ფერმკრთალი ჰერცოგი · ხათუნა...

54
1 ფერმკრთალი ჰერცოგი ხათუნა კერესელიძე 2016

Transcript of ფერმკრთალი ჰერცოგი · ხათუნა...

1

ფერმკრთალი ჰერცოგი

ხათუნა კერესელიძე 2016

2 I ხმადაბალი საუბარი იატაკზე დავარდნილი ლითონის ინსტრუმენტის ხმამ შეაწყვეტინათ. მშვიდად მიაბრუნეს თავი ერთი მიმართულებით. კრიმინალისტმა ინსტრუმენტი აიღო და მობოდიშების ნიშნად უსიტყვოდ ახედა. ისევ მიტრიალდნენ და დაწყებული საუბარი კვლავ ხმადაბლა განაგრძეს. სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის, საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის კაბინეტში, სიჩუმეს აშკარა უპირატესობა მოეპოვებინა იმ უმნიშვნელო ხმაურთან ჭიდილში, საგამოძიებო სამსახურის ორი თანამშრომლის ჩურჩული და ექსპერტ-კრიმინალისტების აღჭურვილობის წკარუნი რომ იწვევდა. ეს უკანასკნელნი მაგიდაზე სახით დამხობილი ახალგაზრდა მეცნიერის, ნიკა ხუციშვილის უსიცოცხლო სხეულს დასტრიალებდნენ და კეფაში შავ ხვრელად დარჩენილ ნატყვიარს ყურადღებით იკვლევდნენ. გვამზე ძალადობის სხვა კვალი არ შეინიშნებოდა. ოთახშიც, ერთი შეხედვით, ყველაფერი თავის ადგილზე იყო, მაგრამ გარეშე, მარდი ხელის გულმოდგინება ყველაფერში იკითხებოდა. - გამოცდილ თვალს შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენოდა ნივთების ნაჩქარევად დალაგების მცდელობით გამოწვეული უწესრიგობა. მაგიდაზე გაშლილ ნახაზებზე მუქშინდისფრად იდგა ჯერ კიდევ გაუციებელი სისხლის გუბე. კარში მდგომი დაცვის ორი თანამშრომელი გამომძიებლებზე არანაკლები ინტერესით ადევნებდა თვალს ოთახში მიმდინარე მოვლენებს. მძიმე ნაბიჯების ხმა სწრაფად მოახლოვდა და დერეფანში საშუალო სიმაღლის, მკვრივი აღნაგობის, ასაკოვანი მამაკაცი გამოჩნდა, ცნობისმოყვარე დაცვის თანამშრომლები უხეშად გასწია და ოთახში გვერდულად შეაბიჯა. - დავით, ირაკლი, რა ხდება?! - ნიკოლოზ ხუციშვილი, ოცდათხუთმეტი წლის, - უფროსის გამოჩენა სრულიად კანონზომიერად ჩათვალა და მისალმების გარეშე დაიწყო დავით მესხმა. - სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ცერნის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, ინჟინერ-კონსტრუქტორი სამხედრო ტექნოლოგიების დარგში. არის რამდენიმე გამოგონების ავტორი. ამჟამად მუშაობდა სახელმწიფოს დაკვეთით. ამ

3 დროისთვის სულ ესაა. - რა დაკვეთაა? - დახურული ინფორ-მაცია, - მრავალმნიშვნელოვნად ჩამარცვლა დავით მესხმა. - უკვე საინტერესოა.... - ცივად ჩაიცინა თედო თავართქილაძემ, - ვინ ნახა პირველმა? - ამათ, - თავით მიანიშნა უფროსის ზურგსუკან, კარში, უკვე გამაღიზიანებელი ცნობისმოყვარობით გაჩხერილ ახალგაზრდებზე. - რომელზე? - მკაცრი სახით მიტრიალდა მათკენ თედო თავართქილაძე. - ორის თხუთმეტ წუთზე, - კარის ძელს მოშორდა და წელში სწრაფად გასწორდა ასაკით უფროსი. - ამ შუაღამეს აქ რას აკეთებდით?! - შემოვლა გვქონდა, - გამომძიებლის ეჭვი შეურაცხყოფად მიიღო და გამომწვევად უპასუხა უმცროსმა. - ასე გვიან... - კიდევ უფრო მეტი უნდობლობა დაეტყო მის ხმას. - სამუშაო საათები რომელზე მთავრდება თქვენთან? - სამუშაო საათები შეზღუდული არაა. თანამშრომლები, ხანდახან, მთელი ღამე რჩებიან. ცდები და რაღაც ამგვარები, ხო გესმით?.. ხო და, ჩვენც რამდენჯერმე ვაკეთებთ შემოვლას. - ...ცარიელ ოთახებში რომ შევიხედოთ და შევამოწმოთ. თუ ვინმეა, ხელის შეშლა მკაცრად გვეკრძალება. - აქ რატომღა შემოხვედით? - წარბები შეკრა თავართქილაძემ და მხრებში მტკიცედ გაშლილმა, ზემოდან დახედა დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც მხრამდე ძლივს სწვდებოდნენ თავად არც თუ მაღალს. - შუქი იყო ჩამქრალი. მაიაკია რა, რო ოთახი ცარიელია. მაგრამ კარი იყო ღია. ვიფიქრეთ, რაღაც ნი ტო. ხო და, შემოვედით, რა... არა, კი არ შემოვედით... კვალს ხო არ წავშლიდით და რამე. აქედანვე გავჩითეთ და ეგრევე დაგირეკეთ. - მაიაკი ზნაჩიტ... სწორად მოქცეულხართ... - შექებაზე მეტად მუქარას ჰგავდა მისი ტონი. - კიდევ ვისაუბრებთ, დაგვჭირდებით, - ირაკლი ჯაფარიძისკენ მიუთითა და კიდევ კარგა ხანს დაფიქრებით უყურებდა კარს, რომელშიც უკვე აღარავინ იდგა. - წინდახედული ნაბიჭვრები! ახალგაზრდების მეტისმეტად შეურაცხყოფილი, გაღიზიანებული გამომეტყველება და არც თუ კარგად შენიღბული ცნობისმოყვარეობა, მათ გულწრფელობასა თუ უდანაშაულობაში ეჭვის შეტანის საკმარის საფუძველს აძლევდა გამოცდილ გამომძიებელს. - ასეა, ასე, - თავის დაქნევით დაეთანხმა უფროსს დავით მესხი. აშკარა იყო, იგივე ეჭვი მის მოსვლამდე გასჩენოდა.

4 - წაღებულია რამე? - სანამ თანამშრომლები არ მოვლენ... - ფირები ამოიღეთ? - სათვალთვალო კამერიდან ისევ მასზე გადაიტანა მზერა. - აბა, თუ მიხვდები. თედო თავართქილაძეს, ალბათ ყველაფრის გაგონება ერჩივნა, გარდა იმისა, რის თქმასაც დავით მესხი აპირებდა და რასაც უკვე თვითონაც ხვდებოდა. - სულ ტყუილად მიყურებ ასე. დაცვის სისტემა ძაბვის ვარდნის გამო გუშინ დაზიანდა და შეკეთება ჯერ არ დასრულებულა. ნუ, ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ასე მოგვახსენეს. - რა იცოდი ასეთი? - სინანულით დააცქერდა თავართქილაძე ახალგაზრდა მეცნიერის თითქმის გაციებულ სხეულს, - მაინც რა გამოიგონე? - ორ-სამ საათში გავიგებთ, - საათს დახედა დავითმა. - უკვე შვიდი ხდება. - რას ფიქრობ? - კარგს არაფერს... მკვლელი შინაურია. მსხვერპლიც კარგად იცნობდა და დაცვის თანამშრომლებიც. აქამდე ისე მოვიდა, არავის მოსვლია აზრად მისი შეჩერება. არც ძალადობის კვალია. ზურგსუკან მხოლოდ იმას დაიყენებ, ვისაც იცნობ და ენდობი. მკვლელობამდე კიდევ მუშაობას აგრძელებდა, - თითით ჯერ გარდაცვლილის ხელში შერჩენილ ფანქარზე მიუთითა, მერე კი, ფორმატზე გავლებული დაუმთავრებელი ხაზი მონიშნა. - თუ იმასაც დავუმატებთ, რომ სახელმწიფოს დაკვეთით, დახურულ პროექტზე მუშაობდა... - ამიტომაც გაფუჭდა დაცვის სისტემა. - ასეა. - არ მომწონს ეს ყველაფერი. გული მიგრძნობს, ჩემი კარიერა ამ გაუხსნელი საქმით დასრულდება. - ნახევარ ხელფასს ჩამოვდივარ, საღამოს ექვსამდე, საქმე უშიშროებას ექნება წაღებული, - დაკეტილი ფანჯრიდან გადახედა ეზოს. შენობის ირგვლივ თვალისმომჭრელად ციმციმებდა პოლიციის მანქანების ლურჯ-წითელი ნათურების გრძელი რკალი. - ეგ ფსონი იმასთან ჩამოდი, - ოთახიდან გასული ირაკლი ჯაფარიძის მიმართულებით მხარსზემოდან გაიშვირა ცერა თითი თავართქილაძემ. - სანამ შენი უფროსი გახდება, მოასწარი. სამინისტროში ყველამ იცოდა, რომ გამოცდილი გამომძიებელი, უკვე ორი ათეული წლის განმავლობაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, თედო თავართქილაძე, პენსიაზე გასასვლელად ემზადებოდა. იმაზეც ღიად საუბრობდნენ, რომ ამ ადგილის ერთ-ერთ პრეტენდენტად, დავით მესხთან ერთად,

5 ირაკლი ჯაფარიძე განიხილებოდა. მტკიცე, შეუვალი ხასიათის მქონე დავითთან კომპრომისების მიღწევა ძალიან გაუჭირდებოდა ხელმძღვანელობას, ამიტომ მათი სიმპათიები უფრო რბილი, თავშეკავებული და მეტად გაწონასწორებული ირაკლი ჯაფარიძისკენ იხრებოდა. არც თედო თავართქილაძისთვის, რომელსაც, ალბათ, ძალიან გაახარებდა საყვარელი მოსწავლის დაწინაურება, არც თავად დავითისთვის, ეს ფაქტი დაფარული არ ყოფილა. -ორივემ ზუსტად იცოდა, რამდენიმე კვირაში ირაკლი ჯაფარიძე დაიკავებდა სამმართველოს უფროსის სავარძელს. - მკიდია. უფროსობა რომ მდომებოდა, შენც კარგად მოგასრიალებდი. - ჭკვიანი კაცი ხარ, - ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა გააყოლა თვალი საკაცეზე დასვენებულ ხუციშვილის გვამს. - კარგი მასწავლებელი მყავდა. - მოსწავლეში გამიმართლა. კაცურად გამიმართლა... მარტო დარჩენილნი, ერთხანს ჩუმად ისხდნენ ფანჯრის რაფაზე. ქვეშევრდომისკენ ნახევრად მიბრუნებული თავართქილაძე უმისამართოდ იცქირებოდა სივრცეში. მხოლოდ დროდადრო შეავლებდა-ხოლმე მზერას მის უკვე ჭაღარამოძალებულ თმას. - ოჯახს შენ გაესაუბრები? - სიჩუმე დაარღვია დავითმა. - ერთად გავესაუბრებით... ნაშუადღევს, ოპერატიული ჯგუფის წევრები კაბინეტში გამოიძახა სამმართველოს უფროსმა. იცოდა, დრო ძალიან ცოტა ჰქონდათ. - სანამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეს წაიღებდა, ეს კი გარდაუვალი იყო, უნდოდა მეტი მოესწრო და საქმე ხელიდან არ გაეშვა. - დაცვის ბიჭები თუ დაკითხეთ განმეორებით? - მაგიდასთან დაჯდომა არ აცალა ოთახში შესულ ირაკლი ჯაფარიძეს. - დილით რაც მოვასწარით. მერე... გაქრნენ. - რა, გიკვირს?! არავინ მიამაგრეთ?! - არც ის გამიკვირდება, ორივე მკვდარი რომ ვნახოთ... უკვე ეძებენ, - სხვათაშორის ჩაილაპარაკა ფიქრებში წასულმა დავითმა. - რამე გაარკვიეთ? - ნოდარ ნარიმანიძე და სამსონ ქურხული ყაჩაღობისთვის იხდიდნენ სასჯელს. ერთ

6 საქმეში გადიოდნენ. ოთხი წლის წინ შეწყალებით გათავისუფლდნენ, - საქაღალდედან ამოღებული დაკითხვის ოქმები და რამდენიმე ფურცელი უფროსს გაუწოდა ირაკლი ჯაფარიძემ. - შაყირობ?! - ისეთი მკაცრი მზერა სტყორცნა თავართქილაძემ პასუხად, თითქოს მას მიუძღვოდა რაიმე წვლილი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კადრების შერჩევაში. - დაცვაში როგორ მოხვდნენ, დაცვის უფროსი ვინაა?! - ვინმე ვაჟა ქურხული. ვარკვევთ. - შენ რაღა გჭირს, კიდე რამე მოხდა?! - მე მგონი... ფირები არსებობს... - უფროსის შეკითხვის ქვეტექსტს, რომელიც ასე გახშირებულ ოჯახურ უსიამოვნებას გულისხმობდა, უარის ნიშნად, თავის ოდნავი შერხევით უპასუხა დავით მესხმა. - მოიცა, შენ არ თქვი?... - არა, მიხაილოვიჩ, ეგ იმათ თქვეს. სისტემა დაზიანებული არც ყოფილა. - როგორ თუ არ ყოფილა?! შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების შემდეგ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის განხილვისას, დავითს ეჭვიც კი არ გამოუთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით და ირაკლიმაც, რატომღაც, საჭიროდ არ ჩათვალა ფაქტის გადამოწმება. თუ ვინმეზე მართებდა გაბრაზება, ისევ საკუთარ თავზე. მაგრამ მაინც, შეცბუნებასთან ერთად, საყვედური იგრძნობოდა მის ხმაში. - ზუსტად მახსოვს, შენობაში რომ შევედით, კამერები ენთო, ანუ მუშაობდა. - იქნებ ქვემოთ მუშაობდა, ზედა სართულებზე კი... - არა, არა, - საჩვენებელი თითი თავსზემოთ უარის ნიშნად გააქნია დავითმა. - იმათ თქვეს, რომ სისტემა დაზიანდა. ეს ნიშნავს, რომ ყველა კამერა გამორთული უნდა ყოფილიყო. ერთი მითხარი, მარტო იმ სართულის კამერების გამორთვას რა აზრი ჰქონდა - ის ვიღაც, ბოლოს, გარეთ ხომ უნდა გამოსულიყო, რომელიმე კამერა ხომ დააფიქსირებდა?! - თავის საქმე გააკეთა, დაბლა ჩამოვიდა და ფირები წაიღო, - სუფთად გაპარსულ ლოყებზე რამდენჯერმე ჩამოისვა ხელი თავართქილაძემ. - სათვალთვალო აპარატურა სადაა? - ეზოში, შესასვლელთან პატარა შენობაა. აი, ის კამერა კი, ნაღდად არ მუშაობს, გატეხილია. შენობის გასაღები დაცვის უფროსის განკარგულებაშია, რომელიც იმ ორ ნაბიჭვართან ერთად აორთქლდა. - კარგად მომზადებულან. - არც ისე, - დავითმა ტელეფონი მანამ მიიტანა ყურთან, სანამ ზარის ხმას გაიგებდა. - წითელი ხიდისკენ მიდიან.

7 - Предусмотрительные сволочи! - თავისი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სალანძღავი ფრაზა ჩაიბუტბუტა და მაგიდაზე გაშლილ მასალებს კიდევ ერთხელ, უკმაყოფილოდ გადაავლო თვალი თავართქილაძემ. - ეს მათი მესამე ნასამართლეობაა. რეციდივისტები შეწყალებით გაათავისუფლეს და ასეთი სტრატეგიული ობიექტის დაცვაში აიყვანეს... - ან... გაათავისუფლეს სწორედ იმიტომ, რომ მანდ აეყვანათ. თარიღებს დააკვირდით. გათავისუფლებიდან ორ თვეში, უკვე დაცვის სამსახურში იწყებენ მუშაობას. - საკუთარი დანაშაულის ამსახველი კადრები რატომ უნდა შეენახათ? ხომ შეეძლოთ, მართლა გამოერთოთ კამერები და ცარიელი ფირები ეჩვენებინათ. ასე უფრო დამაჯერებელი არ იქნებოდა? - შეთავაზებულ ვერსიას ახსნა ვერ მოუძებნა ირაკლი ჯაფარიძემ. - ჩორტ ევო ზნაეტ. მოვიფიქრებ და გეტყვი, - მაჯაზე საათს დახედა და ხელები ისევ კისერზე შემოიწყო დავითმა. - აგვიანებენ, რაღაც. - შეიძლება? თითქოს მისი სიტყვის დასრულებას ელოდაო, კარი გაიღო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, არნოლდ კიტიამ უცერემონიოდ შეაბიჯა კაბინეტში. - მოდი, მოდი. ვღელავდით კიდეც რომ დააგვიანე, - აგდებით მიიპატიჟა თავართქილაძემ და გამომძიებლებს კარისკენ მიანიშნა. - სიზმარში ხომ არ მნახეთ? - სკამი დამცინავი ღიმილით გამოსწია ახლად მოსულმა. - ხო, მთლად კარგი სიზმრები არ გვქონდა წუხელ. წაგებული მოვიდა, - გაშლილი ხელისგული გაუწოდა ირაკლის დავითმა. - ძალიან ხომ არ ჩქარობ? - მხიარული ბიჭები გყავს. - გისმენ, - უპასუხოდ დატოვა კიტიას რეპლიკა თავართქილაძემ. - ხუციშვილის საქმე. - რატო ვითომ?! - ოდნავადაც არ უცდია არასასურველი სტუმრისადმი საკუთარი დამოკიდებულების დაფარვა. საშინლად აღიზიანებდა ასეთი ვიზიტების შემდეგ სამუდამოდ მივიწყებული, უფრო ხშირად კი, გაუჩინარებული საქმეები. კანონი, მსგავს სიტუაციაში, უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა მისგან და ეს აცოფებდა. - საქმე სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხება. - მაინც? - ეს საიდუმლო ინფორმაციაა. ორივესთვის ცხადი იყო, საქმე აუცილებლად გადაინაცვლებდა სახელმწიფო

8 უსაფრთხოების სააგენტოში, მაგრამ არნოლდ კიტიასთვის ყოველ წუთს ჰქონდა მნიშვნელობა. შეკამათება მხოლოდ გაახანგრძლივებდა ამ პროცესს. სწორედ ამიტომ, მშვიდად იგერიებდა თედო თავართქილაძის მოკლე, დროის მოგების მიზნით დასმულ კითხვებს. - იმდენად საიდუმლო, რომ დაკვეთის შემსრულებლის გაჩუმებასაც არ მოერიდეთ? თავართქილაძეს არ გამოჰპარვია, კიტიას ისედაც წითურ სახეს როგორ გადაურა ალისფერმა ტალღამ. იმ ფაქტმა, რომ სტუმარმა მისი ასეთი პირდაპირი ბრალდება მხოლოდ დიდ ნერწყვად გადაყლაპა, კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ გამოძიება სწორი გზით მიდიოდა და გადაწყვიტა ბოლომდე ებრძოლა საქმის შესაკავებლად. - ხუციშვილის საქმე, ძარცვის მიზნით, წინასწარგანზრახვით ჩადენილი მკვლელობის მუხლით გადის. ჯერ აქ დარჩება, - მტკიცედ დაადო გაშლილი ხელი თხელ საქაღალდეს. - ოჯახის წევრების დაკითხვიდან ირკვევა, რომ გარდაცვლილი მუდმივად ატარებდა უძვირფასეს გულსაკიდ ხატს, რომელიც საგვარეულო რელიქვიას წარმოადგენდა. მკვლელობის ადგილზე ხატი არ აღმოჩნდა. ასე, რომ... მოცდა მოგიწევს. - რა ხატი?!.. - ამჯერად, მიწის ფერი დაედო კიტიას. - მეჩვიდმეტე საუკუნის, უცნობი ოსტატის მიერ შექმნილი, წმინდა ნიკოლოზის სანაწილე ყელსაკიდი ხატი, - დამარცვლით ჩაიკითხა დაკითხვის ოქმი თავართქილაძემ. - ორი საათი გაქვთ. დარწმუნებული ვარ, მაგ დროისთვის ხატიც გამოჩნდება. კიტიამ დაუმშვიდობებლად დატოვა სამმართველოს უფროსის კაბინეტი. - ჩავაბარო თავანი? - ათიოდე წუთში კარი შეაღო ირაკლი ჯაფარიძემ. - ორ საათში მოვასწრებთ რამეს? - შეკითხვა დაუბრუნა თავართქილაძემ. - რას გულისხმობთ? - დაცვის ბიჭების პოვნას. - თავანი შეგიძლია ახლავე ჩამაბარო, - ირაკლის ზურგს უკან გაჩერდა შუბლშეკრული დავითი. - დაცვის ორივე თანამშრომელი, თავის უფროსთან ერთად, საზღვარზე, ორმხრივი სროლისას მოკლეს. ხუციშვილების რარიტეტიც მათ აღმოაჩნდათ. ჩვენები არკვევენ საქმის დეტალებს. - ო-პაა, Блядь! - დათვის თათივით ძლიერი თითები ჩამოჰკრა მაგიდის კიდეს თავართქილაძემ.

