Download - ორჰან ფამუქი ჯევდეთ ბეი და მისი ......ორჰან ფამუქი ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები

Transcript
  • ორჰან ფამუქი

    ჯევდეთ ბეი და მისი

    ვაჟიშვილები

    ნაწილი I.

    თავი 1. დილა

    – ღამის პერანგის სახელოები, ზურგი... ზეწარი, ოჰ, ოჰ, ოჰ, საწოლიც კი სველია!

    მართლა ყველაფერი სველია... გამეღვიძა კიდეც, – წაიბურტყუნა ჯევდეთ ბეიმ.

    ყველაფერი სველი იყო, როგორც წეღანდელ სიზმარში. ბუზღუნით გადაბრუნდა

    საწოლში. სიზმარი გაახსენდა და შეშინდა. სიზმარში მასწავლებლის წინ იჯდა

    ქულას[1] დაწყებით სკოლაში. სველი ბალიშიდან თავი წამოსწია და წამოჯდა. „დიახ,

    მასწავლებლის წინ ვისხედით. მთელი საკლასო ოთახი მუხლებამდე წყლით იყო

    სავსე. რატომ? იმიტომ, რომ ჭერს გასდიოდა. ჩამონაჟონი მარილიანი წყალი შუბლსა

    და მკერდზე ჩამომწურწურებდა და მთელ ოთახს ავსებდა. მასწავლებელს ჯოხი

    ჩემკენ მოეშვირა, ეს ყველაფერი ჯევდეთის ბრალიაო, გაიძახოდა...“ ამხანგები მისკენ

    მიბრუნებულიყვნენ და საყვედურით შესცქეროდნენ, თითქოს მართლა მისი ბრალი

    ყოფილიყო. ორი წლით უფროსი ძმა კი გამკილავად უყურებდა. როცა ყველაფერი ეს

    წარმოიდგინა, შეკრთა. მერე მასწავლებელი მთელი კლასის ბიჭებს დაერია ჯოხით,

    თითო სილაც ყველას გააწნა. მას კი არც მიჰკარებია, არ დაუსჯია ჭერიდან ჩამოსული

    წყლის გამო: „მე ყველასგან განვსხვავდებოდი, ვიყავი ხოლმე ჩემთვის, არაფრად

    მაგდებდნენ, – გაიფიქრა ჯევდეთ ბეიმ, – თუმცა, ვერავინ მიბედავდა თითის

    დაკარებას. სკოლა კი წყლით ივსებოდა.“ საზარელი სიზმარი მალე სასიამოვნო და

    მხიარულ ფიქრებად ექცა: „მე ყველასგან განვსხვავდებოდი. მე მარტო ვიყავი, მაგრამ

    მაინც ვერ მსჯიდნენ.“ გაახსენდა, როგორ ავიდა სკოლის სახურავზე და როგორ

    შემოემტვრა კრამიტი: „რამდენი წლისა ვიყავი? შვიდის. ახლა ოცდაჩვიდმეტის ვარ.

    დავინიშნე, მალე ცოლსაც შევირთავ.“ დანიშნულის გახსენებაზე აღელდა: „დიახ,

    მალე დავქორწინდები, შემდეგ... ღმერთო, ისევ ფუჭად ვკარგავ დროს,

    დამაგვიანდა!“ დროის გასაგებად, როგორც სჩვეოდა ხოლმე, ფანჯარასთან მივიდა,

    ფარდებს შორის გაიხედა. გარეთ უცნაური სინათლე და ნისლი იდგა. მზე უკვე

    ამოსულიყო. უცებ თავის ამ ჩვევაზე გული მოუვიდა, მოტრიალდა და საათს შეხედა,

    ვაიმე, მართლა მაგვიანდებაო, ჩაილაპარაკა და საპირფარეშოსკენ გაიქცა.

    დაბანილი და მოწესრიგებული მხიარულ გუნებაზე დადგა. პირის პარსვისას ისევ

    სიზმარზე ფიქრობდა. საღამოს შუქრუ ფაშასთან[2] უნდა მისულიყო. ამიტომ ახალი,

  • გაკრიალებული შარვალ-კოსტუმი და საყელოგახამებული პერანგი ჩაიცვა და,

    თავისი აზრით, ყველაზე ელეგანტური ჰალსტუხიც გაიკეთა. თავზე ნიშნობისათვის

    შეძენილი ფესი[3] დაიხურა. ბოლოს პატარა სარკეში ჩაიხედა და დაასკვნა, რომ

    სწორედ ისე გამოიყურებოდა, როგორც უნდოდა. თუმცა, მალე ისევ სევდა მოერია:

    მთელ ამ მოხდენილ ტანსაცმელში, მღელვარებაში, რომელსაც დანიშნულთან

    მიმავალი გრძნობდა, რაღაც იყო სასაცილო.ფარდები გადასწია. ნისლს შეჰზადებაშის

    მეჩეთის მინარეთები დაეფარა, მაგრამ გუმბათამდე ვეღარ ჩამოეღწია. მახლობელ

    ბაღში ფანჩატური ჩვეულებრივზე უფრო მწვანედ მოჩანდა: „ცხელი დღე იქნება,“–

    გაიფიქრა. ფანჩატურის ქვეშ კატა ზანტად ილოკავდა ბეწვს. ჯევდეთ ბეიმ

    ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა, რომ ეტლიც მოსულიყო, სახლის წინ იდგა,

    ცხენები კუდებს იქნევდნენ. მეეტლე ჯევდეთ ბეის მოლოდინში სიგარეტს აბოლებდა.

    ჯევდეთ ბეის თავისი სიგარეტი გაახსენდა. აიღო სანთებელა, საფულე, საათი,

    ერთხელ კიდევ შეამოწმა დრო, მერე ყველაფერი ჯიბეში ჩაიწყო და ოთახიდან

    გავიდა.

    კიბეები, ჩვეულებისამებრ, ხმაურით ჩაიარა. კიბის ბოლოში ზელიჰა ჰანუმი შეეგება

    და, საუზმე მზად არისო, მოახსენა.

    ჯევდეთ ბეი შეეცადა, სერიოზული გამომეტყველება მიეღო და ქალს მკაცრი სახით

    უპასუხა: –არა მცალია, ზელიჰა ჰანუმ. უკვე გავდივარ.

    მოხუცი ქალი შეწუხდა: უჭმელობა როგორ იქნებაო, მაგრამ ჯევდეთ ბეის სახეზე

    მტკიცე გადაწყვეტილება რომ დაინახა, შეტრიალდა და სამზარეულოსაკენ

    წაცუხცუხდა.

    შეწუხებულმა ჯევდეთ ბეიმ თვალი გააყოლა ქალს და გარეთ გასვლა გადაიფიქრა.

    ვერაფრით მოეფიქრებინა, როგორ დაეხსნა ამ მოხუცისაგან თავი. ისინი შორეულ

    ნათესავებად ერგებოდნენ ერთმანეთს. ამ სახლში დედა-შვილივით ცხოვრობდნენ.

    ჰასექიში[4] ჯევდეთ ბეის მასზე უფრო ახლო ნათესავებიც ჰყავდა, მაგრამ ცხრა წლის

    წინ ეს სახლი რომ იყიდა, ამ ქალის წამოყვანა არჩია. ფიქრობდა, ნაკლებად ჩაერევა

    ჩემს ცხოვრებაშიო. უთვისტომო, ხელმოკლე ზელიჰა ჰანუმმა ხის პატარა

    ოთხოთახიანი სახლის პირველ სართულზე დაიდო ბინა. საშინაო საქმეებს

    უძღვებოდა, საჭმელს ამზადებდა, ალაგებდა. იმ ადგილიდან, სადაც ახლა ჯევდეთ

    ბეი იდგა, კარგად მოჩანდა ეს პირველი სართული. ქალი აქ მშვენივრად

    მოწყობილიყო. ჯევდეთ ბეი სულ იმას წუხდა, როგორ ეთქვა, დაქორწინების შემდეგ

    აღარ დამჭირდებითო. მის მიერ დაგეგმილ ახალ ცხოვრებაში ზელიჰა ჰანუმის

    ადგილი აღარ იყო. ამგვარი დედაშვილური დამოკიდებულება აღარ გამოადგებოდა.

