გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ...

97
სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსს J-7 სსსსსსსს სსსსსსსსსსს სს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსს სსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს სსსსს სსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსს №9

Transcript of გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ...

Page 1: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი

J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი

სსპი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

გიორგი ქავთარაძე

სამხედრო საქმე

ძველ

აღმოსავლეთში

მეომრის ბიბლიოთეკა №9

თბილისი2009

Page 2: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

/გვ. 3/

სამხედრო ისტორიული ზოგადსაგანმანათლებლო სახელმძღვანელო

მეომრის აღზრდის ტრადიციები და სამხედრო მედიცინა ძველ საქართველოში

სერიის სარედაქციო კოლეგია: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი ვაჟა კიკნაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი თამაზ ბერაძე

მეცნიერებათა დოქტორი, პოლკოვნიკი თემურ დალაქიშვილი

რეცენზენტი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირინე ტატიშვილი

კომპიუტერული უზრუნველყოფა: ნინო გიგანი ყდის დიზაინი: გიორგი კიკნაძე

რედაქტორი: ნარგიზ ხარაბაძე ტექნიკური რედაქტორი: მარიამ ჭონიშვილი დამტკიცებული და სამოქმედოდ შემოღებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 27.10.08. №1160 ბრძანების საფუძველზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს სტამბა. 2009 წ.

ქ. თბილისი, გენერალ კვინიტაძის ქ. №20 ტელ.: +995 32 91-19-83 ფაქსი: +995 32 91-19-83 /გვ. 4/

Page 3: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

კიდევაც დაიზრდებიან …

ცოდნა – ღირსებაა

ღირსება – გამარჯვებაა

კელი რეხელი

”არც ერთ სხვა პროფესიაში სასჯელი უსწავლელი პერსონალის გამოყენებისათვის არაა ისეთი საშინელი ან ისეთი გარდაუვალი, როგორც სამხედროში”.

მაკარტური

Page 4: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

/გვ. 4/

თქვენს წინაშეა ახალი სერიის ,,მეომრის ბიბლიოთეკის” მეცხრე წიგნი; სერია ითვალისწინებს წიგნების მთელ წყებას, რომლებშიც პოპულარულად იქნება გადმოცემული საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები. სერიის მიზანია ქართველი მეომრის და იმედია, არა მარტო მისი, პატრიოტული აღზრდა და ცოდნის მიწოდება მისაღებ ფორმებში. სერიაში გათვალისწინებულია პოპულარული, მაგრამ მაღალ პროფესიონალურ დონეზე დაწერილი სახელმძღვანელოები; ეს პატარა, მაგრამ ტევადი და კარგად გაფორმებული ბროშურები მიეძღვნება ქართველთა უდიდეს მეფე დავითს, თამარს, გიორგი ბრწყინვალეს, ბაგრატ III-ს, საქართველოში წარმოებულ მთავარ და გადამწყვეტ ბრძოლებს, XIX–XX სს-ის გამოჩენილ ქართველ ოფიცრებს, საქართველოსა და მსოფლიო სამხედრო ისტორიის ცალკეულ საკითხებსა და ა.შ. სერიის გამოცემის ინიციატორები არიან ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. დიდი სურვილი და იმედი გვაქვს, რომ მეომართა და ოფიცერთა გარდა, საქართველოს ყოველი მოქალაქე სიამოვნებით მიიღებს ამ სერიის ყოველ ახალ წიგნს. სერიის გარეკანზე მოთავსებული წარწერა და დიდი დავითი ყველას შეახსენებს, რომ ბრძოლა საქართველოსთვის დღესაც გრძელდება.

ვაჟა კიკნაძე /გვ. 6/

Page 5: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

* * *

მსოფლიოს ყველა სხვა მხარესთან შედარებით ძველი აღმოსავლეთი და კერძოდ მისი დასავლეთი ნაწილი, ახლო აღმოსავლეთი – ცივილიზაციის აკვანი – წარმოადგენდა რეგიონს სადაც პირველად ჩნდება საზოგადოებრივ დონეზე ორგანიზებული ომი. ომი ცივილიზაციის აღმოცენების თანმხლები მოვლენაა, რომელსაც მიუხედავად ყველა უარყოფითი შედეგისა, საზოგადოების განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

მსოფლიოში პირველად საზოგადოებრივ დონეზე ორგანიზებული ომის ახლო აღმოსავლეთში აღმოცენება, ამ მხარის გეოგრაფიულ-ტოპოგრაფიული და საზოგადოებრივ-ეკონომიკური თავისებურებების ერთობლიობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. სწორედ აქ, ე. წ. ნეოლითური რევოლუციის შედეგად, ჩამოყალიბდა კაცობრიობის ისტორიაში პირველად აღწარმოებითი მეურნეობა ანუ მოხდა მცენარეთა კულტივაცია და ცხოველთა მოშინაურება; ამისდა შესაბამისად ადგილი ჰქონდა სიახლეებს ტექნოლოგიურ სფეროში, მეურნეობრივი საქმიანობის ჩამოყალიბებასთან ერთად ხდებოდა იარაღის ახალი სახეობების შემოღება. ამავე რეგიონში საფუძველი ჩაეყარა კაცობრიობის ისტორიაში არსებულ უძველეს დასახლებებს. ეს დასახლებები მეურნეთა საქმიანობის ადგილების მახლობლად იქმნებოდა, რათა მათი მონაგარის შედარებით ადვილად დაცვა ყოფილიყო შესაძლებელი. ნამატი პროდუქტი, თავის მხრივ, მოსახლეობის ნაწილის გამოთავისუფლების საშუალებას იძლეოდა მეურნეობისაგან და მათი ძირითადი საქმიანობა სწორედ ამ ნამატი პროდუქტის დაცვა ხდებოდა. კარგი მოსავალის მისაღებად ადგილი ჰქონდა ხოლმე შელოცვას ანუ მაგიის გამოყენებას, რასაც უფრო ადრეულ ხანებში, წარმატებული ნადირობის ”უზრუნველსაყოფად” მიმართავდნენ; ამ საქმიანობაში ჩაბმული იყო შესაბამისი /გვ. 7/ ”ნიჭის” მქონე ხალხი, ჩვეულებრივ განთავისუფლებული სხვა საზოგადოებრივი ფუნქციებისგან. მოსახლეობის ეს ჯგუფები შეიძლება განვიხილოთ შემდეგდროინდელი ჯარისაცებისა და ქურუმების წინამორბედებად.

ნამატი პროდუქტი, ბუნებრივია, მოსახლეობის ზრდის ტემპზეც აისახებოდა. გაზრდილი მოსახლეობა ახალ მიწებს ითვისებდა, რაც ზოგჯერ უბრძოლველად არ ხდებოდა, და ასე თანდათანობით ხდებოდა წარმოებითი მეურნეობის გავრცელება ძველ ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ. ამავე დროს, უკვე არსებულ დასახლებებში მოსახლეობის განუხრელი ზრდის შედეგად ყალიბდება პირველი ქალაქები, ხოლო უფრო გვიან ქალაქი-სახელმწიფოები და სახელმწიფოები. სახელმწიფოებრივი ცხოვრება თავის მხრივ მრავალ სიახლეს ითხოვდა – საჭირო ხდებოდა დამწერლობის შემოღება, მმართველი აპარატის შექმნა, მეომართა, ხელოსანთა და სასულიერო წოდებების გამოყოფა უკვე ”კასტების”* სახით; თანდათანობით

Page 6: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ჩაყალიბებულ არისტოკრატიას ძველაღმოსავლურ საზოგადოებებში სათავეში ედგა ერთპიროვნული მბრძანებელი, მეფე ან მეფე-ქურუმი.1

საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება, ლოგიკური, ბუნებრივი პროცესია, რომლის მექანიზმისა და ხასიათის დადგენა დღესაც ისტორიული კვლევის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად რჩება. წინა და ადრე ისტორიული ხანის ომისა და ომის წარმოებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების სოციოლოგიური მნიშვნელობის გარკვევა ხშირად სასურველი მოცულობით ვერ ხორციელდება მატერიალური და წერილობითი მონაცემების ნაკლებობის გამო; მიუხედავად ამისა, ინტერ- და მულტიდისციპლინარული მიდგომა, სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების მიერ მოპოვებულ მასალათა ერთობლივი გამოყენება, მაინც იძლევა ხოლმე სინამდვილესთან რამდენადმე მიახლოებული სურათის ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

პირველყოფილ ადამიანთა ურთიერთშეტაკებათა ხასიათი. პირველყოფილი მონადირეები და შემგროვებლები, ძირითადად, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, როდესაც ამა თუ იმ ადგილას საკვები რესურსები (გარეული ცხოველები და ველურად მზარდი მცენარეები) ამოიწურებოდა ხოლმე, ისინი ახალი ადგილის ძებნას იწყებდნენ.

პირველყოფილი ადამიანი უპირველესად მონადირე და ნანადირევის შენარ-ჩუნებისათვის მებრძოლი იყო. დიდ ცხოველებზე სანადიროდ თუ მტრების მოსაგიერებლად ადრეულ ადამიანებს ერთობლივი მოქმედება სჭირდებოდათ, რაც მათ საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის აუცილებელ ჩვევებს თანდათანობით უყალიბებდა, თუმცა პირველყოფილი ადამიანების ცალკეული ჯგუფები, სავარაუდოა, რომ მაინც ვერ შეძლებდნენ ეწარმოებინათ ორგანიზებული ომი ადამიანთა სხვა ჯგუფების მიმართ. მკვლევართა მიერ შენიშნულია, რომ გვიანი პალეოლითის* ხანის გამოქვაბულებებში მიკვლეულ კედლის მხატვრობაში, ძირითადად ცხოველები და მათზე ადამიანების ნადირობის სცენებია გამოსახული და არ გვხვდება ადამიანთა ურთიერთბრძოლის ამსახველი სურათები.

მიუხედავად ცალკეული მინიშნებებისა, გვიანი პალეოლითის* ხანამდე არ მოგვეპოვება რამდენადმე ხელშესახები მატერიალური საბუთი პირველყოფილ ადამიანთა შორის ბრძოლების სამტკიცებლად, მაგრამ უეჭველია, რომ უკვე ამ ადრეულ ეპოქაში ადგილი არცთუ იშვიათად ექნებოდა ურთიერთ შეტაკებებსა და შეხლა-შემოხლას. პირველყოფილ საზოგადოებაში კაცთაკვლის არსებობა დასტურდება ჩონჩხის ნარჩენებზე შემორჩენილი ძალადობის ნაკვალევით. უძველეს ხანაში კაცთაკვლის მასშტაბების საილიუსტრაციოდ გამოდგება თუნდაც ანთრო-პოლოგების 1 ავტორის შენიშვნა: წინამდებარე ნაშრომის ელექტრულ ვერსიაში ყავისფრად არის შეფარადებული ის ადგილები, რომლებიც არ არის შესული გამოქვეყნებულ წიგნში, როგორც ჩანს, ძირითადად ”მეომრის ბიბლიოთეკის” გრიფით გამოქვეყნებული ბროშურებისათვის განსაზღვრული შეზღუდული მოცულობის გამო. ნაშრომის წიგნად გამოქვეყნებული შემოკლებული ვარიანტი, იხ.: http://institutehist.ucoz.net/news/giorgi_kavtaradze_samkhedro_sakme_dzvel_aghmosavletshi_tbilisi_2008/2010-03-26-16

Page 7: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

მიერ შესწავლილი 169 ჩონჩხი, რომელთაგანაც დაახლ. მესამედი თავის ქალაში ბლაგვი საგნის (ქვის ან კეტის) ჩარტყმით არის მოკლული.

ნადირობის პროცესი თავისთავად განაპირობებდა ცხოველის მოსანადირებელად განკუთვნილი იარაღის ქონას, რომელსაც ეს პრიმიტიული არსებანი, არცთუ იშვიათად, ნანადირევის გაყოფისა თუ სხვა მოტივაციით ერთმანეთის წინააღმდეგაც იყენებდნენ ხოლმე. მათი იარაღი, ძირითადად, ქვისგან მზადდებოდა. ქვის ხანის სპეციალისტთა მიერ მრავლადაა მიკვლეული ხელოვნურად დამუშავებული ქვის იარაღები: დიდი ზომის ქვის კიდიდან ხდებოდა ანატკეცებისა და ფირფიტების ჩამოკვეთა, რომლებიც შემდეგ დანებად და სატეხებად გამოიყენებოდა. ხშირი იყო აგრეთვე ხის, ძვლისა და რქისაგან დამზადებული იარაღები. პირველი შუბები, ფაქტობრივად, წვერწამახული ხის ჯოხები იყო.

რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს, პირველყოფილ ადამიანთა შორის მტრობის დამადასტურებული მასალა შედარებით უხვად მოიპოვება კიდევ უფრო ადრეულ ხანებში – შუა პალეოლითში* მცხოვრები კაცობრიობის განვითარების გვერდითი შტოს წარმომადგენლების, ნეანდერტალელების* დანატოვარ დანალექებში. ეს იმით აიხსნება, რომ იმ ხანებში ადრეული ადამიანი თვით წარმოადგენდა თანამოძმეთა მიერ ”მოსანადირებელ ობიექტს”. ნეანდერტალელთა* პოპულაციის ამოწყვეტა, უკანასკნელ ხანებში გამოთქმული ვარაუდის მიხედვით, ძირითადად უნდა გამოეწვია დაავადებას, რომელსაც ეწოდება გადამდები სპონჯიფორმული ენცეფალოპატია; ეს ის დაავადებაა, დღეს ხალხში “ძროხის ცოფის” სახელით რომ არის ცნობილი. ამ დაავადების გავრცელება, დაახლ. 30000 წლის წინ, უნდა გამოეწვია ნეანდერტალელთა* შორის გავრცელებულ კანიბალიზმს, განსაკუთრებით კი მათ მიერ ადამიანის ტვინის ქსოვილის საკვებად მოხმარებას. დაავადების ფართო გავრცელება, ამ პოპულაციის მიერ ინფიცირებული ქვის იარაღების, საფხეკების და სხვ. ინტენსიურ გამოყენებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ამ ფატალურმა დაავადებამ გასული საუკუნის შუა ხანებში თავი იჩინა ახალ გვინეასა და პოლინეზიის მარკუეზის კუნძულების მოსახლეობაში, რომელიც ასევე იყო კანიბალიზმში შემჩნეული; ისინი ადამიანის ხორცს – ”გრძელი ღორის თეთრ ხორცს” უწოდებდნენ. როგორც ჩანს, ნეანდერტალელიცა* და თანამედროვე ეპოქაში მცხოვრები ადამიანიც სასტიკად ისჯება ამ ყველაზე უფრო დიდი ცოდვის – ადამიანის მიერ ადამიანის მოსპობის იდეის უკიდურესი ფორმით გამოვლენისათვის.

არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, დაახლ. 30000-50000 წლის წინ ანუ შუა პალეოლითში მცხოვრებ ნეანდერტალელებს* უნდა მიეკუთვნებოდეს ხელოვნურად დამზადებული კაჟის წვეტანები. ერთი შეხედვით ძნელია იმის გარკვევა, ისინი ისრისპირებს წარმოადგენენ თუ არა. ზოგიერთი მკვლევარი მშვილდისრის არსებობას უკვე შუა პალეოლითის* ხანაში ვარაუდობს, თუმცა მშვილდისრის არსებობის პირველი სარწმუნო მატერიალური მონაცემები ზედა პალეოლითზე* ადრეულ ხანას არ განეკუთვნება; ამიტომ შუაპალეოლითური ხანის მასალაში მიკვლეული ე. წ. ისრისპირები, სინამდვილეში ხელშუბების წვერებს უნდა წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, ხელშუბი თუ

Page 8: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

სასროლი შუბი უკვე შუა პალეოლითში* ჩნდება. სავარაუდოა, რომ მშვილდისარი თანამედროვე ადამიანის წინაპრის მიერ იყო ზედა პალეოლითის* ხანაში შემოღებული და ამდენად იგი ჯერ არ უნდა ჰქონოდათ ნეანდერტალელებს*.

ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულებებია გამოთქმული აგრეთვე შურდულის პირველი გამოყენების თარიღის შესახებაც. ფიქრობენ, რომ მშვილდისრის გარდა, ასევე ზედა პალეოლითის* ხანით უნდა დათარიღდეს შურდულისა და ათლათლის* გამოყენების საწყისი თარიღი. მშვილდისრის და რამდენადმე შურდულის მაღალეფექტურება სასროლ შუბებთან (თუნდაც ათლათლის* მეშვეობით ნასროლის) შედარებით აშკარაა და ისინი თანდათანობით სულ უფრო იკავებდნენ გაბატონებულ მდგომარეობას სანადირო და საბრძოლო სასროლ იარაღებს შორის. ათლათლთან* შედარებით მშვილდი ბევრად უფრო მცირე ზომისა იყო და ადვილი სატარებელი, ხოლო სროლის სიხშირე და ეფექტურობა ბევრად მეტი ჰქონდა.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სწორედ შორიდან სასროლი იარაღების – მშვილდისრისა და შურდულის – გამოგონების შედეგად გაზრდილმა საფრთხემ, გარდა საკვებწარმოებითი რევოლუციის შემდეგ მიღებული ნამატი პროდუქტის დაცვის საჭიროებისა, აიძულა ადამიანი საფორტიფიკაციო ნაგებობების, მაღალი გალავნების მიღმა დაეცვა თავი. გალავნის შიგნით ხელშეუხლებლობისა და საკვები მარაგის დაცვის გარანტია, მას გარე სამყაროს წარმატებით ათვისებაში უწყობდა ხელს, სადაც თავის მხრივ იქმნებოდა ახალ-ახალ სამოსახლოები.

ადრეული სამხედრო სისტემის ჩასახვის გამომწვევი მიზეზები. ომიანობის რამ-დენადმე სარწმუნო ნაკვალევი არქეოლოგიურ მასალაში არ გვხვდება პირველყოფილი ადამიანის მიერ ბინადარი ცხოვრების დაწყებამდე და სათანადო სოციალურ-პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბების ხანამდე; არცთუ იშვიათად, იგი დაკავშირებული ჩანს ეკოლოგიური ხასიათის კრიზისებთან.

ტრადიციული შეხედულების მიხედვით, მცენარეთა კულტივაციამ და ცხოველთა მოშინაურებამ ანუ საკვებწარმოებითმა მეურნეობამ შექმნა წინამძღვრები მუდმივი დასახლებების წარმოქმნისათვის, რომელთა გამაგრება თავდასაცავად იმთავითვე იქნებოდა აუცილებელი. ამავე დროს, სულ უფრო მეტი მკვლევარი ფიქრობს, რომ პირიქით ნადირობისათვის და შემგროვებლური მეურნეობისათვის ხელშემწყობ გარემოში, „ოაზისებში“ მცხოვრები მოსახლეობა, მომხდურთაგან თავდასაცავად ააგებდა საფორტიფიკაციო ნაგებობებს, ხოლო გამაგრებულ სამოსახლოებში ცხოვრება უკვე თავისთავად განაპირობებდა მეურნეობის განვითარებას, ვინაიდან აქ ცხოვრება საკვების მუდმივი და საიმედო წყაროს არსებობას მოითხოვდა; შემჭიდროვებულად ცხოვრება და ამის შედეგად საკვების სულ უფრო მეტი რაოდენობის საჭიროება მოსახლეობას თავისთავად აიძულებდა საკვების ხელოვნური წარმოება დაეწყო მცენარეთა კულტივაციისა და ცხოველთა მოშინაურებისა და გამრავლების გზით.

Page 9: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე ადრეული სამოსახლოების არსებობა ჯერ კიდევ შემგროვებლური მეურნეობის არსებობის ხანაში, დაახლ. 13000 წლის წინ, პალესტინაშია დადასტურებული; აქ ამისათვის ხელი უნდა შეეწყო ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს – ველურად მზარდი მცენარეების სიუხვესა და წვრილფეხა რქოსანი საქონლისა და ქურციკების მრავალრიცხოვნებას. უკვე ამ ადრეული ხანის სახლების გათხრისას, მიკვლეულია მარცვლეულის შესანახი ორმოები და საფქვავი ქვები. ამ ხანის მოსახლეობისათვის ჯერ კიდევ უცნობი იყო თიხიდან ჭურჭლის გამოძერწვა და შესაბამისად აღნიშნულ ხანას წინაკერამიკულ ნეოლითს* უწოდებენ.

არსებობისათვის აუცილებელი მიწა-წყლის ხელში ჩასაგდებად, სულ უფრო საჭირო ხდებოდა შედარებით რიცხვმრავალი საზოგადოებრივი ერთეულების ჩამოყალიბება, რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ გამკლავებოდნენ ანალოგიური მისწრაფებების მქონე სხვა ასეთივე ჯგუფებს. მოსახლეობა თავისუფლად ხეტიალის ნაცვლად, სულ უფრო მეტად ხდებოდა მიბმული უხვი ბუნებრივი რესურსების მქონე მიწა-წყალთან. ცალკეულ ტერიტორიალურ არეალებთან დაკავშირებული მოსახლეობა ვიდრე არ იყო ჭარბი, ხოლო ბუნებრივი სიმდიდრეები ჯერ კიდევ უხვად მოიპოვებოდა, მეზობლებთან კონფლიქტი იშვიათად ხდებოდა. მდგომარეობა იცვლება ეკოლოგიური კრიზისებისა და განსაკუთრებით თვით საკვებწარმოებითი ეკონომიკის მონაპოვრით – დემოგრაფიული აფეთქებით, როდესაც დოვლათის ზრდა, თავის მხრივ, იწვევდა მოსახლეობის რიცხვის ზრდას, როდესაც უკვე აღარ იყო საკმარისი ადგილობრივ საზოგადოებაში არსებული რესურსები და მიწა-წყალი; მათთვის აუცილებელი ხდებოდა ახალი ტერიტორიების ათვისება, რაც მეზობლად თუ უფრო შორს მცხოვრებ საზოგადოებრივ ჯგუფებთან სამხედრო დაპირისპირების გარეშე ვერ ჩაივლიდა.

ადრეული საზოგადოებების საომარი მოქმედებებისა თუ თანაარსებობის წესებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი სტრატეგიული ხასიათის ნიშან-თვისება დადგენილი აქვთ ეთნოგრაფებს თანამედროვე პრიმიტიული ტომების ცხოვრების შესწავლის შედეგად. ერთ-ერთი მათგანია დაუსახლებელი ტერიტორიის გამოყენების აკრძალვა მეზობლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ, რათა არ მომხდარიყო იქ არსებული ბუნებრივი სიმდიდრეების მათ მიერ მისაკუთრება. ამ ტერიტორიებისადმი ”არავის მიწის” სტატუსის შესანარჩუნებლად კმაროდა პერიოდული დარბევებისა და დაშინების ტაქტიკის გამოყენება. ხშირი იყო აგრეთვე საკუთრივ მეზობელთა მიწა-წყლის მიმართ აგრესია; საკმარისი სამხედრო ძალის მქონე საზოგადოებისთვის სულ უფრო ადვილი იყო მდიდარი და შედარებით სუსტი მეზობლებისაგან სარჩო-საბადებლის მისაკუთრება, ვიდრე შრომის შედეგად მისი მოპოვება. ძირითადი სტრატეგიული ჩანაფიქრი მაინც მოწინააღმდეგის სრული დამარცხება და მისი ტერიტორიის მიტაცება იყო, რასაც იწვევდა ბუნებრივი სიმდიდრეების დასაუფლებლად მეტოქეობა. ცხადია, ეს ხდებოდა ხოლმე იმ ეპოქის მასშტაბებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო დაპირისპირებისა და ძალადო-ბის მიზეზი. ბუნებრივი პირობების გაუარესებას, აღმოსავლეთში ჰავის გამოშრობას, ხოლო დასავლეთში (ევროპაში)

Page 10: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

აციებას, უნდა გაეზარდა მიწის შემცირებული სავარგულების დაუფლებისათვის მეტოქეობა და, შესაბამისად, ძალმომრეობაც.

თუმცა საკვებწარმოებითი მეურნეობის პირობებში არსებობდა ბუნების გამოწვევებზე განსხვავებული პასუხის გაცემის საშუალებაც. დაახლ. 11000 წლის წინ პალესტინაში ადგილი უნდა ჰქონოდა ჰავის გამოშრობას, შესაბამისად, იზრდებოდა მოსავალის მიღებისათვის საჭირო დროის შუალედი. ველურად მზარდი მარცვლეულის მომხმარებელი მოსახლეობა იძულებული იყო ხელოვნურად დაეჩქარებინა მოსავლის აღება და დაეწყო მარცვლეული კულტურების – ხორბლის, ქერის, ოსპის – მოყვანა, მათი კულტივაცია. ველური ქურციკების რაოდენობის შემცირებას, თავის მხრივ, უნდა დაეაჩქარებინა თხისა და ცხვრის მოშინაურება. მას მერე, რაც ნამატი პროდუქტის დაცვის საჭიროებამ, მოსახლეობის ბინადარი ცხოვრება, ადრეულ ხანებთან შედარებით, კიდევ უფრო აუცილებელი გახადა, მდ. იორდანის ველის დასავლეთ ნაწილში, ბიბლიური იერიქონის ადგილზე, დაახლ. 10500 წლის წინ, აღმოცენდა პირველ მიწათმოქმედთა დასახლება, რომელიც დღეს მსოფლიოს უძველეს ქალაქად არის მიჩნეული.

იერიქონში გვხვდება წრიული თუ ოვალური მოყვანილობის, 4-5 მ დიამეტრის ერთმანეთთან ყოველგვარი გეგმის გარეშე შეჯგუფებული სახლები, რომლებიც ალიზის აგურით იყო ამოყვანილი ქვის საძირკველზე; გადახურვა გუმბათისებური მოყვანილობისა უნდა ჰქონოდათ. ზოგიერთი სახლი სამ ოთახად არის დაყოფილი; თითქმის ყველა სახლში მარცვლეულის შესანახი ზანდუკები იყო მოწყობილი. მოიპოვება მონაცემები იმის სამტკიცებლად, რომ იერიქონმა მოსახლეობა თავდაპირველად მიიზიდა, როგორც ნადირობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელმა ადგილმა, ხოლო აქ დასახლებულმა მოსახლეობამ თავდასაცავად და კონკურენტთა მოსაგერიებლად პირველი გალავანი ჯერ კიდევ მცენარეთა კულტივაციამდე ააგო; საკვების ხელოვნური წარმოებისა და მისი მარაგის დაგროვებასთან ერთად საფორტიფიკაციო ნაგებობების საჭიროება განუზომლად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ უდავოა, იერიქონის გალავანი მსოფლიოში დღევანდლამდე ცნობილი უძველესი თავდაცვითი ნაგებობაა და ამდენად მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს მიერ განსახილველ თემასთან დაკავშირებით.

უძველესი ხანის იერიქონი ძირითადად არ გამოირჩეოდა სხვა ადრეული ხანის ნამოსახლარებისაგან, თუ არ მივიღებთ მხედველობაში აქ არსებული გალავნის გარდა, სამოსახლოს ზომებსა და მოსახლეთა მრავალრიცხოვნებას. აყორებული ქვებისაგან ნაგები იერიქონის გალავანი, საძირკველთან თითქმის 2 მ სისქისაა, ხოლო კედლის სიმაღლე 4 მეტრამდეა შემორჩენილი, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო; გალავნის ერთ-ერთი კიდის ცენტრალურ ნაწილში 9 მ დიამეტრისა და 8 მ მეტი სიმაღლის წრიული ფორმის ქვის კოშკია ამოყვანილი, რომლის საფუძველთან მოწყობილ შესასვლელს, შიდა დერეფნითა და ერთი მეტრის სიფართის ქვის 20 საფეხურიანი კიბით კოშკის წვერისკენ მიყავდა. მართლაც, სხვა რა დანიშნულება უნდა ჰქონოდა ამ გალავანსა და კოშკს თუ არა თავდაცვითი!

Page 11: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

საფორტიფიკაციო ნაგებობებსა და მათ შორის, პირველ რიგში, ქალაქის გალავანს, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ყველა ეპოქის ძველ აღმოსავლეთში საქალაქო ცხოვრების უზრუნველსაყოფად. გალავანი იგებოდა ალიზის აგურისაგან, ქვისგან, ხისგან ან ამ მასალათა კომბინაციით, ეს დამოკიდებული იყო ადგილობრივ ბუნებრივ მონაცემებზე.

აღსანიშნავია, რომ ნეოლითური* საზოგადოებები მსოფლიოს განსხვავებულ ადგილებში, რომლებიც ხშირად ერთმანეთისაგან ათასობით წლითა და ათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებული, ავლენენ ხოლმე იმის მკაფიო ნიშნებს, რომ საფორტიფიკაციო ნაგებობების აგება ხდებოდა მტრის მძლავრი ძალის არსებობისა და მისი მოსალოდნელი თავდასხმის მოგერიების საჭიროების გათვალისწინებით.

იერიქონში გალავნით შემოკავებული უნდა ყოფილიყო არა უმცირესს 0,8 და არა უმეტეს 1,6 ჰექტარისა, ხოლო მოსახლეობის რიცხვი აქ 2000-დან 4000-მდეა საგულვებელი; ქალაქს, როგორც ჩანს, ძლიერი და რიცხვმრავალი მტრისაგან თავდასაცველად უნდა ეზრუნა. მოსალოდნელი საფრთხისათვის მზადყოფნა, ადგილობრივი საზოგადოების თავდაცვითი დარაზმულობის სისტემის მოქნილებაზე მეტყველებს, რაც უნდა მიგვანიშნებდეს, დოვლათის დიდი მარაგის დაგროვებაზე, რომელიც, თავის მხრივ, გამოყენებული იქნებოდა ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობების მშენებლობის პროცესის უზრუნველსაყოფად, როგორიც გალავანი და კოშკი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივ დონეზე ორგანიზებული ომი, როდესაც ერთი საზოგადოება მეორეს უპირისპირდება პირველად ძველ ახლო აღმოსავლეთში გვხვდება და ნეოლითური* ანუ საკვებწარმოებითი რევოლუციის შედეგად აღმოცენებული მოვლენა იყო; იგი ამ რევოლუციის შედეგად შექმნილი ნამატი პროდუქტის მიტაცების სურვილით უნდა ყოფილიყო დიდწილად განპირობებული.

განსხვავებით მონადირეთა და შემგროვებელთა საზოგადოებებისა, სადაც ყველა მისი წევრი განურჩევლად მონაწილეობდა ყველა სახის საქმიანობაში, საკვებწარმოებითი ეკონომიკის მქონე საზოგადოებებში უკვე მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები სპეციალიზდებოდნენ სხვადასხვაგვარ ხელობასა და საქმიანობაში, მაგ., იარაღის დამზადებაში, ჭირნახულის დაცვაში, საკვების წარმოებაში, ნადირობაში, თევზაობაში და ა.შ. საზოგადოების წევრებს შორის არსებული რესურსების განაწილება გარკვეული დონის ადგილობრივი საორგანიზაციო სტრუქტურის არსებობის გარეშე წარმოუდგენელია, ეს კი, სავარაუდოს ხდის, რომ უკვე უნდა ყოფილიყო წარმოქმნილი იერარქიული სტატუსის მქონე პირთა ჯგუფი, რომლის წევრებსაც სხვებზე უფრო მეტად მიუწვდებოდათ ხელი საზოგადოებრივი დოვლათის გადანაწილებაზე.

იერიქონის უძველესი დასახლება დაახლ. 9300 წლის წინათ ანუ ძვ. წ. 7300 წ. უნდა იყოს მიტოვებული, ალბათ ბუნებრივი ხასიათის კატაკლიზმის – ჰავის ახალი გამოშრობის შედეგად. რამდენიმე საუკუნის შემდეგ იერიქონში ცხოვრება აღსდგა და მთელი ძვ. წ. VII ათასწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა, ვიდრე დაახლ. ძვ. წ. 6000 წ. მიტოვებული არ იქნა ჰავის კიდევ უფრო მეტი გამოშრობის გამო, რომელიც ამჯერად

Page 12: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

უფრო ვრცელი რეგიონის, ხმელთაშუაზღვისპირეთის მთელი აღმოსავლეთ სანაპირო ზოლისათვის ანუ ლევანტისათვის იყო დამახასიათებელი.

გალავნის ფრაგმენტები დასახლების გარშემო შემოწყობილი მიკვლეული იყო აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში, უძველესი აკერამიკული ნეოლითის* ხანის საკულტო ცენტრში, ნევალი ჩორიში (სანლიურფას პროვინცია) და იგი ძვ. წ. IX ათასწლეულით უნდა თარიღდებოდეს.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ გალავნების არსებობა ძვ. წ. IX-VIII ათასწლეულების დასახლებებში, თავდაცვითი ნაგებობების საჭიროების აშკარა ნიშანია, რაც გარდა მოსალოდნელი თავდასხმის საშიშროებისა, უნდა მოწმობდეს აგრეთვე ამ თავდასხმის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზის, საფრთხის ქვეშ მყოფ საზოგადოებაში სანოვაგისა და ქონების დაგროვების ფაქტზე, რაც ნეოლითის* ხანის საზოგადოებებისათვის სულ უფრო დამახასიათებელი ნიშანი ხდება.

აღსანიშნავია, რომ იერიქონის უძველესი დასახლების მიტოვების თარიღი – ძვ. წ. VIII ათასწლეულის მეორე ნახევარი – თანხვდება პალესტინიდან საკმაოდ შორს, სამხრეთ ანატოლიაში ადრეულ მეურნეთა დიდი ქალაქის, ჩათალ ჰუიუქის აღმოცენების ხანას.

ჩათალ ჰუიუქი დაკავებული ფართობით თითქმის ათჯერ აღემატებოდა იერიქონს და მოიცავდა 13 ჰექტარს; მოსახლეობის სავარაუდო რიცხვი, სხვადასხვა შეფასებით, მერყეობდა 10000 და 1650 შორის, თუმცა უფრო საფუძვლიანი ჩანს მოსაზრება, რომ აქ დაახლ. 5000 სულს უნდა ეცხოვრა. აქაურ ნაგებობათა თავისებურებანი და დაგეგმარება საკმაოდ განსხვავებულია იმისაგან, რაც პალესტინაში იყო გავრცელებული; აქ ერთსართულიანი, სწორკუთხა გეგმის სახლების ბრტყელი გადახურვა, ანუ ბანი, მუხის კვადრატულ ბოძებსა და მათ შორის ალიზის აგურით შევსებულ კედლებზეა დაყრდნობილი.

ძველ აღმოსავლეთში განსხვავებული ხასიათის მქონე ადრეული სამოსახლოები, ბუნებრივია, ერთმანეთისაგან ზოგჯერ სრულიად განსხვავებული სახეობის საფორტიფიკაციო ნაგებობებითა და ხერხებით იყო დაცული. ჩათალ ჰუიუქში საერთოდ არ მოიპოვება მძლავრი გალავანი. აქ ყველა სახლი ერთმანეთის მიჯრითაა განლაგებული და, შესაბამისად, მომიჯნავე კედლებითაა დაკავშირებული. საინტერესოა, რომ შენობებში შესასვლელი კარი იატაკის დონეზე კი არ არის გაჭრილი, არამედ ჭერზეა ხვრელისებურად ამოჭრილი და იქ მისადგამი კიბით ხდებოდა ოთახიდან ასვლა. ამასთანავე ოთახის სარკმლები ძალიან მცირე ზომისაა და კედლის ზედა ნაწილში არის დატანილი. როგორც ირკვევა, სამოსახლოს შენობათა გარე კედლების მწკრივი თავისთავად ქმნიდა გალავნის ტიპის საფორტიფიკაციო სისტემას.

აშკარაა, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი ნიშანი – სახლების ერთმანეთთან მიჯრით განლაგება, შენობაში ჭერიდან ჩასასვლელი და პატარა ზომის, მაღლა კედელში მოწყობილი სარკმლები – ადგილობრივ მაცხოვრებელთა თავდაცვისთვის იყო გამიზნული და არცთუ მშვიდობიანი ცხოვრების პირობების არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. თავდაცვისათვის განსაკუთრებით ეფექტური იქნებოდა ის გარე-მოება, რომ შენობებში მხოლოდ ჭერთან მიდგმული კიბით მოხვდებოდით; მტრის

Page 13: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

მოახლოვებისთანავე აქაურები მოხერხებულად იყენებდნენ ამ კიბეებს, როცა საჭირო ხდებოდა, ჩამოხსნიდნენ მათ, ხოლო თუ მომხდური კედლის შიგნით, შენობაში შეაღწევდა, მაშინ ჭერში ამოჭრილი ხვრელით სახურავზე აძვრებოდნენ, კიბესაც თან გაიყოლიებდნენ და მომხდურებს ერთ განცალკევებულ და ცარიელ ოთახში დატოვებდნენ გამოკეტილებს. ამის შემდეგ მომხდურებს იერიში ხელახლა, უკვე მომდევნო შენობის ხელში ჩასაგდებად უნდა წამოეწყოთ. თავდაცვისათვის ასეთი რთული სისტემის შემუშავების ძირითადი გამომწვევი მიზეზი უნდა ყოფილიყო ჩათალ ჰუიუქის მოსახლეობის ცხოვრების საგრძნობლად უფრო მაღალი დონე, სხვა ბევრად უფრო მცირე ზომის დასახლებულ პუნქტების მოსახლეობასთან შედარებით.