9 ცხრამეტი წლის იყო ეკატერინე ავალიანი, პირველი აღიარება რომ მოვიდა მის ცხოვრებაში. - მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ოც წლამდე ასაკის გოგონებს შორის. შემდეგი წარმატება, ჯერ ისევ სტუდენტს, შესანიშნავი მომავლის მქონე მათემატიკოსს, ოცდაერთი წლის ასაკში ეწვია, როცა მისმა კვლევებმა კრიპტოგრაფიასა და კოდირების თეორიაში დიდი მეცნიერების კარი შეაღო და საყოველთაო განხილვის და აღფრთოვანების საგნად იქცა. საოცარი ანალიტიკური უნარის მქონემ, ინსტიტუტის წარმატებით დასრულებისთანავე, ავსტრიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სამაგისტრო ნაშრომი კოდირების თეორიაში იქვე დაასრულა და სამშობლოში დაბრუნებული, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურს ჩაუდგა სათავეში. თუმცა, სამეცნიერო საქმიანობისთვის თავი არ დაუნებებია - მისი ნაშრომები გამოყენებით მათემატიკაში, მუდმივად ჩნდებოდა ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებში. ოცდარვა წლის ასაკში, სტამბულში გამართულ, მსოფლიოს ახალგაზრდა მეცნიერთა ფორუმში მონაწილების მისაღებად მიიწვიეს ოთხ ქართველ მეცნიერთან ერთად. ქვეყნის წარდგენის პატივიც მას ერგო - გახსნის ცერემონიაზე სიტყვა უნდა წარმოეთქვა, ხოლო შემდეგ, თავისი ბოლო ნაშრომი, „ნაკადური შიფრის კრიპტოანალიზი“, რომელიც მსოფლიო კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა, ამჯერად, ახალგაზრდა მეცნიერთათვის უნდა გაეცნო. ზურგჩანთამოკიდებული მძიმედ მიაგორებდა ჩემოდანს სტამბულის ათათურქის აეროპორტში და ჩაფიქრებული მიჰყვებოდა მგზავრების ნაკადს. - ჯგუფის არც ერთი წევრი თბილისის აეროპორტში არ გამოჩენილა. შეუძლებელი იყო ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობაზე ოთხივეს ერთდროულად განეცხადებინა უარი. დამხვდურთა გრძელ მწკრივში, თეთრ ტრაფარეტზე, საკუთარ გვარს მოჰკრა თვალი. მიხვდა, ამ რეისზე მხოლოდ მას ელოდნენ, ის კი არავინ გააფრთხილა. უკვე ტვირთშემსუბუქებული, სწრაფი ნაბიჯით აედევნა მანქანისკენ მიმავალ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელს იმ იმედით, რომ თანამემამულეებს სასტუმროში შეხვდებოდა. მაგრამ კიდევ უფრო დაიბნა, როცა მისაღებში შეიტყო, რომ საქართველოდან მხოლოდ თვითონ იყო დარეგისტრირებულთა სიაში. თუმცა, ჯავშანი ოთხზე კვლავ ძალაში რჩებოდა. ფორუმის გახსნამდე სამი საათით ადრე, ჯგუფის ხელმძღვანელს და (ფაქტობრივად)ერთადერთ წევრს, მთელი რიგი ფორმალობების დასრულება უნდა მოესწრო.

10 წინასწარ იცოდა, მეშვიდე გამომსვლელი იყო და მცირე იმედი, რომ ჯგუფის წევრები შემოუერთდებოდნენ, კიდევ ჰქონდა. - მალ-მალე კარისკენ აპარებდა თვალს. - ერთი მაინც მოვიდეს, თუნდაც მხოლოდ ერთი, - მოუსვენრად წრიალებდა სკამზე. - ახლა კი, ჩვენი სტუმარი საქართველოდან. გამოყენებითი მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ოც წლამდე გოგონებს შორის, ულამაზესი ეკატერინე ავალიანი... უხერხული ღიმილით მიიკვლევდა გზას რიგებს შორის და ისევ კარისკენ იხედებოდა. - ხვალ, სამუშაო დღის შემდეგ, მსურველებს საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ ერთდროულ სეანსში მის წინააღმდეგ, - საზეიმოდ გამოაცხადა ფორუმის თავმჯდომარემ ეკასთვისაც ეს დიდი სიურპრიზი და მცირე პაუზის შემდეგ მშვიდად დასძინა: - რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენ ოთხ წევრს, ისინი, დღის ბოლოს, პირდაპირ ცერნიდან შემოგვიერთდებიან. - ჯანდაბა, ხომ შეიძლებოდა ვინმეს გავეფრთხილებინე?! - შვებით ამოისუნთქა უკვე ტრიბუნასთან მისულმა და მიკროფონი გაისწორა. სასტუმროს ტერასაზე ყველაფერი მზად იყო ერთდროული სეანსისთვის. შავ, საღამოს გრძელ კაბაში გამოწყობილი ეკატერინე ავალიანი, სხეულის პროპორციული, დახვეწილი ფორმებით, საოცრად წააგავდა ჭადრაკის შავ დედოფალს. ამაყად თავაწეული გადაადგილდებოდა დაფებთან და ჩვეული სიფრთხილით აკეთებდა სვლებს. სეანსი რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაძაბული სამუშაო დღის განტვირთვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიება ნამდვილ ორთაბრძოლაში გადაიზარდა. - მონაწილეებს, თუ უბრალოდ მაყურებლებს, უკვე სამ დაფასთან მოეყარათ თავი და გაფაციცებულნი, ცნობისმოყვარედ ადევნებდნენ თვალს იმ სამ მოთამაშეს, შეუპოვარ წინააღმდეგობას რომ უწევდნენ ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს. ეკამ მეცხრე დაფასთან მჯდომს ყაიმი შესთავაზა, შემდეგ ორ სვლაში, მეთოთხმეტე დაფაზე გამარჯვება მოიპოვა და მეხუთე მაგიდასთან, ყველაზე საინტერესო მოწინააღმდეგეს დაუბრუნდა. - ახალგაზრდა მამაკაცმა სწორედ ის პარტია შესთავაზა, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა რვა წლის წინ. უკვე იცოდა, ოთხ სვლაში ყველაფერი ზუსტად ისე განმეორდებოდა, როგორც მაშინ, მაგრამ მოწინააღმდეგეს თამაშის საშუალებას აძლევდა. - თქვენთან დამარცხებაც კი დიდი პატივია. გილოცავთ! მოწინააღმდეგის მოულოდნელმა ქართულმა უცნაურად ააღელვა. - ნიკა ხუციშვილი, - ისევ ხელში ეკავა ეკას ხელი და მის გაცისკროვნებულ სახეს თვალს არ

11 აშორებდა ოცდათორმეტი წლის არანაკლებ წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი, ინჟინერ-კონსტრუქტორი სამხედრო ტექნოლოგიების დარგში. - ეკატერინე,... ეკა ავალიანი... ძალიან მიხარია... - ოვაციების ხმაში ძლივს მიაწვდინა სათქმელი და თავადაც გაუჭირდა იმის გარკვევა, რა უხაროდა. ის, რომ, როგორც იქნა, ჯგუფის ერთი წევრი მაინც გამოჩნდა, თუ ის, რომ მის წინ ასეთი სასიამოვნო ადამიანი იდგა, რომელიც... რომლის... რაღაც, სხვაგვარად თბილი, ნათელი თვალები და ღიმილი... ჯანდაბას... უსაშველოდ მოსწონდა უკვე... ორი წლის შემდეგ, როცა ნიკამ მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა ცერნში, შვეიცარიაში იქორწინეს, მოკრძალებულად, უხმაუროდ. თაფლობის თვეც იქვე გაატარეს. მხოლოდ თერთმეტ თვეს გაგრძელდა მათი ოჯახური ბედნიერება. ქორწინებიდან თერთმეტი თვის თავზე, საკუთარ კაბინეტში, ერთი ტყვიით მოკლული იპოვეს ნიკოლოზ ხუციშვილი. ერთი ტყვია კეფაში. ერთი ტყვია, მიბჯენით გასროლილი. გამქრალი პროექტები და საიდუმლო ნახაზები. საეჭვოდ სწრაფად დახურული საქმე. ოცაათი მაისის შუაღამით დაიწყო ეს ჯოჯოხეთი ეკატერინე ავალიანისა და ნიკა ხუციშვილის ოჯახის დანარჩენ წევრთათვის, ოცდაათი მაისის შუაღამის ზარით სადარბაზო კარზე. პოლიციის, შემდეგ კი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა დაუსრულებელი და მოულოდნელი ვიზიტები, დამამცირებელი დაკითხვები და ჩხრეკები ბინასა თუ აგარაკზე. მაგრამ ეკასთვის აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, სიცოცხლის აზრი დაკარგა. ძლიერი ტრანკვილიზატორებით გაბრუებული საკუთარ დანისლულ სამყაროში შეიკეტა, ყველაფერზე უარი თქვა. ექვსი თვე დასჭირდა ამ წყვდიადის დასაძლევად, ექვსი უმძიმესი თვე, რომ კარი გაეღო. სხვაგვარი გახდა. სხვაგვარად, სასტიკი თვალით შეხედა სამყაროს, სხვანაირი, მძიმე და გაბედული ნაბიჯი შედგა სრულიად ახალ გზაზე და ახალი კარი მტკიცე ხელით შეაღო. - ეკატერინე ავალიანი?!.. - გაოცებული წამოიჭრა ფეხზე ირაკლი ჯაფარიძე. - თქვენი მეუღლის საქმე... - რა თქმა უნდა, ვიცი. - აბა... რას მივაწერო თქვენი მოულოდნელი ვიზიტი, რით შემიძლია დაგეხმაროთ? დღე წუთებში ჰქონდა გათვლილი. საათს ანგარიშმიუცემლად დახედა. დაიმედებული, რომ საუბარს მალევე დაასრულებდა, სტუმარს სკამი შესთავაზა და თვითონაც სავარძელს დაუბრუნდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი. - ჩემი სამუშაო ადგილი მაჩვენეთ მხოლოდ. დღეიდან თქვენი თანამშრომელი ვარ,

12 ბატონო ირაკლი. - რა ბრძანეთ?! - გამჭვირვალე ფაილში მოთავსებული ფურცელი აუჩქარებლად მიაცურა თავისკენ. წინ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოსჩვენებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ბრძანება ედო, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის ვაკანსიაზე ეკატერინე ავალიანის დანიშვნას ამცნობდა. ამ უკანასკნელს კარგად ახსოვდა, რომ რამდენიმე თვის წინ, თედო თავართქილაძე ხელმძღვანელობდა სამმართველოს და სწორედ ის იძიებდა მისი მეუღლის მკვლელობას. რაღაცნაირად ეთბილებოდა ჭაღარა, ასაკოვანი გამომძიებელი. მის თანაგრძნობას ხედავდა, პატივისცემას. კიდევ ერთი ახსოვდა, გაცილებით ახალგაზრდა, მაგრამ ისიც ჭაღარაშერეული. ეს კი... ეს არ ახსოვდა. როგორც ჩანს, ახლახანს დაუნიშნავთ. თავართქილაძე კი, ამჯერად, კადრების შერჩევითაა დაკავებული. - გადასცეს თუ არა დანიშვნის ბრძანება, მაშინვე თვალში მოხვდა მისი გვარი ფურცლის ქვედა კიდეში. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს მუდამ ექსტრემალურ გარემოში, - საბოლოოდ გაუფუჭდა ხასიათი ირაკლი ჯაფარიძეს. - აი, ჩემი თანაშემწე მიგაცილებთ თქვენს სამუშაო მაგიდასთან. ყველაფერში თანდათან გაგარკვევთ. - მადლობა. ეკატერინე ავალიანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა აწ უკვე უფროსის გაღიზიანება, მაგრამ ურთიერთობების დალაგება დროს და გარემოებას მიანდო. მის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება და ის იყო კარისკენ შეტრიალდა, წამით, თითქოს იატაკს მიეწება დავით მესხის დანახვაზე. “აი, ეს... ეს მახსოვს კიდევ!” თვალი სწრაფადვე აარიდა და პოლიციის ფორმაში გამოწყობილ გოგონასთან ერთად ოთახი დატოვა. - ამას აქ რა უნდა?! - არ გამოჰპარვია მისი სახის ცვლილება დავითს. - შენი თანამშრომელია... ჩვენი თანამშრომელი! - უკვე დაუფარავი უკმაყოფილებით ააფრიალა ბრძანება ხელში. - ატრაკებ! - აი ახლა, შენ ატრაკებ, თანაც ძალიან მაგრად! - ეკატერინე ავალიანისკენ მიმართული მისი მზერა დაიჭირა ირაკლი ჯაფარიძემ. - კაროჩე რა, მიხაილოვიჩ!... - არა! მართლა მაგარი გოგო ჩანს, ისე არა, შენ რომ ფიქრობ...

13 - აბა, რითაა მაგარი?! გამარკვიე ერთი! - არ გესმის შენ... გროსმაისტერი მოგივიდა... მაგარი ტვინი მოგივიდა უწყებაში. ...და, ბრძანება რა პონტში გამოგიგზავნა? - ჰკითხე! - ბურთად ქცეული ფურცელი ნაგვის ვედროში ჩაანარცხა გაღიზიანებულმა. - არაა ცუდი აზრი... უკვე აღარ ახსოვდა ირაკლისთან შესვლის მიზეზი. კარი გაიხურა და იქვე, ლიფტის ღილაკს მთელი ძალით დაჰკრა ხელის გული, მაგრამ აღარ დაელოდა - სირბილით დაეშვა კიბეზე. - ნიკოლოზ ხუციშვილის საქმე არქივიდან, სასწრაფოდ! – ჯაფარიძის მკაცრი ხმა შემოესმა დავითს მზერადადევნებულ თანაშემწეს. ექვსი თვე ნამდვილად არ იყო დიდი დრო, დავით მესხს, რომელსაც სტუდენტობის დროინდელი საქმეებიც კი, თითქმის ზეპირად ახსოვდა, ნიკა ხუციშვილის მკვლელობის დეტალები დავიწყნოდა. მითუმეტეს რა დაავიწყებდა ნიკოლოზ ხუციშვილისა და ეკატერინე ავალიანის წყვილს. - ასეთი ახალგაზრდა, აღიარებული მეცნიერები არც ისე ბევრი შეხვედრია. ხო და, ახსოვდა დავითს ეს ულამაზესი „ენიგმა“, როგორც თვითონ შეარქვა, თავისთვის, ჩუმად. მაშინ სხვა მიზეზის გამო შეარქვა ასე კრიპტოგრაფიის ექსპერტს - ცნობილი გასაშიფრი აპარატის გამო, მაგრამ ახლა, შეხედა თუ არა, მიხვდა - მართლაც ენიგმად ქცეულიყო ეკატერინე ავალიანი და მისი აქ მოსვლა ერთი დიდი კოდირებული გეგმის ნაწილი იყო. კიბე ჩაათავა და კადრების მთავარი სამმართველოს კარი მოუთმენლად შეაღო. - რაო, ეკატერინე ავალიანმა ხომ არ აგაფორიაქა? - ღიმილით ახედა თედო თავართქილაძემ საყვარელ მოსწავლეს. - მე ცუდს არ მივიღებდი, ხომ იცი? - ელაპარაკე? - რისთვის? ისედაც კარგად ვიცნობ უკვე, - სქელ საქაღალდეზე დააკაკუნა თითით. - ეგ აქ ტყუილად არ მოსულა, - მაგიდას მიუჯდა და თითქმის ჩაიჩურჩულა დავითმა. - შემომხედა თუ არა, მაშინვე მივხვდი, რაღაც გეგმა აქვს. - ...და, შენ დაეხმარები... - გადაწყვეტილებას მიუხვდა გამოცდილი გამომძიებელი. დავითმა მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - მერე, შენი უფროსი? - არაა ირაკლი ცუდი ტიპი, ისიც დაეხმარება... ნუ, ხელს არ შეუშლის. - იცი რაზე მწყდება გული?

14 - ვიცი, ვიცი, მიხაილოვიჩ... - სახე აარიდა დავითმა. - არ აეწყო... არაფერი გამოდის... - რას აპირებ, როდემდე უნდა იყოთ ასე? ბავშვი მაინც არ გეცოდებათ? - უკვე აღარაფერი ვიცი... წავიდეს... ვისთანაც უნდა... ბავშვს არ გავატან. - მაგ საკითხში კანონი შენს მხარესაა. შენი ნებართვის გარეშე ქვეყნიდან ვერ გაიყვანს. ბევრს საუბრობდნენ დავით მესხისა და ჰელენა კალანგისის ულამაზეს წყვილზე თბილისში. არავინ იცოდა საიდან გაჩნდა ეს მშვენიერი ბერძენი მსახიობი ქალი მის ცხოვრებაში. თხუთმეტი წლით უმცროსი იყო ჰელენა. ალბათ ამიტომაც ითმენდა მისდაუსრულებელ ახირებებს დავითი. როცა ვაჟი შეეძინათ, თითქოს თვითონაც ხელახლა დაიბადა, - ბავშვის სუნთქვით სუნთქავდა, მისი თვალებით ხედავდა სამყაროს, მისით უცემდა გული. მაგრამ სამშობლოში დაბრუნება და კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა ჰელენამ. ჯოჯოხეთს დაემსგავსა დავითის ცხოვრება. მათი სიყვარულიდან აღარაფერი დარჩა და ქორწინების შენარჩუნება თვითონაც აღარ სურდა. მხოლოდ შვილზე ფიქრობდა. - უკვე ცხრა წლის, მამისთვის იოანეს, ხოლო დედისთვის ჯონათანის საბერძნეთში გაშვებაზე ლაპარაკიც არ სურდა. შვილს არასოდეს დათმობდა. მითუმეტეს, დარწმუნებული იყო, ჰელენა დედობისთვის არ იყო დაბადებული - მის ერთადერთ საზრუნავს მისი კარიერა წარმოადგენდა. თუმცა, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ბავშვზე უარს იტყოდა და მის გარეშე გამგზავრებას დათანხმდებოდა. - მოაგვარე, დროზე გადაწყვიტე და დამშვიდდები. - მხრებზე თბილად, თანაგრძნობით მოხვია ხელი მოხუცმა. - ყველაფერი წინ გაქვს. ვინ იცის რა ხდება... II მისი ცისფრამდე გაფერმკრთალებული, მძინარე ბავშვივით მოდუნებული სხეული, ფრთხილად, მსუბუქად ასწია.

