სულხან- საბა ორბელიანი

26

Transcript of სულხან- საბა ორბელიანი

სულხან-საბა ორბელიანი (ბიოგრაფია)

მწერალი დაიბადა 1658 წელს, ქვემო ქართლის სოფელ ტანძიაში. საბას მამა-ვახტანგი იყო ცოლისძმა მეფე ვახტანგ V-სი. მწერალი სამეფო კარზე იზრდებოდა და მის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა მისი მამიდაშვილი გიორგი , შემდგომში გიორგი XI. საბას წრთობაზე დიდი გავლენა იქონია ქართლის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურმა და კულტურულმა მდგომარეობამ და მთელი ცხოვრება დიპლომატიური მისიით ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას შეალია. მასვე დაევალა მომავალი მეფის- ვახტანგ მეექვსის აღზრდა. ამ პერიოდში დაიწყო იგავ-არაკთა წერა. 1698-1703 წლებში სულხანი ბერად აღიკვეცა გარეჟის უდაბნოში,იოანე ნათლისმცემლის მონასტერში,სადაც ეწოდა ბერობის სახელი საბა. 1703 წელს ქართლის ტახტზე ვახტანგ მეექვსე ავიდა და სულხან-საბაც პოლიტიკურ ასპარეზს დაუბრუნდა. 1710-1712 წლებში იგი დიპლომატიური მისიით ორგზის იმყოფებოდა ირანში,ხოლო 1713 წელს ფრანგ მისიონერ რიშართან ერთად ევროპაში გაემგზავრა. 1714 წელს, აპრილში საბა ლუდოვიკო XIV -მ მიიღო ვერსალში. ამ ეპიზოდს მიუძღვნა მუხრან მაჭავარიანმა ლექსი “საბა”.

მუხრან მაჭავარიანი “საბა” ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და… მეთხუთმეტე კაცად შევიდა… ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება; ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე; ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება. ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, – ოჰ… ოჰ… ოჰ… ოჰო!… – თქვა და თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას); რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. – წვიმა არ არი! საბას კაბა დაუსველა რამ?! – თოვლი არ არი! საბას თავი გაუთეთრა რამ?! – ყინვა არ არი! სულხან-საბას აკანკალებს რა?! – რამ დაასველა?! რამ დათეთრა?! რა აკანკალებს?!

საქართველოა მისთვის წვიმაც, თოვლიც და ყინვაც!.. …მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას… ეს სიცხადეა, სულხან-საბავ, თუ ფანტაზია?! დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, სტამბოლში შვილი დედას სტირის, – ჰყიდიან ყმაწვილს (სჭვრეტენ ჯვარის წინ წმიდა ნინოს – მუხლზე დაცემულს).

(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმიდა ნინოს – მუხლზე დაცემულს).– რამდენს აფასებ მაგ პატარას? – ჰკითხა სპარსულად საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. – უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა, – წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს. – არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის? – უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?.. – საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, – თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა, საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, – სასაცილოა! შენი ვხტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი; მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა…

– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,

ელჩო, ყიალი?! – გულს ნუ გაიტეხ!

– მუხა კვლავაც შეიმოსება! --------------------------------------------------------------------------------------

ქართლის მეფე ვახტანგ VI საკმაოდ რთულ პირობებში უწევდა მოღვაწეობა. ორი დიდი იმპერია: ირანი და ოსმალეთი დიდ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს მომავალს. საჭირო იყო ენერგიული ბრძოლა ქართველობისათვის. ვახტანგის თაოსნობით ჩამოყალიბდა კულტურულ-პოლიტიკურ მოღვაწეთა ძლიერი დასი, რომელშიც დამპყრობელთა წინააღმდეგ ენერგიული იდეური ბრძოლა წამოიწყო. მათ მიზნად დაისახეს ქართველ ხალხში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება და ქვეყნის მომზადება ახალი გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ამ საქმიანობაში ვახტანგს გვერდით ედგა მისი აღმზრდელი და თანამებრძოლი სულხან-საბა ორბელიანი. ვახტანგ VI -მ პოლიტიკური მოკავშირის ძიება დაიწყო ევროპაში. ფრანგი მისიონერები იმ პერიოდის საქართველოში მრავლად იყვნენ. მათი მეშვეობით საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს აქვს ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ვახტანგ VI- მ გადაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება საფრანგეთთან. სწორედ ამ მისიით 1713 წელს იანვარში სულხან-საბა გაემგზავრა საფრანგეთში. 1714წ იგი მარსელში ჩავიდა. აქ იგი შეხვდა ქალაქის მერს - შარლ კუსტანს და გალერებისა და ვაჭრობის ინტენდანტ პიერ დ არნუსთან. წამოაყენეს საკითხი საფრანგეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

