.- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის...

18
პასუხი ( ვუძღვნი . ალ. ვახტანგის ძეს .-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც ყურადღებას აღირსებს ამ სტატიასა). 14 მაისსა, 1861 . თბილისი. „Из нашей литературы хотят устроить бальную залу, и уже зазывают в нее дам; из наших литераторов хотят сделать светских людей в модных фраках и белых перчатках, энергию хотят заменить вежливостью, чувство – приличием, мысль – модною фразою, изящество – щеголеватостью, критику – комплиментами“. ბელინსკი. ბარაქალა, ჩემო სტატიავ, ბარაქალა! ვისაც თავის დღეში კალამი ხელში არ აუღია, იმასაც ააღებინე; ვისაც მართალი სიტყვა პირდაპირ ნათქვამი თავის დღეში არ გაუგია, იმას მართლის თქმით გული აუმღვრიე; ვისაც შინიდამ ფეხი კარში არ გამოუდგამსდა რაღაც ანბანის თეორეტიკის მეტი არა უკითხავს რა, ისიც კი ალაპარაკე თეორეტიკის გარე საგანზედ. ბარაქალა, ბარაქალა! სამი სტატია ერთს სტატიაზედ, რა ანბავია? ეს ის ანბავია, ჩემო კეთილო მკითხველო, რომ ამ ჩემ მოპირდაპირეთ რიცხვით ჯობნა სურვებიათ და არა თავის სტატიების ღირსებითა; იმ ზღაპრისა არ იყოს: „ასმა კაცმა ვერ შეჭამაო, ერთი კაცის ლუკმა იყოვო“, ეს სიტყვები სწორეთ ჩემს აპრილის სტატიას უხდება. ეგ არაფერი კიდევა, სხვა კრიტიკებიც კიდევ მზადდება თურმე ჩემზედ. სხვანიც რომ ამ სამს კრიტიკაზედ დაჰმატოდენ, კარგი იქნებოდა; პირველი რომ პასუხს ერთად გავსცემდი, მეორე რომ ეს რამდენიმე კრიტიკა ერთად კაი ზომიერი ლუკმა მაინც გამოვიდოდა, რომ ღირებულიყო ჩასაყლაპავად. ეჰ, თავი დავანებოთ უბრალო ყბედობას და, მინამ პასუხს გავსცემდეთ თვითეულს მათგანს, ვსთქვათ ცოტაოდენი რამე კაცის ბუნების სისუსტეზედ: საკვირველია, რომ ზოგი, ვისაც ღონე და ძალა აქვს, გაიქცევა ხოლმე მოედნიდამ და იმალება ხალხში; ზოგი კი, ვისაც არც ღონე აქვს

Transcript of .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის...

Page 1: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

პასუხი

(ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც ყურადღებას აღირსებს ამ

სტატიასა).

14 მაისსა, 1861 წ.

თბილისი.

„Из нашей литературы хотят устроить бальную залу, и

уже зазывают в нее дам; из наших литераторов хотят

сделать светских людей в модных фраках и белых

перчатках, энергию хотят заменить вежливостью,

чувство – приличием, мысль – модною фразою,

изящество – щеголеватостью, критику – комплиментами“.

ბელინსკი.

ბარაქალა, ჩემო სტატიავ, ბარაქალა! ვისაც თავის დღეში კალამი ხელში არ აუღია, იმასაც

ააღებინე; ვისაც მართალი სიტყვა პირდაპირ ნათქვამი თავის დღეში არ გაუგია, იმას

მართლის თქმით გული აუმღვრიე; ვისაც „შინიდამ ფეხი კარში არ გამოუდგამს“ და რაღაც

ანბანის თეორეტიკის მეტი არა უკითხავს რა, ისიც კი ალაპარაკე თეორეტიკის გარე საგანზედ.

ბარაქალა, ბარაქალა! სამი სტატია ერთს სტატიაზედ, რა ანბავია? ეს ის ანბავია, ჩემო კეთილო

მკითხველო, რომ ამ ჩემ მოპირდაპირეთ რიცხვით ჯობნა სურვებიათ და არა თავის

სტატიების ღირსებითა; იმ ზღაპრისა არ იყოს: „ასმა კაცმა ვერ შეჭამაო, ერთი კაცის ლუკმა

იყოვო“, ეს სიტყვები სწორეთ ჩემს აპრილის სტატიას უხდება. ეგ არაფერი კიდევა, სხვა

კრიტიკებიც კიდევ მზადდება თურმე ჩემზედ. სხვანიც რომ ამ სამს კრიტიკაზედ

დაჰმატოდენ, კარგი იქნებოდა; პირველი – რომ პასუხს ერთად გავსცემდი, მეორე – რომ ეს

რამდენიმე კრიტიკა ერთად კაი ზომიერი ლუკმა მაინც გამოვიდოდა, რომ ღირებულიყო

ჩასაყლაპავად.

ეჰ, თავი დავანებოთ უბრალო ყბედობას და, მინამ პასუხს გავსცემდეთ თვითეულს მათგანს,

ვსთქვათ ცოტაოდენი რამე კაცის ბუნების სისუსტეზედ: საკვირველია, რომ ზოგი, ვისაც ღონე

და ძალა აქვს, გაიქცევა ხოლმე მოედნიდამ და იმალება ხალხში; ზოგი კი, ვისაც არც ღონე აქვს

Page 2: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

და არც ძალა, გამოვა და შეუპოვრად დადგება შუა მოედანზედ. რათ არის ამისთანა

წინააღმდეგობა კაცის ბუნებაში? ამას ყოველი გონიერი კაცი მიხვდება, თუ გონება დააკვირვა

მაგ ორგვარ ქცევასა. სულელის უბედურობა ის კი არ არის, რომ სულელია, ის არის, რომ

თავისთავს ვერ იცნობს და თავისი თავი დიდი რამა ჰგონია. მე ადამიანის წვრილმანობით თუ

გავამართლებ ამ სიტყვებს: „მე ქვეყნიერებისა არა მესმის რაო, ცოდნის გლახა ვარო,

მისწავლიაო ორიოდე სიტყვები, რომელნიც ხან საჭმელად მგონიაო და ხან სასმელად, მაგრამ

მაინც კი გამოვდივარ მოედანზედაო, რათა კენჭებით მაინც ქვეყანა დავანგრიოვო“. ჭიდილი

რომ იქნება, იქაც კი იმ კაცს, რომელიც ეგრე გულწრფელობით აღიარებს, არაფერი

შემიძლიანო, მოედანს ჩამოაცლიან.

ხშირად შემხვდება ხოლმე სიტყვები: ლიტერატურა, კრიტიკა, ხელოვნება, სიტყვიერება და

სხვანი, მაგრამ მხმარებელთ ხმარებულის გაგება არა ჰქონიათ; რომ ჰქონოდათ,

დარწმუნებული ვარ, რომ, არამც თუ ლიტერატორობას მოჰყვებოდნენ, კალამსაც ხელში არ

აიღებდნენ, და თუ აიღებდნენ, მარტო მოკითხვის წიგნების დასაწერად. ამის

დასამტკიცებელს მაგალითს შორს არ დავუწყებთ ძებნასა, აი თვით კნ. ბ. ჯორჯაძის

სიტყვები: „ჩვენ, როგორც შეგვიტყვია, ილია ჭავჭავაძე, ბატონებო, გაზდილი გახლავს

უნივერსიტეტში (ვის უთქომს?), სადაც ასწავლიან მრავალ საგნებსა (ესეცა ჰსცოდნია!) და,

რასაკვირველია, სწავლას მიიღებდა. მაგრამ აი საკვირველი (მართლა რომ აი!!!): უპირველესი

საგანი არ შეუძინებია, ესე იგი თეორეტიკა (?) ანუ ხელოვნებითის სიტყვიერების სწავლა“. მე,

სწორედ მოგახსენოთ, ეგ თეორეტიკა არ ვიცოდი რა არი, მაგრამ თეორეტიკით

დახელოვნებული ჩემი მოპირდაპირე ისეთი კეთილი გულისა ყოფილა, რომ განსაზღვრავს იმ

თეორეტიკას, ანუ სწავლას ხელოვნებითის სიტყვიერებისას, ამრიგად: თეორეტიკა

გვასწავლისო ა, ბ, გ, დ და სხვანი რარიგად იხმარებიან სიტყვებშიაო, რარიგად შეადგენენ

მარცვალსაო, – და ამ სწავლასა ხელოვნებითის სიტყვიერების სწავლას ეძახის ჩვენი მწერალი

ქალი!!! აი, რა ძნელი ყოფილა შინიდგან გამოუსვლელობა და უნივერსიტეტის დაცინება.

აქედამა ჰსჩანს, რომ არც ხელოვნება ესმის ჩვენს მწერალს ქალს და არც სიტყვიერება. ასოს

ხმარების გამსაზღვრელი საგანი ტყუილადა ჰსჩემობს ხელოვნების სწავლის სახელსა. ასოს

ხმარებას სწავლა არ უნდა; თითონ სიტყვა გვასწავლის, სად უნდა ვიხმაროთ რომელი ასო.

მერე თვით ასოს ხმარება გარეგანი საგანია, – ეგ მეხანიკური მიკერ-მოკერებაა ენაში, როგორც

კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსები; ეგ ხელოსნობაა და არა ხელოვნება. ხელოვნება არის

განხორციელება სახეში იდეისა, აზრისა: მუზიკა, მხატვრობა, პოეზია – ესენი სულ სახეში

გამოსთქვამენ იდეიას, მხოლოდ იმით განიყოფებიან, რომ თავის იდეის გამოსათქმელად

სხვადასხვა მასალებსა ხმარობენ, როგორც მუზიკა – ხმასა, მხატვრობა – ხაზსა, პოეზია –

სიტყვასა. სიტყვიერებითი ხელოვნება პოეზიასა ჰქვიან, რადგანაც სიტყვის საშუალობით და

შემწეობით აღასრულებს ხელოვნების მნიშვნელობასა. მაშასადამე, კნ. ჯორჯაძისას არ

უნებებია გაგება მისი, რაც წაუკითხავს და რაც თავის გულწრფელობით უხმარია.

მიგვილოცნია! ხელოვნების სწავლისათვის საკვირველი წიგნების ამორჩევა ჰსცოდნია!

თითონ თეორეტიკა, – ეგ სხოლასტიკობის ნაშთი – რა არის, რო მასზედ აშენებული

გავითარება რა იყოს? ყოვლის მწერლისათვის საჭირო და აუცილებელიაო იცოდეს

Page 3: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

თეორეტიკა, ანუ სწავლა ხელოვნებითის სიტყვიერებისა, ესე იგი ანბანის გასაზღვრაო,

ბძანებს ჩვენი მწერალი ქალი. იქნება ეგ საჭირო იყოს, როგორც მწერლისათვის მელანი და

კალამი საჭიროა, ანუ მატემატიკისათვის ნუმერაცია: ვისაც წერა უნდა, ანბანი უთუოთ უნდა

იცოდეს, მაგას თქმა არ უნდა, რომ, როგორც მარტო ნუმერაციის ცოდნა არ შეიქმს მატემატიკს,

ისე მარტო ანბანის ცოდნა არ შეიქმს მწერალსა. ამას ძალიან ცხადად ამტკიცებენ კნ. ბ.

