azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads... · Web viewცხოველის...

568
ზზზზზ ზზზზზზზზზ. ზზზზზზზზზ 1 ზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ

Transcript of azgo.com.uaazgo.com.ua/wp-content/uploads... · Web viewცხოველის...

ზურაბ ანდღულაძე. სივიწროვე 346

ზურაბ

ანდღულაძე

სივიწროვე

თავი 1

შუადღის კაშკაშა სინათლე კოკისპირულ წვიმასავით ატყდებოდა არემარეს თუმცა დაბურული თხილნარის ტოტებქვეშ ამ თავსხმის წვეთებიღა ჟონავდნენ. მათ ხალვათობას ღამესავით გაემუქებინა მიტოვებულ ბაღში მდგარი ჩრდილი.

ოთხი ადამიანი თითქმის უკვე გამოერიდა ხეებ ქვეშ გამეფებულ ბინდბუნდს და გაშლილ, მზიან ადგილს მიადგა სადაც არც თხილი იზრდებოდა და არც სხვა მცენარეს გაედგა ფესვი. ქვადქცეულ თიხის ფილებში მხოლოდ ნაკადულს გამოეღრღნა კალაპოტი, რომლის ნაპირებს ხავსი მოჰფენოდა.

- გივი, შეხედე, შეხედე! - დაძაბულად წაუჩურჩულა ნათელამ ქმარს, როცა მათ სულ ერთი ნაბიჯიღა აშორებდათ ხავსის ნოხს, - მგლის ლეკვები!

- ვხედავ, - ჩუმადვე უპასუხა კაცმა ისე, რომ თვალი არ მოუცილებია ხასხასა მწვანე ხალიჩაზე მოთამაშე სამი პატარა ცხოველისთვის.

გივი უსიამოვნოდ გააკვირვა დანახულმა - თავისი საცხოვრებლის შემოგარენი რახანია გაწმენდილი ეგულებოდა მტაცებლებისგან და აი, ახლა ასე მოულოდნელად წაადგა მათ თავს!

თუმცაღა, არც ისე მოულოდნელად - ჯერ ერთი აქ, ლოდებით დავიწროვებულ კალაპოტში, ღელე ხმამაღლა ჩუხჩუხებდა და იოლად ახშობდა ნაბიჯების ხმას.

მეორეც - მან, ნათელამაც და ბავშვებმაც უკვე დიდი ხანია ისწავლეს უხმოდ სიარული. მათ ახლაც ისე ყურადღებით ამოიარეს ხშირი ბუჩქნარი რომ ერთხელაც არ შეხებიან მცენარეთა ტოტებს. შეეძლოთ სულაც გაუჩერებლივ წადგომოდნენ თავს პატარა მტაცებლებს და სწრაფადვე მოეღოთ მათთვის ბოლო, მაგრამ აჩქარებაც არ შეიძლებოდა.

„ეჰ, ბავშვები ნეტა სახლში დაგვეტოვებინა!“ - გაჰკენწლა გივის უსიამოვნო აზრმა.

თითქოს ქმრის ფიქრები ამოიცნოო, ნათელამ ჯერ მას შეხედა, მერე ტყუპებს. პატარები განუძრევლად იდგნენ და ხან ცხოველებისკენ აპარებდნენ მზერებს და ხანაც მშობლებს შეავლებდნენ თვალებს. გივიმ ხელის აწევით დაამშვიდა ცოლ--შვილი და კიდევ ერთხელ, ყურადღებით დააკვირდა იქაურობას.

მერე ისევ თავისიანებს გახედა და შუბი მოიმარჯვა. ნათელამ თვალებით გამოჰკითხა ქმარს ჩანაფიქრი. გივიმ მას თითით მიანიშნა წელზე, სადაც ქალს ბოხჩაში პისტოლეტი ეგულებოდა.

ნათელამ, განაგრძო რა მათი უსიტყვო საუბარი, თავი დაუქნია ქმარს, თავისი შუბი იქვე თხილის სქელ ტოტს მიაყრდნო ფრთხილად და ცეცხლსასროლი იარაღის ბოხჩა შეხსნა.

გივი ყურადღებით, მაგრამ მშვიდად ადევნებდა თვალს მეუღლის სამზადისს, თუმცა ისე უშფოთველად ნამდვილად ვერ გრძნობდა თავს, როგორადაც ცდილობდა წარმოეჩინა.

კაცს არ ასვენებდა ამ ლეკვების მშობლებზე ფიქრი. სად არიან დიდი მგლები? და, რაც მთავარია, აქ სადმე მათი ხროვა ხომ არაა ჩასაფრებული?

„არა, არც თინიკო და მით უმეტეს არც შოთიკო შეშინდება, თუ რამე მოხდა. დიდები არიან უკვე და მაგისთანა რამეები კარგად ესმით“, - დაამშვიდა მან საკუთარი თავი.

უცებ გივიმ ახალი სუნი შეიგრძნო და წამსვე გამოერკვა ფიქრებიდან. ნათელაც და ბავშვებიც უმალვე დაიძაბნენ. მომდევნო წამს ქალმა უკვე ბოხჩიდან ამოღებულ იარაღზე უჩუმრად ჩამოსწია დამცველის ღილაკი.

ოჯახი თვალის დახამხამებაში მიხვდა თავის იღბალს. ლეკვების არ იყოს, მათაც რუს ჩუხჩუხის გამო ვერ გაიგეს თუ როგორ მოადგა მეორე მხრიდან ბუჩქს დიდი რუხი მგელი. კიდევ კარგი, სიო ნადირისაგან მათკენ ქროდა!

ცოტაც და მძლავრი ცხოველი ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა მზით გაჩახჩახებულ მწვანე საფარზე. ლეკვები უმალვე გამოეგებნენ მას.

ნათელამ ქმარს გახედა. გივიმ დასტურის ნიშნად თავი დახარა. მაშინ ქალმა ნელა გასწია იარაღი წინ, ორივე ხელი მოჰკიდა ტარს და საგულდაგულოდ დაუმიზნა მისგან სულ რაღაც ხუთიოდე მეტრში მდგარ მტაცებელს. ისედაც განაბულმა ბავშვებმა საერთოდ შესწყვიტეს სუნთქვა.

გასროლამ მეხის ქუხილივით დაიგრგვინა!

იმავე წამს მგელი, თითქოს რაღაცამ უსაშველო ძალით უბიძგაო, ყირამალა გადატრიალდა. ცხოველის გახეთქილი თავის ქალიდან ტვინისა და სისხლის წვეთებმა იშხეფა და ქვის ფილები კალმახის გვერდს დაამსგავსა.

ლეკვები წკმუტუნ-წკმუტუნით გაექანენ ნაკადის გაყოლებით იქეთ მხარეს, საიდანაც წყარო ბაღის ჩრდილიდან ცოტა ხნით მზის გულზე გამოედინებოდა.

გივი დაუყოვნებლივ გამოხტა სამალავიდან და პატარა ნადირთაგან ერთს გამეტებით ჩაჰკრა შუბი მარცხენა ბეჭის ოდნავ ზემოთ. ცხოველმა ხმის ამოუღებლად დალია სული. მეორე ლეკვს ნათელა დაეწია და ტყვიის დაზოგვის ჩვეულებამ ისიც აიძულა შუბით განეგმირა მომავალი მტაცებელი.

