საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

12
იიიიი იიიიიიიიიიი

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

იაკობის გადასახლება ეგვიპტეში

(დაბ.45,26 _ 28; 46,5 _ 30; 47,7 _ 28; 49,1 _ 32: 50,1 _ 25) იოსები ისევ ცოცხალია და უფლობს მთელს ეგვიპტეზედ! _ ეს სიტყვები ახარეს იაკობს მისმა შვილებმა, როდესაც შინ დაბრუნდნენ ეგვიპტიდან და მამას ყელზედ ეხვეოდნენ. მოხუცებული მამის გული ძლიერ შეჩვეული იყო მწუხარებას საყვარელი შვილის დაკარგვით და ამიტომ იაკობი არ ერწმუნებოდა მათ სიტყვას. მაგრამ როცა შვილებმა იოსების ყველა სიტყვა უთხრეს, დაწვრილებით უამბეს ყველაფერი და აჩვენეს იოსებისგან გამოგზავნილი ეტლები, იაკობი გაცოცხლდა სულითა და სთქვა: ოჰ, ბედნიერებავ! ნუთუ იოსები კიდევ ცოცხალია? ახ! წამიყვანეთ და მაღირსეთ მისი ნახვა, მინამ სიკვდილს არ უსწვრია ჩემთვის! იაკობი საჩქაროდ მოემზადა ეგვიპტეში წასასვლელად. ჩააბარგა მთელი თავისი ქონება, განძეულობა და შვილებით და შვილიშვილებით გაუდგა გზასა. იოსებმა რომ გაიგო მამის მოახლოვება, ჩაჯდა ეტლში და გამოეგება გზაზედ. დაინახა თუ არა მამა, გაექანა, მოეხვია ყელზედ და დიდხანს სტიროდა გულში ჩაკრული. ახლა კი მშვიდად მოვკვდები, შვილო, _ ეუბნებოდა მამა, _ ვინაიდან ვნახე სახე შენი და დავრწმუნდი, რომ ისევ ცოცხალი ხარ. იოსებმა თავისი მამა წარუდგინა ფარაონსა. რამდენი წლისა ხარ? ჰკითხა იაკობს ხელმწიფემ. ასოცდაათი წელია, რაც მე ქვეყანაზედ სტუმრადა ვარ, _ მიუგო იაკობმა, _ მცირე და მოკლენი არიან დღენი ხნისა ჩემისანი და ბევრით ძირს ჩამოუვლენ დღეგრძელობასა ჩემი მამა-პაპისასა. ფარაონმა მისცა იაკობს საცხოვრებლად ერთი, ყველაზედ უკეთესი კუთხე ეგვიპტისა, სადაც იაკობი დაბინავდა მთელი თავისი სახლობითა. ეგვიპტეში იაკობმა ჩვიდმეტი წელიწადი კიდევ იცოცხლა. სიკვდილის წინ იოსების ორი შვილი აკურთხა და შერაცხა ისინი მემკვიდრეობის უფლებით, მერე დაიბარა თავისი შვილები, დალოცა ისინი და აკურთხა.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