ჯორჯაძის ლექსები და მისი სტატია, რომელზედაც ჩვენ, საუბედუროდ, უნდა ვილაპარაკოთ.

„ნუ განიკითხავთ, რათა არ იყვნეთ განკითხულნი“. მრწამს საღმრთო წერილიც და ის აზრიც,

რაც შეპყრობილია ამ სიტყვებში. ეგ იმაზედ კი არ არის ნათქვამი, რომ კაცი წყალში რო

იხრჩობოდეს, ნუ მაარჩენო, თორემ შენც რომ იხრჩობოდე, გადაგარჩენენო! მაგას კაცმოყვარე,

კაცის დახსნისათვის ჯვარცმული ღმერთი ჩვენი მაგ აზრით არა ბძანებს, რა აზრითაც კნ. ბ.

ჯორჯაძისას უნებებია გაგება. ვისაც საქმე ესე ესმის, იმას ანბანის თეორეტიკაც ვერას

უშველის, როგორც წყალწაღებულს ხავსი; იმას არაფრის განხილვაც არ შეეძლება; მაშ

რისთვის გამობძანდებიან ხოლმე ამგვარნი პირნი სცენაზედ? რა დაჰკარგვიათ და რას ეძებენ?

უბედურობა ჩვენი ეს არის, რომ შევბეჭავთ თუ არა ანბანის თეორეტიკის კანონით უაზრო

ლექსებს, გვგონია, რომ ხელოვნებას დიდი რამ შევძინეთო; იმიტომა გვგონია, რომ ჩვენს

ლექსში „ა“ თავის ალაგს ხმარებულია, „ბ“ თავის ალაგსა. თუ „ცისკარი“ უარგისია, კიდევ

თქვენგან, ყვავებო ფარშავანგის ფრთებითა, ბულბულებო ყორნის ჩხავილითა! ეხლა

ცარიელი ანბანის თეორეტიკით და ჩხავილით ტყუილად ნუ ცდილობენ იყოს ის ბედნიერი

დრო, როცა ეს ლექსი თურმე მოსწონდათ მაგ თეორეტიკებზედ თვალებგაწყალებულ პირთა:

არჩილ კახიებრ, ბალასანკინა მოებრ,

ყარანფილ ვარდებრ, იაკოსტ ყაყაჩოებრ,

რტო კიპაროსებრ, ია შამპა-სოსანებრ და სხვ.

იქნება ეხლაც მოეწონოს ვისმე ეს ლექსი, და სწორეთ, მოეწონებათ კიდეც, თუ ანბანის

თეორეტიკა, კნ. ბ. ჯორჯაძის გარდა, სხვასაც ვისმე ხელოვნების სწავლადა სწამს და

გალახოვის ქრესტომატიის სხოლიოები უფ. გ. ბარათოვსავით კრიტიკად მიაჩნიათ. ეხლა რომ

კაცმა ჰსწეროს, ცოდნის და განათლების გარდა, ნიჭიც უნდა ჰქონდეს. ცოდნა და განათლება

ისე აუცილებელი და საჭირონი არ არიან პოეტისათვის, როგორც ნიჭია საჭირო და

აუცილებელი[2]. ამის დასამტკიცებლად შორს არ გავგზავნი მკითხველს. აი, რუსეთში,

გაუნათლებელ და უცოდინარმა კალცოვმა თავის ნიჭით ასეთი სახელი დაიგდო, რომ,

როგორც სახალხო პოეტი, კალცოვი პუშკინზედაც მაღლა დასვეს რუსებმა. ეს უბრალო აზრი

არ ესმის ჩვენ მწერალს ქალს, რადგანაც ჩვეულებრივ გულწრფელობით ბძანებს: შვიდასს

Page 4: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

ყმაწვილსა ზდისო ხელმწიფე და, აბა, თუ ერთი რამ კარგი დაჰსწერონო; ასე ჰგონია,

მწერლობა ლილახანა იყოს.

სხვათა შორის ჩემს კრიტიკოსებს არ ესმისთ, რა არის კრიტიკა, არავის არ ესმის, გარდა თ.

ერისთავისა; რომ ჩვენ მწერალ ქალს არ ესმის, – ეგ საკვირველი არ არი, რადგანაც ბევრიც სხვა

არ ესმის და ანბანის თეორეტიკაზედ აუშენებია თავის ხელოვნება და შინიდგან ფეხი არ

გამოუდგამს. არც უფ. გ. ბარათოვისა მიკვირს, რადგანაც ძალიან მკვირცხლი გონება ჰქონია,

რომ ჩემ ამ ორ ლექსებში:

მამულო საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები?

მწვანე ბალახის ნატვრა დაუნახავს თავის სამ განსაცვიფრებელ ნიშნებითა. იქნება მკითხველი

არ იჯერებდეს ამგვარ ამ ლექსის გაგებას, რადგანაც მართლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ

აი უფ. ბარათოვის სიტყვებიც: „გაზაფხულში პოეტი სულით ნატრობს საყვარელ მამულის

აღყვავებას. ნეტავი დაანახვა ეხლა საქართველო, როგორ მწვანე ხავერდივით ბიბინებს!!!“

მართლა-და უფ. გ. ბარათოვის ლაღი ფანტაზია და ნიჭიერება უნდა ჰქონდეს, რომ ეგრეთ

გაიგოს უბრალო აზრი, უბრალოდ გამოთქმული. აკი მოგახსენეთ, რომ მწვანე ბალახის

ნატვრა დაუნახავს მეთქი, მაგრამ მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო, ნათქვამია.

სტატიაში, აპრილის ბოლოს, მოვიხსენიებ სხვათა შორის: „თუ მკითხველი ეყოლება ჩვენს

სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ, იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს

განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა; რა ვუყოთ? როგორიც ღვდელიაო, ისეთიც ერიაო, ანბობს

ქართველი ანდაზად; როგორიც პოემა იყო ნათარგმნი, ისეთიც, ღვთის წყალობა თქვენა

გქონდესთ, გამხილავიც შეხვდა“. ამ სიტყვებს უფ. ბარათოვი კვეხნად მიწერს. სხვა მაქებარი

რომ არა ჰყავდა, თავის თავი თითონ აქოვო. ეხლა ვკითხავ უფ. ბარათოვსა: როგორი იყო

პოემა ნათარგმნი, ჩემის კრიტიკის აზრით? – ძალიან ცუდი. მაშასადამე, მისი მსგავსი

კრიტიკა რაღა იქნება? თუ ეს ვერ გაუგია უფ. გ. ბარათოვს, დარწმუნებული ვარ, რომ არც იმ

სიტყვებს გაიგებდა, რაც ამოუწერია, მაგას თქმა აღარ უნდა. ბატონებო, თუ ორჯერ ორი არ

გესმით რა არი, რის იმედით გამობძანებულხართ მოედანზედ? რვა წელიწადი, როგორც

თითონვე ამბობს, მჯდარა უფ. გ. ბარათოვი ღიმნაზიაში და ნაცვლასახელამდინ მისულა.

ძალიან შორს წასულა, თქვენმა მზემ, თუ ამრიგათ გაუგია, რაც მასწავლებელთ უთქვამსთ;

კიდევ ბარაქალა იმ ოსტატების ხელოვნებას, რომ მაგისთანა მსმენელი ნაცვალსახელამდინ

მიუყვანიათ. ეჰ, ამ უფ. ბარათოვის აზრზედ არ ღირს ლაპარაკი; თავი დავანებოთ, ეგ თითონ

თავის თავსვე უწერს კრიტიკას. უფ. ბარათოვი სწორეთ იმ მოკრივესა ჰგავს, რომელსაც ერთი

ხელი მოკლე აქვს და ერთი გრძელი, ისიც მარცხენა; გრძელის ხელით მტერსა ჰსცემს და

მეორე, მოკლეს ხელით – თავის თავსა; მაგაზედ, ესე იგი ბარათოვის სტატიაზედ, ლაპარაკი

Page 5: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

უბრალო ყბედობა იქნება და იმისათვისაც თავს ვანებებ. ეს ზემოხსენებული სიტყვები კნ. ბ.

ჯორჯაძისასაც უფ. გ. ბარათოვის ნიჭიერებით გაუგია და აზრის დასამტკიცებლად, როგორც

შეშვენის მაგგვარს ლიტერატორს, კეთილსვინდისიანად ამოუწერია ჩემ სტატიიდამ თავის

სტატიაში მარტო ეს სიტყვები: „ღვთის წყალობა თქვენა გქონდესთ, იმისთანა გამხილავიც

შეხვდა“. მე მოვახსენებ კნ. ბ. ჯორჯაძისას, რომ უფ. გ. ბარათოვის გონება არ ესესხნა და თავის

გონებით გაესინჯა ეგ სიტყვები არა ცალკე შიგ ჩართვით, არც ეგ ამოწერა მოუნდებოდა და

არც ულოღიკობას დამწამებდა. ეხლა თითონვე განიხილოს თავის შინ აღზრდილი ლოღიკა,

დამყარებული ანბანის თეორეტიკაზედ და მერე ბძანოს, ეს ასრე უნდაო.