ცოცხლად ერთი ლეკვიღა დარჩენილიყო. მას არც მცენარეულობაში მიმალვა უცდია და არც გაქცევა. ორ დიდ ქვას შორის შეყუჟული, იგი ხმამაღლა წკმუტუნებდა. შუბებმომარჯვებული ცოლ-ქმარი ორი მხრიდან უახლოვდებოდა განწირულ ცხოველს. პატარა ნადირმა იგრძნო სიკვდილის მოსვლა და კიდევ უფრო საცოდავად აწკავწკავდა.

- მამიკო! - მკვეთრი ხმით დაიძახა თინამ.

გივის კინაღამ შუბი გაუვარდა, ისე სწრაფად მოუტრიალდა იგი ბავშვს.

- რ იყო, მამი? - ვერ შენიშნა რა ხიფათი, შვებით იკითხა მან.

- არ შეიძლება ეს რომ არ მოკლათ შენ და დედიკომ?

ცოლ-ქმარმა გაკვირვებით გადახედა ერთმანეთს.

- თინა, კი მაგრამ ხომ გახსოვს, რა მოგიყვათ მამიკომ? - დაძაბული ღიმილით ჩაეკითხა გოგონას დედამისი, - რატომ ვკლავთ მტაცებლებს? აბა გაიხსენე.

თინა უკმაყოფილოდ დაიმანჭა. ნათელა ყურადღებით აკვირდებოდა შვილს, თუმცა ცალ თვალს დატყვევებული მხეცისკენაც აპარებდა დროდადრო. მამაც არ ტოვებდა ლეკვს უყურადღებოდ.

- მახსოვს. - ბოლოს და ბოლოს ნაძალადევად წარმოთქვა გოგონამ და მოკლედ შეკრეჭილ ხორბლისფერ თმაზე გადაისვა ხელი.

თინიკოს, მის ოვალური სახეზე, ამჟამად ერთდროულად მორიდებისა და სიჯიუტის გამომეტყველება აღბეჭდვოდა.

შოთიკოც გაკვირვებით უყურებდა დას და ნიკაპს ისერსდა. ეს ჩვეულება მამისგან დაჰყვა, ისევე როგორც შავი გრუზა თმა და სხეულის მომავალი მძლავრი აღნაგობა.

და-ძმა ტყუპები იყვნენ მაგრამ ერთმანეთს არ ჰგავდნენ. თინიკო უფრო დედის „ასლი“ იყო, მასავით ტანწერწეტა, მოქნილი, თუმცა არა სუსტი.

- მახსოვს, - უხალისოდ გაიმეორა თინამ, - ახლა ჩვენ და მტაცებლები ერთი და იმავე საჭმელისთვის... ხორცისთვის ვიბრძვით... იმიტომ რომ მარტო კიტრით ე-ე... და იმით... მცენარეებით ვერ გამოვიკვებებით.

გოგონა ერთი წამით დადუმდა და მერე შეკითხვით დაამთავრა თავისი პასუხი:

- ბევრი საჭმელი რომ იყოს არ მოვკვლავდით?

- მაშინ არა, - დაეთანხმა დედა, - უწინ ადამიანებსაც და ცხოველებსაც ჰყოფნიდათ, ხოლო მერე ხალხი ძალიან გამრავლდა, მხეცებს აღარაფერი დარჩათ.

გივისაც უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ამ დროს შოთიკოს გამყივანი შეკივლება გაისმა.

მამაკაცი მყისვე მიტრიალდა იქეთ სადაც თავისი ბიჭი ეგულებოდა და საშინელმა სურათმა ლამის დამბლა დასცა: ორ უზარმაზარ ხვად მგელს ჩაესო კბილები მისი შვილისთვის! ერთს ყელში და მეორეს მუცელში. სისხლი ორივე ჭრილობიდან უხვად სდიოდა შოთიკოს.

გივიმ ვერ გაიგო როგორ, მაგრამ ყელზე კბილებწაჭერილმა ბიჭუნამ შესძლო და კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ხმამაღლა იწივლა. გივიმ ელვისებურად სტყორცნა შუბი მგელს!

ამ მკვეთრმა მოძრაობამ, მოულოდნელად და საკვირველად, სრულიად შეცვალა სურათი, რომელსაც იგი თვალის დახამხამების წინ ხედავდა.

ახლა ის მოჩუხჩუხე ღელის ნაპირზე კი აღარ იდგა, არამედ სასტუმროს ნომერში, ფართო საწოლზე წამოგორებულიყო. თხილის ბუჩქების ნაცვლად ოთახის ღია მწვანე კედლები შემორტყმოდნენ.

რის ვაივაგლახით ზმანებას გამორიდებულმა კაცმა ფანჯრისაკენ მიაბრუნა თავი. მზე უკვე საკმაოდ დახრილიყო და საცაა თვალებში შეუჭყიტინებდა. როგორც იქნა, მისმა გონებამ საბოლოოდ ჩამოიფერთხა ძილი და გივიმ მოისზრა - ნასადილევს კონდიციონერის სიგრილეში ჩამძინებიაო.

მეზობელ ლოგინზე ბავშვები გასაბერ ლეიბს ეცილებოდნენ ერთმანეთს და კივილი, რომელმაც გივი გააღვიძა, შოთიკოს კი არა თინიკოს პირიდან ამოდიოდა.

გივიმ თვალები მოიფშვნიტა და ბავშვებს გახედა:

-კი მაგრამ, რა დღეში ხართ თქვენ ? - ჯერ ისევ ძილისაგან გათანგული, ნელი ხმით შეეკითხა იგი პატარებს.

- მამიკომ გაიღვიძა-ა! - პირველი თინიკო აწკრიალდა და იმწამსვე საქმეზე გადავიდა: - წავიდეთ რა უკვე ზღვაზე-ე!

- ჰო წავიდეთ, - უფრო თავშეკავებით აჰყვა მას ძმაც, - თორემ მალე დაღამდება და ბანაობასაც ვერ მოვასწრებთ და ხვალ რომ გაწვიმდეს, სულაც ტყუილად ვიქნებით ამ ქობულეთში! გუშინ კიდევ ბათუმში ვისეირნეთ, არ გვიბანავია!

გივიმ ერთ წამს დაფიქრებით უყურა მათ, მერე ტუჩები მოკუმა და ცხვირის ნესტოებიდან უხმო ხითხითი გამოუშვა. შემდეგ წამს მისი მზერა აივნის კარს გადაეყარა და იქ დანახულმა ისევ, ამჯერად გულში ჩააცინა:

„ეს რა ხდება? აივნის კარიც ღიაა, კონდიციონერიც მუშაობს, რა ხალხში მაქვს საქმე? ჰეჰ! ეს რომ სასტუმროს პატრონმა დაინახოს, ა?“

- გესმის ნათუ, - გასძახა მან ნომრის აივანზე მჯდომ ცოლს, - ეს ხალხი ამბობს, ხვალ წარღვნა იწყება და დღეს თუ არ ვიბანავეთ, საბოლოოდ ვიღუპებითო.

ბავშვები გაკვირვებით მიაჩერდნენ მამას. ნათელამ ქმარს გაუღიმა, წამოდგა და ოთახში შემოვიდა.

- ესე იგი ვერ გადავრჩებით? - ეშმაკურად თვალმოჭუტული მიუბრუნდა იგი შვილებს.

ბავშვებს გივიმ დაასწრო:

- გამახსენდა! - წამოიძახა მან და ერთ წამს უსინათლოს მზერით მიაშტერდა ოთახის მოლისფერ კედელს.

მერე თავის გაოცებულ ცოლ-შვილს მოუბრუნდა და ოდნავ შესამჩნევი დაბნეულობით წარმოთქვა:

- იცით, რა უცნაური და საშინელი სიზმარი ვნახე?! გადამრია კაცი! ძლივს მოვდივარ ჭკუაზე!

