მსოფლიო ლიტერატურის...

600
1 მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა «საბჭოთა საქართველო» თბილისი 1982

Transcript of მსოფლიო ლიტერატურის...

  • 1

    მსოფლიო ლიტერატურის

    ბიბლიოთეკა

    «საბჭოთა საქართველო» თბილისი

    1982

  • 2

    ჟან-ჟაკ რუსო

    ჟიული ა ნუ

    ახალი ელოიზა

    ”საბჭოთა საქართველო” თბილისი

    1982

  • 3

    მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის სარედაქციო საბჭო ———————————————— გრიგოლ აბაშიძე მზია ბაქრაძე ბაჩანა ბრეგვაზე თენგიზ ბუაჩიძე ალექსი გომიაშვილი დავით დონდუა თამარ ერისთავი მაგალი თოდუა ციალა თოფურიძე მიხეილ კვესელავა დავით ლაშქარაძე კონსტანტინე ლორთქიფანიძე ელგუჯა მაღრაძე გივი მელაძე გიორგი ნატროშვილი შოთა სულაბერიძე გურამ ფანჯიკიძე იორამ ქემერტელიძე ნიკო ყიასაშვილი ოთარ ჩხეიძე გიორგი ციციშვილი გივი ციცქიშვილი ვახტანგ ჭელიძე ვახტანგ ჯავახაძე თარგმანი ნიკა აგიაშვილისა

    მხატვარი ი. დევნოგორცევა-გრიგოლია

  • 4

    ჟან-ჟაკ რუსო

    ყველაფერი იგი გაქრა, ვით სიზმარი გვიანი, დრომ ახალი ძალით დაჰკრა: სხვაა ადამიანი. რუსოს ხანა, ოხვრა რონის, ტრიანონის ცდომანი...

    გ ალაკტიონი

    «საფრანგეთის დიდებული ერი ჰქმნის დიდებულ ადამიანებს არა მხოლოდ საფრანგეთისათვის, არამედ ყველა ერისათვის. სალამი საფრანგეთს!»

    ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძის ნათქვამია. მართლაც, სალამი, სახელი და დიდება საფრანგეთს! რამდენი გამოჩენილი და

    სახელოვანი ადამიანი აღუზარდა და მისცა მან კაცობრიობას. ყველას ვინ ჩამოთვლის... მათ შორის ჟან-ჟაკ რუსოს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს.

    ქვეყნისქვეყნად სახელგანთქმულ მწერალზე, საზოგადო მოღვაწესა თუ რომელიმე დიდოსტატსა და შემოქმედზე იტყვიან: მის გამო იმდენი წიგნი, ლექსი, რომანი, გამოკვლევა, შრომა ან სტატია დაიწერა, მარტოოდენ მათი სათაურების ჩამოთვლას ერთი კარგი მოზრდილი ტომიც არ ეყოფაო.

    ასეთ ბუმბერაზთა რიცხვს ეკუთვნის გენიალური ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, კომპოზიტორი, პედაგოგიკის თვალსაჩინო კლასიკოსი და დიდი ჰუმანისტი, დემოკრატ-განმანათლებელი ჟან-ჟაკ რუსო (Rousseau). იგი დაიბადა ქალაქ ჟენევაში, პროტესტანტულ ოჯახში, 1712 წლის 28 ივნისს. გარდაიცვალა ერმენონვილში, პარიზის ახლოს, 1778 წლის 2 ივლისს.

    ბავშვობა და ყრმობა გაატარა ჟენევაში. რუსოს მამა, ისააკი, ღარიბი მესაათე და ცეკვის მასწავლებელი, ეგოისტი,

    მოუსვენარი და ფრიად დაუდეგარი კაცი იყო, თავგადასავლების მაძიებელი, სულ რომანების კითხვასა და ნადირობაში ატარებდა დროს, თავის ბავშვებს ანებივრებდა და ძალზე ფიცხი გახლდათ. რუსო ადრე დაობლდა. მისი ძმა, რაღაც ოინების გამო, ჟენევიდან გაქრა, ხოლო მამა იძულებული გახდა მეზობელ კანტონს შეხიზნებოდა, რადგან ერთი აზნაურის მოკვლა განიზრახა. აქ მეორეჯერ იქორწინა. ჟენევაში მარტოდმარტო დარჩენილი ჟან-ჟაკი სასწავლებლად ჯერ ნოტარიუსს მიაბარეს, შემდეგ – გრავიორს, სადაც საბრალო ქარგალმა პირველად იწვნია და განიცადა აუტანელი სიდუხჭირე. სუსტი, ზარმაცი და უზნეო, მუშაობის დროს სულ წიგნებს კითხულობდა. მიეჩვია ტყუილს, ფარისევლობას, ქურდობას, სიტყვაძვირობას და მეტისმეტად უხიაკი და უცნაური ბავშვი იყო.

    კვირაობით ხშირად გადიოდა ქალაქგარეთ და ბევრჯერ დაბრუნებულა იმ დროს, როცა ქალაქის კარიბჭე იკეტებოდა. ამის გამო გარეთ უხდებოდა ღამის გათევა. 1728 წელს დატოვა ქალაქი და წავიდა კათოლიკურ სავოიაში, სადაც ერთ-ერთი სოფლის მღვდელმა წინადადება მისცა მიეღო კათოლიკობა, რის გამოც წერილი გაატანა ანესში მცხოვრებ

  • 5

    მემამულე ქალთან – ქალბატონ ვარანთან. ეს იყო ახალგაზრდა ბანოვანი, რომელსაც კათოლიციზმის აღიარებისათვის მეფემ თვალსაჩინო დახმარება აღმოუჩინა. ვარანმა გაგზავნა რუსო ქალაქ ტურინში, სადაც ზრდიდნენ და ასწავლიდნენ პროზელიტებს, ე. ი. რომელიმე ახლადმიღებული სარწმუნოების მიმდევართ. გამოუცდელი ყრმა აღმოჩნდა მაწანწალათა ბრბოში, უმეცარ-უბირთა შორის, რომლებიც სარჩოს გულისათვის წამდაუწუმ იცვლიდნენ სარწმუნოებას.

    კათოლიკობის მიღების შემდეგ იგი აღარ აინტერესებდათ მღვდლებს, გამოაგდეს მონასტრიდან, მისცეს ოციოდე ფრანკი და გზა დაულოცეს... უგროშკაპიკოდ დარჩენილი რუსო ჩავიდა ლოზანაში და თავი მუსიკის მასწავლებლად გამოაცხადა. სცადა კიდეც დაეწერა მუსიკალური პიესა საკონცერტოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. «ძალიან ცუდად იყო მაშინ ჩემი საქმე, ყველა მიხვდება, თუ რა მდგომარეობაში ჩავვარდი. მაგრამ, ცხადია, ყველაფერი ეს დავიმსახურე», – წერდა რუსო შემდეგ. მერე იგი მდივნად და მთარგმნელად დაუდგა ვიღაც აფერისტს, იერუსალიმელ არქიმანდრიტს, რომელიც შემოწირულებას აგროვებდა ვითომცდა «უფლის საფლავის აღსადგენად». რუსომ მიატოვა ბერი და იწყო ხეტიალი ქალაქებსა და სოფლებში, 1732 წელს ბრუნდება ანესში, კვლავ ხვდება ქალბატონ ვარანს და ცხოვრობს მასთან რამდენიმე წელიწადს.