    მომავალ ცხოვრებაში შინაური საქმეებით დაკავებულ ადამიანთან ბატონისა და

    მოახლის ურთიერთობა უნდა დამყარებულიყო. არადა, ზელიჰა ჰანუმი ბოლო დროს

    თითქოს უფრო მუყაითი გამხდარიყო. იცოდა, რომ ჯევდეთ ბეი მალე

    დაქორწინდებოდა, ამ სახლს გაყიდდა და საცხოვრებლად ოქროს რქის[5] მეორე

    ნაპირზე გადავიდოდა. ჯევდეთ ბეი რომ ამ ფიქრებში იყო გართული, ზელიჰა ჰანუმი

    თეფშით ხელში უკან მობრუნდა, თეფში ჯევდეთ ბეის გაუწოდა და მკვირცხლად

    ჩაილაპარაკა: – ერთი ფინჯანი ყავა მაინც მომედუღებინა შენთვის. ახლავე მოვიტან.

    – დრო არა მაქვს, სულ არ მცალია, – უპასუხა ჯევდეთ ბეიმ. თეფშიდან ღიმილით

    აიღო ალუბლის მურაბიანი პური, რომელიც ისე ცოცხლად გამოიყურებოდა,

  • როგორც ეს ახლად დაწყებული დღე, ქალს მადლობა გადაუხადა და ერთხელ კიდევ

    გაუღიმა. კარებში რომ გადიოდა, მაშინღა მიხვდა, რომ ზელიჰა ჰანუმს სიყვარულით

    კი არა, სიბრალულით გაუღიმა. რაღა ექნა, შეწუხებული მობრუნდა, საღამოს

    შეიძლება შემაგვიანდესო, დაუბარა, მაგრამ წყენა მაინც გაჰყვა თან, რადგანაც ეს

    ყასიდად იყო ნათქვამი და სინდისის ქენჯნას ვეღარ შეუმსუბუქებდა.

    ეტლისკენ მიმავალს ისევ სიზმარი გაახსენდა: „მე სხვანაირი ვარ, თუმცა ვერავინ

    მსჯის“. ცოტა გულს მოეშვა, მაგრამ მეეტლის დანახვაზე ისევ უგუნებობა დაეუფლა.

    მეეტლე, რომელიც სხვა მეეტლეების მსგავსად, კარგად იცნობდა თავისი პატრონის

    პირად ცხოვრებას, ისე უცქერდა, თითქოს ეუბნებოდა, აი, შე გაიძვერავ, შენა, კარგად

    ვიცი, სადაც დადიხარ, რასაც აკეთებ, გულში რაც გაქვსო. ჯევდეთ ბეიმ მასაც

    გაუღიმა, მოიკითხა, მერე ეტლში ჩაჯდა, სირქეჯიზე[6], დუქანში ამიყვანეო, უთხრა

    და მურაბიანი პური ჩაკბიჩა.

    ეტლი რწევა-რწევით მიიკვლევდა გზას ვეფას[7] ხის სახლებს შორის. ჯევდეთ ბეის ეს

    ეტლი, რომელიც უბანში უფრო მდიდრულად გამოიყურებოდა, ვიდრე

    სინამდვილეში იყო, სამი თვით ჰქონდა დაქირავებული, რადგან ნიშნობისა და

    ქორწილის დროს დასჭირდებოდა. ორი თვის წინ, როცა გაირკვა, რომ შუქრუ ფაშა

    თანახმა იყო, ქალიშვილი მისთვის მიეთხოვებინა, ჯევდეთ ბეი ფერიქოიში[8] მივიდა

    ამგვარი მდიდრული ეტლების გამქირავებელ ერთ-ერთ თავლაში, მეეტლეს შეევაჭრა

    და სამი თვით მოურიგდა. არ უნდოდა ფაშას ქალიშვილთან სახლში ჩვეულებრივი,

    ქუჩაში აყვანილი ეტლით ევლო. მისი ანგარიშით, ეტლის ყიდვა მეეტლისა და

    თავლის ხარჯის ჩათვლით, საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. გზაში თავის საყვარელ

    ალუბლის მურაბიან პურს შეექცეოდა და ფიქრობდა: „ქირა საკმაოდ დიდია და

    უფრო მეტი ხნით ეტლის დაქირავება სისულელე იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში,

    ალბათ, ყიდვა აჯობებდა. თუმცა უამისოდაც არ იქნება.“ ქორწილი გაახსენდა.

    წარმოიდგინა წლობით ნაოცნებარი ახალი ცხოვრება, ახალი სახლი, ოჯახის შექმნა,

    თავისი დანიშნული, რომელიც სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი და გამხიარულდა. ერთი

    კი გაიფიქრა, ზოგი ასეთი მდიდრული ეტლების დამქირავებლებს ზემოდან

    უყურებსო, მაგრამ მხიარულ გუნებაზე იყო და ამ აზრისათვის დიდი ყურადღება

    აღარ მიუქცევია. მურაბიან პურს კიდევ ერთი ლუკმა მოაკბიჩა: „ასეთ რამეებს რომ

    ყურს ვუგდებდე, ვაჭარიც ვერ გავხდებოდი. როცა ასეთ რამეებზე ფიქრობენ, ეშინიათ

    და ერიდებიან, ვერც ერთი მუსლიმი ვაჭრობას ვერ ბედავს... მე კი ეს არაფრად

    მიმაჩნია... მაგრამ, ჩემმა ცოლმა რომ ეტლი მოინდომოს, მაშინ რაღა ვქნა?“ ჯევდეთ

    ბეი კიდევ უფრო გამხიარულდა. მოეწონა, რომ ნიგანი – გოგონა, რომელიც სულ

    ორჯერ ჰყავდა ნანახი, მეუღლედ მოიხსენია. ამასობაში ეტლი დაღმართზე დაეშვა.

    „დუქნისა და საწარმოს საქმეები თუ კარგად წავიდა, ამ ეტლს ვიყიდი, გენაცვა,“–

    ჩაიბუტბუტა ჯევდეთმა და პურის უკანასკნელი ლუკმა პირისაკენ გააქანა. შემდეგ

    თითებზე დაიხედა პატარა ბავშვივით, რომელსაც ყველაფერი შემოეჭამა და

    დაღონდა: „ეს ქორწინება, მგონი, ყველაფერს შეიწირავს, რაც კი მაბადია.“

    ეტლს ბაბიალის დაღმართი ჩაევლო და ქუჩაზე შეეხვია. ნისლი უკვე გაფანტულიყო

    და მზე ანათებდა. ჯერ ისევ დილა იყო, მაგრამ უკვე ცხელოდა. ზაფხულის თაკარა

    მზისაგან გადახურებულ ეტლში ჯევდეთ ბეი ძალიან შეწუხდა: „დღეს ძალიან

    დაცხება. საქმეც ბევრი მაქვს. დუქანში სწრაფად უნდა მოვრჩე ყველაფერს. იქნებ ჩემი

    ძმაც მოვინახულო.“ ავადმყოფი ძმის გახსენებაზე, რომელიც ბეიოღლუს[9] ერთ

    პანსიონში იწვა, გუნება გაუფუჭდა: „მერე ფუათ ბეის უნდა შევხვდე.