ლუი XIV-ს წარედგინა მემორანდუმი, რომელშიც გადმოცემული იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის მომავალი ურთიერთობის პერსპექტივები. ქართველი პოლიტიკოსები მზად იყვნენ ხელი შეეწყოთ კათოლიკობის გავრცელებისთვის საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, ასევე მზად იყვნენ დაემყარებინათ სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებთან. მემორანდუმში ვრცლად იყო განხილული საკითხი ევროპიდან აზიაში მიმავალი სავაჭრო გზის შესახებ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლო. ეს გზა იქნებოდა ყველაზე მოკლე და ყველაზე მომგებიანი. სულხან-საბამ პარიზში ყოფნისას რომის პაპისაგან მიიღო მეფე ლუი XIV-ისადმი გადასაცემად წერილი,რომელშიც რომის პაპი კლიმენტი XI მოუწოდებდა საფრანგეთის “უავგუსტოეს“ ხელმწიფეს თავის მფარველობაში მიეღო საქართველოს მეფე და ხელი შეეწყო მისი საქართველოში ქრისტიანობით დაბრუნებისთვის. ეს წერილი სულხან-საბამ საფრანგეთის მეფეს გადასცა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. საქმე იმაში იყო, რომ 1714 წ. პარიზში ჩავიდა ირანის ელჩი მუჰამედ რეზა, რამაც უთუოდ შეაფერხა ამ საკითხის საქართველოსათვის ხელსაყრელად გადაჭრა.

1715 წ. სექტემბერში ლუი XIV მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი შეჩერდა. 1716 წელს სულხან-საბა საქართველოში დაბრუნდა.

ევროპიდან დახმარების იმედი ვახტანგ VI-ს გადაეწურა. იგი იძულებული გახდა ტახტის შესანარჩუნებლად ფორმალურად მიეღო მაჰმადიანობა. სულხან-საბას ელჩობის მთავარი მიზანი ირანში მყოფი ვახტანგის გამოსახსნელად ევროპის სახელმწიფოთა დახმარების მიღება იყო. იგი რომის პაპს შაჰის წინაშე შუამდგომლობას და ფულად დახმარებას თხოვდა. ეს ფულიც იმავე მიზნისთვის იყო საჭირო, რათა შაჰის კარი მოექრთამათ ვახტანგის დასახსნელად.

ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში დაიბარა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, მაგრამ ქრისტიანმა მეფემ შაჰს უარი უთხრა. ვახტანგ VI ქირმანში გადაასახლეს, სადაც 1719-მდე დაჰყო. ამავე 1719 წელს მანამდე (1716) ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს.