    ქალმა ასწავლა მას სწორად წერა, განათლებულ ადამიანთა ენით მეტყველება და მაღალი წრის საზოგადოებაში თავდაჭერა. შეიყვანა სემინარიაში, ხოლო შემდეგ მიაბარა ორღანისტს, რომელიც მოწაფემ მალე მიატოვა, დაბრუნდა ანესში, მაგრამ ამ დროს ვარანი უკვე პარიზს იყო წასული, და რუსოს ორ წელიწადს მოუხდა შვეიცარიაში უსახლკაროდ ცხოვრება. სულ ფეხით შემოიარა ეს მხარე, ღამეებს კვლავ ღია ცის ქვეშ ათევდა, მაგრამ ეს როდი აწუხებდა. ამავე დროს დაეწაფა თვითგანვითარებას. საფუძვლიანად სწავლობს მუსიკას, ბევრსაც კითხულობს.

    1740 წელს იყო მაბლოს (პოეტის ძმის) ოჯახის შინამასწავლებელი, მაგრამ ამ საქმისათვის ვერ გამოდგა; არ შეეძლო მოწაფეებთან და უფროსებთანაც თავის დაჭერა, ჩუმად მიჰქონდა ღვინო თავის ოთახში და ცდილობდა დიასახლისთან გაარშიყებას, რის გამოც იძულებული გახდა წასულიყო ამ სახლიდან. დაბოლოს, 29 წლის რუსო, 1741 წელს, მიდის პარიზში. ჯერ კიდევ ვერ მიაგნო თავის ნამდვილ მოწოდებას. უყვარს მუსიკა და ფიქრობს, ჩემი ნიჭი მთელი ელვარებით სწორედ ამ ასპარეზზე გაბრწყინდებაო. პარიზში ჩაიტანა საკუთრივ გამოგონილი მუსიკალური სისტემის პროექტი (აქ ნოტების მაგივრად გამოიყენებოდა ციფრები). აკადემიამ მოიწონა იგი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მის დასაცავად რუსომ დაწერა «მსჯელობა თანამედროვე მუსიკის გამო», ამ სისტემის გამოყენება ვერ მოხერხდა.

    პარიზში რამდენიმე წელს ყოფნისას მოექცა განმანათლებელ მოღვაწეთა წრეში: განმანათლებელთა შორის იყვნენ მთელ ევროპაში უკვე ცნობილი ვოლტერი, მონტესკიე, ჰოლბახი და აგრეთვე – დიდრო და დ’ალამბერი. ორი უკანასკნელი – გამომცემელნი გახლდნენ შესანიშნავი «ენციკლოპედიისა», სადაც რუსომ მალე დაიწყო თანამშრომლობა; იქ ათავსებდა წერილებს მუსიკაზე, მაგრამ განმანათლებლებს მალე გაეთიშა სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხთა გამო უთანხმოებისათვის.

    ერთ წელიწადს (1743-1744) საფრანგეთის ვენეციელი ელჩის – გრაფ მონტეგიუს შინა მდივანია. ელჩი მას უბრალო მოსამსახურედ თვლიდა, ხოლო გაამპარტავნებულ რუსოს თავი დიპლომატად წარმოედგინა; შემდგომში წერდა: იმ დროს ნეაპოლის სამეფო მე გადავარჩინეო. ელჩმა გამოაგდო და ხელფასიც არ მისცა. რუსო დაბრუნდა პარიზს და უჩივლა მონტეგიუს, მოუგო კიდეც, მაგრამ ისევ სადღაც, ქოხმახის სხვენზე ცხოვრობდა, კვლავ ულუკმაპუროდ. იმ ხანებში თეატრისათვის დაწერა ოპერა «გალანტური მუზები» და კომედია «ნარცისი», მაგრამ არც ერთ მათგანს წარმატება არ რგებია.

  • 6

    ცხოვრების სახსარს მოკლებულმა შეიუღლა იმ სასტუმროს მოსამსახურე, სადაც თვითონ ცხოვრობდა. ეს იყო ახალგაზრდა გლეხის ქალი, ართვალი, უვიცი, ძალზე გონებაშეზღუდული და ფრიად უხეში არსება, ტერეზა ლევასერი. რუსო აღიარებდა, მისდამი მცირეოდენი სიყვარულიც არ განმიცდიაო, მაგრამ ოცი წლის შემდეგ ჯვარი კი დაიწერა მასზე. ცოლთან ერთად არჩენდა ქალის მშობლებს და მთელ ჯალაბს. ტერეზასაგან ხუთი შვილი ჰყავდა. ყველანი ბავშვთა საამღზრდელო სახლში იყვნენ მიბარებული და სამუდამოდ დაეკარგა უყურადღებობის გამო. გვიან, მოხუცებულობაში, რუსო და მისი კეთილისმყოფლები ამაოდ დაეძებდნენ მათ გზასა და კვალს. თავს კი იმით იმართლებდა, მათ სარჩენად სახსარი არ გამაჩნდაო, მშვიდად მეცადინეობის საშუალებას არ მაძლევდნენო, და მირჩევნია მათგან გლეხები გამოვიდნენ, ვიდრე ჩემებრ თავგადასავლების მაძიებლებიო. ხშირად ამბობდა: ტერეზას მიმართ ასეთი ჩემი განწყობილება დაიწყო იმ სიბრალულით, რაც შთამაგონეს მისმა კუროებმა, საბრალო ქალს რომ დასცინოდნენ, ელაზღანდარებოდნენ და აბუჩად იგდებდნენო.

    «ტერეზა ერთგულად ემსახურებოდა საოცარს, ზოგჯერ პირდაპირ აუტანელს თავისი სიანჩხლითა და ნერვიულობით... ბავშვობიდანვე ავადმყოფ რუსოს და ისეთ ახირებასაც კი უსრულებდა, როგორიც იყო ამ შვილების ბავშვთა სახლებში მიბარება და სამუდამოდ დაკარგვა...» მხოლოდ ტერეზამ გაუძლო ოცდათოთხმეტი წელიწადი ამ დიდ ადამიანს და მანვე დაუხუჭა თვალი სიკვდილის სარეცელზე.

    რუსოს გარდაცვალებიდან თერთმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთის რევოლუციის დროს, კონვენტმა სამუდამო პენსია დაუნიშნა მოხუცებულ ტერეზას...

    იმ ხანებში რუსო გახდა ფრანკელის მოიჯარე და მისი სიდედრის მდივანი, ჩაება იმ წრის მუშაობაში, რომელსაც ეკუთვნოდნენ ცნობილი ქალბატონი დ’ეპინე, მისი მეგობარი გრიმი და დიდრო. რუსო ხშირად ეწვეოდა მათ, დგამდა კომედიებს, ხიბლავდა ყველას თავისი ცხოვრებიდან ამოკრებილი გულუბრყვილო, თუმცა ფანტაზიით შეფერადებული ამბებით. მისთვის მრავალგზის უპატიებიათ უტაქტობაც (მაგალითად, მან საარშიყო ბარათი გაუგზავნა ფრანკელის სიდედრს და გაუმიჯნურდა კიდეც).