15 ბაღისკენ შეტრიალდა. წითელი პემზა ყრუდ ხრაშუნით იშლებოდა ფეხქვეშ. ფერად გაზონთან მუხლზე დაეშვა; იქვე, ყვავილებში მიაწვინა; ქერა, ტალღოვანი თმა თითებით გადაუვარცხნა და ვარდისფერ-იისფერ პეტუნიებში თანაბრად, მარაოსავით ჩაუშალა. მოკეცილი, ნაზი ფურცლები მზრუნველად გაუსწორა და ვარსკვლავებივით გაბნეულებს აღფრთოვანებით დააცქერდა. III 4 მაისი. პოლიციის ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრულ ტროტუართან მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა მანქანა. ირაკლი ჯაფარიძე საქმიანი იერით გადმოვიდა და სანამ იქვე მდგომი პოლიციელი რეაგირებას მოასწრებდა, ოდნავ დახრილმა ყვითელი ლენტი თავსზემოთ გადაიგდო და ბაღის სიღრმისკენ სწრაფი, მსუბუქი ნაბიჯით გასწია. პერიმეტრზე განთავსებული რამდენიმე პროჟექტორის შუქზე, კრიმინალისტთა ჯგუფის წევრები ახალგაზრდა ქალის გვამთან დახრილიყვნენ, გამოუცდელი თვალისთვის შეუმჩნეველ საგნებს სიფრთხილით აგროვებდნენ და სხვადასხვა ზომისა და მასალის ჭურჭელში ათავსებდნენ. ახალგაზრდა გამომძიებელმა მცირე ფერდობი ჩაირბინა და ჯაფარიძის შესახვედრად გაემართა. ხმამაღალი საუბარი არასოდეს ახასიათებდა, ამიტომ გეგა ოქროცვარაძის მიახლოებას დაელოდა ირაკლი. - აბა, რა ხდება? - კრიმინალისტები ჯერ კიდევ მუშაობენ, ბატონო ირაკლი, - პროჟექტორის შუქი ხელით

16 მოიჩრდილა გეგამ და ახლადმოსულს გზა დაუთმო. - გარდაცვლილის ვინაობა თუ დაადგინეთ? - ნატა ალფაიძე, ოცდაოთხი წლის; საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორი. საშვია ნაპოვნი, - გაზეპირებულივით უპატაკა მის ფეხდაფეხ მიმავალმა გეგამ. - მირიანის შვილია... - საიდანღაც, სიბნელეს გამოეყო და ჯაფარიძის წინ დამნაშავესავით თავდახრილი, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გაჩერდა დავით მესხი. - მირიან ალფაიძის?! - თავზარდაცემული შედგა ირაკლი. დავითი არ შერხეულა. ირაკლიმ, წამით, თითქოს შემთხვევის ადგილზე მისვლა გადაიფიქრა, უკან გადადგა ნაბიჯი. - ეკასთვის ხომ არ დაგირეკავთ? - ელვა შესაკრავმა უსიცოცხლო სახე დაფარა თუ არა, ფიქრებიდან გამოერკვა. - ეკა იყო. შემთხვევის ადგილი და გვამი დაათვალიერა. - და?... - წავიდა, - მხრები დაბნეულად აიჩეჩა ახალგაზრდა გამომძიებელმა. ვერ მიხვდა, რა პასუხს ელოდა მისგან სამმართველოს უფროსი. - ოჯახს თუ შეატყობინა ვინმემ? ოქროცვარაძემ მოახლოებულ დავითს გადახედა.ამ უკანასკნელს თვალები არ აუწევია, მაგრამ მიხვდა, ორივე მის პასუხს ელოდა და უარის ნიშნად, ოდნავშესამჩნევად გადააქნია თავი. - აქაურობას მიხედე. გამომყევი, - ხმადაბლა გასცა მოკლე ბრძანებები და უკან მიმავალ ბილიკს დაადგა ირაკლი ჯაფარიძე. ადგილზე დარჩენილი ახალგაზრდა გამომძიებელი მცირე ხანს კიდევ გასცქეროდა ნაძვების ჩრდილს შერეულ ორ სილუეტს. რამდენიმე წუთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცარიელებულ დერეფანში ექოდ დატრიალდა მათი სწრაფი ნაბიჯების ხმა. მღელვარებით გამოწვეული სიჩქარე იყო ეს, თორემ, სინამდვილეში, ფეხები უკან რჩებოდა ირაკლი ჯაფარიძეს. - უმძიმესი მისია ჰქონდა შესასრულებელი. სხვა დროს, ალბათ, რომელიმე გამომძიებელს დაავალებდა მსგავს რამეს. ახლა ვერ იზამდა ამას. თვითონ აპირებდა მირიან ალფაიძესთან მისვლას და უფრო სიმხნევის მოსაკრებად გადაწყვიტა სამინისტროში შევლა. - მოიცა, ეს ეკაა ოთახში? - ოდნავ ღიად დარჩენილ ჟალუზებს შორის ვიწრო ზოლებად გამომავალ სინათლემდე დარჩენილი მანძილი კიდევ უფრო სწრაფად გაიარა და კარი მკვეთრი მოძრაობით შეაღო ირაკლიმ. - მე, შენ, სახლში მეგონე.

17 - ფაქტობრივად „სახლში“ ვარ, - კომპიუტერის ეკრანი გამორთო ეკატერინე ავალიანმა. - შენ რა, უკვე რაღაც გაქვს?! - მნიშვნელოვანი სიახლის მოლოდინით, მოუთმენლად შეაბიჯა და იქვე გაჩერდა სამმართველოს უფროსი. - მხოლოდ ცარიელი ყავის ჭიქა. შოკოლადი ხომ არ გაქვთ? - ამ შუაღამეს საიდან? - კარგი. მე წავალ. ხვალისთვის კარგად უნდა გამოვიყურებოდე. - ეს, რისთვის? - დაეჭვებით მოწკურა თვალები დავითმა. - ხვალამდე, - კარში უხერხულად ჩამდგარ მამაკაცებს შორის მოხერხებულად გაძვრა და დერეფანს ძილმორეული ნაბიჯებით გაუყვა. - ესე იგი, აქვს, - იმედიანი მზერა დაადევნა ირაკლიმ სუსტად განათებულ დერეფანში მიმავალს. სახე ხელისგულებით დაიფარა. დაღლილი თვალები მოიფშვნიტა. - მორჩა, დღეს მეტი აღარ შემიძლია. მუქქარვისფერი თმის სამაგრი ხმაურით დავარდა მაგიდაზე, ოდნავ გაცურდა და კიდეზე გაჩერდა. - ციც! - გულში დატუქსა უსულო საგანი. თავისუფლებამინიჭებული შავი ტალღები დაუდევრად აიწეწა. მხრებით რამდენიმე წრიული მოძრაობა გააკეთა და ამდენს ხანს სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნით დაჭიმული კისრის კუნთები ძლიერად დაიზილა. - შასის აკეცვის დროა. ჩუსტებიდან ტერფები გამოაცურა. ტახტზე, ჯერ კატასავით ნებივრად გაიწელა, შემდეგ კი ემბრიონად მოირკალა. სამსახურიდან დაბრუნებული დაუყოვნებლივ იღებდა შხაპს, ვახშმობდა და ხალათში გამოწყობილი, ისევ კომპიუტერთან აგრძელებდა მუშაობას. იცოდა, დაღლილი და ძილმორეული, საძინებლამდე მისვლასაც ვეღარ შეძლებდა. ამიტომ მუდამ მზად ჰქონდა ბალიში და პლედი. მისი საწოლი დღეების განმავლობაში იყო ხელუხლებელი. თუმცა, ეს სულაც არ აწუხებდა. ამ ტახტზეც საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს. ახლაც, საყვარელ პლედში გაეხვია და ბალიშში სახეჩარგულს მაშინვე მიელულა თვალები. მაგრამ მეხსიერების ფირზე აღბეჭდილი მთელი დღის მოვლენები, ორბიტაზე გასული, აჩქარებული სხეულებივით ტრიალებდნენ ქუთუთოებსქვეშ და დაძინების

18 საშუალებას არ აძლევდნენ. ჩაკეცილმა ვებ-გვერდმა გაიტკაცუნა. - კომენტარია თუ მესიჯი? - ვერ მიხვდა უცებ. არ ამდგარა. კომპიუტერს მისწვდა, გვერდი გახსნა და ეკრანს შორიდან გახედა. „hi, here?“ ნელა წამოჯდა. - „yes, Denny“ “doing what?” “trying to relax. Sorry, had no time to answer” “it’s ok. how r u today?” “busy and a bit annoyed” “problem?” “ye” “at work or…” “at work” “couldn’t I help?” - ეეჰ, დენიელ, ნეტავ შეგეძლოს... “could u?” “maybe, if u ever say what u r doing there. even…” “so?...” რა სწრაფად ბეჭდავ, დენიელ, - წამოწოლა ვერ მოასწრო, ისევ გასწორდა ეკა. “u never show ur face clearly…” “like urs” ყველასთვის დახურულ ვებ-გვერდზე, ერთადერთი, რისი ნახვაც უცნობებს შეეძლოთ, ეკას მთავარი ფოტო იყო, პროფილში. ისევ გაეღიმა, - მამაკაცსაც ანალოგიური ფოტო ჰქონდა. მუდამ დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა მის სივრცეში შეჭრილ ყველა უცნობს. უმეტესად, უპასუხოდ ბლოკავდა. ეს ფოტოც, სხვათა მსგავსად, პროგრამულად დაამუშავა, პროფილი ანფასად აქცია და მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა მასთან გასაუბრება. “seems, we r alike” - ლოყებშეფაკლული სმაილი მოაყოლა სიტყვებს მამაკაცმა. “perhaps…” “take holidays, come to my country, relax…” “I wish I could… so long I haven’t been there…” მალე ოთხი წელი გახდებოდა, რაც ნიკა დაიღუპა. ოთხი წელი დასვენებაზე არც უფიქრია. ახლა, რატომღაც მოუნდა ყველაფერს გარიდებოდა და ისევ წასულიყო იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო.

19 “so?” “who knows, Deny... I have to solve smth very argent as soon as possible” “ u speak like someone’s life depends on it” “absolutely so” “maybe some day we’ll meet and talk all about it…” “maybe…” - წარმოუდგენელი პერსპექტივაა, გამორიცხული, მიუხედავად შენი პოზიტიური გზავნილებისა, - ისევ წამოწვა და დაღლილს მაშინვე ჩაეძინა. ტელეფონმა დარეკა. თვალი გაახილა. ოთახი დილის სინათლეს აევსო. არა და, მოეჩვენა რომ მხოლოდ ერთი წუთით ჩათვლიმა. საათს გახედა. შვიდი იყო დაწყებული. ტელეფონს ბუზღუნით დასწვდა. - დათო, ხომ გითხარი, დღეს კარგად უნდა გამოვიყურებოდე-მეთქი! - ჩაიცვი, დაბლა გელოდები, - მამაკაცის დაღლილი ხმა ფოთლის შრიალივით მისწვდა მის ყურს. - ჯანდაბა! რა მოხდა?! - კიდევ ერთი. - რას ნიშნავს, სად?! - გელოდები. ათ წუთში შემთხვევის ადგილისკენ მიქროდნენ. - ასეთი საშინელი ღამე არასოდეს გვქონია. მისი უჩვეულოდ დაბალი ხმის ტემბრით ადვილად მიხვდებოდით, მეტისმეტად აღელვებული იყო დავითი. წარბებს შორის ნაოჭები, ერთ ღამეში, კიდევ უფრო გაღრმავებოდა. უძილობისგან გამომშრალ თვალებზე მალ-მალე ისვამდა ხელს. - ვინაა? - ანი ჭავჭანიძე, 23 წლის. - არის რამე? - არ ვიცი. პირდაპირ შენთან წამოვედი. მოვედით. მანქანა ბაღის მთავარი შესასვლელის შორიახლოს გააჩერა. იქვე სავარჯიშოდ გამოსულ ხალხს მოეყარა თავი და ყვითელი ლენტის გარეთ მდგომნი,

20 ცდილობდნენ, პოლიციის თანამშრომლთა მხრებს მიღმა რამე დაენახათ. ეკამ და დავითმა კორდონი გაიარეს და ბაღის სიღრმეში მიმავალ ბილიკს დაადგნენ. შემაღლებულ გაზონზე, ყვავილებში იწვა, ტკივილით გატანჯული, უჩვეულოდ სუფთა, უმანკო სახით. თავიდანვე შენიშნა ეკამ, იშვიათად საუბრობდნენ-ხოლმე კრიმინალისტები გვამზე მუშაობისას. ეუცნაურა. - გამომძიებლები არასოდეს ჩერდებოდნენ, უამრავ კითხვას სვამდნენ. ისინი კი, მხოლოდ მოკლედ, ხმადაბლა იძლეოდნენ პასუხებს, ან საერთოდ არაფერს ამბობდნენ. მოეჩვენა, რომ, ამგვარად, მიცვალებულისადმი მოკრძალებას გამოხატავდნენ. ყოველი ასეთი შემთხვევისას, ყველა მსხვერპლში, ნიკას ხედავდა. ნოდარს ესაუბრა მოგვიანებით და, როცა მისი ვარაუდი დადასტურდა, თვითონაც პატივისცემით განიმსჭვალა ამ ადამიანების მიმართ. ახლაც დაელოდა, მუშაობა აცალა და მხოლოდ შემდეგ დაიხარა გვამისკენ. მკერდზე გავლებულ, უკვე მოშინდისფრო-მოლურჯო ხაზებს ყურადღებით დააკვირდა. - ერთი ხელწერაა, - თმებში ჩაბნეული, დილის მზის სხივებში მბზინავი პეტუნიების ნაზი ფურცლები ხელთათმანიანი თითებით გასრისა და წელში გაიმართა. - ნეტა გამაგებინა ეს რა გერბია, - წამოდგა დავითიც. - ვინ ნახა პირველმა? - მიუბრუნდა მიხეილ ხერგიანს. ახალგაზრდა გამომძიებელმა უხმოდ გაიშვირა ხელი პატრულის მანქანისკენ, სადაც პლანშეტმომარჯვებული გეგა ოქროცვარაძის წინ მდგომი, სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული შუახნის მამაკაცი, გაავებული ძაღლის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა. - არაფრის აზრზე არ იქნება ეგ, - დარწმუნებით თქვა დავითმა. - ხო და, სანამ კრიმინალისტების დასკვნა მოვა, ჯობს გამოძინება მოვასწრო. აქ დარჩენას აზრი არ აქვს, - წასასვლელად გაემზადა ეკა. - დაძინებაზე არც მე ვიტყოდი უარს. ნუ, ცხელ ყავაზე მაინც. - არც იოცნებოთ! - მხარზე მსუბუქად შემოჰკრა ხერგიანს დავითმა. - ჩვენ წავედით. - ბატონო დავით, არ ფიქრობთ, რომ ეს მკვლელობები ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი? წვრილ, მაღალ ქუსლებზე შემდგარი ნათუკა ისე მოაბიჯებდა წითელ ბილიკზე, თითქოს, თოკზე შემდგარი, წონასწორობის დაცვას ცდილობდა. - ნა-თუ-კა, შემთხვევის ადგილს რატომ ჩხვლეტთ?! - კი მაგრამ, თქვენც ხომ... - დავითის შეუნიღბავი ირონია ვერ შენიშნა და დაბნეული მიაჩერდა გოგო. - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სამხილებს რომ სრულიად ანადგურებს, არ წაგიკითხავთ, ლექციებზე არ დადიოდით?! მიხეილ, რატომ არ ასწავლით ახალგაზრდა დეტექტივს?! -

21 კიდევ უფრო აუწია ხმას დავითმა. - ირაკლი სადაა? - ეკას ერთი სული ჰქონდა, სახლში დაბრუნებულიყო და შეციებული, გამოუძინებელი სხეული შხაპის ქვეშ გაეთბო. - ალფაიძეებთან. წავედით. სამმართველოში მოვა მალე. - ჩვენც დავამთავრეთ, მგონი.იქ შევხვდებით. ჩამეხარშა ხელები, ამის დედაც! - ხელთათმანები წაიძრო და ჩაორთქლილ-ჩანაოჭებული, გათეთრებული თითები გაავარჯიშა მიხეილ ხერგიანმა. - სახლში მიმიყვანე, ნახევარი საათი არაფერს წყვეტს, - კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიხვია თხელი ჟაკეტი ეკამ. - მეც ასე სულელურად გამოვიყურებოდი? - რატომღაც ნათუკა გაახსენდა. - თუ მასაუზმებ, მიგიყვან, - ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პირველად გაიღიმა დავითმა. - ხომ იცი, რომ არა... შენ დეტექტივად ხარ დაბადებული. არაფერი უპასუხა. მის მაღალ შუბლს მისწვდა და ჭაღარაშერეული, ქერამდე ღია წაბლისფერი თმა თითებით აუწეწა. დავითმა ისევ გაიღიმა და ღრმადჩამჯდარ, ცისფერ თვალებში სითბო ჩაუდგა. მირიან ალფაიძისგან დაბრუნებული ირაკლი ჯაფარიძე საკუთარ კაბინეტში, ტახტზე წამოწოლილიყო და მიუხედავად დაღლილობისა, თვალის დახუჭვასაც ვერ ახერხებდა. ჯერაც ყურებში ედგა მამის სულისშემძვრელი შეცხადება. მირიან ალფაიძე, წლების მანძილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომლის მხოლოდ სახელის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა ყველას, კაცი, რომელიც ერთ-ერთ უმდიდრეს, წარმატებულ ბიზნესმენად და გავლენიან ადამიანად ითვლებოდა ქვეყანაში, თავსდამტყდარი უბედურებისგან, წამში უმწეო, უნუგეშო მოხუცად იქცა. რამდენი ენახა ასეთი გაუბედურებული მშობელი ირაკლის, მაგრამ ალფაიძეების ოჯახის ტრაგედიამ სხვაგვარად შეძრა. თანაგრძნობის გამოხატვაც ვერ შეძლო. ან რა უნდა ეთქვა, რა სიტყვები უნდა შეერჩია. - ექიმი უნდა გამხდარიყავი, - სევდიანი ღიმილით, ისევ პატარა ბიჭივით გადაუსვამდა-ხოლმე თავზე ხელს დედა, როცა ასე დათრგუნული სახით ბრუნდებოდა სახლში. - ადამიანებს მანამ უნდათ დახმარება, სანამ ცოცხლები არიან. გარდაცვლილს ვეღარაფერს ვშველით. - ხო, მაგრამ, თუ დამნაშავეს დაიჭერ, სხვას ხომ აარიდებ საფრთხეს. - ხო, თუ დაიჭერ... მაგრამ ყოველთვის ხომ არ გამოდის ასე.

22 - ექიმობა შენ უფრო მიგიხდებოდა, მაგრამ შენც სისხლის სამართალი აირჩიე. ირაკლის ყოველთვის ეღიმებოდა ამ საუბრებზე. - ახალგაზრდობაში, ეს ყველაფერი რომანტიკულად გეჩვენება, მშობლის რჩევას არ უსმენ. - რაღაც, არ მახსოვს ჩემი არჩევანი ერთხელ მაინც გაგეპროტესტებინათ, როცა ვაბარებდი. - აზრი არ ჰქონდა. - გეცადათ მაინც, - მაგრად მოხვევდა-ხოლმე ხელს და მუდამ ლამაზად დავარცხნილ თმაში კოცნიდა. - დამიჯერებდი? ირაკლიც, ღიმილით გააქნევდა თავს უარის ნიშნად და საუბარიც სრული თანხმობით სრულდებოდა. - ეკა, - ოთახში მოულოდნელად შემოსული ეკას დანახვაზე, სწრაფად წამოჯდა და მკერდთან გახსნილი პერანგი ნაჩქარევად შეიკრა. - რა ხდება, სადმე, ოფიციალურ შეხვედრაზე მიდიხარ?! - შთაბეჭდილების მოხდენას ვაპირებ. ყავას გაგიმზადებ, საშინლად დაღლილი სახე გაქვს. პასუხს აღარ დაელოდა, ქუსლებზე შემდგარმა, მოხდენილად გაიარა ტახტსა და მაგიდას შორის დარჩენილი სივრცე და კუთხეში მიდგმულ პატარა მაგიდასთან მისულმა ელექტრო-ჩაიდანი ჩართო. ეკატერინე ავალიანმა წინასწარ იცოდა, დღეს სერიოზული შეხვედრები ელოდა სახელმწიფო მოხელეებთან, უწყებაში, სადაც ჩაცმის ეტიკეტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა და სადაც სიტყვას - „გამომძიებელი“ დიდი აღფრთოვანებით არ ხვდებოდნენ. ამიტომ დაარღვია ჩვეული თავისუფალი, ხშირად სპორტული სტილი და პროტოკოლის სრული გათვალისწინებით გამოწყობილი გამოცხადდა სამსახურში. - ჩვენზე უკვე მოახდინე შთაბეჭდილება, - მაგიდასთან ჩამოჯდა დავითი. - მეც დავლევდი ყავას. რადგან სახლში დაბრუნებულებმა მხოლოდ მსუბუქად საუზმობა მოასწრეს და თვით მასაც, ყავა დღის მნიშვნელოვან(უფრო კი, უმთავრეს) ელემენტად მიაჩნდა, ეკამ სამი ფინჯანი გაამზადა. - როგორაა მირიანი? - შავი შოკოლადის ფილა ამოაძვრინა ჯიბიდან დავითმა და გაუხსნელად დაამტვრია. - როგორ იქნება… თუ ამას ყოფნა ჰქვია... ახლავე მოვალ. ირაკლიმ კარადასთან გადაინაცვლა და პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული პერანგით ხელში ოთახი დატოვა.

