7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

54
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ ,,მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ'' აააააააა აა ააააააა აააააააა აააა, ააა ააააააა. აააააააა ააა ააააააააააა ააააა აააააა აააა, აააააააა აააააააააა ააააააააა ააააააააა ააააააა. ააააააააა, აააააააააა, ააააააააააა ააააააა ააააააა. აააააააააა აააააააააა ააააააააა ააააააა ააააა ააააა აააააააააა ააააააააა ააააა აააა `აააააა~. აა, აააააააა აააააააააააა ააააააააა აა აააააა, აააააა ააააააა აა აააააააა ააააააა, აააააააააა ააააააააა. ააააა აააააააა ააააააააა აააააააააა ააა ააააა ააააააა ააააააააა ააააა ააააააა, აააააააააა ააააააააა ააააააა ააააა აააააააააა ააააააააააააა `ააააააა~. _ ააააააა, ააააააა! _ აააააა ააააააა. აააააააა აააააა ააააააააა ააააააა ააააა ააააააა, აააა ააააააააა აა აააააააააააა აააააა ააააა ააააააა ააააააა. _ ააააააა! აააა ააააააა. ააააააა ააააააა აააა, აააააააააა აააააა ააააააააააააა, აააა აააააააა ააააააააა აა ააააააა აააააა. ააააააა აააააააააა ააააა აააააა აააააა, აააა ააააააააააა. აააა ააააა აააააა ააააააააააააა ააააააა ააააა. _ აააააა, ააააააა! _ აა ააააა? _ ააა! _ ააააააა ააააააააა ააააა ააააააა. _ აა ააააა აააა ააააააააა ააააა, აა აააა ააააა ააააააა, ააააა!@აააააააა, აა ააააა აააააა ააააააა აააა! აააააა აა ააააა?... აა ააა აააააა აააა, ააააააა, ააააააა აააა ააა, აააა აააააააა აააააა აააააა ააააა აააააა... აააააა ააააააააა აააა აააააააა, ააააააააა აააა აააა! _ აააააა. _ ააააა ააააააააააა ააააააააა.

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „წერილი საიქიოდან“. სერიიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“. წიგნი მეშვიდე

Transcript of 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

Page 1: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

წერილი საიქიოდან

მეშვიდე დეტექტიური რომანი ციკლიდან ,,დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში''

აფხაზეთიის გამურულ ბუხართან იჯდა, ხის ჯორკოზე. ფეხებთან ედო ძველმანებით სავსე მუყაოს ყუთი, საიდანაც სიფრთხილით ამოჰქონდა სხვადახვა ნივთები. დახედავდა, დაყნოსავდა, აგიზგიზებულ ბუხარში აგდებდა. ვეებერთელა პეპლებივით მოფარფატე ცეცხლის ენები წამში ნაცარტუტად აქცევდნენ ყოველ ახალ `ლუკმას~. აი, ვერცხლის პაწაწკინტელა მედალიონი არ დაიწვა, მხოლოდ გაიმურა და სიღრმეში გადახტა, მექანიკური ბაყაყივით. ტილოს ქსოვილზე ამოქარგულ ფარშევანგს ჯერ კიდევ ასდიოდა საყვარელი ქალის სურნელი, ძველებურად უღიმოდნენ საუცხოო კუდზე დატანებული ზურმუხტისფერი `თვალები~.

_ ასტამურ, ასტამურ! _ მოისმა გარედან.

ბუხართან მჯდარი წვეროსანი ტუჩებით შეეხო ნაქარგს, ყრუდ ამოიგმინა და დაცარიელებულ ყუთთან ერთად ბუხარში შეუძახა.

_ ასტამურ!

კაცი წამოდგა. ერთხანს უძრავად იდგა, სამძიმარზე მისული ჭირისუფალივით, მერე მკვეთრად შეტრიალდა და აივანზე გავიდა.

მწვანედ აბიბინებულ ეზოში ლორიკი დახვდა, მისი თანასოფლელი. ტყის გნომს ჰგავდა ფართოფარფლიან ჭილოფის ქუდში.

_ სალამი, ასტამურ!

_ რა გინდა?

_ აჰა! _ ლორიკმა დაგლეჯილი ვარია დაანახა. _ ან დააბი შენი გადარეული ძაღლი, ან ჩემი ხელით მოვკლავ, იცოდე!@გაგონილა, ამ თვეში მესამე ქათამია უკვე! ძაღლია თუ მელია?... მე შენ პატივს გცემ, ასტამურ, ნაომარი კაცი ხარ, შენი გმირობის ამბავი ყველას პირზე აკერია... მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, გაგიჟდება ჩემი ქალი!

_ მოკალი. _ ცივად გააწყვეტინა ასტამურმა.

_ ვინ მოვკლა, კაცო?

_ ძაღლი.

_ როგორ?... _ ლორიკმა ნიშნის მოგებით შემოდებული დოინჯი მორიდებილად დაუშვა.

Page 2: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

ვერ გაიგო, ხუმრობს ასტამური და მართლა სასიკვდილოდ იმეტებს შვილივით გაზრდილ ნაგაზს. რას გაუგებ ამ კაცს? ზოგჯერ, საკუთარ ძაღლზე უარესია. ამასწინათ, ერთ სოხუმელ აფხაზს თავში იარაღის ტარი ჩაარტყა, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ უბედურმა ქართველების მისამართით ორიოდე კეთილი სიტყვის თქმა გაბედა.

_ მე ჩემი გითხარი. _ ასტამური წინ გადაიხარა და დაჟინებით მიაჩერდა დაბნეულ მეზობელს. _ ლორიკ, საქმე მაქვს შენთან. _ თქვა მოულოდნელად.

_ საქმე? რა საქმე?

_ თბილისში მინდა წერილის გაგზავნა.

_ თბილისში? _ გადაამოწმა ლორიკმა.

_ მგონი გასაგებად ვლაპარაკობ.

_ მერე, მე რა შუაში ვარ?

_ გყავს სანდო კაცი ზუგდიდში?

ლორიკმა მზერა აარიდა. არ იცოდა, ღირდა თუ არა ასტამურთან გულახდილობა.

_ ვიცი, რომ გყავს. შეუძლია წერილის ხელიდან ხელში გადაცემა?

ლორიკმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მაგრამ ასტამური მას აღარ უყურებდა. მთისკენ მიეპყრო დაბინდული მზერა. მთა, მწვანედ შემოსილი დევკაცივი, გოროზად ჩამოსცქეროდა ხეობაში გატვრენილ პატარა, აფხაზურ სოფელს.

ლორიკმა ჩაახველა.

ასტამურმა შეკრთა, ჯიბიდან დალუქული კონვერტი ამოიღო და კუშტად ჩამოხედა ზემოდან:

_ ეს წერილი თბილისში უნდა გაატანო. მისამართი ზედ წერია.

_ ნება შენია, ასტამურ.

_ ესეც გამომართვი. _ ასტამურმა წერილს 5 ცალი ასდოლარიანი კუპიურა მიაყოლა.

_ აწი, ფულიც კონვერტში ჩაგედო, შე კაცო...

_ ფული შენია, ლორიკ. გეკუთვნის.

_ სამი ქათმის დედაც ვატირე, მეზობელო! _ თავი გამოიდო ლორიკმა, _ მართლა უცხოები ხომ არ ვართ?!

_ გამომართვი, გამომართვი... მეწყინება, იცოდე.

_ რახან არ იშლი, მადლობა მომიხსენებია.

ლორიკმა ფულიც და კონვერტიც გამოართვა და გაკვირვებულმა ამოხედა აივანზე გალაჯულ მეზობელს. მაღალი, ღონიერი, გრძელწვერა და გრძელთმიანი ასტამური მითიურ ტყისკაცს ჰგავდა.

_ რაღაც აყოვნებ, ლორიკ, წადი აწი... _ ისე უთხრა, არც შეუხედავს.

ლორიკმა თავისი გაპუტული ვარია დაითრია და დარცხვენილი წაბანცალდა ჭიშკრისკენ. ათი ნაბიჯიც არ ჰქონდა გავლილი, რომ გასროლის ხმა გაისმა.

Page 3: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

ლორიკი ნელა მოტრიალდა. ასტამური აღარ იდგა აივანზე, ის ძირს ეგდო გახვრეტილი შუბლით. იქვე, თვითმკვლელობის იარაღი: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. ის, რომლის ტარი ქართველების ქომაგ სოხუმელს დრუზა.

თბილისიპეტრე მოხერხებულად მოკალათებულიყო სავარძელში, ფეხები მუთაქაზე შემოეწყო და ცხოვრების არსზე ფიქრობდა. ის, სამოცი წლის კაცი, სამშობლოდაკარგული და შვილმკვდარი, ისე დაბერდა, ვერ ჩახვდა ცხოვრების არსს. თავად ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, პეტრეს გულწრფელად აკვირვებდა. ადამიანის გაძლებას არ ჰქონია საზღვარი. სულაც, ღმერთი იმდენ ტკივილს გიგზავნის, რამდენის ატანაც შეგიძლია. ანდა, გამოწმებს _ გამოძვრები სიტუაციიდან თუ გატყდები. პეტრე გაფაციცებული აყურადებდა ხოლმე საკუთარ მაჯისცემას, დადარაჯებული ელოდა, როდის გასკდება მკერდის მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო სახელად გული. ის კი არ სკდებოდა, თითქოს პატრონს ედგა ჯიბრში, მომართულივით დუგდუგებდა, ხან აჩქარებულ ტემპში, ხანაც პირიქით.

პეტრე გადარჩა. მეტიც, ფერფლიდან აღმოცენდა, ზღაპრული ფენიქსივით და ჩვეული ცხოვრება განაგრძო _ ტელევიზორს უყურებდა, მურაბიან ჩაის სვამდა, ხუმრობდა კიდეც... ის კი არა, ამ სიბერეში ბიზნესი წამოიწყო და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, გაუმართლა. დღეს პეტრე კაზარავა ერთ-ერთი მსხვილი საკაბელო კომუნიკაციის მფლობელია. მართალია, ინვესტორების ვალები ბოლომდე არ დაუფარავს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს ერთ წელიწადში სრულ მოგებაზე ამუშავდება.

და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ შვილისა და შვილიშვილის საფლავიც არ იცის! ადრე პეტრეს არასოდეს უფიქრია ისეთ განყენებულ ცნებაზე, როგორიცაა ცხოვრების არსი. ადრე უბრალოდ ცხოვრობდა _ მუშაობდა, ქეიფობდა, ცოლი უყვარდა, ერთადერთ ქალიშვილს ზრდიდა... ჰქონდა საკუთარი სახლი ზღვის პირას, საკუთარი ლიმნის ხეები, ტყუპი პალმა ჭიშკართან... მერე ეს ყველაფერი გაქრა, პეტრე კი ისევ ცოცხალია. ალბათ ჰქონდა რაღაც ჩანაფიქრი მის მიმართ მამაზეციერს, თორემ მაშინ, სექტემბრის მიწურულს, ცეცხლში გახვეული სოხუმიდან ერთეულებმა თუ გამოაღწიეს.

პეტრეს არასოდეს უოცნებია თბილისში ცხოვრებაზე. პირიქით, სულაც არ ეხატებოდა გულზე ეს ქალაქი. არ სძულდა, მაგრამ არც უყვარდა. სოხუმი კი უყვარდა. ისე უყვარდა, რომ ერთხელ უცნაური სიზმარი ნახა: ვითომ თვითონ ნისლი იყო. სოხუმის თავზე ჩამოწოლილი გიგანტური რძისფერი ნისლი. იწვა ქალაქის მთელ პერიმეტრზე და გულში იხუტებდა თითოეულ კენჭს, სახურავს, ხის კენწეროს, ადამიანებს _ განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა, მრწამსისა...

ცოლის ჩურჩულმა გამოაღვიძა:

_ რა მოგდის პეტრე, დაწყნარდი, დაწყნარდი...

პეტრემ ნამტირალევი თვალები მოისრისა. ის აქ იყო, თბილისში, თექვმეტსართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე, გზააბნეული მერცხალივით, რომელიც ვერ მოასწრო თბილ ქვეყნაში გადაფრენა და იძულებული გახდა უცხო მხარეში გამოიზამთროს.

_ ცუდი სიზმარი ნახე?

_ პირიქით. _ მძიმედ ამოიოხრა პეტრემ.

Page 4: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

საღამო იყო. ფილოსოფიურ ნოტზე აწყობილმა პეტრემ ის იყო ჩათვლიმა, რომ კარზე ზარის დაირეკა.

_ ლორა! _ გასძახა ცოლს.

_ ფქვილიანი ხელი მაქვს, შენ გააღე. _ სამზარეულოდან გაეპასუხა ლორა.

ზღურბლზე უცნობი, პროვინციული ჰაბიტუსის მამაკაცი იდგა. თანაბარ ზოლებად გადავარცხნილი მეჩხერი თმა იმაზე მეტყველებდა, რომ ახლახანს შეეხო სველი სავარცხელი.

_ მე პეტრე მინდოდა, ბატონო, პეტრე კაზარავა. _ მოუქცია მეგრულად.

_ მე გახლავარ. _ პეტრე წინასწარ გაბრაზდა.

თუ კიდევ ერთი ნათესავი გამოტყვრა იმ ელასტიური ხურჯინიდან, რომელსაც შორეული სანათესაო ერქვა, პეტრე დაუყოვნებლივ დაუშვებს კიბიდან. სად იყვნენ ეს ნათესავები 8-9 წლის წინ, როცა პეტრეს ღამის გასათევი არ ჰქონდა? ახლა იცოცხლე, გამრავლდნენ ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით.

_ უნდა გადმოგცეთ რაღაც...

_ გადმომცეთ? _ გაუკვირდა პეტრეს. _ მე?

_ აკი, ბატონი პეტრე ვარო?

_ პეტრე ვარ, პეტრე...

უცნობის ხელში კონვერტი გაჩნდა, მაგრამ მიცემას არ ჩქარობდა, უნდობლად უყურებდა თავისი წყლისფერი, გამჭვირვალე თვალებით.

_ თუ ეჭვი გეპარებათ, პასპორტს მოგართმევთ. _ გაეხუმრა პეტრე.

_ დიდად დამავალებთ. _ მთელი სერიოზულობით უპასუხა უცნობმა. _ ხელიდან ხელშიო, ასე მიბრძანეს.

პეტრე იქვე, შემოსასვლელში დაკიდულ პიჯაკს დაწვდა, პასპორტი ამოიღო და კურიერს მიაწოდა. იმან გულდასმით შეამოწმა საბუთი, კმაყოფილმა გააწკლაპუნა ენა და უკან დაუბრუნა კონვერტთან ერთად. რის მერეც უსიტყვოდ გაეცალა.

`ვისგან შეიძლება იყოს უმისამართო წერილი?~, ფიქრობდა ოთახში შებრუნებული პეტრე და გზადაგზა კონვერტს ხსნიდა.

_ ვინ იყო? _ სამზარეულოდან დაინტერესდა ლორა.

მაგრამ პეტრეს არ ჰქონდა ხმის ამოღების თავი. წერილი ასტამურ კეტიას ეკუთვნოდა! კაცს, რომლის სახელს კაჭარავების ოჯახში ტაბუ ჰქონდა დადებული.

ნუთუ მისი ამომდგები, მისი ერთადერთი ქალიშვილისა და შვილიშვილის მკვლელი ცოცხალია?!

აკი მოკლესო?... მანუჩარ ჩიქავამ, ჩემი თვალით ვნახე, როგორ აფეთქდა ნაღმზე გულრიფშელი ასტამურიო. ე. ი. მოატყუეს, კიდევ ერთხელ გააცუცურაკეს! და რა თქმა უნდა, ისევ ქართველმა.

ღმერთო!

პეტრე თვალებით წერილს დააკვდა.

`გამარჯობა სიმამრო! როცა შენ ამ წერილს წაიკითხავ, მე აღარ

Page 5: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

ვიქნები ცოცხლებში, ასე რომ, შეგიძლია წყნარად იყო. არ იფიქრო, შენ გამო გადავწყვიტე სიმართლის გამხელა... არა! მარინას სულის დასამშვიდებლად ვიღწვი, თორემ მე... მე ჯოჯოხეთი გარანტირებული მაქვს. ახლა საქმეზე: მე და შენს შვილს გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი, ომი დაიწყო და მარინამ, ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ, ქმარ-შვილს მშობლები არჩია. შენი ჩაწოდებით, სიმამრო, შენი! რომ არა შენი ძალისხმევა, ის არასოდეს გადადგამდა ამ საბედისწერო ნაბიჯს...~

მართალს ამბობს ძაღლისშვილი. ეს პეტრემ დაიყოლია მარინა მიეტოვებინა აფხაზი ქმარი და 3 წლის შვილთან ერთად თბილისში გახიზნულიყო, სადაც სულმოუთქმელად ელოდნენ ომს გამოქცეული მშობლები. რაც შეეხება საბედისწერო ნაბიჯს, პეტრეს აზრით, ეს ნაბიჯი მისმა ქალიშვილმა მაშინ გადადგა, როცა ბედი სოფლიდან ჩამოთესლილ მაშველს ასტამურ კეტიას დაუკავშირა. სულ სხვა სიძეზე ოცნებობდა ქალაქკომის მეორე მდივანი პეტრე კაზარავა, მაგრამ მარინამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: მიყვარსო და მორჩა!

როგორ გინდა 18 წლის გოგოს შეაგნებინო, რომ ლტოლვა გადაივლის, რომ სიყვარულს არ შეიძლება ჰქონდეს ბედნიერი დასასრული, მას აქვს მხოლოდ გაგრძელება _ კარგი, ცუდი და საშუალო.

ყურსა ბამბისასა!

პეტრე გიჟს ჰგავდა. მისთვის, ქალაქში პატივსაცემი კაცისთვის,

წარმოუდგენელი იყო ღორების მწყემს ვალოდია კეტიასთან დამოყვრება. მაგრამ მარინას ამაზეც ჰქონდა პასუხი: `ვიღაც ხომ უნდა მწყემსავდეს ღორებს?!~

`რაღა მაინცდამაინც ჩემი მძახალი?~ ყვიროდა პეტრე.

არც შანტაჟმა გაჭრა. მარინა მზად იყო მშობლებიც დაეკარგა და მათი ფინანსური დახმარებაც. `შენი არაფერი გვინდა, ასტამური გვარდიაში აპირებს გაწევრიანებას, მაღალ ხელფასს პირდებიანო.~

`გვარდია?!~ პეტრე საერთოდაც დასაბმელი გახდა. აფხაზური გვარდია გარდაუვალ ომს ნიშნავდა, ძმათა მკვლელ ომს!

ვინ დაუჯერა?

მერე ადა დაიბადა. პეტრემ ის დაინახა და მართლაც გადადგა ჭკუიდან, ოღონდ პლიუს ნიშნით. რა ესაქმებოდა ამ უსაყვარლეს, მაყვლისთვალება ბავშვთან ასტამურს და ვალოდია მწყემსს? ადა მისი სისხლი და ხორცი იყო, მისი გენის გამგრძელებელი. ის ღუღუნით იწყებდა ცხოვრებას და სულ ფეხებზე ეკიდა ქართველი იყო, აფხაზი, რუსი თუ ახალი გვინეის პაპუასი.

პეტრე წერილს მიუბრუნდა.

`... და აქედან გამომდინარე, არც ჩემი ტყვია დაეწეოდა. ეს შენ მიბიძგე მკვლელობისკენ, შენ მიქციე ცხოვრება ჯოჯოხეთად, წყეულიმც იყავ! მაგრამ შენ არ იცის მთავარი: ადა არ მომკვდარა, ის ცოცხალია. მე ის გავაჩუქე. გიმეორებ: მე, ასტამურ კეტიამ 10 წლის წინ მე გავაჩუქე ჩემი 3 წლის გოგონა ადა კეტია და ამით გავწყვიტე ყოველგვარი კავშირი შენს მოდგმასთან. არ ვიცი, ვის ჯიბრზე მოვიქეცი ასე. ალბათ შენი გამწარება მინდოდა... ერთი კი ვიცი: მე ცოცხლად მოვკვდი და ვიდრე საბოლოო წერტილი დამისვამს ჩემი გაძაღლებული ცხოვრებისთვის, მინდა იმ ჩეჩენი კაცის ვინაობა გაგიმხილო, ვინც ადა წაიყვანა. სურხი გაზიმაგომედოვი გროზნოდან. ბატალიონის მეთაური იყო ომის დროს...~

როცა ოთახში ხაჭაპურით ხელდამშვენებული ლორა შემოვიდა, პეტრე დენზე შეერთებულივით ცახცახებდა. კალთაში ედო რუსულ ენაზე დაწერილი წერილი.

Page 6: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ _ _

მეორე დღეს პეტრე კაჭარავა უშიშროების დეპარტამენტში იჯდა და პოლკოვნიკ მიხეილ ხვედელიძეს სუხრი გაზიმამედოვზე ინფორმაციის გაცემას თხოვდა.

_ ბატალიონის მეთაურიო, არა? _ მიხეილი სკამიანა გასრიალდა კომპიუტერისკენ. _ თუ რამეს წარმოადგენს, აქ მეყოლება, აღრიცხვაზე.

პეტრემ იმედით მიადევნა თვალი. მიხეილს ჯერ კიდევ სოხუმიდან იცნობდა, იმიტომაც გაბედა მოსვლა თავისი გაჭირვებით.

_ აქ არის! _ ხანმოკლე ძებნის შემდეგ თქვა მიხეილმა. _ დაბადების ადგილი გროზნო, დაბადების წელი: 1961. 92 წლებში აფხაზეთში გადაბარგებულა, სადაც ჩამოუყალიბებია ჩეჩნების ბატალიონი. ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა, გოთვერანი... ჰმ, მერე უკვე რუსების წინააღმდეგ, მაგრამ ჩეჩნეთში. სულ ეს არის, პეტრე, მაგრამ რას გვაძლევს ეს ცოდნა?

_ პირველ რიგში იმას, რომ ასტამური არ ტყუის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მიხეილ. ახლა მთავარია გავიდეთ ამ სუხრის ახლობლებზე: ძმაკაცზე, თანამებრძოლზე, ცოლ-შვილზე...

_ ცოლ-შვილი... _ მიხეილმა ჩაფიქრებული მზერა კედელზე გაკრულ რუკაზე გადაიტანა. _ იცი, პეტრე, არ არის გამორიცხული სუხრის ცოლ-შვილი საქარსველოში იმყოფებოდეს ლტოლვილის სტატუსით.

_ მართალი ხარ! ჩეჩენი ლტოლვილების მეტი რაა პანკისში?

_ მაშინ ლტოლვილთა განსახლების სამმართველოში გადაკვალიანებ. ნუნუს დავურეკავ, კოორდინატორს. როგორც შეუძლია დაგეხმარება. ხვალ 12 საათისთვის გაწყობს? _ მიხეილი უკვე კრეფდა ვინმე ნუნუს ნომერს.

_ მე ახლაც მაწყობს!