    გადიოდა წლები. რუსო უკვე არც ისე ახალგაზრდა იყო (33 წლისა). განვლო სიდუხჭირითა და მრავალი ტანჯვა-წვალებით აღსავსე სიცოცხლე, ზნეობრივი დაცემისა და აზრთა და გრძნობათა აღმაფრენის არცთუ ისე სასიხარულო წლები. ჯერ კიდევ არავინ იცნობდა ამ სანდომიანი სახის, თვალანთებულ ღარიბ კაცს, პარიზში, ლათინური კვარტალის ერთ-ერთ სხვენზე მცხოვრებ ჟან-ჟაკ რუსოს. მალე იგი გახდება მთელი თაობის ფიქრთამპყრობელი. მისი ბიუსტები დაამშვენებს მრავალი პარკის დაბურულ ხეივნებს, მის სახელს აღტაცებით წარმოთქვამენ მეოცნებე ქალ-ვაჟები, რისხვითა და მრისხანებით აღსავსე მისი სტრიქონები, ადამიანთა გულის დამატყვევებელი და გასაგმირე მჭევრმეტყველება ძილის ბურანისაგან გამოიყვანს და გამოაფხიზლებს ათასობით ადამიანთა გონებას.

    ხოლო ჯერეთ იგი უსახელო მუსიკოსია და უცნობი პოეტი, ახლახან პარიზს ჩამოსული გარმიანელი ვინმე, რომელსაც არ გააჩნია განათლება, სათანადო დიპლომი და ცოდნა, არ ესმის მაშინ ასე ყველასათვის სავალდებულო ლათინური ენა, ღარიბ-ღატაკი ბოგანო, ჟენეველი მესაათის შვილი, და ერთხანს თავადაც ხელზე მოსამსახურე, აგერ ახლა ქუჩის მაწანწალა რომ გახლდათ, და ამჟამად ბუნდოვნად და შფოთიერად, რაღაც გამოურკვეველი ალღოთი რომ გრძნობს და განიცდის იმ დაუდეგარსა და სულისაღმშფოთველ სალმობას თუ სატკივარს, ნიჭიერებას რომ უწოდებენ...

    სახელ-დიდება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ მოადგა რუსოს კარს – მოულოდნელად და დამაბრმავებლად, თვალისმომჭრელად.

  • 7

    ეს მოხდა 1749 წლის ზაფხულზე. რუსოს უნდოდა მეგობრის – დიდროს ნახვა, რომელიც იმ დროს ვენსენის ციხის პატიმარი იყო თავისი ერთ-ერთი ფილოსოფიური თხზულების («წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად») დაწერისა და გამოქვეყნების გამო. გზაზე შეისვენა, გაშალა გაზეთი «ფრანგული მოამბე» და წაიკითხა დიჟონის აკადემიის განცხადება საკონკურსო თემაზე: «შეუწყო თუ არა ხელი ლიტერატურისა და კულტურის განვითარებამ ადამიანის მორალისა და ჩვევების განვითარებას?» საუკეთესო თხზულებისათვის დაწესებული იყო სათანადო პრემია. რუსო განცვიფრდა: დიდი ხანია აწვალებდა ფიქრი ადამიანთა ერთი ნაწილის მონობასა და მეორეთა ბატონობაზე დამყარებული ცივილიზაციის დამღუპველი გავლენის გამო. ახლა დიჟონის აკადემიის ამ თემამ უეცრად მთელი სამყარო გადაშალა მის თვალთა წინაშე; შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ, როგორც შემდეგ წერდა, გაბრუებული ნახევარ საათზე მეტ ხანს იწვა ხის ქვეშ. როცა გამოერკვა, ჟილეტი სველი ჰქონდა ცრემლებისაგან. აზრი, რაიც ასე უცაბედად დაებადა, შეიცავდა მთელი მისი მსოფლმხედველობის დედაარსს: «განათლება მავნებელია და თავად კულტურა სიცრუეა და დანაშაული», რუსომ, დიდროს რჩევით, დაწერა და ერთი წლის შემდეგ გამოაქვეყნა სპეციალური შრომა, თავისი პირველი ფილოსოფიური ტრაქტატი: «მსჯელობა მეცნიერებასა და ხელოვნებათა გამო», სადაც «დაჰგმო კაცობრიობის მიერ საუკუნოობით შეძენილი კულტურა, როგორც ადამიანის გამრყვნელი და ყველა ცოდვა-უბედურების მიზეზი. რასაკვირველია, მთავარი დებულება რუსოს თხზულებისა სადავო იყო ჯერ კიდევ მისსავე სამშობლოში, მაგრამ იგი მაინც უდიდესი პროტესტი გახლდათ იმ სოციალური ურთიერთობის წინააღმდეგ, რომელიც მეფობდა რევოლუციის წინა დროის საფრანგეთში. ამდენად მისმა თხზულებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე», – წერს ჩვენი ცნობილი კრიტიკოსი და ლიტერატურის ისტორიკოს-მკვლევარი ლევან ასათიანი (იხ. მისი «რჩეული ნაწერები», ტ. I, «ვოლტერიანობა საქართველოში», გვ. 97, თბილისი, «საბჭოთა მწერალი», 1958).

    რუსოს ამ პირველ ნაშრომს მიენიჭა დაპირებული პრემია. მთელი განათლებული და რჩეული საზოგადოება ტაშს უკრავს თავის განმქიქებელსა და მამხილებელს; მისი სახელი განითქვა მთელ საფრანგეთში, და მასთან ერთად – ევროპაშიც; ერთნი აძაგებდნენ და ცილს სწამებდნენ, სხვები აღტაცებითა და აღფრთოვანებით ხვდებოდნენ წიგნის ავტორს.

    რუსო ძლიერ ნანობდა ამ «საბედისწერო ნაბიჯს», რამაც გადაწყვიტა მთელი მისი შემდგომი ბედი, და კიცხავდა კიდეც დიდროს, ტრაქტატის დაწერა არ დამიშალაო. მთელი ჩემი ცხოვრების ყველა უბედურება ამ წუთიერი შეცდომის ბრალი იყოო, წერდა შემდეგ იგი.

    ამ მცირე მოცულობის ტრაქტატში რუსომ გამოხატა თავის შეხედულებათა მთელი სისტემა, რაიც შემდგომ საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში რუსოიზმის სახელით შევიდა.

