საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

10
იიიიი იიიიიიიიიიი

Transcript of საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

Page 1: საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

იაკობ გოგებაშვილი

Page 2: საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

იაკობ გოგებაშვილი

Page 3: საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

ებრაელების გასვლა ზღვაში

(გამ. 14,6 _32; გამ. 15,1 _ 22) ებრაელთა ერი ეგვიპტიდან რომ გავიდა, ფარაონმა მეორე დღესვე ინანა, რად გავუშვი ამდენი მუშა კაცი ჩემი საბრძანებლიდან, ვინღა დაადგება ახლა იმ საქმეებს, რომელთაც ებრაელები მიკეთებდნენო? არა, იმათი გაშვება არ შეიძლება, უთუოდ უკანვე უნდა დავაბრუნოო. საჩქაროდ შეკრიბა თავისი ჯარი, შეაბმევინა ეტლები და დაედევნა ებრაელებს. იგი საღამო ჟამს წამოეწია მათ. ამ დროს ებრაელი ერი ისვენებდა წითელი ზღვის პირად. ფარაონის უთვალავი ჯარი რომ დაინახეს, ებრაელთ თავზარი დაეცა. საით უნდა გაქცეულიყვნენ? წინ უდგას გაუზომელი ზღვა, უკანიდან ორივე მხრით მიადგა მათ ფარაონის აუარებელი ჯარი. ებრაელნი მიადგნენ მოსესა და დაუწყეს საყვედური: ეს რა გვიყავი შენა? რად გამოგვიყვანე გასაჟლეტად ამ უდაბნოში? განა ეგვიპტეში კი ვერ ვიშოვიდით დასამარხავ ადგილსა? მოსე გულს უმაგრებდა მათ: ნუ გეშინიათ, მაგრად იყავით, ნახეთ, როგორ გადაგარჩენთ უფალი. ამ ეგვიპტელებს თვალით ვეღარ ნახავთ თქვენა. თვით უფალი იომებს თქვენს მაგივრადა. ხოლო თვითონ მოსე მიიქცა უფლისადმი მხურვალე ლოცვითა. უფლის შემწეობამაც არ დააგვიანა: რას მევეწები? _ უთხრა უფალმა მოსესსა, უთხარი ებრაელთა, გასწიონ წინ, ხოლო შენ აიღე შენი კვერთხი, დაჰკარ ზღვასა და გაყავ იგი.

Page 4: საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

რომ ეგვიპტელები არ დასცემოდნენ, ღამითვე ებრაელთა ღმერთი თავის ღრუბლის სვეტითა მათ შუა ჩადგა, ებრაელთ უნათებდა და ეგვიპტელთ კი სიბნელეს ღამისას უხშირებდა. მოსემ ღვთის ბრძანებით დაჰკრა ზღვას თავისი კვერთხი და მოახდინა გასაოცარი სასწაული: ზღვა ორად გაიყო, შუაში გამოჩნდა ხმელეთი, რომელსაც მარცხნივ და მარჯვნივ წყალი კედლებივით ედგა. ებრაელები შევიდნენ ამ გასაოცარი ზღვის ორღობეში და გასწიეს იქითა ნაპირსა. ეგვიპტელებს თვალები აებათ, იფიქრეს, ისრაელნი ხმელეთის უბრალო გზაზედ მიდიანო და იმავე გზით დაედევნენ უკან. რადგანაც იმ ადგილას ზღვა ვიწრო იყო, ამიტომ ებრაელებმა მოასწრეს ერთ ღამეს გასვლა და მეორე დილაზედ, ადრიან, იქითა ნაპირას მოექცნენ. ეგვიპტელები კი სადილაოდ მარტო ზღვაში იყვნენ შესულნი, რადგანაც გზაზედ ეტლების თვლები მალიმალ ემტვრეოდათ, ცხენები უგიჟდებოდათ და სხვა უცნაური დაბრკოლებანი უჩნდებოდათ. მხოლოდ დილას, სინათლეზედ დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ზღვაში მოქცეულიყვნენ. საშინელი შიშის თავზარი დაეცათ, ალმურმა აიტანა, აირივნენ და იწყეს ყვირილი: უკან, უკანვე დავბრუნდეთ, ვანებოთ თავი ამ შეჩვენებულ ისრაელთა, თორემ მათი ღმერთი სრულიად ამოგვწყვეტს! მაგრამ გვიანღა იყო. ამ დროს მოსემ, იქითა ნაპირას მდგომმა, ღვთის ბრძანებით ხელმეორედ დაჰკრა თავისი კვერთხი ზღვასა, წყლის კედლები ერთმანერთისკენ გაექანენ, შეერთდნენ და ეგვიპტელები მოჰყვნენ ზღვის ფსკერზე.