პარიზში კი შორეული ქრისტიანი მეფის ბედი სრულებითაც არ აწუხებდათ. მაშინ საფრანგეთის მთავრობას აღმოსავლეთში ირანისა და თურქეთის ბაზრები აინტერესებდა. ირან-საფრანგეთის 1707 წლის სავაჭრო ხელშეკრულების რატიფიკაცია წინასწარ გამორიცხავდა საბას ელჩობის წარმატებას ლუი XVI-ის კარზე. სულხან-საბა ლუი XIV – სთან მიდიოდა კონკრეტული პროექტით, რომლის თანახმადაც კათოლიკური სარწმუნოება შეიძლებოდა გავრცელებულიყო მჭიდროდ დასახლებულ დაახლოებით 24 პროვინციასა და მრავალ მეზობელ სამფლობელოში. მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო ვახტანგის დაბრუნება სპარსეთიდან საქართველოში გამაჰმადიანების გარეშე. სულხან-საბა ითხოვდა საქმეში საფრანგეთის ელჩის ჩარევას. სულხან-საბა საფრანგეთის მეფეს სთხოვდა ფულს, რომელიც აუცილებელი იყო ვახტანგის განსათავისუფლებლად. “300 ათასი ეკიუ აუცილებელია და საკმარისი“- ეწერა პროექტში.პარიზიდან უშედეგოდ გამობრუნებულ ქართველ მოღვაწეს რომის პაპმა კლიმენტი XI-მ 1714 წლის ივლისში ორჯერ გაუმართა აუდიენცია,მაგრამ არც ამ შეხვედრით მიღწეულა მიზანი. ქვეყნის ბედიღბლით დამწუხრებული მამულიშვილი რუსეთს გაემგზავრა,მაგრამ 1725 წლის 26 იანვარს მოსკოვში გარდაიცვალა,დაკრძალეს ვსვესვიატსკოეს ძველი ეკლესიის გალავანში,ცხედარი გააპატიოსნა და დიდი პატივი მიაგო მამიდაშვილის შვილმა , არჩილ მეფის ასულმა დარეჯან ბატონიშვილმა. მამულის ხვედრს შეალია მთელი ცხოვრება პროზაიკოსმა, პოეტმა,ლექსიკოგრაფმა,მქადაგებელმა,მწიგნობარმა,სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწემ , მასვე მიუძღვის წვლილი 1709 წელს თბილისში ქართული სტამბის დაარსებაში. საბამ დაწერა ქართული ლექსიკონი“ -„სიტყვის კონა“, იგავთა კრებული “სიბრძნე -სიცრუისა”, ქადაგებათა კრებული, ე. წ. „სწავლანი”და სხვა...

იგავი

მითებთან ერთად მხატვრული აზროვნების ერთ-ერთი თავდაპირველი ფორმაა. მისი, როგორც ჟანრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ძველ საბერძნეთს. მეცნიერები თვლიან, რომ პირველი იგავი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ეკუთვნის ჰესიოდეს (VIII-VII სს. ძვ. წ-ით), მაგრამ გადმოცემით იგავის ფუძემდებლად მიიჩნევენ ეზოპეს (VI ს. ძვ. წ-ით). იმხანად იგავი, ცხადია, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი სახით არსებობდა. მოგვიანებით, კრებულებს ეზოპეს იგავების ჩანაწერებით სასწავლო მიზნით იყენებდნენ რიტორიკულ სკოლებში. იგავი მცირე ფორმის დიდაქტიკური შინაარსის თხრობითი ნაწარმოებია. იგი ყოველთვის ატარებს ალეგორიულ ხასიათს. ადამიანთა ხასიათები, მათი ქცევები აისახება იგავში ქარაგმულად, დამოკიდებულებები ადამიანებს შორის, ხშირ შემთხვევაში, შეცვლილია დამოკიდებულებებით ცხოველებსა თუ საგნებს შორის. ჩვეულებისამებრ, იგავი მთავრდება მორალით - მოკლე შეგონებით, დასკვნით, რომელშიც ახსნილია იგავის ძირითადი აზრი. აღიარებული მეიგავეები არიან ლაფონტენი, ლესინგი, კრილოვი, სულხან-საბა ორბელიანი.

სულხან-საბას იგავთა სიბრძნე

სათაური ,შეიძლება ითქვას,უსიუჟეტო იგავია. “სიბრძნე-სიცრუისა” დიდაქტიკური ნაწარმოებია,რომელიც აღზრდის პრინციპებს ქადაგებს; იგავებში საბა გმობს სიავეს,ბოროტებას,სიხარბეს , სიძუნწეს, მომხვეჭველობას,ამპარტავნებას, უმადურობას,ფლიდობას, შუღლს,გაუტანლობას,ვერაგობას,უგუნურებას,კაცთმოძულეობას, უსამართლობასა და ყბედობას; ადიდებს: სიკეთეს, სიუხვეს, მცირედით კმაყოფილებას, თავმდაბლობას, მადლოერებას,გულწრფელობას,სხვისი სიკეთით გახარებას, ერთგულებას, გამტანობას,გონიერებას,კაცთმოყვარეობას,დუმილს, სამართლიანობასა და ქველმოქმედებას. ანუ ამ იგავებში ადამიანის დადებითი და უარყოფითი თვისებების ალეგორიული გარდასახვაა. მთავარი პერსონაჟები კი არიან: მეფე ფინეზი,უფლისწული ჯუმბერი, ვეზირი სედრაქი, აღმზრდელი ლეონი და მეფის ერთგული მსახური რუქა. იგავური ორაზროვნება ემსახურება აღზრდის პრინციპების შეფასებას.

