცემოდნენ. მინდვრის პირზე ახლად მოთიბული

ბალახის ბულულები იდგა.

ნათელა ცხენებს გამოენთო.

- ვისი ხარ, გოგო! ცხენებს თავი გაანებე, შენს გზას მიხედე! - დაუძახა ერთმა

გუშაგმა.

- შენ მართლა პირუტყვო, შეიძლება ამისთანა ყანაში პირუტყვის შეშვება! -

დაჰკივლა ნათელამ.

- ხმა ჩაიგდე და აქედან მოუსვი, თორემ, შენც ამ ყანის პატრონთან მიგაბრძანებენ!

- დაემუქრა იგი და ჯიქურ წამოვიდა მისკენ.

ნათელა: - თვითონაც არ მახსოვს, როგორ წამოვუსვი ხელი იქვე დაგდებულ

ნამგალს და იმ მეხდასაყრელ ბიჭს ვესროლე. გვერდზე გამიხტა, ჩემი ნასროლი ნამგალი

ცხენს მოხვდა, წინა ფეხი გაუჭრა, თვალთ დამიბნელდა, სისხლი რომ დავინახე, კაბას

ორივე სახელო წავგლიჯე, და ჭრილობა შევუკარი. გუშაგები ენაჩავარდნილი

მომჩერებოდნენ, მეგონა, მომკლავდნენ, მაგრამ პირუკუ მოხდა. დამამშვიდეს,

დამიყვავეს, ნუ გეშინია, არას გერჩითო. მერე ერთმა რაღაც ნაჭრები მომაშველა, მეორე კი

ცხენებს გამოუდგა, ყანიდან გადადევნა.

ორი მრგვალი წელიწადი დაჰყო ნიკა ჯაჭვაძემ, ერთი წელი აპატიეს.

გამარჯვებაში გული არ დაუდგა, მუკუზანში დასახლდა, მუშაობდა

კოლმეურნეობაში, მაგრამ ის ძველი ძალა და ხალისი უკვე აღარ ეტყობოდა

რწმენადაკარგული კაცის ნახელავს.

მიდიოდნენ წლები. უკაცური ჭერემი ნელ-ნელა დაინგრა, გაუდაბურდა. ძველი

საურმე გზაც ზვავმა და მეწყერმა წაიღო და წაშალა. სახურავჩამოშლილ ნასახლარებში

ჭოტები ჰკიოდნენ, მოგზაური უკვე აღარ ეტანებოდა ამ ნაძრახ ადგილს, ჭერემის

უძველესი და ულამაზესი ძეგლების მოყვარული კაცი თუ შემოეხეტებოდა

დროდადრო...

ასე დაედო სათავე იმ ბოროტებას, რასაც ხალხი დღემდე მანკიერი მოვლენების

დროებას ეძახის. მანკიერების, განუკითხაობის, თვითნებობის, უსამართლობის

დროებას, თითქმის ცხრამეტი წელიწადი რომ სძიძგნიდა და აფერხებდა საქართელოს

26

წინსვლას.

რაც ჭერემის აყრა-გასახლება და სოფელ გამარჯვებაში დაბინავება დაუჯდა

სახელმწიფოს, ის ფული ჭერემის გზას კი არა, მთვარეზე ასასვლელ ქუჩაბანდს დააგებდა,

მაგრამ პატაკების სიყვარულმა გონიერება გადაძალა და ჭერემი შეიწირა. ჭერემი

აგვიანებდა ამ პატაკებს და სიმღერას აფუჭებდა.

ასეთი ბედი ხვდა საქართველოს მთიანეთის მრავალ სოფელს. დაცარიელდა

რაჭის, ლეჩხუმის, ფშავ-ხევსურეთის მამულები.

„ქართლის ცხოვრებაში“ სრულიად ნათლად არის მინიშნებული, რომ ბახტრიონის

ბრძოლა 1659 წელს შირაქის საზამთრო საძოვრების გამო გაიმართა.

შირაქი_ ეს იყო ცხვარი და ძროხა. ხოლო ვისაც მეტი ცხვარ-ძროხა ჰყავდა, მისი

ხმალი უკეთესად სჭრიდა და ციხესიმაგრეც შეუვალი ჰქონდა.

ამიტომ იყო, ჩვენი მთიელები შეაწყდნენ ბახტრიონის გალავანს და, სანამ მტერს

მუსრი არ გაავლეს, სასთუმალი რა იყო, ფიცის კაცებმა არ იცოდნენ.

განა მარტო მე-17 საუკუნეში! ასე ხმალჩაუგებლად იბრძოდა ქართველი კაცი მთასა

თუ ბარში, რომ ერთი ცელის მოსმა საძოვარიც კი მტრისათვის არ დაეთმო. და არც

უსარგებლოდ დაეტოვებინა.

მაგრამ დროთა განმავლობაში მოხდა ისეთი გაუგონარი ამბავი, როდესაც მთიელმა

კაცმა თავისი საყვარელი შირაქი ასეთი ლექსით გაიმეტა:

ოხრამც დარჩები შირაქო,

ძირიმც ჩაგიდგა ზღვაშია,

არცა იქ გამეხარება

ჩემ წუთის ქვეყანაშია,

მე აქ რაისად წამუე,

რად აღარ მოვკვდი მთაშია,

იქ დავიმარხო ძმებთანა

იქ თავის მიწაწყალშია!

გულდაგულ ამოვიკვნესე,

მიდგა ფეხები ბრალშია_

სილაღის მაგიერადა

სულ ცრემლი მიდგას თვალშია.

27

ახლა არწივნი ბუდობენ

ფშავში ჩემს ნაბუდარშია.

იქოურ ჩვეულებრივა

ახლა აქ წაველ მთაშია,

დავლიე მთელი ზაფხული

სულ ვაის საუბარშია,

ოხრამც დარჩები, შირაქო,

ძირიმც ჩაგიდგა ზღვაშია.

რამ ათქმევინა ეს საშინელი, ჯოჯოხეთური წყევლა მთიელ კაცს, რამ შესძრა და

გაამწარა მისი სული ასე უსაზღვროდ!

ბუდის მოშლამ!

მთიელ კაცს ბუდე მოუშალეს და იმ შირაქს, რომელსაც მანამდე ასე ეფერებოდა

და ელოლიავებოდა, ახლა წყევლა-კრულვა შეუთვალა.

მე აქ რასაიდ წამუე,

რად აღარ მოვკვდი ფშავშია...

გადავფურცლოთ მატიანე, გავიხსენოთ ჩვენი მთისა და ბარის ურთიერთობა,

ისინი მუდამ განუყრელნი იყვნენ, როგორც ერთ უღელში შებმული ხარები. არავის არ

უკვირდა და არც არაფერს აფუჭებდა მთიელი კაცის ჩამოსახლება ბარში, რადგან

ჩამოდიოდა მხოლოდ მოსახლეობის ნამატი. ეს იყო სრულიად ბუნებრივი მოვლენა და

ამიტომ დაუჭირა მხარი დიდმა ვაჟა-ფშაველამ შირაქში მთიელების ჩამოსახლებას.

ბარში დალია სული მთის უკვდავმა მომღერალმა. სიკვდილის წინ ფშავის

კლდეების წყაროს წყალი ელანდებოდა, წიფლისა და ნეკერჩხლის ფოთლები

დამაყარეთო გულმკერდზე, ეხვეწებიდა მეგობრებს - მომარჩენსო...

ვინ დაიჯერებს, რომ ასეთი კაცი საქართელოს მთიანეთის დაცარიელებას

შეუწყობდა ხელს, მაგრამ დაირღვა ცხოვრებისა და ისტორიის ეს ბუნებრივი დინება და

წონასწორობა, დაირღვა ერთი საბედიწერო შეცდომის გამო. ნაცვლად იმისა, რომ

გაგვეცხადებინა ერთი ძველი გამონათქვამი:

მთას მიეც მთისა,

ბარსა-ბარისა...

მოგეცეს მადლი

28

წმინდა ჯანისა...

ჩვენ სხვა ფიქრი გაგვიჩნდა გულში:

ბარს კი მიეცა ბარისა, მაგრამ უგზოობაში მიკარგული მთიანეთს ჯერ კიდევ ვერ

მისწვდა ჩვენი დროის ყველა სიკეთე, ჯეროვნად ვერ ჩაება იმ დიდი ცხოვრების

ფერხულში, რითაც სულდგმულობს მთელი ჩვენი ქვეყანა.

სამწუხაროდ, რესპუბლიკის ზოგიერთმა ხელმძღვანელმა მეტად იოლი გზა

აირჩია, რომ ამ ეროვნულ საზრუნავს საშველი დასდგომოდა. მიაყენეს მთას სატვირთო

მანქანების მთელი ქარავანი და მთიელთა ოჯახებში ბარში ჩამოჰყარეს.

მართალია, ბარში ისინი უყურადღებოდ არავის დაუტოვებია, მაგრამ უკაცოდ და

უპატრონოდ დარჩა უთვალავი სათიბ-საძოვარი, უთვალავი სატანე მინდორ-ველი.

თვალი გადაავლეთ ვეება მთიანეთს, მიტოვებულ სოფლებში თითო-ოროლა კაცი

მოჩვენებასავით გამოჩნდება ხოლმე.

ახლა ჭერემელი შაქრო ბარბაქაძის ნათქვამიც გაიხსენეთ, - „ რანი ვართ ბარში

ჩამოყრილები, - ცარიელი ხალათი და ცარიელი შარვალი! ჩვენი სული და ხორცი

გომბორის კალთებზე დარჩაო“...

ამ აჩქარებულმა ღონისძიებამ, ამ ხელოვნურმა გადარგვა-გადანერგვამ რამდენი

სათიბ-საძოვარი დაუკარგა ქვეყანას, რამდენი ცხვარ-ძროხა დააკლო ჩვენი სოფლის

მეურნეობას, და რამდენ კაცს შრომის მადლი გაუნახევრა.

ბარშიც კი იშვიათად მოიძებნება ისეთი ათასფრად აღაღანებული საძოვრები,

როგორიც მოიპოვება თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის მდელოებზე, გომბორის

კალთებზე, ბორჯომისა და თორის ხეობებში, აჭარა-აფხაზეთის ქედებზე.

არ არის უფრო დიდი ცოდვა ქვეყანაზე, ვიდრე ასეთი ადგილ-მამულების

დატოვება უკაცოდ, უპატრონოდ, გაუხარებლად...