_ დღეს ვერ მოესწრება, რაღა დარჩა სამუშაო დღის დამთავრებამდე?! დამიჯერე, დილით სჯობს, დასვენებულზე...

მიხეილისთვის ადვილია საქმის გადადება, აბა, პეტრეს ჰკითხოს?! მისი შვილიშვილი, მაყვლისთვალება ადა ცოცხალია! სუნთქავს, იცინის, ალბათ სწავლობს კიდეც... და წარმოდგენაც არა აქვს ვინ არის სინამდვილეში?! ადვილი არ იქნება 13 წლის მოზარდს უთხრა სიმართლე. ჩეჩენმა თუ წაიყვანა, ქართულიც არ ეცოდინება?!

ასე იყო თუ ისე, პეტრე აღარ გაჯიუტებულა. სახლში სულმოუთქმელად ელის უახლოესი სანათესაო: ლორა, ცოლისდა ირა, ქვისლი ბიძინა, ირას და ბიძინას ვაჟი გუჯა.

_ არა უშავს, ხვალამდე როგორმე მოვითმენთ. _ ქმარი დაამშვიდა ლორამ.

_ როგორი მოსათმენია?! _ უადგილო პათოსით შესძახა ირამ და ისე გადაატრიალა თვალები, თითქოს ლორაზე მეტად ადარდებდა პატარა ადას ბედი.

ბიძინამ საყვედურით შეხედა. ამ ბოლო დროს ცოლის უტაქტო გამოხტომები ცუდად ხვდებოდა ყურში, მაგრამ შენიშვნის მიცემას ერიდებოდა. ირა მაინც ვერ გაიგებს. მისი ქარაფშუტა ბუნება მხოლოდ იმას იგებს და ხედავს, რაც ზედაპირზეა. სიღრმეების ჩასაწვდომი ტვინით ღმერთმა არ დააჯილდოვა. ტვინი, ნიჭი, შეგნება, გაგება და ამისთანები უფროს დას, ლორას ერგო წილად. მართალია, გარეგნობის ხარჯზე, მაგრამ

Page 7: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

რა არის გარეგნობა? სულის სარკე. 17 წლის ლამაზმანს უტაქტობაც ეპატიება და უტვინობაც, 47 წლის ქალი სულის გარეშე კი უინტერესოა. `უინტერესო~ ბიძინას გაგებით, თორემ ირას დღესაც აყოლებდნენ ქუჩაში თვალს. ჩვენში რომ დარჩეს, ლორაც რომ იმდენ დროს ატარებდეს ფიტნეს კლუბში რამდენსაც ირა, მასაც გააყოლებდნენ. მაგრამ სოხუმში დატრიალებული ტრაგედიის მერე ლორას თმის შეღებვაც კი არ უცდია. ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი გაახალგაზრდავების ყოველგვარ მცდელობას და დეპრესიაში ჩავარდნილ ქმარზე გადაერთო. აი, ახლაც მხარზე ხელს უთათუნებს, თვალებით ამშვიდებს, თითქოს ეუბნება: ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ირას არასოდეს შეუხედავს ასე ქმრისთვის. უნდა ითქვას, არც შვილისთვის! ალბათ იმიტომ გაიზარდა გუჯა ასეთი მუტრუკი, ლორას გაზრდილი მარინა კი გარშემო სინათლეს აფრქვევდა. ეჰ, რა გოგო ემსხვერპლა ძმათამკვლელ ომს...

მოულოდნელად `მუტრუკმა~ ხმა ამოიღო:

_ ვეჭვობ, უშიშროების პოლკოვნიკმა გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი სატკივარი.

_ შენ გგონია, ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს ქვის გული აქვთ? _ შეეპასუხა პეტრე.

_ ოქროს გულიც რომ ჰქონდეთ, ბერკეტი არა აქვთ, ბიძაჩემო. ბერკეტი!

_ სწორედაც! _ ირამ თავმომწონედ ააკანტურა თავი. ეტყობა, სიტყვა `ბერკეტი~ მისთვის მაღალ ინტელექტთან ასოცირდებოდა.

_ დავუშვათ, გავედით იმ სუხრის თუ მუხრის ცოლ_შვილზე, _ თქვა გუჯამ, _ რატომ გაგვიმხელს ჩვენი მოსისხლე მტრის ვინაობას?

_ რაიმე ისტორია უნდა მოვიგონოთ. _ შვილს შეაშველა ბიძინამ. _ პირდაპირ ხომ არ დაეტაკები...

_ ისტორიკოსი შენ ხარ. ჰოდა, მოიგონე.

_ თუ დაგვჭირდა, ჩემი თავი გენაცვალოთ. _ ბიძინამ ლორას შეხედა, მაგრამ ლორა გუჯას არ აშორებდა დაძაბულ მზერას, თითქოს მის წინადადებაში რაღაც მნიშვნელოვანი დეტალი დაიჭირა.

_ განაგრძე, მგონი რაღაცის თქმა გინდოდა. _ შეაგულიანა დისშვილი.

_ მე რამდენიმე ფრონტზე მუშაობის გეგმას გთავაზობთ. _ თქვა გუჯამ და მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა, ნათესავების რეაქცია შეამოწმა.

პეტრემ ხელები გულზე გადაიჯვარედინა, თითქოს უსიამოვნო ინფორმაციის დაბლოკვა სურდა. ეს იყო ქვეცნობიერი, მაგრამ ნიშანდობლივი ჟესტი. პეტრე გუჯას არ ენდობოდა. ის არ ენდობოდა მის ხმას, დაბალსა და ხრინწიანს, მისი ლაპარაკის მანერას, მის საქმიან იმიჯს, რომელის იქით ქრონიკული უსაქმური იმალება... პეტრეს რცხვენოდა საკუთარი `არნდობის~, რადგან ლორას გუჯა უყვარდა. ის მისი დისშვილი იყო, მისი სისხლი და ხორცი, მარინას დეიდაშვილი.

_ `რამდენიმე~ რას ნიშნავს? _ ლორამ არაფრად ჩააგდო გუჯას შეგდებული პაუზა. არც ქმრის გამაფრთხილებელი ჟესტი შეუნიშნავს. მთელი მისი არსება შვილიშვილის პოვნაზე იყო ორიენტირებული.

_ რამდენიმე ნიშნავს ბევრს. _ კომპეტენტური სახით აუხსნა გუჯამ. _ უშიშროების ხალხმა თავისთვის იმუშაოს, ჩვენ ჩვენი ხოდები მოვძებნოთ.

`ხოდები~, გულში გაიმეორა პეტრემ. კარგად იცოდა, რას და ვის გულისხმობდა გუჯა `ხოდებში~. შავ სამყაროს! მეორე მხრივ, სიტუაცია პანკისის ხეობაში ისეთია, შავების

Page 8: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

გარეშე საჭირო კავშირებზე გასვლა გაჭირდება. მიხეილისთანა ძალოვანი აქ კი არის დიდი კიტრი, მაგრამ ხეობაში ათასი ჯურის კრიმინალი დაძრწის და ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე თავი ადგილობრივი მასშტაბის ფეოდალი ჰგონია. ამასწინათ, გაეროს წარმომადგენელი რომ მოიტაცეს, მთავრობამ ერთხანს იბაქიბუქა, მრისხანე განცხადებები აფრქვია, ელვა დეპეშები აფრინა... რომ ვერაფერს გახდა, დასახმარებლად ისევ ქურდებს მიმართა.

ეს იყო მწარე რეალობა, რომლესაც პეტრე დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერსად გაექცეოდა:

_ სანდო ხალხია? _ ჰკითხა შემგუებლურად.

_ გააჩნია რამდენს გადაუხდი.

_ რამდენსაც საჭიროა, იმდენს გადავიხდი.

ლორამ შვებით ამოისუნთქა და სუფრის გაწყობას შეუდგა.

_ ამის თავი გაქვს ახლა? _ ხელები აასასავა ირამ.

_ შენ გგონა, მთელი ეს წლები ჰაერით ვიკვებებოდი? _ ჩაეცინა ლორას. _ ეჰ, ჩემო დაიკო, მე იმდენს გავუძელი, აწი არაფერი მომკლავს. ახლა მმართებს ძალების მობილიზება, ჩემს ადას ჯანმრთელად უნდა დავხვდე.

_ არა, მაინც, როგორ გაბედა?! ჩემამდე არ დადის, როგორ გაბედა...

_ ვინ?

_ ვინ და იმ გათახსირებულმა ასტამურმა! საკუთარი შვილი გაყიდა! _ ირამ ქუსლების პაკუნით შემოარა მაგიდას, თეფშები დაალაგა, დანა-ჩანგალი მიუწყო.

_ არ გაუყიდია, ირა, აჩუქა.

_ თითქოს რამე სხვაობა იყოს!

_ არის სხვაობა. _ თავშეკავებულად უპასუხა ლორამ.

_ რა სხვაობაა, არ შემშალო!

_ გაჩუქება უანგაროა.

ირას ისღა დარჩენოდა ისევ ამოეტრიალებინა თვალები.

_ ლორა დეიდა, შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს იცავ. _ შენიშნა გუჯამ.

ლორას არაფერი უთქვამს, სამზარეულოში გავიდა კერძების შემოსატანად.

გუჯა ვერასოდეს გაიგებს რა ხდება დეიდამისის გულში, გაიფიქრა პეტრემ. გუჯას ისიც არ ესმის რომ აფხაზეთი მათი ოჯახისთვის რუკაზე მონიშნული ტერიტორია კი არა, გულში ჩაცემული ლახვარია, მოუშუშებელი ჭრილობა, რომელიც არ გკლავს, მაგრამ არც მშვიდი ცხოვრების საშუალებას გაძლევს. არა აქვს სამშობლოს განცდა და იმიტომ. თბილისიც უბნების მიხედვით უყვარს. მაგალითად, სამსახურზე, სადაც პეტრემ მხოლოდ ირას ხათრით მოაწყო, მხოლოდ იმიტომ აიცრუა გული რომ გლდანში უწევდა სიარული.

ირა, ირა... კიდევ კარგი პეტრემ თავის დროზე არჩევანი ლორაზე გააკეთა და არა მზეთუნახავ ირაზე, რომლის ფონზე ლორა არაფერი გოგო იყო. ბიძინამ იკითხოს, თორემ ამ მხრივ პეტრეს ისეთი ზურგი აქვს, სიკვდილისაც არ ეშინია. ირასთვის ცხოვრება ლათინო-ამერიკულ სერიალთან ასოცირდება: თეთრი ინტერიერი, შავი მოახლე, ლურჯი აუზი, ყელბაფთიანი მძღოლი... თვითონაც სერიალის გმირივითაა, სახლში ქუსლაკებით

Page 9: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

დაპაკუნობს, სამკაულებს დააჟღარუნებს, ყოველ სეზონზე ახალ კაბას იკერავს, სუნამოების კოლექციას აგროვებს... ესეც თავისებური თერაპიაა. ქალი ცდილობს იმაზე უკეთ წარმოაჩინოს თავისი ცხოვრება, ვიდრე არის სინამდვილეში. ირა კი ცდილობს, მაგრამ ბიძინა ვერ ეწევა, ტყავიდან ძვრება კაცი, რომ ცოლის ამბიციები დააკმაყოფილოს. რა შემოსავალი აქვს უნივერსიტეტის პროფესორს? ლექციებში აღებული ჰონორარი. პლიუს აბიტურიენტები. დიდი არაფერი.

ვახშამი დიდხანს არ გაგრძელებულა. ირამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და ქმარ-შვილი სუფრიდან აყარა. უეჭველი უნდა რომ სერიალს მიუსწროს, მაგრამ ვერ ამხელს. რცხვენია.

როგორც იქნა, ცოლ-ქმარი მარტო დარჩა.

_ როგორ მოგწონს გუჯას წინადადება? _ დაინტერესდა პეტრე.

_ არ მომწონს. _ თავი გააქნია ლორამ.

_ მერე?

_ რა მერე, პეტრე, რა მერე?... ქურდებს კი არა, ეშმაკს მივყიდი სულს, ოღონდ ადას ადგილსამყოფელი გავიგო!

_ მაგრამ...

_ არავითარი მაგრამ. ეს მგონი ერთადერთი შემთხვევაა, როცა გუჯა საქმიან წინადადებას გვთავაზობს.

_ ძალიანაც ნუ დავიჯერებთ, მერე გული რომ არ დაგწყდეს.

_ ჩვენი `დასაწყვეტი გული~ უკვე დიდი ხანია დაგვწყდა, პეტრე. რა უნდა მოხდეს აწი... ადა რომც ვიპოვოთ, მარინას ვერ გაგვიცოცხლებს. ცდას კი არაფერი ნუდგას წინ. ასე არაა? _ ლორამ ქმრის სახე ხელისგულებში მოიქცია და ცხვირის წვერზე აკოცა.

პეტრემ თანხმობის ნიშნად თვალები დახუჭა. თუ სიკვდილი უწერია, ნეტა ასე მოკვდეს, ლორას ხელებში.

_ _ _

მიხეილის ვარაუდი სუხრი გაზიმაგომედოვთან დაკავშირებით გამართლდა: მისი ცოლ-შვილი ლტოლვილის სტატუსით პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. მაგრამ პეტრეს სიხარულს მიხეილმა ცივი წყალი გადაასხა: ხეობაში საგანგებო მდგომარეობაა, ყოველ კილომეტრში ბლოკ-პოსტებია, სპეციალური საშვის გარეშე ცხვირს არავინ შეგაყოფინებს.

_ ნუთუ საშველი არაა? _ სიმწრით შესძახა პეტრემ.

გამოდის, ლორა მართალია, გუჯას `ხოდების~ გარეშე ვერ გავლენ შვილიშვილზე!

_ მაგას ახლავე მოგახსენებ, _ დაამშვიდა მიხეილმა და ყურმილს წაეპოტინა.

. . .

დიმიტრი ძნელაძე გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებაზე განცხადებას წერდა, როცა მის ტელეფონზე მიხეილ ხვედელეძის ზარი გაისმა.

_ როგორ არის საქმეები? _ რიხიანად მოიკითხა მიხეილმა.

Page 10: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

დიმიტრიმ საქმის კურსში ჩააყენა. მიხეილმა, რომლის რეკომენდაციით ის ამ თანამდებობაზე მოხვდა, უნდა იცოდეს სიმართლე. სიმართლე კი შემდეგშია: დიმიტრის მოსთხოვეს ეთერში გაეშვა ფარული კამერით გადაღებული ვიდეომასალა ერთ-ერთ ბიზნესმენზე, რომლის მთავარი დანაშაული წინასაარჩევნოდ იმ პარტის დაფინანსებაა, რომელიც ტვ-21-ის დამფუძვნებელსჱთვალში არ მოსდიოდა. ზოგადად, კომპრომისი მისთვის არ ყოფილა უცხო ხილი, მაგრამ როცა საქმე ადამიანის ინტიმურ ცხოვრებას ეხება, დიმიტრიმ საკუთარ თავთან კომპრომისზე წასვლას სამსახურიდან წასვლა არჩია.

_ ხუმრობ? _ არ დაიჯერა მიხეილმა.

_ არა, განცხადებას ვწერ. პრინციპში, დავწერე. ხელის მოწერაღა დარჩა. _ დიმიტრის განცხადებას თავისი ფაქსიმილე დაუმატა და ამაყად მიაჩერდა ნაწერს.

ბავშვობიდან კარგი კალიგრაფია ჰქონდა, გრაფოლოგებს თუ დაეჯერებათ, ასოების გეომეტრული ფორმა, ხაზები, ინტერვალები, კალამზე დაჭერის ძალა მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ძლიერი ნებისყოფის, ენერგიულ, პრინციპულ ადამიანთან. მოცემულ მომენტში დიმიტრი სწორედ ასეთად აღიქვამდა თავს. მიხელმა კი, ხუმრობო?!

_ ანუ, გადაწყეტილება მიღებულია? _ დადარაჯებული ხმით იკითხა მიხეილმა.

_ მიღებულია და კასაციას არ ექვემდებარება.

_ რას აპირებ?

_ ნუ ღელავთ, მიხეილ, უმუშევარი არ დავრჩები.

_ საფრანგეთში დაბრუნდები?

_ არასწორად დასმული კითხვაა. ბრუნდებიან სამშობლოში, საზღვარგარეთ კი მიდიან. ზოგი დროებით, ზოგიც სამუდამოდ. არ მაქვს ჩამოყალიბებული გეგმა, ვერ მოვაწარი, იცი?...

_ გამოდის, თავისუფალი დრო გაქვს... _ შეაპარა მიხეილმა.

_ ასე გამოდის.

_ მაშინ გელოდები.

_ რასთან დაკავშირებით?

_ არ არის ტელეფონში სალაპარაკო. დაუტოვე ეგ შენი განცხადება ვისთანაც ჯერ არს და ჩემთან გამოფრინდი.

_ მოვფრინავ. _ იყო პასუხი.

_ _ _

ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ბროდვეი, მაგრამ გარეუბნის რესტორანს, სადაც ადრე მღეროდა, ნამდვილად სჯობდა. ორი წლის წინ ნინო ვერც იოცნებებდა საკუთარ ბუდუარზე, სადაც შეიძლებოდა წყნარად გაეკეთებინა მაკიაჟი, პარიკი მოერგო, სასცენო

Page 11: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

სამოსი გამოეცვალა... რეპერტუარი ცოტა მოიკოჭლებდა, მაგრამ დიმპიტაურა ბაზრობის სიმღერებს, რასაც უწინდელ რესტორანში უკვეთავდნენ, ნამდვილად სჯობდა.

ნინომ გრიმის ნარჩენები მოიშორა, ბამბის ტამპონებს კალათაში გადაუძახა და სარკეში საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა. ფერმკრთალი ლოყები, გრძელი, ოდნავ მორღვეული პირი, თამბაქოსფერი თვალების აზიური ჭრილი. ღმერთო, რას უშვება ადამიანს მაკიაჟი! წეღან სცენზე ცეცხლოვანი კარმენი დაჰქროდა, ახლა კი მომაკვდავ გედს ჰგავს. ალბათ იმიტომ, რომ დაიღალა. ის დაიღალა სცენაზე დგომით, უწმაწური ქათინაურების მოსმენით, თამბაქოს ბოლში და ალკოჰოლის ოხშივარში გახვეული სუფრებით... ეს ყველაფერი ძალიან ადრე შემოვიდა მის ცხოვებაში. ნინო არ იყო მზად. 16 წლის გოგო სწავლაზე უნდა ფიქრობდეს, მეგობრებთან დროსტარებაზე, პირველ სიყვარულზე, და არა საარსებო წყაროს მოპოვებაზე! თუ არადა, 10 წლის შემდეგ სარკიდან მომაკვდავი გედი შემოგანათებს.

ნინომ პროტესტის ნიშნად შეტრიალდა. არ შეიძლება ნეგატივზე აწყობა, თორემ გუჯა შენიშნავს და მიატოვებს. გატეხილი ქალი არც ცოლად სჭირდება ვინმეს, არც საყვარლად. ნინოს კი გეგმები აქვს ამ კაცთან მიმართებაში და ამ გეგმებს იმ ცხოვრების ტკბილ-მწარე გემო დაჰყვება, რომლისკენაც მთელი ბავშვობა ილტვოდა და რომლის თავბრუდამხვევი არომატი დღესაც არ აძლევდა მოსვენებას. ეგ არის, შურის მომენტმა იკლო. მიდი და ნუ შეგშურდება, როცა შენს კლასელებს კარგად ჩაცმული, ქოთქოთა მშობლები აკითხავენ, შენ კი ცხოვრებისგან გატეხილ, მოხუცებული ბებია. შურდა და სძულდა! თუმცა მათ ადგილზე ყოფნა იდეაფიქსად ექცა.

გუჯას დახმარებით ნინო ნელ-ნელა მიუახლოვდა სანატრელი ცხოვრების საზღვრებს. ერთი ნაბიჯიც და იქ აღმოჩნდება, შორს ნახევრადსარდაფში გადატებული ბავშვობისგან, ფანჯრის ფრაგმენტში გამკრთალი გამვლელების ფეხებისგან, უსუსურობის განცდისგან...

ის, რომ დღეს გარეუბნის რესტორნის მაგივრად ელიტურ ღამის კლუბში მღერის გუჯას დამსახურებაა. აქედან დიდ სცენამდე არც თუ ისე შორია. გუჯამ უკვე მოიძია სპონსორი კლიპისთვის, კლიპი თუ ტელევიზიაში დატრიალდა, პოპულარობა გარანტირებული აქვს. პოპულარობა უზრუნველი ცხოვრების გარანტიაა, უზრუნველი ცხოვრება კი სამუდამოდ გააქრობს მისი მეხსიერებიდან გაწბილებული ბავშვის კომპლექსებს. ის გახდება ისეთივე ლაღი, თამამი და თავისუფალი, როგორც მისი თანატოლები, ხოლო მისი სახიდან სამუდამოდ აილაგმება მომაკვდავი გედის ანაბეჭდი.

საგრიმიოროს კარში გუჯას გაკრეჭილი ფიზიო დაეკიდა. წინა საკბეჩი კბილებიდან ერთ-ერთ ცერად ჰქონდა მოტეხილი და მეკობრეს ამსგავსებდა. მხიარულ მეკობრეს. ასეთ მომენტებში ნინოს ეჩვენებოდა, რომ უყვარს ეს ადამიანი. კაცმა რომ თქვას, მისთვის არსებითი გუჯას გრძნობები იყო და არა საკუთარი ემოციები. შეძლებს კი პროფესორ გეგეშიძის ერთადერთი ვაჟი საეჭვო რეპუტაციის ქალის ცოლად მოყვანას?!

_ რომ დააკაკუნო ხოლმე, არა? _ უსაყვედურა ნინომ. _ ზრდილობის ამბავია. _ დააყოლა მენტორულად.

_ ჩვენ ბოდიში! გამომივიდა, აქ, ედიტ პიაფი!

არ გაბრაზდე, თავს შეუძახა ნინომ. შენ იქნები მშვიდი და თავშეკავებული, როგორც კარგ ოჯახში გაზრდილ ქალიშვილს შეეფერება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აღიქვამს გუჯა თავისიანად. გამომწვევი ღიმილები, ფამილიარობა, ადვილად მოსაპოვებელი ქალის ამპლუა წარსულს ჩაბარდა.

გუჯამ მხრებზე ხელები დაადო, სახე მიუახლოვა.

_ ნუ მაორთქლებ ყურში, მეღუტუნება.

Page 12: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ არ გსიამოვნებს?

_ გუჯააა...

_ გოგო, რითი დაგიმტკიცო, რო მიყვარხარ, ე?

ნინოს უნდოდა ეთქვა, ცოლად მომიყვანეო, მაგრამ ენას კბილი დააჭირა. ამ ეტაპზე მხოლოდ ფსიქოლოგიური ფლირტი!

_ სახლში მიმიყვანე, კარგი?

_ არა, მართლა, რითი დაგიმტკიცო?