„კრიტიკა“ – ამის თანასწორ მნიშვნელობის სიტყვა არ არის ქართულს ენაზედ და არც ძალიან

საჭიროა რომ იყოს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ ყოფილიყო, რადგანაც ეგ

დაგვიმტკიცებდა, რომ ჩვენი მამა-პაპანი მაგ მხრით განვითარებულნი ყოფილან. სადაც

სახელია, იქ უთუოდ საგანიც უნდა იყოს. ეგ სიტყვა ეხლა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის და

ყოველი ხალხი, ცოტაოდენად განათლებული, ხმარობს თავის ენაში; მაშასადამე, არც

ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ ეგ სიტყვა ჩვენში იხმარებოდეს. „კრიტიკა“ არის

განხილვაც, განჩხრეკაც, გარკვევაც, გარჩევაც და დაფასებაც ერთად. როცა რომელსამე საგანს

ფასსა სდებს კაცი, ჯერ იმის ღირსებას იტყვის (თუ აქვს ღირსება) და დაამტკიცებს, მერე

ამბობს, ამოდენად ღირსო, ესე იგი, შინჯავს შიგნიდამ და გარედამ საგანსა, ყოველს მის

თვისებასა, არჩევს ცუდსა და კარგსა და მერე ჰსწონავს მართალ სასწორზედ[1]. ამ ორგვარ

თვისებაებს საგნისას ზოგიერთი კრიტიკოსი, რა განარჩევს ცუდს და კარგსა, სასწორს

დაუთმობს ხოლმე თითონ მკითხველს, ზოგიერთიც თითონვე ასწონამს ხოლმე. მეც ამ

მეორეგვარ განმხილავებს მივბაძე ჩემს აპრილის სტატიაში, რომელსაც მაინც კიდევ ვერ

გავუბედე კრიტიკის დარქმევა. მეც სწორედ ეგრე მოვიქეც: ჯერ კაზლოვის ნიჭიერება

განვიხილე, მერე მისი პოეზიის მიმართულება, მერე მისი „შეშლილი“, შემდეგ თარგმანი და

ბოლოსა ვსთქვი, რომ არც კაზლოვი ვარგა-მეთქი, არც მისი „შეშლილი“ და არც ამ

„შეშლილის“ თარგმანი. მე კაზლოვზედ ახალი არა მითქვამს რა. მე ისა ვსთქვი, რასაც მთელი

განათლებული რუსეთი ამბობს. ეგრე არ მოქცეულან ჩემი კრიტიკოსები. მე მეგონა, რომ ან

ჩემს აზრებს დაარღვევდნენ, ან თითონ სტატიის მიმართულებას დამიწუნებდნენ და შემდეგ

დააფასებდნენ, ცუდია თუ კარგი. მარტო თ. ერისთავი ცდილა ჩემი აზრების დარღვევას,

მიმართულების დაწუნებას (ლანძღვა არისო) და სხვათა შორის, როგორც შეშვენის

ლიტერატურულს სტატიის განხილვას, გაუკენწლივარ სიტყვების ხმარებაში; სხვანი კი –

რამდენიმე აზროვანნი და ანბანთ თეორეტიკოსნი – მიჰსცვივნიან მარტო ჩემ სიტყვებს; ის კი

არ იციან, რომ სიტყვა გარეგანი სამოსელია აზრისა, და კრიტიკაც, მარტო მაგაზედ

აშენებული, სამასხარაოდ ხდის კრიტიკის წმინდა მნიშვნელობასა. ამას ამტკიცებს, როგორც

კნ. ბ. ჯორჯაძის სტატია, ისე უფ. გ. ბარათოვისა თავის რამოდენიმე მაგარ აზრითა;

სამასხაროდ არა ხდის თავის თავსა ის კაცი, რომელიც ანბობს, რომ ეს კაცი არ ვარგაო

იმისთვისაო, რომ მტვრიანი ტანისამოსი აცვიაო? მე მინდა ამითა ვსთქვა, რომ ვინც ამგვარად

სინჯავს საქმეს და ამგვარ დამტკიცებაზედ ამყარებს თავის აზრსა, იმას თვალებში ჰქონია

ჭკუა. მაგრიგათ გასინჯვა რისამე – თვალის საქმეა და არა სწავლისა, რომელიც ანბანთ

Page 6: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

თეორეტიკაზედ უფრო აუცილებელია მწერლისათვის. როგორც ჰსჩანს, კნ. ბ. ჯორჯაძისას და

უფ. გ. ბარათოვს მარტო სიტყვები უძებნიათ ჩემს სტატიაში და არა აზრი. კიდეც იმიტომ

ამათ სტატიებში მარტო სიტყვებია და სხვა არაფერი. ეხლა ყურადღება მივაქციოთ კნ. ბ.

ჯორჯაძის სტატიასა, განვიხილოთ თ. ერისთავის პასუხიც, უფ. გ. ბარათოვს კი თავს

ვანებებთ, რადგანაც თავის თავს თითონვე სცემს იმ ხელმოკლე მოკრივესავით.

ძალიან გულნატკენი ბძანდება ჩვენი მწერალი ქალი ჩემს სტატიისაგან, რატომ არ მაქოვო?

იმიტომ არ ვაქე, რომ არ იყო საქებელი, – და როცა მაგ აპრილი სტატიასა ვწერდი, თქვენმა

მზემ, არც კი მომგონებია არც მათი ლექსები, არც მათი მარხვების ტრაკტაცია[2]. მე ისინი

მაგონდებოდნენ, ვისაც ცოტაოდენი სახელი დავარდნილი ჩვენში; ვინც საქებელი იყო, ჩემის

ფიქრით, მე ისინი ვაქე, და ვინც არა – რითმების მბეჭველთა რაზმში ჩავაყენე. ჩემი სიტყვები

მოუყვანია კნ. ჯორჯაძისას, რომელთაც ძალიან დაუჩაგრავთ: სხვა ახალი მოლექსენი და

პროზაიკები, ზოგიერთის გარდა, ღმერთმა შეინახოს-მეთქი. „ზოგიერთი“ რომ ვსთქვი,

ვსთქვი, რომა მართლა-და სახეში მყვანდნენ ზოგიერთნი ნიჭიერნი მწერლები.

სახელდობრივ იმიტომ არ ვახსენე, რომ ნუგეშადა ჰქონოდათ ეგ სიტყვები იმათ, ვინც

უსაფუძვლოდ თავიანთ თავზედ ბევრს რასმეს ფიქრობენ, როგორც კნ. ბ. ჯორჯაძისა,

რომელთაც თითონვე უგრძვნიათ, რომ არ არიან იმ „ზოგიერთში“ შესარევნი, თორემ რაღა

მაგათ იწყინეს ეგ სიტყვები და თავის ანბანთ თეორეტიკის ხელოვნებით გამობძანდნენ

სცენაზედ? ჰსჩანს თვითვე, უჩემოდ, მიმხვდარან თავიანთ თავის ღირსებას და ამისთვისაც

რითმების მბეჭველთა რაზმში ჩამდგარან. მე აქ არა მეთქმის რა, გარდა იმისა, რომ

გავამართლო ეგრეთი გონიერი ქცევა, მხოლოდ ამას კი დავუმატებ, რომ ეგ ადრე უნდა

გაეფიქრებინათ; ეგ იქნებოდა სასარგებლო ჩვენთვისაც და თავიანთთვისაც. ერთს ალაგს კნ.

ბ. ჯორჯაძისა ბძანებს, რომ ჩვენ პასუხს აღარ გავსცემთო, თორემაო, ეხლავ რომ კრიტიკები

გავმართოთო, სხვა გონიერ და სასარგებლო სტატიებს ალაგს წაართმევსო „ცისკარში“. ეგ

მართალია, ამის შემდეგ არც თქვენ და არც უფ. ბარათოვს პასუხს არც მე გავსცემ; მაგრამ ნება

მომეცით გკითხოთ, რომელ სტატიებს? თქვენ ლექსებსა თუ? ეგ უბედურობა თქვენთვის და

ბედნიერება ჩვენთვის ეხლაც მომხდარა მაისის „ცისკარში“: თქვენი ლექსი ჩვეულებისამებრ

არა ბრწყინავს სხვათა შორის ამ ნომერში. ეგ ძალიან გვიხარიან ჩვენ და ძალიან გწყენიათ

თქვენ; ადვილი მისახდომიც არის, რა მიზეზითაც… მადლობელი იყავით „ცისკრის“

რედაქციისა, რომ თქვენი ლექსები იბეჭდებიან; მადლობელი იყავით, რომ „ცისკარი“ ეგრე

ცუდია, რომ ყველაფერსა ჰბეჭდავს, თორემ თქვენს ლექსებს დაბეჭდვა არ ეღირსებოდა

თავის დღეშია. კიდეც იმიტომ იბრძვით განათლების წინააღმდეგ, კიდეც იმიტომ დაჰსცინით

უნივერსიტეტსა, კიდეც იმიტომ ებრძვით იმ კაცს, რომელსაც სულით და გულით სურს

„ცისკრის“ კეთილდღეობა! ლიტერატურა, – ხალხის ჭკვა, ხალხის გონება, გრძნობა, ფიქრი,

ჩვეულება და განათლების ხარისხია. ლიტერატურის წარმომადგენელი ჩვენში მარტო

„ცისკარია“ ამჟამად. ნუთუ მართლა, რაც „ცისკარში“ იწერება, საქართველოს ხალხის ფიქრია,

ჭკუაა, გონებაა, ჩვეულებაა? ნუთუ მართლა „ცისკარში“ ჩვენი განვითარებაა, ჩვენი

განათლების ხარისხია გამოთქმული? ნუთუ მართლა ეგრე დაეცა რუსთაველის ხალხი, რომ

ეგრე ფიქრობს, ეგრე ჰგრძნობს? მეც მაგასა ვჩივი და ვსტირი, რომ არა, ათასჯერ არა; მეც

Page 7: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

იმიტომ ესე პირდაპირ ვლაპარაკობ, რომ ვინც წინდაუხედავად ბღაჯნის, აღარა ბღაჯნოს;

რადგანაც იგინი თავის ბღაჯნითა ამდაბლებენ ჩვენს ენას. მე იმისთვის ვლაპარაკობ ეგრე

სასტიკად, პირმოუფერებლად, რომ უნიჭონი და ამასთან უსწავლელნიც თავის ოთახიდგან

ფეხს ნუ გამოდგამენ გარეთ, ლიტერატურაში; ამას ვთხოვთ ხალხის სახელითა, ხალხისვე

სახელის დაცვისათვის!..

ერთგან ჩვენი მწერალი ქალი ბძანებს, რომ რითმების „ბრახუნებლები“, ეს უშვერი ლექსი

ლიტერატორს არ შეშვენისო, თუ ღმერთი გწამსთ, ლიტერატორებს და ლიტერატორობას

თავი დაანებეთ. მე და თქვენ, რომელთაც ანბანთ თეორეტიკის მეტი არა გვისწავლია რა (მე

ეგეც არ მისწავლია და არც ვიცი რა საგანია, მხოლოდ ჩვენი მწერალი ქალი ბძანებს, ასოების

განსაზღვრის სწავლა არისო, ესე იგი, სწავლა ხელოვნებითის სიტყვიერებისაო!!!) და

ლექსების ბღაჯვნის მეტი არა გვიკეთებია რა, როგორ უნდა ვახსენოთ ლიტერატორი და

ლიტერატურა? ვისაც არ ესმის, რა არის ლიტერატურა ან ლიტერატორობა, იმას არ უნდა

ესმოდეს, ლიტერატორს რა შვენის და რა არა შვენის. მე და თქვენ აქ ხმა არა გვაქვს.

ჩვენი მწერალი ქალი ბძანებს, ვითომც მე ვანბობდე, რომ ეგენი ქართულს ახდენენ. ტყუილია

თუ? სადაც აზრი არ არი, იქ ენა, რაც უნდა კარგი იყოს, სულ უქმია; მერე მე არსად არ გამიგია,

რომ უაზრო ენა იყოს სადმე, აზრი და მხოლოდ ერთი აზრი აძლევს ენას ენის მნიშვნელობას,

– ყველანი, ვისაც რამ ესმის, ამას ამბობენ, და თქვენი ანბანთ თეორეტიკისა კი არ ვიცი, რას

იტყვის. უთუოთ წინააღმდეგს ამბობს, რომ თქვენი ლექსები სწორეთ მის გაკვალებულ

გზაზედ მიდიან. უნიჭო, და ამასთან უცოდინარი მწერალი არა მარტო ენას ახდენს, ამასთან

გონებას, გემოვნებას, გულს და სულს მკითხველისას. ამას ჩვენ მწერალ ქალს არ მივაწერთ,

რადგანაც მაგათ არც წახდენა შეუძლიანთ რისამე და არც გაკეთება.

