საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~

9
იიიიი იიიიიიიიიიი

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~

იოსების ძმების მისვლა ეგვიპტეში

(დაბ. 42,1-38) შიმშილობა მარტო ეგვიპტეში როდი დადგა. იგი მოედო ქანაანის ქვეყანასაც, სადაც ცხოვრობდა იაკობი თავის შვილებთან ერთად. იაკობმა რომ გაიგო, ეგვიპტეში პურსა ჰყიდიანო, გაგზავნა თავის შვილები პურის სასყიდლად. ათი უფროსი ძმა გაუდგა გზასა, მეთერთმეტე კი, სულ უმცროსი, რომელსაც სახელად ბენიამენი ერქვა, შინ, მამასთან დარჩა. როცა ეგვიპტეში მივიდნენ, ათივე ძმა გამოცხადდა იოსებთან, როგორც მთელი იმ ქვეყნის უფროსთანა და თავი მდაბლად მიწამდის დაუკრეს. ვერც ერთმა ძმამ იოსები ვერ იცნო, იმიტომ, რომ კაი ხანი გავიდა, რაც მათ იგი გაყიდეს და იოსები მასუკან გადაიქცა სრულ, წარმოსადეგ კაცადა. ამის გარდა, ძმებს სრულიადაც ვერ მოუვიდოდათ ფიქრადა, თუ იმათი ძმა, მონად გაყიდული, ამისთანა დიდებას მოეწეოდა. იოსებმა კი მაშინვე იცნო ისინი და მოიგონა ის სიზმრები, რომლებიც მან პატარაობაში ნახა, მაგრამ ძმებს სრულიად არ აჩვენა, თუ ისინი იცნო. იოსებს სურდა, ჯერეთ გაეგო, ძმები გრძნობდნენ და ნანობდნენ თავიანთ ცოდვასა, თუ არა. ამ განზრახვით იოსები მოექცა მათ შემდეგის სახით: ძმები მიიღო მან, როგორც უცხონი, მისთვის სრულიად უცნობი. და ლაპარაკიც ეგვიპტურ ენაზე დაუწყო. სადაურები ხართ? _ ჰკითხა იოსებმა მთარგმნელის პირით. ქანაანის ქვეყნიდან გახლავართ, _მიუგეს მათ, _ და პურის სასყიდლად მოვსულვართ. დამზვერავნი ხართ თქვენა და არა ვაჭარნი! _ მრისხანედ უთხრა მათ იოსებმა და მოსულხართ ჩვენი ქვეყნის გზების გასაგებად. ძმებს შიშის თავზარი დაეცათ: არა, ბატონო, _ მოახსენეს მათ, _ ჩვენ ალალმართალი კაცები გახლავართ. ჩვენს ვინაობას ახლავე შეგატყობინებთ: ჩვენ ვართ თორმეტი ძმანი, ერთი დედ-მამის შვილნი, სულ უმცროსი შინ დარჩა მამასთანა, ერტი კი დიდი ხანია აღარ არის. იოსებმა ამ გამოკითხვიდან შეიტყო, რომ მისი მამა და უმცროსი ძმა, რომელიც ყველაზე მომეტებულად უყვარდა, ცოცხალნი არიან, მაგრამ ისე აჩვენა თავი, ვითომც მათი სიტყვები არა სჯეროდა და უთხრა: მაშ კარგი, მალე შევიტყობთ, მართალს ამბობთ თუ ტყუილსა: ერთი თქვენგანი გააგზავნეთ თქვენს ქვეყანაში და მან მოიყვანოს თქვენი უმცროსი ძმა; სხვანი კი აქ უნდა დარჩეთ ტყვედ, მანამ არ დაამტკიცებთ, რომ თქვენ ტყუილს არ მეუბნებით

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~

ამის შემდეგ გაგზავნა ისინი საპყრობილეში და სამი დღე დამწყვდეული ჰყავდა. მესამე დღეს ბრძანა, რომ ძმები მეორედ მოეყვანათ მასთან და უთხრა მათ: მე მეშინიან ღვთისა და არავის წყენა არ მინდა. დეე, მარტო ერთი თქვენგანი დარჩეს საპყრობილეში და სხვანი კი წადით და მიიტანეთ თქვენს ოჯახობაში ნასყიდი პური. მაგრამ უმცროსი ძმა კი უთუოდ უნდა მომგვაროთ; თუ ამას არ იქმთ, სიკვდილი მოგელით. მაშინ ძმებმა ერთმანერთში დაიწყეს ებრაულ ენაზე ლაპარაკი: შევცოდეთ ჩვენ, რომ დავღუპეთ უმცროსი ძმა. არ შევიბრალეთ მისი ხვეწნა და ტირილი გაყიდვის დროსა და აგერ, ჩვენ მისი ცოდვა გვეწია და გვსჯის. რას მოიფიქრებდნენ, თუ მათი ლაპარაკი კარგად ესმოდა იოსებსა, რომელმაც გული ვეღარ შეიმაგრა, წავიდა მეორე ოთახში და ატირდა. გული რომ მოიბრუნა, იოსები დაბრუნდა უკანვე და უბრძანა, ერთი მათგანი, სახელად სვიმონი, შეეკრათ მის თვალწინ და უკანვე საპყრობილეში წაეყვანათ, სხვებისთვის კი მიაცემინა პური და გაისტუმა. როცა ძმები დაბრუნდნენ შინა და უამბეს მამას თავიანთი თავგადასავალი, იაკობი ძალიან შეწუხდა და თქვა: თქვენ გინდათ, რომ მე სრულიად უშვილოდ დამაგდოთ. იოსები დამეღუპა, სვიმონიც არსადა სჩანს და ბენიამენიც გინდათ წამართვათ? არა, არასდროს ბენიამენს თქვენ არ გაგატანთ, გზაზედ მას ხიფათი რამე შეემთხვევა და სიმწრით ჩამიყვანთ საფლავში.