უკაცო მიწა ან უდაბნოდ იქცევა, ან კიდევ ეშმაკის კერძი გახდება.

თავი მეოთხე

ჟამი ამაღლებისა

მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, უკუღმა დაჭედილ ბედაურს, ხელმართალი

ნალბანდი გამოუჩნდა.

შეიცვალა დროება. შეიცვალნენ ისინიც, ვისაც ხალხის ბედი ეკითხებოდა. კაცი

29

ბჭობდა, მაგრამ ღმერთი უკვე აღარ იცინოდა, რადგან ორივეს, ღმერთსაც და კაცსაც ერთი

და იგივე საფიქრალი გასჩენოდა.

კარგა ხანს ვიცხოვრე გურჯაანში. არ დამიტოვებია თითქმის არც ერთი სოფელი,

სადაც რამდენჯერმე არ ვყოფილიყავ და მისი ავ-კარგი არ გამეგო. ჩემთან ერთად

გურჯაანში იმყოფებოდა სტენოგრაფიის კარგი მცოდნე ჟურნალისტი ქალი ლილი

გულარიანი. მისი მეგორბული დახმარება თუ არა, თავს ვინ გაართმევდა ამდენ საუბარს

მთასა და ბარში, ყანასა თუ ვენახში, კოლმეურნეობის კანტორაში თუ გლეხის კარ-

მიდამოში. ერთი კალამი როგორ მოერეოდა ამდენ მოგონებას, ძველი და ახალი

ოქმებიდან მრავალი ამონაწერს და ციფრებს, ციფრებს, ურომლისოდაც ყოველი

სიმართლე ცაში გამოკიდებული რჩება.

ერთმა ციფრმა იმერეთი გამახსენა.

ცუდად გამახსენა.

თვალებს არ დავუჯერე, როდესაც ერთი საბუთი მიჩვენეს.

„ჯერ კიდევ სამიოდე წლის წინათ გურჯაანის რაიონში 19 კომლზე 1 ძროხა

მოდიოდა“.

ცხრამეტი კომლი და ერთი ძროხა!

ახლა კი ცოტა შორიდან მინდა დავიწყო.

სამოცდაათიანი წლების დამდეგს ბევრი ვიმოგზაურე დასავლეთ საქართელოს

სოფლებში. ერთი საოცარი ამბავი გულზე მწარედ მომხვდა და გაჩუმება არ შემიძლია.

ჩემი ბავშვობა და სიჭაბუკე არასდროს არ დაშორებია იმერეთის სოფელს. ახლაც

თვალწინ მიდგას იმერელი გლეხის ძველი კარ-მიდამო.

რაგინდ გაჭირვებული უნდა ყოფილიყო ჩვენებური კაცი, ორი თუ არა, ერთი

მეწველი ძროხა მაინც დაუდიოდა ეზოში. ჰყავდა თხა და ღორი, მრავლად - შინაური

ფრინველი.

ახლა რომ ჩავუარე სოფლის ეზოებს, მართალი გითხრათ, ცოტა გული დამწყდა. ის

ეზოები ნახევრად დაცარიელებული მეჩვენა. ძროხა აგერ-ეგერ სჩანდა. შინაური

ფრინველიც შეთხელებულიყო, თხის წვეტიანი რქებიც აღარსად დამინახავს, არც ეზო-

კარში და აღარც ეკალ-ბარდებში.

30

ახლა ეზოებში ძროხების ნაცვლად წითელ-ყვითელი ჟიგულები იდგნენ, რძისა და

ყველის ნაცვლად ბენზინისა და ტაოტის სუნი ტრიალებდა.

მერწმუნეთ, მე კარგად ვიცი მანქანის ფასი და სიკეთე ყველა ჩვენთაგანის

ცხოვრებაში, მაგრამ ერთი რამ პირდაპირ უნდა ითქვას: მანქანამ ძროხა არ უნდა გააგდოს

კოლმეურნე გლეხის ეზოდან.

შეიძლება ეს ჩემი ნათქვამი ვინმეს გადაჭარბებად მოეჩვენოს... ნუ ავჩქარდებით,

დავუკვირდეთ ჩვენი გლეხობის ერთი ნაწილის გამრუდებულ გზას, რამაც გლეხი -

მწარმოებელი ლამის მარტო მომხმარებლად აქციოს. გათენებისას ჩაჯდება მანქანაში,

ჩამოდის ქალაქში და ყიდულობს ყველაფერ იმას, რასაც თვითონ უნდა ჰქმნიდეს და

ყიდდეს.

ამ უგვანო მოვლენას უპირველეს ყოვლისა ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ

თავის დროზე სოფლის თავკაცებმა ზურგი შეაქციეს გლეხის კარის მეურნეობას,

ჯეროვნად ვერ შეაფასეს მისი ძალა და სარგებლიანობა. გადახსნეს სასოფლო საძოვრები

და გლეხის ეზოდან გამოსულ ძროხას კუდის მოსაქნევი ადგილიც აღარ დაუტოვეს.

ოჯახის მარჩენალი ძროხა მალე თვითონ გახდა სარჩენი და სათრევი, რადგან მისი

შენახვა და მოვლა-პატრონობა უფრო მეტი უჯდებოდა მიწის მუშას, ვიდრე იმ საქონელს

სარგებელი მოქჰონდა.

კარგად გამართული პირადი მეურნეობა კოლმეურნე გლეხს გადააგვარებს და

კოლექტივს გამოაცლისო, ამტკიცებდნენ ზოგიერთები და აღვირს უმოკლებდნენ

ყველაფერს, რაც კი ხელს მოუმართავდა დამხმარე მეურნეობის განვითარებას.

განახლების წლებმა საბოლოოდ გამოაცალა ნიადაგი ამ ჭკუამოკლე სიბრძნეს,

საქართველოს კომპარტიამ უკვე გამოიტანა დადგენილება საკარმიდამო მეცხოველეობის

განვითარების თაობაზე, და იმ სოფლებში, სადაც გონივრულად მოიქცნენ და კერძო

საქონელს საძოვრები გამოუყვეს, თივა და ჩალა არ დაიშურეს, - ვიმეორებ, იმ სოფლებში

მდოგარეობა ძირფესვიანად შეიცვალა. მრავალი პირადი მეურნეობის გაცნობა-

შესწავლამ ერთხელ კიდევ დამარწმუნა, რომ, ვისაც კარგი მეწველი საქონელი ჰყავდა,

კარგად გამართული ბაღჩა-ბოსტანი ჰქონდა და ქათამიც კვერცხზე უჯდა, იმ

კოლმეურნეს ყველაზე მეტი კაცდღე ეწერა შრომის წიგნაკში და გულმკერდზე სხვაზე

მეტი ორდენი და მედალი უბრწყინავდა.

სასტიკად სცდება იგი, ვისაც ჰგონია, რომ საკარმიდამო მეურნეობა აფერხებს

31

საზოგადო მეურნეობის წინსვლას. ისინი ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთს და ერთსა

და იმავე საქმეს აკეთებენ, - ჰქმნიან სახალხო დოვლათს, სიუხვეს, სიმდიდრეს. ამიტომ,

რაც უფრო მეტი შინაური საქონელი და ფრინველი ეყოლება კოლმეურნე გლეხს თუ

საბჭოთა მეურნეობის მუშას თავის კარმიდამოში, მით უფრო სავსე იქნება ქართველი

კაცის სუფრა.

როდესაც ამ საგანზე სიტყვა ჩამოვუგდე არაშენდის კოლმეურნეობის

თავჯდომარეს შალვა ყამბარაშვილს, მან, ჩემდა მოულოდნელად ისეთი რამ მითხრა, რაც

მანამდე არ გამეგონა.

- რა თქმა უნდა, პირადი და საზოგადო მამულები ძალიანაც აღონიერებენ

ერთმანეთს, მაგრამ ამ ბოლო წლებში ერთმა ახალმა მოვლენამ იჩინა თავი და მისი

არდანახვა ყოვლად შეუძლებელია! ზოგიერთ სოფელში კოლმეურნეობა ისე გაძლიერდა,

შემოსავალმაც იმდენად იმატა, რომ იქაური გლეხი უკვე ძველებურად აღარ ელოლიავება

თავის საკარმიდამო ნაკვეთს, კოლმეურნეობის შრომადღეს დიდი ფასი დაედო და

ბევრად მეტი შემოაქვს ოჯახში, ვიდრე პირად მეურნეობაში დახარჯულ შრომადღეს.

ერთმა გლეხმა ისიც კი მითხრა, „მაცდენს, ბატონო, უკან მეწევა ჩემი საკარმიდამო

ნაკვეთი! კოლმეურნეობა უფრო იაფად მაძლევს რძეს, ყველს, ქათამს, ხახვს, ნიორს, - რა

ვიცი, რას არა, ვიდრე ჩემი ძროხის და ჩემი ბაღჩა-ბაღის მოვლა-პატრონობა მიჯდებაო!“

მშრომელი კაცი კი, როგორც მოგეხსენებათ, იქითკენ მიისწრაფვის, სადაც მისი მარჯვენა

უფრო ძვირად ფასობს! როგორც ხედავთ, ბატონო კონსტანტინე, ამ შემთხვევაში პირადი

და საზოგადო მეურნეობები თითქოს ერქინებიან ერთიმეორეს!

- გაუმარჯოს ასეთ შერქინებას! ეს ხომ სრულიად ახალი სიმაღლეა

კოლმეურნეობის ცხოვრებაში! სანატრელი, საოცნებო სიმაღლე!

- რა საოცნებო? - მითხრა შალვამ: შორს წასვლა არ დაგვჭირდება, აგერ ვაზისუბანი!

ამ სოფლის კოლმეურნეობამ ისეთი ბარაქა მოჰკიდა შრომადღეს, შექმნა ისეთი სიუხვე და

სიმდიდრე, რომ უკვე შეუძლია თავის მოსახლეობას უფასოდ მისცეს პური, სინათლე,

გათბობა, წყალი... ვიდრე სოფელი განვითარების ამგვარ დონეს არ მიაღწევს, მანამდე, რა

თქმა უნდა, გლეხის პირად მეურნეობას ჩვენი ზრუნვა და ყურადღება ერთი წამითაც არ

უნდა მოაკლდეს, როგორც ამას გვავალებს სკკპ ცენტრალური კომიტეტის ცნობილი

წერილი...

ვაზისუბანი!