23 ირაკლი ჯაფარიძის ჩაცმულობა მისი პოპულარობის, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორიც კი იყო. - მიუხედავად არანორმალური სამუშაო რიტმისა, მუდამ მოწესრიგებული, საოცრად დახვეწილი გემოვნებით შერჩეული სამოსით იქცევდა ყურადღებას. ამ კარადაში ყოველთვის ინახებოდა ახალთ-ახალი პერანგები, პიჯაკები და ჯინსებიც კი. დავითსაც არაერთხელ უსარგებლია მისი გარდერობით. ამიტომაც, არც ამჯერად გაჰკვირვებიათ მისი საქციელი. სამუშაო დღის დაწყებამდე საათზე ნაკლები იყო დარჩენილი. წინ გრძელი და რთული დღე ჰქონდათ. უხმოდ მიირთმევდნენ ყავას. შენობა თანდათან გამოცოცხლდა და მალე, სამმართველოს უფროსის კაბინეტში, მაგიდის ირგვლივ ადგილებიც შეივსო. - მიდი, გეგა, დაიწყე. გეგა ოქროცვარაძე ახალგაზრდა, დამწყები გამომძიებლებისთვის დამახასიათებელ, „ილუზორულ ფაზაში“ იყო, ამერიკულ ბლოგბასტერებზე გაზრდილნი, ყველაფერს მოჭარბებული ენთუზიაზმით, პასუხისმგებლობითა და მეტისმეტი გულმოდგინებით რომ ჩაჰკირკიტებენ-ხოლმე; როცა ჰგონიათ, რომ სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს, რომ შეუძლებელს შეძლებენ და აუცილებლად, თავადაც წარმოთქვამენ თითქმის ყველა ფილმში გამოყენებულ, ასე გაცვეთილ და ბანალურ ფრაზას: „დიდი ხანია მინდოდა მეთქვა - თქვენ დაპატიმრებული ხართ!“ ან, რაღაც ამ სტილში. მიუხედავად მისი უცნაურობებისა, ირაკლისაც და დავითსაც ძალიან მოსწონდათ გეგა და მშვიდად ადევნებდნენ თვალს მის ყოველ ნაბიჯს. მოთმინებით ელოდნენ, როდის ჩააბარებდა მათი პროფესიისთვის დამახასიათებელ პირველ მწვავე გამოცდას, როდის მიხვდებოდა, რომ გამომძიებელი არანაირი გმირი არაა ხალხის თვალში. - იქნებ, პირიქითაც. შორს აღარ იყო დღე, როცა ასეთი ცივი შხაპის მიღება აუცილებლად მოუწევდა და მერე მშვიდი, რაციონალური მიდგომით განაგრძობდა თავის საქმიანობას. გეგას სასრგებლოდ უნდა ითქვას, მუდამ გრძნობდა ამ მოლოდინს. გამოცდილ გამომძიებლებს გვერდიდან არ შორდებოდა; მათ ყველა შენიშვნას, რა ფორმითაც არ უნდა ყოფილიყო, მორჩილად იღებდა და ითვალისწინებდა, ყოველგვარ დავალებას დიდი მონდომებით ასრულებდა. გეგამ საქაღალდე გაშალა და, როგორც საერთოდ სჩვეოდა, ამჯერადაც გაუბედავი მზერა მოავლო მაგიდას. - მიდი, ოქრო, მიდი, - მის გვერდით მჯდომმა დავითმა გამამხნევებლად შემოჰკრა გაშლილი ხელისგული.

24 ბიჭი მხრებში გაიმართა, პიჯაკი შეისწორა და რამდენიმე ისეთი შესუნთქვა-ამოსუნთქვა გააკეთა, წყალში ხანგრძლივი ჩაყვინთვის წინ რომ იციან-ხოლმე. - ნატა ალფაიძე, ოცდაოთხი წლის და ანი ჭავჭანიძე, ოცდასამი წლის. - თანდათან გამბედაობა შეემატა და ხმას აუწია გეგამ. - ორივე გარდაცვლილი სტაჟიორი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამას ადასტურებს შემთხვევის ადგილებზე ნაპოვნი, მათ სახელზე გაცემული მუდმივი საშვები. გვამებს აღენიშნებათ მრავლობითი ჭრილობები, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, ადგილზე, არა თუ ძალადობის რაიმე კვალი, ერთი სისხლის წვეთიც არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ ორივე მკვლელობა სხვაგან მოხდა და გვამები შემდეგ მიიტანეს აღნიშნულ ადგილებში. - გამოდის, ჯგუფი მოქმედებდა, - მიხეილ ხერგიანმა შეუმჩნევლად გაჰკრა იდაყვი მის გვერდით მჯდომ ნათუკას, რომელმაც, ის ის იყო, რაღაცის თქმა დააპირა. - სავარაუდოდ ასეა, - ხერგიანის მხარს მიკრული სტაჟიორის სავსე მკერდისკენ გაექცა თვალი ირაკლი ჯაფარიძეს. - განაგრძე. - ორივე სხეულს აღენიშნება ზუსტად ერთნაირი ჭრილობები, რაღაც ფიგურების მსგავსი. ამ მხრივ, ექსპერტიზის დასკვნა უფრო მეტს გვეტყვის. შემთხვევის ადგილები ერთმანეთისგან შვიდი კილომეტრითაა დაშორებული, რაც ნამდვილად იძლევა მიშას ვერსიის გაზიარების საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯგუფი მოქმედებდა. - მე კი მგონია, მკვლელი ერთი ადამიანია,- მუხლებზე ტყავისყდიანი ბლოკნოტი გადაეშალა და გამუდმებით რაღაცას წერდა ეკა. - გამორიცხულია მკვლელობა ერთ ადამიანს ჩაედინა. ერთმანეთისგან ამხელა მანძილით დაშორებულ ადგილებში, როგორ უნდა გადაეტანა ორი გვამი?! - განაწყენდა გეგა. - შენ ხომ იცი, გამორიცხული არაფერია. - მაგ ვერსიით, ტიპი ან ძალიან დარწმუნებული იყო, რომ არავინ გააჩერებდა და ამის საფუძველია გასარკვევი, ან მაგარი გარეკილი ექსტრემალი, რომელსაც გვამებით კატაობა ევასება. - „დარწმუნებული, რომ არავინ გააჩერებდა“... მადლობა, მიშა. ეკა, როგორც ყოველთვის, ახლაც თავდახრილი ისმენდა მოპოვებულ ინფორმაციას თუ გამოთქმულ მოსაზრებებს. მხოლოდ ნათქვამის შინაარსს ჰქონდა მნიშვნელობა. მოსაუბრის ხმაში გაპარული ემოცია და სახის გამომეტყველება სრულიად ეზედმეტებოდა. უფრო კი, ხელს უშლიდა საქმეზე კონცენტრირებაში. ამიტომაც, როგორც თავად უწოდებდა - „გარეშე გამღიზიანებლების“ რიცხვი მინიმუმამდე რომ შეემცირებინა, თითქოს ფურცელზე რაიმე მნიშვნელოვანს იწერდა, პასუხებსაც ასე თავდახრილი იძლეოდა. მაგრამ მისთვის არ არსებობდა მცირე და უმნიშვნელო, - ყველა დეტალს ერთნაირად დიდი ყურადღებით ეკიდებოდა.

25 - მაგაში დარწმუნებული ვერავინ იქნება! - საკუთარი ხუმრობის ასე სერიოზულ აღქმას არ ელოდა ხერგიანი. - ხო, მიშა, რუსული ხო იცი? - პიჯაკის ჯიბისკენ წაიღო ხელი დავითმა. - კი. რა არის, რო? - მაგიდაზე გაცურებულ წიგნს ხელისგული დაუხვედრა და დაკვირვებით შეატრიალა. – „მთის რაინდი“. ეს ვინაა, დეტექტივია რამე? - ეს ჩემგან, სახსოვრად. - დეტექტივია, დეტექტივი. ეეჰ, მიშა... მათხოვე, - ბიჭს წიგნი ჩამოართვა ირაკლიმ. - სად პოულობ-ხოლმე ასეთ რარიტეტებს? განაგრძე, გეგა. - ძარცვა თავიდანვე გამოირიცხა. ორივე მოკლულს ყველაფერი თან ჰქონდათ, სამკაულები, ფული. ერთ-ერთ მათგანს საკმაოდ დიდი თანხა და ბრილიანტის საქორწინო ბეჭედი აღმოაჩნდა. ამ წუთისთვის სულ ესაა. - გასათვალისწინებელია, რომ ნატა ალფაიძე, უშიშროების ყოფილი შეფის, ამჟამად წარმატებული ბიზნესმენის, მირიან ალფაიძის შვილია. ვერ გამოვრიცხავთ ვერსიას, რომ ეს მკვლელობა მამაზე შურისძიების მიზნით იყოს ჩადენილი, - თითები კისერთან გადააჭდო სკამის საზურგეზე გადაწოლილმა დავითმა. - ასეთ შემთხვევაში, ანი ჭავჭანიძე შემთხვევითი მსხვერპლი გამოდის. თუმცა, შესაძლოა, რაღაც მიზეზების გამო, პირიქითაც ყოფილიყო და ნატა ალფაიძე აღმოჩნდეს შემთხვევითი მსხვერპლი. ანი ჭავჭანიძის მამა, დემნა ჭავჭანიძე, კრიმინალური აქტივობით გამორჩეული რაიონის პროკურორი იყო წლების მანძილზე, - შემხვედრი ვერსია სწრაფადვე შეაგება ეკამ. - იგივე მოტივი, გამორიცხული არაა აქაც არსებობდეს, მითუმეტეს, რომ მის სახელს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება. - ამის გასაგებად უამრავი ადამიანის დაკითხვა მოგვიწევს, არაფერი უნდა გამოგვრჩეს. უნდა განაწილდეთ! - მისი პროკურორობის დროინდელი საქმეებია ამოსაწევი. თქვენი იმედი მაქვს! - მხიარულად ჩაუკრა თვალი ახალგაზრდებს დავითმა. - პროკურორზე გამახსენდა. რას იბერება? - გვარს ამართლებს. დაიკიდე... ბიჭებს მაგაზე ვერ მოვაცდენ, მე თვითონ მივხედავ. თქვენ ისედაც ბევრი საქმე გაქვთ. ყველამ იცოდა, დავითს ქაღალდები არასოდეს ხიბლავდა. ირაკლის პირიქით - ოღონდ აქეთ-იქით სირბილისა და დაკითხვისთვის აერიდებინა თავი, მთელ არქივს ისე გადაიკითხავდა, ერთი სასვენი ნიშანი არ გამორჩებოდა. - თავბერიძეზე ამბობთ? - დავითის საჩუქარი უკვე მერამდენედ შეატრიალა ხელში ხერგიანმა. - მაგრად არ ვევასებით პირდაპირ მაგასთან რომ არ მიგვაქვს მასალები. - კარგი, გავიარეთ, - ისევ აგდებით აიქნია ხელი ჯაფარიძემ.

26 პროკურორი, ოცდათორმეტი წლის ზვიად თავბერიძე, ერთი წლის წინ დაინიშნა თანამდებობაზე. გამოუცდელს და ამბიციურს ძალიან გაუჭირდა ურთიერთობის დალაგება სამმართველოს დეტექტივებთან. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მხოლოდ ფორმალური ფიგურა იყო და გამოძიების დეტალები უშუალოდ პროკურორთან უნდა წარედგინათ, ყველა გამომძიებელი მაინც ყველაფერს ირაკლი ჯაფარიძესთან ათანხმებდა, - მოპოვებულ მასალას ერთად ამუშავებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ, თვით ირაკლი ახორციელებდა პროკურორისთვის ინფორმაციის მიწოდებას. ასეთი იყო პრაქტიკა თედო თავართქილაძის დროს და ასე გრძელდებოდა ახლაც, რადგან, არც მისი წინამორბედის, არც ირაკლი ჯაფარიძისთვის, სამმართველოს უფროსობა მხოლოდ თანამდებობას არ წარმოადგენდა. ის არასოდეს დაუშვებდა, პროკურორს, მით უფრო ოცდათორმეტი წლის სრულიად გამოუცდელ და პატივმოყვარე ახალგაზრდას, რომლის ერთადერთ საქმიანობას კაბინეტში ჯდომა და საჭირო მასალის ლოდინი წარმოადგენდა, თუნდაც მცირედი შენიშვნა გამოეთქვა მისი უწყების გამომძიებელთა მისამართით, რომლებიც დღე და ღამე მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ და, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლეს რისკავდნენ სწორედ ამ მასალების მოსაპოვებლად. - როგორ გვაკლია პაატა. როდის ბრუნდება? - თათბირი დასასრულისკენ მიდიოდა და ეკამაც ფურცლები საქაღალდეში მოათავსა, რომ დროულად დაეტოვებინა იქაურობა. - ჩუბინიძის აქ ყოფნა დაგვხატავდა, - მთქნარებით დაეთანხმა დავითი. - მაგის მოწმეების დაბოლების ნიჭი მომცა. რა ისმის, როგორაა? - მკლავს შენი თავმდაბლობა, - ჩაიცინა ირაკლიმ. - უკეთ, მაგრამ ჯერ მოგვიწევს მის გარეშე. დავაი, საქმეს შევუდგეთ. - წაუძინებდა კაცი... - დავით, ძილი მერე! ახლა, პირველ რიგში, ყველა ვიდეოჩანაწერი, რაზეც ხელი მიგვიწვდება. მიშა, ოჯახის წევრებს გაესაუბრეთ, მეგობრებს. აი, ნათუკაც დაიხმარეთ, - წარბაწევით გადახედა მიხეილ ხერგიანის ძლიერ მკლავზე მკერდმიფენილ გოგოს. - ეკა, შენ? - მე საგარეოში წავალ, გეგა გამომყვება. - აი, თურმე რისთვის... კარგი, წადით. ოღონდ... - რა თქმა უნდა, - უკვე ფეხზე იდგა ეკა. მიშას სუნამოთი გაბრუებული, თვალებმინაბული ნათუკა უცებ გამოფხიზლდა, ღრმად ამოჭრილი კაბა მონდომებით დაქაჩა, რითაც გვარიანად დიდი მკერდი უფრო თამამად წარმოაჩინა და მხრები გამომწვევად შეარხია.

27 სკამების გადაადგილების ხმა სწრაფად მიწყდა. სულ ბოლოს გასულმა დავითმა ფეხს აუჩქარა და მისსავე კაბინეტთან მიუსწრო დაწინაურებულ ეკას. - მე რატომ არ მიგყავარ საგარეოში? - ასეთი შეკითხვები რომ გიჩნდება, იმიტომ, - უკანმოუხედავად მიიხურა კარი. დავითი იმედგაცრუებული შეჩერდა. მინის კარს მიღმა, მცირე ხანს კიდევ ადევნებდა თვალს;ქუსლზეშეფარული ღიმილით შეტრიალდა და გრძელ დერეფანს ფართე ნაბიჯით გაუყვა. ნეონის ცივი, მოცისფრო განათება, ქიმიური ნივთიერებებისა და ხრწნადაწყებული გვამების შერეული, მოტკბო-მომწკლარტო სუნი სამმართველოს პროზექტურის ისედაც პირქუშ ოთახს კიდევ უფრო შემზარავს და გაუსაძლისს ხდიდა. ნოდარ თეთროქალაშვილი ახალგაზრდა ქალის გაკვეთილ სხეულზე დახრილი მუშაობდა. დროდადრო მეორე გვამთან გადაინაცვლებდა და რაღაცას გულდასმით აკვირდებოდა. ირაკლიმ უხმოდ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა შეაბიჯა სიკვდილისფერ ოთახში და ნატა ალფაიძის გვამს ფეხაკრეფით მიუახლოვდა. - ოჰ, ირაკლი, მოდი, მოდი, - ფეხის ხმაზე თავი ასწია და მძიმედ ამოიოხრა ნოდარმა. - როგორაა მირიანი? - როგორ იქნება, - გაურკვევლად აიჩეჩა მხრები. - დაიღუპა კაცი! შარშან ბიჭი ავარიაში, ახლა ეს საცოდავი ბავშვი, ასეთი საშინელი სიკვდილით. - არის რამე? - არის, არის... - სათვალის ზემოდან ამოხედა. - მოდი აქეთ. ორივე მაგიდის თავზე დამატებითი განათება ჩართო და ასისტენტს კედელთან მიდგმული მაგიდისკენ მიანიშნა. ახალგაზრდა ქალმა მაგიდიდან ხელთათმანებით და ნიღბებით სავსე ყუთები აიღო და ირაკლის გაუწოდა. ამ უკანასკნელმა ისე, რომ მის ფორმალინით გაჟღენთილ ხელებს არ შეხებოდა, ხელთათმანები და ნიღაბი ამოიღო, მოირგო და გვამისკენ ოდნავ დაიხარა. - ერთი ამას შეხედე, - ანი ჭავჭანიძის ჯერ კიდევ გაუკვეთავი გვამის მკერდზე ხაზებს გააყოლა თითი ნოდარმა. - რას ხედავ აქ? - თითქოს... - წელში გასწორდა ირაკლი. - გერბს ჰგავს...

28 - რაღაც ორთავიან არწივს და სამეფო გვირგვინს ჰგავს, არა? - რა, რუსეთის გერბია? - თავიდან მეც ასე ვიფიქრე, - უარის ნიშნად გააქნია თავი, - მაგრამ... - მაგრამ რა?... - ისევ ყურადღებით დააკვირდა ხაზებს ჯაფარიძე. - კაცო, რუსეთის გერბის ცენტრში წმინდა გიორგი არაა?! - გულწრფელი გაკვირვებით წამოიძახა ნოდარმა. - აქ კიდე, სხვა რაღაც არის, - ამჯერად სკალპელის წვერი გააყოლა ხაზებს. - მთლად დიდი მხატვარი ვერაა ის თქვენი... - მეორეზე რა ხდება? - ზუსტად იგივე. აი, შეხედე! არ გინდა? - სისხლისა და მუცლის ღრუს შიგთავსით დასვრილი ხელთათმანიანი ხელით მუშამბის წინსაფრის ჯიბიდან მათარა ამოიღო და ირაკლის გაუწოდა. - სიკვდილი როგორ დადგა? - უარის ნიშნად გააქნია თავი ირაკლიმ. ნოდარ თეთროქალაშვილი თავისი დიდი ებრაული ოჯახიდან ერთადერთი იყო, რომელიც საქართველოში დარჩა. მისი ყველა ნათესავი და მათთან ერთად მისი სამი ვაჟი მეუღლეებით, ერთმანეთის მიყოლებით გაემგზავრნენ, ზოგი ისრაელში, უმეტესობა კი, ევროპასა და ამერიკაში მიმოიფანტა. უმცროსი ქალიშვილი კი, ავსტრალიაში ცხოვრობდა უკვე სამი წელი. ნოდარმა ცოლის საფლავის მიტოვება ვერ შეძლო. არც ახალი ოჯახის შექმნა უფიქრია. წარმატებულ ქირურგიულ პრაქტიკას ჩამოშორდა. - ხალხში ტრიალს სიჩუმეში ყოფნა არჩია. ასე მოხვდა პროზექტურაში. მერე და მერე, ქაშერ ღვინოსაც უღალატა და, როგორც სანუკვარი განძი, მუდამ თან დაჰქონდა მწვანე სამყურიანი მათარა. ამჯერადაც ვისკი მოსვა და სახედაჭყანულმა მათარა ჯიბეში ჩააბრუნა. - მრავლობითი ნაჩხვლეტი ჭრილობები, - თითი წვრილ, ძნელადშესამჩნევ სისხლჩაქცევებს დაადო. - რომლებმაც სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება გამოიწვია. აი, ანატომიაში ძლიერი ყოფილა. ეს ჭრილობები ზუსტად სასიცოცხლო ორგანოებზე აქვთ მიყენებული. შინაგანი სისხლდენა და ფილტვების დაზიანებით გამოწვეული უკმარისობა. ხანგრძლივი და საშინელი წამებით მოკვდა ორივე. ორივეს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე... - თითქოს ამ საზარელი სანახაობის დავიწყება სურდა, ისევ ამოიღო მათარა და კვლავ მოსვა ვისკი. - ...სავარაუდოდ. დანარჩენი მერე... - გაიჭყანა, ციებიანივით გააკანკალა და ცარიელი, ვერცხლისფრად მოელვარე ლითონი ქვის მაგიდაზე შემოდგა. - ასეთი დახვეწილი და უშეცდომო მკვლელი არ გვყოლია ჯერ. არ მშურს თქვენი.