- წამო რა, ზღვაზე მოგვიყევი-ი! - გულამოსკვნით წააგრძელა თინამ.

- გოგო, შენ თუ გასწავლე მე, უფროსებს არ გააწყვეტინო- მეთქი?! - დაღლილი ხმით შეეკითხა გივი შვილს.

- შენ მასწავლე, გაწყვეტინება საერთოდ უზრდელობააო, უფროსი არ გიხსენებია, - სერიოზული სახით შეეცადა თავის მართლებას თინა.

- ბიჭოს! გესმის ეს ჭინკა როგორ მასულელებს? - ნაძალადევად გაოგნებული სახით მიუბრუნდა კაცი ცოლს.

- კარგი, გივი, - ნათელამაც გათამაშებული ტრაგიკულობით ამოიოხრა - მართლა იქ მოგვიყევი ან გზაში, თორემ ესენი თავს გადაგვჭამენ.

ცოლის სიტყვების გამგონე გივიმ მოსიყვარულე დამცინავი ღიმილით გადახედა ტყუპებს, მერე ერთი-ორჯერ ყოყმანით გააქნია თავი და ამოოხვრით წამოდგა ლოგინიდან.

- აუ, რა ბერიკაცივით ხვნეშავ, - უზარმაზარი წუხილით გამოეხმაურა მის ძლიერ ტანჯვას ნათელა,- რამდენი წლის ბერიკაცი ხარ? გამახსენე ერთი.

- მე თუ ბერიკაცი ვარ, მაშინ შენ დედაბერი ყოფილხარ! - გამქირდავად მიუგო მას ქმარმა და სააბაზანოსკენ გაეშურა.

მან ნათელას უკნიდან ჩაუარა და წამიერად გახედა რა ხალისიან სამზადიშში მყოფ ბავშვებს, ცოლს კაი გვარიანად მოუჭირა ტორი წელს ქვემოთ, ფუმფულა და მკვრივ, როგორც თავად ეძახდა - „ხელის სიამოვნებაზე“.

- ესეც შენ! - თითქმის უჩუმრად მიაყოლა მან ნიშნისმოგებით.

ქალმა მყისვე, ხმაამოუღებლად და უკანმოუხედავად მოიქნია ხელი, თუმცაღა ფუჭად - იქ უკვე აღარავინ იყო, სიმაღლით თითქმის ორმეტრიან გივის სულ ერთი ნაბიჯი ეყო სააბაზანომდე.

- ჰა-ჰაა! - სასაცილო ქედმაღლობით გადმოხედა მან ცოლს.

- დედი, მამიკო რატომ დაგცინის? - არ გამოეპარა ეს თვალმახვილ თინას.

- იმიტომ რომ საკუთარი ხუმრობები ძალიან სასაცილო ჰგონია. ცოდოა, - დამწუხრებული ხმით, ქმრის გასაგონად უპასუხა ბავშვს ნათელამ.

- ვინაა ცოდო?! - თეატრალურად განრისხდა გივი.

- ვინა და შენ! - წკრიალა ხმით გადაიკისკისა თინიკომ.

- ვაი შენს დღეს! მე თქვენ გაჩვენებთ სეირს! ერთი მივიდეთ ზღვაზე! - ამ სიტყვებით უკვე სიცილთან ბრძოლაწაგებულმა კაცმა საშხაპის კარი მიიხურა.

თავი 2

ცოტა ხანში მათ თავისი, როგორც გივი ეძახდა - „გრანდ ჰოტელ „ციტრუსი“ უკან მოიტოვეს და ქუჩას მიადგნენ. ბავშვები ხელჩაკიდებით მიჰყვებოდნენ მშობლებს მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე, სანამ ჯალაბი მანქანაუხვ, ხმაურიან აღმაშენებლის გამზირს გადაკვეთდა და პატარა, კარუსელებიან სკვერს მიადგებოდა. ამის მერე ტყუპებმა დედ-მამას ხელები უშვეს და ზღვისკენ გაიქცნენ.

- მაინც რა დაგესიზმრა ისეთი საშინელი? - შეახსენა ნათელამ ქმარს მაშინ, როცა უკვე ცოლ-ქმრის ფოსტლებმაც დააწყებინეს პლაჟის კენჭებს ხრაშუნი.

- მოიცა, ჯერ ცოტა გავგრილდე, ამ სიცხეში რა მალაპარაკებს? - იუარა კაცმა. მერე ერთი შორიახლოს მომლოდინე ბავშვებს გახედა და მაშველებისკენ აიღო გეზი. ნათელაც აღარ ჩააცივდა ქმარს და შვილებისკენ გაეშურა.

როცა გივიმ ორი პლასტმასის საწოლი მოათრია რახრახით, შოთა და თინა უკვე გახდილნი და საბანაოდ გამზადებულნი დახვდნენ.

- წავიდეთ რა მამი-ი! - იმწამსვე მოითხოვა თინიკომ.

- მაცალე გოგო შარვლის გახდა! აუ-უ, ეს რა სულწასულია! - ხელები გაშალა და ბოლო სიტყვები ზეცას შეჰღაღადა მამამისმა.

ბავშვების მოთმინება ის-ისაა ბუშტივით უნდა გამსკდარიყო როცა გივიმ როგორც იქნა შორტები გაიხადა და ტალღებისკენ წაუძღვა მათ. პატარებს, რაღა თქმა უნდა, ლეიბიც თან მოჰქონდათ, რომლის დათმობას კვლავინდებურად არც ერთი მათგანი აპირებდა.

- მამი, გამოგყვები რა ლეიბით ტივტივამდე-ე? - ჩვეულებისამებრ გაწელა თინიკომ.

- შენ რატომ?! - იმწამსვე წარბები შეიკრა და თავისკენ მოქაჩა გასაბერი ტივი შოთამ, - ვისი ტიკი-ტომარა ხარ, ყველგან პირველი რატომ ეჩრები?

- კარგით, ბავშვებო! - გადაულაპარაკა მათ მამამ და თან შეეცადა სიმკაცრე განესახიერებინა, - იმ სიშორეზე არავინ წამოხვალთ! აქ იბანავეთ და ლეიბზეც რიგრიგობით იცურავეთ!

- მამა, გეხვეწები... - საწყალი ხმით დაიწყო თინამ, მაგრამ შოთამ უმალვე გააწყვეტინა დას: - ე-ე, ამის თხის გულისათვის...

- ჰე-ჰე! - თავის მხრივ მასაც გააწყვეტინა გივიმ.- ნეტა მართლა თუ გადახვედით თქვენ მეორე კლასში, ასე ბაღის ბავშვებივით რომ იქცევით? - და ხანმოკლე, როგორც თვითონ ჩათვალა, პედაგოგიური პაუზის შემდეგ, დაამატა:

- მოკლედ, ან იჯერებთ რასაც მე და დედათქვენი გეუბნებით, ან ნაპირზე „ცურაობთ“ საღამომდე!

მერე, მათი მობუზული სახეების შემხედვარემ, გივიმ ცალყბა ღიმილით დაუქნია პატარებს თითი, მოტრიალდა და წყალში გადაეშვა.

ათიოდ წუთში მან ჩვეულებისამებრ ზოზინით მიღწია ტივტივას, შემოუარა მას და ცოტა ხანში ისევ ნაპირთან აღმოჩნდა. აქ მისი ცურვის არმცოდნე ცოლი ბავშვებთან ერთად ჭყუმპალაობდა ოდნავ შესამჩნევ ტალღებში.