ამასთან, ერთ იმათგანს, იუდას, უწინასწარმეტყველა, რომ შენს შთამომავლობაში არ გამოილევიან თავადნი და მეფენი, მანამ არ მოვა ქვეყანაზედ მაცხოვარი, რომელიც იქნება შენივე შთამომავლობისაო. ამის შემდეგ იაკობმა სთხოვა თავის შვილებსა, რომ მათ მისი გვამი წაეღოთ ქანაანის ქვეყანაში და დაესაფლავებინათ პაპასთან და მამასთან, ბოლოს შეევედრა ღმერთსა და მშვიდობით განუტევა სული ას ორმოცდაშვიდი წლისამ. იოსებმა და სხვა შვილებმა მამის ანდერძი აასრულეს და დაასაფლავეს იგი აბრამთან და ისაკთან. როცა დასაფლავების შემდეგ ეგვიპტეში დაბრუნდნენ, იოსების ძმები შეფიქრიანდნენ, ვაითუ ჩვენმა ძმამ ახლა სამაგიერო გადაგვიხადოს იმ ბოროტისათვის, რომელიც ჩვენ მას დავმართეთო. მივიდნენ ერთად იოსებთანა, მდაბლად დაუკრეს თავი და მოახსენეს: გვაპატიე ჩვენი შეცოდება შენს წინაშე, ჩვენ ეხლა შენი მონანი ვართ. იოსებმა დაამშვიდა ისინი: ნუ გეშინიათ, რაც თქვენ მე მიყავით, ღმერთმა კეთილად გადამიქცია. მე არამც თუ ცუდი არა მსურს თქვენთვის, არამედ ვიქნები თქვენი მზრუნველი და მფარველი ჩემ სიკვდილამდე. დამშვიდებული ძმები დაბრუნდნენ თავის ბინაზედ და კეთილად ცხოვრობდნენ იოსების მფარველობის ქვეშა, როცა იოსები კვდებოდა, თავის ძმებს ანდერძად დაუგდო, როცა თქვენ უფალმა გაგიყვანოთ აქედან ქანაანის ქვეყანაში, ჩემი ძვლები ამოიღეთ საფლავიდან, წაიღეთ თანა და დამარხეთ ჩემს მამა-პაპასთანაო.

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

ისრაელთა მდგომარეობა ეგვიპტეში იოსების სიკვდილის შემდეგ

(დაბ. 46,2 _ 3; გამ. 1,1 _ 22; 5,5 _19) როდესაც ისრაელი გადასახლდა ეგვიპტეში, ღმერთმა მისცა მას ამისთანა აღთქმა: მე წარმოვადგენ შენგან დიდ ხალხსა. მართლაც, გავიდა რამდენიმე ასი წელი და იაკობის თორმეტი შვილის შთამომავალთაგან შესდგა დიდი ისრაელის ერი, რომელიც განიყოფებოდა თორმეტ ტომად, თანახმად თორმეტი წინაპრისა. სანამ იოსები ცოცხალი იყო, იაკობის შთამომავლობა კარგად ცხოვრობდა, მისი შევიწროება არავის შეეძლო, მაგრამ რაკი იოსები მოკვდა და ისრაელთ მოაკლდათ მძლავრი მფარველი, მათი მდგომარეობა თადათან უფროდაუფრო გაცუდდა. ბოლოს ეგვიპტეში გამეფდნენ იმისთანა ფარაონები, რომლებსაც სრულიად არ ახსოვდათ იოსების სიკეთე და ღვაწლი. ამიტომ მათ დაუწყეს ბოროტის თვალით ყურება ისრაელთა. ისინი ასე ფიქრობდნენ:ეს ხალხი საკვირველად მრავლდება და ჩვენზედ ძლიერი ხდება. რომელსამე უცხო ქვეყანასთან რომ ომი მოგვიხდეს, შეიძლება ისრაელნი ჩვენი მტრის მხარეზე გადავიდნენ, დაგვამარცხონ, მტრის ხელთ მიგვცენ, თვით დანებონ ჩვენ სახელმწიფოს თავი და თავის ქონებიანად წავიდნენ თავის ქვეყანაში. ფარაონები ასე ფიქრობდნენ, რადგან გაგებული ჰქონდათ, რომ ისრაელნი ეგვიპტეს დროებით ბინადა სთვლიდნენ, თავის სამშობლოდ მიაჩნდათ ქანაანის ქვეყანა და განზრახვა ჰქონდათ მომავალში მოხერხებული შემთხვევით ესარგებლათ, გასულიყვნენ ეგვიპტიდან და გადასახლებულიყვნენ თავის უწინდელ ქვეყანაში. ფარაონები ჯერ ეცადნენ ეგვიპტელებთან შეერწყათ ისრაელნი და ერთი ხალხი გაეხადათ. დაუწყეს დევნა მათ ენასა, სარწმუნოებასა და მათ ჩვეულებათა. სურდათ, რომ ისრაელთ დაევიწყებინა თავიანთი ენა, სარწმუნოება, ხალხი, დაეწყოთ ლაპარაკი ეგვიპტურ ენაზედ, მიეღოთ ეგვიპტელების სარწმუნოება, მაგრამ ისრაელთ საკვირვლად უყვარდა თავისი დედაენა და მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზედ. დევნამ უფრო მომეტებულად შეაყვარა ერთიც და მეორეცა. მართალია, მათ შორის გამოჩნდნენ ზოგიერთი მოღალატენი, რომელნიც ფულის გულისთვის და ჯამაგირიანი ადგილების მიღებისათვის გადაუდგნენ თავის ხალხს, მაგრამ ესენი იყვნენ სულით მდაბალნი, წუწკნი არსებანი, რომლების მოსხლეტა და განშორება ისრაელთათვის სასარგებლოც იყო, როგორც გადამდები ავადმყოფობით დასნეულებულის კაცის მოშორებაა კარგი ჯანსაღებისათვის.

