საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

11
იიიიი იიიიიიიიიიი

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

დამორჩილება აღთქმის ქვეყნისა ისრაელთაგან ქანაანის მცხოვრებნი იყვნენ მრავალნი და ძლიერნი, მაგრამ მათ შორის ძლიერ გავრცელებული იყო აბეზრობა და გარყვნილება. ამიტომ ღმერთმა გადასწყვიტა დაესაჯა ისინი, მან დააძლევინა ისინი ისო ნავეს. პირველ ქალაქს, რომელსაც მიადგა ისო ნავე ასაღებად, ერქვა იერიქონი. იერიქონი იყო დიდი და გამაგრებული ქალაქი. მის აღებას ისრაელნი ვერ შეძლებდნენ უფალი რომ არ დახმარებოდათ. დაფიქრებულ ისო ნავეს გამოეცხადა უფალი და უთხრა: ნუ გეშინია, მე ჩაგაგდებინენ შენ ხელში იერიქონსა და მის მეფესა. ღმერთის სიტყვით, ისრაელთ ასწიეს სჯულის კიდობანი და იერიქონის კედლებს გარს შემოევლენ. სჯულის კიდობანს უკან მისდევდენ მღვდლები და ჯარი. ასე უარეს გარშემო ექვს დღესა. ბოლოს, როც მეშვიდე დღეს მეშვიდედ შემოუარეს, მღვდლებმა საყვირები დაუკრეს და მთელმა ხალხმა საშინლად დაჰკივლა. იმავე წამს ქალაქის კედლები დაიქცა, თავზარდაცემულმა მცხოვრებლებმა ვეღარა გააწყვეს რა, ისრაელნი დაუბრკოლებლივ შევიდნენ იერიქონში და დაიმორჩილეს ის. იერიქონის აღების შემდეგ ისო ნავემ მალე დასძლია და დაიმორჩილა ოცდაათ სამეფოზედ მეტი.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

თუ რა ცხადად ეხმარებოდა მას ღმერთი, გვიჩვენებს შემდეგი შემთხვევა: ერთი ბრძოლის დროს ისო ნავეს საღამო ჟამმა მოუსწრო. მზის ჩასვლამდის ისე ცოტა დროღა იყო დარჩენილი, რომ მტრის დამარცხებას ვერ მოასწრებდა. მაშინ ისო ნავემ, ღვთის იმედით სავსემ, აიხედა ზეცაში და შესძახა: დადექი, მზეო და ნუღარ იძვრი, მთვარევ! იმავ წამსვე მზეც გაჩერდა ერთ ადგილასა და მთვარეც შედგა მანამ ისო ნავემ არ გაიმარჯვა და არ დაამარცხა მტერი. ბოლოს მთელი ქანაანის ქვეყანა დაიმორჩილეს. მაშინ ისო ნავე შეუდგა მის გაყოფას. მთელი ქვეყანა გაჰყო თერთმეტ ნაწილად და მერე წილი აყრევინა იაკობის თერთმეტი შვილის შთამომავლებს. რომელსაც რა ნაწილი ხვდა წილად, იქ დაბინავდა. იაკობის მეთორმეტე შვილის, ლევის, შთამომავალს კი არა რგებია ცალკე საცხოვრებელი ადგილი, რადგანაც ისინი იყვნენ საყდრის მსახურნი და ყველგან უნდა ჰქონოდათ წილი. როდესაც ისო ნავე შეიქმნა ას ათი წლისა, მან იგრძნო სიკვდილის მოახლოვება და მოინდომა ხალხთან გამოსალმება. მოუწოდა თავისთან მთელ ხალხს, აკურთხა და დალოცა ისინი მერე მოაგონა მათ ყოველივე სიკეთე და შეწევნა ღვთისა და ურჩია მტკიცედ დაეცვათ სჯული ღვთისა და ყოფილიყვნენ მისი ერთგულნი. გეშინოდეთ ღვთისა და აღასრულებდეთ ყოველსა, რაიცა დაწერილი მოსეს რჯულში. ნუ დაუმეგობრდებით სხვა ხალხებსა, ნუ ემსახურებით მათ ღმერთებს, არამედ იყავით ერთმანერთის ერთგულნი და თაყვანისმცემელი ჭეშმარიტი ღმერთისა. მთელმა ხალხმა დაიფიცა ისო ნავეს წინაშე, რომ ისინი არასდროს არ გადუდგებიან თავის ყოვლად მოწყალე ღმერთსა და არ სცემენ თაყვანსა უცხო ხალხების ღმერთებს.