გივიმ სამივეს პეშვით შეასხა წყალი სახეებში და საპასუხო, დაუნდობელ კონტრშეტევას გამორიდებული, სირბილით ავარდა პლაჟზე.

ცოტა ხანში მას ნათელაც აჰყვა და ისიც პლასტმასის ტახტრევანზე წამოწვა. ისინი ცოტა ხანს დუმდნენ, მერე კი ქალმა ისევ სიზმრის ამბავი შეახსენა კაცს.

- კი მაგრამ, - ოდნავ დამცინავი ღიმილით მოუბრუნდა მას ქმარი, - მეცნიერ ქალს მართლა ასე გაინტერესებს რაღაც სიზმარი?

- მეცნიერება და სიზმარი სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, - სერიოზულად მიუგო ნათელამ, - მე ხანდახან დამსიზმრია ისეთი რამ, რასაც უკარნახია რა მოხდება ცხადში.

- რანაირად უკარნახია? - გაიკვირვა კაცმა.

- აი მაგალითად, - დაიწყო ახსნა ნათელამ, - თუ ვინმე, ჩემთვის უსიამოვნო ადამიანი დამესიზმრა, მაშინ თითქმის უეჭველად, უახლოეს დღეებში არასასურველი შემემეთხვევა. შენ არ მოგსვლია მასე?

გივი დაფიქრდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, მაგრამ იმავე წამს, შეამჩნია რა ნათელას დაკვირვებული მზერა, ჩვეული დამცინავი ღიმილით ალაპარაკდა:

- ჰაჰ! ესე იგი რა? სწავლული ქალი მეუბნები, წინასწარმეტყველება და მისთანა ჯადოები არსებობსო?! ერიჰაა!

- ჯადოები არ არსებობს, - მოთმინებით განუმარტა თავისი აზრი ცოლმა, - უბრალოდ, ე-ე, რა ვქნა, პლაჟის პირობაზე ნამეტარი მეცნიერული სიტყვები უნდა დავახვავო... თუმცა შენ ხომ მაინც მიხვდები? - ეშმაკურად გაუღიმა მან ქმარს.

- ამას უყურე შენ! - მოჩვენებით აღშფოთდა გივი, - შენ ხვდები და მე ვერ მივხვდები? მიდი ერთი, მიდი!

- კი ბატონო, - სწრაფადვე დამორჩილდა ქმარს ნათელა, - მოკლედ, მეცნიერება ჯერ შორსაა იმისგან, რომ ბოლომდე გაერკვეს დრო-სივრცის... ე-ე, ქსოვილის თვისებებში. ანუ გაუგებარია როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან აწმყო და მომავალი. ჩვენ მხოლოდ წარსულისა და აწმყოს კავშირი ვიცით.

მცირე პაუზის შემდეგ ნათელამ დაამატა:

- არსებობს ვარაუდი რომ ძალიან მცირე ალბათობით და ძლიერი დამახინჯებით, მომავლის ინფორმაცია აწმყოში ჟონავს.

გივიმ ცოტა ხანი დაფიქრებით უყურა ცოლს და მერე თქვა:

- მგონი გავიგე რასაც ამბობ. მომავლის ცნობები ხანდახან გადმოდიან აწმყოში, მაგრამ ძალიან იშვიათად და... კაცმა არ იცის, ან გადმოდის და ან არა, - სიცილით დაამთავრა მან.

გივის ჩვეული ურწმუნობის შემხედვარე ნათელამაც ღიმილით გააქნია თავი. მცირე დუმილის შემდეგ კაცმა დიდ გასაჭირს შეგუებული ადამიანივით ამოიოხრა და მოყოლა იწყო:

- კარგი გავამხელ, აბა მეცნიერებას ხომ ვერ ვეტყვი უარს? - ხელები გაშალა მან და მერე, სანამ მოყოლას დაიწყებდა, თავისი მძიმე, წინგამოწეული ნიკაპი მოისრისა.

დაასრულა თუ არა თხრობა, გივი ცნობიმოყვარეობით მიაჩერდა ცოლს. ნათელას წარბები შეეჭმუხნა და ჩაფიქრებით იკვნეტდა ქვედა ტუჩს. ბოლოს რაღაც ნაძალადევად გაუღიმა ქმარს:

- კი გითხარი ცნობები გადმოდის მომავლიდან-მეთქი, მაგრამ უმეტესწილად... არა, უმეტესწილად კი არა თითქმის მთლიანად, სიზმარი ცხადში განცდილის ანარეკლია.

გივიმ ჯერ დაკვირვებით შეხედა ცოლს, თითქოს რაღაცას იხსენებსო, ხოლო მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ასწია და ხმამაღლა წამოიძახა:

- მართალი ხარ. ახლა მივხვდი რატომ დამესიზმრა ეს სისულელე: რადიოს გამო!

- რადიოს? - ვერ გაიგო ნათელამ.

- ჰო! სანამ ჩამეძინებოდა ტელეფონით მოვისმინე, კახეთში მგელმა ბავშვი დაჭამაო. ნამდვილად ეგ გამყვა ძილში.

- უი, რას მეუბნები?! - შეიცხადა ნათელამ, - მერე როგორაა ის ბავშვი?

- გადარჩაო. მამამისმა მიუსწროო და....იხსნაო მოკლედ. - გივი წამით გაყუჩდა და თავის ქნევით, ცალყბა ღიმილით დაამატა, - კიდევ კაი პლაჟზე არ მოგვაქვს ტელეფონები თორემ ვინ იცის, ახლაც მოვისმენდი რაიმე უბედურობას.

ნათელა ჩააღიმა მისმა სიტყვებმა თუმცა შემდეგ წამს მასაც გაახსენდა რაღაც:

- ის გახსოვს? აი, თბილისში ვუყურეთ წამოსვლის წინ?

- რას ვუყურეთ? - ჩაეკითხა გივი და სანამ ცოლი სათქმელს ეტყოდა, ხელი გადასწია და საწოლებს შორის მყოფი პარკიდან ჯერ ისევ სიცივეშენარჩუნებული „ნაბეღლავის“ ბოთლი ამოიღო.

- აი რომ ყვებოდნენ, მგონი „კურიერში“, - დაიწყო ნათელამ, - შორეულ აღმოსავლეთში და ავსტრალიასთან ზვიგენები გამოჩნდნენო?

გივი ყურადღებით უსმენდა ცოლს და თან პირზე ბოთლმოყუდებული წყურვილს იკლავდა.

- მოკლედ, - ამასობაში აცნობდა მას ნათელა, - წელს ზვიგენებმა იმისთანა ადგილას დაჭამეს ხალხი, ადრე რომ არასდროს გამოჩენილანო.

- აა, გამახსენდა! - როგორც იქნა მოიშორა გივიმ ბოთლი და ნათელას გაწვდილ ხელში ჩადო.

ახლა ქალმა მიიდო ბოთლის პირი ტუჩებზე, კაცი კი ალაპარაკდა:

- განმარტეს კიდეც, მტაცებლების სანადავლო ხალხმა შეჭამა და იმიტომ ხდება ეგ ამბებიო, - თქვა გივიმ და მცირე დაფიქრების შემდეგ თავისი კომენტარიც დააყოლა გაგონილს:

- შვიდ მილიარდს გადავშორდით, აღარაფერი გვყოფნის ამ ხალხს და საწყალმა ცხოველებმაც რა ქნან, სად წავიდნენ?

- სადა? - ირონიული ღიმილით იკითხა ნათელამ, რომელიც მინერალური წყლის ბოთლს ისევ პარკში დებდა,- ეგერ, კოსმოსში, ათასობით პლანეტა აღმოაჩინეს სხვა მზეებთან და არ ეყოფათ?