32

ჩემდა სამწუხაროდ, გურჯაანის სოფლებს დღემდე თითქმის სრულიად არ

ვიცნობდი. მხოლოდ კოლექტივიზაციის გარიჟრაჟზე ერთი ორჯერ ვიყავი კოლაგსა და

ველისციხეში როგორც გაზეთ „კომუნისტის“ კორესპოდენტი; ერთი-ორი პატარა

წერილიც დავწერე ამ სოფლებზე. მერე კი ისე წავიდა ცხოვრება, რომ აქაობას დღემდე ვერ

მოვაკითხე, გურჯაანის ქება-დიდება ხშირად მესმოდა ჩემი მეგობარი მწერლებისგან და

მეც ერთი სული მქონდა, როდის დავკრავდი თვალს ამ ქებულ მხარეს.

ეს ნატვრაც ამისრულდა. მგონი, ცოტა კიდევ გადავაჭარბე, - არამცთუ

დღევანდელი გურჯაანის მაჯისცემას მივაპყარ ყური, მისი ახლო წარსულიც გავიხსენე

და მამა-პაპათა ნაკვალევსაც გავყე ცოტაზე.

მაგრამ ჯერ კიდევ კაკას ხიდი არ გაგვივლია, ჯერ კიდევ 19 კომლი და 1 ძროხა

გვიდგას თვალწინ...

ოთხად-ოთხი წელი იმუშავა გურჯაანის რაიონში შოთა ეცადაშვილმა, როგორც

რაიკომის პირველმა მდივანმა, 1974 წლიდან 1978 წლამდე. ოთხი წელი არც ისე დიდი

დროა ასეთი გამოჩენილი რაიონის ცხოვრებაში, მაგრამ ამჟამად გურჯაანის რომელი

სოფელიც არა ვნახე, რომელი ფერმა და ვენახი, სიმინდის ყანა თუ ბაღჩა-ბოტნის

სათბური, ყველგან ამ გამრჯე, დაუღალავი კაცის სახელი შემეგება წინ, - სახელი და

სიყვარული.

გურჯაანელი მეზვრე თუ მწყემსი სიტყვას არ მოაბრუნებს, რომ შოთა

ეცადაშვილის სახელი არ დალოცოს და ყველაფერი, რითაც ახლა იგი ამაყობს ვენახსა და

ბაგა-ბოსელში, ეცადაშვილის სახელს არ დაუკავშიროს. რამდენი სიკეთე უნდა დათესოს

ხალხში პარტიულმა მუშაკმა, რომ თავისი თავი ასე ლამაზად დაამახსოვროს რაიონის

მშრომელებს.

მუშაობის დაწყების პირველი დღიდანვე შოთა ეცადაშვილმა ყველაზე მეტი

ყურადღება გურჯაანის რაიონის ყველაზე ჩამორჩენილი მეურნეობის დარგს -

მესაქონლეობა-მეცხოველეობას მიაპყრო. ძროხას, ცხვარს, ხარ-კამეჩს ყოველწლიურად

დიდი ზარალი მოჰქონდა და ამ ზარალს ისევ და ისევ შვილივით ნაზარდ-ნაფერები ვაზი

ანაზღაურებდა.

ერთი ძროხა წელიწადში 1200 -მდე ლიტრა რძეს იწველება. 1970-1972 წლებში

გურჯაანმა სახელმწიფოს მოსახლეობასთან ერთად მიჰყიდა მხოლოდ და მხოლოდ 3434

33

ტონა საქონლის ხორცი. საშუალოდ წლიურად - 1144 ტონა. სახელმწიფოზე მიყიდული

ხორცის დიდი ნაწილი მჭლე და გამხდარი პირუტყვის იყო.

მთელი ჯოგიდან - ნასუქი პირუტყვის წონა მხოლოდ 0,4 პროცენტს შეადგენდა,

რასაც თითქმის არაფერს არ ნიშნავს. ძალზე დაბალი იყო მსხვილფეხა-რქოსანი

პირუტყვის საშუალო წონა.

რძეს წლიურად კი ნუღარ იკითხავთ - 2830 ტონა.

მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ ამ საცოდავი ციფრების მემკვიდრე

რაიკომის მდივანს ტკბილი და მოსვენებული ძილი უკვე აღარ ექნებოდა.

სამოციან წლებში საქმე იქამდე მივიდა, რომ მეზობელი რაიონებიდან არა

აერთხელ და ორჯერ ჩამოიყვანეს დაქირავებული მწყემსები.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს მოევლებოდა. ჯიშიან საქონელსაც შეიძენდნენ,

ახლა სასუქ მოედნებს, სადგომებს, ბაგა-ბოსლებს გამართავდნენ, მწყემსის შრომის

ანაზღაურების მოძველებულ წესებსაც შეცვლიდნენ... მართალია, კახელ მევენახეს

ძროხის კუდს ვერ გამოაბამ, მწყემსის კომბალს ხელში ვერ დააჭერინებ, მაგრა გურჯაანის

სოფლებში ცხოვრობდნენ ძველი მწყემსების ჩამომავლები, ცხვარ-ძროხის სიყვარული

გულში ჯერ კიდევ რომ არ ჩაკვდომოდათ. ერთი დაძახება, ერთი წამახალისებელი

სიახლე შრომის დაფასებაში და, ყველანი ერთად მხარში ამოგიდგებოდნენ.

მარჯვე კაცის ხელში ყველაფერს ეშველებოდა. მეტადრე ამ პირობებში, როდესაც

საქათველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურო ყოველმხრივად გიმაგრებდა

ზურგს, მაგრამ ჯერ თავიდათავი საქმე იყო მოსაგვარებელი.

მომრავლებულ საქონელს საკვები უნდოდა. სად იყო იმდენი სათიბი და საძოვარი,

რომ ჩანაფიქრს თავიდან ბოლომდე გასწვდენოდა!

სწორედ მაშინ გაიხსენეს გურჯაანელმა კომუნისტებმა ჭერემის მიტოვებულ-

გადაგვარებული ვეება მიწა-წყალი. როგორც კი ეცადაშვილს ყურში ჩაეწვეთა ეს ამბავი,

მეორე დღესვე მცოდნე კაცებს დაუძახა და ჭერემში ავარდა.

ჯერ გაოცდა, თვალწინ ამოდენა სიმდიდრე რომ გადაეშალა, მერე კი გული

დაწყდა, რომ ეს თვალუწვდენელი მდელო-სავარგულები გაუვალი ეკალ-ბარდებისა და

ჯაგების წერა გამხდარიყო.

ბევრი ფიქრი და ანგარიში არ იყო საჭირო, - უბრალოდ თვალითაც ნათლად

სჩანდა, რომ ამ მიწა-წყალზე დიდი საქმის დატრიალება შეიძლებოდა. სად იყო უკეთესი

34

საყრდენ-საფუძველი საქონლის საკვების მოსაპოვებლად!

ერთი მადლი კიდევ ჰქონდა გომბორის კალთებს. აქაურ ტყეებსა და კორდებზე

უხვად იზრდებოდა მარადმწვანე ბალახი შმოთი. ამ ბალახს დიდად ეტანებოდა კამეჩი

და, როგორც ჭერემელებმა მითხრეს, ზამთარში შმოთზე უფრო ნოყიერ საკვებს მეგრული

კამეჩიც კი ვერ ინატრებსო.

შოთა ეცადაშვილმა ეს ამბავიც დაიმახსოვრა, და, როგორც მკითხველი შემდეგ

დაინახავს, ამ ბალახსაც თავისი მუდმივი მუშტარი უპოვნა.

ჭერემიდან დაბრუნდა თუ არა, ჯერ რაიკომის ბიუროს მოეთათბირა, მერე

რაიონის კომუნისტებსაც გადაუშალა თავისი გულისნადები, და ერთხმად გადასწყვიტეს:

- მთელი ის ხელუხლებელი, გატიალებული მთა და მიწა, ტბაწვერიდან რომ მოსჩანდა,

ისევ გამოცოცხლებულიყო და კაცის წილში ჩამდგარიყო.

ჭერემის ყოფილი მამულების გაცოცხლება მკვდარი სოფლის გაცოცხლებასაც

ნიშნავდა...

ასე უნებურად, შეიძლება ითქვას, მოულოდნელად, ყოველგვარი ხმაურისა და

ყვირილის გარეშე, დაიბადა აზრი, რომ ბარის სოფლებში გაფანტული ჭერემელები ისევ

თავიანთ ნაბუდარს დაბრუნებოდნენ.

იოცნებე, რამდენიც გინდა! ოცნებას გადასახადი არ ადევს! მხოლოდ ერთხელ

მაინც დაჯექი და იანგარიშე, რამდენი ხელი, რამდენი მანქანა-იარაღი დასჭირდება ამ

თვალგაუვალი ფართობის გაწმენდას, გზის გაყვანას, მიწასთან გასწორებული სოფლის

აღდგენას! - იშმუშნებოდნენ ზოგიერთები, უმთავრესად ისინი, ვისაც თავის დროზე

ჭერემის ცოდვა კისერზე დაედო.

ზოგს კიდევ ეშინოდა, ამდენი დავიდარაბა და ორომტრიალი უღელს დამიმძიმებს

და ხალხის საქილიკოდ გამხდის, - გამწევი კაცი გვეგონა და ძაბუნი ყოფილაო, - და

ყოველ კრებაზე თამამად ამტკიცებდნენ, ვენახს მუშახელი მოაკლდება, ძალიან

დავზარალდებითო.

ამ მითქმა-მოთქმამ ბევრი შეაფიქრიანა, მაგრამ ჭერემის აღორძინების

მოტრფიალენი - შოთა ეცადაშვილი, ბიჭიკო შინჯიაშვილი, ზაურ მანიჟაშვილი, მოსე

სამადაშვილი ახალი დროების შვილები იყვნენ, რასაც ერთხელ ირწმუნებდნენ, იმ

სალოცავს მერე აღარ გადაუდგებოდნენ.

ამასობაში ყოფილმა ჭერემელებმა ალღო აართვეს, გურჯაანს ჩვენზე კარგი სიტყვა

35

უთქვამსო... დაიძახა ტალღა, კვირა არ გავიდოდა, რომელიმე ჯაჭვაძე, აბესაძე თუ

ოდიკაძე რაიკომში არ მისულიყო - ჩვენი მიწა უჩვენოდ არ გაცოცხლდება...

დაგვაბრუნეთო.