(ისო ნავ. 6,1 _ 24; 10,12 _ 14; 13,7 _ 14; 24,1 _ 33)

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

დრონი მსაჯულთანი

ისო ნავეს სიკვდილის შემდეგ ისრაელნი ჩქარა გადაუდგნენ თავის აღთქმას და ფიცსა; ერთმანერთში ხშირად ჩამოუვარდებოდათ ხოლმე განხეთქილება და სიძულვილი, იჭერდნენ მეგობრობას კერპთაყვანისმცემელ ხალხებთან. თაყვანს სცემდნენ მათ ღმერთებსა და ივიწყებდნენ თავის ჭეშმარიტ ღმერთს. ჭკუაზედ მოყვანისათვის და მორჯულებისათვის ღმერთი ისრაელთ მისცემდა ხოლმე დროებით ბატონად სხვა ხალხს, რომლებიც ქანაანის ქვეყნის გარშემო ცხოვრობდნენ. ეს ხალხები დაეცემოდნენ ხოლმე ისრაელთ, სძლევდნენ მათ და არბევდნენ. უბედურება უხელდა თვალს ისრაელის ხალხსა თავის შეცოდებაზედ და აგონებდა ჭეშმარიტ ღმერთსა. მტრებისაგან ილაჯგაწყვეტილი ისრაელნი მიიქცეოდნენ ხოლმე უფლისაკენ და ევედრებოდნენ, რათა მას ეშველა და გამოეხსნა მტრების ხელიდან. მაშინ უფალი მათ შორის ამოარჩევდა ხოლმე რომელსამე ღირსეულ კაცსა, რომლის ხელითაც ათავისუფლებდა მთელ ხალხს მტრებისაგან. ეს ღვთისგან დადგენილი პირნი არამც თუ წინამძღოლნი იყვნენ ხალხისა, არამედ მართავდნენ მას, სამართალს უჭრიდნენ, ანუ ყოველ საქმეს განსჯიდნენ ხოლმე. ამიტომ მათ დაერქვათ სახელად მსაჯულნი. სულ გამოიცვალა ისრაელის ერში თორმეტი მსაჯული. მათ შორის ერთ-ერთი იყო ქალი, დებორა, ცოლი ლაფიჭუდისი, რომელიც მამულის დიდი სიყვარულით, ხალხის ერთგულებით, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემით ყველა მამაკაცებზედ მაღლა იდგა და ამიტომაც იგი ღმერთმა მსაჯულად დანიშნა ისრაელთა შორის. ამ მსაჯულთა დროს ერთმა გასათხოვარმა ქალმა გამოიჩინა მეტად დიდი სიყვარული და თავგანწირულობა თავისი სამშობლოს გულისათვის…... მისი მამა იეფთაე, რომელიც ამ დროს მსაჯულად იყო, ომში მიდიოდა და ღმერთს ამისთანა აღთქმა დაუდო: თუ მე ამ ომში გამარჯვებას მომანიჭებ და ჩემს სამშობლოს გამოვიხსნი, რაც პირველად წინ შემხვდება ომიდან შინ დაბრუნებულს, მსხვერპლად შემოგწირავო. მოუმართა ღმერთმა ხელი და მტერი დაამარცხა. გამარჯვებული მსაჯული დიდის სიხარულით მოდიოდა შინ. ამ დროს ყველაზე პირველად მას გამოეგება წინ სიმღერით დედისერთა გასათხოვარი ქალი. მამას საშინელი ელდა ეცა, როცა თავისი ერთადერთი საყვარელი ქალი დაინახა ყველაზედ წინ მოგებებული და მოაგონდა თავისი აღთქმა. ქალმა ჰკითხა მამას ვაების მიზეზი და როცა იგი გაიგო, უპასუხა: ნუ ყოყმანობ და ნუ სწუხარ: მე მზადა ვარ, ჩემი ხალხის ბედნიერებისათვის თავი შევწირო უფალსა, მხოლოდ ამასა გთხოვ, ორი თვე მადროვო, რომ ჩემს ერთგულ ამხანაგებთან გამოვიტირო ჩემი ქალწულობა. მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთმა არ გაიმეტა ქალი მსხვერპლად შეწირვისათვის და მის მამას ჩააგონა, რომ ქალი საყდრისათვის მსახურად შეეწირა. (მსაჯ. 4,4 _ 15; 11,29 _ 40)