“სიბრძნე სიცრუისა” სიუჟეტი:

ფინეზს სხვა საწუხარი არ ჰქონდა, უძეობის გარდა. ერთ დღეს გახსნა სალარო და განძი უბოძა ღარიბებს,რათა ელოცათ უფლისწულის დაბადებისათვის. შეიწყალა მეფემ და მზის დარი ძე მისცა.ერთ ღამეს ფინეზს დაესიზმრა ჭაბუკი,რომელმაც დაულოცა ვაჟი და მოსთხოვა,რომ აღსაზრდელად მისთვის მიებარებინა და ეტრატზე დახატული თავისი სახე დაუტოვა.მეფე მართლაც გადაეყარა ამ ჭაბუკს ნადირობისას,იცნო და სასახლეში მიიწვია. მას ლეონი ერქვა,მეფემ სასახლეში სტუმრობისას თავისი ძე ჯუმბერი გამოუყვანა ლეონს და აღსაზრდელად ჩააბარა, აღმზრდელმა ვერ ინდო უფლისწული იმის შიშით,რომ მეფეს დასჯის მიზეზად არ გამოეყენებინა ეს შეთავაზება ,მაგრამ ფინეზმა განუმარტა,რომ ბედისწერამ განსაზღვრა ყოველივე და მის ნებაზე არაფერი იყო დამოკიდებული,მაშინ ერთგვარ გარანტიად ფირმანი-ფიცის ხელწერილი მოსთხოვა ლეონმა. მისცა მეფემ ფირმანი,რომელიც ლეონმა ოქროთი მოჭედა და თავზე დაიმაგრა. დაიწყო უფლისწულის წვრთნა, იშვიათად ნახულობდა მამა შვილს,რადგან დღენიადაგ ასწავლიდა ლეონი აღსაზრდელს.მეფის ერთგული მსახური რუქა მტრობდა ლეონს,არ მოსწონდა მისეული მეთოდები უფლისულის აღზრდისა და დაასმინა კიდევაც მეფესთან.რუქას შეჩერება ვეზირმა სედრაქმაც ვერ შეძლო

. რუქამ უამბო მეფეს,როგორ სასტიკადაც ექცეოდა ლეონი უფლისწულს,როგორ გადაჰკრა 100 არგანი (მსხვილი ჯოხი) უდანაშაულო ყრმასროგორ აშიმშილებდა და ფეხით ატარებდა ძალაგამოლეულს თავად თოხარიკ ცხენზე ამხედრებული აღმზრედელი, ჯუმბერი კი ქორს აადევნა საღამომდე,ისე დაღალა,რომ გზად ეცემოდა, ფეხსაცმელი შემოაცვდა და ფეხიდან სისხლი სდიოდა. ამის გამგონე ფინეზი განრისხდა და იხმო ლეონი სასახლეში,მისი მოკვლაც კი უნდოდა,მაგრამ ლეონმა ფირმანი შეახსენა და ურჩია ,ფიცხელ გონებაზე ნუ დაიწყებდა მის გასამართლებას,დამშვიდებულიყო და მისთვისაც მოესმინა. მეფე დაჰყაბულდა აღმზრდელის თხოვნას, ლეონმა კი ჰკითხა:შენი ძე მეფედ გინდა თუ მწყემსადო? თან განუმარტა:მწყემსი ისეთი უნდა იყოს,ცხვრების გადასარჩენად თავი განსაცდელში ჩაიგდოსო,მეფემ კი გლახაკთა და მონათა შრომის ფასი იცოდესო. თუ არ განიცადა შიმშილი,როგორ უნდა გაიგოს,რას განიცდის მშიერი ადამიანი? თუ არ გაუძლო ტანჯვას,როგორ მიხვდება,რისი ატანა უწევს ადამიანს ტკივილისას? არგნის სიმწარე თუ არ განიცადა, ორასი არგნის დარტყმას ბრძანებს მონისათვის,რადგან მცირე სატანჯველი ეგონებოდა ბრაზმორეულს. ისე მოეწონა ფინეზს ლეონის სიტყვბი,გადაეხვია და მოუბოდიშა-ავი კაცის ენამ და შვილის ტანჯვამ აღმაშფოთაო.