საბოლოო სიტყვა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს უნდა ეთქვა.

შუადღე იქნებოდა, როდესაც სოფელ მუკუზანში ერთი სახლის ჭიშკართან ხანში

შესული კაცი გაჩერდა. ეზოში ვერ შევიდა, ჭიშკართან ვეება ნაგაზი იწვა და კუდს

მოუთმენლად მიწაზე ურტყამდა.

- ნიკავ, ჰაუ, ნიკავ! - ხმამაღლა დაიძახა სტუმარმა და ჯოხის თავი ერთი ორჯერ

ჭიშკარს დაჰკრა.

აივანზე ხნიერი ქალი გამოდგა.

- რომელი ხარ?

- ზაქრო, ვარ, ანეტა! ნიკა მინდა...

ქალი ეზოში ჩამოვიდა, ძაღლი დააბა და სტუმარს ჭიშკარი გაუღო.

- ნიკა ავად არის. არ იქნება და არ გაუშვა ლოგინმა აგერ უკვე წელიწადზე მეტი

იქნება!

- რა ჯამრთელი კაცი იყო! ახლა რა დაემართა? მეც ვეღარ მოვიცალე, რძალო, სულ

გარე-გარე დავდივარ და ერთი ვეღარ დავხედე აქაობას! - მოიბოდიშა სტუმარმა.

- რაღა არ დაემართებოდა, ზაქრო, მოინელა დარდმა და ჯავრმა!

- ნუ გეშინია, ანეტა, მაგას ისეთი წამალი ჩამოვუტანე, ნახე, თუ ცეკვა არ

დავაწყებინო!

- რა წამალი, შენი ჭირიმე?

- ჯერ წინ გამიძეხი და ნიკა მაჩვენე! ზაქრო არ ვიყო, თუ ეგ შენი ბერიკაცი ფეხზე

არ დავაყენე!

სტუმარი რატომღაც ღელავდა, თვალები ისე უბრწყინავდა, თითქოსდა ერთი

ბოთლი უკვდავების წყალი უბეში ჰქონდა შენახული.

ბინიდან ოთახში შევიდნენ. ავადმყოფი გულაღმა იწვა ფანჯარასთან მიდგმულ

ძველებურ ტახტზე.

ეტყობა, თვლემდა. არც კარის ჭრიალი გაუგონია, არც ჯიქურ შემოსულ სტუმრის

ფეხის ხმა.

36

- გამარჯობა, ნიკავ! - დაიძახა სტუმარმა.

- გაგიმარჯოს, - თვალი არ გაუხელია, ისე მიუგო ავადმყოფმა.

- ქვევრი უნდა მოხადო, ნიკავ! ქვეყანა წაღმა მობრუნდა, პარტიამ ნება დაგვრთო,

ჭერემში დაბრუნდითო!

ნიკამ თავი წამოსწია.

- შენ ხარ, ზაქრო! ვერ გავიგე, რას მეუბნები?!

- რა ვერ გაიგე , შე მართლა ბებერო!

შევარდნაძეს შემოუთვლია, ჭერემელები ისევ ჭერემში უნდა დასახლდნენო...

გუშინ მითხრეს გამარჯვებაში, ამ დილას გათენდა თუ არა, პირაპირ შენთან გამოვიქეცი!

- ე მაგას რად ამბობ, ზაქრო! ავადმყოფ კაცს გული გინდა გამიკეთო?! - უსაყვედურა

ნიკამ. საწოლიდან ფეხები ჩამოყარა და წამოჯდა. არ დაიჯერა, მაგრამ აღელვება მაინც

დაეტყო.

- მართალს ვიძახი, კაცო! მაშ ამოდენა გზა ფეხით რატომ გამოვიარე! ხალხმა უკვე

ბარგის შეკვრა დაიწყო! ტირიან თუ იცინიან, კაცი ვერ გაიგებს, იმისთანა ამბავია

გამარჯვებაში! - გუგუნებდა ზაქრო და ოთახში ისე ტრიალებდა, ვის დასტაკებოდა, აღარ

იცოდა.

ანეტა იქვე ბუხართან სუფრას შლიდა. პირველმა ქალმა შეამჩნია, რომ ავადმყოფი

ერთბაშად ცახცახმა აიტანა, პირსახეზე მიტკლის ფერი დაედო, მერე შუბლზე ოფლი

მოასკდა...

- რა მოგდის, კაცო! - მივარდა ქალი.

- ყოფილა ღმერთი ქვეყანაზე! - წაიჩურჩულა ნიკამ და ამ სიტყვას მთავარი სულიც

ამოაყოლა.

მისმა სნეულმა გულმა დიდი სიხარულის ელდას ვერ გაუძლო.

ილეოდა გაზაფხული, იდგა 1978 წელი.

სანამ ჭერემის აღდგენა დაიწყებოდა, ნასოფლარი და მისი არემარე ჩვენი

რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს. სტუმრებს თან ახლდნენ გურჯაანელი

ამხანაგები: შოთა ეცადაშვილი და მოსე სამადაშვილი.

ნანახმა და გაგონილმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა რესპუბლიკის

ხელმძღვანელებზე და ერთხელ კიდევ დაარწმუნა ისინი - გომბორის კალთებს დიდი

37

სიკეთის მოტანა შეეძლო.

ნასახლარებს რომ ჩაუარე, ერთგან, სახელდახელოდ გადახურული ქვაყორედან,

კვამლი ამოდიოდა. იქვე, გომურთან, ახალგაზრდა ქალი ნაგზაურზე გადავლილ

ბუჩქნარს კაფავდა.

- უკვე მოვიდნენ? - იკითხა ერთმა სტუმარმა.

- ზოგიერთს გულმა აღარ მოუთმინა! ახლა ჭერემელ კაცს ბარში ვინ გააჩერებს, -

მიუგო ეცადაშვილმა.

ამ დროს გომურიდან ისეთი შავ-შავი გოჭები გამოცვივდნენ, გეგონებოდა ეზოში

ჩამქრალი მუგუზლები გამოყარესო.

გოჭები ფეხებში გაებლანდნენ გზად მიმავალ კაცებს, გუბეში დამდგარი წყალი

შეაშხეფეს.

- თქვენ შეგჭამოთ მგელმა, თქვე გასაწყვეტებო! არ მომჭრეს თავი?! - შეიცხადა

ქალმა.

- რაღა მგელს აჭმევ, ჩემო დაო, ამ პუტკუნა გოჭებს! აგერ ვართ, ამისთანა

სტუმრები! - გაეხუმრა სტუმარი.

- ხორცის ჩაბარებაში თუ ჩამეთვლება ახლავე დავტრიალდები, ჩემო ბატონო! -

ხუმრობაში ცალი არ დაუდო ბედნიერმა ჭერემელმა ქალმა.

სტუმრებმა გულიანად გაიცინეს და გზა განაგრძეს.

მზე უკვე ჩადიოდა, როდესაც კაჭახის წვეროდან სიმღერა მოისმა. არ გასულა

დიდი ხანი , თვითონ მომღერლებიც გამოჩნდნენ. ჯეელი ბიჭები იყვნენ, მაგრამ ისე

მძიმე-მძიმედ მოაბიჯებდნენ, თითქოს სათონე მიწასა ზელდნენ, ეტყობოდა, ძალიან

დაღლილები იყვნენ.

მაინც მღეროდნენ. ვინ იფიქრებდა, ჩახურულ ჯაგნარს დილიდან საღამომდე თუ

მოერეოდნენ. დოღი გაიმართებოდა, იმოდენა მინდორი გაწმინდეს და მოასუფთავეს.

ჩეხვა კიდევ არაფერი - მევენახე ბიჭებს ფესვების ამოძირკვამ დააწყვიტა მკლავები. მერე

კი, საღამოხანს, ნაკაფი ფართობი რომ აზომეს, სიმღერას ნებართვა არ უთხოვია, -

ყელიდან თავისთავად ამოვიდა.

ველისციხელი კომკავშირელები მთავრობის დადგენილებას აღარ დაელოდნენ.

შეიტყვეს თუ არა, ჭერემს ბედი მოუბრუნდაო, გუშინ ხელდახელ ბრიგადა შეადგინეს, ამ

დილას კი, ჯერ კიდევ ნანათი არ იყო, სატვირთო მანქანას დაუსხდნენ და ჭერემის გზას

38

გაუდგნენ. ძველი კალოების ბოლოში მანქანიდან ჩამოხტნენ, სამუშაო იარაღი, საგზალი

და საძინებელი კარვები ზურგზე მოიკიდეს და ტყიან აღმართს ფეხდაფეხ შეჰყვნენ.

... სტუმრებმა თვალი გადაავლეს ახალგაზრდების ნამუშევარს. საყანე მიწას წუნი

არ დაედებოდა. თუ გინდა, ახლავე შეაბი გუთანი და ბელტი ბელტზე ამოაბრუნე...

უკვე გვიანი იყო, მსუბუქი, მოლურჯო ბინდი სწრაფად ეფინებოდა გომბორის

კალთებს, მაგრამ სტუმრები და მასპინძლები ასე უცბად ვერ დაშორდნენ ერთმანეთს.

გულითად საუბარში სტუმარმა უთხრა ახალგაზრდებს:

- ჩვენი მთიანეთის დასახლება და აღორძინება, ამ ჩამქრალი კერების გაცოცხლება

გადაუდებელ ეროვნულ-პატრიოტულ საქმედ უნდა მიიჩნიოს ყოველმა კომკავშირელმა!

არ დავზოგოთ არაფერი, რომ მთაში მაცხოვრებელი კაცი რაც შეიძლება სრულად და

ყოველმხრივად, ცხოვრებისა და შრომის ყველა პირობით გაუთანაბრდეს ბარში მოსახლე

ადამიანს. ძალიან ძნელი და ძალიან რთული სამუშაო მოგველის, მეგობრებო, მაგრამ,

როცა საქმე ეხება ჩვენი რესპუბლიკის მომავალს, დაუძლეველი არაფერია.

დაუძლეველი არაფერია!

ასე ირწმუნა გურჯაანელმა ახალგაზრდობამ და ლომის წილი დაიდო ჭერემის

მიწა-წყალზე გამართულ შაბათობებში.