ამ წინაისტორიულ ქალაქში ორმოცამდე სამლოცველო არსებობდა, რომლებიც უხვად იყო შემკული ნატურალური სიდიდის ხარის თავებისა და ქვისა და თიხის მინიატურული ქალღმერთების გამოსახულებებით. ცხადია, რომ აქ დასტურდება საკმაოდ რთული საკულტო რიტუალების არსებობა. სამლოცველოების კედლების გარდა მოხატული იყო საცხოვრებელი სახლების ოთახები. ქარსის ნაწილაკებჩამატებულ საღებავს იყენებდნენ კედლების ნაირფერად და რთული გეომეტრიული სახეებით მოხატვისათვის; ნახატს ეს მეტ ბზინვარებასა და სიკაშკაშეს მატებდა. კედლებზე ხშირად იყო ბარელიეფები მიძერწილი. შელესილ და შეღებილ იატაკზე ჭილოფი იგებოდა. საკმაოდ ფართო – 30 კვმ-მდე – ოთახებში, როგორც წესი, კერები და მობათქაშებული ”ღუმელები”, ხოლო გვერდით ოთახებში მარცვლეულის და სხვა სანოვაგის შესანახი ზანდუკები იყო მოწყობილი. კედლებს სამი მხრიდან ტახტისებური შემაღლებები ჰქონდა ამოყვანილი, როგორც ჩანს, ღამე დასაძინებლად და დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობისათვის. ამ ოთახების ბინადარნი სიკვდილის შემდეგაც აქ ”რჩებოდნენ” – ამავე პლატფორმების შიგნით მიცვალებულებს კრძალავდნენ.

საყურადღებოა, რომ იერიქონისაგან განსხვავებით, ჩათალ ჰუიუქის განათხარ ფენებში დასტურდება იარაღის არსებობა – კვერთხის, სატევრისა და შურდულის სახით. განსაკუთრებით საინტერესოა, იატაკის ქვეშ შენობაში ობსიდიანის 23 შუბისპირის აღმოჩენა, რომელიც ეტყობა აბგაში იქნებოდა გამოხვეული. ეს აღმოჩენა, იარაღის დიდი რაოდენობით დამზადებისა და ამდენად ხელოსნობის არსებობის (ამის არა ერთი სხვა მოწმობაც გვაქვს ამ ნამოსახლარზე) დადასტურების გარდა, უნდა მიგვანიშნებდეს საზოგადოებაში სიმდიდრის დაგროვებისადმი სწრაფვის გაჩენას. ამავე დროს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამა თუ იმ ნაწარმის მასიურად დამზადება, ადგილობრივ საზოგადოებაში აღნიშნულ საგნებზე მზარდი მოთხოვნილების გარდა, შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო სხვა სახის ნაწარმზე თუ ნედლეულზე მათი გადაცვლის საჭიროებით. კერძოდ, დადასტურებულია, რომ ჩათალ ჰუიუქში შემოჰქონდათ კაჟი სირიიდან და ნიჟარები ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპირო ზოლიდან; ასევე შემოტანილი ჩანს სპილენძიც.

სპილენძი შემთხვევით არ გვიხსენებია, უკვე ამ ადრეულ ეპოქაში ადგილი აქვს ამ ლითონის სპორადულ გამოჩენას კულტურულ ფენებში. სპილენძის გა-მოყენების ყველაზე ადრეული მოწმობა, დღევანდელი

Page 14: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

მონაცემებით, აღმოსავლე-თანატოლიური მხარის, სპილენძით მდიდარ ერგანის მახლობლად მდებარე, აკერამიკული ხანის ნამოსახლარის – ჩაიონუ თეფესის (ქ. დიარბექირის მახლობლად) არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის მოპოვებული. თვითნაბადი სპილენძისაგან ნეოლითის* ხანის ადგილობრივი მცხოვრებლები ამზადებდნენ სახვრეტებს, მძივებს, ფირფიტებს. მათ ადრევე შეამჩნიეს სპილენძის ფუნქციური უპირატესობა ქვასთან და ძვალთან შედარებით; ჭედვით მისი დამუშავებისა, ხოლო ცეცხლზე გავარვარების შედეგად მისთვის სასურველი ფორმის ადვილად მიცემის შესაძლებლობა. გავარვარებული ლითონისაგან მძივებად ქცეული სპილენძი გვხვდება აგრეთვე ნევალი ჩორიში. უკვე ამ ადრეული ხანიდან იღებს დასაბამს ლითონის გამოყენება სხვადასხვა სახის იარაღის წარმოებისათვის.

ცივად ნაჭედი სპილენძის იარაღები, რომლებიც სადგისებად, დანებად და ნამგლებად გამოიყენებოდა, ფუნქციურად არ განსხვავდებოდა ქვის იარაღისაგან; ერთადერთი სხვაობა იყო ლითონის ბევრად უფრო ხანგრძლივი გამძლეობა. მხოლოდ გაცხელების საშუალებით ლითონისათვის ფორმის გამიზნულად მიცემისა და განსაკუთრებით მისი ჩამოსხმის შემდეგ შეიძლება ლითონის ხანის დადგომაზე საუბარი. ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელია სპილენძისა და კალის ან დარიშხანის (გამოიყენებოდა სხვა მინარევებიც) შენადნობიდან დამზადებული ნივთები, თავისი თვისებებით ბევრად აღემატებოდნენ ცალკე აღებული რომელიმე ამ ლითონის თავისებურებებს, მაგ., ბრინჯაოს იარაღის პირი ბევრად უფრო მჭრელი და გამძლე იყო, ვიდრე სპილენძისა; ასევე ბრინჯაოდან, სპილენძისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო მრავალფეროვანი სამკაული, სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭლეული და სხვა საგნები მზადდებოდა.

ცხადია, პრიმიტიული საზოგადოებების მიერ გამოყენებული იარაღის ინვენტარის ხასიათით იქნებოდა ძირითადად განპირობებული მათთვის დამახასიათებელი ბრძოლის ტაქტიკა თუ ზოგადად სტრატეგიაც, ომისათვის მზადების თავისებურებები და შესაბამისი საბრძოლო თვისებების ჩამოყალიბება.

ნეოლითის* ხანაში უკვე გამოიყენებოდა რამდენიმე სახეობის მშვილდისარი. შურდულის ეფექტურობა არათუ არ ჩამოუვარდებოდა მარტივი სახეობის მშვილდისრისას, არამედ კიდეცაც აღემატებოდა სიზუსტითა და მოქმედების სიშორით. ძვ. წ. V-IV სს. ბერძენი მოღვაწე, მწერალი და მხედართმთავარი – ქსენოფონტი შენიშნავდა, რომ მის ლაშქარში მყოფი როდოსელი* მეშურდულეები შურდულის ქვებს უფრო შორს და ზუსტად ისვროდნენ, ვიდრე სპარსელები შვილდოსნები თავიანთ ისრებს. შურდულის ქვები სხვადასხვა ზომების იყო ხოლმე, კენჭებიდან თუ რიყის ქვებიდან დაწყებული და მუშტისოდენა და უფრო დიდი ზომის ქვებით გათავებული; დიდი ზომის ბირთვები ადამიანის თავის ქალისა და თვით აბჯრით დაცული ძვლების ჩასამტვრევად გამოიყენებოდა. თუმცა ახლო და ხელჩართულ ბრძოლაში ეს იარაღი ნაკლებად ეფექტური იყო. გარდა ამისა, საფარში მყოფი მებრძოლეებისათვის, რა თქმა უნდა, მშვილდისარი ბევრად უფრო ქმედითი იარაღია; განსაკუთრებით ხშირად იყენებდნენ მეშურდულეები ალყის წარმოების დროს.

Page 15: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ძველ აღმოსავლეთში სასროლ იარაღებთან შედარებით ბევრად უფრო პოპულარული იყო კვერთხისებური იარაღი, გურზი* და საბრძოლო ცულები. ტექნოლოგიაში მიღწეული წარმატება, უშუალოდ აისახებოდა ხოლმე განსხვავებული ხასიათის საბრძოლო იარაღის გაუმჯობესების პროცესში: კვერთხების, საბრძოლო ცულების, ისრების, შუბების, ხელშუბების და ა.შ. საზოგადოდ, მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენდა იარაღის საბრძოლო ნაწილისათვის ან წვეტანისათვის ტარის დაგება; ქვის დასარტყამი იარაღისათვის გამოიყენებოდა ხის სახელურები.

სპეციალურ ლიტერატურაში შენიშნულია, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული თუ წინაისტორიულ ხანაში ძირითადად რა ხასიათის ომი იყო, შეტევითი თუ თავდაცვითი და რა სახის ლოგისტიკური* მხარდაჭერა გააჩნდა მას. მკვლევრები განსაკუთრებით ვერ თანხმდებიან, წინაისტორიული ხანის ჯარში მეომართა სავარაუდო რაოდენობის შესახებ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოსახლეობის საერთო სიმცირის გამო, მხოლოდ მცირერიცხოვანი შეიარაღებული რაზმების არსებობა თუ იქნებოდა მოსალოდნელი; ისინი, ვინც მათ არ ეთანხმებიან, ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. IX ათასწლეულში, ანუ 11 ათასი წლის წინ, იერიქონის მოსახლეობა, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, დაახლ. 2000 ადამიანი უნდა ყოფილიყო და შესაბამისად იქაურებს 500-600 კაციანი თავდაცვითი სამხედრო ძალის გამოყვანა არ უნდა გასჭირვებოდათ. ამის შესაბამისად, ჩათალ ჰუიუქის მოსახლეობას, რომელიც დაახლ. 9 ათასი წლის წინ დაახლ. 5000-6000 სულისაგან შედგებოდა, 1500 მეომარისაგან შემდგარი ჯარი მაინც უნდა ჰყოლოდა. ითვლება, რომ თუ ახლო აღმოსავლეთში ნეოლითური* ხანის დასაწყისში, ზოგიერთ დაწინაურებულ საზოგადოებას დაახლ. 1000 კაცისაგან შემ-დგარი ჯარი უნდა ჰყოლოდა, ამავე ხანის დასასრულისათვის, მეომართა რიცხვს 5000-დან 10000 კაცამდე უნდა მიეღწია. აღნიშნული რაოდენობა მოწმობს, რომ უკვე ნეოლითის* ხანაში შესაძლებელი იყო ომის წარმოება საზოგადოებაში არსებული საკმაოდ მაღალი საერთო გამოცდილების დონეზე; ჩვეულებრივ ითვლება, რომ 500-მდე მეომრისაგან შემდგარ ჯგუფებს უკვე ძალუძთ ომისათვის ეფექტური ორგანიზება.

უშუალოდ ბრძოლის ნაკვალევის ამსახველი ყველაზე ადრეული მოწმობა მომდინარეობს ეგვიპტის უკიდურესი სამხრეთი ნაწილიდან და განეკუთვნება ადრენეოლითურ* თუ სულაც ეპიპალეოლითურ* ხანას. ასუანის კაშხლის მშენებლობისას აქ აღმოჩნდა 59 ადამიანის ჩონჩხისგან შემდგარი სამაროვანი (¹ 117); აქ დაკრძალულთაგან თითქმის ნახევარი წვეტიანი მიკროლითების (მცირე ზომის ქვის ანატკეცები), ალბათ ისრისპირების საშუალებით არის მოკლული. ზოგიერთ მათგანს მრავალრიცხოვანი, დაახლ. ორი ათეული ჭრილობა აღენიშნება, ზოგიც, როგორც ჩანს, უფრო ადრე დაჭრილი და დატყვევებული, ყელში დამიზნებით არის მოკლული. ეს სამაროვანი, ე. წ. ყადანის კულტურას განეკუთვნება და გამოთქმულია აზრი, რომ იგი დაახლ. 11000 წლის წინანდელი უნდა იყოს.

ზემოაღნიშნული მონაცემების მიუხედავად, თავისთავადაც ცხადია, რომ ნეოლითის* ხანის ახლო აღმოსავლეთში მოსახლეობის ჯგუფებს

Page 16: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

შორის ომიანობა არ იქნებოდა იშვიათი; დასადგენია მხოლოდ, იყო თუ არა ამ ხანაში ეს მოქმედებები ორგანიზებული ხასიათისა, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, არსებობდა თუ არა თავისებური ნეოლითური* ხანის საბრძოლო სტრატეგია და ტაქტიკა. ომის ანუ ორგანიზებული საბრძოლო მოქმედების საწარმოებელ ელემანტარულ, ძირითად მოთხოვნილებად მიჩნეულია მეომართა რაზმების წინ, გაშლილ მწყობრ ხაზად და უკან, სიღრმეში, მწკვრივებად, კოლონებად დაწყობა, რაც აუცილებელია ბრძოლის დროს მეომართა უსაფრთხოებისათვის. შეადარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ გაწვრთნილი და დისციპლინირებული ჯარი, როგორც წესი, კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე, მათ შორის ქვის ხანაშიც, ამარცხებდა ხოლმე უფრო მრავალრიცხოვან ბრბოს. ნეოლითური* ხანის გამოქვაბულების კედლის მხატვრობა შეიცავს მწყობრ ხაზად გაშლილი და ისრის მტყორცნელი მეომრების გამოსახულებებს, აგრეთვე განსხავებულ სამოსელში გამოწყობილი წინამძღოლის მეთაურობით ბრძოლაში მიმავალ საჯარისო კოლონებს.

ახალი ქვის ხანაში ორგანიზებული ომების არსებობას, თუნდაც ახლოაღ-მოსავლური საფორტიფიკაციო ნაგებობების სიმძლავრე უნდა მოწმობდეს. ასეთი ნაგებობების აშენება საზოგადოების სათანადო ორგანიზების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ერთი რამ უდავოა, მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობებიანი სამოსახლოების აღმოცენება შესაძლებელი მხოლოდ მას მერე გახდებოდა, რაც საზოგადოებრივი განვითარების პროცესი სიმდიდრის დაგროვებას გამოიწვევდა და ეს კი, თავის მხრივ, საზოგადოებრივი სტრუქტურის გართულებასა და განსხვავებული სოციალური ფენების ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. შეიძლება ითქვას რომ, ომიანობა ნეოლითურ* და მომდევნო ხანებში უფრო წესი იყო, ვიდრე გამონაკლისი.

სამხედრო სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესი ძველ აღმოსავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ომიანობა ჯერ კიდევ წინაისტორიულ ეპოქაში იღებს სათავეს, მას გადამწყვეტი ფუნქცია პირველი სახელმწიფოების წარმოქმნის ხანაში ენიჭება. ფაქტობრივად, ყველგან მსოფლიოში, სადაც კი პრიმიტიული საზოგადოებები გადაიქცნენ ახლადწარმოქმნილ სახელმწიფოებად, სამხედრო ინ-სტიტუტები ასრულებდნენ კრიტიკულ და ზოგჯერ განმსაზღვრელ როლს. ეპოქის შესაბამისად ჩამოყალიბებული სამხედრო სტრუქტურების არსებობა ადრეისტორიული ხანის ძველი აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელი მოვლენა იყო.

წინაისტორიული ხანიდან ისტორიულზე გადასვლის განმსაზღვრელ ნიშნად ძირითადად ითვლება ძველ ახლო აღმოსავლეთში – ეგვიპტესა და შუამდინარეთში – დამწერლობის ეპოქის დაფუძნება, რაც დაახლ. ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. სწორედ აქ გადის ზღვარი პრიმიტიულ და ცივილიზებულ ეპოქებს შორის და დასაბამი ეძლევა საზოგადოებრივი განვითარების ახალ ეტაპს – ე. წ. საქალაქო რევოლუციას. თუ ადრეულ ხანებზე მსჯელობისას, ჩვენ შეგვიძლია საუბარი პრიმიტიული, წინაისტორიული ხანის საზოგადოებებისათვის

Page 17: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

დამახასიათებელ თავისებურებებზე, ამ მიჯნის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ცივილიზებულ საზოგადოებებიდან მომდინარე იმპულსები ანუ კულტურული დიფუზია* ზემოქმედებას ახდენდა პრიმიტიულ დონეზე მყოფი მომიჯნავე თუ უფრო დაშორებული მხარეების მოსახლეობის ყოფის თავისებურებებზე, შესაბამისად, სახე ეცვლებოდა კულტურული განვითარების ადგილობრივ პროცესს. ამავე მიზეზის გამო, დღესაც, ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად მოპოვებული მონაცემები, ჯერ კიდევ შემორჩენილ პრიმიტიულ ტომების შესახებ, ხშირად ნაკლებად არის გამოსადეგი წინაისტორიული ვითარების აღდგენისათვის; შეუმჩნეველი რჩება ხოოლმე, თანამედროვე ცხოვრების მიერ მათზე მოხდენილი ზეგავლენა.

დასახლებებისა თუ ქალაქების ზრდასთან ერთად ხდებოდა სხვადასხვაგვარი წარმომავლობის ახალმოსახლეთა შემომატება და, შესაბამისად, დროის მსვლელობასთან ერთად, თანდათანობით იცვლებოდა მცხოვრები მოსახლეობის შემადგენლობა. სულ უფრო მცირდებოდა საერთო წარმომავლობისა და ნათესაური კავშირების მქონეთა რიცხვი; აუცილებელი ხდებოდა საზოგადოების გამაერთიანებელი ახალი საშუალებების წარმოქმნა. მეურნეობასა და ხელოსნობაში ცალკეული სპეციალიზებული ჯგუფების საქმიანობა ხელს უწყობდა როგორც ამ ჯგუფების შიგნით მომუშავე ადამიანთა, ასევე, მთლიანად საზოგადოების ერთიანობას – მოსახლეობა ხომ ყოველდღიურად იყო დაკავშირებული იმ ნაწარმთან, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების საქმიანობის შედეგად იყო შექმნილი. განსხვავებული წარმომავლობის მქონე მოსახლეობის შესაკავშირებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა კულტმსახურებასა და რელიგიურ ერთობას; ქურუმთა კასტის* ჩამოყალიბება ხომ სწორედ ე. წ. საქალაქო რევოლუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანია.

შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი საზოგადოების გაერთიანების ერთ-ერთი უძველესი და ყველა ეპოქაში მომქმედი ხერხია ომი და ომისათვის მზადება, განსაკუთრებით გარეშე მტრის შემოსევის საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ომიანობა, ძირითადად, წარმოებითი მეურნეობის შედეგად მიღებულ ნამატ პროდუქტთან, ბინადარ და შედარებით განვითარებულ საზოგადოებრივად ორგანიზებულ ცხოვრებასთან კავშირში იჩენდა თავს, რაც ჯერ კიდევ ნეოლითის* ხანისათვის არის დამახასიათებელი, მისი, როგორც უმთავრესი და მუდმივი სოციალური ფენომენის, არსებობა ადრებრინჯაოს ხანის დადგომამდე არსებული მონაცემების მიხედვით არ დასტურდება.

წინაისტორიული და ისტორიული ეპოქების ომებს შორის ძირითადი სხვაობა ალბათ მაინც ის უნდა იყოს, რომ წინაისტორიულ ხანაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მოსახლეობას საერთო საზღვარი თუ ერთმანეთისაგან გამყოფი მიჯნა არ გააჩნდა, შესაბამისად, მომხდარ კონფლიქტებს, ძირითადად, ადგილი ჰქონდა ე. წ. ”არავის მიწაზე” (იხ., ზემოთ). ეს განსაკუთრებით ეხება პალეოლითის* ეპოქას, ვინაიდან ადრეული ნეოლითის* ხანიდან, სამოსახლოები ახლო აღმოსავლეთში, არც თუ იშვიათად, დამცავი გალავნებით არის შემოზღუდული, რაც უკვე

Page 18: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

უშუალოდ მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის მტრისაგან დაცვის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.

გასათვალისწინებელია, რომ სპეციალისტები, ამა თუ იმ ომის არსის გან-საზღვრისას ყურადღებას, ძირითადად, მისი საორგანიზაციო დონის დადგენაზე ამახვილებენ. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ომს დროგამოშვებით აქვს ადგილი და არ წარმოადგენს მუდმივ სოციალურ მდგომარეობას, პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური თუ ეკონომიკური საქმიანობისაგან განსხვავებით, გარკვეულ ვითარებაში და კაცობრიობის განვითარების გარკვეულ სტადიებზე, მისადმი მზადყოფნა საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ხდება. იმის გამო, რომ ომი საერთო საზოგადოებრივი საქმიანობის შედეგია, ნებისმიერი საზოგადოების სამხედრო ორგანიზაციის სტრუქტურების კვლევას, მიუხედავად იმისა, იქნებოდა იგი ცივილიზებული თუ პრიმიტიული, არა ნაკლები მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, ვიდრე ამ საზოგადოებში აღმოცენებული პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური თუ ეკონომიკური მოდელების დადგენას. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს უძველეს ხანებში მიმდინარე ომების შესწავლას, ვინაიდან მათთან მჭიდროდ არის დაკავშირებული კლასთაწარმოქმნის პროცესისა და ადრეულ სახელმწიფოთა წარმოქმნის საკითხების კვლევა; ეს საკითხები კი, თავის მხრივ, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

ომის შედეგად იმ საზოგადოებების წიაღში, სადაც იგი ჩაისახა და აგრეთვე იმ საზოგადოებებშიც, რომელთაც ეს ომი გარედან, იძულებით შეეხო, ადგილი აქვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცვლილებებს და ეს მიუხედავად იმ გარემოებისა, თუ ვისი გამარჯვებითა, თუ დამარცხებით დამთავრდა იგი. თუმცა ომის შედეგების ზემოქმედება ამ ორთავე საზოგადოებასთან მიმართებაში, ცხადია, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა. ომის ფენომენის შეცნობისათვის, განსაკუთრებით მხედველობაშია მისაღები, ჯერ კიდევ ომის წამოწყებამდე ამა თუ იმ საზოგადოებაში მიმდინარე ის მოვლენები, რომელთაც გარკვეულად წინამძღვრების ფუნქცია შეასრულეს ომისათვის, ჩამოაყალიბეს რა საზოგადოებაში სამხედრო ექსპანსიისათვის ხელსაყრელი ვითარების აღმოცენება.

თუმცა მშვიდობიანობის ხანაშიც, როგორც ცივილიზებულ, ასევე პრიმიტიულ საზოგადოებებში, გამოიყენებოდა ზოგიერთი ინსტიტუციონალური მოდელი, რომელიც ემსახურებოდა ამ საზოგადოებათა მზადყოფნას შესაძლო ომისათვის, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა ინტენსიური სწავლა-ვარჯიშისა და სათანადო დისციპლინის გარეშე. ცნობილია, რომ ზოგიერთ, უკვე განვითარებული ხანის საზოგადოებებში, მაგ., სპარტასა და ძველ რომში, თავდაცვისა თუ თავდასხმისათვის მზადყოფნა იმდენად აუცილებელი იყო, რომ მამაკაცთა უმრავლესობა ომიანობისათვის მუდამ მზად უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, ძველთაგანვე ომი არ მიიჩნეოდა მხოლოდ საერისკაცო მოვლენად – იგი საღვთო, წმინდათა წმინდა საქმედ ითვლებოდა; გარდა ამქვეყნიური ძალებისა, მასში იმქვეყნიური ძალებიც იყო ჩარეული; შესაბამისად, ყველა ომის შედეგი ღვთაებათა ნება-სურვილს გამოხატავდა.

Page 19: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ბრინჯაოს ხანის დასაწყისში ძველი აღმოსავლეთის სამხედრო საქმეში მომხდარი თვისობრივი ცვლილებების ძირითადი მიზეზი, საძებარია საზოგადოებრივ სტრუქტურაში მომხდარ იმ ძვრებში, რომლის განმაპირობებელ ფაქტორს ეკონომიკური საფუძველი წარმოადგენდა და რომლის მაღალმა წარმადობამ ბიძგი მისცა მოსახლეობის რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას. რიცხვმრავალი მოსახლეობის მართვისათვის საჭირო ხდებოდა ეფექტური და დანაწევრებული სოციალური სტრუქტურების აღმოცენება, რომლებიც უზრუნველყოფდნენ თვისობრივად ახალ გარემოში საზოგადოებრივი ცხოვრების სტაბილურობასა და კანონიერების დაცვას. სწორედ ამ ახალმა სოციალურმა სტრუქტურებმა შესაძლებელი გახადა ბრინჯაოს ხანის დიდი არმიების ფუნქციონირება, რომელთაც მანამდე არნახული მასშტაბის მამოძრავებელი ძალა და საშუალებები შესძინეს.

ბუნებრივია, რომ ამ ეპოქაში, რომელიც სახელდებულია ”ბრინჯაოს ხანის სამხედრო რევოლუციად”, ბევრი ახალი სახეობის იარაღი ჩამოყალიბდა – საბრძოლო ცული, აბჯარი, შედგენილი მშვილდი*, მუზარადი, საბრძოლო ეტლი (იხ., ქვემოთ); ცვლილებები მოხდა ბრძოლის წარმოების ხასიათშიც, დასაბამი მიეცა მთელ რიგ ტაქტიკურ ინოვაციებს – ჯარის ფალანგური* ტიპის წყობას, მობილურობის ზრდას, უკუგდებული მოწინააღმდეგის დადევნების ხერხებს, სამხედრო პერსონალის კვალიფიკაციის მიხედვით რანგებად დაყოფის სისტემას. მაგრამ, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა ყოფილიყო ტაქტიკური ხასიათის სიახლეები და იარაღის ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული სახეობების რიცხვი, მხოლოდ ამის გამო ვერ მოხდებოდა ომიანობის მნიშვნელობის ზრდა ბრინჯაოს ხანის ძველ აღმოსავლეთში, ძირითადი გამომწვევი მიზეზი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იყო რთული სოციალური სისტემის ჩამოყალიბება და ამ სისტემის შემადგენელი ნაწილების შემდგომი განვითარება.

ბრძოლაში გამოყენებული ტაქტიკური ხერხები, საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და დამოკიდებული იყო: 1. მებრძოლი არმიების სიდიდესა და ქმედითუნარიანობაზე; 2. მათ შემადგენლობაში მყოფი ქვედანაყოფების სახეობებზე; 3. ადგილმდებარეობის ხასიათზე და მხარეთა მიერ დაკავებულ პოზიციათა უპირატესობებზე; 4. ამინდის თავისებურებზე.

როდესაც სარდალი გრძნობდა ძალის მხრივ საკუთარი ლაშქრის ჭარბ უპირატესობას, იგი ცდილობოდა ქვეითი ჯარით შეეტია მოწინააღმდეგის წინა ხაზისათვის, ხოლო ცხენოსნები ფრთებზე ანუ ფლანგებზე განელაგებინა. თავდაპირველად ხდებოდა ქვეითი ჯარის უკან მოთავსებული მშვილდოსნებისა და საალყო საშუალებების მიერ გასროლილი ისრებითა და ქვის ჭურვებით მოწინააღმდეგის წინა ხაზის ინტენსიური /გვ. 8/ დასეტყვა და ამის შედეგად შეთხ-ელება, შემდეგ ქვეითი მებრძოლები გადადიოდნენ იერიშზე და ხელჩართული ბრძოლის მსვლელობისას ცხენოსანი ნაწილები ორივე ფრთიდან შეტევით რკალში მოაქცევდნენ მოწინააღმდეგეს და მას უკან დახევის საშუალებას აღარ აძლევდნენ.

Page 20: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

იმ შემთხვევაში თუ უპირატესობა არცთუ მთლად გამოკვეთილი ჩანდა, სარდლის მიზანი იყო აიძულებინა მტერი უკან დაეხია, ვინაიდან უკანდახეული მტერი ბევრად უფრო ნაკლებად ორგანიზებული იქნებოდა, ვიდრე მედგრად მდგარი ქვედანაყოფები. ამის განხორციელება შეიძლებოდა მტრის შედარებით სუსტ ნაწილებზე ქვეითი ჯარის მძლავრი იერიშის შედეგად მოწყობილი ხოცვა-ჟლეტით, რაც მათი უკანდახევის მიზეზი გახდებოდა. როდესაც ერთი სამხედრო ნაწილი თავისი თანამებრძოლების მეორე ნაწილის უკანდახევას ხედავს, მასაც უჩნდება გაქცევის ცდუნება. კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა მტრის მთავარსარდლის ნებისყოფის შერყევა ან მისი მოკვლა. მთავარსარდლისა და მისი პირადი დაცვის უკანდახევისას თავს იჩენდნენ შეუქცევადი პროცესები. აღნიშნული ტაქტიკის გამოყენება მიზნად ისახავდა დომინოს ეფექტის* დაწყებას, რაც საბოლოო ჯამში მოწინააღმდეგის მთელი შემადგენლობის ბრძოლის ველიდან გაქცევით მთავრდებოდა. ლაშქრის შემადგენლობაში მყოფი ცხენოსანი ნაწილები ამის შემდეგაც ცდილობდნენ გაქცეული მტრის ხოცვით კიდევ უფრო დაესუსტებინათ მოწინააღმდეგე, რათა მას სამომავლოდ თავი საბრძოლველად აღარ წამოეყო.

ადრეული ომების სტრატეგია ძირითადად ორი უმთავრესი მიზნის მიღწევაზე იყო მიმართული: მოწინააღმდეგის დარწმუნებაში, რომ ომის გაგრძელება უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე დანებება და დანებების შემთხვევაში მაქსიმალურად შესაძლებელი სარგებელის შეთავაზებაში. მტრის დასამორჩილებლად საკმარისი იყო ხოლმე ბრძოლის ველზე მისი არმიის დამარცხება. მას მერე, რაც მტრის სამხედრო ძალა საბოლოოდ იქნებოდა განადგურებული, მოსალოდნელი ალყისა და მოსახლეობის ამოწყვეტის საფრთხე და სხვა მისთანანები აიძულებდა დამარცხებულ მხარეს /გვ. 9/ მიჯდომოდა მოლაპარაკებების მაგიდას. კულტივირებული ველ-მინდვრების გადაბუგვითა და მოსალოდნელი შიმშილის წინაშე დაყენებით, მტერი მოსახლეობას აიძულებდა ხოლმე ან უბრძოლველად დამორჩილებულიყო ან მასთან გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაბმულიყო. გათვლილი იყო ხოლმე, აგრეთვე, მოსავლის აღების დროის დადგომისა და დაქირავებული მეომრებისათვის გასაცემი თანხის ამოწურვის დროს მოწინააღმდეგე მხარის ნაკლები ბრძოლისუნარიანობა თუ სულაც დაქსაქსვის შესაძლებლობა. ომში წასულთა ძირითადი ინდივიდუალური მიზანი, ან მატერიალური სარგებლის მიღება, ან პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო ხოლმე.

ძველი აღმოსავლეთის სხვადასხვა მხარეში სამხედრო საქმის განვითარება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ამ მხრივ, პირველ რიგში, გამოირჩევა ექვსი ძირითადი რეგიონი: მესოპოტამია (ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთი), ეგვიპტე, ანატოლია (მცირე აზია), ირანი, ინდოსტანის ნახევარკუნძული და ჩინეთი. ქვემოთ განვიხილავთ თითოეული ამ რეგიონის ბრინჯაოს ეპოქის სამხედრო ისტორიას ძალზე შემჭიდროვებულად და სქემატურად; მის საფუძვლიან შესწავლას ათეულობით წიგნიც არ ეყოფოდა.

ჩვენი თვალსაწიერიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ძირითადი ყურადღება დაეთმობა ჩვენს რეგიონთან შედარებით ახლო მდებარე

Page 21: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

მხარეებში არსებულ მდგომარეობას. რაც შეეხება, ლევანტს ანუ სირია-პალესტინის მომცველ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს, მისი ბრინჯაოს ხანის სამხედრო ისტორია მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ამ მეტად მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე რეგიონის დასაუფლებლად მესოპოტამიის, ანატოლიისა და ეგვიპტის ხელისუფალთა ურთიერჭიდილთან და ამდენად წინამდებარე ნაშრომში მისი ცალკე განიხილვის საჭიროება აღარ მოგვეპოვება. /გვ. 10/

მესოპოტამია. საკვებწარმოებით მეურნეობას არცერთ სხვა მხარეში არ მოუტანია იმ რაოდენობის ზედმეტი დოვლათი, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ქვემო შუამდინარეთში ანუ სამხრეთ მესოპოტამიაში. ევფრატსა და ტიგროსში წყლის დონის ხშირი მერყეობა დაბლობის დაჭაობებისგან დასახსნელად მოსახლეობის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვდა. ზედმეტი საკვები პროდუქციის რაოდენობის განუხრელმა ზრდამ და კოლექტიური მართვა-გამგეობის სულ უფრო დახვეწილმა სისტემამ, ხელი შეუწყო ურბანიზაციის პროცესს და საბოლოოდ შუმერული ცივილიზაციის წარმოქმნა-ჩამოყალიბებასაც. მესოპოტამიის ნაყოფიერი ველები ოდითგანვე იზიდავდა აქ განსხვავებული წარმომავლობის მოსახლეობას; შესაბამისად აქ ჩამოყალიბებული კულტურაც სინკრეტული ხასიათისა იყო და შეიცავდა ერთმანეთისაგან განსხვავებულ ელემენტებს. ადგილობრივი და ახალმოსული მოსახლეობის ნარევი მეტ ძალისხმევას მოითხოვდა საზოგადოების ერთიანობისათვის. შუმერებსა და ეგვიპტელებს, ცივილიზაციების პირველ შემოქმედთა შორის ერთი რამ უდავოდ იყო საერთო, ფართო ირიგაციული სისტემის მომსახურება, რაც საზოგადოების გაერთიანების აუცილებლობას მოითხოვდა.

მიუხედავად საირიგაციო სამუშაოების ერთობლივი ჩატარების ხელსაყრელობისა, მესოპოტამიის მიწა-წყალი დანაწევრებული იყო ერთმანეთისაგან გალავნით შემოსაზღვრული დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებად, რომლებიც დაახლ. 3000 კმ² ფართს აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი-სახელმწიფოები პრობლემური საკითხების ხშირად ერთმანეთან იარაღის ძალით გარკვევას იყვნენ ჩვეულნი, გარეშე მტრის წინააღმდეგ გაერთიანებაც იცოდნენ ხოლმე. ერთიანობის მოთხოვნილება მესოპოტამიაში ჩასატარებელი სამუშაოების სირთულის გამო ბევრად უფრო მაღალი იყო. ეგვიპტელებისათვის ერთიანობის ხელ-საყრელ პირობას, მათი იზოლირება წარმოადგენდა გარე სამყაროსაგან, რაც, თავის მხრივ, მათ მონურ მორჩილებას განაპირობებდა ფარაონის მიმართ, რომელიც დედამიწაზე განსხეულებულ ღვთაებად იყო წარმოდგენილი. /გვ. 11/

უძველესი შუმერების წარმომავლობის შესახებ არაერთი შეხედულებაა გამოთქმული, თუმცა ერთი რამ სავსებით ნათელია, ცივილიზაციის გარიჟრაჟზე მესოპოტამიაში მცხოვრებ, თუნდაც განსხვავებული წარმომავლობის ხალხს, ერთსა და იმავე ენაზე უნდა ემეტყველა, ქვეყნის კეთილდღეობის ძირითადი განმსაზღვრელი

Page 22: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ფაქტორის, საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ჯერ კიდევ შუამდინარეთის უძველესი, ნეოლითელი* მიწათმოქმედები იყვნენ იძულებულნი გაეზარდათ მათ განკარგულებაში მყოფი მიწის ფართობი ირიგაციისა და დაშრობის უმძიმესი სამუშაოების ჩატარების შედეგად; რისი შესრულებაც დამოკიდებული იყო სწორედ ამ შემომატებული მიწის დამუშავებით გაზრდილი მოსავლიანობის თანამდევ მოვლენაზე – მუშახელის რიცხვის ზრდაზე და შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზებულობის მაღალ ხარისხზე. ამ საკმაოდ შრომატევადი სამუშაოების ჩატარება ჩანაწერების გაკეთებას მოითხოვდა, რასაც, თავის მხრივ, დამწერლობის აღმოცენება უნდა განეპირობებინა. შუმერები იძულებული იყვნენ განსაკუთრებული ნოვატორული თვისებები გამოევლინათ, რათა გამკლავებულიყვნენ მუდმივად ცვალებადი დიდი მდინარეების გამოწვევას. ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, ბევრი რამ, რაც კი შუმერთა მიერ გაკეთებული აღმოჩენების შედეგად მიღებულ საკაცობრიო მემკვიდრეობად ითვლება – ბორბალი, ირიგაცია, დამწერლობა და ლიტერატურა, ასტრონომია და კალენდარი – სწორედ ამ მდინარეთა ზემოქმედებასთან შეგუების საპასუხოდ არის წარმოქმნილი.