- რავა, აგდებ მაგ საცოდავებს? - ყასიდი წუხილით შეეკითხა გივი ცოლს.

- არ ვაგდებ, - ამოიოხრა ნათელამ, - იმას ვამბობ, ნეტა ისე ნუ იზამენ ეგ ზვიგენები და შავ ზღვაში ნუ შემოვლენ მეთქი.

- რატომ ვერ უნდა შემოვიდნენ ვითომ? ვიზა დასჭირდებათ მე შენ გეტყვი, თუ პასპორტი? - გაიცინა კაცმა.

პასუხად ნათელამ მხოლოდ თავი გააქნია, აღარაფერი უთქვამს, გუნებაში განაგრძნო მსჯელობა:

„არ ვიცი როგორი ალბათობით შემოდის ჩვენს სიზმრებში მომავლის ინფორმაცია, მაგრამ შოთიკოს მეტი ყურადღება უნდა მივაქციო დღეს... ნეტა რას ნიშნავს გივის სიზმარში მგლები? ნიშნავს კი რამეს საერთოდ...? და მე რომ მოვკალი? რა კავშირი მაქვს ვინმეს სიკვდილთან?...“ - ამ კითხვებმა რაღაც უსიამოვნო შეგძნება გაუჩინეს ტანში და მის გასაქარვებლად ქალმა, რადგან სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გივისგან მალულად საფეთქლები მოისრისა - ცუდ აზრებს მოვიშორებ თავიდანო.

ამასობაში ბავშვები ისევ ლეიბს ექაჩებოდნენ თავთავისკენ: შოთიკო ჩვეულებისამებრ ჩუმად და თინიკო წივილ-კივილით. ბიჭუნას, როგორც იქნა, მოსწყინდა თინას წივილი და მან ბიძგით მიუგდო დას ლეიბი ისე, რომ გოგონა მოულოდნელობისგან ჩაყურყუმალავდა.

ამოყვინთვისთანავე მან ჩაბღუჯა ნადავლი, აძვრა ზედ და ჩქარ-ჩქარა მოუსვა ხელები. ცოტათი მოშორდა თუ არა ძმას, მობრუნდა და ბრაზიანად დაიძახა:

- სულელო!

უკვე ნაპირის გასწვრივ მოცურავე შოთიკომ მოიხედა, მჯიღი მოუღერა დას და მისკენ ისკუპა. თინამ შეჰკივლა და ღრმა ზღვისკენ გააქანა თავისი ხომალდი. ბიჭუნამ იმდენი ცურვა არ იცოდა რომ სიღრმეში გასდევნებოდა ლეიბზე მოკალათებულ დას, ამიტომ მალევე მოტრიალდა ნაპირისკენ.

რადგან ძმისაგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თინამ მშობლებს გახედა. დედამისმა ჯერ თითი დაუქნია და მერე ანიშნა - დაბრუნდიო. გოგონა მყისვე მიხვდა: დედიკო მაინცდამაინც არაფერს მაძალებსო და საჩვენებლად ერთი კი მოაბრუნა თავისი მუქი იასამნისფერი ტივი ნაპირისკენ, მაგრამ როგორც კი ნათელამ თვალი მოაშორა, ისევ უკან, ზღვისკენ მიატრიალა. ამ დროს დედამისს თავისი მზერა უკვე შოთიკოზე გადაეტანა.

გოგონას დიდი ხანია აინტერესებდა რისგანაა დამზადებული ის უზარმაზარი წითელი ბურთი, რომლის იქითაც ცურვა აკრძალულია ხოლო მამა სულ გარშემო უვლის მას. მისი აზრით, ახლა ზუსტად შესაფერისი დრო იყო თავისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

მან კიდევ ერთხელ გახედა ლაპარაკში გართულ მშობლებს, მოჭყუმპალავე ძმას და ლეიბზე მუცლით დაწვა. მერე ხელები გვერდზე გადასწია და ნიჩბებივით აამუშავა.

იგი საკმაოდ ჩქარა მიცურდა ბურთთან და გაბედულად მოუთათუნა ხელი.

- პლასტმასი ყოფილა, - იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა გოგონამ ისე, თითქოს ტივტივა აუცილებლად რაიმე არაჩვეულებრივი მასალისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული.

თავი 3

ხვადმა თევზი დაიჭირა და შიმშილისგან გასავათებულს უმალვე უნდოდა გადაეყლპა, მაგრამ დიდი გაჭირვებით მაინც შეიკავა თავი.

მან თავისი გამხდარი, თუმცა ჯერ ისევ ძლიერი და მოქნილი სხეული მოატრიალა და პატარა მოძებნა. ის სულ უკან დაჰყვებოდა მამას და ახლაც სადღაც თავისი კუდის სიახლოვეს ეგულებოდა ხვადს.

პატარა არსად იყო. მოულოდნელობისაგან დაბნეული ხვადი რამდენიმე წამს უაზროდ ჩააცქერდა წყალქვეშეთის უკიდეგანო, დაბინდულ სივრცეს. მერე პირში თევზგაჩრილი ელვის სისწრაფით გაექანა უკან - შიმშილისაგან დასუსტებული პატარა ხომ არ ჩამომრჩაო?

თითქმის მაშინვე, ქვემოთ, ზღვის სიღრმეში, რაღაც ათინათს მოჰკრა თვალი. წამიც და ხვადმა გაარჩია თავისი პატარა, რომელიც რატომღაც უჩვეულოდ ამობრუნებული ცურავდა.

ხვადი თვალის დახამხამებაში მიეჭრა მას და თევზი ზედ პირთან მიუტანა. მაგრამ ამჯერად პატარა არ ეძგერა ნადავლს - თავის საყვარელ ქაფშიას. იგი ისევ უმოძრაოდ, თვალდახუჭული იძირებოდა.

ცოტაც და ხვადი მიხვდა. ასევე თვალდახუჭული და უმოძრაოდ ჩაიძირა ძუ, როცა მათ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს თევზის დაჭერა. ხვადს უმალვე თავისი მაშინდელი მუცლის ტკივილი გაახსენდა. მუცელი ახლაც სტკივა და ისევ შიმშილისგან...

მერე მათ ორი ქაფშია დაიჭირეს, რომლებიც იმ დიდ, ხმაურიან და ლაქების დამტოვებელ რაღაცას გამოექცნენ, რითაც ადამიანები თევზებს იჭერენ. ის თევზები პატარას შეაჭამეს, ხოლო მერე ძუ თვალდახუჭული ჩაიძირა.

ახლა პატარაც ჩაიძირა. იმიტომ რომ თევზია ცოტა - ადამიანები იჭერენ ბევრს. მათ არც მის პატარას დაუტოვეს თევზი და ისიც ჩაიძირა.

ბოლოს და ბოლოს ხვადმა მოისაზრა - პატარას თევზი აღარ სჭირდებაო და თვითონ შეჭამა. ლიფსიტაზე ოდნავ უფრო დიდმა ნადავლმა შიმშილის დაოკების მაგიერ კიდევ უფრო გაუმწვავა იგი. დამარტოხელებული ხვადი ზედაპირისაკენ დაიძრა. მით უმეტეს, ჰაერის უკმარისობასაც გრძნობდა უკვე.

იგი გამოქანებით ამოხტა წყლიდან და ჩასუნთქვასთან ერთად ხმელეთისკენც გაიხედა. იქ, როგორც ყოველთვის, როცა მზე ანათებდა და თბილოდა, ადამიანები იყვნენ წყალში. მათი ერთი პატარა სხვებზე შორს დაცილებულიყო ნაპირს. იგი იმ მრგვალ რაღაცას უტყაპუნებდა, რომელიც ფსკერზეა მიმაგრებული.