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~

მეორედ მოსვლა იოსების ძმებისა ეგვიპტეში

(დაბ. 43,1-34) ნასყიდი პური დაიხარჯა და შიმშილობა კი გრძელდებოდა. შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, იაკობის შვილები ხელმეორედ უნდა წასულიყვნენ ეგვიპტეში პურის სასყიდლად. მოხუცებული იაკობისთვის დიდი სამძიმო საქმე იყო ბენიამენის მოშორება, მაგრამ უიმისოდ მის შვილებს არ შეეძლოთ ეგვიპტის უფროსს სჩვენებოდნენ. ბოლოს, როგორც იყო, შვილებმა დაიყოლიეს თავიანთი მამა ბენიამენის გატაცებაზედ. იაკობმა გაამზადა ყველა თავისი შვილი სამგზავროდ. დაულოცა მათ გზა მშვიდობისა, ტირილით გამოესალმა და გაისტუმრა. იოსებმა მეორედ თავისი ძმები ძალიან ალერსიანად მიიღო. როცა იმათი მოსვლა მოახსენეს, თავის მოსამსახურეთ უბრძანა, მის საკუთარ სახლში დაებინავებინათ, მიეყვანათ მათთან ის ძმა, რომელიც საპყრობილეში იყო და კარგად გამასპინძლებოდნენ. შემდეგ იოსებიც გამოვიდა მათთან და მეგობრულად დაუწყო გამოკითხვა: მამათქვენი ხომ კარგად არის? თქვენ თქვით, მოხუცებულიაო, ხომ ისევ ცოცხალია? ეს არის თქვენი პატარა ძმა? ნუ მოგაკლოს, შვილო, ღმერთმა თავისი მოწყალება. სთქვა თუ არა ეს სიტყვები, საჩქაროდ გაბრუნდა და გავიდა მეორე ოთახში. მას ძალიან უყვარდა ბენიამენი, სიხარულისგან გული ამოუჯდა, თავი ვეღარ შემაგრა და დაიწყო ტირილი. მერე, პირი რომ დაიბანა და გული გაიმაგრა, ისევ შევიდა თავის ძმებთანა, მიიპატიჟა სუფრაზედ და უბრძანა, საჭმელი მიერთმიათ. თვითონაც მათთან დაჯდა და სთავაზობდა საჭმელსა, მეტადრე ბენიამენსა. ამასთან ერთმა გარემოებამ ძალიან გააკვირვა იოსების ძმები: მან ისინი დასხა წლოვანების რიგზედ, თითქოს იცისო, რომელი უფროსია და რომელი უმცროსიო. სადილზედ იოსების ძმები ძალიან გამხიარულდნენ, რადგან სრულიად არ მოელოდნენ მეგობრულ მოქცევასა და ალერსს. სადილის შემდეგ უბრძანა, მიეცათ პური და გაისტუმრა ყველანი შინა.