_ სიყვარულს დამტკიცება არ უნდა, სიყვარულს უნდა გრძნობდე, ამინდივით. _ ნინო ხელჩანთას დასწვდა.

_ მერე დამპატიჟე შენთან და გაგრძნობინებ.

_ ღამის 2 საათია, გუჯა, მეძინება, იცი? დავიღალე.

_ თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო, ხო გაგიგია...

_ კაი, რა გუჯა, სად დაგპატიჟო, ჩემს ერთოთახიანში? ბებიაჩემს რა ვუყო? _ თავი დაიფასა ნინომ.

სინამდვილეში ეს იყო ერთგვარი მესიჯი ბინის გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ გუჯამ სხვანაირად გაიგო:

_ მაშინ სასტუმროში. _ აიტაცა მაშინვე.

ნინომ მერეღა გააცნობიერა, რომ სულსწრაფ თაყვანისმცემელს სამი თითის კომბინაციას აჩვენებს. ამას ჰქვია, ჩვეულება სჯულზე უმტკიცესიაო. ძნელია, ძალიან ძნელია ცუდ ბიჭთან კარგი გოგოს თამაში.

მაგრამ გუჯას არ წყენია, შინაურულად გადახვია ხელი:

_ ნინუცი, შენთან საქმე მაქვს. სერიოზული.

ნინომ გვერდულად შეხედა. `სერიოზული~ დამაინტრიგებლად ჟღერს. ნუთუ ხელის სათხოვნელად მომწიფდა? არ ჰგავს სასიძოდ გამოწყობილს. ჩაჩაჩული ჯინსი აცვია, დაჭმუჭნული პერანგი. დედამისი კი დაიგრიხება ინგლისის დედოფალივით, შვილს ვერ მიხედავს?!

_ რა საქმე? _ ყასიდად ჰკითხა.

_ გზაში გეტყვი.

გუჯას დაბინდულშუშიან `ბმჭ~-ში ჩასხდნენ. გუჯას ხელის თხოვნა გულშიც არ გაუვლია. ის ნინოს ჟურნალისტის როლის გათამაშებას სთავაზობდა.

გაირკვა, რომ გუჯას ლტოლვილ დეიდას დიდი ხნის დაკარგული შვილიშვილის პოვნის პერსპექტივა გასჩენია, რაშიც დახმარების გაწევას უახლოესი ნათესავი გუჯა დაპირდა. ცხადია, სერიოზული თანხის საფასურად, რადგან ძიებაში კრიმინალური სამყაროც უნდა ჩართულიყო. გუჯა უკვე გავიდა საჭირო კავშირებზე, მაგრამ დეიდამისის ქმარმა უარი შემოუთვალა: ამ საქმეს ვიღაც ჟურნალისტი ითავებსო. გუჯას მიზანია იმ `ვიღაცის~ ნინოთი ჩანაცვლება. ის მშობლებს გააცნობს ნინოს, როგორც მომავალ საცოლეს და როგორც მოქმედ ჟურნალისტს. ნინო შეეცდება შთაბეჭდილება მოახდინოს, ხოლო მშობლები, თავის მხრივ, შეეცდებიან გუჯას დეიდისა და ბიძის გადმობირებას. სად მომავალი რძლის სანდოობის ხარისხი, სად გადამთიელი ჟურნალისტის?

Page 13: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ და რა საჭიროა მთელი ეს მასკარადი? _ ვერ გაიგო ნინომ. _ მთავარია, ბავშვი მოიძებნოს.

_ მთავარია, ბიძაჩემის ფულებით სხვამ არ იხეიროს.

_ თუკი ბავშვს იპოვნიან, იხეიროს.…

_ ბავშვს მე, ვიპოვი, მე! _ გაწიწმატდა გუჯა. _ მე და ჩემი ხალხი. და იქამდე არ გამოვაჩენ, ვიდრე ბიძაჩემი მაყუთს არ ჩამოვა. მოტვინე?

_ მოიცა, ბიძაშენს აშანტაჟებ? _ მიხვდა ნინო.

_ სამსახურიდან რომ გამომაპინტრიშა მაშინ არ იყო ბიძაჩემი? ხო, რას მიყურებ ანგელოზის თვალებით?! ზედმეტი ფული არც შენ გაწყენს, არც მე! აბა, ესაა საქმე, მარტო ვერ დავრჩენილვართ! იქით ჩემი მშობლები, აქეთ _ ბებიაშენი. ფული თუ გვექნა, ბინას ვიქირავებთ, სასტუმროც შეიძლება... _ გუჯამ მომავალ პერსპექტივას შესცინა. _ მოდი, ასე გავაკეთოთ... ვითომ გაზეთში მუშაობ, ძალიანაც არ შეამოწმონ... პრესის ჟურნალისტებს სახეზე არავინ იცნობს. მთავარია, სერიოზული გოგოს შთაბეჭდილება დატოვო, როგორც ჩემს საცოლეს შეეფერება.

_ ისე შევეფერები შენს საცოლეს?

გუჯა არ ელოდა საკითხის ასე დაყენებას, დაიბნა. ხშირ-ხშირად აახამხამა გრძელი წამწამები.

_ გასაგებია, _ ირონიულად განაგრძო ნინომ, _ სად ღამის კლუბის მომღერალი, სად ჟურნალისტი... ჰმ, ჩემნაირთან მარტო სასტუმროებში შეიძლება კოტრიალი, იმ პრინციპით, რომ ქადა ორი ხელით იჭმევა.

ნინომ კიდევ ერთხელ გაუკეთა დემონსტრირება სამი თითის კომბინაციას, მანქანიდან გადავიდა და ჩაბნელებულ ქუჩას გაუყვა.

გუჯამ ერთხანს გინებით შეალაყლაყა მანქანის სალონი, მაგრამ მოულოდნელად გამკრთალმა აზრმა თავშეკავებისკენ უბიძგა. მანქანა დაძრა და მოსახვევში წამოეწია ამაყად მიმავალ მომღერალს.

პანკისი

უცნობი მამაკაცის დანახვაზე ონკანთან შექუჩულმა ჩეჩენმა ქალებმა ერთდროულად მოიხედეს. ზოგმა ეჭვით, ზოგმაც იმედით. ეჭვიანობა გენეტიკურად მოსდგამდათ, იმედის ნაპერწკალი კი თავისთავად არსებობდა, მინდვრის ყვავილივით. მათთვის იმედის მატარებული იყო შორი გზიდან მოსული ნებისმიერი ადამიანი. მით უმეტეს, უცნობი კეთილად უღიმოდათ. არ ჰგავდა სამტროდ მოსულს.

_ გამარჯობათ! _ რუსულად მიესალმა დიმიტრი.

_ სალამი, სალამი... _ ქალებმა თავები ააკანტურეს.

_ მე ქართველი ჟურნალისტი ვარ.

ქალებმა კიდევ ერთხელ ააკანტურეს თავები, ამჯერად ნაკლები ენთუზიაზმით. დიდი ამბავი! ჟურნალისტების ნაკლებობას არ უჩიოდნენ, ისინი მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ისევე როგორც პოლიტიკოსები და სხვადასხვა ჯურის მისიები. ესენი კი აქ იყვნენ: უსახსროდ, უსამშობლოოდ, სამადლოდ, გაურკვეველი ვადით...

Page 14: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ წყლის დეფიციტი გაქვთ? _ დიმიტრიმ ცარიელ ვედროებზე ანიშნა.

_ არც წყალი გვაქვს, არც დენი. _ უპასუხა ჭროღათვალებიანმა. _ არც პატრონი გვყავს. _ დაამატა გაგულისებულმა.

_ ნეტა ჩემს სახლში დამაჯინა, სულ არ მინდა დენი. _ ინატრა მეორემ.

_ სუხრი გაზიმამედოვის ნახვა სად შეიძლება? _ ყოველგვარი შესავლის ჰკითხა დიმიტრიმ.

ქალებმა ერთმანეთს გადახედეს. აჩურჩულდნენ, მოითათბირეს და მხოლოდ ამის შემდეგ აღირსეს პასუხი. აღმოჩნდა, რომ სუხრი 5 წლის წინ მოკლეს, მისი ცოლ-შვილი კი დღესაც პანკისშია, სოფლის ბოლოში ცხოვრობენ, დაშლილი კამაზის წინ რომ სახლია, იქ. სუხრის ქვრივს იახა ჰქვია.

_ ლუკვახა დავინახე წეღან, სუხრის უფროსი ბიჭი, ის მიგაცილებთ. _ ხელი მოიჩრდილა ჭროღამ. _ ეი, ლუკვახა, მოდი აქ, სტუმარია თქვენთან.

მინდორზე მდგარ ახალგაზრდებს 15-16 წლის გარუჯული ყმაწვილი გამოეყო. ჩამოფხატული წარბებიდან შუქნიშანივით ანათებდა მომწვანო-მოყვითალო თვალები. ქალების არ იყოს, მანაც უნდობლად შეათვალიერა კარგად ჩაცმული სტუმარი და თავის ანიშნა _ გამომყევიო.

ერთხანს უსიტყვოდ მიდიოდნენ მტვრიან შარაგზაზე. მზე აღმოსავლეთისკენ გადახრილიყო, თითქოს ფიქრობდა, შევყოვნდე თუ გადავგორდეო.

_ რა საქმე გაქვს დედაჩემთან? _ გამართული რუსულით იკითხა ლუკვახამ.

_ მამაშენის შესახებ უნდა ვკითხო.

_ მე არ შეიძლება ვიცოდე?

_ ეგ დედაშენის გადასაწყვეტია.

ბიჭმა მხოლოდ წარბების შეკვრით გამოთქვა პროტესტი. თქმით არაფერი უთქვამს.

დაშლილ კამაზზე ბავშვები ომობანას თამაშობდნენ.

_ პახ, პახ, მოკვდი, მოკვდი! _ ყვიროდა ხისთოფუკიანი ბიჭუნა. _ ეეე, წაიქეცი, რუსლან, მკვდარი ხარ, წაიქეცი, ბიჭო!

ძარაზე შემხტარმა წითელმაისურიანმა ბიჭმა ხელები აიქნია, ალაჰის სახელი ახსენა და `მოკვდა~.

_ ჩემი უმცროსი ძმაა. _ თქვა ლუკვახამ. _ რუსლან, მორჩი თავის მომკდარუნებას. გაიქეცი, სალიმას მიეხმარე წყლის მოტანაში, მეც მალე მოვალ.

რუსლანი უმალ წამოხტა, თოფიანს დაეჯღანა და წყაროს მიმართულებით მოკურცხლა.

იახა, მაღალი საკმაოდ ეშხიანი ქალი მკაცრად მოკუმული ტუჩებით, ეზოში ცოლს ზელდა. ლუკვახა იერით დედას ჩამოჰგავდა.

_ ამ კაცს შენთან ლაპარაკი უნდა. _ დიმიტრიზე ანიშნა ლუკვახამ.

ქალს არც გაკვირვება გამოუხატავს, არც ცნობისმოყვარეობა გაუმჟღავნებია. აგრესიულად დაუშინა შავგრემანი მუშტები გარანდულ ფიცარზე დასკუპულ ცომის გუნდებს.

_ შენი და სად არის? _ ჩეჩნურად დაეკითხა შვილს.

_ სალიმა წყლის რიგში დავტოვე. რუსლანიც გავაგზავნე მისახმარებლად.

Page 15: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ სამ ვედროზე მეტს ვერ მოერევიან. წადი, შენც მიეხმარე.

ლუკვახას აშკარად არ უნდოდა დედის უცხო მამაკაცთან დატოვება, მაგრამ უმცროს-უფროსობის დაუწერელი კანონი მორჩილებას კარნახობდა. უხმოდ გატრიალდა და წავიდა, თუმცა ფეხები უკან რჩებოდა.

_ გისმენთ. _ თავი ასწია იახამ.

_ თქვენი ქმარი, სუხრი, აფხაზეთში იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ.

_ ეს კითხვაა თუ ბრალდება?

_ უფრო კითხვა.

_ მამების შეცდომებზე შვილები არ აგებენ პასუხს.

_ გეთანხმებით.

იახამ ცომის ზელა შეაჩერა და უცნაურ სტუმარს თვალი გაუსწორა.

_ არასწორად გამიგეთ, _ შეწუხდა დიმიტრი. _ მე თქვენს დასანამუსებლად არ მოვსულვარ, უბრალოდ ერთი ინფორმაცია მაინტერესებს, რომელიც სავარაუდოდ თქვენმა ქმარმა იცოდა.

იახამ ოდნავ დაუკრა თავი.

_ ასტამურ კეტიას გვარი არაფერს გეუბნებათ?

_ იყო ასეთი ადამიანი, _ უპასუხა იახამ პაუზის შემდეგ. _ შეიძლება ახლაც არის. არ ვიცი.

_ რა იცით მის შესახებ?

_ მხოლოდ ის, რაც სუხრისგან გამიგია. ერთად იბრძოდნენ აფხაზეთში. სუხრი ამბობდა, ნატანჯი კაციაო.

_ ცოლი, რომ შემოაკვდა, იმასაც გეტყოდათ.

_ დიახ, ცოლი. საშინელი ტრაგედია მოხდა. ომი.

_ სად წაიყვანა სუხრიმ ასტამურ კეტიას 3 წლის გოგონა?

_ გოგოს შესახებ არაფერი ვიცი, _ თავი გააქნია იახამ.

_ არ არის მართალი. იცით. _ არ დაუჯერა დიმიტრიმ. _ თქვენ წესიერი ადამიანი ხართ, იახა, არ გეხერხებათ ტყუილის თქმა, სახეზე გაწერიას ყველაფერი. ცოდვას ნუ დაიდებთ, მითხარით სიმართლე.

_ ვის სჭირდება ეს სიმართლე, ამდენი წელი გავიდა უკვე...

_ გოგონას ბაბუამ სულ ახლახანს შეიტყო, რომ მისი ერთადერთი შვილიშვილი ცოცხლია. გესმით?

_ ვინ უთხრა?

_ ასტამურმა.

_ ე. ი. არ მომკვდარა. _ ჩამქრალი ხმით აღნიშნა იახამ და ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა.

_ წერილი გამოაგზავნა, საიქიოდან.

Page 16: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

მაგრამ იახას არ მიუქცევია ყურადღება დიმიტრის სიტყვისთვის, ის გაქვავებული სახით ჩამოჯდა ძელსკამზე.

იახას მონაყოლიდან:

`...სუხრის ბატალიონი ოჩამჩირის მისადგომებთან იდგა, როცა ალმოდებული სოხუმიდან ქართველები გარბოდნენ. სუხრი, სხვა სამხედრო ნაწილებთან, ერთად სოხუმისკენ დაიძრა, რათა აფხაზ ძმებთან ერთად აღენიშნა ისტორიული გამარჯვება. ქალაქის მისადგომებთან შეხვდა ასტამურ კეტიას, რომელსაც ადრეც იცნობდა. მაგრამ ასტამურს არაფერი ეტყობოდა გამარჯვებულის. `ჩემთვის ომიც დამთავრდა და ცხოვრებაც~, _ ასე უთქვამს.

თურმე ასტამურს ცოლი შემოკვდომია. გაგიჟებული იყო კაცი. უფრო იმას დარდობდა: შვილს რა ვუყო, სად წავიყვანო, წახდება ჩემს ხელშიო. და უცებ სუხრის ეუბნება თურმე: გჩუქნი ჩემს შვილს, სადაც გინდა იქ წაიყვანეო. გაშრა თურმე კაცი, მაგრამ ასტამურმა თავი გაიგიჟა: თუ ამ ბავშვს არ მომაშორებ, პასუხს არ ვაგებ ჩემს საქციელზეო და თავისი ავტომატი მიუჩეჩებია: ადგილზე მომკალი, შენი რელიგია ქრისტიანის სიკვდილს არ გიკრძალავსო, პირიქით, მადლიაო. ცხადია, სუხრიმ უარი მოახსენა: ასტამურმა ახლა სხვა მხრიდან მოუარა: შენ თუ არ გინდა, ვინმეს გაატანე: რუსს, აფხაზს, სომეხს, ჩეჩენს... ახლა უამრავი ადამიანი გარბის აფხაზეთიდან, ვინ იტყვის უარს ანგელოზივით ბავშვის შვილობაზეო. ამ სიტყვებით ასტამური ამდგარა და სახლიდან მართლაც რომ ანგელოზივით ბავშვი გამოიყვანია. მძინარე.

სუხრისაც რა ექნა? წამოუყვანია ბავშვი და იმავე დღეს მიუშვილებია ვიღაც რუსებისთვის.~

_ ვინ რუსები? _ დაიძაბა დიმიტრი.

_ მოსკოველი რუსები იყვნენ. კაცი მაიორის ჩინით. სოჭის გავლით აპირებდნენ სამშვიდობოს გასვლას.

_ გვარი, სახელი?

_ ალექსანდრე სოლოვეო. საშა.

_ მისამართი?

_ არ ვიცი. მეტი მართლა არაფერი არ ვიცი. _ მხრები აიჩეჩა იახამ და ჭიშკრისკენ გაიხადა.

ეზოში წყლის სავსე ვედროების წკარუნით იახას შვილებმა შემოაბიჯეს: ლუკვახამ, სალიმამ და ნაბოლარა რუსლანმა.

_ _ _

ირამ საგანგებოდ მოემზადა სტუმრის დასახვედად _ ფახლავა შეუკვეთა, კობალტის სერვიზი გამოამზეურა, ახალ კაბაში გამოეწყო... ხუმრობა საქმეა? სარძლო ესტუმრათ! მისმა ბედოვლათმა შვილმა ჟურნალისტი გოგო შეაბა! იმედია, ცოლს რომ მოიყვანს დაღვინდება, მუშაობას დაიწყებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მამამისის ყბიდან ამოვა. მგონი ბიძინასაც მოეწონა სარძლო, თორემ აქამდე ცხრაჯერ გაშპებოდა სუფრიდან. გოგო კარგია, ვერაფერს იტყვი. ოჯახიც თუ შესაფერისი აქვს, ქორწილს წინ არაფერი უდგას.

_ მამაშენი ვინ არის, შვილო? _ ვერ მოითმინა ირამ.

Page 17: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ როგორ... როგორ ვინ არის? _ ნინო ცოტა არ იყოს, დაიბნა, გუჯასკენ მიმართა დამფრთხალი მზერა.

_ ჩემს მშობლებს მამაშენის სტატუსი აინტერესებს. _ ირონიულად განუმარტა გუჯამ. _ სამსახური, თანამდებობა, უძრავ-მოძრავი ქონება...

_ მე არ მაინტერესებს. _ თავი გამოიდო ბიძინამ და ცოლს თვალები დაუბრიალა.

_ რა ვთქვი ასეთი? _ მხრები აიჩეჩა ირამ. _ იქნებ საერთო ნაცნობები გვყავს, მეტი სალაპარაკო გვექნებოდა...

_ დედა, ნინოს მშობლები უბრალო მასწავლებლები არიან. არც მდიდრები, არც ღარიბები, არც ვაკეში ცხოვრობენ. ასე რომ საერთო ნაცნობების პოვნაზე თავს ნუ შეიწუხებ. სალაპარაკო კი ნამდვილად გვაქვს... ნინოს შეუძლია ადას მოძებნაში დაგვეხმაროს, ბიძაჩემს კი ვიღაც უცხო კაცი დაუჩემებია! ვერ გავიგე, გადასაყრელი ფული აქვს?

_ გადასაყრელი რომ არა აქვს, იმიტომაც აიყვანა ჟურნალისტი. და არა ქურდი, როგორც შენ სთავაზობდი. _ შვილს შეახსენა ბიძინამ.

_ ეგ ადრე იყო, ახლა მეც ჟურნალისტს ვთავაზობ. ნათესავს, პრაქტიკულად რძალს! _ გუჯამ ნინოს მხარზე ხელი გადახვია და მშობლების რეაქციას დაელოდა.

ირამ გამოიდარა, ბიძინა პირიქით, მოიღრუბლა:

_ არ გირჩევ მაგ საქმეში ჩარევას. რაში გჭირდება ზედმეტი თავის ტკივილი?

_ მამა, საქმე ჩემი დეიდაშვილის შვილს ეხება, გესმის? თავის ტკივილი კი არა, ნემსის ყუნწში გავძვრები და მაინც ვიპოვი!

_ მეშინია არ გაიჭედო. _ ამ სიტყვებით ბიძინა ფეხზე წამოდგა, ნინოს თავი დაუკრა და სუფრა დატოვა.

_ რა უნდა? _ დედამისს მიუბრუნდა გუჯა. _ არა, მართლა ვერ გავიდე, რას მერჩის?

_ არ იცი მამაშენის ამბავი?! ეშინია, შარში არ გაეხვიო და ნინოც არ გაიყოლო. ცოდოა, გოგო...

_ ჩემ გამო ნუ გეშინიათ, ქალბატონო ირა. მე იმდენჯერ ვყოფილვარ პანკისში რეპორტაჟის გასაკეთებლად, შეიძლება ითქვას, ხუთი თითივით ვიცი იქაურობა. _ ბობოლა ტყუილი გამოაცხო ნინომ და არც გაწითლდა.

_ აღარ არის საჭირო პანკისში წასვლა. _ ირამ დანანებით გააქნია თავი. _ ჩამოვიდა პეტრეს გაგზავნილი ჟურნალისტი პანკისიდან. სამწუხაროდ, ადა იქ არ არის.

ნინომ და გუჯამ ერთმანეთს გადახედეს.

_ მაგრამ ყველაფერი არ არის დაკარგული. _ ენთუზიაზმით განაგრძო ირამ. _ ადას კვალი რუსეთში მიდის.

_ მერე?

_ რა მერე? შემდეგი სადგური მოსკოვია.

ნინომ და გუჯამ ხელმეორედ გახედეს ერთმანეთს.

ჰაერში

Page 18: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

დიმიტრის ბავშვობიდან უყვარდა ილუმინატორთან ჯდომა და ეს სიყვარული არც 34 წლის ასაკში განელებია. მართალია ამ მომენტში თვითმფრინავის ფანჯარაში შავად შესქელებული ღრუბლების გარდა არაფერი ჩანდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ღრუბლების ქვეშ კავკასიონის ქედია. და არა მხოლოდ იცოდა, სხეულის ყველა უჯრედით გრძნობდა ქვევიდან წამოსული უხილავი ენერგეტიკის ძალას, რომელიც ადრენალინის მატებას იწვევდა და საგმირო საქმეებისთვის განაწყობდა.

დიმიტრიმ მიმოიხედა, ვინიცობაა აქვე, თვითმფრინავში შეამჩნიოს რამე ისეთი, რაც მოზღვავებულ ენერგიას გაუნეიტრალებს. მოპირდაპირე რიგში ხიჯაბიანი მუსლიმი ქალი იჯდა. ვინ იცის, ტანზე აკრული შაჰიდის ქამრით!