ჩვენი მწერალი ქალი დასცინის ქცევას, რომ მე უ-ბრჯგუ, ჱ, ჴ, ჳ, ჲ, ჵ, ჶ არა ვხმარობ. იმის

მაგივრად, რომ მწერალმა ქალმა დაამტკიცოს ჩემი შეცდომა მაგაში, მოჰყოლია და

თეორეტიკის ზღაპრებს გვიანბობს. ეგენი ბძანებენ, რომ ბუნებას მოუციაო ხმა სიტყვის

გამოსახატავად; ხმა მხეცისათვისაც მიუცია ბუნებას, მაგრამ არა მხეცი არა მგონია

ლაპარაკობდეს, თუმცა ბევრი მაგალითები ზოოლოგიაში გვიმტკიცებენ, რომ, კაცის გარდა,

სხვა ცხოველნიც ამცნებენ ურთიერთს თავის სურვილს, განზრახვას, ერთის სიტყვით, აზრსა;

მაგრამ ესეც ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი ამცნებენ აზრსა ურთიერთს არა სიტყვის

საშვალობით; მაშასადამე, ბუნებას, ხმის გარდა, სხვა ნიჭიც მოუცია კაცისათვის; ეს ნიჭი არის

ნიჭი სიტყვიერებისა. მაგ ნიჭს შეუდგენია ენაცა, სიტყვაცა და მხოლოდ სიტყვას შეუდგენია

ხმოვანიც და უხმო ასოცა. აბა, ერთი მიბძანეთ, რომელ ბუნების კუნჭულში ჰსცხოვრებს ასო:

ა, ბ, გ, დ, ე, ვ? ეგენი მხოლოდ სიტყვებში ჰსცხოვრებენ, სიტყვის მიხედვით არიან შემდგარნი

და მხოლოდ სიტყვის ძალით არსებობენ ქვეყანაში. სიტყვა რომ არ იყოს ქვეყანაზედ, არც

ასოები იქნებოდნენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მწერალ ქალს შინიდგან კარში ფეხი არ

გამოუდგამს და, ანბანთ თეორეტიკის გარდა, არა უკითხავს რა, თორემ გაიგებდა, რომ მაგას

ანბობენ უკეთესი ფილოლოღები. ჩვენი მწერალი ქალი მოჰყოლია და, დამტკიცების

მაგივრათ, ზღაპრებს გვიბძანებს თეორეტიკის სახელითა.

Page 8: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

რისთვისაც არა ვხმარობ — უ-ბრჯგუ, ჱ, ჴ, ჳ, ჲ, ჵ, ჶ — ეხლავ მოგახსენებთ, ჩემო მკითხველნო!

„უ-ბრჯგუ“-ზედ ბევრჯელ მქონია ლაპარაკი სხვადასხვა პირთან. ზოგს უთქვამს, უნდა

გადაიგდოსო, ზოგს – უნდა დარჩესო, თუმცა არც ერთს მათგანს ცხადად არ დაუმტკიცებია

თავისი აზრი, მაგრამ მე იმათ ლაპარაკიდგან ეს სარგებლობა გამოვიტანე, რომ ეგ ასო,

მართლა თუ უვარგისია, გადიგდოს, როგორც უსაჭირო, რადგანაც ჩვენი ანბანი უფრო

განმარტივდებოდა და მართლწერა გაადვილდებოდა. ჩემის ფიქრით, მაგის

თანასწორხმოვანი ასო გვაქვს ჩვენი „ვ“. თუმცა ამბობენ, რომ სადაც „ვ“ იხმარებაო, იქ „უ-

ბრჯგუ“ არაო, იმიტომ, რომ „უ-ბრჯგუ“-თი ნახევარ „უ“-თ გამოითქმისო, ესე იგი უ-ს და ვ-ს

რაღაც შუა ხმადაო; მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ როგორც „უ-ბრჯგუ“-თი ისე „ვ“ გამოთქმაში

ერთიერთმანეთსა ჰგვანან და არაფრით არ განსხვავდებიან, იმიტომ რომ, სადაც „უ-ბრჯგუ“-

თია ხმარებული, იქ უ-ბრჯგუ-თი ვ-ათ ისმის და, სადაც ვ-ნია ხმარებული, იქ ვ-ნი „უ-ბრჯგუ“-

თად ისმის. მაგალითებრ: „ვითარი“, სადაც „უ-ბრჯგუ“-ს არა ხმარობენ, სწორედ რომ

გამოსთქვას კაცმა და არა დაძალებით, „ვ“ „უ-ბრჯგუ“-სავით გამოვა; თუ ვინმე მაგრად და

მტკიცედ გამოსთქვამს, ის ორს „ვ“-სა ხმარობს და არა ერთსა; აქედამა, ჩემის ფიქრითა, ჰსჩანს,

რომ ამ თანასწორხმოვან ასოთა შორის ან ერთია მეტი და ან მეორეა; მე უფრო „უ-ბრჯგუ“-თი

მგონია მეტი, რადგანაც როგორც უ-ბრჯგუ-ს ხმარებაში, ისე „ვ“-ს ხმარებაში – უფრო ვ-ნი

ისმის, ვიდრე რაიმე ხმა. მერე „უ-ბრჯგუ“-თი იქ იხმარება, სადაც „ვ“-ს უხმო ასო შეხვდება

ხოლმე და ეგ ორი უხმო ასო ერთადაა გამოსათქმელი. უ — უ-ბრჯგუთაც არ აძლევს კაცს ენა

ნებას, რომ „ვ“ მტკიცედ გამოითქვას. ამ მიზეზით არა ვხმარობ უ-ბრჯგუ-ს. დამიმტკიცეთ

წინააღმდეგი და მე სიხარულით დაგეთანხმებით. მე ხომ იმისთვის არ გავუკეთე ჩემ აპრილის

სტატიას ეგ სხოლიო, რომ მართლა არ ვიცოდი მაგ ასოს ხმარება; მაგ ასოს საჭიროებაზედ ეჭვი

მქონდა და იმისთვისა ვსთქვი, რომ ან მე დამეთანხმოს ვინმე, ან კიდევ წინააღმდეგი

დამიმტკიცოს. კაცის ენა კერძო პირსავით იზდება და ვითარდება; ამ ზდაში იცვლება,

როგორც ჩვენ კაცნი ზდაში ვიცვლებით ხოლმე; ხშირად იქნება, რომ კანონები, ერთს დროს

საჭირონი, სხვა დროს უვარგისნი არიან ხოლმე; იმიტომაც ახალი ენა ძველს ენას არა ჰგავს,

როგორც ახალი კაცი არა ჰგავს ძველ კაცსა. მაშასადამე, თუ მიბძანებთ, რომ რადგანაც ძველ

წიგნებში ხმარებულა, იმიტომ ეხლაც უნდა ვიხმაროთ ეგ ასო, – ეგ უსაფუძვლო ბძანება

იქნება, როგორც უსაფუძვლოა თქვენი რჩევა, რომ ანბანის თეორეტიკა უნდა ისწავლოთო

ხელოვნებისათვისაო. იქნება მართლა-და „უ-ბრჯგუ“-ს და „ვ“-ს შორის უწინ რაიმე

განსხვავება ყოფილა გამოთქმაში, მაგრამ ეხლა, ჩემის ფიქრით, არ არის განსხვავება. ეს „უ-

ბრჯგუ“-თი კიდევ გადასაწყვეტი საქმეა, მაგრამ ჲ, ჵ, ჴ, ჳ, ჱ, ჶ? ამ ასოებზედ კი თქმა აღარ

უნდა, ეს ასოები სულ აღარ ისმიან ეხლანდელს ენაში. მარტო „ჴ“ და „ხ“-ზედ ამბობენ,

სხვადასხვანაირად გამოითქმისო: გლეხი კაცი ქიზიყში ისე გამოსთქვამსო „ხოხობი“, თითქო

„გხოგხობი“. თუ ეს მართალია, დამიმტკიცონ და მაგ ასოების საჭიროებაზედ დავეთანხმები.

სრულიად არ მესმის, რა განსხვავება არის ამ ასოთა შორის: „ჱ“ და „იე“, „ჲ“ და „ი“ „ჳ“ და „ვი“,

„ჵ“ და „ჰოი“. იქნება ჩვენს უწინდელს ენაში იყო განსხვავება მაგ ასოთა შორის (და სწორეთაც

უნდა ყოფილიყო, რადგანაც შემოუღიათ), მაგრამ ეხლანდელ ჩვენს ენაში არა ვხედავ, – და თუ

ხედავს ვინმე, ის ანბანთ თეორეტიკით კი ნუ ცდილობს დამტკიცებას, არამედ ყურადღება

მიაქციოს დაკვირვებით ხალხის სიტყვის გამოთქმასა, ხალხის ენაში მონახოს ფაკტი,

Page 9: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

დამანახოს და მაშინ დავეთანხმები. ენას კანონსა თვითვე ენა აძლევს და არა რაიმე

თეორეტიკა. თქვენ უნდა დაგენახვებინათ განსხვავება ამ ასოთა შორის და ენიდამ ამოღებულ

ფაკტით დაგემტკიცებინათ; მაშინ მე არა მეთქმოდა რა. თქვენი თეორეტიკა თქვენთვინ

შეინახეთ, ეგ ამგვარ საქმეს პასუხს ვერ გასცემს, სხვა უნდა მოინახოს; მერე, ვგონებ, თქვენი

სახელოვანი თეორეტიკაც არა ხმარობს ასოსა ჶ, ეგ ასო ახალი შემოღებულია, არ ვიცი კი

რისთვის. ეგ ასო ქართულს ენაზედ „ფ“-ად იცვლებოდა ხოლმე, მაგ. ფილოსოფია. ამას გარდა

ქართველ გლეხკაცს (თუ ბატონთან არ არის ნამყოფი) მაგ ასოს ხმას ვერც კი

გამოათქმევინებთ, „ჶ“-ს მაგიერათ სულ „ფ“-ს გამოსთქვამს, მინამდინ ბევრჯელ არ

გაამეორ[ებინ]ებთ. სჩანს, ეგ ასო ჩვენის ენის თვისებისა არ არის და რაღათა ხმარობთ?