    ტრაქტატის მიხედვით, ცივილიზაციამ არათუ ბედნიერება მოუტანა ადამიანებს, არამედ, პირიქით, გააარჯლა ერთთა ღატაკური მდგომარეობა და გააღრმავა სხვათა პარაზიტიზმი, გაამრავლა მანკიერებანი («მეცნიერება და ხელოვნება უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება, ხოლო ადამიანთა ცხოვრება თანდათან კნინდება და უარესდება... ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა იზრდება, ხე ცხოვრებისა ხმება და ჭკნება»). ტრაქტატი გადაიქცა მეცნიერების, პროგრესისა და ცივილიზაციის მჭევრმეტყველურ უარყოფად («სამარადჟამო ცრუმორწმუნეობა, მჭევრმეტყველებას – პატივმოყვარეობა, პირმოთნეობა, მლიქვნელობა; გეომეტრიას – სიძუნწე, ფიზიკას – უსაქმური ცნობისმოყვარეობა, ხოლო ზნეობრივ ფილოსოფიას, ისე როგორც ყველა დანარჩენს –

  • 8

    ადამიანური გულზვაობა»). რუსო მიმართავს შორეულ ისტორულ წარსულს, იხსენებს სპარტელთა, სკვითთა, გერმანელთა პირვანდელ ისტორიას, ხოტბას ასხამს მათს მარტივსა და სადა, უბრალო ცხოვრებას, რაიც ემყარებოდა თავისუფლების, სამართლიანობის, სიმართლისა და დამოუკიდებლობის პატივისცემას. რუსო პათეტიკურადაც კი აქებს და ადიდებს ძველთაძველ სპარტას: «სპარტა, სპარტა! შენ სამიდღეშიოდ თავზარდაცემა იქნები სწავლულ მოლაყბეთათვის, შენ საძულველი ხარ დოქტრინერებისა და ასოკირკიტა მწიგნობართათვის».

    სოციალურ მანკიერებათა მთელი დანაშაული რუსომ დააკისრა მეცნიერებას, ხელოვნებას, ცივილიზაციას, ამასთან – გაკრიტიკების საშუალება მისცა მოწინააღმდეგეთაც, რეაქციონერებსაც, რომლებმაც კარგად ამოიკითხეს და გაიგეს მის მგზნებარე პროტესტში რევოლუციური აზრები, და თავის მოძმე განმანათლებლებსაც, მეცნიერებისა და ხელოვნების პროგრესს ადამიანის მომავალი განახლების საწინდრად რომ მიიჩნევდნენ. ვოლტერი ირონიულად გამოეხმაურა რუსოს ამ ტრაქტატს.

    პოლონეთის მეფემ, სტანისლავ ლეშჩინსიმ, პრესის საშუალებით ბრალი დასდო რუსოს, კაცობრიობის მთელი კულტურული მიღწევების მოსპობა გწადიაო. თავის პასუხში რუსო უარყოფდა ტრაქტატის ასეთ გაგებას და აცხადებდა, მეცნიერებისა და ხელოვნების მოსპობა სულაც არ მიფიქრიაო. შემდგომში, როცა ამ პირველ ტრაქტატს ახსენებდა, ამბობდა: ჩემი ხელიდან გამოსულ ნაწარმოებთა შორის, მსჯელობის თვალსაზრისით, ეს ყველაზე სუსტიაო.

    დიდრო აღტაცებით შეხვდა რუსოს თხზულებას, იმიტომ კი არა, რომ იქ ენამჭევრულად იყო უარყოფილი მეცნიერება, ხელოვნება, ცივილიზაცია. განათლების დიდმა ქომაგმა, სახელოვანმა მოაზროვნემ და რევოლუციონერმა, დიდრომ ამ წიგნში დაინახა რაციონალური მარცვალი, სახელდობრ – ფეოდალური საფრანგეთის სოციალური წყობის წინააღმდეგ მიმართული რევოლუციური პროტესტი, გაბატონებული კლასის მძაფრი სიძულვილი, უბრალო ხალხის მიმართ მხურვალე სიმპათია. «მიწის მუშის სოფლურ სამოსში, და არა კარისკაცის ზიზილ-პიპილებით მორთულ-მოოქრულ ტანისამოსში იფარება ადამიანთა სულის ძალ-ღონე და სათნოება», – თამამად აცხადებდა რუსო ამ პირველ ტრაქტატში.

    1754 წელს რუსომ გამოსცა ახალი თხზულება (კვლავ დიჟონის აკადემიის მიერ გამოცხადებულ თემაზე): «მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე», სადაც პირველადაა წარმოთქმული უთანასწორობის დაგმობის ისტორიული ფაზა, რაც შემდგომში აფორიზმად იქცა:

    «ადამიანი, რომელმაც პირველად შემოღობა მიწის ნაკვეთი და თქვა: ეს ჩემიაო, საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანები ამაში რომ დაერწმუნებია, იყო სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი. რაოდენ დანაშაულს, ომს, მკვლელობას, რაოდენ უბედურებასა და საშინელებას ააცდენდა ადამიანთა მოდგმას ის კაცი, ვინც პირველ მესაკუთრეს ამოუყრიდა მიჯნებს, ამოუვსებდა თხრილს და ეტყოდა ადამიანებს: ყურს ნუ დაუგდებთ ამ მატყუარას, თქვენ დაიღუპებით, თუ დაივიწყებთ, რომ ბუნების ნაყოფი ყველას ეკუთვნის, ხოლო მიწა – არავის».

    რუსომ ვოლტერს გაუგზავნა ამ თხზულების ერთი ეგზემპლარი. ვოლტერმა, ეს რომ წაიკითხა, ზედ წიგნზევე მიაწერა: «როგორ? იმას, ვინც დაამუშავა, დათესა და შემოღობა მიწის ნაკვეთი, არ ეკუთვნის

    თავისი შრომის ნაყოფი? როგორ? ამ კაცს (ლაპარაკია რუსოზე), რომელსაც არ გაეგება, თუ რა არის სამართლიანობა, ამ მართლაც ქურდს, უნდა, რომ ადამიანთა მოდგმის კეთილისმყოფლად მოგვაჩვენოს თავი? ესაა ფილოსოფია მათხოვრისა, რომელსაც სურს, რომ ღატაკებმა გაძარცვონ მდიდრები».

  • 9

    უფრო გვიან, თავის ერთ დიალოგში ვოლტერი ასე ალაპარაკებს თანამოსაუბრეებს: «ეს უაზრობა, – ამბობს ერთი მათგანი, – ალბათ, დაწერა რომელიმე შარაგზის ქურდმა, ეტყობა, ეს ენამახვილობა ჰგონია». მეორე პასუხობს: «ეჭვი მეპარება, რომ მაგისი დამწერი არის ზარმაცი და უქმად მოყიალე კაცი. იმის ნაცვლად, რომ წაახდინოს ჭკვიანი და შრომისმოყვარე მეზობლის ბოსტანი, განა არ სჯობია მას მიჰბაძოს? მაგ სტრიქონების ავტორი, მე მგონია, არასაზოგადოებრივი ცხოველია».