29 - უშეცდომო არავინაა, - სიფიცხე გაკრთა ირაკლის ხმაში. - სიკვდილის დრო? - სადღაც, 01.00 – 02.00. 7 მაისი. ირაკლი ჯაფარიძის კაბინეტში ერთმანეთის მიყოლებით გამოცხადდნენ და მაგიდას დამნაშავე სახეებით მიუსხდნენ საგამოძიებო ჯგუფის წევრები. უკვე მერამდენე დღე იყო, საქმეში ახალი არაფერი იკვეთებოდა. - წრეზე ტრიალებდნენ. არც ახლობლების, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაკითხვამ ხელჩასაჭიდი არაფერი მისცათ. ერთ-ერთ უმთავრეს ვერსიად ისევ მირიან ალფაიძეზე შურისძიება ითვლებოდა, თუმცა,ვერც ამ ხაზის განვითარება შეძლეს. ახალგაზრდა პროკურორი, ზვიად თავბერიძე, უკმაყოფილო სახით, ხშირ-ხშირად ჩნდებოდა დერეფანში იმ იმედით, რომ რომელიმე გამომძიებელს სიახლით ხელში მოიხელთებდა და ირაკლი ჯაფარიძეზე ადრე შეიტყობდა რამეს. მაგრამ არ სწყალობდნენ გამომძიებლები პროკურორს. თუმცა, ამჯერად, მართლაც არაფერი ჰქონდათ არა თუ მისთვის, სამმართველოს უფროსისთვისაც კი. ირაკლი სავარძელში შესწორდა და მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილმა, დავითის ჩვეული ადგილისკენ გაიხედა. - სადაა? - მხოლოდ ახლა შენიშნა ცარიელი სკამი. - სასამართლოში, ბატონო ირაკლი, - მორიდებით შეახსენა გეგა ოქროცვარაძემ და საათს დახედა. - აწი უნდა მოვიდეს. ხანგრძლივი, დაძაბული თანაცხოვრების შემდეგ, დავით მესხი და ჰელენა კალანგისი განქორწინებას აფორმებდნენ. დავითმა თავისას მიაღწია - ჰელენამ მისი ნებართვა ვერ მიიღო და ქვეყნის დატოვება შვილის გარეშე მოუხდებოდა. ერთადერთი, რაზეც დავითმა უარი აღარ უთხრა, ის იყო, რომ იოანე დედასთან ერთად იცხოვრებდა გამგზავრებამდე. - მოვიდა კიდეც. ჰა, გადაიგდე უღელი? - ღიმილი შეაგება უკვე ოთახში შემოსულს. - არ მეტყობა?! ნახე რა მსუბუქად დავდივარ. - შენა და, დაქორწინებას რომ ულოცავენ გასაგებია, მაგრამ ახლა, „გილოცავ“ მოსული

30 პონტია? - სამინისტროს გოგოებმა ყველაზე სასურველი საქმროების სიაში შეგიყვანეს ამ დილით, თოფ-თენში ხარ, - თანამოაზრესავით ჩაუკრა თვალი მიხეილ ხერგიანმა. - შენ პირველი იქნები მაგ სიაში, - ბიჭის თვითკმაყოფილება არ გამოჰპარვია ეკას. - გაგიკვირდებათ და, მეოთხე ვარ. პირველ ადგილზე ჩვენი უფროსია, მეორე ადგილი, აწ უკვე თავისუფლებაში მყოფმა, ორმოცდარვა წლის დავით მესხმა, ოცდაშვიდი წლის გეგა ოქროცვარაძეს ჩამოართვა. შესაბამისად, მე მეოთხეზე ჩავინაცვლე. - ყოჩაღ ჩვენ! ვლიდერობთ ესე იგი. ჩვენც ხომ არ გაგვეკეთებინა სასურველი საცოლეების სია? - სიამაყით გასწორდა სკამზე გამოკითხულთა რჩეული. - მაგარია! სიამოვნებით გავაკეთებ და მე ვიცი, ვინც იქნება სიის სათავეში. - ჰოო, მგონი მეც ვიცი, - ხერგიანის გამოწვდილ ხელისგულს თანხმობის ნიშნად დაჰკრა ხელი ირაკლიმ. - კი, ვლიდერობთ, გაუხსნელი საქმეების რაოდენობით! ჯობია, სავარაუდო ეჭვმიტანილთა სია გავაკეთოთ, რას იტყვით?! - უფროსის შემოთავაზებულმა ინიციატივამ სასურველი საცოლეების სიის შესახებ, დიდად ვერ აღაფრთოვანა და თემის შეცვლა სცადა დავითმა. - რა იცი ხოლმე ეს აისბაქითჩელენჯის ჩატარება! - საყვედურით გაშალა ხელები ჯაფარიძემ. - საქმე, საქმე! - საქაღალდიდან ფურცლები ამოალაგა დავითმა. - ჰო და, მიდი. გისმენთ. დავითი ასაკითაც და წოდებითაც ყველაზე უფროსი და გამოცდილი იყო სამმართველოში, თუმცა თანამდებობრივი ამბიციები არასოდეს აწუხებდა. უყვარდა თავისი საქმე და თვით ირაკლისთანაც არასოდეს დაუმალავს, რომ სამმართველოს უფროსობა დროის დაკარგვად მიაჩნდა. ამიტომაც, როცა თედო თავართქილაძე ირაკლი ჯაფარიძემ შეცვალა, პროტესტის გრძნობა ოდნავადაც არ გასჩენია, მით უფრო, რომ ბუნებით მშვიდ და გაწონასწორებულ ჯაფარიძესთან მუშაობა საკმაოდ კომფორტულად მიაჩნდა. თავის მხრივ, ირაკლიც აღიარებდა მის პროფესიონალიზმს, განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა და ყველაზე რთულ საქმეებს ანდობდა. ალბათ ამიტომაც, ახლაც მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა. - ნატა ალფაიძე და ანი ჭავჭანიძე, როგორც წინასწარი გამოძიებით დადგინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. სამინისტროში სხვადასხვა განყოფილებაში იყვნენ სტაჟირებაზე. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ ერთ-ერთი პროექტის საორგანიზაციო საკითხებზე. სწორედ იქ დაახლოვდნენ. - და, რა პროექტია?

31 - მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრა, - მყისიერად დააკმაყოფილა უფროსის ინტერესი დავითმა. - გოგონები ოფიციალური ვახშმის მერე აღარავის უნახავს. დაიკითხა საორგანიზაციო ჯგუფის უკლებლივ ყველა წევრი. რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის დაცვის თანამშრომლება, აღნიშნა, რომ გოგონები სხვებთან ერთად გავიდნენ შენობიდან და ფეხით გაუყვნენ გამზირს. აი, აქ მთავრდება ყველაფერი. ამოღებულია როგორც სასტუმროს, ასევე გამზირზე დამონტაჟებული კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერები. სასტუმროდან ამოღებული ჩანაწერებით მოწმეთა ჩვენება სრულიად დასტურდება. რაც შეეხება გამზირზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებს - ძალიან საინტერესოა, რომ გოგონების კვალი მიდის ზუსტად იმ პერიმეტრამდე, რომელიც კამერების ხედვის არეალის მიღმაა და იქ ქრება. - შესწავლილი ჰქონდა პერიმეტრი და სწორედ იქ ჩაუსაფრდა, სადაც ვერავინ დააფიქსირებდა. - ხმამაღალ ფიქრს ჰგავდა ეკას ნათქვამი. - ანუ, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობაა და მსხვერპლიც წინასწარაა შერჩეული? - სამინისტროსშიდა რეიტინგის შედეგებით გამოწვეული აღტაცება სრულიად გამქრალიყო ირაკლი ჯაფარიძის სახიდან. - შესაძლოა მსხვერპლი მართლაც შემთხვევითი იყო, მაგრამ ის, რომ მკვლელს ადგილი ყურადღებით ჰქონდა შერჩეული, ფაქტია. - და, რატომ გადაწყვიტეთ, რომ მაინცდამაინც გამზირიდან წაიყვანეს? იქნებ,... - იმიტომ მიშა, რომ ორმოცდაათ მეტრში კიდევ ერთი კამერაა. იქ გოგონები აღარ გამოჩენილან. - რადგან შეხვედრა მაღალი დონის იყო, გამზირზე მოძრაობა ნებადართული იყო მხოლოდ დიპლომატიური კორპუსისა და სამთავრობო ავტომობილებისთვის. ეს ჩანაწერებზეც კარგად ჩანს. სწორედ ამიტომ მოუხდათ გოგონებს გამზირის ფეხით გავლა. როდის მოასწარი იმ მეორე კამერის დაფიქსირება? - დაგვიანებით ჩაეკითხა დავითი ეკას. - საჭესთან ჯდომა მეც მიწევს ხოლმე. - ჰაჰ, ჯარიმა აგკიდეს, ფისო?! ეგ არაფერი. დაიკითხა პოლიციის და სამთავრობო დაცვის ყველა თანამშრომელი, რომელიც იმ დღეს დაცვას უზრუნველყოფდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უმეტესობისგან ვერაფერი შევიტყვეთ. მხოლოდ რამდენიმემ მიაქცია ყურადღება გამორჩეული სილამაზის ორ გოგოს, რომლებიც გამზირს სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდნენ. ორივე გარდაცვლილი ხასიათდება როგორც უაღრესად ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდა. ნატა ალფაიძეს ჰყავს მეუღლე და ერთი წლის შვილი. - ქმარი ვინაა? - ჩანდა, მიხეილ ხერგიანს, ნათუკას ვერსია მთლად უსაფუძვლოდ არ მიაჩნდა.

32 - მეუღლე - ზაზა იაშვილი. ბიოლოგი. პროფესორი ღეროვანი უჯრედებისა და ქსოვილოვანი ბიოინჟინერიის მიმართულებით. ცერნის მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. - ერთი ხელის მოსმით გააცამტვერა წყვილის ჰიპოთეზა დავითმა. - ჰადესიდან რა ისმის, გეგა? ლიტერატურისადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება საგონებელში აგდებდა ოპერატიული სამსახურის ახალგაზრდა, დამწყებ თანამშრომლებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რომელიმე კონკრეტული ლექსისა თუ რომანის წაკითხვას ავალებდა იმ მოტივით, თითქოს საქმის გამოძებისთვის რაღაც უმნიშვნელოვანესი დეტალი სჭირდებოდა. ამას ისეთი კატეგორიულობით ითხოვდა, უარის თქმას ვერავინ ბედავდა. მეორე-მესამე დღეს ასევე სერიოზული სახით იბარებდა პატაკს. თუ მოეწონებოდა, მადლობის ნიშნად ხელს ჩამოართმევდა, - აი, სწორედ ეგ მჭირდებოდაო. თუ არა და, იმედგაცრუებული გადააქნევდა თავს და ახლა სხვა რამის მოძიებას ითხოვდა. ირაკლი ენთუზიაზმით შეხვდა მის წამოწყებას. ნელ-ნელა ავსებდა სამორიგეო ოთახის თაროს საგანგებოდ შერჩეული, „გამოძიებაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ლიტერატურით“. მაგრამ ეს მეთოდი მხოლოდ დამწყებ, გამოუცდელ თანამშრომლებზე ჭრიდა, ისიც მცირე ხნით. თუმცა, დანებებას არც დავითი აპირებდა, არც ირაკლი. გეგა ოქროცვარაძე იმ მცირეთა ჯგუფს განეკუთვნებოდა, დავითის გამოცდა პირველივე დღეს წარმატებით რომ ჩააბარა. - სიკვდილი, სავარაუდოდ, - სწრაფად მონახა საქაღალდეში ექსპერტიზის დასკვნა. - ერთსა და იმავე დროს, ხანგრძლივი წამების შედეგად დადგა. ორივე სხეულს მრავლობითი, ერთი შეხედვით სიცოცხლისთვის ნაკლებ სახიფათო, ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება. თუმცა, საყურადღებოა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რომლებმაც სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება, საბოოლოდ კი, სიკვდილი გამოიწვია. გარდაცვლილებს აღენიშნებათ სექსუალური ძალადობის კვალიც, მაგრამ მკვლელის დნმ-ის აღმოჩენა სხეულებზე ვერ მოხერხდა. გვამები უჩვეულოდ სუფთა და დამუშავებული იყო. - მოიცა, რა გამოდის, გვამები დაბანა?! - მეტი ყურადღება, მიშა! - თითქოს ბიჭის გამოფხიზლება გადაწყვიტა, ხმას აუწია დავითმა. - ეს, ადგილზე დათვალიერებითაც ცხადი იყო. ძალიან დაგვეხმარებოდა დანაშაულის ადგილის პოვნა. ასეთი რამ ხალხმრავალ ადგილას ვერ მოხდებოდა. სავარაუდოდ, საკუთარ სახლებში უნდა ვეძებოთ. თუმცა, მე პირადად, აქედან არაფერს ველი. მკვლელი, რომელმაც ასე იზრუნა კვალის წაშლაზე, არც დანაშაულის ადგილს

33 დატოვებდა დაუმუშავებელს. შესაბამისად, ასეთი სახლის ძიება უზარმაზარ დროს და რესურსს წაიღებს და რომც ვიპოვოთ, შესაძლოა მაინც არაფერი მოგვცეს. - მნიშვნელოვანი, მოტივის დადგენა უფროა! - ეჰ, ნათუკა, ნათუკა... - საკუთარი საზრიანობით ხიბლში ჩავარდნილი სტაჟიორის მისამართით ამოიოხრა დავითმა. - ჭრილობებზე თუ გაირკვა რამე, გეგა? ფიგურები მაქვს მხედველობაში. - გოგონებს, მკერდზე, გერბისა და სამეფო გვირგვინის ფორმის ფიგურები აქვთ ამოჭრილი, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნის, დადგენა ვერ მოხერხდა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, - ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილების სისხლში ძლიერმომქმედი საძილე საშუალება იქნა აღმოჩენილი, რომელიც სიკვდილამდე დაახლოებით ორი საათით ადრე მიიღეს, სავარაუდოდ შოკოლადთან ერთად. - ახლა გასაგებია რატომ ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა... აბა, რას იტყვით? - ირაკლი ჯაფარიძემ მოლოდინით მოავლო თვალი მაგიდის ირგვლივ მსხდომთ. - ეს ჰერალდიკა... რაიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება ამის მიხედვით? იქნებ რაღაც მონარქისტული საზოგადოების ხელი ურევია. ასეთ შემთხვევაში გასაგები ხდება, რატომ აღმოჩნდა გვამები ერთმანეთისგან ასე შორს. როგორც ჩანს, ჯგუფი მოქმედებდა. - ვიმუშაოთ მაგ ვერსიაზეც, თუმცა, მიშა, მეეჭვება ჩვენ ასეთი აგრესიულიმონარქისტები გვყავდეს. - ეკა, რას ფიქრობ? - ჰერალდიკოსებს უკვე ვესაუბრე. ამას დრო დასჭირდება. ჯერ ვერაფერი. კიდევ უფრო ძველებში უნდა ვეძებოთ.... - ან... კიდევ უფრო ახლებში. ხომ შეიძლება ვინმემ შეუკვეთა. თავადობა და გერბები ახლა ძალიან მოდაშია. - ეს აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, ქართულ ჰერალდიკაში არწივი ასე გამოკვეთილად არ ფიგურირებს, მითუმეტეს ორი. - გინდოდა გეთქვა, ორთავიანი, - ისევ შეუსწორა დავითმა. - ორი ორთავიანი არწივი, - ხაზგასმით გაიმეორა ეკამ. - ჩემი აზრით, გერბის ცენტრშიც არწივებია გამოსახული. - ხო, მე კუბიზმში ვერ ვერკვევი, - წარბები ღიმილით შეათამაშა და სწრაფად გაავლო ხაზები პლანშეტზე. - შეცდომას ხომ არ ვუშვებთ ამ საქმეების გაერთიანებით? იქნებ არასწორი გზა ავირჩიეთ? ...მაგრამ აქ დამთხვევებზე საუბარი უბრალოდ სასაცილო და არაპროფესიონალურია. ეკა, შენს ვერსიაზე რა ხდება? - მე სრულიად ვეთანხმები ამ ორი საქმის გაერთიანებას. ჩემი აზრით, ორივე მკვლელობა

34 ერთი ადამიანის მიერაა ჩადენილი. ვფიქრობ, გოგონები მას იცნობდნენ. სხვაგვარად, გამზირიდან მათი უხმაუროდ წაყვანა წარმოუდგენლად მიმაჩნია, მითუმეტეს გაძლიერებული დაცვის ფონზე. მე ჯგუფურ დანაშაულს გამოვრიცხავ. ...თუმცა ორივე ხაზით ვიმუშაოთ. - რატომ ხარ დარწმუნებული, რომ მკვლელი ერთია?! - მიშა, სერიული მკვლელობები ჯგუფური ხასიათის იშვიათადაა. თუ მაინც არის, ასეთი ესთეტიკური, დახვეწილი შესრულებით არ ხასიათდება. მან მთელი ტილო შექმნა ორივე სხეულზე. ამას დრო და მტკიცე ნერვები სჭირდება. ის, რომ გვამები საგანგებოდ იყო დამუშავებული, თავიდანვე ჩანდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მკვლელი ძალიან დაკვირვებული და ფრთხილია, და აქვე ვიტყვი - დიდი ალბათობით, ეს, მისთვის პირველი შემთხვევა არ უნდა იყოს. რაც შეეხება ჯგუფური მკვლელობას, - აქ აუცილებლად იჩენს თავს შეუთანხმებელი მოქმედებები და კვალიც მეტი რჩება. ჩვენს შემთხვევაში, მკვლელს ყველაფერი იდეალურად აქვს გაკეთებული. მას არავინ აჩქარებდა, ხელს არავინ უშლიდა. - ამ ყველაფერს ესთეტიკური ჰქვია?! - მუდამ მოცინარი, ცელქი ბავშვის მოუსვენარი თვალები აღშფოთებისა და გაოცებისგან გაუფართოვდა მიხეილ ხერგიანს. - ეს ჩვენთვისაა მკვლელობა საზარელი დანაშაული, მისთვის კი - ხელოვნება და ესთეტიკა. ძნელია ამის მიღება, მაგრამ აუცილებელი, - ყოფილ სტუდენტს კიდევ ერთი მცირე ლექცია ჩაუტარა ეკამ. - თუ სუფთად იმუშავა, ეს გერბები რატომღა დატოვა, ეს ხომ სამხილია?! - სწორედ მანდაა მთელი მისი ხელოვნება. გვეთამაშება, გვცდის. - ღირსეულ მოწინააღმდეგეს ეძებს... ელოდება, - პლანშეტიდან ამოხეული ფურცელი ეკას წინ დადო და სკამზე გასწორდა დავითი. - ასეა, - ეკამ ფურცელი თავისკენ მიაცურა და კიდე ოდნავ ასწია. - ერთი რამ მაინც ვიცით... ის ქართველი არაა. - ეს საიდანღა ვიცით?! - ხელოვნური წამწამები მიამიტად აახამხამა ნათუკამ და ზედა ტუჩი დამცინავად გაექცა. მაგრამ ეკას ეს არ შეუმჩნევია, - მოულოდნელობისგან სახტადდარჩენილი დასცქეროდა კუბიზმში შესრულებულ საკუთარ პორტრეტს. - შენ და მიშას რომ გიყურებთ, ამაში საერთოდ არ მეპარება ეჭვი, - საფეთქელზე საჩვენებელი თითი მიიკაკუნა ირაკლიმ. - ანუ, მაინც ფიქრობ, ეს სერიული მკვლელია? - ასეთი „მაღალმხატვრული“ გაფორმება სხვა ვერსიისთვის ადგილს არ მიტოვებს, - ფურცელს თვალი ვერ მოსწყვიტა ეკამ. - დავით, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, საქმე ეკას რომ გადავაბაროთ?