ადამიანის პატარას ეტყობა არ შიოდა, რადგან თამაშობდა. ხვადს კი ძალიან შიოდა. მაგრამ ისინი ხომ ადამიანის პატარებს არ ჭამენ? თუმცა, ეს პატარა ახლახანს გადაყლაპულ ქაფშიასავით უსუსურად გამოიყურებოდა...

ხვადი უცქეროდა ადამიანის თამაშს და ისევ ის ქაფშია ახსენდებოდა. დროდადრო იგი საერთოდ ვეღარ ხვდებოდა რას უყურებს - თევზს თუ ადამიანის ნაშიერს.

.... უცებ თინამ ლეიბის ქვეშ, ზღვის სიღრმეში მოსრიალე დიდ ლანდს მოჰკრა თვალი. გოგონას ჯერ გაოცებისაგან სუნთქვა შეეკრა. მერე კი, სულ რაღაც ერთ წამში, როცა უფრო კარგად გაარჩია ლანდის კონტურები, უზომო სიხარული იგრძნო - ეს რამოდენა თევზი დავინახეო! ცოტაც და მას უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა ნაპირზე და დაიტრაბახებდა - უზარმაზარი თევზი შემხვდაო!

თუმცა სულ მალე სიხარული მწუხრებამ შეცვალა. მას მოაგონდა რომ ტელეფონი თან არა აქვს და ვიდეოს ვერ გადაიღებს! ხოლო უმაგისოდ შეიძლება არ დაუჯერონ. განსაკუთრებით იმ საზიზღარმა შოთიელამ.

ლეიბზე მწოლიარე გოგონას ისღა დარჩენოდა წყალს ჩაშტერებულიყო და თევზის ცურვისთვის მიედევნებინა თვალი. კამკამა წყალში თინა კარგად ხედავდა ცხოველის მოქნილ, სრიალა და გლუვ სხეულს. თევზი მისი ლეიბის შორიახლო ტრიალებდა და ეტყობა ჯერ არ აპირებდა ზღვის სიღრმეში გაუჩინარებას.

ბავშვს ცოტა გაუკვირდა კიდეც - რატომ ტრიალებს ეს თევზი ამდენ ხანს მის ლეიბთან? და საერთოდ, რა თევზია ეს? თინა დაფიქრდა და სცადა გაეხსენებინა, თევზების რა სახელები იცოდა.

მოაგონდა ვეშაპი, რომელიც ძალიან დიდია. წიგნში ის გემისტოლაა და თავზე შადრევანი აქვს... არა, ეს ის არ იყო.

შემდეგი სახელი „ზვიგენი“ გაახსენდა, მაგრამ არც ის ჰგავდა ამ თევზს - ზვიგენს საშინელი, გრძელკბილებიანი ხახა აქვს.

მერე ქაფშია მოაგონდა, დედა რომ მჭადის ფქვილში წვავს ხოლმე. მასაც და შოთიელასაც ძალიან უყვართ იმ პატარა თევზების ტყემალში ამოწება და კნატუნი.

„არა! ის ერთიციდა ქაფშიები ამხელა როგორ გაიზრდებოდნენ?!“ - იქვე უარყო მან ეს აზრი და მერე, როცა მოისაზრა, თუ რა მოხდებოდა, ასეთი რამ რომ შოთიელასთან წამოსცდენოდა, გაბრაზებით გაჰკიცხა საკუთარი თავი - რა სისულელეაო!

უცებ თინამ კინაღამ წამოიყვირა, როცა გუშინდელი დღე გაახსენდა:

- „დელფინი, ეს დელფინია!“

თინამ თავმოწონებით მიმოიხედა თითქოს თავისი მიხვედრილობის მოწმეებს ეძებსო, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ ზღვის ლურჯ-მწვანე ზედაპირი ლივლივებდა ზანტად და გულგრილად. გოგონას უმალ გაახსენდა სადაც იმყოფება და იმედგაცრუება იგრძნო. მერე ისევ თევზს გახედა - სწორად თუ გამოვიცანი ვინ არის ესო?

თითქოს სიბეჯითეს უწონებსო, „თევზმა“ მართლაც ამოყვინთა წამით და გოგონა საბოლოოდ დარწმუნდა რომ იგი დელფინს ხედავს: ზუსტად ასეთი „მომღიმარ სახიანი“ თევზები ნახა მან გუშინ დელფინარიუმში.

თინას დელფინთან დაკავშირებით კიდევ რაღაც-რაღაცები გაახსენდა. ის კაცი წარმოდგენის დაწყებამდე რომ ყვებოდა. თან რა სასაცილო სახელი ჰქონდა - ბერდია!

ამ სახელის გახსენებაზე თინას ახლაც გაეღიმა, მაგრამ უმალვე შეიჭმუხნა და შეეცადა მოეგონებინა, რას ყვებოდა დელფინებზე ის ბერდია, ვისაც თინა არც ისე ყურადღებით უსმენდა, რადგან ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებოდა წარმოდგენა.

გოგონას გაახსენდა: ბერდიას თქმით გამოდიოდა, თითქოს დელფინები სინამდვილეში მთლად თევზები არ არიან თურმე. იმიტომ რომ... თინამ ისევ შეიჭმუხნა შუბლი და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. იგი დაძაბულად იხსენებდა, თუ რატომ არ იყვნენ ესენი თევზები.

„გამახსენდა! - რამდენიმე წამის შემდეგ, გუნებაში შესძახა მან საკუთარ თავს, - დელფინები არ არიან თევზები, რადგან მათაც ჩვენსავით ჰაერით უნდა ისუნთქონ და ამიტომ ხანდახან უნდა ამოყვინთონ!... ნეტა ამან თუ იცის იმათსავით თამაში და მაღლა ხტომა? რა იქნება, მე რომ იმ... რა ქვია იმას... მწვრთნელივით ავუქნიო ხელი?“

ეს აზრი ბავშვს ძალიან მოეწონა და მან გადაწყვიტა, როგორც კი თევზი ისევ ამოყვინთავდა, მოესინჯა და მართლაც აექნია მისთვის ხელი. ახლა თინას იმის შიში გაუჩნდა, ვაითუ დელფინს უკვე მოსწყინდა ჩემი თვალიერება და წავიდესო. მაგრამ, მისდა გასახარად, მისი ახალი ამხანაგი ჯერ ეტყობა არსად აპირებდა წასვლას.

- ნეტა რა დაინახა იმ ბავშვმა? - ნათელას ხელის მტევანი წარბებზე მიედო და ისე ირიდებდა დაისის სხივებს, - რამდენჯერაც გავხედე, სულ ქვემოთ იყურება, ასეთი საინტერესო რა ნახა წყალში?

მაგრამ წარმოთქვა თუ არ ეს, ნათელამ თავისი ყურადღებიანი მზერა ისევ თანატოლებთან მიჭყუმპალავე საკუთარ ვაჟზე გადაიტანა. ბიჭები ახლა იმით ირთობდნენ თავს რომ ცდილობდნენ ერთმანეთი რაც შეიძლება დიდი ხნით ჩაეყურყუმალავებინათ. ნათელაც, ვერა და ვერ იშორებდა რა თავის მძიმე ფიქრებს, თითქმის არ აშორებდა მათ თვალს.