გურჯაანის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი გოგი მაჩხაშვილი

გულწრფელად გამოტყდა: - თავდაპირველად მეც არ მჯეროდა, რომ მარტო ჩვენი ძალ-

ღონე გასწვდებოდა ამოდენა საქმეს. ჭერემის აღდგენა-აღორძინება მრავალ სიძნელესთან

იყო დაკავშირებული. სრული უგზოობა, უწყლობა, უსინათლობა, მუშახელის

ნაკლებობა. ნასოფლარში კი ერთი პატარა გომურიც აღარ იდგა, რომ კაცი წვიმის დროს

შეჰფარებოდა. გასაჩეხი და გასაწმენდი იყო ათას ხუთასი ჰექტარი ჯაგნარი მიწა.

იყო კიდევ ერთი გარემოება - ბარში ჩასახლებულ ჭერემელებს უკვე მოესწრო

ახალი თაობა. ახალ თაობას ახალი თვალი დაჰყვა, ახალი ხალისი და გულისთქმა, ახალი

ჟინი და წადილი! თანაც გახსოვთ? „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ... ჩემი სამშობლო

ის არის!“ მაგრამ მოვტყუვდი, სისხლის ყივილმა თავისი გაიტანა! დიდი და პატარა,

მოხუცი და ახალგაზრდა ჭერემის ხატზე ლოცულობდა თურმე. მე მხოლოდ სიძნელეებს

ვხედავდი და ვერ ვიანგარიშე, - მართალ საქმეს ერი არ დაელევაო.

არ დაელია!

შეადგინეს ოცდაორი ბრიგადა, (თვითეულ ბრიგადაში ათი-თხუთმეტი

39

კომკავშირელი ითვლებოდა) ჭერემის ხევში, ნაკალოებზე, დასცეს დიდი კარვები,

აღმართეს საქართველოს დროშა და... გახურდა მუშაობა.

მთელი ზაფხულის განმავლობაში არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ

ბრიგადის რომელიმე წევრი სამუშაოდ არ გამოსულიყო, ან კიდევ საწვიმარი ღრუბლის

დანახვაზე ტაში შემოეკრას, შაბაშ, ბიჭები, კარვისაკენ მოვუსვათო...

- მათი ერთსულოვნება, უანგარო გატაცება, თავგამეტება ადამიანს უნებურად

რევოლუციის პირველი წლების შაბათობებს მოაგონებდა, როცა საფუძველი ეყრებოდა

ახალ ცხოვრებას! - მითხრა ეთხელ გურჯაანის რაიკომის პირველმა მდივარმა ბიჭიკო

შინჯიაშვილმა.

არ იქნება გადაჭარბება, თუ პირდაპირ ვიტყვი, რომ ასეთი რომანტიკული სული

თავად გურჯაანის კომუნისტებმა ჩაუნერგეს სოფლის ახალგაზრდებს. სხვანაირად არც

შეიძლება მომხდარიყო; ბიჭიკო შინჯიაშვილის უმწიკვლო ცხოვრება და გონიერი,

თავდაუზოგველი შრომა მხოლოდ სიკეთეს ქადაგებდა.

მაგრამ მე, როგორც მწერალს, ყველაზე მეტად გულზე მომხვდა მისი ხასიათის

ერთი თვისება, - არავითარი პირფერობა, ნაჩქარევი აღთქმა-აღზევება, არაგულწრფელი,

თავიდან მოსაცილებელი ფიცი და ბოდიში... შინჯიაშვილმა მუდამ იცის, რა ტვირთის

წამოკიდება შეუძლია მას და ცრუ დაპირებას, პიროვნების შეურაცხმყოფელს სიტყვას

არასდროს არ აკადრებს ადამიანს. ამიტომ მისი უბრალო მადლობაც კი ახარებს

ახალგაზრდა კაცს, რამეთუ იგი ხედავს, ამ კეთილი სიტყვის უკან მისი შრომისა და

მოღვაწეობის დამფასებელი კაცი დგას...

დამფასებელი და არდამვიწყებელი!

ხალხის გეში უტყუარი რამ არის. ზოგჯერ არაა საჭირო შვიდი ფუთი მარილი

შეჭამო და შვიდი ქვესკნელი ამოაბრუნო, რომ მშრომელმა კაცმა გულში ჩუმად

გადასწყვიტოს, - გენდოს და ბოლომდე გამოგყვეს თუ არა...

მერყევი, დაეჭვებული კაცის ნაღვაწ-ნახელავს რაღაც მადლი მუდამ დააკლდება.

უმადური შრომა ვენახზე გაგიჟებულ გლეხსაც კი ხელიდან სასხლავს

გააგდებინებს. უსიყვარულოდ, უსიხარულოდ ბეღელსა და მარანს ვერავითარ ბარაქას

ვერ მოჰკიდებ. განა მარტო მზე და მიწა ამწიფებს ყურძენს! ვენახს ალაღებს და ახარებს

მადლიერი კაცის თვალი...

ხელმძღვანელის ნიჭი და უნარი სწორედ ეგ არის, რომ ხელში მუდამ მართალი

40

სასწორი გეჭიროს და, ვისაც რა ეკუთვნის, სრულად მიუწონო და მიუზღო.

მაშინ ვაზიც ბარაქიანად დაისხამს მტევანს და სიმინდიც იმოდენა ტაროს

გაიკეთებს; როგორც შაქრო ბარბაქაძემ მითხრა, შორიდან ბავშვიანი ქალი გეგონებაო.

სწორედ ამ თვისების გამო იყო, რომ გურჯაანელი კომუნისტების თავკაცმა მალე

გაიკვალა გზა მშრომელი კაცის გულისაკენ და, თუ ამ წელიწადს რაიონის მევენახეები

არნახულ მოსავალს მოელიან, ეს ამბავი, უწინარეს ყოვლისა, პარტიისა და ხალხის

ერთიანობას უნდა მიეწეროს.

სამი ათას წელიწადზე მეტი იქნება, რაც კახელმა გლეხმა სიცოცხლის ხე - ვენახი

მოაშენა და მარანში ცაცხვის საწნახელი დადგა. ამ ოცდაათმა საუკუნემ ვაზის ყველა

საიდუმლო გააგებინა კახთა ქვეყანას, მაგრამ არა მგონია, ოდესმე მომხდარიყოს ისეთი

სასწაული, ამ დღეებში ჩვენი ხალხის თვალწინ რომ ხდება.

1972 წელს გურჯაანმა მისცა ქვეყანას 25 ათასი ტონა ყურძენი, მაგრამ გავიდა სულ

ცოტა ხანი - თვალის ერთი დახამხამება ვენახის მარადიულ ცხოვრებაში და - შეიძლება

კაცმა არც კი დაიჯეროს, ისეთი რთველი მოგვადგა კარზე.

150 ათასი ტონა ყურძენი!

აი, რა ხვავი უნდა დააყენოს წლევანდელმა რთველმა გურჯაანის დალოცვილ

მიწაზე.

25 ათასი და 150 ათასი!

არ არის სასწაული?!

ათი წელიწადიც კი არ გასულა პირველი ციფრიდან მეორე ციფრის დაბადებამდე.

ამ ციფრებს ჩემი ჩარევა აღარ სჭირდება, როგორც მზის ამოსვლას ჩემი სანთლის

მინათება.

რა გზები და აღმართები გამოიარა წლევანდელმა დიდმა რთველმა, რა

წელგაუშლელად იშრომეს გურჯაანელმა მევენახეებმა, ამ საარაკო ამბავს წიგნის მეორე

ნაწილი მოუთხრობს მკითხველს... ახლა კი გოგი მაჩხაშვილის ბრიგადებს

დავუბრუნდეთ:

ამ პირტიტველა ბიჭებმა ისეთი თადარიგი დაიჭირეს, რომ ბარში ვენახს არ

გასჭირვებოდა და არც აქაურობას დაჰკლებოდა ხელი. ერთი-ორი კვირა ვენახში

ტრიალებდნენ, და ისევ ჭერემს მიაშურებდნენ... ასე მონაცვლეობდნენ, სანამ შეთვალულ

ვენახებს დაკეტავდნენ. მერე კი დღენიადაგ ჭერემის სერებზე აღამებდნენ.

41

დიდი შემწეობა აღმოუჩინეს გურჯაანელმა ახალგაზრდებმა გზის ოსტატებს,

საცხოვრებელი სახლებისა და ფერმების მშენებლებს.

ვისაც ჭერემ-გადრეკილის ახალი გზა უნახავს, არ შეიძლება გაოცებული არ

დარჩეს. ახალი გეზი მხოლოდ ადგილ-ადგილ მისდევდა დახრამულ, ნამეწყრალ

ძველისძველ ნაურმალს.

მეტად რთული და ძნელად მისადგომი ადგილმდებარეობა საჭიროებდა არა

მარტო დიდძალ მუშახელს, ტექნიკას, არამედ საგზაო საქმის გამოცდილ ოსტატებსაც.

შოთა ეცადაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, მან ამ საეგებიო საქმეს თავი ისე დაადგა,

რომ არც ერთი მეზობელი, - ახლობელი თუ შორებელი - ერთხელაც არ შეუწუხებია,

ერთი მანქანა არ უთხოვია, გარედან ერთი კაცი არ მოუწვევია. მისმა გამჭრიახმა თვალმა

ყველაფერი იპოვნა - ფულიც, კაციც, მანქანაც და მასალაც თავისი რაიონის ფარგლებში...

თუ კაცი არ დაიზარებს და კარგად მიიხედ-მოიხედავს, ოჯახში ყოველთვის მოიძებნება

ფარული, გაუმჟღავნებელი მარაგიც და მარქაფაც.

ძველი ნაგზაურის დაყოლებაზე, გაღმა და გამოღმა, ჯარად იდგნენ რცხილის,

მუხის წიფლისა და წაბლის ვეება ხეები. ცივგომბორის მშვენებას უკვე უახლოვდებოდა

ხერხი და ნაჯახი, რომ მოხდა ერთი ლამაზი ამბავი. საგზაო ნახაზების შედგენის დროს

გურჯაანელმა ინჟინერმა გიორგი ბერდიაშვილმა დიდი სიფაქიზე და გულის სიკეთე

გამოიჩინა. მოსძებნა და დაკვალა მხოლოდ ისეთი მიმართულება, რომ ეს იშვიათი ხეები

გადაერჩინა.

ახალგაზრდებმაც მხარი აუბეს ტყის ქომაგს, და, თუმცა სამუშაო კი გაიმრავლეს,

სამაგიეროდ, ფასდაუდებელი საუნჯე არ დაუკარგეს საქართელოს ბუნებას.