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

ეს მოღალატენი ეზიზღებოდათ, არამც თუ ისრაელთა, არამედ თვით პატიოსან ეგვიპტელთაცა, რადგანაც იცოდნენ, რომ მათ მხარეს გადადიოდნენ ფულის გულისათვის და არა იმიტომ, რომ ეგვიპტელობა მათ მოსწონდათ და უყვარდათ. როცა ისრალთა გაეგვიპტელება ვერასგზით მოახერხეს, ფარაონებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი როგორმე დაესუსტებინათ, შეემცირებინათ და დაეუძლურებინათ. ამიტომ იმათ მეტად მძიმე და აუტანელი ხარჯი დაადეს: ისრაელებს ათხრევინებდნენ თიხასა, აწვევინებდნენ აგურსა, აშენებინებდნენ ვეებერთელა შენობებსა და აკეთებინებდნენ ყოველგვარ საქმესა ეგვიპტელებისასა. ერთი სიტყვით, მთელი ხალხი მონებად, ეგვიპტელების ყურმოჭრილ ყმებად გადააქციეს. მათ დაუყენეს ზედამხედველები, რომლებიც მუშაობის დროს ერთი წუთის დასვენების ნებას არ აძლევდნენ, განუწყვეტლივ ამუშავებდნენ და წამდაუწუმ მათრახებით და შოლტებით თავპირს ამტვრევდნენ, რატომ უფრო ბევრს არ მუშაობთო. ამ მდგომარეობაში ყველა სხვა ხალხი ამოწყდებოდა, მაგრამ ისრაელნი კი თანდათან საკვირველად მრავლდებოდნენ და მატულობდნენ. მაშინ ფარაონმა გამოსცა ერთი უდიერი ბრძანება: სადაც კი ისრაელის ვაჟი დაიბადოსო, წაართვით და წყალში გადააგდეთო. ვაჟიშვილის დაბადება ყოველთვის და ყველგან ბედნიერება იყო და სასიხარულო საქმეს შეადგენდა. ფარაონის ბრძანებამ კი ვაჟიშვილის ყოლა დიდ უბედურებად გადააქცია. ყოველი დედ-მამა, რომელსაც ვაჟიშვილი მიეცემოდა, მგლოვიარად უნდა გადაქცეულიყო და ეტირნა შვილის უდროოდ დაღუპვა. ამ საშინელთა უბედურებათა სრულიად მიაქციეს ღვთისაკენ გული, სული და გონება ისრაელთა. მარტო ერთი ღვთის იმედიღა ჰქონდათ, მარტო მასზე სასოებდნენ, მარტო მისგან მოელოდნენ გამოხსნასა და ამიტომ მხურვალე გულით ევედრებოდნენ უფალსა შველას. უფალმა შეიწყნარა მათი მწარე ტირილი, მიიღო მათი მხურვალე ვედრება და მათსავე შორის გააჩინა გამომხსნელი.

