Download - ტომი VIII (1941 – 1975 .) - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2961/1/Sakartve... · ეს ომი, ისევე როგორც პირველი მსოფლიო

Transcript
  • ტომი VIII

    საქართველო საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის, ომის შემდგომი აღდგენის, სოციალიზმის სრული და საბოლოო

    გამარჯვებისა და განვითარებული სოციალისტური საზოგადოების წლებში

    (1941 – 1975 წწ.)

    შესავალი

    § 1. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის პერიოდის საქართველოს ისტორიის წყაროები და ისტორიოგრაფია

    საქართველოს ისტორიის ნარკვევების წინამდებარე ტომი ეძღვნება

    საბჭოთა ხანის საქართველოს ისტორიის უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდებს. ტომში გაშუქებულია საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის, სახალხო მეურნეობის ომის შემდგომი აღდგენა-განვითარებისა და განვითარებული სოციალისტური საზოგადოების მშენებლობის ძირითადი მოვლენები.

    გერმანიის იმპერიალიზმის მიერ საბჭოთა ქვეყნისათვის თავსმოხვეული ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია საბჭოთა ქვეყნის ხალხთა ისტორიაში. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომი მეორე მსოფლიო ომის განუყოფელი ნაწილი იყო, ამიტომაც საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ ამ ომში ღრმა კვალი გაავლო თანამედროვე მსოფლიოს განვითარებაში.

    მეორე მსოფლიო ომი იმპერიალისტურ სახელმწიფოთა პოლიტიკის გაგრძელება იყო. ვ. ი. ლენინი არაერთგზის მიუთითებდა, რომ “ომი არის მხოლოდ განგრძობა პოლიტიკისა სხვა” (სახელდობრ ძალდატანებითი) “საშუალებებით” …სწორედ ასეთი იყო ყოველთვის თვალსაზრისი მარქსისა და ენგელსისა, რომლებიც ყოველ ომს უყურებდნენ როგორც მოცემულ, დაინტერესებულ სახელმწიფოთა – და მათ შიგნით სხვადასხვა კლასთა – პოლიტიკის განგრძობას მოცემულ დროს”1.

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 8+/0/1.htm#_ftn1#_ftn1

  • მეორე მსოფლიო ომში გამოიხატა 30-იანი წლების კაპიტალისტური სამყაროს საზოგადოებრივი განვითარების ობიექტური კანონზომიერებანი, წამყვანი იმპერიალისტური ქვეყნების მძაფრი დაპირისპირება მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისათვის, კაპიტალისტური სისტემის განუყოფელი ბატონობის აღდგენისათვის. იმპერიალისტურ წინაამდეგობათა ნიადაგზე წარმოშობილი ეს ომი თავისი მასშტაბის, ადამიანთა მსხვერპლის, მატერიალურ ფასეულობათა განადგურებისა და უმნიშვნელოვანეს სოციალურ-პოლიტიკური შედეგების მიხედვით უმაგალითო იყო. თუ პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა 10 მილიონი კაცი, ორჯერ მეტი დასახიჩრდა, მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა 50 მილიონი, დაიჭრა და დასახიჩრდა რამდენიმე ათეული მილიონი, მათ შორის დაიღუპა 20 მილიონზე მეტი საბჭოთა ადამიანი, ხოლო მატერიალურ ფასეულობათა დანაკარგმა პირდაპირი სამხედრო ხარჯებით 4 ტრილიონ დოლარს მიაღწია2.

    გერმანიის ფაშიზმს მსოფლიოს ხალხებზე გაბატონების ერთ-ერთ აუცილებელ და გადამწყვეტ პირობად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის მოსპობა. დასავლეთის სახელმწიფოთა მიუნხენის პოლიტიკა იმ ვარაუდს ემყარებოდა, რომ იმპერიალისტური წინააღმდეგობანი შეიძლებოდა დაძლეულიყო სსრ კავშირის წინააღმდეგ ფაშისტურ სახელმწიფოთა ომის საშუალებით. მათ “სურდათ დაწყებულიყო ომი კაპიტალისტურ სამყაროსა და იზოლირებულ საბჭოთა ქვეყანას შორის. მაგრამ ისე მოხდა, რომ ომი თვით კაპიტალისტურ სამყაროს შიგნით დაიწყო”3.

    იმპერიალისტური მსოფლიოს სამხედრო კონფლიქტების ცდების საპირისპიროდ კომუნისტური პარტია და საბჭოთა სახელმწიფო ახორციელებდნენ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკას, აქტიურად ისწრაფოდნენ სადავო საერთაშორისო საკითხების მშვიდობიანი გადაჭრისაკენ, აყენებდნენ კოლექტიური უშიშროების დაცვის ღონისძიებებს. ამ პოლიტიკას საფუძვლად უდებდნენ სხვადასხვა სოციალური წყობილების სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის ლენინურ პრინციპებს. სსრ კავშირის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით საბჭოთა კავშირმა 1939 წლის აგვისტოში გერმანიასთან დადებულ ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტით მიაღწია ომის დაწყების გადავადებას, მოიპოვა ორწლიანი მშვიდობა, რაც ესოდენ საჭირო იყო სოციალიზმის მშენებლობის, ქვეყნის ეკონომიკური ძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. საბჭოთა კავშირის ამ ნაბიჯმა შეუძლებელი გახადა კაპიტალისტური ქვეყნების ერთიანი ანტისაბჭოთა ფრონტის შექმნა. ეს კი დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა გახდა.

    კომუნისტურმა პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ, როგორც ეს წინა ტომშია ნაჩვენები, განახორციელეს საბჭოთა სახელმწიფოს არსებობის პირველ წლებში კაპიტალისტური ქვეყნების მიერ მიტაცებული დასავლეთ უკრაინის, დასავლეთ ბელორუსიისა და სხვა ტერიტორიების შემოერთების

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 8+/0/1.htm#_ftn2#_ftn2http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 8+/0/1.htm#_ftn3#_ftn3

  • ღონისძიებანი, რამაც ხელი შეუწყო საბჭოთა ქვეყნის დასავლეთის საზღვრების განმტკიცებას.