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

გედეონი და სამსონი ყველაზე შესანიშნავი მსაჯული ისრაელთა შორის იყო გედეონი, ერთხელ ისრაელნი, თავისი ურწმუნოების და ღმერთის დავიწყების გამო, ჩაცვივდნენ საშინელ საშინელ ტანჯვაში. ერთი ახლო მცხოვრები ხალხი დაესხმოდა ხოლმე თავსა, აწიოკებდა, არბევდა, ნახნავ-ნათესს უნადგურებდა, სტაცებდა საქონელსა და ბევრსა კიდევ სხვა ვაი-ვაგლახს აყენებდა მათ. შვიდ წელიწადს იყვნენ ამისთანა უბედურებაში ისრაელნი. როცა ბოლოს ილაჯი გაუწყვიტა შიშმა და შიმშილმა, მოიგონეს ღმერთი და მხურვალე გულით შესთხოვეს შველა. მაშინ ღმერთმა მათ შორის აღადგინა მსაჯულად და ხალხის გამომხსნელად გედეონი. ზაფხული იყო და გედეონი,ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილი, თავის მამის კალოზედ პურის ლეწვას ეჩქარებოდა, რადგანაც უნდოდა, სადმე ტყეში გაქცეოდა მტრებსა, რომლებიც ის იყო, შემოესივნენ ასაკლებად ისრაელთა ქვეყანას. უცებ გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა: ღმერთი არს შენთან, მამაცო კაცო! გედეონმა ვერ იცნო ანგელოზი და მიუგო: ახ, ჩვენთან რომ ღმერთი იყოს, ხომ ამისთანა უბედურება არ დაგვემართებოდა! არა, ეტყობა უფალმა სრულიად დაგვივიწყა. ადექი, წადი და იხსენ ისრაელნი ამ უბედურებისაგან, მე გაგზავნი შენა! _ უთხრა ანგელოზმა.