ცოლის სიტყვების გამგონე, ზღვისკენ ზურგშექცევით მწოლიარე გივი გადმოტრიალდა. ჩამავალი მზის სხივებით ალაპლაპებულ წყლის ზედაპირზე მანაც მხოლოდ თვალების მოჩრდილვის შემდეგ გაარჩია ტივტივას შორიახლოს მოქანავე ლეიბი და მასზე გულჩაღმა მწოლიარე თავისი პატარა ქალიშვილი.

- უყურე შენ, რამხელაზე გასულა ეს მაიმუნი! - სიამაყეშეპარული გაკვირვებით გამოთქვა მან თავისი ვითომდა უკმაყოფილება.

- მერე უთხარი, წამოვიდეს! - დაუყოვნებლივ და სრულიად გულწრფელად აჰყვა მას ცოლი, რომელიც შვილის ამ თავნებობაში, ქმრისგან განსხვავებით, კარგს ვერაფერს ხედავდა, - ეჰ, ნეტა მაშინ მართლა მომებრუნებინა! - დაგვიანებული სინანულით აღმოხდა მას.

... ამოყვინთა თუ არა დელფინმა, თინა მაშინვე გადაიწია ლეიბიდან, მარჯვენა ხელი გაშალა და გვერდულად აიქნია, თანაც თითებს არხევდა. დაახლოებით ასეთი რამ დაამახსოვრდა მას გუშინ ნანახიდან.

თინამ აშკარად დაინახა როგორ გააყოლა მისი ხელის მოძრაობას თვალები "თევზმა“. თანაც ძალიან სასაცილოდ გამოუვიდა, რადგან დელფინს სინამდვილეში მარტო თვალების გაყოლება არ შეეძლო, მას თავიც და ტანიც უნდა მიეყოლებინა მზერისთვის.

... ადამიანის მოძრაობამ ხვადი დაბნეულობიდან გამოიყვანა. აქამდე ცხოველი ვერაფრით არკვევდა ქაფშიას ხედავს თუ ადამიანს, მაგრამ ახლა საბოლოოდ დაიჯერა - ეს არსება ნაწილობრივ თევზიაო. ყოველ შემთხვევაში, მისი სხეულის ის ნაწილი რომელიც ადამიანის პატარამ წყლის ახლოს ჩამოატარა, ნამდვილად თევზით მთავრდებოდა.

შიმშილმა ახალი ძალით აატკივა კუჭი ხვადს და მანაც გადაწყვიტა ის თევზი წაერთმია ადამიანისათვის. იგი გამოქანებით ამოვარდა წყლიდან და თავისი დაფჩენილი ბასრკბილებიანი ხახით ნადავლს ეძგერა. მისდა სამწუხაროდ ამჯერად ვერაფერს ეღირსა - ადამიანს უკვე დაემალა თევზი.

პირველ წამს თინას სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა დაინახა რა შედეგი მოჰყვა მის მცდელობას. ხოლო მერე ბავშვი რაღაცამ დააფიქრა. მას ვერ გაეგო, რატომ ჰქონდა დელფინს ასე დიდზე დაღებული ხახა? ამაზე უფრო დიდ უცნაურობად კი ის მოეჩვენა, როგორ მკვეთრად, კბილების ხმამაღალი ჭახუნით დახურა ცხოველმა პირი.

„კი მაგრამ, იქ ხომ ჩემი ხელი უნდა ყოფილიყო? - მოისაზრა თინამ და გაკვირვებისგან პირიც კი დააღო, - ეს რა, კბენას მიპირებდა?“

ამ აზრმა პირველად გააოგნა ბავშვი, მერე ეჭვები გაუჩინა.

„ეს ხომ შინაური არაა! - გაახსენდა მას, - და იქნება ესენი იკბინებიან კიდეც და მათთან თამაში არ შეიძლება?“

თინა ცოტა ხნით გაყუჩდა და მერე დაასკვნა:

„ჰოდა თუ მასეა უნდა გავეცალო! ნაპირზე გავალ!“

ის იყო ბავშვმა ხელების წყალში ჩაყოფა იფიქრა როცა დელფინის კბილებით გავსებული ხახა დაუდგა თვალწინ.

თინას გააჟრჟოლა და მოეჩვენა თითქოს მის გულს წამით ყინულის ნატეხი მიადეს. ბავშვმა წყალს გახედა, სადაა ცხოველიო?

დელფინი რაღაც ძალიან დაჟინებით უვლიდა გარს მის ლეიბს. თავი თითქმის სულ წყლის ზემოთ ჰქონდა და ცალ თვალს საერთოდ არ აშორებდა გოგონას.

თინა უფრო ყურადღებით დააკვირდა მას და ამჯერად სულ სხვანაირ იერიანი ეჩვენა ეს ცხოველი. ბავშვი თითქმის დარწმუნდა რომ იგი სულ არ ჰგავდა გუშინ ნანახებს.

დელფინი ჩასაფრებულივით გამოიყურებოდა და თითქოს პირის კიდეეებიც არ ჰქონდა აწეული, თავისი „მოღიმარი“ თანამოძმეების დარად. იგი რისხვით პირმოკუმული კაცს მოაგონებდა თინას.

„ თუ ხელი ვერ ჩავყავი წყალში და ვერ მოვუსვი, ნაპირზე როგორღა გავალ? - ისევ შეშფოთების ტალღამ გადაუარა ბავშვის გულს, - იქნებ მამიკოს დავუძახო?...“

ამ აზრმა თავიდან ვითომ შვება აგრძნობინა, მაგრამ უმალვე ისევ ჩააფიქრა: ხომ შეიძლება დელფინმა მამიკოსაც უკბინოსო?

თინამ ისევ ნაპირს გახედა და ცოტა მოეფონა გულზე, როცა მისკენ მომზირალი მშობლები დაინახა, თუმცა ამასთან ერთად უსიამოვნოდ ენიშნა რომ თურმე ხმელეთი იმაზე გაცილებით შორსაა ვიდრე აქამდე ეგონა.

უცაბედად რაღაც რუხი და უზარმაზარი წამოიმართა წყლიდან! ელდანაცემმა თინამ გამყივანად შეჰკივლა.

ნაპირთან მდგარი გამუდმებული ჟივილ-ხივილის ფონზე თინას შორეული შეძახილისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. ერთმა ბიჭუნამ კი შესძახა გაოცებით:

- შეხედეთ ტო, დელფინიო! - მაგრამ თამაშში გართულმა მისმა თანატოლებმა, რომელთა შორის შოთიკოც იყო, მისი შეძახილი არად ჩააგდეს.

სამაგიეროდ თინას ელდანაცემ ხმას იმავე წამს დედამისის შეშინებული შეძახილი მოჰყვა:

- გივი ეს რა არის?! - თვალებგაფართოებული, დაბნეულად შეაჩერდა იგი ქმარს.

- დელფინია, ხომ ხედავ... ეთამაშება, ეტყობა.- გივიმ ვითომ მშვიდად წარმოთქვა ეს სიტყვები, მაგრამ ამავე დროს სწრაფად წამოიწია, იდაყვებს დაეყრდნო და ყურადღებით მიაჩერდა ზღვაში საკმაოდ შორს მყოფ თავის შვილს.

- როგორ ვანიშნო ამ ბავშვს წამოვიდეს ნაპირისკენ? აქეთ სულ არ იყურება! - აღელვება სულ უფრო აშკარად ერეოდა ნათელას.

- იქ დელფინს ეთამაშება და ჩვენსკენ გამოახედებ ახლა მაგას? - უდარდელად თქვა გივიმ.

მერე ზანტად წამოიწია და ასევე აუჩქარებლად წამოჯდა შეზლონგზე, თუმცა, ამავე დროს, ერთი წამითაც არ მოაშორა ზღვას დაძაბული მზერა.