არა, არ ჰგავს ეს სათნოსახიანი ქალი თვითმკვლელ ტერორისტს. აი, მის გვერდით კი ტიპური მოკრიმინალო `როჟა~ ზის. ყურსუკან გარჭობილი სიგარეტის ღერით. ეწევინება ბიჭს. `როჟამ~ სწრაფი მზერა ესროლა კისერმოღრეცილ ჟურნალისტს და გრძელი ცხვირი სარეკლამო პოსტერში ჩაჰყო. დიმიტრის გააჟრჟოლა. უსიამოვნო, განგაშის შემცვლელი იმპულსები წამოვიდა იმ ტიპიდან. სულაც მოეჩვენა.

ის დროა მოეშვას და თავს ჩაძინების უფლება მისცეს. მას შემდეგ, რაც საკუთარი სურვილით დატოვა გენერალური დირექტორის პოსტი, ნერვები დაწყვეტაზე აქვს. იქნებ იჩქარა? იქნებ შეიძლებოდა კომპრომოსზე წასვლა? იქნებ, იქნებ, იქნებ... ბადრიჯანს ფრთები რომ ჰქონდოდა, ყვავი იქნებოდა. არ გამოვიდა დიმიტრისთანა კაცისგან გენერალური დირექტორი. არც არასოდეს გამოვა. ის მოწოდებით არის ჟურნალისტი, მისი კრედო კრიმინალურ ლაბირინთებში ძრომიალია და არა დამფუძნებლის დაკრულზე ცეკვა. პეტრე კაჭარავას შეთავაზებამ სულზე მიუსწრო. რაც მეტი წინააღმდეგობა შეხვდება, მით მალე მოინელებს იმ დედააფეთქებულ სავარძელს.

დიმიტრიმ თვალები დახუჭა. ერთი ცხვარი, ორი ცხვარი, სამი ცხვარი... ალექსანდრე სოლოვეი... ოთხი ცხვარი, ხუთი ცხვარი... სახელი იცის, მისამართი აქვს. მიხეილმა გაიგო ყოფილი კოლეგების დახმარებით. თუკი ცხოვრობს ძველ მისამართზე ეს სოლოვეია თუ ბულბულოღლი... ექვსი ცხვარი, შვიდი ცხვარი... შეიძლება არც დაელაპარაკოს, კიბიდან დაუშვას არამკითხე ქართველი. გაბედოს!

_ ფშ... ფშ... ფშშშ... _ ფშვენია ბგერებს გამოსცემდა გვერდით მჯდარი ზორბა მამაკაცი. იმსიგრძე ფეხები ჰქონდა, ლამის მუხლებით გაეტანა წინა სავარძელი. სვანური ქუდიდან გაფშეკილი ჭაღარა უჩანდა.

ბედნიერი, შურით გაიფიქრა დიმიტრიმ. არც ცხვრების დათვლა სჭირდება ძილის მოსაგვრელად, არც ტრანკვილიზატორების ყლაპვა. თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე ჩათვლიმა და მას შემდეგ აკიმარებს. რასაც ვერ ვიტყვით მის მეზობელზე, სიფრიფანა ახალგაზრდა კაცზე მალინისფერი პიჯაკით, რომლისგანაც ოდეკოლონის ისეთი მძაფრი სურნელი მოდიოდა, დიმიტრის ვირტუალური ცხვრებიც კი დაფრთხენ.

სვანურქუდიანი ძილში შეკრთა და მთელი თავისი სოლიდური კოლოგრამებით სიფრიფანას მიაწვა. იმან ერთხანს ითმინა, მაგრამ გაჭყლეტვას, თანამგზავრის გაღვიძება ამჯობინა.

_ უჰ, ჩამძინებია, კაცო! _ ომახიანად წამოიძახა ქუდიანმა და მაჯის საათს დახედა.

უნდა ითქვას, საათი ლამის ერთი თვითმფრინავის ფასი ეკეთა. რაც დისონანსში მოდიოდა მის სვანურ ქუდთან და ლაპარაკის მანერასთან.

_ სიზმრის ნახვაც მოვასწარი, ხო იცი?... _ განაგრძო უმისამართოდ. _ სასწაული სიზმარი ვნახე, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?

Page 19: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ მითხარით და გეტყვით. _ თავი გამოიდო სიფრიფანამ და იქვე განმარტა. _ პარაფსიქოლოგი გახლავარ, ვერკვევი ასეთ საკითხებში.

სვანურქუდიამა რატომღაც დიმიტრის გახედა, თითქოს მისგან ელოდა დასტურს. დიმიტრიმ არ იცოდა, რა ეპასუხა და თავშეკავებულად გაუღიმა.

_ არ გჯერათ, ბატონო ვახტანგ? _ ირონიულად დაეკითხა სიფრიფანა.

_ ე, რა იცი ჩემი სახელი?

_ მე ისიც ვიცი, რატომ მიემგზავრებით მოსკოვში...

_ ხო, რატომ მივემგზავრები? _ ნიშნის მოგებით შესძახა ვახტანგად წოდებულმა.

_ ოპერაცია კარგად ჩაივლის. სულ ტყუილუბრალოდ ღელავთ. ადამიანები ცალი თირკმელითაც მშვენივრად ცხოვრობენ.

ვახტანგს ყბა ჩამოუვარდა. საქმე იმაშია, რომ მისი მოსკოვში ვიზიტის მიზეზი მართლაც ოპერაციაა, რომელიც მას კი არა, მის ძმას უნდა გაუკეთდეს. მაგრამ ამ ჭიაყელას საიდან უნდა სცოდნოდა ეს ამბავი?

_ რა გქვია, შვილო, შენ?

_ მირიანი.

_ ოჰო, ჩვენი დიდებული მეფის სახელი! კარგი, იყოს მირიანი...

_ რას ჰქვია `იყოს?~ მართლა მირიანი მქვია!

_ მჯერა, მჯერა. მითხარი, მირიან, საიდან გაიგე ოპერაციის ამბავი?

_ ხომ გითხარით, პარაფსიქოლოგი გახლავარ. _ ცოტა არ იყოს გაღიზიანდა მირიანი.

ვახტანგმა დიმიტრის წაუჯიკავა. დიმიტრის აღარ გაღიმებია. რა წესია ეს ფამილიარობა? სიფრიფანას შენობით ელაპარაკება, მას უჯიკავებს. გაუთლელი!

_ ბატონო ვახტანგ, არ ვაპირებ თქვენ გადარწმუნებას. მე ჩემი გითხარით. არ გჯერათ, ნუ გჯერათ. ჩემგან რა მიდის, რო? საქართველოში მაინც არავის სჭირდება ჩემი ნიჭი, არადა კარზე არჩევნებია. _ ამოიოხრა მირიანმა და პროტესტის ნიშნად წინ გაიხედა.

რიგებს შორის ბორტგამცილებელი მოირწეოდა სინზე დაწყობილი მინერალური წყლით სავსე ჭიქებით. ვახტანგმა ერთის მაგივრად 2 ჭიქა დაცალა და დიმიტრის მიუბრუნდა:

_ გადამრევს ეს ბიჭი! ჩემი ძმა მართლა იკეთებს ოპერაციას. თირკმელზე.

_ წარმატებას გისურვებთ.

_ წარმატება იქით იყოს, ამან საიდან იცის, ამან? _ ვახტანგმა მირიანზე ანიშნა, რომელსაც არათუ ნათელმხილველად, ეტყობა კაცადაც არ აღიქვამდა.

დიმიტრიმ მხრები აიჩეჩა. სულ არ აპირებდა დებატებში შესვლას ამ ხმაურიან სუბიექტთან. არც ვიღაც პარაფსიქოლოგის პროგნოზები აინტერესებდა. დღეს ვისაც არ ეზარება ნოსტრადამუსობას იბრალებს. გამოდგებიან და არიგებენ აქეთ-იქით ინტერვიუს: ხვალ რევოლუცია მოხდება, ზეგ მთავრობა გადადგება, მაზეგ არჩევნები დაინიშნებაო...

_ სხვათა შორის, თქვენც მეფის სახელი გქვიათ.

დიმიტრიმ მიიხედა. მირიანს თავი მოებრუნებინა და დაჟინებით უყურებდა თვალებში.

_ დედას გაფიცებ, რა გქვია? _ მოუთმენლად აწრიალდა ვახტანგი.

Page 20: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ დიმიტრი.

_ კაი, კაცო! გავგიჟდები ნამდვილად!

დიმიტრი საბოლოოდ გამოფხიზლდა. რა დროს ძილია, როცა ცოცხალი პარაფსიქოლოგი უზის გვერდით! თუ აფერრისტია?

_ `...აწ განრისხებულ არს ყაენი, და აწ მე მიწოდოს მისვლა წინაშე მისსა.~ მინდა გითხრათ, დემეტრე თავდადებულის სიტყვებია. _ თავმომწონედ განაცხადა მირიანმა.

_ დიდება შენდა ღმერთო! _ პირჯვარი გადაიწერა ვახტანგმა _ შვილო, შენ მაგ დროსაც ცოცხალი იყავი თუ როგორ იყო?

მირიანმა იდუმალი ღიმილით უპასუხა.

_ კაი, მე მდიდარი კაცი ვარ და ქვეყანა მიცნობს, _ განაგრძო ვახტანგმა. _ სრულიად შესაძლებელია, რაღაც ცნობები მოგეგროვებინა და ახლა ზიხარ და მაბოლებ. თუ ეგეთი მაგარი ხარ, მიპასუხე: ამ პატიოსან კაცს რა დარჩენია მოსკოვში? _ ანიშნა დიმიტრიზე.

დიმიტრის ცოტა არ იყოს ეწყინა. არც ისეთი ხელწამოსაკრავი პერსონაა, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ! სულ რაღაც გუშინ გენერალური დირექტორის პოსტი ეჭირა, იქამდე `კრიმინალური ქრონიკის~ წამყვანად მუშაობდა. და საერთოდ, პარიზში საკუთარი ბინა აქვს! ამ ხეპრეს კი დაუჩემებია: მდიდარი ვარ და ქვეყანა მიცნობსო. ღირსი არაა მთელი თავისი საგმირო საქმეები გადმოულაგოს და ზედაც სივი ააფაროს სკვინჩა ცხვირზე?

_ ამ პატიოსან კაცს მოსკოვში არაფერი დარჩენია. _ მოულოდნელად თქვა მირიანმა. _ გოგონა, რომელსაც ის ეძებს, მოსკოვში არ არის.

ამჯერად დიმიტრის ჩამოუვარდა ყბა. ნუთუ პარაფსიქოლოგი პეტრეს მოგზავნილი? ეს აზრი იქვე უარყო. დიმიტრით დაინტერესება ვახტანგისგან მიდიოდა და არა მირიანისგან. შეკრულებიც რომ იყვნენ, რაში სჭირდება პეტრეს დიმიტრის აბუჩად აგდება?!

_ გამოიცნო, ხო? _ სულ გადაირია ვახტანგი. _ სახეზე გატყობ, გამოიცნო. დედა, ბიჭო, ეს ამბავი სადმე რომ მოვყვე, არ დამიჯერებენ, სიცილს დამაყრიან...

ვახტანგი კიდევ ბუბუნებდა რაღაცას, მაგრამ დიმიტრი არ უსმენდა. ის თვალს არ აშორებდა მირიანს, რომელიც თითქოს სკანირებას უკეთებდა მის ფიქრებს.

_ სად არის? _ ხმადაბლა ჰკითხა დიმიტრიმ.

ვახტანგი უმალ ჩაკვდა და გაფაციცებული მზერა მარჯვნიდან მარცხნივ გადაიტანა.

_ შორს. ჩრდილოეთში. _ თქვა მირიანმა.

_ ჩრდილოეთი დიდია. _ ივარაუდა დიმიტრიმ.

_ კონკრეტული ადგილის თქმა გამიჭირდება, მაგრამ იქ, სადაც არის დიდ თოვლს ვხედავ.

_ სად ხედავ, ბიჭო, სად? მეც გამანათლე. _ ვერ მოითმინა ვახტანგმა.

მირიანმა საყვედურით შეხედა და სავარძელზე გასწორდა. ვახტანგმა, ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი და დიმიტრისკენ გადაიხარა, მაგრამ ჟურნალისტს არ ეცალა ლაყბობისთვის. ის პარაფსიქოლოგის სიტყვებზე ფიქრობდა.

მოსკოვი

Page 21: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

ცუმბუშამ ნაბიჯი შეანელა, ისე რომ ტრაპთან შეყოვნებული ობიექტი თვალთახედვიდან არ დაეკარგა. ხუმრობა საქმეა? ამოდენა საქმე ანდეს _ ჟურნალისტის თვალთვალი! თანაც ვინ? _ ალექსიჩმა! თანაც სად? _ მოსკოვში! ცუმბუშა არასოდეს ყოფილა საქართველოს ფარგლებს გარეთ და უცებ რუსეთის დედაქალაქი! ვიდრე ფეხი ტრაპზე არ შედგა, დაჯერება უჭირდა. რაღა დასამალია, თვითმფრინავშიც პირველად იჯდა! მოეწონა სხვა სიტყვაა, კინაღამ შოკში ჩავარდა. განსაკუთრებით სტიუარდესა მოეწონა, ისეთი ღიმილით გაუწოდა ჭიქა, ცუმბუშას სიამაყით გული გაებერა. რა აღარ წარმოიდგინა ამ სტიუარდესასთან ერთად... ფარდის უკან, ერთი ხელის დადება საპირფარეშოს სიახლოვეს... ქალი და სექსი იქით იყო, მთავარია, მაყუთი ჩაახუტეს _ აბა, შენ იცი და შენმა კაცობამო! ანუ ის, რიგითი ჯიბგირი კაცად აღიარეს! ეს საქმე თუ ხუთიანზე ჩააბარა, ჯიბის ქურდობიდან ზედა ეშელონებში გადაინაცვლებს _ ქურდების ოლიმპზე. მერე უყურონ ზოგიერთებმა!

ვინ იყვნენ ეს `ზოგიერთები~ ცუმბუშამ ზუსტად არ იცოდა, რადგან სრულიად ქვეყნიერებაზე იყო გაბრაზებული. სინამდვილეში მძიმე ბავშვობა არ ასვენებდა, მუდმივ სტრესში გატარებული წლები. მამამისი დღე და მოსწრება მუშაობდა (მისგან განსხვავიბით), მაგრამ მთელ ფულს სასმელში ხარჯავდა. მთვრალი მამა `დამპალ ცხოვრებას~ აგინებდა და უმოწყალოდ სცემდა დედას, თითქოს ეს პირუტყვივით უთქმელი ქალი იყო დამნაშავე იმაში, რომ მან, მამამ, მხოლოდ 9 კლასის განათლება მიიღო და ახლა იძულებულია ნებისმიერ ჭუჭყიან სამუშაოს მოჰკიდოს ხელი, რომ დედა და მისი ლილიპუტი ნაშიერი არჩინოს. და ამას ამბობდა ღვიძლ შვილზე! ასეთ დროს შეშინებული ცუმბუშა საწოლის ქვეშ იმალებოდა ხოლმე. იმიტომაც არ წავიდა სიმაღლეში, შეიძლება ითქვას საწოლის ქვეშ გაიზარდა, რადგან მამა არ დაიღალა დამპალი ცხოვრების გინებით. უბანი რო არა, ვინ იცის, დღესაც საწოლის ქვეშ იჯდებოდა. ან მამამისივით გალოთდებოდა. უბანმა გადაარჩინა, მეტსახელიც იქ შეარქვეს, თორემ ისე რამაზი ერქვა.

ობიექტი ორი სუბიექტის თანხლებით გასასვლელისკენ დაიძრა. კალათბურთელივით მაღალი კაცი თავზე დამხობილი სვანური ქუდით და აფრიკული თუთიყუშის ფერებში გადაწყვეტილი ჩია. მათ ფონზე ნატის კრემისფერ ქურთუკში გამოწყობილი ობიექტი ტრაქტორისძირიანი ბათინკებით ჰოლივუდის მსახიობს ჰგავდა. მაგალითად, ჩაკ ნორისს.

აეროპორტის შენობაში კომიკური სამეული ერთმანეთს დაემშვიდობა, ცუმბუშამ ის ჟანგისფერთმიანი ქალიშვილი შენიშნა, რომელსაც ჯერ კიდევ თვითმფრინავში დაადგა თვალი და რომლის ყურადღება ვერაფრით მიიპყრო. არადა, ქალიშვილი მარტო მგზავრობდა და ჯერჯერობით არც დამხვდური გამოსჩენია. აფსუს, რა დროს უნდა აეხვოსტოს ობიექტს?!

ობიექტი ტაქსში ჩაჯდა. იგივე გააკეთა ცუმბუშამაც.

ერთ საათში მან იცოდა, რომელ სასტუმროში გაჩერდა ობიექტი და დამშვიდებული სინდისით გაემართა ალექსიჩის მიერ წინასწარ დაჯავშნულ ოტელში, რომელიც მართალია ბევრად ჩამოუვარდებიდა ობიექტის სასტუმროს, მაგრამ ცუმბუშასთვის ერთი ბედნიერება იყო ცალკე ნომერი აბაზანა-ტუალეტით.

ემოციებით დამუხტულმა ცუმბუშამ ცხელი წყლით გული იჯერა და მხოლოდ ამის მერე დაურეკა ალექსიჩს _ ანგარიში ჩააბარა. იმან ერთი კი ჩაიბუტყუნა, ნებისმიერ გაკუებაზე ნუ მაწუხებო და გათიშა. ცუმბუშას არ წყენია. სიტყვიერად კი არა, ალექსიჩს თავზეც რომ დაეკუებინა ხმის ამომღები არ იყო. პატივისცემას დამსახურება უნდა. ცუმბუშა ტყავიდან ამოხტება და დაიმსახურებს.

ის დროა ოტელის რესტორანში ჩავიდეს და კუჭი გაიხალისოს, მამენტ, კაი ნაშასაც თუ ააგდებს, `ბიჭსაც~ გაახალიებს. ჰე, ჰე! ეგრეა, ძმაო, აქ რუსეთია! ქალის დაკერვას არ უნდა

Page 22: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

დიდი ფილოსოფია, თვალი ჩაუკარი, ყბა გამოსწიე და მორჩა ბაზარი. ნუ, მაყუთი თავისთავად. ბოლო-ბოლო, რაღაც ხო უნდა ჩააცეცხლო სანამ ლოგინამდე მიათრევ.

რესტორანში მართლაც იყვნენ `ნაშები~, მაგრამ ყველა ვიღაცას ახლდა. მარტო ერთი გოგო იჯდა კენტად და ისიც ქართველი აღმოჩნდა, სწორედ ის ჟანგისფერთმიანი, რომელსაც თვითმფრინავის სალონში დააგდა თვალი.

_ ჩემი კაი! _ შესძახა გახარებულმა ცუმბუშამ და წინ დაუსკუპდა. _ მიცანი?

გოგომ უსიტყვოდ დაუკრა თავი და სალათს ჩაუღრმავდა. აშკარად არ ესიამოვნა თანამემამულის დანახვა.

_ ნი ვიჟუს მირტყამ? _ ჩააცივდა ცუმბუშა.

_ მიდი, რა, ააცვი აქედან. _ იყო პასუხი.

_ გოგო, შენ ხოჭოები ხო არა გყავს თავში, როგორ მელაპარაკები? _ გაბრაზდა ცუმბუშა.

_ შენ ამას ლაპარაკს ეძახი? საერთოდ არ მინდა შენთან დალაპარება.

_ რამე დაგიშავე?

_ მარტო მინდა ყოფნა.

_ მერე გეთქვა პირდაპირ...

_ აი, გეუბნები.

_ რო არ წავიდე?

_ არ წახვალ და მოგიწყობ ჩაცუცქულ რაზბორკას. აქვე, რესტორანში. გაწყობს?

_ ეე, შენ ვინ ყოფილხარ, ტო?!

ცუმბუშა წამოდგა. რაზბორკა და მილიციაღა აკლდა სერიოზულ საქმეზე მივლინებულ კაცს! მაგრამ ამ ჩათლაშკას დედას მოუხნავს თევზის ფხით. მაიცა, ჩავიდეს თბილისში... მიწიდან ამოიღებს და მოუხნავს!

_ _ _

დილაადრიან ცუმბუშა პოსტზე იყო. სათვალთვალო ადგილი იდეალური იყო ყველა თვალსაზრისით. სასტუმროს წინ კაფე, სადაც შეგიძლია ყავა დალიო, სიგარეტი მოწიო... თუ რამეა, ტუალეტიც აქვეა.

დიდხანს ლოდინი არ მოუწია. ობიექტი ზუსტად 10 საათზე გამოვიდა სასტუმროდან და პირველსავე მოახლოვებულ ჭიჭიკოს ხელი აუქნია. ცუმბუშამ ძლივს მოასწრო ანგარიშის გასწორება და კუდზე დაჯდომა.

_ აი, იმ `აუდის~ გაყევი. _ ესროლა ტაქსის მძღოლს და იმ მანქანაზე მიუთითა, რომელშიც ობიექტი ჩაჯდა.

_ რას ჰქვია გავყვე? ვინ ხარ? _ მძღოლმა ეჭვით შეათვალიერა კავკასიური გარეგნობის ახალგაზრდა კაცი.

_ მე ის ვარ, ვინც კარგ ფულს გადაგიხდის. _ ღირსეულად უპასუხა ცუმბუშამ.

Page 23: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

მძღოლმა მანქანა მოწყვიტა, ცუმბუშა კი ფანჯარას აეკრო. დიდი ყოფილა მოსკოვი, იმაზე დიდი, ვიდრე წარმოედგინა. მარტო იმ ქუჩაზე, სადაც ახლა მოძრაობდა, 8 ზოლი დათვალა. ათიც რომ იყოს, რა ხეირი? საქმე ხომ სიდიდეში არაა, მთავარია კომფორტი. ცუმბუშას აზრით მოსკოვს კომფორტი აკლდა.

მოულოდნელად მანქანამ მკვეთად დაამუხრუჭა.

_ რა მოხდა?

_ თქვენთვის საინტერესო მანქანა სუპერმარკეტთან გაჩერდა. _ აუხსნა მძღოლმა. _ ცოლის საყვარელია? _ დაეკითხა თანაგრძნობით.

ცუმბუშამ მზადყოფნით დაუქნია თავი. მოღალატე ცოლი მშვენიერი არგუმენტია ცნობისმოყვარე მძღოლის ეჭვების გასაფანტად. დროის გასაყვანად შეუძლია სიგარეტიც გააბოლოს. მე შენ გეტყვი თბილისიდან გამოყოლილი `პარლამენტი~ არ უდევს ჯიბეში?! მძოლსაც შესთავაზა. ერთად გააბოლეს. კაცების მძიმე ხვედრზე იბჭეს, ქალების მოკლე ჭკუაზე...

ამასობაში ობიექტი სასმელით ხელდამშვენებული გამოვიდა მარკეტიდან.

_ დამპალი. _ თქვა ტაქსისტმა.

_ დამპალი. _ დაეთანხმა ცუმბუშა.

_ ეტყობა ფული აქვს.

_ არც მე ვარ გაღლეტილი.