    1939 წლის სექტემბერში პოლონეთზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ერთმანეთს შეეჯახა მსხვილი კაპიტალისტური ქვეყნების ორი დაჯგუფება. ეს ომი, ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომი, მისი მსვლელობის პირველ ეტაპზე თავისი ხასიათით იმპერიალისტური იყო, რადგან ომში ჩაბმულ ორივე მხარეს ამოძრავებდა იმპერიალისტური მიზნები - ფაშისტური ბლოკის სახელმწიფოებს, პირველ რიგში გერმანიას, მსოფლიოს გადანაწილება, ხოლო ინგლისს, საფრანგეთს – თავიანთი კოლონიური იმპერიების შენარჩუნება. ფაშისტურმა გერმანიამ 1940 წლის აპრილ-ივნისში მოახდინა დანიის, ნორვეგიის, ჰოლანდიის, ბელგიისა და საფრანგეთის, ხოლო 1941 წლის აპრილში იუგოსლავიის, ალბანეთისა და საბერძნეთის ოკუპაცია, რის შედეგადაც მეორე მსოფლიო ომმა ევროპის მშვიდობისმოყვარე ხალხების მხრივ გამათავისუფლებელი ხასიათი მიიღო. სსრ კავშირის ჩაბმამ ომში 1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანიის მოულოდნელი თავდასხმის შედეგად ძირეულად შეცვალა მეორე მსოფლიო ომის ხასიათი. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებით დასრულდა მეორე მსოფლიო ომის გადაქცევა იმპერიალისტური ომიდან ანტიფაშისტურ, სამართლიან და განმათავისუფლებელ ომად ფაშისტური ბლოკის სახელმწიფოთა წინააღმდეგ.

    ფაშისტური გერმანიის მესვეურთ უნარი არ აღმოაჩნდათ სწორად შეეფასებინათ სსრ კავშირის ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი, სოციალისტური სახელმწიფო წყობილების სიმტკიცე და საბჭოთა კავშირის ხალხების მორალურ-პოლიტიკური ერთიანობის ფაქტორები.

    როგორც სოციალიზმის მშენებლობის წლებში, ასევე განსაკუთრებით დიდი სამამულო ომის პერიოდში ჰიტლერელ დამპყრობთა წინააღმდეგ საბჭოთა ხალხისა და მისი შეიარაღებული ძალების საყოველთაო-სახალხო ბრძოლის ორგანიზატორი იყო კომუნისტური პარტია ცენტრალური კომიტეტის მეთაურობით. პარტიამ აამოძრავა და დარაზმა საბჭოთა ხალხი დიდი სამამულო ომისათვის.

    საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს იმდროინდელი კაპიტალისტური სამყაროს ყველაზე ძლიერი, ჰიტლერული რაიხისა და მისი სატელიტების უზარმაზარი სამხედრო მანქანა, ჩაშალეს მსოფლიოზე გაბატონების ფაშისტური გეგმები. “საბჭოთა იარაღი მარადიული დიდებით შემოსა დამპყრობთა შემუსვრამ მოსკოვთან, ლენინგრადის დაცვამ, გმირი სტალინგრადის ეპოპეამ, კავკასიისათვის ბრძოლამ, კურსკ-ორიოლის რკალზე გრანდიოზულმა შერკინებამ, კორსუნ-შევჩენკოვსკის ოპერაციამ, ბერლინის ძლევამოსილმა შტურმმა და ბევრმა სხვა უდიდესმა ოპერაციამ, რომლებიც სამუდამოდ შევა ომების ისტორიაში” 4

    საბჭოთა ადამიანების პატრიოტიზმმა თავი იჩინა სახალხო პარტიზანულ ომში, რომელიც მრისხანე ძალად გაიშალა მტრის მიერ ოკუპირებულ სსრ

  • კავშირის ტერიტორიაზე და ჰიტლერელთა მიერ დაპყრობილი ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობის მოძრაობაში, რამაც დიდმნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფაშიზმის განადგურებაში.

    ომის მძიმე წლებში კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა მთავრობის გარშემო შეკავშირებულმა მრავალეროვანმა საბჭოთა ხალხებმა ფაშიზმთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ნათლად ცხადყვეს უსაზღვრო ერთგულება კომუნიზმის საქმისადმი.

    დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის განუზომლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფრონტისა და ზურგის ერთიანობას. საბჭოთა მეომრების პატრიოტიზმი და გმირობა, ასევე მუშათა კლასის, კოლმეურნე გლეხობისა და ინტელიგენციის თავდადებული შრომა ზურგში ჰიტლერული გერმანიის განადგურების მთავარი ფაქტორი გახდა.

    საბჭოთა კავშირის ძლევამოსილმა გამარჯვებამ ფაშიზმზე მსოფლიოს ხალხები იხსნა დამონებისაგან, ხოლო ცივილიზაცია მოსპობის საფრთხისაგან. სსრ კავშირმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჰიტლერული გერმანიისა და მისი სატელიტების, კერძოდ, მილიტარისტული იაპონიის განადგურებაში. ეს მოწმობდა, რომ სოციალიზმი თანამდეროვე საზოგადოების ისტორიული განვითარების წამყვარი ძალა გახდა.

    საბჭოთა კავშირის დიდმა სამამულო ომმა რადიკალურად შეცვალა ძალთა თანაფარდობა საერთაშორისო ასპარეზზე, ნათლად ცხადყო სოციალზმის უპირატესობა კაპიტალიზმის წინაშე და უჩვენა სოციალიზმის ისტორიული პერსპექტივა. როგორც ლ. ი. ბრეჟნევი აღნიშნავდა, “XX საუკუნის მანძილზე ჩვენი ქვეყანა ორჯერ იდგა მსოფლიოს უდიდეს ცვლილებათა სათავეებთან. ასე იყო 1917 წელს, როცა ოქტომბრის გამარჯვებამ ყველას აუწყა, რომ კაცობრიობამ დაიწყო ახალი ისტორიული ეპოქა. ასე იყო 1945 წელს, როცა ფაშიზმის განადგურებამ, რომელშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირმა, წარმოშვა სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების მძლავრი ტალღა, რომელიც მთელ პლანეტას მოედო, განამტკიცა მშვიდობის ძალები მთელ მსოფლიოში”5.

    საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ გერმანიის ფაშიზმზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ევროპისა და აზიის მთელი რიგი ქვეყნების ბედზე. ამიტომ დიდია ინტერესი საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის ისტორიისადმი, საერთოდ, და საბჭოთა ისტორიოგრაფიისადმი, კერძოდ, ქართული ისტორიული მეცნიერების ძირითადი ამოცანაა დიდ სამამულო ომში ქართველი ხალხის მონაწილეობის ყოველმხრივი მეცნიერული შესწავლა.

    როგორც ცნობილია, დიდი სამამულო ომის პირველი პერიოდის ქრონოლოგიური ჩარჩოები ასეთია: 1941 წლის 22 ივნისი – 1942 წლის ნოემბერი. ეს იყო მეტად ძნელი პერიოდი საბჭოთა ქვეყნისათვის, როდესაც წითელი არმიის იძულებითი უკანდახევის შედეგად მტერმა შეძლო საბჭოთა კავშირის სიღრმეში შეღწევა. მაგრამ მოსკოვთან გერმანელ ფაშისტთა განლაგების განადგურების შედეგად შეჩერებულ იქნა მათი ჯარების წინსვლა

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 8+/0/1.htm#_ftn5#_ftn5

  • აღმოსავლეთით, ჩაიფუშა “ელვისებური ომის” გეგმა, მომზადდა საბჭოთა კავშირის ხელში ინიციატივის გადასვლის წანამძღვრები. ამ პერიოდში საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დიდი სამხედრო გამოცდილება დააგროვეს; შეიქმნა ანტიფაშისტური კოალიცია.

    სამამულო ომის მეორე პერიოდი (1942 წლის 19 ნოემბრიდან 1943 წლის ბოლომდე) ძირეული გარდატეხა იყო სამამულო ომის მსვლელობაში. ფაშისტურმა არმიამ კატასტროფული მარცხი განიცადა სტალინგრადთან და კურსკის რკალზე. ეს ეტაპი შემობრუნების პუნქტი გახდა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაშიც.

    დიდი სამამულო ომის უკანასკნელი პერიოდია 1944 – 1945 წლის 9 მაისი. ამ პერიოდის მთავარი მოვლენა იყო გერმანელ ოკუპანტთა განდევნა საბჭოთა მიწა-წყლიდან, მოკავშირეთა მიერ მეორე ფრონტის გახსნა, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ხალხების განთავისუფლება ფაშისტური ოკუპაციისაგან და ჰიტლერული გერმანიის საბოლოო განადგურება. ამით დამთავრდა საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომი. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემადგენელი ნაწილი იყო საბჭოთა კავშირ-იაპონიის სამხედრო ოპერაციები შორეულ აღმოსავლეში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მოქმედებასთან ერთად წყნარი ოკეანის აუზში. მსოფლიო ომი დამთავრდა მილიტარისტული იაპონიის კაპიტულაციით შორეულ აღმოსავლეთში, ანტიფაშისტური კოალიციის სახელმწიფოთა გამარჯვებით6.

    სამამულო ომის ყოველი პერიოდი ხასიათდებოდა ზურგის მშრომელთა პატრიოტიზმის აღმავლობით. ომის მსვლელობის კვალობაზე იზრდებოდა ფრონტისადმი დახმარება, იცვლებოდა და ვითარდებოდა საომარ ყაიდაზე გარდაქმნილი სახალხო მეურნეობა.

    ტომის ავტორებმა ფაქტობრივი მასალებისა და ისტორიული მოვლენების უკეთ წარმოსაჩენად საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის პერიოდის საქართველოს ისტორიის გაშუქებისას მიზანშეწონილად არ ჩათვალეს გამოეყოთ ომის მეორე და მესამე პერიოდები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს, როგორც ზურგის რეგიონის, სახალხო მეურნეობის განვითარებაში არ შეიმჩნეოდა მკვეთრი ზღვარი ამ ეტაპებს შორის. ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების ამგვარი გადმოცემის თანამიმდევრობამ და მეცნიერულმა ანალიზმა მკითხველს უნდა გაუადვილოს ტომის ამ ნაწილში მოცემული მასალის ათვისება.

    საქართველოში, ისევე როგორც მთლიანად საბჭოთა კავშირში, ომის პირველი დღეებიდანვე დაიწყო სამხედრო ვალდებულთა გაწვევა საბჭოთა არმიაში. ფრონტზე წასულთა შორის ბევრი მოხალისე იყო. იქმნებოდა სახალხო ლაშქარი. რესპუბლიკის თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში მოქმედებდნენ გამანადგურებელი ბატალიონები, რომელთა შემადგენლობაში შედიოდა 25 ათასზე მეტი კაცი. ამ ბატალიონებმა დიდი როლი შეასრულეს დივერსანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ზოგჯერ მონაწილეობდნენ კავკასიის უღელტეხილების დაცვის საბრძოლო ოპერაციებშიც. დიდი

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 8+/0/1.htm#_ftn6#_ftn6

  • სამამულო ომის განმავლობაში საქართველოდან საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნა 700 ათასზე მეტი მებრძოლი, მათგან 52,6 ათასი კომუნისტი, ანუ საქართველოს კომუნისტური პარტიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, 160 ათასი კომკავშირელი.

    ავტორები შეეცადნენ შეძლებისდაგვარად წარმოეჩინათ დიდი სამამულო ომის ფრონტებზე საქართველოს წარგზავნილთა საბრძოლო გმირობა, გაეშუქებინათ ქართველ მეომართა მონაწილეობა სამამულო ომის უმნიშვნელოვანეს ოპერაციებში. ქართველმა მეომრებმა და მხედართუფროსებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მტერთან პირველ შეტაკებებში, მოსკოვისა და ლენინგრადის დაცვაში და სამამულო ომის სხვა დიდმნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში. 1942 წელს ფორმირებულმა ქართულმა ეროვნულმა დივიზიებმა თავი გამოიჩინეს კავკასიის დაცვისათვის ბრძოლებში. ქართველი მეომრები მონაწილეობდნენ ფაშისტური გერმანიის ჯარებისაგან სსრ კავშირის ტერიტორიის განთავისუფლებასა და მტრის საბოლოო განადგურებაში, საბჭოთა მიწა-წყალზე გაშლილ პარტიზანულ ბრძოლებსა და ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობის მოძრაობაში.