რამოდენიმე ხანში მეფე უფლისწულის განსწავლულობით დაინტერესდა და ხელარგნოსანი (სადამსჯელო ღონისძიებების გამტარებელი) გააგზავნა ჯუმბერის მოსაყვანად,მაგრამ არ გამოჰყვა უფლისწული,არც დარბაზთუხეცესს ,არც მესტუმრეთუხეცესს და არც ვეზირს გამოჰყვა იგი,ბოლოს მეფემ მოლარე გაუგზავნა და ეახლა კიდევაც სასახლის კარს უფლისწული. გაიხარა მამამ შვილის ნახვით და უმალ ჰკითხა,რატომ არ გამოჰყვა სხვვებს,ჯუმბერმა კი უპასუხა: -დანაშაული არ ჩამიდენია და ხელარგნოსანს ამიტომ არ გამოვყევიო, მსახურთაგანი არ ვარ და დარბაზთუხეცესი რად მეახლაო,არც სტუმარი ვარ სასახლეში,სტუმართუხეცესს რომ გამოვყოლოდი და არც მეფე ვარ,ვეზირი რომ მახლდესო. მეფემ ჰკითხა,მაშ მოლარეს რატომ გამოჰყევიო? უფლისწულმა მიუგო:შენი განძი და საუნჯე მე ვარო. შვილის ბრძნადმეტყველებით აღფრთოვანებულმა მეფემ ლეონს მადლობა გადაუხადა. ამგვარად,ნაწარმოები იგავებით გვიხსნის პირმშოთა აღზრდის მეთოდებსა და პრინციპებს,რომლებიც ეყრდნობა სპარტანულსა და სპარსულ იდეოლოგიას.ამ კონტექსტში განვიხილოთ, რა მსოფლგაგება ედო საფუძვლად აღზრდის ამგვარ ხედვას.

უფლისწულის წვრთნის პროცესი რეალისტური და ჯანსაღია,თუმცა ფორმით უცნაური,მისი არსი მხოლოდ აღმზრდელს ესმის და უფლისწულიც პედაგოგიური ექსპერიმენტის ობიექტია. საბას აღზრდის სისტემის თავისებურებად მიაჩნია შემდები: აღმზრდელი სასახლის “გაღმიდან” უნდა მოიძებნოს,რომ იყოს თავისუფალი სამეფო კარზე გაბატონებული მორალისგან,და მთავარი-უნდა იყოს აღმზრდელი უგვარტომო და უჩინარი. ლეონის შემთხვევით თუ ვიმსჯელებთ,მასზე გაკეთებული არჩევანი უგვარტომობით კი არ იყო განპირობებული,არამედ მისი წარმოჩინებით განგების მიერ მოვლენილ ადამიანად. ზოგადად ყველაზე გავრცელებული აღზრდის მეთოდი სპარტანულია,რაც სათავეს იღბს ჩვ.წ.აღ-მდე Ixსაუკუნეში მითიური ლიკურგეს მიერ შექმნილი კანონებიდან,რომელთა მიხედვითაც მთავარი იყო ფიზიკური ჯანმრთელობა, ტკივილის ამტანობა და მორჩილება; განსხვავებული დენდენციაა აღზრდის სპარსულ იდეოლოგიაში: აქ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ყრმის სამხედრო მზაობას,ეუფლებოდნენ მჭერმეტყველებას,ლიტერატურას და რელიგიას,მაგრამ იმავდროულად სულს იწრთობდნენ მკაცრ პირობებში, იტანდნენ წვიმასა და სიცივეს. საბას იდეოლოგია მკვეთრად გაემიჯნა სპარტანულსაც და სპარსულსაც,მისთვის აღზრდის მთავარი პრინციპი სულიერიდა ზნეობრივ-მორალური სრულყოფაა.