ტაქსის მძღოლმა სარკეში შეათვალიერა შავტუხა კეპიანი მგზავრი, რომელიც მარკეტიდან გამოსულ მაჩოსთან შედარებით კაცის პროვოკაცია იყო. თქმით არაფერი უთქვამს, თუმცა ფიქრში გაგებით მოეკიდა კეპიანის ცოლის არჩევანს.

ობიექტი იმავე მანქანაში ჩაჯდა და გზა განაგრძო.

ტაქსის მძღოლს შეხსენება არ დასჭირვებია, მომენტალურად მოწყდა ადგილს. ცენტრალური გამზირიდან მანქანამ მარჯვნივ გაუხვია და ნაცრისფერი კორპუსების კასკადში შეიჭრა. დიდხანს არ უვლია, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან გაჩერდა.

ცუმბუშამ მძღოლს ფული ჩაუთვალა და მანქანიდან გადმოსვლა დააპირა:

_ იცოდე, არ მოკლა! _ შეეხვეწა მძღოლი.

_ ვინ უნდა მოვკლა, რას ამბობ? _ გულწრფელად გაუკვირდა ცუმბუშას.

_ თვითონ იცი, ვინც... ბოზის გულისთვის ციხეში რატომ უნდა ჩაჯდე?

ცუმბუშა ჩასწვდა საქმის არსს, მძღოლი ჟესტით დაამშვიდა და დაწინაურებული ობიექტის კვალდაკვალ სადარბაზოში შეიძურწა.

ობიექტმა მეოთხე სართულზე დარეკა ზარი. გაუღეს.

და აქ ცუმბუშამ გარკვევით გაიგო ობიექტის ხმა:

_ გამარჯობათ, საშა. მე დიმიტრი ვარ, ძნელაძე.

_ _ _

Page 24: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

საშა სოლოვეის სმისგან შეშუპებული სახე და სიგარეტისგან დამჯდარი ხმა ჰქონდა. დროგამოშვებით იმ ხმასაც კარგავდა და ხრინწიან ჩურჩულზე გადადიოდა:

_ ოთხი წელი იქნება, რაც ცოლ-შვილთან კავშირი დავკარგე. ადრე ვნერვიულობდი, ღამეები არ მეძინა, ახლა კი... ახლა სულერთია. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, უბრალოდ ასე მოხდა.

_ მინდა ყველაფერი ვიცოდე. _ მტკიცედ თქვა დიმიტრიმ.

_ რაში გჭირდებათ?

_ მე არა, ადას ბაბუას სჭირდება.

_ ააა... ხოო...

_ საშა, დროს ნუ ვკარგავთ. რაც უფრო მალე ჩამაყენებთ საქმის კურსში, მით უკეთესი.

_ გახსენით ეს თქვენი მოტანილი ბოთლი, გაშრა ენა...

საშას მონაყოლიდან:

საშას უყვარდა ცოლი, შეიძლება ითქვას, აღმერთებდა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ლიდასთანა კეთილშობილი, ნაკითხი არსება არჩევანს მასზე, გაუთლელ `სალდაფონზე~ გააკეთებდა. პროფესიაც კარგი ჰქონდა _ ექთანი. ბინითაც უზრუნველყოფილი იყო. ამაზე უკეთეს ცოლზე პროვინციელი ბიჭი ვერც ინატრებდა. დაქორწინდნენ. სამწუხაროდ, შვილი არ გაუჩნდათ. ექიმები აიმედებდნენ _ ისეთი არაფერი გჭირთო, მაგრამ დრო გადიოდა, ნანატრი ფეხმძიმობა კი არ ჩანდა.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე ერთი წლის ადრე მაიორი საშა სოლოვეი ოჩამჩირეში მიავლინეს რუსული საწვრთნელი ბაზის უფროსად. ლიდაც გაჰყვა. რას წარმოიდგენდნენ, რომ ერთი ქვეყნის ორ სუბიექტს შორის წარმოქმნილი პატარა გაუგებრობა დიდ ომში გადაიზრდებოდა?! თავიდან სიტუაციის განმუხტვას ელოდნენ, მაგრამ განმუხტვის მაგივრად კონფლიქტი დღითიდღე მწვავდებოდა და ცოლ-ქმარმა გაცლა ამჯობინა. სოჭის გავლით აპირებდნენ მოსკოვში დაბრუნებას.

უკვე ჩემოდნებზე ისხდნენ, როცა ჩეჩენმა ბოიევიკმა სუხრი გაზიმაგომედოვმა ცოლ-ქმარს ობლად დარჩენილი აფხაზი გოგონას შვილად აყვანა შესთავაზა. საშა მაშინვე დათანხმდა, აი, ლიდამ კი დილამდე მოსაფიქრებელი დრო ითხოვა, რადგან მოზრდილი ბავშვის აყვანა არ შედიოდა მის გეგმებში. სუხრიმ, დილამდე მოიფიქრეთ, იქამდე კი ბავშვს ჩემი ცოლი იახა მიხედავსო და წავიდა. საშამ და ლიდამ მთელი ღამე ითათბირეს, მეორე დღეს კი სუხრის შეატყობინეს, რომ მზად არიან ბავშვის წასაყვანად.

ასე გახდა მათი ოჯახის წევრი 3 წლის ადა კეტია. გოგონას მეტყველების დეფექტი აღმოაჩნდა, სენსომოტორული ალანია, მარტივად, ენაბლუობა. ლიდამ ბავშვი ექიმთან გააქანა. ექიმმა გულდასმით მოუსმინა გოგონას ბიოგრაფიას და ნერვოზული ენაბლუობის ფორმა დაუგდინა, როგორც ადრეულ ასაკში გადატანილი სტრესის შედეგი. არცაა გასაკვირი, ბავშვი რომ ისეთ გაუგებრობაში მოხვდება, როგორიც ომია, თანაც ერთ დღეში ყველა ახლობელს დაკარგვს, საერთოდ როგორ არის ნორმალურიო.

ადა ლოგოპეტ-დეფექტოლოგთან მიიყვანეს. მთელი 3 წელი მეცადინეობდა, შედეგიც სახეზე იყო, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ლიდამ არ აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედაა. ცოლ-ქმარი ჶჭკუაზე არ იყო სიხარულისგან, ნანატრი ორსულობა სწორედ

Page 25: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

მაშინ დადგა, როცა ამაზე აღარც ოცნებობდნენ. ლიდამ გმირულად გაუძლო წოლით რეჟიმს, ცხრა თვის თავზე გოგონა გააჩინა. ვერონიკა დაარქვეს.

სოლოვეების ოჯახში ბედნიერებამ დაისადგურა. სამწუხაროდ ადას ხარჯზე. ლიდას აღარ ეცალა ნაშვილები გოგონას ლოგოპედთან მისაყვანად. სად ჰქონდა საათობით მოსაცდელში ლოდინის დრო, როცა სახლში პატარა ეგულებოდება? იგივე ბედი ეწია ციგურულ სრიალზე სიარულსაც. მეტიც. ადას მეგობრის სახლში მოპატიჟება ეკრძალებოდა: ვერონიკას ძილი არ დაუფრთხესო.

ადამ ენაბლუობას უმატა. საშამ არაერთხელ თხოვა ცოლს, მეტი ყურადღება გამოეჩინა უფროსი გოგონას მიმართ, რომლის განერვიულების მიზეზი შეიძლება უმცროსი დის მიმართ ეჭვიანობა ყოფილიყო.

ერთ დღეს კი ტრაგედია დატრიადა. ლიდა მაღაზიაში ჩავიდა რძის საყიდლად, უკან მობრუნებულს 9 თვის ვერონიკა მკვდარი დახვდა, 6 წლის ადა _ ატირებული. მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტ მონაყოლიდან გამოდიოდა, რომ ვერონიკას მანეჟი გადაუყირავდა და თავი ბატარეის კიდეს ჩამოარტყა. იგივე დასკვნა დადო ექსპერტიზამაც, მაგრამ ლიდამ არ დაიჯერა. ის ღრამად იყო დარწმუნებული, რომ ვერონიკას სიკვდილში ადას მიუძღვის ბრალი, რომ ნაშვილებმა გოგომ სპეციალურად გადმოაყირავა მანეჟი, სულაც თვითონ ამოიყვანა ბავშვი და თავი ძალით მიარტყმევინა.

იმ დღიდან ადას ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. არა, მას არ სცემდნენ, არც საჭმელს უმალავდნენ, არც სახლიდან აგდებდნენ. მას იგნორირებას უკეთებდნენ. ის იყო, თანაც არ იყო. ჩვენში რომ დარჩეს, თავდაპირველად საშაც ჩაერთო ამ უგულო, ყოვლად გაუმართლებელ თამაშში, მაგრამ დროზე მოვიდა გონს და ცოლსაც იგივე ურჩია.

მშობლებისგან გარიყულ ადას არც სკოლაში ულხინდა. განსაკუთრებით მძიმე პირველი კლასი აღმოჩნდა. გოგონა გახდა, გაფითრდა, დასუსტდა. ერთხელაც პირდაპირ ქუჩაში წაუვიდა გული, ძლივს მოასულიერეს. ლიდამ იკადრა და ბავშვი უბნის პოლიკლინიკაში გააქანა გამოსაკვლევად. ადას დაბალი ჰემოგლობინი აღმოაჩნდა. ექიმმა ვიტამინები და განსაკუთრებული კვება დაუნიშნა. ერთ თვეში გოგონა მომჯობინდა, მაგრამ სიტუაცია მაინც არ განიმუხტა. საშამ სმა დაიწყო, ლიდამ კი აქტიურად დაიწყო სიარული რაღაც შეკრებებზე, საიდანაც ბროშურები მოჰქონდა და ახლა წიგნების ნაცვლად იმ ბროშურებს კითხულობდა. კი არ კითხულობდა, ბუტბუტებდა, ლოცვასავით. ერთხელ საშაც დაინტერესდა _ ნეტავ რას ჩაჰკირკიტებს ჩემი ცოლიო, _ მაგრამ ძველი რუსული დამწერლობით დაბეჭდილ ტექსტს ვერაფერი გაუგო.

ლიდა კარდინალურად შეიცვალა. საშა ცოლს უყურებდა და ვერ ცნობდა. ვიღაც გაუცხოვებული დედაკაცი დაბორიალობდა მათ ბინაში და ქმრის ნებისმიერ შეკითხვას განყენებული ღიმილის პასუხობდა. ცოტა ხანში საშამ შენიშნა, რომ სახლიდან ქრება მეტ-ნაკლებად ფასიანი ნივთები, ძვირფასეულობა. ის სერიოზულად დაინტერესდა უმუშევარი ცოლის იდუმალი ვოიაჟებით და ერთხელაც უკან გაჰყვა...

საშა ყველაფერს წარმოიდგენდა გარდა იმისა, რომ მისი ლიდა ერთ-ერთი სკანდალური სექტის: `ჭეშმარიტების მსახურნი~-ის წევრი იქნებოდა. აი, თურმე სად დაძვრებოდა ხოლმე, აი, თურმე რისთვის ყიდდა მამასისხლად შეძენილ სერვიზებს, ქმრის ნაჩუქარ სამკაულებს, ბებიის ნაქონ გობელენებს?...

სექტას ბელადიც ჰყავდა, ვინმე ლაზარ კოროტიჩი, სამსახურიდან გაძევებული ექიმი, რომელსაც ბრალად ედებოდა პაციენტების მკურნალობისას პიპნოზის არამიზნობრივად გამოყენება. სექტის წევრები მას მასწავლებლად მოიხსენიებდნენ და უპირობოდ ემორჩილებოდნენ. რომ ეთქვა: წყალში გადახტითო, დაუფიქრებლად გადახტებოდნენ, სახლიდან ნივთების გატანასა და ფულის შეწირვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ლაზარი

Page 26: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

იყო მათი ქრისტე-ღმერთი, მამა-მარჩენალი, სინდის-ნამუსი, გზა ჭეშმარიტებისკენ. სავარაუდოდ, ეს ტიპი მართლა იყო დაჯილდოვებული ჰიპნოსის ნიჭით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ხალხის ზომბირებას ვერ მოახერხებდა.

საშა შეეცადა ცოლის აზრზზე მოყვანას, მაგრამ გვიან იყო. ლიდას უკვე გაემზადებინა 2 ჩემოდანი: თავისთვის და ადასთვის, რათა `სამუდამოდ განრიდებოდა სიბინძურეს ამა ქვეყნისა და შერწყმოდა ბუნებას~. ცხადია, ჭეშმარიტების მსახურებთან ერთად.

_ ეს შენი სიტყვები არ არის! _ უყვირა ქმარმა _ ლიდა, შენ ასეთი არ ხარ!

_ სწორედ ასეთი ვარ. _ მშვიდად მიუგო ცოლმა _ მეტსაც გეტყვი. ასეთი ნამდვილი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ შენ მხედავდი ისეთს, როგორიც გინდოდა ვყოფილიყავი.

_ ბავშვს რას ერჩი?

_ იქ უკეთესად იქნება. ილოცებს, მუშაობას ისწავლის, უფროსების პატივისცემას...

_ სად?

ლიდამ ქმარი არაფრისმთქმელი ღიმილით დააჯილდოვა.

_ ლიდა, ნუ იზამ ამას...

ლიდან ხერხემლის გასწვრივ ჩამოკონწიალებული მეჩხერი ნაწნავი თავსაფრის ქვეშ მოიქცია და ალბათ უკანასკნელად შედგა სარკესთან. იმ სარკესთან, რომელშიც ერთ დროს კეკლუცობდა, მძიმე, ხორბლისფერ თმას ივარცხნიდა, პუდრს ისვამდა...

_ საშა, ვხვდები რაც გაღელვებს, შეგიძლია არ მკითხო. ეს ბინაც შენთვის დამითმია, ეს ქალაქიც, ეს ამორალური ცხოვრებაც... ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროს.

_ რომელმა ღმერთმა, რომელსაც შენ ზურგი აქციე?

_ ვერც ხვდები, რომ ყველაფერი პირიქითაა. _ ხელი ჩაიქნია ლიდამ.

გაბრაზებული საშა ერთი კარგად გამოთვრა და დაიძინა. როცა თვალი გაფხრიწა აღარც ლიდა დახვდა, არც ადა.

დიმიტრი გაოგნებული უსმენდა. სერიალია, მამაძაღლი?!

_ მაინც საით წავიდნენ?

_ ჩრდილოეთით. _ საშამ მორიგი ჭიქა გადაჰკრა და ისე დაიჭყანა, თითქოს ვინმე აძალებდა დალევას.

_ ჩრდილოეთი დიდია. _ ხელები გაშალა დიმიტრიმ და უცებ გაახსენდა: იგივე სიტყვები მან უკვე უთხრა მირიანს, როცა ამ უკანასკნელმა თვითმფრინავში ძებნილი გოგოს სავარაუდო ადგილსამყოფელი ივარაუდა. გაგიჟდება კაცი!

_ კარელია. ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგი.

_ მისამართი?

_ რა მისამართი, ძმაო, კონტაქტი რომ ნდომოდა, ერთ დეპეშას მაინც გამომიგზავნიდა. რა, წასვლას ხომ არ აპირებთ?

_ მომიწევს. _ ამოიოხრა დიმიტრიმ და უკვე წარმოიდგინა საკუთარი თავი თოვლით დაფარულ ტრიალ მინდორში.

Page 27: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ არ გირჩევთ. ჰე, ჰე, ვერც წარმოიდგენთ, სად ამოყვეს თავი... იქ სარაკეტო პოლიგონია. აი, ასე.

_ არა უშავს, გავერკვევი. თქვენ ოღონდ ადას ფოტოსურათი მაჩვენეთ.

საშამ ბარბაცით გავიდა მეორე ოთახში და ფოტოსურათებით სავსე პარკი მაგიდაზე დააგდო.

ადა კეტია დიდი, დამფრთხალი თვალებით უყურებდა ობიექტივს. სულ არ ჰგავდა იმ ღიმილიან ბავშვს, რომლის ფოტო პეტრემ თბილისში აჩვენა. რას იზამ, განსაცდელმა დაღი დაასვა მის ფსიქიკას, რაც გარეგნობაზეც აისახა. რაც შეეხება ლიდას, ვერაფერი ამაღლებული დიმიტრიმ მასში ვერ დაინახა. ტიპური რუსი ქალი ხელოვნურად დახვეული ყვითელი თმით, რომელიც საშას მეხსიერებას ხორბლისფერად შემორჩა. ყველა ფოტო ვერონიკას სიკვდილამდე იყო გადაღებული და მეტ-ნაკლებად მშვიდი ცხოვრების ელფერი დაჰკრავდა.

_ ადას უნდოდა წასვლა თუ ძალის წაიყვანა? _ დაინტერესდა დიმიტრი.

_ არა, ძალით არ წაუყვანია. ცოდვას ვერ ვიტყვი. ნებისმიერ შემთხვევაში, შვილს დედასთან ყოფნა ურჩევნია. მან ხომ არ იცის, რომ ნაშვილებია. მოგზაურობა ყველა ბავშვს ხიბლავს, ლიდამ კი ისეთ ფერებში დაუხატა მომავალი ცხოვრება, თითქოს სამოთხეში ეპატიჟება...

მოულოდნელად საშა ატირდა. გულიანად, პატარა ბავშვივით.

დიმიტრიმ თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მოუთათუნა და ვიდრე გულდათუთქული მშობელი თავის ბედს დასტიროდა, ადას ფოტოსურათი აწაპნა.

გარეთ გამოსული დიმიტრი დღის სინათლემ დააბრმავა. თვალებმოჭუტულმა მიმოიხედა. ეზოში, ხის მერხზე, ჭორიკანა ბებოები ისხდნენ. რამდენიმე მეტრში, საბავშვო მოედანზე კეპიანი ტიპი სიგარეტს ახრჩოლებდა. ერთი შეხედვით, მნიშვნელოვანი არაფერი, რომ არა ზურგზე შემჯდარი ჭიანჭველები, რომლებიც ან სოლოვეის სახლიდან წამოჰყვნენ დიმიტრის ან ახლა აღმოცენდნენ, მისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო.

დიმიტრიმ თვალებით საშას ფანჯრები მოძებნა. მოეჩვენა, რომ ფარდა შეირხა. შეირხა-შეირხა. დიდი ამბავი!

როცა მოიხედა, ბებოების ცნობისმოყვარეობისგან დაგრძელებული სახეები დაინახა.

_ ვის ეძებ? _ გაბედა ყველაზე თამამმა.

_ საშა სოლოვეისთან ვიყავი სტუმრად. იცნობთ ასეთს?

ბებოებმა ერთმანეთს გადახედეს და ერთდროულად ჩაიფხუკუნებს.

_ დღეს საშაზე დიდი მოთხოვნაა! _ გაამხილა ერთ-ერთმა.

_ ვინმე ეძებდა? _ დიმიტრიმ ყურები ცქვიტა.

_ აგერ, ის, აქცენტით მოლაპარაკე კავკასიელი. _ ბებომ საბავშვო მოედნისკენ მოღრიცა კისერი. _ უი, წასულა! ამ წუთას აქ იჯდა, სიგარეტს ეწეოდა...

კი, ეწეოდა, გულში დაეთანხმა დიმიტრი და გრძელი ნაბიჯებით წავიდა იმ ადგილისკენ, სადაც წეღან კეპიანი იჯდა. მიწაზე ეყარა მოკვნეტილი ნამწვები და `პარლამენტის~ ცარიელი კოლოფი ზედ მიკრული ქართული აქციზური მარკით.

აჰა, აი, თურმე რაშია საქმე! კუდი გამოჰყვა თბილისიდან! ვიღაცას პეტრე კაჭარავაზე მეტად აინტერესებს ადა კეტიას ადგილსამყოფელი. ვის და რატომ?

Page 28: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ შეხედეთ, შეხედეთ, კიდევ ერთი საეჭვო სუბიექტი გამოძვრა საშკას სადარბაზოდან. _ მოესმა ერთ-ერთი ბებოს ხმა. _ შემოსევაა, ჩემმა მზემ!

დიმიტრიმ მათ მზერას თვალი გააყოლა და მართლაც დაინახა საწვიმარში გამოწყობილი კაპიშონიანი ჭაბუკი, რომელიც აშკარად მალავდა სახეს.

დიმიტრის დიდხანს არ უფიქრია. დაეწია, მკლავში ხელი ჩაავლო, მოაბრუნა...

ქალი შერჩა. ეს ახალგაზრდა ჟანგისფრთმიანი ქალი მასთან ერთად თვითმფრინავში მგზავრობდა. ესეც და ის `პარლამენტის~ მწეველი კეპიანიც.

_ მეორე სად არის? _ ქართულად აჯახა დიმიტრიმ.

_ ვინ მეორე? _ ქართულადვე გაეპასუხა ქალი და უცებ შეცბა. მიხვდა, რომ გაიშიფრა.

_ იცი, ვინც. სად წავიდა?

_ ვინ?

_ შენი პარტნიორი, პატრონი თუ რაც არის.

ქალიშვილი დაბნეული აფახულებდა გრძელ წამწამებს. მშვენივრად გამოსდიოდა ხაფანგში გაბმული შველის თამაში. გარეგნობაც ხელს უწყობდა და ხმაც კარგი ჰქონდა: დაბალი, სექსუალური... ქალაქურ სიმღერას რომ უხდება, ისეთი.

_ შენით მეტყვი თუ მილიციას გამოვუძახო? _ მიაწვა დიმიტრი, თუმცა ქალიშვილის მკლავზე ჩაფრენილი თითები მოადუნა.

_ მე არაფერი დამიშავებია! თქვენ კი... თქვენ საერთოდ არ გიცნობთ.

_ იმის თქმა გინდა, რომ კონპირაციულად გამოწყობილი ქალაქში უცნობ ადამიანს დასდევ?

_ იქნებ შეყვარებული ვარ? _ ტაქტიკა შეცვალა ქალიშვილმა და აშკარა შებმაზე გადავიდა.

_ თვითმფრინავში შეგიყვარდი?

ქალიშვილს გაეცინა. ვერც დიმიტრიმ შეიკავა ღიმილი, თუმცა დაკითხვა განაგრძო:

_ ვინ ხარ, ოღონდ მართლა...

_ ნინო ნემსიწვერიძე.

_ სიტყვაზე არ გენდობი.

ქალიშვილმა საწვიმარში ხელი ჩაყო და ნიშნის მოგებით მიაწოდა პასპორტი. დიმიტრიმ ყურადღებით შეამოწმა და პასპორტი ჯიბეში შეინახა.

_ ეს რას ნიშნავს? _ ნინო აღშფოთდა.

_ დაგიბრუნებ, როცა სიმართლეს მეტყვი.

_ არ მესმის, რა გინდათ?

_ ვისზე მუშაობ?

ნინომ ხელის გამოგლეჯა ცადა, მაგრამ დიმიტრიმ მოახლოვებული ტაქსი გააჩერა და გაჯიუტებული ქალიშვილი ძალით შეტენა მანქანაში.