შუმერები წლების ათვლას ამა თუ იმ მეფის გამეფებით იწყებდნენ, მათი წელი 29 თუ 30 დღისაგან შემდგარი მთვარის თვისაგან შედგებოდა. შუამდინარეთში მაღალი იყო ქალთა სტატუსი, ისინი დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ საზოგადოებაში. აღსანიშნავია შუმერული მედიცინის განვითარების მაღალი დონე; შემდეგში ეს სამედიცინო ცოდნა ფართოდ გავრცელდა ძველ აღმოსავლეთში.

შედარებით უფრო გვიან, ძვ. წ. XVIII საუკუნეში შეიქმნა ბაბილონის მეფის – ჰამურაბის კანონთა კრებული; კაცობრიობის ისტორიაში სამოქალაქო სამართლის პირველი, სრულფასოვნად დოკუმენტირებული წერილობითი ძეგლი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთის მომდევნო ეპოქების კანონმდებლობაზე. მრავალ სხვა საკითხთან ერთად, აქ მსოფლიოში პირველად განსაზღვრული იყო მკურნალობის წესები და ექიმთა უფლება-მოვალეობები. სა-ბანკო საქმიანობაც ასევე პირველად ბაბილონში ჩაისახა, სადაც ტაძრებში შესანახად მიჰქონდათ მარცვლეულის მარაგი, ასევე საქონელი, სამეურნეო იარაღები და ძვირფასი ლითონები.

მესოპოტამიაში თვლიდნენ, რომ მათ ქვეყანაში მთელი ქონება ღმერთს ეკუთვნოდა და ყველა საკითხი, იქნებოდა ეს სამეურნეო, სავაჭრო, პირადი თუ ომთან დაკავშირებული, კანონის მიხედვით უნდა გადაწყვეტილიყო. თუ ეგვიპტეში ფარაონი თვით იყო ღმერთი და ყველაფერი ხალხიცა და საგნებიც მისი საკუთრება იყო, შუმერში მმართველები ძირითადად მაინც ჩვეულებრივ მოკვდავებად განიხილებოდნენ.

გავლენიანი სასულიერო წოდება ზედამხედველობას უწევდა სარიტუალო ადათების შესრულებას. ქურუმები ზიკურატებიდან ანუ ტაძრებიდან მართავდნენ ქვეყანას. ზიკურატები ფაქტობრივად ალიზის აგურით ნაგები ხელოვნური გორები იყო, რომლის გარეთა კიბე

Page 23: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

თანდათანობით ვიწროვდებოდა წვერისაკენ, სადაც სამლოცველოები იყო მოწყობილი. სიდიდით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქალაქ /გვ. 12/ ურის ზიკურატი. იმის გამო, რომ შუამდინარეთის ალუვიურ* დაბლობზე ქვის ნაკლებობა იყო, შუმერებმა ქვის ნაცვლად დაიწყეს აგურის წარმოება და ამ საქმეშიც, დიდ წარმატებას მიაღწიეს; აგურები გზის მოსაკირწყლავადაც კი გამოიყენებოდა.

მაღალგანვითარებული მიწათმოქმედება, დახვეწილი საირიგაციო და წყლის სარეგულიაციო სისტემები, შუმერის კეთილდღეობის ძირითადი მიზეზი იყო. მიღებული დოვლათის სიუხვე დიდი ქალაქების რიცხვის ზრდას იწვევდა. შუმერის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი-სახელმწიფოები იყო: ურუქი, ერიდუ, ქიში, ლაგაში, აგადი, აქშაქი, ლარსა, ური. ქალაქის გალავნებს ზოგჯერ ორმაგი დანიშნულება ჰქონდა, ქალაქის დაცვის გარდა, მათ მტრისათვის უნდა ეჩვენებინათ ადგილობრივი ხელისუფლების ძლევამოსილება. შუმერული ქალაქის, ურუქის გალავანს შორს ჰქონდა სახელი გავარდნილი. იგი 9,5 კმ სიგრძისა და 12 მ სიმაღლის იყო. უფრო გვიან ხანებში, საქვეყნოდ იყო ცნობილი ბაბილონის გალავანი. მას გაყოლებაზე კოშკები ჰქონდა ჩაშენებული და წყლიანი თხრილებით იყო გარშემოვლებული. მესოპოტამიელები, საზოგადოდ მშენებლობის დროს – სასახლეების, ტაძრების, განსაკუთრებით კი დამცავი გალავნების აგებისას – იყენებდნენ შედარებით დიდი რაოდენობის მუშახელს.

ქალაქების სახით ჩამოყალიბებული კომპლექსური საზოგადოებებისათვის აუცილებელი გახდა სპეციალიზირებული ხელოსნობის ინსტიტუტის არსებობა. შუმერი დაწინაურებული სამხედრო ტექნოლოგიის ქვეყანა იყო. აქ აღმოაჩინეს ლითონის ახალი სახეობა ბრინჯაო, რომელსაც სპილენძისა და კალის მინარევის ერთად გამოდნობის საშუალებით იღებდნენ. ახალი ლითონი უფრო გამძლე და ბევრად უფრო მაგარი გამოდგა, რასაც დიდი სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. ბრინჯაოს იარაღისა და საბრძოლო ეტლის (იხ. ქვემოთ) გამოყენებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა შუმერში მეფობის ინსტიტუტის შე-მოღებისა და ცალკეული ქალაქი-სახელმწიფოების ძალაუფლებისათვის მეტოქეობის პირობებში.

ადრეული ცივილიზაციის ანუ ე. წ. ქალაქური რევოლუციის ჩამოყალიბების უპირველეს განმსაზღვრელ ნიშნად, როგორც ითქვა, სწორედ დამწერლობის აღმოცენება არის მიჩნეული. მართლაც, საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ დონემდე განვითარების გარეშე, დამწერლობის აღმოცენებას აზრი არ /გვ. 13/ ექნებოდა, სათანადო ფუნქციის გარეშე ხომ ძნელად თუ იქმნება რამე. დამწერლობის, როგორც ადამიანთა შორის არაპირდაპირი (დროის მიღმა მდგომი) კომუნიკაციის საშუალების გამოგონება, შუმერთა უდიდესი მიღწევა იყო. თუ თავდაპირველად პიქტოგრამების* საშუალებით წერდნენ, თანდათანობით მათ ჩამოაყალიბეს ლურსმული დამწერლობა, რომლისათვისაც ლერწმის ღეროს სოლისებური ნაწილით თიხის ფირფიტაზე დაიტანებოდა ნაჭდევები და მათი საშუალებით უკვე სიტყვის ცალკეულ მარცვლებს გადმოსცემდნენ. ლურსმული დამწერლობა, პიქტოგრამულთან* შედარებით, ბევრად უფრო მოქნილი საკომუნიკაციო საშუალება იყო.

Page 24: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

დამწერლობის გამოყენებით შუმერები მომავალ თაობებს გადაცემდნენ თავიანთ ტექნოლოგიურ მონაპოვრებს მდინარეთა კონ-ტროლისა და მოსავლიანობის გაზრდასთან დაკავშირებით და ამით კიდევ უფრო მეტად ზრდიდნენ მიწათმოქმედების ეფექტიანობას. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ჩანაწერები მეფეებისა და მათ მიერ წარმოებული ბრძოლების შესახებ.

როგორც ითქვა, ძველი მესოპოტამიელების წარმოდგენით, ყველა ქალაქი, მისი მოსახლეობითა და ქონებით ეკუთვნოდა ამა თუ იმ ღვთაებას, ხოლო მისი ნების აღმასრულებელი და წარმომადგენელი იყო ენზი, ჯარის მიერ ქურუმების მიერ წინასწარ შედგენილი სიიდან არჩეული მმართველი. ურუქის ენზი, გილგამეში, ლეგენდარულ ფიგურად გადაიქცა. გილგამეშის ეპოსი* თითქმის სრული სახით არის შემონახული. რთული, განყენებული და ემოციური გამონათქვამებით აღსავსე ეს ეპოსი ასახავს შუმერთა განვითარების მაღალ გონებრივ დონეს. გილგამეშის ეპოსი* იმავდროულად წარღვნის შესახებ არსებული სხვა ახლოაღმოსავლური მითების პროტოტიპია.

სამხრეთ მესოპოტამიაში ცხოვრების არასაიმედობა, დაკავშირებული ბუნე-ბრივი პირობების არასტაბილურობასთან და მტრის მოსალოდნელ შემოსევებთან, მოსახლეობის რელიგიურ ცნობიერებას შესამჩნევად აძლიერებდა. /გვ. 14/ გასათვალისწინებელია, რომ შუმერული ქალაქები ძირითადად აღმოცენებული იყო წინაშუმერული ხანის საკულტო ცენტრების სიახლოვეს. ქალაქების საკულტო ადგილების მახლობლად განთავსება განაპირობებდა ხელისუფლებასა და რელიგიას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს. ღვთისმოსაობისა და სალოცავად მონახულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის, ერიდუს არსებობა ჯერ კიდევ წინაშუმერული ხანით, ძვ. წ. 5000 წ., განისაზღვრება.

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შუმერული საზოგადოების კეთილდღეობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ბუნებრივი მოვლენების შესწავლასთან, ქუ-რუმთა საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ადრეული სახეობის სამეცნიერო მოღვაწეობასთან იყო დაკავშირებული. ამ საქმიანობის ზოგიერთ შედეგს ჩვენ დღესაც ვიყენებთ, კერძოდ, შუმერი ქურუმები თვლიდნენ, რომ ყველა ღვთაება მხოლოდ მისთვის განკუთვნილი რიცხვითი მნიშვნელობით იყო წარმოდგენილი, მაგ., რიცხვი სამოცი, რომელიც ღვთაება ანს* განეკუთვნებოდა, მათი გამოთვლების ძირითადი საბაზისო ერთეული იყო. ეს რიცხვი დაუდეს საფუძვლად შუმერებმა საათის წუთების რაოდენობასა და პირველად მათ დაყვეს აგრეთვე წრე 360 გრადუსად. შუმერთა ორივე ეს მათემატიკური მიგნება დღესაც გამოთვლითი სისტემების საფუძველია.

გასხვავება ქვისა და ადრეული ლითონების (სპილენძის, ბრინჯაოს) ხანის სამხედრო საქმეს შორის, თუნდაც ამ ეპოქების დასახელებიდან გამომდინარე, პირველ ყოვლისა თითქოს ტექნოლოგიური თავისებურებებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, მაგრამ, როგორც ირკვევა, იგი ძირითადად ორგანიზაციული ხასი-ათისა იყო. ჯერ ქალაქი-სახელმწიფოებისა და ბოლოს ადრეული იმპერიების წარმოქმნა-განვითარებამ, ძირეულად შეცვალა სამხედრო საქმიანობა. სახელმწიფოს შეეძლო ისეთი რაოდენობით ეწარმოებინა სასოფლო სამეურნეო

Page 25: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

პროდუქტების ნამატი, რომ სამეურნეო საქმიანობისაგან /გვ. 15/ მთლიანად განთავისუფლებული ხელისუფლებისა და სამხედრო მეთაურების ფენის წარმოქმნა გამხდარიყო შესაძლებელი. გარდა ამისა, ვინაიდან სამხედრო ძალების უდიდესი ნაწილი მეურნეობაში ჩაბმული გლეხებისგან შედგებოდა, საზოგადოებას შეეძლო თავისი თავისთვის იმის უფლება მიეცა, რომ ყოველწლიურად ლაშქრობებში მონაწილეობისათვის ნაწილობრივ მაინც გაენთავისუფლებინა ეს ხალხი მუშაო-ბისაგან. სამხედრო ისტორიაში მომუშავე მკვლევართა შეხედულებით, სწორედ ასე შეიქმნა პირველი ორგანიზებული ჯარი, რომელიც ხელს უწყობდა სახელმწიფოს, ერთი მხრივ, გაზრდილიყო დამარცხებული მოწინააღმდეგის ხარჯზე სივრცობრივად, ხოლო, მეორე მხრივ, შეეძინა შინაგანი სიძლიერე სულ უფრო მზარდი ცენტრალიზაციის ხარჯზე.

არ არის შემთხვევითი, რომ ის ქვეყნები – შუმერი და ეგვიპტე – სადაც მიწათმოქმედებამ და მესაქონლეობამ ყველაზე ადრე მიაღწია განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს, აღმოჩნდნენ ის მხარეები, სადაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოხდა სრულყოფილად ორგანიზებული არმიების ჩამოყალიბება. ეს შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციების აღმოცენების თანამდევი პროცესი იყო.

შუამდინარეთის ქალაქ-სახელმწიფოებს დაახლ. 5000-10000 მეომრისაგან შემდგარი ლაშქრის გამოყვანა შეეძლოთ. ბრძოლისას ჯარი ფალანგად* ეწყობოდა და მეომრები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ, წინა ხაზს ფარებით იცავდნენ; თითოეული მათგანი დაცული იყო აგრეთვე მუზარადით და ლითონის ფირფიტებით ”მოჭედილი” მოსასხამით. მებრძოლები შეიარაღებული იყვნენ სპილენძის (უფრო გვიან - ბრინჯაოს) იარაღებით, შუბებითა და ცულებით (ილ. 5). ფალანგაში მყოფი მებრძოლნი მშვილდისარს არ იყენებდნენ; ბრძოლისას ერთმანეთის პირისპირ ფალანგებად დაწყობილი მოწინააღმდეგეები, შუბის კვრითა და ბიძგებით და მოქნეული ცულის ჩეხვით უსწორდებოდნენ ერთმანეთს. /გვ. 16/

ბრძოლის დროს ფორნებსა თუ საზიდავებს შუმერები ჯერ კიდევ ადრე-ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპიდან იყენებდნენ, უფრო გვიან კი – ფართოდ გავრ-ცელებული საბრძოლო ეტლების წინამორბედებს. შუმერული ეტლის გამოსახულება გვხვდება ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებით დათარიღებულ ე. წ. ურის შტანდარტზე*. ამ ოთხთვალა ეტლებში მოშინაურებული ვირები თუ ონაგრები* იყო შებმული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ეტლებზე, მეეტლის გარდა შუბოსანი მეომარია გამოსახული (ილ. 2), იგი ძირითადად მაინც უფრო სამეურნეო და სარიტუალო დანიშნულებისა (მაგ. დაკრძალვის ცერემონიალის დროს) უნდა ყოფილიყო, ვიდრე საბრძოლო. შუმერებს აგრეთვე გააჩნდათ ორთვალა საბრძოლო ეტლები, რომლებშიც ოთხი ონაგრი* იყო შებმული. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებში მესოპოტამიაში სოლიდური, მთლიანი თვალი მანებიანმა ბორბალმა შეცვალა, ხოლო იმავე ათასწლეულის დასასრულს ეტლებში ცხენების გამოყენება დაიწყეს. შუმერები იყენებდნენ აგრეთვე მიწის სახნავ გუთანს და სანაოსნო ნიჩაბს.

შუამდინარეთში, ისევე როგორც ეგვიპტეში, იარაღის შემადგენლობაში თანდათანობით მატულობდა ბრინჯაოსაგან

Page 26: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

დამზადებული, მაღალი ხარისხის, სულ უფრო დახვეწილი სახეობის ნაკეთობები. შუმერის ქვეითი ჯარი შეიარაღებული იყო შუბებითა და სატყორცნი ხელშუბებით, მახვილებითა და სატევრებით, საბრძოლო ცულებითა და კვერთხებით. მესოპოტამიაში, სხვა რეგიონებთან შედარებით, ძლიერ იყო განვითარებული, როგორც საფორტიფიკაციო ნაგებობები, ასევე ალყის საწარმოები საშუალებები. ფართოდ გავრცელებულ იარაღს მთელ ძველ აღმოსავლეთში წარმოადგენდა მშვილდისარი და შუბი. ამ იარაღით იყო შეიარაღებული რიცხვმრავალი ქვეითი ჯარი მესოპოტამიაშიც, ეგვიპტეშიც და ჩინეთშიც. გილგამეშის ეპოსიდან* ვიცით, რომ გილგამეში მახვილისა და ცულის გარდა, შეიარაღებული იყო მშვილდისრით. /გვ. 17/

შუმერული ლაშქარი თუ თავდაპირველად ბევრად უფრო მაღლა იდგა მე-ზობელთა ჯარებთან შედარებით თავისი მობილურობით, დისციპლინითა და აღ-ჭურვილობით, თანდათანობით მეზობლებმაც ქვის იარაღი ბრინჯაოს საჭურველით შეცვალეს, დახვეწეს შუმერულ ფალანგებთან* ბრძოლის წესები. აღმოსავლეთიდან მთის ხალხებმა, გუთიებმა* და ელამელებმა, ხოლო დასავლეთიდან უდაბნოში მცხოვრებმა მომთაბარე სემიტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს შუამდინარეთში შეღწევა და თარეში. შუმერები იმდენად იყვნენ დარწმუნებული თავიანთ უპირატესობაში სხვებთან შედარებით, რომ ვერ ხედავდნენ მათთვის საფრთხის შემცველ მოსალოდნელ შედეგს და მათი ქალაქების დიდი ნაწილი ძირითადად ისევ ურთიერთბრძოლით იყო დაკავებული; თუ რომელიმე ქალაქის მმართველი სხვა ქალაქებსაც ხელში ჩაიგდებდა, იგი ხდებოდა ლუგალი (“დიდკაცი”), თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ გამოდგა ისე ძლევამოსილი, რომ შეძლებოდა მთელი შუმერის გაერთიანება ეგვიპტის მსგავსად. შეიძლება ითქვას, რომ შუმერთა არაშორსმჭვრეტელობამ ძირი გამოუთხარა მათი ქვეყნის სიძლიერეს, მათ სულ უფრო მეტად ესაჭიროებოდათ სხვათა, კერძოდ, ელამელთა ჩართვა საკუთარი კონფლიქტების გადაწყვეტაში. ძვ. წ. III ათასწლეულიდან იწყება სემიტური ტომების მემკვიდრეების, აქადელთა ინფილტრაცია შუმერის ჩრდილოეთ რაიონებში. საბოლოოდ მათ მოახერხეს შუმერის ტერიტორიის გაერთიანება. აქადელებმა შეისისხლხორცეს შუმერული ცხოვრების წესი და კულტურა და შუამდინარეთის ცხოვრების მრავალი მხარე განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანეს, მათ შორის სამხედრო საქმეც. ძველი ახლო აღმოსავლეთის იმპერიები, როგორც წესი, არ ახდენდნენ ხოლმე დაპყრობილი ხალხების ასიმილირებას, ისინიც ამ იმპერიებს ემორჩილებოდნენ ვიდრე ამ უკანასკნელთ ძალა ერჩოდათ თავისი ძლევამოსილების შესანარჩუნებლად. /გვ. 18/

ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან ახლო აღმოსავლეთის სამხედრო საქმეში ჩნდება ტექნოლოგიური სიახლე, ცხენებიანი, მსუბუქი საბრძოლო ეტლი. სიმსუბუქე და ცხენები ამ ეტლს მეტად სწრაფსა და მობილურს ხდიდა. ამ ორთვალა ეტლში თავდაპირველად ორი ცხენი იყო შებმული, ხოლო მოგვიანებით ოთხი. სიმსუბუქის გამო ეტლი ადვილად ყირავდებოდა და ტყდებოდა. ეტლში ორი პიროვნება იყო, მეეტლე და საბრძოლო თვისებებით გამორჩეული მეომარი. მეეტლეს მარჯვენა მხარე ეკავა და მისი მოვალეობა იყო ეტლი მოწინააღმდეგის სუსტი

Page 27: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ადგილისაკენ მიემართა. მეომარი ან მცირე ზომის სკამზე იყო ჩამომჯდარი ანდა ფეხზე იდგა. ჩვეულებრივ მას მუზარადი ეხურა, ატარებდა მკლავის დამცველს, ხოლო მკერდი დაჯავშნული ჰქონდა. ეტლში მოთავსებული იყო იარაღის მთელი “`არსენალი”: შუბი, მახვილი, სატევარი, კვერთხი და რაც მთავარია მშვილდისარი. სწორედ მშვილდისრის გამოყენება ხდიდა ამ მობილურ ეტლს ბრძოლის მეტად ეფექტურ საშუალებად. დიდი სიჩქარით გადაადგილებული და ამდენად მტრის მშვილდოსნების მიერ მოუხელთებელი ეტლიდან ნასროლ ისრებს საგრძნობი არეულობა შეჰქონდათ მოწინააღმდეგის რიგებში. მისი შემაჩერებელი მხოლოდ მტრის მიერ გამოყენებული ასეთივე ეტლი თუ იქნებოდა. ამ გარემოებამ საბრძოლო ეტლების ფართო გავრცელება გამოიწვია მთელ ძველ აღმოსავლეთში, თვით ჩინეთის ჩათვლით (იხ., ქვემოთ). მსუბუქი ცხენიანი ეტლის გამოყენების დაწყების შემდეგ, მისი და ქვეითი ჯარის მტერთან ერთობლივი ბრძოლის ხერხები ძველი აღმოსავლეთის ყველა ქვეყნის არმიაში გამოიყენებოდა.

ჯავშნის უქონლობა ეტლებს დაუცველს ხდიდა ბრძოლის დროს და მათი ხსნა მხოლოდ დიდ სიჩქარეში იყო. თუ ეტლში თავდაპირველად ორი კაცი იყო, თანდათნობით მათი რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ეტლები თავისი ეფექტურობით ბრინჯაოს ხანის ტანკებს წარმოადგენდნენ. მათი მთავარი უპირატესობა მშვილდოსნებისათვის მიცემული /გვ. 19/ ტაქტიკური მობილურობა იყო. იმის გამო, რომ ქვეითი ჯარი მჭიდროდ იყო შეჯგუფული ბრძოლის დროს და მწყობრი, გააზრებული მოქმედებითა და ერთმანეთის დაზღვევით ცდილობდა გადაულახავი ცოცხალი ჯებირის აგებას, საბრძოლო ეტლებს საშუალება ეძლეოდათ შორიდან ისრებით დაეცხრილად მათი რიგები. ხოლო თუ ქვეითები გაიშლებოდნენ, მაშინ ეტლებს მათი იოლად გადათელვის შანსი ეძლეოდათ.

როგორც ვხედავთ, საბრძოლო ეტლების ქონა ჯარისათვის აუცილებელი იყო. თუ გავითვალისწინებთ მათი დამზადებისა და შეკეთების სირთულეს, რასაც დახელოვნებული ხელოსნის მომსახურება სჭირდებოდა და ცალკე ცხენის ღირებულებასაც, ცხადი ხდება, რომ ეტლის ქონა და შენახვა მხოლოდ განსაკუთრებულად შეძლებულ ხალხს შეეძლო. ბუნებრივია საბრძოლო ეტლის მქონე მეომრები წარმოადგენდნენ წარჩინებულთა კასტას*.

იმ საზოგადოებებში, სადაც საბრძოლო ეტლები საჯარო საკუთრებას წარმოადგენდნენ, მათი მომხმარებლები ხელს უწყობდნენ და განამტკიცებდნენ ძლიერ ცენტრალურ ხელისუფლებას, ასე იყო მაგალითად, ეგვიპტის ახალ სამეფოში. საბრძოლო ეტლების გამოყენებამ უმაღლეს დონეს მიაღწია კადეშის* ბრძოლის დროს (ძვ. წ. 1274 წ.), როდესაც ბრძოლის ველზე ორივე მებრძოლი მხრიდან 6000-მდე ეტლს უნდა მიეღო მონაწილეობა (იხ., ქვემოთ).

შუმერელთა სამხედრო უპირატესობა: ფალანგა*, საბრძოლო ეტლი, ჯავშანი, ფარების ფართო გამოყენება, სამხედრო ნაწილების დისციპლინა, ვერ აანაზღაურებდა მათ არახელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და დანაწევრებულობას. ისტორიკოსთა შორის ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, ის საზოგადოებები, რომლებიც არ არიან ჰომოგენური* ან სხვათაგან გეოგრაფიულად იზოლირებული და

Page 28: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

რომელთაც თაობიდან თაობამდე უხდებათ სხვადასხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება, უნდა შეეცადონ არ დაუშვან არასტაბილურობა მმართველობის სისტემაში /გვ. 20/ და უნდა გამოავლინონ ცვალებად გარემოებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი. მათ აუცილებლად უნდა დაძლიონ უთანხმოება საზოგადოებაში და ამ საზოგადოების ყველა ფენის ვალია შეინარჩუნოს ქვეყნისადმი ერთგულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საზოგადოება, მისი შემადგენელი ყველა ფენის ჩათვლით, მტრის წინაშე განიარაღებული დარჩება და შესაბამისად საყოველთაო და სრული კატასტროფის წინაშე დადგება. ეს გარემოება არა მხოლოდ შუმერთათვის იყო გასათვალისწინებელი და როგორც ყველანი ვხედავთ, იმათთვის ვისაც კი ადარდებს საკუთარი ქვეყნის ბედი, დღესაც არ არის აქტუალურობას მოკლებული.

შუმერის ისტორიაში სამ ეტაპს გამოყოფენ ხოლმე, პირველი მათგანი ძვ. წ. V ათასწლეულის შუა ხანებიდან III ათასწლეულის შუა ხანებამდე გრძელდებოდა. ამ ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო გაბატონებული სასულიერო ფენის, რომელსაც ქურუმი-მეფეები ედგა სათავეში, სამეფო ძალაუფლებით ჩანაცვლება. ვინაიდან ქვემო მესოპოტამიის ნაყოფიერი ნიადაგისათვის ქალაქ-სახელმწიფოებს შორის სულ უფრო მზარდი ომიანობა იჩენდა თავს, ცხადია მათ მეფეებს ძირითადად სამხედრო-პოლიტიკური ფუნქციები უნდა განეხორციელებინათ. ამ პერიოდის მესოპოტამიის სიმდიდრის ყველაზე უფრო მკაფიო გამოხატულება ე. წ. ურის სამეფო აკლდამებია, აქ თვით სამხედრო საჭურველიც კი ზოგჯერ ძვირფასი ლითონებიდან არის დამზადებული. ზემო, ანუ ჩრდილოეთ მესოპოტამიაშიც დასახლებები განუხრელად იზრდებოდა, თანდათანობით ისინიც დამცავი გალავნით შემოზღუდულ ქალაქებად გადაიქცნენ, რაც რეგიონში არსებულ გარედან მომდინარე საფრთხეზე და თავდაცვისათვის და ომისათვის მზადების საჭიროებაზე მეტყველებს.

მეორე ეტაპზე, დაახლ. ძვ. წ. 2350-2150 წწ., მთელი მესოპოტამია, შუმერის ჩათვლით, აქადელებმა იგდეს ხელთ. გარდა ამისა მათ, თავისი მეფის სარგონ დიდის /გვ. 21/ (ძვ. წ. 2334-2279 წწ.) წინამძღოლობით, საკუთარი სამფლობელოები შორს დასავლეთისაკენ, ხმელთაშუაზღვისპირეთამდე და ანატოლიამდე, ხოლო აღმოსავლეთით დასავლეთ ირანამდე განავრცეს. ამით სარგონი ფაქტობრივად პირველი წინააზიური იმპერიის დამფუძნებელი გამოდგა. მისი იმპერია სამ ზღვას – ხმელთაშუაზღვას, სპარსეთის ყურესა და კასპიის ზღვას – შორის გადაიჭიმა.

სარგონის მიერ დატოვებული წარწერები, მის მიერ 34 ომის მოგებას იუწყებიან და შენიშნავენ, რომ მის წინაშე 5400 კაცი პურს ჭამდა, რაც შეიძლება მინიშნებად ჩავთვალოდ მისი არმიის რიცხოვნებაზე. თავისი დროისათვის ეს ძალზე დიდი ჯარი იყო და მის ჯარისკაცებს არც გამოცდილება აკლდა.

ნიპურის* სასახლეში ნაპოვნი წარწერა იუწყება, რომ ქვემო მესოპოტამიის ანუ შუმერის დასაუფლებლად გამართული ლაშქრობისას სარგონმა აიღო ქალაქი ურუქი და მიწასთან გაასწორა იგი. ქალაქიდან

Page 29: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

გაქცეულებმა უმმას* მეფეს, ლუგალ-ზაგესს შეაფარეს თავი, რომელმაც შუმერული ძალები აქადელთა წინააღმდეგ გააერთიანა. გადამწყვეტი ბრძოლა სარგონის გამარჯვებით დამთავრდა, მან მოწინააღმდეგე შემუსრა, ხოლო თვით ლუგალ-ზაგესი ძაღლივით თოკგამობმული ჩაიყვანა ნიპურში*.

სარგონი ძლიერი და გაერთიანებული იმპერიის შექმნით ცდილობდა დაეძლია მესოპოტამიის ქალაქი-სახელმწიფოების მუდმივი ურთიერთქიშპი. მან კიდევ უფრო მკვეთრად დააშორა ერთმანეთს რელიგიური და საერო ხელისუფლება. საკუთარი ბატონობის უზრუნველსაყოფად სარგონმა პირველად დაარსა სამხედრო ბეგარა, რომელიც, როგორც ჩანს, საირიგაციო და დაჭაობებული ადგილების დაშრობისათვის დიდძალი მოსახლეობის მობილიზაციის ჩვევის არსებობის გამო არ იყო ძნელი განსახორციელებელი.

აქადურ ხანას თანხვდება მესოპოტამიაში ახალი სახეობის შედგენილი მშვილდის* გამოჩენა, რომელიც ხისა და რქის ნაწილებისაგან შედგებოდა. სარგონის ჯარში წარმატებით გამოიყენებოდა შუბებისა და სატყორცნი /გვ. 22/ იარაღების ურთიერთშეთავსება. ბრინჯაოს მახვილებითა და ოთხთვალა საბრძოლო ეტლებით შეიარაღებული აქადელები წარმატების შანსს არ უტოვებდნენ მოწინააღმდეგეებს. მიუხედავად მათი სამხედრო გენიისა, აქადელთა ჰეგემონია ქვემო მესოპოტამიაზე დიდხანს არ გაგრძელებულა, უკვე დაახლ. ძვ. წ. 2200 წ. ზაგროსის მთიანეთში მცხოვრები გუთიების* მეომარი ტომის ხალხი შეიჭრა ბაბილონეთში და ბოლო მოუღო აქადელთა ბატონობას. მათ სარგონის შვილთაშვილი დაამარცხეს.

შუმერის ისტორიის მესამე ეტაპი ურის მიერ გუთიების* დამარცხებით იწყება. ეს არის ამასთანავე ურის მესამე დინასტიის მიერ, დაახლ. ძვ. წ. 2112-2004 წწ., შუმერის აღორძინების ხანა. ურის მესამე დინასტიის ხელისუფლებმა თითქმის მთელი მესოპოტამია იგდეს ხელთ. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ დროისათვის უკვე ადგილი ჰქონდა შუმერული და აქადური კულტურების სინთეზს, მაინც შუმერული ენის ადმინისტრაციული უფლებები აღდგენილი იქნა. შუმერთა მმართველობის პერიოდი, ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში დასავლეთიდან სემიტური ტომების ახალი ნაკადის, ამორეელების შემოსევით დამთავრდა, რასაც თან, აღმოსავლეთიდან ელამელების შემოჭრა დაერთო. საყურადღებოა, რომ ახალმა მოსახლეობამ შეინარჩუნა და კიდევ უფრო განავითარა შუმერულ-აქადური მემკვიდრეობა. ამორეელებმა ბაბილონი გაიხადეს დედაქალაქად, სადაც ჯერ კიდევ სარგონ აქადელს ჰქონია ტაძარი აგებული და ამის შემდეგ ისინი უკვე ბაბილონელების სახელით ჩანან ისტორიის ფურცლებზე, ხოლო ბაბილონი თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში კიდევ ინარჩუნებდა ახლოაღმოსავლეთის კულტურული და სავაჭრო ცენტრის ფუნქციას.

ბაბილონის მეფემ ჰამურაბიმ (ძვ. წ. XVIII ს.) მესოპოტამია თითქმის მთლიანად გააერთიანა და ამ ვრცელი რეგიონის მართვისათვის ჩამოაყალიბა დახვეწილი ადმინისტრაციული სისტემა. მისი უდიდესი მიღწევა, რა თქმა /გვ. 23/ უნდა, კანონთა კოდექსის შექმნა იყო (იხ., ზემოთ). ჰამურაბის მემკვიდრეთა ხელში ბაბილონეთი სულ უფრო

Page 30: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

დაკნინდა, ხოლო ძვ. წ. XVI ს. დასაწყისიდან ხეთების დასავლეთიდან, ხურიტების* ჩრდილოეთიდან და კასიტების აღმოსავლეთიდან შემოსევების შედეგად ამ ახალი ძალების მიერ იქნა ფაქტობრივად დაყოფილი.

სარგონ აქადელმა მესოპოტამიაში სემიტური მოდგმის ხალხების თითქმის 2000 წლოვან ბატონობას დაუდო სათავე; აქადელებისა და ამორეელ-ბაბილონელების გარდა, მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში ჰქონდათ კერა ასურელებს, რომელთაც დაარსეს ძველასურული (ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი), შუაასურული (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი) და ახალასურული (ძვ. 911-612 წწ.) სამეფოები.

ეგვიპტე. ეგვიპტის ადრეული ხანის ისტორია მოწმობს ჯარის დიდ მნიშვნელობაზე, თვით წინადინასტიური ეგვიპტის ორი სამეფოს ერთ სამეფოდ გაერთიანებამდე; იმდროინდელ გამოსახულებებზე ვხედავთ ალყა შემორტყმულ ციხე-სიმაგრეთა გალავნებს ანდა ომის შედეგად მოპოვებულ ნადავლს. მდ. ნილოსის გარშემო ეგვიპტელებმა თავდაპირველად ცალკეული მცირე სამეფოები შექმნეს, რომლებიც დროთა მსვლელობაში ერთ სამეფოდ გაერთიანდნენ. მდ. ნილოსი ეგვიპტელთათვის სიუხვისა და კეთილდღეობის პირველწყაროს წარმოადგენდა. მდინარის რეგულარული ადიდება ნიადაგს არნახულად ანაყოფიერებდა. ჩრდილოეთის ძლიერი და თითქმის მუდმივი ქარი აადვილებდა მდინარის აღმა ცურვას, რაც ძალზე აიოლებდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებს შორის კომუნიკაციებს. მისი დინება და ჩანჩქერები, ამავე დროს, სამხრეთიდან მტრის შემოჭრას ართულებდა. ჩრდილოეთიდან ეგვიპტე ხმელთაშუა ზღვით, აღმოსავლეთიდან წითელი ზღვითა და სინას უდაბნოთი, ხოლო დასავლეთიდან უდაბნოების საშუალებით იყო სხვათაგან დაცული. /გვ. 24/

ეგვიპტე ორ დიდ მხარედ იყოფოდა, ზემო ეგვიპტედ და ქვემო ეგვიპტედ, ანუ მდ. ნილოსის ზემო და ქვემო წელის მიმდებარე მხარეებად. ფარაონი ნარმერი იყო პირველი ვინც გააერთიანა ქვეყნის ორივე მხარე. თუ შუმერებს მიაჩნდათ, რომ ენზი ღვთის ნების განმცხადებელი იყო (იხ., ზემოთ), ეგვიპტელთა ფარაონი თვით იყო დედამიწაზე მოვლენილი ღვთაება, ღვთის განსხეულება. ნარმერის მემკვიდრეების დროს, ერთი მხრივ, მოხდა ზემო და ქვემო ეგვიპტის კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია, მეორე მხრივ, ადგილი ჰქონდა ეგვიპტელთა ლაშქრობებს სამხრეთისაკენ – ნუბიის, დასავლეთისაკენ – ლიბიის, ხოლო აღმოსავლეთისაკენ – სინას ნახევარკუნძულის მიმართულებით. საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა ეს ლაშქრობები მიზნად ისახავდა სპილენძისა და ფირუზის საბადოების ხელში ჩაგდებას.

ეგვიპტის ერთ-ერთი თავისებურება იყო ის, რომ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იგი ძირითადად ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ რჩებოდა. ეს ალბათ მისი გეოგრაფიული თავისებურებითაც უნდა ყოფილიყო გამოწვეული, იგი ხომ, როგორც ითქვა, ფაქტობრივად ყველა სხვა მხარესაგან ზღვებითა და უდაბნოებით განცალკევებულ ოაზისს

Page 31: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

წარმოადგენდა. სწორედ ამის გამო, მის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს გალავანი იშვიათად ჰქონდათ გარშემორტყმული.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებში ეგვიპტეში გვხვდება ალიზისაგან ნაგები გალავნიანი დასახლებები, ხოლო ალყის ამსახველი ერთ-ერთი ადრეული გამოსახულება, რომელზედაც ღვთაებრივი ცხოველები ქალაქის გალავანს ანგრევენ, თარიღდება ეგვიპტის ადრედინასტიური ხანით. პირველი საალყო აღჭურვილობა, რომლის გამოსახულებამაც ჩვენამდე მოაღწია, შემონახულია ძვ. წ. XXIV საუკუნის ერთ-ერთი ეგვიპტური აკლდამის ბარელიეფზე. აქ გამოსახულია ბორბლებიანი საალყო მისადგამი კიბე, რომლის დახმარებითაც ეგვიპტელი ჯარისკაცები ცდილობენ ქანაანელთა* ქალაქის გალავნის გადალახვას. /გვ. 25/

ეგვიპტელების საფორტიფიკაციო ნაგებობები და ფორპოსტები* ძირითადად სასაზღვრო მხარეებში იყო მოწყობილი, რათა გარეშე მტერი ეგვიპტეში არ შემოეშვათ. დაცული იყო ნილოსის დელტის* დასავლეთი და აღმოსავლეთი მიჯნები, აღმოსავლეთის უდაბნო და სამხრეთიდან ნუბიის შემოსასვლელები. მცირერიცხოვან სასაზღვრო გარნიზონებს ადვილად შეეძლოთ უდაბნოს მომთაბარეთა მდ. ნილოსის დელტის* ნაყოფიერი ველებისკენ შეჭრის მცდელობის აღკვეთა, ხოლო მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის გამოჩენისთანავე ხდებოდა ხელისუფლების ინფორმირება.