    რუსოს ამ ნაწარმოებს უკვე აღარ რგებია დიჟონის აკადემიის პრემია (ის მიენიჭა აბატ ტალბერს, ოფიციალური იდეოლოგიისა და რელიგიოზურობის მკაცრ ფარგლებში შეთხზული ნაწარმოებისათვის), მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო შიგ ჩაქსოვილი იდეებით და პირველ წიგნზე უფრო მომწიფებულ აზრთა სისავსით. აქ კვლავ ისმება ბუნებისა და კულტურის საკითხი. რუსომ აღძრა «ბუნებრივი ადამიანის» იდეა. ბუნებისმიერ ადამიანს ავტორი უპირისპირებს «საზოგადოების მიერ შექმნილ ადამიანს». «ყველაფერი მშვენიერია, რაც შემოქმედის ხელიდანაა გამოსული, ადამიანის ხელში ყოველივეს ბოლო ეღება და ფუჭდება», – წერს იგი. «ადამიანთა უთანასწორობა თავად ბუნების მიერ არის წინასწარ განსაზღვრული», აცხადებდნენ ფეოდალიზმის ოფიციალური იდეოლოგები. «არა, ეს უთანასწორობა თავად ადამიანის მიერ არის შექმნილი და ეწინააღმდეგება ბუნებას», – პროტესტს აცხადებდა რუსო. მდიდრებად და ღარიბებად საზოგადოების დაყოფა, მქონებელთა და ჩაგრულთა ხელისუფლება ადამიანთა გამოგონილია. ადამიანი თავისი ბუნებით კეთილია; მხოლოდ გახრწნილ საზოგადოებაში ცხოვრებისას ხდება ბოროტი და მანკიერი. რუსო ხოტბას ასხამს ველურ ადამიანთა ცხოვრებას; ისინი იცვამენ ნადირთა ტყავს და ქვის ნაჯახებით შეიარაღებულთ არც კი გაეგებათ, თუ რა არის საზოგადოება და სახელმწიფო. ამის გამო ვოლტერმა ირონიულად, მაგრამ მკაცრად შენიშნა რუსოს: «ჯერ არავინ გარჯილა ესოდენ ამაოდ იმისათვის, რათა ჩვენგან მხეცები და ნადირები გამოეყვანა. როცა კითხულობს თქვენს წიგნს, კაცს მოუნდება ოთხზე დადგეს და ბობღვა იწყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე სამოცი წელიწადია გადავეჩვიე ასე სიარულს, და ამიტომაც გამიძნელდება ხელახლა ვისწავლო ეს საქმე. ამ სიამოვნებას სხვებს დავუთმობ, უფრო ღირსეულთ, ვიდრე მე და თქვენა ვართ».

    ამ ტრაქტატში რუსო უფრო ფართოდ და მოფიქრებულად აშუქებს კაცობრიობის ევოლუციას ბუნებრივი მდგომარეობიდან განვითარებულ ცივილიზაციამდე, რომლის აუცილებელი თანამგზავრია ხალხის პოლიტიკური უთანასწორობა და ექსპლოატაცია. ეს თხზულება, როგორც «ანტი-დიურინგში» აღნიშნავდა ფრ. ენგელსი, არის «დიალექტიკის ერთ-ერთი უმაღლესი ნიმუშთაგანი». იგივე ენგელსი წერდა: «რუსოს ნაწერებში გვხვდება არა მარტო აზრთა განვითარება, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მარქსის მიერ «კაპიტალში» გამოთქმულ აზრებს, არამედ დეტალებშიც ვხედავთ მთელ რიგ ისეთ დიალექტიკურ გამოთქმებს, რომლებსაც მარქსი ხმარობს».

    «პოლიტიკური ტრაქტატი საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები» (1762) გვიხატავს ხალხის სუვერენიტეტის ძირითად იდეებს, ხალხის ძველისძველ უფლებას დაამხოს ტირანული რეჟიმები; აქ შემუშავებულია საყოველთაო თანასწორობაზე დაფუძნებული დემოკრატული რესპუბლიკის სტურქტურა. რუსო უარყოფდა უფლებამოსილთა მიმართ კომპრომისს და არ იზიარებდა მრავალ განმანათლებელთა ილუზიას ე. წ. განათლებული მონარქიის შესაძლებლობის გამო. ამასთან თავის პოლიტიკურ თხზულებაში პროგრესის იდეას რუსო მის პოზიტიურ მნიშვნელობას უბრუნებს.

    რუსოს ეს თხზულება მწრლის პოლიტიკური პროგრამაა. უკეთუ პირველ ორ ნაწარმოებში კიცხავდა და ამათრახებდა თანამედროვე საზოგადოების მანკიერებას, აქ

  • 10

    ცდილობს დასახოს შესაძლებელი გზები სოციალურ მანკიერებათა აღმოფხვრისათვის და ადამიანური თანაცხოვრების უკეთეს ფორმათა დასამყარებლად.

    «ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ იგი ყველგან ხელფეხშებორკილია», – ასე აღნიშნავს რუსო სოციალური სამყაროს ძირითად წინააღმდეგობას.

    ამ წიგნმა დიდი როლი შეასრულა საფრანგეთის რევოლუცის ისტორიაში (რობესპიერი რუსოს მგზნებარე თაყვანისმცემელი იყო და ცდილობდა მისი პოლიტიკური პროგრამის გატარებას ცხოვრებაში).

    როცა 1789 წლის 14 ივლისს შეიარაღებულმა მასებმა ძირს დასცეს და შემუსრეს საძულველი ბასტილიის ციხის კედლები და აბსოლუტიზმის პატიმრებს საკანთა კარები გაუღეს, ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე აჯანყებულთა ხელით ამოტვიფრეს და წააწერეს ვოლტერისა და რუსოს სახელები, რადგან:

    «საფრანგეთის რევოლუცია შექმნილი იყო არა ბარიკადებით, არა ვერსალის დატყვევებით, არამედ უფრო ადრე, როდესაც მონტესკიემ, ენციკლოპედისტებმა – ვოლტერმა, რუსომ და სხვებმა თავიანთ ნაწარმოებებში მთელი იმ წყობილების უკიდურესი წვრილმანებიც კი შექმნეს, რომელსაც უნდა შეეცვალა ძველი უწესივრობანი, და რაც განხორციელდა კონვენტის «კოდექსებით» (ნ. ნიკოლაძე, თხზულებანი, ტ. 4, გვ. 258, თბილისი, «საბჭოთა საქართველო», 1964).

    «რუსოს ეს თხზულებანი მიმართული იყო ფეოდალიზმის, მისი იდეოლოგიის, დოგმატიზმის, მეტაფიზიკის, სქოლასტიკის, ფეოდალურ პრივილეგიათა და დაწესებულებათა წინააღმდეგ, ეკლესიის მიერ ხალხის ჩაგვრის წინააღმდეგ».

    «ტრაქტატი «საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ» რუსოს სოციალური შეხედულებების გვირგვინს წარმოადგენს და საერთოდ პოლიტიკური აზროვნების განვითარების ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იჭერს, როგორც თავის დროისათვის უაღრესად რადიკალური ნაშრომი. აქ მკაფიო გამოხატულებას პოულობს იმ დროისათვის ყველაზე მოწინავე იდეები ადამიანთა თანასწორობის შესახებ ნივთიერ, მოქალაქეობრივსა და პოლიტიკურ სფეროში», წერს უშანგი ობოლაძე (იხ. მისი «ჟან-ჟაკ რუსო», გვ. 177, თბილისი, 1976, გამომც. «განათლება»).

    რუსო წაეჩხუბა ვოლტერსა და დ’ალამბერს და თავის მეგობარსა და მასწავლებელ დიდროსაც კი «ენციკლოპედიაში» დაბეჭდილი დ’ალამბერის წერილისათვის («ჟენევა»). დ’ალამბერი თავს ესხმოდა ჟენეველთა ფარისევლობას, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ქალაქში თეატრის გახსნისა. რუსომ დაიცვა ისინი და 1758 წელს მწვავე წერილით უპასუხა დ’ალამბერის სტატიას. რუსომ უარყო თეატრი, რადგან იგი მიაჩნდა ხალხის ერთ-ერთ გამხრწნელ საშუალებად. განმანათლებლებს არ შეეძლოთ დათანხმებოდნენ ამ ამბავს, ისე როგორც საერთოდ არ იზიარებდნენ რუსოს თეორიას ადამიანთა საზოგადოებისათვის ცივილიზაციის დამღუპველობაზე.

