საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

11
იიიიი იიიიიიიიიიი

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

დავითის გამარჯვება გოლიათზე

მასუკან რაც საული მიატოვა უფალმა, იგი ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში. საშინელი დარდი და ვარამი შემოაწვა საულს გულზედა. აღარაფერი მას აღარ ახარებდა და არ ანუგეშებდა. მგლოვიარესავით იგი შეიპყრო აუტანელმა მწუხარებამ. საულის ახლობლებმა არ იცოდნენ, რა ექნათ და რითი განექარვრბინათ მისი მწუხარება. ბოლოს ურჩიეს მას, ეშოვა კარგი დამკვრელი და მომღერალი. სიმღერა, გალობა და საკრავის დაკვრა გულიდან დარდს გადაგიყრისო, _ ეუბნებოდნენ შინაურები საულსა. დაუწყეს ძებნა ამისთანა კაცსა და მიაგნეს დავითსა, რომელიც მთელ თავის ქვეყანაში განთქმული იყო მშვენიერი ქნარის დაკვრით, საამური გალობით, ჩინებული ლექსებით და სიმღერით. დავითი ამ დროს ცხვარში იყო. იგი მაშინვე გამოჰყვა მეფის კაცებს და მოვიდა საულის კარზე. საულს ძალიან მოეწონა მშვიდი, ლაზათიანი, მახვილგონიერი დავითი, დასტოვა თავისთან მგალობლად და მომღერლად და დანიშნა თავის მეაბჯრედ. ერთხელ დავითი დაეთხოვა საულს და წავიდა რამდენიმე თვით თავის დედ-მამასთან. ამ დროს უეცრად საისრაელოს შემოესია მრავალი ჯარი ფილისტიმელთა. საულმა საჩქაროდ შეჰყარა თავისი ჯარი და გავიდა მტერთან საბრძოლველად. მოწინააღმდეგე ჯარები დაუახლოვდნენ ერთმანერთს ერთ გრძელ ველზედ და იდგნენ ერთი-ერთმანერთის პირდაპირ გაჩერებულნი; ორივე მხარე ბრძოლისათვის ემზადებოდა. ამ დროს ფილისტიმელების ჯარიდან გამოვიდა ერთი უშველებელი ტანის კაცი, სახელად გოლიათი და გაჩერდა ორ ჯარს შუა. მას თავზე ეხურა რკინის ქუდი, ხელში ეჭირა ვეებერთელა ფარი და შუბი და ტანზედ ეცვა ჯაჭვის პერანგი. გოლიათმა დაუძახა ისრაელთა: რად უნდა ვიომოთ ყველამ? ამოარჩიეთ თქვენში ერთი კაცი და შემებრძოლოს მე. თუ იგი დამძლევს და მომკლავს, ჩვენ ყველანი დაგემორჩილებით თქვენ, თუკი მე ვაჯობებ, მაშინ თქვენ ყველანი უნდა დაგვმორჩილდეთ ჩვენ. საულის ჯარში ცოტანი არ იყვნენ მამაცნი და ღონიერნი ვაჟკაცნი, მაგრამ ამისთანა გმირთან შებმა კი ვერავინ გაბედა. გოლიათი ასე გამოდიოდა ყოველდღე და ითხოვდა საბრძოლოდ ისრაელთა, მაგრამ თვით ჩინებულნი ვაჟკაცნი შიშით უკან გაიქცეოდნენ ხოლმე, როცა გოლიათი უახლოვდებოდა ხოლმე ისრაელის ჯარსა. გადიდგულებულმა გოლიათმა დაუწყო დაცინვა ისრაელთა და არცხვენდა მათ. სწორედ ამ დროს მოვიდა დავითი ისრაელის ჯარში, იგი მამამ გააგზავნა თავის შვილებთან, რომლებიც ჯარში ერივნენ, თან გაატანა საზრდო მათთვის და დააბარა, რომ მათი ამბავი შეეტყო და მიეტანა შინ. გოლიათის კვეხნა და დაცინვა რომ გაიგონა, დავითმა სთქვა: მე გავალ და შევებრძოლები მაგასო. მისი სიტყვები მიუტანეს საულს, საულმა დაიბარა, და რომ შეხედა დავითს, უთხრა მას: შენ როგორ შეძლებ ამ გოლიათთან ბრძოლას?