პირამიდების აღმართვის გარდა, მესამე-მეექვსე დინასტიების მომცველი ძველი სამეფოს ხანის (დაახლ. ძვ. წ. 2686-2134 წწ.) ფარაონები აგებდნენ ფორტებს ანუ ციხე-სიმაგრეებს. ყველაზე უფრო ხშირად ეს ხდებოდა მდ. ნილოსის გასწვრივ, რაც იმით აიხსნება, რომ ძირითადი საფრთხე ამ ხანაში სამხრეთიდან, ნუბიიდან მოდიოდა. პირველი ფორტი ძველი სამეფოს ხანაში, სამხრეთით აიგო, ბუჰენში, მდ. ნილოსის მეორე ჩანჩქერთან და ძირითადად ეგვიპტელთა მიერ ქვემო ნუბიის დამორჩილების სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენდა.

თავდაცვითი ფორტების დიდი ნაწილი აგებული იყო ეგვიპტელთა სამხედრო ექსპანსიის ეპოქაში, შუა სამეფოს ხანაში (დაახლ. ძვ. წ. 2040-1640 წწ.). ეგვიპტური ფორტები ერთმანეთისგან ერთი სავალი დღის გზით იყო ერთმანეთისაგან დაშორებული, რაც ქვეყნის თავდაცვისათვის მწყობრ სისტემას ქმნიდა. ეგვიპტელებს დღევანდელი საბაჟოს მსგავსი სასაზღვრო კონტროლის სამსახური გააჩნდათ, მაგალითად, აღმოსავლეთის საზღვართან, სილეს ფორტთან აუცილებელი იყო რეგისტრაციის გავლა – ქვეყანაში შემოსვლამდე ხდებოდა სახელის, წარმომავლობისა და დანიშნულების ადგილების ფიქსირება. ყველაზე რთული საგარნიზონო სამუშაო უკიდურესი დასავლეთის ფორპოსტთან*, თანამ. უმ-ელ-რახამთან (ქ. ალექსანდრიის დასავლეთით დაახლ. 322 კმ) /გვ. 26/ უდაბნოში მდებარე ფორტი იყო. იგი წარმოადგენდა 5 მ სიგანისა და 1600000 ცალი დიდი ზომის ალიზის აგურით ნაგები გალავნით შემოკავებულ და 20000 კვმ გადაჭიმულ უზარმაზარ ნაგებობას.

ეგვიპტელების ექსპანსია თავისებური ხასიათისა იყო. ისინი ძირითადად ცდილობდნენ ხოლმე მცოცავი ტაქტიკით თანდათანობით და სრულყოფილად დაემორჩილებინათ სუსტი სამხედრო ძალის მქონე

Page 32: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ქალაქები და სამეფოები. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ფიქრი ახალი მიწების ათვისებისათვის.

ჯერ კიდევ წინადინასტიური ხანის ეგვიპტეში ომიანობის გავრცელების ამსახველია ფარაონ ნარმერის ცნობილი ფილა. ქვადაფის (ასპიდის) ფიქალისაგან დამზადებული ფილის ზომებიდან გამომდინარე – 64 სმ – თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ იგი საცერემონიო ფილა იყო და არა ყოველდღიური გამოყენების კოსმეტიკური პალიტრა. ფილის წინა მხარეს ვხედავთ ფარაონ ნარმერს, რომელიც თანმხლებ პირებთან მიდის მტრის მრავალრიცხოვანი თავმოწრილი გვამების გროვის სანახავად (ილ. 1ა, ზედა ნაწილი); უკანა მხარეს ნარმერს მუხლმოდრეკილი მტრის თმებში მარცხენა ხელით არის ჩაფრენილი და მარჯვენათი კვერთხის ჩასარტყმელად არის მზად (ილ. 1ბ, ზედა ნაწილი). წინა მხარეზე, ქვემოთ, გამოსახულია უზარმაზარი ხარის (ალბათ თვით ფარაონის სიმბოლური გამოსახულების) მიერ, რომელიღაც ქალაქის გალავნის დანგრევა (ილ. 1ა). ეგვიპტოლოგები ფიქრობენ, რომ ფილაზე გამოსახულია ნარმერის მიერ ქვემო ეგვიპტის დაპყრობა და ორივე ეგვიპტის გაერთიანება, ამაზე მათი აზრით, უნდა მეტყველებდეს წინა მხარის ცენტრალურ ნაწილში გამოსახული ორი მითიური, გრძელკისერა ცხოველების გამოსახულება ერთმანეთან გადაბმული კისრებით. შესაძლოა, ამასვე მეტყველებდეს იქვე, ზემო მარჯვენა კუთხეში, ხომალდის გამოსახულება, რომელთა დახმარებით ალბათ მოხდებოდა ნარმერის ლაშქრის ნილოსის /გვ. 27/ საშუალებით ზემო ქვეყნიდან ქვემო ეგვიპტეში ჩამოყვანა (ილ. 1ა). აღსანიშნავია, რომ ძველი სამეფოს გვიან ხანებშიც, სამხედრო ოპერაციებისათვის ეგვიპტური რაზმების გადაზიდვა მდ. ნილოსზე ნავებით ხდებოდა.

ეგვიპტის ისტორიაში ძველი სამეფოს ეპოქა ერთ-ერთ ყველაზე უფრო აყვავებულ ხანად არის მიჩნეული. ძველი სამეფოს ხანა მოიცავს ეგვიპტის III-VIII დინასტიების ხანას. ამ ხანას ზოგიერთი მკვლევარი მხოლოდ III-VI დინასტიებით განსაზღვრავს. ეს სხვაობა დამოკიდებული იყო მომდევნო, ე. წ. პირველი საშუალედო პერიოდის დასწყისის განსაზღვრასთან. უფრო ადრეული პერიოდები წინადინასტიურ და ადრედინასტიურ ხანებს განეკუთვნებიან. ადრედინასტიური ხანა, იგივე არქაული პერიოდი, მოიცავს პირველ და მეორე დინასტიებს და თარიღდება დაახლ. ძვ. წ. 3150-2686 წწ.

ქვეყნის ხვავი და ბარაქა კარგად ორგანიზებული თავდაცვის სისტემის შემუშავების შესაძლებლობას იძლეოდა. ახალ სამეფოს ხანამდე ეგვიპტეში სამხედრო კონფლიქტის ოთხი ძირითადი მიზეზი მოიპოვებოდა: 1. ლიბიური საფრთხე დასავლეთიდან; 2. ნუბიელები სამხრეთში; 3. სინას ნახევარკუნძული და ქანაანელები* ჩრდილო-აღმოსავლეთით; 4. საშინაო კონფლიქტები.

ადრეული ხანის ეგვიპტეში არ ჰყავდათ რეგულარული არმია და ფლოტი, არც პროფესიონალი, უმაღლესი კლასიფიკაციის მეომრები. მებრძოლები, საჭიროების შემთხვევაში, ხალხში შეირჩეოდნენ ხოლმე. ძველი და შუა სამეფოს ეპოქებში ფარაონის ხელქვეით მოგროვილი ჯარი ძირითადად შედგებოდა სამხედრო ბეგარის შედეგად გაწვეული გლეხებისა და ხელოსნებისგან. თითოეული ნომის (ეგვიპტური

Page 33: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ადმინისტრაციული ერთეული) მმართველი სამხედრო სამსახურის მსურველთაგან აგროვებდა საკუთარ ჯარს. იმ ხანად ეგვიპტეში სამხედრო სამსახური, განსხვავებით ახალი სამეფოს ხანისაგან, არ იყო პრესტიჟულად მიჩნეული და შესაბამისად ჯარში ძირითადად დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლები მიდიოდნენ, რომელთაც /გვ. 28/ არ ჰქონდათ სხვა საქმის შეთვისების საშუალება. ომის შემთხვევაში სხვადასხვა ნომებში შეგროვებული რაზმები ერთიანდებოდა ერთიან ლაშქრად, რომელსაც სათავეში ფარაონი ედგა.

ჯარისკაცებს საკმაოდ მარტივი აღჭურვილობა ჰქონდათ, რომელიც შედგებოდა სპილენძისპირიანი წვეტიანი შუბების, სატევრებისა და ხის ფართო ტყავგადაკრული ფარებისაგან. ადრედინასტიური ხანაში გამოიყენებოდა ხელკეტები, ქვისგან დამზადებული ბუნიკიანი კვერთხები, თუმცა მომდევნო ხანებში ეს იარაღი მხოლოდ საცერემონიო ფუნქციას ინარჩუნებს, ხოლო მის ადგილს შეიარაღებაში ბრინჯაოს საბრძოლო ცული იკავებს.

შეტევის დროს შუბოსნებს აზღვევდნენ ხოლმე მშვილდოსნები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ მარტივი, მრუდი მშვილდითა და კაჟის ან სპილენძისპირიანი ისრებით. საზოგადოდ, ყველაზე უფრო გავრცელებული იარაღი მაინც მშვილდისარი იყო. ეგვიპტურ გამოსახულებებზე, წვერებიან უცხოელებთან, როგორც ჩანს, წინააზიელებთან ბრძოლისას, ეგვიპტელი მეომრები შეიარაღებულნი არიან მშვილდისრებითა და სატევრებით. მშვილდი იმ დროს ჩვეულებრივი, ცალრკალიანი იყო და შესაბამისად ისრის სროლისას მისი სრულფასოვანი დაჭიმვა რთული ხდებოდა, წვეტიანი ისრები კაჟის ან სპილენძის ჰქონდათ. მშვილდისრის ეფექტურობა განსაკუთრებით ჰიქსოსური შედგენილი მშვილდის* გავრცელების შემდეგ გაიზარდა (იხ., ქვემოთ). აბჯარი, ძვ. წ. III და ადრეულ II ათასწლეულებში ეგვიპტეში, ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა.

ძველი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე წარმატებული ქვეყანა, მრავალსაუკუნოვანი სტაბილურობის თვალთახედვით, ეგვიპტის ძველი სამეფო იყო. ამ დროინდელი ქვეყნის სიმტკიცესა და უსაფრთხოებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდა, ღვთაება-ფარაონის ხელქვეითთა არნახული ერთიანობა, ფაქტობრივად ქვეყნის მუდმივი მატერიალური კეთილდღეობა, /გვ. 29/ გარეშე მტრებისგან საზღვრების დაცულობა, რაც უზრუნველყოფილი იყო ძალაუფლებითა და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებებით.

ეგვიპტური საზოგადოება საკმაოდ კარჩაკეტილი იყო, სხვა ხალხებს ისინი არ თვლიდნენ სრულფასოვან ადამიანებად. მათთვის გარე სამყარო ქაოტური იყო და უზნეო ადამიანებით დასახლებული. ადრეული ხანის ფარაონები თავის წარწერებში გვაუწყებენ ხოლმე იმის თაობაზე, თუ როგორ დახოცეს მათ 40000 ჩრდილოელი. ფარაონთა განმადიდებელ ძეგლებზე, თვით ფარაონი, როგორც წესი, ყოველთვის ბრძოლის შუაგულშია გამოსახული, მისი საყვარელი იარაღით კვერთხით ხელში, ხოლო მტრები მის წინაშე მიწაზე არიან გართხმული. ფარაონები გამოსახული არიან ხოლმე, მათ წინაშე დაჩოქილი აზიელების განგმირვის

Page 34: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

პროცესში ანდა მიწაზე გართხმული ნუბიელის თავზე ტერფდადგმულის პოზაში.

ვინაიდან ადრეული ეპოქის ეგვიპტეში, ჯერ კიდევ არ არსებობდა ნამდვილი პროფესიონალური ჯარი, ეგვიპტური ჯარის რიგებში არცთუ იშვიათად შეჰყავდათ ხოლმე უცხოელები, მაგ., ნუბიელი მოქირავეები ძველი სამეფოს გვიანი ხანიდან წარმოადგენდნენ მშვილდოსნების საუკეთესო ნაწილებს. ეგვიპტელები ხშირად იყენებდნენ დაქირავებულ ნუბიელებს (ილ. 7); კერძოდ, პალესტინაში ბრძოლების დროს, მათ ზოგჯერ ჯარისკაცებით სავსე ხომალდებით აგზავნიდნენ პალესტინის დასაუფლებლად.

ძველი სამეფოს უკანასკნელი ძლევამოსილი ფარაონის, პეპი II-ის დროს, რომელმაც ყველაზე უფრო ხანგრძლივად იმეფა ეგვიპტის ისტორიაში (ძვ. წ. 2278-2184 წწ.), მმართველობის ძირითადი სიმძიმე მისი ვეზირების კისრებზე გადადიოდა. ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ, ეყრდნობოდნენ ნომების მმართველებს ანუ ნომარხებს. თითქმის საუკუნეს მიღწეული პეპი II-ის გარდაცვალების შემდეგ, ადრე არსებული მმართველობის სისტემა მოიშალა, ნომარხებმა, რომლებმაც დიდი გავლენა /გვ. 30/ შეიძინეს თავისი მმართველობის მხარეებში და დიდძალი სიმდიდრეც დააგროვეს, დაიწყეს საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და მომიჯნავე ნომების დასაქვემდებარებლად მოქმედება. პეპი II-ის ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ ეგვიპტე სამოქალაქო ომმა მოიცვა და ქვეყანაში ე. წ. პირველი შუალედური პერიოდი ჩამოყალიბდა. ეს ხანა საკმაოდ მძიმე გამოდგა ქვეყნისათვის, მოხდა დრამატული გარდატეხა სამხედრო იდეოლოგიაში, მისი მთავარი დებულება – ძლევამოსილი ეგვიპტური თვითმპყრობელობის განმტკიცება, საკუთარი მიწა-წყლის შენარჩუნებისათვის ბრძოლის საჭიროებამ შეცვალა. პალესტინაში ეგვიპტის გავლენა გაქარწყალდა და აქ გაბატონებულმა ”აზიელებმა” ნილოსის დელტის* აღმოსავლეთ ნაწილში შეაღწიეს.

ნომარხთა ორმოცდაათიანწლიანი ბრძოლა საბოლოოდ თებეს მმართველის გამარჯვებით დამთავრდა, რომელმაც დაახლ. ძვ. წ. 2040 წ. დაარსა ეგვიპტის შუა სამეფო. ამ ეპოქის ფარაონებს უკვე რეგულარული რიცხმრავალი ჯარი ჰყავდათ; ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, მათი ბრძანების თანახმად, ნომარხებს დამატებითი ძალები უნდა მოეწოდებინათ. ყოველი ასი კაციდან ერთი ჯარში უნდა ყოფილიყო გაწვეული.

ისევე როგორც ძველი აღმოსავლეთის ბევრ სხვა მხარეში, ამ ეპოქის ეგვიპტეშიც, ისევ ფართოდ გამოიყენებოდა არქაული იარაღები: კვერთხი, საბრძოლო ცული, მშვილდისარი. ბრინჯაოს ხანაში მათ, ბუნებრივია, დაემატა ბრინჯაოსგან დამზადებული იარაღი და აბჯარი. ბრინჯაოს საჭურველსა და აბჯარს ამ ეპოქის ეგვიპტეში ჯარის ეფექტურობისათვის უკვე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მსუბუქი ქვეითი ჯარი ატარებდა სარტყლებს და შეიარაღებული იყო მარტივი მშვილდითა და ბრინჯაოს ისრისპირებით. მძიმე ქვეითი ჯარი ხისა და ტყავისგან ტლანქად ნაკეთები ფარებით, ბრინჯაოს მახვილებით და

Page 35: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

სპილენძის შუბისპირებით. თანდათანობით გავრცელდა უფრო ეფექტური მთლიანად ლითონისაგან დამზადებული ფარები.

ძველად იარაღი არსებობდა 4 სახეობის: 1) ხელდახელ ბრძოლისათვის: სატევრები, მახვილები, დანები, /გვ. 31/ ხელკეტები, კვერთხები, ცულები და სხვ.; 2) ხის ტარზე დამაგრებული ლითონის საბრძოლო ნაწილიანი, ბრძოლის დროს მოწინააღმდეგისაგან უსაფრთხო დისტანციაზე დასარჩენად: შუბები, ხელშუბები და სხვ.; 3) სასროლი იარაღები: მშვილდისარი, შურდული; 4) საალყო მოწყობილებები: ტარანები, საალყო გოდოლები და სხვ.

შუა სამეფოს ეპოქაში, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობოდა ეგ-ვიპტის მუდმივად მზარდი საზღვრების უსაფრთხოების დაცვას. გარდა გარეშე მტრისაგან ქვეყნის დაცვის საჭიროებისა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ეგვიპტის სიმდიდრისა და სიძლიერის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორის, სავაჭრო გზების კონტროლი. თუმცა ამ პერიოდის დამლევს ეგვიპტემ მაინც ვერ შესძლო თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მისი დაცემის მიზეზი პირველ რიგში ქვეყნის საარაკო სიმდიდრის მიმზიდველობა გახლდათ.

ეგვიპტის ლაშქარი ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ზემო და ქვემო ეგვიპტის არმიებად, რომლებიც თავთავიანთ მხედართმთავარებს ექვემდებარებოდნენ. ფარაონი არმიის უზეანაესი მთავარსარდალი იყო. მისი თანაშემწეები იყვნენ არმიის მთავარსარდლები. სპეციალისტთა აზრით, სამხედრო იერარქია ეგვიპტეში ძირითადად შუა სამეფოს ხანიდან იჩენს თავს.

შუა სამეფოს ფარაონების აგრესიული სტრატეგია პალესტინასა და სირიაში მიზნად ისახავდა შეეჩერებინა ეგვიპტეზე აღმოსავლეთიდან შემოსეული ტომების მოსალოდნელი შემოტევა. შედეგი საპირისპირო გამოდგა, ”აზიელებმა” კონტრიერიშით დელტა* უკვე მთლიანად ჩაიგდეს ხელში და გაერთიანებული ეგვიპტის სამეფო ისევ დაიშალა.

ახალმოსულები, გასხვავებული წარმომავლობის ხალხისგან შედგებოდნენ; მათ შორის იყვნენ სემიტები*, ინდო-ევროპელები*, ხურიტები* და სხვ. ყველა ეს განსხვავებული წარმომავლობის ხალხი ეგვიპტელების მიერ მოიხენიებოდა /გვ. 32/ ჰიქსოსებად, რაც ეგვიპტურად ”უცხო ბატონებს” ნიშნავდა. ჰიქსოსები ეგვიპტეში საუკუნეზე მეტ ხანს ბატონობდნენ (108 წლის განმავლობაში). ეგვიპტის ისტორიის ეს პერიოდი ცნობილია როგორც მეორე შუალედური პერიოდი. მათ დაარსეს მეთხუთმეტე და შესაძლოა მეთექვსმეტე დინასტიები.

ჰიქსოსების ბატონობა ეფუძნებოდა სამხედრო ტექნიკისა და სტრატეგიის უპირატესობებს. მათ ეგვიპტეში შემოიყვანეს ცხენები და შემოიტანეს მსუბუქი ეტლები, ბრინჯაოს მჭრელი იარაღები, ჯავშანი და შედგენილი მშვილდები*, რომლებიც გაცილებით უფრო ზუსტად და დიდ მანძილზე სტყორცნიდნენ ისარს. ბრძოლის ეს საშუალებები, მათდა უნებურად, მათ მიერ შეტანილი წვლილი გამოდგა მომდევნო ხანების ეგვიპტის შეიარაღებაში. ეგვიპტეში ჰიქოსების გამოჩენას შეიარაღების ტექნოლოგიასა და სამხედრო საქმეში მნიშვნელოვანი დაწინაურება უკავშირდება.

Page 36: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

აღსანიშნავია, რომ ცხენიანი, მსუბუქი და უაღრესად მობილური ე. წ. ჰიქსოსური ეტლები პირველად ხურიტებმა* შემოიღეს სირიაში მათი ცხოვრების დროს. მეცნიერთა დიდი ნაწილი ხურიტებს* კავკასიური წარმომავლობის ხალხად მიიჩნევს.

მსუბუქი ეტლი ფაქტობრივად წარმოადგენდა მოძრავ ბაქანს, საიდანაც ხდებოდა მტრის წინააღმდეგ სატყორცნი იარაღების გამოყენება. ბრძოლის დროს მისი მოქმედება კოორდინირებული იყო ქვეითი ჯარის მანევრებთან და, ძირითადად, ამ უკანასკნელის ხელშეწყობით სარგებლობდა. ჰიქსოსური ეტლის ეკიპაჟი ორი კაცისაგან შედგებოდა, მეეტლისაგან, რომელსაც ეტლის მართვის გარდა ფარიც უნდა მოემარჯვებინა და მშვილდისრითა და სატყორცნი შუბებით აღჭურვილი მებრძოლისაგან. შედგენილი მშვილდის* დახვეწის შედეგად გაჩნდა მისი გადაზნექილბოლოებიანი სახეობა, კიდევ უფრო გაუმჯობესდა ისრის პირებიც, გაჩნდა ფარის, სატევრისა და მახვილის ახალი სახეობები, ჯაჭვის პერანგი, ლითონის მუზარადი და სხვ. /გვ. 33/

საბრძოლო ეტლებსა და ცხენებზე კონტროლს, მათი ბატონობის განმავ-ლობაში, მხოლოდ ჰიქსოსები ინარჩუნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეით-ვისეს ეგვიპტური ენა, წეს-ჩვეულებები, ცხოვრების ყველა გარეგნული ნიშანი, ისინი მაინც ატარებდნენ თავიანთ არაეგვიპტურ პირად სახელებს და ეწეოდნენ თავის ძველ, ტრადიციულ ღვთისმსახურებას. ამავე დროს, ჰიქსოსებმა შეითვისეს ტრადიციული ეგვიპტური სამეფო წოდებები და ღვთაება სეტის* კულტი; ეს ღვთაება, თავდაპირველად, ქვემო ეგვიპტის მთავარი ღვთაება იყო, ხოლო მოგვიანებით ეგვიპტელთა მიერ რატომღაც უცხოელთა ღვთაებად მიიჩნეოდა. როგორც ჩანს, ჰიქსოსებმა სეტი* ეგვიპტურ ღვთაებათა შორის ყველაზე მეტად მიამსგავსეს თავის საკუთარ მთავარ ღვთაებას.

ჰიქსოსთა ძალაუფლების ქვეშ მოქცეული მხარე შემოზღუდული იყო ნილოსის აღმოსავლეთ დელტისა* და შუა ეგვიპტის ტერიტორიებით. ზემო ეგ-ვიპტის მმართველობა თებეში* მოკალათებული ეგვიპტელების ხელში იყო, რომლებიც ჰიქსოსებს ხარკს უხდიდნენ ხოლმე. ჰიქსოსებმა დედაქალაქი მემ-ფისში* მოიწყეს, ხოლო საზაფხულო და ამასთანავე ძირითადი რეზიდენცია ავარისში* ჰქონდათ.

ჰიქსოსებთან ბრძოლის საჭიროებამ, ეგვიპტელები აიძულა გადმოეღოთ ბევრი რამ თავიანთი აზიელი დამპყრობელებისაგან. ეგვიპტური ჯარი მათთან ხანგრძლივ ბრძოლებში ეზიარა მტრის აღმატებულ სტრატეგიასა და უკეთეს შეიარაღებას და თანდათანობით გადაერთო მათ გამოყენებაზე. ახალი ნიმუშის ჯარი დაფუძნებული იყო მკაცრი დისციპლინით კონტროლირებად სტრუქტურულ იერარქიაზე. შეთვისებული და გაუმჯობესებული იქნა ბრინჯაოს ჩამოსხმის ტექნოლოგია. პირველად ამ დროს გამოიყენებოდა ეგვიპტეში აბჯარი და ნამგლისფორმიანი მახვილი, ხოფეში (იხ., ქვემოთ). /გვ. 34/

ამ ახალმა საბრძოლო ტექნოლოგიებმა ძირეულად შეცვალა ეგვიპტელთა საომარი ეფექტურობის დონე. უკვე ძვ. წ. XVII საუკუნის დამლევიდან ეგვიპტელები ითვისებენ ცხენშებმულ საბრძოლო ეტლებს და იმდენად დახელოვდნენ ამ საქმეში, რომ შეძლეს ჰიქსოსების ბრძოლაში გამოწვევა. პირველი ვინც ეს გაბედა, თებეს* მეფე სეყენენრე (ძვ. წ. 1558-

Page 37: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

1554 წწ.) იყო. მართალია, იგი ამ ბრძოლას შეეწირა, თუმცა ცხადი გახდა, რომ ბრძოლა ჰიქსოსებთან შესაძლებელი იყო. მისი მემკვიდრის, თებეს მეჩვიდმეტე დინასტიის უკანასკნელი ფარაონის, კამოსეს (ძვ. წ. 1554-1549 წწ.) ხელმძღვანელობით, ეგვიპტელთა ფლოტმა საკმაოდ დახვეწილი მოქმედებისა და რთულ სანაოსნო მანევრების საშუალებით გაიმარჯვა ჰიქსოსების წინააღმდეგ ბრძოლაში ნავსადგურ ავარისთან* (დაახლ. ძვ. წ. XVI საუკუნის შუა ხანები). მომდევნო ფარაონმა, კამოსეს ძმამ, იაჰმეს I-მა (ძვ. წ. 1550-1525 წწ.), რომელმაც დაარსა ეგვიპტის ახალი, მეთვრამეტე სამეფო დინასტია, თავისი ზეობის მეთექვსმეტე წელს აიღო ჰიქსოსთა დედაქალაქი და ჰიქსოსები ძვ. წ. XVI საუკუნის შუა ხანებიდან საბოლოოდ გააძევა ეგვიპტიდან. ამის შემდგომ, ეგვიპტეში დგება ახალი სამეფოს ხანა. ჰიქსოსების სახელი დიდხანს შემორჩა ეგვიპტის ისტორიას, მათი სახელწოდება თვით ელინისტურ ხანამდე ეგვიპტურ ლიტერატურაში ტერმინ ”აზიელის” სინონიმად გამოიყენებოდა. მათი ხვედრი ბევრი რამით წააგავს შუასაუკუნეებში ეგვიპტეში გაბატონებულ და ძირითადად კავკასიური წარმომავლობის მქონე მამლუქების ბედ-იღბალს.

როგორც ითქვა, ორცხენშებმული ეტლები ეგვიპტეში მეორე შუალედური პერიოდის დამლევსა და ახალი სამეფოს ხანის (დაახლ. ძვ. წ. 1550-1069 წწ.) დასაწყისშია გავრცელებული, ხოლო ყველაზე ადრეული გამოსახულება ეგვიპტური ცხენებიანი ეტლისა მოცემულია თუტმოს I-ის (ძვ. წ. 1504-1492 წწ.) ხოჭო-სამკაულზე (სკარაბი). მისი შვილიშვილი, თუტმოს III (ძვ. წ. 1479-1425 წწ.), რომელმაც /გვ. 35/ არნახულად გააფართოვა ეგვიპტის ფარგლები სირია-პალესტინის ხარჯზე, იუწყება, რომ მეგიდოსთან* მიღწეული გამარჯვების შედეგად (ძვ. წ. 1457 წ. 16 აპრილს, საშუალო ქრონოლოგიით), მან ხელთ იგდო 924 ცალი სირიული ეტლი.

სირიული ეტლი საკმაოდ მძიმე და უხეში სამართავი იყო. ეგვიპტელებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს იგი და საკუთარ მოთხოვნილებებს მიუსადაგეს. ეგვიპტელებმა საბრძოლო ეტლის საკუთარი ვერსია მეთვრამეტე დინასტიის (ძვ. წ. 1550-1295 წწ.) საწყის ხანაში შეიმუშავეს. კერძოდ, ეტლის კედრის ხის კარკასი იფნის ან არყის ხის მასალით ჩაანაცვლეს. მძიმე სირიული თვლები შეცვალეს თვლებით, რომელთაც მხოლოდ ექვსი თვლის მანა ჰქონდა ცენტრალურ მორგვთან მისაბმელად. თუ თავდაპირველად ეტლის ძარა ტოტებისაგან მოწნული იყო, რის გამოც სიჩქარის დროს ძლიერად ინჯღრეოდა, უფრო გვიან მას უკვე გამძლე ტყავისგან ამზადებდნენ. ბაქანი უკანა მხარეს გადახსნილი იყო, რათა ეტლში შეღწევა და მისი მიტოვება მეეტლისა და მშვილდოსნისათვის გაადვილებული ყოფილიყო. ეტლის კონსტრუქციაში ამ ცვლილებების შეტანის შედეგად იგი ბევრად უფრო მსუბუქი და შესაბამისად სწრაფი გახდა. მსუბუქი ეტლი, ჰიქსოსების გამოგონილ შედგენილ მშვილდთან* ერთად, ეგვიპტის ჯარს სწრაფი და შორი მანძილიდან შეტევის შესაძლებლობას აძლევდა. ეგვიპტურ ეტლს უპირატესობა ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის ყველა სხვა თანადროული ხანის ეტლთან შედარებით.

Page 38: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ეტლის ეკიპაჟი ორი კაცისაგან შედგებოდა, მეეტლეს ხელში შოლტი და აღვირი ეკავა, ხოლო მებრძოლს შედგენილი მშვილდი*; ისრების გამოლევის შემდეგ ხელშუბს იყენებდნენ. ეტლში მსხდომთ იშვიათად ეცვათ ქერცლოვანი აბჯარი, უპირატესობა ძირითადად ტყავის სალტეებს ენიჭებოდათ, რომლებიც ან მკერდზე იყო გადაჯვარედინებული ანდა ფარს ჰქონდა გადაკრული. ამრიგად ზედა ტანი მეტნაკლებად დაცული იყო, ხოლო ქვედა ტანს ეტლის კორპუსი ეფარებოდა. ეტლით /გვ. 36/ მებრძოლთა მოზიდვა ძირითადად ეგვიპტის მაღალი წრეებიდან ხდებოდა.

ამავე დროს, ძირითადი გაუმჯობესება ხდება საერთოდ ეგვიპტურ შეიარაღებაში. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. 1274 წელს კადეშთან* მომხდარი გენერალურ ბრძოლამდე ერთი წლით ადრე, რამსეს II (ძვ. წ. 1279-1213 წწ.) ნაბრძანები ჰქონდა საბრძოლო იარაღის დიდი რაოდენობით დამზადება. აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ინოვაციები საბრძოლო აღჭურვილობაში, ხეთებისა და ეგვიპტელების ურთიერთბრძოლის ხანით თარიღდება. გარდა ზემოხსენებული ორკაციანი ეგვიპტური მსუბუქი ეტლისა, რომელიც ბევრად უფრო მობილური და შესაბამისად ეფექტური იყო მძიმე, სამკაციან ხეთურ ეტლთან შედარებით, ეგვიპტელები იყენებდნენ ე. წ. გამჭვალავ საბრძოლო ცულს – ქვეითი ჯარის მიერ გამოყენებული ქვისთავიანი კვერთხის მონაცვლეს, რომელსაც შეეძლო ხეთების ლითონის მუზარადის გაპობა.

ეგვიპტურ ჯარში გამოიყენებოდა აგრეთვე ხოფეში, ნამგლის მოყვანილობის მახვილი, რომელიც ფაქტობრივად საბრძოლო ცულს წარმოადგენდა და ნამგლისაგან განსხვავებით გარეპირი ჰქონდა გალესილი. ეგვიპტელებმა ახალი სამეფოს ხანაში იგი თავის ერთ-ერთ პოპულარულ იარაღად აქციეს. გარდა საბრძოლო დანიშნულებისა იგი საცერემონიო რიტუალების დროსაც გამოიყენებოდა. ამაზე კერძოდ მიუთითებს ამ იარაღის ზოგიერთი ნაპოვნი ცალის ბლაგვი პირი, ასევე სამეფო აკლდამებში მათი აღმოჩენის ფაქტი; კერძოდ ტუტანხამონის აკლდამაში ორი ხოფეში იყო ნაპოვნი. ეგვიპტური ტაძრების კედლებზე ეს იარაღი გამოსახულია ხოლმე ღვთაებათა ხელში, რომლებიც მას გადაცემენ ფარაონებს ბრძოლაში გამარჯვების მიღწევის საწინდრად. საინტერესოა, რომ ეს იარაღი შუმერული წარმომავლობისა იყო და თავის დროზე გამოიყენებოდა წინააზიელების მიერ თვით ეგვიპტელებთან საბრძოლველად. /გვ. 37/

წინააზიური წარმომავლობის იყო ფოჩიანი მუზარადი და ჯავშნის მოკ-ლესახელოებიანი პერანგი, რომელიც შედგებოდა ტყავის ქურთუკისა და მასზე ჩამოკიდული ლითონის ფირფიტებისაგან. მეცხრამეტე დინასტიის ჯარისკაცები ატარებდნენ ტყავის ან ტილოს ტუნიკებს, რომლებიც დაფარული იყო ქერცლოვანი ლითონის აბჯრით, საზოგადოდ ამ ხანისათვის ლითონდამუშავება მაღალ დონეზე იყო ასული. ფარაონების ქერცლოვან აბჯარში ხშირად ინკრუსტირებული იყო ნახევრად ძვირფასი ქვები, რომლებიც კიდევ უფრო ზრდიდნენ აბჯრის ეფექტურობას, ვინაიდან ეს ქვები უფრო მყარი იყო, ვიდრე ისრის წვეტისათვის გამოყენებული ლითონი.

Page 39: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ეგვიპტელებმა ჰიქსოსური შედგენილი მშვილდის* გარდა, შეითვისეს ხეთური ორმაგი მშვილდიც. ამავე დროს რკინისაგან დამზადებული იარაღებმა, რომელთაც ხეთები უკვე იყენებდნენ, ვერ ჰპოვა გავრცელება ეგვიპტეში. ტუტანხამონის აკლდამაში მიკვლეული რკინის სატევარი, როგორც ჩანს, მხოლოდ საცერემონიო დანიშნულებისა იყო.

ჰიქსოსების განდევნის შემდეგ ეგვიპტელებმა უსაფრთხოების ზონა ჩამოაყალიბეს, რომელიც დროთა მსვლელობაში ეგვიპტის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა და ეგვიპტეც წინა აზიის უმთავრეს სახელმწიფოებთან უშუალო და არცთუ ყოველთვის მშვიდობიან კონტაქტში შევიდა. თუტმოს I-მა მესოპოტამიაში ილაშქრა, რათა საბოლოოდ ამოეძირკვა მდ. ევფრატთან მცხოვრები ჰიქსოსების სახსენებელი. საინტერესოა, რომ თავის წარწერაში ფარაონი ევფრატს არასწორ მდინარეს უწოდებს, ანუ მდინარეს რომელიც არა მართებული მიმართულებით მიედინება. ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში თუტმოს I-ს მხედველობაში უნდა ჰქონოდა ნილოსის დინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, მაშინ როდესაც ევფრატი საწინააღმდეგო მიმართულებით მიედინება. ეგვიპტელებისათვის ხომ ყველაფერი, რაც ეგვიპტურ სინამდვილეს შორდებოდა მიუღებელი და დასაგმობი იყო. /გვ. 38/

ახალი სამეფოს ხანაში (ძვ. წ. დაახლ. 1550-1069 წწ.) ახალი საფრთხეები გამოჩნდა – ხეთები, ”ზღვის ხალხები”* და სხვ. ჰიქსოსების მიერ ეგვიპტელთა სამხედრო საქმეში შეტანილი წვლილი, როგორც უკვე ითქვა, სასარგებლო გამოდგა უცხოელთა თავდასხმისაგან ქვეყნის წარმატებული დაცვისათვის.