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~

იოსები უცხადებს ძმებს თავის ვინაობას

(დაბ. 44_11_34; 45,1 _ 24) იოსები ჯერ კიდევ არ გაუტყდა თავის ძმებსა, იმიტომ, რომ უნდოდა, ჯერ გაეგო, შური ჰქონდათ თუ არა უმცროსი ძმისა, რომელიც იოსების შემდეგ მამას მომეტებულად უყვარდა, მზად იყვნენ თუ არა გამოსარჩლებოდნენ მას და ებრალებოდათ თუ არა მოხუცებული მამა. ამიტომ ამ განზრახვით იოსებმა თავის მსახურთ უბრძანა, ბენიამენის ტომარაში ჩუმად ჩაეტანებინათ იოსების ვერცხლის აზარფეშა. როცა ძმები წავიდნენ თავის გზაზედ, იოსებმა გამოუყენა უკან თავისი სახლის გამგებელი; როდესაც დაეწია, და გააჩერა გზაზედ, ძმები სახტად დარჩნენ, ერთმანერთს დაუწყეს ცქერა და არ იცოდნენ, რას ეუბნებოდა ის კაცი. რად მოიპარეთ აზარფეშა ჩემი ბატონისა, ის აზარფეშა, რომლითაც იგი ღვინოსა სვამს? რას ბრძანებთ, ბატონო? _ მიუგეს შეძრწუნებულმა და შეშინებულმა ძმებმა, _ ჩვენ ამისთანა ხალხი როდი ვართ, რომ მაგისთანა საქმე ჩავიდინოთ. თუ ჩვენგანს ვისმეს ის აზრფეშა უპოვნოთ, სიკვდილით დასაჯეთ და ჩვენც ყველანი შენი ბატონის მონებად გვაქციეთ. კარგი, აგრე იყოს, ვისაც ვუპოვნით აზარფეშას, ის უნდა ჩვენი მონა გახდეს. ეს რომ თქვა, დაუწყო გახსნა ყველა ტომარასა და გაუჩხრიკა ყველს, უფროსიდან დაწყებული უმცროსამდის. აზარფეშა აღმოჩნდა ბენიამენის ტომარაში. საშინელი თავზარი დაეცათ ძმებსა, სიმწრით ტანისამოსი გაიგლიჯეს და სახედრებს უკან აქნევინეს პირი. როცა ისინი წარსდგნენ იოსების წინაშე, მან მიიღო ძმები სასატიკი საყვედურითა.

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~

მაშინ იუდა წარსდგა წინა და მოახსენა: რაღა გვეთქმის, ბატონო, და რითიღა გავიმართლებთ თავსა? ღმერთი უწინდელი შეცოდებისათვის გვსჯის ჩვენა. აი, ეხლა ჩვენ ყველანი შენს მონებად ვრჩებით. არა, _ მიუგო იოსებმა, _ მე მაგას არა ვიქმ. ჩემს მონად უნდა დარჩეს მარტო ის, ვისაც ტომარაში უპოვეს აზარფეშა, თქვენ კი ყველას შეგიძლიათ მშვიდობით დაბრუნდეთ მამასთანა. მაშინ იუდამ დაუწყო ხვეწნა და ვედრება, რომ ეს არ ექნა მათთვის. მოხუცებულ მამაჩვენს ერთი დღის სიცოცხლე არ შეუძლიან უბენიამენოდ. თუ იგი მაგას დაჰკარგავს, ჯავრით მოკვდება. როგორღა უნდა ვეჩვენოთ მოხუცებულ მამასა? რა უნდა ვუთხრათ, როგორ უნდა ვუცქიროთ მის საცოდაობას? არა, დამარჩინე ამ ყმაწვილის მაგივრად შენს მონად და მას კი ნება მიეცი, წავიდეს შინათავის ძმებთანა. მაშინ იოსებმა ვეღარ შეიმაგრა თავი და ვეღარ დამალა თავისი ვინაობა. დაითხოვა გარეთ თავისი მსახურნი და როცა ძმებთან მარტო დარჩა, წასკდა მდუღარე ცრემლები და დაიძახა. მე იოსები ვარ, ცოცხალია კიდევ მამაჩემი?; ძმებს გონება სრულიად დაეკარგათ საშინელი განცვიფრებისაგან, მათ ერთი სიტყვაც ვერ მიუგეს, ისე შეეშინდათ. სირცხვილმა და შიშმა მოიცვა ისინი და იდგნენ მის წინაშე გაქვავებულნი. მაშინ იოსებმა უთხრა: ახლო მოდით ჩემთან. მივიდნენ, მაგრამ ჯერ სიტყვა ვერ ამოიღეს: მე იოსები ვარ, თქვენი ძმა, სწორედ ის, რომელიც თქვენ გაჰყიდეთ. მაგრამ ნუ სწუხხართ, თვით უფალმა მომიყვანა აქ თქვენი სიცოცხლის გადარჩენისათვის. გაეჩქარენით მამაჩემისაკენ და ახარეთ ჩემი დიდება ეგვიპტეში. უთხარით ყველაფერი, რაც აქ ნახეთ და ჩქარა მომგვარეთ აქა. მერე გაექანა, მოეხვია ყელზედ ბენიამენსა, ჰკოცნიდა და სიხარულით ორივე სტიროდა. მერე დაჰკოცნა თვალცრემლიანმა ყველა სხვა ძმებიც, რომლებიც აგრეთვე სტიროდნენ და მათი ცრემლები ერთმანერთში ერეოდა. მხოლოდ ახლა აეხსნა მათ ენა და დაუწყეს იოსებს ლაპარაკი. ფარაონმა რომ შეიტყო თავისი საყვარელი იოსების სიხარული, თვითონაც გაიხარა და ბრძანა, რომ მისი სახელითაც მიეწვიათ იაკობი ეგვიპტეში. იოსებმა გაისტუმრა თავისი ძმები მრავლის საჩუქრითა და გაატანა მამის გადმოსაყვანად მდიდრული ეტლები.

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~

გაფორმება: კობა ქსოვრელი