ეს ასოები, რომლების ხმაც გამოითქმება სხვა ასოებითაც, ეგ ასოები სულ ტყუილად არიან

ჩვენს ანბანში, თუ სულ არა, უფროსთაგანი მაინც; ტყუილად აგძელებენ ანბანსა, აძნელებენ

მართლწერასა და სხვა არაფერს არ შეგვძინებენ. თუ მართლა ეგ ასოები არ ისმის ეხლანდელ

ენაში, რატომ არ უნდა გადაიგდონ? შესუბუქება და გაადვილება მართლწერისა და ანბანისა

განა ცოტა საქმეა? და თუ ისმის, რატომ მაგ ასოების ხმარების კანონს არ ვეძებთ ენაში, რომ

ყველამ ერთნაირათ ვიხმაროთ? ვისაც შინიდგან ფეხი კარში გამოუდგამს, და ანბანთ

თეორეტიკის გარდა, სხვა რამეც უკითხავს, იმას, რასაკვირველია, გაეგება, რომ ეხლა მთელი

ევროპა ცდილობს ყველაფრის განმარტივებას, გაადვილებას და, სხვათა შორის, ანბანისაც და

მართლწერისაც. შორს არ წავალ: აი, თითონ რუსეთში ცდილობენ i, Ђ, ъ-ს ამოშლას თავის

ანბანითგან, რადგანაც ეხლანდელ იმათ ენაში აღარ ისმის ეგ ასოები. მე შემხვედრია წიგნი

1859 წელში, თუ 1860 დაბეჭდილი, სახელდობრივ: «Сказание об языческих богах», (ამ

მართლწერითა), სადაც i, Ђ, ъ არ არიან ხმარებულნი. როგორ გადაწყდება ეს დავა, მე მაგას არ

დავეძებ; მე მომყავს ეს, როგორც ფაკტი, რომელიც ამტკიცებს სურვილს, რომ განმარტივდეს

ანბანიც და მართლწერაც. ჩვენთვისაც ურიგო არ იქნება, რომ მაგ ასოებზედ კარგად

მოვიფიქროთ და, თუ უსაფუძვლოდ არიან ხმარებულნი, ამოიშალონ, როგორც უხმარნი; ეგ

მოაშორებდა ახალ მოსწავლეს რამდენიმე უსარგებლო ასოს სწავლასა და მწერალსაც

გაუადვილებდა წერასა.

ჩვენი მწერალი ქალი, დასცინის რა უნივერსიტეტს და მეც, იქ გაზდილს, ბძანებს, მოჰყავს რა

ჩემი ლექსები:

მისი ლექსი სუბუქ ფრთითა

ხან მეჯლისში შეჰფრინდება,

„თვალ დაკვირვებით“ რომ გავსინჯოთო, ვერ გავიგებთ, ამ ლექსში რის თქმა უნდაო? სიტყვა

ესე „სუბუქ“ ქართული არ არიო, „სუბუქი“ კი არის ქართულიო. ღმერთო! ნეტავი თითონვე

Page 10: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

მაგ გამოჩენილს მწერალს არ ეხმაროს სიტყვა სწორეთ მაგ ფორმაში ჩემ ლექსების ზემოთ,

მაგალითებრ, „თვალ დაკვირვებით“, ბატონო! რაც არ იცით და, პირდაპირ გეტყვით, რაც არ

გესმით, რათ ანბობთ, ეს ასე უნდაო? მართლა- და ძალიან დაუსუსხავს ჩემს კრიტიკას, რომ

მარტო თვალი დაუკვირვებია ჩემს ლექსისათვის ჩვენს თეორეტიკოსსა და გონება კი არ

მიუყოლებია, რომ ჩემი „სუბუქ ფრთითა“ და თქვენი „თვალ დაკვირვებით“ სწორე ქართულია

ამის დასამტკიცებლად ვიტყვი, რომ ეგ ფორმა თქვენვე გიხმარიათ. თუ თქვენ თავს არ

უჯერებთ, თეორეტიკას ჰკითხეთ და, თუ თეორეტიკასაც არ უჯერებთ, აი, თქვენი ნაქები

ჩახრუხაძეც: „თამარ წყნარი, პირ მცინარი“. თქვენის აზრით, „პირ“ ქართული არ არი? აი,

რუსთაველიც: „მოდგა თეთრ ტაიჭოსანი“. „თეთრ“ ქართული არ არი? აი, თ. ორბელიანიც:

„უმწედ, უნუგეშ“, ქართული არ არი განა? აი, უფ. გ. ბარათოვიც „საყვარელ მამულს“.

სუყველგან ერთი და იგივე ფორმაა. ხომ ხედავთ, რომ ნიჭიანებს და უნიჭოსაც კი უხმარია ეგ

ფორმა. აქედამა ჰსჩანს, რომ ხალხიცა ხმარობს, რომ ენაში არის ეგ ფორმა, რომელსაც ანბანთ

თეორეტიკოსები ვერასდროს ვერ შეარყევენ. მაგ ძვირფას თვისებას ჩვენის ენისას, ვისაც

ღვთისაგან განაჩენისა არა ესმის რა, ის თუ წაართმევს, თორემ სხვა არავინა! სახელი ასრებითი

რომ ბრუნვაშია, მის ზემოთ მდგარი, მის ზედშესრული და ნაცვალსახელი შეიძლება რომ

ბრუნვაში არ იყვნენ, რადგანაც ერთი და იგივე მარცვლის განმეორება ზედ[იზედ] არ არი

სასიამოვნო სასმენი, მაგ. „ჩემმა ბედნიერმა მხვედრმა“. აქ მარცვალი „მა“ სამჯერ ზედიზედ

განიმეორება და ამით უკარგავს კეთილხმოვანებას ენასა; რომ ამბობენ, ეს და ეს ენა

პოეტიკურიაო, სხვათა შორის, იმ საფუძვლითაც ამბობენ, რომ ენას მაგისთანა ფორმები და

თვისებები აქვს; მაგგვარებში, ესე იგი, მარცვლების და ხმოვან ასოების მოკლებაში და

დამატებაში ჩვენი ენა არა ენას არ დაუვარდება ქვეყანაზედ. ნიჭიერი მწერალიც იმისთვის

არის სასარგებლო ენისათვის, რომ თავის თხზულებაში ენის სიმდიდრე გამოაჩინოს ხოლმე.

ეს ძვირფასი თვისება ჩვენის ენისა როგორ უნდა დაიძრახოს წინდაუხედავად თეორეტიკის

ზღაპრებით! როგორ უნდა დაუკარგოთ ეგ უკეთესი თვისება ჩვენს ენასა! ცოდვაა,

სასიკვდინო ცოდვაა მაგგვარი წინდაუხედავი მასხარაობა ლიტერატურაში ენაზედა და ენის

უკეთეს თვისებაზედ! მაგრამ თავის მოყვანილ სიტყვებითვე გავამართლებ მაგგვარ ქცევასა:

„მიუტევე, მამაო, რამეთუ არ იციან, რას იტყვიან“.

მერე ჩვენი მწერალი ბძანებს, „ერთის ფრთით ვინა ფრინავსო“? თქვენ თითონ, ჩემო ბატონო,

ესე იგი, მარტო ანბანის თეორეტიკით დაფრინავთ ჩვენ სალიტერატურო ჟურნალში. როცა

ამბობენ: „ჩემის თვალით ვნახეო“, „ჩემის ფეხით მივედიო“, ნუთუ მართლა ერთის „ფეხით“

მიხტოდნენ და ერთის „თვალით“ ხედავდნენ! სულაც არა, მაგრამ ამბობენ კი. მაშასადამე,

ჯერ ხალხს მოაშლევინეთ ეგრეთი ულოღიკო ლაპარაკი და მერე მე. წინათვე მოგახსენეთ,

ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკა.

„და ემდურის ყარიბ მღერით…

ან შენ გიჟმა რა იცოდა…“

Page 11: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

ამაებზედაც ის ანბანთ თეორეტიკის შენიშვნაა, რაც სუბუქზედა. ეგ იმისთვის უხმარიაო, რომ

ლექსში მარცვალი ემატებოდაო; ძალიან კარგათ გამოუცვნია!..

ერთგან კიდევ ჰკვირობს წარჩინებული და ანბანით დახელოვნებული ჩვენი მწერალი:

„ღრუბლიანი დაჰყურებს“ რა არისო? ორჯერ ორი რა არი? ვგონებ ოთხი იყოს. თქვენ რას

იტყვით მაგაზედ? „მოღრუბლული“ უნდა ეთქვაო, კარგი იქნებოდა. არ ვიცი, იმ ანბანთ

თეორეტიკაში ჰსწერია, რას ნიშნავს თანდებული „მო“? თუ არა ჰსწერია, მოგახსენებთ: „მო“

ნიშნავს რისამე მიმართულებას, მაგ. „მოფრინდი, მოდი, მოღრუბლვა“. ამ სიტყვებში ჰსჩანს,

საიდამ საით არის მიქცეული მიმართულება. მე ეგ ღრუბლების მიმართულება არა მქონია

ჩემს აზრად, თორემ უთქვენოდაც ეგრე ვიტყოდი. სადღაც შორს დარჩენილა თქვენი

ღრამმატიკა.

მთელს სტატიაში ერთი ნამდვილი შენიშვნა აქვს ჩვენ მწერალ ქალსა, – ეგ მერცხლის

ჭყივილზედა. მართალიც არის, სწორედ უხერხოდ არის მანდ ეგ ზმნა ხმარებული; მაგრამ ეგ

ლექსის აზრს არ აბნელებს, რადგანაც „მერცხალიც აგერ ჭყივის“-მეთქი, მოვიყვანე

„გაზაფხულის“ ნიშნად და ამისთვის ჭიკჭიკი მეთქო, თუ ჭყივილი, მაინც ის აზრი არ

მოიშლებოდა. მე რომ ჩემის ლექსისათვის დამერქვა „მერცხალი“, მაშინ სხვა იქნებოდა. მაშინ

რომ მეთქო „მერცხალი ჭყივის“, მკითხველი იფიქრებდა: ან ცუდი მერცხალი იქნებოდაო, ან

მწერალს ზმნა ვერ უხმარიაო; ეხლა კი, რადგანაც „გაზაფხული“ ჰქვიან, ეგ ზმნა აზრს არ

აფუჭებს, მაგრამ მაინც ამით არ ვიმართლებ თავს, იმიტომ, რომ მაგ ლექსს ღორი გამოუხატავს

ჩემს კრიტიკოსების მოგონებაში. თუმცა სწორეთ რომ თქვას კაცმა, მარტო ღორი არ

მოაგონდება მაგ ზმნით კაცს: რამდენჯერ გაგვიგია: „ფრინველი ჭყივისო, ყმაწვილს ნუ

აჭყივლებთო“. „ობოლი ვაზი“ კი, უკაცრავად არ ვიყო, თავის ალაგს კარგად არის. თქვენ რომ

„შინიდამ კარში ფეხი გამოგედგათ“, გაიგებდით, რომ ხმარობენ: „ობოლი მარგალიტი,

ობოლი ხე, ობოლი შტო“, მაგრამ თეორეტიკას ძალიან შეუპყრიხართ და სულ შინა ზიხართ,

იმიტომაც არა გაგიგიათ რა, ჩემი რა ბრალია? ერთგან ჩვენი მწერალი ქალი მთხოვს

„შევასმინო მის გაუნათლებელ გონებას განათლებულმა სტუდენტმა“ რა მნიშვნელობა აქვს

სიტყვებს: „ესტეტიკური, სენტიმენტალური, დრამატიზმი და სხვანი; ეს სიტყვები საჭმელად

მიუღია ამ მწერალ ქალსა. მე აქ არა მეთქმის რა ამის გარდა, რომ ეგ სიტყვები სუსტ

არსებისათვის ძალიან ძნელი მოსანელებელია. ამ სიტყვებს რაც შეეხება, იმის პასუხს

მოვახსენებ თ. ერისთავს, როცა იმის სტატიაზედ ვიტყვი რასმეს.