ახალი სამეფოს ხანაში ეგვიპტის სამხედრო ძალები უკვე სამი განშტოე-ბისაგან შედგებოდა: ქვეითი ჯარის, ცხენიანი ეტლების ნაწილებისა და ფლოტისაგან. ახალი სამეფოს ხანის არმიაში დიდი რაოდენობით იყო მოქირავე ჯარისკაცები. ქვეითი ჯარი ახალი სამეფოს ხანაში თითქმის მთლიანად ქირით იყო შეკრებილი – როგორც უცხოელი მოქირავეებისაგან, ასევე ადგილობრივებისაგან. როგორც წესი, მათ იმავე ეროვნების სარდალი ედგათ ხოლმე სათავეში. უცხოელთაგან ნუბიელების გარდა, ჯერ კიდევ შუა სამეფოს ხანიდან, ქირაობდნენ ”მარიანუს”* ნაწილებს, რომლებიც მთელ წინა აზიაზე მოდებულ, ეტლზე ამხედრებულ წარჩინებულ მეომრებს წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით მრავლად იყვნენ XIX-XX დინასტიებისა და ახალი სამეფოს რამესიდულ პერიოდში* ანუ დაახლ. ძვ. წ. 1295-1069 წწ., შერდენიდან, ლიბიიდან, სირიიდან (”ნა’არნის”* თუ ნეარინის ხალხი) დაქირავებული ნაწილები. აღსანიშნავია, რომ რამსეს II-ს დამარცხებული ჰყავდა შერდენის ხალხი, რომლებიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სარდინიიდან იყვნენ წამოსულნი და საზარელი მეკობრეების სახელი ჰქონდათ მოხვეჭილი. შერდენელებს სხვათაგან განსხვავებული, სწორი მახვილი და რქებით შემკული მუზარადები ჰქონდათ. რამსეს II-მ ისინი თავისი არმიისათვის დაიქირავა და შერდენელებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კადეშის* ბრძოლაში, როდესაც, სხვებთან ერთად, შემოაბრუნეს რამსესისათვის ტრაგიკულად მიმდინარე ბრძოლის მსვლელობა და ეგვიპტელები გამანადგურებელ მარცხს გადაარჩინეს. /გვ. 39/

Page 40: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

წინა აზიაში პოსტჰიქსოსური ხანის ეგვიპტელ ფარაონთა ბატონობის ერთპიროვნებას ზღვარი თვით ეგვიპტის ფარაონმა, ამენჰოტეპ IV-მ (ძვ. წ. 1352-1334 წწ.), იგივე ეხნატონმა, დაუდო. მან ეგვიპტის უზენაესი ღვთაება ამენი (”უხილავად” წოდებული) შეცვალა ატენით (”მზის დისკო”) და აიძულა ეგვიპტის ქურუმობა ეს ცვლილება, მათი ნების წინააღმდეგ ეღიარებინა. მთელი მისი ძალისხმევა ამ რელიგიური რეფორმის (ე. წ. ამარნის რევოლუციის) გატარებაზე იყო მიმართული. აზიაში შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმით ისარგებლეს ხეთებმა და საკვანძო პოზიციები იგდეს ხელთ. მხოლოდ ეხენატონის ძალაუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, ახალმა ფარაონმა ტუტანხატენმა, რომელმაც ქურუმთა მიერ ამუნის კულტის აღდგენის შემდეგ ტუტანხამონის სახელი მიიღო (ძვ. წ. 1333-1324 წწ.), დაიწყო ქვეყნის აღორძინება.

მკვლევართა აზრით, ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის ახლოაღმოსავლური სამყარო უკვე საკმაოდ ერთიან, ინტეგრირებულ რეგიონს წარმოადგენდა. აქ არსებული მძლავრი სახელმწიფოების წარმო-მადგენლებიდან, ვერც ეგვიპტელები, ვერც ხეთები, ვერც მითანელები* და ვერც მესოპოტამიელები, ვერ შეძლებდნენ საკუთარი სიძლიერის შენარჩუნებას სხვათა კუთვნილი რესურსების გამოყენების გარეშე. მაგ., ეგვიპტელები იძულებული იყვნენ შემოეტანათ ხოლმე ცხენების დამატებითი რიცხვი და ა. შ. ამავე დროს, გამოირჩეოდა ერთი რეგიონი, რომლის ფლობას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ვერც ერთი მძლავრი ქვეყანა ვერ გახდებოდა რამდენადმე მნიშვნელოვანი ლევანტში (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, სირია-პალესტინა) გამავალი სავაჭრო გზების გაკონტროლების გარეშე. აქედან გამომდინარე ადვილი გასაგებია დიდი სახელმწიფოების მუდმივი ჭიდილი ამ მხარის ხელში ჩასაგდებად. ამ მხარეში, ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში, მეგიდოსა* და კადეშის* ბრძოლებში ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონებიდან შემოჭრილი 20000 კაციანი არმიები გადიოდნენ ასობით კილომეტრს ლოგისტიკური* მხარდაჭერის სისტემითურთ, რომელიც ჯარს კუდში მიჰყვებოდა. განსაკუთრებულად რელიეფურად გამოვლინდა ეს დაინტერესება კადეშის* ბრძოლასთან დაკავშირებით. ეს /გვ. 40/ ბრძოლა არა მხოლოდ ეგვიპტისა და ხეთების სამეფოს სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით არის საინტერესო, მასში ფაქტობრივად მთელი ახლო აღმოსავლეთი აღმოჩნდა ჩათრეული და შესაბამისად მისი შესწავლით, შემაჯამებელი წარმოდგენა იქმნება იმის შესახებ, თუ რას მიაღწია ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრისათვის, ცივილიზაციის ისტორიისათვის ამ უმნიშვნელოვანესმა მხარემ სამხედრო საქმის განვითარების მხრივ (იხ., ქვემოთ).

ყველაზე ადრეული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის ტექსტმაც ჩვენამდე სრული სახით მოაღწია დაიდო კადეშის* ბრძოლის შემდგომ ხანაში, ძვ. წ. 1258 წ., ეგვიპტის ფარაონ რამსეს II-სა და ხეთების მეფე ხათუსილი III-ის შორის. მასში ჩამოთვლილია პირობები, რომელთა შესრულების შედეგად შეწყდებოდა ამ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა და გამოფიტა. მეფეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან აღარასოდეს აღარ ეომათ, ერთმანეთის დატყვევებული

Page 41: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ჯარისკაცები გაეცვალათ და ერთმანეთს დახმარებოდნენ თუკი ვინმე სხვა, გარეშე ძალა, რომელიმე მათგანს თავს დაესხმებოდა (იხ., ქვემოთ).

მიუხედავად იმისა, რომ არცთუ იშვიათია, ძველაღმოსავლურ ისტორიულ წყაროებში და ხელოვნების ნიმუშებში ალყის ამსახველი ცნობები თუ გამოსახ-ულები, არქეოლოგიური შესწავლის შედეგად დღევანდლამდე ამ მხრივ ძალზე ცოტა რამ თუ არის მიკვლეული.

ძალზე იშვიათი იყო დიდი არმიების ღია ბრძოლაში ერთმანეთთან დაპირისპირება. გამონაკლისი იყო კადეშის* ბრძოლა და ისიც ღია შეტაკების შემდეგ დაზავებით დამთავრდა (იხ., ქვემოთ). უფრო ადგილი ჰქონდა ხოლმე ნაკლები წინააღმდეგობის უნარის მქონე ქალაქებისა და სახელმწიფოების სრული დამორჩილებისკენ სწრაფვას. ამის თვალსაჩინო მაგალითია, ეგვიპტელთა მიერ ალყის შედეგად ქალაქ დაფურის* აღება, გამოსახული XIX დინასტიის უდიდესი /გვ. 41/ მეფის, რამსეს II-ის მემორიალური ტაძრის კედელზე, თებეში*. ნახატის მიხედვით დაფური* გარე და შიდა გალავნებით ძლიერად გამაგრებული ქალაქია და მაღლობზე, ბორცვზე მდებარეობს, სხვა თანადროული სირიული ქალაქების მსგავსად. მოალყე ეგვიპტელები მისადგამი კიბით ცდილობენ გალავნის გადალახვას, ხოლო მშვილდოსნები მათ აზღვევენ. ფარაონს და სხვა ეგვიპტელებს ორცხენიანი ორთვალა ეტლები აქვთ ბრძოლაში გამოყენებული (ილ. 4).

ალყის შემორტყმის დროს ყველაზე უფრო გავრცელებული ხერხი იყო ალყაში მოქცეულთა გარე სამყაროსაგან იზოლაცია და დანებებისკენ იძულება. ადგილობრივი მოსახლეობის ნების გასატეხად, გარდა კედლების ტარანებით მტვრევის, გალავანზე მიდგმული კიბეებისა და ცეცხლის წაკიდებისა, გამოყენებული იყო ალყაში მოქცეულთა შიმშილით გამოფიტვის ხერხიც. ვინაიდან ალყა ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივად გრძელდებოდა, მცირე ძალებით მისი წამოწყება ლოგისტიკური* ხასიათის გარემოებების გამო შეუძლებელი ხდებოდა. ფარაონ თუტმოს III-ის ანალები, შემონახული კარნაკის (ზემო ეგვიპტე) ტაძრის კედლებზე, გვამცნობენ, რომ მეგიდოს* ალყა შვიდი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ვიდრე ბოლოს და ბოლოს მისი მცხოვრებლები ეგვიპტელებს არ დანებდნენ; ანალებში მეგიდოს* აღება დაწვრილებით არის აღწერილი.

საალყო აღჭურილობაში კედლის გატარნვისათვის გამოყენებული ტარანები უკვე ბრინჯაოს ხანაში იყო ცნობილი, თუმცა მათი გამოსახულებები ჩვენამდე არ არის მოღწეული; ყველაზე ადრე ისინი ახალასურულ ხანის ნიპურის* სასახლის ბარელიეფებზე გვხვდება და ძვ. წ. IX საუკუნით თარიღდება (ილ. 6).

ალყის მოწყობამდე, ბუნებრივია მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდებოდა. ეს კარგად ჩანს ძველ აღთქმაში, იერიქონის მძლავრგალავნიანი ქალაქის სასწაულებრივი აღების შესახებ მონათხრობში; აქ ყურადღებას იპყრობს ისუ ნავესის /გვ. 42/ მიერ იერიქონში, წინასწარ ფარულად, მსტოვართა გაგზავნის ამბავი, რომელთაც ქალაქში თუ მის გარეთ არსებული ვითარების დაზვერვა ევალებოდათ (ისუ ნავესის წიგნი, 2:1-3,24).

Page 42: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ბევრი ცნობაა შემონახული ამა თუ იმ ქალაქის აღება-დარბევის შესახებ, თუმცა არცთუ ხშირად მოგვეპოვება კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა ხოლმე ეს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში შე-მონახულია ნახევრად ლეგენდარული ამბები, გმირთა მოხერხებულობისა და ცბიერების შედეგად ქალაქების აღების შესახებ. ბრძოლების დროს მრავალგვარი ფანდები გამოიყენებოდა ხოლმე. ამით განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო ეგვიპტის ფარაონი თუტმოს III. მის სახელთან არის დაკავშირებული ტროას ცხენის ისტორიის მსგავსი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ეგვიპტელთა მიერ ძვ. წ. XV საუკუნეში ქანაანელთა*, ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქის, იოფას აღებასთან. ალყისას მან საუკეთესო ეგვიპტელი მეომრები გადამალა მთავარი კარიბჭით ქალაქში შეტანილ მარცვლეულით სავსე ტომრებში. თვალთმაქცობა გამოიჩინა მეგიდოზე* თავდასხმის დროსაც. მეგიდოსაკენ* ორი გზა მიდიოდა, ერთი ფართო და სწორი, მეორე – ვიწრო და ოღრო-ჩოღრო, რომლითაც ჯარის გადაყვანა ძნელი წარმოსადგენი იყო, თუტმოს III-მ სწორედ ეს მეორე გზა აირჩია და ძირითად გზასთან ჩასაფრებულ მოწინააღმდეგეს თავს მოულოდნელად წაადგა და ”კუდით ქვა ასროლინა”.

ეგვიპტეში თუ ახალი სამეფოს ხანამდე არ არსებობდა მუდმივი ჯარი და თითოეული ნომის მმართველი აგროვებდა ფარაონისათვის ხალხს მოსახლეობაში, ახალი სამეფოს პერიოდში ჯარს ჰქონდა არა დამხმარე როლი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში, არამედ წარმოადგენდა უაღრესად არსებით სტრუქტურას. XVIII დინასტიის მეომარი ფარაონი თუტმოს III იყო პირველი, ვინც დაარსა ეგვიპტეში პირველი მუდმივი პროფესიული არმია. ახალწვეულებისაგან შედგენილი ლაშქარი შეიცვალა პროფესიონალი ჯარისკაცების მტკიცე და მუდმივ /გვ. 43/ ორგანიზაციად. უცხო ქვეყნების დამორჩილება მოითხოვდა იქ მუდმივი სამხედრო ძალის საგარნიზონო სამსახურში ჩაყენებას. გარდა ამისა, ინტერესთა შეჯახებები ისეთ მძლავრ წინააზიურ სახელმწიფოებთან, როგორიც ხეთების, მითანის*, ასურელთა და ბაბილონელთა სამეფოები იყო, მოითხოვდა ეგვიპტელთა ხშირ ლაშქრობებს შორს, საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ადრეულ ხანებისგან განსხვავებით, სწორედ ახალი სამეფოს ხანაში გახდა არმია რიგითი ეგვიპტელთათვის მდგომარეობისა და სტატუსის გაუმჯობესების საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ მეთაურთა შემადგენლობის ყველა დონეზე ჩამოყალიბებული იყო მკაფიოდ განსაზღვრული იერარქია, ნებისმიერ განათლებულ ეგვიპტელს ეძლეოდა შანსი მიეღო მაღალი თანამდებობა. მაღალი წოდების სამხედროებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამხდარიყვნენ დიდებულები, ეს მით უფრო ხელსაყრელი იყო, რომ დიდებულთა წინა თაობა არ იყო მაინცადამაინც დახელოვნებულნი სამხედრო საქმეში. მაღალი წოდების სამხედროები უნდა ყო-ფილიყვნენ არა მხოლოდ უნარიანი სარდლები და სტრატეგები, არამედ სათანადოდ განათლებულნიც. ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული წოდება მეჯინიბეთუხუცესობა იყო და ეს არც უნდა იყოს მოულოდნელი პოსტჰიქსოსური ხანის ეგვიპტეში. იმისათვის, რათა შეენარჩუნებინა წარჩინებულ სამხედროთა თაყვანისცემა, ფარაონი

Page 43: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

გულუხვად აჯილდოვებდა მათ საპატიო ტიტულებით, მამულებით, მონებითა და ოქროთი. არაფერი იყო დასაშური იმ ხალხისათვის, ვინც ეგვიპტის სიდიადეს ხელს უწყობდა. ყოველივე ამის შედეგად ეგვიპტეში თანდათანობით ჩამოყალიბდა დიდი გავლენის მქონე სამხედრო ელიტა.

როგორც ვხედავთ, ომი მუდმივი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ეგვიპტის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში. ძველი სამეფოს ხანაში მას არარეგულარული ხასიათი ჰქონდა, მეზობლებთან შეიარაღებული კონფლიქტები /გვ. 44/ ერთობ იშვიათი იყო. შუა სამეფოს ხანაში, სამხედრო საქმე მნიშვნელოვნად წინაურდება, ერთმანეთთან გადაჯაჭვული ციხე-სიმაგრეების საშუალებით დაინერგა თავდაცვის დახვეწილი სისტემა. გვიან ბრინჯაოს ხანაში ეგვიპტე თავს აღწევს იზოლაციას და გარე კონტაქტების ზრდა ხელს უწყობს სამხედროთა კლასის აღმოცენებას, უკვე სავსებით ჩამოყალიბებული სახით. ახალი სამეფოს გვიანდელ ხანაში უცხოელთა შემოსევის საფრთხის ზრდამ და განათლებული ”საშუალო კლასის” თანდათანობითმა გაფართოებამ დაამსხვრია ღვთაება-მეფის იდეა და შეარყია ეგვიპტური საზოგადოების იერარქიული სტრუქტურა.

ანატოლია. თუ ქვის ხანის განმავლობაში ანატოლია მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს საკვებწარმოებით ცენტრს წარმოადგენდა, ლითონების ხანაში მას უკვე გამორჩეული ადგილი ეკავა მისთვის დამახასიათებელი ადრეული მეტალურგიის მდიდრული და უაღრესად დახვეწილი ტრადიციების არსებობის გამო. ამის დამადასტურებელია, თუნდაც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ალაჯა ჰოიუქისა და ბოღაზქიოის (იგივე ხეთების დედაქალაქი ხათუსა) და ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში, ჰისარლიქის (იგივე ჰომეროსის “ილიადაში”* აღწერილი ტროა) არქეოლოგიური გათხრების მონაპოვარი.

ენეოლითის (ქალკოლითის)* ხანა ანატოლიაში მოიცავდა ძვ. წ. VI-IV ათასწლეულებს. ამ დროს კიდევ უფრო დაწინაურდა მიწათმოქმედება და მე-საქონლეობა. ამ ეპოქის შენობები აქ ძირითადად ალიზის აგურით არის ნაგები, ჭურჭლეული თიხის, ქვის, და ხისაა, ხშირია დაწნული კალათები; იარაღს კაჟიდან, ობსიდიანიდან, ძვლიდან და რქიდან ამზადებდნენ. ლითონწარმოების დაწ-ინაურებასთან ერთად განვითარდა ანატოლიის სავაჭრო ურთიერთობა, როგორც სირია-მესოპოტამიასთან, ასევე ბალკანეთის ნახევარკუნძულთან და მის დასავლეთით მდებარე ხმელთაშუაზღვისპირეთულ /გვ. 45/ სამყაროსთან. ქალკოლითური* ხანის ანატოლიის უმთავრესი არქეოლოგიური ძეგლებია ჰაჯილარის, ჯან ჰასანის, ბეიჯესულთნის, ალიშარისა და ალაჯა ჰოიუქის ნამოსახლარები და სამაროვნები.

ბრინჯაოს ხანა (ძვ. წ. IV ათასწლეულის დამლევიდან ძვ. წ. XII ს. დასაწყისამდე) ხასიათდება სპილენძისა და კალის (ან დარიშხანის) შენადნობის ანუ ბრინჯაოს წარმოებით, რომლისგანაც ძირითადად მზადდებოდა, როგორც საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღები, ჭურჭლეული, ასევე სამ-კაულები და სტატუეტები. ფუფუნების საგნების დასამზადებლად გამოიყენებოდა აგრეთვე ოქრო-ვერცხლი და

Page 44: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

მათი შენადნობისაგან მიღებული ელექტრუმი*. განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ამ ხანის ანატოლიის ლითონდამუშავების მაღალი დონე გამოვლინდა ალაჯა ჰოიუქისა (ცენტრალური ანატოლია) და ტროას (ჩრდილო-დასავლეთ ანატოლია) გათხრების შედეგად. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ლითონის საგნები მიღებულია სამარხებიდან. მამაკაცები იმარხებოდნენ საჭურველთან ერთად; ქალები სამკაულებთან, სატუალეტო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებთან ერთად. მრავალი საგანი ძვირფასი ლითონებიდან იყო დამზადებული. ანატოლიური მეტალურგიის მაღალი დონე ლითონის ნედლეულით ქვეყნის სიმდიდრით იყო განპირობებული. აქ თითქმის ყველა საჭირო ლითონი მოიპოვებოდა კალის გარდა, რომლის იმპორტირება ხდებოდა.

წინახეთური ხანის ანატოლიური ცივილიზაციის განვითარების მაღალ დონეზე მიგვანიშნებს ალაჯა ჰოიუქის აკლდამების უაღრესად შთამბეჭდავი ინვენტარი. მის შემადგენლობაში შედიოდა დახვეწილი და სანიმუშოდ ნაკეთი იარაღი, სამკაული, მცირე პლასტიკა, ვერცხლის, ოქროს, ელექტრუმის*, ბრინჯაოს და თვით რკინის იარაღ-ხელსაწყოები და ჭურჭლეული. განსაკუთრებით საყურადღებოა, რკინიდან დამზადებული სატევარი, რაც სრულიად უნიკალური მოვლენაა ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრისათვის და ათას /გვ. 46/ წელზე მეტი ხნით უსწრებს რკინის გამოჩენას მსოფლიოს სხვა მხარეებში.

სწორედ ანატოლიის განსაკუთრებულმა სიმდიდრემ ლითონის წიაღისეულით და საზოგადოდ ანატოლიის უხვმა ბუნებრივმა რესურსებმა მიიზიდეს ასურელი სოვდაგრები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ლითონის გატანით იყვნენ დაინტერესებული. მესოპოტამიაში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება იყო ანატოლიის ლითონის მადანსა და ნაკეთობებზე. ასურელთა სავაჭრო კოლონიები შუამდინარეთიდან ცენტრალურ ანატოლიამდე გადაიჭიმა.

შუა ბრინჯაოს ხანის ანატოლიაში ასურელებმა დააფუძნეს ამ ქვეყანასთან ვაჭრობის თავისებური სისტემა; კერძოდ, მათ შედარებით დიდი ქალაქების სი-ახლოვეს თუ მათ გარეუბნებში დაარსეს ქარუმები ანუ ბაზრები. სულ დაარსებული იყო 20 ასეთი ქარუმი, რომლებიც იმართებოდა საბაზისო ქ. კანესში მდებარე ქარუ-მიდან (ქიულთეფე). ასურელები, როგორც წესი, იხდიდნენ ქირასა და გადასახადებს ადგილობრივი მმართველების სასარგებლოდ და ამით უზრუნველყ-ოფდნენ თავის უსაფრთხოებას. სავაჭროდ ქარავნები გამოიყენებოდა, რომელთაც ანატოლიაში კალა, საპარფიუმერიო საგნები და სამკაულები შემოჰქონდათ, ხოლო გაჰქონდათ ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობები.

ასურელმა სოვდაგრებმა საკმაო რაოდენობის წერილობითი დოკუმენტები დაგვიტოვოს თავისი სავაჭრო აქტიურობის შესახებ. ანატოლიურ ქალაქებში: ნესა/კანესში (ქიულთეფე თანამ. ქ. ქაისერთან), ხათუსასა (ბოღაზქიოი) და ანქუვაში (ალიშარი) ნაპოვნი ათასობით თიხის ფირფიტა, გვამცნობს ძველასურული სავაჭრო კოლონიის უდიდეს აქტიურობაზე. მათ მესოპოტამიიდან შემოქონდათ იქაური საქონელი, ხოლო ანატოლიიდან გაქონდათ ლითონები და სხვა ბუნებრივი წიაღისეული. როგორც ცნობილია, მესოპოტამია ღარიბია წიაღისეულით. დასავლეთ ანატოლია ნაკლებად იყო ჩართული ასურელთა კომერციულ

Page 45: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ინტერესებში, იქ უფრო /გვ. 47/ კრეტიდან და ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან მომდინარე იმპულსები იყო საგრძნობი.

ძვ. წ. III-II ათასწლეულების მიჯნის ხანიდან ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში მანამდე არნახული სიუხვე და კულტურული დაწინაურება შეინიშნება. კიდევ უფრო ინტენსიური ხდება ქვეყნის სავაჭრო კონტაქტები.

ასურული სავაჭრო დოკუმენტების გარდა, სხვა ადრეული წერილობითი ცნობებიც, ანატოლიის შესახებ ისევ ამ მხარის ბუნებრივ სიმდიდრეებთან და მათ კომერციულ გამოყენებასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ საომარ მოქმედებებთან იყო ხოლმე გადახლართული. თიხის ფირფიტის ფრაგმენტზე შემორჩენილი, ხეთური ეპიკური თხზულების ”ბრძოლების მეფის” თანახმად, სარგონ დიდს, აქადის მეფეს ეახლნენ ანატოლიაში მყოფი ვაწრები და მოახსენეს მათი ქალაქის – ფურუშხანდას* საარაკო სიმდიდრის შესახებ და მის წინააღმდეგ გასალაშქრებლად დაითანხმეს კიდევაც. ქალაქი ფურუშხანდა* აქ მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად წარმოგვიდგება. ტექსტი იქ წყდება, სადაც სარგონი იწყებს ქალაქის ასაღებად მისი გალავნის გატარვნას. სავარაუდოდ, ტექსტის დასაწყისში ნაუწყები იქნებოდა, რომ სარგონმა თავდაპირველად ვერ მოახერხა ძალის გამოყენებით ქალაქის აღება. იმის თქმა თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეპოსში ასახული ამბავი არსებული მონაცემების საფუძველზე ძნელი სათქმელია, თუმცა სპეციალისტების აზრით, აქ წამოდგენილი საერთო ისტორიული პერსპექტივა მისაღებია. ამავე დროს, ტექსტის შემორჩენილ ფრაგმენტში ყურადღებას იპყრობის ხეთების შემდეგდროინდელი დედაქალაქის, ხათუსას მოუხსენიებლობა. სარგონის შვილიშვილის, ნარამსუენის (ძვ. წ. XXII ს.) შესახებ ლეგენდა კი მოგვითხრობს, რომ მას ეკუთვნოდა ფურუშხანდა*, რომელიც უცნობმა და მრავალ-რიცხოვანმა ხალხმა დაარბია. /გვ. 48/

ანატოლიის სიმდიდრე ბუნებრივი წიაღისეულით, განსაკუთრებით ლითონით, მათ ხელში ჩასაგდებად, ცხადია, იმთავითვე არაერთ დამპყრობელს მიიზიდავდა. სხვა საქონელთან შედარებით ლითონი ყველაზე უფრო მეტად წამაქეზებელი იყო სავაჭრო ურთიერთობების აღმოცენებისათვის, იგი საკმაოდ კომპაქტურია და ადვილად გადასაზიდი. როგორც ცნობილია, სპილენძის საბადოებით სიმდიდრემ კუნძ. კვიპროსს ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრული ხანიდან დიდი სიმდიდრე მოუტანა.

ძველი აღმოსავლეთის მრავალ მხარეში დასტურდება სახელმწიფო მო-ნოპოლიის არსებობა ლითონზე, განსაკუთრებით სპილენძზე, რაც სავსებით გასაგებია; რკინის ფართო გამოყენებამდე საბრძოლო იარაღი ხომ სპილენძისაგან მზადდებოდა. ასურთა მეფის, ილუშუმას (ძვ. წ. XX ს.) ცნობით, სპილენძის მადნის დამუშავებასა და ვაჭრობაზე სახელმწიფო მონოპოლია არსებობდა, ხოლო მისი ძის – ერიშუმ I-ის წარწერა ამის საწინააღმდეგოდ იუწყება, რომ მან დაადგინა ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, ტყვიის, ხორბლისა და მატყლის თავისუფალი მიმოქცევა, რაც, ალბათ, პირველი შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე თავისუფალი ვაჭრობის კომერციულ უპირატესობას ხვდება და მის ხელშეწყობას ცდილობს.

Page 46: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ანატოლიის ასურული კოლონიები ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში, ერთდროულად წყვეტენ არსებობას, ეტყობა, ამ დროს ადგილი უნდა ჰქონოდა მოვლენებს, რომელთა გამო საქარავნო ურთიერთობა ასურეთსა და ანატოლიას შორის არამომგებიანი, ანდა სახიფათო შეიქმნა.

ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრის ანატოლიაში ჩნდებიან ახალ-მოსახლეები: ინდოევროპელი, ხეთი ტომები. მათი თანაცხოვრება და შერწყმა მათ მიერ დაქვემდებარებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ხათებთან, ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა. მათ წინამორბედი /გვ. 49/ მოსახლეობისაგან შეით-ვისეს უფრო მაღალი კულტურა, რელიგიური წარმოდგენები და ღვთაებათა პანთეონი*. აღსანიშნავია, რომ ხეთები ძველ აღთქმაშიც კი არიან მოხსენიებულნი, როგორც ქეტელნი, ძენი ქეტისნი.

თვით სახელწოდება ”ხეთი” წარმოდგება ადგილის სახელწოდებისაგან ”ხათი”, რომელსაც იყენებდა წინახეთური ანუ წინაინდოევროპული ხათური მოსახლეობა თავისი ქვეყნის აღსანიშნავად და რომელიც ინდოევროპელ-ხეთებს, ქვეყნის აღსანიშნავად, მათგან უნდა შეეთვისებინათ. ამავე დროს ინდოევროპელი-ხეთები საკუთარ თავს ნესელებს უწოდებდნენ, ქალაქ ნესას (იგივე კანესის) სახელწოდების მიხედვით, სადაც ისინი უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე ხათუსაში და რაც დასტურდება კიდეც ქიულთეფეს (იგივე ნესა, კანესი) არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი თიხის ფირფიტებით, სადაც, სხვათა გვერდით. ინდო-ევროპული-ხეთური სახელების მატარებელი მოსახლეობაა წარმოდგენილი.

ხეთების ისტორია ორ ხანად იყოფა: ძველი სამეფოს ხანად (დაახლ. ძვ. წ. 1700-1500 წწ.) და ახალი სამეფოს ანუ იმპერიული ეპოქის ხანად (დაახლ. ძვ. წ. 1400-1180 წწ.). ზოგიერთი სპეციალისტის მიერ, შუა სამეფოს ხანად დაახლ. ძვ. წ. XV საუკუნე არის მიჩნეული. ხეთების სახელმწიფომ პოლიტიკური ძალაუფლებისა და კულტურულ მონაპოვართა უმაღლეს დონეს ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებში მიაღწია. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან ანატოლია უკვე ვითარდებოდა, როგორც მსოფლიოში რკინის წარმოების უძველესი კერა.

რაც შეეხება ანატოლიის უძველესი ისტორიის აღსადგენად საკუთრივ ხეთური წერილობითი წყაროების მონაცემების გათვალისწინებას, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ რამდენიმე თიხის ფირფიტა თუ თარიღდება ბოღაზქიოის ხეთური არქივიდან ძვ. წ. XVII საუკუნეზე უფრო ადრეული ხანით. თუმცა, ძვ. წ. XIV-XIII საუკუნებში გაკეთებულმა მეტნაკლებად სანდო ასლებმა შემოგვინახეს ადრეული ხანის /გვ. 50/ ზოგიერთი ისტორიული ხასიათის ტექსტი. ერთ-ერთი მათგანი შეეხება ქუსარას (ადგილმდებარეობა არ არის დადგენილი) ძვ. წ. XVIII საუკუნის მეფეს ფითხანასა და მის ძესა და მემკვიდრეს ანითას. მათ მიერ დაპყრობილ ქალაქებს შორის მოხსენიებულია ნესაც, რომელიც მოგვიანებით ანითამ თავის დედაქალაქად აქცია.

ამ ცნობის სანდოობა დაადასტურა ქიულთეფეს (ნესას) გათხრებისას ნა-პოვნმა სატევარმა, რომელზედაც ანითას სახელი იყო ამოტვიფრული. როგორც ირკვევა, ხეთებმა ანითას მეთაურობით ძვ. წ. XVIII საუკუნის შუა

Page 47: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ხანებისათვის ცენტრალურ ანატოლიაში სამეფო შექმნეს. ერთი საუკუნის შემდეგ, ხათუსილი I-მა დედაქალაქი ხათუსაში, გალავნებით კარგად გამაგრებულ ციხე-სიმაგრეში გადაიტანა, რომელიც ხეთების ძირითადად ადმინისტრაციულ ცენტრად რჩებოდა ხეთების სამეფოს არსებობის თითქმის მთელი შემდგომი დროის მანძილზე.

ხათუსილი I-ის ლაშქრობათა ძირითადი სამიზნე, ჩრდილო-დასავლეთი სირია და მდ. ევფრატს გადაღმა მდებარე მესოპოტამიური მიწები იყო. ამ მხარის დაუფლებას ხეთები ყოველთვის ესწრაფოდნენ, ვინაიდან იგი მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს. ხათუსილი I-ის ძემ, მურსილი I-მა (ძვ. წ. XVI ს.) წარმატებით ილაშქრა ხალაფზე (იგივე ქ. ალეპო, თანამ. ჰალაბი, სირიაში) და თვით ბაბილონიც კი გაძარცვა.

ხეთურ საზოგადოებაში მეფე მიჩნეული იყო უზენაეს ხელისუფლად, უმაღლეს მხედართმთავრად და მსაჯულად, უმთავრეს ქურუმად. მას გარს ერტყა დიდებულებისა და ტიტულიანი მოხელეების ფართო წრე, რომლებიც, განსაკუთრებით ადრეულ საუკუნეებში, ფლობდნენ დიდ ძალაუფლებას და მეფის სისხლისმიერი ნათესავები იყვნენ. უმთავრესი პროვინციებისა და ქალაქების მმართველობა, მეფის მიერ, მისი საკუთარი ოჯახის წევრებს ეძლეოდათ, რომლებიც /გვ. 51/ მასთან ერთგულების ფიცით იყვნენ დაკავშირებული. უფრო გვიანდელ ეპოქაში, იგივე პრინციპი დაცული იყო ხეთების იმპერიასთან შემოერთებული, ადგილობრივი ვასალების მიმართაც, რომელთაც სამეფო ოჯახი ხშირად ინათესავებდა საქორწინო კავშირებით. ერთგულების ფიცი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პირადი საქმე იყო ხოლმე, ამიტომ ახალი მეფის ტახტზე ასვლის შემდეგ სავალდებულო ხდებოდა ამ ვასალების მიერ ყმადნაფიცობის ფიცის განახლება ახალ ხელისუფალთან. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფეოდალური კანონი მთლიანობაში ხეთური საზოგადოების საფუძველთა საფუძველს წარმოადგენდა.

ხეთურ ჯარში მიღებული იყო მეფისა და სამეფო ოჯახის მიმართ ფიცის დადება, აგრეთვე სხვადასხვა რიტუალების აღსრულება, განსაკუთრებით მტერთან დამარცხების შემდეგ. ეს რიტუალი მდინარის პირას სრულდებოდა და წყლის შესხურებით მთავრდებოდა. ალბათ არცერთი ძველი აღმოსავლური საზოგადოება არ იყო ისე დამყარებული ფიცის დადების წესზე, როგორც ხეთური. ეს შესაძლოა ხეთების ინდოევროპული წარმომავლობითაც ყოფილიყო განპირობებული; ფიცის იმდაგვარად დადება, რომლის დროსაც ფიცის დამდები მისი გატეხვის შემთხვევაში საკუთარი თავის დაწყევლაზე თანხმდებოდა და წარმოთქვამდა ფორმულას: ”დე, ასე იყოს!”, ტიპური იყო აგრეთვე სხვა ადრეული ინდოევროპული ენების მატარებელი ხალხებისათვისაც.

ხეთურმა თიხის ფირფიტებმა შემოგვინახა უძველესი ფიცის ნიმუშები; კერძოდ, სამხედრო მეთაურთა ფიცი ძველ ხეთურ ენაზე. მასში აღწერილია თუ როგორ დაიწყევლებოდა ფიცის გამტეხი. ერთგულების ფიცის დამდების წინაშე მიჰქონდათ ქალის კაბა, თითისტარი და გადატეხილი ისარი და ეუბნებოდნენ, რომ თუ ფიცს გატეხდა, ასევე გადაუტყდებოდა ბრძოლის დროს იარაღი, ქალად გადაიქცეოდა და ქალის საქმე უნდა ეკეთებინა. შემდეგ შემოჰყავდათ ბრმა და ყრუ ქალები,

Page 48: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

იმის საჩვენებლად, რომ ბრმა და ყრუ ქალად /გვ. 52/ გადაიქცეოდა სიტყვის შეუსრულებლობის შემთხვევაში. ბოლოს მუცელში წყალჩამდგარი ადამიანის გამოსახულება მოქონდათ და აღუთქვამდენ ასეთივე დაავადებას, რომელიც მის შთამომავლობას მისავე სხეულში მუსრს გაავლებდა.

ანალოგიური დანიშნულების ”სამხედრო ფიცის” სხვა, უფრო მოგვიანო ხანის ტექსტი, არასრული სახით არის შემორჩენილი. აქ საუბარი უკვე უფრო იმაზეა, თუ რა დიდი ბედნიერება ელოდა ფიცის შემსრულებელს, ხოლო სიტყვის გამტეხი ამოწყვეტით დაისჯებოდა. ეს ტექსტი, მასში წარმოდგენილი რიგი დეტალების მიხედვით, ცხადყოფს, რომ ხურიტული* ღვთაებების ზეგავლენა სულ უფრო იზრდებოდა ხეთურ საზოგადოებაში.

განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ხეთებისათვის, თუთხალია III-ისა (ძვ. წ. XIV ს.) და მისი ძის სუფილულიუმა I-ის ხანა. სუფილულიუმა ქვეყნისათვის საკმაოდ მძიმე დროს გამეფდა. შინა აშლილობის შედეგად, მისი დედაქალაქი გადაბუგული იყო, ხოლო მას მეზობელი ქვეყნების კოალიციის მოგერიება უხდებოდა. ჩრდილოეთიდან მოზღვავებულ მტერთან იგი დაახლ. 20 წლის განმავლობაში აწარმოებდა ბრძოლას, თუმცა მისი ძირითადი საზრუნავი მაინც სამხრეთი იყო; აუცილებელი იყო სირიის კონტროლის ქვეშ მოქცევა. სუფილულიუმამ თავდაპირველად დიდ დიპლომატიურ წარმატებას მიაღწია. მან დაარწმუნა კიცუვათნას მეფე, რათა მისთვის სირიაზე გასასვლელი მიეცა და ხეთებისადმი მხარდაჭერა გამოეცხადებინა. გარდა ამისა, მან ნათესაური კავშირი დაამყარა ბაბილონეთში გაბატონებულ, დიდი სამხედრო ძალის მქონე კასიტების მეფესთან. სუფილულიუმმა აღადგინა ხეთების ბატონობა თითქმის მთელ ანატოლიაზე და განავრცო ქვეყნის საზღვრები სამხრეთითა და აღმოსავლეთით. მისი უმთავრესი მონაპოვარი იყო მითანის* დამარცხება და დაპყრობები სირიაში განხორციელებული დაპყრობები – ძლევამოსილი ქალაქი-სახელმწიფოების კარქემიშისა და ხალების ხელში ჩაგდება. მითანის* გადარჩენილ ნაწილებში შეიქმნა ხეთების ყმადნაფიცი ხანიგალბათის სამეფო. /გვ. 53/

სუფილულიუმას ძემ, მურსილი II-მ (ძვ. წ. XIV ს.), დაამარცხა დასავლეთ ანატოლიაში მდებარე და ხეთების წინააღმდეგ ეგვიპტელთა მიერ შეგულიანებული არცავას ძლიერი ქვეყანა და მისი მმართველი თავის ყმადნაფიცად აქცია. ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებში ხეთების სახელმწიფო ძლევამოსილ იმპერიად ჩამოყალიბდა. ამ დროს ხეთების სამეფომ თავისი სიძლიერის მწვერვალს მიაღწია, მაგრამ თვით მაშინაც კი, იგი არ წარმოადგენდა ერთიან პოლიტიკურ ერთეულს.

ხეთების წარმატების ერთ-ერთ მიზეზად, მათ მიერ რკინის წარმოებაზე მონოპოლია სახელდება ხოლმე. მეტალურგიის განვითარებაში რკინის წარმოების დაწყება ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. რკინა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ლითონია დედამიწის ზურგზე, მაგრამ ამავე დროს ძალზე ძნელად დასამუშავებელი. რკინის დნობის წერტილი ბევრად უფრო მაღალია იმასთან შედარებით, რის შესაძლებლობასაც პრიმიტიული ქურა იძლეოდა. მადნიდან მინარევების მოსაცილებლად საჭირო იყო მისი

Page 49: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

არაერთგზის გაცხელება და ჭედვა. ძვ. წ. II ათასწლეულამდელ არქეოლოგიურ მასალებში მხოლოდ იშვიათად თუ არის მიკვლეული რკინის საგნები: ძირითადად მძივები, ბეჭდები, სატევრის პირები. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან რკინის დამუშავება უკვე რეგულარულ ხასიათს იღებს. თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რკინას, ცხადი ხდება ხათუსილი III-ის წერილიდან ასურეთის მეფისადმი, რომელსაც მან საჩუქრად რკინის სატევრის პირი გაუგზავნა.

ხეთური არმიის ძირითად სამხედრო ძალას (სხვა ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების მსგავსად) საბრძოლო ეტლების კორპუსი წარმოადგენდა. ხეთები განთქმული მეეტლები იყვნენ. მათ გამოიგონეს ეტლის ახალი კონსტრუქცია, რომელიც ორი მებრძოლის ნაცვლად სამს იტევდა (ილ. 3). ერთი მათგანი მეეტლე იყო, მეორეს შემტევი იარაღი (შუბი და მშვილდისარი) ეპყრა ხელს, ხოლო მესამე, ფარის /გვ. 54/ საშუალებით იცავდა მათ და საკუთარ თავსაც. სამივე მათგანი ჩაცმული იყო მუხლის ქვემოთ დაშვებულ ტყავის ტანსაცმელში და თავზე მუზარადი ეხურა. აბჯარი, როგორც შემორჩენილი გამოსახულებებიდან ჩანს არ უნდა ჰქონოდათ.

ეტლით მებრძოლი ხეთის თავდასხმის იარაღი საძგერებელი შუბი იყო და არა, ეგვიპტელთა მსგავსად, მშვილდისარი. კადეშის* ბრძოლის ეგვიპტურ გამოსახულებებზე ზოგიერთ ეტლით მებრძოლ ხეთს, ხელთ შუბი უპყრია, მაგრამ არასოდეს მშვილდი. აღსანიშნავია, რომ კადეშის* ბრძოლა ეტლებით ბრძოლის ყველაზე დიდ ასპარეზად ითვლება მსოფლიოში (იხ., ქვემოთ).

ეტლებით ბრძოლის თაობაზე უძველესი მინიშნება, შესაძლოა ძვ. წ. XVIII საუკუნით დათარიღებულ ანითას ძველ ხეთურ ტექსტშია მოცემული, სადაც ნახსენებია მის მიერ სალატივარას (ქალაქი ანატოლიაში) ალყის დროს გამოყენებულ 1400 ქვეით ჯარისკაცზე და 40 შებმა ცხენზე. თუმცა, პირველი უდავო დადასტურება ბრძოლის დროს ეტლების გამოყენების თაობაზე განეკუთვნება ხათუსილი I-ის ხანას ანუ გვიანდელ ძვ. წ. XVII საუკუნეს. უფრო გვიანდელი ხანით, ძვ. წ. XV საუკუნის დასასრულით, თარიღდება ხათუსას არქივში ნაპოვნი, კიკული მითანელის* მიერ დაწერილი, საეტლო ცხენების მოვლისა და წვრთნის სახელმძღვანელო. ტექსტი ხეთურად არის დაწერილი, თუმცა მასში ცალკეული ინდო-არიული*, ხურიტული* და ლუვიური* სიტყვების არსებობაც დასტურდება.

ბრძოლების დროს ხეთების ქვეითი ჯარი, როგორც ჩანს, დამხმარე ფუნქციას ასრულებდა. მის ჯარისკაცებს მოგრძო, მაღალი მუზარადები ეხურათ და ძირითადად საბრძოლო ცულით, მახვილითა და ხელგასაყრელი ფარით იყვნენ აღჭურვილნი.

ანატოლიისათვის დამახასიათებელი ჰავისა და ტოპოგრაფიული თავისებურებების გამო, ხეთური ჯარის შეკრება გაზაფხულზე ხდებოდა ხოლმე, ხოლო ლაშქრობა, ძირითადად, ზაფხულობით. /გვ. 55/

ხეთების მიერ შექმნილი საფორტიფიკაციო არქიტექტურა საუკეთესოდ ითვლება მთელ ძველ ახლო აღმოსავლეთში. ქალაქის გალავნებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების ქონა არსებითი იყო ძველი აღმოსავლეთის ქალაქებისათვის. როგორც ზემოთაც ითქვა, თავდაცვით კედლებს აგებდნენ ქვისგან, ალიზის აგურისაგან, ხისაგან ან

Page 50: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ამ მასალათა ერთმანეთთან შეთავსებით. მასალის შერჩევა ბუნებრივი პირობებით იყო განპირობებული, თუ რომელი მასალა მოიპოვებოდა ადგილობრივ. ხეთები, როგორც წესი, ქალაქების გარშემო მასიური ქვის გალავნების აგებისას დიდი ხელოვნებით იყენებდნენ მთიანი ადგილების ფერდობებს, განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა მათ მიერ აშენებულ ციხე-სიმაგრეებში.

ალყის წარმოების ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული ხერხი იყო მოცდა ალყაში მოქცეულთა დანებებამდე. როგორც ზემოთაც აღვნიშნავდით, ძვ. წ. XV საუკუნეში ეგვიპტელთა მიერ მეგიდოს* ალყამ ქალაქის დანებებამდე შვიდ თვეს გასტანა. ზოგჯერ ალყაში მოქცეულთა მიერ თავის დახსნა გამოსასყიდის გადახდით ხდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც მოალყეებში სასიკვდილო ეპიდემია იჩენდა თავს და ისინიც იძულებული ხდებოდნენ აუღებლად გაცლოდნენ ქალაქსა თუ ციხე-სიმაგრეს.

საინტერესოა, ხეთების მიერ, ძვ. წ. XIV საუკუნეში, ანატოლიაში, ერთ-ერთი თავისი ყმადნაფიცი მმართველის ქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული ალყა, რომელიც მას მერე დამთავრდა, როდესაც დედა-დედოფალი ქალაქიდან გამოვიდა და შესთხოვა მოალყეებს მისი გულისათვის შეეწყალებინათ ხალხი. მაშინ, როდესაც, ამა თუ იმ ლაშქრობის დროს, ძირითადი მიზანი არ იყო რომელიმე ქალაქის აღება, მოლაშქრეები მას უბრალოდ გვერდს აუვლიდნენ ხოლმე. მაგალითად, ხეთების მიერ მითანის* წინააღმდეგ ძვ. წ. XIV საუკუნეში ჩატარებული ერთ-ერთი ლაშქრობისას, ხეთებმა ქალაქ კარქემიშს გვერდი აუარეს და იგი მხოლოდ თავისი ძირითადი მიზნის აღსრულების შემდეგ, უკანმობრუნებულებმა, რვადღიანი ალყის შემდეგ აიღეს. /გვ. 56/

ხეთების კეთილდღეობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მათ მიერ სავაჭრო გზებისა და ბუნებრივი წიაღისეულის, განსაკუთრებით ლითონის საბადოების, გაკონტროლებაზე. ძირითადად, ამის გამო უხდებოდათ მათ ასურელებთან, ხურიტებთან* და ეგვიპტელებთან ბრძოლა.

ეგვიპტელთა და ხეთების საომარი ხასიათის ურთიერთობებს, ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ხანაში ეყრება საფუძველი, როდესაც ფარაონმა თუტმოს III-მ დაიპყრო მითანის* სამეფოს კუთვნილი მიწები სირიაში და ამით ხეთებს დაუმეზობლდა. ახლო აღმოსავლეთის ბევრმა ხალხმა ამ დროს გადაწყვიტა ეგვიპტელებისათვის ხარკი გადაეხადა, მათ შორის ხეთებმაც, რათა ეგვიპტელთა გული მოეგოთ და ამით მათი თავდასხმისაგან თავი დაეხსნათ. ამასთანავე, ხეთებისათვის, ეგვიპტელთა მიერ მათი მუდმივი მტრის – მითანის* დამარცხება, ხელსაყრელ გარემოებას წარმოადგენდა. მომდევნო ხანებში ხეთებსა და ეგვიპტელებს შორის მეგობრული ურთიერთობა ყალიბდებოდა; ე. წ. კურუსტამას ხელშეკრულობის თანახმად, მოხდა ხეთური ქალაქის კურუსტამას მოსახლეობის ჩასახლება ეგვიპტის მიერ კონტროლირებულ სირიის ტერიტორიაზე. ეგვიპტელები ხეთებს თავის თანასწორ ძალად განიხილავდნენ. ტუტანხამონის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა სუფილულიუმას მისი ძე სთხოვა თანამეცხრედეთ და თანამმართველად, თუმცა უფლისწულმა ეგვიპტემდე ცოცხალმა ვერ ჩააღწია. ზემოაღნიშნული

Page 51: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

მეგობრობის მდგრადობა, ხეთების მიერ სამხედრო ძალის მნიშვნელოვანმა გაზრდამ და ამენჰოთებ II-სა და თუტმოს IV-ის ხანაში ეგვიპტესა და მითანს* შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებამ შეარყია. ხეთებმა მითანისა* და ეგვიპტის ურთიერთობაში თავისთვის საფრთხე დაინახეს და მათმა დიდმა მეფემ, სუფილულიუმა I-მა დაიწყო ბრძოლა სირიის ხელში ჩასაგდებად. რამდენიმე წარმატებული ლაშქრობის შემდეგ, მან სირიის ჩრდილოეთი ნაწილი შეიერთა. სირიაში ხეთების ექსპანსიამ, მათი /გვ. 57/ აღორძინებული ქვეყანა ეგვიპტესთან უკვე აშკარად დააპირისპირა.

ხეთების ქვეყანაზე უარყოფითად იმოქმედა შავმა ჭირმა, რომელიც უკანმობრუნებულმა მოლაშქრეებმა და ტყვეებმა ჩამოიტანეს და ხეთები მურსილი II-ის დროს, იძულებული გახდნენ ეგვიპტისათვის უკან დაებრუნებინათ სუფილილიუმას მიერ სირიაში დაპყრობილი მიწები, თუმცა მუვათალი II-ის მეფობის დროს (ძვ. წ. 1293-1271 წწ.), დასავლეთ ანატოლიაში მიღწეული წარმატებების გარდა, აღსანიშნავია ამ მეფის ბრძოლები ეგვიპტესთან სირიის დასაუფლებლად. ორი მათგანი გაიმართა სირიის ქალაქ კადეშთან*, მდ. ორონტთან. პირველი ბრძოლისას მისი მოწინააღმდეგე ეგვიპტის მეცხრამეტე დინასტიის მეორე ფარაონი სეტი I (ძვ. წ. 1290-1279 წწ.) იყო.

კარნაკის* ტაძრის წარწერების მიხედვით, სეტი I-მა, 20000 კაცისაგან შემდგარი ჯარით ილაშქრა ქანაანსა* და სირიაში, აღადგინა იქ მიტოვებული ეგვიპტური საგუშაგოები და საგარნიზონო ქალაქები. მას ხეთებთან სიტყვიერი ხელშეკრულება დაუდვია და დაუფლებია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს. მომდევნო ლაშქრობისას, მან ქალაქი კადეში* აიღო, სადაც ამ ფაქტის აღმნიშვნელი სვეტი აღმართა და დაიპყრო ამურრუს* ქვეყანა. ამ ლაშქრობაში სეტი I-ს თან ახლდა მისი მემკვიდრე რამსესი, რომელსაც მომავალში, როგორც ეგვიპტის ფარაონ რამსეს II-ს, სწორედ ქალაქ კადეშთან* მოუწია უმნიშვნელოვანესი და სისხლისმღვრელი ბრძოლის გადატანა ხეთებთან.

კადეშის* ბრძოლას წინ უსწრებდა, ერთი მხრივ, რამსეს II-ის და, მეორე მხრივ, ხეთების მეფის, მუვათალი II-ის სირიული ლაშქრობები; ეს ორი მეფე ერთმანეთს ეცილებოდა სირიასა და ქანაანს*. ვინაიდან ხეთების ინტერესები ძირითადად სავაჭრო გზების კონტროლზე იყო გამახვილებული, ხოლო ჩრდილოეთი სირია კილიკიას შუამდინარეთთან აკავშირებდა, ამ მხარის დაუფლებას ხეთებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. /გვ. 58/

რამსესი მთელ თვეს მოუნდა, კადეშისათვის* სამხრეთიდან რომ მიეღწია. მუვათალიმ, ამასობაში, თავი მოუყარა თავის მოკავშირეებს და კადეშის* გადაღმა, ჩრდილოეთით დაბანაკდა. ხეთების მხარეზე მათი 19 მოკავშირის სამხედრო ძალებს ჰქონია თავი მოყრილი. ხეთებთან ერთად, ძირითადად, მათ მიერ დაპყრობილი ხალხები იბრძოდნენ, რომელთა შორის, დასავლეთ ანატოლიელებიც უნდა ყოფილიყვნენ.

ძვ. წ. 1274 წლის გაზაფხულზე, კადეშისაკენ* მიმავალმა რამსესმა, მძიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. იგი, იმდენად იყო შეპყრობილი სურვილით, რომ ხეთებზე ადრე აეღო ქალაქი, რომელშიც სინამდვილეში ხეთებს უკვე მისთვის მახე ჰქონდათ დაგებული, რომ მოწყდა თავის

Page 52: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ძირითად ძალებს და ამით გაზარდა ამ ძალებს შორის არსებული მანძილები. ეს დაქსაქული დანაყოფები გზის სხვადასვა მონაკვეთზე იმყოფებოდნენ. რამსესის არმია ოთხი დივიზიისაგან შედგებოდა, რომელთაც ეგვიპტური ღვთაებების: ამონის, რას, სეტისა და ფტაჰის სახელები ჰქონდათ მინიჭებული. როდესაც ფარაონმა კადეშს* მიაღწია, მას უშუალოდ უკან ამონის დანაყოფი მოჰყვებოდა; რას დანაყოფი, ამ დროს, უფრო სამხრეთით, ქალაქ შაბთუნასთან* მდინარის ფონს გადადიოდა; ფტაჰის დანაყოფი კი უფრო შორს, ჯერ კიდევ ქალაქ არნაიმის* სამხრეთით მოძრაობდა, ხოლო სეტის დანაყოფი მთავარ შარაგზას ჯერაც არ იყო გამოცდენილი.

გარდა ამისა, ეგვიპტელთა არმიაში კიდევ იყო, ცნობებით მწირად დოკუმენტირებული, სამხედრო დანაყოფი, ნეარინის* (ნა’არნი) სახელით ცნობილი, რომელიც ეგვიპტელთა ერთგული ქანაანელი* მოქირავეებისა თუ ქანაანში* რამსეს II-ის მიერ დატოვებული ეგვიპტელი მეომრებისაგან შედგებოდა, და რომელსაც გადამწყვეტი ფუნქცია დაეკისრა ეგვიპტის არმიის ხეთების მიერ ამოჟლეტისაგან გადარჩენაში. ეგვიპტელთა მხარეს იბრძოდნენ აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დამარბეველი ე. წ. ”ზღვის ხალხების”* შემადგენლობაში მყოფი სარდინიული წარმომავლობი შერდენელები და რომლებიც, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, /გვ. 59/ კადეშის* ბრძოლის ამსახველ ეგვიპტურ გამოსახულებებში გვიანბრინჯაოს ხანის აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი სატევრებით არიან აღჭურვილნი.

რამსესი და მას მიდევნებული ამონის დანაყოფები, მდ. ორონტის კალაპოტის გადალახვის შემდეგ, შეეფეთნენ ხეთების მიერ, საგანგებოდ მათ შეცდომაში შეყვანის მიზნით შეგზავნილ ბედუინებს, რომელთაც დაარწმუნეს ფარაონი, რომ ხეთები, ფარაონის შიშით, ახლო მოსვლას ვერ ბედავდნენ და შორს, ხალაფის მახლობლად იყვნენ დაბანაკებულნი (დაახლ. 200 კმ ჩრდილოეთით). ამასობაში, იქვე ჩასაფრებულმა ხეთებმა საშუალება მისცეს ამონის დანაყოფებს მათთვის გვერდზე ჩაევლოთ და მათ მიერვე დაგებულ ხაფანგში გაბმულიყვნენ. შეცდომაში შეყვანილმა ფარაონმა კადეშთან* ბანაკის დაცემის ბრძანება გასცა. აქ ეგვიპტელებმა ხელთ იგდეს ორი ბედუინი, რომელთაც აღიარეს, რომ სინამდვილეში ხეთების უზარმაზარი არმია, ქვეითი ჯარიცა და ეტლების კორპუსი მეფე მუვათალის წინამძღოლობით სულ ერთი ხელის გაწვდენაზე იყო მათგან დაშორებული, ქალაქ კადეშის* გადაღმა. როგორც ვხედავთ, იმ შორეულ ეპოქაში, დაახლ. 3300 წლის წინ, უკვე იყენებდნენ ბრძოლის დაწყებამდე მეტოქის დეზინფორმირების ხერხებს.

ბრძოლა, რომელიც გაიმართა რამსეს II-ის აღსაყდრების მეხუთე წელს, 12 მაისს, მიჩნეულია ეტლებით ყველაზე უფრო დიდ ბრძოლად მსოფლიოს ისტორიაში. მასში მონაწილეობდა დაახლ. 5000-6000 ეტლი, ორივე მხრიდან. ამავე დროს, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ბრძოლა მსოფლიოს ისტორიაში, რომლის მიმდინარეობის ტაქტიკური დეტალების აღწერილობა შემორჩენილია.

როგორც ითქვა, ხეთების ლაშქარი, ეგვიპტელთაგან საიდუმლოდ, კადეშს* იყო შეფარებული და როდესაც ქალაქს მიახლოებულმა ეგვიპტელებმა იქ ბანაკი დასცეს, ხეთური ეტლების მძლავრმა რაზმმა

Page 53: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

გამანადგურებელი იერიში მიიტანა მათ ცენტრალურ ნაწილზე. ხეთები თავს დაესხნენ აგრეთვე /გვ. 60/ ამონის შემდეგ მომავალ და მოულოდნელობისგან დაბნეულ რას ნაწილებს. ამ დროს მათგან შორს მყოფი ფტაჰის დანაყოფები მხოლოდ მდ. შაბთუნას* ფონს გადადიოდნენ.

ხეთების მიერ მიტანილი იერიშის თაობაზე, რამსესი ჩიოდა, რომ მისმა ხელქვეითებმა ვერ შეძლეს დაედგინათ ხეთების ჭეშმარიტი განლაგება. ფარაონმა სასწრაფოდ აფრინა შიკრიკები, რათა დაეჩქარებინა ფტაჰისა და სეტის დანაყოფების შემოერთება, რომლებიც ჯერ კიდევ მდ. ორონტის ხეობის შორეულ ნაწილში იმყოფებოდნენ. ამასობაში ხეთების ეტლებმა გადათელეს რას დანაყოფი და თითქმის მთლიანად გაანადგურეს იგი. გადარჩენილებმა ამონის ბანაკს მიაშურეს, მაგრამ ხეთები აქაც მიჰყვნენ მათ და ააოხრეს იქაურობა. ამონის ჯარში შიშის ზარმა დაისადგურა, დაფეთებული ჯარისკაცები ხეთური მახვილისაგან სიკვდილს გაურბოდნენ. გამარჯვებაში დარწმუნებულმა ხეთებმა ეგვიპტელთა ბანაკის ძარცვა დაიწყეს და ამით საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. ფარაონმა მთელი ძალები მოიკრიბა და თავისი მცველთა რაზმის მეთავეობით მხნედ შეუტია ნადავლის შეგროვებით გართულ ხეთებს. რამსესმა, მხოლოდ თავისი პირადი მამაცობის შედეგად, შესძლო საკუთარი თავისა და არმიის ცოცხლად დარჩენილი ნაწილების გადარჩენა, როდესაც თავისი ეტლით დიდი სიმამაცით ჩაერთო ბრძოლაში. მისი წინამძღოლობით განხორციელებულმა უეცარმა შეტევამ არევ-დარევა შეიტანა მოწინააღმდეგის რიგებში. შეიძლება ითქვას, რომ კადეშის* ბრძოლაში რამსეს II-მ დიდი მხედართმთავრის თვისებები გამოავლინა და თუ არა მის მიერ გამოჩენილი გმირობა, ეგვიპტელთა სრული მარცხი გარდაუვალი იყო. მდგომარეობა მაინც საგანგაშო იქნებოდა, დაგვიანებული სეტის დანაყოფების დამატებითი ნაწილები რომ არ გამოჩენილიყვნენ. ეგვიპტელებს გამოადგათ მათი ეტლების მეტი მანევრირებულობა და შედგენილი მშვილდების* მოქმედების ვრცელი რადიუსი. /გვ. 61/

ხეთები იძულებულნი გახდნენ ეგვიპტელთა ბანაკს მოცილებოდნენ და მდ. ორონტისაკენ დაეხიათ. ამ დროს მუვათალიმ აამოქმედა რეზერვში მყოფი ათასი საბრძოლო ეტლი და შეუტია ეგვიპტელებს; მაშინ, როდესაც ხეთებმა თითქოს ისევ მიაღწიეს ეგვიპტელთა ბანაკს, ნეარინის* სამხედრო ნაწილმა შემოასწრო ბრძოლის ველზე და იხსნა ეგვიპტელები სრული დამარცხებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეგვიპტელთა ჯარი მთლიანად ამოწყვეტილი იქნებოდა. ამის შემდეგ, რამსესის მიერ მოულოდნელად მიტანილი ექვსი იერიშის შედეგად, ხეთები თითქმის ალყა შემორტყმულები აღმოჩნდნენ და ბრძოლაში გადარჩენილებმა მდ. ორონტის გადაცურვით თავი კადეშის* გალავანს შეაფარეს. რამსეს II-ისადმი მიკუთვნებული იეროგლიფური წარწერების მიხედვით, მათ მდ. ორონტი ისე სწრაფად გადაცურეს, რომ ნიანგებსაც კი შეშურდებოდათ. ხეთები იძულებული გახდნენ კადეშისათვის* შეეფარებინათ თავი. სულ ბოლოს ჩამოღწეულმა ფტაჰის ნაწილებმა, ფაქტობრივად ბრძოლის დასასრულს თუღა ჩამოუსწრეს.

გათენებისთანავე, გაიმართა მეორე, ფაქტობრივად უშედეგო ბრძოლა; ორივე მხარე ძალზე დაზარალდა, დიდი იყო დანაკარგების

Page 54: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

რიცხვი დახოცილი და დაჭრილი მეომრების სახით. ხეთებმა მიუხედავად თითქოსდა თავდაპირველი წარმატებისა, ვერ შეძლეს საბოლოო გამარჯვების მოპოვება, ხოლო ეგვიპტელებს, სამხედრო ძალის დიდი დანაკარგის გამო, ქალაქისათვის ალყის შემოსარტყმელად ხალხი აღარ დარჩათ. ბრძოლის ძირითადი შედეგის შეფასებისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეგვიპტელებმა ვერ მოახერხეს გალავნით კარგად გამაგრებული ქალაქის, კადეშის* აღება, რაც მათი სამხედრო ექსპედიციის თავდაპირველ და ძირითად მიზანს წარმოადგენდა.

ხეთების წარმატების მთავარი მიზეზი, მათ მიერ ეგვიპტური ძალების სრულ დანაწევრებას უნდა მიეწეროს, რაც მათი უფრო განვითარებული სამხედრო სტრატეგიული და ტაქტიკური აზროვნების შედეგი იყო. /გვ. 62/

ვინაიდან რამსეს არ ძალუძდა კადეშის* ხანგრძლივი ალყისათვის ლოგისტიკური* მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მან კეთილგონიერება გამოიჩინა და ჯერ უკან, დამასკოსკენ დაიხია, ხოლო საბოლოოდ ეგვიპტისაკენ გაბრუნდა. შინ დაბრუნებულმა ფარაონმა უდიდესი გამარჯვების შესახებ ამცნო თავის ქვეშევრდომებს, მაშინ როდესაც სინამდვილეში ერთადერთი, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ ბრძოლის მსვლელობისას უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილმა, საბოლოოდ მაინც შეძლო დიდი ძალისხმევის, თავდადებისა და გმირობის ხარჯზე, საკუთარი არმიის სამშვიდობოზე გამოყვანა. კადეშის* ბრძოლის შედეგი ეგვიპტელებისათვის სინამდვილეში იყო სრული მარცხისაგან თავის დაღწევა. ამ ბედნიერმა შემთხვევამ, შესაძლებლობა მისცა ეგვიპტეში დაბრუნებულ ფარაონს წაგებული ომი დიდ გამარჯვებად წარმოეჩინა, ხოლო საკუთარი თავი ხეთებთან ბრძოლაში გამარჯვებულად გამოეცხადებინა და ამაში ეგვიპტის საზოგადოებრიობაც დაერწმუნებინა. მიუხედავად უსაზღვრო ტრაბახისა, მიღწეული გამარჯვების შესახებ, რამსესის მიერ განცდილი მარცხის მაჩვენებელია თუნდაც ის გარემოება, რომ მან შეუბრალებლად და სასტიკად დასაჯა თავისი არმიის გადარჩენილი მებრძოლები.

თავის მხრივ, ხეთების გამარჯვებაც უფრო პიროსის* გამარჯვებას ჰგავდა. შესაბამისად, მათ რეალურად შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები და საკმარისად შორსმჭვრეტელნი გამოდგნენ იმისათვის, რომ სწორად განესაზღვრათ ეგვიპტელებთან მშვიდობისა და კავშირის ფასი; მითუმეტეს რომ უკვე იგრძნობოდა ასურეთის სამხედრო სიძლიერის განუხრელი ზრდა, რაც უახლოეს მომავალში დაემუქრებოდა, როგორც ხეთების, ასევე ეგვიპტელების ინტერესებს.

უნდა ითქვას, რომ დღემდე არ არის თანხმობა მეცნიერთა შორის, კადეშის* ბრძოლის შედეგების შესახებ: ზოგიერთის აზრით ეგვიპტელებმა გაიმარჯვეს, ზოგი ფიქრობს რომ მხარეებმა თანაბარ წარმატებასა თუ წარუმატებლობას /გვ. 63/ მიაღწიეს; ზოგის შეხედულებით კი, ეგვიპტელები დამარცხდნენ, ხოლო ეგვიპტური წერილობითი წყაროების ცნობები პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურებოდა.

კადეშის* ბრძოლის შესახებ ცნობები, ეგვიპტეში დიდი რაოდენობით არის შემორჩენილი, როგორც წერილობითი, მათ შორის პაპირუსებზე დაწერილი ცალკეული ტექსტების სახით, ასევე კარნაკის, აბუ სიმბელის, აბიდოსის და თებეს რამესეუმის* ტაძრებში წარმოდგენილი კედლის

Page 55: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

მხატვრობის ნიმუშებით. სპეციალისტებისათვის ცნობილია, ამ მასალის პროპაგანდისტული, მაღალფარდოვანი სტილი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ხათუსილი III-ს შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს გარემოება და იგი წერილში გამქირდავად მიმართავდა რამსესს, მის მიერ კადეშის* ბრძოლაში საკუთარი თავის გამარჯვებულად წარმოჩენის გამო; რამსესის საპასუხო წერილი, ბრძოლის ეგვიპტური ინტერპრეტაციის გადმოცემაა.

ხეთურ მასალებში, ამის საწინააღმდეგოდ, კადეშის* ბრძოლის საგანგებო აღწერილობა არ არის მოცემული; ხეთური თვალთახედვა ამ ბრძოლის შესახებ, ძირითადად, ასახულია სხვა მოვლენების კონტექსტში და განსაკუთრებით ხათუსილი III-ის მოღაწეობასთან არის დაკავშირებული, რომლის ცხოვრებაშიც კადეშის* ბრძოლა მნიშვნელოვან ნიშანსვეტს წარმოადგენდა. ხათუსას (ბოღაზქიოის) არქივის ხეთური წერილობითი წყაროები, ეგვიპტური მონაცემებისაგან საკმაოდ განსხვავებულ სურათს გვიხატავენ. მათი მონაცემების მიხედვით, დამარცხებული რამსესი იძულებული გახდა გასცლოდა კადეშს* და უკან დაეხია. მთლიანობაში, სპეციალისტთა აზრით, ხეთური მონაცემები უფრო რეალური სურათის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა, მაშინ როდესაც ეგვიპტური ცნობებიდან შეიძლება ადგილ-ადგილ ცალკეული დამაჯერებელი დეტალების შერჩევა. საზოგადოდ, ბრძოლის დეტალების რეკონსტრუირება, ხდება ხოლმე ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემების ერთობლივი განხილვითა და არსებულ შეუსაბამობათა ჰარმონიზაციაში მოყვანით.

ვინაიდან ხეთური და ეგვიპტური წყაროების მონაცემები, კადეშის* ბრძოლის შედეგების შესახებ, ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავდება, იზრდება დამოუკიდებელი მონაცემების საფუძველზე ჭეშმრიტების დადგენის მნიშვნელობა. სამწუხაროდ, დღემდე არსებული არქეოლოგიური მონაცემები, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ აღდგენილი იყოს ბრძოლის მსვლელობა და მისი შედეგები.

როდესაც სპეციალისტები აღნიშნავენ, კადეშის* ბრძოლის მკაფიოდ გამოკვეთილი შედეგის გარეშე დასრულებას, მაინც ყურადღებას აქცევენ ხოლმე იმ გარემოებას, რომ თუ ეგვიპტელებმა მორალურ წარმატებას მიაღწიეს, ფარაონის გმირული თავდადების წყალობით დააღწიეს რა თავი გამანადგურებელ მარცხს, ხეთებმა რეალური სტრატეგიული მოგება ნახეს ბრძოლის შედეგად – მათ მიუხედავად სამხედრო ეტლების დიდი ნაწილის დაკარგვისა, არ დაანებეს მტერს კადეში* და მომდევნო წლების განმავლობაში თანდათანობითი სამხედრო დაწოლით დაათმობინეს ეგვიპტელებს პოზიციები უფრო სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზეც. ამურრუს* გარდა, ხეთებმა დაიქვემდებარეს უპუც*. ამის შედეგად, ეგვიპტის აზიური სამფლობელოები მხოლოდ ქანაანით* შემოისაზღვრა და ისიც მუდმივი აჯანყების საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. რამსეს II იძულებული იყო წამოეწყო პერმანენტული ლაშქრობები ქანაანში*, თავისი გავლენის იქ ხეთებისათვის დასაპირისპირებლად. ამ ლაშქრობათა შედეგად მიღწეული სამხედრო წარმატებები საბოლოო ჯამში ეგვიპტელთათვის ეფემერული გამოდგა – ვერც ისინი და ვერც ხეთები ვერ ახერხებდნენ ერთმანეთზე გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევას.

Page 56: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქ-სახელმწიფოებზე გავლენის მოსაპოვებლად წარმოებული თხუთმეტწლიანი ქიშპობის შემდეგ შექმნილი ჩიხური /გვ. 64/ მდგომარეობის გამო, რამსეს II იძულებული გახდა, თავისი ზეობის 21 წელს (ანუ ძვ. წ. 1258 წ.), ხელი მოეწერა ხეთებთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. ხეთების მხრიდან საზავო ხელშეკრულებას ხელი უკვე ახალმა მეფემ, მუვათალი II-ის ძმამ, ხათუსილი III-მ მოაწერა. ეს დოკუმენტი მიჩნეულია მსოფლიოს უძველეს ოფიციალურად დადებულ ხელშეკრულებად. ტექსტი შედგენილი იყო იმ ეპოქის საერთაშორისო დიპლომატიკის ენაზე, აქადურად. ამ ხელშეკრულების ძალით, დადგინდა ეგვიპტესა და ხეთების ქვეყნის საზღვარი ქანაანის* ტერიტორიაზე და ეგვიპტემ ფაქტობრივად დაკარგა ამურრუს* ქვეყანა.

საზავო ხელშეკრულების ეგვიპტური ტექსტი პაპირუსის სახით არის შემორჩენილი, ხოლო ხეთური ცალი ვერცხლის ფილაზე იყო ამოკვეთილი, რომლის თიხის ასლიც იყო ნაპოვნი ბოღაზქიოის გათხრებისას. აღსანიშნავია, რომ კადეშის* ხელშეკრულების გადიდებული ასლი ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების მთავარ სამართველოში კედელზეა ჩამოკიდებული, როგორც მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ხელშეკრულების ნიმუში.

ხელშეკრულების დადების მომდევნო ხანაში, ჯერ ისევ რამსეს II-ის და ხათუსილი III-ის მეფობისას, ორი დიდი ქვეყნის კავშირი, ორივე მათგანის საკეთილდღეოდ, კიდევ უფრო განმტკიცდა და არა ნაკლები ინტენსიურობით გაგრძელდა მათი მემკვიდრეების, ეგვიპტის ფარაონის მერნეფტაჰისა და ხეთი მეფეების თუთხალია IV-ისა და არნუვანდას ზეობის წლებში. ხელშეკრულების დამტკიცებას თან სდევდა გულითადი მიწერ-მოწერა, არა მხოლოდ მეფეებს შორის, არამედ მათ მეუღლეებს შორისაც. ხელშეკრულების დადების ცამეტი წლის შემდეგ ხათუსილი III-ის (ძვ. წ. XIII ს. პირველი ნახევარი) ქალიშვილი, მამამისის მიერ გამოთქმული სურვილის თანახმად, დაქორწინდა რამსეს II-ზე და ფარაონის მეუღლე გახდა. /გვ. 65/

ხეთებისა და ეგვიპტელების ურთიერთბრძოლით ისარგებლეს ასურელებმა და შეეცადნენ მითანის* ხელში ჩაგდებას. ასურელები ხეთური სახელმწიფოს სავაჭრო გზებისათვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენდნენ, ვიდრე ეგვიპტელები. მუვათალის ძის, ურჰი-თეშუბის (იგივე მურსილი III) დროს (ძვ. წ. XIII ს. პირველი ნახევარი), ასურელებმა მითანის* მემკვიდრე სახელმწიფო – ხანიგალბათი იგდეს ხელთ და მდ. ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირს მოადგნენ. როდესაც ურჰი-თეშუბი, ბიძამისმა – ხათუსილი III-მ გადააყენა ტახტიდან, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა შეგუებოდა ხანიგალბათის დაკარგვას. ხათუსილი III-ის მიერ, ხეთებსა და ეგვიპტელთა შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, ეტყობა განპირობებული იყო სწორედ ასურეთის სამხედრო სიძლიერის შთამბეჭდავი ზრდით.