    ტომში ასახულია საქართველოს მშრომელთა წვლილი საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. ომმა საქართველოს სახალხო მეურნეობის წინაშე საომარ ყაიდაზე გარდაქმნის რთული ამოცანები დააყენა. მრეწველობის დარგში უნდა განხორციელებულიყო საქართველოში მანამდე არარსებულ სამხედრო საწარმოთა მშენებლობა. აუცილებელი იყო ევაკუირებულ საწარმოთა სწრაფი ამუშავება და სამრეწველო საწარმოთა გადაყვანა თავდაცვითი პროდუქციის წარმოებაზე.

    დიდი სამამულო ომის პირველ წლებში მტრის მიერ საბჭოთა კავშირის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის შედეგად საბჭოთა ქვეყანამ დაკარგა მძლავრი ინდუსტრიული რაიონები, იქ თავმოყრილი იყო ქვანახშირის მოპოვების ნახევარზე მეტი, მეტალურგიულ საწარმოთა დიდი ნაწილი, უკრაინისა და ყუბანის უმნიშვნელოვანესი სასურსათო ბაზა, დაირღვა რაიონთაშორისო და დარგთაშორისო სამეურნეო კავშირი, საწარმოთა კოოპერირება და დარგობრივი პროპორციები, გაძნელდა საქართველოს მრეწველობის საწარმოთა თანამშრომლობა რსფსრ და სხვა მოძმე რესპუბლიკების საწარმოებთან. მაგრამ მშვიდობიანი მშენებლობის წლებში შეძენილმა გამოცდილებამ რესპუბლიკის მრეწველობას შესაძლებლობა მისცა შეენარჩუნებინა წარმოების მაღალი დონე. საბჭოთა კავშირის ცენტრალური რაიონებიდან სხვადასხვა სამრეწველო ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების შემოზიდვის შემცირება-შეწყვეტის მიუხედავად, ადგილობრივ ნედლეულზე სამრეწველო საწარმოთა გადასვლისა და შემცვლელ სათადარიგო ნაწილებისა და დეტალების წარმოების ორგანიზაციის გზით, საქართველოს მრეწველობა შეუფერხებლად მუშაობდა და ახალი ასორტიმენტის პროდუქციას აწარმოებდა ფრონტისა და ზურგისათვის. სამრეწველო საწარმოთა კოლექტივებმა კარგად გაართვეს თავი

  • საომარი საჭურვლისა და იარაღის წარმოებას. განსაკუთრებით დიდი შედეგები იქნა მოპოვებული მეტალურგიული მანგანუმის წარმოების განვითარებაში. ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანაში პირველად საბჭოთა კავშირში მიიღეს მეტალური მანგანუმი ელექტროთერმიული წესით, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საჯავშნე ფოლადის წარმოებისათვის.

    სახალხო მეურნეობის სათბობით მომარაგების უზრუნველსაყოფად გაიზარდა ტყვარჩელის ქვანახშირის წარმოება. დიდი ცვლილებები განიცადეს ავტოშემკეთებელმა საწარმოებმა, ქიმიურმა, მანქანათმშენებელმა და მსუბუქი მრეწველობის დარგებმა. რესპუბლიკის მრეწველობაში წამყვანი ადგილი ეჭირა წარმოების საშუალებათა წარმოებას, საქართველოს მრეწველობა ფრონტს ამარაგებდა იარაღითა და საბრძოლო მასალებით, სურსათითა და ტანსაცმლით.

    საქართველოს სამრეწველო საწარმოთა კოლექტივებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1943 წლის მეორე ნახევრიდან მტრის ოკუპაციისაგან განთავისუფლებული უკრაინისა და სხვა რაიონების სახალხო მეურნეობის აღდგენით სამუშაოებში.

    სსრ კავშირის ზურგის რაიონებში, მათ შორის საქართველოში, არ შეწყვეტილა კაპიტალური მშენებლობა. ომის პერიოდში საქართველოს მანქანათმშენებლობას შეემატა 16 ახალი საწარმო. ამუშავდა მძლავრი საავიაციო ქარხანა თბილისში, ქვანახშირის ახალი შახტები. 1944 წელს რუსთავში დაიწყო ქართული მეტალურგიის გიგანტის – ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა, განახლდა ხრამისა და სოხუმის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, დასრულდა შავი ზღვის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობა, რომელსაც სამხედრო სტრატეგიული, ხოლო შემდგომ დიდი სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდა. დაბების – აკარმარასა და კვეზანის ბაზაზე 1942 წლის აპრილში შეიქმნა ქალაქი ტყვარჩელი. ქვეყნის თავდაცვის საწარმოთა საჭიროებისათვის გაფართოვდა საქართველოში იშვიათ ლითონთა მთელი რიგი საბადოების დაზვერვა-მოპოვება და სამრეწველო ექსპლოატაცია.

    ძნელ პირობებში მოუხდათ მუშაობა საქართველოს ტრანსპორტის მუშაკებს. ომის პირობების შესაბამისად შეიცვალა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ტვირთბრუნვის ხასიათი და მოცულობა. ტრანსპორტის მუშაკებმა წარმატებით გაართვეს თავი მტრისაგან დროებით ოკუპირებული რაიონების საწარმოო-დაწესებულებათა ევაკუაციას, საბჭოთა ჯარების ნაწილების დესანტის გადასხმას შავი ზღვის სანაპირო პუნქტებში, ამიერკავკასიისა და ჩრდილო კავკასიის ფრონტისა და შავი ზღვის ფლოტის მომარაგებას იარაღითა და ცოცხალი ძალით. ისინი ხშირად საბრძოლო ოპერაციებშიც მონაწილეობდნენ.