  • სალონიკიდან[10] ჩამოვიდა. ერთად ვისადილებთ. ნაშუადღევს შუქრუ ფაშასთანაც

    ვარ მისასვლელი.“ საცოლის მესამედ ნახვის შესაძლებლობამ ააფორიაქა: „ერთხელ

    კიდევ უნდა ვნახო მაკლერის მოძებნილი სახლი“... გადაწყვეტილი ჰქონდა,

    დაქორწინების შემდეგ სახლი ეყიდა ნიშანთაშიში[11] ან შიშლიში.[12] „მერე დუქანში

    უნდა დავბრუნდე. სამწუხაროდ, იქ დიდხანს ვერ დავრჩები. დღეს რა დღეა?

    ორშაბათია...“

    თითებზე გადათვალა. „სამი დღის წინ, პარასკევის ცერემონიალზე აბდულჰამიდს[13]

    ყუმბარა ესროლეს, მანამდე კი, ორი კვირით ადრე, ნიშნობა მქონდა. ჩვიდმეტი დღეა,

    რაც დავინიშნე“.

    ეტლი დუქნის წინ გაჩერდა. დუქნის დანახვაზე ჯევდეთ ბეის ყველა ის ფიქრი

    აეშალა, რომლებიც რწევასა და თვლემაში მასთან ერთად მიყუჩებულიყო: „საღებავის

    შესაკვეთი წერილი მზად არ არის. ის გაფუჭებული ნათურები ვის რად უნდა!

    ეშქინაზიმ ვალი დღესაც თუ არ დამიბრუნა, ვეტყვი, რომ...“ დუქნის ზღურბლზე

    შედგა. „სახელითა ალაჰისა, მწყალობლისა და მოწყალისა! ეშქინაზის ზედმეტ ორას

    ლირას მოვთხოვ. თუ დამთანხმდება, ვალს ერთი თვით გადავუვადებ“. დუქანში

    შესულმა ერთ შეგირდს გაბრაზებულმა დაუკრა თავი. მეორეს გაუღიმა. ამ შეგირდს

    ყოველთვის სწყალობდა: საიმედო და შრომისმოყვარე ბიჭი იყო. მერე ისევ პირველს

    მიუბრუნდა, ყალთაბანდს: – შვილო, ყავა მომიმზადე და ერთი ღვეზელიც მოაყოლე.

    ჩვეული სწრაფი და ნერვიული ნაბიჯით უკანა მაგიდასთან მივიდა და დაჯდა.

    ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს რაიმე დანაშაულის სამხილს ეძებსო. მაგიდაზე

    გაზეთი „Moniteur D’Orient“ დაინახა და დამშვიდდა. ჩვეულებისამებრ, ჯერ თარიღს

    დახედა – 24 ივლისი, 1905 წელი – 11 ივლისი, 1321 წელი,[14] ორშაბათი. შემდეგ

    სათაურებს გადაავლო თვალი. ახალი ცნობები გადაიკითხა თავდასხმის შესახებ.

    რუსეთ-იაპონიის ომის ამბავიც გადაათვალიერა, თუმცა მისი ყურადღება არაფერს

    მიუპყრია. გაზეთი სწრაფად გადაფურცლა და საბირჟო სიახლეებს ჩაუღრმავდა. აქ

    მისთვის საინტერესო რამდენიმე ინფორმაციას წააწყდა. ერთი-ორ საინტერესო

    განცხადებასაც გაეცნო – რკინეულობით მოვაჭრე დიმიტრი თავის საწყობს ყიდდა.

    ეტყობა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. მასავით ელექტროსაქონლით და

    რკინა-კავეულით მოვაჭრე ფანაიოტი კი მკითხველს თავის ახალ პროდუქციას

    სთავაზობდა. ჯევდეთ ბეიმაც გადაწყვიტა, განცხადება გამოექვეყნებინა, თუმცა იქვე

    გადაიფიქრა და ისევ გაზეთს გადაავლო თვალი. როცა წაიკითხა, ოდეონში ახალი

    თეატრალური დასის გამოსვლა იწყებაო, თავისი ძმა გაახსენდა და ნერვები აეშალა.

    მისი მძიმე ავადმყოფი ძმის საყვარელი სომეხი ქალი თეატრის მსახიობი იყო.

    ჯევდეთ ბეიმ მოტანილი ღვეზელი შეჭამა, ყავაც დალია და რაღაც სტატიის კითხვას

    შეუდგა, რომ ძმის საყვარელზე აღარ ეფიქრა. ამ გაზეთის კითხვისას, როგორც

    ყოველთვის, უცნობი ფრანგული სიტყვები შეხვდა და სინანულით მოაგონდა,

    რამდენი ჯაფა ჰქონდა გაწეული ამ ენის შესასწავლად, რამდენი ფული ჰქონდა

    დახარჯული. მოაგონდა ის სწრაფვაც, რომელსაც სახელმძღვანელოში მარტივი

    წინადადებებით აღწერილი ფრანგული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებისადმი

    გრძნობდა ხოლმე. ძალიან სასიამოვნო იყო დღის პირველი სიგარეტით დანისლულ

    გონებაში ფრანგული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების მსგავსად აწყობილი თავისი

    ცხოვრების სურათების გაცოცხლება. შუა სტატიამდე რომ მივიდა, გაიფიქრა, დროს

    ტყუილად ვხარჯავო, „Moniteur D’Orient“ გადადო და წამოდგა. ამ გაზეთს, სხვა

    ვაჭრების მსგავსად, თვითონაც ყოველთვის ყიდულობდა. გაზეთში სავაჭრო

  • ცხოვრება კარგად იყო ასახული. ისე კითხულობდა, თითქოს ფრანგი იყო და ამას

    სარგებლობაც მოჰქონდა მისთვის. ღვეზელი უკვე შეჭმული ჰქონდა, ყავა –

    დალეული და სიგარეტი – მოწეული. გაზეთის წასაკითხადაც ეყო დრო. ახლა

    საქმეების დასაწყებად საჭირო დაძაბულობას, ძალასა და გაწონასწორებულობას

    გრძნობდა. სავაჭრო გეგმები მის გონებაში აღარ იყო ძველებურად მისუსტებული და

    მინავლული, აღარც ისეთი ტკაცატკუცი გაუდიოდა, როგორც დილის პირველ

    წუთებში – გეგმები, ანგარიშები და პრობლემები მასში მშვიდი, ძლიერი და მორჩილი

    ალით ენთო, ზუსტად ისე, როგორც ეს ვაჭრის გონებაში უნდა ყოფილიყო: „დიახ,

    ახლა ყველაზე საჩქარო საქმე სადიქთან ერთად ანგარიშების გადახედვაა“, –

    გაიფიქრა ჯევდეთ ბეიმ.

    ფირმის ბუღალტერი სადიქი ჯევდეთ ბეიზე ათი წლით უმცროსი იყო, თუმცა

    მასავით გამოიყურებოდა. ჯევდეთ ბეი სადიქთან დუქნის ანტრესოლზე ავიდა და

    გამოელაპარაკა. ბუღალტრისაგან შეიტყო, რომ ხუთშაბათამდე შემოსასვლელ

    თანხასა და გადასახდელ ვალებს შორის დიდი განსხვავება არ იყო. ამიტომ

    გადაწყვიტა, ეშქინაზისთან მისულიყო და ვალი მოეთხოვა.

    შემდეგ ქვემოთ ჩავიდა, უფროს გამყიდველს, შუახნის ალბანელს საღებავის

    ყუთებით, ნათურებითა და სხვადასხვა ნივთით სავსე მაგიდაზე მიუთითა და უთხრა,

    მუშტარს მოწესრიგებული და ცარიელი დახლი მოსწონსო. ალბანელი დახლიდარი

    შეედავა, ამგვარი უწესრიგობა უფრო შთამბეჭდავიაო, მაგრამ ჯევდეთ ბეიმ თავისი

    გაიტანა, დახლში შევიდა, ყველას უკმაყოფილო თვალი შეავლო და იქაურობა

    მიალაგ-მოალაგა, თან მუშტარსაც გახედა, იმანაც დაინახოსო. ბოლოს საკუთარი

    საქციელით კმაყოფილი თავის სამუშაო მაგიდას დაუბრუნდა.