როდესაც მეფემ სიზმარში ნახა ლეონი, შეფიქრიანდა და სედრაქმა შენიშნა მეფეს მწუხარება და უამბო არაკი „ხარბი გლახაკი „: ერთ უპოვარს ეზმანა, ვითომ სამოცი ცხვარი ჰყავდა და გაყიდვა მოინდომა, ვიღაცამ თითო ცხვარში 5- კირმანეული აძლია,მაგრამ შეევაჭრა, 6 მოსთხოვა და არ მიჰყიდა ცხვარი, ამ ვაჭრობისას გამოეღვიძა და ინანა, გამოფხიზლებული ეხვეწებოდა სიზმრად ნანახ კაცს 2 კირმანეულად მოგცემო. ასეაო ყოველი სიზმარი და ნერვიულობად არ ღირსო; შემდეგ უამბო არაკი „ძუნწი ვაჭარი“. ვაჭარს უამრავი ქონება ჰქონდა დაგროვილი, მაგრამ არც თვითონ მოიხმარდა და არც ცოლ-შვილისათვის იმეტებდა. სიბერეში მოინდომა მოლხენით და უდარდელად ხარჯვა მონაგარისა,მაგრამ ვერცერთი სალარო ვერ გახსნა,შემდეგ ხმა გაიგო,რომელმაც ამოსძახა, რომ ეს ქონება მისი აღარ იყო,შენი რომ ყოფილიყო აქამდე მოიხმარდი და ცოლ-შვილს არ აშიმშილებდიო, ახლა ბაღდადელი ხურო ნაზარისააო. თქვა რუქამ არაკი: „უგუნური მცურავი“ ერთი კაცი წყალს მიჰქონდა,იხრჩობოდა და ღმერთს შესთხოვა,მიშველეო,ამხანაგმა კი მიუგო:ხელი გაანძრიე და გეშველებაო.

რაც შეეხება ლეონის პორტრეტს,ამ ნიშნით საყურადღებოა მისი წარმომავლობის იდუმალება. ბევრის მნახველი და შემსწრეა, დიდი გამოცდილება შეუძენია; ლეონი ღვთით მოვლენილი მადლივითაა. აღმზრდელის განსაკუთრებულ მისიაზე მიგვანიშნებს მისი ვინაობისა თუ წარმომავლობის გაურკვევლობა.

სულხან-საბასთვის ერის პატრონი მხოლოდ და მხოლოდ მეფეა. თუ მეფე არა ჰყავს ქვეყანას, ის თავმოკვეთილია. ამიტომ გამოარჩევს უფლისწულის აღმზრდელს დაკისრებული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ჯუმბერს უდანაშაულოდ წკეპლავენ. ის კი უდრტვინველად, უხმოდ ითმენს ამას. ერთხელ მერიქიფედაც დააყენა ლეონმა უფლისწული, რომელსაც შიმშილით გული წაუვიდა. რა დააშავა ჯუმბერმა, რის გამო ისჯება? ტანჯვა, რა თქმა უნდა, თვითმიზანი არაა. განსაცდელი, რომელიც ლეონმა მოუვლინა ჯუმბერს, არის ის განსაცდელი, რომელსაც უფალი მოუვლენს ქრისტიანობის და ცხონების გზაზე შემდგარ ადამიანს და ეს არის მხოლოდ იმის დასტური, რომ უფალს ვუყვარვართ. ჯუმბერი არის მხატვრული სახე, რომელიც სულხან-საბას დასჭირდა იმის საჩვენებლად, თუ როგორი მეფე უნდა ჰყავდეს ქვეყანას.

მამა-მეფის წინაშე წარმდგარი ძე თავის ზნეობრივ მრწამსს აყალიბებს ხუთი არაკით: "ძუნწი და ოქრო", "დიდვაჭარი და მისი ძე", "მეფე და სამი მისი ძე", "ორნი ძმანი" და "ორმოში ჩაგდებული მეფე". ჯუმბერის პირველი გამოჩენა და ეს არაკები საგულისხმოდ, მრავლისმეტყველად აღბეჭდავს მეფის ძის სიბრძნესა და მადლიერებას, რაც მჟღავნდება ჯუმბერის სიბრძნისმეტყველებით, იგავთმეტყველებითა და ტკბილსიტყვაობით. მწყემს-მეფეს ევალება, "იცოდეს მონათა, მსახურთა და მწდეთა ჭირი". თუკი იცის, რა განსაცდელი აქვთ გამოვლილი მწყემსს, მსახურს, მწდეს, მონას, ის, რა თქმა უნდა, მათთვისაც გაიჭირვებს. დასძენს: "აწ ყოველთა გლახაკთა, უღონოთა და მდაბალთა ჭირნი მისწავლებია". ანუ მეფე მაშინ არის პატრონი თავისი ერისა და ქვეყნისა, როდესაც იცის თავის ქვეშევრდომთა ყველა ჭირი და განსაცდელი. ეს არის წმინდა წერილის თვალით დანახული შეხედულებების სისტემა. მეფობის ღვთივკურთხეულობა კარგად ჰქონდა შეგნებული სულხან-საბა ორბელიანს, რომელიც თავადაც, როგორც მისი ბიოგრაფიიდანაც ვიცით, ბაგრატოვანთა ნათესავი და მეფის აღზრდის საქმეში ფრიად დახელოვნებული კაცი გახლდათ. როგორც ლეონმა ჯუმბერი, ისევე აღზარდა მან ვახტანგ მეექვსე, რომელმაც უდიდესი ღვაწლი დასდო როგორც საერო, ასევე სასულიერო საქმეს.