    საქართველოს მრეწველობისა და ტრანსპორტის მიერ ომიანობის პირობებით გამოწვეული რთული ამოცანების გადაჭრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით მუშათა კლასის

  • შრომითი და პოლიტიკური აქტივობის აღმავლობამ. შრომის სოციალისტური ფორმები 1941 – 1945 წლებში საქართველოს მრეწველობასა და ტრანსპორტზე, რომელიც ძირითადად ანალოგიური იყო მთლიანად საბჭოთა კავშირის მუშათა კლასის შრომითი აქტივობის ფორმებისა, თვისებრივად განსხვავდებოდნენ ომამდელი ფორმების ხასიათისაგან. ეს განაპირობა ამოცანების სიახლემ და მუშათა კლასის კვალიფიციური შემადგენლობის განსხვავებულობამ. სამამულო ომის პერიოდში საქართველოს მუშათა კლასის შრომითი აქტივობის მთავარი ფორმები იყო ახალგაზრდულ-კომკავშირული ბრიგადების ორგანიზაცია და მათი შეჯიბრება ფრონტული ბრიგადის წოდებისათვის, ორასოვანთა მოძრაობა, სრულიად საკავშირო სოციალისტური შეჯიბრება მრეწველობაში და ლენინური მოძრაობა ტრანსპორტზე. მუშათა კლასის პატრიოტიზმზე მეტყველებს ნოვატორთა რიცხვის ზრდა რესპუბლიკის მრეწველობაში. 1941 წლის მიწურულისათვის მანქანათმშენებელ მრეწველობაში ნოვატორები შეადგენდნენ 40,5 პროცენტს, ხოლო 1942 წლის ბოლოს – 48,3 პროცენტს, მრეწველობის ზოგიერთ დარგში ნოვატორები ბევრად მეტი იყვნენ.

    სამამულო ომმა უაღრესად დიდი მნიშვნელობის ამოცანები დააყენა საქართველოს სოფლის მეურნეობის წინაშე. საბჭოთა ქვეყნის ზურგის რაიონების სოფლის მეურნეობას ნაწილობრივ მაინც უნდა შეევსო მტრის მიერ სასოფლო-სამეურნეო რაიონების ოკუპაციით გამოწვეული დიდი დანაკლისი. სოფლის მეურნეობა დიდ სიძნელეებს განიცდიდა. მაგალითად, შრომისუნარიანი მოსახლეობის ფრონტზე წასვლის შედეგად შემცირდა შრომითი რესურსები, შემცირდა აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკური აღჭურვილობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს კოლმეურნე გლეხობამ თავდადებული შრომით მიაღწია ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურის, პირველ რიგში მარცვლეული და პარკოსანი კულტურების ნათესი ფართობისა და საერთო მოსავლის გადიდებას. გატარდა ღონისძიებანი მრავალწლიანი კულტურების ფართობების შენარჩუნებისა და მათი მოსავლიანობის გასადიდებლად.

    ომმა მნიშვნელოვნად დააზარალა მეცხოველეობა. და მაინც საქართველო სისტემატურად გადაჭარბებით ასრულებდა სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების დამზადების სახელმწიფო დავალებებს. დიდი სამამულო ომის პერიოდში საქართველოს კოლმეურნეობებმა და საბჭოთა მეურნეობებმა სახელმწიფოს ჩააბარეს სულ 115 მლნ ფუთამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ნედლეული.

    ტომში ნაჩვენებია საქართველოს კოლმეურნე გლეხობის აქტიური მონაწილეობა და წარმატებანი საკავშირო სოციალისტურ შეჯიბრებაში, სოფლის მშრომელთა პატრიოტიზმი არმიისა და ფლოტის შესაიარაღებლად დიდი რაოდენობის ფულადი სახსრების შეგროვებაში. სამამულო ომის წლებში საქართველოს მშრომელთა სხვადასხვა ნებაყოფლობითმა შენატანებმა ომის საჭიროებისათვის და მათ მიერ შეძენილმა სესხის ობლიგაციების,

  • ფულისა და ნივთების ლატარიის ბილეთების ღირებულებამ შეადგინა 3173 მლნ მან.

    სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დიდი როლი შეასრულეს მანქანა-ტრაქტორთა სადგურებმა და საბჭოთა მეურნეობებმა, პოლიტგანყოფილებათა დროებით აღდგენამ.

    ტომის ავტორები შეეცადნენ წარმოეჩინათ საქართველოს მრეწველობისა და სახალხო მეურნეობის წამყვანი დარგების განვითარების ძირითადი ტენდენცია სამამულო ომის პერიოდში, გაეანალიზებინათ ზოგიერთი ნაკლოვანების მიზეზი და ეჩვენებინათ მათი დაძლევისათვის გაწეული მუშაობა.

    სახალხო მეურნეობის საომარ ყაიდაზე გარდაქმნამ და შრომითი რესურსების მნიშვნელოვანმა შემცირებამ აუცილებელი გახადეს ფართო ღონისძიებათა განხორციელება კვალიფიციურ მუშათა და სპეციალისტთა კადრების მომზადების, სამრეწველო საწარმოებში, ტრანსპორტზე, მშენებლობებზე მოსული ათასობით ქალისა და ახალგაზრდობის პროფესიულ სწავლებისა და პოლიტიკური აღზრდისათვის. ფრონტისათვის უდიდესი მატერიალური რესურსების მოხმარებასთან ერთად კომუნისტური პარტია და საბჭოთა სახელმწიფო დიდ ზრუნვას იჩენდნენ მშრომელთა მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, სასურსათო და სამრეწველო საქონლით მომარაგების უზრუნველყოფისადმი. გადიდდა მუშა-მოსამსახურეთა ხელფასი. ომის წლებში საექსპლოატაციოდ გადაეცა 207 ათასი კვ მ საცხოვრებელი ფართობი. 1941 – 1945 წლებში საქართველოში მშრომელთა სოციალურ-კულტურულ მომსახურებაზე დაიხარჯა თითქმის 4 მლრდ მანეთი, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვაზე - 1 249 მლნ მან, სოციალურ უზრუნველყოფაზე – 400 მლნ მან.

    დიდი სამამულო ომის სამსახურში ჩადგა ქართული მეცნიერება, ლიტერატურა და ხელოვნება. სამამულო ომის წლებში გაიზარდა კომუნისტური პარტიის ავტორიტეტი. ამას მოწმობს მშრომელთა ლტოლვა პარტიის რიგებისაკენ. პარტიაში შედიოდნენ წარმოების მოწინავენი, სამშობლოს მგზნებარე პატრიოტები. ომის პერიოდში, კერძოდ, 1941 – 1945 წლის ივლისამდე, პარტიის წევრობის კანდიდატად მიღებულ იქნა 44 159 მოწინავე მშრომელი. დიდ სამამულო ომში საქართველოს მშრომელთა წვლილის მაჩვენებელია ისიც, რომ მედალი “შრომითი მამაცობისათვის 1941 – 1945 წლების დიდ სამამულო ომში” გადაეცა 333 344 კაცს.