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

მოსეს დაბადება და აღზრდა

(გამ. 2,1 _ 10) იმ დროს, როდესაც ფარაონის ბრძანებით ისრაელთ უხოცავდნენ ახალდაბადებულ ვაჟიშვილებს, ერთ ისრაელის დედაკაცს დაებადა ვაჟი, რომელსაც იგი სამი თვის განმავლობაში მალავდა. ბოლოს ცხადად დაინახა, რომ მეტი დამალვა ყმაწვილისა აღარ შეიძლებოდა, დღეს თუ ხვალ ეგვიპტელები შეიტყობდნენ, წაართმევდნენ და წყალში გადაუგდებდნენ ბავშვს დასახრჩობად. დაწნა იმ ქალმა ლერწმის კალათა. კარგა ღონივრად გაფისა გარშემო, რომ წყალი არ შესულიყო, ჩააწვინა მძინარე ბავშვი შიგ, დილა-ღამიანად ჩაიტანა დიდი მდინარის პირას და ლერწმებში ჩადგა. ამასთან თავის ქალს, მარიამს, უთხრა, რომ ახლომახლო დამალულიყო და თვალი ჩუმად ედევნებინა, რა მოუვიდოდა ყმაწვილსა. დილით მდინარეზე ჩამოვიდა საბანაოდ თვით ფარაონის ქალიშვილი, თავისი მოახლეებითა. ფარაონის ასულმა ლერწმებში თვალი მოჰკრა კალათასა, და ერთს თავის მოახლეს უბრძანა გამოეტანა. როცა მოახლემ კალათა მოუტანა და ახადა, შიგ ხელმწიფის ქალმა ნახა მშვენიერი ყმაწვილი, რომელსაც ის იყო გამოღვიძებოდა და ტიროდა: ახ, ეს უთუოდ ისრაელთა ბავშვია, _ სთქვა შებრალებით ფარაონის ქალიშვილმა. მაშინ ამ ბავშვის დამ, რომელიც მოფარებით იქვე ახლოს იდგა და ამ სცენას უთვალთვალებდა, მოირბინა, ვითომც უცხო ვინმემ და ხელმწიფის ქალიშვილს მოახსენა, ხომ არ გნებავთ, რომ მე მოგგვაროთ ძიძა მაგ ბავშვისათვის ებრაელთაგანო?; კარგი, მოიყვანე, _ უთხრა ფარაონის ასულმა. მარიამი გაიქცა და საჩქაროდ მოიყვანა თავისი დედა, რომელსაც ხელმწიფის ქალმა გასაზრდელად ჩააბარა ნაპოვნი ყმაწვილი. ასე გახდა ღვიძლი დედა ამ ბავშვისა მისივე ძიძა. როცა ბავშვი მოიზარდა, ფარაონის ქალიშვილმა იშვილა იგი და დაარქვა მას მოსე. და წაიყვანა მეფის სასახლეში გასაზრდელად. აქ მოსეს ინახავდნენ და ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ მეფის შვილსა და ასწავლეს მთელი სიბრძნე ეგვიპტელებისა, რომელნიც მაშინდელ დროში განათლებით ყველაზე წინ იდგნენ.