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

გედეონმა უპასუხა: სად შემიძლიან ისრაელთა გამოხსნა, ერთი უკანასკნელთაგანი ვარ ისრაელთა შორის. ანგელოზმა მიუგო: მე ვიქნები შენთანა და შენ დასძლევ მტერსა. გედეონმა იფიქრა, ეს უთუოდ წმინდა კაცი ვინმეა, უფლისგან გამოგზავნილიო, დაპატიჟება მოინდომა, გაიქცა შინა, მოარბენინა ხორცი და პური და მოიპატიჟა. ანგელოზმა გედეონს მოტანილი საჭმელი ქვაზედ დააწყობინა და თავისი კვერთხით შეეხო მას; უცებ ქვიდან გამოტყვრა ცეცხლი და დასწვა, რაც ზედ იდვა. ამ დროს ანგელოზი გაქრა. გედეონმა ახლა კი შიშით დაინახა, თუ რა არსებასთან ჰქონდა მას საუბარი. ანგელოზის გამოცხადებამ და მისმა სიტყვებმა ცხადად დაარწმუნა გედეონი, რომ იგი ღვთისგან იყო ამორჩეული თავისი ხალხის გამოსახსნელად. ამიტომ მან გაგზავნა სხვადასხვა ქალაქებში კაცები და დაიბარა ისრაელნი თავისთან მტერზედ გალაშქრებისათვის. მსურველნი ბევრი გამოჩნდნენ და გედეონთან მოიყარა თავი ოცდაათიათას კაცზედ მომეტებულმა, რომელნიც კიდევაც მომზადებულნი იყვნენ საომრად. გედეონი შეეხვეწა უფალსა: რაიმე ნიშნით მაცნობე, დავძლევ მტერს ამ ჯარით თუ ვერაო: აი, ჩემს კალოზედ გავშლი მატყლსა, _ ეუბნებოდა უფალს გედეონი ლოცვაში, _ და თუ ამაღამ მარტო იგი დაინამება, სხვა კი ყველაფერი დედამიწაზედ მშრალი იქნება, მაშინ დავრწმუნდები, რომ შენი მეშვეობით უთუოდ გამოვიხსნი ისრაელთა. უფალმა მისცა გედეონს ეს ნიშანი. მეორე დილაზედ მთელი დედამიწა მშრალი იყო და მატყლი კი სულ ნამით იყო სველი. გედეონს უნდოდა, რომ უფრო მტკიცედ დარწმუნებულიყო ღვთის შეწევნაში და ამიტომ ისევ შეეხვეწა:

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

უფალო, ნუ გამირისხდები, ერთხელ კიდევ მომეცი ნიშანი ამ მატყლზედ შენი შემწეობისა; ამაღამ კიდევ დავდებ კალოზედ და დაე, იგი მშრალი დარჩეს და მთელი დედამიწა კი დაინამოს. სწორედ ისე მოხდა, როგორც სთხოვა გედეონმა. ამის შემდეგ, იმედით სავსე გედეონი თავისი ჯარით წავიდა პირდაპირ მტერთან საბრძოლველად, მაგრამ უფალმა ნება არ მისცა გედეონს ამოდენა ჯარი წაეყვანა თანა. შესაძლებელია, _ ეუბნებოდა უფალი გედეონსა, _ ისრაელნი გაამპარტავდნენ მტრის დამარცხების შემდეგ და სთქვან, ეს ჩვენ საკუთარი ძალით და სიმარჯვით გამოვიხსენით თავი, ამიტომ უფალმა უბრძანა გედეონსა, რომ ამოეჩია ამ ჯარიდან მარტო სამასი კაცი და სხვანი კი დაეთხოვა სახლებში. მაშინ ცხადი გახდებოდა ყველასათვის, რომ მხოლოდ ძალმა ღვთისამ გამოიხსნა ისრაელნი მტრის ხელიდან. ამ ერთიბეწო ჯარით მიუახლოვდა ღამით მტრის ჯარის ბინასა გედეონი და მის დასამარცხებლად იხმარა შემდეგი ხერხი: ყველა თავის ჯარისკაცს მისცა საყვირი, ანთებული მაშხალა და ქოთანი, სადაც ეს მაშხალა უნდა დაემალათ, მერე ყველას უბრძანა, გარს შემორტყმოდნენ ჩუმად მტრის ბანაკსა და უთხრა: როცა მე საყვირს დავუკრავ, დაუკარით თქვენ ყველამ ერთბაშადა და დაჰკივლეთ: მახვილი ღვთისა და გედეონისა თქვენს თავზედ!