    ტომში შეძლებისდაგვარად სრულადაა წარმოჩენილი საქართველოს მშრომელთა მონაწილეობა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. ამ მონაწილეობის შესახებ ლ. ი. ბრეჟნევმა თქვა: “ქართველი ხალხის ათიათასობით მამაცმა შვილმა თავისი სახელი შემოსა დიდების შარავანდედით...

    მხედრული გმირობის შესაფერი იყო იმათი შრომითი გმირობაც, ვინც ზურგში მუშაობდა. საქართველო ფრონტს აძლევდა თვითმფრინავებს,

  • ავტომატურ იარაღსა და სხვა სახეობის შეიარაღებას, ტყვია-წამალს, ტანსაცმელსა და სურსათს. ჰოსპიტლებად გადაკეთებულმა საქართველოს საავადმყოფოებმა და ჯანმრთელობის კერებმა ასეულ ათასობით დაჭრილს შეუწყეს ხელი კვლავ დაბრუნებულიყვნენ ფრონტზე. გულითადი ზრუნვით ეკიდებოდა ქართველი ხალხი სხვა რესპუბლიკებიდან ევაკუირებულთ. აქ ერთხელ კიდევ იჩინა თავი ხალხთა ლენინურმა მეგობრობამ – საბჭოთა მრავალეროვანი სახელმწიფოს ძლიერებისა და უძლეველობის ურყევმა საფუძველმა”7.

    საქართველომ, როგორც ერთ-ერთმა მოკავშირე რესპუბლიკამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამამულო ომში. ქართული ისტორიოგრაფიის ამოცანა სწორედ ის არის, რომ მეცნიერულად გააშუქოს და გააანალიზოს საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში ქართველი ხალხის საბრძოლო და შრომითი გმირობა.

    წყაროები. დიდი სამამულო ომის ქართული ისტორიოგრაფიისათვის წყაროთმცოდნეობითი ბაზის შესაქმნელად პირველი ნაბიჯები ომის წლებშივე გადაიდგა. საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1943 წლის 16 თებერვლის დადგენილებით საკ. კპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში ჩამოყალიბდა “საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის ისტორიისათვის მასალებისა და დოკუმენტების შეგროვების სექცია”. ახლად დაარსებულ უჯრედს ევალებოდა აგრეთვე სამამულო ომის ცალკეული საკითხების შესწავლა და მისი შედეგების გამოქვეყნება. 1944 წლის დეკემბერში სექცია გადაეცა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს და სამამულო ომის ისტორიის შემსწავლელი კომისია ეწოდა. ამ კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ აკად. გ. ხაჭაპურიძე (ხელმძღვანელი), ს. ჯანაშია, კ. თარგამაძე, ბ. ნანიტაშვილი, ა. იოსელიანი, ნ. ჭეიშვილი, ი. ტაბაღუა, მ. ქოჩიაშვილი და სხვები, ფრიად ნაყოფიერი მუშაობა გასწია, შეადგინა ქართულ და რუსულ პრესაში ქართველი მეომრების საბრძოლო საქმეების შესახებ გამოქვეყნებული მასალების ბიბლიოგრაფია, შეაგროვა ქართული საფრონტო გაზეთები, შექმნა არქივი (თუმცა მას ნამდვილი არქივის სახე არ ჰქონია, რადგან არქეოგრაფიულად დამუშავებული არ ყოფილა). შეკრებილი მასალები 1950 წლის იანვარში მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტმა8 იმასთან დაკავშირებით, რომ მას გადაეცა სამამულო ომის კომისია, რომელიც საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიის განყოფილებად ჩამოყალიბდა. ამ დროიდან მიეცა დასაბამი ქართულ ისტორიოგრაფიაში დიდი სამამულო ომის ისტორიის შესწავლის მეცნიერულ ნიადაგზე დაფუძნებას, რადგან უკვე არსებობდა წყაროთმცოდნეობითი ბაზა სამამულო ომის გმირული ეპოპეის ცალკეული საკითხების მეცნიერული შესწავლსათვის.

    უნდა აღინიშნოს ერთი ფრიად საინტერესო გამოცემის შესახებ, რომელიც განხორციელდა დიდი სამამულო ომის წლებში. ეს იყო სამ ნაკვეთად დასტამბული ბიბლიოგრაფიული საძიებელი “ქართველი მეომრები საბჭოთა

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 8+/0/1.htm#_ftn7#_ftn7http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 8+/0/1.htm#_ftn8#_ftn8

  • კავშირის დიდ სამამულო ომში”. ერთ წიგნად დაბეჭდილი პირველი და მეორე ნაკვეთები მოიცავენ 1941 – 1943 წლებში ქართველი მეომრების საბრძოლო გმირობის თაობაზე ქართულ, რუსულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს. მებრძოლთა გვარები დალაგებულია ანბანური რიგით, ბიბლიოგრაფიული მასალა თითოეული მებრძოლის შესახებ – ქრონოლოგიურად, ხოლო ცნობები და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებანი დაჯილდოების შესახებ – გამოქვეყნების თარიღის მიხედვით. აღნიშნულ ორ ნაკვეთში მოცემულია საძიებელი 7 ათასი მებრძოლის, ხოლო მესამე ნაკვეთი (1944 – 1945 წლებში გამოქვეყნებული მასალები) შეიცავს ცნობებს 4 316 მებრძოლის შესახებ. ორივე წიგნს დართული აქვს საძიებლები. ამ ბიბლიოგრაფიულ გამოცემებს, რომელთა შემდგენლებმა, საქართველოს წიგნის პალატის თანამშრომლებმა, დიდი მუშაობა გასწიეს, ფართოდ გამოეხმაურა ქართველი საზოგადოებრიობა. გათვალისწინებული იყო ამ გამოცემის გაგრძელება, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ვერ განხორციელდა.

    დიდი სამამულო ომის წლებში ქართულ ენაზე გამოქვეყნდა მასალებისა და დოკუმენტების რამდენიმე კრებული9. თუმცა დასახელებული პუბლიკაციები გაკვრით ეხებოდნენ საქართველოს წარგზავნილთა მონაწილეობას პარტიზანულ მოძრაობაში როგორც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ, როგორც პირველწყაროების გამოქვეყნებას, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამამულო ომის ქართული ისტორიოგრაფიისათვის.