ერთგან კიდევ ბძანებს ჩვენი მწერალი ქალი, რომ „ჭავჭავაძეს ძალიან საკვირველად მიაჩნია,

რომ არა გვყვანან შექსპირისავით, ბაირონსავით და სხვათა ევროპიის გამოჩენილ პოეტთა

მზგავსნი“. სულაც არა, თქვენმა მზემა! ეგ იმას უნდა მიაჩნდეს, ვინც ანბანის თეორეტიკის

სწავლას ხელოვნების სწავლას ეძახის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის დამოკიდებულება

ხელოვნებისა, პოეზიისა ხალხთა ცხოვრებაზედ; ეგეც კარგად ვიცით, რომ მაგისთანა ობოლ

მარგალიტებს ძალიან იშვიათად მოჰყრის ხოლმე მდინარე ცხოვრებისა. პოეტსა ხალხი

Page 12: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

დაჰბადავს და ხალხის ცხოვრება ძუძუს აწოვებს; ამ საფუძველით ამბობენ, პოეზია ხალხის

ცხოვრების გამომთქმელიაო. ჯერ უნდა ხალხმა დაიმუშაოს თავისი სულიერი ბუნება,

შეანძრიოს თავის უკვდავების ძარღვი, მოამზადოს მასალა თავის ცხოვრებითა და მერე

თავისთავად, უთქვენ-ბძანებლოთ ძლიერი სული გენიისა ძლიერად გამოჰსცემს პასუხს

ხალხის განვითარებასა. თუნდა რომ იყვნენ ეხლა ჩვენში ბაირონის თანასწორნი ნიჭნი, ეს

ნიჭნი ბაირონის ოდენას თავის დღეში ვერ იქმოდნენ; ის ნიჭნი საზდოს ვერ იპოვიან ჩვენს

ცხოვრებაში; დევს დევის ძუძუ გამოზდის და, თუ ჩვეულებრივ ადამიანის ძუძუთი

გაიზარდა, ის დევი აღარ იქმნება, თუმცა კი არც ჩვეულებრივ ადამიანს ეგვანება. დიდს გენიას

დიდი საზდოც უნდა მისცეს ჩვენმა ცხოვრებამა; იმ დრომდინ, დროთა ბრუნვის ძალითა, ჩვენ

უნდა დავსჯერდეთ მას, რაც ეხლანდელ ჩვენ ცხოვრების კითხვაზედ აძლევენ პასუხს

ნიჭიერნი ჩვენი მწერლები. ბაირონამდინ და შექსპირამდინ მე და თქვენ ბევრჯელ

დავიქანცებით რითმების ბეჭვაში და მარხვების ტრაკტაციების ბღარჯნაში, მაგრამ მაინც კი

ერთს ბეწვს სარგებლობას არ მივსცემთ მაგითი ჩვენს ლიტერატურას.

ჩვენი მწერალი ბრძანებს, რომ ისინი სწერენ არა დიდებისათვის, არა ილია ჭავჭავაძის

მოსაწონებლად, არამედ „ცისკარისათვის“ უანგაროდა. დიდების უსიყვარულობა ძალიან

საქებელია, მაგრამ მე და თქვენისთანა თანამშრომელებმაც რომ ხელი და კალამი შეასვენონ,

„ცისკარი“ უფრო უკეთესს დღეებსა ნახავს. ეს არის ჩვენი უბედურობა, ჩვენისთანა

თანამშრომლები ჰყავს „ცისკარსა“, თანმაშრომლები კი არა, «бездельники деловые»,

პუშკინისა არ იყოს, ესე იგი, უსაქმო საქმიანები რომელნიც უფრო ახდენენ საქმეს, ვიდრე

აკეთებენ. ძალიან გვიხარიან, რომ ჩვენი მწერალი ქალი აღარ აპირებს ჩემზედ პასუხის

დაწერას და, თუ პოეტობაზედაც ხელს აიღებს, – ღმერთი, რჯული – დიდ ღვაწლს მხოლოდ

მაშინ დასდებს ჩვენს „ცისკარსა“.

ერთგან ბძანებს: „იქნება, როგორც უსწავლელში, მრავალი ნაკლულევანება ნახოს ჩემს

ლექსებში (იქნება კი არა, სწორედ ნამდვილად), მაგრამ, რასაკვირველია, მეც რომ იმისავით

სასწავლებელში გავზდილვიყავ (ძალიან ვწუხვარ, რომ არ გაზდილხართ და, თუ

გაზდილიყავით, მაინც კიდევ პოეტი ვერ შეიქმნებოდით. გეტე ანბობს: „მხოლოდ ბუნება

ჰქმნის პოეტსაო“), შეცდომებს მორიდებული ვიქნებოდი“. მწერალი ქალი უსაფუძვლოდ,

ჩვეულებისამებრ, შიშობს, რომ მე ვითომც ლექსებს გავურჩევდი. თუ თ. ერისთავის თარგმანი

გავარჩიე, აქედან არა ჰსჩანს, რომ კნ. ბ. ჯორჯაძის ლექსებსაც გავარჩევ. თუ არ მოცლილი

კაცი, რომელი ადამიანი დაიწყობს გამარგლვას იმ კვლებისას, რომლიდგანაც არაფერს არ

ელის იმავ ბალახის აღმოსვლის მეტს; იმ კაცს ზღაპრებში ნაცარქექიას ეძახიან და მე

როგორღაც არ მამწონს ეგ სახელი.

დასასრულ, ჩვენი მწერალი ქალი ეპატიჟება თავის მოძმეთა მწერალთა (?) და სხვათა შორის

თ. რევაზ ერისთავსაც, რომ არ მოაკლონ თავიანთ ნიჭის სხივები დამზრალს „ცისკარს“.

მიბძანდით, მიბძადით, ჩვენი მწერალი ქალის მოძმენო მწერალნო, და შეადგინეთ კვარტეტი

კრილოვისა, თორემ ჩვენ მწერალ ქალს ეშინიან, რომ მარტოკა დარჩება რითმების მბეჭველთა

რაზმში. მიბძანდით, მიბძანდით, ამ მწერალ ქალის მოძმენო, მწერალნო! თუ ნიჭი არა გაქვსთ

Page 13: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

წერისა, ნუ გეშინიანთ, უნიჭოდაც გამოჰსჩნდებით, როგორც გამოჰსჩნდა თვითონ ჩვენი

მწერალი ქალი. თუ ცოდნა არა გაქვსთ, ნურც მაგისი გეშინიანთ, უცოდინარობითაც სახელს

დაიგდებთ: ხომ ხედავთ, სწავლასაც დაჰსცინიან, უნივერსიტეტსაც და შინიდგან

გამოუსვლელობით და უსწავლელობით მოჰკვეხენ! თუ ხელოვნება არ იცით, მაგის წამალიც

ხელთა აქვს ჩვენ მწერალ ქალს – ანბანთ თეორეტიკა. გზა მშვიდობისა, ჩვენ მწერალ ქალის

მოძმენო მწერალნო! გზა მშვიდობისა! მოვა დღე კრიტიკის განკითხვისა და მართალთ

მარჯვნივ დააყენებენ და ცოდვილთ მარცხნივ, მაშინ ბევრიც რომ იძახოთ, დაპატიჟებულები

ვიყავითო და ანბანთ თეორეტიკაც ვიცითო, მაინც კიდევ დაუნდობელი სიმართლე

კრიტიკისა გაგგზავნით თავის დაუნდობელ ჯოჯოხეთში. აბა, იქ იქნება „ღრჭენა კბილთა და

ხორცის გლეჯა“!

თ. ერისთავის პასუხის აზრი ის არის, რომ მე ვითომც, განხილვის მაგიერათ ლანძღვა

დამეწეროს. ამას ჩემს აპრილის სტატიაზედ მარტო ისინი იტყვიან, ვისაც თავის დღეში

კომპლიმენტების მეტი არა გაუგონია რა. მე ყიზილბაშობა არც მყვარებია და არც მიყვარს, მე

როგორც მესმის, ისე ვლაპარაკობ და პირდაპირ ვეუბნები კაცს: ეს ცუდია და ეს კარგია-მეთქი.

ჩემს განხილვას ლანძღვას ისინი დაარქმევენ, ვისაც ანბანის თეორეტიკის მეტი არა წიგნი არ

უნახავს თვალით და ვისაც მართალი სიტყვა, პირდაპირ ნათქვამი, არ გაუგია თავის დღეში.

აბა, წაიკითხეთ გრაფ პლატენის ლექსების გარჩევა სახელოვან ჰეინისა, აბა, განიხილეთ

ბელინსკის სტატიები, სადაც უნიჭო მწერლებზედ ლაპარაკობს და სხვათა შორის

ბულგარინზედ და ბარონ ბრამბეუსზედ. ლანძღვა ის არის, რომ იტყვი და არას დაამტკიცებ:

დაუმტკიცებელი და უსაფუძვლო ქებაც კი ლანძღვაზედ საწყენია პატიოსან კაცისათვის. მე

რაც ვსთქვი, ის დავამტკიცე კიდეცა, როგორც შემეძლო; რომ დავამტკიცე, ამის მოწმად

მომყავს ის ფაქტი, რომ არც ერთი ჩემი კრიტიკოსები არ არღვევენ არც ერთს ჩემს აზრსა. რაც

დამტკიცებულია, ის მართალია; რაც მართალია, ის ლანძღვა არ არის. ლანძღვა ის არის, რომ

დარბაისელ კაცს კუკის ჩუქება გაუბედო სახსოვრად, ესე იგი, როგორც ჩვენს „ცისკარს“ კნ. ბ.

ჯორჯაძისამ მიართვა თავის სახსოვრად „რამოდენიმე აზრი“, ანბანის თეორეტიკაზედ

დამყარებული. თ. ერისთავი, მართალია, ცდილა ჩემი აზრების დარღვევასა, მაგრამ, ჩემის

ფიქრით, ვერ დაურღვევია. მე არ მინდა სამასხარაოდ გავხადო ეს სტატია, თორემ ზოგიერთს

უმანკო აზრს თ. ერისთავისას გამოვეკიდებოდი და თ. ერისთავის სტატიის მერვე

სტრიქონიდგანვე დავიწყობდი განრჩევას. ეგ მარტო თეორეტიკოსებსა ჰშვენით; იმათ

შეუძლიანთ ტფილისიდამ უბერონ პეტერბურღის უნივერსიტეტსა, რათა გადააქციონ, რომ

ანბანთ თეორეტიკას გასავალი ჰქონდეს ხალხში; იმათ და მარტო იმათ შეუძლიანთ

დაჰსძრახონ სტუდენტის სახელით მაგ სახელის მქონებელი. ეგ იმათ შეშვენისთ, რადგანაც

იმათთვის ანბანის თეორეტიკას სხვა საგანი არ მიუცია სალაპარაკოდა. თუნდა ეგ არ იყოს,

სულ შინ მჯდომელს სხვა რა საქმე უნდა ჰქონდეს, თუ არ მაგისთანა კეთილგონიერი

მასხარაობა განათლებაზედ. მაღალ სასწავლებელს დაბალი გონება ვერ მისწვდება, ტყუილია!