უჩვეულო და სიმბოლურია ჯუმბერის პირველი გამოჩენა და წარდგომა მამის წინაშე. იგი სპილოზე ამხედრებული მობრძანდება. სარტყელი და ხელთ ნაჭერი ქვა გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვას შეიცავს... სპილოსა და სარტყლის განმარტებისას ჯუმბერი აღიარებს, მეფისთვის ფრიად მნიშვნელოვანია ძალმოსილება: "ესრეთ ხამს, თვისი ძლიერება თვისსავე საჯდომსა დაუტევოს და თვითონ თავი იცნას, რომ იგი საჯდომი არს დიდი ჰიბუტი, თვარამ უმისოდ ყოველივე გარე შემოეძარცვება". მეფური ძალმოსილება, ძე მეფისას თქმით, ხელმწიფის ("დიდი ვინმეს") ხელშეუხებელი და შეუვალი ძლიერებაა, რაც მას მუდამ უნდა ახსოვდეს და არ დაარღვიოს. ძალმოსილებასთან ერთად ძე მეფისა უდიდეს პასუხისმგებლობასაც უნდა გულისხმობდეს, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი იერარქიის ამ უმაღლესი საფეხურის უზენაესობაზე მეტყველებს. მიწისა და ქვის ალეგორიები ასევე ღვთიურ სიბრძნესთან არის წილნაყარი. "მიწა ხარ და მიწად მიიქცევი", " იმეორებს ჯუმბერი ბიბლიის ფრაზას. მიწის ალეგორიას იგი აშკარად ფსალმუნისეულ შეგნებას მიადევნებს: "ღვთის სათნო გიჯობს კაცთა სათნოსა". დავით მეფსალმუნე გვეუბნება: "კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ" (ფსალმ. 117,8). ამა სოფლის, კაცთა ცოდვილი ცხოვრების ამაოების გამოხატულებაა: "ნუ ესავთ მთავართა ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება, გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა" (ფს. 145,3-4). "სიბრძნე სიცრუისაში" მიწის ალეგორია, საბოლოო ჯამში, "ეკლესიასტეს" მთავარი სათქმელის მომცველია: "ყოველივე ამაოა... ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავიდათავი" (ეკლესიასტე 1,1).

ქვის ალეგორიის განსამარტავად ძე მეფისამ მოიხმო არაკი "ძუნწი და ოქრო", რომლის შეგონება ასეთია: "მაგ მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვაო, თუმცა არ დახარჯევდიო!" არაკის დასრულებისთანავე ჯუმბერი მეფეს ეუბნება: "მეფეო, სალაროცა ეგრეა, რაც უნდა იდვას, თუცა არ იხმარებ კეთილად, ანუ არ დახარჯავო!" "საუნჯე" (ოქრო) მოქმედების, ადამიანის კეთილი ქცევის წარმატებით მჟღავნდება, კაცის ნიჭიცა და უნარის ღირსებაც მოქმედებით ვლინდება. მიწაში ჩადებული ლოდი (ქვა) კი უმოქმედობასა და უმოძრაობაზე მიგვანიშნებს. ამ ნაწარმოებში მკაფიოდ არის გატარებული ქვეყნის ერთიანობისა და "ორკერძოითი" მსახურების იდეა. რა ევალება მეფეს და რა მართებთ მის ქვეშევრდომთ? "სიბრძნე სიცრუისაში" სწორედ აღმზრდელი და მეფე - ლეონი და ფინეზი - გამოხატავენ ავტორის ეროვნულ განცდებს, ქართველ მეიგავეს მეტად ფრთხილად, ფაქიზად ჩაუწნავს თხზულების სიუჟეტურ კომპოზიციურ ქსოვილში საკუთარი ეროვნული სულისკვეთება. საქართველოს გადარჩენა მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენდა. სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანას კარგი მეფე-პატრონი ჰაერივით სჭირდებოდა. სულხან-საბა ეძებდა გადარჩენის გზებს, ნატრობდა ჯუმბერისნაირ მეფეს, კეთილ მწყემსს, რომელიც ერის წყლულებს უწამლებდა.

ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო. სულხან-საბასთან ხშირად გვხვდება ციტატები წმინდა წერილიდან. ეს შემთხვევითი, რა თქმა უნდა, არ არის, იმიტომ კი არა, რომ მას ბრწყინვალე სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული, არამედ სწორედ იმიტომ, რომ იგი ქვეყნის ხსნას ქრისტიანობაში ხედავდა. კეთილმწყემსობის მისივე იდეალიც ქრისტიანობით არის ნასაზრდოები. სულხან-საბა ორბელიანმა ფაქტობრივად მოგვცა უდიდესი მხატვრული გემოვნებით შექმნილი ქვეყნის გადარჩენის პროგრამა, რომელშიც განსაზღვრა ამქვეყნიური, ცხოვრებისეული იერარქიის ყველა საფეხურზე მდგომ ადამიანთა უფლება-მოვალეობანი. მან გვითხრა, რომ მთავრობა არის კეთილმწყემსობა, თავისი ერისა და ქვეყნის ღირსეული სამსახური, რომელიც მიიღწევა მწყემსის და სამწყსოს ორმხრივი ერთობით. მოვიხმობ ციტატას არაკიდან "ძალა ერთობისა": "თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგსტეხთ". ასევე - "ვაზირთა წესიდან": ,,პირი ერთი ჰქონდესთ... გული გაიერთონ და დაემტკიცოს მეფობა პატრონისა მათისა". აქ იგულისხმება - სიტყვისა და საქმის ერთიანობა, პირმტკიცეობა, ერთპირობა, ერთგულება პატრონისა და მოყვასის მიმართ, ურთიერთსიყვარული, მიტევება, გულთა ერთობა, საკუთარი თავის ბრალეულყოფა, ხვაშიადის, საიდუმლოს შენახვა და გაუმჟღავნებლობა, ღვთისმოსაობა, სიბრძნის მჩხრეკელობა, სიტყვის შემოწმება და უმჯობესის გამორჩევა. ჩვენ ეს ყველაფერი პატრონისა და ქვეყნის სამჯობინაროს მხარეზე დასადგომად უნდა გვჭირდეს და არა - შუღლი, ურთიერთმტრობა, შური, ქიშპი, ცილისწამება, ღალატი, სხვისი ბრალეულყოფა, ორგულობა, სიძულვილი, რაც ქვეყნის წამხდენია, ანუ ის, რაზეც მეფე ვაჟებს ეუბნება არაკში: "თუ გაიყარენით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა".

ამრიგად,იგავ-არაკი შედგება თხრობითი ნაწილისაგან და დამოძღვრისაგან. არაკში მხილებულია არა კონკრეტული პიროვნება,არამედ ზოგადად ადამიანური მანკიერებანი,იგი ზნეობრივ ორიენტირს უსახავს მკითხველს. ამიტომაცაა,რომ იშვიათად თუ წავაწყდებით სიუჟეტში ქალაქს ან ქვეყანას,მაგრამ დრო და მოვლენების განვითარების პერიოდი არ არის ასახული. ამბავი კი გადატანილია ცხოველთა სამყაროში. იგავ-არაკი წააგავს იგავს,რომელიც აგრეთვე ალეგორიული დამოძღვრითი ხასიათის მცირე ფორმის ნაწარმოებია,მაგრამ იმ განსხვავებით,რომ იგავი ღრმა რელიგიურ-ფილოსოფიურ მსოფლხედვას ეხება,ასეთია მაგალითად სახარების იგავები. იგავ-არაკის მეორე ნაწილს მორალსაც უწოდებენ,ანუ ის დედააზრია,რაც მონათხრობიდან გამომდინარეობს.

არაკში “სოფლის მაშენებელნი” ორი მოტივია:სოფლის ცრუ მაშენებლებისა და და მსუნაგობით განცდილი მარცხისა. მოყვასის სიყვარულს გვასწავლის საბა,ყოველგვარ სათუთ ურთიერთობათა მოფრთხილებას:”კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ არ იპოვების,იაფად არ იყიდების”.

სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ მეექვსე