    როგორც აღინიშნა, გერმანელ ფაშისტთა წინააღმდეგ საბჭოთა ხალხების გმირული საბრძოლო შემართების შესახებ ომის მსვლელობაშივე იქმნებოდა დოკუმენტური წყაროები. სამამულო ომის ფრონტებზე საქართველოს არაერთმა წარგზავნილმა ისახელა თავი. მათზე იწერებოდა ნარკვევები და წერილები. 1942 წელს დაიბეჭდა ნარკვევები საბჭოთა კავშირის გმირების ნ. ადამიას, მ. გახოკიასა და ა. გეგეშიძის შესახებ. ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდა ნარკვევი გენერალ კ. ლესელიძეზე და სხვ. გამოდიოდა წიგნების სერია “სამამულო ომის სახელოვანი მებრძოლნი”. პირველი სამი წიგნი გამოიცა 1942 წელს, მეოთხე წიგნი – 1943 წელს, ხოლო მეხუთე და მეექვსე – 1944 წელს. ეს არის ნარკვევების, საგაზეთო სტატიებისა და სხვა მასალების კრებულები. ომის დამთავრების შემდეგ 1946 – 1947 წლებში რუსულ ენაზე დაიბეჭდა წიგნების სერია “ჩვენი გმირები”, რომელიც ზემოხსენებული ქართული გამოცემის ტიპისაა. სამამულო ომის ფრონტებზე ქართველი მებრძოლების გმირობისა და საერთოდ ომში საქართველოს წარგზავნილთა მონაწილეობის ამსახველი დიდძალი მასალა შეაგროვა ზემოხსენებულმა კომისიამ, რომლის მიერ შედგენილი არქივი 50-იან წლებში სამამულო ომის ქართული წყაროთმცოდნეობის ძირითადი ბაზა იყო. ამ წყაროებზე დაყრდნობით დაიწერა პირველი ნაშრომები, მათ შორის ნ. ჭეიშვილის “მასალები ქართველი მეომრების მონაწილეობისა ბერლინის აღებისათვის

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 8+/0/1.htm#_ftn9#_ftn9

  • ბრძოლაში”, რომელიც 1951 წელს დაიბეჭდა. ეს წიგნი თავისთავად წყაროთმცოდნეობითი ხასიათის პუბლიკაციაა.

    სამამულო ომის ცალკეული საკითხების სრულყოფილი გაშუქებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მემუარულ ლიტერატურას10, რადგან ამ თავისებური წყაროს გამოყენება და ამის საფუძველზე ამა თუ იმ მასალისა, თუ ცნობის შეჯერება ფაქტებისა და მოვლენების ჯაჭვში ზოგიერთი წყვეტილი რგოლის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა.

    არაერთი მებრძოლის გმირობის ამბავი მოითხოვს გამომზეურებას. ამ საქმეში ისტორიულ მეცნიერებას ფრიად სასარგებლო სამსახური შეიძლება გაუწიოს პუბლიცისტურმა და სხვა ჟანრის ლიტერატურამ, რომელიც უკანასკნელ წლებში ძლიერ მოზღვავდა, რაც მისასალმებელია. ეს პირველ ყოვლისა შეეხება ომის მონაწილე მხედართუფროსების, ოფიცრებისა და მებრძოლების მოგონებებს. მათ შორის აღსანიშნავია თადარიგის გენერალ-მაიორის გ. ყურაშვილის ნაშრომები “სამშობლოს ერთგული შვილები” (1965) და “თერგიდან სევასტოპოლამდე” (1968). ეს ნაშრომი ასახავს 414-ე ანაპის წითელდროშოვანი დივიზიის საბრძოლო გზას. ამავე დივიზიის საბრძოლო გზას აშუქებს პოლკოვნიკ ვ. ჯანჯღავას წიგნი “414-ე წითელდროშოვანი” (1968), რომელშიც ავტორმა გამოიყენა პირადი ჩანაწერები, დივიზიის მებრძოლთა მოგონებანი, აგრეთვე საარქივო მასალები. აღსანიშნავია მისივე ნაშრომი “ქერჩის პლაცდარმზე” (1973). უნდა მოვიხსენიოთ თადარიგის გენერალ-მაიორის ნ. კალაძის წიგნები: “ბერლინის ოპერაცია” (1967), “სტალინგრადი, კურსკი, ბერლინი” და “უდრეკი კავკასიონი” (1973); თადარიგის გენერალ-მაიორის ნ. თავართქილაძის ნაშრომები: “ქართველი მეომრები სტალინგრადის დაცვისათვის ბრძოლაში” (1972) და “იყო ასეთი დღეები” (1968); ვ. ძაბახიძის “ცეცხლოვანი ფურცლები” (1966); ე. კობერიძის “მეთხუთმეტე გვარდიული ქართული ბატალიონის შესახებ” (1968); ბრესტის ბრძოლების მონაწილის ა. კალანდაძის “დღეები ბრესტის ციხეში” (1968); მარუხის ბრძოლების მონაწილის შ. თელიას მოგონებები “საქართველოს კარიბჭესთან” (1969); ქართველ პარტიზანთა ცნობილი მეთაურის, საბჭოთა კავშირის გმირის დ. ბაქრაძის დოკუმენტური ნარკვევები: “გმირთა სისხლით” (1961), “ძველ გზებსა და ბილიკებზე” (1965), “კარპატების რეიდი” (1968); საბჭოთა კავშირის გმირის ო. ჩეჩელაშვილის “ფოლადის ფრთებზე (მფრინავის ჩანაწერები)” (1965) და სხვ.

    დიდი სამამულო ომის წლებში შეიქმნა მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობა, რომელსაც ერთგვარად პირველწყაროს მნიშვნელობა აქვს. ამ ხასიათის მასალების შეკრება-შესწავლა საინტერესოა არა მარტო ისტორიული კვლევა-ძიების, არამედ სხვადასხვა მეცნიერული ასპექტით განზოგადების თვალსაზრისითაც.

    დიდ სამამულო ომში ქართველი ხალხის მონაწილეობის საკითხების გაშუქებისას ავტორები ეყრდნობოდნენ საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის შესახებ არსებულ სპეციალურ ლიტერატურას, პირველ რიგში საბჭოთა

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 8+/0/1.htm#_ftn10#_ftn10

  • კავშირის დიდი სამამულო ომის ისტორიის ექვსტომეულს, უცხოურ ლიტერატურას, რომლებშიც ნაჩვენებია საბჭოთა მეომრების მონაწილეობა ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობის მოძრაობაში.