Page 29: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ მილიციის უახლოეს განყოფილებაში, გეთაყვა, _ გასძახა საჭესთან მჯდარ ასაკოვან ძიაკაცს.

_ სად? _ გადაირია ის.

_ არა, არ მინდა მილიცია. მკითხე, რაც გინდა! _ ნინომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. რა აზრი აქვს ფართხალს, ისედაც გაშიფრულია.

_ სად ცხოვრობ? _ დაიწყო დიმიტრიმ.

_ თბილისში.

_ აქ, აქ სად ცხოვრობ?

_ სასტუმრო `მინსკი~. _ ქართულად თქვა ნინომ.

_ სასტუმრო `მინსკი~. _ დიმიტრიმ მძღოლს რუსულად უთარგმნა.

_ აკი, მილიციაო? _ გამოაჯავრა მძღოლმა.

_ გადავიფიქრე.

_ ჰე, ჰე, შეყვარებულების ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო! ახალგაზრდობაში მე და ჩემი კნეინაც ვკინკლაობდით ხოლმე, მერე ვრიგდებოდით და ასე. კარგი დრო იყო. _ მძღოლმა მოგონებას გაუღიმა.

_ მართალი ბრძანდებით, ჩვენც ხშირად ვკინკლაობთ, მაგრამ ჩემი შეყვარებულის ჭკუაზე მოსაყვანად, ერთი კოცნა საკმარისია.

ამ სიტყვებით ნინო წინ გადმოიხარა და არც მეტი, არც ნაკლები, ტუჩებში აკოცა დიმიტრის, რომელმაც თავის მხრივ გაკვირვებაც ვერ მოასწრო.

_ _ _

დისლოკაციის ადგილიდან მიმალვა ძვირად დაუჯდა ცუმბუშას, რადგან უკან მიბრუნებულს ობიექტი დაეკარგა. აქეთ ეცა, იქით ეცა, სადარბაზოშიც შეიჭყიტა, მაგრამ ეს ოხერი ჟურნალისტი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. შეშფოთებულმა ცუმბუშამ ბებოებს მიმართა დასახმარებლად: სიმპათიური მამაკაცი მოგრძო თმებით ხომ არ გინახავთო. ბებოებმა უთხრეს: დაგაგვიანდა, საყვარელო, სიმპათიური მამაკაცი არანაკლებ სიმპათიურ ბიჭს გაეკიდა და შენც თუ ცისფერი ხარ ამ ეზოში ფეხი აღარ შემოდგაო.

ცუმბუშა გადაირია. ბებოები ცოტათი ახალგაზრდები რომ ყოფილიყვნენ, კი აჩვენებდა ქართული საოხრის მადლს, მაგრამ ამ გადაღრძუებულ ბებრებთან ხომ არ დაიხარჯებოდა გრძელფეხება `ნაშებზე~ მეოცნებე კაცი!

შეურაცხყოფილმა ცუმბუშამ სასტუმროში დაბრუნება გადაწყვიტა. მართლა რობოტი კი არაა 24 საათიან რეჟიმში ქუჩაში ეგდოს?! სასტუმროში კი აბაზანა ეგულება, ახალი პირსახოცი, სუფთა თეთრეული... ცუმბუშა არ იყო მიჩვეული ასეთებს. კომფორტზე თუ მიდგა საქმე, მარტო ამის გამო ღირდა მოსკოვში ჩამოსვლა.

სასტუმროს პოლში ცუმბუშას ისეთი სიურპრიზი ელოდა _ დიმიტრი ძნელაძე საკუთარი პერსონით და ის ჟანგისფერთმიანი ქალიშვილი, რომელმაც გუშინ უსინდისოდ დააპაშოლა და რომელსაც დღეს სოლოვეის სახლთან მოჰკრა თვალი. პირველად ბიჭი ეგონა და რომ არა კაპიუშონიანი საწვიმარი, ახლაც ვერც იცნობდა.

Page 30: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

ცუმბუშა ყვავილების კლუმბას ამოეფარა. მე შენ გეტყვი, იმსიმაღლე იყო, ვერ მოახერხებდა?!

საკითხავია, რა საერთო აქვთ ამ ორს ერთმანეთთან? თვითმფრინავში ცალ-ცალკე ისხდნენ, სიტყვაც არ დაუსველებიათ. ე. ი. არ იცნობდნენ. ახლაც დაძაბულები დგანან ლიფტთან, უცხოებივით. ექნებ ეს გოგო ცუმბუშაზე გასასვლელად სჭირდება გოთვერან ჟურნალისტს? არა, ამას ფულიანი ლტოლვილის შვილიშვილის ადგილსამყოფელი აინტერესებს. ცუმბუშა ტყავიდან უნდა ამოხტეს და ის ბავშვი ჟურნალისტზე ადრე ჩაახუტოს ბაბუას. უფრო სწორედ, ალექსიჩს, რომელიც თავის მხრივ გამდიდრებულ ლტოლვილს შვილიშვილის სანაცვლოდ ფულს გამოსძალავს. მოკლედ, ვინც დაასწრებს, ლელოც მას დარჩება.

ცუმბუშა მექანიკურად წაეპოტინა მობილურს. ის დროა, ალექსიჩი ჩააყენოს საქმის კურსში.

ჩააყენებით ჩააყენა, მაგრამ იქიდან ისეთები მოისმინა, სჯობდა

საერთოდ არ დაერეკა. `გოგო გაანეიტრალე, თორემ ჩაგიშვებსო~.

მოიცა, მოიცა... გამოდის, ალექსიჩმა იმთავითვე იცოდა ჟანგისფერის ვინაობა, იცოდა და ცუმბუშას არ უთხრა. არ ენდობა ბოლომდე ბებერი გიენა! ეს კი ოცნებებში გადავარდა, თავი ქურდულ ოლიმპზე წარმოიდგინა... არა, ძმაო, ეგეთი არც ქურდობა უნდა, არც სიცოცხლე. კაცის მოკვლა რომ ადვილი იყოს, ნახევარი მსოფლიო მიწაში იდებოდა. გაანეიტრალე კაია, ცუმბუშას ცხოვრებაში ქათამი არ დაუკლავს, ცოცხალ ადამიანს როგორ შეეხება?! არა, როგორ არ შეეხება, მაგრამ სხვა სულ სხვა პონტში. ჰე, ჰე! ჟურნალისტი რომ არა, შეიძლებოდა დალაპარაკება, მაგრამ ქალი `ჩაცუცქული რაზბორკით~ დაემუქრა, მიდი და დაელაპარაკე ამის მერე. რა იქნება ჟურნალისტმა მიასაღოს და ცუმბუშაც მშრალი ამოძვრეს წყლიდან?

არა, არ მიასაღებს. სხვა მისია აკისრია. არც ჰგავს სველ საქმეზე

წამსვლელს. ჩაკ ნორისს ჰგავს, ძაღლისშვილი...

ალექსიჩს ცუმბუშას დარდი არა აქვს, ის საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. იმიტომაც მოითხოვა გოგოს განეიტრალება. თანაც 24 საათში. ჰა, როგორია?! დავუშვათ, ცუმბუშამ გარისკა. სად უნდა მოკლას? ქუჩაში ხო არ გააგორებს? თუ ნომერში მიუვარდება? რომც მიუვარდეს, ჟურნალისტი იქა ჰყავს და რა გინდა რომ ჰქნა? განა ცუმბუშას არ ესმის, რომ იმ გრძელთმიან პოჟონთან ახლოს ვერ მივა, მაგრამ არც ჟანგისფერი ჩანს მეხუთე თაობის ინტილიგენტი.

უნდა შეამოწმოს!

ცუმბუშა ადგილს მოწყდა, სწრაფად აირბინა კიბეები, მესამე სართულის დერეფანში დაწინაურდა. მარცხნიდან მესამე კარი უნდა იყოს. მიაყურადა. კი, ქართული ბაზარი ისმის, მაგრამ ცუდად, ცუდად... კაცი რაღაცას ედავება, ქალი რაღაცას ბურტყუნებს. ჯანდაბას!

გვერდითა ნომრიდან ვიღაც გავიდა გასაღების წკრიალით. ცუმბუშა კარს მოწყდა და თავისუფალი პოზა მიიღო. ზუსტად ისეთმა ქერათმიანმა ნაშამ ჩაიარა ძუძუების თახთახით როგორზეც ოცნებობდა. რაც ყველაზე დასანანია, ისე გამომწვევად შეხედა, რამე რომ იყოს, ნაღდად არ ეტყოდა უარს. ეჰ, სიტუაცია არაა შესაფერი, თორემ ასეთი ქალის ხელიდან გაშვება იქნებოდა?!

როგორმე უნდა მოხვდეს ჟანგისფერის აივანზე. საკუთარი ყურით უნდა მოისმინოს რა აკავშირებს ამ ორს ერთმანეთთან. ცუმბუშას ნომერი სართულით მაღლაა. მეოთხე სართულიდან მესამის აივანზე ვერ დახტება, მაგრამ გვერდითა ნომრიდან, საიდანაც ეს-ესაა ქერა გამორონინდა, თავისუფლად შეიძლება გადაძრომა.

Page 31: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

ყოველ შემთხვევაში, კარზე დააკაკუნა. შეამოწმა. არავინ გამოხმაურებია. ცუმბუშამ მეტალის ჩხირების აცმა დააძრო, საკეტს შეუჩხიკინა და უცებ ადრენალინის ისეთი მოზღვავება იგრძნო, გულიც კი აუჩქარდა. ყველა-ყველა და კლიტეების ახსნა კარგად გამოსდიოდა. რაც კარგად გამოგდის, იმის გაკეთება გსიამოვნებს კიდეც. აქედან ადრენალინი.

1, 2, 3... და ჰოპ, ცუმბუშა უკვე ნომერშია. სხვის ნომერში! მაგაშია მთელი ეშხი, თორემ საკუთარი სასახლეც კი უინტერესო ხდება როცა თვალს მიაჩვევ. კარი მიხურა, მიმოიხედა. საწოლზე გარდიგარდმო ეგდო შთამბეჭდავი ზომის ვარდისფრად ამოკუზული ბიუსჰალტერი. ორი თითით დასწვდა. დაყნოსა. ქალის სუნი ჰქონდა. იაფფასიანი ქალის. მოისროლა. ტრილიაჟზეც იაფფასიანი ბიჟუტერია ეყარა. რა თავში იხლის?

ცუმბუშა აივანზე გავიდა. კარგა მაღალია. მანქანების გუგუნმა ყურები დაუხშო. ასი წელი არ უნდა ასეთ ხმაურიან ქუჩაზე ცხოვრება. ვინ ეხვეწება, თორემ კი... გვერდზე გაიხედა. აქედან მეზობელ აივანზე გადაძრომას არ სჭირდებოდა დიდი აკრობატობა. მთავარია, ფეხი რომ დაუცდეს, თორემ კარგად მეყოლე, ასფალტს დაასკდება ლაყე კვერცხივით. ერთი ფეხი აქ, მეორე იქ, სკუპ და უკვე ადგილზეა.

`არ ისუნთქო~, უბრძანა საკუთარ თავს და კარისკენ გახოხდა.

_ ერთ ჭიქასაც არ დალევ? _ მოესმა ქალის ხმა.

_ არ დავლევ. და არც შენ გირჩევ. მთვრალი ხარ უკვე. _ მკაცრად უპასუხა კაცმა.

_ აბა, რას მირჩევ?

_ სიმართლის თქმას, ნინო, სიმართლის თქმას!

`ნინო~, გაიფიქრა ცუმბუშამ. ნინო ჰქვია. კარგი სახელია, წმინდანის...

_ იცი, დიმიტრი, დავიღალე ერთი და იგივეს ახსნით. არ ვიცნობ იმ კეპიან ლილიპუტს, არ ვიცნობ და მომკალი!

ჩემზეა ბაზარი, ჩახვდა ცუმბუშა. ვის ეძახის ლილიპუტს ეს ჟანგიანი ტარაკანა, ე! ღირსი არაა, კედელს მიასრისო?...

_ იმის თქმა გინდათ, რომ შემთხვევით იჯექით ერთ თვითმფრინავში, შემთხვევით მოხვდით ერთ სასტუმროში, მერე შემთხვევით გაეძრეთ საშა სოლოვეის სახლთან!

_ ვაღიარებ, შენ გამოგყევი, დავალება მქონდა ასეთი, მაგრამ იმ ტიპს მართლა არ ვიცნობ.

_ გუჯას ხომ იცნობ, გეგეშიძეს?

_ დავუშვათ.

_ გუჯამ გამოგაგზავნა?

დუმილი.

_ მიპასუხე!

¬_ შენ საიდან იცი?

_ მე ბევრი რამე ვიცი.

_ მაინც, რა?

_ ის, რომ... მოკლეს შენი გუჯა.

Page 32: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ რა-ა? _ ნინომ იკივლა.

_ ჰო, წუხელ. და შენც იგივე გელის, თუ ჭკუით არ მოიქცევი! _ ხმას აუწია კაცმა.

_ რატომ, რატომ მოკლეს?

_ იმიტომ რომ ორ ფრონტზე დაიწყო თამაში. ჯერ კრიმინალებს გაურიგდა, მერე გადააგდო და შენთან ერთად გადაწყვიტა დამკაში გასვლა. ან შენ გარეშე. კაცმა არ იცის, რა ჰქონდა თავში... ფაქტია, რომ ბიძამისის დაშანტაჟება უნდოდა. დავუშვათ, გუჯა ფულს დახარბდა. შენ... შენ რატომ წახვედი ამ ავანტიურაზე?

_ ცოლად მოყვანას დამპირდაააა... _ ამოისლუკუნა ნინომ.

ცუმბუშას ცივმა ოფლმა დაასხა. აი, თურმე რაშია საქმე?! გუჯამ ალექსიჩი გადააგდო. ამ სულელ გოგოს კი ან მოიყვანდა ცოლად, ან არა. აი, ცუმბუშა კი სიამოვნებით მოიყვანდა და ზედაც გადაჰყვებოდა. ღმერთო, რა დროს ცოლზე ფიქრია, მგონი მასაც დააჯდა სიკვდილის ბუზი. ალექსიჩი თუ არა ჟურნალისტი მიასიკვდილებს, სხვის აივანზე გატყლაპული რომ აღმოაჩინოს.

ნინო ტიროდა, დიმიტრი უსმენდა, ცუმბუშა იცდიდა, დრო გადიოდა.

_ ვიცი, რასაც ფიქრობ ჩემზე... _ სლუკუნით განაგრძო ნინომ. _ გათხოვების ხამიაოოო... შენ ვერასოდეს გაიგებ, რას ნიშნავს ჩემნაირი გოგოსთვის კარგ ოჯახში მოხვედრა. ლოგინად ჩავარდნილი ბებიის გარდა არავინ მყავს, 16 წლიდან ვმუშაობ, ხან ერთ ძუნძგლიან რესტორანში ვმღეროდი, ხან მეორეში... მერე გუჯა გამოჩნდა და ვიფიქრე, მეშველააა...

_ კარგი, ტირილი საქმეს არ უშველის. ახლა ტყავის გადარჩენაზე უნდა იფიქრო.

_ სულ არ ჩავალ საქართველოში, აქ დავრჩები. _ ხმა შეეცვალა ნინოს.

_ თუ დასჭირდათ, აქაც მოგაგნებენ. უკვე მოგაგნეს, გოგონი!

_ ვინ?

_ რამაზ ლიკლიკაძემ. რამეს გეუბნება ეს გვარი?

ცუმბუშას სუნთქვა შეეკრა. ნინოს არა, მაგრამ მას ბევრს ეუბნებოდა ეს გვარი, რადგან მას ეკუთვნოდა.

_ არ ვიცი, პირველად მესმის.

_ მეტსახელად, ცუმბუშა.

_ ცუმბუშა. _ გაიმეორა ნინომ. _ არ ვიცი. მართლა პირველად მესმის.

_ სახელის ცოდნა არაფერს მოგცემს, მთავარია, სიფათზე ცნობდე.

_ ღმერთო ჩემო, სულ არ გავალ ნომრიდან!

_ კარგს იზამ. ყოველ შემთხვევაში, კარი გადარაზე, იქამდე რამეს მოვიფიქრებ.

_ დიმიტრი, არ წახვიდე, მეშინია.

_ ნუ გეშინია. ნომერში არავინ შემოგივარდება. ახლა დაისვენე. თუ მოახერხებ, ეგებ დაიძინო კიდეც. ნასვამზე მალე დაგეძინება.

სიჩუმე ჩამოვარდა. ცუმბუშამ შვებით ამოისუნთქა.

Page 33: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ _ _

დიმიტრის დანახვა ვახტანგს თან გაუხარდა, თან გაუკვირდა.

_ ხომ მშვიდობაა? _ ჰკითხა მაშინვე.

_ მეტ-ნაკლებად.

_ აბა, დაჯექი, მომიყევი. დალევ რამეს?

_ ჩაის.

ვახტანგი ძმის სამზარეულოში გავიდა. დიმიტრი თან გაჰყვა. სასტუმრო ოთახის ცივმა ინტერიერმა რაღაცნაირად დათრგუნა. ამდენი მეტალი და მინა შეიძლება იყოს ოფისში და არა საცხოვრებელ ბინაში. სულ სხვა იყო ძველებურ სტილში გადაწყვეტილი სამზარეულო. რძისფერი კარ-ფანჯარა, ორნამენტებით გაწყობილი ავეჯი, ფოჩებიანი აბაჟური, სპეციალურ კარადებში შენიღბულ-შედგმული თანამედროვე ტექნიკა, მათ შორის სენსორებიანი მაცივარი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ფრანგები ამ სტილს პროვანსს ეძახიან. სახლი საფრანგეთში დიმიტრისაც ჰქონდა, მაგრამ ისეთი ციცქნა სამზარეულოთი, სტილზე ლაპარაკიც უხერხულია. სამაგიეროდ, ცენტში, ორ ნაბიჯში სენ-ჟერმენის ბულვარიდან.

ვახტანგმა ფართეპირიანი ჭიქები გამოიღო, გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა, სასუსნავები გადმოალაგა.

_ ბატონო ვახტანგ, როგორ ჩაიარა თქვენი ძმის ოპერაციამ?

_ გადასარევად. ერთ კვირაში გამოწრენ.

_ თხოვნა მაქვს თქვენთან.

_ აბა?

_ შეგიძლიათ თქვენი ძმის გამოწერამდე ერთი ახალგაზრდა ქალი შეიფაროთ? სულ რამდენიმე დღით.

_ ვინ ქალი, კაცო? _ ვახტანგი გაკვირვებული ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე.

დიმიტრიმ ყველაფერი უამბო. თანაც ისე ხატოვნად, რომ ვახტანგს ცრემლიც კი მოადგა. საკუთარი თავი თუ წარმოიდგინა პეტრე კაჭარავას ადგილზე. მერე წამოდგა, გაოგნებულ დიმიტრის ხელი ჩამოართვა და კრიახით დაჯდა.

_ რა იტყვით, ბატონო ვახტანგ, შეიფარებთ?

_ აბა, რას ვიზამ, შე კაცო... შენ ის მითხარი, მართლა აპირებ კარელიაში გამგზავრებას?

_ სხვა რა გზა მაქვს? უსიკვდილოდ უნდა ვიპოვე ადა კეტია, ვინ იცის, რა დღეშია გოგო ფანატიკოსი დედის ხელში!

_ ვახ, შეიძლება გაგიჟდეს კაცი! გამოდის, მართალი ყოფილა ის მამაძაღლი მირიანი.

_ რატომ არის მამაძაღლი, ტყუილი გვითხრა თუ რა?

ვახტანგმა ხმას დაუწია და შეთქმულივით გადმოიხარა მაგიდაზე:

_ პიდარასტია და იმიტომ!

Page 34: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ მერე რა?

_ მოგწონს პიდარასტები? _ ვახტანგმა მრისხანედ მოყანწა ჭაღარაშერეული წარბები და ეჭვიანი მზერა დიმიტრის მოგრძო თმაზე გაასრიალა.

_ ყოველ შემთხვევაში, არ მძულს.

_ გადამრევ მე შენ! როგორ შეიძლება მაგათ გაეკარო?

_ მშვენივრად ისხედით გვერდიგვერდ მთელი სამი საათი. რამე დაგიშავათ? გიბწკინათ, შეგეხოთ, თვალი ჩაგიპაჭუნათ თუ რა?... პირიქით, უფასოდ გვიმკითხავა და წარმატებები გვისურვა.

ვახტანგი მოღუშული უსმენდა. თან წარბს ათამაშებდა, ტიკიანივით. მის გონებაში გეი მხოლოდ სექსთან ასოცირდებოდა.

_ იასამნისფერი პიჯაკი და მწვანე შარვალი კი სულაც არაა ორიენტაციის მანიშნებელი. _ თქვა დიმიტრიმ. _ არც გრძელი თმა, სხვათა შორის. _ დაამატა ღიმილით.

ვახტანგმა კაპიტულაციის ნიშნად ხელები ასწია და ჩაი ჩამოსხმას შეუდგა.

_ _ _

უკვე ერთი საათია ჩაფიქრებული ცუმბუშა ნინოს ნომერში იჯდა და პოტენციური მსხვერპლის ძილს ყარაულობდა. ფიქრი უყვარდა ცუმბუშას, მაგრამ ადრე სულ სხვა რამეზე ჩაფიქრდებოდა ხოლმე. მაგალითად, სად იშოვოს ფული, ვის ბინაში შეძვრეს, ვის ჯიბეში... ახლა მომავალზე ეფიქრებოდა. კანონიერ ქურდობას ვერ გაქაჩავს _ არც გარეგნობა უწყობს ხელს, არც ინტელექტი, არც ლიდერის მონაცემები გააჩნია. მაშ რა დარჩენია კრიმინალურ სამყაროში ცუმბუშასთანა დაბალი გაქანების კაცს? არც არაფერი. არ ჯობია ოჯახს მოეკიდოს, მუშაობა დაიწყოს... აქ, მოსკოვში. თბილისს სათოფეზე არ გაეკარება. ნინო თუ დათანხმდება, გვარებს გადაიკეთებენ და ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. იმ ფულით, რაც თბილისიდან გამოატანეს, ბინის დაქირავება შეიძლება. სასტუმროში გაჩერება საშიშია, ალექსიჩს აქაც ბლომად ეყოლება ამფსონები.

ნინომ გვერდი იცვალა. სახე გამოუჩნდა, ფერმკრთალი ლოყები, ნატურალური, წაბლისფერი თმის ძირები, შეწუხებული წარბების აცქვეტილი ბოლოები... ცუმბუშას დედა გაახსენდა. ნინო სრულებით არ ჰგავდა დედამისს, მაგრამ მისი შემხედვარე ისეთივე სიბრალულის გრძნობა ეუფლებოდა, როგორც სიყმაწვილეში დედამისის ცქერისას. სიბრალულის და გაღიზიანების. რატომ, რატომ ითმენდა ქმრის ვირობას? შვილსაც რომ მორჩილებისკენ მოუწოდებდა?!