ესეც არ იკმარეს.

გზამ მაინც შეიწირა თავისი შესაწირი, ალაგ-ალაგ გაიჩეხა წვრილმანი...

გოგი მაჩხაშვილმა და მისმა ლაშქარმა აქაც არ დაიხიეს უკან. ისევ გაშალეს კარვები

გომბორის კალთებზე და გზის ორივე მხარეს სამი ათასი ძირი კაკლის ხე დარგეს.

ტყეს ზარალი აუნაზღაურეს...

სამი ათასი ორმო!

ნიადაგი კი ზოგან რიყის ქვაზე უფრო შეკრული იყო, მაგრამ ისინი სიტყვას ვერ

გადაუხვევდნენ: კაჭახის წვერზე გურჯაანს კომკავშირელებმა რესპუბლიკის

ხელმძღვანელებს პირობა მისცეს, რომ ჭერემს ზრუნვას არ მოაკლებდნენ.

42

იმ გაზაფხულზე თვითეულმა ქალიშვილმა და ჭაბუკმა ოცდახუთი ძირი ნერგი

გაახარა, ორმოცი კილომეტრის სიშორიდან მოჰყვებოდნენ ცისტერნებს, რომ ნარგავები

მოერწყოთ და შემოეთოხნათ.

როგორ არა ჰგავდა მათი მრავალდღიანი ლაშქრობა - ბუნების წიაღში გასეირნებას

და მწვანეზე სუფრის გაშლას, რასაც ზოგიერთები ჯერ კიდევ შაბათობას ეძახიან!

პროზა მაინც პროზაა. ამ დიდებული ახალგაზრდების ტოლუპოვარ შრომას ლექსი

უფრო მოუხდებდა, ცხენის თქარათქურივით გაბმული სტრიქონები...

ვაზის ძირში დაირწა გურჯაანელი ახალგაზრდობის აკვანი... „ძველთაგანვე

კახელი გლეხის კეთილდღეობა ვენახზე იყო დამკვიდრებული. ამიტომ თემურ-ლენგისა

და შაჰ-აბასის ურდოები უწინარეს ყოვლისა ვენახებს დაერეოდნენ, ჩეხდნენ და

კაფავდნენ უმოწყალოდ.“

ვაზი იყო მისი ძალა და ღონე. მისი უბერებელი სიყვარული.

მაგონდება ძველი არაკი.

ერთ კახელ გლეხს კარის ვენახი ჰქონდა, ღვთის თვალი ტრიალებდა შიგა... მაგრამ

შვილი არ გამოადგა თურმე, ზარმაცი იყო, ხელგამოუვალი.

იგრძნო მამამ სიკვდილის მოახლოვება, დაუძახა მეზობელს და უთხრა:

- ვკვდები, ვანო! წაიღე ჩემი ვენახი და შენი საყანე მიწა მომეცი!

- რატო კაცო! - შეიკვირვა მეზობელმა.

- ზარმაცი კაცი ვენახს ვერ მოუვლის! წამყვება ჯავრი და იქაც ვერ მოვისვენებ. ამ

ბიჭსაც შიმშილი მომიკლავს! იქნებ პური მაინც მოიყვანოს, რომ მეზობელს კარი არ

აუტალახოს, ერთი ჯამი ფქვილი მასესხეო! - უთხრა მამამ.

ვაზის ზეშთაგონებულმა სიყვარულმა შრომის დიდი წესი და რიგი დაამკვიდრა

კახელი გლეხის ოჯახში. არმუშას და უქნარას ვენახში არ გაეძლება. თაობიდან თაობაზე

გადადის ეს ძველი მადლი და რჯული აქაური კაცისა. კარგმა მამებმა კარგი შვილები

გაზარდეს. ვერავითარი შეგონება და მოწოდება, ვერავითარი შიში და მუქარა, მილიციის

ოთახი და სალექციო დარბაზი, ათასგვარი ნობათი და მოფერება სასწაულს ვერ

მოახდენდა, რომ მათი სამამულო რქა მრუდე ფესვზე ყოფილიყო ამოსული.

მხოლოდ და მხოლოდ პირადი მაგალითის ძალა - ამაზე დიდი მასწავლებელი

ქეყანას ჯერ არ ჰყოლია და არც არასოდეს ეყოლება.

43

ჩვენი შვილები მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ: შინ - მამები და ,

გარეთ - ძია-კაცები. თევდორე მღვდელს და კობა ჩოხელს არ შეიძლება ცუდი შვილი

დარჩენოდათ.

იმ წელიწადს ჭერემის სანახებში ბევრმა ახალგაზრდამ ისახელა თავი. ცოდვად

ჩამეთვლება, რომ გავჩუმდე და ზოგი მათგანი მკითხველს არ გავაცნო.

ნიკო ჯოხაძე - მევენახეობის ახალგაზრდული ბრიგადის ხელმძღვანელი.

საშუალო სკოლა დაამთავრა თუ არა, კოლმეურნეობაში დაიწყო მუშაობა. ვენახის

გასხვლა, ფურჩვნა და ახვევა პატარაობიდანვე შეასწავლეს მშობლებმა. შარშან მისმა

ბრიგადამ გაიპიროვნა ოცი ჰექტარი ვენახი, ჰექტარზე 100 ცენტნერი ყურძენი უნდა

მოეკრიფა, მაგრამ, როგორც კი ნიკომ მითხრა, არც ერთი მცენარე ისე კარგად არ

დაგიმადლებს გარჯასა და მოვლას, როგორც ვაზი დაგიმადლებსო. ბრიგადის გოგო-

ბიჭებმაც ვენახს ხელი არ დააკლეს და თვითეულ ჰექტარზე 120 ცეტნერი ყურძენი

მოიწიეს. ხელფასის გარდა, ნიკო ჯოხაძემ წამახალისებელი ჯილდოც მიიღო - კაი

შვიდასი მანეთი.

შარშან სოფელ ვეჯინში გავიცანი ეს ახალგაზრდა ბრიგადირი. ერთხელ ვნახე და

აღარ დამავიწყდა მისი ლაღი სიტყვა-პასუხი, გულითადი ღიმილი და თავისუფალი

მიხრა-მოხრა. ყველაფერზე ეტყობოდა, იგი უკვე საკუთარ ფეხზე იდგა. ხუთი მარჯვენა

ტრიალებს ჯოხაძეების ოჯახში. მამა - სოფელ ჭანდრის კოლმეურნეობის მჭედელი,

დედა - მევენახე, დეიდა - მევენახე, დაც ვენახში მუშაობს, თანაც სწავლობს

დაუსწრებლად სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. ამ ოჯახის წლიურმა შემოსავალმა

უკვე (1978) თვრამეტი ათას მანეთს მიაღწია. ამ თანხას უნდა მიემატოს კარის

მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი: სახელმწიფოს მიჰყიდეს 10 ტონა ყურძენი -

შვიდი ათას ხუთასი მანეთი. სამასი კილოგრამი ღორის ხორცი - ექვსასოცი მანეთი.

სულ - ცხრამეტი ათასი მანეთი, მგონი, ცოტა მეტიც.

შრომის ანაზღაურების ახალმა (გურჯაანულმა) წესმა, რაზედაც ჯერ კიდევ

არაერთხელ გვექნება საუბარი, კოლმეურნე გლეხსაც დიდი სარგებელი მისცა და არც

სახელმწიფოს დასწყვიტა გული.

- შემნახველი სალაროს წიგნაკი თუ გაქვს? - ვკითხე ერთხელ ჯოხაძეს.

ახალგაზრდა ბრიგადირი არ ელოდა, ამ ცოტა არ იყოს, თამაშ-გარეშე კითხვას.

შეიშმუშნა, ჩაიცინა, მერე შემომხედა და მითხრა: - როგორ არა მაქვს! უკვე დამიგროვდა

44

შვიდი ათასი მანეთი! ოღონდ წინგში არ ჩაწერო, ბატონო კონსტანტინე! მამაჩემი სუ

იძახის, ვალებში ვარო! გამინახევრებს ამ ქონებას! ძუნწი შვილი არა ვარ, იცოდეს

ღმერთმა, მაგრამ რო არ უჭირს? ამას ჩემს გასაგონად ამბობს, მევალე დამდევსო!

სონღუაშვილი ელისო, გელაშვილი მარინე, მირელაშვილი ლიზა, ბეჟანიშვილი

ზაირა, ხუციშვილი თამარ, ლიპარტაშვილი მარინე, იაქანოვი ლია...

ვიდრე ამ გოგონებს შევხვდებოდი, მე უვკე ვესაუბრე კომკავშირის რაიკომის

პირველ მდივანს გოგი მაჩხაშვილს. გამაოცა მისმა ნაამბობმა. ისინი ჯერ კიდევ საშუალო

სკოლაში დადიოდნენ, რომ უკვე კარგად იცოდნენ ვენახის მოვლა-პატრონობა.

და ისე გულდანდობილ მუშაობდნენ ზვარში გაჭაღარავებული კაცების

გვერდიგვერდ, თითქოს ნოეს ვენახიც მათი გაშენებული ყოფილიყოს.

უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა, ცოდნის წადილი... და, როცა ბრიგადაში სტუმრად

შემოივლიდა ძველი, სახელგანთქმული მევენახე, მისი საქმე დაღუპული იყო. ათასი

„როგორ“, ათასი „როდის“ და „რატომ“ ჭირის ოფლს აწურვინებდა სტუმარს. ერთხელ

ჩაიგდეს ხელში ვენახის ჯადოქარი მიხეილ ნ-შვილი და საღამომდე შინ აღარ გაუშვეს.

- ცოლთან კინაღამ გამყარეს, პატივცემულო მწერალო! - შემომჩივლა მიხეილმა: -

იმ დღეს ძლივს ავიშვი თავი, მანქანას დამპირდა მაგათი ბრიგადირი, - დედაკაცი

ახტალაზე უნდა წამეყვანა. როგორც დავტოვე ჭიშკართან თავმორთული, იქვე არ

დამხვდა ის დალოცვილი?! ლოყები მოხარშული კიბოსავით დასწითლებოდა! ცოტა

მაინც გაწეულიყო გვერდზე, ჩრდილი მოენახა, ან სახლში შესულიყო!