    მისი მაგიდიდან მთელი დუქანი კარგად ჩანდა. ჯევდეთ ბეი სავარძელში

    მოკალათდა და საღებავების შესაკვეთად წერილის წერას შეუდგა. შუა წერაში მიხვდა,

    რომ ამგვარი საქმეებისათვის მდივნის აყვანა აჯობებდა, თუმცა, ახალი

    თანამშრომელი დამატებით ხარჯებს მოითხოვდა. ჯევდეთ ბეის კი ახლა ისედაც

    ბევრი ხარჯი ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ქორწილი კარზე იყო მომდგარი. ამასობაში,

    მოშორებით მდებარე საწყობის დარაჯი მოვიდა და მოახსენა, ლამპების ახალი დიდი

    პარტია მოვიდა, მტვირთავებს საწყობში ვერ შეაქვთ, მეშინია არაფერი დაამტვრიონო.

    შეწუხებული ჯევდეთ ბეი ადგა და ბოლთის ცემას მოჰყვა. დარაჯს ურჩია,

    სათითაოდ დაეხსნათ ყუთები, დაეცალათ და ისე შეეტანათ, მაგრამ ესეც უაზრობად

    მოეჩვენა, რადგან ლამპები ანატოლიაში[15] უნდა გაეგზავნათ და ხელახლა

    გახდებოდა შესაფუთი. თუმცა არც სხვა გამოსავალი ჩანდა. ჯევდეთ ბეიმ დარაჯი

    გაისტუმრა, წერილის წერა ჩაამთავრა და დროისა და ფულის სიმცირეზე დაფიქრდა.

    ვისთვის უნდა მიეყიდა დაზიანებული ლამპები? იქნებ რჩევა მეგობარი ვაჭრისათვის,

    ფუათისათვის ეკითხა? ის კარგი მეგობარიც იყო და გამჭრიახი გონებაც ჰქონდა.

    აღელვებულმა ჯევდეთ ბეიმ საათს დახედა. სამის ნახევარი ხდებოდა. ეშქინაზისთან

    წასასვლელად დუქნიდან გავიდა.

    თავი 2. მუსლიმი ვაჭარი

    დუქნიდან გამოსულ ჯევდეთ ბეის პირველი პრობლემები უკვე გადაჭრილი ჰქონდა.

    ამისათვის განსაკუთრებული ძალისხმევაც კი არ დასჭირვებია. ყველაფერი, როგორც

  • ყოველთვის, რიგზე იყო და ამან ძალიან კარგ გუნებაზე დააყენა. მეეტლეს რომ არ

    დაენახა, სულთან ჰამამისკენ[16] გაუხვია. მეეტლეები ერთად იდგნენ და

    საუბრობდნენ. ეშქინაზის დუქნამდე ექვსიოდე ნაბიჯი იქნებოდა. მიდიოდა და

    ფიქრობდა, რა ეთქვა ეშქინაზისათვის, როგორ მოეთხოვა პროცენტი ვალის

    გადავადების სანაცვლოდ. გზადაგზა სირქეჯის დანარჩენ ვაჭრებსა და ნაცნობებს

    ესალმებოდა. ვაჭრების უმრავლესობა ებრაელი ან ბერძენი იყო. ისინი თავიანთ

    წრეში გარეულ მუსლიმ ჯევდეთ ბეის გაოცებულები და დაინტერესებულები

    უღიმოდნენ. თითქოს გამოხედვით ეუბნებოდნენ: ვნახოთ, ეს ფესიანი ვაჭარი ჩვენ

    შორის რა ადგილს დაიკავებსო, მოგვწონს შენი გამბედაობა და სიმტკიცეო. ჯევდეთ

    ბეიც ასეთივე თვალებით უმზერდა მათ და თითქოს პასუხობდა: ძალიან კარგად

    ვიცი, რასაც ფიქრობთ ჩემზე, ვინცა გგონივართო. ეშქინაზის დუქნამდე ჯერ არ

    მისულიყო, როცა ერთმა ვაჭარმა თვალი მოჰკრა და დუქნიდან შეეხმიანა: – ოოო,

    იშიქჩი[17] ჯევდეთ ბეი, დღეს ძალიან კარგად გამოიყურებით!

    ჯევდეთ ბეიმ გადაწყვიტა ეგრძნობინებინა, რომ ხუმრობის ფასი იცოდა და

    სათანადო პასუხიც გაეცა – მე ყოველთვის კარგად გამოვიყურებიო, მაგრამ მაშინვე

    თავისი განსაკუთრებული ჩაცმულობის მიზეზი გაახსენდა და გაწითლდა.

    ეშქინაზის დუქნის კარი შეაღო თუ არა, ჯევდეთ ბეის სამშენებლო მასალითა და

    სახლისათვის საჭირო ნივთებით სავსე სათავსოში მყოფი ქარგლები ისეთ მხიარულ

    განწყობაზე დახვდნენ, მაშინვე მიხვდა, რომ პატრონი ადგილზე არ იყო. ერთ-ერთმა

    ქარგალმა მოახსენა, ნისლის გამო კუნძულებიდან[18] ჩამოსასვლელი გემი

    იგვიანებსო. ჯევდეთ ბეის მაშინღა გაახსენდა, რომ ეშქინაზი ზაფხულს ბუიუქ-

    ადაზე[19] ატარებდა. ამდენ ებრაელ, ბერძენ და სომეხ ვაჭარს შორის მან თავი

    მარტოდმარტო იგრძნო და გუნება წაუხდა.

    გადაწყვიტა თავის დუქანში დაბრუნებულიყო, ოღონდ მთავარი პროსპექტით – იქნებ

    იქაურმა ხალხმრავლობამ და მოძრაობამ სევდა გამიფანტოსო. გზაში ფიქრებმა

    გაიტაცა: „მოვიწყინე. იმიტომ, რომ მარტო ვარ ამდენ ვაჭარს შორის. განა რამდენია

    ჩემნაირი მდიდარი და მუსლიმი ვაჭარი? მთელ სირქეჯიზე, მაჰმუდფაშასა და

    სალონიკელების ქუჩაზე ერთი მემანუფაქტურე, ერთი ფუათ ბეის ახლად გახსნილი

    დუქანი და ერთიც ეთჰემ ფერთევის აფთიაქია. მათ შორისაც ყველაზე მდიდარი მე

    ვარ.“ სქელი ტანსაცმლის გამო გაოფლიანებულს სიზმარი გაახსენდა: „სიზმარშიც

    ასეთ დღეში ვიყავი. ყველანი ერთად იყვნენ, მე კი – მარტოდმარტო.“ შუბლზე ოფლი

    ჩამოსდიოდა. ჯიბეები მოიჩხრიკა, ცხვირსახოცის წამოღება დავიწყებოდა. „ცოლს

    რომ შევირთავ, ამისთანა საქმეებს ის მიმიხედავს.“ თუმცა იმ წამს არც ამას და არც

    დაგეგმილ ცხოვრებაზე ფიქრს არ დაუმშვიდებია: „ისეთი რა ჩავიდინე, რომ ასე

    ყველასგან გარიყული ვარ?! ბევრს ვმუშაობდი. ჩემი დუქნისა და საქმის

    გაფართოების გარდა, არაფერზე ვფიქრობდი.“ კუთხეში წვენის გამყიდველი დაინახა

    და გაიხარა, რა კარგია, ამ ქუჩით რომ წამოვედიო. ერთი ჭიქა ალუბლის წვენი

    გამოართვა და დალია. თითქოს ცოტა გულზე მოეშვა და მთელი ეს უგუნებობა

    ზაფხულის პაპანაქება სიცხეს დააბრალა. უცებ ვიღაცის ხმა მოესმა: – გამარჯობა,

    როგორა ხარ?