- კი ეთამაშება მაგრამ, - ვერ დააწყნარა ქმრის სიტყვებმა ნათელა, - ეს ხომ მაინც გარეული ცხოველია და არა გაწვრთნილი?

- მერე რა, დელფინები არ ესხმიან ადამიანს! - რიხიანდ და მხნედ შეახსენა გივიმ ცოლს, - შინაურმა ცხოველმა შეიძლება გიკბინოს ან გირქინოს მაგრამ ამათი სიავე გსმენია ოდესმე? თუ შენი აზრით, ეს დელფინი რაღაცით განსხვავებულია? - ამ დამცინავი შეხუმრებით გივიმ კიდევ ერთხელ სცადა ცოლის დამშვიდება.

ნათელა შეშფოთებულ მზერას არ აშორებდა ლეიბზე მოტივტივე შვილს და თან ქმრის სიტყვების დაჯერებას ცდილობდა. დელფინი კი იმ ნახტომის შემდეგ ისევ გაუჩინარდა.

ამან ოდნავ დააყნარა ქალი და იმის სათქმელად გაათამამა, რის თქმასაც სულ რაღაც ერთი წამის წინ ვერ ბედავდა:

- დელფინები არ ესხმიან ადამიანსო... ჰმ, გაიხსენე აბა რამ დაგასიზმრა დღევანდელი სიზმარი? დღეს მტაცებლები სხვანაირად იქცევიან და ბოლო-ბოლო ესეც ხომ მტაცებელია? - მოაშორა რა მზერა ზღვას, შეწუხებული მოლოდინით შეაჩერდა იგი ქმარს.

გივის უნდოდა ისევ დამცინავი ღიმილით ეპასუხა ცოლისთვის, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა. მას დროულად გაახსენდა ის, რაც სინამდვილეში არც დავიწყნია: ნათელა სულ ახლახან დააწინაურეს კათედრის გამგის მოადგილედ ბიოლოგიის ფაკულტეტზე.

ოცდაათი წლის ქალისთვის ეს მართლაც დიდი მიღწევა იყო და გივისაც ძალიან ეამაყებოდა ცოლის წარმატება. ამასთან ერთად უკვირდა - როგორ ახერხებდა ნათუ ოჯახზე ზრუნვასაც და სამეცნიერო საქმიანობასაც?

გივი თვითონაც არ ერიდებოდა საოჯახო საქმეებს მაგრამ მისი სამშენებელო ობიექტები საქართველოს ხან ერთ კუთხეში იყო და ხან მეორეში, რის გამოც სახლში არყოფნაც ხშირად უწევდა და ცოლსაც ამ მხრივ ბევრს ვერაფერს ეხმარებოდა.

მოისაზრა რა ეს ყველაფერი, გივიმ უმალ მოიშორა სახიდან დამცინავი გამომეტყველება და ხანმოკლე პაუზის შემდეგ თქვა:

- შენ ამბობ, ეს ამდენი სეინერი რომ დღე და ღამე თევზისგან ასუფთავებს ზღვას... ე-ე, ჰმ, ამით დელფინებსაც აკლდებათ საკვებიო...? - კიდევ მცირე დუმილის შემდეგ, მან თავადვე უპასუხა საკუთარ კითხვას:

- თუმცაღა, რაკი ზვიგენები გამოჩნდნენ იქ, სადაც ისინი აქამდე არავის უნახავს, ამათ რა შეუშლის ხელს? ესენიც ხომ დიახ, მართლაც მონადირეები არიან? - სერიოზულად შეაცქერდა იგი ნათელას.

... თინა უკვე რამდენიმე ხანია ზღვის სიღრმეს აკვირდებოდა. ბოლოს რომ ამოხტა და სულ შხეფებში გაახვია გოგონა, დელფინი იმის მერე აღარ გამოჩენილა. გოგონა ამასობში დამშვიდდა კიდეც და უკვე წყენაც კი იგრძნო:

„ეტყობა მოსწყინდა ჩემთან თამაში და სულაც არ აპირებდა ჩემს კბენას. მეც რა გავინაზე სულელივით! - უკვე ამრეზით ესაუბრებოდა იგი საკუთარ თავს, - და კიდევ, რის გაბრაზებული სახე, არა ის, სადა აქვს თევზს სახე?“

გოგონამ კიდევ ერთხელ ჩახედა წყალს, ამჯერად თავიც კი ჩაჰყო მასში, მაგრამ მაინც ვერაფერი დაინახა. მხოლოდ ბოლოს, როცა უკვე ჰაერი უთავდებოდა და ამოყვინთვა დააპირა, თინას მოეჩვენა, თითქოს სიღრმეში ისევ ნაცნობ ლანდს მოჰკრა თვალი.

იყო იქ სინამდვილეში რამე თუ მართლა მოეჩვენა, გოგონას ამაზე ფიქრი აღარ გაუგრძელებია, იგი წამოიწია და ხელი დაუქნია მშობლებს. მერე ისევ ჩვეულად მუცლით დააწვა ლეიბს და ჯერ მარჯვენა მტევანი მოუსვა რამდენიმეჯერ, რომ ლეიბი ზუსტად ნაპირისკენ მიემართა, და მერე ორივე ხელი აამუშავა.

სულ რამოდენიმე მეტრით დაშორდა იგი ტივტივას, როცა დაინახა როგორ ამოცურდა სიღრმიდან ცხოველის გრძელი სხეული.

გოგონამ იგი, მისი პრიალა და ციმციმა ფერის გამო, დიდ და ძალიან წაგრძელებულ ჰაერის ბუშტულას მიამსგავსა. ისეთს, რანაირებსაც ყვინთვის დროს თვითონაც უშვებდა პირიდან და მერე ადევნებდა თვალს, როგორ უხმოდ, სრულ სიჩუმეში მილივლივებდნენ ისინი ზედაპირისაკენ.

დელფინმა გაასწრო ლეიბს, მერე შემობრუნდა და მისკენ დაიძრა. იგი თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა თინას „ხომალდთან“ და სანამ გოგონა გაშეშებული ელოდა რა მოხდება, ცხოველმა წამიერად ამოყვინთა, ჰაერი ჩაისუნთქა და ისევ ლეიბის ქვეშ გაუჩინარდა.

- ფუჰ, რა ცუდი სუნი გქონია პირში! - მიადევნა თინამ დელფინს.

თუმცა ამის თქმა მან მხოლოდ იმის მერე შესძლო, როცა გაშეშებამ გაურა და გულზე ცოტა მოეშვა. ცხოველის ამ განავარდებამ საბოლოოდ დაარწმუნა ბავშვი - ეს „თევზი“ უბრალოდ მეთამაშება და არაფერ ცუდს მიპირებსო. მან უფრო მხნედ და თავისუფლად წარმართა თავისი ტივი ნაპირისაკენ.

უცებ თინას მოეჩვენა თითქოს მის თითს ცეცხლწაკიდებული მუგუზალი მიადეს. გამწარებულმა ბავშვმა საშინლად იკივლა! ტკივილი ახლაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მაშინ, პატარობას რომ განიცადა და მერე არასოდეს დავიწყნია.

დედა სარეცხს აუთოებდა როცა ტელეფონმა დარეკა. მან უთო ცერაღმა დააყენა და ხალათის ჯიბიდან ყურმილი ამოიღო. ქალს ცოტა გაუგრძელდა ლაპარაკი და იგი მოშორდა საუთოო მაგიდას, დივანზე დაჯდა.

თინას ყოველთვის იზიდავდა უთ