გაჩუმდა, რაღაც არგასამხელ ფიქრს ოდნავ გაუღიმა, მერე თავი დაიქნია და თქვა:

- ძალიან ახალგაზრდობა წამოვიდა ამ ბოლო დროს! მაგათზე ყველაფერი ალალია,

გვაჯობეს ამირანებს! შარშან რთველში ოთხი კაცის გეგმა შეასრულა თითოეულმა

მათგანმა! ერთ კაცს დღეში სამასი კილოგრამი ყურძენი უნდა მოეკრიფა, ათას ორასი

მოკრიფეს! მოდი და ახლა უბრალო გამარჯობა უთხარი ამ ბალღებს!

როგორ ამაღლებს ადამიანს შრომა და გარჯა! სამოცდაექვსი წლის კაცი,

სახელოვანი მევენახე, უბრალო გამარჯობას ვეღარ ეუბნება ამ ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის

გოგო-ბიჭებს.

არც წიგნის ცოდნაში ჩამორჩნენ.

ზოგი მათგანი უკვე სწავლობს დაუსწრებლად სასოფლო-სამეურნეო

ინსტიტუტში, ზოგიც გაისად აპირებს გამოცდების ჩაბარებას. ამ გოგონებმა უკვე იპოვნეს

45

ცხოვრებაში თავისი ადგილი და მოწოდება. როგორ არა ჰგვანან ისინი

სიცოცხლეგამწარებულ, წლიდან წლამდე ერთი ქულის მაძიებელ თანატოლებს.

ბესიკ სესიაშვილი: ჩვიდმეტი წლისა. კომკავშირელი.

იქნებ ვინმემ არც დამიჯეროს, რომ ეს ჯერ კიდევ უულვაშო ყმაწვილი ველისციხის

კოლმეურნეობაში მევენახეთა რგოლს ხელმძღვანელობს, ოცდახუთი კომკავშირელი

ჭაბუკისა და ქალიშვილის მუშაობას წარმართავს.

საიდან ამგვარი ნდობა და აღიარება!

ყოველმა დედამ ინატროს ასეთი გამრჯე შვილი. გამრჯე კი არა, რაღაც უფრო მეტი,

- სიტყვა ვერ მიპოვნია... თიბვა იყო თუ სილოსის ჩადება, ვენახის ფურჩვნა თუ ხილის

მოკრეფა, იგი ყველა უღელში საძირე ხარივით გამწევი და უღალატო იყო.

ბესიკი ჯერ კიდევ რიკ-ტაფელას ასაკისა იქნებოდა, როცა კოლმეურნეობაში

დაიწყო მუშაობა. მონდომებულმა მოსწავლემ იმდენი დრო და საათი კიდევ დაინარჩუნა,

რომ მეექვსე კლასიდან მოკიდებული სკოლის დამთავრებამდე ყოვლწლიურად 70

კაცდღე გამოიმუშავა.

ყველაზე მეტად ვაზი უყვარდა. შარშან მისმა რგოლმა რვა ჰექტარი ვენახი

გაიპიროვნა. ჰექტარზე 98 ცენტნერი ყურძენი - ასეთი იყო სახელმწიფო გეგმა, მაგრამ

გინახავს, მეგობარო, წისქვილის ბორბალზე დატეული ღარის წყალი? ასე,

თავდაუზოგავად დაეშურნენ საქმეს ბესიკის სწორები და რთველმაც ყოველგვარ

მოლოდინს გადააჭარბა. თვითოეულ ჰექტარზე 160 ცენტნერი ყურძენი მოკრიფეს.

აგერ მისი კბილი ბიჭები - კოჭლაშვილი გია და სალომაშვილი ვალერი. ისინიც

მეექვსე კლასში იყვნენ, როცა სოფელს მხარი გაუსწორეს, შარშან კი, სკოლა დაამთავრეს

თუ არა, ერთი დღე არ გაუცდენიათ, საბოლოოდ დამკვიდრდნენ მევენახეთა ბრიგადაში

და, თუ ლოცვას რაიმე ძალა გააჩნია, ამ ბიჭების მშობლებმა დიდხანს უნდა იცოცხლონ -

სოფელი ყოველდღე ილოცება, იხარა თქვენმა გამზრდელმაო.

ასეთი გულის ახალგაზრდებმა დიდი შემწეობა აღმოუჩინეს დაქანცულ ჭერემს და,

თუ ამჟამად გომბორის კალთებზე აკვანი ირწევა და ბუხრიდან კვამლი ამოდის, ერთი

კარგი სამადლობელი გურჯაანის კომკავშირსაც ერგება.

უცნობი სოფლის ორღობეში რომ შედიხარ, დიდი ფასი ედება - ვინ გეტყვის და

როგორ გეტყვის პირველ გამარჯობას, ვინ როგორ გაგიღებს ჭიშკარს.

გულიდან წამოსული სიტყვა შენც უცბად გაგითბობს გულს და ირგვლივ

46

ყველაფერი უფრო ლამაზი მოგეჩვენება, ვიდრე შეიძლება სინამდვილეში იყოს...

ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიამ მითხრა, უცხვირპირო კაცის გამარჯობამ,

უჟმურად ნათქვამმა სიტყვამ ერთი სოფელი კინაღამ შემაძულაო.

დიდი მოგზაური და მოსიარულე არასდრს ვყოფილვარ, მაგრამ ერთი ბედი

თავიდანვე დამყვა: სოფლის თავში ყოველთვის შემხვდებოდა ისეთი კაცი, თავის თავსაც

და თავის სოფელსაც სამუდამოდ რომ შემაყვარებდა.

იღბალმა ამჯერადაც გამიჭრა. მადლიანი კაცი მოსე სამადაშვილი შემახვედრა,

გამოცდილი პარტიული მუშაკი, განათლებული ისტორიკოსი, დარბაისელი,

დინჯმოუბარი ადამიანი... პირველი ხელის ჩამორთმევიდან ამ წიგნის ბოლო

სტრიქონამდე იგი მიკვლევდა გზას, მაცნობდა მიახლოვებდა არა მარტო დღევანდელ

სოფელს, ხშირად შორეულ წარსულშიც გადამახედებდა. მან ერთნაირად კარგად იცოდა

ვაჩნაძიანთ ყველაწმინდის საყდრის სიდიდე და ვაზისუბნის კოლმეურნეობის ბაღ-

ვენახების ძალა და ძარღვი.

პარტიის რაიკომის მეორე მდივანს ვინ მისცა იმდენი მოცალეობა, რომ

მოულოდნელად ციდან ჩამოვარდნილ სტუმარს ხან ალაზნის პირებზე გაუძღვეს, ხან

კიდევ ჭერემის პირველი მეკომურები მოახილვინოს. მაგრამ იგი დროს მაინც

პოულობდა, დაუშურვებლად შემომწირავდა თავისი დასვენებისა და ძილის საათებს,

ოღონდაც გურჯაანის სოფლებში სანახავი მენახა და გასაგონი გამეგონა. და, როცა

ბოდიშს მოვუხდიდი, „ჩემო მოსე, როგორ შეგაწუხე, რამსიშორეს წამოგიყვანე-მეთქი“, -

იგი მაშინვე უბის წიგნაკს ამოიღებდა და მეტყოდა:

- რას ამბობ, კაცო, აგერ მაქვს ჩანიშნული, დღეს მაინც აქეთკენ უნდა

წამოვსულიყავ!

და მეც ვითომ დავუჯერებდი... რაიკომის მდივანს უბის წიგნაკს ხომ არ

გავუსინჯავდი?!

ნელა მივყვებით ჭერემის აღმართს. შემოდგომა ილევა. წითლად-ყვითლად ღუიან

გომბორის ტყიანი სერები. გახარებულა გზის პირებზე დარგული კაკლის ხეები.

ოთხი თვე გავიდა, ციდან ერთი ცვარი არ ჩამოვარდნილა, ამ ნარგავებს კი

გვალვისა არაფერი ეტყობა. კაკლის ხეებს დღემდე უვლიან და პატრონობენ გურჯაანელი

კომკავშირელები.

47

გზას გადაღმა, მაღლობზე, პატარა საყდარი მოსჩანს.

კაჭკაჭის საყდარი!

ერთხელ თურმე ჭერემელები ყანასა მკიდნენ. ქალი ყაურმას აკეთებდა

ჩამონგრეული კედლის ძირში. ამ დროს გუმბათზე კაჭკაჭი შემოჯდა და ისეთი ჭახჭახი

გააბა, ერთმა მუშამ ქვას წამოუსვა ხელი, ესროლა და ფრთა მოტეხა. დაშავებული

ფრინველი მაინც არ მოეშვა საყდრის ეზოს, მისმა განგაშმა იქაურობა აიკლო. ბოლოს

დაჰკრა ნისკარტი მოლზე მიმხმარ ნაკელს და ქვაბში ჩაუძახა.

- ღმერთო მომკალი, ეს რა მიქნა ამ საძაგელმა! - შეჰკივლა ქალმა და ქაფქირს

დაავლო ხელო.

გული კინაღამ შეუღონდა. ქაფქირს ყაურმაში ჩახარშული გველი ამოჰყვა. ხალხმა

დაუფასა სიკეთე ენაგატლეკილ ფრინველს და საყდარს მისი სახელი შეარქვა.

კარგად მოხრეშილ-მოპირკეთებული შარაგზა თანდათან მაღლა მიიწევს. მიკვირს,

როდის მოასწრეს ელექტრონის ბოძების ჩაყრა, ტელეფონის ხაზის გაყვანა, ამოდენა

ღვარსადენების მოწყობა! თუმცა რატომ უნდა მიკვირდეს! ჭერემის მომავალი

მოსახლეები მზამზარეულზე მოსვლას როდი აპირებდნენ! გავარდა თუ არა პირველი

ლაღუმი, ისინი მაშინვე წამოეშველნენ საგზაო ბრიგადებს: მათთან ერთად მუშაობდნენ

ტრაქტირზე თუ ბარ-ნიჩაბზე და ახალ გზას ჭერემში შეუძღვნენ.

აგერ თხილის ხევი. ამ ხევში დაგუბდება ოთხი მილიონი კუბური მეტრი წყალი,

გაჩნდება ვეება ტბა, მოაშენებენ თევზს, მორწყავენ ჭერემის მინდვრებს და კიდევ ვინ

დასთვლის, რამდენ სიკეთეს მოუტანს გურჯაანელებს აქაური წმინდა სამება: წყალი, ტყე

და ჰაერი.