    ექიმი თარიქი იყო, მისი უფროსი ძმის, ნუსრეთის მეგობარი სამხედრო სამედიცინო

    სასწავლებლიდან. მან ჯევდეთს თვალი რომ მოჰკრა, შორიდან ნუსრეთი ეგონა,

    მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მის წინ სულ სხვა ადამიანი იდგა. ჯერ ჯევდეთის ძმა

  • მოიკითხა, მისი ჯანმრთელობით დაინტერესდა, შემდეგ სხვა ამბებიც გამოჰკითხა.

    როცა ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილა, დამცინავად გაუღიმა და დააყოლა: –

    კეთილი და პატიოსანი. შენ რაღას საქმიანობ, ისევ ვაჭრობ, არა? – შემდეგ საჩქაროდ

    გამოემშვიდობა და სირქეჯის გამზირზე ხალხს შეერია.

    „დიახ, ვვაჭრობ, ვვაჭრობ, – გაიფიქრა ჯევდეთ ბეიმ და თავისი დუქნისაკენ გასწია, –

    მაშ რა უნდა მექნა? მეც ხომ სამხედრო ექიმი არ გავხდებოდი?“ თავისი ბავშვობა და

    სიყმაწვილე გაახსენდა. მამამისი წვრილი მოხელე იყო ქულაში. დაწყებითი სკოლა

    ჯევდეთ ბეიმ იქ დაამთავრა, აი, ის სკოლა, სიზმარში რომ ნახა. შემდეგ მამა

    დააწინაურეს და აქჰისარში[20] გადაიყვანეს. აქ რკინიგზა გადიოდა და დაბაც

    საკმაოდ მდიდარი იყო. ჯევდეთი აქაც რუშთიეში[21] სწავლობდა. ზაფხულობით

    აქჰისარის ვენახებსა და ლეღვის ბაღებში მარტოდმარტო დასეირნობდა.

    მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ჯევდეთი და მისი უფროსი ძმა ნუსრეთი ძალიან

    ნიჭიერები იყვნენ. მათ მამას, ოსმან ბეის სჯეროდა, რომ ბიჭებს ეს ნიჭი დედისაგან

    გამოჰყვათ. შემდეგ, როგორც იტყვიან, ერთ მშვენიერ დღეს, დედა, რომელიც მამას

    ძალიან უყვარდა, ავად გახდა. მამამ სტამბოლში გადაყვანა ითხოვა, რათა ცოლი

    საავადმყოფოში დაეწვინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამის გამო თანამდებობიდან

    გადადგა, სტამბოლში ჩავიდა, მეუღლე საავადმყოფოში დააწვინა, თვითონ კი

    ჰასექიში შეშის დუქანი გახსნა. ერთი წლის შემდეგ ნუსრეთი სამხედრო სამედიცინო

    სასწავლებელში შევიდა. ექვსი თვის შემდეგ, როცა უეცრად დედა კი არა, მამა

    გარდაიცვალა, დუქნისა და მუდამ ავადმყოფი დედის მოვლა ჯევდეთს დააწვა

    კისერზე. ოც წლამდე ჯევდეთი ჰასექიში შეშითა და ხის მასალით ვაჭრობდა, შემდეგ

    თავისი საწყობი აქსარაიში[22] გადაიტანა. ოცდახუთი წლისამ აქსარაიში რკინა-

    კავეულის პატარა დუქანი გახსნა, რამდენიმე წლის შემდეგ კი სირქეჯიზე გადავიდა.

    იმავე წელს დედაც გარდაიცვალა. ნუსრეთმა თავისი წილი ჯევდეთს დაუტოვა და

    თვითონ პარიზში წავიდა. მომდევნო წელს ჯევდეთმა ჰასექიში დარჩენილ

    ნათესავებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და ვეფაში სახლი იყიდა. ახლა, ეს

    ყველაფერი ხელახლა რომ გაახსენდა, ერთხელ კიდევ გაიფიქრა: „მეც სამხედრო

    ექიმი ხომ არ გავხდებოდი. ამიტომ ვაჭრობა გავაგრძელე – ისეთი რამ გავაკეთე,

    რასაც ვერავინ ბედავდა. ოდნავ მშიშარა რომ ვყოფილიყავი, ისევ ჰასექიში

    დავრჩებოდი შეშით მოვაჭრედ.“ როცა ჰასექი გაახსენდა, იქაური ნათესავები და

    მეგობრების წრე, ისევ მოიწყინა: „მათ გავექეცი. მათთან ერთად ვაჭრობა წინ არ

    მიდიოდა.“ ჯევდეთ ბეი ამ ფიქრებში იყო გართული, შორიდან თავისი დუქანი რომ

    დაინახა.

    ეტლი ხის ძირას იდგა. ჩემი დუქანიო, ჩაიბუტბუტა. თვითონ ყოველთვის ფიქრობდა,

    რომ მისი ყველაზე დიდი წარმატება მეშეშეობიდან ამ დუქანში გადმოსვლა კი არა,

    ხუთი წლის წინ გასანათებელი მოწყობილობებით წამოწყებული ვაჭრობა იყო.

    შემდეგ, როცა მუნიციპალიტეტისა და „შირქეთიჰაირიეს“[23] განათებით

    უზრუნველყოფის განსაკუთრებული უფლება მოიპოვა, სავაჭრო წრეებში

    „იშიქჩი“ ჯევდეთ ბეი შეარქვეს. ამ წარმატების გახსენებაზე გუნება გამოუკეთდა.

    ამის შემდეგ თავისი ფირმა და დუქანი ოთხჯერ გააფართოვა. მერიაში ყველა

    მოქრთამა. ეს საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ მის წარმატებას ვერ

    ჩრდილავდა. ჯევდეთ ბეის ისევ თავისი სიზმარი მოაგონდა და გამხიარულდა:

    „დიახ, ასეა, მე ვერავინ მჯაბნის“... შემდეგ ზელიჰა ჰანუმიც გაახსენდა, რომელსაც

    დილით კიბის თავიდან გადმოჰყურებდა: „რას იზამ, რას იზამ, ასეთია

  • ცხოვრება.“ თავს ისე მშვიდად და უდრტვინველად გრძნობდა, თითქოს უხილავი,

    მუდმივად მფარველი ჯავშანი სცმოდა ტანზე. თავისი დუქნის თავზე წარწერა

    დაინახა: ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები

    რკინა-კავეულის იმპორტ-ექსპორტი

    მართალია, ჯერ არც ექსპორტს აწარმოებდა და არც ვაჟები ჰყავდა, მაგრამ

    პერსპექტივაში ორივე წარმოედგინა. კარის ზღურბლზე ისევ ფიქრებში გართულმა

    გადააბიჯა: „ეშქინაზისაც ფული ვერ გამოვართვი. სადიქთან ერთად ანგარიშებს

    კიდევ ერთხელ უნდა გადავხედო... თანაც მოვიფიქრო, რა ვუყო იმ უვარგის

    ნათურებს... რომელი საათია? დრო სულ არ დამრჩენია!.. საწყობშიც მისასვლელი ვარ,

    შევხედო, ერთი, რა ხდება, თორემ ყველაფერს დალეწავენ... ეს ბავშვი ვინღაა, რა

    უნდა?“

    ბავშვმა კონვერტი გაუწოდა და დააყოლა: – თქვენთან ქალბატონმა ჩუჰაჯიანმა

    გამომგზავნა, ბატონო.

    – ქალბატონმა ჩუჰაჯიანმა? – დაიბნა ჯევდეთ ბეი. ბავშვს ფეხის ქირა მისცა...