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

შენ ჯერ ბავშვი ხარ, ის კი ომში გამოცდილი გმირია. დავითმა მოახსენა: მე, ჩემო ბატონო, მეცხვარე გახლდი მამაჩემის სახლში, როგორც მოგეხსენება, როცა ლომი ან დათვი მომტაცებდა ხოლმე ცხვარსა, მივეწეოდი და პირიდან გამოვტაცებდი; თუ მხეცი მე მომვარდებოდა, კისერში ჩავავლებდი ხელს, წავუჭერდი ღონივრად და ვაღრჩობდი. როგორ ბედავს ეგ უფლის ჯარის დაცინვას? უფალი დამაძლევინებდა ხოლმე ნადირთა, დამაძლევინებს მაგ მტერსაც. მაშინ საულმა უთხრა: გადი, ღმერთი იყოს შენი შემწე. და ამასთან უბრძანა, რომ რკინის ქუდი დაეხურათ, ჯაჭვის პერანგი ჩაეცმიათ და მახვილი მიეცათ ხელში, დავითმა გაიარ-გამოიარა ამ ტანისამოსით და სთქვა: მე ყველა ეს მეჩოთირება, დაჩვეული არა ვარ ამისთანა რამეს. გაიხადა საომარი ტანისამოსი, ჩაიცვა თავისი საკუთარი, გაავსო პარკი ქვებით, დაიჭირა ხელში შურდული და გავიდა გოლიათის პირდაპირ. გოლიათმა რომ დაინახა პატარა, ლამაზი მოწინააღმდეგე, უიარაღოდ გამოსული, დაუძახა: ქვებით და ჯოხით გამოდიხარ ჩემთან? ძაღლი ხომ არა ვარ, რომ მაგითი შემაშინო. მოდი ახლო, და მე შენს თავს შევაჭმევ დღესვე მინდვრის ნადირთა და ცის ფრინველთა. დავითმა მიუგო: შენ მოდიხარ ჩემზედ მახვილით და ფარით, მე კი მოვდივარ ძალითა ღვთისათა. ყოვლადშემძლებელი ღმერთი თქვენ ყველას ჩვენს ხელში ჩაგყრით. მაშინ ყველანი ცხადად დაინახავენ, რომ უფალი იხსნის კაცსა არც ხანჯლითა და არც ფარითა.

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

როცა გოლიათი მიუახლოვდა დავითს, ამან ისე მძლავრად ესროლა ქვა შურდულით, რომ შუბლი შეუტეხა და გოლიათი მიწაზე დასცა. დავითმა მიირბინა და მისივე მახვილით მოჰკვეთა გოლიათს თავი. ფილისტიმელების ჯარმა რომ ეს გასაოცარი უბედურება დაინახა, საშინლად შეშინდა და ზურგი იბრუნა. ისრაელის ჯარი გამოუდგა უკან, დაამარცხა მტერი და ბევრი ზარალი მისცა. საულმა მაშინვე ჯარის ერთი ნაწილის უფროსობა ჩააბარა დავითს, რომელსაც ეკუთვნოდა მთელი გამარჯვების პატივი. უფროსს შვილს საულისას, იონათანს, ამ დროს ძალიან მოეწონა დავითი, თავისი სულივით შეიყვარა იგი და გაუხდა გულითადი მეგობარი. ორივემ ერთმანერთს ფიცი მისცა, რომ სიკვდილამდე მეგობრები იქნებოდნენ. მეგობრობის ნიშნად მეფის შვილმა იონათანმა უბრალო მწყემსს აჩუქა თავისი საომარი ტანისამოსი, ძვირფასი ქამარი, მშვიდ-ისარი და მახვილი. (1 მეფ. 16; 14 _ 22 _ 58; 18.1 _ 4)