    მანამდე ცოტათი ადრე რუსომ წერილი გაუგზავნა ვოლტერს მისი პოემა «ლისაბონის მიწისძვრის» გამო. ამ პოემაში ლისაბონის საშინელი კატასტროფით თავზარდაცემული ვოლტერი თავს ესხმოდა ეკლესიის მსახურთ, რადგან ისინი გუნდრუკს უკმევდნენ ადამიანთათვის მზრუნველ ყოვლადმოწყალე უფალს.

    პოემის ავტორი სკეპტიკურად აფასებს რელიგიას. რუსო კი თითქოს გამოვიდა სარწმუნოებისა და ღვთის დამცველად, ოღონდ თავი შეიკავა ბუნებაში მომხდარ მოვლენათა შეფასებისაგან და მთელი თავისი ყურადღება მიმართა საზოგადოებას, მის წიაღში გამეფებულ საშინელ წინააღმდეგობათ. «ღმერთს როდი შეუქმნია მდიდრები და ღარიბები. ადამიანებმა თვითონვე შეიქმნეს ხელოვნური, არანორმალური ცხოვრება, და შემდეგ უჩივიან ღმერთს», წერდა იგი.

  • 11

    ვოლტერი ძირს უთხრიდა ეკლესიისა და რელიგიის საფუძვლებს, რუსო ხელჰყოფდა უფრო მეტს – ადამიანის მიერ ადამიანის დამონებისა და ჩაგვრის მთელ სისტემას. ამიტომაც გასაკვირველი როდია, თუ «უღმერთო» და «ღვთისმგმობელი» ვოლტერი უფრო მოსათმენი იყო არისტოკრატებისათვის, ვიდრე ღვთისმორწმუნე რუსო. ვოლტერი მას «არქიგიჟს» ეძახდა, ხოლო ფრანგ განმანათლებელთაგან არავინ გრძნობდა ისე მწვავე სიძულვილს გაბატონებული ექსპლოატატორული კლასის მიმართ, როგორც რუსო. «მე მძაგს ძლიერნი ამა ქვეყნისანი, მეზიზღება მათი მდგომარეობა, სისასტიკე, ცრურწმენანი, წვრილმანობა, ყველა მათი მანკიერება და კიდევ უფრო შევიზიზღებდი მათ, გაცილებით ნაკლებ რომ მძულდნენ ისინი». რუსოს მგზნებარე ბუნება, მისი შეურიგებლობა და მძვინვარება ცნობილი იყო იმ დროის მთელი კულტურული სამყაროსათვის. მისი თანამედროვე ინგლისელი მწერალი ჰოლდსმითი წერდა: «ჟენეველი რუსო საშინელი კაცთმოძულეა, ანდა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფილოსოფოსია, რომელიც გააფთრებულია კაცობრიობის ერთი ნახევრის მიმართ იმის გამო, რომ იგი მართლაც აუბედურებს მეორე ნახევარს. ასეთი გრძნობა ჩვეულებრივ ძალზე კეთილი გულისა და ნაკლები გამოცდილების შედეგია».

    მიუხედავად იმისა, რომ დ’ალამბერისადმი მიწერილ წერილში (1758) თეატრი გამოცხადებულია უაღრესად მავნე და ძალზე უზნეო დაწესებულებად, თავად რუსო თხზავდა მხიარულ პიესებს, ოპერათა ლიბრეტოებსა და მუსიკას.

    როგორც ლექსებისა და პოემების ავტორს («შარმეტის ბაღი», 1739; «წერილი ბატონ ბორდს», 1743; «წერილი პარიზოს», 1742; «სილვიას ხეივანი», 1750; «წერილი ბ-ნ ლ’ეტანს», 1752) რუსოს არ შეუქმნია ცოცხალი და მკაფიო სახეები; მან ვერ შეძლო საკუთარი განცდების პოეტურად გამოთქმა. მაგრამ ამ ნაწარმოებებში უკვე ჩანს მისი მსოფლმხედველობის გარკვეული ტენდენციები – მისწრაფება ცხოვრების მარტივად ასახვისა და ვნებათა ბრძნული შეზღუდულობის ქება-დიდება, არისტოკრატიული საზოგადოების, მისი მცონარეობისა და ჰედონიზმის სიძულვილი; ხოლო რუსოს კომედიები უფრო ნაკლებ გონივრულია. მათი იუმორი არაფრით არ ეხამება რუსოს მსოფლმხედველობის ძირითად იდეას.

    ასე, მაგალითად, კომედია «ნარცისში» გაბიაბრუებულია მაღალი წრის კოხტა-პრუწა. ერთმოქმედებიან კომედია «სამხედრო ტყვეებში» ნაჩვენებია ეროვნული შუღლის ცრურწმენათა სასაცილო მხარე. საერთოდ ეს პიესები არ ბრწყინავენ ორიგინალობით. კომედია «გაბედული განზრახვა» პ. მარივოს სუსტი მიბაძვაა.

    ოპერათა შორის, რომელთათვისაც რუსო თხზავდა ლიბრეტოსა და მუსიკასაც, მისი ნიჭისა და ესთეტიკის მთავარ ტენდენციას უფრო შეჰფერის ერთმოქმედებიანი ინტერმედია «სოფლელი ჯადოქარი». რუსოს მიერ შედგენილი ეს მუსიკალური პასტორალი თითქოს რევოლუციაა მაშინდელ საოპერო ხელოვნებაში, რომელთა გართულებული მუსიკალური ქსოვილი და მაღალფარდოვანი სიტყვიერი მასალა არ მოსწონდა მსმენელს და არ იწვევდა მის ინტერესს. რუსოს მეორე შედევრი – პაწაწინა პიესა «პიგმალიონი», რომელმაც გოეთეს თქმით, «ეპოქა შექმნა», არის ლირიკული სცენა მუსიკალური კომენტარებით, შედგება მითიური მოქანდაკის მხოლოდ ერთი მონოლოგისაგან. ეს მოქანდაკე თავისი გამხელებელი სიყვარულით აცოცხლებს გალათეას ქანდაკს. ნაწარმოები მიღებული იქნა როგორც ახალი ჟანრის მელოდრამის აღმოჩენა (შემდგომში ტერმინმა «მელოდრამამ» სულ სხვა მნიშვნელობა მიიღო). რუსო ცდილობდა აგრეთვე ძველრომაულ სიუჟეტზე დაეწერა სამოქალაქო პათოსის ტრაგედია, მაგრამ «ლუკრეციას» ჩანაფიქრი მხოლოდ მრავლისაღმთქმელი ესკიზის სტადიაში დარჩა: ტირანთა წინააღმდეგ მებრძოლ პატრიოტთა მძლავრი ხასიათები თავიანთი ზვიადი

  • 12

    გრძნობებით იზიდავდნენ რუსოს როგორც მოაზროვნეს, მაგრამ არ აღუძრავდნენ მხატვრულ ფანტაზიას.