თ. ერისთავი ბძანებს: „ჩაფლვა ოცნებაში“ დიდ ჩირქიანად მიაჩნია ჭავჭავაძესაო; ვგონებ

„წირპლიანობა და ბრახაბრუხი“ უფრო უარგისი ლექსები იყვნენო. „ოცნებაში ჩაფლვა“

Page 14: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

შეუძლებლია, ჩემის ფიქრით, თორემ ძალიან კადნიერია. თუ ჩემი ლექსები, თქვენის

სიტყვით, უფრო უვარგისნი და უკადრისნი არიან თქვენს „ოცნებაში ჩაფლვაზედა“,

მაშასადამე, თქვენი ოცნებეებში ჩაფლვაც უვარგისი ყოფილა; მეც უნდა ეგ მეთქო და სხვა

არაფერი. ამასაც მოგახსენებთ, რომ უკადრისი სიტყვები ქვეყანაზედ არ არიან, მხოლოდ აზრი

იქმნება უკადრისად გამოთქმული სიტყვებთაგან. უარგისი სიტყვაც არ არის ქვეყანაზედ. თუ

ხალხი ხმარობს, მაშასადამე ვარგისიანია. მე რომ სხვის გემოვნებითა ვსცხოვრობდე, როგორც

უფ. ბარათოვი ანტონ კათალიკოზის გემოვნებითა[1], მე თქვენ მოგიწონებდით მაგგვარ

აზრის განსახოვნებასა, რადგანაც თვით ალექსანდრე ჭავჭავაძეს აქვს ხმარებული თითქმის

სწორედ ეგრე: „ფიქრებში ჩაფლული“, მაგრამ ეგ ჩაფლვა არც იქ მომწონს და არც აქა. „ჩაფლვა“

ხოლოდ იმაზედ ითქმის, სადაც საფლობი საგანი აგრძნობინებს მას, რაც იფლვება, რაიმე

სიმაგრესა (плотность). წყალშიაც არ ითქმის ჩაფლვა, თორემ ოცნებაში ხომ უფრო არა.

მწერალს აქვს უფლება თქვას ისრე, როგორც მოჰსწონს, როგორც ეხერხება, კრიტიკოსსა –

შენიშნოს, და ხალხსა – მიიღოს მწერლის ნათქვამი, ხოლოდ ეს უფლება ხალხს ეკუთვნის. თუ

ხალხმა მოიწონა ეგ ოცნებებში ჩაფლვა, ხომ მიიღებს კიდეცა, თუ არ მოიწონა, ბევრიც რომ

იყვიროს უფ. გ. ბარათოვმა, რომ თ. ერისთავი ცუდად არას ამბობსო, მაინც კიდევ ხალხი არ

მიიღებს. შემდეგ ერისთავი ამტკიცებს იმ სახელოვანის სულთქმის გაგების შეძლებას, ვითომ

ჯერ ორთქლი დავინახეო, რადგანაც ზამთარი იყოვო. ეს დამტკიცება თავისთავსვე არღვევს,

ჩვენ მაგაზედ არა გვეთქმის რა. მერე ეგეც თუნდა შესაძლებელი იყოს, მე რა უფლება მქონდა,

რომ ამ ლექსებში:

ძველ კარის-ბჭეში კანდელი ბჟუტავს,

მის სიახლოვეს ვიღაცა სუნთქავს,

დამემატებინა, რომ უთუოდ ჯერ ორთქლი დაუნახავს და აქედამ გამოუყვანია, რომ კიდეც

სუნთქავს. მაგგვარი დამატების უფლება მარტო უფალ გ. ბარათოვსა ჰქონია, ეგ იმასა შვენის.

იქნება თ. ერისთავის გულში ბევრიც სხვა რამ იყოს, მე საიდამ უნდა ვიცოდე? ეგ სწორეთ

იმასა ჰგავს: „ამირან გულში მღეროდაო, ყმებო, ბანი მითხარითო!“ თუ ეგ ორთქლი

დაგინახავთ და მაგის თქმა გინდოდათ, ბატონო, იქავ უნდა გეთქვათ და არა შვიდ თვეს

შემდეგ.

მე ჩემ აპრილის სტატიაში, სხვათა შორის, ვსთქვი ამ ლექსებზედ:

„დილით თუ ღამე ვფიქრობ მაზედა,

ცრემლი არ მშრება არც ერთს თვალზედა“,

რა ნუგეშია მეთქი, რომ ერთს თვალზედ შეშრეს ცრემლი და მეორედამ კი ჰსცვიოდეს. ამაზედ

ამბობს თ. ერისთავი: „ხან იმასა წყრება დალოცვილი ჭავჭავაძე თავისის მეხის სიტყვით,

შეშლილი ჭკვიანურად რათ ლაპარაკობსო, და ეხლა ამაზედა ჯავრობსო, რატომ რიგიანად არ

Page 15: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

უთქვამსო“. ხომ კაზლოვს არა აქვს ეგ აზრი ხმარებული, თუნდ რომ მართლა ეგრე იყოს? თუ

არა აქვს, თქვენ რა უფლება გაქვსთ, რომ ჰსთარგმნით და აზრებსა ცვლით? კიდეც მაგ

საფუძვლითა ვსთქვი, რომ თქვენი თარგმანი არა ჰგავს კაზლოვის „შეშლილსა“-მეთქი. ეხლა

თქვენვე მამართლებთ და მე აქ არა მეთქმის რა, მადლობის მეტი. მე ჭკვიანობა კაზლოვის

შეშლილს შევსწამე და მართალიც არის; თქვენ რა უფლება გქონდათ, რომ ეგრე უწყალოდ

შეშალეთ კაზლოვის შეშლილი, როცა თითონ მწერალს ვერ შეუშლია? კაზლოვს მაგ ლექსის

აზრი არსად არა აქვს, მაშასადამე, თქვენ დაგიმატებიათ და ამ დამატებით შეგიცვლიათ. მეც

მაგასა ვჩიოდი ჩემ აპრილის სტატიაში, სხვათა შორის. თუნდ ეგ არ იყოს, სწორეთა ბძანეთ,

ხელოვნებაა მაგგვარ ლექსის თქმა? აქაო და გიჟიაო, ხომ არ ვათქმევინებთ, რომ ჩემი თმები

ტირიანო? ეგ ხელოვნებაა, რომელიც დაგვითმია კნ. ბ. ჯორჯაძისათვის, ეგ იმათ მიეტევებათ,

რომელთაც მარტო ანბანის თეორეტიკა და გალახოვის ქრესტომატია უკითხავთ და თქვენ კი

არა. თქვენ, როგორც გვახსოვს თქვენი წვრილი ლექსები, ლერმონტოვი, ჟუკოვსკი და

კალცოვიც გიკითხავთ, მაშასადამე, კაცმა თქვენგან არ უნდა მოიწონოს მაგგვარი ანბანთ-

თეორეტიკული ხელოვნება.

„მის საშინელსა ჩემსა ტანჯვასა…“

სწორედ უ და ე ამრევია, რომ ეგრეთ ამოვსწერე. საქვეყნოდ თქვენ წინ ბოდიშს ვიხდი!

მართლა-და, თქვენი არ იყოს, ძალიან ზაფრა მომრევია, რომ სიცხარით „უ“ და „ე“ ვერ

გამომირჩევია და ამოდენა არ მომიფიქრებია, რომ მაგისთანა შეცდომა კორეკტურის ბრალი

იქნებოდა, თუ იქნებოდა, და არა მწერლისა. საქვეყნოდ ბოდიშს ვიხდი თქვენთანა! სხვა რაც

შეეხება „უ“ და „ე“-ს გარჩევაზედ მასხარაობას, თქვენ არაფერი არ უნდა გეთქვათ, ეგ უნდა

უფ. გ. ბარათოვისათვის დაგეთმოთ, რადგანაც იმას უფრო კაი ღრეჭა სცოდნია და ასეთი

მკვირცხლი ფანტაზია ჰქონია, რომ ეგ დაინახავდა უცოდინარობას. აი, მაგალითიც: ჩემ

აპრილის სტატიაში რედაქციას შეცდომით მოუწერია ბოლოს, 1860 წ. ნოემბრის 5 მაგიერად,

1861 წელი, ნოემბრის ხუთი, როგორც მაისის ნომერში თ. რაფიელ ერისთავის „მოხუცის

ნაამბობის“ წინასიტყვაობის ბოლოს მოუწერია: 1867 წელი. ამაზედ ძალიან მასხარაობს

გულწრფელი თ. გ. ბარათოვი. 1861 წ. ნოემბრის თვემდინ აპრილიდგან ჯერ კიდევ შვიდი თვე

იყო და ის ვერ მოუფიქრებია, რომ, რაც უნდა შვიდი თვეს შემდეგ დაიწეროს, ის შვიდ თვეს

წინათ ვერ დაიბეჭდება, როგორც შვიდ თვეს შემდეგ დასაბადებელი შვიდ თვეს წინათ არ

ინათლება. ოხ, მარტივო კაცის სიმარტივევ! ოხ, მარტივო მახვილგონიერებავ! ეგ ამგვარ

კრიტიკოსებს დაანებეთ, ეგ იმათი საქმეა; „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ნათქვამია;

დაე, მოეჭიდოს, მე და თქვენ კარგად ვიცით, რომ ხავსი ვერას უშველის, მაინც წყალი წაიღებს.

ჩემს „ჰაჯი-აბრეკზედ“ ბძანებთ, როგორც „შეშლილიო“, ისე თქვენი „ჰაჯი- აბრეკიაო“, დიდი

შესაძინებელი არა არის რაო ჩვენი ლიტერატურისათვის. რომ თქვენი „შეშლილი“ არ არი

შესაძინებელი, ეს, ვგონებ, დაგიმტკიცეთ, ეხლა რიგი თქვენზეა.

Page 16: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

თ. ერისთავი იმართლებს თავს „შეშლილის“ უარგისობაში იმით, რომ ათის წლის წინათ

ვთარგმნეო. თუნდ რომ ოცდაათის წლის წინათ გეთარგმნოთ, მაინც კიდევ იმას გეტყოდით,

რასაც ეხლა მოგახსენებთ: არც მაშინ ვარგებულა ეგ „შეშლილი“ და არც ეხლა ვარგა; თქვენი

ყმაწვილობა ვერ გაამართლებს მაგ თარგმანის სიცუდესა და ვერც ვერარა ღირსებასა მისცემს.