35 - არანაირად. დავითს, რომელიც მშვიდად უსმენდა მთელ ამ საუბარს, მართლაც არ ეტყობოდა წყენა. თვალის კუთხიდან ჩაფიქრებული და თითქოს შეშფოთებული გასცქეროდა ეკას მომღიმარ სახეს. - კარგი, თავისუფალი ხართ. მიშა, გაესაუბრე მონარქისტებს. იქნებ რამე საინტერესო გვითხრან. - კეთილი, - უხერხული გამომეტყველებით წამოდგა და წასასვლელად მოემზადა მიხეილ ხერგიანი. - შენა, მიშა, - თითქოს ევედრებაო, კართან მისულ ბიჭს წარბებქვეშიდან ახედა ირაკლიმ. - ოღონდ, ნათუკას ნუ წაიყვან, ნუ გადაგვკიდებ სამეფო კარს. - ხო, რა იცი რა ხდება. ნუ დააკარგვინებ ყმებსა და თავადის ტიტულებს ამ ხალხს, - არ დაინდო ირაკლი დავითმა. - უხ, შენი! ლითონის კალამი უკვე კართან მისულ დავითს ასცდა, მინას მოხვდა და წკრიალით დავარდა გრანიტის იატაკზე. - სახელმწიფო ქონებას გაუფრთხილდი, - კალამი სწრაფი მოძრაობით აიტაცა და ირაკლის მიმართულებით მსუბუქად გატყორცნა დავითმა. კაბინეტიდან გასული წუთით შედგა, გადაწყვეტილება მიიღო და დერეფანს გაუყვა. - ერთ წუთს დამითმობ? - ზურგს უკან მიხურა კარი. - რა მოხდა? მოდი. დავითი არასოდეს ითხოვდა მასთან შესვლის ნებართვას და სწორედ ეს იყო მათი დაუსრულებელი კინკლაობის ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ ახლა, მისმა მოულოდნელმა თავაზიანობამ არასასიამოვნოდ გააოცა და ეს ხმაზეც შეეტყო. - გეტყვი. დავითმა სკამი მის მუხლებთან ახლოს დადგა და მძიმედ დაეშვა. ეტყობოდა, ძალიან უჭირდა საუბრის დაწყება. - ეკა... ჩვენ გამომძიებლები ვართ... - მაბნევ, - კიდევ უფრო დაუწია ხმას. - დამშვიდდი. ეს, ალბათ, მეც დამმართნია ოდესმე, ყველას... - რაზე ამბობ? მიხვდა, რაღაც ძალიან ცუდი ჩაიდინა. ხელები გაეყინა, ისე, როგორც ბავშვობაში, ძლიერი დაძაბულობისას. თითები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს. - დამშვიდდი, - ისევ გაიმეორა დავითმა და მისი გაყინული ხელები ხელისგულებში მოიქცია.

36 - გისმენ... - ის სწორედ იმას ცდილობს, ვიღაცის აღტაცება და თანაგრძნობა დაიმსახუროს... შენ იცი... ეს ძალიან საშიშია... - ღმერთო ჩემო... რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. აქამდე არ გაუცნობიერებია, როგორ ჩაითრია ამ საქმემ, როგორ მოსწონდა ეს თავსატეხი და თითქმის აღფრთოვანებული იყო მკვლელის გონივრულობით. მსგავსი რამ მხოლოდ კარგ დეტექტივში წაეკითხა, ან ეკრანზე ენახა და ყოველთვის მწერლისა თუ რეჟისორის მდიდარ წარმოსახვად მიაჩნდა. ახლა კი, თავად აღმოჩნდა უხილავი ხელის მიერ დაწერილი სიუჟეტის მთავარი გმირი და მიუტევებელი შეცდომა დაუშვა - უპირობოდ მიიღო შეთავაზებული თამაშის წესები. - კარგი, დამშვიდდი... - სახეზე აფარებული ხელები ფრთხილად ჩამოუწია და თმა მზრუნველად გაუსწორა დავითმა. - ამიტომაც ვართ გუნდი, რომ ერთმანეთი შევაჩეროთ... გინდა, სახლში წადი, ერთი მაგრად გამოიძინე და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. - ხო, მაგრამ... - დღეს მე მივხედავ ყველაფერს. გეგას ვეტყვი, წაგიყვანს. პასუხს არ დაელოდა. წამოდგა და სკამი თავის ადგილას დააბრუნა. - ეკა, მჭირდები, - კარი ისე მკვეთრად გაიღო, რომ დავითმა ძლივს მოასწრო უკან დახევა. - მკლავ, ირაკლი?! მოდი, ეკა სახლში გავუშვათ და მე დაგეხმარები. - მეკაიფები?! - ხო, გეკაიფები. ვერ ხედავ რა სახე აქვს?! - რა სჭირს? ახლა არა, კარგი? როგორც კი მოწმეს გაესაუბრება, მე თვითონ მივაბრძანებ მისი აპარტამენტის კართან და თუ უნდა, ვახშამსაც მოვუმზადებ... - არაა საჭირო! - უკმაყოფილოდ გააწყვეტინა დავითმა. - ვინაა? - მოკლედ, გუშინ, ერთ-ერთ რაიონულ განყოფილებას მშობლებმა მიმართეს. - მაგიდაზე ჩამოჯდა ირაკლი. - მათ გოგონას უცნობმა მამაკაცმა გაუპატიურება დაუპირა... აბა თუ მიხვდებით რომელ ბაღში? - ძნელი მისახვედრი არაა. მერე? - ბავშვმა როგორღაც მოახერხა და გაიქცა, საბედნიეროდ მსუბუქი დაზიანებებით. ეკა, შენ უნდა გაესაუბრო. ჩვენთან ლაპარაკს არ მოინდომებს, ხომ გესმის. - სადაა? - გეგა მოიყვანს რამდენიმე წუთში. - აქ მირჩევნია. - კარგი, მოგგვრით.

37 ეკა სწრაფად მოწესრიგდა. მაგიდიდან საქაღალდეები აალაგა და უჯრიდან ამოღებული რამდენიმე ფოტო ოთახის სხვადასხვა მხარეს განათავსა. ეს მშვენიერი პეიზაჟები მუდამ ეხმარებოდა არასრულწლოვანებთან გასაუბრებისას. ბავშვების ყურადღება, რაღაცნაირად, ყოველთვის მათზე გადაჰქონდა და ისინიც, მათთვისდა შეუმჩნევლად იძლეოდნენ პასუხებს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. ამჯერად მეტი სიფრთხილე მართებდა. ტრავმირებულ ბავშვთან გასაუბრება განსაკუთრებით საპასუხისმგებლო იყო. მაგრამ რაოდენ დიდი აღმოჩნდა მისი გაოცება, როცა კარისკენ მიტრიალებულმა, ეგრეთ წოდებული დაზარალებული დაინახა. გოგონა, სულ მცირე, ას ოთხმოცი სანტიმეტრი სიმაღლის იქნებოდა, მკვრივი აღნაგობის. ჯინსის შორტებს გარუჯული, კუნთსავსე ბარძაყები გამომწვევად ავსებდა. მოკლედ შეკრეჭილი, მუქშინდისფრად შეღებილი თმა ჰქონდა. ამავე ფერის პომადა და თვალის ჩრდილი ესვა. ორივე ყურის ნიჟარა დაუნდობლად დაეცხრილა, მაგრამ ორივეს დაზიანების კვალი აჩნდა. ალბათ ამიტომ, არცერთი საყურე არ ეკეთა. კარგად განვითარებულ, მამაკაცურ მხრებსა და ასევე კუნთსავსე მკლავებს რეგულარული ფიზიკური დატვირთვის კვალი ეტყობოდა. ძლიერი, ქალისთვის, მითუმეტეს მისი ასაკის გოგონასთვის მეტად უხეში თითები მძიმე, მასიური ბეჭდებით ჰქონდა შემკული და მაჯებზეც სხვადასხვაგვარი, ტყავისა თუ ლითონის სამაჯურები ეკეთა. - აქ დავჯდე? - აგდებით იკითხა და პასუხის მიღებამდე მოწყვეტით ჩავარდა ეკას სავარძელში. მოზრდილი, ასევე ლითონის სხვადასხვა დეტალებით დამძიმებული ტყავის ჩანთა იატაკზე დაუდევრად დააგდო. ეკამ ახლაღა შენიშნა კარში თავდახრით მდგომი ახლაგაზრდა, ტანდაბალი, კაფანდარა ქალი. - გამარჯობა, - ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა. - მე დედა ვარ. - რა თქმა უნდა, მობრძანდით. - ანი მამას ჰგავს, - ეკას გაოცებული სახის დანახვაზე სევდით სავსე ღიმილით იქვე, კარის ახლოს მორიდებით ჩამოჯდა. - შევალ, კარგი? - ეკრანისკენ მიანიშნა და მაუსი მაგიდაზე სწრაფად დაატრიალა გოგომ. - სხვა დროს. ახლა ცოტა ვისაუბროთ, - გვერდით სკამისკენ მიუთითა ეკამ. - გვაპატიეთ, - კიდევ უფრო დახარა თავი შვილის საქციელით შეწუხებულმა ქალმა. - არაფერია. წვენს შემოგთავაზებთ. - წვენს, ცვეტში, მეც დავლევდი, - საღეჭი რეზინი პირიდან გამოიღო და მაგიდაზე ცერა თითით მონდომებით დააბრტყელა გოგომ.

38 - ანა, შვილო! - მაგიდასთან მიიჭრა ქალი. ვარდისფერი რეზინი სწრაფად ააძრო და ლორწოვანი სისველე მონდომებით გააპრიალა. - ესე იგი, ანა. - დაჯდომას არ ჩქარობდა ეკა. - მე ეკატერინე ვარ. - ანო, - ფეხი ფეხზე გადაიდო გოგომ. - მეჩქარება. - ჰო, რა თქმა უნდა, - გასაუბრების წინასწარ შემუშავებული სქემა ბანქოთი ნაშენი სახლივით ჩამოეშალა ეკას. გოგონას შეშინებულის არაფერი ეტყობოდა, შესაბამისად მასთან, როგორც ტრავმირებულთან საუბრის საჭიროება ნამდვილად არ არსებობდა. - ანა, მოდი, შენ მიამბე რა მოხდა და მე გზადაგზა შეკითხვებს დაგისვამ, კარგი? - ანო... - მობეზრებული სახით შეუსწორა გოგომ. - კარგი, ანო იყოს. - მოსულა. მოკლედ, დაქალთან შევრჩი. ლენამ ამიკლო ტელეფონზე და მეც წამოვედი, - მხრები უკმაყოფილოდ აიჩეჩა. - ლენა ვინაა? - მე ვარ, ელენე მქვია, - ჩაიჩურჩულა ქალმა. - გასაგებია, - ქალს თანაგრძნობით გაუღიმა ეკამ. - მერე? - სულ ეგრე იცის, ტვინს ღუნავს-ხოლმე, - განაგრძო გოგომ. - რომელ საათზე წამოხვედი დაქალის ბინიდან. მისი სახელიც დაგვჭირდება. - ბინიდან არა. სახლიდან, - დაცინვით გაექცა ტუჩები. - ჯერ იმას უნდა ვკითხო, აწყობს სახელის გაბაზრება. - ჰკითხე, დაგელოდები. ანომ ყურსასმენი მოირგო და ისევ დამცინავი ღიმილით შეატრიალა ტელეფონი ხელში. - შენა და, გოგო, აქ შენი სახელი მკითხეს და ხო არ გაგიტყდება... ა-ჰაა, იასნა. მალე მოვალ. ნორმალურად ეხა!... ეხა-მეთქი, გოგო! - აბა?... - მეორე ბოლოდან მოღწეული გაწელილი ბგერები მისწვდა ეკას ყურს. - სოfკა ჰქვია, ჭიჭიაშვილი სოfკა, გაგიგიათ? მამამისი დიდ ფინანსებს ჭრის, მაგარი სექსი ტიპია. - ღმერთო ჩემო! - საკინძეზე იტაცა ხელი ალმურმოდებულმა ქალმა. - ეე, ეხა, არ დაიწყო! ჩარჩი რა წინა საუკუნეში, - მასიური ვერცხლის ბეჭდებით დამძიმებული ხელის მტევანი აგდებით აიქნია გოგომ. - მერე რა მოხდა, ანო? - მერე ის გაიჩითა, - წვენით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. - ჩამავლო, რა... იმ ჩმორს ეგონა მომერეოდა, - ავად ჩაიცინა. მენთოლიანი ორი ცისფერი ბალიში ხელის გულზე

39 გადმოყარა და საჩვენებელი თითით საღეჭ კბილებს შორის მოიქცია. - იმან რა იცოდა, ბოქსზე რო დავდივარ, - მუშტები ჰაერში შეათამაშა და წარმოსახვით მოწინააღმდეგე ძლიერი დარტყმით დასცა ძირს. - დგმც! მაგარი ჯეჯგვი კი იყო, მაგრამ, ცხვირი რო მივუმტვრიე, მანდ დაერხა. ნახე, რა cool-ია! ოთხივე თითზე წამოგებული ბეჭედი ერთი მოძრაობით წაიძრო და ეკა მაშინღა მიხვდა, ეს სამკაული კი არა, ერთი მთლიანი, მასიური ვერცხლის საბრძოლო იარაღი იყო. - მერაბამ გააკეთებინა. - მერაბი ვინაა? - ხელისგული გაუწოდა და აგრესიულ, დაკბილულ ორნამენტებს ახლოდან დააცქერდა. - მერაბა ჭიჭიაშვილი არ იცის! მისთვის წარმოუდგენელი იყო ვინმეს მისი კუმირი, მერაბა არ სცოდნოდა და, ალბათ, ძალიან შეეცოდა ეკა ამის გამო. - სოfკას მამა. ბოქსზეც იმან მიმიყვანა. - სოფოც დადის ბოქსზე? - სოfკა?! - ისევ მოებრიცა ტუჩები გოგოს. - სოfკას ბოქსზე რა უნდა, მე ვყავარ, სუ მე ვუვლი. - ეს რას ნიშნავს, დედამისი სადაა? - მე რა ვიცი... არაა... ხო და, მერაბა მარტო მე მენდობა. სახლში მიმყავს, დილით სკოლაში და ასე რა... - რატომ, მერაბს მანქანა არ ჰყავს? შენ ხომ თქვი, მდიდარიაო. - მანქანების მეტი რა ჰყავს, სოfკას თავისი მანქანა ჰყავს, მძღოლიც. მე სუ წინ ვზივარ-ხოლმე, დაცვის პონტში, - სკამზე თავმომწონედ გაიწელა და საზურგეს ძველი მეგობარივით გადაჰხვია ხელი. ეკა, მართალია, მერაბა ჭიჭიაშვილს არ იცნობდა, მაგრამ უკვე ძალიან არ მოსწონდა. ჩაფიქრებით გახედა კუთხეში მჯდომ, გახევებულ ქალს, რომელსაც, ცხადი იყო, არავითარი გავლენა არ ჰქონდა შვილზე. - რამდენი წლის ხარ, ანო? - რა არი რო? - ისე, - სხვათაშორის აიჩეჩა მხრები ეკამ. - ჩვიდმეტის. - სკოლას რომ დაამთავრებ, მერე რა გეგმები გაქვს? ძალიან დაშორდა მთავარ თემას, მაგრამ, ახლა ის უფრო აინტერესებდა, ვინ იყო ეს მერაბა, რომელიც ასეთი ფორმით „ზრუნავდა“ შვილის თანაკლასელზე, ან რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან საერთოდ. - რავი... მერაბა შემპირდა, მანქანას გიყიდი და შენ და სოfკა სულ ერთად ივლითო. სოfკას

40 ეშინია მანქანის ტარება. - შენ შეგიძლია? - აბა რა! - ამაყად აზიდა მარცხენა მხარი. - ეგეც მერაბამ გასწავლა? - ა-ჰაა. - კარგი, ანო, საქმეს დავუბრუნდეთ, - ღრმად ამოიოხრა ეკამ, მაგრამ დედისკენ გახედვა აღარ უცდია. - მერე, რა მოხდა, ბაღში რომ შეგიყვანა იმ კაცმა? - მაგიდაზე დადო ვერცხლის მძიმე სამკაული. - იმ ჩმორზე ამბობ? ისეთი მოვდე... მერე თვალი კინაღამ ამოვთხარე, - მუქშინდისფერ ლაქიან ფრჩხილებზე დაიხედა. - შენი დედაც! იმ დამპალის ხორცები კიდე აქ მქონია! - ხელი არ ახლო! - ის იყო, გოგომ ფრჩხილის ქვეშ ჩარჩენილი მასის ამოღება დააპირა, რომ მაჯაში სწვდა ეკა. - მე ვიზამ, კარგი? პასუხს არ დაელოდა, უჯრიდან პაწაწინა პოლიეთილენის ტომარა და პინცეტი ამოაძვრინა. - ექსპერტიზის პონტში? მაგარია! მასეთ ნაბიჭვრებს ეგრე უნდათ. - მერე? - პაწაწინა პარკს მონდომებით გადაუსვა ორი თითი ეკამ და გვერდით გადადო. - მერე ერთი-ორი წიხლიც ჩავცხე და წამოვედი, - ისევ მოირგო სამკაული. - წიხლი ჩასცხე... მუცელში?! - ა-ჰაა. რა, არ უნდა მექნა?! - საღეჭი რეზინი, საჩვენებელ და შუა თითზე საქსოვი ძაფივით ამოიხვია, მერე თითებიდან მოხერხებულად გადაიძრო და სპაგეტივით დაგრძელებული ხმაურით შეისრუტა. - ანუ, დაეცა? - ა-ჰაა, - ისევ გაწელა რეზინი, მაგრამ ამჯერად თითებით, ნაწილ-ნაწილ ჩაიტენა პირში. - ანოოო, - შეთქმულივით ჩაუკრა თვალი. - შენ მისი სახე დაინახე? - ა-ჰაა. - მე, ამ საქმეს, უშენოდ ვერ მოვერევი, - თავი შეაცოდა ეკამ. - ფოტოშოფი და რამე? - რეზინი საქმიანი სახით გაცოხნა გოგომ. - ფოტორობოტი, ანო. - ერთი ჩორტია, რა. მერე, მაინც იქ უნდა დაამუშაოთ, - იხტიბარი არ გაიტეხა. - დავაი, დავიწყეთ, სოfკასთან მეჩქარება. - სხვა ოთახში მოგვიწევს გადასვლა, - კიდევ ერთხელ თანაგრძნობით შეხედა კუთხეში მჯდომ ქალს ეკამ, რომელიც წელში გატეხილივით წამოდგა და თავდახრილი გაჰყვა ოთახიდან გასულ შვილს.