რაღაც მომენტში ცუმბუშას ჩაეთვლიმა.

`რამაზ!~ ჩაესმა ზედ ყურში. აშკარად დედამისის ხმა იყო. შეშფოთებული, გამაფრთხილებელი...

ცუმბუშამ თვალი გააჭყიტა და ნინოს შეშინებული თვალები შეეფეთა, მერეღა დაინახა მისკენ მოქნეული ბოთლი. ეს იყო უკანასკნელი, რაც საბრალომ თავისი ხანმოკლე ცხოვრების ფინალში დაინახა.

Page 35: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

თბილისიმიხეილი კეისარის შესაშური მოხერხებულობით აკეთებდა რამდენიმე საქმეს ერთად: მაგიდაზე გაშლილ რუკას აკვირდებოდა, მოსკოვში მყოფ დიმიტრის დირექტივებს აძლევდა, ჟესტებით ამშვიდებდა კაბინეტში მყოფ პეტრე კაჭარავას.

_ კარელია, კარელია, კარელია... _ პეტრემ ფანქრის წვერით რუკას დაარჭო.

_ იპოვეთ? _ იქიდან დაინტერესდა დიმიტრი.

_ ვიპოვე, აგერაა. ზევით თეთრი ზღვა, ქვევით ლადოგის ტბა...

_ ჩრდილოეთ მურმანსკის ოლქი, დასავლეთით _ არხანგელსკის.

_ მაგას მეც ვხედავ, მაგრამ შენ როგორ მოხვდები იქ?

_ რას ჰქვია როგორ? თვითმფრინავს დავაჯდები და ისე.

_ თვითმფრინავი მარტო პეტროზოვოტსკამდე მიდის. თუ გგონია აეროპორტში დაგხვდება ლაზარი და მისი რაზმი?

_ რამდენადაც ვიცი ონეგის ტბის მიდამოებში, დანარჩენს ადგილზე გავარკვევ.

_ ბიჭო, მერე იცი რამხელაა ეს ტბა? მარტო სიგრძე ჰქონია 248 კილომეტი! ეხუმრები?

_ და კიდევ ჩვენ გვედავებიან ტერიტორიებს! _ ვერ მოითმინა პეტრემ და უცებ შუბლში ხელი იტკიცა. _ მიხეილ, მიხეილ, უთხარი, ფული თუ დააკლდა, არ მოერიდოს, ეგრევე გავუგზავნი.

_ გაიგე რაც თქვა? _ დიმიტრისთან გადაამოწმა მიხეილმა.

_ ბატონ პეტრეს ოჯახს ჩემ მაგივრად მიუსამძიმრე და უთხარი, რომ ფული კი ჯერჯერობით მაქვს.

პეტრემ ამოიოხრა. გუჯას სიკვდილი მართლა დიდი დარტყმა იყო ოჯახისთვის, მაგრამ ფულს დახარბებულმა ნათესავმა საკუთარ თავს მაშინ გამოუტანა განაჩენი, როცა ბიძამისის წინააღმდეგ კრიმინალებს შეეკრა. კიდევ კარგი პეტრეს ჭკუა ეყო და იმთავითვე შორს დაიჭირა, თორემ დღეს ფულიც დაკარგული ექნებოდა და ადას პოვნის პერსპექტივაც.

დიმიტრი კი მაგარია, დახე, სად აპირებს გაფრენას? კარელია და არხანგელსკი პეტრემ კომუნისტების დროს ამინდის პროგნოზს რომ აცხადებდნენ ხოლმე, იქიდან იცოდა. რას წარმოიდგენდა, ბედისწერა თუ მის ერთადერთ შვილიშვილს იმ გადასაკარგში გადაისროდა? ოხ, ასტამურ, ასტამურ, შენ მიგაკვდა ძაღლი სულში... ან ცოლს რას ერჩოდი, ან შვილს, ან საკუთარ თავს...

ამასობაში, მიხეილმა მობილური გათიშა და კმაყოფილი მიაჩერდა ფიქრებში გართულ პეტრეს:

_ შენ არ იცი, რა ბიჭია, დიმიტრი! ნამდვილი ავთანდილი! `რა ესმოდათ მღერა ყრმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან...~ ჰე, ჰე!

_ შენი პროტეჟე სხვანაირი ვერ იქნებოდა. _ წაელაქუცა პეტრე.

მიხეილმა სიამოვნებით გაფშიკა თავისი ორფეროვანი ულვაში. დიმიტრი თავის ახალგაზრდობას აგონებდა: გულიანი, ცნობისმოყვარე, რისკიანი, პატრიოტი! თუმცა დიმიტრის ასაკში მიხეილი უკვე მოწამლული იყო კომპარტიის ბაცილით. ჰე, ჰე, კომუნიზმის აშენებას ესწრაფოდა ბიჭი... სუკში მრავალწლიანმა მუშაობამ ყველა

Page 36: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

ზემოჩამოთვლილი ძვირფასი თვისებები ისე შთანთქა და შეისრუტა, მიხეილმა მოხედვაც ვერ მოასწრო. დარჩა პროფესიონალიზმი. აბა, ისე ვის-რაში სჭირდება დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების დეპარტამენტში გამაგრებული ბებერი `კაგებეშნიკი~? რამდენჯერმე სცადეს პენსიაზე გასტუმრება, მაგრამ მალევე უკან მოაბრუნეს. ჯაშუშობა ცომის არ არის ერთ თვეში ისწავლო. სათანადო მომზადებას წლები სჭირდება. რომ არა მიხეილი, პეტრე დღესაც ერთი ინსტანციიდან მეორეში ირბენდა და ბოლოს დახმარების სათხოვნელად ისევ კერძო პირს მიადგებოდა. ცხადია, ოპერაციის დამთავრებისთანავე თავის წილ `მუგუზალს~ მიხეილიც ელის, მაგრამ მთავარი ფული ხომ არაა... მთავარი სხვისი გაჭირვების გულთან მიტანა და რეალური დახმარების გაწევაა. გამოდის, არც მიხეილს უცხოვრია ტყუილუბრალოდ. ვიღაცას გამოადგა მისი გებეშნიკური ბაცილით ნაღრძობი ტვინი.

კარელიაპირველყოფილი წვერი, ჭაობისფერი თვალები, ბაწრით შეკვანძული ჯვალოს კაბა-

ხალათი, ტალახიანი ბოტები... ასე გამოიყურებოდა სტაროვერი სტეფანე. კაცი, რომელმაც თავისი სამთვალა მოტოციკლეტით დიმიტრის სექტანტებით დასახლებულ კუნძულამდე წაყვანას დაპირდა.

დიმიტრი სანაპიროს ბუნების ტკბობისთვის მოემზადა, მაგრამ თვალწინ სულ ცუმბუშად წოდებულის თავგაჩეჩქვილი გვამი ედგა. რას წარმოიდგენდა, რომ სასტუმროში მობრუნებულს ცოცხალი ქალის მაგივრად მოკლული კაცი დახვდებოდა?! ნინო აღარ იყო. წავიდა, გაქრა, დაიკარგა... იქით გზა ჰქონია, მაგრამ დიმიტრის მაინც სინდისი აწუხებდა. რადგან ცხოვრებაში პირველად მოკურცხლა დანაშაულის ადგილიდან. შარს მოერიდა, დაკითხვაზე წანწალს, კალერიაში გაფრენის გადადებას, პეტრეს გაწბილებას... ვინ იცის, საცოდავმა ცუმბუშამ უკვე სუნი კი აუშვა? დაე, აუშვას. უფრო მალე იპოვიან. აი, ნინოს კი ალბათ ვერასოდეს იპოვიან. დიმიტრიმ არ იცის და ალბათ ვერასოდეს გაიგებს, რამ აიძულა ნინო მკვლელობაზე წასულიყო. ფაქტია, რომ მომხდარის შემდეგ ამ ქალს არც რუსეთში დაედგომება, არც საქართველოში.

აი, სადმე ასეთ მიყრუებულ ადგილზე, სადაც ახლა დიმიტრია, შეიძლება მიაგნოს ნავსაყუდელს. ცხადია, თუ საზღვარგარეთ არ დააწვა. საეჭვოა, რუსულმა სამართალდამცავებმა მოკრიმინალო ქართველის მკვლელის დასაჭერად ინტერპოლი შეაწუხონ.

სანაპირო ზოლს დასარული არ უჩანდა. კლდოვან, დაკბილულ ნაპირებს მეჩხერი ბუჩქნარი ცვლიდა, რაც უფრო ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ, მით უფრო კლებულობდა მცენარეების საფარი. გამოჩნდა პატარ-პატარა კუნძულების კოლონია. სტეფანეს ვარაუდით, ერთ-ერთზე სექტანტები უნდა უნდა ყოფილიყვნენ დაბანაკებულები.

_ მოგწონს? _ სტეფანე შეეცადა ძრავის გუგუნი დაეფარა.

_ კი, ძალიან. _ თავი დაუქნია დიმიტრიმ.

მართლაც, ამ ველური ბუნების შემყურე თვალიც ისვენებდა და გონებაც. მაგრამ ქვაღორღიან გზაზე მექანიკური ბაყაყივით მოხტუნავე მოტოცილკეტი რელაქსისკენ მომართულ ტვინს ისევ აქ, მიწაზე აბრუნებდა. იმ მიწაზე, სადაც აკვიატებული იდეის გამო მამამ შეიძლება შვილი გაყიდოს და მერე შუბლში ტყვია დაიხალოს, დედამ ვიღაც სექტანტის გულის მოსაგებად ქმარ-შვილი გაწიროს...

Page 37: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ სადღაც ამ ადგილებში, ტბის ფსკერზე, ეკლესიის ზარებია. 20-იან წლებში მორწმუნეებმა გადამალეს, კომუნისტებს რომ არ მიეგნოთ. _ სტეფანემ ტბისკენ მიმართა პატრიარქალური წვერი.

_ მერე, რატომ არ ამოიღებენ?

_ თითქოს აპირებდნენ, მაგრამ ძალიან ღრმად ყოფილა ჩაფლული. სამძებრო სამუშაოებს ფული სჭირდება, ტექნიკა, მყვინთავები... ხელისუფლებას ფული ენანება, ენთუზიასტი კი ჯერ არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ტყეს დიდი ენთუზიაზმით ჩეხავენ. გაიხედე მარჯვნივ... შავად აჩონჩხლილ გორაკს რომ უყურებ, ასწლოვანი ნაძვების სასაფლაოა. ჭრიან, ფეხებზე ჰკიდიათ... მერე გააყიდად გააქვთ. მოსკოვის ფასებთან შედარებით აქ ხე-ტყის მასალა იაფია.

_ იმდენად იაფი, რომ გასაფუჭებლად ემეტებათ?

_ უპატრონო ქვეყანაა, ძვირფასო, უპატრონო! ვიღაც ადგილობრივმა იღორა, მოჭრა, მორებად დააწყო, ამდენს წასაღებად ვერ მოერია და ასე დასალპობად გაიმეტა. თქვენთან ამ მხრივ როგორ არის საქმე?

დიმიტრის ბორჯომის ტყეში მოჭრილ ნაძვებთან დაკავშირებით საახლწლო აჟიოტაჟი გაახსენდა. სიუჟეტიც გააკეთეს, მაგრამ რად გინდა? როგორც ადრე ჭრიდნენ, ისე ჭრიან დღესაც. მერე გაუკვირდებათ, საიდან _ მეწყერი და ღვარცობიო. ისევ სიუჟეტს გააკეთებენ და ასე დაუსრულებლად, ვიდრე კაცთა მოდგმის უმადურობით განაწყენებული დედამიწა საკუთარ ორბიტას არ მოსწყდება და მართლა `ირმის ნახტომს~ არ გააკეთებს გალაქტიკაში.

_ ჩრდილოეთის ქარმა დაუბერა. _ აღნიშნა სტეფანემ. _ ხომ არ გაიყინე?

გაყინვით დიმიტრი არ გაყინულა, მაგრამ ავიაპილოტის თხელი კაპიუშონის იმედზე ჩრდილოეთში წამოსვლა დიდი სისულელე იყო. მინიმუმ, ნაქსოვი ქუდი უნდა ეყიდა, მაქსიმუმ _ უშანკა.

როგორც იქნა, დანიშნულების ადგილს მიაღწიეს. ტბის პირას იდგა მორებით შეკოწიწებული ბარაკი და რევოლუციამდელი ბორანი, რომელსაც სექტანტებით დასახლებულ კუნძულზე გადაჰყავდა იშვიათი მსურველები.

_ მაკარ, ეი, მაკარ! _ დაიძახა სტეპანმა.

ბარაკიდან წითელცხვირა მოხუცმა გამოყვინთა, სტეფანეს მიესალმა, მისი თანხლები ამღვრეული თვალებით გაზომა:

_ ეს კაცი ვინ არის, ჩვენებურს არ ჰგავს...

_ ქართველია. საქართველოს შესახებ გსმენია?

_ მსმენია, სულელი კი არ ვარ! _ იუკადრისა მაკარმა.

_ იქით ნაპირზე უნდა გადასვლა, დაეხმარები? პატივისცემა ჩვენზეა.

_ იქ რა დარჩენია, რო? არ ჰგავს სექტანტს.

_ ახლობელს ეძებს, მაკარ, უნდა დაეხმარო და ისევ უკან გადმოიყვანო. მე აქ დაგელოდებით. _ სტეფანე კრიახით გადმოძვრა თავისი სამთვალიდან და ბოტების ჭრიალით წავიდა მაკარისკენ. _ ჰა, რას იტყვი?

_ წავიყვან, ვიდრე აქ არიან, ხვალ ეშმაკმა უწყის სად წავლენ, ხო იცი მაგათი ამბავი, დიდხანს არ ჩერდებიან ერთ ადგილზე. `ჭეშმარიტების~ ძებნაში მიდი-მოდიან.

Page 38: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

ნეტა მაგათ ტვინში ჩამახედა... _ მაკარი ბურტყუნითა და ბარბაცით წავიდა ბორნისკენ, დიმიტრიც თან გაჰყვა.

_ _ _

ადა ფანჯრიდან იცქირებოდა, როცა მათი სახლისკენ მომავალი ორი მამაკაცი დაინახა. მაკარი იცნო, მებორნე, მეორეს კი პირველად ხედავდა. ასე კარგად ჩაცმული ადამიანები იმ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, საიდანაც დედამ დიდი ხნის წინ წამოიყვანა. ადას ენატრებოდა ის ქვეყანა _ აივნებიანი კორპუსი, საბავშვო მოედანი ციცქნა კარუსელით, ხმაურიანი სკოლა, რომელიც ამ გადასახედიდან სულაც არ ეჩვენებოდა საძულველად... თუკი რამ სძულდა, ეს აქაურობა იყო. განსაკუთრებით აქაური ღამეები. არც თეთრი, არც შავი, არამედ ბლანტი და ბინდისფერი, როგორც სკოლის ბუფეტში მოთუხთუხებული კისელი. ზამთარში ტბა ალაგ-ალაგ იყინებოდა ხოლმე და ისეთი სიჩუმე იდგა, ადას ყმუილი უნდებოდა.

ტბის სიახლოვეს ცხოვრებას კიდევ არა უშავდა, ტყეში გასეირნება შეიძლებოდა, სოკოს მოკრეფა, ფიჩხის შეგროვება, ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა. ასე უფრო სწრაფად გადიოდა დრო, ძილის წინ რაღაც მაინც ჰქონდა გასახსენებელი. კუნძულზე კი ნამდვილი ციხე იყო. წყლით შემოსაზღვრული ციხე ნებაყოფლობით დატყვევებული ადამიანებით. არც ერთი ნაბიჯი ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაროზგვა ან ბნელ ოთახში ჩაკეტვა არ აგცდება. ისჯებოდა ლოცვის დროს ყურადღების მოდუნება, უფროსებთან შეპასუხება, თმის შეჭრა, საერო ლიტერატურის კითხვა...

ამასობაში, მაკარი და `იმქვეყნიური~ უცნობი სახლში შემოდიან. შემოსასვლელიდან მოგუდული ხმები ისმის: დედამისის და უცნობის. ადა ფეხაკრეფით იპარება კართან. რა თქმა უნდა, მიყურადება დიდი ცოდვაა, მაგრამ ცნობისმოყვარეობას ვერაფერი მოუხერხა.

_ მე ადას წასაყვანად მოვედი. თბილისში მიმყავს, სადაც ბებია და ბაბუა ელოდებიან, ნამდვილი ბებია და ბაბუა. _ ხაზგასმით ამბობს უცნობი,

ადას ხელისგულებში საკუთარი ფრჩხილები ერჭობა. სტკივა. ათასჯერ მეტ ტკივილს აიტანს, ოღონდ წეღან მოსმენილი სიმართლე იყოს!

დედა დუმს. რატომ არ იღებს ხმას, რატომ არ ეტყვის, რომ ადა მისი შვილია, რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს არავის გაატანს! იმიტომ რომ ის მისი ნამდვილი დედა არ არის! ის მარტო ვერონიკას დედა იყო! ადას კი სადღაც თბილისში ელიან. ნამდვილი ბებია და ბაბუა. ისინი მას ეძებდნენ, მოაგნეს, გამოიხსნიან... ადას პატარა გული მეტს ვერ უძლებს, გამხდარი ხელი თავისთავად მიცოცავს სახელურისკენ. კარი იღება, ადა ოთახში შერბის, უცნობს კისერზე ეკიდება და გრძნობს, რომ მისი ბინდისფერი ღამეები დასასრულს უახლოვდება.

თბილისიპეტრემ საბანი გადაიძრო და ლოგინზე წამოჯდა. დრო ღამის 4 საათს უჩვენებდა. ძილი არათუ მოერია, სულ გაუქრა. წუხელ ტელეფონით დიმიტრის ელაპარაკა, დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი. ისიც არ დაზარდა, შეძლებისდაგვარად მოუყვა. პეტრე არასოდეს ყოფილა კარელიაში, ონეგისპირა დასახლებაზე ხომ საერთოდ არაფერი სმენია, მაგრამ არ ტოვებდა შეგრძნება, რომ მანაც დიმიტრისთან ერთად გაიარა მთელი

Page 39: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

ეს გზა, მასთან ერთად ჩავიდა პეტროზავოდსკში, მასთან ერთად გაათენა ღამე ქლორის სუნით აქოთებულ სასტუმროში, მასთან მიგრიხინებდა სტეფანეს მოტოციკლეტზე, მასთან მიცურავდა წინაისტორიულ ბორანზე, მასთან ერთად გადავიდა სექტანტებით დასახლებულ კუნძულზე, მასთან ერთად უსმენდა უსაფუძვლო ეჭვებით გამოხრულ ლიდას; ქალს, რომელმაც ერთ შვილს მეორე შვილის სიკვდილი ვერ აპატია, უფრო სწორედ, ერთის ცოცხლად ყოფნა ვერ მოინელა, და რადგან ვერ მოინელა, ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. მადლობა უფალს, რომ ბავშვი დიმიტრის უპრობლემოდ გამოატანა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადა ლიდასთვის უცხო იყო. ვერ შეიყვარა, არ ჰქონდა საიმისო რესურსი. სხვისი შვილის შეყვარებასაც ალბათ ნიჭი უნდა. იმიტომაც დაისაჯა. თუმცა თავს ასეთად არ მიიჩნევდა. პირიქით, მარადიულ სამოთხეზე ბჟუტურებდა რაღაცას. ახლა იჯდეს და ეძებოს ის სამოთხე თავის დარტყმულ გურუსთან ერთად. იქნებ გაუმართლოს და იპოვოს.

_ არ გძინავს, პეტრე? _ ლორა იყო.

_ ვერ ვიძინებ. სულ ადაზე მეფიქრება. დიმიტრიმ თქვა, ენას უკიდებსო.

_ არა უშავს, ლოგოპედთან მივიყვანთ. გავიგებ, ვინ არის თბილისში საუკეთესო. _ ლორა ცოტა ხანს ჩაფიქრდა. _ მაგრამ ლოგოპედზე უფრო ალბათ ფსიქოთრაპევტი დასჭირდება ჩვენს გოგოს. წარმოგიდგენია, რამდენი სტრესი გამოიარა?... მშობლების დაკარგვა, უცხო ადამიანები, უცხო ქალაქი, დის სიკვდილი, გადასახლება... ფიქრიც კი მზარავს!

_ რუსულის მცოდნე. _ ჩაურთო პეტრემ.

_ რა?

_ ფსიქოთერაპევტი კარგად უნდა ფლობდეს რუსულ ენას. დაგავიწყდა, რომ ადამ ქართულის ინჩი-ბინჩი არ იცის?

ლორა უსიტყვოდ დაეთანხმა. პეტრე მართალია, მაგრამ მხოლოდ პროფესიონალი ექიმები ვერ უშველის მათ შვილიშვილს. ვერც თავზე გადაყოლილი ბებია-ბაბუა. ვიღაც ისეთიც უნდა ჰყავდეს გვერდით, ვისაც დაგროვილ ემოციებს გაუზირებს. მაგალითად, ძაღლი. უფრო სწორედ, პატარა ლეკვი, რომელსაც ზოომაღაზიაში ერთად შეარჩევენ. ლორამ ცხადად წარმოიდგინა, როგორ შედიან სამივენი ზოომარაზიაში და როგორ გამოდოან იქიდან ფუმფულა ლეკვით ხელში. მის წარმოდგენებში ადა მარინაში იყო განსხეულებული. ნეტავ, როგორია სინამდვილეში? ნაკვთები თითქოს მამამისის ჰქონდა, მაგრამ იერით დედას ჰგავდა. ადამიანში მთავარი იერია _ გამოხედვა, ღიმილი, მიმოხვრა...

ლორა შვილისშვილს ყაისნაღით ქარგვას ასწავლის, როგორც მარინას ასწავლა 13 წლის ასაკში. მარინას დაქარგული ტილოები დღესაც საპატიო ადგილზე ჰკიდია კაჭარავების სახლში. მათგან საუკეთესო _ `თვალებიანი~ ფარშევანგი მარაოსებრ გაშლილი კუდით ასტამურს დარჩა. კი არ დარჩა, მარინამ უსახსოვრა, რადგან მის თვალში ასტამურიც ისეთივე ლამაზი იყო, როგორც ტილოზე გამოსახული მამალი ფარშევანგი. ნეტავ რა ბედი ეწია ან ერთს ან მეორეს? სამეგრელოდან ხმები მოვიდა, ასტამურმა თავი მოიკლაო. სიმართლეს ჰგავდა. ან აქამდე როგორ გაძლო იმ ჩემი ცოდვით სავსემ...

ლორამ თვალები დახუჭა, იმ იმედით, რომ თვალს მოატყუებს, მაგრამ პეტრემ არ მოასვენა:

_ ირამ და ბიძინამ იცის?

_ ადაზე?

_ ხო.

Page 40: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ არა, ჯერ არ მითქვამს. რაღაცნაირად მერიდება, იცი... მათ შვილი დაკარგეს, ჩვენ შვილიშვილი ვიპოვეთ. ისედაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს...