მერე თ. ერისთავი ბძანებს ამ ჩემ სიტყვებზედ: „ჩვენ სულ მაგ მამაპაპურმა ძილმა

დაგვღუპაო“, – ეს აზრი ჩვენს მამა-პაპებზედ ხოლოდ იმათ ექნებათო, რომელთაც ჩვენის მამა-

პაპების ცხოვრების ინჩიც არ იციანო. ეგ მამა-პაპებზედ კი არ არის ნათქვამი, ეგ იმ ძილზედ

არის, რომელიც, მაგალითებრ, უფ. გ. ბარათოვს ჩემს ამ ლექსში:

მამულო საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები!

მწვანე ბალახის ნატვრას აზმანებს ხოლმე.

არსებითი ზმნის დაკლებაზედ კი ნურასა ბძანებთ, ეგ გადაწყვეტილად არ შეიძლება ჩვენს

ენაში. თუნდ თეორეტიკასა ჰკითხეთ. იქ აზრი არამც თუ ცხადია, სადაც ზმნა აკლია, იქ თვით

აზრიც არ არის, იმიტომ რომ სხვათა სიტყვის ნაწილებშორის მარტო ზმნა არის აზრის

გამომეტყველი. სადაც ზმნა არ არი, იქ ხომ წინადადებაც არ არი, მაშასადამე, არც აზრია,

რადგანაც წინადადება გამოთქმაა აზრისა. რუსული ენა არსებითი ზმნაზედ სულ სხვა

კანონებსა სდებს. ეგ ჩვენი საქმე არ არი.

ორგინალი, სენტიმენტალური და სხვანი მაგგვარი სიტყვები, ხმარებული ჩემს აპრილის

სტატიაში, თქვენ უცხო სიტყვებად მიგიღიათ. ეგ, მართალია, ქართული სიტყვები არ არი,

მთელი კაცობრივობა კი ხმარობს. ყოველ ხალხსა, ცოტაოდენ განვითარებულს და

ფეხშედგმულს ევროპიის განათლებაში, შემოუტანია და მიუღია ეგ სიტყვები, როგორც თავის

ღვიძლი ენის ლექსნი; მაშასადამე, არც ჩვენთვის არის დასაძრახისი, რომ ჩვენც ვიხმაროთ.

თუ კნ. ბ. ჯორჯაძისას არ ესმის ეგ სიტყვები, ჩემი რა ბრალია. მიბძანებს, აგვიხსენიო: მე

არაფრის მასწავლებელი არა ვარ და ნამეტნავად ანბანისა, რომ ეგენი აგიხსნათ. თუ ამას

იტყვით, რომ ვერ შესძლო ახსნაო, ეგ თქვენი ნებაა. უსაფუძვლო ლაპარაკი საშიში არ არი. თუ

მე ვერ შევძელ, რუსული Объяснительный словарь иностранных слов ხომ ხელთა მაქვს, იქიდამ

მაინც გადმოგითარგმნიდით, რომ სხვა არა იყოს რა. მე „ოსტროვები“, „ლინიები“ და სხვა

გარმიანული სიტყვები (და არა გარმონიული, როგორც რედაქციას გადაუსხვაფერებია)

ამისთვის დავძრახე, რომ მაგის თანასწორ მნიშვნელობის სიტყვები არიან ჩვენს ენაში და

ისინი, რომელნიც ჩემს აპრილის სტატიაში მე მიხმარია, ვერ იპოვიან თავიანთ მნიშვნელობის

სიტყვებს. მე რომ ახალი სიტყვები მომეგონა და შემედგინა მაგ სიტყვების

მნიშვნელობისათვის, ისინიც ისე გაუგებარნი იქნებოდნენ ყველასათვის, როგორც ეხლა ეგენი

Page 17: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

არიან გაუგებარნი ზოგიერთისთვის. განათლებულს კაცს მაინც ესმის ეგ სიტყვვები და იმ

ქართულსა, რომელსაც მე შევადგენდი, ვერც განათლებული გაიგებდა და ვერც

გაუნათლებელი. თუნდ რომ მე არ ვიხამრო ეგ სიტყვები, მაინც კიდევ უთუოდ

შემოგვეპარებიან, როგორც შემოგვეპარნენ: პოემა, პოეზია, ფილოსოფია, კრიტიკა, სტატია,

ლოღიკა და სხვანი მრავალნი. ეგ არა ხალხს არ დაეძრახება, ის ჰსცრუობს, რომელია ძრახავს

მაგგვარ სიტყვების შემოტანას ენაში.

თ. ერისთავი მძრახავს, რომ ცუდ მწერლად ვახსენე კარამზინი, ამ სიტყვებითა: „კარამზინს

ისრე უპატიოდ ხსენება არ შეესაბამება, იმას იმისთანა უსაფუძვლო სიტყვებით ვერავინ

მიიღებს, თავის შრომით, ჭკუით და განათლებით მოპოვებულს და დამკვიდრებულს

ღირსებას გამოჩენილის მწერლისას რუსეთში, იმის ღვაწლის შერხევას უბრალოდ ნურავინ

ეცდება“. თ. ერისთავი სულ ამაოდ ჰფანტავს თავის რიტორულს აღფრთოვანებას და

სიტყვიერებას ამაზედა. ვინ შეარყია ღვაწლი კარამზინისა რუსეთზედა? მე მარტო

კარამზინზედ ისა ვსთქვი, რასაც თითონ რუსები ამბობენ. ეს უნდა კარგად იცოდეთ, რომ

ლიტერატორს სხვადასხვა მნიშვნელობა ექმნება: აზრით, მიმართულობით და ენის

წარმატებით; ესეც კარგად უნდა იცოდეთ, რომ ერთის ხალხის ლიტერატორს მეორე სხვა

ხალხისათვის ერთი და იგივე მნიშვნელობა არა აქვს. მწერალს თავის ხალხისათვის ექმნება

მნიშვნელობა: აზრით, მიმართულობით, ენის წარმატებით და მოქმედებით, როგორცა

ვსთქვი. სხვა უცხო ხალხისათვის კი მარტო თავის აზრით და თავის მიმართულობით.

კარამზინი, როგორც პოეტი, არ არის პატივცემული რუსეთში, უნიჭოს ეძახიან; მის

თხზულების მიმართულობაც დაწუნებულია და მხოლოდ იმისთვის სიამაყით ახსენებენ

მაგის სახელსა, რომ რუსული ენის აღდგინება მაგან დაიწყო რუსეთში და პირველად მაგან

დაიმუშავა თავის ქვეყნის ისტორია. აი, რა მნიშვნელობა აქვს კარამზინსა რუსეთისთვის. სულ

ეგ ორი დიდი საქმე რუსეთისათვის – უქმია ქართველებისათვის. კარამზინმა რუსეთის ენა

აღადგინა და რუსეთის ისტორია დაიმუშავა, მაგითი ქართველებს რა შეგვემატა? კარამზინს

მარტო ხელოვნებითის სიტყვების მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისა და ეგ მნიშვნელობა

რუსეთშიაც დაცინებულია. მე კარამზინი ჩემს აპრილის სტატიაში ხოლოდ მაგ მხრით

გავსინჯე, ესე იგი, ხელოვნების მხრით, რომელსაც ჩვენს პოეზიაზედ გავლენა შეუძლიან, თუ

ავყევით კარამზინის მიმართულებას. სხვა, მეორე მხარე კარამზინის მოქმედებისა არ

შეეხებოდა ჩემს აპრილის სტატიას, იმიტომ რომ მე კარამზინს არა ვსინჯავდი, მე ვსინჯავდი

მარტო კაზლოვს, რომელიც იყო კარამზინი ცდომილ მიმართულების გავლენის ქვეშა.

როცა ცრუ-კლასიკური მიმართულება ეცემოდა ევროპიაში და იბადებოდა ნელ- ნელა

რომანტიკული მიმართულება, რომლის წარმომადგენელი შეიქმნა ბოლოს დიდი შილლერი;

როცა გამოჰსჩნდა გეტე თავის „ვერტერით“, ბერნარდენ დე-სენ- პიერი თავის „პოლ და

ვირგინიით“, ჟან-ჟაკ რუსო თავის „ელოიზით“, მაშინ ევროპას პირველად ეცა დამატკბობელი

სხივი პოეზიისა; მაშინ ცრუკლასიკურ მიმართულებით დათრგუნვილნი მწერალნი

მივარდნენ მშიერსავით ახალშობილს პოეზიის მიმართულებასა; მაგრამ პირველად ვერ იცნეს

ვერც გეტეს „ვერტერი“, ვერც „ელოიზა“ ჟან-ჟაკ რუსოსი და ვერც „პოლ და ვირგინია“

Page 18: .- ). 14 , 1861პასუხი (ვუძღვნი თ. ალ. ვახტანგის ძეს ჯ.-ორბელიანს და იმ პირთა, ვინც

ბერნარდენ დე-სენ-სიერისა: ამათში სენტიმენტალური სული მოესმათ, ეგ სული მამულთა

მისთა განავითარეს და დაჰბადეს სენტიმენტალური სხოლა, რომლის წარმომადგენელი

რუსეთში შეიქმნა კარამზინი. როგორც პოეტიო კარამზინი უნიჭო იყოვო, ამბობენ რუსები, და

მიმართულებითაც სენტიმენტალურის სხოლისა იყო. ამ თვისებაების პატრონი არ იქნება

თავის დღეში სახელოვანი მწერალი, ეგ დამტკიცებულია ეხლანდელ მიხედვით. რომ

სენტიმენტალური მიმართულება არავისთვის არ არის საჭირო და, სხვათა შორის,

ჩვენთვისაც, ამას თქმა აღარ უნდა. მაშასადამე, კარამზინი მაგ მხრით ჩვენთვისაც და

რუსებისთვისაც უარგისია; მეც ეგა ვსთქვი ჩემს აპრილის სტატიაში.

უმაგისოდაც სენტიმენტალურ მიმართულების მაგალითები გვაქვს ჩვენს ლიტერატურაში,

მაგალითებრ, „ვარდ-ბულბულიანი“ და „შამი-ფარვანიანი“; რომანტიკულის

მიმართულებისაც გვქონია ჩვენ მაგალითი ჩვენს ლიტერატურაში, მაგალითებრ, „ვეფხვის-

ტყაოსანი“; ცრუკლასიკურიც, მაგალითებრ, სულ იმ მწერლების მიმართულება, რომელთაც

მიბაძეს მარტო გარეგან ფორმასა ჩვენ უკვდავის რუსთაველის „ვეფხვის-ტყაოსნისას“ და ვერ

გაიგეს კი, რომ „ვეფხვის- ტყაოსანი“ თუ არის უკვდავი, არა მარტო თავის ფორმით, არამედ

თავის შინაგან ღირსებაებით. მაგრამ ამაზედ მერე მოვილაპარაკებთ, მაშინ, როცა ჩვენი

ლიტერატურა წარმოგვიდგენს სხვა მაგალითებსაც ჩვენ წინადადებულ აზრის

დასამტკიცებლად.