    ჟან-ჟაკ რუსოს მთავარი ნაწარმოებია საქვეყნოდ განთქმული რომანი «ჟიული ანუ ახალი ელოიზა» («Julie ou la Nouvelle Héloïse», 1761), რომლის სახელწოდებად გამოყენებულია შუა საუკუნეების ცნობილი ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის პიერ აბელარის (Abailard, 1079-1142) სატრფოს – ელიოზას სახელი. სქოლასტიკაში რაციონალისტური და კრიტიკული მიმდინარეობის ფუძემდებლის აბელარის მოძღვრება მის სიცოცხლეშივე ორჯერ სასტიკად დაგმო და გაკიცხა ეკლესიამ, ხოლო თხზულება «თეოლოგიის შესავალი» კოცონზე დაწვეს. აბელარის ბრწყინვალე ლექციებმა პარიზში მიიზიდა მთელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მრავალი მსმენელი. აბელარს შეუყვარდა თავისი მოწაფე, კანონიკ ფულბერის დისწული, 18 წლის ელოიზა, და იქორწინა მასთან, რასაც დიდხანს საიდუმლოდ იმარხავდნენ, რადგან სწავლულ-ღვთისმეტყველის კარიერისათვის უქორწინობა აუცილებელი და სავალდებულო პირობა გახლდათ. ამით განაწყენებული ფულბერის მიერ მიგზავნილმა კაცებმა იგი დაასაჭურისეს. ელოიზამ მონასტერს შეაფარა თავი. აბელარმაც თავი ანება მოღვაწეობას და ბერად აღიკვეცა. იგი ცნობილია როგორც პოეტი, მაგრამ მას სახელი გაუთქვა ელოიზასთან გამართულმა მიწერ-მოწერამ, სადაც ინტიმური ლირიკული განცდები შესანიშნავი ბუნებრივი ფორმით ექსოვება უაღრესად ბრძნულ ფილოსოფიურ აზრებს სამყაროს გამო, გონებისა და მეცნიერების ძლიერების შესახებ, და ა. შ.

    «ელოიზასა და აბელარის წერილები» შუა საუკუნეთა ლათინური ლიტერატურის საქვეყნოდ განთქმული თხზულებაა და ჯერ კიდევ XIII საუკუნეში გადაითარგმნა ფრანგულ ენაზე. ამ ერთიერთმანეთის მოყვარული ცოლ-ქმრის სამწუხარო თავგადასავალი კვლავ გახმაურდა XVII საუკუნეში, როცა ცნობილმა მოაზროვნემ ბუსი-რაბუტენმა გამოსცა თავისი «ელოიზასა და აბელარის ამბავი». რუსომდე ამ სიუჟეტზე ფრანგულ ლიტერატურაში დაიწერა სამოცამდე რომანი, პოემა და დრამა.

    ჩვენი გალაკტიონი ერთ-ერთი პოემის პროზაულ ვარაინტში («ლირიკა») წერდა: «განა რუსოს ქარიშხლიანმა გენიამ, მისმა მხურვალე მჭევრმეტყველებამ, მისმა სიძულვილმა ცივილიზაციისადმი, რომელიც ბადებდა ჩაგვრასა და ძალადობას, მისმა ძახილმა ბუნებისაკენ, ზნეთა პირველი სისპეტაკისაკენ არ იფეთქა დამაბრმავებელ ნათელ ცეცხლად ახალგაზრდა გოეთეს, შილერის პოეზიაში და არ შეუწყო ხელი იმ ქარიშხალს, რომელმაც ქვეყნის განმაახლებელ ურაგანად, მარსელიოზის ხმებით გადაიგრიალა საფრანგეთზე?» (იხ. გ. ტაბიძე, ტ. 12, 1975, გვ. 574).

    და სწორედ «ამ ქვეყნად სამოთხის მოწყობის საკითხს», ჩაგვრისა და ძალადობის კერის – ცივილიზაციის სიძულვილის ქადაგებას, ბუნებისაკენ, ზნეთა პირველი სისპეტაკისაკენ მოწოდებას, «ქვეყნის განმაახლებელ ურაგანს» მიუძღვნა რუსომ თავისი ყველაზე საუკეთესო, ყველაზე წარმტაცი და მთავარი თხზულება – ალპის მთის ძირის დაბაში მოსახლე ორი მიჯნურის ეს სევდიანი რომანი.

    რუსო მხატვრული პროზის საუცხოო ოსტატია. თუ ვოლტერი და დიდრო იყენებდნენ დახვეწილ ირონიას, რუსო მიმართავს უმაღლეს პათეტიკას; მისი მღელვარე და მუსიკაური პროზა გვაგონებს ტრიბუნის მიერ წარმოთქმულ სიტყვას. საფრანგეთის რევოლუციის დროს მარატი კითხულობდა რუსოს თხზულებებს პარიზის ქუჩებში და აჯანყებული ხალხი მქუხარე ტაშით ხვდებოდა მგზნებარე ორატორს.

    ეპისტოლარული ჟანრი საშუალებას აძლევდა ავტორს პერსონაჟთა აზრებისა და გრძნობათა ინტიმურად გამოთქმისათვის. რომანის მთავარი დრამატული კვანძია აზნაურის ქალიშვილის – ჟიული დ’ეტანჟის ამბოხება დესპოტი მამისა და, მისი სახით, კონსერვატიული წოდებრივი მორალის საფუძველთა წინააღმდეგ. ჟიული გაუმიჯნურდა

  • 13

    თავის მასწავლებელს, მდაბიო წრიდან გამოსულ სენ-პრეს; სენ-პრე ჭკვიანია, ლამაზი, მაგრამ ღარიბია და წარმოშობითაც არ ეკუთვნის აზნაურთა წოდებას. მას მგზნებარედ შეუყვარდება თავისი ნორჩი მოწაფე. ის ძალზე მგრძნობიარე ჭაბუკია, მაგრამ არ ძალუძს მოქმედება, ბრძოლა თავისი ადგილისათვის, თავისი ბედნიერებისათვის ამ დედამიწაზე. ჟიული, პირიქით, ძლიერი ნებისყოფის აქტიური ქალიშვილია. მან მშვენივრად შეაფასა სენ-პრეს გონებრივი და მორალური უპირატესობა მისი წრის ადამიანებზე, არ შეუშინდა უკანასკნელთა გაკიცხვას და მიჰყვა თავის გრძნობათა ძახილს.

    თავიანთი ურთიერთობა ახალგაზრდა შეყვარებულთ სააუგოდ არ მიაჩნიათ: მათ დაარღვიეს კანონი საზოგადოებისა, რომელიც კრძალავს ქორწინებას მდაბიოსა და არისტოკრატ ქალს შორის, მაგრამ დაემორჩილნენ ბუნების კანონს, რომლის მიხედვითაც ორი მოსიყვარულე არსების კავშირი, რომელ კლასსაც უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, ბუნებრივია და აუცილებელი. «ჭეშმარიტი სიყვარული უმწიკვლოესია ყველა კავშირთა ზედან», წერს ჟიული თავის მიჯნურს, მაგრამ ასე როდი სჯიდნენ ჟიულის მშობლები, განსაკუთრებით – მამამისი, ვინც ფიქრადაც რა გაივლებდა გულში სენ-პრესთან ქალიშვილის დაქორწინების ამ შეურაცხმყოფელ ამბავს. სენ-პრეს ხელი ჰკრეს, რადგან იგი აზნაური არ იყო, მაგრამ... «თავის წინაპართა ძარცვა-გლეჯისა და უსირცხვილობის გარდა, აბა რა დამსახურების წარმოჩენა შეუძლია ამ აზნაურობას? რა გააკეთა მან სამშობლოსათვის და ადამიანთა ბედნიერებისათვის? კანონთა და თავისუფლების დაუძინებელმა მტერმა, რა შესძინა ქვეყანას ტირანიისა და ხალხთა ჩაგვრის გარდა».