Page 5: საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

ფარაონი მთელი თავისი ჯარით მთლად დაიღუპა ზღვაში, ასე რომ ერთი კაციც არ გადარჩა. ასე სასტიკად დასაჯა უფალმა ეგვიპტელები ისრაელი ერის დაჩაგვრისათვის. უფალს მომაკვდავ ცოდვად მიაჩნია ჩაგვრა, მეტადრე მთელი ხალხისა, და თავის რისხვას ადრე თუ გვიან არ ააცილებს მჩაგვრელთა! ახლა კი ებრაელებმა ცხადად დაინახეს ყოვლად ძლიერება თავისი ღმერთისა. მათი გული აივსო მხურვალე მადლობითა, დამწკრივდნენ ერთადა და ადიდეს იგი შემდეგი საგალობელითა: ვუგალობდეთ უფალსა, რამეთუ მან საკვირველად ისახელა თავი, უფალი არს ჩემი ძალა და დიდება, იგი არს მაცხოვარი ჩემი და ღმერთი ჩემი, ვუგალობდეთ მას! მარიამი, მოსეს და, და სხვა ქალები მეორე პირად იდგნენ და იმეორებდნენ იმავე საგალობელსა. კაი სანახავს წარმოადგენდა ეს მთელი ერის გალობა; ტრიალ მინდორზედ, ზღვის პირად, ლაჟვარდი ცის ქვეშ, უთვალავს ერსა, კაცად და ქალად დაყოფილსა, გაჰქონდა ქების გუგუნი. აღიარებდა თავის ღრმა სიხარულსა და ადიდებდა უფალსა მაღალი ხმითა, და მათ ბანს აძლევდნენ ტალღები ზღვისანი დაფრინველნი ცისანი.

Page 6: საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

მგზავრობა ისრაელთა სინას მთამდის

(გამ. 15,22 _ 25; 16,1 _31; 19,1 _13) ქანაანის ქვეყნის გზა წითელი ზღვიდან მიდიოდა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ, მაგრამ ებრაელებმა ამ გზას მხარი აუქციეს. მათ სურდათ ელოცათ უფალი და მადლობა შეეწირათ იმ მთაზე, სადაც მოსეს გამოეცხადა Yღმერთი. ამიტომ მათ დაუხვიეს აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ. ისინი გაუდგნენ დიდ შიშველ უდაბნოსა, სადაც არ იყო არც ნახნავ-ნათესი, არც მწვანე, არც მდინარეები, არც წყაროები, არც ადამიანისშვილის ჭაჭანება; ცხელი ქვიშის მეტი გარშემო არა მოჩანდა-რა. ზღვაში გასვლის შემდეგ სამი დღე უწყალოდ იყვნენ. ბოლოს მიაგნეს ერთ წყაროსა, მაგრამ წყალი შიგ მეტად მწარე იყო დასალევად სულ არ ვარგოდა. მაშინ ხალხმა დაიწყო მდურვა და ყვედრება. მოსემ შესთხოვა შველა უფალსა და მან უჩვენა წამლად ერთი ხე. ეს ხე ღვთის ბრძანებით, მოსემ ჩააგდო წყაროში; წყალი დატკბა, სასიამოვნო გემოსი შეიქმნა და ხალხმა მოიკლა წყურვილი. ცოტა ხნის შემდეგ ისრაელთ გამოელიათ საგზალი პური, რომელიც მათ წამოღებული ჰქონდათ ეგვიპტიდანა; იმის მაგიერ, რომ უფლისათვის ეთხოვათ შველა და შეწევნა, ისინი მიადგნენ მოსეს და აჰრონსა და დაუწყეს საყვედური: თქვენ აქ დასახოცად წამოგვიყვანეთ, ის არა სჯობდა, ისევ ეგვიპტეში მოგვღებოდა ბოლო. იქ ჩვენ ხორცი და პური თავზედ საყრელად გვქონდა. აქ კი ყველაფერს მოკლებულნი ვართ. მოსე მიიქცა ლოცვით უფლისადმი და მან მისცა საზრდო მშიერ ხალხსა. ჯერ მოუვლინა მრავალნი გუნდნი მწყრისა და მეორე დილაზედ ისრაელთ გარშემო მიწა დაჰფინა რაღაც თეთრი და მრგვალი მარცვლითა. რა არის ესა? _ ჰკითხავდნენ ერთმანერთს ისრაელნი. ეგ არის ზეციური პური, მანანა, რომელიც თქვენ საზრდოდ ღმერთმა მოგანიჭათ, _უპასუხა მოსემ. ეს მრგვალი მარცვლები იყო ისეთი ტკბილი, როგორც თაფლი და ისეთივე ნოყიერი, როგორც საუკეთესო პური.