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

მოსეს გაქცევა ფარაონის სახლიდან

(გამ. 2,11 _ 15) ბედნიერ მდგომარეობაში ჩავარდა ყმაწვილი მოსე ფარაონის სასახლეში, რასაც კი გული ინატრებდა, იმის ხელქვეით იყო, რადგან ისე ჰყავდა ყველას მიჩნეული, როგორც ნამდვილი შვილი მეფისა. ამისთანა მდგომარეობაში სხვა უიმისო მიეცემოდა განცხრომით ცხოვრებასა, შეიქმნებოდა გულგრილი და ზურგს შეაქცევდა თავის ხალხსა. მაგრამ მოსესრულიად არ მოიქცა ასე იმას დედის ძუძუსთანავე ჰქონდა ჩანერგილი გულში სიყვარული თავისი ხალხისა, მისი ტანჯვა მას თავის ტანჯვად მიაჩნდა, მისი გული კვდებოდა, როცა ებრაელების ჩაგვრას ხედავდა, ან ესმოდა მათი წვალება. თავისი ხალხის გამოხსნა და განთავისუფლება იყო უმთავრესი, პირველი საგანი მოსეს ფიქრისა. მან კარგად იცოდა, რომ უსწავლელი კაცი ბევრს ვერაფერს არგებს თავის ხალხსა, თუნდაც ძალიან გულითაც უნდოდეს მისი ბედნიერება. ამიტომ მოსე ძალიან ბეჯითი იყო სწავლაში. რაც კი მაშინდელმა ეგვიპტელებმა იცოდნენ მეცნიერებისა, ყველაფერი მშვენივრად ისწავლა და მტკიცედ შეითვისა. იგი საფუძვლიანად ემზადებოდა მომავალი თავისი მოქმედებისათვის. აგერ მოსემ დაასრულა სწავლა და შეიქმნა ვაშკაცი. მის წინ იდო ორი გზა: თუ იგი ეგვიპტელებს მიემხრობოდა და უღალატებდა თავის თანამემამულეებს, მას მოელოდა პატივი, დიდი ადგილი, სიმდიდრე, განცხრომით ცხოვრება, ერთი სიტყვით, ბედნიერება. ხოლო თუ კი იგი შეიქმნებოდა თავისი ხალხის ერთგული მფარველი და მოსარჩლე, მაშინ იმას არ ასცდებოდა წვალება, ტანჯვა, სიღარიბე და, იქნებ სიკვდილიცა ებრაელების ხელითა. მოსემ ეს კარგად იცოდა, მაგრამ თავის ხალხთან ერთად მას ათასჯერ ერჩივნა ტანჯვა, ვიდრე სიამოვნება ეგვიპტელებთან, თავისი ხალხის გულისათვის სიკვდილს იგი ათასჯერ ამჯობინებდა ბედნიერ სიცოცხლეს ეგვიპტელების სამსახურში. მოსე შეიქმნა ერთგული მოსარჩლე თავისი ხალხისა, რომელსაც მეტად სჩაგრავდნენ ეგვიპტეში. იგი ხმარობდა ყოველ ღონისძიებას, რომ შვება მიეცა ისრაელთათვის: მალიმალ დასტოვებდა ხოლმე სასახლესა; დადიოდა ისრაელთა ქოხებში, ნუგეშსა სცემდა დაჩაგრულებსა, გულს უკეთებდა დაცემულებსა, ზოგს ფულითა შველოდა, ზოგს რჩევითა, ყველას ამხნევებდა, უქადაგებდა, რომ ერთი პირი ჰქონოდათ, ერთმანერთისათვის ზურგი მაგრად მიეცათ, ერთიმეორისათვის ეშველნათ, ჰყვარებოდათ ჭეშმარიტი ღმერთი, სძულებოდათ კერპები და ამ გზით მოემზადებინათ თავისითავი გამოხსნისათვის. ბევრჯერ ამ დროს თავისი თვალით ხედავდა, როგორ ურჯულოდ ექცეოდნენ ეგვიპტელები ებრაელებს, როგორ უწყალოდ სცემდნენ მათ უმიზეზოდ და მიწასთან ასწორებდნენ, გული ვერ უთმენდა მოსეს და ეგვიპტელებს სამაგიეროს უხდიდა. ბოლოს ფარაონმა შეიტყო, რრომ მოსეს ძალიან უყვარს ებრაელები, რომელთა ამოწყვეტასაც ის ცდილობდა. ესარჩლება მათ, უმართავს ხელსა, სძულს ეგვიპტელები, როგორც მჩაგვრელნი და ყოველთვის ისრაელთა მხარე უჭირავს. შეიტყო ეს და მოინდომა მოსეს დასჯა სიკვდილითა. მოსემ რომ გაიგო, ადგა და გაიქცა ეგვიპტიდან უცხო ქვეყანაში. ამ დროს იგი იყო ორმოცი წლისა.

Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

მოსეს მისვლა იოთორთან

(გამ. 2,15 _21) იმ უცხო ქვეყანაში, სადაც მოსე გაიქცა, აბრამის შთამომავალნიც ცხოვრობდნენ. აქაც პირველი მისი მოქმედება გახდა უძლურთა დახსნა ძლიერთა ბრიყვობისაგან. მოსემ ნახა ერთი ჭა და მასთან დაისვენა. ჩქარა იქ მირეკა ნახირი შვიდმა ახალგაზრდა ქალმა, რომელნიც მამის საქონელს მინდორში აძოვებდნენ. მათ უნდოდათ წყალი დაელევინებინათ საქონლისათვის, მაგრამ ამ დროს სხვა მწყემსებმაც მორეკეს საქონელი, ქალებს ნახირი იქით გაურეკეს და არ ანებებდნენ წყალსა. საწყალმა ქალებმა არ იცოდნენ რა ექნათ. ამ დროს მოსე მივიდა, შეარცხვინა ისინი, გამოესარჩლა ქალებს და უშველა მათ წყლის დალევინება სქონლისათვის. ქალები მეტად მადლობელნი დარჩნენ და როცა საღამოზედ საქონელი შინ მირეკეს, თავიანთ მამას, იოთორს, უთხრეს თუ რა შემწეობა გაუწია მათ ერთმა ზრდილმა ეგვიპტელმა. სად არის ის კაცი? რატომ არ მოიწვიეთ ჩვენსას? _ ჰკითხა მამამ და გაგზავნა თავისი ქალები, რომ მოსე სახლში მოეწვიათ. მოსე მოვიდა. მას მოეწონა იოთორი, როგორც კეთილმსახური კაცი, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი, მოეწონა აგრეთვე მთელი მისი კეთილი სახლობა და ამიტომ დარჩა მათთან.

Page 11: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

შემდგომ მოსე ნათესავი შეიქმნა ამ სახლობისა: იოთორის ქალი შეირთო, გახდა იოთორის სიძე და ამასთან თავის სიმამრის საქონლის მწყემსი. ბედი ძალიან ცუდად მოექცა მოსეს. მეფის სახლში გაზრდილი, ნაშვილები მეფის ქალისა, სწავლული კაცი, რომელიც ღირსი იყო პირველი ადგილისა სახელმწიფოში, შეიქმნა მოჯამაგირე და გახდა უბრალო მწყემსი. ამ ყოფაში ჩააგდო მოსე თავისი ხალხის სიყვარულმა, მისმა ერთგულებამა. სხვა უიმისო გაიტეხდა გულსა, შეაქცევდა ზურგს თავის ხალხსა, დაივიწყებდა მას და დაადგებოდა სხვა გზასა, მაგრამ მოსე ასეთი სულმოკლე არსება არ იყო. მის გულში ისეთი ძლიერი ცეცხლი ენთო თავისი ხალხის სიყვარულისა, რომ მას უხაროდა კიდეც, რომ ისრაელთა გულისათვის ეწვალებოდა და იტანჯებოდა. ახლაც მისი ფიქრი და დარდი იყო თავისი ხალხის გამოხსნა ეგვიპტელების ხელიდან. ხორცით იგი დასდევდა საქონელსა, მაგრამ სულით კი ებრაელებთან იყო. ის ნატრობდა იმ დროს, როდესაც ღმერთი აღადგენდა ებრაელთა შორის მძლავრ კაცსა და იგი გამოიხსნიდა თავის ერს ეგვიპტლების მონობიდან. თავის თავს მოსე არ რაცხდა ღირსეულად გამომხსნელობისათვის. როგორც ყველა გონებით მძლავრი კაცი, იგი იყო თავმდაბალი, მას სურდა მხოლოდ ყოფილიყო თანაშემწე გამომხსნელისა, მიეღო მონაწილეობა წმინდა საქმეში და თავი დაედო თავისი ხალხის ბედნიერებიათვის.

Page 12: საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~

გაფორმება: კობა ქსოვრელი