- პირველი აკვანი თენგიზ ჯაჭვაძემ ამოიტანა ჭერემში, - მიამბობს მოსე

სამადაშვილი და ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში შევყავარ: - ეს იყო 1978 წელს, მარტის

დამდეგს, მერე ამოვიდა ვანო წიკლაური, ალექსი ჯაჭვაძე... არ შეუშინდნენ თოვლს,

უგზოობას, უამინდობას, მოადგნენ ძმაკაცები ამ კარგად შემონახულ ეკლესიას, გაშალეს

მაყრულად ლოგინები და... იმ ღამეს, რა თქმა უნდა, ვერ დაიძინეს! დიდმა სიხარულმა

ბალიშზე თავი არ დაადებინა ამ გაწამებულ ხალხს!

გაიხსენე მკითხველო, მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში სწორედ ამ კარგად

შემონახულ ეკლესიაში დაიდო ბინა აოხრებული ჭერემის პირველმა მოსახლემ გიგო

აბესაძემ.

48

გამარჯვებიდან წამოსულ მთიელებს შოთა ეცადიშვილი და მოსე სამადაშვილი

ამოჰყვნენ ჭერემში. სანამ ნასოფლარში შევიდოდნენ, ზოგიერთს უკვე დაეტყო

მღელვარება. აგერ ერთმა მოხუცმა ნაბიჯი შეანელა ნაწისქვილართან, მეორემ ჩუმი

ცრემლი დააგდო ახლად გაწმენდილ ნაკალოებზე. მაგრამ როცა სასაფლაოს

მიუახლოვდნენ, თავი ვეღარ შეიკავეს, სტუმრებსაც აღარ მოერიდნენ, დაემხვნენ ჯაგებში

ჩაკარგულ ლოდებს, საფლავის ბორცვებს და როგორც სამადაშვილმა მითხრა, „ერთხელ

ვნახე და მეორედ ღმერთმა ნუ მანახოს ასეთი გლოვა და ზარი! მერე კი წამოდგნენ და...

ქალი და კაცი ვეღარ ვიცანი! რაღაც ისე მხნედ გამოიყურებოდნენ, თვალებიც ისე

უბრწყინავდათ, თითქოს ყველა დარდი და სატირალი უკან მოიტოვესო...“

ოცდათერთმეტი ოჯახი შეიფარა ღვთისმშობილის ეკლესიამ. კოლმეურნეობის

დამფუძნებელი პირველი კრებაც ამ ეკლესიაში გაიმართა შარშან, 31 მარტს. კრებას

დაესწრო შოთა ეცადაშვილი, დაესწრნენ რაიკომის ბიუროს წევრები, და როგორც

გადმომცეს, საუბრის დროს ზოგიერთები განზე იყურებოდნენ თურმე, თვალებზე

მომდგარ ცრემლს უმალავდნენ ერთიმეორეს, თუმცა ასეთი ცრემლი რა სასირცხვო და

დასამალი იყო!

კოლმეურნეობის თავჯდომარედ თენგიზ ჯაჭვაძე აირჩიეს და მეორე დღესვე მიწას

გუთანი გაუკიდეს.

ახლად შექმილ კოლმეურნეობას ბევრი შემწე და მფარველი გამოუჩნდა. სოფელმა

ჩუმლაყმა და მუკუზნის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობამ ორი მძლავრი ტრაქტორი და

გუთნები აჩუქა ჭერემს. სოფელმა არაშენდამ - ფინური სახლი, სადაც კოლმეურნეობის

გამგეობა მოთავსდა. „საქსოფლტექნიკის“ გურჯაანის გაერთიანებამ - ერთი სატვირთო

მანქანა და ერთი ტრაქტორი კიდევ მიაშველა სოფელს.

კამეჩს წყალი და სითბო უყვარს. მთაში ამ ცხოველს არ დედგომება. მაგრამ

გომბორის კალთებს ერთი დიდი სიკეთეც გამოაჩნდა. აქაურმა ზამთარმა გაავება არა

იცის, თანაც უხვად მოდის მარად მწვანე ბალახი შმოთი. - კამეჩის ფოჩიანი კამფეტი...

არც წყალი ექნება საძებარი.

ახლა მხოლოდ ერთი გაბედული ნაბიჯი იყო საჭირო; შოთა ეცადაშვილმა არ

დააგვიანა ეს ნაბიჯი, იმავე წელს აზერბაიჯანიდან შვიდასი სული ფურზაქი ჩამოიყვანა

და ჭერემში მეკამეჩეობის ფერმა გამართა. გურჯაანელმა ახალგაზრდებმა აქაც ისახელეს

თავი: მოასწრეს, დაზამთრებამდე ფურზაქის ჯოგს კარგად დათბილული ბაგა-ბოსლები

49

აუშენეს.

ამ ფერმას ჯერ ისევ „ლელის“ სასუქი მეურნეობა პატრონობს, თუმცა ჯოგის

ჩამოყვანის დღიდან მისი მწყემსები და მომვლელები ჭერემელი გლეხები არიან.

მოღონიერდება, წელში გაიმართება ჭერემის კოლმეურნეობა, და ეს მომრავლებული

ფურზაქი მისი სამუდამო კუთვნილება გახდება.

დაიწყო ცხოვრება.

შარშან ზაფხულზე უკვე 72 კომლი დაუბრუნდა ჭერემს. მიაშურეს თავიანთ

ნასახლარებს, ზოგან მიწური გამოთხარეს ნაქცევში, ზოგან სახელდახელოდ ფარდული

შემოჭედეს, ზოგან კი ნახევრად ჩამონგრეულ კედლებს სახურავი დაადგეს, კარები შეაბეს

და... კერაზე ცეცხლი დაანთეს.

მაგრამ ნამდვილად გული ამიჩვილდა, როცა გავიგე, თუ როგორ ძმურად

წამოეშველნენ საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა კოლმეურნეობას გურჯაანის

რაიონის კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები. უფროსმა ძმებმა დაივალეს, რომ

ისინი ჭერემში დაბრუნებულ მთიელებს ლამაზ სახლებს აუშენებდნენ.

აი, ერთი ადგილი ამ სახალხო სიყვარულის პოემიდან:

თენგიზ ჯაჭვაძეს სახლს უშენებს სოფელ ვეჯინის სანერგე მეურნეობა.

გიორგი ჯაჭვაძეს...... კოლაგის სანერგე მეურნეობა.

ზურაბ ჯაჭვაძეს...... ბაკურციხის მეურნეობა-ტექნიკუმი.

ნიკალა ჯაჭვაძეს...... მუკუზნის საბჭოთა მეურნეობა.

ავთანდილ ჯაჭვაძეს...... ველისციხის კოლმეურნეობა.

შაქრო ჯაჭვაძეს...... „სოფლმშენის“ მეოთხე ტრესტი.

თედო ჯაჭვაძეს...... შრომის საბჭოთა მეურნეობა.

ალექსი ჯაჭვაძეს...... ჭანდრის კოლმეურნეობა.

ვანი ბურდულაძეს...... ჩუმლაყის კოლმეურნეობა.

არჩილ წიკლაურს...... ვაზისუბნის კოლმეურნეობა.

ალექსი ბარბაქაძეს...... კალაურის საბჭოთა მეურნეობა.

კარლო წიკლაურს...... გურჯაანის საბჭოთა მეურნეობა.

გიორგი გელაშვილს...... კარდანახის საბჭოთა მეურნეობა.

ელგუჯა მაისურაძეს...... სამშენებლო სამმართველო - 16 და ა.შ.

ეს პატარა ნაწყვეტი უფროსი ძმების სამადლობელიც იყოს და ერთგვარი

50

შეხსენებაც: ჭერემში თოვლი ადრე მოდის და ასე არ დაგვემართოს, რომ ამ მრავალ

ჭირნახად ადამიანებს სიცივემ ფარდულებსა და გომურებში მოუსწროს.

თონიდან ცეცხლის ალი უკვე ამოვარდა.

ამუშავდნენ ჭერემისხევის წისქვილები, სასულე გაეხსნა მეწყერში დამარხულ

წყაროებს. გაიღო შერეული მაღაზია, მალე დამთავრდება საშუალო სკოლის შენობა.

ერთხელ, ამ სკოლის მომავალ დირექტორს ოთარ დათუნაშვილს რომ ვესაუბრებოდი,

შაქრო ბარბაქაძემ გვერდზე გამიხმო და მითხრა, ამ საღამოს ჩემი მუზეუმიც უნდა

გაჩვენოო...

მუზეუმი!

ქართულ სოფელს რა გამოულევს ჩვენი ერის წარსულზე შეყვარებულ ადამიანებს.

სამოცდაათ წელს მიტანებული შაქრო ბარბაქაძე პირველად მოსახლეებს ამოჰყვა

ჭერემში, სამამულო ომის მონაწილე, ორჯერ იყო დაჭრილი სევასტოპოლში. ჯარისკაცის

გაუდგრომელმა ბედმა სად არ ატარა ჭერემელი კაცი, იბრძოდა პარტიზანულ რაზმში,

აქაც და იქაც პირი არ შეურცხვენია.

უყვარს ჭერემი, უყვარს მისი წარსული, დაეხეტება ძველისძველ ნასახლარებსა და

პალატებში, და რასაც იპოვნის, - ქვევრის ნატეხს თუ ხატის ნაფლეთს, ყველაფერს

თვითოვნე დაათარიღებს, ლეგენდასაც თვითონვე გამოუგონებს და ბოლოს კედელზე

ადგილსაც შეურჩევს.

მაშ როგორ იქნება, ასეთი წარსულის მქონე ჭერემს ერთი პატარა მუზეუმი არ

ეკუთვნის?

სტუმრობაზე უარს როგორ ვეტყოდი. მივედი და რა ვნახე! - ერთი კაცის

სიმაღლეზე გადახურული ქვა-ყორე, რაც გადაურჩა დაშლა-დანგრევას ფარღალალა

სადგომი ორად გაეყო ჩითის ფარდას; ერთ მხარეს საწოლი და პატარა მაგიდა იდგა,

მეორე ნახევარი კი მთლიანად გამოფენას წაეღო... შუბის ნამტვრევებიმ ისრის პირები,

ძველი ხმალი, სატევარი, კაჟიანი თოფის ჩახმახი, ჯვარი და ჩუქურთმის ნატეხი, ჩოხის

შესაბნევი ხრიკები და ხმის მათარა, მოხატული დოქები და სიძველისაგან

გამოყვითლებული ფოტოსურათები.