41 - ოღონდ არ მითხრათ, რომ ეს აკაკი ქიზიყურაშვილი გგონიათ მკვლელი! - მე... არ მგონია. - ეკას მიერ ირაკლის მისამარით გამოთქმულ საყვედურს კარიდანვე უპასუხა დავითმა. ტახტზე მოწყვეტით დავარდა და დანარჩენები შოკოლადის ფილათი მიიხმო. - ანუ, დარწმუნებული ხარ მის დანაშაულში. ყავა არ გვინდა? - აშკარად ეკას გაბრაზება განეზრახა ირაკლის. - ნინიკო შემოგვიტანს მალე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მან სცადა ანი ბაიდოშვილის გაუპატიურება, მაგრამ ამ ორ მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მერე რა, რომ იმ ტერიტორიაზე იყო. - ხო, შენ თუ სთხოვე, მაგარ ყავას მოგვიხარშავს, - ორაზროვნად გაეღიმა ირაკლის. - არ გინდა ახლა ეგ... ოჰ, აი ნინიკოც. მადლობა. შოკოლადი მიირთვი. გოგონამ მოკლედ იუარა, ფინჯნები მაგიდაზე დადგა და ოთახი სწრაფად დატოვა. - გეუბნები, მე არ მიკეთებს ასეთ მაგარ ყავას. ნახე რა არომატი აქვს, - ფინჯანი ტუჩთან მიიტანა ირაკლიმ. - მიშა, წაგვიკითხე ერთი, რას წერენ ჩვენს გმირზე. - სიამოვნებით. მითუმეტეს, რომ ეს მე ვწერ მასზე. აკაკი, იგივე კაკო ქიზიყურაშვილი. დაბადებული 1976 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში. ადრე ნასამართლევი თანასოფლელი ქალის გაუპატიურებისთვის. სასჯელის მოხდის შემდეგ სოფელში დაბრუნება ვერ გაბედა, შურისძიების შეეშინდა. თბილისში ერთი წელია ცხოვრობს. ნუ, სიტყვა „ცხოვრობს“ ძალიან პირობითია. - „ყოველ ხის ძირას ჩემი სახლია“... - ეგრეა, ტაქსაობს. მანქანაში სძინავს. საძინებლის აქსესუარების სრული კომპლექტი აღმოვაჩინეთ საბარგულში. - ეგ რას ნიშნავს? - კაი რა, ეკა. არ თქვა, რომ არასოდეს შეგიმჩნევია ტაქსში ბალიში და საბანი! - როგორ შეგიძლია სულ საძინებლის აქსესუარებზე ფიქრი?! - გეგა, - მხარდაჭერის იმედით გადახედა მიხეილმა. - ამჯერად მართალია, - მოლოდინი არ გაუწბილა გეგამ. - მოკლედ, აკაკი ქიზიყურაშვილი აღიარებს დანაშაულს. ექსპერტიზაც ადასტურებს, რომ ანი ბაიდოშვილის ფრჩხილის ქვეშ აღებული მასალის დნმ ზუსტად ემთხვევა ეჭვმიტანილისას. გარდა ამისა, ეჭვმიტანილი ამოიცნო დაზარალებულმა და ამ უკანასკნელის მიერ ეჭვმიტანილისთვის მიყენებული დაზიანებების აღწერილობაც სრულიად დასტურდება. ამ ჩვენს კაკოს გატეხილი აქვს ცხვირის ძგიდე, აღენიშნება ორი

42 სანტიმეტრის სიგრძის ნაპობი ჭრილობა ტუჩის მიდამოში; ასევე, ძლიერი სისხლჩაქცევები ნეკნებისა და ორივე თვალის ირგვლივ; კიდევ, მრავლობითი ნაკაწრი ჭრილობები. ბატონო ირაკლი, ყველაფერი უკუღმაა ამ საქმეში. ეს კაცია დაზარალებული. - ის ანო ბაიდოშვილი ასეთი ყოჩაღი არ ყოფილიყო, აი, მაშინ გექნებოდა ყველაფერი იდეალურად წაღმა, ჩემო მიშა. მერე, კიდევ რაო შენმა კაკომ? - ერთი სიტყვით, ყველაფერს აღიარებს, მაგრამ იმასაც დასძენს, რომ, როცა თავის ბუდუ-‘ააღში დაზარალებულის მიერ მიყენებულ ტრავმებს იშუშებდა, დაინახა, როგორ შევიდა მანქანა ბაღში, მაგრამ თავისი ნაგვემი სხეულის მოვლით იყო დაკავებული და ყურადღება არ მიუქცევია. მოგვიანებით, როცა გაეღვიძა და წყლის დასალევად წავიდა, სწორედ მაშინ წააწყდა ანი ჭავჭანიძის გვამს. - ასე გითხრა, ანი ჭავჭანიძისო? - სულ რატო მეკაიფები? სხვათა შორის, შენი ნაჩუქარი წიგნი წავიკითხე. - მერე, სადაა მადლობა?! - დიდი მადლობა, ბატონო დავით, - თავი მაგიდამდე დახარა მიხეილ ხერგიანმა. - მართლა, დიდი მადლობა. - გაიხარე. - ვაღიარებ, მაგრად მრცხვენია. - კარგის ნიშანია. დროში როგორ ვართ? - ხუთის ოცი წუთი იქნებოდაო. - და, მანქანა როდის შემოვიდა ბაღშიო? - ეგ არ მახსოვსო. ისე, რა საინტერესო დამთხვევაა, ორი ანი ერთ ბაღში... - იქნებ არაა დამთხვევა? - დამთხვევაა, გეგა, დამთხვევა. საქართველოში ორი ქვა რომ ააგდო, ერთი „ანის“ დაეცემა, მეორე „გიორგის“. - ნიკოლოზი გამოგრჩა, - სავარძელი ახლოს მიაგორა და მაგიდას იდაყვებით ჩამოეყრდნო ირაკლი. სამივე მამაკაცმა, საფრთხე მიახლოებული მანგუსტების გუნდივით ერთდროულად გაიხედა მისი მიმართულებით. - მგონი აჯობა კიდეც „გიორგის“. - დამძიმებული წამი არ შეიმჩნია ეკამ. - გვამის დანახვაზე ისე შეშინდა, წყალი აღარც გახსენებია, ასეა? - ასეა. რა გასაკვირია. პოლიციას ხომ არ დაელოდებოდა. მაინც არავინ დაუჯერებდა, რომ იმან არ მოკლა. - შენ თუ გჯერა? - კაცს, რომელიც ასეთ „სურნელს“ აფრქვევს, გვამის დაბანა, კვალის წაშლის მიზნით,

43 აზრადაც არ მოუვა. რომც მოენდომებინა, სად უნდა გაეკეთებინა ეს?! თვითონ დაუბანელი დადის, უსახლკაროდ. - ნუ, საცხოვრებლის საკითხი მოგვარებული აქვს, სულ ცოტა, ათი წლით მაინც. ...თუ არ დაუმძიმდა კიდევ. - ეგ ნაკლებ სავარაუდოა, გეგა. ერთი სიტყვით, საქმე გახსნილია. გაუპატიურების მცდელობა მაქვს მხედველობაში. მკვლელობები ისევ კისერზე გვადევს და ისევ სიახლის გარეშე. შენ კიდე, ნუ ჩამოგტირის სახე! - მკაცრად გახედა ეკას. - იმ მერაბა ჭიჭიაშვილისა და ანო ბაიდოშვილის ურთიერთობა ჩვენი საქმე არაა. უნდა პირად მცველად გამოზრდის, უნდა - პირად ბოზად. მოკლედ, ეგ პირადად მათი და მათი ოჯახების პრობლემაა. - ვიცი... - ხო და, თუ იცი, საქმეს მიხედეთ! დაახლოებით სამი კვირის შემდეგ როგორ მოულოდნელადაც დაატყდათ თავს ეს საზარელი მკვლელობები, ისევე მოულოდნელად გაქრა ყველა ხელჩასაჭიდი. არავითარი თვითმხილველი, არავინ ეჭვმიტანილი. მცირეოდენი მინიშნებაც კი არ ჩანდა. ერთადერთ იმედად ჰერალდიკოსთა საბოლოო დასკვნა რჩებოდა და ისიც ძალიან აგვიანებდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ სხეულებზე ამოკვეთილი გერბის ზუსტად აღდგენა შეუძლებელი იყო. - არსებული დეტალები საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო სახის დასადგენად.იმაშიც არ იყვნენ ბოლომდე დარწმუნებული, მართლაც რომელიმე სახელმწიფოს სიმბოლიკასთან ჰქონდათ საქმე, თუ მხოლოდ მკვლელის ფანტაზიის ნაყოფი იყო ეს ყველაფერი. ეკა დღედაღამ კომპიუტერთან იჯდა. საძიებო მასალა რამდენიმე ნიშნით დაყო. გვამთა მკერდიდან აღებული გამოსახულებები თავისსავე შექმნილ, სპეციალურ პროგრამაში დაამუშავა; ცალკეულ დეტალებად გაშალა, თავსატეხის ფიგურებივით შეატრიალა და ერთმანეთს მიუახლოვა. დიდხანს იწვალა. გერბის რამდენიმე ვერსია გააკეთა და აქამდე მისთვის სრულიად უცნობი დარგის შესწავლას შეუდგა. მალე გაარკვია, რომ, იმ მონაცემების მიხედვით, რაც უკვე ჰქონდათ, ევროპის ქვეყნებში უნდა განეგრძო ძიება.

44 საუკუნეების მანძილზე ათასგზის დაშლილ და ისევ აღდგენილი სახელმწიფოებისა თუ საგრაფოების სიმბოლიკაში, რომელიმე კონკრეტულის ძებნა, თივის ზვინში ნემსის ძიებას ნიშნავდა. დრო კი გადიოდა და გარდაცვლილთა ოჯახების მხრიდან, რა გასაკვირია, უკმაყოფილება მატულობდა. ახლა სხვა სქემა გააკეთა, ძველი სქემით გადაფარა და გადაკვეთის წერტილების ძიებას შეუდგა. თითქოს რაღაცას ჩაეჭიდა, რაღაც იპოვა, მაგრამ, რაც უფრო მიუახლოვდა, მით უფრო აბსურდულად მოეჩვენა. - ვერაფრით დააკავშირა შუა საუკუნეების მოვლენები თანამედროვე ევროპასთან, მითუმეტეს საქართველოში მომხდართან. გრძნობდა ახლოს იყო, მაგრამ რაღაცას, ძალიან ზედაპირზე დადებულს ვერ ხედავდა. ხანდახან საკუთარი ვერსიის თვითონაც აღარ სჯეროდა. ძალაგამოცლილი ტახტზე მიწვა და თვალები დახუჭა. ვებგვერდმა გაიტკაცუნა. “solved problem?” “Deny, so nice u r here” “means, not yet” - “how u guessed?” „უნდა ვაღიარო, ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ“. “felt somehow” “doing what?” “right now? “ye” “providing security for Summit. by the way, ur country will be presented” “my God! summit!” - რა თქმა უნდა!.. რა სულელი ვარ!.. - ჩაიჩურჩულა და ეკრანს რამდენიმე წამს ისე მიაჩერდა, თითქოს პასუხი იქ ეწერა. გული გამალებით უცემდა. სულის მოსათქმელად დრო სჭირდებოდა, მაგრამ ძალიან ენანებოდა ეს დრო საამისოდ. “r u all right?.. Here?” “Deny, ” - უკვე ფეხზე იდგა და ჯინსებში სწრაფად ძვრებოდა, თან ცალი ხელით კლავიატურას აწკაპუნებდა. – “sorry, I must go. U’ve been so great help to me.“ პასუხს აღარ დალოდებია, ჰოლში მიწყობილი ბოტასები ზონარშეუკრავად ამოიცვა, კარი გაიჯახუნა და კიბეზე დაეშვა. მანქანა პირდაპირ სამინისტროს მთავარ შესასვლელთან გააჩერა და დაცვის თანამშრომელს ღია კარზე მიანიშნა. ცარიელი, ნახევრადჩაბნელებული დერეფანი სპორტული ფეხსაცმლის ჭრაჭუნით გაირბინა, თავის სამუშაო ოთახში აღელვებული

45 შეიჭრა და სინათლე აანთო. 27 მაისი - როგორ ხარ? - ოთახის კარი შეაღო თუ არა, მოულოდნელობისგან, წამით ფეხი იატაკზე გაშლილი ფურცლების თავზე, ჰაერში გაუშეშდა დავითს. - ეს როდის მოხდა?! რამე წაიღეს?! - შეშფოთებულმა მიმოიხედა ირგვლივ. ეკას წესრიგს მიჩვეულს ერთი წამითაც არ დაუშვია, რომ ეს ქაოსი მისი მოწყობილი შეიძლება ყოფილიყო. - ცოტა ხანს მაცალე, კარგი? თუ არ გეზარება, აკრიფე, გთხოვ. - გასაგებია, - საკუთარ ვერსიაზე გაეცინა დავითს. - ირაკლი გაცოფებულია. ფურცლები და ფოტოები ყურადღებით დაახარისხა და საქაღალდეებში გადაანაწილა. - რა ხდება? - „რა ხდება?“ - ქალის ხმით გამოაჯავრა საქმეში გართულ ეკას. ფეხაკრეფით მიუახლოვდა და კომპიუტერის ეკრანს დააკვირდა. - სამი კვირა საქმე ვერ დავძარით... თუ... შენ... რაღაც ნახე, არა? ეკამ არაფერი უპასუხა. - რატომ ანდობ ყველას?! - ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოაცურა და კლავიატურაზე, სწრაფად მოძრავ თითებს შორის ჩაუშვა. - რით ვერ ისწავლე ავტოსადგომზე შესვლა?! დაცვის თანამშრომლები დიდი ხანია მიჩვეული იყვნენ ეკატერინე ავალიანის მიერ უხერხულად მიტოვებული მანქანის პარკირებას და უკმაყოფილებაც არასოდეს გამოუთქვამთ, მითუმეტეს იცოდნენ, ასე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქცეოდა. ერთადერთი, ვინც ამას ვერ ეგუებოდა, დავითი იყო, მაგრამ არა იმ მოსაზრებით, რომ ეკა წესრიგს არღვევდა, არამედ იმის შიშით, რომ ასეთი დაუდევრობით ადვილად შეიძლებოდა ესარგებლა ვინმე დაინტერესებულ პირს, რომლებიც ნამდვილად არსებობდნენ. - მადლობა. - გიფიქრია, რომ შენი მანქანა ადვილად ხელმისაწვდომია ვიღაც-ვიღაცეებისთვის? - ალბათ უკვე... - ისევ გულგრილად უპასუხა და მუშაობა განაგრძო. - მაინც სად გარბოდი ასე?

46 დავითმა ღრმად, უიმედოდ ამოიოხრა. - არა, ეკასთან ამ თემაზე საუბარს აზრი არ ჰქონდა. თითქოს ყველაფერს კარგად აკეთებდა, თავის თავზე ზრუნავდა, მაგრამ რაღაც სპეციფიკური წვრილმანები ყოველთვის უყურადღებოდ რჩებოდა. ამიტომ ადევნებდა თვალს მის ყოველ ნაბიჯს ასე ყურადღებით აგერ უკვე ოთხი წელი და ყველასგან ფარულად ცდილობდა მისი უსაფრთხოების დაცვას. - არ გინდა ვისადილოთ? სავარძლის უკან მდგომმა, ხელები სკამის საზურგეზე ჩამოაწყო და თითის წვერებით გაუბედავად მისწვდა მის მხრებს. - მაცალე, - გაღიზიანებულმა შეარხია მხრები. - ვერასოდეს მივეჩვევი კლავიატურაზე ასე სირბილს, - ამჯერად, ნაჩქარევად აკეცილი თმიდან სარჭი გამოაძრო და მხრებზე ჩამოშლილი შავად მბზინავი ტალღების სურნელი ხარბად შეისუნთქა. - დათო, გთხოვ! - სარჭი გამოსტაცა და სწრაფი მოძრაობით ისევ აიკეცა თმა. - წამოდი, დაისვენე ცოტა, - ნიკაპი მსუბუქად დააყრდნო თავზე და ეკრანზე მონაცვლეობით ჩამოშლილ სტატიებს დააცქერდა. ეკა ისევ კლავიატურაზე დაქროდა. დავითს აღარაფერი უთქვამს. ოთახში უმიზნოდ გაიარ-გამოიარა. მობეზრდა - სკამი აიღო და მაგიდისკენ ზურგით ჩამოჯდა. თავისივე დახატული პორტრეტი შენიშნა, ჩარჩოში ჩასმული. ხელში შეატრიალა. - ესე იგი, მოგეწონა. - გამომადგა. მადლობა, - ჩარჩო გამოსტაცა და მონიტორის გვერდით დააბრუნა ეკამ. - შენ რა, წუხელ არ გეძინა? - თვალის ქვეშ ჩამუქებულ რკალებს თითი გადაუსვა. კარი გაიღო, მაგრამ ფეხის ხმა იქვე გაჩერდა. ეკამ თვალის კუთხით დაინახა, მხრები როგორ აიჩეჩა და ხელი გაურკვევლობით შეატრიალა დავითმა. - ვინაა? - მისი უუფროსესობა. სწორად ვთქვი? - ა-ჰაა... - მექანიკურად დაეთანხმა. - ... და, შენ, არც მიტრიალდები?! - ვითომგაუკვირდა სახით ჩაეკითხა და თავით კომპიუტერის ეკრანი დაუფარა. - მე რაღაც ვიპოვე, უფრო სწორედ, მგონი ვიპოვე. თუ მაცლით, კარგი იქნება! მუშაობისას არაფერი ისე არ აღიზიანებდა, როგორც ხმაური. გონების კონცენტრირება უჭირდა და ყველა ძაფი ხელიდან უსხლტებოდა. არა მარტო რიგითი თანამშრომლები, თვით ირაკლიც იშვიათად შედიოდა მის სამუშაო ოთახში, როცა რამე მნიშვნელოვანი

47 საქმე იყო გასახსნელი. უფრო მეტიც, ნება დართო პირად კომპიუტერში გადაეტანა ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა. საკუთარ კაბინეტში, დაძაბული მოთმინებით ელოდა ხოლმე მის გამოჩენას. ეკა კარგად იყენებდა ამ პრივილეგიას - ხშირად, რამდენიმე დღე არ გამოდიოდა სახლიდან. იჯდა კომპიუტერის ეკრანთან და დაუსრულებლად ჩაჰკირკიტებდა საქმის მასალებს. ერთადერთი, ვინც მის სიმშვიდეს დაუკითხავად არღვევდა, დავითი იყო. ამიტომაც, სწორედ ის ხდებოდა რისხვის ობიექტი მუდამ. ნაბიჯები კარიდან დაიძრა. ახლა მარცხენა მხრიდან მიჩოჩდა სკამი. ჯაფარიძის პროფილმა ეკას თვალთახედვის რკალი გადაკვეთა და ინტერესით დააცქერდა ეკრანზე სწრაფად მოძრავ სტატიებს. - სამი კვირაა ვიცდით, კიდევ დაგელოდებით, - ფეხი ფეხზე გადაიდო და სკამის საზურგეზე მშვიდად გადაწვა ირაკლი. პრინტერიდან ერთიმეორის მიყოლებით ამოვიდა ფურცლები. მამაკაცები უკვე მოუთმენელი მოლოდინით აპარებდნენ თვალს ერთმანეთისკენ. რამდენიმე წუთში, ეკამ, უკანასკნელი ფურცელი ამოგლიჯა აპარატიდან, ყველა ერთად საქაღალდეში ჩაალაგა და პროგრამა დახურა. - წავედით, ვისადილოთ! - საქაღალდე აიღო, ფეხის მსუბუქი გაკვრით სავარძელი გააგორა და წამში კართან დადგა. - აბა, ვინ მოდის?! - ჰმ, - უკმაყოფილოდ ჩაახველა ირაკლიმ. პიჯაკი შეისწორა და დავითს, რომლისთვისაც ახლა ყველაზე სასიამოვნო სანახაობა იწყებოდა, ირიბად გადახედა. ეკამ, ცხადი იყო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იპოვა, მაგრამ ირაკლი ასე სწრაფად ვერ ეღირსებოდა იმ სანუკვარ ინფორმაციას, რომლის არარსებობის გამო, თითქმის ყოველ დღე უხდებოდა უწყების ხელმძღვანელის კაბინეტში თავდახრილი ჯდომა და, რაც უფრო მიუღებელი იყო მისთვის, თავის მართლება. - გზადაგზა მოგვიყვება, - მოჩვენებითი თანაგრძნობით დაუთმო გზა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა დავითმა და უფროსსა და ხელქვეითს შორის უსიტყვო ორთაბრძოლის მოლოდინით გამოწვეული, შენიღბული აღტაცებით გაჰყვა კარში გასულებს. - ჩვენი ახალგაზრდა სადააა? - სასადილო დარბაზისკენ მიმავალ დერეფანში, სწრაფი ნაბიჯით გაუძღვა მამაკაცებს ეკა. - ეგ რომელი, ოქრო? - გეგა ვიცი სადაცაა, მიშა ვიგულისხმე.