მითანის* სახელმწიფოს ნარჩენების დანაწილებისათვის ხეთებსა და ასირიელებს შორის დაძაბულობამ უმაღლეს წერტილს ძვ. წ. XIII საუკუნის მეორე ნახევარში, ხათუსილი III-ის ძის – თუთხალია IV-ისა და ასურეთის მეფის –თუქულთი-ნინურტა I-ის დროს მიაღწია. თუთხალია საკმაოდ

Page 57: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ძლიერი მეფე იყო იმისათვის, რომ დროებით მაინც შეეჩერებინა ასურელთა შეღწევა სირიაში. მანვე მოახერხა კვიპროსის დროებითი დაკავება. მის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა და გამაგრდა ხათუსას გალავანი. ასურელთა ექსპანსიის შესაჩერებლად მან აღმოსავლეთისაკენ, ასურელთა წინააღმდეგაც კი გაილაშქრა. მოწინააღმდეგე ძალები ერთმანეთს მდ. ტიგროსის მხარეში – ქ. ნიჰრიასთან შეხვდნენ. ნიჰრიას ბრძოლაში ხეთებმა სასტიკი დამარცხება განიცადეს და ამით საშუალება მისცეს ასურელებს თავისი სამეფოსთვის მიიერთებინათ ნაირის* მიწები, საიდანაც ასურელებმა მალე მათთვის წინააღმდეგობის გამწევი 40 ადგილობრივი მმართველი გამოაძევეს. მართალია, ასურული წერილობითი წყაროები იკვეხნიან, რომ ბრძოლის შედეგად თითქოს მათ 28800 ხეთი ტყვე იგდეს ხელთ, მაგრამ სინამდვილეში ამ /გვ. 66/ მარცხს ტრაგიკული შედეგი არ მოჰყოლია ხეთების სახელმწიფოსათვის, ვინაიდან ასურელთა მთავარი მიზანი, იმ ხანად, ბაბილონის აღება იყო. ამ მარცხით მხოლოდ ქვეყანაში არსებულმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოსურნე ძალებმა სცადეს ესარგებლათ; სხვა მცდელობებთან ერთად, ურჰი-თეშუბის უმცროსი ძმა – კურუნტა შეეცადა შეთქმულების გზით გადაეყენებინა ტახტიდან თუთხალია IV, მაგრამ ვერ მოახერხა. მეფემ დაამარცხა შეთქმულები და შეინარჩუნა ხეთური სახელმწიფო.

ანატოლიისათვის დამახასიათებელი შფოთისა და არეულობის ძველი სენი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა ხეთური სახელმწიფოებრიობისათვის. ჩრდილოეთიდან, შავი ზღვის მიმდებარე მხარეებიდან, საფრთხეს წარმოადგენდა ქასქების მესაქონლე ტომების გაუთავებელი თავდასხმები, რომელთა შემოსევის შიშით ხეთების სატახტო ქალაქი დროებით უფრო სამხრეთით, თარხუნტასაშიც* კი ყოფილა გადატანილი. ხეთებს კუნძ. კვიპროსს აქიავა ეცილებოდა, აქავეელი ბერძნების წინაპრები. ხეთების მიმართ ვასალურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებიც მუდმივად ცდილობდნენ დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებას.

ხეთების უკანასკნელმა მეფემ – სუფილულიუმა II-მ მოახერხა რამდენიმე ბრძოლის მოგება, მათ შორის საზღვაოსიც. ეს ხეთური იმპერიის უკანასკნელი გამარჯვებები იყო; კვიპროსის სანაპიროსთან, დაახლ ძვ. წ. XIII საუკუნის დამლევს, ხეთებმა ”ზღვის ხალხების”* კუთვნილი ხომალდები ზღვაში გადაწვეს და ჩაძირეს. მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული წარმატება იყო, სულ მალე ”ზღვის ხალხებმა”* მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი ჩაიგდეს ხელთ, ეგეიდიდან* პალესტინამდე.

შინაგანი და გარეგანი წნეხის ქვეშ მოქცეულმა ხეთების სახელმწიფომ, ვეღარ გაუძლო ახალ „გასაჭირს“, დასავლეთიდან ”ზღვის ხალხების”* შემოსევებს და ძვ. წ. XII საუკუნის დასაწყისისათვის განადგურდა. რაც შეეხება ეგვიპტეს, იგი საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა იმისათვის, რათა ამავე ”ზღვის ხალხების”* ეგვიპტეში შესევა შეეჩერებინა. /გვ. 67/

სანაპირო ზოლიდან და საზღვაო გზებიდან მოკვეთილი ხეთების სახელმწიფოს ცენტრალური ნაწილი, მეომარი და ველური ტომების რბევის ობიექტი შეიქნა, რასაც ხეთების დედაქალაქის, ხათუსას საბოლოო განადგურება მოჰყვა. გაურკვველია თუ კონკრეტულად ვინ დაანგრია

Page 58: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

საბოლოოდ ხეთების დედაქალაქი ხათუსა, ფიქრობენ, რომ ეს ქასქებს, ხეთების ჩრდილოეთით მცხოვრებ მესაქონლე ტომებს, ან ფრიგიელებს, ანატოლიაში დასავლეთიდან შემოსულ ხალხს უნდა გაეკეთებინა. უკანასკნელ ხანებში ხათუსას ადგილას მდებარე ბოღაზქიოის მახლობლად, ბუიქქაიაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ ხეთების სამეფოს დაცემის მომდევნო ხანაში აქ დასახლდა ხეთებისაგან სრულიად განსხვავებული წარმომავლობის მქონე მოსახლეობა, რომელსაც მიეწერება ადგილობრივი რკინის ხანის კულტურა. სავარაუდოა, რომ ქასქების მიერ დანგრეული ხათუსა დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ ფრიგიელებმა დაასახლეს

ხათუსას დაცემა, როგორც ჩანს, ნაწილი იყო ხეთური სახელმწიფოებრიობის ერთიანი დაქცევა-განადგურებისა. ხეთები თითქოს ერთბაშად უჩინარდებიან ცენტრალური ანატოლიიდან და მათი სახელმწიფოებრივი ტრადიცია ძვ. წ. I ათასწლეულის ადრეულ საუკუნეებში არსებობას მხოლოდ ჩრდილოეთ სირიაში განაგრძობს, ვიდრე საბოლოოდ ასურეთმა მასაც არ მოუღო ბოლო.

ირანი. ირანის ზეგნის სხვადასხვა ადგილებში მიკვლეულია პალეოლითისა* და ნეოლითის* ხანის სადგომები და ნამოსახლარები. მესოპოტამიის მომიჯნავე ირანის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი საკვებწარმოებითი ანუ ე. წ. ნეოლითური* რევოლუციის ერთ-ერთი ძირეული კერაა. იგი პალესტინიდან სპარსეთის ყურემდე გადაჭიმული ე. წ. ნაყოფიერების ნახევარმთვარის ანუ მცენარეთა საწყისი კულტივაციისა და ცხოველთა საწყისი დომესტიკაციის რეგიონის უკიდურეს აღმოსავლურ ნაწილს შეადგენდა. კაცობრიობის განვითარებაში საკვებწარმოებითი მეურნეობის ექსპერიმენტული ეტაპი, დასავლეთ ირანში ძირითადად სადგომებით არის წარმოდგენილი: განჯ დარეჰით, ალი კოშით, გურანით, ასიაბით, ხოლო ზაგროსის მთიანეთის ერაყულ ნაწილში – ქარიმ შაჰირითა და ზავი-ჩემი-შანიდარით.

საკვებწარმოებითმა რევოლუციამ შესაძლებელი გახადა ირანში მუდმივი დასახლებების აღმოცენება და ერთ-ერთი ადრეული სამეურნეო ცივილიზაციის წარმოქმნა. ჩამოყალიბებული მეურნეობის ეტაპის ხანაში, საჭირო ხდება ჭირნახულის დაცვა მისი მითვისების /გვ. 68/ მსურველთაგან და უკვე ჩნდება ძვ. წ. IX-VIII ათასწლეულებით დათარიღებული სოფლის ტიპის დასახლებები: ალი კოშისა და გურანის ზემო ფენები, სარაბი, ჯარმო. მომდევნო ხანებში მეურნეობა ვრცელდება ირანის ცენტრალურ ზეგანსა (თეფე სიალკი I) და ხუზისტანში (თეფე საბზი), ჩრდილო-დასავლეთ (ჰაჯი ფირუზი), დასავლეთ (გოდინ თეფე VII) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში (თეფე იაჰია VI C-E).

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, შესაძლოა ზაგროსის მთიანეთში იყოს საძებარი მევენახეობის საწყისები; მსოფლიოში ყველაზე ადრეული ღვინის შესანახი ქოთნები სადღეისოდ სწორედ ამ რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰაჯი ფირუზშია მიკვლეული და ძვ. წ. VI ათასწლეულის მეორე ნახევრითაა დათარიღებული.

Page 59: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ძვ. წ. VI ათასწლეულიდან მოყოლებული მოხატული კერამიკა ხდება ირანული არქეოლოგიური კულტურების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი. თავისებური მოხატული თიხის ჭურჭელი ჩნდება ქალკოლითური* ხანიდან. თეფე სიალკი, თეფე ჰისარი და თეფე გიანი ავლენენ ერთი და იმავე სახეობის მოხატულ კერამიკას, რაც ამ ნამოსახლერებს შორის არსებულ კავშირურთიერთობებზე მიგვანიშნებს. ძვ. წ. V ათასწლეულში ირანში ადგილი აქვს მეტალურგიის სწრაფ განვითარებას.

ძვ. წ. ადრეული IV ათასწლეულით თარიღდება ირანის ზეგანზე პირველი ქალაქის – სიალკის (ქ. ქაშანთან, ცენტრალურ ირანში) აღმოცენება.

ადრეული ბრინჯაოს ხანიდან უფრო მეტი რამ არის ცნობილი ირანის მოსახლეობის მატერიალური კულტურის შესახებ, თუმცა მხოლოდ წერილობითი მონაცემების გამოჩენის შემდეგ შეიძლება მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის ისტორიულ თუ ეთნიკურ იდენტიფიკაციაზე საუბარი.

ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარში ირანში ვრცელდება ამიერ-კავკასიული წარმომავლობის მქონე, ე. წ. მტკვარ-არეზის* კულტურის მატარებელი ტომები. მათი გავრცელება, როგორც ჩანს, ძალისმიერი ხასიათისა იყო და ამ პროცესს თან სდევდა უფრო ადრე აქ არსებული, შედარებით უფრო განვითარებული საზოგადოებრივი ცხოვრების შეწყვეტა. იგივე სურათი ჩანს, აღმოსავლეთ ანატოლიაში, სადაც, აგრეთვე ხდება ამიერკავკასიული ტრადიციების მატარებელი /გვ. 69/ მოსახლეობის გამოჩენა. უფრო გვიან, ძვ. წ. III ათასწლეულის პირველ ნახევარში მტკვარ-არეზის* კულტურის ტომები სირიასა და პალესტინაშიც ვრცელდებიან.

ირანის ვრცელი ტერიტორიის ტოპოგრაფიული დანაწევრება აქ სხვადასხვაგვარი სახის განცალკევებული კულტურების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. ადრეული ლითონის ხანის ირანი, ეკონომიკურად და კულტურულად, კვალინდებურად ნეოლითური* ეპოქისათვის დამახასიათებელი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, აქ არაფერი ჩანს იმ განვითარების მსგავსი, რაც მისგან დასავლეთით, მესოპოტამიისათვის და აღმოსავლეთით, ინდის ველზე აღმოცენებული მაღალი ცივილიზაციის მქონე ურბანული ცენტრებისთვის არის დამახასიათებელი.

ადგილობრივ არქეოლოგიურ მასალაში გამოირჩეოდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებული ადრეული ბრინჯაოს ხანის ე. წ. ჯიროფთის კულტურა, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის გვიანი ხანებითა და III ათასწლეულით თარიღდება. ამ კულტურის ძირითადი ნამოსახლარები მიკვლეულია კონარ სანდალში, თეფე იაჰიაში, თეფე ბამპურში, იბლისში, შაჰრი სოხტაში, შაჰდადსა და ესპიედეჯში.

მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ცხოვრება ირანის ზეგანზე ჯერ ისევ პრიმიტიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხუზისტანის დაბლობზე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან მესოპოტამიური ტიპის დამწერლობის მქონე ურბანული ცივილიზაცია ჩამოყალიბების პროცესში იყო. ხუზისტანი, ძველი სუზიანა, ირანის ერთადერთი მხარეა, რომლის განვითარების დონე რამდენადმე უახლოვდებოდა მესოპოტამიაში მიმდინარე პროცესებს. აქ, ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთის მეზობლად, სამხრეთ ირანის მიწა-წყალზე არსებული ელამური ცივილიზაცია შუმერიდან მომავალი

Page 60: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ზეგავლენის შედეგად იყო აღმოცენებული. მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, იგი მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო მესოპოტამიურ ქვეყნებთან, შუმერთან, ბაბილონეთთან და ასურეთთან. ეს ურთიერთობა იყო ხოლმე, როგორც მშვიდობიანი, სავაჭრო, ასევე მტრული, საომარი. ელამელთა ენა, როგორც ირკვევა, მკვეთრად განსხვავებული იყო ამ მხარეში უფრო გვიან გავრცელებული ენებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ ელამური ცივილიზაცია, ძირითადად ხუზისტანის დაბლობზე, სუზიანაში იყო კონცენტრირებული, სინამდვილეში ელამის სახელმწიფო უფრო /გვ. 70/ ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა; დაბლობის გარდა მას ექვემდე-ბარებოდა ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მისი უშუალოდ მომიჯნავე მთიანეთი. მთისა და ბარის ერთიანობის მოდელის შემუშავება ამ ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო იყო; მაქსიმალურად ხდებოდა, როგორც მთის, ასევე ბარის ბუნებრივი სიმდიდრეების გაცვლა-გამოცვლა. ამასთან ერთად, ელამი შუამავალი იყო, ერთი მხრივ, შუმერ-ბაბილონეთსა და მეორე მხრივ, ირანის ზეგნის საზოგადოებებს (თეფე ჰისარი, სიალკი და სხვ.) შორის. ამ ურთიერთობების ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ელამელთა მიერ განხორციელებული ვაჭრობა იყო. პროტოელამური წარწერიანი თიხის ფირფიტების გამოვლენა სიალკ IV-ისა და თეფე იაჰიას კულტურულ ფენებში აღნიშნული ვაჭრობის არსებობის ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთია. შუა ბრინჯაოს ხანაში ცენტრალური ირანის ზეგანი კიდევ უფრო მეტად იყო იზოლირებული გარე სამყაროსგან, ვიდრე ადრე. არსებობა ვეღარ განაგრძო თეფე სიალკმა. ნაკლებად ჩანს ურთიერთობა მესოპოტამიასთან. მიუხედავად ამისა, ელამელების აქტიურობა ამ დროსაც შეიმჩნევა, თუმცა შედარებით ნაკლები ინტენსივობით.

ძვ. წ. XXIV საუკუნის შუა ხანებში, სარგონ დიდმა, აქადის მეფემ დაი-მორჩილა ჯერ შუმერი, ხოლო შემდეგ ელამი და მის აღმოსავლეთით მდებარე მხარეებიც. დაახლოებით საუკუნენახევრის შემდეგ, დასავლეთ ირანის მთიანეთში მცხოვრებმა გუთიების* ტომებმა ბოლო მოუღო აქადელთა ბატონობას. აქადის დაცემამ ელამს საშუალება მისცა თავისუფლება დაებრუნებინა და მესოპოტამიის დაბლობზე მდებარე სუზაც* დაეპყრო, რომელიც მისი დედაქალაქი გახდა. ძვ. წ. II ათასწლეულის განმავლობაში ელამელები სამხრეთ ირანში ფართოდ ვრცელდებიან. განსაკუთრებით დიდ სიძლიერეს, ელამმა, ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებში მიაღწია, როდესაც მან ასურელები და ბაბილონელები დაამარცხა. ამ ეპოქის ელამი მესოპოტამიის დიდ ნაწილსა და დასავლეთ /გვ. 71/ ირანს მოიცავდა. ამ ქვეყანას აღორძინებულმა ბაბილონმა მოუღო ბოლო, როდესაც მისმა ლაშქარმა ძვ. წ. XII ს. დამლევს სუზა* აიღო.

ირანზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რომლითაც ხდებოდა ავღანური ლილაქვისა და სხვა ნახევრად ძვირფასი ქვების შეტანა მესოპოტამიაში, ანატოლიაში და სხვა ახლოაღმოსავლურ მხარეებში. ელამელთა ძირითადი მიზანი იყო დაექვემდებარებინათ აღმოსავლეთით მდებარე ზეგნისა და მთიანეთის მებრძოლი ტომები და სათავისოდ გამოეყენებინათ ამ მხარის ბუნებრივი სიმდიდრეები. ზაგროსის მთიანეთში კასიტები ცხოვრობდნენ, ჩრდილო-დასავლეთ

Page 61: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ირანში მანეელები, ხოლო კასპიის ზღვის სამხრეთით კასპიელები. მათი ეთნიკური ვინაობა და ერთმანეთთან მიმართება ნაკლებად არის ცნობილი. ერთადერთი რაც მათ შესახებ ვიცით, არის მათ მიერ დანატოვარი ოქროსა და ვერცხლის მაღალმხატვრული ხელოვნების ნიმუშები. ლურისტანის ფართოდ ცნობილი ბრინჯაოს ნაკეთობები, რომლებიც ძირითადად სამარხულ ინვენტარს შეადგენდა, დიდი მხატვრული თავისებურებით გამოირჩევა.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ადრეული ჰისარისათვის დამახასიათებელი ჭურჭლის მოხატვის ტრადიცია. თუმცა, სწორედ ირანის ამ მხარეში, ადრებრინჯაოს ხანის გვანდელ ეტაპზე, ხდება მნიშნელოვანი ცვლილება; კერამიკული ტრადიცია აქ მთლიანად იცვლება, მოხატული ნაწარმის ნაცვლად ჩნდება სრულიად განსხვავებული ნაცრისფერი თუ მოშავო-მონაცრისფრო თიხის ჭურჭელი. მსგავსი ცვლილება, უმთავრესად, ახალი მოსახლეობის გამოჩენით აიხსნება ხოლმე; ეს კი ძველი მოსახლეობის ძალდატანებითი შეცვლის გარეშე იშვიათად ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ კერამიკასთან ერთად ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში, იმავდროულად გამოჩნდა ახალი სახეობის სპილენძისა და ბრინჯაოს იარაღები და სამკაულები, ადრე სავსებით უცნობი ამ მხარისათვის. ეს გარემოება /გვ. 72/ დამატებითი საბუთია მოსახლეობის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილების სავარაუდებლად. საყურადღებოა, რომ ირანის მატერიალურ კულტურაში გავრცელებული ეს ინოვაციები არ შეხებია მესოპოტამიასა და საზოგადოდ უფრო დასავლეთით მდებარე მხარეებს, საიდანაც ირანში ადრეულ ხანებში, ახალი ტრადიციები აღწევდა ხოლმე.

ბევრად უფრო გვიან, ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში, ჩრდილოაღმოსავლეთირანული ნაცრისფერი თუ მოშავო-მონაცრისფრო კერამიკა ჯერ თანდათანობით აღწევს ირანის დასავლეთ მხარეებს, ხოლო შემდეგ მთლიანად იქვემდებარებს მათ. ეს ცვლილება, თავის მხრივ, შესაძლოა კავშირში იყო, მომთაბარე ტომების ორი ჯგუფის ცენტრალური აზიიდან ირანის ზეგანზე შემოჭრასთან. ჩრდილოეთიდან გავრცელებულმა მოსახლეობამ დაიკავა ირანის ცენტრალური ზეგანი. შესაძლოა, სწორედ ამ დროს, ირანის ბრინჯაოს ეპოქის დამლევ ხანაზე გადიოდეს ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ინდო-ირანული ჯგუფის ირანულ (არიულ*) ენებზე მეტყველი ხალხები ბატონდებიან თანამედროვე ირანისა და მისი მომიჯნავე მხარეების ტერიტორიაზე. ცენტრალური აზიიდან გავრცელებული მოსახლეობის ერთ-ერთი განშტოება შეიჭრა ინდოსტანის ნახევარკუნძულზე (იხ., ქვემოთ). ორივე ეს ჯგუფი თავის თავს არიელებს* უწოდებდა. მათ ჰყავდათ ცხენშებმული საბრძოლო ეტლები, თუმცა ირანელებმა მალევე უპირატესობა ცხენოსან ჯარს მიაკუთვნეს, როგორც უფრო უკეთ გამოსაყენებელს მთიან მხარეებში, სადაც მათ უფრო უხდებოდათ აქტიურობა, ინდისა და განგის ველებზე მცხოვრები ინდოელებისაგან განსხვავებით.

ირანში დასახლებული ინდო-ევროპელები ერთმანეთისაგან, თავთავიანთი დიალექტებით განსხვავდებოდნენ. მათგან ყველაზე ძლევამოსილები, სპარსელები და მიდიელები ანუ ფარსა და მადა იყვნენ. სპარსელები ბახტიარის მთებში და მისგან დასავლეთით მდებარე ფარსის

Page 62: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

პროვინციაში დასახლდნენ, რომელსაც თავისი სახელი დაუტოვეს, მიდიელები /გვ. 73/ კი უფრო ჩრდილოეთით – ჰამადანის ველზე. ეს უკანასკნელნი კარგი მეომრები და დახელოვნებული ცხენოსნები იყვნენ. წინა აზიაში მიდიელების ბატონობას მხოლოდ კიროს II დიდმა, აქემენიანმა* მოუღო ბოლო. საინტერესოა, რომ მიდიელების მემკვიდრეობას ქურთები იჩემებენ. მიდიელებისა და ბაბილონელების კოალიციის მიერ, ასურეთის დედაქალაქის – ნინევიის აღების წელი, ძვ. წ. 612 წ., ბოლო დრომდე, ქურთების მიერ მათი კალენდრის ათვლის წერტილად მიიჩნეოდა.

სპარსელთა ადრეული შეიარაღების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა უფრო გვიანი ხანების მონაცემებით ზოგადი წარმოდგენა მაინც შეგვიძლია შევიქმნათ მასზე. მათი ცხენოსნები, როგორც ჩანს, ძირითადად მშვილდისარსა და ხელშუბს ატარებდნენ; უნდა ჰქონოდათ მუზარადები, კისრის საფარველები და ფარები. ქვეითი ჯარი მშვილდოსნებისა და შუბითა და ფარით აღჭურვილი მებრძოლებისაგან შედგებოდა. დიდი ზომის, ოთხკუთხა, დაწნულ ფარს სპარსელები სპარას უწოდებდნენ (შდრ. ქართ. ფარი). შუბი მცირე ზომისა ჰქონდათ, ორ მეტრზე ნაკლები სიგრძის. სპარსული მახვილიც მოკლე იყო და ფიქრობენ, რომ ეს მათი შეარაღების უფრო თავდაცვით ხასიათზე უნდა მიგვანიშნებდეს. სპარსელების ბრძოლის საყვარელი ხერხი იყო, ფარების საშუალებით დამცავი კედლის აგება, რომლის ზემოდანაც მშვილდოსნები მოწინააღმდეგეს ისარს ესროდნენ.

სპარსელები იყვნენ პირველნი, ვინც ეტლში ორის ნაცვლად, ოთხი ცხენი შეაბა და ორთავე თვლის ღერძიდან, დაახლ. 1 მ სიგრძეზე ვიწრო ცელები მია-მაგრა, რომლითაც მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარისკაცები იცელებოდენ, მათ სი-ახლოვეს დიდ სიჩქარეზე ეტლის გავლის დროს. თუმცა, ეტლებთან შედარებით, სპარსელთა ცხენოსანი ჯარი უფრო მეტად მოძრავი და ეფექტური იყო. ძვ. წ. 331 წელს, გავგამელას* ცნობილი ბრძოლის დროს, ალექსანდრე მაკედონელმა დარიოს III-ის ეტლებს თავისი ჯარის წინა /გვ. 74/ ხაზი გაუხსნა, ეტლები საკუთარი ჯარის სიღრმეში შეიტყუა და შემდეგ ზურგიდან შეუტია მათ. ამ ბრძოლაში სპარსელთა კატასტროფიულმა მარცხმა, დაასამარა ეტლებით ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.

ინდოსტანის ნახევარკუნძული. სამხრეთ აზიაში პირველი მხარე, სადაც ე. წ. ნეოლითურმა* რევოლუციამ იჩინა თავი, იყო ირანის აღმოსავლეთითა და ავღანეთის სამხრეთით მდებარე თანამედროვე პაკისტანური პროვინცია, ბელუჯისტანი. აქ, აღმოსავლეთ ირანისა და სამხრეთ პაკისტანის შემაერთებელ გზაზე, მდ. ბოლანის დასავლეთ ნაპირზე, მეჰრგარში, აღმოჩნდა ადრეული ძვ. წ. VII ათასწლეულის ეტალონური ხასიათის წინაკერამიკული საკვებწარმოებითი ნამოსახლარი. ძვ. წ. V ათასწლეულის დამლევისათვის მეურნეთა თემები მთელ ამ რეგიონში გავრცელდა. ერთმანეთისაგან განსხვავებული ნალის, ჟობისა და კულის კულტურები სხვადასხვა ხეობებში იყო ჩამოყალიბებული. ძვ. წ. IV ათასწლეულში ჩნდება გალავნიანი ქალაქები: რეჰმან დჰერიში (მდ.

Page 63: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ჟობის დაბლობზე), ამრი და კოტ დიჯი სინდში და კალიბანგანი მდ. ჰაკრასთან, ინდოეთში. ეს ნამოსახლარები განეკუთვნება ჰარაპის ანუ ე. წ. ინდის ველის ცივილიზაციის წინამორბედთა კულტურას.

კოტ დიჯის ნამოსახლარი მდებარეობდა ბორცვის ძირში, რომლის თხემზეც ციტადელი ყოფილა აღმართული. დედაციხის გალავანს თანაბარი ინტერვალებით კოშკები ჰქონია მოწყობილი. საკუთრივ ქალაქში, ქვის საძირკველზე ალიზის აგურით ამოყვანილი სახლების არსებობაა დადასტურებული. ეს ნაგებობები სადრენაჟო თხრილებისა და ქვის მასიური ჯებირების მიღმა იყო შეჯგუფული. მეზობელი თემები აქ ერთმანეთს მუდმივად ებრძოდნენ ნაყოფიერი მიწების დასაუფლებლად. კოტ დიჯის ნამოსახლარზე ნაპოვნია ქვის ძალზე დახვეწილი სამუშაო იარაღები, ბრინჯაოს ისრისპირები, /გვ. 75/ მძივები, ქალღმერთისა და ცხოველთა მცირე ზომის თიხის პლასტიკა. განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს სათამაშო საზიდავი, რომელიც ცხადყოფს, რომ მეთუნის მორგვის მოყვანილობა დაედო საფუძვლად ურმის თვლების წარმოქმნას. ეს ნამოსახლარი, ისევე როგორც ამრი და კალიბანგანი, ცეცხლის მიერ ყოფილა განადგურებელი, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია.

განვითარების მომდევნო ეტაპი ინდოსტანის სუბკონტინენტზე, განეკუთვნება ე. წ. ინდის ველის ცივილიზაციას, რომლის ეტალონური ძეგლი ჰარაპა (პაკისტანში) იყო. მისი გავრცელების არეალი, პაკისტანსა (სინდჰის, პენჯაბისა და ბელუჯისტანის პროვინციებში) და ინდოეთს (გუჯარათსა და რაჯასთანში) გარდა, ნაწილობრივ ვრცელდებოდა თანამედროვე ავღანეთის, ირანის და თვით თურქმენეთის ტერიტორიაზე. ამ ეპოქაში მდ. ინდის აუზში მიწათმოქმედთა ასობით მცირე ზომის, გალავნიანი და დაგეგმარებულქუჩებიანი სამოსახლო არსებობდა. ამ კულტურის ნამოსახლარებზეც დასტურდება თავდაცვითი გალავნების კვალი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე, ცნობილი ნამოსახლარის, მუნდიგაკის გათხრებისას გამომზეურდა მზეზე გამომწვარი ალიზის აგურით ნაგები გალავანი და მართკუთხა კოშკები.

საყურადღებოა, რომ ჰარაპის კულტურის არქეოლოგიურმა შესწავლამ ვერ გამოავლინა ომისა და ომის საშიშროების არსებობის რამდენადმე მნიშვნელოვანი კვალი ადგილობრივი საზოგადოებების ცხოვრებაში. მიუხედავად დაწინაურებული ადგილობრივი მეტალურგიის არსებობისა, ინდის ველზე ბრინჯაომ ახლო აღმოსავლეთიდან შეაღწია, ჯერ კიდევ ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებში. აქ ყურადღებას იპყრობს საბრძოლო იარაღის სიმცირე (თუ მათ ადვილად ხრწნადი მასალისაგან არ ამზადებდნენ), არც აბჯარია, სადმე მიკვლეული. ყველაზე ფართოდ გამოყენებული იარაღი, ქვის კვერთხი ჩანს, რომელიც ძველ სამყაროში ყველგან ერთნაირად, მუზარადის გამოყენების დაწყებისთანავე, ხმარებიდან გამოდიოდა. /გვ. 76/

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ინდის ველის ცივილიზაცია არ განიცდიდა გარედან მნიშვნელოვანი ძალის ზეწოლას და ამის გამო აქ ნაკლები საჭიროება იგრძნობა საბრძოლო ტექნოლოგიების დასახვეწად და სამოსახლოთა თავდასაცავად ინფრასტრუქტურული ხასიათის ზომების მისაღებად. სხვანაირად ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, თუ რატომ იყო

Page 64: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

აქ უფრო ნაკლებად განვითარებული სამხედრო საქმე, ვიდრე ამის შესაძლებლობას ადგილობრივად განვითარებული ტექნოლოგიური დონე იძლეოდა. ასეთ ”მშვიდობიან” საზოგადოებაში სავარაუდო ხდება ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი სისტემის უქონლობა, მითუმეტეს, რომ კულტურულადაც ინდის ველის ცივილიზაციაში ნაკლებად დასტურდება ძალაუფლების ამსახველი ნიშნების არსებობა, შთამბეჭდავი ტაძრებისა თუ ვრცელი სასახლეების სახით.

მიუხედავად ამისა, ქალაქების ყველა, ოდნავ მაინც დიდ უბანს, გალავანი და დამატებით, გალავნის ირგვლივ, წყლიანი თხრილები ჰქონდა შემოვლებული. რა უნდა ყოფილიყო ამის გამომწვევი მიზეზი, თუკი საზოგადოება არ იყო დაქვემდებარებული ომის შიშზე ან თუნდაც მის მოსალოდნელ საფრთხეზე. ეჭვს გარეშეა, რომ გარედან შემოსული მტრისაგან თავდასაცავად იყო აგებული ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული გალავანი კუნძ. ხადირზე* მდებარე, ჰარაპული ხანის ნამოსახლარ დჰოლავირაში. აქ დასტურდება ერთიანად თავმოყრილი კედლების სისტემის არსებობა, რაც ზღვის მეკობრეების თავდასხმისაგან ქალაქის დაცვის საჭიროებაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

ინდოეთში სამხედრო საქმის სიძველეზე, ძირითადად ვედების წიგნები* გვამცნობენ. ინდური ეპოსები – მაჰაბჰარატა და რამაიანა – მოგვითხრობენ რეგულარულ არმიებზე, საომარ მოქმედებათა ტექნიკურ თავისებურებებზე, სპირალისებურად დაწყობილ ჯარზე და მის წყობაში შეღწევის სირთულეზე, საბრძოლო ეტლებზე და საბრძოლო სპილოებზე და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, სამხედრო მფრინავ მექანიზმებზე, რაც ბუნებრივია, ამ ცნობათა ლეგენდარულ ხასიათს უნდა მოწმობდეს. /გვ. 77/

რიგვედის* მონაცემებით, არიელებს წინამძღოლობდა ტომის ბელადი ანუ რაჯა. მათ უხდებოდათ ბრძოლა, როგორც ერთმანეთთან, ასევე უცხოტომელებთან. ისინი იყენებდნენ ბრინჯაოს იარაღს და ჰქონდათ მანიანთვლებიანი ცხენშებმული ეტლები. პირუტყვის პარვის შედეგად მიღებული ნადავლის ძირითადი ნაწილი ტომის ბელადს უვარდებოდა ხელში. მეომრები განეკუთვნებოდნენ მებრძოლთა სოციალურ ჯგუფს – ქშატრია ვარნას.

მიუხედავად იმისა, რომ არიელთა* ტრადიციული შეხედულების თანახმად, არიელებმა* ინდოსტანის ნახევარკუნძულზე (სუბკონტინენტზე) შემოსვლისთანავე იავარჰყვეს მშვიდობიანი წინამორბედი მოსახლეობის კუთვნილი ქალაქები, რამდენადმე მასობრივი ნგრევის კვალის არსებობა არ დასტურდება იმ დროს არსებული ჰარაპული კულტურის განათხარ ფენებში. როგორც ჩანს, არიელთა* იქ შეღწევა სულაც არ იყო სისხლიანი. ზოგიერთი სპეციალისტი არიელებს*, ინდოსტანის ნახევარკუნძულის ავტოქტონურ მოსახლეობად მიიჩნევს, თუმცა, აშკარაა, რომ ეს ტომები აქ ჩრდილოეთიდან უნდა შემოსულიყვნენ. არიელთა* კულტურა მკვეთრად განსხვავებულია წინამორბედისაგან.

ინდოეთში კონკრეტული ბრძოლის, ყველაზე ადრეულ ხსენებად უნდა ჩაითვალოს რიგვედის* მეშვიდე მანდალაში (წიგნში) აღწერილი (განსაკუთრებით 18, 33 და 83, 4-8 ჰიმნებში) 10 მეფის ბრძოლა. მეფე სუდა, დივოდასას შთამომავალი ამარცხებს მისადმი მტრულად

Page 65: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

განწყობილ არიელთა* და ე. წ. დასიუს (სავარაუდოდ აბორიგენული) ტომების კონფედერაციას. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ გადმოცემაში მითოლოგიური წარმოდგენებით არის შელამაზებული ნამდვილი ამბავი, დაკავშირებული ინდოეთში არიული* ტომების პირველი გამოჩენის ხანასთან. ინდო-ევროპული წარმომავლობის არიელები*, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, ძვ. წ. II ათასწლეულის განმავლობაში უნდა შეჭრილიყვნენ ჩრდილოეთიდან, კასპიისა და არალის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მხარეებიდან. /გვ. 78/ რიგვედაში* არიული* ტომები დახასიათებული არიან, როგორც ნახევრად მომთაბარე მესაქონლეები, რომლებიც ეწეოდნენ ლოკალურ ომებს და პირუტყვს სტაცებდნენ ერთმანეთს. 10 მეფის ბრძოლის აღწერის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ამ ეპოქის ტომთა რაოდენობა დაახლოებით რამდენიმე ათასი კაცისაგან შედგებოდა. ანალოგიური რაოდენობის ხალხისაგან შემდგარი ტომები დამახასიათებელი მოვლენა იყო ევრაზიელი მომთაბარეებისათვის.

დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე ადრეული ცხენიანი ეტლი მიკვლეულია ანდრონოვოს კულტურის კუთვნილ, სინტაშტას ე. წ. ეტლებიან სამარხში (სამხრეთი ურალი, რუსეთი), რომელსაც ტრადიციულად ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით ათარიღებენ. აქ ნაპოვნ 6 ცალ მანიანთვლიან ეტლში ორ-ორი ცხენი იყო შებმული. ამ კულტურის ნამოსახლარები, ხასიათდებიან ძლიერი საფორტიფიკაციო ნაგებობებით. მოსახლეობა ჩაბმული იყო ბრინჯაოს მეტალურგიაში; ხშირია ბრინჯაოს საჭურველი. აქ გამოვლენილი დამარხვის წესი უახლოვდება რიგვედაში* აღწერილ დასაკრძალავ რიტუალს. შესაბამისად ვარაუდობენ, რომ ეს კულტურა ინდო-ირანული ტომების კუთვნილება უნდა ყოფილიყო. თუმცა ყველა მეცნიერი ამ აზრს არ იზიარებს.

ეტლების გამოსახულებები მიკვლეულია ვინდიას მთაგრეხილის* ქვიშაქვის ქანების პეტროგლიფებზე*. ეტლის ორი გამოსახულება მომდინარეობს ადგილ მორჰანა პაჰარიდან. პირველ მათგანში ორი ცხენის შებმა და მეეტლის თავი ჩანს, მეორეში – ოთხცხენიანი და 6 მანიანი (ჩხირიანი) თვლებიანი საბრძოლო ეტლი, რომლის მეეტლე მის ფართო ძარაზე დგას და რომელსაც თავს ესხმის წინ, მის გზაზე მდგომი ხელკეტიანი და ფარიანი ადამიანი, ხოლო მშვილისრით შეიარაღებული მეორე თავდასხმელი მარჯვენა მხრიდან ემუქრება მას.