_ რომ დიმიტრის მაგივრად გუჯას საცოლე არ გავაგზავნე მოსკოვში?

_ ჰო.

_ მერე, სად არის ის საცოლე? _ პეტრემ ნიშნის მოგებით გახედა ცოლს. _ გასვენებაშიც კი არ მოსულა!

_ ეს საიდუმლო გუჯამ თან წაიღო.

_ ჩვენც ნუ გავიხსენებთ. ასე აჯობებს ყველასთვის.

ლორა ისევ უსიტყვოდ დაეთანხმა.

თვითმფრინავშიმოსკოვში დაფრენამდე ერთი საათი რჩებოდა, როცა ბედნიერებისგან გაცისკროვნებული ადა დიმიტრის ხელზე შეეხო და ენის ბორძიკის აუწყა შემდეგი:

_ წწამოსვლის წინ ლიდამ დდედაჩემის სურათი მომცა. მეო, დიდი ხანია სსიმართლის თქმა მმინდოდა, მაგრამ ვერ ვბედდავდიო. გინდა, გაჩვენი ჩემი ნამდდვილი დედა? _ ამ სიტყვების გოგონამ თავისი გაქექილი ხელჩანთიდან ფოტოსურათი ამოიღო.

დიმიტრიმ დახედა და ლამის სული განუტევა. ეს არ იყო მარინა კაჭარავა. ფოტოსურათიდან სრულიად უცნობი შავთვალწარბა ქალი უყურებდა. ზუსტად ისეთივე ხალით მარჯვენა ლოყაზე, როგორც ადას.

რა გინდა რომ ქნა? თვითმფრინავიდან გადახტომა რომ შეიძლებოდეს, სიამოვნებით გადახტებოდა, მაგრამ რა შეღავათი პეტრესთვის?!

ნუთუ დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში მხოლოდ იმიტომ წაეხერგა, რომ გულდათუთქული ბაბუისთვის სრულიად უცნობი გოგო მიესაღებინა?

სად შეეშალა?

დიმიტრიმ მეხსიერება დაძაბა. თვალწინ დაუდგა ლიდას ფერმკრთალი სახე, ნაცრისფერი თვალები, თხელი ტუჩების მკაცრი კონტური... რაზე ლაპარაკობდნენ ეს ტუჩები?

იახა!

რა კონტექსში? იმაში, რომ სუხრი გაზიმაგომედოვის ცოლი ომის დროს ოჩამჩირეში იმყოფებოდა, მაშინ, როცა თავად იახამ სულ სხვაგვარად მოჰყვა ადას გაშვილების პრეისტორია. თუკი ადა სოლოვეის ოჯახს იმავე დღეს მიაშვილეს, როგორ აღმოჩნდა ბავშვი ერთი ღამით გაზიმამედოვების ოჯახში?

ვინ იტყუება? ჩეჩენი იახა თუ რუსი ლიდა?

თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა მოსკოვის აეროპორტში, დიმიტრიმ ადა მოსაცდელ დარბაზში დატოვა და პეტრესთან დარეკა:

_ ბატონო პეტრე, გოგონა, რომელიც ჩამომყავს, ვეჭვობ თქვენი შვილიშვილი იყოს... _ ძლივს ამოღერღა დიმიტრიმ და ხველებ-ხველებით მოიყვა თავისი ეჭვების შესახებ.

Page 41: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

პეტრეს ენა ჩაუვარდა. არც იყო გასაკვირი. რაში სჭირდებოდა ვიღაც ენაბლუ მოზარდი მარინას შვილის ნაცვლად?

_ ბატონო პეტრე, ამ გოგოს ადა ჰქვია. დარწმუნებულია, ბებია-ბაბუასთან მიმყავს.

_ ჩამოიყვანე, დიმიტრი, _ გაწბილებული ხმით ამოიხრიალა პეტრემ _ რაზეა ლაპარაკი, როგორც საკუთარ შვილიშვილს ისე მივიღებთ.

_ არ იფიქროთ გაძალებდეთ... თუ რამეა, ადას მე მოვუძებნი პატრონს. სულაც დედაჩემთან გავაგზავნი, საფრანგეთში. ყოველ შემთხვევაში, გალოთებულ საშა სოლოვეის არ დავუტოვებ. არავითარ შემთხვევაში! _ დიმიტრიმ წარმოსახვითი მუშტიც კი მოუღერა უპასუხისმგებლო ცოლ-ქმარს.

_ იქნებ გეშლება? ნამდვილად გახსოვს როგორი იყო ჩემი მარინა? _ არ ეთმობოდა პეტრეს.

_ მახსოვს, კი. გოგონა რომ აფხაზეთიდანაა, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა მისი სახელის ნამდვილობაში ეჭვი მეპარება. სიმართლის დასადგენად ხელმეორედ მომიწევს პანკისში ჩასვლა.

_ ვერ გავიგე?...

_ მერე აგიხსნით, ბატონო პეტრე, როცა თბილისში ჩამოვალ.

_ როდის ჩამოხვალთ?

_ ხვალისთვის ვაპირებ ბილეთის დაჯავშნას. დღეს მაღაზიებში გავატარებ, რამეს ვუყიდი, თორემ სირცხვილია ასეთი ტყიურის ხალხში გამოჩენა.

_ ჩემს ადას შავი თვალები ჰქონდა! _ იმედის ხავსს ჩაებღაუჭა პეტრე. უჭირდა სიმართლის დაჯერება.

_ ამასაც შავი თვალები აქვს.

_ და ხვეული თმა...

_ ამასაც ხვეული აქვს, მაგრამ თქვენი მარინა არ იყო იმ ფოტოზე, ბატონო პეტრე. სამწუხაროდ, არ იყო!

დიმიტრის ადა ისევ იქ დახვდა, მოსაცდელ დარბაზში. გახუნებული თავსაფარი ყელთან მოებოშა და კისერწაგრძელებული აკვირდებოდა ბარგიანი მგზავრების ქოთქოთს. დიმიტრის დანახვაზე აშკარად შვებით ამოისუნთქა. ვინ იცის, გულში ფიქრობდა, ამანაც ხომ არ მიმატოვაო?! მიდი და უთხარი ასეთი ნატანჯ არსებას, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას, რომ ის არ არის ადა კეტია, მაგრამ არც ადა სოლოვეია, როგორც აქამდე თვლიდა.

გამორიცხულია!

დიმიტრიმ ღიმილით გაუწოდა ხელი. ადას უსიტყვოდ გაჰყვა. აი, ვინ არის მხსნელი, და არა ის პირქუში წვეროსანი, რომელსაც მთელი სექტა თვალებში შესციცინებდა და კაცმა არ იცის, რაში უხდიდა მადლობას. გამოდის, ადას შინაგან პროტესტს გამართლება ჰქონია. დედად წოდებული კი მუდმივად ჩასჩიჩინებდა: ბედნიერება მორჩილებაშიაო. რომ დაემორჩილო, უნდა გჯეროდეს. მთელი ეს წლები ადა ცდილობდა დაეჯერებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ალბათ იმიტომ ისჯებოდა სხვაზე მეტად. არჩადენილი დანაშაულის განცდა ახლაც თრგუნავდა, სამაგიეროდ შიში მოეხსნა. დასმენის, თვალთვალის, გაროზგვის, დაუცველობის შიში... დარჩა სირცხვილისა და უხერხულობის განცა. ის არ ჰგავდა გარშემო მყოფ ადამიანებს, არც ჩაცმულობით, არც

Page 42: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

გამომეტყველებით, არც მიმოხვრით. ნუთუ ოდესმე მასაც შეეძლება თმის გაშლა, შარვლის ჩაცმა, სამკაულების ტარება, ლაღად სიარული, ხმამაღლა გადაკისკისება?...

ადას მორიდებულ ოცნებებს მალე ახდენა ეწერა. მხსნელად მოვლენილმა ის უზარმაზარ, სამსართულიან მაღაზიაში წაიყვანა და იმდენი ტანსაცმელი უყიდა, დამატებითი ჩემოდნის ყიდვა დასჭირდათ.

პანკისი_ დედა! _ სამზარეულოში აქოშინებული ლუკვახა

შემოვარდა.

იახამ შვილს შეხედა და ყველაფერს მიხვდა. ის ელოდა ამ წუთს, იმ დღიდან ელოდა, როცა მის ეზოში დიმიტრი ძნელაძემ შემოაბიჯა. სადღაც, გულის სიღრმეში, გაუხარდა კიდეც. იახა დაიღალა საიდუმლოს შენახვით. ხუმრობა საქმეა? 10 წელი გავიდა უკვე, ის კი მარტო ასკდება ნერვებს. სუხრი მაინც ყოფილიყო ცოცხალი?! ვინმესთვის რომ არ გაეზიარებინა, ალბათ დარდით მოკვდებოდა. ადგა და ლუკვახას მოუყვა.

ბიჭს უცნაური რეაქცია ჰქონდა. პირველი შოკის მერე სულ სხვანაირად შეხედა უმცროს დას. ერთი მხრივ თითქოს გაურბოდა, მაგრამ როცა არავინ უყურებდა, თვალს ვერ წყვეტდა.

_ ის არის? _ მაინც გადაამოწმა იახამ.

_ ჰო.

_ მე გავალ.

_ მე კი სალიმას გადავმალავ.

_ არ გინდა, შვილო, აქედან არაფერი გამოვა.

ლუკვახამ ისე შეხედა, იახამ გაჩუმება ამჯობინა. ვინ, თუ არა დედამ იცოდა საკუთარი ჯიშისა და ჯილაგის ხასიათი. სუხრის ბიჭის სიტყვას უფროსებიც უწევდნენ ანგარიშს. იშვიათად გამოთქვამდა აზრს, მაგრამ თუ იტყოდა, რქებით გაიტანდა ხოლმე. დედამისი კი არა, თავად მუჰამედი რომ ჩამობრძანებულიყო პანკისის მრავალტანჯულ მიწაზე, ლუკვახა განზრახვაზე ხელს არ აიღებდა: სალიმას არავის დაუთმობდა.

იახამ თავსაფარი გაისწორა და პირსაბანის თავზე, სარკის ნატეხში ჩაიხედა. თხელი ნაკვთები, პირდაპირი გამოხედვა, გაშლილი მხრები. მკაცრი სილამაზე ჰქონდა სუხრი გაზიმამედოვის ქვრივს. ვიღაცას ყვავილებით მოჩითული მინდორი მოსწონს, ვიღაცას _ პიტალო კლდე. იახა კლდეს ჰგავდა. მარტოსულსა და ნაქარალს, მაგრამ ამაყსა და გაუტეხელს.

დიმიტრი ეზოში ელოდებოდა, ისევ იმ ძელსკამზე იჯდა, თითქოს არც წასულა. იახას დანახვაზე წამოდგა. უსიტყვოდ შეაცქერდნენ ერთმანეთს.

_ რატომ დამიმალეთ სიმართლე? _ ნავსი გატეხა დიმიტრიმ.

იახამ მზერა აარიდა.

დიმიტრიმ კითხვა გაუმეორა.

Page 43: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ იმიტომ რომ შემიყვარდა. _ ამოიოხრა იახამ და გულიც ამოაყოლა. _ დავინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდა. ლუკვახას გაჩენამდე გოგო მყავდა. სამი წლისა მომიკვდა... ფილტვების ანთებით. როცა ადას შევხედე, ვიფიქრე, ჩემი სალიმა გაცოცხლდა მეთქი. ასე იყო.

_ მერე იმთავითვე დაგეტოვებინათ თქვენთვის, რა საჭირო იყო სოლოვეის ოჯახის მოტყუება?

_ იმ ღამეს ჩვენს მეზობლად ქეცბების სახლს ჭურვი დაეცა. მთელი ოჯახი ამოიხოცა 3 წლის რიტას გარდა. მეც ავდექი და ადას მაგივრად სუხრის რიტა გავატანე. სოლოვეის ოჯახისთვის სულერთი იყო ვის იშვილებდნენ, ბავშვი ნანახი არ ჰყავდათ, ჩემთვის კი ერთი ღამეც საკმარისი აღმოჩნდა! რაც გულმა მიკარნახა, ის გავაკეთე. სალიმა საკუთარი შვილივით მიყვარს. შეიძლება მეტადაც. მაგრამ თქვენ, კაცები, ამას ვერასოდეს გაიგებთ.

დიმიტრის სიმწრის ოფლმა დაასხა. ქურთუკის ელვა გაისხნა, აღელვებულმა გაიარ-გამოიარა ეზოში. გამოდის, გოგონა, რომელიც მან ჩამოიყვანა, რიტა ქეცბაა!

_ სალიმამ არაფერი იცის თავისი წარმომავლობის შესახებ? _ იახას მიუბრუნდა.

_ არა, მარტო ლუკვახამ იცის, თქვენი წასვლის შემდეგ გავუმხილე.

_ დაუძახეთ სალიმას, უნდა დაველაპარაკო.

_ არ არის.

_ იახა, თქვენ ალბათ ხვდებით, რომ გოგონას გარეშე აქედან არ წავალ. _ უაპელაციო ხმით თქვა დიმიტრიმ და შემტევი ნაბიჯი გადადგა.

_ ვიცი, შევეგუე კიდეც. საკითხავია, ის თუ წამოგყვებათ.

_ ამიტომაც უნდა დაველაპარაკო.

_ არა მგონია სალიმა მალე გამოჩნდეს...

_ რას ნიშნავს? ამიხსენით, გეთაყვა...

_ აგიხსნით, ნუ ღელავთ, _ დაამშვიდა იახამ და თავდახრილი ჩამოჯდა ძელსკამზე. _ არ ვაპირებ ხელმეორედ შეგიყვანოთ შეცდომაში. მე ბოროტება არ ჩამიდენია, ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ გოგონებს სახელები შევუცვალე. უბრალოდ, არ ჩავთვალე საჭიროდ ახსნა-განმარტების მიცემა სოლოვეის ოჯახისთვის. რა აზრი ჰქონდა? მათ შვილი უნდოდათ და მიიღეს. მეორე დღეს მოვინახულე კიდეც, ლიდას რიტას ნამდვილი დედის ფოტოსურათი გადავეცი: თუ ოდესმე საჭიროდ ჩათვალე სიმართლის გამხელა, მაინც გქონდეს მეთქი. ხომ არ იცით, რა ბედი ეწია რიტა ქეცბას?

_ რიტა წესრიგშია. _ ჩაილაპარაკა დიმიტრიმ. _ მე სალიმა მაინტერესებს.

_ სალიმა ჩემმა ბიჭმა გადამალა, ლუკვახამ.

_ სად?

_ არ უთქვამს. მაგრამ შორს ვერ წავიდოდა. აქ ყველგან ბლოკ პოსტებია, იჩკერიაში ხომ არ გადაიყვანდა?!

_ იახა, მე შემიძლია მთელი საქართველოს უშიშროება ფეხზე დავაყენო, მაგრამ არ მინდა ლუკვახას შეექმნას პრობლემა. გესმით?

იახამ გაგებით დაუქნია თავი და ჭიშკრისკენ დაწინაურდა.

Page 44: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

დიმიტრი გაჰყვა. იარეს, იარეს, მთელი სოფელი შემოიარეს, მოსახლეობაც დაკითხეს, მაგრამ მოზარდების შესახებ არავინ-არაფერი იცოდა.

ოთხსაათიანი ბოდიალის შემდეგ დიმიტრი მიხვდა: იახამ მართლა არ იცის შვილების ადგილსამყოფელი. ვარაუდით ეძებს, დედური ინსტიქტით შეპყრობილი. ეს ინსტიქტი იყო ამ ქალის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ერთი მხრივ, პეტრესთვის უკეთესიც კია, რომ მისი შვილივილი ჩეჩენმა იახამ იშვილა და არა სოლოვეის ოჯახმა, თორემ იქნებოდა ახლა რიტასავით დაბეჩავებული.

სოფელში უშედეგო ძებნის შემდეგ ძებნის პერიმეტრი გააფართოვეს და ტყეს მიადგნენ. საბედნიეროდ, სალიმამ და ლუკვახამ მიმალვა ვერ მოასწრეს, ისხდნენ უზარმაზარ ფიჭვზე გუგულებივით და მტრულად გადმოჰყურებდნენ ზევიდან დაუპატიჟებელ სტუმრებს.

_ ჩამოდი, შვილო, _ ლუკვხას შეეხვეწა იახა, _ ნუ შეარცხვენ დედაშენს. აქ რომ სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, რას იტყვის სოფელი?

_ ჯერ იმათ მოვკლავ, მერე თავს მოვიკლავ. _ იყო პასუხი.

_ ადა, _ დაიწყო დიმიტრიმ, _ მე დიმიტრი მქვია, ბაბუაშენმა გამომაგზავნა...

_ მე კი სალიმა მქვია! _ გააწყვეტინეს ზევიდან. _ სალიმა! გაიგეთ? ეს კი ჩემი ძმაა, ლუკვახა. როგორც ის მეტყვის, ისე მოვიქცევი.

დიმიტრი მიხვდა. აქ ავტორიტეტი ლუკვახაა, ხოლო ის, გამოჩენილი ჟურნალისტი და კრიმინალების რისხვა, ადა-სალიმას თვალში ერთი ჩვეულებრივი ქალაქელი პიჟონია.

_ ლუკვახა! – ასძახა გაჯიუტებულ ყმაწვილს, _ შენ იცი რაც მოხდა, სალიმას ბებია და ბაბუა ელოდება თბილისში. თუ მისთვის სიკეთე გინდა, გთხოვ, გაუშვი! შენმა დამ უნდა ისწავლოს, შესაფერისი განათლება მიიღოს, თავის ოჯახს დაუბრუნდეს...

ხიდან არავინ გაეპასუხა. პერსპექტივამ თუ ჩააფიქრათ.

_ ჩამოდით და აქ ვილაპარაკოს, მიწაზე, _ განაგრძო დიმიტრიმ. _ კისერი მომეღრიცა მაღლა ყურებით.

_ არ ჩამოვალ. _ ჯიუტად თქვა სალიმამ.

_ მთელი ცხოვრება მანდ ხომ არ იჯდები?

_ ვიჯდები.

დიმიტრის არგუმენტი გამოელია და ადგილიდან მოუცვლელად პეტრესთან დარეკა:

_ ბატონო პეტრე, მოსალოცად გაქვთ საქმე, ვიპოვე თქვენი შვილიშვილი, მაგრამ...

ვინ აცალა? პეტრე გაგიჟდა, გადაირია, დასაბმელი გახდა...

_ მაგრამ, მაგრამ... _ დიმიტრი ამაოდ ცდილობდა აჟიტირებული ბაბუის ჭკუაზე მოყვანას.

_ რა `მაგრამ?~ _ როგორც იქნა, პეტრეს გონება დაეწმინდა და აღქმის უნარი დაუბრუნდა, _ რუსულად რატომ მელაპარაკები, დიმიტრი? _ იკითხა დადარაჯებულმა.

_ სხვებმაც რომ კარგად გაიგონ, თორემ აქ ჩემ გარდა ქართული არავინ იცის.

_ ვინ `სხვებმა~?

_ სალიმამ და ლუკვახამ.

_ ვინ არიან?... ნუ დამაბნიე, დიმიტრი, სიხარულისგან ისედაც თავბრუ მესხმის!

Page 45: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

_ სალიმა _ ადაა, ლუკვახა _ მისი ძმა, 16 წლის ვაჟკაცი, რომლიც ახლა პატარა ბავშვივით იქცევა. არ უნდა, რომ ადა წამოვიდეს. ხეზე სხედან და ცოცხალი თავით არ ჩამოდიან.

_ როგორ, ადას არ გაუხარდა ჩვენი გამოჩენა? _ საბრალო პეტრეს ლამის ეტირა.

_ რაღაც ვერ ვატყობ სიხარულს... _ იმედი გაუცრუა დიმიტრიმ, ზევით აიხედა და სალიმას დაინტრეგებულ მზერას წააწყდა.

_ მე არსად არ წამოვალ ლუკვახას გარეშე. _ ულტიმატუმი წააყენა გოგონამ.

_ თანახმა ვარ, წამოიყვანოს ის თავისი ლუკვახა! _ თქვა პეტრემ.

დიმიტრიმ ამჯერად მოზარდებს მოახსენა პეტრეს ნათქვამი, მაგრამ ლუკვახამ იუკადრისა შეთავაზება:

_ მეტი საქმე არ მაქვს! მათხოვარი კი არ ვარ?!

_ რა შუაშია მათხოვრობა? _ შეეპასუხა სალიმა. _ შენ ჩემზე კარგად სწავლობ, ნიჭიერი ხარ, მათემატიკა გეხერხება... არ გახსოვს, როგორ ვოცნებობდით კარგ განათლებაზე? ბაბუაჩემი ინგლისურში მოგვამზადებს, მასწავლებელს აგვიყვანს... ხო აგვიყვანს? _ გადაამოწმა დიმიტრისთან.

_ რა თქმა უნდა. _ პეტრეს მაგივრად დაუმოწმა დიმიტრიმ.

_ მაინც არ წამოვალ. _ თავისას გაიძახოდა ლუკვახა.

_ მაშინ არც მე წავალ.

_ შენ წადი.

_ ნწუ!

_ რა ვქნა, ბატონო პეტრე, დილამდე ვევაჭრო ამათ? _ მობილურს ჩასძახა დიმიტრიმ. _ ვირზე ზიან, უფრო სწორედ ხეზე... განსაკუთრებით, თქვენი შვილიშვილი ჯიუტობს. ბიჭი ეუბნება, წადიო, ეს კი უარზეა.

_ დედას ჰგავს... ისიც თავისნათქვამა იყო. ჩემი მარინა. _ კმაყოფილებით აღნიშნა პეტრემ. _ დაანებე თავი, დიმიტრი, ნუ აღიზიანებ. ხვალ მე და ლორა ჩამოვალთ. ადასაც წამოვიყვან და პირადად დაველაპარაკებით.

_ ადას? _ გაუკვირდა დიმიტრის. _ უთხარით სიმართლე?

_ ვუთხარი, კი. აბა, როგორ ამეხსნა კიდევ ერთი შვილიშვილის არსებობა?!

_ სამის, ბატონო პეტრე, სამის! აწი სამი შვილიშვილის ბაბუობა მოგიწევთ: ქართველის, აფხაზის და ჩეჩენის. გინესის წიგნში ხართ შესატანი... _ დიმიტრის გაეცინა, პეტრემაც სიცილით უპასუხა.

_ წავიდეთ, დიმიტრი, ესენი გზაში დაგვეწევიან. _ ღიმილით თქვა იახამ. სიცილი ხომ გადამდებია.

_ რა იცით?

_ ვიცი.

დიმიტრიმ დაუჯერა. იახამ უკეთესად იცოდა რაზე იყვნენ წამსვლელი მისი შვილები. ქალს, რომელსაც ერთ ღამეში სხვისი შვილის შეყვარება შეუძლია, დაეჯერება.

Page 46: 7 წერილი საიქიოდან - მაია ბურჭულაძე

დასასრული 2003 წელი