    შემდეგღა მოაგონდა, რომ „ქალბატონი ჩუჰაჯიანი“ მისი ძმის სომეხი საყვარელი იყო

    და ცუდმა წინათგრძნობამ გული შეუკუმშა. კონვერტი სასწრაფოდ გახსნა: „ჯევდეთ

    ბეი, თქვენი ძმა ძალიან ავადაა. გუშინ საღამოს გონი დაკარგა. დღეს დილით თითქოს

    აზრზე მოვიდა, მაგრამ მაინც ძალიან დასუსტებულია. სასწრაფოდ თუ მოხვალთ და

    ინახულებთ, გაუხარდება, ოღონდ, არ უთხრათ, გეთაყვა, რომ წერილი მე

    გამოგიგზავნეთ.“

    ჯევდეთ ბეიმ კონვერტი ჯიბეში ჩაიდო და ჩაიბუტბუტა: „ძალიან ავადაა, ძალიან

    ავადაა. დედაჩემიც ეგრე იყო ხოლმე, მაგრამ მერე არ კვდებოდა. ისევ უნდათ, ფული

    დამცინცლონ... სინამდვილეში კი დროს მაკარგვინებენ და ვეღარაფრისთვის

    ვიცლი.“ უცებ ბავშვი შეამჩნია, რომელიც ჯერ არ წასულიყო და შერცხვა: „იქნებ

    მართლაც ძალიან ცუდადაა? ღმერთო, რაზე ვფიქრობ, რანაირი ადამიანი გავხდი?

    ჩემი ძმა კვდება“.

    ბავშვს კიდევ ერთხელ გაუწოდა ფული და გაისტუმრა. თვითონ ალბანელ

    დახლიდარსა და ბუღალტერ სადიქს მიუბრუნდა და აღელვებულმა გაუბა ლაპარაკი.

    თუმცა, ისე იყო აფორიაქებული, ვერც ერთს ვერაფერი გააგებინა, მხოლოდ დააბნია.

    „ჩემი ძმა კვდება... უნდა დავმშვიდდე“, – ამ სიტყვებით ეტლში ჩაჯდა და მეეტლეს

    ბეიოღლუზე წაყვანა უბრძანა.

    ეტლი რომ დაიძრა, ჯევდეთ ბეიმ ცოტა მოთოკა თავისი მღელვარება: „იქნებ არც

    კვდება, უბრალო კრიზისია. იქნებ... ცხონებულ დედაჩემსაც ხომ ასე ემართებოდა...

    ძმის მეტი ახლობელი არავინა მყავს, არავინ!“ არ უნდოდა, ისევ იმ წუხილს შეეპყრო,

    ეშქინაზის დუქნიდან წამოსულს რომ აწვალებდა. გადაწყვიტა, სხვა რამეზე

    გადაეტანა ფიქრი და ფანჯარაში გაიხედა.

    ეტლი გალათას ხიდის[24] თავში იყო გაჩერებული და მეეტლე ხიდზე გავლის

    გადასახადს იხდიდა. ხიდისა და ოქროს რქის კუთხეში ლიმონათის გამყიდველი

    რაღაცას გაჰყვიროდა. მის გვერდით ხილით მოვაჭრის ატმებს ბუზები ესეოდა. შორს,

    ქასიმფაშას[25] დოკების წინ, გემების გვერდზე მიწოლილი ჩონჩხები და დაჟანგული

    შალანდები მოჩანდა. ეტლი ისევ დაიძრა. დილის ნისლი გაფანტულიყო. მოწმენდილ

  • ცაზე რამდენიმე საცოდავი ღრუბელი დაბორიალებდა. ჯევდეთ ბეის ნაცნობ გემ

    „სუჰულეთს“ ოქროს რქიდან მარმარილოს ზღვისაკენ აეღო გეზი. შუა ხიდიდან კაცი

    და ქალი ზღვას გასცქეროდნენ. კაცი ზორბა იყო და უზარმაზარი ქუდი ეხურა, ქალს

    სახე ჩადრით არ ჰქონდა დაფარული. ორივეს მეზღვაურების ტანსაცმელში

    გამოწყობილი ბავშვებისათვის ჩაAეკიდათ ხელი. „აი, ოჯახი“, – გაიფიქრა ჯევდეთ

    ბეიმ. წინ, ცოტა მოშორებით, ბოძის ძირში მდგომი ორი ფესიანი მამაკაციც ამ ოჯახს

    შესცქეროდა. სახეზე ეტყობოდათ, რომ ამ ოჯახზე ფიქრობდნენ. მათ გვერდით

    მეკურტნეებმა ჩაიარეს. ჯევდეთ ბეის ნაცნობი მეორე გემი „საჰილბენთი“ ხიდს

    უახლოვდებოდა. მოაჯირს მიყრდნობილი ბავშვები გემს უყურებდნენ. სტამბოლში

    ჩამოსვლის პირველ თვეებში ჯევდეთ ბეიც დადიოდა აქ და ზღვასა და ხიდებს,

    აქაურ მშფოთვარე ცხოვრებას, აქეთ-იქით მიმავალ ლამაზ ეტლებს გასცქეროდა.

    მაშინ სირქეჯის მისადგომი ჯერ კიდევ არ იყო აშენებული: „ჰო, ეს ოცი წლის წინ

    იყო,“ – მოაგონდა, როგორ მოვიდა აქ პირველად თავის ძმასთან ერთად.

    შეშინდა, ძმის საყვარლისგან მიღებული წერილი ამოიღო ჯიბიდან და კიდევ

    ერთხელ ყურადღებით გადაიკითხა. ქალს არ უნდოდა, რომ ამ წერილის შესახებ

    ნუსრეთს რამე სცოდნოდა. თუ ქალს, რომელსაც მისი ძმა ძალიან უყვარდა, ასეთ

    წვრილმანებზე შეეძლო ფიქრი, მაშინ საქმე არცთუ ისე ცუდად უნდა ყოფილიყო.

    შერცხვა, როცა გაახსენდა, რომ წერილი ფულის დასაცინცლად მოგონილ ხრიკად

    მიიჩნია. „კეთილი, მაგრამ მაშ რატომ არ უნდა, რომ იცოდეს? იმიტომ ხომ არა, რომ

    ჩემი ძმა იყო წინააღმდეგი?“ ნუსრეთს ჯევდეთის აზრები და ცხოვრების წესი არ

    მოსწონდა, ყოველთვის ზემოდან უყურებდა. ამის მიუხედავად, ძმის მიერ ვაჭრობით

    ნაშოვნ ფულზე უარს არ ამბობდა. ამიტომაც არ უნდოდა ხოლმე ჯევდეთის ნახვა.

    ყოველ შეხვედრაზე სირცხვილით იწვოდა და ამის დასამალად საქციელითაც და

    სიტყვიერადაც ჯევდეთის დამცირებას ცდილობდა. ამას მშვენივრად გრძნობდა

    ჯევდეთ ბეი და იშვიათად დადიოდა მასთან, რადგან ერთმანეთის პირისპირ ყოფნა

    ორივეს ძალიან უმძიმდა. ბევრს არ ელაპარაკებოდა ხოლმე, საავადმყოფოში

    დაწოლას ურჩევდა, რათა ერთხელ და სამუდამოდ განკურნებულიყო. ნუსრეთი კი

    პასუხობდა, რომ თვითონ, როგორც ექიმმა, მშვენივრად იცოდა, რომ

    საავადმყოფოები ადამიანის საიქიოში გასასტუმრებლად იყო მოგონილი. შემდეგ

    კარგა ხანს ხმაამოუღებლად ისხდნენ ხოლმე. ჯევდეთ ბეი კონვერტში ჩადებულ

    ფულს რომელიმე კუთხეში დატოვებდა და მიდიოდა. ჯევდეთ ბეიმ წერილი კიდევ

    ერთხელ გადაიკითხა და ძმისა და დედის სნეულებების შედარებას შეუდგა.