48 - რა სახელს არცხვენს! იქნება სადმე გამძვრალი ნა-თუკასთან ერთად, - მძლავრი მახვილის ქვეშ მოაქცია მეორე მარცვალი დავითმა. - რა უბედურებაა ეს „ნათუკა“, შვილი ასე როგორ უნდა გაიმეტო?! მიხეილ რატიანის ლამაზი ქალებით გატაცება სიახლე არ იყო. ყველა ახალი სტაჟიორი მაგნიტივით ჰყავდა მიკრული. თავად მეტად სიმპათიურს, დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა მათ მოსახიბლად და, თუ შემთხვევით რომელიმე ცარიელი, ჟალუზებდაშვებული კაბინეტის კარს შეაღებდით, აუცილებლად წააწყდებოდით ახალ პასიესთან ერთად ფრიად უხერხულ მდგომარეობაში. თუმცა, მისი ყოველი გატაცება ზუსტად იქამდე გრძელდებოდა, სანამ ახალი სტაჟიორი არ გამოჩნდებოდა სამინისტროში. - ეგ გოგო დროზე უნდა მოვაშოროთ აქაურობას. - გეშინია ხელიც არ გაგექცეს მისი ძუძუ-მკერდისკენ?! - უფროსის ყურთან ჩაიჩურჩულა დავითმა. - არ მჯერა! ირაკლი, თქვი რომ ხუმრობს! - გაგონილით გაოგნებული შედგა ეკა. - ხშირად უნდა აწიო თავი თათბირზე და დაიჯერებ, - სასარგებლო რჩევის მიცემა არ დაეზარა დავითს. - მაგიდაზე რომ შემომიწყობს და მოსაწველი ძროხის თვალებით რომ შემომხედავს, რას მიბრძანებთ, საით გავიხედო?! - თავს იმართლებ?! - მე, შენ ბერი ხომ არ გგონივარ, იმას ჩავცქეროდე, რისგანაც მომზილეს?! - ა.. ჰო... არ ვიცოდი, პატერიკებს თუ კითხულობდი, - კიდევ უფრო გაოცდა ეკა. - ეკა, ჩემს მოთმინებას სცდი? - ნაძალადევი ღიმილით დაუბრუნა სალამი მის დასანახად, დერეფანში მოჩვენებითი საქმიანი იერით გამოვარდნილ, სახეგაბრწყინებულ მანდილოსნებს. - მართლაც საოცრად პოპულარული ხართ, ბატონო ირაკლი, - თითქოს, არც გაუგია მისი შეკითხვა. - სხვათა შორის, თანამდებობის ბოროტად გამოყენება ჰქვია ამას, ამხანაგო უფროსო. - მეკაიფებით? - წყენა გაერია ირაკლის ხმაში. - მომშიებია ძალიან, - უახლოესი ცარიელი მაგიდისკენ გაემართა ეკა.- ბატონო ირაკლი... - ძალიან რთული რაღაც უნდა მთხოვოს, - თვალები მოუთმენლობით გადაატრიალა და მის პირდაპირ ჩამოჯდა. - გისმენ! - რთული ის იქნება, ამ მკვლელობებს თუ ვერ გავხსნით, - ყელი ვედრებით გამოიგლიჯა დავითის მიმართულებით. - ხომ არ გავიწყდებათ, ვისი შვილები არიან ორივე? ასეც რომ არ იყოს... - სარკაზმი გაქრა მისი ხმიდან.

49 კი, იცოდა, რამდენი უხერხულობისა თუ საყვედურის მოთმენა უწევდა ირაკლი ჯაფარიძეს ყოველი გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესისას. გულის სიღრმეში ძალიანაც თანაუგრძნობდა. პასუხისმგებლობასაც იზიარებდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მოპოვებული ინფორმაციის სანაცვლოდ, ხომ ჰქონდა უფლება ცოტა ხნით მაინც დამტკბარიყო უფროსის გაბუტული სახის ცქერით. ნუ, რა თქმა უნდა, იურიდიულ უფლებაზე არ იყო საუბარი, მაგრამ ვერაფრით დათმობდა ამ სიამოვნებას. - რა აგიღო? - ისევ წამოდგა დავითი. - რაიმე ძალიან კალორიული და წვენი, ბეევრი წვენი, - გულზე მადლობის ნიშნად დაიკრიფა ხელები. - აბა, დაიწყე, - დატვირთული ლანგრებით სწრაფად დაბრუნენ მამაკაცები. - მეტისმეტად ბევრ გლუკოზას ვწვავ, - ირაკლის დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა ისევ არად ჩააგდო, წვენით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და მერე, უკვე ცარიელი, შუა მაგიდაზე დადგა. - უკრაინაში უნდა გამიშვათ მივლინებით. არა, სჯობს უხელფასო ავიღო, სულ ორი დღე. სამინისტროს ბიუჯეტს გავუფრთხილდები, მარტო წავალ, მეგობართან დავრჩები, თან ერთ-ორ პარტიასაც ვითამაშებთ. ეს ყველაფერი თითებზე სწრაფად ჩამოთვალა, ჩანგალზე წამოგებული ხორცის ნაჭერი მოუთმენლად შეატრიალა და პირში გაიქანა. - მმმმ....- თვალდახუჭულმა ნეტარებით წაიკრუტუნა და, თითქოს სიამოვნებას იხანგრძლივებსო, ძალიან ნელა გაღეჭა. - დარწმუნებული ხარ რომ დაცვა არ გჭირდება? დავითმა ხელი გრაფინისკენ გაიწოდა, მაგრამ ირაკლიმ დაასწრო, გრაფინი აიღო, თუმცა ჭიქის შევსება არც უფიქრია. - ხო, მართლა დარწმუნებული ხარ?! საქმე არაფერი გვაქვს. ჭადრაკის თამაშს რომ მორჩებით, ბალტიისპირეთში ჩაარბინე. იურმალაში ცოტა გაიზაგრები, - აშკარად დასცინა ირაკლიმ. დავითმა მხოლოდ გაიღიმა. - არ ჩანდა ირაკლი ჯაფარიძე ამ ორთაბრძოლის მომგები. - სიამოვნებით ჩავარბენდი, ოღონდ იურმალადან ცოტა სამხრეთ-დასავლეთით, - წარბებსქვეშიდან გულგრილად გახედა ცარიელ ჭიქას. - მსჯი? კეთილი. ცოტა ხანს აღარაფერი უთქვამს. ეკას შეეძლო უარი ეთქვა ძილზე, დასვენებაზე, ხელოვნებაზე, ჭადრაკზეც კი. მაგრამ ჭამაზე არასოდეს ამბობდა უარს. - მსუყე, კალორიული საკვები მისი სისუსტე იყო. ამიტომაც, მუდამ ხდებოდა გვერდით მაგიდებთან მსხდომი მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა შურიანი მზერის ობიექტი. - ყველას უკვირდა, როგორ ახერხებდა ასეთი უნაკლო ფორმის შენარჩუნებას. დავითი შეჩვეული იყო მის ასეთ საქციელს. იცოდა, სანამ დახარჯულ კალორიებს არ

50 აღიდგენდა, ეკა არაფერს იტყოდა. ამიტომაც, მშვიდად განაგრძობდა სადილობას და თან შეფარვით აპარებდა თვალს ირაკლისკენ, რომელიც, ძნელი მისახვედრი იყო, ეკაზე უფრო ბრაზობდა, თუ მასზე, ეკას თამაშს ასე რომ მიჰყვებოდა და საკუთარ მოთმინებას, რომელიც არასოდეს აკლდა, კიდევ უფრო წვრთნიდა. - თუ ხვდები მაინც ყოველდღე ჩოგბჯენში რომ ვყავარ მინისტრს?! - ბატონო ირაკლი... - არ მოგბეზრდა?! - შეაწყვეტინა უკვე მოთმინებადაკარგულმა. - მოაშორე ეგ რეგალიები და ადამიანურად ამიხსენი, რით უნდა დავუსაბუთო იმ... - პროკურორის გვარის ხსენებას მოერიდა ირაკლი. - შენი მივლინების აუცილებლობა, თუ უხელფასოსი, როგორცაა! მიხვდა, ასეთი სასჯელი უფრო გაახანგრძლივებდა მის მტანჯველ მოლოდინს და სავსე ჭიქა ისე ახლოს მიუტანა სახესთან, ეკა იძულებული გახდა უკან დაეხია. - მადლობა. ეგ სერიოზული ამბავია... ძალიან სერიოზული, - ხელები აუჩქარებლად გაიწმინდა და ჭიქა მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოართვა, მაგრამ სავსევე დააბრუნა მაგიდაზე. - როგორც ჩანს, მართლა ასეა, შენ რომ ჭამას თავი დაანებე. მითუმეტეს, საჭირო ვყოფილვარ. - რა იყო, ჩემი მოწოდებული არ გესიამოვნა?! - ცოტაც და აფეთქდებოდა ირაკლი. - ნწ. აქ არ გამოვა, - მაგიდის კუთხეში მიწყობილ ტელეფონებზე მიანიშნა. - ეგ, იქ ნახე, ინტერნეტში? - დავითი მიხვდა, სადილი სასურველზე სწრაფად დასრულდებოდა და ჭამას მოუჩქარა. - იქაც. - დროზე მოვრჩით და გავედით, თუ ასეა, - ტუჩები მოიწმინდა ირაკლიმ და ხელსახოცი ისეთი ხმაურით დააგდო თეფშზე, რამდენის გამოწვევაც მუშმალის ზომაზე დაჭმუჭვნილ ხელსახოცს შეუძლია, თან ისე, რომ თეფშის არეალი არ დატოვოს. - რატომ უჯერებ ყველაფერს?! მაცალეთ ჭამა, ხალხი არ ხართ?! - ლუკმა ბუზღუნით დააბრუნა თეფშზე და სავსე ჭიქა გასასვლელისკენ გაიყოლა დავითმა. - ბიჭები გვჭირდება? - არავითარ შემთხვევაში... არავინ! - წარბი აზიდა წამით ჩაფიქრებულმა. - საერთოდაც... უკეთესი იქნება, თუ არავის ეცოდინება. - საით, - კიბე მსუბუქად ჩაირბინა ირაკლიმ. - სადაც თვალი ყოვლის მხილველი და ყური ყოვლის გამგონე ვერ მოგვწვდება. - გასეირნება ბუნწიაღში, ამხანაგო უფროსო! - ეკას დაჯდომას დაელოდა და კარი მსუბუქად მიუხურა დავითმა. - სხვათაშორის, მირიან ალფაიძე იყო მოსული. შენი ნახვა უნდოდა. - მე რა შუაში ვარ? - არ ესიამოვნა ამ სახელის გაგონება.

51 - საქმე შენ გაწერია, - ეკას ხმის ცვლილება არ გამოჰპარვია დავითს და საუბრის სხვა კუთხით წარმართვა სცადა. - მე, მისთვის, სათქმელი არაფერი მაქვს. ორივესთვის გასაგები იყო ეკას გაღიზიანების მიზეზი. მირიან ალფაიძე, ნიკოლოზ ხუციშვილის საქმის შეუსწავლელად დახურვის ინიციატორად მიაჩნდა მოკლულის ქვრივს და, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, სრული უფლება ჰქონდა ასეც ეფიქრა. არც ანგარიშვალდებულებას გრძნობდა მის წინაშე და აქაც მართალი იყო. - მხოლოდ მის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, მოისურვებდა თუ არა ჭირისუფალთან შეხვედრას და რაიმე არაარსებით დეტალებზე საუბარს, ისიც, მხოლოდ თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით. - სამაგიეროდ, თავბერიძეს ჰქონდა. - ქიზიყურაშვილს სტენის? - არც ეს გაჰკვირვებია ეკას. - როგორ გეტყობა, რომ არ იცნობ ალფაიძეს, - სარკეში სწრაფი მზერა შეავლო ირაკლიმ. არაფერი უპასუხა. კარგად ახსოვდა თავისი ოჯახის წევრთა ცხვირწინ მიჯახუნებული უამრავი კარი, მოდულის შენობის დაუძლეველი მანძილი ქუჩიდან მთავარ შესასვლელამდე, ყველა ჩინოვნიკის გულგრილობა მათი ტრაგედიის მიმართ. უარს არ იტყოდა, იგივე ფორმით ეპასუხა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანისთვის, მაგრამ ხვდებოდა, ამას ვერასოდეს შეძლებდა. არა იმიტომ, რომ ძალა არ ეყოფოდა. არა! - გარდაცვლილს ვერ აკადრებდა ჭირისუფლის შეურაცხყოფას. რამდენიმე წუთში ტრიალ ველზე გაჩერდნენ. მზე უმოწყალოდ აცხუნებდა და ყოველი მხრიდან დასიცხული კალიების თუ ჭრიჭინების რითმული სისინი ისმოდა. - აქ გველები არ არიან? - აქ მხოლოდ გველები არიან, - პიჯაკი სიცილით მოისროლა სავარძელზე ირაკლიმ. - ნუ ნერვიულობ, სმენა არ აქვთ. უფრო მზიანი ადგილი ვერ აარჩიე? - თვითონაც უკმაყოფილოდ მიმოიხედა ირგვლივ დავითმა. - ტყეს ყურები აქვს, ჩემო დავით. ხომ არ დაგავიწყდა? ეკამ ნახევრად ღია კარიდან დაკვირვებით ჩაიხედა წამოზრდილ ბალახებში, ფეხები ნელა გადმოსწია და გაუბედავად შეახო მიწას. ჯიბიდან დემონსტრაციულად ამოღებული ტელეფონი სავარძელზე დადო და კარი მიხურა. ირაკლიმ გაურკვევლობით აიჩეჩა

52 მხრები, მაგრამ მაინც, ორივე დაემორჩილა. ყვავილებით მოფარდაგულ მდელოზე სიფრთხილით მიმავალთ, ეკა კიდევ უფრო ფრთხილი ნაბიჯებით გაჰყვა ფეხდაფეხ. საქაღალდე გახსნა და ერთადერთი ხის სიახლოვეს, მინდორზე, ფურცლების გაშლა დაიწყო. დავითმა მცირე ზომის ქვები მოძებნა და ფურცლებზე სათითაოდ დაალაგა. ირაკლი დიდი ხანია დარწმუნდა დავითის სიტყვების ჭეშმარიტებაში - უწყებაში შეუცვლელი „ტვინი“ ჰყავდა, რომელიც, მოსვლის დღიდან, არც ერთ საქმეში არ შემცდარა, რომელსაც თავისი, ავტონომიური განყოფილება ჰქონდა საკუთარ კომპიუტერში და რომელსაც არავის ანდობდა. მაგრამ, ირაკლის, ეს სულაც არ აწუხებდა, - მისთვის მთავარი შედეგი იყო. არც დავითი შემცდარა, - ირაკლი ყველაფერში ხელს უწყობდა ეკას და მის ნიჭს არასოდეს ზღუდავდა. სხვა საქმე იყო, რამდენად დაეხმარებოდა მთავარი გეგმის განხორციელებაში. მაგრამ დავითი მაინც გრძნობდა, ირაკლი არც იქ შეაქცევდა ზურგს. აი ახლაც, ეს ორი მამაკაცი მოთმინებით იდგა თაკარა მზის ქვეშ და გამოუთქმელი პატივისცემით დაჰყურებდა მინდორზე გაშლილ სტატიებს, რომლის აზრსაც ჯერ ბოლომდე ვერ ჩასწვდომოდნენ, მაგრამ ხვდებოდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჰქონდათ თვალწინ. - აბა? - მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო სიცხით შეწუხებულმა ეკამ. მამაკაცებმა გაურკვევლობით გადახედეს ერთმანეთს. - ამას არ ველოდი, - გაიღიმა ნიშნისმოგებით. - ეს შენ ხარ გროსამაისტერი, - ქვას ქუსლი გაჰკრა დავითმა. - ჩვენი IQ მაგდენს ვერ ქაჩავს. - ყველას სახელით ნუ ისაუბრებ, კარგი? - წარბის აწევით ჩაილაპარაკა ირაკლიმ. - რა მეტი გზაა, - იქვე დაგდებული ჯოხი აიღო და ტოტები შეატეხა ეკამ. - აღიჭურვეთ მოთმინებით. - გისმენთ გაფაციცებით. - 2012 წელი. მაისი - ერთმანეთის მიყოლებით, მოსკოვი და პეტერბურგი, - ჯოხი ფურცლების პირველ მწკრივს გადაატარა. - 5 მკვლელობა ორი კვირის განმავლობაში. ერთი და იმავე ხელწერით. მსხვერპლი - ახალგაზრდა, მომხიბლავი, დავითს დავესესხები, მაღალი IQ-სა და შესანიშნავი პერსპექტივის მქონე გოგონები. 2012, ივლისის დასაწყისი - მოლდავეთის დედაქალაქი, ერთი მკვლელობა, იმავე სახის. აგვისტოში, როგორც ჩანს შვებულება აიღო და სექტემბერში, - ჯოხი მეორე მწკრივის მეორე ფურცელს დააბჯინა. - ბულგარეთში გამოჩნდა და ორი მსხვერპლი დატოვა

53 ვარნაში.ზუსტად იგივე ხელწერა. სექტემბრის ბოლო - რუმინეთი, ზღვისპირა ქალაქი კონსტანტა. - კონსტანტა ბანკი მეგონა. - როცა თემა ფინანსებს უახლოვდება, შენი ტვინი განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა, - ღიმილი მოჰგვარა დავითის კომენტარმა. - ოქტომბრის შუა რიცხვები - აზერბაიჯანი, ბაქო. დეკემბრის დასაწყისი - სომხეთი, ორი მსხვერპლი. 2013. 14 იანვარი... - საბერძნეთი, ორი საზარელი მკვლელობა ერთ ღამეში. - საკუთარმა მეხსიერებამ გააოცა ირაკლი. - ჰაჰ! მე კი იმედი გადამეწურა. ესე იგი?.. - მაინც ვერ ვხვდები. გააგრძელე... - კეთილი, ბატონო, - იმედგაცრუებით აიჩეჩა მხრები. - მაშ ასე. საბერძნეთის მერე, რატომღაც, თითქმის ოთხი თვე არ გამოჩენილა... - ჯოხი შორს მოისროლა და ხელისგულებზე შერჩენილი მტვერი გულმოდგინედ ჩამოიბერტყა. - მოიცა... ამ მკვლელობებს, - ფურცლების თავზე საჩვენებელი თითით წრე შემოხაზა დავითმა. - ყვავილების გარდა, რა საერთო აქვთ ჩვენს შემთხვევებთან? მის დაკვირვებულ და გამოცდილ მზერას არ გამოჰპარვია მსხვერპლთა თმებში ჩაბნეული ფერადი პეტუნიები. - ჰმ, პეტუნიები... კარგი დასაწყისია. - და, რას ნიშნავს ეს პპ...? - ენა დაება ირაკლის. - პეტუნია, ბატონო ირაკლი, პეტუნია. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დატვირთვა აქვს. მაგალითად, ქრისტიანულ გერმანიაში ღვთისმშობელს განასახიერებს, როგორც ჩვენში ვარდი, ან ბროწეული. ზოგ ქვეყნაში, მრისხანებისა და დიდი შეურაცხყოფის განცდის გამომხატველია, მაშინ როცა ზოგგან, პირიქით - სიმშვიდის სიმბოლოდაა მიჩნეული. არჩევანი ჩვენზეა, რა გვაწყობს? ეკამ თვალები ხელით მოიჩრდილა და მთელ მინდორში ერთადერთ ხეს, რომლის ფართოდ გაშლილი, მძლავრი ტოტების მკვეთრად დავიწროებული და დამოკლებული ჩრდილი აღმოსავლეთისკენ გადახრილიყო, კენწერომდე ააყოლა თვალი. მაგრამ მისკენ გადაადგილება მაინც ვერ გაბედა და ისევ მცხუნვარე მზეში დგომა არჩია. - გული მიგრძნობს, გაბრაზებულისა და შეურაცხყოფილის ვერსია გვაწყობს. კიდევ? - შეკითხვა გაუმეორა დავითმა. - თითოეული მათგანის გარდაცვალების თარიღი, გასაოცარი სიზუსტით ემთხვევა შესაბამის ქვეყანაში ჩატარებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას.

54 მამაკაცებმა, ამჯერად, ავი წინათგრძნობით გადახედეს ერთმანეთს. - კარგად დააკვირდით ამ ქვეყნების ჩამონათვალს და როცა დავბრუნდები, თქვენ თვითონ მითხარით რა აერთიანებთ. მანქანისკენ მიმავალ დაღმართს გრძელი ნაბიჯებით ჩაუყვა. - არასოდეს მესმოდა ქალური ლოგიკა... გველების შიშმა გადაუარა? - არც მე, - ირაკლიმაც გააყოლა თვალი მინდორზე თამამად მიმავალს. - უფრო, გადაავიწყდა. - მერე დაგიწყებენ, გენდერული ბალანსი, მეტი ქალი... აჰა, შედეგიც! არ უნდა გაგვეშვა მარტო. საშიშია მაინც. ისევ ფურცლებს დააცქერდნენ. - აბა, გენდერული დისკრიმინაციის მამებო, დაამტკიცეთ თქვენი უპირატესობა, - მათ უკან აისვეტა ეკა და ბოთლიდან ხარბად მოსვა წყალი. დავითმა უარის ნიშნად გააქნია თავი და ხელი გაუწოდა. ეკამ ბოთლი გადასცა და საქაღალდედან, რომელიც მთელი ეს დრო ხელიდან არ გაუშვია, უკანასკნელი ფურცელი ამოიღო. - რადგან ზარი ახლობელთან აკრძალულია, კიდევ ერთი მინიშნება, - თქვა და ფურცელს მოზრდილი ქვა დაადო თუ არა, ირაკლის ძლიერმა ხელმა უკან გადატყორცნა და იმავე წამს, გასროლის ხმამ უკუდეგანო მინდორი ექოს გარეშე გადაკვეთა...