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

დავითის დევნა საულისაგან გოლიათზე გამარჯვებამ ძალიან ასახელა დავითი, მაგრამ იგივე გამარჯვება გახდა მიზეზი ბევრი მისი მძიმე უბედურებისა. როცა საული დავითთან ერთად შინ ბრუნდებოდა, ისრაელთა ქალაქებიდან გამოდიოდნენქალები, წინ უხვდებოდნენ ჯარს და თავის სიმღერებში საულზედ მომეტებულად აქებდნენ დავითს. საულმა დაამარცხა ათასნი, ხოლო დავითმა ათი ათასნი, _ მღეროდნენ ისინი ლექსად. საულის დარდიან გულს ესღა აკლდა. მას ჩაუვარდა გულში შური დავითისა, მოეჩვენა, რომ დავითი თვითონ ეძებს მეფობასა და ხალხსაც იგი სურსო და შეეშინდა, მეფობა არ წამართვასო. საული გახდა მისი მოსისხლე მტერი და ეძებდა შემთხვევას, რომ როგორმე დაეღუპა იგი. რამდენჯერმე სცადა დავითი მოეკლა: ერთხელ, როცა იგი საულის წინ იჯდა და ქნარს უკრავდა, აიღო ლახვარი საულმა და დაჰკრა დავითსა, მაგრამ დავითმა მშვიდობით აიცდინა და გაიქცა. საულმა დავითი მრავალჯერ გაგზავნა ომში, ეგება მტრებმა მოკლანო, მაგრამ დავითი გამარჯვებული დაბრუნდა ყოველთვის. ერთხელ დავითი დაეთხოვა საულს და შინ წავიდა. საულმა შეაგულიანა რამდენიმე კაცი, გაგზავნა იესეს სახლში და უბრძანა, როგორმე მოეკლათ დავითი, მაგრამ დავითმა შეუტყო მას ბოროტი განზრახვა, სახლიდან გაიქცა და საერთოდ აღარ ეჩვენებოდა საულს. ხანი რომ გავიდა, საულმა ჰკითხა თავის შვილს იონათანს, ვითომც არაფერი იცოდა: სადილზე რატომ აღარ ვხედავ დავითსაო? იონათანს არ უნდოდა