    განსვენებული დედის მსგავსად, ნუსრეთსაც ჭლექი ჰქონდა. დედას ჯანმრთელობა

    დროთა განმავლობაში ხან გამოუკეთდებოდა, ხან კი უუარესდებოდა. ნუსრეთს

    სენის პირველი ნიშნები სამი წლის წინ პარიზში აღმოაჩნდა. დედა სულ თავის

    ავადმყოფობაზე წუწუნებდა და ამით გარშემომყოფებს თრგუნავდა. ასე იყო

    ნუსრეთიც. დედა ძალიან სუსტი და გამხდარი იყო. ნუსრეთიც ცარიელი ძვალი და

    ტყავი დარჩენილიყო. როცა ჯევდეთმა ის პარიზიდან დაბრუნებული პირველად ნახა,

    შიშისაგან გული კინაღამ გაუსკდა. დედამისი ექიმების რჩევებს ზუსტად ასრულებდა.

    ნუსრეთი კი ექიმებს მასხრად იგდებდა, რადგან თავადაც ექიმი იყო, თანაც

    გალოთდა და ყველაფრის გაკრიტიკების ცუდი ჩვევა ჰქონდა. ჯევდეთი ახლაღა

    მიხვდა, რომ ძალიან უყვარდა ძმა და როგორც არ უნდა დაეტუქსა და დაემცირებინა

    მას, მაინც ვერ გაუბრაზდებოდა. ბავშვობაც გაახსენდა – მოიგონა, როგორ თამაშობდა

    ძმასთან და ამხანაგებთან ერთად კაკლობანასა და კენჭაობას, როგორ დადიოდნენ

  • ჰიდრელეზზე[26] ქალაქგარეთ და იქ ბატკნის ხორცსა და ჰალვას შეექცეოდნენ.

    გოგონები ორ ჯგუფად იყოფოდნენ, მღეროდნენ, „პატარძლის

    გაცილებას“ თამაშობდნენ. აქჰისარის შემოგარენში ბაღები და ვენახები იყო. ჰოი,

    წარსულო! ჯევდეთ ბეის ეტლი ამასობაში უკვე თუნელს[27] გასცდენოდა და

    გალათასარაისაკენ[28] მიემართებოდა. უეცრად ეტლი ვერდუს ოპტიკური მაღაზიის

    წინ გაჩერდა.

    ჯევდეთ ბეიმ გარეთ გაიხედა. ვიღაცის ლანდო გადაბრუნებულიყო და გზა ჩაეხერგა.

    ჯევდეთი შეწუხდა, ეტლის ფანჯრიდან გადაეყუდა და დროის მოსაკლავად

    გამვლელების თვალიერება და წარწერების კითხვა დაიწყო.

    ცნობილი დალაქის, პეტროს სადალაქოდან ვიღაც ქუდიანი კაცი გამოდიოდა. ორი

    ქრისტიანი ქალი ბოტერის ვიტრინას შესცქეროდა. ბოტერზე ამბობდნენ, ტახტის

    მემკვიდრის, რეშათ ეფენდის თერძიაო. ბროლითა და ვერცხლეულით მოვაჭრე

    დეკუგისის ვიტრინას ბზინვა გაუდიოდა. მის წინ ლებონის საკონდიტრო იყო და

    როცა ჯევდეთ ბეიმ დიმიტროკოპულოს საბაყლო მაღაზიის აბრასაც მოჰკრა თვალი,

    ისევ დილანდელმა მარტოობის გრძნობამ მოიცვა. დასამშვიდებლად ბავშვობის და

    აქჰისარის ბაღების გახსენება სცადა: „ნეტავ ჩემი ძმა მაინც დამიხვდეს კარგად, არ

    დამცინოს... რატომა ვარ დღეს ასეთ გუნებაზე?“ სიზმარი გაახსენდა, ყველაზე

    საშინელი დღე მის ცხოვრებაში. სკოლის ამხანაგებიდან ყველაზე ცუდად, ყველაზე

    დამამცირებლად საკუთარი ძმა ექცეოდა: „რატომ მიყურებს ასე ზემოდან? ალბათ,

    იმიტომ, რომ თავი „ახალგაზრდა თურქად“[29] მიაჩნია.“

    ჯევდეთ ბეის უფროსი ძმა ნუსრეთი „ახალგაზრდა თურქების“ მოძრაობას პარიზში

    ჩასვლისთანავე გაეცნო. კაპიტნის წოდებით სამხედრო სამედიცინო სასწავლებლის

    დამთავრების შემდეგ, ჰაიდარფაშას საავადმყოფოში ორ წელიწადს სტაჟიორად

    იმუშავა, შემდეგ რამდენიმე წელი ანატოლიისა და პალესტინის სამხედრო

    ჰოსპიტლებში გაატარა, მაგრამ თავისი ახირებული ხასიათის გამო ერთ ადგილზე

    დიდხანს არ აჩერებდნენ. იმ წელს, როცა ჯევდეთ ბეიმ აქსარაიში რკინა-კავეულის

    დუქანი გახსნა, ნუსრეთმა სტამბოლში გადმოყვანა გაიხერხა და ჰასექიში ოჯახის

    მიერ შერჩეული ქალიშვილი შეირთი ცოლად. თუმცა, ორი წლის შემდეგ

    მოულოდნელად ფეხი დაკრა, ორსული ქალი მიატოვა და ისევ პარიზში წავიდა.

    ოჯახის გარემოცვისა და სრულიად უცხო ხალხისთვისაც რომ გეკითხათ, აქეთ-იქით

    ხეტიალის მიზეზი ის უცნაური ჟურნალ-გაზეთები იყო, რომლებსაც ნუსრეთი

    კითხულობდა. ამბობდნენ, რომ ხელიდან არ უშვებდა ამ ჟურნალებს და გაზეთ

    „მიზანს“[30], რომლებშიც ისტორიკოსი მურათ ბეი საფრანგეთის რევოლუციას

    ხოტბას ასხამდა. თავად ნუსრეთი ამბობდა, რომ სამედიცინო განათლების

    გაგრძელება და ქირურგიაში დაოსტატება ჰქონდა მიზნად. არადა, ჯევდეთ ბეი

    კარგად იცნობდა თავის ძმას: ის ხომ ქათმის დამკვლელიც არ იყო ხეირიანად;

    ადგილს ვერსად პოულობდა და ამიტომაც გაეცალა აქაურობას. დიახ, ჯევდეთ ბეი

    ყველაფერს კარგად ხვდებოდა. ნუსრეთმა ოთხი წელი უშედეგოდ დაჰყო პარიზში.

    შემდეგ დაბრუნდა, ცოლს ოფიციალურად გაეყარა, სმა დაიწყო და ფადიშაჰის

    მოწინააღმდეგე გახდა. მერე ისევ პარიზს მიაშურა, ლოთობით „ახალგაზრდა

    თურქებს“ შორისაც გამოიჩინა თავი. როცა უმუშევარი, უსახსრო და მშიერი დარჩა,

    იქაურობა მიატოვა და ისევ სტამბოლს დაუბრუნდა. ჯევდეთ ბეის ისიც კარგად

    ესმოდა, რომ ზოგ რამეში ნუსრეთი სჯობდა. ნაცნობ-მეგობრები მას უფრო საყვარელ,

    სათნო და სანდო პიროვნებად თვლიდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ნუსრეთი

  • არავითარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას არ კისრულობდა; ჯევდეთ ბეი კი

    გაწონასწორებული ადამიანი იყო და პასუხისმგებლობის გრძნობაც ჰქონდა როგორც

    საკუთარი თავის, ასევე ცხოვრების მიმართ. ამის გაფიქრებაზე ცოტა დაირცხვინა,

    მაგრამ მალე დამშვიდდა: „მე ხომ ვალდებულებები და მიზნები მაქვს ამ ცხოვრებაში.