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

ყველა სწორედ ისე მოემზადა, როგორც გედეონმა უთხრა: როცა გაიგონეს თავისი წინამძღოლის საყვირის ხმა, ჯარისკაცებმა ერთბაშად დააყვირეს საყვირნი, დაამსხვრიეს ქოთნები, აიშვირეს მაღლა საყვირები და საშინელი ხმით დაიძახეს: მახვილი უფლისა და გედეონისა! ამ ხმამ უცებ გამოაღვიძა მტრის ჯარი, ისინი წამოცვივდნენ ფეხზედ თავზარდაცემულნი, გულგახეთქილები, ეგონათ, უმრავლესი ჯარი დაგვესხაო, აირივნენ, დაიბნენ სრულიად და ბნელაში გაიქცნენ მინდვრისაკენ. ერთმანერთისას ვეღარას იგებდნენ, თავისი ამხანაგებიც ისრაელნი ეგონათ და ერთმანერთს ხოცავდნენ. გედეონმა დიდ მანძილზედ სდია მათ და დაატყვევა ყველა უფროსი და მეფეები ჯარისა. თითქმის მთელი ჯარი მტრისა დაიღუპა ამ ბრძოლის დროს. ამის შემდეგ ისეთი შიში ჩამოვარდა იმ უცხო ქვეყანაში, რომ ისრაელთა შეწუხება ფიქრადაც აღარავის მოსდიოდა. მტრისგან განთავისუფლებულ ისრაელის ერს უნდოდა თავის მეფედ გაეხადა გედეონი და ამით გადაეხადა მისთვის სიკეთე, მაგრამ გედეონმა უარყო და თქვა: თვით უფალი ღმერთი ჩვენი მეფობდეს თქვენზედ. ყველა მსაჯულებს სიმამაცით გადააჭარბა სამსონმა, რომელიც განთქმული იყო გასაოცარი ღონითა. ამ ღონეს იგი ხმარობდა ფილისტიმელების წინააღმდეგ, რომლებიც ამ დროს ძალიან აწუხებდნენ ისრაელის ხალხსა. ერთხელ სამსონი მარტოდმარტო დაერია ფილისტიმელების ჯარს და გამხმარი ვირის ყბით ათასი კაცი მოჰკლა. ერთხელ ფილისტიმელებმა სამსონი ღამით მოიმწყვდიეს თავის ქალაქში, დაუკეტეს კარები და მეორე დღეს უნდა დაეჭირათ და შეებოჭათ, მაგრამ სამსონმა ალაყაფის კარები ქალაქისა მთლად აგლიჯა ღამით, აიკიდა მხრებზედ, აიტანა მაღლა მთაზედ და იქ დააყუდა. მესამედ, მინდორში ლომი დახვდა სამსონსა და გაექანა მის გასაგლეჯად, სამსონი მივარდა, ჩაავლო თავისი მძლავრი ხელები ყბებში, გასწია აქეთ-იქით, ყბები გაუხლიჩა ლომსა და მოჰკლა. მაგრამ სამსონი ბოლოს შესცდა და ცოლად ფილისტიმელი ქალი შეირთო. ქალმა უღალატა და ძილის დროს დაასხა თავსა ფილისტიმელების ჯარი. მათ მძინარე სამსონი შებოჭეს და თვალები დასთხარეს. ბოლოს სამსონმა მაინც სამაგიერო გადაუხადა თავისი მამულის მტრებსა. ერთხელ ის მიიყვანეს ფილისტიმელებმა ერთს უშველებელ დარბაზში, სადაც მათ გამართული ჰქონდათ დღესასწაულის გამო დიდი ლხინი. გამხიარულებულმა ხალხმა მასხრად აიგდო უსინათლო სამსონი. სამსონს ჯავრით ყელში მოებჯინა სისხლი, იპოვა დედაბოძი დარბაზისა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოსწია, გამოაცალა სახლსა, დასცა იგი ძირსა და მის ქვეშ თავისთან ერთად დამარხა მრავალი ფილისტიმელი. (მსაჯ. 6,11 _ 40; 7,1 _24; 8,22 _23; 14; 15; 16)

Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
Page 11: საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~

გაფორმება: კობა ქსოვრელი