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

პირდაპირი პასუხით გაეჯავრებინა გაბოროტებული მამა და ამიტომ უთხრა: სადღესასწაულოდ დედ-მამასთან დამეთხოვაო. აი, შენ უმსგავსო! _ დაუყვირა საულმა იონათანს, _ განა მე არ ვიცი, რომ დავითის მეგობარი გახდი ჩემს შემარცხვენად. განა არ იცი, რომ მანამ ის ცოცხალია, შენ მეფე ვერ გახდები? ეხლავე აქ მოიყვანე, იგი უთუოდ უნდა მოვკლა! იონათანმა გამოსარჩლება დაუწყო დავითსა: რისთვის უნდა მოკლა შენ იგი? რა უქნია ცუდი ან შენთვის, ან სხვისათვის? საული ისე გააცეცხლეს ამ სიტყვებმა, რომ წამოავლო ხელი ლახვარს და ესროლა იონათანს გულში, მაგრამ იონათანმა მშვიდობით აიცდინა ნასროლი ლახვარი, გამოვიდა სახლიდან და წავიდა დავითის საძებნელად. მას უნდოდა დავითისათვის შეეტყობინებინა, რომ საულს მისი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და ერჩია, უცხო ქვეყანაში გაქცეულიყო, იონათანმა იცოდა, რომ ამისთანა მოქმედებით მამას შეეძლო იგი მოეკლა, მაგრამ მას დავითის ისეთი ღრმა სიყვარული ჰქონდა გულში ჩავარდნილი გულში, რომ მისი გულისათვის თავის თავსაც არ დაიშურებდა. ბევრი ძებნის შემდეგ იონათანმა იპოვა დავითი, რაც სათქმელი ჰქონდა უთხრა, გამოსალმების დროს გადაეხვია, ბევრი იტირეს ორივემ და ბოლოს განშორდნენ. ამის შემდეგ დავითი საულის სიკვდილამდის ხან უცხო ქვეყანაში დაეხეტებოდა, ხან თავის ქვეყანაში ემალებოდა საულს ტყეებში, მთებში, უდაბნოებში და სხვა მიუვალ ადგილებში. დავითის მტრობით საულმა დაუწყო ჩაგვრა და წვალება მის ნათესავებსა და მეგობრებს და ყველას, ვისაც დავითისათვის სიკეთე უნდოდა და რითიმე შველა. მისი ბოროტება იქამდის მივიდა, რომ მოაკვლევინა მაშინდელი მღვდელმთავარი აქიმელაქ და ამოაწყვეტინა მთელი მისი გვარი ამ უბრალო მიზეზით: როცა დავითი საულისგან გარბოდა, გზაზედ პური შემოაკლდა, მივიდა მღვდელმთავართან და სთხოვა პური და გოლიათის მახვილი, რომელიც კრებულის კარავში იდო.

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

მღვდელმთავარმა ჯერ არ იცოდა საულის სიძულვილი დავითისადმი და ამიტომ მისცა საყდრის პურები და გოლიათის მახვილი. აი, რა მიზეზით ამოაბუგვინა საულმა მთელი გვარეულობა, მთელი ნათესაობა აქიმელექისა. საულისგან დევნილნი, გაიქცნენ დავითთან და მასთან ერთად იმალებოდნენ. ხანდახან საულის ჩუმად, დავითი თავის მომხრეთა დახმარებით იცავდა ისრაელთა ქალაქებს მტრების დაცემისაგან. თუმცა საული დავითს დასდევდა მოსაკლავად, როგორც ნადირსა, მაგრამ თვითონ დავითს კი დიდი პატივისცემა ჰქონდა საულისა და ერთ წუთსაც არ დაუვიწყნია, რომ იგი იყო მეფე და მამა გულითადი მეგობრისა. ეს პატივისცემა მან თვითონ საულს ორჯერ ცხადად დაუმტკიცა. ერთხელ საულს მიასწავლეს ის უდაბური ადგილი, სადაც დავითი იმალებოდა, საულმა წაასხა მრავალი ჯარისკაცი და წავიდა დავითის საპოვნელად. დავითი შეიმალა რამდენიმე კაცით ერთ მეტად ღრმა გამოქვაბულში. საულს ფიქრადაც არ მოუვიდოდა, თუ დავითი ამ გამოქვაბულში იქნებოდა და ამიტომ არხეინად შევიდა მასში მარტოდმარტო დასასვენებლად. დავითი ჩუმად მიეპარა მძინარე საულსა და შეაჭრა კაბის კალთა. როცა საული გამოვიდა გამოქვაბულიდან, დავითი გადადგა მაღლობ ადგილზედ და დაუძახა საულსა: ხემწიფევ ჩემო! ნუ უჯერებ ბოროტ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, ვითომც მე ბოროტი განზრახვა მქონდეს შენს წინააღმდეგ. მე რომ შენთვის ცუდი მდომოდა, აი, ახლა გიზამდი. გამოიხედე აქეთა, ჩემო მამავ! აი, შენი კაბის კალთა! ამით მაინც დარწმუნდი, რომ შენზედ მე ძვირი გული არა მაქვს და არც ბოროტი მსურს! საული დავითის ამ საქციელმა გრძნობაზედ მოიყვანა, დაიწყო ტირილი და დაუძახა დავითსა: დამნაშავე ვარ შენს წინაშე, მე შენ ბოროტს გიშვრები, შენ კი კეთილით მიხდი ბოროტსა; მე ახლა შენს ხელში ვიყავი, მაგრამ შენ არც კი შემეხე. უფალმა მოგანიჭოს სამაგიერო სიკეთე შვილო! შერცხვენილი საული დაბრუნდა შინ, მაგრამ მალე ისევ გაუცრუვდა გული დავითზედ და ხელახლა წავიდა მის საძებნელად. მაგრამ დავითმა ახლა უფრო მომეტებულად შეარცხვინა საული უსამართლო ბოროტებისათვის: საულს ღამემ მოუსწრო უდაბნოში, მან დასცა იქვე კარავი და დაწვა დასაძინებლად, დაიძინეს იმის მხლებლებმა კარისკაცებმაც; დავითმა ეს ყველაფერი დაინახა, წამოიყვანა ერთი თავისი კაცი და შუაღამისას ჩუმად შევიდა მეფის კარავში.