საბრძოლო ეტლებს გამორჩეული ადგილი უკავიათ ინდურ და სპარსულ მითოლოგიაში, მათი ღვთაებათა პანთეონის* დიდი ნაწილი ეტლში მსხდომარედ არის წარმოსახული.

ჩინეთი. ჩინეთის სამხედრო ისტორია, ყოველგვარი წყვეტილის გარეშე ვითარდებოდა ათასწლეულების მანძილზე, ძვ. წ. XVI საუკუნის დამლევიდან ახ. წ. XVI საუკუნის დასაწყისამდე. ჩინეთს გააჩნდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული სამხედრო კულტურა.

ლეგენდარული გადმოცემების თანახმად, ჩინეთის პირველი ხელისუფალი იყო ჰუანგ დი ანუ ყვითელი იმპერატორი, რომელმაც

Page 66: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

დაამარცხა ჩი იუ (ომისა და წვიმის ღვთაება) და დასახლდა ჰუახიაში, ყვითელი მდინარის დაბლობზე. იგი ითვლება ხანის ჩინელების ანუ ჩინელთა /გვ. 79/ ძირითადი ეთნიკური ჯგუფის წინაპრად და მამამთავრად. ჩინური ტრადიციით ჰუანგ დი მეფობდა ძვ. წ. XXIV საუკუნეში. იმ დინასტიათა შორის, რომლებიც კი ცნობილია ჩინური ანალების მიხედვით, ყველაზე ადრეულია ხიას დინასტია, იგი ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით თარიღდება. მიჩნეულია, რომ ამ დინასტიის ხანა ქრონოლოგიურად მოსდევს ე. წ. სამი ხელმწიფისა და ხუთი იმპერატორის ეპოქას და წინ უსწრებს შანგის* დინასტიას. არქეოლოგიური მონაცემები, თითქოს, მხარს უნდა უჭერდნენ მოსაზრებას ამ დინასტიის არსებობის შესახებ, თუმცა გარკვეული ეჭვებიც არის გამოთქმული ამის თაობაზე.

შანგის*, იგივე ინის დინასტიის ეპოქის ჩინეთი, ტიპური ბრინჯაოს ხანის საზოგადოება იყო. ამ დინასტიის სამხედრო სიძლიერე, მნიშვნელოვანწილად, ეტლებიან ჯარებზე იყო დაფუძნებული. საბრძოლო ეტლი, მკვლევართა აზრით, ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებისა და მეორე ნახევრის შანგის* დინასტიის ჩინეთში, მათ მეზობელ ინდო-ევროპელ ტომებს უნდა შეეტანათ, რომელთაც ჩვეულებრივ მიაწერენ ხოლმე ამ ტექნოლოგიური სიახლის პოპულარიზაციას აღმოსავლეთის თვალუწვდენელ სივრცეებზე. თუმცა, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეტლები უფრო ადრე, ხიას დინასტიის ხანიდან (დაახლ. ძვ. წ. 2100-1600 წწ.) უნდა ყოფილიყო ჩინეთში ცნობილი.

ჩინური ეტლის შემადგენლობა, სამი კაცით განისაზღვრებოდა: მეეტლისაგან, წარჩინებული მეომრისა და მსახურისაგან, რომლის მოვალეობა მეომრისათვის იარაღისა და ისრების მიწოდება იყო. ცხენი ჩინეთში ძნელი საშოვარი იყო. იმ პირთა რიცხვი, ვისაც მისი შეძენა შეეძლო შეზღუდული იყო და, შესაბამისად, ეტლის მეპატრონენი წარმოადგენდნენ მეომართა განცალკევებულ ჯგუფს, რომელსაც სხვებთან შედარებით საზოგადოებაში გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ. თანდათანობით, ისინი პრივილიგირებულ კლასად გადაიქცენ. მათ ოცდაათი სამთავრო გადაეცათ სამართავად. ამავე დროს, ისინი ვალდებულები იყვნენ მეფის პირველივე ბრძანებისთანავე გამოცხადებულიყვნენ საბრძოლველად. შანგის* დინასტიის მეფეები მუდმივ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული მეზობლებთან, ასევე ჩრდილოეთიდან /გვ. 80/ შემოჭრილ მომთაბარეებთან. შანგის* დინასტიის დროს საბრძოლო ეტლი იმპერიის ძირითადი იარაღი გამოდგა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა ხელისუფალთ გააერთიანებინათ მეტად ვრცელი ტერიტორიები.

ყველაზე უფრო კარგად ცნობილი ეტლებიანი სამარხი ჩინეთში, ჰენანის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, ანიანგის* მახლობლად, ჰოუგანგში იყო ნაპოვნი და იგი შანგის* დინასტიის მეფის, ვუ დინგის ხანით თარიღდება ანუ დაახლ. ძვ. წ. 1200 წ. შანგის* დინასტიის ხანაში, სამეფო წოდების პირები მთელ თავის ჯალაბობასთან ერთად იმარხებოდნენ. მათ სამარხში ასევე ატანდნენ მსახურებს, ცხენებს, ეტლებსა და მეეტლეებს. აქვე აღმოჩნდა ნაირგვარი ბრინჯაოს იარაღი.

Page 67: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

შანგის* ეპოქის ეტლში, ჩვეულებრივ, ორი ცხენი იყო შებმული, მაგრამ სამარხებში ზოგჯერ ოთხცხენიანი ეტლებიც არის ნაპოვნი. მეეტლის გარდა, ეტლში მშვილდოსანი და ზოგჯერ შუბით ან რომელიმე სხვა გრძელტარიანი იარაღის მქონე პირიც იყოფებოდა. ომის დროს, ეტლების გამოყენება, მათ წინააღმდეგ ქვეითი ჯარის მიერ ბრძოლის ხერხების დახვეწისა და ცხენოსანი მშვილდოსნების (ეტლებში მყოფ მშვილდოსნებთან შედარებით) მეტი ეფექტურობის გამო, თანდათანობით დავიწყებას მიეცა.

ჩინეთში ქვეითებიც, ისევე როგორც ეტლების ეკიპაჟის წევრები, ძირითადად ”ცულ-სატევრებითა” და შუბებით იყვნენ შეიარაღებულნი. ”ცულ-სატევარი” მხოლოდ ჩინეთისათვის დამახასიათებელი იარაღის სახეობაა. იგი ხმარებაში შანგის* დინასტიის ეპოქაში შემოდის. მას აქვს სატევრის ფორმის პირი, რომელიც შვერილით არის ჩასმული ხის ტარში. არსებობდა, აგრეთვე, ორმაგი თავის მქონე სახეობაც, რომელთაგან პირველი, ჩვეულებრივი ბასრი პირია, ხოლო მეორე, ნამგლისებური პირის მქონე. იარაღის ხმარებისას ხდებოდა იარაღის ვერტიკალური წვეტის მოწინააღმდეგის თავის მიმართულებით სათვალმაქცოდ ძგერება, ხოლო /გვ. 81/ სინამდვილეში იარაღის უკან გამოქაჩვისას მისი პორიზონტალური, ნამგლისებური პირი მტერს თავს აგდებინებდა. ეს იარაღი მზადდებოდა ბრინჯაოსაგან, მოგვიანებით რკინისგანაც. სამარხებში წარმოდგენილია მათი საცერემონიალო, ნეფრიტისგან დამზადებული ცალები. ”ცულ-სატევრებს” ხელისუფლებისა და ძალაუფლების გამომხატველი, პრესტიჟული დანიშნულების საგნების ფუნქცია ჰქონდათ.

ბრინჯაომ ახლო აღმოსავლეთიდან ინდის ველზე თუ დაახლ. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებში შეაღწია, იმავე ათასწლეულის დამლევს, ჩინეთში, იგი უკვე საკმაოდ უხეში ფორმის მქონე ნაწარმის სახით არის წარმოდგენილი. სამაგიეროდ, ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებისათვის ბრინჯაომ აქ დახვეწილების მხრივ შეუდარებელ დონეს მიაღწია. შანგის* დინასტიის ჩინეთში დამზადებული ბრინჯაო, არაჩვეულებრივი სიკაშკაშით ხასიათდება. მაგრამ უბრალო ხალხისათვის, თვით გვიანბრინჯაოს ხანაშიც, ძირითად, ყოველდღიურად გამოსაყენებელ მასალას ისევ ქვა წარმოადგენდა, განსაკუთრებით ქვეყნის პერიფერიულ მხარეებში.

ჟოუს დინასტიის მიერ შანგის* დინასტიის დამხობის შემდეგ (ძვ. წ. 1122 წ.), ჩინეთში ჩამოყალიბებული ფეოდალური საზოგადოებრივი წყობა, სამხედრო თვალსაზრისით, ისევ ეტლებით მებრძოლ არისტოკრატიულ კლასზე იყო დამყარებული. რკინის იარაღის დამზადება ჩინეთში სწორედ ჟოუს დინასტიის ეპოქაში იწყება, ეპოქაში, რომელიც, ამავე დროს, ჩინური ბრინჯაოს მეტალურგიის უმაღლესი აყვავების ხანად არის მიჩნეული.

ისტორიულად, ჩინელი სამხედროების ძირითადი საზრუნავი, მონღოლეთის, მანჯურიისა და ცენტრალური აზიის სტეპების მომთაბარეთაგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინება და მათი აცილება იყო. საკუთარი სამეფოების დასაცავად, ჩინელმა ხელისუფლებმა ფართოდ გამოიყენეს თავისი უპირატესობა სამუშაო ძალის სიუხვესა და ორგანიზებულობაში. ეს, პირველ ყოვლისა, აისახა,

Page 68: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

უმძიმესი /გვ. 82/ ამოცანის, 6700 კმ გადაჭიმული ჩინეთის დიდი კედლის აგების დროს, რომელიც ძირითადად ცენტრალური ევრაზიის თვალუწვდენელი სივრცეებიდან წამოსული ცხენოსანი ლაშქრის შესაკავებლად იყო გამიზნული. მართალია, ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა, ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის გვიანი ხანებიდან იწყება, მაგრამ მისი საჭიროება, უფრო ადრეულ ხანებშიც იქნებოდა საგრძნობი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩინეთს, მომთაბარეებისაგან თავდასაცავად, მნიშვნელოვანი ბუნებრივი ზღუდეები არ გააჩნდა.

ზემოაღნიშნული, ძალზე მნიშვნელოვანი მატერიალური მონაცემების გარდა, ევრაზიის სტეპებიდან მომდინარე საფრთხეებზე ძველი ჩინელი მემატიანეების ცნობებიც მიგვითითებს. ჩინელი მემატიანეებისათვის, მათი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილოეთით მცხოვრები ბარბაროსები, ”მტაცებელი მგლები” იყვნენ, რომელთა ”დანაყრებაც შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ხარბები და მომხვეჭელები არიან და არაფერზე არ ფიქრობენ საკუთარი სარგებლის გარდა”. სიტყვა ”გაუმაძღარი” ხშირად გამოიყენებოდა ბარბაროსთა დახასიათებისათვის; გავიხსენოთ თუნდაც ძველი ქართული ლექსი – ”შემომეყარა ყივჩაღი”, სადაც ნაჩვენებია ტრამალების შვილის, ყივჩაღის გაუმაძღრობა. ეს თვისება ჩრდილოელთა დუხჭირი ცხოვრების გამოხატულება უნდა ყოფილიყო, პირველ ყოვლისა კი, მათი კლიმატის ზემოქმედების შედეგი, რომელიც სიცივისა და სიმშრალის გამო ფაქტობრივად გამოუსადეგარს ხდიდა ნიადაგს წარმატებული მიწათმოქმედებისათვის.

* * *

ძველი აღმოსავლეთის სამხედრო საქმის შესწავლა ცხადყოფს, რომ ომიანობას ადრეული საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისათვის ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე მხოლოდ რომელიმე ტომისა თუ ქვეყნის მიერ მეორე ტომისა თუ ქვეყნის დამარცხებისა თუ დაპყრობის აღნუსხვას, რითაც ძველი მატიანეები, ანალები თუ ქრონიკები ძირითადად შემოიფარგლებიან ხოლმე.

საზოგადოებრივი განვითარების მიმდინარეობისას, გარდაუვალად დგებოდა დრო, როდესაც ტომის მიწა-წყლის ზრდა შესაძლებელი ხდებოდა მხოლოდ მე-ზობლად მდებარე ფართობების დაპყრობის საშუალებით, რაც ცხადია ნიშნავდა ომს მეზობელ ტომებთან. /გვ. 83/ მომხდურთაგან თავდასაცავად საჭირო ხდებოდა პირველი გალავნიანი ქალაქების აღმოცენება. ომს ან ომის საფრთხესა და ლაშქრობებს, ანდა ლაშქრობების ჩატარებისა და ხარკის აღების საჭიროებას – მიუხედავად მათი დანიშნულებისა თუ მიზეზისა – ჰქონდა ერთი და იგივე შედეგი; სახელდობრ, უფრო ძლიერი წინამძღოლის გაჩენა და უკეთესი ან უფრო ძლიერი ორგანიზაცის აღმოცენება იმისდა მიუხედავად, თუ რისთვის იყო იგი განკუთვნილი: თავდაცვისათვის თუ თავდასხმისათვის. ომისათვის საჭირო ორგანიზაციული შესაძლებლობები, იერარქიული სისტემა და ცენტრალიზებული სარდლობა საზოგადოებაში სამხედროებისაგან

Page 69: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ვრცელდებოდა – მეომრები მეფეები ხდებოდნენ და მმართველობაში სამხედრო დისციპლინა შეჰქონდათ. ამდენად, აშკარაა, რომ ომიანობა კავშირში უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს წარმოქმნის პროცესთან.

როგორც წესი, მოსახლეობის ზრდას, რა მიზეზითაც არ უნდა ყოფილიყო იგი გამოწვეული, მოსდევდა ზეწოლა საზოგადოებაში არსებულ რესურსებზე. ჭარბი მოსახლეობის წნეხის შედეგად გაჩენილი საზოგადოებრივი ცხოვრების რეგულირების საჭიროება, ომიანობასთან და დაპყრობებთან ერთად, იყო სახელმწიფოებრიობისაკენ აღმოცენების მიმართულებით ადრეული საზოგადოებების ევოლუციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ეს ფაქტორები წარმოადგენდნენ სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის მექანიზმებს, ოღონდ, მხოლოდ განსაზღვრულ გარემოში და შესაბამისი საზოგადოებრივი განვითარების პირობების არსებობის შემთხვევაში. სახელმწიფო ორგანიზაცია მხოლოდ მაშინ აღმოცენდებოდა, როდესაც მოხდებოდა მისი წარმოქმნისათვის საჭირო პირობებიდან, რამდენიმე მათგანის ურთიერთდამთხვევა. ამასთანავე, როგორც ჩანს, ყოველი ცალკე აღებული სახელმწიფო, მისთვის დამახასიათებელი წინაპირობების არსებობის შედეგად იყო აღმოცენებული, რის გამოც, სხვადასხვა ადრეული სახელმწიფოები, საკმაოდ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მიუხედავად ამისა, მოიპოვებოდა რაღაც საერთოც ადრეული სახელმწიფოების აღმოცენების პროცესში. რაც შეეხება, სოციალურ უთანაბრობას, იგი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანიზაციის წარმოქმნისათვის აუცილებელ წინაპირობას. /გვ. 84/

ზოგიერთი ადრეული სახელმწიფოს წარმოქმნის ხასიათი, უეჭველად ავლენს ამ პროცესში დაპყრობის გადამწყვეტ ზეგავლენას. იყო შემთხვევები, როდესაც მესაქონლეთა გაბატონება მიწათმოქმედებზე, იწვევდა საზოგადოებაში სოციალური სტრატიფიკაციის ზრდასა და სახელმწიფოს აღმოცენებას. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მარბიელი მომთაბარეები არა მხოლოდ ძარცვავდნენ ხოლმე ბინადარ მიწათმოქმედებს, არამედ, ზოგჯერ, ახდენდნენ პოლიტიკური განვითარების პროცესების სტიმულაციასაც. ადრეული საზოგადოებები თავიანთ მეზობლებთან კონტაქტს ხომ არცთუ იშვიათად ომების, ლაშქრობების და დაპყრობის მცდელობის საშუალებით ახორციელებდნენ. ომი და მისი თანხმლები მოვლენები ძირითადად დადებით ზეგავლენას ახდენდნენ მმართველობითი და სამთავრობო ინსტიტუტების წარმოქმნა-განვითარებაზე. მეცნიერთა განსაზღვრების თანახმად, მხოლოდ უკანასკნელი 5500 წლის განმავლობაში ანუ ბრინჯაოს ხანის დასაწყისიდან კაცობრიობამ სულ ცოტა 14000 ჯერ იომა.

ომიანობა და ლაშქრობები სათავეს უდებდა ცენტრალიზებული მმართ-ველობითი სისტემის ჩამოყალიბებას; უფრო მეტიც, სამხედრო ძალა, ომი და დაპყრობა ხელს უწყობდა სამხედრო სტრუქტურაზე დამყარებული ცენტრალ-იზებული სახელმწიფოს აღმოცენებას. თავის მხრივ, სახელმწიფო ითხოვდა სამხედრო სტრუქტურისაგან, მისი უხიფათობის გარანტად ყოფნას. სამხედრო სტრუქტურა ფაქტობრივად წარმოადგენდა მებრძოლთა ერთობლიობას, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლებისაგან მინიჭებული ჰქონდა, არსებული თუ მო-სალოდნელი

Page 70: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

საფრთხეების მხედველობაში მიღების საფუძველზე, ძალის გამოყენების უფლება, ქვეყნის დასაცავად თუ სხვა ქვეყანაზე თავდასხმისათვის.

შეიძლება ითქვას, თუ მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო იქმნებოდა უპირატესად შინაგანი განვითარების შედეგად, მეორე ნაწილი სახელმწიფოს წარმოქნას უკავშირებს გარეგან ფაქტორებს. ისინი თვლიან, რომ დაპყრობა და ომი იწვევს რა ერთი ხალხის მიერ /გვ. 85/ მეორის დამორჩილებასა და ექპლუატაციას, აუცილებელს ხდის სახელმწიფო ორგანიზაციის წარმოქმნას საზოგადოებაში ჩამოყალიბებული უთანასწორობის შესანარჩუნებლად. მეცნიერთა რომელი ნაწილიც არ უნდა იყოს მართალი, ერთი რამ უდავოა, ომიანობასა და დაპყრობებს, მართლაც შეუძლიათ გამოიწვიონ ადრეული სახელმწიფოების აღმოცენების სტიმულირება, მაგრამ ამისათვის საჭიროა, საზოგადოებაში არსებობდეს შესაბამისი შინაგანი პირობები, თუნდაც, განვითარების სათანადო დონის მხრივ, როგორც დამპყრობლებს, ასევე დაპყრობილებს, შორის. ასე რომ, სახელმწიფოს წარმოქმნისათვის, რაც ჩვენს მიერ განხილულ ეპოქაში არსებული საზოგადოებების ძირითადი მიზანი და მონაპოვარია, საჭირო იყო საზოგადოების შინაგანი განვითარებისა და მასზე ზემოქმედი გარეგანი ფაქტორების ურთიერთდამთხვევა. /გვ. 86/

განმარტებითი ლექსიკონი *

ავარისი – ჰიქსოსების დედაქალაქი. გაშენებულია შუა სამეფოს ხანის ქალაქის, როვარტის ნანგრევებზე, თელ ედ-დაბყაში, ნილოსის დელტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ეგვიპტე).

ათლათლი – შუბის სასროლი მილისებურად ამოღარული ხის ჯოხი, რო-მელიც ფაქტიურად მკლავის დამაგრძელებელის ფუნქციას ასრულებდა და ზრდიდა სროლის ეფექტურობის ხარისხს.

ალუვიური – ძირითადად, წყლის მიერ მონატანი, მონარიყი სილა, თიხა და ა.შ.

ამურრუ – ამორეელების ქვეყანა სირიაში.ანი – შუმერული ზეცის ღვთაება, ყველა სხვა ღვთაების მამა, ბატონი

და დამცველი.ანიანგი – ძვ. წ. 1554-1045 წწ. შანგის დინასტიის დედაქალაქი,

მდებარეობდა ჩრდილოეთ ჰენანის პროვინციაში (ჩინეთი).არიელი – ფართოდ გამოყენებული ტერმინი, რომელიც,

ძირითადად, განიხილება წინარეინდო-ირანელთა თვითდასახელებად.არნაიმი – ქალაქი კადეშის სამხრეთით, ეგვიპტიდან კადეშისაკენ

მიმავალ გზაზე.აქემენიანები – სპარსელი ტომების გამაერთიანებელი სამეფო

დინასტია, რომელმაც საფუძველი დაუდო აქემენიანთა პირველი სპარსული იმპერიის არსე-ბობას, ძვ. წ. 558-330 წწ.

გავგამელა – ადგილმდებარეობა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, დღევ. ქ. მო-სულთან (ერაყი).

Page 71: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

გილგამეშის ეპოსი – ეპიკური პოემა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული თხზულება. ითვლება, რომ გილგამეში მესოპოტამიის ადრედინასტიური II პერიოდის მმართველი იყო (დაახლ. XXVII ს.).

გუთიები – მესოპოტამიის აღმოსავლეთით, ზაგროსის მთიანეთში მცხოვრები მებრძოლი ტომები.

გურზი – იგივე ბუნიკიანი კვერთხი; ფაქტობრივად წარმოადგენდა ხის ხელკეტს, რომლის ერთ ბოლოში ქვა იყო ჩასმული. იგი გამოიყენებოდა ახლო ბრძოლაში მოწინააღმდეგისათვის ჩასარტყმელად. /გვ. 87/

დაფური – კარნაკის წარწერის მიხედვით ეს ქალაქი ”ხეთების ქვეყანაშია”, თუმცა, სინამდვილეში სირიაში უნდა ყოფილიყო; ადრე მას ქანაანის თაბორთან აიგივებდნენ.

დელტა – მდინარის შესართავთან წარმოქმნილი ნარიყი არე, დასერილი მდინარის ტოტების ქსელით, ხშირად სამკუთხედი ფორმისა.

დიფუზია – გავრცელება, გაფართოება, განბნევა. დომინოს ეფექტი – მარტივი ჯაჭვური რეაქცია, რომელსაც ადგილი

აქვს, როდესაც რაიმე ცვლილება იწვევს ასეთივე ცვლილებას იქვე, მის გვერდით და ა.შ. გამოიყენება მოვლენათა ურთიერთდამოკიდებული ჯაჭვის განმარტებისას.

ეგეიდა – დასავლეთითა და ჩრდილოეთით საბერძნეთით, ხოლო აღმოსავლეთით თურქეთით შემოსაზღვრული ეგეოსის ზღვის კუნძულები.

ელექტრუმი – მინერალი, თვითნაბადი ოქროს ნაირსახეობა, შეიცავს 25-50% ვერცხლს. აგრეთვე, ოქროსა და ვერცხლის შენადნობი.

ეპიპალეოლითი – ბერძნულად ”ძველი ქვის შემდგომ”; არქეოლოგიური ტერმინი, გამოიყენება ძველი ქვის ხანის შემდგომი პერიოდის ანუ ე. წ. შუა ქვის ხანის ანუ მეზოლითის ადრეული ეტაპის აღსანიშნავად.

ვედები – უძველესი ინდური სიბრძნის წიგნები; განეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში.

ვინდიას მთაგრეხილი – ინდოსტანის ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით, განყოფს ინდოეთს, ჩრდილოეთ (ინდისა და განგის დაბლობი) და სამხრეთ ნაწილებად.

”ზღვის ხალხები” – ლიკიელები, სარდინიელები და ეგეოსის ზღვის ტომები.

თარხუნტასა – ქალაქი ხათუსას სამხრეთ-დასავლეთით, ჯერჯერობით არქეოლოგების მიერ არ არის მიკვლეული.

თებე – ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი, ზემო ეგვიპტეში, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, ქ. ლუქსორის მახლობლად.

ილიადა – ”სიმღერა ილიონზე” ანუ ტროაზე, ძველბერძნული ეპიკური პოემა, რომელსაც ჰომეროსს (დაახლ. ძვ. წ. IX ს.) მიაწერენ. /გვ. 88/

ინდო-არიული – ინდო-ევროპულ ენათა ოჯახის ინდო-არიული განშტოება.

ინდო-ევროპელები – მონათესავე ენების ერთ-ერთი დიდი ოჯახი; მასში შედიან: ხეთურ-ლუვიური, ინდური, ირანული, ბერძნული, სომხური და სხვა ენები.

Page 72: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

კადეში – იგივე ყადეში, ძველი გალავნიანი ქალაქი დასავლეთ სირიაში, მდ. ორონტის მახლობლად. ქ. ჰომსის სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ, დღეს მისი ნანგრევები ცნობილია როგორც თელ ნები მენდის ბორცვი.

კარნაკი – უმდიდრესი სატაძრო კომპლექსი, მდებარეობს ლუქსორის მახლობლად (ეგვიპტე). მნიშვნელობა შეიძინა მეთერთმეტე დინასტიის ხანიდან; მისი ისტორია თებესთან არის მჭიდროდ გადაჯაჭვული.

კასტა – ინდოეთსა და აღმოსავლეთის ზოგ სხვა ქვეყანაში განცალკევებული საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელშიც ადამიანები უფლებრივი მდგომარეობის, პროფესიის თუ წარმომავლობის მიხედვით იყვნენ გაერთიანებული.

ლოგისტიკა – არმიის მომარაგებისა და გადაადგილების მართვა.ლუვიელები – ინდო-ევროპულ ენათა ოჯახის, ანატოლიური ჯგუფის

ენა. ამ ჯგუფში იგი ხეთურთან ანუ ნესიტურთან და ფალაურთან (პალას ენა) ერთიანდება. გავრცელებული იყო ძვ. წ. II ათასწლეულის სამხრეთ ანატოლიაში, არცავასა და კიცუვათნაში.

მარიანუ – ეტლით მებრძოლთა პრივილეგირებული კასტის წარმომადგენელი ძველ აღმოსავლეთში.

მეგიდო – ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ პალესტინაში, ეზდრაელონის ველზე, თანამედროვე ქ. ჰაიფას მახლობლად, ისრაელი.

მემფისი – ქ. კაიროს სამხრეთით 20 კმ, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე. ქვემო ეგვიპტის პირველი ნომისა და შემდეგ ძველი სამეფოს დედაქალაქი დაახლ. 2200 წლამდე.

მითანი – ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში, ჩრდილოეთ მესო-პოტამიაში მდებარე ხურიტული სამეფო.

მორჰანა პაჰარი – ადგილმდებარეობა მირზაპურის მხარეში, უტარპრადეშის პროვინცია (ჩრდილოეთი ინდოეთი). /გვ. 89/

მტკვარ-არეზის კულტურა – იგივე მტკვარ-არაქსის კულტურა. ძვ. წ IV-III ათასწლეულებში მტკვრისა და არეზის (არაქსის) შუამდინარეთში გავრცელებული ადრებრინჯაოს ხანის კულტურა; კავკასიის გარდა ფართოდ იყო გავრცელებული წინა აზიაშიც.

ნა’არნი – იგივე ნეარინი, ამურრუს სახელმწიფოში (ქ. ბიბლოსის ჩრდილოეთით) თუ ქანაანში მცხოვრები ხალხი.

ნაირი – ძვ. წ. XIII-X სს., ვანის ტბის ირგვლივ მცხოვრები ტომების სახელწოდება.

ნეანდერტალელი – კაცობრიობის განვითარების გვერდითი შტო, ცხოვ-რობდა ძირითადად შუა პალეოლითში.

ნეოლითი – ბერძნულად ”ახალი ქვა”; არქეოლოგიური ტერმინი, გამოიყენება ახალი ქვის ხანის აღსანიშნავად.

ნიპური – ქ. ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით 160 კმ. მიჩნეულია შუმერის ერთ-ერთ უძველეს ქალაქად. იგი იყო სამყაროს მმართველი ღვთაების, ენლილის ქალაქი. ენლილს შუმერული ღვთაებების იერარქიაში მეორე ადგილი ეკავა ანის შემდეგ.

ონაგრი – გარეული ვირი.პალეოლითი – ბერძნულად ”ძველი ქვა”; არქეოლოგიური

ტერმინი, გა-მოიყენება ძველი ქვის ხანის აღსანიშნავად.

Page 73: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

პანთეონი – ბერძნულად ”ყველა ღმერთის ტაძარი”.პეტროგლიფი – ბერძნულად ”ქვაზე ამოკვეთა”. ადამიანის მიერ

გამო-ქვაბულებში და კლდეზე ამოკვეთილი გამოსახულებები. პიროსის გამარჯვება – ისეთი გამარჯვება, რომელსაც ძალიან

დიდი მსხვერპლი დასჭირდა. გამოთქმა უკავშირდება ეპირის მეფე პიროსს, რომელმაც ძვ. წ. 279 წ. დაამარცხა რომაელები უდიდესი მსხვერპლის ფასად.

პიქტოგრამა – შინაარსის გადმოსაცემად გამოყენებული გამარტივებული ნახატები.

რამესიდული პერიოდი – დაახლ. ძვ. წ. 1295-1069 წწ., ახალი სამეფოს მეცხრამეტე და მეოცე დინასტიების მომცველი ეპოქა.

რამესეუმი – რამსეს II-ის მემორიალური ტაძარი თებეში, ზემო ეგვიპტეში, თანამ. ქ. ლუქსორთან.

რიგვედა – ”საგალობელთა ცოდნა”, ვედების წიგნის უძველესი ნაწილი; შეიქმნა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებში. /გვ. 90/

როდოსი – ბერძნული კუნძული თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, ეგეოსის ზღვის სანაპიროს მახლობლად.

სემიტები – მონათესავე ენების ერთ-ერთი დიდი ოჯახი; მასში ერთიანდებიან: არაბების, ებრაელების, ასურელების, ამორეელების, აქადელების და სხვათა ენები.

სეტი – ეგვიპტის ძველი ღვთაება, დაკავშირებული უდაბნოსთან, ქარიშხ-ალთან და ქაოსთან.

სუზა – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, მდებარეობდა მდ. ტი-გროსის აღმოსავლეთით 250 კმ, სუზიანაში, თანამ. ხუზისტანი, ირანში.

უმმა – შუმერული ქალაქი, ქ. ლაგაშთან ხანგრძლივი კონფლიქტით ცნობილი. ძვ. წ. XXIV საუკუნეში, მისმა მმართველმა, ლუგალ-ზაგესმა დაიქვემდებარა ური და ურუქი. მდებარეობდა ტიგროსის დასავლეთითა და ლაგაშის ჩრდილოეთით.

უპუ – იგივე აპუ, ქ. დამასკოს სანახები, სირიაში.ურის ”შტანდარტი” – წარმოადგენდა ხის ყუთის თავსახურს,

რომელზედაც გამოსახულია შუმერთა ომისა და მშვიდობის სცენები, გვხვდება ოთხთვალა ეტლებიც. ნაპოვნი იყო ურის ე. წ. სამეფო აკლდამების გათხრის დროს.

ფალანგა – ძველ საბერძნეთში გამოყენებული ქვეითი ჯარის საბრძოლო წყობა, ჯარისკაცთა ერთმანეთთან მიჯრილი მწკრივები.

ფორპოსტი – სამხედრო მნიშვნელობის მოწინავე პოსტი, მოწინავე პოზიცია; იგივე ავანპოსტი.

ფურუშხანდა – სავარაუდოდ, თანამ. აჯემჰოიუქი, ცენტრალურ ანატოლიის სამხრეთ ნაწილში, ქ. აკსარაის ჩრდილო-დასავლეთით 18 კმ.

ქანაანი – ძველი გეოგრაფიული ტერმინი, ეგვიპტელთა მიხედვით მოიცავდა მთელ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს ანუ ლევანტს.

შანგის ანუ ინის დინასტია – ისტორიულად დადასტურებული ჩინური საიმპერატორო დინასტია. არსებობდა ძვ. წ. II ათასწლეულის შუხანებსა და მეორე ნახევარში, ჩამოყალიბდა ცენტრალურ ჩინეთში, ჩრდილოეთ ჰენანში, ყვითელი მდინარის დაბლობზე ანუ ე. წ. ”საკუთრივ ჩინეთში”. /გვ. 91/

Page 74: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

შაბთუნა – ქალაქი კადეშის სამხრეთით, მოხსენიებულია რამსეს II-ის აზიურ ლაშქრობასთან დაკავშირებით ქ. არნაიმთან ერთად.

შედგენილი მშვილდი – მზადდებოდა სრულიად განსხვავეული მასალებისგან, რომელთა ერთ ფენად გაერთიანება დაწნეხით ხდებოდა. განსხვავებული მასალების გაერთიანება შესაძლებლობას იძლეოდა გამოყენებული ყოფილიყო თითოეული მათგანის საუკეთესო თვისებები.

ხადირი – კუნძული მდებარე გუჯარათის პროვინციის კატჩის რაიონთან, დასავლეთი ინდოეთი, პაკისტანის საზღვართან.

ქალკოლითი – ბერძნულად ”სპილენძ-ქვა”. არქეოლოგიური ტერმინი სპილენძისა და ქვის ერთდროული გამოყენების ხანის აღსანიშნავად. საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში მის ნაცვლად ხმარობდნენ იმავე შინაარსის მქონე ლათინურ-ბერძნულ ტერმინს – ”ენეოლითი”.

ხურიტები – სავარაუდოდ, კავკასიური წარმომავლობის ხალხი; ცხოვრობდა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, დაახლ. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია მითანის სამეფო.

ჰომოგენური – შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით ერთგვაროვანი. /გვ. 92/

რეკომენდირებული ლიტერატურა და წყაროები:

• Bradford, A. S. & Bradford, P. M. With Arrow, Sword and Spear. A History of Warfare in the Ancient World. Westport, Conn.: Praeger, 2001.

• Divale, W. T. Warfare in Primitive Societies. Santa Barbara, 1973.

• Ferguson, R. B., ed. Warfare, Culture, and Environment. Orlando, 1984.

• Ferrill, A. The Origins of War: From the Stone Age to Alexander the Great. London: Thames & Hudson, 1985.

• Giles, L. Sun Tzu on the Art of War. The Oldest Military Treatise in the World. Translated from the Chinese with Introduction and Critical Notes by Lionel Giles. London, 1910.

• Hall, H. R. The Anceint History of the Near East from the Earliest Times to the Battles of Salamis. London: Methuen & CO, 1924.

• Kammler, H. Der Ursprung des Staates. Eine Kritik der Ueberlagerungslehre. Koeln: Opladen, 1966.

• Keegan, J. The Mask of Command. New York, 1987.

Page 75: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

• Manzanilla, L., ed. Studies in the Neolithic and Urban Revolutions, 2 vols. Oxford, 1987.

• Mellaart, J. The Neolithic of the Near East. London, 1975.

• Raaflaub, K. A. & Rosenstein, N. War and Society in the Ancient and Medieval Worlds: Asia, the Mediterranean, Europe, and Mesoamerica. Cambridge, MA:  Center for Hellenic Studies, 1999.

• Rausing, G. The Bow. Lund, 1967.

• Service, E. R. Urspruenge des Staates und der Zivilisationen. Der Prozess der kulturellen Evolution. Frankfurt am Mein, 1977.

• Thompson, T. J. Ancient Stateless Civilization. Bronze Age India and the State in History, - The Independent Review, vol. X, no. 3, Winter 2005, pp. 365–384.

• Turney-High, H. H., Primitive War: Its Practice and Concepts, 2nd ed. (Columbia, S.C., 1971).

• Woods, M. & Woods, M. B. Ancient Warfare: From Clubs to Catapults. Minneapolis: Runestone Press, 2000. /გვ. 93/

ტაბულები

Page 76: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

1

2

/გვ. 94/

Page 78: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

5

6

7

/გვ. 95/

Page 79: გ. ქავთარაძე. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში

ილიუსტრაციების აღწერილობა:

1. ნარმერის ფილა, აგრეთვე ცნობილი როგორც ჰიერანკონპოლისის პალიტრა. თარიღდება დაახლ. ძვ. წ. XXXI ს-ით.

2. შტანდარტი ურის სამეფო სამაროვნიდან, ძვ. წ. III ათასწლეულის შუახანები.

3. ხეთური ეტლი, გადმოხატული ეგვიპტური ბარელიეფიდან.

4. რამსეს II დაფურის ალყის დროს; რამესეუმის (თებე) კედლის ფერწერა, ძვ. წ. XIII ს.

5. ლაგაშის მეფის ეანათუმის მიერ ქალაქ უმაზე ლაშქრობის აღნიშვნელი გამარჯვების სტელის ფრაგმენტი; ცნობილი აგრეთვე ”სვავების სტელის” სახელწოდებით. დაახლ. ძვ. წ. 2450 წ. კირქვა.

6. აშურნასირპალ II-ის ბარელიეფი ნიპურის სასახლიდან.

7. ეგვიპტის ჯარში მყოფი ნუბიელების სამხედრო სვლა. ეგვიპტის შუა სამეფოს ხანაში დამზადებული მოდელი. დაახლ. ძვ. წ. 2000 წ.

Back:

http://www.scribd.c ჲ m/kavta