    მაგრამ დიდ სამამულო ომში საქართველოს წარგზავნილთა მონაწილეობის გასაშუქებლად ძირითადი წყაროა საარქივო მასალები. დიდ სამამულო ომში მრავალეროვანი საბჭოთა ხალხების მონაწილეობის შესახებ მდიდარი მასალებია დაცული საბჭოთა კავშირის სხვადასხვა არქივსაცავში, პირველ რიგში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს არქივში (პოდოლსკი). წინამდებარე ტომის ავტორებმა ფართოდ ისარგებლეს აღნიშნული არქივის მასალებით. ამ არქივში დაცულია ქართული ეროვნული დივიზიების საარქივო ფონდებიც.

    ახალი მასალების საფუძველზე დასტურდება, რომ საქართველოში დაბადებულ და რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატის მიერ საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში გაწვეულ მებრძოლთა შორის საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება მიენიჭა არა 138 მებრძოლს, როგორც ეს დღემდე იყო ცნობილი საბჭოთა ისტორიულ ლიტერატურაში, არამედ 156 მეომარს. დიდ სამამულო ომამდე - ფინეთ-საბჭოთა კავშირის სამხედრო კონფლიქტის, ხასანის ტბისა და ხალხინ-გოლის რაიონებში და ესპანეთში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლების მონაწილეთა შორის საქართველოს 8 წარგზავნილს მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ამრიგად, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება საქართველოში მინიჭებული აქვს 164 კაცს11.

    ტომში გამოყენებულია აგრეთვე სსრ კავშირის ცენტრალური სამხედრო-საზღვაო არქივისა და ნაწილობრივ საბჭოთა არმიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის მასალები.

    საქართველოს მშრომელთა თავდადებული შრომის შესახებ დიდი სამამულო ომის პერიოდში მდიდარი მასალაა დაცული სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის პარტიულ არქივში, სადაც თავმოყრილია აგრეთვე დოკუმენტები და მასალები ომის წლებში საქართველოს სახალხო მეურნეობისა და კულტურის ცალკეული დარგებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი მასალები, მტრის მიერ ოკუპირებული რაიონებიდან ევაკუირებულ საწარმოთა მიღება-განლაგების, თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობისა და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილების ფორმირების შესახებ. საარქივო მასალები შეიცავენ ცნობებს წითელი არმიის მებრძოლთათვის თბილი ტანსაცმლისა და საჩუქრების შეგროვების, ფრონტელთა ოჯახებისადმი დახმარების, სახსრების შეგროვების შესახებ სატანკო კოლონებისა და საბრძოლო თვითმფრინავების მშენებლობისათვის, სამამულო ომის ინვალიდთა შრომითი მოწყობის, ამიერკავკასიის ფრონტისა და სამხედრო საზღვაო ფლოტის ნაწილების სურსათით მომარაგების შესახებ და სხვ. პარტიული არქივის მასალებზე დაყრდნობით ტომის ავტორებმა

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 8+/0/1.htm#_ftn11#_ftn11

  • გააშუქეს საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი როლი ფრონტის დასახმარებლად ზურგის მშრომელთა მობილიზაციის საქმეში. სამწუხაროდ, პარტიული არქივის მასალები შეიცავენ მცირე ცნობებს პარტიზანულ და წინააღმდეგობის მოძრაობაში საბჭოთა მებრძოლების, მათ შორის ქართველ მეომართა, მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ საკითხებზე საინტერესო მასალებს იძლევა საქართველოს სსრ ოქტომბრის რევოლუციისა და სოციალისტური მშენებლობის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დიდი სამამულო ომის ფონდი.

    ტომის ავტორებმა ისარგებლეს ზოგიერთი მოძმე საბჭოთა რესპუბლიკის პარტიული არქივებისა და საქართველოს რესპუბლიკის საოლქო, საქალაქო და რაიონული სამხედრო კომისარიატების საარქივო მასალებით.

    დიდი სამამულო ომის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა პარტიული და საბჭოთა პრესა. ომიანობის პერიოდში ძლიერ გაიზარდა პრესის როლი, რადგან უდიდესი ყურადღება მიენიჭა სამამულო ომის ფრონტებზე საბჭოთა მებრძოლების გმირობისა და ზურგის მშრომელთა პატრიოტიზმის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების ოპერატიულობას და საბჭოთა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს მიერ დასახულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის მშრომელთა მობილიზაციასა და დარაზმვას.

    განსაკუთრებით დიდია ეგრეთ წოდებული საფრონტო პრესის, როგორც ერთ-ერთი პირველხარისხოვანი დოკუმენტური წყაროს, მნიშვნელობა დიდი სამამულო ომის ისტორიისათვის. ფრონტული პრესა დიდ პარტიულ-პოლიტიკურ, აღმზრდელობით და ორგანიზაციულ მუშაობას ეწეოდა საბჭოთა არმიის მებრძოლთა შორის. მისი უპირველესი ამოცანა იყო საბჭოთა მეომრების მხედრული გმირობის პოპულარიზაცია. იგი ფრიად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ფრონტისა და ზურგის კავშირის განმტკიცების საქმეშიც.

    ქართული საფრონტო პრესა შეადგინეს ძირითადად ქართული ეროვნული დივიზიების გაზეთებმა, რომლებიც ამ სამხედრო შენაერთების საბრძოლო გზის მემატიანეებს წარმაოდგენენ. ყოველ დივიზიას თავისი გაზეთი ჰქონდა. მაგალითად, 224-ე ქართული დივიზია უშვებდა გაზეთს “ქართველი მსროლელი”, 242-ე დივიზია – “სამშობლოსათვის”, 414-ე მსროლელი დივიზია “სამშობლოს დამცველს”, 296-ე დივიზია – “სტალინელს”, 406-ე დივიზია – “სამშობლოსათვის”, 392-ე მსროლელი დივიზია – “წინ გამარჯვებისაკენ”, 349-ე დივიზია – “სამშობლოს სადარაჯოზე”, 276-ე დივიზია – “გამარჯვებისათვის”12. ამას გარდა, მოქმედ არმიაში გამოდიოდა გაზეთები სხვა