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

ამხანაგმა უთხრა დავითს: შენი მტერი ეხლა შენს ხელთ არის, ნება მომეცი და მე ერთი დაკვრით მოვკლავ მას. ღმერთმა დაგვიფაროს უფლისაგან ცხებული მეფის ხელი ხლება! განა დაუსჯელად დარჩება, ვინც მაგისთანა ცოდვასა იქმს? აიღე და თან წამოიღე ეს მახვილი, რომელიც თავთით უძევს და წყლით სავსე სურაც. სრულიად ვერავინ გაიგო მათი ყოფნა კარავში და გამოსვლა, ისე მაგრად დააძინა ისინი ღმერთმა. როცა დავითი ავიდა ახლო მთაზედ, იქიდან მაღალი ხმით დაუწყო ძახილი საულის ჯარის უფროსს. უფროსმა უცებ გამოიღვიძა და დაუყვირა: ვინ აწუხებს ამ შუაღამისას მეფეს? დავითმა მიუგო: განა აგრე უნდა მეფეს დაცვა? ეხლა მანდ ვიღაც იყო მეფის მოსაკლავადა. აბა ნახე, სად არის მახვილი მეფისა ან წყლის სურა! ცუდად ემსახურებით მეფესა, მოსაკლავნი ხართ ყველანი მაგისათვის. ეს სიტყვები გამოღვიძებულმა საულმაც გაიგონა, იცნო დავითი ხმაზედ და უთხრა: შენა ხარ, შვილო დავით? მე გახლავარ, ჩემო ხელმწიფევ! _მიუგო დავითმა, _ რისთვის მდევ, რა მიქნია ცუდი? განა შესაფერია მეფისათვის მთა-მთა სდიოს ჩემისთანა უკანასკნელ კაცსა, როგორც უსაქმო მონადირე დასდევს გარეულ ფრინველსა? საულმა ახლაც ცხადად იგრძნო თავისი უსამართლობა და დაუძახა დავითსა: დაბრუნდი ჩემთან, შვილო ჩემო, სრულიად აღარას გერჩი, ცხადად ვხედავ, რომ ჩემს სიცოცხლეს შენ ზოგავ: ბევრი დანაშაული მაქვს შენთანა, მაგრამ დავითმა იცოდა, რომ საული მალე დაივიწყებდა თავის დაპირებასა და ამიტომ დაბრუნება არ მოინდომა. იმან დაუძახა საულის ერთ მონას, მისცა მახვილი და სურა და გაეცალა იქაურობას. (1 მეფ. 18,5 _ 11; 19, 10; 19,8; 20, 5 _34, 41 _43, 20,11 _ 19; 21,1 _9; 22,20; 23,1 _5; 24,1 _23; 26,1 _ 25

Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
Page 11: საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~

გაფორმება: კობა ქსოვრელი