    რუსომ ჟიულის ათქმევინა თამამი სენტენცია: «...სჯობს შევცოდოთ დიდგვაროვნების წინააღმდეგ, ვიდრე შევბღალოთ სათნოება; მენახშირის ცოლი უფრორე პატივისცემის ღირსია, ვიდრე უფლისწულის ხარჭა; ძალაუფლებასა და ფულს არ ძალუძს ადამიანის გაბედნიერება».

    ჟიული იძულებული ხდება დაემორჩილოს «ცარიელი ტიტულის თავდადებულ დამცველ» მამის ნება-სურვილს. ის მისთხოვდა აზნაურ ვოლმარს. «ცივილიზებული» საზოგადოების კანონი დაცულია, მაგრამ დაირღვა ბუნების კურთხეული კანონი, რაიც უკრძალავს ადამიანს უსიყვარულოდ ქორწინებას. «ჩაუფიქრდით, გულქვა მამავ, რა ცოტათი ხართ ამ სასურველი სახელის ღირსი. გულისხმა ჰყავით, რა საშინელ შვილისმკვლელობას სჩადიხართ, როცა აიძულებთ თქვენს ნაზ და მორჩილ ასულს თავისი ბედნიერება უმსხვერპლოს თქვენს ცრურწმენას», – სწერს სენ-პრე ჟიულის მამას.

    ჟიულიმ ყოველივე გაუმხილა და უამბო თავის მეუღლეს. კეთილშობილი და გულისხმიერი ვოლმარი მიუხვდა ყველაფერს, როგორც დინჯი, ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ადამიანი. გავიდა ექვსი წელი. ჟიული უკვე ბავშვების დედაა, ოჯახისა და ქმარ-შვილის ერთგული. კვლავინდებურად უყვარს სენ-პრე და ამიტომ უბედურია. ჟიულის ყოფილი მასწავლებელი ვოლმარმა შინ მიიწვია და დიდი ნდობით ეპყრობა. შეყვარებულები ისევ ხვდებიან ერთმანეთს. მხოლოდ ცხოვრება გამუდმებულ მტანჯველ ბრძოლად გადაექცათ მათ შემაკავშირებელ გრძნობასა და მოვალეობას შორის, და ორივენი უბედურნი არიან; ჟიული შემთხვევით იღუპება: დახრჩობას გადაარჩენს თავის შვილს. გაცივდება და სიცოცხლეს გამოესალმება. სენ-პრე რჩება ვოლმარის ოჯახში მისი შვილების აღმზრდელად.

    რუსოს ამ რომანის გამოჩენა მოულოდნელი იყო თანამედროვეთათვის; ამ თხზულების მსგავსი ჯერ არაფერი სმენოდათ თავიანთ ლიტერატურაში. მოგვიანებით რომანტიკოსები რომანს «პროზით დაწერილ პოემას» უწოდებდნენ და მას მოცარტის მუსიკას ადარებდნენ.

    «ახალი ელოიზა» უდავოდ დაწერილია გამოჩენილი ინგლისელი სანტიმენტალისტი მწერლის – რიჩარდსონის (1689-1761) რომანის («კლარისა პარლოუს

  • 14

    ანუ ახალგაზრდა ლედის თავგადასავალი») გავლენით. რუსომ არათუ აიღო ანალოგიური სიუჟეტი, – ეგ არის სიყვარულთან თუ ცდუნებასთან უმანკოების ბრძოლაში დამარცხებული ისეთივე ქალის ტრაგიკული ბედი, – არამედ აითვისა ამ გულისამაჩუყებელი რომანის სტილიც.

    რომანის ფორმა ეპისტოლარულია. იგი შედგება 163 წერილისა და ეპილოგისაგან. ეს ფორმა ახლა მნიშვნელოვნად ამცირებს კითხვის ინტერესს, მაგრამ XVIII საუკუნის მკითხველებს ძალზე მოსწონდათ იგი, ვინაიდან ეს წერილები, იმ დროის მიხედვით, იძლეოდნენ საუკეთესო საბაბს დაუსრულებელი მსჯელობისა და გულახდილი საუბრებისათვის. ყველაფერი ეს ჰქონდა რიჩარდსონსაც, მაგრამ რუსომ რომანში შეიტანა ბევრი რამ საკუთარი, პირადად განცდილი, მისთვის ძვირფასი და საგულისგულო.

    მიუხედავად იმისა, რომ რუსო თითქოს არ ერევა რომანში აღწერილ ამბავთა მსვლელობაში და თავს «ნაპოვნი წერილების» გამომცემლად ასახელებს, თხზულების მთავარი გმირები – სენ-პრე და ჟიული – ავტორის ცხოვრებისეული ფილოსოფიის, ესთეტიკის, მორალის, მისი აზროვნების წინააღმდეგობათა გამომთქმელნი და გამომხატველნი არიან. «ახალი ელოიზა» ამ მიმართებით ლირიკული რომანია, რომლის ბოლომდე გაგება ძალზე ძნელია და შეუძლებელიც, თუ მკითხველმა არ იცის რუსოს ბიოგრაფია.

    «ახალი ელოიზა» აგრეთვე სოციალურ-პოლიტიკური და იდეურ-ფილოსოფიური ნაწარმოებიცაა, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას ისეთ ადამიანზე, როგორიც სურდა ენახა და ვერ კი ნახა რუსომ თავის დროსა და თავის საზოგადოებაში. იდეალისა და ცხოვრების ურთიერთშორის გათიშვის მიუხედავად («მშვენიერია მარტოოდენ ის, რაც არ არსებობს») რომანის პესიმიზმს განუყრელად თანსდევს მომავალ ცვლილებათა ბუნდოვანი მოლოდინი და მტკიცე რწმენა, ეს ცვლილებები მალე მოხდებაო.

    რუსოს წიგნმა სათავე დაუდო ლიტერატურულ მიმდინარეობას – სანტიმენტალიზმს.

    «როცა გამოჩნდა გეტე თავისი «ვერტერით», ბერნანდენ სენ-პიერი თავისი «პოლი და ვირგინიით», ჟან-ჟაკ რუსო თავისი «ელოიზით», მაშინ ევროპას პირველად ეცა დამატკბობელი სხივი პოეზიისა; მაშინ ცრუ-კლასიკური მიმართულებით დათრგუნვილნი მწერალნი მივარდნენ მშიერსავით ახალშობილს პოეზიის მიმართულებასა; მაგრამ პირველად ვერ იცნეს ვერც გეტეს «ვერტერი», ვერც «ელოიზა» ჟან-ჟაკ რუსოსი და ვერც «პოლი და ვირგინია» ბერნანდენ სენ-პიერისა; ამაში სენტ