    ის კი ჯიუტია და უაზრო ბაქიბუქით ირთობს თავს.“

    თავი 3. ახალგაზრდა თურქი

    ეტლმა სასტუმრო „სავოის“ ვიწრო ქუჩაზე შეუხვია, ერთხანს იარა და

    ორსართულიანი, ძველი ქვის სახლის წინ შეჩერდა. კარი პანსიონის პატრონმა

    ქალბატონმა გაუღო, მორიდებით განზე გადგა და ჯევდეთ ბეის გზა დაუთმო. მერე

    ერთი კი გააპარა თვალი ეტლისკენ და სტუმარს დაედევნა, თან მის ძმაზე საყვედურს

    მოჰყვა: „ძალიან ხმაურობს, პანსიონის მცხოვრებლებს აწუხებს, ავადმყოფის

    კვალობაზე უზნეოდ იქცევა...“ ქალი პანსიონიდან გაძევებით იმუქრებოდა. ჯევდეთ

    ბეიმ თავი დაუქნია, კიბეს აუყვა და გაიფიქრა: „ესე იგი, ბევრი არაფერი სჭირს“. ქვის

    კიბე სწრაფად აიარა და კარზე დააკაკუნა. გაახსენდა, რომ აქ უკანასკნელად ორი

    კვირის წინ იყო, ნიშნობის შემდეგ.

    კარი, როგორც მოსალოდნელი იყო, სომეხმა ქალმა გაუღო. ჯევდეთ ბეი მის

    დანახვაზე, ჩვეულებისამებრ, ჯერ გაწითლდა, შემდეგ, რომ არაფერი შეემჩნიათ,

    თითქოს რაღაც დარჩაო, დაფიქრებული და დაბნეული გამომეტყველება მიიღო,

    ოთახში შევიდა და იკითხა: – როგორ არის ჩემი ძმა? – ამ დროს საწოლში ბალიშზე

    მიყრდნობილი ნუსრეთი დაინახა და თავისთვის გაიფიქრა, როგორც ჩანს, არა

    უშავსო.

    – ააა, შენა ხარ? საიდან გაჩნდი? – ჰკითხა ნუსრეთმა.

    ჯევდეთ ბეიმ გაუღიმა. ცდილობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ხმით

    გამოეცნო. შემდეგ მიუახლოვდა, გადაეხვია და საკოცნელად გაიწია: – ჭლექიანებს არ

    კოცნიან, – უთხრა ნუსრეთმა, მაგრამ მაინც აკოცნინა, თითქოს დიდი წყალობა

    მოეღოს.

    – როგორა ხარ? – ჰკითხა ჯევდეთ ბეიმ და მოშორებით, სკამზე ჩამოჯდა.

    – ერთი მითხარი, აქ რა ქარმა გადმოგაგდო? – შეკითხვა შეუბრუნა ნუსრეთმა და

    თავის საყვარელს ეჭვით შეხედა, – მარი, შენ ხომ არ გამოიძახე?

    – მე რატომ გამოვიძახებდი? თვითონ მოვიდა, – ტკბილად უპასუხა ქალმა.

    – ძმის სანახავად რა გამოძახება მჭირდება? – ჩაერია ჯევდეთ ბეი. როგორც

    ყოველთვის, ძმის წინაშე დანაშაულის გრძნობამ შეიპყრო და გაწითლდა. მერე

    განაგრძო: – როგორა ხარ? როგორ არის შენი ჯანმრთელობის საქმე?

    გაბრაზებული ნუსრეთი სომეხ ქალს მიუბრუნდა: – შენ გამოიძახე? წამდაუწუმ

    ჯანმრთელობის ამბავს რატომ მეკითხება?

  • – ოჰ, ნუსრეთ... – ამოიკვნესა მარიმ, წამოდგა და დასამშვიდებლად მიუახლოვდა.

    საბანი გაუსწორა და ჯევდეთს მიმართა: – თქვენი ძმა არ არის კარგად. გუშინ საღამოს

    ძალიან ცუდად იყო. გონი დაკარგა... ახლა უკეთაა, მაგრამ ნუ მოტყუვდებით.

    – არა, არა... არაფერი მჭირს! – შესძახა ნუსრეთმა. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას,

    მაგრამ სუნთქვა აღარ ეყო და გაჩუმდა. ისღა შეძლო, იქაურობისათვის საყვედურით

    მოევლო თვალი.

    – ექიმი არ გამოგიძახებიათ? – იკითხა ჯევდეთ ბეიმ.

    – ექიმი არ მჭირდება მე. ჩემზე უკეთესი ექიმი ვინ არის?! ისინი ადამიანების მტრები

    არიან! – ჩაიბუტბუტა ნუსრეთმა.

    მარიმ უსუსური მზერა მიაპყრო ჯევდეთ ბეის, აქაო და, ასეთ ვითარებაში, აბა, მე რა

    შემიძლიაო.

    „ექიმის გამოძახებაც მე მომიწევს“, – გაიფიქრა ჯევდეთ ბეიმ და როცა მისი მზერა

    მარის თვალებს შეეფეთა, დაიმორცხვა. მარი, მართალია, ლამაზი არ იყო, მაგრამ

    გარეგნობით არ დაიწუნებოდა. ჯევდეთს ყოველთვის უკვირდა, ასეთ ქალს რა

    საერთო უნდა ჰქონოდა მის ლოთ, ავადმყოფ და უფულო ძმასთან. უხერხული

    სიჩუმე რომ დაეფარა, ჯევდეთმა ოთახი მოათვალიერა. მაგიდა სავსე იყო თეფშებით,

    თასებითა და ჭიქებით. ოთახის კუთხეში ახლად გარეცხილი და დაუთოვებული

    ზეწრები და პერანგები ეწყო. ავეჯი, კედლები, ფანჯრები, ყოველი კუთხე-კუნჭული

    სისუფთავისაგან ბზინავდა. ოთახი, ავადმყოფის ოთახზე მეტად, სტუმრების

    დასახვედრად გამზადებულ, მდიდრული სახლის ახლად დალაგებულ ოთახს

    ჰგავდა. ჯევდეთ ბეიმ ოცნებით წარმოიდგინა, როგორ იცხოვრებდა ცოლ-შვილთან

    ერთად ასეთი სუფთა და მოვლილი სახლის ოთახებში. ერთხელ კიდევ შეხედა მარის

    და ისევ გაწითლდა. მერე თავის ძმას მიუბრუნდა. ნუსრეთი მძიმედ სუნთქავდა.

    ჯევდეთ ბეი მიხვდა, რომ ეს ოთახი მისი ძმისა და ამ სომეხი ქალის ცხოვრებით იყო

    სავსე და თვითონ აშკარად ზედმეტად იგრძნო თავი. გონებაში ერთმა აზრმა

    გაუელვა – თვითონ ხომ ასეთ ქალს, უფრო სწორად – ამისთანა ქალს არასოდეს

    ჰყვარებია.

    – ზია ხომ არ გინახავს? – იკითხა ამ დროს ნუსრეთმა. ზია მისი ცხრა წლის ვაჟი იყო.

    ნუსრეთმა ის ჰასექიში დატოვა ნათესავებთან.

    – არა, – უპასუხა გაოცებულმა ჯევდეთ ბეიმ. მისმა ძმამ მშვენივრად იცოდა, რომ

    ჯევდეთ ბეი ჰასექიში დიდი ხანია არ ყოფილა. ამ უბანთან ძმების დამაკავშირებელი

    მხოლოდ ზელიჰა ჰანუმი იყო, რომელიც ჯევდეთ ბეის სახლში, ვეფაში, საოჯახო

    საქმეებს განაგებდა. იმ ქალისაგან კი ბოლო დროს ზიას შესახებ არაფერი გაუგია.

    – იქნებ ზია სოფელ