Page 7: საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

ამის შემდეგ მანანა უცვიოდათ ციდან ისრაელთა ყოველდღე, გარდა შაბათისა, მანამ ქანაანის ქვეყანაში არ შევიდნენ და არ დაემკვიდრნენ. მალე წყალი კიდევ შემოაკლდათ. ხელახლა ატყდა მათ შუა მდურვა. მოსემ შესთხოვა უფალს შემწეობა და მან უბრძანა, კლდეს კვერთხი დაჰკარიო. მოსემ დაჰკრა თავისი კვერთხი და კლდემ შადრევანივით გადმოსხა. მწყურვალე ხალხი სიჩქარით დაეწაფა და მოიკლა წყურვილი. ამის შემდეგ ისრაელთ თავს დაესხა ერთი ავაზაკი ხალხი, ამალეკნი, რომელნიც იმ უდაბნოში ცხოვრობდნენ. მოსემ საომრად თავისი თანაშემწე ისო გაგზავნა, თვითონ კი მთაზე ავიდა და აღაპყრნო ხელნი მაღლა და ევედრებოდა უფალსა. როცა მოსე ხელს მაღლა ასწევდა, ისრაელნი სძლევდნენ მტერსა, როცა დაუშვებდა, მტერი სძლევდა მათ. ეს რომ შენიშნეს აჰრონმა და ერთმა სხვა კაცმა, რომლებიც მოსესთან იყვნენ, მოსეს ორივე მხრივ დაუჭირეს მაღლა აპყრობილი ხელები და მანამ არ ჩამოუშვეს, სანამ ისრაელთ სრულიად არ დასძლიეს თავისი მტერი.

Page 8: საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

სჯულის მიცემა სინას მთაზე

(გამ. 19,1 _20; 20, 21, 22, 23) სამი თვის შემდეგ ისრაელნი მიადგნენ უფლისაგან დანიშნულ მთასა, ამ მთას ჰქონდა ორი მწვერვალი. უფრო დაბალ მწვერვალს ერქვა ქორები, სადაც მოსეს ღმერთი გამოეცხადა, და უფრო მაღალს სინა ეწოდებოდა. თანახმად ღვთის ნებისა, ისრაელნი ჩამოხდნენ და დასცეს კარვები სინას მთის ძირსა. მოსე უფალმა მაშინვე ზევით, თავისთან, მოიხმო. იქ მას უბრძანა ციურმა ხმამა: მოამზადე ხალხი, ვინაიდან მესამე დღეს სინას მთაზედ ჩამოვა თვით უფალი ღმერთი, ხალხი გარს შემოარტყი მთასა და ყველას კი აუკრძალე, რომ მთაზედ ფეხი არავინ არ შესდგას და არ შეეხოს მას, რადგანაც ვინც მას შეეხება, უთუოდ მოკვდება. მოსემ აასრულა ღვთის ნება, მოამზადა ხალხი და ჩააცმევინა სადღესასწაულო ტანისამოსი. მესამე დღე რომ დადგა, სინას მთა შეიმოსა შავი ღრუბელითა, გაჩნდა ჭექა-ქუხილი, იწყო საშინელი ელვა და მოისმა საყვირის ხმა. მოსე ამ დროს იდგა მთაზედ წინაშე ღვთისა, მორთული ხალხი კი მთას გარს ერტყა და შიშით კანკალებდა. შემდეგ ყველაფერი დაიბინდა, დადგა სიმყუდროვე და ჩამოვარდა სიჩუმე. ამ დროს მთიდან მკაფიო და გარკვეული ხმით მოისმა: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე! და უფალმა ამ სახით თავისი პირით წარმოსთქვა ისრაელთა წინაშე ათი მცნება. მთელი ხალხი კრძალვით გაკავებული ისმენდა ღვთის სიტყვას. ჭექით და ელვით უფლის გამოცხადებამ მეტად შეაშინა ხალხი, ამიტომ მათ სთხოვეს მოსეს: უფალს მარტო შენ ელაპარაკე, ჩვენ ნუღარ გველაპარაკება პირდაპირ, თორემ შიშით დავიხოცებით; და რასაც შენ უფალი გეტყვის, ჩვენ ყველას ავასრულებთ. მოსემ უპასუხა: არ დაიხოცებით, უფალი ეხლა იმიტომ გამოგეცხადათ ამ მრისხანე სახითა, რომ გქონდეთ მისი შიში და არ გაბედოთ დარღვევა მისი ნებისა და ბრძანებისა. შემდგომ მოსე ავიდა სინას მწვერვალზე, და შევიდა შიგ ღრუბელში. აქ უფალმა მის წინ გამოთქვა სხვადასხვა კანონი სჯულისა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეთ ღმერთი ისრაელთ, როგორ უნდა თაყვანს სცემდნენ მას, რომელი საქმენი არიან მათთვის საამონი და რომელი საწყინონი, როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანერთი, როგორი სასამართლოები უნდა დაწესდეს ისრაელთა შორის და სხვანი. მთიდან რომ ჩამოვიდა, მოსემ ეს ყველაფერი გამოუცხადა ხალხსა, გააგებინა, აუხსნა, ჩასწერა ცალკე წიგნში და ისრაელთ ფიცი ჩამოართვა, რომ ისინი იქნებიან ერთგულნი აღმასრულებელნი ღვთისაგან მოცემული სჯულისა და კანონებისა.

Page 9: საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
Page 10: საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~

გაფორმება: კობა ქსოვრელი